შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვანილის კოცნა (სრულად)


გუშინ, 23:02
ავტორი lullaby
ნანახია 184

I თავი
***
ჩემი სახლიდან ავტობუსის პირველ გაჩერებამდე რომ მივიდე, რვა წუთი მჭირდება. ხო, წამზომით დავითვალე. თუმცა, ამჟამად იქ მისასვლელად თხუთმეტი წუთი მჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გადაწყვეტილებისკენ მივდივარ, ფეხები მაინც უკან მრჩება.
გაჩერებაზე ჩავდივარ. ავტობუსების განრიგის მაჩვენებელი დაფა მაუწყებს, რომ ტრანსპორტი, რომელიც მე მაწყობს ცხრამეტ წუთში მოვა. ღმერთო, ჩემო. ყველაფრის მიუხედავად დაგვიანება არ მინდა. არადა მაჩვენებლის თანახმად ათი წუთით დაგვიანება არ ამცდება. იმედი მაქვს დღეს სასწაული მოხდება და საცობები არ იქნება.
გაჩერებაზე მარტო ვდგავარ. მზის გულია. მართალია, მაისი ახალი დაწყებულია, მაგრამ უკვე ძალიან ცხელა. ახლა წვიმა ზედ-გამოჭრილი იქნებოდა ჩემთვის. თუმცა, კოლეჯში პირველსავე დღეს სველი მისვლა არც ისე კარგი იდეაა. ხო, კოლეჯში. მანამდე სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი. კარგი სტუდენტი ვიყავი. სადიპლომოც „ა“ კატეგორიაზე დავიცავი, მაგრამ რად გინდა? კი არის ახლა ეს ჩემი დიპლომი ჩამოკიდებული კედელზე და ელოდება დედამთილის კმაყოფილ მზერას.
როგორც იქნა ტრანსპორტში ავდივარ და ახლა-ღა მაწვდის ჩემი ტვინი ინფორმაციას სამგზავრო ბარათის სახლში დარჩენის შესახებ. ფუუ!
-ბილეთები ავიღოთ ამოსულებმა! - ყვირის კონტროლიორი ქალი. წონასწორობის შესანარჩუნებლად სკამის საზურგეს ვეყუდები და ჩანთაში ხურდების ძებნას ვიწყებ. ტრანსპორტში ისეთი სიჩუმეა, თითქოს მხოლოდ მე ვმგზავრობდე. ჯანდაბა, ხურდა არ მაქვს.
-რა ხდება გოგონა? ბილეთს არ იღებ? - ზემოდან დამყურებს ალვის ხესავით უსარგებლოდ აწოწილი, ცივთვალება მდედრი და მწვანე ჟილეტს ისწორებს.
-ერთი წუთით მაცადეთ, ხურდას ვეძებ. - ვუყურებ კოპებშეკრული.
-უკვე დიდი ხანია ეძებ.
-დამაცდით თუ არა?
ისევ ჩანთაში ვძვრები არარსებული ხურდის მოსაძებნად. ჯარიმა ჩემთვის პირველი არ იქნება, რადგან ბარათი არაერთხელ დამრჩენია სახლში, ამიტომ შეგუებული ვარ, მაგრამ ეს ფაქტი მაინც მიხდენს ხასიათს. ვნებდები.
-არ მაქვს. - ვეუბნები კონტროლიორს და წინ ჩამოყრილ თმას უკან ვიწევ. ის გამარჯვებული სახით შემომყურებს.
-ავტობუსით მგზავრობას რომ აპირებთ, საფულეები უნდა შეამოწმოთ, ან პლასტიკური ბარათები ანგარიშით შეავსოთ. გამაგიჟებს ეს ხალხი. - თავს იქნევს ის.
მოკეტე რა! და დამაჯარიმე თუ მაჯარიმებ.
ქალი საჯარიმო ფურცელს იმარჯვებს. მე უკვე ვემზადები მისთვის პასუხების გასაცემად, რომ უცბად გვერდით ვიღაც მიდგება, აპარატზე ბილეთს იღებს და მაწვდის. თან კონტროლიორს თვალებში უყურებს.
-უკაცრავად, აქ რა ხდება? - იბღვირება ქალი.
-ჯარიმის გამოწერა საჭირო აღარაა, ბილეთი უკვე აქვს. - ამბობს ბიჭი რბილი, მაგრამ კატეგორიული ხმით. ბილეთს ისე ფრთხილად ვაცურებ მისი საოცრად ლამაზი და მოვლილი თითებიდან, თითქოს მის დაჭმუჭნას ვერიდებოდე. რა ვიცი, მაინც, მისი აღებულია და...
-კარგი, მაგრამ ამის მერე, ყველამ თავის თავს მიხედოს. - ამბობს ნირ-წამხდარი ალვის ხე და ვატყობ, როგორ სცვივა იმედგაცრუებული ფოთლები.
-გმადლობ. - ვამბობ, მაგრამ ძალიან ჩუმად გამომდის. ამ დროს ავტობუსი ჩემ გაჩერებასთან ჩერდება.
-არაფრის. - ოდნავ იხედება ის ჩემკენ და ავტობუსიდან ერთად ჩავდივართ.
ჩუმად ვათვალიერებ. ლურჯი მაისური, ღია ჯინსი და თითქმის შარვლის ფერი კედები აცვია. ცალ მხარზე ჩანთა აქვს მოგდებული და ხელში შავი „რეიბანები“ უკავია. ჩემზე დაახლოებით ერთი თავით მაღალია, გაშლილი მხრები აქვს. ისე მოხდენილად მიაბიჯებს, მშურს. ქერა მოკლე თმა აქვს, გვერდით თითებით გადაწეული. მის ნაკვთებს ვეღარ ვხედავ, რადგან უკან რჩება და მობილურზე საუბარს იწყებს. დაველოდებოდი, მაგრამ მახსენდება, რომ უცხოა და გზას ვაგრძელებ. კოლეჯამდე მისასვლელად დაახლოებით ასი მეტრი უნდა გავიარო. ჩემ გარდა კიდევ ბევრი ახალგაზრდა მიაბიჯებს. უკვე თორმეტის თხუთმეტი წუთია. ნაბიჯს ვუჩქარებ და აი კოლეჯი მიღიმის, მე კი - ვუბღვერ. უკან ვიყურები და ლამაზთითებიანს მოშორებით მომავალს ვხედავ. ალბათ ისიც სტუდენტია. საინტერესოა, ნეტავ რაზე ჩააბარა? სომელიე? მიმტანი? მზარეული? არა მგონია ჩემსავით საკონდიტროზე ჩაებარებინოს. ტურიზმი? არა, ბარმენი! ნამდვილად ბარმენის პროფესიას აირჩევდა. უდავოდ, მისი ადგილი იქაა. უცებ წარმოვიდგენ, როგორ ატრიალებს ბოთლებს და მეღიმება. მერე მახსენდება, რომ კოლეჯს ვუბღვერდი და სახეს ვაყენებ. ჭარბად ვისუნთქავ ჰაერს, მინის კარს, რომელსაც ციფრული საკეტი აქვს ხელს ვკრავ და შენობაში შევდივარ.
O my god! ასე ამბობენ ხოლმე არა გაოგნებული ამერიკელები? უზარმაზარი ფოიე სტუდენტებითაა გადაჭედილი. ახალგაზრდებს ვათვალიერებ. არა მგონია რომელიმე მათგანს ჰქონდეს ჩემნაირი გამომეტყველება. ჰაერი მოგუდულია, აუტანელი ხმაურია. ვიღაცა აქ შეკრებილთ სიმშვიდისკენ მოუწოდებს, მაგრამ თვითონ არც კი ჩანს. ჩემგან მარჯვნივ, კედლების გასწვრივ, დაბალ, რბილ ყავისფერ დივნებს ვხედავ. მარცხნივ მიმღების მაღალი მოგრძო მაგიდა დგას, არა, ეს უფრო დახლია. მის უკან მიმღები ფუსფუსებს. გადაღლილი სახე აქვს, მაგრამ სტუდენტებს მაინც უღიმის. ჩემ გვერდით სამი დიდი დაფა დგას, რომლებზეც ცხრილებია აკრული. ვათვალიერებ, მაგრამ ჯერ აზრი არ აქვს, ჯგუფის ნომერი არ ვიცი.
ადგილიდან ვიძვრი და სტუდენტებს შორის გზას ნელა ვიკვალავ. მინდა ისეთი ადგილი ვიპოვო, სადაც ცოტა უფრო მეტი ჰაერი იქნება. წვალებით გავდივარ ფოიეს მეორე მხარეს და მოზრდილ რკინის კარს ვხედავ, რომელსაც კოლეჯის უკანა მხარეს გაჰყავხარ. ჩემგან მარცხნივ მოხვეული განიერი კიბეა, რომელიც მეორე სართულზე ადის. უადგილობის გამო სტუდენტები აქაც დგანან. კედელში სამი დიდი ფანჯარაა ჩაყოლებული. მის ქვეშ კი კიდევ ერთი დივნების მწკრივია. ვფიქრობ, ეს ფოიე მოსვენების ჟამს ლამაზი უნდა იყოს. კიბეებიდან მარცხნივ კიდევ ერთ ციფრულსაკეტიან კარს ვხედავ, რომლის მიღმაც გრძელი დერეფანია. იქ სავარაუდოდ აუდიტორიები უნდა იყოს.
ერთ-ერთ ღია ფანჯარასთან მივდივარ და თავს გარეთ ვყოფ. ნიავია და შუბლს მიგრილებს. უცბად გვერდიდან საუბრის ხმა მომდის.
-აქედან რო დავახვევთ, ყურსასმენებს სკოჩით დაგაკრობ და მთელ დღეს ბრიტნი სპირსს მოგასმენინებ. - ამბობს გოგო.
-უეჭველი ვიცი, აქ მაგრად გავერთობით. - პასუხობს მეორე.
-იცოდე, ერთი კილოც რომ მოვიმატო, მაგარი დაგერხევა.
-რა გამიტრაკე, შენ არ ამბობდი სწავლა მწყურიაო? ხო-და მიირთვი და ჩაიკოკლოზინე ყელი. დარწმუნებული ვარ, წყალზე უკეთეს „ვესჩებს“ დავლევთ აქ. სიგარეტის მოწევა მინდა, წამო გარეთ.
-დაიცა, წეღან ფისო დავინახე. ალბათ მალე შეგვკრებენ.
ფისო? ფისო ვინღაა? ალბათ თავად შეარქვეს ვინმეს. მათკენ ვიხედები. ორივე მათგანი დივანზე ზის. ერთს ფეხი-ფეხზე აქვს გადადებული და თავის აგურისფრად შეღებილ სწორ თმას თითით იწვალებს. ძალიან თეთრი კანი აქვს. თვალები და ტუჩები შავად აქვს შეღებილი, ხო, ფრჩხილებიც. წარბს და ცხვირს პირსინგი ასე ვთქვათ, უმშვენებს. ხელზე ტატუს ვხედავ, მაგრამ ვერ ვარჩევ რა არის. მუქი წითელი მაისური, შავი მოკლე შორტი და მაღალყელიანი, რკინის ბისერებიანი კედები აცვია. მეორეს მოკლე, მუქ-მწვანედ შეღებილი თმა აქვს. შეხედვისთანავე გულში მივარდება მისი ვარცხნილობა. გარუჯული კანი აქვს. ყელზე შავი ლენტი აბია, ხელზე ბრტყელი ტყავის სამაჯური. შავ მაისურზე ჯინსის კომბენიზონის მოკლე კაბა აცვია, ფეხზე კი მუქი გახეხილეფექტიანი დაბალყელიანი ჩექმა.
მათ შემხედვარეს მეცინება და ვბრუნდები.
ხომ არ ვნანობ ჩემ საქციელს? არა, არ ვნანობ. ქვეყანაში სამუშაო ადგილების კრიზისია, მე კი უქმად ჯდომა არ მიყვარს. ბევრი არ მიფიქრია. გავიგე თუ არა, რომ კოლეჯში საბუთების შეტანა იწყებოდა, საქმეს შევუდექი. მინდოდა რამით დავკავებულიყავი და აი, აქ ვარ, განსხვავებულასაკიან სტუდენტებს შორის. სახლში დედ-მამა და ოთხი წლით უმცროსი და მელიან, რომლებსაც ძალიან აინტერესებთ აქაური გარემო და ძლივს გადავაფიქრებინე წამოსვლა.
ცხელა, მაინც ძალიან ცხელა. მინდა ცოტა წინ წავიწიო, მაგრამ ფანჯარას ვერ ვშორდები. ჩანთიდან წყალს ვიღებ, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია ყინული. ნახევარ ბოთლს ვცლი. სახურავს ვარგებ და უცბად მწვანეთმიანი გოგოს მზერას ვაწყდები. ტუჩები უკმაყოფილოდ აქვს აპრუწული და წარბებიც აწეული. ბოთლს მისკენ ვწევ. ის გახარებული მიქნევს თავს.
-აუ, ჯიგარი ხარ! - მეუბნება და ხმაზე ვატყობ, რომ სწორედ ეს წუწუნებდა წონის მომატებაზე. წყალს ბოლომდე სვამს. – sorry, რაა, ხვალ ორს მოგიტან. - ცარიელ ბოთლს ხელებში ატრიალებს.
-შეგერგოს. - ვუცინი. - ბარმენები ხართ? - ვეკითხები მათი გარეგნობიდან გამომდინარე.
-ნწ, არაა. - ამბობს აგურისფერთმიანი. - მე თეთრი შოკოლადი, ეს - შავი.
-კონდიტერები ხართ? - მიკვირს.
-Of course, baby. - კმაყოფილი ათამაშებს წარბებს მწვანეთმიანი. - შენ?
-მეც.
-ინგლისური მიყვარს და ძერსკობა არ დამაბრალო. რა გქვია?
-ანა. თქვენ?
-მე ლანა. - ამბობს აგურისფერთმიანი. - ამას - მაკო.
-სასიამოვნოა. - ვუღიმი.
-ჩვენთვისაც. - ამბობენ სინქრონში და ეცინებათ.
-კარგი იქნება თუ ერთ ჯგუფში მოვხვდებით.
-მართლაც, თორემ ვისაც ვუყურებ ყველა ემინემის და ბიბერის ფანი მგონია. - ფხუკუნებს ლანა.
იმ წამს მიკროფონის ზუზუნი გვესმის. გოგონები დგებიან და სწრაფად იკვლევენ გზას მიმღების დახლისკენ. მეც მათ მივყვები. კონდიციონერებს ვხედავ, მაგრამ ნეტავ თუ მუშაობენ? იწვის ფოიე. შედარებით წინ გავდივართ. დახლთან გამხდარი ქერა ქალი დგას. სიფრიფანა, კრემისფერი კაბა აცვია და ისე დგას მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, მგონია, სადაცაა ჩამოვარდება. დირექტორია.
ქალი თავისი ნაზი, არც ისე მაღალი ხმით გვილოცავს ახალ ნაკადს კოლეჯში მოხვედრას და ცდილობს სტუდენტების ჩამცხრალი, მაგრამ მაინც ხმაური გადაფაროს. ახლა ვხვდები ვინ არის ფისო. შემდეგ საუბარს სხვა ქალი განაგრძობს, რომელსაც მოკლე შავი თმა ლამაზად აქვს დავარცხნილი. სათვალე უკეთია და ხელში ფურცლები უჭირავს. მას ნამდვილად მაღალი ხმა აქვს. მისით დიდად ვერ ვიხიბლები. მოლოცვის შემდეგ ამბობს:
-მე მზია ვარ, სასწავლო ნაწილი, თქვენი ლექტორიც და მეგობარიც. შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხში მომმართოთ და ყველანაირად შევეცდები თქვენს დახმარებას. ახლა კი მოდით, დავიწყებ თქვენ ჯგუფებში გადანაწილებას.
ჯერ სომელიეს ყოფენ ორ ჯგუფად. შემდეგ მზარეულებს სამად, რადგან საკმაოდ ბევრნი არიან. მიმტანებში სულ ცხრა სტუდენტია.
-კონდიტერები დაიყოფით ორ 42 და 43 ჯგუფებად. ახლა სახელებს და გვარებს ამოვიკითხავ. 42 ჯგუფი... - ამოკითხული ახალგაზრდები მზიას გვერდით ვდგებით. სულ 15 ვგროვდებით. ვმშვიდდები, როცა თეთრს და შავს ჩემ გვერდით ვხედავ. ისინიც ეშმაკურად მიკრავენ თვალს. - ბავშვებო, ცხრილის მიხედვით დღეს გიტარდებათ პრაქტიკული სამუშაო საკონდიტრო ლაბორატორიაში, მაგრამ რადგან პირველი დღეა, ლექტორთან ერთად აუდიტორიაში შეხვალთ და დაილაპარაკებთ, გაერკვევით აქაურ წესებში, ერთმანეთს გაეცნობით და ა.შ. თქვენ პრაქტიკებს ბატონი რევაზ გაბუნია ჩაგიტარებთ. - ამბობს ქალი და ხსენებულს რომ ვერ პოულობს, გვერდით მდგომ ახალგაზრდა გოგოს რაღაცას ეჩურჩულება. შემდეგ ისევ ჩვენ გვიბრუნდება. - ბატონი რევაზი ახლავე შემოგვიერთდება. - გვამცნობს და მასზე იწყებს საუბარს.
-ბატონი რევაზი? - ფხუკუნებს ლანა. - ნეტავ კოვზს ჩანგლისგან თუ არჩევს?
-ეე, მაგას უკვე კანტუზი ექნება და თქვენ ნახავთ, რა შედევრებს შექმნის ტორტის მორთვისას. - ჩურჩულებს მაკო.
-გეყოფათ. - მეცინება.
-აქედანვე ხომ არ აგვეგროვებინა ვენოკის ფული? - არ ჩერდება ლანა. - ნეტა ქელეხში გვეკუთვნის მისვლა? მგონი კი.
-აბა რაა. მე ვფიქრობ ჩვენი რეცეპტები ხომ არ გვესწავლებინა მისთვის?
-აჯობებს ხმას დაუწიოთ. - ვაფრთხილებ.
-აი ისიც. - გვესმის მზიას ხმა და ვბრუნდებით. ქალი ჩვენ მიღმა იხედება. - ბატონი რევაზი. ბავშვებო, გაიცანით, ეს თქვენი ლექტორია.
თავს ვიკავებ, რომ ყბა თავის ადგილას დარჩეს. მის შემხედვარე რატომღაც წელში ვსწორდები. გაკვირვებული ვუყურებ ბიჭს, რომელმაც ავტობუსში ბილეთი ამიღო და რომელმაც პრაქტიკაში უნდა გვამეცადინოს. ის მშვიდად დგას, ხელები გულზე დაუკრიფავს და მოსალმების ნიშნად თავს ოდნავ გვიკრავს. ის მამჩნევს, მაგრამ არაფერს იმჩნევს და სხვა სტუდენტებს ათვალიერებს. შემდეგ მზიას რაღაცაზე ესაუბრება.
-ტიპი ნახე ეე! - იდაყვს მკრავს გვერდში მაკო.
-ჩამოცხა რაღაც... - ხელით ინიავებს ყელს ლანა.
გოგოებს ვუყურებ და რატომღაც ვიბნევი. არ ვიცი, რატომ. მერე რა, რომ მათზე ადრე ვნახე, ეს არაფერს ნიშნავს. ცოტა ხანში ჩემ თავს აღელვებასაც ვატყობ და ვერ ვხვდები რა ხდება. ბატონი რევაზისკენ სამი წამის შუალედში გამირბის თვალი. გეყოფა ანა! ღრმად ჩაისუნთქე და შენ თავს მიხედე!
-ბავშვებო! - გვეძახის ის. ყველა მას შევყურებთ. - მე მომყევით და თუ შეიძლება უხმაუროდ.


2 თავი
***
ჩვენს ახალგაზრდა ლექტორს ყველა გასუსულები მივდევთ. თუმცა არა, ყველა არა, წინ ვიღაც ლაქლაქებს. პირველი სართულის იმ დერეფანში შევდივართ, შორიდან რომ მოვკარი თვალი. მარჯვნივ შუშის კარიდან დიდი ოთახი ჩანს, რომელიც რესტორანივითაა მოწყობილი. საინტერესოა აქ რა ხდება და ჩვენც თუ მოგვიწევს შესვლა? მარცხნივ ბარია, დიახ, პატარა ბარი. ალბათ მთავარი აუდიტორია ბარმენებისთვის. ლანას ნათქვამი მახსენდება: „უკეთეს „ვესჩებს“ დავლევთ.“
რევაზი აუდიტორიის კარს აღებს. იქვე დგება და საშუალებას გვაძლევს ჯერ ჩვენ შევლაგდეთ. შესვლისას მასთან ახლოს ჩავლა მიწევს, რადგან ჩემამდე ვიღაც სხვა ცდილობს ოთახში შეღწევას, თითქოს ვინმე გარეთ დატოვებდეს. უხერხულად იდაყვს ვიფხან და ვცდილობ, რატომღაც აჩქარებული გულის ცემა მწყობრში ჩავაყენო.
სტუდენტები მაგიდებთან ვთავსდებით. თეთრი და შავი ერთად სხდებიან და მე მარტო მიწევს დაჯდომა, თუმცა ცარიელ ადგილს მალევე იკავებს ერთი გოგო. მიყურებს, საღეჭი რეზინის ღეჭვის პროცესს არ წყვეტს და ნახევარწამიანი ღიმილით მაჯილდოებს. სისხლი ტვინში მასხამს. მგონი ეს იყო წეღან რომ ლაქლაქებდა. გულისამრევად იღეჭება. მეც ვცდილობ საპასუხოდ გაღიმებას. არ ვიცი, გამოდის თუ არა.
ბატონი რევაზი ვიღაც კაცთან საუბარს ამთავრებს, კარს ხურავს და შემოდის. ისე მაცბუნებს ეს ფაქტი, თითქოს ოთახში მხოლოდ მე და ის ვრჩებოდეთ. ერთხანს ცენტრში დგება და ცალწარბაწეული გვათვალიერებს. შემდეგ მაგიდასთან ჯდება და სკამს თავისუფლად ეყრდნობა.
-გამარჯობათ. - გვესალმება ის. ჩემ გარდა ყველა ანალოგიურს იმეორებს. მე რატომ მივარდება ენა? - მოკლედ, როგორც მზიამ თქვა, დღეს პრაქტიკული სამუშაო არ გექნებათ. ამ დღეს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ერთმანეთის შესახებ მოკლე ინფორმაციას გავცვლით, აგიხსნით აქაურ ვითარებას და ვუპასუხებ თქვენ შეკითხვებს. რომლით დავიწყოთ? - გვეკითხება. ვრცელ მონოლოგში უკეთესად იკვეთება მისი ხმის ტემბრი. მატყუარა ტემბრია. მე ასე მეჩვენება.
-გავიცნოოთ. - ღრეჭვით ამბობს ჩემ გვერდით მჯდომი. თვალებს ვატრიალებ. მინდა თავში წამოვარტყა და საღეჭი რეზინი გადმოვაგდებინო.
-კარგი. - ამბობს მშვიდად ლექტორი. - მოკლე ბიოგრაფიული ცნობა ჩემ შესახებ: დაივიწყეთ რევაზი, ეს პირადობის სახელია. მე რეზი მქვია. ოცდაექვსი წლის ვარ. ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. ამ პროფესიის შესწავლა ჩვიდმეტი წლისამ დავიწყე. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მხიბლავდა, მაგრამ ცოტა ხანში დავინტერესდი. სამ წელში კარამელის სერტიფიცირებული სპეციალისტი გავხდი, ორ წელში - შოკოლადის. ტკბილეულზე მაინცდამაინც არ ვგიჟდები. მინდა იცოდეთ, რომ მუშაობისას მკაცრი ვარ. შეკითხვები გააქვთ?
რაა? ღმერთო, ის ჩემზე მხოლოდ სამი წლითაა უფროსი. ასე მალე როგორ მოახერხა, მაღალკვალიფიციური კონდიტერი გამხდარიყო? მზიას საუბრიდან მახსენდება, რომ ის საქართველოს კონდიტერთა ფესტივალის ორგზის გამარჯვებულია და ევროპის შეჯიბრის წარმატებული მონაწილე. ეს ხომ... ძალიან მაგარია!
-დიდი ხანია აქ ასწავლით? - ეკითხება გვერდით მჯდომი ბიჭი, რომელიც დაახლოებით ჩემი ასაკის იქნება. ლამაზი ცხვირი და მოგრძო თმა აქვს. ორი ზომით დიდი ნაცრისფერი მაისური აცვია.
-ჩემთვის მეორე ჯგუფი ხართ. - პასუხობს რევაზი, ახლა უკვე - რეზი.
-რატომ ჩამოხვედი პარიზიდან? იქ ხომ აწყობილი გაქვს ცხოვრება? - ეკითხება ჩემი ნერვების მგლეჯავი საღეჭი რეზინის ღეჭვით და თმას თითზე იხვევს. არავითარი თქვენობითი ფორმა. როგორც ძველ მეგობარს ისე მიმართავს.
-მინდა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ. პარალელურად ბავშვებს ვასწავლო, რომ საუბრისას საღეჭი რეზინის უშნოდ ღეჭვა უზრდელობაა.
იფ! მომეშვა გულზე.
გაოგნებული გოგო საღეჭ რეზინს პირიდან იღებს და სალფეტკში ახვევს. ოთახში სიმშვიდე ისადგურებს. ვცდილობ არ გამეღიმოს კმაყოფილებისგან.
-კარგით. თუ მეტი კითხვა არ გაქვთ, სიას ამოვიკითხავ. - სკამზე სწორდება ბატონი რეზი, ფურცელს ორივე ხელით იღებს და მაგიდას იდაყვებით ეყრდნობა. - ანთაძე ამირანი.
-გახლავართ. - ამბობს დიდმაისურიანი ბიჭი. რომანტიკული ხმის ტემბრი აქვს.
-ამირან, მოკლედ მოგვიყევი შენზე და გვითხარი, რატომ გადაწყვიტე საკონდიტროზე ჩაბარება?
-მე... სახელი და გვარი უკვე იცით. ოცდაორი წლის ვარ. აქამდე სამსახიობო კურსები გავიარე. „მეკალმე“ ვარ. ლაშქრობები მიყვარს, ხალხთან ურთიერთობაც. აქ კი ინტერესის გამო ჩავაბარე. თანაც, მინდოდა ისეთი საქმე შემესწავლა, ადრე აზრადაც რომ არ მომივიდოდა. ვნახოთ, რა გამოვა. - ბოლო ფრაზას ღიმილით ამბობს და ფურცელზე ჯოხებს ხატავს.
-ძალიან კარგი. ამის გასარკვევად ერთი წელი გაქვს. - თავს იქნევს ლექტორი. - დვალი ნათია. - კითხულობს შემდეგს.
-ოო, ნათია არა, ნათკა ვარ მე. - იბუსხება საღეჭი რეზინის რისხვა. რეზის წარბები შუბლზე ააქვს. დარწმუნებული ვარ, ჩვეულებრივი გამვლელი რომ იყოს, იხარხარებდა. - კონკრეტულად რა გაინტერესებს? - მაისურს ისწორებს.
-ამირანს მიბაძე ნათია, თორემ გამოგტოვებთ. - უღიმის რეზი.
-კაი. ვიმეორებ, მე ნათკა ვარ! - თითს სწევს კატეგორიულად. - გუშინ წინ გავხდი თვრამეტის. ვგიჟდები შოპინგზე და რუჯზე. ერთი სული მაქვს ზღვის სეზონი როდის მოვა. ხო, იცით ჩემი ტრიპაჩუკები „ინსტაგრამის“ დედოფალს მეძახიან. აქ რატომ ჩავაბარე? რავი, მითხრეს, ცვეტშია ფრანგული ტკბილეულიო და ერთ-ორ რეცეპტს ვისწავლი.
ტრიპაჩუკები?!
რეზი უკომენტაროდ გადადის შემდეგზე. საოცარია, ეს მე ვარ!
-კობაური ანა.
საკუთარი სახელის გაგონებისას ტანზე ეკალი მაყრის. უცნაურია. სხვა სახელებიც ხომ იგივე ხმამ ამოიკითხა? არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ მაინც, ცქმუტვა რომ არ დავიწყო, თავს ძლივს ვიკავებ. ყელს ვიწმენდ და ვამბობ.
-გამარჯობათ. - სხვას რომ ვერაფერს ვიფიქრებ, ხელებს მაგიდაზე ვაწყობ და სიიდან ჩემკენ გადმოტანილ მის თვალებს ვუყურებ. ახლა ხომ მაინც მოუწევს შემომხედოს?!
ვარდისფერ, ცბიერ ტუჩებს ოდნავ ხსნის და თვალებს ჭუტავს. ეს რას ნიშნავს? წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ საშინლად კი მაფორიაქებს. თავი ხელში აიყვანე გოგო! ვუძახი ჩემ თავს. რეზი ისევ სკამის საზურგეს ეყრდნობა და მეუბნება:
-აბა, გისმენთ, ანა! - სახელს ისე ამბობს, მისი დაწერა რომ ეთხოვათ, ერთის ნაცვლად ორ „ნ“-ს დაწერდა.
-მე... მე ანა ვარ, ოცდასამი წლის. აქამდე საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი, მაგრამ...
-საკვირველია. - მაწყვეტინებს და წარბებს მაღლა სწევს. - მას შემდეგ აქ რატომ ხარ?
-მიზეზი მარტივი და ბანალურია. - გარეთ მინდა გასვლა. ფოიესთან შედარებით აქ სიგრილეა, მაგრამ ჰაერი მაინც არ მყოფნის. თან მისი თვალები... ვერ გაარჩევ ცისფერია თუ ნაცრისფერი. ვერც სიცივეს დასწამებ. დაკვირვება გჭირდება, რომ რაღაც დაარქვა. ორი წამით თვალს ვარიდებ, რომ წინადადება განვაგრძო. - აქ ხომ უმუშევრობის ეპიდემიაა. მე კი უქმად არ მინდა ჯდომა.
-ეს პროფესია გაინტერესებს? - თავს გვერდით ხრის. რატომ შემოდის ჩემთან დიალოგში და არ მაცდის სხვებივით თავად ვისაუბრო?
-არც კი ვიცი. - მხრებს ვიჩეჩავ. ცოტა კი მერიდება მასთან ამის თქმა.
-ის თუ იცი, რატომ ჩააბარე აქ? - წინ იხრება.
-არა. გავარკვევ მაშინ, როცა კოლეჯს დავამთავრებ... იმედია.
თავს ოდნავ უკან სწევს და ერთხანს თითებს მაგიდაზე ათამაშებს. შემდეგ სიას უბრუნდება და ისე მეუბნება:
-აუცილებლად გკითხავ, როცა კოლეჯს დაამთავრებ.
შეეძლო ეს არ ეთქვა, მაგრამ თქვა. ვცდილობ თვალი მოვაცილო, თორემ შეხედვა მიშტერებაში გადამდის. საინტერესო სასწავლო წელი მელის წინ. ასე მგონია.
სიაში მომდევნო ვიღაც ეკა მებონიაა, რომელიც არ გვესწრება. შემდეგ კი პაპიაშვილი მაკოა.
-Hi, ყველას. - ამბობს მხიარულად გოგო. მისკენ ვბრუნდები და მეღიმება. - შეიძლება მე და ლანამ ერთად ვილაპარაკოთ? ამის მერე მაინც ასე იქნება ხოლმე და...
-თუ დააცდით საუბარს ერთმანეთს, კი ბატონო. - ამბობს რეზი.
-მე მაკო ვარ.
-მე ლანა. - ხელს სწევს თეთრი.
-მე ფსიქოლოგი ვარ, ლანა - მხატვარი, მაგრამ ნიჭიერები ვართ და ვითავსებთ ხოლმე ერთმანეთის პროფესიებს. - წარბებს ათამაშებს მაკო. შემდეგ კი ლანა აგრძელებს:
-გვიყვარს როკი, თავისუფლება და თამაში ადამიანების ნერვებზე. მაგრამ თქვენ არ გაგაბრაზებთ ბავშვებო. - ფხუკუნებს ის და გარშემო იყურება. - რა თქმა უნდა, თუ არ დაიმსახურებთ.
-აქ რატომ ჩავაბარეეთ? გვევასება ტკბილეული და სიახლეები. თან ხომ ვთქვი, ნიჭიერები ვართ.
-რატომ გგონია, რომ ამ სფეროშიც? - ცალ-ყბად ეღიმება რეზის.
-უეჭველი. - დარწმუნებით იქნევს თავს მაკო. - რამდენჯერმე გამოგვიცხვია.
-მართლა? - წარბებს სწევს მაღლა გაკვირვების ნიშნად რეზი და გოგოებს დაჟინებით უყურებს. - ხომ არ გინდათ თქვენი რეცეპტები მასწავლოთ?
-ჩვენი? - იცინის მაკო. მერე უცბად ხვდება სიტუაციას, სერიოზულდება და თავს იქექავს. - ისა... არა, იყოს.
მეცინება და დამუნჯებულ ლანას თვალს ვუკრავ. ის ენას მიყოფს და თავადაც იცინის. რეზი სიის ამოკითხვას განაგრძობს. ცოტ-ცოტას ვიგებთ ერთმანეთის შესახებ და ბოლოს ლექტორი მონოლოგს აგრძელებს:
-ახლა რაც შეეხება აქაურობას: საკონდიტრო ლაბორატორიისთვის ფორმებს დაგირიგებენ. ამას დღეს კოლეჯის სერვის-მენეჯერთან გაარკვევთ. როგორც ვიცი, ჩემი პრაქტიკულები კვირაში სამი დღე გექნებათ. ხუთშაბათი და პარასკევი თეორიას დაეთმობა. ცხრილს გაეცანით?
-არა! - ვპასუხობთ ერთად.
-აი, გამომართვით. - ცხრილს ამირანი ართმევს და აცქერდება. რეზი განაგრძობს. - პრაქტიკას სრულ ცხრა საათზე ვიწყებ. დაგვიანებულები გვიერთდებიან, მაგრამ მომზადებული ნაწარმის დაგემოვნების გარეშე რჩებიან. შევეცდები მუშაობა ინდივიდუალური იყოს. ხანდახან დაგაჯგუფებთ. გააჩნია ნაწარმს და ინგრედიენტებით ხელშეწყობას. შეფასების სისტემა იცით? - ზოგი კის ამბობს, ზოგი არას. - ფასდებით 100 ქულით. პირველი შუალედური - თეორიული წერა 30 ქულა. მეორე პრაქტიკული შუალედური - 30 ქულა და ფინალური გამოცდა, ასევე პრაქტიკული - 40 ქულა. რაც შეეხება ჰიგიენასთან დაკავშირებულ წესებს. იმედი მაქვს, უხერხულ წვრილმანებზე თქვენთან საუბარი არ მომიწევს. იცოდეთ, შენიშვნის მიცემა არ მომერიდება. თავზე გეფარებათ ის ქუდები, რომლებსაც ფორმასთან ერთად მოგცემენ. არც ერთი თმის ღერი არ უნდა ჩანდეს. ვიხსნით ყველანაირ სამკაულს ხელებიდან და რაც მთავარია - არავითარი ფრჩხილის ლაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი დატოვებს პრაქტიკულ ლექციას. იმედია ყველაფერი გასაგებად ავხსენი.
თვალები ლანასკენ გამირბის, რომელიც თავის შავად შეღებილ ფრჩხილებს დაჰყურებს და ტუჩამობრუნებული ჩურჩულებს:
-მშვიდობით ჩემო ლამაზო ფრჩხილებო.

***
სახლში გასავათებული შევდივარ. ჩანთას და პარკს, რომელშიც საკონდიტრო უნიფორმა მიდევს, იატაკზე ვყრი და სამზარეულოში გავრბივარ. მაცივრიდან წყლის ბოთლს ვიღებ და ვიყუდებ თუ არა, ცხვირ-წინ დედა მერჭობა.
-ანა!
ხელს მაღლა ვწევ სანამ სმას არ ვამთავრებ.
-რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ სიცხეში ცივი წყლის დალევა ასე ერთბაშად არ ვარგა?
-ვარგა ხათუ, ვარგა. იცი როგორ მეამა?
-რამე რეცეპტი მოიტანე? - დედას თვალები ენთება. ისეთი ლამაზია ხოლმე ამ დროს...
ხო, საერთოდ ლამაზი მშობლები მყავს. ძალიან პატარები იყვნენ, როცა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. დედა ჩვიდმეტის იყო, მამა კი - ცხრამეტის, როცა ახალდაბადებული მე მათ მკლავებში ვჩხაოდი. ჩემი მშობლები ხშირად უფროსი და-ძმა ჰგონიათ და მე ამაყი ვარ ამით, მიუხედავად იმისა, რომ ხათუნა და ილო ნაადრევად შეუღლების გამო ხშირად გამიკრიტიკებია. დღემდე წარმოდგენა არა მაქვს, რაზე ფიქრობდნენ, როცა ასეთ სერიოზულ ნაბიჯს დგამდნენ. თუმცა, მათი ცხოვრება ლამაზი და სტაბილური ტემპით მიიწევდა წინ. მათ ერთმანეთი უყვარდათ და დღემდე ახალი შეყვარებულებივით უყურებენ ერთმანეთს. მათ ორი შვილი ჰყავთ და სულაც არ ნანობენ ნაადრევად შეუღლებას. ალბათ სწორედ ეს ფაქტი მაბრკოლებს, რომ ბოლომდე მკაცრი არ ვიყო მათი გადაწყვეტილების მიმართ... ანდაც, მე რა უფლება მაქვს ამის...
მე უმეტეს წილად დედას ვგავარ გარეგნულად. მისი მსგავსი სწორი თმა, ტუჩები და ყავისფერი თვალები მაქვს. კიდევ ორი ხალი ლავიწსა და მხარს შორის. ერთი მეორეზე ოდნავ დიდია. მამას კი სწორი ცხვირით და ხასიათებით ვგავარ. მე და ილოს ბევრი საერთო გვაქვს. ჯიუტები ვართ, ფეთქებადები, მაგრამ ხშირად მაინც ვახერხებთ ემოციების მართვას. გვიყვარს საშინელებათა ჟანრის ფილმები. კინოში ხშირად ისე გავპარულვართ, რომ დედასთვის და ჩემი უმცროსი დისთვის არ გვითქვამს. უზომოდ შეგვიძლია ვჭამოთ ალუჩა და დაუსრულებლად ვიცინოთ უაზროდ, მით უმეტეს მაშინ, როცა ვხვდებით, რომ ეს სხვას აღიზიანებს.
-დე, დღეს პირველი დღე იყო, რა გჭირს? - მეცინება მის გამომეტყველებაზე და ცივ ბოთლს ყელზე ვიდებ. ოოჰ, რა კარგია!
-დედაშენი ახალი დიეტის დაწყებას აპირებს. - სამზარეულოში ილო შემოდის, წყალს მართმევს და სვამს. - შენი რეცეპტებით. ღიპი დავიდეო და...
-ჰა ჰაა. - თავს იქნევს ხათო და ქმარს იდაყვს მხარზე ჰკრავს. - ყველამ თავის ღიპს მიხედოს.
არა-და დედა ჩემზე შვიდი კილოგრამით მეტს იწონის. მე კი ზედმეტ წონას არასდროს ვუჩიოდი.
-ღიპს? - ილო მაისურს მაღლა იწევს და თავის ნავარჯიშებ სხეულს ათვალიერებს. - ანა, ხედავ აქ სადმე ღიპს? დედაშენი ასეთი შურიანი და ბოღმა როდის გახდა, არ ვიცი.
-თავი დამანებე. - ტუჩებს იბზუებს დედა და მე მიბრუნდება. - მოდი აქ და მოყევი, რა სიტუაციაა კოლეჯში.
მაგიდას ვუჯდები, ვაშლს ვიღებ და ჩემი ახალი სასწავლებლის ამბების მოყოლას ვიწყებ. მამა სკეპტიკურად მიყურებს, დედა კმაყოფილია. ილოს აზრი თავიდანვე ვიცოდი. მას ერჩივნა გამეგრძელებინა სამსახურის ძებნა ჩემი სპეციალობით, ვიდრე საკონდიტროზე კოლეჯში მესწავლა, თუმცა ისიც მითხრა, რომ ჩემი სურვილის წინააღმდეგ არ წავიდოდა. დედა კი, რაც თავი მახსოვს, მრავალფეროვნების მოყვარულია. ის-ისაა ფორმას ვახსენებ და მის მოსატანად ვაპირებ ადგომას, რომ...
-და დააამ! - ხელებგაშლილი ჩემი და სამზარეულოში შემოდის. ჩემი ფორმა აცვია.
-ვაიმე, ლელა, ნეტავ შენ ჭკუა მოგეცემოდეს ოდესმე! - თავს ვაქნევ.
-„საკაიფო“ ფორმაა. - იკრიჭება. - მეც ხომ არ ჩამებარებინა მაანდ?
-დაეტიე სადაც ხარ. - ლელა ჯავახიშვილის ტურიზმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. - გაიხადე ეგ, თორემ ვიცი, რაღაცას დამართებ.
-ჩაიცვი რაა. - მეხვეწება ხათო. თვალებში ეშმაკები დაურბიან. აშკარად ჩემზე ხალისს გეგმავს.
-არა!
-მიდი რაა. - ჰყვება მას ილო და მხარზე მჩქმეტს.
-თავი დამანებეთ, დავიღალე. - ვდგები და ჩემი ოთახისკენ მივდივარ. მამა უკან მომყვება.
-ანა. - მეძახის.
-რა? - მისკენ ვბრუნდები.
-დარწმუნებული ხარ, რომ იქ სწავლა გინდა? - ცალი თვალი მოჭუტული აქვს. არ ვიცი ამას რატომ მეკითხება, მე ხომ უკვე დამეწყო სწავლა. შემდეგ აყოლებს. - არა, ხომ იცი, მე რა აზრის ვარ... შენ წინააღმდეგ არ წავალ, უბრალოდ უნივერსიტეტის შემდეგ კოლეჯი დაქანებას ჰგავს.
-დარწმუნებული ვარ, - თავს ვუქნევ. - და მე სწავლას ვაგრძელებ, ეს კი არ მგონია დაქანება იყოს. არ იღელვო ამაზე, კარგი? - ილოს ლოყაზე ვკოცნი და ჩემს ოთახში ვიკეტები.


***
ცხრას თხუთმეტი წუთი უკლია. მეორე სართულზე ასასვლელ კიბეზე ავრბივარ. გამოსაცვლელად სულ თხუთმეტი წუთი მაქვს. უნდა მოვასწრო, უნდა მოვასწრო. პირველივე პრაქტიკულზე დაგვიანება არ მინდა. არც მომზადებული ტკბილეულის დაგემოვნების გარეშე დარჩენას ვაპირებ. მეორე სართულზე ავდივარ და კიდევ ერთ ციფრულსაკეტიან კარს ვკრავ ხელს. აქედანვე ვხედავ ბატონ რეზის როგორ შედის საკონდიტრო ოთახში. ნეტავ სხვები თუ მოვიდნენ?
საცხობის გვერდით გასახდელებია. პირველი ოთახი გოგოებისაა, მეორე - ბიჭების, მესამე - ლექტორი კაცების და მეოთხე - ლექტორი ქალების. გასახდელში შევდივარ. სავსეა ოთახი. ჯგუფელები მესალმებიან, მეც ვესალმები და სწრაფად ვიწყებ გამოცვლას. სახლში ფორმა არც კი მომისინჯავს, ახლა სარკეში ვიყურები. თავზე თეთრი, საკონდიტრო ბენდენა მახურავს, კარგია, არც ერთი ღერი თმა არ მიჩანს. ზემოთ თეთრი პიჯაკი მაცვია, მრგვალი წითელი ღილებით და ნაჭრის კიდეებზე ასევე წითელი ზოლებით. შარვალიც თეთრია. ფეხზე უბრალო კედები მაცვია, რომ მოხერხებულად ვიყო. შვიდი საათის გატარება მომიწევს აქ. ხელებს ვიბან, წიგნაკს და კალამს ვიღებ, ტანსაცმელს ჩემს პირად კარადაში ვინახავ და გასახდელიდან გავდივარ. ვაღებ თუ არა საკონდიტროს კარს, რაღაც შავ კედელს ვეჯახები. შორიდან სიცილის ხმა მესმის.
-ფრთხილად, baby! - მეძახის ვიღაც. ეს ნამდვილად მაკოა.
კედელი მშორდება და მის მიღმა ლექტორს ვხედავ.
-უკაცრავად... ვერ დაგინახეთ... გამარჯობათ. - ბუტბუტით ვაყრი ერთმანეთს სიტყვებს და შუბლს ვკრავ არასასურველი სიტუაციის გამო.
-არაუშავს, უბრალოდ მაცივარი დგას შეუფერებელ ადგილას. და გაგიმარჯოს. - მეუბნება ის და გზას მითმობს გასავლელად. მადლობ მოკითხვისთვის, საერთოდ არ მტკენია ცხვირი დაჯახებისას. უკმაყოფილოდ ვმუწავ ტუჩებს და ბლოკნოტჩაბღაუჭებული გოგოებისკენ მივდივარ. თეთრს და შავს ვკოცნი. ისინი ერთდროულად ბზრიალებენ.
-როგორ გვიხდება? - მეკითხება ლანა ფორმაზე და წარბებს ათამაშებს.
-თუ არ ჩავთვლით კონტრასტს თქვენს მაკიაჟსა და ფორმას შორის, მაგრად გიხდებათ. - მეცინება და თვალები ნახევარი წამით რეზისკენ გამირბის. მუქ ჯინსის შარვალზე საკონდიტროს თეთრი პიჯაკი აცვია, მაგრამ ჩვენგან იმით განსხვავდება, რომ მისას შავი ღილები აქვს, მარცხნივ ინგლისური ასოებით რევაზ გაბუნია აწერია, მარჯვნივ კი საფრანგეთის დროშა და რაღაც ემბლემა აქვს ამოქარგული. სიმპათიურია. მოიცა, ეს მე გავიფიქრე?!
-შურიანი! - მეუბნება ლანა.
-ბოღმა! - ამატებს მაკო. - შენც ძალიან გიხდება. ცხვირი როგორ გაქვს?
-ყნოსვა ჯერ კიდევ შემიძლია. - ვამბობ და სკამზე ვჯდები.
ცხრა საათისთვის თხუთმეტიდან თორმეტი ბავშვი ვართ. რეზი სიას კითხულობს ჟურნალისთვის და „არებს“ წერს. გვაცნობებს, რომ აქედან ორი ბავშვი საღამოს სმენაში გადავიდა. გამოდის, რომ ცამეტნი დავრჩით და ახლა ერთი გვაკლია. სწორედ ამ დროს საცხობში შავგვრემანი ქალი შემოდის, ხელში ჩანთა და პარკი უკავია. ღრმად სუნთქავს. ალბათ ისიც კიბეზე მორბოდა. დაახლოებით 35 წლის იქნება, ან ცოტა ნაკლები. განაზებული ხმით იხდის ბოდიშს და გვესალმება.
-ფორმა ჩაიცვი და ისე შემოდი. ათის ათი წუთია. დაგვიანების გამო დღეს მომზადებულ კრეპს ვერ გასინჯავ.
-უი, არ ვიცოდი. - უხერხულად იცინის ის და აპრეხილ წამწამებს ათამაშებს.
-ეს იმიტომ, რომ გუშინ, პირველივე დღეს არ იყავი. ჯგუფელები გაგარკვევენ სიტუაციაში. გელოდებით.
ქალი გადის. რეზი ბრუნდება, ჟურნალს ხურავს და გვათვალიერებს.
-შენ. - მიმართავს ჩემს გვერდით მდგარ გოგოს. - სახელი შემახსენე?
-ლიზი. - იძაბება გოგო.
-ლიზი, ფიქრობ, რომ ქუდი სწორად გახურავს? რატომაა შენი ჩოლკა გარეთ?
-მე...
-მეორედ ასე თუ შემოხვალ, პრაქტიკულს დატოვებ. შევთანხმდით? - აწყვეტინებს. - მგონი არ გესიამოვნება საკუთარი თმა რომ აღმოაჩინო ნაწარმში.
-კარგით. - გოგო თმას ქუდის ქვეშ იცურებს და თვალებს დაბლა ხრის.
-ყველა გოგომ ფრჩხილები დამანახოს. - ამბობს ლექტორი. ვერ ვხვდები რა საჭიროა ეს ყველაფერი ასე საჯაროდ. სხვებთან ერთად მეც ოდნავ ზემოთ ვწევ ხელებს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ გოგონას ლაქი უსვია და ტუჩს ნერვიულად იკვნეტს.
-თამუნა, არა? - ეკითხება მას რეზი.
-დიახ. მაპატიეთ, დამავიწყდა, რომ წამეშალა. - გოგო სიბრალულის განსახიერება ხდება. რეზის ისეთი სახე აქვს, ვფიქრობ ამ ერთხელ უნდა აპატიოს.
-იმედია ხვალისთვის არ დაგავიწყდება. დღეს კი თავისუფალი ხარ.
რაა?! ღმერთო, ეს რა არის? კი, მაგრამ გული არ აქვს? გაგების უნარი დაბლოკილი აქვს? საერთოდ ადამიანია? თამუნა შეპასუხებასაც ვერ ბედავს, საცხობიდან გადის. რეზი თვალს გვავლებს. ალბათ ჩემსავით ყველას დაძაბული და უკმაყოფილო სახე აქვს, რადგან გვეკითხება:
-რამე მოხდა?
ყველა ჩუმადაა. მინდა ვუთხრა, რომ გოგოს საშინლად მოექცა, მაგრამ ენაზე კბილებს ვიჭერ. არაა გამორიცხული, რომ მეც თან მიმაყოლოს.
-ეს საკონდიტროა და არა სილამაზის სალონი. მალე უნდა მიეჩვიოთ იმ აზრს, რომ რაღაც ცვლილებები მოხდება თქვენს ცხოვრებაში. განსაკუთრებით, იმათ გეხებათ, ვისაც ეს პროფესია სერიოზულად გაინტერესებთ. არავინ იყიდის თქვენს ტორტს, თუ მასში ლაქის წითელ ნაფცქვენს ან თმას აღმოაჩენენ... - ოთახში დაგვიანებული ქალი შემოდის და გრძელ სამუშაო მაგიდასთან ჩამწკრივებულებს გვიერთდება. - მოემზადეთ, რეცეპტს ვიწერთ.

***
-შავი ვანილი? - ცალწარბაწეული მაკო ერთ-ერთ ინგრედიენტს კითხულობს?
-კი, - ამბობს რეზი და კრეპის მოსამზადებელ ინგრედიენტებს მაგიდაზე იმარაგებს. - პირველად გესმის?
-დიახ. თეთრისგან რით განსხვავდება?
-ფერით და არომატით. დააგემოვნებთ კრეპს და ნახავთ.
საკონდიტროში ორი უჯრებიანი გრძელი მაგიდა დგას, სადაც ვიმუშავებთ. ერთ კედელზე თაროების გრძელი რიგია, სადაც ინვენტარი აწყვია. ხოლო მეორე მხარეს სამი საცხობი ღუმელი დგას. შემოსასვლელი კარიდან ხელ-მარჯვნივ ლექტორის სამუშაო კუთხეა: მაგიდა, სავარძელი, ლეპტოპი და წყლის აპარატი; ხელ-მარცხნივ კი სამი მაცივარი, ონკანი ნიჟარებით და ოთხი სასწორი. ორ მოზრდილ ფანჯარას შორის კი გამწოვია ჩამონტაჟებული.
რეზი გვიხსნის კრეპის და არა მარტო კრეპის, სხვა ნებისმიერი ნაწარმის მომზადების დაწყების რიტუალს. აუცილებელია, რომ მოვიმარაგოთ ჭურჭელი, ავწონოთ ყველა ინგრედიენტი, მოვამზადოთ საცხობი საშუალებები და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მომზადება. ყველა რეცხავს საკუთარ დასვრილ ჭურჭელს. ხოლო უსამართლოდ დატოვებული დასვრილი ინვენტარი, რომლებსაც პატრონი არ გამოუჩნდება ირეცხება მორიგეს მიერ. დღევანდელ მორიგედ კი ამირანი ცხადდება, რადგან ჟურნალში პირველია.
თავდაპირველად კრეპის მასას რეზი აკეთებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით. მის ელემენტარუ, მარტივ მოძრაობებშიც კი დახვეწილობა და პროფესიონალიზმი იგრძნობა. როცა მასა მზადდება, ჯამს პლასტიკატს აკრავს და გვეუბნება, რომ საჭიროა მისი ნახევარი საათით მოცდა მანამ, სანამ ფირფიტების ცხობას დავიწყებთ. ბავშვებს ორ-ორ კაციან ჯგუფებად გვანაწილებს და ნებას გვრთავს დავიწყოთ კრეპების მომზადება. ჩემი მეწყვილე ლიზია, ის, ჩოლკის გამო შენიშვნა რომ მიიღო.
წყვილები საქმეს ვინაწილებთ. რეზი კი თავის სამუშაო მაგიდასთან მიდის და სავარძელში რბილად ეშვება. მოიცადე და რა, არ დაგვეხმარება?
-რამე რომ შეგვეშალოს? - ვეკითხები.
-ეცადე, რომ არ შეგეშალოს. გრამაჟი გიწერია, მომზადების ტექნოლოგიაც, მეც აქ ვარ. თუ მაინცდამაინც შავი ვანილის ნაცვლად პილპილს ჩაყრი, გადაღვრი მასას და თავიდან დაიწყებ. - მეუბნება ისე, რომ არც მიყურებს და თავის წიგნაკში რაღაცას ინიშნავს.
-გასაგებია, მასწ. - ვეუბნები.
-არა, არა. - თავს აქნევს. ხმას უწევს და ყველას მიმართავს. - არავითარი, მასწ, ბატონო და ასე შემდეგ. მე თქვენი შეფი ვარ.
მისი მკერდისკენ გამირბის თვალი. ჰოო, იქ აწერია „chief revaz gabunia”.
-კარგით, შეფ. - ვჩურჩულებ ჩემთვის და ვბრუნდები. არც კი ვიცი, რატომ მეცინება.
მე და ლიზი ინგრედიენტებს ვწონით და მასის მომზადებას ვიწყებთ. ვნერვიულობ. ვიაზრებ იმას, რომ შეცდომის დაშვების უფლება მაქვს, მაგრამ მინდა, რომ პირველივე ჯერზე ყველაფერი კარგად გამომივიდეს. დიახ, პრეტენზია მაქვს, რომ კარგი სტუდენტი ვიყო.
ყველაფერს ჩანაწერის მიხედვით ვაკეთებთ. ცუდი გოგო არ ჩანს. ერთად მშვიდად ვმუშაობთ. როცა ვასრულებთ, მე ჩუმად შეფის ნაშრომს ჩავყურებ. ჩვენი და მისი მასა ფერითაც და კონსისტენციითაც ერთნაირია. კმაყოფილი ვარ.
-დავამთავრეთ. - ეუბნება ლიზი რეზის.
-ასე მალე? - გაკვირვებული გვიახლოვდება, სათქვეფს მართმევს და მკვრივ სითხეს ურევს. თავს იქნევს. - ნორმალურია. პლასტიკატი გადააკარით და სხვებს დაელოდეთ. ვნახოთ, როგორი ფირფიტები გამოვა.
ტუჩებს ვმუწავ. ნორმალურია? მეგონა იტყოდა კარგიაო.
დანარჩენი წყვილებიც მალე ასრულებენ საქმეს და სანამ ყველა მომზადებული მასა დაისვენებს, რეზი თავისი ცომის გამოცხობას აპირებს. ქურას რთავს, ტაფას ცხიმავს, ჩამჩით სითხეს ზედ ასხამს და ფირფიტას ორივე მხრიდან აცხობს. მინახავს, სახლში დედა როგორ აცხობს „ბლინჩიკების“ ცომს, მაგრამ მე თავად არასოდეს მომისინჯავს, ამიტომ მასის ტაფაზე გადანაწილება ცოტა არ იყოს მერთულება.
ქურა ოთხადაა განაწილებული, ამიტომ წყვილები რიგში ვდგავართ. ბავშვები აჟიტირებულები და აღელვებულები არიან. ზოგიერთისთვის, როგორც ჩემთვის ეს ყველაფერი ახალია და ემოციებს ვერ მალავენ. რეზი გულზე ხელებდაკრეფილი იქვე დგას და თვალს ადევნებს ცხობის პროცესს. მისი სახის გამომეტყველებიდან ვერც კმაყოფილებას ვკითხულობ და ვერ უკმაყოფილებას. ხანდახან ბავშვებს რჩევას აძლევს, მაგრამ ხმა ისეთი კატეგორიული აქვს, მგონი მათ უფრო აბნევს.
მე და ლიზის ბოლოს გვიწევს გამოცხობა, ქურა უკვე თავისუფალია და ბავშვები თავიანთ ჭურჭელს რეცხავენ. ლიზი მთავაზობს, რომ მასა გავიყოთ. მე ვთანხმდები და გოგო იწყებს. საოცარია, ყველასგან განსხვავებით პირველივე ფირფიტის დასხმა იდეალურად გამოსდის. მის სახეზე ღიმილს ვხედავ. სანამ ფირფიტა ცხვება მე მიბრუნდება:
-რა მაგარია, გამომივიდა! - თვალები უბრწყინავს.
-მართლა მაგარია, ყოჩაღ! - თავს ვუქნევ და ვუღიმი. ლიზი ჩემ უკან იყურება. ალბათ უნდა, რომ ლექტორმაც დაინახოს მისი წარმატებული ცდა. დიახ, ის ხედავს. რეზი გვერდით მიდგას და გოგოს მოქმედებას თვალს ადევნებს. არა! მეც რომ ასე დაჟინებით მიყუროს, ჩავფლავდები. იმასაც ვერ გავაკეთებ, რისი იმედიც მაქვს. ჩემთან ახლოს დგას. მისი უცნაური აურა მაფორიაქებს. არ მინდა, რომ გავეცალო, მაგრამ ასე ახლოს მდგომიც ვერ ვისვენებ. თვალები წამდაუწუმ მისკენ გამირბის.
-კარგად მუშაობ. - ეუბნება ის ლიზის. - ადრეც გიცდია?
-ერთხელ, რამდენიმე წლის წინ. - პასუხობს გოგო და მორცხვად ახამხამებს წამწამებს.
-კარგია. მხოლოდ ცოტა კიდევ დაბრაწე, ფირფიტებს მეტი ოქროსფერი შემატე.
ლიზი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს და მონდომებით აგრძელებს საქმიანობას.
-და შენ რატომ არ აკეთებს? - მესმის მისი შედარებით ჩუმად ნათქვამი სიტყვები. შეფისკენ ვიხედები, ის კი ისევ ლიზის უყურებს. რა წესია ეს? - დაზარალებულმა ცხვირმა არ მგონია კრეპის ცხობაში ხელი შეგიშალოს.
ოჰო, თურმე შეუმჩნევია.
-მე და ლიზიმ მასა ორად გავინაწილეთ. და... ჩემი ცხვირი კარგადაა. - თავს ოდნავ მაღლა ვწევ და ცხვირის დემონსტრაციას ვახდენ. სასაცილო ხარ ანა!
-კარგი. - ამბობს. როცა უნდა სიტყვაუხვია. ჩუმად ვაპარებ მისკენ თვალებს. ეს რა არის? აშკარად ეტყობა, როგორ ცდილობს ღიმილის შეკავებას. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ყურის ქვეშ თითებს ვისვამ. ასე ვიცი, როცა ვნერვიულობ. იმ წუთას რეზი ადგილს სწყდება და ოთახის მეორე ბოლოში თავის სამუშაო მაგიდას უბრუნდება. მე კი ლიზის ვუახლოვდები და თვალს ვადევნებ მისი ხელების მოძრაობას. რამდენიმე წუთში გოგო ჩამჩას და ტაფას მითმობს, თვითონ კი ჩვენი ჭურჭლის გასარეცხად მიდის.
ორივე მათგანს ისე დავყურებ, თითქოს პირველად ვხედავდე და მათი დანიშნულება არ მესმოდეს. შემდეგ მახსენდება, რომ ტაფა არ უნდა გამიცივდეს. ჩამჩით ჯამიდან მასას ვიღებ და ტაფაზე ვასხამ. ვატრიალებ, რომ კარგად გაიშალოს, მაგრამ ოდნავ შემაგრებული ფირფიტა ვარდება. ჯანდაბა! ფირფიტას ცალკე თეფშზე ვაგდებ და დასხმას ხელმეორედ ვცდილობ. ფირფიტა აღარ ვარდება, მაგრამ გაშლა ისევ არ გამომდის. მისი სისქე ტაფაზე არათანაბარია.
-რატომ ვარ ასეთი დებილი! - კბილებში ვცრი ჩემთვის. ამ სიმახინჯეს ვაცხობ, მაგრამ ლიზის ფირფიტებს მაინც არ ვადებ. კიდევ ვასხამ. ისევ საშინელება. მინდა ტაფა მოვისროლო. განრისხებული ვარ საკუთარ მოუხერხებლობაზე. სანამ სიმახინჯე ნომერი ორი ცხვება, შუბლს ნერვიულად ვისრეს და გახშირებული სუნთქვის მწყობრში ჩაყენებას ვცდილობ. დამშვიდდი ანა, ყველაფერი კარგად იქნება!
უცბად ქურაზე ჩრდილს ვხედავ. უკან გახედვასაც ვერ ვასწრებ, რომ ტაფის სახელურზე ჩავლებულ ჩემს ხელს, რეზის თითები ეჭიდება.
-წყნარად. - მეუბნება ის. მე კი გულის ცემა უარესად მიჩქარდება. ხელზე წვას ვგრძნობ. მგონი მიბუჟდება. საოცრად რბილი კანის ქვეშ ოდნავ ამობურცულ ძარღვებს ვამჩნევ. მისი შეხების გამო გონება სულმთლად მერევა. - აქ იმისთვის ხარ, რომ ისწავლო. - ამბობს და ტაფიდან ფირფიტას ორივე ერთად ვაგდებთ. რა საჭიროა ეს? ხომ შეუძლია უბრალოდ მაჩვენოს ან მიმითითოს? - მასა ამოიღე. - მეუბნება. ვიღებ. - დაასხი. - ვასხამ. - ის კი ტაფას რბილად და ამავდროულად გაწონასწორებულად ატრიალებს. ცომი იდეალურად იშლება ტაფაზე. ჩემი იდაყვი მის ხელს ებჯინება, ზურგზეც ოდნავ მეხება. ვითომ ვერ ხვდება, რომ მაბნევს? - სხვის მოძრაობას კი ნუ იმეორებ. მასა დასხმისას თვითონ მიგითითებს როგორ გადაანაწილო. განაგრძე. - ხელს მიშვებს და მიდის.
აქამდე ჩაკეტილ ფილტვებს მოდუნების საშუალებას ვაძლევ და მეც თავს მშვიდად ვგრძნობ. თავს ვიქნევ და ვცდილობ კონცენტრაცია ცხობაზე მოვახდინო. არ ვიმჩნევ იმას, რომ ჩემს თითებზე მისი კანის სიმხურვალეს ისევ ვგრძნობ.
ჯანდაბა ანა, ის შენი ლექტორია!


3 თავი
***
ვამთავრებ თუ არა ცხობას, შეფი ერთ საათიან შესვენებას აცხადებს. ლიზასავით იდეალურები ვერა, მაგრამ ნახევრად მასტერკლასის შემდეგ ჩემი ფირფიტებიც კარგები გამოდის. შესვენების შემდეგ კრეპის შიგთავსს მოვამზადებთ და გავახვევთ.
-არ გშია? - მეკითხება ლიზი. ჯერ კიდევ სახე უბრწყინავს. რა პოზიტიური გოგოა.
-სიმართლე გითხრა, კი. - მობილურზე საათს დავყურებ. პირველს ათი წუთი უკლია. აქეთ-იქით ვიყურები, მაკო და ლანა არ ჩანან.
-წამოდი, კაფეტერიაში ჩავიდეთ. გოგოებიც იქ მიდიოდნენ.
-ხოო? კარგი, წავიდეთ. - ქუდს ვიძრობ და ლიზისთან ერთად კიბეზე ვეშვები.
ხომ ვამბობდი, პირველი სართულის ფოიე ცარიელი უფრო დიდი და ლამაზი ჩანს. ერთ კუთხეში კაფეტერიაა მოწყობილი ბუფეტით და დაახლოებით რვა მაგიდით. დანარჩენი ადგილი კი რბილ, დაბალ სავარძლებს და შუშის მაგიდებს უკავიათ. სტუდენტების უმრავლესობა კოლეჯის უკანაა გასული. ბუფეტთან მივდივართ. მე სოკოს ღვეზელს და ცივ ჩაის ვიღებ, ლიზი - ლობიანს და ფანტას. ის-ისაა ვბრუნდებით, რომ ლანა მაგიდასთან გვიხმობს. ლანჩის შემდეგ სავარძლებზე ვინაცვლებთ. წინ ჯერ კიდევ ორმოცი წუთი გვაქვს. ცოტა ხანში ამირანი გვიერთდება და ერთადგილიან სავარძელში მოწყვეტით ჯდება.
-აბა? კმაყოფილები ხართ? - გვეკითხება ის.
-ჩვენ კიი. - ერთად ამბობენ მაკო და ლანა.
-მე ისე რაა. - ვბუტბუტებ. - თავიდან არ გამომდიოდა და გავბრაზდი.
-მეც კმაყოფილი ვარ. - სახე ებადრება ლიზის და ამირანს კითხვას უბრუნებს. - შენ?
-უკეთესადაც შეიძლებოდა. - თავს აქნევს.
იმ წუთას ჩვენთან ნათია, უკაცრავად, ნათკა მოკუსკუსებს და ჩემ გვერდით ჯდება. ღმერთო, საღეჭი რეზინი!
-მაგარი ამბავი მაქვს! - ამბობს ის და ფეხს ფეხზე იდებს. - ორ კვირაში კარნავალს აკეთებენ. ახალი ნაკადის საპატივცემულოდო.
-ოჰო, მაგარია. - ლანას იდეა მოსწონს. - მე ვამპირი ვიქნები.
-არა, გმირების ჩამონათვალი თვითონ ექნებათ და იმ კვირაში მოგვცემენ ასარჩევად. რაღაც ისეთი მინდა, გლამურული. - საღეჭ რეზინს ბერავს და იმხელა ხმაზე ატკაცუნებს, ატომური აფეთქება მგონია. - ისეე, აი ვაბშე ვერ ვიფიქრებდი, ასეთი საააყვარელი შეფი თუ გვეყოლებოდა. - კისკისებს. - თქვენ გოგუკებო?
ღმერთო ძალა, სად არის მოთმინების ძალა?
-შენ ლექსებს წერ ხო? - ვეკითხები ამირანს. სასწრაფოდ თემა უნდა შეიცვალოს. გულის სიღრმეში ძალიან მიყვარს პოეზია. დარწმუნებული ვარ, წინა ცხოვრებაში პოეტი, მწერალი ან რაღაც მსგავსი ვიყავი. იმედი მაქვს ამირანს ერთ ლექსს მაინც დავტყუებ.
-მმმ... ჰო. - გულღიად იცინის და კეფას იქექავს.
-შეგიძლია ერთ-ერთი წაგვიკითხო? სიამოვნებით მოვისმენ. - ვუღიმი რაც შეიძლება გულწრფელად, რომ სტიმული მივცე.
-და სხვები? - თვალს ავლებს ის დანარჩენებს.
-ჩვენც, ჩვენც. - თავებს იქნევენ თეთრი და შავი.
ბიჭი ოხრავს და სავარძელში სწორდება. მერე ყელს იწმენდს და ისე, რომ არ გვიყურებს, ამბობს:
-ძალიან კრიტიკულადაც ნუ შემაფასებთ.

„რომ დაგინახე გამეღიმა, მე მგონი შემრცხვა,
შორიდან ვჭვრეტდი მაგ თვალების ნუშისებრ ჭრილებს,
ვერ გაგიბედე, ვერ მოვედი მე მაშინ შენთან,
მას შემდეგ დავდევ შენს ზურგს უკან გაჩენილს ჩრდილებს.

ოდესმე ალბათ გაგაჩერებ მიმავალს მე და
ნაცვლად ფურცლისა, შენ გაგანდობ დაგროვილ რითმებს,
თუ გამიღიმებ დაგიკოცნი მაგ ღაწვებს მე და
თვალებს მივანდობ ტუჩებისთვის განკუთვნილ სიტყვებს.“

ღმერთო, ისე მხვდება თითოეული სიტყვა გულზე, სუნთქვა მეკვრის და კანზე ეკალი მაყრის. არ ვიცი, რა ხდება. მე ხომ მსგავსი არაფერი გადამხდენია? თუ გადამხდა? რატომაა ეს ლექსი ჩემთვის ასე ახლოს? ნერწყვს ვყლაპავ და ამირანს ვუყურებ. ის ჩუმად ზის და ინტერესიანი გამომეტყველებით ჩვენს რეაქციებს ელოდება.
-ოოო, you’re fall in love, boy. - თავს აქნევს მაკო და უსტვენს.
-აა... არაა. - ხელის აწევით უარყოფს ამირანი და მხრებს იჩეჩავს.
-მაშინ, ჯერ-ჯერობით „არა“. - ხითხითებს ლანა.
ლიზი იღიმის და თავის ფრჩხილებს დაჰყურებს. მე კი ისევ ენაგადაყლაპული ვზივარ. უცბად თვალები ფანჯრისკენ გამირბის და გარეთ მდგარ რეზის ვხედავ. ვიღაცას კოპებშეკრული ესაუბრება მობილურზე. ახლა ვაქცევ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ ხელის ზურგზე ისევ მისი კანის სიმხურვალეს, ბეჭებზე კი მის სიახლოვეს ვგრძნობ. ჯანდაბა! ეს არ მომწონს. უფრო სწორად, შეგრძნება იმ წუთას სასიამოვნო იყო, მაგრამ ამ დრომდე კვალის დატოვება საშიშად მეჩვენება.
თავს ვიქნევ. კიდევ ერთხელ ვახსენებ ჩემ ქვეცნობიერს, რომ რეზი ჩემი ლექტორია და ამირანს ვუბრუნდები.
-ძალიან ლამაზი ლექსია. ბედნიერი ის, ვისაც ეძღვნება. - თვალს ვუკრავ.
-ჰო, რა ვიცი. - იმორცხვებს და ქუდს იხურავს. - მაღლა ავალ მე.
ამირანი მიდის.
-გოგოებო, კიდევ ერთი ამბავი მაქვს. - ჩურჩულით ამბობს ნათია და წინ იხრება. თვალებს ვატრიალებ. - ოღონდ ბოლომდე მეც ვერ გავიგე. მოკლედ, ადმინისტრაციაში მივდიოდი, რომ ჩანთა დამივარდა და ნივთები გადმომიცვივდა. იქვე ჩვენი შეფი და მზია იდგენენ, სასწავლო ნაწილი. რაღაც პროექტზე ლაპარაკობდნენ, რომელიც ჩვენ, კონდიტერებს გვეხება. მაგრამ ვერ მივხვდი რა პროექტი იყო, კარგად არ მესმოდა სიტყვები.
-შენ რაა, ჩუმად უსმენდი? - წარბებს სწევს ლანა.
-ნწ, არა, ეე. ხომ გითხარით, სანამ ნივთებს ვიღებდი, შემთხვევით შემომესმინა. - თვალებს აწიპწიპებს ნათია.
-საინტერესოა, რა ხდება. - ამბობს მაკო. - მაგრამ ახლა სიგარეტის მოწევა უფრო მინდა. ვინ გამომყვება გარეთ? - გვეკითხება, ლანას მაჯაზე სწვდება და უკანა ეზოში მიათრევს. იმ წამს ვიღაც გოგო მოდის, ნათიას კოცნის და საუბარს უბამს. არაა, ორი ნათიას მოსმენა ჯვარზე გაკვრაა. ვდგები და გარეთ გავდივარ გოგოებთან.

***
საკონდიტროში დაბრუნებულებს კრეპი გაციებული გვხვდება. რეზი იმაზე მეტადაა მოღუშული, ვიდრე მის გამომეტყველებას სჩვევია. აჰ, მობილურზე საუბარი. ალბათ ვიღაცამ გააბრაზა. ვიღაცამ!
კრეპის შიგთავსისთვის სხვადასხვა ხილს აბლენდერებინებს ბავშვებს. ზოგი ბანანს სჭრის, ზოგი მარწყვს. მე და ლიზი „ნუთელას“ ვუსვამთ და ისე ვახვევთ. მოგვიანებით შეფი საუზმისთვის კრეპის თეფშებზე გაწყობას გვასწავლის და ოთხი საათი სრულდება, როცა სახლში წასვლის უფლებას გვაძლევს.
თითქოს ბევრი არაფერია, მაგრამ საკონდიტროს ფორმის ტარებამ უფრო დამღალა, ვიდრე საქმემ. ჩქარ-ჩქარა ვიცვლი ტანსაცმელს და სახლში უკანმოუხედავად გავრბივარ.

***
ოთხშაბათია. ამ კვირისთვის პრაქტიკების უკანასკნელი დღე. ლიზი არ არის. ვნახოთ დღეს ვისთან მომიწევს დაწყვილება.
შეფი ისევ ცივი გამომეტყველებით კითხულობს სიას და სამ „არას“ წერს ჟურნალში. დღეს შუს და ეკლერს ვამზადებთ. მომზადების ტექნოლოგიის ჩაწერისას ვხვდები, რომ ხელების კუნთების ვარჯიში მომიწევს. რეზი დაწყვილებაზე გადადის. ოო, საინტერესოა. დღეს ყველაზე დიდი თანაკურსელი, ეკა გამიწევს პარტნიორობას. გარეგნულად მშვენიერ ფორმაშია, მაგრამ არასანდო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეკა ერთხელ მიღიმის და კვლავ რეზიზე გადააქვს მთელი ყურადღება, არაბუნებრივი ყურადღება. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ავხარხარდე.
-თქვენთვის რაღაც ინფორმაცია მაქვს. - ამბობს რეზი, მაგიდას ხელის გულებით ეყრდნობა და გვათვალიერებს. - ერთი პროექტი მაქვს. გუშინაც ვაპირებდი თქვენთვის თქმას, მაგრამ მზიასთან რაღაც დეტალები მქონდა შესათანხმებელი. ამ პროექტის განხორციელებას შარშანაც ვაპირებდი, მაგრამ რაღაცა პრობლემების გამო არ გამოვიდა. მოკლედ, კოლეჯის ადმინისტრაცია თანახმაა, რომ სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ორი თქვენგანი - რა თქმა უნდა საუკეთესო - პარიზში წავიყვანო.
რაა?! პარიზი? ლუვრი? ეიფელი? ამას გულისხმობს? ორი ჩვენგანი ევროპაში? ღმერთო ეს ხომ... უზომოდ მაგარია! ბავშვები ერთმანეთს გაოგნებული ღიმილით შესცქერიან.
-თქვენ უნდა წაიყვანოთ? - ეკითხება ეკა რეზის აპრეხილი წამწამების ციმციმით.
-დიახ, მე.
-და სად?
-ჩემი და ჩემი მეგობრის კაფეში. ჩვენს საკონდიტროში თქვენგან რომელიმე ორი პრაქტიკას გაივლით, ისე, როგორც აქ უნდა გაგევლოთ. ასე, რომ, ვისაც პარიზში უნდა, თავს არ დაზოგავს. მე საუკეთესო კონდიტერები მჭირდება. ახლა კი, - ჰაერს ჭარბად ისუნთქავს. - მასალები ავწონოთ.
წიგნაკით ხელში სასწორისკენ მივდივარ და ახალი ამბით გაბრუებულს თავბრუ მესხმის. საშინლად მიმზიდველი წინადადებაა. დარწმუნებული ვარ, ყველა სტუდენტი ეიფორიაშია და უკვე ჩემოდნების ზომაზე ფიქრობენ. დიახ, მეც მინდა პარიზში, მაგრამ მაქვს კი ამის შანსი? კი, პრეტენზია მქონდა კარგ სტუდენტობაზე, მაგრამ გუშინ ელემენტარულ კრეპებს ვერ გავართვი თავი ნორმალურად. არც კი ვიოცნებო? თუ უბრალოდ მთელი ჩემი შესაძლებლობები ჩავდო ამ საცხობში პრაქტიკებზე? რა თქმა უნდა, მეორე. სულაც არ მინდა შემდეგ სინანულის გრძნობად დამტანჯოს.
რძეში ჩაყრილ, კუბიკებად დაჭრილ კარაქს ქურაზე ვდგამ და გალღობის პროცესს ვდარაჯობ. პარალელურად საკონდიტროს ვათვალიერებ. ამირანი კვერცხს ტეხს, მაკო და ლანა ისევ პროდუქტს წონიან, დანარჩენებიც საქმიანობენ. ჩემი მეწყვილე ეკა კი რეზისთან დგას და ესაუბრება. ჰო, აი, ზუსტად ლაქლაქის დროა. ჩემდაუნებურად შუბლი მეკვრება. ღმერთო, მასთან ლაპარაკისას რატომ აფახუნებს ეს ქალი ასე გამომწვევად საფეთქლებამდე აპრეხილ წამწამებს? გუშინაც ასე აკეთებდა. ჩვევაა? თუ ფლირტი? უკანასკნელის გაფიქრებაზე ზიზღისგან ცხვირს ვჭმუხნი და ქვაბს ჩავყურებ.
-ფქვილი! - ვყვირი მე, როცა წამოდუღების პირას მყოფ რძეს ვხედავ. ყველა მე მიყურებს, პირველი კი ჩემკენ რეზი მოდის და ბავშვებსაც იხმობს. ეკას ფქვილი მოაქვს. ბავშვები ქურასთან ჯგუფდებიან და გველოდებიან. ეკა ჯამიდან ფქვილს მიყრის, მე კი სათქვეფით სწრაფად ვურევ.
-ეყოფა, გაიხსნა. - მეუბნება რეზი. - მიმიშვი. - თვითონ მასის ცეცხლზე დამუშავებას ხის კოვზით განაგრძობს. - ასე მანამდე ვამუშავებთ, სანამ ცომი არ შეიკვრება. მასის რაღაც ნაწილი უნდა აორთქლდეს. განაგრძე. - კოვზს მაწვდის. ცომს მუდმივად ვამოძრავებ ქვაბში და ვფრთხილობ, არ დამეწვას. მასა ძალიან მაგარია და ხელი მალე მეღლება. - ტემპს ნუ ანელებ, სწრაფად! - ბრძანებასავით გამოსდის შეფს. ვცდილობ ავჩქარდე, მაგრამ არა, აღარ შემიძლია. კოვზს ქვაბში ვაგდებ.
-ხელი ამტკივდა. - ვბუტბუტებ. რეზი უკმაყოფილოდ თავს აქნევს. რა უნდა? მე რობოტი კი არ ვარ. ჩემი ხელი ხორცისგან და ძვლებისგან შედგება.
-განაგრძე. - ეუბნება ეკას. ქალი კვლავ თვალების პეპლისებური ფახუნით განაგრძობს ცომის დამუშავებას. მე მოშორებით ვდგები და ნერვიულობისგან ყურის ქვემოთ თითებს ვისვამ. ნუთუ ასეთი უუნარო ვარ? არ მეგონა ჩემი ხელები ასეთი სუსტები თუ იყვნენ. ჭიდანაც კი ამომიღია წყალი. ეს რა უბედურებაა? თვალი რეზისკენ გამირბის და მის მზერას ვაწყდები. ტუჩები ოდნავ გახსნილი აქვს და დაჟინებით მაცქერდება. რა უნდა კი, მაგრამ?
ეს ყველაფერი სულ ორი წამით გრძელდება. შემდეგ შეფს რობოტ-მიქსერის ჯამი მოაქვს, ცომს იქ აგდებს და მიქსერზე ამაგრებს. კვერცხს ურევს, მიღებულ მასას ტომარაში ათავსებს და ქაღალდგადაკრულ ნიჟარებზე შუების და ეკლერების დასმას გვასწავლის.
წარმოუდგენელია, მაგრამ ჩემ ცდას ბრწყინვალე შედეგი აქვს. ეკლერებისა და შუების დასმა იდეალურად გამომდის. არაფრით განსხვავდება რეზის ნამუშევრისგან. დასასრულს, გახარებული შეფს ვუყურებ. მას ოდნავ ეღიმება, მაგრამ გამომეტყველება მაინც უკმაყოფილო აქვს. ოდესმე რამე უხარია ამ ადამიანს?
ცხობა წარმატებით სრულდება. ჩემი, ტყუპების, ანუ მაკოს და ლანას და ამირანის გუნდების ნამუშევარი გამოკვეთილად კარგია. მოგვიანებით შიგთავსისთვის კრემს ვხარშავთ. სანამ ის გაცივდება, რეზი ერთ საათიან შესვენებას აცხადებს. დაკრემვა რთული არაა, მაგრამ დიდი დრო მიაქვს და ხუთი საათი სრულდება, როცა ვთავისუფლდებით, მაგრამ გასახდელში ჯერ არ გავდივარ. მორიგე ნათიას კარიდან ვუთვალთვალებ. ისე საცოდავად რეცხავს უპატრონოდ დარჩენილ ჭურჭელს, რომ მის საღეჭ რეზინს ყურადღებას აღარ ვაქცევ და ვეხმარები. მადლობას იმით გამოხატავს, რომ დასვრილი ინვენტარის პატრონებს ლანძღავს. შემდეგ მობილურზე ურეკავენ და საკონდიტროდან გადის. მაგიდებს ვაპრიალებ, საკონდიტროს ვკეტავ და გასაღები დამლაგებელთან გამაქვს. გამობრუნებულს კალამი მივარდება, რომელიც დერეფნის ბოლოსკენ მიგორავს. მის ასაღებად ვბრუნდები, რომ ერთ-ერთი გასახდელის კარს ოდნავ შეღებულს ვამჩნევ და მის მიღმა რეზის ვხედავ. საკონდიტრო პიჯაკს იხდის და სკამზე დებს. ღმერთო, რა მიმზიდველია! განიერი მხრების სიძლიერე ასე უკეთ ჩანს. შარვალი ქამრის გარეშე აცვია და თეძოზე მოხდენილად ადგას. ოთახში შუქი არ ანთია. მის ნავარჯიშებ სხეულზე ფანჯრიდან შესული დღის სხივები ბნელ ჩრდილებად დარბიან და საოცრად სასურველს ხდიან.
რეზი ანტიპერსპირანტს ისხამს და ფლაკონის ზურგჩანთაში ჩაგდებისას კარისკენ იყურება. მომენტალურად უკან ვხტები და გოგოების გასახდელში შევრბივარ. ჯანდაბა! არა, არა, არა, ოღონდ ეს არა! დამინახა? მგონი კი. ფუუ, ანა, რატომ ხარ ასეთი ბოძი?! აიღე კალამი და წამოდი რაა. რატომ იჭედები იქ, სადაც შენი ადგილი არ არის? თავიდან ქუდს ვიძრობ, ნიჟარას ვეყრდნობი და სარკეში ვიყურები. ჩემს ხორბლისფერ კანს ლოყებზე სიწითლე ატყვია. სახე მიხურს, მუცელში რაღაც მეწვის. ეს ან ადრენალინია, ან დანაშაულის გრძნობა. ჩემს ანარეკლს თვალს ვუსწორებ და კოპებს ვუკრავ. იმედია ვერ დაგინახა, სხვა შემთხვევაში იცოდე, რომ ძალიან, ძა-ლი-ან შერცხვები, ანა!

***
სახლში სულმთლად არეული შევდივარ. ხათო მაშინვე ჩანაწერების წიგნაკს მართმევს და სამზარეულოში შერბის. დედამ თუ ყოველი ახალი რეცეპტი სახლში გამოიყენა, მამას სანაქებო ნავარჯიშები სხეული მართლაც ცუდ დღეში ჩავარდება.
სასწრაფოდ უნდა ვიბანაო. ტანსაცმელს ვიხდი და საწოლზე ვყრი, სკამიდან შარვალს ვიღებ, მაგრამ გასარეცხია. ჯიბეებს ვამოწმებ და ავტობუსის ბილეთს ვპოულობ. მისი აღებული ბილეთია. ვჯდები და დავცქერი. თვალწინ გასახდელში მყოფი რეზი მიდგება და ჩემი საქციელის გამო სიბრაზე და სირცხვილის გრძნობა ერთდროულად მივლის გულზე. რა მოხდება თუ დამინახა? მისაყვედურებს? ჩემზე აზრს შეიცვლის? აზრს?! რა სულელი ხარ, ანა. განა რა აზრის უნდა იყოს შენზე რეზი? შენ ხომ ერთ-ერთი მორიგი სტუდენტი ხარ, რომელსაც თავში ჭკუა არ რჩება, როდესაც მიმზიდველ ლექტორს ხედავს? დარწმუნებული ვარ, ამას შეჩვეულია და ვიცი, რომ უბრალოდ გაატარებს. ანდაც, ხომ შეიძლება, რომ ვერც მიცნო? იქ ხომ ბევრს აცვია ჩემნაირი ფორმა? მორჩა, ნერვიულობის დასასრული!
-დაო... - ოთახში ლელა შემოდის. სახე ერთიანად უცინის, მაგრამ მალევე კოპები ეკვრება. კარს ხურავს და ჩემს საწოლზე ფეხმორთხმით ჯდება. - რა იყო, ტრანსში ხარ?
-რა გინდა? - ვდგები, ბილეთს მაგიდაზე ვდებ და აბაზანისთვის ნივთებს ვაგროვებ.
-ეს რა არის? ბილეთი? რატომ დაჰყურებდი დაჰიპნოზებულივით? თან საცვლების ამარა. - ხითხითებს.
-იდიოტი ნუ ხარ. - მაისურს ვესვრი. - აბა გისმენ.
-იცოდე ყურადღებით. - მაფრთხილებს და მობილურს იმარჯვებს. - საღამო მშვიდობისა ლელუკა. დღეს შესანიშნავად გამოიყურებოდი. იცი, ვფიქრობდი და ერთი იდეა მომივიდა. რას იტყვი, საღამოს სადმე ხომ არ დავმსხდარიყავით?
-არა! - ვუყურებ ჩემს დას გაოგნებული. ის თავს მიქნევს.
-კი, დაიკო, კი.
-ეს ვატომ მოგწერა? - ისევ თავს მიქნევს. - და შენ რა უთხარი.
-იმ შემთხვევაში თუ ადგილს მე შევარჩევთქო.
-იციან? - კარისკენ თვალს ვაპარებ.
-ხათომ კი, მამასთან არ დაგცდეს, თორემ იმ ატმისფერ ზედას ვეღარ ეღირსები.
-სამარე ვარ და ხვალ მათხოვე. - თვალს ვუკრავ და ვიცინი. - ისე ხო იცი, ეგ ვატო მაინცდამაინც არ მომწონს და...
-აუუ, ანა კაი რაა. არც კი იცნობ. ხო, ნუ არც მე მაინცდამაინც, მაგრამ საუკეთესო შანსი მაქვს მის გასაცნობად. ასე, რომ ხასიათს ნუ მიფუჭებ.
-არ გიფუჭებ, ვა. იმედია ვცდები, მეც ეს მინდა. ადგილი უკვე შეარჩია?
-კი. - ხასიათი უცბად უკეთდება. - რომ მოვალ ყველაფერს მოგიყვები. გვიანობამდე არ დავრჩები, ასე, რომ ზარებით არ ამიკლოთ. - ლელა ლოყაზე მკოცნის და ბილეთს იღებს.
-ეე, ეგ სად მიგაქვს? - დაფეთებული მისკენ ვიწვდენ ხელს.
-უნდა გადამეგდო, რავი. რა გჭირს გოგო, ბილეთია. - ლელა გაშტერებულია.
-მომეცი აქ! - დუდღუნით ვართმევ ფურცელს და რვეულში ვდებ.
-აბა თვალებში შემომხედე? - თვალებს იწვრილებს და ხელებს გულზე იკრებს. - ამ ბილეთს კიდევ რა დანიშნულება აქვს გარდა იმისა, რომ მოკლედ ბლა, ბლა ბლა?
-არაფერი, მოუსვი აქედან! - ხელით მხარზე ვუბიძგებ და კარისკენ მივათრევ.
-დეე! - ყვირის ლელა. - ანა რაღაცას მალავს და ოთახიდან მაგდებს. ხათო, გეგმა გვჭირდებაა!
მეცინება, კარს ვკეტავ და ზედ ვეყრდნობი. ჯანდაბა, რეზი!

***
ლელამ იმდენი მელაპარაკა შეხვედრაზე, რომ ღამით სიზმარში მთელ მის პაემანს ვხედავ.
დილით მაღვიძარაზე ხუთი წუთით ადრე წვიმის ხმა მაღვიძებს. მოღრუბლული ცა ხასიათს მიფუჭებს და ტირილამდე ცოტა-ღა მაკლია. მეორედ რომ ვახელ თვალებს, უკვე ცხრის ნახევარია. ფუ, ჩამეძინა! რაც ხელთ მხვდება, იმას ვიცვამ და გავრბივარ, მაგრამ მაინც მაგვიანდება. ლექციები დაწყებულია, ამიტომ კოლეჯის კარი დაკეტილია. ღმერთო, ოცდათხუთმეტი წუთი გარეთ უნდა ვიდგე. მართალია, მაისის წვიმაა, მაგრამ მაინც ცივა. შუშის კარს მიღმა ულვაშებიან დაცვას ვხედავ და სახეზე სიბრალულის მწვერვალი მესახება. ის კი მიღიმის, მხრებს იჩეჩავს და მიდის. ამ დროს მობილურზე შეტყობინება მომდის:
„ – goodmorning, girl. სად ხარ, ეე?“ - მაკოა.
„ - დამაგვიანდა და გარეთ ვძეგლობ. მანდ რა ხდება?“
„ - მზიას ლექცია გვაქვს. დღეს სასტავი კინოში მივდივართ. ხო წამოხვალ?“
„ – სასტავი?“ - მიკვირს.
„ – you, me, ლანა, ამო და ლიზი.“
„ – no problem, baby.” – ვწერ. ოჰო! ჩვენ სასტავი ვართ? კარგია, მომწონს.
„ – yeah, this’s my girl!” - მაკოს სულ უხარია ინგლისურად რომ ვპასუხობ.
ცოტას ვხალისდები, მაგრამ კარიდან ვხედავ თუ არა კაფეტერიაში მჯდომ რეზის, განწყობა მაშინვე მეცვლება. კედელს ვეფარები. ღმერთო, ისე ვიქცევი, თითქოს სამშობლო გამეყიდოს. თან ვფიქრობ, დიდი ამბავი, თუ დამინახა. შემდეგ ვაყოლებ, რას ჰქვია დიდი ამბავი. სირცხვილია ანა ბიჭისთვის პირდაღებული ყურება. ცივილიზებული ადამიანი ხარ. რა, აქამდე არ გინახავს ტანს-ზევით შიშველი მამაკაცები? ბოლოსდაბოლოს ზღვაზე მაინც არ ყოფილხარ? დიახ, ვყოფილვარ. აბა რა გემართება? ეს რეზია, ის კი ისეთი...
მოულოდნელად საშინლად მაღალ ხმაზე ზარი ირეკება და ციფრულ კარზეც წითლის ნაცვლად მწვანე ნათურა ენთება. უცბად ვაღებ და პირდაპირ კიბისკენ ვიღებ გეზს, მაგრამ უკნიდან ჩემი სახელი მესმის.
-ანა! - რეზია.
ჯანდაბა! მორჩა, გავები. მიდი, ახლა შეგიძლია გაწითლდე სირცხვილისგან. ხო, გასახდელთან რომ იდექი და ლექტორს უთვალთვალებდი, მაშინ ხომ არ გრცხვენოდა?! ვბრუნდები და მის მაგიდასთან ვჩერდები.
-დიახ, გამარჯობათ. - ვესალმები ბუტბუტით და გაყინულ თითებს ვისრეს.
რეზი მობილურს დებს, თითებს ერთმანეთში ურევს და ქვემოდან მიყურებს. ღმერთო, როგორი დამცინავი სახე აქვს. მისი მზერა ყველაფერზე მეტყველებს. მკვდარი ხარ, ანა. ნერვიულობისგან ვერც კი ვხვდები, როგორ მიმაქვს თითები ყურთან. შეფი შუბლს კრავს და ტუჩებს მუწავს. ბოლოსდაბოლოს მეტყვის თუ არა?!
-როგორ ფიქრობ, მსგავსი საქციელი რამეს გარგებს? - მეკითხება. საიდანღაც მთელი ავზი ცივი წყალი თავზე მესხმევა. რეზი დაწვრილებული თვალებით მიყურებს და მელოდება, როდის ვუპასუხებ. ნერწყვს ისე მოუხერხებლად ვყლაპავ, ყელი მტკივდება.
-იცით... ეს გაუაზრებლად მოხდა. ბოდიშით. - ძლივს ვაბამ სათქმელს თავს.
-გაუაზრებლად? ბოდიში? ანა, მე რატომ მიხდი ბოდიშს?
-მე... - პირს ვაღებ. ღმერთო, როგორ გინდა თქვა:“ იმისთვის, რომ კარიდან გიყურებდით.“
-ანა, ამ ამბავს ბოდიში ვერ უშველის. ძალიან მაინტერესებს, რას ნიშნავს გაუაზრებლად დაგვიანება. თუ პირველივე კვირას ლექციის გაცდენით დაიწყებ, არ მგონია, ქულებზე კარგად აისახოს ეს.
-რაა? - თავს ძლივს ვიკავებ, რომ ყბა არ ჩამომვარდეს. შეფი თურმე დაგვიანებაზე მსაყვედურობს, მე კი... ხარხარი მინდა, მაგრამ ნამდვილად უხერხული იქნება. თუმცა, ოდნავ მაინც მეცინება.
-ჰმმ, ფიქრობ, ეს სასაცილოა?
-უკაცრავად, მეტს აღარ დავიგვიანებ. - ჩანთას ვისწორებ.
-კარგი. - სახეზე მაინც ცინიკური ღიმილი დასთამაშებს. - ეს თქვენი ჟურნალია და მზიას წაუღე. მისი ლექცია გაქვს.
ჟურნალს ვართმევ და დამშვიდებული მივუყვები გზას მეორე სართულისკენ.


4 თავი
***
კინოთეატრში „მომავლის სამყაროს“ ვუყურებთ. სასტავის გემოვნება ემთხვევა და კინოთეატრიდან გამოსულები „ვენდისში“ მივდივართ. სახლში კი ცოტა გვიან, სასიამოვნოდ დაღლილი ვბრუნდები.
ძილის წინ ფეისბუქს ვამოწმებ. ორი მეგობრობის მოთხოვნა მხვდება. ერთი ლიზია, მეორე ნათკა. ორივეს ვიმატებ და ჩემს გვერდზე ნათიას მიერ მოწონებულ სურათებს მიჩვენებს. ყველა მათგანი რეზისია. ღმერთო, ამან უკვე მოასწრო.
კბილებს ვიხეხავ და ვწვები.
როგორც ჩანს, ბატონ რევაზს არ უნახავს ჩემი გაშტერებული სახე გასახდელთან, ასე, რომ სანერვიულო არაფერი მაქვს. ტკბილ ძილს გისურვებ ანა.

***
გასახდელში ბლომად გოგოები არიან და ცოტა სივიწროვეა. ლანას მკერდის ქვემოთ ტატუ გაუკეთებია და კმაყოფილი ტრიალებს. გოგოებიც შურით სავსე სახეებით შესცქერიან, თითქოს მათ არ შეუძლიათ იმავეს გაკეთება. მის საქციელზე მეცინება და ტატუს ვათვალიერებ. უსასრულობის ნიშანია და გვერდით ლამაზი ასოებით აწერია „crazy“, ანუ „სამუდამოდ გიჟი“. მომწონს.
ფორმებს ვიცვამთ და საკონდიტროში შევდივართ. მაკო და ლანა მოულოდნელად დოინჯშემოყრილები მაშტერდებიან.
-რა გჭირთ? - ვეკითხები.
-ტატუ უნდა გაიკეთო. - მეუბნება მაკო.
-რაა? - წარბები შუბლზე ამდის.
-დიახ, ეს საშვია იმისთვის, რომ ჩვენთან იმეგობრო. - მაკო მსახიობურად ათამაშებს წარბებს. მეცინება.
-საიდან მოიტანეთ, რომ ტატუს გაკეთება მინდა?
-გინდა, აბა კარგად დაფიქრდი. - თავს იქნევს ლანა. - შაბათს მივდივართ მე და მაკო სალონში.
-კიდევ უნდა გაიკეთო?
-დიახ, არა ერთხელ.
-არ ვიცი, ვნახოთ. ამაზე არასდროს მიფიქრია.
-ხო-და იფიქრე. - მაცდურად მიღიმის მაკო და თავის წიგნაკში იხედება.
-მოფრინდა ანგელოზი. - ჩურჩულებს ლანა და კარისკენ იყურება.
საკონდიტროში რეზი შემოდის, გვესალმება და თავის მაგიდასთან ჯდება. ლექციის დაწყებამდე ჯერ კიდევ ხუთი წუთია.
-სულ თქვენ ხართ? - გვეკითხება უკმაყოფილოდ.
-გოგოები გასახდელში არიან. - პასუხობს მაკო.
-კარგი, დაველოდოთ.
იმ წუთას ამირანი და კიდევ ორი ჩვენი ჯგუფელი ბიჭი შემოდის. ამო გვიახლოვდება და ლოყაზე კოცნით გვესალმება. მოგვიანებით დანარჩენებიც გვიერთდებიან და ზარიც ირეკება. რეზი ერთი ხელით ჟურნალს იღებს, მეორით სკამს საკონდიტრო მაგიდასთან დგამს და ჯდება. სანამ ის სიას კითხულობს, მე ბლოკნოტში ჩამძვრალი ჩასაწერად ვემზადები.
-კარგი. დღეს ოთხი ბავშვი გაკლიათ. თქვენი დასწრებით კმაყოფილი არ ვარ. ეს სხვებს გადაეცით. ალბათ მომიწევს თითოეულ თქვენგანს დაველაპარაკო და გავარკვიო, ვის რა დონის კონდიტერობა გსურთ, თორემ არ მინდა, ყველა ერთ ქვაბში მოგხარშოთ. - ოხრავს. - ამაზე მოვრჩი. ვნახოთ, დღეს რის მომზადება გვიწევს. - რეზი სკამს თავისუფლად ეყრდნობა და სილაბუსს ჩაჰყურებს.
-ეს ბიჭი ბოროტი ვამპირია. - ყურში მიჩურჩულებს მაკო.
-ეშვების გარეშე. - ვპასუხობ ჩურჩულითვე.
-მაგასაც მალე გამოაჩენს.
ჩუმად მეცინება და მზერა ისევ შეფზე გადამაქვს, რომ სიცილი სახეზე მეყინება. რეზის კბილებს შორის ვერტიკალურად კალამი მოუქცევია და სილაბუსის თვალიერებასთან ერთად მას ათამაშებს. მაგრამ ეს... ეს არაა ჩვეულებრივი კალამი. ეს ჩემი კალამია, ის, რომელიც გასახდელთან დამივარდა იმ ბედკრულ დღეს. იმისი შანსიც არ მაქვს ვიფიქრო, რომ მსგავსი კალამი შეიძლება ბევრს ჰქონდეს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ჩემია. მე მოვარგე ყვითელ მილს სხვა კალმის წითელი თავსახური.
სუნთქვა მეკვრება და წიგნაკის კიდეს ვეჭიდები. ჯანდაბა! მან რაა, დამინახა? და ხუთშაბათს ის საუბარი? ღმერთო, ნუთუ მაშინ თავი გავყიდე? პირი მიშრება. არა, არა, იქნებ ვერ დაინახა მაშინ იქ ვინ იყო და ახლა ამ კალმით ცდილობს ჩვენი რეაქციებიდან გამომდინარე კვალზე გასვლას? ანა, თავი აკონტროლე, ეს ხაფანგია. რაა, გინდა, რომ თაგვივით გაება? ტუჩებს ვილოკავ და წიგნაკს ვაცქერდები. გაუაზრებლად ფურცლები დამიკუჭავს და ვასწორებ.
ღმერთო, რა გაიძვერაა. როგორ არაფერს იმჩნევს?! ყოჩაღ რეზი გაბუნია და თქვენ ოსკარი გადმოგეცემათ ნომინაციისთვის „ცინიკოსი გამომძიებელი.“
ისე, რომ ხელს არ ახლებს, კალამი ტუჩების მოძრაობით პირის კუთხეში გადააქვს და თავსახურით იჭერს.
-ჩაწერისთვის მოემზადეთ. - თავს სწევს და თვალს გვავლებს. ცდილობს, შეუმჩნევლად დატოვოს, მაგრამ მე მაინც ვიჭერ მის მზერას, რომელიც შედარებით მეტ ხანს ჩერდება ჩემზე. არ ვიცი, რატომ, ალბათ ნერვიულობის ფონზე, ღიმილი მეპარება. რომ არ გამეცინოს, ტუჩებს ერთმანეთს ვაწებებ, თუმცა მიმიკები მყიდის. - ანა, იქნებ ჩვენც გაგვაცინო? - მეკითხება სერიოზული გამომეტყველებით. კალამს ისევ ათამაშებს. მე უფრო მეტად მინდება სიცილი. რა მჭირს კი, მაგრამ?
-ბოდიშით, უბრალოდ... - ვჩუმდები, არც კი ვიცი, რა ვთქვა.
-ბოდიშებს ყოველთვის ასე ხშირად იხდი?
რაა? რეზი, არ გინდა მოკეტო? რა საჭიროა ყველას გააგებინო, რომ ეს ერთხელ უკვე გავაკეთე? გული მიჩქარდება, ხელი თავისით გარბის ყურისკენ და პატარა ფრჩხილებით კანს ეხება. რეზი კალამს პირიდან იღებს და სკამიდან დგება. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ რაღაცამ წყობიდან გამოიყვანა.
-ლიმონის ბისკვიტის რეცეპტს ვიწერთ. - თითქმის ყვირის ის და მეც დაფეთებული ვიმარჯვებ კალამს. რა სჭირს ამ ადამიანს?


***
შესვენებაზე კაფეტერიაში ვნაყრდებით და მოგვიანებით უკანა ეზოში ნიკოტინისთვის გავდივართ. მაკო სიგარეტის ღერს თითქმის პირში მჩრის და მეხვეწება, რომ უბრალოდ გავსინჯო. სურვილის ერთი პროცენტიც არ მაქვს. ტყუპები ამის გამო დამცინიან, მე კი ყურადღებას არ ვაქცევ. რა თქმა უნდა, თეთრს და შავს რეზის გადაკრული სიტყვები არ გამორჩენიათ და ახლა ჩემ გარშემო კითხვების კორიანტელი დგას. ვცდილობ, თავიდან ავიცილო, რადგან ნამდვილად არ მინდა მათთან ჩემი იდიოტური საქციელის აღიარება, მით უმეტეს ამირანთან. ამიტომ, ბიჭს ვთხოვ ლექსი წაგვიკითხოს. ისიც სიამოვნებით გვთანხმდება და კიდევ ერთ საოცარ ლექსს ვისმენთ. ამ ბიჭს უდავოდ დიდი მომავალი აქვს.
-როგორ ფიქრობთ, ყველაზე დიდი შანსი ვის აქვს პარიზში წასვლის? - გვეკითხება ლიზი.
-შენ! - ამბობს ლანა. თანხმობის ნიშნად ყველა თავს ვუქნევთ.
-რაა? მადლობა, მაგრამ ასე ერთხმად მე რატომ?
-ვაა, გვკითხე და გიპასუხეთ. - მხრებს იჩეჩავს მაკო. - ისე „ფახუნასაც“ დიდი შანსები აქვს. - ეკას გულისხმობს ის. - და არაა გამორიცხული შენთან ერთად წაცუნცულდეს პარიზში. გააჩნია, რეზი რამდენად სუსტია.
-რაა? - ვეკითხები მე.
-ანუ ჩვენი შეფი ეკუნას თვალების ციმციმით და არა მარტო მაგით, თუ „დაიკერა“ მეთქი.
-არ ჩანს რეზი ეგეთი ტიპი. - ამბობს ამირანი და სიგარეტის მეორე ღერს უკიდებს. - საქმე პარიზში წაყვანას ეხება, აქვე სადმე რესტორანში კი არა.
-ჰო, რავი, - თავს იქექავს ლანა. - ეს ჩვენი დამა კი ძალიანაა მონდომებული და. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ დებო და ძმებო, კი არადა - ძმაო. აუუ, გეფიცებით, ამ ქუდს ერთხელაც იქნება და ბიჭოლას კოლექციის ნაწილად ვაქცევ. - თავიდან იძრობს ლანა საკონდიტროს ქუდს და ჯიბეში იჩურთავს.
ყველას სიცილი გვიტყდება, მაგრამ მე გონებით ისევ მაკოს სიტყვებს დავტრიალებ. ეკა? ხო, რატომაც არა? წამსვლელია ამაზე. უკვე რამდენჯერ დავინახე ის და რეზი ცალკე მოსაუბრე. ვითომ შეფი ჩაიდენს ამას? არა 95%, კი - 5%. რავი, მაინც კაცია.
ნამდვილად. აქედანვე ჩანს, რომ ლიზი ჯგუფში ყველაზე ძლიერია, მას ტყუპები მოსდევენ, შემდეგ ამირანი. მე არც კი ვიცი, რა დონეზე ვარ. ზარმაცობა არ მჩვევია. პარიზში მეც სიამოვნებით ამოვყოფდი თავს. ამისთვის არავის გადათელვას არ ვაპირებ. არც ეკასავით დავიწყებ თვალების ჟუჟუნს, მაგრამ ყველანაირად ვეცდები გავაკეთო ის, რაც მავალია - ვისწავლო.
-გამარჯობათ! - გვესალმება ჟღალთმიანი, ალბათ ჩემზე ერთი-ორი წლით უმცროსი გოგონა. ხელში წიგნაკი და კალამი უკავია. მის გვერდით კიდევ ერთი გოგო დგას დაღლილი სახით. - თქვენ 42-ე კონდიტერები ხართ ხომ? - გვიღიმის მხიარულად.
-Yes, what’s up? - ეკითხება მაკო.
-მე ხატია ვარ. ახლებისთვის მასკარადის მოწყობა მავალია. თქვენი ყველა ჯგუფელი ვნახე. მაინტერესებს თუ აპირებთ წვეულებაზე მოსვლას?
-კი, მოვალთ. - ამბობს ლიზი. ჩვენც თავებს ვუქნევთ.
-მშვენიერია. - რაღაცას ინიშნავს წიგნაკში ის. - კიდევ მაინტერესებს, თუ შეგიძლიათ რამე, მაგალითად ცეკვა, დაკვრა, სიმღერა და ასე შემდეგ.
-ამირანი ლექსებს კითხულობს. - ვამბობ მე ჩამშვებივით. ბიჭი თვალებს მიჭუტავს და ცერა თითს ყელზე იტარებს. - ოოჰ, კარგი ერთი!
-ძალიან კარგი. - ხატია მშვენიერ ხასიათზეა. - ამირან, რას იტყვი, წაგვიკითხავ წვეულებაზე ლექსებს?
-მმმ... ლექსებს არა. ლექსს კი, ჯანდაბას!
-შევთანხმდით. კიდევ შეგეხმიანები, როცა პროგრამის დალაგებას დავიწყებ. სხვა, გოგოებო? - თვალს გვავლებს ჟღალთმიანი.
-ახლახან გავიგეთ, რომ ანას ბოდიშების მოხდა ეხერხება. შეუძლია გამოვიდეს და რუსეთის მაგივრადაც მოიხადოს ბოდიში. ნუ, ამ ყველაფერს რაღაცით გავაფორმებთ და ეგ იქნება. - ამბობს ლანა. თვალებს ვატრიალებ და ხატია ხვდება, რომ უადგილო გამოსვლა იყო.
-ისე, მე სიმღერა შემიძლია. - მაკო სიგარეტის ნამწვს სანაგვეში აგდებს. - მართალია, მხოლოდ აბაზანის დონეზე, მაგრამ მჯერა, რომ ფართო საზოგადოება სტიმულს მომცემს და ადეკვატურად შემაფასებს.
-კარგი, მაშინ თავი კომფორტულად რომ იგრძნო, სცენაზე დუშ-კაბინას მოგიწყობთ. - თავს იქნევს ხატია. ყველას გვეცინება. - მოკლედ, ასე. კოსტიუმების სიას ხვალ ან ზეგ მოგაწვდით. აბა დროებით. - გოგოები მიდიან.
-საქართველოში ჩემ ნიჭს არასდროს დააფასებენ. - წუწუნებს მაკო.
-ისე, იდეა მაქვს. - ლანა თითს ბზიკავს. - შენი მსგავსი დაჩაგრული მომღერლებისთვის გავაკეთოთ პროექტი, new voice-ის მსგავსი bath voice. რას იტყვი?
მაკო უკმაყოფილოდ წარბებს მაღლა ქაჩავს და მეორე ღერს უკიდებს.


***
ღამის თორმეტი საათი ხდება. საწოლში ვწევარ, მაგრამ ვერაფრით ვიძინებ. პარიზი, შემოთავაზებული ტატუ, ეჭვი იმის შესახებ, იცის თუ არა რეზიმ, მას რომ ვუთვალთვალებდი, მასკარადი. ამ ყველაფერზე ერთდროულად მეფიქრება და ვგრძნობ, როგორ მიდუღდება ტვინი.
ვთვლიდი, რომ საერთაშორისო ურთიერთობები ჩემი საქმე იყო, ახლა კი იმისთვის ვიბრძვი, რომ პარიზში წავიდე და საკონდიტროში პრაქტიკები გავიარო. ჩემი სურვილები ასე რადიკალურად თუ შეიცვლებოდა, ვერ წარმომედგინა.
ამას მოსდევს რეზი, პროექტის ავტორი, ბიჭი, რომელიც ჩემი შეფია, საკმაოდ გაუგებარი ტიპია და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს ხშირად ვეწინააღმდეგები, მე ის მაინც მაღელვებს. არადა სულ რაღაც ერთი კვირაა ვიცნობ. ეს დასაშვებია? მე ხომ გული მერევა, როცა ვხედავ, როგორ უჟუჟუნებს თვალებს მას ეკა? მე ხომ ეს უზნეობად მიმაჩნია? აბა რით განვსხვავდები მისგან? მხოლოდ იმით, რომ რეზის მიმართ ჩემი სიმპათიები სხვებისთვის შეუმჩნეველია? არა ანა არა, ეს არასწორია!
გვერდს ვიცვლი და ცალ ხელს ბალიშის ქვეშ ვყოფ. ვამჩნევ თუ არა ჩემს ნოუთბუქს, მაშინვე ის მახსენდება, რომ ფეისბუქზე რეზი ჩემი მეგობრების მეგობრებშია. მაშინვე საწოლიდან ვდგები და სოციალურ ქსელში შევდივარ. ვპოულობ რეზის და მის ოფიციალურ გვერდზე ვიპარები. ჩემ რამდენიმე წამის წინანდელ ფიქრებს არ ვიმჩნევ. თავქარიანი მოზარდივით ვიქცევი.
რეზი გაბუნია, დაბადების თარიღი 1988, 9 მარტი. რაა?! სიცილი მიტყდება და ხმამ ოთახს რომ არ გააღწიოს, ჩემს ფუმფულა პანდას ვიხუტებ. ჯანდაბა! მე და შეფი ერთ დღეს ვართ დაბადებულები. რამდენიმე წამით სახეზე სიცილშეყინული ვზივარ და თარიღს ვუყურებ, შემდეგ თავს ვაქნევ და თვალთვალს ვაგრძელებ. საცხოვრებელი ადგილი - პარიზი, და ვითომ რატომ საქართველო არა?! სამუშაო ადგილი თავისი კაფე, სახელწოდებით „stranger“ და ჩემი კოლეჯი. სურათებშიც კი საკმაოდ სერიოზული სახე უჭირავს. აქა-იქ მის ნამუშევრებს ვაწყდები და კიდევ ერთხელ ვიაზრებ, რამდენად ნიჭიერ ადამიანთან მაქვს საქმე. შემდეგ „გუგლში“ ზოდიაქოს ვწერ და ერთ-ერთ ვებ-გვერდს ვსტუმრობ. მაინტერესებს ინფორმაცია თევზების შესახებ. როგორც ამ გადასახედიდან ვატყობ, რეზი ჩემგან განსხვავებით რადიკალურად განსხვავებული ხასიათისაა, ჩვენ ხომ ორივე თევზები ვართ. საკუთარი ზოდიაქო კი კარგად ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებს არ ვეთანხმები. თევზები მშვიდები და მსუბუქი ხასიათის ადამიანები არიან. ასევე კეთილები და ჰუმანურები. მაგრამ რეზი და სიკეთე? რეზი და ჰუმანურობა? აბა?
ვპოულობ თევზების დახასიათება. სტატია საკმაოდ ვრცელია, თანაც ისეთი არაფერი წერია, რაც შეიძლება რეზის ახასიათებდეს. ვითომ ასეთი უჯიშო თევზია? თუმცა აი, სტატიის ბოლო ჩემ ყურადღებას იპყრობს:
„...ბუნებაში ორი სახის თევზები არსებობენ, არამზადები და კეთილშობილები. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არამზადებს ყველაფერს პატიობენ, რადგან საკმაოდ ქარიზმატულები არიან, განსხვავებით კეთილშობილებისგან. პირველი ტიპის თევზებს ვერასოდეს გამოიჭერ ღალატში. ისინი ყოველთვის მოგაჩვენებენ თავს უცოდველად. მათ ყველაფერი იციან, მაგრამ არაფერს იმჩნევენ, სანამ არ აღიარებთ.“ - უკანასკნელ წინადადებაზე საკუთარი თავი და პირში კალამგარჭული რეზი მახსენდება. „ - ისინი უსულგულო და საზიზღარი ადამიანები არიან, რომლებსაც ყველა ფეხებზე ჰკიდიათ. თუმცა, ამავდროულად ძალიან ნაზი და მგრძნობიარე შინაგანი სამყარო აქვთ, რომელსაც 99,9% შემთხვევაში არავის აჩვენებენ. ამიტომ, არ გაბედოთ მათი წყენა, ან გამოწვევა, რადგან საშინელი შურისძიების უნარი გააჩნიათ.“
კანზე ეკალი მაყრის. ვისთვის უაზრობა, სისულელე და დროის კარგვა, ჩემთვის კი ზოდიაქო გასართობ საშუალებაზე ოდნავ მეტია.
აი თურმე რა ხდება. ყველას და ყველაფერს აქვს მეორე მხარე. თევზებზე მსგავსი რამ მინიმალური თუ წამიკითხავს. ახლა კი, ერთიანად ამდენი რადიკალური ინფორმაცია მანცვიფრებს. ანუ რა ხდება? რეზი, ნუთუ შენი იმაზე მეტად უნდა გვეშინოდეს, ვიდრე დასაშვებია? თუ, იმ შენი მგრძნობიარე სამყაროს იმედზე უნდა ვიყოთ, რომელიც ან არსებობს შენში და ან არა? ანა, იქნებ გაგვერკვია ეს? კი, მაგრამ, როგორ? გამოიჩინე შენი მოხერხებულობა და დაკვირვების უნარი. რომ გამოგვიჭიროს? მერე რაა? თევზები ამას დიდად არ განიცდიან. მიდი, გარისკე. დამერწმუნე, შენი არაფერი მიდის.


***
ზოდიაქომ ნამდვილად მამხიარულებს. მიუხედავად იმისა, რომ ლექციაზე ხუთი წუთით ვაგვიანებ და დღევანდელი ტკბილეულის დაგემოვნების გარეშე ვრჩები, კიბეზე მაინც აუღელვებლად ავდივარ. უცნაურია, მაგრამ ახლა რეზის თვალთვალზე და ჩემ დანახვა-არ დანახვაზე მეტად მისი აი „ის“ შინაგანი სამყარო მაინტერესებს. მე მინდა, რომ ის 0,01% ვიყო, რომელიც მის ნამდვილ სახეს დაინახავს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს როდის და როგორ მოხდება. ჩემი ეს თხის რქისეული შემართება მომწონს. წარმატებებს გისურვებ, ანა!
მეორე სართულზე ავდივარ და ფოიეს შესასვლელიდანვე ვხედავ რეზის, რომელიც მობილურზე ლაპარაკობს. გვერდს ისე ვუვლი, ზედ არ ვუყურებ. ალბათ არც სცალია ჩემი გამარჯობისთვის. გასახდელიდან რომ გამოვდივარ, შეფი უკვე საკონდიტროშია და სიას კითხულობს.
ო-ოო! ეს რა სახეა? ბატონი რეზი დღეს განრისხებულია? თვალები უელავს, წარბები იმაზე მეტად აქვს შეკრული, ვიდრე სჩვევია. კალამს ისე უჭერს თითებს, ალბათ ხელში შემოეფშხვნება. გვარებს კი არ კითხულობს, კბილებიდან სცრის. ჩემი გვარი ასე პირქუშად არავის არასდროს გამოუთქვამს.
ჟურნალს უხეშად ხურავს და გაშლილი თითებით მაგიდას ეყრდნობა.
-დღეს გუშინდელ რეცეპტს გავიმეორებთ, რადგან დღევანდელი მასალა ძალიან მარტივია და ცოტა დრო სჭირდება. ლიმონის ბისკვიტთან ერთად თხილის და შოკოლადის ქუქისებს გავაკეთებთ. - მმმ, როგორ მიყვარს თხილი. შეფის ხმის ტემბრი კი სასტიკად არ შეეფერება ამ საყვარელ ტკბილეულს. რეცეპტის ჩასაწერად კალამს ვიმარჯვებ. - მაგრამ, მანამდე თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს. - ყურებს ვცქვიტავ და რეზის ვუყურებ. - ჩათვალეთ, რომ გთავაზობთ ასეთ წინადადებას: გამოაცხოთ ახალი პროდუქტი ჩემი დახმარების გარეშე. რამდენი გარისკავდით ამაზე წასვლას?
ოჰო! საინტერესოა. ბავშვები ერთმანეთს უყურებენ. ზოგს ეღიმება და უარყოფის ნიშნად თავს აქნევს, ზოგი მხრებს იჩეჩავს. რეზი თვალს არ გვაშორებს. მე? ნეტავ თუ შევძლებ? ალბათ კი, ან არა. ან გააჩნია, რამდენად რთულია მისი შემოთავაზებული რეცეპტი. თუ გავითვალისწინებთ ჩემ მდგომარეობას და გავიხსენებთ კრეპის შემთხვევას, ალბათ გარისკვად არ ღირს. ან რატომ სვამს მსგავს შეკითხვას? რა აინტერესებს, რა აქვს ჩაფიქრებული?
-მე გავრისკავდი. - ამბობს ეკა.
რაა? იის? ის გარისკავდა? ოხ, ეს პეპლისებური თვალების ფახუნი. ვიცი, ამას რატომაც აკეთებს. გულის მოგება. დამტკიცება იმისა, რომ თამამი და გაბედულია, რისკიანია, ძლიერია. ამ გადაწყვეტილების თავი და თავი კი პარიზია.
-ესე იგი, მხოლოდ ეკა? - გვათვალიერებს რეზი.
-მეც. - ვამბობ, მაგრამ მაშინვე ჩემი ნათქვამის წინააღმდეგ მივდივარ. საშინლად, საშინლად ვნანობ, მაგრამ ამას უკვე აზრი აღარ აქვს. სიტყვას უკან ვერ წავიღებ. ყოჩაღ ანა, „გაიჩალიჩე.“ „გავიჩალიჩე“? ჰაჰ, არა. ეკას ისეთი გამომეტყველება აქვს, რომ კი არ უნდა ვნანობდე, მაგიდაზე ფეხებშემოლაგებული უნდა ვიჯდე და თავ-ქვეშ ხელებშემოწყობილი კმაყოფილი ღიმილით უნდა ვტკბებოდე ჩემი საქციელით. თუმცა, აქვე ვაწყდები რეზის მზერას და ამ კომფორტული სკამიდან კაქტუსზე ვინაცვლებ. მტკივნეულია!
მიბღვერს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შემდეგ კი მისი ტუჩების კუთხეებს დამცინავი ღიმილი ტეხავს. სუნთქვა მეკვრის. მაცოფებს ეს ღიმილი, გაუგებარი ღიმილი.
-ანაც შემოგიერთდა ეკა. - წარბებს მაღლა სწევს და ღიმილი სადღაც ქრება. წელში სწორდება და ხელებს გულზე იკრებს. - და მორჩა? მხოლოდ თქვენ ორნი გარისკავდით? - ბავშვები ჩუმად არიან. - ანუ თვლით, რომ ჩემი დახმარების გარეშე ახალ მასალას გამოაცხობთ?
-კი. - ამბობს ეკა ღიმილით.
-ალბათ. - მხრებს ვიჩეჩავ. სულაც არ მეღიმება. თუმცა, რატომ ვღელავ? საკმარისია! ეს ხომ უბრალოდ შეკითხვაა და მეტი არაფერი. რა, მართლა ხომ არ გამოგვაცხობინებს?! არა, არა და არა. ნუთუ ამას მართლა...
-კარგით, თქვენ ორმა ჩაიწერეთ ბრაუნის რეცეპტი. - ფიქრს მაწყვეტინებს შეფი.
-Damn! - მესმის ჩურჩული გვერდიდან. მაკო განიცდის. – good luck girl!
ჰაერივით მჭირდება წარმატებები. ბატონო რევაზ, თქვენ კი მეორედ ჩემგან, ოსკარი გადმოგეცემათ ნომინაციისთვის „არამზადა შეფი.“



5 თავი
***
რეზი ერთი სამუშაო მაგიდის ნახევარს და ერთ ღუმელს ჩვენ გვითმობს. ამბობს, რომ უნდა, ჩვენი ბრაუნები ცალ-ცალკე გამოვაცხოთ. მომზადების პროცესი მშვიდად გამოიყურება, სამაგიეროდ ქაოსი, წარღვნა და ქარიშხალია ჩემ შიგნით. ასე არ მინერვიულია არც ერთ გამოცდაზე, არც ერთ შუალედურზე და საფინალო გამოცდაზე, არც ეროვნულებზე და სადიპლომო დაცვაზე. არ ვიცი, რატომ ვეკიდები ამას ასეთი პასუხისმგებლობით. დიდი ამბავი, თუ არ გამომივა. მე ხომ უბრალოდ ვრისკავ. გარისკვა კი ან მარცხით დასრულდება, ან გამარჯვებით. ანა, ეს არაა სამყაროს დასასრული. აი ის ტიპი კი, თავისი სამუშაო მაგიდიდან რომ გიყურებს და ფეხებზე ჰკიდია, სწორად მუშაობ თუ არა, ერთი ჩვეულებრივი ადამიანია. ამიტომ, მოდი, შენც ფეხებზე დაიკიდე გამოგივა თუ არა ბრაუნი.
აი, ამ ყველაფერს ლაპარაკობს გული. გონებას კი ეკას თვალების ციმციმი აზრებიდან არ ამოსდის და ყველანაირად ცდილობს, დავალება ათიანზე შეასრულოს.
ყალიბს ვცხიმავ, შაქარს ვაყრი და შოკოლადის და ნიგვზის მასას შიგნით ვასხამ. ამასობაში კი ეკას თავისი ბრაუნი ღუმელიდან გამოაქვს. რეზი მოდის და ათვალიერებს. ნამცხვარს ხელით სინჯავს. ჩემი აზრით კარგად გამოიყურება და დაახლოებით ასეთი უნდა გამოვიდეს ჩემიც. თუმცა, როგორც ყოველთვის, შეფს სახეზე ვერაფერს შეატყობ. ვბრუნდები და ჩემი ბრაუნის ყალიბს ღუმელში ვდებ. დროს 20 წუთზე ვაყენებ, ტემპერატურას 170 გრადუსზე და ჩემი დასვრილი ინვენტარის მოსაგროვებლად მივდივარ.
-რას აკეთებ? - ჩამჩურჩულებს ლანა ადგილზე მისულს და თვალებს რეზისკენ აპარებს.
-ვრისკავ.
-შენ თავი ეკა გგონია, გოგო?
-ღმერთმა დამიფაროს!
-აბა?
-უნდა იცოდეს, რომ ჯგუფიდან მხოლოდ მას არ უნდა პარიზში წასვლა.
-და ეს ვითომ რამე კავშირშია პარიზთან?
-პირდაპირ კავშირშია. - ჩემს დასვრილ ჭურჭელს ვიღებ და ნიჟარაში ვაწყობ. ცოტაა და ვამთავრებ თუ არა გარეცხვას, მობილურზე დედა მირეკავს. ფოიეში გავდივარ და ვპასუხობ. დღეს ხათუნას ნათლულის დაბადების დღეზე მიდიან და აინტერესებს, სახლში როდის დავბრუნდები. წასვლა არ მინდა, ამიტომ ვეუბნები, რომ კოლეჯს გვიან ვასრულებ. ხმაზე ეტყობა, რომ არ სჯერა, მაგრამ აღარ მაძალებს. ვბრუნდები თუ არა საცხობში, ღუმელის წრიპინი მესმის. რა უცბად გავიდა ოცი წუთი. ხელებზე თათმანებს ვირგებ და ბრაუნის ყალიბი ღუმელიდან გამომაქვს. ზედაპირი ოდნავაა დამსკდარი, ზუსტად ისე, როგორც უნდა იყოს. რეზი მიახლოვდება და ნამცხვარს დაჰყურებს. შემდეგ ორ თითს ზედაპირზე ადებს და ოდნავ აწვება.
-არა. - თავს აქნევს. - ცხობა აკლია.
-აკლია? - ვცდილობ გაოცება არ დავიტყო.
-დიახ ანა, აკლია. ამას სულ ოდნავადაც რომ დავაწვე, შოკოლადში ვიბანავებ. - წარბებს უკმაყოფილოდ ჰკრავს. ეკაც იქვეა და სახეზე საზიზღარი სიამოვნება აქვს გამოსახული.
-კი, მაგრამ, ესეც ისევე ოცი წუთი ცხვებოდა ას სამოცდაათ გრადუსზე, როგორც მისი. - ეკასკენ ვიხედები.
-ფაქტია, რომ არ გამოგივიდა.
-სანამ გაცივდება შევაბრუნებ ღუმელში. - ფარ-ხმალს არ ვყრი. აქ რაღაც რიგზე ვერაა. ჩემი ბრაუნი იდეალური უნდა გამოსულიყო.
-შეაბრუნებ? არა ანა. როცა რისკავ და მარცხდები, იქ მეორე შანსის იმედი აღარ უნდა გქონდეს. - ამბობს შეფი და ეკას უბრუნდება. - შენს ბრაუნს კი გავაციებთ და ხვალ გავსინჯავთ. შესვენებას ვაცხადებ ერთი საათით!
ორივეს ზურგს ვაქცევ და მოშორებით ფანჯარასთან მივდივარ. ბავშვები ნელ-ნელა გადიან საკონდიტროდან. ქუდს ვიძრობ და ფანჯრის მიღმა ნაძვის წვერს ვაცქერდები. რა ჯანდაბა მოხდა? მე ხომ არანაირი შეცდომა არ დამიშვია? რა გამოვტოვე? რა დავაკელი?
-ეი, - მიახლოვდება მაკო. - არ მოიწყინო, დაიკიდე რაა.
-უბრალოდ ვერ ვხვდები, რა მოხდა. - თავს ვაქნევ.
-აღარ იფიქრო ამაზე. წამოდი ქვემოთ, ვისადილოთ. ამირანი ლექსს წაგვიკითხავს და გადაგივლის. - მხარზე მითათუნებს ხელს ის. მეღიმება და მისკენ ვბრუნდები თუ არა, მაკოს მიღმა თავის სამუშაო მაგიდასთან მჯდომ შეფს ვხედავ.
-კარგი, წადი. ჩემს მაგიდას გავასუფთავებ და ჩამოვალ მალე.
მაკო მიდის. ქუდს ჯიბეში ვიჩურთავ და რეზის მაგიდასთან ვჩერდები. ის ქვემოდან მიყურებს და როცა ხვდება, რისთვის ვდგავარ, თვალებს მობეზრებით ატრიალებს.
-მე შეცდომა არ დამიშვია. - ვამბობ კატეგორიულად.
-ანა, შენს ბრაუნს ცხობა აკლდა. - მასაც იგივე ტონი აქვს.
-გრამაჟი არ შემშლია, მომზადებას თანაბრად მივდევდი, გრადუსიც და დროც ზუსტად მეყენა.
-აბა, რა მოხდა?
-მეც ეგ მაინტერესებს.
-მე კი საერთოდ არ მაინტერესებს. - მახლის პირდაპირ. ლამისაა პირი დავაღო. ყელში რაღაც მეჩხირება და მგონია, რომ სიმწრისგან სულ წითელი ვარ. - ბრაუნის მომზადება შენ შენს თავზე აიღე, ხომ არ მეშლება? მე ის მხოლოდ დასრულებული სახით უნდა მენახა, დანარჩენ ყველაფერზე კი შენ იყავი პასუხისმგებელი.
-დიახ, ვიყავი და ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც საჭირო იყო. - თავს ძლივს ვიკავებ, რომ საუბარი ყვირილში არ გადამეზარდოს.
-ვერ ხვდები, რომ ახლა ეს ყველაფერი ზედმეტია? - ფეხზე დგება ის. თითებით მაგიდას ეყრდნობა და ჩემკენ ოდნავ იწევა. გული ამოვარდნას მაქვს. - შენ გარისკე და როგორც ხედავ სულ ტყუილად.
-აქ რაღაც მოხდა. - არ ვნებდები, მიუხედავად იმისა, რომ მის მზერას ვეღარ ვუძლებ.
-შეიძლება. - მხრებს იჩეჩავს. - მაგრამ შენ ეს ვერ დაინახე.
-უკაცრავად? - ვერ ვხვდები რას გულისხმობს.
-ანა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს. ამის შემდეგ, მანამ, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებდე, შენი შესაძლებლობები აწონ-დაწონე, კარგი? - სახეზე უსაზიზღრესი ირონია ესახება. მინდა ვუყვირო, ვუღრიალო, რომ ერთი არამზადა იდიოტია და მეტი არაფერი. ამის ნაცვლად კი ხელი ყურისკენ გამირბის და ფრჩხილებით კანს ეხება. წარმოდგენა არ მაქვს, რა ვუპასუხო. ძალიან უხეშად მექცევა და ანალოგიურად მოპყრობის ღირსია, მაგრამ ის ხომ ლექტორია, მე კი - სტუდენტი, თანაც არა უზრდელი. - ანა, წადი! - თითქმის მიბრძანებს და წელში სწორდება. აჯობებს, მართლაც გავეცალო, თორემ ვატყობ, მალე წყობიდან გამოვა. ასეთი რა ვუთხარი ან რა გავაკეთე? აა, ჰოო, ბრაუნი არ გამომივიდა და ტყუილად გავრისკე. ან მისი დღევანდელი ხასიათი იმ სატელეფონო საუბრის ბრალია.
-კარგით. - თავს ვუქნევ და უკან ვიხევ. არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი, მაგრამ ჩემს უვარგის ბრაუნს პლასტიკატში ვახვევ და მაცივარში ვინახავ. საკონდიტროში ჩემი და რეზის გარდა არავინაა, ამიტომ შეფი მშვენივრად ხედავს, რასაც ვაკეთებ. სკამზე ზის და თვალს მადევნებს. მისი მზერიდან ვერაფერს ვკითხულობ. - ახლა კი წავალ, როგორც მითხარით. - ვამბობ და აუდიტორიიდან უკანმოუხედავად გავდივარ. მე მჯერა, მაინც მჯერა, რომ ჩემი ბრაუნი კარგია.

***
ცხრას ხუთი წუთი უკლია ლიზისთან ერთად გასახდელიდან რომ გამოვდივარ.
დღეს რეზი გუშინდელ ბრაუნს გაჭრის. სავარაუდოდ, მხოლოდ ეკასას. არაუშავს, ჩემსას მე მივხედავ. უპატრონოდ არ დაგტოვებ ჩემო შავო და ტკბილო. უბრალოდ არ შემეძლო, რომ გუშინ გადამეგდო. მერე რა, რომ დამიწუნეს. ხანდახან გიწევს ყველას წინააღმდეგ წასვლა იმისთვის, რომ გაიმარჯვო. ვითომ ეს მინი შეჯიბრი ბევრი არაფერია, მაგრამ ცხოვრება ხომ ყოველდღიური წვრილმანი მომენტებისგან შედგება და არავინ იცის, რა შეიძლება გადაწყვიტოს თითოეულმა მათგანმა. მთავარია შენ სწორად შეაფასო ისინი.
სიურპრიზი! ეკა უკვე მოსულა. აუდიტორიაში მას, რეზის და ნათიას ვხედავ. რეზი თავის სამუშაო მაგიდასთან ზის და ლეპტოპის მონიტორს შეჰყურებს. შემოსულებს თვალს გვავლებს და ლიზის გამარჯობაზე პასუხობს. ნათკა მობილურს ჩაჰყურებს, ეკა კი, როგორც ყოველთვის საქმიანობს - გარეცხილ ინვენტარს ამშრალებს. ხუთიანი ეკა დეიდა, ხუთიანი.
ბავშვები ნელ-ნელა იკრიბებიან და ცხრა საათიც სრულდება. შეფის მზერა ისეთივე არაფრისმთქმელია, როგორც ოდითგანვე. სიას კითხულობს და დასწრებით კვლავ უკმაყოფილო რჩება. ხუთი ბავშვი გვაკლია.
თვალებს ეკასკენ ვაპარებ. ცქმუტავს. ალბათ ერთი სული აქვს, როდის დაიწყებენ მისი ბრაუნის შექებას. ზედა ტუჩი ამრეზით მაღლა ამდის.
რეზი ახალ რეცეპტს გვაწერინებს. რატომღაც დღეს ცხობის ხასიათზე არა ვარ და ეს კალიგრაფიასაც ეტყობა.
ჩაწერას ვრჩებით. რეზი მაცივრისკენ ბრუნდება და ჩემ-და გასაკვირად ორივე ბრაუნს იღებს. თავს ვიკავებ, რომ ეკას გამომეტყველებაზე სიცილი არ ავტეხო. გულში სიამოვნების ნაპერწკალი იწყებს შუშხუნს.
-როგორც იცით, გუშინ ეკამ და ანამ საკუთარ თავებზე აიღეს, დამოუკიდებლად გამოეცხოთ ბრაუნი. იმისთვის, რომ ეს ნამცხვარი იდეალური იყოს, აუცილებელია მისი მთელი ღამით მაცივარში დაყოვნება. კარგი ბრაუნი გაჭრისას გამოუცხობის, დაზეპილის შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს. ვნახოთ, ამ ორიდან რომელი იქნება საუკეთესო.
არც კი მიყურებს. მიკვირს, გუშინდელ ჩემ სიჯიუტეს და შეცდომას რომ არ ახსენებს. ნეტავ რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ იცის, ჩემი ნამცხვარი მაინც არაფრად ვარგა და ზედმეტად აღარ მაყენებს უხერხულ მდგომარეობაში? ჰაჰ, ანა შენც ნახე რა რეზი, რომ ამაზე ფიქრობდეს.
შეფი დანას იღებს. გვაჩვენებს ბრაუნის დააჭრის წესს. ჯერ ეკას ნამცხვარს აწყობს თეფშზე. ვუყურებ. მინდა იქამდე მივხვდე რას ფიქრობს ის, ვიდრე თავად იტყვის რამეს, მაგრამ არაფერი. შემდეგ ჩემი ბრაუნის დრო დგება. ორი ნაბიჯით წინ ვიწევი, რომ უკეთ დავინახო ნამცხვრების შინაგანი მდგომარეობა.
რეზი დანას დებს და ნაჭრებს აკვირდება.
-ვფიქრობ, ანას ბრაუნი იდეალურია. - ამბობს თავის ქნევით. რაა?! კი, ნამცხვარს ვუყურებ და ეს აშკარაა. მე ის მაცოფებს, რომ ამას ისეთი ტონით ამბობს, თითქოს გუშინ თავად არ აპირებდა ჩემი შემოქმედების ნაგავში ჩაძახებას. - ეკა, შენი ცოტა არ იყოს, გამომშრალია. სისველის ეფექტი არ აქვს. ბავშვებო, მოიწიეთ და დააკვირდით.
ეკა გაოგნებულია, ხმას არ იღებს. მე კი ხარხარი მინდა. მინდა გავწვე და ფეხები იატაკს ვურტყა. მინდა, ეკას ამ გამომეტყველებას სურათი გადავუღო და როცა ცუდ ხასიათზე ვიქნები დავხედო ხოლმე. ყველანაირად ვცდილობ, სახეზე კმაყოფილება გამოვისახო, ისე, როგორც ამას ის აკეთებდა გუშინ. მაკო და ლანა მუჯლუგუნებს მირტყამენ და ჩუმად ქირქილებენ. შეფი ნამცხვრის დაგემოვნების უფლებას გვაძლევს. ერთ ნაჭერს ვიღებ. ღმერთო, ასეთი გემრიელი არაფერი გამისინჯავს. სიამოვნებისგან ტუჩებს ვილოკავ და შუბლშეკრული რეზის მზერას ვაწყდები. მეცინება და ზურგს ვაქცევ.
მე გავიმარჯვე!
-მალე მოამთავრეთ. ახალ რეცეპტს ჩემთან ერთად გააკეთებთ. ბრაუნს კი მომავალ ორშაბათს ყველა გამოაცხობს. - ამბობს შეფი და ინგრედიენტების აწონას იწყებს.
რადგან ბევრნი არ ვართ, მუშაობა ინდივიდუალურად გვიწევს. ინვენტარს ვიმარაგებ და ინგრედიენტებს მეც ვწონი.
ეკა ცდილობს, არ შეიმჩნიოს, მაგრამ საშინლად გაღიზიანებულია. გამომდინარე აქედან, მას კიდევ ერთხელ ვხედავ რეზისთან ცალკე მოლაპარაკეს. შეფი გამუდმებით თავს უქნევს. კი, მაგრამ რა ხდება? რამდენჯერ უნდა გაარჩიონ ამათ ცალკე საქმეები, ეს რა წესია? ჩემი ბრაუნი რომ ცუდი გამომდგარიყო, მეც ასე უნდა მოვქცეულიყავი? მოიცა. ანა, აბა გუშინ რა გააკეთე? შენ არ იყავი, შეფი საკონდიტროში რომ დაიმარტოხელავე? რა ცუდია, საკუთარ თავს რომ მარცხში იჭერ. ოოხ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ორივეს.
ცოტა ხნით ღია ფანჯარას ვუშვერ შუბლს, საიდანაც გრილი ნიავი შემოდის. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და მაგიდას ვუბრუნდები. ვანილის ქილას ვხსნი და იქიდან კოვზით პუდრს ვიღებ. დავყურებ. რატომღაც ძალიან ლამაზად მეჩვენება ნათურის შუქზე თეთრი, ოდნავ მბზინვარე მასა. ცხვირთან ახლოს მიმაქვს და ვყნოსავ. საოცარი არომატი აქვს. ამ წუთას ყვავილებით სავსე მინდორში მინდება ყოფნა, სადაც გრილი სიო სხეულზე გელამუნება და გავიწყებს ყველაფერს, საკუთარ თავსაც კი... მაგრამ, ამის ნაცვლად საკონდიტროში ვიღაც შემოდის. გაღებული კარი ორ-პირ ქარს იწვევს და კოვზიდან აფრქვეული ვანილი სახეში მეყრება.
ვყვირი. კოვზი მივარდება. თვალებზე ხელის გულებს ვიფარებ და სიმწრისგან წელში ვიხრები. ჯანდაბა! თვალები პუდრით მაქვს სავსე. მგონია, რომ ერთი მანქანა მიწა ჩამაცალეს. მეწვის, საშინლად მეწვის.
-რა ხდება? - მესმის რეზის ხმა და ზურგზე მის ხელს ვგრძნობ.
-ვანილი შეეყარა თვალებში. - ამბობს ლიზი და თავზე ხელს მისვამს.
რეზი იდაყვში მავლებს ხელს და სადღაც მივყავარ. წყლის ხმა მესმის. ნიჟარასთან ვართ.
-მიდი, სახე დაიბანე. - მეუბნება მკაცრად.
-არ შემიძლია. - ხმა მიკანკალებს. თვალებზე ცეცხლი მიკიდია.
-დაიბანე, სანამ ძალიან გაგღიზიანებია, მალე! - თითქმის ყვირის. ასე მგონია, თვალებიდან რომ ხელები მოვიშორო, უარესად მეტკინება, ამიტომ უფრო მეტად ვაწვები. მაგრამ, უცბად მკლავებზე მეჭიდებიან და ხელებს სახიდან მაშორებინებენ. სახეში წყალი მესხმევა და თითების სიმხურვალეს ვგრძნობ.
-რას აკეთებ, მტკივა! - სულ მავიწყდება, რომ ის ლექტორია და მთელ ხმაზე ვუყვირი.
-დაბანა განაგრძე, მიდი! - მეუბნება კატეგორიული ხმით. ხელებში წყალს ვიგუბებ და თვალებში ვისხამ. ვცდილობ, ნელ-ნელა გავახილო, რომ შიდა გარსი გამოირეცხოს და თანდათან საქმე უკეთესობისკენ მიდის. ცოტა ხანში თავისუფლად ვახელ თვალებს და წელში ვსწორდები. ხშირი სუნთქვისგან ფილტვები მტკივა.
-კარგად ხარ? - მეკითხება შუბლშეკრული რეზი.
-ღმერთო, საშინლად გაქვს ჩაწითლებული თვალები, ანა! - პირზე ხელს იფარებს შეშინებული ლიზი.
-ისევ მეწვის, თითქოს ნაკაწრები მქონდეს. - ვამბობ და თვალებს ვისრეს.
-ნუღარ ატან ძალას. წამოდი ექიმთან ჩავიდეთ, წამალს ჩაგაწვეთებს. თქვენ კი საქმე განაგრძეთ. - ამბობს შეფი და კარისკენ მიმითითებს. დღეს ისედაც არ ვიყავი აქაურობის ხასიათზე. იქნებ წავიდე კიდეც სახლში.
ის წინ მიდის, მე უკან მივყვები. კოლეჯში ლექციები მიმდინარეობს და ფოიე და დერეფნები ცარიელია.
-როგორ აღმოჩნდა სახესთან ასე ახლოს ვანილი? - მესმის რეზის ხმა. მის ზურგს შევცქერი. მოხდენილად მიაბიჯებს. სიმკაცრე სიარულის მანერაშიც კი ეტყობა.
-ვყნოსავდი. - ვამბობ და ხელსახოცით ჯერ კიდევ სველ სახეს ვიმშრალებ. ის რაღაცას ბუტბუტებს. მგონი ჩემ ნათქვამს იმეორებს.
-იმედია ამიერიდან შენ საქმეს მიხედავ და არასაჭირო მოქმედებებისგან თავს შეიკავებ. - მეუბნება ცივად. თავი კორიდაზე მგონია. მე ხარის პოზიცია მიკავია და თავს ძლივს ვიკავებ, რომ რეზის არ ვეტაკო.
ფოიედან გავდივართ.
-შეფ, ერთი შეკითხვა მაქვს.
-გისმენ.
-რატომ მოგეწონათ ჩემი ბრაუნი?
-იმიტომ, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.
-მაგრამ, გუშინ ხომ მიწუნებდით?
რეზი უცბად ჩერდება და ჩემკენ ბრუნდება. მე კი თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ შევასკდე.
-მისმინე, ანა. ასე მოხდა თუ ისე, შენი ბრაუნი გუშინვე საუკეთესო იყო. მე კი არ გიწუნებდი მას, შენ შეცდომაში შეყვანას ვცდილობდი. მაინტერესებდა, დაიცავდი თუ არა საკუთარ ნაწარმს. ახლა გასაგებია? - წარბებაწეული მიყურებს. კიბეზე ერთი საფეხურით დაბლა დგას და მისი სახე ჩემ პირისპირაა. ჩემგან განსხვავებით, მშვიდად სუნთქავს და ამ ცისფერ თუ ნაცრისფერ თვალებს, ჯერაც რომ ვერ დამიდგენია მათი ფერი, არ მაცილებს. ყელზე მომდგარი უნიფორმის დასველებული საყელო მაწუხებს და ორი თითით დაბლა ვქაჩავ. ტყუილია, არ იწევა. ჩემი შეფი სიურპრიზებითაა სავსე. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. ის ბრუნდება და გზას აგრძელებს.
ექიმი ერთი სათვალეებიანი მხიარული ქერა ქალბატონია. მისი გულთბილი მიღება რეზისგან აღელვებულს ცოტა მამშვიდებს. შეფი სიტუაციას უხსნის. ქალი პაციენტის სავარძელზე მაწვენს, ჯერ თვალებს მიწმენდს და შემდეგ ორ-ორ წვეთ რაღაც სითხეს მაწვეთებს. თავიდან არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლება, ცოტა ხანში კი ვგრძნობ, რომ ტკივილი ოდნავ მიმსუბუქდება.
-აბა, როგორ ხარ? - მეკითხება ექიმი.
-მადლობთ, ნორმალურად. - ვპასუხობ.
-ვფიქრობ, საგანგაშო არაფერია, მაგრამ რეზი, სტუდენტს ამ ერთხელ თუ გაათავისუფლებ პრაქტიკიდან კარგი იქნება. - იღიმის ექიმი.
-თუ საგანგაშო არაფერია, დარჩება. - ამბობს გულზე ხელებდაკრეფილი. ღმერთო, ნუთუ ამ ადამიანს ცხოვრებაში არაფერი სტკიებია?
-კარგი. რადგან ასეა, წასვლამდე შემომიარე. ერთხელ კიდევ ჩაგაწვეთებ წამალს. ახლა კი თავისუფლები ხართ.
იმის იმედი, რომ ამ შემთხვევის გამო სახლში წავიდოდი, ექიმის სკამზე დარჩა.




***
ჯანდაბა! ყველაფერთან ერთად დღეს მორიგე ვარ. რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის იმედი, რომ შეფი შემიცოდებს. თვალები აღარ მტკივა, მაგრამ დროგამოშვებით მიცრემლიანდება და სალფეტკით მტირალასავით დავდივარ.
შესვენებისას მხოლოდ ლიზი ღელავს ჩემზე. მაკო და ლანა მოუხერხებლობის გამო დამცინიან. კითხვები მათაც უჩნდებათ ჩემს ბრაუნთან დაკავშირებით და გოგოებს რეზის ნათქვამს საიდუმლოდ ვუმხელ. სანამ თეთრი და შავი თვალებდაწვრილებულები მიყურებენ და რაღაცას ჩურჩულებენ ჩემზე, მე თვალს ლიზის მზერას ვაყოლებ. გოგო მოშორებით მდგომ ამირანს უყურებს, რომელიც წითურ ხატიას ესაუბრება. ლიზი ქვედა ტუჩს იკვნეტს და წამწამებს გახშირებით ახამხამებს. ოჰო! ნუთუ ეს ისაა, რაც მე მგონია?
გოგო უცბად ჩემ მზერას აწყდება და დაბნეული მიღიმის. მე თვალს არ ვაშორებ. ის ხვდება რატომაც და თავს უარყოფის ნიშნად აქნევს. მე სიცილი მიტყდება და ლიზი ამაზე ბრაზდება. დგება და საკონდიტროში მიდის. მალე ჩვენც მას მივდევთ.


***
ონკანს ვკეტავ და ხელებს ვიმშრალებ. საკონდიტროში აღარავინაა. ექვსის ნახევარი ხდება. მეორედ მორიგეობა ნამდვილად აღარ მინდა. საკონდიტროს დაკეტვას ვაპირებ, მაგრამ სამუშაო მაგიდაზე შეფის ნივთებს ვხედავ და გასაღებსაც იქვე ვუტოვებ. ექიმთან ჩავდივარ, თვალებში წამალს ვიწვეთებ და ფორმის გამოსაცვლელად გასახდელში შევდივარ. იქ ნათია მხვდება.
-არ წასულხარ? - ვეკითხები.
-გოგო, მზარეულებთან მქონდა რაღაც საქმე და... - ჩანთას კრავს, მხარზე იგდებს და სარკესთან ჩერდება.
-ჰოო...
-წავედი. სალონში მინდა შევლა. თმის შეჭრა გადავწყვიტე და... პაკებიიი... - ხელს მიქნევს ის და მიდის.
ვოხრავ. საინტერესოა ასეთი ადამიანების ტვინის აგებულება. იქ რაღაც უნიკალური უნდა ხდებოდეს.
კარადას ვაღებ, შარვალს ვიხდი და ჯინსს ვიცვამ. ის-ისაა ზედატანის ღილებს ვიხსნი, რომ კარის გაღების და დახურვის ხმა მესმის.
-რაო ნათკა, რა დაგრჩა? - ვეკითხები შემოსულს, მაისურს ვიღებ და მისკენ ვბრუნდები.
ნათკა? არა, ეს რეზია. გასახდელში რეზია, ლექტორია, კაცია. ჯანდაბა, აქ რას აკეთებს? გახსნილ პიჯაკს ხელებით ვიფარებ სხეულზე და გაოგნაბულ-განრისხებული შევყურებ. ის კი უცერემონიოდ მიახლოვდება. მე უკან ვიხევ და კარადას ვეჯახები.
-რას აკეთებ! - ვცრი კბილებში. სახეში ვერ ვუყურებ, თვალებს ვაცეცებ, კარებს გავცქერი. ის ზემოდან დამყურებს, აუღელვებლად, უშფოთველად. საერთოდ არ ადარდებს ის ფაქტი, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს გასახდელში ვინმე შემოვიდეს და ასეთ უცნაურ სურათს გადააწყდეს.
ნერვიულობისგან ხელი ყურისკენ გამირბის, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს. ორივე მკლავში რეზის თითები მეჭიდებიან და ხელებს ზურგს უკან მიქცევენ.
-რას აკეთებ! - ვიმეორებ და გათავისუფლებას ვცდილობ, მაგრამ ვერ ვინძრევი. რეზი იხრება და ტუჩებს ჩემს ბაგეებთან ისე აჩერებს, რომ სულ ოდნავ მეხება. თავს ხან მარჯვნივ ხრის, ხან მარცხნივ, თითქოს მოქმედებისთვის სწორ ფორმას არჩევდეს. თვალებს დაბლა ხრის. ჩემს მკერდს ურცხვად ათვალიერებს. შემდეგ ლოყით ლოყაზე მეხება და ყურისკენ მისრიალებს. მთელ ტანზე ცხელი ჟრუანტელი მივლის და შეწინააღმდეგების სურვილი ნულამდე ეცემა. ჰაერს ხარბად ისუნთქავს და რამდენიმე წამით ყოვნდება. მისი ცხელი სუნთქვა თავბრუს მახვევს. შემდეგ ტუჩებით სწორედ იმ ადგილს ეხება, რომლისკენაც წეღან თითები გარბოდნენ, ჩემი ორი ხალის ოდნავ ზემოთ. კანი მეწვის იმაზე მეტად, ვიდრე რამდენიმე საათის წინ თვალები.
-რეზი. - ვჩურჩულებ. ჯანდაბა, შეიძლება ვინმე შემოვიდეს. ის კი წელზე თავისუფალ ხელს მხვევს და თავისკენ მიზიდავს. ტუჩებით უკან ბრუნდება და ჩემს ბაგეებს აცხრება. ვნებისგან თითის წვერებზე ვიწევი და მის მკერდს უფრო მეტად ვეტმასნები. ხელების გათავისუფლება მინდა, მაგრამ ის არ მანებებს. მუცელში რაღაც მიხურს და მეკუმშება. სიამოვნებისგან რამდენჯერმე კვნესა მხდება და ამის გამო ოდნავ მრცხვენია კიდეც. წელზე მიბჯენილი მისი ხელი თითებში ოდნავ იკეცება და ქვემოთ ცურდება. ფრჩხილები რომ ჰქონოდა, ალბათ ნაკაწრებს დამიტოვებდა. მისი ეს მოქმედება ვნებას უარესად მიღვივებს. ხელის მიმართულებით კანის ქვეშ თითქოს ლავა მიედინება.
მოულოდნელად ჩერდება, მაგრამ ტუჩებს მაინც არ მაშორებს. თვალებს ოდნავ ვახელ. გამომეტყველება ისევ არაფრისმთქმელი აქვს, მხოლოდ მკერდის გახშირებული მოძრაობა ჰყიდის მის შინაგან განცდებს.
-ვანილის გემო გაქვს. - დამჩურჩულებს ბაგეებზე, ხელს მიშვებს და გასახდელიდან გადის.

6 თავი
***
პირი ღია მრჩება. უკან წაღებულ ხელებს ვისრისავ. მკლავებზე მის მოჭერილ თითებს ისევ ვგრძნობ. რეზიმ მე მაკოცა. შეფმა მაკოცა. იმ ბიჭმა მაკოცა, რომელმაც ავტობუსში ბილეთი ამიღო. ღმერთო, თან როგორ მაკოცა. მეცინება და ტუჩებზე თითებს ვისვამ. სიამოვნების და კმაყოფილების მეტს ვერაფერს ვგრძნობ. გული ისევ აჩქარებული მაქვს. ბაგეები ისევ მეწვის, მუცელიც.
გათიშულს, გასახდელში შემოსული გოგო მაფხიზლებს. ძირს დავარდნილ მაისურს ვიღებ და ვიცვამ. გონზე მოსასვლელად სახეზე ცივ წყალს ვისხამ. ვერ ვიჯერებ, რაც მოხდა. კარადას ვკეტავ, ჩანთას ვიღებ და ფოიეში გავდივარ. ახლაღა მერევა გაოგნება, აღელვება და თავში უამრავი კითხვა მიტრიალებს.
ეს რატომ გააკეთა? შეფს მოვწონვარ? არ არსებობს, ნუთუ მისტერ ქვის გულს მოწონების გრძნობა გააჩნია? ნეტავ რა ტრიალებს მის თავში? ჩემდამი და არა მარტო ჩემდამი ასეთი უხეში მოპყრობის შემდეგ, მისგან მსგავსი საქციელი როგორ უნდა შეფასდეს? ჯანდაბა, ანა! მაგარი გამოცანა დაგატყდა თავს. ესეც შენი კოლეჯი და მისი პირველი თავსატეხი, ვნებიანი თავსატეხი.
ის-ისაა კოლეჯიდან გავდივარ, რომ ვიღაც ჩემს სახელს ყვირის. ვბრუნდები. ჟღალთმიანი ხატია ფურცლიან ხელს მიქნევს და ჩემკენ მოდის.
-სალამი. ხომ არ გეჩქარება? - მეკითხება.
-სალამი. არა. - თავს ვაქნევ.
-აი, გამომართვი. - ფურცელს მაწვდის. - ამ წამს ამოვბეჭდე. მასკარადის გმირების ჩამონათვალია. რადგან პირველი შენ შემხვდი, ბარემ მიდი, ამოარჩიე, ვინ გინდა, რომ იყო კვირა საღამოს.. - გოგო წარბებს ათამაშებს და ხითხითებს.
ფურცელს ვართმევ. ჩამონათვალი ულევია.
-ვაიმე დედა. - ვიცხადებ. - ამდენი ახლა როგორ წავიკითხო? ან როგორ მოიფიქრე?
-ამ ჩამონათვალმა გამიწია რეკომენდაცია წვეულების ორგანიზატორის შერჩევის დღეს. - თვალს მიკრავს ხატია.
-აამ, კარგი. - ქვედა ტუჩს ვიკვნეტ. ამდენის წაკითხვის თავი არ მაქვს. ჩამონათვალს აქა-იქ ვკითხულობ. თითოეული მათგანი მხოლოდ კოლეჯთანაა კავშირში: კოქტეილი... შავი შოკოლადი... ტაფა... პომიდორი... ნიორი... ვანილი... რომი... მიმტანი... მოიცა, ვანილი?! ამ სიტყვაზე მეღიმება და ცოტა ხნის წინ რეზის ნათქვამი სიტყვები მახსენდება: “ვანილის გემო გაქვს.“ ზუსტადაც, მე ამას გავაკეთებ!
-ვანილს ავირჩევ. - ვეუბნები ხატიას.
-ოჰოო, მშვენიერი არჩევანია.
-ერთი თხოვნა მაქვს. - ფურცელს ვუბრუნებ. - შეგიძლია, რომ თეთრი და შავი შოკოლადი მაკოს და ლანას შეუნახო?
-აა, არ ვიცი რამდენად შევძლებ. - ყოყმანობს. - ასე დაჯავშნა არ მგონია სწორი იყოს.
-უბრალოდ აღნიშნე, რომ უკვე არჩეულია. დამიჯერე, მათ რომ ეს ორი არ შეხვდეს, მათი სახით მტრებს გაიჩენ. - მეცინება.
-კაი, კაი, გამონაკლისები ყველგან და ყოველთვის. - სიცილით მიქნევს თავს ხატია. ფურცელს მართმევს და მიდის.


***
ყველა ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ვიღაცის ნაკლებად მრავალფეროვანია, ვიღაცის კი ძალიან საინტერესო. ამ ისტორიის შექმნა კი თავად ადამიანზეა დამოკიდებული. იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად გარისკავს, რამდენად იაქტიურებს, რამდენად გაითვალისწინებს და რამდენად სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. თუმცა, ხშირად საინტერესო ისტორიები მომენტალური, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმით იქმნება და მათ წარმოუდგენლად მრავალფეროვანი შედეგები მოსდევთ.
არ ვთვლი, რომ აქამდე უინტერესო ცხოვრება მქონდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთავარი თავგადასავლები წინ მელის. მიუხედავად იმისა, რომ შეფმა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დამიტოვა და აუღელვებლად გაიხურა კარი, მე მაინც კმაყოფილი ვარ. არ ვიცი, კონკრეტულად რითი, მაგრამ ვგრძნობ, რომ მომავალში თავბრუსხვევები არ მომაკლდება. დიახ, შეფი დიდი ამოუცნობი ვინმეა და დარწმუნებული ვარ, რომ დიდხანს მამყოფებს გაურკვევლობაში, მაგრამ მე ეს არ მაფრთხობს. პირიქით, მიზიდავს და მეშინია. მეშინია, რომ საკუთარი თავი არ მეყოფა მასთან გამკლავებისას. შიში კი ერთგვარი ადრენალინია. მე კი ადრენალინს რეზისთან ვაიგივებ. ამასთან, რეზისი არ მეშინია. ჩემს თავში არეულობაა, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი დალაგდება, მთავარია, მისტერ არამზადა თევზებმა უარესი ქაოსი არ შექმნან ჩემში.
ეს-ესაა დედა ბჭყვრიალა თვლების ჩემს შუბლზე დაწებებას მორჩა. მხარზე ვერცხლისფერი ტატუ მაკვრია. ფოთოლია, ჩემი წარმოდგენით ვანილის ფოთოლი. ტანზე თეთრი, უსახლებო კაბა მაცვია, რომელიც საკმაოდ ფარფარა, მსუბუქი და ნაზია. ვბზრიალდები და ზედა შიფონის ნაჭერი ტალღებად ფრიალებს ჰაერში. ფეხზე კი სადა, თეთრ ბალერინებზე ვდგავარ. ჩემი ქერა თმა უკან მაქვს გადაწეული და გაშლილი, რომ შუბლზე თვლებით გაწყობილი ლამაზი ორნამენტი კარგად გამოჩნდეს. მომწონს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თეთრი ვანილი ვარ. საკუთარ თავზე ვიცინი.
დედას პირზე აუფარებია ხელი და აღფრთოვანებული მიცქერს. სადაცაა ცრემლები წამოსცვივა.
-ოო ხათო, კარგი რაა. - ვშორდები სარკეს და ჩემს სპორტულ ჩანთაში ვიქექები.
-ანა, არ გადამრიო და არ მითხრა, რომ მაგ ჩანთით მიდიხარ. - სახე ეცვლება ხათუნას.
-ამით კი არ უნდა ვიარო. მივიტან და ოთახში დავაგდებ.
-იქნებ ესენი ჩაგეცვა? - თვალს აპარებს თავისი ქუსლიანი ფეხსაცმლისკენ.
-გამორიცხულია.
ოთახში ლელა შემოდის. ჩემი საკონდიტროს ფორმა აცვია. მეკრიჭება.
-ასე წამოვალ. რას გაიგებენ? ვითომ სტუდენტი ვარ და ეს ფორმა ავირჩიე.
-გაიხადე ეგ და გირჩევნია იმეცადინო, ხვალ გამოცდა გაქვს. - ვუბრიალებ თვალებს. გაბრაზებული გადის. ხათო ჩანთას მიკრავს, მე ვიღებ. დედა კარამდე მაცილებს. კიბეზე ჩავდივარ და სადარბაზოსთან მდგარ ილოს ვუახლოვდები. გარეთ ნაწვიმარია და კაბა რომ არ დაიწუწოს, ხელებით მაღლა ვიწევ. მამა კმაყოფილი მაცქერდება და ლოყაზე მკოცნის.
-ულამაზესი ხარ პატარავ. - მიკრავს თვალს და მანქანის კარს მიღებს. მეც ვიფერებ და ფრთხილად ვჯდები.


***
საღამოს გახსნამდე ერთი საათით ადრე მივდივარ. წვეულება პირველი სართულის ფოიეში იმართება. იქაურობა სრულიად შეცვლილია. მიმღების დახლის ადგილას სცენა გაუმართავთ. იქ DJ დგას და თავის აპარატურას ასწორებს. ალაფურშეტი ორ მხარესაა გაწყობილი. კედლები და ჭერი სხვადასხვა ფერებშია გაფორმებული. აქა-იქ ფერადი ბუშტებიც ჰკიდია. კიბეები ლენტებითაა მორთული. ჩემ გვერდით მაგიდა დგას, ზედ კი დიდი თასით შოკოლადიანი თხილი და მოზრდილი ბლოკნოტი დევს. როგორც ვიცი, სტუდენტებს წვეულების დატოვებამდე მოუწევთ ამ ბლოკნოტში ჩაწერონ, დღევანდელ დღეს რა დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად.
ფოიეს ვათვალიერებ. მხოლოდ რამდენიმე კოსტიუმიანი სტუდენტი დადის. მათ შორის ერთი სავარაუდოდ ჩანგალია, მეორე - წიწაკა და მესამე მიმტანი.
მობილურზე შეტყობინება მომდის.
„ - მეორე სართულზე ვართ. Waiting for u.” - მწერს მაკო.
ჩანთას მხარზე ვიკიდებ და კიბეზე ავდივარ. საეჭვო პირის შესამჩნევად გარემოს ჯაშუშივით ვათვალიერებ. არ ჩანს. ჯერ-ჯერობით მასზე ფიქრი არ მინდა და ფიქრების გასაფანტად თავს ვიქნევ. მეორე სართულზე ავდივარ და შორიდანვე, ოთახის კუთხეში ვხედავ ჩემს ჯგუფელებს. ფოიე გადაჭედილია. დაბლითა სართულის ავეჯი აქ ამოუტანიათ.
-ღმერთო, შენ ვანილი ხარ თუ ფერია? - თვალებგაფართოებული მიყურებს ლიზი, ხელს მკიდებს და მაბზრიალებს.
-ჩანთა განსაკუთრებით გამშვენებს. - ფხუკუნებს ამირანი.
მაკო და ლანა ჩუმად დგანა და მშვიდად ელიან, როდის შევაფასებ. ზუსტად ერთნაირი ტანსაცმელი აცვიათ. ლანა რა თქმა უნდა, თეთრი შოკოლადია. თეთრი ტყავის უსახლებო მაისური და იგივე მატერიის მოკლე ბოლოკაბა აცვია, რომელიც მსხვილ ტალღებად ლამაზად ადგას. ფეხზე თეთრი, დაბალყელიანი თასმაგახსნილი ჩექმით დგას. ზუსტად მსგავს, შავ ტანსაცმელშია გამოწყობილი მაკო.
-ერთნაირად სასაცილოები და საყვარლები ხართ. - ვუცინი მათ და დანარჩენებს ვათვალიერებ. ამირანი მენიუა და თეთრ ტანსაცმელზე შავი შრიფტით კერძების დასახელებები აწერია. ლიზის კი დაბინდული ოქროსფერი, თითქმის ჩემი სტილის კაბა აცვია. თვალებიც ოქროსფერი ბჭყვრიალა საღებავით მოუხატავს, ასევე ტუჩებიც. მაგრამ ვერ ვხვდები ვინაა.
-უტკბილესი და უგემრიელესი honey ბრძანდება. - ამბობს მაკო ტუჩების ლოკვით.
-ისღა დაგრჩენია, ვინმე შესაფერისს მიეწებო ლამაზო. - თვალს უკრავს მას ლანა.
-ქალბატონი არ მოსულა? - ეკას ვგულისხმობ.
-ჩვენ რომ მოვედით, უკვე აქ იყო. შავი კაბა აცვია. ან პილპილია, ან შავი ვანილი.
ჯანდაბა, რაა?! არა, ოღონდ შავი ვანილი არა. კი, მაგრამ რას აკეთებს ეს ქალი? მეჩვენება თუ მხოლოდ ჩემზეა „აკრეფილი“? ნუთუ ასე ძალიან მეტყობა, რომ ვერ ვიტან? საიდან გაიგო, რომ ვანილი მე ავირჩიე? ალბათ ხატიას გამოსტყუა ინფორმაცია. არა, უნდა დავმშვიდდე. მაგ ქალბატონს ნერვებს არ ავაშლევინებ. თანაც, ზუსტად ხომ არ ვიცი, რის ფორმაშია გამოწყობილი.
აი, ისიც! მესამე სართულიდან ჩამოდის, დერეფანს გადის და ისე, რომ ჩვენკენ არც იყურება, პირველი სართულისკენ მიიწევს. არა, ბოღმა არ ვიქნები და ვაღიარებ, მშვენივრად გამოიყურება. შავი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ცოტა გამომწვევად, მაგრამ მაინც მოხდენილად მიაბიჯებს. ფუუ, გული მწყდება, რომ ხათუნას თეთრი „ქუსლიანები“ არ ჩავისვი. თავი უკვე ჯუჯა მგონია.
-ეი, snow white! - მეძახის მაკო.
-ვანილი ვარ. - ნაწყენივით ვუსწორებ.
-წამო გასახდელში, თავები შევათვალიეროთ და შევუდგეთ გუგუნს.
გასახდელში გავდივართ, მაგრამ იქ იმდენი გოგოა, შესვლაც არ ღირს. ცარიელ აუდიტორიას ვპოულობთ და ზედმეტ ნივთებს ვაწყობთ. ტუჩსაცხის ამოსაღებად ჩანთას ვხსნი და წარბები შუბლზე ამდის. თეთრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ბჭყვრიალა ლენტი თვალებს მჭრის. ხათო, ღმერთო, როგორ მიყვარხარ! კი, მაგრამ როდისღა მოასწრო ჩადება? ფეხსაცმელს ვიღებ და ბალერინებს მათით ვანაცვლებ. გოგოები ერთხმად აცხადებენ, რომ ასე უკეთ გამოვიყურები.


***
პირველ სართულზე ჩასულებს დარბაზში მომრავლებული სტუდენტობა გვხვდება. მათ შორის ლექტორებიც არიან. მუსიკა მაღალ ხმაზეა ჩართული. ატმოსფერო თანდათან იმუხტება და ღმერთმა იცის, რა სიტუაცია იქნება აქ რამდენიმე საათში. ბევრ კომპლიმენტს ვიღებ და მიხარია, რომ ხათუნამ მაინც თავისი გაიტანა ფეხსაცმელთან დაკავშირებით.
თეთრი და შავი ისე არიან აჟიტირებულნი, რომ ვშიშობ წვეულება მათთვის მძიმე ფორმას მიიღებს. თანაც, მაგიდაზე კარგად ვხედავ შამპანურს, ღვინოს და ენერგეტიკულ სასმელებს. ამდენი ალკოჰოლი ადმინისტრაციამ რატომ დაუშვა ვერ ვხვდები.
შეფს ვერ ვხედავ. სავარაუდოდ, ჩვეულებრივ ფორმაში იქნება, რადგან ლექტორები უკოსტიუმოდ დაიარებიან. ოთხშაბათის შემდეგ არ მინახავს. საინტერესოა, რა პოზიციას დაიჭერს. საინტერესოა, მისი გამომეტყველება, როცა დამინახავს. ვფიქრობ, „გამარჯობა, კარგად გაერთეს“ არ გასცდება. ის ხომ რეზია, არამზადა თევზები და მისგან ურთიერთობის ეს ფორმა მოსალოდნელია. გასაკვირი ის არის, რომ მე თვითონ არ მაბრაზებს ეს ფაქტი.


***
წვეულება ნელ-ნელა ეშხში შედის. უკვე ცხრა საათი ხდება. სამი ჭიქა ღვინო დავლიე და ახლა მეოთხე მიკავია ხელში. ჩემი სამეგობრო წრე დაფანტულია. „ტყუპები“ აშკარად სხვა პლანეტაზე არიან. ლიზი არ ჩანს. ამირანი კი სცენასთან დგას და ხატიას ესაუბრება. სავარაუდოდ, მალე ლექსს წაგვიკითხავს. კიბეებთან მდგარ ეკას მზია გამოუჭერია და სერიოზული გამომეტყველებით ესაუბრება. საინტერესოა, ნეტავ რატომ ტოვებს ეს ქალი ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მოგზავნილია? რომ სადღაც იქექება და რაღაცის მიღწევას ცდილობს? ჩემი ნასვამი გონება მათი დიალოგით ინტერესდება, მაგრამ უცბად მიკროფონის წუილი მესმის და ყურადღება სცენაზე ასული ამირანისკენ გადამაქვს.
-საღამო მშვიდობისათ სტუდენტებო. ამჟამად სხვადასხვა ინვენტარო, ინგრედიენტებო და ასე შემდეგ. - მხიარულად იწყებს ის. - ხო, ვიცი, ასეთი მაგარი მუსიკის შემდეგ ჩემი გამოსვლა თქვენთვის ცოტა მოსაწყენი იქნება, მაგრამ თუ საქმე დადანაშაულებაზე მიდგება, აი ეს მშვენიერი გოგონა აგებს ყველაფრისთვის პასუხს. - ამირანი მსმენელს სცენის დაბლა მდგომ ხატიაზე ანიშნებს, რომელიც მორცხვად იღიმება. - მე... მე ჩემს ლექსს წაგიკითხავთ, დანარჩენი თქვენ იცით.
ბიჭი ყელს იწმენდს, ერთ ხელს მიკროფონს ჰკიდებს, საჩვენებელ თითს ტუჩებზე იდებს და იწყებს:
„ჩშშ! გაიგეთ? ის მოდის,
ჯანდაბა! მიახლოვდება,
თვალებში მორცხვად მიყურებს,
მკოცნის, იღიმის, ბრუნდება.
მიტოვებს ათას შეკითხვას,
მიბნევს აზრებს და გონებას,
სპონტანურ ქცევებს არ წყვეტს და
თანდათან მირევს ცხოვრებას.
ვინ მოაგზავნა ვერ ვხვდები
ასეთი ძუნწი ჯაშუში,
თავის გამომწვევ საქციელს
რომ მინდა, მაგრამ ვერ ვუშლი.
ხანდახან ისე მიყურებს,
მინდა ყელში ვწვდე, დავახრჩო,
ხან კი კუპიდონს ისარს ვთხოვ,
მისთვის - გულში რომ დავარჭო.
შენ, შენ გგულისხმობ ლამაზო
გულიანად რომ კისკისებ,
ერთხელ მეც მოვალ „ს პონტამ“ და
რამე სიგიჟეს ვიკისრებ.
მაგრამ ძალითა ჩემითა
შენ ქცევებს ვერას დავაკლებ,
მოდი ნებითა შენითა,
ურცხვი გეგმები გამანდე.“
ამირანი ღიმილით ასრულებს ლექსს. ის მხურვალე აპლოდისმენტებს იღებს, მე კი გულის ძლიერ დარტყმებს. როგორ ხდება ისე, რომ მისი ყოველი ლექსი ჩემთან ძალიან ახლოსაა? მის ყოველ წაკითხულ სტროფებზე რატომ მიჩქარდება გული?
ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ვგრძნობ, როგორ მიშრება პირი. ბოკალიდან ღვინოს ვწრუპავ და თვალები კიბისკენ გამირბის. იქ კი რეზი დგას. მოაჯირს მიჰყრდნობია და ხელში ენერგეტიკული სასმელი უკავია. ალბათ ცოტა ხანია, რაც მოვიდა, რადგან დღეს პირველად ვხედავ. შემდეგ ამირანის ლექსი მახსენდება და მისი ყოველი სტრიქონი რეზის მისამართით იგზავნება. დიახ, თვალებში ურცხვად მიყურებს, შემდეგ მოდის, მკოცნის და მიდის. უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას მიტოვებს და თავგზას მიბნევს. დიახ, სულ ცოტა ხანია ვიცნობ და უკვე მილიონჯერ მომინდა მისი დახრჩობა. და ყველაზე მთავარი - მაინტერესებს მისი გეგმები.
ვათვალიერებ. ბატონი არამზადა თევზები ძალიან სიმპათიურია. მუქი ლურჯი პერანგი და კრემისფერი შარვალი აცვია. სასმელს მშვიდად შეექცევა და გაგიკვირდებათ და მე მიყურებს. გამომეტყველება? ისეთი, თითქოს არ მიცნობდეს, რაც მისგან ნამდვილად მოსალოდნელი იყო. ვგრძნობ, რომ სადაცაა გამეღიმება და ვბრუნდები, არ მინდა დაინახოს.
ჭიქაში ღვინოს ჩავყურებ და ორგანიზმი კიდევ უფრო გრძნობს მის ზემოქმედებას. იქ მხოლოდ ორი ყლუპიღაა დარჩენილი. ვერ გადამიწყვეტია, დავლიო კიდევ ერთი ჭიქა თუ არა. მაგიდასთან მივდივარ და ბოკალს ვდებ. იქვე სხვა სავსე ბოკლებს ვათვალიერებ და ერთ მათგანს ვიღებ.
საინტერესოა, რატომ არ მაბრაზებს რეზის საქციელი? რა კითხვაა ანა? იმიტომ, რომ მოგწონს. მოგწონს შეფიც, მისი ქმედებებიც და მისი უცნობი გეგმებიც. საერთოდ არ მადარდებს ის, რომ ეს თითქმის ევროპელი ვაჟბატონი, ჩემნაირი, ურთიერთობაში გამოუცდელი გოგოსთვის შესაძლოა საშიში იყოს. არ მადარდებს, რადგან უზარმაზარი ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ. თანაც, არ დამვიწყებია ჩემი გეგმა. მე „ის“ რეზი უნდა ვიპოვო, რომელიც ყველასთვის უცნობია.
დარბაზში კვლავ ხმამაღალი ელექტრო ირთვება და ყურთასმენას მთლიანად იპყრობს. სინათლეც ქრება და აქა-იქ წითელი და ცისფერი მოციმციმე პროჟექტორები ანათებენ. ის-ისაა უნდა მოვბრუნდე, რომ ზურგიდან ვიღაც მიახლოვდება, მთელი სხეულით მეკრობა და ერთ ხელს მუცელზე მხვევს. ვკრთები და კვლავ შემობრუნებას ვცდილობ, მაგრამ ხელი მაკავებს. ბოკალიდან ღვინო მეღვრება და ხელი მისველდება. შემდეგ მეორე ხელ ვხედავ, რომელიც მაგიდისკენ მიიწევს, ენერგეტიკულ სასმელს იღებს და ქრება.
რა ჯანდაბას აკეთებ შეფ? თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ, მაგრამ ისე ბნელა, რომ თავად ვერ ვარჩევ ვერავის სახეს. მუცელზე გაშლილ ხელს უფრო მძლავრად მაბჯენს. მთელ ტანზე დაუკითხავად ვრცელდება ცხელი ტალღა. ყურთან ბაგეებს ვგრძნობ, რომლებიც ქვემოთ მოცურავენ. უცბად მერთვება სხეულის ენა და თავს ოდნავ უკან ვაგდებ. მისი ტუჩები უკვე ლოყასთანაა. ბაგეები თავისით მეხსნება და თვალები მეხუჭება.
ანა, გაეცალე ამ ბიჭს! სირცხვილია! აქ ხალხია!
თავს ვატრიალებ. ჩვენი ბაგეები ის-ისაა ერთმანეთს უნდა შეეხონ, რომ რეზი მცილდება. ხელი ჩემი მუცლიდან ქრება. თავს ძლივს ვიკავებ, რომ უსაყრდენოდ დარჩენილი უკან არ გადავვარდე. ღვინო ისევ იღვრება ბოკალიდან და ხელებს მისველებს. სითხე მაფხიზლებს და ღიად დარჩენილ ტუჩებს ერთმანეთს ვაწებებ. ყელს ვიწმენდ და გარემოს ვათვალიერებ. ჩემთვის არავის სცხელა. ირგვლივ კვლავ ბნელა და მოციმციმე ნათურები ხანდახან თვალებს მჭრიან. ბოკალს მაგიდაზე ვდებ და ხელებს ვიმშრალებ. არა, აჯობებს დავიბანო. საპირფარეშოსკენ მივიკვლევ გზას.
ცივი შხაპი მჭირდება! სხეულს ერთიანად ცეცხლი უკიდია. ტუჩები დაუსრულებელი საქმის დამთავრებას მოითხოვენ. მიდი რეზი, შენ ხომ თამამი, რისკიანი ბიჭი ხარ, დამედევნე უკან.
მაგრამ იქიდან გაწბილებული გამოვდივარ. არავითარი დაუპატიჟებელი სტუმარი. ის ფხიზელია და ის ისევ კარგად თამაშობს, ჩემით თამაშობს. ნამდვილი არამზადაა, მე კი - იდიოტი! დიახ, იდიოტი, რადგან მიუხედავად ჩემი ფიქრებისა, მაინც დებილივით, კმაყოფილს მეღიმება.
ღვინით და ვნებით სასიამოვნოდ გაბრუებული დარბაზს ვუბრუნდები. ხმაური ისევ მიხშობს ყურებს. უცბად, საიდანღაც მაკო და ლანა ჩნდებიან. ხელს მკიდებენ და გარეთ მიმათრევენ.
-უჰ, - ოხრავს თეთრი და სიგარეტს უკიდებს. - აქ კარგად გრილა.
-ასე რას მეტაკეთ შოკოლადებო?
-ბომბა ამბავი გვაქვს. - შეკრული მუშტის გაშლით მაკო აფეთქებას ასახიერებს.
-რა ხდება? - ვინტერესდები.
-ის ძუკნა ფახუნა მზიას ნათესავი ყოფილა. - კბილებიდან ცრის მაკო. ლანა პირიდან კვამლს უშვებს და თავის ქნევით ეთანხმება.
-მაგარი ბომბა ამბავია, ინერციამ გამგლიჯა. - თავს ვაქნევ.
-ჰმ, baby, გგონია მხოლოდ ამით შემოვიფარგლები? ის დამპალი ცდილობს პარიზში მოხიოს. Bitch!
-რაა? - წარბები ზემოთ ამდის. - როგორ?
-მზიას აბამს, რომ იმან რეზი შეაბას. - ამბობს ლანა. - აზრზე ხარ რა სწერვაა?
-და თქვენ ეს საიდან იცით? - თვალებს ვჭუტავ.
-ნუ... - აბოლებს ლანა და გვერდით იყურება.
-ისე... შემოგვესმინა. - კბილებს კრეჭს დამნაშავედ მაკო.
-კარგი და მზია? ის რას ამბობს?
-ვერაფერს შეგპირდებიო. ანუ ცდას მაინც აპირებს, ხვდები? - ლანა გაცეცხლებულია.
-კი, მაგრამ ეს ხომ დამპლობაა, უსამართლობაა! - ვცოფდები.
-Son of the bitch! - კბილებში სცრის შავი.
კარგი, ეკა თავიდანვე ვიცოდი, რაც იყო. არც მზია დამხატვია დიდად გულზე. რეზი. ნუთუ გაებმება? ნუთუ ამ დაუშვებელ, უსამართლო საქციელზე წამსვლელია? აბა, რაღა საჭიროა ბავშვების ტყუილად აჟიტირება თუ ნათესავი ნათესავს ასიამოვნებს?
არა, არ მჯერა, რომ შეფი ამას გააკეთებს. მან ხომ ჯერ არც კი იცის, რას გეგმავს ეს ორი ყვავი? ვნახოთ, რა მოხდება. დავაკვირდეთ სამივეს. გამორიცხულია, რომ ეკას მსგავსი პარიზში წასვლა დავუშვა. შეიძლება მე არც მაქვს იქ წასვლის შანსები, მაგრამ არც იმას ექნება, ვინც ამას არ იმსახურებს.
-ლიზიმ და ამომ იციან? - ვეკითხები მათ.
-ნწ. მარკესს არ სცალია, „რიჟას“ ეკურკურება. ლიზი ვერ ვიპოვეთ.
-კარგი. მოდი ეს ყველაფერი მათ გარდა არავის ვუთხრათ. ვნახოთ, როგორ შეიცვლებიან ეს სამნი.
-Okay. - თავს მიქნევს მაკო. - ტატუზე რა მოიფიქრე? შენ გამო მეორე შაბათისთვის გადავდეთ.
-ტატუ? - ჰოო, აღარც კი გამახსენდა. იქნებ მართლაც გამეკეთებინა? მაგრამ რა? - გოგოებო, არც კი მიფიქრია ამაზე. - დანანებით წარბებს ვკრავ.
-საღოლ, საღოლ. - უკმაყოფილოდ მუწავს ტუჩებს ლანა.
-კარგი, გავიკეთებ. - მეცინება მის სახეზე.
-ჰოო? - თვალები უბრწყინდება მაკოს. - რას?
-მმმ... თევზებს! - ლამის ვყვირი.
-თევზებს? - ტუჩის კუთხეს ბზიკავს ის.
-ჰო, ზოდიაქოს თევზებს. ჩემია. - დიახ, ჩემია და არა მატო ჩემი.
-Fine. ესე იგი შაბათს ვიხატებიით! - კისკისებენ ტყუპები და მეც მიყოლიებენ.



7 თავი
***
სადაცაა თორმეტი საათი გახდება. როგორც თვალი მოვკარი, რამდენიმე სტუდენტი უკვე წავიდა. არადა წვეულებას გარკვეული დროის ზღვარი არ აქვს. ჩემები არ ჩქარობენ, მაგრამ მეც ალბათ მალე მომიწევს წასვლა.
ხუთი ჭიქა ღვინო. სასიამოვნოდ ვარ გაბრუებული და მოთენთილი. ფიქრები არეული მაქვს. ჯერ შეფი და მისი ვნებიანი გამოხდომა, შემდეგ ტყუპები და მათი მოტანილი ამბავი.
არა, რეზი ნამდვილად არაა ანგელოზი. დიდი შანსია, რომ დამპალმა ფახუნამ „დაკეროს“, მაგრამ რით? ფულით? არა. მაგდენი ფული რომ ჰქონდეს, პარიზში პროექტის გარეშეც წავიდოდა. სხეულით? ღმერთო, რა სისულელეა. ვერ ვიტყვი, რომ ეკა მახინჯია, პირიქით, შესაშურ ფორმაშია, მაგრამ განა რა უნდა შესთავაზოს რეზის ისეთი, რაც შეფს გააოცებს? ბიჭი წლებია ევროპაში ცხოვრობს.
ტვინი მიდუღდება. ცივ წყალს ვსვამ და ჩემკენ მომავალ ლიზის ვუყურებ. როგორც ჩანს, ტყუპებს მისთვისაც უთქვამთ ახალი ამბავი, რადგან გოგოს სახეზე მსგავსი გამომეტყველება წვეულებას არ შეეფერება. კოლეჯის უკანა ეზოში გავდივართ და ამასთან დაკავშირებით იქ ვსაუბრობთ. ლიზი გულდაწყვეტილია ეკას საქციელის გამო. ვცდილობ დავამშვიდო, მაგრამ მაინცდამაინც არ გამომდის. მალევე მას ძმა აკითხავს მანქანით და გოგოები ვაცილებთ.
მე გარეთ ვრჩები და სკამზე ვჯდები. უცნაურია, მაგრამ სიგარეტის მოწევა მინდება.
რა აქცევს ადამიანს ასეთ ბოროტად და უსამართლოდ? რატომ მიდის ის ყველაფერზე იმისთვის, რომ საკუთარი ამბიციები რეალობად აქციოს? რა თქმა უნდა, მარტივი ყველაფერი კარგია, მაგრამ დიდი წარმატებისთვის ხომ დიდი შრომაა საჭირო? რატომ უნდა გადაუარო ადამიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს შენ, ადამიანმა, რომელსაც ჯდომა და მორთმევა გიყვარს? მწვერვალებზე ხომ ბარიერების გადალახვით ადიან და არა თითის ერთი დაჭერით ლიფტით? არა რა შეფ, არ დათანხმდე მზიას.
გარეთ გრილა და მოშიშვლებულ მხრებზე ცივი სიო უსიამოვნოდ მეხვევა. უკვე მეც წასვლა მინდა. იქნებ დამერეკა ილოსთვის? ის-ისაა მობილურზე ნომერს ვკრეფ, რომ შენობიდან ვიღაც გამოდის. ლამპიონების შუქი მამცნობს, რომ ეს რეზია. არ მინდა, რომ დამინახოს და ტელეფონს უცბად ვაქრობ. თუმცა, მგონი ჩემთვის არც სცალია. მობილურზე საუბრობს. ინგლისურად. სიტყვებს ვერ ვარჩევ, მაგრამ ტონზე ეტყობა, რომ ზარით არც ისე ნასიამოვნებია. კარს სცილდება თუ არა, ვეღარც ვხედავ. შენობის ჩრდილში უჩინარდება. მალე აღარც მობილურის ნათება ჩანს. ალბათ კედელს გასცდა. ძალიან კარგი. ცოტა ხანში ილოს ვურეკავ და კოლეჯისკენ ნივთების ასაღებად მივდივარ.
ის-ისაა კარის სახელურს ვეჭიდები, რომ მკლავზე თითები მეჭიდებიან და ინერციით სიბნელისკენ მიმაქანებენ. მან რაა, დამინახა და მდარაჯობდა? ხელს ვიქნევ. მინდა, რომ მისი თითებისგან გავთავისუფლდე, მაგრამ ის მხრებში მაფრინდება და კედელს უხეშად მაკრობს.
-შემეშვი. - ვცრი კბილებში. ხო, ჯერ-ჯერობით არაფერი დაუშავებია, მაგრამ მე მაინც გაბრაზებული ვარ.
-რაა? - მეკითხება. დამცინავი ტონი აქვს და ეს კიდევ უფრო მაღიზიანებს.
-შემეშვი. - მხრებს ვიქნევ, მაგრამ მის თითებს ვერ ვიშორებ.
ჩაცინების ხმა მესმის და ხელებს თვითონ მიშვებს. მიახლოვდება, მაგრამ არ მეხება. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ და კედელს ვეკრობი.
-შეგეშვი. რატომ არ მიდიხარ?
არ ვიცი. რატომ არ მივდივარ? ანა, რა ჩამოუყალიბებელი დაიბადე ასეთი? ხომ არ გინდოდა მისი ნახვა. ხოდა გადაადგი ფეხები, სადაცაა ილო მოვა.
-რა გინდა? - ვეკითხები ჩემი ფიქრების მიუხედავად. გული ამოვარდნას მაქვს.
-შენი ვანილის ტუჩები. - ჩურჩულებს და ჩემკენ იხრება. მე თავს გვერდით ვწევ, მაგრამ ის არ ჩერდება და ტუჩებით ლოყაზე მეხება. მისი ბაგეებიდან გადმოფრქვეული ცხელი სუნთქვა ცეცხლივით ხვდება გაყინულ კანს. თავიდან მწვავს, შემდეგ კი მათბობს. ყელზე რეზის თითები მეხვევიან, ქვემოთ მიცურავენ და მკერდზე კაბის კიდეს ებღაუჭებიან. საკმარისია სულ ოდნავ დაატანოს ძალა და...
სუნთქვას ვეღარ ვმართავ. კიდურები მიდუნდება. არა, არ მინდა, რომ მის წინ ასეთი უუნარო ვიყო. მე შემიძლია ვნების მოთოკვა, მე მაქვს თავშეკავების უნარი. მის მაჯებს ვეჭიდები და მკერდიდან ვიშორებ. ის კი საპასუხოდ სახეს მიჭერს და ჩემს ბაგეებს გამალებით აწყდება. მოულოდნელობისგან ჭარბად ვისუნთქავ ჰაერს და ყოველგვარი წინააღმდეგობის სურვილი მიქრება. კოცნაში ხარბად ვყვები. ვნება გონებას მიბინდავს. ვერც კი ვხვდები, როდის ეხვევიან მის კისერს ჩემი გაყინული მკლავები. ვბრაზობ? მის პირად სივრცეში მოქცეულს ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი მავიწყდება.
ეს რა არის? სიფრიფანა კაბა ზემოთ მოიწევს და მალევე რეზის ხელებს მოშიშვლებულ თეძოებზე ვგრძნობ. მისი ქმედებები საშიში ზონისკენ მიიწევს. ამას კარგად ვხვდები, მაგრამ მკერდს ქვემოთ გაღვივებული სიამოვნება ატომური ბომბივით ფეთქდება და შიშს თავის მარწუხებში აქცევს. თუმცა, როგორც ჩანს, ჩემი რეალობასთან დამაკავშირებელი თვალი ჯერ კიდევ ფხიზელია. ხელებში ვაფრინდები. ის კი კაბას ხელს არ უშვებს. ტუჩებით ცდილობს ჩემს დაკავებას, მაგრამ ვჩერდები და თავს უკან ვწევ.
-გაჩერდი, გაჩერდი... - უფრო ვოხრავ, ვიდრე ვამბობ. კედელსა და რეზის შორის ისე ვარ მოქცეული, მგონია, სადაცაა გავიჭყლიტები. კაბის კიდეები შესისხლხორცებულივით ჩაუბღუჯავს. მანამ არ უშვებს, სანამ მის ხელის ზურგებს ფრჩხილებით არ ვეჭიდები. ტკივილისგან სუსტად კვნესის. არ ელოდა. მეცინება. კაბა ძირს ეშვება და ფეხებს მიფარავს. ვცდილობ გამოვხოხდე, ის კი ყელზე მეხება და ცერა თითებით ნიკაპს მიჭერს.
-ანა, ნუ ცდილობ რაღაც არარსებულის დანახვას. - ამბობს ზედ ჩემს ტუჩებზე. ნაჩქარევად მკოცნის და შენობაში ბრუნდება.
ვერ ვიტან! მეზიზღება!


***
აქამდე ხელში ჩაბღაუჭებულ მობილურს ვანათებ. პირველი ხდება. გული ისევ ამოვარდნას მაქვს. კედელს თავს ვადებ და ვოხრავ. რას ნიშნავს მისი უკანასკნელი სიტყვები? ნუთუ ხვდება, რომ მისი მეორე მხარის დანახვა მინდა? არა, უდავოდ შეუდარებელ სკულპტურებს ქმნის კარამელით და შოკოლადით (ფეისბუქზე ვნახე), მაგრამ არ მგონია ედვარდ კალენივით აზრების კითხვა შეეძლოს. არც ეგეთი ვამპირია.
კაბას ვისწორებ და შენობაში შევდივარ. ღმერთო, აქაურობა ნამდვილი მაყალია. მეორე სართულიდან ჩანთა ჩამომაქვს, სამახსოვრო წიგნაკთან მივდივარ, კალამს ვიღებ და ვფიქრობ. რა არ დამავიწყდება დღევანდელი საღამოდან? რა თქმა უნდა შეფი და მისი გამოხდომები. მაგრამ როგორ გინდა ეს ჩაწერო? აი, ასე: “არამზადა თევზები“. ქილიდან მუჭით შოკოლადის კანფეტებს ვიღებ და კარისკენ მივდივარ. მაკო და ლანა ჩამომდნარ შოკოლადებს ჰგვანან. ვემშვიდობები და ილოს გარეთ, კარს მიყრდნობილი ველოდები.
ჩემ გვერდით ზუსტად ის სიბნელეა, სადაც ცოტა ხნის წინ მე და რეზი... სერიოზულ საქმეს განვიხილავდით. ტანზე ეკალი მაყრის და ხელებს გულზე ვიკრებ. პირში შოკოლადის კანფეტს ვიგდებ. ქარს მოუმატია და უფრო მეტად გრილა. უცბად კარი იღება და ჩემ გვერდით კარზე მხარმიყრდნობით რეზი დგება. ღმერთო, ეს ხომ სასწაულია. რეალურად ასეთი რაღაცები არ ხდება ხოლმე! ხმას არ ვიღებ და მობილურს ჩავყურებ. დაახლოებით ორი წუთი ჩუმად ვართ. ხელები ჩემსავით გულზე დაუკრეფავს და სადღაც ცისკენ იყურება.
-კაბა სწორად შეგირჩევია, მოსახერხებელი იყო. - ამბობს. ტონი არ მომწონს. თვალებს ვატრიალებ და არაფერს ვპასუხობ. ის აგრძელებს. - ტატუც კარგია. როგორც ჩანს არაფერს ივიწყებ.
-დიახ, კარგი მეხსიერება მაქვს. ძალიან კარგი. - ბოლო სიტყვებს მკვეთრად ვამბობ.
-დაუმშვიდობებლად გაპარვა არც ისე ზრდილობიანი საქციელია. - მხარზე თითს მისვამს. ეკალი მაყრის. გვერდით ვიწევი და გაბრაზებული პირში შოკოლადს ვიგდებ. მათი ჭამა ძალიან სერიოზულად გამომდის.
-ადამიანებს, რომლებსაც არ ვიცნობ, არც დავემშვიდობები.
-სამაგიეროდ ვნებიანად აკოცებ, არა? - ხმაში ირონია ერევა.
თავში ათასი სალანძღავი სიტყვა მიტრიალებს.
-რას ნიშნავს „ნუ ვცდილობ არარსებულის დანახვას“? - ვეკითხები.
-ჰმმ... - ცოტა ხნით ჩუმდება. - მშვენივრად იცი, რასაც.
-არ ვიცი, შეფ.
-ხომ ხვდები, რომ ცუდი ადამიანი ვარ და ჩემგან ყველაფერს უნდა ელოდო?
-ვხვდები, თუმცა სახლში ავტობუსის ბილეთი მაქვს, რომელიც შენ აიღე. ცუდი ადამიანები თავებს არ იწუხებენ უცხოს ჯარიმისგან დასახსნელად.
რეზის ეცინება.
-ახლა ხომ ხვდები, რას ნიშნავს „არარსებულის დანახვა“. მორჩი ამას, ანა.
-კარგი, მაშინ შენც მორჩი ჩემი ვანილის ტუჩებით ტკბობას. - ვამბობ დამცინავად და კიდევ ერთ შოკოლადს ვღეჭავ. - თუ შეძლებ.
რეზი ფხუკუნებს.
-მე უკვე გითხარი, ნუ გაქვს შენ თავზე დიდი წარმოდგენა. ღამე მშვიდობისა. - ამბობს და შენობაში შედის.
დამაცადე!
მარტო დარჩენილი სიბნელეში ინდაურივით ვიფხორები. ნეტავ რისი გამკეთებელი ვარ? მუჭში დარჩენილ უკანასკნელ თხილიან შოკოლადს პირში ვიგდებ და შურს მასზე ვძიობ.
აი, ილოც მოვიდა. მანქანაში ვჯდები თუ არა, ფეხსაცმელს ვიხდი.
-აბა, ბევრი დალიე? - იცინის მამა და ალმაცერად მიყურებს, თან მანქანას ძრავს.
-თითქმის ხუთი ჭიქა ღვინო. - და მთელი ავზი ვნება.
-მერე? წესით კარგ ხასიათზე უნდა იყო. გაგაბრაზეს თუ წვეულება არ ვარგოდა?
-ფეხსაცმელმა მომიჭირა. - ვცდილობ გავიცინო. ილო მუსიკას რთავს და აღარ მაწუხებს. ალბათ ხვდება, რომ ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ.


***
საათი ათის ოც წუთს აჩვენებს. აუუ, მაღვიძარას დაყენება დამავიწყდა. თვალებს ვიწმენდ და ვიზმორები.
-ხათოოო! - ვყვირი.
-რა იყო? - მეძახის ის სამზარეულოდან.
-რატო არ გამაღვიძე?
-მეგონა ნაბახუსევზე იქნებოდიი!
-არა ვარ, არა. - ვბუტბუტებ ჩემთვის და ვეხუტები თუ არა ბალიშს, მაშინვე ვითიშები.



***
ნეტავ როგორ ბედავს და ასე ურცხვად როგორ გვიყურებს თვალებში ეს იდიოტი?! ისე აფახუნებს ამ წამწამებს, თითქოს ჭიანჭველისთვისაც არ დაებიჯებინოს სათუთი, მოკრძალებული ფეხი. უნამუსო, აუტანელი ყვავი! თითებს ვმუჭავ და ვგრძნობ, როგორ იკუჭება ჩემს ხელებში მისი შეღებილი შავი თმა. აი, ახლა მისი ცხვირი ჩემს მუხლზე გავასეირნე, რის შედეგადაც დეფორმირდა. ღმერთო, ხელის კვრა და ამ ქალის კრატერში ჩაგდება როდისღა მოვასწარი? გაიწიე, გაიწიე, ბეტეერი მოდის! უი, ვერ მოასწარი?
-კობაური! - მესმის ჩემი გვარი და ღრუბლებიდან საკონდიტროში ვეცემი. აქამდეც რეზის ვუყურებდი, მაგრამ ახლა მართლა მას ვუყურებ. - მოსულხარ. გუშინ რატომ არ იყავი? - მეკითხება შეფი ბრაზიანი ინტერესით.
-დამეძინა. - ვპასუხობ გულახდილად.
-ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს მაღვიძარა.
-წინა ღამეს დამავიწყდა დაყენება.
-როგორც ჩანს წვეულებაზე ბევრი მოგივიდა. - ოდნავ შესამჩნევად მიღიმის, იმასაც ცინიკურად.
-მხოლოდ მე არა. - ვინარჩუნებ სიმშვიდეს და ვუღიმი. გვერდში სუსტ ჩქმეტას ვგრძნობ. ლიზის ჩემ მაგივრად რცხვენია ლექტორს რომ ვეპასუხები. თავად ბატონი კი ჩუმად ზის და თვალებდაწვრილებული შემომყურებს.
-მსგავსი მიზეზებით გაცდენა არასაპატიოდ ითვლება. - ამბობს ის. - რეცეპტის ჩასაწერად მოემზადეთ.
მობეზრებით თვალებს ვატრიალებ და კალამს ვიღებ. საკმარისია შეფ, ვიცით, რომ არამზადა ხართ.
ტრიუფელის და ლიმონის კექსის რეცეპტებს ვიწერთ. მე და ამირანი ვწყვილდებით. პირველად ტრიუფელისთვის შოკოლადს ვამზადებთ, რადგან მაცივარში კარგად გაციება სჭირდება. შემდეგ კი კექსისთვის ვწონით ინგრედიენტებს. მთელი ამ დროის მანძილზე უკვე მერამდენედ ვამჩნევ ამირანის რაღაცნაირ ღიმილს. შემამჩნევს თუ არა რომ ვხედავ, მაშინვე სერიოზულდება. წარბების აქაჩვით ვაფრთხილებ, მაგრამ ის იგივეს იმეორებს. ბოლოს ნერვებზე მშლის. მასას კექსის ყალიბში ვასხამ და დასვრილ მარიზს ცხვირთან ვუტრიალებ.
-რა გინდა? - ვეკითხები.
-თუ „სუფთა“ ხარ რას მემუქრები? - ისევ იცინის.
-შენ გირჩევნია ნიჟარა აიღო და ღუმელში შედგა. აქ რომ მოდიხარ, შენი ფანტაზიები გარეთ დატოვე ხოლმე.
-თვალებიც? - სიცილს არ წყვეტს და ნიჟარა ღუმელთან მიაქვს.
-ნერვებზე მშლი. - მარიზს ჯამში ვაგდებ და ჭურჭლის რეცხვას ვიწყებ.



***
კექსი ერთ საათში ცხვება. ვაციებთ, პუდრას ვაყრით და ვსინჯავთ. უგემრიელესია. ცოტა ხანში კი შეფი შესვენებას აცხადებს და კაფეტერიაში ჩავდივართ. დანაყრების შემდეგ რბილ სავარძლებში კომფორტულად ვთავსდებით და სიჩუმეს ვუსმენთ.
-აბა? რა დაიკელით მასკარადზე? - გვეკითხება მთვლემარე მაკო.
-მე არაფერი შავო, ხო იცი არაა? - ლანა მის კალთაში თავს დებს.
-გაასწორა, კაი პონტი იყო. რავი მე კარგად გავერთე. - ამბობს ამირანი, მაგრამ გამომეტყველება ასეთივე კმაყოფილი ნამდვილად არ აქვს.
-მეც. - მოკლედ გვეუბნება ლიზი და მობილურში იხედება. უკაცრავად? რა ხდება ლიზი? ამირანი წარბებს ზემოთ სწევს და თვალებს იწვრილებს. უკაცრავად? რა ხდება ამირან?
-არაუშავრდა. - ვამბობ. - მაგრამ, ქალბატონო, - ლიზის მხარზე თითს ვურტყამ. - რაღაც საეჭვოდ არ ჩანდი წვეულებაზე. სად დაძვრებოდი?
-მეე? რავი, არსად. იქ ვიყავი. - იცხადებს და მხრებს იჩეჩავს.
-რაღაცას გვიმალავ. - არ ვეშვები.
ჯერ უარყოფის ნიშნად თავს აქნევს. ამირანი სერიოზული სახით ზის. არა, უფრო დაბღვერილია. აშკარად რაღაც იცის. მოგვიანებით გოგო გვნებდება.
-ერთი კარგი ადამიანი გავიცანი. - ამბობს ჩუმად და იმორცხვებს.
-აჰაა, ვიცოდიიი! - სავარძელში ცქმუტავს ლანა.
-თქვენი ხმა არ გავიგო. არაფერთან გაიგივება არ გაბედოთ. ნაცნობები ვართ და მორჩა. - გვაფრთხილებს ლიზი.
-ჰო, თან ისეთი ნაცნობები... ისე მოგეწონა, რომ მთელი წვეულების მანძილზე დაკარგული იყავი. - ვეუბნები.
-შემეშვით მეთქი! - შუბლს კრავს ის და მეც ვჩუმდები.
ცოტა ხნით სიმშვიდე სუფევს, არავინ ხმას არ იღებს. წინ კიდევ ნახევარი საათი გვაქვს. ეკა არ ჩამოსულა. რა თქმა უნდა, მას ხომ საქმე მხოლოდ მეორე სართულზე რეზისთან და მესამე სართულზე - მზიასთან აქვს?! არა, ნერვების მოშლა არ მინდა.
-ამო, მიდი რაა, ერთი ლექსი გვხიე?
-არ ვარ ხასიათზე. - მეუბნება და კეფას იქექავს.
-ოჰო, რა მოხდა?
-არც არაფერი.
-ოო, მიდი რაა, გთხოვ და გპირდები, კაი ხნით აღარ შეგაწუხებ. რამე ახალი გექნება.
-წურბელა ხარ რაა. - ამბობს რამდენიმე წამის შემდეგ. - კი, მაქვს. გუშინ დავწერე.
-ცხელ-ცხელი ყოფილა! მიდი, გისმენთ.
-ეჰ! - ოხრავს ის და იწყებს:
„ჩავიძირე.
იცი როდის ჩავიძირე?
როცა შენ ჩემ დასანახად
ვიღაც სხვასთან გაიცინე.
ჩავიძირე.
ძალიან ღრმად ჩავიძირე.
მინდოდა, რომ გაგეგონა,
როცა ჩუმად დავიყვირე.
ჩავიძირე.
იცი რატომ ჩავიძირე?
იმის ნაცვლად, გაგემხილა,
იცრუე და გამიღიმე.
ჩავიძირე.
მე შენ გამო ჩავიძირე,
როცა ზურგი მაქციე და
უსულგულოდ დამიკიდე.“
გარინდულნი ვუსმენთ. ამთავრებს თუ არა ბიჭი ლექსს, წავედიო ამბობს და კოლეჯის უკანა ეზოში გადის. როგორც ამირანის სხვა ლექსები, ესეც გულზე მხვდება, მაგრამ არა იმდენად, როგორც დანარჩენები. თუმცა რაღაცის ნაკლებობის თუ რაღაცის მოლოდინის გრძნობას მიჩენს და მაფორიაქებს. აშკარაა, ვიღაცას ეძღვნება. თან მისი გამომეტყველება... ლიზი ჩუმად ზის და ისევ მობილურს დაჰყურებს, მაგრამ ამჯერად არავის სწერს, ხელებში ნერვიულად ატრიალებს. ჩემ მზერას რომ აწყდება, მხრებს იჩეჩავს.
-რა... კარგი ლექსი იყო. - ამბობს ჩაწყვეტილი ხმით. სულ ორი კვირაა, რაც ამირანი და ლიზი ერთმანეთს იცნობენ. ნუთუ ეს მართლა ხდება? არა! მაგრამ რატომ მიკვირს? მე ის სტუდენტი არა ვარ, საკუთარი შეფი რომ არა მარტო მოსწონს, არამედ ვნებიანადაც რომ კოცნის მოფარებულ ადგილებში?! მოკეტე ფიქრები, ანა!


***
საკონდიტროში ასულებს შეფი ადგილზე არ გვხვდება. რა ხდება? რეზის ეს არ სჩვევია. დროის ქონით ვსარგებლობ და საპირფარეშოში გავდივარ. უკან დაბრუნებულს ლექტორი აუდიტორიაში მხვდება და დაგვიანებისთვის საყვედურს მაძლევს. სერიოზულად? გაბრაზებული ჩემ ადგილას ვდგები.
ცოტა ხანში რეზი მაცივრიდან ყველა ჯგუფის შოკოლადს იღებს და გვირიგებს. გვიყვება ტრიუფელის შექმნის ისტორიას. თურმე ტრიუფელი განსაკუთრებული გემოს მქონე სოკოს ერქვა, რომელიც იშვიათი ჯიშისა იყო. კონდიტერებს მის საპატივცემულოდ შეუქმნიათ შოკოლადის ტკბილეული და დაურქმევიათ მისი სახელი. ტრიუფელს თავდაპირველად არა ბურთივით მრგვალი, არამედ სოკოსავით უპროპორციო ფორმა ჰქონდა. მსგავსი სტანდარტით დღესაც ამზადებენ, მაგრამ შეფი როგორც ჩანს, მის დამრგვალებას გვასწავლის. ტრიუფელს სხვადასხვა საკაზმში ავლებენ. რეზი ნიჟარაზე ქოქოსის ნაფხვენს, კაკაოს, შაქრის პუდრას და წვრილად დაკეპილ მიწის თხილს ჰყრის და არჩევის საშუალებას გვაძლევს. მე და ამირანი ქოქოსს ვირჩევთ.
თავდაპირველად რეზი აკეთებს რამდენიმე ბურთულას, კაკაოში ავლებს და ცალკე თეფშზე დებს. ყველაფერი კეთდება სწრაფად, რადგან შოკოლადმა შესაძლოა დნობა დაიწყოს.
რეზის მოქმედებებს ვსწავლობ. მის ხელებს ვაკვირდები და თვალები მიფართოვდება. ცალ ხელზე ნაკაწრებს ვხედავ. ერთი, ორი, სამი, ოთხი ნაკაწრი, ერთმანეთის გასწვრივ. ეს... ეს ხომ ჩემი ფრჩხილებია? გაფიქრება მაშინვე ჩემ მხიარულ მხარეს მიეწოდება და მეცინება. რეზი ოდნავ იყურება ჩემკენ და უკმაყოფილოდ მათვალიერებს. ამაზე კიდევ უფრო მეტად ვიცინი. ანა, როდის უნდა გადაეჩვიო თავშეუკავებლობას?
-რამეს სასაცილოს ვაკეთებ? - წელში სწორდება ის. ბავშვები ყურებს ცქვეტენ.
-არა, არა, არც მიფიქრია, უბრალოდ... - ვცდილობ დავსერიოზულდე, მაგრამ ტუჩის კუთხეებს მაინც ვერ ვაკავებ.
-უბრალოდ? - წარბებს ჰკრავს.
-აღარ განმეორდება. - მეცინება და რა გავაკეთო? პირი ამოიკერე, შტერო!
-ანა, დღეს ორი საყვედური მიიღე. ვფიქრობ სულაც არ გაქვს საქმე სასაცილოდ.
-შეფ, ხელი საკონდიტროში დაიზიანეთ? - ვეკითხები ინტერესით და თვალებით ნაკაწრებზე ვანიშნებ.
ო-ოო! ჰო, ასე განაგრძე ანა. ჯერ ილაპარაკე, მერე იფიქრე და მწვერვალებს დაიპყრობ.
რეზი თვალებს მიბრიალებს. ნესტოები ებერება და კაკაოან თითებს მუშტავს. ახლა მარტონი რომ ვიყოთ, მინიმუმ მაგრად გავილანძღებოდი და მაქსიმუმ... მმმ... ჩემი სახე კაკაოს პუდრით დაისვრებოდა. მეორე ვარიანტისთვის ყოველთვის მზად ვარ. მზად ხარ არა, უნებისყოფო! შენ არ იყავი, გუშინ რომ გადაწყვიტე, შეფს ახლოსაც არ გავეკარებიო?!
-დაახლოებით, ანა. ხელი მაშინ ვიტკინე, როცა ჩემ საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. თუ უფრო კონკრეტულად გაინტერესებს, შემიძლია ყველას გიამბოთ. - ბავშვებს თვალს ავლებს და დამცინავ მზერას ისევ ჩემზე აჩერებს.
რაა? გვიამბოს? ღმერთო, ეს შეიშალა? რა სახე აქვს. კი, ის წამსვლელია. ნამდვილად შეუძლია მოყვეს. ის ხომ არამზადა თევზებია. თუ არა, არ შეუძლია. მაგრამ ისეთი სახე აქვს, გარწმუნებს, რომ ამას გააკეთებს.
-არ მოგაცდენთ შეფ. აჯობებს ტრიუფელებს მივხედოთ. - ვამბობ, ქოქოსის ჟარუნას ვიღებ და ამირანთან მივდივარ. რეზის აღარ ვუყურებ. დღეისთვის საკმარისია, რაც დავინახე.
მე და ამო შოკოლადის დამუშავებას ვიწყებთ.
ისწავლე ანა, რომ რაც პირზე მოგადგება, ყველაფერი არ უნდა თქვა. ან რა იყო ეს სიცილი? შენ რა, დაგავიწყდა, რომ რეზიზე გაბრაზებული ხარ? ხო, უმიზეზოდ, მაგრამ მაინც. გული მიგრძნობს, რომ მიზეზი მალე მომეცემა. ეკას ვუყურებ. ტრიუფელს აგორგოლავებს, მაგრამ ჩემსავით ისიც სხვაგანაა. სახეზე კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებს. ისეთი ღიმილი, თითქოს რაღაც დაგეგმილი შეასრულა. ვიღაცას რაღაც დაუპირა და გააკეთა. თითქოს ის მოხდა, რაც აწყობდა. არა, ნუთუ ის მოხდა, რაც მგონია? ნუთუ მან თავისი გაიტანა? ასე მოკლე დროში? როგორ?
უცბად თავს მაღლა სწევს და მის მზერას ვაწყდები. ცოტა ხნით გამომეტყველებას არ ცვლის, შემდეგ სერიოზულდება და საქმეს აგრძელებს.
არა, გამორიცხულია, რომ მსგავსი სიბინძურე ასე მალე გვარდებოდეს. თანაც, მე ხომ არ ვიცი, უკვე შეაბეს რეზი თუ არა. არ მინდა ამაზე წინასწარ ნერვიულობა. აჯობებს სახლში დასვენებულმა ან გოგოებთან ერთად მოვიფიქრო, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი ქმედებები არ გამოგვრჩეს. გამორიცხულია მან მიზანს მიაღწიოს, თუნდაც რეზი დათანხმდეს.


***
ტრიუფელები უგემრიელესია. ქოქოსით და კაკაოთი ყველაზე მეტად მომწონს.
ამირანი მთელი მუშაობის მანძილზე ჩუმად იყო. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ლექსი რომ წავაკითხე. მაგრამ, მე ხომ არ მითხოვია, მაინცდამაინც ეს ეთქვა? ამირანი და ლიზი. ვაახ, მაგარია. მართალია, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, მაგრამ შემიძლია ეჭვები გავიფანტო. ამიტომ, მეც ზუსტად იგივეს ვაკეთებ, რასაც ამო აკეთებდა დილით. წამდაუწუმ ვუღიმი. ის ამჩნევს ჩემ დამოკიდებულებას და ბოლოს, წყობიდანგამოსული მეკითხება:
-რა გინდა?
-თუ „სუფთა“ ხარ რატომ ბრაზდები? - ვეუბნები ნიშნისმოგებით.
-ნუ ხარ ბოღმიანი შურისმაძიებელი და ნუ მიყურებ ასე.
-რა ვქნა ამირან, თვალებს გარეთ ხომ ვერ დავტოვებ? - ენას ვუყოფ და ხელების დასაბანად მივდივარ.


***
ოთხშაბათია.
დღეს მძიმე დღე გვაქვს. ფენოვან ცომზე ვმუშაობთ. დიახ, მიქსერი გვაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, შეფი რაღაცამ გააბოროტა და ცომს ხელით გვამუშავებინებს. მიზეზად გვისახელებს იმას, რომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის და ექსტრემალური სიტუაციებისთვის.
ცომი საკმაოდ რთული დასამუშავებელია. მოზელვის ტექნიკაც კი განსხვავებულია. ხელის გულები აღარ მივარგა. მასში ცხიმის გადახვევაც დიდ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს. თან ეს მაცივარში გაციებისთვის განკუთვნილი თითო-თითო საათი... მალე ვიქანცები.
შეფი ნაპოლეონის ფირფიტების გამოცხობას გეგმავს. გამოაცხოს, მე თავი აღარ მაქვს.
მაგრამ ვინ დაგსვამს ასე უქმად? უთხელეს ფირფიტებს ჟარუნებს შორის ვაცხობთ. მორჩენილი ცომისთვის რეზის სამზარეულოდან ყველი გამოაქვს და ხაჭაპურის გადახვევას გვასწავლის.
ფინალი გემრიელია.
ჯანდაბა! სულ დამავიწყდა, რომ დღეს მორიგე ვარ. ნიჟარაში კი არც ისე ცოტა უპატრონოდ და უნამუსოდ დატოვებული ჭურჭელია. მე კი ისეთი დაღლილი ვარ... სხვა რა გზა მაქვს?
რეცხვას რომ ვრჩები, საათს ვუყურებ, რომელიც შვიდის ნახევარს აჩვენებს. რაა? ღმერთო, რა დრო გასულა.
გასახდელში სწრაფად გავდივარ, ვიცვლი და ის-ისაა უნდა გამოვიდე წასასვლელად, რომ გარედან რეზის ხმა მესმის. ისევ ინგლისურად საუბრობს. ცნობისმოყვარეობა თავისას შვრება და კართან ვჩერდები. წინადადებებიდან ყველა სიტყვა არ მესმის, ამიტომ აზრი მაინცდამაინც ვერ გამომაქვს. შეფს ტონი ისეთი უსიამოვნო აღარ აქვს, როგორც ადრე. პირიქით, მოსაფერებელი სიტყვაც კი მესმის - sweethead. რეზი? რაა? არა, არ მინდა, რომ მოვუსმინო. ეს არაა სწორი საქციელი. უკვე გასვლას ვაპირებ, რომ მისი ნათქვამიდან სახელი იკვეთება.
-Okay. Bye, nikol.
ნიკოლი? ვინაა ნიკოლი?


8 თავი
***
ხუთ დღიანი ფიქრის შემდეგ ერთადერთი დასკვნა გამომაქვს, ის, რაც აქამდე ისედაც ვიცოდი - რეზი ერთი ჩვეულებრივი არამზადაა. ნიკოლს კი მის ევროპელ შეყვარებულად თუ მეგობარ გოგოდ, როგორც ეძახიან, ვნათლავ. აბა უბრალო გამვლელებს და ბიძაშვილებს „sweetheart”-ით არ მიმართავენ. თან რეზის ტკბილი საუბრის ტონი... არ ვიცი, არ ვიცი. არეული ვარ. არ მინდა ურთიერთობებში მესამე ვიყო. ვერ ვიტან სასიყვარულო სამკუთხედებს. თუმცა, აქ სიტყვა „სასიყვარულო“ არცაა მოსატანი. მე ხომ უბრალოდ შეფის ვნებიანი გამოხდომები მიბნევდნენ თავ-გზას და მეტი არაფერი? ეს კი ვფიქრობ, ადვილად დავიწყებადია თუ გადავწყვეტ. ჰო, ასე ვფიქრობ, რადგან ასეთი ძლიერი ვნება ჯერ არასდროს არავის მიმართ მიგრძნია.
ნიკოლი. ვითომ მართლა მისი გოგოა? თევზებისთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმი მაიძულებს არ ვიღელვო მანამ, სანამ ამის დამამტკიცებელ საბუთს არ ვნახავ, მაგრამ სად „ნევერლენდიდან“ მოვიტანო ეს დამამტკიცებელი საბუთი? ხო, რეზიზე კი ვარ უმიზეზოდ გაბრაზებული, მაგრამ საკუთარ თავს ვუტყდები, რომ მის სიახლოვესა და მით უმეტეს, მის კოცნაზე უარს ვერ ვამბობ. ნიკოლთან დაკავშირებული ეჭვები კი გამუდმებით იმას ჩამძახიან ყურში, რომ საქართველოში ობლად დარჩენილი რეზი ისე აპირებს ვნებიანი ნამცხვრის გამოცხობას, რომ თავისი ფრანგი გოგო ფეხებზე ჰკიდია. მაგრამ მე არ .
მოკლედ, ამ ოპტიმიზმს და ეჭვებს დიდი ომი აქვთ გაჩაღებული და წარმოდგენა არ მაქვს, ბოლოს მწვანეს რომელი აანთებს. არც რეზისთან მინდა იმ გოგოზე საუბარი. ეს ხომ იგივეა ვუთხრა, კარს უკან ვიდექი და გისმენდი მეთქი? გარდა ამისა, ვიცი, ის ჩათვლის, რომ ვეჭვიანობ. ეს კი ასე არაა. მართლა არაა. ეჭვიანობენ, როცა უყვართ, მე კი უბრალოდ გაურკვევლობაში და ჩემთვის არასასურველ სიტუაციაში ვარ. ხო, აქამდე ვკეკლუცობდი და შეფის გამოწვევასაც ვცდილობდი. ორივე კარგად გავერთეთ, მაგრამ გართობა მაშინაა კარგი, როდესაც ორივე მხარე თავისუფალია. მე კი უკვე არ ვიცი ჩემსავით თავისუფალია თუ არა რეზი. გამომდინარე აქედან, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვიქცე.


***
წინა დღეების პრაქტიკებმა მშვიდად ჩაიარეს. შეფი ალბათ ამჩნევდა ჩემ სერიოზულ დამოკიდებულებას ცხობისადმი და მის მიმართ უყურადღებობას, მაგრამ თავად არაფერს იმჩნევდა. როგორც ჩანს, მასაც ჩემსავით კარგი მოთმინების უნარი აქვს. ერთხელაც არ გამოუხედავს „სხვა თვალით“ და ამან კიდევ უფრო განმიმტკიცა ნიკოლზე ჩემი ეჭვები, მაგრამ უბედურება იცით რაშია? ეს ოპტიმიზმი გამუდმებით თვალებზე მეფარება და მყარ, უტყუარ მტკიცებულებებს მოითხოვს.
ბარემ ძალიან არ მინდა, მაგრამ სიზმარშიც კი ჩემი ფიქრები ცოცხლდებიან და საშინელ, უაზრო ქაოსს ვხედავ.
დილით მაღვიძარაზე საკმაოდ ადრე მეღვიძება და მაშინვე ვდგები. ფიქრებმა ისევ რომ არ ამატკივოს თავი, სარკესთან ზურგით ვდგები, ხელში პატარა სარკეს ვიჭერ და მასში ჩემს ბეჭებს ვუყურებ, რომელზეც ორი თევზია გამოსახული. სიწითლემ უკვე გადამიარა და ახლა ჩემი ტატუ იმაზე მეტად მომწონს, ვიდრე აქამდე ვფიქრობდი, რომ მომეწონებოდა. ჩემების თვალშიც აღფრთოვანება დაიმსახურა, ხოდა მეც გახარებული ვარ.
მაშინ, როცა ამ ტატუს გაკეთება გადავწყვიტე, მას ცოტა სხვა მნიშვნელობას ვანიჭებდი. ახლა კი არ ვიცი. არა, უმისოდაც ძალიან მომწონს. თევზები ხომ მე ვარ. ტატუ კი პირველ რიგში მე და ჩემს სხეულს გვეკუთვნის.


***
ცხრის ხუთი წუთია, მე კი უკვე კოლეჯში ვარ და მეორე სართულზე ავდივარ. ირგვლივ დარაჯის და დამლაგებლის გარდა არავინაა. ფუმფულა სავარძელში ვჯდები, სახელურს ვეყრდნობი და ყურსასმენებს ხმას ვუწევ. ფლეილისტი nelly furtado-ს who want to be alone-ს უკრავს და ამ ფრაზის ყოველ მოსმენაზე ჩემ თავზე მეცინება.
ახლა დადიან ჩემ თვალწინ მორბენალი სტრიქონებივით ამირანის ლექსის ის ფრაზები, რომლებმაც მოსმენისას მოლოდინის გრძნობა გამიჩინეს. ჯანდაბა, რა წინასწარმეტყველებასავით გამოუვიდა?! „ვიღაც სხვასთან გაიცინე“, „იმის ნაცვლად გაგემხილა, იცრუე და გამიღიმე.“ ბატონო თევზებო, ეს მართალია? იქნებ ნიკოლის ხსენების გარეშეც მოვახერხო მისგან ინფორმაციის მოპოვება? სულ მცირედის მაინც, თორემ ამ გაურკვევლობაში დიდხანს ვერ გავძლებ. ახლა კი აჯობებს გასახდელში გავიდე და ფორმა ჩავიცვა.
ის-ისაა ყურსასმენებს ვიხსნი, რომ კისერთან წამიერ შეხებას ვგრძნობ. რეზი თითებს ტატუზე ასრიალებს, რომელიც აწეული თმის გამო კარგად ჩანს და ჩემ წინ ისე ოფიციალურად ჯდება, თითქოს არც შემხებია. ვინ დაპატიჟა?
-გიხდება. - ამბობს ღიმილით. მუხლზე ჟურნალს იდებს და შლის. მე მისი შეხების გამო ისევ ჟრუანტელი მივლის, მაგრამ თავს ძალას ვატან, რომ ყურადღება არ მივაქციო.
-გმადლობ. - ვპასუხობ. ყველაფრის ფონზე არც კი ვიცი, თავი როგორ უნდა დავიჭირო. უცნაურია, მაგრამ ვღელავ კიდეც. ახლა მარტონი ვართ. იქნებ შევძლო და მოვახერხო კიდეც ჩემი გეგმის განხორციელება ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით?
-მეც თევზები ვარ. - მეუბნება.
-არამზადა თევზები. - ვბუტბუტებ ჩემთვის.
-რა თქვი? - ორი წამით მათვალიერებს.
-დღეს რას ვამზადებთ?
-ორაზროვანი შეკითხვაა. - ტუჩებს ილოკავს.
-თუ შეძლებთ, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეთ, შეფ. - ვუღიმი დამცინავად.
-მაფინებს და ფონდანტეს. დღეს ალბათ მალე გაგიშვებთ. ისე, მერჩივნა პასუხი შენი შეკითხვისთვის მეორე მნიშვნელობით მოგეთხოვა. - ტუჩის კუთხეში ეცინება და ჟურნალის შევსებას იწყებს.
ხმას არ ვცემ. ცოტა ხნით ჩუმად ვართ. სანამ იერიშზე გადავალ, საჭიროა ტერიტორიის მომზადება.
-ესე იგი შვიდი წელია პარიზში ცხოვრობ. - ვეუბნები და ხელებს გულზე ვიკრეფ.
-აჰაამ. - თავს მიქნევს და თავის საქმეს განაგრძობს.
-ალბათ შეეჩვიე იქაურობას. აქ არ გიჭირს?
-არც ისე. მეხმარებიან, რომ გავუძლო.
-ვინ?
-ამჟამად შენ. - თვალს მიკრავს და ისევ ჟურნალს უბრუნდება.
-ამჟამად მეე? ანუ აქამდე სხვა ჩემნაირებიც იყვნენ?
-რატომ გიკვირს? - მხრებს იჩეჩავს. - აი, კიდევ ერთი ფაქტი იმაზე, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს.
ვცოფდები, როცა ამას მეუბნება. მინდა, რომ წამოვხტე, ვუყვირო, ვუღრიალო, არც ერთ-ორ შემოლაწუნებაზე ვიტყოდი უარს, მაგრამ კარგად ვიცი, რომ ეს ცეტობაა და მეტი არაფერი.
-არ მიკვირს. და არც ამ უაზრობის მილიონჯერ გამეორებაა საჭირო. ალბათ იქაც მექალთანე ხარ თუ უკვე გყავს ის ერთადერთი? - ვეკითხები სასხვათაშორისოდ.
რეზი კალამს აჩერებს, სხვათა შორის ისევ ჩემს კალამს და ქვემოდან მიყურებს. კოპები შეკრული აქვს, მაგრამ ბრაზს ვერ ვხედავ. პირიქით, ეტყობა, როგორ ცდილობს სიცილის შეკავებას. ჯანდაბა, ნუთუ არ გამომივიდა ბუნებრივად? არა, არ ვარ მსახიობად დაბადებული. რეზი ჟურნალს მაგიდაზე დებს, იდაყვებით მუხლებს ეყრდნობა და თვალებში მიყურებს. ახლა ერთადერთი, რაც მართლა მინდა, ეს არის გზა, რომელზეც უკანმოუხედავად მოვკურცხლავ.
-დიდი ხანია ამ შეკითხვის დასმა გინდა? - დიახ, მას საზიზღარი, ნერვებისგამასწორებელი ღიმილი უფარავს სახეს.
-რაა? - ნული ქულა მსახიობური გაოცებისთვის, ანა.
-ღმერთო, აი თურმე რატომ დადიხარ ერთი კვირაა სერიოზული გამომეტყველებით?! - ისე იცინის, თითქოს მის წინ ჯამბაზი იჯდეს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ჩემ მსახიობურ დაღმასვლას, შესაძლოა ადამიანმა ჯამბაზადაც წარმომიდგინოს.
-ცდები! - გაბრაზებული წელში ვსწორდები და ჩანთას ვებღაუჭები. მაგრამ, იქნებ სწორედ ესაა ჩემი შანსი? უნდა გამოვიყენო. - თუმცა, რატომაც არა? ჩემ ადგილას ნებისმიერს დააინტერესებდა ეს.
-მაგრამ სხვებს ეს არ აინტერესებდათ.
-მე სხვა არ ვარ.
-აი, კიდევ! - წარბებს ზემოთ სწევს. - შენ კი მაინც არ გჯერა.
-რა?
-რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს. - იცინის.
-მოკეტე! - უკვე ყელში ამომდის ეს ფრაზა და ვცოფდები, მით უმეტეს, რომ ვერც ჩემს შეკითხვაზე ვიღებ პასუხს.
-ანა, მოდი დღეს პრაქტიკებზე ცუდი გოგო იყავი. - ისე ამბობს, თითქოს დაჭერობანას თამაშს მთავაზობდეს.
-რაა? - თავს ვიკავებ, რომ ყბა არ ჩამომვარდეს.
-ხო, მე დაგსჯი და პრაქტიკების შემდეგ მორიგეს ნაცვლად დაგტოვებ.
-შემდეგი კვირაც მეყოფა მორიგეობისთვის. - ვამბობ, თუმცა კარგად მესმის, რასაც გულისხმობს. არა, ცუდი იდეა ნამდვილად არაა, მაგრამ მე ხომ ახლა ნერვებმოშლილი ვარ?
-ხო, იქნებ ხვალამდე გავძლო კიდეც, მაგრამ, ერთი სული მაქვს, ეგ ტანსაცმელი შემოგახიო და...
-მოკეტე, მოკეტე! - წინ ვიწევი გაცოფებული და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ. - ხომ არ დაგავიწყდა სად ხარ?
-რაღაც არ მგონია, ეს გადარდებდეს. პირველი კოცნის წინააღმდეგი არ ყოფილხარ. არც ერთი კვირის წინ, წვეულებაზე. ორივე მათგანი კი კოლეჯში მოხდა.
აღარ მინდა მისი მოსმენა. თანდათან წყობიდან გამოვყავარ. ვდგები და გასახდელისკენ ვიღებ გეზს.
-ანა! - მესმის ზურგიდან. თვალებს ვატრიალებ და ვბრუნდები. ის კალამს მიწვდის. - გამომართვი შენი კალამი და ეცადე, რომ უადგილო ადგილებში აღარ დაგივარდეს.
დავუნახივარ! მთელი ეს დრო დამცინოდა! ფუუ!
კალამს ხელიდან ვგლეჯ და სწრაფი ნაბიჯებით ვშორდები.


***
ვცდილობ ჩემი აფეთქებული და ას ოთხმოცი გრადუსით შემობრუნებული ხასიათი დავიოკო, რადგან ლექცია სადაცაა დაიწყება და გოგოებიც უკვე აქ არიან. ცალკე კუთხეში ვდგავართ და ეკას ამბიციების ჩაშლის გეგმას განვიხილავთ. თუმცა, ვთვლი, რომ მანამდე საჭიროა გავიგოთ, „შებმული“ ჰყავს თუ არა ორ ყვავს შეფი. მთელი ერთი კვირა ეკა წყნარად იყო, არც რეზისთვის შემიმჩნევია რამე განსხვავებული ემოციები. მაგრამ, მე ეს სიმშვიდე უფრო მაგდებს ეჭვებში. როგორც წესი, ხანგრძლივ სიჩუმეს დიდი ხმაური მოსდევს. წარმოდგენა არა მაქვს, რა როგორ უნდა გავაკეთო. არა და დროც გადის და მეშინია, რომ მალე დაგვიანებულიც იქნება.
რეზის ხმა ოთახში დაჯგუფებულებს გვშლის და ყველა სამუშაო მაგიდასთან ვმწკრივდებით. ჯერ სიას კითხულობს, შემდეგ მაფინების და ფონდანტეს, იგივე ცხელი შოკოლადის ნამცხვრის რეცეპტს გვაწერინებს. ინგრედიენტებს ყველა ვწონით, რადგან ორივე პროდუქტს შეფთან ერთად მოვამზადებთ.
მე და ლიზი ვწყვილდებით.
შაქრის და კარაქის თქვეფას ვიწყებ და თან რეზის ვუყურებ, რომ არაფერი გამომრჩეს. დანარჩენს ყველაფერს ლიზი აკეთებს. რაღაც დღეს გოგო არ მომწონს. მასას ყალიბებში ვასხამთ და ღუმელში სხვა ჯგუფების ნამუშევრებთან ერთად ვდგამთ. შოკოლადის მაფინები არაჩვეულებრივია. რადგან შესვენებამდე კიდევ გვაქვს დრო, რეზი მოცვის მაფინებისთვის ინდივიდუალურად გვაწონინებს ინგრედიენტებს. მომზადების ტექნოლოგია იგივეა, ამიტომ შეფი თავის სამუშაო მაგიდასთან კომფორტულად თავსდება და იქიდან გვადევნებს თვალს. თან გვერდით პატარა ქილით მოცვი უდგას და დრო და დრო შეექცევა. რა ენაღვლება!
ყველა თავისთვის მუშაობს. მე მოცვს ვარჩევ და ფიქრებით ხან ეკას დავდევ თმების სათრევად, ხან შეფს ვკოცნი მიყრუებულ ადგილებში და ხან ნიკოლის ვინაობას ვადგენ. ლიზი წამდაუწუმ შუბლზე ისვამს ხელს.
-რა გჭირს? - ვეკითხები.
-რა ვიცი, თავი მტკივა. მგონი გავცივდი და გრიპი მხვდება. - სრუტუნებს.
-გამაყუჩებელი მაქვს. გინდა?
-არა იყოს, იქნებ გადამიაროს.
აღარ ვაცივდები და თვალი რეზისკენ გამირბის. სავარძელს მიყრდნობია და სერიოზული გამომეტყველებით მიყურებს, მაგრამ მე უკვე ვიცი, რომ მსახიობობს. თავს ვიქნევ და საქმეს ვაგრძელებ. მასაში რძეს ვასხამ და ვურევ, მაგრამ თვალები ისევ მისკენ გამირბის. ისევ მიყურებს. მეცინება და ვცდილობ საქმეზე მოვახდინო კონცენტრაცია, მაგრამ აი, კიდევ. რეზი მოცვს ტუჩებით იჭერს და ჭამს. შემდეგ ბაგეებს სწრაფად ილოკავს და ქვედა ტუჩის კუთხეს კბილებით ოდნავ იჭერს. ისევ მეცინება. როგორ მინდა თავი გავუხეთქო.
-რა გაცინებს? - მეკითხება ლიზი.
-არაფერი. რაღაც გამახსენდა ფილმიდან ერთ იდიოტზე.
-აუ, წამო რაა, მომეცი ის გამაყუჩებელი?
-წამო. - დასვრილ ხელებს ვიბანთ და გასახდელში გავდივართ. ლიზი წამალს სვამს და უკან ვბრუნდებით. მასას ვამთავრებთ და ღუმელში ვდგამთ. ცხობას ნახევარი საათი სჭირდება. მაფინებს დრო და დრო ვათვალიერებთ. აშკარაა, რომ ლიზის ნამცხვრები სხვებთან შედარებით მალე ამოდის. ამოდის, ამოდის და ყალიბებს ნორმაზე მეტად სცილდება. რამდენიმე მათგანი ფორმასაც კი კარგავს და ჟარუნაზე იშლება.
ნახევარი საათის შემდეგ გამოგვაქვს. ლიზი ნერვიულობს, მით უმეტეს, რომ რეზიც არ აკლებს უკმაყოფილო გამომეტყველებას.
-დარწმუნებული ვარ არაფერი შემშლია. - ამბობს ის და თითებს ნერვიულად ისრესს. ჩემი თავი მახსენდება ბრაუნს რომ ვაცხობდი.
-აშკარაა, რომ ცომში გამაფხვიერებელი მეტია.
-არ შემშლია, შეფ. ზუსტად ვიცი, რომ ათი გრამი გავუკეთე. არ ვიცი, რა მოუვიდა. - გოგოს თვალები უწყლიანდება.
-ლიზი, აქ ნამდვილად არაა ათი გრამი გამაფხვიერებელი. აქ უფრო მეტია. ამის შემდეგ უფრო ყურადღებით მოეკიდე საქმეს, კარგი?
-კი, მაგრამ...
-საკმარისია. აღარაა საჭირო ამაზე კამათი. - აწყვეტინებს რეზი, მაფინებს ნაგავში ყრის და დანარჩენებს ათვალიერებს. ვცოფდები მის უხეშ მოპყრობაზე. ლიზის მხარზე ხელს ვადებ და ვამშვიდებ, მაგრამ ისეა განერვიულებული... ერთიანად ცახცახებს.
-კარგი ლიზი გთხოვ. შენ გამო უკვე მეც ვნერვიულობ. იქნებ თავის ტკივილმა ყურადღება გაგაფანტვინა და...
-არა ანა, არა! - მაწყვეტინებს და შუბლს ისრესს. - გამორიცხულია, ასეთი რაღაცები არ მეშლება. რომ ვკვდებოდე, არც მეხსიერება და არც ყურადღება არ მეფანტება.
-იქნებ ფქვილის ბრალი იყო?
-კაი, რაა. ყველამ იმ ფქვილით არ გააკეთეთ? თანაც, ფქვილის ბრალი რომ ყოფილიყო, კი არ აფუვდებოდა, დაიზეპებოდა.
-კაი, კაი. ამაზე ნუღარ ნერვიულობ. სხვა დროს უკეთესებს გააკეთებ. შენ ხომ იცი ეს არა? - ლოყაზე ვკოცნი.
-არ მინდა პატარა შეცდომამ პარიზში წასვლის შანსი დამაკარგვინოს. შეფი ისეთია... მომთხოვნი და არაფერს ივიწყებს. მინდა, რაც შეიძლება იდეალურად გავაკეთო ყველაფერი. ეს კი... - ნაგვის ყუთს უყურებს. ამ დრო ამირანი გვიახლოვდება.
-კაი ნუ ნერვიულობ, - ოდნავ უღიმის. – დაიკიდე. შენ ხომ იცი, რომ ყველაფერი სწორად გააკეთე? სხვა დროს გამოვა, ახლა ნუ მოიწყენ.
-შევეცდები. - ლიზიც ცდილობს გაღიმებას. ოჰოო, ეს უკვე საქმეა.
-წამოდით დაბლა. შეფმა შესვენება გამოაცხადა. ცოტა მივირთვათ და მაგარ ლექსს წაგიკითხავთ. ოღონდ ჩემი არაა. მოგეწონებათ.
ბიჭის სიტყვები აშკარად ამშვიდებს ლიზის. რა საყვარლები არიან. ნეტავ როდის გამოუტყდებიან ერთმანეთს? ოჰ, ერთი სული მაქვს.


***
შესვენებაზე რამდენიმე წუთით მარტო მიწევს დარჩენა და ისევ ფიქრებს ვუბრუნდები. თავში გამუდმებით ნიკოლის სახელი მიტრიალებს. ბრუნავს, ბრუნავს, ბრუნავს და არ მასვენებს. ეს იდიოტი კიდევ ზის აქ და ჩემი ტანსაცმლის შემოხევის გეგმებს აწყობს. ახლა, ცუდი იდეა არაა, მაგრამ...
ჩემი ოპტიმიზმი მაინც ჩრდილავს ყველაფერს. რეზი, ის ისეთი პირდაპირია... ისე მოურიდებლად მითხრა, შენ არ ხარ ერთადერთი, ვინც აქ მყოლიაო, იქნებ ნიკოლი მისთვის ვინმე მნიშვნელოვანი რომ იყოს, არც ეს დაემალა ჩემთვის. ხო, იქნებ ნიკოლი „პარიზელი ანაა“? კი, შესაძლოა ასეა. მაშინ გამოდის, რომ დიდ მნიშვნელობას არც მე მანიჭებს? არ ვიცი, არ ვიცი. იქნებ მივცე შანსი მანამდე მაინც, სანამ გამაბრაზებს? კარგი, გადაწყვეტილია, მე მაინც არაფერს ვკარგავ. პირიქით - ვიღებ სიამოვნებას. და რაც მთავარია ეკას ვუთვალთვალებ.

***
ფონდანტეს მომზადება ძალიან მარტივია. ამ უგემრიელეს ნამცხვარს ქაღალდის ყალიბებში ვაცხობთ და ცხელსვე ვსინჯავთ.
ვარჭობ თუ არა კოვზს ბისკვიტში, შუაგულიდან თხევადი შოკოლადი მოჟონავს და ჩემი მადა ჭკუიდან გადაჰყავს. ძალიან ცხელია. კოვზი მოუხერხებლად მხვდება ტუჩებზე და ვშოკოლადიანდები. მაკო დამცინის. ლუკმას ვყლაპავ და ვილოკავ თუ არა ბაგეებს, რეზის მზერა ვაწყდები. აჰ, აბა როგორი იყო მოცვიანი ტუჩები, შეფ? ბაგეებს კიდევ ერთხელ ვილოკავ და ნაჩქარევად ვიკვნეტ ქვედა ტუჩს. კიდევ კარგი, რომ საკონდიტროში მარტონი არ ვართ. გამომეტყველებას სიბრაზე, სურვილი, თავშეკავება ერთდროულად უფარავს. მე ხარხარი მინდება, მაგრამ როგორღაც თავს ვთოკავ.
-მალე მოამთავრეთ და თავისუფლები ხართ.. - ცრის ის კბილებში და საკონდიტროდან გადის. გავაბრაზე.
სამი საათი ხდება. ჯერ ადრეა. კარგია, რომ მალე გვიწევს წასვლა. ხვალ თეორიულ საგნებში შუალედურები გვეწყება და დარჩენილი კონსპექტების სასწავლად ზედმეტი დრო მექნება. პრაქტიკაში კი პირველი ტესტი ორშაბათს გვაქვს. საინტერესოა, რა იქნება შესული. მაგიდებს ვასუფთავებთ, ჭურჭელს ვრეცხავთ და გასახდელში გავდივართ. ვიცვლით და ის-ისაა დერეფნის კარს ვუახლოვდებით, რომ უკნიდან გვეძახიან.
-ანა და ლიზი, დამელოდეთ, ცოტა ხანში მოვალ. - ამბობს რეზი და მომმარაგებლის კაბინეტში შედის. მე და ლიზი ერთმანეთს გაკვირვებულები ვუყურებთ და კედელს ვეყრდნობით. მაკო და ლანა გვემშვიდობებიან და მიდიან. დაახლოებით ოცი წუთი ასე ვდგავართ. რა უნდა ნეტავ? საკონდიტროში ჯერ არავინაა, რადგან წესით ხუთ საათამდე ჩვენ უნდა ვყოფილიყავით. სამზარეულოში კი პრაქტიკები ტარდება. დერეფანში სიწყნარეა, არავინ ჩანს. მხოლოდ სამზარეულოდან გამოსული შემწვარი ხორცის სასწაული სურნელი ტრიალებს.
ლიზი ვერ ისვენებს და რაღა ახლა მოუნდაო, წუწუნებს. ლოყები უწითლდება, შუბლი ცხელი აქვს, თვალები ამღვრეული. ნამდვილად მაღალი სიცხე აქვს. მეცოდება. უკვე ექიმთან ვუპირებ ჩაყვანას, რომ რეზი გვეძახის. ლექტორების გასახდელის კარს აღებს და შიგნით გვეპატიჟება. ჰოომ, ამ კართან ცუდი მოგონებები მაკავშირებს. შესვლისთანავე უსამართლობის გრძნობა მეუფლება. რატომაა გოგოების სამოცკარადიანი გასახდელი ისეთი ვიწრო და ლექტორების ხუთკარადიანი გასახდელი ასეთი მოზრდილი? ურიგო არ იქნებოდა, ადგილები რომ შეენაცვლებინათ.
-მოკლედ, რადგან დღეს დრო დაგრჩათ, უნდა დაგასაქმოთ. - ამბობს ის. ხელში რაღაც ხელნაწერი ქაღალდები უკავია. - აქ ჩემი რეცეპტებია, რომლებიც შესაძლოა სილაბუსში შევიდეს. დირექტორს ნაბეჭდი სახით უნდა წარედგინოს. მინდა, რომ „ვორდში“ ამიკრიფოთ. მე არ მცალია, თორემ არ დაგავალებდით. - წესით, ეს თხოვნა უნდა იყოს, რადგან სტუდენტები სულაც არ ვართ ვალდებულნი, მსგავსი დავალებები მივიღოთ, მაგრამ შეფს ისეთი ტონი აქვს, კი არ გვთხოვს, გვავალდებულებს.
-კარგით. - ვეუბნები და ქაღალდებს დავყურებ. არა და მიხაროდა, შუალედურის მოსამზადებლად ზედმეტი დრო მაქვს მეთქი.
-ოღონდ, ამას ორი ფურცელიც აკლია. მოვიტან. - ამბობს ის და კარისკენ წასული ისევ ჩვენკენ ბრუნდება. - შენ რა გჭირს, ცუდად ხარ? - ეკითხება ლიზის.
-არა, არა, დავრჩები. - თავს აქნევს გოგო.
-კი, სიცხე აქვს. - ვეუბნები.
-სიცხე? - რეზი ორი წამით გამომცდელად ათვალიერებს, შემდეგ ამბობს. - კარგი, თუ ანას დახმარება არ სჭირდება, შეგიძლია წახვიდე.
-არ დამჭირდება, წადი ლიზი.
-კარგი, მადლობა. - მიღიმის ის დაღლილი სახით. გოგო და რეზი ერთად გადიან ოთახიდან.
სამ ფურცელს დავყურებ, რომლებზეც რამდენიმე რეცეპტი წერია. სულაც არ აქვს ისეთი კალიგრაფია, როგორიც გარეგნობა. მეცინება... და უცბად მისი ნათქვამი სიტყვები მახსენდება: „მოდი დღეს ცუდი გოგო იყავი და დაგსჯი“, „ერთი სული მაქვს ეგ ტანსაცმელი შემოგახიო“. ჯანდაბა! რაა? ეს ფურცლები არაფერ შუაშია. ახლა მე აქ მარტო ვარ, ის კი... უკვე გარეთ ვაპირებ გასვლას, რომ ოთახში რეზი შემოდის, კარს ხურავს და საკეტით კეტავს.
-შენ სულ გადაირიე? - თვალებს ვუბრიალებ და ქაღალდებს იქვე მდგარ, უჯრებიან მაგიდაზე ვყრი.
-გაიმეორე, როგორ ილოკავდი ტუჩებს? - წარბებს ზემოთ სწევს და ნელი ნაბიჯით ჩემკენ მოიწევს.
-ხომ შეიძლება ვინმე შემოვიდეს, რას აკეთებ?
-ხო და ბევრს ნუღარ ლაპარაკობ. - ცალი ხელით ყელში მწვდება, თითქოს დახრჩობას მიპირებდეს. მეორეს სახეზე მისვამს და ტუჩებზე აჩერებს. - აღარ გაბედო ლექციაზე მსგავსი რაღაცის გაკეთება!
-აა, ანუ შენ ყველაფრის გაკეთების უფლება გაქვს და მე არა, ხომ?
-ამას ჯერ კიდევ ვერ მიხვდი? - მიახლოვდება და ტუჩებით ბაგეებზე მეხება. ღმერთო, ყველაფერი მავიწყდება, როცა მის სურნელს ვგრძნობ. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რა დამემართება, როცა მაკოცებს. მაგრამ ის არ ჩქარობს. მე კი მეჩქარება. ხელებს ნელ-ნელა დაბლა აცურებს, თეძოებზე მავლებს და ჰაერში მიტაცებს. ფეხებს წელზე ვხვევ და მთელი ძალით ვეტმასნები. პატარა მაგიდაზე მსვამს და ბაგეებს ვნებით ეძალება. ჭკუას სულ მთლად ვკარგავ, მთლიანად მის სხეულზე ვარ ორიენტირებული. კან-ქვეშ რაღაც საოცრება და მხურვალე ხდება. თითოეული წამის შემდეგ ვრწმუნდები, რომ უფრო მეტი მინდა, უფრო მეტი.
თითებს მაისურის ქვეშ აცურებს და ლიფს ებღაუჭება, შემდეგ ხსნის და გაშლილი თითებით კანს ნაზად ეფერება. ინსტინქტურად წელში ვიმართები და მკერდზე ვეკრობი. მგონია, რომ ბეჭებზე ბუმბულებს მაყრიან. ისინი ცურდებიან, გზაში ცეცხლი ეკიდებათ და მხურვალე ლავად მუცელში ჩაედინებიან.
ბაგეებიდან კვნესა მხდება და თმაში ვავლებ თითებს. ამდენი გაუწონასწორებელი სუნთქვისგან ფილტვები მტკივდება. თმით უკან ვქაჩავ, მაგრამ მის ტუჩებს ვერ ვიშორებ. მუხლებში მეჭიდება და თავისკენ მასრიალებს. ერთიანად გაბრუებული და სურვილით სავსე ვარ. მინდა შევწყვიტო ეს სიგიჟე, მაგრამ ვერ ვჩერდები.
ხელებს მისი მაისურის ქვეშ ვასრიალებ. კანი ისეთი ცხელი აქვს, მისი სიმხურვალე უარესად მთენთავს და სურვილს მიასმაგებს.
რეზი მოულოდნელად ჩერდება და ძლივს ვახერხებ, რომ მის კოცნას უცბად მოწყვეტილი პირ-ღია არ დავრჩე. ის მკვეთრად სუნთქავს, თვალებში მაცქერდება და სახეზე თითებს მისვამს. მისი გამომეტყველება... ასეთი ჯერ არ მინახავს. მაკვირდება, თითქოს ჩემს თვალებში რაღაცას ეძებდეს. შემდეგ ტუჩებით ფრთხილად მეხება ლოყაზე და მხურვალედ, ხანგრძლივად მკოცნის. თვალებს ვხუჭავ და სრულიად უცხო შეგრძნებებში ვიკარგები. ტანზე ერთიანად ეკალი მაყრის. დიახ, ეს სიამოვნებაა, მაგრამ ვნებისგან სრულიად განსხვავებული. მისი ამ ქმედებით გაყუჩებულს, მაისურის ქვეშ შემორჩენილი ხელები უღონოდ მიცურდება ქვემოთ და ეს თითქოს აფხიზლებს. ხელებს მიჭერს და ტუჩებს ილოკავს.
-წადი. - ჰაერს ხარბად ისუნთქავს და მზერას მაცილებს. ორი წამით ზურგს მაქცევს და მობრუნებულს ისევ იმ ფორმაში რომ ვხვდები, მეუბნება: - რაო, კიდევ დაგრჩა ტუჩებზე შოკოლადი? იცოდე, მე ვანილი მირჩევნია. - მიცინის ეშმაკურად. უჩვეულოა რეზი შებრუნებამდე და რეზი შემობრუნების შემდეგ. ასე ორ წამში როგორ იცვლის ხასიათს? - წადი ანა რა, წადი. - ამბობს და ტუჩს იკვნეტს.
მეცინება, მაგრამ მაინც დაბნეული ვარ მის გამო. მაგიდიდან ჩამოვდივარ, ჩანთას ვიღებ და უკვე კარის სახელურს ვეჭიდები გასაღებად, რომ მუცელზე ხელებს მხვევს, მაბრუნებს და კარს ზურგით მაყუდებს. მიახლოვდება და ზემოდან დამყურებს. მაისურის ქვეშ ხელებს აცურებს, ბეჭებს მიუყვება და ერთხანს ჩერდება. მის სუნთქვას ნიკაპზე ვგრძნობ. თვალებს ვხუჭავ და კოცნისთვის ვემზადები. რა გაუმაძღარი ხარ ანა! ის კი აქამდე გახსნილ ლიფს მიკრავს და ხითხითით უკან იხევს. მოგვიანებით ვხვდები, რაც ხდება, გამომეტყველებით ვემუქრები და ოთახიდან გაბრაზებული გამოვდივარ.
იდიოტი მისტერ მოცვი!


***
თითქმის შუა ღამემდე ვმეცადინეობ, მაგრამ არც კი ვიცი, სინამდვილეში ჰქვია თუ არა ამას მეცადინეობა. დღევანდელი ჩემი ვნებიანი თავგადასავალი გამუდმებით იჭრება ჩემს წარმოსახვაში და მთლიანად ფარავს საკონდიტრო ნაწარმის ისტორიასაც და ტურიზმსაც. მომეჩვენა, მე უბრალოდ მომეჩვენა, რომ რეზი ჩემ მიმართ სხვანაირი იყო. მაგრამ ის კოცნა? ლოყაზე კოცნა, ნაზი, ფრთხილი, მშვიდი... და მისი ის განსხვავებული გამომეტყველება? თუ ეს ყველაფერი მართლა მომეჩვენა, მაინც რატომ მეჩვენება, რომ არამზადა თევზების იმ 0,01 პროცენტ „სხვა“ მხარეს მივაგენი? ნუთუ ეს მხოლოდ ჩემი სურვილია და არა რეალური ფაქტი? ჯანდაბა, მინდა, რომ ეს სიმართლე იყოს, მაგრამ ის მაინც ისეთი ცინიკოსი და იდიოტია... საბოლოოდ მისი მზერა მაინც იმას მეუბნება, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს და რომ არა ის, ასეთ ხორციელ სიამოვნებაზე ვერც კი ვიოცნებებდი. რეზი, რთული ხარ, უხეში ხარ, მაგრამ რა გავაკეთო, მაინც მომწონხარ!


***
ხუთშაბათია. კიბეზე ავდივარ და საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ ორი შუალედურისთვის მზად ვარ. სხვა გზა მაინც არ მაქვს. გარშემო ვაცეცებ თვალებს, მაგრამ ძებნის ობიექტი არ ჩანს.
გუშინდელ სიტუაციაზე მეცინება. ჩემი დასჯა არ გამოუვიდა და გასახდელში სპექტაკლი დადგა ყველაფერი რომ ბუნებრივი ყოფილიყო. არა, უდავოდ ნიჭიერი მსახიობია, მაგრამ ნეტავ რას იზამდა, ცუდად ყოფნის მიუხედავად ლიზის რომ დარჩენა გადაეწყვიტა?
ცხრას თხუთმეტი წუთი უკლია. აუდიტორიაში შევდივარ თუ არა, მაკო და ლანა ჩემ წინ მოჩვენებებივით ისვეტებიან, თითქოს ჩემს გამოჩენამდე წამებს ითვლიდნენ. აუდიტორიაში კიდევ რამდენიმე ჯგუფელია. გოგოები ხელს მჭიდებენ და ისევ გარეთ მაბრუნებენ. ისეთი გამომეტყველება აქვთ, თითქოს ეს-ესაა საიდუმლო სამსახურს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აწაპნეს.
-რა გჭირთ, რა ხდება? - ვეკითხები მათ.
-სერიოზული ეჭვები მაქვს. - მაკო ჯაშუშურად იხრება ჩემკენ.
-რასთან დაკავშირებით?
-მაფინებთან.
-რაა? - მეცინება.
-რას იკრიჭები გოგო, ლიზის გაფუჭებულ მაფინებს ვგულისხმობ. - მიბღვერს ის. – damn, baby!
-ჰოო, კაი, რა ეჭვები?
-მოკლედ, გუშინ კი დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ხო იცი, ღამით უკეთ მუშაობს ფანტაზიები და ფიქრები. ხო და, აი, შენ და ლიზი წამალზე რომ გახვედით, მაშინ მე და თეთრი ინგრედიენტებს ვწონიდით. ყველაფერი არ დამინახავს, მაგრამ თვალი მოვკარი, რომ ფახუნა ყვავი ლიზის ჯამს ჩაჰყურებდა...
-მოიცა, მოიცა... - ვაწყვეტინებ. - რისი თქმა გინდა, რომ...
-გეუბნები, თვალი მოვკარი მეთქი. - თითს ბზიკავს და აკონკრეტებს.
-არ არსებობს, ლიზის მაფინების მასაში მან ჩაყარა ზედმეტი გამაფხვიერებელი? - თავს ვიკავებ, რომ არ ვიყვირო.
-ასი პროცენტით არ ვარ დარწმუნებული.
-აბა რამდენით?
-ოთხმოცდაცხრამეტით. - ტუჩებს მუწავს ის.
ვფეთქდები. არაა! მოვკლავ! იმ ძუკნას ნამდვილად მოვკლავ!


9 თავი
***
ლიზი საშინლად გამოიყურება. ვირუსი გართულებია და კოლეჯში შუალედურების გამოა მოსული. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა რეაქცია ექნება, როცა თავისი გაფუჭებული მაფინების შესახებ სიმართლეს გაიგებს. არც კი ვიცი, რამდენად სწორად ვწერ ტესტებს, რადგან გამუდმებით ეკასკენ გამირბის თვალები და გონება. მის სიმშვიდეს კიდევ უფრო გამოვყავარ წყობიდან. ერთი სული მაქვს ლექცია გამოვიდეს, რომ ჩემი ცეცხლწაკიდებული ხელის გულები მისმა თმამ ჩააცხროს. ჩემს წარმოსახვაში ძალიან მძაფრი სიუჟეტები ვითარდება და ეჭვი მაქვს, კოლეჯს წინ კარგი არაფერი ელოდება.
ერთი ამას უყურეთ! თითქოს ჩემი აზრები წაეკითხოს. ტესტი დაწერა, ჩანთა აიღო და გავიდა. კი არ გავიდა, წავიდა, რადგან ვერც დარჩენილ ლექციებზე ვხედავ.
ლიზიმ რა თქმა უნდა, გაიგო ეს ამბავი და ისიც ჩემსავით გაცეცხლებულია. განსხვავება იმაშია, რომ ის ჩემზე მეტად გაწონასწორებულია და სასტიკად მიკრძალავს არამც თუ კიდურებით ეკასთან მოქმედებას, მასთან სიტყვის დაცდენასაც კი. ეს უარესად მაცოფებს. ჯანდაბა! ეს დაგროვებული განრისხება სადღაც ხომ უნდა გადმოვანთხიო?
რა თქმა უნდა! წავალ და მოვახსენებ შეფს, რას კადრულობს თავისი გამორჩეული სტუდენტი. მაგრამ ლიზი თითქოს ხვდება, რასაც ვგეგმავ და სიცხიან თვალებს მიბრიალებს. ყველაფერს მიკრძალავს, ეს ხომ უსამართლობაა?!


***
პარასკევ საღამოს მამას სოფელში მივყავართ. უკვე ერთი წელია აქ არ ვყოფილვართ და აქაურობა ახალი ენერგიით მავსებს. სასიამოვნოდ გრილა და თბილისისკენ აღარ მიმიწევს გული. ჰამაკი, ხილის წვენი, ჩიტების ჭიკჭიკი, ღამით ჭრიჭინების ხმაური სრულიად მიახლებს აზრებს, ფიქრებს, სურვილებს.
დღეს სათევზაოდ ვიყავით და ვახშამზე ხათოს მიერ არაჩვეულებრივად მოკაზმული თევზი მივირთვით. ახლა აივანზე ვარ. ჩემ უკან ოთახში ლელას სძინავს. თერთმეტი საათი სრულდება. მე მზის ჩასვლას ვუყურე, შემდეგ ვივახშმე და ახლა აქ ვარ. რბილ სავარძელში პლედმოსხმული ვზივარ და უზარმაზარი ფინჯნით ლიმონიან ჩაის მივირთმევ. ცა ბჭყვრიალა ვარსკვლავებითაა მოჭედილი. ხან ისე უცნაურად ციმციმებენ, რომ მგონია ჩაი მე კი არ მათბობს, მათ ადნობს. ახლა ამ ყველაფერს იდეალურს გახდიდა ამირანის წაკითხული ერთი ტკბილი ლექსი. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ჩემი სასტავთან მეგობრობა. იქნებ ერთ დღეს ისინიც დავპატიჟო აქ.
რაიმე რომანტიკულის მოსმენა მინდა და ის-ისაა ყურსასმენებს ვიღებ, რომ მობილური ნათდება. ვიღაც რეკავს. უცხო ნომერია. საინტერესოა, ამ დროს ვინ უნდა იყოს?
-გისმენთ. - ვპასუხობ.
-ყურადღებით? - მესმის ხმა.
-უკაცრავად?! - ვეკითხები, მაგრამ მაშინვე ვხვდები, ვინცაა. - შეფ?!
-დიახ, სტუდენტო.
გაოგნებულს პირი ღია მრჩება. ის! მე! მობილურზე! მირეკავს!
-ჩემი ნომერი ვინ მოგცა?
-აჯობებდა გეკითხა, რატომ გირეკავდი. ამაზე უფრო ვრცელ და საინტერესო პასუხს გაგცემდი. - ღიმილიანი ტონი აქვს და თვალწინ მიდგება მისი ამჟამინდელი გამომეტყველება.
-გამაკვირვე. - ჯერ კიდევ დაბნეული ვარ. კარს ვხურავ, რომ ჩემმა ლაპარაკმა ლელა არ გააღვიძოს.
-ხო, მეც მიკვირს.
-რა?
-რომ გირეკავ.
მეღიმება და სასიამოვნოდ მბურძგლის.
-და რატომ რეკავ?
-ერთი წინადადება მაქვს. არ გინდა შაბათობით დამატებით პრაქტიკებზე იარო ჩემთან?
-და ასეთი რამ არსებობს?
-იარსებებს, თუ მოვინდომეთ.
-აა, ანუ ამ პრაქტიკებზე მხოლოდ მე და შენ ვიქნებით. - მეცინება.
-დიახ, ჭკვიანო.
-დავფიქრდები. - ვამბობ. რამდენიმე წამით ჩუმად ვართ. არც კი ვიცი, რა ვთქვა. - ახლა მითხარი, რატომ დამირეკე?
-უკვე გითხარი.
-არა, მე სიმართლე მაინტერესებს.
-ნუ ჩამაცივდი. - მაშინვე სიმკაცრე ერევა ხმაში.
-მოდი, მე გულახდილი ვიქნები. შენგან ეს საქციელი უცნაურად და წარმოუდგენლად მეჩვენება. სწორედ ამიტომ მაინტერესებს, რატომ რეკავ.
-თუ არ შეწყვეტ ამის კეთებას, გავთიშავ.
-კარგი, გათიშე. - ვეუბნები.
ზარი წყდება. მართლა გათიშა. იდიოტი! ყურსასმენებს ვიკეთებ და უკვე ბოლოსკენ მიდის სიმღერა, რომ რეკავს. მეცინება და ვპასუხობ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. ისიც ჩუმადაა, ცოტა ხანში კი მეუბნება:
-შენთან საუბარი მინდოდა.
კიდევ ერთხელ მაყრის ტანზე სიამოვნების ეკალი. არც კი ვიცი, იქნებ ეს ზედმეტიცაა და საკუთარ თავს ამდენი იმედი არ უნდა მივცე?
-სხვა ჩემნაირებთანაც საუბრობდი მობილურზე?
-ყოჩაღ, ანა. ნამდვილად შეუსაბამე სიტუაციას შენი შეკითხვა. - ხმა მშვიდი აქვს, მაგრამ ნამდვილად წყენანარევი. - უნდა მანანებინო, რომ ხელმეორედ დავრეკე?
-უბრალოდ მაინტერესებს.
-რას ეძებ?
-ეს მხოლოდ ჩემი საქმეა.
-მაგრამ მხოლოდ შენ არ გეხება, ხომ ასეა?
-მე საერთოდ არ მეხება და მოდი რა, შემეშვი რეზი. რაც არ უნდა იყოს, მე მაინც იმას გავაკეთებ, რაც მენდომება. შენ ამით არ შეწუხდები. ახლა კი, იქნებ კითხვაზე გაგეცა ჩემთვის პასუხი?
რამდენიმე წამით ჩუმადაა. მისი სუნთქვის ხმა მესმის. მგონი სიგარეტს ეწევა. იმ ღერის რომ შეგშურდება ადამიანს.
-არა, ანა. - მპასუხობს.
-ასე არ ჯობია? - მეღიმება.
-ჰო, ალბათ.
წარმოუდგენელია, მაგრამ შუა ღამის ოთხ საათამდე ვსაუბრობთ. რაზე? ჩემზე, მასზე, ათას რამეზე. ცივილურად, ყოველგვარი გადახვევების გარეშე. ჩემი სიამოვნების ერთადერთი მოწმე მთვარეა. ის ისმენს ჩვენს საუბარს და დარწმუნებული ვარ, ისიც ჩემსავით მშვიდადაა. ძილიც კი არ მერევა, ერთი წამითაც კი. ამდენი დროის ასე სწრაფად გასვლასაც კი ვერ ვგრძნობ, სანამ თვითონ არ მეუბნება, რომელი საათია.
-შენი ძილის დროა.
-ჰო, ხვალ თბილისში ვბრუნდებით და ძალიან არ მინდა.
-რას ჰქვია არ გინდა, აბა მე მკითხე. ადექი წადი, დაიძინე.
-საღამურების ჩაცმა მეზარება.
-არაა საჭირო. - ქირქილებს.
-კარგი, დავფიქრდები. იქნებ მაისურით და ტრუსით დავიძინო? არაა, შევწუხდები. მგონი მხოლოდ ტრუსით ჯობია. რას იტყვი? - თავს ვიკავებ, რომ არ გამეცინოს.
-გირჩევნია, ორშაბათს კოლეჯში არ გამოცხადდე.
-თორემ? - ვამბობ გამომწვევად.
-სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ახლა რასაც ვფიქრობ. ანა, ახლა მანდ რომ ვიყო..
-რას იზამდი?
-იმდენს ვიზამდი, რომ სრულიად შიშველს დაგეძინა. არა, დაგვეძინა.
-ფრთხილად შეფ, ოთახში ჩემი და წევს. - ვიცინი.
-ერთხელაც იქნება და მარტონი დავრჩებით ოთახში. - ვგრძნობ, როგორი საზიზღრული ღიმილით ამბობს ამ სიტყვებს. მე კი წამებში მერთვება ფანტაზია და უნებურად წარმოვიდგენ, რა ხდება „იმ ოთახში.“
-კარგი ჰო, გეყოფა. - ვდუდღუნებ და ვამთქნარებ. ის ისევ იცინის.
-კარგი. - ხუთი წამით პაუზას აკეთებს. - ძილის წინ მაკოცებ?
-კი. ლოყაზე ნაზად. შენ?
-ტუჩებზე მხურვალედ. შემდეგ ნიკაპზე, ლოყაზე, ყურის ქვეშ, ყელზე...
-კარგი, კარგი, ჰო, გასაგებია... - ვაწყვეტინებ, რადგან მისი ვნებიანი ხმით ნათქვამი ეს კოცნები სურვილად მეღვენთება კანზე. მისგან ხითხითი მესმის. შემდეგ ამბობს.
-კარგი იყო შენთან საუბარი.
-იგივეს თქმა შემიძლია მეც. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ.
-მეც, საკუთარი თავით.
ღიმილით სახე მებადრება. აი, ეს ტონი მომწონს. მშვიდი და ბუნებრივი.
-სიზმრად ჩემ თავს გისურვებ, შეფ.
-სიზმრად ჩემ თავს გისურვებ, ანა.
-ძილინებისა.
-ძილინებისა.
მობილურს ვთიშავ, სავარძელში ვიკუნტები და თვალებს ვხუჭავ. დაახლოებით ექვსი საათი მასთან საუბარში გავატარე. ღმერთო, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ რეზიმ ეს გააკეთა. თანაც რა მიზეზით? ჩემთან საუბარი უნდოდა. სიამოვნებისგან ვიბერები. შეფ, ვხედავ, შორიდან ვხედავ შენს მეორე მეს და დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ერთად უკეთესი ხარ, ვიდრე მის გარეშე.


***
ლიზი უკეთ გამოიყურება. როგორც ჩანს მისი ვირუსი უკან იხევს. თანაც მის განწყობაზე გარემოებებიც მოქმედებს. კოლეჯში შევდივართ თუ არა, ის „კარგი ადამიანი“ გვხვდება, წვეულებაზე რომ გაიცნო. მეც მაცნობს და მას შემდეგ განმარტოებით სხედან სავარძელში. შორიდან ვუყურებ. მიხარია, ლიზის ბედნიერი, მორცხვი გამომეტყველება აქვს, მაგრამ ამირანი? დარწმუნებული ვარ, რომ ლიზის მოსწონს. აბა ამ ბიჭთან რატომ ფლირტაობს? მგონი დროა, გარეშე პირებმა წააშველონ ამ ორს ხელი.
-ეს ისაა? - ვერ ვიგებ ისე მიახლოვდება ამირანი და გვერდით მიდგება.
-ვინ „ის“? - აბა ანა, ახლა ეს ვაჟბატონი უნდა გამოტეხო.
-წვეულებაზე რომ გაიცნო.
-ჰო ისაა. კარგი ბიჭი ჩანს. - ხელებს გულზე ვიკრეფ და ცალი თვალით ამირანს ვათვალიერებ. უკმაყოფილო სახე აქვს. ჰა-ჰაა! - რაო, არ მოგწონს?
-რა მნიშვნელობა აქვს? - მხრებს იჩეჩავს და ჩანთას მხარზე იგდებს. - წამო დაბლა, სიგარეტს მოვწევ სანამ რეზი მოვა.
ეზოში ჩავდივართ და სკამზე ვსხდებით. ცხრას თხუთმეტი წუთი უკლია. მართალია დღეს პრაქტიკა გვაქვს, მაგრამ რადგან შუალედური უნდა ვწეროთ, დასრულებისთანავე შეგვიძლია წასვლა. მიხარია. მთელი დღე თავისუფალი მაქვს. იქნებ კინოში ან სადმე მოვახერხო წასვლა ბავშვებთან ერთად? ცუდი აზრი არაა, მაგრამ მანამდე ამ რომანტიკოსს უნდა მივხედო.
-ეე, რა ცხვირჩამოშვებული ხარ. რამე მოხდა? - მხარზე ოდნავ ვკრავ მხარს.
-არც არაფერი, პროსტა.
-კარგად ხარ?
-კი.
-არაფრის თქმა არ გინდა?
-არა.
-მოკლე პასუხები დიდი მნიშვნელობით. - ვბუტბუტებ. ამირანი ცერად მიყურებს და თავს უკმაყოფილოდ იქნევს. - რა იყო, ასე არაა?
ჩუმადაა, ხმას არ მცემს. დაახლოებით ორი წუთი ასე ვსხედვართ. ბიჭი სიგარეტის ნამწვს სანაგვეში აგდებს და მეორეს უკიდებს. ვოხრავ.
-რჩევა გინდა? - ვეკითხები.
-გამოუშვი. - არც კი მიყურებს. ოხ ეს რომანტიკოსი ბიჭები!
-ლექსები ძალიან მაგარია, მაგრამ ვფიქრობ, პირდაპირ თქმა უფრო მომგებიანი იქნებოდა.
ამირანი წელში სწორდება და მიყურებს. ვერ იჯერებს, რომ აქამდე ყველაფერს მშვენივრად ვხვდებოდი.
-ვერ დაინახე, რა კარგად იყო იმ ტიპთან?
-იმიტომ, რომ იმ ტიპმა იცის, როგორ მოექცეს გოგოს, რომელიც მოსწონს.
-ყველას თავისი მიდგომა აქვს. - ამბობს ნაწყენივით.
-ამირან, მე შენს ლექსებს შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ. რას ამბობ, ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მომწონს ისინი. მაგრამ როცა ხედავ, რომ ეს საკმარისი არაა, ერთი ნაბიჯით წინ უნდა წაიწიო. ამ შემთხვევაში პირდაპირობა ყველაზე ეფექტური იქნება.
-ასე გგონია?
-დარწმუნებული ვარ.
-და ის... ხომ არ იცი, ის რას ფიქრობს? - კეფას იქექავს.
-ჩემთვის არაფერი უთქვამს, თუმცა, რასაც ვამჩნევ, საკმარისია შენს დასამშვიდებლად. - თვალს ვუკრავ.
-მართლა? - თვალებს ჭუტავს და იღიმის.
-ჰო, ჰო. საქმეს მიხედე ამირან, საქმეს.
-გაიხარე, ძმა ხარ. - მეუბნება და ორივე ხელით თმას მიჩეჩავს.
ვიცინი და ვდგები, რომ ამ ნახევრად ნაშველ რომანტიკოსს თავი დავაღწიო. მოშორებით კი მუქ ლურჯ „ჰიუნდაის“ ვხედავ, საიდანაც რეზი გადმოდის და კარს კეტავს. რამდენიმე წამით მიბღვერს. რა უნდა? შემდეგ კი გასაღების ასხმის ხმაურით კოლეჯისკენ მიდის. ამირანს თვალით ვანიშნებ წავიდეთ მეთქი და შეფს უკან მივყვებით.



***
ტესტში ოცდაათი შეკითხვაა. რეზი გვეუბნება, რომ გადასწორებული შეკითხვები განულდება, ამიტომ არ ვჩქარობ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ისე რთული შეკითხვებია, მაგრამ რამდენიმე მათგანს მაინც დაფიქრება სჭირდება.
გამოცდა პირველ სართულზე აუდიტორიაში გვიტარდება, რადგან საკონდიტროში ტესტებს ვერ დავწერთ. ყველა ერთმანეთისგან დაშორებით ვზივართ, რომ გადაწერის შანსები არ გვქონდეს. ჩვენი მობილურებიც რეზის უწყვია მაგიდაზე.
ჩემ წინ ეკა ზის. რამდენჯერაც შევხედავ, იმდენჯერ მემღვრევა ნერვები. ისე ძალიან მინდა რეზის ვუთხრა ყველაფერი, მაგრამ ლიზის თხოვნას ვერ ვაბიჯებ. თანაც, არ მინდა ენატანიობა გამომივიდეს. მე ხომ დამამტკიცებელი საბუთიც არ მაქვს?! მაგრამ, მაინც რომ მინდა ამის გაკეთება? იქნებ შეფმა ამ ყვავს თავისი ადგილი მიუჩინოს?
-ტესტს უყურე! - დამძახის თავზე რეზი და გულხელდაკრეფილი გვერდს მივლის. მიდი რა გაიარე, შეფ! ვიღაცამ ნერვებზე მოგშალა და ჩემზე იყრი ჯავრს.
ყურადღება ისევ ტესტებზე გადამაქვს და სწორ პასუხს ვხაზავ. ორიღა მრჩება. ამ დროს ეკა დგება, ტესტს მაგიდაზე დებს და მიდის. მაგიდაზე მოთავსებულ მის ფურცელს ვუყურებ. რა ყველა გამოცდას ეს ამთავრებს პირველი? ყოჩაღ ეკა, კარგად მომზადებულხარ.
დარჩენილ ორ საკითხს ვხაზავ, მაგრამ არ ვდგები. ნახევარ საათში ყველა ამთავრებს წერას და მეც მათთან ერთად ვაბარებ ტესტებს. რეზი ფურცლებს ერთად აგროვებს და ლიზის აძლევს. მე ჩანთას ვიღებ და ის-ისაა აუდიტორიიდან უნდა გავიდე, რომ სიტყვები მესმის:
-საკონდიტროს გასაღები ნანას გამოართვი და ტესტები ჩემს მაგიდაზე დატოვე, კარგი?
უკან ვბრუნდები და ჩემკენ მომავალ ლიზის ხელებში ვაჩერდები. ტესტები. ჯანდაბა! საშინლად ბოროტული, მაგრამ მაგარი იდეა მებადება, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ. გამორიცხულია ეკას ის შერჩეს, რაც გააკეთა და რასაც აპირებს.
გარეთ გავდივართ თუ არა, ლიზის ვაჩერებ.
-მომეცი, მე ავიტან მაგათ. გასახდელში ფორმისთვის ავდივარ, გასარეცხად მიმაქვს და..
-ერთად ავიდეთ. - მთავაზობს ის და გზას აგრძელებს.
-მომეცი ავიტან, აქ დამელოდე შენ. - ტესტებს ხელიდან თითქმის ვგლეჯ.
-რა გჭირს? - კოპებშეკრული მიყურებს ლიზი. მე ხმას არ ვცემ და მეორე სართულზე ავდივარ. ჩვენს დიასახლისს საკონდიტროს გასაღებს ვართმევ და გასახდელში შევდივარ.
ასე. ესეც ყვავის ტესტები. რომელშიც დარწმუნებული ვარ, რომ სწორად უწერია, იმას ვშლი და სხვა პასუხს ვუხაზავ. დაახლოებით ათ საკითხს ვუმახინჯებ. აი ასე. გგონია, მხოლოდ შენ ხარ ბოროტი, ყვავო? გირჩევნია ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან თავი შორს დაიჭირო. საინტერესოა, რა რეაქცია გექნება, როცა სხვისი გაფუჭებული საქმის გამო შენ მიიღებ დაბალ შეფასებას.
მის ფურცლებს ტესტებს შორის ვათავსებ და სარკეში ვიყურები. კმაყოფილი გამომეტყველებით სახე მიბრწყინავს. რატომ არ გაწუხებს სინდისი, ანა? იმიტომ, რომ საჭირო არაა. გასახდელიდან გამოვდივარ. ვაი! რეზი დგას. კედელს მიყრდნობია და ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი. როგორც ჩანს მე მელოდება. ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო. საკონდიტროსთან მივდივარ და კარს ვაღებ.
-აქ რას აკეთებ? - მეკითხება.
-ტესტები ამოვიტანე.
-მაგრამ მე ეს შენთვის არ დამივალებია. - ხელს მაჯაზე მკიდებს და თავისკენ მაბრუნებს.
-შემეშვი. - აქეთ-იქით ვიყურები. - დღეს ვერ ხარ ხასიათზე.
-სამაგიეროდ შენ დილიდან მხიარულ ტალღაზე ხარ. - ტუჩის კუთხეს ამრეზით სწევს მაღლა.
-რაა? - მეცინება. ჯანდაბა! ის რაა, ამირანს გულისხმობს? აი ნამდვილი სიურპრიზი. მაგრამ თავს ისე ვიჭერ, ვითომ ვერაფერს მივხვდი. საკონდიტროში შევდივარ და ფურცლებს მაგიდაზე ვდებ.
-ანა, გეკითხები, აქ რა გინდა მეთქი! - სერიოზულია.
-რა გჭირს? ფორმა უნდა წამომეღო და ბარემ ტესტებიც წამოვიყოლე, რას ხედავ აქ ასეთს სერიოზულს?
-სადაა ფორმა? - მათვალიერებს. ფუუ!
-გავალ და გამოვიტან.
-მაგრამ შენ უკვე იყავი გასახდელში. რას აკეთებ ანა?
ვცოფდები. ღმერთო, საშინლად ვარ გაღიზიანებული. რატომ მიშლიან ხელს სამაგიეროს გადახდაში? გული გამალებით მიცემს. ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ როცა ტესტებს გაასწორებს, რეზი ყველაფერს მიხვდება, მაგრამ მე მაინც არ ვაპირებ არაფრის აღიარებას.
-ბრმა ხარ! - ვეუბნები და საკონდიტროდან გამოვდივარ. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ორივეს. მთავარია ეკა დაბალ ქულას მიიღებს. შემდეგ როგორც უნდა ისე იყვიროს, მე ყველაფერი სწორად დავწერეო.


***
კინოდან სახლში სასიამოვნოდ დაღლილი ვბრუნდები. ისევ არ დაქანცული, აღარც ეკა მახსოვს და აღარც რეზი. არადა, თითქოს ისეთი არაფერი გამიკეთებია. ვბანაობ და საწოლზე ვეშვები. თავს ისე მსუბუქად ვგრძნობ, თითქოს აქამდე ასი კილოგრამი ტვირთი მეტარებინოს. თვალებს ვხუჭავ და დღევანდელ დღეს შორიდან ვუყურებ.
რეზი. არ მჯერა, ნუთუ ამირანზე იეჭვიანა? საერთოდ რეზის შეუძლია ეჭვიანობა? იქნებ აჯობებს, რომ მასთან დაკავშირებით აღმოჩენილი ახლი ფაქტები აღარ გავიკვირვო? პირიქით, უნდა შევაგროვო ისინი და ბოლოს რაღაც სახელი დავარქვა. საქმე წინ მიიწევს და მიხარია.
რაც შეეხება ეკას. ახლა რომ ვუფიქრდები ჩემ მიერ მის გაფუჭებულ ტესტებს, ცოტა არ იყოს უსიამოვნო შეგრძნება მიჩნდება, მაგრამ მახსენდება თუ არა ლიზის ამღვრეული თვალები და ერთმანეთში ნერვიულად აბნეული თითები, ეს უსიამოვნება მაშინვე ქრება. არ არსებობს კეთილსინდისიერად გადახდილი სამაგიერო, მაგრამ არსებობს კმაყოფილების გრძნობა, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა იდიოტ ხალხს ჭკუას ასწავლი.
ცოტა ხანში ჩემთან ლელა შემოდის, ვაკოზე მელაპარაკება და ათი საათი სრულდება, რომ გადის. არ მეძინება. წიგნს ვიღებ და დაახლოებით ერთი საათით ვკითხულობ. ის-ისაა ვდგები და ჩაის მოსამზადებლად ვაპირებ წასვლას, რომ მობილური ნათდება. რეზი რეკავს. სულ მავიწყდება, როგორ წამოვედი დღეს მისგან. მეღიმება, საწოლზე ვბრუნდები და ვპასუხობ:
-ხო.
-დღეს ძალიან ადრე წახვედი. - მესმის მისი ხმა.
-გეგმები გქონდა? - თმის რაღაც ნაწილს ვიღებ და თითზე ვიხვევ.
-მქონდა, მაგრამ ისეთი გაბრაზებული იყავი...
-შენც.
-არა, მე არა.
-კი, კი და ისიც ვიცი, რატომ. - მეცინება.
-შენ ისევ რაღაცებს ურევ. როგორც ჩანს, დილით მხოლოდ თმა არ აგიჩეჩეს. - ბუტბუტებს.
-როგორ მინდა ახლა შენს სახეს ვხედავდე. იეჭვიანე შეფ?
-ვიეჭვიანე? - იცხადებს. - ანა, რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ გაქვს შენ თავზე დიდი წარმოდგენა.
-რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ არ მაქვს? მე იმას ვამბობ, რასაც ვხედავ. მაგრამ კარგი, თუ არ გინდა, ამაზე ნუ ვისაუბრებთ.
-ხანდახან ისე გამოგყავარ წყობიდან, მინდა, რომ დაგახრჩო.
-ხელებით, თუ?
-აი, ახლაც.
ვიცინი.
-რას აკეთებ? - მეკითხება.
-ვწევარ. დასაძინებლად ვემზადებოდი. შენ?
-მეც, თითქმის.
-რა დროს ძილია. ტესტები გაქვს გასასწორებელი. - ვეუბნები და დაძაბული პასუხს ველოდები.
- უკვე გავასწორე. - ამბობს ხაზგასმით.
-ყოჩაღი შეფი. არ მეტყვი, რა მივიღე?
-შენ ხვალ მიიღებ იმას, რაც საჭიროა. - მის ხმაში სერიოზული მუქარა იკვეთება. ჩემი პროგნოზი სავარაუდოდ გამართლდა და შეამჩნია, რაც ჩავიდინე. მაგრამ მე არ ვიმჩნევ.
-სიამოვნებით შეფ. - ვეუბნები გამომწვევად.
-არაფრის თქმა არ გინდა ჩემთვის?
-გგონია, რომ მაქვს რამე სათქმელი?
-კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ.
-საკამათოდ დარეკე?
-ამას უყურე, ისევ მეკითხება.
ვჩუმდები და რამდენიმე წამით ხმას არ ვიღებ.
-ანა.
-რა.
-ხუთი დღეა არც კი შეგხებივარ.
როგორც კი ვაცნობიერებ ამ წინადადებას, ჩემ შიგნით ყველაფერი ტრიალდება. სუნთქვა მეკვრის და გული წამლეკავად მიჩქარდება. ძალიან არ მინდა, რომ ყველაფერი ეს ხმაზე დამეტყოს. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ და ვეუბნები:
-როგორ არა, დღეს, საკონდიტროსთან.
-ტუჩებს ვგულისხმობ.
ჯანდაბა რეზი! ძილის წინ რას მიკეთებ? ტუჩებს ვულოკავ და თვალებს ვხუჭავ.
-მოიკვნიტე თუ გაილოკე? - მეკითხება.
-გავილოკე.
-რატომ არ ვარ მანდ. - მესმის, როგორ ოხრავს.
-რატომ არ ხარ აქ.
-ჩემთან ძალიან ცხელა.
-ჩემთან უფრო ცხელა. ალბათ პლედის გარეშე დავიძინებ.
-მეზიზრები, რა. - კბილებში სცრის.
-ხვალ იქ ვიქნები.
-ხვალ ვერ მოვიცლი.
-ოჰო?!
-ლიტვიდან სტუმრები გვეყოლებიან, ასე, რომ...
-არაუშავს, მთელი ცხელი ივლისი წინაა. - მეცინება.
-ჰო. - ამბობს და ჩუმდება. რამდენიმე წამით ვაცდი, მაგრამ ხმას რომ არ იღებს ისევ მე ვეკითხები:
-რამე მოხდა?
-არაფერი.
-აბა რატომ გაჩუმდი?
-შენს სუნთქვას ვუსმენდი.
მეღიმება.
-კარგი, აჯობებს დაიძინო. ხვალ ბევრი სამუშაო გექნება.
-კარგი, ძილინებისა შეფ. გამიხარდა, რომ დამირეკე.
-ვანილიანი სიზმრები, ანა.


***
შეფის მოსვლამდე ბავშვები ჟურნალს ვათვალიერებთ და თეორიული შუალედურების პასუხებს ვიგებთ. 26ზე ნაკლები შეფასება არ მაქვს. გადასარევი არაა, მაგრამ არც ცუდია. ლიზი გახარებულია. მხოლოდ ინგლისურში აქვს 29, დანარჩენებში 30.
ზუსტად ცხრა საათზე რეზი შემოდის და ჟურნალს ისაკუთრებს. სიას კითხულობს. ჟენუაზის ბისკვიტების და კრემის რეცეპტებს გვაწერინებს და გვეუბნება, რომ დღეს ნამცხვრის ყალიბებში აწყობას ვისწავლით. კრემიც განსხვავებული ინგრედიენტებისგან შედგება და როგორც ჩანს, რთული მოსამზადებელია.
მოგვიანებით საქაღალდედან, სადაც ჩვენი ტესტები ულაგია, ფურცელს იღებს და გვეუბნება:
-ეს თქვენი შუალედურის ქულებია. რამდენიმე თქვენგანმა საკმაოდ დაბალი შეფასება მიიღო და ძალიან არ მესიამოვნა. - ერთ-ერთი მათგანი შენ ხარ, ყვავო! ეკასკენ ვაპარებ თვალებს, რომელიც მშვიდად დგას და ელოდება, როდის გამოუცხადებენ მაღალ ქულას. რეზის უკმაყოფილო სახე აქვს. - შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ საქმეს არასერიოზულად ეკიდებით. იმედია გახსოვთ, რომ შემდეგი შუალედური, რომელიც საკმაოდ გვიან გექნებათ პრაქტიკულია. მანამდე კი ძალიან დიდი მასალა გიგროვდებათ. ასე, რომ გირჩევთ, საკონდიტროში ცოტა უფრო მობილიზებულები იყავით.
ლექციას რომ ამთავრებს, ქულების ამოკითხვას იწყებს. ლიზის 30 აქვს, მგონი მასზე მეტად მე მიხარია. ამირანს 29, ტყუპებს თანაბრად 27, მე 28, ეკას კი... რაა? მოიცა, რა შეფ? ეკას 29?
ვცოფდები. ისე ვცოფდები, რომ სუნთქვა მეკვრის. ტუჩებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერ და ბლოკნოტს მთელი ძალით ვებღაუჭები, რომ არ ვიღრიალო. რეზის მივჩერებივარ და ვერ ვწყვეტ, რამე ვესროლო თუ მუშტები დავუშინო. რა გააკეთა? რატომ არ შეაფასა ისე, როგორც „საჭირო“ იყო? მე ხომ იმ ძუკნას ტესტში უამრავი შეცდომა დავუშვი? მას ხომ 20 ქულაზე მეტი არ უნდა აეღო?
ეკას ვუყურებ და მისი კმაყოფილი გამომეტყველება ჭკუიდან მშლის. ისე ვღიზიანდები, რომ მინდა, ირგვლივ ყველაფერი დავლეწო, გადავწვა, გავანადგურო. ცოტაც და ბოღმისგან ცახცახი დამეწყება.
-რამე მოხდა ანა? - შორიდან მწვდება რეზის ხმა. მზერა მასზე გადამაქვს. თავს ძლივს ვიკავებ, რომ მის ინტერესიან გამომეტყველებას ბლოკნოტი არ გავუქანო. ვცდილობ, მოვეშვა და ფილტვებს ჰაერს ვაწვდი.
-არა. - ვცრი კბილებში.
-ქულით ხომ არ ხარ უკმაყოფილო? - მეკითხება და წარბებს ზემოთ სწევს. კარგად ვხვდები, რომ ჩემს ქულას არ გულისხმობს და ეს კიდევ უფრო მაღიზიანებს.
-არა.
-ძალიან კარგი. - ამბობს მკაცრად და ფურცელს მაგიდაზე დებს. - სანამ ინგრედიენტებს აწონით, მე რაღაც საქმეს მოვამთავრებ. - ლეპტოპთან ჯდება.
ყველა გახარებულია, ჩემ გარდა. ლიზის უკვირს ჩემი უკმაყოფილო სახე და იმდენ შეკითხვას მაყრის, ლამის წამომცდეს, რაც ჩავიდინე. კრემის მომზადებას რომ ვამთავრებთ, დირექტორთან და თარჯიმანთან ერთად ლიტველი სრუმრები გვესტუმრობენ. რამდენიმე წუთით ჩვენთან რჩებიან. რეზი უხსნის დღის გეგმას და ცოტა ხნით საუბარში ჰყვება. მე ისევ გაცოფებული ვარ და სხვა საფიქრალის გამო, სულ არ მაინტერესებს მათი ლაქლაქი. ამდენი უარყოფითი ფიქრებისგან ლამისაა თავი გამისკდეს.
ის-ისაა სტუმრები გვტოვებენ, რომ შეფი შესვენებას აცხადებს. მინდა, სადმე დავიმარტოხელაო, მაგრამ დირექტორი გაყოლას სთხოვს და არაფერი გამომდის.
წახემსების შემდეგ ბავშვები სხვა გზას არ მიტოვებენ და ვუყვები, რაც ჩავიდინე. ლიზი საშინლად ბრაზდება და მეჩხუბება. არ უნდა, რომ ეკას გამო უსიამოვნება შემხვდეს და მთელი დასვენების მანძილზე მის ლექციას ვისმენ. მართალია მორჩილად ვუქნევ თავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვეთანხმები. გამორიცხულია, ჩემი არ გავიტანო.
შესვენების ამოწურვამდე ხუთი წუთი რჩება. უკანა ეზოში გავდივარ და მოშორებით სკამზე ვჯდები. ცოტა ხნით მარტო მინდა ყოფნა. უსამართლობა და წარუმატებლობის გრძნობა მახრჩობს. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ცოტა ხნით თვალებს ვხუჭავ. მინდა, რომ ჩემი გონება ოდნავ მაინც განიტვირთოს, მაგრამ სამწუხაროდ ამისთვის არც ისე დიდი დრო მაქვს. იმდენად მინდა, ახლა ისევ სოფელში ვიყო და იქაურ გრილ სიოს ვგრძნობდე, რომ სურვილისგან ერთიანად მბურძგლავს.
უცბად რაღაცის ჯახუნი მესმის და თვალებს შეშინებული ვჭყეტ. კოლეჯის კართან რეზი დგას. არა, არ დგას... ნერვიულად ბორგავს და წამდაუწუმ კისერზე იკიდებს ხელს. შემდეგ თავის მანქანასთან მიდის და შიგნით ჯდება, მაგრამ მალევე გადმოდის. კარს ეყრდნობა, თავს უკან აგდებს და ერთხანს ასე ყოვნდება. რა მოხდა? რა დაემართა? ვითომ დირექტორთან აქვს რაიმე უთანხმოება? ბოლოს ხომ მასთან იყო? მანქანიდან სიგარეტს იღებს და უკიდებს. ისე ეწევა, თითქოს სადმე ეჩქარებოდეს. მისვლა მინდა, მაგრამ მისი მდგომარეობის გამო თავს ვიკავებ. მაგრამ რა, არც მე ვარ ნაკლებად გაცეცხლებული. ვდგები და ნელი ნაბიჯებით მივდივარ. ჩემგან ზურგით დგას. ალბათ ფეხის ხმა ესმის და უკვე ახლოს ვარ, რომ ჩემკენ ბრუნდება. ჯანდაბა, რა სახე აქვს. გაცეცხლებული კი არა, გაავებულია.
-ახლა არა, ანა. - სცრის კბილებში, პირიდან კვამლს უშვებს და შენობაში ბრუნდება.


***
დარჩენილი ლექციის მანძილზე, იმაზე უფრო სიტყვაძუნწია, ვიდრე სჩვევია. საინტერესოა, ასეთი რა მოხდა?
ნამცხვრის აწყობა წარმატებით სრულდება. რამდენიმე მათგანს ხვალისთვის გასასინჯად საყინულეში ვინახავთ და ამის შემდეგ შეფი გვათავისუფლებს. არ მინდა, ისე წავიდე, რომ არ დაველაპარაკო, მაგრამ არ ვიცი ამას როგორ მოვახერხებ.
გასახდელიდან გოგოები ერთად გამოვდივართ. მეორე და პირველ სართულს ყურადღებით ვათვალიერებ, მაგრამ რეზი არსად ჩანს. უკვე გარეთ ვართ, მაგრამ გული არ მიწევს. ერთხელ მაინც რომ არ ვკითხო „რა მოხდა“ ან ეკას ტესტების გამო პასუხი არ მოვთხოვო, ვერ წავალ. გოგოებს ვეუბნები, რომ ბიბლიოთეკაში მაქვს საქმე და უჩემოდ წავიდნენ. ისინიც უპრობლემოდ მთანხმდებიან. უკან ჩქარი ნაბიჯით ვბრუნდები და პირდაპირ მესამე სართულზე ავდივარ, მაგრამ არც იქ მხვდება. ისევ საკონდიტროში ვბრუნდები. აქაა. თავის მაგიდასთან ზის და ლეპტოპს მისჩერებია. აუდიტორიაში შესულს რომ მხედავს, კოპებს ჰკრავს და სავარძლის საზურგეს სცილდება.
-რას აკეთებ? - მეკითხება თვალების ბრიალით. კარს ვხურავ და მის წინ ვდგები.
-შენ თვითონ რას აკეთებ?
-რას გულისხმობ?
-კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ. რატომ მიიღო ეკამ მაღალი ქულა? - პირდაპირ ვეკითხები.
ორი წამით თვალებს ხუჭავს და გაბრაზებული ოხრავს. შემდეგ წინ იხრება და თვალებს მისწორებს.
-იმიტომ, რომ არასწორი პასუხები სხვა ფერის კალმით ჰქონდა შემოხაზული. იმიტომ, რომ ჩემი თვალით ვნახე, როცა ტესტი მაგიდაზე დადო, არც ერთი გადახაზული პასუხი არ ჰქონია და იმიტომ, რომ შენ ასეთი საქციელი არ შეგეფერება.
-გასაგიჟებელია! და მას შეეფერება ის, რომ ჯგუფელის ცომში ზედმეტ გამაფხვიერებელს ყრის და ნამუშევარს უფუჭებს?
-რა გინდა ანა?
-სამართლიანობა! - ხმას ვუწევ.
-კარგი, მიაღწიე სამართლიანობას, მაგრამ ასე ბინძურად ნუ თამაშობ და ნუ ცდილობ ამაში სხვებიც ჩაითრიო.
-ახ, შეფ, მომიტევეთ, თქვენ ხომ ნამდვილი ანგელოზი ხართ?!
-მორჩი ცინიკოსობას! გახსოვდეს, რომ პრობლემები, რომლებიც საკონდიტროში ჩნდება მეც მეხება, მე კი ნამდვილად არ მჭირდება პრობლემები! - თვალებს მიბრიალებს.
-აბა რაა, სუფთად ყოფნას რა სჯობია? მაშინ მიხედე შენს სტუდენტებს.
-ნუ მასწავლი, რა გავაკეთო! - ისიც ხმას უწევს.
-ღმერთო ჩემო, შენ არც კი იცი, რომ... - ლამის ყვირილზე გადავდივარ, მაგრამ კიდევ კარგი, რომ თავს ვიკავებ, ვჩუმდები და წინადადებას არ ვასრულებ. არა, არ მინდა, რომ ჩემგან გაიგოს, რა გეგმაც აქვთ ეკას და მზიას.
-რა არ ვიცი? - ტონი ურბილდება, მაგრამ გამომეტყველება არ ეცვლება.
-არაფერი. - ვამბობ და კარისკენ მივდივარ, რომ მაჩერებს.
-ანა.
-რა გინდა. - ვბრუნდები.
-შეწყვიტე ეს უაზრობა. ვშიშობ, რამე რომ მოხდეს, მე ვერ დაგიცავ.
-ეჭვიც არ მეპარება მაგაში. - გაბრაზებულს მეცინება.
-ანა, არ იცი, ამას რატომ ვამბობ.
-არც მაინტერესებს.
თავს აქნევს და ჰაერს ხარბად ისუნთქავს.
-უბრალოდ დამიჯერე. ეკას შეეშვი. მსგავსს აღარაფერს ჩაიდენს.
-რაა? - ვეკითხები დაეჭვებით. - ამას რატომ ამბობ?
-დაველაპარაკები.
-კარგი. - თავს ვუქნევ. - რა მოხდა დღეს?
-რას გულისხმობ?
-კარგად იცი, რასაც.
-პირადი პრობლემაა.
-მე სხვა რამ მგონია.
-ნუ მაცივდები. - სცრის კბილებში და ცალ წარბს ზემოთ სწევს.
-რატომ მაქვს იმის შეგრძნება, რომ ეგ პირადი პრობლემა ჩვენც გვეხება?
-წადი, ანა. - თვალებით კარზე მანიშნებს.
-კარგი. - ვბრუნდები, საკონდიტროდან გამოვდივარ და კარს ხმაურით ვხურავ.


***
მთელი დღე ეჭვი მიღრღნის გულს. „ეკას შეეშვი. მსგავს რაღაცას აღარ ჩაიდენს.“ რას ნიშნავს ეს, რას? ერთადერთი ახსნა მაქვს და მაცოფებს ის ფაქტი, რომ შესაძლოა ეს სიმართლე იყოს. იქნებ რეზიმ უკვე იცის ეკას „წინადადების“ შესახებ? იქნებ იმ ძუკნამ უკვე მიიღო მისგან დადებითი პასუხი? მხოლოდ ამ შემთხვევაში თუ დამშვიდდებოდა დამპალი ყვავი და რეზიც ამიტომ იქნებოდა დარწმუნებული იმაში, რომ ეკა აღარაფერს ჩაიდენდა. აბა რაა, როცა გარანტია გაქვს პარიზში წასვლის, აღარც ვინმეს ჩაძირვა გჭირდება.
ეს სიმართლეა? სიმართლეა თუ რეზი მართლაც აპირებს ეკასთან სხვაგვარად დალაპარაკებას? ჯანდაბა, ყველაფერი ერთმანეთში მერევა. ამდენი ფიქრისგან თავი მტკივდება და დილით თვალებიდან ძლივს ვიყურები. კოლეჯში წასვლამდე ტკივილგამაყუჩებელს ვსვამ. გარეთ საშინლად ცხელა. უკვე ივნისის ბოლოა. ჩვენი გუშინწინდელი მობილურით საუბარი მახსენდება და ვერ ვიჯერებ, რომ მას შემდეგ ჩვენ შორის ასე დაიძაბა სიტუაცია.
კიბეებზე ძლივს ამაქვს ფეხები. დამძიმებული ვარ. ვნანობ, რომ სახლში არ დავრჩი და ძილი არ გავაგრძელე. სამაგიეროდ, შეფს გუშინდელის კვალობაზე დარდის არაფერი ემჩნევა. ან კარგი მსახიობია, ან მართლაც ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია.
გუშინდელ ჟენუაზს ვსინჯავთ. ძალიან გემრიელია, მაგრამ ორი ლუკმის მეტი ყელში არ გადამდის. დაგემოვნების შემდეგ რეზი სიას კითხულობს, შემდეგ მაგიდასთან დგება და გვათვალიერებს.
-დღეს პრაქტიკა არ გექნებათ. კარამელის მასტერ-კლასს ჩავატარებ. - ბავშვები გახარებულები არიან, მე რეაქცია ნული. დღეს სულაც არ მინდა მისი დანახვა. არც მისი კარამელის ფიგურები მაინტერესებს. ახლა მხოლოდ ძილი მინდა. - გაჩვენებთ, როგორ მუშავდება კარამელი და მარტივ ფიგურებს თქვენც გაგაკეთებინებთ. თუმცა, სანამ ამაზე მუშაობას დავიწყებდეთ, თქვენთვის რაღაც მაქვს სათქმელი. - ღრმად ისუნთქავს, ორი წამით აჩერებს ჩემზე მზერას და ისევ სხვებზე გადააქვს ყურადღება. - მასტერ-კლასის ჩატარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ რაღაც დროის მანძილზე ბოლოჯერ მხედავთ. საქმის გამო დაახლოებით სამი თვით პარიზში მიწევს წასვლა და იქიდან სექტემბრის ბოლოს დავბრუნდები.


10 თავი
***
იწყება შეკითხვების კორიანტელი. ბავშვებს ათასი რამ აინტერესებთ. მე კი არაფერი, საერთოდ არაფერი მაინტერესებს. ჩემთვის ის ინფორმაციაც საკმარისია, რომ მიდის და მეც კი მიკვირს, რომ ამის გამო გული მწყდება. ვუყურებ. ცდილობს თავი ბუნებრივად დაიჭიროს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი მზერა არ ასვენებს. ბავშვების შეკითხვებს პასუხობს და სიტუაციაში გვარკვევს. მის არყოფნაში პრაქტიკებს სხვა შეფი ჩაგვიტარებს. აგვისტოს ისედაც ვისვენებთ. გამოდის, რომ თითქმის ორი თვე კოლეჯში არ იქნება. ვგრძნობ, რომ მისთვის უამრავი შეკითხვა მაქვს დასასმელი, მაგრამ თავში არც ერთი მათგანი არ მომდის. მაკო და ლანა აქეთ-იქიდან რაღაცებს მეჩურჩულებიან და მეც თავს ვუქნევ. ვცდილობ, მათ ვუყურო, მაგრამ წამდაუწუმ რეზისკენ გამირბის თვალები. მან კი ალბათ უკვე გადალახა მოუსვენრობის ზღვარი და კვლავ საქმიან გამომეტყველებას იბრუნებს. აბა მე რა მჭირს? რატომ არ შემიძლია ეს ინფორმაცია ისე მივიღო, როგორც რიგითმა სტუდენტმა? ანა, ნუთუ ისე შეეჩვიე მის ალერსს, რომ შეფის გამგზავრება გამწუხრებს? უბრალოდ შტერი ხარ. წესით ეს ფიზიკური ლტოლვა ისევე არ უნდა ნიშნავდეს ჩემთვის არაფერს, როგორც მისთვის. მაგრამ, რატომ მეპარება ეჭვი, როცა ამას ვფიქრობ? ვითომ იმ სატელეფონო საუბრებმა რამე შეცვალა? კი, შეცვალა. მე ეს ვაღიარე და მანაც აღიარა. აბა რა ხდება? აა, აი რაშია საქმე. მე ის კი არ მწყინს, რომ მიდის, გული მწყდება იმაზე, რომ ამ ინფორმაციას ახლა, ყველასთან ერთად ვიგებ.
-უკაცრავად. - სტუდენტებთან მოსაუბრეს სიტყვას ვაწყვეტინებ. არაფრისმთქმელი სახით მიყურებს. თუმცა არა, პატარა მოუსვენრობა მაინც ეტყობა. - როდის მიდიხართ?
-ხვალ. - მპასუხობს და ყელს იწმენდს.
თავს ოდნავ ვუქნევ და ბლოკნოტს ჩავყურებ. ანუ ეს საქმე არაა ერთ დღეს მოფიქრებულ-გადაწყვეტილი. მას შეეძლო ეთქვა, რომ მიდიოდა. რატომ არ გააკეთა ეს, ვერ ვხვდები. რას ვერ ხვდები ანა? ის ხომ შენით ერთობა. სულაც არაა ვალდებული, გაბაროს ახსნა-განმარტებები სად წავა, როდის და რამდენი ხნით. ხოდა მოდი რაა, შენც დაიკიდე მისი გეგმები.
ლექცია იწყება. რეზი ქვაბში წყალს, შაქარს და გლუკოზას ათავსებს და ქურაზე დგამს. მეც ჯგუფელებთან ერთად ვმოძრაობ, რომლებიც შეფს უკან დაჰყვებიან. ჩემი გადაწყვეტილების გასაცნობიერებლად და მასთან შესაჩვევად ცოტა დრო მჭირდება, ამიტომ ჯერ ისევ გაბრუებული და დამუნჯებული დავდივარ. რეზი თავის ამპლუაშია. აბა რაა, არამზადა თევზები. კარამელი საჭირო გრადუსამდე აჰყავს და მოგვიანებით მასა სილიკონის ხალიჩაზე დასამუშავებლად გადააქვს.
-ჩემი მაგიდიდან თათმანები მომიტანე. - მეუბნება კატეგორიული ტონით. რატომ მე? აქ ხომ სხვებიც არიან? ფეხის თრევით მივდივარ, მაგიდას ვუვლი და ვათვალიერებ. თათმანები არ ჩანს და ქაღალდების ქვეშ ვეძებ. თვალი ჩართული ლეპტოპისკენ გამირბის. ეკრანზე არც ისე ბევრი საქაღალდე უყრია. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც განსხვავებული ვიზუალისაა ყურადღებას იპყრობს. „სამხილები“ - ასეთია მისი სახელწოდება. მის გვერდით კიდევ ერთი საქაღალდეა სახელად „პარიზის კანდიდატები.“ თვალები მიფართოვდება და ამ საქაღალდის გახსნით მოშიებული მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ.
-ანა! - მესმის რეზის ხმა. შუბლშეკრული მიყურებს. სახეზე აწერია „მანდ რა ჯანდაბას აკეთებ?“ - თათმანები პირველ უჯრაში ნახე.
უჯრას სასწრაფოდ ვწევ. იქაა. ვიღებ და სამუშაო მაგიდასთან ვბრუნდები. ოდნავ მოჭუტული თვალებით მიყურებს. ხელთათმანებს ირგებს და კარამელის დამუშავებას იწყებს.
ის საქაღალდეები ერთხანს რეზის წასვლის ამბავსაც კი მავიწყებს. რა არის „სამხილები“? რას ინახავს იქ? მეორე საქაღალდე გასაგებია. როგორც ჩანს, თავისი ფავორიტი სტუდენტები უკვე ჰყავს, მაგრამ პირველის სახელწოდებას ვერ ჩავწვდი. რამეს მალავს? თუ ვინმეს უმალავს? რეზის ვუყურებ. ისეა საქმეში შეჭრილი, მგონი აღარც ახსოვს, რომ საკონდიტროშია. სპეციალურ კარამელზე სამუშაო ღუმელს რთავს, რომლის ქვეშაც მასალას არბილებს და უკვე ხელით აგრძელებს კარამელის დამუშავებას. ამ პრიალა მასას დაახლოებით ოცი წუთს მანძილზე მოგრძო ფორმას აძლევს და ერთმანეთზე გრეხს, რათა კარგად დამუშავდეს. მთელი ამ დროის მანძილზე იგი ოთხჯერ იცვლის ფერს და ბოლოს ვერცხლისფერზე ჩერდება. უფრო სწორად შეფი აჩერებს. დამუშავება კვლავ რომ განაგრძოს, ფერს ისევ შეიცვლის. მასა ისეთი მაგარია, საოცარია, როგორ შეძლებს ქალის ხელი მის მოდრეკვას.
-რა გამოვიყვანო? - გვეკითხება რეზი. ბავშვების ბჭობაში არ ვერევი. საბოლოოდ ბანალურად ვარდზე ჩერდებიან და რეზიც იწყებს მუშაობას. საინტერესოა, რა უნდა იყოს ვერცხლისფერი ვარდი.
შეფი ისე სწრაფად და ხარისხიანად მუშაობს, რომ მშურს. საქმესთან ერთად საკუთარ პირველ ნამუშევრებზე საუბრობს და ბავშვებიც ყურადღებით უსმენენ.
ვარდს დაახლოებით შვიდ წუთში აკეთებს და მაგიდაზე თვალსაჩინოდ დებს. შევცდი. ეს ბანალურობა კი არა, სასწაულია. ისეთი ბუნებრივი ფორმა აქვს, მგონია, რომ დავყნოსო, ვარდის სურნელს შევიგრძნობ. მინდა, რომ შევეხო, მაგრამ ისეთი სიფრიფანა ფურცლები აქვს, ალბათ ხელებში ჩამეფშვნება. წარმომიდგენია პარიზში როგორ მუშაობს.
პარიზი. ამაზე ისევ ის საქაღალდეები მახსენდება და ვიღუშები. ვერ ვისვენებ. ასე მგონია მათ გასახსნელად ლეპტოპი მეძახის. საინტერესოა, ვინ ჰყავს პარიზის კანდიდატებში. დარწმუნებული ვარ, რომ მე არ ვიქნები. ამაზე არც კი ვფიქრობ. ეკა? ალბათ იქნება. კანდიდატებში არაუშავს, მთავარია ის არ მოხდეს, რისი საშიშროებაც არსებობს.
-ანა. - მესმის გვერდიდან. ლიზი იდაყვს მკრავს და თვალებით წინ მანიშნებს. როგორც ჩანს, მხოლოდ მან შეამჩნია ჩემი გამოშტერება.
-რეზი ბრტყელ ლენტს აკეთებს და ცხელი დანის პირით მართკუთხედებად ჭრის. ამ მოგრძო ფორმის კარამელით მარტივი ბანტების მოხვევას გვასწავლის. რადგან დასამუშავებელი ღუმელი პატარაა, ბავშვები რიგ-რიგობით ცდიან ბანტების გაკეთებას. მე არსადაც არ მეჩქარება. სიმართლე რომ ვთქვათ, სულაც არა ვარ კარამელის ხასიათზე. მე სახლში, ჩემს საწოლში ძილი მინდა.
მოშორებით, კუთხეში მდგარ სკამზე ვჯდები და მობილურის მენიუში უაზროდ დავხეტიალობ. ჯერ გუშინდელი კამათი და ჩემი წარუმატებელი ბოროტული საქციელი. ახლა კიდევ რეზის დამრტყმელი ინფორმაცია და საქაღალდეები. არ მინდა, რომ ეს ყველაფერი მადარდებდეს, მაგრამ მადარდებს. ცოტა ხნის წინანდელი გადაწყვეტილება, რომ ფეხებზე დამეკიდა შეფის საქციელი, უკვე ვადაგასულად მეჩვენება. კარგად ვხვდები, რომ თავად ვაბუქებ სიტუაციას. რეზი არ იყო ვალდებული ჩემთან საკუთარ საქმეებზე ესაუბრა, მაგრამ ჩვენი ახლანდელი მინი ურთიერთობის გამო ამ აზრს ბოლომდე მაინც ვერ ვეთანხმები და ამაშია მთელი უბედურება. კარგად მახსოვს, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ მისგან სიამოვნებას მივიღებდი და პარალელურად ეკას ვუთვალთვალებდი, მაგრამ ახლა ამაზე ბევრად მეტი ხდება. წყენა, რომელიც რეზის მიმართ მიჩნდება, ძალიან არ მომწონს.
-დღეს რაღაც ვერ ხარ. - თავზე მადგება ლიზი. მობილურს ჯიბეში ვიდებ. მენიუ ალბათ შვებით ოხრავს.
-ჰო, რავი. - მხრებს ვიჩეჩავ.
-რეზიმ შესვენება გამოაცხადა. წამოდი კაფეტერიაში ჩავიდეთ, არ გშია?
-არა. - საკონდიტროს ვათვალიერებ. აღარავინაა. როგორ გავიდნენ ჯგუფელები ვერ გავიგე.
-რა გჭირს? - თვალებს ჭუტავს გოგო. მე ვდგები და სამუშაო მაგიდასთან მივდივარ. მოსახვევი კარამელის ლენტები კიდევაა. ერთ ცალს ვიღებ და პატარა ნაწილებად ვტეხ.
-რავი, დღეს უენერგიოდ ვარ.
-მეტი არაფერი?
-შეიძლება მეტიც, მაგრამ არ ვიცი.
-ისე მაინც ჩამოდი, აქ მარტომ რა უნდა აკეთო?
-აი, ბანტებს გავაკეთებ. კარამელს შევაწუხებ. - ვუცინი ლიზის. უკმაყოფილოდ თავს აქნევს. გელოდები ქვემოთო მეუბნება და მიდის.
კარამელის ფირფიტებს დავყურებ, ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ერთ ცალს ვიღებ. მაგარია. ღუმელთან მიმაქვს. ოდნავ რბილდება. არც კი შემიხედავს, როგორ ახვევდნენ. ვგრეხ, ვითომ ფორმის მიცემას ვცდილობ, მაგრამ ტყდება. კი, მაგრამ, ხომ დავარბილე?! ყოვლად გამოუსადეგარი იდიოტი ვარ. კარამელს მუჭში ვაქცევ და ვფშვნი. ახლა ეს ნამსხვრევები ზედ მეკრობა. შუბლშეკრული ონკანზე ხელებს ვიბან და ისევ მაგიდას ვუბრუნდები. კიდევ ერთ ფირფიტას ვიღებ, ღუმელთან მიმაქვს და ვალღვობ. ამჯერად ზედმეტი მომდის და ხელიდან ვაგდებ.
-დებილი ხარ, დებილი! - ვლანძღავ საკუთარ თავს და გაბრაზებული საკონდიტროს ქუდს ვიძრობ.
-ტყუილად აფუჭებ კარამელს. - მესმის ზურგიდან ხმა. ვიხედები. რეზი კარს მიყრდნობია.
-ვვარჯიშობ. - ვბუტბუტებ. მისი თავი სულაც არ მაქვს.
-ცდილობ ჯავრი მასზე იყარო? - მიახლოვდება.
-რომელი ჯავრი?
-დაგეხმარები. - ამბობს და ჩემკენ იწევა.
-არ მინდა. - ერთი ნაბიჯით გვერდით ვდგები. - ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც გექნება.
ზურგს უკან მიდგება და ხელებს მიჭერს.
-ფირფიტა აიღე. - მეუბნება. ნერვები მეშლება. მინდა მივუბრუნდე და ვუყვირო. რატომ ვერ ხვდება, რომ გაბრაზებული ვარ და მისი მასტერ-კლასების ხასიათზე არა ვარ? - აიღე მეთქი. - ტონი უმკაცრდება. ფირფიტას ვიღებ. კარამელს ისიც ჩემთან ერთად, ჩემივე თითებით იჭერს და ღუმელთან მიაქვს. - ნუ ეუხეშები, გესმის? კარამელს სიფხიზლე და სინაზე უყვარს. უნდა გრძნობდე, როდის იქნება მზად ფორმის მისაცემად, კი არ უნდა ხედავდე. - ვგრძნობ, როგორ თბება ფირფიტა ჩემს თითებში, მაგრამ მისი შეხება და სურნელი ყურადღებას მიფანტავს. მის კოცნას მონატრებული სულ არ ვფიქრობ კარამელზე. ერთიანად ვითენთები და გული ამოვარდნას მაქვს. ის ვინც მოგწონს, შენთვის ყველაზე სასურველი მაშინაა, როცა მასზე ხარ გაბრაზებული.
ფირფიტას ღუმელიდან მაწევინებს და ფრთხილი მოძრაობით ერთად ვაძლევთ ბანტის ფორმას. ფიგურას ხელის გულზე მიდებს. ბანტს დავყურებ, მაგრამ ჩემი თითების მიღმა მის ხელს ვხედავ და კარამელი სადღაც ქრება. მინდა, რომ ეს ხელი მომეფეროს, ის კი მაგიდას არ სცილდება.
-მშვენიერია, არა? - მეკითხება და გვერდით დგება. - განსაკუთრებით შენს ხელზე.
-ხო, ძალიან. - ბანტს მაგიდაზე ვდებ და წასასვლელად კარისკენ მივდივარ, მაგრამ მაჯაზე მებღაუჭება და მაჩერებს. - შემეშვი, მშია, უნდა წავიდე.
-მეც მშია. - ამბობს ის და ტუჩებს ილოკავს. მისი საქციელი მაღიზიანებს.
-ხვალამდე მოითმინე, პარიზში დაგანაყრებენ.
-გეწყინა? - გაკვირვებული ტუჩებს ბრეცს. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ, რომ ყვირილი შევიკავო.
-კი, მეწყინა... მეწყინა და მეც არ ვიცი, რატომ. თუმცა, როგორ არ ვიცი, იმიტომ, რომ ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს. - რეზი შუბლს ჰკრავს. - რა იყო, მეგონა გაგიხარდებოდა, საკუთარი პირით ვაღიარე.
-ანა, - ეღიმება და სახეზე ხელს ისვამს. ჭკუიდან გადავდივარ მისი საქციელის გამო და ეჭვი მაქვს, რამე არაადეკვატურს ვიკადრებ. ზურგს ვაქცევ, ისევ მიჭერს და მაბრუნებს. - ნუ სულელობ, რა.
-აჰ, უკაცრავად, რომ კისერზე არ გეკიდები!
-მოგიწევს. - წარბებს ზემოთ სწევს. ღმერთო, რატომაა საკუთარ შესაძლებლობებში ასე დარწმუნებული? - დღეს მორიგე ხარ, ასე, რომ ვერ გამექცევი.
-დასრულდება თუ არა პრაქტიკა, წავალ. ჭურჭელს დღეს მხოლოდ შენ სვრი, ასე, რომ შენვე დარეცხავ.
-წახვალ და დღევანდელ დღეს „არას“ ჩაგიწერ ჟურნალში. - ხელებს გულზე იკრეფს.
-უფლება არ გაქვს! - თითს ვუბზეკ.
-ვიცი, მაგრამ გავაკეთებ.
-დირექტორთან ავალ.
რეზი ჯერ გაოცებისგან პირს აღებს, შემდეგ კი გულიანად იწყებს სიცილს. ველოდები, მაგრამ არ ჩერდება. ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მომკვდარა სიცილისგან. არ მადარდებს ერთი „არა“.
-იდიოტი ხარ! - ვეუბნები და უკანმოუხედავად გამოვდივარ საკონდიტროდან.


***
დარჩენილი პრაქტიკის მანძილზე მოუსვენრობა მკლავს. გამუდმებით ლეპტოპისკენ გამირბის თვალი. ხომ შეიძლება საქაღალდეში სახელწოდებით „სამხილები“ რაიმე პირადული იყოს და სრულიად განსხვავებული მნიშვნელობით ერქვას მსგავსი სახელი? მაგალითად, მეგობრებისთვის ჩუმად გადაღებულ სურათებს ან ვიდეოებს ინახავდეს. მაგრამ მე მაინც რაღაც მიჩნდება და ვერ ვისვენებ. რატომ? მაგრამ მაინც მინდა ამ საქაღალდის გახსნა. ამის შანსი კი მხოლოდ დღეს თუ მაქვს. იქნებ დავრჩე სამორიგეოდ? მაგრამ მის ერთ შეხებაზე შეიძლება დავდნე, მე კი არ მინდა, რომ რეზიმ თავისი გაიტანოს.

***
სანამ პრაქტიკული დამთავრდება, ლიზი რეზის ნახევარი საათით ადრე ეთავისუფლება. ძალიან კარგი. ჩემი ჰაკერული ილეთის ჩატარებაში ის აუცილებლად შემიშლიდა ხელს. ვინაიდან და რადგანაც ვერ ვრისკავ მარტო მოქმედებას, „სამხილების“ და „პარიზის კანდიდატების“ შესახებ ლანას და მაკოს ვუყვები. ცნობისმოყვარეობის ას პროცენტიანი ლიმიტი მათაც ბოლომდე ევსებათ და დაცვის მოვალეობებს ითავსებენ.
გასახდელში მანამ ვრჩებით, სანამ არ ცარიელდება. ლანა გარეთ იცდის და დაახლოებით ოც წუთში კარზე გვიკაკუნებს, გვანიშნებს, რომ რეზი საკონდიტროდან გამოვიდა. მაკო ლანასთან რჩება, მე კი საკონდიტროში შევდივარ. მაგიდას ვუახლოვდები და დახურულ ლეპტოპს დავყურებ. ჯანდაბა! აქამდე ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი გეგმის განხორციელება მინდოდა. ახლა, როცა მოქმედების პუნქტზე ვარ, ეჭვი მეპარება. კი, მაგრამ, რატომ? ანა, შენ ხომ ერთხელ უკვე ჩაიდინე ისეთი საქციელი, როგორიც არ შეგეფერებოდა, როცა ეკას ტესტები გაუფუჭე? ხოდა ახლაც არ უნდა გაგიჭირდეს. მიდი, მიდი!
ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ლეპტოპს ვხსნი. სიურპრიზიი! დაბლოკილია. ჩასართველად კოდია საჭირო, მე კი ახლა მკითხაობას ნამდვილად ვერ დავიწყებ. ლეპტოპს ვხურავ და საკონდიტროდან გამოვდივარ. ძილის წინ კი არ მშორდება თავიდან სინანული და თავში გამუდმებით „არ უნდა შევსულიყავი“ მიტრიალებს. ღრუბლებზე არც ვმჯდარვარ, მაგრამ დროა, ცოტა უფრო მეტ რეალიზმს მივმართო.


***
იმ აზრით ვიღვიძებ, რომ ამიერიდან ყველაფერს მარტივად და მსუბუქი თვალით შევხედო, მაგრამ საკმარისია ეკას დანახვა, რომ ამ შემართებას ხაზი გადაესვას.
ლექციები ჩვეულებრივ მიმდინარეობს. შესვენებებზე კოლეჯის კუთხე-კუნჭულს ვათვალიერებ, მაგრამ შეფს ვერ ვხედავ. მოგვიანებით საკონდიტროსაც ვამოწმებ და ვრწმუნდები, რომ რეზი წავიდა. მის მაგიდაზე ლეპტოპი აღარ დევს.
ლექციების შემდეგ პირდაპირ სახლში მივდივარ, რადგან გარეთ გაჩერება, მით უმეტეს დღისით სიკვდილია. სიცხე ალბათ ორმოც გრადუსამდე აღწევს. მეცადინეობას ორ საათს ვუთმობ, დარჩენილ დღეს კი წიგნის კითხვაში ვატარებ. დრო სწრაფად გადის. ისე ღამდება ვერ ვიგებ.
უკვე ათი სრულდება. ჩემები რესტორანში ვახშამს და ქალაქში გასეირნებას გეგმავენ. ხათო დღეს იმედგაცრუებული დარჩა, რადგან კარამელის მასტერ-კლასის გამო ახალი რეცეპტი არ მომიტანია. ამიტომ რამე გემრიელის მისართმევად სხვაგან მიდის. მე უარს ვამბობ. უხასიათობის გამო სახლში დარჩენა მირჩევნია. არ მინდა მათაც გავუფუჭო განწყობა. ადრე დავწვები და კარგად გამოვიძინებ.
ის-ისაა ჩემებს კარგი დროის გატარებას ვუსურვებ და კარს ვხურავ, რომ ჩემი ოთახიდან მობილურის ხმა მესმის. გავდივარ და ეკრანს ვუყურებ. რეზია. მოიცა, ეს რაა, არ წასულა? თუ როუმინგთან გვაქვს საქმე?
-რა? - ვპასუხობ და საწოლზე ვჯდები.
-ეს რა პასუხია? - მსაყვედურობს კიდეც.
-ჩემ კულტურას როგორმე თავად მივხედავ.
-რა თქმა უნდა, თავხედო ჯაშუშო!
-რაა? - მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ და ვიძაბები. მოიცა, რას გულისხმობს? მან რაა…
-რას ეძებდი ჩემს ლეპტოპში?
მორჩა ანა, მორჩა, ხაზი გადაესვა შენს ადამიანობას. ჩათვალე, რომ მორალურად, ფსიქოლოგიურად, სულიერად მკვდარი ხარ. რაც შეეხება ფიზიკურ სიკვდილს, ეს უკვე შეფზეა დამოკიდებული. საკუთარ თავზე ისე არასდროს გავბრაზებულვარ, როგორც ახლა. მრცხვენია. საშინლად!
-აღარაფერს. გადავიფიქრე და წამოვედი. - ვამბობ ბუტბუტით, თუმცა ეს ხავსზე ჩაჭიდებას უფრო ჰგავს, ვიდრე თავის მართლებას.
-კი არ გადაიფიქრე, ლეპტოპი დაგხვდა დაბლოკილი. პარიზის კანდიდატები გაინტერესებდა? - ჯანდაბა! სად დავიმალო? თან ისეთი ტონი აქვს, ვერ ვხვდები, მიბრაზდება თუ არა.
-ხო. - ვამბობ ჩუმად და კაბიდან უშნოდ გამოწეულ ძაფს ვწყვეტ.
-ისე, რომ გეცადა, ბლოკის მოხსნას შეძლებდი. - მეჩვენება თუ ხითხითებს?
-დამცინი? - შუბლს ვკრავ.
-დაგცინი. სასაცილო ხარ, ანა.
-შენ კიდევ იდიოტი.
-მოიცადე. ხომ არ დაგავიწყდა, რომ შენი ლექტორი ვარ?!
-ლექტორი, რომელიც თავის სტუდენტთან ვანილის კოცნებით ერთობა.
-ენამწარე!
მეცინება, მაგრამ თავს ვიკავებ, რომ არ გაიგოს. რამდენიმე წამით ჩუმად ვართ.
-ანა.
-ხო.
-ჩამოდი, შენი ნახვა მინდა.
-რაა? შენ რა აქ ხარ? არ წასულხარ?
-ჯერ არა. წასვლამდე შენი ნახვა მინდოდა.
-საით ხარ?
-ნაცრისფერ მაღაზიასთან.
საწოლიდან ვდგები და ხათოს ოთახში აივანზე გავდივარ. ვხედავ, ლამპიონის ქვეშ მანქანას მიჰყრდნობია და ზემოთ იყურება.
-გამარჯობა. - მეუბნება და ხელს მიქნევს. მეცინება. - აბა, ჩამოხვალ?
-შენ ამოდი. - ვამბობ და ტუჩს ვიკვნეტ. დარწმუნებული არ ვარ, რომ მისი აქ ამოსვლა მინდა, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ მე არ მინდა იქ ჩასვლა. - სახლში მარტო ვარ.
-ოჰო, დარწმუნებული ხარ შენი მოპატიჟების სისწორეში?
-ბევრს ილაპარაკებ?
-კარგი, ამოვალ.
-მეექვსე სართული, თეთრი კარია.
მობილურს ვთიშავ და მისაღებში გავდივარ. ოთახს ვათვალიერებ. დივანზე ბალიშებს ვასწორებ. ნამწვავებიან საფერფლეს ვიღებ და სამზარეულოში გამაქვს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ტელევიზორს ვრთავ და ხმას ვუთიშავ. შემდეგ ჩემს ოთახში გავრბივარ და სარკეში საკუთარ თავს ვათვალიერებ. გული ამოვარდნას მაქვს. ისე ვარ აჟიტირებული, თითქოს მთელი სამი დღე მასზე არ ვიყავი გაბრაზებული. ეს ბიჭი რაღაცას მმართებს.
თმას ვიშლი და თავიდან ვიკრავ. სახლის სპორტული სარაფანი მაცვია. გამოცვლას და შარვლის ჩაცმას ვაპირებ, მაგრამ კარზე ზარია. უკვე ამოვიდა. ოოხ. ღმერთო, ვერ ვიჯერებ, რომ რეზი სახლში დავპატიჟე. გავრბივარ და კარის გაღებამდე ფილტვებს ჰაერით ვივსებ. ჩემ წინ ცოტა არ იყოს დაბნეული გამომეტყველებით დგას. ალბათ არ ელოდა, სახლში ამოსვლას თუ შევთავაზებდი.
გვერდით ვდგები და გზას ვუთმობ. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი შემოდის. კარს ვხურავ და უკან მივყვები. ოთახს თვალს ავლებს და მზერას ჩემზე აჩერებს. დაჯდომას ვთავაზობ და ორივე დივანზე ვსხდებით.
-იცოდე, ცოტა დრო გაქვს. - ვაფრთხილებ.
-დიდხანს დარჩენას არც ვაპირებ. რეისი სამის ნახევარზეა.
-როგორ გაიგე ლეპტოპის გახსნა რომ ვცადე? - ვეკითხები თვალებმოჭუტული.
-იქ, სადაც ერთი ჯაშუში დაძვრება, სხვა აგენტებიც არსებობენ.
-უფრო გასაგებად?
-დაგინახეს. - გვერდულად ეღიმება.
საინტერესოა ვინ დამინახა. იქ ხომ ლანას და მაკოს გარდა არავინ იყო? ცოტა ხნით სიჩუმეა. ტელევიზორს ვუყურებ. ფილმი გადის. „მეამბოხე.“
-ესე იგი ჩემი წასვლა გწყინს. - მეუბნება და ჩემკენ ჩოჩდება.
-საიდან მოიტანე? მე ის მეწყინა, რომ ორი დღე მობილურზე მელაპარაკებოდი და არაფერი გითქვამს ამის შესახებ. აღარაა საჭირო ამაზე საუბარი.
-მართალი ხარ, მით უმეტეს, რომ აქ სასაუბროდ არ მოვსულვარ. - ისევ ჩემკენ იწევა.
-დისტანცია დაიცავი! - მკაცრად ვათვალიერებ. ვიცი, რომ ჩემი შენიშვნა სასაცილოდ არ ეყოფა. დიდად მეც არ მინდა, რომ გაითვალისწინოს, მაგრამ მე ხომ ჯერ კიდევ „გაბრაზებული“ ვარ მასზე და ასეა საჭირო.
-ანა, სამი თვით მივდივარ, შენ კიდევ მეუბნები დისტანცია დაიცავიო. შენი თავი მაინც არ გეცოდება? - წარბებს ზემოთ სწევს და უფრო მეტად იჩოჩებს ჩემკენ. მე გვერდით ვიწევი.
-ნუ გაქვს შენს თავზე დიდი წარმოდგენა. - ვეუბნები ნიშნისმოგებით და ისევ ვცდილობ უკან დახევას, მაგრამ დივნის სახელური არ მიშვებს. ის ხედავს თავის უპირატესობას და დამპლურად იღიმის. - ჩემგან რა გინდა, შენ ხომ პარიზში მიდიხარ?
-ხო, მაგრამ შენ იქ არ იქნები.
-სხვები იქნებიან.
-ანა. - ჩემკენ იხრება, ერთი ხელით ბალიშს ძირს აგდებს და დივნის სახელურს ეყრდნობა, მეორეს წელზე მხვევს და ზემოდან დამყურებს. - რაც გიცნობ, სულ იმას ამბობ, მე სხვა არ ვარო. ახლა რამე შეიცვალა?
-არაფერი შეცვლილა, მაგრამ შენ ეს არ გაინტერესებს. - თვალებში ვუყურებ, რომლებიც ნელ-ნელა მიახლოვდებიან. რამდენიმე წამში მის მკერდს ჩემს მკერდზე ვგრძნობ და ეს სიახლოვე თავბრუს მახვევს. კაბა! ჯანდაბა, ჩამეცვა მაინც შარვალი!
იხრება და ყელზე მკოცნის. სიამოვნება მთელს სხეულში მეტასტაზებივით ვრცელდება. დივანზე დაწყობილ თითებს ვმუშტავ და თვალები თავისით მეხუჭება.
-რომ იცოდე ჩემს სახლში ხარ. - სუნთქვა სულ უფრო და უფრო მიხშირდება.
-შენ თვითონ დამპატიჟე. - ამბობს ყელში ჩაფლული და მისი ბაგეებიდან გადმოფრქვეული ცხელი ჰაერი კანს მიწვავს. კოცნით ნელ-ნელა ლოყას უახლოვდება, შემდეგ ნიკაპს და ის-ისაა ტუჩებს უნდა სწვდეს, რომ თავს გვერდით ვხრი.
აი, ამას ჰქვია დამთხვევა და ცეცხლზე ნავთის დასხმა. ტელევიზორში ტრისის და ოთხის ვნებიან სცენას ვაწყდები. რეზიც გვერდით იხედება და ჩემთან ერთად უყურებს. იცინის. მის სიცილს მთელი სხეულით ვგრძნობ.
-ხომ არ მიგვებაძა? - მეკითხება და ზემოდან დამყურებს. თვალები უელავს. არა, მეტს ვეღარ ვუძლებ, ხელებს თმაში ვუცურებ და მის ტუჩებს თავად ვეწაფები. რეზი უფრო მჭიდროდ მიკრავს. ვბრუვდები. ვერ ვაცნობიერებ, დივანზე რეზის ქვეშ როგორ ვექცევი. ფეხებზე მის ხელებს ვგრძნობ. ისინი ფრთხილად მოსრიალებენ ზემოთ და კაბასაც თან იყოლებენ. მის მაისურს ვეჭიდები და ნაჩქარევად ვაძრობ. ის ისევ ჩემს ყელში ეფლობა და სველ კოცნებს მიტოვებს. ხანდახან კანზე მის კბილებსაც ვგრძნობ და კვნესას ვერ ვიკავებ. ისედაც საშინლად ცხელა, მისი მხურვალე სხეული კი უარესად მწვავს. უცბად კაბას ებღაუჭება და თავზე მაძრობს. არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ვნებისგან გაბრუებული მაინც ვგრძნობ სირცხვილს, მით უმეტეს, რომ ლიფი არ მაცვია. რეზი წელში სწორდება და ზემოდან დამყურებს. ხშირი სუნთქვისგან მკერდი აუდ-ჩაუდის. თავს ვარწმუნებ, რომ არ უნდა მრცხვენოდეს, მაგრამ ხელები მაინც გარბიან მკერდის დასამალად.
-არა! - ამბობს ის, თითებს მიჭერს და კვლავ ჩემს ტუჩებს უბრუნდება. წელზე ხელებს მხვევს და მთელი სხეულით მიკრავს. ღმერთო, ეს შეხება, ეს შიშველი შეხება სულ სხვა შეგრძნებაა. უფრო მხურვალე და მეტად ამაღელვებელი, ვნებიანი. - ანა... - ოხრავს ის. - მინდიხარ. - ამბობს ზედ ჩემს ტუჩებზე, ხელებს წელიდან ქვემოთ აცურებს და საცვალს ეჭიდება.
სუნთქვა მეკვრის და მიუხედავად იმისა, რომ სურვილად ვიღვრები, მაინც მეშინია.
-არა... გთხოვ. - ძლივს სცდება ბაგეებს სიტყვები. მის თითებს ვეჭიდები. არ მინდა ზედმეტი მოძრაობა გააკეთონ. ხელებს თმაში მიცურებს და ზემოდან დამყურებს. ვიცი, რომ აქამდე წამოსვლა და შემდეგ გაჩერება მისთვის ძნელია, მაგრამ მე არ შემიძლია. - არა, რეზი. ახლა არა და აქ არა, გთხოვ.
-კარგი. - მეუბნება და ცხვირზე მკოცნის. ნელ-ნელა ქვემოთ ცურდება და ადგილი არ მრჩება, სადაც მის ტუჩებს არ ვგრძნობ.
ვერ ვიჯერებ, რომ ასე იოლად მთანხმდება. თუმცა მოფერებას არ წყვეტს და რამდენიმე წუთით რეალობისგან შორს ვიმყოფები. აშკარაა, რომ ჩვენი ალერსი ტრისზე და ოთხზე მეტ ხანს გრძელდება და რომ არა ისევ რეზი, მე არც მახსენდება, რომ ის პარიზში მიფრინავს, მე კი ჩემი მშობლების სახლში თითქმის შიშველი ვნებიანი ბიჭის მკლავებში ვარ.
-ამაზე ვანილიან ალერსს ვერც ინატრებდა კაცი. - ამბობს ის და ცხვირს ლოყაზე ასრიალებს. უკვე ჩავიცვით და მე მის მუხლებზე ვზივარ. უცნაური შეგრძნებაა, მაგრამ მაინც სასიამოვნო.
-მატყუარა. - ტუჩს ამრეზით ვწევ. თითებს მის თმაში ვასრიალებ. - როგორ დავიჯერო, რომ სამი თვე იქ ქალის გარეშე გაძლებ?
-ხოდა არ დაიჯერო. - ხითხითებს.
-არც ვაპირებ. - ვამბობ. არ ვიცი ხვდება თუ არა, რომ სერიოზული ვარ.
-კარგი გოგო ხარ, არ იეჭვიანო.
-ვიეჭვიანო? საიმისოს არაფერს ვგრძნობ შენ მიმართ, რომ ვიეჭვიანო. - ვეუბნები და ტელევიზორს ვუყურებ. ტრისს იარაღს უმიზნებენ. უკანასკნელი წინადადების წამოროშვით შენც შარში ხარ ანა. ხო, მე სიმართლე ვთქვი, უბრალოდ არ მინდა რეზიმ სხვა მნიშვნელობის კუდი გამოაბას.
ნიკაპზე თითებს მკიდებს და თავს მაბრუნებინებს. ერთხანს დაჟინებით მიყურებს თვალებში. რაც უფრო აგრძელებს ამის კეთებას, მით უფრო მაფორიაქებს. შემდეგ ნელ-ნელა ტუჩის კუთხეები უტყდება, შემდეგ იღიმის, ბოლოს კი სიცილზე გადადის. შუბლს ვკრავ და ვუბღვერ. ის არ ჩერდება. ასეა ანა ასე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიჭი ჯერ არგანცდილ სიამოვნებას განიჭებს, ის მაინც არამზადა თევზებია. მისი მუხლებიდან ვდგები და სამზარეულოში წყლის დასალევად გავდივარ. დროა მოვდუნდე. მე ხომ საკუთარ თავს შევუთანხმდი, რომ მასთან გავერთობოდი? ხოდა არაა საჭირო სიტუაციის გამძაფრება. ცოტა სიტყვებსაც უნდა დავუკვირდე.
უკან დაბრუნებულს ფეხზე მდგარი მხვდება.
-უნდა წავიდე. - ამბობს და მაჯაზე საათს უყურებს.
-პირდაპირ აეროპორტში მიდიხარ? - ვეკითხები.
-ხო. ბარგი მანქანაში მაქვს. ლეპტოპიც. ამბობს ნიშნისმოგებით.
-გეყოფა. ისედაც ვგრძნობ დანაშაულს. - უხერხულად ვიცინი.
-ვიცი. უბრალოდ, თუ რამე გაინტერესებს, შეგიძლია მკითხო. უკვე გითხარი, რომ მსგავსი საქციელი არ შეგეფერება. და ჰო, კანდიდატებში ეკაც მყავს.
კარგი ერთ! იცოდე მაინც, რატომ ჩავდივარ „მსგავს საქციელს“. ჰო, ასეც ვიცოდი, რომ ეყოლებოდა. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და კარისკენ ვაცილებ.
-რომ შემეძლოს აეროპორტამდე გაგაცილებდი. - ვეუბნები და კარს ვაღებ.
-აქ როგორც გამაცილე, ისე აეროპორტში არ გამოგივიდოდა. - იცინის მაცდურად. ჩემკენ იხრება, ნაჩქარევად მკოცნის ტუჩებზე და მოულოდნელად უკანალზე მირტყამს.
-ეი! - გაოგნებული ვიცხადებ და თვალებს ვუბრიალებ, მაგრამ სიცილს მაინც ვერ ვიკავებ. - ეს რა იყო?
-ის, რომ ორივე მომენატრებით. - თვალს მიკრავს.
-გეყოფა, შენი წასვლის დროა. - ხელით ოდნავ ვუბიძგებ. კარის ზღურბლს უკუსვლით აბიჯებს და ჩერდება. ერთხანს უსიტყვოდ მიყურებს, შემდეგ მე ვეუბნები:
-ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ, შეფ.
-გმადლობ, შემოდგომამდე, ანა.
-შემოდგომამდე, რეზი.
მიღიმის, მეც ვუღიმი. შემდეგ ბრუნდება და უკანმოუხედავად ჩადის კიბეზე.


***
ახალი შეფი დაახლოებით ორმოცი წლის, ლამაზი ქალია. თავიდანვე მეგობრულ ურთიერთობას ამყარებს ჩვენთან და წინა მონსტრი შეფის შემდეგ ბავშვები შვებას გრძნობენ. თუმცა რეზის მაინც ჰგავს სიმკაცრით.
ივლისი იმით იწყება, რომ ამირანი ლიზის დაბადების დღეზე სიურპრიზს უწყობს და ღამით ფეიერვერკებს უმზადებს. ამ სილამაზის ფონზე კი გოგოს სიყვარულს უხსნის და პასუხად ლიზის ემოციურ ჩახუტებას იღებს. ამის მომსწრე მე და ტყუპები ვართ, ოღონდ ჩუმად, სახლის ფანჯრიდან. გული მიჩუყდება მათ შემხედვარეს. ყოველთვის მინდოდა მათი ამ სიტუაციაში ნახვა.
მთელი ივლისის მანძილზე ეკა წყნარადაა და არავის ჭურჭელში არ ჰყოფს თავის ყვავისებურ ხელებს. თუმცა, რამდენჯერმე აცდენს კიდეც პრაქტიკულს და დღეს ჩემთვის ბედნიერს ხდის. საინტერესოა, მისი დასწრებიდან გამომდინარე კიდევ ეყოლება თუ არა ეს ქალი რეზის კანდიდატებში?!
ივლისის ბოლოს რამდენიმე საგანში ფინალური გამოცდები გვიტარდება, რადგან ახალი სემესტრიდან ახალ საგნებს გვიმატებენ. მთელ აგვისტოს სოფელში ვატარებ ოჯახთან ერთად. ზაფხულის თვის ბოლო კვირას კი ჩემს მეგობრებს ვეპატიჟები და არდადეგებს მათთან ერთად საუკეთესო მოგონებებით ვასრულებ.
სექტემბერში ახალი სემესტრი იწყება. ყველა საგანი იცვლება პრაქტიკულის გარდა. პირველ ლექციაზე, როდესაც რეზის ნაცვლად სხვა ლექტორი შემოდის, მისი წასვლის შემდეგ პირველად ვგრძნობ იმედგაცრუებას. სწორედ ამ დღიდან მეწყება ხასიათის ცვლილებები. გამუდმებით მასზე მეფიქრება და ვრჩები თუ არა მარტო, ჩემი ფიქრები ათას ფანტაზიას ასხამს ფრთებს.
ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ მშვიდად ვიყავი. მთელი ზაფხულის განმავლობაში ოდნავადაც არ გამჩენია მონატრების შეგრძნება. შემოდგომამ კი სულ მთლად ამრია. თავში გამუდმებით „შემოდგომამდე, ანა“ მიტრიალებს და ალბათ სწორედ მისი ეს დაპირებაა ფორიაქის მიზეზი.
დღეები გადის და ფიქრებიც უფრო ღრმა სტადიაში გადადის. ვერ ვხვდები, რატომ ვერ შეძლო, რომ ერთხელ მაინც მოეწერა „როგორ ხარ“, მობილურზე თუ არა, ფეისბუქზე მაინც. ამასთან, იმასაც ვერ ვხვდები, რატომ მაქვს ამის პრეტენზია. შემდეგ ნიკოლი მახსენდება და სულმთლად ვიძაბები. რატომღაც მაღელვებს ის ფაქტი, რომ რეზი იქ სხვას ეფერება. ძალიან არ მომწონს, რომ ეს ყველაფერი ეჭვიანობას ემსგავსება. საკუთარ თავს გამუდმებით იმას ჩავძახი, რომ მხოლოდ ის კი არ ერთობა ჩემთან, მეც ვერთობი მასთან და მეც ისეთივე გულგრილი უნდა ვიყო რეზის მიმართ, როგორც ის ჩემ მიმართ. მაგრამ, როცა თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, არა კი არ წარმოვიდგენ, უნებურად ჩნდება სურათი, თუ როგორ ეხვევა ის სხვას, მაინც დისკომფორტის გრძნობა მიჩნდება. არ უნდა იყოს ეს ასე, არ უნდა იყოს!

***
სექტემბრის მესამე ორშაბათია. თვალებს ვახელ თუ არა, ოთახში ლელა შურდულივით შემოდის და ზემოდან მახტება. ვახველებ და სიმძიმის გამო ძლივს ვსუნთქავ. ვუყვირი, რომ თავი დამანებოს, ის კი ჩემს უკანალზე კომფორტულად თავსდება და მიღუტუნებს. კივილს ვიწყებ და უკვე ტირილით გაგრძელებას ვაპირებ, რომ თავს მანებებს.
-იცოდე, დღეს ცოტა ადრე უნდა მოხვიდე. - თითის ქნევით მაფრთხილებს და კართან ჩერდება. - და საჩუქარიც არ დაგავიწყდეს.
ღმერთო! კიდევ კარგი, რომ დღის უმეტესი ნაწილი სახლში არა ვარ, თორემ რა გაუძლებდა. სწავლა ჯერ არ დასწყებია და მთელი დღე თავს მაბეზრებს. დაბადების დღე აქვს და იფერებს იმ ფაქტს, რომ ყველაფრის უფლება აქვს.
ვდგები, მალე ვწესრიგდები და გაჩერებაზე ჩავდივარ. ავტობუსის გამოჩენა საჩუქარზე ფიქრს უმალ ანაცვლებს სხვა რამით და ტრანსპორტში გაღიმებული ავდივარ. პირდაპირ სასწაულია. მას შემდეგ ის ალვის ხის მსგავსი კონტროლიორი ქალი რომ არ შემხვედრია, ახლა მომლოდინედ მიყურებს. თვალს ვუსწორებ, ჯიბიდან სამგზავრო ბარათს ვაძრობ და ლამისაა ორი ბილეთი ავიღო, ისეთ ჯიბრზე ვარ. ქალი გვერდით იყურება. მე კმაყოფილი ვარ.
კოლეჯში ოცი წუთით ადრე შევდივარ. ლანა მწერს უკანა ეზოში ვართო, მეც მათთან გავდივარ, სკამზე ვჯდები და მათ საუბარში ვერთვები. რამდენიმე წუთში კოლეჯიდან ეკა და მზია გამოდიან და სიგარეტს უკიდებენ. ყვავები. ნეტავ რატომ არიან ასე წყნარად? ცოტა ხანში მზია ჩემკენ იხედება. ორი წამით მიყურებს და თავს სიცილით აბრუნებს. რაა? ეს რა იყო? ისინი რა, ჩემზე ლაპარაკობენ? ხო არ უნდა ორივეს თავი გავუხეთქო? გოგოებს ამ ფაქტის შესახებ ვამცნობ და ისინიც ეჭვით უყურებენ ყვავებს. ის-ისაა შენობაში ვაპირებთ შესვლას, რომ კუთხიდან ნაცნობი ლურჯი „ჰიუნდაი“ უხვევს და ჩერდება.
ჩამოვიდა! რეზი ჩამოვიდა! გული მიჩქარდება. ისე მიხარია, მინდა, რომ პატარა ბავშვივით ვიხტუნო. დაბურული მინების გამო ვერ ვხედავ, მაგრამ ის ფაქტიც სრულიად მაკმაყოფილებს, რომ პრაქტიკას ამის შემდეგ უკვე ის ჩაგვიტარებს. ღმერთო, საშინლად აჟიტირებული ვარ და ძალიან არ მინდა, რომ ეს შემეტყოს.
-ოჰო! შეფი ჩამოვიდა გოგოებო. - ვეუბნები ტყუპებს. უკვე შენობაში ვართ. ისინი ჩერდებიან და ფანჯრიდან იყურებიან.
-ვაა, რა მაგარია. ვამპირი ჩამოფრინდაა. - იცინის მაკო.
-მომენატრა მაგისი უკმაყოფილო სიფათი. - ხითხითებს ლანა.
აბა მე მკითხონ, რა მომენატრა? რეზი მანქანიდან გადმოდის და შარვლის ჯიბეებში რაღაცას ეძებს. ვათვალიერებ და მეღიმება. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გავქანდე და არ შევასკდე.
-წამო, ავიდეთ, გამოვიცვალოთ. - ვეუბნები გოგოებს და კიბეზე ავდივარ.
-მოიცა, მოიცა, - ხელს მკიდებს მაკო. - იმას შეხედე, ეს ნაშა ვინაა?
უკან ვბრუნდები და ფანჯრიდან ვიყურები. რეზის წინ მაღალი, შავგვრემანი, ლამაზი გოგო დგას. ერთი ხელით პერანგის საყელოს უსწორებს, მეორით კი ტუჩებზე ეფერება.



11 თავი
***
თავის ხელში აყვანას ვცდილობ, მაგრამ არც ისე კარგად გამომდის. მოუსვენრობა განსაკუთრებით ჩემი ბლოკნოტის ფურცლებს ემჩნევათ. ყველა საკონდიტროში ვართ და ველოდებით, როდის შემოვა ვინმე მაინც. უკვე ათის ნახევარია. ბოლოს მომმარაგებელი გვატყობინებს, რომ რეზი დირექტორთანაა და ცოტა ხანში ჩამოვა. ხოდა მეც ამ ცოტა ხნით გასახდელში გავდივარ. მარტო მინდა ყოფნა.
გაბუჟებული ვარ. მშვიდი ზაფხულისა და უკანასკნელი არეული, მონატრების დღეების შემდეგ მისი სხვასთან ერთად დანახვა გულს მწყვეტს და ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს არც ვარსებობდე. საკმარისია ოდნავ მაინც გაგიჩნდეს ვინმესადმი კუთვნილების გრძნობა, რომ თავს მარტო აღარასდროს გრძნობ. ელოდები, იცი, რომ ადრე თუ გვიან გაგიღიმებს, დაგელაპარაკება, შეგეხება. ამას ადამიანი ეჩვევა, განსაკუთრებით ჩემნაირი მგრძნობიარე და სხვისთვის გასაყოფად, ან უარესი, სხვისთვის დასათმობად მზად არასოდეს არის.
წასვლის წინ მითხრა მომენატრებიო, თუმცა წასვლის წინ კიდევ ბევრი რამ მითხრა. მე იმ აზრს ვეჩვეოდი, რომ ის ჩემთან ერთობოდა, მე კი მასთან და ეს ურთიერთობა რაღაც დროის მანძილზე გაგრძელდებოდა, მაგრამ ეს დრო ასეთი მცირე თუ აღმოჩნდებოდა ვერც კი წარმოვიდგენდი.
შეწყდა ანა, ყველაფერი შეწყდა და შენ ამის გაცნობიერება გიჭირს. არ გინდოდა იმ დროის დაკარგვა, რომელსაც მასთან ალერსში გაატარებდი, არა? მაგრამ მოგიწევს. არც კი გაბედო თავის იმით დაიმედება, რომ არ იცი ვინაა ის გოგო. კარგად იცი! მშვენივრად დაინახე, როგორ უყურებდა რეზის, როგორ ეფერებოდა ტუჩებზე და როგორ ჩასჭიდა ხელი, როცა შენობისკენ წამოვიდნენ. სულ ერთია, გინდ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყოს, გინდ „პარიზელი ანა“ და მასაც შენი ბედი ელოდეს, შენ არამზადა თავზებისგან თავს შორს დაიჭერ!
სარკეში ვიხედები. გამომეტყველება უდარდელი მაქვს, მაგრამ რეზი მაინც შეამჩნევს ყველაფერს. რა თქმა უნდა, თუ დაინტერესდება და დამაკვირდება. პოზიციას „ჩემთვის სულ ერთია“ ჯერ ვერ ვიჭერ, ჯერ „გადაგდებული თევზები“ ვარ.

***
გასახდელიდან რომ გამოვდივარ, დერეფნის ბოლოს, კართან ვხედავ მათ - დირექტორს, რეზის, იმ გოგოს და მზიას. სასწრაფოდ შევდივარ საკონდიტროში და ბავშვებს ვამცნობ, რომ დელეგაცია მოდის. ჯერ სამუშაო მაგიდასთან გამწკრივებას აპირებენ, მაგრამ ზედმეტად ხელოვნური დახვედრა რომ არ გამოუვიდეთ, ძველ პოზიციებს ინარჩუნებენ. მხოლოდ მათი შემოსვლის შემდეგ დგებიან ფეხზე და ღიმილით ესალმებიან მონატრებულ მონსტრ შეფს. აი, ახლა დგება მაგიდასთან გამწკრივების დრო. რეზი მოკლედ კითხულობს ჩვენს ამბავს. მშვენიერია! ის ისევ ძველი რეზია. წამითაც არ შეუჩერებია მზერა ჩემზე. გული გამალებით მიცემს და ასე მგონია ყველას ესმის. ვცდილობ, მასზე არ დამრჩეს თვალები, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ახლა ყველა მას უყურებს. ცოტა გამხდარი მეჩვენება. შემდეგ კი აი, დრო დგება იმის, რასაც აქამდე ველოდი/თ.
-გაიცანით, - ამბობს რეზი და გოგოსკენ იხედება. - ეს ნიკოლ დელანია. ჩემი მეგობარი და პარტნიორი, ჩემი კაფის თანამფლობელი. გადავწყვიტე მისთვის ჩემი ქვეყანა და სამუშაო ადგილი მეჩვენებინა.
და ა.შ და ა.შ.
აი, ისიც. ნიკოლი. ღია ვარდისფერი პერანგი შავ ფარფარა შარვალში აქვს ჩატანებული. შავი თმა უკან კუდად აქვს შეკრული. ელეგანტური, მსუბუქი დღის მაკიაჟი აქვს. შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე მოხდენილად დგას. ღიმილით გვესალმება და ამბობს, რომ ძალიან უხარია საქართველოში ჩამოსვლა და, რომ აქ რამდენიმე თვით დარჩება, რადგან ახალი წლების გატარებას საქართველოში აპირებს. თურმე ისიც კონდიტერია. ძირითადად შოკოლადზე მუშაობს და გვპირდება, რომ აუცილებლად ჩაგვიტარებს მასტერ კლასს თუ დირექტორი ნებას დართავს.
არ ვიცი რატომ, რეალურად მიზეზი არ უნდა მქონდეს, მაგრამ ვცდილობ ამ გოგოზე ცუდი შთაბეჭდილება შევიქმნა. საუბედუროდ თუ საბედნიეროდ არ გამომდის. მისი ღიმილი, მიმიკები, მოძრაობები იმდენად ბუნებრივი და არამსახიობურია, რომ მგონი ამ ყველაფრის გამო მისით ვიხიბლები კიდეც. განსაკუთრებით ლამაზად შეღებილი მუქი ლურჯი თვალები იპყრობს ჩემს ყურადღებას. ვუყურებ და ჩვენ წინაშე ცოტა მორიდებულიც კი მეჩვენება, თანაც თითზე ბეჭედს იტრიალებს.
ასეთი გოგო ერთჯერადი ურთიერთობებისთვის, რეზი? სინდისი სულ დაკარგე? მაგრამ, იქნებ... იქნებ მისთვის მართლაც მნიშვნელოვანია? სხვა შემთხვევაში აქ ჩამოიყვანდა? არ ვიცი. ახლა უკვე გასაგებია, ამ დროის მანძილზე ერთხელ მაინც რატომ არ მომიკითხა. წარმოუდგენელია, ასეთი გოგოს გვერდით იყო და მე გაგახსენდე. ნიკოლი ჩემზე ბევრად მიმზიდველია. რა თქმა უნდა, მე საკუთარ თავს არაფერს ვუწუნებ, მაგრამ მჯობზე მჯობებიც ხომ არსებობენ.
დაახლოებით ნახევარ საათში ნიკოლი მზიასთან და დირექტორთან ერთად მიდის და რეზისთან მარტო ვრჩებით. შეფი ძველებურად სიას კითხულობს. ჩემს გვარს ისე გამოთქვამს, არც კი მიყურებს. შემდეგ სილაბუსში იყურება და დღევანდელი ნაწარმის რეცეპტს გვაწერინებს. სანამ ინგრედიენტებს ვწონით, გამოსაცვლელად გადის.
დღევანდელი პრაქტიკა სტანდარტულია. სახლშიც ყოველგვარი თავგადასავლების გარეშე ვბრუნდები. მთელი საღამო, დაძინებამდე მობილურს ვამოწმებ. რესტორანშიც კი, სადაც ჩემი და მეგობრებთან ერთად დაბადების დღეს იხდის. ადრინდელი ურთიერთობის შემდეგ მსგავსი გაუცხოება დანაკლისის საშინელ შეგრძნებას მიჩენს. ვიცი, ვიცი, რომ რეზისგან არაფერს უნდა ველოდო, მაგრამ მაინც მინდა მასთან მარტო დარჩენა. მინიმუმ იმისთვის მაინც, რომ ასე უსირცხვილოდ არ მივაგდებინო თავი. თავისი პირით უნდა მითხრას, რომ ჩემთან კარგად გაერთო, მაგრამ უკვე ყველაფერი დამთავრდა. მე წერტილი მჭირდება და არა მრავალწერტილი.

***
მეორე დღე ჩვეულებრივ იწყება. სიის ამოკითხვა, ახალი რეცეპტის ჩაწერა და მომზადება. არც კი ვიცი, როგორ მოვახერხო რეზისთან საუბარი. ჩვენი მარტო დარჩენის დიდოსტატი ხომ ისაა. მისი ახლანდელი დამოკიდებულება კოლეჯის პირველ დღეებს მახსენებს, როცა ჯერ კიდევ არაფერი იყო ჩვენს შორის. არა, დღეს უკვე მართლა აღარ მიკვირს რეზისგან მსგავსი საქციელი, მაგრამ მთლად ასეთ გაუცხოებასაც არ ველოდი.
შესვენებაზე ის-ისაა უკანა ეზოში გავდივარ ბავშვებთან ერთად, რომ შორიდან ნაცნობ სახეს ვხედავ. ისიც მამჩნევს და მიღიმის. ხელით ვანიშნებ და გვიახლოვდება.
ეს ბიჭი გუშინ, ჩემი დის დაბადების დღეზე გავიცანი. ლელას შეყვარებულის - ვაკოს ძმაკაცია. ალბათ, ალბათ კი არა, მოვეწონე. თავს არ მაბეზრებდა, მაგრამ ჩემ მიმართ ყურადღებას იჩენდა.
-აქ საიდან მოხვდი? - ვეკითხები მას შემდეგ, რაც გიგას მეგობრებს ვაცნობ.
-გუშინ წამოგცდა აქ რომ სწავლობდი და გადავწყვიტე შემომეარა. აქეთ ვიყავი.
-კარი გიქნია. - ვუცინი და მთელი შესვენების მანძილზე დროს მასთან ერთად ვატარებთ. ვაღიარებ, რომ ნამდვილად არაა ცუდი ბიჭი. ამას მისი წასვლის შემდეგ გოგოებიც ზედმეტად ხშირად მეუბნებიან და მიბიძგებენ, რომ არ მოვდუნდე და ვიაქტიურო. ვნახოთ. ჯერ წინ დიდი მთა მაქვს გადასალახი, მთა, რომელიც თავისი დუმილით ნერვებს მიშლის. მართალია, მე მისი რიგითი გასართობი ვიყავი, მაგრამ მაინც განსაკუთრებული რიგითი. მე ხომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მქონდა?! ამიტომ სხვა გოგოებისგან განსხვავებით, რეზის ისე არ გავუშვებ, სანამ „ოფიციალურად“ არ გავწყვეტთ ურთიერთობას. გულის სიღრმეში არ მომწონს ეს ფაქტი, მაგრამ მთავარია, რომ სიღრმეში. ვნება ადვილად ცხრება, როცა მესამე ჩნდება, განსაკუთრებით ჩემ შემთხვევაში. მე არავის ვიყენებ და არც არავის გამოვაყენებინებ თავს.



***
ოთხშაბათია. ის-ისაა რეზი შესვენებას აცხადებს, რომ მობილური მირეკავს. უცხო ნომერია. გოგოებს ვანიშნებ, რომ დავეწევი, საკონდიტროსთან კედელს ვეყრდნობი და ვპასუხობ.
-ანა, მე ვარ გამარჯობა. - მესმის ხმა.
-გიგა? - მიკვირს.
-ხო. შენს დას გამოვართვი შენი ნომერი. გცალია? ხომ არ გაცდენ?
-არა, არა, შესვენება მაქვს. რა ხდება?
-აამ... თუ დღეს კოლეჯის შემდეგ გეგმები არ გაქვს, იქნებ სადმე გაგვესეირნა?
ხოო, აი ამას არ ველოდი. ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით. არც კი ვიცი რა ვუთხრა.
-გაგვესეირნა? - ვბუტბუტებ. - ცუდი იდეა არაა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, როდის დამიმთავრდება...
წინადადების დასრულებას ვერ ვასწრებ, რომ მობილური ხელიდან მიქრება. უკან ვბრუნდები. ჩემ წინ რეზი დგას, ტელეფონი მას უკავია და თიშავს. ისე ვბრაზდები, რომ მგონია, ყურებიდან ბოლს ვუშვებ. ის კი მშვიდია. გამომეტყველება არაფრისმთქმელი აქვს.
-რას აკეთებ? - კბილებში ვცრი.
-მაპატიე, მაგრამ დღეს გიგასთან ერთად ვერ გაისეირნებ. - ამბობს და ცალ წარბს ზემოთ სწევს.
-შენ ამას არავინ გეკითხება.
-კოლეჯის შემდეგ სადმე წავიდეთ, უნდა ვილაპარაკოთ. ვფიქრობ, შენც ეს გინდა. არა? - არ იმჩნევს ჩემ გაბრაზებას.
-მინდა. - ცოტა ვწყნარდები. - მაგრამ ასე ტელეფონის ხელიდან გამოგლეჯვა საჭირო არაა.
-გიგას უთხარი, პაემანი გადადოს.
-შენი დარიგება არ მჭირდება. - მობილურს ვართმევ და კაფეტერიაში ჩავდივარ. თან ტელეფონს ვრთავ, რომ გიგას გადავურეკო. არამზადა. დარწმუნებული ვარ, ახლა დგას და იცინის.

***
გიგა ჩემს დატვირთულ დღის რეჟიმს ადვილად იღებს და შეხვედრას მომდევნო დღისთვის ვგეგმავთ. დარჩენილი პრაქტიკის მანძილზე ცოტა არ იყოს და ვნერვიულობ. არადა სანერვიულო არაფერია. რეზის სხვა გოგო ჰყავს, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო, მე მასთან ურთიერთობის გაწყვეტა მინდა, ერთმანეთს ჩვენს სათქმელს ვეტყვით და ყველაფერი დამთავრდება. ხო, ეს ძალიან მარტივი წარმოსადგენია, მაგრამ რეალობა მაღელვებს. არ ვიცი რეზის რა დაარტყამს თავში, როცა მარტო დავრჩებით. თუ ნიკოლი მისთვის მნიშვნელოვანია, არ მგონია, რომ ჩემსკენ გამოიწიოს, თუ არა და დარწმუნებული ვარ ხელს არაფერი შეუშლის. მე კი ეს არ მინდა. აღარავითარი მისი შეხება, თითით თითზეც კი.
პრაქტიკის დასრულების შემდეგ კაფეტერიაში ვიცდი. წარმოდგენა არ მაქვს, სად წავალთ. არა! ანა, ადგილს სალაპარაკოდ შენ თვითონ შეარჩევ. ნება არ მისცე არამზადა თევზებს, საკუთარი გეგმით იმოქმედოს. უკანასკნელად მაინც გააკეთე ისე, როგორც შენ გინდა. ბოლოსდაბოლოს მეც ხომ თევზები ვარ.
ფოიე ცარიელია. ექვსი საათი ხდება. ახლა კოლეჯში მეორე სმენის ლექციები მიმდინარეობს.
აი ისიც. კიბეზე ჩამოდის, ეზოში გასასვლელ კართან ჩერდება და მელოდება. მეც ვდგები და მივდივარ. ეზოში მხოლოდ მეეზოვე ტრიალებს. მანქანის კარს აღებს და მანიშნებს, რომ დავჯდე. ჰმ, ჯენტლმენობის რომ არაფერი სცხია. თუმცა მე ვისგან რას ველი.
-სად მივდივართ? - ვეკითხები, სანამ მანქანას დაქოქავს.
-შენ სად გინდა? - მეკითხება. ოჰო, აი ამას კი ნამდვილად არ ველოდი. ნუთუ არჩევანის უფლებაც მაქვს? საოცარია.
-შენთან, სახლში. - ვეუბნები. ჩემკენ თავს ნელა ატრიალებს და გაშტერებული მიყურებს. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ავხარხარდე. - კიკვიძის ბაღში.
-ჰმ, - კიდევ რაღაცას ბუტბუტებს, მაგრამ ვერ ვიგებ. - ასე ღია ცის ქვეშ რატომ? გეშინია, რომ შენს ვანილის ტუჩებს გავიხსენებ? - ამბობს და მანქანას ძრავს.
-კი არ მეშინია, არ მინდა. და თანაც, ტუჩებს ვანილის გემო გადაუვიდათ.
თავს იქნევს და ეცინება. ხმას არც ერთი აღარ ვიღებთ მანამ, სანამ ბაღში შესაფერის სკამს შესაფერის ადგილზე არ ვპოულობ და არ ვსხდებით.
-როგორ ხარ? - მეკითხება.
-კარგად. შენ?
-მეც.
ასე იწყება. შემდეგ რამდენიმე წამით ჩუმად ვართ.
-აბა, გისმენ. - მეუბნება.
-მე მისმენ? - გაკვირვებული ვიხედები მისკენ. - ვფიქრობ, შენ გაქვს ჩემთვის სათქმელი.
-რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რაც შენთვის ისედაც ცხადია?
-ის, რაც მე მჭირდება.
-მაინც რა? - მომლოდინედ მიყურებს. დაიწყო ჩემი წყობიდან გამოყვანა.
-ის, რომ ჩემთან მორჩი, რომ ჩემთან გართობას აღარ განაგრძობ, რომ აღარავითარი ვნებიანი გამოხდომები აღარ იქნება შენი მხრიდან, რომ ჩემთან უკვე დაამთავრე.
-ეს იმიტომ გჭირდება, რომ გიგათი ჩამანაცვლო?
-ეს იმისთვის მჭირდება, რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს და მინდა, რომ ის დალაგებული იყოს, ყოველგვარი გაურკვევლობების გარეშე.
-ანა. - ხელი ჩემკენ მოაქვს და სკამზე ჩამოდებულ ჩემს თითებს ეხება. მაშინვე კანი იმუხტება და ხურდება. სასწრაფოდ ვიცილებ.
-არავითარი მსგავსი საქციელი. - თითს ვბზეკ და გამომეტყველებას უფრო მეტ კატეგორიულობას ვმატებ. ეცინება.
-დაინახე თუ არა ნიკოლი ჩემ გვერდით, მაშინვე სხვასთან გაიქეცი და დაშორება მთხოვე.
-არ მითხოვია, ცდები. ეს უკვე ასე იყო. გიგა კი გუშინ წინ, ჩემი დის დაბადების დღეზე გავიცანი. თუმცა, არ ვარ ვალდებული, რამე აგიხსნა. ხომ ასეა?
-ხო, ასეა. - თავის ქნევით მპასუხობს.
-იცი... - ვყოყმანობ, მაგრამ მინდა, რომ მასთან ბოლომდე გულწრფელი ვიყო. - იცი, ნიკოლი მომეწონა.
რეზი თავს ჩემკენ ატრიალებს და მაკვირდება. თვალებში ვუყურებ და უამრავ კითხვის ნიშანს ვხედავ. ფერს კი, მაინც ვერ ვხვდები, ნაცრისფერია ისინი, თუ ცისფერი. თუმცა ამას ჩემთვის მნიშვნელობა აღარ უნდა ჰქონდეს.
-რაა? - მეკითხება.
-ნიკოლი მომეწონა. ჰო, რა, რატომ გიკვირს? შენც გგონია, რომ გოგოებს ერთმანეთის დადებითად შეფასება არ შეგვიძლია?
-არა, მაგრამ შენგან ამას არ ველოდი. - ისევ დაბნეულია. ასეთ მომენტში სულ არ ჰგავს არამზადა თევზებს და გულის წყვეტა მეპარება იმის, გამო რომ ვამთავრებთ.
-ხო, მივხვდი, მაგრამ მე მხოლოდ გარეგნობა არ მიგულისხმია. მართალია მას არ ვიცნობ, მაგრამ მაინც მომწონს. მესმის, რომ შენ სერიოზული ურთიერთობებისთვის დაბადებული არ ხარ, მაგრამ ვფიქრობ, ნიკოლი უპასუხისმგებლოდ მიტოვებას არ იმსახურებს.
-და შენ იმსახურებ? - მეკითხება. გაოცებული ტონი აქვს, გამომეტყველება კი ღელვაშეპარებული. დღეს რა სჭირს ამას?
-მეე? - მეცინება კიდეც. მზერას ვარიდებ და მეორე სკამის საზურგეზე ჩამომსხდარ მტრედებს ვუყურებ. - მე... როგორ გითხრა... ჩვენს შორის სერიოზული არაფერი ყოფილა. მასთან კი ალბათ... ხომ ხვდები. მასთან ალბათ იყო. და...
-ანა, ამას სერიოზულად ამბობ? - მაწყვეტინებს.
-ხო. მამჩნევ რამეს, რომ ვხუმრობ? - მხრებს ვიჩეჩავ და ისევ მას ვუყურებ. - თუმცა აქ ხომ ამაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვართ, არა? მინდა, რომ მალე დავასრულოთ.
-ასე რატომ გეჩქარება?
-მე არა, შენ გეჩქარება. შენი ლამაზი შეყვარებული ალბათ სადმე გელოდება.
-შეყვარებული?
-ვცდები?
რეზი ოხრავს და წელში სწორდება.
-არა, არ ცდები. - ამბობს.
ჯანდაბა! მეღიმება , მაგრამ ეს ღიმილი არც ისე გულწრფელია. არაუშავს ანა. თანდათან ყველაფერი გამოსწორდება. შენ ერთ მხარეს იქნები, ის - მეორე. ყურადღებას სხვაზე გადაიტან და ის ვნებებიც გაქრება, ახლაც რომ გიღიტინებს მუცელში. მალე რეზი კვლავ უბრალო შეფი იქნება.
-შენთან ყოფნა კარგი იყო. - ვამბობ. ის გაკვირვებული მიყურებს და შემდეგ ეცინება. მეც მეცინება. - ხო, რა იყო. გეგონა, მხოლოდ შენ ერთობოდი ჩემთან? ვერ მოგართვი.
-არა, ანა, არ მეგონა. კარგად ვხედავდი შენს თვალებში სურვილებს, შენს ქცევებში თამაშს და შენს კანზე სიამოვნების ეკალს. - თვალს მიკრავს. ისევ არამზადა რეზი. მისი ვნებიანი ხმა გულ-მუცელს მიმღვრევს და ახლა რომ მოინდომოს და მაკოცოს, ვშიშობ, რომ წინააღმდეგობას არ გავუწევ. რას ფიქრობ შე იდიოტო? დაგავიწყდა აქ რისთვის ხარ მოსული?
-ჩემთან მსგავსი ტონით ლაპარაკის უფლება აღარ გაქვს, შეფ.
-მე ჯერ კიდევ ბევრი რამის უფლება მაქვს, ანა. - ისე მეუბნება, თითქოს ყველაფერი მხოლოდ მასზე იყოს დამოკიდებული.
-მაგრამ?
-მაგრამ... ეს მხოლოდ მე ვიცი. - თავს ოდნავ გვერდით ხრის და მაკვირდება. ჩემი წყობიდან გამოყვანის სადარაჯოზეა, მაგრამ არა, ამით არ გავახარებ.
-დაივიწყე, უბრალოდ დაივიწყე ის, რასაც ახლა ამბობ და ფიქრობ. მე ვცდილობ, რომ წერტილი დავსვა, შენ კიდევ რატომღაც აჭიანურებ და ყველაფერს ურევ.
-მე ვამბობ იმას, რაც არის.
-გაუგებრად. ან გამარკვიე რას გულისხმობ, ან უბრალოდ შეწყვიტე.
დიდი ხანი არაა, რაც აქ ვართ, მაგრამ უკვე დავიღალე. აღარ მინდა საუბრის გაგრძელება. ფეხზე ვდგები და ჩანთას ვიღებ.
-რას აკეთებ? - ისიც დგება.
-გელოდები. და შემდეგ წავალ.
-კარგი. - თავს მიქნევს და გვერდით იყურება. მგონი ისიც იმ მტრედებს უყურებს. ერთი ხელი თეძოზე უდევს, მეორეს პირზე ისვამს. შემდეგ თავს ჩემკენ აბრუნებს და ქვემოდან მიცქერს. - ანა, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა.
ყურებში ნაწყვეტ-ნაწყვეტ მხვდება ეს სიტყვები. მათი აზრი ჯერ გონებამდე აღწევს და მე შვებისგან ჰაერს ჭარბად ვისუნთქავ. შემდეგ კი გულამდე ჩადის, ეხვევა და სიღრმეში წვეთებად იღვენთება. ეს ძალიან უსიამოვნო შეგრძნება სხეულს გარეთ აღწევს და ტანზე ეკალი მაყრის. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა გონება გულზე წინ დგას. და ეს ასეც უნდა იყოს.
-ასე. - თავს ვუქნევ. - ამის მოსმენა მინდოდა. ახლა კი წავალ.
რამდენიმე წამით ერთმანეთს ვუყურებთ. ვერ ვხვდები, რატომ რთულდება სიტუაცია არამზადა თევზებსა და რეალისტ ანას შორის. ჩვენ ხომ ყველაფერი კარგად გვესმის? აღარაფერს ვეუბნები. ნაბიჯს ვდგამ, გვერდს ვუვლი და უკვე სამი მეტრით ვშორდები, რომ მეძახის:
-ანა!
ვბრუნდები. ის მიღიმის. აი ისე, მე რომ ვერ ვიტან და მეუბნება:
-მაგრამ იცოდე, შენს ტუჩებს ვანილის გემო ყოველთვის ექნებათ.

***
არეული ვარ. და ეს არაა ჩემი ბრალი. კი, მივიღე ის, რაც მინდოდა - ოფიციალური დაშორება, მაგრამ მისმა უკანასკნელმა სიტყვებმა სულმთლად ამირია თავ-გზა. სახლში გაბრუებული ვბრუნდები. ვცდილობ ჩემი შინაგანი განცდები გარეგნულად არ დავიტყო, მაგრამ ხათო მაინც რამდენჯერმე მეკითხება, რა გჭირსო.
რატომ მითხრა, შენს ტუჩებს ვანილის გემო ყოველთვის ექნებათო? მხოლოდ ფაქტი აღნიშნა? თუ ისევ აპირებს რამეს? ღმერთო, ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ მოეკეტა და აღარაფერი ეთქვა?
საწოლზე ჩამომჯდარი ავტობუსის ბილეთს დავყურებ და ვერ გადამიწყვეტია რა მოვუხერხო. არც გადაგდება მინდა, არც შენახვა. სამახსოვრო ნივთები ყოველთვის გულს მიჩუყებენ. რა თქმა უნდა, იმასაც გააჩნია, ვისგანაა და რა მოგონებებითაა დატვირთული. ეს ბილეთი კი იმ სასიამოვნო ახლო წარსულის საწყისია, რომელმაც ჩემში ახალი შეგრძნებები გააღვიძეს.
კიდევ დიდხანს ვუყურებ ამ პატარა ფურცელს, რომლის გარშემოც ავტობუსში მომხდარი სიუჟეტები ტრიალებენ. შემდეგ საფულეში ვდებ და ვინახავ. ფიზიკურად არა, მაგრამ ვიმედოვნებ ემოციურად არ დამამძიმებს.

***
მზია თავის ლექციაზე განცხადებას აკეთებს. კოლეჯი გურჯაანში რთველშია დაპატიჟებული და რა თქმა უნდა კოლეჯში ახალი ნაკადი იგულისხმება. მსურველების სიას იწერს. ჩვენი „სასტავი“ ამ სიამოვნების მიღებაზე უარს ნამდვილად არ ამბობს. მხოლოდ ერთია - დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ლექტორებთან ერთად რეზი და ნიკოლიც წამოვლენ. ნამდვილად არ გამოაკლებენ სტუმარს ევროპიდან ქართული ტრადიციული რთველის ხილვას. თავს ვარწმუნებ, რომ ეს ჩემთვის სულ ერთია. რეალურად ასეცაა, მე ხომ რეზისთან აღარაფერი მაკავშირებს. თუმცა, მაინც ვიმედოვნებ, რომ არ წამოვლენ. ეს შაბათ-კვირა საუკეთესო უნდა იყოს მთელი შემოდგომის მანძილზე და დარწმუნებული ვარ, ჩემი გიჟების და რთველის ვირუსის წყალობით ასეც იქნება.
ლექციების შემდეგ კოლეჯში გიგა მაკითხავს და სასეირნოდ ვაკის პარკში მივდივართ. ნამდვილად არ შევმცდარვარ, ძალიან სასიამოვნო ბიჭია. ასაკით ჩემხელაა და საინჟინრო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. მისი სამსახური საინჟინრო კომპანიაა, რომელიც ახლა ყალიბდება და ყოველთვის არ უწევს სიარული. ახლაც ამიტომაა თავისუფალი.
ვაკის პარკიდან კაფეში შევდივართ და ნამცხვარს და ყავას ვიღებთ. ერთმანეთზე ვსაუბრობთ და დრო ისე გადის, ვერ ვიგებთ. სახლამდე რომ მაცილებს, უკვე საღამოს რვა საათი ხდება. სახლში სახეზე ღიმილით შევდივარ. დედა მაშინვე დივანზე მაგდებს და ყველაფრის დაწვრილებით მოყოლას მთხოვს. მეც არ ვზარდები და ვახშმობასთან ერთად მის ცნობისმოყვარეობასაც ვაკმაყოფილებ. მხოლოდ ჩემს ოთახში განმარტოებული ვაცნობიერებ, რომ სასიამოვნოდ განტვირთული და გათავისუფლებული ვარ.

***
შაბათს დილის ექვს საათზე კოლეჯში ვიკრიბებით. უფრო სწორედ მე მივდივარ დათქმულ დროს. რამდენიმე ჯგუფელი და ლექტორი იქ მხვდება. კოლეჯი დაკეტილია და გარeთ ვართ. ცოტა ხანში ჩემებიც მოდიან. დილით ცოტა გრილა და მობუზულები ერთმანეთს ვეხუტებით. საბედნიეროდ კარგი ამინდია.
წარმოდგენა არ მაქვს საიდან გაიგო და ამას არც გვეუბნება, მაგრამ მაკოს ჩვენთვის ახალი ამბავი აქვს. ოქტომბრის ბოლოს, კოლეჯებს შორის სარესტორნო პროფესიების განხრით, პირველკურსელებისთვის შეჯიბრებები ტარდება და რა თქმა უნდა, მასში ჩვენი კოლეჯიც იღებს მონაწილეობას. ტყუპებს საფიქრალი უჩნდებათ, თუ როგორ შეირჩევიან იქ გასაგზავნი სტუდენტები. მე ეგ ნამდვილად არ მადარდებს. წასვლის არც სურვილი მაქვს და ისიც ვიცი, რომ ჩემზე უკეთესებს შეარჩევენ, ამიტომ ამაზე ფიქრით თავს ნამდვილად არ დავიღლი. მით უმეტეს ახლა, როცა წინ ოქროსფერი შემოდგომის ხილვა მელის, რომელიც თბილისისგან განსხვავებით დარწმუნებული ვარ, რომ კახეთში აუცილებლად იქნება. ხრაშუნა ფოთლები, ქარვისფერი, სავსე ყურძნის მტევნები და მათი ტკბილი სურნელი, იქაური ღვინო, ახლად ამოვლებული ჩურჩხელა და რაც ყველაზე მთავარია - იქაური კეთილგანწყობა.
ფიქრებიდან მანქანის კარის ხმაურს გამოვყავარ. მოშორებით ტაქსი დგას, ტაქსთან კი რეზი და ნიკოლი. ვოხრავ და თვალებს ვატრიალებ. ლანაზე ჩახუტებული, უფრო მეტად ვეტმასნები. არაა, ხომ ვიცოდი, რომ წამოვიდოდნენ და რატომღა მიკვირს? ანა, გახსოვდეს, რომ ეს შენთვის უკვე აღარაა მნიშვნელოვანი! საკუთარ თავზე და იმ დროზე იფიქრებ, რომელსაც კახეთში გაატარებ.


12 თავი
***
სტუდენტებისთვის დიდი იკარუსია გამოყოფილი, ლექტორებისთვის კი მიკროავტობუსი. ორივე საკმაოდ კეთილმოწყობილია. ისეთი რბილი სავარძლები აქვს, ეს ორი დღე ალბათ ჩემი საწოლი არ მომენატრება.
იკარუსი ბოლომდე არ ივსება. როგორც ჩანს, ბევრი სტუდენტი არ მოდის. ძირითადად კონდიტერებიდან, ბaრმენებიდან და მიმტანებიდან არიან. მაკო რამდენიმე ბიჭს გვაცნობს ბარმენებიდან. გარეგნულად ტყუპებივით არაორდინალურები და სახალისოები არიან. გზაში ნელ-ნელა კიდევ ბევრს გავიცნობ. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ეკა ლექტორების ტრანსპორტით აპირებს მგზავრობას. რადგან მთელი გზა მისი სიახლოვე და ყვავისებური გამოხედვები არ მომიშლის ნერვებს, რაღა მინდა მეტი?
შვიდის ნახევრისთვის ყველა ვგროვდებით და გავდივართ. თავიდან მაინცდამაინც არ ხმაურობენ, მაგრამ რაც უფრო ვშორდებით თბილისს, ტრანსპორტში ტემპერატურა უფრო იწევს. მოგვიანებით თითქმის ყველა ქართულ სიმღერას ვიხსენებთ და ნიჭიერებიც და უნიჭოებიც მთელ ხმაზე ვმღერით. შემდეგ ბიჭები ლუდს არიგებენ და ალკოჰოლი კიდევ უფრო თავში გვირტყამს ხელს.
გზაში მხოლოდ ერთხელ ვისვენებთ და ვსაუზმობთ. რა თქმა უნდა, სტუდენტები ცალკე, ლექტორები ცალკე, ამიტომ შეფს ვერ ვხედავ. ძალიან კარგი, უმისოდაც მშვენივრად ვგრძნობ თავს. როგორც ვიცი, მთელ დღეს რთველში გავატარებთ, ხვალ კი რასაც მოვასწრებთ იმ ღირსშესანიშნავ ადგილებს დავათვალიერებთ. კახეთში ერთხელ ვარ ნამყოფი და ვიმედოვნებ ისეთ ადგილებს მოვინახულებთ, რაც მე არ ვიცი.

***
შორიდანვე ვხედავ უზარმაზარ, თითქმის თვალუწვდენელ ვენახს და იდეალურად ჩამწკრივებულ ვაზს. აქა-იქ კი შავი წერტილებივით ჩანან მომუშავეები. გული აღელვებისგან ისე მიძგერს, თითქოს რამე განსაკუთრებული მისიის შესრულებას ვაპირებდე. ამ ყველაფრის დასანახად ყველა ფანჯრის ერთ მხარესაა ატუზული და ლამისაა ავტობუსი გადაყირავდეს.
მოლოდინი მართლდება. იქაური თავ-კაცები გულღია ღიმილით და მოწიწებით გვხვდებიან. მათი დამოკიდებულების შემდეგ, წარმოუდგენელია შრომისადმი გულის აცრუება. ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბატონი გივი მაღალი, ღიპიანი შუა ხნის კაცია. გარუჯული სახე მზისგან ასწითლებია და ისე ანათებენ მისი ცისფერი თვალები, ელექტრონათურები მგონია. ავტობუსიდან ჩამოსულებს ხელგაშლილი გვეგებება, ლექტორებს მოწიწებით ესალმება და რადგან ქალბატონებთან საუბრის გამო კეპიანი ქუდი მოხდილი აქვს, თვალებს მზისგან ხელით იჩრდილავს. ძალიან საყვარელი კაცია. მის შემხედვარეს მეცინება და გოგოებს ვუყურებ. როგორც ჩანს, ისინიც მისით არიან მოხიბლულნი.
სანამ უფროსები საუბრობენ, გარემოს ვათვალიერებ. წარმოუდგენელია, რამხელა შრომა სჭირდება ამხელა მოსავლის მოყვანას, შემდეგ აღებას და დაბინავებას. ალბათ მხოლოდ გივისნაირებს თუ შეუძლიათ ამაზე წასვლა. ჩვენ, ბარის ხალხს კი მხოლოდ ღვინის შეფასება თუ შეგვიძლია. ნეტავ, როცა მაღაზიაში ქართულ ღვინოს ყიდულობენ და მისით ბოკალს ავსებენ, თუ წარმოუდგებათ თვალწინ, რა გზას გადის ეს სითხე, სანამ მათთან მოხვდება?
-ბავშვებო! - გვესმის მზიას ხმა. ფიქრებიდან გამოვდივარ. - სანამ საქმეს შეუდგებოდეთ, დასვენება ხომ არ გჭირდებათ მგზავრობის შემდეგ?
-არაა!- ყველა ერთად ყვირის.
-კარგით, მაშინ გამოიცვალეთ და დაგაკვალიანებთ.
ყველა იშლება. მე და ლიზის ცივი წყალი გვინდა და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ბატონ გივისთან მივდივართ.
-უკაცრავად ბატონო გივი. - ვაჩერებთ მიმავალს.
-ჰო, გისმენთ გოგოებო. - შემოგვციცინებს თვალებში. უნებურად მეღიმება. თბილი, ხალისიანი კახური კილო აქვს.
-ცივ წყალს აქ სადმე ვიპოვით?
-კი კაცო, როგორ არა. აგერ იქ შედით, მარო დაგხვდებათ და ის დაგალევინებთ. ოღონდაც ამის მერე გივი ძია დამიძახეთ. - თვალს გვიკრავს.
-კარგით, მადლობთ. - მე და ლიზის გვეცინება და იქვე მდგარ რამდენიმე ფაცხებიდან ერთ-ერთში შევდივართ. იქ ისეთი სასწაულები ხდება, რომ თავს ძლივს ვიკავებთ, წყლისთვის შესულები ხაჭაპურებით რომ არ გამოვიდეთ. მარო დეიდა გივის მეუღლე აღმოჩნდა და როგორც გვითხრა, დანარჩენ ფაცხებში უკეთესი რაღაცები ხდება. როგორც ჩანს, წინ გემრიელი კახური სუფრა გველოდება.
ტანსაცმელს ვიცვლით და გივი ბავშვებს სამუშაოდ გვანაწილებს.
რთველში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მაგრამ ეს სულ სხვაა. მიხარია, რომ არც ერთი თბილისელი არ უკადრისობს მუშაობას, ეკაც კი. პრiნციპში, ყველამ კარგად იცოდა, სად მოდიოდა, როცა მზიას სიაში საკუთარ თავს აწერინებდა. მე ჩემს ბავშვებთან ერთად ვარ. ისინი თავიანთ სოფლებში მომხდარ სასაცილო ამბებს ჰყვებიან და მეც ვუსმენ. რაღაც-რაღაცეები თავადაც მახსენდება და მოყოლაც არ მეზარება. ყურძენი უგემრიელესია. უმრავლესობა ისეთი ლამაზი მტევნები მხვდება, რომ დასაჭ....ტად მენანება, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს. შორიდან სიმღერის ხმა მომდის. როგორც ჩანს, აქაურები თავს ამით ირთობენ. უკეთესი იქნებოდა, ცოტა ახლოს ყოფილიყვნენ.
ჩემგან ორი მწკრივის მოშორებით ლექტორებს ვხედავ. რეზი და ნიკოლიც იქ არიან. ორივე მხიარულები ჩანან. ნიკოლს სახე უბრწყინავს. როგორც ჩანს, მოსწონს ეს მისთვის აშკარად უჩვეულო საქმიანობა. ბენდენაც კი ისე აქვს თავზე წაკრული, როგორც გივის მეუღლე მაროს.
ღმერთო! რეზი და რთველი. ორი განსხვავებული მოვლენა. უბრალოდ უნდა დაჯდე და უყურო, უმჯობესი იქნება პულტით ხელში, რადგან ხანდახან მასზე ისეთ მიმიკებს ვხედავ, უნდა დააპაუზო, სურათი გადაუღო და შეინახო. ხუთშაბათი საღამო, ჩვენი საუბარი მახსენდება. უცნაურად გამოიყურებოდა. ახლა, როცა უკვე თითქმის ცივი გონებით ვიხსენებ მის გამოხედვებს, შეკითხვებს და ქცევებს, უფრო ვიბნევი. ეს ყველაფერი არ იყო მისთვის დამახასიათებელი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ერთი პროცენტით მაინც ეჭვი მეპარება, რომ ჩემთან ურთიერთობის გაწყვეტა არ უნდოდა. თუმცა, მიზეზს ვერ ვხედავ და ამ აზრს სასწრაფოდ თავიდან ვიგდებ. რეზი არასოდეს გააკეთებს იმას, რაც არ უნდა. მართალია ძველი ურთიერთობა აღარ გვაქვს, მაგრამ ის მაინც არამზადა თევზებად რჩება. აი, ხომ ვამბობდი. მიყურებს, სამუშაოდ გამოწყობილს ამრეზით მათვალიერებს და ცინიკურად იღიმის. იდიოტი! თვალს ვარიდებ. რა არ მოსწონს ვერ გავიგე, თავზე წაკრული ბენდენა, მაღალყელიანი სამუშაო ჩექმა თუ წინსაფარი, რომელიც აქ გოგოებს დაგვირიგეს?
ცოტა ხანში ბიჭები მოდიან, ყურძნით სავსე ყუთები მიაქვთ, ცარიელებს გვიტოვებენ და მიდიან.
ორი საათი სრულდება, რომ სადილისთვის გვეძახიან. ვაზის მწკრივის ბოლოდან გამოსულებს ფაცხების წინ გაშლილი მაგიდები გვხვდება. მაგიდებზე კი ნამდვილი სამოთხეა. ეს არის ქართული სუფრა, რომლითაც ვამაყობთ და რომლითაც ნამდვილი თბილისელები, თუ „გამოსული თბილისელები“, როგორც ვეძახით, იშვიათად ვტკბებით, რადგან ჩვენ პიცა, სპაგეტი და ჰამბურგერი გვირჩევნია. ხაჭაპური, ხაშლამა და წითელი ტყემალი, ნატურალური კიტრი და პომიდორი, ყველი, შემწვარი გოჭი და კიდევ ათასი რამ, რაც ჩვენს მადას ადგილზე აქვავებს. მოშორებით მწვადს სწვავენ და ერთი სული მაქვს ჩვენამდე როდის მოაღწევს.
სუფრასთან რეზი და ნიკოლი დიდხანს არ რჩებიან. მათთან ერთად მზია და კიდევ ერთი ლექტორი დგებიან და ჩვენს გაუფრთხილებლად უცხო მანქანით სადღაც მიდიან. ეს რა წესია? როგორც მოგვიანებით ვიგებ, სანამ ჩვენ აქ ვმუშაობთ, ისინი სტუმარს ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებინებენ. კი ბატონო, სულ კარგად იყვნენ.
სანამ ჩვენ ვსადილობთ, მარო დეიდა ბადაგს ხარშავს და საქმის გაგრძელებამდე, სადილის დასრულების შემდეგ ჩურჩხელებს გვავლებინებს. მსურველი არც ისე ბევრია, ამიტომ სამჯერ მიწევს ამის გაკეთება. საოცარია, სამივე ცდა წარმატებით სრულდება და ჩემი ჩურჩხელები იდეალურებია.
ცოტა ხანში ყურძნის კრეფას ვაგრძელებთ. შიმშილგამქრალები უფრო ენერგიით ვართ და გივი ძიაც ჩვენით კმაყოფილი და მადლიერია. ცოტა ხანში თავის საქმეს სწყდება, ჩვენს მწკრივში მუშაობს და თავისი სახალისო კახური ამბებით ისე გვართობს, რომ დროის გასვლას ვერ ვიგებთ. დაახლოებით ექვსის ნახევრისთვის წასულები ბრუნდებიან.
მზია გვთავაზობს: წავიდეთ თელავში, გავისეირნოთ პარკში და იქვე სასტუმროში დავბინავდეთ, ან გავჩერდეთ ახლო-მახლო და გავშალოთ კარვები. რადგან კარვების ამბავი აქამდე არავინ იცოდა, ყველა მას ირჩევს, მიუხედავად იმისა, რომ ღამე საკმაოდ აცივდება.
მასპინძლებს ვემშვიდობებით. ბატონი გივი მადლობებისგან იცლება. ყურძენს, ხაჭაპურს და ჩურჩხელას გვატანს და თავის მუშებთან ერთად გვემშვიდობება.

***
ავტობუსი დაახლოებით თხუთმეტი წუთით მგზავრობის შემდეგ ჩერდება. არც კი ვიცი სად ვართ. გზაში მთვლემდა და წარმოდგენა არ მაქვს სად გადაუხვიეს. არც მაინტერესებს. მთავარია, ეს ადგილი მომწონს. აი ისინიც, ხრაშუნა ფოთლები. მართალია, ბევრი არაა და ხეებიც ისევ შემკობილია მათით, მაგრამ იმ ხმას მაინც ვისმენ, რის გამოც აქ ვარ - ხრაშუნს.
სანამ ბიჭები კარვებს შლიან, ჩვენ ბალახზე პლედებს ვშლით და ვსხდებით. ამირანთან და ერთ ბარმენ ბიჭთან ერთად რეზიც მუშაობს. მართალია საკონდიტროშიც და მის გარეთაც ერთნაირია, მაგრამ ცხობის გარდა სხვა საქმით დაკავებულის ყურება ნამდვილად ღირს. კარავს ისე შლის, თითქოს მთელი ცხოვრებაა ამას აკეთებს. ქცევებში სიმკაცრეს და კატეგორიულობას ინარჩუნებს, მაგრამ მაინც სხვანაირია, ვერ ავხსნი, როგორი.
ლანა და მაკო დგებიან და მოსაწევად მოშორებით გადიან. ლიზიც მათ მისდევს. მარტო დარჩენილი შეფს შორიდან უფრო გაბედულად ვათვალიერებ და ვცდილობ, თვალწინ მოტრიალე წარსულისგან გამოწვეული ღიმილი შევიკავო. გმადლობ ამ სასიამოვნო მოგონებებისთვის არამზადა შეფ.
-შეიძლება? - მესმის გვერდიდან დამტვრეული ქართულით ნათქვამი სიტყვა. რეზის სასწრაფოდ ვაშორებ თვალს და ზევით ვიხედები. ნიკოლი ღიმილით დამყურებს.
-აამ... კი, კი. - დაბნეული ვუქნევ თავს და გვერდით ვიწევი. გოგო ჯდება, მუხლებს კეცავს და ხელებს ხვევს. ჩემ პოზას იღებს. - ქართული გესმის? - ვეკითხები ინტერესით.
-ხო. No perfect, მაგრამ მესმის. საუბარი ცოტა მიჭირს, but... - თვალს მიკრავ და ტუჩებს საჩვენებელ თითს ადებს.
ოჰოო, აი სიურპრიზიც! გაოგნებული ვარ,
-Okay, არავის ვეტყვი. - მეცინება. - როგორ ისწავლე?
-რეზიმ მასწავლა. - თავით მასზე მანიშნებს.
-აამ. დიდი ხანია იცნობ?
-მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ჩამოვიდა. - მპასუხობს ინგლისურად და შემდეგ ქართულად ამატებს. - ცოტას ინგლისურად ვილაპარაკებ, კაი?
-კარგი. - ვუღიმი. ცოტა ხნით ჩუმად ვართ. შემდეგ უცხოელებისთვის განკუთვნილ სტანდარტულ შეკითხვას ვუსვამ: - მოგეწონა საქართველო?
-ძალიან. ძალიან კეთილი ხალხი ცხოვრობს.
ჰო, აბა. ერთ-ერთი შვიდი წელია გვერდით გვყავს!
-ეს ადგილიც მშვენიერია. - ამბობს აღფრთოვანებით. - ხშირად ჩამოვალ ხოლმე.
ეჰ, ნეტავ მეც შემეძლოს იმავეს თქმა პარიზზე. ცოტა ხნით ჩუმად ვართ. ცოტა არ იყოს და მის გვერდით უხერხულად ვგრძნობ თავს. მე ხომ მის შეყვარებულთან ვერთობოდი? ახლა კი ურცხვად ვუყურებ თვალებში და ვუღიმი. მაგრამ... მაგრამ ანა, რა შენი ბრალია? მორჩი, დანაშაულის გრძნობაღა გაკლია.
-რომანტიკულია აქაურობა. - ამბობს ღიმილით.
-კარგი რა, პარიზის მოქალაქე, ამას როგორ ამბობ?
-მის გამო. - რეზისკენ აქნევს თავს.
-ასე ალბათ ჰო. - ვბუტბუტებ.
რეზი რომანტიზმისგან ძალიან ძალიან შორსაა, ამაში დარწმუნებული ვარ. თუმცა გოგოს, თანაც შეყვარებული გოგოს თვალით დანახული სიტუაცია მაინც სულ სხვაა, ამიტომ ნიკოლს აღარ ვეწინააღმდეგები. ჯანდაბა! ისევ ვგრძნობ გულის წყვეტას, სულ ოდნავ, მაგრამ მაინც. როდემდე უნდა გაგრძელდეს? თანაც ისეთი მარტივი გრძნობის, როგორიც ვნებაა. ის ხომ წესით მალე ცივდება.
-შენ არ თვლი ასე? - მიყურებს ისე, თითქოს ძალიან აინტერესებდეს ჩემი პასუხი. გამომეტყველება ისეთი სუფთა აქვს... ეს გოგო მეგობრობის და გულწრფელობის განსახიერებაა. მაგრამ... რატომ ჩამომიჯდა მაინცდამაინც მე? თან ეს სასაუბრო თემაც... ღმერთო, ნუთუ იცის ჩემს შესახებ? რეზისკენ ვიხედები. იდიოტო, ნუთუ ჩემზე უთხარი? არა, არა, არ მჯერა, ვერ დავიჯერებ, რომ მან ეს გააკეთა. არა, ასეთი გულწრფელობის ნიჭით ნამდვილად არაა დაჯილდოებული. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. უნდა დავმშვიდდე.
-მე, არც კი ვიცი. - ვცდილობ გავუღიმო, გვერდიდან ფოთოლს ვიღებ და ნელ-ნელა ვფშვნი.- შეყვარებული რომ ვიყო, ალბათ რომანტიკულად მომეჩვენებოდა.
-ჰო, ალბათ. - მხრებს იჩეჩავს.
არა, მის გვერდით მაინც ვერ ვისვენებ. განსაკუთრებით ამ ეჭვის შემდეგ. საბედნიეროდ მობილური მირეკავს და ამ უხერხული სიტუაციიდან მიხსნის. ნიკოლოს ბოდიშს ვუხდი, ვდგები და ვპასუხობ. გიგაა. მესალმება და დღევანდელ დღეზე მეკითხება. საუბარში გართული მივაბიჯებ და ვერც კი ვხვდები, როგორ ვშორდები ბანაკს. დაახლოებით ოცი წუთით ლაპარაკის შემდეგ მემშვიდობება. მობილურს ვთიშავ და უკან ვიხედები. შემაღლებულ გორაკზე ვდგავარ. ჩემს უკან ხეების რამდენიმე რიგი დგას, მათ მიღმა კი მოფუსფუსე ხალხს ვხედავ. ისევ წინ ვიხედები და არაჩვეულებრივი ხედი მეშლება. ცეცხლისფერი სავსე დიდრონი მთვარე მთებს შორის ჩაესვენება. ირგვლივ ნარინჯისფერ სხივებს აფრქვევს და ცას თავის ფერს სჩუქნის, უფრო ზემოთ და ზემოთ კი ცა ნელ-ნელა მუქდება. კი, აი ეს კი ნამდვილი რომანტიკაა. მერე რა, რომ მარტო ვდგავარ. მთავარია ამ მშვენიერების ცქერით ვტკბები, ამისთვის კი სულაც არაა საჭირო გვერდით ვინმე გედგას. ჰაერს ხარბად ვსუნთქავ და შეციებულ თითებს თხელ ქურთუკის ჯიბეებში ვიწყობ. კი, თბილისშიც ბევრჯერ მინახავს მზის ჩასვლა, მაგრამ აქ, ცემენტის შენობებისგან და ტრანსპორტის ხმაურისგან შორს, სუფთა ჰაერსა და მთებს შორის ეს სულ სხვა სანახავია. აქ მზე იმდენად ახლოსაა, გგონია ხელს რომ გაიწვდენ შეეხები და დაიწვები, ან ცეცხლისფრად იქცევი.
არ ვიცი აქ მდგარი რამდენ ხანს ვაყოვნებ, რადგან მზეს უკვე წვერიღა მოუჩანს. საათი რვის თხუთმეტ წუთს მიჩვენებს. ის-ისაა უკან გაბრუნებას ვაპირებ, რომ ზურგიდან ნაბიჯის ხმა მესმის. ვბრუნდები. რატომ? ამ ხედის შემდეგ რატომ რეზი? ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიახლოვდება და გვერდით ისე მიდგება, ზედ არ მიყურებს. ისიც მზის წვერს მისჩერებია.
-დატკბი? - მეკითხება. სიტყვის ცნებისგან განსხვავებით ცივი ხმა აქვს.
-დიახ. - ვპასუხობ იგივე ტონით.
-ალბათ ორმაგად.
-ვერ გავიგე.
-დავინახე, მობილურზე საუბრობდი.
-შენ ეს არ უნდა გაინტერესებდეს. - აჰა, აი კიდევ გიგას მიხსენებს. ვერ გამიგია რა უნდა.
-არ მაინტერესებს.
-აქ რატომ ამოხვედი?
-ქვემოთ გეძებდნენ. არ იცოდნენ, რომ რომანტიკული საუბარი გქონდა.
-რატომ მიფუჭებ განწყობას? - მისკენ ვბრუნდები. ისიც იმავეს აკეთებს.
-მიზეზი თუ არ გაქვს, არც გაიფუჭებ.
-მაქვს! აქ დგახარ და ნერვებს მიშლი.
ერთი ნაბიჯით მიახლოვდება. მე უკან ვიხევ.
-არ გაბედო! - ვცრი კბილებში. - ქვემოთ შენი შეყვარებული ზის, შენ კიდევ აქ... მოიცა, შენ ჩემზე ნიკოლს რამე უთხარი?
-საიდან მოიტანე? - შუბლს კრავს.
-წეღან ჩემთან იჯდა და... ისე მესაუბრებოდა... არ ვიცი.
-არაფერი მითქვამს, ამაზე არ იდარდო.
-ვიდარდო? მეე? - მეცინება. - მე რატომ უნდა ვიდარდო, ჩემი შეყვარებული კი არ არის.
-ანა. - თავს აქნევს და იცინის.
-რა გაცინებს. - ვბრაზდები.
-ხან ისეთი სულელი ხარ. - სიცილს არ წყვეტს.
-მისმინე! მე სტუდენტი ვარ, შენ კი ჩემი შეფი. მოდი, უბრალოდ მოიქეცი ისე, როგორც შეგეფერება.
-მოვიქცევი ისე, როგორც მინდა, - სერიოზულდება. - და გავაკეთებ იმას რაც მომინდება. ზუსტად ისე, როგორც მე შემეფერება და შენ, სტუდენტი ჭკუას ვერ დამარიგებ.
-კარგით, შეფ. უბრალოდ თავი ჩემგან შორს დაიჭირეთ. ნიკოლის მაინც შეგრცხვეთ. - ვეუბნები და ჩქარი ნაბიჯით მივუყვები დაღმართს.


***
ღამის სამი საათი ხდება. ლექტორებს და ბავშვების უმრავლესობას სძინავს. ყველაზე მეტად ალბათ მათთვის გამოდგა რთველი დამქანცველი. მე, ტყუპები, ლიზი და ამირანი, ორი ბარმენი და ორი მიმტანი კოცონის გარშემო პლედმოხვეულები ვსხედვართ და ვსაუბრობთ. უკვე რამდენიმე საშიში ისტორია მოვისმინეთ და ახლა ფანტაზიის გასაწმენდად სასიამოვნო მოგონებებს ვიხსენებთ. ერთ-ერთ მიმტანს გიტარა უკავია და თავისთვის მსუბუქ ნოტებს იღებს. ლუდის და ამ სიტუაციის გამო სასიამოვნოდ მოთენთილი ვარ. ის-ისაა ლიზი ამირანის დაყოლიებას იწყებ, ლექსი წაგვიკითხოს, რომ კარვიდან რეზი და ნიკოლი გამოდიან და ნებართვის აღების შემდეგ ჩვენთან სხდებიან.
-რას აკეთებთ? - გვეკითხება ნიკოლი ინგლისურად. ისე, უცნაურია, რატომ მალავს, რომ ქართული იცის?
-ვცდილობ ამირანს ლექსი ვათქმევინო. - უხსნის ლიზი.
-ოჰ, მართლა? ლექსებს წერ? - იღიმის გაოცებული სტუმარი და ხელებს ერთმანეთს აწებებს.
-ვცდილობ. - მორცხვად მხრებს იჩეჩავს ამირანი.
-სამწუხაროა, რომ მე ვერ გავიგებ, მაგრამ მაინც, იქნებ წაგეკითხა? - თხოვნით წარბებს ზემოთ სწევს და თავს გვერდით ხრის. მეცინება. ყველაფერს მშვენივრადაც გაიგებს.
-კარგით, კარგით, ოღონდ ვისაც ლექსები არ უყვარს, კომენტარისგან თავი შეიკავოს. - იცინის ამირანი, ლიზის თითებს უჭერს და ცეცხლს უყურებს.
„მოიწი ახლოს და გამიღიმე,
ის სითბო მინდა, რომ მიღებს ბოლოს,
თვალებს კი ნუ ხრი, მოდი, მიყურე,
იცი რა ხდება? მომწონხარ გოგო!
მოიწიე და შემომეფეთე,
ცეცხლი მომედო, მომიღო ბოლო,
მოვშლი პომადას მაგ ტუჩებიდან,
მანამდე გეტყვი: - მინდიხარ, გოგო!
გავიჟღინთები შენი სურნელით
და საბოლოოდ მომიღებ ბოლოს,
ვეღარ გავუძლებ, მოგიბრუნდები
და ჩაგჩურჩულებ: - მიყვარხარ, გოგო!“
ასრულებს ამირანი და მხოლოდ შემდეგ ვაცნობიერებ, რომ სუნთქვა მაქვს შეკრული. კანზე ეკალი მაყრის და ეს მუდმივ სახეს იძენს. გული ამოვარდნას მაქვს. ეს ლექსი ისე ძლიერად მოქმედებს ჩემზე, რომ ყვირილი მინდება. ვერ ვისვენებ. ასე მგონია, ყველა ხედავს რა ხდება ჩემ შიგნით. გადასამოწმებლად ცეცხლის გარშემო მსხდომთ ვათვალიერებ და რეზის მზერას ვაწყდები. ჩუმ, მალულად გამოპარებულ მზერას. მართალია მათში კონკრეტულს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ, იმდენად დაჟინებულია, რომ მაწუხებს. არ ვიცი თვითონ რას ფიქრობს, მაგრამ მე თითოეულ სტრიქონზე მასთან დაკავშირებული მოგონებები მიტივტივდება თავში. თუმცა, ჩავდივარ თუ არა ბოლოში, ვჩერდები. „მიყვარხარ, გოგო“ არა, ფიქრებში ის ფრაზა ცარიელია. ეს არ ყოფილა, არც არის და არც იქნება. არც მინდა, რომ იყოს. შუბლი თავისით მეკვრება. ის მხედავს და იმავეს იმეორებს. მე ამაზე უარესად ვიბღვირები და მზერა ნიკოლის ხელებზე გადამაქვს, რომელიც რეზის ხელს შემოხვევია. თავს ოდნავ ვიქნევ. საკმარისი!
ლიზის ამირანის მხარზე ჩამოუდია ნიკაპი და ბიჭს წამების ინტერვალით ლოყაზე კოცნის. აქამდე ჩამოვარდნილ სიჩუმეს კი ნიკოლი არღვევს.
-არ ვიცი რა თქვი, მაგრამ კარგი ხმა გაქვს. ზუსტად ლექსების სათქმელი. - ამირანი მადლობას ეუბნება. შემდეგ გოგო გვერდით ბრუნდება და ბიჭს გიტარაზე უთითებს. - შეიძლება? - ბიჭიც სტუმარს უარს როგორ ეტყვის? გიტარას უწვდის. ოჰო, ახლა ნიკოლი დაუკრავს? არაა. გოგო გიტარას რეზის უწვდის. შეფი წელში სწორდება და ინსტრუმენტს უბღვერს. არაა, ეს შეუძლებელია.
-რას აკეთებ? - ეკითხება რეზი უკმაყოფილოდ.
-ლექსი ვერ გავიგე, სამაგიეროდ მუსიკას ნამდვილად გავიგებ. - თვალს უკრავს ის.
-ნიკოლ... - თავს აქნევს შეფი და გიტარას არაფრით არ ეხება.
-გთხოვ, ჩემი ხათრით. - თვალებს უციმციმებს გოგო.
მოუთმენლად ველოდები, რას გააკეთებს. წესით არ უნდა გამოართვას, მაგრამ მისი სახით იმდენ სიურპრიზს წავაწყდი, რომ აღარაფერი გამიკვირდება. რეზი და გიტარა? ისევე შორი-შორს მეჩვენებიან, როგორც რეზი და რთველი. პლედის ქვეშ ვიბუზები და ლუდის ბოთლს მაგრად ვუჭერ თითებს, თითქოს ეს მას დაკვრისკენ უბიძგებს. რეზი ნიკოლს ისე უყურებს, მარტონი რომ იყვნენ ალბათ დაახრჩობდა. გოგო კი მუდარით სავსე საყვარელ გამომეტყველებას არ იცვლის. როგორც ჩანს, სულ არ ადარდებს, რეზი რომ გააბრაზა.
ბოლოს შეფი უკმაყოფილოდ ნებდება, გიტარას ართმევს და კალთაზე მაინც ყოყმანით იდებს. ისე ვიძაბები, თითქოს მისგან ჩხუბს ველოდე, მაგრამ, პირველივე ნოტის აღებისთანავე ვთავისუფლდები. წარმოდგენა არ მაქვს, რას უკრავს, მელოდია ჩემთვის უცნობია, მაგრამ მომწონს, ძალიან მომწონს. პირველი ტაეპის დასრულების შემდეგ, მოულოდნელად ერთ-ერთი მიმტანი მუსიკას სიმღერით ჰყვება. კიდევ ერთი სიურპრიზი. სიმღერა რუსულია. პირველი რაც მესმის, ეს არის სიტყვები нежданно-негаданно, „მოულოდნელ-ამოუცნობი“. ტანზე ერთიანად ეკალი მაყრის. არ ვიცი, იქნებ ტექსტის, იქნებ სასიამოვნო მელოდიის ან იმის გამო, რომ რეზი უკრავს, მაგრამ ფაქტი ერთია, გაოცებული, მოდუნებული და კმაყოფილი ვარ. თვალს ვერ ვწყვეტ სიმებზე მოთამაშე ლამაზ თითებს, რომლებიც ასეთ ლამაზ მუსიკას უკრავს და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ამას რეზი აკეთებს.
ბიჭი კიდევ ერთხელ იმეორებს „მოულოდნელ-ამოუცნობს“ და კოცონიდან ავარდნილი ცეცხლის მიღმა, წამიერად რეზის მზერას ვაწყდები. წამიერად, მაგრამ კარგად ვხედავ მის განსხვავებულობას. გამომეტყველება ჩუმი და თბილი აქვს. თვალებს ცეცხლის შუქი უნათებს და მასში სიფრთხილეს, დანაშაულს ვხედავ. თითქოს არ უნდოდა, რომ მისი ეს მზერა შემემჩნია. ამ ერთი წამით ერთიანად ვთბები და მეღიმება. რეზი, რა გჭირს? მაინცდამაინც ახლა, ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ აჩენ შენს იმ მეორე „მეს“, რომლის აღმოჩენასაც ვგეგმავდი?!
დაკვრას ასრულებს, გიტარას იღებს და ნიკოლს ისე უბრუნებს, როგორც გამოართვა - უკმაყოფილოდ. სამაგიეროდ, ნიკოლია გახარებული, მე კი „ზე“ კმაყოფილი. ბავშვები ტაშს უკრავენ. ლიზი აღფრთოვანებას ვერ მალავს და შეფს აქებს. ისიც ჩუმად ეუბნება მადლობას და შუბლშეკრული ჩემკენ აპარებს თვალს. მე პასუხად ვუღიმი და ამაზე კიდევ უფრო იღუშება.
-შენ რას იტყვი ანა, ხომ მაგარი იყო? - მეკითხება ლიზი. აჰა, საჯაროდ აზრის დაფიქსირებაც მომიწია. რეზის მოღუშულ სახეს ინტერესი და მოლოდინი ცვლის. თვალებს ოდნავ იწვრილებს. მეც იმავეს ვიმეორებ და ვამბობ:
-კი, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, შეფს რომ ემღერა.
ის-ისაა ჩემი იდეით ჭკუადამჯდარი ბავშვები რეზის აშტერდებიან, რომ შეფი უარყოფის ნიშნად ხელებს ასავსავებს.
-დაკვრისთვისაც საკონდიტროში გაზღვევინებთ. - გვემუქრება.
-შეფ, ჩვენი რა ბრალია, ნიკოლმა გთხოვათ. - იცხადებს მაკო.
-არც მას დააკლდება. - ზემოდან უყურებს მუქარის თვალებით რეზი მას. გოგო ვითომ ვერ იგებს და შეფი უთარგმნის. ნიკოლი კისკისებს, ლოყაზე კოცნის და კისკისებს. პლედს შიგნიდან ვუჭერ თითებს და ვიბუზები. რეზის დაკრული მელოდიით გამოწვეული სითბო დიდხანს არ მეყო.

***
დაახლოებით თხუთმეტ წუთში ვიშლებით და კარვებში შევდივართ. მაკოსა და ლანას შორის გაჭ....ტილს მიწევს წოლა. მაგრამ ამას ერთი პლიუსი აქვს - თბილად ვარ. გარეთ საკმაოდ ცივა. რადგან კარვები არც ისე ბევრი გვაქვს, ზოგს ავტობუსში სძინავს.
ტყუპებს დაწოლისთანავე ეძინებათ, მე კი ისევ თვალები მიჭყეტია. ვცდილობ, ცოტა მაინც გამოვიძინო, მაგრამ ვხუჭავ თუ არა თვალებს, რეზის წელზე შემოხვეულ ნიკოლის ხელებს ვხედავ. გონებიდან არ ამომდის მისი გამომეტყველება და გამუდმებით ტანზე ეკალი მაყრის. თითქოს მზერით შემეხო და სხეულზე სითბო მომგვარა. ეს ისეთი სასიამოვნო გრძნობაა, რომ ფიქრებში წასულს მეღიმება კიდეც, მაგრამ მხვდება თუ არა მძინარე ლანას მიერ მოქნეული ხელი ცხვირში, მაშინვე რეალობას ვუბრუნდები და საკუთარ თავს უკანასკნელი სიტყვებით ვლანძღავ.
არა, ფხიზლად წოლით და ძილის მცდელობით დაღლილს წელი მტკივდება. ველოდები, როდის მომცილდებიან გოგოები ოდნავ მაინც და ჩუმად ვდგები. ჩემ პლედს ვიღებ და მობილურის ფარნის დახმარებით გარეთ ფეხაკრეფით გავდივარ. საათი ხუთის ნახევარს აჩვენებს. ნაცეცხლართან პატარა ლოდზე ვჯდები და პლედს ვიხვევ. ნაცარს ჯოხით ვქექავ და ძირში ალისფრად მოელვარე ნამწვს ვხედავ. პატარა ფიჩხებს ვაყრი, სულს ვუბერავ და სალფეტკს ვადებ, რომ ცეცხლს გაჩენაში დავეხმარო. ესეც ასე. პატარა კოცონიც დავანთე. კმაყოფილი თითებს ვითბობ და პლედში ვიბუზები. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და სმენას ვძაბავ. რა სასიამოვნოა. ხანდახან ჩიტის ჟღურტულის და ცეცხლის ტკაცუნის ხმა თუ მესმის, მეტი არაფრის. მშვიდი, სუფთა, დასვენებული სიჩუმეა. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ მედიტაციით ამ პლანეტას მოვწყდე და ეს სასწაული სიამოვნება შევირგო. მაგრამ არა, წინა ცხოვრებაში ალბათ ძალიან ცოდვილი ვიყავი. უკან იმ იმედით ვიხედები, რომ ზურგიდან სწორედ ის არ მიახლოვდება, ვისზეც ვეჭვობ, მაგრამ აბა გამოიცანით? რა თქმა უნდა, აქაც ვცდები. თვალებს მობეზრებით ვატრიალებ და თითებს პლედის ქვეშ ვმუშტავ. იქნებ როგორმე გაბრაზება ჩავიხშო. რეზი ჩემ გვერდით ლოდზე ჯდება და მობუზული თითებს კოცონს უშვერს.
-ეს ჩემი კოცონია. - ვეუბნები და შემდეგ ვაცნობიერებ, რა სასაცილო წამოწყებაა ჩემი მხრიდან. უცნაურია, წეღანდელი ფიქრების შემდეგ ისევ კარგ ხასიათზე რომ ვარ.
-სახლიდან წამოიღე? - მეკითხება რეზი და იცინის.
-რა გაცინებს, მე ავანთე.
-მერე, უნდა გახარებდეს ის ფაქტი, რომ შენი ცეცხლით მე ვთბები. - თვალს მიკრავს. აი, რა უნდა?!
-შენ შენი ცეცხლი გაქვს და იმით გათბი. - ცოტა შურიანი ტონი გამომდის და ტუჩს ვიკვნეტ. მაგრამ უცნაურია, ჩუმადაა და არაფერს მპასუხობს.
ჩუმად ვაპარებ მისკენ თვალებს. ცეცხლი მის სახის კანს ნარინჯისფრად ანათებს. დაკვრისას შემჩნეული მისი მზერა მახსენდება, ის წამეული უცხო მზერა და არ ვიცი, რატომ, ახლა მის გვერდით თავს უხერხულად ვგრძნობ. ისეთი განცდა მეუფლება, რომ რაღაც ისეთი დავინახე, რაც არ უნდა დამენახა.
-კარგად უკრავ. - ვეუბნები შედარებით ჩუმად.
-გმადლობ.
-მღერი კიდეც?
-ნიკოლი ფიქრობს, რომ ვმღერი.
-საკუთარ თავს რატომ მალავ? - გაუცნობიერებლად მცდება ნაფიქრი სიტყვები და მაშინვე მის მზერას ვაწყდები. სუნთქვა მეკვრება. არაა საჭირო ეს გამომეტყველება. ისედაც ვხვდები, რომ დავაშავე.
-ანა, გახსოვს რა გითხარი ხუთშაბათს ბაღში? - მეკითხება.
-მახსოვს.
-მაშინ ამას აღარ უნდა მეკითხებოდე.
-მაშინ არც შენ უნდა თბებოდე ჩემი ცეცხლით და არც ასე უნდა იქცეოდე. თანაც, ჩვენს შორის მხოლოდ ვნება იყო. ამ შეკითხვას კი ვნებასთან საერთო არაფერი აქვს.
წარბშეკრული მიყურებს და ხმას არ იღებს. ალბათ ხვდება, რომ მართალი ვარ.
-თემა შეცვალე.
-არა.
-მაშინ წავალ.
-ძალიან კარგი. მე ისედაც არ ვგეგმავდი აქ შენთან ერთად ჯდომას.
-საკუთარ თავს არ ვმალავ, ისე ვიქცევი, როგორც საჭიროა. ახლა გასაგებია?
-არც ისე.
-ხოდა იფიქრე.
-გინდა, რომ ამაზე ვიფიქრო?
-არა, მაგრამ აზრი აქვს რამის აკრძალვას? - მობეზრებით მაცქერდება.
-მართალი ხარ, არ აქვს. - მეცინება.
ცოტა ხნით ჩუმად ვართ. შემდეგ ბრუნდება და დამპლური ღიმილით ამბობს:
-მეგობრულად გეკითხები, რა ხდება შენკენ ახალი?
სიცილი მიტყდება და ხალხი რომ არ გავაღვიძო, პირზე ხელებს ვიფარებ.
-არაფერი, გარდა იმისა, რომ ჯგუფთან ერთად ექსკურსიაზე ვარ. - ვამბობ ისევ სიცილით. თუმცა, ვიცი რაც აინტერესებს და მაინც ვერ ვხვდები, რატომ. - მაგრამ შენ თუ გიგასკენ მიგყავს საუბარი, გეტყვი, რომ ჯერ-ჯერობით ის მხოლოდ ჩემი ნაცნობია.
-სიტყვა „ჯერ-ჯერობითის“ არსის არ მწამს.
-აი დარდი. - ვიცინი.
-უკვე გაკოცა?
-რეზი, თავი დამანებე! - თვალებს ვაჭყიტავ გაოცებული. საერთოდ ამას როგორ მეკითხება?!
-ანუ გაკოცა? - წარბებს ზემოთ სწევს.
-შენი საქმე არაა. - ესეც ასე. რადგან თავს არ მანებებს, ახლა იმკითხაოს, მაკოცა თუ არა გიგამ. საფიქრელად დრო დიდი ექნება. ვდგები და პლედს ვიხვევ.
-რას აკეთებ? - მიყურებს ეჭვით და ისიც დგება.
-შევბრუნდები, იქნებ ცოტა დავიძინო. შენ კი დარჩი ჩემს ცეცხლთან და გათბი. - გამოჯავრებით თვალს ვუკრავ და კარვისკენ მივდივარ. ის-ისაა შესასვლელად ვიხრები, რომ იდაყვზე მძლავრად ჩაჭიდებულ მის ხელს ვგრძნობ. თავის გათავისუფლებასაც კი ვერ ვასწრებ, ისე უცბად მაბრუნებს თავისკენ, ჩემს სახეს ხელებში იქცევს და ვნებიანად აწყდება ბაგეებს. ორწამიანი პროტესტის შემდეგ მეც მის სურნელში ვიკარგები, პლედს მხრებიდან ვიძრობ, მთელი სხეულით ვეტმასნები და თითებს თმაში ვუცურებ. სამი თვის მონატრებული კოცნა თავბრუს მახვევს და მახელებს. კოცონის სითბოსგან გახურებული სახის კანის შეხება სურვილებს უფრო და უფრო მიმძაფრებს. მისი მოშიშვლებული მკლავები მაისურის ქვეშ, ზურგზე დასრიალებენ და რეზის მკერდს კიდევ უფრო მაწებებენ. ცერებზე ვიწევი და მთელი ძალით ვეხვევი. აქამდე ვერ ვხვდებოდი ასე ძლიერ რომ მენატრებოდა მისი შეხება. მკოცნის და ვერ ვძღები. ამდენი ხნის დაგროვებული ვნება ახლა ახელს თვალებს და უფრო თამამ მოქმედებებს ითხოვს.
უცბად ჩერდება და მე უკმაყოფილოდ ვკვნესი. ტუჩებზე თითებს მისვამს და ცხვირით ლოყაზე მეფერება. მისი ხშირი სუნთქვა ისევ კოცნისკენ მიბიძგებს, მაგრამ სიამოვნებისგან გაბრუებული ვერ ვიძვრი. ასე მგონია მის გარსში ვარ მოქცეული.
-უკვე გავთბი, არამზადავ! - ჩურჩულებს. ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის და თავისი კარვისკენ ბრუნდება.


13 თავი
***
დაახლოებით ორი საათით ვახერხებ ძილს და მიკვირს, ამასაც როგორ. დილით ბიჭების საუბრის ხმა მაღვიძებს. მაკო და ლანა კარავში არ არიან. გაღვიძებაც ისევე დამასწრეს, როგორც დაძინება. ცოტა ხნით ვნებივრობ და შემდეგ მეც ვდგები.
ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. მთელი დღე რეზი ისე იქცევა, თითქოს არც მიცნობდეს. რა თქმა უნდა, ის ხომ ოსკაროსანი მსახიობია?! მე კი, ჯანდაბა, გამუდმებით მისკენ გამირბის თვალები. ნამდვილად განსაკუთრებული და სასურველი ადრიანი დილა მქონდა, მაგრამ ახლა? ღმერთო, ნიკოლს ისე ვუღიმი, ვითომ არაფერი მომხდარა და ამის გამო საკუთარი თავი მეზიზღება. მე ხომ ისე ვიქცევი, როგორც არ შემეფერება და მსგავს საქციელს სხვას არასოდეს მოვუწონებდი? არა, ყველაფერს რეზის ვერ დავაბრალებ. არც ისაა ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ... მე რომ არ მნდომოდა, უბრალოდ არ ავყვებოდი კოცნაში, გამოვლანძღავდი და შევიდოდი კარავში. ამის ნაცვლად კი ვისიამოვნე. სამაგიეროდ მთელი დღეა დანაშაულის გრძნობით დავდივარ და გულს იმითაც ვერ ვიმშვიდებ, რომ აქამდე უნახავ ბოდბის მონასტრის არაჩვეულებრივ ეზოში ვიმყოფები. პირიქით, საკუთარი საქციელის ახლა უფრო მრცხვენია.
მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობ დავმალო, გოგოები ჩემი ხასიათის ცვლილებას მაინც ამჩნევენ. რომ აღარ მეშვებიან, ყველაფერს გამოუძინებლობას ვაბრალებ და ისინიც მამხნევებენ.
სახლში ღამის პირველი საათისთვის ვბრუნდები. მხოლოდ იმასღა ვახერხებ, რომ მონატრებულ მშობლებს და დას ვკოცნი და ტანსაცმლის გაუხდელად საწოლში ვიკუნტები.
დილით თერთმეტ საათზე მეღვიძება. გუშინ ბავშვები შეფს უთანხმდებოდნენ დღევანდელი დღის გაცდენაზე და რადგან ვერ დაითანხმეს, ჩვენ ცალკე ავჯანყდით. დღეს პრაქტიკაზე წესით არავინ უნდა იყოს, თუ რა თქმა უნდა, ყვავმა არ გამოიდო თავი. წარმოვიდგენ რეზის გამომეტყველებას, როცა საკონდიტრო ცარიელი დახვდება და გულიანად მეცინება.შემდეგ გემრიელად ვიზმორები, ვდგები და სააბაზანოში საათზე მეტ ხანს ვნებივრობ. გამოსვლისას ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. საუზმის შემდეგ გიგა მირეკავს და დიდხანს ვსაუბრობთ. უნდა, რომ ხვალ ერთმანეთს შევხვდეთ. სადაცაა თანხმობის თქმას ვაპირებ, რომ რეზი მახსენდება და უკვე აღარ ვიცი რა ვქნა. ვიმიზეზებ, რომ დრო არ მექნება და გიგაც გაგებით ეკიდება ამ ამბავს. არა, რეზისთან ყველაფერი უნდა გავარკვიო. მეგონა ხუთშაბათს ბაღში ჩვენი საუბრით ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ გუშინ შეფმა უკან დაიხია. რაღაც დიდ გაუგებრობაში მაქვს ფეხი მოყოლილი. როცა შანსი ჩნდება, რეზიზე უარს ვერ ვამბობ, არადა მას შეყვარებული ჰყავს და ამის გამო ჩვენი ურთიერთობა ჩემთვის დაუშვებელი და შემაწუხებელია. ნიკოლი კარგი გოგოა, მე კი არა, არ ვარ კარგი. არც რეზია კარგი. ჩვენ ორნი ცუდად ვიქცევით. მე კი... მე ძალიან მინდა ამის გამოსწორება.

***
სამშაბათია. ალბათ იმიტომ, რომ გუშინდელის გამო რეზის გული მოვიგოთ, პრაქტიკულს არავინ ვაცდენთ. გამოცვლილები და მომზადებულები საკონდიტროში ცხრა საათზე მაგიდასთან გამწკრივებულები ვხვდებით. შეფი! დღეს ის ნამდვილი დემონია. დასაწყისში გუშინდელი გაცდენისთვის ყველას გვეჩხუბება. უპასუხისმგებლოებს, თავქარიანებს, ზარმაცებს და უსაქმურებს გვეძახის. ყოველივე ეს რა თქმა უნდა ეკას არ ეხება, რადგან ჟურნალის გუშინდელ გრაფაში მხოლოდ მას არ უწერია „არა“. აფერისტი, ლაქუცა ყვავი! საბოლოოდ ჩვენს ლანძღვას იმით ამთავრებს, რომ ოთხ რეცეპტს გვაწერინებს და ოთხივეს მომზადებას დღესვე აპირებს. გამოდის, რომ დღეს იმაზე გვიან გავალთ კოლეჯიდან, ვიდრე გვეკუთვნის.
ასეც ხდება. სასწავლებლიდან შვიდის ნახევარზე გამოვდივართ და ქანცგაწყვეტილები მივდივართ გაჩერებასთან. იმისი თავიც არ მაქვს, რომ რეზისთან სერიოზულ საუბარზე ვიფიქრო.

***
ოთხშაბათს ნიკოლი გვსტუმრობს და გვამცნობს, რომ დღეს შოკოლადის მასტერ-კლასს ჩაატარებს. ტრიუფელების საკუთარ რეცეპტს გვაწერინებს და ამზადებს კიდეც. ფორმის მიღებაში ჩვენც ვეხმარებით. როგორც აქამდე, რეზი ისე იქცევა, თითქოს არაფერი ხდებოდეს. მე კი უხერხულობისგან აღარ ვიცი, რამდენად შორს დავიჭირო გოგოსგან თავი. შეფი ამჩნევს ჩემს გარიყულობას და მის ბაგეებზე რამდენჯერმე ვხედავ ირონიულ, გადაფიქრებულ ღიმილს. ასეთი გულქვა იდიოტი როგორაა?!
ტრიუფელების შემდეგ ნიკოლი შოკოლადს ორთქლის აბაზანაზე ადნობს, შემდეგ სამუშაო მაგიდაზე ასხამს და ამუშავებს მანამ, სანამ არ გამაგრდება და მისგან ათასგვარ ფიგურებს ქმნის. აღფრთოვანებული ვარ. ნიკოლი უდავოდ ნიჭიერია. შესვენებამდე მიღებულ აპლოდისმენტებს მორცხვად ირებს და გახარებული რეზის მხარს ეყრდნობა. თვალები თავისით გამირბის გვერდით.
ცოტა ხანში კაფეტერიაში ჩავდივართ და ვნაყრდებით. გოგოები სიგარეტისთვის გარეთ გადიან. მე ვრჩები და ყავას ვუკვეთავ. გარეთ ცოტა გრილა და შენობაში ვამჯობინებ ყოფნას. ის-ისაა მიმტანს ჩემთან ფინჯანი მოაქვს, რომ ჩემს მაგიდასთან ნიკოლი ჯდება.
-Hi. - მეუბნება ღიმილით.
-Hi. - მეც ასევე ვპასუხობ.
-Coffee, please. - ეუბნება მიმტანს და ისევ ჩემკენ ბრუნდება.
-როგორ ხარ? - ამბობს ქართულად.
-კარგად, შენ? - ღმერთო, მთელი დილაა ამ გოგოსგან შორს ყოფნას ვცდილობ, ის კი ახლა გვერდით მიზის. ყავის ფინჯანს თითებს ვახვევ და შავ სითხეს დავყურებ.
-მეც კარგად. მოგეწონა ტრიუფელი?
-კი, უგემრიელეს შოკოლადს ამზადებ. რეზის რეცეპტისგან განსხვავებულია.
-ჰო, ამაზე ვერ შევთანხმდით. - იცინის.
-შეიძლება რაღაც გკითხო? - ვუყურებ ნიკოლს. ვყოყმანობ, მაგრამ მაინც მინდა ამის გაგება.
-Of, course. - ამბობს და მიმტანს ყავას ართმევს.
-პარიზში იდეალური სამსახური აქვს და აქ რატომ ასწავლის?
-აამ. - გოგო ცბუნდება, თითქოს იბნევა კიდეც, მაგრამ მისი მხიარული გამომეტყველება მალევე ფარავს ყველაფერს.
-უნდოდა ცოტა ხნით საქართველოში ესწავლებინა თავისი პროფესია. მე ვაფასებ მის ამ საქციელს.
-ა, გასაგებია. - ვბუტბუტებ, მაგრამ ასეთი ზოგადი პასუხი მაინც ეჭვს მიჩენს. ხო, გაცნობის დღეს რეზიმაც ის გვითხრა, რომ თავისი ცოდნის გაზიარება აქაური ახალგაზრდებისთვის უნდოდა, მაგრამ ახლა, როცა ის ასე თუ ისე გავიცანი, უკვე აღარ მჯერა. უბრალოდ უცნაურია რეზისნაირი ადამიანი საქართველოში მუშაობდეს ლექტორად იმ ხელფასზე, რომლის ერთი თვის რაოდენობასაც შესაძლოა პარიზში თავის კაფეში ერთ დღეში იღებდეს. ნიკოლს აღარ ვაცივდები.
-გუშინ წინ გაბრაზებული იყო. - მეუბნება ინგლისურად და ყავას სვამს. მეც იმავეს ვიმეორებ.
-ხო, ლექცია გავუცდინეთ. - მეცინება. - დაღლილები ვიყავით.
-მესმის. - თავს იქნევს. - სახლში რომ მოვიდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა.
გაუჭირდებოდა. მის სახეს წარმოვიდგენ და გულში მეცინება. შემდეგ თვალებზე ერთი კითხვა მებადება და არც კი ვიცი მაქვს თუ არა უფლება, ვიკითხო. მაგრამ მაინც ვრისკავ.
-შენი აზრით რეზის რა ფერის თვალები აქვს?
-ცისფერი. - ამბობს ნიკოლი და მაცქერდება. ჯანდაბა! არა, ენა უნდა დამემოკლებინა. გოგო დაბნეული ჩანს ჩემი კითხვით, მაგრამ მოგვიანებით მიღიმის და თვალებს იწვრილებს. - კი, ცისფერი აქვს. - მიქნევს თავს და ჩემ ზურგს უკან ვიღაცას ხელს უქნევს. რთული გამოსაცნობი არაა, ვინ არის ეს „ვიღაცა“. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ რეზი ჩვენთან არ მოდის. ნიკოლი მებოდიშება და მასთან მიდის.
ესე იგი ცისფერი. აბა მე რატომ ვერ დამიდგენია ასე კონკრეტულად? პრაქტიკის გაგრძელებამდე იმავე შეკითხვას გოგოებსაც ვუსვამ. ჯერ ეჭვის თვალით მიყურებენ და მას შემდეგ, რაც ვარწმუნებ, რომ ეს უბრალო ინტერესია, ერთხმად აღიარებენ, რომ რეზის ნაცრისფერი თვალები აქვს. ძალიან მაგარია!

***
სექტემბრის უკანასკნელი ოთხშაბათია. კოლეჯში ადრე მივდივარ. იქნებ შეფი ვნახო და მასთან მარტომ მოვახერხო საუბარი, მაგრამ სულ ტყუილად, რეზი ისეთ დროს მოდის, რომ კოლეჯი უკვე სავსეა. გაწბილებული ვიცვამ ფორმას და საკონდიტროში შევდივარ. შემდეგ იდეა მებადება და რეზის მესიჯს ვწერ.
„ - უნდა ვილაპარაკოთ.“
ის-ისაა მობილურს ჯიბეში ვიდებ, რომ აუდიტორიაში შეფი შემოდის. ხელში ჟურნალი და ტელეფონი უკავია, რომელსაც ჩაჰყურებს: გვესალმება, ორი წამით თვალს მისწორებს და სიის ამოკითხვას იწყებს. არა, შეტყობინებაზე რომ ეპასუხა დიდ დროს წაართმევდა?! გაბრაზებული თვალებს ვატრიალებ და „ვარს“ კბილებში ვცრი. რეზის ეღიმება.
-ასე. - ამბობს ის. ჟურნალს ხურავს და გვათვალიერებს. - თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს. პირველ ნოემბერს, პროფესიულ კოლეჯებს შორის ტარდება შეჯიბრებები ყველა პროფესიაში. - მაკოსკენ ვიხედები. „ხომ ვამბობდი“ გამომეტყველება აქვს. მეცინება. - თითო ჯგუფიდან, უფრო სწორად თითო ფაკულტეტიდან ორი სტუდენტი იგზავნება. თქვენს შემთხვევაში ამ ორ სტუდენტს მე შევარჩევ.
-როგორ? - ეკითხება ერთ-ერთი ჯგუფელი.
-შემეძლო უბრალოდ დამესახელებინა ჩემი ვარიანტები, მაგრამ უსამართლოდ რომ არ მოგეჩვენოთ, გამოცდას მოვაწყობ. თითოეული თქვენგანის პროდუქტს თქვენვე შეაფასებთ და ორ საუკეთესოს ხმათა უმრავლესობით გამოავლენთ. გაწყობთ? - თავის ქნევით ყველა ეთანხმება. - რაც შეეხება შეჯიბრის პრიზებს: გამარჯვებულ კოლეჯს გადაეცემა დიპლომი და სიმბოლური თასი, სტუდენტს დიპლომი და კიდევ რაღაც, რასაც არ ამხელენ, მაგრამ როგორც ამბობენ საკმაოდ სოლიდურია.
-გამოცდას როდის ჩაატარებთ? - ეკითხება ლიზი.
-ორშაბათს. იქნება ბილეთები. ასე, რომ განვლილ მასალას გადახედეთ. ახლა კი ჩაიწერეთ რეცეპტი.
მე მასთან საუბარი უფრო მადარდებს და მაფიქრებს, ვიდრე ეს შეჯიბრი. შესვენებას რომ აცხადებს, აუდიტორიაში ვყოვნდები და როცა ოთახი ცარიელდება, მის მაგიდასთან მივდივარ.
-არ მცალია. - მეუბნება, რაღაც ფურცლებს იღებს და დგება.
-როდის გეცლება? - ვეკითხები.
-ამ საკითხისთვის არასდროს. - წარბებს ზემოთ სწევს.
-ვერ ხვდები, რომ ასე არ შეიძლება?
-როგორ?
-თავს ნუ ისულელებ, რა. ორივეს ნაცვლად ნიკოლის მე მრცხვენია.
-კარგი გოგო ხარ. - თვალს მიკრავს და კარისკენ მიდის.
-რეზი!
-რა?
-ჩვენ ხომ შევთანხმდით?
-ხო, მაგრამ პირობა დავარღვიე, თანაც სასიამოვნოდ.
-ხოდა, უნდა დამპირდე, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. გესმის?
-ლექტორების გასახდელში შედი. - მობეზრებით ოხრავს.
-რაა?
-შედი და იქ ვისაუბროთ.
-იქ ერთხელ უკვე ვიყავი. შენ მე შემიტყუე. თუ ახლაც იმავეს გეგმავ...
-ან შეხვალ, ან აქვე მოვრჩებით საუბარს.
საკონდიტროდან ქშენით გავდივარ. დერეფანს ვათვალიერებ. კარიდან დამლაგებლის გასვლას ველოდები და ლექტორების გასახდელში შევდივარ. ერთხელაც იქნება და აქ ვიღაც გამომიჭერს. ცოტა ხანში რეზიც შემოდის და კარს კეტავს. ეს ცუდის ნიშანია. ვუბღვერ.
-აბა, გისმენ. - გულზე ხელებს იკრებს და კარს ეყრდნობა.
-მისმენ? - თავს ძლივს ვიკავებ, რომ წყობიდან არ გამოვიდე. - ვერ ხვდები როგორ იქცევი?
-ვერა. - მხრებს იჩეჩავს.
-შენ მე მითხარი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. მე ამ აზრს უკვე შეჩვეული ვიყავი, მანამდეც და მას შემდეგაც, მაგრამ შენ არასწორად იქცევი.
-არც შენ გითქვამს უარი, ხომ ასეა? პირიქით, მომეკარი, - ჩემკენ ერთ ნაბიჯს დგამს. - ხელები მომხვიე. - მეორე ნაბიჯს დგამს. - კოცნაში ამყევი. - მიახლოვდება. - თან მხურვალედ, ვნებიანად. - უკან ვიხევ, მაგრამ ისიც თან მომყვება. - როცა კოცნა შევწყვიტე, უკმაყოფილოც კი დარჩი. - იცინის.
-მორჩი ამ ყველაფერს, რეზი. - თვალებში ვუყურებ. - კარგი, არ უარვყოფ, მეც შევცდი, მაგრამ შენ ცუდად თამაშობ და მე არ მომწონს ჩემი როლი. ვერ ვიდგები შუაში და ვერ ვიქნები მესამე.
-რა გინდა?
-დამპირდი, ამჯერად უკანასკნელად დამპირდი, რომ შემეშვები.
-შენ ეს გინდა? - წარბებს ზემოთ სწევს.
-რა თქმა უნდა, მინდა! ამდენს ტყუილად ვლაპარაკობ?!
-კარგი, მოდი გადავამოწმოთ. - წელზე ხელს მხვევს და მკერდზე მიკრავს. ამ მოსალოდნელი მომენტისთვის მომზადებული ხელს ვკრავ და უკან ვიხევ.
-ოჰოო! - იცხადებს, შემდეგ იცინის და ისევ ჩემკენ იწევს. კარისკენ წასვლას ვცდილობ, მაგრამ წინ მეღობება. ჩემს სახეს ხელებში იქცევს, კედელს უხეშად მაყრდნობს და ტუჩებზე დამყურებს. ჯანდაბა, რატომ ვარ ასეთი სუსტი? მის ასეთ სიახლოვეს ვერ ვუძლებ. პროტესტის და სურვილის გრძნობა ერთმანეთს ჭამენ და მღლიან. თითებს მის მკლავებს ვახვევ. ცხელი სუნთქვა ნიკაპზე მელამუნება. სახე უფრო ახლოს მოაქვს. თვალებს ვხუჭავ და ველოდები, რომ მაკოცებს, მაგრამ ის ოდნავ მეხება ბაგეებზე.
-გამაგებინე, რეზი, ნიკოლი გიყვარს? - ვბუტბუტებ.
-მიყვარს. - ამბობს და ვნებიანად აწყდება ჩემს ტუჩებს. რატომ? პასუხის მიუხედავად კოცნაში რატომ ვყვები? მინდა, მინდა და იმიტომ, მიზიდავს, სასურველია და იმიტომ. მასაც ვუნდივარ და იმიტომ. ამას ვერ გავექცევი, ვერასდროს, მაგრამ როგორმე თავი უნდა მოვთოკო. როგორმე ცივი უნდა ვიყო.
სახეზე თითებს ვკიდებ და ვაჩერებ. ზემოდან დამყურებს. ამჯერად თავადაა უკმაყოფილო.
-დამპირდი, უბრალოდ დამპირდი, რომ თავს დამანებებ.
ხელებს მიშვებს, განზე დგება და ამბობს:
- შემიძლია ათასჯერ დაგპირდე და ათასჯერვე დავარღვიო ეს პირობა.
თვალებში ვუყურებ და ვერაფერს, საერთოდ ვერაფერს ვხედავ. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ იქცევა ასე. ძირს დავარდნილ საკონდიტროს ქუდს ვიღებ და გასახდელიდან გავდივარ. ისღა დამრჩენია, მხოლოდ მე ვთქვა უარი. იქნებ ამის შემდეგ მაინც შემეშვას.

***
ბილეთს ვიღებ. „ოპერა“ - წერია იქ. ჯანდაბა! ახლა ეს ააწყე არ გინდა? თუმცა, სულაც არ მაქვს არაფერი სანერვიულო. ისედაც ვიცი, რომ ოპერა ისეთი არ გამოვა, როგორიც საჭიროა. თანაც, დიდად არც მინდა იმ შეჯიბრზე წასვლა. ან რა საჭირო იყო ეს ყველაფერი? უბრალოდ დაესახელებინა თავისი რჩეულები და გაეგზავნა ისინი. რჩეულები რჩეულები არიან. ამ გამოცდაშიც ხომ მათი ნაწარმი იქნება საუკეთესო?
მუშაობისას ფიქრებს ვუღრმავდები და რეზის ლეპტოპი მახსენდება. მახსენდება მასში ნანახი საქაღალდეები „სამხილები“ და „კანდიდატები პარიზისთვის“. ლეპტოპს კოდი რომ არ სდებოდა, ახლა ჩემი ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილებული იქნებოდა. რაო რა მითხრა მაშინ? რომ გეცადა ბლოკის მოხსნას შეძლებდიო? საინტერესოა. მოდი, მაშინ ასე მოვიქცეთ შეფ. რადგან შენ მე არ მეშვები, მე შენს ლეპტოპს არ მოვეშვები. ვნახოთ რას მალავ.
ოპერა ასაწყობად მზად მაქვს. რეზი ფირფიტებს, კრემს და განაჟს მიფასებს და ნებას მრთავს აწყობა დავიწყო. როგორ შეაფასებენ ბავშვები ჩემს ნამუშევარს დღეს, როცა ოპერას მთელი ღამით მაცივარში დაყოვნება სჭირდება? ამ შეკითხვით შეფს მივმართავ. როგორც ჩანს ჩემს სიტუაციაში სხვებიც არიან და მათთან ერთად ჩემი ოპერაც ხვალ შეფასდება.

***
ხვალ. ესეც ხვალ.
ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს, როცა ლიზის შემდეგ ყველაზე მეტი ხმა ჩემს ნამუშევარს უგროვდება. გოგო გახარებულია, რომ შეჯიბრზე ერთად გავალთ. ყურში მეჩურჩულება, მეგონა ეკასთან ერთად მომიწევდა წასვლაო. ყვავს ერთი ხმა დააკლდა, რომ გამტოლებოდა.
შეჯიბრზე გასვლაზე მეტად ის მიხარია, რომ ოპერა კარგი გამომივიდა. შეფიც თავშეკავებული კმაყოფილებით აქებს. გვაინტერესებს, ვინ იყვნენ მისი რჩეულები, მაგრამ არ გვეუბნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად არ ვიყავით. უფრო სწორად მე. შესაძლოა ლიზის გვერდით სხვა წარმოედგინა. თუნდაც ეკა. ეს არც მიკვირს. ყვავი ახლა შესამჩნევი შურით გვათვალიერებს ორივეს და ალბათ გულზე სკდება. აცხადებს თუ არა შეფი შესვენებას, საკონდიტროდან გასულს ეკა მაშინვე უკან მისდევს. ცოტა ხანში კი ეზოში ცალკე მოსაუბრეებს ვხედავ. უნებურად მეცინება. განა რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ რეზიმ რომელიმე მათგანი მისით შეგვცვალოს? არაფერი. ის ამას არ გააკეთებს.

***
შემოდგომის მეორე თვეა და ტემპერატურაც დღითი დღე დაბლა ეცემა. შევნატრი ცხელ ზაფხულს და რომ წარმოვიდგენ წინ რამხელა სიცივეები გველის, გული მეწურება.
სამი კვირა ისე გადის, საინტერესო არაფერი ხდება, გარდა პირველი შუალედურებისა და იმ სამი შემთხვევისა, რაც ლექტორების გასახდელში მოხდა. ჩემი გეგმა, რომ ცივი ვყოფილიყავი, მისი შეხებისთანავე გათბა, გალღვა და მოითელა. დანაშაულის გრძნობა არ მტოვებს, მაგრამ ვერც რეზიზე ვამბობ უარს. შეფი კვლავ ჩემით ერთობა, მი კი მისით და არც კი ვიცი რა ჰქვია ჩემს საქციელს. ხანდახან თავს ვიმართლებ: რატომ უნდა ვღელავდე მე, როცა რეზის ამ ყველაფრის გამო სინდისი არ აწუხებს? მაგრამ დავინახავ თუ არა კოლეჯში მოსულ ნიკოლს, ყველაფერი თავიდან იწყება. ამ გოგოსი ძალიან მრცხვენია.
რაც შეეხება რეზის ლეპტოპს. არ დამვიწყებია ჩემი ჩანაფიქრი, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ ჩავიგდე ხელში. სხვადასხვა მიზეზების გამო მე და ლეპტოპი ვერ განვმარტოვდით. არადა პაროლის რამდენიმე ვარიანტი მაქვს და თუ რეზი მართლა თვლის, რომ გახსნა შემიძლია, ერთ-ერთი ნამდვილად სწორი იქნება.
***
გარეთ წვიმს. დღეს ცოტა უხალისოდ ვარ. გიგა მემესიჯება, მაგრამ ვერც მისი მხიარული განწყობა მშველის. მაკომ წარბზე პირსინგი გაიკეთა და მთელი დღეა შუბლწამოწეული დადის. მხოლოდ მის დანახვაზე თუ მეცინება. რეზიმ ახალი ნამცხვარი აგვაწყობინა, რომელსაც კარამელის მსუბუქი ფიგურებით გააფორმებს. ბავშვები ისვენებენ. ქურაზე შაქარი, წყალი და გლუკოზა იხარშება. სითხეს მორიგეობით ვდარაჯობთ. ის-ისაა ქურასთან შესამოწმებლად მივდივარ, რომ რეზი კარამელის მიხედვას მავალებს. ხუთ წუთში მოვალო ამბობს და გადის. სითხე უკვე შესქელებულია, მაგრამ საბოლოო სახის მიღებამდე ჯერ კიდევ დროა. იქვე კედელს ვეყრდნობი და მობილურზე მოსულ გიგას შეტყობინებას ვპასუხობ. საათი სამის ნახევარს აჩვენებს. გარეთ თავსხმა წვიმაა. სწორედ ისეთი ამინდია, რომ სახლში თბილად იჯდე, ცხელ კაკაოს სვამდე და რომანს კითხულობდე. მე კი საკონდიტროს ფორმაში გამოწყობილი ქურასთან ვდგავარ და კარამელს ვდარაჯობ. სინანულით ვოხრავ და სანამ ახალ შეტყობინებას წავიკითხავდე, ეკას ვავლებ თვალს, რომელიც მიახლოვდება და ქვაბს ჩაჰყურებს. მე მესიჯს ვაგზავნი და ფანჯარას გავყურებ. ტყუილად მაქვს იმედი, რომ წუთი-წუთზე მზე გამოვა. შემდეგ მზერა იქვე ფანჯარასთან მჯდომ ლანაზე გადამაქვს, რომელიც მისგან ზურგით მდგარი ეკას მიმართულებით შუა თითებს მაჩვენებს. ვიცინი და თვალს ვუკრავ. უცბად რაღაც ხმაურობს, ეკა „ვაის“ შეძახილით უკან იხევს და მე ფეხზე სიმხურვალეს ვგრძნობ, რომელიც წამის მეასედში ტემპერატურას უმატებს. ტკივილისგან ვყვირი, უკან ვხტები და ფეხს დავყურებ, რომელზეც ქვაბიდან გადმოღვრილი კარამელი ტლანქად გაშლილა და მწვავს. ფეხს ვიქნევ, მაგრამ სულ ერთია, არ მშორდება. ხმაურზე ბავშვები მეხვევიან, მე კი ვერავის ვხედავ. აუტანელი ტკივილი მაბრმავებს. კედელს მიყრდნობილი ქვემოთ ვცურდები. ყვირილს ვერ ვწყვეტ, მგონია, რომ მიშველის. ტკივილი თითქოს მთელს სხეულზე ვრცელდება. ფეხი საშინლად მეწვის. თითქოს კანზე პარაზიტები მეხვევიან და ხორცს ჭამენ. მათ მოსაშორებლად ცალ ხელს ფეხზე ვიქნევ, პარაზიტები კი ხელზე მაცოცდებიან, თითებზე მეხვევიან და კანს ხრავენ. ყვირილი ტირილში გადამდის და ტკივილისგან ვბუჟდები. ხმები ვიბრაციით ჩამესმის და სუნთქვა მეკვრის.
უცბად ვიღაც მხრებში მეჭიდება. თითებს ისე ძლიერად მაბჯენს, რომ ალბათ დალურჯებებს მიტოვებს.
-დამშვიდდი, დამშვიდდი. - ამბობს ნაცნობი ხმა. თვალებს ვახელ და ვხედავ, როგორ გარბის რეზი ოთახის კუთხისკენ და რაღაც ყუთი მოაქვს. ცრემლებით სავსე თვალებიდან ძლივს ვხედავ მის შეშინებულ სახეს. შარვლის ტოტს იჭერს და ხელის ერთი გაქნევით მუხლამდე ხევს. კისერი მეჭიმება. ტკივილისგან ხელები, ტუჩები, ფეხები, მთელი სხეული მიკანკალებს. ერთიანად მაციებს. მგონია, რომ საყინულეში ვარ და ბარძაყზე ჩართული უთო მადევს.
-მტკივა! - ვყვირი და ტირილს ვერაფრით ვწყვეტ.
-დამშვიდდი, დამშვიდდი. - დაპროგრამებულივით იმავეს იმეორებს რეზი. ყუთიდან რაღაც სითხეს და დოლბანდს იღებს, რომელსაც ამ სითხით ასველებს და დასაკავებლად ამირანს აწვდის. გახეულ შარვალს ფრთხილად იჭერს და დამწვარ ადგილას მაკრატლით სჭრის. საგნის შეხებას ჭკუიდან გადავყავარ. მთელ ხმაზე ვყვირი და მუშტებს ვკრავ.
-მშვიდად ანა, მშვიდად. - ყვირის რეზიც. არ შემიძლია, მეტი აღარ შემიძლია.
-მტკივა, დამეხმარე გთხოვ, მტკივა! - ვამბობ გულამომჯდარი. ფეხს დავყურებ და ტანში მცრის. შეშინებულს კანკალი მიმძაფრდება. ბარძაყის ზედა ნაწილის მესამედი გაწითლებული და დამწვარია. კანი უზარმაზარი და მომცრო წყლულებითაა დაფარული. მინდა თვალი მოვარიდო, რადგან ვგრძნობ, როგორ ცუდად მხდის მათი ყურება, მაგრამ დაჰიპნოზებულივით მივჩერებივარ.
-შემომხედე! - მესმის, მაგრამ ვერ ვმოქმედებ. - ანა, შემომხედე! - მიყვირის რეზი. ხელებს სახეზე მკიდებს და თავს ზემოთ მაწევინებს. - მე მიყურე, გესმის? - მიბრიალებს შეშინებულ, დაბნეულ თვალებს. ამირანს დოლბანდს ართმევს და ვერ ვხედავ, როგორ მადებს, მხოლოდ შეხებას ვგრძნობ და ყვირილის შესაკავებლად კბილებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერ, იმდენად მაგრად, რომ გონება მებინდება და ყველაფერი იცრიცება. შემდეგ სიმსუბუქეს ვგრძნობ, თითქოს ჰაერში ვიყო, შემდეგ მანქანის კარის ხმაც მესმის, მოგვიანებით პატრულის მეგაფონის შეძახილიც. თვალებს რომ ვახელ და გვერდით ვიხედები, ისევ რეზი მხვდება. საჭეზე ისე აქვს ხელები ჩაბღაუჭებული, რომ კანი გასთეთრებია. ტუჩებიც არ აქვს ისეთი ვარდისფერი, როგორც ჩვეულად, გაჰფითრებია.
ვგრძნობ, როგორ მიმძაფრდება ტკივილი. თითქოს პარაზიტები კან-ქვეშ მიძვრებიან და ძვლებამდე ჩაღწევას ცდილობენ. ცრემლები თავისით მცვივა. ვგრძნობ, როგორ მეღლება გული გაუწონასწორებელი სუნთქვისა და ტკივილისაგან.
-რეზი... - ისევ ტირილი მივარდება და მტკივან ხელს სახეზე ვისვამ. - მეტი აღარ შემიძლია...
-მოითმინე ანა, ახლავე მივალთ... ახლავე... - ფეხიდან დოლბანდს იღებს და გასაგრილებლად ანიავებს, თან გზას გაჰყურებს. თვალები თავისით გარბიან მტკივანი ადგილისკენ და მის დანახვაზე სუნთქვა მეკვრება. ის მომცრო წყლულებიც გაზრდილან. სიწითლე საშინელ ფაზაშია. კიდევ კარგი, რომ რეზი დროულად აბრუნებს დოლბანდს თავის ადგილზე. შეხება მაგიჟებს. ქვედა ტუჩზე კბილებს ვიჭერ ყვირილის შესაკავებლად და ცოტა ხანში სისხლის გემოს ვგრძნობ. მგონი ტუჩი გავიხეთქე. ახლა ეს გემო მირევს გულს. ყელზე ღილს ვიხსნი. ჰაერი არ მყოფნის მიუხედავად იმისა, რომ ფანჯარა ჩაწეულია და სალონში წვიმის წვეთებიც აღწევს.
რეზი მალევე აჩერებს მანქანას. ხელში მიყვანს და საავადმყოფოში შევდივართ. მის მაისურს ვებღაუჭები. მინიმალური მოძრაობაც კი აუტანელ ტკივილს მგვრის და ყვირილი, რომ შევიკავო, მის მკერდს მთელი ძალით ვაბჯენ შუბლს. წვა თანდათან უარესდება და ასე მგონია, სადაცაა გულამდე მიაღწევს.
შენობაში შესულებს ექიმები ეხმარებიან. რეზი გორგოლაჭებიან საწოლზე მაწვენს და ექიმებს სადღაც მივყავარ. რეზი მოგვყვება მაგრამ ნელ-ნელა უკან რჩება და მალე ვეღარ ვხედავ. ტირილი მივარდება. თავს დაუცველად ვგრძნობ. მგონია, რომ ტკივილთან ერთად მარტო დავრჩი და ვერავინ დამეხმარება. ექიმები მამშვიდებენ. ვიღაც თავზე მეფერება. ვიღაც ფეხიდან დოლბანდს მაძრობს. უკანასკნელი რასაც ვგრძნობ, ხელზე ნემსის ჩხვლეტაა და შემდეგ ყველაფერი მშვიდ ბურუსში იძირება.

***
თვალებს რომ ვახელ ხათოს ვხედავ და შვებისგან მეღიმება. მხედავს თუ არა გონზე მყოფს, მაშინვე ტირილს იწყებს და შუბლზე მეფერება.
-ხათო, კარგი, კარგი, გეყოფა რაა. - ვბუტბუტებ. ქვედა ტუჩი მეჭიმება და მტკივა. აჰ, გახეთქილი მაქვს!
-ჩემო გოგო... - ცხვირს იხოცავს. - რა არის ეს ანაა?! როგორ მოახერხე, ჰა? - მსაყვედურობს. ამ დროს ოთახში მამაც შემოდის და შუბლზე მკოცნის.
-შემთხვევით მოხდა. სიმართლე რომ გითხრათ, არც კი ვიცი, როგორ. - ყელი საშინლად მეწვის. - წყალი დამალევინეთ რაა. - საწოლიდან ვიწევი და ჩემს თავს ვათვალიერებ. ფეხი შეხვეული მაქვს. ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ ისე ძალიან აღარ. ალბათ გამაყუჩებელი მაქვს გაკეთებული. რა მეშველება ეს რომ გაივლის? იმედია ისევ გამიკეთებენ.
წყალს ვსვამ და მარცხენა ხელის თითებს დავყურებ. გაწითლებული მაქვს. ორ თითზე ორგან ამომბერვია პატარა წყლულები. რა საზიზღრობაა.
-ექიმმა თქვა, ხელზე მალე გაუვლის და არაა საჭირო შეხვევაო. - მეორე ხელზე მეფერება ხათო.
-აქ დარჩენა მომიწევს?
-მოდი ამ ერთი ღამით დარჩი, კარგი? - მეუბნება ილო. - ექიმმაც გვირჩია.
-არა რაა, არ მინდა, წავიდეთ სახლში. - ვამბობ შეწუხებული. ისე ვარ დაღლილი თითქოს მთელი დღე მერბინოს.
-ანა, სანამ კატეგორიულ ტონზე გადავსულვარ, გაიგე რასაც გეუბნები! - მიბღვერს ილო.
-უკვე გადახვედი. - ვბუტბუტებ. - კარგი, ჰო, ეს ერთი ღამე აქ ვიქნები.
-ხო კარგად ხარ? ხომ არ გტკივა? - ცრემლიან თვალებს იწმენდს ხათო.
-არამიშავს, ცოტა მტკივა.
-დაისვენე საყვარელო. - ხელზე მკოცნის და მეფერება.

***
ვახშმის შემდეგ მარტო ვრჩები. ილოს და ხათოს საჭმელად ვუშვებ. პალატას ვათვალიერებ და ექიმის სიტყვები მახსენდება. მესამე „ა“ ხარისხის დამწვრობა მაქვს, რომლის მოშუშებასაც ერთი თვე მაინც დასჭირდება, ან ცოტა მეტი. მითხრა, რომ პირველადი დახმარების აღმოჩენამ საქმე მათაც გაუადვილა და მეც. ასე, რომ მადლობა რეზის.
მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში დამტოვა, არ მინახავს. წავიდა? არა, ასე არ დამტოვებდა. ალბათ ქვე იტრიალა, მაგრამ მთელი დღე აქ ხომ არ გაჩერდებოდა? ალბათ კოლეჯში დაბრუნდა ან სახლში.
კარამელი. როგორ? როგორ მოხვდა ის ჩემს ფეხზე? ქვაბს არაფერი სჭირდა საიმისო, რომ ფეხი აედგა და სითხე გადმომსხმოდა. ეკა, შე ძუკნა ყვავო. გგონია რთული გამოსაცნობია, რომ ეს შენ გააკეთე? გგონია არ ვიცი, რაც გაქვს ჩაფიქრებული? გგონია, ახლა ჩემ ნაცვლად შენ წახვალ შეჯიბრზე? არა, მე ამას არ დავუშვებ არც ერთხელ შემთხვევაში! ღმერთო, ასეთი ბოროტი როგორაა ეს ადამიანი? როგორ შეუძლია ასე ბინძურად იბრძოდეს თავისი მიზნებისთვის? ჯანდაბა, ეს ხომ კარამელია, ქაფქაფი, 160 გრადუსი სიმხურვალის, ეს ხომ დამწვრობაა? ეს ხომ დანაშაულია? საერთოდ ამ ქალს გული ააქვს? ლიზი? წარმომიდგენია, ალბათ ისიც ფიქრობს, რომ ახლა რეზი ეკას გაუშვებს ჩემს მაგივრად, რადგან ჩემ შემდეგ ყველაზე მეტი ქულა მან აიღო. მაგრამ შენ არ იდარდო ლიზი, მე ამას არ დავუშვებ.
ფიქრებში წასულს მეძინება. არ ვიცი, რამდენი ხნით მძინავს. კამათის ხმა მაფხიზლებს. თვალებს ვისრეს, რომ მხედველობა აღვიდგინო. ოთახში არავინაა. საათი ათის ნახევარს აჩვენებს. ხმას ვაყურადებ და კარს ვუყურებ, რომელიც ოდნავ ღიაა. ამ პატარა სივრცის მიღმა კი რეზის ვხედავ. არ ვიცი წინ ვინ უდგას, ვერც მის სიტყვებს ვარჩევ, მაგრამ შეფი გაცეცხლებულია. ვხედავ, როგორ უღერებს ვიღაცას მუშტს. ხელზე ძარღვები ამოჰბერვია. შემდეგ ჯერ აქეთ-იქით იხედება და ხელს წინ იწვდენს. არ ვიცი რას აკეთებს, მაგრამ იმ წამსვე ქალის ასავსავებულ თითებს ვხედავ. ერთ ხელში ქალს ჩანთა უკავია. მეცნობა. ჩანთა ეკასია.

***
კარს ვუყურებ, რეზისაც და ჩანთასაც, მაგრამ ორ წამში დამწვრობის ისეთი ტკივილი მახსენებს თავს, რომ არც ერთი მაინტერესებს და არც მეორე. შეხვეულ ფეხს დავყურებ და არ ვიცი, რა ვქნა. საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოებს ვათვალიერებ, მაგრამ მობილურს ვერ ვპოულობ. ოდნავ მაღლა ვიწევი და ბალიშს ზურგით ვეყრდნობი. იმ წამს კარი იღება და რეზი შემოდის.
-რა მოხდა? - ისე მეკითხება, თითქოს მის ზრუნვას უკვე შეჩვეული ვიყო. ღია კარს ვუყურებ. იქ არავინაა.
-ვის ელაპარაკებოდი?
-არავის. რამე გჭირდება?
-ვის ელაპარაკებოდი, რეზი? - ტკივილი საშინლად მაწუხებს და თვალებიდან ცრემლები მცვივა. სასწრაფოდ სახეზე თითებს ვისვამ მათ მოსაშორებლად.
-გტკივა? - მიახლოვდება. მე თავს ვუქნევ. - ვერ გაუძლებ?
-ვერა.
-კარგი, ექიმს დავუძახებ.
რეზი გადის და ორ წუთში ექიმთან ერთად ბრუნდება. ჭაღარა შუა ხნის კაციც იმავეს მეკითხება და ცოტა ხანში გამაყუჩებელს მიკეთებს.
-დამშვიდდი? - მეკითხება, როცა მარტონი ვრჩებით.
-აქ რას აკეთებ?
-მობილური მოგიტანე და ცოტა შევყოვნდი.
-მომეცი. - ხელს ვუწვდენ.
-მე არ მაქვს, შენს მშობლებს მივეცი. - საწოლის ბოლოსთან მდგარ სკამზე ჯდება.
აჰაა, ისინიც უნახავს! რამდენიმე წამით სიჩუმეა. რატომ არ მეუბნება, რომ აქ ეკა იყო?
-ჩემ ნაცვლად შეჯიბრზე ვინ წავა? - ვეკითხები.
-ანა, მესამე ხარისხის დამწვრობა გაქვს და შენ რაზე ფიქრობ? - მობეზრებით ატრიალებს თვალებს.
-ჩემთვის ახლა ეგ უფრო მნიშვნელოვანია.
-სავარაუდოდ ეკა. - ოხრავს და ორი წამით მზერას მარიდებს.
-არ გაბედო!
-რა თქვი? - შუბლს ჰკრავს.
-ეკა შეჯიბრზე არ წავა. - კბილებში ვცრი.
-შენს შემდეგ ყველაზე მეტი ქულა მას ჰქონდა, ასე, რომ მომიწევს მისი გაშვება. - ხმა კატეგორიული აქვს.
-სწორედ მაგ მეტქულოსანმა გადამასხა კარამელი, შენ ეს იცი? - ხმას ვუწევ. მერე ვხვდები სად ვარ და დამშვიდებას ვცდილობ.
-ანა! - მიბღვერს და ცალ ხელს საწოლის კიდეზე დებს.
-რა ანა, რა ანა! შენ იქ არ ყოფილხარ და არ იცი ეს როგორ მოხდა. არც მისი სახე გინახავს, როცა მე სიმწრისგან ვყვიროდი.
-ეკამ მითხრა, რომ ეს შემთხვევით მოხდა. ასეთ საზიზღრობაში ნუ დაადანაშაულებ.
-რაა? - უნებურად მეცინება. - ესე იგი წეღან ამას გიხსნიდა? - კარისკენ ვაპარებ თვალებს. რეზის დაბნეული სახე აქვს. არ ელოდა. - და შენც დაუჯერე არა?
-ანა, მე არ ვიცი შენ და ეკას რა პირადი ინტერესები გაქვთ. ჩვენ აქ შეჯიბრზე ვსაუბრობთ. გამოცდა იმიტომ გავაკეთე, რომ ორი მონაწილე სამართლიანად შეგერჩიათ. გინდა შენ ეს თუ არ გინდა, წესის მიხედვით შეჯიბრზე ეკას უწევს წასვლა.
-და ის სამართლიანად მიდის, ასე თვლი? ყველა სიბინძურეს კადრულობს, რომ როგორღაც ვიღაცაზე წინ იყოს. რეზი ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი ბრმა ხარ!
-მე ყველაფერს კარგად ვხედავ! - თვალებს მიბრიალებს და გაბრაზებული ოდნავ წინ იხრება. - გესმის? მე ყველაფერს კარგად ვხედავ, მაგრამ ისე ვიქცევი, როგორც საჭიროა. ხო, ვიცი, რომ ეკას ბრალია, რაც ახლა ფეხზე გჭირს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით. გინდა, რომ სხვებმაც გაიგონ? კარგი უთხარი ყველას და თავად ჯგუფელებმა მოითხოვონ ეკას შეცვლა. შენ რაა, მართლა გგონია, რომ ისინი ამას გააკეთებენ?
-შენ შეგიძლია ამის გაკეთება.
-არ შემიძლია! - ხმას უწევს. ვცბები და მის ხელს ვუყურებ, რომელიც პლედს ებღაუჭება.
-რატომ?
-მნიშვნელობა არ აქვს. ეკა შეჯიბრზე გავა, გვინდა ჩვენ ეს თუ არა. - რეზი ფეხზე დგება და კარისკენ მიდის.
-აღარ გამეკარო. - ვცდილობ რაც შეიძლება მეტი სიძულვილი ჩავდო ჩემს სიტყვებში. ბრუნდება და ბაგეებგახსნილი მიყურებს. არეული მზერა აქვს.
-ამასთან ჩვენი ურთიერთობა...
-შუაში კი არა, თავშია! - ვაწყვეტინებ. - არ მინდა ის ადამიანი მეხებოდეს, რომელიც ნანახი უსამართლობის გამოსწორებას არ ცდილობს, მით უმეტეს, რომ ეს შეუძლია. თავი დამანებე რეზი, გესმის? ეკას ასიამოვნე. იქნებ ეს უფრო მომგებიანი იყოს. მადლობ დახმარებისთვის.
ერთხანს უხმოდ მიყურებს. ვგრძნობ, რომ რაღაცის თქმა უნდა მაგრამ რა აკავებს და რატომ, ვერ ვხვდები.
-კარგი. - ამბობს ჩუმად. - როგორც შენ გინდა. - და პალატიდან გადის.
ორ წუთში ხათო და ილო შემოდიან. მეუბნებიან, რომ მთელი ღამით აპირებენ დარჩენას. მეცოდებიან და ბევრი თხოვნის შემდეგ ვიყოლიებ, რომ სახლში წავიდნენ.
გადიან თუ არა ოთახიდან, პატარა ბალიშს სახეზე ვიფარებ და ვტირი. რა სჭირს ამ იდიოტს? რა აკავებს? რატომ იქცევა ასე? როგორ შეუძლია ეკას შეჯიბრზე გაშვება მას შემდეგ, რაც იცის, რომ იმ ძუკნამ დამიწვა ფეხი? ის ხომ ლექტორია და მის სიტყვას ნებისმიერ სტუდენტზე მეტი ფასი აქვს? რატომ არ შეუძლია რამის მოფიქრება, რატომ იქცევა ასე უსამართლოდ? კახეთი, კოცონი და მისი ის მზერა მახსენდება თბილი, დაბნეული და მორიდებული. ასეთი გამომეტყველება კი არ ახასიათებთ მის მსგავს იდიოტებს. ვიცი, ვიცი რაცაა შინაგანად. ვიცი, რომ კეთილი და სამართლიანია, მაგრამ რა ხდება ახლა? რა უშლის ხელს, რომ ამ ნაბიჭვარ ეკას თავისი ადგილი მიუჩინოს? არ ვიცი. ვფიქრობ და თავი მიბრუის ამდენი გაუგებრობისგან.
მალევე მეძინება მას შემდეგ, რაც ექთანი პალატაში შუქს აქრობს და ძილინებისას მისურვებს. ღამე გაგუდულს მძინავს. დილით კი დამწვრობის ტკივილი მაღვიძებს. ის-ისაა ექთნისთვის დაძახებას ვაპირებ, რომ ექიმი შემოდის. რვა საათია და შემოვლა აქვს.
-აბა, როგორაა ჩვენი დამწვარი? - მიღიმის და თვალს მიკრავს.
-წეღან გავიღვიძე, ძალიან მტკივა. - ვწუწუნებ.
-მე კიდევ მეგონა, რომ უკვე შეხორცებული დამხვდებოდა. - თავს იქნევს. მეცინება. - ცოტა წამოიწიე, უნდა გადაგიხვიო.
ზემოთ ვიწევი. ექიმი დოლბანდს მხსნის და გვერდით საფენს ამზადებს.
-ტკივილი როდის დაიწყებს შესუსტებას?
-დღითი დღე გაგივლის. ნემსს აღარ გაგიკეთებ. ტკივილგამაყუჩებელს დაგიტოვებ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დალიე, კარგი?
-და ამ ერთხელაც რომ გამიკეთოთ ნემსი? დღეს ხომ გამწერთ და... - მუდარით ვუყურებ ექიმს.
-კარგი, კარგი. - იცინის.
-ჩემები ხომ არ მოსულან? - ვეკითხები დამშვიდებული.
-არა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ის ბიჭი წავიდა. რა ჰქვია? რეზი, ჰო. ასე, რომ მარტო არ ყოფილხარ. - თვალს მიკრავს ის.
რაა? რეზი მთელი ღამე აქ იყო? გაოგნებული ბალიშს ვეყრდნობი. ექიმი თავის საქმეს აკეთებს. ეკალი მაყრის, როცა წარმოვიდგენ, როგორ იცდიდა მთელი ღამე გარეთ სკამზე. შენ ხომ კაცი ვერაფერს გაგიგებს, იდიოტო!

***
სახლში დაბრუნებულს ლელა შეწუხებული სახით მეხუტება და ჩაბჟირებით მკოცნის. სახეს მისი დორბლებისგან ვიწმენდ და მეცინება. ილო ჩემს ოთახში საწოლზე მაწვენს. ხათოს მობილურს ვართმევ და ვრთავ. უამრავი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება მხვდება. მოგვიანებით ლიზი მირეკავს და ნებართვას იღებს ჩემს მოსანახულებლად. ლექციების შემდეგ კი ის, ამირანი, ლანა და მაკო მსტუმრობენ.
ლიზი გაბრაზებულია. როგორც ჩანს, რეზის უკვე უთქვამს, რომ შეჯიბრზე მასთან ერთად ეკა მიდის. გოგო მეუბნება, რომ წასვლაზე უარის თქმას აპირებს. მე ვუკრძალავ და ვურჩევ, რომ ეკა საერთოდ არ შეიმჩნიოს. ბავშვები მეკითხებიან, როგორ მოხვდა კარამელი ჩემს ფეხზე. მათაც ეჭვი აქვთ, რომ ეკამ ეს სპეციალურად გააკეთა. არ მინდა, რომ ლიზის ამ ამბავმა კიდევ გადააფიქრებინოს შეჯიბრზე გასვლა, ამიტომ ვეუბნები, რომ მართლა შემთხვევითობა იყო. ისინი მაინც ეჭვით მიყურებენ, მაგრამ საბედნიეროდ აღარ მაცივდებიან.

***
შეჯიბრის დასრულების შემდეგ ლიზი მირეკავს და ყველაფერს მიყვება. ჩვენმა კოლეჯმა მიმტანების პროფესიაში აიღო პირველი ადგილი. გოგო დამარცხებას ეკას პარტნიორობას აბრალებს. მის გვერდით განწყობა არ მქონდაო. როგორ არ უნდა დავეთანხმო.
ასე, ყვავო! რამე აზრი ჰქონდა ჩემი ფეხის კარამელით დაწვას და შეჯიბრზე გასვლას? საერთოდ როგორ ფიქრობდი, რომ შენთან ერთად ლიზი გაიმარჯვებდა? მაცადე ჯერ, დავბრუნდე კოლეჯში!

***
ფეისბუქზე ხეტიალით მობეზრებული ლეპტოპს გვერდით ვდებ და წიგნს ვიღებ. ღამის თერთმეტი საათი ხდება. ჯერ არ მეძინება, მაგრამ კითხვა მთენთავს. ის-ისაა მთვლემარეს წიგნი ხელიდან მივარდება, რომ მობილური რეკავს და გულგახეთქილი ვფხიზლდები. ტელეფონს ვიღებ. რეზია. ეკრანს დავყურებ. არა, მასთან ლაპარაკი არ მინდა. ვუთიშავ. ისევ რეკავს. ისევ ვუთიშავ.
„ - მიპასუხე.“ - მომდის მესიჯი.
„- შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.“ - ვპასუხობ.
დაახლოებით ნახევარი საათით სიჩუმეა. არც მწერს, არც რეკავს. შემდეგ კი შეტყობინება მომდის.
„ - როგორ ხარ?“
„ - რას გულისხმობ?“
„ - დამწვრობას.“
„ - მტკივა.“
„ - მოითმინე, გაივლის.“
„- როგორმე თავს მივხედავ.“ - ვწერ. ის კი აღარ მპასუხობს.

***
ნოემბერი ძალიან ნელა გადის. დამწვრობის ტკივილიც მასთან ერთად ნელ-ნელა მცირდება. წყლულების გაქრობის შემდეგ საბოლოოდ ვმშვიდდები. მათი ყურება გულს მირევდა. ერთი თვის შემდეგ თავისუფლად დავდივარ. პატარა დისკომფორტს დამწვარ ადგილას ისევ ვგრძნობ, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის იმაში, რომ კოლეჯში დავბრუნდე. ხათო მეხვეწება, კიდევ ერთი კვირა სახლში დავრჩე. ვიცი, რომ არ დავუჯერო ნერვიულობით გასკდება. ასე, რომ ერთ კვირასაც ვნებივრობ.
ამ ერთი კვირის მანძილზე არაფერი განსაკუთრებული და უჩვეულო არ ყოფილა, გარდა ერთისა. ყოველ ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს, როცა წესით პრაქტიკები უნდა მქონოდა კოლეჯში, რეზი მწერდა ორადორ სიტყვას „როგორ ხარ“ და ჩემგანაც პასუხს იღებდა „კარგად“.
მჯერა, რომ ჩემი დამწვრობა აღელვებს და ისიც მიხარია, რომ თავისებურად ცდილობს, კვლავ მიიქციოს ჩემი ყურადღება, მაგრამ არ შემიძლია. ის გაუგებრობა, რომელიც მის თავს ტრიალებს და უსამართლო ნაბიჯებს ადგმევინებს, მე საშინლად მაღიზიანებს. გარდა ამისა, ვერ ვხვდები, რა უნდა ჩემგან. მით უმეტეს ახლა, როცა ხვდება, რომ მისი დანახვა არ მინდა. თანაც გვერდით მშვენიერი და სასურველი ნიკოლი ჰყავს. უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ საერთოდ რამე ხდება მათ შორის. უბრალოდ წარმოუდგენელია ეს გოგო შენი იყოს და სხვისგან მოითხოვდე უფრო მეტს.

***
დეკემბრის მეორე ორშაბათია. გარეთ საშინელი ქარია. ხანდახან ნამქერიც მოსდევს და ისე ცივა, თავი ევერესტზე მგონია. განსხვავება იმაშია, რომ თბილისში ჯერ არ ჩამოუთოვია. მეზიზღება ზამთარი.
ავტობუსიდან ჩამოვდივარ. თავზე ბეწვიან კაპიუშონს ვიხურავ და ისე მჭიდროდ ვიკრავ, მხოლოდ თვალები თუ მიჩანს. აღმართზე მივაბიჯებ და დამწვარი ადგილის მდგომარეობას ვაკვირდები. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კანზე წებოვანი ლენტი მეკრას. როგორც ექიმმა მითხრა, ერთი წელი მაინც სჭირდება, რომ კანის ეს შეკუმშულობა თავის დისკომფორტიანად გაქრეს. თუმცა, ისიც მითხრა, რომ ამ მდგომარეობას მალე შევეჩვევი და ეს ხარვეზებიც შეუმჩნეველი გახდება. იმედია ასე იქნება.
„სასტავისთვის“ არ მითქვამს კოლეჯში რომ მოვდივარ და მონატრებით გულაჩქარებულს, მათი სავარაუდო რეაქციების წარმოდგენისას მეღიმება. შესვლისთანავე ვხედავ. ოთხივე მათგანი კაფეტერიაში მაგიდასთან ზის. ვუახლოვდები. პირველი მაკო მხედავს და თვალებდაჭყეტილი პირს აღებს. მის გამომეტყველებაზე ყველა ჩემკენ ბრუნდება.
-Damn, baby! - ყვირის ის. სკამიდან გიჟივით დგება და მეხუტება. - შე მათხოვარო, არ უნდა გეთქვა?
-სიურპრიზიი! - მეცინება მათ სახეებზე და ყველას ვეხუტები. მოშორებით მჯდარ ეკას ცინიკურ გამომეტყველებას ვაწყდები. მე სიცილით ვპასუხობ. მოგვიანებით დაგიმარტოხელავებ, ყვავო.
ლექციის დაწყებამდე კიდევ თხუთმეტი წუთია. ცოტა ხნით მეც მათ გვერდით ვჯდები და ახალ ამბებს ვისმენ. ფანჯრიდან უკანა ეზოში რეზის მანქანას ვხედავ. აქ ბრძანდება. ძირითადი მნიშვნელოვანი ამბები ისაა, რომ შემდეგ კვირას მეორე შუალედურები გვეწყება, მე კი მასალას ერთი თვით ვარ ჩამორჩენილი და ახალი წლისთვის კოლეჯში წვეულება იმართება. აშკარად მეორე ამბავი უფრო მიხარია, ვიდრე პირველი.
მალევე გასახდელში ავდივართ. ფორმებს ვიცვამთ და საკონდიტროში შევდივართ. ცოტა ხანში რეზიც შემოდის და თავის მაგიდაზე რაღაცას ეძებს. შემდეგ ჟურნალს იღებს და სანამ გადაშლიდეს გვათვალიერებს. ჩემ დანახვაზე ცბება და ცოტა ხნით დაბნეული მიყურებს. შემდეგ ლექტორის გამომეტყველებას იბრუნებს და მეუბნება:
-ა, ანა, მოხვედი? როგორ ხარ?
-მადლობთ, კარგად, თქვენ? - თვალებში ვუყურებ.
-კარგად, კარგად. დარწმუნებული ხარ, რომ მთელი დღით ფეხზე დგომას შეძლებ. ჯერ არ ველოდი შენს გამოსვლას.
-დარწმუნებული ვარ. - ცალ წარბს ზემოთ ვწევ. სახლში რა გამაჩერებს, როცა აქ ეკაა და ათას სიბინძურეს ხლართავს?!
-კარგი. - თავს მიქნევს და სიას კითხულობს. შემდეგ ახალ რეცეპტს გვაწერინებს. ჯანდაბა, რამდენი პრაქტიკული გამიცდა. ამ ყველაფერს როგორ ავინაზღაურებ? არც აქამდე ვოცნებობდი პარიზში წასვლაზე და ახლა საერთოდ მომესპო ამის შანსი. რეზი თითქოს ჩემს ფიქრებს სწვდება და ამბობს, რომ თითო პრაქტიკაზე თითო გამოტოვებულ პროდუქტს დაამზადებს, რომ მასალას დავეწიო. კიდევ კარგი, ერთი ჭკვიანური გადაწყვეტილება!
შესვენებაზე კაფეტერიაში ჩავდივართ და სიურპრიზი! უკანა ეზოდან ნიკოლი შემოდის. მხედავს თუ არა, გახარებული გამომეტყველებით ჩემკენ მოდის და სრულიად მოულოდნელად კარგი მეგობარივით მეხვევა. გაოგნებულ-დაბნეული მეც ხელებს ვხვევ და კიბეზე ჩამომავალ რეზის ვხედავ. ჩვენკენ მოდის და თან უკმაყოფილოდ მიცქერს. ჩემი ბრალი არაა თუ შენს გოგოს მოვწონვარ, შეფ. ნიკოლი ჩემ მდგომარეობას მოკლედ მეკითხება. ამბობს ვღელავდიო. ამაში ეჭვიც არ მეპარება. ის ისეთი კეთილია. შემდეგ დროებით მემშვიდობება და რეზისთან ერთად გარეთ გადის. მე კაფეტერიაში გოგოების გვერდით ვჯდები და მათ დაბღვერილ სახეებს ვაწყდები.
-რა იყოთ? - ვეკითხები.
-შენ რაა, უჩვენოდ აპირებ პარიზში მოხევას? - მეკითხება ლანა და ჟელიბონს პირში აგრესიულად იგდებს.
-ვერ ხარ ხო იცი. - თავს ვიქნევ და მეცინება.
-ხო, რაღაც ძაან sweet ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ შენ და candy ნიკოლს. - მაკოც ლანას ჰბაძავს.
-ეჭვიანებო! - ტუჩებს ვბზეკ და სამივეს ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი. - ამო სად არის? - ვეკითხები ლიზის.
-იმ გვანცასთან. ახალი წლისთვის რაღაცებს გეგმავენ. - ბუტბუტებს და ყავას წრუპავს.
-ოო, ჯულიეეტა, მოგწყინდა რომეოს გარეშე? - მსახიობობს ლანა და ვიცინით.


***
ორი კვირა მშვიდად მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით მეორე შუალედურებს და იმ მასალებს, რომლებსაც მე ჩამოვრჩი. წერისთვის უამრავი კონსპექტის სწავლა მიწევს და ძალიან ვიღლები. შრომა კი იმით მიფასდება, რომ საკმაოდ კარგ ქულებს ვიღებ. რაც შეეხება ყვავს, ვერ დავიმარტოხელავე. სიმართლე რომ ვთქვათ, არც კი ვიცი, რა უნდა ვუთხრა, მაგრამ შეჯიბრზე მისი წარუმატებლობის გამო რომ არ დავცინო, ამას ჩემ თავს ვერასოდეს ვაპატიებ. იქნებ მარტონი რომ დავრჩებით და მის ცინიკურ გამომეტყველებას დავინახავ, მაშინ მაინც მომადგეს პირზე საჭირო სიტყვები.

***
ვინაიდან და რადგანაც ახალი წელი შუა კვირას უწევს და ორშაბათიდან გვითხოვენ, წვეულებას კვირა დღეს აკეთებენ. ამჯერად დრეს-კოდი შეზღუდული არაა და ეს მაბედნიერებს. მუქი ლურჯი შარვალი, შავი დაბალყელიანი ჩექმა და შავი გამჭვირვალე პერანგი მაცვია. ესეც ჩემი დაიკოს ხათრით, რომელიც თან მიმყავს. როგორღაც აღმოაჩინა, რომ წვეულების ორგანიზატორი ჟღალთმიანი გვანცა და მისი შეყვარებული ვაკოს და კლასელები ყოფილან. ხოდა ახლა ისიც დაპატიჟებულია გამონაკლისის სახით.
კოლეჯის ფოიეს ცენტრში უზარმაზარი ნაძვის ხე დგას. ისეთი ფერადი და ნათელია, გინდა არ გინდა მისი ყურება კარგ ხასიათზე გაყენებს. სტუდენტები იმაზე მეტად აჟიტირებულები და ბედნიერები არიან, ვიდრე კარნავალზე. რა თქმა უნდა, ახალ წელს სულ სხვა მუხტი და განწყობა მოაქვს ნებისმიერისთვის. ლელა გვანცას პოულობს და მასთან ერთად უჩინარდება. მე კი ჩემს გოგოებთან ერთად ვარ. წვეულება შვიდ საათზე იწყება და არაჩვეულებრივად გრძელდება.

***
ღამის თერთმეტი საათი ხდება. მე ორი ჭიქა შამპანური და ორი ქილა ლუდი მაქვს დალეული. ახლა ენერგეტიკული სასმელი მიკავია და ჩემთვის უცნობ რაღაც კლუბურ მუსიკაზე მაკოსთან ერთად ვცეკვავ. მიღებული სასმელებივით არეული ვარ. არა, მთვრალი არ ვარ, მაგრამ თავს მსუბუქად და ამავდროულად ენერგიულად ვგრძნობ. ირგვლივ ბნელა. ფოიეს მხოლოდ ფერადი მოციმციმე პროჟექტორები ანათებენ. რომ არ ვიცოდე, რომ კოლეჯში ვარ, თავი კლუბში მეგონებოდა. ისე უდარდელად ვცეკვავ, თითქოს მეტი საფიქრალი არ მქონდეს. არადა მშვენივრად ვამჩნევ, როგორ ცდილობს ეკა რეზი დაიმარტოხელაოს. შეფი კი გამუდმებით ჩემკენ აპარებს თვალებს, მიუხედავად იმისა, რომ გვერდით ნიკოლი უდგას. აი, ასეა საქმე.
მუსიკა სრულდება და ფოიეს რამდენიმე ყვითელი პროჟექტორით ანათებენ. მომდევნო სიმღერა შედარებით დაბალ ხმაზე ირთვება. სასიამოვნოდ დაღლილი კუთხეში განმარტოებულ სავარძელში მოწყვეტით ვჯდები და თვალებს ვხუჭავ. გაბრუებული ვარ. მაშინვე მასკარადი და კოლეჯის უკანა ეზოში განვლილი ვნებიანი წუთები მახსენდება. ოხ, რეზი! ახლა რომ მეზიზღებოდე, სადმე გაგიტყუებდი. ჩემ თავზე მეცინება. ქილიდან სასმელს ვწრუპავ და ფეხზე ვიბრაციას ვგრძნობ. ჯიბიდან მობილურს ვიღებ და მესიჯს ვხსნი. ახსენეო!
„ - რაღაცას მმართებ.“ - მწერს ის. ჩემს ნასვამ „მეს“ საშინლად სიამოვნებს ეს სიტყვები და ფანტაზია მაშინვე ათას ვნებიან სცენარს დგამს, მაგრამ ფხიზელი ცივი „მე“, გაღიზიანებული და ცინიკურია.
„ - მესიჯი წაშალე, ნიკოლმა არ ნახოს და ნუ მწერ, შემეშვი.“
„ - წამოდი.“
„ - ნუ მწერ მეთქი!“
„ - წამოდი, ანა.“
„ - სად?“
„ - სადმე, სადაც ტანსაცმელს შემოგახევ.“
„ - არა!“
ჯანდაბა რეზი! საერთოდ რა გინდა ჩემგან? მობილურს მოუსვენრად ვატრიალებ ხელში და სასმლის ქილას ერთი მოყუდებით ვცლი. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ მისი სიტყვებით გამოწვეული სურვილები ჩემში წავშალო, ვცდილობ ჩავქრე და გავცივდე., მაგრამ არაფერი გამომდის. აღარ მწერს. აღარ მწერს, იმიტომ, რომ იცის ახლა რა დღეშიც ვარ. იდიოტი არამზადა! მაგრამ თუ ჰგონია, რომ დავთანხმდები, ცდება. იდგეს და მელოდოს. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ალკოჰოლისგან აწყლიანებულ თვალებს ვისრეს. ფუუ, სულ დამავიწყდა, რომ ფანქარი მესვა. თითები გამემურა. მობილურის კამერას ვრთავ და ვიხედები. თვალებიც დავითხვარე. ვდგები და გასახდელში ავდივარ ჩემს ნივთებთან. აქ რა კარგი სიმშვიდეა. მუსიკა მოგუდული ხმით თუ აღწევს აქამდე. ჩანთიდან სველ სალფეტკს ვიღებ და სარკეში ვიხედები. დათხვრილ ფანქარს ვიშორებ და ხელახლა ვისვამ. ჩანთას უჯრაში ვინახავ და გასვლისას კარში რეზის ვეფეთები. უკვე თავს მაბეზრებს. სახელურს ხელს არ ვუშვებ და თვალებში ვუყურებ.
-გამატარე. - ვამბობ მობეზრებით, ის კი მიახლოვდება. სხვა გზა არ მრჩება, უკან ვიხევ და გასახდელში ვბრუნდები. რეზი კარს ხურავს და ზურგს უკან კეტავს. - შენ რა, უკან გამომყევი?
-გამოიცანი. - ამბობს და ჩემკენ მოდის.
-იცი ახლა რას აკეთებ? საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას მიქმნი.
-ეს ხელს არ მიშლის.
-მე შენ საავადმყოფოში გასაგებად გითხარი, რომ...
-გაჩუმდი. - მიახლოვდება და უკვე ხელებს სწევს ჩემკენ, რომ გვერდით ვიწევი და კარისკენ ვცდილობ წასვლას, მაგრამ მიჭერს და ადგილზე მაბრუნებს.
-არ შემეხო, რეზი! - ხმას ვუწევ და ხელებს ვიქნევ. ჰო, ცოტა ნასვამიც ვარ. რამდენიმე წამიანი კინკლაობის შემდეგ მაინც მის მკლავებში ვარ. არ ვნებდები, ვცქმუტავ. არ მინდა, რომ თავისი გაიტანოს. მე მას ვერ ვიტან.
-მორჩები ახლა ცეტობას? - დამყურებს ზემოდან, უკან მწევს და კედელს მაყრდნობს. ხელები ზურგს უკან მისი თითებით მაქვს შეკრული.
-ახლა შენ ჩემზე ძალადობ! - კბილებში ვცრი და ვუბღვერ.
-გინდა თეორიულად მახსნევინო რას ნიშნავს ძალადობა? მე არა. - ჩემკენ იხრება საკოცნელად. თავს გვერდით ვწევ. ის მაინც არ ჩერდება, ტუჩებს ლოყაზე მაკრობს და ყელისკენ მიცოცავს. ცუდად მხდის. გული გამანადგურებლად მიძგერს. თან ის ფაქტი მახრჩობს, რომ თავისი გააქვს და მე ეს მსიამოვნებს.
-რეზი, შემეშვი.
-ანა, მინდიხარ. - ოხრავს ჩემს ყელზე.
-მე არა.
იცინის.
-არ მომწონს, რასაც შენ აკეთებ.
-ძალიან მოგწონს. - კოცნას აგრძელებს და ნიკაპზე ჩერდება. ჩემი მოთმინება პიკზეა. რამდენიმე წამით ზემოდან დამყურებს, შემდეგ თითებს ჩემს ხელებზე ნელ-ნელა ადუნებს და მალევე მიშვებს. სისხლი მოძრაობას აგრძელებს, თან იმაზე სწრაფად, ვიდრე ნორმალურია.
-ახლა? - ხმა მიწყდება.
სახეზე ხელებს მკიდებს და ვნებიანად აწყდება ბაგეებს. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ არ მყოფნის. ცერებზე ვიწევი და კოცნაში ვყვები. თეძოებით მებჯინება და შარვალში ჩატანებულ პერანგს მაღლა ქაჩავს. ასეთი ვნებიანი და გახელებული ჯერ არ მახსოვს და მე ეს მომწონს, საშინლად მომწონს. თითებს თმაში ვავლებ და ჩემკენ ვიზიდავ. ხელებს ხან პერანგის ქვეშ წელზე ასრიალებს, ხან მკერდზე, ხან შარვალში აცურებს და გონებას მიბინდავს. ვგრძნობ, რომ ტუჩები მტკივა და დროა გავჩერდე, მაგრამ არაფერი გამომდის. ჩემ თავს ვერ ვცნობ და არც ეს მადარდებს. მიღებული ალკოჰოლს კი ყველაფერი მძაფრ ფერებში გადაჰყავს.
ისევ რეალობა თუ მკრავს ხელს და მაიძულებს გონზე მოსვლას. ჯიბეში მობილური მირეკავს. მაშინვე ვცილდები მის ბაგეებს და ხელი შარვლისკენ მიმაქვს, მაგრამ რეზი მიჭერს.
-შეეშვი.
-შენ შემეშვი. - ვუყურებ მას და თან მობილურს ვპასუხობ. - ხო...გასახდელში, რაო?.. მაკიაჟი შევისწორე, ახლავე ჩამოვალ... კაი.
ვამთავრებ თუ არა საუბარს, მაშინვე ტუჩებზე მაცხრება, მაგრამ ამჯერად უფრო ნელა და მთელი გრძნობით მკოცნის. ცვლილება მაბნევს და ამასთანავე მამშვიდებს. ვერ გამიგია რა ხდება მის თავს, ან ჩემ თავს.
-რა გინდა ჩემგან? - ვჩერდები და ვჩურჩულებ. იცის მიკვირს, საერთოდ დამუნჯებული რომ არ ვარ იმის გამო, რაც ჩავიდინე.
-არაფერი იცი... - მეუბნება და ლოყაზე ლოყას მადებს., ნელ-ნელა უკან მიცურავს და ყურის ქვეშ მკოცნის.
-ხოდა მითხარი, ამიხსენი რეზი... ასე არ შემიძლია.
უკან იხევს, რამდენიმე წამით უხმოდ მიყურებს, შემდეგ ნასიამოვნები მიღიმის და მეუბნება:
შეგიძლია ახალა ისევ გეზიზღებოდე. - უკან იხევს და გასახდელიდან გადის.

***
ფოიეში არეული ჩავდივარ და კიბეებთანვე მხვდება ლელა. ხელს მკიდებს და სადღაც მიმათრევს. მეუბნება შენთვის სიურპრიზი მაქვსო და არაფრით არ ამბობს მანამ, სანამ საჭირო ადგილამდე არ მივდივარ. გიგა? არა ოღონდ ახლა არა. ახლა ვხვდები, რატომ მაძალებდა ლელა ამ გამჭვირვალე პერანგის ჩაცმას. გაიძვერა მაჭანკალი. არ ვიმჩნევ, რომ მისი აქ ყოფნა მაინცდამაინც არ მახარებს და როგორც შემიძლია გახარებული ვუღიმი. დიდი ხანია არ მინახავს ჩემი დამწვრობის გამო, რამდენჯერმე თუ დამირეკა და ახლა, როცა მას ვხედავ, ვხვდები, რომ ეს ბიჭი ჩემთვის ვერაფერი იქნება, გარდა მეგობრისა. ჩემს დას კი უფრო მეტის იმედი აქვს. მალე მარტოს გვტოვებს და სადღაც უჩინარდება. მე გიგას სასმელზე ვპატიჟებ და ფურშეტისკენ მიმყავს. ბიჭი ლუდის ქილას იღებს და მიღიმის. მესაუბრება, ჩემი ფეხის ამბავს მეკითხება, მეც დაწვრილებით ვუყვები. შემდეგ თვითონ იწყებს იმის მოყოლას, როგორ მოხვდა ამ წვეულებაზე. მე ვუსმენ, მაგრამ ჯერ ისევ გასახდელში, რეზის მკლავებში ვარ. ვცდილობ თავი შევიკავო, მაგრამ თვალებით მაინც მას ვეძებ და ვხედავ. მიყურებს. არა - გვიყურებს და იბღვირება. გულში ვხარხარებ და სიამოვნებისგან ლამის ვიბერები. რეზი ბრუნდება და პირველი სართულის აუდიტორიებისკენ მიდის. განმარტოვდება და თავს დაიმშვიდებს, ან მესიჯს მომწერს, გამლანძღავს, დამემუქრება. ცოტა ხანში ვხედავ, რომ იმავე კარში ეკა შედის. მას გაჰყვა. ხო, რეზის გაჰყვა.
გადის ორი, ხუთი, შვიდი ათი წუთი... არც ერთი არ ჩანს. მოუსვენრობა მიპყრობს. იქვე ლელას ვხედავ, ვეძახი და გიგასთან ვტოვებ. ბიჭს ბოდიშს ვუხდი, ახლავე მოვალთქო ვეუბნები და მივდივარ. დერეფანში შევდივარ. ტუალეტს ვამოწმებ, ეკა იქ არაა. პირველ აუდიტორიას შუშის კარი აქვს და იქ არავინ ჩანს. მეორესაც ასევე. მესამე სწორედ ის აუდიტორიაა, სადაც კოლეჯში მოსვლის პირველ დღეს რეზიმ შეგვიყვანა ჯგუფელები. ვჩერდები და ის-ისაა უნდა შევიდე, რომ საუბრის ხმა მესმის.
-ძალიან კარგი, შეფ. - ეკაა. - პრინციპში მე ეგ დიდად არც მაინტერესებს.
-ხოდა შემეშვი. გამუდმებით უკან დევნა საჭირო არაა. - რეზის გაღიზიანებული ხმა აქვს.
-მას ხომ დასდევ უკან არაა? თან ისევ, ყველაფრის მიუხედავად.
რაა? ნუთუ ეს ძუკნა ჩემზე ლაპარაკობს? მოიცა, მან რაა, იცის? მან საიდან იცის? ან რეზისთან ამაზე რატომ საუბრობს?
-არ დავდევ... და ასეც რომ იყოს, ეს შენი საქმე არაა. ბოლოსდაბოლოს გამაგებინე, რა გინდა. შენსას ხომ იღებ?
-ხო, ვიღებ, უბრალოდ მინდა, რომ ამაში დარწმუნებული ვიყო. ხომ იცი წინააღმდეგ შემთხვევაში რაც მოხდება?
-რით უნდა დაგარწმუნო? ახლავე გიყიდო პარიზის ბილეთი?
რეზის სიტყვებზე სუნთქვა მეკვრება. კარის სახელურს ვეჭიდები და ვერც კი ვაცნობიერებ, ისე შევდივარ მათთან ოთახში. ორივე ჩემკენ ბრუნდება. რეზის დაბნეული, მაგრამ გაბრაზებული გამომეტყველება აქვს. ეკას - ნასიამოვნები.
-ანა! - ამბობს რეზი და ჩემკენ ორ ნაბიჯს დგამს.
-მანდ გაჩერდი! - ვუყვირი. - ესე იგი მოიგე ხო? - ვეკითხები ეკას. - შეჯიბრი ვერა, მაგრამ პარიზის ბილეთი მოიგე, ხო?
-ამაზე არ იღელვო ძვირფასო. - თავს გვერდით ხრის ეკა და მიღიმის. - დარწმუნებული ვარ ჩემთან ერთად შენც წამოხვალ. კარგ დროს გავატარებთ.
-მოკეტე შე ! - ვუყვირი გამწარებული. ვერ ვიჯერებ, რომ ამ ყველაფერს ასე ერთბაშად ვიგებ.
-კარგი, კარგი. მე დაგტოვებთ. თქვენ გაერკვიეთ. - თვალს მიკრავს ეკა. გვერდს მივლის და ოთახიდან გადის. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ დავედევნო და თმით არ ვითრიო. რეზისკენ ვიხედები.
-რით დაგიყოლია? - ვცრი კბილებში ზიზღით.
-ამის მიზეზი მაქვს, ანა. - მიახლოვდება და ზემოდან დამყურებს.
-ხოდა მითხარი მერე, მითხარი ეგ მიზეზი! - ვყვირი.
-დამშვიდდი. - წარბებს ზემოთ სწევს.
-შენ რატომ ხარ მშვიდად? გამაგებინე, შენ რატომ ხარ მშვიდად? ბავშვები პარიზზე ოცნებობენ, გეგმებს აწყობენ, ცდილობენ, შრომობენ, თავს გაწონებენ, რომ როგორმე შენი რჩეულები გახდნენ. შენ კი ეს ძუკნა ყველაფრის გარეშე მიგყავს. გამაგებინე, რას ნიშნავს ეს უნამუსობა?
-ასეა საჭირო. - მხრებში მავლებს თითებს. მზარავს. მის შეხებას წყობიდან გამოვყავარ. ხელებს ვიქნევ, მაგრამ ისე ძლიერად მიჭერს, ვერ ვიშორებ.
-ნუ მეხები, თავი დამანებე, ნუ მეხები! - ვყვირი და მის მკლავებს ხელებს ვურტყამ. არ მიშვებს. - მეზიზღები გესმის? მეზიზღები! მან მე კარამელი გადამასხა, მდუღარე კარამელი იმისთვის, რომ შეჯიბრზე არ გავსულიყავი. შენ ხომ მნახე რეზი? ხომ ნახე, ხომ ნახე ჩემი ფეხი? დამწვარი და წყლულებით სავსე. შენ ხომ ნახე, როგორ მტკიოდა? მის გამო ფეხზე ნაიარევი მრჩება და ვმახინჯდები. შენ კიდევ ეს პარიზში მიგყავს. რით მოგისყიდა? ასეთი რა შემოგთავაზა ამ საზიზღრობას რომ აკეთებ?
-მორჩი ანა! არაფერი შემოუთავაზებია. ასეა საჭირო და ეკა პარიზში წამოვა.
-რატომ მითხარი წეღან არაფერი იციო? ეს რას ნიშნავს? რა უნდა ვიცოდე? ამ ყველაფერს უკავშირდება არა?
-ხო.
-ხელი გამიშვი, რეზი! - ვყვირი და მხრებს ვიქნევ. ისევ არ მიშვებს. უკვე მტკივა ის ადგილები, სადაც ცერა თითებს მაჭერს. - მითხარი, რა უნდა ვიცოდე.
-არა. უბრალოდ ერთ რამეს გთხოვ, ანა. მოითმინე კარგი? უბრალოდ ცოტა მოითმინე.
-რა უნდა მოვითმინო? როგორ უნდა მოვითმინო ის, რასაც შენ აკეთებ? ნიკოლმა ეს იცის? - ის თავს მიქნევს. - ძაან მაგარია, ყოჩაღთ, ძაან მაგარია. მითხარი რა უნდა ვიცოდე, რეზი. დიდი ხანია ამას გეგმავთ?
-რას ვგეგმავთ ანა შენ გაგიჟდი? არაფერს არ ვგეგმავთ. შენ ყველაფერს არასწორად იგებ... მაგრამ კარგი. - ხელებს მიშვებს, მე უკან ვიხევ. - წადი, მე ვერაფერს გამოვასწორებ. ასე, რომ შეგიძლია მართლა გეზიზღებოდე. წადი.
-შენ თუ გგონია, რომ ეკას ამას შევარჩენ, მშვიდად ვიდგები და დაველოდები, როდის მიაცილებ თვითმფრინავის კარამდე, ძალიან ცდები. ლიზი, მაკო, ლანა, ამირანი და საერთოდ არც ერთი კონდიტერი არ იმსახურებს ძუკნა ეკას გამო დაჩაგვრას.
-არ გინდა ანა რა. უბრალოდ მოითმინე და ნუ ჩაიდენ სისულელეებს. დამიჯერე.
-მინდა! იმას გავაკეთებ, რაც მომინდება. თუ არ მეტყვი რა ხდება და რა უნდა ვიცოდე, რეზი, ყველას ყველაფერს ვეტყვი, გესმის? ყველას ყველაფერს ვეტყვი! - ვუყვირი და ოთახიდან უკანმოუხედავად გამოვდივარ.


***
ზურგს უკან მესმის ჩემ მიერ მოჯახუნებულ კარის ხმა და ყურებში მიგუბდება. გული გამალებით მიცემს. თვალთახედვას ცრემლები მიბინდავს, მაგრამ ნებას არ ვაძლევ კალაპოტს გადმოსცილდნენ. ტუჩები მებრიცება და ძლივს ვაკავებ სახის ნაკვთებს, რომ სატირლად არ მოემზადონ. ჩქარი ნაბიჯით გამოვდივარ დერეფნიდან და მხიარულ ახალგაზრდებს, მუსიკით და ალკოჰოლით გაჟღენთილ გარემოს გაცეცხლებული ვუერთდები. გზას კარისკენ მივიკვლევ და უკანა ეზოში გავდივარ. ყინავს! ხელის გულებს მხრებზე ვიწყობ. მთელი შეკავებული განრისხება და ცრემლები კისერზე მაწევს და ვმძიმდები. ღრმად ვსუნთქავ, რომ ყელში გაჩხერილი ტირილის სურვილი გავაქრო. ცივი ჰაერი პირს მიყინავს და მალე ცახცახი მივარდება. კარს ხელით ვეყრდნობი და ცოტა ხნით სუნთქვას ვიკავებ. მშვიდად ვარ, მე მშვიდად ვარ! გავარკვევ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მენდომება. დამშვიდდი ანა. დამშვიდდი! ამ ყველაფერს გონებაში ბორბალივით ვატრიალებ და ნელ-ნელა ვწყნარდები. არა, ახლა წყობიდან გამოსვლა წყობიდან გამოსვლა არ მაწყობს. ეს არც ეკამ უნდა შეამჩნიოს და არც ჩემებმა. რეზიმ კი... ფეხებზე სანამ ჩუმადაა. შენობაში ვბრუნდები, გიგას და ჩემს დას ვპოულობ და ლუდის ქილით ხელში გართობას ვაგრძელებ. ეს ის განწყობა აღარაა, მაგრამ საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ მე კარგად ვარ. სამაგიეროდ, სახლში მისული და ჩემს საწოლში გახვეული, დაგროვებულ ცრემლებს ვეღარ ვიკავებ და მთელ ჯავრს ბალიშზე ვიყრი. ვგრძნობ, როგორ მეხვევა გულზე მთელი ეს გაუგებრობა და ეკას ცინიზმი და ვიგუდები. ვიცოდი, რომ რეზი არამზადა იყო, სერიოზული არამზადა, მაგრამ ასეთი გულქვა? ასეთი უგრძნობი? რას ნიშნავს, არაფერი ვიცი, რას ნიშნავს მოვითმინო, რას ნიშნავს დავუჯერო? როგორ ამის შემდეგ? როგორ მას შემდეგ, რასაც ის აკეთებს ეკას გამო, მიუხედავად იმისა, რომ მნახა ამ ქალის საქციელისგან ატირებული და დამწვარი? ვინაა ეკა, რა უნდა, რას ითხოვს მისგან, რას სთავაზობს, რაში ურიგდება, რატო. თანხმდება მას რეზი? ღმერთო, რატოა ეს ბიჭი ასეთი იდიოტი, იდიოტი, იდიოტი, იდიოტი, იდიოტი... ამ სიტყვას კარუსელივით ვატრიალებ და დაღლილს მალევე მეძინება. დილით პირველივე ღრმა ჩასუნთქვა მახრჩობს და საშინელი ხველება მიტყდება. ისეთი საშინელი, რომ ყელი და ფილტვები ერთიანად მტკივდება.
- ანა! - მაშინვე კარს აღებს შეშინებული ხათო და ცდილობს სახეზე გაბრაზების ნიღაბი აიკრას, მაგრამ შიში მაინც სძლევს. - ხომ გითხარი, შეგცივდება მაგ სიფრიფანა პერანგშითქო არა? რატომ არ მიჯერებთ ხალხო, რატომ?
- აუ დე კაი რაა. - ზლაზვნით ვიწევი საწოლიდან. ისევ მახველებს და ხათოს კიდევ ერთი საყვედურია მოლოდინში სახედამანჭული ვუყურებ.
- ადექი, ადექი! ლიმონიანი ჩაი დალიე და ექიმთან! ფილტვებზე უნდა გაგასინჯო.
***
ექიმისგან იმედიანად ვბრუნდები. სერიოზული არაფერია. დროულად მივედი. მსუბუქ ანტიბიოტიკს და ხველებია წამალს მინიშნავს. ახალი წელია სამზადისი მითრევს და თითქოს ხოთა ხნით მავიწყებს რეზის და მთელ უბედურებას. მაგრამ საკმარისია მარტო დავრჩე, რომ მასზე და ეკაზე ფიქრს ვერ ვეშვები. არა, ამ კახპას ჩემი სათქმელი რომ არ ვუთხრა, ალბათ სიმწრისგან გავსკდები. და ნიკოლი? ჯანდაბა, ნიკოლი, რომელიც სიკეთის და მეგობრობის განსახიერებაა?! მას რაღა სჭირს? კარგი, არამზადა რეზისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ის? ნიკოლი ამას როგორ უშვებს? როგორ აძლევს ამ ბიჭს ასეთ სისულელის ჩადენის უფლებას? თვითონ ამას როგორ და რატომ ითმენს? ნუთუ მიზეზი მართლაც იმდენად სერიოზულია, რომ ნიკოლიც თვალს ხუჭავს ეკას ასე უსამართლოდ პარიზში წასვლაზე? იმედია რეზი ყველაფერს მეტყვის, იმედია, თორემ მე ტყუილად არ დავმუქრებივარ მას. მართლა ყველას ყველაფერს ვეტყვი, რასაც ისინი აპირებენ.
***
განწყობის მიუხედავად ლელას ნაძვის ხის ახალი სათამაშოების საყიდლად მე მივყვები. ეს პროცესი ისე მიყვარს, რომ ვერაფერი მათქმევინებს მასზე უარს. გზაში ლელა ვაკოზე მელაპარაკება. უკამათიათ. ვაკოს ბოდიში მოუხდია, მაგრამ ჩემი თავდაფასებული და თავის ამპლუაშია და 31 დეკემბერს ელოდება შესარიგებლად. მე ვაშინებ და ვაბრაზებ, მანამდე სხვა ჩაუკრავს თვალს და შენი პატიება აღარაფერში დასჭირდებათქო. ლელა შუა ქუჩაში მჩქმეტს და მუჯლუგუნებს მირტყამს. ამასობაში მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავდივართ და ის-ისაა მეორე მხარეს უნდა ამოვიდეთ, რომ ზურგიდან გიტარის ხმა მესმის. ვშეშდები. ვიღაც იმ მელოდიას უკრავს, რომელიც რეზიმ დაუკრა კახეთში. ლელა გაშტერებული მიყურებს და რა გჭირსო, მეკითხება.ტანზე ეკალი მაყრის და მგონია, რომ დროის მანქანით წარსულში ვმოგზაურობ. უკან ვიხედები. ჩემგან რამდენიმე მეტრში ვიღაც ზის, ვიღაც, ვინც ამ მელოდიას ასრულებს. ლელას ხელს ვკიდებ და მასთან მივდივარ. ახალგაზრდა ბიჭია. გაცვეთილ პუფში ზის და უკრავს. ცისფერი დუტის ქურთუკი აცვია და სახეს კაპიუშონი უფარავს. წინ გიტარის ჩანთა უდევს, სადაც არც ისე ბევრი ხურდა უყრია. ვდგავარ და ვუსმენ. ვგრძნობ, რომ ეს მელოდია მასაც ისევე სიამოვნებს, როგორც მე. მეღიმება კიდეც. შეუძლებელია არ გამეღიმოს, როცა ამ ყინვაში ეს მუსიკა მათბობს. რეზის იმ მზერის გახსენება მათბობს და გული მწყდება, რომ ის ადამიანი ახლა ასეთ საშინელებას სჩადის. ბიჭი ალბათ ინტერესდება, ვინ მოისურვა მისი ასე ახლოდან მოსმენა და ზემოთ იხედება. მე და ლელას ერთხელ გვავლებს თვალს და შემდეგ ჩემზე აჩერებს მზერას. ცალ თვალს კაპიუშონი უფარავს, მაგრამ მაინც ვამჩნევ, რომ საკმაოდ სიმპათიურია. მისი გარეგნობიდან ყველაზე კარგად მის წარბს ქვემოთ დახატულო ვიოლინოს გასაღები მამახსოვრდება. ბიჭი მიღიმის, თვალს მიკრავს და ისევ გიტარას დაჰყურებს. ლელა ჯიბიდან ფულს იღებს და ჩანთაში უგდებს. სამი ლარი. შემდეგ ხელზე მქაჩავს და თითქმის ძალით მიმათრევს.
- მეტი ეკუთვნოდა. - ვბუტბუტებ.
- ხო, მაგრამ შემდეგ მოგვიწევს მისი სახლში წაყვანა და ნაძვის ხეზე ჩამოკიდება. - თვალს მიკრავს. - კარგად უკრავდა. ისე, რა დაგემართა?
- არაფერი, უბრალოდ მიყვარს ეს სიმღერა. - ვოხრავ და დაიკოსთან ერთად გზას ვაგრძელებ.


***
ზურგს უკან მესმის ჩემ მიერ მოჯახუნებული კარის ხმა და ყურებში მიგუბდება. გული გამალებით მიცემს. თვალთახედვას ცრემლები მიბინდავს, მაგრამ ნებას არ ვაძლევ კალაპოტს გადმოსცილდნენ. ტუჩები მებრიცება და ძლივს ვაკავებ სახის ნაკვთებს, რომ სატირლად არ მოემზადონ.
ახალი წელი მაინც ახალი წელია. გოზინაყი, ჩურჩხელები, საცივი, ფეიერვერკი, საახალწლო სიმღერები, ხელოვნური თოვლი ოთახში, რომელსაც ლელა გამუდმებით აფრქვევს და ოჯახური სიმყუდროვე, რომელიც შეუდარებელი და განსაკუთრებული კომფორტია ჩემთვის.
მომდევნო დღეს შეუცვლელი მეკვლე, დედაჩემის მთელი ცხოვრების დაქალი, მისი გადარეული შვილები და ახალი მუხტი. შემდეგ ბედობა და შესაფერისად მოქცევა იმისთვის, რომ ყველაფერი ის დაგვებედოს, რასაც ამ დღისით ჩავიდენთ. მომდევნო დღეს სოფელში ჩავდივართ და ერთი კვირით იქ ვრჩებით, რადგან შობას ყოველთვის ბუხრის და წითელი ღვინის გარემოცვაში აღვნიშნავთ ხოლმე. აქ ვისვენებ. მთელი ერთი კვირის მანძილზე რასაც ჰქვია ვისვენებ. ფიზიკურად, სულიერად, გონებრივად. ვალაგებ ჩემს სურვილებს, მოქმედებებს და თბილისში განტვირთული და გაწონასწორებული ჩამოვდივარ.
ორ დღეში ფინალური გამოცდები მეწყება და მეცადინეობით ვკავდები. სხვა რაღაცებზე ფიქრისთვის ვერ ვიცლი და ეს მახარებს, თუმცა პირველი გამოცდისთვის კოლეჯში შესვლისთანავე ყველაფერი დეტალურად მახსენდება, მით უმეტეს, როცა ეკას „ეს მე ვარ“ მზერას ვაწყდები და მისი მოკვლის და გატყავების სურვილი მიჩნდება.
ოთხივე გამოცდა ჩემთვის საკმაოდ კარგად სრულდება და შემდეგ იწყება არდადეგები თებერვლის შუა რიცხვებამდე. კი, კარგია, როცა გარეთ აუტანელი ამინდია, შენ კი თბილი სახლიდან უყურებ, როგორ ედება ყველაფერს ქუჩებში ზამთარი, მაგრამ მე მაინც ვერ ვისვენებ. სწავლის პერიოდი მჭირდება, რეზის გამომეტყველება მჭირდება. უნდა ვნახო, შეიცვალა თუ არა მასში რამე. ეკას სახე მჭირდება, როცა ყველაფერს პირში მივახლი, რასაც მასზე ვფიქრობ. რაიმე ისეთის ჩადენა მჭირდება, რაც ამ ძუკნას გააღიზიანებს. ამ ყველაფრის ლოდინში კი მთელი ერთი თვე საშინლად იწელება.
მაგრამ თენდება თუ არა პირველი მეორე სემესტრის პირველი ორშაბათი, დილით ისე დაუზარელად ვდგები, რომ პრაქტიკაში არ მახსოვს.
კოლეჯში ყოველგვარი აღელვებისა და უწინდელი უარყოფითი ემოციების გარეშე შევდივარ. როგორც ყოველთვის ჩემი მეგობრები ადგილზე მხვდებიან და მონატრებული მათთან საუბრით გულს ვიჯერებ. შემდეგ გასახდელში ავდივართ და ვიცვლით. ყურადღებას არ ვაქცევ იმ ფაქტს, რომ მახსენდება, თანაც ძალიან კარგად, ბოლოს აქ ყოფნისას მომხდარი ამბავი და ოთახიდან გამოვდივარ.
ხუთ წუთში ყველა ვიკრიბებით და მალევე რეზიც მოდის. ზუსტად ისეთია, როგორიც პირველ დღეს. უხეში ვამპირი, ცივი და უგრძნობი. ზამთარი ნამდვილად მისი სეზონია! ისევე მიყურებს, როგორც დანარჩენ ჩემს ჯგუფელებს. ჩემს გვარსაც ყოველგვარი შეუცვლელი ტონით კითხულობს. შემდეგ რეცეპტს გვაწერინებს და მუშაობას ვიწყებთ. ყველაფერი ნორმალურად და სტანდარტულადაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისგან სიახლეს არ უნდა ველოდო. კარგი, ამას დავაზუსტებ შესვენებაზე.
კექსის ახალი რეცეპტით გამოცხობის შემდეგ, უგემრიელეს რაღაცას ვამზადებთ. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენება. სახელად შტრუდელი ჰქვია. ფილოს თხელ დაცხიმულ ფენებში სხვადასხვა სანელებლებით და ინგრედიენტებით შეზავებულ, კუბებად დაჭრილ ვაშლს ვახვევთ და ვაცხობთ. ჩემდა გასაკვირად მშვენიერ განწყობაზე ვარ და ლანას იმაზეც კი ვუთანხმდები, რომ კიდევ ერთი ტატუს გაკეთება მინდა. ძალიან გულში ჩამყვა გიტარისტი ბიჭის ვიოლინოს გასაღები. ვაშლს ვკეპავ, ჯამში ვყრი და შაქარს და ქიშმიშს ვუმატებ. უკვე მზად ვარ ცომში გადახვევისთვის, რომ რეზი შესვენებას აცხადებს. ყველაფერს ისე ვტოვებთ, სადაც ვჩერდებით. მინდა, რომ რეზისთან მარტო დავრჩე. მასთან მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. ნიჟარასთან მივდივარ და ჩემი ჭურჭლის ნაწილს ვრეცხავ. შეფი მაგიდასთან ზის და ვხედავ, როგორი გამომეტყველებით მიყურებს. ხვდება, რომ სპეციალურად ვჩერდები საკონდიტროში.
გადის თუ არა უკანასკნელი სტუდენტი ოთახიდან, ონკანს ვკეტავ, კარს ვხურავ და ზედ ვეყრდნობი.
-გამარჯობა. - ვეუბნები. მიკვირს, საერთოდ არ ვღელავ. რეზი სკამს მიყრდნობილი შუბლშეკრული მიყურებს და ხმას არ იღებს. - როგორ დაისვენე შეფ?
-მითხარი რა გინდა და გადი. - ამბობს ცივად.
-მაინტერესებს, ხომ არ გადაიფიქრე და ჩემთვის იმის თქმა ხომ არ გინდა, რაც წესით უნდა ვიცოდე?
-არა.
-რატომ?
-იმიტომ, რომ... მნიშვნელობა არ აქვს, გადი. - კარზე თვალით მანიშნებს.
-კარგი. - ვამბობ მშვიდად და გავდივარ. ნახევარი საათის შემდეგ ვბრუნდები, ეკას შეზავებულ ვაშლის შიგთავსში ორ სუფრის კოვზ მარილს და ცოტა პილპილს ვყრი და ნასიამოვნები ვბრუნდები კაფეტერიაში. მარილს ვერ შეამჩნევს, რადგან ვაშლი გაალღობს, პილპილი კი გარეგნულად შავი ვანილისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. ასე, რომ გეგმა შესრულებულია.
უკანასკნელი მნიშვნელოვანი შტრიხი, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს მაშინ ჩნდება, როდესაც ეკა საკუთარ შედევრს აგემოვნებს და სიმწრისგან აჭარხლებული თვალებს მიბრიალებს. მე მხოლოდ მხრებს ვიჩეჩავ და პრაქტიკის დასრულების შემდეგ ჩემებს საიდუმლოს ვანდობ.
სამშაბათს რეზის იმავე შეკითხვით მივმართავ. ის ისევ არას მპასუხობს. ეკას კი შემთხვევით ვეჯახები და ჯამიდან ზურგზე რძეს ვასხამ. შედეგი: აყვირებული ეკა, გაღიზიანებული რეზი.
ოთხშაბათსაც იმავე შეკითხვას ვუსვამ შეფს და ის კვლავ არას მეუბნება, ამიტომ ამ დღის ჟურნალის გრაფაში ეკას გასწვრივ შემთხვევით „არა“ იწერება ისე, რომ ამას ვერც შეფი იგებს და ვერც დაზარალებული. პრაქტიკის ბოლოს ორივე მშვიდადაა. ჰგონიათ, რომ გადამირჩნენ.
ხუთშაბათს და პარასკევს რეზის ვერ ვხედავ, ამიტომ ის ჩემგან ისვენებს. შესაძლოა ისიც ვიფიქროთ, რომ თავს სპეციალურად მარიდებს.
ორშაბათს თავიდან ვიწყებ. რეზი კვლავ არას მპასუხობს, ამიტომ ჭურჭლის რეცხვისას შემთხვევით ონკანის პირზე ხელი მედება და იმ წუთას მოსული ეკას საკონდიტროს ზედატანი სველდება. ცოტა აკლია, რომ არ მეცეს. ზურგს მაქცევს და გასახდელში გადის. მიუხედავად იმისა, რომ რეზი თვალებს მიბრიალებს, მე მას მაინც უკან მივყვები. გასახდელში შევდივარ და კარს ვხურავ. ეკა ჩემკენ ბრუნდება და გამოცვლილ ზედატანს ისწორებს. როცა იქ მე მხედავს, გაცეცხლებული მიახლოვდება და საჩვენებელ თითს ცხვირწინ მიბზიკავს.
-იცოდე, კიდევ რაღაცას „გააჩალიჩებ“ და ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ, გესმის ლაწირაკო? - კბილებში სცრის.
-მაინც რას იზამ ეკა დეიდა? ამჯერად ზეთს გადამასხამ? თუ უარესს, მჟავას? - ინტერესით ვუყურებ.
-ყველას წინაშე თმით გითრევ, ისე, რომ მეორედ აქ მოსვლის შეგრცხვება. გაიგე?
-შე ძუკნა, როგორ ბედავ ჩემთან ისე ლაპარაკს, მე ვიყო კუდიანი ალქაჯი და არა შენ? იქამდე გავაგრძელებ ასე მოქცევას, სანამ ჩემსას არ მივიღებ. როგორ ფიქრობ, დავუშვებ იმას, რომ პარიზში ასე ბოზურად წახვიდე და აქ შენზე მილიონჯერ ნიჭიერი და პატიოსანი სტუდენტი დაიჩაგროს?
-ალბათ შენს თავს გულისხმობ არა? ნუ გეშინია, რეზი წამოგიყვანს.
-შენნაირი ძუკნა გგონივარ? - მეცინება. - იცი რა ხარ? ხარბი, გაუმაძღარი დედაკაცი. შენ როგორ გგონია, როცა ბავშვები გაიგებენ, რა გზითაც აპირებ პარისში მოხევას, არაფერს მოიმოქმედებენ? რა გგონია, როცა დირექტორს მოვახსენებ, რომ რეზის ეს „მშვენიერი პარიზის“ პროექტი ასე ბინძურად ხორციელდება, არაფერს გააკეთებს? თუ მზიას, იმ მეორე ყვავის იმედზე ხარ? იქნებ თვითმფრინავში მისთვისაც გაქვს დაჯავშნილი ერთი ადგილი?
ეკა სიცილს იწყებს. ვუყურებ და ვგრძნობ, რომ ამდენი ხნის შენარჩუნებული სიმშვიდე ნელ-ნელა მერღვევა. ის კი არ ჩერდება და სიცილს განაგრძობს.
-რა გაცინებს? - ხმას ვუწევ.
-ესე იგი ესაა შენი გეგმა? - მიყურებს დამცინავად. - დირექტორთან ახვალ და იტყვი ყველაფერს? - ხმას არ ვიღებ, გული ცუდს მიგრძნობს. - ის არაფერს გააკეთებს ძვირფასო.
-რატომ... - შუბლს ვკრავ.
-იმიტომ, რომ დირექტორამდე რეზი არ აგიშვებს.
-გგონია, რომ ის შემაკავებს? ძალიან ცდები.
-სამაგიეროდ აი ეს არ ცდება. - ეკა ხელებში თავის მობილურს მაჩეჩებს. ეკრანს დავყურებ და სუნთქვა მეკვრება. სურათზე მე და რეზი ვართ, მასკარადის საღამოს, კოლეჯის უკანა ეზოში. ერთმანეთს ვკოცნით.

***
ცოტა ხანში ეკა ტელეფონს მართმევს და გასახდელიდან გადის. ადგილზე გაყინული ვრჩები. ჯერ ვერ ვიაზრებ რა ხდება. შემდეგ ყველაფერს ერთიანად ვხვდები და სიძულვილი, გაღიზიანება, სიბრაზე ყელში მაწვება. როგორ მოახერხა ამის გადაღება? ჯანდაბა, რატომ აქვს ეკას ეს სურათი? ღმერთო, ნუთუ მთელი ეს პერიოდი ამ სურათის იმედად იყო და თავს მშვიდად ამიტომ გრძნობდა? ამაზე ამბობდა რეზი არაფერი იციო? ამის გამო უნდა დამეჯერებინა მისთვის და მომეთმინა? ამის გამო არ უნდა ჩამედინა სისულელეები?
სარკისკენ ვბრუნდები და მასში ვიყურები. თვალები მაქვს ჩაწითლებული. სახეზე წყალს ვისხამ და გამოფხიზლებას ვცდილობ. ის-ისაა საკონდიტროში ვბრუნდები, რომ რეზი შესვენებას აცხადებს. შესულს მიყურებს და კოპებს ჰკრავს. როგორც ჩანს ამჩნევს ჩემს გამომეტყველებაში ცვლილებებს, მაგრამ არ ჩერდება. მაგიდიდან რაღაც ქაღალდებს იღებს და ისიც გადის. ცოტა ხნით ვიცდი და შემდეგ უკან მივყვები. იქნებ იმის თქმა მაინც მოვახერხო, რომ სალაპარაკო გვაქვს. გავდივარ თუ არა საკონდიტროდან, დერეფნის ბოლოში, კარში შემოსულ ნიკოლს ვხედავ. უკან ვიხევ, მაგრამ ის მაშინვე მაფიქსირებს და მეძახის
-ჰეი, ანა! - და ხელს მიქნევს. მეც იმავეს ვპასუხობ. მისი ნახვა არ მინდა. მანა ხომ კარგად იცის ეკას გეგმის შესახებ და თანახმაა ის ყვავი პარიზში წაიყვანოს? ღმერთო ჩემო, ნუთუ სურათის შესახებაც იცის? გული გამალებით მიცემს და კედელს ვეყრდნობი. ცივია და ცოტას მაფხიზლებს. არა, არ მგონია იცოდეს. სხვა შემთხვევაში ასე რატომ გაეხარდებოდა ჩემი დანახვა? თანაც სურათი დიდი ხნის წინაა გადაღებული და რეზიმაც როგორც ჩანს დიდი ხანია მის შესახებ იცის. ნიკოლმაც? აბა ასეთი თბილი დამოკიდებულება ჩემთან რატომ ჰქონდა? ვითომ თამაშობდა? ახლაც თამაშობს? მაგრამ თუ არ იცის რატომ, რის გამო თანხმდება ეკას საფრანგეთში გამგზავრებას? ფუუ, სულ ავირიე!
ნიკოლი კარში შემხვდარ რეზის ესაუბრება. რამდენიმე წამში ეხვევა, ლოყაზე კოცნის და ჩემკენ მოდის. რეზი მიდის.
-როგორ ხარ? - მკოცნის, ხელკავს მკიდებს და პირველი სართულისკენ მივყავარ.
-კარგად, შენ?- ახლა მხოლოდ იმ სურათზე და ეკას მკვლელობაზე თუ მეფიქრება.
-ცოტა მოწყენილი. - მეუბნება ინგლისურად. - ამაღამ პარიზში ვბრუნდები.
-მართლა? - ტუჩებს ვმუწავ. ესეც მეორე ახალი ამბავი. - ცუდია, მაგრამ არ მოიწყინო ამის გამო.
-სხვანაირად არ შემიძლია. ბევრი მეგობარი შევიძინე და მათ აქ ვტოვებ. მათ შორის შენც.
-მეეც? - ვუღიმი. ყველაფრის მიუხედავად მიხარია მისგან ამის მოსმენა, მაგრამ მაინც დისკომფორტს ვგრძნობ.
-ხო, შენც. - თავს მიქნევს. - კაფეტერიასთან მივდივართ, მაგიდასთან ვსხდებით და ყავას და ღვეზელებს ვუკვეთავთ. - მართალია ერთად ხშირად ვერ ვატარებდით დროს, მაგრამ ძალიან მომწონხარ. ჩვენი მცირედი საუბრებიდან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა შენზე.
-დიდი მადლობა ნიკოლ, ძალიან კეთილი ხარ. - მგონი ვწითლდები და აღელვებული ცხელ ფინჯანს თითებს ვახვევ. რა ვქნა? ის ისეთია, შეუძლებელია უყურებდე და მასზე ცუდს ფიქრობდე.
-ოფ, გმადლობ ძვირფასო. - თავს ოდნავ გვერდით ხრის. ისეთი ნათელი და ღია მზერა აქვს, მშურს კიდეც. - იმედი მაქვს, რომ კიდევ შევხვდებით.
-თუ საქართველოში ისევ ჩამოხვალ, რა თქმა უნდა. მთავარია შენ გინდოდეს.
-არა, მე იქ ვგულისხმობ, პარიზში. იქნებ რეზიმ წამოგიყვანოს? - ჩემკენ იხრება და შეთქმულივით თვალს მიკრავს.
-მე? მე... - გაოცებისგან ენა მებმება. ვცდილობ სიტყვებს თავი მოვაბა, ყელს ვიწმენდ. - მე არც ისე კარგი სტუდენტი ვარ.
-მანამდე ჯერ კიდევ ოთხი თვეა. ყველაფრის გამოსწორება კიდევ შეიძლება. - ყავას სვამს. ორი წამით მის ზურგს უკან ვიხედები და მოშორებით დივანზე მსხდარ ჩემს გოგოებს ვხედავ, რომლებიც უკმაყოფილოდ თავებს აქნევენ. ვოხრავ და ისევ ნიკოლს ვუყურებ. - მთავარია მონდომება.
-შეიძლება, მაგრამ დამწვრობის გამო ბევრი გამიცდა. მართალია ამას ვინაზღაურებ, მაგრამ აკადემიური მოსწრება არ მაქვს კარგი. გარდა ამისა სხვები ჩემზე უკეთესები არიან. - ერთი ძუკნა საერთოდ არ ფიქრობს ამაზე და პარიზში უნამუსოდ მოხვედრა ნებავს.
-მესმის, მაგრამ არ მგონია რეზიმ აკადემიურ მოსწრებას ყურადღება მიაქციოს. ის სტუდენტებში ნიჭს ეძებს და არა „არების“ რაოდენობას ჟურნალში.
-ეს კარგია. - თავს ვუქნევ. - მაგრამ ორ რჩეულში ჩემი მოხვედრა ვერ წარმომიდგენია. ცოტა უსამართლოდაც კი მეჩვენება.
-ასე ფიქრობ? - თვალებს ჭუტავს, შემდეგ მხრებს იჩეჩავს და ამბობს. - არ ვიცი არ ვიცი, მე მაიცნ მგონია, რომ პარიზში ერთმანეთს შევხვდებით.
ჰო, ნიკოლ, შენი შეყვარებული ამაზე ალბათ ოცნებობს. ვოხრავ და გოგოს ვუღიმი. ძალიან ოპტიმისტია და ჩემ მაგივრადაც მას აქვს პარიზში მოხვედრის იმედი, მაგრამ ეს არ მოხდება. არც რეზის სურვილით და არც ჩემით. მე არ ვარ ჯგუფში საუკეთესო, ამას კარგად ვიაზრებ.
ცოტა ხნით კიდევ ვსაუბრობთ, შემდეგ ის დირექტორთან ადის, მე გოგოებთან მივდივარ და მათგან კიდევ ერთხელ ვისმენ ეჭვიან ფრაზებს.
პრაქტიკაზე ჩვენთან ნიკოლი შემოდის, გვეუბნება თუ რა კარგია საქართველო, რამდენად საუკეთესო დღეები გაატარა აქ, ყველას ერთად გვემშვიდობება და მიდის. ლექციის შემდეგ სწრაფად გავდივარ გასახდელში და ვიცვლი. გამოსულს საკონდიტროში არ მხვდება. მაშინვე მობილურს ვიმარჯვებ და მესიჯს ვწერ.
„ - უნდა ვილაპარაკოთ.“
„ - რა მოხდა?“
„ - ეკამ სურათი მაჩვენა.“
ცოტა ხანში რეზი რეკავს.
-ანა, ახლა გავედი კოლეჯიდან.
-როდის მოიცლი?
-დღეს ღამით ორი კვირით მეც მივყვები ნიკოლს პარიზში. კაფეში რაღაცა პრობლემების გამო ჩემი წასვლაც აუცილებელი გახდა.
-ვერ მოახერხებ ჩემ ნახვას?
-ალბათ ვერა.
ცოტა ხნით ჩუმად ვართ.
-უნდა გავთიშო, ანა.
-რეზი იცოდე, ის სურათი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. - ვამბობ კატეგორიულად.
-შენ ხომ არ გაგიჟდი? უბრალოდ გაჩუმდი და დაფიქრდი. - ხმას უწევს. - იცოდე არაფერი გააკეთო. გასული კვირის მსგავსად, არანაირი სისულელე არ გამომჟღავნდეს შენგან. მოითმინე. რომ ჩამოვალ მერე ვილაპარაკოთ, გესმის?
-რეზი... - ნერვები მეშლება.
-გესმის თუ არა, ანა? - მაწყვეტინებს.
-ჯანდაბა, მესმის, მესმის! - ვყვირი.
-ძალიან კარგი. ჭკვიანად იყავი. - მეუბნება და მითიშავს.


***
ორი კვირა. ისე იწელება ეს თოთხმეტი დღე, რომ მგონია საუკუნის გასვლას ველოდები. იმის გამო, რომ რეზი საერთოდ ეკასკენ გახედვას მიკრძალავს, უმოქმედოდ დავდივარ კოლეჯში. ვერც პრაქტიკებს ვუდებ გულს და ვერც ლექციებს. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ მივიდე ამ ქალთან და არ ვუყვირო, ფეხებზე შენი სურათითქო. რაში მაინტერესებს ვინ რას იტყვის ჩემსა და რეზის ურთიერთობაზე? ვისი რა საქმეა, მე ლექტორს ვაკოცებ, ჯგუფელს თუ მეზობელს? ან რეზის რატომ აბრკოლებს ეს სურათი? ეს უაზრობა რატომ აიძულებს ეკას ჭკუაზე ტრიალს? ნუთუ მას ადარდებს ის, რაც ჩემთვის სულ ერთია? არაა, არ მჯერა. რეზი არაა ის ადამიანი, რომელსაც ხალხის აზრი აინტერესებს.
ამ ორი კვირის მანძილზე ერთადერთი დღე იყო, როცა ეკაზე არ მიფიქრია, დღე, როდესაც მარჯვენა ხელი ს არათითზე ვიოლინოს გასაღების ტატუ გავიკეთე. მთელი დღე მის ცქერაში გავაკარე. რა თქმა უნდა, თევზები შესანიშნავი ნამუშევარია და ძალიან მომწონს, მაგრამ ის კისერთანაა და ყოველთვის ვერ ვახერხებ მის დანახვას. ეს კი... მაშინ დავტკბები მისი ცქერით, როცა მომინდება.
ისე, სასაცილოა ის ფაქტი, რომ ორივე ტატუ რეზის უკავშირდება. თევზები თავისთავად ცხადია, როგორც ჩემი, ასევე მისი ზოდიაქო და ჩემ მიერ შერქმეული მეტსახელის „არამზადა თევზების“ ნაწილია. ვიოლინოს გასაღები კი ყოველთვის იმ ლამაზ შუაღამეს გამახსენებს, როცა რეზიმ გიტარაზე დაუკრა და როცა მისი რეალური მზერა დავინახე. რაც არ უნდა მოხდეს ჩემსა და მას შორის, ეს შუა ღამე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონება იქნება ჩემს ცხოვრებაში.

***
მარტი!
ჩემი თვე დაიწყო. ხოდა ისეთი აჟიტირებული ვარ, თითქოს ეს თვე მართლაც ჩემს საკუთრებაში იყოს და მის თითოეულ დღეს მე ვგეგმავდე და ვქმნიდე.
სამი მარტი. დედების დღეს მამა ხათოს ისეთ სიურპრიზს უკეთებს, რომ ჩემ და ლელას გამომცხვარ ტორტს ზედ აღარავინ უყურებს. ილო დედას ფანჯარასთან აყენებს და „პარკინგზე“ ჩამწკრივებულ მანქანათაგან ერთ-ერთზე ანიშნებს. წითელი „ჰონდაა“.
-დედების დღეს გილოცავ ქალბატონო. - ამბობს ილო და წარბებაწეულ ხათოს ლოყაზე კოცნის. - მართალია ამ დღეს დედებს შვილები ჩუქნიან საჩუქრებს, მაგრამ რვა მარტამდე ვეღარ მოვიცდიდი.
-კაი ერთი. - დოინჯშემოყრილი დედა უნდობლად უყურებს მეუღლეს. - ეს მანქანა აქ ერთი კვირაა დგას. აღიარე ახლა, რომ რაღაცას მაიმუნობ.
-აამ... რა ვიცი აბა. - მამა ჯიბიდან გასაღებს იღებს და აწკრიალებს. დედას აშკარად არ ეცნობა ახალი გასაღები და გაოცებული პირს აღებს. - ერთი კვირაა რაც ჩამოვიდა და რადგან სახლში მისი ადგილი ვერ ვნახე, გარეთ დავაყენე. თუ გინდა გადაამოწმე.
ხათო გასაღებს ართმევს, კივის და პატარა ბავშვივით მთელ სახლს სირბილით უვლის. შემდეგ ახსენდება რომ ეს საჩუქარი მეუღლისგანაა და გიჟივით ეხვევა მამაჩემს. მე და ლელაც გახარებულები და გაოგნებულები ვართ, მაგრამ მათგან განსხვავებით, მაგიდასთან ვსხედვართ და ჩვენს ტორტს მივირთმევთ.

***
რვა მარტს დილით ადრე ვდგები. წინა დღეს გოგოები შევთანხმდით, რომ ქალთა დღეს მაკოს და ლანას ნაქირავებ ბინაში აღვნიშნავდით. ამიტომ დღეს შემართებით ვიწყებ. მხიარულობის განწყობაზე ვარ. მარკეტში მივდივარ და მინი წვეულებისთვის რაღაცებს ვყიდულობ. გოგოებთან ხუთი საათისთვის უნდა გავიდე. დღეს კვირაა და ვინაიდან და რადგანაც ხვალ ჩემი დაბადების დღეა, ამაღამ გოგოებთან ვრჩები და ხვალ კოლეჯს ვაცდენ. რეზი რომ აქ ყოფილიყო იუბილარის სანახავად მაინც წავიდოდი. ახლა კი მიზეზი არ მაქვს, ამიტომ კაპრიზობის უფლებას ვიყენებ.
მათთან მისულს ისეთ მაღალ ხმაზე მხვდება მუსიკა ჩართული, ეჭვი მაქვს, მეზობლებთან კონფლიქტი არ აგვცდება. ერთ ოტახიან, თუმცა საკმაოდ დიდოთახიან ბინაში კედლები გაცრეცილ შინდისფრადაა შეღებილი. ერთ კედელზე „აეროსმიტის“, მეორეზე კი „imagine dragons“ის დიდი პლაკატებია გაკრული. მათი ცხოვრების და გარეგნული სტილიდან გამომდინარე, მეგონა მათი სახლი არეული და სიგარეტის სუნით გაჟღენთილი დამხვდებოდა. თუმცა სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ოთახი როკის სტილში, თან ასეთი სუფთა ვერ წარმომედგინა. ნამდვილად ჩემი გოგოები არიან.
ლიზი უკვე იქ მხვდება და მაგიდას აწყობს. ლანა სამზარეულოში მიმათრევს და მაცივარს ხსნის. ლუდის ქილები თვალებს მჭრიან.
-მეგონა ლიქიორს დავლევდით. - პარკიდან ბოთლს ვიღებ და ცხვირ-წინ ვუტრიალებ.
-ეგ გოგოების სასმელია, შენ და ლიზიმ დალიეთ. - ენას მიყოფს და მაცივარს ეხუტება. ჰმ, დამპალი! მეცინება და ოთახში გავდივარ.
ჩვენი მაგიდა სულაც არ ჰგავს ქართულ სუფრას, პირიქით, ძალიან თანამედროვე და ორგანიზმისთვის მავნებელია. მაგრამ ჩვენ ხომ ის თაობა ვართ, რომელსაც სწორედ ის გვიყვარს, რაც გვკლავს. ასე, რომ პიცა, ფრი, შემწვარი ქათამი, სხვადასხვა ტკბილეული და სასმელი ჩვენთვის სრულიად საკმარისი კომფორტია. სუფრაზე ყველაზე ჯანსაღად ხილი გამოიყურება, რომელსაც სავარაუდოდ ლიზი მოულხენს.
საღამოს ცხრა საათისთვის დალაგებული როკ-ოთახი უკვე არეული როკ-ოთახია. სახლი მაშინ ირევა, როცა მაკო თავის კარაოკეს რთავს და ერთმანეთს სიმღერაში ვეჯიბრებით. აშკარაა, რომ ლანა ყველას გვჯობნის და ბოლო ადგილს მე ვიკავებ, მაგრამ როცა შენს ძარღვებში ალკოჰოლი ჩქეფს, შეუძლებელია აღიარო, რომ დამარცხებული ხარ. ბოლოს ყველა ერთად „imagine dragons” I’m so sorryს ვმღერით, მაგიდასთან ვბრუნდებით და შეწუხებული მეზობლების სადღეგრძელოს ვსვამთ. ის-ისაა ახალი სიმღერის დაწყებას ვაპირებთ, რომ მობილური მირეკავს. ჯიბიდან ვიღებდა დავყურებ. ჯანდაბა, რეზია!
-ხო, გიგა. - ვპასუხობ და გოგოებს თითით მობილურზე ვანიშნებ. ისინიც გიგას ზარით გახარებულები შეყვარებულებს განასახიერებენ. მეცინება.
-რა გიგა, მე ვარ! - მესმის უკმაყოფილო რეზის ხმა.
-კარგად შენ როგორ ხარ? - ტონს ვიცვლი. იქნებ მიხვდეს რაშია საქმე.
-მთვრალი ხარ?
-არა რა მთვრალი, გოგოებმა ცოტა დავლიეთ.
-ანუ სახლში არ ხარ?
-არა, ლანასთან და მაკოსთან ვარ.
-კარგი, მაშინ ხვალ გნახავ, როცა გამოფხიზლდები.
-~არ ვარ მეთქი მთვრალი! შენ თუ შეძლებ, შემიძლია შენი ნახვა. - გოგოები პირებს აღებენ. არ ელიან ამ დროს გიგასთან ჩემ შეხვედრას.
-დარწმუნებული ხარ?
-კი.
-მიოსამართი მომწერე.
რეზი მობილურს თიშავს. როდის ჩამოვიდა? მესიჯით მისამართს ვწერ და მაგიდას ვუბრუნდები. გოგოები ჭიქას სასმელით მივსებენ, მაგრამ მე უარს ვამბობ. მართალია მთვრალი არა ვარ, რადგან კარაოკემ საკმაოდ გამომაფხიზლა, მაგრამ ალკოჰოლის რაღაცა დოზა ჩემში მაინც იგრძნობა. მაკო იჩემებს გიგა რომ მოვა დავპატიჟოთო. მე მაშინვე „არას“ ვყვირი და ძლივს ვახერხებ მის დაყოლიებას. აბაზანაში შევდივარ და სარკეში ვიხედები. კი, ნამდვილად მეტყობა ალკოჰოლის კვალი. მაკიაჟი ნელ-ნელა ქვემოთ მიიწევს. პირს ვიბან და სახიდან ყველაფერს ვიშლი.
იქნებ მართლაც არ ღირს ამ დროს რეზის ნახვა? მაგრამ, ხვალ კოლეჯში არ ვიქნები. მას შემდეგ კი, რაც ვიცი, რომ ის ჩამოვიდა, ზეგამდე რა მოიცდის?! ან მასაც რაღა ასე გვიან მოუნდა ჩემთან საუბარი?
კბილებს ვიხეხავ პირში ლუდის და პიცის გემოს გასაქრობად. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ცოტას მაინც ვღელავ. იქნებ ამის მიზეზი ისაა, რომ ორი თვის შემდეგ პირველად ვიქნები მასთან ასე ახლოს და ვისაუბრებ მშვიდად? თუმცა მშვიდად საუბარზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. არა, კამათი აღარ მინდა. მინდა, რომ ყველაფერი გავარკვიოთ და მშვიდად ავაკრა ეკას შუბლზე ის სურათი.
-მსინჯველები მოგივიდნენ! - მიყვირის გარედან მაკო. მეცინება. პირს ვიწმენდ და სააბაზანოდან გავდივარ.
-ნუ ხარ იდიოტი. - თავში ვურტყამ მას და ჩემ ადგილს ვუბრუნდები.
-თუ მაგ ბიჭზე სერიოზულად ფიქრობდი, ჩვენ რატომ გვიმალავდი? - დაწვრილებული თვალებით მეუბნება ლიზი.
-კარგი რა, რა არის აქ სერიოზული, ერთი საათით რომ გავისეირნებთ? - ვიცხადებ.
-რაღაცას ბოლომდე არ გვეუბნები. - თითს მიქნევს ლანა და პულტით სიმღერას არჩევს.
-ბოლომდე სათქმელი არაფერი მაქვს. - თავს ვუქნევ მათ. კარგად ვთამაშობ მატყუარას. ამ დროს მესიჯი მომდის.
„ - მოვედი.“ - რეზია.
„ - მოშორებით დამელოდე. ხუთ წუთში ჩამოვალ.“ - ვწერ. ვდგები, ჩანთას და ქურთუკს ვიღებ.
-გოგოებო წავედი. მალე მოვაალ! - დაუმშვიდობებლად გავდივარ და კარს ვხურავ.

***
მანქანაში ვზივარ და საქარე მინაზე ხარბად მოთამაშე წვიმის წვეთებს ვუყურებ. სალონში არ ცივა, მაგრამ მათ შემხედვარეს მაკანკალებს. მთელი გზა არაფერი მითქვამს, არც მას უთქვამს. გული ისე მიცემს, მგონია, რომ მასაც ესმის და ყველანაირად ვცდილობ მის დამშვიდებას. სახე ერთიანად მიხურს. ალბათ სასმლის და ღელვის ბრალია. წარმოდგენა არ მაქვს რაზე ვნერვიულობ. ეს ხომ რეზია, მასთან პირველად არ ვარ. თითებს ერთმანეთში ვურევ და მუხლებს შორის ვაცურებ. გარედან შემოსული სველ ასფალტზე, მოსრიალე საბურავების ხმა ყურებში მიწივის. სმენას ვძაბავ და ახლაღა ვამჩნევ, რომ მანქანაში დაბალ ხმაზე მუსიკა უკრავს. რეი ჩარლზის „say no more”. სასიამოვნოა. გარეთ ვიხედები. მშვიდ უბანში ვართ. ირგვლივ არავინაა, აქა-იქ თუ გამოჩნდება მანქანა. არც მაღალსართულიანი ბინები ჩანს. ახლაღა მომდის თავში აზრი, რომ ვიკითხო, სად ვართ.
-სად მიდიხარ? - ვეკითხები და გარემოს უკეთ ვათვალიერებ. რეზი მანქანას მკვეთრად უხვევს და ჭიშკართან აჩერებს.
-უკვე მოვედით. - მიყურებს. - ჩემთან სახლში. გადმოხვალ?
-შენთან სახლში? - თვალებს ვჭყიტავ. ის თავს მიქნევს. აი ესღა მაკლდა ზუსტად. ის კი თვალებს არ მაცილებს და მელოდება. ჯანდაბა, რაც არის არის. საკმარისია ამდენი ფიქრი. - მოვედით და ახლა მეკითხები გადმოვალ თუ არა? - კაპიუშონს ვიხურავ და მანქანიდან გადავდივარ. რეზი ჭიშკრის კარს აღებს, შემდეგ სახლისასაც და მეუბნება შიგნით დაველოდო, სანამ ის მანქანას ეზოში შემოაყენებს. შემოაყენებს?
-უკაცრავად, ხომ არ დაგავიწყდა, რომ უკან უნდა დავბრუნდე? - ხმას ვუწევ, რომ წვიმის ხმა გადავფარო.
-წასვლა თუ მოგინდება, მანქანის დაქოქვა არ დამეზარება. - ამ,ბობს და გარეთ გადის. რას ჰქვია, თუ მომინდება?
არა, ეს ამბავი არ მომწონს. ვბრუნდები და ღია კარიდან სახლში ვიხედები. ოჰოო! აი ეს მესმის. აქ შესვლა ფეხსაცმლით, თანაც წვიმისგან დასვრილი ფეხსაცმლით არ იქნება კარგი საქციელი. ფეხზე და ქურთუკს ვიხდი და შევდივარ. წინ ფრთხილად მივაბიჯებ. სახლი სადა, კომფორტული და თანამედროვეა. ბეჟი ფერი ჭარბობს და მომწონს. ირგვლივ სასიამოვნოდ თბილა. თუ ეს ყველაფერი რეზის გემოვნებითაა მოწყობილი, ის უდავოდ იმსახურებს კიდევ ერთ ოსკარს ჩემგან. გვერდით ოთახის კარია ღია. იქიდან საწოლს ვხედავ. ალბათ მისი საძინებელია. ორი ნაბიჯის შემდეგ მისაღებ ოთახში შევდივარ. ულამაზესი, მყუდრო და თბილია. იატაკიდან მაღალბეწვიან ნოხზე ვინაცვლებ და ფეხები მაშინვე მითბება. ქურთუკს დივანზე ვდებ და ელექტრო-ბუხართან ვდგები. რამდენიმე წუთში რეზიც შემოდის. ფეხზე მასაც არ აცვია. მეღიმება. სისუფთავის მოყვარული შეფი.
-გცივა? - მეკითხება და გასაღებს და საფულეს მაგიდაზე აგდებს.
-უკვე აღარ.
-თუ გინდა ცაის გავაკეთებ.
-არა, მალე უნდა წავიდე. როდის ჩამოხვედი?
სვიტერს იხდის. შიგნიდან თეთრი მოკლემკლავიანი მაისური აცვია. მიახლოვდება და დივანზე ჯდება.
-გუშინ დილით.
-არ შეგეძლო დღეს ცოტა ადრე დაგერეკა ჩემთვის?
მიყურებს. არაფერს მპასუხობს. გაუგებარი ატმოსფეროა. ვგრძნობ, რაღაც მუხტს, მაგრამ ვერ ვიგებ რა არის ეს. იქნებ მონატრება? მგონი მომენატრა ეს იდიოტი. მზერას არ მაცილებს, შემდეგ კი იღიმის.
-რა გაცინებს? - უკმაყოფილოდ ვმუწავ ტუჩებს.
-კარგი, მოდი საქმეზე გადავიდეთ. - სერიოზულდება.
-საქმეზე. - ვოხრავ და თვალებს ვატრიალებ. - რატომ აქამდე არ მითხარი ამ სურათის შესახებ?
-იმიტომ, რომ ვიცოდი, ზუსტად ასეთი რეაქცია გექნებოდა.
-დიდი ხანია ეს იცი?
-იმ დღისით მითხრა, შენი გაფუჭებული ტესტების პასუხები რომ გამოვაცხადე.
-რაა? - ნერვები მეშლება. - ამდენი ხნის წინ? ეს ხომ თვეების უკან იყო? მას შემდეგ... - სუნთქვას ვიკრავ ცოტა ხნით. - კაი, კაი, აზრი აღარ აქვს ამაზე კამათს. მე ის მაინტერესებს, რატომ გადარდებს ეს ფოტო?
-რას ჰქვია, რატომ მადარდებს? წასვლამდე გითხარი, კარგად დაფიქრდითქო. რას აკეთებდი?
-ვიფიქრე და იმის გარდა, რომ ამ უაზრო სურათის გამო ეკას პარიზში წაყვანა სისულელეა, თავში სხვა აზრი არ მომივიდა.
-ანა, - ფეხზე დგება და ბუხართან მოდის. - თუ პრაქტიკების გავლასაც ჩავთვლით, კოლეჯის დასრულებამდე ხუთი თვეა დარჩენილი. მე მის პროვოკაციას კი არ ვეგები, მე ჩუმად ვარ. არ მინდა ხმაური, გესმის? ეგონოს, რომ მიმყავს პარიზში. როცა კოლეჯს დაამთავრებ, იმ სურათს აღარავითარი ძალა აღარ ექნება.
-მაგრამ ძალა არც ახლა აქვს რეზი, ეს არ გესმის? შენ რა, ძალიან გადარდებს, რას იტყვიან ჩვენზე?
-მე არა, მაგრამ ეს შენ უნდა გადარდებდეს. დაგავიწყდა როგორ საზოგადოებაში ცხოვრობ? - შუბლს ჰკრავს. უკვე მაღიზიანებს მისი აზრები.
-ფეხებზე მკიიდია. - თითქმის ვუმარცვლი და შემდეგ ერთი აზრი ყველა ფიქრს ჩრდილავს. - აა, საქმე ნიკოლშია? ესე იგი მან არ იცის სურათის შესახებ და, არ გინდა, რომ...
-მე და ნიკოლი მეგობრები ვართ. - მაწყვეტინებს ის და თვალებში მიყურებს. პირი ღია მრჩება. ასე... აი, თურმე რა ხდება. ახლა ყველაფერი გასაგებია. გაოგნებული მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ და ვუცქერ. გარეგნულად ეტყობა, როგორ აღიზიანებს ჩემი ვერ დაყოლიება. - მე ის კარგი მეგობრები ვართ, უფრო სწორედ საუკეთესო. გესმის? და მან იცის სურათის შესახებ. ისიც იცის, რატომ ვარ ჩუმად. ნიკოლი აქ ისედაც აპირებდა ჩამოსვლას. ვისარგებლე და ვიფიქრე, ეკას მისით თვალს ავუხვევთქო, მაგრამ შენც კარგად იცი, როგორი ძუკნაა. თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. - ჰაერს ხარბად ისუნთქავს. - შენ ხუთ თვეს მოიცდი ანა.
-არა, არ მოვიცდი. გითხარი, არავითარი აზრი არ მაინტერესებს ჩვენს შესახებ.
-ახლა ფიქრობ ასე. - წყობიდან გამოსული ოდნავ ხმას უწევს. - მაგრამ, როცა გაივლი და თვალს გამოგაყოლებენ, როცა იჯდები და ჩურჩულს მოჰკრავ ყურს, როცა ვიღაც თავხედი მოვა და პირდაპირ გეტყვის თავის აზრს, როცა ერთ უმნიშვნელო ამბავს ათას ჭორს მოაბამენ და არარეალურს შექმნიან, მერე მიხვდები, რომ მართალი ვარ. ანა, ამ ყველაფერს ყოველ დღე ხუთი თვის მანძილზე აიტან? გგონია, რომ აიტან?
მის ნათქვამ თითოეულ წინადადებას რეალურად წარმოვიდგენ და ცოტა არ იყოს ვცბუნდები და ეჭვი მეპარება. უხმოდ ვუყურებ მის უკმაყოფილო, დაჟინებულ გამომეტყველებას და ჩემს ამჟამინდელ ფიქრებს ვერ ვიჯერებ.
-ჩემზე ღელავ? - ვეკითხები. შუბლს ჰკრავს და ორი წამით თითქოს იბნევა. შემდეგ ზურგს მაქცევს, თაროდან სასმელიან ჭიქას იღებს და ერთ ყლუპს სვამს.
-რაც გინდა ის დაარქვი. - რატომ არ მპასუხობს ან ხოს ან არას? მის მიერ კიდევ ერთი ჩემთვის უცნობი გამომჟღავნებული რეაქცია, რომელიც უხდება, ისე ძალიან უხდება, რომ თვალს ვერ ვწყვეტ. შინაგანი დაძაბულობა მეხსნება. მსიამოვნებს მისი ამ მდგომარეობაში ნახვა. - რაა? - მეკითხება, როცა ჩემს მზერას აწყდება.
-მე... - ოდნავ თავს ვიქნევ გამოსაფხიზლებლად და ტუჩებს ვილოკავ. - მე შემიძლია დავემუქრო, რომ კარამელის გადასხმის გამო ვუჩივლებ. ეს ხომ სერიოზული დანაშაულია?
-კი, არის. - მეთანხმება და კიდევ ერთ ყლუპს სვამს ჭიქიდან. - მაგრამ ის გეტყვის, რომ მტკიცებულებები არ გაქვს.
-ეს ხომ ფაქტია. მე ხომ ვიცი!
-ხო, იცი. მეც მჯერა ამის, მაგრამ როცა ეკასთვის ბრალის წაყენებას გადაწყვეტ, პოლიცია ამის დამამტკიცებელ საბუთს მოგთხოვს, მოწმეს მოგთხოვს. შენ კი ეს ყველაფერი არ გექნება.
-მე ხომ ნაიარევი მაქვს ფეხზე! - ცოტაც და ტუჩები დამებრიცება. ნუთუ მართლა არაფერი გამაჩნია ეკას წინააღმდეგ?
-და რა, ნაიარევზე გაწერია, რომ კარამელი, რომლითაც დაიწვი ეკას გადმოსხმულია? - ეცინება.
ყელში რაღაც მაწვება. რაღაც არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს ბოღმაა. რეზის ზურგს ვაქცევ და ბუხარში მოლივლივე მოლურჯო-მოწითალო ცეცხლს ვუსწორებ თვალს. ის აუტანელი დამწვრობის პირვანდელი ტკივილები მახსენდება. თითქოს ნაიარევი ეხმაურება ჩემს ფიქრებს და ფეხზე ჩხვლეტას ვგრძნობ. გული მისივდება და თვალებიდან მსხვილი ცრემლები მცვივა. სასწრაფოდ ვიშორებ ღაწვებიდან და სუნთქვას ვიკავებ, რომ ტირილი არ ამიტყდეს. ესეც ჩვენი მშვიდი საუბარი.
ჩემს წინ ჩრდილს ვხედავ. ზურგს უკან რეზი მიდგას. მისი სუნთქვა მესმის. ცოტა ხანში მხარზე შეხებას ვგრძნობ და იმ წამსვე მის თითებს ქვეშ მხარი მიბუჟდება.
-კაი, არ მინდოდა. - ამბობს. უხერხული ტონი აქვს. არაფერს ვპასუხობ. - ანა, კარგი, ნუ მიბრაზდები. არ მინდოდა, რომ ასე გამოსულიყო. - თითებს ოდნავ მაჭერს და იღებს. მისკენ ვბრუნდები.
-არ მინდა მის ჭკუაზე სიარული. - ვეუბნები.
-არც ივლი. უბრალოდ მოგიწევს თავი ისე მოაჩვენო, თითქოს მის ხელში ხარ. თუ დაუკვირდები, ამაზე შეგიძლია იხალისო კიდეც. ოთხ თვეში, როცა შენ კოლეჯში აღარ იქნები, ის სურათი თუ ენდომება მთელე საქართველოს აჩვენოს. პარიზში მე ჩემს რჩეულებს წავიყვან. ამაში ეჭვი არ შეგეპაროს, არც ერთი წამით.
-კარგი. - თავს ვუქნევ და გაღიმებას ვცდილობ. მოვითმენ ამ ხუთ თვეს. ავიტან მის ყოვლისშემძლე გამომეტყველებას. - ვოხრავ.
-ესე იგი შევთანხმდით. - ცალ თვალს ჭუტავს.
-შევთანხმდით.
-ძალიან კარგი. - მიღიმის კმაყოფილი, სასმელს ცლის და ცარიელ ჭიქას ბუხრის კუთხეზე დებს.
-ახლა შეგიძლია გოგოებთან დამაბრუნო. - ვამბობ და ქურთუკის ასაღებად ვიწევი. რეზი მაჯაზე ხელს მჭიდებს.
-არა. - ამბობს.
-რა არა?
-არსადაც არ წახვალ.
-რეზი, მათ იციან, რომ გიგასთან ერთად სასეირნოდ გავედი ერთი საათით.
-არ მაინტერესებს ვინ რა იცის. კიდევ ერთ ტყუილს მოიფიქრებ. - ჩემკენ იწევა. უკან ვიხევ, მაგრამ ბუხარს ვეჯახები. წინ ჩამოყრილ ჩემს თმაში თითებს აცურებს, უკან მიწევს და თვალებში ჩამყურებს. - გახსოვს ზაფხულს, მობილურზე საუბრისას რა გითხარი?
-რა? - ხმა მიწყდება. მშვენივრად მახსოვს, რაც.
-ერთხელაც მე და შენ ოთახში მარტო დავრჩებით მეთქი. - იღიმის მაცდურად. თითებს თმიდან სახეზე აცურებს და ყელთან პერანგის ღილს ფრთხილად მიხსნის.


***
-გაჩერდი. - მეორე ღილზე ჩაჭიდებულ მის თითებს ვიჭერ. - უნდა წავიდე. - ვამბობ და მის ხელს დავყურებ.
-ორ თვეზე მეტია შენთან ახლოსაც არ მოვსულვარ. - მეუბნება და ბაგეებზე დამყურებს. - დარწმუნებული ვარ, რომ მათაც ძალიან მოვენატრე.
-ჰო, - ტუჩებს ვილოკავ და გვერდით ვიწევი. - მაგრამ ახლა უნდა წავიდე. დივნიდან ჩანთას და ქურთუკს ვიღებ და კარისკენ მივდივარ.
-ეს გრჩება. - ზურგიდან მესმის მისი ხმა. ვბრუნდები. მისაღები ოთახის შესასვლელში დგას, ხელში ჩემი მობილური უკავია და ორი თითით აბზრიალებს. თვალებს მობეზრებით ვატრიალებ. ახლა მახსენდება, რომ ტელეფონი მანქანაში დამრჩა.
-მომეცი.
-მოდი და წაიღე. - წარბებს სწევს. ჩემგან დაახლოებით ოთხ მეტრში დგას.
-გახალისდი და თამაში მოგინდა? - ვუბღვერ
-მომენატრე და შენ მომინდი. - მობილურს მიწვდის.
ვიცი, ჩემი მასთან ახლოს მისვლა კრახით დასრულდება. თან ისე მიყურებს, მაცდურად, გაიძვერულად, პირდაპირ მზერით მიმხელს თავის გეგმებს. გულში მეცინება. არც კი იცის, როგორ მომენატრა ამ იდიოტის შეხება და ალერსი, მაგრამ რაღაც მაინც მაკავებს და წარმოდგენა არ მაქვს, რა. სხვა გზას არ მიტოვებს.
-იცოდე, ყოველგვარი ფოკუსების გარეშე. ვაფრთხილებ და მისკენ ჩქარი ნაბიჯით მივდივარ. გამოწვდილი ხელიდან მობილურს ვართმევ, მაგრამ მობრუნებულს მაინც მიჭერს და ზურგით მკერდზე მიკრობს. - რეზი, კარგი რაა. - მუცელზე შემოჭდობილ მის მკლავებს ვეჯაჯგურები. ის კი თავს ჩემს კისერში ფლობს და მკოცნის.
-ჩვენს გვერდით ჩვენი საძინებელია. - ამბობს და კოცნით ნელ-ნელა ყელისკენ მოიწევს. თანდათან მიპყრობს ვნება. ავტომატურად თავს გვერდით ვხრი, რომ მის ტუჩებს გზა გავუთავისუფლო. - იქ ძალიან კომფორტული საწოლი დგას. - ქურთუკს მართმევს და დაბლა აგდებს. - მაგრამ ერთი ნაკლი აქვს. - ლოყაზე მკოცნის და ჩანთასაც ქურთუკის გზას უყენებს. - ვანილის სურნელი არ აქვს.
-ვერ დავრჩები. - ვამბობ, მაგრამ თავადვე ვხვდები, რომ ჩემი სიტყვები არც ისე მტკიცეა. მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდებული საათი თორმეტის ოც წუთს მიჩვენებს. ჯანდაბა, ძალიან გვიანია.
-გეშინია? - მეკითხება და ცოტა ხნის წინ გადარჩენილ ღილს ხსნის, შემდეგსაც და შემდეგსაც. თითებს ყელზე აცურებს და მწველ ზოლებს მიტოვებს. - დიდი ხანია ეს ყველაფერი არ გიგრძნია. - ამბობს ყურში, ნიკაპს თითებით მიჭერს, თავს გვერდით მაბრუნებინებს და ნაზად, მაგრამ მთელი ვნებით ეხება ჩემს ბაგეებს.
ორი თვე ისე შორს ვიყავი მისგან... ახლა კი ასეთი სიახლოვე თავბრუს მახვევს. დაძაბულობა ერთიანად მეხსნება და სასიამოვნო სიმსუბუქეში ვიკარგები. ახლა ვხვდები, როგორ მჭირდებოდა მთელი ეს დრო ეს კოცნა და მისით გამოწვეული განცდები და როცა ამ ყველაფერს ასე ახლოს ვიგულებ, ვმშვიდდები.
უცბად ხელში ვიბრაციას ვგრძნობ. მობილური რეკვას იწყებს. მაშინვე ვწყდები მის ტუჩებს და რეზისგან გაწევას ვცდილობ, მაგრამ ის ისევ მუცელზე მხვევს მკლავებს და არ მიშვებს. ეკრანს დავყურებ. მაკოა.
-არ უპასუხო. - მეუბნება კისერში ჩამძვრალი. - შენ ხომ წასვლა არ გინდა?
-არა, ასე არ შეიძლება. - ვბუტბუტებ. სურვილები მერევა. არც წასვლა მინდა, არც დარჩენა.
-შენთან სახლში ხომ შეიძლებოდა? აბა გაიხსენე? - ყურზე მკოცნის და ნელ-ნელა ქვემოთ მოუყვება. ღმერთო, გადამრევს. ხმას ვიყენებ და მობილურს ვპასუხობ.
-ხო, მაკო.
-ძალიან გაგიტკბათ? - მეკითხება ის სიცილით. - რეზის ესმის და ყელთან ვგრძნობ, რომ ეღიმება. თითებს პერანგს სჭიდებს და შარვლიდან ნელ-ნელა ზემოთ ქაჩავს.
-ხო. - ვეუბნები მეგობარს გულახდილად, თუმცა გიგას ნამდვილად არ ვგულისხმობ. რეზი პერანგის დარჩენილ ორ ღილსაც ხსნის და მოშიშვლებულ მუცელზე მხურვალე ხელებს მაწყობს.
-ამ წვიმაში სად დაეხეტებით? - მაკო ძალიან ცნობისმოყვარეა, რეზი კი საშინლად ვნებიანი. ხელებს ჯერ ზემოთ აცურებს და პერანგს განზე სწევს, შემდეგ ისევ ქვემოთ უყვება და თითებს ოდნავ აცურებს შარვლის შიგნით. მუცელი მეზნიქება და თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ დავიკვნესო. თვალები თავისით მეხუჭება და თავს რეზის მხარზე ვაგდებ.
-ჩვენ.. მე... - სიტყვებს ძლივს ვაბამ თავს. - გიგამ სახლამდე მიმაცილა. უჩემოდ გაერთეთ გოგოებო. - ვამბობ სწრაფად. რეზი ხითხითებს და მის სიცილს მთელი სხეულით ვგრძნობ. უკვე თავისთან მიგულებს და ჩემი შარვლის ქამარს ხსნის.
-აუ, რა ცუდია. მეგონა ერთად გავათენებდით ღამეს. - წუწუნებს მაკო.
-სხვა დროს იყოს, არაუშავს.
-კაი დამპალო, დროებით.
-დროებით. - მობილურს ვთიშავ, დაბლა ჩემს ქურთუკზე ვაგდებ და რეზისკენ ვბრუნდები. მაცდურად მიღიმის და სურვილისაგან მკერდი მკაფიოდ აუდ-ჩაუდის. მაისურზე ორივე ხელით ვებღაუჭები და მის გახსნილ ბაგეებს ვაცხრები. რეზი პერანგს მხდის, ხელში მიტაცებს და საძინებელში შევყავარ.

***
დილით აუჩქარებლად მეღვიძება. ბურანში მყოფი ვგრძნობ, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც წესით უნდა იყოს. ნელ-ნელა ვფხიზლდები, თვალებს ვახელ და უცხო ოთახის დანახვისას ყველაფერი მახსენდება.
მე რეზისთან ვიწექი! ჯანდაბა! ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გამეცინოს. ან რა მაცინებს? რაა? რა და კმაყოფილება. დიახ, სრულიად კმაყოფილი ვარ ჩემი თავზეხელაღებულობით და ერთი წამითაც არ ვნანობ. ის რაც წუხელ მოხდა, არ იყო ღრუბლებში ფრენა და ვარდის სურნელოვან ფურცლებში გაუჩინარება. პირიქით, მიწაზე მყარად ვიდექი და თითოეულ შეხებას და წამს ხორციელად ვგრძნობდი. სხვანაირად ვერც წარმომედგინა.
ახლა? ახლა სრულიად გაბადრული და მშვიდი ვარ. ცოტა დისკომფორტს ვგრძნობ, მაგრამ ეს ალბათ ნორმალურია. საათი შვიდის ნახევარს აჩვენებს. ლურჯ ფარდებს შორის, ფანჯრიდან მოქანავე ხის წვეროებს ვხედავ. როგორც ჩანს გარეთ ცივა. მე კი... ოჰ, რა კარგია, მე აქ თბილად ვარ. ოთახს ვათვალიერებ. წუხელ ამის არც საშუალება მქონია, არც დრო და არც სურვილი. ლურჯ, ნაცრისფერ და თეთრ ფერებშია. საოცარი გემოვნება აქვს შეფს. იატაკს დავყურებ და ჩემს ტანსაცმელს რომ ვხედავ, მაშინღა მახსენდება, რომ შიშველი ვარ. აამ! ვიცი, სისულელეა, მაგრამ უხერხულობის შეგრძნება მეუფლება. კარგი იქნებოდა, ჩამეცვა, მაგრამ რეზის ხელი ჩემს თეძოზე აქვს ჩამოდებული და ზურგით მკერდზე ვყავარ მიკრული. რომ ავდგე გაეღვიძება.
ვიცდი, ვიცდი, მაგრამ რაც დრო გადის ჩაცმის სურვილი უფრო მიმძაფრდება. არა, უნდა ვცადო. საბანს ფრთხილად ვწევ მაღლა და ის-ისაა ოდნავ ვშორდები მის მკერდს, რომ ხელი მაშინვე ფხიზლდება, მუცელზე მეხვევა და უკან მაბრუნებს.
-სად მიიპარები? - მეკითხება რეზი. ნამძინარევი ხმა აქვს, ისეთი სასიამოვნო მოსასმენია...
-ჩავიცვამ, რა... - ვწუწუნებ და მისი ხელის მოშორებას ვცდილობ, მაგრამ ის ზურგზე მაწვენს და ზემოდან მექცევა.
-მაგისთვის ჯერ ადრეა. - ამბობს და ყელზე მკოცნის.
-გაიღვიძე მაინც. - მეცინება და კოცნისგან გაბრუებული თვალებს ვნაბავ.
-რომ იცოდე, ძილშიც მინდიხარ. - ხითხითებს ის და ზემოდან დამყურებს. ვუცქერ და მის მზერაში ათას რამეს ვხედავ. ამ წუთას თბილიცაა, გაიძვერაც, იდიოტიც და მზრუნველიც. ყველაზე მკაფიოდ კი გულწრფელობას ვამჩნევ და ძალიან მიხარია
-რა იყო? - ვეკითხები.
-დაბადების დღეს გილოცავ, ანა. - მეუბნება.
ჯერ გაოცებისგან თვალები მიფართოვდება. რატომღაც ვერ წარმომედგინა, რომ მას ეს ეცოდინებოდა, მაგრამ შემდეგ ვფიქრობ, რომ რატომაც არა? ის ჩემი ლექტორია და თავისუფლად შეუძლია ჩემი მონაცემების ნახვა.
-გმადლობ. - ვუღიმი. - დაბადების დღეს გილოცავ, შეფ.
ისიც მიღიმის და ვნებიანად სწვდება კოცნისთვის მზად მყოფ ჩემს ბაგეებს.

***
ძლივს ვიყოლიებ, რომ სააბაზანოში მარტო შევიდე. გამოსულს საუზმე მხვდება მაგიდაზე გაშლილი. სანამ რეზი აბაზანაშია, პირს არაფერს ვადებ, ველოდები. არადა ვკვდები, ისე მშია. დროის გასაყვანად ფეისბუქზე შევდივარ და მოლოცვებს მადლობებით ვპასუხობ. რვა საათზე რეზი უკვე ჩაცმულია და ვსაუზმობთ. ძალიან უჩვეულოდ ვგრძნობ თავს. ჩემთვის ეს სიტუაცია ძალიან ინტიმური და სასიამოვნოა. შეფს თავი ისე უჭირავს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, მე კი გამუდმებით ვცქმუტავ. რა თქმა უნდა ის გამოცდილია, მე კი ახალბედა და ჯერ კიდევ ეიფორიაში ვარ. გამუდმებით მეღიმება. კოლეჯში ის ისეთი კატეგორიული, მკაცრი და მომთხოვნია... აქ კი... საკუთარ სამზარეულოში მოსაუზმე სულ სხვანაირია. ვუყურებ და ისე არაჩვეულებრივად მეჩვენება მისი ელემენტარული მოძრაობები, თითქოს ჩვეულებრივი ადამიანი არ იყოს და რაღაც განსაკუთრებულს ჩადიოდეს. მომწონს, ძალიან.
-ნუ მაშტერდები, თორემ ამ მაგიდაზე შემოგსვამ. - მეუბნება მუქარით და ფინჯნიდან ჩაის სვამს.
-მიდი. - ჯემით დასვრილ ცერა თითს ვილოკავ და ოდნავ ტუჩს ვიკვნეტ.
გაკვირვებული თვალებს იწვრილებს და რამდენიმე წამით უხმოდ მაჩერდება. შემდეგ გახუხული პურის ნაჭერს ხმაურიანად კბეჩს და თან მეუბნება:
-კოლეჯში მეჩქარება.
ვიცინი.
-შენ არ წამოხვალ? - მეკითხება.
-არა, სახლში უნდა ვიყო. საღამოსთვის უნდა გავემზადო.
-ანუ აცდენ, არა? - შუბლს ჰკრავს.
-დიახ შეფ. შეგიძლიათ „არა“ ჩამიწეროთ.
უკმაყოფილოდ თავს აქნევს.
-სურათზე მეუბნებოდი არაფერი იციო? - ვეკითხები.
-დაახლოებით.
-აბა, ნიკოლზე?
-ხო.
ეჭვით ვუყურებ.
-რა იყო?
-კიდევ რამეა?
-არა, საიდან მოიტანე?
მხრებს ვიჩეჩავ.
-სახლში ასე ადრე მიხვალ? შენ ხომ წესით მეგობრებთან უნდა იყო?
-არაუშავს, ისედაც ადრე ვაპირებდი მისვლას.
-თუ გინდა აქ იყავი, და როცა მოგინდება სახლში მაშინ წადი. გასაღებს დაგიტოვებ, მეორეც მაქვს.
-რომ გაგქურდო, არ გეშინია?
-რის წაღებას აპირებ? - ჩემკენ იწევა და ნიკაპს თითებით მიჭერს.
ოთახის დასათვალიერებლად თვალებს ვატრიალებ, პასუხი არ მაქვს და გაწბილებული ტუჩებს ვბრიცავ.
-დიახ. ამ სახლში ყველაზე ღირებული მე ვარ. მე კი მივდივარ. - ამბობს კმაყოფილი ღიმილით და ტუჩებზე მხურვალედ მკოცნის. - კარგი იქნებოდა სახლში დაბრუნებულს აქ რომ დამხვედროდი.
-შენ არ აღნიშნავ დაბადების დღეს?
-ალბათ. ძმაკაცებთან ერთად კლუბში წავალ.
-ძმაკაცებიც გყავს? - მიკვირს. მერე ვხვდები რა შტერული შეკითხვა დავუსვი.
-შენ მე ვინ გგონივარ? - იცინის გულიანად.
-რა ვიცი, შვიდი წელია პარიზში ვცხოვრობო და... - მეც მეცინება. ვაღიარებ, რომ დებილი ვარ.
-სანამ პარიზში წავიდოდი, თვრამეტი წელი აქ ვიცხოვრე. - ამბობს ის, ტუჩებზე ნაჩქარებად მკოცნის და დგება. მაგიდას ერთად ვალაგებთ. რეზი გასაღებს მაძლევს, მემშვიდობება და მიდის.
მის სახლში დაახლოებით ორი საათით ვყოვნდები მანამ, სანამ ლელა არ მირეკავს და არ მეუბნება როდის მოხვალო. მეც ვითომ უკვე ვიცვამ და წასასვლელად ვემზადები. მეუბნება, აქ ისეთი საჩუქარი გელოდება, მალე მოდი, თორემ მივისაკუთრებო. ერთ საათში ვიქნებითქო ვპირდები.
აქ თავს ისე ვერ ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. იმ ოთახებს ვერ ვცდები, სადაც უკვე ვიყავი. თუმცა ჩემთვის ისიც საკმარისია სადაც ვარ და როგორც ვარ. რეზის საწოლს ვალაგებ და ვიცვამ. გამიტკბა აქ ყოფნა და გული წასვლისკენ არ მიმიწევს., მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. სახლს ვკეტავ და მივდივარ.

***
სახლში მისულს მამა უკანასკნელი მოდელის სამსუნგის სმარტფონს მახვედრებს და სიხარულისგან გიჟივით ვყვირი. ადრე მე და ილომ ერთად ვუყურეთ ინტერნეტში მის რეკლამას და ალბათ მაშინ კარგად დაიმახსოვრა ჩემი შეყვარებული გამომეტყველება. მამას ვეხუტები და მთელი დღე მადლობებით ვიკლებ. ლელა მეუბნება, ათი წუთითაც რომ დაგეგვიანა, მობილური ჩემი გახდებოდაო. აშკარად ილოს აწვეთებს, რომ მასაც უყიდოს. გაიძვერა.
ყველაფერი კარგადაა მანამ, სანამ დედა არ მეკითხება შენი დაქალები როდის მოვლენო. ჯანდაბა! ოჯახმა იცის, რომ ღამით მეგობრებთან ვიყავი, მეგობრებმა იციან, რომ გიგამ სახლში მიმაცილა და ღამე აქ გავატარე. საფრთხე აშკარად იგრძნობა. მთელი დღე ფიქრით თავს ვიმტვრევ. არ ვიცი რა გავაკეთო, რომ უხერხული, არა - საშინელი სიტუაცია რომ არ შემექმნას. ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ერთ-ერთმა მხარემ სიმართლე უნდა იცოდეს. მეგობრებს ვირჩევ, მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემაა. მინდა კი, რომ მათ რეზის და ჩემ შესახებ ვუამბო? ერთის მხრივ მინდა, რადგან ისინი მე არაფერს მიმალავენ და არც მე მინდა, რომ რამეს ვუმალავდე. მეორეს მხრივ კი ყველაფრის საიდუმლოდ დატოვება მინდა. ის, რაც რეზისთან მოხდა, ჩემთვის იმდენად ახალი და პირადულია, რომ ვერ ვიმეტებ იმისთვის, რომ სხვებმაც იცოდნენ. ჯერ-ჯერობით მაინც.
ამიტომ, სანამ ჩემები წუხანდელ ღამესთან დაკავშირებით მეგობრებს რამეს ჰკითხავდნენ, მე ისინი ჩემს ოთახში მიმყავს და საიდუმლოდ ვანდობ, რომ ღამე გიგასთან ერთად გავატარე. სანამ ისინი იმას იფიქრებენ, რაც მე არ მიგულისხმია, ვუხსნი, რომ გიგამ დაბადების დღესთან დაკავშირებით რომანტიული ვაშამი მომიწყო და მთელი რამე თბილისთან ახლოს, მისი სოფლის სახლში გავატარეთ. გოგოები აღფრთოვანებულები არიან და პირობას მაძლევენ, რომ სიტყვა არავისთან დასცდებათ.
კმაყოფილი ვარ! როცა ცდილობ, შეგიძლია ანა!
საღამოს მშვენივრად ვატარებ. ჩვენთან კიდევ რამდენიმე ახლო ნათესავი და ნაცნობი მოდის და სახლს ხმაური იპყრობს. საკმაოდ შეზარხოშებულები კვლავ ჩემს ოთახში ვბრუნდებით და უფროსებისგან განცალკევებით ვაგრძელებთ დროის ტარებას. ჩემი ოცდამეოთხე დაბადების დღე იმაზე ბევრად მხიარულია, ვიდრე ველოდი, რომ იქნებოდა.
უკანასკნელი სტუმრის გაცილება ღამის პირველ საათზე ხდება. სასიამოვნოდ დაღლილი ტანსაცმელს ვიხდი და ვწვები. ის-ისაა ფიქრებში წასულს ძილი მეპარება, რომ ჩემი ახალი მობილური შეტყობინების მოსვლას მაუწყებს. რეზია.
„ - როგორ ხარ?“
მეღიმება და ტანზე სიამოვნების ეკალი მაყრის.
„ - მშვენივრად. შენ? ერთობი?“
„ - ხო. კლუბში ვარ. შენ?“
„ - ახლა დავწექი დასაძინებლად, მაგრამ კარგად გავერთე.“
„ - ძალიან კარგი. ხვალ შევხვდებით?“
„ - შევხვდებით.“
„ - ერთი სული მაქვს.“
„ - მეც.“
„ - ძილინებისა.“
„ - გაერთე, მაგრამ გახსოვდეს, რომ შენს საწოლს უკვე ვანილის სურნელი აქვს, არამზადავ ; )
„ - საზიზღარო ეჭვიანო.“
ვიცინი, მობილურს ტუმბოზე ვდებ და მალევე ვიძინებ.

***
კოლეჯი.
ეკა. ჯერ რეაქცია არ მაქვს მის დანახვაზე. ახლა ხომ ის უბრალოდ საკუთარ ძალებში დარწმუნებული იდიოტი ყვავია. შემდეგ მახსენდება, რომ წესით მასზე გაბრაზებული უნდა ვიყო და სახეს ვაყენებ.
პრაქტიკაზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ რეზი შესანიშნავი მსახიობია. ერთხელ ზედმეტად არ გამოეპარება ჩემკენ თვალი. უფრო მეტიც, ისე სერიოზულად მსაყვედურობს გუშინდელ გაცდენაზე, რომ ნერვებზე მშლის. შემდეგ თავს იმით ვიმართლებ, რომ დაბადების დღე მქონდა და ისიც ცივად მეუბნება:
-აა. გილოცავ მოგვიანებით, მაგრამ ეს მაინც არ გამართლებს, ისედაც ბევრი გაცდენა გაქვს.
ეკას ისეთი კმაყოფილი გამომეტყველება აქვს, რომ მავიწყდება ჩემი და რეზის შეთანხმება და გაღიზიანებულმა ლამისაა კიდევ რამე დავუშავო.
პრაქტიკაზე რულეტებს ვაკეთებთ უგემრიელესი კარაქის კრემით, რომელსაც რომით ვაზავებთ და გარშემო თხილის და ნუშის ნაფხვენით ვამკობთ. ლამის თითებს ვაყოლებ, ისეთი გემრიელია.
აბა გამიცანით ლექციის დასრულების შემდეგ რა ხდება? მორიგეობა მიწევს. მორიგეობის შემდეგ კი სასწაულებრივად ლექტორების გასახდელში ვხვდები და რეზისგან განსხვავებით, თავს ძლივს ვიკავებ, რომ პირდაპირ აქ არ გვქონდეს სექსი.
-რა მნიშვნელობა აქვს სად ვართ? - იცინის ის და შარვალში მიძვრება. ხელებს ვუჭერ და თვალებში ვუყურებ. მისი თავხედობა მაფხიზლებს.
-გაგიჟდი? სირცხვილია. ახლავე მორჩი, წასვლის დროა. - ვწიწმატობ. ის კი ისევ ჩემს ბაგეებს აწყდება და მხურვალედ მკოცნის.
-კარგი, წადი, მაგრამ იცოდე, ხვალ კოლეჯის შემდეგ პირდაპირ ჩემთან მივდივართ და არაფერი დაგეგმო.
-აღარც მეკითხები? - მეცინება გაოგნებულს.
-რა, არ გინდა? - იღიმის მაცდურად. ჩემკენ იხრება და ყურის ქვეშ მსუბუქად მკოცნის. დროა თავი დავაღწიო, თორემ გადავიფიქრებ და ავყვები.
- კარგი, წავედი.

***
მის საძინებელში კიდევ ერთხელ ვატარებ ვნებიან წუთებს და ეს იმაზე ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე პირველად იყო. სითამამე არც აქამდე მაკლდა, მაგრამ რეზის ხელში უფრო ვთამამდები. ბოლოსდაბოლოს პატარა აღარ ვარ და მე ჩემი სურვილები მაქვს. მომწონს მასთან ურთიერთობა განვლილი და არსებული პრობლემების მიუხედავად. მომწონს რეზი, მიზიდავს და მასთან ყოფნა მსიამოვნებს. არ ვიცი რა იქნება მომავალში მაგრამ ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ.
წასვლამდე ყავას ვსვამთ, მის მომზადებულ ფრანგულ ყავას. პარალელურად პარიზზე და თავის კაფეზე მიყვება და საღამოს არაჩვეულებრივად, ცივილიზებულად, ყოველგვარი კამათის გარეშევ ვატარებთ. შემდეგ რეზის სახლამდე მივყავარ და ორშაბათამდე ვემშვიდობები.

***
ასე გადის დრო მაისის შუა რიცხვებამდე. მთელი ორი თვე კოლეჯში ეკას გამო მსახიობობა მიწევს. უკვე ყელში ამომდის ის, რომ ამ იდიოტ ყვავს თავი დიდი ვინმე ჰგონია. ერთი სული მაქვს პირში მივახალო, რომ პარიზში წასვლა ვერ ეღირსება. ხო, რეზის თქმის არ იყოს, ხანდახან ვხალისობ მის ამბიციებზე, მაგრამ დღეები ისე ნელა გადის, რომ ჩემი ნერვები აშკარად წინ უსწრებს.
დღეს პრაქტიკაში მეორე შუალედური მაქვს. პრაქტიკული. როგორც რეზიმ გვითხრა, ბილეთები იქნება. გოგოებთან ერთად საკონდიტროს კუთხეში ვდგავარ და კარს მივჩერებივარ, საიდანაც მალე რეზი შემოვა. შაბათ-კვირა არ მინახავს და ერთი სული მაქვს თვალი მაინც მოვკრა.
გამოცდის გამო ცოტას ვნერვიულობ. არ ვიცი რა შემხვდება. მართალია დამწვრობის დროს გაცდენილი პრაქტიკები ავინაზღაურე, მაგრამ ეს მასალა ძველისგან და ახლისგან განსხვავებით მაინც ნაკლებად ვიცი. დარწმუნებული ვარ, რომ ცუდ ქულაზე არ გამოვაცხობ, მაგრამ ჩემი ნამუშევრით მინდა, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს ვასიამოვნო.
აი, ისიც. შეფი ჩვეული ტონით გვესალმება. ჟურნალს ისე ავსებს, სიას აღარ კითხულობს. შემდეგ მაგიდაზე ბილეთებს აწყობს და ბავშვებს სათითაოდ გვიხმობს წინ. ჩემი დრო რომ დგება, გულაჩქარებული მივდივარ მისკენ. რეზი გამომეტყველებას არ იცვლის, მე კი არც ისეთი კარგი მსახიობი ვარ და ღიმილს ვერ ვიკავებ. მაგრამ ვხედავ თუ არა მის შეკრულ წარბებს, მაშინვე სახეს ვაყენებ. მაგიდიდან ბილეთს ვიღებ და ვკითხულობ. „ტრიუფელი“. Yes, yes, yes! ღმერთო რა მაგარია, ძალიან, ძალიან მიხარია.
-რა შეგხვდა? - მეკითხება რეზი.
-„ტრიუფელი“, შეფ. - სიხარულს ვერ ვამალავ.
-კარგი, ბილეთი გვერდით დადე და შემდეგი.
ჩემს ადგილს ვუბრუნდები. ეკას ოპერა ხვდება და არც ისეთი გახარებულია. ამ ნამცხვარს ორნაირი კრემი, განაჟი, გლასაჟი და ბოლოს აწყობა სჭირდება. ამას კი დიდი დრო მიაქვს. ჩემი „ტრიუფელები“ კი უცბად დამზადდება.
რეზი ბლოკნოტებიდან მხოლოდ გრამაჟის ამოწერის უფლებას გვაძლევს და ცოტა ხანში მუშაობას ვიწყებთ.
მაკო ყოველი გავლა-გამოვლისას „bitch”-ს ჩამძახის. ჩემი ბილეთის შურს, რადგან თვითონ ეკლერი აქვს მოსამზადებელი თავის კრემიანად.
მაგიდასთან ვდგავარ და მშვიდად აუჩქარებლად ვკეპავ შავ შოკოლადს. პარალელურად ფიქრებში ვნებივრობ და ამ მომენტისთვის სასურველ, ტკბილ მომენტებს ვიხსენებ. რა კარგია, როცა შენი ცხოვრება ისე მიედინება, როგორც შენ გინდა. რა თქმა უნდა, არ არსებობს ადამიანი პრობლემების გარეშე, მაგრამ როცა იცი, რომ ეს პრობლემები მოგვარებადია, თავს მშვიდად ყოფნის და გაღიმების უფლებას აძლევ. ასე ვარ მეც.
ბოლო დროს იმაზე მეფიქრება, რამდენად ხშირი ურთიერთობა გვექნება მე და რეზის მას შემდეგ, რაც კოლეჯს დავასრულებ. ალბათ ჩვენი შეხვედრები ნელ-ნელა იკლებს. ვითომ ეს იშვიათობა ჩააცხრობს ვნებას? თუ პირიქით? დაიღლება ამ ყველაფრით? თუ სურვილს უფრო გაუღვივებს ხშირი შორს ყოფნა? არ ვიცი. კი, ახლა კმაყოფილი ვარ იმით, რაც ჩვენს შორის ხდება, მაგრამ მე ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო. თავიდანვე ვიცოდი, რომ რეზის ჩემთან მხოლოდ გართობა უნდოდა, ამიტომ მასთან მეც იგივე გადავწყვიტე. მას შემდეგ რაღაც შეიცვალა. რეზი ისეთი აღარაა, როგორც პირველად. უფრო სწორედ, მე ის უკეთ გავიცანი. ურთიერთობა დაგვილაგდა და ერთად თავს კარგად ვგრძნობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეფი კვლავ პირველ გეგმას არ მისდევს. ასე, რომ სჯობია ბოლომდე მახსოვდეს, რა მაკავშირებს მასთან.

***
შოკოლადს ვამუშავებ და მაცივარში ვინახავ. სანამ ის გაიყინება, ტრიუფელის ამოსავლებად ხილს ვკეპავ. ის-ისაა საჭრელ დაფაზე თხილის ახალი ნაკადი უნდა დავყარო, რომ მაგიდაზე ბისკვიტიანი გავარვარებული ჟარუნა ეხეთქება. შეშინებული და დაბნეული გვერდით ვხტები, შემთხვევით თხილის თასს ხელს ვკრავ და ძირს ვაგდებ. თასი ტყდება და თხილი იფანტება. გაოგნებული ნამსხვრევებს დავყურებ, ცალი ხალი პირზე მაქვს აფარებული და ვერ ვმოძრაობ.
- რა ხდება? - შორიდან მწვდება რეზის ხმა და ახლაღა ვფხიზლდები. ბავშვები თანაგრძნობით მიყურებენ. ჩემ წინ კი ეკა დგას, ხელიდან თათმანს იძრობს და საცხობიდან ახლადგამოღებულ ბისკვიტს ისე აკვირდება, თითქოს აქ არაფერი მომხდარიყოს.
- შენ სრულ ჭკუაზე ხარ? - წყობიდან გამოვყავარ მის " რა შუაში ვარ " დამოკიდებულებას.
- რა გინდა? - ბრუნდება ჩემკენ და ჯერ მე მიყურებს, შემდეგ დალეწილ ქილას. სხეულის თითოეული უჯრედით ვგრძნობ, როგორ მიჩქარდება პულსი. ყელში მთელი ჩემი ხმის სიმძლავრე მაწვება.თავს ვიკავებ, რომ არ ვიყვირო. სამაგიეროდ სიბრაზისგან უკვე სახე მიხურს.
- რა მინდა? - ორი ნაბიჯით მისკენ ვიწევ. - რა რა მინდა, ლამის დამწვი, უკვე მეორედ!
- შენ ნორმალური ხარ? - იკვირვებს ის და შუბლსაც კი ჰკრავს. ღმერთო, როგორ მინდა ვეცე და თმა დავაცალო, სახე ჩამივკაწრო, ტკივილი მივაყენო. ყველაფერი ვუთხრა, რაც არ გამოსდის.
- ანა, გარეთ გადი. - გვიახლოვდება რეზი. სახე კატეგორიული აქვს, ტონიც. ვცოფდები. არსადაც არ მინდა გასვლა. მაგრამ ვიცი, რომ დავრჩე ყველაფერს დავფქვავ. ჩქარი ნაბიჯით ვიძვრი ადგილიდან.
- თავი ხელში აიყვანე და იცოდე, ვის როგორ ელაპარაკო. - მესმის ზურგიდან ეკას სიტყვები. ტვინში სისხლი მასხმას. გაცოფებული უკან ვბრუნდები. განზრახვა მაქვს, რომ წეღანდელი სურვილები დავიკმაყოფილო, მაგრამ წინ რეზი მეფეთება და მიმეორებს, რომ გარეთ გავიდე. გზას ქშენით ვაგრძელებ. საკონდიტროს კარს ვხურავ და კედელს ზურგით ვეყრდნობი. ღრმად ვსუნთქავ, რომ ნერვები დავიმშვიდო, მაგრამ არც ისე კარგად გამომდის. რამდენიმე წამში რეზი გამოდის, ჩემ წინ დგება და ხელებს გულზე იკრებს.
- თუ ჩემთვის შენიშვნის მოცემას აპირებ, უბრალოდ მითხარი და უკან შევბრუნდები. - ვუყურებ ქვემოდან.
- მითხარი რა მოხდა. - მეუბნება სერიოზულად.
- ცხელი ჟარუნა პირდაპირ იქ დადო, სადაც თხილს ვჭრიდი. რომ არ გავწეულიყავი, ხელს დავიწვავდი.
რეზი თვალებს ატრიალებს და თავს იქნევს.
- ახლა დამშვიდდი და ისე შედი. არ აჰყვე.
- არ ავყვე? - ახლა მასზე ვბრაზობ. - ყველანაირად ცდილობს ჩემს წყობიდან გამოყვანას. დავიღალე!
- ანა ჩვენ ხომ შევთანხმდით?
- აღარ მინდა ეს შეთანხმება. როგორმე მოსპე მის მობილურში ის სურათი. ან არადა აჩვენოს ვისაც უნდა. აღარ შემიძლია ამ დამპალი ქალის ატანა.
- დამშვიდდი. - მხარზე ხელს მადებს ის და ოდნავ მაჭერს. - ანა, მთავარია, არაფერი მოგსვლია. სულ რაღაც თვენახევარი დაგრჩა. ნუ მიაქცევ ყურადღებას. უბრალოდ გაერიდე და მორჩა. როცა მას ხედავ, სხვა რამეზე იფიქრე.
- არ მაცდის ფიქრს, არა! - წელში ვსწორდები და ყურის ქვეშ თითებს ვისვამ. ვერ ვმშვიდდები.
- კარგი, კარგი, მორჩა. - რეზი სწრაფად მკოცნის შუბლზე. - ახლა ღრმად ჩაისუნთქე და ისე შებრუნდი უკან. თხილი გაქვს დასაჭრელი.
ვოხრავ და კარს ვუყურებ.
- და თხილის ქილა? დამსხვრევის გამო შენიშვნას მივიღებ?- ვეკითხები.
- მაგაზე არ იღელვო, სერვის მენეჯერს მე დაველაპარაკები. - თავს მიქნევს.
უკან დაბრუნებულს იატაკი დასუფთავებული მხვდება. მაგიდასთან მისულს ეკა ცერად მათვალიერებს და კრემის თქვეფას აგრძელებს. შენ არ ღელავ ანა, საერთოდ არ ღელავ. შესვენებაზე გოგოები მაცივდებიან, რატომ უთხარი ეკას, ლამის კიდევ ერთხელ დამწვიო და მეც იძულებული, კარამელის გადასხმის ნამდვილ ამბავს ვუყვები. სამივე მათგანი გაოგნებული შემომყურებს. შემდეგ გაბრაზებულები მსაყვედურობენ რატომ ვარ ჩუმად. მე კი სათქმელი არაფერი მაქვს. ამიტომ ვიმიზეზებ იმას, რომ ხმაურის ატეხვა არ მინდა. სამივეს პირობას ვართმევ, რომ ამის შესახებ არავისთან სიტყვა არ დასცდებათ. თავიდან ჭირვეულობენ, განსაკუთრებით ლიზი: ყველაფერი დირექტორმა უნდა იცოდესო, მაგრამ შემდეგ მასაც ვიყოლიებ. ამის გამო მთელი დღე სამივე უხასიათოდაა.
შვიდი საათი სრულდება, როცა ყველა ამთავრებს პრაქტიკულ შუალედურს. რეზი ნამუშევრებს ჩვენთან ერთად აფასებს და ქულებს სწერს. 30 ქულა ლიზიმ, ამირანმა და ლანამ აიღეს. ეკამ 29, მე და მაკომ 28. ჩემი ქულით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვაწყდები თუ არა ეკას გამარჯვებულ გამომეტყველებას, მაშინვე ხასიათი მიფუჭდება. ამ ქალმა ნევროზი გამიჩინა.

***
მომდევნო კვირა მთლიანად შუალედურებს ეთმობა და რეზისთვის კი არა, გვერდით გასახედადაც ვერ ვიცლი. უკანასკნელი გამოცდიდან წამოსულს გზაში წვიმა მისწრებს. ისეთი სასიამოვნოა, მთელი საღამოს გარეთ გატარებას მანდომებს, მაგრამ მოგვიანებით ამინდი საშინლად ირევა. გაზაფხულს თავისი უკანასკნელი დღე თავისებურად გაჰყავს.

***
ივნისის პირველი ორშაბათია. საშინლად ცხელა. ავტობუსში ჰაერი არ არის და ერთი სული მაქვს კოლეჯამდე მივაღწიო, რომ ჩრდილს შევაფარო თავი. თან ეს საცობები აუტანლად მოქმედებს ნერვებზე. ცოტაც გაუძელი ანა, სულ რაღაც სამი კვირა და ამ გზით სიარული აღარ მოგიწევს. იმედია პრაქტიკებს უფრო ადვილად მისაწვდომ ადვილად გავივლი.
ჯანდაბა, სამი კვირა! ნუთუ სამ კვირაში ყველაფერი უნდა დამთავრდეს? თუ დიდი ხნით შეწყდეს? რეზი თავის ფავორიტ ორ სტუდენტს აირჩევს და ერთი თვით მათთან ერთად წავა პარიზში. იქიდან ჩამოვა? ალბათ არა. დიდი შანსია, რომ ზაფხულის არდადეგები იქ გაატაროს. გამოდის, სექტემბრამდე ვერ ვნახავ? ღმერთო ჩემო!
ვოხრავ და ავტობუსიდან ჩავდივარ. კოლეჯის აღმართს სწრაფად მივუყვები და გრილ ფოიეში შევდივარ. ცხრის ნახევარია. ადრე მომსვლია მოსვლა. ცოტა ხნით სავარძელში ვისვენებ და გამოსაცვლელად გასახდელში ავდივარ.
სიურპრიზი! გასახდელში უცხო გოგოსთან ერთად ეკა მხვდება. გამოუცვლია. ფანჯარასთან დგას და ტელეფონზე ლაპარაკობს. შესულს მათვალიერებს და ცინიკურად ეცინება. ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო. ჩემი კარადიდან ფორმას ვიღებ და ვიცვლი. ის-ისაა მობილურზე საუბარს ამთავრებს, რომ უცხო გოგო გასახდელიდან გადის. მეც უჯრაში ვინახავ ტანსაცმელს და რადგან მასთან მარტო დარჩენას არ ვაპირებ, ბლოკნოტს ვიღებ და კარისკენ მივდივარ.
- რა გადაწყვიტეთ, შენც მოდიხარ? - მესმის ზურგიდან ეკას ხმა. დაიწყო. დაბნეული მისკენ ვბრუნდები.
- რას ნიშნავს გადავწყვიტეთ? - ვეკითხები აგდებით.
- ანუკი, შეიძლება გგონიათ, რომ კარგად თამაშობთ, მაგრამ მე მშვენივრად ვხედავ, რომ ისევ ერთად ხართ.
- ეს შენი საქმე არ არის! - ვცდილობ, წყობიდან არ გამოვიდე. - დაკმაყოფილდი იმით, რომ პარიზში უნამუსოდ მიდიხარ და სხვის ცხოვრებაში ნუ ერევი.
ეკა იცინის.
- შეფი შეგიყვარდა?
მისი მოსმენა აღარ მინდა. ვბრუნდები და კარს ვაღებ. ის მაინც არ ჩუმდება.
- დარწმუნებული ხარ, რომ ის შენთან ბოლომდე გულახდილია?
ბლოკნოტს თითებს ვუჭერ და კარს ვხურავ. პირველი სართულის ფოიეში ვბრუნდები. კიდევ კარგი, რომ იქ ამირანი, მაკო და ლანა მხვდებიან. ჯერ ჩემი მოღუშული სახის ამბავს მეკითხებიან. მიზეზის გაგების შემდეგ კი თავიანთ გეგმას მიმხელენ. ამ შაბათს აუზზე აპირებენ წასვლას და აზრს მეკითხებიან. მათ წინადადებას სიამოვნებით ვთანხმდები. მზე, რუჯი და მხიარულება არ მაწყენდა.
მთელი დღე მაინც უგუნებოდ ვარ. დილით წახდენილმა ხასიათმა ვერა და ვერ შეიცვალა ფერი. რატომ მითხრა ეკამ, რომ რეზი ვითომ არაა ჩემთან ბოლომდე გულწრფელი? მხოლოდ იმიტომ, რომ ეჭვი გამიჩინოს და მასთან კამათის მიზეზი მომცეს თუ კიდევ არის რამე, რაც არ ვიცი? თუ არის, რა? ყველაფრის შემდეგ კიდევ რა უნდა იყოს? ვფიქრობ, მაგრამ კითხვის ნიშანს ვერსად ვხედავ. არაფერია ჩვენს ირგვლივ ისეთი, რამაც შესაძლოა ეჭვი დამიბადოს.
პრაქტიკული ოთხ საათზე გვიმთავრდება. გოგოები მემშვიდობებიან და მიდიან. მე რეზის უკანა ეზოში ველოდები. ისიც დაახლოებით თხუთმეტ წუთში გამოდის, წავიდეთო მეუბნება და მანქანისკენ მიდის.
- მოიცადე. - ვეუბნები. მხარზე ჩანთას ვისწორებ და ყოყმანით ვრჩები ადგილზე.
- რა ხდება? - მიახლოვდება და ჩაფიქრებული დამყურებს ზემოდან.
- ვერ წამოვალ. - ვეუბნები და მომლოდინედ ვუყურებ.
- რატომ? - სათვალეს იხსნის და შუბლს ჰკრავს.
- რა ვიცი. - მხრებს ვიჩეჩავ. - დღეს ვერ მოვახერხებ.
- მაგრამ გუშინ რომ ვილაპარაკეთ თანახმა იყავი. ანა, - ნიკაპზე თითებს მკიდებს და თვალებში ჩამყურებს. - მთელი დღეა უხასიათოდ ხარ. რამე მოხდა?
არ მინდა ეკას ხსენება, მაგრამ ვერც ვისვენებ. თავში ბორბალივით მიტრიალებენ შეკითხვები და ერთი მაინც რომ არ დავსვა, ალბათ გავაფრენ. თან ისიც მაშინებს, რომ ამან შეიძლება რეზი გააბრაზოს და ჩვენი ურთიერთობა, რომელიც ისედაც დიდი ინტერვალებით გრძელდება, კიდევ უფრო დაძაბოს. მაგრამ მე მაინც ვრისკავ.
- მე... რეზი, არის კიდე რამე, რაც მე არ ვიცი?
ბიჭი მობეზრებით ოხრავს და ორი წამით გვერდით იხედება. შემდეგ ისევ მე მიყურებს.
- ამას რატომ მეკითხები, ისევ ეკამ გითხრა რამე?
- არა, მე მინდა, რომ ვიცოდე.
- სიმართლე მითხარი!
- რეზი რა მნიშვნელობა აქვს? ან რატომ გგონია, რომ ეკამ მითხრა რამე? მართლა არის რამე რაც უნდა ვიცოდე?
- არა, ანა, არა ! რატომ გიჩნდება ასეთი კითხვები, რა გაძლევს ამის მიზეზს? მეგონა მსგავს საკითხებზე საუბარი მაშინ ჩემთან სახლში დავასრულეთ. შენ კიდევ თავიდან იწყებ ყველაფერს.
- გასაბრაზებლად არ მითქვამს, უბრალოდ აღარ მინდა სიტუაციის არევა.
- მორჩი ამაზე ფიქრს. - ისევ ირგებს სათვალეს და ხელს მკლავზე მკიდებს. - წავიდეთ.
- არა, არა. - უკან ვიხევ და ხელს ვითავისუფლებ. - ვერ წამოვალ.
- ანა, კარგი რა!
- მარტო მინდა დარჩენა, გამიგე და არ ჩამაცივდე, გთხოვ.
- კარგი. - ოდნავ მიქნევს თავს, ლოყაზე მკოცნის და წასვლამდე ამბობს: - მალე მოდი ხასიათზე. ჩემს საწოლს ვანილის სურნელი გასდის.

***
დილით წვიმის ხმა მაღვიძებს. უკვე სამი დღეა გადაუღებლად წვიმს. ამინდიც კი არ მიწყობს ხელს იმაში, რომ ხასიათი გამომისწორდეს. ზაფხულის ასე ცივად დაწყებას არ ველოდი.
კოლეჯში მისვლისთანავე ვიღუშები. ეკას გარემოცვა უკვე კატასტროფაა ჩემთვის. ფორმას ვიცვამ და ის-ისაა გასახდელიდან გამოვდივარ, რომ ვიღაც ზურგიდან ხელს მიჭერს და უკან მათრევს.
- რას აკეთებ, გაგიჟდი? - ვუბრიალებ თვალებს რეზის, როცა ლექტორების გასახდელის კარს კეტავს. არაფერს მპასუხობს, ჩემს სახეს ხელებით იჭერს და გახელებული აცხრება ბაგეებს. მხოლოდ ერთ ჩასუნთქვას თუ ვასწრებ, შემდეგ კი მთლიანად მის გარსში ვექცევი. მხოლოდ მის ტუჩებს და ხელებს ვგრძნობ. მისი სურნელი თავბრუს მახვევს და ვცდილობ, მძლავრად მოვხვიო კისერზე ხელები. კოცნაში ხარბად ვყვები და ვხვდები, რომ ეს არ მაკმაყოფილებს. მგონი არც მას. ასეთი მოზღვავებული ენერგია დიდი ხანია არ მიგრძნია. უფრო და უფრო მჭიდროდ ვეტმასნები, თითქოს მის სხეულში ვცდილობდე შეჭრას. რეზი ფორმის შიგნით აცურებს ხელებს და შარვლისკენ მიიწევს.
- გაჩერდი, გაჩერდი! - ვჩურჩულებ და ტუჩებზე თითებს ვაფარებ..
- ანა... - ბუტბუტებს უკმაყოფილოდ.
- აქ არა მეთქი, რამდენჯერ უნდა გითხრა?
- ერთი ბეწო ადრენალინის შეგრძნება არ გაქვს. - მეუბნება სუნთქვაგახშირებული და ხითხითებს. - სამაგიეროდ შენსავით უსირცხვილო არ ვარ.
- ამ ყველაფერს დღეს ჩემთან გავაგრძელებთ.
- კარგი. - ხო, მინდა, საკმარისია უხასიათობა. დროა, საკუთარ სიამოვნებაზე ვიფიქრო.
- პრაქტიკების შემდეგ დაბლა მანქანაში დაგიცდი. - კარგი. რეზი კარს აღებს და გავდივარ. ღიმილს ვერ ვწყვეტ, ისეთი ნასიამოვნები ვარ.

***
მთელი პრაქტიკის მანძილზე რეზისგან ათი შეტყობინება მაინც მომდის. თან ისეთი შეტყობინებები, რომ პირად ტემპერატურაზე საშინლად მოქმედება. ბოლოს საკუთარი თავის დასაცავად მობილურს ვთიშავ. რეზი რომ ხვდება რაც გავაკეთე, შორიდან მიბღვერს. ვხალისდები. ისევ ის თუ გამომიკეთებს განწყობას.
ჩვენ ახალი რეცეპტი გვაქვს. სავოიარდის ჩხირებით და მასკარპონეს კრემით უგემრიელეს ტირამისუს ვაკეთებთ. სამ ჯგუფად ვართ დაყოფილები. ჩემი საქციელით გაწბილებული შეფი კი თავის მაგიდასთან ზის და იქიდან გვითვალთვალებს. მოგვიანებით ლეპტოპს ხსნის და ჩვენკენ მხოლოდ მაშინ იხედება, თუ რომელიმე სტუდენტი შეკითხვას დაუსვამს.
ლეპტოპი! აი, ისევ მახსენდება დიდი ხნის წინ უკვე მერამდენედ დავიწყებულ ორი საქაღალდე, რომელიც ლეპტოპში ვნახე. საერთოდ, რატო. არ ამოვიგდებ მათ თავიდან? ისევ ძველებური ინტერესი მიპყრობს და საკუთარ თავზე ვცოფდები. შეირგე რა ანა ის სიტუაცია, რომელშიც ხარ და აცადე მოვლენებს თავად განვითარდნენ. ხომ შეიძლება ის საქაღალდეები საერთოდ არაფერს ნიშნავდეს? განსაკუთრებით ის, „კანდიდატები პარიზისთვის“ აღარ უნდა მაღელვებდეს, რადგან ზუსტად ვიცი, ეკა იქ არ იქნება. მაგრამ " სამხილები " ? მისი სახელწოდება რატომ მაფიქრებს ასე? ჯანდაბა! არა. არა, არა! ამ იდიოტობას ვერ მივცემ იმის საშუალებას, რომ არაჩვეულებრივი განწყობა და დილანდელს მოყოლებული შეგრძნებები გათელოს. დღეს მე მხოლოდ იმ სიმპათიურის და ვნებიანის საწოლზე უნდა ვიფიქრო, რომელიც გაბუტული ზის თავის მაგიდასთან.
პრაქტიკა ოთხ საათზე მთავრდება. ფუუ, დღეს მორიგე ვარ და ამ ჩემს იდიოტ ჯგუფელებსაც ჩემ იმედად დაუტოვებიათ ამდენი დასარეცხი ჭურჭელი. გოგოები მემშვიდობებიან და მიდიან. ცოტა ხანში საკონდიტროში რეზი იხედება და მეუბნება დაბლა გელოდებიო. სიჩქარის გამო ლამის დანაზე ხელს ვიჭრი. ჭურჭელს ჭახუნი გაუდის და ყველანაირად ვცდილობ არ დავლეწო. ბოლოსდაბოლოს საკონდიტროდან გამოვდივარ და გასაღები მომმარაგებელთან გამაქვს. გასახდელში შევდივარ და ტანსაცმელს თავპირის მტვრევით ვიცვლი. თან საკუთარ თავზე მეცინება. ისე ვჩქარობ, თითქოს რეზი სადმე გაიქცეოდეს. ჩანთას ვიღებ და გასახდელიდან გამოვდივარ. საკონდიტროსთან ჩავლისას თავში ეშმაკის ბორბალივით მიტრიალებს " ლეპტოპი, სამხილები, ლეპტოპი, სამხილები. " ჯანდაბა! არა ანა, ისინი შენ არ გაინტერესებს, ფეხებზე გკიდია რა არის იქ. დაბლა რეზი გელოდება, გეჩქარება. ლეპტოპი არ გაინტერესებს.
მაგრამ მაინც ვჩერდები. ორი წამით ვყოყმანობ, შემდეგ მომმარაგებელთან შევდივარ. ვეუბნები საკონდიტროში მობილური დამრჩათქო და გასაღებს ვართმევ. საცხობს ვაღებ, კარს ვკეტავ და ლეპტოპს ვხსნი. ის ისევ დაბლოკილია და პაროლს მთხოვს. რამდენიმე ვარიანტის ცდის შემდეგ " ვანილი " ემთხვევა და ბლოკი იხსნება.


***
აი ისიც! საქაღალდე „სამხილები“. მაუსს ვაჭერ და ვხსნი. მასში ოთხი ვიდეოა. ჯერ კიდევ ვყოყმანობ, მაგრამ არც ისე დიდხანს. რადგან აქამდე მოვედი, ბარემ ბოლომდეც გავალ. პირველს ვხსნი. ათ წამიანია. ვიდეო ეკრანზე მთლიანად იშლება. ეს ხომ საკონდიტროა? ვხედავ, როგორ მიდის ღუმელთან ეკა, დროის მარეგულირებელს ოდნავ ატრიალებს და უკან ბრუნდება. ვიდეო წყდება. ეს რა იყო? თავიდან ვრთავ და ღუმელს ვაკვირდები. იქ ბრაუნი ცხვება.
რაა? ნუთუ ეს ისაა, რაც მე მგონია? ჯანდაბა, ეს ის დღეა, როცა მე და ეკა რეზის დაუხმარებლად ბრაუნს ვაცხობდით. მაშინ შეფმა ნამუშევარი ცხობის ნაკლებობის გამო დამიწუნა. ნუთუ დროს ეკამ დააკლო წუთები? გაოგნებულს მზერა ლეპტოპიდან საკონდიტროს ბოლოსკენ გადამაქვს. ვდგები და ქურასთან მივდივარ. შემდეგ იქით ვტრიალდები, საიდანაც კამერა ვიდეოს იღებს. აი! ღმერთო, ეს კამერაა. რატომ არასოდეს არ მიმიქცევია ამ ნივთისთვის ყურადღება? უფრო სწორად, კი მიმიქცევია, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ნათურა მეგონა.
აღელვებული ლეპტოპს ვუბრუნდები და მეორე ვიდეოს ვრთავ. თხუთმეტ წამიანია. ვიდეოზე კარგად ჩანს, როგორ ყრის ეკა სხვის ჯამში რაღაც ფხვნილს. კი, ზუსტად! ეს ის დღეა, როცა ლიზის მაფინები გაუფუჭდა. ჯანდაბა რეზი, ეს რა არის? რას ნიშნავს ამ ვიდეოების ასე საიდუმლოდ შენახვა?
ფანჯარას ვხურავ და მესამე ვიდეოს ვრთავ. ეს დანარჩენებზე ბევრად დიდია. ვიდეოზე ჩანს, როგორ მოდის ეკა გაზქურასთან, რომელთანაც მე ვდგავარ და კარამელს ვხარშავ. შემდეგ მე გვერდით ვიხედები, სავარაუდოდ მაკოს ვუყურებ და ვიცინი. იმ წამს კი იმაზე კარგად ვხედავ, როგორ ჰკრავს ეკა ხელს კარამელის ქვაბს, ვიდრე მაშინ რეალურად დავინახე. უკან ვხტები, ვყვირი და რაღაც საშინელება მემართება.
კადრებს ვუყურებ, ჩემს ტკივილს ვუყურებ და რამდენიმე წამით თვალთახედვა მებინდება, მანამ, სანამ ცრემლები ლოყებს არ მისველებს. ვუყურებ, როგორ ვყვირი, როგორ ვკანკალებ, როგორ მტკივა დამწვრობა და ეს ტკივილი ხელახლა მახსენებს თავს. ფეხი მიბუჟდება, სხეული მიქვავდება და ვერ ვინძრევი. მინდა ეს ვიდეო გავთიშო, მაგრამ ხელი მაუსზე თითქოს მეყინება. რეზი ჯერ კადრზე ჩნდება, შემდეგ გარბის და სამედიცინო ყუთი მოაქვს. ცდილობს დამეხმაროს, მე კი უარესი მემართება. ამ დროს კი ეკა მშვიდად დგას და გვიყურებს.
პირზე ხელ ვიფარებ და ტირილი მივარდება. მას ეს ყველაფერი ჰქონდა და ხმას არ იღებდა. ვგრძნობ, როგორ მისივდება გული და ღრიალი მინდება. შიგნით ვეღარ ვიტევ ბურუსივით გაშლილ სიბრაზეს. ვეღარც ამ კადრებს ვუყურებ. უკვე ვიდეოს გათიშვას ვაპირებ, რომ საკონდიტროს კარი იღება.
-ანა, შენ კიდევ აქ ხარ? - შემოდის რეზი და მაშინვე იბნევა როგორც კი თავის მაგიდასთან, ლეპტოპთან მხედავს. შემდეგ იღუშება და უსიამოვნო გამომეტყველება ეკრანზე გადააქვს. კარს ხურავს და რაღაცას ბუტბუტებს. ვერ ვიგებ.
ლეპტოპს ვხურავ და ვდგები.
-რატომ არ მითხარი ამ ვიდეოების შესახებ? - ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო.
-აქ ამაზე ვერ ვილაპარაკებთ. - ჩემკენ იწევა. უკან ვიხევ. - ანა, გთხოვ, უბრალოდ წამოდი.
-სალაპარაკო არაფერი გვაქვს. მოკლედ მიპასუხე, რატომ არაფერი მითხარი ამ ვიდეოებზე?
-ასე იყო საჭირო და იმიტომ.
-ხვდები რას ამბობ? - ხმას ვუწევ.
-ნუ ყვირი, წავიდეთ აქედან! - სცრის კბილებში.
-რას ნიშნავს ასე იყო საჭირო, რა გაქვს ჩაფიქრებული?
-სხვაგან დავილაპარაკოთ!
-გუშინ წინ რა გკითხე გახსოვს? თუ რამე გაქვს სათქმელი მითხარითქო. გახსოვს შენს სახლში როგორ ვეძებდი ეკას წინააღმდეგ რამეს, რომ სურათის გამო გამეჩუმებინა? გახსოვს, როცა დამწვრობა ვახსენე როგორ მითხარი მტკიცებულებები არ გაქვსო? თუ ეს ვიდეო გქონდა, რატომ მასულელებინებდი თავს ეკას წინაშე? ამ ერთ კადრს შეეძლო იმ ძუკნას გაჩუმება, მაგრამ შენ ხელიც კი არ გაგინძრევია. რატომ რეზი, გამაგებინე!
-სანამ აქედან არ წავალთ, სიტყვასაც არ გეტყვი. - ჯიუტად იმეორებს.ვცოფდები. დამნაშავეა და მაინც დიდ გულზეა. ადგილს ვწყდები, ჩქარი ნაბიჯით გავდივარ უკანა ეზოში და რეზის მანქანაში ვჯდები. ისიც ცოტა ხანში მოდის. საჭესთან ჯდება და მანქანას ძრავს.
დაახლოებით ათი წუთი ჩუმად ვმგზავრობთ. ველოდები, მაგრამ სიტყვაც არ სცდება. წყობიდან გამოსული ვეღარ ვითმენ.
-იტყვი რამეს თუ გადაიფიქრე? - ვეკითხები.
-სახლში მივიდეთ. - ამბობს კატეგორიულად.
-არსადაც არ მივალთ. რატომ გგონია, რომ ახლა შენთან ყოფნა მინდა? თქვი რაც სათქმელი გაქვს.
-ანა, ასე არ შემიძლია, საჭესთან ვარ.
-არც მე შემიძლია. გამუდმებით რაღაც პრობლემაა. თან ისეთი პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეგიძლია და შენ ამისთვის არაფერს აკეთებ. უბრალოდ ბოლომდე გამარკვიე რა ხდება, დავიღალე.
რეზი უცბად მკვეთრად უხვევს, გზიდან გადადის და მანქანას აჩერებს. ჩემკენ ნახევრად ბრუნდება და მიყურებს.
-მე მივდივარ ანა. - ამბობს და თვალებში მაცქერდება.
-ვიცი. რამე ახალი მითხარი.
-საქართველოში დაბრუნებას აღარ ვგეგმავ.
-რაა? - ერთხანს ვიბნევი. შევცქერი და ვგრძნობ, რომ ამას სერიოზულად ამბობს. ტუჩებს ვამოძრავებ, თუმცა არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა.
-ხო ანა, სამ ივლისს პარიზში მივდივარ და აქ აღარ ჩამოვალ.
-მაგრამ მე... შენ მართლა მიდიხარ?.. და... კარგი. - თავს ვხრი და ორი წამით თვალებს ვხუჭავ. ვცდილობ, მაგრამ ამ ინფორმაციას ვერ ვამუშავებ. გული ისე მძაფრად მიცემს, რომ უკვე შემაწუხებელი ხდება. - კარგი, მაგრამ ვერ ვხვდები, ეს ყველაფერი ერთმანეთთან რა კავშირშია.
რეზი ოხრავს, სავარძელს ეყრდნობა და ცალ ხელს საჭეს უჭერს.
-მოკლედ... აქ ჩამოსვლას არც მანამდე ვაპირებდი, რადგან მთელი ჩემი გეგმები პარიზს უკავშირდება, ხო, ახლაც ასეა. იქ არის ერთი საკონდიტრო კოლეჯი, სადაც შეფად მინდოდა რომ მემუშავა, მაგრამ მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მომთხოვეს იმავე თანამდებობაზე. იქ ეს ვერსად მოვახერხე, ყველგან ერთსა და იმავეს მთხოვდნენ. შემდეგ მითხრეს, რომ საქართველოში ჩემი გამოცდილების კონდიტერს მარტივად აიყვანდნენ ლექტორად. ხოდა ჩამოვედი. სამ კვირაში ორი წელი სრულდება და მეც უკან ვბრუნდები. გაინტერესებს ეს რა შუაშია ეკასთან? არ მინდოდა ხმაურის გამოწვევა. რაც არ უნდა მეთქვა მისთვის, ვიცოდი, რომ იმ სურათს მაინც აჩვენებდა დირექტორს. ამიტომ აქვს იმედი დღემდე, რომ პარიზში მიდის. ანა, შეიძლება დირექტორი რბილი და მორჩილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ საკმაოდ კატეგორიული და მკაცრია. მას რომ ის სურათი ენახა, სარეკომენდაციო წერილში ამას აუცილებლად ახსენებდა. რაც არ უნდა მაღალფარდოვანი სიტყვებით შევექე იმ წერილში, ეს ერთი ფრაზა ლექტორსა და სტუდენტს შორის რომანზე ყველაფერს ხაზს გადაუსვამდა. იქ კი ამ ფაქტს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. ამ ერთ სურათს მთელი ჩემი გეგმების ჩაშლა შეეძლო, ანა. ახლა ხვდები?
-ესე იგი... გამოდის, რომ ჩემზე კი არა საკუთარ თავზე ღელავდი. - ვბუტბუტებ გაოგნებული.
-ჯანდაბა! - ხელებს საჭეს ურტყამს და ჩემკენ ბრუნდება. - არა ანა, არა. ასე არაა.
-შეგეძლო თავიდანვე გეთქვა ჩემთვის ეს ყველაფერი. რატომ არ მითხარი?
-ვიცოდი, რომ ასე იფიქრებდი და იმიტომ. ანა წლებია ვგეგმავ და ვოცნებობ, იქ პარიზში ლექტორი ვიყო. უბრალოდ, ამ ფაქტს უფლებას ვერ მივცემდი ამდენი ხნის შრომა წყალში ჩაეყარა. ხო, ზედაპირულად ისე ჩანს, როგორც შენ გგონია, მაგრამ ასე არ არის. მაშინ ჩემს სახლში რაც გითხარი, რატომაც გადაგაფიქრებინე ეს აყალ-მაყალი, სიმართლეა. მაშინ მე სიმართლის მხოლოდ ნაწილი გითხარი. ერთად ველოდებოდი, ახლაც ველოდები ჩემი სარეკომენდაციო წერილის აღებას და შენი კოლეჯის დამთავრებას. შემდეგ კი ეკას დედაც და იმ სურათისაც.
-რატომ ინახავდი იმ ვიდეოებს, თუ მაინც არ აპირებდი მათ გამოყენებას?
-ვაპირებდი თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა და ეკა სურათის დირექტორისთვის ჩვენებას დააპირებდა.
-გაუთვალისწინებელში რას გულისხმობ?
-შენ გგულისხმობ.
ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და სავარძელს ვეყრდნობი. ვგრძნობ, რომ ერთიანად დაჭიმული ვარ. საშინლად მჭირდება სიმშვიდე და სიჩუმე.
-სახლში წამიყვანე. - ვეუბნები.
-ანა, არ მინდოდა, რომ ეს ამბავი ასე გაგეგო.
-სხვაგვარადა თუ შესაძლებელი იყო, ეს აქამდე უნდა გაგეკეთებინა.
-დამპირდი, რომ არ იფიქრებ იმას, რაც წეღან მითხარი.
-შენ ეს გაღელვებს? გახსოვს ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი? შენ ჩემთან გართობას აპირებდი, მე შენთან. ასეც იყო. ასე, რომ არ მგონია და არც უნდა გადარდებდეს, რას ვფიქრობ მე შენზე.
-ასე გგონია? - შუბლს ჰკრავს. მე არ ვპასუხობ. ვუყურებ და მის თვალებში გაბრაზებასთან ერთად წყენასაც ვხედავ, მაგრამ მე ეს უკვე აღარ მაინტერესებს. შეიძლება მეჩვენება კიდეც. - კარგი ანა. - სავარძელზე სწორდება, მანქანის ძრავს რთავს და საჭეზე თითებს აწყობს. - ისე იფიქრე, როგორც საჭიროდ ჩათვლი. არც იმაზე იღელვო, რომ კოლეჯში დარჩენილი სამი კვირის მანძილზე რაიმე დისკომფორტს შეგიქმნი. იმდენ ხანს იყავი გაბრაზებული, რამდენ ხანსაც გინდა. რამდენად არარეალურადაც არ უნდა მოგეჩვენოს, დარწმუნებული ვარ, ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მიხვალ, რასაც წესით ახლა უნდა ფიქრობდე.
სახლამდე მივყავარ. გზაში ორივე ჩუმად ვართ. მე არაფერი მაქვს სათქმელი. პირი რომც გავაღო, ყვირილის და ტირილის მეტი მაინც არაფერი ამოვა.
სახლში არავინ მხვდება. ჩემს ოთახში საწოლზე ვემხობი და გულს ტირილით ვიოხებ.

***
ხუთშაბათს და პარასკევს ვაცდენ. არავის დანახვა არ მინდა, განსაკუთრებით რეზის და ეკას. საკუთარ თავზე მეშლება ნერვები იმის გამო, რომ ბოლომდე ვენდე, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცოდი, ვინც იყო. ყველაზე მეტად ის მწყვეტს გულს, რომ ჩემზე საერთოდ არ უფიქრია. ასე რომ ყოფილიყო, თავიდანვე გამიმხელდა თავის გეგმებს და ასე საიდუმლოდ არ შეინახავდა. მიზეზად კი ის მოიგონა, რომ არ უნდოდა კოლეჯში ჩემზე ეჭორავათ. მშვენივრად ჰქონია გათვლილი ყველაფერი, მშვენივრად. სუფთად გამოვა ისევე, როგორც სჩვევია და პარიზში ლამაზი რეკომენდაციით წავა. აქ დარჩენილები კი ვის რაში აინტერესებს?!

***
შაბათ-კვირა ისევ წვიმს. ორშაბათს სანამ მაღვიძარა დარეკავს, ოთახში შემოსული ხათო მაღვიძებს. სახე შეშინებული და დამწუხრებული აქვს. მეუბნება დღეს ნუ წახვალ კოლეჯშიო.
-ნეტავ იცოდე, რა საშინელება ხდება გარეთ. არ მგონია შენმა კოლეჯმა იმუშაოს. წუხელ წყალდიდობა იყო. მთელი ვერის ხეობა წყალმა წაიღო. ზოოპარკი განადგურდა. გარეთ ცხოველები დადიან. რომ იცოდე, როგორი ქაოსია. რამდენი ადამიანი დაიღუპა...
საწოლიდან დაფეთებული ვდგები და სასტუმრო ოთახში გავდივარ. ილოს გვერდით ვჯდები და ტელევიზორს ვუყურებ. გაოგნებული ვარ. წუხანდელ კადრებს აჩვენებენ. მთელი გმირთა მოედანი წყლითაა დაფარული. ერთგან ბეჰემოთი დასეირნობს, მეორეგან ნიანგი დაცურავს. შემდეგ პირდაპირ ეთერს რთავენ. ჟურნალისტის უკან ლაფით დაფარული ზოოპარკი ჩანს. ვუყურებ და ვერ ვიჯერებ, რომ ეს ადგილი სწორედ ისაა, სადაც ბავშვობის და არა მარტო ბავშვობის საუკეთესო დღეები მაქვს გატარებული. ტანზე უსიამოვნო ეკალი მაყრის. შემდეგ ფეისბუქზე შევდივარ და პირველივე სიახლე კოლეჯისგან მხვდება. სამი დღით სწავლაა შეწყვეტილი. სამი დღით? დარწმუნებული ვარ მთელი კვირა გაცდება. არადა სწავლის დასრულებამდე ორი კვირაღაა დარჩენილი.
მთელი დღე ტელევიზორში ამ საშინელ სურათებს ვუყურებ და ცოტა ხნით რეზიც კი მავიწყდება, მაგრამ საკმარისია მარტო დავრჩე, რომ ისევ ძველ ფიქრებს ვუბრუნდები და ბრაზის ნაცვლად ახლა უკვე გულის წყვეტას ვგრძნობ. კარგად ვიცოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ადრე თუ გვიან დასრულდებოდა, მაგრამ ასე არ მინდოდა. ყველაფერი სულ სხვაგვარად მქონდა წარმოდგენილი, მშვიდობით, უკონფლიქტოდ, სასიამოვნოდ. თუმცა არამზადა თევზები მაინც არამზადა თევზებად დარჩა და ყველაფერს ხაზი გადაუსვა.
ბოლომდე ახლაც ვერ ვაცნობიერებ როგორ ვენდე ასე. ვფიქრობ, ეს იმ დადებითი 0.01 პროცენტის ბრალია, რომელიც მასში აღმოვაჩინე, რომელიც ძალიან მომწონდა, მაგრამ რეალურად ხომ ის დარჩენილი 99,9 პროცენტი მოქმედებდა და არა ის 0,01... მე კი ამ მცირედს მივენდე და როგორც ჩანს ძალიანაც შევცდი.
ვცდილობ გარეგნულად არ შევიმჩნიო ჩემი შინაგანი განცდები, მაგრამ არ გამომდის. არც ღირს რეზისთან მსახიობობაში გაჯიბრება. ხათო და ლელა გამუდმებით მეკითხებიან რა გჭირსო, მე კი ლაპარაკი არ მინდა. უფრო სწორად მინდა, მაგრამ მათთან არა. ასე მგონია, რომ იმის ნაცვლად, რამეს მირჩევენ და დამამშვიდებენ, მისაყვედურებენ და გაბრაზდებიან. ეს არ მინდა. ისედაც გამუდმებით სიმძიმეს ვგრძნობ გულის გარშემო და დამატებითი უარყოფითი შეგრძნებები უარესად დამამძიმებს.

***
წყალდიდობისგან გამოწვეული პრობლემები ნელ-ნელა გვარდება, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად ასე ჩანს. ერთ დღეს მეზობელი ახალგაზრდები მოხალისეებად მივდივართ და გმირთა მოედნის ტერიტორიის დასუფთავებაში ვიღებთ მონაწილეობას. ტრაგედიის მიუხედავად, მოწადინებული ხალხის ატმოსფერო ყველას ახალისებს. შრომა არავის ეზარება. რა სამწუხაროა, რომ მსგავსი საქმის გაკეთება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში თუ უნდება საზოგადოებას.
ხუთშაბათს კოლეჯში მივდივარ, მაგრამ პირველი ლექციის შემდეგ გვიშვებენ. პარასკევსაც იგივე მეორდება. რეზის ვერ ვხედავ და დამშვიდებული ვბრუნდები სახლში. თუმცა ორშაბათს და დარჩენილ პრაქტიკულებს ვერსად გავურბივარ.
დაძაბული ვაღებ კოლეჯის კარს და პირდაპირ გასახდელში ავდივარ. საბედნიეროდ იქ მხოლოდ უცხო სტუდენტები მხვდებიან. ვიცვლი და საკონდიტროში შევდივარ. ჯგუფელების უმრავლესობა აქაა. მაკო იმაზე წუწუნებს, რომ აუზზე წასვლის გეგმა ჩაგვეშალა და ახლა ფიქრობს, როდისთვის გადადოს. ლიზი ამირანს რაღაცაზე ეკამათება. ლანა კი მარილიან ჩხირებს ახრამუნებს და მობეზრებით უყურებს მოკამათე წყვილს.
-ამიტომ არ მჭირდება შეყვარებული. - თვალებით მათზე მანიშნებს და ჭამას აგრძელებს.
იმ წუთას რეზიც შემოდის და კარს ხურავს. მის დანახვაზე ეკალი მაყრის და საშინელ დისკომფორტს ვგრძნობ. არ მინდა მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა.
ყველა მაგიდასთან ვმწკრივდებით, როგორც ყოველთვის. რეზი ჟურნალს ავსებს და თვალს გვავლებს. ჩემზე ორი წამით აჩერებს მზერას. მისი გამომეტყველებიდან მხოლოდ სიმშვიდე ჩანს. რა თქმა უნდა. მას არაფერი ადარდებს თავისი თავის გარდა. თვალს ვაცილებ და აახლა ეკას ცინიკურ მზერას ვაწყდები. აღარ შემიძლია.
-ბავშვებო. - ისე იწყებს რეზი, აშკარად რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებს. დაახლოებით ვხვდები, რის თქმასაც. - მოკლედ, როგორც იცით, ეს კოლეჯში ყოფნის ბოლო კვირაა. ჩემთან ფინალური გამოცდა მომდევნო ორშაბათს გექნებათ და ერთმანეთს დავემშვიდობებით. მხოლოდ იმ ორი სტუდენტის გარდა, რომელიც ჩემთან ერთად პარიზში წამოვა. - ბავშვები აღელვებულები შეჰყურებენ შეფს. ეკას ღიმილიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული მზერა აქვს. როგორ მეცოდება. - პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თქვენთან მუშაობა სასიამოვნო იყო. წინა წელს ასეთი კარგი სტუდენტები არ მყოლია. ბევრ თქვენგანზე ვიფიქრე. იმედი მაქვს, რომ გული არავის დაგწყდებათ და ჩემს გადაწყვეტილებას ჯანსაღად შეაფასებთ. სანამ ჩემს რჩეულებს დავასახელებდე, ვიტყვი, რომ მათ შესახებ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. ამიტომ მათი საბუთების 90 პროცენტი უკვე მზადაა, გარდა იმ წვრილმანებისა, რომლებშიც მათი დახმარებაა საჭირო. მოკლედ, პარიზში ჩემთან ერთად ლიზი და ამირანი წამოვლენ.
მეღიმება. რა ტქმა უნდა, ეს ასეც უნდა ყოფილიყო. გაოგნებული ლიზი სახეზე ხელებს იფარებს და მისი აცახცახებული მხრებით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად ტირის. გახარებული ამირანი გოგოსკენ მიდის და ეხუტება. ვიღას ახსოვს წეღანდელიო კამათი. მიხარია, ძალიან მიხარია. ჯერ რეზის ვუყურებ. ბაგეებზე შეუმჩნეველი ღიმილი დასთამაშებს, შემდეგ ეკასკენ ვიხედები და მის გაქვავებულ მზერას ვაწყდები. თითები მოუმუშტია და ნესტოებდაბერილი უძრავად დგას.
როგორც ჩანს, რეზიმ უკვე აიღო დირექტორისგან სარეკომენდაციო წერილი, სხვა შემთხვევაში თავის რჩეულებს ასე არ გამოაცხადებდა. გილოცავ, შეფ!
ბავშვები ამირანს და ლიზის ულოცავენ. ამ ბედნიერ სურათს ეკას გაცეცხლებული სახე ლაქად ამჩნევია. უცბად ადგილს სწყდება და საკონდიტროდან გადის. რეზი მაგიდიდან რაღაცას იღებს და ისიც უკან მისდევს. წარმომიდგენია მათი დიალოგი. საინტერესოა, რას იზამს ეკა. მეც მინდა მათთან გასვლა მაგრამ თავს ვაიძულებ ადგილზე დარჩენას. მე ხომ არც ერთი და არც მეორე უკვე აღარ მაინტერესებს?
ლიზის და ამირანს მეც ვულოცავ. გოგო სიხარულისგან ხტუნავს. ამირანი გაოგნებულია. საერთოდ არ ველოდიო, ამბობს. ეიფორია რამდენიმე წუთით გრძელდება. მიხარია ისიც, რომ დანარჩენი ჯგუფელებისგან შური არ იგრძნობა. ცოტა ხანში საკონდიტროში რეზი ბრუნდება. ინტერესით ვკვდები. აშკარად კმაყოფილია. როგორც ჩანს ქალბატონი ყვავი დანებდა. ეკა არ ჩანს. ვითომ წავიდა? ალბათ. რთული იქნებოდა მისი მხრიდან გახარებული რჩეულების მთელი დღე ყურება.

***
ერთი კვირა ისე გადის, რომ არაფერი ხდება. რეზი პირობას ასრულებს და არამც თუ სიტყვებით და მოქმედებებით, შემოხედვითაც კი არ მაწუხებს. გულის სიღრმეში კი ვგრძნობ, მე ეს უფრო მაწუხებს. ბოლო დღეებია არეული ვარ და ეს გაურკვევლობა საშინლად მღლის. ვიცი, რომ რეზიზე გაბრაზებული უნდა ვიყო და ვარ კიდეც, მაგრამ რაღაც ხმა ჩამძახის, რომ ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს და ვიბნევი.
ეკას გამო კი გაოგნებული ვარ. საერთოდ აღარ მიმჩნევს. განა რა უთხრა რეზიმ ისეთი იმის გარდა, რომ იმ სურათს ჩვენთვის აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა? ნუთუ ასე იოლად შეეგუა დამარცხებას? პრინციპში ალბათ სხვა გზა არც აქვს. ისღა დარჩენია, თბილისის რომელიმე საკონდიტროს შეუთანხმდეს პრაქტიკანტად აყვანაზე. ახლა მეც მხოლოდ ამით უნდა ვიყო დაკავებული და არა ამ ორზე ფიქრით.

***
გამოცდა მშვიდად მიმდინარეობს და მშვიდადვე სრულდება. 40-დან 35 ქულას ვიღებ და კმაყოფილი ვარ. ერთადერთი რაც უცნაურად მეჩვენება, რეზის მზერაა, რომელსაც ხშირად ვაწყდები. ხუთ დღეში მიდის. ვითომ ჩემტან საუბარი უნდა? ვერ ვხვდები, რა აქვს სათქმელი. მან ხომ ტავისი საქმე გააკეთა. სარეკომენდაციო წერილი და ორწლიანი სამუშაო გამოცდილება კოლეჯში აქვს. რჩეული სტუდენტები ჰყავს. ჩემთან რაღა ესაქმება?
არა! ერთი წამითაც ვერ ვუშვებ იმ ფაქტს, რომ ჩემტან დამშვიდობებას აპირებს. წარმოვიდგენ ამ სიტუაციას და გული მეკუმშება. ვიცი, მასთან მარტო რომ დავრჩე, ძალიან, ძალიან სუსტი ვიქნები. მე კი ეს არ მინდა. აჯობებს ისე დარჩეს ყველაფერი, როგორც ახლაა.
სახლში დაღლილი მივდივარ. ხვალ ორ საგანში გამოცდა მაქვს და წარმოდგენა არ მაქვს რას ვიმეცადინებ. ვსადილობ, წყალს ვივლებ და კონსპექტებით სავსე საწოლზე ვჯდები. ვკითხულობ, მაგრამ თავში არაფერი შემდის. ვფიქრობ, ვფიქრობ და მხოლოდ ვფიქრობ, რეზიზე. ბოლოს ყელში ამომდის ჩემი უკონტროლო გონება, ბალიშს ვეხუტები და ვტირი. ვერც კი ვხვდები, როგორ მეძინება. მოგვიანებით შეტყობინების ხმა მაღვიძებს. თვალებს ვისრეს და მობილურს დავყურებ. შეტყობინება რეზისგანაა.
„ - შენთან ვარ.“
დაფეთებული საწოლიდან ვხტები და სმენას ვძაბავ. სასტუმრო ოთახიდან მხოლოდ ტელევიზორის ხმა შემოდის.
„ - სად ჩემთან?“
„ - დაბლა. ჩამოდი ცოტა ხნით.“
„ - არ მინდა.“
„ - ცოტა ხნით.“
ჯანდაბა! რა უნდა, რა! უკვე ღამის ათის ნახევარია. არაფერს ვპასუხობ. იქნებ მიხვდეს, რომ მისი ნახვა არ მინდა და წავიდეს. მაგრამ არა, ცოტა ხანში მირეკავს. ვუთიშავ. მირეკავს. ვუთიშავ.
„ - შემეშვი.“ - ვწერ.
„ - ძალიან ბავშვობ.“
„ - არ მინდა შენი ნახვა.“
„ - სამაგიეროდ მე მინდა.“
„- რისთვის? ოთხ დღეში მიდიხარ.“
„ - სწორედ იმიტომ, რომ მივდივარ და შემდეგ დღეებში არ მეცლება.“
ვოხრავ. არა, არ მინდა. ვგრძნობ, რომ არ მინდა. ვიცი, რომ ყველაფრის მიუხედავად მისი წასვლისას გული დამწყდება. ვიცი, რომ ჩემ საქციელს ვინანებ, მაგრამ მაინც ვიცვამ და კიბეზე სწრაფად ვეშვები. უბრალოდ მოვუსმენ. თქვას რაც უნდა და წამოვალ.
მის მანქანას ჩემი კორპუსიდან მოშორებით მდგარს ვხედავ. ნელა ვუახლოვდები და უკითხავად მძღოლის გვერდითა სავარძელში ვჯდები.
-გისმენ. - ვამბობ თავჩაღუნული და ხელებს გულზე ვიკრებ. შუა ზაფხულში მაკანკალებს.
-არ მინდა ისე წავიდე, რომ გაბრაზებული დაგტოვო. - მეუბნება.
-ტყუილად მოსულხარ. ვერ ვხვდები, რა გინდა აქ. მთელი ეს პერიოდი ხომ საკუთარ თავზე ფიქრობდი? მითხარი რის გამოც მოხვედი და წადი.
-ასეთი სიცივე არ გიხდება. ანა, დარწმუნებული ხარ, რომ ვერ უნდა მიტანდე? მოდი, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდე, ყველაფერი კარგად გაიხსენე. სანამ რამეში დამადანაშაულებდე, საკუთარი თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე. შეიძლება რაღაცას არასწორად ვაკეთებდი, მაგრამ შენი გულის ტკენა ნამდვილად არ მქონია ჩაფიქრებული.
-ვალდებული არ ხარ ამ ყველაფერს მიხსნიდე. ისედაც ყველაფერი გასაგებია.
- რომ გელაპარაკები არ მისმენ? - ტონი უმკაცრდება და ჩემკენ ბრუნდება. ხელებს უფრო მჭიდროდ ვიკრავ მკერდის ქვეშ. - არაფერსაც არ გიხსნი. თავს ვალდებულად ვთვლი გითხრა ის, რაც სათქმელი მაქვს. თუ ასე ჯიუტად განაგრძობ ჩემს დადანაშაულებას და ცოტა რეალურად არ იფიქრებ, ვერასოდეს მიხვდები, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ მიფიქრია. ასეც რომ ყოფილიყო, ამას ისე გავაკეთებდი, რომ შენ ვერაფერს გაიგებდი.
ცოტა ხნით მანქანაში სიჩუმეა. თავში საშინელი ქაოსი მაქვს.
-გახსოვს, ერთი წლის წინ რაღაცას ეძებდი. მითხარი, იპოვე? - მეკითხება. მთლიანად მახსენდება ჩვენი ის საუბარი, შარშან ზაფხულში პირველად რომ დამირეკა მობილურზე და ტანზე ეკალი მაყრის.
-უკვე აღარ ვიცი. - ვბუტბუტებ.
-მე ვიცი, იმიტომ, რომ ამაში მე დაგეხმარე. სწორედ ამ შემთხვევისთვის. შენ კი რატომღაც ყველაფრის დავიწყებას ცდილობ. კარგი, დაივიწყე, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ რაც არ გამიკეთებია, იმაში ბრალს ნუ დამდებ.
ჯანდაბა! ამიტომ არ მინდოდა ჩამოსვლა. ყელში რაღაც მეჩხირება და უშნობ იბერება. გულის ასეთი რიტმით ცემას უკვე წყობიდან გამოვყავარ. ხმას ვერ ვიღებ. ვგრძნობ, ახლა პირი რომ გავაღო მარტივად ავტირდები. მე კი ამას ვერ დავუშვებ.
-ანა. - რეზი ჩემკენ ხელს იწვდენს. ავტომატურად გვერდით ვცურდები.
-არ შემეხო. - ვამბობ ხმაჩაწყვეტილი.
-უბრალოდ...
-რეზი, შემეშვი.
არ მისმენს. ჩემს ხელს იღებს და თავის თითებში აქცევს. გაყინული კანი მისი ხელების სიმხურვალეს მაშინვე ნებდება. თავს ვაიძულებ, რომ ცახცახი შევწყვიტო, მაგრამ რამდენად გამომდის არ ვიცი. თითებზე მეფერება და ოდნავ მისრესს. მე არ ვუყურებ. თავი ისევ ისე მაქვს დახრილი, როგორც მანქანაში ჩაჯდომისას. ხელი ნელ-ნელა მითბება, ან უბრალოდ მისი მუხტი ჩემს სხეულზე ინაცვლებს. და ვმშვიდდები. თავ ვწევ და ვუყურებ. ის კი თითებზე მკოცნის და თვალებში მაცქერდება. ზუსტად ისეთია, როგორც კოცონთან გიტარაზე დაკვრისას, როგორც მის საწოლში პირველად გაღვიძებისას და მისი მზერა ერთხანს ყველაფერს მავიწყებს. შემიძლია ამ გამომეტყველებას საათობით ვუყურო და დავტკბე, მაგრამ ეს არ მოხდება, უკვე აღარ მოხდება. ის მიდის.
მოულოდნელად რეზი სახეს თავის ხელებში მიმწყვდევს და ჩემკენ იწევა.
-არა, არა, არა! - შეშინებულივით ვცქმუტავ და თითებში თითებს ვავლებ გასათავისუფლებლად, მაგრამ არაფერი გამომდის. - გამიშვი, გთხოვ. - ხმა მებზარება. მაშინვე ვჩუმდები და სუნთქვას ვიკავებ ტირილის შესაკავებლად. არ მინდა, რომ მაკოცოს.
ცხვირით ცხვირზე მეხება, შემდეგ ლოყაზე ინაცვლებს და ჰაერს ხარბად ისუნთქავს.
-ამის გარეშე არ წავალ, ანა. - ამბობს და თვალზე მკოცნის. ნელ-ნელა ქვემოთ მიიწევს. მოლოდინით აღელვებული მის თითებს უფრო მძლავრად ვეჭიდები და ის-ისაა თვალებს ვხუჭავ, რომ რეზი ჩემს ბაგეებს ეხება. ისე ფრთხილად და ფაქიზად მკოცნის, თითქოს ეს პირველად ხდებოდეს და ჩემს შეშინებას ერიდებოდეს. ერთიანად ვთბები და სიმშვიდით ვივსები. ვიცი, რომ ეს ყველაფერი წამიერია და შეწყვეტისთანავე ვინანებ, მაგრამ მომენტით ტკბობა მიტაცებს და გაჩერების უნარს მართმევს. აჩქარებული გული მშვიდდება და ისიც გონებასთან ერთად მოქმედებს მანამ, სანამ ყველაფერი არ მთავრდება. რეზი ჩერდება და მაცქერდება. ვერ ვხვდები რას ელოდებიან ჩემგან მისი გაურკვეველი ფერის თავლები. მე ისევ მის თითებს ვეჭიდები და ამჯერად თავისუფლად ვიშორებ სახიდან.
-ისევ ვანილის გემო გაქვს. - მეუბნება ის.
სანამ ისევ ამოქმედებული ტირილის სურვილი თვალებამდე მოაღწევდეს, ვამბობ:
-კარგად იყავი, რეზი. - მანქანიდან გადმოვდივარ და სწრაფად შევდივარ ჩაბნელებულ სადარბაზოში.


***
პრაქტიკებს მაკოსთან და ლანასთან ერთად, ჩემს სახლთან ახლოს ერთ-ერთ ცნობილ საკონდიტროში გავდივარ. სიტუაცია ნორმალურია და იქ ერთი თვის გატარება არ მიჭირს. მით უმეტეს, რომ ჩემი მეგობრებიც აქ არიან.
ლიზის და ამირანს თითქმის ყოველ დღე ვეკონტაქტები ფეისბუქის წყალობით. აღფრთოვანებულები არიან იქაური საკონდიტროთი და იქ მომუშავე პერსონალით. რეზი თითქმის ყოველ დღე მათთან ერთად მუშაობს თავისი კაფეს საცხობში და ისინიც თავებს უცხოდ არ გრძნობენ. ნიკოლსაც ხშირად ხვდებიან და საღამოობით მასთან ერთად პარიზის ქუჩებში დასეირნობენ. კეთილი შურით მშურს მათი.
ზუსტად ერთი თვე გავიდა, რაც რეზი წავიდა. პირველ დღეებში საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, ისე განვიცდიდი მასთან უკანასკნელ შეხვედრას. ალბათ ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, რომ ეს საუბარი არ შემდგარიყო, თუმცა ამ შემთხვევაში ისე მოხდებოდა, რომ რეზის ვერ ვაპატიებდი. ხო, მისი ბოლომდე გავიგე და ამაში დიდი წვლილი ხათომ შეიტანა. ერთ დრეს, როცა გავიღვიძე და მივხვდი, რომ მარტოს აღარ შემეძლო ამდენი არეული ფიქრის ტარება, დაუფიქრებლად მოვუყევი ყველაფერი დედას. ჩემი პროგნოზი გამართლდა. გაბრაზდა, უფრო სწორად ეწყინა, რომ ამდენ ხანს ასეთ სერიოზულ ამბავს ვუმალავდი, ეწყინა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება იცვლებოდა და მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ერთი დღე არ მელაპარაკებოდა. ვისთვის ძალიან სასაცილო დრო, მაგრამ გულჩვილი ხათოსთვის ეს ერთი დღე მთელი საუკუნე იყო. მეორე დილით კი თავად შემოვიდა ჩემთან ცივი წვენით ხელში, გულში ჩამიკრა და ყველაფერი მითხრა, რასაც ფიქრობდა. მასთან საუბარმა დამამშვიდა და საკუთარ თავში გამარკვია. გამახსენდა რეზის ნათქვამი, თავი მის ადგილას წარმოვიდგინე და გავუგე, ბოლომდე, მაგრამ ის ფაქტი, რომ დღემდე საშინლად მენატრება, ვერაფრით შევცვალე. რამდენჯერ ვცადე, მისთვის ფეისბუქზე მიმეწერა, მაგრამ ყოველ ჯერზე წავშალე აკრეფილი ტექსტი. ის უკვე იქაა, ძველ გარემოცვაში, ძველ ნაცნობებში და სამსახურში. ვინ იცის, იქნებ აღარც ახსოვს, რომ საქართველო არსებობს. ჩემზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ ვცდილობ, რამდენჯერაც ის გამახსენდება, იმდენჯერ სხვა რამეზე გადავერთო და ბოლო დროს მგონი გამომდის კიდეც.
ახლანდელი გადასახედიდან წარსული თავის პრობლემიანად მშვენიერი მეჩვენება და ეს მგონი ერთადერთი მიზეზია, რის გამოც რეზის წასვლა გულს არ მწყვეტს. სასიამოვნო მოგონებები ყოველთვის ღიმილს მოგგვრის, ღიმილი კი გადამდები და ხალისიანი დღის საუკეთესო რეცეპტია.

***
კოლეჯიდან გამოვდივარ და ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. შემდეგ გამჭვირვალე ქაღალდში მოთავსებულ დიპლომს დავყურებ და კმაყოფილება სახეს მიბადრავს. გაჩერებისკან ნელა მივუყვები დაღმართს და აქ მოსვლის პირველი დღე მახსენდება. ამას ისიც ემატება, რომ ავტობუსში ასვლისას ნაცნობ კონტროლიორ ქალს ვაწყდები. იმედებს ვუცრუებ და ბილეთს ვიღებ. თვალწინ მიდგება ის სიტუაცია, როცა რეზიმ ჯარიმის აღებას გადამარჩინა და შუა ავტობუსში დებილივით ვიღიმი. კი, კარგია, რომ მისი გახსენებისას ყოველთვის მეცინება და სასიამოვნო გრძნობა მეუფლება, მაგრამ ნეტავ ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს? იმ ადამიანზე ფიქრი, რომელიც შენგან ათასობით კილომეტრით შორსაა და დიდი შანსია იმის, რომ აღარც ახსოვდე, ცოტა არანორმალურია. დროა ამაზე მუშაობას შევუდგე. ამის შემდეგ რეზი უბრალო მოგონება უნდა იყოს და არა ყოველდღიური ფიქრის მიზეზი.
ავტობუსიდან ჩამოვდივარ და სახლში ასვლამდე ვანილის ნაყინს ვყიდულობ. წარწერა „ვანილის ნაყინი“ კვლავ წარსულში მაგდებს და საკუთარ თავზე გაბრაზებული მივუყვები კიბეებს. სახლში შევდივარ, ჩანთას იქვე ვაგდებ და ნაყინის შესანახად სამზარეულოში მივდივარ, მაგრამ ილო არ მაცდის, კოლოფს ხელიდან მართმევს და ჭამას იწყებს.
-რა ქენი? - მეკითხება თვალებგაბრწყინებული ხათო.
-ავიღე. ჩანთაში მიდევს. - ვბუტბუტებ, კოვზს ვიღებ და ილოს ნაყინის ჭამაში ვეხმარები.
-ვა, ანა, მეორე დიპლომი გაქვს? - მეკითხება მამა.
-ხო.
-ხოდა აწი სერიოზულად უნდა იფიქრო.
-რაზე?
-ტაქსისტობაზე. - ამბობს და ხითხითებს. მამა რომ დაგცინებს ამაზე უკეთესი სხვა რა უნდა ინატრო.
-მე წავალ, წყალს გადავივლებ და აბაზანაში ვიფიქრებ. - ვდგები და სამზარეულოდან გავდივარ.
-ხო, მართლა ანა, - მეძახის ხათო. - დღეს რაღაც წერილი მოგივიდა. გარედან არაფერი აწერია და ვერ გვიგე ვისგანაა.
რაა? წერილი? მეე? სასწრაფოდ ჩემს ოთახში შევდივარ და ვათვალიერებ. აი ისიც, საწოლზეა. იქვე ვჯდები და თეთრ კონვერტს დაბნეული ვატრიალებ. შუქზეც კი ვიჭერ და ვცდილობ გაუხსნელად დავინახო რა დევს შიგნით, მაგრამ არაფერი გამომდის. ვნებდები. კონვერტს ვხსნი და შიგნით ვიხედები. გული გამოუცდელი რიტმით იწყებს ძგერას როცა ვხედავ რა დევს მასში. ეს ბილეთი და ვიზაა. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ და აცახცახებული ხელით ვიღებ მათთა ერთად მოთავსებულ პატარა ბარათს, რომელზეც მხოლოდ სამი სიტყვა სწერია:
„ - ჩამოდი არამზადავ, გელოდები.“


დასასრული
2015 წელი



№1  offline წევრი თ. ა.

რეზი ლავიუ
აქაც იყოს ჩემი კომენტარი პორველი

 


№2  offline ადმინი თუკა

ასჯერ, ათასჯერ ვიტყვი- ჩემი მარადიული სიყვარულია რეზი. მხოლოდ იმას ვერ გაპატიებ ვანილო რომ მე არ გამაყოლე რეზის და ანა გაუშვი 😂😂
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent