იავნანა (სრულად)
I თავი ხანდახან ის უფრო საშიშია, რისკენაც გარბიხარ, ვიდრე ის, რაც მოგდევს. *** ვუყურებ ჩემს ახალ ყვითლად და თეთრად შეღებილ ორსართულიან სახლს და წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა იყოს მასში ისეთი საშინელი, ვიდრე ატლანტადან გამოყოლილი მოგონებები. ეს-ესაა მოტკეცილკაბიან მაკლერს სახლის კუთვნილების საბუთებზე ხელი მოვუწერე და ღიმილით დავემშვიდობე. მპირდება, რომ ჯიპზე შებმული სატვირთოდან ნივთების გადმოსატანად ორ მუშას გამომიგზავნის. დადუმებულ სამეზობლოს თვალს ვავლებ და კვლავ ჩემს სახლს ვათვალიერებ. თეთრად შეღებილ ფიცრულ აივანზე მარცხნივ სარწეველა დივანი დგას, მარჯვნივ კი შავი რკინის მაგიდა, თავისი ოთხი სკამით, რომლის საყრდენებიც ლამაზადაა მოჩუქურთმებული. მაკლერისგან ვიცი, რომ ხანძრის შემდეგ სხვა მცირე ნივთებთან ერთად ესენიც გადარჩნენ. სადაზღვეო კომპანიამ სახლი გაარემონტა და ხუთი წლის შემდეგ მეც გამოვჩნდი. სახლის მარჯვნივ და უკან მწვანედ შეღებილი ღობით ბაღია შემოვლებული. შიგნით მუხა დგას, სახლთან ახლოს აიწონა-დაიწონა და გზის მხარეს ამოჭრილ კართან ფანტანი, რომელიც საბედნიეროდ მუშაობს. სახლის უკან კი პატარა აუზია. პირველ სართულზე სასტუმრო ოთახი, სამზარეულო და კიდევ ერთი ცარიელი ოთახია. ხოლო მეორე სართულზე სამი საძინებელი. ერთ-ერთ მათგანს, რომელსაც საკუთარი სააბაზანო აქვს და ფანჯარა ქუჩას გადმოჰყურებს, ჩემს საძინებლად ვირჩევ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სახლისგან იმაზე მეტს მივიღებ, ვიდრე მაცხოვრებლის სტატუსია. სანამ მუშები მოვიდოდნენ, სატვირთოში საქანელას ვპოულობ და მუხაზე წვალებით ავდივარ. კმაყოფილი მივბობღავ მსხვილ ტოტზე და საქანელას საგულდაგულოდ ვაბამ. შემდეგ ხიდან ვხტები და ცოტა ხნით მასზე ვქანაობ. გარემოს ვაკვირდები. ჯორჯიის შტატი ისედაც მომწონდა, ხოლო ეს პატარა ქალაქი - სავანა თანდათან უფრო მომხიბვლელი მეჩვენება. მისი ეს ფერადი სახლები, რომლებიც მცენარეებშია ჩაფლული და ვიქტორიანული სტილის ელფერი დაჰკრავს, ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებს. ბაღიდან გამოვდივარ, მანქანიდან ლეპტოპს ვიღებ და აივანზე მაგიდასთან ვჯდები. ჩემს სახლში ვაი-ფაი უკვე მუშაობს, ასე, რომ ინტერნეტ თავისუფლება უკვე მონიჭებული მაქვს. თვითერზე შევდივარ და დრო გამყავს, მაგრამ მალევე მბეზრდება. სარწეველა დივანზე გადავდივარ, ფეხებს ვიკეცავ და ფრთხილად ვირწევი. აქედან კარგად ჩანს ვაიტეკერის გრძელი ქუჩა, რომელიც ფორსაიტის დიდ პარკთან გადის. ჩემი სახლი ცენტრისგან მოშორებით მდებარეობს და ალბათ ამიტომ, გზაზე იშვიათად დადის მანქანა. ვოხრავ და ყურსასმენებს ვიკეთებ. ჩემ წინ იისფერი სამსართულიანი სახლი დგას, რომელიც აქ მოსვლის შემდეგ მოგუდული მუსიკის ხმით იქცევს ჩემ ყურადღებას. ახლა მარტო ვარ და ზედმიწევნით ვათვალიერებ მას. მასაც აქვს ბაღი, მაგრამ უფრო მოზრდილი ვიდრე ჩემია. სახლის წინ შავი პიკაპი და წითელი ორკარიანი მანქანა დგას, რომელიც სავარაუდოდ ქალის უნდა იყოს. შიგნით ალბათ წვეულება აქვთ. მესამე სართულის ღია ფანჯრიდან ცისფერმაისურიან ბიჭს ვხედავ, რომელიც რაფაზე შემომჯდარი გოგოს გვერდით დგას და მხარზე ხელით ეყრდნობა. სახლს თვალს ვაცილებ და ბაღში მოთამაშე ბავშვებიდან ერთ-ერთის მზერას ვაწყდები. ღობეზე ამძვრალა, მხედარივით მოთავსებულა და თვალს არ მაცილებს. წითურია და ძალიან ეშმაკური გამოხედვა აქვს. ალბათ ცხრა ან ათი წლის იქნება. თავს ვწევ და მზერას ვუსწორებ. ის კრთება, ღობიდან ძვრება, მაგრამ მაინც მიყურებს. წელში ვსწორდები, თვალებს ვაელმებ და ენას ვუყოფ. ბავშვი კისკისებს და სახლისკენ თავქუდმოგლეჯილი გარბის. მეც მეცინება. დარწმუნებული ვარ, მე და წითური დავმეგობრდებით. *** რვა საათი ხდება, როცა მუშებს ვისტუმრებ. ნივთები და ყუთები თავის ადგილზეა, მხოლოდ მათი ამოლაგებაა საჭირო, რასაც დღეს ნამდვილად არ ვაპირებ. ყავას ვიმზადებ და ისევ აივანზე გავდივარ. მაისის შუა რიცხვებია. საღამოს სითბო ფინჯან ყავასთან ერთად ნეტარებაა. ამას ემატება ცისფერსა და ვარდისფერში შეზავებული ცა, რომელსაც ღამის გავლენა თანდათან ეპარება. მცენარეებით შემოსილი სახლები ნელ-ნელა მუქდებიან და ქუჩაში ლამპიონების ანთებას ვესწრები. აივანზე მეც შუქს ვანთებ და ყურსასმენებს ვიკეთებ. მინდა პირველი საღამო ჩემს ახალ სახლში აქ - ამ აივანზე გავატარო. ის-ისაა ჯონ ლენონს „coldplay” ცვლის, რომ იისფერი სახლის კარი იღება და რამდენიმე ახალგაზრდა მხიარული სიცილითა და ნასვამი ნაბიჯებით გამოდის. მათგან ცისფერმაისურიანს ვცნობ. მას კისერზე წითური ბიჭუნა უზის და ხელების წინ ჩამოქაჩვით ჩამოვარდნით აშინებს. ბავშვი მხედავს თუ არა, მაშინვე მის „ქვეშევრდომს“ სწვდება თმაში. ბიჭი ჯერ წითურისკენ სიცილით იხედება, შემდეგ კი ბავშვის მორცხვად გამოშვერილ საჩვენებელ თითს აყოლებს თვალს. ჩემს გაოგნებას საზღვარი არ აქვს, როცა ცისფერმაისურიანის მხიარული სახე ჯერ სერიოზულდება, შემდეგ კი იბნევა. ვერ ვიტყვი, რომ მეზობელი ეზოდან მე არ მოვწონვარ, რადგან არც კი მიცნობს. თუმცა მეზობლების ბუნება ხომ იქსივით ამოუცნობია. მათ არ სჭირდებათ მიზეზი, რომ სძულდეთ, ანდაც უყვარდეთ. ყოველი შემთხვევისთვის ყურსასმენებში მუსიკის ხმას ვადაბლებ. გაბედულად ვაკვირდები ყველას, რადგან ჩემი აივნის სინათლის დაცემის გამო ზუსტად ვიცი, რომ ვერავინ გაარკვევს ვინ და როგორ ზის იქ. ბიჭი წითურს მიწაზე აბრუნებს და მეგობრებს კოცნის. ალბათ ემშვიდობება? ეზოდან გამოსვლის შემდეგ დანარჩენებიც მათვალიერებენ. ცისფერმაისურიანი კი თვალსაც აღარ აპარებს. როგორც ჩანს, მეზობელიც კი არაა, რადგან პიკაპში ჯდება და მიდის. ჩემი ნამდვილი მეზობლები კი სახლში შესვლამდე კიდევ ერთხელ მავლებენ თვალს მალულად. უკან მიყოლილი წითური კი ხელს მიქნევს. მეც ვპასუხობ. ხომ ვამბობ, აუცილებლად დავმეგობრდებით. *** მიუხედავად იმისა, რომ პირველს საწოლს ვამზადებ, იმ ღამით მაინც პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში ვიძინებ. თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ. დილით ადრე მამას ზარი მაღვიძებს. მეკითხება კმაყოფილი ვარ თუ არა, როგორი გარემოა, რამე ხომ არ მჭირდება. დაახლოებით თხუთმეტი წუთი ვსაუბრობთ. მიხარია, რომ ჩემი დისგან განსხვავებით ყურადღებას იჩენს. მაინც ვერ დამიჯერებია, რომ დედას გარდაცვალებამ ასე დაგვშალა. სამი წელი გაუცხოებულნი ვცხოვრობდით. თითქოს ვალდებულები ვიყავით, რომ გვეარსება, ერთად. არადა მის სიცოცხლეში ჰარმონიული და მოსიყვარულე ოჯახი გვქონდა. ამ ყველაფერს მაშინაც კი ვინარჩუნებდით, როცა სიმსივნემ ტვინამდე მიაღწია და დღე-დღეზე ველოდით საშინელ პიკს. შემდეგ კი... ასე განვცალკევდით. სახლი გავყიდეთ. მამას არაფერი უნდოდა. ბებია-ბაბუასთან ფერმაში წავიდა საცხოვრებლად. მე და კირამ კი თანხა და ავეჯი გავინაწილეთ. ძალიან მინდოდა, ისიც ჩემთან ერთად წამოსულიყო. ამ სახლის სურათები მასაც ნანახი ჰქონდა და მოსწონდა, მაგრამ მაინც ატლანტაში დარჩენა არჩია. ალბათ სამსახურის გამო, ალბათ მეგობარი ბიჭის გამო, ალბათ დედას საფლავის გამო. მე კი რატომღაც სამივე დავთმე ახალი ცხოვრებისთვის. სეთი ექვსი თვის წინ დამშორდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სავანას შესახებ ვუთხარი. მეგონა გამიჭირდებოდა, მაგრამ ადვილად შევეგუე. ალბათ იმიტომ, რომ ამაზე მეტად ჯერ ისევ დედის სიკვდილს განვიცდიდი. წამოსვლამდე ერთი კვირით ადრე მე და კირამ ვიკამათეთ. თემა იგივე იყო - ჩემთან ერთად წამოსვლა. ის კი კვლავ ჯიუტად თავის აზრზე იდგა და ვერ შევთანხმდით. მას შემდეგ არ მინახავს. დამშვიდობება მინდოდა, მაგრამ ტელეფონზეც კი არ მპასუხობდა. ხოდა შევეშვი. ახლა ვდგავარ აქ, ახალ სივრცეში და ჩემ გარშემო მბრუნავი მოგონებები ნელ-ნელა მეწებებიან სხეულზე. ვგრძნობ, როგორ მეხუტება სიცარიელე და მპირდება, რომ ერთად ყველაფერს გავუძლებთ. ამას ველოდი კიდეც და მეც ჩახუტებით ვპასუხობ. *** სამი დღე მთლიანად სახლის მოწესრიგებაში გადის. მიუხედავად საკმარისი ავეჯისა, წვრილმანი ნივთების ყიდვა მაინც მიწევს. მართალია ჩემს ანგარიშზე ერთი წლით ფუფუნებით ცხოვრების თანხა დევს, მაგრამ განებივრების უფლება ნამდვილად არ მაქვს. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი პროფესიით სავანაში სამსახურს ვიშოვი. ატლანტაში საკმაოდ წარმატებული ჟურნალისტი ვიყავი. ჩემს სტატიებს კრიტიკოსები არ აკლდა. კარგი იქნება თუ აქაც გამოვიყენებ ჩემ ნიჭს. საძინებელი, სამზარეულო და ყოველდღიური ოთახი მოწესრიგებულია. პირველი სართულის ცარიელ ოთახში სამუშაო გარემოს შექმნას ვაპირებ, მაგრამ ნელ-ნელა. მეორე სართულის საძინებლებს კი მხოლოდ მაშინ მოვაწყობ, როცა ამის შესაძლებლობა მექნება. სახლის წინ ყვავილებს ვრგავ, უკანა ეზოსთვის ორ შეზლონგს და ქოლგას ვყიდულობ, ჩემი პატარა აუზი კი უკვე სავსეა. საბოლოო ჯამში სრულიად კმაყოფილი ვარ ახალი სახლით. ისღა დამრჩენია აქაურობა გავითავისო. მეზობლები. ისინი არ მაწუხებენ. უფრო მეტიც, იშვიათად ვხედავ. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ჩემი სახლი გვერდითა სახლებისგან იმაზე მეტადაა დაშორებული, ვიდრე სავანას არქიტექტურას სჩვევია. ეს პირველივე დღეს შევნიშნე და მეუცნაურა, მაგრამ ერთის მხრივ კარგიც კია. ცნობისმოყვარე თვალისგან რაც უფრო შორს ხარ, მით უკეთესი. ჰო, ცნობისმოყვარეზე გამახსენდა. ჩემი მომავალი წითური მეგობრისთვის თვალი აღარ მომიკრავს. აღარც შავი პიკაპი და მისი ჩემი აქ გადმოსვლით უკმაყოფილო პატრონი დამინახავს. საინტერესოა, როგორი ურთიერთობა მექნება მეზობლებთან... ხმაურის მოყვარული არ ვარ, მაგრამ დიდხანს ვერც განდეგილად ყოფნას ავიტან. *** მეექვსე დღეს დილით სირბილით ვიწყებ და გეზს ფორსაიტის პარკისკენ ვიღებ. დილის რვა საათია, სასიამოვნოდ გრილა. ფერადი სახლები საკუთარ მომხიბვლელობას მიზიარებენ და განწყობას მიქმნიან. ყურსასმენებში „radioactive” განმეორებაზე მაქვს დაყენებული. თავი ყველაზე უპრობლემო ადამიანი მგონია, ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობ. ძალიან არ მინდა, ეს მდგომარეობა შევიფერო და შემდეგ ყველაფერი ცუდისკენ წავიდეს. ფორსაიტის პარკი ყველასთვის ღიაა. აქ ბევრ ჩემნაირს ვხედავ და მიხარია, რომ მარტო არ ვარ. ირგვლივ უამრავი ცოცხალი მუხა და ესპანური მოსია. მოშორებით თეთრი ვერანდა ჩანს. ბალახი დანამულია, გათენებისას ცოტა იწვიმა. აქა-იქ ქანდაკებებს ვხედავ, მოშორებით უზარმაზარი ფანტანი იწონებს თავს. სრული სიმწვანე და სუფთა ჰაერი ნამდვილი ჰარმონიაა. აქაურობა სამოთხეს ჰგავს და ოდნავ უხერხულობასაც კი ვგრძნობ აქ ყოფნით. მაგრამ გარემო ისეთი მომნუსხველია, რომ ერთ წამში ხდება ფორსაიტის პარკი ჩემი საყვარელი ადგილი ამ ქალაქში. აუცილებლად გავეცნობი მის ისტორიას. დაახლოებით ერთი საათის სირბილის შემდეგ სიარულზე გადავდივარ და ცოტა ხანში მუხის ქვეშ ვჯდები. ღმერთო, რა მაგარი იქნებოდა ახლა კირაც რომ აქ ყოფილიყო. ალბათ ამ დროს ის ისევ საწოლში ინებივრებდა, რადგან დილის ძილზეა შეყვარებული, მაგრამ... პარკში ვისეირნებდით, წარსულს გავიხსენებდით. რომელიმე წიგნზე ან ფილმზე ვილაპარაკებდით. ვიკამათებდით, რას მოვამზადებდით ვახშმად და ბოლოს მაინც პიცას შევუკვეთდით. ძილის წინ ცხვირზე მომიჭერდა თითებს და სანამ მის თმას არ მივწვდებოდი, არ გამიშვებდა. მონატრებისგან ტანზე ეკალი მაყრის, მუხას ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ. ვიცი, დედას არ მოეწონებოდა ჩვენი ასე დაშლა. ისიც ვიცი, რომ ამას მხოლოდ მე არ განვიცდი, მაგრამ საშინლად მთრგუნავს კირასგან ასეთი სიცივე. ის ხომ არანორმალურად მხიარული და მოსიყვარულე იყო. სადაცაა დედის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავა, ის კი ისევ მწუხარების გარსშია მოქცეული. ვერავინ მეტყვის იმას, რომ ჯოანა სათანადოდ არ მიყვარდა. ის, რომ ახალი ცხოვრება დავიწყე ამას ხომ არ ნიშნავს? არა, რა თქმა უნდა არა! ოხ, კირა... უცბად მუხლზე მსუბუქ შეხებას ვგრძნობ და თვალებს ვჭყიტავ. ჩემ წინ იღლიაში ამოჩრილი ბურთით წითური ბიჭუნა დგას. ყურსასმენებს ვიხსნი და ვუღიმი. -გამარჯობა. - მეუბნება და ცხვირზე ხელს ისვამს. -გამარჯობა. - ვპასუხობ და ფეხმორთხმით ვჯდები. -მე სემ ვოლინგი ვარ, თქვენი მეზობელი. - ამბობს სხარტად და ხელს მიწვდის. საოცრად ჟღერადი და კრიალა ხმა აქვს. თეთრ სახეზე შემოდგომისფერი ჭორფლები მიმოჰფანტვია. კამკამა ნაცრისფერი თვალებით დაკვირვებით მათვალიერებს. წითური კულულა თმა ოფლით დაცვარულ შუბლზე მიჰკრობია. -მე ლისა ჰენკსი. - ხელს ვართმევ. პატარა თითები გრილი და ოფლიანი აქვს. -სასიამოვნოა, მის ჰენკს. - ცალყბად იცინის. -ჩემთვისაც, სემ. ლისა დამიძახე, კარგი? - მის შემხედვარეს მეცინება. -ვიცოდი, რომ ამას მეტყოდი. - აშკარად უხარია. წარბებს ზემოთ სწევს. - დედამ და ნათლიამ ძალით დამაზუთხებინეს უცნობებთან და უფროსებთან ქცევის წესები. -მერე ეგ კარგია, იცი? -ისიც კი მითხრეს, უცნობებს არ გამოელაპარაკოო, მაგრამ შენ საშიში არ ჩანხარ. სუფთა მანქანა გყავს და დაგინახე, სახლის წინ ყვავილებს რომ რგავდი. თან არც ტკბილეული შემოგითავაზებია. - იცინის. -ეს ყველაფერი რას ნიშნავს? - გაოგნებული ვუყურებ. -ბავშვებს არ იტაცებ და მკვლელი არ ხარ. სიცილი მიტყდება. ღმერთო, რა სასწაული ბავშვია. როგორც ჩანს, საკუთარი რადარი აქვს მკვლელების ამოსაცნობად. -მართალი ხარ სემ, მკვლელი ნამდვილად არ ვარ. -სავანაში დიდხანს დარჩები? -მოდი, შევთანხმდეთ, - თვალებს ვიწვრილებ და მოლოდინით სახეგაბადრულ სემს ხელს ვუწვდი. - თუ პირობას მომცემ, რომ მეგობრები ვიქნებით, მაშინ სულ აქ ვიცხოვრებ. -არის, მაგარია! - ყვირის ის. ბურთს ისევ იღლიაში იჩურთავს და ხელს მძლავრად მართმევს. -სემ! სემი! - გვესმის ვიღაცის ძახილი. ორივე მუხის მიღმა ვიხედებით. ლურჯ სპორტულებში გამოწყობილი ბიჭი ჩვენკენ მორბის. *** როგორც ჩანს, მუხაზე მიყრდნობილს ვერ მხედავს, რადგან უვლის თუ არა ხეს, ჩემი დანახვისას ისე ჩერდება, თითქოს უხილავ კედელს დასჯახებოდეს. ჩემსა და სემს შორის თვალებს აცეცებს და იბნევა. ასე მგონია, ჰაერი, რომელიც უკანასკნელად ჩაისუნთქა, ისევ ფილტვებში აქვს გამოკეტილი. ვერაფრით ვხვდები, უცნობი ადამიანისგან რის გამო ვიმსახურებ მსგავს რეაქციას. ფეხზე ვდგები და ფლეიერზე ყურსასმენებს ვახვევ. უსიამოვნო განცდა თავს არ მანებებს. არ ვბრაზობ, მაგრამ თავს საშინლად ვგრძნობ, რადგან ასეთ მიმზიდველ უცნობს გაურკვეველი მიზეზის გამო ჩემი არსებობა არ სიამოვნებს. წაბლისფერი, მოკლედ შეჭრილი თმა და მუქი ნაცრისფერი თვალები აქვს, რომლებსაც ვერც მისწორებს და ვერც მთლად მარიდებს. სწორი ცხვირით გახშირებით სუნთქავს, მაგრამ ეს მის გამხდარ, ძლიერ მხრებს უფრო ეტყობათ, ვიდრე ცხვირს. გაცრეცილ ბაგეებს, რომლებსაც ნერვიულად უკვე მეოთხედ ილოკავს, ოდნავ სილურჯე შეჰპარვიათ. სავარჯიშო ფორმაში ზედმეტად მიმზიდველია, მაგრამ ის განწყობა, რომელიც მისგან მოდის, ყველაფერს შლის. -სემ, ხომ გითხარი, რომ... - ცივი ხმა აქვს, მაგრამ მისი მოსმენისთანავე ჩემი სხეული სიმშვიდის დაბალანსებას იწყებს. -ნათლია, გაიცანი, ეს მის ჰენკსია, ჩვენი ახალი მეზობელი. - აწყვეტინებს წითური მას და მოსულს ნიშნისმოგებით უყურებს. ეს ბავშვი უკვე მიყვარს. -სემ, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ სახელით მომმართავდი? - ვეკითხები, რადგან გაჩუმებულს ყელში რაღაც მისივდება. -ჰოო, მახსოვს, უბრალოდ მინდა იცოდეს, რომ წესები არ დამირღვევია. - უდარდელად ამბობს ბავშვი და საჩვენებელ თითზე ბურთის დაბზრიალებას ცდილობს. -სემი!... - გამაფრთხილებლად ტრიალდება მისკენ ნათლია, მაგრამ წინადადებას წყვეტს. ჰაერს ხარბად ისუნთქავს, ჩემკენ ბრუნდება და თვალებს მისწორებს. მოზრდილი ნერწყვი ძლივს გადამდის ყელში. ღმერთო, მე ხომ არაფერი დამიშავებია. რა ჯანდაბა მჭირს? - რაილი. - ამბობს და ხელს მიწვდენს. მისი ხმით წარმოთქმული ლამაზად ჟღერადი სახელი ცივი იავნანასავით ჩამესმის. -ლისა. - ხელს ვართმევ. ხმისგან განსხვავებით ხელის გული საკმაოდ ცხელი და ტენიანი აქვს. ვმშვიდდები. ვცდილობ გავიღიმო. ის კი წარბებს ჰკრავს. - სასიამოვნოა. ის ოდნავ თავს მიქნევს და სემს ბურთს ართმევს. ამბობს, მივდივართო, ბავშვი კი ჭირვეულობს. -იქნებ მასაც უნდა თამაში. შესთავაზე რაა.. - თხოვნით გვიყურებს ორივეს. -არ უნდა. - ამბობს ის და სემს მხარზე ხელს ხვევს. ბავშვი კი იშორებს. -სხვა დროს აუცილებლად გეთამაშები, სემ. - ვპირდები, მაგრამ საშინლად გაბრაზებული ვარ. თუმცა, იმასაც ვხვდები, რომ აქ რაღაცაშია საქმე და ახლა ჯიბრი უფრო გაამწვავებს სიტუაციას. -არა, ამას ნათლიას გამო ამბოობ! - წუწუნებს სემი. -სემ, გეყოფა. სახლში წასვლის და საუზმის დროა. -ლისაც დავპატიჟოთ! - აღფრთოვანებაში მოჰყავს საკუთარ აზრს ბავშვი. -ის... - ნათლია შეცბუნებულია. სანამ რამეს იტყოდეს, სემისკენ ვიხრები და თმაზე ვეფერები. -მადლობ სემ. ხომ გახსოვს, ჩვენ ახლა მეგობრები ვართ. ასე, რომ, როცა მოგინდება, შეგიძლია მესტუმრო. - თვალს ვუკრავ. ბავშვი გახარებული მიქნევს თავს და კულულები წინ ეყრება. შემდეგ კი ვეჩურჩულები. - ხოდა, ბურთსაც წამოიღებ და ნათლიის გარეშე ვითამაშებთ. -მოსულა! - სემი ერთიანად ბრწყინავს. შეთანხმების ნიშნად მუშტებს ერთმანეთს ვახვედრებთ. სამაგიეროდ, რაილი კიდევ უფრო უკმაყოფილო მეჩვენება. იქნებ სემის ნაცვლად მას ვგონივარ მკვლელი? გამორიცხული არაა. სიცილის შეკავებას ვცდილობ და მიმავალ წითურს, რომელიც წამდაუწუმ უკან იყურება ხელის ქნევით ვემშვიდობები. II თავი *** ფანჯარასთან სავარძელში ვზივარ, კაკაოს ცხელ ფინჯანს თითებს ვხვევ და სავანას წვიმიან დილას ვუთვალთვალებ. სემის სახლის წინ ლამაზად გაკრეჭილი ბუჩქის მწკრივები ნისლიან კოშკებს ჰგვანან. ჩემს მუხას თავისი ჭაღარა, ისედაც სევდიანად ჩამოყრილი თმები წვიმისაგან უფრო მეტად დაგრძელებია. მელანქოლიურად გამოიყურება. ქუჩას ცოტა ხნით თვალს ვაცილებ და ოთახს ვათვალიერებ. უეცრად სურვილი მიჩნდება, რომ ეს ლიმონისფერი კედლები გავათეთრო, მაგრამ ამ აზრს მაშინვე თავიდან ვიგდებ. მარტო ალბათ ვერ შევძლებ და ახლად დალაგებულს არც არეულობა მჭირდება. ლეპტოპს მუხლებზე ვიდებ და ინტერნეტში ფილმებს ვათვალიერებ. საბოლოოდ „something borrowed“-ზე ვჩერდები და ალბათ მეათასედ ვუყურებ. ფილმი იმავე ემოციებს იწვევს ჩემში, რასაც პირველად ნახვისას. ადამიანს რამდენის მოთმენა და დათმობაც შეუძლია, ალბათ იმდენადვე იბრძვის ბედნიერებისთვის. ღიმილი ხომ ყოველთვის არ ატარებს საკუთარ მნიშვნელობას. ამასობაში კი წვიმასაც გადაუღია. სემის სახლის სახურავს მიღმა ფერმკრთალ ცისარტყელასაც კი ვხედავ და უნებურად მეღიმება. აივანზე გავდივარ, წელში ვიშლები და წვიმისგან დანატოვარი სუფთა სურნელით ვივსები. შემდეგ სამზარეულოში ვბრუნდები და სენდვიჩს ვიმზადებ. ვნაყრდები და პარალელურად ვახშმისთვის სალათს ვაკეთებ. ის-ისაა ჩაიდანში წყალს ვასხამ და ქურასთან მივდივარ, რომ კარზე კაკუნი მესმის. ჩაიდანს ვდებ და გასაღებად გავდივარ. კარს მიღმა სემი დგას შუშის ლანგრით ხელში. წინ ჩამოყრილ კულულებს ქვემოდან სულს უბერავს და თან გაღიმებას ცდილობს. სამაგიეროდ მე თავისუფლად ვახერხებ. -სალამი სემ, როგორ ხარ? - ვეკითხები. -კარგად, შენ? დედამ შენთან ანანასის ნამცხვარი გამომატანა. სავანაში ყველაზე განთქმული და გემრიელი ტკბილეულია და დედა საუკეთესოდ ამზადებს. - დარწმუნებით ამბობს ის და ლანგარს მიწვდის. -ოჰ, სემ, გმადლობ. - ცხვირს ლანგარზე გადაფარებული პირსახოცის ქვეშ ვყოფ და ვყნოსავ. მართლაც, უმოწყალოდ მადისაღმძვრელი სურნელი აქვს. - ღმერთო, რა გემრიელად გამოიყურება! -არის კიდეც. - თავმომწონედ, ცალყბად იცინის. სემს თმას ვუჩეჩავ და მისი სახლისკენ ვიხედები. კართან ახალგაზრდა ქალი დგას, ალბათ სემის დედა. -გამარჯობა! - ვეძახი მას. -გამარჯობა! - მპასუხობს და ოდნავ წინ მოდის. -თუ დაკავებული არ ხართ, იქნებ ყავაზე გამიწიოთ კომპანიონობა? -სიამოვნებით! - ამბობს ღიმილით. რამდენიმე წამით სახლში შედის და მალევე ბრუნდება. ჩემს აივანზე ამოსვლისას მის ნაბიჯებს ყოყმანს ვატყობ, მაგრამ ვცდილობ, ამას ყურადღება არ მივაქციო, ან პირველად სტუმრობის რიდს მივაწერო. ქალი მესალმება. ისიც წითურია და სემივით გამჭვირვალე თვალები აქვს. ალბათ 33 ან 34 წლის იქნება. ჯინსის შარვალი და ჟოლოსფერი მკლავებმოქარგული მაისური აცვია. მშვენივრად გამოიყურება. მერი ჰქვია. სახლში ვეპატიჟები. შემოსვლისას კარს ისე ათვალიერებს, თითქოს რაიმე გადაულახავ ბარიერს ელოდეს. მაგრამ იქნებ მეჩვენება კიდეც. მე აქ ახალი ვარ. არავის ვიცნობ. მეც ვღელავ და ეს უცნაურობები შესაძლოა ჩვეულებრივიც კია. -სემ, დედას უთხარი არ მოერიდოს. მე ახლავე დავბრუნდები, ყავისთვის წყალს დავადგამ. სამზარეულოში შევდივარ. ჩაიდნიდან ორთქლი ამოდის. რა უცნაურია, თურმე ქურაზე დამიდგამს. ყავას ვამზადებ და სტუმრებთან გავდივარ. სემი სახლის დათვალიერების უფლებას ჩემგან იღებს და ოთახიდან გარბის. მერის წინ ვჯდები. -ძალიან საყვარელი შვილი გყავს. - ვამბობ გულწრფელად. -ოჰ, გმადლობ. - მიღიმის ის და ფინჯანს იღებს. - გუშინდელის შესახებ მომიყვა. თავის ნათლიაზე იყო გაბრაზებული. - თავს ძლივს ვიკავებ, რომ ხმამაღლა არ გამეცინოს. ბავშვიც კი ხვდება მის დამოკიდებულებას. - ხოდა, დაიჟინა, ნამცხვარი გამომიცხვე, ლისას უნდა ვესტუმროო. -ჭკვიანია. - ტონში მაინც მეპარება რაილის მიმართ სარკაზმი. -მოგწონს სავანა? -ძალიან. ზუსტად ისეთი სიმშვიდეა აქ, როგორიც მჭირდებოდა. ხმაურიანმა ატლანტამ ცოტა თავი მომაბეზრა. ამასთან პირადი პრობლემებიც და... - მხრებს ვიჩეჩავ. კიბეზე სემის ჩამოსვლის ხმა მესმის. -ალბათ დიდხანს აპირებ დარჩენას... -დიდხანს? არა, მე... მე აქ საცხოვრებლად ჩამოვედი. - ვამბობ და ვგრძნობ, რომ წინა დღეებისგან განსხვავებით, ამ სიტყვებში ეჭვი აღარ მეპარება. -ოჰ, მართლა? - იღიმის მერი. ცდილობს სიხარული გამოხატოს, მაგრამ მისი ტუჩის მოკვნეტა, თითების მოსრესვა და თვალების ხშირი ციმციმი სხვა ემოციებსაც გასცემს. არც კი ვიცი, რა ვიფიქრო. იქნებ ახალი მეზობლის ბრალია? იქნებ შეგუებაა ამასთან საჭირო? ალბათ. - ძალიან კარგია. იმედია ჩვენი ქალაქი იმედებს არ გაგიცრუებს. -მთავარია გულწრფელი იყოს, დანარჩენი თავისით მოგვარდება. - პატარა ნიშნის მოგებას ვდებ ჩემს სიტყვებში და ყავას ვსვამ. ფანჯრიდან საქანელას რხევას ვხედავ. როგორც ჩანს, სემი ჩემს ბაღს ეცნობა. მიხარია, მისი სახით ასეთი ენერგია რომ ტრიალებს ახალ სახლში. მე და მერი დიდხანს ვსაუბრობთ. ქალაქზე მიყვება. ბევრ სასარგებლო რჩევას მაძლევს. სამსახურისკენაც კი მიკვალავს გზას. მეუბნება, სად შემიძლია ვიმუშაო ჩემი პროფესიით და იმასაც კი ამბობს, რომ უკმაყოფილო არ ვიქნები. ღმერთო, იმედია! შემდეგ სემთან ბაღში გავდივართ და ჩვენს საუბარში ისიც ერთვება. როგორც ვიგებ, სემის მამა ჯარისკაცია და ამჟამად ერაყშია. ამაზე ვითრგუნები, მიუხედავად იმისა, რომ მისი იქ ყოფნა საკმაოდ მამაცურად ჟღერს. მაგრამ ბავშვის გამო თემას მალე ვცვლით. სემი ამბობს, მომავალ კვირას სკოლიდან გვითხოვენ და რაილის თავისი მოტოციკლეტის აწყობაში უნდა მივეხმაროო. თვალწინ მაზუთით დათხვრილი ნათლია და ნათლული წარმომიდგებიან და სიცილს ვერ ვიკავებ. დაახლოებით ნახევარ საათში დედა-შვილი მემშვიდობება და იისფერი სახლისკენ მიდის. სახლში ნასიამოვნები შევდივარ, ანანასის ნამცხვარს ვიღებ და გემრიელად შევექცევი. შემდეგ დივანზე თავზე ხელებშემოწყობილი ვწვები და თვალებს ვხუჭავ. ვცდილობ, რაილის ჩემდამი უსიამოვნო დამოკიდებულება და მერის უცნაური დაბნეულობა ერთმანეთს არ დავუკავშირო, მაგრამ არ გამომდის. აზროვნება ყველაფერს თავისით, დაუკითხავად ალაგებს ისე, როგორც სწორად მიაჩნია. შემდეგ მეხსიერებაც ეხმარება და იმ საღამოს, რაილისთან ერთად სახლიდან გამოსული სხვა სტუმრების მზერასაც ახმარებს. რა ხდება აქ? ნუთუ ასეთი არასასურველი მეზობელი ვარ? მაგრამ არა. მერი კეთილი და გულღია ქალი ჩანს. შეუძლებელია სხვანაირი იყოს სემის დედა. აბა, რას ვერ ვხვდები? იქნებ მეკითხა ერთისთვის ან მეორისთვის? კარგი აზრია. გულწრფელობა ყველაფერს დაალაგებს. გადაწყვეტილება მამშვიდებს და ჩემს საძინებელში წიგნის ჩამოსატანად ავდივარ, მაგრამ ერთია: ვერაფრით ვიხსენებ, როგორ ავანთე გაზქურა ჩაიდანში წყლის ასადუღებლად. *** სარკის წინ ვდგავარ. შავი ჯინსი და მასში ჩატანებული თეთრი პერანგი მაცვია. ვერ გადამიწყვეტია, ბალერინები ჩავიცვა და თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. კოლეჯს ალბათ მეორე შეესაბამება, ბიბლიოთეკას - პირველი. ჩემს შავ თმაზე დიდხანს არ ვწვალობ და კუდად ვიკრავ. პრაქტიკულია ყველგან და ყოველთვის. ორი სივი და ორი სარეკომენდაციო წერილი საწოლზე მიდევს. დიახ, მერის მითითებულ ორივე ადგილას სამსახურისთვის მივდივარ. ერთი „ცოცხალი მუხის რესპუბლიკური ბიბლიოთეკაა“, რომელიც ჩემს სახლთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ხოლო მეორე - სავანის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი. არც ისაა ძალიან შორს. ბიბლიოთეკა კვირაში ერთხელ გაზეთს აქვეყნებს, კოლეჯი კი ორ კვირაში ერთხელ ჟურნალს, რომელიც მერის თქმით ქალაქში ყველაზე მოთხოვნადია. შესაძლოა, გამოცდილებიდან გამომდინარე პრეტენზიის უფლება მაქვს, მაგრამ ახლა მთავარი მაინც გამართლებაა. თუ არც ერთგან არ იქნება ვაკანტური ადგილი, მომიწევს ძველ სამსახურს მივმართო აქედან მუშაობის იდეით, რაზეც უარს ალბათ არ მეტყვიან. მანქანაში ვჯდები და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს გვერდით სავარძელზე ვდებ. ტუჩზე ოდნავ ვიტარებ მოწითალო საცხს და მივდივარ. ბიბლიოთეკა დიდი, თეთრი შენობაა, პატარა, ლამაზად მოვლილი სკვერით. ჩანთას და საქაღალდეს ვიღებ და შენობაში შევდივარ. სიგრილისა და ფურცლების სურნელი შესამჩნევად მამშვიდებს. მიმღებში ადმინისტრატორს ვხვდები და მისვლის მიზეზს ვაცნობ. ამბობს, რომ ვაკანსია არ აქვთ, მაგრამ ჩემს სივს მაინც იტოვებენ. კოლეჯი შეხედვისთანავე მხიბლავს თავისი წითელი აგურით ნაშენები არქიტექტურით. პირველი სართულის დიდი ოდნავ ყვითელი ფანჯრებიდან თბილი სინათლე იღვრება. მთავარი შესასვლელი კარის ზემოთ, შავ აბრაზე ოქროსფერი სიტყვებით წერია კოლეჯის დასახელება. ეს ხიბლი მღელვარებას მმატებს. შენობაში შევდივარ. ადმინისტრატორი შავკანიანი ახალგაზრდა გოგოა, სახელად ქეით სტეფანი. დანახვისთანავე ღიმილით მესალმება და სამუშაო მაგიდიდან დგება. მისვლის მიზეზს ვაცნობ, მას კი დირექტორთან მივყავარ. დაახლოებით ორმოცდაათი წლის მისის ლოუც თბილად მხვდება. ჩემს წინა სამსახურზე მეკითხება და აქაურ სიტუაციას მაცნობს. ჟურნალში არც აქ აქვთ თავისუფალი ადგილი, მაგრამ როგორც ჩანს ვივიენი ჩემით ინტერესდება და მთხოვს, რომ რამდენიმე საკუთარი სტატია გადავუგზავნო, რომლებიც წინა სამსახურისთვის დავწერე. ქალი სივის იტოვებს და ვემშვიდობები. სახლში დაბრუნებამდე მარკეტში შევდივარ. ღვინოს, შოკოლადს და თხილს ვყიდულობ. როცა ძველ სამსახურში ჩემს უფროსს წამოსვლის შესახებ განცხადება შევუტანე, გაგიჟდა. არ იცოდა სავანაში სახლს რომ ვყიდულობდი. სამი წელი ვმუშაობდი ჟურნალ „The Colours”ში და ჯეიმიც კმაყოფილი იყო ჩემით. სწორედ მან შემომთავაზა ინტერნეტ-თანამშრომლობა. უარი მხოლოდ იმიტომ ვთქვი, რომ სავანაში არაფერი ძველის გაყოლება არ მინდოდა. მაგრამ ახლა ვნანობ. მისის ლოუს დაველოდები. თუმცა, უარის ან თანხმობის შემთხვევაში, ჯეიმისთან მაინც დავრეკავ. *** კირა. ისევ არ ჩანს. ცოტაც და პირველ ნაბიჯს ისევ მე გადავდგამ, ისე, როგორც ყოველთვის ხდებოდა. ვერ ვიჯერებ, ნუთუ საერთოდ არ აინტერესებს, როგორ ვარ? იქნებ გზაში ავარია მომივიდა, იქნებ გამძარცვეს, იქნებ ამ სახლში თავს კარგად ვერ ვგრძნობ, იქნებ მკვლელი მეზობლები მყავს? საქანელაზე მჯდარი ბოკალიდან ღვინოს ვწრუპავ და თან ფეხით აიწონა-დაიწონას ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაყენებას ვცდილობ. ალბათ მამას დაურეკა და მისგან გაიგო ჩემი ამბები. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ ასე მოიქცა. როგორ მინდა, რომ ყველაფერი ძველებურად იყოს, ყველაფერი თავის ადგილას. -ბალანსის შენარჩუნება ძნელია, არა? - მესმის ნაცნობი ხმა. გვერდით ვიხედები. ღობის მიღმა რაილი დგას. ხელები მასზე ჩამოუწყვია და თითები ერთმანეთში აქვს გადაჯაჭვული. იღიმის. რაილი მე მიღიმის. დამოკიდებულების ასეთი ცვალებადობა? მხოლოდ იდიოტი თუ იფიქრებს, რომ ეს საეჭვო არაა. -ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთი მხარე ყოყმანობს. -არც გადაწყვეტილების მიღებაა იოლი. - თავს ოდნავ გვერდით ხრის. თვალებს ვატრიალებ და ბოკალში დარჩენილ ღვინის ბოლო ყლუპს ვსვამ. -ჩემდამი უმიზეზოდ უხეშად მოპყრობის სინდრომმა გადაგიარა? - თვალებს ვუწვრილებ. -ვცდილობ კარგი მეზობელი ვიყო. -შენ ჩემი მეზობელი არ ხარ. -ვარ. მეც ამ ქუჩაზე ვცხოვრობ, მხოლოდ და მხოლოდ რვა სახლის მოშორებით. -საიმედო სიახლოვეა. - ვბუტბუტებ ჩემთვის და საქანელადან ვდგები. -მხოლოდ ერთი მუჭა ხიფათია საჭირო ამის დასადგენად. - ამბობს და თვალს არ მაშორებს. ვგრძნობ, როგორ მოქმედებს მისი მზერა ჩემზე. არ მასვენებს. ყელი მიშრება. ზურგს ვაქცევ და ღობეში ამოჭრილი კარისკენ მივდივარ. ქუჩის მხრიდან აივანზე ავდივარ. ისიც უკან მომდევს. კიბეზე ასული ვბრუნდები. ბიჭი უკანა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ქვემოთ დგას. -მისმინე, კარგო მეზობელო, - ვამბობ და ერთი ჭიქა ღვინის ძალას ვგრძნობ. - თუ რამე ხდება, მითხარი, კარგი? რაილი შუბლს კრავს. ჰო, კარგი, კარგი, ცოტა ზედმეტი მომივიდა. -არაფერიც არ ხდება. - ძველებური ცივი ტონით მპასუხობს და ერთი ნაბიჯით უკან იხევს. -კარგი, უბრალოდ... - ვიბნევი. - ყავას დალევ? -მე... - რაილი შუბლზე თითს ისვამს და თვალებს ჩემ მიღმა კარისკენ აპარებს. -მკვლელი არ ვარ. - მეცინება. - სემიც კი მიხვდა ამას. და არც მოჩვენებები მყავს. -ამას რატომ ამბობ? - ხმა ეცვლება მას. -ყველა უცნაურად გვათვალიერებთ მე და ჩემს ახალ სახლს და იმიტომ. ვიცი, რომ დაიწვა. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. -ხო. - თავს იქნევს და გზას უყურებს. -შემოხვალ? -არა, გმადლობ. სემი მელოდება, უნდა ვამეცადინო. -კარგი. -კარგი. - წამიერად იღიმის და სემის სახლისკენ მიდის. -იდიოტი ვარ. - ვბუტბუტებ უკმაყოფილოდ და სახლში შევდივარ. ბოკალს სამზარეულოში ვტოვებ და საძინებლისკენ მივდივარ. ის-ისაა კარს ვუახლოვდები, რომ წინ ჩამოყრილ ჩოლკას ზემოდან დაცემული ნიავი მიფრიალებს. უკან ვიხევ და ზემოთ ვიყურები. ჭერზე სხვენში ასასვლელი კარია. იქ უკვე ვიყავი, როცა ყუთები ავიტანე. სხვენს ფანჯარა აქვს. ვითომ იქიდან შემოდის ქარი? ორგანიზმში არსებული ერთი ჭიქა ღვინო მეუბნება, რომ ფეხებზე დავიკიდო. მაგრამ ეს უცაბედად მონაბერი ნიავი ეჭვს მიჩენს. ცოტა ხნით ვყოყმანობ, ბოლოს კი მაინც ღვინოს ვუჯერებ. ხვალ ავალ და ვნახავ. საწოლზე ვწვები. დაახლოებით ერთი საათი ვცდილობ დავიძინო, მაგრამ არაფერი გამომდის. შემდეგ წიგნს ვიღებ და ფანჯრის რაფაზე ვჯდები. მანამ ვკითხულობ, სანამ ქუჩაში ლამპიონები არ ინთება. ფანჯარას ვაღებ. ოთახში გრილი სიო შემოდის. შემდეგ სხვენი მახსენდება. უკვე ბნელა. მაგრამ მგონი სხვენში ნათურა უნდა იყოს, იქნებ მენახა? -ლისა! - მესმის სემის ხმა. ფანჯრიდან ქუჩაში ვიხედები. სემი და რაილი ჩემი ბაღის ღობესთან დგანან. ბავშვი ხელს მიქნევს. -სალამი სემი! - მეც ვპასუხობ. -ჩამოდი, შენთან საქმე გვაქვს. -კარგი! - ვიცინი. საქმე? ოჰო, საინტერესოა. თანაც „გვაქვსო.“ რა მოიფიქრეს ნათლიამ და ნათლულმა? წიგნს ვდებ და კიბეზე ჩავრბივარ. ისინი ისევ ბაღთან დგანან. - მოდით. - ხელით მაგიდასთან ვანიშნებ. -მე უკვე წასვლას ვაპირებ. - რაილი ჩვეულ ამპლუაშია. ისევ გარბის. აღარაფერს ვეუბნები და მათთან მივდივარ. სემი მუხლით ბურთის აკენწლას ცდილობს. -კარგი, აბა გისმენთ. - ხელებს გულზე ვიკრებ. რაილი სემს უყურებს. -მე რას მიყურებ, შენ უთხარი, მე ბავშვი ვარ. - ამბობს სემი. რაილის წარბები შუბლზე ასდის. ორწამიანი გაოგნების შემდეგ ხელებს ჯიბეებში იწყობს და ჩემკენ ბრუნდება. -ხო, მოკლედ, მე და სემმა გადავწყვიტეთ, რომ ბარბექიუ ბარში დაგპატიჟოთ ძია ფილთან და სავანაში განთქმული ღორის ნეკნები გაგასინჯოთ ყველაზე მაგარი გარნირით. -აჰაამ! - თავს ვაქნევ შემფასებლურად და თავს ძლივს ვიკავებ, რომ მის დაბნეულობაზე არ გამეცინოს. -გატყუებს, თვითონ მოიფიქრა! - ყვირის სემი და გასაქცევად უკან ხტება. -სემ! - ბრუნდება მისკენ რაილი და საჩვენებელ თითს უბზიკავს. შემდეგ ისევ ჩემკენ ბრუნდება და ცდილობს, დაბეზღება არ შეიმჩნიოს. -კარგი, რა მნიშვნელობა აქვს. ორივე შემთხვევაში სიამოვნებით წამოვალ. - ვამბობ სიტუაციის განსამუხტად. -მაგარია! - ხტუნავს სემი და მუცელზე ხელს ისვამს. - როგორც იქნა ნეკნებს მეც შევჭამ. -ხო, აბა რაა. იოცნებე პატარა კოვბოი. - აგდებით ამბობს რაილი. - შენ სალათს და ხილის წვენს დასჯერდები. მაქსიმუმ შოკოლადის ნაყინი. -არა, არა, არა! - გაბრაზებული სემი ერთ ადგილას აბაკუნებს ფეხებს და მიხუტებულ ბურთს ხელებს უჭერს. - გავიზარდე ნათლია, მეც მეჭმევა შემწვარი ნეკნები. ბავშვი აღარ ვარ და არ მჭირდება სტაფილო და სალათის ფურცლები! -მეგონა ჯერ კიდევ ბავშვი იყავი. თავად თქვი ხუთი წუთის წინ. სემი ადგილს სწყდება და სახლისკენ გარბის. დარჩენილს გვერდულად ვათვალიერებ. -ვცდილობთ, რაც შეიძლება დიდხანს იკვებოს ჯანსაღად. - ისე ამბობს, თითქოს თავს იმართლებდეს. -მმმ, ეს სისასტიკეა. რაილი მხრებს იჩეჩავს და მისი ეს ჟესტი სხეულზე ცხელ ღრუბლებად მხვდება. რა იყო ასეთი განსაკუთრებული? ვერ ვიჯერებ, რომ ამ ბიჭით ვიხიბლები. ის ხომ ჯერ კიდევ ალმაცერად გვიყურებს მე და ჩემს სახლს, მიუხედავად იმისა, რომ გვითხრა, არაფერი ხდებაო? ის-ისაა ხვალინდელ შეხვედრაზე უნდა ვკითხო, რომ სრულიად გამაოგნებელი წინადადებით მომმართავს: -გინდა გაჩვენო, სად ვცხოვრობ? - და ნახევარი ტანით გზისკენ ბრუნდება. რამდენიმე წამით ტუჩებგახსნილი გავყურებ ლამპიონებით განათებულ მშვიდ ვაიტეკერის ქუჩას და ისევ რაილის პასუხით მომლოდინე თვალებს ვაჩერდები. ვერაფერს ვხვდები. ათასი შეკითხვა მიტრიალებს თავში: რატომ მიბღვერდი, პირველად რომ დამინახე? რატომ უხეშობდი ფორსაიტის პარკში? რატომ გამოსწორდა ასე უცბად შენი ჩემდამი დამოკიდებულება? რატომ იჭერ თავში შორს ამის მიუხედავად? რა წინადადებაა ეს ამ ყველაფრის შემდეგ?.. მაგრამ არც ერთი მათგანის დასმით არ მინდა ამ უცნაურად მოულოდნელი სიტუაციის გაფუჭება. ხმას ვიწმენდ და ვეუბნები: -მინდა. *** ნელა და სინქრონულად მივაბიჯებთ მე და სავანელი ბიჭი, უცნაური ბიჭი. რაილი ქალაქზე, სემიზე, აქაურ ადამიანებზე მიყვება. მთვარე ხშირად იმალება ღრუბლებს მიღმა. ლამპიონებიც მკრთალად ანათებენ, თითქოს მათ შუქს გარშემო მოფარფატე პეპლები და ქინქლები იპარავენო. ბილიკი საკმაოდ ვიწროა. ამის გამო ჩვენი იდაყვები ხანდახან ერთმანეთს ეხებიან და სიტუაციით გაბრუებულს დროდადრო მაფხიზლებენ. მისგან მენთოლის სურნელი მოდის და სურვილისგან დამოუკიდებლად ხშირად ვყლაპავ ღრმად ჰაერს. ოცდასამი წლის ვარ და ძალიან იშვიათად მქონია ისეთი დასამახსოვრებელი მომენტები, რომელთაგან თავის დაღწევაც არ მნდომებია. მსგავსი მოგონებების უმრავლესობა ოჯახთანაა დაკავშირებული, ძალიან ცოტა მეგობრებთან და სეთთან, რომელსაც ერთი წელი ვხვდებოდი. ახლა კი, ვუსმენ რაილის და ამ ქალაქის სიმშვიდეს და ვგრძნობ, რომ წინ უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი მელოდება. ალბათ ცოტა უცნაურადაც ჟღერს, მე ხომ სულ ერთი კვირაა აქ ვარ, მაგრამ კირას თქმის არ იყოს, ჯერ არგამოსული ფილმის თრეილერივით ვხედავ მომავალს. -ესეც საიმედო სიახლოვე. - ამბობს რაილი ნიშნისმოგებით და დაბალ ჭიშკართან ჩერდება. ორსართულიანი თეთრი სახლის წინ ვდგავართ, რომელიც უსიამოვნოდაა ჩაბნელებული. სახლში შესასვლელი კიბის აქეთ-იქით თეთრი ვარდების ბუჩქები ყვავის. იქამდე კი ქვის ბილიკი მიდის. სახლის გვერდით ბაღია, მაგრამ სიბნელის გამო იქ ვერაფერს ვხედავ. თეთრი კედლების ნაწილი სუროთია დაფარული და სახლს ლაქად ამჩნევია. მარცხნივ ავტოფარეხია. -მარტო ცხოვრობ? - ვეკითხები გაკვირვებული, თუმცა ვერ ვხვდები, რატომ მიკვირს. -კი, მშობლები რამდენიმე წლის წინ გადავიდნენ სოფლის სახლში. იქ ცხენები გვყავს და... -აჰამ, გასაგებია. - ხელებს გულზე ვიკრებ. - არ გეწყინოს, მაგრამ შენი სახლი ავისმომასწავებლად გამოიყურება. -ამას ვინ ამბობს?! - რაილი სახლისკენ იხედება და მის სახეს ვერ ვხედავ. -რაღაც არ ვიცი, ხომ ასეა? -რას გულისხმობ? - ჩემკენ ბრუნდება. -ჩემს სახლს. -დამწვარ სახლზე ავისმომასწავებელი მხოლოდ დამწვარი სახლია. - ეღიმება. -ის აღარაა დამწვარი. მშვენიერ ფორმაშია და გთხოვ, ნუ დასცინი. ისევ უპატრონო ნუ გგონია. - მეც მეცინება, მაგრამ მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს. მაინც მგონია, რომ კიდევ არის რაღაც. -მართალი ხარ. უბრალოდ, ყველა სახლს აქვს თავისი ისტორია. აბა, - ტონს უცბად იცვლის. - რას ფიქრობ, ძალიან შორს ვარ? - გზას ჩემი სახლისკენ გაჰყურებს. -ერთი მუჭა ხიფათისთვის ალბათ კი. - რატომღაც ნათქვამი სევდას მგვრის. ლისა, კარგი რა! სენტიმენტალური არასდროს ყოფილხარ. რაილი იღიმის და მიყურებს. თავს უხერხულად ვგრძნობ. ალბათ ხვდება, რასაც ვფიქრობ და ახლა მშიშარა ვგონივარ. ასე არაა. მარტო ცხოვრების რომ შემშინებოდა, კირასთან დავრჩებოდი. -ამაზე არ იღელვო, ლისა. - ამბობს ის და თავს ოდნავ გვერდით ხრის. ჩემს სახელს პირველად წარმოთქვამს და მის ცივ ხმაში სირბილეს ვამჩნევ. ეს შეუსაბამო კომბინაცია უცნაურ სიმშვიდეს იწვევს ჩემში და ეს ბიჭი იმაზე მეტად საიმედო ხდება ჩემთვის, ვიდრე ამ ეტაპზე უნდა იყოს. ვიბნევი და თითებს დახორკლილ ხელებზე ვისვამ. გაღიმებას ვცდილობ და თავს თანხმობის ნიშნად ვუქნევ. -კარგი, მაშ ხვალამდე, არა? - ვეკითხები. -ხო, მაგრამ სახლამდე გამოგყვები. -არა, არა, დარჩი. - ახლახან წამოსული აპირებს ისევ სახლამდე მიმაცილოს და კვლავ უკან დაბრუნდეს. სასიამოვნოა მისი მხრიდან, მაგრამ... - თავად გავუყვები გზას. მართლა ასე შორს ხომ არ ვარ... -გამოგყვები, ლისა. - ისეთი ტონით ამბობს, უარის თქმა შეუძლებელია. უცბად ნიავი შლის თავის გრილ ხელებს და ყურს სასიამოვნო, წკრიალა ხმა ხვდება. ორივე ჭიშკრის ლამპიონზე ჩამოკიდებულ სიზმრისმჭერისკენ ვიხედებით. ვარდისფერია და თეთრი ბუმბულებითაა გაწყობილი. თუმცა, მკრთალ სინათლეზეც კი ეტყობა, რომ ძველია და გარეთ დიდხანს ეკიდა. -რა ლამაზია. - ვამბობ და რაილის ვუყურებ, რომელიც ნიკაპზე ორ თითს ნერვიულად ისვამს. ალბათ არც ისეთი კარგი მოგონებები აკავშირებს ამ ნივთთან. -წავიდეთ. - ამბობს ჩუმად, თითებს მაჯაზე მკიდებს და ბილიკისკენ მივყავარ. *** დილით მისის ლოუ მირეკავს. ჩემი სტატიებით მოხიბლულია და დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სამუშაო საათების დასრულებამდე მთხოვს კოლეჯში მისვლას. წყალს უცბად ვივლებ და რამდენიმე წუთში უკვე მის კაბინეტში ვარ. სამუშაო კონტრაქტზე ხელს ვაწერ. ხელფასი იმდენი არაა, რამდენიც ძველ სამსახურში მქონდა. ასე ვთქვათ ქალაქის შესაბამისია. თუმცა ცუდი არაა. მე ხომ ჯეიმისთანაც ვაპირებ დარეკვას?! მისის ლოუ სტატიის თემას მაძლევს, სამსახურის დაწყებას მილოცავს და მემშვიდობება. სახლში მისული ბოკალში ცოტა ღვინოს ვისხამ და სასტუმრო ოთახში ჩამოკიდებული სარკის წინ ვდგები. -ასე განაგრძე, ლისა! - ვადღეგრძელებ საკუთარ თავს ღიმილით და ღვინოს ვწრუპავ. ლეპტოპში მუსიკას ვრთავ და განტვირთვით ვირთობ თავს. მამას ვურეკავ და ახალ ამბავს ვეუბნები. ჩარლი გახარებულია და წარმატებებს მისურვებს. კირას ამბავს ვეკითხები. გუშინ წინ დაურეკავს. თავის შეყვარებულთან ერთად სახლი უქირავებია და იქ ცხოვრობს. მოვუკითხივარ. ეს ცოტას მამშვიდებს და შერიგებისთვის პირველი ნაბიჯის გადადგმისკენ აღარ მიბიძგებს. მოკითხვა დათმობისკენ წასვლას ნიშნავს. მე ხომ ჩემს დას საკუთარ თავზე კარგად ვიცნობ? გამხიარულებული საძინებელში ავდივარ და დღევანდელი სადილისთვის ტანსაცმელს ვარჩევ. ლურჯ შარვალს საწოლზე ვდებ და მაისურებს ვუხამებ. თეთრი თუ შავი? მშვენიერი ამინდია, იქნებ თეთრი იყოს? რა თქმა უნდა, იყოს. თეთრ მაისურს შარვლის ზემოთ ვდებ, შავს გარდერობში ვაბრუნებ და სააბაზანოში კბილების გასახეხად შევდივარ. მაჯიდან საათს ვიხსნი და გუშინდელი საღამო მახსენდება. რაილის თითებს ჩემს მაჯაზე ისევ ვგრძნობ. ისე ძლიერ მიჭერდა, თითქოს ეშინოდა, რომ გავიქცეოდი. ისე უცბად მოვცილდით მის სახლს, თითქოს ვინმე მოგვდევდა. სიზმრისმჭერი. ვისი იყო? იქნებ ყოფილის? მაგრამ რატომ დატოვებდა მას ისევ ლამპიონზე ჩამოკიდებულს? ალბათ დედამისის? მოკლედ... იქნებ ერთხელ მოვაყოლო, ან თავისი სურვილით მითხრას. აბაზანიდან გამოსული პირდაპირ ქვემოთ ჩავდივარ მობილურისთვის და ჯეიმის ვურეკავ. ჟურნალის ამბებს ვეკითხები და სანამ რამეს ვეტყოდე, თავად გადააქვს საუბარი საჭირო თემაზე. თან შეპარვით. ამაზე მეცინება და ეგოისტურად მსიამოვნებს, რომ ჩემი სახით თანამშრომელი არ დავიწყებია. სამსახურს მთავაზობს, ისევ, და ამჯერად უყოყმანოდ ვთანხმდები. საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ ორ კვირაში ორი სტატიის დაწერას უპრობლემოდ შევძლებ. ოთხ საათამდე დრო მისის ლოუს მოცემული თემისთვის ზოგადი ინფორმაციის მოძიებით გამყავს. ასევე ჟურნალისთვის თემის შესაფერის ფოტოს ვარჩევ და მალე რაილიც მირეკავს. მეუბნება, სემთან ვარ და ათ წუთში გარეთ შევხვდეთო. ლეპტოპს ვხურავ და გამოსაცვლელად საძინებელში ავდივარ. სახლიდან გასვლამდე სარკეში ვიხედები და ახლაღა ვამჩნევ, რომ შავი მაისური მაცვია. რატომ მეგონა, რომ თეთრი ავარჩიე? IIIთავი *** ბარბექიუ ბარი ერთი შეხედვით მატარებლის ვაგონს ჰგავს, ან ავტობუსს. დღის ოთხი საათია. რაილიმ ისეთი დრო აარჩია, როცა ბარში ნაკლები ხალხია. როგორც ამბობს, აქ არაჯანსაღი საუზმის მოყვარულებს უფრო შეხვდებიო. ბიძია ფილი დაახლოებით ორმოცდათხუთმეტი წლის, მაღალი, წელში ოდნავ მოხრილი კაცია. საოცრად კეთილი თაფლისფერი თვალები აქვს. ქერა თმაში ჭაღარა ურევია და თოვლიან ზამთარში ამოსული მზე მახსენდება. ადგილს ფანჯარასთან ვიკავებთ. ჩემს შეკვეთას მთლიანად რაილის ვანდობ. როგორც დამპირდა შემწვარი ღორის ნეკნებს უკვეთავს მწვანე ლობიოს და მდნარი ყველის გარნირით. ასევე დიეტურ კოლას და სემისთვის რა თქმა უნდა სალათს. სანამ შეკვეთა მოვიდოდეს, ინტერიერს ვათვალიერებ. კედელზე, ძველი შპალერის ზემოდან AC-DC-ის, Led Zeppelin-ის, Beetles-ის, Queen-ის და სხვადასხვა ალბომების სტიკერებია გაკრული. ასევე სხვადასხვა ქვეყნების დროშები, კუპიურები. მარლონ ბრანდოს, ბარბარა სტრეიზანდის, მერილინ მონროს და სხვა ძველი მსახიობების პოსტერები. კადრები ფილმებიდან, სპორტიდან. საკოლექციო ვისკის და ღვინის ბოთლებსაც ვხედავ. გარემო ძალიან მომწონს. სემი გაბუტული ზის და მორჩილად ელოდება თავის სალათს. -ლისასთან ერთად მინდოდა სადილი და სალათს ამიტომ დავთანხმდი, თორემ, ხომ იცი, რომ სხვა შემთხვევაში არ წამოვიდოდი. - გულზე ხელებდაკრეფილი ებუტბუტება ნათლიას. რაილი იცინის და კულულა თმას უჩეჩავს. -გოგოსავით ნუ იბუტები სემ, თორემ სტაფილოს წვენსაც შევუკვეთავ შენთვის. -ეგ მუქარა აღარ ჭრის. შეგიძლია ენისთვის შეინახო. - წარბებს სწევს ზემოთ ბავშვი და მე მიბრუნდება. - ენი ჩემი პატარა დაიკოა. -სემ, დაიკო თუ გყავდა არ ვიცოდი. - ვეუბნები. -ხოო, შვიდი წლისაა. ცოტა ხნით დეიდასთანაა და სახლში სიმშვიდეა. მე და რაილის გვეცინება. ამასობაში ჩვენი შეკვეთაც მოდის. კერძი მართლაც უგემრიელესია. რაილი ატლანტაზე მეკითხება და მეც მოკლედ ვუყვები რას ვსაქმიანობდი. ხანდახან სემიც მერთვება მსგავსი შეკითხვებით: საერთო საცხოვრებელში თუ ვცხოვრობდი, საქანელა სად მეკიდა? ძაღლი ან კატა თუ მყავდა? არც შეყვარებული? ჩემი და რატომ დარჩა ატლანტაში? ეს შეკითხვა იმაზე მეტს მაყოლებს, ვიდრე გათვლილი მაქვს. რაილი ჩუმად და ყურადღებით მისმენს. სემიც, და თან დესერტად შოკოლადის ნაყინს მიირთმევს. ჩვენ ცნობილ ანანასის ნამცხვარს და ყავას. კირაზე საუბარი ძალიან მიყვარს. როცა გაბრაზებული ვარ, მასზე ლაპარაკის შემდეგ ყოველთვის ვურიგდები. ამჯერად კი, მხოლოდ მე არ ვარ დაზარალებული მხარე, თუმცა ჩემს დაზე მაინც ღიმილით ვყვები. მახსენდება ის დღე, მამამ ველოსიპედები რომ გვიყიდა. სასეირნოდ ერთად გავედით. მაშინ მე თერთმეტი წლის ვიყავი, ის ათის. სახლთან ახლოს სკვერში დავდიოდით და სითამამეშეპარულებმა მკვეთრი მოძრაობების გაკეთება გადავწყვიტეთ, ხოდა ერთმანეთს შევასკდით. მას მერე შუბლზე პატარა ნაიარევს ვატარებ. -შარშან ენიც გადმოვარდა თავისი სამთვალა ველოსიპედიდან. აი, როგორ მოახერხა? - კისკისებს სემი და ენის წვერით ნაყინით დასვრილ ტუჩის კუთხეს იწმენდს. - ეს დები როგორი მოუხერხებლები არიან არა, რაი? გახსოვს, ადრე მიაზე რომ მომიყევი, ველოსიპედის ბორბალში კაბა რომ ჩაუყვა? - ხითხითებს სემი და ნაყინის ჭამას განაგრძობს. ალბათ, ჰგონია, რომ დანარჩენის მოყოლას მისი ნათლია აპირებს. რაილის ღიმილიანი სახე ეყინება. ერთხანს სემის ხუჭუჭა თმას აშტერდება, შემდეგ ისე ისრუტავს ჰაერს, თითქოს აქამდე მის გარეშე ცხოვრობდა. მისი რეაქცია მაბნევს და თვალს ვერ ვაშორებ. ვხვდები, ჩემი დაჟინებული მზერა აწუხებს, მაგრამ ვერაფრით ამყავს თავი ხელში. ნესტოებს დროდადრო ბერავს და ჩანგლით ნამცხვრის ნაჭერს აქუცმაცებს. -ეი, რაი, მოუყევი ლისას, როგორ... -სემ, მორჩი! - კბილებში სცრის რაილი და ჩანგლის ტარს მუჭში იქცევს. ბავშვი ცბება. ვიძაბები. რა ხდება აქ? ვინ არის მია? ბავშვს თვალებში ჩამდგარი წყენა და შიში უელავს. -სემ, შეგიძლია ბიძია ფილთან მიხვიდე და შოკოლადის ნაყინი ჩემთვისაც შეუკვეთო? - ვეკითხები და ვუღიმი. ჭორფლებიანი ქვედა ტუჩს იკვნეტს და ზანტად დგება. მაშინვე რაილის ვუბრუნდები, რომელსაც დაძაბულობისგან ყბის ძვლები უთამაშებს. მაგრამ, სანამ რამეს ვეტყოდე, თავად ამბობს, ჩუმად: -ბოდიში. - თითებს შუბლზე ისვამს და თვალებს ფანჯრისკენ აპარებს. -მე არა - სემის. ის გაანაწყენე, მე კი არა. -ვიცი. -რა მოხდა? - ოდნავ მისკენ ვიხრები. თვალს მარიდებს. -არაფერი. დაივიწყე კარგი? -მია ვინაა? -ლისა! - თვალს მისწორებს და მისი ცივი, ნაცრისფერი მზერა მხრებს მიყინავს. როგორც ჩანს, მია მისი ცხოვრების აკრძალული თემაა. ჩემს ცნობისმოყვარეობას სკივრში ვკეტავ, სკამს ვეყრდნობი და ფანჯრის მიღმა ქუჩას ვათვალიერებ. რამდენიმე წამში ხელზე შეხებას ვგრძნობ. ჩემს თითებს დავყურებ, რომლებსაც რაილის ძლიერი, ოდნავ დაძარღვული ხელის მტევანი გადაჰფარებია და მთელი მარცხენა ხელი მიბუჟდება. თითებს ჩემი თითების პარალელურად ასრიალებს და მიუხედავად იმისა, რომ შინაგანი აღელვება თვალებს მიბინდავს, მაინც ვხვდები, რომ ის აფორიაქებულია. -ლისა, ბოდიში რა... - ამბობ ჩაწყვეტილი ხმით. -მორჩი ამ ბოდიშებს. - თავს ვაქნევ. სიმკაცრეს ვცდილობ, მაგრამ ის ჩემს თითებს უფრო ეჭიდება და არაფერი გამომდის. ოდნავ მტკენს, მაგრამ მისი ეს ჟესტი ისეთი დაცულობის შეგრძნებას მიჩენს, რომ ტკივილს ყურადღებას აღარ ვაქცევ. რატომ ვფიქრობ ისე, თითქოს ამ ადამიანს უკვე დიდი ხანია ვიცნობდე?! -ამაზე საუბარი არ შემიძლია, მართლა... -კარგი, რაილი... - თავს ვუქნევ. ძალიან შეწუხებული ჩანს და მეც მაფორიაქებს. - იმაზე ვისაუბროთ, რაზეც შეგიძლია. - გაღიმებას ვცდილობ და თავისუფალ ცერა თითს მის კანზე ვასრიალებ. ეს... ეს ისეთი კარგია... ის მიყურებს. მაკვირდება. რას ფიქრობს ნეტავ? შეკრული შუბლი ეხსნება. სუნთქვაც მწყობრში დგება და ისიც მკრთალად იღიმის. შემდეგ სემიც მოდის. რაილი ხელს მიშვებს და ყელის ჩაწმენდას ცდილობს. ბავშვისადმი თავის დანაშაულს ხვდება და სავარაუდოდ გამოსავალს ეძებს. ჭორფლიანი ნაყინს წინ მიდგამს და დაჯდომისას ნათლიას მალულად ათვალიერებს. -სემ, - რაილი ბავშვს მხრებზე ხელს ხვევს. - მოუყევი ლისას, როგორ აჯობე მამაშენს მკლავჭიდში. სემის მაშინვე ეხსნება შუბლი და სულმოუთქმელად იწყებს ამბის მოყოლას. ვუსმენ, მაგრამ თავიდან არ ამომდის მია. დებზე ვსაუბრობდით. ნუთუ მია მისი დაა? შემდეგ ბიჭის სახლის წინ ლამპიონზე ჩამოკიდებული სიზმრისმჭერი მახსენდება, ძველი. იქნებ მისი გაკეთებულია? ისიც მშობლებთან ერთად წავიდა? არა! თავს ვაიძულებ შევწყვიტო იმაზე ფიქრი, რაც ჩემი საქმე არაა. იქნებ ოდესმე გავიგო კიდეს ამის შესახებ ყველაფერი. მთელი ყურადღება სემის მონაყოლზე გადამაქვს. შემდეგ კი რაილის ჯერი დგება. თურმე თავისი ნათლულის სკოლაში სპორტის გაკვეთილებს ატარებს. რაილი მასწავლებელია! სოფელში ცხენი ჰყავს, სახელად ფიფქია, რადგან თოვლივით თეთრია. ერთი წელი სასწრაფოში მძღოლად მუშაობდა და ერთხელ ექიმსაც კი დაეხმარა გოგოს მშობიარობაში. ამბობს, მომდევნო ერთი კვირა შოკიდან ვერ გამოვდიოდიო. სემი მშიშარას ეძახის და ბარს მხიარული განწყობით ვტოვებთ. დაახლოებით ერთი საათი ფორსაიტის პარკში დავხეტიალობთ. ცოტა ხანში კი სემი მეგობრებს ხვდება და ნათლიის ნებართვით შორიახლოს ფეხბურთს თამაშობს. მე და რაილი მუხის ქვეშ ვსხდებით. სიო ხის თეთრ, ჩამოყრილ თმას აქანავებს. ბალახზე ვწვები და მათ თამაშს ვადევნებ თვალს. ჰიპნოზივით მოქმედებს. ცოტაც და დამავიწყდება, რომ აქ მარტო არ ვარ. -ერთხელ ჩამეძინა. - მესმის ბიჭის ხმა. თავს მისკენ ვაბრუნებ. რაილი ფეხმორთხმით ზის და ხელზე შებმულ სამაჯურს ატრიალებს. ვუღიმი. - შენსავით წამოვწექი. ვუყურებდი და ჩამეძინა... მერე... - ოხრავს და თავს ხრის. - მერე წყლით გატენილი ბუშტი მომხვდა სახეში და გულგახეთქილს გამეღვიძა. სული ძლივს დავიბრუნე. სამაგიეროდ, მია იდგა მოშორებით ვიდეოკამერით ხელში და გულიანად კისკისებდა. ვჯდები და ვუყურებ. ინტერესი ისევ იღვიძებს, მაგრამ რაილის მიერ მისი ასე მალე ხსენება მაინც მაკვირვებს. -მეორე დღეს კი გარდაიცვალა. - ამბობს და თავს ოდნავ იქნევს. ისევ სამაჯურს აწვალებს და ალბათ მთელი თავისი გონებით წარსულშია. ჯანდაბა! რატომ აკეთებს ამას?! -რაილი... არ გინდა თუ... -იცი როგორი კეთილი იყო? - მაწყვეტინებს და ერთი ამოსუნთქვით იწყებს. იმხელა სითბო ჟღერს მის ხმაში, რომ ტანზე ეკალი მაყრის. - ხანდახან მაღიზიანებდა ასეთი ბრმა კეთილშობილებით. - ტონზეც კი ეტყობა, რომ ეს მართლაც ასე იყო. - წყობიდან ვერ გამოიყვანდი. ერთადერთი, რაზეც გიჟდებოდა ის იყო, რომ მის აწყობილ, ლამპიონზე ჩამოკიდებულ სიზმრისმჭერებს ვხსნიდი. ამას კი ხშირად ვაკეთებდი, რადგან სხვანაირად ვერ ვაბრაზებდი. მისი გაბრაზება კი ერთი სიამოვნება იყო. - ღიმილი ეპარება ტუჩის კუთხეში. - ბოლოს ის სიზმრისმჭერი ააწყო, შენ რომ დაინახე. სამი თვის წინ დავკიდე. დანარჩენები ქარმა და დრომ მოიპარა. მეტი აღარ დამრჩა, ის უკანასკნელია და არ ვიცი მერე რა უნდა ვქნა, როცა ისიც გაქრება. -დიდი ხანია, რაც... - წინადადების დასრულებას ვერ ვბედავ, იმდენად ვითრგუნები. -ხუთი წელია. -როგორ? - თითებს ერთმანეთში ვურევ. ჩემ მიერ დასმული შეკითხვა უსიამოვნო გარსში მაქცევს და ასე მგონია, მისი პასუხი ჩემამდე ვერ მოაღწევს. ინტერესის მიუხედავად ვნანობ კიდეც. რაილი გვერდულად მიყურებს. ტუჩის კუთხეს კბილებით იწვალებს და მოგლეჯილ ბალახს აქუცმაცებს. ჩემდა უნებურად ბალახის სურნელს წარმოვიდგენ, რომელიც ახლა მას ასდის თითებზე. ბიჭის თვალებში იმხელა ტკივილს და დაბრკოლებას ვხედავ, რომ სინანული მიასმაგდება. რაილი ხომ სულ ახლახან გავიცანი და უკვე მის წარსულში ვცდილობ ჩახედვას. კარგი რა, ლისა! -უბედური შემთხვევა იყო. - ამბობს ის და ისე ოხრავს, თითქოს ამ მოქმედებამ უნდა დაასრულოს მასზე საუბარი. - ხანდახან სემს ვუყვები ხოლმე ჩემს დაზე და იქიდან იცნობს, თორემ ისე არ ახსოვს. -ძალიან ვწუხვარ. - ვამბობ მორიდებით. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ჩემ გამო ეს ამბავი გაიხსენა. მაგრამ იქნებ არა მარტო ჩემ გამო? რაილი თავს მიქნევს და მოშორებით მორბენალ სემს უყურებს, რომელიც გოლის გატანის შემდეგ აჟიტირებულია. რამდენიმე წუთით ჩუმად ვსხედვართ. მე მიაზე ვფიქრობ. უფრო სწორად მის სიკვდილზე, რადგან რაილის არ დაუკონკრეტებია. ავტო ავარია? სიმაღლიდან ჩამოვარდნა? ყინულზე ფეხის აცდენა? ტყვია? ძარცვა? თავი მიბრუის ამ გოგოს გამო. ვცდილობ ყურადღება მშვიდად მჯდომ რაილიზე გადავიტანო, რომელსაც ნათლულის შემხედვარეს გაცრეცილ წითელ ბაგეებზე ღიმილი დასთამაშებს. ლამაზი პროფილი აქვს. მკაცრი, მაგრამ ძალიან ლამაზი. მოულოდნელად ჩემკენ იხედება და მასზე მიშტერებულს მამჩნევს. გამომეტყველება არ ეცვლება. სამაგიეროდ მე ვფორიაქდები და ერთმანეთზე მიწებებულ მუხლებზე ნიკაპს ვდებ. -დარწმუნებული ვარ, კირა ჩამოვა. - ამბობს რაილი. -იმედია. - ვამბობ სასიამოვნოდ გაკვირვებული და მის ჩუმად თვალთვალს განვაგრძობ. *** საღამოს რვა საათი ხდება, როცა სემი და რაილი სახლის წინ მემშვიდობებიან. მიუხედავად მისი სევდიანი ამბისა დღევანდელი დღით მაინც კმაყოფილი ვარ. წყალს ვივლებ, ჩაის ვიმზადებ და საძინებელში სამუშაოდ ავდივარ. მისის ლოუს სტატიას მომდევნო კვირისთვის ვდებ, რადგან მისი კოლეჯი ორ კვირაში ერთხელ გამოსცემს ჟურნალს და მისთვის დრო მექნება. საწოლზე ვკალათდები და ჯეიმის თემაზე მუშაობას ვიწყებ. მაგრამ კლავიატურაზე ათამაშებული ჩემი თითების დანახვისთანავე აზრები მეფანტება. მეღიმება, თვალებს ვხუჭავ და იმ მომენტს ვიხსენებ, როცა რაილიმ ბარში ხელი ჩამჭიდა. გაახლებული შეგრძნებები სიმსუბუქეს მანიჭებენ და უკანონოდ ვკვეთ ფანტაზიების საზღვარს. მისი ცივი, მაგრამ ნაღვლიანი ნაცრისფერი თვალები თითქოს საკუთარი ფერის მასად იღვენთებიან და ყელზე დასრიალებენ. ვოხრავ და მინაბულ თვალებს ვიფშვნეტ. დღევანდელი დღე წარსულს და ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს ეკუთვნოდა, რომელთა შორისაც ჩვენ მცირე როლი გვეკავა. თუმცა, მიამ და კირამ მე და რაილის უხილავი გარსი შეგვიქმნეს. ამაში დარწმუნებული ვარ. რა ფერის იქნება ეს გარსი და რამდენად შევიწროვდება, ეს არ ვიცი, მაგრამ მისი არსებობაც კი უკვე საკმარისია ჩემი სიმშვიდისთვის. სიმშვიდისთვის... ისიც კი არ ვიცი, რისი მეშინია. *** მომდევნო ორ დღეს სტატიას ვუთმობ. პარალელურად ვცდილობ, ჩემს სახლსაც შევძინო რამე. ამიტომ მაღაზიებში გავდივარ და სამზარეულოსთვის ვყიდულობ წვრილმან ნივთებს. ასევე მუქ ნაცრისფერ ნოხს ჩემი მომავალი სამუშაო კაბინეტისთვის. სახლში დაბრუნებული ნივთებს თავის ადგილს ვუჩენ. ნოხის მანქანიდან გადმოტანაში მეზობელი ძმები მეხმარებიან, რომლებსაც მერი სწორედ მაშინ მაცნობს, როცა შენაძენს ჯერ კიდევ მანქანაში მყოფს სასოწარკვეთილი დავყურებ. როგორც ვფიქრობდი, ნოხი ოთახსაც და ფარდებსაც იდეალურად ეხამება. სადილის შემდეგ სტატიას ჯეიმის ვუგზავნი რედაქტირებისთვის და პასუხის მოლოდინში საძინებელში გარდერობის მოსაწესრიგებლად ავდივარ. დალაგების პროცესში კირაზე მეფიქრება და მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, თავად არ შევეხმიანო, მაინც ვერ ვისვენებ და აფორიაქებული ვარ. შემდეგ რაილის სიტყვები მახსენდება: „ დარწმუნებული ვარ, კირა ჩამოვა.“ მეღიმება და მიხარია, რომ მისგან ეს მოვისმინე. თუნდაც მხოლოდ გასამხნევებლად. *** მესამე დღეა რაილი არ მინახავს და დღეს თავს უკვე ისე ვგრძნობ, როგორც წვიმიან ამინდში ქოლგის გარეშე გასული. ამ აზრის სისულელესაც ვხვდები, მაგრამ ვერც თავს ვუხერხებ ვერაფერს. შემდეგ მისი პირველი რეაქცია მახსენდება ჩემი დანახვისას. ასევე მეორე, დილით ფორსაიტის პარკში. შემდეგ კი უცბად უმიზეზოდ გაღიმებული და კეთილგანწყობილი ჩემს ღობესთან. აქვე კი ჩემი თავი - მისი უმნიშვნელო ქმედებებით მოხიბლული. ვგრძნობ, რომ რაღაც შეუსაბამობა და გაურკვევლობაა, მაგრამ რატომღაც გაფიქრებისთანავე თვალს ვხუჭავ ამაზე. მგონი ქალაქი მცვლის. გასარეცხ ტანსაცმელს ვაგროვებ. საძინებლიდან გამოსულს შუბლზე სიო მიბერავს და ჩოლკას მიფრიალებს. მაღლა ვიხედები და სხვენში ასასვლელ კარს ვაკვირდები. მახსენდება, რომ რამდენიმე დღის წინაც მოხდა მსგავსი რამ და ასვლას და შემოწმებას ვაპირებდი. კალათს ვდებ. კარს ვაღებ და ჩამოწეული კიბით სხვენში ავდივარ. აქაურობა ახალია. სახლის დიდ ნაწილთან ერთად სხვენიც შეაკეთეს, მაგრამ ირგვლივ უყურადღებობის მტვერია. კუთხეში ჩემი ამოტანილი ყუთები აწყვია. კედელზე კი ორი ჩარჩოში ჩასმული, ხანძარსგადარჩენილი სურათია მიყუდებული. ხელებს ვიბერტყავ და პატარა ფანჯარასთან მივდივარ, რომელიც საგულდაგულოდ ჩაკეტილი მხვდება. უცნაურია. აბა საიდან შემოდის ნიავი? ჩარჩოს ვათვალიერებ. ვცდილობ ღრმული ვიპოვო, მაგრამ არაფერია. არადა სიო აშკარად ზემოდან ქვემოთ ეცემა. იქვე ხელების ცეცებას ვიწყებ, იქნებ სადმე ქარი ვიგრძნო, მაგრამ უხილავი ნაპრალი უხილავადვე რჩება. ფანჯარას ვაღებ და ზემოდან ვათვალიერებ ჩემს ქუჩას. კრიალა ცაზე თეთრი ღრუბლები დინჯად მისრიალებენ. სიო ხის წვეროებს რბილად არხევს. სემის სახლის წინ რაილის პიკაპს ვხედავ და მეღიმება. ეს დღეები ალბათ სკოლაში გაატარა. სემის არდადეგები გუშინ დაეწყო და მასწავლებელსაც ალბათ დატვირთული რეჟიმი ჰქონდა. უცბად კარი იღება და ზღურბლზე მას ვხედავ. ზურგით დგება, მაგრამ მაინც ვამჩნევ, რომ მერის ელაპარაკება და თან ფურცელზე უთითებს. ხომ არ ჩავსულიყავი და მომეკითხა? ჩემი ქვეცნობიერი ამ შეკითხვას გაბადრული სახით პასუხობს. ფანჯარას ვხურავ და მობრუნებული გაყვანილობაზე საკმაოდ გრძლად ჩამოკიდებულ ნათურას პირდაპირ სახით ვეჯახები. სახეზე ხელებაფარებულს ფეხები მერევა და იატაკზე ზურგით ვეცემი. ჯანდაბა! თირკმელები პროტესტს გამოთქვამენ და მოგუდული ვახველებ. თავს ვიზელ და ფრთხილად ვიწევი. გვერდს ვიცვლი, მუხლებზე და ხელის გულებზე ვდგები და წელში გამართვას ვაპირებ, რომ მარჯვენა ხელის ქვეშ თითქოს სიმყარე მერღვევა. ასე მგონია, იატაკმა დაიწია. მტვრიან ზედაპირს ვაკვირდები და ხელმეორედ ვაპირებ იმავე ადგილას ხელის დაწოლას, რომ მოულოდნელად ფანჯარა ორივე ფრთით მკვეთრად იღება. შემოვარდნილი ქარი თმას უკან მიყრის და თვალები მტვრით მევსება. ხელებს სახეზე ვიფარებ. შემდეგ კი ძლიერი დარტყმის და მსხვრევის ხმა მესმის. თავზე სეტყვასავით მეყრება შუშის ნამსხვრევები და ქარი მაშინვე დგება. თვალების გახელას ვცდილობ და წამოსადგომად იატაკს ვეყრდნობი, რომ მარცხენა ხელის გულზე აუტანელ ტკივილს ვგრძნობ. ფეხზე ადგომისას ისევ ნათურას ვურტყამ თავს. გაბრაზებული უკან ვიხევ და დამტვერილი მხედველობით ძლივს ვარჩევ ხელის გულში გარჭობილ შუშის ნამსხვრევს. ჯანმრთელი ხელით თვალებს ვისრეს და შეწუხებული დავყურებ ჭრილობას. შემდეგ სხვენს ვათვალიერებ. -ლისა! - მესმის მოულოდნელად ძახილი და შეშინებული ადგილზე ვხტები. იატაკის კარიდან ქვემოთ ვიხედები და ორ წამში კიბეებთან ასვეტებულ რაილის ვხედავ. ზემოთ იყურება. სახე ასწითლებია და შუბლზე ამობურცულ ძარღვებსაც ვამჩნევ. გაოგნებული დავყურებ სუნთქვააჩქარებულს და „საიმედო სიახლოვესთან“ ერთად „ერთი მუჭა ხიფათი“ მახსენდება. - ლისა, კარგად ხარ? - მეკითხება თვალებგაფართოებული, კიბეზე ამოდის და ჩემ წინ ისე ახლოს ჩერდება, რომ მისი სუნთქვა შუბლზე მეცემა. -კი... კი, მე კარგად ვარ. - ძლივს ვაბამ სათქმელს თავს და მის აღელვებულ ნაცრისფერ თვალებს ვაკვირდები. -რა მოხდა? - ერთი ნაბიჯით უკან იხევს და ფანჯარას და იატაკს ათვალიერებს. -არ ვიცი. უცბად ქარმა დაუბერა და... მგონი ფანჯარა ღია იყო, ხოდა... -მგონი? - შუბლს ჰკრავს. -ხო, მე გამოვაღე და არ მახსოვს შემდეგ დავკეტე თუ არა. -ეს რა არის? - ჩემს ხელს იღებს და ჭრილობას დაჰყურებს. მისი დანახვისას მუცელში უსიამოვნო შეგრძნება მივლის. -ახსნაც კი არ მინდა. - თავს ვაქნევ. არანაირი სურვილი არ მაქვს, რაილიმ იატაკზე გართხმული წარმომიდგინოს. -კარგი. - თავს იქექავს და ფანჯარას ჩაფიქრებული უყურებს. - ჯობია, ეგ დაიბანო და შეიხვიო. ინფექცია არ შეგეჭრას. ამას მოგვიანებით მივხედოთ. -ოღონდ ეს ამოიღე, მე არ შემიძლია. - შუშის ნამსხვრევზე ვანიშნებ. -კარგი, ჩავიდეთ. საძინებელში ჩავდივართ. საჭირო ნივთებს თავს ვუყრი და რაილიც ფრთხილად მაცლის ჭრილობიდან ნამსხვრევს. ამოხეთქილ სისხლს ვიბან და რაც შეიძლება სწრაფად ვიხვევ ხელის გულს. თან ჩემს ოთახში მდგარს მალულად ვათვალიერებ. თავის შენიღბვა არ გამოსდის. ვხედავ, როგორ ღელავს და ვერ ვხვდები, რატომ. მხოლოდ ჩემ გამო? -მე კარგად ვარ, მართლა. - ვეუბნები. რაილი კისერზე მოსრიალე ხელს აჩერებს და მიყურებს. ვუღიმი. ის თავს მიქნევს. -სახლში დაჭრილი მინები მაქვს, მოვიტან და ჩავსვამ, ფანჯარაზე არ იდარდო. -გმადლობ. - ვდგები და ოთახიდან გავდივარ. ისიც მომდევს. პირველ სართულზე ჩასული სამზარეულოში შევდივარ. - ერთი ჭიქა ღვინო არ მაწყენდა. დალევ? - რაილისკენ ვბრუნდები. ბიჭი ჯერ ყოყმანით მიყურებს, შემდეგ თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. - დაჯექი, არ მოგერიდოს. - ვეუბნები და ორ ბოკალში ღვინოს ვასხამ. შუშის მაგიდასთან ჩამომჯდარი მის ზედაპირზე თითებს უხმაუროდ ათამაშებს. სასმელს ვაწვდი და მის წინ ვჯდები. -გმადლობ. - ამბობს და ორ ყლუპს სვამს. -მაინცდამაინც ფანჯარა უნდა ჩამსხვრეულიყო, არა? - ვეკითხები. ბიჭი წარბებს ზემოთ სწევს. - რომ ჩემს სახლში შემოსულიყავი. რაილი ერთხანს უსიტყვოდ მიყურებს, შემდეგ კი ცალყბად ეღიმება. -ხო, ჯერ კიდევ მგონია, რომ საწამებელ ოთახს ამზადებ. -შემიძლია ეჭვების გასაფანტად გიდობა გაგიწიო. -გინდა, რომ მტკივნეული რეალობის პირისპირ დამაყენო? - ცალ თვალს ჭუტავს. მეცინება. -არა, მინდა დაგარწმუნო, რომ არც მე და არც ჩემს სახლს შენ წინააღმდეგ გეგმები არ გვაქვს. რაილის უწყინარი ღიმილი ნელ-ნელა ქრება და ღვინის კიდევ ერთ ყლუპს სვამს. -შენ აქ... მმ... აქ თავს კარგად გრძნობ? - მეკითხება ყოყმანით და ჭიქას დაჰყურებს. -რატომ მეკითხები? - ისევ უცნაური ტონი და შეკითხვა, რომელსაც მისგან არ ველი. -უბრალოდ. - მხრებს იჩეჩავს. - უბრალოდ ვიცი, რას ნიშნავს დანაკარგი და მარტო ცხოვრება. -მარტო ცხოვრების არ მეშინია. აი, დანაკარგის კი რა გითხრა. - ღვინოს ვსვამ. ჭრილობა მტკივა და გულისგამაწყალებლად მიფეთქავს. -ყველაფერს ძალიან მალე ვეჩვევი, მაგრამ მიას არ ყოფნას ვერაფრით შევეჩვიე. არადა ხუთი წელი არც ისე ცოტაა. -ხო, დრო არც ისე გვეხმარება, როგორც ამბობენ. -სავანაში ყველაფერი მას მახსენებს. -ეს სახლიც? - ვეკითხები დაუფიქრებლად, რადგან მისი ამ სახლისადმი დამოკიდებულება, რომელსაც ცუდად მალავს, ეჭვით გულს მიღრღნის. რაილი ცბება. ბოკალის ზედაპირზე მოსრიალე თითს აჩერებს და ისე მიყურებს, თითქოს მოჩვენება დაენახოს... -ხო, ეს სახლიც ლისა. - ამბობს და ფანჯრისკენ იხედება. - აქ მუშაობდა ძიძად. ამ სახლის ძველი მფლობელები ადვოკატები იყვნენ და სახლზე მეტ დროს გარეთ ატარებდნენ. მათი შვილები, რვა წლის ტყუპი და-ძმა ხშირად მარტო რჩებოდა სახლში. ხოდა, მერის მხრიდან მია გაიცნეს. ჩემმა დამ გაიგო, რომ ძიძა სჭირდებოდათ და საკუთარი თავი შესთავაზა. გამიკვირდებოდა, უარი რომ ეთქვათ. - მკრთალად იღიმის რაილი. - დაახლოებით ორი წელი იმუშავა მანამ, სანამ... უკვე თითქმის აღარ ვაქცევდი ამ სახლს ყურადღებას. მაგრამ რაც შენ გადმოხვედი, ავფორიაქდი. -სამწუხაროა. - შეხვეულ ხელის გულს თითს ვატარებ. რატომღაც გულს მწყვეტს მისი ნათქვამი. -არა, სულაც არა. - რაილი ხელებს მაგიდაზე აწყობს. ვუყურებ. გაღიმებას ცდილობს, მაგრამ ჩამუქებულ ნაცრისფერ თვალებში მაინც უკრთის სევდა. - ჯობია აქ შენ იცხოვრო, ვიდრე მასთან დაკავშირებულმა მოგონებებმა. - რაილი დგება და შუშების მოსატანად სახლში მიდის. მე კი მისი უკანასკნელი სიტყვებით უცნაურად დამშვიდებული ღვინოს ვსვამ. ცოტა ხანში კი სხვენში ვბრუნდები და იატაკს შუშის ნამსხვრევებისგან ვათავისუფლებ. ვუყურებ ფანჯარას და ვერაფრით ვიხსენებ, დავკეტე თუ არა. რატომღაც მახსოვს, რომ კი, მაგრამ გარეთ სულაც არაა, უფროს სწორად თითქმის არაა ისეთი ქარი, რომ დაკეტილი ფანჯარა გაეღო და ჩაემსხვრია. ვოხრავ და ისევ ეჭვებში მყოფი სამზარეულოში ვბრუნდები, რომ ლეპტოპი წერილის მიღებას მატყობინებს. ჯეიმის სტატია წაუკითხავს და აზრს მიზიარებს. თემის გაშლა მოსწონს, მაგრამ ქვეტექსტის რედაქტირებას ხვალამდე მავალებს. შემდეგ წერილის პოსტკრიპტუმ ნაწილზე გადავდივარ. „P.s. ქალაქი როგორ მოგწონს? შუა ქუჩის შემოუღობავ საფლავებს უკვე გაუსწორე თვალი თუ ჯერ კიდევ გვერდს უვლი? გუშინ სარა დავითხოვე. თავიდან იმით დაიწყო, რატომ ამუშავებ ლისას სხვა ქალაქიდანო და მერე ეშხში შევიდა. (ვიცი, რომ ახლა იცინი). ერთ თვეში ჟურნალს ათი წელი უსრულდება. დიდ წვეულებას ვგეგმავ. ჩამოსვლას მოახერხებ?“ წადი ამ სახლიდან!“ ღიმილი სახეზე მეყინება. ეს რას ნიშნავს? „წადი ამ სახლიდან!“. წინადადებას გაოგნებული შევყურებ. სასაფლაო, სარა და წვეულება გასაგებია, მაგრამ ჯეიმი რატომ მეუბნება, თან გამუქებული კატეგორიული შრიფტით, რომ ამ სახლიდან უნდა წავიდე? გული მომდის მასზე და პასუხის გაცემას ვიწყებ. „საფლავები ჯერ არ მინახავს, სარას ამბავმაც გამამხიარულა და ჯერ-ჯერობით არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა წვეულებაზე ჩამოსვლას, მაგრამ რას ნიშნავს შენგან „წადი ამ სახლიდან!“?“ შეტყობინებას ვგზავნი და პასუხის მოლოდინში ნერვიულად ტუჩს ვიკვნეტ. სრულიად ალოგიკურად მეჩვენება ჯეიმისგან მსგავსი წინადადების მოსმენა. კი, სიხარულით არ შეხვედრია სავანაში ჩემი გადმოსვლის ამბავს, მაგრამ ამ საქმეში არც იმდენად ჩახედულია, რომ „წადი ამ სახლიდან!“ მოეწერა ჩემთვის. თანაც ამ ფრაზის შინაარსი სრულიად ემიჯნება პოსტკრიპტუმის ამბებს. მოლოდინში რაილიც ბრუნდება. ჩაფიქრებული ვანებებ თავს კომპიუტერს და ბიჭს სხვენისკენ მივყვები. რაილი საქმეში ერთვება და თითქმის ჩუმადაა. მე იატაკზე ვზივარ და ისევ იმ სიტყვებს დავტრიალებ თავს. იქნებ რამე შეეშალა? იქნებ სულ სხვა რამის თქმა უნდოდა? ან იქნებ წვეულებაზე ჩასვლასთან დაკავშირებით იხუმრა? ვცდილობ, ამ გამოკვეთილ სიტყვებს რამე ახსნა ვუპოვო, მაგრამ არაფერი გამომდის. -რამე მოხდა? - მეკითხება რაილი. ვოხრავ და ბიჭს ვუყურებ. ფანჯრის ერთი ფრთა უკვე შეუმინავს. -აამ... არაფერი, უბრალოდ... სტატიაზე ვფიქრობდი. - ამ გაურკვეველ ამბავზე რაილისთან საუბარი არ მინდა. -რთული დავალებაა? - მუხლებზე დგება და მინას ჭრის. -აჰ, არაა. - მეცინება. - უმნიშვნელო რაღაც მაქვს ჩასასწორებელი. ცოტა ხნით სიჩუმე ისადგურებს, მხოლოდ შუშის ჭრის ხმა ისმის. -დამთავრდა სასწავლო დღეები? - ვეკითხები. -დამთავრდა. დღეიდან მეც თავისუფალი ვარ. -რატომ მასწავლებელი? ბავშვები გიყვარს? -ბავშვებიც... - წელში სწორდება და წარბებს ზემოთ სწევს. - მაგრამ ალბათ უფრო სირთულეების დაძლევა. - ცალყბად იცინის რაილი. შუშის ნაჭერს იღებს და ფანჯარასთან დგება. უცბად შორიდან შეტყობინების მოსვლის სუსტი ხმა მესმის და მაშინვე ფეხზე ვდგები. -უფროსია. პასუხს დავუბრუნებ და ახლავე ამოვალ, კარგი? რაილი თავს მიქნევს. კიბეზე ჩავდივარ და სანამ ლეპტოპთან მივალ, ალბათ ათასჯერ ვასწრებ გონებაში „წადი ამ სახლიდან!“ გამეორებას. შეტყობინებას ვხსნი. „აჰაა, როგორც ჩანს საფლავებისკენ გაგივლია და მიმალავ. - იცინის ჯეიმი. - საერთოდ სად წაიკითხე ეგ წინადადება ჩემს მესიჯში?“ რას ჰქვია, სად წავიკითხე? წინა შეტყობინებას ვხსნი, მაგრამ გამოკვეთილი შრიფტით დაწერილ წინადადებას ვერ ვხედავ. შეტყობინებას თავიდან ბოლომდე ვკითხულობ, მაგრამ „წადი ამ სახლიდან!“ გამქრალია. არა, მე ეს არ მომჩვენებია. აქ ნამდვილად იყო ის წინადადება ერთი ზომით დიდი შრიფტით და ბოლდით დაწერილი. არ მომჩვენებია, არა! შეტყობინებას ვხურავ და თავიდან ვხსნი, მაგრამ რაც არ არის იმას ვერ გააჩენ. რა ჯანდაბა მოხდა? „კარგი, დაივიწყე.“ ვწერ ჯეიმის და თავს სავარძლის საზურგეზე ვდებ. თვალებს ვხუჭავ თუ არა „წადი ამ სახლიდან!“ ნეონის განათებასავით იწყებს ციმციმს. ვერ ვიჯერებ, რომ მომეჩვენა. ვერ ვიჯერებ, რომ ჩემმა გონებამ ეს ასე მძაფრად დაუშვა. ვითომ სხვენში რომ თავი დავარტყი, ამის ბრალია? თუ დაკეტილი ფანჯრის ჩამსხვრევის? მიას ამ სახლში მუშაობის ან ერთი ჭიქა ღვინის? იქნებ ჯერ კიდევ ვერ ვეგუები უცხო გარემოს და ქვეცნობიერს ვაძლევ საშუალებას ტვინი გადამიბრუნოს? თავის გაქნევით აზრების გაფანტვას ვცდილობ, გულმოსული ლეპტოპს ვხურავ და რაილისთან ვბრუნდები. ბიჭი გამამხნევებელი ღიმილით მხვდება და საქმეს განაგრძობს. მის შემხედვარეს თანდათან მავიწყდება ეს გაურკვევლობა, საუბარში ვყვები და გულს ვაყოლებ. მინების ჩასმა იდეალურად გამოსდის. ბოლოს ფანჯარას კეტავს, ხელსაწყოების ჩანთას იღებს და ჩემ წინ დგება. -ფანჯრის დაკეტვა არ დაგავიწყდეს ხოლმე. - მიღიმის. -ახლაც დაკეტილი იყო, მაგრამ... - ვბუტბუტებ და მხრებს ვიჩეჩავ. -დაკეტილი? ქარმა დაკეტილი ფანჯარა ჩაამსხვრია? - ეჭვით მეკითხება. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. - ჰმმ, უცნაურია. -გეთანხმები. რაილი ისე იღიმის, აშკარად არ სჯერა ჩემი. ნამდვილად ჰგონია, რომ ფანჯარა ღია იყო და თავის გამართლების მიზნით ვცრუობ. გამაფრთხილებლად თითს ვუქნევ და მეცინება. -შენ არ მითხარი, არ მახსოვს, დავკეტე თუ არაო? - მხრებს იჩეჩავს. -ხოდა გამახსენდა. - ვამბობ და სხვენიდან ჩავდივარ. -აა. - მესმის მისი ირონიული ტონი ზემოდან. რაილი კიბეს კეცავს. ორივე პირველ სართულზე ჩავდივართ. -არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო. -საჭირო არაა, ლისა. უბრალოდ ფრთხილად იყავი, კარგი? - კარს აღებს და ზღურბლზე ჩემკენ ბრუნდება. პასუხის მოლოდინში ისე მაკვირდება, რომ ვიბნევი. -კარგი. - ისე ვბუტბუტებ, რომ არც კი მაფიქრდება მიზეზი ვკითხო. რაილი თავს მიქნევს, იღიმის და მემშვიდობება. გაბადრული ვხურავ კარს და ნასიამოვნები ვოხრავ. ის-ისაა სამზარეულოში შევდივარ, რომ კვლავ ზარია. ალბათ რამე დარჩა. კარს ვაღებ თუ არა, მხოლოდ ერთ ჩასუნთქვას ვასწრებ, რაილი სხვენში შემოვარდნილი ქარივით ჩემკენ იხრება, თითებს ლოყებზე მაკრობს და მკოცნის. გაოგნება წამიერად მივლის, მის მაჯებს ვეჭიდები და რბილ კოცნაში ვყვები. მტვრის და ციტრუსის სურნელი ასდის. ბაგეებს კი ჩემი ღვინის გემო ჯერ კიდევ შემორჩენიათ. ბიჭის თითები კისრისკენ მიცურავენ და თმის ძირებში მათი შეხება ისე მთენთავს, როგორც ჩილიმი. მისი მკაცრი ტუჩებისგან ასეთი გამაბრუებელი კოცნა სრული მოულოდნელობაა. ისიც კი არ მაღელვებს, რომ თითქმის ქუჩაში ვართ, თანაც სემის სახლის წინ. სამწუხაროდ ეს ტკბილი მომენტი დიდხანს არ გრძელდება. რაილი ჩერდება, ხელებს მაცილებს და რამდენიმე წამით თვალებში ზემოდან დამყურებს. შემდეგ შეკრული ბაგეებით იღიმის და თავისი პიკაპისკენ უხმოდ მიდის. თვალს ვაყოლებ და მანამ ვასწრებ თავიდან გაოცებას, სიამოვნების შეგრძნებას და ციტრუსის სურნელის შეყნოსვას, სანამ რაილი მანქანაში ჯდება და მიდის. შემდეგ ზედმეტად კმაყოფილი ვხურავ კარს, ზურგით ზედ ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ. სიურპრიზები არ მიყვარს, მაგრამ ასეთ იშვიათ და მოულოდნელ სიამოვნებაზე ყოველთვის თანახმა ვარ. კირას ეს რომ გაეგო, ალბათ მეტყოდა: სიმპათიური თერაპიის ჩატარებაზე უარი არ თქვა, დაშორების შემდგომ მეტასტაზებს ძირფესვიანად ძირკვავსო. მაგრამ მე ეს მეტასტაზები დიდი ხნის წინ ამოვძირკვე. ახლა სრულიად თავისუფალი ვარ. მხირაულად ვკისკისებ და სამზარეულოსკენ მივდივარ, რომ უცნაური გრძნობა მიპყრობს. ჩემი სიცილი ორ ხმაში ჩამესმის. თითქოს ჩემთან ერთად კიდევ ვინმეს გაეცინოს, მხოლოდ ერთი წამის დაგვიანებით. ვჩუმდები და არც კი ვიცი, საკუთარ თავს რატომ ვაყურადებ. მაგრამ მალევე ჩრდილავს ამ საფიქრალს რაილის ნაკვალევი ჩემს ბაგეებზე. ტუჩებზე თითებს ვისვამ და ყურადღებას არ ვაქცევ ხელის გულზე ჭრილობის ტკივილს. 4 თავი *** დილით გაბრუებულს მეღვიძება. საათს ვამოწმებ, ათის ნახევარია. კარს გავყურებ და ნოსტალგია წარსულის ჩვეულ, უამრავ სასიამოვნო დილას მახსენებს. წარმოვიდგენ, როგორ აღებს კირა კარს ფეხით, ლანგრით ოხშივარადენილი ყავა და დედის გამომცხვარი ფორთოხლის ღვეზელი შემოაქვს და ჩემკენ თავმომწონე, კმაყოფილი ღიმილით მოაბიჯებს. ღვეზელის სურნელს ცხადად შევიგრძნობ და ყელში რაღაც მებერება. დედის ხმა ყურებში ჩამესმის: „ ოდესმე გადაეჩვევით საწოლში საუზმეს?“ მე უკვე გადავეჩვიე მას შემდეგ, რაც ის აღარ არის. თვალებზე მომდგარ ცრემლებს არ ვიკავებ. ვინ დამინახავს? აქ არც კირაა და არც მამა. სრულიად მარტო ვარ. იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ ორივე დავკარგე. მაშინვე მობილურს ვწვდები და ჩარლის ვურეკავ. მამა ფერმის და ბებია-ბაბუის ამბებს მიყვება. ჩუმად ვუსმენ და მისი ხმით ვტკბები მანამ, სანამ თვითონ არ გადადის შეკითხვების დასმაზე. ვცდილობ, კირაზე სიტყვა არ დამცდეს, მაგრამ არ გამომდის. ჩარლი ამბობს, რომ ჩემი და დიდი ხანია არ შეხმიანებია. გული საშინლად მწყდება. მობილურს ვთიშავ და ახლა კირას ნომერს დავყურებ. იქნებ ლოდინი არც ისეთი კარგი აზრია? იქნებ როგორც ყოველთვის კირა ჩემს ნაბიჯს ელოდება? რა თქმა უნდა, იცის, რომ დათმობაზე ყოველთვის მე მივდივარ. იქნებ ამიტომაა ჩუმად? მეღიმება. ის-ისაა უკვე დარეკვას ვაპირებ, რომ შორიდან ფხაკუნის ხმა მესმის. ჭერს ვუყურებ და ვაყურადებ. ხმაური მეორდება უფრო მკრთალად, თითქოს ვიღაც ხეზე ფრჩხილებს უსვამდეს. იდაყვებზე ვიწევი და ვუსმენ. რამდენიმეწამიანი ინტერვალით ხმაური მეორდება. გამორიცხულია! უბრალოდ შეუძლებელია, რომ აქ თაგვი იყოს. მობილურს ვდებ და ვდგები. ხმაურს სხვენის კიბემდე მივყავარ. გუშინდელის შემდეგ იქ ასვლა აღარ მინდა. ჩემს შეხვეულ ხელის გულს უკმაყოფილოდ დავყურებ და მახსენდება, როგორ დავარტყი იატაკს თავი. კიბეს ქვემოთ ვწევ და სხვენში ავდივარ. ფხაკუნი აღარ ისმის. ოთახს ვათვალიერებ. სივრცე ნივთებით გადატვირთული არაა, ამიტომ კუთხეების დათვალიერება არ მიჭირს. ხვრელი, საიდანაც შეიძლება თაგვი გამოჩნდეს, არსად არაა. იქნებ იატაკში სხვა ადგილიდან შეაღწია? ჯანდაბა! ამას ნამდვილად არ ველოდი. მომიწევს წამალი ვიყიდო, ან ხაფანგი. ვოხრავ და საძინებელში ჩავდივარ. პირსახოცს ვიღებ და აბაზანაში ცხელ წყალს ვუშვებ. თმას ვიშლი და სარკის წინ ვივარცხნი. გუშინ ჯეიმის რედაქტირებული სტატია გავუგზავნე. დღეიდან მისის ლოუს სტატიის დასაწერად ექვსი დღე მაქვს. იმედია ორს ერთად მოვასწრებ. საქმეზე ვფიქრობ, მაგრამ სარკეში ჩემს ბაგეებს ისეთ ღიმილს ვატყობ, თემას რომ არ შეესაბამება. რაილი. ღიმილი მიფართოვდება, ხელის გულებით ნიჟარას ვეყრდნობი და სარკეში მისი სახელით ჩემში გამოწვეულ რეაქციას ვაკვირდები. გარეგნულად შესამჩნევად კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. არც კი მეუცნაურება ეს ამბავი. თითქოს ასეც უნდა იყოს. თავს ვაქნევ და ის-ისაა მაისურს გასახდელად ვეტანები, რომ სარკეში, ჩემ უკან დუშ-კაბინის დაორთქლილ მინაზე წარწერების მთელ მწკრივს ვხედავ. „წადი ამ სახლიდან“ მეორდება იმდენჯერ, რამდენსაც მინა იტევს. დაზაფრული კაბინისკენ ვბრუნდები, მაგრამ ორთქლისგან დაბინდულ მინაზე არაფერია, საერთოდ არაფერი. ისევ სარკისკენ ვბრუნდები და კაბინის ანარეკლს ვუყურებ, მაგრამ მაინც არაფერია. ეს როგორ? რა ხდება? გუშინდელი მინაწერი მახსენდება ჯეიმის შეტყობინებაზე და ეს დამთხვევა, ეს ერთი და იგივე სიტყვები ყელს მიშრობენ. როგორ შეიძლება ეს ორი ფაქტი უბრალო მოლანდება იყოს? არა, არ შეიძლება. სააბაზანოში ჰაერი მძიმდება. არ ვიცი, ეს ცხელი წყლის ბრალია თუ ჩემი პანიკის. არ მომჩვენებია. ეს სიტყვები მინაზე არ მომჩვენებია. არც ღვინო დამილევია, არც თავი დამირტყამს. ჩემდაუნებურად სუნთქვას ვიკრავ, კაბინაში შევდივარ და დაორთქლილ მინას ხელს ვუსვამ. არ ვიცი, ამით რის შეცვლას ან გამოაშკარავებას ვცდილობ, მაგრამ გაკრიალებული მინის დანახვაზე ფილტვებში გამოკეტილ ჰაერს ვათავისუფლებ, დამამშვიდებელს ვსვამ და შხაპის მიღებას აუღელვებლად ვცდილობ. აბაზანიდან გამოვდივარ თუ არა, მობილური მირეკავს. მისის ლოუა. ამბობს, რომ ორ საათზე თანამშრომლებთან თათბირი აქვს და ჩემი მისვლა აუცილებელია. სტატიაზე მეკითხება. ბოლოს კი თავის დაბადების დღეზე მეპატიჟება. ამბობს, ყველა თანამშრომელი იქ იქნება და მათი გაცნობის საუკეთესო შანსი გექნებაო. თავი უცხოდ რომ არ ვიგრძნო, ნაცნობის წამოყვანას მთავაზობს. უარს არ ვეუბნები. მე ხომ არავის ვიცნობ, ამიტომ ეს წვეულება ნამდვილად გამომადგება. ტანსაცმელს ვიცვამ, ვსაუზმობ და მარკეტში ფეხით მივდივარ. ვცდილობ, ქუჩების თვალიერებით გავერთო, მაგრამ მინაზე გამოკვეთილი სიტყვები გამუდმებით მახსენებენ თავს. მეორედ. უკვე მეორედ გადავაწყდი იმ წინადადებას. რა მემართება? ნუთუ ფარული სტრესი მაქვს? ასეთი რამ საერთოდ არსებობს? ვითომ ჩემი ქვეცნობიერი სახლს ვერ ეგუება და ჩემ შეშინებას ცდილობს? წარმოდგენა არ მაქვს, ეს რატომ უნდა მოხდეს. მარკეტში შესული ფიქრების გაფანტვას ვცდილობ და დახლების მწკრივებში ვიკარგები. ყველაფრით ვინტერესდები რას მჭირდება და რაც არა. აღარ მინდა იმ პარანორმალურად მოვლენილ სიტყვებზე ფიქრი. მარკეტიდან წამოსული ყურსასმენებში მუსიკას ვუსმენ და ფერადი სახლების თვალიერებით ვტკბები. მცენარეებში ჩაფლული შენობები გონებისთვის ერთგვარ განტვირთვად მევლინება. პატარა, მოჩუქურთმებული ფანჯრები, მოვლილ გაზონზე გაწყობილი შეუდარებელი ბაღები, ყოველ ეზოში თეთრთმიანი ცოცხალი მუხა, სხვადასხვა ფერის და ჯიშის ყვავილები. თავი ზღაპარში მგონია და მენანება ეს ადგილი კირას გარეშე. გზაჯვარედინზე გადმოვდივარ. ცოტა ხანში ჩემ ყურადღებას ერთი შენობა იპყრობს. კათოლიკური ეკლესიაა, წითელი აგურით ნაშენები პატარა ბაღიანი ნაგებობა. ნაბიჯს ვანელებ და ჩემდაუნებურად ვჩერდები. დედა მახსენდება. ღმერთის მწამს, მაგრამ ეკლესიური არ ვარ. დედა იყო. თუმცა მისი ხათრითაც ვერ მივდიოდი ეკლესიაში. გული არ მიმიწევს. ასე მგონია, ჩემსა და ამ შენობას შორის გამჭვირვალე კედელია აღმართული. ვხედავ, მაგრამ მოსმენა არ მინდა, ან არ შემიძლია. ალბათ იმიტომ, რომ მე ჩემებურად მწამს და არ მინდა ვინმემ რამის შეცვლა სცადოს. მაგრამ ახლა ვუყურებ ეკლესიას და თითქოს რაღაც მიზიდულობას ვგრძნობ. ალბათ დედის რწმენის გამო. ალბათ მისი ხათრი მაკავებს და მაფიქრებს. იქნებ ჯოანასთვის სანთელი დამენთო? -შესვლა გინდა? - მესმის უცბად ნაცნობი, ზარივით წკრიალა ხმა. ქვემოთ ვიხედები. -სემ? - მისი დანახვა მაკვირვებს, თან მეღიმება. ის კი პასუხის მოლოდინით შემომცქერის. არც კი ვიცი, რა უნდა ვუპასუხო. შემდეგ თავს ვუქნევ. -ვინმე გენატრება? - მის სახეზე მოთამაშე მზის სხივის გამო, ბავშვი ცალ თვალს ჭუტავს. გაოგნებული შევყურებ. -რატომ მეკითხები? -ნათლიამ მითხრა, როცა მია მენატრება ეკლესიაში მივდივარო. შენ ვინ გენატრება? -დედა მენატრება, სემ. - ვუღიმი და ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ. ორი წამით სუნთქვას ვიკავებ, რომ ჯოანას დროში გაყინული მოფერების გამო გული არ ამომიჯდეს. -იცი, იქ დედაა, - ეკლესიაზე თავით მანიშნებს. - ერთი იდეა მაქვს! - სემი თვალებს აფართოებს. ერთხელ დედა აქ მოვიდა და ინატრა, რომ მამა სამსახურიდან მალე დაბრუნებულიყო. ხოდა ეს მართლაც მოხდა. გახსოვს, რომ თქვი, მინდა ჩემი და ჩამოვიდესო? -შენი აზრით გამოვა? - მისი მიამიტობა თითქოს მამხნევებს. -რა თქმა უნდა, მხოლოდ თხოვნაა საჭირო. აი ნახავ, თუ არ ჩამოვა შენი და. -კარგი. - თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად და წინ წამძღვარებულ ხუჭუჭას გულაჩქარებული მივყვები. *** კოლეჯის თათბირამდე ორი საათი მაქვს, ამიტომ დრო რომ არ დავკარგო, მისის ლოუს სტატიაზე ვმუშაობ. ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ ეკლესიიდან გამოყოლილი გულის უცნაური ხმაური გონებას მიფანტავს. უჩვეულო იყო იქაური გარემო, სიმშვიდე, სიჩუმე და აურა. შემდეგ მერის იმედიანი საუბარი და ჩემი ხელით ანთებული სანთელი. დედის სიკვდილის შემდეგ ღმერთს პირველად ვთხოვე გულით რაღაც. ვნახოთ, გამართლდება თუ არა სემის მიერ შემოთავაზებული იდეა. ვოხრავ და სამზარეულოში ყავის მოსამზადებლად გავდივარ. ფინჯანში შაქარს და ყავას ვყრი და სანამ წყალი ადუღდებოდეს, ფანჯრიდან სახლის უკანა ეზოს გავყურებ. მწვანე ბუჩქები, გაზონი და პატარა აუზის კამკამა წყალი თვალს სასიამოვნოდ მჭრის. ამინდი საკმაოდ კარგია. ახლო მომავალში წყლით ხომ არ გამენებივრებინა თავი? მგონი ცუდი იდეა არაა. ფიქრებიდან მაგიდაზე ვიბრაციით ახმაურებულ მობილურს შეშინებული გამოვყავარ. ღმერთო! - თვალებს ვუტრიალებ საკუთარ შიშს. რაილია. -ჰეი. - ვპასუხობ. -გამარჯობა, როგორ ხარ? - ღიმილიანი ტონი აქვს. მეც მეღიმება. - ხელი როგორ გაქვს? -გმადლობ. ისეა, ჯანსაღსაც შეშურდება. -კარგია. - ცოტა ხნით სიჩუმეა. - თავისუფალი ხარ? -სამწუხაროდ სამსახურებრივი მოვალეობები მიხმობენ. გეგმა გქონდა? -ისეთი არაფერი, რისი გადადებაც არ შეიძლება. -ხვალისთვის? -ხვალისთვის ვერ... - თითქოს ყოყმანობს. - მაგრამ დღეს? ეგოისტურ სიამოვნებას მანიჭებს ის ფაქტი, რომ შეხვედრის ხვალისთვის გადადება არ მოსწონს. -არაკომფორტული გრაფიკი მაქვს. ჯერ თათბირზე მიწევს მისვლა, შემდეგ უფროსის დაბადების დღეზე, ამიტომ... მოიცა! - უცბად მახსენდება მისის ლოუს შემოთავაზება. - რას იტყვი, ამ საღამოს პარტნიორობა რომ გამიწიო? -დაბადების დღეზე? -კი. -შანსს ნამდვილად არ გავუშვებ ხელიდან. -მშვენიერია, გმადლობ. მაშინ რვა საათზე გამომიარე, კარგი? -კარგი ლისა, შეხვედრამდე. მობილურს ვთიშავ, ფინჯნით ხელში ჩაიდნისკენ ვბრუნდები და ავტომატურად ქურის გამოსართველად ვიწვდენ ხელს, მაგრამ ის ჩართულიც კი არაა. ვიბნევი. განერვიულებული შუბლზე თითებს ვისვამ. მაგრამ მე ხომ ის ჩავრთე? არა? *** თათბირზე გაბრუებული ვზივარ. ვცდილობ, მისის ლოუს კატეგორიულობით გაჟღენთილ ღიმილს და მშვიდ ტონს ყურადღება დავუთმო, მაგრამ არ გამომდის. მახსოვს, როგორ ავანთე ქურა, ის კი ჩამქრალი დამხვდა. ჩამქრალი, ჩამქრალი, ანთებული, ჩამქრალი, ანთებული, ჩამქრალი. თავი მტკივდება. შემდეგ კი მერის და სემის სტუმრობა მახსენდება და ამასთან ერთად დღევანდელის საპირისპირო ფაქტი. სწორედ მაშინ იყო, როცა მეგონა, რომ ქურა ჩამქრალი დავტოვე, წყალი კი ადუღებული დამხვდა. ყელი მიშრება. მაგიდიდან წყალს ვიღებ და ვსვამ. ამის ახსნა როგორ უნდა შევძლო? ვითომ გაფანტული ყურადღების ბრალია? ჯანდაბა! მისის ლოუ ალბათ ამჩნევს ჩემ ფორიაქს და თვალებით მანიშნებს, რომ შემიძლია გავიდე. მადლობას ვეუბნები, თავის ხელში აყვანას ვცდილობ და ვრჩები. მოუთმენლად ველოდები თათბირის დასრულებას. აქედან საჩუქრის საყიდლად წავალ და გულს გადავაყოლებ. მიხარია, რომ საღამოს მარტო არ ვიქნები. მიხარია, რომ რაილის ვიცნობ და საცხოვრებელი ადგილის შეცვლით საკუთარი თავის შეცვლა არ მიწევს. *** სახლში ხუთი საათისთვის ბრუნდები. გარეთ საშინელი სიცხის გამო მისვლისთანავე სააბაზანოში შევდივარ. დასვენებული და დამშვიდებული გამოვდივარ და გარდერობში კაბებს ვათვალიერებ. როგორც გავიგე, წვეულება ეზოში ექნებათ, ამიტომ კომფორტულ ფეხსაცმელს და კანისფერ კაბას ვირჩევ. შემდეგ საწოლზე ვთავსდები და ტანზე კრემს ვისვამ. პროცესი ისე მთენთავს, რომ მინდა ბალიშს ჩავეხუტო და ღრმა ძილით მივიძინო. მობილურზე შვიდი საათისთვის მაღვიძარას ვაყენებ და რბილ საწოლში ვიძირები, მაგრამ ნაცნობი ხმაური მაფხიზლებს. ისევ რაღაც ფხაკუნობს. ფხაკუნობს, ფხაკუნობს და ხმა ისე ძლიერდება, რომ მგონია, ყურთან ახლოს მატერიად ქცეული ფხაკუნი მიდგას. საწოლიდან ვდგები და ფეხაკრეფით მივაბიჯებ სხვენისკენ. გული ცუდს მიგრძნობს. შიშისგან მამცივნებს. შეუძლებელია თაგვი ასე ძალიან ხმაურობდეს. არც ვირთხა. აბა რა ხდება? ჩემს სახლში რა ხდება? კიბეს ყოყმანით ვწევ და ზემოთ აწურული ვიხედები. ადგილზე ვბორგავ და თითებს ვიფშვნეტ. ჯანდაბა ლისა, გეყოფა. უნდა გაარკვიო რა ხდება აქ. კიბეს ვეჭიდები და ავდივარ. ვგრძნობ, როგორ მიკანკალებს შიშველი ფეხები, მაგრამ მაინც არ ვნებდები. ჯერ იატაკზე ვაწყობ მუხლებს და ვსწორდები თუ არა, ხმა წყდება. წინ მივიწევ და ოთახს ვათვალიერებ. არაფერია. ავისმომასწავებლად არაფერი. ფანჯრიდან მოქუფრული ღრუბლები ჩანს, არადა რამდენიმე წუთის წინ მზე აცხუნებდა. რამდენიმე ნაბიჯში ერთ ფეხს იმაზე რბილად ვდგამ, ვიდრე უკან. იატაკი თითქოს ქვემოთ მიიწევს. ფეხს უკან ვაბრუნებ და პარკეტს დავყურებ. ის-ისაა დახრას და შემოწმებას ვაპირებ, რომ: -წადი! - მესმის ვიღაცის სასოწარკვეთილი და ამავდროულად გაღიზიანებული კივილი. შეშინებული მიბრუნებას ვერ ვასწრებ, რომ ზურგიდან მხრებზე ვიღაც მძლავრად მაჭდობს თითებს და მთელი ძალით უკან მიბიძგებს. ფეხ-ქვეშ საყრდენი მეცლება და თავით მტკივნეულად ვეცემი იატაკზე. ყელგამომშრალს მეღვიძება და მაშინვე თავზე ვიკიდებ ხელს. ღმერთო! ეს სიზმარი იყო, უბრალოდ სიზმარი. ღრმად ვსუნთქავ და თვალებს ვხუჭავ. ყურებში ისევ ჩამესმის ის ხმა და ტანზე ძრწოლის ეკალი მაყრის. სხვენის იატაკი. იქ ერთხელ უკვე დავეცი და დიახ, ის შეგრძნება, რომ თითქოს ერთ ადგილას პარკეტი რბილი იყო, უკვე მქონდა, მაგრამ... ეს სიზმარი? რას ნიშნავს ეს სიზმარი? შუბლზე ხელს ვისვამ და საწოლიდან ადგომას ვაპირებ, რომ მაღვიძარა რეკავს და გულს მიხეთქავს. არა ლისა! ეს მიმანიშნებელი სიზმარი კი არა, ქვეცნობიერის უადგილო აქტივობა იყო! საერთოდ, რა შუაშია აქ სიტყვა „მიმანიშნებელი“?! *** მისის ლოუს ულამაზესი, სამსართულიანი თეთრი სახლი აქვს. მეორე და მესამე სართულის პატარა აივნებზე მცენარეები ალამაზებენ ექსტერიერს. პირველ სართულს ორმხრივი კიბე აქვს ლამაზჩუქურთმებიანი მოაჯირებით. სახლს გარშემო კოხტად შეკრეჭილი ბუჩქები და მოვლილი გაზონი აკრავს. წვეულება უკანა ეზოში იმართება, სადაც სახლის შემოვლით ვხვდებით. ხეივანზე ჩინური ნათურები ჰკიდია. ბუჩქები ისე ანათებენ, თითქოს მათზე ციცინათელები ისხდნენ. ხეივნის ბოლოში კერძებით გაწყობილ მაგიდას ვხედავ. ყველა სტუმარი დახვეწილი და ელეგანტურია. ცოტა არ იყოს, გული მწყდება მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უარი რომ ვთქვი. -სიმართლე გითხრა, მსგავსი წვეულებები დიდად არ მომწონს. - ვეუბნები რაილის და მოკირწყლულ ბილიკს ფურშეტამდე ნელა მივუყვებით. -მაგრამ შენი სამუშაო სფერო გავალდებულებს? - მეკითხება ის. -ასეა. -ჩემი აზრით კი, როცა სურვილი არ გაქვს, არც ვალდებული ხარ. -ვერ დაგეთანხმები. -არც გთხოვ. ვჩერდები და ბიჭს, რომელიც ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მომყვება გვერდიდან ვუყურებ. ეღიმება. ჩვენს თავს-ზემოთ მოკაშკაშე ნათურა მის თვალებში ირეკლება და მანათობელ ვარსკვლავებს ამსგავსებს. თავს ვიქნევ და გზას ვაგრძელებ. რაც უფრო ვუახლოვდებით ფურშეტს, უფრო მკვეთრად ისმის ჯაზი, რომელიც მძულს. მუსიკას ხანდახან სიცილის ნოტებიც მოსდევს. -თუ მოინდომებ, ყველაფერში აღმოაჩენ რამე შენეულს. -არ მგონია მისი ლოუს სახლში საწამებელი ოთახი ჰქონდეს. - ვამბობ ნიშნისმოგებით და რაილის თვალს ვავლებ. მუქ ლურჯ შარვალსა და თეთრ პერანგში საოცრად მიმზიდველია. -სამაგიეროდ აი, ის აქვს. - ბიჭი თავით სახლის მარცხენა მხარეზე მანიშნებს. მრავალწლიანი მუხის ტოტზე ჩამოკიდებულ საქანელას ვხედავ, რომელიც ჩემი საქანელას მსგავსად და ამ სახლის ფონზე უბრალოა. გაკვირვებულს წარბები ზემოთ ამდის. როგორც ჩანს ძველია. -როგორც ვიცი, ვივიენი მარტო ცხოვრობს. მერიმ მითხრა. -მისი შვილის იყო. დაიღუპა, საშინლად. -როგორ? - შუბლს ვკრავ. -ჯერ დაიკარგა. ორი თვე ეძებდნენ. შემდეგ ცხედარი ლოს-ანჯელესში იპოვეს. სერიული მკვლელის ხელით იყო მოკლული. რაღაც უაზრო მსხვერპლშეწირვას შეეწირა. კლასელები ვიყავით. ტრაგედია იყო. -ღმერთო. - ტანში მცრის და მაკანკალებს. - მკვლელი? -მკვლელი დაახლოებით ორი წლის შემდეგ იპოვეს. ისიც მკვდარი. თავისი ძმის-შვილის მოკვლას ცდილობდა. რაღაც მასონური დაჯგუფების წევრი იყო. -საშინელებაა, ვიცი ეგ დაჯგუფებები. დღესდღეობითაც არსებობენ და მრავლდებიან. ატლანტას ჟურნალში სტატიაც მქონდა. მაგრამ მათი ზებუნებრივი შესაძლებლობების არ მჯერა. შენ რას ფიქრობ? -ვფიქრობ, ქალაქში, სადაც სასაფლაოები შუა ქუჩებშია ყოველგვარი ღობეების გარეშე, ამ თემის განხილვა არ ღირს. - თვალს მიკრავს რაილი. დასერიოზულებულს შუბლი მაშინვე მეხსნება და ვიცინი. - თანაც, მასპინძელმა შეგვამჩნია და ჩვენკენ მოდის. - რაილი ვივიენს უღიმის. მოულოდნელად კი მოშიშვლებულ ბეჭებზე მის ხელის გულს ვგრძნობ, რომელიც ქვემოთ მისრიალებს, წელს ეხვევა და ბიჭი მსუბუქად მიბიძგებს თავისკენ. ამასობაში მისის ლოუც გვეგებება და ჩემი დაბნეული და ამავდროულად ნასიამოვნები ღიმილით ვესალმები. *** ამ წვეულებით ვრწმუნდები, რომ სავანა ძალიან პატარა ქალაქია. ჩემ-და გასაოცრად, რაილი თითქმის ყველა სტუმარს იცნობს. თუმცა, ის ხომ მასწავლებელია და ეს არცაა გასაკვირი. ვივიენი თავის ნაცნობებს მაცნობს. ძირითადად გულწრფელი ადამიანები მხვდებიან, მაგრამ საზოგადოება ხომ წარმოუდგენელია თვითკმაყოფილი და ამპარტავანი წარმომადგენლების გარეშე? საბედნიეროდ ისინი ჩემ გარშემო არ იღვწიან და სავარაუდოდ გზაზე არც/ვერც გადამეღობებიან. მისის ლოუ სახლშიც ისეთივეა, როგორც სამსახურში. გულწრფელი, მოწესრიგებული და სამართლიანი. თავის უშველებელ ბიბლიოთეკას და ქმრის ნამუშევრებს მათვალიერებინებს, რომელიც მოქანდაკე იყო. მოხიბლული ვარ იმ დახვეწილი გარემოთი, რომელში მოხვედრაც წილად მხვდა. სახლში მინი-ექსკურსიის შემდეგ ისევ ეზოში ვართ. სტუმრებისგან ოდნავ მოშორებით ვდგავარ, ხელში მესამე ფუჟერი შამპანური მიკავია და შუა ხნის მამაკაცთან მოსაუბრე რაილის ვადევნებ თვალს. სასიამოვნოდ გრილა. მორთულ ეზოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას მატებს. სიმსუბუქეს ვგრძნობ. ხანდახან თვალებს ვხუჭავ და თავი ღრუბლებზე ჩამოკიდებულ საქანელაზე მგონია. ერთადერთი, რაც რეალობასთან მაჯაჭვებს, ჭრილობაა ხელის გულზე, რომელიც დროგამოშვებით მჩხვლეტს. -ლისა ჰენკსი, არა?- მესმის გვერდიდან ქალის ხმა. -დიახ. - სწრაფად ჩამოვდივარ ღრუბლებიდან და ვცდილობ წითელპომადიანს გავუღიმო. მაგრამ ვხედავ თუ არა მის არასასიამოვნოდ ცნობისმოყვარე ცისფერ თვალებს, ამ მცდელობას ვივიწყებ. -„the colours”ში წამიკითხავს თქვენი სტატიები. საინტერესო თხრობის სტილი გაქვთ. - ამბობს და შემფასებლურად მათვალიერებს. საკუთარ თავს ვაიძულებ შუბლი არ შევკრა. -გმადლობთ. თქვენ?... -მონიკა მილერი. კოლეჯის ადვოკატი ვარ. საქმეების გამო წვეულებას მოგვიანებით შემოვუერთდი. -სასიამოვნოა. - თავს ვუკრავ და რაილისკენ ვიხედები. მოსაუბრე ჩემს მზერას იჭერს, ორი წამით თვალებს მონიკასკენ აპარებს და ისევ თანმხლებს უბრუნდება. ჩუმად ვოხრავ. -ჩემთვისაც. აქ ახლახან ჩამოხვედით, არა? -კი, ორი კვირაა და აქ საცხოვრებლად ვარ. სავანა ძალიან ლამაზი და მშვიდი ქალაქია. გამიმართლა, რომ სამსახურიც ასე მალე ვიშოვე. - სავარაუდო შეკითხვებზე პასუხებს ერთად ვუყრი თავს. ქალი ალბათ ამჩნევს ჩემ ტონს, მაგრამ თვალისმომჭრელად იღიმის და არაფერს იმჩნევს. -მართლაც, რომ... სად დაბინავდით? -ვაიტეკერის ქუჩაზე, ეკლესიასთან ახლოს. -აჰ, ალბათ იქ, სადაც გრინები ცხოვრობდნენ. - ტუჩებს კუთხეში იქცევს. -არ ვიცი, ჩემამდე იქ ვინ ცხოვრობდა. - ამჯერად მე ვიჭერ რაილის მზერას. აშკარად ეტყობა, რომ საუბრის დასრულებას ცდილობს. მე კი არ ვიცი, როგორ ავიცილო ეს არასასურველი დიალოგი თავიდან. ნეტავ რაილი სწრაფად მოვიდოდეს. -კი, კი, სტივენ და ლუიზა გრინები. ადვოკატები იყვნენ. საბრალონი. - ქალი სინანულით თავს აქნევს. -კი, ალბათ ძალიან ძნელია, როცა საკუთარი სახლი იწვის და ამას გარედან უყურებ. -გარედან უყურებ? - ადვოკატი ჩაფიქრებული მიყურებს. შემდეგ თითქოს გვიან გააანალიზაო, წარბებს ზემოთ სწევს და სასმელს წრუპავს. - ალბათ გიჭირთ ახალ სახლთან შეგუება... -არა, არც ისე. - ვაწყვეტინებ. ის კი მაინც განაგრძობს. -მით უმეტეს, ორჯერ დამწვარ სახლთან. მე მაგალითად, გამეორების შიშით იქ ერთ ღამესაც ვერ გავათევდი. -ორჯერ? - ქალს გაოგნებული შევყურებ და ფუჟერს თითებს ვუჭერ. თვალწინ მაშინვე ჩემი ახალი სახლი მიდგება, რომელსაც ცეცხლის ენები მოსდებია და მისი კვამლი ცას პირქუშად ამუქებს. ტანში მცრის. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. - თქვენ ამბობთ, რომ სახლი ორჯერ დაიწვა? -დიახ. მეგონა ამის შესახებ იცოდით. - გაკვირვებული მიცქერს ის. -არა, მე... მე ვიცოდი, რომ სახლი ხუთი წლის წინ დაიწვა და მისი მფლობელები გადავიდნენ. -არა, არა, გრინები... -ლისა, - რაილის ხმაზე ადვოკატი ჩერდება. ორივე მისკენ ვბრუნდებით. ბიჭი შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გვიახლოვდება. მონიკას თავაზიანად უკრავს თავს და ჩემკენ ბრუნდება. მომლოდინედ მიყურებს, თითქოს მე უნდა გადავწყვიტო ახლა რას გავაკეთებთ. შემდეგ ვიაზრებ, რომ ამ ახალ ამბავზე ვიღაცას უნდა დაველაპარაკო და ეს ვიღაც ნამდვილად რაილია. ფუჟერს იქვე მაგიდაზე ვდებ. -ალბათ აჯობებს წავიდეთ. - ვამბობ და ხელჩანთას თითებს ვხვევ. - უკვე გვიანია. -როგორც იტყვი. - რაილი თავს მიქნევს. -აამ, კარგი. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, ლისა. - მიღიმის მონიკა. - იმედია კიდევ შევხვდებით. -იმედია. - მეც ვუღიმი და გამოწვდილ ხელს ხელს ვართმევ. მისის ლოუს ვემშვიდობებით და ჩემს მანქანაში ვსხდებით. 5 თავი *** დივანზე ფეხმორთხმით ვზივარ და ოთახს ვათვალიერებ. წარმოვიდგენ ორჯერ დამწვარ ამ ოთახს, გამურულ, ცეცხლმოკიდებულ, ნაცრად ქცეულ კედლებს, ავეჯს და მონიკას სიტყვები მახსენდება: “გამეორების შიშით, იქ ერთ ღამესაც ვერ გავათევდი.“ არა! ნებას არ მივცემ ამ წინადადებას ძლივს დამშვიდებული და დალაგებული ცხოვრება ამიფორიაქოს. მესამედ ეს არ მოხდება. რატომ უნდა მოხდეს? -მეც მეგონა, რომ იცოდი. - ამბობს რაილი. ჩემკენ ბრუნდება და ხელს დივნის საზურგეზე დებს. -არ ვიცოდი. მაკლერს ამაზე სიტყვაც არ დასცდენია. ალბათ ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანი არ იყო. -იქნებ არცაა? - მხრებს იჩეჩავს ის. უკმაყოფილოდ ვუყურებ. მახსენდება აქ გადმოსვლის პირველი საღამო, მერის სტუმრები და მათი ცნობისმოყვარე სახეები. რაილის და მერის უცნაურად თავშეკავებული ქცევები. ყოყმანი, როდესაც სახლში ვეპატიჟებოდი. მაშინ მეგონა, რომ ეს ყველაფერი ჩემ გამო იყო. ახლა კი გასაგებია. ორჯერ დამწვარ სახლს ერიდებოდნენ, რომელსაც უკვე თავისი ისტორია ჰქონდა. „დამწვარ სახლზე ავისმომასწავებელი მხოლოდ დამწვარი სახლია.“ გაბრაზებულს გულში მეცინება. -როდის მოხდა პირველი შემთხვევა? -ოციან წლებში, თუ არ ვცდები. - შუბლზე თითებს ისვამს რაილი. - ძალიან ადრე იყო, ლისა. -მერე რაა, მაინც უნდა ვიცოდე. ვინმე შეეწირა? -კი, ცოლ-ქმარი და მათი მოსამსახურე. - შეწუხებული რაილი შუბლს ჰკრავს. -ღმერთო! - გამომშრალ თვალებს ვისრეს. - რა უბედურებაა? რატომ მაინცდამაინც ეს სახლი? -დამშვიდდი კარგი? წარმოიდგინე, ეს რამდენი წლის წინ იყო. -იქნებ გრინები სწორედ ამიტომ გადავიდნენ აქედან? - უფრო საკუთარ თავს ვეკითხები, ვიდრე რაილის და თვალებდახუჭული თავს დივანზე ჩამოდებულ ხელზე ვდებ. ბიჭის ფშვინვა მესმის. შემდეგ კი შეხვეულ ხელის გულზე შეხებას ვგრძნობ. მეღიმება, მაგრამ თვალებს არ ვახელ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ტკივილგამაყუჩებელს დაეწყოს მოქმედება. -ყავას მოგიმზადებ. - ამბობს ის. თავს უარის ნიშნად ვაქნევ. ცოტა ხნით სიჩუმეა. რამდენიმე წუთიც და ასე ალბათ ჩამეძინება. - ლისა, რამდენიმე დღით მშობლებთან მივდივარ. - ბიჭი ხელის გულზე თითების სრიალს წყვეტს. თვალებს ვახელ და ვუყურებ. მომლოდინედ მაცქერდება. არაბუნებრივად მწყდება გული, მაგრამ გაღიმებას მაინც ვახერხებ. -მართლა? კარგია. - ვამბობ და დივანზე ვსწორდები. ისიც მიღიმის, მაგრამ მგონია, რომ ჩემ განწყობას ხვდება. საკმარისია ადამიანთან მშვიდად იგრძნო თავი, რომ მას ნარკოტიკივით ეჩვევი. რაც უფრო მეტ დროს ატარებ მასთან, ეს გრძნობა უფრო მეტს ითხოვს. არ მინდა ის ტკივილი ვიგრძნო, რასაც წამლის დიდხანს არმიღება იწვევს, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. შემდეგ მახსენდება, რომ სულ ორი კვირაა, რაც რაილის ვიცნობ და საკუთარ თავს ვეუბნები, რომ თავი ხელში ავიყვანო. -ხომ კარგად იქნები? - შუბლს ჰკრავს, როცა სიჩუმე დიდხანს იწელება. -ვეცდები ხანძარი არ გავაჩინო. -ლისა! - უკმაყოფილოდ იქნევს თავს და ჩემკენ ჩოჩდება. - ის ამბები შენ არ გეხება, გესმის? -რაღაცით მაინც მეხება. ამ სახლის ახალი პატრონი ვარ. მისი ისტორია ნაწილობრივ მეც მეკუთვნის. -პირველ ჯერზე ხანძარი დიასახლისმა გააჩინა იმიტომ, რომ... მას მიზეზი არ ჰქონია. ის გიჟი იყო, ჭკუას აცდენილი. მეორედ კი ბავშვებმა იცელქეს. შენ არც გიჟი ხარ და არც ანცი, რომ ასანთით ფარდებს ეთამაშო. ნუ განიცდი იმას, რაც არ მოხდება. -დრო მჭირდება. - თავს ვხრი და მოკეცილ მუხლებზე კაბას ვისწორებ. დრო. ყოველთვის გვგონია, რომ ის ყველა პრობლემას გადაჭრის.. სინამდვილეში კი ის წყალწაღებულებს ხავსად გვევლინება. - მე ხომ ახლახან გავიგე, რომ ჩემს სახლში სამი ადამიანი მოკვდა. რაილი აჩქარებით ტუჩებს ილოკავს და გვერდით იხედება. ისეთი სახე აქვს, თითქოს იმაზე ფიქრობდეს, ვინ იყო ის სამი ადამიანი. შემდეგ მოულოდნელად ბრუნდება ჩემკენ, მხურვალე თითებით სახეს მიჭერს და მკოცნის. მკოცნის, მაგრამ ისე არა, როგორც გუშინ. თითქოს სადღაც ეჩქარება, თითქოს სხვაგანაა, თითქოს ვინმეს რამეს უმტკიცებს. -რაილი, - მაჯებზე ვეჭიდები. - რა ხდება? -არაფერი. - ამბობს და შუბლშეკრული თვალებში მიყურებს. ცოტა ხანში კი გვერდულად ეღიმება და ცერა თითებს ჩემს ღაწვებზე ფრთხილად ასრიალებს. - არაფერი, უბრალოდ შენ... შენ... -დარჩი. - ვეუბნები და მის დაბნეულ მზერას ვაკვირდები, რომელიც გაკვირვებით იცვლება. -მშობლებს შევპირდი, რომ... -ამ ღამით აქ დარჩი. - ვგრძნობ, რომ მარტო ყოფნა არ მინდა. ოღონდ დღეს არა. ვიცი, რომ ეს შიშია. ამის აღიარება არ მინდა, მაგრამ საკუთარ ქვეცნობიერს ვერსად გავექცევი. ყველაზე საშიში ხომ სწორედ ის შიშია, რომელზეც ვერ საუბრობ. რაილი აქამდე შეკავებულ ჰაერს ფილტვებიდან ათავისუფლებს და ჩემკენ იხრება. ჯერ ლოყაზე მკოცნის, შემდეგ კი თითებთან ერთად ყელისკენ მიიწევს და მხარზე ჩერდება. კაბის სქელ ქსოვილს ფრთხილად აცურებს მხრებიდან. მოდუნება არ მიჭირს, ყველაფერს ისე ამაღელვებლად და სასიამოვნოდ აკეთებს. თვალებს ვხუჭავ და არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემს წარმოსახვაში რაილის ჭიშკარზე ჩამოკიდებული სიზმრისმჭერი მსუბუქად ქანაობს. ამას ისე ცხადად ვხედავ, ვიდრე მაშინ პირისპირ. ტანზე ეკალი მაყრის და სანამ ცახცახი ამიტანდეს, ბიჭს მხრებზე ვხვევ ხელებს. რაილის თითები ჩემი შიშველი ბეჭებისკენ მისრიალებენ, წელზე მებჯინებიან და ქვემოთ მაცურებენ. თვალებდახუჭული ვეძებ მის ბაგეებს და ვცდილობ, მხოლოდ მის თითებზე ვიფიქრო, რომლებსაც ჩემი კაბის ქვეშ ვგრძნობ. -დავრჩები. - ამბობს ის ჩემს ნიკაპთან. ტუჩებიდან გადმოფრქვეული მსუსხავი ჰაერი ყელზე დამათრობლად მეფინება და ჩვენი აჩქარებული სუნთქვა ერთმანეთს უღიმის. რაილი პერანგს იძრობს და ზემოდან მოქცეული ჩემს სხეულს ეკრობა. *** ყვირილი მაღვიძებს. გოგოს ყვირილი. ბალიშიდან თავს სწრაფად ვიღებ და ვაყურადებ. არაფერია. იქნებ ქუჩიდან შემოვიდა? ალბათ. ჩემ გვერდით საწოლი ცარიელია. ბალიშზე ბარათია წარწერით „საიმედო სიახლოვე“. მეღიმება. ბარათს უჯრაში ვინახავ, ვდგები, ხალათს ვიცვამ და ის-ისაა ოთახიდან უნდა გავიდე, რომ ღიად დარჩენილი კარის ჭრილში ჩრდილის ციალს ვხედავ. იმ წამს იქიდანვე შემოსული ნიავი თმას მიფრიალებს. ადგილზე ვშეშდები და დაძაბული ვაშტერდები ჭრილის მიღმა ფოიეა. შეუძლებელია ორპირი იყოს. მე ხომ ჯერ ფანჯარაც არ გამიღია? უცბად კარი მკვეთრად იღება და შემოვარდნილი ქარი სხეულს მიყინავს. მოულოდნელად უხილავი ძალა მაჯებზე მეჭიდება და წინ მიმათრევს. გული მისკდება. ვყვირი. სხეულს ვეძალავები, რომ ადგილზე დავრჩე, მაგრამ სრულიად უძლური ვარ. ფილტვებში ჰაერის ნაცვლად მიწას ვგრძნობ. ძალა ფოიეში მიმათრევს. ხელები მთვარეულივით წინ მაქვს გაშვერილი. იატაკზე დაგებული ნოხი ფეხ-ქვეშ სრიალებს და იხვეტება. მაჯები მტკივა. მტკივა, რადგან რაღაც არაადამიანური ძალით მიჭერს. მგონია, სადაცაა ძვლები გაიბზარება. კიბემდე ყვირილით მივხოხავ, შემდეგ კი თავს ვეღარ ვიმაგრებ და საფეხურებზე ვგორდები. უცნაურია, ამჯერად ტკივილს ვერ ვგრძნობ. სამაგიეროდ ერთიანად ცივი ვარ. წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ შემდეგ ვხვდები, რომ სახლის მთავარ შემოსასვლელ კარზე ზურგით ვარ აკრული. სხეულს ვერ ვამოძრავებ. სუნთქვა სულ უფრო მიხშირდება. ასე მგონია, სადაცაა გავსკდები და ნაწილებად ვიქცევი. უცბად ქარი სახეზე მეცემა. ლოყასა და სხეულზე შეხებას ვგრძნობ, თითქოს ჩემზე ვიღაც იყოს აკრული. მაგრამ აქ არავინაა. შემდეგ კი ყურთან ხმა მესმის, რომელიც ისტერიულად, მუდარით და ხრინწიანი ხმით სწრაფად იმეორებს: - წადი, წადი, წადი, წადი, წადი, წადი, წადი, წადი!... და არ მთავრდება. -ლისა, ლისა! - შორიდან მოგუდული ტონალობით ჩამესმის ძახილი. - ლისა! - ცოტა ხანში ხმა იკვეთება და თვალებს ვახელ. ზემოდან ოფლით შუბლდაცვარული რაილი დამყურებს. საკუთარი გულის ცემა მესმის. ვხვდები, რომ ის ყველაფერი სიზმარი იყო, მაგრამ სხეულს მაინც ვერ ვძრავ. ასე მგონია ისევ კარზე ვარ აკრული. - სიზმარი იყო ლისა, სიზმარი. - ბუტბუტებს რაილი და ჩემს წამოყენებას ცდილობს. მეც ვცდილობ დავეხმარო. - შემომხედე, კარგად ხარ? - თითებს სახეზე მაკრობს, საკმაოდ მჭიდროდაც კი. ალბათ შევაშინე. ხო, შევაშინე. ეტყობა. - იღიმი, - ამბობს. - ესე იგი კარგად ხარ. ვცდილობ მზერა მის ნაცრისფერ თვალებს გავუსწორო, მაგრამ ჩემი ფოკუსი ხარვეზით მუშაობს. -თავბრუ მეხვევა. - ვბუტბუტებ და ახლარა ვგრძნობ, რომ პირი მშრალი მაქვს. -ემოციის ბრალია. წყალი დალიე. - რაილი ჭიქას მაწვდის. მეც მაშინვე ვცლი. ნელ-ნელა ცნობიერება მიბრუნდება. - აბა, როგორ ხარ? - გმადლობ, კარგად ვარ. - თავს ვუქნევ. რაილი შვებით ოხრავს. - არ მითხრა, რომ ვყვიროდი. - დარცხვენილი ქვემოდან ვუყურებ. ის კი წარბებს ზემოთ სწევს. - ღმერთო! -სახეზე ხელებს ვიფარებ. -ლისა, - მაჯებზე მის თითებს ვგრძნობ. ხელებს ქვემოთ მაწევინებს და საწოლზე ჩემ წინ ჯდება. - არ ინერვიულო. გუშინდელი ამბის გავლენაა. -ალბათ. - ხმას ვიწმენდ და ის ყვირილი მახსენდება. -თუ გინდა მომიყევი. - რაილი მომლოდინედ მიყურებს. ნამძინარევი თვალები აქვს, ოდნავ შეშუპებული, მაგრამ ალბათ ჩემ გამო, მაინც ანთებული. შიშველი მკვრივი მკერდი მშვიდად აუდ-ჩაუდის. მისი გამომეტყველება სანდო და გამგებიანია. ის დარჩა. ის ჩემთან დარჩა. ყველაფერი რიგზეა. სიზმარი არაფერს ნიშნავს, ისევე, როგორც დანარჩენი „წადი ამ სახლიდან“. არაფერს უნდა ნიშნავდეს. არ მინდა, რომ რამეს ნიშნავდეს. შემდეგ ვუფიქრდები, რა იქნებოდა, ამ სიზმრის შემდეგ გამოღვიძებული მარტო რომ ვყოფილიყავი და უსიამოვნო განცდა სუნთქვას მიკრავს. რაილისკენ ვიწევი და ვეხვევი. თვალებს ვხუჭავ და თითებს მის თმაში ვაცურებ. ისიც მეხვევა და მკლავებს შიშველ ზურგზე მაკრობს. რაილის ვგრძნობ. მის კანს, მხრებს, გულის ცემას, სურნელს ვგრძნობ და ვმშვიდდები, როგორც დედის ნამღერი იავნანას შემდეგ. -გმადლობ, რაილი... - ვჩურჩულებ მის კისერთან. -რისთვის? -აქ რომ დარჩი. გმადლობ, რომ დარჩი. -სიამოვნებით. - ამბობს ის და ტონზე ვხვდები, რომ ეღიმება. მხარზე მკოცნის და ჩემს თმას ეფერება. შემდეგ კი ყველაფერი იმაზე ჩვეულებრივ გრძელდება, ვიდრე წარმოვიდგენდი. დილის ვნებიანი წუთები, აბაზანა, საუზმე და დამშვიდობება, რომელსაც მას შემდეგ გავურბივარ, რაც მის შესახებ გავიგე. ახლა კი ჩემი სახლის წინ ვდგავარ, შინისკენ მიმავალ რაილის ვუყურებ და რეალობა თვალწინ მიყენებს იმ ფაქტს, რომ დამშვიდობებას ვერ ავცდი. ხუთი დღით. ღმერთო! საკუთარ თავზე მეცინება. რაილის მხოლოდ ორი კვირაა ვიცნობ, მე კი მასთან ვიწექი. და ახლა მის ჩამოსვლამდე დღეების დათვლას ვაპირებ. ვოხრავ. ქუსლებზე ვტრიალდები და სახლში კმაყოფილი შევდივარ. კარს ვხურავ თუ არა, მის დანახვაზე სიზმარი მახსენდება, მაგრამ სასწრაფოდ მუსიკას ვრთავ მაღალ ხმაზე და ფიქრებს ვფანტავ. ოთახების მოწესრიგების შემდეგ რამდენიმე საათით სტატიაზე ვმუშაობ და დასარედაქტირებელ ვერსიას მისის ლოუს ვუგზავნი. იქვე მადლობას ვეუბნები გუშინდელი მასპინძლობისთვის. ვივიენი ამბობს, რომ საღამოს შემეხმიანება სტატიის თაობაზე და მეც ვემშვიდობები. საღამოს ცხრა ხდება. არ ვიცი, რა გავაკეთო. ცოტას ვჭამ, რაილის მოკითხვის შეტყობინებას ვუგზავნი და საძინებელში წიგნის წასაკითხად ავდივარ, მაგრამ გულს ვერც მას ვუდებ. ცოტა ხანში მისის ლოუ მირეკავს. რადგან წინ კიდევ რამდენიმე დღე მაქვს, რედაქტირებას მომავლისთვის ვგეგმავ. შემდეგ კი იდეა მომდის, ხვალ ქალაქი დავათვალიერო. თუ მერის ეცლება, იქნებ მეგზურობა გამიწიოს. იმით გახარებული, რომ მომდევნო დღეს უქმად არ გავიყვან, მშვიდად ვიძინებ. *** -ლისა... ლიისააა... - ჩამესმის ტკბილი ხმა, თითქოს ვიღაც ჩემს სახელს ღიღინებდეს. - ლისა. - ჩურჩულებს ისევ ხმა. ძილიდან გამოსვლა არ მინდა, ისე მსიამოვნებს ეს ღიღინი. კირაა? ვერ ვარჩევ. გამოჩნდი, რა, გამოჩნდი. - ლისა, რას აკეთებ? - ხმა ფრთხება და ჩურჩულს წყრომა ეპარება. - არა, ლისა, არა. - ხმა შეშინებულია. ვიბნევი. მე ხომ მძინავს. მე არაფერს ვაშავებ. რატომ გაქრა ტკბილი ღიღინი? მინდა, ვუთხრა, რომ არაფერს ვაკეთებ, მაგრამ თითქოს არც კი ვარსებობ. - ლისა, ლისა, ლისა, ლისა. - ჩურჩულებს ხმა უკვე ისტერიული ტონით და სიცივეს ვგრძნობ, თუმცა კონკრეტულად სად, არ ვიცი. მე ხომ არ ვარსებობ. - ლისა, ეს არ გააკეთო, გესმის? არ გააკეთო, ლისა. არა, არა, არა! - ხმა უკვე ყვირის, კივის, წივის და ნელ-ნელა მშორდება. მაგრამ იმავე წამს ყვირილს ზუზუნი ცვლის. არა, ეს უფრო ბზუილია. ხო, ეს მწერების ბზუილია, რომელიც თანდათან მიახლოვდება და ყურთასმენას მიხშობს. შემდეგ ვგრძნობ ყელზე, ნიკაპზე, კისერზე, თმაში, სახეზე, მაგრამ არა ტანზე. მეხვევიან, დაცოცავენ. ისტერიკაში მყოფი ვკივი. ისინი კი ამით სარგებლობენ და პირში მიძვრებიან. ყელი მეკაწრება, გული მერევა, ვეღარ ვსუნთქავ, მცხელა, სისხლის გემოს ვგრძნობ. ვახველებ, მაგრამ ვერ მშველის. სუნთქვა მეკვრის და მგონი ვკვდები კიდეც. ერთიანად ოფლში მოცურავეს მეღვიძება. გულის ფეთქვას მთელი სხეულით ვგრძნობ. ღმერთო! ეს რა იყო? საერთოდ რა მჭირს? ეს რა სიზმრებს ვხედავ? შუბლზე ხელს ვისვამ. ვხურვარ. საწოლიდან ვდგები და სანამ სააბაზანოში შევიდოდე, ფანჯარას ვაღებ. დილის გრილი ჰაერი სასიამოვნოდ მეხვევა სხეულზე და ტემპერატურას ანეიტრალებს. ღრმად ვისუნთქავ სიოს მოყოლებულ მუხის სურნელს და ცოტას ვმშვიდდები. ის-ისაა უკან ვიხევ, რომ ფანჯრის რაფაზე მოფუსფუსე ბუზს ვხედავ. ყურებში სიზმრიდან გამოყოლებული ბზუილი ჩამესმის და უკან ვიხევ. ბუზს ისე ვუყურებ, თითქოს სადაცაა საზარელ მონსტრად გადაიქცევა. მინდა ეს ფაქტი გულგრილად მივიღო, მაგრამ არ გამომდის. ტუმბოდან რვეულს ვიღებ, რაფას ფრთხილად, ჩასაფრებული მონადირესავით ვუახლოვდები და მწერს ვკლავ. რვეულითვე გარეთ ვისვრი და აბაზანაში ისეთი ამაყი შევდივარ, თითქოს მიზანში სროლაში ჩემპიონობა მომეპოვებინოს. *** -მშვენიერია. თორმეტ საათზე გარეთ შევხვდეთ. - ვეუბნები მერის და ტელეფონს ვთიშავ. ძალიან გახარებული ვარ მისით. ისეთი ჰუმანურია... სხვა ალბათ მის ადგილას ათას საქმეს მოიმიზეზებდა. ძალიან, ძალიან გამიმართლა. მერი შემპირდა, რომ მუზეუმს მაჩვენებს. შემდეგ კი ფორსაიტის პარკის ისეთ ადგილებს დამათვალიერებინებს, რაც მე არ მინახავს.. ბოლოს კი სავანას საუკეთესო სანაყინეში ალუბლის ნაყინს გამასინჯებს. გეგმა მშვენიერია. სემს ბურთი მოაქვს. ამბობს, დაპირება უნდა აასრულო და მეთამაშო, თორემ გადამგდებს დაგიძახებ, მერე კი ამის გამო დედა დამსჯისო. აშკარა შანტაჟს აქვს ადგილი. ხელიდან სახვევს ვიხსნი. ჭრილობა შეხორცებულია, მაგრამ გამხმარი სისხლის კვალი მაინც ამჩნევია. სულ ოდნავ ისევ მტკივა, მაგრამ არა შემაწუხებლად. მახსენდება, როგორ გავიჭერი და უცბად ვხვდები, რომ მას შემდეგ თაგვის ხმაური აღარ გამიგია. საძინებლიდან გავდივარ და ფოიეში ჭერზე კიბეს ვხსნი. სხვენში ფრთხილად ავდივარ და იქაურობას ვათვალიერებ. როგორც ჩანს თაგვის ვარიანტი არასწორი იყო. არც სუნი დგას რამე მსგავსი, მხოლოდ მტვრის. ფუღუროები ამჯერადაც არ ჩანს. უკვე მგონია, რომ ეს სახლი ჩემით ერთობა. უკვე ჩასვლას ვაპირებ, რომ ფანჯარასთან კუთხეში მიყუდებულ ჩარჩოში ჩასმულ სურათებს ვხედავ, რომლებითაც აქამდე არ დავინტერესებულვარ. კედლებს არ აწყენთ რამე გემოვნებიანი ნახატები. იმის გამო, რომ ფანჯრის შუქი სხვენს დიდად არ ჰყოფნის, ნათურას ვანთებ და სურათებისკენ მივდივარ. ორიოდე ნაბიჯში კი ის ხდება, რასაც აქამდე ბუნდოვნად ველოდი. იატაკი ტყდება და მარცხენა ფეხი მივარდება. უკანალით მტკივნეულად ვეცემი. საღამურის შარვალი დიდად ვერ მიცავს. ფეხი მუხლამდე მეწვის. -ჯანდაბა! - ვყვირი გაღიზიანებული. ოდნავ უკან ვხოხდები და ნატეხიდან კიდურს ფრთხილად ვაძრობ. შარვალი აქა-იქ გახეულია. კანი გაკაწრულია, თუმცა საბედნიეროდ სისხლი არ ჩანს. მუხლებზე ვდგები და ღრმულს უკმაყოფილოდ დავყურებ. ჯერ ფანჯარა, ახლა ეს ! ღმერთო! ეს ალბათ ის ადგილია რამდენჯერმე რბილად რომ მომეჩვენა. ნამდვილად ისაა. ახლა ამის დრო ნამდვილად არ მაქვს. მოგვიანებით ხელოსანს გამოვიძახებ. სავარაუდოდ იატაკის მთლიანად შეცვლა მომიწევს. ვოხრავ და ის-ისაა უნდა წამოვდგე, რომ ღრმულიდან წამიერად სინათლე კრთება. ხელის გულებს იატაკზე ვაწყობ, ვიხრები და იატაკქვეშა სიბნელეს ახლოდან ვაკვირდები. ვერაფერს ვხედავ, მხოლოდ მტვრის და სიძველის სუნი ამოდის. არადა დამეფიცება, რომ რაღაც ნამდვილად გაკრთა, თითქოს სარკეს მზის სხივი წამიერად აერეკლოს. ჰმ! იდეა დიდად არ მხიბლავს, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მძლევს. ხელს ღრმულში ვყოფ. იმაზე ღრმაა, ვიდრე ველოდი, რადგან იატაკს უკვე ლოყით ვეყრდნობი, როცა ქვემოთ სიმყარეს ვგრძნობ. თითებს ვაცეცებ. ჯანდაბა! ხელზე აბლაბუდები მეხვევიან. რამდენიმე წამში ხელი რაღაც მყარზე და ცივზე მიხვდება. მგონი ლითონია. თითებით ვსინჯავ. დიდი არაა და კუთხოვანია. ყუთს ჰგავს. ვეჭიდები და ვიღებ. ღრმულში ამოსვლა ცოტა უჭირს და პარკეტის ოდნავ მომტვრევა მიწევს. ყუთს იატაკზე ვდებ, ხელს ვიწმენდ და ნივთს დავყურებ. ეს ზარდახშაა. მტვრით და ობობას ქსელებითაა დაფარული, მაგრამ აშკარად ეტყობა, რომ ძალიან ძველი, ლამაზი და ძვირფასია. რამდენი ხანია, რაც აქ დევს? ან რატომ დევს იატაკში ასე გასაიდუმლოებულად? ვის ეკუთვნოდა? ქვედა ტუჩს ვიკვნეტ. ინტერესით ვკვდები, ისე მაინტერესებს, რა არის შიგნით, მაგრამ თან... თან თითქოს რაღაც მაბრკოლებს. ალბათ მისი სიძველე, მისი შენახვის ადგილი, მისი ისტორია, რომელიც არ ვიცი. მოუსვენრობა მიპყრობს. ვდგები, ზარდახშას ვიღებ და საძინებელში ჩავდივარ. პირველ რიგში ფეხს ვუვლი და ვიცვამ. შემდეგ კი ნაპოვნ ნივთს მაგიდაზე ვდებ და მის გასუფთავებას ვიწყებ. რაც უფრო ეცლება მტვერი, მით მეტად მაფორიაქებს. სავარაუდოდ ვერცხლის უნდა იყოს. მისი სილამაზე მნუსხავს. სიგრძეში დაახლოებით რვა დიუმის და სიმაღლეში ოთხი დიუმის სიგრძის ყუთი, პატარა მორკალულ ფეხებზე დგას. გარშემო ერთიანად ფოთლების ორნამენტებითაა მოჩუქურთმებული. თითებს ზედაპირზე ვატარებ. რა თქმა უნდა ცივი და ხაოიანია, მაგრამ მაინც მსიამოვნებს კანით მისი მკაცრი ზედაპირის შეხება. ასე მგონია, ჩემთვისაა. თითქოს უკვე წლებია ჩემია, მაგრამ მისი კუთვნილება არ მაკმაყოფილებს. მის სუნსაც კი ვგრძნობ, ერთდროულად სიძველის, მეტალის და სისუფთავის სურნელი აქვს. თითებს ფრთხილად ვაყოლებ ნაპირებზე. კუთხეებში შავი გიშრის პატარა თვლები უზის. სახურავის შუა ნაწილში ფოთოლს მუცელი ოდნავ აქვს ამოზნექილი და სახელურის ფუნქციას ასრულებს. მასზე კი ასო „M”-ია ამოტვიფრული. ალბათ მისი მფლობელისთვის სპეციალურად დაამზადეს. მართლაც, რომ ორიგინალური საჩუქარია. ჯანდაბა! ნუთუ შესაძლებელია, რომ ეს ზარდახშა იმ ოჯახს ეკუთვნოდა, რომლის აქ ცხოვრების დროსაც პირველად დაიწვა სახლი? მისი ვიზუალით თუ ვიმსჯელებთ, ეს სრულიად დასაშვებია. სკამიდან ვდგები, ფანჯარასთან მივდივარ და ამ სილამაზეს შორიდან ვუყურებ. გახსნა მინდა, ძალიან მინდა, მაგრამ... მაგრამ რა, ლისა? რა მოხდება? ღმერთო ჩემო, არც არაფერი! ზარდახშას სწრაფად ვუახლოვდები და სახურავს ვხდი. იმ წამს ჩემს ოთახში წკრიალა, ზარდახშისთვის დამახასიათებელი მუსიკის ხმა იღვრება. კრიალა, წყლის წვეთებივით კამკამა ბგერები სმენას ისე სასიამოვნოდ ხვდება, რომ ტანზე ეკალი მაყრის. ეს იავნანაა. ძველი, ტკბილი იავნანა პატარა ციცქნა ვარსკვლავზე. მეღიმება, მაგრამ ამასთან მთელს სხეულში მტეხავს. ვერც კი ვხვდები, როდის ასწრებენ ცრემლები ლოყებზე ჩამოსრიალებას და მკლავებზე დაწვეთებას. მახსოვს, კარგად მახსოვს ის ღამე, როცა დედამ მე და კირას უკანასკნელად გვიმღერა ეს სიმღერა. მის საწოლზე ვიწექით. ჯოანას ჩვენი ხელები ჩაებღუჯა, გულზე მიეკრო და მღეროდა. მე მის მხარზე თავჩამოდებულს დამეძინა. ალბათ კირასაც. დილით კი დედას ჩემი ხელი აღარ ეჭირა. არც ეძინა... საერთოდ დედა იქ აღარ იყო. მას შემდეგ ამ იავნანასთვის ყური არსად მომიკრავს. ახლა კი ამ ტკბილ და ამასთანავე ცივ მოგონებას პირდაპირ დავეჯახე. ერთ საშინელ წამში. ვოხრავ, ცრემლებს სწრაფად ვიწმენდ და ზარდახშას სათავსოს ვათვალიერებ. მუქი წითელი ხავერდის კედლებით ორი პატარა განყოფილება აქვს. შუაში შავი შუშის ერთგვარი სცენაა, რომელზეც ქალის თოჯინა დგას. ერთ ხელში ქოლგა უკავია, მეორეში პატარა გოგონას ხელი. ქანდაკება მუსიკასთან ერთად წრეზე ტრიალებს. სახურავის შიდა მხარეს სარკეა, უკვე დაბინდული და დალაქავებული სარკე მოჩუქურთმებული ჩარჩოთი და ასევე შავი გიშრის თვლებით. თავად ზარდახშა ცარიელია. სკამის საზურგეს ვეყრდნობი და ვფიქრობ, რა მოვუხერხო ამ უზომოდ დახვეწილ ნივთს. მაგრამ საათი მატყობინებს, რომ გამზადების და ექსკურსიაზე წასვლის დროა. ზარდახშას თავსახურს ვახურავ. მუსიკა წყდება და ოთახში ისეთი სიჩუმე ისადგურებს, თოვლიანმა დილამ რომ იცის. ეკალი მაყრის და მკლავებს ვისრესავ. მომზადებისას წამდაუწუმ ზარდახშისკენ გამირბის თვალები. ნეტავ რაილი მალე ჩამოვიდოდეს. 6 თავი *** ექსკურსია იმაზე მრავალფეროვანი გამოდის, ვიდრე ვგეგმავთ. მერი გვერდით მიზის, სემი მანქანის უკანა სალონშია და აჟიტირებული ხშირად თავსდება წინა სავარძლებს შორის. იმაზე მეთათბირება, რომელ პარკში ვითამაშებთ ბურთს. გამომდინარე იქიდან, რომ ფორსაიტის გარდა არც ერთ პარკს ვცნობ, გადაწყვეტილების მიღებას სრულიად მას ვანდობ. მანქანას რივერ სთრითზე ვაჩერებთ და სანაპიროს ფეხით მივუყვებით. მზიანი, ცხელი ამინდია, მაგრამ სავანას მდინარიდან წამოსული ნიავი ტემპერატურას არეგულირებს. იქვე ბატიბუტს ვყიდულობთ და სეირნობას ვაგრძელებთ. მერი სხვადასხვა ადგილებზე მანიშნებს და მათ დანიშნულებას მაცნობს. სანაპირო ისეთი მშვიდი და ფერადია თავისი მოვლილი სკვერებით, რომ ცხოვრებაში მსგავსი ჰარმონია არ მინახავს. ხანდახან ზარდახშა და ჩემი სიზმარი მახსენდება, მაგრამ ვცდილობ, ყურადღება ამ არაჩვეულებრივი დედა-შვილისგან არ გადავიტანო. ერთხანს ის აზრიც კი მომდის, რომ ზარდახშის შესახებ მერის ვკითხო, მაგრამ რაღაც არ მაძლევს ამის საშუალებას. ჯობია ისევ რაილის დაველოდო. რივერ სთრითზე გემის ფორმის ფანტანს ვაწყდებით. იქვე მოფუსფუსე ტურისტებს ვბაძავთ და გემთან „სელფის“ ვიღებთ. ცოტა ხანში მოფრიალე გოგონას ძეგლი გვხვდება. სანამ მერი მასზე ამბავს მიყვება, ემეტის და მორელის პარკს გავდივართ, სადაც კოხტად გაკრეჭილი ბუჩქები და ფანტანები თავს იწონებენ. ფლორენს მარტუსს, რომელსაც ხალხმა მოფრიალე გოგონა შეარქვა, რომანტიკული ამბავი აქვს. თურმე ის კუნძულ ელბასთან ძმასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც შუქურას დარაჯი იყო... არც ერთი გემი სავანაში ისე არ შევიდოდა და გავიდოდა, მას რომ არ ეთქვა სალამი და არ აენთო შუქურა. ერთხელაც ფლორენსს საზღვაო რიგითი ესტუმრა. მამაკაცს თავიდან განზრახული ჰქონდა, რომ გოგონა მისი მორიგი რომანტიკული თავგადასავლის გმირი იქნებოდა, მაგრამ მას ფლორენსი მართლაც შეუყვარდა. ხოლო როდესაც მის გემს ქალაქიდან მოულოდნელად გამგზავრება მოუხდა, მამაკაცმა გოგონას თავისი საზღვაო ჩალმა აჩუქა და დაჰპირდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა სავანაში და ცოლად შეირთავდა. ამბობენ, რომ ფლორენსი სწორედ იმ ჩალმით იმშრალებდა ცრემლებს, როდესაც სატრფოს გემს აცილებდა. მას შემდეგ წლები გავიდა, მამაკაცი არ დაბრუნებულა, მაგრამ ფლორენსი ქალაქში შემოსულ ყველა გემს ჩალმის ფრიალით ხვდებოდა. უცნაური ისტორია კია... საინტერესოა, თუ იმ მეზღვაურს ასე ძალიან უყვარდა მოფრიალე გოგონა, რატომ გაჰყვა გემს და რატომ არ დარჩა მასთან? ჰმ! ამასობაში ქუჩას ვჭრით და სავანას დამაარსებლის - ჯეიმს ედვარდ ოგლეთორპის სახელობის ავენიუზე ვუხვევთ და მის ძეგლს ვაწყდებით. მერი ოგლეთორპის გალერეაში მთავაზობს შესვლას და მეც სიამოვნებით ვთანხმდები. ქალი მშვენიერ გიდობას მიწევს. შეკითხვების დასმაც კი არ მჭირდება, ყველაფერს მიყვება, რაც საჭიროა. სერ ჯეიმსის დევიზიც კი იცის:“ არა ძლიერი ალკოჰოლური სასმელების სულები, არა მონები, არა კათოლიკეები და არა ადვოკატები.“ მეცინება. მონები გასაგებია, მაგრამ დანარჩენებმა რა დააშავეს? გალერეადან გამოსულნი ტელფაირის მუზეუმს ვსტუმრობთ, რომელსაც ულამაზესი გამწვანებული ბაღი აქვს უამრავი ქანდაკებით. ამასობაში სადილის დრო დგება და მერის „ოლდ ფინქ ჰაუზში“, დიდ ვარდისფერ რესტორანში შევყავართ, სადაც სუშით ვნაყრდებით. დესერტად კი ბრაუნს ვიღებთ. შემდეგ კი „ლეოპოლდის ნაყინში“ მერი შეპირებულ ალუბლის ნაყინს ყიდულობს. აქ ისეთი მრავალფეროვნებაა, ალბათ ამ სანაყინეს დავიზეპირებ. მანქანამდე ფეხით მივსეირნობთ. სემი გახარებულია. ბოლო გაჩერება ფორსაიტის პარკია. იცის, რომ იქ ბურთს ვეთამაშები. პარკის იმ ნაწილში, სადაც არ ვყოფილვარ, გაცილებით მეტი ადამიანი იყრის თავს, რადგან, როგორც მერისგან ვიგებ, აქეთ ზონაში ტენისის და კალათბურთის კორტებია. შორიდან ვხედავ კიდეც. -რაილი რომ ჩამოვა , ტენისის სათამაშოდ წამოვიდეთ. - ამბობს მერი. - ჩემი მეუღლის მეტი ვერავინ ამარცხებს. ოჰო, საინტერესოა. ტენისი დიდი ხანია არ მითამაშია, ამიტომ ჩემპიონობის იმედი დიდად არც მე მაქვს. სანამ სემი სათამაშო ადგილს მონახავდეს, ულამაზეს ვარდების ბაღებს გავდივართ. ახლოდან ვათვალიერებ დიდებულ თეთრს შადრევანს, რომელიც ამ ქალაქის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. შემდეგ კი სემი ბურთს მიგდებს და გამომწვევად მეძახის, რომ ჩავაწოდო. *** რვა საათი ხდება, რომ ვბრუნდებით. მანქანას ფარეხში ვაყენებ და სახლში სასიამოვნოდ დაქანცული შევდივარ. სამზარეულოში წყალს ვსვამ, შემდეგ ღვინო მინდება, შემდეგ კი ფანჯრიდან აუზს ვხედავ და ჩემს სურვილებს ვუღიმი. ჩამავალი მზის გავლენით წყლის ზედაპირი ნარინჯისფრად ლივლივებს. ბოკალში ღვინოს ვისხამ და უკანა ეზოში გავდივარ. ღობესთან მწკრივად შემოვლებული მაღალი ბუჩქების გამო ბაღი იზოლირებულია. აუზის წინ ვდგები, ბოკალს ძირს ვდებ, ტანსაცმელს ვიხდი და წყალში თავით ვეშვები. ცოტა ხნით ვყვინთავ, ვცურავ, შემდეგ ღვინოს ვიღებ და ნელა, თითოეული ყლუპის დაგემოვნებით ვსვამ. აუზის ნაპირს ვეყრდნობი, თავს ვდებ და თვალებს ვხუჭავ. წყალი ყელთან მსუბუქად ირხევა და მოდუნებაში მეხმარება. სახლის აურა დღევანდელი დღის მრავალფეროვნებას მალევე აქცევს მუჭში და ყურებში ზარდახშის ნამღერი იავნანა იწყებს დაკვრას. ღვინოს ვწრუპავ. ეს ნივთი მე არ მეკუთვნის. დარწმუნებული ვარ, არც პატრონი ჰყავს. მემკვიდრე ალბათ ამ სახლს არც მიატოვებდა. ზარდახშა საკმაოდ ძვირფასია. მისი დატოვების იდეა თან მხიბლავს, თან არა. რომ არ დავიტოვო, ვის უნდა მივცე? მუზეუმს? წარმოდგენა არ მაქვს. ეს ხომ პირადი ძვირფასეულობაა და არა ნაციონალური განძი? ვოხრავ. ბოკალს ვდებ და ვყვინთავ. მანამდე ვცურავ, სანამ კიდურები არ მეღლება. ცოტა ხნით წყლის ქვეშ ვჩერდები. ვდუნდები და თვალებს ვახელ. მოლივლივე ნარინჯისფერ ცას შავი ღრუბლები შეჰპარვია. უცბად რაღაც კრთება, თითქოს ბაღში ჩრდილმა გაირბინა. დენდარტყმულივით ვიწევი ზემოთ და ფილტვებში ხმაურით ვუშვებ ჰაერს. ბაღს ვათვალიერებ. არავინ და არაფერი ჩანს. ვაყურადებ, მაგრამ მეზობელი სახლიდან გამოსული მუსიკის ხმის გარდა არაფერი ისმის. შუბლზე მიკრობილ თმას უკან ვიწევ, ნაპირთან მივდივარ და ამოვდივარ. ჭიქას ვიღებ, აუზს ვუვლი და წყალჩასული თვალების წმენდით ტანსაცმელს ვეძებ, რომლებიც შეზლონგზე დავყარე, მაგრამ იქ არაფერია. დაბნეული აქეთ-იქით ვიხედები. წარმოუდგენელია! ნუთუ აქ მართლა ვინმე იყო? მოიცა რაა, ტანსაცმელი მომპარეს? ეს ხუმრობაა? -ჰეი! არის აქ ვინმე? - ვყვირი, მაგრამ რომც იყოს რა, გამომეპასუხება? აივანზე ავდივარ და ბაღში შუქს ვანთებ. იქვე მიყრდნობილ აუზის საწმენდ ჯოხს ვიღებ და კიბეზე ფრთხილად ჩავდივარ. ნელა მივყვები ქვის ბილიკს და შორიდან ვათვალიერებ ბაღის წინა მხრეს. იმ წუთას გზაზე მიმავალი მანქანის ფარები იქაურობას წამიერად ანათებენ და უსაფრთხო მდგომარეობაში მარწმუნებენ. უკან ვბრუნდები. ჯანდაბა! ქურდი? ესღა მაკლდა, მეტი საფიქრალი ხომ არც მქონდა?! სანამ სახლში შევიდოდე, კიდევ ერთხელ ვაკვირდები შეზლონგებს, მაგრამ აშკარაა იქ არაფერია. საძინებელში უკმაყოფილოდ ავდივარ და შხაპს ვიღებ. პოლიციაშიც რომ არ დავრეკე? იქნებ „სტუმარმა“ მეტი მოინდომოს? აბაზანიდან გამოსული ყველაფერს ვკეტავ. ფანჯრებიდან ქუჩას და ბაღს ვზვერავ. როცა ვრწმუნდები, რომ ჩემ გარშემო არავინაა, ჩაის ვიმზადებ და საწოლზე კომფორტულად მოწყობილი სტატიაზე მუშაობას ვიწყებ. საქმეში ისე ვერთვები, რომ დრო შეუმჩნევლად გადის და ჩაიც მიცივდება. ლეპტოპს ვხურავ და თვალებს ვიფშვნეტ. ღამის პირველი საათია დაწყებული. აჯობებს გამოვიძინო და წერა დილით განვაგრძო. კომპიუტერს გვერდით ვდებ და ზარდახშას ვხედავ, რომელიც ქურდის შემდეგ აღარც მახსოვდა. ეს ნივთი დიდ კითხვის ნიშნად მექცა. ფინჯანს ვიღებ და სამზარეულოში ჩამაქვს. ამოსული შუქს ვაქრობ და ვწვები. მეძინება, მაგრამ ვერაფრით ვისვენებ. გვერდს ვიცვლი და კედელზე ჩრდილად აკრულ გვირილებს ვათვალიერებ, რომლებიც ლამპიონიდან გადმოღვრილი მელნით ფარდებიდან იხატებიან. ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ! ჰმ! ისევ გვერდს ვიცვლი და თვალებს ვხუჭავ. რამდენიმე წამის შემდეგ ჩემი მობილური ინთება. მისი მკრთალი შუქი მაფხიზლებს. საბნიდან ხელს ვყოფ და ტელეფონს ვიღებ. დღეს რაილი არ შემხმიანებია და ალბათ ისაა. მაგრამ სამწუხაროდ იმედი მიცრუვდება. არაფერია. უკმაყოფილოდ ვაქრობ და ტუმბოზე ვაბრუნებ. რამდენიმე წამში იგივე მეორდება. საწოლიდან ვიწევი და მობილურს ზემოდან დავყურებ. არც ზარია, არც შეტყობინება. ეკრანს ვაქრობ, ზურგს ვაქცევ და თვალებს ვხუჭავ. უკვე მთვლემს, რომ ვიბრაცია მაფხიზლებს. ვინ უნდა რეკავდეს? ვითომ ამჯერად მართლა რაილია? იქნებ კირა? საბნიდან ზანტად ვყოფ ხელს მობილურის ასაღებად, რომ რაღაცას ვედები. მგონი ფარდაა. ვცდილობ თითების მოძრაობით გავწიო, მაგრამ არაფერი გამომდის. -ჯანდაბა! - წუწუნით ვიწევი საწოლიდან და თვალებს ვახელ. ფარდა. ის ჩემი არაა. ის მოძრაობს, მაგრამ არა ქარის გამო. ის დალაქავებულია. ფარდის მარჯვნივ და მარცხნივ ჭუჭყიან ხელებს ვხედავ, უცნაურად დაძარღვულ ხელებს. ფარდა ქვემოთ იწევა და ჩემი გულიც ისე მიჰყვება თან, თითქოს ვინმე ნელა და მტანჯველად ექაჩებოდეს. ადგილზე ვიყინები და ვგრძნობ, როგორ მბოჭავს შიშის განცდა. ფარდა შავი ბურთით სრულდება. მაგრამ ეს არაა ბურთი. ეს თავია შავი თმით, რომელიც ნელა იწევა ზემოთ და მე ვიღაც მიყურებს. ვიღაც, ვისაც საზარელი თეთრი თვალები, შავი ტუჩები და ნაცრისფერი კანი აქვს. -ძილი ნებისა. - ამბობს, მაგრამ ტუჩებს არ ამოძრავებს და კივილსაც კი ვერ ვასწრებ, იმდენად სწრაფად მექცევა ზემოდან და ხელებს თვალებზე მაფარებს. სანამ ტკივილს ვიგრძნობდე, ყურში რაღაც სასიამოვნო წკარუნი ჩამესმის. და შემდეგ ყელში გაჩხერილი ბურთით მეღვიძება. საწოლის საზურგეზე დამფრთხალი ვსწორდები. გულზე მიკრობილ ლეპტოპს ხელს ვუშვებ და გაოფლილ შუბლს მაისურის სახელოთი ვიწმენდ. ღმერთო, ეს რა ჯანდაბა მესიზმრა? ღრმად ვსუნთქავ და პირით გაყინული თითების გათბობას ვცდილობ. კედელზე ჩამოკიდებული საათი დილის ოთხის ოც წუთს მიჩვენებ. ჩაის ფინჯანიც ფანჯრის რაფაზე დგას. საწოლიდან ვდგები და მაგიდაზე მოთავსებულ ზარდახშას ვავლებ თვალს. ნივთი ბზინავს. ისე ბზინავს, მგონია, რომ სუნთქავს. არ ვიცი ეს სიზმრის გამოა თუ ქურდის გამო. ზარდახშას ვიღებ და გარდერობის ზედა თაროზე ვინახავ. კარს ვხურავ და სააბაზანოში პირის დასაბანად შევდივარ. გამოსული ადგილზე ვშეშდები. ჩემი მოპარული შარვალი და მაისური საწოლზეა მიფენილი. მუცელში რაღაც მიტრიალებს. როგორ? ეს როგორ? ისინი ხომ?... ადგილს ვწყდები და მთელ სახლს ვამოწმებ. ყველა კარი და ფანჯარა დაკეტილია ისე, როგორც დავტოვე. აფორიაქებისგან მამცივნებს. ტანსაცმელს სარეცხის მანქანაში ვყრი და სანამ დავწვებოდე უჰაერობის გამო ფანჯარას ოდნავ ვაღებ. ტუმბოზე ჩამოდებულ მობილურს ზურგს ვაქცევ და საბანში ცხვირს ვყოფ. სიოსგან შერხეული ფარდების გამო, გვირილების ჩრდილები კედელზე დაცურავენ. თვალებს ვხუჭავ და დედაზე ვფიქრობ. *** დილის შვიდი საათია. ყურსასმენებს ვიკეთებ და სარბენად გავდივარ. ფიქრისგან ლამისაა თავი გამისკდეს. რა დაემართა ჩემს ტანსაცმელს? სად გაქრა შეზლონგიდან და როგორ აღმოჩნდა შუა ღამით ჩემს საწოლზე? თუ ვინმემ გახუმრება, უფრო სწორად ჩემი შეშინება სცადა და მაისური და შარვალი ცურვის დროს ამაცალა, დაკეტილ სახლში როგორ შემოაღწია და გავიდა? თან მანამ, სანამ მე სააბაზანოში პირი დავიბანე. მერე ეს სიზმრები? „წადი ამ სახლიდან“? ჩამქრალ-ანთებული ქურა? მაისური? ღმერთო, მაისური,, რომელიც სემთან და რაილისთან სადილობისას ავარჩიე! ეს მოგონება ადგილზე მაშეშებს. ხელებით მუხლებს ვეყრდნობი და ღრმად ვსუნთქავ. ფილტვები მიმძიმდება. ყურსასმენებს ვიძრობ და სასოწარკვეთილი ვათვალიერებ დილის სავანას, ქალაქს, რომელიც ჩამოსვლის შემდეგ სიმშვიდეს მპირდებოდა. ვათვალიერებ ფერად სახლებს, მათ გამწვანებულ, მოვლილ ბაღებს და ვხვდები, რომ სიმშვიდე ქალაქში კი არა, ჩემ თავში უნდა ვიპოვო. იქ უნდა ვიპოვო, სადაც მიიმალა: გონებაში, სურვილებში, მოგონებებში. არა, თავი ხელში უნდა ავიყვანო. ყველაფერი გაირკვევა, ყველაფერი მოგვარდება. აუცილებლად. ყურსასმენებს ისევ ვიკეთებ და ვცდილობ, აცახცახებული მუხლების მიუხედავად სირბილი განვაგრძო. ღმერთო, კირა, როგორ მჭირდები!... *** სახლში მობრუნებულს მერი გარეთ მხვდება. ცისფერი სიფრიფანა სარაფანი აცვია, თავზე თეთრი ჩალის ქუდი ახურავს და თეთრ ღობესთან ვარდებს რწყავს. -ჰეი! - ხელს მიქნევს ის დანახვისთანავე. გზის მეორე მხრიდანაც კი ვხედავ მის გაბრწყინებულ თვალებს. მერისთან მივდივარ და მის ღობეს ვეყრდნობი. - ვხედავ, აქაურობა კარგად მოირგე, არა? - მეკითხება. წუხანდელი ღამის შემდეგ ცოტა ირონიულად ჟღერს, მაგრამ მეზობელს მაინც ვუღიმი. -სხვაგვარად არც შეიძლება. -მშვენიერია, ასეც უნდა იყოს. - თავს მიქნევს ის. შემდეგ ამბობს. - მისმინე, ლისა. რამე თუ დაგჭირდება, ჩემთვის თქმა არ მოგერიდოს. კარგი? -კარგი, არ მომერიდება. მადლობა მერი. -ოჰ, რას ამბობ, ძვირფასო. - სარწყავ მილს გაზონზე აგდებს და ხელთათმანებს იძრობს. -სემიმ გაიღვიძა? - ვეკითხები. -გაიღვიძა და თავის დას ელაპარაკება. - თვალებს ატრიალებს ის. -მისმინე, ერთი იდეა მაქვს. თუ შუა დღე დაგეგმილი არ გაქვს, იქნებ ერთად გვესადილა ჩემთან? - ვთავაზობ, მაგრამ მაინც უხერხულობას ვგრძნობ. არ მინდა, ხათრით დამთანხმდეს. თავს ბოლომდე არ ვუტყდები, მაგრამ, მგონი მარტო ყოფნა არ მინდა. -მშვენიერი იდეაა! სემს ძალიან გაუხარდება. დღეს სატაცურის მომზადებას ვაპირებდი. - ხელის გულებს ერთმანეთს აწებებს მერი და ისეთი აღტაცებით მიყურებს, რომ წეღანდელი უხერხულობის შეგრძნება მთლიანად მიქრება. ალბათ ზუსტად მისნაირი იყო მიაც. ღმერთო, მია. ის ხომ ჩემს სახლში მუშაობდა?! -მართლა? - აზრების გაფანტვას ვცდილობ. - მაშინ მე სტეიკს და პომიდვრის საწებელს მოვამზადებ. გპირდები, გემრიელი იქნება. დედას რეცეპტია. დედა კი კულინარი იყო. -ესე იგი წინ კულინარიული სიამოვნება გველის. - თვალს მიკრავს და იცინის. -ოთხზე გელოდები! მერი თავს მიქნევს. დროებით ვემშვიდობები და საძინებელში ავდივარ. წყალს ვივლებ და სამზარეულოში ჩამოსული წინსაფარს ვიკეთებ. შემდეგ რაილის ვურეკავ, მობილურს სფიქერზე ვაყენებ და მაცივრიდან ხორცს ვიღებ. მპასუხობს თუ არა მეღიმება. მომხდარზე არაფერს ვეუბნები. არ მინდა იმ ყველაფერზე ფიქრი. ახლა რაილის ხმა მჭირდება, ახლობელი, იმედიანი, მხიარული და მზრუნველი. ფიფქიას თურმე შვილი შეძენია და ბიჭი კვიცს უვლის. ამბობს, დედასავით თეთრი არაა, მაგრამ ძალიან ლამაზიაო. მის ფოტოს მიგზავნის და მპირდება, რომ პირადადაც გამაცნობს. შემდეგ მე ვუყვები გუშინდელ ექსკურსიაზე, სემთან ბურთით თამაშზე და მისი ჩამოსვლის შემდეგ ტენისის თამაშის გეგმის შესახებ. რაილი გამოწვევას იღებს. ამბობს, რომ ალბათ კიდევ ოთხი დღე იქ იქნება. ოთხი დღე. გული მიმძიმდება, ისე მებევრება ოთხი დღე. არადა ალბათ საჭიროა მისი იქ ყოფნა. სხვა შემთხვევაში ხომ არ წავიდოდა? ამიტომ, ენის წვერზე მომდგარ ზარდახშის ამბავს არ ვახსენებ. შემდეგ ჩვენს სადილსა და სტეიკზე ვეუბნები. მენიუს გაცნობა მის მადაზე მოქმედებს და ამბობს, მაგიდაზე მეოთხე თეფშიც დადეთო. მასთან საუბარში დრო შეუმჩნევლად გადის. სადილი მზადდება და ამასობაში მეზობლებიც მსტუმრობენ, რაილის მოკითხვას უთვლიან და სამივე ერთად ვემშვიდობებით. *** მერის სატაცური საუცხოოა. განსაკუთრებით ჩემს სტეიკთან და წითელ ღვინოსთან ერთად. სემი დაიკოსთან საუბრის შესახებ გვიყვება და სახლის სიმშვიდეს აღარ დაეძებს, ერთი სული აქვს ჩამოვიდეს, რომ მე გამაცნოს. -ლისა, რაილი მოგწონს? - მეკითხება ხუჭუჭა მოულოდნელად. დასალევად აღებული ბოკალი ჰაერში მიშეშდება. მერი შვილს თვალებს უბრიალებს, თუმცა ვამჩნევ, რომ არც ისეთი გაბრაზებულია. წამიერად ღიმილიც კი უკრთის. ტუჩებს ვილოკავ და ვცდილობ, დაბნეულობა არ შევიმჩნიო. შემდეგ რაილის ღიმილი მახსენდება, მისი მხრების აჩეჩვა, ხელზე სამაჯურის ტრიალი. „საიმედო სიახლოვე“. როგორ შეიძლება არ მომწონდეს? ღვინოს ვწრუპავ და მეღიმება. -სემ, რატომ მეკითხები? - მერის ვანიშნებ, არა უშავს-თქო. -რა ვიცი, ისე. - ბავშვი მხრებს იჩეჩავს. - გოგოებს ნათლიასნაირი ბიჭები მოსწონთ. ფილმებში მინახავს. -ხოო, მართალი ხარ. შენი ნათლია ნამდვილად სიმპათიურია. - წარბებს ზემოთ ვწევ და მერის ეშმაკურ ღიმილს ვაწყდები. -გულებს უხატავ ხოლმე? - მეკითხება ინტერესით. -არა, სემ. - მე და დედამისი გულიანად ვიცინით. -გეთანხმები, სასაცილოა. იცი, სანამ სკოლა დამთავრდებოდა, ჩემმა კლასელმა სოფი-ელისმა მითხრა მომწონხარო და ყვითელ ფურცელზე დახატული გული მაჩუქა. არა, მეც კი მომწონს, მაგრამ ეს გული რა საჭირო იყო? ოჰ, ეს გოგოები. - ოხრავს სემი და ყველის ნაჭერს პირში იგდებს. შემდეგ კი სკამიდან დგება. - შეიძლება საქანელაზე დავჯდე? -რა თქმა უნდა, სემ. - თმას ვუჩეჩავ და გასულს ღიმილით ვაცილებ. -ყურადღებას ნუ მიაქცევ. - ხელს იქნევს მერი, თუმცა თვალებში მაინც უკრთის ცნობისმოყვარეობა. სანამ ყავას მოვამზადებდე, მერი მაგიდის ალაგებაში მეხმარება. შემდეგ ფინჯნებით ხელში სასტუმრო ოთახში გავდივართ. -საოცარი ბავშვია. - ვეუბნები ქალს. - ხანდახან მგონია, რომ მასში იმაზე დიდი ასაკის ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე თვითონაა. -შენ ჯერ ერთი თვეც არაა, რაც იცნობ. მე კი მას შემდეგ მაკვირვებს, რაც ლაპარაკი ისწავლა. ღმერთო, იმედი მაქვს მომავალში მისი ეს ხასიათი მხოლოდ წარმატებებს მოუტანს. -ნამდვილად სანერვიულოა. -ნამდვილად. მით უმეტეს, რომ ადამი, ჩემი მეუღლე, ხშირად არაა ჩვენს გვერდით. -ალბათ ძალიან ძნელია, არა? -კი. არ ვწუწუნებ. სანამ ვიქორწინებდით, მისი გეგმების შესახებ ვიცოდი. ჯერ კიდევ შეყვარებულობის დროს ხშირად გვილაპარაკია სამხედრო სამსახურზე, ერთმანეთისგან შორს ყოფნაზე. მაგრამ, როცა გიყვარს, მინიმალურზეც თანახმა ხარ. მეღიმება და მერის თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. -რაილი კი ძალიან მეხმარება. ის ძალიან კეთილია. - მერის მზერა მადლიერებით აქვს სავსე. მაშინვე სხვენში, ფანჯარასთან მომუშავე რაილი მახსენდება. - რაღაც მხრივ მისი დამსახურებაა სემი რომ ასეთია. მია რომ ცოცხალი ყოფილიყო, წარმომიდგენია რა იქნებოდა მაშინ. - სევდიანად იღიმის ქალი და წამიერად თითქოს მოგონებებში იკარგება. -როგორ დაიღუპა მია? - ვეკითხები. ვიცი, არასწორია იმ ინფორმაციის მალულად მისგან გამოძალვა, რომელიც რაილისგან ვერ მივიღე, მაგრამ ინტერესი მკლავს. მერი მიყურებს და ყოყმანობს. როგორც ჩანს, არც მას უნდა მიაზე საუბარი(?). განა რა მოხდა ასეთი? დედის სიკვდილი ჩემთვისაც მძიმე იყო და ახლაც არის, მაგრამ ამის მოყოლას გვერდს არასდროს ვუვლი. საკუთარ ტკივილზე საუბარი ერთადერთია, რაც მას ამსუბუქებს. -ალბათ ჯობია, ეს რაილიმ გიამბოს. - მორიდებით ამბობს მერი. - ხომ ხვდები, უბრალოდ... მე არ შემიძლია... -მესმის, მესმის, - ვაწყვეტინებ. - არა უშავს, მესმის და მართლაც ასე აჯობებს. -არ გეწყინოს... -რას ამბობ, მერი! იმ წუთას ქალს მობილურზე ურეკავენ. ბოდიშს მიხდის და პასუხობს. მე კი მიაზე ფიქრს განვაგრძობ. მაგრამ მალევე მისი ძმა მახსენდება. ოთხი დღე... ღმერთო, როდის გავა ეს ოთხი დღე?! ცოტა ხანში მერი ამბობს, რომ სახლში უწევს გადასვლა მშობელთა კომიტეტის საქმეებთან დაკავშირებით და სემს ცოტა ხნით ჩემთან დატოვებს. სადილისთვის მადლობას ვეუბნები და ვაცილებ. ოთახში მობრუნებული დივანზე მოწყვეტით ვჯდები. თვალებს ვხუჭავ თუ არა, მაშინვე ჩემი სიზმარი მახსენდება. ის... ღმერთო, ვინ იყო? რა იყო? რატომ მესიზმრა? რა საშინელება იყო?! საიდან მოხვა ჩემს ქვეცნობიერში? და გუშინწინდელი სიზმარი? და იმის წინანდელი? მგონი, რაღაც ფსიქოლოგიური აშლილობა მჭირს და ვერ ვხვდები. ვოხრავ და წუხანდელი სიზმრიდან მოყოლებული წკარუნის ხმას ვიხსენებ, იმ კრიალა ხმას და უცბად ვხვდები, საიდან მეცნობა. ეს ხომ სიზმრისმჭერის ხმაა. მიას გაკეთებული სიზმრისმჭერის. იმავე წამს ისეთი აზრი მომდის, რომ საკუთარი თავისაც კი მიკვირს. კი, მიკვირს, მაგრამ უკვე გვიანაა, რადგან გონება მას ერთადერთ გამოსავლად აღიქვამს, თითები კი მობილურზე რაილის ნომერს ეძებენ. -ჰეი! - მპასუხობს ის. -გამარჯობა. -როგორ ჩაიარა სადილმა? -გემრიელად. - მეღიმება, მაგრამ სათქმელი მაინც მიცვლის ხასიათს. არც კი ვიცი, როგორ უნდა დავიწყო. -ლისა, - სიჩუმეს არღვევს რაილის შეფიქრიანებული ხმა. - რამე მოხდა? -არა. უბრალოდ... მე... იცი, მე რაღაც მინდა გთხოვო, მაგრამ... ვიცი, ეს ჩემი მხრიდან არასწორია და ვალდებული არ ხარ, დამთანხმდე... -ლისა, ლისა... - მაწყვეტინებს ბიჭი. - მითხარი, ასეთი რა უნდა მთხოვო? -მე... შეიძლება?.. შეიძლება ცოტა ხნით მიას სიზმრისმჭერი ვითხოვო? - ვამბობ სწრაფად და ვჩუმდები. ველოდები, რომ მიწყენს და მართალიც იქნება. - რაილი, უარს თუ მეტყვი, გავიგებ, მართლა... -ლისა, რად გინდა სიზმრისმჭერი? - ცივი და შეშფოთებული ხმა აქვს. თვალებს მაგრად ვხუჭავ, თითქოს ამით ჩემს ნათქვამს უკან დავაბრუნებდე. -საშინელ სიზმრებს ვხედავ. - ვბუტბუტებ. -ღმერთო ჩემო, ლისა! - ოხრავს ის. -ვიცი, ალბათ სულელი გგონივარ, მაგრამ ის... არ ვიცი, უბრალოდ ის... -გაჩუმდი, გაჩუმდი. აიღე. შეგიძლია აიღო. -რაილი... -მართლა ლისა. თუ გჭირდება და თუ გგონია, რომ სასიკეთოდ წაგადგება, აიღე. -გმადლობ. - შვებით ვათავისუფლებ შეკავებულ ჰაერს. - მალე ჩამოდი... - ვჩურჩულებ. -ოთხ დღეში, ლისა. -ჰო, ვიცი, უბრალოდ „საიმედო სიახლოვე“ უკვე პესიმისტურად ჟღერს. რაილის ეცინება. მე კი არა. -თავს გაუფრთხილდი, კარგი? -კარგი. -დროებით, ლისა. -დროებით, და გმადლობ კიდევ ერთხელ. მობილურს ვთიშავ და ოდნავ დამშვიდებული ოთახს ვავლებ თვალს. მენატრება. მენატრება. რა უცნაურია. სასიამოვნოდ უცნაური. თავს ვიქნევ და ვდგები. ბაღიდან სემის სიცილი მესმის და მეც მეცინება. ყავის ფინჯნებს ვიღებ და სამზრეულოში გასვლას ვაპირებ, რომ ფანჯრიდან ხუჭუჭას ვხედავ. სემი ხან ქრება, ხან ჩნდება. ის აიწონა-დაიწონაზე ზის, სახელურს მძლავრად ჩასჭიდებია და გულიანად კისკისებს. მაგრამ... მეორე მხარეს? მეორე მხარეს ვინ ზის? ვითომ ბავშვმა ბაღში მეგობარი შემოიპატიჟა? ერთ ნაბიჯს გვერდით ვდგამ და სემის მეწყვილეს დანახვას ვცდილობ, მაგრამ მეორე მხარე ცარიელია. ფიცარი ზემოთ-ქვემოთ ქანაობს, მაგრამ მასზე არავინ ზის. სემი აიწონა-დაიწონაზე მარტოა. სუნთქვა მეკვრის და ვერც კი ვიგებ, როგორ მივარდება ფინჯნები ხელიდან. გონზე მსხვრევის ხმას მოვყავარ. ყავა ღია ფერის იატაკს შავად სვრის. -სემი! - ვყვირი თავზარდაცემული და სამზარეულოს გავლით ბაღში გავრბივარ. სახლს ვუვლი და მუხასთან გულამომჯდარი მივდივარ. ბავშვი სათამაშოდან გადმოდის და ჩემკენ ბრუნდება. - სემი, სემი! - მისკენ ვიხრები, ხელებს მხრებში ვტაცებ და მთელი ძალით ვიხუტებ. იქაურობას ვათვალიერებ, მაგრამ არავინ და არაფერია ჩვენ გარდა. ფეხები მიცახცახებს. ხელები მეყინება. -ლისა. - ბავშვი დამფრთხალი ხმით მეძახის და დაბნეული მიყურებს ქვემოდან. -სემი, კარგად ხარ? - მის წინ ვიმუხლებ და თავს ვუჭერ. წყლიანი ნაცრისფერი თვალები აღელვებულები შემომცქერიან. -კი. რამე დავაშავე? - მეკითხება გულუბრყვილოდ. სიმწრისგან მეცინება და ბავშვს გულში ვიკრავ. -არა სემ, არაფერი დაგიშავებია. - ვცდილობ, ცოტა ხნით მაინც დავმშვიდდე, რომ ის არ შევაშინო. თვალები უკვე გაჩერებული აიწონა-დაიწონასკენ გამირბის. - წამოდი, შევიდეთ. მაცივარში შოკოლადის ნაყინი მაქვს. - ბავშვს ხელს ვკიდებ და სახლში შევდივართ. - სემ, შენ იქ, გარეთ... მმ... აიწონა-დაიწონაზე მარტო იყავი? - ვცდილობ სასხვათაშორისო ტონი მქონდეს. -მარტო? - სემი იცინის. - მაგაზე მარტო როგორ დაჯდები? არა, ერთი გოგო იყო. ბაღში რომ გავედი, მაშინ მოვიდა. -გოგო? - გაოგნებული შევყურებ. იქ ხომ არავინ იყო. ღმერთო, არც აიწონა-დაიწონაზე და არც ბაღში არავინ იყო. ნაყინი კოვზით გადამაქვს თასში, სემს ვაძლევ და მაგიდასთან მის წინ ვჯდები. -ხო, ალბათ ჩემხელა იქნებოდა. მე არ ვიცნობ. პირველად ვნახე. მიმტკიცებდა, აქ ვცხოვრობო. ვუთხარი, აქ ლისა ცხოვრობს მეთქი, მაგრამ... სემი ლაპარაკს განაგრძობს, მე კი აღარაფერი მესმის. სიტყვების ნაცვლად ჩემამდე გუგუნი აღწევს. ბავშვი ბაღში, რომელიც სემს ელაპარაკა, რომელიც აიწონა-დაიწონაზე ეთამაშა, რომელიც ამბობს, რომ ჩემს სახლში ცხოვრობს. მე კი ის უბრალოდ ვერ დავინახე. ვერ დავინახე იმიტომ, რომ ის იქ არ იყო. მაგრამ რაღაც იყო. აშკარად იყო რაღაც. სხვანაირად სათამაშოს მხოლოდ სემი ასე მძლავრად და მონდომებით ვერ აამოძრავებდა. -სემ, სემ... - უცბად გამოფხიზლებული მოტიტინე ბავშვს ვაჩერებ. - სემ, რა ერქვა იმ გოგოს? როგორ გამოიყურებოდა? -ჯულია ჰქვია. ჭუჭყიანი კაბა და დახეული ფეხსაცმელი ეცვა. კი შემეცოდა, მაგრამ არაფერი ვუთხარი. იქნებ ღარიბი ოჯახიდანაა. ლისა, რატომ თქვა, რომ ამ სახლში ცხოვრობს? - ინტერესით მეკითხება სემი. -ა-არ ვიცი სემ. იქნებ სახლი მოეწონა... - შუბლს ნერვიულად ვისრეს. საფეთქლებში რაღაც ცხელი ნემსებივით მერჭობა. -ძმაც ჰყავს, ლეო ჰქვია. - ამბობს ის და ნაყინს გემრიელად შეექცევა. - მაგრამ ის კარებთან იდგა, არც კი მომესალმა, მგონი ეწყინა ისიც რომ არ ვაკატავეთ. რა უცნაურია, ნეტავ ვინ არიან? ალბათ შენსავით ახლახან გადმოვიდნენ სავანაში. სემს შევყურებ და წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვუთხრა. ბაღის ჩაკეტილ კარზე არაფერს ვამბობ. მე იმ სურათის წარმოდგენა მაგიჟებს, როგორ ქანაობს სემი მარტო აიწონა-დაიწონაზე. შემდეგ კი ირკვევა, რომ იქ გოგონა იჯდა, სახელად ჯულია. -სემ, - ხმა მიწყდება და ყელს ვიწმენდ. - სემ, მათზე რამე უცნაური ხომ არ შეგინიშნავს? -კი, ძალიან ღია ფერის თვალები ჰქონდა ჯულიას. თმა კი ეფარებოდა, მაგრამ მაინც დავინახე. რომ იცინოდა ჭუჭყიანი კბილები უჩანდა. წარმოგიდგენია, როგორი ღარიბები არიან? როგორ ფიქრობ, მეორედ რომ ვნახავ, ტანსაცმელი რომ ვაჩუქო, ეწყინებათ? - ცნობისმოყვარედ მიყურებს სემი. მე კი სუნთქვა მიჭირს. კისერი დაჭიმულობისგან მიქვავდება. მინდა, რომ თმა მუჭში მოვიქციო და თავიდან გონებაში ღრმად მიჩქმალული, გულისგან გადამალული ფიქრები ამოვატივტივო. -მეორედ რომ ნახავ? - ვეკითხები ბავშვს. ნაყინის ჭამა დაუსრულებია. -მითხრა, ჩვენ აქ ვიქნებით და არსად წავალთო. -სემი, აჯობებს სახლში წახვიდე. კარგი? - დენდარტყმულივით ვდები სკამიდან და ბავშვს ხელს ვუწვდენ. -კარგი. - მხრებს იჩეჩავს ის და ტუჩებს მუწავს. -სემ, - ვოხრავ. - ახლა საქმეები მაქვს, სტატიაზე უნდა ვიმუშაო. არ გეწყინოს, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. ამაზე ხომ უკვე შევთანხმდით? - ის იღიმის და თავს მიქნევს. - და მოდი, ჯერ-ჯერობით ჯულია და ლეო ჩვენი საიდუმლო მეზობლები იყვნენ, რას იტყვი? -მაგარია! ჩვენ საიდუმლო გვექნება! - ბავშვი აღფრთოვანებულია და მუშტს ჰკრავს. საპასუხოდ მეც მუშტს ვახვედრებ და სახლამდე ვაცილებ. მობრუნებული შუა გზაზე ვდგავარ და სახლს, რომელიც ჩემი სიმშვიდის გარანტია უნდა ყოფილიყო დაზაფრული შევყურებ. *** ტროტუარს ნელა მოვუყვები. ირგვლივ საღამოს სურნელი ტრიალებს. ჩიტების ჭიკჭიკი და მოლურჯო-მონაცრისფრო ცა თითქოს ყველაფერს ნორმალურის ელფერს აძლევს, მაგრამ მიას გაცრეცილი ვარდისფერი სიზმრისმჭერი და მისი დანიშნულება სულს მიფორიაქებს. რატომღაც მგონია, რომ მისი ხმა სიზმარში ტყუილად არ ჩამესმა. ღმერთო! საძინებელში ავდივარ და სიზმრისმჭერს საწოლის საზურგის რკინის ჩუქურთმაზე ვკიდებ. ნეკის ფრჩილისხელა ზანზალაკები კრიალა ხმებს გამოსცემენ. მტვრისგან გამუქებული ბუმბულები რბილად ირხევიან. თვალი, რომელზეც ეს ყველაფერია შებმული, ცისფერი, სალათისფერი, ყვითელი და ვარდისფერი ძაფებითაა შეკრული. სიძველის მიუხედავად, ნივთი მაინც ძალიან ლამაზია. ვნახოთ, გაამართლებს თუ არა იმედებს. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და პირველ სართულზე დამსხვრეული ფინჯნების ასახვეტად ჩავდივარ. ცოცხს და სახვეტს ვიღებ და მისაღებ ოთახში გამოსული სახტად ვრჩები. იატაკი სუფთაა. ფინჯნები შიგნით დარჩენილი ყავით მაგიდაზე უვნებლად აწყვია. უკან ვიხევ და კედელს ვეყრდნობი. ვხვდები, რომ რაღაც საშინელებასთან მაქვს საქმე, მაგრამ ვერ ვხვდები, რასთან. გულაჩქარებულს მუხლები მეკვეთება და იატაკზე ვჯდები. რა გავაკეთო? 7თავი *** დროის სვლა ფიქრებში მეკარგება. რეალობას რომ ვუბრუნდები, გარეთ სიბნელე მხვდება. ფანჯრებს მიღმა ლამპიონები ნარინჯისფრად ანათებენ. ხელში ისევ სახვეტი მიკავია. ძირს ვაგდებ, ფეხზე ვდგები და ოთახში შუქს ვანთებ. მკვდრეთით აღმდგარი ფინჯნები სამზარეულოში გამაქვს და წყალს ვსვამ. ერთხანს ვდგავარ და სახლს ვაყურადებ. სიწყნარეა. მხოლოდ გარედან შემოდის ქუჩაში მიმავალი გოგონების კისკისი. ათს ოცი წუთი უკლია. გათიშული ვარ, თითქოს აზროვნების უნარი ამომაცალეს თავიდან. ნივთებს ვათვალიერებ და მათ მნიშვნელობებზე ვფიქრობ. მოგვიანებით ვხვდები, რომ რაღაც სისულელეს ვაკეთებ. საძინებელში ავდივარ, საწოლზე ვჯდები და ლეპტოპს კალთაში ვიდებ. ასე ვერ ვიდგები და ვერ დაველოდები რაღაც უჩვეულოს მოხდენას. ასე შეიძლება ჭკუიდან გადავიდე. თავს ვიმხნევებ, კომპიუტერს ვხსნი და ვივიენის სტატიას ვარედაქტირებ. საქმეს ღამის პირველ საათზე ვრჩები. მუშაობის დროს ფაქტობრივად არაფერი მახსოვს, გარდა სტატიისა. ნამუშევარს მისის ლოუს მაილზე ვუგზავნი და ვდგები. საფიქრალი ერთმანეთში ფერადი ძაფებივით ირევა და თავში ქაოსი მაქვს. საწოლს დავყურებ და ტანზე ეკალი მაყრის. აქ უნდა დავიძინო. მე აქ უნდა დავიძინო. „ - მითხრა, ჩვენ აქ ვიქნებით და არსად წავალთო.“ მახსენდება სემის სიტყვები და წამიერად მაკანკალებს. საბანს ვაძრობ და საღამურებს ვიცვამ. ვერ ვისვენებ. გული ცუდს მიგრძნობს. შუქს ანთებულს ვტოვებ და ვწვები. ძილი მინდა, ძალიან მინდა, მაგრამ აჩქარებული გულის ცემა ხელს მიშლის. ბალიშს ზემოთ ვწევ და ზედ ვეყრდნობი. შემდეგ მობილურს ვიღებ, რაილისთან ჩათს ვხსნი და ტექსტის აკრეფას ვიწყებ, რომ რაღაც ხმა მესმის. სისწრაფის თუ სუნთქვის ხმა. მაშინვე საძინებლის ოდნავ ღიად დატოვებულ კარს ვაჩერდები და სუნთქვას ვიკრავ. -ლისა. - მესმის უცბად ჩურჩული, რომლის ექოც ჩემს ყურამდე ნიავად აღწევს. შუბლზე ჩოლკა ოდნავ მერხევა. დამფრთხალს მობილური ხელიდან მივარდება და საწოლის კუთხეში ვჩოჩდები. ფეხებს საბნის ქვეშ ვკეცავ. ჰაერს სწრაფ-სწრაფად ვისუნთქავ რომ არ გავიგუდო. - ლისა. - იმეორებს ხმა ჩემს სახელს. ტონი ეცვლება, თითქოს სადმე ეჩქარებოდეს. ღმერთ, ღმერთო, ღმერთო... შიშის ნერწყვს ვყლაპავ, საბანს ვიძრობ და საწოლიდან ფრთხილად ვდგები. უნდა ვნახო რა არის. უნდა ვნახო. ეს ჩემი სახლია. მე უნდა დავიცვა ის და მან უნდა დამიცვას მე. სხვა გზა არაა. ყველა პრობლემა მე უნდა გადავჭრა. თაროდან რკინის სასანთლეს ვიღებ და კარს ნელა ვუახლოვდები. ფოიეს მხოლოდ ჩემი ოთახიდან გასული შუქი ანათებს. ზღურბლს ვაბიჯებ. ჯერ მარჯვნივ ვიხედები, შემდეგ მარცხნივ და იმ წამს კიბის გვერდით, ცარიელი ოთახის კარში მოძრაობას ვხედავ. შეშინებული ადგილზე ვხტები. იქ ვიღაც შევიდა. ღმერთო, იქ ვიღაც შევიდა. ქალია, რადგან კაბის გრძელმა მატერიამ კარზე აიფრიალა. დავარდნილ სასანთლეს სწრაფად ვიღებ. -ვინ ხარ? - ვყვირი. ხმა მითრთის. ოთახს ვუახლოვდები და სასანთლეს მთელი ძალით ვუჭერ თითებს. ამავე ძალით რომ მოვიქნიო, შეიძლება ადამიანი მოვკლა. არავინ მპასუხობს. - ჰეი! ვინ არის აქ? - ვცდილობ საკუთარ თავს დავაჯერო, რომ ყველაფერს მოვერევი. კარს თითებით ფრთხილად ვეხები და ნელა ვაწვები. ბნელა. ხელს ცახცახით ვუსვამ კედელს და ჩამრთველს აჩქარებით ვპოულობ. ოთახი ნათდება, მაგრამ ის ცარიელია. აქ არავინაა. შიგნით შევდივარ და კარის უკანა მხარეს ვამოწმებ. სად გაქრა? სად წავიდა? ის-ისაა დაჭიმული კუნთები ოდნავ მიდუნდება, რომ ხმა ისევ მესმის ზურგიდან. -ლისა! დენდარტყმულივით ვბრუნდები და სასანთლეს ხმის მოსაგერიებლად ვიწვდენ. -ღმერთო, ღმერთო... - ვჩურჩულებ და ადგილზე ვბორგავ. თვალები მებინდება. წამწამებს სწრაფად ვაჭერ ერთმანეთს, რომ მხედველობა გავითავისუფლო. ცხელი ცრემლები ლოყებზე მორბიან. ჩემ წინ ვიღაც დგას. არ შევმცდარვარ - ქალია. უფრო სწორად ახალგაზრდა გოგო. გრძელი ყვავილებიანი, გულთან დალაქავებული სარაფანი აცვია, აქა-იქ დახეული და დამწვარი. ქერა თმა აქვს, ოდნავ აწეწილი და უკან გადაყრილი. გაფითრებული სხეულის ნაწილი გამურული და დამსკდარი აქვს. მეჩვენება თუ მხრები უთრთის? მის სახეს ვაკვირდები, სახეს, რომელიც ძალიან ნაცნობია და მისი გამომეტყველება შფოთვას მიასმაგებს. ის ღელავს. გაფითრებული მუდარის თვალებით მომჩერებია და ასე მგონია, ცოტაც და იტირებს. -ვინ ხარ? - როგორც იქნა ვახერხებ ხმის ამოღებას და თან ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ. ისიც იმავეს იმეორებს. მის შიშველ ფეხებს ვხედავ. - მანდ დარჩი! - ვყვირი და ხმა მიწყდება. - მითხარი, ვინ ხარ და აქ როგორ შემოხვედი? -ლისა, წადი. - ამბობს ის და ხელს ჩემკენ იწვდენს. -რატომ, გამაგებინე, რა ხდება აქ? - ჩემი ნერვები აფეთქების პირასაა. სხეული უკვე ცახცახს ვეღარ აკონტროლებს. -წადი, წადი ამ სახლიდან! - მეუბნება ხვეწნით. ღმერთო! „წადი ამ სახლიდან“. ეს ფრაზა!.. ის იყო? ის იყო. ამ სიტყვებს ის ამბობდა, ის მწერდა, ის მიგზავნიდა... ღმერთო ჩემო! -ვინ ხარ? მითხარი, რატომ უნდა წავიდე ამ სახლიდან? -მე... - გოგო მოუთმენლად იწყებს, მაგრამ უცბად ჩერდება, გვერდით იყურება და თვალებს აცეცებს, თითქოს ვინმე არასასურველის დანახვას ცდილობდეს. - არა... - ჩურჩულებს ის და თავს იქნევს. - არა, არა, არა... - იმეორებს ისტერიულად, შემდეგ უკან იხევს, მუხლებზე ვარდება და ხელებს გულზე იკრავს. რაღაცას ბუტბუტებს, მაგრამ არაფერი მესმის. ვიბნევი. სასანთლეს ქვემოთ ვწევ და ოთახს ვათვალიერებ. რა სჭირს? რამის ეშინია? თუ მას ეშინია, მე აქამდე ალბათ მკვდარი უნდა ვიყო. -ეი... - ფრთხილად ვდგამ მისკენ ერთ ნაბიჯს, ის კი მოულოდნელად ფეხზე დგება და ხელებგამოწვდილი ჩემკენ მოიწევს. შეშინებული სწრაფად ვიხევ უკან მანამ, სანამ კედელს არ ვეჯახები. -ლისაა! - ყვირის ის და ქრება. გულაჩქარებული ოთახს ვათვალიერებ. ვგრძნობ, როგორ მიცურავენ ოფლის წვეთები ყელიდან მკერდში. რატომ გაქრა? სად წავიდა? ნეტავ რის თქმას აპირებდა? რის შესახებ მაფრთხილებს? ნუთუ ჩემს თავს ისეთი საშინელება ხდება, რომ ამ... ამ გოგოსაც კი ეშინია? ლისა აღიარე, აღიარე, რომ ის ჩვეულებრივი გოგო კი არა, სული იყო, ან რაღაც, რაღაც არაამქვეყნიური... სხვაგვარად რეალობას თვალს ვერ გაუსწორებ. სხვაგვარად გაგიჭირდება. მოულოდნელად კარი ხელნაკრავივით ხმაურით იხურება. ელდანაცემი ორი წამით გაშეშებული ვდგავარ, შემდეგ კი ადგილს ვწყდები, ურდულს ვეჭიდები და კარის გაღებას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. -ვინ არის აქ? კარი გააღე, გესმის? კარი გააღე! - ვყვირი გაღიზიანებული, მაგრამ აშკარაა, არავის ესმის. ან ესმის და სულ ფეხებზე ჰკიდია. გარეთ დგას და იცინის. - ჯანდაბა! - კარს სასანთლეს ვესვრი და გამწარებული მუშტებს ვურტყამ მანამ, სანამ თითები არ მტკივდება. ვბრუნდები, კარს ზურგით ვეყრდნობი და გაოფლილ შუბლზე თითებს ვიკრობ. ჩემი სახლი... ჩემი სახლი შეპყრობილია! ეს აზრი პანიკაში მაგდებს. ახალი ენერგიით ვუბრუნდები კარის სახელურს და მთელი ძალით ვექაჩები. შემდეგ მუშტებს ვუშენ და ვყვირი. მერე ისევ ურდულს ვეძალავები. მოულოდნელად კარი იღება და ინერციით უკან ვვარდები. ზურგით და თავით მტკივნეულად ვეცემი. ის-ისაა წამოდგომას ვაპირებ, რომ ჩემ წინ ორ ბავშვს ვხედავ. შეშინებული ვკივი და უკან-უკან ფოფხვით კედელს ვეკრობი. ისინი დგანან. დგანან და მომჩერებიან. მათი გარეგნობით ვხვდები, რომ სწორედ სემის „ღარიბი ნაცნობები“ არიან - ლეო და ჯულია. საზარელ თეთრ თვალებს, რომლებსაც ფერადი გარსის არსებობის კვალიც არ ამჩნევია, არც კი ახამხამებენ. მათი სიჩუმე და უმოქმედობა გულს მიხეთქავს. ასე მგონია, იატაკი უნდა ჩავარდეს და თან ჩამიყოლოს. -რა გინდათ! - ვყვირი საკუთარი თავის გამოსაფხიზლებლად და აცახცახებულ თითებს მუშტებად ვკრავ. ისინი კი არც ირხევიან, თითქოს ჩამოსხმული ქანდაკებები იყვნენ. რამდენიმე წამი ჩვენს შორის ჰაერიც კი ჩერდება. ვხედავ, როგორ დაფრინავენ ნათურის შუქზე მტვრის ნაწილაკები. მათ რა ადარდებთ?! უცბად ბავშვები სინქრონულად ჯერ მუხლებზე დგებიან, შემდეგ კი იატაკზე ფეხმორთხმით სხდებიან ისე, რომ თვალს არ მაშორებენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩემგან რამეს ელიან. მოულოდნელად ოთახში მელოდია ირთვება. კამკამა, კრიალა ხმის იავნანა. დამფრთხალი კიდევ უფრო ვეკრობი კედელს და მუხლებს ვკეცავ. ვგრძნობ, როგორ მისკდება გამომშრალი ტუჩები. ჩვენს შორის ვერცხლის ზარდახშა დევს, მღერის და სცენაზე მოსრიალე დედა-შვილს ართობს. და-ძმა ადგილზე რხევას იწყებს, თითქოს მელოდიას ჰყვებიან და ცეკვას ცდილობენ. გაურკვევლობასა და საფრთხეში მყოფი, მათ საქციელზე წყობიდან გამოვდივარ. -გაეთრიეთ ჩემი სახლიდან! - ვყვირი და ზარდახშას მთელი ძალით ფეხს ვკრავ. ყუთი სწრაფად ცურდება ბავშვებისკენ და მათ სხეულებს ისე გადის, თითქოს ისინი იქ არც ისხდნენ. ბავშვებს მთვარისფერი თვალები საზარლად უფართოვდებათ. ტუჩები ემუწებათ. მხრებში სწორდებიან. ვხვდები, რომ გავაღიზიანე. ახლა ნამდვილად გაქცევის დროა. სწრაფად ვდგები იატაკიდან და ღია კარისკენ გავრბივარ. ჩემი მოკლე ფოიე უსასრულო სიგრძის მეჩვენება. მობილური, მობილური მჭირდება! უნდა დავრეკო. სადმე, ვინმესთან უნდა დავრეკო! ვუახლოვდები თუ არა საძინებელს, ზღურბლზე ბავშვები ისვეტებიან. მოულოდნელობისგან ვხტები და ადგილზე ვიყინები, მაგრამ ადრენალინი დაბნევის საშუალებას არ მაძლევს. მაშინვე უკან ვბრუნდები. ტელეფონი ხომ პირველ სართულზეცაა. იქამდე უნდა მივაღწიო. როგორმე. კიბესთან მისული უცბად თავბრუსხვევას ვგრძნობ. ირგვლივ ყველაფერი ტრიალდება. რაღაცას ჯერ თავს ვურტყამ, შემდეგ მხრებს, მუხლებს, ზურგს, იდაყვებს, ისევ თავს და ასე მეორდება რამდენჯერმე. ცნობიერება რომ მიბრუნდება, პირში სისხლის გემოს ვგრძნობ და ყელში რაღაც მაწვება. სუნთქვას ვცდილობ, მაგრამ მახველებს. თვალებს ვატრიალებ რამის დასანახად. იატაკზე ვგდივარ. როგორც ჩანს, კიბეზე დავგორდი. ან დამაგორეს. ფრთხილად ვიწევი და ვჯდები. პირველ სართულზე ბნელა. ოთახს მხოლოდ გარე განათების მკრთალი სხივები ანათებენ. თავი მტკივა. ალბათ კოპიც დამედო. კიდურებს ვამოძრავებ. საბედნიეროდ არაფერი მომიტეხავს. ტუჩს ვიწმენდ. ხელის ზურგი სისხლით მესვრება. მხოლოდ წამოდგომისას ვგრძნობ, რომ ბარძაყი მტკივა და სიარულში მიშლის ხელს. კედელს ვეყრდნობი და ხელების ცეცებით ჩამრთველისკენ მივდივარ. მალევე ვპოულობ, მაგრამ სულ ტყუილად. სინათლე არ ინთება. ჯანდაბა! დამშვიდდი ლისა, დამშვიდდი! ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. ფილტვები აპროტესტებენ და ისევ მახველებს. მხედველობას ვძაბავ. ტელეფონი ოთახის კუთხეში, მაგიდაზე დევს. ორიენტაციით და სუსტი შუქით მისკენ მივიწევ. დივანს ხელების დახმარებით ვუვლი. ის-ისაა მაგიდას ვუახლოვდები, რომ კისკისი მესმის. საზარელი კისკისი ორ ხმაში. ვბრუნდები და თვალების ცეცებით ხმის პატრონებს ვეძებ. იქვე ჩამოდებულ ღამის სანათს ვიღებ და მოსაქნევად ვემზადები. სიცილის ხმა ექოდ ისმის მთელს სახლში და ჩემს გარშემო მჩხვლეტავ ნოტებად ბრუნავენ. უცბად ჩემს მარცხნივ ლეო ჩნდება, მარჯვნივ ჯულია. საერთოდ არ ეტყობათ, რომ ერთი წამის წინ გულიანად კისკისებდნენ. სანათს მთელი ძალით ვიქნევ. წესით ორივეს თავში უნდა მოხვდეს, მაგრამ სანათი მხოლოდ ჰაერს აპობს და არაფერს ედება. გამწარებული კიდევ რამდენჯერმე ვცდილობ მათი საზიზღარი თავების გახეთქვას, მაგრამ არაფერი გამომდის. უცბად ადგილს ვწყდები და იარაღიანად, ჩემგან დამოუკიდებლად კედელს ვეხეთქები. ასე მგონია, ზურგი მებზარება. ბავშვები მიყურებენ და ვგრძნობ, რომ მათი მზერა იატაკს ნელ-ნელა მაშორებს. ყელში რაღაც მიჭერს, თითქოს უხილავი ხელები მახრჩობენ. კიდურებს ვიქნევ. ყელზე თითებს ვისვამ. მინდა მოვიშორო ის, რაც მბოჭავს, მაგრამ არაფერი გამომდის. თავით უკვე ჭერს ვეყრდნობი. ჰაერში ვფართხალებ. სახე მიხურს. მგონია, რომ მთელი ჩემი სისხლის მარაგი თავში მომექცა, სადაცაა კალაპოტს გადმოსცდება და თავი გასკდება. ვყვირი, მაგრამ ყელიდან მხოლოდ ხრიალი ამომდის. ვიგუდები, ვიგუდები, ვიგუდები და გონებაც მებინდება... მაგრამ გათიშვას არ მაცდიან. მოულოდნელად ძირს ვეშვები და იატაკზე მოკეცილი მუხლებით ვეცემი. ტკივილი წამიერად თვალებს მიბინდავს. ტირილი უკითხავად მივარდება, მაგრამ ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო. ტელეფონისკენ ოთხზე მივბობღავ, მაგიდას ვეჭიდები და მთელი ძალის მოკრებით ვდგები, მაგრამ ტელეფონი იქ არაა. ღმერთო, ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა. მაშინვე კარისკენ ვიღებ გეზს. აქედან უნდა გავიდე. აქედან უნდა გავაღწიო. სხეულის ტკივილი სიარულში ხელს მიშლის, მაგრამ თავის შემაგრებას ვცდილობ. მუცელი მეწვის, ასე მგონია, სადაცაა ცეცხლს ვაღებინებ. როგორც იქნა კარს ვუახლოვდები, მაგრამ როგორც ველოდი ვერ ვაღებ. მთელი ძალით ვეწევი ჩემკენ, მაგრამ არაფერი გამოდის. არ იღება. მაშინვე ვბრუნდები და სამზარეულოში გავდივარ. მისი კარიც დაკეტილია. უფრო სწორად, საკეტებს ვხსნი, მაგრამ მაინც არ იღება. ბარიდან დანას ვიღებ. ვიცი, რომ ეს მათ ვერაფერს დააკლებთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. უიარაღოდ სულ მთლად შიშველი ვარ. კოჭლობით მივდივარ კიბისკენ. შეძლებისდაგვარად სწრაფად მივუყვები საფეხურებს და იმის შიშით, რომ ისევ არ დამაგორონ, სახელურს მთელი ძალით ვეჭიდები. საძინებელში შესვლამდე ოთახს ვათვალიერებ. სიმშვიდეა. ჯერ-ჯერობით. მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ აქ მარტო არ ვარ სიმშვიდის განცდას ოდნავადაც არ მანიჭებს. შიგნით შევდივარ და მაშინვე მობილურს ვუწყებ ძებნას. დანას ჩაჭიდებული ხელი ისე მიცახცახებს, ასე მგონია, ვერასოდეს დამშვიდდება. -სად არის, სად არის... - ვბუტბუტებ სასოწარკვეთილი და იქაურობას ვაბრუნებ. მობილური არსად ჩანს. სამაგიეროდ ზარდახშა ისევ ირთვება. მაგრამ თვითონ მას ვერსად ვხედავ. ისევ იავნანას უკრავს. ისევ მაგიჟებს მისი ნოტები. უკვე აღარ მსიამოვნებს. ეს ხომ სიკვდილია და არა სიმღერა. მელოდიური სიკვდილი. ხმისკენ ვბრუნდები და ველოდები, რომ წინ ის საზიზღარი ბავშვები, არა - მათი სულები დამხვდებიან, რომ სუნთქვა მეკვრის. ტანზე ეკალი კი არა, ნემსები მაყრის... მწიწკნის, მსერავს. ჩემ წინ ვიღაც დგას... არა ვიღაც არა, ეს ის გოგოა, სიზმრიდან. თეთრთვალებიანი. ის კაბა აცვია, მე რომ ფარდა მეგონა. ხელები ისეთივე დაძარღვული აქვს, როგორც სიზმარში. ტუჩებიც ისეთივე შავი. თავი ისე აქვს დახრილი, ნიკაპით თითქმის ყელს ეხება, მაგრამ მაინც მიყურებს. ქვემოდან, დაჟინებით, საზიზღრად, ავისმომასწავებლად მიყურებს. სწორი, ქვემოთ დაყრილი შავი თმა ოდნავადაც არ ერხევა, თითქოს წებოშერეული დაეტოვებინოს. მისგან რაღაც ხმა მოდის... ქარის, თუ გუგუნის...თუ წვის... თითქოს ალმოუკიდებლად იწვოდეს. ვინაა? ღმერთო ეს ვინაა? უკან ვიხევ... მამცივნებს. ასე მგონია, ხუთი წამიც და ყინულის ბოძად ვიქცევი. დანა, რომელიც ხელში მიკავია, უკვე საბავშვო სათამაშო მგონია. ყოვლად გამოუსადეგარი ნივთი. გოგო ქრება და იმავე წამს ერთი ნაბიჯით წინ ჩნდება. ისევ ქრება და სანამ დავინახავდე, ჩემი საწოლის ფეხთან დაგდებულ მობილურს ვამჩნევ. მაშინვე მისკენ ვიხრები და სანამ ხელს წავავლებდე, რაღაც ძალა მუცელში მიტყამს და ოთახის მეორე მხარეს მაგდებს. კომოდს ვეჯახები და ვყვირი. დანა ხელიდან მივარდება. ტკივილს ვუძალიანდები და მობილურისკენ ხოხვით მივდივარ, მაგრამ ის ისევ მიშლის ხელს. ვერც კი ვხვდები, ისე იცვლის ჩემი სხეული მდგომარეობას. ვბრუნდები და ბეჭებით იატაკს ვეხეთქები. მინდა ავდგე, მაგრამ ასე მგონია, რომ მხრებით ვარ დალურსმული. გოგო ჩემ წინ ჩნდება, უფროს სწორად ჩემს ზემოთ. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ჰაერში ლივლივებს და ოდნავ თავგადახრილი უმოქმედოდ დამყურებს. მისი თმა სახეზე მედება. იმაზე რბილია, ვიდრე მეგონა, მაგრამ მისი შეხება მსუსხავს, მაღიზიანებს. მისი არაამქვეყნიურად საზარელი გარეგნობა მზაფრავს. უცბად გოგო ხელს ჩემკენ იწვდენს. ჭუჭყიანფრჩხილებიანი თითებით სახეზე მეხება. -თავი დამანებე! შემეშვი! ნუ მეხები! ნუ მეხები! - ვყვირი ხმის ჩაწყვეტამდე და ისევ ვცდილობ ადგომას, მაგრამ თითსაც კი ვერ ვანძრევ. მინდა ხელები მოვიქნიო და ჩემგან შორს მოვისროლო, მაგრამ სურვილები ფანტაზიაში იკარგება. ის კი თითებს ლოყაზე ასრიალებს და ყელისკენ მიიწევს. ასე მგონია, კანზე შავ ღრმულებს მიტოვებს. ისე მათვალიერებს თითქოს საგამოფენო ექსპონატი ვიყო. ღრმად და სწრაფად ვსუნთქავ. მკერდი დაიღალა, ფილტვებიც დაიქანცნენ. გოგო თითებს ყელზე მხვევს და ნელ-ნელა მიჭერს. ვხვდები, რომ ეს ბოლოა. მორჩა. სუნთქვა თანდათან დაბრკოლებებს აწყდება და მალე ხავილს ვიწყებ. აღარც სხეული ცდილობს წინააღმდეგობას. ახლა გავითიშები. გავითიშები და ვნახავ მერე რა მოხდება. იმედია ვნახავ და წყვდიადში არ მოვექცევი. სანამ მხედველობა დამებინდებოდეს, ვხედავ, როგორ აკვირდება ჩემს ნელ სიკვდილს. შემდეგ კი თვალები მებინდება. ერთი... ორი... სამი... ოთხი... ხუთი... -არა! - საიდანღაც ჩამესმის ნაცნობი ხმით ყვირილი და ორგანიზმი ინსტინქტურად იწყებს გამოფხიზლებას. თავს ძალას ვატან დავინახო რა ხდება და თვალებს ვახელ. უცბად მის მხრებზე ჩაბღაუჭებულ თითებს ვხედავ და იმავე წამს რაღაც ბიძგის წყალობით, ორივე ვერტიკალურ მდგომარეობაში ვრქცევით. ვფართხალებ, რადგან ჰაერში ვარ, მისი ხელი კი ისევ მიჭერს. ყურებში რაღაც წივის. თვალებს ვატრიალებ იმ ხმის პატრონის დასანახად. უკვე ვიცი ვინცაა, მაგრამ მინდა, რომ ვხედავდე. ნაცნობი გოგო, მოჩვენება, თეთრთვალებიანის უკან დგას. უცბად ჩვენკენ იწევა, ხელებს მთელი ძალით ხვევს მას და მეუბნება: - წადი ლისა, წადი! შემდეგ ინერციას ვგრძნობ. კედელს მთელი ძალით ვასკდები და ვითიშები. *** ხელნაკრავივით მეღვიძება და ინსტინქტურად ყელზე ვისვამ თითებს მარწუხების მოსაშორებლად, მაგრამ მაშინვე ვხვდები, რომ აღარავინ მახრჩობს. სხეული მიდუნდება და ჰაერს ღრმად ვუშვებ ფილტვებში. იატაკზე ვწევარ, იქ, სადაც ბოლოს აღმოვჩნდი. წამოდგომის პირველივე მცდელობისას ტანში მტეხავს. ყველაფერი მტკივა. ფრთხილად ვჯდები და ცოტა ხნით თვალებს ვხუჭავ. თავი მისკდება. თითქოს შიგნიდან ათას ჩაქუჩს ერთდროულად მირტყამდნენ. სანამ ავდგები ოთახს ვათვალიერებ. აქაურობა ომის ველს ჰგავს. ჩემი მობილური ისევ საწოლის ფეხთან გდია. მაშინვე მისკენ ვიწევი და ვიღებ. გათიშულია. ალბათ დაჯდა. შეძლებისდაგვარად სწრაფად ვდგები და სატენზე ვაერთებ. კუნთები საშინლად მტკივა. სანამ ტელეფონი ჩაერთვებოდეს, საწოლზე ჩამოკიდებულ სიზმრისმჭერს ვაწყდები და მაშინღა ვიაზრებ, რომ წუხელ გათიშულს სიზმარი არ მინახავს. წარმოუდგენელია, მაგრამ ამაზე მეღიმება კიდეც. საწოლზე ვჯდები და სიზმრისმჭერს თითებს ვუსვამ. ზანზალაკები წკარუნობენ და თითქოს მამხნევებენ. რა მოხდა ღამით? ის, რასაც ახლა ვფიქრობ, საშინელებაა. აზრი, რომელიც თავში მომდის, დაუჯერებელია. მაგრამ ფაქტია. მომატყუეს? მაკლერმა, რაილიმ, მერიმ... მომატყუეს? გრინეის ოჯახი აქ დაიწვა სახლთან ერთად? ის საზიზღარი ტყუპები, რომლებმაც იავნანაზე ცეკვა მოინდომეს, ადვოკატების შვილები იყვნენ? ღმერთო! ნამდვილად ასეა. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. პირდაპირი დამთხვევაა. ბავშვები ნამდვილად ამ სახლში დაიღუპნენ და როგორც ჩანს, მათი სულები აქ რაღაც მიზეზით დარჩნენ, ან გაიჭედნენ, ან... არ ვიცი. კი, მაგრამ რატომ მომატყუეს? რატომ მითხრეს, რომ გრინები აქედან გადავიდნენ? ღმერთო, რა თქმა უნდა! არავინ იყიდდა ამ სახლს რეალური ისტორიით. მე ხომ ისიც სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ სახლი ორჯერ იყო დამწვარი?! ჯანდაბა! ადვოკატი მონიკა მილერი. მან ყველაფერი იცის. მარტო მან არა, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ მხოლოდ ის ეცადა ჩემთვის სიმართლის თქმას. მეტყოდა კიდეც, რაილის რომ არ გაეწყვიტა ჩვენი საუბარი. რაილი. ღმერთო, იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ამ ამბავთან რამე არასასიამოვნო კავშირი აქვს. ისიც საკმარისია, რომ მისი და მია... მია! ჯანდაბა, მია ხომ აქ მუშაობდა? მია აქ მოკვდა? ბავშვებთან ერთად მათი ძიძაც მოკვდა? ტანზე ეკალი მაყრის. წარმოუდგენელია, კიდევ რამდენ მიცვალებულს იტევს ეს სახლი? საერთოდ რა ხდება ამ სახლში? მობილურს ვიღებ, კონტაქტებში რაილის ვეძებ და მის ნომერს დავყურებ. შემდეგ მისი მონაყოლი მახსენდება თავის დაზე ფორსაიტის პარკში, ჩემს სახლში... მისი ნათქვამი, რომ ეს სახლი მიას ახსენებდა. და შემდეგ ის გოგო... ის გოგო მოჩვენება ყვავილებიანი კაბით, ქერა თმით და ნაცნობი გარეგნობით... ის მიაა, რაილის და და დიახ, ის აქ მოკვდა. ის აქ დაიწვა. და მთელი ეს დრო, ამ სახლში გადმოსვლიდან, თავისი მინიშნებებით აქაურობის მიტოვებას მაიძულებდა. ის ჩემს დახმარებას ცდილობს! საწოლზე მოწყვეტით ვეცემი და ფიქრებს რამდენჯერმე ვიმეორებ გონებაში. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ჩემ თავს ხდება. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ის სახლია, ინტერნეტში დანახვისთანავე რომ მომხიბლა. მაკლერის პოზიცია გასაგებია, მისი საქმე იყო ეს სახლი გაეყიდა და მზად იყო, სიმართლეში რაღაც მონაკვეთები მომგებიანად ჩაესწორებინა, მაგრამ რაილი? მერი? ღმერთო, ჯერ მეგონა, რომ ახალ მეზობელს ერიდებოდნენ და ჩემგან თავს ამიტომ იჭერდნენ შორს. შემდეგ ორჯერ დამწვარი სახლის ისტორია მოვისმინე და მათი უცნაური საქციელის მიზეზიც ვითომ ამოვხსენი. სინამდვილეში კი გაცილებით სერიოზულად ყოფილა საქმე. მერი! არა, მას შვილები ჰყავს. არ მინდა საფრთხეში ჩავაგდო. მას პასუხს ვერ მოვთხოვ მიუხედავად ყველაფრისა. მაგრამ რაილი? მობილურზე მის ნომერს ვაწვები და ვრეკავ. ყველაფერი უნდა ამიხსნას... ...მაგრამ ტელეფონს არ იღებს. რამდენიმე წამში კი ავტომოპასუხე ირთვება. -ნახავ თუ არა შეტყობინებას, დამირეკე. - ვუტოვებ ჩემ განერვიულებულ, გაბრაზებულ ხმას და სააბაზანოში შევდივარ. ამ სახლიდან უნდა გავიდე. ცოტა ხნით მაინც. *** ბალახზე ვწევარ და ჩემს ზემოთ მოქანავე მუხის თეთრ თმებს ვადევნებ თვალს. ასე მგონია, ხელი რომ გავიწვდინო მივწვდები. შორიდან ბავშვების ყიჟინის ხმა მესმის, უფრო ახლოდან კი ჩიტების ჭიკჭიკის. ამ ყველაფრის ფონზე კი ფანტანში მოცეკვავე წყალი ღიღინებს. უკვე იმდენი ხანია მას ვუსმენ, რომ ვერც კი ვიგებ, როგორ გადის დრო. ბავშვები და მია გასაგებია, მაგრამ ის გოგო? შავი თმით და ფარდის მსგავსი კაბით? მისი ამ ჩაცმულობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხუთი წლის წინანდელი მიცვალებული არ უნდა იყოს. კაბა სავარაუდოდ ღამის პერანგია. ასეთი ღამის პერანგი კი ახლა აღარავის აცვია. ეცვათ, მაგრამ ადრე, ძალიან, ძალიან ადრე. წარმოუდგენელია! ვითომ ეს გოგო პირველი ხანძრისას დაიღუპა? რაილიმ მითხრა, მაშინდელ ხანძარს ცოლ-ქმარი და მათი მოახლე შეეწირაო. ვითომ ეს გოგო იყო მოახლე? თუ ეს ამბავი არც რაილიმ იცის? ჯიბიდან მობილურს ვიღებ და ბიჭს კიდევ ერთხელ ვურეკავ, მაგრამ ისევ ავტომოპასუხე ირთვება. ჯანდაბა! სად არის? რას აკეთებს? არა, ამ ხანძრების და მისი მსხვერპლების შესახებ ყველაფერი უნდა გავიგო. მიას უნდა, რომ აქედან წავიდე, მაგრამ მე არ მინდა. ამ არანორმალურ სიტუაციას რამე უნდა მოვუხერხო. სავანას არ დავტოვებ. არც ჩემს სახლს. გამორიცხულია! *** სახლში ვბრუნდები და ლეპტოპს ვიღებ. არ ვიცი, ეს რამდენად დამეხმარება, მაგრამ სულების შესახებ რამე ინფორმაცია უნდა მოვიძიო. გზაში ჯეიმი მირეკავს. ამბობს, რომ ჩემი სტატია იგვიანებს, მაგრამ მე უარს ვეუბნები. ვამბობ, რომ ავად ვარ და მუშაობა არ შემიძლია. ჯეიმი ბუზღუნებს, მაგრამ ბოლოს მაინც მპატიობს და ორი კვირით შვებულებას მაძლევს იმ პირობით, თუ კვირას ჟურნალის დაბადების დღის წვეულებაზე ატლანტაში ჩავალ. იქამდე ექვსი დღეა. ვპირდები, რომ მივალ, მაგრამ თავადაც არ ვიცი სიტყვას შევასრულებ თუ არა. ბარბექიუ ბარში ძია ფილთან მივდივარ. სადილს ვუკვეთავ და ფანჯარასთან ვთავსდები. ლეპტოპს ვხსნი და საძიებო გრაფას შევყურებ. წარმოდგენა არ მაქვს, რით უნდა დავიწყო. შემდეგ ყოყმანით ვწერ სიტყვა „სულებს“. გუგლი იმაზე მეტ ინფორმაციას მაწვდის, ვიდრე მჭირდება. ფილმები, წიგნები, სულების გამოძახების და განდევნის რიტუალებს, მათი მოგერიების საშუალებებს. ამ ინფორმაციას ვეცნობი. ყველაფერი ეს აქამდე ალბათ აბსურდულად მომეჩვენებოდა, მაგრამ ახლა... მალე სადილიც მოაქვთ. სხვადასხვა გვერდებზე სტატიების კითხვაში დაახლოებით ერთი საათი გადის. თავი მტკივდება. მეორე ფინჯან ყავას ვუკვეთავ და სავარძელზე მიყრდნობილი ფანჯრიდან ქუჩას ვათვალიერებ. იქვე ახლოს ბამბის ნაყინი იყიდება და ადამიანები ბარის ტერიტორიაზე ფერადი ღრუბლებით დაიარებიან. მაინც რატომ დავთანხმდი ჯეიმის ატლანტაში ჩასვლაზე? „შუა ქუჩაში შემოუღობავ საფლავებს უკვე გაუსწორე თვალი თუ ჯერ კიდევ გვერდს უვლი?“ მახსენდება უცბად მისი მონაწერი და იმავე წამს იდეა მომდის. საძიებელში ჩაწერილ სიტყვა „სულებს“ გვერდით „სავანა, ჯორჯიას“ ვუწერ და დაზაფრული მივჩერებივარ პირველივე ინფორმაციაზე დართულ სურათს. ეს სახლია. ჩემი სახლი. ის ნახევრად დამწვარია, მაგრამ მაინც ვცნობ ბაღით, ფანტანით. გვერდზე გადავდივარ და ერთი წუთით გაოგნებული შევცქერი სტატიის სათაურს - „დაწყევლილი სახლი“, შემდეგ კი თავის ხელში აყვანას ვცდილობ და ინფორმაციას ვეცნობი. 8 თავი *** „სავანას მდიდარ მისტიკურ ისტორიას კიდევ ერთი ამბავი შეემატა. ვაიტეკერის...ნომერში სახლის ორჯერ დაწვა საკმარისი მიზეზი გახდა იმისთვის, რომ მოსახლეობას მისთვის „დაწყევლილი“ შეერქმია. და მაინც, რა მოხდა ამ სახლში? ხანძარი პირველად 1929 წელს გაჩნდა. იმ დროისთვის სახლში ცნობილი იუველირები ცხოვრობდნენ. ცოლ-ქმარი მისტერ და მისის ვუდები, სამ მოსამსახურესთან, მებაღესთან და ორ მოზარდ ქალიშვილთან ერთად. ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო, თუმცა მათი სიმდიდრე ვერაფრით ეხმარებოდათ ქალიშვილებს, რომლებიც შიზოფრენიით იყვნენ დაავადებულნი. ამის შესახებ სამედიცინო დოკუმენტებიც არსებობს. არსებობს ასევე ამბები, რომლებიც დების სასტიკ საქციელზე მოგვითხრობენ. სუზან და ეშლი ვუდები ჯერ კიდევ სკოლის დაწყებით კლასებში ამჟღავნებდნენ საკუთარ არანორმალურ დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ. მათი კლასელები ჰყვებოდნენ, როგორ ჩამოუკიდეს ინგლისურის მასწავლებელს მკვდარი ვირთხა საკლასო ოთახის კარში. ქალი ინფარქტს გადაურჩა, მაგრამ სამსახური დატოვა. სხვა ბევრი მსგავსი ხრიკის (თუ შეიძლება ამას ხრიკი ვუწოდოთ) შემდეგ დირექციამ დები სკოლიდან გარიცხა. წლების მატებასთან ერთად ისინი მეტად შეურაცხადები ხდებოდნენ. მეზობლების ცნობით, რამდენჯერმე ხეზე ჩამოკიდებული კატა უნახავთ. უნახავთ, როგორ იდგნენ ხელჩაკიდებული დები ფანჯრის ზღურბლზე და მშობლებს გადახტომით ემუქრებოდნენ. შეშინებულ დედ-მამას ქალიშვილები სიცილით პასუხობდნენ მანამ, სანამ „თამაში“ არ მობეზრდებოდათ. სწავლა შეწყვიტეს. აღარც კერძო მასწავლებლები თანხმდებოდნენ მათთან სიარულს მას შემდეგ, რაც უკანასკნელს გოგონებმა მთელი ჩაიდანი ცხელი ჩაი თავზე გადაასხეს. რაც შეეხება კონკრეტულად ხანძარს, იგი მისის მარგარეტმა, დების დედამ გააჩინა. ამას ცეცხლს გადარჩენილი ერთ-ერთი მოსამსახურე დოროთი ჰყვება: „ - უკვე დაძინებას ვაპირებდი, მეორე სართულიდან კივილი რომ მომესმა. მაშინვე სანათს დავავლე ხელი და მისის მარგარეტის საძინებლისკენ გავემართე, მაგრამ გზად მივხვდი, რომ ხმა ეშლის ოთახიდან გამოდიოდა. კარი რომ გავაღე, ჯერ ქალბატონი დავინახე, ისევ ჩაცმული იყო და მისი კაბა გოგონებს ფარავდა. მარგარეტი გახევებული იდგა და კანკალებდა. როცა მივუახლოვდი და ხელი შევახე, მაშინვე იფეთქა და მუხლებზე დაეშვა. მის წინ იატაკზე გოგონები იწვნენ. ერთიანად სისხლში მოთხვრილები, სხეულზე უამრავი ჭრილობით. ხელში ორივეს დანა ეკავათ, ხოლო თავისუფალი ხელი ყელსაბამისთვის ჩაებღუჯათ. ყელსაბამი ანტიკვარული იყო. მისტერ უილიამს, მათ მამას ახალი შეძენილი ჰქონდა. ძალიან ძველი და ლამაზი იყო. გოგონებს ხშირად უკამათიად მისი კუთვნილების თაობაზე. რთული მისახვედრი არ იყო, რომ ამ არანორმალურებმა ერთმანეთი ყელსაბამის გამო დახოცეს. მისტერ უილიამი ცხელებით იყო ავად და არაფერი გაუგია. არ ვიცოდი, რა მექნა. მარგარეტი გიჟს ჰგავდა. გოგონებს ეხვეოდა და ტიროდა. შემდეგ ის ყელსაბამი აიღო და ყელზე შეიბა. მოულოდნელად ისე დამშვიდდა, ეჭვი გამიჩნდა, რომ რაღაც საშინელებას ჩაიდენდა. მაგრამ ის ისევ გოგონებს დაუბრუნდა და იავნანას მღერა დაიწყო. დებს ყოველ ღამით უმღეროდა, ისე არ იძინებდნენ. როცა არ შეეძლო, ზარდახშას ხსნიდა და ერთად უსმენდნენ მუსიკას. მარგარეტის არაბუნებრივი სიმშვიდე მაშინებდა, მისი მარტო დატოვება არ მინდოდა, ამიტომ დამხმარე გოგონებს ვთხოვე, ყურადღება მიექციათ და ექიმთან გავვარდი. უკან დაბრუნებულს სახლი ცეცხლში გახვეული დამხვდა.“ ამბავი რა თქმა უნდა შემზარავია იმის გათვალისწინებით, თუ რას მოჰყვა ხანძარი. ვუდებს სახლის მემკვიდრე არ ჰყოლიათ, ამიტომ რამდენიმე წლის მანძილზე ნანგრევები ნანგრევებად რჩებოდა, რაც მოსახლეობას მომხდარის დავიწყების საშუალებას არ აძლევდა. შემდეგ ქალაქის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა გარეგნული მხარე მაინც მოეწესრიგებინა, რადგან ვაიტეკერის ლამაზ ქუჩას ეს უშნო შენობა ლაქად აჩნდა. სახლი 1990 წელს კერძო ბროკერმა შეიძინა და აღადგინა. როგორც ამბობენ მყიდველი მაშინვე გამოუჩნდა, მაგრამ ახალ პატრონს იქ არ უცხოვრია. 2007 წელს კი სახლი ადვოკატებმა სტივენ და ლუიზა გრინებმა შეიძინეს. ხანძარი კი დაახლოებით სამ წელიწადში გაჩნდა. მიზეზის დადგენას დიდი დრო დასჭირდა, რადგან ყველაფერი წესრიგში იყო, რასაც აალება შეეძლო - ქურა, გაზის და ელექტრო ენერგიის გაყვანილობა, სანათები. არც რაიმე საწვავის კვალი შეიმჩნეოდა. გამომდინარე იქიდან, რომ სახლში მხოლოდ ბავშვები და მათი ძიძა იყვნენ, ექსპერტიზამ ივარაუდა, რომ ტყუპებმა ცეცხლი შემთხვევით, თამაშის დროს გააჩინეს. ეს ვერსია არაა აზრს მოკლებული, მით უმეტეს, რომ მეზობლები ბავშვებს საკმაოდ ცელქებად ახასიათებდნენ. მაგრამ, საინტერესოა, ძიძამ რატომ ვერ შეუშალა ხელი ბავშვებს ცეცხლის გაჩაღებაში, ან როგორ ვერ მოასწრო სახიდან გამოსვლა დახმარების სათხოვნელად?! პასუხი იმაზე მეტად შემზარავია, ვიდრე ელით. ტყუპებმა მძინარე ძიძა მოკლეს. მის სხეულზე დამწვრობების გარდა დანით მიყენებული ჭრილობა აღმოაჩინეს. დანა კი გოგონას ხელში. როგორც ჩანს, ბავშვები მხოლოდ ცელქები არ ყოფილან. მიუხედავად იმისა, რომ ტყუპებზე მსგავსს ვერავინ ვერაფერს იფიქრებდა, ფაქტია ეს მოხდა. მიზეზი კი დაუდგენელია. მისტერ და მისის გრინებმა სახლი მიატოვეს. ამჟამად ის აღდგენის პროცესშია. ვნახოთ, ვინ გახდება სახლის შემდეგი პატრონი და დაიწვება თუ არა იგი კიდევ ერთხელ.?!“ უკანასკნელ წინადადებას ხუთჯერ მაინც ვკითხულობ. ტანზე ეკალი მაყრის. სავარძლის საზურგეს ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ. მიღებულ ინფორმაციას ლუკმასავით ვღეჭავ, მაგრამ გონება ყველაფერს მიფანტავს. როგორც ჩანს, რაღაც არ მაძლევს საშუალებას, ეს ისტორიები ჩემამდე მოვუშვა. ალბათ შიში. შიში ციხეა, რომელსაც გისოსები არ აქვს. მისგან თავის დაღწევა კი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. -მის, - მესმის შორიდან გოგონას ხმა და მაშინვე თვალებს ვახელ. ოფიციანტი წითელი მაისურით და კეპით ინტერესით დამყურებს. - ცუდად ხომ არ ხართ? -მე? არა, არა, მადლობა ყურადღებისთვის. - ვცდილობ გავუღიმო. -ინებებთ კიდევ რამეს? ყავა ხომ არ დაგიმატოთ? მესამე ფინჯანი ყავა ორ საათში? ღმერთო, ნამდვილად ცუდის ნიშანია. -დამიმატეთ. გოგონა მიდის და ყავადანით ბრუნდება. მადლობას ვეუბნები და კვლავ ლეპტოპს დავყურებ. სტატიის ბოლოსკენ სურათები და ძველი გაზეთიდან ამოღებული დოროთის მონაყოლია მიმაგრებული. პირველი სურათი ძველია. ძვირფას სკამებზე მამაკაცი და ქალი სხედან. ალბათ მისტერ და მისის ვუდები. უილიამს გრძელი ულვაში და გვერდით გადავარცხნილი მუქი თმა აქვს. სმოკინგში გამოწყობილს მეუღლის ხელი უკავია. მარგარეტი ოდნავ იღიმის. სწორი ცხვირი და მკაცრი, წვრილი ტუჩები აქვს. მაქმანებიანი ღია ფერის კაბა აცვია. სიგრძე ფეხებს უფარავს. მათ მარჯვნივ და მარცხნივ გოგონები დგანან. შეხედვისთანავე ერთ-ერთს ვცნობ. მითითებულ სახელებს ვკითხულობ. ნაცნობს ეშლი ჰქვია, მეორე კი სუზანია. ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. მოკლე ლამაზი ცხვირი და მსხვილი ტუჩები აქვთ, მრგვალი წარბები და მუქი თვალები. ფოტო 14-15 წლის ასაკშია გადაღებული. ერთი წლით ადრე, სანამ დაიღუპებოდნენ. გოგონებს სერიოზული სახეები აქვთ, თითქოს სურათის გადაღება მათი საქმე ყოფილიყოს. მათ ქვემოთ კი გრინების ოჯახური ფოტოა. მხიარული, მოსიყვარულე და ფერადი. ბავშვებს ვუყურებ და გული მწყდება. ფოტოზე ისეთი გულუბრყვილოები და მიამიტები ჩანან... როგორ შეეძლოთ ეს ჩაედინათ? უკანასკნელი ფოტო კი მიასია. სურათი მისი სახლის წინ, ველოსიპედზეა გადაღებული. გოგო გულიანად იცინის. სალათისფერ სარაფანს და ქერა ხვეულ თმას ქარი უფრიალებს. თვალები უბრწყინავს. საოცრად ჰგავს რაილის. ლეპტოპს ვხურავ. გული ამოვარდნას მაქვს. არ ვიცი, როგორ უნდა გავუმკლავდე ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემში მაინც ვგრძნობ მხნეობას. ესეც თუ დავკარგე... არა, ამ სახლის მიტოვება არ მინდა. და არც მივატოვებ. რაღაც გამოსავალი უნდა არსებობდეს და მე ის უნდა ვიპოვო. აუცილებლად. მია! იქნებ ამაში მია დამეხმაროს? იქნებ იცოდეს, როგორ გავისტუმრო ის ამაზრზენი არსებები ჯანდაბაში? სადილის ფულს ვიხდი და ბარიდან გავდივარ. ახლა ჩემი სახლში ყოფნაა საჭირო, მინდა ეს მე თუ არა. საშიშია ეს ჩემთვის თუ არა. *** მტკიცედ მივაბიჯებ. ახლა ისე ვარ საკუთარ თავსა და გადაწყვეტილებაში დარწმუნებული, ვიდრე ოდესმე. გზაში იმასაც კი ვფიქრობ, კირას დავურეკო და ყველაფერი ვუთხრა, მაგრამ ამაზე მაშინვე უარს ვამბობ. არ მინდა ჩემი სახლის და პრობლემის გამო ვინმე დავაზიანო. მე თავად შევძლებ. უნდა შევძლო! სახლს ვუახლოვდები. შორიდანვე მესმის ბავშვების ხმაური და რამდენიმე წამით დაკარგულ სიმშვიდეს ვიბრუნებ. ეს სიცილი და ყიჟინი სიცოცხლის სიმბოლოა. ცოცხალი ადამიანების და მათი ბედნიერების მიმანიშნებელია და მათი ასე ახლოც ყოფნაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს. შემდეგ მახსენდება, რომ მერიზე გაბრაზებული ვარ და ჩემი სახლისკენ მიმავალ ტროტუარზე გადავდივარ. ბავშვების ხმაური მიზიდავს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, იისფერი სახლისკენ არ გავიხედო. ის-ისაა დაწყევლილი სახლის საფეხურებზე ავდივარ, რომ ჩემს სახელს ყვირიან. -ლისა! - მერია. -გამარჯობა, ლისა! - ეს კი სემი. ერთი წამით თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ის ლისა დავაბრუნო, ცოტა ხნით მაინც, რომელმაც ჯერ კიდევ არაფერი იცოდა თავისი სახლის შესახებ. ქუსლებზე ვბრუნდები და მხარზე ლეპტოპის ჩანთავ ვისწორებ. -გამარჯობათ! - ვეძახი დედა-შვილს და ვიღიმი, მაგრამ არ ვიცი რამდენად გულწრფელად გამომდის. -როგორ მიდის საქმეები? - მეკითხება მერი. თათმანიან ხელში სასხლავი მაკრატელი უკავია და ვარდებს ევლება. ტანსზემოთ შიშველი სემი მეგობრებს იგერიებს და ხელების ქნევით ჩემი ყურადღების მიპყრობას ცდილობს. ერთიანად სველია. ალბათ წუწაობენ. საპასუხოდ მეც ხელს ვუქნევ. -მადლობ, კარგად. -ჩაის დალევას ვაპირებ, ხომ არ შემომიერთდები? - მთავაზობს მერი და მომლოდინედ მიყურებს. -არა, საქმე მაქვს, მერი. - ვხვდები, რომ ცივად გამომდის. მასაც ღიმილი დაბნეულობით ეცვლება. ალბათ თანხმობას ელოდა. -აჰ, კარგი, ლისა. - მხრებს იჩეჩავს ის. უპასუხოდ ვბრუნდები და სახლში შევდივარ. ლეპტოპს მაგიდაზე ვდებ და დივანზე მოწყვეტით ვჯდები. ღმერთო, ნუთუ მასსა და რაილის მიმართ წყენა ნორმალურია? მე რას გავაკეთებდი მათ ადგილას? არა, სრულიად უცნობ ადამიანს ვერ ვეტყოდი „იცით, თქვენი სახლი დაწყევლილია“. ალბათ ეს ძალიან გამიჭირდებოდა. მაგრამ რაილი? ის ხომ ასეთ მოკლე დროში იმაზე მეტად დამიახლოვდა, ვიდრე ეს ნორმალურია? იქნებ ემზადება ამისთვის? იქნებ აპირებს თქმას? ალბათ. ალბათ, ღმერთო! მობილურს ვიღებ და ვურეკავ. ისევ გამორთული აქვს. შემდეგ ფარდას ვწევ და ფანჯრიდან ვუყურებ ვარდებთან მოფუსფუსე ჩაფიქრებულ მეზობელს. ჯანდაბა, რა მისი ბრალია მე რომ სულელი ვარ? ბევრად ადრე შემეძლო სახლზე ინფორმაცია გადამემოწმებინა, მაგრამ თავში აზრადაც არ მომსვლია. მაშინვე ვდგები და სახლიდან გავდივარ. მერი თავისკენ მიმავალს გაკვირვებული შემომცქერის. უხერხულობას ვგრძნობ. ის ისეთი კეთილია, მე კი დაუფიქრებელი და უტაქტო. -მერი, - ხმას ვიწმენდ. - ბოდიში წეღანდელისთვის, უბრალოდ... -ოჰ, რას ამბობ ძვირფასო, არაფერია. - ხელს იქნევს ის. -არა, არა, უხეშად მომივიდა. ცოტა განერვიულებული ვარ, ვბრაზობდი და ამიტომ მოვიქეცი ასე, თუმცა ეს არ მამართლებს. -რა მოხდა ლისა? ტუჩზე რა გჭირს? - შუბლს ჰკრავს ის და მიახლოვდება. -ტუჩზე არაფერი ისეთი, აბაზანაში წავიქეცი... ისე კი... ჩემს სახლზე ყველაფერი ვიცი. მერი ცბება. რამდენიმე წამით ტუჩებგახსნილი მიყურებს. შემდეგ ხელებს ისრესავს და აღელვებული თვალს მაშორებს. -მე... არ მინდოდა, ლისა... -მერი, ვიცი, ვიცი, მესმის. - ხელებს ვუჭერ. ის კი ისევ დამნაშავეს გამომეტყველებით მიყურებს. შემდეგ თათმანებს იძრობს და მეუბნება: -წამოდი, ჩაის მოვამზადებ და ვისაუბროთ. *** -როგორ გაიგე? - მაგიდაზე ფინჯნებს აწყობს მერი და ჩემ წინ ჯდება. -ინტერნეტით. მისის ლოუს დაბადების დღეზე ადვოკატი გავიცანი და მისგან გავიგე, რომ თურმე სახლი ორჯერ იყო დამწვარი. შემდეგ რაილიმ ამიხსნა, რაც მოხდა მაშინ, პირველად, მაგრამ დები არც კი უხსენებია. მითხრა, რომ ხანძარს ცოლ-ქმარი და მათი მოსამსახურე შეეწირა. გრინებზე კი სიტყვაც არ დასცდენია. ხოდა, ამ ამბავმა დამაინტერესა და ინტერნეტში გადავწყვიტე გადამოწმება. - მოტივს ვცვლი. არ ვაპირებ მერის ჩემი შინაური სულებით შეშინებას. ის ხომ დედაა. გამორიცხულია. -ღმერთო, ისე მრცხვენია. - ტუჩს იკვნეტს ის და თითებს ერთმანეთში ურევს. -ხო, თავიდან გავბრაზდი. გავბრაზდი, რომ სიმართლე დამიმალეთ, მაგრამ ცოტა ხნის წინ გავიაზრე, რატომაც. თქვენს ადგილას ვერც მე გავბედავდი. განსაკუთრებით კი რაილის ადგილას. -მისთვის ეს ძალიან მძიმე იყო, ლისა. - ქალს ხმა უთრთის. - რომ იცოდე, მას და მიას როგორი ურთიერთობა ჰქონდათ... ერთ ჩვეულებრივ დღეს კი ის დაიღუპა. თან, როგორ. საშინელება იყო. რაილიმ ეს ძლივს გადაიტანა. შეიცვალა. დიდი ხანი არაა, რაც ძველი რაილი გახდა და აი, უცბად შენც გამოჩნდი ამ სახლში. მერის თავს ვუქნევ და ვუსმენ. ის მიაზე მიყვება. და-ძმაზე და მათ ურთიერთობაზე და უკეთ ვხვდები ბიჭის სიჩუმის მიზეზს. ადვილი არაა ილაპარაკო იმ ადამიანის სიკვდილზე, რომელიც შენი სულის და ცხოვრების ნაწილი იყო. ღმერთო, რომ იცოდეს რაილიმ მიას შესახებ. მისი სულის არსებობის შესახებ. ნეტავ რა რეაქცია ექნება? გაუხარდება? თუ დაფრთხება? იმდენად მიპყრობს ამაზე ფიქრი, რომ მერის სიტყვები სადღაც შორიდან ჩამესმის. -მერი, - ვაჩერებ მას გამოფხიზლებული. - გუშინდელი ჩვენი სადილის შემდეგ რაილის ხომ არ დაკავშირებიხარ? -მე არა, მაგრამ სემი ელაპარაკა ძილის წინ. - ქალი კითხვის ნიშნის გამომეტყველებით მიყურებს. -უბრალოდ, დილიდან ვურეკავ და მობილური გამორთული აქვს. -აჰ, მეგობრებმა ლაშქრობაზე წასვლაზე დაიყოლიეს და ალბათ მიღება არ აქვს. -მართლა? - მიკვირს. - გუშინ რომ ვილაპარაკეთ არაფერი უთქვამს ლაშქრობის შესახებ. -ალბათ მოგვიანებით გადაწყვიტეს. -ალბათ. - ჩაფიქრებული ვუქნევ თავს და ოდნავ გაბრუებას ვგრძნობ. უნდა იცოდეს. რაილიმ მიას შესახებ უნდა იცოდეს. -მ მერი, თუ ჩემამდე მასთან საუბარს მოახერხებთ, უთხარით, რომ აუცილებლად დამიკავშირდეს, კარგი? -კარგი, ძვირფასო. - ეჭვშეპარული მთანხმდება ის და ჩაის სვამს. შემდეგ ოთახში სემი შემოდის. თვალს მიკრავს და მეგობრებისთვის ორცხობილები მიაქვს. მის საქციელზე მეცინება და ვცდილობ, ცოტა ხნით მაინც დავივიწყო ჩემი საფიქრალი. მერის მისი ალბომების დათვალიერებას ვთხოვ და ისიც სიამოვნებით მთანხმდება. *** სახლში შებინდებისას ვბრუნდები. თავში ჯერ კიდევ ჩვილი სემის და მისი დის სურათები მიტრიალებს და ერთხანს ისიც კი მავიწყდება, რომ ჩემი სახლი დაწყევლილია, მაგრამ ვხედავ თუ არა კიბეს, რომელზეც გუშინ ღამით ტყუპების საზიზღარმა მოჩვენებებმა დამაგორეს, ყველაფერი ჩემ თვალწინ ცოცხლდება. ვოხრავ და სახლს ვათვალიერებ. ჯერ ბინდია, მაგრამ მალე სრულიად დაღამდება. ღამე კი მათი პერიოდია. სასაცილოა, თითქოს დღისით არ შეეძლოთ არაფრის გაკეთება. ნუთუ მოჩვენებებსაც აქვთ სიმძაფრის შეგრძნების, თვითკმაყოფილებისა და ძალების დემონსტრირების უნარი? ღამით ხომ ყველაფერი იმაზე საშიში და უიმედო ჩანს, ვიდრე დღისით. შუქი ხომ იმედია. ღამე კი ბნელი, გაუკვალავი და უსიცოცხლო. კარგი. სამზარეულოდან ფანარს ვიღებ და საძინებელში ავდივარ. ჯერ ცხრის ნახევარია, მაგრამ მომზადებისა და თავის გამხნევებისთვის შესაფერისი დროა. ყოველ წამს შეიძლება გამოჩნდეს ნებისმიერი თეთრთვალება და მიიყვანოს თავისი საქმე ბოლომდე. ის მაინც ვიცოდე, როგორ შეიძლება მათგან თავის დაცვა, გარდა გაქცევისა? გაქცევითაც მხოლოდ სახლიდან თუ გაიქცევი. უკიდურესი შემთხვევისთვის სახლის ყველა კარს ღიას ვტოვებ. მობილურს ჯიბეში ვიდებ, რომ საძებნი არ გამიხდეს. სახლის უკაბელო ტელეფონიც საძინებელში ამაქვს. დანაც მაქვს და სასანთლეც, თუმცა ვიცი, რომ არაფერში მარგია. სანამ სულმთლად მოლოდინზე გადავერთვები, მახსენდება, რომ მიას ჩემი დახმარება შეუძლია. იმ ოთახში შევდივარ, სადაც ის ვნახე გუშინ ღამით და ერთხანს ჩუმად ვდგავარ. არც კი ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა, მაგრამ... -მია! - ვეძახი ჩუმად და დაძაბული. საკუთარი ქმედება მაშინებს და თითების წვერები მეყინება. არავინ მპასუხობს. - მია, თუ აქ ხარ, დამენახე! - უფრო მხნედ ვამბობ და ვაყურადებ, მაგრამ კვლავ არაფერია. აქ რომ იყოს, ჩემ ხმას ნებისმიერ ოთახში გაიგებდა. ვოხრავ და კარისკენ ვბრუნდები, რომ კუთხეში ზარდახშას ვხედავ. ერთხანს ყოყმანით ვუყურებ, შემდეგ ვიღებ და ისევ ჩემი გარდერობის ზედა თაროზე ვაბრუნებ. *** საწოლზე ვზივარ. გვერდით დანა და სასანთლე იდევს და ველოდები. უკვე დიდი ხანია ველოდები, მაგრამ ირგვლივ ისეთი სიმშვიდეა, თითქოს ის ოთხი სული საშინელებათა ფილმში მენახოს. დილის ოთხის ნახევარი ხდება და უკვე საშინლად მეძინება. გონებაც ისეთი დაღლილი მაქვს, რომ მხრებზე ტვირთად ვგრძნობ. თავს ხან წყლით ვიფხიზლებ, ხან ლეპტოპით, ხან სახეში შემრტყმით, მაგრამ მოთენთილობას და თვალებზე ლოდებს ვერ ვერევი. შემდეგ სიზმრისმჭერს ვავლებ თვალს და ის საღამო მოახსენდება, რაილიმ თავისი სახლი რომ მაჩვენა. მეღიმება. ვწვები, ბალიშს ვეყრდნობი და თითებს ბუმბულებზე ვასრიალებ. ზანზალაკები მაშინვე წკარუნს იწყებენ და ჩემი გონების გამომრთველს რბილი ნაბიჯებით უახლოვდებიან. *** უსიამოვნო შეგრძნება მაღვიძებს, თითქოს ქვა გადამეყლაპოს და ახლა მუცლიდან გამოღწევას ცდილობდეს. თვალებს ვიფშვნეტ და გვერდს ვიცვლი. სასანთლეზე ჩამძინებია. ღმერთო! უცბად ვფხიზლდები და დამფრთხალი ვჯდები საწოლზე მეძინა. მე მთელი ღამე მეძინა. მშვიდად და უშფოთველად. მაგრამ ისინი? სად არიან ჩემი „მასპინძლები“? რატომ არ გამოჩნდნენ? ვდგები და მთელ სახლს ვამოწმებ, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს ვპოულობ. ყველაფერი ისეა. როგორც ღამით დავტოვე. ჰმ! რა უცნაურია. ნეტავ რა ხდება? ვითომ მიას გამოა? მან დააფრთხო? თუ შეაკავა? არ მგონია. სავარაუდოდ ჩემზე თამაშობენ. ჩემს მოდუნებას ელოდებიან და მოტყუებას ცდილობენ. -ნაბიჭვრებო, წადით თქვენიც!... - ვყვირი გაცხარებული და სამზარეულოში ყავის მოსამზადებლად გავდივარ. სანამ წყალი ადუღდებოდეს, საძინებელში მობილურისთვის ვბრუნდები. დილის თერთმეტის ოცი წუთია. ნეტავ რამდენი ხნით წავიდა რაილი ლაშქრობაზე? ნუთუ ერთი წერტილი ვერ იპოვა ისეთი, საიდანაც დარეკავს ან შეტყობინებას მაინც გამომიგზავნის? მინდა, რომ მიაზე ვუთხრა. იქნებ მანაც ნახოს? ან... ან მოისურვებს კი? რა შეკითხვაა. საყვარელი ადამიანის, უფრო სწორად მისი სულის ნახვა ხომ ყველას უნდა. ამისთვის ზოგიერთი მათგანი რას აღარ აკეთებს. „ - რაილი, დაბრუნდი მალე, გთხოვ.“ - ვუგზავნი შეტყობინებას და სამზარეულოში ჩავდივარ. მშვიდად ვსაუზმობ, მაგრამ თვალები მაინც აქეთ-იქით გამირბის. არ მინდა, ლუკმა გადამცდეს და დავიხრჩო, ან ზურგიდან თმაში მწვდნენ, ბეჭებში დანა დამარტყან, ფარდებს ცეცხლი წაუკიდონ. უცბად თვალწინ მიდგება, როგორ კლავენ მძინარე მიას მონსტრი ტყუპები და მაკანკალებს. ჭამას სწრაფად ვასრულებ და წყალს ვივლებ. თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ. ეჭვით ვუყურებ დაორთქლილ კაბინას, სარკეს, ჩასაცმელად არჩეულ ტანსაცმელს. თავს არ მოვატ,ყუებინებ. მზად უნდა ვიყო ყველაფრისთვის. დროგამოშვებით მიას კვლავ ვეძახი, მაგრამ მისგან დუმილის მეტს ვერაფერს ვიღებ. ნეტავ რა მოხდა მასსა და მიას შორის? საკუთარ თავს ვიჭერ იმაში, რომ მიას სულზე ვდარდობ. იმედია ყველაფერი კარგად აქვს. ვიცვამ და პროდუქტის საყიდლად გავდივარ. ის-ისაა ავტოფარეხიდან მანქანა გამომყავს, რომ იისფერი სახლის ეზოში სემს ვხედავ. -დილა მშვიდობისა სემ! - მანქანიდან ხელს ვუქნევ. -რაღა დროს დილაა. - კისკისებს ის, გზას სირბილით ჰკვეთს და ჩემთან მორბის. - გამარჯობა. სად მიდიხარ? -მარკეტში, პროდუქტებზე. - მის თმას ვწვდები და ვუჩეჩავ. -შეიძლება წამოვიდე? - წარბებს ზემოთ სწევს. -კი, როგორ არა, მაგრამ მიდი, ჯერ დედა გააფრთხილე. -ახლავე. - სემი თავქუდმოგლეჯილი გარბის სახლისკენ, ორ წუთში კი მერისთან ერთად ბრუნდება. - დედა თანახმაა. - ყვირის შორიდანვე, კარს არებს და ჩემ გვერდით სავარძელზე მკვირცხლად თავსდება. -ღვედი შეიკარი. - ეუბნება მერი და ფანჯარასთან იხრება. იმედია არ შეგაწუხებს. - მეუბნება ხმადაბლა და უკმაყოფილოდ აქნევს თავს. -არა, რას ამბობ. - ხუჭუჭას შემხედვარეს მეცინება. - მშვენიერ დროს გავატარებთ, არ ინერვიულო. მერის ვემშვიდობებით და მივდივართ. სემი გზაში მიყვება თუ რის გაკეთებას აპირებს არდადეგებზე. პირველ რიგში მან და ნათლიამ ფრანი უნდა ააწყონ და ღამით გაუშვან. შემდეგ რაილის მოტოციკლეტი შეაკეთონ. ენი რომ ჩამოვა, მდინარეზე წავლენ და მეც მეპატიჟება. დედას ღობის შეკეთებაში უნდა დაეხმაროს და ხუთი წიგნი უნდა წაიკითხოს. -სიმართლე რომ ვთქვათ, ცოტა მეზარება, მაგრამ დედამ მითხრა, წიგნების კითხვა საჭიროა და ბევრ რამეს ისწავლიო. იქნებ მომეწონოს კიდეც. - მხრებს იჩეჩავს ის. -დედა მართალია სემ. აი ნახავ, აუცილებლად მოგეწონება. -იმედია. ლისა, - ჩემკენ ბრუნდება ბავშვი. - ჯულია და ლეო არ გამოჩენილან? თავს ძლივს ვიკავებ, რომ საჭე არ ამერიოს. -არა, სემ, არსად მინახავს. -რა უცნაურია, არა? მეგობრებს ვკითხე, ახალი მეზობლების შესახებ ხომ არ სმენოდათ, მაგრამ არავინ არაფერი იცის. -სეეემ, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ საიდუმლოდ შევინახავდით? -მაგრამ, არავისთვის მითქვამს, რომ ისინი ვნახე. - დამნაშავეს თვალებით მიყურებს. - იცი რას ვფიქრობ? ბოშები ხომ არ იყვნენ? -ბოშები? - გაკვირვებული ვაპარებ მისკენ თვალებს. -ხო, ბოშები. მართალია მათსავით არ ეცვათ და საკმაოდ თეთრებიც კი იყვნენ, მაგრამ ისინი ხომ ქალაქებში დადიან? ხოდა ალბათ სავანაში გავლით იყვნენ და შენი სახლი მოეწონათ. - კისკისებს სემი. ვუყურებ და მეც მეცინება, მიუხედავად იმისა, რომ სასაცილო არაფერია. ეს ნამდვილად გამოსავალია. თუ დავეთანხმები, ბავშვი მათზე აღარ იფიქრებს და არც მათზე ვინმესთვის მოყოლა იქნება საშიში. -მართალია სემ, მეც ასე მგონია, ნამდვილად ბოშები იყვნენ. -იმედია კარგად იქნებიან. „ - იმედია ხელმეორედ ჩაძაღლდებიან.“ - ვფიქრობ და მანქანას მარკეტთან ვაჩერებ. *** დივანზე მეღვიძება. ღმერთო, რატომ მინდება ძილი მაინცდამაინც მაშინ, როცა ფხიზლად უნდა ვიყო? ჩაბნელებულ ოთახში ხმაგამორთული ტელევიზორი ციმციმებს. ვაყურადებ, ისევ სიწყნარეა. ამდენი ძილი ნორმალურია? ჯერ კიდევ დღე იყო დივანზე რომ მივწექი და ლოდინი დავიწყე. ჯანდაბა! ღამის ათი საათი ხდება. ფრთხილად ვდგები. ზურგი და გვერდები დაჟეჟილობის გამო ისევ მტკივა. ოთახში შუქს ვანთებ. ტელევიზორში ტომი და ჯერი გადის. ტომისაც ეძინება და თავის შემაგრებას ცდილობს. მეცინება და სამზარეულოში წყლის დასალევად გავდივარ. რაილი ისევ არ ჩანს. წესით ზეგ უნდა ჩამოვიდეს. ზეგამდე კი არავინ იცის ამ სახლში რა მოხდება. ოთახში ვბრუნდები და მობილურს ვიღებ. ზარებში შევდივარ და უკანასკნელად დარეკილ რაილი ნომერს დავყურებ. მაგრამ, ეს რა არის? ეს ჩემი დარეკილი არაა. ეს მისგან შემოსული ზარია, თანაც პასუხგაცემული. ზარის მიღების დრო ცხრის ოცდათორმეტი წუთია, ნალაპარაკები კი ორმოცდაჩვიდმეტი წამი. წარბები შუბლზე ამდის. კი, მაგრამ მე ხომ ამ დროს მეძინა? ნუთუ ეს... ოთახს დამფრთხალი ვათვალიერებ და უცბად მზერა ტელევიზორზე მეყინება. ტომი და ჯერი არსად ჩანან. ეკრანზე ჩემი ოთახია გამოსახული, მეც ვჩანვარ და კიდევ ორი გოგო, რომლებიც დივანზე სხედან დ ჩემს ზურგს უყურებენ. სუნთქვა მეკვრის. ძარღვებში სისხლი მოძრაობას ანელებს. წინ ფრთხილად ვდგამ ნაბიჯებს და თანდათან უკან ვბრუნდები. აქ არია. დები. აქ სხედან. ხელები მუხლებზე დაუწყვიათ და თეთრი დიდი თვლებით შემომყურებენ. -რა გინდათ ჩემგან, რა? - ვყვირი და ხელების ცახცახს ყურადღებას არ ვაქცევ. - სად არის მია, რა უქენით? - ისევ სიჩუმე. ახლა ისინი იმაზე მეტად ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე სურათში. ჯანდაბა! უკვე ჩემზე გაბოროტებული ოთხი სული. რა გავაკეთო? - დამელაპარაკეთ, მითხარით რა გავაკეთო? გამოსავალი მხოლოდ ჩემს სიკვდილშია? ღმერთო, რას ვაკეთებ. ისინი ხომ ცოცხლებიც შეშლილები იყვნენ. ახლა მათ სულებს რა მოეკითხებათ? მოულოდნელად ჩემი ჟურნალების მაგიდა ადგილს სწყდება და ჰაერში ნელ-ნელა მიიწევს. დამფრთხალი უკან ვიხევ, მაგრამ გზა დიდი არ მაქვს. მხოლოდ ერთი წამი მშველის. ვხტები თუ არა გვერდით, მაგიდა კედელს ენარცხება და ნაწილებად იშლება. კიბეზე ავრბივარ, მაგრამ ვუახლოვდები თუ არა ბოლო საფეხურს, ჩემ წინ ტყუპები ისვეტებიან და ბურუსისფერ თვალებს ისე მაშტერებენ, თითქოს საკუთარი თავის დაცვით კანონს ვარღვევდე. ვცდილობ ხელი ვკრა და გზა გავიკვალო, მაგრამ იმავე წამს იმას იმეორებენ, რასაც ველოდი. კიბეზე მეორედ ვგორდები და იატაკს გაბრუებული ვენარცხები. მობილური ხელიდან მივარდება და კარისკენ სრიალდება. რადგან რაილიმ დამირეკა, ესე იგი ლაშქრობიდან დაბრუნდა. უნდა დავურეკო. ხო, ის ახლა ჩემგან ძალიან შორსაა, მაგრამ უნდა იცოდეს, რა ხდება აქ. წამოდგომას ვცდილობ. დაჟეჟილი ზურგი ძლივს ამაქვს, მაგრამ ფეხი მაკავებს. კოჭთან ვიღრძე და აუტანლად მტკივა. მუხლებზე ვდგები და მობილურისკენ მივფოფხავ, მაგრამ უცბად რაღაც უხილავი მეჯახება და დივანზე მაგდებს. მაშინვე იქვე დადებულ დანას ვწვდები და წინ ვიშვერ. ოთხივე ჩემ წინაა. დები და ტყუპები. ფეხზე დგომა მიჭირს, მაგრამ მთელ ძალას ვიკრებ. -რომელს უნდა გეყოთ? - ვყვირი გამწარებული და ლოყებიდან ხელის ზურგით ცრემლებს ვიწმენდ. - ჩემი სული ოთხივეს არ გეყოფათ ავადმყოფებო! როგორმე უნდა გაიყოთ. მიდით გადაწყვიტეთ! - შევყურებ მათ მშვიდ სხეულებს და გული მერევა. შიშისგან გული მერევა. შემდეგ თავზე რაღაც ნაზი მეხება. გვერდით გაწევასაც ვერ ვასწრებ, რომ ყელზე მეხვევა და ჰაერში მიტაცებს. სუნთქვა მეკვრის. გულს თითქოს ვიღაც თითებს უჭერს. კიდურებს მონდომებით ვიქნევ. ვცდილობ ქვემოთ ჩამოვქაჩო ჩემი სხეული, მაგრამ არაფერი გამომდის. ზემოდან დავყურებ ოთხივეს. დგანან და აკვირდებიან, როგორ იხრჩობა მათი მსხვერპლი. სუნთქვა საშინლად მიჭირს. უკვე ვხრიალებ და მგონია, რომ სადაცაა ფილტვები დამისკდება, რომ მოულოდნელად ჩემი მობილური რეკავს. ღმერთო! ეს ნამდვილად რაილია. უნდა ვუპასუხო, აუცილებლად. როგორმე მასთან უნდა მივაღწიო. თავბრუსხვევას ვუძალიანდები და მახსენდება, რომ ხელში დანა მიკავია. ჩემს სახრჩობელას ვეჭიდები და თითებით ვსინჯავ. ჯანდაბა! ეს თმაა. მაშინვე მუჭში ვიქცევ და დანას მთელი ძალით ვიქნევ. რამდენიმე ცდის შემდეგ თმა იჭრება და იატაკზე ვეცემი. მობილურისკენ მივფოფხავ და ვიღებ. მართლაც ისაა. მაშინვე ვპასუხობ. -რაილი! - ვყვირი, მაგრამ ხმა პირს ვერ აღწევს. გამეორებას ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის. ღრმად ვსუნთქავ, რომ არ გავიგუდო. ვგრძნობ, რომ ჰაერი მაკლია. ჩემ წინ დები დგანან და იცინიან. ღმერთო, ისინი იცინიან. პირზე თითებს ვისვამ, მაგრამ ტუჩებს ვერ ვგრძნობ. მათ მიღმა სარკეში ვიხედები და ვხედავ, რომ ნიკაპსა და ცხვირს შორის არაფერია. ჩემი ტუჩები სადღაც გაქრა. ისტერიული კივილი მეწყება, მაგრამ ხმა პირს ვერ აღწევს. კანი მეჭიმება, მაგრამ არაფრით იხსნება. ხმა ყელში ამოდის და იქვე გროვდება. თავი მეწვის, ასე მგონია, სადაცაა გამისკდება და კედლები ჩემი ტვინით შეიღებება. უცბად მობილური ხელიდან მისხლტება და ჩემ წინ ჰაერში ლივლივებს. ეკრანზე ჯერ ერთი ბზარი უჩნდება, შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე. შემდეგ კუთხე ეკეცება და ორ წამში ისე იკუჭება, როგორც ფურცელი. -არა! - მინდა, რომ ვიღრიალო, მაგრამ უძლური ვარ. ყველანაირად უძლური. ნაფშვენებად ქცეული მობილური იატაკზე კრისტალებად იფანტება. ადგილს ვწყდები და კარისკენ ვცდილობ გაქცევას, მაგრამ ტყუპები ხელებში მეჭიდებიან, ძირს მაგდებენ და ცდილობენ ზემოდან მომექცნენ. მათი სიკვდილივით სივი თითების შეხება ჭკუიდან მშლის. ვყვირი, მაგრამ ეს ყმუილს უფრო ჰგავს. როგორღაც ვუსხლტები და კარისკენ კოჭლობით გავრბივარ, მაგრამ როგორც ველოდი, დაკეტილი მხვდება. სასოწარკვეთილი აქეთ-იქით ვიყურები. არ ვიცი, რა გავაკეთო. იმ წუთას იქ არც ერთი მათგანი არაა. წინ კედელთან სარკეს ვუახლოვდები და ჩემს უპირო სახეზე დაზაფრული მივჩერებივარ. პანიკა მემართება. თითებს ვისვამ, თითქოს ეს ბაგეებს აღმიდგენდეს. მოულოდნელად სხეული მიქვავდება. ჩაბეტონებულივით ვდგავარ და თავსაც კი ვერ ვანძრევ. სარკეში ჩემს სახესთან ერთად სუზანის სახე იკვეთება. თანდათან მუქდება და მე საერთოდ მფარავს. ნელ-ნელა მოიწევს. უცბად სარკიდან თითებს ფრთხილად ყოფს და ჩარჩოს ეჭიდება, ჯერ ერთი ხელით, შემდეგ მეორით. ამ დროს ზარდახშას ხმა მესმის. ისევ იავნანას ხმა. მისი წკრიალი გულზე ნემსებივით მერჭობა. სუზანი სარკიდან ნახევარი ტანით გადმოდის და ნესტოებდაბერილი სახეს ჩემ ცხვირწინ აჩერებს. მის კანს ვგრძნობ. შეუხებლად ვგრძნობ და ასე მგონია, სადაცაა ჩემი კანი მისით შეიცვლება. სულისგან წამოსული მსუსხავი სიცივე სხეულზე გადასხმული წყალივით მევლება და უჰაერო გარსში მაქცევს. თვალებს ვხუჭავ. არ შემიძლია მისი ცქერა. ახლა რაღაც მოხდება. არ ვიცი, როგორ, მაგრამ მე შევიცვლები. ალბათ მოვკვდები. მისით მოვკვდები და ვიცი, რომ რაღაც არანორმალური დამემართება. მოულოდნელად კი კარზე ზარი რეკავს. ვერ ვიჯერებ. მგონია, რომ ეს ჩემი წარმოსახვის უნარია, რომელიც გადარჩენას ეჭიდება. მაგრამ ზარი მეორდება. მაშინვე თვალებს ვჭყიტავ და იმის გაფიქრება, რომ ჩემ გვერდით ვიღაც ცოცხალია, აღფრთოვანებასა და ისტერიკაში ერთდროულად მაგდებს. მინდა, რომ ვიყვირო და ხმა გავაგონო. სხეულს ვჭიმავ. შინაგანად ყველაფერი მოქმედებისთვისაა განწყობილი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. შემდეგ სუზანი კარისკენ იყურება, მერე ისევ მე მაშტერდება და ქრება. გაქვავებული სხეული მიდუნდება და ტუჩებიც თავის ადგილს უბრუნდებიან. ადგილს ვწყდები და კოჭლობით მივდივარ. ურდულს სწრაფად ვეჭიდები, კარს ვაღებ და გაოგნებული ვაჩერდები ჩემს სტუმარს. -დაიკო. - მიღიმის ზღურბლის მეორე მხრიდან კირა და ალბათ ჩემი გამომეტყველებით შეშინებულს ღიმილი მაშინვე უქრება სახიდან. 9 თავი *** ტირილი მივარდება. კირასკენ ვიწევი და ვეხვევი. - ღმერთო ჩემო, ლისა... - მესმის მისი შეშფოთებული ხმა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. მთელი ძალით ვეხუტები და საკუთარი თავის დარწმუნებას ვცდილობ მის რეალურობაში. ის აქ არის. ჩამოვიდა. ჩემთან ჩამოვიდა. უკან ორი ჩემოდან დევს. მათი დანახვა გარანტიაა, რომ ის აქ დარჩება და ამ მხარდაჭერის მოლოდინში კიდევ უფრო მიჩუყდება გული. კირა თავზე მეფერება, მაგრამ ვგრძნობ, ერთი სული აქვს ავუხსნა, რა ხდება აქ. მე კი ვერ ვეშვები. ვერ ვუშვებ. მისი ბროწეულის შამპუნის სურნელი ცხვირში სასიამოვნოდ მიღიტინებს და მეღიმება კიდეც. თმის ფერი ისევ შეუცვლია, ამჯერად სრულიად არაორდინალურად, მაგრამ სურნელი იგივე აქვს. ნუთუ მან ყველაფერი ჩემსავით მიატოვა? კირა უკან დგება, თითებს მხრებში მავლებს და გაოგნებული მათვალიერებს. ალბათ საშინლად გამოვიყურები. - ლისა, გულს ნუ მიხეთქავ. მითხარი აქ რა ხდება? - თითქმის ჩამარცვლით მეკითხება. - არც კი ვიცი... ღმერთო, როგორ მიხარია შენი დანახვა დაიკო. - ისევ ტირილი მიტყდება. ჩემს სახეს ხელებში იქცევს და მათვალიერებს. - ყელზე რა გჭირს? ლისა, ყელი დალურჯებული გაქვს? წარბი გახეთქილი. აქ ვინმე იყო? ვინ გააკეთა ეს? პოლიციაში რატომ არ რეკავ? - კირა აღელვებული და გაღიზიანებულია. უკან ვიხედები. არავინაა. არც ერთი მათგანი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომელიმე კუთხიდან თავიანთი თეთრი თვალებით გვითვალთვალებენ. არა, ახლა აქ ვერ გავჩერდები. კირა აქაა. მას რომ რამე დაუშავდეს... - წამოდი. - ხელს ვკიდებ, აივანზე გამყავს და კარს მჭიდროდ ვხურავ. საქანელა-დივანზე ვსხდებით და მის თითებს ვიჭერ. ვათვალიერებ ჩემი დის მომლოდინე გამომეტყველებას და ასე მგონია, წლებია არ მინახავს. ღმერთო, როგორ ვნატრობდი მასთან ურთიერთობის აღდგენას, მის ნახვას. რამდენნაირად აღარ წარმოვიდგენდი ჩვენს შეხვედრას, მაგრამ ასე? - ლისა, გთხოვ, ნუ მომაშტერდი ასე. - თვალებს ატრიალებს წყობიდანგამოსული კირა. - მითხარი, რა ხდება შიგნით? - ჩუმად! სავანა ძალიან მშვიდი ქალაქია. პატარა ხმაურიც კი ყველას ესმის. - წარბებს ზემოთ ვწევ და ახლაღა მიელვებს გონებაში შეკითხვა: ნუთუ ეს ხმაური, ლეწვა და ყვირილი სახლს მიღმა არ აღწევდა, რომ ვინმეს გაეგო? - მაშინებ. - საგრძნობლად აჩუმებს კირა ტონს და ვგრძნობ, როგორ ეყინება თანდათან თითები. - მეც მეშინია... - ტუჩები მებრიცება, მაგრამ ორი წამით სუნთქვას ვიკრავ, რომ ტირილი შევიკავო. - როგორ ველოდებოდი შენს ზარს. რამდენიმე დღის წინ ლამის დაგირეკე კიდეც. ვიცოდი, რომ მელოდებოდი, ხომ ასეა? მაგრამ მერე აქ... - კარს ვუყურებ. - აქ ისეთი რაღაც მოხდა... ღმერთო, კირა, იცი, რომ რამდენიმე წუთის წინ სიკვდილს გადამარჩინე? - რაა? - კრთის ჩემი და და დაზაფრული მაჩერდება. მე კი ვიწყებ და ვუყვები. იმის ნაცვლად, რომ ჩვენს დაძაბულ ურთიერთობას განვიხილავდეთ, წარსულსა და დედაზე, მამაზე ვსაუბრობდეთ, ერთმანეთი მოვიკითხოთ და შერიგებულებმა ჩვენი ცხოვრების სიახლეები გავცვალოთ, ვყვები, რა ხდება ჩემს დაწყევლილ სახლში. ვუყვები მიას მინიშნებებით დაწყებული - სუზანის სარკიდან გადმოსვლით დამთავრებული ყველაფერს. ვლაპარაკობ და თითოეული საშინელი მოგონება ყრუდ დაძრწის გულის გარშემო. ვლაპარაკობ და მიუხედავად გამოვლილისა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა. დამწვარი, დანით დახოცილი ადამიანები, მათი სულები, გაბოროტებული სულები და მე... თითქოს შემართული და მხნე, მაგრამ საბოლოოდ შეშინებული და უმწეო მე, რომელიც რომ არა კირა, არც კი ვიცი ახლა ვინ, სად, რა ან როგორ ვიქნებოდი. ჩემი და მისმენს და ვხედავ, რომ ჩემი სჯერა. ვხედავ, რომ გიჟი არ ვგონივარ. ვიცი, რომ მისთვის ეს მისტიკური ამბავი ჩემზე მეტად დაუჯერებელია, რადგან ის გაცილებით დიდი რეალისტია, ვიდრე მე, მაგრამ მის გამომეტყველებაზე იმასაც აშკარად ვხედავ, რომ მიუხედავად იმისა, საუბარი ჯერ არ დამისრულებია, უკვე გამოსავალს ეძებს. და მე ეს მაშინებს. მისი გაბედულობა და რისკიანობა მაშინებს. უმცროსი და ტკბილი, თუმცა დიდი პრობლემაა, მაგრამ გიჟი და უკვე გამოუვალი მდგომარეობა. - ახლა კი, აი, აქ ვსხედვართ და წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო. - გამომშრალ ტუჩებს ვილოკავ. ყელი საშინლად მეწვის. მგონია, რომ თმა ისევ ჩემს დახრჩობას ცდილობს. - ღმერთო ჩემო, - ორი წამით კირა თვალებს ხუჭავს და ჰაერს ხარბად ისუნთქავს. - არ ვიცი შოკში ჩავვარდე თუ ამ ოთახში შევვარდე და... ეს... ეს დაუჯერებელია, ჯანდაბა! - მართლაც, რომ ჯანდაბა! - ანუ შენმა ბიჭმა ამის შესახებ არაფერი იცის? - კოპებშეკრული მიყურებს. - არა. სანამ ის წავიდოდა, მხოლოდ მიას გაფრთხილებებს ვიღებდი. მე კი ეს შეტყობინებები ხან სტრესს დავაბრალე და ხან წარმოსახვას. რა შტერი ვიყავი, ღმერთო. - არ შემიძლია არ დაგეთანხმო! - ტუჩებს მუწავს ის. - მაგრამ რაღაცას ხომ უნდა ეშინოდეთ ამ ბოზებს? ან შუქის, ცეცხლის, არ ვიცი, რაღაცის... - ხელებს იქნევს კირა. - არ ვიცი, მაგდენი ნამდვილად ვერ მოვიფიქრე. შუქის რომ არ ეშინიათ, ცხადია. ის ტყუპები სემის დღისით ელაპარაკნენ ეზოში. - ფუ, ამის! იქნებ გვეცადა ცეცხლი? ისინი ხომ დაიწვნენ, იქნებ ცეცხლმა დააფრთხოთ? - ფეხზე დგება ის და ბორგავს. - კირა... - ხმა მიწყდება. - იქ ვერ შეგიყვან. იქ შენ... - მოკეტე! - თითს მიბზიკავს. - არც კი გაბედო ამის გაგრძელება. - მაგრამ, კირა... - ვფიქრობ ლისა, დამაცადე! - ტუჩზე თითს იდებს და აივანზე ბოლთას სცემს. დივანს თითებით ვეყრდნობი და მაგრად ვუჭერ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დის გამო ვღელავ, გული მაინც სიხარულით და სიმშვიდით მევსება. დაკარგული დაცულობის შეგრძნება მიბრუნდება და ხელს იმედით მკიდებს. იასამნისფერი სახლისკენ ვიხედები, რომელსაც უკვე ტკბილი ძილით სძინავს და სემის სიტყვები მახსენდება: „ - აი ნახავ, თუ არ ჩამოვა შენი და.“ ჩემ თვალწინ ეკლესიაში დანთებული სანთელი ისე ციმციმებს, თითქოს ამას ახლა ვაკეთებდე, ახლა ვიყო იქ და ახლა ვლოცულობდე. გულში მადლობას ვამბობ. არ ვიცი, ვის ეკუთვნის, მაგრამ ფაქტია - კირა აქაა. - მოიცადე! - ამბობს უცბად ჩემი და. - ზარდახშა! - ხო, ზარდახშა. საშინელი, ამაზრზენი იავნანით. - მუსიკის გახსენებაზე კანი უსიამოვნოდ მეხორკლება. - მაგაზე მეც ვიფიქრე. ის დების დედას, მარგარეტს ეკუთვნოდა. მის სახურავზეც ასო „M“- ია ამოტვიფრული. - დიახ, მაგრამ როგორ მოხდა, რომ ამდენი რემონტის შემდეგ მას ვერავინ მიაგნო? ნუთუ ერთხელ მაინც არ გამოცვალეს სხვენზე იატაკი? რა თქმა უნდა გამოცვალეს! - თავადვე პასუხობს შეკითხვას. - მაგრამ ის არავის უნახავს. თანაც, ისეთი იდიოტი დამისახელე, რომელიც ასეთ ძვირფას ნივთს აქ დატოვებდა? - მართალი ხარ. - ვბუტბუტებ და კირას სიტყვები ჯაჭვურად აბამენ ერთმანეთს სხვა მოსაზრებებს, რომლებსაც კვლავ ის აცოცხლებს. - ეგეც იქით იყოს, წარმოიდგინე, მაშინ, პირველად, როცა იმ შეშლილმა ძუკნამ ცეცხლი გააჩინა, ვის გაახსენდებოდა ზარდახშა? მით უმეტეს მისი სხვენში გადამალვა? ან ეს რატომ უნდა გაეკეთებინათ? - არ გააკეთებდნენ. - თავს ვაქნევ. - ის ერთი უბრალო ნივთი იყო. გამოირჩეოდა მხოლოდ თავისი ძვირფასი მეტალით და იმ სიმღერით, რომელსაც მარგარეტი თავის გოგონებს ყოველ ღამით უმღეროდა... და!.. - უცბად გონება ისე მეხსნება, თითქოს ბნელეთიდან განათებული ოთახის კარი შემეღოს. - ღმერთო ჩემო, კირა! ინტერვიუში მათი მოსამსახურე ამბობს, რომ მარგარეტი მკვდარ გოგონებს გულში იკრავდა და იავნანას უმღეროდაო. სწორედ იმ იავნანას, რომელსაც ზარდახშა უკრავს. იქნებ იმ მომენტში რაღაც მოხდა? არ ვიცი, რაღაც მისტიკური... ხომ ხვდები? - ჩაფიქრებული და დაძაბული კირა თავს მიქნევს. - და სულები დარჩნენ? - იმასთან დარჩნენ, რაც უყვარდათ - ზარდახშასთან. - ეგრეა! - ფეხზე ვდგები, მაგრამ ნაღრძობი კოჭი თავს მახსენებს და მაშინვე უკან ვბრუნდები. - მაგრამ ისევ ისეთ შეშლილ ძუკნებად დარჩნენ. - თავს იქნევს ნირწამხდარი კირა. - მაგრამ ტყუპების შემთხვევაში? - ხოომ... მაგრამ აი რას ვფიქრობ: მათ მოწმე არ ჰყოლიათ, ვინც ზარდახშის არსებობას შეამჩნევდა. ხანძრის დროს სახლში მხოლოდ ტყუპები და მია იყვნენ და ისინი სამივე დაიღუპნენ. - თუმცა, შეიძლება სხვებმაც ნახეს ზარდახშა, მაგრამ ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ეს ხანძრის და მკვლელობის ამბავი მასთან დაეკავშირებინათ? დარწმუნებული ვარ, ადვოკატები შენსავით არ დაიწყებდნენ ამ სახლის შესახებ ინფორმაციის მოქექვას. - ალბათ. და ტყუპები?! ღმერთო ჩემო, ტყუპებს ნამდვილად დები მართავდნენ! - თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ვიყვირო. - როგორ ვერ მივხვდი. მათი ხელით მოკლეს მია. და მათვე გააჩინეს ხანძარი ისე, როგორც პირველად გაჩნდა. რა საინტერესოა. ნეტავ ვინ იპოვა ზარდახშა? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტია, ეს დაწყევლილი ნივთი გრინებთანაც უკრავდა იავნანას. - გამომდინარე აქედან? - თავს გვერდით ხრის კირა და წარბებს ზემოთ სწევს. ახალი ფაქტებით გაბრუებული პასუხს რომ ვერ ვუბრუნებ, თავადვე აგრძელებს. - ეგ შენი ზარდახშა ნაფლეთებად უნდა ვაქციოთ. საბოლოოდ მის მექანიზმს ხმა უნდა ჩავაწყვეტინოთ.! - უშველის? - სხვა ვარიანტი გააქვს? - კარგი. მაგრამ შენ აქ დამელოდე. ზარდახშას მე ჩამოვიტან. - ვდგები და ნაღრძობ ფეხს ძლივს ვადგამ წინ. - იქნებ მითხრა, სად დევს ზარდახშა და მე ჩამოვიტანო? - სკეპტიკურად შეჰყურებს ჩემს კოჭს კირა. - ერთად წავიდეთ. - ვანეიტრალებ სიტუაციას. - რამე მძიმე გააქვს? რითაც შევძლებთ მის გატეხვას. - ავტოფარეხში უროა. - ურო? - გაკვირვებული მიყურებს კირა. - აქ დამხვდა. - მხრებს ვიჩეჩავ. - ავტოფარეხი დაკეტილია. გასაღები საძინებელში მაქვს. კირა თვალებს ატრიალებს. - ცეცხლი? - მეკითხება ის. - მაქსიმუმ სანთელი ავანთო. - ღმერთო! წინ წავალ და მომყევი. აღარ ვეწინააღმდეგები. კირა კარს ფრთხილად აღებს. ხელში თავისი სანთებელა უკავია. ახლა სიკვდილი რომ არ მითვალთვალებდეს, მის შეიარაღებაზე სიცილით გავსკდებოდი. მის მხარს მიღმა ოთახს ვათვალიერებ. არეული სასტუმრო ოთახის გარდა არაფერია. სარკეში წამიერად ვაწყდები საკუთარ თავს და დალურჯებული ყელის დანახვისას ვკრთები. მახსენდება ჩემი საზარელი უპირო სახე და სარკეს მაშინვე თვალს ვარიდებ. კირა ფრთხილად ალაჯებს მაგიდის ნამსხვრევებს. მის ხელს ვეჭიდები. გარეგნულად არაფერი ეტყობა, მაგრამ ვგრძნობ მის დაძაბულობას. - მშვენივრად მოწყობილხარ. - ჩურჩულებს ირონიით. - ვინ დამაცადა?! კიბეზე შედარებით სწრაფად ავდივართ, მაგრამ ნაღრძობი კოჭის გამო მიჭირს და კვნესას ვერ ვიკავებ. - იქნებ დარჩე დაბლა?! - ზემოდან დამყურებს და თვალებს მიბრიალებს. - შემეშვი! - კიბის სახელურს ვეჭიდები და ნაბიჯს ვდგამ. ფოიეში ასულს ოფლი ღვარღვარად გამდის. ასე მგონია კოჭი კი არა, მთლიანად ფეხი მაქვს ნაღრძობი. - მარჯვნივ! - კირა ბრუნდება და ჩემს ოთახში შედის. რამდენიმე წამში მეც მივყვები. ჩანთიდან გასაღებს ვიღებ და ვაძლევ. - ავტოფარეხში ჩადი და ურო ამოიტანე. - შემდეგ ვბრუნდები და გარდერობიდან ზარდახშას ვიღებ. - ღმერთო, რა ლამაზია! - მონუსხულივით უყურებს მას კირა და ზედაპირს თითებით ეხება. - დაწყევლილი მაინც არ იყოს. - არ ახადო! - ვაჩერებ მას, როგორც კი სახურავს ოდნავ სწევს. - ჯობია არ ახადო, თორემ... კირა! - ვყვირი დამფრთხალი. მის უკან დები დგანან. ჩემი და ბრუნდება და თან უკან იხევს. - ჯანდაბა, ამის დედაც! - თვალებდაჭყეტილი უყურებს მათ, ხელებს განზე სწევს და ფარივით წინ მეფარება. მახსენდება საკუთარი თავი, როდესაც ისინი პირველად ვნახე და წარმომიდგენია, რას გრძნობს ახლა. მხარზე ვეხები. არც კი თრთის. ქვის ქანდაკებასავითაა გაშეშებული. ალბათ შოკშია. - კირა! - ვუყვირი. - ავტოფარეხში, ჩქარა! გოგო მაშინვე ცოცხლდება, ჩემს სამაგიდო სკამს იღებს და თეთრთვალება დებს ესვრის. ისინი ქრებიან. სკამი კი კარიდან ფოიეში ვარდება. კირა ერთხანს ყოყმანით მიყურებს. ალბათ არ უნდა აქ ჩემი მარტო დატოვება, მაგრამ იცის, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ადგილს სწყდება და ეფარება თუ არა თვალს, ჩემ წინ ისევ სუზანი და ეშლი ისვეტებიან. მაშინვე საწოლზე მიგდებულ რკინის სასანთლეს ვწვდები და მთელი ძალით ვიქნევ. ისინი კი მხოლოდ წამიერად ქრებიან, თითქოს ტელევიზორში გადმოცემა ხარვეზით მოდიოდეს. შემდეგ ზარდახშას ვიღებ და ვესვრი. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ყუთი ეშლის სახეში ხვდება და ძირს ვარდება. გაოცებული თვალებდაჭყეტილი შევყურებ მოულოდნელ წარმატებას. გოგოს სული კი მოტეხილივით უკან გადავარდნილ თავს ნელა ასწორებს და გამძვინვარებული მაშტერდება. ზარდახშის მეორედ აღების შანსი ნულს ქვემოთაა. ვიცი, ახლა ცუდი რამ მოხდება. ისინი იმაზე მეტად გავაცოფე, ვიდრე დაბადებიდან იყვნენ. მე ხომ მათი სახლი პირდაპირ სახეში გავარტყი? უკან ვიხევ. ვფიქრობ, აბაზანაში შევვარდე, მაგრამ არც კი ვიცი, რამდენად კარგი იდეაა. უცბად შორიდან კირას კივილი მესმის. შეშინებული და აფორიაქებული წინ ვიწევ, მაგრამ მაშინვე ადგილს ვწყდები და კედელს ზურგით ვეხეთქები. ნეტავ ამას ხერხემალი როგორ უძლებს? ძირს დავარდნილი ტკივილის მიუხედავად ზარდახშისკენ მივბობღავ, მაგრამ ერთი ხელის გაწვდენაზე დების ძალა ფეხზე მაყენებს. ჰაერში ვლივლივებ. ხელ-ფეხს ვიქნევ, კუნთებს ვჭიმავ, რომ იქნებ როგორმე ქვემოთ დავეშვა, მაგრამ არაფერი გამომდის. ჩემი დის ყვირილი ისევ მესმის. ალბათ ტყუპებს გადაეყარა. - კირაა! - ვყვირი მთელ ხმაზე. - კირა! - მაგრამ არ მპასუხობს. ერთხანს უჩვეულო სიჩუმე ვარდება. ცახცახი სხეულზე მივლის. თვალები მებინდება. რა დაემართა? ჩემს დას რა დაემართა? - კირა! - ვღრიალებ მთელ ხმაზე. ისევ სიჩუმეა. - არა, არა, არა! - ვბუტბუტებ და ტირილი მივარდება. - არა, კირა, კირა! - ვაგრძელებ ყვირილს. არ მშველის. მუცელში რაღაც მეწვის, რაღაც ვარვარებს. ყურებში ლოცვა ჩამესმის, როგორ ვევედრებოდი ღმერთს ჩემი დის სავანაში ჩამოყვანას და ყელში რაღაც მეჩხირება. გამწარებული ვიქნევ ხელ-ფეხს, რომ ვხედავ, როგორ მიიწევენ ჰაერში მაგიდიდან კალმები, ფანრები, ქლიბი, მაკრატლები, ქინძისთავები და ბასრ, წვეტიან პირებს ჩემკენ მართავენ. გულის ცემას ბეჭებში ვგრძნობ, ყურებში მესმის და ასე მგონია, ხელში მიკავია. დები სიამის ტყუპებივით დგანან და ქვემოდან მართავენ ჩემს სიცოცხლეს. ისევ მეთამაშებიან, ან საბოლოოდ აპირებენ ჩემთან დამშვიდობებას. ვხედავ, როგორი სისწრაფით მოექანებიან ჩემკენ ნივთები. ვყვირი და თვალებს მაგრად ვხუჭავ... რა ხდება? სადაა ტკივილი? სადაა ბასრი წვეტები ჩემს სხეულში? სუნთქვაგახშირებული ფრთხილად ვახელ თვალებს. ჩემ წინ ვიღაც დგას, ქერა თმით და ყვავილებიანი კაბით. ღმერთო! - მია?! - ამოვთქვამ გახარებული და გაოგნებული. გოგოს სული წინ მიიწევს და ჩემკენ ბრუნდება. წვეტიანი ნივთები იატაკზე ყრია. მია მკრთალად მიღიმის და ის-ისაა მის გაფრთხილებას ვაპირებ, რომ გაცოფებული დები ქარივით მიქრიან მისკენ და სამივე ერთად ქრებიან. იატაკზე მოწყვეტით ვეშვები. მოდუნებული ფეხები გამყარებას ვერ ასწრებენ და ვეცემი. უკვე წამოდგომას და ქვემოთ ჩასვლას ვაპირებ, რომ ბრაგუნი მესმის. სწრაფი ნაბიჯების ხმა. ორ წამში კი ოთახში გულამოვარდნილი კირა შემოდის. - ღმერთო! - ვოხრავ შვებით და იატაკს ხელის გულებით ვეყრდნობი. - ცოცხალი ხარ... - აბა რა გეგონა?! - წარბებს ზემოთ სწევს. ხელში ურო ჩაუბღუჯავს და მოლოდინით შემომყურებს. გახეთქილი ტუჩიდან სისხლი ყბაზე გადღაბნია. ჩემ გვერდით დაგდებულ ზარდახშას ფეხს ვკრავ და კირასკენ ვასრიალებ. ჩემი და ფეხით აჩერებს და ანთებულ თვალებს ჩემკენ აპარებს. - რას ელოდები?! - ვასავსავებ ხელებს. კირა უროს პირს ზარდახშაზე დებს, ფეხებს განზე სწევს, იარაღს ჰაერში იქნევს და მთელი ძალით უშვებს ქვემოთ. ჭახანის ხმა ყურებში მიწივის. ზარდახშას მხოლოდ სახურავი ეღუნება, ისიც ოდნავ. ჩანს, ადვილი საქმე არაა. კირაც ხვდება ამას და ნივთს სახურავს ხდის. მექანიზმამდე შიგთავსის ჩამსხვრევით ადვილად მიაღწევს. იღება თუ არა ყუთი, იავნანას წკარუნი იმ წინწკლებივით გაისმის, რომელსაც ჭექა-ქუხილი და ცუნამი უნდა მოჰყვეს. ის-ისაა კირა უროს ზემოთ სწევს, რომ ოთახში ტყუპები და დები ერთდროულად ჩნდებიან და იმ წამსვე ჩემი დისკენ მიიწევენ. კირა ყვირის და მაშინვე ზარდახშას ურტყამს იარაღს. მსხვრევის ხმა მელოდიას წყვეტს. სამაგიეროდ, მოჩვენებები უკან იხევენ, ყურებზე ხელებს იფარებენ და წივიან. საზარლად, საბრალოდ, ცივად წივიან. უკან ვხოხდები და ზურგით საწოლს ვეჯახები. ძალების მოკრებას და კირასკენ გაწევას ცდილობენ. ხელებს წინ იწვდენენ და პირდაღებულები საზიზღარ, კოშმარულ ხმებს გამოსცემენ. თვალებიდან შავი სითხე გადმოსდით. ვერ ვიჯერებ, ნუთუ ტირიან? ჩემი და ისევ იქნევ უროს და ზარდახშას მთელი ძალით ურტყამს. ნივთის სალონის ნაფშვენები იატაკზე მტვერივით იფანტება. მე და კირა დაზაფრულები შევყურებთ შოკში ჩავარდნილ სულებს. ისინი ჯერ ცახცახებენ, შემდეგ ადგილზე შეშდებიან და ერთი წამით არ იძვრიან. შემდეგ ადგილს სწყდებიან და ოთახში ისე დაქრიან, თითქოს პანიკაში მყოფნი გასასვლელს ეძებდნენ. კირა კედელს ეყრდნობა. ხან მე მიყურებს, ხან მათ. სულები დაქრიან და ვხედავ, რომ რაღაც ემართებათ. ჯერ თითები ეფერფლებათ, შემდეგ ხელები, ფეხები, ტანი და ბოლოს თავები. ოთახში ნაცრისფერი ფერფლი დაფარფატებს, თითქოს ეს-ესაა ფურცლები დაგვეწვას. მტვრის სუნს ვგრძნობ და ის მომენტი მახსენდება, ზარდახშის ამოსაღებად იატაკში რომ ჩავყავი ხელი. თვალებს მაგრად ვხუჭავ და სამამდე ნელა ვითვლი. თვალებგახელილს ფერფლი იატაკზე მხვდება. ზარდახშა ისევ დამსხვრეულია. ჩემი დაც უროსჩაბღაუჭებული კვლავ კედელს აკრობია. ესე იგი არ მომჩვენებია. ესე იგი ყველაფერი მართლა მოხდა. ისინი გაქრნენ, წავიდნენ. მოშორდნენ. ხელახლა ჩაძაღლდნენ. სხეულს მოდუნების საშუალებას ვაძლევ. ფეხებს ვშლი და თავს საწოლზე ვაყრდნობ. კირა უროს აგდებს, წინ გადმოშლილ თმას უკან იწევს და ჩემ წინ მუხლებზე დგება. - იცი, რომ ეკლესიაში სანთელი დავანთე და ღმერთს შენი აქ ჩამოსვლა ვთხოვე? - ვეუბნები. - ისედაც ჩამოვიდოდი. - მხრებს იჩეჩავს ის, ცალყბად იღიმის და მეხუტება. *** კირას კალთაში თავჩარგულს დრო შეუმჩნევლად მეპარება. შუა ღამის პირველი საათია დაწყებული. გათიშული ვარ. ხელის ან ფეხის ოდნავ გამოძრავებაც კი კუნთების საშინელ ტკივილს მგვრის. ვუყურებ ჩემ წინ იატაკზე მიმოფანტულ ზარდახშის შავი სცენის, დედა-შვილის ქანდაკების ნამსხვრევებს და საერთოდ არაფერს განვიცდი. თითქოს ამ დაღუნულ ვერცხლის ყუთს ჩემთვის არანაირი ზიანი მოეტანოს. შემდეგ იავნანას წკრიალა ხმა მახსენდება და შვებას ვგრძნობ, რომ მის დაკრულ ამ სიმღერას აღარასდროს მოვისმენ. - უნდა გადავაგდო. - ვამბობ. ხმა ჩამხლეჩვია. - სად? - თმაზე მისვამს ხელს კირა. - აქედან ძალიან შორს. მის მტვერსაც არ დავტოვებ აქ. - ახლავე? - ახლავე. *** ვაიტეკერის ნარინჯისფრად განათებულ ქუჩაზე კირას ნელა მიჰყავს მანქანა. ფანჯრიდან შემოსული ნიავი მის მოკლედ შეჭრილ ფერად თმას ბაბუაწვერასავით აფრიალებს. ერთი ხელი ფანჯარაზე უდევს და თითებით თმას აწვალებს. ერთი ხელით კი საჭეს მართავს. მშვიდადაა და მისი სიმშვიდე ჩემზეც ანალოგიურად მოქმედებს. ნეტავ როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა ჩემი დაწყევლილი სახლის ბინადრების გარეშე? მშვიდად ჩაივლიდა თუ ისევ ვიკამათებდით? მაგრამ არა. კირა იმიტომ ჩამოვიდა, რომ კამათი აღარ უნდოდა. სხვა შემთხვევაში ატლანტაში დარჩებოდა და ისევ მე დამელოდებოდა. მანქანას რივერ სთრითზე ვაჩერებინებ. ლამპიონების მწკრივი სანაპიროს თეთრად ანათებს. ხალხი მშვიდი ნაბიჯებით სეირნობს და ღამის სავანის სურათით ილამაზებს განწყობას. მდინარიდან წამოსული მდორე წყლის ხმა და გრილი ნიავი წამალივით მოქმედებს ჩემი ახლო წარსულის დასნეულებულ მოგონებებზე. ხელში მუყაოს ყუთი მიკავია, სადაც ზარდახშა დევს თავისი ყველა ნამსხვრევით. მინდა, რომ ეს დაწყევლილი ნივთი და მასთან დაკავშირებული საზარელი კადრები სავანას მდინარეს გავატანო. კირას ჩრდილოეთისკენ ვუთითებ, იქ, სადაც განათება და ხალხი ნაკლებია. დაახლოებით ათი წუთით გაჭირვებით სიარულის შემდეგ სანაპიროზე ვჩერდებით და მოაჯირიდან მდინარეს გადავყურებთ. ველოდებით, როდის დავრჩებით ირგვლივ მარტო და ყუთს ყოველგვარი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე წყალში ვაგდებ. დაცემის ხმა ზარდახშის თავიდან მოცილების ფაქტს მიმოწმებს. ვბრუნდები და ჰაერს ღრმად ვუშვებ ფილტვებში. კირა მიღიმის და გამამხნევებლად მხარზე ხელს მისვამს. - კარგად ხარ? - მეკითხება ის. - უკეთესად ვიქნები ყავას რომ დავლევ. - მეც ვუღიმი. - მე მოვამზადებ. - თვალს მიკრავს ჩემი და, მხრებზე ხელს მხვევს და მანქანამდე ნელა მივაბიჯებთ. - მომიყვები? - რას? - შენი ბიჭი საწოლში როგორია? - ფხუკუნებს. გვერდში მუშტს ვურტყამ და ვჩქმეტ. კირა ყვირის და რივერ სთრითის სიმშვიდეს მისი კისკისი არღვევს. სახლამდე რაილიზე ვუყვები. ლაპარაკის პარალელურად მის ზარზე ვფიქრობ. მის ხმაზე ვფიქრობ, რომელიც მობილურიდან მესმოდა. ნეტავ თუ გაიგო რამე? ნეტავ რა იფიქრა, როცა ზარს ვუპასუხე, მაგრამ ხმა არ გავეცი? კირასგან ვფიქრობ მასთან დარეკვას, მაგრამ ჩემი დის მობილური ბატარეას გამო გათიშულია. ორი საათი ხდება სახლში რომ ვბრუნდებით. კირა მაშინვე დამტენზე აერთებს თავის ტელეფონს, მაგრამ მე აღარ ვრეკავ. მე უკვე ყველაფერი კარგად მაქვს, თუ არ ჩავთვლით დალურჯებებს, ნაღრძობ ფეხს და არეულ სახლს. არ მინდა ამ შუა ღამით რაილი დავაფრთხო. იქნებ დარეკვისას არც არაფერი გაუგია და ახლა სძინავს? სამზარეულოს მაგიდასთან ვჯდები და ჩემს დას ვათვალიერებ, რომელიც ფინჯნებში ყავას ყრის. გამხდარი მეჩვენება. - რა ხდება ატლანტაში? - ვეკითხები და თავს ხელის გულს ვაყრდნობ. - მე და მაიკი დავშორდით. - მხრებს იჩეჩავს ის. - ჩემთან ერთად აქ წამოსვლის იდეა არ მოეწონა. მითხრა, ან დარჩები, ან დავშორდებითო. - კირა... - გაოცებული შევყურებ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ. - ისედაც იყო, ჩემი ახალი თმა არ მოსწონდა. - თავს იქნევს ის და პატარა ფერად თმას აფრიალებს. - მართლა, ლისა. მივხვდი, რომ არც ისეთი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ შენსა და მას შორის არჩევანი მასზე გამეკეთებინა. მეღიმება. სხეულზე ეგოიზმისა და სიამოვნების ჟრუანტელი მივლის. - სამსახურს იმედია აქაც ვიშოვი. ტატუს ხომ ყველგან იკეთებენ. თუ არა და ერთხანს იმასაც ვფიქრობდი, საკუთარი სალონი ხომ არ გამეხსნა მეთქი. - მშვენიერი იდეაა. თუ გადაწყვეტ , შემიძლია დაგეხმარო. - ვნახოთ. - კირა ფინჯნებს მაგიდაზე დგამს და ჩემ წინ ჯდება. მიუხედავად სიცხისა, თითები მაინც გაყინული მაქვს. ცხელ ფინჯანს ფრთხილად ვეხები და ყავის სურნელს შევიგრძნობ. - იცი ჩემთან რა დაგრჩა? - მეკითხება ის და ეშმაკურად მიღიმის. - რა? - მეც მეცინება. - მოიცადე, მოვიტან. - დგება და კართან დატოვებულ ჩემოდნებისკენ მირბის. შემდეგ უცბად მახსენდება რაზეც ამბობს და ვეძახი: - იდიოტო, ხომ გითხარი, მაგ მაისურს არ ჩავიცვამ მეთქი? ეგ კი არ დამრჩა, დაგიტოვე.! შორიდან მესმის კირას კისკისი და რამდენიმე წამში მას კარზე კაკუნი მოჰყვება. ღმერთო, ამ შუა ღამისას ვინ უნდა იყოს? მერი? სხვა ვინ? კაკუნის ხმა ბრახუნით იცვლება. მაშინვე ვდგები და სანამ სამზარეულოს კარამდე კოჭლობით მივიდოდე, ჩემამდე ნაჩქარევი საუბარი აღწევს. რამდენიმე წამში კი მოულოდნელად ჩემ წინ რაილი ისვეტება. შეშინებული ადგილზე ვხტები და რომ ვიაზრებ, საშიში არაფერია, პირზე ხელს ვიფარებ. ბიჭი აფორიაქებული და სუნთქვაგახშირებული შემომყურებს. შემდეგ ჩემკენ იხრება და გულში მიკრავს. ნიკაპს მის მხარზე ვდებ და მთელი ძალით ვხვევ კისერზე ხელებს. მის მენთოლის სურნელს ხარბად ვისუნთქავ და თვალებს ვხუჭავ. ჩემს წელზე მისი ძლიერი ხელები თანდათან უფრო მჭიდროვდებიან და სუნთქვას მიკრავენ. - არ ვიცი, აქ რა მოხდა, მაგრამ ისე შემეშინდა... - ამბობს ის და კისერზე ბიჭის ცხელი სუნთქვა მეფინება. სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის და ერთხანს ყველა მისთვის დასასმელი შეკითხვა უმნიშვნელო ხდება. კირას ხელში შავი მაისური უკავია, რომელზეც მათრახმომარჯვებული მამაკაცია გამოსახული და კარის ზღურბლიდან ღიმილით გვადევნებს თვალს. შემდეგ მოწონების ნიშნად ცერა თითს მიბზიკავს და ყელს ხელით ინიავებს. დარტყმული. რაილი უკან მწევს, ჯერ მხრებში მებღაუჭება, შემდეგ ჩემს სახეს იქცევს თითებში და აღელვებული მათვალიერებს. მზერა ყელზე გადააქვს თუ არა, ნესტოებდაბერილი ადგილზე იწყებს ბორგვას. ბაგეებს ხსნით, თითქოს რაღაცის თქმა უნდა მაგრამ არ იცის, რის. - აქ ვიღაც იყო ხომ? ვიღაც ქალი... - სიტყვა უწყდება მას. მე თავს ვუქნევ. - მოგიყვები, ყველაფერს მოგიყვები. - მის მაჯებს ვეჭიდები და ვგრძნობ, როგორი დაძაბულია. - ლისა... - ოხრავს ის და ყელზე ფრთხილად მისვამს თითებს. - მეგონა მშობლებთან იყავი. ასეთ დროს აქ როგორ მოხვდი? - მე... - რაილი განზე დგება და მხრებჩამოყრილი კედელს ეყრდნობა. ცოტა ხნით იატაკს დაჰყურებს, შემდეგ კი კირასკენ აპარებს მზერას. - ხო, მართლა, რაილი, გაიცანი, ეს ჩემი დაა - კირა. - სასიამოვნოა. - ხელს უწვდის ბიჭი მას, ჩემი დაც ართმევს. - ჩემთვისაც. რაილი გვერდულად მიყურებს და მკრთალად იღიმის. სახეზე აწერია: “ხომ გეუბნებოდი, ჩამოვა მეთქი.“ - ხო, ჩამოვიდა. - თავს ვუქნევ მას. - როგორც ჩანს, აქტიური თემა ვიყავი. - წარბებს ზემოთ სწევს ჩემი და. შემდეგ მაგიდასთან ვსხდებით. რაილი გვერდით მიჯდება და მარცხენა ხელს თავის თითებში იქცევს. - ლაშქრობაზე ვიყავი. - ამბობს რაილი და ხმას იწმენდს. - მეგობრებმა უცბად გადაწყვიტეს და შენი გაფრთხილება ვეღარ მოვასწარი. უკვე სახლში ვბრუნდებოდით, მერიმ რომ დამირეკა და შენი დანაბარები გადმომცა. მაშინვე დაგირეკე მაგრამ... თავიდან ჩვეულებრივ მეგონა, რომ შენ მიპასუხე. ხმა თითქოს შენი იყო, მაგრამ უცნაური, თითქოს ცინიკური ტონი გქონდა. რომ ვთქვი ზეგ ჩამოვალ მეთქი, ასე მითხარი: ზეგ აქ არაფერი დაგხვდებაო და გამითიშე. - რაილი თითებს უფრო მჭიდროდ მახვევს ხელზე. წარმოვიდგენ, როგორ ლაპარაკობს ჩემს მობილურზე რომელიღაცა საზიზღარი სული და ტანში მცრის. მას რომ მართლაც არაფერი დახვედროდა აქ, ნეტავ მე სად ვიქნებოდი? - მთელი გზა მოუსვენრად ვიყავი. ბოლოს ეჭვი გამიმყარდა და მივხვდი, რომ შენ არ იყავი. სახლში მივედი თუ არა, წამოვედი. გზაში კიდევ დაგირეკე... - გიპასუხე, - ვაწყვეტინებ. - მაგრამ ვერ დაგელაპარაკე. ამის საშუალება არ მომცეს. მერე კირა მოვიდა და ახლა ცოცხალი ვარ. - ლისა... - რაილი ხვდება, რომ ყველაფერი ვიცი, ან შესაძლოა ამის შესახებ მერიმ უთხრა. დამნაშავეს გამომეტყველება აქვს. კირა ამბობს ჩემოდნებს მივხედავო და სამზარეულოში მარტოს გვტოვებს. ბიჭი ხელს მიშვებს, იდაყვებით მაგიდას ეყრდნობა და სახეს თითებში რგავს. ძლიერი მხრები სწრაფი და დაძაბული სუნთქვისგან აუდ-ჩაუდის. - მაპატიე. - ამბობს ის ჩუმად, მოგუდული ხმით. - მე მია ვნახე, რაილი. - ვეუბნები ფრთხილად. ბიჭი ხელებს მაშინვე სწევს და გაოგნებული მაშტერდება. - მიას სული ვნახე და კიდევ ოთხი ადამიანის, ამ სახლში დამწვარი, დაღუპული ოთხი ადამიანის სული, რომლებიც ჩემს მოკვლას ცდილობდნენ. რაილის ყველაფერს ვუყვები. ამ ამბავზე კიდევ ერთხელ საუბარი ძალას მაცლის. საკუთარ თავს ვაიძულებ, რომ წინადადებები ერთმანეთს გადავაბა. მათი სახეები, მათი თვალები და მათი კივილი ჩემს გონებას მავთულხლართებივით ეხვევიან. ბიჭი ჩუმად მისმენს, არ მაწყვეტინებს. სახეში მიყურებს და არც ერთი წამით არ მაცილებს თვალს. ვხედავ, რომ ჩემი მონაყოლი მისთვის დაუჯერებელია, მაგრამ რაღაც მაინც ეჭვს მიჩენს. არ ვიცი, რა. ფიქრის თავი არ მაქვს. დაქანცული და გამოფიტული ვარ, მაგრამ მანამ არ ვაპირებ მოდუნებას, სანამ მისგან პასუხს არ მივიღებ. - რაილი, - ხმას ვიწმენდ. - მერის პოზიცია გასაგებია, მაგრამ შენ რატომ დამიმალე? რატომ არაფერი მითხარი ამ სახლზე? ბიჭი ჰაერს ხარბად უშვებს ფილტვებში და სკამზე სწორდება. ჩემს თითებს ისევ ხელებში იქცევს და მათ დაჰყურებს. - სტატიის შესახებ რა თქმა უნდა ვიცოდი, ვინ არ იცის... - ამბობს ის. - და მიას შესახებ ხომ... ლისა... ხუთი წელი ეს სახლი ცარიელი იყო, მაგრამ თავიდანვე ვფიქრობდი, რომ შიგნით ვიღაც იყო. არაფერი მაძლევდა ამის მიზეზს მანამ, სანამ ერთ დღეს პირველი სართულის ფანჯარაში სილუეტს არ მოვკარი თვალი. მეგონა, რომ ახალი მაცხოვრებელი გვყავდა, მაგრამ როცა დავაკვირდი... ის... იქ მია იდგა. - რაილის ხმა ებზარება და რამდენიმე წამით ჩუმდება. გამომშრალი თვალები გაოგნებისგან მიფართოვდება. ვერ ვიჯერებ, მიუხედავად იმისა, რომ აქ დაუჯერებელი უკვე აღარაფერია. - ის მეც ვნახე ლისა. სამჯერ ვნახე. იცი... რამდენჯერმე სახლშიც კი შემოვიპარე, რომ ახლოდან მენახა და მელაპარაკა... სიგიჟეა, არა? მაგრამ აქ არავინ მხვდებოდა. სამჯერ ვნახე და სამჯერვე ღიმილით მიყურებდა. ვერ წარმოიდგენ რამხელა შვება და სიხარული იყო ეს ჩემთვის იმ ტკივილის შემდეგ, რაც გადავიტანე. უცნაური და არანორმალური, მაგრამ მაინც სიხარული. სანამ შენ გადმოხვიდოდი, ბოლოს ის წელიწად ნახევრის წინ ვნახე. უკვე იმედი მქონდა დაკარგული და შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ ჩემი და აღარ გამოჩნდებოდა. სახლსაც უკვე აღარ ვაქცევდი ყურადღებას. შემდეგ კი შენ გამოჩნდი და ყველაფერი ამოატრიალე. ჩემი ყურადღება მიიქციე. თავიდან ეს მაღიზიანებდა. მე ხომ უკვე ნაპოვნი მქონდა სიმშვიდე, მაგრამ შემდეგ გავიაზრე, რომ შენ არაფერ შუაში იყავი. სახლს ვაკვირდებოდი. რატომღაც მეგონა, რომ თუ მია სადმე აქ ტრიალებდა, სახლის ახალ პატრონს აუცილებლად ეჩვენებოდა. მაგრამ არაფერი. შენ მშვიდად ცხოვრობდი და ვიფიქრე, საჭირო არ იყო წარსულის გამო აფორიაქება. თანაც რადგან არაფერი ხდებოდა, მეგონა მია მხოლოდ მე მეჩვენებოდა. იმ დღისით, ფანჯარა რომ ჩაიმსხვრა... რომ იცოდე, როგორ შემეშინდა. მეგონა რაღაც მოხდა, მეგონა მია იყო, მაგრამ შევცდი... თუმცა, ახლანდელი გადასახედით, შესაძლოა იყო კიდეც მია. უქარო ამინდში ჩაკეტილი ფანჯრის ჩამსხვრევა ცოტა უცნაურია არა? მაგრამ, რომ დამირეკე და მიას სიზმრისმჭერი მთხოვე, რომ მითხარი, საშინელ სიზმრებს ვხედავო, თავი დამნაშავედ ვიგრძენი. გეფიცები ლისა, გადავწყვიტე, რომ ჩამოვიდოდი, შენთვის სიმართლე უნდა მეთქვა, მაგრამ დამაგვიანდა. რომ გეთქვა ლისა, რაღაც მაინც რომ გეთქვა იმ გაფრთხილებების შესახებ, ამ ყველაფერს უფრო ადრე გეტყოდი, არ წავიდოდი და აქ ასე მარტოს არ დაგტოვებდი. - ვიცი, ამას მეც ვნანობ. მაგრამ, ხომ გითხარი, ვფიქრობდი, რომ ჩემში იყო რაღაც პრობლემა. სულელურად სტრესს დავაბრალე ყველაფერი. - სტრესს დააბრალე... - თავს აქნევს რაილი და ქვემოდან მიყურებს. - და ეს ყველაფერი შენთვის თავიდანვე რომ მეთქვა ლისა, რას გააკეთებდი? - არ ვიცი... - მე კი მეშინოდა, რომ წახვიდოდი. ჩვენი ხელებიდან მზერა მის სახეზე გადამაქვს. ჩამუქებულ ნაცრისფერ თვალებში გულწრფელობას და მღელვარებას ვხედავ და მისი სიტყვები ისეთ ეგოისტურ სიამოვნებას მანიჭებენ, მაშინვე მავიწყდება, თუ აქამდე ბიჭის მიმართ რამე წყენას ვგრძნობდი. მისკენ ვიწევი და მთელი ძალით ვეხვევი. ეშინოდა, რომ წავიდოდი. ხუთი საათი გზაში გაატარა იმის გამო, რომ იცოდა, ჩემს თავს რაღაც რიგზე ვერ იყო. ამაზე მეტი მიზეზი რად მინდა იმის დასამტკიცებლად, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვარ? - მაგრამ მე დავრჩი. მაინც დავრჩი და წასვლაზე არც კი მიფიქრია. - ვჩურჩულებ მის კისერთან. - მიხარია. - რაილი ჩემს სახეს ხელებში იქცევს და მკოცნის. რბილად, მაგრამ მოუთმენლად მკოცნის და ერთიანად ვეშვები. სითბო და სიამოვნება ძარღვებში ნიაღვარივით იკვალავენ გზებს. სხეულს სიმშვიდისა და სურვილის ტბად აქცევენ. კოცნაში იმხელა მონატრებას ვგრძნობ, რომ თავბრუ მეხვევა. ისე ვიყავი მიჩვეული შიშისგან გულის აჩქარებას, რომ სიამოვნებისგან აძგერებულ გულს სხეულში ვეღარ ვიტევ. რაილი წელზე მხვევს ხელებს და გულზე მიხუტებს. დაჟეჟილი ადგილების ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევ და მის ყელზე ტუჩებმიკრული ხარბად ვისუნთქავ ბიჭის სურნელს. - მაპატიე, რომ დაგტოვე. - ჩემს ზურგზე ასრიალებს თითებს. - არაფერი იცოდი. თავს ნუ იდანაშაულებ. უვნებლისა რა გითხრა, მაგრამ ხომ ხედავ, ცოცხალი ვარ. ჩემი თავიდან მოშორება არც ისე იოლია. - მეღიმება. რაილი თავს აქნევს და ოხრავს. რამდენიმე წუთით ჩუმად ვართ. სახლის სიმშვიდეს მხოლოდ მეორე სართულზე მყოფი კირას ფუსფუსი არღვევს. ცოტა ხანიც და მის მკლავებში კომფორტულად მოქცეულს ძილი მერევა. რაილის ვერაფრით ვითანხმებ სახლში წასვლაზე. ამბობს პირველ სართულზე, დივანზე დავწვები და დებს ხელს არ შეგიშლითო. მისი ყურადღებით გაბადრული აღარ ვეწინააღმდეგები. მე და კირა ვემშვიდობებით და საძინებელში ავდივართ. ხათრით გამონაკლისს ვუშვებ და მათრახმომარჯვებული მამაკაცის გამოსახულებიან მაისურს ვიცვამ. ორივე ჩემს საწოლში ვწვებით და ერთმანეთის თვალიერებაში გვეძინება. 10 თავი ბედნიერებას და სიმშვიდეს საყვარელი ადამიანის მკლავებსა და მის სურნელში ყველაზე დიდი რაოდენობით იპოვი. მთავარია ეს ადამიანი გვერდით გყავდეს. ფარდებს შორის შემოპარული მზის სხივი კირას ტუჩებზე ეცემა და დაუკითხავად უთბობს. მშვიდად სუნთქავს და ცხვირთან ჩამოყრილი თმის ვარდისფერი ნაწილი ოდნავ უფრიალებს. ბალიშზე კი მწვანედ, ლურჯად და ნარინჯისფრად შეფერადებული თმა მარაოსავით გაშლია. ყოველთვის სხვადასხვაფრად იღებავდა თმას, თან ისე, რომ არც დაგვეკითხებოდა, მაგრამ ასე არაორდინალურად არასოდეს ჰქონია. ნეტავ რამ მოუარა? კირასგან მისი საყვარელი ტანის კრემის ლოსიონის და საკუთარი სურნელი მოდის და თავი ატლანტაში მგონია. ალბათ ბევრისთვის უცნაურია, მაგრამ ერთად ხშირად გვეძინა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთმანეთისგან შორს ყოფნა დიდხანს გვიწევდა. გარეგნულად ერთმანეთს ძალიან ვგავართ, ამას დამატებული ურთიერთდამოკიდებულებაც და ხშირად ტყუპებად გვცნობდნენ. რამდენჯერმე ერთმანეთის გამოცდებზეც კი ვიყავით. ატლანტადან წამოსვლამდე ბევრს ვფიქრობდი წარსულზე და გული მწყდებოდა, რომ შესაძლო იყო, ჩემს დასთან დაკავშირებულ მოგონებებს აღარაფერი შემატებოდა. ახლა კი ის აქ, ჩემს საწოლზე წევს, ჩემი წილი ბალიში გულში აქვს ჩაკრული და ფშვინავს. უკვე რამდენჯერმე ააცმაცუნა ტუჩები. დარწმუნებული ვარ არ სძინავს. ვწევარ და ველოდები, როდის ინებებს და გამომეხმაურება. მანამდე კი, ღია ფანჯრიდან შემოპარულ გრილ სიოს ვუშვერ ზურგს, რომელიც მალამოსავით მევლება სხეულზე. თვალებს ვხუჭავ და აქ გადმოსვლის პირველ დღეს ვიხსენებ. ღმერთო, რას წარმოვიდგენდი?! ამ მისტიკურ ამბავს, ასეთ საშინელ, არაამქვეყნიურ არსებებს, საერთოდ მსგავს მოვლენას ჩემთან ასე ახლოს ვერასოდეს ვიფიქრებდი. მაგრამ აი, ჩემს სახლს დაწყევლილად თვლიან, ყველა ალმაცერად უყურებს და რაც ყველაზე დამზაფვრელია, ელოდებიან, რომ ის ისევ დაიწვება. არა, ეს არ მოხდება, ეს აღარ მოხდება. გუშინ ყველაფერი დამთავრდა. ზარდახშა ახლა მდინარის ფსკერზეა, სულები კი... ჯოჯოხეთში! უცბად გონება მათ თეთრ თვალებს გაელვებასავით მახსენებს და ტანზე ეკალი მაყრის. -ეი, აფერისტო! - მესმის კირას ნამძინარევი ხმა და მაშინვე თვალებს ვახელ. ჩემი და ცხვირს ჭმუხნის და ვარდისფერ თმას უკან იგდებს. - მიდი, აღიარე, რამდენი ხანია მიყურებ? -დიდი ხანია. - მეცინება. - სამაგიეროდ, შენც დიდი ხანია თავს მძინარედ მაჩვენებ. -შემარგე რაა. - თვალებს ატრიალებს. -იცი რა გამახსენდა? - ბალიშს ვართმევ და ვეხუტები. - დედა რომ გვეჩხუბებოდა, ერთად ნუ გძინავთ, უკვე დიდები ხართო. -ხო, - ეღიმება კირას და თავს ხელის გულს აყრდნობს. - იმაზეც ბრაზობდა, საწოლში რომ ვსაუზმობდით. -აჰაამ... - წარბებს ზემოთ ვწევ და თავს მონდომებით ვუქნევ. კირა ერთხანს ღიმილით მიყურებს. შემდეგ ჩემი გამომეტყველების ქვეტექსტს ხვდება და ხმას უწევს. -ღმერთო, რა გაიძვერა ხარ, ლისა! - კისკისებს და მოსაღუტუნებლად ხელებს ჩემკენ იწვდენს. დამფრთხალი მაშინვე ვჯდები და მოულოდნელი კუნთების ტკივილი წამიერად თვალებს მიბინდავს. შეშინებული კირა ხელებს მიჭერს. - ეი, ეი, კარგად ხარ? - მეკითხება. -ყველაფერი მტკივა. - შუბლს ვისრესავ და საწოლის საზურგეს ვეყრდნობი. -ექიმთან უნდა წავიდეთ. - ისეთი სახე აქვს, დედა მახსენდება. იცის, რომ უარს ვეტყვი და ამატებს. - ნაღრძობი ფეხის გამო მაინც და კამათს აღარ ვაპირებ. მიდი შხაპი მიიღე, მე კი ჩავალ და ბლინებს მოვამზადებ. -მადლობა, კირა. - ლოყაზე ვჩქმეტ და ვეხუტები. -ოჰ, ეს პათეტიკური მადლობები... - თავს აქნევს ის და მხარზე კბილებს მარჭობს. ვყვირი. შემდეგ მახსენდება, რომ პირველ სართულზე რაილის სძინავს და პირზე ხელებს ვიკრობ. დილის ცხრა საათი ხდება. ვითომ ისევ აქაა? -ქვემოთ რაილია. - ვამბობ და ვდგები. ნაღრძობ ფეხს ფრთხილად ვდგამ. მტკივა, საშინლად, თუმცა ისე ძალიან აღარ, როგორც გუშინ. -ოჰ, რაილი... - დგება კირაც და იცვამს. - საშინლად სექსუალურია და ეტყობა, რომ შენზე გიჟდება. ჯანდაბა, დაიკო, სეთის შემდეგ შენგან ასეთ პროგრესს ნამდვილად არ ველოდი. -დაახვიე! - ბალიშს ვესვრი. კირა კისკისებს და ოთახიდან გადის. ცოტა ხანში პირველი სართულიდანვე მატყობინებს, რომ რაილი იქ არაა. ჩემი დის მობილურს ვიღებ და ვურეკავ. -დიახ. - მპასუხობს. -მე ვარ. - საწოლზე ვჯდები. -გაიღვიძე? - ხმა ეცვლება. ვგრძნობ, რომ იღიმის. -როგორ გეძინა? -კირას და შენი წყალობით მშვიდად. შენ? -კარგად. სანამ წავიდოდი, შენს ოთახში შემოვიხედე. ორივეს გეძინათ. წყლის გადასვლებად წამოვედი. -საუზმისთვის თუ მობრუნდები, გამიხარდება. -კარგი. - ეცინება. - ფეხი როგორ გაქვს? საუზმის შემდეგ ექიმთან წავიდეთ, კარგი? -ღმერთო! - ვიცინი. - როგორც თქვენ იტყვით მისტერ და მის. -აჰაა, გასაგებია. - ხითხითებს რაილი. -კირა ბლინებს შემპირდა. - მენდე. წინ დიდი სიამოვნება გველის. -ახლავე წამოვალ. *** საავადმყოფოდან წამოსული, თავს კიდევ უფრო მშვიდად ვგრძნობ. ნაღრძობი კოჭის მდგომარეობა რთულად არაა. ცივ საფენებს, რაღაც მალამოს და ზედაპირულ მასაჟებს მინიშნავენ. შედეგს ერთ კვირაში მივიღებ, თუ ბევრს არ ვივლი და გავუფრთხილდები. ეჭვი მაქვს, ამის შესაძლებლობა ზომაზე მეტიც მექნება. მაისის ბოლო რიცხვებია. ჩრდილს მოკლებული სავანაც თანდათან ტემპერატურას უმატებს, ამიტომ ჩემი სისხლჩაქცევებიანი ყელის შარფით დამალვა ცოტა არ იყოს შემაწუხებელია. კირამ დრეს უკვე სამჯერ მოასწრო თავისი მალამოს წასმა, არადა ჯერ დღის ოთხი საათია. მართალია ამ ქალაქში ბევრს არავის ვიცნობ და გამომდინარე აქედან არც ვხვდები, მაგრამ „დაწყევლილი სახლიდან“ დალურჯებულყელიანი ადამიანის გასვლა ვფიქრობ, კითხვებს გააჩენს. განსაკუთრებით კი მერის ვერიდები. ვფიქრობ, ვუამბო, რაც მოხდა, მაგრამ მისი შეშინება არ მინდა. მას შემდეგ, რაც დივანზე კომფორტულად მოთავსებულს მიგულებს, რაილი მასთან მიდის. არ ვიცი, რაზე ილაპარაკებენ. ალბათ იმას განიხილავენ, მე რომ სიმართლე გავიგე. დარწმუნებული ვარ, არც რაილის უნდა მერისთან მოჩვენებებზე საუბარი. როგორც მისგან გავიგე, ქალისთვის არ უთქვამს, მიას სულს რომ ხედავდა. მართალია, ამ სახლს იქით არავის არაფერი ემუქრება, მაგრამ დედისთვის ძნელია ცხოვრობდე ორი შვილით იმ სახლის წინ, რომელშიც სულები ბინადრობდნენ. კირა დღეს ნამდვილი დიასახლისია. იმის ნაცვლად, რომ ჩემთან ერთად იჯდეს და ლუდს მიირთმევდეს, გუშინდელ არეულ ოთახებს აწესრიგებს. დამსხვრეული მაგიდა დილით რაილის გადაუგდია. ვცდილობ ჩემს დას თვალი ვადევნო და ბოლომდე დავტკბე მისი აქ ყოფნით, მაგრამ სახლის თითოეული კუთხე თეთრთვალება არსებებს მახსენებს. ტელევიზორი, სარკე, დივანი, ტელეფონი, აიწონა-დაიწონა, კიბეები. არ ვიცი ეს რამდენ ხანს გასტანს, მაგრამ იმედია დიდხანს არა. იმედია ყველა ის საშინელი სურათი ჩემი მეხსიერების ყველაზე ღრმა კუნჭულში მიიმალება და არასოდეს ამოტივტივდება ზედაპირზე. *** -თავი ზემოთ. - მალამომომარჯვებული კირა ჩემ გვერდით ჯდება და თავადაც ნიკაპს ზემოთ სწევს. -ღმერთო, კირა, ხომ არ გინდა, რომ მაგ მალამოდ ვიქცე? დღეს უკვე მეხუთედ მისვამ. - თვალებს ვატრიალებ. -ნუ ჭირვეულობ. მინდა, რომ მალე მოგირჩეს. აწიე თავი. ვოხრავ და თავს უკან ვაგდებ. -კიდევ კარგი, რომ მძაფრად არაა. სავარაუდოდ, კოჭთან ერთად ესეც უნდა მოგირჩეს. -გახსოვს, მკლავზე რომ მიჩქმიტე და დამილურჯდა? - მეცინება. -მახსოვს. და ისიც კარგად მახსოვს, რისთვისაც დაიმსახურე. - წარბებს ათამაშებს კირა. -რა ჩემი ბრალი იყო, ჩაკს მე რომ უფრო მოვწონდი? - თავს ვიმართლებ ათი წლის წინანდელ ამბავზე. -იმიტომ მოსწონდი, რომ მათემატიკას აწერინებდი. -შენ კიდევ იმიტომ, რომ მოკლე კაბებს იცვამდი. - ენას ვუყოფ. - იყო! - ფხუკუნებს კირა და მალამოს თავსახურს არგებს. - ჯანდაბა, დაიკო, ბიჭებში არასოდეს გვიმართლებდა. -ჰოო. - ღიმილით ვაქნევ თავს და ვოხრავ. რაილის გამომეტყველება მახსენდება, ღობის მიღმა რომ იდგა და მეუბნებოდა რვა სახლის მოშორებით ვცხოვრობო. „საიმედო სიახლოვე“. ღმერთო, ის ჩემ გამო მშობლების ფერმიდან სავანაში ჩამოვიდა იმ ერთი მუჭა ხიფათის გამო, რომელიც კარგს არაფერს მომიტანდა. -ჰეი! - კირას მუჯლუგუნი მაფხიზლებს. -რა? - ფიქრების გასაფანტად თავს ვაქნევ. კირა უსტვენს. -სულ რაღაც სამი კვირაა ლისა! - გაოგნებული მიყურებს და თან ეცინება. დივანზე მუხლებით დგება და საჩვენებელ თითებს ჩემკენ იშვერს. -რა გინდა? - ხელს ვიქნევ მათ მოსაშორებლად, მაგრამ ვერ ვწვდები. -მაგრად გაები! - კისკისებს და ბალიშს იხუტებს. - სხვათა შორის ისიც. - თვალებით კარისკენ მანიშნებს. - ასეთი რა დამართეთ ერთმანეთს? თან ასეთ მოკლე დროში. -იყავი., იცინე და გშურდეს. - თვალს ვუკრავ და ზურგს უკან ბალიშს ვისწორებ. - ის კარგია... მართლა ძალიან კარგია. -ვხედავ. - კირა ჩემკენ მობობღავს, თავს კალთაში მიდებს და ქვემოდან მიყურებს. - შენზე ზრუნავს და თან ისე გიყურებს... - სათქმელს ისევ სტვენით გადმოსცემს. კმაყოფილების ღიმილი სახეს მიბადრავს. -აქ რომ ჩამოვედი, თავს ვირწმუნებდი, რომ ყველაფერს გავუმკლავდებოდი. თავიდან ასეც იყო. სემი გავიცანი. რაილი, მერი. სამსახური ვიშოვე. ყველაფერი ნორმალურად იყო. აქაურობით ვტკბებოდი და სიახლეების ჩემს ცხოვრებაში შემოშვებას ხელს არ ვუშლიდი. მაგრამ შენ მაკლდი. უშენოდ ვერაფერი შევირგე. მამასთან რომ ვრეკავდი და ვიგებდი, რომ არ მკითხულობდი, საშინლად მწყდებოდა გული. გადავწყვიტე დამერეკა შენთვის, მაგრამ ეს ყველაფერი რომ დაიწყო და სახლის შესახებ სიმართლე გავიგე, გადავიფიქრე. არ მინდოდა, საფრთხეში ჩამეგდე. შენ კი... როგორც ფილმებში, გადამწყვეტ მომენტში გამომეცხადე. - ვუღიმი და მისი თმის მწვანე ნაწილს თითზე ვიხვევ. -მახასიათებს. - იფერებს კირა. - ცოტა თავის დაფასებად გამომდიოდა, ვიცი, მაგრამ მაშინ ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებული ვიყავი. როგორც ჩანს, დრო იყო საჭირო. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ჩემნაირ წაბლისფერ მოციმციმე თვალებს ზემოდან დავყურებ. -შენს ნივთებს როდის ჩამოიტან? - ვეკითხები. -მერე. - კისკისებს ის. - ჯერ შენს საწოლში უნდა ვინებივრო. - ხელებს შლის და წელში სწორდება. - ხო, მართლა, ვახშმად რა მოვამზადოთ? -მმმ... კარტოფილი და ქათმის ფილე? -იქნებ თევზი და სალათა? - ყუჩებს მუწავს კირა. -მოიცადე, რამე წვნიანი ჯობია. -არაა, - თავს აქნევს. ცოტა ხნით ჩუმადაა. - მოდი პიცა შევუკვეთოთ. -მოდი. *** წინა რამეს ფილმების ყურების გამო გვიან ვიძინებთ, ამიტომ თერთმეტი საათი ხდება, რომ მეღვიძება. კირა საწოლში არაა. ღმერთო, ისე მეძინა, რომ მისი ადგომაც ვერ გავიგე? ვდგები, რაილის მოცემულ კასტილს ვეყრდნობი და ფანჯარასთან მივდივარ. ფარდებს ვწევ და ქუჩას ვათვალიერებ. იისფერი სახლის წინ მერი სარწყავით ხელში დგას და ჩემს დას ელაპარაკება. რა თქმა უნდა, კირას არავინ და არაფერი სჭირდება მიზეზად იმისთვის, რომ ადამიანები გაიცნოს. -ლისაა! - მესმის სემის ძახილი. მოსაუბრეებიც ჩემი ფანჯრისკენ იყურებიან და ხელს მიქნევენ. - ხომ ვამბობდი, ჩამოვა შენი და მეთქი?! - ყვირის სემი და თან ბურთის კენწვლას განაგრძობს. -მართალი იყავი, სემი! - ვპასუხობ. კირა გულიანად იცინის. სპორტულ ტანსაცმელშია გამოწყობილი,. როგორც ჩანს, სირბილიც მოასწრო. მერის და კირას ერთად დანახვა მიხარია. -ვბრუნდები და სააბაზანოში შევდივარ. გამოსულს ჩემი და მერისგან მოპატიჟებით მხვდება. ამ საღამოს მასთან სავახშმოდ ვართ მიწვეულები. - საუზმის შემდეგ რაილი მოდის თავისი პიკაპით და მე და სემი მასთან მივდივართ. ნათლიას და ნათლულს როგორც იქნა დაუდგათ ის დღე, როცა მოტოციკლეტს შეაკეთებენ. კირა ამბობს, მინდა ქალაქი მარტომ დავლაშქრო და თან პროდუქტს შევიძენო. სანამ რაილისთან წავიდოდე, საწოლიდან მიას სიზმრისმჭერს ვხსნი და მტვერმოკიდებულ ვარდისფერ ბუმბულებს ფრთხილად ვეხები. იმედია მიას ყველაფერი კარგად აქვს. იმედია ჩემ გამო მის ლამაზ სულს არაფერი დაუშავდა. იმედია ეს ნივთი აღარასდროს დამჭირდება. ჩემს ოთახს თვალს ვავლებ და მისი უკანასკნელი მზერა მახსენდება, დატანჯული, მაგრამ მაინც კეთილი და დახმარებისთვის მზად მყოფი. -გმადლობ მია, ყველაფრისთვის გმადლობ. - ვჩურჩულებ. არ ვიცი, ესმის თუ არა. არც ის ვიცი მისი სულიც ზარდახშასთან იყო დაკავშირებული თუ არა, მაგრამ მაინც ვამბობ. როგორც ვნანობ, რომ ეს მაშინ არ გავაკეთე, როცა ამის შესაძლებლობა მქონდა. რაილი კართან მელოდება. სიზმრისმჭერთან ერთად რომ მხედავს, გულზე დაკრეფილ ხელებს ქვემოთ სწევს და ზღურბლს წარბებშეკრული აბიჯებს. -როგორ ხარ? - ჩემს სახეს ხელებში იქცევს და მკოცნის. -უკეთესად. - ცალი ხელით მის მაჯას ვეჭიდები და ვუღიმი. -ფეხი? საფენები გედო? -კი, ცოტა ხნის წინ. -მალამო? -წავისვი. - თავს ვუქნევ. - ყელზეც და ფეხზეც. -მასაჟი? - გამომცდელად მიყურებს. -მმმ... -ლისა! - თავს აქნევს, შემდეგ კი ამბობს: - კარგი, ეგ მე მომანდვე. -კარგი. - კასტილს მოხერხებულად ვეყრდნობი და სიზმრისმჭერს ვუწვდენ. რაილი მართმევს და ისე დაჰყურებს, თითქოს სიმძიმით იყოს დატვირთული. - გმადლობ ამისთვის, მინდა, რომ დაგიბრუნო. -ვიფიქრე დაიტოვებდი... მე... ის მე მაინც... -არა, არა... ის მე დამეხმარა. ისედაც ძალიან გამიჭირდა შენგან მისი თხოვება. ის მიასი იყო... შენი იყო და იქ უნდა ეკიდოს, სადაც მისი ადგილია. -დარწმუნებული ხარ? -რა თქმა უნდა. - ვუღიმი, ცერებზე ვიწევი და ტუჩებზე ვკოცნი. - წავიდეთ. ერთი სული მაქვს მაზუთში მოთხვრილი გნახო. -რაზე ფიქრობ. - იცინის რაილი და მოულოდნელად ხელში ავყავარ, მანქანაში მსვამს, სადაც სემი გველოდება და მივდივართ. *** მეორე დღეს, ზუსტად იმ შეკეთებული მოტოციკლეტით რაილის ქალაქში სასეირნოდ მივყავარ. სავანას ცენტრალურ ქუჩებში დააქროლებს წითელ მოტოს და დროგამოშვებით მეკითხება, როგორ ვარ. არაჩვეულებრივად ვარ. ადრენალინისგან გულამომჯდარი და აღფრთოვანებული ვარ. ჩაფხუტი ქარისგან მიცავს და თავისუფლად ვათვალიერებ ულამაზეს ადგილებს: გამწვანებულ ფერად სახლებს, სკვერებს, ფანტანებს, ღია კაფეებში ლანჩისთვის გამოსულ ადამიანებს, რომლებიც დაღლილობის მიუხედავად უღიმიან ერთმანეთს. პარკებში მოთამაშე ბავშვებს და მათ დედებს ვხედავ და ვერ ვიჯერებ, რომ ორი დღის წინ ჩემს სახლში გაბოროტებულ სულებს გავურბოდი. მოგვიანებით რაილი ორ იდენტურ სახლზე მიმანიშნებს, რომლებიც ტყუპი დებისთვის სპეციალურად ააშენეს. უცნაურია. ადამიანები რას აღარ აკეთებენ. ცოტა ხანში რივერ სთრითის ქვაფენილს მივუყვებით და მიუხედავად ქუჩის სივიწროვისა, რაილი აუჩქარებლად მიმავალ, ყვითლად და მწვანედ შეღებილ ტრამვაის უსწრებს. ვხედავ, ტრანსპორტიდან როგორ გვაყოლებენ მგზავრები თვალს და მეცინება. ჩემ მარჯვნივ, გრძელ მწვანე გაზონით გადაჭიმულ სანაპიროს ვხედავ, რომელზეც მოფრიალე გოგონას ქანდაკება ჩანს. რივერ სთრითის ძველი ქუჩა ხალხმრავალია. ქვაფენილი გვანელებს და საშუალება მეძლევა, წითელი აგურით ნაშენები საერთო საცხოვრებლები უკეთ შევათვალიერო. მათი სხვადასხვაფრად შეღებილი, მცენარეებით დატვირთული აივნები სასიამოვნოდ მჭრიან თვალს. ძველმანების მაღაზიები, პატარა კაფე-ბარები, ზღვის კერძების რესტორნები და სხვა უამრავი შენობა, რომლებსაც სიძველის სამოსი ჩაუცვამთ, ჩემთვის უცნობ ნოსტალგიას მიღვიძებენ. ასე მგონია, თითოეული მათგანი თავის ისტორიას მიყვება, ჩაფხუტის გამო კი ჩემამდე მათი ხმა ვერ აღწევს. რაილის წელზე შემოხვეულ ხელებს ფრთხილად ვუშვებ, ფეხებს მოტოციკლეტს უფრო მჭირდოდ ვაკრობ და ჩაფხუტს სწრაფად ვიძრობ. ბიჭი აფორიაქებული მადევნებს თვალს, მაგრამ ვეუბნები, რომ ყველაფერი რიგზეა. ამასობაში რივერ სთრითსაც ვცდებით და რაილი სიჩქარეს უმატებს. თვალებს ვხუჭავ და თავს ზემოთ ვწევ. ქარი თმას მიფრიალებს, სხეულზე წყლის ჭავლივით მეცემა და ჩამორეცხილ ნეგატიურ ფიქრებსა თუ განწყობას განვლილ გზას უტოვებს. ცოტა ხანში რაილი უხვევს და სანამ ტალმეიდჯის ხიდზე ავიდოდეს, ჩაფხუტის მორგებას მთხოვს. შუქნიშნით ვსარგებლობ და ვუჯერებ. სავანას მდინარეზე გადაჭიმული თეთრი ხიდიდან ქალაქი ისე ჩანს, როგორც ფოთოლი ხელს გულზე. ბიჭი სვლას ოდნავ ანელებს. აქედან რივერს სთრითის პალმებიანი სანაპირო უფრო გრძელი და ლამაზია. მდინარე უფრო მშვიდი, მდუმარე და ვრცელი. მასზე ერთმანეთის საპირისპირო მხარეს მოძრავი ორი თეთრი ბორანი ტბაზე მონავარდე გედებს ჰგვანან, რომლებსაც უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. აქედან ცა უფრო ცისფერი და კამკამაა. ასე მგონია, ხელი რომ გავიწვდინო, ღრუბლის ქულას მივწვდები და მოვგლიჯავ. აქედან სავანა უფრო მწვანე, დიდი და ჰარმონიულია. რაც უფრო ვცილდებით ცენტრალურ გზას, მით უფრო მიპყრობს ფორიაქი. მოუხედავად ყველაფრისა, ამ ზურმუხტისფერი ქუჩებისგან შორს ყოფნა აღარ მინდა. ამიტომ რაილის დაბრუნებას ვთხოვ. იქიდან პირდაპირ ბიძია ფილის ბარბექიუ ბარში მივდივართ და გემრიელად შევექცევით სადილს. *** ის-ისაა ფეხზე მალამოს წასმას ვამთავრებ, რომ კარზე კაკუნი მესმის. ვიცი ვინცაა და დივნიდან ადგომით თავს აღარ ვიწუხებ. -შემოდი სემ! - ვეძახი სტუმარს. ხუჭუჭა მაშინვე აღებს კარს და ოთახში აჟიტირებული შემორბის. მხარზე ბადბინტონის ჩოგნები აქვს მოგდებული, მეორე ხელში კი ბურთი უკავია. -სალამი ლისა, ფეხი როგორ გაქვს? ჩვენთან ერთად თამაშს შეძლებ? - სწრაფად მეკითხება ჭორფლიანი და ოთახს ათვალიერებს. სავარაუდოდ ჩემს დას ეძებს. -უკეთაა, მაგრამ არა მგონია თამაში მოვახერხო. - ბავშვის განწყობაზე მეცინება. გუშინ ჩემი და რაილის ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ, მან შემოგვთავაზა იდეა, დღეს პიკნიკი მოგვეწყო. -არა უშავს, ამაზე არ იდარდო. როცა გაგივლის ფეხი, მერეც ვითამაშოთ. არ მოგერიდოს, მე არ დამეზარება. -კარგი სემ, არ მომერიდება. - ვიცინი. ამასობაში კი კირაც ჩამორბის კიბეზე და სამზარეულოდან კალათი გამოაქვს. -აბა, სემ, - ეუბნება ხუჭუჭას და კარისკენ მივდივართ. - მზად ხარ დამარცხებისთვის? -მაგასაც ვნახავთ. - იცინის ბავშვი და მანქანისკენ გარბის. *** მერის მომზადებული ალუბლის ტარტი ფორსაიტის მწვანე, სუფთა გარემოში უფრო მადისაღმძვრელია, ვიდრე შინ, ამიტომ არც მეორე ულუფაზე ვამბობ უარს. პლედზე ფეხმორთხმით მჯდარი ბურთით მოთამაშე დედა-შვილს, რაილის და კირას ვადევნებ თვალს. მათი ჟრიამული მთელ პარკს იკლებს. აქაურ სიმშვიდესთან და ჩიტების ჭიკჭიკთან შერწყმული ეს ხმაური ნამდვილი სამოთხეა. რაილი დროდადრო ჩემკენ იყურება და ფეხის გამო მამხნევებს. ცოტა გული კი მწყდება, ამ მხიარულებაში რომ ვერ ვერთვები, მაგრამ მათი ყურებაც საკმარისია ჩემთვის. ცოტა ხანში ჩემკენ კირა მორბის და ჯდება. მალევე მერიც მას ჰბაძავს. -მშიშრებმა მოედანი დატოვეს! - ეძახის მათ რაილი და სემს ხელზე ხელს ურტყამს გამარჯვების ნიშნად. -მოვიგეეთ! - ყვირის ჭორფლიანი და გაზონზე სალტოს აკეთებს. -ფეიერვერკებს ჯერ ნუ გაუშვებთ. ყველაფერი წინაა! - ხელებს ასავსავებს დაღლილი კირა, წყალს სვამს და კეპიანი ქუდით ყელს იგრილებს. - ღმერთო, ეს ბავშვი ენერგიის წყაროა. მერი იცინის და მწვანე ვაშლს სთავაზობს. კირას ვათვალიერებ და რაღაც არ მომდის თვალში, მაგრამ ვერ ვხვდები, რა. ჯინსის შორტები, თეთრი მაისური და კედები აცვია. ხელზე საათი, ყელზე კი ყელსაბამი უკეთია, მაგრამ ვიწროდ მოჭრილი საკიდის გამო მხოლოდ საკიდი ჩანს. თავს ვაქნევ. რა მჭირს? ჩემს დას ყველაფერი რიგზე აქვს. კირა კისერს იზელს და ჩემს მზერას რომ აწყდება ენას მიყოფს. მეცინება და ტარტით ტკბობას განვაგრძობ. *** ვახშმის შემდეგ დივანზე მოკალათებულს ჩემი და თავისი „ფლეისთეიშენით“ მეცხადება. ეს ის მოწყობილობაა, რომელსაც კირა ყველგან თან დაათრევს. ისეთი სახით მიყურებს, უარის თქმა შეუძლებელია. ფლეისთეიშენს ტელევიზორზე აერთებს და ზუსტად იმ თამაშს რთავს, რომელსაც ვერ ვუგებ. როგორც ჩანს, გამარჯვების იდეას ჰყავს შეპყრობილი და ნათლია-ნათლულთან დამარცხება ჩემთან მოგებით უნდა, რომ აინაზღაუროს. სასაცილო ვინმეა. გვიანობამდე ვთამაშობთ, მანამ, სანამ თვალები არ მტკივდება და კირა მეთხუთმეტედ არ მამარცხებს. შეწყვეტის ინიციატივას მე ვიღებ, რადგან ხვალიდან მუშაობის გაგრძელებს ვგეგმავ. ყველაფერი თავის ადგილს უნდა დაუბრუნდეს. დაწოლიდან ცოტა ხანში, კირა მპირდება, რომ ხვალ საწოლს იყიდის თავისი საძინებლისთვის. უკვე ძალიან ცხელა და ორი მხურვალე სხეული ერთ საწოლში საკმაოდ შემაწუხებელია. არადა მე რომ წამომეწყო ამაზე საუბარი, ზუსტად ვიცი, უარს მეტყოდა. თვალებს ვხუჭავ და ღია ფანჯრიდან შემოსულ სიოს სახეს ვუშვერ. ხვალ მამას დავურეკავ და კირას ჩემთან ჩამოსვლის ამბავს გავაგებინებ. ვიცი, ის ჩვენზე მეტად განიცდის ჩვენი ურთიერთობის ამბავს. დარწმუნებული ვარ გაუხარდება და მოისვენებს. ვივიენის შეტყობინება და ახალი სტატიის თემა მაილზე ვნახე. ჯეიმისაც დავურეკავ და ვეტყვი, რომ კარგად ვარ. არ მინდა პასიურობით იმედები გავუცრუო. ისედაც ვალში ვარ, ატლანტას ჟურნალისთვის სავანიდან რომ ვმუშაობ. წვეულებამდე ათი დღეა დარჩენილი და ალბათ შევძლებ ჩასვლას. ფიქრებში მთვლემს და სასიამოვნო ბურუსში ვეხვევი. უცბად კი საიდანღაც, ძალიან შორიდან კარის გაღების ხმა მესმის. თვალებს ვახელ და კარს ვუყურებ, მაგრამ... ეს არაა ჩემი ოთახი. უფრო სწორად ჩემი ოთახია, მაგრამ ძველი, იმ სახლის, სადაც მთელი ოჯახი ერთად ვცხოვრობდით. კარი ფართოდ იღება და დედა შემოდის. ვარდისფერი კაბა აცვია, ფეხზე სახლის სანდლები. თმა სახელდახელოდ შეუკრავს. ღიმილით მიახლოვდება და საწოლზე ჯდება. -დედა? - ვბუტბუტებ. წამოდგომა მინდა, მაგრამ ჭარბი სიმშვიდე სხეულზე ლოდად მადევს. -ძილი ნებისა საყვარელო. - შუბლზე მკოცნის და ლოყაზე მეფერება. ვგრძნობ მის კოცნასაც და შეხებასაც და გული მიჯდება. - ნუ ტირი, ძვირფასო, ყველაფერი კარგადაა. - იღიმის ჯოანა. -დედა... შენ ხომ... -ჩშშ... თვალები დახუჭე და დაიძინე. გინდა გიმღერო? - მეკითხება, მაგრამ პასუხის გაცემას არ მაცდის. თმაზე მეფერება და სიმღერას იწყებს. სიმღერას, რომელიც განსაკუთრებული მოგონება იყო და კოშმარად იქცა, რომელიც ახლა მდინარის ფსკერზე უნდა იყოს. რომელსაც აღარავინ უნდა მღეროდეს დედამიწის ზურგზე. -დედა, გაჩერდი... - ვამბობ, მაგრამ ის განაგრძობს. მისი ტკბილი ხმა პატარა ციცქნა ვარსკვლავის ისტორიას მიყვება. გული მტკივა. ყველაფერი მტკივა. მინდა, რომ ავდგე და ამ ოთახიდან გავვარდე. მინდა, რომ ეს ხმა შეწყდეს, მაგრამ არაფერი გამომდის. ვერაფერს ვაკეთებ. - დედა! - ვყვირი გაღიზიანებული. თვალებს მაგრად ვხუჭავ. იქნებ გაქრეს, იქნებ წავიდეს, მაგრამ არაფერი იცვლება, გარდა ხმისა. ეს მისი ნამღერი აღარაა. ეს ჯოანას ხმა არაა. აღარც თმაზე მეფერება. თვალებს ვახელ. დედას ნაცვლად იქ სხვა ზის. თვალები მებინდება და მისი სახე იცრიცება. შავი კაბა აცვია, ყელზე და მკლავებზე მაქმანებით. შავი თმა ხვეულებად ჩამოშლია. სიმღერას განაგრძობს, ცივი გულგრილი ხმით და მის თითებს ვხედავ, რომლებიც ჩემკენ მოიწევენ, ყელზე მეხვევიან და ნელ-ნელა მარწუხებად იქცევიან. სუნთქვა მეკვრის და საწოლში ვფართხალებ, მაგრამ საკუთარი თავის გადასარჩენად ვერაფერს ვაკეთებ. სიმღერა შორიდან ჩამესმის მოგუდული, გაცრეცილი მელოდიით. თითები არ მშორდებიან, თითქოს ჩემში შემოღწევას და შიგნიდან გაგლეჯვას ცდილობენ. ვუძალიანდები, მაგრამ ჰაერის უკმარისობა მერევა. ასე მგონია, კანი მისკდება და ნაფლეთებად იქცევა. საკუთარი ხრიალი ექოდ ჩამესმის ყურებში. ვიხრჩობი. -ლისა! - მესმის კივილი. ნაცნობ ხმას მაშინვე ვეჭიდები და მარწუხებიდან ვძვრები. თვალებს ვახელ. - ლისა, რა დაგემართა? - შეშინებული კირა ზემოდან დამყურებს. გულის ცემა ბეჭებს მინგრევს. ხელებს ვწევ და გაოფლილ სახეზე ვისვამ -ღმერთო, - გამშრალ ტუჩებს ვილოკავ. - საშინელი სიზმარი ვნახე. - ყელზე ვისვამ თითებს და ვრწმუნდები, რომ არაფერი მჭირს. კირა დამფრთხალი მიყურებს და მოგვიანებით ვხვდები, რასაც ფიქრობს. - არა კირა, არა! იმ ყველაფერმა გაიარა, მორჩა და გაქრა! - ვამბობ კატეგორიულად და საწოლიდან ვდგები. არ ვიცი, ამას მის დასარწმუნებლად ვამბობ, თუ საკუთარი თავის, მაგრამ ფაქტია, ვამბობ, რადგან გულის სიღრმეში ეჭვი თავის ფესვს მაინც იჩენს. *** რაილი ვახშამზე მეპატიჟება. ამბობს, რესტორანი, სადაც წაგიყვან ძალიან მოგეწონებაო. ეს წინადადება დილიდან გამოყოლილ დაძაბულობას მიხსნის. კირა სავაჭრო ცენტრში მიდის საწოლის შესარჩევად. ერთად წასვლას ვთავაზობ, მაგრამ უარს მეუბნება. ალბათ დილით ვაწყენინე. ალბათ ამაზე საუბარი უნდა, მაგრამ ჩემ გამო თავს იკავებს. ღმერთო, იმედია ეს სიმზარი ძველი ნალექებისგან შემდგარი კადრები იყო და მეტი არაფერი. სანამ პაემნის დრო მოვიდოდეს, ვივიენის სტატიაზე ვმუშაობ და გულს ვაყოლებ. სახლში კირა ხელცარიელი ბრუნდება. განწყობა დაბრუნებია და ამბობს, როცა თავისუფალი იქნები, მაშინ წავიდეთ საწოლის ასარჩევადო. დილანდელის გამო ბოდიშს ვუხდი და ვრიგდებით. ვახშმისთვის კაბის შერჩევაში მეხმარება და მაკიაჟს ის მიკეთებს. ჩემდა გასაკვირად მე და რაილი რესტორანს ვუვლით და მის უკანა მხარეს, დიდ ღვიძლისფრად შეღებილ ხის კართან ვჩერდებით. რაილი მიღიმის, კარს აღებს და მეპატიჟება. როგორც ვხედავ, რესტორნის ერთი ნაწილი ღია ცის ქვეშაა გაწყობილი. გარემო მყუდროა და ძალიან ლამაზი. შავი რკინის მოჩუქურთმებული მაგიდები დგას თავისივე შავი და თეთრი სკამებით. კედლები სუროთია დაფარული, ირგვლივ უამრავი სხვადასხვა ფერის ქოთნის ყვავილი დგას დანამული ფოთლებით. ხეივანზე ჩამოკიდებული ნათურები ციცინათელებივით ანათებენ. მათ შუქზე სველი ქვაფენილი შავად პრიალებს. დაახლოებით ათი მაგიდიდან მხოლოდ სამია დაკავებული. ეზოს ერთ კუთხეში ცოცხალი მუსიკა უკრავს. რაილი წელზე ხელს მხვევს და ერთადერთ, ეზოში გამოყოფილი მაგიდისკენ მივყავარ, რომელიც ოდნავ შემაღლებულ ადგილას დგას. მაგიდას კედელზე მიმაგრებული სანთლის ფორმის ნათურები ანათებენ. სანამ კერძს მოგვართმევდნენ, თითო ჭიქა ღვინოს ვსვამთ. რაილი ლაშქრობის ამბებს მიყვება. მონდომებით ვუსმენ, მაგრამ ყურადღება მაინც მეფანტება. გონება თავისით ერთვება წუხანდელ სიზმარზე და თავიდან ვერ ვიგდებ. საღამო რაილისთან დარჩენით სრულდება. რესტორნიდან წამოსვლის შემდეგ ბიჭი თავის სახლში მეპატიჟება. მის ალბომებს ვათვალიერებ. განსაკუთრებულ სურათებზე რაილი მათ ისტორიებს მიყვება და საკმაოდ მხიარული წუთები გამოგვდის. ბოლოს მიას მიერ გადაღებულ იმ ვიდეოს მაჩვენებს, ძმას წყლით სავსე ბურთი რომ ესროლა. კადრში გოგოც ჩანს, როცა რაილი კამერას ართმევს და დასაჭერად მისდევს. მიას თეთრი შორტები და წითელი ფარფარა მაისური აცვია. გრძელი ქერა თმა მზის შუქზე უბზინავს. ისეთი სიცილი აქვს, ადამიანს სიცოცხლეს შეგაყვარებს. როცა დასათვალიერებელი აღარაფერი რჩება და ღვინის ბოთლიც ცარიელდება... -დარჩი. - მთავაზობს რაილი, ჩემს სახეს ხელებში იქცევს და ჩამუქებული თვალებით პასუხის მომლოდინედ მაცქერდება. დარჩენა მინდა, ძალიან, მაგრამ კირას მარტო დატოვების იდეა არ მხიბლავს. განსაკუთრებით სიზმრის შემდეგ. - ძალიან მომენატრე, ლისა. ისევ ის არღვევს სიჩუმეს და ტუჩებზე ვნებიანად მეკრობა. ეს თითქოს ყველა პრობლემას აგვარებს და ყველა საფიქრალს მავიწყებს. ბიჭს მკერდზე ვეკრობი და სრული სიმშვიდით ვიკარგები მის მკლავებში. *** სახლში დაბრუნებული კირა საქანელა-დივანზე წამომჯდარი მხვდება. ლეპტოპში იყურება და თან ვაშლს მიირთმევს. კიბეზე ასულს რომ მხედავს, ყბას აჩერებს და თვალებს იწვრილებს. -რა? - აივნის მოაჯირზე ვჯდები. თავს ბოძს ვაყრდნობ და ვოხრავ. -ღმერთო, პირდაპირ სახეზე გაწერია სიტყვა „ვისიამოვნე“. - ჰაერში თითით წერს ასოებს კირა. - ღამე როგორ გაატარე? - არ ვიმჩნევ მის კომენტარს. - მარტომ. სიამოვნება არ მიმიღია. - ტუჩებს ბრიცავს და ვაშლს კბეჩს. სიცილი მიტყდება და მის გვერდით ვჯდები. - პაემანმა როგორ ჩაიარა? - მშვენივრად. არაჩვეულებრივი ვახშამი, ადგილი, კერძები, ღვინო და მერე... - კარგი, კარგი... - ხელით მანიშნებს გაჩერდიო. ჩემს დას ვეხვევი და ვკოცნი. -ჩემი შურიანი. - ენას ვუყოფ და თავს მხარზე ვადებ. თვალში ისევ მისი ყელსაბამი მხვდება. ის-ისაა მის სანახავად საკიდს ვეხები, რომ კირა კრთება და ოდნავ გვერდით იწევა. - რა გჭირს? - ვეკითხები შეფიქრიანებული. -შენ თვითონ რა გჭირს? - ხელს ყელზე იდებს და ასრიალებს, თითქოს უსაფრთხოდ დაიგულაო. -კირა, მხოლოდ მისი ნახვა მინდოდა. - თვალით ვანიშნებ. -ისედაც შენი არაა? - საკიდს ზემოთ სწევს და მაისურის ქვეშ დამალულ კულონს ხელის გულზე იდებს. დაახლოებით კაკლის ზომის შავი ქვა მზის შუქზე თვალისმომჭრელად ელავს. ვერცხლისფერ მოჩუქურთმებულ ბუდეში მყარად ზის. საკიდიც უცნაური სახისაა. წვრილი და ნაზია, მაგრამ ზედაპირი გველის ტყავს მაგონებს. ქვა მომნუსხველად გამოიყურება. ულამაზესია. მაგრამ რაღაც მაინც არ მომწონს. არა, ნაკლი არ აქვს. უბრალოდ მისი არსებობა მეუცნაურება. ვუყურებ ამ მომნუსხველ სიშავეს და ასე მგონია, შიგნიდან ვიღაც მითვალთვალებს. - კირა, საიდან მოიტანე, რომ ეს ჩემია? - ვეკითხები დაბნეული. - შენი საწოლის ქვეშ ვიპოვე. - მხრებს იჩეჩავს. -კირა, ეს ყელსაბამი ჩემი არ არის. - ვამბობ და საკუთარი სიტყვების გამო ტანზე ეკალი მაყრის. -ხოდა ძალიან კარგი, მაშინ ჩემია. - გამარჯვებულის ტონით ამბობს და ისევ ლეპტოპს უბრუნდება. -მომეცი აქ. - მისკენ ვიწვდენ ხელს, კირა კი უკან ხტება და უარის ნიშნად აქნევს თავს. - კირა, ვერ გაიგე? ეგ ყელსაბამი ჩემი არ არის და წარმოდგენა არ მაქვს, საიდან გაჩნდა ჩემი საწოლის ქვეშ. - ხმა თავისით მეწევა. -რა მნიშვნელობა აქვს? მომწონს და ვიტოვებ. - ბრაზდება. - არა, შენ ასეთი ყელსაბამები არ მოგწონს! ეს რითაა გამორჩეული, რომ ორი დღეა თან ატარებ? - საკუთარი წინადადებები თანდათან უფრო მაშინებს. კირა დგება, ლეპტოპს საქანელადივანზე დებს და უპასუხოდ შედის სახლში. ღმერთო! ასე არსაიდან მოსული ბოლოს ზარდახშა ვიპოვე და ლამის მოვკვდი. ეს ყელსაბამი საიდან გაჩნდა ჩემი საწოლის ქვეშ? 11 თავი *** საღამომდე თავაუღებლად ვმუშაობ. ვცდილობ საფიქრალი მხოლოდ საქმეზე მივმართო, მაგრამ დროგამოშვებით მაინც ბრწყინავს ჩემს გონებაში შავი ქვა. მის არსაიდან მოსვლას რაღაც ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს? არა, ზარდახშას ამასთან ვერ დავაკავშირებ. ზარდახშა იატაკში იდო. მისი დამალვა ნებისმიერს შეეძლო. ყელსაბამი კი, რომელიც აქამდე თვალით არ მენახა, ჩემი საწოლის ქვეშ აღმოჩნდა. მასზე ფიქრს თავს ვანებებ და სტატიის წერას ვაგრძელებ. მაგრამ იგნორი მხოლოდ დროებითი გამოსავალია. პრობლემა პრობლემად რჩება. კირა ვახშმისთვის ბრუნდება და მარწყვის იოგურტი მოაქვს. თან მხოლოდ ერთი ქილა. იცის, რომ მიყვარს. ვითომ მიხვდა, უაზროდ რომ გამაბრაზა და გულის მოგებას ცდილობს? ალბათ. ეს კარგია, მაგრამ ყელსაბამი ისევ უკეთია, ასე, რომ დაძაბულობა დიდად ვერ ნელდება. იქნებ შევეშვა? იქნებ თავად მიხვდეს, რომ ეს ნივთი უთანხმოებად არ ღირს და დანებდეს? ალბათ ასე აჯობებს. - სად იყავი? - ვეკითხები კიბისკენ წასულს. კირა ჩერდება და ყოყმანით ბრუნდება ჩემკენ. - სამსახურის მოსაძებნად. - თვალს მარიდებს. - მერე? - ვიშოვე. - ოდნავ ეღიმება. - მართლა? - ლეპტოპს გვერდით ვდებ და გაოცებული შევყურებ. კირა უფრო ფართოდ იღიმის და თავს იქნევს. - სად? - ორი ტატუს სალონი ვნახე და ერთში გამიმართლა. „შავი ორქიდეის ტატუ“ ჰქვია. - ოჰოო... ძალიან კარგია. სადაა? - ახლოსაა. ჯეფერსონის ქუჩაა. აქედან მეორე პარალელური. ორნი არიან. ერთ-ერთი მასტერი ნიუ-იორკში მიდის ორ კვირაში და მის მაგივრად გავალ. - მიხარია კირა, ძალიან კარგია. - ჰო, მეც მიხარია. - თავს მიქნევს და კიბეზე ადის. სამი საფეხურის შემდეგ ისევ ბრუნდება. - უკვე ივახშმე? - არა, გელოდებოდი. ცდილობს, არ შეიტყოს, მაგრამ მაინც ვამჩნევ კმაყოფილებას. - კარგი, გამოვიცვლი და ჩამოვალ. *** ვახშამი მშვიდად სრულდება. კირა ადრე იძინებს. მე კი სამუშაოდ აივანზე გავდივარ.მაგიდასთან ენერგეტიკული სასმელით ვჯდები და წერას განვაგრძობ. გარეთ გრილი სიო და ზაფხულის სიცხე ერთმანეთს ემუსაიფებიან და მუშაობაში მეხმარებიან. გზაზე იშვიათად თუ ჩაივლის მანქანა და მისი ფარების შუქი უბანს გაანათებს. ნამგალა მთვარე მუქ ლურჯად შეფერადებულ ცაზე ვარსკვლავებთან ერთად იწონებს თავს. ხანდახან მეზობელი სახლისკენ გამირბის თვალი. გამჭვირვალე ფარდის მიღმა ხან სემს ვხედავ თვითმფრინავით მორბენალს, ხან მერის მობილურზე მოსაუბრეს. გარეთ ყველაფერი წესრიგშია. კანონზომიერებას არაფერი არღვევს. ირგვლივ სიმშვიდე და ბუნებრიობაა. ფეხებს მეორე სკამზე ვაწყობ და წელში ვსწორდები. თვალებდახუჭული ვუსმენ სავანურ ღამეს და სიტუაციის შერგებას ვცდილობ, მაგრამ დიდხანს არ გამომდის. ჩემს სიმშვიდემონატრებულ გონებაში ისევ ბრწყინავს ყელსაბამი. მის ვიზუალს ვიხსენებ და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ის ადრე უკვე მინახავს. მაგრამ რომ ვერაფერს ვუკავშირებ, ამაზე ფიქრს ვეშვები. რაილის ვურეკავ და გასეირნებას ვთავაზობ. თხუთმეტ წუთში ჩემს აივანზე ამოდის და მესალმება. ლეპტოპს ვაბინავებ და ქუჩას ნელა მივუყვებით. - როგორ ხარ? - მეკითხება რაილი და ჩაკიდებულ ხელს ოდნავ მიჭერს. - მშვენივრად. - მხრებს ვიჩეჩავ და დაბნეული ვუღიმი. - თუ შენ რამე სხვას გულისხმობ? - სიმართლე გითხრა, კი. - ორი წამით ჩემკენ აპარებს თვალს და ისევ გზას გასცქერის. - მას შემდეგ ხუთი დღე გავიდა. შენ კი არაფერი გითქვამს. იქნებ ჯობდა გვესაუბრა? თუ გინდა... - არც კი ვიცი... ან რაღაა სალაპარაკო? ყველაფერი იცი, როგორ ვიყავი, რას ვგრძნობდი... გახსენება აღარ მინდა. ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. შენ და კირა რომ ჩემ გვერდით ხართ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. რაილი ცალ-ყბად იღიმის და თავზე მკოცნის. - კირა როგორაა? მას შემდეგ. - კირა... - ვოხრავ. - კირა ძლიერია, ჩემზე მეტად. ამიტომ ის გაცილებით სწრაფად ხარშავს ყველაფერს და ტოვებს წარსულში. შესაშური ხასიათი ნამდვილად არ აქვს, მაგრამ ხშირად მაინც მშურს მისი. ხო, მართლა, სამსახური იშოვა ტატუს სალონში. - მშვენიერია. საქმეზე ყურადღების გადატანა ორივეს მოგიხდებათ. - სიმართლე გითხრა, მირჩევნია ეგ ყურადღება შენ დაგითმო. - მხარით მხარზე ოდნავ ვუბიძგებ. - მე სულ აქ ვარ. ხომ არ დაგავიწყდა, რამდენად საიმედოა ჩემი სიახლოვე? სულ რაღაც რვა სახლი. - თვალს მიკრავს და ხელს მხრებზე მხვევს. - ვიცი. - ხოდა, შეგიძლია, როცა მოგინდება, მაშინ დამითმო შენი ყურადღება. - მეცინება. - რაც არ უნდა მოხდეს, უბრალოდ მითხარი, შევთანხმდით? - შევთანხმდით. - მხარზე ვაყრდნობ თავს და მისი სურნელით ვტკბები. *** ძილ- ბურანიდან რაღაც ხმაურს გამოვყავარ. სანამ ბოლომდე გამოვფხიზლდებოდე, მგონია, რომ ღია ფანჯრიდან ფოთლების შრიალის ხმა შემოდის. ძილის გაგრძელებას ვაპირებ, მაგრამ ამას რაღაც სხვაც ემატება. დარტყმის ხმაა, სუსტი და მოგუდული, თითქოს რეზინის ჩაქუჩს რაიმე მყარზე ურტყამდნენ. საწოლში ფრთხილად ვიცვლი გვერდს,. არ მინდა კირა გავაღვიძო... მაგრამ კირა ჩემ გვერდით არაა. ოთახში შემოსული ლამპიონის მკრთალი შუქის დახმარებით ჩემს ოთახში რაღაც მოძრაობას ვხედავ. - კირა. - ვჩურჩულებ და ვაყურადებ, მაგრამ არ მეპასუხება. საწოლიდან სანათს ვწვდები და ვანთებ. ჩემი და ოთახის კუთხეში ზურგით დგას. ვერ ვხვდები, რას აკეთებს. ვდგები და ვიცვლი თუ არა რაკურსს, გაოგნებისგან სუნთქვა მეკვრის. კირა ადგილზე ირხევა და შუბლს კედელს ურტყამს. წინ ჩამოყრილი თმის გამო მის სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ მესმის, რაღაცას გაცხარებით ბუტბუტებს. სიტყვებს ვერ ვარჩევ. მგონი ისინი არცაა ნამდვილი სიტყვები. ვუყურებ და მისი მდგომარეობა გულს მიხეთქავს. - კირა! - ჩურჩულით ვეძახი. მგონი ისევ სძინავს. მისი უცბად გამოფხიზლება არ მინდა. გამიგია, რომ ამას ცუდი შედეგი მოსდევს. ფრთხილად ვუახლოვდები და ის-ისაა მხარზე შეხებას ვაპირებ, რომ მოულოდნელად ჩემკენ ბრუნდება. - ღმერთო! - პირზე ვიფარებ ორივე ხელს და ადგილზე ვიყინები. სადაცაა გულის ცემა მკერდს გამიგლეჯს. ფილტვებში გამოკეტილ ჰაერს ფრთხილად ვათავისუფლებ. ჩემი და უძრავად დგას, თვალები დაუხუჭავს და ტუჩებს აცმაცუნებს. უხმოდ ლაპარაკობს. მეშინია. ვიბნევი. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. - კირა... - ვეჩურჩულები და თმაზე ყოყმანით ვეხები. - წამოდი, დაწექი. - უცბად ის თავს სწევს, ლაპარაკს წყვეტს და თვალებში მაშტერდება. დამფრთხალი შევყურებ. ღმერთო, ნუთუ მთვარეულია? - კირა, გესმის ჩემი? - ჩუმად ვეკითხები. ის კი ისევ მიყურებს, მაგრამ ასე მგონია, ყველაფერს ხედავს ჩემ გარდა. ჯანდაბა, როგორმე ეს საშინელება უნდა დავასრულო. მხრებზე ფრთხილად ვეხები. - კირა, მე ვარ, გაიღვიძე. - ვამბობ ოდნავ ხმამაღლა და მგონი მოქმედებს. თითქოს ფოკუსს ასწორებსო. ვგრძნობ, რომ ახლა ნამდვილად მე მიყურებს. თვალებს ნელა ახამხამებს. ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს დიდი ხნის სირბილის შემდეგ დაქანცული ჩამოჯდა. - ყველაფერი კარგადაა. დავიძინოთ? - უფრო ძლიერად ვეჭიდები მხრებზე. ასე მგონია, უნდა წაიქცეს. თანხმობას მისგან ვერ ვიღებ, მაგრამ საწოლისკენ წასულს მშვიდად მომყვება. ვაწვენ და პლედს ვაფარებ. რამდენიმე წამით ფანჯარას გაჰყურებს, შემდეგ კი თვალებს ხუჭავს და ძილს განაგრძობს. მე კი აფორიაქება ყელში მიჭერს. ვათვალიერებ მშვიდად მძინარეს და ვერაფრით ვხვდები, რა იყო ეს. შემდეგ ლამპიონის შუქზე მის ყელთან მკრთალად მოპრიალე ყელსაბამის საკიდს ვხედავ და საშინლად მომდის გული. ის-ისაა გაღიზიანებული ყელიდან მის მოხსნას ვუპირებ, რომ კირა გვერდს იცვლის და ზურგს მაქცევს. საკუთარი თავის დამშვიდების მცდელობაში ისე მეძინება, სანათის შუქის ჩაქრობა აღარც მახსენდება. *** გაღვიძებულს კირა საწოლში არ მხვდება. სულ მავიწყდება, რომ ყოველ დილით დარბის. წყალს ვივლებ და ცხრის ნახევარი ხდება სამზარეულოში რომ ჩავდივარ. მაცივრიდან მარწყვის იოგურტს ვიღებ, ბაღში გავდივარ და საქანელაზე ჩამომჯდარი გემრიელად მივირთმევ. აიწონა-დაიწონას ვავლებ თვალს და ჯერ კიდევ ეკალი მაყრის, მასზე მჯდომი მარტოხელა სემი რომ მახსენდება. შემდეგ ღობის მიღმა მერის ვხედავ, რომელიც მობილურზე საუბრობს. მეორე ხელში სამუშაო თათმანები და მაკრატელი უკავია. ცოტა ხანში ლაპარაკს ასრულებს და სანამ სახლში შევიდოდეს, მხედავს და ხელს მიქნევს. იღიმის, მაგრამ შორიდანაც კი ვატყობ, რომ შეწუხებულია. - რამე მოხდა მერი? - ვეძახი და ღობესთან მივდივარ. - ჩემს დას ველაპარაკე, ენის სიცხე აქვს და წამოსვლა უნდა. - უნდა წახვიდე? - სხვა გზა არაა. ჩემი და მუშაობს და ბავშვი მარტო რჩება. - შეგიძლია სემი ჩემთან დატოვო. - ვთავაზობ. - ოჰ, მადლობა ლისა, ძვირფასო. რაილი დაიტოვებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მაინც ერთად იქნებით ყველა. - ჰო, ეგ მართალია. - მეცინება. - შენ როდის დაბრუნდები? - ალბათ ხვალ დილით. ვნახოთ, ენი როგორ იქნება. მგზავრობას თუ შეძლებს. - იმედია მალე გამოჯანმრთელდება. როგორც იქნა შენს მეორე შვილსაც გავიცნობ. - ორივესთან ერთად რომ იქნები, ვნახოთ მერე რას იტყვი. - იცინის მერი და მემშვიდობება. სახლში შევდივარ, დივანზე კომფორტულად ვეწყობი და სტატიის წერას ვასრულებ. მაილზე მისის ლოუს ვუგზავნი და მოდუნებულს დივანზევე მეძინება. შემდეგ რაღაც გამჭოლი ხმა მესმის და ვხედავ, როგორ იმსხვრევა იატაკზე თეთრი ფინჯნები. თითოეული ნამსხვრევის გადავარდნას ნათლად ვხედავ, თითქოს იატაკის ქვემოდან ვუყურებდე ყველაფერს. შემდეგ კირას საძინებლის კარი იღება და არანორმალური სისწრაფით შერბის შიგნით ვიღაცის გამჭვირვალე სხეული, რომელსაც მალევე ფარდების ფრიალი ფარავს. იმ წამს კი აიწონა-დაიწონაზე მარტო მოქანავე სემი მიღიმის. - სემი! - ვეძახი ბავშვს. ჩემი ხმა შორიდან მწვდება, თითქოს მეორე ოთახიდან ვიღაც სხვა მეძახდეს. საკუთარ თავს ვერ ვგრძნობ და შიში წვიმასავით მეცემა სხეულზე. შემდეგ სარკეში ვიხედები, მაგრამ იქ ჩემ ნაცვლად კირას ვხედავ. თეთრთვალება, გაფითრებულ, ტუჩებდახეთქილ კირას. სარკიდან რაღაც შავი სითხე ჟონავს, კედელს სვრის და მდორე დინებით მიახლოვდება. მინდა გავიქცე, მაგრამ ისევე ვარ ადგილზე დალურსმული, როგორც მაშინ, როცა კირამ გადამარჩინა. უკვე მილიმეტრებიღა მაშორებს სითხისგან, რომ რაღაც ბრახუნი მესმის და მეღვიძება. - მოვედი! - მეუბნება კირა და სამზარეულოსკენ გარბის. ცოტა ხანში ისევ უკან ბრუნდება. დივანზე ვჯდები და გაბრუებული ვუყურებ ჩემ თვალიერებაში გართულ დას. - რა მოგივიდა? - მეკითხება დაეჭვებული. - არაფერი. ჩამეძინა და... - თავს ვაქნევ. ფინჯნის ნამსხვრევები ისევ თვალწინ იფანტებიან. - უკვე ისაუზმე? - არა, გელოდებოდი. ომლეტს და ტოსტებს გავაკეთებ. - კარგი. წყალს გადავივლებ და ჩამოვალ. კირა კიბეზე არბის. საათს ვუყურებ. თხუთმეტი წუთიც არ მძინებია. ფრთხილად ვდგები. ცუდად არ ვარ, მაგრამ ასე მგონია, რამეს რომ არ დავეყრდნო, წავიქცევი. ნაღრძობი კოჭი შეუმჩნევლადღა მტკივა. ტკივილიც არაა, უფრო დისკომფორტი. სამზარეულოში გავდივარ და მოზრდილი ფინჯნით წყალს ვსვამ. მაცივრიდან კვერცხს ვიღებ და პურს ვთლი. ცოტა ხანში კირაც მოდის და მაგიდასთან ჯდება. მობილურს ღიმილით ჩაჰყურებს და სწრაფად კრეფს ტექსტს. ჩუმად ვათვალიერებ და თან ყველს ვდებ პურში. კისერზე ყელსაბამის საკიდი მოუჩანს. ვერ გადამიწყვეტია, მე დავიწყო წუხანდელ ღამეზე საუბარი თუ მას ვაცადო. ომლეტი ტაფიდან თეფშებზე გადმომაქვს და მეც მაგიდასთან მივდივარ. კირა მობილურს ჯიბეში ინახავს, საუზმეს სიამოვნებით ყნოსავს და შემდეგ შუბლზე იდებს ხელს. - შეხედე, - ოდნავ ჩემკენ იხრება და თმას უკან იწევს. - დალურჯებული მაქვს. წარმოდგენა არ მაქვს სად მივარტყი. შენ ხომ არ დამეჯახე მძინარე? პირისკენ წაღებული ჩანგალი ჰაერში მიშეშდება. კირა იცინის და ჭამას იწყებს. მას არ ახსოვს, არაფერი ახსოვს. ან არც გაუგია. ძილიდან არ გამოსულა. ომლეტის ნაჭერს ნელა ვიდებ პირში და მძიმედ ვყლაპავ. - იქნებ... ის შენი მალამო წაისვი. მე ნამდვილად არ დაგჯახებივარ. - იძულებით ვიღიმი. რა გავაკეთო? ღირს კი მოყოლა? თუ არაფერი ახსოვს, ტყუილად რატომ უნდა შევაშინო? მაგრამ, მე ისიც კი არ ვიცი, დააფრთხობს თუ არა ეს ამბავი. ბოლო დროს მისთვის თითქმის ყველაფერი სულ ერთია. ჩემი დის ყელს ვუყურებ და მაისურში ჩაგდებული ყელსაბამის საკიდს ვხედავ. რა ჯანდაბაა? ის-ისაა კვლავ ამ საკითხზე ვაპირებ საუბრის წამოწყებას, რომ კარზე ზარს რეკავენ. გასაღებად მე მივდივარ. რაილი და სემი არიან. მერი უკვე წასულა ენის ჩამოსაყვანად. სემი მესალმება და მაშინვე კირასთან გარბის სამზარეულოში. როგორც ჩანს, ერთმანეთს კარგად გაუგეს. რაილის ვკოცნი და ვეხუტები. ხელებს წელზე მხვევს და გულზე მიკრობს. - კარგად ხარ? - მეკითხება ეჭვნარევი ხმით. - ხო. - ყელზე ვკოცნი და ვუღიმი. მის გვერდით თავს გაცილებით მშვიდად ვგრძნობ. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ასეთ მოკლე დროში ეს ადამიანი ასეთი მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის. - შენ როგორ ხარ? - კარგად. - მხრებს იჩეჩავს. - მაგრამ შენი გამომეტყველება მაინც არ მომწონს. გახსოვს გუშინ რაზე შევთანხმდით? - მახსოვს, - ტუჩებს ვმუწავ. ხელს ვკიდებ და სამზარეულოსკენ მიმყავს. მოგიყვები. წამოდი, ვისაუზმოთ. - არა, არა, ერთად ვისაუზმეთ ცოტა ხნის წინ მე და სემიმ. - რაილი წუწუნით მომყვება უკან. სამზარეულოში შესული კირას ესალმება და ბართან ჯდება. მე და ჩემი და საუზმეს განვაგრძობთ. სემი ბაღშია და ბადით აუზში ჩაყრილ ფოთლებს დასდევს. კირა და რაილი ჩემი დის სამსახურზე იწყებენ საუბარს. მე კი ვუსმენ. ეს ჩვეულებრივი, ეს ცხოვრებისეული, რიგითი სასაუბრო თემა მსიამოვნებს. მიხარია, რომ სულები, შიში და სიკვდილი არ გვაქვს სალაპარაკოდ. ყავის მოსამზადებლად ვდგები. კირა დანას იღებს და ფორთოხლის დაჭრას იწყებს. თან ატლანტაში მუშაობისას ერთ-ერთი კლიენტის ისტორიას ჰყვება. ქურაზე წყალს ვადგამ და ფინჯნებში ყავას და შაქარს ვყრი. ჩემი ოჯახი მახსენდება. დედა, რომელიც საუზმის გარეშე სახლიდან არ გვიშვებდა. მამა, რომელიც სამსახურში წასვლამდე თავის გოგოებს შუბლზე გვკოცნიდა და მზრუნველი თვალების ციმციმით გვეკითხებოდა, ხომ არაფერი გვჭირდებოდა. ის იდეალური საუზმეები წარსულს ჩაბარდა. მოგონება ტკბილია, მაგრამ მონატრების გამო მაინც მტკივნეული. ნოსტალგიისგან სევდაშეპარული ვოხრავ. დახლზე ჩამოდებულ ხელზე შეხებას ვგრძნობ და იმ წამს რაილის ხმა მესმის. - კირა, თითი გაიჭერი? - შუბლშეკრული ეკითხება ბიჭი ჩემს დას. კირას ვუყურებ, რომელიც გემრიელად მიირთმევს ფორთოხალს. ციტრუსის ნაჭერი კი გაჭრილი თითიდან გადმოდენილი სისხლისგან ნელ-ნელა წითლად იღებება. ჩემი და ამას ხედავს, მაგრამ ჭამას ყოველგვარი კრთომის გარეშე განაგრძობს. - ალბათ. - მხრებს იჩეჩავს ის და იღიმის. არაფერს აკეთებს ჭრილობის დასაფარად. წარბსაც კი არ ხრის. ნუთუ არც სტკივა? რაილი შუბლშეკრული მიყურებს. ერთხანს გაოგნებული ვუცქერ ჩემს უგრძნობად ქცეულ დას. შემდეგ კი გაღიზიანება ყელში მიჭერს. ვგრძნობ, როგორ მიჭიმავს მთელ სხეულს. ადგილს ვწყდები, კირასთან მისული ხელს თითებში ვურტყამ და ფორთოხლის ნაჭერს ხელიდან ვაგდებინებ. გაცეცხლებული სკამიდან იჭრება და თვალებში მაშტერდება. - რას აკეთებ, გაგიჟდი? - გაოცებულიც კია. - მე გავგიჟდიი? მეე? - წყობიდან გამოვყავარ მის რეაქციას. - თითი გაიჭერი და ისე იქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა. გააფრინე? - ამის გამო მიყვირი? - გაჭრილ თითს ცხვირწინ მიტრიალებს. - მაგის გამო? კირა, სისხლიან ფორთოხალს ჭამდი. შენ ნორმალური ხარ? ეს... ეს გულისამრევია. - შემთხვევით მომივიდა. - ისევ მხრებს იჩეჩავს ჩემი და. - გაჩუმდი, გაჩუმდი! - ვუყვირი გაღიზიანებული. თითებით მხრებში ვეჭიდები და ვანჯღრევ. გულის სიღრმეში იმედი მაქვს, რომ ამით გამოვაფხიზლებ. - ასე როდიდან იქცევი, კირა? ასეთი გულგრილი როდიდან გახდი? ასეთ საზიზღრობებს როდიდან აკეთებ? - თავი დამანებე! - ყვირის ისიც და მხრებიდან ჩემს ხელებს უხეშად იშორებს. - ნუ პანიკდები. ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ შენგან ასეთი მოპყრობა დავიმსახურო. ბოლო დროს ისე მაბეზრებ თავს ამდენი შეკითხვებით, რომ უკვე დედა მგონიხარ. ვერც კი ვიაზრებ, როგორ ვიქნევ ხელს და ჩემს დას სახეში სილას ვაწნი. ლოყაზე თითებს იკრობს და გაცეცხლებული, განრისხებული თვალებით შემომყურებს. - დედას ასე ნუ ახსენებ! - ხმა მიწყდება, შემდეგ კი ვყვირი. - კარგად იცი, რომ ის ამას არ იმსახურებს. შენ ეს კარგად იცი! - სუნთქვა მეკვრის ტკივილისგან. რაილი მიახლოვდება და მხარზე მკიდებს ხელს. - გოგოებო, დამშვიდდით რა. ლისა, გთხოვ. - ცდილობს, თვალებში შემომხედოს, მე კი კირას ვერ ვაშორებ თვალს. ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს მომეკლას. - გაჭრილი თითის გამო, ასეთი ამბის ატეხვა არ ღირს. - ამას არასოდეს გაპატიებ. - ჩახლეჩილი ხმით ამბებს ჩემი და და ის-ისაა შებრუნებას აპირებს, რომ მკლავს ვუჭერ და ვაბრუნებ. მის თეთრ მაისურზე, მკერდის შუა ნაწილში, ზუსტად იქ, სადაც კულონი უნდა იყოს, შავ ლაქას ვამჩნევ, რომელიც შიგნიდან თითქოს შუქურასავით ანათებს. მაშინვე კირასკენ ვიწევი და ყელსაბამისთვის ხელის ჩავლებას ვცდილობ. - გამიშვი, გამიშვი! რას აკეთებ? - ყვირის კირა და ჩემს შესაჩერებლად მკლავებში მევლება. ყელამდე არ მიშვებს. რაილი მაშინვე წელზე მხვევს ხელებს და უკან მწევს. ჩვენს შორის დგება და გაოგნებული გვათვალიერებს ორივეს. - რა ხდება აქ? რა გჭირთ თქვენ ორს? - შუბლშეკრული მიყურებს. გაბრაზებულია, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს. მე კი ისევ ჩემს დასთან მაქვს საქმე. - მოიხსენი ეგ ყელსაბამი! - ვცრი კბილებში. - არა! რას ერჩი ამ ყელსაბამს, რატომ ამოიჩემე? - ხელებს ასავსავებს. - მიზეზს ეძებ, რომ სახლიდან გამაგდო? - კირა! - ვყვირი გაცოფებული და ისევ მისი ყელისკენ მივიწევ. რაილი მაშინვე მიჭერს და ამჯერად აღარ მიშვებს ხელებს. - იცი რატომ გაქვს შუბლი დალურჯებული? იცი? ღამით გავიღვიძე და საწოლში არ იყავი. ოთახის კუთხეში იდექი, რაღაცას ლაპარაკობდი და კედელს თავს ურტყამდი. რა არის ეს? რატომ არ გახსოვს? რატომ არ მაძლევ საშუალებას, ყელსაბამს შევეხო? რატომ არ დარდობ შენს გაჭრილ თითზე? გამაგებინე, რა ჯანდაბა გახდი? უცბად კარი იღება და ოთახში სემი შემოდის. ჩვენი დანახვისას ღიმილიანი სახე დაბნეულობით ეცვლება. რაილი ჩემს მხრებზე შემოჭდობილ ხელებს მიშვებს და მე და ჩემს დას კატეგორიული სახით გვიყურებს. კირა ერთხანს უხმოდ დგას და რაღაცის სათქმელად მზად მყოფი მაშტერდება. შემდეგ კი მკვეთრად ბრუნდება და სამზარეულოდან გადის. ფილტვებში გამოკეტილ ჰაერს თავისუფლებას ვანიჭებ და სკამზე ვჯდები. რამდენიმე წამით სახეს ხელებში ვრგავ და ექსტრემალურ დროში ვცდილობ დამშვიდებას. შემდეგ სემისკენ ვიხედები. ბავშვი კედელს მიჰყრდნობია და მუცელთან დასველებულ მაისურს იფერთხავს. თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ღმერთო! - სემ, მაპატიე, კარგი? - შეწუხებული ვეკითხები. - ლიმონათი თუ გაქვს... - იკრიჭება ის. ბავშვის ჭორფლიანი სახე და კეთილი, მხიარული მზერა ღიმილს მგვრის. - რა თქმა უნდა, მაქვს. - ვდგები და მაცივრიდან ლიმონათს ვიღებ. რაილი დახლზე ხელებდაყრდნობილი დგას და მის სახეზე აშკარად იკითხება აუარებელი შეკითხვა. სემს წვენს ვაწვდი და თმაზე ვეფერები. - აუ, ლისა, შეიძლება აუზში რომ ჩავიდე? - უკან აგდებს ის თავს და მბრწყინავი თვალებით ქვემოდან მიყურებს. - ნათლიას ჰკითხე. - თავით ვანიშნებ მოქუფრულ რაილიზე. - ნათლია? - პასუხის მოლოდინით უყურებს მას ბავშვი. - მიდი რაა, იცი რა თბილი წყალია? ყველას მოგეწონებათ. თანაც, ხომ შევთანხმდით, რომ ივნისში ყველაფრის უფლება მაქვს? - ნიშნისმოგებით ჰკრავს თვალს. - კარგი, მაგრამ, სახლში გადაირბინე და შენი კამერა მოიტანე. ბავშვი თავქუდმოგლეჯილი ყიჟინით გარბის სახლისკენ. *** რაილი ახმაურებულ ჩაიდან ცეცხლს უქრობს და ჩემ წინ დგება. - რა ხდება ლისა? - მეკითხება უკმაყოფილოდ. - არ ვიცი. - თავი საშინლად მტკივა. წინასწარ მამძიმებს ის საუბარი, რაც წინ მელის. - რამდენიმე დღეა ასე იქცევა. რაღაც რიგზე ვერაა. - და ყელსაბამი რა შუაშია? - არც ეგ ვიცი, რაილი. შეიძლება არცაა. წუხელ ღამით ისე შემაშინა... კედელთან იდგა და თავს ურტყამდა. დღეს კი დალურჯებულ შუბლს მაჩვენებს და წარმოდგენა არ აქვს, რას მიარტყა. - ლისა, მთვარეულები ტკივილს ვერ გრძნობენ. იქნებ... - კირა მთვარეული არაა. არასოდეს ამდგარა შუა ღამით მძინარე. ახლა ეს თითი და ურეაქციობა. - ვოხრავ და მაგიდასთან ვჯდები. - დილით ცოტა ხნით ჩამეძინა და სიზმარში ვნახე. თეთრი თვალები ჰქონდა, მათსავით... ძალიან მეშინია, რაილი. უკვე იმასაც კი ვფიქრობ, რომ ზარდახშის გატეხვამ არ იმოქმედა. ბიჭი ერთხანს დახლს მიყრდნობილი დგას და ერთ წერტილს მისჩერებია. შუბლზე აღელვების ხაზი ემჩნევა. შემდეგ კი ჩემ წინ ჯდება და მეკითხება: - როგორ გამოიყურება ის ყელსაბამი? - ვერცხლისფერი საკიდი აქვს. შეიძლება ვერცხლისაც იყოს. იმავე მასალის ჩუქურთმებიანი ჩარჩო აქვს და მოზრდილი შავი ქვა უზის. ძალიან ლამაზია, თუმცა, ფაქტია, მაფორიაქებს. - გამორიცხულია! - ბუტბუტებს რაილი, ჯიბიდან მობილურს იღებს, რაღაცას პოულობს და მაწვდის. - ასეთია? მობილურს ვართმევ და მოღიმარი მიას სელფის ვაკვირდები. გოგოს ყელზე ზუსტად ის ყელსაბამი აბია, რაც ახლა კირას. მაციებს. რაილის ვუყურებ და მის თვალებში ამოკითხული ჩემი უთქმელი პასუხი მთრგუნავს. ეს ჯერ კიდევ გაუაზრებელი ღელვაა. შიშია, რომელიც ვგრძნობ, მალე პანიკაში ჩამაგდებს. საშინელი სიახლის მოლოდინი თითოეულ ძარღვს გულისგამაწყალებლად მიჭიმავს. - კარგი. - ამბობს აფორიაქებული რაილი, მობილურს უკან მართმევს და ჯიბეში იბრუნებს.- უნდა გავარკვიოთ რა ხდება. როგორც ჩანს, მხოლოდ ზარდახშა არ იყო ის, რაც სულებს აქ აკავებდათ. ლისა, მისმენ? - ხო, გისმენ. - მაგიდაზე მიშტერებულ თვალებს მას ვუსწორებ. - უნდა გავარკვიოთ რა ყელსაბამია, რა სჭირს, საიდან მოდის. გამოსავალს აუცილებლად მოვნახავთ. - აღარ მინდა, რომ ის ყველაფერი განმეორდეს. ვეღარ გადავიტან. მე... - ხმა მებზარება და ვჩუმდები. თითებს სახეზე ვიფარებ. - ეი, დამშვიდდი ლისა, დამშვიდდი. - გვერდით მიჯდება რაილი და გულში მიკრავს. - ამჯერად აქ ვარ, შენს გვერდით. მარტოს არ დაგტოვებ. - კარგი. - თავს ვიქნევ და მშვიდად ვხვევ კისერზე ხელებს. - თითქოს მხნედ ვიყავი და არ მეშინოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მაჯობეს. იმაზე მალე და მარტივად გამტეხეს, ვიდრე ველოდი. - ლისა, ისინი სულები არიან. ამას ხომ ხვდები? იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია და იმაზე მეტ ხანს გაუძელი, ვიდრე ამას ნებისმიერი შეძლებდა. ნუ გეშინია, კარგი? ჩვენ ხომ ჯერ არ ვიცით კავშირი აქვთ თუ არა სულებს ამ ყელსაბამთან? იქნებ უბრალოდ რაღაც... რაღაც მოჯადოებული ნივთია... - საეჭვო დამთხვევა ხომ არაა, სწორედ ამ სახლში რომ მოხვდა ეგ ნივთი? - ირონიისგან მეცინება. თავს ვწევ და რაილის ვუყურებ. - იცი რას ვფიქრობ? იქნებ ეს ყელსაბამი ზარდახშაში იდო? - მაგრამ, შენ ხომ ის დაათვალიერე და იქ ვერაფერი ნახე? - ხო... მაგრამ იქნებ ზარდახშას საიდუმლო განყოფილება ჰქონდა და მისი გატეხვის დროს გადმოვარდა? ან... ან უბრალოდ როგორღაც გამოაღწია იქიდან? ეს არანორმალური მოქმედებები უკვე აღარ მაკვირვებს. - შეიძლება მართალი ხარ. - ჩაფიქრებული ამბობს რაილი. შემდეგ ჩემი ნოუთბუქი მოაქვს და ინტერნეტში ამ სახლის შესახებ დაწერილ ინტერვიუს პოულობს. - რამდენჯერმე კი მაქვს წაკითხული მაგრამ რაღაც მაინც უნდა გადავამოწმო. - ის-ისაა მოახლის მიერ მონაყოლი ამბიდან მახსენდება, რომ დები რაღაც ყელსაბამის გამო ხშირად ჩხუბობდნენ, რომ რაილი სწორედ ამ მონაკვეთს ადიდებს და კითხულობს. - რა თქმა უნდა! - ვამბობ აღფრთოვანებული. - მოსამსახურე ამბობს, რომ დებმა ამ ყელსაბამის გამო დახოცეს ერთმანეთი და სიკვდილის დროს მათ ეკავათ ხელში. - როგორც ჩანს, მიამაც ისევე მიაგნო ამ ნივთს, როგორც შენ. ყელსაბამი მასზე სულ ორჯერ ვნახე... - რაილის სიტყვა უწყდება. ოთახში სემი შემორბის. ფერადი სანდლები და პატარა შორტი აცვია. მუცელზე ცისფერი საცურაო კამერა ჩამოუცვამს, შუბლზე კი ზღვის სათვალე უკეთია. ხელში კი გემი და მისი მართვის პულტი ჩაუბღუჯავს. გაბრწყინებული თვალებით გვიყურებს და სირბილისგან ჩქარა სუნთქავს. მისი დანახვისას ისიც კი მავიწყდება, რაზე ვსაუბრობდით. მე და რაილის გვეცინება. - კარგი, მიდი, შეგიძლია ჩახვიდე. - ეუბნება მას ნათლია. - იცოდე, ფანჯრიდან გადევნებ თვალს. - თქვენ არ ჩამოხვალთ აუზში? - გაკვირვებული გვეკითხება ხუჭუჭა. - ცოტა ხანში გამოვალთ, სემი. - ვუღიმი და თვალს ვუკრავ. - უფროსები! - თვალებს ატრიალებს ბავშვი და სამზარეულოდან მიფრატუნებს. - აქ რომაა საფრთხეში ხომ არ ვაგდებთ? - ვეკითხები რაილის. - იქნებ ჯობია, ამ სახლისგან თავი შორს დაიჭიროს? დროებით მაინც. - თუ რამე სახიფათოს შევამჩნევთ, იმ შემთხვევაში. ნუ ღელავ ლისა. მოდი, საქმეს მივხედოთ. *** სტატიიდან და კირას ფაქტებიდან გამომდინარე, ვარაუდი გვიჩნდება, რომ ყელსაბამს რაღაც მაგიური ძალა აქვს. რადგან მის ამ სახლში მოხვედრის სხვა გზას ვერ ვპოულობთ, ზარდახშასთან ვაკავშირებთ. ვფიქრობთ, რომ მას საიდუმლო განყოფილება ჰქონდა და ყელსაბამიც იქ იმალებოდა. ვერ დავუკავშირეთ ერთმანეთს დების მიერ ერთმანეთის დახოცვა და ტყუპების მიერ მიას მოკვლა.. სტატიაში მოსამსახურე ამბობს, რომ გოგოებს ყელსაბამი მოსწონდათ და მის გამო ხშირად კამათობდნენ. ერთმანეთიც სწორედ ამ სამკაულმა დაახოცვინა, მაგრამ ტყუპები? ყელსაბამს ხომ მია ატარებდა? რა შუაში იყვნენ ბავშვები? ნუთუ სამკაულს მიზიდულობის ძალა აქვს? მახსენდება კირას რეაქციები, როცა მისი „განძის“ შეხება ვცადე. მცველივით იქცეოდა. არა, უფრო პარანოიდი მფლობელივით, რომელიც ნახევარი მეტრის რადიუსზე არ უშვებდა მიახლოებულ ხელს. თითქოს მძინარესაც კი ჰქონდა ჩართული თავდაცვის ინსტინქტი. - აი, რას გეტყვი, - თითქოს ჩემს ფიქრებში აღწევს რაილი. - მგონი ეს ყელსაბამი ადამიანებს მის დაუფლებისკენ იზიდავს. ხოლო მას, ვინც უკვე დაეუფლა, შენარჩუნების გრძნობის გარდა, ყველა გრძნობას უქრობს. - დაახლოებით ამას ვფიქრობ მეც. უკვე რამდენი დღეა კირა სამკაულს ატარებს. რამდენჯერ ვცადე შეხება, მაგრამ ახლოსაც კი არ მიმიშვა. - ვთქვათ დების მსგავსად, ტყუპებსაც გაუჩნდათ ყელსაბამის მოპოვების სურვილი და მია ამიტომ მოკლეს. ასეც იქნებოდა, რადგან, როცა ჩემი დის სხეული იპოვეს, მას ყელსაბამი არ ეკეთა. იცი, როცა პირველად ვნახე მასზე ეს ნივთი, შენსავით მეც გამიკვირდა, აშკარად ეტყობოდა, რომ ძვირფასი იყო და მიას ყელზე მეუცნაურა. ახლოდან მინდოდა მისი ნახვა და ხელით შეხება მოვინდომე და ხო, მასაც ასეთი, აგრესიული რეაქცია ჰქონდა. უკან დაიხია და მითხრა, მანდედანაც მშვენივრად ხედავო. ეს ფაქტი კარგად მახსოვს. - ოხრავს რაილი. - როგორც ჩანს, ეს წყევლა თუ რაღაც, მასზე მოქმედებს, ვინც ხშირად ატარებს მასთან ერთად დროს. ჩემზე ალბათ იმიტომ არ მოქმედებდა, რომ მიას ბოლო დროს ბავშვებთან უწევდა დარჩენა და იშვიათად ვხედავდი. მაგრამ შენ? - ღმერთო, რაილი! - თვალები მიფართოვდება მის შეკითხვაზე. მაკანკალებს იმის წარმოდგენაზე, როგორ ვჩეხავთ მე და ჩემი და დანებით ერთმანეთს ყელსაბამის გამო. - რას ამბობ, გაგიჟდი? - არა, არა. ეს კარგია, რომ მისი გაკეთების სურვილი არ გქონია, მაგრამ რატომ?.. - შემდეგ ყოყმანობს, საუბარს უცბად წყვეტს და ეჭვით მიყურებს. - შეწყვიტე ასე ყურება! - წარბებს ზემოთ ვქაჩავ. - კირასთვის ყელსაბამის მოხსნა მხოლოდ იმიტომ მინდა, რომ გამოფხიზლდეს. მე ის არ მჭირდება. იქნებ ჯობია კიდეც, რომ არ შევეხო? - რა თქმა უნდა, მართალი ხარ. - წარბებს ზემოთ სწევს. - იქნებ ჩვენზე მიზიდულობის ძალა იმიტომ არ მოქმედებს, რომ ჯერ არ შევხებივართ? - შეიძლება. - კანზე ეკალი მაყრის და თითოეული ის მომენტი მახსენდება, როცა ყელსაბამისთვის ხელის ჩაჭიდება ვცადე. - თუმცა... - შუბლს ვისრეს და ბიჭს ქვემოდან შევცქერი. - იცი, უცნაური გრძნობა მეუფლება, როცა მას ვუყურებ. - მაინც როგორი? - არ სიამოვნებს ჩემი პასუხი. - არ ვიცი... თითქოს... თითქოს შიგნით რაღაც მოძრაობს, ვერ ისვენებს და გამოღწევას ცდილობს. - ლისა... - რაილი ხელებს მიჭერს. შეხებაზე ვგრძნობ, რომ თითები მითრთის და თავის ხელში აყვანას ვცდილობ. მაგრამ არ გამომდის. - ღმერთო, რაილი. რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ ამაზე, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ზარდახშა მხოლოდ კარი იყო, რომელიც სულებს გავუღე. - არა, არა, ლისა, გაჩერდი. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით... - როგორ არა, როგორ არა, რაილი, საკმარისი ვიცით! როცა დები დაიხოცნენ, ყელსაბამი ხელში ეკავათ. მათი სულები სწორედ იმ ნივთში დაბინავდებოდნენ, რის გამოც ერთმანეთი მოკლეს. დარწმუნებული ვარ, ტყუპების შემთხვევაშიც ასე იყო. მიას ყელსაბამი მოხსნეს, ალბათ მძინარეს და მოკლეს. შემდეგ კი სახლი გადაწვეს. აი რატომ არაა შენი დის სული მათსავით გაბოროტებული. სიკვდილისას სამკაული არ ჰკეთებია და მიას სული გარეთ დარჩა. ტყუპებისამ კი მონახეს ადგილი დებთან ერთად. სწორედ დების გავლენის ქვეშ იყვნენ ბავშვებიც. - მისი ხელებისგან ვთავისუფლდები და ვდგები. - რაილი, თავებს ვიტყუებთ. არაფერი დასრულებულა. საერთოდ არაფერი. დარწმუნებული ვარ, წინ იავნანაზე უარეს გველოდება და ჯობია სემი შინ წაიყვანო. 12 თავი (დასასრული) *** სემი წყლის ზედაპირს ხელს მთელი ძალით ურტყამს და ამოვარდნილი შხეფები უკვე მერამდენედ მიცვივდებიან შეზლონგზე მიჩერებულ თვალებში. რაილიმ დამიყოლია და ახლა ჭორფლიანთან ერთად აუზში ვარ. თვითონ კი, აქვე, შეზლონგზე ზის და ლეპტოპს მისჩერებია. ჩემი პანიკის ჩაცხრობის შემდეგ, გადაწყვიტა დაწყევლილი სამკაულის შესახებ ინტერნეტში რაიმე ინფორმაცია მოიძიოს. სემი კამერაში ზის, სამართავი ჯოისტიკი უკავია და აუზში გემი დაჰყავს. წამდაუწუმ რაილისკენ გამირბის თვალები, მაგრამ მისი სიმშვიდე და სერიოზულობა უშედეგობაზე მეტყველებს. რატომღაც მგონია, რომ ინტერნეტის დახმარებით ვერაფერს მივაგნებთ. ნეტავ კირა სად წავიდა? ღმერთმა იცის, გაბრაზებულ გულზე, თან ყელსაბამის გავლენის ქვეშ რა შეიძლება გააკეთოს. ამის გაფიქრებისთანავე ამოვდივარ აუზიდან და ჩემს დას ვურეკავ. არ მპასუხობს. არ ვნებდები და კიდევ ერთხელ ვრეკავ. ამჯერად დათმობაზე მიდის. -რა. - მესმის მისი კატეგორიული ხმა. -სად ხარ? -ძალიან გაინტერესებს? - შეკითხვას აგდებით მიბრუნებს. კირა! - ხმას ვუწევ, მაგრამ ვხედავ თუ არა რაილის გამაფრთხილებელ მზერას, მაშინვე ამყავს თავი ხელში. - გთხოვ, დაბრუნდი სახლში. -რატომ? -თითს მაინც შეგიხვევ. - არ მინდა, რომ გავაღიზიანო, ამიტომ ყელსაბამს აღარ ვუხსენებ. -უკვე შევიხვიე. -კარგი. - ვოხრავ. - იცოდე, ვღელავ შენზე და გელოდები. აღარაფერს მეუბნება. მითიშავს. ის-ისაა მობილურს ვდებ, რომ რაილი ხელით თავისკენ მანიშნებს. მის გვერდით ვჯდები. -რამე იპოვე? - ლეპტოპის მონიტორზე გამოსახულ შავ ქვას ვუყურებ. -ბევრი დაწყევლილი სამკაული ვნახე, მაგრამ ჩვენ რაც გვაინტერესებს, იმის მსგავსი არაფერია. ვიფიქრე, ძვირფასი ქვების დახმარებით გავიდოდი კვალზე, მაგრამ არც ეგ გამომივიდა. სამაგიეროდ, აი, ეს ვიპოვე. - სურათს თითს ადებს რაილი. - ონიქსის ქვაა. ძვირფასია, თუმცა არც იმდენად. მის დახასიათებას ვკითხულობ და რაიმე უარყოფითი ჯერ-ჯერობით არაფერი შემხვედრია. ბედნიერების და სიმშვიდის მომნიჭებელი ღირებულება აქვს. ვიზუალურად ძალიან ჰგავს ონიქსი კირას ყელსაბამში ჩასმულ ქვას. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ისაა. საქმე იმაშია, რომ თუ ეს ქვა დაწყევლეს, მისი ღირებულებები გაქრებოდა, ან წყევლის გავლენის ქვეშ მოექცეოდა. მაგრამ, მოდი, ძებნა გავაგრძელოთ. იქნებ უფრო მეტი გავიგოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გონებას მეტი აღარაფრის გაგება აღარ უნდა, თავს მაინც თანხმობის ნიშნად ვუქნევ. შორტს და მაისურს ვიცვამ და ლეპტოპს ვუბრუნდები. ონიქსის ქვაზე საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას ვაწყდებით. პირველ რიგში პატარა ლეგენდას, თუ რატომ აქვს ამ ქვას მისტიკური ძალა. ონიქსის სახელწოდება ბერძნული ენიდან მოდის და „ბრჭყალს“ ნიშნავს. თურმე, მძინარე ვენერასთვის ეროსს ფრჩხილები მოუჭრია და მიწაზე მოუფანტავს. იმის გამო, რომ ნებისმიერი ციური სხეული უკვდავად ითვლებოდა, ღმერთებმა გადაწყვიტეს ფრჩხილები ქვებად ექციათ. სწორედ ის ქვაა ონიქსი. თითქმის ყველა ვებ-გვერდზე ერთსა და იმავე ინფორმაციას ვხვდებით. ქვას ხშირად იყენებენ არატრადიციულ მედიცინაში ტკივილების დასაამებლად. რომელ მინერალებთან ერთად შეიძლება მისი ტარება და რომლებთან არა. რომელი ზოდიაქოსთვისაა მისაღები და რომლისთვის მიუღებელი. წერენ, რომ მისი ტარება მხოლოდ მიზანდასახულ ადამიანებს შეუძლიათ. ყველაზე საინტერესო და ჩვენთვის მისაღებ მასალას ერთ-ერთ ბლოგზე ვაწყდებით, რომელსაც „კუდიანი მარგოს ბლოგი ჰქვია“. გუგლი პირდაპირ იმ კატეგორიაში გვაგდებს, რომელიც ძვირფასი ქვებისთვისაა გამოყოფილი. როგორც ჩანს, ბლოგერი ზედმეტადაა დაინტერესებული მაგიით და მისტიკით, რადგან საკმაოდ ვრცელი ინფორმაციაა დევს ნებისმიერ მსგავს საკითხზე. მითითებული აქვს წყაროები, სურათები, ვიდეოები და ა.შ. ონიქსის დახასიათება თითქმის იმ მასალით იწყება, რაც სხვა ვებ-გვერდებზე ვნახეთ, მაგრამ ისეთი ინფორმაციით გრძელდება, რასაც არ ველოდით. მისი მისტიკური შესაძლებლობების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალრიცხოვანია. მაგალითად, თუ გინდა, რომ კონკრეტულმა ადამიანმა შეგიყვაროს, მისი სისხლის წვეთი ქვაზე უნდა დააწვეთო და ადამიანის სახელი სამჯერ გაიმეორო; თუ სავსემთვარეობისას შუა ღამით მარცხენა ხელის გულზე ონიქსს დაიდებ და სურვილს ჩაუთქვამ, აუცილებლად აგისრულდება. და ა.შ. ბლოგერს ონიქსის ქვაზე უამრავი უარყოფითი ინფორმაცია უდევს. მაგალითად, არაფრით შეიძლება ეს ქვა აჩუქო შეყვარებულს ან მეუღლეს, რადგან ამ უკანასკნელში აღვიძებს დომინანტურ თვისებებს და წყვილის დაშორებას, ან ოჯახის დანგრევას უწყობს ხელს. ონიქსს მეორე სახელიც აქვს „ელჯაზო“, რაც სევდიანს ნიშნავს. თურმე დღეს-დღეობითაც ზოგიერთ ქვეყანაში ხალხს სჯერა, რომ მას განხეთქილების წარმოქმნის უნარი აქვს, ამიტომ ისინი ონიქსს ახლოსაც არ იკარებენ. ბლოგ-პოსტის უკანასკნელი ნაწილი ყველაზე ბნელია. საქმე წყევლას ეხება. ადმინი წერს, რომ დაწყევლილი ონიქსი განსაკუთრებით ძლიერია, თუ ის ვერცხლშია ჩასმული. მას მონუსხვის და ქვაზე დამოკიდებულების უნარი აქვს. ადამიანი, რომელიც დაწყევლილ ონიქსს შეეხება, ფაქტობრივად მისი მცველი ხდება და არავის აძლევს ქვის დაუფლების საშუალებას. ბლოგერი ამბობს, რომ ონიქსს თავისი უარყოფითი თვისებებიდან გამომდინარე ედება წყევლა, რომელსაც ოჯახის განადგურება შეუძლია. მფლობელი ვერ იაზრებს საკუთარ ქმედებებს, აბუქებს ელემენტარულ საკამათო მიზეზებს სხვების წყობიდან გამოსაყვანად. რაც დრო გადის, მით უფრო ეჯაჭვება ქვას. მისი სული თანდათან მძიმდება. როცა წყევლა კულმინაციას აღწევს, მფლობელი ანადგურებს გარშემომყოფებს. შემდეგ კი ონიქსი სხეულს ათავისუფლებს და „მცველს“ კლავს. ქვას კი საზღაურად მისი სული მიაქვს. დაწყევლილ ონიქსს თვითგადარჩენის უნარი აქვს და მისი განადგურება ადამიანური ძალებით შეუძლებელია. თუ „მისიაშესრულებულ“ ქვას შემლოცველი წყევლას არ ახსნის, ონიქსი მოქმედებას მასში დამალული სულის მეშვეობით განაგრძობს... წაკითხულის შემდეგ რაილის ვუყურებ. ისიც ჩემსავით გაოგნებულია იმით, რომ ჩვენი ვარაუდები და ბლოგერის უკანასკნელი ინფორმაცია ასე ემთხვევა ერთმანეთს. ახლა უკვე არც ერთს აღარ გვეპარება ეჭვი იმაში, რომ ყელსაბამში ონიქსის ქვა ზის. საინტერესოა, ვინ და რატომ დაწყევლა ის. მაგრამ, ამაზე მნიშვნელოვანი ახლა სხვა რამაა. ეს კი კუდიან მარგოს ბლოგ-პოსტში არ უწერია. როგორც ჩანს ავტორი წყევლის მოხსნის შელოცვას არ გვიმხელს. მიზეზად კი ჩვენს გარჯას ასახელებს. შემდეგ ამბობს, არც ისეთი ბოროტი ვარო და მიგვანიშნებს, რომ წყევლის მოხსნის შელოცვა რამდენიმე მაგიურ წიგნში წერია, რომლებსაც ჩვეულებრივი ადამიანები სასაცილოდ მიიჩნევენ. ბოლოს კი ეშმაკის ღიმილებით გაფორმებულ პოსტკრიპტუმ ნაწილში გვეუბნება: „ - პ.ს. თუ სამკაულს დაწყევლილი ონიქსით სადმე გადააწყდებით, არ შეეხოთ და დამირეკეთ. მაგრამ თუ ის უკვე თქვენს სხეულზეა, ჯოჯოხეთის ცხელი ხაზის ნომერს გიტოვებთ - 666.“ *** მონიტორს შევყურებ და ყურებში ჩამესმის კივილი, რომელსაც სულები გამოსცემდნენ ზარდახშის გატეხვისას. თავი მიბრუის. ნუთუ გვეთამაშნენ? სულებმა გაგვაცურეს? ისინი ყელსაბამში იმალებოდნენ და არა ზარდახშაში. ზარდახშა უბრალოდ ნიღაბი იყო ჩვენს მოსატყუებლად. ახლა ისინი, დები და ტყუპები კირას დაჰყავს გულით. მცხუნვარე მზის ქვეშ საშინლად მაციებს. -ლისა, - რაილი თითებს ლოყაზე მაკრობს და თვალებში მაცქერდება. - ამჯერად მანამ მოვერევით, სანამ ზღვარს გადავლენ. -ასე გგონია? - მის ხელზე ჩემს თითებს ვაწყობ. -დარწმუნებული ვარ. - ჩემკენ იწევა და ტუჩებზე ფრთხილად მკოცნის. - სანამ ჯერ კიდევ სიწყნარეა, საქმეს უნდა მივხედოთ. -თქვენი ბიბლიოთეკები რამდენად მრავალფეროვანია? - სკეპტიკურად ვუყურებ რაილის და მის თითებს ჩემი ლოყიდან არ ვუშვებ. -გახსოვს, ვივიენის შვილ, ემილიზე რომ მოგიყევი. ეგ გოგო მაგიით იყო გატაცებული. სკოლაში ხშირად ვხედავდით უცნაური წიგნებით ხელში. იმედი მაქვს, ყველა მათგანი საკუთარი არ იყო და ბიბლიოთეკითაც სარგებლობდა. - მხრებს იჩეჩავს ბიჭი. -თუ არა და? -„თუ არა და“-ზე მაშინ ვიფიქროთ, თუ სავანას ბიბლიოთეკები ვერ დაგვეხმარებიან. - მკრთალად იღიმის რაილი და ჩემ ზურგს უკან სემის უკრავს თვალს. - ახლა კი წავალ კარგი? ნუღარ დავაყოვნებთ. -მეც წამოვალ. - მასთან ერთად ვდგები. -მერე სემი? -ისიც წავიყვანოთ. რაილი ოხრავს და შუბლშეკრული მიყურებს. -ჯობია დარჩე ლისა. ორი ბიბლიოთეკა აქედან საკმაოდ ახლოსაა. თანაც, თუ კირა სახლში დაბრუნდება, ჯობია აქ დახვდე. რამე რომ იეჭვოს... ნუ გავაღიზიანებთ. -მაგრამ... - ვიცი, რაილი მართალია, მაგრამ ვერ ვისვენებ. მის გარეშე სახლში დარჩენის უკვე მეშინია. საკუთარ თავში დარწმუნებული უკვე აღარ ვარ. არ ვიცი, რამე რომ მოხდეს, გავუმკლავდები თუ ვერა ყელსაბამს, მით უმეტეს კირას გულზე ჩამოკიდებულს. -გპირდები, ჩემს ყველა ნაბიჯს გაცნობებ. მობილური თან გქონდეს. რამდენჯერაც მოგინდება იმდენჯერ დამირეკე, ან მომწერე. შევთანხმდით? - პასუხის მომლოდინედ მაჩერდება თვალებში. -კარგი. - ვპასუხობ ყოყმანის შემდეგ, მაგრამ მთელი ჩემი გონება და სხეული ამის წინააღმდეგია. რაილის ვეხვევი და სანამ წავიდოდეს მის სურნელს ელექვით ვუშვებ ჩემს ორგანიზმში. - მალე დაბრუნდი. -მთავარია რამე ხელჩასაჭიდით დავბრუნდე. - შუბლზე მკოცნის ის და მე და სემს დროებით გვემშვიდობება. *** შუა დღის ოთხი საათი სრულდება. მე და სემი სამზარეულოში ვართ და ვსადილობთ. ხუჭუჭა იმ ბანაკზე მიყვება, რომელშიც აგვისტოს ორ კვირას გაატარებს. ვისმენ, მაგრამ ჩემი საფიქრალი ისე მაბრუებს, ჭორფლიანის სიტყვებს ხანდახან ვერც კი ვარჩევ. რაილის ნახევარი საათის წინ ვესაუბრე. წინ ხუთი წიგნი უდევს და დაწყევლილი ონიქსის ქვისთვის შელოცვას ეძებს. მითხრა, მესამე წიგნზე ვარ, მაგრამ ჯერ მსგავსიც კი ვერაფერი ვიპოვეო. თვითონ ოპტიმისტურადაა განწყობილი, სამაგიეროდ მე არ მაქვს არაფრის იმედი. თუმცა ვცდილობ, მის და კირას გამო ერთი პროცენტით მაინც დავიჯერო, რომ ამ პრობლემას გადავჭრით. ის-ისაა მე და სემი მაგიდის ალაგებას ვამთავრებთ, რომ სახლის წინა ნაწილიდან ხმაური მესმის. ბავშვი ჩემზე ადრე გარბის მისაღებ ოთახში და კირას სახელს ყვირის. როგორც ჩანს დაბრუნდა. მათთან გასული კიბეზე ამავალ ორ კაცს ვხედავ, რომლებსაც ხელში დაშლილი ავეჯის ნაწილები უკავიათ. ჩემი და მათ წინ მიუძღვის და გზას აჩვენებს. საწოლი უყიდია. ზემო სართულიდან ორი წამით მავლებს თვალს და მალევე უჩინარდება. სემიც მათთან არბის. ცოტა ხანში კი მხიარული კისკისი მესმის. სამზარეულოში გავდივარ და რაილის შეტყობინებას ვუგზავნი. " - კირა დაბრუნდა. საწოლი უყიდია." " - კარგი. დამშვიდდი და ყელსაბამი აღარ უხსენო. ნურც შორს დაიჭერ მისგან თავს." " - შევეცდები. შენთან როგორაა საქმე?" " - ისევ არაფერია. მე თვითონ შეგეხმიანები." მობილურს ჯიბეში ვიდებ და მეორე სართულზე ყოყმანით ავდივარ. ასე მგონია, ჩემს დას კი არა, თეთრთვალება სულებს ვუახლოვდები. გონება ჯერ კიდევ ბოლომდე არ უშვებს იმ რეალობას, რომ ისინი ჯერ კიდევ ასე ახლოს არიან. კართან ვჩერდები და ცარიელ ოთახში მოძრავ სხეულებს ვაკვირდები. კირა, სემი და ორი მუშა, რომელიც საწოლს აწყობს, მაგრამ სიუჟეტი ჩემდაუნებურად იცვლება. ყურებში ზარდახშის წკრიალა იავნანა ჩამესმის. იატაკზე ჯულია და ლეო სხედან და ირწევიან. ჩემკენ ხელებგამოწვდილი მია მუდარის თვალებით შემომცქერის და ამ სახლიდან წასვლას მთხოვს. - მეგონა ერთად ვაპირებდით მის საყიდლად წასვლას. - გონების მოკრებას და კირასთან საუბრის წამოწყებას ვცდილობ. - დარწმუნებული აღარ ვიყავი, რომ ეგ გინდოდა. - არც კი მიყურებს, ისე მეუბნება. სემი მამაკაცებს დასტრიალებს და ათას შეკითხვას უსვამს. - კირა, უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერი გამოვასწორო. - იქნებ ბოდიშით დაგეწყო? - ჩემკენ ბრუნდება და ალმაცერად მათვალიერებს. გულზე ვერცხლის ჩარჩოსთან ერთად შავი ონიქსი თვალისმომჭრელად უბრწყინავს და საერთოდ არ ეხამება ყელსაბამი მის თეთრ სპორტულ მაისურს. ქვის დანახვისას მოუსვენრობა მიპყრობს, მაგრამ თავის ხელში აყვანას ვცდილობ. კირას ვუყურებ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მხოლოდ ის ახსოვდეს, რომ დავარტყი და არა ის, თუ რამ გამოიწვია ეს. - კარგი. მე... მაპატიე, რომ დაგარტყი. აღელვებული ვიყავი. - კირა ქვას იჭერს და საკიდზე გამომწვევად ასრიალებს. როგორ მინდა მივვარდე, კისერზე ჩამოვწყვიტო და მტვრად ვაქციო. გაღიზიანება ყელში მაწვება და სანამ მართლა რამეს ჩავიდენდე, ვბრუნდები და სამზარეულოში ჩავდივარ. ვცდილობ, წყალს და საქმეს გავაყოლო დაგროვებული ბრაზი და დაძაბულობა, მაგრამ არ გამომდის. რამდენიმე წუთში ბაღში გავდივარ და მცხუნვარე მზის ქვეშ შეზლონგზე ვჯდები. ქოლგის ქვეშ მაგიდაზე დატოვებულ ლეპტოპს ვხსნი და კუდიანი მარგოს წითლად განათებულ ბლოგს გვერდულად ვუყურებ. მისი სტატია აქამდე რომ წამეკითხა, ალბათ სიცილით გავსკდებოდი. ახლა კი აქ დაწერილი ყოველი წინადადება გადარჩენაში მეხმარება. ხუთი საათია. სახლიდან ხმაური გამოდის. როგორც ჩანს, საწოლი უკვე ააწყეს. არც კი ვიცი, უნდა გამიხარდეს თუ არა კირას შენაძენი. საწოლის ყიდვა მისი აქ დარჩენის გარანტიაა. თუმცა ასე ჩემგან შორს იქნება და ჩემი დის ღამით მარტო დატოვების იდეა არ მხიბლავს. მობილურს ვიღებ და ისევ რაილის ვწერ. " - როგორ მიდის საქმე?" " - არაფერი გამოვიდა. ახლა მეორე ბიბლიოთეკაში მივდივარ. გზაში ვარ. მანდ რა ხდება?" " - მშვიდობაა ჯერ-ჯერობით. საწოლი ცოტა ხნის წინ ააწყეს." " - კარგი. გაგაგებინებ რას ვნახავ." " - გელოდები." *** დაახლოებით ოც წუთში რაილი მწერს, რომ მეორე ბიბლიოთეკაში ოთხი წიგნი ნახა, რომლებიც შესაძლოა გამოსადეგი იყოს. ჩემგან განსხვავებით ის ისევ ოპტიმისტურადაა განწყობილი. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო. ლეპტოპი სახლში შემაქვს და ახალ სტატიაზე ფიქრს ვცდილობ. კირა და სემი ფლეისთეიშენს თამაშობენ და ხმაურით მთელ სახლს იკლებენ. თითქოს ამ მომენტისთვის სანერვიულო არაფერი მაქვს, მაგრამ რამდენჯერაც კირას მოვკრავ თვალს, იმდენჯერ მგონია, რომ მის ნაცვლად ოთხ გაბოროტებულ, ცინიკოს სულს ვუყურებ. ოთახიდან გამოვდივარ და ჩარლის ვურეკავ. მონატრებულ მამასთან საუბარი საკმაოდ მიგრძელდება. ფერმაში ყველაფერი რიგზეა. ბებია და ბაბუაც კარგად არიან და მე და კირას ზაფხულის მათთან გატარებას გვთავაზობენ. ღმერთო, მთავარია ჩემს დაწყევლილ სახლს გადავურჩეთ. მერე ყველა შემოთავაზებას ჩემს თავში დარწმუნებული ვუპასუხებ. უკან დაბრუნებულს სემი მარტო მხვდება. ჯოისტიკი ჩაუბღუჯავს და ფეხბურთს თამაშობს. - კირა სადაა? - ვეკითხები ჭორფლიანს და ოთახს ვათვალიერებ. - მითხრა, თავი მტკივა და ოთახში ვიქნებიო. კიბეზე ფრთხილად ავდივარ. ვაპირებ ჩარლის შემოთავაზება გავაცნო და როგორმე შემოვირიგო. კარი ნახევრად ღია მხვდება. ფანჯრებზე მუქი ფარდებია ჩამოფარებული და ოთახს მათი ნაპრალებიდან შემოსული დღის შუქი ანათებს. ფრთხილად შევდივარ შიგნით და ვაყურადებ. მისი ფშვინვა მესმის. როგორც ჩანს სძინავს. ის-ისაა გამობრუნებას ვაპირებ, რომ იდეა მომდის. უკან ვბრუნდები და საწოლს ფრთხილად ვუახლოვდები. კირას გვერდულად სძინავს. გულიდან გადმოცურებული ყელსაბამი კი ბალიშზე დევს და ფარდიდან შემოსული მზის სხივის წყალობით თითქოს გამომწვევად ბრწყინავს. სუნთქვაშეკრული ვუყურებ. ვითომ მეყოფა ძალა იმისთვის, რომ ეს ყელსაბამი პირდაპირ კისერზე ჩამოვაწყვიტო? საკიდი რომ არ გაწყდეს? გაეღვიძება და ისევ აირევა ყველაფერი. ჩამოწყვეტის შემთხვევაშიც გაეღვიძება, მაგრამ ყელსაბამი უკვე მასზე აღარ იქნება. უნდა გავრისკო. წინ ვიხრები და ხელს მისკენ ვიწვდენ. ასე მგონია, გავარვარებულ ლითონს ვუახლოვდები და მის სიმხურვალეს ნელ-ნელა შევიგრძნობ.კირა უცბად გვერდს იცვლის და ზურგზე წვება. ყელსაბამიც რა თქმა უნდა მის გულზე ინაცვლებს. ვშეშდები და ვიცდი. ჩემი და ძილს განაგრძობს, მე კი ცდას, რომ ყელსაბამი მოვხსნა. უკვე მილიმეტრები მაშორებს ონიქსს, რომ გონება წითელს მინთებს. მე რომ ახლა მას შევეხო, რა მოხდება? ქვა მომნუსხავს, გონებას დამიბინდავს. კირას ონიქსის გამო გადავემტერები, ერთმანეთს დავხოცავთ ან სახლს გადავწვავთ და ხახადაფჩენილ ხალხს მიზეზს მივცემთ კიდევ ერთხელ თქვან, რომ აქაურობა დაწყევლილია. და უარესი: ჩემი ან კირას, ან ორივეს სული ყელსაბამში დანარჩენ ოთხ სულთან ერთად დაიდებს ბინას. ხელს დენდარტყმულივით ვწევ უკან და ვსწორდები. არა, აჯობებს რაილის დაველოდო. ჩემს ოთახში გავდივარ და მერის ვურეკავ. ის უკვე თავის დასთანაა. ენის მაღალი სიცხე აქვს და ამ ღამით იქ დარჩებიან, დილით კი წამოვლენ. სემის ამბავს ვუყვები და ვამშვიდებ, რომ აქ ყველაფერი რიგზეა. ამაში მეც არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. მერი მადლობას მეუბნება და მემშვიდობება. საწოლზე ჩამომჯდარი, გამჭვირვალე ფარდებს მიღმა მზეს გავყურებ, რომელიც უკვე ჩასვლისთვის იწყებს მზადებას და სხივებს მცხუნვარებას უკლებს. ისე მინდება ახლა რივერ სთრითზე გასეირნება, რომ მდინარის სურნელსაც კი ვგრძნობ. თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, როგორ მივაბიჯებ პალმებსა და ნარინჯისფრად განათებულ ლამპიონებს შორის. სანაპიროს გრილი სიო სხეულზე მეხვევა და თავისი სინაზით მათრობს. ამ სასიამოვნო მედიტაციიდან რაღაც ხმას გამოვყავარ. თითქოს კარი დახურესო. ვდგები და პირველ სართულზე ჩავდივარ. ტელევიზორის მონიტორზე ფეხბურთის თამაში შეჩერებულია. ჯოისტიკი კი მაგიდაზე დევს. -სემ! - ვეძახი ბავშვს და ოთახს ვათვალიერებ. ჭორფლიანი არსად ჩანს. - სემი! - ხმას უფრო ვუწევ და ბაღში გასახედად ფანჯარასთან მივდივარ, რომ მუხაზე ჩამოკიდებულ საქანელას ვხედავ, რომელიც მონდომებით ქანაობს. ჯერ ვფიქრობ, რომ ახლახან სემი იჯდა და ჩემი ძახილის გამო ადგა, მაგრამ ვცდები. ნანახი ძარღვებში სისხლს მიყინავს და სუნთქვას მიკრავს. ტოტებს შორის სვეტებად დაცემული მზის სხივები ბალახზე ადამიანის ჩრდილს ხატავენ, ადამიანის, რომელიც საქანელაზე არ ზის. სისულელე იქნება ეს ფაქტი მხედველობის პრობლემას დავაბრალო მას შემდეგ, რაც ამ სახლში ვნახე, მაგრამ დასარწმუნებლად მაინც მაშინვე ვწევ გამჭვირვალე ფარდას და შეშინებული ერთი ნაბიჯით უკან ვხტები. საქანელაზე ეშლი ზის, ან მისი და სიუზანი, ვერ ვარჩევ. ჩემკენ დაჟინებით იყურება და გაფართოებულ თეთრ თვალებს პირდაპირ სხეულში მარჭობს. -ლისა, აქ ვარ! - მესმის შორიდან სემის ძახილი და სულ ნახევარი წამით უკან ვიხედები. მობრუნებულს მოჩვენება ბაღში აღარ მხვდება. საქანელა კი ისეა გაჩერებული, თითქოს მისთვის თითიც არ უკრავთ. -სემ... - ვჩურჩულებ გაბრუებული და შემდეგ ვხვდები, რომ ბავშვი ბაღშია. ადგილს ვწყდები და შეშინებული გავრბივარ უკანა კარისკენ. ვაღებ და ჭორფლიანს აივნიდანვე ვხედავ. ფეხები აუზში ჩაუყვია და წყალში დატოვებული გემი სამართავი ჯოისტიკით დაჰყავს. - სემ, ამოდი მანდედან, ჩქარა! - ვყვირი და მისკენ გავრბივარ. ბავშვს ადგომაში ვეხმარები, მის ფეხსაცმელს ვტაცებ ხელს და სახლში შემყავს. -რა მოხდა? - ბავშვი სკამზე ჯდება და ფეხსაცმელს იცვამს. გაოფლილ შუბლზე ხელს ვისვამ და ფანჯრიდან უკანა ეზოს ვათვალიერებ. -არაფერი... თუმცა, როგორ არა. სემ, ხომ კარგად ხარ? - მასთან ვიმუხლებ და ხელებს ვუჭერ. -კი. - თავს მიქნევს. - გეწყინა ჯულია და ლეო ისევ რომ შემოვიდნენ შენს სახლში? -ღმერთო! - მთელ სხეულში მცრის. სემმა ისინი ისევ ნახა. ისინიც აქ არიან. ღმერთო, ღმერთო! - სემ, მოჩ... ბავშვები ნახე? -ხო. გემი მოეწონათ და მთხოვეს, მეჩვენებინა, როგორ დამყავდა წყალში. -მართლა? - ხუჭუჭას გაოგნებული ვუყურებ. ჯანდაბა! ნუთუ სემი მოსწონთ? არც პირველად ნახვისას დაუშავებიათ მისთვის რამე. -კი. რომ ვკითხე, სად იყავით ამდენი ხნით მეთქი, იცი რა მითხრეს? - კისკისებს სემი. - ყელსაბამშიო. მაგრად კი მაცინეს. რანაირად შეიძლება ყელსაბამში ყოფნა? გაშტერებული ვუყურებ ბავშვის გაბრწყინებულ თვალებს და მთელი გულით ვნატრობ, მისი გონებით ვუყურებდე ყველაფერს. თავის ხელში აყვანას ვცდილობ. ჯიბიდან მობილურს ვიღებ და აცახცახებული თითებით ვეძებ რაილის ნომერს. ბიჭი მეორე ზარზე მპასუხობს. -რაილი... - ვიწყებ მოუთმენლად, მაგრამ ის მაწყვეტინებს. -ლისა, ახლა დავასრულე მესამე წიგნი. - ჩურჩულებს ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ყოფნის გამო. - არც ისე დიდი წიგნია და მალე გადავხედავ. რაც... - უცბად მისი ხმა წყდება. -რაილი! - ვყვირი. - რაილი, გესმის ჩემი? - ზარი ითიშება. ხელმეორედ ვრეკავ, მაგრამ ოპერატორი მატყობინებს, რომ მობილური გამორთულია. ალბათ დაუჯდა. - ჯანდაბა! - ვცრი კბილებში და ტელეფონს თითებს ვუჭერ. -ლისა, რა მოხდა? - სემი მხარზე მითათუნებს ხელს. - შემიძლია ნათლიას ნაცვლად დაგეხმარო? ბავშვის გულწრფელ გამომეტყველებაზე სიმწრისგან მეცინება. ღმერთო, ის ხომ საფრთხეშია? იქნებ აქ ჩემთან ერთად ყოფნას ჯობია თავის სახლში მარტო იყოს? არც კი ვიცი. -სემ, უბრალოდ გვერდიდან არ მომშორდე, კარგი? -კარგი. - თავს მიქნევს. - ასე ლეოს და ჯულიას გამო ღელავ? -ხო, მათ გამო ვღელავ. -რატომ? ისინი კარგები არიან, ლისა. არაფერს მოიპარავენ. თუ გინდა, ვეტყვი და აღარ მოვლენ. დამიჯერებენ. -არა სემ, ისინი ჩვენ არ დაგვიჯერებენ. და არც ისეთი კარგები არიან, როგორადაც თავს გაჩვენებენ. წამოდი, კირა გავაღვიძოთ. - ბავშვს ხელს ვკიდებ და კიბეზე ავდივართ, მაგრამ უცბად რაღაც უცნაური ხმაური მესმის და ცოტა ხნით ვჩერდები. სემის დასანახად ტუჩებზე თითს ვიკრობ და ვაყურადებ. როგორც ველი, ხმა კირას ოთახიდან გამოდის. ჩურჩულის და სლოკინის ხმები ერთმანეთს ენაცვლებიან. წუხანდელი ღამე მახსენდება. ნუთუ კირა ისევ მძინარე დადის? ღმერთო, იმედია თავს არაფერი დაუშავა. - სემი, აქ დამელოდე, კარგი? - კიბის დასასრულს ვტოვებ ხუჭუჭას და კირას ოთახის კარს ფრთხილად ვაღებ. ჩემი დის მკერდზე რაღაც მოძრაობს. ვერაფრით ვარჩევ რა არის მანამ, სანამ კედელზე აკრული სინათლეს არ ვანთებ. ონიქსიდან კვამლი იღვრება, შავი, გაუმჭვირვალე კვამლი, რომელიც მის სხეულზე ნელ-ნელა იშლება. -კირა! - ვეძახი გოგოს დაზაფრული, მაგრამ მას რეაქცია არ აქვს. - კირა! - ვუწევ ხმას, მაგრამ არ იღვიძებს. ღმერთო! ადგილს ვწყდები და საწოლს ვუახლოვდები. კვამლი ახლოდან უფრო საზარლად გამოიყურება. ასე მგონია, რომ შევეხო ერთიანად ბნელეთში გავეხვევი. რა ხდება? ნეტავ რა სჭირს ყელსაბამს გარდა იმისა, რომ სულებს ინახავს? რას ნიშნავს ეს შავი კვამლი? - კირა! - ვეძახი ჩემს დას და ის-ისაა მხრებში ჩასაჭიდებლად ხელებს მისკენ ვიწვდენ, რომ რაღაც ძალა მიბიძგებს და უკან ვხტები. კვამლი ბობოქრობს. როგორც ჩანს, არ უნდა, რომ კირას შევეხო. ან ჰგონია, რომ ყელსაბამს ვეხები. - გაიღვიძე კირა, გაიღვიძე! - ვყვირი შეშინებული, მაგრამ არაფერი გამომდის. ისევ მისკენ ვიწევი, ისევ ვცდილობ მისთვის შეხებას, მაგრამ კვამლი არ მიშვებს. ნელ-ნელა იზრდება. ასე მგონია, მასში ვიღაცაა გახვეული. -ლისა. - მესმის სემის ბუტბუტი. კარისკენ ვიხედები და ზღურბლთან გაშეშებულ ხუჭუჭას ვხედავ, რომელიც მონუსხული შეჰყურებს შავ ღრუბელს. -სემი, წადი! - ვყვირი და მისკენ გავრბივარ, მაგრამ ბავშვი ოთახში შემოდის და ის-ისაა მხრებში ვევლები, რომ კარი თავისით იხურება. -ლისა, რა ხდება? - დამფრთხალი თვალებით მიყურებს ჭორფლიანი და ხელებს წელზე მხვევს. ბავშვს მთელი ძალით ვიხუტებ და საწოლს გულამოვარდნილი შევყურებ. კვამლი იატაკზე იღვრება, გროვდება და ნელ-ნელა ზემოთ მიიწევს. ჩემს მაისურზე ჩაჭიდებულ სემის თითებს ვგრძნობ და მეშინია. მეშინია, რომ ამ პატარას რამე დაუშავდება. კარისკენ ვბრუნდები და ურდულს მთელი ძალით ვექაჩები ჩემკენ, მაგრამ არ იღება. კვამლი კი უკვე სვეტადაა ქცეული და თანდათან რაღაც სახეს იღებს, ადამიანის სხეულის სახეს. შემდეგ შავი ბურუსი გაფანტვას იწყებს. ჯერ შავი კაბის დაძონძილი ბოლო ჩნდება, შემდეგ წვრილი წელი და მასზე შემორტყმული დამწვარი ნაცრისფერი სალტე, რომლის მარჯვნივ და მარცხნივ გაცრეცილი თეთრი ხელებია დაშვებული. შემდეგ მაქმანებით გაწყობილი გულ-მკერდი ჩნდება და ბოლოს სახე, მხრებზე ჩამოშლილი შავი ხვეული თმით და საზარელი ნაცნობი სახით, რომელსაც გამჭვირვალე პირბადე გადმოჰფარებია. სხეული კოშმარული შავი თვალებით მოგვშტერებია მე და სემს და არც კი ინძრევა. ადგილზე გაქვავებული ვერაფერს ვახერხებ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის შიშს მთელი არსებით ვგრძნობ. ახლა მხოლოდ სტატიაში წაკითხული მოსამსახურე დოროთის სიტყვები მიტრიალებს თავში: „ - მარგარეტი გიჟს ჰგავდა. გოგონებს ეხვეოდა და ტიროდა. შემდეგ ის ყელსაბამი აიღო და ყელზე შეიბა.“ ყელზე შეიბა... ყელზე შეიბა... ღმერთო, მარგარეტი! გიჟი დების დედა. ყელსაბამი მასაც ეკეთა. სახლი მან გადაწვა. მისი სულიც ონიქსში იყო. მთელი ეს დრო ისიც აქ იყო. მზერა მის გაფითრებულ ხელებზე გადამაქვს და უცბად ყურებში იავნანა ჩამესმის. მე ის სიზმარში ვნახე. მარგარეტის ხელები სიმღერის ფონზე მახრჩობდნენ. სიზმარში ნამდვილად მან შეცვალა დედა. სემს უფრო მჭიდროდ ხვევ ხელებს და კარს ვეკრობი. ვცდილობ ვისუნთქო, ვცდილობ, ვიაზროვნო, ვცდილობ ვიმოქმედო. ისევ ურდულს ვწვდები. ბავშვი აქედან უნდა გავიყვანო. ის აქ არ უნდა იყოს. მაგრამ კარი ისევ არ იღება. -კირა! - ვყვირი მთელ ხმაზე და ვცდილობ, მარგარეტს მიღმა მისი სხეული დავინახო, მაგრამ არ გამომდის. მოულოდნელად ქალის სილუეტი ჩემ წინ ისვეტება და ისეთი საზარელი სიცივე მოაქვს, მგონია, რომ სხეულზე თრთვილი მაყრის. შეშინებული ვყვირი და ბავშვზე ჩახუტებული კუთხეში ვიკუნტები. -გაიქეცით! - მესმის ნაცნობი ხმა და ქალის სული ქრება. ღმერთო, ეს მია იყო, ნამდვილად მია იყო. ის აქაა. ჩვენს გვერდითაა. მაშინვე ვდგები და კარს ვაღებ. სემის მაჯაში ვეჭიდები და მივარბენინებ. -მერე კირა? - ყვირის ის. -დავბრუნდები სემ. ჩქარა! - ბავშვს სახლში წავიყვან და შემდეგ ჩემს დასთან დავბრუნდები. ასე მინდა, ასე ვგეგმავ, მაგრამ გამოცდილება ცინიკური სიცილით მკარნახობს, რომ არაფერი გამომივა. მისაღებ ოთახს სწრაფად ვკვეთთ და კართან მივდივართ. არ იღება. - ჯანდაბა, ჯანდაბა! - ვყვირი გაღიზიანებული. შემდეგ სამზარეულოსკენ გავრბივართ. მისი კარიც ჩარაზულია. ადგილზე ვბორგავ. პანიკა ბურუსში მხვევს. თავში ემოციების ქაოსი მაქვს. ოფლი მასხამს, მაკანკალებს. სემს რომ რამე დაუშავდეს, ჭკუიდან გადავალ. მაშინვე სკამს ვტაცებ ხელს და მთელი ძალით ვესვრი ფანჯარას. გაოგნებული ვუყურებ სკამს, რომელიც იატაკზე ვარდება და უვნებელ, გაუკაწრავ მინას, რომელიც წესით უნდა ჩამსხვრეულიყო. - ღმერთო. - ვბუტბუტებ და სემისკენ ვიწევი. მისი ერთი ნაბიჯით შორს ყოფნაც კი მაშინებს. მობილურს ვიღებ და რაილის ვურეკავ. ისევ გათიშულია. -დაბრუნდი, გთხოვ, დაბრუნდი... - ტუჩები მებრიცება. სადაცაა ავტირდები. არა, არა, არა. სემიმ შეშინებული არ უნდა მნახოს. ახლა მისი იმედი მე ვარ. -ლისა, ვინ იყო ის ქალი? რატომ გავრბივართ? - ბავშვი მაჯაზე ორივე ხელით მეჭიდება და სამზარეულოდან გასულს ძლივს მომყვება. -მისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ, სემ. რაც არ უნდა მოხდეს, ხელი არ გამიშვა, კარგი? -ესე იგი ლეო და ჯულიაც ცუდები არიან? -ასეა სემ, და ამის გამო გული არ დაგწყდეს. -როგორ შეიძლება ბავშვები ცუდები იყვნენ? -არ შეიძლება. - ვჩერდები და მის წინ ვიმუხლებ. ბავშვის სახეს ხელებში ვიქცევ და ფრთხილად ვამბობ. - სემ, ისინი ბავშვები არ არიან. ისინი არ არსებობენ. ადრე ბავშვები იყვნენ, ახლა კი მხოლოდ.... მხოლოდ... - სულები არიან, მაგრამ ვერ ვეუბნები. ისედაც შეშინებულია და არ ვიცი, ამ ამბავს როგორ მიიღებს. - ვიცი, რომ მათ მოსწონხარ და შენც მოგწონს, მაგრამ ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ჩემი გესმის? -მგონი. - მხრებს იჩეჩავს ის და ტუჩებს მუწავს. - რა უნდა გავაკეთოთ? -თავი შორს დავიჭიროთ მათგან და ნათლიას მოსვლას დაველოდოთ. ის-ისაა ფეხზე ვდგები, რომ კიბის თავში მდგარ კირას ვხედავ. ხელები უღონოდ ჩამოუყრია და მე და სემს ზემოდან დაგვყურებს. თვალები ღია აქვს, მაგრამ ასე მგონია, ისევ სძინავს. ყელსაბამიც კვლავ გულზე აბია. ჯანდაბა, როგორ მოვაშორო? სემს ხელით ჩემ უკან ვწევ და კიბისკენ ფრთხილად მივიწევ. -კირა, კარგად ხარ? - ხმა მიწყდება. ვიცი, რომ კარგად არაა. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ესმის. - სემ, ვეჩურჩულები ბავშვს. - გაიქეცი სამზარეულოში და ქურასთან თათმანები რომ ჰკიდია, ერთი ცალი მომიტანე. - სემი მაშინვე გარბის. ღმერთო, იმედია ჩანაფიქრი გამოვა და ყელსაბამს მოვხსნი. კირა კი ბრუნდება და კიბეზე ჩამოსვლას იწყებს. უკან ვიხევ. მისი სიახლოვე მაფრთხობს. არა, მისი არა, ყელსაბამის. ამასობაში უკნიდან სემის მოსვლას ვგრძნობ. ხელზე შეუმჩნევლად ვირგებ თათმანს და ჩემს დას აფორიაქებული ველოდები. კირა ჩამოდის, მაგრამ, თითქოს ვერც მამჩნევს. გვერდს მივლის და სამზარეულოში შედის. მაგიდას უახლოვდება და დანას იღებს. - კირა! - ვეძახი გაოგნებული. მეშინია, რომ საკუთარ თავს დაუშავებს რამეს, მაგრამ ვცდები. ის ჩვენკენ ბრუნდება. -ყელსაბამი გინდოდა დაიკო? - ამბობს ყოველგვარი ემოციის გარეშე და ნელა მოაბიჯებს. -კირა, რას აკეთებ? - მისი შემხედვარე ცრემლებს ვერ ვიკავებ. ჩემ უკან ამოფარებულ სემის ვეჭიდები და უკან ვიხევ. -მოდი და წაიღე. - ნაბიჯს უჩქარებს ის. მე კი ხუჭუჭას ხელს ვავლებ და გავრბივარ. მისაღებ ოთახს სწრაფად ვკვეთთ და კიდევ ერთხელ ვამოწმებ სახლის კარს, რომელიც ისევ არ იღება. შემდეგ ჩემი სამუშაო კაბინეტისთვის განკუთვნილ თითქმის ცარიელ ოთახში შევრბივართ და და კარს შიგნიდან ვკეტავ. ყელსაბამის მოხსნის გეგმა მეფუშება. -ლისა, რა სჭირს კირას? - შეწუხებული მიყურებს სემი. მე კი არ ვიცი რა ვუპასუხო. აქეთ-იქით ვიყურები. რამეს ვეძებ თავის დასაცავად, მაგრამ არაფერია. -მას სძინავს, სემ. თვითონაც არ იცის რას აკეთებს. -მთვარეულია? - თვალებს ჭყიტავს ჭორფლიანი. -ხოო, მთვარეულია. - ვპასუხობ და ვაყურადებ. სახლი დუმს. საზარლად და ავისმომასწავებლად დუმს. ვიცი, რომ ათამდე დათვლასაც ვერ მოვასწრებ, ისე დაიწყება რაღაც საშინელება. ბავშვის წინ ვიმუხლებ და მხრებში ვეჭიდები. - სემი, რაღაცას უნდა დამპირდე, კარგი? - დამფრთხალი თვალებით მიყურებს და თავს მიქნევს. - რაც არ უნდა მოხდეს, რასაც არ უნდა ხედავდე, როგორც კი გეტყვი, რომ წახვიდე, უნდა გაიქცე. უკან არ მოიხედო და სახლიდან გასვლას ყველანაირად ეცადე. შევთანხმდით? -მერე შენ? -მე... - ოთახში მოულოდნელად ისეთი სიცივე ისადგურებს, თითქოს ვიღაცას დაეყვიროს. ჩვენგან დაახლოებით ორ მეტრში მარგარეტი დგას. მაშინვე უკან ვიხევ და სემსაც თან მივათრევ. ქალი ნიავივით გვიახლოვდება. შავი პირბადის მიღმა შავი ტუჩებით იღიმის. ისე იღიმის, თითქოს უკვე გააკეთა ის, რაც უნდოდა. თითქოს უკვე მას ეკუთვნის ჩემი, კირას და სემის სული. -ლისა... - ჩურჩულებს სემი. აცახცახებული სხეულით ვეფარები, თითქოს გავაქრობ და ამ საშინელებას მოვაშორებ. უცბად კარი ფრთხილად იღება ისე, თითქოს არც ჩამეკეტოს. ოთახში კირა შემოდის. დანა ისევ ხელში უკავია და ჩვენკენ ჩქარი ნაბიჯით მოიწევს. ღმერთო! მარგარეტი ცდილობს, ჩემი და სემის სული კირას ხელით მიიღოს. კარისკენ გზა თითქმის თავისუფალია. -სემ, გაიქეცი, სწრაფად! - ვყვირი და ხუჭუჭას ხელს ვკრავ. ბავშვი გარბის, კირა კი დანას იქნევს. თავს ვხრი და ინსტინქტურად ხელს ვიფარებ. დანა თათმანიან მაჯაზე მხვდება. გვერდს ვუვლი და ოთახის მეორე მხარეს გავრბივარ, მაგრამ ვერც კი ვიაზრებ, ისე ვეცემი იატაკზე. ფილტვებში ჰაერი წამიერად იტუმბება და თვალთ მიბნელდება. გაწელილი კადრივით ვხედავ, როგორ მაბიჯებს ფეხს ჩემი და და ზემოდან დამყურებს. ძალას ვიკრებ და მის ფეხებს შორის ვძვრები, კარისკენ გავრბივარ და ოთახიდან გასვლას ვახერხებ. ასე მგონია, კირა და მარგარეტი ფორას მაძლევენ. ასე მგონია, ჩემი სისუსტით ერთობიან. მისაღებ ოთახში გასული ადგილს ვეყინები. სემი ტყუპებს შორის დგას. ჯულიას და ლეოს მისთვის ხელები ჩაუჭიდიათ და მიყურებენ. სემი სწრაფად სუნთქავს და გაფართოებული, შეშინებული თვალებით შემომცქერის. ვერ ვიჯერებ, რომ ეს პატარა ბავშვი მას შემდეგ რაც ნახა, თავის ხელში აყვანას ახერხებს. ხო, ტყუპებს ის მოსწონთ. ისინი ჭორფლიანს არაფერს დაუშავებენ. სემის ხელით ვანიშნებ ადგილზე დარჩენას და ის-ისაა თაროდან სასანთლეს ვიღებ, რომ თავში ძლიერ დარტყმას ვგრძნობ. სმენას ვკარგავ და თავბრუ მესხმის. ვერ ვხვდები, საიდან მომაქვს იმის ძალა, რომ ამის შემდეგ ისევ ფეხზე ვიდგე. ალბათ ადრენალინია. წინ მივბარბაცებ, დივანის საზურგეს ვეყრდნობი და უკან ვბრუნდები. ჩემ წინ კირა დგას და მთელი ირონიით მიღიმის. მის ზურგს უკან მარგარეტის შავ სილუეტს ვხედავ, რომელიც ნელ-ნელა იდღაბნება და შავ სითხედ იქცევა. კისერზე რაღაც თბილი მიცურავს, მდორედ იკვალასვ გზას ბეჭებისკენ და წელამდე ჩადის. ვიცი რაც არის. სასანთლეს მთელი ძალით ვუჭერ თითებს. -კირა... - ხმა მიწყდება. ხელებსა და მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ.- კირა გთხოვ, ვიცი, რომ ეს შენ არ ხარ. - ყელში რაღაც მიჭერს. სისუსტე ტირილს იწვევს. - გემუდარები, მოიხსენი ეგ... - წინადადებას ვერ ვამთავრებ. ხმა სადღაც მიქრება. ჩემი გაუჩინარებული ტუჩები მახსენდება და დარწმუნებული ვარ, ახლაც რაღაც მსგავსი მემართება. შემიძლია. იმდენი ძალა კიდევ მაქვს, რომ სასანთლე ჩემს დას მოვუქნიო, მაგრამ არ მინდა. მიუხედავად ყველაფრისა, არ მინდა, რამე ზიანი მივაყენო. თბილი სითხე ყელზეც მეღვრება. სხეული ყრუ ტკივილს ვეღარ უძლებს და ოთახთან ერთად მეც ტრიალს ვიწყებ. მარგარეტი ხელს მიწვდენს. ჯერ მგონია, რომ ჩემს წამოყენებას ცდილობს, მაგრამ შემდეგ მის ხელის გულზე რაღაც კაშკაშას ვხედავ. რაღაც ღვივდება და დიდდება. ეს ცეცხლია, ცეცხლი, რომელიც ყველას სიკვდილის შემდეგ ამ სახლს გადაწვავს, მესამედ. -სემი! - ვყვირი, მაგრამ არ ვიცი, ესმის თუ არა. არ ვიცი ეს ყვირილია თუ უბრალო ტუჩების მოძრაობა. - სემი, გაიქეცი! - ვხედავ, როგორ მიგორავს ჩემი მუჭიდან გავარდნილი სასანთლე იატაკზე და კედელთან ჩერდება. შემდეგ ისევ კირა მადგება თავზე. მისი სილუეტი ბინდშია გახვეული. ნათურის შუქზე გაელვებულ დანის პირს ვხედავ. მალევე მუცელზე სიმძიმეს ვგრძნობ და ის-ისაა გულის რევის შეგრძნება მეუფლება, რომ ვითიშები. *** თვალებს რომ ვახელ, პირველი, რაც ჩემს მხედველობას სწვდება კირას ფერადი თმაა. ვცდილობ ჰაერი ჭარბად შევუშვა ფილტვებში. თავის წამოწევას ვცდილობ, მაგრამ თავბრუ მეხვევა და საფეთქლები აუტანლად მეწვის. -ლისა. - მესმის სემის ჩურჩული. ბავშვი ჩემკენ იხრება და გაყინულ თითებს ლოყაზე მაკრობს. ვგრძნობ, როგორ ცახცახებს. ხელში სასანთლე უკავია. ჩემ გვერდით კი კირა გდია უგონოდ. - შენს მოკვლას აპირებდა. ცოტაც და დანას დაგარტყამდა. - ტუჩები ებრიცება ბავშვს. -სემ! - გული მიწუხდება, როცა მის მდგომარეობას ვიაზრებ. მან მე გადამარჩინა. ღმერთო! მთელ ძალას ვიკრებ. იდაყვებს ვეყრდნობი და კირასკენ ვიხრები. ცოცხალია. შვებით ვოხრავ და ნელა ვდგები. თავი საშინლად მტკივა. ხელით ვისინჯავ მტკივან ადგილს და თითები მისისხლიანდება. სემს სასანთლეს ვართმევ, გულში ვიკრავ და თავზე ვკოცნი. - გმადლობ სემ, გმადლობ. - შემდეგ კირასკენ ვაპარებ თვალებს. ყელსაბამი ისევ მას უკეთია. ის-ისაა გულში ვივლებ ონიქსის მარტივად მოხსნას, რომ ჩემი და გონზე მოდის. ისე სწრაფად დგება ფეხზე, რომ ვერც კი ვიაზრებ. საბედნიეროდ, დანა აღარ უკავია. ამას ხვდება და ჩემკენ შიშველი ხელებით იწვეს. მხრებში მევლება და არც კი ვიცი, რას ცდილობს. ამ წამს უგონოდ იყო. საიდან აქვს ამხელა ძალა? ხო, ონიქსი, რა თქმა უნდა ონიქსი. გაღიზიანება გულზე მავთულხლართივით მეხვევა. უკვე აღარ მაინტერესებს, რა მომივა. მინდა, რომ ეს ყელსაბამი ფერფლად ვაქციო. -შეეშვი, შეეშვი! - მესმის სემის ყვირილი, მაგრამ თავად ბავშვს ვერ ვხედავ. კირა ხელებს მიკავებს და ფეხს მუხლში მირტყამს. თავს ვერ ვიკავებ და ვეცემი. ვცდილობ ყელსაბამს მივწვდე, მაგრამ ვერ ვახერხებ. ხელებს მხრებში ვავლებ, მთელი ძალით ვაწვები და ზემოდან ვექცევი. არც ამჯერად მიშვებს ქვამდე. მკლავებს იფარებს და გზას ყველანაირად მიჭრის. უცბად ჩემი დის სხეულს ვწყდები და ისე ვეცემი ზურგით იატაკზე, რომ წამიერად თვალთ მიბნელდება. თავზე მარგარეტი მადგას. მისი კაბის მაქმანებიანი ბოლო შუბლზე მეხება. მაშინვე ადგომას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. -სემი, წადი გთხოვ, წადი ჩქარა! გაიქეცი! - ბავშვი გარბის, მაგრამ ვერ ვხედავ, საით. მხოლოდ მისი ნაბიჯების ხმა მესმის. წამოდგომა მინდა, მაგრამ ზურგს ვერ ვგრძნობ, თითქოს მთელი ხერხემალი ანესთეზიით მქონდეს გაბრუებული. კირა გვერდს მივლის. თვალს ვაყოლებ. ვცდილობ დავინახო სად მიდის, მაგრამ არ გამომდის. ღმერთო, ღმერთო, რაილი სად ხარ? გოგო მალე ბრუნდება. ხელში ისევ ის დანა უკავია. ფეხს მაბიჯებს და მუხლებზე დგება. შუბლიდან რამდენიმე ზოლად სისხლი ჩამოსდის. მის თვალებს ვაშტერდები და მათში ჩემი დის პოვნას ვცდილობ, მაგრამ ვერსად ვხედავ. იღიმის ისე, როგორც სერიული მკვლელი უღიმის ავადმყოფურად თავის მსხვერპლს. ნეტავ მე რომ მომკლავს, თუ დაუბრუნდება საკუთარი ცნობიერება? თუ შეძლებს გაიაზროს, რა გააკეთებინა ყელსაბამმა, თუ მარგარეტმა? -კირა, გთხოვ... - ვამბობ და თვალები ცრემლებით მებინდება. გული მიჯდება და ტირილს ვერ ვიკავებ. ცახცახი მიტანს და ყელი ნერვებისგან მებზარება. - გთხოვ, არ გინდა, ამას ნუ იზამ. - ხელებს მისკენ ვიწვდენ, მაგრამ მარგარეტი თითებს იქნევს და ჩემი ხელები მოწყვეტით ენარცხება იატაკს, რომლიდანაც ვეღარაფრით ვიღებ. შავი კაბა ნელ-ნელა ქვემოთ მოიწევს და თმას მთლიანად მიაფარავს. ღმერთო! ქალი ჩემს თავთან ჯდება, გიშერივით შავი, ღამესავით ბნელი თვალებით ზემოდან დამყურებს და შუბლზე მეხება. - ნუ მეხები, მომშორდი, მომშორდი! - პანიკაში ვვარდები და ვკივი. მისი შეხება სიკვდილის შეხებას ჰგავს. ცივი, სისხლიანი, მშრალი და მწველია. ასე მგონია, კანი მისკდება და ვიბზარები. ქალი მეფერება და იავნანას ღიღინს იწყებს. მის ხმაზე გული მისკდება. ყურებში რაღაც მიწივის. თავის გაქნევა მინდა, ხელების, ფეხების, სხეულის გამოძრავება, მისი მოშორება, მაგრამ უმოქმედო ვარ. თითქმის უკვე მკვდარი. - არა კირა, არ გინდა. ეს ისაა, ეს მარგარეტია. შენ არ ხარ. კირა ჩემს თავს მოგაკვლევინებს და შემდეგ შენც მოგკლავს. კირა, გონს მოდი გთხოვ! - ვყვირი და ჩემი გულის ცემის ხმას ძლივს ვფარავ. უცბად რაღაცის ბრახუნი მესმის. ოთახში კი მდუმარება ისადგურებს. ქალი ღიღინს წყვეტს. მე სუნთქვას ვიკავებ. კირა უკან იხედება. დარტყმის ხმა მეორდება. მარგარეტი ქრება. ღმერთო, ეს რაილია. ნამდვილად ისაა. -რაილი! - ვყვირი მთელი ხმით და ვგრძნობ, როგორ მეკაწრება გამომშრალი ყელი. - რაილი! დარტყმის ხმა ამჯერად უფრო ძლიერია და გაღებული კარი კედელს ენარცხება. რაილი ოთახში შემორბის და ჩვენი დანახვისას ერთი წამით ადგილზე იყინება. გაფართოებული თვალებით გვიყურებს და აჩქარებით სუნთქავს. შემდეგ მზერა კირას დანაზე გადააქვს და გამომეტყველება ეცვლება. კირა ამას ხვდება და ის-ისაა დანის მოსაქნევად იშვერს ხელს, რომ მის თავზე წამომდგარი რაილი ხელებს უკავებს და ჩემი სხეულიდან უკან აგდებს. კირა ყვირის და მთელი ძალით ეწინააღმდეგება. ბიჭი ზემოდან ექცევა და დანის წართმევას ცდილობს, რომ მის ზურგს უკან მარგარეტი ჩნდება. -რაილი, ფრთხილად! - ვყვირი და მაშინვე ფეხზე ვდგები, მაგრამ ბიჭი თავის დაცვას ვერ ასწრებს, მისი სხეული ზემოთ იწევა და მოწყვეტით ეხეთქება კედელს. რაილი ტკივილისგან სახედამანჭული ცდილობს მისთვის უცნობი ძალისგან თავის დახსნას და მარგარეტს გაოგნებული უყურებს. ის ხომ პირველად ხედავს სულს, გაბოროტებულ სულს. ერთხანს დაზაფრული მისჩერებია მას და ჰაერში ყოფნით აფორიაქებას ვერ მალავს, მაგრამ მალევე გადმოაქვს ჩემკენ მზერა. -სემი სად არის? - მეძახის ის მოუთმენელი თვალებით. აქეთ-იქით ვიხედები და ხუჭუჭას ვეძებ. -სემ! - ვუყვირი. - სემი! -აქ ვარ. - მესმის მეორე სართულიდან ხმა. ბავშვი კიბეზე დგას ტყუპებთან და შეშლილ დებთან ერთად. მათი დანახვისას სუნთქვა მეკვრის. მისკენ გავრბივარ, მაგრამ მარგარეტი თავისი გაცოფებული მზერით მაჩერებს. როგორც ჩანს, სტუმარს არ ელოდა. რაილი იატაკს უბრუნდება და ის-ისაა ისევ კირასკენ იწევა, რომ ჩემი დის ხელიდან დანა სხლტება და რაილის მხარში ერჭობა. ბიჭის ღრიალი ყურებს მიტუმბავს და საფეთქლებში მწვავე ჩხვლეტას ვგრძნობ. -რაილი! - ვყვირი შეშინებული. - ღმერთო, რაილი! სახედამანჭული ბიჭი იატაკზე მუხლებით ვარდება. მძიმედ ოხრავს და სახე ერთიანად ეჭარხლება. აწყლიანებული თვალებით დაჰყურებს მხარში ღრმად შეჭრილ დანას და ჩქარა სუნთქავს. არა, არა, არა, გთხოვ ღმერთო, არა! ერთი ხელით იატაკს ეყრდნობა და ქვემოდან მიყურებს. -რაილი! - ვტირი და საკუთარ გაქვავებულ სხეულს ვუძალიანდები. -ნუ გეშინია. - ამბობს ის და თვალებს მაგრად ხუჭავს. ტუჩებს ერთმანეთს მაგრად აჭერს და გაჭირვებით დგება. - სემი, ჩამოდი ჩემთან, სწრაფად! - ყვირის რაილი. დანის ტარს ეჭიდება და მხარიდან იძრობს. მისი სიმწრის ღრიალი გულზე ტკივილიანად მეხვევა. თვალებაწითლებული დანას შორს აგდებს და გააზრებასაც ვერ ვასწრებ, ისე მიიწევს კირასკენ, ერთი მოძრაობით ზურგით იატაკზე აგდებს და ზემოდან ექცევა. ის-ისაა გაცეცხლებული მარგარეტი რაილისთან ჩნდება და ყურისწამღები კივილით ხელებს მისკენ იწვდენს, რომ მიას სულს ვხედავ, რომელიც ქალისკენ გარბის. -სწრაფად! - მეძახის ის, მარგარეტს მთელი ძალით ასკდება და ორივე ქრება. სწრაფად? რას ნიშნავს სწრაფად? თავს ვიქნევ. ახლა ამის დრო არაა. მია დროს გვაძლევს. სემისკენ ვიხედები, რომელიც კიბეზე ჩამორბის და ჩემ გვერდით დგება. სულები აქ არ არიან. ვითომ მარგარეტს გაჰყვნენ? -ლისა! - მეძახის რაილი. - დამეხმარე, სწრაფად.! მასთან მივრბივარ, მუხლებზე ვდგები და კირას გაკავებაში ვეხმარები. თვალი მისი ჭრილობისკენ გამირბის. მარჯვენა მხარი მოწითალო-მოშავო სითხისგან დასვრია. სისხლი მაისურზე ნელ-ნელა ლაქად ეშლება. -რაილი, შენი მხარი... ბევრი სისხლი გდის. - ხმა მიკანკალებს. კირა ყვირის, ღმუის, კვნესის. ხელებს წარმოუდგენელი ძალით იქნევს. არ მიკვირს, რომ რაილი ვერ უმკლავდება. მაგრამ ამას ორივე ერთად ვახერხებთ. ხელებს ვუჯვარედინებთ, თავს ზემოთ ვაწევინებთ და მუხლების დახმარებით ვიჭერ. რაილი იქვე დაგდებულ სამზარეულოს ხელთათმანს იღებს და ჭრილობაზე იჭერს. მარცხენა ხელით ოფლით დაცვარულ შუბლს იწმენდს. კირას ზემოდან დაჰყურებს და თვალებს აღელვებული აცეცებს. ღმერთო! მან რაღაც იპოვა. რაილიმ წიგნში რაღაც იპოვა! კანზე ეკალი მაყრის. აფორიაქებული ვუყურებ მის ტკივილით მოღრეცილ სახეს. -რაილი... - ვბუტბუტებ. ბიჭს მზერა ჩემზე გადმოაქვს. ტუჩებგახსნილი ღრმად სუნთქავს. -იმედია გამოვა. - ამბობს მხნედ. - იმედია გამოვა, ლისა. მის სიტყვებზე სუნთქვა მეკვრის. -სემი, მოდი. - უკან იხედება რაილი და ბავშვს ხელით თავისკენ იხმობს. ჭორფლიანი ყოყმანით გვიახლოვდება და დაზაფრული უყურებს გაკავებულ, გაცეცხლებულ, გათავისუფლებისთვის მებრძოლ ჩემს დას. - სემი, იცი ახლა რა უნდა გააკეთო? - მხარზე ხელს უჭერს რაილი მას და დაჟინებით უყურებს. -რაა? - ინტერესით ეკითხება ხუჭუჭა. -ჩვენ ყველა შენ უნდა გადაგვარჩინო. გესმის? შენ ჩვენი სუპერ გმირი უნდა იყო. რაა? ეს როგორ? სემი რა შუაშია? ღმერთო, რა ეწერა იმ წიგნში? -კი, მაგრამ ნათლია, როგორ? -გახსოვს ის სიმღერა, დედა რომ გიმღეროდათ შენ და ენის? კლასის კონცერტზე მარიამ რომ იმღერა. -როგორ არა. -ახლა შენ უნდა იმღერო. -რაა? - გაოცებული ჭყეტს სემი თვალებს. მასთან ერთად მეც. -სემ, ამას ხომ გააკეთებ? მენდე, კარგი? უბრალოდ, როცა გეტყვი, ის სიმღერა იმღერე. -კარგი ნათლია. - თავს იქნევს ბავშვი. რაილი ხელს უშვებს. ისევ ჩემკენ ბრუნდება, ორი წამით თვალებში მიყურებს, შემდეგ კი კირას ყელსაბამს მუჭში ბღუჯავს, კისერზევე წყვეტს და იატაკზე აგდებს. ხელს, რომლითაც ქვას შეეხო ზიზღით დაჰყურებს. შემდეგ დგება და სემთან მიდის. -მიდი სემ, მიდი. ბავშვი მოზრდილ ნერწყვს ყლაპავს და დაბნეული გამომეტყველებით იწყებს იავნანის სიმღერას. პირველივე სიტყვების წარმოთქმისას ოთახში მარგარეტი ჩნდება თავის შვილებთან და ტყუპებთან ერთად. გააფთრებული გვავლებს უკუნეთივით შავ თვალებს. რაილი სემს ეხვევა და ოთახის კუთხისკენ გულში ჩაკრული მიჰყავს. -არ გაჩერდე სემი, გააგრძელე, გააგრძელე! - ყვირის რაილი. სემი სიმღერას განაგრძობს. მარგარეტი ღრიალებს, ხელებს შლის და გამძვინვარებული სცდება იატაკს. ტყუპების და შეშლილი დების სულები ყურისწამღები ხმებით კივიან და გამჭვირვალე სხეულებით ქალის გარშემო ტრიალებენ, თითქოს დახმარებას სთხოვდნენ. ყელსაბამს დაზაფრული ვუყურებ. ონიქსი თრთის. მის გარშემო მტვერი ქარბორბალასავით მოძრაობს, თანდათან ძლიერდება და იატაკზე ვიბრაციას ვგრძნობ. ქვას თეთრი ზოლები უჩნდება და ბზარებს შორის თვალისმომჭრელი სინათლე იჭრება. იგივე ემართება მარგარეტსაც. მისი კანი სკდება და სხეულიდან თეთრი შუქი იკვეთება. კაბა იწვის. მაქმანები ფერფლად იქცევა. გაღებული პირიდან კვამლი სითხესავით ეღვრება. ტყუპების და დების სულები მომენტალურად იწვიან. მათგან ადენილ ბოლს ქალბატონი ისრუტავს. როგორც ჩანს, ძალების მოკრებას ცდილობს და ყელსაბამისკენ მიიწევს, მაგრამ სემი სიმღერას განაგრძობს, ონიქსი კი მოქმედებას. ოთახში დატრიალებული ქარი ყველაფერს თავდაყირა აყენებს. კუთხეში აკრული რაილი მკერდზე მიკრულ სემს თავზე ხელებს აფარებს და ისიც აღელვებული შეჰყურებს მოვლენას. მარგარეტის კაბაზე გაჩენილი ცეცხლი ქალის ყელამდე აღწევს, სახეს უფარავს და ერთ მთლიან კოცონად იქცევა. შემდეგ ცეცხლი ერთბაშად ქრება. მისგან დარჩენილი ნაცრისფერი ფერფლი ერთხანს ჰაერში ლივლივებს, შემდეგ კი იატაკისკენ მიიწევს. ონიქსი მას მტვერსასრუტივით ისრუტავს და ორ წამში ბზარების გაჩენის ხმა გვესმის. ქარი დგება. ყელსაბამი თრთოლას წყვეტს. ოთახში მხოლოდ სემის სიმღერის ხმა ისმის. -საკმარისია სემი. - ჩურჩულებს რაილი და ბავშვს თავისი მკლავებისგან ათავისუფლებს. მზერა მივიწყებული კირასკენ გადამაქვს, რომელიც შუბლს ჭმუხნის, ტუჩებს ილოკავს და თვალებდახუჭული გამოფხიზლებას ცდილობს. მისი შებოჭილი ხელებიდან მუხლებს ვწევ. და გამოფხიზლებულ სახეს ხელებში ვიქცევ. -კირა, კირა, კარგად ხარ? - ვეკითხები აღელვებული. - რაა? რა ხდება? - ამბობს ჩახლეჩილი ხმით და თვალებს ნელა ახელს. ერთხანს მიყურებს და შემდეგ დაბნეული გამომეტყველება შიშით ეცვლება. - რა გავაკეთე? ღმერთო, ლისა, რა ჩავიდინე? - იატაკზე ჯდება და დამფრთხალი ყელზე ისვამს ხელებს. - ნუ გეშინია, ნუ გეშინია. აღარ გიკეთია. არაფერი ჩაგიდენია, დამშვიდდი, წყნარად. - გულში ვიხუტებ ატირებულს და თავზე ვეფერები. რაილი იატაკიდან დგება და ტკივილიანი სახით უახლოვდება ყელსაბამს. ხელში იღებს და დაჰყურებს. - გაბზარულია. - ამბობს და იღიმის. - ანუ? - ვეკითხები, მაგრამ მისი ღიმილი უკვე მამშვიდებს. - ასეც უნდა იყოს. გამოგვივიდა! - ოხრავს, ყელსაბამს მაგიდაზე აგდებს, სემს სწვდება და თავზე კოცნის. - შენ ეს შეძელი ჩემპიონო, ჩვენი გმირი ხარ! - სემი იკრიჭება და გაბრწყინებული თვალებით გვათვალიერებს სამივეს. - წავიდნენ? - გვეკითხება. - წავიდნენ. - ვამბობ, ამ სიტყვის თქმა მეც მინდა. სემის თვალს ვუკრავ და კირას დავყურებ. შვებით ვოხრავ, დაძაბულ კუნთებს მოდუნების საშუალებას ვაძლევ და ვიცინი. ყველა საშინელება კვლავ თვალწინ მიტრიალებს, მაგრამ მაინც ვიცინი. *** -მეც გადაწურული მქონდა იმედი. - ამბობს რაილი. სავარძელზე ჩამომჯდარი სახელდახელოდ შეხვეული მხრიდან ხელს არ იშორებს. - მაგრამ მეათე გვერდზევე შემხვდა ეს ყელსაბამი. ნახატი იყო, თან შავ-თეთრი, მაგრამ ვიცანი. „მძინარე ონიქსი“ - ასე იყო დასათაურებული. ტექსტი წყევლის დადების და მისი მოხსნის შელოცვებით იწყებოდა. რადგან ეს ვნახე, სხვა აღარაფერი წამიკითხავს, თან ბიბლიოთეკა იკეტებოდა და ვეღარ ვასწრებდი. რაც წავიკითხე ის იყო, რომ წყევლის დადება მხოლოდ უშვილო ქალს შეუძლია. რაღაც ლათინური სიტყვები იყო მითითებული, ბოლოს კი ის სიმღერა, იავნანა. მოხსნა კი მხოლოდ უმანკო, უცოდველი ბავშვის, ბიჭის ნამღერ იმავე სიმღერას შეუძლია. აი თურმე რა შუაში იყო სემი. ჩემ გვერდით მჯდომ ხუჭუჭას ხელს ვხვევ და ვიხუტებ. ისიც იფერებს და იმორცხვებს. -ამის გარდა, ერთადერთი, რასაც თვალი მოვკარი, წელი იყო, 1819 წელი. ალბათ ყელსაბამი მაშინ დაწყევლეს. წარმოგიდგენიათ, რა ასაკისაა? -ორი საუკუნის. - გაოგნებული ამბობს კირა და ზიზღით აპარებს თვალს გაბზარული ყელსაბამისკენ. პირველად თქვა რაღაც მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რასაც აკეთებდა ონიქსის გავლენის ქვეშ მყოფი. -ეგ წიგნი უნდა ვნახო. - ვამბობ და რაილის თხოვნით ვუყურებ. - მაგრამ, მოდი რა, წავიდეთ საავადმყოფოში. კარგად არ გამოიყურები. ჭრილობას გაკერვა სჭირდება. -ჰო, წავიდეთ. - თავს მიქნევს. - არც თქვენ გამოიყურებით კარგად. - კირას ჯერ კიდევ სახეზე აქვს შემხმარი შუბლიდან ჩამოდენილი სისხლი. მე კი - კისერსა და ყელზე. ისე მინდება ცხელი წყლის ქვეშ დგომა, რომ სურვილისგან ტანზე ეკალი მაყრის. - წყალს დავლევ და წავიდეთ. - ფეხზე დგება რაილი და შუბლს ჰკრავს. -მოგიტან. - ვამბობ და სამზარეულოში გავდივარ. ჭიქაში წყალს ვასხამ და უკან დაბრუნებულს რაილი ფანჯარასთან მდგარი მხვდება. -ლისა... - ჩურჩულებს კირა და ხელით მანიშნებს, რომ ფანჯარასთან მივიდე. ჭიქას ვდებ და რაილის ვუახლოვდები, რომელიც მონუსხული უყურებს მუხაზე ჩამოკიდებულ საქანელას. გაოგნებისგან გახსნილ ბაგეებზე ნელ-ნელა ღიმილი ეკვეთება. გამჭვირვალე ფარდას სწევს და რაფას ხელის გულებით ეყრდნობა. -ხედავ? - მეკითხება ისე, რომ ჩემკენ არ იყურება. -რა თქმა უნდა. - ვპასუხობ და მეღიმება. შეუძლებელია მიას ხედავდე და არ იღიმოდე. მის საქანელაზე მოფრიალე ყვავილებიან სარაფანს და გაწეწილ ქერა თმას, მის მხიარულ სიცილს ხედავდე და თავს მშვიდად არ გრძნობდე. გოგოს სული მონდომებით ქანაობს საქანელაზე, თავი უკან გადაუგდია და კისკისებს. სულ რომ ეჭვი გეპარებოდეს იმ კოშმარის დაუმთავრებლობაში, მიას ეს განწყობა ყველა ეჭვს გაგიფანტავს. - კარგად ხარ? - რაილის ფრთხილად ვადებ მხარზე ხელს. -ხო. უფრო სწორად, არაჩვეულებრივად ვარ, ლისა. - ამბობს ბიჭი და თავის დას ღიმილიან მზერას არ აშორებს. მია ჩვენკენ იყურება და ხელს გვიქნევს. შემდეგ კი მის ფეხებს თეთრი მტვერი ცვლის, ნელ-ნელა მთელ სხეულს ფარავს და გოგოს აქრობს. მტვერი ახალანთებულ ლამპიონის შუქზე ბზინავს და რამდენიმე წამში ჰაერში იფანტება. რაილი თვალებს ხუჭავს და რამდენიმე წამით ფანჯარაზე შუბლმიყრდნობილი დგას. შემდეგ კი ჰაერს ხარბად ისუნთქავს და ჩემკენ ბრუნდება. -ყველაფერი რიგზეა. - ლოყაზე მაკრობს თითებს და ფრთხილად მეფერება. - საავადმყოფოში წავიდეთ. *** -ცოტა ეჭვი მეპარება ჩვენს საქციელში. - რაილის და კირას ყოყმანით ვუყურებ. ბიჭი ხელშეხვეული ზის ჩემი წინადადებით დაფიქრებული კირასკენ „რა ვქნათ“ გამომეტყველებით იხედება. მანქანის ძრავა ჯერ კიდევ ჩართული მაქვს. საკმარისია მითხრან, “შენ როგორც გინდა” და მაშინვე გაზს დავაჭერ ფეხს. სემის პლანშეტი უკავია და თამაშით ერთობა. ჩვენს კამათს ყურადღებას არ აქცევს. -ღმერთო, ეს ვინაა! - თვალებს ატრიალებს კირა. - ამ ნაგავმა რამხელა ზიანი მოგვაყენა დაგავიწყდა? ხომ შეიძლება სასიკეთოდაც წაგვადგეს? - ყელსაბამს, რომელიც რაილის უკავია ალმაცერად შეჰყურებს. -ამ ნივთისგან სიკეთეს არ ველოდები და არც მჭირდება. კირა, კარგი რაა... - ნერვები მეშლება. -ლისა, მგონი შენი და მართალია. - რაილი ჩემკენ იხრება და მანქანის ძრავს თიშავს. - ქვა ძვირფასია. მერე რა, რომ გაბზარულია. ჩარჩო და საკიდიც ვერცხლია. დარწმუნებული ვარ ჩაიბარებენ. სულ რომ არაფერი რასაც მოგცემენ, იმ ფულით დამსხვრეული მაგიდის სანაცვლოს მაინც იყიდი. დაფიქრდი. - მიღიმის გამამხნევებლად. კირა ისე მომშტერებია პასუხის მოლოდინში, რომ მგონი სუნთქვაც კი ავიწყდება. -ჯანდაბას! - ვბუტბუტებ მაინც უკმაყოფილოდ და მანქანიდან გადავდივარ. აჟიტირებული კირა მანქანას უვლის და მეხუტება. რაილი ფანჯარაში ყოფს თავს და სემის აფრთხილებს, რომ მანქანიდან არ გადმოვიდეს. ანტიკვარიატის მაღაზიასთან ვდგავართ და ერთმანეთს ველოდებით, ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს. ჩემი და რა თქმა უნდა თავის თავზე იღებს ამ ნაბიჯს და წინ მიგვიძღვის. რაილი თავისუფალი ხელით ჩემს თითებს იჭერს და თვალს მიკრავს. საპასუხოდ ვუღიმი და მაღაზიაში შევდივართ. ოთახი საკმაოდ დიდი ჩანს, მაგრამ ანტიკვარული ნივთებით ისეა გადატვირთული, რომ სამოძრაო ადგილი ფაქტობრივად არაა. სუნთქვაშეკრულები მივიკვლევთ გზას იმ მაგიდისკენ, სადაც წესით მიმღები, ან მენეჯერი უნდა იჯდეს. ირგვლივ სიძველის და ისტორიის სუნი ტრიალებს. თავბრუს მახვევს ეს ავეჯი, სხვადასხვა მეტალის ჭურჭელი, თაროებზე შემოწყობილი სტატუები, ლამაზყდიანი წიგნები, ზარდახშები, სამკაულები, ტანსაცმელი და პირადი ნივთები. და წარმოუდგენელია, რომ ამ ყველაფერს ერთი გამხდარი, თეთრულვაშებიანი, შუა ხნის მამაკაცი იცავს. ირგვლივ ვერც კამერებს ვამჩნევ და ვერც სიგნალიზაციას. ნუთუ გამვლელი თვალისგან ფარულადაა ეს ყველაფერი დამონტაჟებული? -გამარჯობათ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - თითებს ერთმანეთში აჭდობს მამაკაცი და კეთილი ღიმილით გვიკრავს თავს.. -გამარჯობათ. - პასუხობს რაილი და შეხვეულ ხელს უხერხულად შმუშნის. -რამის შეძენა გნებავთ? - გვათვალიერებს სამივეს და მის გამომეტყველებაში ეჭვს ვხედავ. სავარაუდოდ ხვდება, რომ არაფრის შეძენის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. -არა, არა, გვაინტერესებს, ანტიკვარულ ნივთებს თუ იბარებთ. -გააჩნია, - მხრებს იჩეჩავს მისტერ - გულზე შებმულ მის ბეიჯს ვუყურებ - ვოლინსკი. - აქ ისეთი ნივთებით მოდიან... ყველაფერს ანტიკვარულს ვერ დავარქმევთ, ხომ ასეა? -რას იტყვით ამ ყელსაბამზე? - რაილი ჯიბიდან ყელსაბამს იღებს, ხელის გულზე იდებს და მამაკაცს უწვდის. მისტერ ვოლინსკის სახე ეცვლება. მოღიმარი თვალები უფართოვდება და ორი წამით მგონი სუნთქვაც კი ეკვრის. -თქვენ... - ეჭვით გვიყურებს და ყელსაბამს ახლოდან ათვალიერებს ისე, რომ არ ეხება. დარწმუნებული ვარ მის შესახებ ყველაფერი იცის. - ეს საიდან გაქვთ? - სამივეს გვავლებს თვალს. -მგზავრობის დროს წავაწყდით. - ამბობს კირა და შარვლის უკანა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ცქმუტავს. ერთი სული აქვს გაიგოს, რამდენს გადაგვიხდის. -დარწმუნებულები ხართ? -ასე იყო. - ეთანხმება რაილი. - მის შესახებ რამე იცით? რამე ისტორია ააქვს? -ჰმ, კი აქვს, თანაც როგორი... - ცალყბად იცინის კაცი. - ასეთი იპოვეთ? გაბზარული? -კი, გაბზარული იყო. ალბათ დეფექტის გამო დაგვიწუნებთ, ხომ? - ცალ თვალს ჭუტავს რაილი. სიცილს ძლივს ვიკავებ. -ვნახოთ, ვნახოთ... - მისტერ ვოლინსკი სამაჯურს ფრთხილად იღებს, სათვალეს ირგებს და ქვას მონუსხული დაჰყურებს. ონიქსის უმოქმედობაში რომ არ ვიყო დარწმუნებული, ვიფიქრებდი, რომ ეს კაცი მისი ძალის ქვეშ მოექცა. ესე იგი ისტორია აქვს... რა თქმა უნდა. ეს ალბათ იმ წიგნშიც ეწერებოდა, რომლის ბოლომდე წაკითხვაც რაილიმ ვერ მოასწრო. -ისტორიას მოგვიყვებით? - ვეკითხები კაცს, რომელიც ქვას სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით სინჯავს. რაილი შეფიქრიანებული მავლებს თვალს. მხრებს ვიჩეჩავ. -ეს ყელსაბამი ორ საუკუნეზე მეტისაა... - ხმას იწმენდს მისტერ ვოლინსკი და ისე განაგრძობს საქმიანობას, არც გვიყურებს. - სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს, ასე შემთხვევით რომ გადაეყარეთ. ბევრი შეძენის მსურველი ჰყავდა ერთ დროს. ალბათ ახლაც არიან. ალბათ არ იცით, მაგრამ ეს ონიქსის ქვაა. 1819 წელს ერთმა ალქაჯმა, ემა როუზიმ დაწყევლა. ამ ქალს საყვარელი ჰყავდა, მდიდარი პოლიტიკოსი. რა თქმა უნდა ცოლ-შვილიანი იყო. ორ გოგონა ჰყავდა. მაგრამ როგორც ყველა მამაკაცს, სიგიჟემდე უნდოდა გვარის მემკვიდრე ბიჭი. ემასა და მისტერ როლანდზე ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ მხოლოდ მარაოების მიღმა. ამბობდნენ, რომ ემას თავდავიწყებით უყვარდა მამაკაცი. როცა მის როუზი მისგან დაფეხმძიმდა, კაცი დაჰპირდა, რომ თუ ბიჭი გაუჩნდებოდათ, ცოლს მაშინვე გაშორდებოდა, მაგრამ ემას მუცელი მოეშალა და დადგინდა, რომ ის ვეღარასდროს შეძლებდა ბავშვის გაჩენას. როლანდმა კი მიატოვა. კაცმა არ იცოდა თავისი საყვარელი ალქაჯი რომ იყო. სასოწარკვეთილმა ემამ ყელსაბამი შექმნა ვერცხლისგან და ონიქსისგან, დაწყევლა და როლანდს გაუგზავნა. კაცმა საჩუქარი დაუფიქრებლად მიიღო და მეუღლეს აჩუქა. თურმე, მას შემდეგ რამდენჯერაც დაფეხმძიმდა პოლიტიკოსის ცოლი, იმდენჯერ მოეშალა მუცელი. ბოლოს კი ამდენმა ცდამ და დეპრესიამ ჭკუიდან შეშალა, ჯერ ქმარი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ამბობდნენ, ყელსაბამი აუქციონზე გატანილ მათ ნივთებთან ერთად გაიყიდაო. ერთი საუკუნის მანძილზე საკმაოდ ბევრი ადამიანის ხელში მოხვდა. მდიდარი ხალხი ყოველთვის ინტერესდება ნივთებით, რომლებსაც მძიმე და საშიში ისტორიები აქვთ. მეორე ერთი საუკუნის მანძილზე კი უბრალოდ გაქრა. ხომ გეუბნებით, ვერ ვიჯერებ, რომ მას ასე შემთხვევით გადაეყარეთ. - ახლაღა სწორდება წელში მაგიდისკენ დახრილი მისტერ ვოლინსკი და სათვალის ქვემოდან ისევ ეჭვით გვიმზერს. უხერხულად ვიშმუშნები. კირა ჩუმად აპარებს ჩემკენ თვალებს. -თქვენ... თქვენ გჯერათ ამ წყევლის, მისტერ ვოლინსკი? - ვეკითხები და ტუჩს ვიკვნეტ. -მე? მე ლეგენდების მჯერა ჩემო კარგო. - ოხრავს ის და სათვალეს იხსნის. - რაც შეეხება მის ღირებულებას. ონიქსი არც ისეთი ძვირფასი ქვაა, რომ გაგამდიდროთ, პირიქით, ძველი დროისგან განსხვავებით დღეს დღეობით საკმაოდ იაფად ფასობს. არც ვერცხლია მაინცდამაინც მიუწვდომელი ფასის. ათი ათასს მოგცემთ იმიტომ, რომ როგორც ანტიკვარი, თავისი ისტორიით და მოთხოვნადობით ძალიან ღირებულია. თანაც, თქვენ სრულიად შემთხვევით გადააწყდით, ხომ ასეა? - გვიღიმის გამომცდელად. კირას წარბები შუბლზე ასდის. -ასეა. - თავს უქნევს თანხმობის ნიშნად რაილი. -ერთი დოლარით მეტს არ გადაგიხდიან ამ ნივთში სხვაგან. უფრო მეტიც, ამდენსაც კი არ შემოგთავაზებენ. ასე, რომ... არჩევანი თქვენზეა. -თანახმა ვართ! - ყვირის კირა და აჟიტირებული რაილის წინ დგება. შემდეგ უკან იყურება და თვალების ცეცებით გვანიშნებს, რომ სიტყვა არ დავძრათ. -ანუ შევთანხმდით? -შევთანხმდით. - ეთანხმება რაილი და კირას გამო სიცილს ვერ იკავებს. ათი ათასი? ღმერთო, არც კი დამესიზმრებოდა. წარმომიდგენია, რა ფასი აქვს ამ ყელსაბამს, თუნდაც უფუნქციოს, რომ მისტერ ვოლინსკი ამხელა თანხას იხდის. ხუთჯერ მეტი? ათჯერ მეტი? არ ვიცი, არ მაინტერესებს. მის შესახებ აღარაფრის მოსმენა აღარ მინდა. მისი ისტორიაც საკმარისი იყო. ალქაჯმა ემამ ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისი კოშმარად მიქცია. მაგრამ ამაში მხოლოდ ის არის დამნაშავე? არა. როგორც ჩანს როლანდს საერთოდ არ ჰყვარებია ემა როუზი. მას მხოლოდ ვაჟის არ ყოლა ადარდებდა. კაცს რომ არ მიეტოვებინა, ალქაჯს არც კი მოუვიდოდა აზრად ყელსაბამის დაწყევლა. როლანდი ხომ მასთან ერთად ცხოვრებას ჰპირდებოდა? ანტიკვარიატის მაღაზიიდან მალევე გამოვდივართ და მანქანაში ვსხდებით. სემი შეკითხვებს გვაყრის, რომლებზეც კირა სიამოვნებით პასუხობს. ძრავს ვრთავ და საჭეს ხელებს ვუჭერ. ყელსაბამი ჩვენთან აღარაა. შორსაა, უმოქმედო და დამტვრეული. ზიანს ვერც ჩვენ მოგვაყენებს და ვერც სხვებს. მარგარეტი, ტყუპები და შეშლილი დები სამუდამოდ გაქრნენ და თავი დაგვანებეს. ახლა სიმშვიდის პერიოდი იწყება. ადამიანური ცხოვრების და სავანური ჰარმონიის პერიოდი. -ჰეი, კარგად ხარ? - თითებს მიჭერს რაილი და ჩემკენ იხრება. ნაცრისფერი თვალებით მომლოდინედ და დაკვირვებით მათვალიერებს. კარგად ვარ. ის ცოცხალია, კირაც, სემიც. ისინი ჩემ გვერდით არიან და რა თქმა უნდა მე კარგად ვარ. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ, ვუღიმი და ვკოცნი. - ახლა უკვე ყველაფერი კარგად იქნება. - ამბობს ის და თვალს მიკრავს. ნამდვილად. ახლა ვხვდები, რომ ხანდახან ის უფრო საშიშია, რისკენაც გარბიხარ, ვიდრე ის, რაც მოგდევს. მაგრამ შიში ძალიან სუსტია იმ იმედთან, რომელსაც საყვარელი ადამიანები ჰქვია. დასასრული 2018 წელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


