შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორიგამი არქივიდან IV


დღეს, 16:47
ავტორი belle...
ნანახია 142

თავი მეთოთხმეტე

"დაი!"

როდესაც მთვარისა სხირტლაძე სამსახურიდან, სახლში დაბრუნდა და რეზისთან სავანელების ქალიშვილი იხილა სტუმრად, ჯერ უსაზღვროდ გაოცდა, შემდეგ კი სიხარულისგან ცას ეწია. რეზის არასოდეს არავინ სტუმრობდა, იმიტომ კი არა, რომ მსურველები არ იყვნენ, ბიჭმა მომხდარის შემდეგ ყველას მიუხურა კარი ცხვირწინ.
საკუთარ მშობლებსაც კი არ ელაპარაკებოდა დიდი ხნის განმავლობაში. მთვარისა ღამღამობით ბალიშს ასველებდა ხოლმე ტირილში - უფალო ასე რატომ გამიუბედურე შვილიო?! ღმერთის სინდისზე იყო თუ ეშმაკის, რეზის ტრაგედია, ფაქტი ფაქტად რჩებოდა - „ფრედი კრუგერი“ ყველას აფრთხობდა უბანში.
ერთხელ მეზობელმა გვიან ღამით, რეზი აივანზე გამოსული ნახა, როგორ ეწეოდა სიგარეტს და შიშისგან კინაღამ გული წაუვიდა. მთვარის შუქზე ბიჭის ცვილისებრი სახე სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ იყო. ყვირილი ყელში გაეჩხირა, ერთი ეგ იყო მოისაზრა და უკან შევარდა სახლში დარცხვენილი და გულგახეთქილი. რეზიმ ზანტად გააყოლა თვალი ქალის ნერვიულ ფაფხურს და ფილტვებში დაგროვილი ნიკოტინი ღამის სუსხს გაატანა. ამიტომ არ უყვარდა ადამიანები.
ელის გამოჩენა სხირტლაძეების სახლში, მთვარისასთვის სასწაულს უტოლდებოდა. თვალცრემლიანი ჩაიკრა გოგონა გულში და ყურში მუდარით უჩურჩულა აუცილებად დაბრუნდი უკანო. უკიდურესად ალეწილ მოზარდს, ერთი სული ჰქონდა ქალს მკლავებიდან დახსნოდა. საშინლად ვერ იტანდა ფიზიკურ კონტაქტს, თან სინდისი ქენჯნიდა, რეზისთან ყავაზე საჭორად არ შემოუვლია. მართალია, ბიჭი მოსწონდა. მასთან ხშირად საუბრობდა ხოლმე გვიან ღამით, როცა ერთმანეთს გადაეყრებოდნენ დაცარიელებულ ეზოში, მაგრამ ახლო მეგობრები არასოდეს ყოფილან.
გულაჩუყებული ქალის მოჭარბებული ემოციების ესმოდა, მაგრამ მაინც უკმაყოფილოდ იშმუშნებოდა, როცა კიბეებზე ჩარბოდა ბინიდან გამოსული. მაჯის საათს, რომ დახედა გაოცდა. საღამოს შვიდი ხდებოდა. სკოლიდან გამოგდებულს რეზისთან დააღამდა. მთელი დღე ცდილობდნენ დანიილ ქალდანის ვინაობის დადგენას, მაგრამ უშედეგოდ, ვერც საქმის ნომერმა წასწია „გამოძიება“ წინ.
ორიგამის ორი თავი უკირკიტებდა, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით იმაზე მეტი ვერ ამოიკითხეს, რაც უკვე იცოდნენ. ძველისძველ ქაღალდს სისხლი ისე გაჟღენთოდა, რაიმის გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო. ექსპერტიზა დანამდვილებით შეძლებდა ნაწერის გაშიფვრას, მაგრამ... გადაწყვიტეს პოლიციისთვის არაფერი ეთქვათ, წესით ელს არც გვამი არ უნდა ენახა და არც დანაშაულის ადგილიდან არ უნდა წამოეღო მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებულება, მაგრამ „რძე უკვე დაიღვარა“, ახლა იმაზე უნდა ეზრუნათ, რომ მათი გრძელი ცხვირი სამართალდამცავ სტურქუტურას საქმის ძიებისას არ შეემჩნია!
ჯიბიდან ტელეფონი რომ ამოაძვრინა და ეკრანს დახედა, სახე დაეღმიჯა. თხუთმეტი გამოტოვებული ზარი დედისგან, მორიგი თხუთმეტი ლილისგან და ოცდაათამდე წაუკითხავი შეტყობინება კიტასგან და გოგონიებისგან.
- დედებულია!
ამოიოხრა და გადაწყვიტა ჯერ სახლში ასულიყო, გამოეცვალა, ჩანთა დაეტოვებინა და შემდეგ წასულიყო ნიცასთან, როგორც დაჰპირდა. გზად დედამისთან გადარეკა და გაუკვირდა, როცა უკვე სახლის კართან მდგარს ტელეფონის ხმა შიგნიდან მოესმა. წარბშეკრული სახელურს დაექაჩა, უპრობლემოდ გაიღო.
- დედა?
დაეჭვებული ჰოლში შევიდა. მისაღებ ოთახში ტელევიზორის ხმა ისმოდა. საიმონისთვის მულტფილმები ჩაერთოთ, ბუჩი ტომის საცემად მისდევდა ხელკეტით ხელში. სამზარეულოში კი ტაფაზე რაღაც იხრაკებოდა.
- ელ!
გურანდა გამოვარდა ოთახიდან და რა წამსაც შვილს მოჰკრა თვალი ბრაზი და შვება იგრძნო იმავდროულად.
- რატომ არ პასუხობ წყეულ ტელეფონს?!
ლამის უყვირა, გოგონას მიეჭრა და გულში ძლიერად ჩაიკრა. ელმა თვალები აახამხამა. დედასთან ასეთ სიახლოვეს მიჩვეული არ იყო.
- აქ, რას აკეთებ? - ამოიბურტყუნა ქალის მკერდზე მიკრულმა - რანაირად გამოგიშვა ლილიმ?
- ბევრი იყვირა, მაგრამ მარტოს ვერ დაგტოვებდი, - კიდევ უფრო ძლიერად მიიხუტა შვილი. გოგონამ თავი უხერხულად იგრძნო.
- ეე... - ჩაახველა და დედამისს ბეჭებზე წაუტყაპუნა ხელი - ხომ ყველაფერი რიგზე გაქვს?
გურანდა როგორც იქნა ჩამოეხსნა და თავიდან ფეხებამდე ყურადღებით შეათვალიერა. ელს გაღიზიანება დაეტყო.
- რა გჭირს?
- ალბათ, მართლა ვერ ვარ ჭკუაზე, მარტო წამოსვლის უფლება რომ მოგეცი! - თვალებში ცრემლი აუბრჭყვიალდა - სახლში მარტოდმარტო იყავი!
- ერთი ღამე! - თვალები გადაატრიალა - მთლად მარტო არ ვყოფილვარ, გიორგისთან კიტას ეძინა.
დედამ თავი დაუქნია და ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად შეიწმინდა.
- დედა, დაგეწვა რაღაც ტაფაზე!
ცხვირი უსიამოვნოდ შეჭმუხნა. ქალს თითქოს ცივი წყალი შეასხესო, მაშინვე მოფხილდა და უკან გავარდა სამზარეულოში. ელი თავის ქნევით შევიდა მისაღებ ოთახში. დივანზე გაფარჩხულ საიმონს ცალი ფეხი მაღლა აეწია და თითებით ეთამაშებოდა, თან მულტფილმს არ აშორებდა თვალს. ახალი სერია დაწყებულიყო. ტომი მშვიდად და უდარდელად თვლემდა სავარძელში, როცა ამ დროს ჯერი მაცივრიდან მოზრდილი ყველის ნაჭერს იპარავდა.
- ეი, პამპერსა!
ჩანთა სავარძელზე მიაგდო და ძმისკენ გაეშურა. პატარამ რა წამსაც თვალი მოჰკრა დას, მაშინვე აფაფხურდა და მხიარულად დაიჭყივლა.
- დაიიიი!
- ელი, ელი, რამდენჯერ უნდა გითხრა, შე უაზრო!
- დაიიიიი! - აჭყლოპინებული კისერზე ჩამოეკიდა, როგორც კი მისკენ დაიხარა.
- ელი!
ცხვირზე ნაზად უკბინა. საიამონი ახითხითდა. ცოტა არ იყოს ამრეზილმა ცხვირი ხელის ზურგით შეიწმინდა და თავისი ორი კბილით წაეტანა დის ცხვირს.
- ამბიციები აკონტროლე, ლაწირაკო! - თავი მაშინვე უკან გასწია.
- ბუ.. ბუუუ... პააა.... მმმმ!
- აჰამ, - თავი დაუქნია სერიოზულად - ყველაფერი გასაგებია. ადამიანების ენაზე, რომ ისწავლი პროტესტს, მერე ვილაპარაკოთ!
- დაიიიი!
კბენაზე ხელი ჩაიქნია და გულზე მიეხუტა მონატრებულს. სახე ყელში ჩაუმალა და თვალები დახუჭა. პაწია მკლავები კისერზე ეთამაშებოდნენ სავანელს. გოგონას ღიმილი მოერია. ძმას სურნელოვან თავზე აკოცა და მოხერხებულად შესწორდა დივანზე. მულტფილმს მიაჩერდა, თან მარჯვენას ნაზად უსვამდა ბეჭებზე პატარას.
დაფიქრდა, ღირდა კი საერთოდ გოგოლაძესთან წასვლა და დარჩენა? გურანდას დაბრუნებას არ ელოდა, ამიტომ დაუფიქრბლად დათანხმდა მეგობრის თხოვნას. სიტუაცია შეიცვალა. დედის მარტო დატოვება არ უნდოდა. სულა რომ დაბრუნებულიყო უკან? ბოლოს მომხდარი აქციის შემდეგ, სკოლაში წასვლაზეც კი ითრევდა ფეხს. მერე გაახსენდა, რომ დირექტორმა ერთი კვირით გამოაბუნძულა სკოლიდან და სახე დაემანჭა.
რანაირად აეხსნა გურანდასთვის მომხდარი? სასაცილო ის იყო, რომ დარეჯანამ მშობლის მოყვანა სპეციალურად არ სთხოვა. ბოლოს სულასთან მოუწია შეხვედრა, რადგან გურანდას მაღაზიაში რევიზია ჰქონდა და არ ეცალა. დარეჯანას კი ურჩი მოსწავლის მამასთან საუბარი გაუჭირდა. მამაკაცი მასში პანიკურ შიშს იწვევდა. კაბინეტში შვილის გვერდით გაქვავებული სახით იჯდა და ქალს სისხლმოწყურებული ვამპირივით მისჩერებოდა. ბებერ კუდიანს სიტყვები ყელში ეჩხირებოდა ლაპარაკისას.
უჩვეულო სიტუაცია იყო დირექტორისთვის, როგორც წესი ქვეყნის ბატონ-პატრონად გრძნობდა თავს, მაგრამ სულა სავანელი... იყო ამ კაცში, რაღაც ავი და ბოროტი. ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე თვლიდა და ისე უფრთხოდა, როგორც ეშმაკს. ამიტომ, საკუთარ განავალს უფრო შეჭამდა, ვიდრე სულას დაიბარებდა სკოლაში და კაბინეტში მომხდარზე უამბობდა. უფროს სავანელს „ჭანჭიკი“, რომ გადაბუნებოდა ტვინში და ორივე ქალი ერთმანეთზე დაეკლა, მერე? რომიკო ვერ უშველიდა!
ელს რომ მათემატიკის მასწავლისთვის გალაწუნების უფლება მიეცა, უპრობლემოდ მისცემდა კლასში დაბრუნების უფლებას. ეტყოდა ყურადღებით იყავი გაკვეთილზეო და ასე მორჩებოდა მთელი ისტორიაც, მაგრამ არა! სავანელმა ბრჭყალები გამოაჩინა. დარეჯანას კი ძალიან უნდოდა ამ „ბრჭალების“ ძირში მომტვრევა. ადგა და ჭკუის სასწავლებლად სკოლიდან გამოაპანღურა.
ძმას პამპერსიან უკანალზე მსუბუქად უტყაპუნებდა ხელს და გამალებული ფიქრობდა გამოსავალზე. გოგოლაძეს პირობა მისცა მოვალო, სიტყვის გატეხას კი საძაგლად ვერ იტანდა. ბოლოს ერთი იდეა მოუვიდა თავში აზრად, საიმონი ოდნავ გვერდით გასწია და ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა. კონტაქტებს ჩამოჰყვა და სასურველი ნომერი ამოარჩია. გადარეკა. მეორე ზუმერზევე უპასუხეს.
- ეს ვის ხედავს, ჩემი თვალები! - მოისმა ყურმილიდან ქალის გაკვირვებული ხმა - მართლა შენ ხარ, მამიდა? ხომ მშვიდობაა? დედა ხომ კარგადაა?
სეტყვასავით მოაყარა კითხვები ასმათი სავანელმა, სულას უფროსმა დამ, გურანდას საყვარელმა მულმა და ლილისთვის ყველაზე საძულველმა პიროვნებამ დედამიწაზე. ცოლ-ქმარი სწორედ ასმათიმ გააცნო ერთმანეთს, რასაც კუბოს ფიცრამდე არ აპატიებდა, როგორც ლილის უყვარდა ხოლმე ქალის მოხსენიება - „მაგ, კატების ნათრევს“!
ელს მოსწონდა ასმათი. კეთილი და სასაცილო ქალი იყო. ცოტა უაზრო ლაპარაკი კი სჩვეოდა, მაგრამ ხშირად კი ისეთ რამეს დაახეთქებდა მუდამ სერიოზული, ფხუკუნს ვერ იკავებდა ხოლმე.
- გამარჯობა, - მიესალმა ღიმილით - ყველაფერი რიგზეა, ნუ ნერვიულობ. ქმარი სახლში გყავს?
- ვახო? - კიდევ უფრო გაიკვირვა - არა, სმენაშია, ერთი კვირა სასაზღვროზე უწევს მორიგეობა. რამე გინდოდა ვახოსთან?
- არა, თუ ჩემი მამიდაშვილი უშენობას გადაიტანს, დღეს ჩემთან ხომ არ დარჩებოდი?
- ხომ მშვიდობაა, ელ? - ხმაში ნერვიულობა შეატყო.
- ყველაფერი რიგზეა, მეგობართან მინდოდა დარჩენა. გურანდას მარტო დატოვება კი არ მინდა, გამოხვალ?
- კი, მამიდა, აბა რას ვიზამ! ერთ საათში თქვენთან ვიქნები, ბაკო სადაცაა სახლში მოვა, საჭმელს გავუმზადებ, გავაფრთხილებ, რომ თქვენთან ვრჩები და გამოვალ.
- მადლობა.
- რა სალაპარაკოა! დროებით.
- დროებით.
ტელეფონი გათიშა ფრთიად კმაყოფილმა და საიმონს დახედა. მთელი ამ დროის განმავლობაში ბავშვი გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა დას და ყოველ მის სიტყვას ყურადღებით უსმენდა.
- შენ არსად წაგიყვან, ტყუილად მიყურებ, მაიმუნო! - ენა გამოუყო ძმას.
მულის გამოჩენით გაოცებულმა გურანდამ სიტყვის თქმა ვერ მოასწრო, ელმა რომ უთხრა დღეს გოგონებთან ვრჩები და თუ რამე დაგჭირდა დამირეკე, მაშინვე მოვალო. გამოსაცვლელი ტანსაცმელი ზურგჩანთაში ჩაუძახა და მხარზე გადაიკიდა. კარს რო იხურავდა ასმათის ხმა ესმოდა, როგორ შესჩიოდა რძალს ბაკოს საზღვარგარეთ წასვლა აქვს გადაწყვეტილი და არ ვიცი როგორ გადავაფიქრებინოო. კიბეებზე ჩარბოდა როცა მეორე სართულზე შუკვანს შეეფეთა.
- თურმე ცოცხალი ხარ! - შეუღრინა გაღიზიანებულმა - სამჯერ ვიყავი შენთან. ორჯერ კარზე ვაბრახუნე არავინ გამიღო, მესამედ გურანდა დამხვდა და მითხრა არც მე ვიცი სად არის ტელეფონს არ პასუხობსო! ნორმალური ხარ, გოგო?!
- დრო ისე გავიდა, ვერც შევამჩნიე. ტელეფონზე კი ხმა ჩაწეული მქონდა - უხალისოდ იმართლა თავი.
- სად იყავი?! - შეუტია დოინჯშემორტყმულმა.
- ვსეირნობდი.
მხრები აიჩეჩა და ჩანთა შეისწორა მხარზე. ერთი სული ჰქონდა ბიჭს გასცლოდა, ვერ იტანდა მის მოტყუებას. სავანელის ახირებებს, როგორც წესი, პრობლემების მეტი არაფერი მოჰქონდა, არ უნდოდა სვანიც გაერია მის ახალ „წამოწყებაში“. ჯერჯერობით მაინც...
- დილიდან, საღამომდე? - წარბები მაღლა აზიდა.
- ცარიელ სახლში დაბრუნება არ მინდოდა! და საერთოდაც, მაგვიანდება! გოგოლაძე ტყავს გამაძრობს!
- ვიცი, რომ გელოდებიან! მე დამირეკეს და მკითხეს, ხომ არ ვიცი სად ჯანდაბაში დაბოდიალობ! წამოდი, გაგაცილებ!
ჯერ კიდევ ნაწყენი და გაფხორილი პირველი დაეშვა კიბეზე. ელი უკვან მიჰყვა მეგობარს.
- ნუ ბრაზობ, სპეციალურად არ გამიკეთებია. ცოტახანი მარტო მინდოდა დარჩენა, ბოლო დროს ძალიან ბევრი ხდება ჩემს თავს.
არ ტყუოდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მძაფრი თავგადასავლები არ აკლდა. ჯერ, კინაღამ ბებია მოუკლეს. მერე,, ვიღაც უცნობი თავს დაესხა, მოკლულის ბინაში და კისრისტეხით გამოქცეულმა გზად მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებულება წამოიღო. ბოლოს კი რეზის მიადგა სახლში და დახმარება სთხოვა აბსურდულ წამოწყებაში, რაზეც, მისდა გასაკვირად, ბიჭმა უარი არ უთხრა. დიახ, სავანელის ცხოვრებაში ბოლო დროს უცნაური ამბები ხდებოდა...
კიტა შუკვანს კი იოტისოდენა წარმოდგენაც არ ჰქონდა რაში ეტენებოდა მისი საუკეთესო მეგობარი და რომ გაეგო, სავანელს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ საკუთარი ხელით გახდიდა ტყავს!
- ვიცი, - გამოეპასუხა წყნარად - სწორედ მაგ მიზეზის გამო არ მოგხვდა! რა მოხდა სკოლაში?
თემის შეცვლით გახარებულმა, ყველაფერს მოუყვა. კიტას კიდევ უფრო მოეშალა ნერვები, გოგოლაძის სახლამდე ფურთხება-გინებით იარა.
- წყეული დედაბერი, ბებერი ღამურა! - ლანძღავდა მათემატიკის მასწავლებელს - დარეჯანასი არ მიკვირს, სირაძეზე უარესი ღრძოა, მაგრამ იზა რამ გაასულელა?!
- ასაკშია. კლიმაქსი თავისას შვება.
- დამპალი ბებრუხანა! ვიდეო უნდა გადაუღო და ინტერნეტში გამოუჭიმო, როგორ ექცევა მოსწავლეებს, ყველამ სახეში რომ შეაფურთხოს მერე!
- რაც შვილი დაეღუპა, მას მერე აგრესიას ვერ აკონტროლებს, - ორასი მეტრიღა დარჩენოდათ ნიცა გოგოლაძის სახლამდე - რაღაც დონეზე შემიძლია გავიგო, მისი არაადეკვატური საქციელი, მაგრამ ხელის აწევის უფლებას არ მივცემ!
- მერე ,თუ ნერვები მწყობრში არ აქვს, სახლში დაეტიოს. რა ბავშვების ბრალია მისი ტრაგედია?! - არ ცხრებოდა სვანი - მაგ ლოგიკით, როგორ უნდა მოვიქცე? სკოლას ჩამოვუარო და ყველას თავ-ყბა გავუნგრიო, რამდენი სოფო ნერვებზე მომშლის?
- ყველა სხვადასხვანაირად უმკლავდება ტკივილს, კიტა.
მეგობარს მხარზე დაჰკრა ხელი. შუკვანმა შეწინააღმდეგება დააპირა, მაგრამ შორიდან ძახილი მოესმათ და მცდელობაზე ხელი აიღო. კერძო სახლის, გრძელ ხის კიბეებზე ნიცა ჩამორბოდა. ტანზე თეთრი შორტები და მოკლესახელოებიანი ფირუზისფერი ზედა მოერგო. სახლის ფუმფულა ჩუსტებით გამოიქცა ახალმოსულებისკენ.
- გოგოლაძე, არ გცივა? - კრიტიკულად შეათვალეირა გოგონა, რომელიც ელს მივარდა და კისერზე მოეხვია - ეეე, მეც მინდა ჩახუტება!
- დებილო!
ელს ჩამოეხნა და ახლა ბიჭს მოეხვია. შუკვანს გულწრფელად გაუკვირდა, როგორც წესი ბიჭის თხოვნებს მუდამ აიგნორებდა. გოგოლაძე თავის თავს არ ჰგავდა.
- ყველაფერი რიგზეა? - ცოტა არ იყოს აირია. ნიცა ჩამოეხსნა და აწყლიანებული თვალები სწრაფად შეიწმინდა.
- დღეს საჭიროზე მეტად მგრძნობიარე ვარ! - დაისრუტუნა - მაპატიე, კიტა, მაგრამ გოგონების საღამოა. მამაჩემი თავს უფრო მომაჭრის, ვიდრე შენი დატოვების უფლებას მომცემს.
ბიჭს წარბი გაეხსნა და სიცილი აუტყდა. თავი დაუქნია და გოგონას თმა აუჩეჩა.
- დამშვიდდი, უბრალოდ ელი მოვაცილე. დარჩენას არ ვაპირებ, გიო მელოდება.
- შაბათ-კვირას, ყველანი ხომ არ შევიკრიბოთ? თორნიკესაც ვუთხრათ, ბოლო დროს სულ აღარ სცალია ჩვენთვის. მარტო ფეხბურთი და ფეხბურთი! ვინმესთან გამოვძებნოთ მყუდრო ადგილი.
- ტაბატაძეს ვკითხავ, ერთადერთია ვისი მშობლებიც სახლში არ არიან. - გაიკრიჭა.
- მთლად უკეთესი, - ჩვეული ქედმაღალი ტონი დაუბრუნდა გოგოლაძეს - გადაეცი, რომ საჭმელს ჩვენ მოვიტანთ და არ იწუწუნოს.
- ოქეი. კარგი, დაგტოვებთ მაშინ. ჭკვიანად!
ბოლოს ელს თვალები გადაუბრიალა და უკან გაბრუნდა. ნიცამ ხელმკლავი გამოსდო მეგობარს და სახლისკენ წაიყვანა.
- ჯერ დამაცადე, შენთვისაც მოვიცლი! მთელი დღეა გწერ, გირეკავ და პასუხი არ მაღირსე, რა არ ვიფიქრე!
ქოთქოთებდა დედამისივით. ელს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.

******

"ნიცა, რას მალავ?!"

რა მოხდა სამასწავლებლოში? - ჩაეძია ანა.
ოთხივენი პიჟამებში გამოწყობილები, თინათინის მორთმეულ ცხელ ჩაის სვამდნენ და განვლილ დღეზე საუბრობდნენ. ლიზას და ელს იატაკზე გაეშალათ მატრასი, ანა და ნიცა კი ერთ ლოგინში ნებივრობდნენ. შერვაშიძეს მხოლოდ იმიტომ ერგო მოხერხებული ადგილი საწოლზე, რომ „ქვა-ქაღალდი-მაკრატელში“ კანდელაკს ურცხვად გაუსწორდა. ელმა კი თამაშზე უარი თქვა, დაბლაც კომფორტულად ვგრძნობ თავსო.
- არაფერი განსაკუთრებული.
მხრები აიჩეჩა სავანელმა და პიტნის ჩაი მოსვა. სასიამოვნო არომატმა დაძაბული სხეული მოუდუნა. თითქოს მთელი დღის სიმძიმე საძინებლის კარს მიღმა დატოვა.
- დარწმუნებული ხარ? - ლიზას წარბები აეწკიპა. ფეხის ბოლო ფრჩხილზე ლაქი იდეალური სიზუსტით დაიტანა და ელს სკეპტიკურად ამოხედა - რაღაც უცნაური დაბრუნდა, არეული.
- გველაძუა! - ჩაისისინა ნიცამ, ფრჩხილებს ქლიბს ისეთი ძალით უსვამდა, თითქოს ძირში დამოკლება ჰქონდა გადაწყვეტილი - სკოლიდანაა გასაგდები, ავადმყოფი ქალი!
- რას იძახი, - ირონიულად გაეცინა ანას - დარეჯანა მაგაზე უარესი ფსიქოპატია. ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს!
- დირექტორის კაბინეტში, რომ შემიყვანა ავალიანს წავაწყდი. სკამზე ცხოვრებამობეზრებული ბერიკაცივით იჯდა.
- ა? - მაშინვე თავი ასწია ლიზამ. ლაქის მეორე ფენას ატარებდა კოხტად მოხატულ ფრჩხილებს - სერიოზულად? ჯერ არც გადმოსულა ნორმალურად სკოლაში და უკვე დირექტორის კაბინეტში ამოჰყო თავი! პათოლოგია!
- სავარაუდოდ არეშიძეს გამო თათხავდა, დარეჯანას ნაბოდიალებიდან სხვა აზრი ვერ გამოვიტანე.
- ეგ უკვე ჩავლილი ამბავია, - აიმრიზა ნიცა - საინტერესოა, ნეტავ კიდევ რა დააშავა „ბედ ბოიმ“?
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ელმა - მაგრამ ეგეც ჩემსავით გამოაგდო სკოლიდან. ერთ კვირა თვალით არ დამენახოთო.
- ფპპ, - ჩაიფრუტუნა შერვაშიძემ - აბა, მამიკო განყოფილების უფროსი არ ჰყავდეს, თუ ერთ კვირას დასჯერდებოდა! რაღა ამბრიჯი და რაღა ეგ დედაკაცი, ფუჰ, ატანა არ მაქვს!
- ვინ, ამბრიჯი? - წარბი შეიკრა ნიცამ.
- ღმერთო, ამ გოგოს წიგნები ათხოვეთ ხანდახან, თორემ მთელს თავის დროს ტრაკზე ყურებას ანდომებს მხოლოდ!
- ნუ მეტვინიკოსები, შერვაშიძე! - გაწიწმატდა გაგულისებული - შენ ხომ რას ამბობ, ბიბლიოთეკას ღეჭავ!
- შეიძლება არ ვღეჭავ, მაგრამ „ჰარი პოტერი“ მაინც მაქვს წაკითხული!
- ნახა, კლასიკა! ათას ერთი წიგნიდან, რომელიც იქამდე უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ! - გამოაჯავრა გაღიზიანებულმა.
ლიზას და ელს სიცილი აუტყდათ. ნიცა ვერ იტანდა, როდესაც მეგობრები ხაზს უსვამდნენ, იმ ფაქტს, რომ გარეგნობით უფრო ინტერესდებოდა, ვიდრე სწავლა-განათლებითა და წიგნებით.
- თექვსმეტი წლის ვირები ხართ და ისევ ბაღის ბავშვებივით ჩხუბობთ! - თავს აქნევდა კანდელაკი - სირცხვილია თქვენთან ერთად ხალხში გამოჩენა!
- ამ, კუდაბზიკა ტუტრუცანას დამიხედეთ! - თვალები გადმოუბრიალა ნიცამ ლიზას - სირცხვილი ისაა, რომ საკუთარ მეგობარს სხვა თვალით უყურებ!
- ჰეეე?! - ელს ჩაი გადასცდა და ხველა აუტყდა - რაო? ჰა?
- ახლა არ მითხრა ვერაფერი შევამჩნიეო! - ქლიბი ბრალდებით მიუშვირა სავანელს - თვალები სად გაქვთ მაინტერესებს!
- ნეტა არ ბოდიალობდე! - შეუღინა ლიზამ. სახეზე წითელმა ფერმა გადაჰკრა.
- ეეე, მე გავჩუმდები ჯობია, - ანამ გონივრულად დაიხია უკან.
- მოიცა, რაო? - არ ეშვებოდა ელი - ვინ მეგობარს? ტაბატაძეს?
- გეხვეწები! - მოწყალედ გადმოხედა ნიცამ - მაგას თავმოყვარე ქალი არ შეხედავს ზედ! ფეთხუმია, იუმორი არ უვარგა და ნერდია!
- გოგოლაძე, ენა ჩაიგდე! - კანდელაკს აღარც ლაქი ახსოვდა და აღარც ფეხები.
- არ მჯერა... - გაშრა ელი და დამრგვალებული თვალებით გადახედა ლიზას - შუკვანი? სერიოზულად?
- ღმერთმანი, სავანელი ასეთი დაინტერესებული ჩემს დღეში არ მინახავს! - ახითხითდა შერვაშიძე.
- შენ, გოგო, ნორმალური ხარ? - ლიზამ წყენით გადმოხედა მეგობარს - რა შუკვანი, რა შუკვანი! კიტა ძმასავით მიყვარს.
- თორნიკე წიკლაურზე აბოდებს ქალბატონს, თუმცა ძალიან ცდილობს ეს არ შეიმჩნიოს, - ამაყად გამოაცხადა ნიცამ და მეგობარს ტრიუმფალური ღიმილით გადმოხედა - ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ჰგონია ამას ვერავინ ამჩნევს.
- მე არ შემიმჩნევია, - უხალისოდ ჩაეურთო ელმა. ანამ ისევ ჩაიფხუკუნა.
- „ადამსი“ თინეიჯერული ლავსთორებით არ ინტერესდება, ღმერთო ჩემო სასწაული! - დრამატულად გაწელა გოგოლაძემ. შერვაშიძე უკვე ხარხარებდა.
- მე ასე არ ვიტყოდი... - მელასავით გამოხედა ლიზამ - დავინახე დღეს როგორ უყურებდი ავალიანს, ღმერთმანი ერთადერთი ბიჭია ვისზეც ორ წამზე მეტხანს გაგიშტერდა თვალი! ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ არაფრით გინდა თქმა საიდან იცნობ!
ელს ყბაზე კუნთი დაეჭიმა. სასტიკად არ უნდოდა ამაზე ლაპარაკი. რომ ეთქვა საიდან იცნობდა ბიჭს, მაშინ ისიც უნდა ეღიარებინა, რომ მამამისი ნარკოტიკებზე იჯდა! ავალიანი კი არც მეტი არც ნაკლები მისი დილერი გახლდათ! ყოველ შემთხვევაში ასე ვარაუდობდა, რადგან თავისი თვალით დაინახა აივნიდან, როგორ მიაწოდა პატარა ფუთა მამამისს, სანაცვლოდ კი ფული აიღო. სულა საღამოს იმ ტომრით სარდაფში გაუჩინარდა, იქიდან დაბრუნებულს კი თვალები ჩასისხლიანებოდა, გუგები კი არაბუნებრივად ჰქონდა გაფართოებული.
- თემას ნუ ცვლი, ლიზიკო! - მოხერხებულად გადაუტანა ყურადღება - თუ ყველამ იცოდა, მე რატომ ვიგებ ყველაზე ბოლოს, რომ წიკლაურზე გაბოდებს?! ან საერთოდ რა მოგწონს მასში?
- ეი, ეი, - ჩაერია ანა - უკაცრავად, მაგრამ თორნიკე ძალიან სიმპათიურია! მაღალი, ხუჭუჭა თმიანი, პატარა საყვარელი ხალით ნიკაპზე და უსაყვარლესი ნაჩვრეტებით ლოყებზე. ჰო, კიდევ ფეხბურთელია და მშვენიერი ტანი აქვს. ამას გარდა, ჭკვინი, განათლებული და ძალიან ზრდილობიანია. რა დაეწუნება?
- მეგობარია! - სახე ჩამოუგრძელდა ელს, ლიზა მოიღუშა.
- ჰო, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ, ძვირფასო! - თვალები ააფახურა შერვაშიძემ - ლიზა მარტივი გასაშიფრია, მაგრამ ნიცაზე რა გითხრა...
ელმა და ნიცამ ფარული მზერა გაცვალეს ერთმანეთში. გოგოლაძეს სახე ისე წამოუჭარხლდა, ძნელი გასარჩევი იყო რა უფრო წითელი იყო ანას ზედა, თუ ნიცას სახე.
- მართალია! - გაიხარა კანდელაკმა თემის შეცვლით - პრინცესა! ვის გვიმალავ ასე მონდომებით?!
- ოოო, მორჩით!
წამში გაუფუჭდა ხასიათი, ქლიბი კოსმეტიკის პატარა ჩანთაში ჩააგდო და ლოგინზე დაებერტყა. საბანი ცხვირამდე აქაჩა და გაირინდა.
- ო... - ანა დასერიოზულდა - როგორც ჩანს საქმე სერიოზულად არის, მაგრამ ჩვენ რატომ გვიმალავ?
- ჩემს მეზობლად მკვლელობა მოხდა!
დაახეთქა ელმა. ახალმა ამბავი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას უტოლდებოდა. ყურადღების გადატანა გამოუვიდა. სამივე დამრგვალებული თვალებით მიაჩერდა სავანელს.
- რაო? - შიშით გადაფითრდა ანა.
- რაღაცას ამბობდნენ სკოლაში, მაგრამ ყურადღება არ გამიმახვილებია, - ჩაურთო ლიზამ.
- ვინ? როდის? - ხმა გაუწვრილდა ნიცას.
- აზრზე არ ვარ. საინფორმაციოში გადმოსცემდნენ, რომ მსხვერპლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. არანაირი დოკუმენტი არ ჰქონია თან. ბინა კი ნაქირავები ყოფილა. მეზობლები მარტო გამარჯობით იცნობდნენ, ეგეც იშვიათად თუ მოჰკრავდნენ თვალს. არავინ იცის რა მოხდა და რა მიზეზით მოკლეს. თან ოცდახუთჯერ დაურტყამთ დანა.
- ხო არ ღადაობ?! - თვალები გადმოუცვივდა შერვაშიძეს - ღმერთო, რამდენი მანიაკი დადის! ეგეთი რამეები თბილისში უფრო ხდება, ხოლმე, მაგრამ ჩვენს პატარა ქალაქში, დიდი დიდი ქურდობაზე წაასწრონ ვინმეს. ღმერთო, შემაძრწუნებელია! მორჩა, შუკვანის გარეშე ფეხს არსად გადავდგამ აწი!
- წასულია ჩემი საქმე! ახლა ჩემი მშობლები გაიგებენ და მამაჩემს კიდევ უფრო მეტი მიზეზი ექნება ჩემს „კოშკში“ გამოსამწყვდევად! - თვალები გადაატრიალა ნიცამ.
- კაცი გამოფატრეს და შენ შენი თავი გედარდება? - ყურებს არ დაუჯერა ლიზამ.
- იმას რაღას უშველი, მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ! - გააპროტესტა თავისებურად.
- რთულია არ დაეთანხმო, - კვერი დაუკრა ელმა. კანდელაკმა პირი დააღო.
- ჩაის კოვზს უფრო მეტი გრძნობები გააჩნია, ვიდრე თქვენ ორს! - აღშფოთდა გაგულისებული - როგორ შეიძლება ადამიანზე ასე ილაპარაკო?
- პრინციპში... - ფიქრიანად მოისვა ანამ ნიკაპზე ხელი - ეგ, ტიპი რომ კეთილი სულის პატრონი ყოფილიყო, არავინ გამოფატრავდა ღორივით, არა? თან დოკუმენტებიც თუ არ ჰქონია სახლში... საეჭვოა.
- ამიტომ სიკვდილს იმსახურებს?! - არ დაიჯერა კანდელაკმა.
- ჩვენ ხომ არ ვიცით, რის გამო გაისტუმრეს იმქვეყნად? - ჩაურთო ელმა - მედალს ორი მხარე აქვს, ლიზიკო.
- სისულელეს ნუ ამბობ! - შეუტია სერიოზულად გაღიზიანებულმა - ადამიანის მოკვლას არაფერი არ ამართლებს! არაფერი! მორჩით იდიოტებივით ლაპარაკს!
- გააჩნია სიტუაციას...
ელმა ჩაის ჭიქა მაგიდაზე შემოდო, მატრასზე გადაწვა და თავქვეშ ბალიში შეისწორა. ლიზა თვალებგაფართოებული დაჰყურებდა მეგობარს.
- ხუმრობ, ელ...
- არ ვხუმრობ, ლიზ... - თვალი თვალში გაუყარა - ხანდახან ცხოვრებაში ისეც ხდება, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია. ვერ გაიგებ, თუ არ გამოგიცდია...
- და შენ გამოგიცდია? - თვალები მოეწკურა.
ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ელმა თვალი აარიდა და თეთრად შეღებილ ჭერს ახედა. ლამაზი კრისტალებით მორთულ ჭაღზე ბუზი დაბოდიალობდა უაზროდ.
- შეგიძლიათ მორჩეთ ამ თემაზე საუბარს? - სიჩუმე ნიცამ დაარღვია - ღამით კოშმარები დამესიზმრება!
- ვეთანხმები, პრინცესას, - ანამაც საბანი კისრამდე აქაჩა და გოგოლაძეს ფეხი გადაადო წელზე - გირჩევნიათ ექსკურსიაზე იფიქროთ. დღეს დამრიგებელი ამბობდა, ბიუჯეტში ცოტა ჭირს და შეიძლება მეთორმეტე „ა“ შემოვიერთოთო. მაგარი იქნება შუკვანის კლასიც თუ წამოვა სვანეთში, უფრო გავერთობით.
- ექსკურსია?
ელმა თვალები აახამხამა, სულ გადაავიწყდა რომ სკოლის დამთავრებამდე სადმე გამგზავრებას აპირებდნენ.
- დაგავიწყდა? ბოლოს სვანეთი ავირჩიეთ. ერთი სული მაქვს, როდის წავალთ! - თვალები წამოენთო შერვაშიძეს - მანამდე არასოდეს ვყოფილვარ, ისე მაინტერესებს სვანური კოშკები...
- მურყვამი ჰქვია მაგას - უხალისოდ შეუსწორა ელმა.
- საიდან იცი?
- სერიოზულად? სვანი მაინც არ გყავდეს ახლო მეგობარი, გოგო, სირცხვილია!
- ფპპ, - ჩაიფრუტუნა - შუკვანს გვარი აქვს სვანური, თორე ეგ ისეთი სვანია, როგორც მე მონღოლი!
- რატომ ვითომ, სვანურად ხისთავიანია! არ ეთვლება? - ჩააკერა კანდელაკმა.
- სვანურიც იცის, - დაამატა ელმა. სამივემ გაკვირვებულმა შემოხედა - რას მიყურებთ, არ იცოდით?
- არა! - ერთხმად უპასუხეს.
- მაგარი მეგობრები ყოფილხართ! - ხელები თავქვეშ ამოიდო - ცოტა მეც კი მასწავლა, გაქცეულს მოვაბრუნებ.
- ჩვენთან რატომ არ ლაპარაკობს სვანურად? - იწყინა ნიცამ.
- შენ ქართული არ გესმის ხანდახან, ბარბი, რა სვანური აგიტყდა!
თავი ვერ შეიკავა ლიზამ, საპასუხოდ კი ფუმფულა ბალიში მიიღო სახეში ახითხითებულმა.
- კაია, გამოგვადგება მაშინ მთაში, ჰჰჰჰჰჰ! - დაიჯღანა ანა.
- ეს, ჰჰჰჰჰ, რა სიკვდილია?! - ნერვები მოეშალა ნიცას.
- ყველა გამორჩეულ ადამიანს აქვს, თავისი მახასიათებელი საქციელი, ან საუბრის მანერა! - ყელი მოიღერა შერვაშიძემ.
- და ეს ჰჰჰჰჰ რა ჯანდაბაა, სხვა ვერაფერი მოიფიქრე?
- მაგალითად?
- ხხხხხ, - ხმა მაინც აქვს!
- რა დებილები ხართ! - თავი ვერ შეიკავა ელმა. ოთხივეს სიცილი აუტყდა.
- ეეელ, - ნიცა მხარზე წამოიწია და მეგობარს გადმოხედა - შენც ხომ მოდიხარ?
- ვერა.
გასცა ოთხივესთვის მოსალოდნელი პასუხი, რასაც უკმაყოფილო ოხვრა და წუწუნი მოჰყვა. გოგოებმა იცოდნენ, რომ ელი ექსკურსიაზე ბავშვებს არ დაჰყვებოდა. თავიდან მის ახირებულ ხასიათს აბრალებდნენ, ასეთი გასვლები არ უყვარსო, მაგრამ რაც წამოიზარდნენ დაეჭვდნენ, რომ შეიძლებოდა გოგონას სულ სხვა მიზეზი ჰქონოდა. მაგრამ კითხვას ვერც ერთი ვერ უბედავდა.
- შუკვანს ვეტყვით, ისე წამოხვალ როგორც დაგიბარებია! - მარტივად გადაჭრა პრობლემა ანამ - ის ერთადერთია ვისაც შენი იძულება გამოსდის. თან ეგ ჩერჩეტი წელს სკოლას ამთავრებს, ასეთი შანსი მეორედ აღარ გვექნება!
- დიდებული აზრია, - დაეთანხმა ლიზა. - ახლა კი დავიძინოთ, სანამ თინა დეიდა შემოვა და დაგვლანძღავს. ღამის პირველი ხდება, თქვენ კი ხვიხვინი გაგიდით. ხალხს მოსვენება სჭირდება!
სამივე დაეთანხმა, რომ მართლაც აწუხებდნენ დიასახლისს. ელმა შუქი ჩააქრო და თავისი მატრასისკენ გაემართა.
- ნელა, ქენი, ფეხი არ დამადგა! - აყუყუნდა ლიზა.
- ლიზიკო, კარგი მიზეზი კი იქნებოდა. ვითომ ვერ დაგინახე... - ჩაეღიმა ელს და საბნის ქვეშ შეძვრა.
- წარბებს გაგპარსავ ღამით, „ადამს“!
- მკვლელი გეგმაა! - ჩაიცინა გოგონამ და კომფორტულად მოკალათდა - საქმე ისაა, რომ ღამით ცალი თვალით მძინავს, კანდელაკო, ცოტა გაგიჭირდება!
- ჩაკვდით! - დაისისინა ზემოდან ანამ.
გოგონებმა ტუჩზე აიფარეს ხელები სიცილის შესაკავებლად. ოთახში მხოლოდ მთვარის შუქი შემოდიოდა და ორ გოგონას შორის ვერცხლისფერ ზოლად ეცემოდა. სიბნელეს თვალი რომ მიაჩვიეს, ერთმანეთის სახეს გარკვევით ხედავდნენ. ქერათმიანის ზღვასავით ცისფერი თვალები დაკვირვებით მისჩერებოდნენ სავანელს.
- ელლ... - დაიჩურჩულა.
- მმ...
- ყველაფერი რიგზე გაქვს?
ელი დადუმდა. ვერ შეძლო მეგობრის თვალებში ყურება და მოტყუება. ლიზა ერთადერთი იყო, ვინც მის ნახშირივით შავ სფეროებში მარტივად არჩევდა სიცრუეს. იქნებ, სწორედ ამიტომ იყო რთული მასთან ურთიერთობა? ანასთან და ნიცასთან ერთდროულად იმდენი არ უკამათია არასდროს რამდენიც ლიზასთან. გოგონას მახვილ თვალს ვერაფერს გამოაპარებდა.
- არა... - უჩურჩულა - მაგრამ, იმედი მაქვს, რომ მექნება.
- ხომ იცი რომ შენს გვერდით ვარ? - საბნიდან ხელი გამოჰყო და მეგობრის თითები იპოვა, გადააჭდო და მოუჭირა - ყოველთვის, ელ. ვიცი რომ ხშირად ვკამათობთ, მაგრამ იცოდე, რაც არ უნდა დაგჭირდეს, დაუფიქრებლად დაგიდგები გვერდით. არა, მარტო მე, ჩვენ ყველა! მეგობრები ასე იქცევიან.
ელს არაფერი უპასუხია. უხმოდ უყურებდა გოგონას თვალებში. შემოჭდობილ ხელზე ნაზად გადაუსვა ცერი. ეს პატარა ჟესტი ათას სიტყვაზე მეტს ნიშნავდა კანდელაკისთვის. ქერამ კმაყოფილებით ამოიხვნეშა და თვალები დახუჭა. სულ რაღაც თხუთმეტ წუთში სუნთქვა გაუღრმავდა, ელის ხელზე შემოჭდობილი თითები კი მოუდუნდა. საათის ისრები ერთმანეთს მისდევდნენ. ელი კი ლიზას არ აშორებდა თვალს. უცნაური შეგრძნება დაუძრწოდა მუცელში, ვერაფრით აეხსნა რა აფორიაქებდა ასე ძალიან.
მძინარე გოგონას ნაზად ეფერებოდა ხელის ზურგზე, დიდხანს ძალიან დიდხნას. როცა ეგონა, რომ სამივეს ღრმად ეძინა, ერთ-ერთის ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა. წარბშეკრულმა საწოლს ახედა და დაინახა, როგორ ფრთხილად გაითავისუფლა თავი ნიცამ ანას ხლართებისგან და ტელეფონი გამოაძვრინა ბალიშის ქვეშიდან. ანთებულმა ეკრანმა სახე გაუნათა. ჯერ გოგონებს გადახედა და რომ დარწმუნდა ყველას ეძინა (ელმა სწრაფად დახუჭა თვალები) შეტყობინება გახსნა და ღიმილმორეულმა ტუჩის კვნეტით აკრიფა საპასუხო ტექსტი...


*******

"წყევლა"

მეორე დილას ადრიანად ადგნენ. გოგონები სკოლაში იყვნენ წასასვლელები. ელმა ჩაიცვა, ზურგჩანთა მოიკიდა, საუზმეზე უარი თქვა, მეგობრებს გამოემშვიდობა და სახლის გზას გაუდგა.
შინ დაბრუნებულს გურანდა და ასმათი სამზარეულოში დახვდნენ. დილის ყავას შეექცეოდნენ. დედამ შვილს, რომ მოჰკრა თვალი წარბი შეიკრა.
- სკოლაში არ წახვედი? - გაუკვირდა.
- სკოლიდან დროებით დამითხოვეს.
აღიარება ამჯობინა მოტყუებას. მთელი კვირა ვერ შეძლებდა დამალვას, თუ რატომ არ მიდიოდა სკოლაში დილაუთენია. გურანდა, რომ სოფლიდან არ დაბრუნებულიყო, კიდევ შეძლებდა სიტუაციიდან გამოძრომას, მაგრამ ახლა...
- რა? - გურანდას წარბი შეეკრა - რას ნიშნავს დაგითხოვეს? რა მოხდა???
ერთი ამოიოხრა, ზურგჩანთა მოიხსნა და სკამის ფეხთან დატოვა, თვითონ ჩამოჯდა და მასზე მიშტერებულ ქალებზე გადაიტანა მზერა.
- მათემატიკის მასწავლებელი ამიშარდა და დირექტორის კაბინეტში ჩამიყვანა.
- რაზე აგიშარდა? - წამოენთო გურანდა.
- სისულელეზე, ზოგადად, მიზეზი არასდროს სჭირდება.
- მერე? - მოუთმენლობა დაეტყო ხმაში.
- მერე დარეჯანას წინ ლამის ცრემლებად დაიღვარა, როგორი ურჩი, უზრდელი და თავხედი ვარ, რომ გაკვეთილების ჩატარების საშუალებას არ ვაძლევ და ათასი ქრინჯობა. დარეჯანამ მკითხა, თუ სიმართლეს ამბობსო, მართლა არ უსმენდი გაკვეთლზეო? ვუპასუხე, ტელეფონში იჯდა მთელი გაკვეთილი არაფერი იყო მოსასმენი, რომ მომესმინა-თქო და მაგაზე წამოენთო, როგორ მიბედავო და ხელის გარდტყმა დააპირა, მაგრამ დავუჭირე და ცოტა ძლიერად ვუბიძგე. დარეჯანამაც ერთი კვირით გამომაგდო. - მხრები აიჩეჩა. გურანდამ და ასმათიმ ერთმანეთს გადახედეს.
- ეტეეეე! - პირველი მამიდამისი მოეგო გონს - ეგენი ნორმალურები არიან?!
- არა, - გაეღიმა ელს - მაგრამ აღარავის უკვირს. ძველი ამბავია.
- რას ნიშნავს ხელის გარტყმა სცადა?
გურანდას ნესტოები დაებერა. დედა ლომს ჰგავდა, აფუებული თმითა და ბრაზით ანთებული შავი თვალებით.
- ხელი ასწია და უნდა გამოეშალა მარჯვენა! - ღიმილით გადახედა დედას.
- ელ, არ მეხუმრება! - სიბრაზისგან ყურებიდან ბოლი გამოსდიოდა.
- კარგი, დედა, ნუ ადრამატულებ. - მობეზრებული, მამიდის ნახელავ პატარა კრუასანს გადასწვა და გემრიელად უკბიჩა - შეშლილების სკოლაა, დღეს გაიგე?
- მე მაგას ვაჩვენებ ხელის აწევას!
ფეხზე წამოიჭრა და სამზარეულოდან გავარდა. ელმა და ასმათმა ერთმანეთს გადახედეს.
- სად გაიქცა, ახლა? - წარბი შეიკრა სავანელმა.
- თვალები უნდა გამოსთხაროს, შენს მასწავლებელს, ნუ მე ასე მგონია. - ყავა მოსვა ასმათიმ - ვფიქრობ, ხომ არ გავყვე, ერთ-ორ ბუწუწს მეც მოვაგლიჯავდი!
- დედაა!
მოღლილი სახით მიაგდო დაუმთავრებელი კრუასანი თეფშზე და წამოდგა. საძინებელში გააკითხა დედამისს. გურანდა გარდერობიდან ნერვიულად ყრიდა ტანსაცმელს, არჩევდა რა ჩაეცვა.
- რას აკეთებ? - წარბები აზიდა ელმა.
- შვილები იმისთვის არ დამიზრდია, ვიღაც კახპამ გამილახოს! - ცეცხლს აფრქვევდა პირიდან - იმ ხელს მოვამტვრევ, რომელიც აღმართა, დამპალი, წუნკალი დედაკაცი ეგა!
- მე კი მიკვირდა, ვისგან დამყვა ასეთი ხასიათი-თქო, - თვალები აახამხამა - არავის ვუცემივარ, დედა. სიმართლე, რომ ითქვას, ჩემგან უფრო მოხვდა. არ მიცნობდე მაინც.
- ნუ აფერადებ! - ბრდღვინავდა წონასწორობადაკარგული - ისე ვიზამ თავში აზრად არასოდეს მოუვა იგივეს გაკეთება, დირექტორსაც ზედ მივაყოლებ! იმის ნაცვლად საყვედური ეთქვა იმ გარეწარი ქალისთვის, სკოლიდან გამოგაგდო?! ისეთ სკანდალს მოვუწყობ სულ დავავიწყებ ყველაფერს! მათხოვრებს მაგათ!
პატარა სავანელი გაკვირვებული უყურებდა დედას. ასეთი გაცოფებული არასოდეს უნახავს. მანამდე თუ ფიქრობდა ჭიანჭველას არ ავნებსო, ახლა დაეჭვდა თავის მოსაზრებაში. ცხადზე უცხადესი იყო, სირაძე რომ ხელში ჩაეგდო როტვეილერივით გაბრდღვნიდა ადგილზე. ტანსაცმელი სწრაფად მოირგო, ჩანთას წამოავლო ხელი და გოგონას ისეთი სისწრაფით ჩაუქროლა გვერდით, სავანელს თმა აუფრიალდა.
- სერიოზულად? - დაედევნა დედას - გურანდა, მორჩი!
- სახელით ნუ მომმართავ?!
შეუყვირა და სახლიდან გავარდა. კარის ჯახუნის ხმაზე ასმათი სკამზე შეხტა და კინაღამ ტუჩებთან მიტანილი ყავა გადაისხა.
- ამ გოგოს ტემპერამენტი, რომ მქონოდა ცხოვრებაში არ გამიჭირდებოდა.
თავს აქნევდა სიცილით. ელი ისევ სკამზე დაეშვა მოჟამული გამომეტყველებით. რომ სცოდნოდა, ასე იფეთქებდა დედამისი სიტყვას არ დაძრავდა, მაგრამ სინანული უკვე გვიანი იყო...
- ასე რომ იცავდეს თავს, შენს ძმასთან, ცხოვრება უფრო მარტივი მექნებოდა! - შეუბღვირა მამიდამისს.
ასმათს სახიდან ყოველგვარი მხიარულების კვალი გაუქრა. მუქი თაფლისფერი თვალები კი დამნაშავე გამომეტყველებით მიანათა ძმიშვილს.
- დედა ყველაფერს მომიყვა...
- აჰა... - კიდევ უფრო მოეღრუბლა სახე - წეღან მისი რეაქცია შენი თვალით ნახე. მითხარი სად არის ლოგიკა?!
- დედაა, ელ, ვერ გაიგებ, სანამ თავად არ გეყოლება შვილები. - სევდიანი ღიმილი მოეფინა თხელ ტუჩებზე - თქვენთვის სიცოცხლეს დათმობს.
- არ მინდა, რომ ჩემთვის სიცოცხლე დათმოს! - შეუღრინა - მინდა, თავი დაიცვას. მინდა, შენს არანორმალურ ძმას სამუდამოდ ჩამოშორდეს! მაშინ დავიჯერებ, რომ მის გონებაში საღი აზროვნების ნატამალი ჯერ კიდევ შემორჩა!
- მეც მაგას ვეუბნები... - უპასუხა ხმადაბლა.
ელს გაუკვირდა მაგრამ არ შეიმჩნია. ზოგადად მამის ნათესავები გურანდას მოთმინებისკენ მოუწოდებდნენ. არწმუნებდნენ, ყველაფერი დალაგდება, თუ იმკურნალებსო. ელის აზრით კი თავად იყვნენ სამკურნალოები, ყველანი! მთელი მოდგმა!
- ელ... - დაიწყო გაუბედავად - ვიცი, რომ მთელი ამ კოშმარის თავიდათავი შენს წინ ზის, მაგრამ დამიჯერე... ჩემს ერთადერთ შვილს გეფიცები, რომ მცოდნოდა, სულა ასეთ წყევლად მოგევლინებოდათ თავს, არასოდეს გავაკარებდი გურანდას. არ ვიცოდი, რა დემონი ეჯდა სულში... მე...
თვალები აუწყლიანდა. ხელები ნერვიულად გადააჭდო ერთმანეთს, რომ ცახცახი შეეკავებინა, მაგრამ უშედეგოდ. ელს მკაცრი გამომეტყველება შეურბილდა. ასმათის მიმართ არასდროს უგვრძნია აგრესია. არც მაშინ ადანაშაულებდა, როგორც ლილი და არც ახლა.
- შენი ბრალი არ არის, - აკანკალებულ ხელზე ხელი დაადო.
- არ იყო ასეთი... - შეკავებულმა ცრემლებმა როგორც იქნა ჯებირები გადმოლახეს - ერთი უბრალო, მშრომელი ბიჭი იყო სოფლიდან, რომელსაც ცხოვრების დიდი არაფერი გაეგებოდა. მშობლებს ეხმარებოდა მუდამ. ვირივით მუშაობდა, რომ სახლში საჭმელი და შეშა არ მოგვკლებოდა. მამაჩემი დილას რომ გააგზავნიდა ხოლმე ქალაქში, არც ეკითხებოდა შიოდა თუ სწყუროდა. სახლში არ უნდა დაბრუნებულიყო, სანამ ფულს არ შემოიტანდა. არ კითხულობდა საიდან.
ელის ხელიდან ფრთხილად გაითავისუფლა მარჯვენა. ერთჯერად ხელსახოცს გადასწვდა და ხმაურით მოიხოცა ცხვირი. ცრემლები შეიმშრალა და თხრობა განაგრძო.
- ფული შემოჰქონდა, საჭმელი არ გვაკლდა. შეშა ყოველთვის იყო, ზამთარში არ გვციოდა. ჩემები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ, არაფრის საშუალება არ ჰქონდათ. ამიტომ სწავლა-განათლებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. სკოლაში დავდიოდით, მაგრამ მაგაზე მეტის იმედი არცერთს არ გვქონდა. სულა, ხანდახან მაგასაც ვერ ახერხებდა, ვინ იმუშავებდა მერე? მამაჩემი ავადმყოფი კაცი იყო, თავის დღეში სულ წელი სტკიოდა. დედა ჩვენ გვივლიდა. ერთადერთი მამაკაცი სახლში მამაშენი იყო. მისი წყალობით თავი ასე თუ ისე გაგვქონდა. სანამ... სანამ იმ ავსულს არ გადაეყარა. იმან შეურყია ტვინი და ფსიქიკა!
- ვინ ავსულს?
წარბშეკრული ელი წელში გასწორდა. ასმათი თითქოს გამოფხიზლდაო. მიხვდა, რომ ბევრი წამოროშა და ენაზე იკბინა.
- დედას არაფერი უთქვამს? - იკითხა დამნაშავედ.
- როგორც ჩანს გამორჩა, - მიუგო სარკასტრულად - მაგრამ შენგან ყველაფერს გავიგებ! ვისზე საუბრობ?
სავანელს ისეთი უტეხი მზერა ჰქონდა, ქალმა ერთი ამოიოხრა და თავი გააქნია.
- რომ რამე... ჩემგან არ გაგიგია, თორემ ბებიაშენი ნამდვილად დამახრჩობს.
- არავის არაფერს ვეტყვი, გააგრძელე.
- მოკლედ... - ჩაახველა, სახეზე ისევ ზიზღი აღებეჭდა - ქალაქში ბოდიალისას მამაშენი ერთ ქალს გადაეყარა. დეტალები არ ვიცი, რა როგორ მოხდა, მაგრამ რამდენიმე თვეში გამოგვიცხადა ცოლი მომყავსო.
- ა? - გულწრფელად გაუკვირდა ელს.
- აჰამ... - თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად - იმ ქალს თავისი სახლი ჰქონდა ქალაქში. დედამისთან ერთად ცხოვრობდა მარტო. უნდოდა სულა მათთან გადასულიყო. როცა პირველად შევხვდი, „საცოლეს“... ახლაც კი ჟრუანტელი მივლის სხეულში, უცნაური შთაბეჭდილება დატოვა. მის გამოხედვაში იყო რაღაც... არანორმალური. მაშინ ვიფიქრე, რომ მეჩვენებოდა და უბრალოდ ცუდად ვიყავი განწყობილი მომავალი რძლის მიმართ, რადგან მეშინოდა, რომ მამაშენს დავკარგავდი. მერე ვინღა მომიტანდა საჭმელს სახლში?! ასეთი იყო სულას პასუხი, როცა ვთხოვე კარგად დაფიქრებულიყო.
- რას ნიშნავს, არანორმალური? - ჩაეკითხა დაინტერესებული.
- მიშტერება ახასიათებდა ადამიანზე. ისეთი თვალებით მიყურებდა თითქოს ჩემთვის კბილებით ყელის გამოჭრა უნდოდა. სახეზე კი ღიმილი დასთამაშებდა! გეუბნები! - შეაჟრჟოლა და მკლავებზე ხელები ჩამოისვა - საშინელებათა ფილმიდან გადმოთრეულს ჰგავდა!
- ეეე... - დაბნეულმა თვალები აახამხამა - სულა ვერ ამჩნევდა?
- ვერა... ან არ უნდოდა შემჩნევა. დღეს რომ ვუფიქრდები, იქნებ ჩვენგან უნდოდა გაქცევა... არ ვიცი, ვერ გეტყვი.
- კარგი, მერე?
- მერე, მათთან გადავიდა საცხოვრებლად. სწრაფად მოაწერეს ხელი, ეკლესიაში ჯვარი არ დაუწერიათ. რძლის დედამ დაიჟინა, ოფიციალური საბუთიც საკმარისიაო. თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. სულას გარეშე გვიჭირდა. იძულებულები ვიყავით, სწავლისთვის თავი დაგვენებებინა ბოლო კლასებში და სამუშაოდ გავსულიყავით. მე, პატარა სუპერმარკეტში გამყიდველად დავიწყე მუშაობა, რაც საშულებას მაძლევდა, ხანდახან სულა მომენახულებინა. სამსახურის მერე გავუარე სახლში. მამაშენის სიდედრს ისე მოეღრიცა სახე ჩემი დანახვისას, ბებიაშენს არ შემოუხედავს ეგეთი ზიზღით არასდროს.
- რა დაუშავე?
კინაღამ გაეცინა. ყურებს არ უჯერებდა. სულას გურანდამდე ცოლი ჰყავდა??? რატომ არავინ დაასველა ენა, ამის შესახებ მთელი თექვსმეტი წელი?!
- არც არაფერი! - აიმრიზა გაღიზიანებული - თავიდანვე უკმეხი იყო. კუდიან დედაბერს მაგონებდა ყოველთვის. ძალიან არ შევმცდარვარ, მოგვიანებით რაც მასზე გავიგე, მაგრამ ჯერ მოიცა... - ისტორიის მოყოლის ეშხში შესულმა ყავა მოწრუპა, ტუჩები მოილოკა და თხრობა განაგრძო - ჰოდა, მამაშენის მოსანახულებლად მივედი. ჩამქრალი შემეგება. ზოგადად არც ასრასდროს ბრწყინავდა ბედნიერებისგან, მაგრამ ჩვეულზე მეტად დანაღვლიანებული მეჩვენა. რომ ვკითხე რამე ხომ არ მოხდა-თქო, იუარა. ყავა შემომთავაზა, ხომ არ დალევო? მერე საძინებლიდან ის ეშმაკის ფეხი გამოვიდა... ღმერთო, მაგას რა დამავიწყებს?! - პირჯვარი გადაიწერა - თეთრი გრძელი სარაფანი ეცვა. გაჩეჩილი თმები წელზე ეყარა. მანამდე, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, მოწესრიგებული ჩანდა. დალაგებული გამოხედვა არასოდეს ჰქონია, მაგრამ თმას მაინც ივარცხნიდა. იმ დღეს საშინელი შესახედი იყო. ყველაზე წმინდას ვფიცავ, შემეშინდა. ისეთი მტრული თვალებით შემომხედა აორთქლება მომინდა. ვიუარე, უკვე გვიანია, სახლში უნდა დავბრუნდე-მეთქი, მაგრამ სულამ დაიჟინა. ყავა მაინც დალიე, რამდენი ხანია არ მინახიხარო. ლამის ძალით გამიყვანა სამზარეულოში. ის ავსული მოჩვენებასავით შემოჰყვა. თვალს არ მაშორებდა, არც „გამარჯობა“, არც „ჩემი სახლიდან მოშორდი!“ არაფერი! არანორმალურივით მომშტერებოდა. სულას უთხრა, ყავას მე მოგიდუღებთო. მაგიდასთან ჩამოვჯექი და იმაზე დავიწყე ფიქრი, ისე როგორ მექნა, რომ მისი მოწოდებული არაფერი დამელია და არც შემეჭამა. სერიოზულად ვფიქრობდი, რომ მომწამლავდა.
- ხო არ აზვიადებ? - ეჭვი შეეპარა ელს. ასმათი ისე აჭარხლდა, ინანა, ენას კბილი რატომ არ დავაჭირეო.
- ვაზვიადებ? - აღშფოთებულს ჟანგბადი დააკლდა ფილტვებში - იმ ავადმყოფმა ცხელი ყავა გადამასხა!
- ა? - თვალები აახამხამა გაკვირვებულმა.
- ყავა მოადუღა, მაგიდასთან მოიტანა და მუხლებზე გადამასხა! მერე, გიჟური სიცილი აუტყდა. თავში ჩამარტყამდა იმ მადუღარას, სულას რომ არ დაეჭირა.
- რაო? - ყურებს არ დაუჯერა.
- დამწვრობა დღემდე მაქვს, - კაბა აიწია და გოგონას დაფუფქული ფეხები აჩვენა. არ ტყუოდა დამწვრობის კვალი ცხადად აჩნდა ფეხებზე.
- ამიტომ ატარებ, მუდამ გრძელ კაბას? - წამოსცდა უნებურად.
- ლამაზი არაფერი მაქვს, რომ გამოვამზეურო! - ღვარძლით შეისწორა სარაფანი და ყავა მოსვა - სულამ ახარხარებული ოთახში გაათრია. ფეხებს და ხელებს შეშლილივით იქნევდა და ჩემკენ იწევდა. თავი რომ ვერ დაიხსნა, მამაშენის დაკბენა სცადა. კუდიანმა დედამისმა რაღაც ნემსი დაარჭო და მერეღა დამშვიდდა. მამაშენს საავადმყოფოში რომ მივყავდი, გამომიტყდა... თურმე შიზოფრენიით ყოფილა ავად.
- შიზოფრენია?
- ჰო, უბერავდა. თუ რეგულარულად არ მიიღებდა წამლებს, შეტევები ჰქონდა. წყეულმა დედამისმა ავადმყოფობის შესახებ მამაშენს დაუმალა, იფიქრა სიმართლეს თუ გაიგებს ცოლად არ მოიყვანსო. ასე შერჩა ხახვივით არანორმალური, რომელსაც ყოველდღე უვლიდა.
- როგორ დაშორდნენ ერთმანეთს?
- ისე აურია, მამაშენის მოკვლა სცადა ძილში. სიმძიმე რომ არ ეგრძნო გულმკერდზე, როგორ დააჯდა მაჯლაჯუნასავით, მისკენ მოღერებულ ჩანგლიან ხელს დროულად ვერ დაუჭერდა.
- სულას მოკვლა ჩანგლით სცადა?
- ჰო. მამაშენმა მოტვინა, რომ მეტისმეტი იყო, ადგა და მიატოვა. სიდედრს მიაძახა საგიჟეთშია შენი შვილი გამოსამწყვდევი და შენი ადგილიც იქ არის სახლში, რომ ამყოფებო. ადგა და სახლში დაბრუნდა. გამიხარდა. როგორც იქნა, ის კუდიანები თავიდან მოიშორა-მეთქი, მაგრამ მეორე დღეს სიდედრი ამოგვადგა სახლში. ისტერიკა მოაწყო, როგორ გაბედე ჩემი შვილის უპატრონოდ მიგდება, მისი მოვლა შენი ვალდებულებაოო. წარმოდგენა არ გაქვს, რა კონცერტები გამართა. დედაჩემი ცოცხით, რომ გამოუვარდა და თავზე გადაამტვრია, მერეღა დაიხია უკან. ერთი ეგ იყო, სულას მოაწყევლა სიკვდილის ბოლომდე ვერ მომიშორებო და პირობაც შეასრულა.
- მოიცა... რას გულისხმობ? - სკამზე შესწორდა.
- იმ დღიდან დაიკარგა. აღარ გამოჩენილა, მაგრამ მამაშენი ამბობდა, მგონი ვგიჟდებიო. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც სულ უკან დამყვებაო.
- ღადაობ! - გაეცინა ელს.
- რა მეღადავება?! - გამოაჯავრა გაღიზიანებულმა - თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ მერე უცნაური რაღაცეები შევამჩნიე და შიში დამჩემდა.
- რა უცნაური რაღაცეები?
- სოფელში, დილაობით გარეთ გამოსულს, სახლის კართან მკვდარი ვირთხები მხვდებოდა. ერთხელ შუაღამისას საძინებლის ფანჯარა შემოლეწეს. კინაღამ შიშით გული გამისკდა, დაფეთებულს გამომეღვიძა. იატაკზე მოზრდილი ქვა ეგდო, სულა გარეთ რომ გავარდა ნოხზე ნაჭრისგან შეკერილი სათამაშოს იპოვა მახათებით შერჭობილი.
- ვუდუს თოჯინა გაგიკეთა? - არ იჯერებდა ელი. სიცილს ძლივს იკავებდა. თან მამიდამისის მონაყოლის დაჯერება უფრო და უფრო უჭირდა.
- ჰო, რავიცი, როგორ ეძახიან მაგას. ჯადოებს, რომ აკეთებენ ხოლმე ბებრები, რაღაც მსგავსი საზიზღრობა იყო. სულა გადაირია, მოვკლავ მაგ არანორმალურ ბებერსო. სახლში მიუვარდა და დაემუქრა, თუ არ დაწყნარდები შენ და შენს გიჟ ქალიშვილს სახლში გამოგწვავთო. სულასთვის სახეში უსვრია, რაღაც ცხიმიანი უბედურება და დაუწყევლია - არ გეღირსოს გახარება და ბედნიერება! დაე, ჩემი შვილისა დაგემართოსო! სულა, გინება-ფურთხებით, უკან გამობრუნდა. სახლში რომ მოვიდა, ისეთი შესახედი იყო შემეშინდა. თმასა და წვერში, რაღაც საძაგლობა ჰქონდა გაგლესილი. სახე დავიბანე, მაგრამ არ მშორდებაო ბურტყუნებდა გაღიზიანებული. დრო რომ გავიდა და ავი დედაბერი ჩაძაღლდა, მეზობლებმა თქვეს, რომ ჭკუაზე ვერ იყოო. ჭორაობდნენ, ჯადოებს აკეთებსო. ერთ-ერთი მეზობლის დასაფლავებაზე წაუსწრიათ, როგორ ატანდა სულას ფოტოსურათს მკვდარს კუბოში.
- ა? - წარბები მაღლა აზიდა გაოცებულმა.
- გეუბნები! - თავი დაუქნია - არ ვიცი მამაშენს რა გაუკეთა, მაგრამ მათთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალა. ჩვენთან აგრესიას არ ავლენდა, მაგრამ თვალებში ვატყობდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. თავს ვიმშვიდებდი, მეჩვენება-თქო.
- მოიცა, ყოფილ ცოლს რა ბედი ეწია?
- საგიჟეთში დაამწყვდიეს. მგონი, დღემდე იქ ლპება.
- სად?
- სურამში. რაში გაინტერესებს? - წამოენთ.
- ისე... დამაინტერესდა, - მხრები აიჩეჩა.
- თუ ღმერთი გწამს, არავის არაფერი უთხრა, რომ მოგიყევი. - თვალები შიშით გაუფართოვდა.
- დედაჩემმა იცის?
- იცის, ბებიაშენმაც.
- სულამ უთხრა?
- უთხრა, რომ ცოლი ჰყავდა, მაგრამ დაშორდნენ. არ დაუკონკრეტებია, რა იყო და როგორ, სანამ ის კუდიანი სიკვდილამდე ორი კვირით ადრე დედაშენს არ მოუვარდა სახლში წყევლა-კრულვით.
ელმა თვალები აახამხამა. იფიქრა, ვეღარაფერი გამაკვირვებსო და აი სიურპრიზიც!
- რას იძახი?
- სახლში მოუვარდა. იკივლა, იწივლა, ჩემი შვილის ცოდვით არ გაიხარებთო! დედაშენი შოკში ჩავარდა. არ იცოდა რა ხდებოდა. იმ კუდიანმა დედაბერმა ავეჯს ჩამოუარა და რაღაც საძაგლობა შეაგლისა, თან გაჰკიოდა ჩემი შვილის ცოდვამ ამოგწვათო. დედაშენი მიყვებოდა, რომ მაშინ შენს მშობლებს ბებიაშენი სტუმრობდა. ქეჩოში რომ ჩააფრენია დედაბერს, თმებით გაუთრევია გარეთ და პანღური ამოუცხია. დამუქრებია ჩემს შვილს ახლოს გაეკარები და ჩემი ხელით მოგკლავო. ეგ იყო და ეგ. მაგის შემდეგ ლოგინად ჩავარდა და ორ კვირაში მოკვდა. სულა კი იძულებული გახდა ყველაფერი მოეყოლა.
- რა სიგიჟეა... - ჩაიჩურჩულა მოსმენილის შოკირებულმა - მეგონა აღარაფერი გამაკვირვებდა.
- არ ვიცი ასე როგორ დაწყევლა მამაშენი, მაგრამ იმ კუდიანის ბრალია! ათას საშინელებას უკეთებდა. ღამღამობით კუდში დასდევდა აკიდებული წყევლასავით. რანაირად გადაეყარა ასეთ არანორმალურებს?! რა ბედი ჰქონდა მაგ უბედურს!
- ფპპ, - ჩაიფრუტუნა ელმა - ახლა არ მითხრა ჯადოების და თოჯინების მჯერაო. გეთანხმები, რომ არანორმალურებთან ჰქონდა საქმე, მაგრამ მეეჭვება სულას ტვინი ქინძისთავებით დამშვენებულ თოჯინას აერია.
- ბოროტი ძალის არ გჯერა, ელ?! - წყენა დაეტყო მამიდამისს - მე, კი მჯერა! ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი. სიკვდილამდე არ დამავიწყდება იმ ორი არანორმალურის სახე. დედა უფრო გიჟი იყო, თუ შვილი დღესაც არ ვიცი.
- სახელი არ გითქვამს.
- არ მახსოვს. - ზედმეტად სწრაფად უპასუხა. ელმა მოწყალებით გადახედა.
- არ გახსოვს ალქაჯის სახელი, რომელმაც ფეხები დაგისახიჩრა? სერიოზულად?
- რაში გაინტერესებს? - შეუტია უხერხულობის დასაფარად. ელმა მხრები აიჩეჩა.
- ისე... უბრალოდ, მაინტერესებს.
- სოფია.
- გვარი?
- მეტი აღარაფერი მკითხო! - ხელი ასწია პროტესტის ნიშნად - საკმარისზე მეტი ვიყბედე! ჩემი წასვლის დროა, ისედაც დიდხანს ჩამოვჯექი. დედა, რომ დაბრუნდება გადაეცი დამირეკოს. გამოვალ.
- დაელოდე.
- არა, ბაკოს საუზმეს გავუმზადებ, სანამ სამსახურში წავა.
ელი მიხვდა, რომ მამიდამისს მასთან მარტო დარჩენა არ უნდოდა, რომ კიდევ რამე არ დაეცდენინებინა. აღარ ჩააცივდა, ისედაც საკმარისზე მეტი გაიგონა. ჩაფიქრებული ნიკაპზე ხელს ისვამდა, როცა მამიდამისმა კარი გაიხურა.
- სოფია... - გაიმეორა ხმადაბლა - საინტერესოა...
ელმა დილა საიმონთან ერთად გაატარა. ახალგაღვიძებულს ბანანის ფაფა აჭამა, შემდეგ კი დივანზე მიაგდო, საყვარელი მულტფილმები ჩაურთო და გვერდით მიუგორდა. „კრავთა დუმილის“ მეოთორმეტე თავს შლიდა, როცა კარის გაჯახუნების ხმა შემოესმა. მხარზე წამოიწია და შემოსასვლელს გახედა. მისაღებ ოთახში გურანდა შემოვიდა. სახეზე ჯერ კიდევ ეტყობოდა სიწითლე, მაგრამ შედარებით დამშვიდებული ჩანდა.
- ყველა ცოცხალია? - იკითხა ირონიული ღიმილით.
- შენს მათემატიკის მასწავლებელს, სირცხვილით თავი არ გამოეყოფა! - ამაყად ჩაეშვა სავარძელში და გრძელი, ხვეული, თმა უკან გადაიყარა - მთელ სკოლას ესმოდა, როგორ ვუყვიროდი, რომ გაუნათლებელი და ხეპრე დედაკაცია.
- ახალი არაფერი გითქვამს. ეგ, ისედაც იცოდა. - სიცილით დახურა წიგნი.
- გავაფრთხილე, რომ თუ კიდევ ერთხელ გაბედავს ხელის აწევას, პირადად გავაცლი თმებს ღერაღერა და ვერავინ გამომგლიჯავს ხელიდან.
- დანაღვლიანდებოდა. - დედის რეაქცია ართობდა ელს - დარეჯანამ, რაო?
- ჩემი დამშვიდება სცადა, მაგრამ დავემუქრე, ჩემს შვილს ან სკოლაში დააბრუნებთ, ან ქმარს გავაგებინებ აქ რა ხდება და ბავშვებს როგორ ექცევით-მეთქი!
- სუსტ წერტილში დაგირტყამს, - ტუჩზე იკბინა - შენი ქმრის ატანა არ აქვს.
- ვიცი, - ბოროტი ღიმილი გადაეფინა ტუჩებზე - სიკვდილივით ეშინია! ერთხელ მთვრალი გადაეყარა, სახლში რომ ბრუნდებოდა. მაშინ ზომაზე მეტად ჰქონდა არეული, რომ დათვრებოდა დანით დარბოდა ხოლმე ქუჩა-ქუჩა. ისეთი შიში აჭამა დღემდე ახსოვს. სულა, რომ მოფხიზლდა ყველაფერს მომიყვა. არაფერი დაუშავებია, რა თქმა უნდა. მამაშენს, მარტო ჩემზე ენთება წითელი.
ელს, მაღლა აწეული წარბები, კიდევ უფრო აუცოცდა ზემოთ. როდის აქეთ იყო, გურანდა ასე გულახდილად საუბრობდა თავისი ქმრის მანიაკალურ გამოხდომებზე? დარეჯანას შიშის მიზეზიც გაიგო - ამიტომ არ იბარებდა ხოლმე დედაბერი სულას გამოსათათხად? შავი იუმორი!
- მას შემდეგ, დარეჯანი შორიდან უვლის ხოლმე ჩვენს მაღაზიას. თუ სულას ხედავს, სადმე ახლო-მახლო, საერთოდ არ ეკარება ქუჩას.
- რატომ თავის შვილიკოს არ ეუბნება, „ბუა“ დადის ჩემს ქალაქშიო? საქმეს გააკეთებდა, თავიდან მოგვაშორებდა.
- ჰკითხე და გეტყვის, - მხრები აიჩეჩა - ხვალ სკოლაში მიდიხარ და მეტი არ მინდა რამე გაუგებრობა მოხდეს! მართლა გავაცლი ვიღაცას თმებს!
წამოდგა და საძინებელს მიაშურა. ელმა თვალი გააყოლა დედამის. გურანდაში მომხდარმა ცვლილებებმა გააკვირვა. ადრე როცა სკოლაში იბარებდნენ, უხმოდ იტანდა ხოლმე საყვედურებს.
ერთხელ, ელმა, პარალელურ კლასელ გოგოს ცხვირი გაუტეხა. ჟღალთმიანმა გაბრაზებულზე მიაძახა „დედაშენი ალბათ იმსახურებს და იმიტომაც ხვდებაო!“. უბედურმა მეტის თქმა ვეღარც მოასწრო, ისე ხეთქა მუშტი ცხვირში. დირექტორი მაშინ სკოლიდან გაგდებით დაემუქრა, თუ ბოდიშს არ მოიხდიდა. წყობიდან გამოსული კინაღამ დედაბერსაც დაეტაკა. შუაში კლასის დამრიგებელი, რომ არ ჩამდგარიყო სავანელს სერიოზული უსიამოვნებები არ ასცდებოდა.
მერე სკოლის ფსიქოლოგსაც უხმეს და ატყდა ერთი აურაზური. სკოლაში კი სულა გამოჩნდა... დარეჯანას იმ დღის შემდეგ აღარ უცდია ელის გაღიზიანება. ვერც ხელის დაკარებას უბედავდა, როგორც დანარჩენ ბავშვებს. იცოდა, რომ ხელს შეუბრუნებდა. სანაცვლოდ, გურანდას ლანძღავდა ხოლმე ყოველ ჯერზე, როცა რამეს დააშავებდა.
დედამისი ყოველთვის დამთმობი და ლმობიერი იყო. უხმოდ ისმენდა საყვედურებს. სწორედ ამიტომ, მისმა დილანდელმა რეაქციამ გააოცა. ნუთუ, ქალში თავდაცვის ინსტიქტმა გამოიღვიძა?! ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედი მაქვსო - გაიფიქრა და მზერა საიმონზე გადაიტანა. პატარა კაცი მხიარულად ახითხითდა ტომიზე, როცა საწყალ კატას სპაიკი გამოუდგა ბეისბოლის ჯოხით, თავის გასაჩეჩქვად...


******

"თავი შორს დაიჭირე, გამიფრთხილებიხარ..."

საღამოვდებოდა. გარეთ სუსხიანი ქარი ქროდა. ასეთი ცივი გაზაფხული დიდი ხანია არ ახსოვდა მესხეთის ქუჩას. წვიმის პირველი მსხვილი წვეთები მაღაზიისა და გარაჟის სახურავებზე არახუნდნენ. მზია ბებომ, რომელიც ხის მაგიდაზე მზესუმზირას ყიდდა ხოლმე, სწრაფად მოაგროვა თავისი ნივთები - ტომარაში ორასგრამიანი ჭიქა ჩაუძახა, რომლითაც მყიდველებს უწონიდა ხოლმე მზესუმზირას, თავშალსა და ხელჯოხს ხელი წამოავლო და კოჭლობით გაუყვა გზას სახლისაკენ. ეზოს მაწანწალა ძაღლმა უხალისოდ აითრია წელი და კუდის ზანტი ქიცინით მიაშურა თავშესაფარს. გელაშვილების უბნის მაღაზიის კიბეებქვეშ შეძვრა და ხვნეშით მოიკალათა მიწაზე.
ვერცხლისფერი სედანი უკვე ოთხი საათი იყო ვიღაცას, თუ რაღაცას მოთინებით უცდიდა. მძღოლი სადარბაზოს შესასვლელს არ აშორებდა თვალს. ნერვების დასაწყნარებლად, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. როდესაც წვიმის წვეთები ძლიერად არახუნდნენ მანქანის სახურავზე მთლად მოეშხამა გუნება.
მაჯის ოქროს საათს დახედა. საღამოს რვა საათი ხდებოდა. წყეული სავანელი კი, არსად ჩანდა. სამი დღე მისცა ვალის დასაბრუნებლად! მხოლოდ და მხოლოდ, სამი! თან გააფრთხილა - მწარედ გაზღვევინებ, თუ დროულად არ მოიტან ფულსო! სავანელს მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ მასთან ხუმრობა არ ღირდა! თავიდანვე რომ ადამიანურად დასთანხმებოდა გარიგებას, ხელს არავინ დააკარებდა და არც „ცხოვრება დაენგრეოდა“, როგორც სავანელს უყვარდა დრამატიზება გალეშილ მთვრალზე.
და? საბოლოოდ ვის მხარეს გადაიწონა სასწორმა?! თავით ფეხებამდე გადაეშვა „ნეხვში“. სმა დაიწყო და ნარკოტიკზე დამოკიდებული გახდა. ფული რომ გამოელია და თავისი მაღაზიიდანაც, აღარაფერი დარჩა გასატანი, ვალების აღება დაიწყო. მერე ეგ გზაც მოიჭრა, როცა ფულს უკან ვეღარ აბრუნებდა.
საბოლოოდ ვის ფეხებთან მიფორთხდა უთავმოყვარეო არამზადა? ისევ კახაძესთან! ისევ მას ევედრებოდა, ფული ესესხებინა! თავიდან, რომ ნახა მისი კარის ზღურბლზე მოქანავე გატრეტილი მთვრალი, თვალებს არ დაუჯერა. იფიქრა ისევ ძველი წყენა გაიხსენაო, მაგრამ ჰოი, საოცრებავ! - სავანელმა ფული ითხოვა! მოიტყუა, ოჯახისთვის მჭირდებაო.
დამცინავად შეჰყურებდა ნარკომანს, - დამოკიდებული ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი ოღონდაც თავისი მიიღოს! იცოდა, რომ ფულის დამბრუნებელი არ იყო, მაგრამ კახაძეს სავანელის ყურებიდან დაჭერა უნდოდა! ჯიუტი ვირი გამოდგა, რომელიც ვერაფრით მოარჯულა! სცემა, სიკვდილის პირას მიიყვანა, დაამცირა, მაგრამ მაინც ვერ დაიმორჩილა!
აღიზიანებდა კახაძეს სავანელი! მისი მოკვლა, რომ სდომებოდა იქვე, იმ ტყესთანვე გაუჭეჭყავდა თავს, არც პირველი იქნებოდა და არც უკანასკნელი, მაგრამ არა... საქმე სხვა რამეში იყო... აცოფებდა მისი ამპარტავნებდა. იღბლიან ნაბიჭვარს ლამაზი ცოლი და მშვენიერი ქალიშვილი ჰყავდა, ვაჟიშვილიც ეზრდებოდა. ყველაფერი ჰქონდა, რაც კახაძეს მუდამ სწყუროდა ცხოვრებისგან, მაგრამ არ ეღირსა! სავანელი კი, ყველაფრის მიუხედავად, რაც ოჯახს გაუკეთა, მაინც არ მიატოვეს, არ გამოაგდეს სახლიდან, არ მოისროლეს ნაგავში, სადაც მისი ადგილი იყო!
რატომ? რა იყო მასში განსაკუთრებული? არც არაფერი! ამის დამტკიცება უნდოდა! რომ ჭიაყელა იყო, არარაობა, რომელიც შეეძლო ნებისმიერ წამს გაესრისა, თუ მოინდომებდა! მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ „მეგობრობდნენ“ სულას, მუდამ მაღლა ეჭირა თავი! სოფლელი ხიხო! ისე ამაყად ეპატიჯებოდა „ძმაკაცებს“ შინ, თითქოს უდიდეს პატივს სცდებდა, რომ მიწვევის ღირსი გახდნენ. ფუჰ, როგორ სძულდა მისი თავდაჯერებულობა! ვირთხა, მისი წყალობით იყო ჯერ კიდევ ცოცხალი! მას, რომ ხელი არ შეეშალა იმ დღეს, რეხვაძე თავს გაუჩეჩქვავდა უზარმაზარი ლოდით!
უნდოდა ეს სავანელისთვის დაემტკიცებინა! რომ ყოველთვის ნული იყო! ცხოვრებაში გაუმართლა და ლამაზი ოჯახი შეხვდა, გაუმართლა და ბიზნესი ააწყო, მთელი მისი ცხოვრება უბრალოდ გამართლება იყო, სანამ ფურთხით ნაშენები სასახლე თავზე არ ჩამოუნგრია! ამ მიზეზით ასესხა ფულიც. ბოროტი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. გატიალებული მთვრალი იმასაც კი ვერ ხვდებოდა, რომ ეშმაკს დაუდო გარიგება, სანაცვლოდ კი ბევრად მეტს მოითხოვდა, ვიდრე რამდენიმე ქეციან ასეულ ლარს, რომელიც იმდენი ჰქონდა, სად წაეღო და რაში დაეხარჯა არ იცოდა.
სიგარეტს ძლიერად მოქაჩა და გააბოლა. მანქანის ფანჯარას ოდნავ ჩაუწია, რომ ჰაერი გაენიავებინა. სალონში სველი მიწისა და წვიმის სასიამოვნო გრილი სურნელი შემოვიდა. წვერგაუპარსავი ნიკაპი მოიქექა და უკანა ხედვის სარკეში წარბშეკრულმა შეათვალიერა საკუთარი გამოსახულება. უცებ ვიღაცის სხეული დალანდა სადარბაზოდან გამოსული და ყურადღება მასზე გადაიტანა.
თვალები მოეწკურა, რომ წვიმაში გაერჩია ვინ იყო. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კაპიუშონიან ზედაში სავანელის ქალიშვილი დალანდა. ჯიქურ მიიწევდა მისკენ. ერთ წამს ისიც კი იფიქრა, მანქანა ხომ არ დაექოქა და იქაურობას გასცლოდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია და განზრახვაზე ხელი აიღო.
ელი მტკიცე ნაბიჯით მიუახლოვდა ვერცხლისფერ სედანს, სახურავზე მუშტი დასცხო და ხელით ანიშნა მინას ჩაუწიეო. უნებურად ღიმილი მოერია ტუჩებზე - ტემპერამენტი არ აკლიაო. მინას ჩაუწია. წვიმის წვეთებმა მარცხენა მხარის მკლავი დაუსველეს. მოზარდმა მელოტი სწრაფი მზერით შეათვალიერა და ცივი ხმით ჰკითხა:
- რატომ მითვალთვალებ?!
- გითვალთვალებ? - დაიბნასავით. არ ელოდა პირდაპირ თემაზე გადასვლას.
- შენგან ჯაშუში ვერ დადგება! სამაგისოდ, მეტისმეტად ტემპი ხარ! - თავი გვერდით გადახარა და ყურადღებით შეათვალიერა მოსაუბრე - გეკითხები, რატომ მითვალთვალებ-მეთქი?!
- მამიკო სახლშია? - გესლი გამოერია ხმაში. ელს წარბი შეეკრა.
- რა გაკავშირებს სულასთან?
- როგორ ვთქვა... - მოჩვენებით დაფიქრდა - ფული ისესხა, ვალს კი დაბრუნება სჭირდება.
- რამდენი?
- გადახდას აპირებ? - თავი ირონიისგან ვერ შეიკავა.
- რამდენი?! - გაუმეორა, უცვლელი ტონით.
- ორი ათასი.
თვალი თვალში გაუყარა. შეამჩნია, მოზარდს როგორ დაეკარგა ფერი სახეზე და ენით აუწერელი სიამოვნება იგრძნო. სახე მოუთვალიერა. ლამაზი იყო, ეშხიანი. დახვეწილი, მკაცრი სახის ნაკვთები ამშვენებდა... მაგრამ, მისი ყურადღება სულ სხვა რამ მიიპყრო... თვალები... თვალები ჰქონდა, განსაკუთრებული. ღამესავით შავი და უძირო, არასოდეს უნახავს მოზარდის ასეთი მზერა - ცივი, საზრიანი, ფრთხილი და... სასტიკი! ეს არ იყო მოზარდის მზერა!
გამბედაობაც არ აკლდა. შეამჩნია, რომ უკან დაჰყვებოდა და ჯიქურად მოადგა. საზიზღარმა ღიმილმა მოუღრიცა ტუჩები, სავანელის ქალიშვილი ახლოდან უფრო საინტერესო აღმოჩნდა! სასწაული პირდაპირ! როგორ გამოუვიდა ლაჩარ სულა სავანელს ასეთი შვილი?!
ოი... რას უზამდა, ხელში რომ ჩაეგდო... გოგონას მიმართ ავადმყოფური მიზიდულობა იგრძნო. ბინძურმა ფანტაზიამ ისეთი სიამოვნება მოჰგვარა მუცელი მწველმა სპაზმმა მოუკრუნჩხა. უცებ ძალიან მოუნდა ამ განძს დაპატრონებოდა! ეს არსება... იყო მასში, რაღაც უცხო... თითის ბალიშები აეწვა და უნებურად ხელები დაემუშტა.
- კარგად მომისმინე, ! - მისკენ დაიხარა და ავად ასისინდა - ფეხებზე რა გაკავშირებს სულასთან, ან რამდენი აგახია, თქვენი პრობლემა თქვენში მოაგვარეთ! კიდევ ერთხელ თუ გნახავ ჩემს სახლთან აყუნცულს ცუდად წაგივა საქმე! ჩემი ოჯახისგან თავი შორს დაიჭირე!
- მემუქრები? - გული კიდევ უფრო აუჩქარდა. თავადაც ვერ ხვდებოდა რა სჭირდა, მაგრამ ასეთი უცნაური შეგრძნება თავის დღეში არ დაუფლებია.
- გპირდები!
მკაცრი და ბასრი ჰქონდა მზერა. არ ხუმრობდა, მის თვალებში ცეცხლი ენთო, კახაძისთვის ასე კარგად ნაცნობი აგრესია. მსგავსი გამოხედვა უკვე უნახავს სულას თვალებში. მაგრამ ამჯერად, სულაც არ უნდოდა ამ ცეცხლის ჩაქრობა, პირიქით...
- ისევ შევხვდებით ერთმანეთს...
ცხოველური ჟინით შეათვალიერა წვიმაში გალუმპული და მანქანა დაქოქა. ნელა დაძრა და თვალის მოუშორებლად აუარა გვერდი. ოი, ნამდვილად დაბრუნდებოდა! აუცილებლად! ელმა მზერა გააყოლა. სახეზე აწვიმდა. ხელები მუშტად შეკრა. ყბაზე კუნთი დაეჭიმა.
- თავი შორს დაიჭირე, გამიფრთხილებიხარ...
წაიჩურჩულა თვალებამღვრეულმა. ორგანიზმს ქვეწარმავალივით შეეპარა ცხელი ტალღა, ყველა კიდურს აუჩქარებლად მოედო და ძარღვებში სისხლი აუდუღა. სხეულს სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და გრილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ისევ დაეუფლა ნაცნობი გრძნობა, ველური აღტკინება და სისხლის წყურვილი... ხვდებოდა, მელოტის გაქრობით, სამყაროს არაფერი დააკლდებოდა!


******

"ზარი მეგობრისგან"

"მეგობარი შენი პასუხია, როცა სამყარო კითხვად იქცევა"

ელის საძინებელის ფანჯრები, მესხეთის ქუჩის უკანა ეზოს გადაჰყურებდნენ, ამიტომ აივანზე გამოსულმა, მარტივად შეამჩნია გარაჟებს შორის მდგარი ვერცხლისფერი სედანი და მძვინვარებამ მოიცვა. ისევ, ეს წყეული, სტალკერი! ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ უთვალთვალებდნენ და ხვდებოდა კიდეც რა მიზეზით! სულას რაღაც უნდა გაეფუჭრებინა!
მიუხედავად, იმისა, რომ თავადაც ხვდებოდა მიზეზს, გადაწყვიტა პირდაპირ ეკითხა. ეჭვები გაუმართლდა, როდესაც მელოტი გამოუტყდა, რომ მამამისს ვალი ემართა. არ გაჰკვირვებია. რამდენჯერმე ყური მოჰკრა მშობლების კამათს, გურანდა ეჩხუბებოდა - სალარო ნულამდე დაიყვანე, კაპიკი არ დამიტოვე, რითაც მაღაზიის პროდუქტების შევსებას შევძლებო!
სულა მთელს ფულს სასმელსა და ნარკოტიკებში ხარჯავდა. ვინ იცის, იქნებ კახპებშიც. უკვირდა, თუ ვისთან მივიდა ფულის სათხოვნელად. ნუთუ, ასე დაეცა სულიერად? ნუთუ ნარკოდამოკიდებული ადამიანი, ასეთ ღრმა ფსკერზე ეშვება?! ფაქტი თავის თავზე მეტყველებდა! რეალურად, წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო მელოტი, მაგრამ ხვდებოდა, რომ კანონმორჩილ მოქალაქესთან არ ჰქონდა საქმე.
რომელი ჭკუათმყოფელი იჭერს თავს მაფიასთან? შუკვანმა იგივე მანქანა „დელავერთან“ შეამჩნია. დიდი ალბათობით, მელოტი მისი აქტიური კლიენტი უნდა ყოფილიყო. ვინ იცის, იქნებ კლიენტზე მეტიც იყო?! როგორ გაბედა, სულამ ასეთი ხალხისგან ფულის სესხება?! მითუმეტეს მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ ფულს ვერ დააბრუნებდა. ორი ათასი?! სერიოზულად?! ბოლოს როდის ამოიღო ამხელა თანხა მაღაზიამ არც კი ახსოვდა!
მარტივი მისახვედრი იყო, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთი ხალხის „გადაგდებას“. ასე როგორ დააჩლუნგა მამამისი სასმელმა? რატომ არ იფიქრა, რომ მევალეები მის ოჯახს მიადგებოდნენ?! ნუთუ, ცოლ-შვილი ასე ეკიდა ფეხებზე? სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ხელი და ახლა კიდევ ერთ ფაქტზე დაფიქრდა, რომლისთვისაც იმ წამს ყურადღება არ მიუქცევია - არაერთხელ შესწრებია შუკვანის სახლში, როგორ უვარდებოდნენ მევალეები სოფოს. იყო ერთი წივილ-კივილი და გაწევ-გამოწევა. ხშირად ხელჩართულ ბრძოლამდეც მიდიოდა ხოლმე საქმე, თავად რამდენჯერმე ჩაერია, რომ შუკვანს ერთ-ერთი მევალე ადგილზე არ მიეხრჩო. ტანსაცმელშემოტრეტილი, როცა მევალე სახლიდან გაისროლა, დედამისს მისდგა ყვირილით - სადამდე აპირებ, ქალაქში ჩემი თავის მოჭრასო?!
ელს, არც ერთი მევახშე არ ახსოვდა ასეთი მშვიდი და გაწონასწორებული, როგორც მელოტი იმ საღამოს. არც ერთი არ უთვალთვალებდა, შუკვანს, ან სოფოს მანიაკივით. მელოტი კი, თვალებით ჭამდა! სახეზე ეწერა ბინძური აღტკინება. ნუთუ, მართლა ფულისთვის მოადგა სულას?! ზიზღით გააჟრჟოლა საძინებელში მყოფს.
ხელში კალამს ათამაშებდა, თან საინფორმაციოს აყურადებდა. საძინებლის შეღებული კარიდან, ტელევიზორის ხმა გარკვევით მოისმოდა. მომხდარ მკვლელობაზე საუბრობდნენ. გამოძიებას ეჭვმიტანილი არ ჰყავდა. მსხვერპლის ვინაობა დაედგინათ, მაგრამ პრესას არ უმხელდნენ - გამოძიების დეტალებს ვერ გავასაჯაროებთო. ჟურნალისტები საკუთარ შეთითხნილ თეორიაზე ლაყბობდნენ - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობას, მხოლოდ ერთი მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდეს - შურისძიებაო!
ფპპპ! - აბა, სხვა რა მიზეზით აკუწავდნენ ადამიანს ნაწილ-ნაწილ? ნამდვილი ტვინიკოსები არიანო - ირონიულად ეღიმებოდა სავანელს. თან გამალებული ფიქრობდა - რაიმე სასარგებლო, თუ იპოვა სხირტლაძემო. რახან არაფერს იწერებოდა, ესე იგი, ვერაფერი ენახა, რასაც იმედგაცრუებამდე მიჰყავდა!
თავი სკამის საზურგეს მიადო და სკამის რწევას მოჰყვა. ფიქრებისგან თავი ლამის გასკდომოდა - სად არის სულა? რა ამოძრავებს რეალურად მელოტს? ვინ არის დანიილ ქალდანი? იქნება მომდევნო მსხვერპლი? თვალები მოეჭუტა და ბოლო კითხვას ჩაუღრმავდა.
მას ჰქონდა, რაღაც, რაც პოლიციამ არ იცოდა! - ორიგამი! ძველისძველი ოქმისგან გაკეთებული ორიგამი, რომელიც შეტყობინება უნდა ყოფილიყო პოლიციისთვის. კანქვეშ გრძნობდა, რომ მკვლელს „სათქმელი“ არ დაუსრულებია და ისევ ვიღაცის თავზე ჩამოჰკრავდა სიკვდილის ზარი. მხოლოდ, რა იყო მისი მოტივი? და რატომ მაინც და მაინც, პეპელა? „მონარქი“... გაიფიქრა უნებურად. ისე იდეალურად შეესაბამებოდა მეტსახელი, გაეღიმა. საფეთქელი დაისრისა და ახლა სხვა რამეზე დაფიქრდა, ქალდანი... ქალდანი...
შუკვანის მსგავსად, სვანი უნდა ყოფილიყო გვარის პატრონი. ინტერესი ჰკლავდა, რა როლს იღებდა მთელს ამ "წარმოდგენაში". ცნობისმოყვარეობა ჭამდა, რა აკავშირებდა შავოსანს, მოკლულის ბინიდა, რომელმაც ორიგამი მოიპარა? რაში სჭირდებოდა? რატომ აიღო? საიდან იცოდა, რომ ბინაში გვამი დახვდებოდა? იქნებ, მსხვერპლთან სასაუბროდ მივიდა? რა თემაზე? ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან უცნაურიაო, ფიქრობდა წარბშეკრული.
მაგიდაზე მდები ტელეფონი აზუზუნდა. ფიქრებიდან გამოერკვა და ეკრანს დახედა - კიტა რეკავდა. მაშინვე უპასუხა:
- ეელ... - მოისმა ბიჭის უცნაური ხმა ტელეფონიდან - სახლში ხარ?
- კი. რა ხმა გაქვს?
- გამოხვალ ჩემთან?
- მშვიდობაა? - წელში გასწორდა.
- მეე... მეეე - წამით სიჩუმე ჩამოვარდა, ყურმილში მხოლოდ სვანის მძიმე სუნთქვა ისმოდა - მგონი, მარტო ყოფნა არ მინდა.
- მოვდივარ. - უპასუხა დაუფიქრებლად.
ტელეფონი გათიშა და ფეხზე წამოდგა. მისაღებ ოთახს მიაშურა. გურანდა და საიმონი ტელევიზორს უსხდნენ, დედამისს სხვა არხზე გადაერთო, ისევ მულტფილმებს უყურებდნენ.
- დედა... - გურანდამ ინტერესით მოხედა შვილს - ცოტა ხნით მარტო, რომ დაგტოვო, ხომ არ გაგიჭირდება?
- რა უნდა გამიჭირდეს, მაგრამ სად მიდიხარ?
- კიტას უნდა გავუარო, მათემატიკაში სჭირდება დახმარება. სადაცაა გამოცდები უწევს, დაძაბულია. - დააბრეხვა რაც პირველი მოუვიდა თავში აზრად.
- კარგი, - თავი დაუქნია, ელმა შეატყო, როგორ ესიამოვნა დედამისს ის ფაქტი, რომ უფროს კლასელ მოსწავლეს ეხმარებოდა მეცადინეობაში - ოღონდ ძალიან არ დააგვიანო.
- თუ რამე დაგჭირდება, დამირეკე. ან... თუ სახლში დაბრუნდება...
აღარ დაასრულა. არ უნდოდა სულას ხსენება. გურანდასაც დაეჭიმა სახე. მხოლოდ თავი დაუქნია და საიმონს ბალიში გაუსწორა ზურგსუკან. ელი ჰოლში გავიდა, ქურთუკი შემოიცვა, ნაუცბადევად ჩაიცვა ფეხსაცმელები და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან. თხუთმეტ წუთში უკვე მეგობრის ბინის კარზე აკაკუნებდა. ერთმანეთისგან მხოლოდ ორი ქუჩის დაშორებით ცხოვრობდნენ. შორი არ იყო, მაგრამ გზაში მაინც ირბინა.
შუკვანის ხმა არ მოეწონა. მეორედ რომ დააკაკუნა მოუთმენლად, კარი გაიღო, ზღურბლზე კი სვანი გამოჩნდა არყის ბოთლით ხელში, თვალები ამღვრეოდა და ძლივს შესამჩნევად ირწეოდა ადგილზე. ელმა თავით ფეხებამდე შეათვალიერა მეგობარი და მზერა ალკოჰოლზე გაუშტერდა. ყბაზე კუნთი დაეჭიმა.
- მარტო ხარ?
მიპატიჟებას არ დალოდებია. ბინაში შევიდა და კარი მიიხურა. სვანმა თავი დაუქნია და არყის ბოთლი მოიყუდა. ელმა თავდაყირა მყოფი სახლი წარბაწეულმა მოათვალიერა. სამზარეულოში, მწვანეკაფელიან იატაკზე გატეხილი ჭურჭელი და გაუბედურებული პროდუქტი ეყარა. რძის მუყაოს ყუთს ძირი გახეთქოდა, თეფებისა და ჭიქების ნამტვრევები რძეში ცურავდნენ. მისაღებ ოთახში კი ჟურნალის პატარა მაგიდა გადაეყირავებინათ. მასზე მდები მუდმივი ბინადრები კი ახლომდებარე ავეჯის ქვეშ გორავდნენ უსუსურად.
ტელევიზორს ეკრანი უზარმაზარი ობობის ქსელივით დაბზაროდა. დამტვრეულ სკამს უსუსურად უქანავებდა წკიპზე შერჩენილი ხის ფეხი. კიტასა და დედამისის საძინებელშიც არ იყო უკეთესი მდგომარეობა. სოფოს გარდერობს პირი დაეღო, ქალის იაფფასიანი ტანსაცმელი არსად ჩანდა. არც მისი მყვირალა კოსმეტიკა მოჩანდა სარკის წინ ტუმბოზე. კიტას საძინებელი კი ისე გამოიყურებოდა თითქოს ქარიშხალმა გადაუარაო. ტანსაცმელი ძირს ეყარა. საწოლი კი ისე იყო არეული, თითქოს ვიღაცა რაღაცას სასოწარკვეთილი ეძებდაო.
ელმა სახლს თვალი რომ მოავლო ნელა შებრუნდა სვანისკენ, რომელმაც გადაყირავებული სავარძელი გაასწორა და მძიმე ხვნეშით ჩამოჯდა. არყის ბოთლი ისევ მოიყუდა და ლამის ბოლომდე გამოცალა. სახე უსიამოვნოდ დაეღრიჯა და ხველა აუტყდა.
- რა ჯანდაბა მოხდა აქ?
კიტამ ერთი ახედა მეგობარს და უცებ ისტერიული სიცილი აუვარდა. ელი კიდევ უფრო მოიქუფრა. შუკვანი ასეთ მდგომარეობაში ჯერ არ ენახა.
- სკოლიდან ვბრუნდები და რას ვხედავ... - ხელები გაშალა და ყურებამდე გაკრეჭილმა დარბეულ ოთახს მოატარა - ჩემი ძვირფასი დედიკო ვიღაც სირთან ერთად ჩემს საძინებელში გაგიჟებული ფოთარობს. თურმე, ფულს ეძებს, რომელიც მთხოვა და არ მივეცი. ის ვიღაც ბომჟიც მეწელება საკუთარ სახლში, თუ რანაირი შვილი ვარ რომ, დედას ფულს ვუმალავ! ორივე გალეშილი მთვრალი, ფეხზე ძლივს დგანან. გადამეკეტა ელ... გადამეკეტა და პირდაპირ ცხვირში ვხეთქე მუშტი. მგონი გავუტეხე. იქიდან სოფო აკივლდა და შემომიტია. - ფრჩხილებით დაკაწრული ზურგი აჩვენა - ეგეთი გადარეული არასოდეს მინახავს. მზად იყო ჩემთვის თვალები გამოეთხარა, ვიღაც უცნობი, ბომჟი ლოთის გამო. კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ხელი მოვუქნიე ელ, გავარტყი... - სახე მტკივნეულად მოეღრიცა, თვალებში ცრემლები ჩაუდგა - იატაკზე გაიშხლართა, მე კი დრო ვიხელთე, მის ოთახში შევედი და მისი ნივთები ჩემოდანში ჩავუძახე. გამოვუთრიე და სახლიდან გავისროლე ორივე. მეტი აღარ შემეძლია... ყველაზე წმინდას გეფიცები, მეტი აღარ შემიძლია, ელ. Ჩემში ყველანაირ ბოროტებას აღვიძებს. საკუთარი მე მეზიზღება მის გვერდით.
ელმა ამოიოხრა. ლეწვა-მტვრევას გადარჩენილი ხის სკამს ხელი წამოავლო, გაასწორა და კიტას გვერდით ჩამოჯდა. Ბიჭს ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები სახეზე, არ უმალავდა მეგობარს. როგორც არავის, ელს ესმოდა რას განიცდიდა. ყველაზე კარგად მან იცოდა, რას ნიშნავს ხელი აღმართო მშობელზე, რომლის მიმართ ზიზღის მეტს ვერაფერს გრძნობ. ზიზღისა და აუტანელი სიძულვილისა, თან კანს ქვეშ არსება გეწვოდეს, რომ როგორი ცუდიც არ უნდა იყოს მშობელია... ადამიანი, რომლის წყალობითაც მოევლინე სამყაროს. სახეზე ხელი ჩამოისვა და მეგობარს გვერდულად გახედა. Ბოთლში არაყი ცოტავდებოდა. ელმა მარჯვენა გაიწოდა და ბოთლის პირს ხელის გული დააფარა.
- საკმარისია...
უთხრა ხმადაბლა და ბოთლი გამოართვა. სვანს წინააღმდეგობა არ გაუწევია. უღონოდ ჩამოუვარდა ხელის მტევანი. ცხვირით ძლიერად მოქაჩა და ამოტეხილ იატაკს გაუშტერა მზერა.
- ერთი კვირის წინ, სახლში რომ მოვედი საკუთარ ნარწყევში ვიპოვე. გული გამისკდა, მეგონა, რომ დავაგვიანე. აღარ სუნთქავდა. სასწრაფო გამოვიძახე. ძლივს მოაბრუნეს ამქვეყნად. კლინიკაში, როცა გადასხმებს უკეთებდნენ დამპირდა, რომ მკურნალობას დაიწყებდა. აღიარა, რომ ალკოჰოლიზმს ვერ უმკლავდება და დახმარება სჭირდება. გულში იმედი გამიჩნდა, ვიფიქრე, რომ თუ ამდენი მოტვინა, რაღაც გამოვიდოდა. საავადმყოფოში რამდენიმე დღე დაიტოვეს, სანამ ცოტა აზრზე არ მოვიდა. გამოწერისას სახლში მოვიყვანე და ბარგის ჩალაგება ვთხოვე, ვუთხარი ჩემი ხელით წაგიყვან ცენტრში-თქო. თავი დამიქნია, მერე გიორგიმ დამირეკა საქმე მაქვს და ხუთი წუთი გამოდი თუ შეგიძლიაო. სოფოს ვუთხარი ბარგის ჩალაგება დაეწყო, ნახევარ საათში დავბრუნდები და წავიდეთ-თქო. ისევ დამეთანხმა. უკან დაბრუნებულს კი, უკვე გალეშილი მთვრალი დამხვდა. ოცი წუთი არ ვიყავი, სახლში, ელ! მხოლოდ, ოცი დედანატირები წუთი! ისევ ვიჩხუბეთ. წყობიდან გამომიყვანა. თავისებური შეუბერა, როგორ ვერ მიტანს, როგორ ვეზიზღები, რომ ჩემ გამო ცხოვრება დაენგრა, რომ მამაჩემმა ჩემს გამო მიგვატოვა, რომ ჩემ გამო გალოთდა და ა.შ. ვიჩხუბეთ, ისე როგორც არასდროს. სახლიდან წამოვედი, მის გვერდით წუთით გაჩერებაც კი აღარ შემეძლო. დღეს კი ბოლო წვეთი მოთმინებაც ამომეწურა. თავი დავკარგე. არ ვიცი სად წავიდა, არ ვიცი ვისთან წავიდა, წარმოდგენა არ მაქვს ის ბომჟი ვინ იყო. არ ვიცი და არც მაინტერესებს! ამის გამო კი საკუთარ თავზე გული მერევა.
სახე ხელებში ჩარგო. მთელი ტანით ცახცახებდა. სავანელს გული მოეწურა.
- კიტა... - წამოიწყო ხმადაბლა - ორივემ ვიცით რასაც გიკეთებს, სოფო და რასაც უკეთებს თავის თავს. ადამიანს, როცა დახმარება არ უნდა, ვერაფერს გახდები. შემომხედე. ველოდები სულა როდის მოკვდება, რომ დავისვენო, რომ თავისუფლად შევძლო ცხოვრება, რომ მუდამ თვალები სახლისკენ არ მრჩებოდეს გარეთ გამოსულს. შენ, ჩემგან განსხვავებით გეყო გამბედაობა და თავიდან მოიშორე შხამიანი ტოქსინი, რომელიც ადამიანობას გიწამლავს. ამბობენ სისხლი ყველაზე მნიშვნელოვანიაო - ტყუილია. გეყოფა შენი ფსიქიკისა და მომავალის შეწირვა, ადამიანისთვის რომელსაც არ უყვარხარ. ერთ საათში, შენი სახელიც არ ემახსოვრება, გალეწილ მთვრალს. მილიონჯერ ჩაავლე ხელი, რომ მოგებრუნებინა ამქვეყნად, ყოველ ჯერზე კი მოგატყუა. დამოკიდებული ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი სასურველის მისაღებად, ვიცი რასაც ვამბობ...
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. არცერთი არ იღებდა ხმას. გვერდიგვერდ ისხდნენ. კიტა თავჩახრილი, ელი კი მუხლებს იდაყვით ჩამოყრდნობილი, ბოლოს სავანელი წამოდგა და კიტას ოთახს მიაშურა. საწოლი გაასწორა. ძირს მიმოფანტული ნივთები წამოკრიფა, ზოგი უჯრებში ჩააბრუნა, ზოგიც საწერ მაგიდაზე დაალაგა.
ტანსაცმელი გარდერობში შეკეცა და მისაღებ ოთახში დაბრუნდა. რეზინის ხელთათმანებითა და უზარმაზარი ნაგვის პარკით ხელში. Სვანს თავს წაადგა და მარჯვენა გაუწოდა.
- ადექი, - უთხრა ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ - ყველაფერი მოვაწესრიგოთ, მათ შორის, შენი ცხოვრებაც.
კიტამ ჩაწითლებული თვალებით ახედა მეგობარს. ერთ წამს უხმოდ მისჩერებოდა თვალებში, შემდეგ კი გამოწვდილ ხელზე თითები შემოაჭდო, წამოდგა და გოგონას სუსტი სხეული გულზე მიიხუტა.
- გმადლობ, რომ მოხვედი.
უჩურჩულა ყურში და სველი სახე თმაში ჩაუმალა...


******

"გიჟების ოჯახი ხართ!"

შუკვანის ბინის მოწესრიგებამ სამი საათი წაიღო. უმეტესი ჭურჭელი და ავეჯი გადასაყრელი გახდა, მათ შორის ტელევიზორიც. სამჯერ მოუწიათ გარეთ გასვლა და ნაგვის გადაყრა, იმის გათვალისწინებით, რომ ოთხი ხელი ეზიდებოდა. ფიზიკურმა საქმემ სვანს, ყურადღება გადაატანინა მომხდარისგან. ისე მძიმედ აღარ სუნთქავდა, თითქოს ფილტვები ჟანგბადს უარყოდნენ.
სახლი ნამტვრევებისა და ნარჩენებისგან გათავისუფლდა. იატაკი მოწმინდეს და დაქანცულები ჩაესვენნენ სავარძლებში, რომლებიც "ქარიშხალს" სასწაულებრივად გადაურჩნენ. ელმა კმაყოფილმა მოავლო გაწკრიალებულ ბინას თვალი. ასეთი სუფთა და მოწესრიგებული არასოდეს ახსოვდა. მაჯის საათს დახედა და კინაღამ თვალები გადმოუცვივდა, შუაღამეს კარგა ხანს გადაცილებოდა.
- დარჩი დღეს ჩემთან, - შესთავაზა შუკვანმა, როცა გველნაკბენივით წამოვარდა სავარძლიდან.
- გურანდას მარტო ვერ დავტოვებ, არ ვიცი ის ფსიქოპატი, როდის დაბრუნდება სახლში.
ტელეფონი ამოიღო ქურთუკის ჯიბიდან, აღარც ახსოვდა, რომ ხმა გათიშული ჰქონდა. დედამისის შვიდი გამოტოვებული ზარი რომ ნახა გულმა რეჩხი უყო.
- ელ... - შუკვანს ნერვიულობა დაეტყო - ყველაფერი რიგზეა?
- სასწრაფოდ სახლში უნდა დავბრუნდე, კიტა,
- მაპატიე, ჩემი ბრალია...
წამოიწყო სვანმა, მაგრამ ელმა აღარ აცადა. მერე გნახავო უთხრა და სიტყვის თქმა არ აცალა ისე გავარდა სახლიდან. სანამ კიტა სადარბაზოსთან დაეწეოდა ის უკვე ქუჩაში გარბოდა მოჩვენებასავით. გული ყელში მოებჯინა, ქოშინისგან ფილტვები ასტკივდა. ზუსტად ხუთ წუთში გაჩნდა სახლში. კარი კიარ შეაღო, შეგლიჯა. Ბინიდან სამარისებული სიჩუმე მიეგება. გაუბედავად გადადგა ფეხი მისაღები ოთახისკენ, სადაც შუქი ჯერ კიდევ ენთო. ხელები ნერვიულობისგან გაუოფლიანდა. ოთახში შესული კი ადგილზე გაქვავდა. დივანზე გურანდა და სულა ისხდნენ. დედამისი მოშორებით გაჩოჩებულიყო, სახეზე არეული ემოციები ეხატა. განათების შუქზე, სახე სველი მოუჩანდა. სულას თავი ჩაეხარა, ხელები კი კისერზე შემოეწყო.
სიბრაზემ და მრისხანებამ გველის შხამივით მოუწამლა მთელი არსება. ხელები დაემუშტა და აუცახცახდა. კბილები ისე დააჭირა ერთმანეთს ტკივილსაც იგრძნობდა სხვა დროსა და სხვა სიტუაციაში. მაგრამ იმ მომენტში მხოლოდ სულას ჭამდა თვალებით.
- ელ! - გურანდა პირველი მოეგო გონს - სად იყავი ამდენ ხანს?! ვინერვიულე!
დედის ხმა, სადღაც შორიდან ჩაესმა, რეაგირება არ ჰქონია მამამის არ აშორებდა ველურ მზერას, რომელმაც ცოლის ხმაზე თავი ასწია და შვილს ახედა. სახე ისე ჰქონდა დასახიჩრებული, ცნობა გაუჭირდა. მარცხენა თვალი დახუჭვოდა და საშინლად შესიებოდა. მწიფე ქლიავისფერი ედო ქუთუთოს. ტუჩი რამდენიმე ადგილას გახეთქოდა, ლოყებზე კი ღრმა ჭრილობები მოუჩანდა. ცხვირიც უცნაურად მოგრეხოდა, გატეხილს მიუგავდა.
- ელლ...
ამოიხიხინა საშინლად ხრინწიანი ხმით, ლაპარაკი უჭირდა, თოთეულ ასობგერაზე სახე მტკივნეულად ეჭმუხნებოდა. გაანკანკალა. აღარაფერი უკლდა და დენთის კასრივით იფეთქებდა. გული ეწვოდა სიბრაზისგან. დამპალი ცინიკოსი! ფლიდი არამზადა!
- ძალიან გთხოვ... - ხელები დანებების ნიშნად ასწია მაღლა - ჯერ მომისმინე...
ოოო, არა! აღარ გაჭრის ეს ხერხი! გამორიცხულია თავის მართლების საშუალება მისცეს! არ დაუშვებს დედამისივით გააცუროს, როგორც ყოველ ჯერზე აკეთებდა ამას! არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზს მოიდებს და რომელ წმინდანს დაიფიცება. არა, სულა... სამუდამოდ ჩატყდა ჩვენს შორის არსებული ხიდიო - დაიღრინა გონებაში და ორი ფართე ნაბიჯი გადადგა დედამისისკენ. ნახშირივით შავი თვალები შეშლილივით უელავდა.
- სახლში დაბრუნების უფლებას აძლევ, იმის მერე რაც მოხდა?!
წყნარად, მაგრამ ყინულივით ცივი ხმით ჰკითხა გურანდას. გაუკვირდა კიდეც, რომ სასწაულებრივად ინარჩუნებდა სიმშვიდეს. ქალს თვალები აუწყლიანდა და ტუჩები აუკანკალდა.
- ელ... მოუსმინე, მამ...
- გეკითხები! - კინაღამ უყვირა - სახლში დაბრუნების უფლებას აძლევ, მომხდარის შემდეგ-თქო?!
გურანდამ სახე ხელებში ჩარგო და გულამოსკვნით აქვითინდა. ელი წელში გასწორდა. სახეზე მიწისფერი დაედო. პასუხი არ იყო საჭირო, ისედაც მიხვდა, რომ მგელი როგორც ყოველთვის ისევ თავის მდელოზე აბალახებდა სამსხვერპლო ცხვარს. დილას კი ფიქრობდა, რომ გურანდაში ცვლილებები მოხდა, ო, როგორ ცდებოდა! მწარე სიტყვები, რომელიც ენის წვერზე მოსდგომოდა პირში გაღეჭა და ბოროტი მზერა მამამისზე გადაიტანა.
- ელ... - ისევ წამოიწყო, მაგრამ აღარ დააცადეს.
მამამისს ერთი ნაბიჯით მიეჭრა და საკინძეში ჩაავლო ხელი. წამით არ დაფიქრებულა რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის ასეთ საქციელს და აგრესიულად მოქაჩა. სულას შეწინააღმდეგება არც უფიქრია, მკვდარი მზერით მიშტერებოდა შვილს.
- კარგად მომისმინე, - დაუსისინა გაფითრებულმა - საიმონის სიცოცხლეს გეფიცები, თუ დედაჩემს თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება, ჩემი ხელით მოგკლავ! დაე, შენმა ცოლმაც დაიმახსოვროს ჩემი სიტყვები!
გააფთრებულმა გახედა დედას, მამამის უკან უბიძგა და წელში გაიმართა.
- გიჟების ოჯახი ხართ!
მიუგდო მშობლებს ზიზღით და თავის ოთახში შეიკეტა. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს უხილავი თითები ყელზე შემოეჭდნენ და ახრჩობნდნენ. საძინებელი სწრაფად გაიარა და აივნის კარი გამოაღო. სუფთა ჰაერზე გავიდა და მოაჯირს ჩამოეყრდნო. საკუთარი გულისცემა აყრუებდა. მთელი ტანი მძვინვარებისგან უცახცახებდა. ღრმად ჩაისუნთქა დასამშვიდებლად. რამდენიმე ხანგრძილი წუთის შემდეგ, როცა პულსი ნორმას დაუბრუნდა, თავი მაღლა ასწია.
არასოდეს დაუფიცავს ძმის სიცოცხლე, არასოდეს... და ისიც მშვენივრად იცოდა, რომ მოკვდებოდა და სიტყვას არ გადავიდოდა! წამზომმა ათვლა დაიწყო... ისღა დარჩენოდა დალოდებოდა, როდის გადაუბრუნდებოდა ფეხი, სულას... მაშინ დასრულდებოდა ყველაფერი... ორივესთვის. თვალები დაეხუჭა.


******

"მაშველი ნავი"

მომდევნო დღეს, როგორც კი მზე ამოიწვერა ელი საძინებელში შებრუნდა. ღამე აივანზე გაათია. მთელი ძალით ცდილობდა სულში დანთებული ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. იმდენად იყო გაცოფებული არც დედამისი მიიკარა, შუაღამისას მის საძინებელში შემოსული და არც ძილი, რომ დაღლილი გონებისთვისა და სხეულისთვის დასვენების საშუალება მიეცა.
იჯდა აივანზე პლედშემოფარებული და ყველანარიად ცდილობდა ცრემლებისთვის ჯებირის გადმოლახვის საშუალება არ მიეცა. მანამდე არასდროს არაფერს ასე არ გაუნერვიულებია. ალბათ იმაში დარწმუნება, რომ დედამისი თავისი ნებით არასოდეს მიატოვებდა ტოქსიკურ ქმარს, ყველაზე მეტად აგიჟებდა. გურანდას ადანაშაულებდა, რომ იძულებულს ხდიდა უკიდურესი ზომები მიეღო. არ აპატიებდა! გამორიცხული იყო, სულას მორიგ გამოხდომას უსისხლოდ ჩაევლო! რატომ ვერ ხვდებოდა ამას დედამისი?! ასე რამ დააბრმავა?! ღრიალი მოუნდა! სურვილის საპირისპიროდ კი აივანზე იჯდა მოკუნტული და ღვარძლის ჩაყლაპვას ლამობდა, რომელიც ძვალივით გაჩხეროდა ყელში. ინანა, რომ შუკვანთან არ დარჩა. მშობლებთან ერთად ერთ ჭერ ქვეშ ყოფნა ფილტვებს უწამლავდა.
საიმონი რომ არა, იქნებ, სამუდამოდაც გაეხურა კარი? როგორ დაეტოვებინა ბავშვი ბედის ამარა? და არა მხოლოდ ძმა. დედა... დედა მხოლოდ ერთია, როგორი გამწარებულიც არ უნდა ყოფილიყო გურანდაზე, ზურგს ვერ აქცევდა... ასე ეფლობოდა ჭაობში ყელამდე და არავინ იცოდა, როდის მისწვდებოდა ფსკერს საბოლოოდ.
სწრაფად გამოიცვალა ტანსაცმელი. აბაზანაშიც არ შესულა. სკოლის ჩანთა მხარზე მოიგდო და სახლიდან იქამდე გავარდა, სანამ ვინმე მოასწრებდა გაღვიძებას. Პირდაუბანელი ბინძურად გრძნობდა თავს, ნაბიჯს აუჩქარა, სულ მალე შუკვანის სადარბაზოში არბოდა კიბეებზე.
კარზე არც დაუკაკუნებია. სახელური ჩამოსწია. კარი უპრობლემოდ გაიღო. ჩანთა ჰოლში მიაგდო და სააბაზანოში გავიდა. სახეზე ცივი წყალი შეისხა, კბილის პასტა თითზე წაისვა და კბილების წმენდას შეუდგა. ნერვიული მოძრაობები გათქვამდნენ, თუ როგორ იყო აგზნებული.
Პირის ღრუს წმენდას რომ მორჩა კიდევ ერთხელ შეისხა ცივი წყალი სახეზე და სარკეში ანარეკლს შეხედა. თვალის უპეებს სილურჯე და სიმძიმე დაებრუნებინათ. მზერა კარს მიყრდნობ მეგობარზე გადაიტანა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში უხმოდ ადევნებდა თვალს. არც ის გამოიყურებოდა უკეთ. როგორც ჩანს არც მას ეძინა ღამით.
- ყავა? - იკითხა ჩახრინწული ხმით.
- ნებისმიერი რამ, რაც დღის ბოლომდე ენერგიას მომცემს.
უპასუხა და ისევ ონკანის წინ მოიხარა. თავი, რომ მოიწესრიგა, სამზარეულოში გასულს კიტა უკვე მოზრდილი ჭიქით ხელში ელოდა. ახლად მოხარშული ყავის სასიამოვნო არომატმა ნესტოები აუწვა. სკამზე ჩამოჯდა და ცხელი ჭიქა ახლოს მიიწია. ოხშივარი ზანტად ბოლავდა ყავის ზედაპირიდან.
- დაბრუნდა.
ეს არ იყო კითხვა, შუკვანი გამჭოლი მზერით მისჩერებოდა მეგობარს. ელმა თვალი გაუსწორა და ცხელი სასმელი მოსვა. ისევ ჯიუტად დუმდა. შუკვანი კარგად იცნობდა სავანელს - დუმდა ყოველთვის, როდესაც განსაკუთრებით უჭირდა საუბარი. გაბზარული ხმით საუბრის უფლებას კი თავს არასოდეს აძლევდა. მისი ეს თვისება, სვანში აღფრთოვანებასა და გაღიზიანებას, ერთდროულად იწვევდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა სიტუაციას, ელი, მუდამ აიძულებდა თავს ძლიერი ყოფილიყო!
ხშირად ავიწყდებოდა, რომ მხოლოდ თექვსმეტი წლის მოზარდი იყო და არ იყო ვალდებული, ყველა სიმძიმე თავად ეთრია მხრებით. თუმცა, ვირივით ჯიუტ სავანელს ვერაფერს შეასმენდა კაცი! ბავშვობიდან ერთი ყალიბით იზრდებოდა, მისთვის სხვანაირი "არსებობა" უკვე შეუძლებელი იყო.
- ბიძაშენებს როგორ გადაურჩა? - იკითხა უფრო თემის შესაცვლელად.
- სახე აქვს გაერთიანებული, მაგრამ აზრი? - ღვარძლით გამოსცრა კბილებში.
- გითხრა რამე?
- დააპირა, მაგრამ საშუალება არ მივეცი. დავპირდი, რომ შემდეგ ჯერზე აღარ იქნება „შემდეგი ჯერი“ და ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს!
სვანმა გრძელი წამწამების ქვემოდან გახედა გოგონას. მზერა ფრთხილი ჰქონდა. ელს მუქარა არ ახასიათებდა. უბრალოდ სიტყვას ასრულებდა. ყოველთვის. წარმოიდგინა რა მდგომარეობამდე უნდა მიეყვანა მამამისს, რომ მსგავსი რამ ათქმევინა.
- ეელ... - შუკვანს ნერვიულობა დაეტყო - ცხვირიდან სისხლი გდის!
სავანელმა ხელი მოისვა. თითებს რაღაც ბლანტი და თბილი გაეგლისათ. წარბშეკრულმა დაიხედა ხელზე. კიტა არ ტყუოდა. გაღიზიანებული მაშინვე წინ გადაიხარა და ცხვირზე წაიჭირა ხელი. შუკვანი მაშინვე წამოდგა და საყინულიდან ყინულის კუბიკები გამოიღო. Ჩაის ტილოში გადაახვია და გოგონას კისერზე დაადო.
- კარგად ხარ? - მის წინ ჩაიმუხლა და სახეზე თმა გადაუწია.
- არაფერია, ხანდახან მემართება ხოლმე. გამივლის.
- რას ნიშნავს გემართება ხოლმე? - წარბი შეიკრა - ექიმთან მივიდეთ, გაგსინჯოს რა გჭირს!
ელს სიცილი აუტყდა.
- კიტა, - მეგობარს ამოხედა - ჩვენი გასაჭირის წამალი კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია!
შუკვანს მწარედ გაეცინა. ორივე იდიოტებივით უყურებდნენ ერთმანეთს და იცინოდნენ იმაზე, რაც ყველაზე მეტად სტკიოდათ.
- მგონი, შემიჩერდა...
წელში გასწორდა და ცხვირს ხელი უშვა. სისხლი აღარ სდიოდა. სველი ჩაისტილო მაგიდაზე დატოვა. შუკვანი წელში გასწორდა, კომპრესს ხელი წამოავლო და ნიჟარაში მოისროლა.
- სახე მოიბანე. სისხლის ლაქები გაქვს. ხალხს გულს გაუხეთქავ. ყავა დავამთავროთ და სკოლაში წავიდეთ, სანამ დაგვაგვიანდება. სხვათაშორის გუშინ გურანდამ ისეთი სცენა მოაწყო სკოლაში, თვით დარეჯანა ატუზა კუთხეში.
- ნეტა საკუთარი თავის დაცვა შეეძლოს, მე ჩემს თავს მივხედავ!
წამოდგა და მეორედ მიაშურა აბაზანას. სწორედ მაშინ, როდესაც შუკვანი და სავანელი სკოლისკენ მიემართებოდნენ, ავალიანი შორიდან მისჩერებოდა თანასკოლელებს. სახეზე ამოუცნობი ემოციები დასთამაშებდა. წინა ღამით, ჩიხში, სავანელმა ისეთი სისწრაფით ჩაუქროლა, ნაგვის ურნაზე შემომჯდარი ვერც კი შეამჩნია. თვალი გააყოლა ინტერესით. თითებში ქაღალდის ორიგამის ათამაშებდა.
ათი ხანგრძლივი, მდუმარე წუთის შემდეგ, როცა გოგონას ფეხის ხმა სრულებით მიწყდა, ნაგვის ურნიდან ჩამოხტა. ხელნაკეთი ორიგამი წყლის გუბურაზე დასვა, ჯიბეებში ხელი ჩაიყო და მძიმე ნაბიჯით გაუდგა გზას. წყლის მოზრდილ გუბურაში, ქაღალდის ნავი ირწეოდა ზანტად...


თავი მეთხუთმეტე

"ვირთხა!"

"მეგობრობა არის უხილავი ძაფი, რომელიც მაშინ გიჭერს, როცა ფეხქვეშ მიწა გეცლება"

სკოლაში მისულებს უცნაური ატმოსფერა დახვდათ. ბავშვები ერთმანეთში ჩურჩულებდნენ. ზოგს აღფრთოვანება ეწერა სახეზე, ზოგი უკმაყოფილოდ აქნევდა თავს, ზოგიც ჩუმად ფხუკუნებდა, თან აქეთ-იქით იყურებოდა შიშით, თვალში არავის მოვხვდეო. ელმა და კიტამ წარბშეკრულებმა გადახედეს ერთმანეთს. სვანმა ერთ-ერთ უმცროსკლასელს კისერში წაავლო ხელი და თავისკენ შეაბრუნა.
- რა ხდება? რატომ ჩურჩულებს ყველა?
- აჰ, კიტა, შენ ხარ...
მეშვიდეკლასელს აშკარად გულზე მოეშვა, სახე ერთბაშად დაუწყნარდა, შემდეგ კი ხმას დაუწია და თითქმის ჩურჩულზე გადავიდა. ელი და შუკვანი იძულებულები გახდნენ მისკენ დახრილიყვნენ, რომ ნათქვამი გაეგონათ.
- ვიღაცამ დარიკოს კაბინეტის კარზე უზარმაზარი, ბებერი ვირთხა მიალურსმა - მიაყარა სხაპასხუპით და დაფეთებულმა მიმოიხედა, ხომ არავინ მისმენსო.
- ა? - ყურებს არ დაუჯერა სვანმა - ვინ?
- აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე? - თვალები გადაატრიალა, - მაგრამ დარეჯანა ისეა გაცოფებული, დილაუთენია გაჰკიოდა, დამნაშავეს რომ ვიპოვი, მხოლოდ სკოლიდან გაგდებით არ დავკმაყოფილდებიო.
შუკვანმა ეჭვით გადახედა ელს. გოგონას წარბები მაღლა გაექცა.
- მე რას მიყურებ, შენთან ვიყავი გუშინ ღამით! როდის უნდა მომესწრო, ბებერი ვირთხის დაჭერა და დარეჯანას კარზე მიჭედება? - სიცილს ძლივს იკავებდა - პრინციპში ცუდი აზრი არ არის, აქამდე მე რატომ ვერ მოვიფიქრე?!
- ელ! - მწარე მუჯლუგუნი მისცხო მეგობარს. როცა უმცროსკლასელი აღფრთოვანებული ახითხითდა - არც კი გაბედო, ეგრე ხუმრობა. შარი ისედაც არ გვაკლია! ვიღაც ერთუჯრედიანი ყურს მოგადებს და დირექტორთან გაიქცევა ეგრევე.
- ნუ ადრამატიზებ! - მზერა მეშვიდეკლასელზე გადაიტანა - ვირთხა ჩამოხსნა?
- თვითონ ვერ მიეკარა, მანდატურისთვის უკივლია, გაინძერიო. ხომ იცით მანდატურიც რა კაცია, კინაღამ ორჯერ აერია გული სანამ საწყალი ცხოველი კარს მოხსნა. ხუთი სქელი ლურსმანი ჰქონდა მიჭედებული. დარეჯანას კარგად რომ ეცოდვილა ალბათ. - მხრები აიჩეჩა. - არ ვიცი ვინ გააკეთა, მაგრამ ფანტაზიის უნარი ნამდვილად აქვს, თან თემატურად შეურჩევია, დირექტორის დარად ბებერი ვირთხა!
შუკვანმა თავი გააქნია. დარეჯანა გულზე ნამდვილად არ ეხატებოდა, მეტიც დედაბერის ატანა არ ჰქონდა, მაგრამ მის კარზე მკვდარი ცხოველის მიჭედება მეტისმეტ ბარბარიზმად მიაჩნდა.
- კლასში დაბრუნდი, გელაშვილი, - უმცროსკლასელს უბიძგა - და ეგ იდიოტური ღიმილი სახიდან მოიშორე, სანამ მოგხვდა!
- საინტერესოა, ვის მოუვიდა თავში აზრად მსგავსი რამ? - ელი შუკვანს შეჰყვა სკოლის დერეფანში - ან, ეგრე რით გაამწარა?
უცებ რაღაც მოაგონდა და წამით ადგილზე გაშეშდა. კიტაც შედგა და მეგობარს მოხედა.
- რა იყო?
- არა, არაფერი. - თავი გააქნია და ხელები ბლუზის ჯიბეში ჩამალა - კარგი, მოგვიანებით შევხვდებით, მესამე გაკვეთილი ფიზკულტურა მაქვს, თუ გეცლება შემოიარე სპორტდარბაზში.
სვანმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და თავის კლასს მიაშურა. ელმა მესამე სართულზე აირბინა. ელს საკლასო ოთახში ისეთი გნიასი დახვდა, ერთ წამს იმაზეც დაფიქრდა კლასი ხომ არ შემეშალაო. ოთახში შესულს ყველა მას მიაჩერდა. წამით იყუჩეს, შემდეგ კი ელს მისცვივდნენ.
- აღიარე, "ადამს", შენი ნაჩალიჩარია?
- კი, მაგრამ, როგორ მოახერხე?
- ღამით იყავი სკოლაში?!
- თქვენ, ხომ არ გააფრინეთ?
ბუდბუტრბდა წარბშეკრული და ჯგუფის გარღვევას ცდილობდა, მაგრამ არ ატარებდნენ სანამ ხმამაღალმა ყვირილმა ყველა არ მოაფხიზლა.
- იდიოტებო!!! - ვერავინ იფიქრებდა, რომ გოგოლაძეს ასეთი მაღალი ხმა ექნებოდა - გამოატარეთ, ადამიანი! რა ცხოველებივით იქცევით?!
სავანელმა საყოველთაო გაკვირვებით ისარგებლა და ბავშვებს შორის გასხლტა, თავისი მაგიდისკენ გაიკვლია გზა, სადაც მეგობრები ელოდნენ. სკამზე დაჯდომაც ვერ მოასწრო, რომ შერვაშიძე მაშინვე ესცა.
- მითხარი, რომ ეს შენი ნახელავი არ არის!
- სერიოზულად? - უღონოდ ჩამოუცვივდა ხელები - რატომ ფიქრობთ ყველანი, რომ რამე დავაშავე? სკოლაში არც კი ვიყავი!
- დირექტორის კაბინეტში მომხდარი, ელვის სისწრაფით გავრცელდა! თურმე არაფერზე მეტი ყოფილა, ქალბატონო! - თვალები დაუბრიალა ლიზამ - გუშინ დედაშენი ისეთ ხმაზე ყვიროდა მთელ სკოლას ესმოდა. შენი ხასიათი ყველამ კარგად იცის, ამიტომ ნუ გიკვირს!
- ესე იგი, სულ გურანდას ბრალია! - ამოიოხრა.
- ელ, გთხოვ, მითხარი, რომ ეს შენ არ გაგიკეთრბია! - ლიზას თვალებში შიში ედგა.
- არა, ლიზიკო, არაფერი ჩამიდენია. როგორი ბნელი ხასიათიც არ უნდა მქონდეს, ვირთხას იმიტომ არ ვაწამებდი, დარეჯანაზე შური რომ მეძია! ან სად ჯანდაბაში უნდა მენახა ბებერი ვირთხა? - გაეცინა.
- თავი დაანებეთ! - გამოესარჩლა ნიცა - ეგეთ საძაგლობას ელი არ იზამდა!
ნიცას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კლასის კარი გაიღო და ბიოლოგიის მასწავლებელს, კლასის დამრიგებელი შემოჰყვა თან. ყველანი მაშინვე დადუმდნენ. ელს ცუდი წინათგრძნობა დაეუფლა.
- ელ... - დამრიგებლემა თვალი-თვალში გაუყარა. Მთელმა კლასმა მისკენ მიიხედა - გამოდი გარეთ, თუ შეიძლება.
- თქვენ, მგონი ხუმრობთ! ეს, რა პათოლოგიაა.
ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ და ფეხზე წამოდგა. ბავშვებს შორის გზა გაიკვლია და მასწავლებელს უკან მიჰყვა. კარი მიიხურეს, დამრიგებელი კი ელს მიუბრუნდა. სახე გაფითრებოდა, თვალები კი ზედმეტი ემოციებისგან არაბუნებრივად გაფართოებოდა.
- შვილო... - დაიწყო შემრიგებლურად - მითხარი, რომ მომხდარში შენი ხელი არ ურევია!
- დღეს უკვე მეყო მოთმინება, ერთი და იგივე, ათჯერ გამემეორებინა! არაფერი დამიშავებია! - წაიღრინა გაღიზიანებულმა.
- ძალიან კარგი, - ტუჩები ნერვიულად მოილოკა - მომისმინე, ახლა დირექტორთან ჩაგიყვან, ეტყვი, რომ არაფერ შუაში ხარ. არ გააღიზიანო, დღეს ნამდვილად ცუდ ხასიათზეა. იყვირებს, ლანძღვას დაიწყებს, მაგრამ არ აჰყვე!
- კი, მაგრამ, რატომ უნდა გამლანძღოს უმიზეზოდ? - ცივი ღიმილი მოერია ტუჩებზე - აქვს მტკიცებულება, რომ თითს მადებს?
- ელ... ძალიან გთხოვ! - ქალს სასოწარკვეთით მოეღრიცა სახე - არ გაართულო. უბრალოდ უთხარი, რომ არაფერ შუაში ხარ. რაც მალე მორჩება ეს ამბავი, ჩვენთვის უკეთესი.
სავანელმა დამრიგებელი შეათვალიერა, ცუდად გამოიყურებოდა. ნეტა რითი დაემუქრა დირექტორი? შენი მოსწავლე თუ აღმოჩნდება, შენც მოგისვრი სკოლიდან მასთან ერთადო? ავადმყოფი დარეჯანასგან არაფერი იყო გასაკვირი. ხელით ანიშნა მასწავლებელს თქვენს შემდეგო და გაქვავებული სახით მიჰყვა უკან.
ავალიანი, გადმოსვლის დღიდან პრობლემა ხარო! - ფიქრობდა გულში. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მისი ნახელავი იყო მთელი წარმოდგენა. სხვა ვერავინ გაბედავდა დირექტორის ასე დამცირებასა და გაღიზიანებას. ყველაზე უცნაური და შემაშფოთებელი კი ის იყო, რომ მთელმა სკოლამ მასზე მიიტანა ეჭვი. წამით დაფიქრდა, თურმე ხალხს, როგორი წარმოდგენა ჰქონია ჩემზეო.
დირექტორის კაბინეტს, რომ მიუახლოვდნენ, კარზე, მსხვილი ლურსმების მიერ დატოვებულ, მოზრდილ ნახვრეტებს მოჰკრა თვალი. თეთრ საღებავს ჭუჭყიანი ყავისფერი მიეღო. სკოლის დამლაგებელს ჩამოწმენდა უცდია, მაგრამ ხის კარმა ბოლომდე არ ჩამოირეცხა ვირთხის სისხლი. წარმოიდგინა რა სახე უნდა ჰქონოდა დირექტორს მილურსმული მღრღნელის დანახვაზე და ქვედა ტუჩს ძლიერად დააჭირა კბილები, რომ არ გასცინებოდა.
დამრიგებელმა ბოლოჯერ მიაპყრო შეშფოთებული მზერა და კარზე დააკაკუნა. ყვირილისა და ღრიალისგან ჩახრინწულმა ხმამ, ორივე შიგნით შეიპატიჟა. დამრიგებელმა კარი შეაღო. დარეჯანა, ერთიანად გაშავებული საწერ მაგიდას უჯდა, სახეზე ემოციების ქარიშხალი დასთამაშებდა. როგორც კი გოგონას მოჰკრა თვალი, ისე წამოენთო, როგორც ხარი წითელი ნაჭრის აფრიალებისას.
- შეეენ! - დაიჩხავლა, რადგან ხმა აღარ ჰქონდა რომ ეღრიალა და თითი გაიშვირა სავანელისკენ - სად იყავი გუშინ ღამით?!
- სად უნდა იყოს თექსვმეტი წლის მოზარდი ღამით? სახლში. - უპასუხა მშვიდად.
დამრიგებელს თვალები დაეხუჭა. სამსახურს ნამდვილად დავკარგავო! - ფიქრობდა სასოწარკვეთილი. დირექტორს სახე ისე აუჭარხლდა ელმა იფიქრა, სადაცაა გულის შეტევას მიიღებსო.
- როგორ მელაპარაკები?! - იჩხავლა გააფთრებულმა.
ფეხზე წამოიჭრა, მაგიდას შემოუარა და გოგონასკენ გამოემართა მშიერი მხეცივით. ელმა წარბი ასია, უტეხი მზერა გაუსწორა, მისკენ ზვავივით მომავალ ქალს და სხეული დაეჭიმა. ნებისმიერ წამს მზად იყო თავდაცვისთვის. მოსწავლეს მიეჭრა და სახე ისე ახლოს მიუტანა, მისმა მყრალმა სუნთქვამ ნესტოები აუწვა. ცხვირი უსიამოვნოდ შეეჭმუხნა და თავი ოდნავ უკან გასწია.
- ნუ გავიწყდება ვის ელაპარაკები, თავხედო ლაწირაკო! - დორბლები სახეში შეაშხეფა - თითის ერთი გაქნევით შემიძლია ყველაფერი დაგაკარგვინო!
- "ჰარი პოტერი" გყვარებიათ, ქალბატონო დარეჯან! - გაეღიმა უნებურად - ვეჭვობ, თქვენს თითს მსგავსი მაგიური ძალა ჰქონდეს, მაგრამ მაინც ჩაგეკითხებით კერძოდ, რა უნდა დამაკარგვინოთ და რის საფუძველზე?
სავანელმა თვალის კუთხით შეამჩნია, როგორ შეაქანა დამრიგებელს და იქვე მდგარ სკამს ჩამოეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო.
- უზრდელობისთვისა და კადნიერებისთვის, უზრდელო გოგო! - ბრჭყალებიანი თითი მკერდში ატაკა - იმასაც თუ დავამატებთ, როგორ ჩამოკიდე მკვდარი ცხოველი ჩემს კარზე!
- დამამტკიცებელი საბუთი გაქვთ, რომ მე ვიყავი?
- ჩემი სიტყვაა დამამტკიცებელი საბუთი!
დაიჩხავლა დუჟმომდგარმა. მერე ალბათ, თავადვე მიხვდა, როგორ ბავშვურად და სულელურად გაიჟღერა მისმა ნათქვამმა და წელში გასწორდა. მოკლედ შეჭრილ თმაზე ხელი გადაისვა და დოინჯი შემოირტყა. გოგონას გამჭოლი მზერით მისჩერებოდა.
- მითხარი, ამაში შენი ხელი ურევია? - ტონი შედარებით მშვიდი ჰქონდა, მაგრამ ყოველ სიტყვაში აშკარა ზიზღი იგრძნობოდა.
- არა, - უპასუხა მშვიდად - რატომ უნდა მომეკლა უდანაშაულო მღრღნელი? მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენი კაბინეტი დამემშვენებინა? კი, მაგრამ რა მიზეზით?
- იმისთვის რომ, სკოლიდან დროებით გაგრიცხე!
- მაგრამ დამაბრუნეთ.
- იმიტომ, რომ დედაშენმა კონცერტები მოაწყო! - თვალები დაუვიწროვდა.
- ესე იგი, ანგარიშიც გასწორებულია. ვცდები? - ღიმილი მოერია.
დამრიგებელს ეტყობოდა, რომ ფეხზე ძლივს იდგა და სადაც იყო ჩაიკეცებოდა ნერვებისგან. დარეჯანა ერთხანს მზერით ხვრეტდა მოსწავლეს, ბოლოს ყველასთვის მოულოდნელად გაეცინა და ზედა ორი ოქროს კბილი გამოაჩინა. დამრიგებელმა მგონი პირველად ამოისუნთქა მას შემდეგ, რაც კაბინეტში შემოდგა ფეხი.
- დიდი გაიძვერა ვინმე ხარ, სავანელი! - გოგონას თითი დაუქნია - და თუ გავიგე, რომ ეს ყველაფერი შენი მოწყობილია და ეჭვი არ შეგეპაროს ამას აუცილებლად დავადგენ, შავ დღეს დაგაყრი! ვერავინ და ვერაფერი გიშველის, ამის პირობას გაძლევ!
- გასაგებია და მანამდე, რომ გაკვეთილს დავუბრუნდე, შეიძლება? ბიოლოგიაში ისეთი კარგი არ ვარ, როგორც მათემატიკაში. ბოლო დროს საგანს ჩამოვრჩი.
იკითხა მშვიდად. დამრიგებელს ისეთი სახე გაუხდა, თითქოს სულმობრუნებულს მეორედ გამოაცალეს მიწა ფეხქვეშო. Სახეზე ხელები აიფარა. დირექტორს მარჯვენა თვალი აუთამაშდა, მაგრამ პროვოკაციას არ აჰყვა. ღრმად ჩაისუნთქა და მშიერი ვამპირის მზერა ახლა გვერდით მდგომ მოკუნტულ მასწავლებელზე გადაიტანა.
- სად არის ის მეორე? - მიუგდო უხეშად.
- ვინ, მეორე, დარეჯან მასწავლებელო?
- ავალიანი! - უყვირა - ისიც ეგდო გუშინწინ კაბინეტში, სად არის აქ მომითრიე!
- ავალიანი, არ არის ჩემს სადამრიგებლოში, - უპასუხა შიშით - მაგრამ, ხატიამ, მისმა დამრიგებელმა, მითხრა, რომ ბიჭი სკოლიდან დაითხოვეთ ერთი კვირით. ამიტომ სკოლაში ვერ იქნება.
დარეჯანამ თვალები ააფახურა. წამით ენა ჩაუვარდა მუცელში. გაახსენდა, როგორ გამოისროლა ორივე კაბინეტიდან და ერთ კვირით აუკრძალა სკოლაში სიარული. სავანელი კი მხოლოდ სკანდალის წყალობით მობრუნდა უკან. უხერხულად შეიშმუშნა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და გესლიანად უპასუხა დამფრთხალ მასწავლებელს:
- საერთოდ სკოლიდან არიან გასაყრელები! ასეთ ველურებს წიგნი და კალამი ვერ უშველის! - მზერა ისევ გოგონაზე გადაიტანა - თავიდან მომწყდი და გირჩევნია თვალში არ მომხვდე!
- დიდი სიამოვნებით, სასიამოვნო დღეს გისურვებთ!
დაასრულა ირონიულად და სანამ დირექტორი გადაიფიქრებდა, სწრაფად გასხლტა კაბინეტიდან. გავეშებულ დარეჯანას კლასის დამრიგებელი შეატოვა საჯიჯგნად. ბოლოჯერ შეავლო თვალი გაუბედურებულ კარს და ჩუმი სიცილით გაუყვა დერეფანს. კიბეები აირბინა და თავის კლასში შევიდა. მასწავლებელმა უკომენტაროდ ანიშნა, ადგილი დაიკავეო და ისევ გაკვეთილის ახსნას შეუდგა.
ელმა სკამებს შორის მოხერხებულად გაიკვლია გზა და თავის ადგილს მიუჯდა. მეგობრებმა მრავალმნიშვნელოვანი მზერა მიაპყრეს, მაგრამ ხმის ამოღება ვერ გაბედეს, რადგან ბიოლოგიის მასწავლებელს სპეციალურად თვალი ეჭირა ოთხეულზე. ორმოცი წუთი ისე გაიწელა, ეგონათ აღარასდროს დასრულდებოდა მოსაწყენი გაკვეთილი. როცა ზარი დაირეკა, ლიზა და ანა ისეთი სისწრაფით შეტრიალდნენ მეგობრისკენ ელს გაეცინა. ნიცა მაშინვე მკლავზე ჩამოეკიდა.
- როგორ გადაურჩი გველეშაპს?
- დამამტკიცებელი საბუთი არ აქვს, რომ მე ვიყავი. რას მიზამს? დიდი დიდი იღრიალოს.
- რანაირად არ გაშინებს იმ დედაკაცის საზიზღარი აურა! - გააჟრჟოლა შერვაშიძეს - საკმარისია შემომხედოს, რომ გული მალაყს აკეთებს, თუნდაც არაფერი დამეშავებინოს!
- მეც ეგრე ვარ, - ნიცას სახე მოეღრიცა - რაღა კუდიანი დედაბერი და რაღა დარეჯანა!
- და რაო, რა გითხრა? - ჩაეკითხა ლიზა.
- მითხრა, რომ იქამდე არ მოისვენებს, სანამ დამნაშავეს არ იპოვის და თუ აღოჩნდება, რომ ამაში ხელი მირევია შავ დღესა და მიწას დამაყრის.
სიტყვა სიტყვით გადასცა დარეჯანას მუქარა მეგობრებს და ირონიულად ჩაეღიმა. გოგონებს ფერი დაეკარგათ სახეზე.
- და რა გაცინებს, გოგო, ნორმალური ხარ? - არ დაიჯერა ანამ - ვერ ხვდები, რომ მაგ არანორმალურ ქალს დამამტკიცებელი საბუთი არ სჭირდება? სულ რომც ვერ იპოვოს დამნაშავე, საბოლოოდ შენ მოგადგება!
- რატომ, ვითომ? მისთვის არაფერი დამიშავებია... ჯერ. - დაამატა, ხანმოკლე პაუზის შემდეგ. ნიცამ მუჯლუგუნი მიჰკრა.
- ნუ ეხუმრები, შენ მაგ არანორმალურს! პრობლემები გინდა?
- ვერ ვხვდები, რატომ უნდა მეშინოდეს, როცა არაფერი დამიშავებია. რა გინდათ ჩემგან?
- საქმე იმაში არაა, მართლა დააშავე თუ არა. საქმე მის ხუშტურებშია. ვინაიდან და რადგანაც, რეალობა გვარიანად არის აცელილი სამართლიანობასთან, ნუ გაქვს იმის იმედი, რომ პრობლემებს არ შეგიქმნის მხოლოდ იმიტომ, რომ მის კარზე ვირთხა არ მიგიჭედებია! - გამოსცრა კბილებში ლიზამ.
- კარგი, მაშინ მართლა რამეს მოვწევ იმ დედაბერს, თუ მაინც უნდა დავისაჯო. გული მაინც აღარ დამწყდება, უსამართლოდ მხვდება-თქო! - გაღიზიანდა.
- ნუ ბოდიალობ! - მეორედ უბიძგა ნიცამ გვერდში.
- საინტერესოა, ვინ გაბედა მსგავსი რამ? - წარბი შეეკრა ანას.
ელმა ენას კბილი დააჭირა. თითქმის ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ ავალიანის ნახელავი იყო, მხოლოდ ის ვერ გაეგო, სკოლაში ისე შეუმჩნევლად როგორ შემოიპარა, რომ უკანონო შეღწევის კვალი არ დატოვა? ღამით სკოლას არავინ დარაჯობდა. არც ვიდეოკამერები ეყენათ (სავარაუდოდ, მომხდარის შემდეგ ეს ბოლო ფაქტი შეიცვლებოდა). ავალიანს ან გასაღები უნდა ჰქონოდა, მთავარი კარის, რაც ძალიან ეეჭვებოდა, ან საკეტი ისე უნდა გაეღო, რომ არ გაუტეხავს.
მაინც, რამ მოაფიქრა, მკვდარი ვირთხის კარზე მიჭედება?! გულის სიღრმეში უნდა ეღიარებინა, რომ ერთი სიამოვნება იყო გაცოფებული დარეჯანას სახის ხილვა.
გაკვეთილების დასრულებამდე სკოლაში საინტერესო არაფერი მომხდარა. ყოველ კუთხე-კუნჭულში ჭორაობა ელს ყელში ამოუვიდა. ერთი სული ჰქონდა სკოლის შენობას გასცლოდა. როგორც კი ფიქრებით სახლს უბრუნდებოდა გული საშინლად უმძიმდებოდა. სულას გამოჩენამ თან შავი ღრუბელი მოიტანა. წარსულს ჩაბარდა მშვიდი ღამეები. ისევ დაძაბული იჯდა და მანიაკივით მისჩერებოდა საათს, წუთებს ითვლიდა, როდის დასრულდებოდა ყველა გაკვეთილი, რომ ძმასთან დაბრუნებულიყო.
გაკვეილების შემდეგ, როცა სკოლიდან გამოვიდა, ავტომატურად მოათვალიერა ქუჩა, მაგრამ ვერცხლისფერი სედანი არსად ჩანდა.
- ჯერ ჩემთან გავიაროთ, - შუკვანი გვერდით ამოუდგა ელს - ჩანთას დავტოვებ და მათემატიკაზე გამოგყვები.
- რად მინდა, შენი გამოყოლა? - წარბი აეწია ელს.
- ბოლო დროს ქალაქში სიგიჟეები ხდება, - მრავალმნიშვნელოვნად მოავლო თვალი ქუჩას - სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
სავანელმა მხრები აიჩეჩა პასუხად. შუკვანს იმის ნახევრის ნახევარიც რომ სცოდნოდა, რაში გაჰყო თავი... სინდისის ქენჯნა იგრძნო და უხერხულად შეიშმუშნა. კიტას კორპუსს მალე მიაღწიეს და კიბეებს აუყვნენ. მესამე სართულზე ასულებს ბოლო საფეხურზე გაუშეშდათ ფეხი. სვანის ბინის კარი ნახევრად იყო შეღებული.
ერთმანეთს გადახედეს. შუკვანი პირველი გაემართა ბინისკენ. კარს ხელი ჰკრა და შეაღო. ჰოლში ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ელი უკან მიჰყვა. მისაღებ ოთახში შესულები ადგილზე გახევდნენ. სოფიკო, ბინძურ და დალაქავებულ სარაფანში გამოწყობილი დივანზე ჩამომჯდარიყო. მხრებზე გაცვეთილი ქურთუკი მოესხა. მუხლებთან კი, ჟურნალის მაგიდაზე, არყის ბოთლი მოჩანდა. თვალები ისე დანისლოდა, ელი მიხვდა, მთვრალიაო. ახალმოსულებს გაბრუებულმა ამოხედა.
- ოოო.... - წამოიძახა დამცინავი ტონით - ჩემი საყვარელი ვაჟი მობრძანებულა...
- აქ რას აკეთებ? - სიბრაზისგან წამოწითლდა შუკვანი.
- მეკთხები, ჩემს საკუთარ სახლში რას ვაკეთებ? - ხმას აუწია და ქურთუკი მჭიდროდ მიიკრა მკერდზე - რაც ჩემს გულს გაუხარდება, იმას გავაკეთებ ჩემს ჭერქვეშ! არავის გეკითხებათ!
- რომელ სახლში? არყის გამო რომ მიაყიდე, იმ „სახლში“? - უყვირა შუკვანმა.
ელს თვალები გაუფართოვდა და ელვისებურად გახედა მეგობარს. კიტას სიტყვა არ უთქვამს ამის შესახებ!
- აღარაფერი გაგაჩნია, არც ფული, არც სახლი, არც თავმოყვარეობა და არც შვილი. ჰაერში გაანიავე ყველაფერი! შენს დედანატირებ დამოკიდებულებას შესწირე მთელი ცხოვრება და მეც ზედ მიმაყოლე!
ელმა მკერდზე მიადო ხელი ჭარხალივით აწითლებულ ბიჭს. ისე იყო მდგომარეობიდან გამოსული, ფრთხილობდა, რამე სისულელე არ ჩაიდინოსო. სავანელისგან განსხვავებით სოფოს შვილის ღრიალზე რეაქცია არ ჰქონია, უემოციოდ ჩაიფრუტუნა და არყის ბოთლი მოიყუდა. ნახევარი სასმელი კი ბინძურ კაბაზე ჩამოეღვარა.
- ჯანდაბაშიც წასულხარ! - მიუგდო შვილს და დაასლოკინა - წყალმა წაგიღოთ ყველა და ყველაფერი. მუცელში უნდა მომეკალი... თავიდანვე უნდა მომეღო შენთვის ბოლო...
- კიტა, წამოდი!
ბიჭს მკლავში ჩაავლო ხელი და ძლიერად დაექაჩა გასასვლელისკენ. სოფოს სიტყვებმა თავად სავანელის გულს მიაყენეს ჭრილობები, წარმოდგენაც არ უნდოდა რას გრძნობდა სვანი. Ბიჭი ერთ ადგილზე გახევებულიყო, თვალზე ცრემლი მოსდგომოდა.
- რისთვის გეზიზღები ასე ძალიან? - იკითხა ჩუმად, ყოველ ასობგერას სიცოცხლე უკვდებოდათ წარმოთქმისას - რა დაგიშავე?
- იმიტომ, რომ მას ჰგავხარ, მამაშენის ასლი ხარ! - არეული, მთვრალი მზერით შეათვალიერა შვილი - ცხოვრება თქვენს გამო ამერია! ქუჩაში უნდა დამეტოვებინე, ან სანაგვეში მომესროლე მისი ბილწი ნაშიერი, მაგრამ ვერ შევძელი!
- კიტა, წამოდი-მეთქი!
ბიჭს ძლიერად ჩააფრინდა იდაყვში და რაც ძალა და ღონე ჰქონდა დაექაჩა. Სვანი ოდნავ წაბორძიკდა, ცრემლიან თვალებს დედამის არ აშორებდა. ბოლოს ხელის ზურგით უხეშად შეიწმინდა დანამული წამწამები, ცხვირით მოქაჩა და გოგონასკენ შებრუნდა. თავი მორჩილად დაუქნია და დედამის ზურგი შეაქცია. სოფომ პირი გააღო მორიგი გესლის გადმოსანთხევად, მაგრამ ელს ნერვებმა უმტყუნეს და გალეშილ ქალს დაეტაკა.
- ხმა ჩაიწყვიტე! - დაისისინა გაცოფებულმა, არასოდეს მიუმართავს შუკვანის დედისთვის ასე - გეყოს! გეყოს-მეთქი! გეფიცები ერთი სიტყვაც და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! ისიც კი ვერ შემაკავებს, რომ შუკვანის ბიოლოგიური დედა ხარ!
კიტას ძლიერად უბიძგა კარისკენ, სანამ გაოცებული პირში ენას დაატრიალებდა და კარი გაიჯახუნეს. არცერთს ხმა არ ამოუღია, სანამ შუკვანის უბანს არ გაეცალნენ. ელი ბიჭის ტკივილს ფიზიკურად გრძნობდა, მის დუმილში უფრო მეტი გამოიხატებოდა ვიდრე ღრიალში.
როცა მესხეთის ქუჩაზე ჩიხში შეუხვიეს, სვანს ნერვებმა უმტყუნეს. დაიღმუვლა და მთელი ძალით ამოსცხო წიხლი ნაგვის ურნას. მოზრდილი ლითონი ყრუ კვნესით შეიზნიქა. გაცოფებულმა მუშტები დაუშინა სქელ ალუმინს, იქამდე ურტყამდა, სანამ ელი არ ჩააფრინა მკლავებში და წინ არ გადაეღობა. Ბიჭს სახეზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. ხელის ძვლებზე ტყავი გადასკდომოდა და მდორედ მოჟონავდა სისხლი.
- საკმარისია, კიტა, გეყოფა!
შუკვანს დაჭიმული მკლავები მოუდუნდა, უღონოდ ჩამოუცვივდა და კედელზე ჩასრიალდა. ძირს დაჯდა და ხელები სახეზე აიფარა. სავანელი მის წინ ჩაიმუხლა, შემდეგ კი გვერდით მიუჯდა. გარშემო ნაგვის ნარჩენები მიმოფანტულიყო, მაგრამ არავის აღელვებდა.
- კიტა, სანამ ცოცხალი ვარ, მარტო არასდროს იქნები... - წამოიწყო ხმადაბლა - ოჯახს სისხლი არ ქმნის. ოჯახს ის ადამიანები ქმნიან, რომელსაც უყვარხარ, უპირობოდ და უანგაროდ. ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც საკუთარი მშობელი ნელ-ნელა გკლავს შიგნიდან. ვერცერთი სიტყვა ტკივილს ვერ დაგიამებს. მაგრამ არასოდეს დაგავიწყდეს, რომ მარტო არ ხარ.
მეგობარს სახიდან ხელი მოაშორებინა და ცრემლები ხელის ზურგით შეუწმინდა. ცივი თითები ბიჭისაში ახლართა და ძლიერად გადააჭდო.
- პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, ყელამდე ნაგავში ვართ!
წარმოთქვა პაუზის შემდეგ და ორივეს ნერვიული სიცილი წასკდა. გიჟებივით იცინოდნენ ჩაბნელებულ ჩიხში, ვინმეს რომ გამოევლო და ორი მოზარდი ნაგავში მჯდარი დაენახა, არანორმალურად ჩათვლიდა. სიცილით გული რომ იჯერეს და დამშვიდნენ, ელმა შუკვანს სერიოზულად გახედა
- რატომ არ მითხარი, რომ ბინა დაკარგეთ?
- შენი პრობლემებიც თავზესაყრელად გაქვს.
- და შენი მოკლე ჭკუით, ცხოვრება შემიმსუბუქე? - წარბი მაღლა გაექცა. - რამდენ ხანში უნდა დაცალო ბინა?
- ერთი თვეში.
- ვნახოთ, რამეს მოვიფიქრებთ, - თმა აიჩეჩა და კედელს მიეყრდნო - ბინის ქირაობა შეიძლება, ცოტა ფული გადანახული მაქვს...
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ!
- შენ აზრს არავინ გეკითხება! - შეუღრინა - სანამ სკოლას დაამთავრებ თავი როგორმე უნდა გავიტანოთ, უარეს შემთხვევაში ლილისთან გადახვალ საცხოვრებლად. ჩემთან არ გამოვა, ავადმყოფი მამაჩემი ჯერ არ მომკვდარა!
- დამატებით სამუშაოს ავიღებ, ფულს მოვაგროვებ, რომ სტარტისთვის მეყოს. რამე იქნება.
- იქნება, - თავი დაუქნია - ლილის რომ გავაგებინებ, ყურით წაგათრევს თავისთან...
ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა სავანელს, მშვენივრად იცოდა, რომ ზისტად ასე მოიქცეოდა მოხუცი, როცა გაიგებდა შუკვანის სიტუაციას....


თავი მეთექვსმეტე

"სულას აღიარება"

ჩაბნელებულ ცაზე ვარსკვლავები თვალიმომჭრელად ბრდღვიალებდნენ. მშვიდი ღამე იდგა, ქალაქს ღრმა ძილით ეძინა. მხოლოდ სავანელების აივანზე ჩამომჯდარ გოგონას შემოეხვია მხრებზე თბილი პლედი, სავარძელში მოკუნტულიყო და მზერა სადღაც შორს, ჰორიზონტს მიღმა ჩაჰკარგვოდა.
ფიქრობდა ყველაფერზე და არაფერზე. სულში მოხეტიალე მარტოსულობა მტკივნეულ ექოდ ედებოდა ყოველ უჯრედს. სახეზე ხელი ჩამოისვა. ბოლო განვლილ დღეებს უტრიალებდა გონებით. იმდენად ინტესიური იყო გასული კვირა, ტვინზე ლამის ბოლი ასვლოდა.
გულში ყრუ ტკივილად ჩაბუდებოდა შუკვანზე დარდი. როცა სიმართლე გაიგო, რომ ბიჭი სახლ-კარის გარეშე დატოვა ლოთმა დედამისმა, იმ დღის შემდეგ, ამის შესახებ აღარ უსაუბრიათ. თუმცა, ეს თემა, ორ შორის შავ ღრუბელად ეკიდა. ელს არ უნდოდა ამაზე საუბრის წამოჭრა, რადგან ხედავდა, როგორ რცხვენოდა და უჭირდა საუბარი მის მეგობარს.
რა იქნებოდა ერთ თვეში? სვანის ხასიათი კარგად იცოდა. ძალიან ჯიუტი და ამაყი იყო, არაფრით იკადრებდა დახმარებას, რომელიც ახლა ისე სჭირდებოდა როგორც არასდროს. ნერვები ეშლებოდა მის უკუღმართ ბედზე. მისი ასაკის ბიჭები უდარდელად ფლანგავდნენ დროს გართობასა და ლაზღანდარობაში. ის კი... გადარჩენისთვის იბრძლოდა!
შუკვანი თანაკლასელების ფონზე ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩეოდა. ვერავინ შეატყობდა მოცინარი სახის მიღმა დაბზარულ გამოსახულებას, რომელსაც დღითიდღე მეტი ნატეხი ცვიოდა მოზაიკიდან. საკმარისი იყო ორს ერთანეთისთვის თვალი გაესწორებინა, რომ ელს წარმოუთქმელი სიტყვები ესმოდა და გამოუთმქელი გრძნობები უმღვრევდა არსებას.
რატომ მეგობრებთან არასოდეს საუბრობდნენ თავიანთ რეალურ გასაჭირზე? განა მეგობრები იმისთვის არ არსებობენ, რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ რთულ პერიოდში? ელს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ბიჭები ყველანაირად დაეხმარებოდნენ, მაგრამ იცოდა, რომ შუკვანი ვერასოდეს გადაახტებოდა სირცხვილის ბარიერს.
რთული იყო მასზე გაჯავრება, როცა თავადაც იგივე პრობლემა ჰქონდა და ოდითგანვე უმალავდა გოგონებს მის სახლში არსებულ რეალურ სიტუაციას.
შუკვანის ფონზე ყველაფერმა დანარჩენმა დაკარგა მნიშვნელობა, აზრიც და ხიბლიც. რეზისთვის არც კი მიუწერია, ახალი ხომ არაფერია „ჩვენს საქმეზეო“. სიმართლე ითქვას და ახლა მეასეხარისხოვანი იყო მისთვის „მონარქიცა“ და გამოფატრული გვამებიც. საკუთარი ოჯახისა და მეგობრის პრობლემებმა სრულიად შთანთქეს მისი არსება.
კარის სუსტმა ჭრიალმა მეხის გავარდნის ხმასავით გაიჟღერა სამარისებულ სიჩუმეში. ფიქრებიდან გამოერკვა, მაგრამ თავი არ მიუბრუნებია. მედიკამენტების სუნი, რომელიც მაშინვე ნესტოებს ეძგერათ უსიამოვნოდ, მიახვედრა ვინ ურღვევდა სიწყნარეს.
სულას სკამი ეკავა ხელში. შვილის გვერდით დადგა და მძიმედ დაეშვა. ხის ფეხები საცოდავად აჭრიალდა ბედონის იატაკზე. ელს მთელი სხეული ზამბარასავით დაეჭიმა. ადრენალინმა და ენითაუწერელმა მძვინვარებამ მუშტები შეუკრა. ახლა ყველაზე ნაკლებად მისი დანახვა უნდოდა! კბილები გააღრჭიალა, მაგრამ თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. არ ღირდა ავანტურის ატეხვა, საიმონს მის საწოლში ეძინა. საწყალ ბავშვს საკმარისზე მეტი სტრესი გამოატარეს. აღარ უნდოდა, ეს ღამეც კოშმარად ექცია უმცროსი ძმისთვის. გესლი პირში გაღეჭა და ენა ღვარძლით ჩაატრიალა.
- ვიცი, რომ გეზიზღები... - ღამის სიჩუმეში სულას ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები მკაფიოდ გაისმა - საკუთარი თავი თავად მეზიზღება...
ელმა გესლიანი ღიმილისგან თავი ვერ შეიკავა. თვალები გაახილა და ისევ წყვდიადში ჩაკარგულ ჰორიზონტს გაუშტერა მზერა. ასე უფრო უსაფრთხო იყო, ყველასთვის!
- ავად ვარ, ელ...
გოგონაზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია მის სიტყვებს. ისედაც იცოდა, რომ ავადმყოფი იყო!
- ბიპოლარული აშლილობა, მაქვს, რომელიც მძიმე ტრამვის შედეგად დამემართა...
თავზე ხელი გადაისვა და მტკივნეულად შეიჭმუხნა. ნაბეგვი სხეული ყოველი გატოკებისას ელვისებურ ტკივილს გრძნობდა სახსრებში.
- ახალგაზრდობიდანვე მქონდა დაავადების სიმპტომები, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. მუდამ ფეთქებადი ხასიათი მქონდა, იოლად ვღიზიანდებოდი და მაშინვე მუშტიკრივზე გადავდიოდი. ამას დამატებული, საშინელი ეჭვიანი ვარ. არ უარვყოფ, ელ. ავადმყოფური ეჭვიანი, ვარ, რის გამოც დედაშენს სიცოცხლე გავუმწარე. ამას კიდევ ეშველებოდა, რამე რომ არა ის წყეული დღე... თავდასხმამ ტვინი საბოლოოდ გადამიტრიალა. მაშინ, ტყეში, როცა სახლისკენ მოვდიოდი, ისე მეშინოდა როგორც არასდროს. შიშისა და სტრესის ფონზე დაავადება გამიუარესდა. სარკასტრულია ალბათ, მაგრამ ტყეში მძიმე მანიაკალური ეპიზოდი განმივითარდა, სწორედ მისი „წყალობით“ მოვაღწიე სახლამდე. ასეთ დროს ადამიანი ენით აუწერელ ენერგიას გრძნობს, შეიძლება სერთოდ არ ეძინოს, მაგრამ უშრეტ ენერგიას გრძნობდეს ორგანიზმში. გონებაში ხმები ჩამესმოდა, დროდადრო კი... შენ გხედავდი...
სულამ პირველად მოატრიალა დასახიჩრებული სახე და შვილს ცალი თვალით მიაჩერდა. გასიბულ უპეს ეული ცრემლი ჩამოუგორდა. ელს ხელები ისე დაემუშტა, ეტკინებოდა კიდეც კანში შესობილი ფრჩხილები, ჯერ კიდევ, რომ შერჩენოდა, რაიმე სახის ემოცია. აღარ უყურებდა ჰორიზონტს, მამამისს მიშტერებოდა გაფართოებული თვალებით.
- მეძახდი... - აგრძელებდა სულა შვილის თვალმოუცილებლად - იცინოდი და წინ გარბოდი, მეუბნებოდი, რომ კიდევ ცოტა დამრჩა, რომ კიდევ სულ ცოტაც უნდა გავუძლო და ჩაგიხუტებდი. არ მახსოვს, როგორ მოვაღწიე სახლამდე, არც ის მახსოვს რამდენი დრო გავიდა. დედამ მითხრა, რომ სამი დღის განმავლობაში მეძებდნენ. როცა სახლის კარს მოვაღწიე და დავაკაკუნე, რეალობას ვერ აღვიქვამდი. არც კარის გაღება მახსოვს, არც დედაშენის კივილი, მხოლოდ შენი სახე მახსოვს, შეშინებულმა უკან უკან დაიხირე, როცა ჩასახუტებლად გამოვემართე შენკენ, ვერაფრით ვიგებდი, რატომ აღარ იცინოდი. მე ხომ პირობა შევასრულე. მინდოდა გულში ჩამეკარი და ბოლოს და ბოლოს მეგრძნო შენი პატარა სხეული. იქ ტყეში... გევედრებოდი, რომ ნაბიჯი შეგენელებინა, რომ ხელი მაინც გამოგეწვდინა, ერთად გაგვეგრძელებინა გზა, მაგრამ სიცილით აქნევდი თავს. ჯერ არა, ჯერ ადრეაო. სანამ გურანდამ არ შემანჯღრია ბავშვს აშინებო, ვერ გამოვერკვიე. მერე... მერე გონება დავკარგე. გონს რამდენიმე დღის შემდეგ, საავადმყოფოში მოვედი. ერთიანად დალეწილი ვიყავი, მაგრამ სხეულის ტკივილს ვერც კი ვგრძნობდი, როდესაც გაშტერებული ვუსმენდი ექიმის დიაგნოზს. წყევლასავით ჩამესმა გონებაში, რომ ფსიქიკურად ვიყავი ავად. ბიპოლარული აშლილობა... ეს...
გოგონას მზერა მოარიდა და ისევ ჩაბნელებულ ჰორიზონტს გაუშტერა. ელმა შეამჩნია, ხელები როგორ უკანკალებდა. მუცელზე შემოიხვია, რომ სისუსტის გამოვლინება დაეფარა.
- ეს იყო განაჩენი, რისთვისაც მზად არ ვიყავი... - ხმა ჩაეხლიჩა - გავცოფდი, უეცარი აგრესიის მოზღვავება ვიგრძენი. ექიმს ლანძღვა და გინება დავუწყე. ისევ განმიმეორდა ეპიზოდი, ამჯერად საავამდყოფოში. ვერაფრით გამაჩუმეს, სანამ საწოლზე არ მიმაბეს და დამამშვიდებელი არ შემიყვანეს ვენებში. ცხოველივით დაბმულს ყმუილიღა დამრჩენოდა. ვხედავდი, როგორ იკარგებოდა ბურუსში თეთრი კედლები, მყრალი მედიკამენტებით აქოთებული ოთახი და ენითაუწერელ შვებას ვგრძნობდი. მეტიც... დამოკიდებული გავხდი ამ შეგრძნებაზე. როცა არაფერს გრძნობ, როცა არაფერი გადარდებს, როცა არაფერი გაშინებს. თითქოს სამყაროს ხმას უთიშავენ, შენ კი დიდებულ სიმშვიდეს გრძნობ. შევიყვარე ეს მდგომარეობა. რადგან, მხოლოდ ასეთ სიტუაციაში ვგრძნობდი თავს უსაფრთხოდ. დედაშენი მეჩიჩინებოდა, რომ თუ წამლებს მივიღებდი და ექიმის ინსტრუქციას ზედმიწევნით მივყვებოდი, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი. მეხვეწებოდა, მისი ხათრით მეცადა, შენი ხათრით მეცადა. დამიყოლია, რაღაც პერიოდი... სანამ...
გაჩუმდა. ტუჩები მოილოკა. სვეტერზე შემოჭდობილი თითები მოეკრუნჩხა. ელი მონუსხული ისმენდა ნაამბობს და გატოკებას ვერ ბედავდა, მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობისგან გაშეშებული სხეული უკვე სტკიოდა.
- სანამ კახაძეს არ გადავეყარე ქუჩაში. დამცინა, ვირთხებს თუ კატასავით შვიდი სიცოცხლე ჰქონიათ არ ვიცოდიო. თავის ბანდასთან ერთად იყო. ყველანი იქ იყვნენ, ვისაც ჩემს დაყაჩაღებაში ერია ხელი. მრისხანებამ და შურისძიების წყურვილმა ყველა სხვა გრძნობა გადაფარა, თვალებში დამიბნელდა და კახაძეს ვეტაკე. ისევ მცემეს და ქუჩაში დამაგდეს დასისხლიანებული. რამდენიმე წიხლმა თავში მიწია, ჩემს შეშლილ გონებას მეტი არ უნდოდა. ავურიე. ფეხიც, კვალიც და ცხოვრებაც საკუთართან ერთად ჩემს საყვარელ ოჯახსაც. არაადამიანურად ვიქცეოდი, უკონტროლო ბრაზს და აგრესიას ვერაფერს ვუხერხებდი. სახლში მოსული კი დედაშენზე ვიყრიდი გულისჯავრს. გურანდამ იცოდა მიზეზი, მიუხედავად იმისა, რომ ჯოჯოხეთს გადიოდა ჩემს გვერდით ხელი არ უკრავს. ჩემმა ოჯახმა კი ცხვირწინ მომიჯახუნა კარი. საკუთარი გამზრდელი დედა არ ინტერესდებოდა ჩემი მდგომარეობით. აღარავის ვჭირდებოდი, გიჟი სულა სავანელი აღარ იყო გამოსადეგი. ფულს ვეღარ გამომძალავდნენ. აღარაფერი შემრჩა, ყველაფერს სასმელში ვყრიდი. რადგან სასმელი ერთადერთია, რაც გაგიჟებულ გონებას, ამ წყეულ ხმებს ტვინში აყუჩებს, დროებით, მაგრამ აყუჩებს. თუმცა...
თავი ისევ მოატრიალა და შვილს გაუსწორა თვალი. ელს უხმოდ, ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები ლოყებზე. დიდი ხნის შემდეგ, წლების შემდეგ, პირველად გადმოელახათ ცრემლებს ბარიერი და სველ კვალს ტოვებდნენ ღაწვებზე.
- თუმცა, ნასვამი საერთოდ ვერ ვაკონტროლებ ჩემს საქციელებს. ჩემში ეშმაკი იღვიძებს. ნებისმიერ დეტალს და წვრილმანს შეუძლია ისე გამაღიზიანოს, რომ ადამიანის მოკვლა მომინდეს. ამას ვერ ვაკონტროლებ, ელ. ბებიაშენის მოკვლა იმიტომ არ მიცდია, რომ მინდოდა, არამედ იმიტომ რომ ავადმყოფი მანიაკი ვარ, რომელსაც სინამდვილეში საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინია. მაშინებს სახე, რომელსაც ყოველდღე სარკეში ვუყურებ. როდესაც ბიძაშენები მომადგნენ, არ შევწინააღმდეგებივარ, გულში იმედი გამიჩნდა, რომ როგორც იქნა დასრულდებოდა ეს წამება. იქნებ ადგილზე მოვეკალი რომელიმეს და მორჩებოდა ეს ავი ისტორიაც, რომელსაც კეთილი დასასრული არ ექნება. არ განვიკურნები, ჩემში ზედმეტად ბევრი დაიბზარა, დაიმსხვრა, აირია და გაფუჭდა. ჩემი საშველი აღარ არის, ელ. ამის აღიარება კი არ მინდოდა. ყოველ ჯერზე, როდესაც დედაშენს ტკივილს ვაყენებდი, დანაშაულის გრძნობა შიგნიდან მწვავდა კოცონზე. მაგრამ იმდენად ამაზრზენი პიროვნება, ვარ, რომ გამბედაობა არ მეყო თქვენგან თავი შორს დამეჭირა. ვერასოდეს შევძლებ, წასვლას, ვერასოდეს გაქცევთ ზურგს, არ შემიძლია, ამას სიკვდილი მირჩევნია. არ მინდა ცხოველივით ოთხ კედელში გამომამწყვდიონ, ელ. ასეთი ცხოვრება არ მინდა. ვიცი, რომ ბოლოს ან საგიჟეთში დავასრულებ, ან კუბოში. კუბოს ვირჩევ, იქ მაინც მეღირსება სიმშვიდე, იმედია. დედაშენი არ მიმატოვებს. რადგან არასოდეს აპატიებს, თავს, რომ მისი შვილების მამას, რომელიც ავად იყო, ზურგი შეაქცია. ჩემი ავადმყოფობა დედაშენისთვის წყევლასავითაა, მაგრამ არ უნდა იქცეს შენთვის და შენი ძმისთვის. ბევრი არაფერი მახსოვს იმ დილიდან... როცა... მაგრამ შენი თვალები არასდროს დამავიწყდება. გინდოდა, ჩემი მოკვლა. იმ ღამესაც, როცა სახლში პირველად დავბრუნდი მომხდარის შემდეგ, იგივე ჟინი ამოვიკითხე შენს თვალებში. ელ... ძალიან შორს შევტოპეთ. ყველაფერი ჩემი ბრალია... ჩემი ეგოისტობის, ჩემი შიშების, ჩემი ავადმყოფობის. ჩემი და მხოლოდ ჩემი ბრალია! სანამ ჯერ კიდევ საღ აზრზე ვარ, მინდა გთხოვო, რომ დედას ხელი მოჰკიდო და საიმონთან ერთად გამეცალოთ. მე ამას ჩემი ნებით ვერასოდეს შევძლებ...
ცრემლები ნაბეგვ სახეზე აწვიმდა. სქელი ტუჩები ნერვიულად უცახცახებდა. სახე კი მტკივნეულად მოღრეცოდა.
- შენ ყველაზე ძლიერი ხარ ჩვენს ოჯახში. მაპატიე, რომ იმდენად მხდალი არამზადა ვარ, ასეთ მძიმე ტვირთს გადებ მხრებზე, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. იქნებ ოდესმე მაპატიო, იქნებ... მაგრამ დედა უნდა წაიყვანო, ჩემგან შორს, საიმონს კი გაუფრთხილდი. მის თვალში ყოველთვის მონსტრად დავრჩები, ცუდ მოგონებად, რომელსაც ოდესმე დაივიწყებს. იქნებ აღარც ვემახსოვრო მომავალში. მაგრამ შენ... ელ... - ხმა ისე ჩაეხლიჩა, წამით დადუმდა, რომ ნერწყვი გადაეყლაპა და ყელი ჩაეწმინდა - შენ მინდა იცოდე, რომ მამაშენს... არასდროს სძულდი, არც დედაშენი სძულდა და არც შენი ძმა. ჩემში ეშმაკი ცხოვრბოს, რომლის მართვაც არ გამომდის, უბრალოდ არ შემიძლია. ჩვენი ბოლო ერთია, კუბომდე მისასვლელი მანძილი, კი მხოლოდ დროის ასათვლელია. არ მინდა, რომელიმე თქვენგანი შევიწირო. ამას სიკვდილი მირჩევნია...
ელი მამის გასიებულ სახეს, დაბუშტულ თვალებს და ნაიარევებიან ლოყებს უთვალიერებდა. ყოველ დეტალს იმახსოვრებდა და გულში ღრმად ინახავდა, მომავლისთვის, როცა... ეს ერთადერთი საღამო იქნებოდა მიზეზი, რის გამოც პატიებას ეცდებოდა. არა ერთ დღეში, არც ერთ თვეში, არც ერთ წელში და არც ათი წლის შემდეგ, მაგრამ ოდესღაც.
დაუოკებელი სურვილი გაუჩნდა მოხვეოდა, ჩახუტებოდა და ეთქვა, რომ მარტოს არ მიატოვებდა, მაგრამ... მათ შორის ზედმეტად ბევრი მოხდა, ზედმეტად ბევრი დაიმსხვრა, ორს შორის გაჩენილმა უფსკრულმა კი სიღრმეს უმატა. ვერაფრით გადაახტებოდა, ვერაფრით გადალახავდა, არ შეეძლო... უბრალოდ არ შეეძლო. თავს ვერაფრით აიძულა თითის გატოკება. მამამის წლების შემდეგ პირველად ხედავდა ისე გულწრფელსა და დაუცველს, რომ საკუთარ სხეულში თავისივე არსებობის შეეშინდა. თუმცა... დაგვიანებული აღმოჩნდა ხელის გასაწვდენად. დაგვიანებული აღმოჩნდა სიტყვებისთვის -„მიყვარხარ“, „შენ გვერდით ვარ“ - რომლებსაც ყველაზე რთულ მომენტში სულის შვება მოაქვთ ადამიანისთვის.
- როდესაც მე აღარ ვიქნები... - წაიჩურჩულა სულამ - ყველაფერი უნდა გააკეთო საიმისოდ, რომ ოჯახი დაიცვა. აფსოლუტურად ყველაფერი. მანამდე, კი პირველ რიგში, მე უნდა მომიშორო თავიდან...
სულამ ამოიოხრა და თითქოს ოხვრას გულიც ამოაყოლაო. ყრუ კვნესით წამოდგა, გაჭირვებით დაიხარა შვილისკენ და თბილი ტუჩები შუბლზე მიაკრო. ელს მტკივნეულმა ტალღამ ელვასავით დაუარა ორგანიზმში. ყოველ უჯრედს მოედო და მთელი ხმით აკივლდა. წამით გულმაც შეწყვიტა ფეთქვა და როცა სულა ისევ საძინებელში გაუჩინარდა, ორმაგად დაიწყო ფეთქვა. ისეთი ძალით ეხეთქებოდა, თითქოს ნეკნების გამონგრევა აქვს გადაწყვეტილიო.
სხეული აუცახცახდა. აკანკალებული თითები სახეზე აიფარა და ყელში მოწოლილი ღრიალი არაადამიანური ძალით ჩააბრუნა უკან. მაშინ როდესაც ტვინის უმეტესი ნაწილი მოსმენილის გაადახარშვით იყო დაკავებული, გონების კუთხეში მიმალულმა ერთმა პროცენტმა სწრაფად შეისრუტა მიღებული ინფორმაცია და ხმადაბალი ჩურჩულით წარმოთქვა სიბნელეში - უძილობა, აგრესია, აკვიატება, რომელიც პარანოიაში გადადის, გადაჭარბებული თავდაჯერებულობა, ხმები, ჰალუცინაციები...
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა. საკუთარივე არსებაში ჩაყვინთა და ჩაიძირა. მხრებზე აკიდებულ უზარმაზარ ლოდებს წონა მოემატათ, სხეული დაუმძიმდა და ალბათ ეს სიმძიმე ქვესკნელშიც ჩაიტანდა, რომ არა მტკიცე ხასიათი, რომელიც ბოლომდე დაცემის საშუალებას არ აძლევდა.
სახიდან ხელები მოიშორა და ქურთუკის ჯიბიდან ორიგამის პეპელა ამოაძვრინა. გულდამძიმებულმა „მონარქს“ ფრთები შეუსწორა და ერთხანს არეული ემოციებით შესცქეროდა. ვიღაცამ ოდესღაც, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და ამით სიცოცხლით გადაიხადა, „პეპელამ“ სისხლად მოსთხოვა პასუხი - საკუთარივე ბინაში გამოფატრა ცოცხლად. ხელში ვიღაცის არამიწიერი ტკივილი ეკავა... ტკივილი, რომელმაც ადამიანური ზღვარი გადააკვეთინა მის პატრონს. გონებაამღვრეული კი, იმაზე დაფიქრდა, თავად რისთვის იყო მზად.
სულას სიტყვებმა მთლად აურიეს მონასტერი. მის თვალში, მამამისი უპირობო დამნაშავე იყო ყოველთვის. მისმა ნაამბობმა, კი მოცემულ სიტუაციას სულ სხვა სინათლე მოჰფინა. მედალს მართლაც ორი მხარე აქვსო - სახეზე ჩამოისვა ხელი. და? შეიცვალა რამე? უფროსი სავანელის მონათხრობმა ოდნავ მაინც ჩაუცხრეს სულში აგიზგიზებული სიძულვილი? - ვერა. მაგრამ, ახლა გურანდას ისე აღარ უბრაზდებოდა. იცოდა დედამისის ჩვილი გულის ამბავი. ზედმეტი ემპატიით იყო დაჯილდოებული.
მარჯვენა ხელის გულზე დასმულ პეპელას სიმძიმე მოემატა. კბილს კბილი დააჭირა. შეძლებდა კი უკანასკნელი ნაბიჯის გადადგმას, თუ ეს საჭირო გახდებოდა? მამამისზე ერთხელ უკვე აღმართა ხელი. რომ არ ჩარეულიყვნენ, არავინ იცის როგორ დასრულდებოდა წამიერი ამოკი.
ორიგამის დააშტერდა. თითოეულ ჩვენგანში იმალება დემონი, მზის სინათლეზე კი მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც ქვეცნობიერი უხმობს უკიდურესი სასოწარკვეთის მომენტში. თვალები დაეხუჭა. გონებაში მელოტის ბოროტი ღიმილისგან მოღრეცილი სახე ამოუცურდა. ორგანიზმს მხურვალე სიძულვილის ტალღამ დაუარა და ეკლებად დააყარა კანზე. ხელები აუცახცახდა. გულმა კი ბაგაბუგს უმატა. ტუჩები ზიზღით შეერხა, თვალები აახილა და ნახშირივით შავი სფეროები უკუნ ბნელს გაუშტერა.
- შენი დროც მოვა...
წაიჩურჩულა ღვარძლიანად. ღამის გრილმა მონაბერმა ნიავმა ორიგამის პეპელას ფრთები ოდნავ შეურხია...


თავი მეჩვიდმეტე

"სამხილი!"
ნინელი კაციტაძე სახლში გვიან ღამით ბრუნდებოდა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი, ყრუ ექოდ ირხეოდა თითქმის ცარიელ ქუჩაზე. ნაბიჯებს სწრაფად დგამდა. მხარზე ჩამოკონწიალებული ხელოვნური ქვებით დამშვენებული ჩანთა, პატრონის სიარულის რიტმს აყოლილი ნერვიულად ირწეოდა.
ახალგაზრდა ქალს, წვეულებისთვის სპეციალურად შერჩეული, წითელი, ტანზე მომდგარი, კაბა მუხლზემოთ სწვდებოდა. მოკლედ შეკრეჭილ ყავისფერ თმას, რომელიც ლამაზ ლოკონებად დაეხვია, ფორმა დაკარგვოდა. საღამოს მკვეთრი მაკიაჟისგან კი, საათნახევარი, რომ იკეთებდა სარკის წინ, აღარაფერი დარჩენილიყო.
ნინელის კორპორატიული წვეულება არასოდეს უყვარდა. ზიზღს ჰგვრიდა ადამიანების ფარისევლობა. სამსახურში ლამის ერთმანეთი დაეჭამათ. საკმარისი იყო, ვინმეს რაიმე შეცდომა დაეშვა, რომ მაშინვე დირექტორთან გარბოდნენ დასასმენად. მეტიც, საერთო მაცივრიდან, სამზარეულოში, ხშირად ჰპარავდნენ ერთმანეთს საჭმელს. კორპორატიულ წვეულებაზე კი თავი ისე ეჭირათ, თითქოს საუკეთესო მეგობრები ყოფილიყვნენ. ტკბილად უღიმოდნენ ერთმანეთს და თავდავიწყებით მხიარულობდნენ.
კაციტაძე მეგობარმა დაითანხმა წვეულებაზე წასულიყო. ბევრი ეხვეწა, მარტო ნუ გამიშვებო და ისიც დანებდა. კოხტად გამოეწყო და საღამოს ქმარმა რესტორნის კართან ჩამოსვა. დაუბარა, რომ დაიშლებით დამირეკე და მოგაკითხავო. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. გოგონები შამპანიურს წრუპავდნენ და ხმადაბლა ხითხითებდნენ. მუსიკა ხმამაღლა უკრავდა. თანამშრომლების ნაწილი დარბაზში ცეკვავდა.
ნინელის დაძაბულობა მოეხსნა. გაიფიქრა კიდეც, არც ისე ცუდი აზრი იყო წვეულებაზე მოსვლაო. როდესაც შამპანიურის ბოთლებში სასმმელმა იკლო, მისი მეგობარი, ფინანსების დეპარტამენტის თანამშრომელმა გაიწვია საცეკვაოდ. მარტო დარჩენილს კი, თავს შემთვრალი მენეჯერი წამოადგა და შებმა დაუწყო.
ქალმა ჯერ თავაზიანად აგრძნობინა, რომ მისი წინადადებით დაინტერესებული არ იყო და მრავალმნიშვნელოვნად ანიშნა საქორწინო ბეჭედზე. მთვრალმა უარი იუკადრისა და ხელები დაიგრძელა, რასაც ნინელის მყისიერი რეაქცია მოჰყვა - ჯერ გემრიელად გააწნა სახეში, შემდეგ კი მაგიდაზე მდგარ შამპანიურის ჭიქას ხელი წამოავლო და ცხვირ-პირში შეასხა.
სანამ მამაკაცი რეაგირებას მოასწრებდა ხელჩანთას ხელი წამოავლო და რესტორნიდან წამოვიდა. გარეთ გამოსულმა ქმარს დაურეკა, მაგრამ ყურმილი არ აიღო. ხელებაკანკალებულმა კიდევ რამდენჯერმე სცადა დაკავშირება, მაგრამ ისევ არ უპასუხეს. გაღიზიანებული მარტო გაუდგა გზას. ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო და მთელი ბრაზი მეუღლეზე გადმოენთხია, რომ როცა სჭირდებოდა არასოდეს იღებდა ტელეფონს.
ტაქსის გამოძახება არ უნდოდა. რესტორანი მისი უბნისგან არც ისე შორს იყო. ფეხითაც შეძლებდა სახლამდე მისვლას. გვიან ღამით მარტოს, მოკლე, წითელი კაბით სიარული მაინც და მაინც არ ეპიტნავებოდა, მაგრამ ხელი ჩაიქნია. ისე იყო გაბრაზებული, სულ არ აღელვებდა გზად თუ გადაეყრებოდა ვინმე. ჩანთაში წიწაკის სპრეის მალავდა ყოველი შემთხვევისთვის.
განერვიულებულმა ოცი წუთი იარა შეუსვენებლივ. მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა ლამის ფეხები დაატეხეს. ტერფები საშინლად სტკიოდა. ნაცნობ სადარბაზოს, რომ მიუახლოვდა შვებით ამოისუნთქა. უბანში ქმრის ლურჯი ფორდი შეამჩნია გაჩერებული და კიდევ უფრო მოეშალა ნერვები. სახლში ბრძანდებოდა და ტელეფონს არ პასუხობდა?! ალბათ ისევ თავის იდიოტურ ფეხბურთს უზისო, გაიფიქრა აპილპილებულმა და კიბეებს სწრაფი ნაბიჯით აუყვა. მეოთხე სართულს ძლივს მიაღწია. ფეხები ისე ეწვოდა ერთი სული ჰქონდა მაღალქუსლიანები ჯანდაბაში მოესროლა.
სახლის კარი შეაღო თუ არა, ჰოლში შუქი აანთო, ფეხსაცმელები გაიძრო და იქვე დაყარა დაუდევრად. ტერფებზე ხელი მოისვა შუბლშეჭმუხნულმა და წელში გასწორდა. ხელოვნური ქვებით დამშვებეული ჩანთა საკიდზე ჩამოკიდა და მისაღები ოთახისკენ გაეშურა. ეუჩნაურა, რომ ბინაში ბნელოდა. ტელევიზორის ხმა არ ისმოდა. მართალია, შუაღამეს გადასცილებოდა, მაგრამ მერაბი დაჰპირდა დაგელოდები, არ დავიძინებ და წვეულებიდან წამოგიყვანო. ქალურმა ინსტიქტმა ცუდად შეუღიტინა. მისაღები ოთახის კარი შეაღო და შუქი აანთო. მეორე წამს ნინელის კივილმა მთელი სადარბაზო ფეხზე დააყენა...
ღამის პირველ საათი იყო, რომ გაწვიმდა. ჭკალოვის ქუჩაზე, მეხუთე სადარბაზოსთან ყვითელი ლენტი გაეჭიმათ. პატრულის ციმციმები კორპუსის კედლებზე ლურ-წითელ ლაქებს ტოვებდნენ. პატრულის თანამშრომლებს შესასვლელი გადაეკეტათ და ცნობისმოყვარეებს ახლოს არ უშვებდნენ. მეზობლები შორიდან იღერებდნენ კისერს, რომ დაენახათ წინ რა ხდებოდა.
უბანში შავი ოპელი შემოსრიალდა და სადარბაზოს წინ გააჩერა მანქანა. სალონიდან გაბრიელ ავალიანი გადმოვიდა. პალტოს საყელო აიწია და შენობაში ისე შევიდა, რომ პატრულის თანამშრომლებისთვის ზედაც არ შეუხედავს. მეოთხე სართულისკენ აუყვა კიბეებს. მესამემდე მისულს ქოშინი დააწყებინა. ორი თვე გასულიყო რაც მოწევას თავი დაანება. კიბეებზე სიარული კი, მაინც უჭირდა.
მეოთხე სართულს, რომ მიაღწია სადრაბაზოში, ოპერატიული მუშაკი, ლუკა მაისურაძე შეეგება. მამაკაცებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
- შიგნითაა, - თავი გაიქნია ბინისკენ მაისურაძემ - გვამი ცოლმა იპოვა, საზიზღარი სანახავია. იგივე სახის სურათია, რაც ბოლო მკვლელობისას, მხოლოდ ამჯერად შეტყობინება გვაქვს.
- რა შეტყობინება? - წარბი შეიკრა გაბრიელმა.
- ქაღალდი აქვს ჩაჩრილი პირში, მაგრამ ხელი არ გვიხლია, ელენეს ველოდებით, სადაცაა მოვა.
- ცოლი სადაა?
- საავადმყოფოში გადავიყვანეთ, ისტერიკაში იყო, დაკითხვას აზრი არ ჰქონდა, არ რეაგირებს კითხვებზე. ცოტა, რომ მოვა აზრზე მივაკითხავ.
გაბრიელმა თავი დაუქნია და ბინაში შეაბიჯა. დერეფანშივე იგრძნო სიკვდილის სუნი და ნესტოები ზიზღით შეეკუმშა. აუჩქარებლად გააბიჯა წინ. გზად ჩაბნელებულ სამზარეულოსთან შედგა, რომელსაც ერთადერთი მაცივრის ციფერბლატის მწვანე შუქი სუსტად ანათებდა ოთახის კუთხეს, სადაც მაგიდაზე ორი ჭიქა იდგა, ჭიქის გვერდით კი დაუმთავრებელი სენდვიჩი ეგდო, რომელსაც კბილების ნაკვალევი აჩნდა. გაბრიელმა სწრაფად მოავლო თვალი გადაშლილ სცენას და გზა განაგრძო.
მისაღებ ოთახში შუქი ენთო. ჭერის ცენტრში ჩამოკიდებული ჭაღი მკრთალად ანათებდა ოთახს. ფანჯრებს ჭაობისფერი მწვანე ხავერდის ფარდები ფარავდნენ, რაფაზე კი ქოთნის ყვავილი მოჩანდა, რომელიც უწყლობისგან ნელ-ნელა ხმებოდა. კედლებს უგემოვნო ყვავილებიანი შპალერი დაეფარათ. ოთახის კუთხეში ძველებური ტელევიზორი დაედგათ. მოპირდაპირედ კი, რბილი დივანი იდგა თავისი სავარძლებით. ცენტრში ხის მაგიდა იწონებდა თავს, ზედაპირზე ხელოვნური ყვავილებით დამშვენებული. როგორც ჩანს, დიასახლისს შეენიშნა, რომ ცოცხალი მცენარეების მოვლა მისი საქმე არ იყო.
გაბრიელმა მზერა ცხედარზე გადაიტანა. ორმოც წლამდე მამაკაცი, ხის მაგიდასთან ახლოს ხალიჩაზე, გულაღმა გაშოტილიყო. შავთმიანს აქა-იქ ჭაღარა გამორეოდა. სახეზე შიში შეჰყინვოდა. მოღეღილ გულმკერდზე, დანის დარტყმით მიყენებული ჭრილობები მოუჩანდა. გაწყვეტილღილებიანი თეთრი პერანგი სისხლს გაეჟღინთა. მკლავები უღონოდ გაეშალა. პირი კი ოდნავ ღია ჰქონდა.
წარბშეკრული გამომძიებელი გვამის წინ ჩაიმუხლა და მიცვალებულის პირის ღრუს დააკვირდა. დაფიქრება ვერც მოასწრო, როცა ოთახში ექსპერტ-კრიმინალისტების მცირე ჯგუფი შემოვიდა, რომელსაც მთავარი ექსპერტი, ელენე კორინთელი, ხელმძღვანელობდა.
- გამარჯობა, გაბრიელ - მიესალმა გამომძიებელს - გთხოვ, ნურაფერს შეეხებით, სანამ მუშაობას არ მოვრჩები.
- შეგიძლია ქაღალდი პირიდან ამოაცალო? უნდა ვიცოდე, შიგნით რა წერია.
ქალმა ამოიოხრა. საშინლად ვერ იტანდა, როცა მუშაობაში ხელს უშლიდნენ. ჩვეულისამებრ შემთხვევის ადგილზე, ყვითელი ლენტის გადაკვეთის უფლებას არავის აძლევდა, სანამ მუშაობას არ დაასრულებდა. გაბრიელი ერთადერთი, იყო, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემდა და თხოვნაზე უარი არ უთქვამს.
დაიხარა, ხელზე ხელთათმანები მოირგო, ინსტრუმენტების პატარა ჩანთიდან პინცეტი ამოაძვრინა და მიცვალებულს პირიდან ქაღალდი ნაჭერი ამოუღო. სუსტად მბჟუტავი სინათლის შუქზე, პინცეტის წვერზე, პეპლის ფორმის ორიგამი აკონწიალდა. გაყვითლებული ძველი ფურცელი, სისხლითა და ნერწყვით გაჟღენთილიყო.
- რა საზიზღრობაა, - სახე მოეღრიცა ქალს - მაპატიე, გაბრიელ, მაგრამ სანამ ამას არ გავაშრობ, წაკითხვას ვერ შეძლებ. ქაღალდი სისხლითა და ნერწყვით არის გაჟღენთილი. გახსნის მცდელობისას დაზიანდება. გარდა ამისა, შეიძლება ქაღალდის შიდა მხარეს, ნაკეცებში, მკვლელის დნმ აღმოჩნდეს. ლაბორატორიაში მიხედავენ. უნდა დაელოდო.
- ფურცელი ძველი ჩანს, - ინტერესით შეავლო თვალი გაბრიელმა.
- გეთანხმები, - დაუდასტურა ექსპერტმა - ჩვეულებრივი ბლოკნოტიდან ამოხეულს არ ჰგავს. რაც სიტუაციას უფრო ართულებს. ძველი ქაღალდის დაზიანება უფრო მარტივია. სიფრთხილეა საჭირო. ფოტოებს გადავუღებ და შემდეგ ქაღალდის პაკეტში მოვათავსებ.
- უცნაურია. - ჩაფიქრდა გამომძიებელი და წარბშეკრულმა ოთახს თვალი მოავლო.
- რა არის უცნაური? - დაინტერესდა კორინთელი.
- ჩიქოვანის ქუჩაზე აღმოჩენილი გვამის ჭრილობები, ერთი-ერთში ემთხვევა. რა თქმა უნდა, შენს დასკვნას დაველოდები, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ორი მკვლელობის უკან ერთი ადამიანი დგას. პეპელა შეტყობინება უნდა იყოს, სავარაუდოდ, ჩვენთვის. უცნაური კი ისაა, რომ პირველ გვამთან მსგავსი არაფერი გვიპოვია.
- იქნებ, ნელ-ნელა ვითარდება? ყოველი ახალი დანაშაულის ჩადენისას მეტ თავდაჯერებულობას გრძნობს? - ივარაუდა. გაბრიელმა ტუჩები მოკუმა და თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.
- ამატორს არ ჰგავს, - მიცვალებულის დაჯიჯგნილ მკერდს დააკვირდა - იცოდა რასაც აკეთებდა. პირველი მკვლელობის სურათი მეორისას არ ემთხვევა. იქ ქაოსი იყო, ნივთები გადაეყირავებინათ. აქ კი წესრიგია. ვვარაუდობ, მსხვერპლს წინააღმდეგობა არ გაუწევია. შეამოწმე, რამე პრეპარატი ხომ არ ჰქონდა მიღებული სიკვდილის წინ. ძლიერი აღნაგობის მამაკაცია, თავდასხმას აუცილებლად შეეწინააღმდეგებოდა. ოთახში კი ბრძოლის კვალს ვერ ვხედავ. ვფიქრობ პირველ ბინაში არეულობა რაღაცით უკავშირდება პეპლის ორიგამის არ ქონას.
- რას იძახი? - წარბი შეიკრა ელენემ - ფიქრობ, ვინმემ მოიპარა?
- საკითხავია, რატომ?
გაბრიელი წელში გასწორდა. ბოლოჯერ მოავლო თვალი ოთახს და გავიდა, რომ ექსპერტ-კრიმინალისტებისთვის მუშაობის საშუალება მიეცა. სადარბაზოში მაისურაძე ერთ-ერთ მეზობელს ესაუბრებოდა და ბლოკნოტში რაღაცას იწერდა. ჯიბიდან მენთოლის საღეჭი რეზინი ამოაძვრინა და პირში გაიქანა. რაც ნიკოტინს თავი დაანება, მას შემდეგ საღეჭ რეზინზე გახდა დამოკიდებული.
ოპერატიულ მუშაკს გვერდი აუარა და კიბეებზე დაეშვა. სადარბაზოდან გამოსულმა ღამის გრილი, ნესტიანი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. უბანს თვალი მოავლო. ცნობისმოყვარეთა ჯგუფი წვიმასაც ვერ შეეშინებინა და კიდევ უფრო მომრავლებულიყო. ერთმანეთში ჩურჩულებდნენ და კისერს იგრძელებდნენ, რომ რამისთვის მოეკრათ თვალი.
გაბრიელს ლაბადის ჯიბეში ტელეფონი აუზუზუნდა. ხელი ჩაიყო და აპარატი ამოაძვრინა. ეკრანისთვის არც დაუხედავს ისე უპასუხა.
- გაბრიელ, - მოესმა ყურმილიდან ლაბორატორიის წარმომადგენლის ხმა - როგორც მთხოვე, პირველს შენ გირეკავ. ლაბორატორიიდან თმის ღერის დნმ-ის პასუხი მოვიდა. პიროვნების ამოცნობა ვერ მოხერხდა. ბაზაში არ ფიქსირდება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ქალია. ნათესაური კავშირი არ დგინდება.
- ქალი? - გულწრფელად გაუკვირდა გაბრიელს.
- ქალი, - დაუდასტურა ლაბორანტმა - როგორც ცნობილია მსხვერპლი მარტო ცხოვრობდა, ცოლი არ ჰყოლია, არც შვილი. წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო მის ბინაში, მაგრამ თმის ღერი ქალს ეკუთვნის.
ავალიანს სახე დაეჭიმა. ლაბორანტს მადლობა გადაუხადა და ტელეფონი გაუთიშა. ყბაზეკუნთადჭიმულმა კიდევ ერთი საღეჭი რეზინი ამოაძვრინა და პირში ჩაიგდო. ამ საქმის ვერაფერი გამიგიაო - გადააფურთხა გაღიზიანებულმა.


პ.ს. მეგობრებო თავები გარბენით ავტვირთე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და დეტალური რედაქტირება ფიზიკურად ვერ მოვასწარი. იმედი მაქვს მუშაობისას ბევრი შეცდომა არ გამეპარა და ყველაფერი რიგზე იქნება. სასიამოვნო დღეს და კითხვას გისურვებთ <3 <3 <3 <3 <3



№1 სტუმარი სტუმარი lizzie

ყოჩაღღ ძალიან კარგი თავი იყო მართლა, თანაც მართლა ვაფასებ რომ ყოველ დღე დებ და საუკუნე არ გვიწევს ლოდინიიი. ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის დაიდება, აბა შენ იციი!!!

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

"დაი" - პამპერსაიიი. ვსო, აწი კომენტარებს ასე დავიწყებ ხოლმე, გადავწყვიტე.
საკუთარი თავი სულას მიმართ სიმპათიაში გამოვიჭირე. იცი, როდის? აი, დარეჯანას რომ ერჩივნა თავისი კაკაშკები ეჭამა, ვიდრე სულა გამოეძახებინა სკოლაში, ეე, მანდ.
სირაძეს ბავშვი დაღუპვია, უყურე შენ. ბავშვების გაუჩინარებასთან რამე კავშირი შეიძლება ჰქონდეს? პოტენციურად კი, კარგი, ჩავიწერე.
"ნიცა, რას მალავ"
კაი, კანდელაკს თორნიკე ევასება, მაგრამ ნიცამ რატო დაიგუბა ქაშაყივით წყალი პირში?! ვის უპასუხა ტუჩის კვნეტით, ჰა?
მოსეია ბარიგა?!
კანდელაკი რა საყვარელია, სიკვდილს არავინ იმსახურებსო)))
"წყევლა"
ჰოო, ალბათ, არ იცი... ეზოთერიკი ვარ. ჩემთვის წყევლა, პადკლადი, ჯადოები, პრივაროტები და ათასი სხვა რამ ჩვეულებრივი ამბავია. ვუდუს თოჯინა ძალიან მეეჭვება გაეკეთებინოს. ვოლტი იქნებოდა, დიდი ალბათობით. ვუდუს ტრადიციის ცოდნისთვის აფრიკას უნდა ესტუმროს ადამიანი და კიდევ საკითხავია - თუ მიიღებენ. თუმცა ელს ეს არ ეცოდინებოდა.
ე.ი. სულას ყოფილი ცოლი, შიზოფრენიკი სოფიო, რომელიც ასმათის სიტყვებით სურამის ფსიქიატრიულშია. კარგი, ჩავიწერეთ. რა რავა, ეს ჟოჟობა ტყვილა ახსენებდა? ტყვილა დაჟე ლუციუსი არ უფსამს სანტისიმოს. (მეგობრის შვილს ჰქვია დანტე, სანტისიმოს ვეძახი და ამასაც შეერქვა) ეს დასალევი იოგურთი ესა.
"თავი შორს დაიჭირე, გამიფრთხილებიხარ..."
არც იოცნებო, ანტილოპა! ისე შემოგეტენები და შემოგიძვრები კანქვეშ, ვერ მიხვდები. გეიგევი შუახევი?
ძველი წყენაო, ბიჯო. ანუ სულა ხრამში გადააგდო იმ ტროიკამ და ამის მერე კიდე ამ ხუნხულასთან მივიდა, ფულის გამო. რა სიმპათია, რის სიმპათია, დაუბრუნდა ისევ მარადიული ჭუჭუს სტატუსს ეგ უპატრონო. წადი ბიძია ვეძმასთან წმენდა ჩაიტარე.
ფუ, კახაძის პედ'ოფილი დებილი დედამოვტ'ყან.

"ზარი მეგობრისგან"
"მეგობარი შენი პასუხია, როცა სამყარო კითხვად იქცევა"... ისეთ ადგილებში მაჭერ, ნეტა, წარმოდგენა მაინც გქონდეს, ნიანგო. ლილის დის სახელი ჯერ კიდევ მტკივა.
როგორი ცუდიც არ უნდა იყოს, მშობელია... მეზიზღება ეს ფრაზა. სისხლით ნათესაობა ზოგჯერ არაფერს ნიშნავს. საგვარეულოს ენერგიაზე თუ ჯადოქრობ - ნიშნავს. ისე არა.
ადამიანს ჭაობიდან ვერ ამოიყვან, ბელს. სანამ თვითონ არ ამოუვა ყელში, შანსი არაა. ჩაგითრევს.
"გიჟების ოჯახი ხართ"
კი, ვართ.
"მაშველი ნავი"
მიყვარს ლუკა თავისი მიხვედრილობით. ხო, ჩემთვის მაინც ლუკაა, მეერე?
ელს უბრალოდ სუსტი კაპილარები აქვს ჩემსავით, დიდი ამბავი, კაცო.
"ვირთხა"
"მეგობრობა არის უხილავი ძაფი, რომელიც მაშინ გიჭერს, როცა ფეხქვეშ მიწა გეცლება" - ახლაც მაზოლზე მაჭერ. სამი მხიარული ასო ხო იცი? კურვა ბობერ.
აეე, დარეჯანას სიფათი წარმოვიდგინე, ის ვირთხა რომ დაინახა :დდდდდ ვხოხავ :დდდდდ საცოდავი ვირთხა. შეურაცხყოფა მიაყენეს, როცა დარეჯანას შეადარეს, აფსუს!
ფუ, ახლა დარეჯანას დორბლი მომხვდა. ამ სირაძეს და დარეჯანას კბილები არ აქვთ თუ რას იდორბლებიან პეკინესებივით?!
აჰ, არა ორი კბილი ჰქონია. თან ოქროსი. ბაბულიკა დარიკო.
"ოჯახს სისხლი არ ქმნის. ოჯახს ის ადამიანები ქმნიან, რომელსაც უყვარხარ, უპირობოდ და უანგაროდ."
როდის ამათალე გულიდან ეს ფრაზა, ნიანგო?
"სულას აღიარება"
ბიპოლარული აშლილობა და ჯანდაბა შენ! დაუზუსტებელი ბიპოლარი ვარ, დაზუსტებული ბორდერლაინი და გენერალიზებული შფოთვითი მაქვს თავისი დეპერსონალიზაცია-დერეალიზაციით, შე ნაგვის გროვავ! არაფერს აპრავებს დიაგნოზი, არაფერს!
და ბიპოლარია შეიძლება გენეტიკურიც იყოს, ამიტომ ამასაც ჩავიწერ და ელს დავაკვირდები.
"სამხილი"
ნენა, გაბრიელა მოსეიას მამაა, ხო?
ექსპერტ-კრიმინალისტი ელენე კორინთელი. ოპერატიული მუშაკი - ლუკა მაისურაძე.
რა მოზგი როჟაა ისე ეს გაბრიელა:დდდდ ეგრევე გაადღნა, რომ რაცხა რიგზე ვერ იყო, პირველ გვამთან ორგაზმი რომ ვერ იპოვა. კარქი, კარქი. რა გაკავშირებს ერთი ჭკადუასთან ეგეც მოგვიგდოს იმ თურქ-არაბების მიერ მოგდებული გამხმარი პურივით ამ ანტილოპამ და რაცხა გვეშველება!
ორი დღეა ვფიქრობ "ბი" და "გი"-ზე. ძაან ნერვებს მიშლი :დ უკვე პარანოია მეწყება და იქ ვცდილობ კავშირის გაბმას, სადაც 99,9% არაა კავშირი. :დდდ თხის და ბიზონის შეჯვარების მცდელობას ჰგავს ახლა ამ ორის დაკავშირება:დდდდდდდ
ცაო, დამსეტყვე!
მიყვარხარ, ჟოჟო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent