ნაკაწრები (სრულად)
ადამიანები დედამიწაზე გამუდმებით სამოთხის ძიებაში ვართ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მისი რაღაც ნაწილი მაინც აღმოვაჩინოთ. ხანდახან ამისთვის ბევრს ვთმობთ. ადამიანებსაც კი ვკარგავთ.... მაგრამ, საკმარისია სამოთხის ნამსხვრევი შენში შემოუშვა და იგრძნო მისი ძალა, რომ იქვე, რამდენიმე ნაბიჯში ჯოჯოხეთის ყვავილი გაიშლება. მოგნუსხავს, დაგათრობს, ჩაგითრევს თავისი მკაწრავი ეკლებით და ჩაიყოლებს იმ ფერად ნამსხვრევსაც, რომლის გამოც ცხოვრებას ცვლიდი. მისგან თავის დაღწევა კი ეშმაკისგან თავის დაღწევის ტოლფასია. პროლოგი *** - მიირაა! - მესმის ჩემი სახელი და საფეთქლებში წვას ვგრძნობ. ხეს ამოფარებული, ცალი თვალით ვიხედები მერქანს მიღმა. ასე მგონია, ჩემი აცახცახებული სუნთქვის და გულის ფეთქვის ხმა მთელ ტყეში ისმის. გამშრალ ტუჩებს სწრაფად ვილოკავ და შუბლიდან ჩამოგორებულ ოფლის წვეთებს ხელის ზურგით ვიწმენდ. - მესმის, მირა... - მის ხმაში ავადმყოფური სიტკბო იგრძნობა. ნერვებისგან ტუჩები მებრიცება. მგონია, რომ ვხმაურობ და ყველანაირად ვცდილობ გაშეშებას. - შენი კარგად მესმის, მაგრამ სხვა გზა არაა! შრიალი ახლოვდება. ხეს ისე ვეკვრი, თითქოს მასში გავუჩინარდებოდე და თავს ვუშველიდე. იდაყვები მერქანზე ხახუნისგან მეკაწრება. ადრენალინისგან მუცელი მეწვის. თავს ძალას ვატან და ისევ ვიხედები. ნელა მოაბიჯებს. მის სიარულის მანერაში აუტანელი უპირატესობა იგრძნობა და ყელში ტკივილი მეჩხირება. ღმერთო!.. ერთ ხელში დანა უკავია, მეორეს კი ბუჩქებზე მოასრიალებს. მათ ფოთლებს ნაზად ეხება თითის წვერებით. ტანში მცრის. ასე მგონია, სადაცაა ჩემკენ გამოიწვდენს ხელს და ჩამავლებს. - გამოდი, ძვირფასო. - ღიღინებს და ერთხანს ჩერდება. მზის სუსტი სხივები ძლივსღა ანათებენ ჩაბნელებულ ტყეს. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ რაიმე მყარის მოსაძებნად და მოშორებით მუჭის სისქის ხის ტოტს ვხედავ. - გინდა ცოტა ხნით კიდევ დავიცადო? შენ ხომ მოგწონს, როცა ადამიანები უკან დაგდევენ და მათ ყურადღებას არც კი აფასებ? - თვალებს მაგრად ვხუჭავ. ასე მგონია, თითოეული მისი სიტყვა ჩვენ შორის მანძილს ამცირებს. ლოყებზე ამღვრეული წარსულის ცრემლები მოცურავენ და ყელისკენ მიიწევენ. ვცდილობ, მის ლაპარაკს ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ არ გამომდის. ახლა ტოტისკენ ერთი ნაბიჯიც რომ გადავდგა, ჩემი საქმე წასულია. ხელების ცახცახით ჯიბიდან ისევ ვიღებ მობილურს, ჯანდაბა! მიღება კვლავ არაა. - მირა! - ღრიალებს მოულოდნელად მთელ ხმაზე. შიშისგან ვხტები და მობილური მივარდება. ღმერთო! - ოოხ, მირაა, რა ახლოს ხაარ... - სიარულს აგრძელებს. ნაბიჯს ნელ-ნელა აჩქარებს. სხეული საკუთარ ტემპერატურას ვეღარ აკონტროლებს. სიცხისგან ხურს და შიშისგან ამცივნებს. - შენი სურნელი, მირა... შენი რბილი და მღელვარე სურნელი მთელ ტყეს მოედო! ფრთხილად ვიხრები, მობილურს ვიღებ, სწრაფად ვკრეფ ტექსტს და ვაგზავნი. ვიმედოვნებ, რომ სანამ ჯერ კიდევ ვსუნთქავ, ადრესატს მიუვა. ტელეფონს ჯიბეში ვიდებ, ჰაერს ხარბად ვისუნთქავ, მორჩენილ ძალას ვიკრებ და გავრბივარ. I თავი *** 2016 წელი, 28 მაისი ღამე სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე ერთი ნაბიჯია. ეს ბევრჯერ დამიმტკიცა ცხოვრებამ და ვიცი, კიდევ არაერთხელ გაიმეორებს. დღევანდელი დღეც ერთ-ერთი მათგანია. ჯერ კიდევ დილით ჰარმონიული განწყობა მქონდა და თავისუფლებით ვტკბებოდი. ახლა კი რესტორანში ვარ, სადაც უნივერსიტეტის დასრულების ხუთ წლისთავს აღვნიშნავ ჯგუფთან ერთად. ჯგუფთან, რომელთან ერთადაც ბედნიერებაც გამოვიარე და უბედურებაც. ეს უკანასკნელი თითქოს განელდა, მაგრამ თავის ცივ, გაცრეცილ მკლავებს ხანდახან მაინც მხვევს და მახსენებს თავს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამ ადამიანებთან ერთად ვარ. თუმცა, წარსულის საქმეც ესაა, თავი უნდა შეგახსენოს. გაგეცინება თუ აგეტირება, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. ზუსტად ხუთი წელია არ მინახავს ისინი. თუ არ ჩავთვლით მათეს, ჩემს მეგობარს და მეზობელს; ნატას და თეონას, რომლებთან ერთადაც მაგისტრატურა გავიარე და ახლა წვეულებების ორგანიზატორად ვმუშაობ და თენგოს, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებულად მათეს ემეგობრება. ვუყურებ დანარჩენების ალკოჰოლგადაკრულ სახეებს, ცეკვისგან დაღლილ, მაგრამ გაუჩერებელ სხეულებს და ასე მგონია, მათ პირველად ვხედავ. თითოეულის მიმართ უცნაურ გაუცხოებას ვგრძნობ. მაგიდასთან ჩემ გარდა არავინ ზის. ოქროსფერსა და თეთრში მოწყობილი რესტორანი ისეთ სიცხეს და ხმაურს ჰყავს შეპყრობილი, აქაურობა ჯოჯოხეთს უფრო ჰგავს, ვიდრე წვეულებას. საშინლად მცხელა, ან შამპანურის გამო ვიგუდები. ჩემმა შავმა, მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა ნაწიბურები გამიჩინა. ფეხი-ფეხზე გადადებული ამ დისკომფორტს არ ვიმჩნევ. ბორდოსფერი ტანზე მომდგარი კაბაც ნელ-ნელა აუტანელი ხდება. თითზე ნერვიულად ვატრიალებ ბრჭყვიალა ბეჭედს. მიმტანის ახლად მოტანილ ჩაციებულ შამპანურის ბოთლს ვიღებ და ბოკალს ვივსებ. ორ ყლუპს ვსვამ და თაღებიან, ჩაბნელებულ რესტორანს თვალს ვავლებ. კუთხეში, სადაც ცოტა ხნის წინ ტორტი იდგა, მათეს და ნატას ვხედავ. გოგოს აღელვებული გამომეტყველება აქვს და თუმცა, სრულებით არ მესმის, რას ლაპარაკობს, ზუსტად ვიცი, რა სიტყვები იღვრება წითლად შეღებილი ტუჩებიდან. მისი ზურგზე მოშიშვლებული, აბრეშუმის შავი კაბა, რომელიც მუხლს საკმაოდ თამამადაა აცდენილი, გოგოს მოძრაობებს მორჩილად ჰყვება. გარდა მოსაბეზრებელი გატაცებებისა, ნატა რვა წელია მათეს "დაკერვას" ცდილობს, მათე კი რვა წელია ჩემზეა შეყვარებული. მანამდე მეგონა, რომ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. მათე ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. მაშინაც, როცა იმ ტრაგედიამ დეპრესიაში ჩამაგდო და სახლში გამომკეტა. მისი დახმარებით შევინარჩუნე ფსიქიკა და დავუბრუნდი ადამიანურობას. ჩემდამი მისი გრძნობების შესახებ არავინ იცის. არც ნატამ, თორემ თავისი პრინციპული ხასიათის გამო, ამდენი წლის მანძილზე ჩემთან არ იმეგობრებდა. ხუთი წლის წინ კი ყველაფერი შეიცვალა. მართალია, მათემ ჩემი უარი მშვიდად მიიღო და კვლავ მეგობრობა არჩია, მაგრამ მას შემდეგ, ჩემი გადასახედიდან ყველაფერი დამძიმდა. ხანდახან ეს სიმძიმე მათეს მიმართ გრძნობებში ეჭვს მიჩენს, მაგრამ საკმარისია ამ საკითხზე ფიქრი დავიწყო, რომ გონება მწვანე ბანერივით მინთებს სიტყვა "მეგობრობას." წყვილს თვალს ვაშორებ და ბოკალში მოშუშხუნე ქარვისფერ სითხეს დავყურებ. მათე კარგი ბიჭია, ძალიან კარგი. განათლებული, მხიარული, სამართლიანი და კეთილი. გარეგნულადაც ძალიან სიმპათიურია. მაღალია, მოხდენილი, განიერი მხრებით. გიშერივით შავი თმა და ტბასავით მწვანე თვალები აქვს. ოდნავ კეხიანი ცხვირი მკაცრ იერს სძენს, მაგრამ საკმარისია გაიღიმოს, რომ ეს შეხედულება მაშინვე ქრება. ხანდახან ეგოისტური კმაყოფილება შემიპყრობს ხოლმე, რომ მისი გული ჩემითაა დაკავებული, მაგრამ ხშირად საშინლად მაწუხებს ის ფაქტი, რომ მათე ჩემ გამო ძალიან ბევრ კარგ გოგოსთან ურთიერთობას გაურბის. ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ გარდა იმისა, რომ ბიჭის მიმართ ძველებურად გულღია და მეგობრული ვარ. უცბად ელვა მჭრის თვალს და მისი მიმართულებით ვიხედები. დაახლოებით შვიდ-რვა მეტრში წვეულებისთვის დაქირავებული ფოტოგრაფი დგას და თავის აპარატს ჩაჰყურებს. ამოწმებს, როგორი გამოვიდა მის მიერ გადაღებული უკანასკნელი სურათი. შემდეგ, თავაუწევლად, ქვემოდან აპარებს ჩემკენ თვალებს და შეუმჩნევლად, ცალყბად იღიმის. ჰმ! ლოყა ოდნავ ეჩვრიტება. თავს ვაქნევ და ვცდილობ მისკენ აღარ გავიხედო, მაგრამ ვერ ვახერხებ. თავს ვერ ვაკონტროლებ და ღიმილი მეც მეპარება. ტუჩებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს. მთელი დღის მანძილზე უკვე მესამედ მიღებს ფოტოს განმარტოებულს და ეს ფაქტი მაფორიაქებს. რამდენჯერაც ამ ბიჭის მზერას ვაწყდები, იმდენჯერ ღელვა მიპყრობს, ცხელი და დამღლელი ღელვა. ნატამ მითხრა, რომ თენგოს ახალი მეგობარია და წვეულებაზე მან მოიყვანა. აქამდე მის შესახებ არაფერი მსმენია. მე და გოგოებს თენგოსთან ხშირი ურთიერთობა გვაქვს. გარდა იმისა, რომ ჩვენი მეგობარია, ორგანიზაცია, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, მისი დედისაა. თენგოს კი ამ ბიჭზე სიტყვაც არ დასცდენია. ფოტოგრაფის სახელი რამდენჯერმე მითხრეს, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე. ღია ჯინსის ბრიჯები და თეთრი ფარფარა მაისური აცვია. ამავე ფერის კედები. ოდნავ ხორბლისფერი კანი სიცხისა და რესტორნის განათების გამო მიმზიდველად უბზინავს. თავზე დაუდევრად დაყრილ ქერა, სწორ, პრიალა თმას თითებით ხან მარჯვნივ იწევს, ხან მარცხნივ. აშკარა, დასამახსოვრებელი მიხვრა-მოხვრა აქვს. რამდენჯერმე დავაფიქსირე, როგორ მოისვა ქვედა ტუჩის კუთხეში ცერა თითის ბალიში და ყოველ ჯერზე საკუთარი თავი დავიჭირე ამავე მოძრაობის გამეორებისას. ალბათ ადამიანებზე ადვილად ახდენს გავლენას. ბიჭი გვერდს იცვლის, მხარით ბოძს ეყრდნობა, ერთ ფეხს მეორის ჯვარედინად ცერზე დებს და მისი აპარატი მოცეკვავე ჯგუფელებზე მუშაობას განაგრძობს. მაჯაზე შავი საათი უპრიალებს. ბოკალის ძირზე თითს ვასრიალებ და მისი ძლიერი მხრების მსუბუქ რხევას თვალს ვადევნებ. ვგრძნობ, როგორ იღვრება მუცელში რაღაც ცხელი და ალკოჰოლთან ერთად საკმაოდ სარისკო ელფერს იძენს. მათი წყვილი სიამოვნებისგან წითელ, ყველაზე ვნებიან და სახიფათო ფერის ხმაურს გამოსცემს და მაბრუებს. - მირა, თავი ხელში აიყვანე. - გვერდით სკამზე მოწყვეტით ჯდება ნატა და ფოტოგრაფზე მიწებებული მზერა მაშინვე მასზე გადამაქვს. - სახეზე ორგაზმი გაწერია. - დამცინის და თავის თეთრ კბილებს აჩენს, მაგრამ აშკარად ეტყობა, რომ განერვიულებულია. მის სარკაზმს ყურადღებას არ ვაქცევ და რესტორნის იმ კუთხისკენ ვიხედები, სადაც ცოტა ხნის წინ ის და მათე საუბრობდნენ. ბიჭი იქ არაა. - აბა? - ვეკითხები მას ინტერესით. არა, მათ წყვილს არ ვგულშემატკივრობ. ნატა არ შედის იმ "კარგი გოგოების" რიცხვში, რომლებისთვისაც მათეს უარი უთქვამს და მე გული დამწყვეტია. სწავლის დაწყებისთანავე ნატა პირველი იყო, ვისთანაც დავახლოვდი და მეგონა, რომ მასთან ბოლომდე გახსნილი ვიქნებოდი, მაგრამ მის მიმართ გავცივდი. სამწუხაროდ, ამისთვის საკმაოდ მძაფრი მიზეზი მქონდა, რომელიც დროთა განმავლობაში განელდა, მაგრამ ამდენი წლის ურთიერთობის მიუხედავად, ის სიცივე გულის სიღრმეში მაინც დარჩა. ადამიანების ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ წარმავალი კომფორტის შესანარჩუნებლად თვალს ვხუჭავთ შინაგან გრძნობებზე. და მე ეს კარგად გამომდის. - შენი მეგობარი გეი აშკარად არაა. გამოდის, რომ პრინციპულად არ მაღიარებს. - ჩემს ბოკალს იღებს და სითხისგან ცლის. - ღმერთო, ჯერ მაისია და უკვე საშინელი სიცხეა. - იქნებ დრო მისცე? - მხრებს ვიჩეჩავ. გულში მებრალება ეს გოგო. გოგო, რომლის ფეხ-ქვეშაც ბიჭები უპირობოდ ეგებიან, მათეს კი სრულებით არ აინტერესებს. ყოველ შემთხვევაში მისგან ასე ვიცი. მათე კი არაფერს მიმალავს. - დრო, დრო... კარგი რაა... რვა წლის შემდეგ ისევ დრო? - თავს აქნევს აგდებით და ოხრავს. - დაივიწყე, მისი ბედი მაინც მე ვარ. - თვალს მიკრავს დარწმუნებით. ოხ, კი, აბა რაა! - ვერ ერთობი? - დავიღალე. ხომ იცი, დიდად მაინც არ ვიყავი ამ იდეით მოხიბლული. - ჯგუფელებზე ვანიშნებ. - განტვირთვას მისი თვალებით გაშიშვლებით ცდილობ? - ფოტოგრაფზე მანიშნებს და ხითხითებს. მეცინება. - რომელი სტუდიიდანაა? არ მეცნობა. - ეჭვი მაქვს, რომ მალე ჩვენთან იმუშავებს... - პაუზას აკეთებს ნატა. - ბექას ნაცვლად. ორი კვირაა ფოტოგრაფის პოზიციაზე ვაკანსია გვაქვს. ერთი თვის წინ ჩვენს ჯგუფელს, რომელიც ჩვენთან ფოტოგრაფად მუშაობდა, საჭემ უმტყუნა და მთელი ეს დროა კომაშია. ამის გამო წვეულების გაუქმებას ვაპირებდით, მაგრამ მისმა მშობლებმა გააპროტესტეს. ამის გახსენებაზე ხასიათი უარესად მიფუჭდება. - ხოდა, ახლოს გეყოლება. იმედია ახლა მაინც იყიდი ერთ წყვილ წითელ საცვალს. ტუჩებს უკმაყოფილოდ ვილოკავ, თუმცა იდეა დიდად არ მაღიზიანებს. მიკვირს. ნატა კლაჩიდან სიგარეტს იღებს და სანთებელას ეძებს. - ნატა, ოღონდ ჩემთან არა, რაა... - შეწუხებული ვუყურებ. ორი თვეა სიგარეტის მოწევას თავი დავანებე და ჯერ კიდევ ეკლებზე ვზივარ. განსაკუთრებით ახლა, ცალკე ჯგუფელების და ცალკე ფოტოგრაფის შემყურე. ნატა თვალებს ატრიალებს და დგება. - ეზოში გავალ. იქ მაინც არავინ დამიშლის სიცოცხლეს. მის მოხდენილ, ოდნავ გამომწვევ ნაბიჯებს მანამ ვადევნებ თვალს, სანამ რესტორნის უკანა ეზოს გასასვლელისკენ არ უხვევს და უჩინარდება. ვინ უნდა დაუშალოს სიცოცხლე? ნატა და სიცოცხლე სინონიმები არიან. რომ არა ის სიცივეშეპარული დამოკიდებულება, მისგან ეს თვისება ალბათ ვირუსივით შემეყრებოდა. მობილურს ვიღებ და დღეს გადაღებულ სურათებს ვათვალიერებ. ზოგს ვშლი, ზოგზე მეღიმება და ვტოვებ. დაახლოებით ათი წუთი გადის. საათი ღამის თერთმეტის ორმოცდახუთ წუთს აჩვენებს. რესტორანი თანდათან იმ გამოქვაბულს ემსგავსება, რომელშიც არც სინათლე აღწევს და არც ჰაერი. წასვლა მინდა. აქაურობას კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს. სად გაქრა მათე? განა ისეთზე რაზე ისაუბრეს მან და ნატამ, რომ ამდენი ხანი ჰორიზონტზეც კი არ გამოჩენილა? მესენჯერს ვხსნი და შეტყობინებას ვუგზავნი: " - გამოდი დევნილო, დამალვას აზრი არ აქვს." რამდენიმე წუთს ვიცდი, მაგრამ არ მპასუხობს. ამასობაში, რამდენიმე დაღლილი და სიცხისგან სახეაპრიალებული ჯგუფელი მაგიდასთან ბრუნდება და ჩემს პასიურობაზე ხუმრობას ცდილობს. ვუღიმი და ყველას თვალს ვარიდებ. მობრუნებულს მზერა ფოტოგრაფზე მიყოვნდება. ბიჭი ზის. ჩართული აპარატი ისევ ყელზე აქვს ჩამოკიდებული. მუჭში მოქცეულ ვისკის ჭიქას ჩაჰყურებს და თან თენგოს ესაუბრება. ცოტა ხანში ჭიქას მაგიდაზე დებს და გრძელ, ნატიფ თითებს მის კედელზე ასრიალებს. წარმოვიდგენ, როგორ უკრავენ ეს თითები ფორტეპიანოზე two steps from hell-ის "nero"-ს, წარმოვიდგენ, როგორ დასრიალებენ ეს თითები ჩემს დაღლილ მხრებზე, წარმოვიდგენ მათ ჩემს ტერფებზე... მუხლებზე... წარმოვიდგენ... წარმოვიდგენ... წარმოვიდგენ... და გაუცნობიერებლად მექცევა ქვედა ტუჩი კბილებს შორის. ღმერთო! სწორედ ამ დროს მის თვალებს ვაწყდები. გამჭვირვალე, ქარვისფერ თვალებს, რომლებიც რესტორნის ყვითელი პროჟექტორების ციმციმის ფონზე დროდადრო არაადამიანურად ანათებენ. სუნთქვა მეკვრის და სახე ერთიანად მიხურდება. მუხლზე გადადებულ მოქანავე ფეხს ვაჩერებ. ვშეშდები. სხეული მიქვავდება. გავიყიდე. დაბნეული მაშინვე გვერდით ვიხედები, მაგრამ ვიცი, რომ ამას აზრი აღარ აქვს. დანებებული ვოხრავ და თვალებით ისევ მას ვუბრუნდები. იღიმის. ღმერთო! გამარჯვებულად, მაცდურად და გამომწვევად იღიმის. ისე მიყურებს, თითქოს საუკუნის მანძილზე ელოდებოდა, როდის გავებმებოდი მის მახეში. ამას ვხედავ და რამდენად საზიზღრადაც არ უნდა ჟღერდეს, ხაფანგში მყოფი არც ისე ცუდად ვგრძნობ თავს. პირიქით. ჭიქა პირისკენ მიაქვს და ვისკისგან მთლიანად ათავისუფლებს. თვალებს მის ყელზე ვაცურებ და ვხედავ, როგორ მიედინება სითხე კან-ქვეშ. გაჩერდი, გაჩერდი. მორჩი, შეწყვიტე! - მთელ ხმაზე მიყვირის გონების ნაწილი. ნაწილი კი არაფერს უსმენს და ვერაფერს ხედავს მის გარდა. არ ვიცი, რა მჭირს... ბიჭი თენგოსთან საუბარს არ წყვეტს და არც მე მაშორებს დაჟინებულ მზერას. ნელა ილოკავს ვარდისფერ ბაგეებს. შემდეგ ხელი სახისკენ მიაქვს და ცერა თითის ბალიშს ქვედა ტუჩის ძირზე ფრთხილად ისვამს. ეს უკვე აღარაა გაუცნობიერებელი მოქმედება. სკამზე სწორდება და ცალ ხელს კისერზე ისვამს. მაჯაზე ძარღვები ეჭიმება და მზემოკიდებული კანი მაცდურად უბზინავს. მუცელში რაღაც მეჭიმება. ჯანდაბა, მირა! პირი მიშრება და შამპანურის დალევასაც ვეღარ ვასწრებ, ხველება მიტყდება. სხეულზე უხერხულობის ცხელი ტალღები ღელავენ. ვგრძნობ, როგორ სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ამ წამს ცივი წყალი ჩემს კისერზე. - კარგად ხარ? - მეკითხება თეონა და ზურგზე გაშლილ ხელს მადებს. შეხებისას ვხტები. ჯანდაბა, ჯანდაბა! რა მემართება?! გოგოს თავს ვუქნევ. ფოტოგრაფი გვერდით გადახრილ თავს ასწორებს. შუბლზე ქერა თმის რამდენიმე აპრიალებული ღერი ურჩად ეყრება. სახეგახსნილი მიყურებს და წარბებს ზემოთ სწევს. ჰაერს ხარბად ისუნთქავს და ის-ისაა ტუალეტში გასასვლელად ვდგები, რომ ფოტოაპარატს თიშავს და ისიც დგება. ტუალეტი უკანა ეზოს გასასვლელში მდებარეობს. იქამდე საკმაო მანძილია. ვგრძნობ, როგორი არამყარია ჩემი ნაბიჯები და ვცდილობ, მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა არ მიმტყუნოს. ყელის სიმშრალე მივლის, მაგრამ იმ ბიჭის მზერა ჩემს სხეულზე ისევ მოძრაობს. რესტორანში მუსიკა წყდება და სიმშვიდედასადგურებულ ყურებში უკან მოდევნებული ნაბიჯების ხმა ჩამესმის. მახსენდება, როგორ ადგა ჩემთან ერთად და გონებაში ერთი წამითაც ვერ ვუშვებ იმ აზრს, რომ მე გამომყვა. დარბაზიდან ვუხვევ და პატარა დერეფნის ბოლოში ჩამოკიდებულ სარკეში ჩემ უკან მომავალ ფოტოგრაფს ვხედავ. არა! გახურებულ თითებს მუცელზე ვიჭერ, თითქოს იქ ატეხილ ქარიშხალს ამით ჩავაცხრობდე. არა, შანსი არაა! რას აკეთებს? ნიკაპს მხარს ვუსწორებ და ცალი თვალით ვცდილობ უკან მის დანახვას, მაგრამ არაფერი გამომდის. ნაბიჯს ვანელებ. სადაცაა ტუალეტთან მივალ. მისი მზერა უკნიდან მხრებს მიწვავს. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ, კართან ვჩერდები და ურდულს მთელი ძალით ვეჭიდები. ორი წამით ვყოვნდები. მის მოახლოებას ვგრძნობ და ვიძაბები. ნაბიჯების ხმა უფრო მკვეთრი ხდება და გულს ვეღარ ვაკავებ. აი, ახლა შემეხება... მაჯაზე ჩამავლებს... წელზე შემომხვევს ხელს... ყველა ის ფიქრი მაგიდასთან მკერდზე ძლიერად მაწვება და ლავასავით უერთდება სისხლს. ის-ისაა კარს ვაღებ და ნაბიჯს ვდგამ, რომ ფოტოგრაფი გვერდს მივლის და ისე შედის მეორე ოთახში, რომ ჩემკენ არც კი იყურება. იქვე ახლოს კი გამყინავ, ოდნავ მძაფრ, თავბრუდამხვევ სურნელს ტოვებს. სუნთქვაშეკრული შევდივარ შიგნით და ზურგით კედელს ვეყრდნობი. ტანზე ეკალი მაყრის და მაკანკალებს. გამომწვარი ჰაერისგან ფილტვებს ვათავისუფლებ და თვალებს ვხუჭავ. მგონი შევიშალე! ეს... ეს შამპანურის ბრალია. არა - მისი... არა, ნამდვილად შამპანურის! ბევრი მომივიდა. ზედმეტი მომივიდა. ალკოჰოლიც და ფიქრიც. წარმოსახვაც და მოლოდინიც... - შტერო! იდიოტო! - ვებუტბუტები საკუთარ თავს, ონკანს ვხსნი და ხელებს ვისველებ. გაშლილი თმის ქვეშ ვიცურებ და კისერზე ვიწყობ. ოჰ, კარგია! თვალებს ვხუჭავ და რამდენიმე წამით ფიქრს ვწყვეტ. დარბაზში ჩართული ხმამაღალი მუსიკა აქამდე მოგუდული ხმით აღწევს. ბასები არტერიებზე გამაღიზიანებლად მოქმედებენ. წარმოსახვა დაუკითხავად მიცოცხლებს ფოტოგრაფის ყვითლად მოელვარე თვალებს და მთელი დიალოგის შემცველ ღიმილს. მაშინვე ვახელ თვალებს, თითებს კიდევ ერთხელ ვისველებ და ყელს ვიგრილებ. გული ჯერ კიდევ კარს მიღმაა და მისი შეხების მოლოდინს განიცდის. ვერაფრით ვაწყნარებ და ეს საშინლად მაღიზიანებს. ნიჟარას ხელისგულებით ვეყრდნობი და საკუთარ თავს სარკეში ვუყურებ. ჩემს შავ თვალებს ტიტრებივით აწერით დაღლა. ვგრძნობ, რომ მოთმინების რესურსი ამოწურული მაქვს. ღმერთო, ახლა ყველაფერს მივცემდი სიგარეტის ერთი ღერისთვის. თეთრ მარმარილოზე ნერვიულად ვათამაშებ ოდნავ წამოზრდილ ფრჩხილებს და ვერც კი ვაცნობიერებ, როგორ გადავდივარ ტუჩების კვნეტაზე. მხოლოდ სარკეში ხელმეორედ ჩახედვისას ვხედავ, რომ ბორდოსფერი ტუჩსაცხი ოდნავადაც აღარ მატყვია. ერთი ღერი... მხოლოდ ერთი... მაგრამ... მოთმინების ორი თვე წყალს გავატანო? ერთი, ერთი ღერი არაფერს მიზამს. მოვწევ და გამოვლის... იქნებ გამიაროს... იქნებ ყველაფერი დალაგდეს... ჯანდაბა! კბილებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს და სარკეს ზურგს ვაქცევ. მათე, სად დაბოდიალობ? მობილურს ვიღებ და ვურეკავ. არ იღებს. გაღიზიანებული ვოხრავ, კაბინაში შევდივარ და ტუალეტს ვიშორებ. გამოსული ხელებს ვიბან, კლაჩიდან პომადას ვიღებ და ტუჩებზე კბილების ნაომარს ვფარავ. შემდეგ უნიტაზს თავსახურს ვახურავ, ზედ ვჯდები და ფეხებს ფეხსაცმლიდან ცოტა ხნით ვათავისუფლებ. ღმერთო! შეიძლება მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალს ქალღმერთად აქცევს, მაგრამ გრძნობა, რომელიც მისგან გათავისუფლებისას გეუფლება, ყოველგვარ ტიტულს გავიწყებს და გალაქტიკურ სიამოვნებას განიჭებს. არადა, როგორ კარგად მახსოვს ჩემი აღტაცება, როცა ეს შავი სილამაზეები მაღაზიის ვიტრინაში დავინახე. გახურებულ ფეხებს მალავე ვაბრუნებ უკან, კაბას ვისწორებ და ტუალეტიდან გამოვდივარ. ჩემგან მარცხნივ დარბაზია, საიდანაც პროჟექტორების შუქები აღწევენ და კედელს მოციმციმე ცისარტყელას ამსგავსებენ. მარჯვნივ კი ეზოში გასასვლელი კარია. ნატა. გოგო ალბათ ისევ იქაა და სიგარეტს ეწევა. მივცე ცდუნებას საშუალება, რომ დამჯაბნოს, თუ ზურგი ვაქციო და საკუთარი თავი ხელში ავიყვანო? ჯანდაბა! არც კი ვფიქრობ ამაზე, მაშინვე მარჯვნივ ვდგამ ნაბიჯს და სწრაფად მივდივარ კარისკენ. ის-ისაა ურდულს ხელს ვკიდებ, რომ მუსიკასთან შერწყმული საკუთარი სახელის ძახილი მესმის. - მირა, აქ ხარ? ვბრუნდები. პატარა დერეფნის ბოლოში მათე დგას. ხელები გულზე დაუკრეფავს და თავის ქნევით შემომყურებს. თეთრი პერანგის სახელოები იდაყვებამდე აუკეცავს და ყელთანაც შეუხსნია ღილები. მუქი მწვანე შარვალი კოხტად ადგას თეძოზე. მოგრძო შავი თმა დაუდევრად აყრია კისერსა და საფეთქლებზე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მისი დანახვისთანავე მშვიდად ვოხრავ და დაჭიმული სხეული ერთიანად მეშვება. ბიჭისკენ მივდივარ და ამღვრეულ მწვანე თვალებში ვაჩერდები. დაძაბული ჩანს. - სად იყავი? ნახევარი საათია გეძებ. - პერანგის საყელოს ვუსწორებ და უკმაყოფილოდ ვმუწავ ტუჩებს. - აქვე ვიყავი, სად მეძებდი? - მხრებს იჩეჩავს ბიჭი და ცალყბად იღიმის. - რა მოხდა? ნატამ რაო? - მასთან ერთად დარბაზისკენ მივდივარ. - ოოო, არ მკითხო. - წარბებს ჰკრავს და გვერდულად მიყურებს. ვიცი, რომ თემა „ნატა“ უკვე მობეზრებული აქვს. - წამო რა, ვიცეკვოთ. - მკლავზე მავლებს გახურებულ თითებს და მოცეკვავე წყვილებისკენ მიიწევს. გზად თენგოს და სამ ჯგუფელ გოგოს ვხვდებით. ბიჭს დანაზე ჩამოცმული ვაშლი უკავია და ჯგუფელებისგან ინტერვიუს აღებას მობილურზე იწერს. მეცინება. კლაჩს მაგიდაზე ვდებ და იქვე შეჩერებულ მათეს ხელებს კისერზე ვხვევ. ბიჭს სიგარეტის სუნი ასდის და ცოტა ხნის წინანდელი ბრძოლა საკუთარ თავთან მიახლდება. - თავს ძლივს ვიკავებ. - დამნაშავესავით ვუღიმი. - რაა? - თვალებგაფართოებული დამყურებს მათე. - აა, სიგარეტზე ამბობ? - მაშინვე ხვდება, ტუჩებს გვერდით იქცევს და შემდეგ ეღიმება. ორი თვის წინ, როცა სიგარეტისთვის თავის დანებება გადავწყვიტე, მათემ საკმაოდ თავდაჯერებულად მითხრა, რომ არაფერი გამომივიდოდა. თქვა, თუ ნახევარი წელი სიგარეტის გარეშე გაძლებ, მოწევას მეც თავს დავანებებო. მე კი იქ, რესტორნის გასასვლელში ამაზე არც მიფიქრია. - ხოო... და საერთოდაც, არ გინდა წავიდეთ? - მისკენ ვიწევი და ნიკაპს მხარზე ვაყრდნობ. ისიც უფრო მჭიდროდ მხვევს წელზე ხელებს. თავიდან, როცა ჩემდამი მისი სიყვარულის შესახებ გავიგე, გავურბოდი. ყველანაირად ვცდილობდი დისტანციის დაცვას. რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, სიყვარულს ხომ მხოლოდ ის სუფთა დამოკიდებულება არ ახლავს თან... სიყვარული გაიძულებს საყვარელ ადამიანს ისე შეხედო, როგორც მოგესურვება. ამიტომ თავს უხერხულად ვგრძნობდი. ვფრთხებოდი, როცა კაპიუშონს მაფარებდა წვიმის დროს; როცა „სელფის“ გადაღებისას მხრებზე ხელს მხვევდა. თავს უკან ვწევდი, როცა თმაზე მეფერებოდა... მაგრამ, დროთა განმავლობაში ამ ყველაფერმა გაიარა. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მათესგან არანაირი „სხვა თვალი“ და სხვა ქმედება არ მოდიოდა. ის ისევ ისეთი იყო, როგორც ადრე - მეგობრული. - რა დროს წასვლაა, გოგო. გაერთე რაა. - თითებს მიჭერს ის, მაბზრიალებს და ისევ გულზე მიკრავს. სიცილით კვლავ მის მხარს ვეყრდნობი და მაგიდასთან მდგომ ფოტოგრაფს ვხედავ, რომელსაც თავისი ფოტოაპარატი „ჟურნალისტ“ თენგოსკენ აქვს მიმართული. მახსენდება საკუთარი შინაგანი მდგომარეობა მასთან თვალებით კონტაქტისას და მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ. მუცელში სპაზმს ვგრძნობ და მათეს პერანგს ვეჭიდები. - რაა... - ბიჭი ჩემთვის შემოხედვას ცდილობს. თავზე ნიკაპით მეხება. ჯანდაბა! ახლაღა მივლის სირცხვილი და ლოყებს დანაშაულის გრძნობა მიწვავს. - არაფერი. დადექი ამხელა ქუსლებზე და გაერთე ამ დრომდე. - ძლივს ვუყრი სიტყვებს თავს. - მაგარი ღადაობაა ქალობა. - მათეს ფხუკუნი მესმის და წელზე ერთი თითით მიღუტუნებს. ვხტები, ვწუწუნებ და ბიჭს ხელს ვურტყამ. - გეყოფა, ხომ იცი, რომ ვერ ვიტან! ამ დროს ელვა იქცევს ჩემ ყურადღებას. ფოტოგრაფი მე და მათეს სურათს გვიღებს და სანამ შეტრიალდებოდეს გვერდულად მიღიმის. რა უნდა? რატომ მიწვევს? იქნებ ტუალეტისკენ ჩემთან ერთად წამოსვლა დამთხვევა არ იყო და რაღაცის მინიშნებას ცდილობდა? ღმერთო! ჯანდაბა! ნამდვილად ასე იყო და მე... მე რომ ადრე მეფიქრა და ერთი ნაბიჯი უფრო თამამად გადამედგა, ახლა მასთან... არა, არა, არა! სხეულზე ცხელი ჟრუანტელი მივლის. მათესთან ერთად ვბრუნდები და ფოტოგრაფს, რომელიც კედელსმიყრდნობილი მოურიდებლად მათვალიერებს, ზურგს ვაქცევ. შენ ეს არ შეგფერის მირა, არა! - მგონი ნატას ძალიან გაუგრძელდა გარეთ ყოფნა. - ვამბობ ხმაჩაწყვეტილი და შემდეგ ყელს ვიწმენდ. - შეეშვი რაა. - ცივად ამბობს მათე. - მოსაწევად გავიდა. სიგარეტზე მაგის მიშვება არ შეიძლება. იქნებ გავხედო? - საკუთარ თავზე ზრუნვა არ უჭირს, სხვებთან აქვს ეგ პრობლემა. დარჩი რა. - ჩემს წელზე თითებს ხრის მათე. მე კიდევ ისევ ფოტოგრაფის კისრისკენ წაღებული ხელი მიტრიალებს თავში. მათეს ცოტა ხნით უნდა გავეცალო. - არა, არა, გავხედავ. - მისი მხრებიდან ხელებს ვიღებ და ერთი ნაბიჯით უკან ვდგები. - მირაა... - წუწუნებს ბიჭი და უკმაყოფილოდ აწკლაპუნებს ტუჩებს. კოპებს ვკრავ. - კაი, - იღიმის დანებების ნიშნად. - მაგრამ არ გაცდუნოს და არ მოგაწევინოს, თორემ, იცოდე, მაინც გამოგიჭერ. ცხვირს ვჭმუხნი, მათეს ზურგს ვაქცევ და ვცდილობ, დარბაზი ისე გადავკვეთო, რომ ფოტოგრაფისკენ თვალი არ გამექცეს. ჩანაფიქრი ასი პროცენტით გამომდის. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი დარბაზიდან გამოსვლა მასში არასწორ ასოციაციას არ გამოიწვევს. როგორც კი პატარა დერეფნისკენ ვუხვევ, ტუალეტიდან გამოსულ თენგოს ვხედავ, რომელიც შორიდანვე მაფიქსირებს და სერიოზულ სახეს მომაჯადოებელი ღიმილით ცვლის. იის? პირველ კურსზე რაც გავიცანი, იგივეა. წლების მანძილზე მასში მხოლოდ თავდაჯერებულობა გაიზარდა. და ხო, კიდევ ცეტი, ხარბი თაყვანისმცემლების რიცხვი. ჩემთან არშიყი არასოდეს უცდია. ალბათ მათეს და ჩემი მეგობრობის გამო. მე კი დღემდე ვერაფრით ვხვდები, რა იპოვა ამ თვითკმაყოფილ იდიოტში მათესნაირმა ადამიანმა, რომ ამდენი წელი ერთგულად ემეგობრება. - წესების დარღვევას აპირებ მირიან? - წარბებს ათამაშებს როცა ვუახლოვდები. სიგარეტის შესახებ რა თქმა უნდა, მანაც იცის და ერთადერთი ადამიანია, ვინც ბიჭის სახელით მომმართავს. თავიდან ვბრაზდებოდი, მაგრამ ცუდმაც და კარგმაც შეჩვევა იცის, როცა გამუდმებით მასთან გაქვს შეხება. - ვერ ეღირსები. - გულგრილად ვპასუხობ და მობილურს დავყურებ, რომლის ბატარეაც წითლად ციმციმებს. - თუ რამეა მენთოლისთვის მომაკითხე. - იცინის და გვერდს მივლის. ვოხრავ, გასასვლელ კარს ვაღებ, პატარა აივანზე ვაბიჯებ და ეზოს ვათვალიერებ. *** პატარა ხის აივნის მიღმა მწვანე და ლურჯი პროჟექტორებით განათებული ეზო მოჩანს. ამავე ფერებად დაჩრდილულ ხეებსა და ბუჩქების დეკორაციებს მაგიური ელფერი დაჰკრავთ. ფანტანის სუსტ ხმას სინქრონულად მოჰყვება ჭრიჭინების გამაყრუებელი ხმაური. სავსე მთვარეს კრისტალებივით მბრწყინავი ვარსკვლავები შემოხვევია გარს და ეს სილამაზე დარბაზში არსებულ ჯოჯოხეთს სრულიად მავიწყებს. წარსულის მოგონებები ტუჩებზე სევდიან ღიმილად მეფინებიან და თვალებს მიწყლიანებენ. კადრი კადრს ცვლის და ეს ჯაჭვი მტკივნეულ პიკს რომ აღწევს, რაღაც ძალა თავისით მაბრუნებს რეალობისკენ. ახლა წარსულის დრო არაა. ეზო არც ისე დიდია. აივნიდანვე ჩანს თითქმის ყველაფერი, ამიტომ მიკვირს, ნატას რომ ვერსად ვხედავ. - ნატა! - ვეძახი გოგოს, მოაჯირს ვეყრდნობი და მხედველობას ვძაბავ. არ მპასუხობს. - ნატა, აქ ხარ? - ხმას ვუწევ და კიდევ ერთხელ ვათვალიერებ აივნის წინ ჩარგული ბუჩქების მიღმა ეზოს. არც ნატა ჩანს და არც სიგარეტის კვამლი. ხის მოაჯირზე ნერვიულად ვაკაკუნებ ფრჩხილებს და უკან, კარისკენ ვიხედები. წამით ვფიქრობ, რომ ნატა შებრუნდა და შეიძლება ტუალეტშია, მაგრამ გადასამოწმებლად გული არ მიმიწევს. როგორც ვიცი, ეზოს ბოლოში საქანელა სავარძლებია, იქნებ იქაა? მობილურში მის ნომერს ვპოულობ და ის-ისაა ვრეკავ, რომ ბატარეა საბოლოოდ ჯდება. ნერვებმოშლილი ვოხრავ და კიბეზე სწრაფად ჩავდივარ. უკვე ეზოში ვარ, რომ მოულოდნელად რაღაცას ვედები, წონასწორობა მეკარგება და პირდაპირ სახით ვეცემი. შუბლსა და ლოყაზე აფეთქებული ტკივილი წამიერად გონებას მიბინდავს და ერთადერთი, რასაც ვგრძნობ, მხურვალე ბეტონის უცნაური მძაფრი სუნია, რომელიც ცხვირს მიწვავს და სწრაფად მაფხიზლებს. ასე მგონია, სახეზე ცეცხლი მიკიდია. ნელა ვბრუნდები და სანამ ავდგებოდე, ზურგზე გადაბრუნებას ვცდილობ. ის-ისაა ბეტონს ხელებით ვეყრდნობი, რომ თითებსა და ბეჭებზე სისველეს ვგრძნობ. დამფრთხალი, სწრაფად ვიწევი და ჯერ კიდევ გაბრუებული, ბარბაცით ვდგები ფეხზე. საკუთარ თითებს დავყურებ, რომლებიც მუქ წითლადაა შეღებილი და გული ყელში მეჩხირება. ხელებს მიღმა ცრემლით დაბინდული თვალები ნაცნობ წითელ ფეხსაცმელებს ხედავენ. ფეხსაცმელებს, რომლებიც ერთი თვის წინ ნატას დედამ პარიზიდან გამოუგზავნა. 2 თავი *** - ნატა! - ვყვირი შეშინებული და ინსტინქტურად პირზე ვიკრობ თითებს. ვგრძნობ, როგორ მეთხვრება სახე სისხლით და ისტერიკა ტვინს მიწვავს. ხელები მიკანკალებს. არ ვიცი, მკლავებით სისხლი მოვიწმინდო ლოყებიდან, თუ ბეტონზე არაბუნებრივად მწოლიარე ნატა გამოვაფხიზლო. სახეზე სწრაფად ვისვამ მაჯებს და გოგოსთან ვიმუხლებ. - ნატა. - მისკენ ვიწვდენ ხელებს, მაგრამ შეხებას ვერ ვბედავ. საკუთარ ხმას ვერ ვცნობ. ყელში გაჭედილი შიში მახრჩობს. მისი სხეული ერთიანად სისხლში წევს, რომელიც უშნოდ, უკუნისფრად დაღებული ყელიდან გადმოსდის. მთვარისა და ეზოს განათების შუქზე სითხე შემაძრწუნებლად ლაპლაპებს. ვხვდები, რომ ის ცოცხალი აღარაა, ვხვდები, მაგრამ გონება ჯერ კიდევ იმ ნატას მოლოდინშია, რომელიც სიგარეტით ხელში უნდა მეპოვა. მახსენდება, როგორ გამოვიდა დარბაზიდან - „ - იქ მაინც არავინ დამიშლის სიცოცხლეს.“ - მისი ნათქვამი თვალებს ცრემლებით მიბინდავს და გაუცნობიერებლად ვაფრინდები გოგოს მხრებს. - ნატა! ნატა! გესმის ჩემი? ნატაა! - ვყვირი და ვგრძნობ, როგორ მაციებს. - ღმერთო, ნატა! - ნერწყვი სასულეში მცდება და ხველება მივარდება. ყელი და ფილტვები მეფხაჭნება. მის შავ კაბას ვებღაუჭები და ტირილი პანიკაში გადამდის. სხეული მიქვავდება და მუჭად შეკრულ თითებს ვეღარ ვშლი. მინდა, თვალი მოვაშორო მის საზიზღარ ჭრილობას ყელზე, მინდა, ამ სისხლის გუბეს მოვშორდე, მაგრამ არაფერი გამომდის. გულის შემაწუხებელ ფეთქვას მთელი სხეულით ვგრძნობ და მეშინია. მაშინებს სიკვდილი, რომელიც უკვე მეორედ მიყურებს ასე ახლოდან. - ნატა! - ვერც კი ვაცნობიერებ, ისე ვყვირი გოგოს სახელს და ის-ისაა ხელები მისი სახისკენ მიმაქვს, რომ მხრებზე ვიღაცის თითები ძლიერად მებჯინებიან და ჯერ კიდევ თბილ სხეულს სწრაფად მაშორებენ. მოგონება *** 2010 წელი, 28 ივლისი პირველი დღე, დილა - რა გაკივლებს? - კუდად შეკრულ თმაზე ექაჩება თენგო ნატას და მის ზურგჩანთას საწოლზე დებს. - სუფთა ჰაერის ჭარბმა რაოდენობამ ემოციურ პიკს მიმაღწევინა. - ხელებს შლის როლში შესული გოგო და თვალებს ნეტარებით ხუჭავს. მეცინება. ანანურში ვარ. სწავლა ერთი კვირაა, რაც დამთავრდა. პირველი კურსი ღირსეულად დავხურე და ახლა, ყველაზე ახლობელ ჯგუფელებთან ერთად აქ ვაპირებ განტვირთვას. დიდი იმედი მაქვს, რომ აქედან თბილისში სასიამოვნო მოგონებებით დატვირთული დავბრუნდები. ხის პატარა კოტეჯში, სადაც ოთხი გოგო დავბინავდით, ორი ორსართულიანი საწოლი დგას, რომელიც თეონამ შემოსვლისთანავე მოსინჯა და შვებით ამოიოხრა. მეორე სართულს ვერ ავცდი. კედელზე ორი ნახატია ჩამოკიდებული. ერთზე ლარნაკში ჩალაგებული ყაყაჩოები ხატია, მეორეზე - ზღვის ტალღებზე მონავარდე გემი. კუთხეში მაგიდა დგას ოთხი სკამით. საწოლებს შორის, ფანჯრის ქვეშ კი პატარა ტუმბოა. კოტეჯს მცირე ზომის აივანი აქვს. საკმარისია მისი კუთხიდან ხელი გაიწვდინო, რომ მეორე კოტეჯის აივანზე აღმოჩნდები, სადაც ბიჭები დაბინავდნენ. სულ რვანი ვართ. გოგონების კოტეჯში მე, ნატა, თეონა და ჩვენი გადარეული ჯგუფელი ლელა. მეორეში კი - მათე, თენგო, ბექა და ოთო. ანანურში ერთი კვირის გასატარებლად ჯგუფში მხოლოდ ჩვენ მოვგროვდით. სხვებისგან განსხვავებით, მე ეს სიმცირე ძალიან მახარებს. ალბათ იმიტომ, რომ დანარჩენ ჯგუფელებთან არც ისე ახლო ურთიერთობა მაქვს. გარდა ამისა, როცა საოცნებო ადგილას მიდიხარ, გინდა, რომ იქ განცდილი ემოციები მხოლოდ განსაკუთრებულებს გაუზიარო. ისინი კი ამ რვაში ნამდვილად არიან. - აბა? - ღია კარზე აკაკუნებს მათე და მასვე ეყრდნობა. საწოლებზე მოთავსებული ოთხივე გოგო სინქრონულად ვატრიალებთ მისკენ თავს. - ამ თაკარა მზეში რის გაკეთებას ვაპირებთ? - რა არის, ჯერ არ ჩამოსულხარ და უკვე წუწუნებ. - ტუჩს იბზუებს ნატა და თმის ჩაწვნას აგრძელებს. - ეს ერთი კვირა ისე გაიფრენს, როგორც ინგლისურმა გიფრინა მეორე შუალედურიდან. - ხითხითებს ბიჭი და ნატას ნასროლ ბალიშს კარის დახურვით იგერიებს. - „სიტყვა ჯარიმა!“ - ჩამოვდივარ საწოლიდან და მათეს ნასიამოვნებ თვალებში ვუყურებ, რომლებიც ჩემ სიტყვებზე წამიერად იბნევიან და მალევე მოდიან გონს. - ფუუუ! - მუშტს ურტყამს ბიჭი კარს. - არავითარი უნივერსიტეტთან დაკავშირებული სიტყვები. - ახლა მიბრძანდები და ამ თაკარა მზისგან დასიცხულ გოგოებს, ცივ, ცივ, ცივ ყავას გაგვიკეთებ. მათე თვალებმოჭუტული მიყურებს და მზერით მემუქრება. - მიდი, მიდი, მაინც შენი ხვედრია, მათათო. - შებრუნებაში ვეხმარები და აივნიდან ზურგზე მიწოლით გამყავს. ოთახში დაბრუნებულს ნატა გამომწვევი მზერით მხვდება და ხელში სიგარეტის კოლოფს ატრიალებს. - არა! - თავს ვაქნევ სიცილით. - გამორიცხულია! მაგრამ, ზუსტად ვიცი, შენ იქნები ის მოძალადე, რომელიც სიგარეტის მოწევას დამაწყებინებს. - ხოდა ძალიან კარგი. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ საკუთარ თავს რამე აუკრძალო. - დღის ფილოსოფია ნატაშკასგან. - ფხუკუნებს ლელა და მობილურში კრის აიზეკის wicked game-ს რთავს. 28 ივლისი პირველი დღე, ღამე ის-ისაა ნატას გაფრთხილებას ვაპირებ, რომ უკნიდან ოთო ეპარება, მაჯაზე კალიას აგდებს და გოგოს კივილთან ერთად ხარხარს იწყებს. თავს უსაფრთხოდ იგულებს თუ არა, გოგო თავის ყავის ფინჯანს იღებს და გაქცეულ ბიჭს მისდევს. კოცონთან დარჩენილი გამხიარულებული ახალგაზრდები მალევე ვჩუმდებით. ცალ ყურში ყურსასმენი მიკეთია და morcheeba-ს otherwise განმეორებაზე მაქვს დაყენებული. ცოტა ხნის წინ მოვრჩით „ამის პატრონმა რა ქნას“ თამაშს და ახლა სიცილისგან ატკივებულ კუნთებს ვასვენებთ. თენგოს ლუდის ბოთლი უკავია და თან სიგარეტს ეწევა. ლელა და ბექა ჩუმად ლაპარაკობენ. რამდენიმე თვეა შეყვარებულები არიან. მათი ურთიერთობა ისეთივე გიჟურია, როგორც მისი დაწყება. ბექა მეორე სემესტრში გადმოვიდა ჩვენს ფაკულტეტზე. პირველივე დღეს, როცა აუდიტორიაში შემოვიდა და მოკისკისე ლელა დაინახა, რამდენიმე წამით უყურა, შემდეგ ჩვენს მაგიდასთან მოვიდა და უთხრა: - ჯანდაბა, რა ლამაზი ხარ. მგონი მიყვარხარ. - მგონი? ღმერთო, თავიდანვე ნუ გააფუჭებ ყველაფერს. შემდეგ სახელები გაცვალეს და აუდიტორიიდან გავიდნენ. სულ ვფიქრობ, რომ სპონტანური გადაწყვეტილებები ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვან კვალს ტოვებენ ადამიანის ცხოვრებაში. მოგონებების გამო მეღიმება. შემდეგ მათ გვერდით მჯდომ მათესკენ ვიხედები და მის წყლიან, მწვანე თვალებს ვაწყდები. ხელში მინდვრის ყვავილი უკავია და ნელ-ნელა ფურცლებს აცლის. მათეს, ისევე, როგორც ყველას, ჩემ მიმართაც უკვე ერთი წელია მეგობრული დამოკიდებულება აქვს, მაგრამ... ხანდახან, არ ვიცი... ის ისეთი უცნაურია ჩემდამი, რომ გულს საშინელი ეჭვი მიღრღნის. აი, ახლაც, მიყურებს და მთელი სახე უღიმის, მაგრამ მის მიღმა ფორიაქის კვალს ვხედავ. დიდი ხანი არაა, რაც ეს ეჭვი შემომიჩნდა, ამიტომ სულ ვცდილობ, არაფერი გავაბუქო. ჩვენ მეგობრობას ისეთი კარგი პერსპექტივა აქვს, ძალიან არ მინდა, რამემ ხელი შეუშალოს. ის-ისაა ფიქრებს ვიფანტავ, რომ დაღმართზე ჩვენკენ მომავალ ორ ფიგურას ვხედავ. რამდენიმე წამში გვიახლოვდებიან და გვესალმებიან. ყველას მათზე გადაგვაქვს ყურადღება. ერთი გოგოა, მეორე ბიჭი. დაახლოებით ჩვენი ასაკის არიან. კოცონის შუქზე კანი ერთიანად ცეცხლისფრად უნათებთ. - ღამე მშვიდობისა, მეზობლებო. - ამბობს ბიჭი. ხმა ისეთი მომნუსხველი აქვს, ჩემდაუნებურად ღიმილი მეპარება. ჩემებიც ესალმებიან. - მე დაჩი ვარ, ეს - ბაიაა. - გოგო ხელს გვიქნევს და ისევ სპორტული მოსაცმელის ჯიბეში იბრუნებს. - ჩვენც თქვენსავით დღეს დავბინავდით. ზემოთ ვართ. - ხელით გვანიშნებს დაახლოებით ორმოც მეტრში, ორსართულიან, მორებზე მდგარ სახლზე. ბიჭები მაშინვე დგებიან და ხელს ართმევენ. შემდეგ მათე დაჯდომას სთავაზობს და ისინიც ნატას და ოთოს ადგილებს იკავებენ. დაჩი ჩემ გვერდით ჯდება, ჩემკენ ორი წამით იხედება და მოსალმების ნიშნად მიღიმის. ზაფხულის ცხელ დღეს წამოქროლებული სიოსავით სასიამოვნო აურა აქვს. მის ცასავით მოკრიალე, ნათელ თვალებში ცეცხლი ირეკლება და საერთოდ არ მჭირდება დიდი დრო იმისთვის, რომ ამ ბიჭით მოვიხიბლო. შეკრებილნი საუბარს აგრძელებენ, ერთმანეთის სადაურობას განიხილავენ და საერთო ენასაც მალე პოულობენ. მე ვცდილობ, ცისთვალებას არ მივაშტერდე, პლედის ქვეშ ვიშმუშნები და მეგობრებს ვზვერავ. მათეს თვალებს ვაწყდები და წამიერად, მაგრამ მაინც ვხედავ მათში კითხვის ნიშნებს. მაშინვე მობილურში გახსნილ სოციალურ ქსელს ვუბრუნდები და სქროლვას ვაგრძელებ. ამასობაში ნატა და ყავით გაწუწული ოთოც ბრუნდებიან. სტუმრების გაცნობის შემდეგ, გოგო გამარჯვებულის გამომეტყველებით ჯდება ბალახზე. ოთო კი მაისურს იხდის და მის კალთაში აგდებს. - როგორც დამისვარე, ისე გამირეცხავ. - ამბობს კატეგორიული სახით, მაგრამ ღიმილი მაინც ეპარება. - ღადაობ თუ მართლა გგონია, რომ ამას გავრეცხავ? - ისევ დგება ნატა და წარბებს ზემოთ ქაჩავს. ოთო საკმაოდ თავდაჯერებულად უქნევს თავს. გოგო კი ფხუკუნებს, მაისურს კოცონზე აგდებს და თავქუდმოგლეჯილი, კისკისით გარბის. იქ მყოფთ გაოცების შეძახილები გვხდება და ბიჭს ვაშტერდებით, რომელიც გაოგნებული უყურებს, როგორ იწვის მისი ლედ ზეპელინის გამოსახულებიანი ახალი მაისური, რომლითაც მთელი დღე თავი მოჰქონდა. - ჩაძაღლდი, ავო სულო! - ყვირის უცბად ის და გოგოს მისდევს. სიცილის ტალღა კოცონს გარშემო უვლის და ნელ-ნელა ცხრება. სასაუბრო თემა ახლდება და მეც ცალი ყურით ვისმენ. უცბად სტუმარი ჩემკენ იხრება და მეკითხება: - რას უსმენ? პირად სივრცეს ისე ამაღელვებლად მირღვევს და ისე ახლოს ხვდება ჩემთან, რომ რამდენიმე წამით პასუხის გასაცემად სიტყვებს ვერ ვპოულობ. გამჭვირვალე ცისფერი თვალები კი ეშმაკურად და მომლოდინედ მაკვირდებიან. - Otherwise-ს. - შეიძლება? - ყელზე ჩამოკიდებულ მეორე ყურსასმენს იღებს და საჩვენებელი თითით ატრიალებს. - აა... კი, შეიძლება. - თავს ვუქნევ და ღიმილზე ღიმილით ვპასუხობ. ყურსასმენს იკეთებს, ხელებს მუხლებზე იწყობს და მოსაუბრე ბიჭების მოსმენას განაგრძობს. ცოტა არ იყოს მწყინს, რადგან მთელი ოთხი წუთის მანძილზე ოდნავადაც არ ეტყობა, რომ მუსიკას აკვირდება. თუმცა, მთავრდება თუ არა ის, ყურსასმენს იხსნის და მიბრუნებს. იმ წამსვე სახლიდან ეძახიან. - სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. - ისევ ჩემკენ ბრუნდება. ისევ ისე ახლოს. - მაგრამ, სახელი არ მითქვამს. - „სხვაგვარად“ სხვა დროს იყოს. ღამე მშვიდობისა. - ამბობს და დგება. დანარჩენებს ცალკე ემშვიდობება და ბაიასთან ერთად აღმართს ნელი ნაბიჯებით მიუყვება. *** 2016 წელი 28 მაისი ღამე ქაოსსაც თავისი ფერები აქვს. ისე აირჩევს, ისე მოგარგებს, თითის განძრევაც არ დაგჭირდება. შემდეგ გვერდით მოგიჯდება და გაგაბრუებს, დაგაბრმავებს, დაგაყრუებს და საბოლოოდ ჩაგძირავს. ყველაფერი, რასაც თავის გადარჩენისთვის ეცდები, საპნის ბუშტივით ჰაერში გაქრება. გონს კივილს მოვყავარ. ისევ ნატას მივჩერებივარ და ახლა ვაცნობიერებ, რომ მისთვის ერთი წამითაც არ მომიშორებია თვალი. ვხედავ, როგორ ვარდება მუხლებზე თეონა და სახეზე ხელებს იფარებს. ვხედავ ფოტოგრაფს, რომელმაც სისხლის გუბიდან გამომათრია და ახლა მობილურზე საუბარს აღელვებული ასრულებს. ვხედავ თენგოს, რომელიც გამძვინვარებული ბორგავს, ტირის და იგინება. მათეს ვხედავ, რომელიც ძლივს სწყვეტს თვალს სისხლისგან დაცლილ ნატას და ჩქარი ნაბიჯით მიახლოვდება. ეზოში შეკრებილ ხალხს ვხედავ, ბრბოს, რომელიც ვერაფრით მაფხიზლებს. ხმაური სადღაც შორიდან ჩამესმის. ყურებში რაღაც მიწივის. თვალები წამდაუწუმ ცრემლით მებინდება და ეზოში შექმნილი ქაოსის რაღაც მონაკვეთები დროდადრო ნისლში იძირება. - მირა, - მხრებზე ძლიერად მაბჯენს თითებს მათე და თავისკენ მაბრუნებს. მის სახეს ჩრდილი ეცემა და ასე მგონია, ბიჭის სხეულით უკუნეთი მომშტერებია. - მირა, კარგად ხარ? - ჩემს სახეზე ინაცვლებენ მისი მხურვალე ხელისგულები და ახლაღა ვგრძნობ, როგორ მცივა. - რა დაემართა?.. - ვეკითხები ბიჭს. საკუთარ ხმას ვერ ვცნობ. თავს ისევ ნატას სხეულისკენ ვაბრუნებ, მაგრამ მათე არ მანებებს, ხელებს მხვევს და გულში მიკრავს. - რა დაემართა, მათე? ეს ვინ გააკეთა... - არ ვიცი, არ ვიცი... - ჩურჩულებს ის და მკლავებს უფრო ძლიერად მხვევს. დაძაბულობისგან ლოდს ემსგავსება. მხოლოდ მისი აჩქარებული გულის ცემა ამჟღავნებს მის ადამიანურობას. ყვირილი, ტირილი და სირბილი არ წყდება. ყველა შოკშია, ყველა რაღაცას ელოდება. მე კი გამუდმებით ნატას სიტყვები ჩამესმის ყურებში: „- ეზოში გავალ, იქ მაინც არავინ დამიშლის სიცოცხლეს.“ ეს როგორ მოხდა? ეს რატომ მოხდა? ღმერთო, ნატა, ვის რა დაუშავე? ხელახლა მივარდება ტირილი და მათეს პერანგს ვებღაუჭები. ვტირი და ვერ ვიჯერებ, რომ მკვდარი ნატას გამო ხდება ეს. ვერ ვიჯერებ, რომ იქ, ბუჩქების ძირში ყელგამოჭრილი, სისხლისგან დაცლილი ნატა წევს. - გამომართვი. - ხმაურის გამო მკრთალად ჩამესმის ვიღაცის რბილი ტემბრი და მანამ არ ვაქცევ ყურადღებას, სანამ მათეს თითები ლოყაზე არ მეხებიან. - ეი, მირა. - ამბობს ის. თავს ნელა ვიღებ მისი მკერდიდან და ჩვენ წინ ჩამუხლულ ფოტოგრაფს ვხედავ, რომელიც ჭიქით წყალს მიწვდის. თვალწინ მიდგება კადრები, როგორ მომწყვიტა ნატას სხეულს, როგორ ამაყენა სისხლის გუბიდან და ყელში რაღაც მეჩხირება. - გმადლობ. - ჭიქას ართმევს მას მათე და ხელებში მაჩეჩებს. - მიდი, დალიე. ის-ისაა გამორთმეული წყალი პირისკენ მიმაქვს, რომ საკუთარ სისხლიან ხელებს ვხედავ და ჭიქა ხელიდან მივარდება. - ღმერთო! - ხელები, კაბა, ლოყები, ზურგი... ახლაღა ვაცნობიერებ, რომ ნატას სისხლით ვარ მოსვრილი და ვერც კი ვხვდები, ისე ვიწყებ სხეულიდან მის მოშორებას. - სისხლიანი ვარ, მათე. მომაშორე, მომაშორე, გთხოვ, მომაშორე... - მირა, მირა, მოიცადე, დამშვიდდი, დამშვიდდი!.. - ხელებს მიკავებს ბიჭი და ჩემ დაწყნარებას ცდილობს. - აქვე ონკანია. - ამბობს ისევ ფოტოგრაფი და ხელით ჩვენ უკან ანიშნებს. - წავიდეთ. - მათე მაყენებს, წელზე ხელს მხვევს და მივყავარ. უსიტყვოდ მივყვები. ნაბიჯები მძიმეა. არ მაქვს სიარულის სურვილი. უკან, ნატასკენ მიხედვას ვაპირებ, მაგრამ მათე ისევ მაკავებს. ონკანთან მივყავარ. ხელებს მიჭერს და მბანს. სველ ხელებს სახეზე ვისვამ. შოკი ისე მაბრუებს, ხანდახან სუნთქვაც კი მავიწყდება და მკერდში რაღაც მიჭერს. - რა მოხდა... - ტირილი მივარდება და სახეზე თითებს ვიფარებ. - ასე... ასე უცბად... როდის მოხდა, მათე. ნახევარი საათიც არ გასულა, რაც აქ გამოვიდა. ღმერთო, ნატა მკვდარია მათე, მკვდარი... ის-ისაა მათე ჩემკენ იწევა, რომ თეონას ვხედავ, რომელიც ტირილით მოდის და მთელი ძალით მეხვევა. ონკანთან ჩამომსხდრები, ერთმანეთზე ჩახუტებულები ვქვითინებთ და დრო ისე გადის, ვერ ვიგებთ. იქვე მოფუსფუსე, აფორიაქებული ჯგუფელების ხმაური შორიდან ჩამესმის. თეონა ტირილს არ წყვეტს და მეც აღარ მელევა ცრემლები. მათე თენგოსთან და ფოტოგრაფთან ერთად დგას. ის-ისაა მისთვის დაძახებას ვაპირებ, რომ ეზოში პოლიცია შემოდის. მათი დანახვისას გული უარესად მიმძიმდება. მათი გამოჩენა რეალობას კიდევ უფრო რეალურს და მტკივნეულს ხდის. თითქოს მანამდე რაღაც იმედი კიდევ არსებობდა, ახლა კი ყველაფერი დამთავრდა. განახლებული ხმაური ერთიანად მღლის. თითქოს ქარიშხალი მეჯახება და ძალას მაცლის. სახლში მინდა, ძილი მინდა, ამ ამბის დავიწყება მინდა. დრო მინდა გავიდეს და ეს წუხილი მალე განელდეს. აღარც ეს დაკითხვა და ერთი და იგივე შეკითხვის ათასჯერ მოსმენა მინდა. საუბარი უარესად მხდის. იმის მოყოლა, თუ როგორ აღმოვაჩინე ნატა, საშინელ ტვირთად მაწვება მხრებზე. რატომ ვერ ხედავს ამას ეს ცივთავალება პოლიციელი? რატომ მისვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებზეც პასუხები არ მაქვს და თავადაც მაინტერესებს? ყველაფერი ხომ ისედაც დაწვრილებით ვუამბე, რატომღა მიბარებს ხვალ დაკითხვაზე? თვითონ შეძლებს, მკვდარი მეგობრის აღმოჩენის ამბის მოყოლას სამჯერ და ათასჯერ? საშინლად ვიქანცები. დრო იწელება. გარშემო ყოველ წამს იცვლება რაღაც, გარდა ბრჭყვიალა ვარსკვლავებისა და მთვარისა. ახლაღა ვუფიქრდები იმას, რომ მხოლოდ ისინი არიან მოწმეები იმისა, თუ როგორ მოკლეს ნატა. ვინ? ვინ მოკლა ნატა? *** 2016 წელი, 9 ივნისი დილა ჰაერში გამოკიდებული ძლივს ვსუნთქავ. ასე მგონია დედამიწა მემხობა. ფეხებით ვკიდივარ. ჩემ ქვემოთ გვამებით სავსე მდინარე მიედინება. ვგრძნობ შიშს, პანიკა შიგნიდან ყველაფერს მიჭამს, მაგრამ ვერ ვინძრევი, ვერც ვყვირი. შემდეგ წვიმა იწყებს მოსვლას, წითელი, თბილი წვიმა და გარემოს მეწამულ ნისლში ხვევს. გული ამოვარდნას მაქვს. ასე მგონია, ამ ბინძურ სითხეს კანი იწოვს და ჩემს სხეულს ცვლის. ყურებში კივილის და ხრიალის ხმები ჩამესმის. ფართხალს ვიწყებ. თოკი კი მოულოდნელად წყდება და თავით მდინარეში ვეშვები. ვხედავ, როგორ ვუახლოვდები იქ მყოფ გვამებს, რომლებიც წითლად შეღებილ საზარელ ხელებს ჩემკენ იშვერენ. თვალებს ვახელ, ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და გამომშრალ ტუჩებს ვილოკავ. სიზმრის გახსენებაზე ტანზე ეკალი მაყრის და ვიშმუშნები. თავი საშინლად მტკივა ფიქრისგან, ტირილისგან, სტრესისგან, ყველაფრისგან. ერთი კვირის წინ ნატა დაკრძალეს. სიტუაცია საფლავთან ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. დედამისი ისტერიულად მოითხოვდა პასუხს კითხვაზე, თუ ვინ მოკლა მისი შვილი. თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ მის მეგობარს თვალებით გვჭამდა, მზერით გვაიძულებდა გვეთქვა ის, რაც არ ვიცოდით, რაც ჩვენც ძალიან გვინდოდა, რომ გვცოდნოდა. დაძაბულობისგან ახლაც კი მთელი სხეული მტკივა. ძვლები თითქოს მემსხვრევა და მოძრაობას მიშლის. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს, როგორ შეიძლება? - გეყოფა. - მესმის მათეს უკმაყოფილო, ნამძინარევი ხმა და თავს მისკენ ვაბრუნებ. გუშინაც ჩემთან დარჩა. იმ საშინელი ღამის გამო წუთითაც არ დავუტოვებივარ მარტო. ასე რომ ყოფილიყო, შევიშლებოდი. - თავისით ხდება, მათე. - საშინელი, ჩაწყვეტილი ხმა მაქვს. გვერდს მისკენ ვიცვლი. - გგონია მინდა ამაზე ფიქრი? დრო მჭირდება. ყველას გვჭირდება. ვიცი, რომ მხოლოდ მე არ ვარ ასე. - მხოლოდ დრო ვერაფერს შეცვლის, საკუთარ თავს შენც თუ არ დაეხმარები. - ოხრავს მათე და ბალიშს იდაყვით ეყრდნობა. ნამძინარევი თვალებით მიყურებს და თანაგრძნობით ეღიმება. - სამსახურში უნდა გახვიდე და ცხოვრება გააგრძელო. - არა, არ შემიძლია. იქ... - შეძლებ... - თითებს მსუბუქად მისვამს ლოყაზე. - იქ რომ ვიქნები მათე, სულ იმ ღამეზე უნდა ვიფიქრო... - ხმა მიტყდება და სანამ ავტირდებოდე, სუნთქვას ვიკრავ. - საქმეში მყოფს ფიქრისთვის ნაკლები დრო დაგრჩება. ახლა, აქედან გეჩვენება შეუძლებლად, თორემ, ნახავ, გამოგივა. მე ხომ გიცნობ. - თვალს მიკრავს მათე და ჩემი თმის ბოლოებს ეთამაშება. - გმადლობ, მათე. - მისკენ ვჩოჩდები, თავს გულზე ვადებ და მის მკლავებში ვიკუნტები. ყოველთვის, როცა მასთან ასე ვარ, თავს დაცულად და თავისუფლად ვგრძნობ. მაგრამ, როცა ფიქრებს ვუღრმავდები, საკუთარი ეგოიზმი და კმაყოფილება ყელში მიჭერს ხელებს. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ამ კომფორტის გამო, შინაგან ქაოსს ოდნავადაც არ ვაქცევ ყურადღებას. - მადლობა? - გაკვირვებული მეკითხება. - რისთვის, მირა... - იმისთვის, რომ არ გიმსახურებ... ყველაფრის შემდეგ... შენ კი, მაინც აქ ხარ. - დიდი ხანია თავად ვწყვეტ, ვინ დამიმსახუროს. ხოდა, სიურპრიზი - შენ ერთ-ერთი იღბლიანი ხარ. - მეცინება და ხელის ზურგზე ვკოცნი. - მპირდები, რომ სამსახურში გახვალ? - გპირდები. - ვამბობ ჩაწყვეტილი ხმით. ნატას გარეშე ოფისის წარმოდგენა გულს მიმღვრევს და ცრემლებს ვერაფრით ვიკავებ. *** 2016 წ, 17 ივნისი შუადღე პოლიციის განყოფილებიდან წამოსული პირდაპირ სამსახურში მივდივარ... მკვლელობის გამოძიება წინ ვერ მიიწევს, მაგრამ ხანდახან მაინც გვიწევს რამდენიმე ჩვენგანს დეტალების დასაზუსტებლად გამომძიებელთან გასაუბრება. მისგან წამოსულს მიძნელდება ფიქრების შეცვლა და ყურადღების საქმეზე გადატანა. ახლა სტუდიაში მოწყობილ მწეველთა ოთახში ვარ. აქ გრილა. დიდ, ჟალუზებგადაწეული ფანჯრიდან კარგად ჩანს, როგორ აწვიმს თბილისს. ზაფხული ისე ცივად დაიწყო, ხანდახან ძვლებამდე ატანს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ფიქრს ჰყავხარ ატანილი. უკვე დიდი ხანია წითელ პუფში ვზივარ და ჩემ წინ, დაბალ მაგიდაზე დადებულ სიგარეტის თავახდილ კოლოფს დავყურებ. სტუდიაში ყველაფერი ისეა, როგორც აქამდე იყო. ერთი კვირაც არაა, რაც სამსახურში გამოვედი. ვაკვირდები აქაურობას და ვხედავ, რომ არაფერი იცვლება. ელენე, ჩვენი უფროსი, რამდენიმე დღეა ნატას მაგიდიდან მისი ნივთების ალაგებას გვავალებს, მაგრამ მეც და თეონაც ამ საქმეს გავურბივართ. ჩვენს კაბინეტში ახლა ორნი ვართ, მაგრამ ერთად იშვიათად ვჩერდებით. წარმოდგენა არ მაქვს, რას გავურბივართ. დარწმუნებული ვარ, თეონა ნატას სიკვდილს ჩემზე მეტად განიცდის, რადგან მათ უფრო ეთქმოდათ მეგობრები, ვიდრე მე და მას ან მე და ნატას, მაგრამ... მაგრამ იმ ტკივლთან, რომელთან ერთადაც ნატას სიკვდილს ვეგუები, სულ მარტო ვარ. მარტო ვარ და ვგრძნობ, რომ ამის ძალიან მეშინია. სიგარეტის კოლოფიდან მზერა ანთებულ მობილურზე გადამაქვს. ელენეა, ჩემი უფროსი, თენგოს დედა. დაძაბულობას ვყლაპავ და ვპასუხობ. - მირა, სად ხარ? - მწეველების ოთახში. - ხმას ვიწმენდ. - აჰ, მეგონა, წახვედი. საქმე მაქვს შენთვის, რას იტყვი? - თეოს რომ მისცე? - მირა... - ელენე ოხრავს. ალბათ უკვე თავი მოვაბეზრე ჩემი დეპრესიით. - მოდი რა, თავი ხელში აიყვანე?! რახან სამსახურში გამოხვედი, კეთილი ინებე და იმუშავე. - ელენე... - არავითარი, ელენე! როდემდე უნდა იარო მოჩვენებასავით? საქმე თავზესაყრელადაა. თუ არ შეგიძლია, შვებულებაზე მოგიწერ ხელს. ასე გინდა? - არა, არ მინდა. - თავს უკვე დამნაშავედ ვგრძნობ. - კარგი, კარგი. - ვოხრავ. - მითხარი, რა საქმეა? ამოვიდე შენთან? - იყავი. მოკლედ გეტყვი. ქორწილი გვაქვს აგვისტოში. გუშინ დარეკეს და შეხვედრა დღეისთვის დავთქვით. როგორც ჩანს, ეს არ იქნება ჩვეულებრივი ორასკაციანი ღრეობა რესტორანში. ამიტომ მინდა, რომ შენ წახვიდე. - კარგი, კარგი. სად და როდის? - ჩვენს კაფეში, ორ საათში. - და ელენე, ფოტოგრაფზე რა ხდება? ჩასვით ვინმე შტატში? - ვეკითხები და ჩემდაუნებურად ის ბიჭი მახსენდება, იმ საშინელი დღიდან, რომელმაც ნატას სხეულს მომაშორა და რომლის სახელიც ვერაფრით დავიმახსოვრე. - ორი დღეა ავიყვანეთ. შენ ისევ არ ხარ ჩვენთან. - უკმაყოფილო ხმა აქვს ქალს. - ბოდიში. - შუბლზე ვისვამ თითებს. - ისიც წამოვა? - ხო. მანდ იყავი. შენთან გამოვაგზავნი. - ჯობია, მე... - ელენე ტელეფონს თიშავს. მობილურს ვდებ და ისევ სიგარეტის კოლოფს დავყურებ. ნივთები. ნივთები არაფერია მათთან დაკავშირებული მოგონებების გარეშე. ჯობია, ნატას მაგიდას მე მივხედო. მას არც და ჰყავს, არც ძმა. მამა ჩემსავით დიდი ხნის წინ დაეღუპა. დედა კი... ღმერთო, მისი დედა... არ ვიცი, მასთან შეხვედრას გავუძლებ თუ არა. იქნებ შეგროვებული ნივთები მათეს, ან თენგოს, ან სულაც თეონას გავატანო? ხუთი დღის წინ, როცა კიდევ ერთხელ გამოგვიძახეს დაკითხვაზე და იმ ქალს შევხვდი, თავი საშინლად ვიგრძენი. წლების განმავლობაში პარიზში ცხოვრობდა და მას მხოლოდ ფოტოებიდან ვიცნობდი. ის ლამაზი, დახვეწილი ქალბატონი ადამიანს არ ჰგავდა. რამდენჯერაც მის თვალებს გადავაწყდი, იმდენჯერ საკუთარი თავი ნატას მკვლელად ჩავთვალე. მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ პოლიცია ვერაფერს და ვერავის პოულობს. მკვლელობა ისე სუფთადაა ჩადენილი, რომ ეჭვგარეშეა, ეს ამ საქმეში გამოცდილმა ადამიანმა დაგეგმა. ვერაფრით ვხვდები, რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა ნატას ასეთ პიროვნებასთან... ჰაერს ხარბად ვუშვებ ფილტვებში და ყურადღების გადატანას წვიმაზე ვცდილობ, როცა კარის დახურვის ხმა მესმის. უკან ვიხედები და ოდნავადაც არ მიკვირს, როცა ჩემკენ მომავალ ნაცნობ ფოტოგრაფს ვხედავ. *** პირველს, რასაც ვამჩნევ, მისი ხელებია, რომლებიც მანიშნებენ, რომ არაა საჭირო ადგომა. პუფში ვსწორდები და ვცდილობ გავფანტო ჩემ გონებაში ამოტივტივებული მოგონებები მის ხელებთან დაკავშირებით. აურა, რომელიც მას დააქვს, ჩემზე დამღლელად და ამაფორიაქებლად მოქმედებს. მსახიობობა კარგად გამომდის, ამიტომ ვიმედოვნებ, სახეზე არ მაწერია მისი გამოჩენით აღელვებული ჩემი ემოციები. ამ ადამიანს სულ მეორედ ვხვდები და ვერ ვიჯერებ, რომ მასთან ასეთი არეული ვხდები. ჩემ ირგვლივ აშკარად ავიწროებს სივრცეს. - გამარჯობა. - ამბობს საოცრად მომნუსხველი ხმით და კანზე ეკალი მაყრის. ჯანდაბა, მირა! - გამარჯობა. - თავს ვუქნევ ოდნავ და ჩემ მეორე მეს ვაჯერებ, რომ მოსულს ძალიან ჩვეულებრივად ვათვალიერებ. რამდენიმე წამით, სანამ ჩუმად ვართ, ფეხზე დგას და ზემოდან დამყურებს. შავი ჯინსი და ნაცრისფერი ტანზე ოდნავ მომდგარი მაისური აცვია. ვანიშნებ, რომ დაჯდეს და ისიც ჩემ წინ პუფში მოწყვეტით ჯდება. ოთახს თვალს ავლებს და მზერას ჩემზე აჩერებს. - როგორ ხარ? - მეკითხება. ტონი ისეთი აქვს, თითქოს დიდი ხანია მიცნობს და ცოტა ვიბნევი. - ვცდილობ, არ ვიფიქრო. - ეგ ხელს შეგიშლის. - რაში? - ვერ ვხვდები და კოპებს ვკრავ. - ცხოვრებაში. - ორი წამით პაუზას აკეთებს და შემდეგ ამატებს. - ჯობია იფიქრო და შეეგუო. მის ნათქვამში სიმართლის ნაპერწკალს ვხედავ, თუმცა დიდად არ მინდა, რომ დავეთანხმო, ამიტომ საუბრის თემას ვცვლი. - სამსახურის დაწყებას გილოცავ. - გმადლობ, მირა, - ეჭვით ამბობს ჩემს სახელს და თვალებს ოდნავ ჭუტავს. - ასე გქვია, არა? - ასე მქვია. - მეღიმება დაუგეგმავად. - მე კალე ვარ. - პუფში სწორდება და ხელს მიწვდის. ნერწყვს ვყლაპავ და ხელს ვართმევ. ცივი, მაგრამ საოცრად რბილი კანი აქვს. ცერა თითს ჩემს კანზე ასრიალებს და ხელსაც ოდნავ მაჭერს. სუნთქვა მეკვრის. სანამ კიდევ ერთხელ დამაყრიდეს ეკალს, თითებს ვითავისუფლებ. - კალე? უცნაური სახელია. მაშინ, წვეულებაზეც ვიკითხე, მაგრამ ვერაფრით დავიმახსოვრე. - ვეუბნები და გააზრების შემდეგ საკუთარ თავს ვლანძღავ. კალე. აი, თურმე რა ჰქვია. - ჩემი სახელი იკითხე? - ღიმილის შეკავებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. ამ დროს ისეთი მაცდურია... - ფოტოგრაფის სახელი ვიკითხე. - აჰ, რა თქმა უნდა. მისი ირონია არ მომწონს და ეს გამოფხიზლების საშუალებას მაძლევს. - მირა, ანუ მირანდა? - გამოიცანი. - ნირწამხდარი თვალებს გვერდით ვაპარებ. - მარტივი იყო. მისი ზედმეტი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო მაფხიზლებს. - კალე, ანუ... - ჯანდაბა! თავში არაფერი მომდის მისი სახელი ხომ პირველად მესმის. ის კი მიცდის. შემდეგ ეღიმება და ამბობს. - უბრალოდ, კალე. - ხო, რა თქმა უნდა. ესეც საკმარისია. - ჯერ-ჯერობით, კი. - თავს გვერდით ხრის და ნიკაპს თითებით იჭერს. ვერ ვხვდები, რა უნდა. მის მზერას თვალს ვარიდებ და რამდენიმე წამით ფანჯარაზე ჩამოღვრილ წვიმას ვადევნებ თვალს. ასე მგონია, გარეთ ყინავს. - ქორწილი როდის გვაქვს? - მესმის მისი ხმა და შეკითხვით გაოგნებული და დაბნეული პირდაპირ თვალებში ვაჩერდები. - რა-ა? - ვეკითხები და უცბად ვხვდები, რომ საერთო საქმეს გულისხმობს. ფუუ... ის ყველაფერს ხვდება. რა თქმა უნდა, ის ჯერ კიდევ წვეულებიდან იცნობს ჩემს ფიქრებს მის მიმართ და რასაც ახლა აკეთებს, ყველაფერს წინასწარი განზრახვით. - ხო, ქორწილი როგორც ელენემ მითხრა, ორ თვეშია. შეხვედრაზე დავაზუსტებ. ვნერვიულობ. შინაგანად ვცახცახებ, ისე მიყურებს. ოდნავ წამოზრდილ წვერზე ფიქრიანად ისვამს თითებს და მოურიდებლად მზვერავს. თავს ვეღარ ვერევი. - შეწყვეტ თუ არა ბოლოსდაბოლოს? - შენ თუ ასე გინდა? - თითებს სახეს აშორებს და ჰაერში შლის, თითქოს მისთვის სულ ერთი იყოს ის, რასაც აკეთებს. შემდეგ მუხლებს ეყრდნობა და თვალებით სიგარეტის კოლოფზე მანიშნებს. - სავსეა. - ნუთუ შეამჩნიე?.. - ირონიით თავს გვერდით ვხრი. - როგორღაც. - ეღიმება. - მოწიე. დამშვიდდები. მინდა ვუთხრა, რომ არ ვღელავ, მაგრამ ეს არაა სიმართლე. თანაც, არ მინდა ყველაფერთან ერთად ტყუილშიც გამომიჭიროს. ამიტომ, უკმაყოფილო თავის ქნევით შემოვიფარგლები. - შეიძლება? - პასუხს არ ელოდება, კოლოფიდან ერთ ღერ სიგარეტს აცურებს და ჯიბიდან სანთებელას იღებს. კოლოფს საჩვენებელ თითს ადებს და ჩემკენ ასრიალებს. - მოწევას თავი დავანებე. - რატომ? - მავნებელია. - ვამბობ და მოთმინების ნერწყვს ვყლაპავ. - ესე იგი მავნებელია. - ღიმილით იმეორებს ჩემს ნათქვამს. აქამდე თითებში მოთამაშე სიგარეტის ღერს უკიდებს და კვამლს სიტყვებთან ერთად მდორედ უშვებს ბაგეებიდან. - სიგარეტი მანამაა მავნებელი, სანამ მოუკიდებ. კვამლს რომ გამოუშვებ, მერე უკვე ყველაფერი ფეხებზე გკიდია. - ტუჩებს ფრთხილად ილოკავს და კვამლადენილ ღერს მაწვდის. შეკრული მუშტი თანდათან უფრო მჭიდროვდება და ოდნავ წამოზრდილი ფრჩხილები კანში მტკივნეულად მესობიან. შიგნიდან მესმის, როგორ ვყვირი "არას", მაგრამ ის პრობლემები, ის ტკივილი და ის უძილო ღამეები, რომლებსაც სიგარეტი ვერაფრით დაეხმარება, ჰაერივით ითხოვენ ნიკოტინს. მუჭს ვშლი და უყოყმანოდ ვიღებ სიგარეტის ანთებულ ღერს მისი თითებიდან. თვალებში ვუყურებ და ხარბად ვუშვებ ორგანიზმში მონატრებულ კვამლს, რომელიც რეალურად არაფრად მარგია. ის კი პუფში კომფორტულად თავსდება და ცალყბა ღიმილით ადევნებს თვალს იმ ერთი ღერის ჩემს ფილტვებში გაუჩინარებას. ვგრძნობ, რომ მასთან ეს მხოლოდ დასაწყისია. შემდეგ ვდგები, უხმოდ ვაგროვებ ჩემს ნივთებს და ჩუმად გავდივართ ოთახიდან. არაფერი მომხდარა. *** საღამოს ექვსი საათი ხდება. კაფეში, სადაც მე და ფოტოგრაფი წყვილს ველოდებით, გიტარის სასიამოვნო ხმა ტრიალებს. ჩვენი ახალი გიტარისტი ნოე „she wolf”-ის ქავერ ვერსიას უკრავს. ეს კაფეც ელენესია და იმ კომპანიას ეკუთვნის, სადაც მე ვმუშაობ. კალეს ნიკაპი ხელის გულზე აქვს ჩამოდებული და მუსიკას გულისყურით უსმენს. გახსნილი შუბლით და „აქ არ მყოფი“ გამომეტყველებით ოდნავადაც არ ჰგავს იმ მაცდურ ადამიანს, რომელმაც ძალდაუტანებლად მომაწევინა სიგარეტი თითქმის სამი თვის თავშეკავების შემდეგ. ახლა ის მიმზიდველ, მეოცნებე ბიჭს ჰგავს, რომელიც არაფრით დაანებებს თავს მუსიკის მოსმენას დასრულებამდე და, რომელსაც ერთი სული აქვს ქორწილის გეგმას გაეცნოს. მიმტანს ჩვენთვის ცივი ყავა მოაქვს. კალე არც კი აქცევს ყურადღებას. მეღიმება. შემდეგ მაგიდაზე დადებულ მის სიგარეტის კოლოფს ვხედავ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ. მათე და მასთან დადებული პირობა მახსენდება. იძულებული ვარ მოვატყუო, რადგან, ბოლო დროს იმდენს ეწევა, ძალიან მინდა მოვუგო და პირობა შევასრულებინო. იმედი მაქვს, ვერაფერს მიმიხვდება. თუ საჭირო გახდება, ფოტოგრაფსაც გავაფრთხილებ. - კარგად უკრავს. - ჩემ წინ მჯდომის სიტყვები მაფხიზლებს. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. შემდეგ ჭიქებს ვიღებთ და ყავას ვსვამთ. - ტკბილია. - შუბლს ვჭმუხნი. - შაქარი აკლია. - თითქმის ერთდროულად ვამბობთ და ორი წამით ერთმანეთს ვუყურებთ. - ხუმრობ? - ხუმრობ? - ვამბობთ ისევ ერთად და შემდეგ ორივეს გვეცინება. - ალბათ ბარმენს რაღაც აერია. იცის, რომ ტკბილი არ მიყვარს. - ვამბობ და ვცდილობ, მის ღიმილიან ბაგეებს არ მივაშტერდე. - თუ ასეა, ალბათ მიმტანია დამნაშავე. - კალე წინ იხრება. თავის ჭიქას ჩემკენ ასრიალებს და ჩემსას იღებს. საწრუპ მილს ტუჩებში იქცევს და სითხეს სვამს. ტანზე ეკალი მაყრის და მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ. ვერ ვიჯერებ, რომ ის ამას აკეთებს და, რომ ტკბილი ყავა უყვარს. მის ჭიქას ვუყურებ, დაუფიქრებლად ვხვევ ცივ მინას თითებს და საწრუპს პირში ვიქანებ. ნამდვილად მიმტანის შეცდომა იყო. კალეს კიდევ ერთხელ ეღიმება და ის-ისაა, რაღაცის თქმას აპირებს, რომ ჩვენს მაგიდას ახალგაზრდა წყვილი უახლოვდება. ერთმანეთის გაცნობისა და ყავის შეკვეთის შემდეგ, ქორწილის დეტალებზე ვიწყებთ საუბარს. სარა ჩემთან ახლოს ზის და მისგან საკმაოდ მძაფრად, თუმცა არაშემაწუხებლად შოკოლადის მადისაღმძვრელი სურნელი მოდის. დაკვირვების ჩემი საშინელი ჩვევა საუბარში ჩაბმის მიღმა კარგად იმალება და წყვილს ჩუმად ათვალიერებს. ორივე საკმაოდ თამამი და კარგი მოსაუბრეა. ჩვენთან ლაპარაკის მიუხედავად, ერთმანეთთან კონტაქტს არ წყვეტენ. უღიმიან, თვალს უკრავენ, თითებზე ეფერებიან. ეს იმდენად ბუნებრივად და არაგამაღიზიანებლად გამოსდით, რომ რაღაც დროის მანძილზე ნოსტალგია წარსულში მაგდებს და ღიმილს ვერ ვიკავებ. მაგრამ, ყოველ ჯერზე ამაზე ფიქრი საშინელი სურათებით მთავრდება და ვნანობ, რომ აწმყოში არ დავრჩი. - მირა. - მაგიდაზე კალეს ათამაშებულ თითებზე დარჩენილ თვალებს სწრაფად ვაშორებ და ვცდილობ, არ შევიმჩნიო, რომ რამდენიმე წამით აქედან გავქრი. მზერა მის ქარვისფერ თვალებზე გადამაქვს, ნათელსა და ეშმაკურზე. - ისე ჩაფიქრდი, - ცალ თვალს ჭუტავს და თავს მოღიმარი წყვილისკენ ატრიალებს. - სავარაუდოდ, რაღაც გრანდიოზული უნდა შემოგვთავაზო. ღმერთო, არადა რა იცის, რაზე ვფიქრობდი. მადლობა კალე. მაგარ სიტუაციაში ჩამაგდე. ის-ისაა რაღაცის მობოდვას ვიწყებ, რომ სარა მასწრებს: - იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. დაჩქარებული იდეები არ გვაწყობს, გააზრებული გვირჩევნია. თანაც... - ჯობია სახლი ნახოთ, სადაც ხელისმოწერის ცერემონიის გაკეთება გვინდა. - ასრულებს გეგა. - ამის თქმა მინდოდა. - იღიმის სარა. - მართალია. ივლისის ბოლომდე ჯერ კიდევ დროა. ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ. - ვამბობ და კალესკენ ნიშნისმოგებით ვაპარებ თვალებს. ცალყბად იღიმის. - სახლის სანახავად როდის წავალთ? - რამდენიმე დღით ამსტერდამში მივდივართ. - ამბობს გეგა. - ჩამოვალთ თუ არა, დაგიკავშირდებით. საუბარი დიდხანს აღარ გრძელდება. საკონტაქტო ნომრებს ვცვლით და ერთმანეთს ვემშვიდობებით. მათი კაფედან გასვლისთანავე კალეც დგება. მაგიდიდან თავის ნივთებს იღებს და ერთხანს ზემოდან დამყურებს. - რა? - ვეკითხები და მხრებს ვიჩეჩავ. - არაფერი, - თავს აქნევს, თუმცა ვხედავ, რომ ყოყმანობს. - მე წავალ, კარგი? საქმე მაქვს. - კარგი. - სკამის საზურგეს ვეყრდნობი და მობილურს ვიღებ იმის ნიშნად, რომ ჩემთვის სულ ერთია. - ხვალამდე. კალე ფოტოაპარატის ჩანთას მხარზე ფოსტალიონივით იკიდებს და ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უკან ბრუნდება. ინტერესით ვუყურებ. - იქ, - ცერა თითს უკან იშვერს. - მწეველების ოთახს ვგულისხმობ... ზედმეტად ვითამამე, ხოდა... შენიდან გამომდინარე იყო. ვიცი, ისეთი არ ხარ, როგორადაც წარმოგიდგინე. ასე, რომ... - საჭირო არაა. - ვაწყვეტინებ, თუმცა საკმაოდ დაბნეული ვარ. - მართლა, უბრალოდ დაივიწყე. - კარგი. - თავს მიქნევს და საფეთქელზე საჩვენებელ თითს ისვამს. - და კიდევ. წეღან ფიქრობდი და იღიმოდი. შენ... ის ღიმილი ძალიან ლამაზი იყო და გიხდებოდა. მინდა, ოდესმე შენთვის ისეთი ადამიანი გავხდე, რომ იმ ღიმილის მიზეზი მითხრა. - ჰაერს სწრაფად ისუნთქავს და უკვე გაბრუნებული მემშვიდობება. გაოგნებული ვაყოლებ თვალს და ვერ ვიჯერებ. ვერ ვიჯერებ, რომ მან მე აქამდე თავის ფიქრებში წარმომიდგინა. ვერ ვიჯერებ, რომ კალე მწეველების ოთახიდან და ჩემი ფიქრებით დაინტერესებული კალე ერთი და იგივე ადამიანია. 3 თავი *** 2016 წელი, 22 ივნისი, დილა სიკაშკაშე მაბრმავებს. არ ვიცი პროჟექტორია თუ მზე. არ ვიცი, სად ვარ. ეს სიმკვეთრე და გაურკვევლობა უსიამოვნო შეგრძნებას მიჩენს, მაგრამ საკუთარ თავსაც კი ვერ ვგრძნობ, რომ რამენაირად მოვეშვა. შემდეგ სიკაშკაშე თანდათან კლებულობს და ჩემ წინ დიდ სარკეს ვხედავ, რომელთანაც ნატა დგას და თმას ისწორებს. სარკეში საკუთარ თავს ათვალიერებს და მალევე მე მხედავს. ბედნიერი ჩანს და მის შემხედვარეს მეღიმება. რაღაცას ამბობს, მაგრამ სიტყვები ჰაერში იფანტებიან და არ მესმის. გოგო უჯრიდან ტუჩსაცხს იღებს, სარკეში იხედება და წასმას იწყებს. ტუჩები წითლად ეღებება. შემდეგ ხელი უცდება და კანი ეთხვრება, თუმცა მოშორებას არ ცდილობს. პირიქით, ტუჩსაცხს ბაგეების გარშემო სწრაფად, თითქოს ჯიბრით და აგრესიით ატრიალებს და ნიკაპსაც კი წითლად ისვრის. შემდეგ მზერა სარკეშივე გადმოაქვს ჩემზე და თვალებს არ მაშორებს. ბედნიერი აღარაა. ნატას თვალებიდან სიბნელე იღვრება. ასე მგონია, სადაცაა მობრუნდება, ყელში მწვდება და დამახრჩობს. მაგრამ ის იღიმის, იღიმის უფრო ფართოდ და უფრო თამამად, შემდეგ იცინის, იცინის და ისევ იცინის. კისკისებს და არ ჩერდება. თითებით სარკეს ეყრდნობა და თითქოს მის გადაყირავებას ცდილობს. სიცილი პანიკურ შეტევაში გადასდის. მისი ხმა ყურებში საშინელ ექოდ ჩამესმის. მცივა, ვიყინები. მისი მსუსხავი სიცილი მტვრის ნაწილაკებივით ტრიალებენ ჩემს გარშემო და სხეულზე შემაწუხებლად მედებიან. ის-ისაა მოკისკისე ნატა ჩემკენ ბრუნდება და გაბოროტებულ თვალებს მაბჯენს, რომ ვიღვიძებ. *** საღამო - ჩემი ბრალია. - აღარც კი ვიცი, მერამდენედ ვამბობ. დივნის კუთხეში მჯდომი ფეხებს ვიკეცავ და ხელებს ვხვევ. თეონაც იმავეს იმეორებს და ქვედა ტუჩს იკვნეტს. თენგო და მათე ჩვენ წინ სხედან და ხმას არ იღებენ. სიგარეტს სიგარეტზე ეწევიან. ჩემი მისაღები ოთახი ჩვენთან ერთად გაუგებარ კვამლში იძირება. ნატას სიკვდილის შემდეგ პირველად შევიკრიბეთ ოთხივე ერთად. შეხვედრა დაგეგმილი მქონდა, სიზმარი - არა. ალბათ ჩვენს კაბინეტში ნატას ნივთების შეგროვებამ და დედამისისთვის გადაცემამ ყველაფერი ჩაწყნარებული ამიმღვრია. გამახსენა ის ღამე და გამხვია ბურუსში. ვიცი, რომ ეს მოგონება, ისევე, როგორც ის, არასოდეს წავა ჩემგან, მაგრამ საცოდავად მაინც ვეჭიდები რაღაც იმედს. იმედს, რომელსაც ამ სამ ადამიანში ვხედავ. - ვიცი, ჩემი ბრალია. - ისევ ვიმეორებ. ფიქრებს და სიტყვებს ვეღარ ვაკონტროლებ. - გეყოფა, მირა. - საყვედურით მეუბნება თეონა და ისევ ცრემლებს იწმენდს. - სიგარეტის მოწევას აპირებდა. იმის გამო, რომ კონტროლი არ დამეკარგა, ნატა გარეთ გავიდა. მე რომ არ დამეწუწუნა... მე რომ არ დამეწუწუნა... - მანამდე კი მე და მან ვიკამათეთ, მირა... - მაწყვეტინებს მათე. ვცდილობ, ყელში გაჩხერილი ტკივილი მუცელში გადავუშვა, მაგრამ არ გამომდის. - თავს ნუ იდანაშაულებ. საკმარისია შენთვის. - თავს აქნევს და დაღლილ სახეზე ისვამს ხელს. ისევ ჩემს შემსუბუქებას ცდილობს. ისევ და ისევ... - არავის არაფერი და არავინ გახსენდებათ? - მაგიდისკენ ვიწევი და წყლის ჭიქას ვიღებ. - ვერაფრით ვიჯერებ, რომ ნატა შემთხვევითი მსხვერპლია. - არცაა ტოო, - მორიგ ღერს უკიდებს თენგო. - აშკარად გათვლილი ჰქონდა იმ მანიაკს, იმისი დედაც... მომზადებული იყო, კამერები გათიშა, დაცვა მიაძინა. ხვდებით, ტიპი რა ხოდზე იყო? - იქნებ ვიღაც ჰყავდა და ჩვენ არ ვიცოდით? - ფარ-ხმალს არ ვყრი. - გამორიცხულია. - ჩუმად, მაგრამ დარწმუნებით ამბობს თეონა და მალულად აპარებს თვალებს მათესკენ, თუმცა მე მაინც ვამჩნევ და არ მსიამოვნებს. - არავინ ჰყოლია. სულ რომ არავის, მე მაინც მეცოდინებოდა. უკომპლექსო კი იყო, მაგრამ ყველას არ ეკიდებოდა. - იშმუშნება თეონა და ვხედავ, თავადაც ხვდება, რომ ეს არ უნდა ეთქვა. - თეონა... - ისედაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს, თეო, - მშვიდად ამბობს მათე. - ვინმეს თუ მისი მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, ჩემი მისდამი დამოკიდებულების შეცვლა მკვლელს გეგმებს არ შეაცვლევინებდა. - ეგრეა. - ნერვიულად ათამაშებს თენგო თითებს სავარძლის სახელურზე და თვალები ერთ წერტილზე უშტერდება. - ასე სუფთად როგორ იმუშავა, აზრზე არ ვარ რაა... რაღაც მაინც როგორ არ დარჩა! მათე მხრებს იჩეჩავს, სავარძელში სწორდება და იდაყვებით მუხლებს ეყრდნობა. - ყოველთვის ასე არ გაუმართლებს. - ამბობს ის და ხმას იწმენდს. ტანზე ეკალი მაყრის და თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გამაკანკალოს. აქამდე ამაზე არც კი მიფიქრია. თუ ნატას მტერი არ ჰყავდა, თუ მისი მოკვლა პირადი მიზეზის გამო არ მომხდარა, გამოდის, რომ ეს ვიღაც ფსიქიკურად შეშლილმა ჩაიდინა და არანაირად არაა გამორიცხული, რომ ნატა სერიული მკვლელობების დასაწყისი, ან უკვე მომდევნო მსხვერპლი აღმოჩნდეს. ორი წამით თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს. ამაზე დიდხანს ფიქრი არ მინდა. არ მინდა შიშის კიდევ ერთი მიზეზი მქონდეს. - ოთო ჩამოდის, მართლა. თქვენთვის არ მითქვამს, ხო? - სიგარეტს საფერფლეში აგდებს თენგო. - მერე მაგისი სამსახური? - გაკვირვებული ეკითხება თეონა. - აჭრილი იყო, რო არ გაათავისუფლეს ნატას ამბებზე და წამოვიდა. ამ ზაფხულს მანდ გავატარებო. - სახეზე ეტყობა თენგოს, როგორ უხარია. ჩვენც გვიხარია. ძალიან დიდი ხანია არ გვინახავს. - ოთო... - მეცინება, როცა ის მახსენდება. - მამრობითი სქესის ნატა. ნეტავ თუ შეიცვალა. მოგონება *** 2010 წელი, 29 ივლისი მეორე დღე, დილა ჯერ კიდევ უთენია მეღვიძება. კოტეჯსა და მის გარშემო სიმშვიდეა. საათი დილის შვიდის ნახევარს აჩვენებს. ფანჯრიდან შემოჭრილ მზის სხივს ვუყურებ და მასში მონარნარე მტვრის ნაწილაკებს ვაკვირდები. სიჩუმეს რამდენიმე წამით თეონას ბუტბუტი არღვევს და შემდეგ ისევ ყველაფერი იძინებს. გოგომ გაგვაფრთხილა, ძილში ვლაპარაკობ და გაღვიძებულზე ნუ წამოამაძახებ-თქო. მუცელზე ვწვები და ბალიშს ვეხუტები. ფანჯრიდან ბიჭების კოტეჯის აივანი და მწვანე, მინდვრის ყვავილებით შეფერადებული ეზო ჩანს. მზე ისეა გაკრიალებული, თითქოს ახლახანვ დაებანოს პირი. ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ყურში იავნანასავით ჩამესმის და ის-ისაა ძილის შებრუნებას ვაპირებ, რომ კარის გაღების ხმა მაფხიზლებს. აივანზე მათე გამოდის, ხელებს მაღლა სწევს და წელში სწორდება. ერთხანს ხედით ტკბება, შემდეგ აივნის მოაჯირზე ჯდება და ვხედავ, როგორ უკიდებს სიგარეტს. ვერ ვიჯერებ! ვერ ვიჯერებ, რომ ის სიგარეტს ეწევა. მათე, რომელიც ცოტა ხნის წინ ოთოს და თენგოს პირიდან ნიკოტინს აცლიდა, ახლა თვითონ იბინძურებს ორგანიზმს. ის-ისაა წამოდგომას და მასთან გასვლას ვაპირებ, რომ ლელას მაღვიძარა რეკავს. - მოაკეტინეთ ვინმემ! - მბრძანებლური ტონით ბუტბუტებს თეონა და საწოლში გვერდს იცვლის. ლელა მაღვიძარას თიშავს. სამაგიეროდ, თვითონ დგება და გამამხნევებელ ვარჯიშებს ხმამაღალი შეძახილებით აკეთებს. გამოფხიზლებას დიდ დროს არ ვუთმობთ. რვა საათზე ბიჭებთან ერთად ჟინვალის წყალსაცავის სანაპიროს მივუყვებით. იდეალური დილაა. მზე, რომელიც ჯერ კიდევ თავს იკავებს თავისი ძალების დემონსტრირებისგან. ფირუზისფრად მოელვარე წყლის ყრუ ხმაური, ჩიტების ჭიკჭიკი და შორიდან მოღწეული ბავშვების ჟრიამული. სანაპიროდან კარგად ჩანს ანანურის ტაძარი და ციხე-ქალაქი. ციტადელი თავისი ძველი მედიდურობითა და საიმედოობით გადმოჰყურებს მწვანედ შემოსილ მთებს. პატრიოტული ემოციებისგან ყოველთვის ძალიან შორს ვარ, მაგრამ შეუძლებელია, ასეთ სილამაზეს უყურებდე, მისი ჰაერით ივსებოდე და გული ადრენალინისგან არ აგიჩქარდეს. მთელ გზას ხმაურით გავდივართ. რთულია ჩემი მეგობრების გაჩუმება. უმეტესობას ემოციების ხმამაღლა გამომჟღავნების ოდნავადაც არ ერიდება. ბექა და ლელა ყველაზე წინ მიდიან და ციფრული კამერით აფიქსირებენ „გრძელ და დამღლელ“ გზას ტაძრისკენ. თეონას ერთი სული აქვს ცენტრალურ გზაზე ავიდეთ, რომ ხიდიდან გადმოიხედოს და მისი სიმაღლე თვალებით გაზომოს. - როგორ გეძინა? - გვერდით მიდგება მათე და ხელს მხრებზე მხვევს. ალმაცერ მზერას ვუბრუნებ. - რა იყო? - არაფრის თქმა არ გინდა ჩემთვის? - არა?! - ინტერესით მაცქერდება, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მალავს თავის “საიდუმლოს.“ - აბა კარგად დაფიქრდი. - ჰმმმ... - საჩვენებელ თითს ნიკაპზე იდებს და ჩაფიქრებული ცას უყურებს. - მე დაგეხმარები. სიგარეტის მოწევა როდის დაიწყე? - ვეღარ ვუძლებ მის აფერისტობას. - მე-ე? - გაოგნებული დამყურებს და მხარზე გადადებულ ხელს უფრო მჭიდროდ მხვევს. - დიახ, შენ. - არ ვეწევი, მირა. - ეწევი. - ხომ იცი, რომ არა? - მისი მსახიობურად საწყალი თვალები სადაცაა ოსკარს დაიმსახურებენ. - დილით დაგინახე. - დილით? - ჩემი მხრებიდან ხელს ფრთხილად იღებს და თითებს შარვლის ჯიბეებში იწყობს. - ხო, დილით. რატომ ეწევი მათე? - შუბლს ვკრავ. - ალო, ალოო... - მათე! - ალო, ალო... გვირაბში შევდივარ... ხმა წყდება... შენი ხმა არ ისმიიის... - ყვირის ის, ნაბიჯს უჩქარებს, თენგოს ეწევა და ზურგზე ახტება. თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ და გვერდში ამომდგარ ნატას წამოწყებულ საუბარს ცალი ყურით ვუსმენ. *** ციტადელის ხუთსართულიანი კოშკიდან ანანურის ხეობა ჩემ თვალწინ მთელი თავისი სიმშვენიერით იშლება. ღვთისმშობლის ტაძარში სანთლებს ვანთებთ და აქაური სიმშვიდით ვტკბებით. ხმაურიან თბილისთან შედარებით, ეს ადგილი ხელმისაწვდომი სამოთხეა. სუფთა ჰაერი ნარნარით ეშვება ჩემს ფილტვებში და ყველანაირად ცდილობს ნეგატიური ფიქრები გამიქარწყლოს. - მირიან, ჩამოდი, მოგვშივდა, მივდივართ! - ქვემოდან ყვირის თენგო და მის ხმაზე ყველა ზემოთ იხედება. ქვემოთ იმაზე მეტნი არიან, ვიდრე უნდა იყვნენ. კოშკზე ზედმეტად დიდხანს შევყოვნდი, იმდენად მოვიხიბლე ხედით. ჩამოსვლა არ მეთმობა, მაგრამ აქ დაბრუნების შანსის გამო აღარ ვყოყმანობ. კიბეზე რამდენიმე გოგო მხვდება. ერთ-ერთს გუშინდელი ღამიდან ვცნობ და ღიმილზე ღიმილით ვპასუხობ. უკვე მეორე სართულზე ვარ, კიდევ ერთი ნაცნობი რომ მხვდება. კიბეზე სწრაფად მომავალი, ჩემი დანახვისას ნაბიჯს ანელებს. ჩემდაუნებურად მეც იმავეს ვაკეთებ და რამდენიმე წამით ერთმანეთის პირისპირ ვჩერდებით. ცისთვალება მდუმარედ მაცქერდება. ვიწრო კიბის გამო, ჩვენს შორის სივრცე არც ისე დიდია. ბიჭი მკრთალად იღიმის და მისი თვალები კიდევ უფრო ბრწყინავენ. გული მიჩქარდება. არ ვიცი, რა უნდა მოვუხერხო ამ უჩვეულო, მაგრამ მაინც სასიამოვნო სიჩუმეს. ის-ისაა დაჩი რაღაცის სათქმელად პირს ხსნის, რომ შორიდან ჩემი სახელის შეძახილი გვესმის. სწრაფად ვფხიზლდები, მაგრამ ჩემ წინ მგდომს თვალს მაინც ვერ ვწყვეტ. ბიჭი ერთი წამით ჩემ მიღმა სარკმლისკენ იხედება, შემდეგ ისევ ღიმილით მიბრუნდება და ამბობს: - საღამომდე. - საღამომდე. - ვპასუხობ ინსტინქტურად და ორივე გზას განვაგრძობთ. წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება საღამოს, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - მას ვნახავ. *** 2010 წელი, 29 ივლისი მეორე დღე, საღამო როგორც დილით გავარკვიე, ბიჭებს ჩვენი მეზობლები ლუდზე დაუპატიჟებიათ. ახლა კოცონთან ვზივარ და წამდაუწუმ თვალი გამირბის იმ აღმართისკენ, საიდანაც ისინი უნდა გამოჩნდნენ. მაგრამ ჯერ-ჯერობით, მათ სუსტად განათებულ აივანზე მხოლოდ ჩრდილებს ვამჩნევ. მთელი დღეა მათესთან განმარტოებას და დალაპარაკებას ვცდილობ, მაგრამ არაფრით გამომდის. მაინცდამაინც დღეს მოძალებული იუმორით, გამუდმებით თავს იძვრენს ჩემგან და ნერვებზე მშლის. უკვე საღამოს, სრულ იგნორზე გადავდივარ. უყურადღებობა ყოველთვის იწვევს ყურადღებას. და ის-ისაა ჩემ გვერდზე თეონა დგება, რომ მის ადგილს მათე იკავებს. ვცდილობ თავი არ გავყიდო და მისი ინიციატივით დაინტერესება არ შემემჩნეს. ჯერ უყურებს, როგორ ვათვალიერებ ფლეილისტს, შემდეგ ერთ ყურსასმენს მაძრობს და მეუბნება: - გეტყვი რატომაც დავიწყე სიგარეტის მოწევა... - რატომ? - ვერ ვითმენ და ვაწყვეტინებ. - ახლა არა. - ცალყბად იღიმის და კოცონს პატარა ფიჩხს ესვრის. - აბა როდის? - შუბლს ვკრავ. მათე მხრებს იჩეჩავს. უკვე პროტესტის გამოსათქმელად ვემზადები, მაგრამ თენგოს შეძახილი მაკავებს. ბიჭი დაღმართზე ჩამომავალი მეზობლების შესაგებებლად დგება. მათე წამიერად მავლებს თვალს და ისიც იმავეს იმეორებს. ცეცხლთან მოსულებს ვათვალიერებ და ვხედავ, როგორი მომნუსხველი ღიმილით მესალმება დაჩი. მეც ღიმილით ვპასუხობ და აჩქარებულ გულისცემას ყურადღებას არ ვაქცევ. მასთან ერთად ბაია და კიდევ ორი ახალგაზრდაა. სანამ კოცონთან ჩამოსხდებიან, მათეს ჩიფსებით გატენილ პარკს უწვდიან. საღამო საკმაოდ მხიარულად გრძელდება. თეონას წამოწყებით „ამის პატრონმა რა ქნას“ ვთამაშობთ და ავენისის ეზოს ხმაურით ვიკლებთ. მთელი თამაშის მანძილზე ცისთვალება მეზობლისგან ამაფორიაქებელი მზერა და ღიმილები არ მაკლდება. დილით, როცა საღამომდე დამემშვიდობა, ვფიქრობდი, რომ ჩვენი დიალოგი შედგებოდა. ასეც რომ ყოფილიყო, ალბათ იმაზე უკეთესი მაინც ვერ იქნებოდა, ვიდრე კოცონს მიღმა მისი თვალიერება. ერთადერთი, რაც თვალში არ მომდის, მისი საკმაოდ აქტიური მობილურია. დაჩი მთელი საღამოა ვიღაცას ემესიჯება. უკვე ძალიან გვიან, ნატა ჩემ გვერდით იკავებს ადგილს, მობუზული მეტმასნება და საკმაოდ თავდაჯერებულად მეჩურჩულება: - ყველაფერი დავინახე! - მაინც რა? - სიცილს ვერ ვიკავებ. - საზაფხულო რომანი. - ოდესმე თვალებს ხუჭავ? - რომ შემეძლოს, თვალგახელილი დავიძინებდი. აბა, დაიწყე. ნატას ყველაფერს ვუყვები, რისი მოყოლაც ამ დროისთვისაა შესაძლებელი. პარალელურად იმაზე ვფიქრობ, კიდევ ვინ მოახერხა ჩემსა და დაჩის შორის არსებული ფლირტის დანახვა. გოგო ამბობს, რომ თუ ჭკვიანად მოვიქცევი, ცისთვალებას სახით წარმოუდგენლად გამიმართლებს და არც ის უნდა მაღელვებდეს, რომ ბიჭის მობილურში გამუდმებით შეტყობინება შემოდის. ის-ისაა მეზობელი გოგოები წასვლის ინიციატივით ფეხზე დგებიან, რომ ჩემი მობილურის ვიბრაცია მაკრთობს. უცნობი ნომრისგან მესიჯი მომდის. „ - იმედია, ჯერ არ გეძინება.“ აღელვებული ვაპარებ თვალებს ჯერ კიდევ კოცონს მიღმა მდგარი დაჩისკენ, რომელიც თენგოსთან საუბრის მიუხედავად არც მე მტოვებს უყურადღებოდ. სავარაუდოდ ჩემი ნომერიც მისგან მიიღო. „ - იმედია არა.“ - ვწერ პასუხს გაყინული თითებით. ვხედავ, როგორ ეღიმება წაკითხვისას და სახე ერთიანად მიალდება. მეზობლები გვემშვიდობებიან. მობრუნებულ თენგოს თვალებდაწვრილებული ვუყურებ, ის კი ენას მიყოფს და ოთოზე ხელგადახვეული კოტეჯისკენ მიდის. ჩამქრალ კოცონთან მდგარ მათეს რომ ვხედავ, ჩვენი შეწყვეტილი დიალოგი მახსენდება. სანამ რამეს ვეტყოდე, მხრებზე მხვევს ხელს და ოთახებისკენ მივდივართ. - ხომ იცი, რომ საუბარი არ დაგვისრულებია. - ვეუბნები. - ვიცი. - მერე? - ვფიქრობ, ეს ამბავი მნიშვნელოვანი არაა. - გვერდულად იღიმის და თვალს მიკრავს. არ მომწონს ეს თავის არიდება. - კი, მაგრამ რა შეიცვალა? - ვბრაზდები და ვჩერდები. მათე ორი წამით მიყურებს, შემდეგ ეღიმება და ლოყაზე მკოცნის. - ძილი ნებისა. - ამბობს და ბიჭების კოტეჯისკენ მიდის. შუბლშეკრული ვაყოლებ თვალს და უკვე უკან დადევნებას ვაპირებ, რომ მობილურზე დაჩის შეტყობინება მომდის და სახე ერთიანად მებადრება. ტექსტს ვკითხულობ და გოგოების ოთახში შევდივარ. *** 2016 წელი, 27 ივნისი ნაშუადღევი უკვე რამდენიმე წუთია მე და კალე მანქანის უკანა სავარძელზე ვსხედვართ. ის მარცხენა ფანჯარასთან, მე - მარჯვენა. ერთის მხრივ ჩვენს შორის დიდი მანძილი და მოსაბეზრებელი სიცარიელეა, მეორე მხრივ კი ისეთი ენერგია, რომ ხანდახან მგონია, მეხება ტანსაცმელზე მქაჩავს და მარცხნივ მიხედვას მაიძულებს. თავს არ ვიბრმავებ. ვხვდები, რომ რაღაც მუხტია ჩემსა და მას შორის, მაგრამ მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ეს მუხტი მაფრთხობს და არ მასვენებს. მერჩივნა გეგას და სარას სახლის სანახავად მარტო წამოვსულიყავი. არასოდეს დავდიოდი ბექასთან ერთად ჯერ კიდევ მოუწყობელ სადღესასწაულო ადგილებში. ვერაფრით ვხვდები, რატომ მაიძულებს ელენე, ფოტოგრაფი - როგორც მეწყვილე თან ვატარო. კალესკენ ვაპარებ თვალებს. თავის ფოტოაპარატს დაჰყურებს და რაღაცას ამოწმებს. ვერაფრით ვახერხებ იმ საშინელ წვეულებაზე მის მიმართ ნაფიქრის დავიწყებას. რაც არ უნდა ვნებიანი და უვნებელი ყოფილიყო ის გრძნობა, მაინც სისხლთან და ტკივილთან ასოცირდება. ძნელია ეს ორი ერთად აცხოვრო. - აქ იშვიათად მოვდიოდით, ბოლო დროს კი თითქმის აღარ. - ფიქრებიდან გეგას ხმას გამოვყავარ. - იმის თქმა უნდა, რომ სახლში არეულობა იქნება. - სიცილით აბრუნებს თავს ჩვენკენ სარა. - ბევრნაირი არეულობა მაქვს ნანახი, არა უშავს. - მეც ვცდილობ ფიქრების შემდეგ გაცინებას. - გასაგებია. - გეგა უკანა ხედვის სარკიდან მიყურებს. - მე თვითონ ვნერვიულობ ხოლმე, როცა აქაურობას ასეთ მდგომარეობაში ვხედავ. - რაც დალაგებას ექვემდებარება, იმაზე ნერვიულობა არ ღირს. - ამბობს კალე, ფოტოაპარატის ჩანთის ელვას ჰკრავს და რამდენიმე წამით თვალს მავლებს. - ხანდახან არეულობაშიც კი ხიბლია. ვხედავ, როგორი ღიმილით აპარებს სარა თვალებს გეგასკენ. თავს უხერხულობას ვგრძნობ. - არეულობაში ხიბლს მხოლოდ ზარმაცი ადამიანები ხედავენ. - ვამბობ, მაგრამ მგონი ჯობდა გავჩუმებულიყავი. - ჰმ, შენნაირი კრეატიული ადამიანისგან ამ სიტყვებს ვერ ვიჯერებ. - გაკვირვებულს ეღიმება კალეს. არც კი მალავს ირონიას. - ხშირად გაგაკვირვებ. - იმედია. - მუხლზე თითებს ათამაშებს და ეღიმება. მომხიბვლელი პროფილიდან ირონია უკვალოდ ქრება. გონებაში შეკითხვები ჩნდებიან, მაგრამ ყველა ბუნდოვანი და გაურკვეველია. ვითრგუნები. *** თავი სამოთხეში მგონია. ჯერ კიდევ ფეხდაუდგმელ, გაუთელავ სამყაროში, სადაც შიშის გარეშე შეგიძლია იყო მშვიდად. სადაც დრო თვალსა და ხელს შუა დაიკარგება და შენ მაინც არსად დაგაგვიანდება. უბრალოდ იქნები და იარსებებ, ჩაისუნთქავ და ამოისუნთქავ, ზღვარს არ გაავლებ და არ გაგივლებენ. მარტოობაც კი არ შეგაწუხებს. ჩვენს წინ ხის მუქი ფიცრებისგან შეკრული ერთსართულიანი კოტეჯი დგას პირამიდის ფორმის სახურავით, სადაც სავარაუდოდ პატარა ოთახი უნდა იყოს, რადგან ფანჯრის მიღმა მოქარგულ ფარდას ვხედავ. პატარა აივანზე ხის მაგიდა და ორი სკამი დგას, რომლებსაც მტვერი და აბლაბუდები მოჰკიდებიათ. მოაჯირზე ისეა მოდებული სურო, თითქოს სახლს მწვანე შარფი ჰქონდეს მოხვეული. ოთახში ნესტის და სიძველის სურნელი ტრიალებს და ვცდილობ, ისე შევისუნთქო ეს ნეტარება, რომ არავინ შემამჩნიოს. აქაურობას სწრაფად ვავლებ თვალს: ბუხარი, დივანი ორი სავარძლით, დაბალი მაგიდა, კედლებში თაროები და რამდენიმე სურათი, კუთხეში ზეწარგადაფარებული მოლბერტი და ხის კიბე, რომელიც სხვენში ადის. წარმოვიდგენ შემოდგომის სუსხიან საღამოებს ამ გარემოში და გულდაწყვეტილს მეღიმება. ოთახის გავლით უკანა ეზოში გავდივართ. იქ, სადაც ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. აქ ყველაფერი მწვანეა. მუქი, ღია, გაცრეცილი, ხასხასა, დანამული, გამომშრალი მწვანე. ეზო იმაზე დიდია, ვიდრე ველოდი. კალე სამსაფეხურიან ბეტონის კიბეზე ჩადის და ყველაზე წინ მიდის. გაოცებული უსტვენს და რამდენიმე სურათს იღებს. ეზო შემოსაზღვრულიც კი არაა. შეგიძლია მარცხნივ ან მარჯვნივ რამდენიმე მეტრი გაიარო და პირდაპირ ტყეში ამოყო თავი. კიბეზე ჩავდივარ და უკვე ბალახით დაფარულ ქვის ბილიკს მივუყვები. ჩემ გარშემო მიტოვებულ ვარდებთან ერთად მინდვრის ყვავილებიც ყვავიან. ცხელი სიო ხანდახან თავებს არხევინებს ფერად სილამაზეებს. ბილიკის ბოლოს ხრეში ყრია. ჩემ მარცხნივ ხის დიდი მორი გდია. მის წინ კი რკალად შემოვლებული მოზრდილი ქვებით ვხვდები, რომ ეს კოცონის ადგილია. მარჯვნივ, ტყის ნაპირას ხეზე ცალ მხარეს ჩამოწყვეტილი ჰამაკი აბია. იქვე მიწაში ჩაბეტონებული რკინის მაგიდაა გრძელი სკამებით. ჩემ წინ კი ხევია. არც ისეთი დიდი, მაგრამ კლდოვანი და ლამაზი, საიდანაც მშვენიერი ხედი იშლება. ცისფერი ცა ერთმანეთზე მიხუტებულ მთებს შორის იკარგება. ვცდილობ, ხევს ყურადღება არ მივაქციო. ჩიტების ჭიკჭიკით, ბალახის შრიალით და მზის მცხუნვარებით გაბადრული ძლივს გამომდის თავის ხელში აყვანა. - აქ საშიშია. - უკან ვტრიალდები და მასპინძლებს საზღვარზე ვანიშნებ. - კი, კი. ქორწილისთვის შემოსაზღვრას ვაპირებთ. - მეთანხმება გეგა. - სულაც არ მინდა, ვინმე წაიჩეხოს. - არადა ამაშია მთელი ხიბლი. - მოახლოებული კალე ხედს სურათს უღებს. - ღმერთო, - თვალებს ვატრიალებ. - ხიბლი, ხიბლი... აქ ბავშვებიც შეიძლება იყვნენ. სახიფათოა. - რა თქმა უნდა. - არც კი მიყურებს, ისე ამბობს. ნერვებმოშლილი წყვილს ვუბრუნდები და იმ იდეებს ვაცნობ, რომლებიც ეზოს დანახვისთანავე მომივიდა აზრად. რაზეც ვთანხმდებით წიგნაკში ვიწერ. ცოტა ხანში კი სარა და გეგა ბოდიშს გვიხდიან და მანქანიდან ნივთების გადმოსაღებად სახლისკენ მიდიან. წიგნაკს ტყავის ზურგჩანთაში ვიდებ და კალესკენ მიბრუნებულს ლამის გული მიჩერდება. ინსტინქტურად პირზე თითებს ვისვამ. ცივი ოფლი მასხამს. ის ისე ახლოს დგას ხეობის ნაპირთან, ალბათ სიოც კი შეძლებს მის გადაგდებას. კალეს მიღმა სიცარიელეა. მხოლოდ სივრცე ჩანს და ძალიან, ძალიან შორს გაცრეცილი მწვანე მთები. ის-ისაა დაძახებას ვაპირებ, რომ ნახევარი ტანით ბრუნდება. სიხარულისგან სახე უბრწყინავს. ხელს მიწვდენს. - მოდი, რას დგახარ. მთელი ნეტარებაა! - წარბებს ზემოთ სწევს. მისი უმნიშვნელო მოძრაობაც კი მგონია, რაღაც საშინელს გამოიწვევს. - მანდედან გამოდი. - ვფიქრობ, რომ ხმამაღლა ვამბობ, სინამდვილეში კი ხმა მიწყდება. - რა თქვი? - ისევ ჩემკენ ბრუნდება კალე და სმენას ძაბავს. - ისე არ წახვიდე, აქედან რომ არ გადმოიხედო. - არ მინდა და აჯობებს შენც მოშორდე ნაპირს. - უფრო მკვეთრი ხდება ჩემი ხმა. - აზრზე არ ხარ. - იცინის და ზურგს მაქცევს. ხელებს შლის და წელში ოდნავ იხრება. მესმის, როგორ იწყებს ყურებში რაღაც წივილს. ამონასუნთქი ჰაერი ყელში მეჩხირება. რამდენიმე წამით სუნთქვა მიჭირს და გულზე სიმძიმეს ვგრძნობ. მინდა დავუყვირო, რომ შეწყვიტოს, რასაც აკეთებს, მაგრამ სიტყვებიც ჰაერთან ერთად ყელში იბუდებენ. სიო მის ღვიძლისფერ მაისურს აფრიალებს და წამით საკუთარი სისხლიანი ხელები მიელვებს თვალწინ. სუნსაც ვგრძნობ და სისველესაც. ინსტინქტურად ხელებზე ვიხედები. იქ არაფერია ცახცახის და სიცივის გარდა. მეორე შემოქროლებისას სიო ცივ ქარად იქცევა და ცოტას მაფხიზლებს. ის-ისაა ნაბიჯს ვდგამ კალეს უკან გამოსათრევად, რომ ბიჭი წელში სწორდება, ფოტოაპარატს იჭერს და ისე ბრუნდება, ვითომც არაფერი. ერთი წამით თვალს მავლებს და გაბადრული სახე უსერიოზულდება. - რა გჭირს? სახეზე ფერი არ გადევს. - მიახლოვდება და თვალებში ჩამყურებს. როგორც იქნა, ჰაერს ფილტვებიდან ვათავისუფლებ და დაძაბულ კუნთებს მოდუნების საშუალებას ვაძლევ. - ცუდად ხომ არ ხარ? - ჩემკენ იხრება შეკრული შუბლით და თითებს იწვდენს. ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ. - ხიბლი, ნეტარება... რაც გინდა ის დაარქვი, მაგრამ ქორწილამდე აქ ჩემთან ერთად აღარ წამოხვალ. ერთი ღერი მომეცი. - ხელს ვუწვდენ. თვალებში არ ვუყურებ. მოლოდინში მის ფოტოაპარატს მივჩერებივარ და ტუჩს ვიკვნეტ. შემდეგ უკანა ჯიბისკენ წაღებულ მის მოქნილ თითებს ვხედავ და ჩემს ხელისგულზე სანთებელა და ერთი ღერი სიგარეტი ჩნდება. იქვე მორზე ვჯდები და ვუკიდებ. - რა გავაკეთე? - გვერდით მიჯდება. მისგან რეალობის მძაფრი სურნელი მოდის. - ყველაფერი გააფუჭე. *** 2016 წელი, 1 ივლისი საღამო ფეისბუქი შარშანდელი პირველი ივლისის სიახლეს მახსენებს. მე, ნატა და თეონა მაღაზიის სარკეში ერთნაირი სათვალეებით ვპოზიორობთ. კომენტარებში ნატა ყოველგვარი დანდობის გარეშე აცხადებს, რომ სათვალე ჩვენ სამს შორის ყველაზე მეტად მას უხდება. მოგონებები ჯაჭვად იქცევიან და თავში ათასი სურათი და ხმა მიტრიალებს. მობილურს ვთიშავ, დივანზე ვწვები და თვალებს ვხუჭავ. ახლა რამდენიც არ უნდა ვეცადო, გონებიდან ამ ყველაფერს ვერაფრით ამოვიგდებ. რამდენიც არ უნდა ვეცადო, ვერაფრით შევეგუები იმ ფაქტს, რომ სამეგობროს შეკრება ნატას გამოკლებით მოხდება. გამოსავალი ყველაზე ძველი და ბანალურია - დრო. ცოტა ხანში მათე მოდის და ერთად ვვახშმობთ. უხასიათობის მიზეზს რომ ვუყვები, თავადაც უფუჭდება განწყობა და ამის გამო კიდევ უფრო ვითრგუნები. ჩემთან დარჩენას მთავაზობს. არ უნდა, რომ მარტო დამტოვოს, მაგრამ უარს ვეუბნები და სახლში ვუშვებ. ის ჩემს კორპუსში ერთი სართულით ზემოთ ცხოვრობს. ათი საათი ხდება დასაძინებლად რომ ვწვები. უკანასკნელად ამ დროს სკოლის ბანკეტის წინა დღეს დავიძინე ძალების მოსაკრებად. *** შუაღამე ძილი მაშინაა ტკბილი, როცა არც სიზმარს ხედავ და არც ღამით გეღვიძება. მაგრამ, როცა სული აფორიაქებული გაქვს ტკბილი ძილი შეგიძლია მხოლოდ ინატრო. შუაღამით მეღვიძება, მაგრამ მალევე ვიბრუნებ ძილს, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც მიშლის ხელს. ვგრძნობ, რომ რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს, მაგრამ თვლემას განვაგრძობ. ასე მგონია, რამდენიმე წამში ერთხელ მეღვიძება და ისევ უკუნში ვიკარგები. შუალედებში საკუთარი ოთახის კონტურებს ვავლებ თვალს და ვხედავ, რომ აქ რაღაც ზედმეტია. თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ვერაფრით ვასხვავებ სიზმარს და რეალობას. ვერ გამიგია მძინავს თუ არა. რეალურად ვხედავ კართან აღმართულ სილუეტს, თუ მესიზმრება. ვცდილობ თავს ძალა დავატანო და გავერკვე, მაგრამ არაფერი გამომდის. არეულობაში ჩრდილი იზრდება და მიახლოვდება. მეშინია, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ, რომ შესაძლოა ეს არც ხდებოდეს. აი, სადაცაა გათენდება, გამომეღვიძება და ვნახავ, რომ ქვეცნობიერი მეთამაშება. ეს მშველის და ვერ ვიგებ ისე ვითიშები. მაგრამ... არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ, თუმცა შუაღამით გულაჩქარებულს მეღვიძება. ტვინი განგაშის სიგნალივით მატყობინებს, რა ხდებოდა ცოტა ხნის წინ, საწოლზე სწრაფად ვიწევი და დამფრთხალი ვანთებ ნათურას. ოთახს თვალს ვავლებ და ყველაფერს ვაკვირდები. აქ არავინაა. რა თქმა უნდა, არავინაა. კარი დახურულია, ფარდა გაწეული. ოთახში სიმშვიდეა. გარედან მანქანების სუსტი ხმა შემოდის. თითებს სახეზე ვისვამ და საკუთარ თავს სიმხდალეში ვუტყდები. ასეთი მშიშარა არ ყოფილხარ, მირა. არც უნდა გახდე. ახლა არა. *** 2016 წელი, 2 ივლისი დილა ადრიან ძილიდან კარზე ზარის ხმას გამოვყავარ. ხუთის ნახევარია. ამ დროს მხოლოდ მათეს შეუძლია თავზე დამადგეს, მაგრამ ახლა მიზეზს ვერ ვხვდები. თვალების ფშვნეტით გავდივარ საძინებლიდან და სანამ კართან მივიდოდე, რამდენჯერმე დამთქნარებასაც ვასწრებ. სათვალთვალოდან მათეს ვხედავ. ბიჭი ქარიშხალივით შემოდის ოთახში, ხელში ცხელი ყავის ფინჯანს მაჩეჩებს და მისაღებ ოთახში დოინჯშემოყრილი დგება. - რა ხდება? იცი რომელი საათია? - ჩაწყვეტილი ხმით ვეკითხები და მთქნარებით ვეშვები სავარძელში. ყავა გემრიელი კია. - ნახევარი საათი გაქვს მოსამზადებლად. ექვსზე სადგურში უნდა ვიყოთ. ბორჯომში მივდივართ. - მათე, გააფრინე? - მეცინება. - შენ როგორც გაწყობს, ისე იყოს. ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონს. ასეთი სპონტანური საქციელი მათეს არ სჩვევია. მას ყველაფრის წინასწარ გათვლა და დაგეგმვა უყვარს. უმოქმედოდ რომ მხედავს, ჩემს საძინებელში შედის და ზურგჩანთა გამოაქვს. - ჩალაგება სააბაზანოდან დავიწყო თუ კარადებიდან? ვდგები, ჩანთას ვართმევ და ლოყაზე ვკოცნი. ის ისევ ჩემთვის ცდილობს. უზომოდ მადლიერი ვარ და მაწუხებს ის ფაქტი, რომ ვერ გამოვხატავ. *** შუადღე - რას იტყვი? - თვალებს ჭუტავს მათე და ტირის თოფის დახლზე მანიშნებს. - გაჯიბრებას არ ვაპირებ. - თავს ვაქნევ. მათე კარგად ისვრის. მამაჩემივით, მისი მამაც მონადირეა და მათთან ერთად ნადირობის სეზონზე რამდენჯერმე ვყოფილვარ. სანამ მათე ფულს იხდის, ტირის თოფს ვიღებ და სამიზნეს ვუმიზნებ. პირველი სცდება, მეორეც და მესამეც. უკმაყოფილოდ ვაჩეჩებ ხელებში თავმომწონედ მოღიმარ მათეს. - დაცინვას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაპატიებ, თუ აი იმ საყვარელ კურდღელს მოიგებ. *** ბამბის ნაყინის ჭამაში ნაცრისფერი, თეთრყურებიანი კურდღელი ხელს მიშლის. საშინლად ცხელა. სათამაშო რომ არ დამივარდეს, გულზე ვიკრავ და ვარდისფერი ღრუბლის პირით ჩაკბეჩას ვცდილობ. ტუჩები სულ ტკბილი მაქვს. მათე გვერდულად მიყურებს და იცინის. - ვიყიდო სველი სალფეტკი? - მთავაზობს. - ჯერ დავამთავრებ. ბამბის ნაყინის ჭამის მთელი ხიბლი იმაშია, რომ გატკბილიანებს ფიზიკურად და გაკტბობს სულიერად. - მთელი ფილოსოფიაა. გამოდის, ნეტარებას ვაკლდები. - ორი თითით ნაყინის ნაგლეჯს პირში იდებს და შემდეგ თითებს ილოკავს. მაშინვე ვიწევი მისკენ და ტკბილიანი ტუჩებით ლოყაზე სწრაფ-სწრაფად ვკოცნი. - ფუ, ფუუ, მირაა, გამატკბილიანე! - კოპებშეკრული მიყურებს და დასვრილ ლოყას უშნოდ მანჭავს. მის მიმიკებზე სიცილი მიტყდება, მაგრამ მალევე, მათეს ბამბის ნაყინი ჩემს თმას სტუმრობს და სასტუმროში გვიწევს წასვლა. *** ღამე აივანზე, რბილ სავარძელში ფეხმორთხმით ვზივარ და ცოტა ხნის წინ მათეს მორთმეულ კოქტეილს ვწრუპავ. ბიჭი ჩემ წინ ზის და მობილურზე თანამშრომელს მშვიდად უხსნის რაღაცას. ჩვენამდე პარკში ჩართული მუსიკის გუგუნი და ტურისტებით სავსე ქუჩის ხმა აღწევს. ველოდი, რომ ეს ქაოსი გამაღიზიანებდა, მაგრამ არა. როცა მშვიდად ხარ და არაფერზე დარდობ, ხმაური მსუბუქდება და უკანა პლანზე იწევს. ცოტა სიტკბო, ცოტა ალკოჰოლი და მათეს ტკბილი ხმის ტემბრი საუკეთესო კომბინაციაა ჩემი განწყობისთვის. - ესე იგი, რამდენი დაგრჩა? - მეკითხება, როცა მობილურზე საუბარს ასრულებს. სიგარეტის კოლოფიდან ერთ ღერს იღებს და ჩემ პასუხს ეშმაკური გამომეტყველებით ელოდება. - აგვისტოს ბოლომდე. - კალესთან ერთად მოწეული ორი ღერი მახსენდება და უხერხულად ვიშმუშნები. - ხვდები რამდენი შეძელი? ლამისაა დარჩენილი ორი თვე გაპატიო. - ისევ დამცინის, სიგარეტს უკიდებს და თითქოს მოწყალედ, კვამლს ჩემგან შორს უშვებს. - ჯობია დატკბე ამ ორი თვით. სადაცაა შენსა და ნიკოტინს შორის ჩავდგები. - დანაშაულის გრძნობას არ ვიმჩნევ და თავს ამაყად ვწევ. - დავიჯერო? - ეჭვით ჭუტავს ცალ თვალს მათე. - დავიჯერო, რომ ერთხელ მაინც არ დანებდი? - ხავსს ნუ ეჭიდები, შენი ბედი გადაწყვეტილია. შეგუებული მათე ჩემკენ იწევა და კოქტეილის გაწვდილ ჭიქას თავისას უჭახუნებს. სანამ სიგარეტს ჩაამთავრებდეს, ჩუმად ვართ. ამასობაში ალკოჰოლიც მთავრდება. მათე მეორე ღერს უკიდებს. - იმაზე ბევრს ეწევი, ვიდრე აქამდე. - უკმაყოფილოდ აღვნიშნავ. მათე კი ისე მიცვლის თემას, თითქოს არაფერი მეთქვას. - იმ ფოტოგრაფზე რას ფიქრობ? - სავარძელზე ოდნავ ქვემოთ ცურდება ის და ფეხებს რბილ ტაბურეტზე ჯვარედინად აწყობს. - კალეზე ამბობ? მეჩვენება თუ მათე ოხრავს? - ხო, კალეზე. - რას უნდა ვფიქრობდე, ჩვენი თანამშრომელია. - მხრებს ვიჩეჩავ. - ეგ ვიცი. შენთან როგორი ურთიერთობა აქვს? - მათე. - მეცინება. მაგრამ შემდეგ მახსენდება, როგორ გამომიტყდა წლების წინ სიყვარულში და ისევ დამალვა, ისევ სადმე შეძრომა და გაქრობა მინდება. ნეტავ თუ გადაუარა? სულ ოდნავ მაინც? ამაზე სულ ერთხელ ვილაპარაკეთ და მას შემდეგ სიტყვაც არ დაგვცდენია. - არ ვიცი მათე, თანამშრომლები ვართ და შესაბამისი ურთიერთობა გვაქვს. ხომ იცი, თენგოს მეგობარია. - ხო, ეგ ვიცი. - ჩაფიქრებული აქნევს თავს, შემდეგ მიყურებს. - მოგწონს? სუნთქვა მეკვრის. - ამ საღამოს გაფუჭება არ მინდა, მათე. - მასზე საუბარი თუ ამას შეძლებს, ესე იგი მოგწონს. - არა. და მოდი, ნუ ვილაპარაკებთ მასზე. - ჩემთან ბიჭებზე საუბარს არასდროს გაურბოდი. - მშვიდად ეწევა სიგარეტს. - ამას არც ახლა ვაკეთებ. მათე იცინის. მე დავმარცხდი. და საშინლად ვგრძნობ თავს. - ცდილობდი, მაგრამ ვერ დაიმალე. - ამბობს ის. - ვერ ვხვდები... - ბანკეტის დღეს ვგულისხმობ. ხომ იცი, სადაც არ უნდა შეძვრე, მაინც გიპოვი. - თვალს მიკრავს. თვალებს ვატრიალებ. მუხლებზე არ ვეცემი. - ის უბრალოდ სიმპათიური და მიმზიდველია. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენ ჯგუფელ გოგოს მოეწონა. - თუმცა ახლა ის შენთან ერთად მუშაობს. - ღმერთო! - დიახ, გისმენ... - მორჩი. არ ვიცი, რა გინდა, რომ მათქმევინო. მათე სიგარეტს საფერფლეში აგდებს, ჩემ წინ მაგიდაზე ჯდება და თითებს მიჭერს. - დაივიწყე რაზეც ფიქრობ და რაც ხელს გიშლის. ერთმანეთისთვის ხელბორკილები არ უნდა ვიყოთ, მირა. არ მინდა, რომ უაზრო დანაშაულის გრძნობა ცხოვრებაში ხელს გიშლიდეს. ადრე რაც იყო - იყო. ჩვენ მეგობრები ვართ და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. თუ ის მართლა მოგწონს, მე ნუ დამიმალავ. ოოხ, მირაა... - მათე ჩემს აწყლიანებულ თვალებს ამჩნევს. - არ იტირო რაა. - თითებს ლოყაზე მისვამს და მიღიმის. შემდეგ ჩემ გვერდით ჯდება და გულზე მიკრავს. ვეხუტები. საკუთარი ეგოისტობა ყელში მიჭერს. - უბრალოდ ერთს გთხოვ. კარგი? - თავს ვუქნევ. - კარგად გაიცანი. - ისევ თავს ვუქნევ და ტირილის შესაჩერებლად რამდენიმე წამით სუნთქვას ვიკავებ. - არ მოგწონს, არა? - ვეკითხები ჩუმად. - არაა, არის მასში რაღაც... - მსახიობური გამოთქმით იწყებს. იდაყვს მუცელში ვკრავ. - მაინც ვერ ვხვდები, რატომ ხარ დღემდე ჩემი მეგობარი, თან ასეთი იდეალური. - ხომ იცი, რომ თავიდან ვერ მომიშორებ. - ვამბობდი, საღამოს გააფუჭებ-მეთქი. - წავალ, ბამბის ნაყინს გიყიდი. - მათე ხელს ქვემოთ აცურებს და წელზე ერთი თითით მიღუტუნებს. ჩემი კივილი ალბათ მთელ სასტუმროს ესმის. 4 თავი *** 2016 წელი, 6 ივლისი შუადღე მთელ დღეს სამსახურის საქმეში თავჩარგული ვატარებ და ფიქრისთვის დრო არ მრჩება. სარას და გეგას მივუთითე, ეზოს დასუფთავებისას რომელ ნაწილს არ უნდა მიჰკარებოდნენ. გარემო ზედმეტად ლამაზად გვიწყობს ხელს. ბუნებრიობა ყოველთვის გამორჩეულად მშვენიერია. სკამების რამდენიმე დიზაინი გადავუგზავნე და თეთრჩუქურთმიანი, კრემისფერტყავგადაკრული სკამები აირჩიეს, რომლებსაც საზურგეებზე ამავე ფერის ბაფთებს შევაბამთ. მატერიები უკვე შევუკვეთე. ყვავილებს ჯერ ისევ ათანხმებენ. დეკორაციების ნაწილიც ჩანიშნული მაქვს. ახლა სამსახურის კაფეში ვზივარ და ცივი ყავის მოლოდინში, ბორჯომში გადაღებულ სურათებს ვათვალიერებ. ხანდახან ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვი, როცა მათეს სიყვარულის ახსნის შემდეგ მეგობრობაზე დავთანხმდი. მაშინ მითხრა, რომ მისი გრძნობა არ შემაწუხებდა. ერჩივნა ჩემთან ემეგობრა, ვიდრე დავეკარგე. მაშინვე ვხვდებოდი, რამხელა რისკზე მივდიოდი, მაგრამ სხვაგვარად არც შემეძლო. მასთან მეგობრობით თავს ისე მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი, რომ ვიცოდი, უმისობა არარაობად მაქცევდა. ეგოისტობამ ყველაფერ დანარჩენს უკან დაახევინა და მე და მათემ ისე გავაგრძელეთ, როგორც მანამდე იყო. აქამდე სულ ორი ბიჭი იყო, რომელიც მომწონდა და მათესთან მათზე იმაზე მეტს ვსაუბრობდი, ვიდრე ნატასთან და თეონასთან. ისიც ყოველთვის ადეკვატურად იღებდა მათ. მაგრამ რა მოხდა იქ, ბორჯომში არ ვიცი. არ ვიცი, რატომ გამიჭირდა მათესთან იმის აღიარება, რომ კალე მომწონს. ვგრძნობ, რომ სინდისის ქენჯნა მიმძაფრდება და ვერ ვხვდები, ეს რის გამოა. ხომ არაფერი შეცვლილა, მისგან ხომ არაფერი მიგრძნია, მე ხომ ისევ მისი მეგობარი ვარ... ის-ისაა მიმტანს შეკვეთა მოაქვს, რომ მაგიდის მეორე მხარეს კალე ჯდება. - გეძებდი. - ამბობს ის. - მიპოვე. - მხრებს ვიჩეჩავ. - მაგრად ცხელა. - მაისურით გულს იგრილებს. შემდეგ ჩემს ჭიქას თავისკენ აცურებს და ერთი მოსმით ყავა ნახევრამდე დაჰყავს. გაოგნებული ვუყურებ. ტუჩებს ილოკავს და ღმერთო, ისე იღიმის, რომ ყოველგვარი ბრაზი მივლის. ფანჯრიდან შემოსული დღის შუქი მის ქარვისფერ თვალებს მომნუსხველად ასხივოსნებს. - მეგონა წინააღმდეგი არ იქნებოდი. - ისევ ჩემკენ აბრუნებს ჭიქას. - გისმენ, რატომ მეძებდი. - მობილურს მაგიდაზე ვდებ და ხელებს გულზე ვიკრეფ. მოხიბლული რომ ვარ არაფრით ვიმჩნევ. - თაღი ააწყეს. - გასაგებია. და როდის შემდეგ ერევა ფოტოგრაფი საქორწილო დიზაინის საქმეში? - ელენემ შენი დახმარება მთხოვა. - მაგიდაზე ჯერ კიდევ გაუხსნელ სიგარეტის კოლოფს ატრიალებს. - დარწმუნებული ვარ, ამ ფაქტით დიდად აღფრთოვანებული არ ხარ. ასე, რომ შეგიძლია დაივიწყო. - ყავის ფინჯანს ვუყურებ. მწყურია. - რატომაც არა? - კოლოფს ნელა აცლის ცელოფანს და ხსნის. - რა გაარკვიე, დააყენეს კლდის პირას მოაჯირები? - დააყენეს. - როდის ვნახოთ? - კოლოფიდან ღერებს იღებს და მაგიდაზე აწყობს. ვერ ვხვდები რას აკეთებს. - ხომ გითხარი, რომ იქ აღარ წამოხვიდოდი. - ელენემ მთხოვა... - იმიზეზებ. - ვაწყვეტინებ, ჭიქას ვიღებ და ყავას ვსვამ. კალეს ეღიმება. სიგარეტის კოლოფს პრიალა ფოლგას აცლის და ღერებს უკან აბრუნებს. - მართალია, სინამდვილეში შენთან ერთად ხეტიალი მინდა, მშიშარა. - სიგარეტს მიწვდის. თავს უარის ნიშნად ვაქნევ და მის ნათქვამზე ღიმილს ვერ ვიკავებ. - რა ბანალური ხარ. - ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში ბანალური სურვილები ამოძრავებთ, მაგრამ მთავარი სურვილებია და არა მათი ბანალურობა. - მაგრამ ადამიანებზე წარმოდგენას ხშირად მათი სურვილებიდან გამომდინარეც ვიქმნით. - ეგ მართალია. - ვერცხლისფერ ფოლგას თითებში ატრიალებს. - როგორი წარმოდგენა გაქვს ჩემზე? - უამრავი კითხვის ნიშანი. - არ ვმალავ. რა აზრი აქვს. - მშვენიერია! - კმაყოფილი და გაკვირვებული მავლებს თვალს რამდენიმე წამით და ისევ ქაღალდზე გადააქვს ყურადღება. მისი საქციელი ჩვევას უფრო ჰგავს, ვიდრე გამიზნულ ქმედებას. - კარგია, რომ პირდაპირი ხარ და კითხვის ნიშნები ხომ საერთოდ შესანიშნავია. ინტერესზე მეტყველებს. - ინტერესი ქრება, როცა შეკითხვებზე დიდხანს არ გაქვს პასუხები. - ამის მიზეზს არ მოგცემ. - ეღიმება კალეს და სკამზე სწორდება. ფოლგას კუთხეებს უკეცავს. - მე გულახდილი ვიქნები, ეტაპობრივად. - ასე მგონია, რაღაც გეგმას მისდევ. - დღესდღეობით ერთადერთი გეგმა მაქვს და ეს შენ ხარ. - კალე მაგიდას იდაყვებით ეყრდნობა და ვერცხლისფერ, მინიატურული ფოლგის ტიტას მაგიდაზე დებს. შემდეგ მზერა ჩემზე გადმოაქვს და რამდენიმე წამით თვალს არ მაშორებს. მისი გულახდილობა სიამოვნებასთან ერთად ფორიაქსაც იწვევს ჩემში. წინ მიდის ის ურთიერთობა, რაც მე მინდა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ქვეცნობიერად უკან დასახევი ერთი ნაბიჯის ადგილს ვიტოვებ. ამაზე ფიქრს ვერ ვასწრებ. კალე უცბად ფოტოაპარატს სწვდება და სურათს მიღებს. მეცინება. - რაც არ უნდა იყოს, წაშალე. - ჩემს ფოტოაპარატზე არანაირი გავლენა არ გაქვს. ხელებს მაგიდაზე ვაწყობ და ვერცხლისფერი ტიტისგან მზერა კალეზე გადამაქვს. - მის პატრონზე რას იტყვი? - ვეკითხები და ჩემი სითამამე ცოტა არ იყოს მაკვირვებს. - ხათრიანი არ ვარ, მირანდა. - ჩემს სახელს ღიმილით ამბობს. - შენი სახით გამონაკლისის დაშვება სასიამოვნო იქნებოდა... მაგრამ ამ სიამოვნებაზე უარს ვამბობ. იმ ფოტოს წაშლა, რომელიც მოგწონს, იგივეა, მოკლა ადამიანი, რომელიც გიყვარს. - რას, ამბობ. ეს ხომ უბრალოდ ფოტოა. - ადამიანიც უბრალოდ ადამიანია. - მხრებს იჩეჩავს ის. - ამაზე ჩემთან კამათით ვერ გაერთობი. აბა? როდის მივდივართ წყვილთან? ისევ ის შეგრძნება მეუფლება. მგონია, რომ ათასი შეკითხვა მაქვს მასთან, მაგრამ აშკარად არც ერთი იკვეთება. რაც უფრო მიმძაფრდება ეს გრძნობა, მით უფრო სასურველი ხდება ჩემთვის ფოტოგრაფი. ვიცი, რომ ეს არანორმალურია და, რომ მათე მართალია, მაგრამ რაღაც არ მასვენებს და ჩემი ეს მდგომარეობა მომწონს. თუ რას მომიტანს ეს. ამაზე ფიქრი არ მინდა. მოგონება *** 2010 წელი, 30 ივლისი მესამე დღე, დილა წუხანდელი ღიმილიანი ღამის შემდეგ, თითქმის მთელი დილა მძინავს. ჯერ კიდევ თერთმეტ საათზე ძალდატანებით ვახელ თვალებს და ვიფშვნეტ. მახსენდება ჩემი და დაჩის მიმოწერა და სიამოვნების ეკალს მთელს სხეულზე მაყრის. მანამ ვისაუბრეთ, სანამ ორივეს არ ამოგვეწურა ანგარიში. დაახლოებით ხუთი საათი იყო ძილი ნებისა რომ მისურვა, მაგრამ ფიქრმა კიდევ დიდხანს არ დამაძინა. არ ვიცი, რას მომიტანს დარჩენილი ხუთი დღე, მაგრამ ერთ რამეს დანამდვილებით ვგრძნობ - არ მინდა, ეს ტკბილი ჟრუანტელი შეწყდეს. ფიქრებიდან ოთახში ლელას ხმაურიან შემოსვლას გამოვყავარ. გოგო ერთიანად სველია. - შენ ისევ საწოლში ხარ? - გაოგნებული ისვამს ხელებს სველ თმაზე და შხეფებით მწუწავს. - ადექი, ადექი. პრინცზე ფიქრს მერეც მოასწრებ. მირა, რომ იცოდე, რა სასწაული წყალია, დახრჩობაზეც არ იტყოდი უარს. - ვერ ხარ შენ! - სიცილი მიტყდება. ვდგები და გახუხულ პურზე კარამელს ვისხამ. - ვკვდები, ისე მშია, შევჭამ და გამოვალ. *** პირველი, რასაც კოტეჯიდან გამოსვლისას ვაკეთებ, აღმართის და დაჩის სახლის შეთვალიერებაა. აივანზე მხოლოდ გოგოებს ვხედავ, ისინიც მხედავენ და ხელს მიქნევენ. მეც ვესალმები და თმის აკოსვით წყალსაცავიდან წამოსული ხმაურისკენ მივდივარ. - ვაა, მირიან! - წყლიდან ყვირის თენგო. - კიდევ კარგი გამოჩნდი, თორემ უკვე ვფიქრობდი, რომ წუხელ რამემ გაწყინა. - იდიოტი! - ვბუტბუტებ ჩემთვის და მეცინება. - გავიგე, წყალი ისეთი კარგია, თენგო შიგ ჩახრჩობას აპირებსო. - მხოლოდ თქვენს შემდეგ ახალგაზრდებო, მხოლოდ თქვენს შემდეგ! - ყვირის ის და ყვინთავს. წყალზე აშენებულ ხის სადგომზე გავდივარ და თეონას და ნატას შორის ვჯდები. ფეხებს წყალში ვყოფ. მართლაც სასიამოვნოა. მზე შემაწუხებლად აცხუნებს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. გოგოები წუხანდელი ღამის შესახებ ათას შეკითხვას მისვამენ. ყველაფრის გახსენებისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ დილა საოცნებოდ დამათენდა. ის-ისაა მათგან თავის დაღწევას და წყალში ჩასვლას ვაპირებ, რომ ტელეფონის რეკვის ხმა მესმის. მათეს მობილური მისსავე მაისურზე უპატრონოდ გდია. - მათე, გირეკავენ! - ვეძახი. ბიჭი ნაპირისკენ მოცურავს, სადგომს ხელისგულებით ეყრდნობა, წყლიდან ხტება და ნატას გვერდით ჯდება. - სალამი. - თვალს მიკრავს ის და თავის მობილურს იღებს. დაღლილი სუნთქვისგან საუბარი უჭირს. მოგრძო თმა კისერსა და შუბლზე ხვეულებად მიკრობია. ვგიჟდები მის გიშერივით შავ თმაზე! ვუყურებ და მეღიმება. ისეთი მიმზიდველია, მეგობრად რომ არ ვთვლიდე, პირველს ალბათ მე შემიყვარდებოდა. ჰმ! ეგ კი არა, და... გუშინ ნეტავ რა მოხდა? სანამ არ ვათქმევინებ, ვიცი, ამაზე ფიქრი არ მომასვენებს. სიგარეტის მოწევა დაიწყო და ამას აქვს ისეთი მიზეზი, რომლის თქმასაც ჯერ აჭიანურებდა, შემდეგ კი საერთოდ მნიშვნელობა დაუკარგა. ოხ, მათე! ბიჭი მობილურზე საუბარს ასრულებს, ტელეფონს ისევ თავის მაისურზე დებს და ჩვენკენ ბრუნდება. - აბა, რას შვრებით? წყალში რატო არ ჩამოდიხართ? - გვიყურებს სამივეს გვერდიდან. მწვანე თვალები წყლის ფონზე ფირუზებივით უკრიალებს. - ახლა ვაპირებდი. - ვეუბნები. - რუჯს ვიღებ და ნუ მწუწავ. - ბუზღუნებს ნატა და მათეს თმიდან ჩამოღვენთილ წყლის წვეთებს მუხლიდან იწმენდს. - ოჰ, ჩვენ ბოდიშით! - წარბებს ზემოთ სწევს ბიჭი, სანამ წყალში ჩახტებოდეს, ნატას მაჯაზე ეჭიდება და თან იყოლებს. - ბავშვო! იდიოტო! - გაცეცხლებული ყვირის ამოყვინთვის შემდეგ გოგო და ახარხარებულ, უკვე შორს მყოფ მათეს მუშტებს უღერებს. წვალებით ამოდის სადგომზე და ნელ-ნელა ცხრება. მათეზე მიშტერებული თვალები ბრაზისგან უსუფთავდება და თანდათან ღიმილი ეპარება. რაღაც უცნაური ღიმილი. შემდეგ ჩემ მზერას აწყდება და საერთოდ არ ცდილობს რამის შენიღბვას. - რა? - ყოყმანით ვეკითხები. - არ ვიცი. - მხრებს იჩეჩავს და თვალებში ეშმაკები დაურბის. - მგონი ჩვენს მეგობარს მეგობრულად ვეღარ ვუყურებ. გაოგნებულს ნერწყვი მცდება და ვახველებ. თეონა ამბობს, მგონი მზემ იმოქმედა და რაღაც ხმები ჩამესმისო და წყალში ხტება გასაგრილებლად. *** ნატას ნათქვამი მთელი დღე მიტრიალებს გონებაში. მას მათე მოსწონს. მათე მოსწონს ნატას. თუმცა შეუძლებელი რატომაა?.. მათე საკმაოდ მომხიბვლელია გარეგნულადაც და ხასიათებითაც. ქარიზმაც აქვს და თავმდაბლობაც. უბრალოდ, მისი და ქარიშხალივით ხმაურიანი ნატას წყვილი ვერაფრით წარმომიდგენია. საინტერესოა, რამდენ ხანს გასტანს ეს ინფორმაცია საიდუმლოდ და საინტერესოა მათეს რეაქცია. საიდუმლოზე წუხანდელი გათენებული ღამე მახსენდება და აივანზე მჯდომი, დაჩის მოწერილ მესიჯებს ვავლებ თვალს. არც ისეთი სულელი მეგობრები მყავს. რახან ნატასთვის არ დარჩა შეუმჩნეველი ჩემი საზაფხულო გატაცება, ალბათ სხვებმაც დაინახეს ეს. გოგოებმა და თენგომ უკვე იციან. ბექა, ოთო და მათე სავარაუდოდ არაფერს იმჩნევენ. ის-ისაა მოაჯირიდან ბალახში ვხტები, რომ მობილური მირეკავს. დაჩია. - გისმენ. - ვპასუხობ და კოტეჯის კიბეს ვეყრდნობი. - მარტო რატომ ხარ? - მესმის მისი ღიმილიანი ტემბრი. მეზობელ სახლს ვავლებ თვალს და აივანზე ვხედავ. ხელს მსუბუქად მიქნევს, მეც ვპასუხობ. - ასე გამოვიდა. - ხომ არაფერს გეგმავთ? - გააჩნია, შენ რის შემოთავაზებას აპირებ. - ცივი ყავა და ჯოკერი. - დასაწყისისთვის კარგია. დაჩი რამდენიმე წამით ჩუმადაა. მხოლოდ მისი სუნთქვა მესმის. ინტერესით ველოდები. ცოტა ხანში კი ამბობს: - მზის ამოსვლა ნანახი გაქვს? - ნანახი მაქვს. - ანანურშიც? *** 2010 წელი, 30 ივლისი მესამე დღე, საღამო ჯოკერს მე, ბაია, დაჩი და თენგო ვთამაშობთ. ბოლო ორი ადგილის მფლობელს, კოტეჯების მამასახლისის - ძია შოთას მარანში შესვლა და ღვინის მოპარვა მოუწევს. გოგოები თავიდან უარზე ვართ, მაგრამ ბიჭებს მაინც თავიანთი გააქვთ. კარგი მოთამაშე არ ვარ, ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ ერთ-ერთი „ქურდთაგანი“ მე ვიქნები. მთელი თამაშის მანძილზე ვგრძნობ, რომ რაღაც ისე არაა. ბაიას, რომელიც სულ წუწუნებს წავაგებო, რატომღაც ხშირად უმართლებს. დაჩი კი რამდენჯერმე „იხიშტება“. თენგო - ჯოკრის პროფესიონალი, მოთამაშე ბიჭს დაცინვით იკლებს, რა კარტს აფუჭებ, თამაშის აზრზე არ ხარო. თანდათან ვხვდები დაჩის ღიმილის მიზეზს მის ყოველ წარუმატებლობაზე და უკვე საღამოს ცხრის ნახევარი ხდება, როცა მე და ის კოტეჯების კიბეზე ვსხედვართ და ვგეგმავთ, როგორ შევიპაროთ მარანში. - შოთა ძიას ყოველ მეორე წინადადებაში თავისი „თავკვერით“ მოაქვს თავი. - ამბობს დაჩი. - ცოტა მერიდება. - თითებს ერთმანეთში ვხლართავ და სახლის მეორე კუთხეში მოფუსფუსე მამასახლისს ვავლებ თვალს. - რომ დაგვიჭიროს? - მთელი აზარტიც ამაშია. - თვალს მიკრავს დაჩი. - ცოტაც ვაცადოთ, სადაცაა ძროხების შერეკვას დაიწყებს. რამდენიმე წამით სიჩუმე ისადგურებს. არ მინდა შემატყოს, რომ ვღელავ, მაგრამ არ გამომდის. ერთხანს ჩემს თითებს უყურებს, მოულოდნელად კი მაჯებზე მეხება და ჩემს მუჭებს თავის თბილ თითებში იქცევს. - გაყინული ხარ. - მის ღიმილს გაოცება ეპარება. ჩვენს ხელებს ვუყურებ და აჩქარებული გულისცემა ყურთასმენას მიხშობს. ტანზე ეკალი მაყრის. ჩამავალი მზის შუქი მის ცისთვალებს მუქ ლურჯ ელფერს სძენს. - კარგი, მოდი მითხარი, რისი გეშინია იმაზე მეტად, ვიდრე შოთას ღვინის მოპარვაა? მეცინება და ერთხანს ვფიქრობ. - იმედგაცრუების მეშინია. - ვამბობ და ვხედავ, როგორი ფიქრიანი უხდება გამომეტყველება დაჩის. რატომღაც გრძნობა მიჩნდება იმის, რომ ამ წამმა რაღაც უნდა შეცვალოს. - და კიდევ სიჩქარის. - ბიჭს მაშინვე ეხსნება ბაგეები და მომნუსხველად იცინის. - შენ? - მეე? მე... მმ... არ დამცინო, ოღონდ. მე სიმაღლის მეშინია. წარბები შუბლზე ამდის. არ ჰგავს იმ ადამიანს, სიმაღლის რომ ეშინია. - ხოდა იცოდე, თუ შოთამ ღვინის ქურდობისთვის ხიდზე აგვიყვანა, პირველი შენ ხტები. - ორივეს სიცილი გვიტყდება და ამასობაში, ჩემი გაყინული ხელებიც თბება. დაჩი მიშვებს და იმ წამს მის მობილურზე მოსულ შეტყობინებას მოკლედ პასუხობს. ცოტა ხანში კი ვხედავთ, როგორ ხურავს საწყობის კარს ჩვენი მამასახლისი და ეზოდან გადის. წავედითო, მეუბნება დაჩი და შოთას კოტეჯისკენ მივაბიჯებთ. ბავშვები მეორე სართულის აივნიდან გვამხნევებენ და ჩურჩულთან ერთად მოგუდული სიცილის ხმებიც ჩამოგვდის. ეზოში არავინაა. მხოლოდ ტბიდან მოდის ყიჟინი. მამასახლისის კოტეჯი ჩაბნელებულია. მარანი სავარაუდოდ პირველ სართულზე უნდა იყოს. კოტეჯს გარს ვუვლით და ერთადერთ კარს ვაწყდებით, რომელიც დაკეტილია. სამაგიეროდ პირველი სართულის ფანჯარაა ღია, რომლიდანაც ჯერ დაჩი გადადის სახლში, შემდეგ კი მე მეხმარება. სამზარეულოში ვართ, სადაც რძის და პიტნის სუნი ტრიალებს. დაჩი ცხვირზე ისვამს თითებს და სახე ემანჭება. ალბათ რძე არ უყვარს-თქო ვფიქრობ. მისაღები ოთახის გავლით შუშაბანდში გამოვდივართ და კიბეს ვხედავთ, რომელიც დაბლა ჩადის. დაჩი გამარჯვებულის ღიმილით მავლებს თვალს და წინ მიდის. მარნის კარი ღიაა. შესვლისას ვხურავთ და შუქს ვანთებთ. იქაურობას ვათვალიერებთ. ღვინის გარდა იქ უამრავი კომპოტის, კონსერვის და მწნილის ქილებია. მიწაში ორ ქვევრსაც ვხედავთ. აქ ძალიან ცივა. - სწრაფად, და წავიდეთ. - ვჩურჩულებ, მიუხედავად იმისა, რომ მარტონი ვართ. - ღვინის ქურდები. - ხითხითებს დაჩი, დახლებს ათვალიერებს და თაროდან ერთ ბოთლს იღებს. - აი, ისიც. - ხელში ათამაშებს გაუმჭვირვალე მინას. - ეგ ეყოფა ამდენ მსურველს? - ვინ თქვა, რომ მათთვის მიმაქვს? - ამბობს ის და ის-ისაა კარისკენ ვბრუნდებით, რომ ნაბიჯების ხმა გვესმის. დაჩი მაშინვე ტუჩებზე იკრობს თითს და შუქს აქრობს. მაჯაზე ხელს მავლებს, ჩემ უკან დგება და კარს აყურადებს. მისი სიახლოვით აფორიაქებული, მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ და ჟრუანტელს ვერ ვაკავებ. - როგორც ჩანს, რაღაც დარჩა. - ჩურჩულებს ბიჭი და ცხელი ჰაერი, რომელიც მისი ბაგეებიდან მხარზე მეცემა სუნთქვას მიკრავს. მოულოდნელად მისგან სლოკინის მსგავსი ხმა მესმის. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. როგორც ჩანს აცემინებს და ხმა რომ არ გავიდეს, თავის შეკავებას ცდილობს. - რა გჭირს? - ვჩურჩულებ. - ალერგია. - მოგუდული ხმა აქვს. - რაზე? - ღიმილი მეპარება. - პიტნაზე. - ამბობს ის და იქვე დაკიდებულ პიტნის გამხმარ შეკვრას თითით გვერდით სწევს. სიცილს ვერ ვიკავებ და ბიჭისგან უკმაყოფილო ოხვრა მესმის. რამდენიმე წამში ნაბიჯების ხმა ისევ გვესმის და კარიც იხურება. - წავიდეთ, მალე. - ამბობს დაჩი. მარნიდან ამოვდივართ, სამზარეულოში ვბრუნდებით და ფანჯრიდან ვძვრებით. დაჩი შვებისგან ხარბად ისუნთქავს ჰაერს. - გამოგვივიდა! - ხელისგულებს ერთმანეთს ვაწებებ და ვიცინი. კმაყოფილი ბიჭიც თავს მიქნევს და ის-ისაა რაღაცის თქმას აპირებს, რომ ყვირილი გვესმის: - ვინ არის მანდ! რას აკეთებთ?! ხმის მიმართულებით ვიხედებით და უკვე ჩამობნელებულ ეზოში ვხედავთ, როგორ მორბის შოთა ჩვენკენ. - გავიქცეთ! - ამბობს დაჩი, ხელს მკიდებს და სანაპიროსკენ მიმაქანებს. *** 2016 წელი, 10 ივლისი ღამე სადაცაა ოთოს სახლს ხმაური შთანთქავს და ჩაგვიყოლებს თავისი საცეცებით. საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ალკოჰოლია: ლუდის ქილა, ვისკის ბოთლი, არყის ჭიქა. ცისფრად განათებულ აუზში მთვრალი „ქალთევზები“ უნებისყოფო „მეკობრეებით“ ერთობიან. კისკისის ხმები მოგუდული მუსიკის ფონზე ფსიქოზურად ჟღერს. არ მავიწყდება, რომ თავად ავირჩიე ეს წრე და საკუთარი თავისთვის ამტანობის სადღეგრძელოს მეხუთე ჭიქა ტეკილად ვსვამ. მეოთხესა და მეხუთეს შორის საკმაოდ დიდი ინტერვალი გამომივიდა, ამიტომ ნახევრად გამოფხიზლებულს სითხე ახალი ძალით მიტევს. შავ მაგიდაზე ნამწვით სავსე, კვამლადენილ საფერფლეს ვუშტერებ თვალს და თავს ვიკატუნებ, თითქოს ინტერესით ვისმენ ოთოს ნიუ-იორკულ ამბებს. ვხედავ, როგორ ეწვეთება სისხლის წვეთი მაგიდის ზედაპირზე; საიდანღაც ნატას კისკისი ჩამესმის და სარკეში არეკლილი მისი მოელვარე თვალები კრთის ჩემ თვალწინ. საკუთარ სისხლიან ხელებს ვხედავ, სუნსაც ვგრძნობ და ყელში რაღაც მაწვება. ფოტოაპარატის ელვა თვალებს მჭრის, ფეხი მიბრუნდება და ნატას სხეულს ვეცემი. - მირა, - სკამზე ჩამოდებულ ხელის ზურგზე მკვეთრ შეხებას ვგრძნობ და ვხტები. რეალობას დაბრუნებული მათეს შუბლშეკრულ მზერას ვაწყდები. - ბოდიში, ჩავფიქრდი და... - ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ვცდილობ, მის გამომეტყველებას თავი ავარიდო. - ნუღარ დალევ, გავნებს. - ამჯერად უფრო რბილად მადებს თითებს ხელზე და პასუხის მოლოდინით შემომყურებს. ვნებით უკვე მავნო და მათემ ეს იცის. თავს თანხმობის ნიშნად ვუქნევ და ყურადღება მაგიდასთან შემოკრებილ მეგობრებზე გადამაქვს. ნატა, ლელა და ბექა გვაკლია. უეცრად ისე მინდება ბექას ნახვა, თავს ვიკავებ, რომ არ ავდგე და საავადმყოფოში არ გავიქცე. მისი და ლელას მუხტი ჩვენს სამეგობროს ძალიან აკლია. - მირა მგონი გასულია. - ხითხითებს ოთო და კალთაში მჯდომ თავის შეყვარებულს პირიდან სიგარეტს აცლის. - ჯერ მაგის ბედნიერება არ მაქვს. - ვცდილობ მათ განწყობას ავყვე. - სულ ორი დღეა ჩამოვედი და უკვე თავი მოგაბეზრე, არა? კაი, მაგას ვიწერ და ბათუმში შეგახსენებ. - ბათუმში? - თვალს ვავლებ მაგიდასთან მსხდომთ. ყველა მხრებს იჩეჩავს. მხოლოდ კალე ზის მშვიდად და ხელში ვერცხლისფერ ფოლგას ატრიალებს. - ხოო, რა. ამ დღეებში წავალ, სახლს მოვხოდავ და ივლისის ბოლოს დავაწვეთ. - ოცდასამამდე არ შემიძლია, მე და კალეს ქორწილი გვაქვს. - ვამბობ და შემდეგ ვაანალიზებ, რა ვთქვი. ოთხი წყვილი თვალი გაოგნებული მომჩერებია. ჩემ მარჯვნივ მჯდომი მათე ნათქვამს არ იმჩნევს და ელოდება, როდის მიხვდებიან დანარჩენები. მარცხნივ მჯდომ კალეს კი ცალყბად ეღიმება და თავის საქმეს აგრძელებს. - რას ვერ მიხვდით. - თვალებს ვატრიალებ მობეზრებით, უფრო კი უხერხულობისგან გაცხარებული. ოთხივე ერთდროულად იწყებს ხმამაღლა სიცილს. - იდიოტები! - მირიან, ლოყებზე ვარდები გაგეფურჩქნა? - იცინის თენგო. - დიდი ხანია კლოუნის ცხვირი მოიხსენი? - მას შემდეგ, რაც ცხოვრების სერიოზულობას ჩავწვდი. მაგრამ შენი ლოყები მაინც ვარდისფერია. - აიღე, - მესმის მარცხნიდან კალეს ხმა და მის გამოწვდილ, თავახდილ სიგარეტს კოლოფს ვხედავ. - დამშვიდდები. - არ მინდა. - სკამზე ვსწორდები და ვცდილობ, მათესკენ არ გავიხედო. კალე არ მეშვება. - კარგად ვარ, არც დამშვიდება მჭირდება. - ხუთი თვეა მირა არ ეწევა. - მესმის მათეს ხმა და წამიერად თვალებს ვხუჭავ. შემდეგ მისკენ ვიხედები და ვუღიმი. - მართლა? - წარბებს ზემოთ სწევს კალე და კოლოფიდან ერთ ღერს კბილებით იღებს. - რატო? ა, ჰო, მავნებელია. - თავადვე სცემს შეკითხვას პასუხს. ჯამბაზი! მისკენ მიბრუნებული თვალებს ვუწვრილებ. - ასეთი შეთანხმება გვაქვს: თუ აგვისტოს ბოლომდე გაძლებს, სიგარეტის მოწევას თავს ვანებებ. - აგრძელებს მათე ახსნას და სინდისის ქენჯნას მიასმაგებს. - ასეც იქნება. - ვაკვეხებ სიტყვებს. - ეჭვიც არ მეპარება. - თავს აქნევს კალე და გვერდულად მიყურებს. - მოთმინება ძალიან ძვირფასი თვისებაა. - ტუჩებიდან კვამლს უშვებს და ნახევარს სახეზე მაფრქვევს უკანასკნელ სიტყვებს მათე ვერ ისმენს. მობილურზე ურეკავენ და აივნიდან ოთახში შედის. შვებით ვოხრავ და სკამის საზურგეს ვეყრდნობი. გული გამალებით მიცემს. მათე ოთახიდან მალე გამოდის, თენგოსთან ჯდება და საუბარს იწყებენ. მუსიკის და ეზოში მყოფი მთვრალი ახალგაზრდების ხმა საშინლად მღლის. ის-ისაა ადგომას ვაპირებ, რომ დაშვებულ ხელზე შეხებას ვგრძნობ. ფრთხილ და მწვავე შეხებას. რამდენიმე წამით ქვემოთ ვიხედები. კალე თითებს ჩემს ხელისგულზე ასრიალებს, თითებს შორის აცურებს და ოდნავ მაჭერს. თავს ძლივს ვიკავებ, რომ სიამოვნებისგან თვალები არ მივნაბო. როცა ვატყობ, რომ ამის ძალა აღარ მაქვს, ხელს მისი თითებისგან ვითავისუფლებ და აჩქარებულ გულზე წამიერად ვიკრობ. კალე მეორე ხელით სიგარეტს ეწევა და მოსაუბრე ოთოს თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. ჯობია წავიდე. ჯობია ახლავე ავდგე და წავიდე. მოულოდნელად წყლის მჩქეფარე ხმა ისმის და ყველა აუზში ჩამხტარი გოგოსკენ იხედება. კალე ამით სარგებლობს, ჩემკენ იხრება და ყურში მეჩურჩულება: - ვერ ვიჯერებ, ჩვენ უკვე საიდუმლო გვაქვს. - ხომ ხვდები, რომ ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება. - მე ამ საიდუმლოს მხოლოდ ის ნაწილი მხიბლავს, რომელიც ჩვენ გვეხება. - ასე ჯობია. - მეღიმება და თითებით ოდნავ ვაწვები მხარზე, რომ გაიწიოს. ის-ისაა კალე თავის ადგილს უბრუნდება, რომ თეონა მეძახის. ხელში ორი ჭიქა ტეკილა უკავია და გამომწვევი ღიმილით საცეკვაოდ მიხმობს. *** კიდევ ერთი ჭიქის შემდეგ ჩემი მოზღვავებული ენერგიისგან განსხვავებით, მუსიკის რიტმი ეცემა. ცეკვა მინდა, მაგრამ ასეთი მოდუნებული და სახიფათო არა. ენერგიისგან დაცლა მინდა. ვგრძნობ, რამხელა ადრენალინია ჩემში და მისგან გასათავისუფლებლად მოძრაობა მჭირდება. მოზრდილ აივანს ვავლებ თვალს. ყველა ერთმანეთს ეხუტება, ყველა ერთმანეთს ეკრობა. ზოგი ვნებით, ზოგი უბრალოდ მთვრალია და პარტნიორს ეკიდება, ზოგიც ცეკვას საუბრისთვის იყენებს. მე არ მინდა, არ მინდა ეს მდორე სიუჟეტები, ეს თითქმის დაპაუზებული მოძრაობები. გაუჩერებლად მოლაპარაკე თეონას ვშორდები. გეგმაში დიჯეისთან მისვლა და მუსიკის შეცვლა მაქვს. ის-ისაა პირველ სართულზე ჩასასვლელ კიბეს ვუახლოვდები, რომ ცალმხრივად დაბურული შუშის კარიდან გამოსულ კალეს ვხედავ. გზის გაგრძელებას ვაპირებ, ის კი, ხელს მიჭერს და მაჩერებს. - შენთან ცეკვა არ მინდა. - ვეუბნები, მაგრამ არ მივდივარ. - არც მე. - საკმაოდ ფხიზლად გამოიყურება, თუმცა, ვიცი, ორი ქილა ლუდი აქვს დალეული. ჩაკიდებული ხელი თავისკენ მიაქვს და თავადაც მიახლოვდება. მეორე ხელს ჩემს წელზე ასრიალებს და მოშიშვლებულ ზურგზე აჩერებს. ცეკვა არა, მაგრამ მთელი ჩემი ნასვამი, თუ ფხიზელი სხეულით, მის სიახლოვეს მინდა. მკლავებს მის მხრებზე ვაწყობ და თმის ძირებზე ვეთამაშები. ლოყას საფეთქელზე მაკრობს და მისი ცხელი ამონასუნთქი ჩემს თმაში იშლება. ვმსუბუქდები. ნიკაპს მხარზე ვაყრდნობ, თვალებს ვხუჭავ და მის გამყინავ სურნელში ჩაფლული, ინსტინქტურად ვყვები სხეულის მოძრაობას. თვალწინ ბანკეტის საღამო მიდგება. ჩემი მაშინდელი სურვილები ახლდებიან და ჭარბი ნდომა ვირუსივით ვრცელდება მუცლიდან ყველა მიმართულებით. ვფიქრობ, ეს კალემდეც აღწევს. ჯერ არდაწყებულ ცეკვას მოულოდნელად წყვეტს. კედლიდან ნეონის ლურჯი განათების მბჟუტავი შუქი გვეცემა. ქარვისფერი თვალები მაგიურად ჩამუქებია და სიცივე და სიცხე ერთდროულად ეღვრება მათგან. მზერას არ მარიდებს, არც ერთი წამით. რამდენიმე ნაბიჯს უკან დგამს და მეც თან მივყავარ. ოთახში შედის, ჩაბურულმინიან კარს ხურავს და შუშის კედელზე მაკრობს. გახურებულ მტევნებს თმაში მისრიალებს და გახსნილი ტუჩებით შუბლზე მეხება. ნელა აცურებს საფეთქელზე, ლოყაზე, ნიკაპზე და ყელზე უკვე ბაგეებთან ერთად მის ენასაც ვგრძნობ. ასე მგონია, ნახშირორჟანგით ოთახი მალე გასკდება. თვალებს ვხუჭავ, თითებს თმაში ვავლებ და თავს უკან ვაგდებ. კისერზე სიცხისგან გაჩენილი ოფლის წვეთები ხერხემალზე გორდებიან. ის-ისაა წელის საზღვარს კვეთენ, რომ კალეს თითები აკავებენ და ზემოთ დაბრუნებისას იწოვენ. მესმის, როგორ კისკისებს ალკოჰოლი კანქვეშ და სიამოვნების ღიმილი მიკრთება. ბიჭის გაშლილი ხელისგული ყელიდან ღრმად შეხსნილ დეკოლტეზე ჯერ ქვემოთ ცურდება, შემდეგ ისევ ზემოთ. თვალებს ვახელ და მის დაბინდულ მზერას ვაწყდები. ერთი ხელით შუშის კარს ეყრდნობა, მეორით ჩემი ყბა უკავია, ვნებამორეული თვალებით ზემოდან დამყურებს და ცერა თითს ტუჩის კუთხეზე ასრიალებს. ერთი წამი და მისი ბაგეები ტეკილასავით მათრობენ. საერთოდ ვერ მაფხიზლებს გაგიჟებული გულისცემა. ლტოლვისა და სიცხისგან მოშვებული, კალეს მკლავებში ვპოულობ ენერგიას. ბანკეტის საღამოს ის სურვილები, ზედმიწევნით ცხადად და მხურვალედ მისრულდებიან. ამაზე რეალური კმაყოფილება უბრალოდ წარმოუდგენელია. კაბის ქვეშ შემალული ხელები ნელ-ნელა ცხრებიან. თხელ მატერიას ზემოდან ექცევიან და ტუჩებთან ერთად მცილდებიან. მისი მხოლოდ სუნთქვა და სურნელი მეხება და არანაკლებ მახვევს თავბრუს. გავარვარებულ, მფეთქავ ბაგეებს სწრაფად ვილოკავ. თვალების გახელა არ მინდა. არ მინდა, პრიმიტიულმა გარემომ ქარვისფერი ლტოლვა ჩაანაცვლოს. ვგრძნობ, რომ ჩემკენ იხრება. მისი სუნთქვა ახლა ყურზე იფრქვევა და თმის ღერებს მიფრიალებს. - გამოფხიზლდი. - ამბობს ის. ბგერებს ღიმილი ამჩნევიათ. მინის კედელზე აკრული ვსწორდები. ის-ისაა თვალებს ვახელ, რომ მინის კარი იხურება. მხოლოდ ერთი წამით ვასწრებ კიბეზე ჩამავალი კალეს დანახვას. თავს კედელს ვადებ და ჩაბნელებულ ჭერს ვაშტერდები, გარედან შემოსული ლურჯი სინათლე ყავისფერ მინას ერწყმის და ოთახთან ერთად მაბრუებს. ის, რაც მოხდა, გარდაუვალი იყო, და ეს მხოლოდ დასაწყისია. სავარაუდო მომავალი კი ტუჩებზე ღიმილად მეფინება. მარტო დარჩენილს მხოლოდ ალკოჰოლიღა მერევა. ისევ ცხელა, მაგრამ ეს ის სიცხე აღარაა. ეს ზაფხულის ერთი გასული ცხელი დღე და მაღალი ტემპერატურაა. ოთახის მოგუდული ჰაერი სადაცაა დამახრჩობს. დალევა მინდა, გათიშვამდე დალევა. თავს ვიმაგრებ, თმას თითებით სახელდახელოდ ვივარცხნი, კაბას ვისწორებ და კარისკენ ვბრუნდები. შუშის მიღმა მოცეკვავე წყვილებს შორის მათეს ვხედავ. უცნობ, შავგვრემან, მიმზიდველ გოგოს ზურგს უკან უდგას და მუცელზე ეფერება. ცეკვასთან ერთად თითებს მის სხეულზე დაასრიალებს და მოშიშვლებულ ყელსა და მხარზე მსუბუქად კოცნის. ნასიამოვნებს, თავი ბიჭის მხარზე გადაუგდია და ყურში რაღაცას ეუბნება. მის ხელებს იჭერს, თეძოებზე იწყობს და გვერდებს ვნებით არხევს, თითქოს მუსიკა უკვე გამოიწვია და ახლა მათეს ჯერია. ბიჭი ჯერ ყურზე კოცნის, რაღაცას ეუბნება და ორივე მაცდურად იცინის. მათე მის ნიკაპს იჭერს, თავს თავისკენ აბრუნებინებს და ტუჩებზე ვნებით ეხება. გათამამებული შავგვრემანი ბიჭისკენ ბრუნდება, მკლავებს მხრებზე აწყობს და მთელი სხეულით ეტმასნება. ვცდილობ თვალი მოვაშორო, მაგრამ მოსიყვარულე წყვილი ჩემს მზერას იპყრობს. რამდენიმე წამით მათე მის ალერსს სწყდება და ასე მგონია, გოგოს მხარს მიღმა ჩემს სილუეტს აჩნევს. მისი თვალები ჩემკენ იმზირებიან. რა თქმა უნდა, ჩაბურული მინის შიგნით ის მე ვერ მხედავს, მაგრამ ერთი წამით მგონია, რომ ეს კედელი აქამდე არც არსებულა. მათე გულიანად იცინის, მაგიდიდან აღებულ ჭიქას სასმლისგან ცლის და გოგოსთან ცეკვას აგრძელებს. ვბრუნდები. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც ამას უნდა უყუროს და არ ვარ ის, ვისაც მათეს ფლირტი ეხება. *** 2016 წელი, 11 ივლისი დილა მობილურში მოსული შეტყობინება მაღვიძებს და მაშინვე ვხვდები, რა საშინელი დღე მელის წინ. ჩემი თავი ნაომარ, ჯერ კიდევ კვამლადენილ ტერიტორიას ჰგავს, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება ჩაცხრობა. თვალებს ნელა ვახელ. ბოლომდე ფარდებგადაწეული ფანჯრებიდან მზიანი დღის სინათლე საფეთქლებში დენივით მირტყამს. ვიშმუშნები. ისევ ის კაბა მაცვია და სიცხისგან კანი წებოვანი მაქვს. პირი მიშრება. საკუთარ თავზე გული მერევა. მესენჯერში კიდევ ერთი შეტყობინება მოდის. ყველაფერი ისე მეზარება, ხელის განძრევაც კი არ მინდა. წუხანდელი ღამე მეხსიერებას ნელ-ნელა უბრუნდება: ტეკილა და ოთო, ტეკილა და ბათუმის იდეა, ტეკილა და კალეს ხელი ჩემს ხელზე, ტეკილა და ცეკვა, ტეკილა და წუთები კალესთან; და ტეკილა. ჯანდაბა! ასე რამ გადაგრია, მირა? სახლში? აჰ, ხო, სახლში კალემ მომიყვანა, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ, რატომ მათემ არა. მობილურის მოძებნას ბრმად ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის. იდაყვებზე ვიწევი და ტელეფონს ტუმბოზე ვხედავ. ვიღებ და მესენჯერს ვხსნი. კალეა. „ - თანახმა ხარ?“ „ - არ მეგონა, ამდენს თუ იფიქრებდი.“ რა უნდა, რას ამბობს? ვფიქრობ და ახლაღა ვამჩნევ, არათითზე სიგარეტის ვერცხლისფერი ფოლგის ბეჭედს. სიცილი მიტყდება და თავს ბალიშზე ვაგდებ. თავი მისკდება, მაგრამ ვერც სიცილს ვიკავებ. შემდეგ ჩემი სიტყვები მახსენდება - „მე და კალეს ქორწილი გვაქვს.“ ღმერთო, შანსს ხელიდან არ უშვებს ნიშნის მოსაგებად. „ბეჭედს“ ვუყურებ. მამხიარულებს. „ - იმედია, არაფერს დაგპირებივარ.“ - ვწერ. „ - ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ.“ - მპასუხობს. „ - საშინელი ვინმე ხარ.“ „ - არ გეწინააღმდეგები. თუმცა, ერთი ვალდებულება რეალურად გაკისრია.“ „ - ნუთუ მაინც რამეს დაგპირდი?“ „ - ორ კვირაში ქორწილი გვაქვს. - იცინის. - სამსახურში გეძებენ.“ ღმერთო! სამსახური! არა, უდავოა, უნდა არსებობდეს დამატებითი დასვენების დღე, სახელად - ნაბახუსევი. საათი თერთმეტს აჩვენებს. დაგვიანებული პასუხის შემდეგ ისევ მწერს. „ - იმედია, ამ ინფორმაციის შემდეგ ბეჭედს არ დამიბრუნებ.“ „ - ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ.“ - ვპასუხობ. მეცინება. თავს ძალას ვატან, რომ ავდგე. კაბას ვიხდი და აბაზანაში შევდივარ. ცხელი შხაპის შემდეგ წყალს ვაციებ, სხეულს ვიგრილებ და ვინაბები. შემიძლია, მთელი დღე ასე ვიდგე, მაგრამ ხელისმოწერის ცერემონიის დეკორაციები მაქვს დასამთავრებელი. თანაც, საღამოს საავადმყოფოში მინდა წასვლა. ტანი ძალდატანებით გამომაქვს დუშ-კაბინიდან, მაქსიმალურად სწრაფად ვემზადები და სახლიდან გავდივარ, მაგრამ გასაღებს ვერ ვპოულობ. ჩანთაში არ ჩანს, არც გასაღებების საკინძეზე. ალბათ სადმე გდია. მის ძებნაში დრო რომ არ დავკარგო, მათესთან ავდივარ. დიდი ხანია ერთმანეთის სახლის გასაღებს ვატარებთ. მუქ ლურჯ კარზე ზარს ვრეკავ და ველოდები. იმედია სახლშია. რომ არავინ აღებს, მესიჯს ვწერ და ის-ისაა ვაგზავნი, რომ საკეტის ხმა მესმის. - მეგონა სახლ... - სიტყვა მიწყდება. - გამარჯობა. - მესალმება მათეს თეთრ მაისურში (რომელიც მე ვუყიდე) გამოწყობილი გოგო. ნაცნობი სახე აქვს. აჰ, ხო! აი, რა დამავიწყდა წვეულებიდან და რატომ არ მომიყვანა მათემ სახლში. - მე... არ ვიცოდი, თუ... - შენ მირა ხარ, ხომ? მათეს მეგობარი. - იღიმის ის, თუმცა არადამაჯერებლად გულწრფელად. - კი, მე ვარ. შეგიძლია, მათეს უთხრა, რომ... ა, აი ისიც. - ვიწრო კორიდორში მას ვხედავ. მაისურს იცვამს და გვიახლოვდება. გოგოს ზურგს უკან დგება და ნამძინარევი თვალებით შემომყურებს. მათი ცეკვის კადრები მახსენებენ თავს და უხერხულად ვაპარებ გვერდით მზერას. გოგო თვალს მავლებს და ოთახში ბრუნდება. - გასაღებს ვერ ვპოულობ, ალბათ სადმე მივაგდე. - გამომართვი. - დაბოხებული ხმა აქვს. თმა უწესრიგოდ აყრია. მუჭს შლის და მიწვდენს. მისი ხელისგულიდან გასაღებს ვიღებ. - ბოდიში, არ ვიცოდი, თუ... - ვცდილობ მრავლისმთქმელად გავუღიმო. ისიც იმავეს იმეორებს და თითებს თმაში იცურებს. - კარგად ხარ? დაგინახე, გუშინ მასთან ერთად რომ წამოხვედი. - ნაცვალსახელით იხსენიებს კალეს. - ხო, ზედმეტი მომივიდა და, ჯობდა, აღარ დავრჩენილიყავი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი არც შენი შეწუხება მინდოდა... - მირა... - თავს გვერდით ხრის ბიჭი. - ბევრს ვლაპარაკობ! მე წავალ, მადლობა. - გასაღებს ვაქანავებ და მათეს ზურგს ვაქცევ. რამდენიმე საფეხურის ჩავლის შემდეგ მესმის კარის დახურვის ხმა. სახლის კარს ვკეტავ და ლიფტს ვიძახებ. არ მინდა, მაგრამ იმ გოგოს ღიმილსა და საკუთარ უხერხულობაზე მეფიქრება. 5 თავი *** 2016 წელი, 11 ივლისი საღამო ექიმი ახალს არაფერს მეუბნება. ბექა ისევ სასუნთქ აპარატზეა დამოკიდებული. მშობლები კი ვერაფრით ეგუებიან იმ ფაქტს, რომ მათ შვილს აღარაფერი შეუძლია გარდა იმისა, რომ აპარატის დახმარებით ისუნთქოს. დაახლოებით სამი თვის წინ, როცა სამეგობრო ბარში ვიკრიბებოდით ჯგუფის წვეულების დასაგეგმად, ბექამ დაიგვიანა, შემდეგ კი ექიმებმა გვითხრეს, რომ ბიჭს სიცოცხლეს მხოლოდ ხელოვნურად სუნთქვის აპარატი გაუხანგრძლივებდა. წვიმიანმა დღემ ავარია გამოიწვია, ავარიამ - კომა. შემდეგ კი გვითხრეს, რომ მანქანის მუხრუჭებს პრობლემა ჰქონდათ. რამდენიმე დღე საავადმყოფოს არ ვშორდებოდით, ბექას მშობლებს და ლელას არ ვტოვებდით, მაგრამ შემდეგ აგვიკრძალეს. მშობლებს ჩვენი იქ ყოფნა უმძიმდათ. მადლობა გადაგვიხადეს და პირობა ჩამოგვართვეს, რომ გაუქმებულ წვეულებას აღვადგენდით. ლელას მაინც ინტენსიურად ვურეკავდი, ვწერდი. არ მინდოდა, რომ მარტო დამეტოვებინა. ხანდახან, როცა ადამიანს მტკივნეული ცხოვრების პერიოდი აქვს, მარტო ყოფნა ურჩევნია, მაგრამ ლელას იმდენად უყვარდა ადამიანების გარშემო ტრიალი, რომ მარტო დასარჩენად ვერ ვიმეტებდი. რადგან საავადმყოფოში ვერ მივდიოდი და ისიც დღე და ღამე იქ იყო, ვეღარ ვხვდებოდი. ბოლოს ნატას დაკრძალვაზე ვნახე. არაფერია იმაზე საშინელი, როცა ტკივილს ტკივილი ემატება ახალი, ძლიერი ტალღით. მთელი დღე ერთად ვიყავით, მაგრამ მას შემდეგ ერთმანეთს აღარ შევხმიანებივართ. ახლა აქაა, საავადმყოფოშია და გარეთ მელოდება. ექიმთან ხვეწნა და მუდარა მჭირდება, რომ ბექასთან ცოტა ხნით შემიშვას. სულ ათ წუთს მაძლევენ, ხალათით და პირბადით მფუთავენ და რეანიმაციაში მაცილებენ. აქ განსაკუთრებით დგას ტკივილის და სიმძიმის სუნი. აქ უარესი შემაშფოთებელი სიჩუმეა, ვიდრე გარეთ დერეფნებში. ამ ცალკეულ გალაქტიკაში, აპარატის წრიპინია ერთადერთი წერტილი, რომელიც სიცოცხლეს განასახიერებს, და ეს სიცოცხლეც უმეტყველოა. ტანში მცრის, როცა ბექას ვხედავ. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ის ჩემი მეგობარია, რომელსაც სიცივესა და სიცხეზე ლოყები უწითლდებოდა, სიცილისას ცხვირი ეჭმუხნებოდა და კომპლიმენტის მიღებისას მუქ ლურჯ თვალებს თავმომწონედ აბრიალებდა. ახლა ისეთი გამხდარია, როგორც ფოთოლგაცვენილი ხე ზამთარში; ისეთი ფერმკრთალია, როგორც ძველი, მტვრიანი ფურცელი; ისეთი სუსტია, ვერ იფიქრებ, რომ ოდესღაც მკლავჭიდში საკმაოდ ძლიერი თენგო დაამარცხა. ვუყურებ და მგონია, რომ პირში ჩაჩრილი მილი ახრჩობს. მგონია, რომ ამოვაცალო, მოისვენებს. ვენებსა და მკერდზე დაკრული მილები თითქოს საწოლს აჯაჭვებენ. ყელში გაჩენილი სიმძიმე საშინლად მტკენს. თითებით ხელზე ვეხები და ოდნავ ვუჭერ. ერთი წამით ვკრთები, ისეთი ცივია. თუ ოდნავ მაინც გრძნობს და ესმის, მინდა იცოდეს, რომ არასოდეს დამვიწყებია. - უშენოდ ჩვენს სამეგობროს ელფერი დაეკარგა. ყველაფერი ისე აღარაა, როგორც იყო. ბექა, მეშინია, რომ დავიშლებით. - ვამბობ და ვგრძნობ, როგორ მეჭიმება ყელზე ძარღვები. - ნატას აღარ, მაგრამ შენ შეგიძლია დაბრუნება. ცრემლებს ვიწმენდ, უკნიდან ექთნის ხმა მესმის, გასვლის დროაო. - ეცადე, გთხოვ. - ვამბობ ჩუმად, კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს ბავშვად ქცეულს და უკან ვიხევ. ზურგზე რაღაც მეჭიდება და ნაბიჯებს მიმძიმებს. მენანება მისი ამ სიცივეში დატოვება. *** 2016 წელი, 12 ივლისი საღამო გუშინდელი საღამო ჩემს ფიქრებში ფინჯანში დარჩენილი ყავის ნალექივით ჯდება. მთელი დღეა გონებიდან არ ამომდის ბექას ნატანჯი სხეული და ლელას ჩამქრალი, ამოღამებული თვალები. ვერაფრით ვადარებ, წარსულში ბედნიერებისგან და სილამაზისგან სავსე წყვილს ამ ორ ადამიანს. მერე ნატა მახსენდება და ცახცახს ვერ ვაკავებ. ჩემი ცხოვრება ასეთი დიდი დანაკლისისთვის ჯერ მზად არ იყო. გეგმებში ნატას სიკვდილი და ბექას თითქმის სიკვდილი არ ეწერა. რაღაც მოხდა ისეთი, რამაც ჩემი და მათი მომავლის გზები გაყარა. ამ „რაღაცაზე“ ფიქრით ვგრძნობ, რომ შინაგანად ვიფიტები. გადის წამები, ამ საშინელებებს მოსდევს კალე, მისი მომნუსხველი, თავბრუდამხვევი და უამრავკითხვისნიშნიანი აურა და არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. რატომ გამოჩნდა ეს ადამიანი თავისი ვნებებით ჩემი ცხოვრების იმ პერიოდში, რომელიც ყველაფერ კარგს თვალებზე აფარებს ხელებს და სინათლის დანახვის საშუალებას არ აძლევს. არ მინდა დავიჯერო, რომ კალე შეიძლება იყოს ის, ვისთან ერთადაც ამ სიმძიმეებს მოვერევი. არ მინდა, რადგან ვიცი, მათესთან ახალი მიზეზით ვიგრძნობ თავს დამნაშავედ. თუმცა, ფაქტი ერთია, კალეს შემდეგ ჩემდაუნებურად ყველა ტკივილზე ნაკლებად ვფიქრობ, და თუ ვფიქრობ, შედარებით უცრემლოდ. ირონიულია, როგორ შეიძლება, ბიჭმა, რომელიც სურათს და ადამიანს ერთ მნიშვნელობას ანიჭებს, ანგელოზის როლი მოირგოს ჩემს სამყაროში?! ღმერთო! კალე და ანგელოზი! - აქ ხარ? - მესმის მათეს ხმა და დაბლა ვიხედები. ბიჭი ჩემი კალთიდან შუბლშეკრული მიყურებს. - ხუთი წუთია ფილმი დავაპაუზე და რეაქცია არ გაქვს. - ბოდიში, ჩავფიქრდი. - მის რბილ თმაში ჩარჩენილ თითებს თვალებზე ვაფარებ და მეცინება. - უკვე მოვასწარი შენი განწირული თვალების დანახვა. - ხელებს მიჭერს და გულზე იწყობს. - ისევ ბექაზე გინდა საუბარი? - არა, არ მინდა. მიდი, ჩართე ფილმი. - მათე იჭვნეულად მაცილებს მზერას და ტელევიზორისკენ იცვლის გვერდს. თითებით ისევ მის თმას ვეთამაშები. რვა წელია მე და ის ვმეგობრობთ და თმა ერთადერთხელ, საბერძნეთიდან ჩამოსული ბებიის ხათრით დაიმოკლა. ვაღიარე, უხდებოდა დავარცხნილ-დალაგებული ვარცხნილობა, მაგრამ მე მისი დაუდევარი, მოგრძო ხვეულები მერჩივნა. ალბათ თვითონაც, რადგან სალონში დღემდე სიგრძის შესანარჩუნებლად დადის. - ვგიჟდები შენს თმაზე. - უნებურად მცდება მოღიმარს. მათეს ეცინება, მაგრამ ფილმის ყურებას განაგრძობს. - გაიგე, რა გითხარი? - გავიგე. - უზრდელო! - რატომ? - ცალი თვალით იხედება ზემოთ. - მადლობა მაინც გეთქვა. - მადლობა. - მხრებს იჩეჩავს და ისევ ფილმს უბრუნდება. მეც მას ვბაძავ. იდიოტი ვერა ფილიპ ლომბარდს კლავს. ოუენების მაგიდაზე ერთი ჯარისკაციღა რჩება. - ეს ხომ ათასჯერ გაქვს ნანახი. - ვოხრავ. - შენც. - გადაახვიე მაინც... - რა არ გასვენებს? - არაფერი. - ვბუტბუტებ. სახლში გრილა, მაგრამ მათეს მხურვალე თმების გამო უკვე მცხელა. ფილმი როგორც იქნა სრულდება. ეს კინომანი ტიტრებსაც კი შეჰყურებს. - სხვათა შორის, ჩემი ნაყიდი მაისური ეცვა. - ვერ ვისვენებ და მაინც ვეუბნები. არ მომწონს, რომ იმ გოგოს შესახებ არაფერი ვიცი. მათე ნელა ატრიალებს თავს კალთაში და ქვემოდან თვალებგაფართოებული იყურება. შემდეგ ნელ-ნელა ეპარება ღიმილი და გულიანად ხარხარს იწყებს. მობეზრებით ვატრიალებ თვალებს და გასაჩუმებლად ვცდილობ პირზე ავაფარო ხელები, მაგრამ არაფერი გამომდის. ახლა მათე ალბათ ფიქრობს, რომ ვეჭვიანობ. და კი, ასეცაა. ალბათ იმიტომ, რომ ის გოგო ჩემში უნდობლობას იწვევს. - მხოლოდ მაგიტომ არ მოგეწონა? - მეკითხება ძლივს დაშოშმინებული და ეშმაკურად იღიმის. - პირველ რიგში ის არ მომწონს, რომ არაფერს მიყვები. ერთხელ ერთმა სიმპათიურმა ახალგაზრდამ მითხრა, რომ ჩვენს გოგოებსა და ბიჭებზე საუბარს არ უნდა გავქცეოდით. მათეს ნელ-ნელა უქრება სახიდან ღიმილი, ცოტა ხნით ჩუმდება და ჩემს თითებს ათვალიერებს. ვიცი, რომ სწორად არ ვიქცევი. აქამდე მინდოდა, რომ მათეს ვინმე ჰყოლოდა. უმეტესად ალბათ იმიტომ, რომ მე ბოლომდე გავთავისუფლებულიყავი. მაგრამ ახლა, როცა იმ შავგვრემანი გოგოს ღიმილი მახსენდება, სულაც არ მხიბლავს მისი და ჩემი მეგობრის საერთო მომავალი. მინდა, რომ მათე ჩემგან თავისუფალი იყოს, მაგრამ არა ნებისმიერთან. - დიდი ხანი არაა, რაც მას ვიცნობ და მოსაყოლიც ბევრი არაფერია. - ამბობს ბოლოს. - არაა იმიტომ, რომ გეგმები არ გაქვს, თუ იმიტომ, რომ ჩემთან არ გინდა ამაზე საუბარი? - გეგმებზე ფიქრი ადრეა მირა. - არც ისე ხალისით ეღიმება. - რაც გაინტერესებს მკითხე. - უბრალოდ ის მომიყევი, რისი გამხელაც გინდა. - მე შენ არაფერს გიმალავ. რაც იყო, თავადაც ნახე, წვეულებაზეც და გუშინაც. წვეულების ხსენებაზე უსიამოვნოდ მაყრის ეკალს. არადა ის, რაც მახსენდება, სრულიად საპირისპირო, ამაღელვებელ გრძნობებს უნდა იწვევდეს ჩემში. არა, ნამდვილად არ ივარგებს ჩაციება. ალბათ თვითონაც ცდილობს. რაც შეეხება იმ შავგვრემანის ღიმილს... მათე სულელი არაა. - ესე იგი არ მოგეწონა. - ქვემოდან მიყურებს შუბლშეკრული. ჩემს თითებს არ ეშვება. - არაა, არის მასში რაღაც... - ბორჯომში კალეზე მის მიერ ნათქვამს ვიხსენებ და ვიმეორებ. მათეს შუბლი ეხსნება და ღიმილით, უკმაყოფილოდ აქნევს თავს. - მეხსიერებას ვერ დაგიწუნებ. - აღნიშნავს. - გასაღები იპოვე? - კი, სამსახურში ვნახე, ჩანთაში მქონია, ერთ მიუვალ ჯიბეში. თემის შეცვლის მცდელობას გიფასებ. - კარგი. - ჩემი კალთიდან თავს იღებს მათე, დივანზე ფეხმოკეცილი ჯდება, ცალ ხელს საზურგეზე შლის და მიყურებს. - მომწონს ლინდა, საყვარელი სიცილი აქვს. - თავს სასაცილოდ აქნევს. - ვნებიანი ტუჩები და მადისაღმძვრელი სურნელი აქვს. - თვალებს გრძნობით ხუჭავს და ჰაერს ჭარბად ისუნთქავს. - სასწაულ ყავას ამზადებს, არც საუბარშია მოსაწყენი და რაც მთავარია, საწოლშიც ძალიან მაგარია. - ცალყბად იღიმის. თვალებგაფართოებული, გაშტერებული ვუყურებ და სადაცაა, გამომშრალი პირისგან ხველა ამიტყდება. - გინდა კიდევ დავწვრილმანდე? კარგი... - იდიოტო! - მუშტს ვურტყამ მკლავზე და დივნიდან ვდგები. სამზარეულოსკენ წასულს, მათე ეშმაკურ მზერას მაყოლებს და ნიკაპს სავარძლის საზურგეზე დებს. - რაში მაინტერესებს, რას აკეთებთ საწოლში. - ხომ გითხარი, არაფერს გიმალავ-მეთქი?! - ყველაფერს ისე იგებ, როგორც გაწყობს. - სამაგიეროდ გულახდილი ვარ. მისი სიტყვები გულს მწყვეტენ. მათეს ზურგს ვაქცევ და ნიჟარაში ჩადებულ ორ ყავის ფინჯანს ვუყურებ. რატომ არ ესმის, რომ მასთან კალეზე საუბარი არ შემიძლია? მეც მეგონა, რომ ბორჯომში ეს საკითხი მოვაგვარეთ, მაგრამ ეს ასეთი მარტივი არაა. და მისთვის რატომაა? წყალს ვუშვებ და ხელებს ვისველებ. იქნებ?... იქნებ ქრება? ან გაქრა? ვითომ იმ სიყვარულმა გაიარა? ჩვენი მეგობრობა ამას შეძლებდა? დრო ამას შეძლებდა? მახსენდება მათეს თვალები, მისი ხმის ტემბრი, როცა მითხრა, რომ ვუყვარდი და ეს მოგონება ჩემს პირვანდელ აზრს მთლიანად უკარგავს ძალას. ვგრძნობ, როგორ მიჩქარდება გული. ნერვიულობისგან თითები მეყინება. მიხარია, რომ მათე ასეთი ძლიერია, მაგრამ ჩემს განცდებს ეს ფაქტი ოდნავადაც ვერ ამსუბუქებს. უკნიდან ნელი ნაბიჯების ხმა მესმის. ფინჯანს ვიღებ და მის გარეცხვას ვიწყებ. მათე ჩემ გვერდით დგება, ხელისგულებით ნიჟარას ეყრდნობა და ზემოდან დამყურებს. მისი თბილი და საიმედო აურა ოდნავ მამშვიდებს და დაჭიმულ კუნთებს მოდუნების საშუალებას ვაძლევ. - შენი გაბრაზება არ მინდოდა. - მის ხმას მართლაც ეტყობა სინანული. - შენ არაფერ შუაში ხარ, მათე. - არც შენ და შეწყვიტე ყოველ ჯერზე თავის დადანაშაულება. მირა, გგონია შენთან მეგობრობას ვინმე ან რამე მაიძულებს? მისმინე, - მხარზე ხელს მადებს და თავისკენ მაბრუნებს. მისი ჩამუქებული, მწვანე თვალების შემყურეს ყოველგვარი მხნეობა მეკარგება. - შენ ხომ იცი, რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის. არ მინდა, ჩემთან მიმართებაში რაიმეს გამო თავს ძალას ატანდე, მირა. უბრალოდ, მოიქეცი ისე, როგორც გინდა. იცვლები და ეს მეც მცვლის. არ მინდა, რომ ეს გამძაფრდეს. - ვგრძნობ, რომ რაღაცას გავაფუჭებ... - ყელში რაღაც მეჩხირება. სავარაუდოდ ჩემი გაუმაძღარი ეგოიზმი, და სიტყვას მაწყვეტინებს. - იცოდე მაინც, ამას რატომ ამბობ. - თავს აქნევს ის და ჩემს სახეს ხელებში იქცევს. - ვიცი. - ეცადე, ასე არ მოხდეს. და თუ მაინც, ორივე ერთად გამოვასწორებთ. ანგელოზი არც მე ვარ მირა. - მათე ჩემკენ იხრება და შუბლზე მკოცნის. გულში მეცინება. ცოტა ხნის წინ, კალე, რომელსაც კარგად არც კი ვიცნობ, ანგელოზად მოვნათლე. ბიჭი კი, რომელიც ჩემი თავშესაფარია, ამბობს, რომ ანგელოზი არაა. როგორ შეიძლება, ამის შემდეგ საკუთარი თავი არ დავახრჩო? მათეს წელზე ვხვევ ხელებს და თავს მკერდზე ვაკრობ. მისი გულისცემა ისეთი მშვიდია, ყელში გაჩხერილ დაძაბულობას მაშინვე ალბობს. - და ახლა, ამ დეპრესიულ გამომეტყველებას თუ არ მოაშორებ, იმასაც გეტყვი, რისი ტატუ აქვს ლინდას უკანალზე. - მუქარასავით ჟღერს მისი ნათქვამი. სიცილი მიტყდება, თავს ვიღებ და შუბლზე ვკრავ ხელს. - ნამდვილი იდიოტი ხარ, მათე. - თავს ვაქნევ. - ბათუმში ისიც მოდის? - მას და საკუთარ თავს სიტუაციის განმუხტვაში ვეხმარები. უკან ვიხევ და მეორე ფინჯანს ვრეცხავ. ბიჭი ტუჩის კუთხეს ზემოთ სწევს და თითებს ნიჟარაზე ათამაშებს. - რა ხდება? - სიმართლე გითხრა, ბათუმის იდეა დიდად არ მხიბლავს. - ამბობს ნირწამხდარი. მაგიდიდან ვაშლს იღებს და გემრიელად კბეჩს. - რა? რატომ? - არ ვიცი... - მხრებს იჩეჩავს. ცოტა დაბნეული მეჩვენება და ეს ფაქტი მაკვირვებს. - თან გრაფიკა მაქვს დასამთავრებელი. - იქამდე ორი კვირაა, მათე. - ვერ მოვასწრებ. ოთხი ოთახის დიზაინზე ერთად ვმუშაობ. ვერც ვერავის ჩავაბარებ. - გინდა, რომ ბათუმში უშენოდ წავიდეთ? - წარბები შუბლზე ამდის. - მათე, ახლავე მითხარი, სინამდვილეში რა ხდება. შენ თქვი, ბათუმის იდეა არ მხიბლავსო. საქმე ამასთან რა შუაშია? ბიჭი ოხრავს და თავს აქნევს. - სვავი ხარ! არაფერი „სინამდვილეში“ არ ხდება მირა. ახლა თაგვივით თხრას ნუ დაიწყებ, თორემ კატას იპოვი. - თითებს კაკვავს და მხარზე მაჭერს. - თემიდან ნუ უხვევ! - უკმაყოფილოდ ვმუწავ ტუჩებს. - საქმეს ზაფხულის დასვენება შენთვის არასდროს შეუფერხებია. არ მაინტერესებს, სულ რომ გამოგაგდონ, ბათუმში წამოხვალ. მათე ერთხანს თავგადახრილი მიყურებს, შემდეგ ეცინება, ჩემკენ იხრება და ლოყაზე მკოცნის. - კარგი, კარგი, მაშინ მოვდივარ... და ლინდაც მოდის. - თითს მიქნევს. - ახლა, წავედი, ცოტას წავიმუშავებ და დავიძინებ, ძილი ნებისა. - თვალს მიკრავს და უკან იხევს. - ძილი ნებისა, გაიძვერავ. მოგონება *** 2010 წელი, 30 ივლისი ღამე უკვე ორი საათი იქნება, რაც წყლის პირას ვსხედვართ და ჭრიჭინების ხმაურს ვუსმენთ. დაჩიმ იქვე დაბანაკებული ტურისტებისგან ერთჯერადი ჭიქები იჩუქა და მოპარული ღვინოც უკვე ნახევარს ჩასცდა. საკმაოდ ნასვამი ვარ და წინა ღამის შემდეგ საშინლად მეძინება. მაგრამ არ მინდა ამ ღამის დათმობა. ვერ ვიმეტებ მოლივლივე წყალზე არეკლილ მთვარეს მარტო დასატოვებლად. ვარსკვლავებით აბრჭყვიალებული ცა ღიმილისას ანთებულ დაჩის თვალებს მაგონებს. ღამის იდუმალი, მომნუსხველი ხმები რომანსივით ჟღერენ ჩემს მხრებთან. არასოდეს მქონია ასეთი რომანტიკული საღამო, ასეთი რომანტიკული ფიქრებით. - მირა. - ჩუმად ამბობს დაჩი. მის მხარზე თავჩამოდებულს განძრევაც კი არ მინდა. - ჰო. - ვოხრავ და მის ხელს ვუყურებ, რომელშიც მობილურს ატრიალებს - მგონი ცოტა აგრილდა. - არც ისე. - და გეძინება კიდეც. - არც ისე. დაჩი იცინის. ჩემკენ ბრუნდება და ჩამოშლილ თმას ყურს უკან მიწევს. ერთხანს ღიმილით მიყურებს, შემდეგ მიახლოვდება და ლოყაზე საკმაოდ დიდხანს მაკრობს ტუჩებს. ღვინისგან შემსუბუქებულს საკმაოდ მალე მერევა სიამოვნების განცდა და ოდნავ მაჟრჟოლებს. თვალებდახუჭული ჩუმად ვიპარავ მისგან წამოსულ ბალახის და წყლის სურნელს. - წასვლა არც მე მინდა. - ამბობს დაჩი და თითებს ჩემი წარბიდან ნიკაპამდე ფრთხილად ასრიალებს. - მზე დაგველოდება? - სხვა გზა არ აქვს. ხვალისთვის გამოძინება გჭირდება. - ალბათ. - მხრებს ვიჩეჩავ. წარმოვიდგენ იმ ფაქტს, რომ ხვალ მთელი დღე ლაშქრობაში უნდა გავატარო და ჩემდა გასაკვირად ეს ამბავი დიდად არ მახარებს. - იქნებ თქვენც წამოსულიყავით? - ვთავაზობ დაჩის. ის კი იღიმის. - იცი, აქ რომ მოვდიოდი, ყველა დღე დაგეგმილი მქონდა. გული მიგრძნობდა, რომ რაღაც ხელს შემიშლიდა, მაგრამ მიზეზი თუ ასეთი სასიამოვნო და ასეთი ლამაზი იქნებოდა, ვერც ვიფიქრებდი. ლოყებზე სიმხურვალეს ვგრძნობ და მეღიმება. ორი წამით სახეზე თითებს ვიტარებ და ისევ ბიჭს ვუყურებ. - უცნაურია არა? - უცნაურია. - მეთანხმება. - მაგრამ ვერ წამოვალთ. ხვალინდელი ლაშქრობა თქვენია. მესმის, ამიტომაც აღარ ვაცივდები. ვდგებით და სანაპიროს კოტეჯებამდე ნელა მივუყვებით. მისვლამდე ბიჭი რამდენჯერმე მოსულ შეტყობინებას პასუხობს და ვატყობ, როგორი ბედნიერი გამომეტყველება აქვს. ეს ფაქტი მაფიქრებს, მაგრამ თავს ვიკავებ და არაფერს ვეკითხები. რაც არ უნდა იყოს, ეს ღამე მინდა, რომ ღიმილით დამთავრდეს. ეზოს კუთხიდან ვხედავ, ჩემს მეგობრებს კოცონი უნთიათ და ხმაურობენ. დაჩის კოტეჯიდან მუსიკის ხმა გამოდის. ბიჭი ჩემ წინ დგება და თვალებში მიყურებს. - მზეს ისევ იქ შევხვდეთ. - ამბობს ის. - ზეგ დილით. - და ყველა შეკითხვაზე გიპასუხებ. ჯერ ვცბები, მაგრამ ვხვდები, რომ მან ყველაფერი შეამჩნია და კმაყოფილს მეღიმება. - ძილი ნებისა, მირა. - ძილი ნებისა. ერთმანეთს ნელა ვშორდებით და ჩვენი კოტეჯებისკენ მივდივართ. კოცონთან ბავშვები ათასნაირი მრავალმნიშვნელოვანი შეძახილებით მხვდებიან და მიუხედავად იმისა, რომ თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ, მათ ხუმრობებზე მაინც მეცინება. ცოტა ხანში ვამჩნევ, რომ მათე იქ არ არის და ის-ისაა ბიჭების კოტეჯის აივანზე ავდივარ, რომ ბიჭი ოთახიდან გამოდის. ჩემ დანახვაზე თითქოს შვებით ოხრავს და მხარით კარს ეყრდნობა. ვუყურებ მის დაჟინებულ მზერას და არ ვიცი, რატომ ვერაფერს ვამბობ. გული უცნაურად მიძგერს. არ მინდა ვაღიარო, რომ ეს რაღაც დანაშაულის შეგრძნებაა. - მირა, - ამბობს ის და ქვემოდან მიყურებს. - კარგად ხარ? - კარგად ვარ. - კარგია. - ხარბად ისუნთქავს მათე ჰაერს, ჩემკენ იხრება და შუბლზე მკოცნის. - ძილი ნებისა, დილით შევხვდებით. *** 2010 წელი, 31 ივლისი მეოთხე დღე ჯერ დილის ცხრა საათია და უკვე საშინლად ცხელა. წყლით და ხემსით მომარაგებულები ლაშქრობას ავენისიდან ვიწყებთ. პირველად წმინდა გიორგის ეკლესიას ვნახულობთ, რომელიც მოქმედი არაა, მაგრამ ახალგაზრდობა მას მაინც სტუმრობს. იქვე ახლოს ნატვრის ხეს ვაწყდებით და გოგოები ყიჟინით მირბიან. ლელა დაუფიქრებლად ხევს თავის ბენდენას ოთხ ნაწილად და ხელებში გვაჩეჩებს. ამბობს, რამე ისეთი ჩაუთქვით, წილში მეც რომ გავიდეო. სანამ სურვილებზე ვფიქრობთ, ბიჭები მოშორებით მობეზრებული სახეებით გველოდებიან. ბოდრუმისკენ წამოსულებს უკვე საკმაოდ ძლიერად გვაჭერს მზე. გზა დიდია, ამიტომ თვით მოლაქლაქე ნატაც კი ჩუმად მოაბიჯებს. ჩემი ნატვრის ხის სურვილი ძალიან ზოგადი გამოვიდა, თუმცა ბედნიერება ერთადერთი რამაა, რაც ადამიანს ყოველთვის სჭირდება. მეცინება, როცა გუშინდელ ღამეს ვიხსენებ. ვითომ ისევე გაგრძელდება ეს ყველაფერი, როგორც დაიწყო? გასცდება ანანურს ჩემსა და დაჩის შორის გაჩენილი მიზიდულობა, თუ როგორც ნატამ უწოდა, საზაფხულო რომანად დარჩება? ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასე არ მოხდეს. მთავარია, მონდომება მხოლოდ ჩემი მხრიდან არ იყოს. ის-ისაა ოთო ყვირის, ეკლესიას ვხედავო, რომ მობილურზე დაჩის შეტყობინება მომდის. „ - ალბათ გვიან დაბრუნდები.“ - მწერს ის. მეღიმება და ბავშვებს ვავლებ თვალს, რომ არავინ შემნიშნოს. „ - ალბათ.“ - ვპასუხობ. „ - ხომ გახსოვს, რომ ხვალინდელ მზესთან პაემანი გვაქვს?“ „ - გუშინ არც ასე დავმთვრალვარ.“ „ - იცი, თურმე შოთამ გვიცნო.“ - იცინის დაჩი. „ - რა? ვაიმე! ღმერთო, რა სირცხვილია.“ - ჩემდაუნებურად ტუჩებზე ვიკრობ თითებს. „ - ნუ ღელავ, სიტუაცია ავუხსენი და რომ ვუთხარი, ძალიან მაგარი ღვინო გაქვს-თქო, თავიდან დაიბადა. ასე, რომ აღარც ახსოვს.“ მეცინება. მალე აღმართზე ვიწყებთ ასვლას და დაჩის დროებით ვემშვიდობები. ბოდრუმის ეკლესიიდან ულამაზესი ხედი იშლება. თავად ეკლესია მწვანითაა გარშემორტყმული. ჩრდილში საოცარი სიგრილე და შვებისმომგვრელი სიწყნარეა. მიუხედავად იმისა, რომ მარტონი არ ვართ. ის-ისაა სანთლების დასანთებად ვაპირებთ შესვლას, რომ კარიდან ვხედავთ, შიგნით ახალგაზრდა წყვილი იწერს ჯვარს. თან მხოლოდ მეჯვარეები ახლავთ. ლელას მაშინვე ბექა მოჰყავს, მკლავზე ეხვევა და ეჩურჩულება, მე და შენ ჯვარს ასე დავიწერთო. ბექა თმას უჩეჩავს და შუბლზე კოცნის. ამ ორი წყვილის შემყურეს, გული სიხარულით მიჩქარდება. ბოდრუმიდან უკან ვბრუნდებით. ერთი საათის გზის გავლის შემდეგ, ველზე ვჩერდებით, ცოტას ვნაყრდებით და ბადმინტონით საკმაოდ დიდხანს ვთამაშობთ. ქანცგაწყვეტილები წყალში ჩავდივართ და ვგრილდებით. რვა საათი ხდება, როცა სახლისკენ ვიღებთ გეზს და შინ ახლადდაღამებულზე ვბრუნდებით. ეზოში შესვლისთანავე დაჩის კოტეჯს ვავლებ თვალს, საიდანაც მუსიკის ხმა გამოდის და ფანჯრებში მოცეკვავე გოგოებსაც ვხედავ. ის-ისაა საწოლზე ვენარცხები, რომ დაჩის მესიჯი მომდის. „ - კარგად გამოიძინე.“ „ - არ დაგეძინოს.“ - ვპასუხობ და სანამ დასაბანად წავიდოდე, გოგოებს დილის გეგმის შესახებ ვუყვები. *** 2016 წელი, 17 ივლისი ღამე ჩემი კორპუსიდან გამოვდივარ და ახმაურებულ ქუჩას მივუყვები. აუტანელი სიცხის მიუხედავად, ბარში მისვლას ფეხით ვამჯობინებ. არც ისე შორსაა. მოულოდნელად, ცას ელვა ანათებს და ქუხილიც არ აყოვნებს. ნარინჯისფრად განათებულ ქუჩას მივუყვები და ის საღამო მახსენდება: ხმაური ბარში, ვისკის ჭიქები, ცეკვა, სიცილი, შემდეგ ზარი და ბექას ავარიის ამბავი. სიცივისგან და სიცხისგან ერთდროულად მცრის. ვცდილობ მოგონებები თავის ადგილას დავაბრუნო, მაგრამ მათ აწმყოში, ჩემთან ერთად უნდათ ყოფნა. კალესთან დარეკვას ვცდილობ, მაგრამ ანგარიშზე არ მაქვს. იქვე „ფეიბოქსთან“ ვჩერდები და ეკრანზე სენსორებს ვაწვები. კორპუსის წინ, სადაც ავტობუსი ჩერდება და გაჩერებაზე აღარავინ რჩება, ქუჩა დროებით თავისუფლდება და ჩემ ყურადღებას ერთი ფიგურა იპყრობს. თვალში ალბათ იმიტომ მხვდება, რომ ამინდთან შეუფერებლად აცვია. მუქი შარვალი და მუქი გრძელმკლავიანი ზედატანი, რომლის მოზრდილი კაპიუშონიც მთელ სახეს უფარავს. კედელთან დგას, ცალი ფეხი მასზე აქვს მიბჯენილი, ხელები ზედატანის ჯიბეებში უწყვია და სავარაუდოდ ზემოთ იყურება. მობილურზე თანხის დაჯდომის შეტყობინება მომდის და გაფანტული გონება მასზე გადამაქვს. ჩეკს სანაგვეში ვაგდებ და გზას ვაგრძელებ. ის-ისაა კალეს ნომერს ვპოულობ, რომ მისი ზარი შემოდის. მეკითხება, სად ვარ. ამბობს, სახლიდან ახლა გამოვედი და ბარში მალე ვიქნებიო. გზაჯვარედინზე გაჩერებული, პატარა ტყავის ზურგჩანთას მხრებზე ვიკიდებ და ყურსასმენებს ვიკეთებ. მალე ზებრაზე გადამსვლელებს ვუერთდები და ინსტინქტურად უკან ვიხედები. შუქნიშანთან ერთადერთი ადამიანი დგას - ის კაპიუშონიანი. წელში გამართული, მოქმედებისთვის მზადმყოფის შთაბეჭდილებას ტოვებს და ასე მგონია, პირდაპირ მე მიყურებს. თავს ვხრი და ზებრას ბოლომდე გავდივარ. შორტის ჯიბიდან მობილურს ვიღებ და მუსიკას ვცვლი. საშინლად ცხელა. იქვე მაღაზიაში შევდივარ და ცივ წყალს ვყიდულობ. გამოსულს, ოთოსგან შეტყობინება მომდის. როგორც ჩანს, ყველას ერთ ტექსტს გვიგზავნის: პაემანი კი არაა, ნახევარი საათია გიცდითო. ნაბიჯს ვუჩქარებ. ცაზე ისევ ელავს. სანამ ამერიკაში წავიდოდა, ყველაზე ხშირად, მისი მიზეზით ვიკრიბებოდით. უყვარდა ყველაფრის თავი და თავი რომ თვითონ იყო. ალბათ ეს თვისება დღემდე შემორჩა და არც აპირებს მის მიტოვებას. ხმაურიანი ქუჩიდან, შედარებით მშვიდი დასახლებისკენ ვუხვევ და ქუჩის ბოლოში, შორიდანვე ვხედავ სასურველი ბარის იისფერ განათებას. მთელ სიგრძეზე მანქანების გრძელი მწკრივია. აქაურობა განათებით დიდად ვერ დაიკვეხნის. ჩაბნელებულ ტროტუარს ვათვალიერებ და ვხედავ, როგორ უხვევს ჩიხიდან ვიღაც. რამდენიმე ნაბიჯში ვხვდები, რომ ისევ ის კაპიუშონიანია, რომელიც ჩემ კორპუსთან და გზაჯვარედინთან შევნიშნე. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, მხრებგამართული, ჩრდილივით მძიმედ მოაბიჯებს. რაც უფრო მიახლოვდება, მეტად მაფორიაქებს. ეს რანაირი დამთხვევაა? რატომ მხვდება ეს ადამიანი ნახევარი საათის განმავლობაში უკვე მესამედ? ყურსასმენებში მაშინვე ვაპაუზებ მუსიკას და სუნთქვაშეკრული, კუნთებდაჭიმული მივაბიჯებ. კაპიუშონიანი მიახლოვდება და შემაწუხებელი დაძაბულობა მოაქვს. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ და ვერც კი ვახერხებ მისთვის თვალის შევლებას, ისე მივლის გვერდს. ფილტვებიდან ჰაერს ვათავისუფლებ და ერთი წამით ვყოვნდები. უკან შეფარვით ვიხედები და ვხედავ, როგორ უხვევს იმ ქუჩაზე, საიდანაც მე მოვედი. იდიოტი და მშიშარა ხარ, მირა! *** ბარში შესულს შორიდანვე მხედავს ოთო და შვებით შლის ხელებს. მეგობარს, ვუღიმი, მასთან მივდივარ და მაგიდასთან ვჯდები. ოთო ჩემთვის ცივ შეიკს უკვეთავს და სანამ მოიტანდნენ, დაგვიანებულებზე წუწუნსაც ასწრებს. მე და ის ბოლოს მაშინ განვმარტოვდით, როცა ნატასა და მათეს შესახებ უნდოდა დალაპარაკება. ორივესთან ყველაზე ახლო ურთიერთობა მე მქონდა, ამიტომ იმედი ჰქონდა, რომ ჩემი დახმარებით მათ შორის რამე შეიცვლებოდა. ასე ვთქვათ, საიდუმლო მაჭანკლის როლში წარმოვედგინე. მაგრამ, მალევე მიხვდა, რომ არაფერი გამოვიდოდა და დანებდა. ცოტა ხანში კი ამერიკაში გაემგზავრა. ახლა ჩემ წინ ზის. ისე იქცევა, როგორც ძველი მარტივი, მუსუსი და თავკერძა ადამიანი, მაგრამ მის წვეულებაზევე შევამჩნიე, რომ ის ოთო აღარაა, ამერიკაში წასვლამდე რომ იყო. ის, რადაც თავს ჩვენ გვაჩვენებს, ალბათ წარსულის შენარჩუნების მცდელობაა. ის-ისაა მეკითხება, შენს პირადში რა ხდებაო, რომ ბარში შემოსულ კალეს და თენგოს ვხედავთ. ოთო იმასღა მეუბნება, შენთან სალაპარაკო მაქვსო და შემდეგ ყურადღება მათზე გადაგვაქვს. კალე ლოყაზე (თუმცა საკმაოდ ახლოს ტუჩებთან) მკოცნის და ჩემ გვერდით ჯდება. დაღლილს ჰგავს. ჩაწითლებული ქარვისფერი თვალები უჩვეულოდ უელავს. მამჩნევს, რომ ვათვალიერებ, ჩემკენ იხრება და მეუბნება: - შენთან ერთად განმარტოება მერჩივნა. - იქნებ დასვენება უფრო? - მართალია, - თავს გვერდით ხრის. - სურათებს ვამუშავებდი. - თვალებს ისრისავს და გახელვისას ვამჩნევ, რომ უარესად წითლდებიან. - ზედმეტი მომივიდა, მაგრამ დასვენებას ყოველთვის მოვასწრებ. - თითებს მუხლზე მადებს და სწრაფად და ფაქიზად ასრიალებს ზემოთ. სანამ ჩემი გამოღვიძებული ვნება საშიშ ფაზაში გადავიდოდეს, მის ხელს ვიჭერ. ვაჩერებ, მაგრამ არ ვუშვებ და გამაფრთხილებლად ვუღიმი. კალე ცოტა ხნით ჩვენს ხელებს დაჰყურებს, შემდეგ მხარზე მკოცნის და მაგიდასთან მოსულ მიმტანს უბრუნდება. ქუხილის ხმა ბარში მოლივლივე მუსიკას ერწყმის. ამასობაში თეონაც მოდის, გვესალმება და კოქტეილს უკვეთავს. სანამ მის დაბნეულ სახეს ვათვალიერებ, გოგოს მიღმა ფანჯრიდან ჩანს, როგორ ხვდებიან ერთმანეთს მათე და მისი ლინდა. ბიჭი წელზე ხვევს ხელს და კარს უღებს. თენგო და თეონა გოგოს შემფასებლური მზერით ესალმებიან. მათე მიღიმის და ვერ ვხვდები, მხოლოდ მე მეუბნება გამარჯობას, თუ ყველას ერთად. ჩვენი შეკრება ბათუმში წასვლის იდეას ეფუძნება, თუმცა მასზე საუბარი დიდხანს არ გრძელდება. ცოტაოდენ ალკოჰოლს ვიღებთ და რამდენიმე წუთიანი საერთო საუბრის შემდეგ ვიშლებით. მოსვლიდან ორი საათი ისე გადის, ვერ ვიგებ. - რა ხდება? - გვერდით მიჯდება თეონა და თვალებს მობილურზე მოლაპარაკე ლინდასკენ აპარებს. მხრებს ვიჩეჩავ. - ამ გოგოს უკვე მეორედ ვხედავ მათესთან ერთად. ხომ იცი, ეს რა იშვიათობაა? - ვიცი. - ვოხრავ და ბართან მჯდომ მათესა და ოთოსკენ ვიხედები. ოთო ლაპარაკობს, მათე უსმენს და დროდადრო უარყოფის ნიშნად აქნევს თავს. - რაღაც არ მგონია გაამართლოს, თუმცა, ვინ იცის. - ჯერ-ჯერობით მასში მხოლოდ ის მომწონს, რომ არ გვიძვრება. - ამბობს თეონა. მეცინება. - წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა, ის რომ ნატას დაენახა? - არც მინდა წარმოდგენა. - თავს ვაქნევ და ნატას ანთებულ თვალებს გონებიდან ვიფანტავ. მათე სიგარეტს უკიდებს და ოთოს მოსმენას განაგრძობს. გარეთ საშინლად წვიმს და გადაღებას სავარაუდოდ ჯერ არ აპირებს. სადაცაა ღამის თორმეტი საათი შესრულდება. - ჯობია წავიდე. - ამბობს თეონა, თავის ჩანთას იღებს და ჩემკენ იწევა. - ერთად წასვლას შემოგთავაზებდი, მაგრამ მგონი მარტო აღარ ხარ. - ორაზროვნად იღიმის ის და ჩვენ უკან მდგარ თენგოსთან მოლაპარაკე კალეზე მანიშნებს. - მომწონხართ ერთად. - შენებურად არ გააბუქო. - ვუცინი, მაგრამ გულის სიღრმეში მსიამოვნებს მისი სიტყვები. - შენ კი შენებურად არ შეიბოჭო. უფრო ვრცლად შემდეგ განვიხილოთ. - თვალს მიკრავს ის და ლოყაზე მკოცნის. დანარჩენებსაც ემშვიდობება და მიდის. შიგნიდან ვხედავ, როგორ აჩერებს ტაქსის და თავზეჩანთადაფარებული ჯდება მასში. ის-ისაა კიდევ ერთხელ ვამოწმებ საათს, რომ მხრებზე ხელების შეხებას ვგრძნობ, რომლებიც ფრთხილად ცურდებიან და ყელზე მეხვევიან. კალე ზურგიდან ჩემკენ იხრება და ყურზე მკოცნის. მისი ცხელი ამონასუნთქი სხეულზე მეხვევა და მათრობს. ვხედავ, როგორ გვავლებს თვალს მობილურში ჩამძვრალი ლინდა და ცალყბად იღიმება. თავს კალესკენ ვაბრუნებ და ტუჩებზე ვკოცნი. ვგრძნობ, რომ სიამოვნებასთან ერთად კიდევ რაღაც მეხვევა გულზე და ვერ ვხვდები, რა. ბიჭი ლოყაზე მეფერება და ქვედა ტუჩზე მსუბუქად მკბენს. მეღიმება. - მგონი შენი მეგობრის გოგო გავანაწყენეთ. - სიცილით, შეთქმულივით მეჩურჩულება კალე. მაგიდის იქით ლინდა აღარ ზის. ვიცინი და კმაყოფილებას არ ვიმჩნევ. - აქ რამე გეგმები გაქვს? - ოთოს უნდოდა ჩემთან საუბარი. - ვეუბნები და ყელზე შერჩენილ მის თითებს ვიჭერ. კალე მობეზრებით ატრიალებს თვალებს. - ვერ გადადებთ? - რა გინდა? - სიცილს ვერ ვიკავებ. - იცი რაც. - მკერდისკენ აცურებს თითებს. სწრაფად ვაჩერებ. - გააფრინე, ხო? - თვალებს ვუბრიალებ, მაგრამ მკაცრად მაინც არ გამომდის. აქეთ-იქით ვიხედები იმის დასადგენად, ხო არავინ გვიყურებს და ვხედავ, როგორ ჩამოდის მათე ბარის მაღალი სკამიდან, ლინდას პოულობს და ისე, რომ არც გვემშვიდობება, ბარიდან მასთან ერთად გადის. მისი გაღიზიანებული გამომეტყველება მთრგუნავს. - ო-ოო... - ღიღინებს კალე, ჩემ გვერდით ჯდება და პირში ზეთისხილს იგდებს. ოთოსკენ ვიხედები და მის მიერ გადაკრული არაყი კარგზე არაფერზე მიმანიშნებს. როგორც ჩანს, რაღაცაზე იკამათეს. - რა ხდება აქ? - ხელებგაშლილი გვიახლოვდება თენგო. კალე მხრებს იჩეჩავს. თენგო ჯიბიდან მობილურს იღებს და როგორც ვხვდები, მათეს ურეკავს. - ერთი წამი დაასტოპე რაა, დაგეწევი... - ლაპარაკით გადის ის გარეთ და წვიმაში უჩინარდება. ვდგები და სანამ ოთოსკენ წავიდოდე, კალესკენ ვბრუნდები. - წადი, კარგი? - ვეუბნები მას და ზემოდან დავყურებ. - უნდა გავარკვიო, რა მოხდა. - დაგელოდები, ხელს არ შეგიშლით. - თავს აქნევს და კოლოფიდან სიგარეტის ღერს იღებს. ვოხრავ. - კალე, წადი. დაღლილი ხარ და მინდა, რომ გამოიძინო. ხომ იცი, რომ აქვე ვცხოვრობ. - არ მინდა, რომ მარტო წახვიდე. - უკან აბრუნებს სიგარეტს, ფეხზე დგება და თვალებში ჩამყურებს. - არ წავალ, ოთო გამაცილებს, ან ტაქსის გავაჩერებ. - უნებლიედ კაპიუშონიანი სილუეტი მახსენდება და საკუთარ თავს ყოყმანს ვატყობ. ასევე კალესაც. ერთხანს მიყურებს, შემდეგ თმას ყურს უკან მიწევს და ტუჩებზე მსუბუქად მკოცნის. - მიხვალ თუ არა, მომწერე, კარგი? - პასუხის მომლოდინედ მაჩერდება. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და კარამდე ვაცილებ. ზურგჩანთას მხრებზე ვიკიდებ და ოთოს გვერდით, ბართან ვჯდები. ბიჭი ჩაფიქრებული მავლებს თვალს და სალფეტკის ჩხირით დაქუცმაცებას განაგრძობს. ვხვდები, რომ მომხდარზე ლაპარაკი არ უნდა. - ის მაინც მითხარი, რას ეხება? - დაჟინებით ვუყურებ. ოთო უარის ნიშნად თავს აქნევს. - მენდე მირა, ამაზე საუბარი არ ღირს. ხმის ტემბრზე ეტყობა, რომ საკმაოდ ნასვამია, ამიტომ აღარ ვაცივდები. - კარგი. და ის, რაზეც მანამდე გინდოდა ლაპარაკი? - საჭირო აღარაა, დღეს ყველაფერი ნათელი გახდა. - იღიმის წარბებაწეული. - რაზე ამბობ? - რაზე და... - ოხრავს ოთო, ჩხირს თითებს ჰკრავს და უმისამართოდ ისვრის. - ანუ შენ და კალე და მათე და ლინდა? - თავს აქნევს ჩაცინებით. - ჩემთან საუბარი ამაზე გინდოდა? - შუბლს ვკრავ. - ხო. - მთლად ასეც არაა, მაგრამ... ორივე ურთიერთობა ახალია, ოთო... ვერაფრის პროგნოზს ვერ გავაკეთებ. - ამაზე ილაპარაკე მათესთან? - გვერდულად მიყურებს. - რამდენჯერმე. ოთო უხმოდ მიქნევს თავს და ცოტა ხნით ჩუმადაა. - და მათესთანაც ამაზე იკამათე? - წყენა მერევა ხმაში. - არა. - ოთო... - მირა, ისედაც ბევრს ვატრაკებ და საკუთარ თვითშეფასებას ნუ დამაკარგვინებ, კარგი? - მიღიმის, ჯიბიდან საფულეს იღებს და ბარმენს ფულს აწვდის. შემდეგ ჩემკენ ბრუნდება და მკლავზე მადებს ხელს. - არაფერზე იფიქრო. ის ბიჭი, კალე, როგორც ჩანს თავისი საქმის ტიპია. იმედია ასე გაგრძელდება. ყველაფერი ისე აღარაა, როგორც იყო, ხოდა, არ მინდა, რომ ჩემს მეგობრებს გამუდმებით გული სტკიოდეთ. ჩამოვედი და ვხედავ, რომ რაღაცები შეცვლილია. ვიცი, ეს ბუნებრივია, მაგრამ მაინც ვცდილობ გაშლილი წრის შეკვრას. იმედი მაქვს, ამასობაში არაფერს ავურევ. - ოთო, - მეღიმება მის სიტყვებზე და მის თითებს ჩემსას ვადებ. - არევის უფლებას არავინ მოგცემს. - ხოო, თქვენი იმედი მაქვს. - იცინის ისიც. - აბა, დავახვიოთ? - დავახვიოთ. ოთო მობილურს იღებს და ბარიდან გავდივართ. წვიმას გადაუღია და ოდნავღა წინწკლავს. გრილი წვეთების ჩემს სხეულზე შეგრძნება მსიამოვნებს. არ მინდა, ნასვამს გზა გავუმრუდო და ძლივს ვიყოლიებ, რომ სახლში მარტო წავიდე. შემდეგ კალესთვის მიცემული პირობა მახსენდება, მაგრამ... მე ხომ აქვე ვცხოვრობ? ტაქსიში ჩამჯდარს ხელს ვუქნევ და ნელა მიმავალ მანქანას თვალს ვაყოლებ. წვიმისგან გასუფთავებულ ჰაერს ხარბად ვუშვებ ფილტვებში და მობრუნებისას, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, მანქანის მიღმა მდგარ ადამიანს ვამჩნევ. ისევ მას, კაპიუშონიანს. ტანზე ეკალი მაყრის და გაუცნობიერებლად მეუფლება შიშის გრძნობა. ოთოსკენ ვიხედები. ტაქსი უხვევს და უჩინარდება. ვცდილობ იქ მდგომს არ მივაშტერდე, ვბრუნდები და სწრაფი ნაბიჯებით მივუყვები გზას. იდიოტივით, ახლა ვნანობ, რომ ოთოს უარი ვუთხარი და ვიწყებ იმაზე ოცნებას, რომ სადაცაა ტაქსი გამოჩნდება. ცაზე ისევ ელავს. ღმერთო, მთელი ღამე უნდა იწვიმოს? ნეტა კალე თუ მივიდა სახლში? როგორც ვიცი, არც ის ცხოვრობს ძალიან შორს. მათემ და ოთომ რაზე იკამათეს? მათე მეტყვის? ჩემი ყურსასმენები სადაა? ფუუ, მგონი ბარში დამრჩა. საკუთარ თავს ვიჭერ იმაში, რომ ყველაფერზე ვფიქრობ, უკან ჩამოტოვებულის გარდა. მომენტალურად ვჩერდები და მიუხედავად იმისა, რომ ბარში დაბრუნებას არ ვაპირებ, მაინც უკან ვიხედები. დიახ, გული მიგრძნობდა. კაპიუშონიანი სილუეტი გზის ჩემ მხარესაა და დაახლოებით ოც მეტრში მოაბიჯებს. მაშინვე ვბრუნდები და ვგრძნობ, როგორ მეყინება ხელები. ჯანდაბა! ვერ ვიჯერებ, რომ ვიღაც მანიაკი ამეკიდა; ვერ ვიჯერებ, რომ მთელი ორი საათი ბართან იდგა და მელოდებოდა, როდის გამოვიდოდი. ღმერთო! ცაზე ისევ ელავს და ისეთი საშინელი ქუხილი მოსდევს, შიშისგან ვხტები. ისედაც დათრგუნულს, უარესი მემართება. აქეთ-იქით ვიხედები, არავინ არაა დახმარების თხოვნა რომ დამჭირდეს, ვერავის მივმართავ. უნდა გადავამოწმო, ხომ არაფერი მეჩვენება. ძალას ვიკრებ, უკან ვიხედები და ვჩერდები. ისიც ჩერდება და არც კი ცდილობს იმის, დამალვას, რომ მე მომდევს. ზედატანის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დგას და ნახევარი ტანით შენობის სიბნელეს ერწყმის. ვერც ვაცნობიერებ, ისე ვბრუნდები და გავრბივარ. უკან ერთი წამით ვიხედები. ისიც მორბის. არა! არა! არა! ნაბიჯს ვუჩქარებ და რამდენადაც შემიძლია სწრაფად გავრბივარ. ჩაბნელებული ქუჩის ბოლოში ვხედავ ხმაურიან გზის პირს. ცოტაც, ცოტაც. იქ ხალხია, იქ არაფერი მოხდება. ღრმა სუნთქვისგან ყელი და ფილტვები ნელ-ნელა მეკაწრება. ვცდილობ შიშმა ორიენტაცია არ დამაკარგვინოს. მანქანებს შორის სწრაფად ვძვრები და ქუჩის მეორე მხარეს გადავდივარ. ისიც იმავეს აკეთებს. ღმერთო, მალე, მალე! ფეხი გადაადგი, მირა! ისევ ქუხს და ორ წამში კვლავ წვიმას იწყებს. ისევ უკან ვაბრუნებ თავს. მეწევა. ღმერთო, მეწევა. თვალები მემღვრევა და მალე ჩემი ღაწვები ცრემლებს და წვიმის წვეთებს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ. უკან მიხედვა აღარ მინდა. არ მინდა დავინახო, როგორ მიახლოვდება, როგორ მავლებს ხელს... არ მინდა, არ მინდა... და ის ისაა ცენტრალურ ქუჩაზე გავდივარ, რომ თვალი მაინც გამირბის. იქ აღარავინაა. ჩემს უკან არავინაა. ის წავიდა. წავიდა? ვითომ თავი დამანება? ხალხმა შეაშინა? განათებამ? არ მჯერა. ვერ ვიჯერებ, რომ ასე უცბად დანებდა. გულამოვარდნილი პირით ვსუნთქავ და წვიმის წვეთებს ვყლაპავ. ხელებს ატკივებულ ელენთაზე ვიდებ და რამდენადაც შემიძლია, იმდენად დაჟინებით ვზვერავ გარემოს. საეჭვო რომ არაფერი ჩანს ვბრუნდები, ჯიბიდან მობილურს ვიღებ და გზაჯვარედინისკენ მივაბიჯებ. რამდენიმე გამვლელის იჭვნეულ მზერასაც ვიპყრობ. ტელეფონში მათეს ნომერს ვპოულობ და ვრეკავ, მაგრამ გათიშული აქვს. ააახ! მათე! ჯანდაბა! ჯანდაბა! რა თქმა უნდა, აბა რაა... მაინცდამაინც ახლა, როცა ასე მჭირდება.! კიდევ ერთხელ ვცდილობ, მაგრამ არაფერია. ნაბიჯს ვუჩქარებ. ღმერთო, მთავარია, სახლში მივიდე. შუქნიშანთან ვჩერდები, თავს მაღლა ვწევ და სახეს გახშირებულ წვიმას ვუშვერ. გავარვარებულ ლოყებს ოდნავ აგრილებს. დამშვიდდი, მირა, დამშვიდდი. ალბათ მართლა წავიდა. ნამდვილად წავიდა.. აქ ხალხია. ქუჩაში ვერაფერს გაბედავს. არაფერი დამემართება. არაფერი... მაგრამ მობილურში მაინც ვპოულობ კალეს ნომერს. არ ვიცი, რა ვქნა. არ ვიცი, დავრეკო თუ არა. იმ წამს წითელი ინთება და მეც ზებრაზე მივაბიჯებ. სუნთქვაც შედარებით მწყობრში დგება და აღარც სხეული მიცახცახებს შემაშინებლად. ტელეფონს ნერვიულად ვუჭერ ხელს. როგორც კი ზებრას ვამთავრებ, შუქნიშანზე მწვანე ინთება. ინსტინქტი მაინც მოითხოვს უკან მოტოვებული გზის გადამოწმებას. ხოდა, მეც ვბრუნდები. ის კი იქ დგას. იქ, სადაც ერთი წუთის წინ მე ვიდექი. მოსიარულე მანქანებს მიღმა მისი ხელებდაშვებული სხეული შემზარავად გამოიყურება. ტუჩები მებრიცება. არა, ღმერთო! ისევ? რა უნდა ჩემგან? მაშინვე ვბრუნდები, გავრბივარ და კალესთან ვრეკავ. სანამ შუქნიშანზე წითელი აინთება, დამალვა უნდა მოვასწრო. ვერ დავუშვებ, რომ სახლამდე მდიოს. არ მინდა იცოდეს, სად ვცხოვრობ. და უცბად ყველაფერი ყირავდება. წამიერად საფეთქლებში საშინელ წვას ვგრძნობ. მან იცის სადაც ვცხოვრობ! მან იცის. ის ჩემს კორპუსთან იდგა, როცა სახლიდან გამოვედი. შეიძლება ბინა არა, მაგრამ კორპუსი ნამდვილად იცის. ნერვებისგან მთელი სხეული მეჭიმება და მუხლებში სიმძიმეს ვგრძნობ. წვიმის ხმა ყურთასმენას მიხშობს და გვიან ვიგებ, როგორ მეძახის მობილურში კალე. - მირა! გესმის ჩემი? მირა! - კალე, კალე... - ვჩერდები, უკან ვტრიალდები, გარემოს ვავლებ თვალს. იქ არ ჩანს. არავინაა, მაგრამ ალბათ სადღაც აქაა, რადგან, ასე უცბად შორს ვერ წავიდოდა. - მირა, რა ჯანდაბაა? რა გჭირს? რა მოხდა? - ყვირის ბიჭი. - ის... ის აქ იყო. წეღან აქ იყო. კალე, ვიღაც მომდევს! - ხმა მითრთის. ყელში რაღაც იბერება და მტკენს. - რა? ვინ მოგდევს, რას ამბობ მირა? სად ხარ? - ვიღაც... არ ვიცი... ვიღაც. გთხოვ, მოდი, გთხოვ... - სად ხარ, გამაგებინე! შენ ხომ ტაქსით აპირებდი წასვლას? ამის დედაც... მირა! - სახლთან ვარ. მალე ჩემს კორპუსთან ვიქნები. ცოტა ხნის წინ აქ იყო. შენ სად ხარ? შორს ხარ? - ეს-ესაა ტაქსიდან გადავედი. ახლავე გავაჩერებ სხვას. - მალე რა, გთხოვ, მალე. ბარიდან ამეკიდა. უფრო სწორად სახლიდან წამოსვლისას, მაგრამ მაშინ ყურადღება არ მივაქციე. ბართან მელოდებოდა, გესმის? წეღან გზაჯვარედინთან დავინახე, მაგრამ ახლა... ღმერთო, რა უნდა ჩემგან, კალე? - ტირილს ვერ ვიკავებ. - დამშვიდდი, კარგი? დამშვიდდი. უბრალოდ იარე. არ გაჩერდე. - კარგი, მივდივარ... - მაგის დედაც... მირა, შენს კორპუსს სხვა შესასვლელი არ აქვს? პირდაპირ სახლისკენ ნუ წახვალ. შეძლებ? - კალე, მან მგონი... - ისევ უკან ვიხედები და თვალები მარტივად აღიქვამენ ჩემგან დაახლოებით ორმოც მეტრში მდგარ შავ ფიგურას. - ღმერთო, აქაა, კალე... აქაა. ისევ... - გაიქეცი, მირა, გესმის? გაიქეცი და არ გათიშო! ჩართულ მობილურს მუჭში ვიქცევ და გავრბივარ. კორპუსთან ერთი ჩიხია. იქ კი სადღეღამისო მაღაზია, რომლის უკანა გასასვლელიც პირდაპირ ჩემი კორპუსის ეზოში შედის. მთავარია, იქამდე ისე მივაღწიო, რომ არ დამინახოს. სანამ შესახვევამდე მივიდოდე, გაფაციცებით ვეძებ ლურჯ-წითელ მოციმციმე განათებებს, მაგრამ ჩემ ბედზე, არც ერთი პატრულის მანქანა არ ჩანს. ჩიხში შეხვევისას გვერდით ვიხედები. კაპიუშონიანი ისევ არსად ჩანს. ჯანდაბა! რას აკეთებს? ამას როგორ ახერხებს? მობილურს დავყურებ. კალე ისევ ხაზზეა. - კალე, აქ ხარ? - აქ ვარ. მოვდივარ მირა. თხუთმეტ წუთში შენთან ვიქნები. კარგად ხარ? ისევ მანდაა? სად ხარ? - არ ჩანს. ჩიხში შევედი. აქვე მაღაზიაა და იქ შევალ ახლა. მგონი თავი დავაღწიე. - კარგია, მშვენიერია. მაინც არ გათიშო, გესმის? - არა. ერთი წუთით... - მობილურს ვიშორებ და ვცდილობ, ნაცნობ გამყიდველს ნორმალური ღიმილით გავუღიმო. ქალი გაზეთის კითხვას თავს ანებებს და გაკვირვებული მათვალიერებს. ვუხსნი, რომ წვიმაში მოვყევი და აქეთ მოვხვდი. სანამ ის ამინდზე წუწუნებს, მე მაღაზიის კარს ვამოწმებ. ღმერთო, იმედია, კვალი ავურიე. შეიძლება ჩიხში შემოუხვიოს, მაგრამ, იმედია, მაღაზიაში შემოსულს ვერ დამინახავს. ვჩქარობ, გამყიდველს მისი უკანა კარით სარგებლობის ნებართვას ვთხოვ და ისიც უყოყმანოდ მიმიძღვის. მაღაზიიდან გასული მადლობას ვეუბნები და ეზოს ვკვეთ. მის მზერას ვგრძნობ და ოდნავ ვმშვიდდები. მაგრამ ერთიანად სველს და დამფრთხალს ცახცახი არ მიჩერდება. ის-ისაა ისევ კალესთან ვაპირებ დალაპარაკებას, რომ მობილურის ბატარეა ჯდება. - ფუ, ამის დედაც!.. - ნერვებაყოლილს ხმამაღლა მცდება გინება. აქეთ-იქით ვიხედები. ჩემ წინ კორპუსის ჩაბნელებული შესასვლელია. ვუყურებ და ასე მგონია, იქაურობა ჩემკენ გამოწვდილი ხელებითაა სავსე. თითებს სახეზე ვიკრობ, იქ შესვლა არ მინდა. იქ შესვლა არაფრით არ მინდა, მაგრამ ვხვდები, რომ სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს. იქნებ დაველოდო? იქნებ კალეს აქ დაველოდო? ერთადერთი, რაც კორპუსს ანათებს, მრიცხველების წითელი ნათურებია. არა, აქ დგომა არ მინდა. ნუ ხარ მშიშარა, მირა. ის ხო უკან ჩამოიტოვე? ახლა სახლში ახვალ, კარს ჩაკეტავ და კალეს იქ დაუცდი. თმას უკან ვიწევ, ჯერ ნელა მივდივარ კორპუსისკენ, შემდეგ კი ნაბიჯს ვუჩქარებ და ის-ისაა კიბის მოაჯირს ვეჭიდები, რომ მთავარი შემოსასვლელის ღია კარში სილუეტს ვხედავ. მოულოდნელობისგან ვხტები, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტი სწრაფად იწყებს მოქმედებას. ადგილს ვწყდები და კიბეზე ვიწყებ ასვლას, მაგრამ ის თითქმის მაშინვე მეწევა, რამდენიმე საფეხურზე ასულს მაჯაში მავლებს ხელს და კედელზე უხეშად მანარცხებს. თავს ცუდად ვურტყამ და ვყვირი, მაგრამ ჩემი ხმა პირზე აფარებულ მის ხელთათმანებიან თითებში იკარგება. საშინელი ტკივილისგან თავი მიბრუის. ყურებში რაღაც მიწივის, მაგრამ მაინც ვიქნევ ხელებს და მისგან გათავისუფლებას ვცდილობ მანამ, სანამ ყელზე რაღაც ბასრს და ცივს არ ვგრძნობ. მაშინვე ვჩერდები და კედელს ათრთოლებული ვეკვრი. ცრემლებისგან დაბინდული თვალებით მხოლოდ მის ჩრდილს ვხედავ და იმასაც გაცრეცილს. კაპიუშონში ერთი დიდი სიცარიელე, სიბნელე და ქვესკნელია. - რა გინდა?! - ვყვირი, მაგრამ საკუთარი გაწყვეტილი ხმა მოგუდულად ჩამესმის. პირიდან ვერგამოღწეულ ჰაერს, უკან ვყლაპავ. ხელის გულს ნელა მაშორებს ტუჩებიდან, თითქოს საუბრის ნებას მრთავს, მაგრამ სათქმელი აღარაფერი მაქვს. თითებს ნელა ასრიალებს ქვემოთ და ყელზე მაჭერს. მისი სუნთქვის ხმა მესმის. აუტანლად, გამაღიზიანებლად მშვიდი და აუღელვებელია. დანას ნელა აცურებს და მაისურს აწვება. თავს გვერდით ხრის და ორი წამით ჩერდება. თითქოს ერთობა იმით, რასაც აკეთებს. თხელი ქსოვილი ზეწოლას ვერ უძლებს და იხევა. - არ გინდა... - ვამბობ და თვალებს მაგრად ვხუჭავ. მას არც ესმის. ყელზე კიდევ უფრო მაწვება და თავს მაღლა მაწევინებს. ვგრძნობ, როგორ იყოფა ორად ჩემი მაისური. სადაცაა შიშშერეული ადრენალინი გულს გამიხეთქავს. თითები ვეღარ ერევიან თავშეკავებას და ჩემგან დამოუკიდებლად მიიწევენ მისკენ. ხელებს მხრებში ძლიერად ვურტყამ, მაგრამ არაფერი გამომდის. ის სულ ოდნავ ტორტმანდება, შემდეგ თმაში მავლებს ხელს და დანას ისე ძლიერად მაბჯენს ყელზე, ასე მგონია კანს მიღმა აღწევს. გამძვინვარებული ფშვინავს და თმას ძლიერად მქაჩავს. დანიანი ხელი ოდნავ უცახცახებს, ქვემოთ აცურებს და ვგრძნობ, როგორ იხსნება კანი ლავიწთან. ტკივილს კბილებს შორის ვამწყვდევ, მაგრამ მაინც აღწევს გარეთ. ის ისევ პირზე მაფარებს ხელს, სწრაფად მაბრუნებს და კედელს ლოყით მაყრდნობს. რამდენიმე წამით თმაში ჩავლებულ თითებს მაჭერს, შემდეგ მიშვებს და ვერ ვხედავ, როგორ მშორდება. კედელზე ვსრიალდები და კიბეზე ვჯდები. სახეზე ხელებს ვიფარებ და ტირილით ვცდილობ დამშვიდებას. ლავიწზე ჭრილობა საშინლად მეწვის და ჯერ კიდევ მგონია, რომ მისი დანა ჩემს ყელზეა. ჭრილობაზე თითებს ვიდებ და სისხლის სითბოს ვგრძნობ. შემდეგ მახსენდება, რომ თითქმის სახლში ვარ. აქ ჯდომა მზარავს, შუაზე გაჭრილ მაისურს მკერდზე ვიკრობ და სწრაფად ავრბივარ კიბეზე. ჩემს კართან ვჩერდები და ხელის ცახცახით ვცდილობ გასაღების საკეტზე მორგებას. ის-ისაა გონებაში აზრად მივლის მათესთან ასვლა, რომ კიბეზე სწრაფი ნაბიჯების ხმა მესმის. კარს მაშინვე ვაღებ, სახლში შევდივარ, ვკეტავ და ვაყურადებ. რამდენიმე წამში აკაკუნებს და შეშინებული ვაშორებ თავს მეტალს. სათვალთვალოში ვიხედები და კალეს რომ ვხედავ შვებით ვოხრავ. კარს მაშინვე ვაღებ და ზღურბლზე შეჩერებულს ვეხუტები. - აქ ვარ, დამშვიდდი. - ამბობს ჩუმად, თავზე მკოცნის და ზურგზე მეფერება. თავის შეკავება არ გამომდის და ვტირი. - მირა, კარგად ხარ? - თავს ვუქნევ, მაგრამ კარგად არ ვარ. თუმცა, მისი სიმხურვალე, რომელიც სველი მაისურის შიგნიდან აღწევს, ნელ-ნელა მამშვიდებს. - რამე მითხარი. - თავს მიჭერს, მათვალიერებს და ვხედავ, როგორ ეკვრება შუბლი. - ამის დედაც! - თავს აქნევს გაღიზიანებული, სახეზე მეფერება და თვალებში მაჩერდება. - რამე დაგიშავა? ხომ არაფერი დაგიშავა? მითხარი. - არა... - მის მაისურზე ჩემი ჭრილობიდან დატოვებულ წითელ ლაქას ვხედავ. - თითქმის არა. - ვამბობ და ისევ ვეხუტები. - იქნებ პოლიციაში დაგვერეკა? - შეპარვით მეკითხება. - რისთვის... არაფერი დამინახავს. არც არაფერი წაუღია. ჩემი შეშინება უნდოდა და გამოუვიდა. უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ... - მაგრამ, კიდევ რომ განმეორდეს ამაზე არ ფიქრობ? - შემცბარი ავლებს თვალს ჩემს მოშიშვლებულ მკერდს. გახეული მაისურის კიდეებს იჭერს და ნასკვავს. - თუ კიდევ განმეორდება, დავრეკავ, მართლა. - მირა! - კბილებში სცრის ის. - ახლა სახლიდან გასვლა არ მინდა. არც ვინმე სხვის დანახვა მინდა. სახლში მინდა ყოფნა და ჩემ გვერდით შენ სრულიად საკმარისი ხარ. - ნერვები მღალატობს და ხმა ოდნავ მიტყდება. კალე ოდნავ ეშვება - კარგი, დამშვიდდი. მოდი აქ, - მხრებზე მხვევს ხელს, ოთახში შევდივართ და დივანზე მსვამს. ზურგიდან ჩანთას მხსნის, თვითონ ჩემ წინ იმუხლებს და თითებს მიჭერს. - თუ ასე თავს მშვიდად იგრძნობ და წინააღმდეგი არ ხარ... არა, არ გეკითხები. ამაღამ შენთან დავრჩები. ხომ არ გირჩევნია, ცხელი წყალი გადაივლო? - მოგვიანებით. - კარგი. - თავს აქნევს კალე. - ბამბა და სპირტი სად გაქვს? - შეეშვი, არ გინდა... - მირა, გეყოფა. უბრალოდ მითხარი სადაა. მეც აღარ ვეწინააღმდეგები. კალეს აფთიაქის ყუთი მოაქვს. ჭრილობას ფაქიზად წმენდს და თან სულს უბერავს წვის შესამსუბუქებლად. მისი სველი თმიდან ჩამოღვრილ წვეთს ვუყურებ, რომელიც საქმეზე კონცენტრირებულ, მაგრამ აქედან შორს მყოფ თვალებში ჩასდის. კალე შუბლზე ხელს ისვამს და თმა თითებით ლამაზად ევარცხნება. მეღიმება. მის შემხედვარეს ისე მეღიმება და ისეთი სიმშვიდე მეუფლება, თითქოს ათი წუთის წინ ვიღაც მანიაკი ყელზე დანას არ მაბჯენდა. - რა მოხდა? - ერთ წამში იჭერს ჩემს მზერას. - სულ სველი ხარ. - სანამ მეორედ გავაჩერე ტაქსი... - თავს უკმაყოფილოდ აქნევს. - ტელეფონი რო გაგეთიშა... - გმადლობ, რომ მოხვედი. - კალე ჭრილობაზე წებოვან ლენტს მაკრავს და მის გარშემო საჩვენებელ თითს ფრთხილად ასრიალებს. - ახლა ბევრად უკეთ ვარ. შენს შემდეგ უკეთ ვარ. - მირა... - მის ხმაში საყვედურთან ერთად თანაგრძნობაც ჟღერს. მუხლებზე დგება, თითებით ლოყებზე მეფერება და ჯერ ტუჩებზე მკოცნის, შემდეგ ნიკაპზე, მერე ლოყაზე და ისევ ტუჩებს უბრუნდება. ეს ფრთხილი და მსუბუქი შეხება გონებაში მბრუნავ ბნელ სურათებს ნელ-ნელა უკარგავს ძალას და სხეულში ჯერ კიდევ შემორჩენილ ადრენალინს მიმართულებას უცვლის. ჩემი ტუჩები მომთხოვნები ხდებიან და ხელებსაც ადვილად იყოლიებენ. თითებს ბიჭის მხრებზე ვაწყობ და მაისურს მუჭებში ვბღუჯავ. კალე სახეზე მეხება. - მირა... ხომ არ ჯობია, დაიძინო? - ამბობს ის. ხმა ოდნავ ჩახლეჩილი, სახე კი არეული აქვს. - არა. - ლაპარაკი არ მინდა. ისევ ვკოცნი და თითებს მის თმაში ვმალავ. - დასვენება გჭირდება. - ჩურჩულებს. - შენ მჭირდები. - ვამბობ ამ ღამისთვის უკანასკნელ სიტყვებს და არც საკუთარი თავით გაოცებას ვიმჩნევ. კალე ჩემგან განსხვავებით ერთხანს ყოყმანობს, მაგრამ მალევე ვგრძნობ მის თითებს მკერდზე. ასე მგონია ჩემს გულისცემას მისი კანი იწოვს. თავის შეკრულ ნასკვს ხსნის და ორად გაჭრილ მაისურს მხრებიდან მაშორებს. ყურებში ჩამესმის ნაჭრის გახევის ხმა და უსიამოვნოდ მცრის. ბიჭის სახეს ვიჭერ და ჩემკენ ვიზიდავ. რაც უფრო ახლოსაა მისი გამყინავი სურნელი, მით უფრო ვმშვიდდები. კალე წელზე მაკრობს გაშლილ ხელისგულებს, დივანზე მაწვენს და ტუჩებს ყელზე მაბჯენს. ისეთი ვნებით და ისე ძლიერად, რომ თავი რბილ მატერიაში მეფლობა. ერთი წამით სუნთქვა მიჩერდება. შემდეგ ვაცნობიერებ, რომ ეს დანა არაა და ვცდილობ, მთელი თავისი სიმხურვალით შევიგრძნო ეს კოცნა. ბიჭის თითოეული შეხება თითო წვეთ მოუთმენლობას მიღვივებს და ადუღებული სისხლი შეგრძნებებს მიასმაგებს. მის მაისურს ვავლებ თითებს და სწრაფად ვაძრობ. კალე ზემოდან დამყურებს. ქარვისფერი თვალები ზაფხულში დანთებული კოცონივით მხურვალედ უელავს. სველი კანი მოძრაობისას აბრეშუმივით უბზინავს და შეხებას მემუდარება. გულის ფეთქვას და სურვილს ვეღარ ვიმორჩილებ, მის მკლავებს ვიჭერ და ჩემკენ ვიზიდავ. ნელა იხრება, თითებს ჩემს თმაში ურევს და ლოყაზე ცხვირით და ტუჩებით ერთდროულად მეკრობა. სველი კოცნით მოიწევს ვნებისგან მფეთქავი ბაგეებისკენ და ის-ისაა ტუჩებს ვხსნი, რომ ჩერდება. ერთი წამით მავლებს ანთებულ თვალებს და ოდნავ ქვემოთ ცურდება. ორივე ხელისგულს მუცელზე მადებს და ისევ ჩემკენ გამოურბის მზერა. მოხრილი თითებით ქვემოთ მიიწევს და საკუთარ ქმედებას ისე აკვირდება, თითქოს ცდილობს, გეგმა არ ჩააგდოს. ერთი წამიც და შორტის სალტეს ეჭიდება. გახსნილი ღილის ადგილს მისი ტუჩები იკავებენ. ცხელი სუნთქვა და ტუჩების სისველე ლამის გულს მიჩერებენ. სიამოვნებისგან თავბრუდახვეული თვალებს ვხუჭავ და შეგრძნებებით განვაგრძობ მისი მოძრაობის დანახვას. 6 თავი 2016 წელი, 23 ივლისი *** იმ ღამის შემდეგ თითქმის ერთი კვირა გადის, მაგრამ თავს არ მანებებს იმის შეგრძნება, რომ ჩემ უკან ვიღაც დგას. ახლა ვნანობ, რომ კალეს არ დავუჯერე და პოლიციაში არ განვაცხადე ეს ამბავი. არ ვიცი მას შემდეგ რა მოხდებოდა, თავს რამდენად უსაფრთხოდ ვიგრძნობდი, მაგრამ გამუდმებით უკან მაინც არ მექნებოდა თვალები. ამას ისიც ემატება, რომ ერთი კვირაა მათეს ნორმალურად არ დავლაპარაკებივარ. არ ვაცივდები, რადგან ვიცი, უარესად გაჯიუტდება და ჩაიკეტება. ზარებზე არ მპასუხობს. უკანასკნელ მესიჯში მითხრა, რომ დაკავებულია და ბათუმში მნახავს. ის ფაქტი, რომ ზღვაზე წამოსვლა არ გადაუფიქრებია, ცოტას მამშვიდებს. პარანოია რომ არ მაქვს, საქმის დამსახურებაა. ახლა წაქცეულ მორზე ანანასის წვენით ხელში ვზივარ და მზის ჩასვლას ვადევნებ თვალს. ვაღიარებ, პრაქტიკაში ასეთი მშვენიერი წვეულება არ მქონია. დეკორი იმაზე ლამაზი გამოდის, ვიდრე ველოდით. ხეზე ჩამოკიდებული, ფოთლებშემოხვეული ჩარჩოები, პატარძლის შემდეგ ყველაზე აქტუალურია. სტუმრები უამრავ „პორტრეტს“ იღებენ და ერთობიან. ხელმოწერისთვის განკუთვნილი სცენა სპილოსძვლისფერი ბანტებითა და თეთრი ვარდებით მორთული თაღითაა დამშვენებული. ქორწილის დრესკოდის გამო თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი სტუმრები, ნეფე-პატარძალს სურვილების ალბომში სამახსოვრო სიტყვებს უტოვებენ. სარას მეჯვარეს კალეს ფოტოაპარატი არ აკმაყოფილებს და თავისი პოლაროიდით გადაღებულ ფოტოებს ხეებს შორის გაბმულ თოკებზე სარჭებით ჰკიდებს. მზის ჩასვლასთან ერთად, ნელ-ნელა ინთება რამდენიმე ზოლად გავლებული ნათურები და გარემოს კიდევ უფრო რომანტიკულ და მომნუსხველ ელფერს სძენს. საღამოს სუსტი ნიავი აქა-იქ ჩამოკიდებულ თეთრ ფარდებს ნაზად აფრიალებს. რა თქმა უნდა, დარჩენა არ მევალებოდა. კალეც და ჩვენი მიმტანებიც განკუთვნილი დროის შემდეგ სააგენტოს მანქანით უკან წამოვიდოდნენ, მაგრამ სარამ და გეგამ ისე მთხოვეს, უარი ვერ ვუთხარი. და არც ვნანობ. ყველაფერი, რასაც აქ ვხედავ, ნეგატიურ ფიქრებს საოცარ სიმსუბუქეს ანიჭებს. სარა სპილოსძვლისფერ მბზინავკორსეტიან ფარფარა კომბინიზონშია გამოწყობილი. ეს სილამაზე დასაწყისში კაბა იყო. ჯვრისწერისა და ხელმოწერის შემდეგ კი კომბინიზონად იქცა. სარა გეგას მიკრობია, ღიმილით ჩურჩულებენ და ეზოში მოსეირნე მშვიდ მელოდიას მსუბუქად ეცეკვებიან. ორივე ცალ-ცალკე და ერთად ისეთი თვალისმომჭრელია... მზერა იქვე მდგარი კალესკენ გადამაქვს, რომელსაც კისერზე ნეფე-პატარძლის ორი წლის შვილი შემოუსვამს და თან დროდადრო სურათებს იღებს. პატარა ლუკა ბიჭს თმაში ჩაჰფრენია და მისი კისკისი და ტიტინი მთელ ეზოს აყრუებს. მეცინება. კალეს კიდევ რამდენი სახე უნდა დავინახო, რომ გაოცება საბოლოოდ შევწყვიტო? წვენს ვსვამ და მასთან გატარებულ ღამეებზე ფიქრში ქორწილს ვეთიშები. ვგრძნობ, რომ მასთან სიახლოვე და უსაზღვრო ლტოლვა ჩემში რაღაცას ცვლის, მაგრამ არ ვიცი რას და არ ვიცი, უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ. არ მინდა, როცა ცვლილება აშკარა იქნება, უკვე გვიანი იყოს. - დაღლილი ხარ. - ჩემ გვერდით ჯდება კალე და ყელზე ჩამოკიდებულ ფოტოაპარატს ჩაჰყურებს. - შენ არა? - მისკენ ვბრუნდები და ვათვალიერებ. მის ოქროსფრად მოელვარე კანს საოცრად უხდება თეთრი ტანსაცმელი. კალე ქვემოდან მაცქერდება და გვერდულად იღიმის. - ჩემი სამუშაო არ მღლის. და თუ მღლის, იმასაც სასიამოვნოდ. - ამბობს. - ასე რატომ გიყვარს ფოტოების გადაღება... - მეღიმება. - ჰმმ... ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. - მეუბნება და ჩემს მუხლზე ჩამოდებულ ნატიფ თითებს აბრეშუმის ქსოვილზე ფრთხილად ასრიალებს. ხვდება, რომ მისი პასუხით უკმაყოფილო ვარ და აგრძელებს. - როცა სურათს ვიღებ, ასე მგონია დრო წყობიდან გამომყავს და ვამარცხებ. რომ იცოდე, ეს რა არაადამიანური სიამოვნებაა... - ნეტარება იგრძნობა მის ხმაში და ტანზე ეკალი მაყრის. - იცი, შენი კამერისადმი დამოკიდებულება უკვე მაშინებს. - პასუხი გინდოდა. - მხრებს იჩეჩავს. - ასეთი შემაძრწუნებელი არა. - მირა, - იცინის კალე. ორი თითით ნიკაპს მიჭერს და ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის. - შემაძრწუნებელშიც არის რაღაც ხიბლი. - აი, კიდევ! - თვალებს ვატრიალებ. - ყველაფერში ხიბლის დანახვა ავადმყოფობაა. - და ავადმყოფი რომ მოგწონს, მაგას რა ჰქვია? მეცინება და თავს ვაქნევ. კალე მაგიდიდან შამპანურის ბოკალს იღებს და სვამს. - სამსახურის საათებში დალევა აკრძალულია. - ვცდილობ, სერიოზული ვიყო. - ასევე სექსიც, ამიტომ წამოდი, ვიცეკვოთ. - კალე აპარატს დებს და ვდგებით. წელზე ხელებს მხვევს. ნიკაპს მხარზე ვაყრდნობ და ვცეკვავთ. ბიჭი დროდადრო ყურსა და კისერზე კოცნით მეხება და ცხელი ტალღებით გაბრუებული დაღლას უფრო მკვეთრად ვგრძნობ. მასთან ერთად ძილი სრული რელაქსაცია იქნებოდა. - სიმაღლის გეშინია? - მესმის მისი ჩურჩული. - რატომ მეკითხები? - უსიამოვნო შეგრძნებისგან ვოხრავ. - აქ მოსვლის პირველი დღე გამახსენდა... - არა, სიმაღლის არა. დაუფიქრებელი ნაბიჯების მეშინია. - არ მეტყვი? - არაფერია სათქმელი. - კარგი. - ისევ ყურზე მკოცნის და მუსიკის დასრულებამდე ვცეკვავთ. ვცდილობ, აგორებული ფიქრებისგან განწყობა არ გავიფუჭო და გარემოს მუხტს მთელი მონდომებით ვისრუტავ. კალე მალევე უბრუნდება საქმეს და მეც ვფიქრობ, ხომ არ წავიდე. მობილურს ვიღებ და ყოყმანით დავყურებ მათეს ნომერს. მომენატრა. ვგრძნობ, რომ დღეები მის გარეშე ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოს. ისე მაბრაზებს მისი ჯიუტი ხასიათი, მინდა სახლში მიუვარდე, ვუყვირო და ჭკუაზე მოვიყვანო, მაგრამ ვიცი, რომ აქედან არაფერი გამოვა. მშვიდად ვკრეფ ტექსტს და ვაგზავნი. „ - ამაზე საუბრის საშუალება არ მოგვეცა. დავჯავშნო თქვენთვისაც მატარებლის ბილეთები ზეგ დილისთვის?“ მაგრამ პასუხს აგვიანებს. ალბათ მუშაობს, ალბათ ლინდასთან ერთადაა, ალბათ ვერ გაიგო. ან ალბათ ისევ შორს იჭერს თავს. როგორ მინდა ყველაფერი ძველებურად იყოს, ისე, როგორც წლების წინ. ნატა რომ ცოცხალი იყოს, ახლა არც ლინდა იარსებებდა და არც გაჯიუტებული მათე. ვერაფრით ვიჯერებ, რომ გოგო განზრახ მოკლეს. წინასწარი გათვლით და გეგმით. ვერაფრით ვიჯერებ ნატას იმ მხარის არსებობას, რომელსაც შესაძლოა ჩვენ გვიმალავდა. და როგორ მოხდა ისე, რომ არ არსებობს არც ერთი სამხილი, არც ერთი მოწმე და არც ერთი ეჭვმიტანილი, რომლიდანაც კვალზე გასვლა გახდება შესაძლებელი... როგორ შეიძლება ორი თვე ასე უარაფროდ გადიოდეს და ნატა ასე უსამართლოდ მკვდარი იყოს?! - მირა. - მესმის ზურგიდან კალეს ხმა. - შენს გამართულ ყველა წვეულებაზე ასე გიფუჭდება ხასიათი? - მისკენ ვბრუნდები და ეშმაკურად მოელვარე თვალებს ვაშტერდები. - მხოლოდ მაშინ, როცა ჩუმად მიღებენ ფოტოებს. ორივეს გვეცინება, მაგრამ ბიჭიც მალევე ხვდება, რომ ჩემ განწყობას ეს ვერ შეცვლის. - ვიცი, რომ საფიქრალი გაქვს, მაგრამ არ გინდა, მირა... გამოუსწორებელს ისედაც ვერ გამოასწორებ და რაც მოგვარებადია, ის კი მოგვარდება ისედაც. - ასე გგონია? - როცა უყვართ, მათ გარეშე დიდხანს ვერ ძლებენ, მსმენია. - ამბობს კალე და კისერზე ისვამს ხელს. - რას გულისხმობ? - ვგრძნობ, როგორ მივლის სხეულზე ცივი ტალღა. - რას უნდა ვგულისხმობდე, შენსა და მათეს მეგობრობას. - მხრებს იჩეჩავს, შუბლზე თითებით მეხება და ნიკაპამდე მსუბუქად ასრიალებს. - შენც ხომ იცი, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება? - თანხმობის ნიშად თავს ვუქნევ. - მაგრამ როგორც ჩანს, კიდევაა რაღაც. - წარბებს ჰკრავს. - რატომ არ მიყვები? არასაკმარისად სანდო ვარ? - საკმარისად მაცდური ხარ იმისთვის, რომ ამალაპარაკო. - საკუთარ სიტყვებზე უხალისოდ მეღიმება. - მაგრამ, მაინც არასანდო. - მე ჩემ თავს ვერ ვენდობი კალე, მეშინია. - რის? - ქვემოდან მიყურებს ინტერესიანი თვალებით. - მეშინია. არ ვიცი რა მოხდება იმ ყველაფერზე რომ ვილაპარაკო. არ ვიცი, რა მომივა. მეშინია, რომ ყველაფერი გაცოცხლდება და თავიდან დაიწყება. - მირა, ერთადერთი, რაც წარსულს შეუძლია, ჩვენით მანიპულირებაა. ამ კავშირის გაწყვეტა, მხოლოდ მასზე ლაპარაკითაა შესაძლებელი. - ალბათ... მაგრამ წარსულის ადგილი მაინც წარსულშია. მისი ცოდნა შენ არ გჭირდება, ჩვენს ურთიერთობას არ სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მის გარეშე უკეთ ვიქნებით. - სინამდვილეში ხომ ადამიანები ის ვართ, რაც აქამდე გადაგვხდენია. ამას უნდა შეეგუო მირა. მესმის შენი და ძალას არ დაგატან. ის ამბავი შენია და თავად გადაწყვეტ, იტყვი თუ არა, მაგრამ ნამსხვრევებს ვერაფერს უშველი, მხოლოდ უნდა მოხვეტო და გადაყარო. ვიცი, რომ ის მართალია. რა თქმა უნდა, მართალია, მაგრამ შესისხლხორცებულს მხოლოდ ტკივილიანად მოიშორებ. მე კი ტკივილის მეშინია, ძალიან. - აქ მოვრჩეთ. - თავს აქნევს ის. - კარგი. - მის ხელისზურგზე დამჩნეულ ძარღვებზე თითებს ვასრიალებ. - ახლა ასე მოიქცევი: სახლში წახვალ, წყალს გადაივლებ, ყავას დალევ და იმ შავ საცვლებს ჩაიცვამ. - უკანასკნელ სიტყვებს ჩემკენ გადმოხრილი ყურთან მეჩურჩულება და იქვე მკოცნის. მეცინება. - დარწმუნებული ხარ, რომ დაგელოდები? - მოდი, შევამოწმოთ. - თვალს მიკრავს ის, უკან იხევს და სამუშაოს უბრუნდება. ნივთებს ვაგროვებ და დასამშვიდობებლად ნეფე-პატარძალთან მივდივარ. სარას და გეგას გული სწყდებათ, მაგრამ აღარ მაცივდებიან. მადლობებით მაცილებენ მანქანამდე და კმაყოფილები მემშვიდობებიან. ის-ისაა სახლში შევდივარ და ფეხსაცმელს ვიხდი, რომ მობილურზე მათეს შეტყობინება მომდის. „ - მე და ლინდა ხვალ საღამოს მივდივართ, მირა.“ „ - კარგი.“ - ვპასუხობ და გაღიზიანებული მივდივარ სააბაზანოსკენ. *** 2016 წელი, 25 ივნისი ბათუმში ძალიან ცხელა. ოთოს სახლში ეს ნაკლებად იგრძნობა, მაგრამ გრილი ოთახებიდან გარეთ გასვლა, ჯოჯოხეთში მოხვედრის ტოლფასია. მე და კალე თეონასთან ერთად ჩავდივართ. დანარჩენები უკვე გაშინაურებულები გვხვდებიან. ლინდა თავისი ყალბი ღიმილით თვალებს გვჭრის. დაკვირვებაც არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ოთოსა და მათეს შორის ისევ უთანხმოებაა. თუმცა, ცდილობენ სხვებთან თავი მოაჩვენონ, თითქოს ყველაფერი რიგზეა. ვერაფრით ვეგუები იმ ფაქტს, რომ კამათის მიზეზზე არც ერთი მელაპარაკება. მათე სამზარეულოდან მესალმება და მოჰიტოს მომზადებას უხმოდ აგრძელებს. მე შენ გიჩვენებ უცხვირპირობას! ოდნავ მაკვირვებს ის ფაქტი, რომ ოთახში კალესთან ერთად ვბინავდები. მაგრამ, შემდეგ ვაცნობიერებ, რომ დასამალი აღარაფერია და მეც ასე მირჩევნია. რადგან ზღვისთვის არაფერი შემიძენია, საყიდლებზე თეონასთან ერთად მივდივარ. ბოლო დროს გოგო უცნაურად დაძაბული მეჩვენება და შანსი მეძლევა, დაველაპარაკო. ცივი ყავის დასალევად კაფეში ვჩერდებით და საკმაოდ დიდხანს ვანდომებთ დაკარგული დროის ანაზღაურებას. ძირითადად ნატაზე ვსაუბრობთ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ მთელი ამ დროის მანძილზე გოგოს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდი. - ამ ზაფხულს ანტალიაში ვაპირებდით წასვლას, გახსოვს? - ეღიმება მას. - ბარგს რომ ვალაგებდი, მისი მაისური ვიპოვე და იცი რა გავიფიქრე? წავიღებ და ხვალ მივცემ-თქო. ორი თვეა მისი ხმა არ გამიგია და კი შევეგუე, რომ ის აღარაა, მაგრამ ხანდახან ინსტინქტურად ასე მომდის. ხან მის ნომერს ავკრეფ, ხან ჩემ თავს ვეუბნები „ნატას ვკითხავ“, გამეფიქრება ხოლმე, ნეტავ თუ მოეწონება და აი ეს ჰაერში გამოკიდებული იმედები ცუდად მხდიან. იცოდი ნატას ფეისბუქი რომ გაუქმდა? - არა, რამდენიმე დღის წინ „მოგონება“ ვნახე, ანუ ჯერ კიდევ იყო. - ხოო, სამი თუ ოთხი დღეა. ჩათიც კი აღარაა. ლამის ჭკუიდან გადავედი. რატომ გაქრა, ვერ ვხვდები. - იქნებ დედამისმა გააუქმა? - ხო, მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ რატომ... - მხრებს იჩეჩავს თეონა და ღაწვებიდან ცრემლებს იწმენდს. - კარგი, დამშვიდდი გთხოვ. ერთადერთი შვილი დაკარგა. საღი აზრის შენარჩუნება ძნელია. მით უმეტეს, რომ ვერც პოლიცია აკეთებს ვერაფერს. წარმოგიდგენია დედისთვის რა ძნელია? თეონა თავს იქნევს და ოხრავს. მშვიდდება და თემის შეცვლას საკუთარ თავზე იღებს. საუბარში გვიღამდება და კალეს ზარი გვახსენებს, რომ სახლში გველოდებიან. ნაყიდ ნივთებს ვიღებთ და ის-ისაა კაფედან გავდივართ, რომ გარედან შემოსული, ყურადღებაგაფანტული ახალგაზრდა მამაკაცი მეჯახება. მობილურზე მოსაუბრე, წესიერად არც მიყურებს, ისე მიხდის ბოდიშს და კაფეში შედის. წამოსულს კი მის ცივად მოელვარე თვალებზე წამიერად მეფიქრება. მგონი სადღაც მყავს ნანახი. *** სახლში მისულებს კიდევ ერთი სტუმარი გვხვდება - ოთოს შეყვარებული. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ისევ ის გოგოა, რომელიც თბილისში გამართულ წვეულებაზე გაგვაცნო. არც მიკვირს. სალომე საკმაოდ კარგი გოგო ჩანს და ქერათმიანის სტერეოტიპებსაც მარტივად ამსხვრევს. ვინაიდან და რადგანაც თენგო თავს მარტო გრძნობს, ბულვარზე გასვლის იდეას გვაწვდის. მგზავრობისგან და საყიდლებზე სიარულისგან დაღლილს, ნაბიჯის გადადგმაც არ მინდა, ამიტომ ვრჩები. კალე ჩემთან ყოფნას არჩევს. მათეც არ მიდის და ვცდილობ გაკვირვება არ შევიმჩნიო. ლინდა, რა თქმა უნდა, მის „მარტო“ დატოვებას არც გეგმავს. დანარჩენები მიდიან. სახლში დარჩენილები ვიშლებით. კალე სააბაზანოში მიდის. გაყოლას მთავაზობს, მაგრამ იმის იმედით, რომ მათესთან სასაუბროდ მარტო დარჩენას მოვახერხებ, უარს ვეუბნები. თუმცა ბიჭი, თავის „ლინდასთან“ ერთად სახლის მეორე სართულზე ადის. მარტო დარჩენილი მაცივრიდან წყლის ბოთლს ვიღებ და მოზრდილ აივანზე გავდივარ. აქედან პირდაპირ შავად მოელვარე ზღვა ჩანს. მარჯვნივ მოშორებით დასახლებაა, მარცხნივ კი სანაპირო, რომელსაც იშვიათად სტუმრობს ხალხი. ცხელ სიოს შორიდან მოაქვს ზღვის ხმა და სურნელი. თითქოს ყველაფერს ზაფხულის ელფერი აქვს, მაგრამ დაძაბულობის წვრილი ძაფი მაინც ევლება სადღაც, როგორღაც. ოთოს სიტყვები მახსენდება, ვცდილობ წრე შევკრაო. ცდა ჩანს და ვაფასებ, მაგრამ გული მიგრძნობს ეს შემაკავშირებელი, წარსულის აღსადგენად დაგეგმილი ათი დღე ვერაფერს მოიტანს. ბექას და ნატას შემდეგ ყველაფერმა უკუსვლა დაიწყო და ეს მე ძალიან მაშინებს. - მყუდროებას ხომ არ დაგირღვევ? - მესმის ზურგიდან მათეს ხმა და ვბრუნდები. ბიჭს ჯიბეებში ჩაუწყვია თითები და აივანზე გამოსასვლელ კარს ეყრდნობა. მის დანახვაზე მეღიმება, მაგრამ მალევე მახსენდება, რომ ერთი კვირის უნახაობის შემდეგ, შორიდან მოსალმებით შემოიფარგლა და მაშინვე მიხდება განწყობა. - როცა ჩამოვედი, ალბათ მაშინაც ამას ფიქრობდი. - ვეუბნები და ზურგს ვაქცევ. მათე მიახლოვდება და ჩემ გვერდით დგება. ერთი წამით ვაპარებ მისკენ თვალებს. - შენ ხომ მიცნობ, ნაწყენი არ უნდა იყო. - მათე, - ვცდილობ წყობიდან არ გამოვიდე. - რატომ გადაწყვიტე, რომ ერთი კვირა უშენოდ გაძლება შემიძლია, მით უმეტეს მაშინ, როცა ცუდად ხარ? - ცუდად არ ვარ. არც ვყოფილვარ. სხვა რამ იყო და გაიარა. ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. - ძალიან მარტივია შენი მხრიდან, ხომ? - ძალიან რთულია. - ჩემთან შესარიგებლად მოხვედი? - არ მეგონა თუ ნაჩხუბრები ვიყავით. - შუბლს ჰკრავს ის. - არც ვართ, მაგრამ ისე ჩანს, თითქოს... - მე და ოთომ კი არა, მე და შენ ვიკამათეთ. - მაწყვეტინებს ის და თვალს მავლებს. ვოხრავ. ნერვებისგან დაჭიმული ძაფი ყელში მიჭერს. სადაცაა ვიტირებ. მეზიზღება მათესთან კამათი, მეზიზღება! - დარწმუნებული ვარ, ჩემსა და ოთოს შორის კამათის მიზეზს გულის სიღრმეში ხვდები. ამაზე საუბარი ფუჭი იქნება, მირა. ჩემი აქ ყოფნა, იმას ნიშნავს, რომ პრობლემამ ჩაიარა. ოთო ამას ხვდება და აღარ გვინდა მეტი შორს დგომა, კარგი? - კარგი. - ახლა ყველაფერი ცხადი ხდება და უარესად მტკივდება გული. - მაგრამ მაცადე, რომ ერთი კვირის უნახაობა გაპატიო. - ჩამეხუტები ახლა თუ მაინცდამაინც ბამბის ნაყინს დავუწყო ძებნა? ვუღიმი და ის-ისაა მის ჩასახუტებლად ნაბიჯს ვდგამ, რომ მობილურზე ურეკავენ. მათე ტელეფონს შუბლშეკრული დაჰყურებს და პასუხობს. როგორც ჩანს, ხმას არავინ იღებს. რამდენიმე წამიანი ლოდინის შემდეგ ბიჭი მობილურს ჯიბეში აბრუნებს და ხელებს მხვევს. - ძალიან მომენატრე. - ვეუბნები ჩურჩულით. - მეც, მირანდა. - ხითხითებს და თავზე მკოცნის. სიცხის მიუხედავად, შვებისგან მაციებს და ეკალს მაყრის. - აქ ჩემთვის დარჩი? - შენც, ხო? ორივეს გვეცინება. თითებს მონატრებულ გიშერივით თმაში ვუცურებ და მის სირბილეს შევიგრძნობ. ნეტავ ბოლომდე თუ ვაცნობიერებ, რა ძვირფასია ეს ადამიანი ჩემთვის? *** 2016 წელი, 26 ივლისი გუშინ მთელი დღე საშინლად წვიმდა. მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ არ არსებობს ბათუმში გატარებული დასვენების დღეები წვიმის გარეშე. ერთადერთი, რისთვისაც გარეთ გავედით, ისიც შედარებით გამოდარებულზე, პროდუქტის ყიდვა იყო. მთელი დღე ჯერ ფილმებს ვუყურეთ, შემდეგ მონოპოლია ვითამაშეთ და საღამოს საკუთარი ხელით მომზადებული ვახშამი წვიმის ხმაურის ფონზე მივირთვით. მთელი დღე სახლში სიჩუმე არ ჩამოვარდნილა. თუმცა, ამ ხმაურს და მოლხენას, ისე აჩნდა სამი ადამიანის არყოფნა, რომ ხანდახან ადგომა და სახლიდან გასვლა მინდოდა. ბათუმში წამოსვლამდე ლელას დავურეკე. ვიცოდი, რომ უარს მეტყოდა, თუმცა იმედი მაინც მქონდა, რომ რამდენიმე დღეზე დავიყოლიებდი. ბექას მშობლებისგან განსხვავებით, რეალობას ეგუება, მაგრამ მისი ის ნაწილი, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა, ბიჭთან ერთად რეანიმაციაშია გამოკეტილი. ამიტომ მინდოდა ცოტა ხნით მაინც გამოეცვალა გარემო, მაგრამ არაფერი გამომივიდა. დღეს კი ცხელა. საშინლად. ზღვაზე დილით ადრე გავედით და სანამ მზე ზენიტს მიაღწევდა სანაპიროზე ვიყავით. ახლა ცივ კოქტეილს ვსვამ და მზის ჩასვლას ბუნგალოდან ვადევნებ თვალს. ნარინჯისფერი მოცეკვავე სხეულებისა და მუსიკის შეჯიბრი თანდათან უფრო ხმაურიანი და ვნებამორეული ხდება. რაც უფრო გვიახლოვდება ღამე, უფრო მოთხოვნადი ხდება ალკოჰოლი. სახლისგან საკმაოდ შორს ვართ, ამიტომ ბიჭების მიერ გადაკრული ყოველი ყლუპი სასმელი თანდათან უფრო ზედმეტი მეჩვენება. კართან მდგარი კალე მობილურზე საუბარს ასრულებს და ჩემ გვერდით ჯდება. სიგარეტის კოლოფიდან ბოლო ღერს იღებს და უკიდებს. შემდეგ ჩემს მზერას აწყდება და იღიმის: - შემოგთავაზებდი, მაგრამ... - ამბობს და ცარიელ კოლოფს ვერცხლისფერ ფოლგას აცლის. - სატანა ხარ! - ვცრი კბილებში და უხალისოდ ვსვამ კოქტეილის ბოლო ყლუპს. კალე პირიდან კვამლს უშვებს, იდაყვით სკამის სახელურს ეყრდნობა და ჩემკენ იხრება. - სატანასთან სექსზე რას იტყვი? - სახლში წასვლა გინდა? - მეცინება და მაშინვე სუნთქვა მეკვრება, როგორც კი მისი თითები მოშიშვლებულ წელზე მეხებიან. კალე იცინის და მხარზე მკოცნის. - ხანდახან რა ერთფეროვანი და ძველმოდური ხარ. რატომ უნდა გაიარო ამხელა გზა მხოლოდ იმიტომ, რომ სექსი სახლში გქონდეს? - ფხუკუნებს ის. - ნუ მაბამ! - წარბებს ზემოთ ვწევ კატეგორიულობის ნიშნად. - არც ისეთი ნასვამი ვარ, რომ ღია ცის ქვეშ სექსზე დაგთანხმდე. - ხანდახან გარისკვას სულაც არ სჭირდება ალკოჰოლი. - თვალს მიკრავს ის და თითს ჩემს ქვედა ტუჩზე აჩერებს. - მოკეტე და მაკოცე. ყოყმანი სულაც არ სჭირდება, ვნებიანად მეხება ბაგეებზე. ცოტა ხნით ვბრუვდები და მის ხელში მოქცეულ კვამლადენილ სიგარეტსაც ჯანდაბაში ვისტუმრებ. ხმამაღალი მუსიკა ყურებში მოგუდულის ეფექტით ჩამესმის. ცოტაოდენი ალკოჰოლი კოცნას კიდევ უფრო ვნებიანს ხდის. კალეს ისევ მობილური ურეკავს. სანამ უპასუხებდეს, მაცდური ხმით მეჩურჩულება: - მაინც იფიქრე. მეცინება და ის-ისაა ბართან მისასვლელად ვდგები, რომ მოშორებით ლინდასთან ერთად მდგომ მათეს მზერას ვიჭერ. ალბათ სულ ორი წამით გრძელდება, მაგრამ ესეც კი საკმარისია მისი უცნაურად მოელვარე თვალების დასანახად. ხელს ვკრავ იმ ფაქტს, რომ მან ჩემი და კალეს კოცნას თვალი მოჰკრა და ვუღიმი. მათეც მკრთალი ღიმილით მპასუხობს და სალომესთან მოლაპარაკე ლინდას უბრუნდება. უსიამოვნო შეგრძნება სხეულზე ცივ ჟრუანტელს მგვრის და არეული ფიქრებით გაბრუებული ბარმენს წყალს ვთხოვ. ბოთლით ხელში ვბრუნდები და წამიერად მეჩვენება, რომ დახლის ბოლოდან ვიღაც მიყურებს. მაშინვე ვაკვირდები მაღალ სკამზე ზურგით მჯდომ მამაკაცს ფერადი პერანგით, მაგრამ ის პარტნიორთან საუბრითაა გართული. - მირა, - კალე მიახლოვდება და ყურადღება მასზე გადამაქვს. - სახლში უნდა წავიდე. სარას დავპირდი, რომ სურათების დამუშავებას დღეს დავასრულებდი. წამოხვალ? ბიჭს თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და გოგოებთან მდგომ მათესთან მივდივართ, რომელსაც ხელში ლუდის ქილა უკავია და უგულისყუროდ უსმენს მათ ხმამაღალ საუბარს. როგორც მათგან ვიგებთ, ოთო და თენგო რამდენიმე წუთია ნაცნობს გაჰყვნენ და დაიბარეს, რომ მოგვიანებით პირდაპირ სახლში მოვლენ. სალომე გაბრაზებულია, რომ ბიჭი უმისოდ წავიდა. ვაფრთხილებთ, რომ ჩვენც მივდივართ და ის-ისაა მათეც ჩემს აზრზე დგება, რომ ლინდა წუწუნს იწყებს, ჯერ ადრეა, დარჩენა მინდაო. მხრებს ვიჩეჩავ და სანამ კალე წასასვლელად წელზე ხელს მხვევს, აშკარად უხასიათოდ მყოფ მათეს ვემშვიდობები. *** უკვე კიბეზე ვაპირებ ასვლას, რომ კალე ხელს მიჭერს და უკან იხევს. - წამოდი. - იღიმის ის და ჩაბნელებულ სანაპიროზე მანიშნებს. თვალებს ვატრიალებ და მეცინება. ვხვდები მის განზრახვას. - ვერ ვიჯერებ, რომ მთელი გზა ამას გეგმავდი. - უფრო დეტალებზე ვფიქრობდი. - მისწორებს ის და ცალყბად იღიმის. - კალე, გაჩერდი. არ გინდა. - სიცილს ვერ ვიკავებ, თუმცა არც ამ სიგიჟის ჩადენაზე ვფიქრობ. - მინდა. და თუ დამიჯერებ, გეტყვი, რომ შენ ჩემზე მეტად. - აქ არა. - თავს ვაქნევ. - სწორედაც, რომ აქ. - ამბობს ის, მაისურს იხდის და იქვე აგდებს. თვალებით მანიშნებს, რომ ახლა ჩემი ჯერია, მაგრამ არც მოქმედებას მაცდის, არც სიტყვის თქმას. ცისფერი კაბის თხელ მატერიას მუჭში იქცევს, თავისკენ მიზიდავს და ისე მხურვალედ მკოცნის, სუნთქვა მეკვრება. ვერც კი ვიგებ, როგორ ქრება ჩვენი სხეულიდან ტანსაცმელი. როცა ფეხზე ზღვის ტალღას ვგრძნობ, მაშინღა ვაცნობიერებ, რომ შიშველი ვარ. ვკრთები. ლოყებახურებული უკან ვიხედები გარემოს დასაზვერად. - გვიანია. - ამბობს კალე, მოულოდნელად ხელში მიტაცებს და წყალში მაგდებს. წყალი არც ისე ცივია. ერთიანად გახურებულ სხეულს სიამოვნებს კიდეც მოლივლივე ტალღები. ამოყვინთული წყალს ხელს ვურტყამ და კალეს ვაშხეფებ. იცინის და ჩემკენ მოიწევს. მხრებზე ვეყრდნობი, თითებს მის სველ თმაში ვაცურებ და დანამულ სახეს ვუყურებ. მთვარის შუქზე ძნელია მისი ქარვისფერი თვალების დანახვა. - მაინც უარზე ხარ? - მეკითხება და ჯერ ყელზე მკოცნის, შემდეგ ნიკაპზე. - რატომ აკეთებ ამას... - გჭირდება... - ამბობს და მისი ტუჩები მთელ ჩემს სახეს ედებიან. თვალებდახუჭული შევიგრძნობ ცხელ სუნთქვას ყურთან. - მეც მჭირდება... - წელზე მობჯენილ ხელებს თეძოებზე ასრიალებს და ფეხებს მის წელს ვხვევ. - ნუ გიჩნდება ასეთი შეკითხვები მირა... - ისე მაკარგვინებ თავს, რომ მეშინია. - ტუჩებზე ლოყით ვეხები და ვგრძნობ, რომ იღიმის. - როცა ეს შიში გაივლის, მაშინ აღარ გენდომები. - ამბობს ოდნავ ჩახლეჩილი ხმით. ვგრძნობ, როგორ მოცურავს მისი ენა ყელიდან და სანამ ტუჩებამდე მოაღწევდეს, ჩემ შიგნით სიმხურვალისგან ყველაფერი დნება. *** თორმეტი საათი ხდება. კალეს კალთაში ლეპტოპი უდევს და ქორწილის უკანასკნელ ფოტოებს ამუშავებს. მის გვერდით ბალიშსჩახუტებული ვწევარ. მთელი ჩემი ენერგია ზღვაში დავტოვე და ახლა ვცდილობ, ძილს მოვერიო. ნათურის ნარინჯისფერ შუქზე ბიჭს ხორბლისფერი კანი მიმზიდველად უბზინავს. ქერა თმა შუბლზე ეყრება და დროდადრო უკან იწევს. ლამაზი პროფილით ინტერესით აკვირდება მონიტორს. ზღვაში გატარებულ წუთებზე ვფიქრობ და ჯერ ისევ მივლის ამაღელვებელი ჟრუანტელი. ახლა დანამდვილებით ვიცი, რატომ მომწონს კალე. მასთან ვრისკავ და არ ვაგებ. ის იმ ადრენალინს მაძლევს, რომელიც ჩემმა წარსულმა წამართვა და რომელიც ნატასთან, რესტორნის აივანთან მისი სისხლის გუბეში დარჩა. ის ყოველთვის აქტიურია და ყოველ ნაბიჯზე მაგრძნობინებს, რომ მისთვის სასურველი ქალი ვარ. მასთან ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი მირა ვხდები. არ ვიცი, მომწონს თუ არა ეს ცვლილება, მაგრამ არც მაწუხებს. მომავალზე ფიქრი კი არ მინდა. ჯობია სიურპრიზად დარჩეს. ალბათ ცოტა ხნით ძილი მაინც მჯობნის, რადგან ხმამაღალი კისკისის ხმა მაღვიძებს. კალე კარს ხურავს და კისრის დაზელვით ბრუნდება საწოლში. - ყველა მოვიდა? - ვეკითხები და თვალებდახუჭული ველოდები პასუხს. - ოთოს და თენგოს გარდა. ესე იგი მათე სახლშია. შვებით ვოხრავ. - კიდევ დაგრჩა? - ცალი თვალით ვათვალიერებ ლეპტოპს. - ცოტა. დაიძინე შენ. - კალე ჩემკენ იხრება, ტუჩებზე მკოცნის და სამუშაოს უბრუნდება. *** შუაღამის ოთხის ნახევარი ხდება, რომ მეღვიძება. ტუმბოდან წყალს ვიღებ და ვსვამ. ძილი ისევ თვალებზე მაწევს და ვერ ვხვდები, ასე რამ მომთენთა. კალეს სძინავს. ის-ისაა მისკენ მიჩოჩებულ ბალიშზე თავს ვდებ, რომ სუსტი ხმაური იქცევს ჩემს ყურადღებას. ცოტა ხანში კი საძინებლის კარის დაბურული მინაც მსუბუქად ნათდება. ალბათ რომელიმეს ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზა ვერ აძინებს. ერთხანს ჩასვლაზე ვფიქრობ, მაგრამ ძილი ისე მართმევს თავს დილამდე, რომ ვერ ვიგებ. *** იმდენად შორიდან ჩამესმის კივილის ხმა, რომ თავი სიზმარში მგონია და ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ჩემამდე მეორედ მოღწეული ყვირილი დამფრთხალს მაფხიზლებს. გული ამოვარდნას მაქვს. დილის ექვსის ნახევარი ხდება. კალე საწოლში არაა. ის-ისაა ვდგები, რომ ბიჭი ოთახში შემოდის და ფეხზე მყოფს რომ მხედავს, შეწუხებული ოხრავს. შორტების ამარა კარის სახელურს ეყრდნობა და თვალს ვერ მისწორებს. შორიდან ისევ აღწევს ყვირილის და ტირილის ხმა. - რა ხდება ქვემოთ? - ვუახლოვდები მას, მაგრამ პასუხის გაცემას არ ვუცდი, კარს ხელს ვკრავ და სუნთქვაშეკრული ჩავრბივარ კიბეზე. კივილის ხმა კიდევ უფრო მძაფრდება. პირველ სართულზე არავინაა და მაშინვე გარეთ გავდივარ. სახლისგან დაახლოებით ორმოცდაათი მეტრის დაშორებით ხალხს მოუყრია თავი. ვგრძნობ, რაღაც საშინელების მოლოდინში როგორ მეყინება სხეული. თავშეყრის ადგილისკენ მივდივარ. გზად თეონა მხვდება, რომელიც მიწაზე ზის, ტირის და ლინდა ცდილობს მის დამშვიდებას. შემდეგ თენგოს ვხედავ. ისიც ქვაზე ზის და გაყინული მზერით უხილავ წერტილს მიშტერებია. ხალხის კედელს ვარღვევ და ის-ისაა მათეს ხელები გულზე მიკრავენ, რომ ოთოს ვხედავ. სისხლიან მიწაზე მწოლიარე ჩემს მეგობარს, რომელსაც სალომე ხელის შეხებას ვერ უბედავს. 7 თავი 2016 წელი, 27 ივლისი დილა *** ასე იცის მწუხარებამ. ხელს გკრავს, შორს მოგისვრის და მანძილის მიუხედავად, მაინც მკვეთრად დაგანახებს ყველაფერს, რასაც თვალს არიდებ. ხედავ, გრძნობ, როგორ იცვლება ამინდივით შენში ყველაფერი. ერთ წუთს თბილა, შემდეგ თვალის დახამხამებასაც ვერ ასწრებ, რომ წვიმს და ქარი ანგრევს ყველაფერს, რასაც სითბოს სურნელი ასდიოდა. კიბეზე მჯდომი ვუყურებ, როგორ შლის კვლავ მოგროვებულ ხალხს პოლიცია. ოთოს შეყვარებული, სალომე, სასწრაფო დახმარების მანქანაში ზის და ტირილით საუბრობს მობილურზე. ლინდას და თეონას ადგილი არ შეუცვლიათ. გოგო ხანდახან გამომხედავს და თვალებით მეკითხება, რა ხდება. ამ შეკითხვაზე პასუხი კი საკუთარი თავისთვისაც ვერ გამიცია. თენგო ერთ-ერთ პოლიციელს ელაპარაკება, რომელიც დროდადრო წიგნაკში რაღაცას ინიშნავს. მათთან ერთად კიდევ ერთი, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი ტრიალებს, რომელიც აშკარად რაღაც პრივილეგიით სარგებლობს. რამდენიმეწამიანი დაკვირვების შემდეგ მახსენდება, რომ ის მე გუშინწინ კაფედან გამოსვლისას დამეჯახა და ახლა ვხვდები, სად მყავს ნანახი. ნატას მკვლელობის ღამეს სწორედ მან დაგვკითხა და სწორედ ისაა, ვინც ჩემი მეგობრის საქმეს იძიებს. ვერ ვხვდები, აქ რას აკეთებს და არც მინდა ამაზე ფიქრი. თავი მარჯვნივ მჯდომი მათეს მხარზე მიდევს. ჩემი ხელი კი მარცხნივ მჯდომ კალეს აქვს მოქცეული და მაგრად მიჭერს. ველოდებით, რას გვეტყვის პოლიცია. ვერ ვხვდები, რა ხდება. რა სჭირს ჩვენს სამეგობროს? რატომაა უიმედოდ ბექა? რატომ მოკლეს ნატა? რატომ მოკვდა ოთო? რა დავაშავეთ? „ძველი დრო წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მე სულ მახსოვს. დღევანდელობა იმასთან შედარებით არაფერია. გაშლილი წრის შეკვრას ვცდილობ, ამასობაში კი მგონი ყველაფერს ვურევ.“ თავში შეუწყვეტლივ მიტრიალებს ბარში ნათქვამი ოთოს სიტყვები და ვგრძნობ, რომ სადაცაა გავსკდები. სახეზე ხელებს ვიფარებ და თავს მუხლებზე ვიდებ. ცრემლებისგან უკვე მთელი სახე მეწვის. ის ცდილობდა. ალბათ მხოლოდ ის ცდილობდა, ჩვენ კი არა. მის იმედად ვიყავით და მარტოს არაფერი გამოუვიდა. ახლა ჩემი შინაგანი ხმა მთელი სისასტიკით ყვირის, რომ სამეგობრო აღარ არსებობს და აღარც იარსებებს. ოთო მოკვდა და წრის შეკვრის იდეაც მასთან ერთად. ბიჭის სხეულს ექსპერტიზაზე წაიღებენ, თუმცა პოლიციელი, რომელმაც დაგვკითხა, დარწმუნებით ამბობს, რომ ოთოს სიკვდილი მისსავე დაუდევრობითაა გამოწვეული. როგორც ჩანს, როცა თენგო და ოთო სახლში დაბრუნდნენ, ბიჭს არ დაუძინია. საკმაოდ ნასვამი, ლუდის საყიდლად სადღეღამისო მაღაზიაში გავიდა. უკან დაბრუნებულმა სანაპიროსკენ გასწია. მთვრალს ალბათ ფეხიც აერია, ქვებს წამოედო და საფეთქლით დაეცა. მისი სხეულის ზედაპირული მდგომარეობა განზრახ მკვლელობაზე ერთი პროცენტითაც არ მეტყველებს. პოლიციელის მონაყოლზე მახსენდება, გვიან ღამით ხმაურმა რომ გამაღვიძა და იმაზე ფიქრი, რომ იქ ოთო იყო, მე კი არ ჩავედი, უარესად მხდის. ძილი რომ არ გამეგრძელებინა, იქნებ ეს საშინელება არც მომხდარიყო... სისუსტეს ვგრძნობ და მათეს მკლავს ვეჭიდები. - კარგად ხარ? - დაზაფრული მავლებს ხელს მხარში. - წყალს მოგიტან. - მეუბნება კალე, მაგრამ ვაჩერებ. - იყავი. ავალ, გამოვიცვლი. - მთელი დილაა ღამის შორტით და მაისურით ვდგავარ. ვერაფრით ვუყურებ, როგორ დებენ ოთოს უსულო სხეულს საკაცეზე. მათეს და კალეს ვარწმუნებ, რომ კარგად ვარ და სახლისკენ გაბრუებული მივდივარ. კიბეზე ასვლისას სანაპიროსკენ ვიხედები და თვალში ეკალივით მხვდება ის ადგილი, სადაც ოთო იწვა. თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდ და ფილტვებში რამდენჯერმე ღრმად ვუშვებ ჰაერს. ცა ნაცრისფერია, ღრუბლები მზეს მონდომებით მალავენ და გრილი ნიავიც იმაზე მეტყველებს, რომ მალე გაავდრდება. ვბრუნდები და ის-ისაა აივნიდან სახლში შევდივარ, რომ საუბრის ხმა მესმის. ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ და მოაჯირიდან დაბლა ვიხედები. სახლის კუთხეში ნაცნობი ცივთვალება გამომძიებელი განმარტოებით დგას და მობილურზე საუბრობს. მის მოსმენას აზრადაც არ ვივლებ, რომ არა პირველივე ფრაზა, რაც ჩემამდე აღწევს. - გული მიგრძნობს, ეს სამეგობრო რაღაც შარშია. სუნთქვაშეკრული კედელს ვეფარები და ვაყურადებ. - ვახტანგ, ვერაფრით ვიჯერებ, რომ სასტავში მეორე ადამიანის სიკვდილი შემთხვევითობაა... ხო, მაგრამ მომისმინე ჯერ... - კაცი მობეზრებით ოხრავს. - ხო, ვიცი, რომ შვებულებაში ვარ... ხომ იცი, რომ თავს ვერ დავანებებ?!.. მე არც შვებულება მითხოვია... ვახტანგ, მენდე, ზუსტად ვიცი, რომ მკვლელობაა... არა, გარეგანი დათვალიერების მიხედვით ბრძოლის კვალი არაა... არა, მხოლოდ დამსხვრეული ბოთლი... მოწმე არაა, ბოლოს გამყიდველმა ქალმა ნახა, ლუდი სადაც იყიდა. ჩეკიც ჯიბეში ედო... ხო, ყველა დაკითხეს და ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა... დიახ, მაინც ასე ვფიქრობ... ახლა რომ შეგაგინო, საქმიდან მომხსნი?.. პოლიციელი საუბარს აგრძელებს, მაგრამ მე მეტის მოსმენა აღარ შემიძლია. გაყინული შევდივარ ოთახში, სამზარეულოში ნიჟარას ვეყრდნობი და წყალს ვუშვებ. ხელებს ვისველებ და ჯერ სახეზე ვისვამ, შემდეგ კისერსა და ყელზე. მკვლელობა? შეიძლებოდა ოთო მოეკლათ, ისე, როგორც ნატა? შარში ვართ? რას ნიშნავს, შარში ვართ? განა ასეთი რა დავაშავეთ, რომ ვიღაცას ჩვენი სიკვდილი უნდა? ვინ გვემტერება ასე? ჩვენი სიკვდილი! ღმერთო! სახეზე კიდევ ერთხელ ვისხამ წყალს. ვერ ვიჯერებ. არა, არა, ეს პოლიციელი ცდება. საკუთარ დეტექტიურ ფანტაზიასაა აყოლილი. ალბათ სხვა საქმე არ აქვს. ალბათ შვებულებისას ძალიან მოიწყინა. არა, ღმერთო! ნატა და ოთო აღარ არიან. ამას ყველა უჯრედით ვგრძნობ და თავი მაინც სიზმარში მგონია. ოთო მთვრალი იყო, სანაპიროზე ფეხი აერია და თავი ქვას დაარტყა. ასე იყო. ასეთ მდგომარეობაში ვნახე დილით. კი, ნატა მოკლეს. მას ყელი გამოჭრეს. ვიდეოკამერები გათიშეს და დაცვა დააძინეს, რომ ფირზე დანაშაული არ აღბეჭდილიყო, მაგრამ ოთო? არა, ის არ მოუკლავთ. არა! წყალს ვისხამ და სულმოუთქმელად ვსვამ. ის ისაა ბარს ვუვლი ოთახში ასასვლელად, რომ მასზე, სანელებლების ქილებს შორის სალფერკის ხვეულა იქცევს ჩემს ყურადღებას. ვუახლოვდები. დაკვირვებაც არ სჭირდება, ისე მკაფიოდ ჩანს მასზე აღბეჭდილი სისხლის ორი ლაქა. უფრო სწორად - ორი თითის სისხლიანი ანაბეჭდი. ერთხანს გაურკვევლად შევყურებ, შემდეგ კი ისე მკაფიოდ ჩამესმის ცივთვალება გამომძიებლის ხმა, რომ ყურებში რაღაც იწყებს კივილს. „ეს სამეგობრო რაღაც შარშია.“ ყელში რაღაც მეჭიმება და აუტანლად მტკენს. პირზე ხელებს ვიფარებ და ტირილის შეკავებას ვცდილობ, მაგრამ ცრემლებისგან მაინც მისველდება სახე. ეს რა არის? ეს ვისგან დარჩა? ვის დასჭირდა სალფეტკი სისხლის გასაწმენდად? ღმერთო, რა ჯანდაბა მოხდა შუაღამეს?! ბარს ვეყრდნობი და ღრმად სუნთქვას ვცდილობ. ვგრძნობ, რომ სტრესი მჯაბნის და აცახცახებული თითები მიბუჟდება. ოთახს ისე ვათვალიერებ, თითქოს ახლა ვინმე გამოჩნდება და ყველაფერს მეტყვის. ამიხსნის, ვინ რა დააშავა. ფანჯრიდან ვიხედები და ვხედავ, როგორ უხვევს სასწრაფოს მანქანა კუთხეში. პოლიციაც მას მიჰყვება. დანარჩენები კი ბრუნდებიან და სახლისკენ მოაბიჯებენ. ფიქრის უნარი მეკარგება და საკუთარ ქმედებას ვეღარ ვაკონტროლებ. ხვეულას ვიღებ, სალფერკს ანაბეჭდებიან ნაწილს ვახევ და სწრაფად ავდივარ გამოსაცვლელად მეორე სართულზე. *** 2016 წელი, 27 ივლისი საღამო ცუდად ვარ. ცუდად ვარ, რადგან ოთო მოკვდა; რადგან არავისთვის მითქვამს გამომძიებლის ეჭვები; რადგან წარმოდგენა არ მაქვს, საიდან გაჩნდა სალფეტკზე სისხლის კვალი. გულში მიტრიალებს უსაფუძვლო ეჭვები, ათასი სულელური აზრი და არაფერს ვუსმენ, რადგან ყველა მათგანს ის საშინელი ალბათობა ფარავს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა „ჩვენი სამეგობრო შარშია.“ ამის შემდეგ უკვე იმაშიც აღარ ვარ დარწმუნებული, რომ შუაღამით პირველ სართულზე ოთოს ხმაურმა გამაღვიძა. მთელი დღეა ჩემს მეგობრებს ვაკვირდები და ის, რომ მათი სხეულების შესამჩნევი ნაწილები დაზიანებულები არაა, კიდევ უფრო მეტ საფიქრალს მიჩენს. თუ სალფეტკი მათ არ გამოუყენებიათ, ესე იგი სახლში უცხო ადამიანი იყო, რადგან ოთოს ერთადერთი ჭრილობა თავზე ჰქონდა, რომელმაც მოკლა. მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ მკვლელი (მით უმეტეს, თუ იგივე ადამიანი იქნებოდა, რომელმაც ნატა მოკლა), ჭრილობის გასასუფთავებლად მსხვერპლის სტუმრებით სავსე სახლში, თანაც შუქანთებულში დაუშვებდა შემოსვლას. ამიტომ, მინდა თუ არ მინდა, მტკივნეულია ეს თუ არა, ისევ მეგობრების თვალიერებას ვაგრძელებ. მთელი დღეა სახლში სიჩუმეა. სალომეს ქობულეთში მყოფმა ნათესავებმა მოაკითხეს და რამდენიმე საათის წინ წავიდა. დანარჩენები რატომ გავურბივართ საუბარს ვერ ვხვდები. უკვე დიდი ხანია პირველ სართულზე გვაქვს თავი მოყრილი. არც კი მჯერა, რომ ლინდა ჩვენზე ზრუნავს. გამუდმებით ყავას, ჩაის და წყალს გვთავაზობს. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ეს მიდგომა რაიმეს სამაგიერო იყოს. დივანზე მიწოლილს თავი კალეს კალთაში მიდევს და მოზრდილ ფანჯარაზე წვიმის ლივლივს ვადევნებ თვალს. ავდარი ალბათ გარეთ ყველაფერს შლის. თეონა თენგოს მკერდს მიჰყრდნობია და ნამტირალევი თვალებით თვლემს. მათეს ლუდის ბოთლი უკავია და ჩაფიქრებული დაშტერებია მაგიდას. - მატარებლის ბილეთები ხვალ საღამოსთვის დავჯავშნო? - ოთახში შემოდის ლინდა და მათეს სავარძლის სახელურზე ჯდება. - სადაცაა მამუკა და თეა ჩამოვლენ. - ოთოს მშობლებს გულისხმობს თენგო. კატეგორიული ხმა აქვს. ლინდას შეკითხვას არავინ აქცევს ყურადღებას. - დავიცადოთ ჯერ. - ხო, აქაურები არიან. იქნებ აქ დაკრძალონ. - ამბობს თეონა. - მეც მაგას ვფიქრობდი. - ოხრავს ბიჭი. ცოტა ხნით ისევ სიჩუმე ისადგურებს. - ამის დედა შევეცი, თავები ძლივს მოვათრიეთ სახლამდე. რა ჩემ ფეხებადღა გავარდა, რა უნდოდა?! - ხმა უწყდება თენგოს და სახეზე ნერვიულად ისვამს ხელს. - აქ დარჩა, დაბლა. დავიცლები და ამოვალო. რას ვიფიქრებდი, ამის დედაც!.. - კარგი, დამშვიდდი. - ბუტბუტებს ისევ ატირებული თეონა და ბიჭს მხარზე ეფერება. ტირილის შეკავებას ვცდილობ და კალეს შარვალს ვუჭერ თითებს, მაგრამ ვხედავ, მაინც როგორ სველდება ცრემლებისგან მისი ჯინსი. გულს მიღრღნის ყოყმანი. ვერ გადამიწყვეტია ვუთხრა თუ არა მათ, რაც გამომძიებლის საუბრიდან გავიგე. არ ვიცი, ღირს თუ არა მათთან იმის განხილვა, რომ შესაძლოა ოთოს სიკვდილი ბუნებრივს მიმსგავსებული დაგეგმილი მკვლელობა იყოს. შესაძლოა. ერთის მხრივ ეს „შესაძლოა“ მაკავებს, მეორეს მხრივ კი სისხლიანი სალფეტკი, რომელიც საგულდაგულოდ შევინახე. მოუსვენრობა მკლავს. - მირა, - ჩემკენ იხრება კალე და თმაზე მისვამს ხელს. - ხომ არ ჯობია ავიდეთ? ცოტას გამოიძინებ. - არ ვიცი. - მხრებს ვიჩეჩავ. - ახლა მაინც ვერაფერს გააკეთებ. - ასე ჯობია. - მესმის მათეს ხმა და მისკენ ვიხედები. ლუდის ცარიელ ბოთლს ორი თითით ისე აქანავებს, ასე მგონია, სადაცაა გაუვარდება. - აქ ჯდომა არაფრისმომცემად დაგღლით. ჯობია გამოიძინოთ. - გოგოებს გვავლებს თვალს. - და თქვენ? - ოთოსებს დაველოდებით. - წამოხვალ ცოტა ხნით? - ფრთხილად ვიღებ თავს და კალეს ვუყურებ მუდარის თვალებით. საფეთქლები საშინლად მეწვის. ბიჭი მკრთალად მიღიმის და თავს თანხმობის ნიშნად მიქნევს. ის ისაა დივნიდან ვდგები, რომ მათე მის ზურგს უკან მდგომ ლინდას ლუდის ბოთლს აწვდის. უკან გადახრისას მაისური ოდნავ ზემოთ ეწევა და სანამ გასწორდებოდეს, მის მუცელზე დაახლოებით ნეკა თითის ზომის ნაკაწრს ვხედავ. ტანზე ჟრუანტელის უამრავი ტალღა მივლის და თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ წამოვიყვირო. მინდა ვკითხო, ეს რა არის? როდის დაშავდი? საიდან გაქვს? მაგრამ თვალს სწრაფად ვარიდებ და გულაჩქარებული მივყვები წინ წასულ კალეს. კიბეზე ასვლისას კიდევ ერთხელ ვათვალიერებ მათეს, რომელიც მაისურს ისწორებს და განერვიულებულ სახეს ხელებში რგავს. მესმის, როგორ ეუბნება მას ლინდა, რომ დალაპარაკება უნდა. ბიჭი ნელა დგება და ოთახიდან გადიან. საწოლში ვწვები. კალე ზურგიდან მიწვება, ხელს მუცელზე მხვევს და ცხვირს ჩემს კისერში რგავს. - აღარ იფიქრო. თვალები დახუჭე და დაიძინე. მე აქ ვარ. - მეჩურჩულება ის და ყურის ქვეშ რბილად მკოცნის. თვალებს ვხუჭავ და ყველაფერი ტრიალს იწყებს. *** 2016 წელი, 27 ივლისი შუაღამე სანაპიროზე საშინელი ქარი ქრის, მაგრამ რატომღაც მე არ მცივა. ოთო ისევ იქ წევს, ისევ ისე, როგორც ვნახე. მასთან მუხლებზე მდგომი ვათვალიერებ უსულო სხეულს. მგონია, რომ ის ყველაფერს გრძნობს, რაღაც საშინლად სტკივა, მაგრამ ხმას ვერ იღებს. სმენას ვძაბავ, იქნებ ჩურჩული მაინც გავიგო, თუმცა ყურებში მხოლოდ ქარის საშინელი კივილი ტრიალებს. - მირა. - ჩამესმის უცბად ჩემი სახელი. გვერდით ვიხედები და ჩემსავით მუხლებზე მდგარ მათეს ვხედავ, რომელიც ოთოს მხრებიდან იღებს ხელებს და ჩემკენ ბრუნდება. ერთიანად სისხლით მოსვრილი იღიმის. ისე მშვიდად იღიმის, როგორც ჩანს, არ ადარდებს არც საკუთარი და არც ოთოს მდგომარეობა. - ნუ გეშინია, მას აღარ სტკივა. უკვე აღარ. - ამბობს მათე. მხრებში მევლება, გულზე მიკრავს და მეფერება. ვგრძნობ, როგორ მეთხვრება სხეული და სახე სისხლისგან. შინაგანად ვკანკალებ. მინდა ხელი ვკრა, მოვიშორო, მაგრამ არ გამომდის. - გამიშვი, გთხოვ. - ვბუტბუტებ ძალაწართმეული. ის კი უფრო მაგრად მიკრობს, თითქოს პარანოიდულად ეშინია, რომ ავდგები და გავიქცევი. სინამდვილეში კი მე მაშინებს მისი ეს ქცევა. მაშინებს ის, რომ ოთოს სიკვდილი არ ადარდებს, მაშინებს ის, რომ ერთიანად სისხლითაა გაჟღენთილი და მაშინებს ის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ჩემს დამშვიდებას ცდილობს. ის-ისაა მისგან დასაღწევად ძალებს ვიკრებ, რომ მეღვიძება. რეალური პრობლემებიც არ აყოვნებენ, მაშინვე თავს მახსენებენ და ბალიშში სახეჩამხობილი ვტირი. - მირა, მირა... - ზურგიდან მეხვევა კალე და თმას მიწევს. - რა მოხდა, კარგად ხარ? - არ ვარ. - ბალიში ჩემს ხმას ახშობს. გვერდს ვიცვლი და თავს მის მკერდზე ვდებ. მაისურს ვებღაუჭები და მთელი ძალით ვეკრობი. - სიზმარი ნახე? - მეკითხება და სახეზე მეფერება. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. - ბუნებრივია. ვერ გეტყვი, ნუ დარდობ მეთქი, მაგრამ ეცადე, ცოტა დამშვიდდე, მე აქ ვარ. - ხო, შენ აქ ხარ. - ცრემლებს ვიწმენდ. თვალწინ მათეს სისხლიანი სახე მიდგება და კანზე უსიამოვნო ეკალი მაყრის. ვერაფრით გავურბივარ იმაზე ფიქრს, რომ გუშინ რაღაც მოხდა. ვერაფრით ვიგდებ თავიდან გამომძიებლის სიტყვებს, სისხლიან სალფეტკს, მათეს ნაკაწრს, შუაღამით ანთებულ შუქს და ფაქტს, რომ მათეს და ოთოს უთანხმოება ჰქონდათ. უკანასკნელი ისე ცუდად მხდის, რომ თავს საშინელ ადამიანად ვგრძნობ. არ ვიცი, რატომ მომდის ის აზრი, რომ შეიძლებოდა ბიჭებს ისევ ეკამათათ. და ნასვამ მათეს მისთვის ხელი ეკრა. მათე ხომ ამას არ გააკეთებდა. მეგობარზე ხელს განზრახ არ აწევდა. და ეს რომც მომხდარიყო, ამას არ დამალავდა. სხვას თუ არა, მე მაინც მეტყოდა. მე მაინც. მაშინ, რატომ მალავს ნაკაწრის ამბავს? გუშინ ნახევარი დღე სანაპიროზე გავატარეთ და ვიცი, რომ არ ჰქონია. მის არსებობას აუცილებლად შევამჩნევდი. მე მაინც რატომ არ მეუბნება საიდან აქვს? ღმერთო! იქნებ მე ვაბუქებ საშინლად. იქნებ მნიშვნელოვანი არაა და ამიტომაც არ ამბობს. იქნებ ამ ამბავთან სულაც არ აქვს კავშირი... ღმერთო, რატომ, როგორ მიმაქვს მათეზე ეჭვი? იქნებ შეყვარებულებმა იკამათეს და სალომე ასე სწრაფად ამიტომ წავიდა სახლიდან, რომ ჩვენგან თავი შორს დაეჭირა? ვოხრავ. ლამისაა თავი გამისკდეს. ეჭვები შიგნიდან მღრღნიან და მფიტავენ. აღარაფერი ვრჩები იმისთვის, რომ გამოსავალი მოვნახო. ყველაფერი შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო. შეიძლება პოლიცია მართალია, შეიძლება გამომძიებელიც, შეიძლება ჩემი ეჭვებიც. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი ისაა, რომ კალე ხელს არ მიშვებს და ის მთელი ღამე ჩემს გვერდით იყო. ახლაც აქაა. - მირა, თუ რამის თქმა გინდა, თქვი. - ამბობს ისე, თითქოს აქამდე მთელ ჩემს ფიქრებს კითხულობდა. მკერდზე ნიკაპით ვეყრდნობი და მის მიმზიდველ სახეს ვათვალიერებ. - მგონი ფრთებს მალავ. - შუბლზე ჩამოყრილ მის ქერა თმაში თითებს ვაცურებ და გვერდით ვუწევ. კალეს მკრთალად ეღიმება. - ფრთებს? ფრთები ანგელოზებს აქვთ, მირა. ადამიანებს მხოლოდ ამბიციები და ბანალური კიდურები. - ვითომ? ლუციფერიც ხომ ანგელოზი იყო ადამიანურად დიდი ამბიციებით. - ამიტომაც დაეცა. საბედნიეროდ, არც ფრთები მაქვს და არც ზედმეტად დიდი ამბიციები. - არავინ იცის, რის გამო შეიძლება დაეცე. - თვალწინ ნატას და ოთოს უსულო სხეულები მიდგება და გული უსიამოვნოდ მიჩქარდება, როცა მათთან ერთად საკუთარ თავსაც ვხედავ. კალე თმას ყურს უკან მიწევს და თვალებში დაკვირვებით მიყურებს. - ასეთს რას ატარებ, მირა? - სიმახინჯეს. - თავს ისევ მის მკერდზე ვდებ და თვალებს ვხუჭავ. - რომელსაც ერთ დროს შეეძლო, მშვენიერება ყოფილიყო. კალე ხარბად ისუნქავს ჰაერს. ვგრძნობ, როგორ უჩქარდება გულისცემა და ჩემსას უტოლდება. მოგონება *** 2010 წელი, 1 ივლისი მეხუთე დღე, დილა უკვე მზად ვარ, დაჩის მესიჯი რომ მომდის, გელოდებიო. გოგოები ჩურჩულით მამხნევებენ. მხოლოდ ნატა მემუქრება: თუ არ გაკოცა, ჩვენთან აღარ მოვუშვებო. ვნერვიულობ. პირველად მაქვს ჩემი საოცნებო პაემანი და იქაც ხელებგაყინული მივდივარ. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და კოტეჯიდან ისე გავდივარ. ჯერ ისევ ღამეა. ამ ყველაფერს ბიჭებისგან საიდუმლოდ ვაკეთებ, ამიტომ სანამ გათენდებოდეს, უკან უნდა დავბრუნდე. დაჩი ღიმილით მხვდება. ლოყაზე მკოცნის, ხელს მკიდებს და დათქმული ადგილისკენ მივდივართ. გზაში შოთასთან საუბრის დეტალებს მიყვება და ისე მამხიარულებს, ჩემი ნერვიულობა აღარც მახსენდება. ადგილზე მისულები პატარა გორაკზე ვსხდებით, დაჩი ფარანს აქრობს და თავისი ზურგზაკიდან ამოღებულ შოკოლადის ბურთულებს მთავაზობს. რამდენიმე წამით ტკბილეულს ვაგემოვნებ და ჩემ წინ გადაშლილი მუქი ლაჟვარდისფერი პეიზაჟით ვტკბები. ცაზე აქა-იქ ჯერ კიდევ ბრწყინავენ ვარსკვლავები. წყლის სუსტი ნარნარი ცის ფერს ირეკლავს და ისეთ ელფერს იღებს, თითქოს ის და ცა ერთმანეთს ეხუტებოდნენ. - ვისთან ერთად გინახავს აქამდე მზის ამოსვლა? - მეკითხება დაჩი. - მე ძირითადად მარტოს. - ეღიმება და მხრებს იჩეჩავს. - მეც. - ვამბობ და ჩემი წარსულის ერთ-ერთი იშვიათი ტკბილი მოგონება ცოტას მასევდიანებს. დაჩი მამჩნევს და სანამ რამეს მკითხავდეს, ვაგრძელებ: - ერთხელ მამამ წამიყვანა სანადიროდ. ძალიან ადრე წავედით და მზის ამოსვლამ გზაში მოგვისწრო. მამამ მანქანა გააჩერა და მაშინ ვნახე ყველაზე ლამაზი მზის ამოსვლა ხის კენწეროებს მიღმა. - ბიჭი ჩუმად მისმენს. - მამა ოთხი წლის წინ დაიღუპა. არა უშავს. - ვუღიმი და ბოდიშის მოხდას არ ვაცდი. - როგორ დავიჯერო, რომ გოგოსთან ერთად ასეთ სიტუაციაში არ ყოფილხარ? - პაემანზე არ ტყუიან. - თვალს მიკრავს ის. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. დაახლოებით ხუთი წუთი ჩუმად ვართ. - ანანურში აქამდეც ყოფილხარ? - ვეკითხები, როცა მახსენდება მისი გუშინდელი პირობა პასუხების გაცემის შესახებ. - შარშან. შარშან ვიყავი ოჯახთან ერთად. წელს მეგობრების ჩამოყვანა ჩემი იდეა იყო. ერთი ადამიანი გვაკლია, მაგრამ... - მხრებს იჩეჩავს ის. - ვინ? - ჩემი ძმა. - ამბობს, ჩემკენ იხედება და ეშმაკურ ღიმილს არ მალავს. - ის, ვისაც ამდენს ვემესიჯები. ვცდილობ არ შევიმჩნიო, როგორ მეშვება გულზე საფიქრალი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვერ ვახერხებ. ყელს ვიწმენდ და ხელებს მუხლებს შორის ვიქცევ. - ესე იგი ძმა გყავს. - ჰო, ტატე, ჩემი ტყუპისცალია. - მართლა? ახლა გასაგებია ეს ხშირი მიმოწერა. რატომ არ წამოვიდა? - გაცვლითი პროგრამით ბერლინშია. ერთი კვირაა იქაა და აგვისტოს ბოლომდე შეყოვნდება. - ალბათ ძალიან მაგარია ძმასთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობა. განსაკუთრებით ტყუპისცალთან. სულ მინდოდა და მყოლოდა, მაგრამ... - მეგობრები? - არ ვუჩივი, კარგები არიან, მაგრამ დედმამიშვილი მაინც სხვაა. - შეხედე. - დაჩი ხელს იშვერს. თვალს ვაყოლებ და ვხედავ, რომ მთის წვერი აღარაა ისეთი მუქი. სინათლე ნელ-ნელა ეპარება და მისი ძალა ჩემს გვერდით მჯდომის ლამაზ ნაკვთებსაც უფრო და უფრო შესამჩნევს ხდის. - უყურე. - ამბობს ის და ჩუმდება. ხელისგულებით ბალახს ვეყრდნობი და მთის წვერის გაბრწყინებას ვადევნებ თვალს. ირგვლივ მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ისმის. სხვა ყველაფერი მომხიბვლელად დადუმებულია. ცოტა ხანში დაჩიც ჩემსავით ჯდება და ვგრძნობ, როგორ ფარავს ბალახში ჩაფლულ თითებს მისი ხელისგული. ქვემოდან წამოსული მიწის სიგრილე და ზემოდან დაღვრილი კანის სიმხურვალე არაბუნებრივად ერწყმიან ერთმანეთს, თუმცა ეს ისეთ სასიამოვნო განცდას მგვრის, რომ ყველაფერი მსუბუქდება და ჩემი გულისცემა ერთადერთია, რაც რეალობასთან მაკავშირებს. მზე კი, თითქოს გვეთამაშება. ჯერ თვალებს ყოფს მთის წვერიდან და მუქი ლაჟვარდისფერი სიმწვანისკენ მიჰყავს. შემდეგ უფრო თამამად იმზირება და მწვანეს ყვითელი ერევა. როცა ხვდება, რომ ირგვლივ აღარც მთვარეა და აღარც ვარსკვლავები, მხრებში მედიდურად იმართება და ცას ვარდისფერ-ცისფერ ფერებად ამკობს. წყალიც თვალსაჩინოდ კამკამა ხდება და მთებიც იბრუნებენ ლამაზ, ბუნებრივ სიმწვანეს. დაჩი ფრთხილად ასრიალებს თითებს და ჩემი კანიც ჟრუანტელით პასუხობს. შემდეგ ბრუნდება, ფეხმორთხმით ჯდება და თვალებში შემომყურებს. - დღე თუ ღამე? - მეკითხება ის. - გასაყარი. - ვპასუხობ. დაჩი იღიმის, ხელს იწვდენს და თმას ყურს უკან მიწევს. - როგორ ფიქრობ, ეს რა არის? - ჩემკენ ოდნავ იხრება. - ამაზე არ ვფიქრობ, რადგან რაც არის, ძალიან ლამაზია. - აქვს იმდენი ძალა, რომ ანანურს გასცდეს, თუ აქ დასრულდება? - აქვს, რა თქმა უნდა. - ასე ფიქრობ? - თვალს არ მაცილებს ბიჭი. - პაემანზე არ ტყუიან. - ვამბობ და ამოსუნთქვასაც ვერ ვასწრებ, ისე მოულოდნელად იქცევს დაჩი ჩემს სახეს ხელებში და ტუჩებზე რბილად მეხება. მის კოცნას სიამოვნებით ვყვები და ყვითლად მოელვარე მზესთან ერთად მეღიმება. *** 2016 წელი, 28 ივლისი პირველი რასაც ვამჩნევ, ლინდას არყოფნაა. როგორც მათესგან ვიგებთ, წავიდა. არავინ აცივდება. ყველა ვხვდებით, რომ მათ შორის უთანხმოებამ გაირბინა და არც ლინდაა ის პიროვნება, რომელიც მისთვის უცხო ადამიანს იგლოვებს. დაახლოებით თორმეტი საათისთვის მოდიან ოთოს მშობლები და გუშინდელი დღის გადატანაც თავიდან გვიწევს. მათი ტკივილის მხილველს მამა მახსენდება. მისი დაკარგვის წუთები და საათები ჩემს გონებაში ყველაფერ საშინელებასთან ერთად პოულობენ ადგილს. მოგონებები დედასთან დაკავშირებით კი მთლიანად წაშლილია. მის მიმართ დაბლოკილი ყველა გრძნობა ჩვეულად ნორმაშია. მამუკა და თეა განადგურებულები სხედან დივანზე. ქალი გამუდმებით მოთქვამს. ასე მგონია, სადაცაა ჰაერის მარაგი ამოეწურება და ცუდად გახდება. ვერ იჯერებს, რომ მისი შვილი სიმთვრალეს და ფეხის გადაბრუნებას შეეწირა. ვერ იჯერებს, რომ სიკვდილის ამ მარტივმა მიზეზმა უშვილოდ დატოვა. თენგოს რამდენჯერმე აყოლებს, სად იყვნენ ღამით, ვისთან ერთად, როგორ დაბრუნდნენ, ხომ არავისთან უჩხუბიათ. ამ უკანასკნელზე მათესკენ გამირბის თვალები, რომელიც ჩუმად ზის, შუბლით ხელისგულს დაჰყრდნობია და ჩაწითლებული თვალებით აცქერდება მგლოვიარე ოჯახს. დროდადრო ფეხებს მოუსვენრად უცვლის ადგილს და დაღლილი ოხრავს. ვგრძნობ, რომ აქაურობას ვერ უძლებს. დარწმუნებული ვარ, ახლა მარტო ყოფნა და ღრიალი უნდა. ვიცი, რადგან მე მას ვიცნობ, საკუთარ თავზე მეტადაც კი. წამიერად ჩემს მზერას აწყდება და თვალებში კითხვისნიშნები უჩნდება. როგორ მინდა მისი დაძაბული მზერა გაქრეს, მისი შეკრული მუშტი მოეშვას, მისი გახშირებული სუნთქვა დამშვიდდეს... და გაქრეს ნაკაწრი მისი მუცლიდან. რატომ არ მივალ და უბრალოდ არ ვკითხავ? რატომ ვიტანჯავ ასე თავს? ამდენი წლის მეგობრობის შემდეგ, როგორ შემიძლია ვიფიქრო მასზე ისე, როგორც დამნაშავეზე მეგობრის მიმართ?! ჯანდაბა, მირა, რისი გეშინია? პასუხის... პასუხის, რა თქმა უნდა. თვალს ვაცილებ და თეას დამშვიდებას ვცდილობ. მოგვიანებით ვიცვამთ, სტუმრების ოთახს ვალაგებთ და რამდენიმე საათში ოთოს სხეულიც მოაქვთ. *** 2016 წელი, 2 აგვისტო დილა დაღლილს მეღვიძება. ასე მგონია, სადაცაა თავი გამისკდება. ჩამოფარებული ფარდებიდან შემოღწეული დღის შუქი, ზოლად ამჩნევია არეულ საწოლს გამოღვიძებული, მტკივნეულ ფიქრებთან მარტო დარჩენილი ვნანობ, რომ გუშინ კალეს უარი ვუთხარი ჩემთან დარჩენილიყო. რატომღაც ვიფიქრე, რომ ბათუმის შემდეგ ცოტა ხნით მაინც, მარტო ენდომებოდა დარჩენა. ნატა და ოთო. ოთო და ნატა. ორივე აღარაა. იყვნენ რამდენიმე დღის წინ და ყველაფერი შეძლებისდაგვარად მშვენივრად მიდიოდა. ახლა კი აღარ. ბექა? არც ის აღარაა. მას შემდეგ აღარაა, რაც ხელოვნურად სუნთქვის აპარატზე მიაერთეს. ჩვენს სამეგობროს რაღაც სჭირს. „ჩვენი სამეგობრო რაღაც შარშია.“ გული აპროტესტებს ამდენ უჰაერობას და მახველებს. თავს ძლივს ვიღებ ბალიშიდან, სააბაზანოში შევდივარ და საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ წყლის გადავლებას. ის-ისაა იქიდან გამოვდივარ, რომ კარზე ზარია. დღის ორი საათი ხდება. კონდიციონერს ვუწევ და კარს ვაღებ. - არ მინდოდა მარტო ყოფნა. - გატეხილი ხმით მეუბნება ზღურბლს მიღმა მდგომი თეონა. - შემოდი. - მკრთალად მეღიმება და გოგოს ვეხუტები. - ძალიან დავიღალე, მირა. - ცრემლებს ვერ იკავებს გოგო და თან მაცივრიდან წყალს იღებს. - რა გვჭირს? - დახლს ეყრდნობა ხელისგულებით და განერვიულებული მიყურებს. - არ ვიცი, თეო. - უღონოდ ვეშვები სავარძელში. - აღარც სამსახურში მინდა წასვლა, არც სახლიდან გასვლა. გეფიცები, მირა, მეშინია, მაგრამ მეც არ ვიცი, რის. - თეონა ჩემთან მოდის, დივანზე წვება და თავს კალთაში მიდებს. ყურებში ნატას კისკისი ჩამესმის და ყელში რაღაც მეჩხირება. - ალბათ ნერვების ბრალია, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ვიღაც მომდევს უკან. - ბრუნდება და ქვემოდან მიყურებს. შეცბუნებულს სუნთქვა მეკვრის და ჩემდაუნებურად ლავიწზე ვიკრობ თითებს. ნაკაწრი იქ აღარაა, მაგრამ წამიერად მაინც ვგრძნობ ტკივილს. შიში, რომელიც ცოტა ხნით მივივიწყე, ახლდება და გონებაში მბრუნავ ჩრდილებს უერთდება. ის ღამე და კაპიუშონიანის მოდევნებული ნაბიჯები მახსენდება და გამომძიებლის სიტყვებს კიდევ უფრო მეტ სიმტკიცეს სძენს. ის ისაა თეონას გაფრთხილებას ვაპირებ, რომ გოგო დგება და დაბნეული ჩაჰყურებს მობილურს. - არ მესმის... - თავს აქნევს ის და შუბლშეკრული მიყურებს. - რა მოხდა? - მისკენ ვიწევი. - ოთოს ფეისბუქი აღარაა. - ანერვიულებული შუბლზე ისვამს თითებს. - გუშინ იყო, მირა. გუშინ დილით იყო. გეფიცები, იყო. - მაჩვენე. - მობილურს ვართმევ და ვამოწმებ, მაგრამ ოთო მართლაც არ იძებნება. ვდგები და იმავეს ვაკეთებ ჯერ ჩემს მობილურში, შემდეგ ლეპტოპში, მაგრამ არაა. ოთოს ფეისბუქი აღარაა. - რა ხდება, თეო? - ყელი მიშრება. ვგრძნობ, რომ ეს არაა დამთხვევა. თეონა დგება და ვიღაცას ურეკავს. რამდენიმე წამში ვხვდები, რომ გოგო ნატას დედას ესაუბრება. ცოტა ხანში ლაპარაკს ასრულებს და დამფრთხალი, ამღვრეული თვალებით მეუბნება: - ნატას ფეისბუქი მას არ გაუუქმებია. *** გაბრუებული ვზივარ და თავში ყველაფრის დალაგებას ვცდილობ, მაგრამ უარესად ირევა. არაფერში ვარ დარწმუნებული და ისიც არ ვიცი, ამას როგორ უნდა მივაღწიო. ძლივს დამშვიდებულ, ჩემს ალბომში თავჩახრილ თეონას ვუყურებ და აღარ ვიცი, უნდა ვუთხრა თუ არა, რომ მისი პარანოია, თითქოს უკან ვინმე მისდევდეს, შესაძლოა რეალური იყოს. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ რაღაც უნდა ვიღონო. გოგოს ვეუბნები, რომ ცოტა ხნით მათესთან უნდა ავიდე და სახლიდან გავდივარ. სანამ ერთი სართულით ზემოთ ავიდოდე, გულში ალბათ ათასჯერ ვიმეორებ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. ახლა ის ისე მჭირდება, როგორც არასდროს. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ზარს ვრეკავ. რამდენიმე წამში მათე კარს აღებს. სპორტული შარვლის ამარა პირსახოცით ხელში დგას და შუბლზე ჩამოყრილ სველ თმას უკან იწევს. ჩამუქებული მწვანე თვალები გამოუძინებლებს ჰგვანან და ძალიან დაღლილად გამოიყურებიან. წამიერად თვალი მისი ნაკაწრისკენ გამირბის, მაგრამ პირსახოცი ისე უკავია, რომ ფარავს. - შემოდი, რას დგახარ. - გვერდით იწევა მათე და მატარებს. შემდეგ ლოყაზე მკოცნის, ოთახში შედის და ჩემგან ზურგით მდგარი იცვამს მაისურს. ვოხრავ და დაძაბული ნერვებისგან ყელი მეჭიმება. - როგორ ხარ, გამოიძინე? - მეკითხება ის და სამზარეულოში შედის. მეც მივყვები. - გამოვიძინე, მაგრამ არ მიშველა. მათე თავს მიქნევს. რა თქმა უნდა, ჩემი ესმის. თვითონ ალბათ საერთოდ არ სძინებია. - ვიცი, - ამბობს ის და ყავის მომზადებას იწყებს. - ყველაფერი ძალიან ცუდადაა. იმაზე მეტად, ვიდრე ჩანს. ჯერ ბექას ავარია. შემდეგ ნატა და ახლა ოთო. - ნეტავ შემდეგი ვინაა... - მცდება გაუაზრებლად და საშინლად ვნანობ, მაგრამ სიტყვებს უკან ვეღარ ვაბრუნებ. მათე ყავის კოლოფს დახლზე დებს და ჩემკენ ტრიალდება. შუბლშეკრული მიყურებს. - ეს რას ნიშნავს, მირა? - დაბნეული და შეცბუნებული მეკითხება. - არ ვიცი, ამის თქმა არ მინდოდა. მათე, მე... - ოფლით დანამულ შუბლს ვიწმენდ. - მათე, ძალიან დაბნეული ვარ. ეს დღეებია თავში საშინელი აზრები მომდის და ვერაფრით ვიშორებ. მეტი აღარ შემიძლია... - ხმა მებზარება, ვჩუმდები და კედელს ვეყრდნობი. მათე ოხრავს, ხელებს მხვევს და გულზე მიკრავს. - კარგი, დამშვიდდი, მირა. სტრესის ბრალია. ადროვე და გაგივლის. ნელ-ნელა ყველას გაგვივლის. - თავზე მისვამს ხელს ის. ისეთი თბილი ხმა აქვს, წამიერად მეღიმება კიდეც, მაგრამ მისი ნაკაწრის სიახლოვე სუნთქვას ისევ მიმძიმებს. - მათე. - თავს ვიღებ მისი მკერდიდან და ბიჭს ქვემოდან ვუყურებ. მომლოდინედ დამცქერის. - მე... ვიცი, რომ მუცელზე ნაკაწრი გაქვს. - ვამბობ და ვაკვირდები. მათე ოხრავს, ორი წამით თვალს მავლებს და ყავის მომზადებას უბრუნდება, თუმცა საქმიანობას გაცილებით ხმაურიანად აგრძელებს. - კარგი. მერე? - საიდან გაქვს, რატომ არ ვიცი? - ეს რომ მნიშვნელოვანი ყოფილიყო, გეტყოდი. - ამბობს ისე, რომ არც მიყურებს. ამ პასუხს ველოდი. სიტყვასიტყვით. - მაგრამ მე მაინც მაინტერესებს. - რატომ? - წამიერად ისეთი თვალებით იხედება ჩემკენ, ასე მგონია, სადაცაა იფეთქებს. - ეს რა შეკითხვაა, მათე. მუცელზე ჭრილობა გაქვს და რატომ არ უნდა მაინტერესებდეს საიდან? - კარგი. - ქურაზე წყალს დგამს და ისევ ბრუნდება. - რატომ იმ დღესვე არ მკითხე, როცა ეს ნაკაწრი დაინახე, მირა? თუ ასე გაინტერესებდა და გადარდებდა, რატომ მეორე დღეს არ მკითხე? მითხარი, მთელი ეს დღეები რაზე ფიქრობდი? - ხმა უხეში და ცივი უხდება. ეკალი მაყრის, ისეთი უსიამოვნოა მისი მზერა. იცოდა, რომ შევამჩნიე, იცოდა, რომ მისი ჭრილობა გონებაში მიტრიალებდა. ღმერთო, ნეტავ მთელი ეს დრო თვითონ რას ფიქრობდა ჩემზე? - არა, არ თქვა. გგონია, რაც ოთოს დაემართა ჩემი ბრალია, რადგან ერთადერთი, ვისთანაც უთანხმოება ჰქონდა მე ვიყავი. არა? - ამან ნუ ამბობ, ასე ნუ ამბობ... - თავს ვაქნევ. საშინელებაა მისგან ამ სიტყვების მოსმენა. - მაშინ რა გინდა, მითხარი... - უბრალოდ, მომიყევი საიდან გაქვს ნაკაწრი, მათე, გთხოვ. - ცრემლები თვალებს მიბინდავენ. - მოგიყვები. - სცრის კბილებში, მიახლოვდება და თითს ლავიწზე მადებს. იქ, სადაც კაპიუშონიანმა ჭრილობა დამიტოვა. - მაგრამ მანამდე შენ გაქვს მირა სათქმელი ამ ნაიარევის შესახებ. მეტყვი საიდან გაქვს? - ეს რომ მნიშვნელოვანი ყოფილიყო, გეტყოდი. - ვპასუხებ და თვალს ვუსწორებ. ვგრძნობ, როგორ წყდება ჩვენს შორის ძაფი და მუცელში რაღაც საშინლად მტკივდება. მათე მხრებს უშვებს, თვალებს ატრიალებს და ქურაზე მდგარ ჩაიდანს უბრუნდება. რთავს და წყალს ფინჯანში ასხამს. - რა ხდება, მირა? - კოვზით ცხელ სითხეს ურევს. - გინდა გაარკვიო შენი საუკეთესო მეგობარი შენი მეგობრის მკვლელია თუ არა? - ჯანდაბა, მათე, რა გჭირს? უბრალოდ მითხარი, საიდან გაქვს ეგ ნაკაწრი! - ვყვირი გაუაზრებლად და ცრემლებს ვეღარ ვაკავებ. მათე ფინჯანს იღებს, სკამზე ჯდება და ხელს მუცელზე, მაისურის ზემოდან ჭრილობაზე იდებს. - იმ ღამით, როცა სახლში დავბრუნდით, მე ისევ გავედი. ზუსტად იმავე მიზეზს გამო, რატომაც ოთო. მარტო დალევა და გამოთრობა მინდოდა. ხოდა გამოვთვერი კიდეც. ბარიდან რომ გამოვედი, ვიღაცას შევასკდი და ჩხუბი მომივიდა. იმ ტიპმა დანით გამკაწრა. სახლში დაბრუნებულმა სამზარეულოში მივხედე თავს და დავიძინე. ოთო თვალით არ მინახავს მას შემდეგ, რაც თენგოსთან ერთად ბუნგალოდან წავიდა. კიდევ რა გაინტერესებს? მოსმენილი მხრებზე ლოდივით მაწვება. იმიტომ კი არა, რომ არ მჯერა. იმიტომ, რომ მას იმედი გავუცრუე. ეჭვი შევიტანე ისე, რომ ხმა არ ამომიღია. მეშინოდა ისე, რომ არც მიკითხავს რა მოხდა. ახლა მისი მჯერა. სამაგიეროდ, მათესგან მოდის ისეთი გულგრილი დამოკიდებულება, რომ მისთვის თვალის გასწორება მიჭირს. - ჩუმად რატომ ხარ. არადამაჯერებელი ვიყავი? - იღიმის ცივად და ყავას სვამს. - მჯერა მათე. - ძლივს ვხსნი პირს ორი სიტყვის სათქმელად. - აჰ, გმადლობ. დანაშაულის შეგრძნება გულს მიღლის. ვოხრავ. - საჭირო არაა ეს ტონი. - შენთან ახლოსაც ვერ მოვალ. - კარგი... მგონი ახლა ჯობია წავიდე. - პასუხს აღარ ველოდები და ვბრუნდები. - მოიცადე! - სკამის გაწევის ხმა მესმის. მათე მხარზე მაბჯენს თითებს და თავისკენ მაბრუნებს. - პასუხი მიიღე და გგონია აქ დამთავრდა ყველაფერი? მიდი, მკითხე, მიდი, მირა! - ბრაზისგან და წყენისგან ანთებულ მწვანე თვალებს შევყურებ და მკერდზე მობჯენილი ტკივილი ერთიანად მაქვავებს. ერთმანეთს შეწებებული ტუჩები მებრიცება. ხმას ვერ ვიღებ. ასე მგონია, პირი რომც გავაღო, იქიდან ჰაერის მეტი არაფერი ამოვა. ჯერ კიდევ მსუსხავს მისი შენახები მხარზე. - ხომ გაინტერესებს, რატომ წავედი ისევ დასალევად? სადაა შენი შემართება და ეჭვები. ასე უცბად გაქრა? - ხელებს შლის და ზურგს მაქცევს. სწრაფად ვიწმენდ ცრემლებს. - ჭრილობა დამინახე და გადაწყვიტე, რომ ოთოს სიკვდილი ჩემი ბრალია... - მათე, არა... - ხმა მიტყდება. - დამაცადე! - ისევ ჩემკენ ბრუნდება. ჩაწითლებული თვალებით მიყურებს და ხელი ისევ ნაკაწრზე უდევს. ალბათ გაუცნობიერებლად. - სრული უფლება მომაპოვებინე ამით, რომ მძულდე, რადგან ასეთი საშინელი ეჭვი შეგეპარა ჩემში, მაგრამ არ შემიძლია. ვიცი, რომ ჩვენს შორის ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენც შევიცვალეთ, მაგრამ ნდობა ასე მალე დაკარგე ჩემ მიმართ? - არა, მათე, არა. უბრალოდ ვერაფერი დავალაგე. ვერავის ვერაფერი ვუთხარი და მარტო დარჩენილი არაადეკვატური ფიქრებისგან ლამის შევიშალე. მერე სამზარეულოში სისხლიანი სალფეტკი ვნახე, მეორე დღეს კი ნაკაწრი შენს მუცელზე. პასუხები მინდოდა მათე, მეტი არაფერი. - ახლა გააქვს? ახლა მშვიდად ხარ? - არ ვარ. - არც უნდა იყო. - მათე... - გაკვირვებული ვუსმენ მის ცივ ხმას. - ნუ ეგოისტობ მირა. მაცადე ცოტა ხნით მეც ვიყო შენზე გაბრაზებული. ისედაც მშვენივრად იცი, რომ მალე გადამივლის. - შენ ახლა ჩემს დასჯას ცდილობ. - დასჯას. - აგდებით იმეორებს და მიახლოვდება. - ხედავ მირა, სადამდე მივედით? იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს საკუთარ ფიქრებს ვუმხელდეთ და პრობლემის მოგვარებას ვცდილობდეთ, თავში დასჯის და ეჭვების მეტი არაფერი გვიტრიალებს. რაღაც ამაზრზენ არსებებად ვიქეცით. - იქნებ ეს იმის ბრალია, რომ ერთმანეთის მიყოლებით სამი მეგობარი დავკარგეთ? - მაგრამ ეს შენს ჩემდამი უნდობლობას არ ამართლებს. გამაგიჟებ მირა! როგორ გაივლე აზრად, რომ ოთო ჩემ გამო შეიძლებოდა მომკვდარიყო? - ყელზე დაჭიმული მისი ძარღვები მაშინებენ. სიბრაზე თითქოს ხელშესახები ხდება, მხრებს მიჭერს და ჩემს გამოფხიზლებას ცდილობს. - ნუ იმეორებ ამას, ნუ იმეორებ! ისედაც მეზიზღება საკუთარი თავი იმის გამო, რასაც ვფიქრობ და ვერაფერს ვაკეთებ. ვიცი, რომ დავაშავე და კარგი, შემიძულე თუ გინდა, მაგრამ მანამდე ერთი წამით საკუთარი თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე, მათე. - ეგ საჭირო არაა. მხოლოდ შენ არ ხარ ჩაკეტილი საკუთარ დემონებთან. მაგრამ ისე იქცევი, თითქოს მე არ მომკვდომია მეგობარი, მე არ ვფიქრობ, რა ხდება ჩვენს თავს. შენთან მოსვლა და ამაზე ლაპარაკი მინდა, მაგრამ მეშინია ხელი არ შეგიშალო მკვლელის ძიებაში. - აგდებით სცრის კბილებში უკანასკნელ სიტყვებს. - ვნანობ მათე, ეს საკმარისია? - შეიძლება. - კარგი, - ნერწყვს ვყლაპავ, მაგრამ ყელში გაჩხერილი ტკივილი ადგილიდან არ იძვრის. უკან ვიხევ. - ახლა შეიძლება წავიდე? - მკვლელი აღარ გგონივარ? გაღიზიანებული და გულნატკენი უპასუხოდ ვტოვებ შეკითხვას. - მშიშარა ხარ. - მკრთალად ეღიმება და თავს აქნევს. - ვერაფრით ვერ ბედავ, მკითხო, რატომ გავედი იმ ღამით დასალევად. - ამაზე პასუხი ვიცი. - მაშინ მითხარი. - ისევ მიახლოვდება. ისე დაჟინებით მიყურებს თვალებში, ასე მგონია სიტყვებს გონებიდან მაცლის და უკვე ყველაფერს ხვდება. თავს ვხრი და კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ უკან. მისი სიახლოვე ჩემთვის ასეთი მტკივნეული არასოდეს ყოფილა. - არ ღირს, არა, მათე... ამ საუბრის შემდეგ აღარ... - რას ამბობ, მირა, რას. შემომხედე... - ჩემს სახეს ხელებში იქცევს და თავს მაწევინებს. - სწორედ ამ საუბრის შემდეგ დავიმსახურე, რომ ყველაფერი იცოდე და ვიცოდე. დავიმსახურე, რომ შენგან მოვისმინო. გესმის? - კალესთან ჩემი ურთიერთობის გამო. - ვამბობ და მის მკლავებს ვეჭიდები. ღმერთო, როგორ არ მინდა, რომ ეს სიტყვები რეალობას ერგებოდნენ. საკმარისია ისედაც ყველაფერი. მათე ხელებს მიშვებს და მხრებჩამოყრილი მავლებს თვალს. - თამაშით დაღლის გამო, მირა. მგონი ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებ, რას ვგრძნობ შენს მიმართ. - არ გინდა მათე... - სინამდვილეში რვა წელია მინდა. მთელი ეს დრო შენთან მეგობრობას დავუთმე და ახლა უნდა იცოდე, რომ ჩემთვის ეს საკმარისი არასდროს იქნება. უნდა იცოდე, რომ ყველას მოკვლა მინდა, ვინც შენ გეხება. უნდა იცოდე, რომ მიყვარხარ და სანამ მე და შენ ვარსებობთ, ასე გაგრძელდება. მათე ჩუმდება და ირგვლივ თითქოს ყველაფერი იყინება. მისი ნათქვამი სიტყვები ყურებთან გუგუნს არ წყვეტენ. ჟრუანტელის ტალღები თავბრუს მახვევენ და ასე მგონია, სადაცაა სისუსტე წამაქცევს. კედელს ვეყრდნობი და ხარბად ვისუნთქავ ჰაერს. აჩქარებული გულისცემა მღლის. ის, რაც რვა წლის წინ დაიწყო, დღემდე გრძელდებოდა და დასასრულიც არ აქვს. აქვს მხოლოდ ძალა, რომელიც ორივეს ტკივილს გვაყენებს. ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ ძველებურად არაფერი იქნება. აქედან ნათლად ჩანს არეული და ქაოსური მომავალი. რაღაც აუტანელი ხმა ჩამძახის, რომ ის, რაც მოხდა ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა. მინდა თუ არა ამის აღიარება, შინაგანად ყოველთვის ველოდი ამ დღეს. ახლა ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ და ვგრძნობ, როგორ ედება ცეცხლი ტვინს. სადღაც ლაბირინთში ვარ, რომლის გზებიც საოცრად ჰგვანან ერთმანეთს. ვიცი, რომ კარი არსებობს, მაგრამ მისი პოვნა ჩემს ძალებს აღემატება. დახლს მიყრდნობილი მათესკენ ვაპარებ თვალებს. მიყურებს, მაგრამ ისე აღარ, როგორც რამდენიმე წამის წინ. შუბლზე ამობურცული ძარღვები გამქრალა, თვალებზე ისევ ამჩნევია დაღლა, მაგრამ ბრაზი აღარ. მისი ნაკვთები მშვიდი, მზერა კი გაწონასწორებულია. ის დაიცალა და მისი მშურს. - ახლა... ახლა რა იქნება... - ხმა მითრთის. თითებს ტუჩებზე ვისვამ მათ დასამშვიდებლად. - ყველაფერი, სინანულის გარდა. - ამოოხვრას აყოლებს სიტყვებს. ისე ჩანს, თითქოს მხრებიდან ტვირთი მოეხსნას. - ეს არ უნდა გეთქვა. არა... ახლა როგორ მოვიქცე. ამით ცხოვრებას ვერ შევძლებ, მათე. არ შემიძლია. - რაღაც აგერია. - მკრთალად ეღიმება და მიახლოვდება. - ალბათ გინდოდა გეთქვა, რომ ჩემთან მეგობრობას ვერ შეძლებ. - შენ ასე გირჩევნია? - წყენით ვუყურებ თვალებში, რომლებიც ჩემთვის უცნობი ემოციით მიმზერენ. - მირჩევნია, ჩვენს შორის გაურკვევლობა აღარ იყოს. - სამაგიეროდ დიდი ორმოა მათე, ამას ვერ ამჩნევ? - ჯობია ორმო იყოს და მისი ამოვსების იმედი მქონდეს, ვიდრე ვითმინო ის, რისი მოთმენაც აღარ შემიძლია. - შენი დაკარგვა არ მინდა. - სახეზე ვიფარებ ხელებს. წყობიდან გამოსული ნერვები ცრემლებს მოსდევენ. მკერდში რაღაც ძალა ვარვარებს და ასე მგონია, მალე მთელს სხეულს ფერფლად აქცევს. ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, როგორ მიახლოვდება მათე. მისი მშვიდი და თბილი აურა ჩემს პირად სივრცეს არღვევს და მაკვირვებს ის ფაქტი, რომ ამ აღიარების შემდეგ ეს მე არ მაწუხებს. თითებით მკლავებზე მეხება და ხელებს სახიდან მაშორებინებს. მიყურებს და მიუხედავად იმისა, რომ შუბლი შეკრული აქვს, მაინც ეღიმება. თანაგრძნობით და ოდნავ სევდიანად. საკუთარი თავი მეზიზღება, რადგან ამ გამომეტყველების დათმობა არ შემიძლია. - მხოლოდ იმიტომ არ დამკარგავ, რომ რაღაც რიგზე ვერაა. - ცუდად ვიქცევი, მათე. არ გექცევი სამართლიანად. ამას არ იმსახურებ, შენც ხომ იცი. - ნება მომეცი, თავად გადავწყვიტო, რას ვიმსახურებ. - და მე? ამ დროს მე რა გავაკეთო? - ჩემი სასოწარკვეთილი ხმა ყურებში უხეშად ჩამესმის. - ასეთს შემეჩვიე. - ამბობს მათე, ჩემკენ იხრება და ლოყაზე მაკრობს გახურებულ ტუჩებს. 8 თავი *** 2016 წელი, 2 აგვისტო არაფერი ისე არ ანგრევს ადამიანს, როგორც დუმილი. გინდა, რომ თქვა, გინდა, რომ დაიცალო, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელიც წარმოდგენა არ გაქვს, საიდან გაჩნდა. სამაგიეროდ გრძნობ, როგორ გაიძულებს ერთ მხარეს მარტო დგომას და სიჩუმეს. ძნელია შეინარჩუნო სიმშვიდე, როცა არასასურველ ფიქრებთან მარტო ხარ გამოკეტილი და არავინ გეგულება გამზიარებელი. უენერგიოდ ვწვები დივანზე და ვერაფრით ვიმშვიდებ აჩქარებულ გულისცემას. მათესგან წამოსულს უკან მომდევს ყველა მისი ნათქვამი სიტყვა. ახლა თითოეული მათგანი მკერდზე მაწევს და სუნთქვას მიმძიმებს. საკუთარ თავს ვერაფრით ვპატიობ, რომ მასში ეჭვი შევიტანე. ვიმსახურებ ახლა ამ ტკივილს, მთელს სხეულზე რომ მედება. ის არაფერ შუაში იყო. მე კი ბრალი დავდე მხოლოდ იმიტომ, რომ პატარა ნაკაწრი შევამჩნიე, რომლის წარმომავლობის შესახებაც არაფერი ვიცოდი. როგორ შემეძლო?! ყველაფერი ავურიე. ბზარი, რომელიც ჩვენს შორის არსებობდა ხრამად ვაქციე. არ ვენდე უსამართლოდ. მას კი ახლა სრული უფლება აქვს, არ მენდოს სამართლიანად. თვალებს ვხუჭავ და მათეს ვხედავ. მის სანდო ღიმილს ვხედავ. მისი ნათქვამი „მიყვარხარ“ მესმის და მის ტუჩებს ვგრძნობ ლოყაზე. ვიცი, რომ ეს ძველებური, მეგობრული კოცნა არაა. ამას ახლაც ვგრძნობ და ეკალი მაყრის. ვიცი, რომ ეს ზედმეტია და გამოწვეულ ჟრუანტელზე უცნაური გრძნობა მეუფლება. თითებს მკლავებზე ვისვამ და მის გაქრობას ვცდილობ. თვალებს ვახელ. რამდენჯერაც ვანებებ თავს ამაზე ფიქრს, იმდენჯერ თავიდან ჩნდება ყველა სურათი. ახლა მათე ისე შორსაა ჩემგან, როგორც არასდროს. მე კი ორი გზა მაქვს: წინ, სადაც მომიწევს შევეჩვიო ბიჭს, რომელსაც ვუყვარვარ და უკან, სადაც მათე არ არსებობს. ორივე მათგანი წარმოუდგენლად რთულად და შეუძლებლად მეჩვენება და კიდევ უფრო მიმძიმს ამ ამბავთან მარტო დარჩენა. დივანზე წამომჯდარი საძინებლის ღია კარიდან ჩემს საწოლზე მძინარე თეონას ვუყურებ. ახლა ის ყველაზე ახლოსაა. შემიძლია გავაღვიძო და რვაწლიანი საიდუმლო გავანდო. მაგრამ მეშინია. არ ვიცი რა მოხდება, როცა გაიგებს მიზეზს, თუ რატომ აიგნორებდა მათე ნატას გრძნობებს. გოგოს სიკვდილის შემდეგ თეონას ისედაც სწყდებოდა გული იმის გამო, რომ მათე შანსსაც კი არ აძლევდა არც საკუთარ თავს და არც ნატას. რას იზამს, როცა გაიგებს, რომ ამის მიზეზი მე ვიყავი და თანაც ამას ამდენი ხანი ვმალავდი? არ ვიცი. შეიძლება თავიდან გაოგნდეს, მაგრამ ყველაფერი წარსულში დატოვოს, ან ძველმა წყენამ გაიღვიძოს მასში და ორივეს ზურგი გვაქციოს. არა, „შეიძლებაზე“ ვერ გავრისკავ ამ ამბის მისთვის გამხელას. თეონას დაკარგვას ვერ ავიტან. ეს ჩემთვის ზედმეტი იქნება. ზედმეტზე ზედმეტი. ლელა! ღმერთო, რა თქმა უნდა, ლელა! ის ერთადერთია, ვინც მომისმენს, გაიგებს და დამელაპარაკება. გოგოს ღიმილის წარმოდგენა მამშვიდებს, მეც ღიმილს მგვრის და შვებით ამოსუნთქვის საშუალებას მაძლევს. ის-ისაა მასთან დარეკვას ვაპირებ, რომ მობილური ინთება. კალეა. - ხო. - ვპასუხობ და ყელს ვიწმენდ. - როგორ ხარ? დილით არ დაგირეკე, ვიფიქრე, გვიანობამდე გეძინებოდა. - მესმის მისი ხმა და კიდევ უფრო მეშვება დაჭიმული კუნთები. ახლა ისე მინდა აქ იყოს, მის სურნელსაც კი მკვეთრად ვგრძნობ. - ხო, გვიანობამდე მეძინა, მაგრამ მაინც ვერ ვარ კარგად. - რამე მოხდა? - არაფერი. - უცბად ვაიგნორებ იდეას, რომ მათესთან საუბარი მასაც გავანდო. ახლა ამის დრო არაა. - ფიქრები მშლიან ჭკუიდან. შენ როგორ ხარ? - კარგად... ცოტა არ იყოს ვინანე, წუხელ რომ შენთან არ დავრჩი. მეღიმება, რადგან გაღვიძებისას თავადაც ამას ვფიქრობდი. - მეც. - ვპასუხობ. - სად ხარ ახლა? - სამსახურში. - ელენემ მიკითხა? - შენც და თეონაც. იმედი აქვს, რომ მალე გამოხვალთ. - ხო, ხვალ ვაპირებდი ისედაც. - ორ საათში მოვრჩები საქმეს. გინდა შენთან მოვიდე? - შენ გინდა? - წუხელ ღამითაც მინდოდა. მეცინება და თეონას ვუყურებ. - იცი, ჩემთან თეონაა. ახლა სძინავს. დაველაპარაკები და სამსახურის შემდეგ შევხვდეთ სადმე. - მომენატრე. - მისი ხმის ტემბრისგან ჟრუანტელი მივლის. - მეც მომენატრე. - დივნის საზურგეს ვეყრდნობი და ვოხრავ. - ეს დღეები ძალიან შორს იყავი. - ასე გამოვიდა. - ოთო და მის სახლში მბრუნავი ტკივილიანი დღეები მახსენდება და ასე მგონია, თითქოს ღიმილის გამო მსაყვედურობს. - კარგი, დაგელოდები, მირა. - დროებით, კალე. *** 2016 წელი, 6 აგვისტო დილა ეს დღეებია, თეონა ჩემთან რჩება. ამბობს, რომ მარტო დარჩენა არ უნდა. ვურჩიე, შაბათ-კვირა ქუთაისში, თავის მშობლებთან და და-ძმასთან წასულიყო, მაგრამ ვერ დავიყოლიე. რაღაც მხრივ მეც მშვიდად ვარ ჩემს გვერდით რომაა. დაკარგულ დროს ვინაზღაურებთ. სამსახურიდან ერთად ვბრუნდებით და ღიმილსაც და ტირილსაც ერთმანეთს ვუნაწილებთ. მწუხარებას მხოლოდ გაზიარებით თუ შეამსუბუქებ. - ჩაის დალევ? - კარზე მიკაკუნებს თეონა და თმას მაღლა იკრავს. - პიტნით. - ვპასუხობ და საწოლიდან ვდგები. - ვიცი, შენი საყვარელი. - იღიმის და ოთახიდან გასულს მეძახის. - შაქარი აღარ გაქვს. ჩავალ, ამოვიტან. ცოტა ხანში კარის დახურვის ხმა მესმის. ტუმბოდან მობილურს ვიღებ. ორი შეტყობინება მხვდება კალესგან. პირველი ღამის სამ საათზეა მოწერილი, მეორე ცოტა ხნის წინ. „ - მინდიხარ!!!“ „ - თეონა ისევ შენთანაა?“ მეცინება და ტუჩებს კბილებით ვიჭერ. სურვილისგან სხეული მიალდება. ტექსტს ვკრეფ და ვუგზავნი. „ - აქაა და ცოტა ხნით კიდევ დარჩება. სურვილის ჩაფიქრება მინდა. იქნებ შენთან დამპატიჟო?“ „ - ახლავე მოხვალ?“ - მწერს მალევე. „ - იმ შემთხვევაში, თუ ერთ ადგილას გამომყვები. ვიღაც უნდა გაგაცნო.“ „ - ყველაფერზე თანახმა ვარ. გელოდები.“ ვდგები და უცბად ვივლებ წყალს, ვიცვამ და საძინებლიდან გამოსულს ჩაი მზად მხვდება. თეონა მაგიდასთან ზის და ჩაფიქრებული ქვედა ტუჩს იკვნეტს. - რაზე ნერვიულობ, ისევ შაქარი ჩამიყარე? - მის წინ ვჯდები და ფინჯანს ვიღებ. უშაქროა. თეონა ერთი წამით მიყურებს, შემდეგ თავს აქნევ და ჩაის სვამს. - მირა, ბოლო დროს რამე უცნაური ხომ არ მომხდარა შენთან? - მეკითხება ყოყმანით. წამიერად მაციებს და დანის ბასრ ზედაპირს ვგრძნობ ყელზე. გოგო პასუხის გაცემას არ მაცდის, თავად აგრძელებს. - არ ვიცი, არ ვიცი, როდემდე შეიძლება საკუთარ თავს ვაჯერებდე იმაში, რომ ეს უმნიშვნელოა და შემთხვევით ხდება. - რა ხდება თეო, რას ამბობ? - მაგიდას ვეყრდნობი ხელებით. - ვიღაც რეკავს და ხმას არ იღებს. - რაა? - ხო. - თავს მიქნევს. - დიდი ხანია? - დიდი ხანია, მაგრამ ხშირად არა. რამდენიმე კვირის ინტერვალით. სულ ოთხჯერ დამირეკა. ვიცი, ეს რაოდენობა ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მახსოვს, რადგან ნომერი არ ფიქსირდება და თან... - თეონა ჩერდება. ორჭოფობს, თითქოს გზადაგზა რწმუნდება, რომ რასაც ჰყვება აბსურდი არაა. - პირველად ბექას ავარიის წინა დღეს დამირეკა. მეორედ ნატას სიკვდილამდე, წინა ღამეს, მესამედ ოთოს სიკვდილის წინა დღეს და ... დღეს. ახლა... წეღან... ერთხანს დაბნეული და გაოგნებული შევყურებ. თავადაც ანალოგიური მზერა აქვს. თეო ჩუმდება, მაგრამ შეგრძნება მიჩნდება, რომ მის სიტყვებს გაგრძელება აქვს. რომ რაღაც ბოლომდე არ უთქვამს, თუმცა თვითონაც არ იცის, რა არის სათქმელი. ეს ოთხი ზარი და მისი განხორციელების დღეები იმდენად შემზარავად ჟღერს, რომ ერთიანად მაციებს. ვიცი, რომ ეს საკმარისი მიზეზი არაა, ვიცი, რომ ამაზე ფიქრის საფუძველს არაფერი მაძლევს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კაპიუშონიანი და ამ ზარების ავტორი ერთი და იგივე ადამიანია. სკამის საზურგეს ვეყრდნობი და სახეზე ვიფარებ თითებს. წამიერად თავბრუ მესხმის და საფეთქლები მიბუჟდება. „ეს სამეგობრო რაღაც შარშია.“ ისევ ტრიალს იწყებს გამომძიებლის ხმა ჩემს თავში. არა, ასეთი ძლიერი არ ვარ. ამის ახსნა არ შემიძლია, მე არა. ვდგები და საძინებლისკენ მივდივარ. - მირა... - პასუხის მოლოდინით მაყოლებს თვალს თეონა. - ვიცი, თეო, ვიცი, მესმის, გავიგე. - ნერვებისგან ყელზე ძარღვები მეჭიმება. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და თავის ხელში აყვანას ვცდილობ. - ახლა უნდა გავიდე. კალე მელოდება. მასთან... საქმე მაქვს. გპირდები, როცა დავბრუნდები, ამაზე ვილაპარაკებთ. ხო, რადგან მეც მაქვს შენთვის რაღაც მოსაყოლი. *** თავადაც მიკვირს, როცა ვაცნობიერებ, რომ კალეს სახლში პირველად მივდივარ. აქამდე არასდროს გამჩენია შეკითხვა, თუ რატომ იყო ჩვენი შეხვედრის ადგილი ყოველთვის ჩემი ბინა. ალბათ ასე მოხდა. სინამდვილეში ამაში გასაკვირი და დასაფიქრებელი არაფერია. ბოლო დროს მომხდარი საშინელებები ზედმეტად მირევენ ტვინს და ყველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებენ. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. მეექვსე სართულზე ასული, მუქ ღვიძლისფერ კარზე ზარს ვრეკავ. კალე რამდენიმე წამში ჩნდება ჩემთან და სახლში მეპატიჟება. როგორც ვიცი, მისი მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობენ. დედისერთა შვილს კი აქაურობა საკუთარი პროფესიის სახლად უქცევია. მარტოხელას კვალობაზე სახლი საკმაოდ სუფთად და მიმზიდველად გამოიყურება. სასტუმრო ოთახს ეტყობა, რომ აქ ფოტოგრაფი ცხოვრობს. ოთახებს ვათვალიერებ და ვგრძნობ, რომ ინტერიერს რაღაც აკლია, მაგრამ ვერაფრით ვხვდები - რა. მისაღები ოთახიდან კარი აივანზე გადის, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედი იშლება, თუმცა მზე ისეთი ძალით აცხუნებს, იქ გაჩერება შეუძლებელია. ოთახში დაბრუნებულს კალე მიახლოვდება, თმას მხარს უკან მიყრის და ყურის ქვეშ ტუჩებს მაკრობს. თვალებს ვხუჭავ და მინის კარს ვეყრდნობი, რომელიც მზის სიმხურვალისგან საკმაოდ ცხელია. იმდენად ხორციელი და ისეთი სასიამოვნოა მისი სხეულის საკუთარზე შეგრძნება, რომ უნარი აქვს, გაფიქროს მხოლოდ იმ წამზე, რომლითაც ნეტარებას განიჭებს. თმაში დაკარგული მისი თითები ყელზე ეშვებიან და მკერდზე დატოვებულ ტუჩების ნაკვალევს შლიან. კალე ხელში მიტაცებს, დივანზე მაწვენს და ჩემს ტუჩებს ეტანება. მისი ბაგეებიდან დაღვრილი ვნება თავბრუს მახვევს. მასთან ერთად თავის დაკარგვა ყველაზე სასიამოვნო საფრთხეა. მინდა, რომ კალეს სურვილებსა და მის მოფერებაში ჩავიფლო და გადავიკარგო, მაგრამ სადღაც, გონების სიღრმეში შენარჩუნებული სიფხიზლე გამუდმებით მახსენებს, რომ ჩემი ორი მეგობარი მკვდარია, ერთი გამოუვალ კომაში, ერთი შეშინებული, ერთს კი ვუყვარვარ. - სად ხარ, მირა... - ტუჩებზე ვგრძნობ კალეს ნათქვამ სიტყვებს. ბიჭი ნიკაპზე მკოცნის და თითის წვერებს ფრთხილად ასრიალებს ლოყაზე. თვალებს ფრთხილად ვახელ და წითელი ბურუსიდან გამოსულს, გულს მტკენს რეალობა. მის ქარვისფერ თვალებში ვხედავ, რამდენად არეული ვარ და საკუთარი თავი საზიზღრად მებრალება. კალე ქვემოთ ცურდება და თავს მუცელზე მადებს. გაშლილ ხელისგულს მაისურის ქვეშ ასრიალებს და კანზე მაკრობს. მისი სიმხურვალე სასიამოვნო, ცხელ ჟრუანტელს მგვრის. ხარბად ვისუნთქავ ჰაერს და თითებს ბიჭის ქერა, პრიალა თმაში ვბლანდავ. რამდენიმე წუთით ღია, ნაცრისფერ ჭერზე ჩამოკიდებულ ცილინდრის ფორმის დაბურულ ჭაღს მივშტერებივარ და ვცდილობ, მუცელში მბრუნავ მწველ ტალღებს გადავაფარინო გულსა და გონებაში აყვირებული ქაოსი, მაგრამ ეს ბრძოლა უარესად ართულებს ყველაფერს. - რაღაცას ვერ ვხვდებით, კალე. - საკუთარ ხმას ვერ ვცნობ. - რას გულისხმობ? - მეკითხება ის. - რაღაც ხდება და არ ვიცით. რაღაც საშინელი. კალე თავს იღებს და ერთხანს შუბლშეკრული ქვემოდან მიყურებს. შემდეგ დივანზე ჯდება და ადგომაში მეხმარება. თითებს სახეზე ვისვამ და თმას უკან ვიწევ. - რაღაც არ მითქვამს შენთვის. - ვამბობ ჯერ ისევ ყოყმანით, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მასთან საუბარი მიშველის. - ბათუმში, როცა ოთო წაიყვანეს... მე რომ სახლში მარტო გამოვბრუნდი, ხომ გახსოვს?.. კიბეზე ასვლისას გამომძიებლის ტელეფონზე ლაპარაკს მოვკარი ყური. - ვინ გამომძიებლის? - არ მახსოვს სახელი და გვარი. ნატას საქმეს ვინც იძიებს. როგორც ჩანს, შვებულებაში იყო და როცა ეს მოხდა... როგორღაც იქ აღმოჩნდა. კალე, იცი მან რა თქვა? რომ ჩვენი სამეგობრო რაღაც შარშია. კალეს შუბლი ეხსნება და ჩაფიქრებული თვალს მარიდებს. - კალე, მას ჰგონია, რომ ვიღაც გვერჩის. ჰგონია, რომ ამ საშინელებებს ვიღაც რაღაც მიზეზის გამო აკეთებს. ღმერთო, მას შემდეგ ამაზე ფიქრი მაგიჟებს. - და აქამდე რატომ არაფერი მითხარი ამაზე? როცა ეს გაიგონე, უნდა მოსულიყავი და მოგეყოლა. - არ ვიცი. - მხრებს ვიჩეჩავ. სინამდვილეში, მიზეზი მათეს ნაკაწრია, მაგრამ ამის თქმის შემდეგ, მომიწევს სხვა დანარჩენიც ვუამბო. მე კი ეს არ მინდა, ჯერ არ მინდა. - ვფიქრობდი. მის სიტყვებზე ვფიქრობდი. მერე გამახსენდა ის შემთხვევა, ვიღაც რომ ამეკიდა. და დღეს... თეონამ ისეთი რამ მითხრა, რომ თითქმის გამომძიებლის აზრზე დავდექი. ჩვენ მართლა ვიღაც გვერჩის კალე. - მოიცადე, თეონამ რა გითხრა? - თვალებში ინტერესით მაჩერდება და ხელს მოკეცილ მუხლზე მადებს. - რამდენიმე დღის წინ ამბობდა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უკან ვიღაც მომდევსო. მაგრამ სტრესს და დაღლილობას აბრალებდა. დღეს კი ამბობს, რომ ვიღაც დაფარული ნომრით ურეკავს და ხმას არ იღებს. ამბობს, სულ ოთხჯერ დარეკა და თან ბექას, ნატას და ოთოს შემთხვევების წინა ღამესო. - ეს სამია. მეოთხე ზარი? - დღეს დილით, კალე. - რა ჯანდაბაა! - სახე ეღუშება და თითებს ტუჩებზე ისვამს. შემდეგ მაგიდიდან სიგარეტს იღებს და უკიდებს. ცოტა ხნით იატაკს დაჰყურებს, შემდეგ კი ამბობს: - ვთქვათ, ის ტიპი, ის გამომძიებელი მართალია. ის შენი მეგობარი, ბექა... მას ხომ მანქანის გაუმართაობის გამო მოუხდა ავარია? თენგოსგან ვიცი. - ხო, მანქანა რომ შეამოწმეს მიზეზად მუხრუჭების სიძველე დაასახელეს, მაგრამ... უკვე აღარ ვიცი. თუ ამ ზარების დამთხვევას გავყვებით და დავუშვებთ, რომ მართლაც ვიღაც გადაგვეკიდა, გამოდის, რომ მას ბექას მოკვლაც სურდა და არც ოთოს არევია ფეხი. - ტანში მცრის. მკლავებს მუცელზე ვიკრობ და თავს ვხრი. ორი წამით თვალებს ვხუჭავ და ვხედავ, რა ხდება ბექას მანქანასთან, ვხედავ რა ხდება სანაპიროზე ოთოსთან. - მოიცადე მირა, დამშვიდდი. - კალე სიგარეტს საფერფლეში აგდებს, ჩემთან ახლოს ჯდება და ხელს წელზე მხვევს. ცრემლების გადაყლაპვას ვცდილობ, ქვემოდან ვუყურებ და ვეკითხები: - მითხარი, შენ რას ფიქრობ? შეიძლება ეს ყველაფერი სიმართლე იყოს? შეიძლება, რომ ადამიანი, ვინც მე ამედევნა თეონას ურეკავდეს და მკვლელი იყოს? - მირა, - თავზე მისვამს ის ხელს. სახეზე ყოყმანი ეტყობა. შუბლს ისრისავს და ისევ თვალებში მიყურებს. - არ მინდა შეგაშინო და უარესად აგანერვიულო, მაგრამ ამაში ეჭვი მეც დიდი ხნის წინ შევიტანე. - რას ამბობ... - გაოგნებული ვუყურებ. ის მსუბუქად მიქნევს თავს. - როდის, კალე? რატომ? - ძალიან საეჭვოა და იმიტომ, მირა. ამხელა სამეგობროდან ასეთ მოკლე დროში ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კომაშია. ხო, თან ის ც, ვინც შენ შეგაშინა. ამბობთ, რომ ნატას საეჭვო ცხოვრება არ ჰქონია, თუმცა ის ისე დაგეგმილად მოკლეს, შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მას რაღაც ცუდი აქვს გაკეთებული. ახლა ეს ზარები თეონას მობილურში და კი, სრულიად შესაძლებელია, რომ ბექას მუხრუჭები ხელოვნურად დაეძველებინათ. მთვრალი ოთოსთვის კი ხელის კვრაც საკმარისი იქნებოდა. გამომძიებლისთვის კი სამეგობროში ორი სიკვდილი და ერთი თითქმის სიკვდილი, სრულიად საკმარისია, რომ ფიქრობდეს იმას, რაც შენ მოისმინე. და წარმოიდგინე როგორ გამყარდება მისი აზრი, დანარჩენი შემთხვევებიც რომ იცოდეს. - ღმერთო... - ვისმენ კალეს საუბარს და ასე მგონია, თავი მისივდება. შიში ძალას იკრებს და სადაცაა ჩემში აფეთქდება. - რატომ ჩვენ არ გვითხარი შენი ეჭვი? - მირა, მე... მართალია, დიდი ხანია თენგოს ვიცნობ, მაგრამ თქვენთან მაინც ახალი ვარ. არ ვიცი, ვიფიქრე ამის უფლება არ მქონდა. ვიფიქრე ჩემი საქმე არ იყო. არ მინდოდა გამეღიზიანებინეთ. - ხვდები, რას ამბობ? კალე, შენ ჩემთან ხარ და ამის უფლება გაქვს. - გული მომდის მის ნათქვამზე. - ალბათ, მაგრამ მაინც თავი შევიკავე. თანაც მსგავსი არც ერთს არაფერი გითქვამთ. არ მინდოდა, ჩემთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა ჩემი მონაყოლით დამემძიმებინა. - სიგარეტის ახალ ღერს უკიდებს კალე და თვალს მარიდებს. დაბნეული ვუყურებ. - დაძაბული ურთიერთობა? - ეს არაა მნიშვნელოვანი. - ბაგეებს შორის კვამლს უშვებს. შეკითხვას თავს არიდებს, თუმცა ვხვდები, რომ მათეს გულისხმობს. ვოხრავ. მის თითებს შორის მომწყვდეულ სიგარეტს ვიღებ და ნიკოტინს ხარბად ვუშვებ ფილტვებში. სანამ ღერი თავდება, ჩუმად ვსხედვართ. - ვინ შეიძლება იყოს, მირა? - მეკითხება კალე. - არ ვიცი. - თავს ვაქნევ. - წარმოდგენა არ მაქვს. - ეს შენი სამეგობროა. ბევრი რამ გაქვთ საერთო. შეიძლება კარგი უფრო მეტი, ვიდრე ცუდი, მაგრამ... იფიქრე მირა. ანდაც დაელაპარაკე მათეს, თეონას და თენგოს. იქნებ ერთად რაღაც დასკვნამდე მიხვიდეთ. - ფეხზე დგება კალე და ფანჯარასთან მიდის. ნამწვს საფერფლეში ვაგდებ და სახეს ხელებში ვრგავ. მართალია, სხვა გამოსავალი არც არსებობს. ვინ იცის, იქნებ დანარჩენებიც ამავე ფიქრებით ცხოვრობენ და იმის შიშით, რომ ჩვენ პარანოიას დავაბრალებთ, ვერ ამხელენ? - მართალი ხარ. - ვდგები, კალეს ვუახლოვდები და ზურგიდან მუცელზე ვხვევ ხელებს. დაძაბული მეჩვენება, მაგრამ ჩემს ხელებს იჭერს თუ არა, ეშვება. - ხვალ ყველას შევკრებ. - რატომ უნდა გადადო? - იმიტომ, რომ ახლა მე და შენ ერთ ადგილას მივდივართ. გახსოვს? ყველაფერზე თანახმა იყავი. - ვიღაც უნდა გამაცნო. *** კალე მობილურს ჯიბეში იდებს და მანქანიდან გადავდივართ. ის-ისაა კაფეს ვუახლოვდებით, რომ იქიდან გამომავალ თენგოს ვხედავ. შუბლშეკრული ტელეფონს ჩასჩერებია და რაღაცას თავისთვის ბუტბუტებს. დამთხვევისგან გაკვირვებული ღიმილით ვხვდები ბიჭს. კალე ხელს ართმევს. თენგო გაფანტული ჩანს და არეულად გვიხსნის ლელას ნახვის მიზეზს. გოგო დიდი ხანია ჩვენგან შორსაა და გასაკვირი არაა, რომ მეგობრები ცალ-ცალკე ვნახულობთ. ამიტომ, არც თენგოს აქ ყოფნა უნდა მაოცებდეს. - ლელამ მითხრა, მირიანი მოდისო, - უღიმღამოდ ეღიმება თენგოს და კალესკენ იხედება. - შენ არ გელოდი. უნდა გააცნო „პაძელნიკი?“ - თვალს მიკრავს. - „პაძელნიკობას“ გავცდით, ძმაო... მგონი მარტო შენ ვერ შენიშნე. - ეცინება კალეს და თენგოს გამოწვდილ მუშტს მუშტით პასუხობს. - ამინ, ამინ. - იცხადებს ის და დასერიოზულებული უკან, კარისკენ იხედება. - მაგრად დავიგრუზე, მირიან. ძმას ავუარე, - ბექას გულისხმობს ის. - მეცოდება, რაა... ასე არ უნდა აწვალებდნენ. - თენგო... - არ მსიამოვნებს მისი სიტყვები, მაგრამ რეალობაა და ვერსად გაექცევი. - ვიცი, ტეხავს, რასაც ვბაზრობ, მაგრამ ხო ხვდები, არა? ზედმეტია... ცოდვაა... ცოტა არ იყოს, მეუცხოება თენგოსგან ეს განწყობა, თუმცა მართალია და დუმილით ვპასუხობ. ცოტა ხანში გვემშვიდობება და ისევ მობილურში თავჩარგული გვტოვებს. კალე გამამხნევებლად მისვამს ხელს წელზე და ლოყაზე მკოცნის. კარიდანვე ვხედავ საავადმყოფოსთან ახლოს, კაფეში მჯდომ ლელას. ჩემი დანახვისას დგება და შესაგებებლად ხელებს შლის. მთელი ძალით ვეხუტები. ასე მგონია მისი თბილი აურა ყველა პრობლემას მომიგვარებს. მას რომ ხშირად ვნახულობდე, იქნებ არც ისეთი რთული ასატანი ყოფილიყო ჩვენი მეგობრების დაკარგვა. ლელა ბათუმში ოთოს დაკრძალვაზე არ ყოფილა, რადგან იმ დღეებში ბექას დედა ინსულტის გამო საავადმყოფოში მოხვდა და გოგომ ქალი და მისი მეუღლე ვერაფრით დატოვა. ახლა კი პირველს, რასაც ამბობს ისაა, რომ ამის გამო თავს ცუდად გრძნობს და ბოდიშს მიხდის, რომ ჩვენთან ერთად არ იყო. მის დამშვიდებას ვცდილობ და ჩემ ზურგს უკან მდგომ კალეს ვაცნობ. ბიჭი ხელს ართმევს და უღიმის. მის ღიმილში მორიდება და სითბო იგრძნობა, თან ისე აშკარად, რომ ვოცდები. კალე ასეთი სათნო სახით არასდროს მინახავს. ვფიქრობ ეს ბექას გამოა. ან მანაც იგრძნო გოგოსგან წამოსული სუფთა დამოკიდებულება. მაგიდასთან ვსხდებით და ყავას ვუკვეთავთ. თავიდან ოთოსა და ნატაზე ვსაუბრობთ. მათ ხასიათსა და განსაკუთრებულ მოგონებებს ვიხსენებთ. ყველაზე მტკივნეული მათზე წარსულ დროში საუბარია. მიუხედავად ამისა, მიხარია, რომ ლაპარაკს ცრემლები არ ერთვის. ლელა სიცილითა და ხელების ქნევით საუბრობს. ჩვევები სიტუაციებს არ ცნობენ. ახლა ძველ, უდარდელ, გიჟ რომანტიკოს ლელას ვუყურებ და ლამისაა რეალობა გაქრეს. აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა ჩემი მეგობარი ერთმანეთისგან განსხვავებულად, მეტ-ნაკლებად მიყვარდა. ახლა კი ვხვდები, რომ ადამიანებს, რომლებსაც მეგობრებს უწოდებ, ვერ განაცალკევებ. თუ გჭირდება, ყველა ერთად და თუ არა - ესე იგი ისინი არც გყოლია. ბექას მდგომარეობაზე ისე საუბრობს, თითქოს ბიჭი მთელი ცხოვრებაა კომაშია. ხმა უსევდიანდება, თუმცა მას უკვე დიდი ხანია გაცნობიერებული აქვს, რომ მისი შეყვარებული აღარ არსებობს. ამაზე გული საშინლად მწყდება. ალბათ ნორმალურიცაა, როცა რეალობას ეგუები და ცრუ იმედებს თავს არ აკარგვინებ, მაგრამ გულის სიღრმეში მე მაინც მაქვს კარგის იმედი. იმედი, ან სურვილი. არ ვიცი, არ მინდა, რომ ეს ორი ერთმანეთში ამერიოს. - თქვენზე მომიყევით. - ამბობს ლელა და მე და კალეს გვავლებს თვალს. კალე აქამდე სკამს მიყრდნობილი, უსიტყვოდ გვისმენს. ახლა გვერდულად იღიმის და ერთი წამით მის სახეზე ჩვეული თავდაჯერებულობა და ამბიციურობა კრთება. მახსენდება, საიდან დაიწყო ჩვენი სიახლოვე და ტანზე ეკალი მაყრის. საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი ურთიერთობის სათავე ნატას სიკვდილის დღეა. ჩემდა გასაკვირად, საუბარს კალე იწყებს. ისე მშვიდად და უშუალოდ ლაპარაკობს, თითქოს ლელას უკვე წლებია იცნობს. უყურებს ისე, როგორც არც ერთი ჩემი მეგობრისთვის არ შეუხედავს - გულწრფელად. მაგიდაზე დადებულ ჩემს ხელს მისი ხელისგული აკვრია და დროდადრო თითებს მიჭერს. ლაპარაკობს და შექმნილი სიტუაცია ჩემს გულს მოსვენებას არ აძლევს. დიდი ხანია თავი ასე მშვიდად არ მიგრძნია. დიდი ხანია, ორი ადამიანის საუბრიდან ასეთი სიამოვნება არ მიმიღია. - ყოველთვის მეგონა, რომ მირას გვერდით მდგომი მამაკაცი ბამბის სვიტერსა და კლასიკურ შარვალში გამოწყობილი ინტელიგენტი იქნებოდა, მაგრამ ახლა გიყურებ და მშვიდად ვარ. - იცინის ლელა. გაკვირვებული წარბებს ზემოთ ვქაჩავ. - მირა, იმედია ოდესმე საქმიანი პორთფელის ყიდვას არ მომთხოვ. - თავს უკან სწევს კალე და ისე მავლებს თვალს, თითქოს პირველად მხედავდეს. - საერთოდ არ მეჩვენება სასაცილოდ. ასეთი მამაკაცების წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ლელამ მშვენივრად იცის ჩემი გემოვნება. ახლა უბრალოდ ცდილობს, რაღაცები მახსნევინოს. - თვალებს ვუწვრილებ მეგობარს. - გვიანია, უკვე წამოეგე. - და ეს სულაც არ მაწუხებს, ახლა ისე კარგად ვარ. - ვამბობ და მათი სახეების ცვლილებას ვაკვირდები. ლელა თბილად იღიმის. კალე მშვიდად მიყურებს, თუმცა მის სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ ვკითხულობ, რაც ცოტა არ იყოს მაფიქრებს. წამის შემდეგ კი იცინის და ამბობს: - მე და ლელა ამაზე ვზრუნავთ. - გოგოს თვალს უკრავს. - ადრე, წლების წინ უფრო გამომდიოდა ეს. - სევდა კრთება ჩემი მეგობრის ხმაში. - ადრე უფრო ხშირად ვიყავით ერთად. ადრე ყველაფერი თითქმის იდეალურად იყო. - მაშინ ისედაც კარგად ვიყავით. - ხელზე ხელს ვადებ ლელას. - ამაზე ზრუნვა დიდად არც გვჭირდებოდა. - ყველაფერი უარესობისკენ იცვლება. - ხმაში ბზარი უჩნდება გოგოს, მაგრამ წამის შემდეგ მაინც იღიმის. კალე მაგიდის ზედაპირს უყურებს. ინტერესით ვკვდები, ახლა ნეტავ რაზე ფიქრობს. მზერა თითქოს მშვიდი აქვს, მაგრამ ამ სიმშვიდის მიღმა დარწმუნებული ვარ, დიდი არეულობა ტრიალებს. - ზრუნვა არასდროსაა ზედმეტი. ხანდახან მაშინ უფრო საჭიროა, როცა ადამიანი მის ნაკლებობას არ გაგრძნობინებს. - ამბობს ის, შემდეგ მზერა ლელაზე გადააქვს და ისევ თბილად უღიმის. სანამ რამეს ვიტყოდეთ, მობილური ურეკავს. საპასუხოდ დროებით გვტოვებს. მის მოხდენილ, ოდნავ გამომწვევ ნაბიჯებს თვალს ვადევნებ. - ბედნიერი ხარ? - ჩემკენ იხრება ლელა და თვალებში მიყურებს. ვოხრავ და იდაყვებით მაგიდას ვეყრდნობი. - ამ ყველა უბედურების და საშინელების ფონზე... მასთან მშვიდად ვარ, ლე. მყარი და ძლიერია. ჩემს დათრგუნულ და დაძაბულ გონებას რეალობის აღქმის უნარს უნარჩუნებს. - შენ ის გჭირდება. თქვენს შორის უცნაური მუხტია. იცი, რომანტიკული წყვილი არ ხართ. ქიმია კი იგრძნობა, მაგრამ... ვერ გიხსნი. - ხელისგულებს შლის ლელა და თვალებს ფიქრიანად ატრიალებს. - აშკარაა, რომ თქვენს შორის კავშირია. კიდევ არის რაღაც ძალიან ცივი და რაღაც ძალიან ცხელი. მაგრამ გეუბნები, შენ ის გჭირდება. რაში - ამას უკვე თავად გაარკვევ. - მჭირდება, - თავს ვუქნევ და მინის კარს მიღმა მდგარ კალეს ვავლებ თვალს. - ხანდახან მეშინია, ისეთი ძლიერია ეს გრძნობა. - გიყვარს? - მაკვირდება ლელა. მე კი ვშეშდები. საკუთარი თავისთვის ეს შეკითხვა არასდროს დამისვამს. ახლა ვფიქრობ და ის ფაქტი, რომ პასუხი არ მაქვს, მანერვიულებს. - არ იცი, ხომ ასეა? - მკრთალად ეღიმება გოგოს და ლოყას ხელისგულს აყრდნობს. - მაპატიე, არ ვიცი რა უნდა გითხრა. ამ მხრივ გამოუცდელი ვარ. ხომ გახსოვს, შენც იქ იყავი, როცა ბექა დანახვისთანავე შემიყვარდა. - იცინის ლელა. იცინის ისე, თითქოს ბექა კარგად იყოს. თითქოს იქ, იმ გაყინულ ოთახში უმწეოდ არ იწვეს. ისე, თითქოს სადაცაა შემოვარდება და თავის მეორე ნახევარს რაიმე სიგიჟის ჩასადენად გაიტაცებს. იცინის, მაგრამ თვალები უქრება და უბნელდება. როგორც კი ყელში მოწოლილ ტკივილს ვგრძნობ, მაშინვე სუნთქვას ვიკრავ რომ ტირილი არ ამივარდეს. საბედნიეროდ კალე მალევე მოდის და ორივეს მასზე გადაგვაქვს ყურადღება. - უნდა წავიდე. ელენემ შეხვედრა დამინიშნა კლიენტთან. - ამბობს ის და თვალებს ჩემსა და ლელას შორის დაატარებს. სავარაუდოდ ხვდება, რომ მის გარეშე გაგრძელებული საუბარი არც ისე მსუბუქი იყო. - ლელა, დღეს საავადმყოფოში რჩები? - ეკითხება მოულოდნელად ის ჩემს მეგობარს. ლელა თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. კალე ჩემკენ იხრება და ყურში მეჩურჩულება. - რა უყვარს შენს მეგობარს? საჭმელს ვგულისხმობ. - ცეზარი, პიცა... ცივი ჩაი... - ვეჩურჩულები მეც, მაგრამ ისეთი არეული ვარ, თავში სხვა არაფერი მომდის. - მშვენიერია, ახლავე მოვალ. - ამბობს ხმამაღლა, ბართან მიდის და ცოტა ხანში პატარა მუყაოს შეკვრით ბრუნდება. - ენერგეტიკული? - გაკვირვებულს ეცინება ლელას, როცა კალე მაგიდაზე სასმლის ქილას დგამს. - ცივი ჩაი არ იყო. ყავას კი ეს გირჩევნია. ყავა მიყვარს, მაგრამ ამაზე საზიზღარი სასმელი არ არსებობს. თხევადი სიკვდილია. - ცხვირს მანჭავს კალე. - როგორი სასტიკი ნათქვამია. - ეცინება ლელას. - კიდევ დავრჩებოდი, მაგრამ სამსახურს როგორ შევუშალო ხელი სასიამოვნო საღამოს გაფუჭებაში?! – ირონიით სწევს ზემოთ წარბებს. - ლელა, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. - კალე გოგოს ხელს უწვდის, ისიც დაბნეული ღიმილით ართმევს. - ჩემთვისაც, კალე. - იმედია ერთმანეთს მალე შევხვდებით. - ბიჭი აშკარად მე მგულისხმობს, ისეთი თვალებით მიყურებს. მეცინება. - მინიშნება მიღებულია. - ხელს ვწევ. - დიდი მადლობა. - ლელა მორიდებით ანიშნებს მუყაოს შეკვრაზე. - ეს მცირედია, ლელა. თითქმის უმნიშვნელო. საშინლად უმნიშვნელო. - ამბობს კალე ცოტა არ იყოს მოგუდული ხმით. შემდეგ ჩემკენ იხრება, ლოყაზე მკოცნის და გვემშვიდობება. ლელა სასიამოვნოდ გაოცებული ჩანს და წარბებაწეული, ღიმილით მიყურებს. - მის სიურპრიზებზე იმუნიტეტი გამომიმუშავდა. უკვე აღარ ვიცი მასში რამდენი ადამიანია. - ეგ გასაგებია. ახლა მთავარზე გადადი. რა ხდება, მირა? მოგონება *** 2010 წელი, 1 ივლისი მეხუთე დღე, ღამე ტყეში დავბოდიალობთ და პიკნიკისთვის ადგილს ვარჩევთ. უფრო სწორად, არჩევენ. მე ისევ წყლის პირას ვარ, დილის სურნელს და კანზე დაჩის შეხებას ვგრძნობ, რომლის კვალიც აქამდე დამრჩა. გაბრუებული და მოხიბლული ვარ. ალბათ შეყვარებულიც, მაგრამ ჯერ მხოლოდ მსუბუქ ფორმაში. გამუდმებით იმ ურთიერთობაზე მეფიქრება, რომელიც თბილისში განაგრძობს გაძლიერებას და ლამისაა, საკუთარი ფანტაზიებისგან ფრთები გამოვისხა. თეონასა და ნატასგან გამუდმებით შენიშვნებს ვიღებ. მეუბნებიან, ასე ნუ იმჩნევ თავბრუ რომ გესხმის, ცოტა თავი დაიფასეო. ლელა პირიქით. რამდენჯერაც ფიქრებში წასულს და ღიმილიანს დამინახავს, იმდენჯერ მეხუტება და ენის ჩლიფინით სასიყვარულო სიტყვებით მამხნევებს. ხანდახან ღრუბლებში აჭრილი ხელებს შლის და ჰაერში აწყობს ჩემი და დაჩის ქორწილს, თაფლობის თვის, ბავშვების, თავისი ნათლიაობის, ჩვენი სიბერის გეგმებს. მისი ხუმრობები სიფხიზლეს მინარჩუნებენ. ტყის ჰაერი და სიმყუდროვე სრულიად განსხვავებულია. აქ ისე გრილა, ვერაფრით იფიქრებ, რომ წყალსაცავის სანაპიროებს მზე წვავს. მადაგახსნილი ბიჭები მწვადებს აშიშხინებენ. დროს საკმაოდ ხალისიანად ვატარებთ. სულ ორი დღეღა გვაქვს დარჩენილი და წასვლის მოლოდინი მასევდიანებს. ამიტომ მთელი მონდომებით ვიმახსოვრებ ჩემს მეგობრებთან ერთად ანანურში გატარებულ ყოველ წამს. ვერ ვანდობ ყველაფერს ფოტოაპარატს ან კამერას. კოტეჯებში დაბრუნებულები ცოტა ხნით ვისვენებთ. შემდეგ კი, სანამ გოგოები მაღაზიაში მივდივართ სასუსნავისთვის, ბიჭები კოცონისთვის ფიჩხებს იმარაგებენ. ცხრა საათისთვის მეზობლებთან ერთად ცეცხლის გარშემო ვსხედვართ და ვბჭობთ, რა ვითამაშოთ. სანამ ბავშვები დისკუსიით არიან დაკავებულნი, მე კოცონს მიღმა მოსაუბრე მათესა და დაჩის ვაკვირდები. მათე რამდენჯერმე იჭერს ჩემს მზერას, მაგრამ არაფერს იმჩნევს. ბოლოს ეღიმება და თვალს მიკრავს. მისი ღიმილი კი კვლავ არ მომდის თვალში და ისევ მაფორიაქებს. მახსენდება, რომ მასთან რამდენიმე შეკითხვა მაქვს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მათზე პასუხებს ვერ მივიღებ. მათეს ვიცნობ, ჯიუტ მათეს. მოულოდნელად ნატა გვაჩუმებს და ოფიციალურად აცხადებს, რომ სათამაშოდ „სიმართლე თუ მოქმედება“ გადაწყდა. გოგო გვერდით ოთოს და თენგოს მოტანილ არაყს იდგამს და თამაშსაც ვიწყებთ. საკმაოდ ბევრი სიმართლე გამოდის სააშკარაოზე და საკმაოდ თამამი მოქმედებებით იფარგლებიან მონაწილეები. მე მიწევს ვაღიარო, რომ ბიჭს პირველად თექვსმეტი წლის ასაკში ვაკოცე. შემდეგ თეონა მეკითხება, ვინ მიყვარს ყველაზე მეტად ჩვენი „სასტავიდან“ და სიტუაციაც მძიმდება. ყველა თვალებში შემომყურებს მათეს გარდა, რომელიც კოცონს სულს უბერავს და თავი ისე უჭირავს, თითქოს შეკითხვაც არ მოესმინოს. ალბათ იცის, რომ თუ ამ შეკითხვას პასუხს გავცემ, ეს აუცილებლად მათე იქნება. მაგრამ არ ვამბობ ბევრი მიზეზის გამო. ამიტომ ერთი ჭიქა არყის დალევა მიწევს, საშინლად ცხარე არყის, რომელიც კატასტროფულად სწრაფად მეკიდება. ბიჭი სიცილის შეკავებას ცდილობს, მაგრამ აწყდება თუ არა ჩემს დაბღვერილ მზერას, სახე ერთიანად უცინის. თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ, თუმცა მიხარია, რომ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. ამასობაში, ბოთლს თეონა ატრიალებს, რომელიც ნატასთან ხვდება და გოგოც რა თქმა უნდა, სიმართლეს ირჩევს. თეონა ერთხანს ფიქრობს, შემდეგ კი შეკითხვას სვამს: - რა არის შენი უკანასკნელი საიდუმლო? ჯერ ვუფიქრდები, მაგრამ ნატას ისეთი ეშმაკური გამომეტყველება აქვს, მაშინვე ყველაფერს ვხვდები. შეკითხვა აშკარად წინასწარაა შეთანხმებული. - რა, და... ბიჭი მომწონს, რომელიც ახლა ჩვენს შორისაა. - ამბობს გოგო და რეაქციებს შეთქმულის მზერით აკვირდება. ვცდილობ, მაშინვე მათესკენ არ გამეცეს მზერა. გაოცების და „სახელი გვითხარის“ შეძახილები ალბათ მთელ ანანურს ესმის. ნატა რა თქმა უნდა, ინტრიგას ტოვებს და თამაშს ისე ვაგრძელებთ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. დაჩის დროდადრო მესიჯები მოსდის. ალბათ ისევ თავის ტყუპისცალს ელაპარაკება. ხანდახან მეც მწერს, მაგრამ უმეტესად თვალებით ვკონტაქტობთ. ცოტა ხანში ბოთლის დატრიალება ისევ მე მიწევს და იღბლით თუ ვარსკვლავების გათვლით, მათე მხვდება. ღმერთო! არ მინდა ასე საჯაროდ ვათქმევინო, მაგრამ შანსი მაქვს, სიგარეტის ამბავი გავიგო. - სიმართლე თუ მოქმედება? - ვეკითხები ჩასაფრებული მზერით. - მოქმედება. - ამბობს მათე და ცალყბად იღიმის, როცა ჩემს იმედგაცრუებულ ამოოხვრას ხედავს. - ოო, მათე! - ვწუწუნებ და ერთხანს ვფიქრობ. იდეა! მაქვს იდეა! - კარგი, მე მინდა, რომ ჩემთან მოხვიდე და ყურში მითხრა, რატომ დაიწყე სიგარეტის მოწევა. ბიჭს ღიმილი ნელ-ნელა უქრება და სახეზე ეტყობა, რომ გამოსავალს ეძებს. შემდეგ კი ამბობს: - მე პას! - და არაყს სვამს. - ხომ გითხარი, რომ მნიშვნელოვანი არ იყო. - ისევ იბრუნებს გამარჯვებულის გამომეტყველებას და თვალს მიკრავს. კარგი. მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ მალავს, თუ მნიშვნელოვანი არაა?! თამაში გრძელდება, მაგრამ მე ყურადღებაგაფანტული ვარ. სულ ამაზე მეფიქრება. ნუთუ მათე მიხვდა ნატას მისდამი დამოკიდებულებას? ალბათ იმავეთი ვერ უპასუხებს და ამაზე ნერვიულობს? მიზეზი ესაა? მაგრამ თუ ესაა, ამას რატომ მიმალავს? ღმერთო, ისეთ თემებზე გვისაუბრია, ეს რატომ არ უნდა გამიმხილოს? ის ისაა ფიქრებისგან ვთავისუფლდები, რომ ნატას დატრიალებული ბოთლის წვერი დაჩისკენ ჩერდება. სხეულზე ეკალი მაყრის და ლამისაა ვიყვირო. დარწმუნებული ვარ და ახლა უკვე გოგოს გამომეტყველებაც მოწმობს, რომ რაღაც ისეთს ამზადებს, რაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი. - აბა? - ხელისგულებს ერთმანეთს აწებებს ნატა. - სიმართლე თუ მოქმედება? დაჩი ორი წამით აპარებს ჩემკენ თვალებს და ცოტა ხანში ამბობს: - მოქმედება. - ჰმმ... - თვალებს უწვრილებს ნატა. როგორც ჩანს, გეგმები ჩაეშალა. მაგრამ მე მაინც ეკლებზე ვზივარ. როცა საქმე ნატას ეხება, ბოლომდე დარწმუნებული არაფერში ხარ. - ოქეი. მინდა, რომ იმ გოგოს აკოცო, რომელიც აქედან ყველაზე მეტად მოგწონს. ღმერთო! მინდა, რომ თავი ხელებში ჩავრგო და ნატას მოკვლის იდეა გადავიფიქრო, მაგრამ ვერც ერთს ვახერხებ და ვერც მეორეს. ტუჩებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს, რომ გოგო აქვე არ შემომელანძღოს. მონაწილეები მომლოდინედ აჩერდებიან დაჩის. იმაზეღა ვოცნებობ, რომ ბიჭმა მოქმედება გამოტოვოს და არაყი დალიოს. - ეგრეა ძმაო, ეგრე. აქ ყველა გოგო ლამაზია! - ხითხითებს ოთო და ჩვენებს თვალს ავლებს. დაჩი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს და ფეხზე დგება. ლამისაა გული საგულედან ამომიხტეს და დამტოვოს. ალბათ ათასჯერ მაციებს და მაყრის ტანზე ეკალს, სანამ ბიჭი ჩემამდე მოდის, გვერდით იმუხლებს და ლოყაზე მკოცნის. შემდეგ მიღიმის და თავის ადგილს უბრუნდება. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ. შენიღბვას უკვე აზრი აღარ აქვს. უხერხულად ვუღიმი და ბავშვებს თვალს ვავლებ. ლელა მალულად ხაზავს ჰაერში თითებით გულს. ნატა თვალს მიკრავს, თეონა კი ტუჩებს ჩემკენ ბზიკავს. ბიჭები ცდილობენ არ შეიმჩნიონ და სიტუაციის განსამუხტად ათას იდიოტობას ხუმრობენ. მათე მუჭში მოქცეული ფიჩხის მტვრევას აგრძელებს. როცა ჩემს მზერას აწყდება, ჩერდება. ერთხანს შუბლშეკრული მიყურებს, შემდეგ მაინც მიღიმის და როგორც სჩვევია, თვალს მიკრავს. მაგრამ მე ისევ არ მომწონს მისი ღიმილი. *** 2010 წელი, 2 ივლისი მეექვსე დღე, დილა მსხლის ხეების ქვეშ ნეტარი სიგრილეა. თითქოს ტოტების ჩრდილს ვაკუუმი შეექმნას და შუა ზაფხულის ხვატს ახლოს არ იკარებდეს. ბალახში ჩამჯდარი ავენისის ხედს გავყურებ და ჰარმონიით ვტკბები. ბავშვები სუვენირების საყიდლად გზატკეცილზე არიან ასულები. მე და მათე დავრჩით. ახლა მას თავი ჩემს კალთაში უდევს და ხელში გვირილას ატრიალებს. მის რბილ, მოგრძო თმაში თითებს ვასრიალებ და ვცდილობ დავივიწყო ის, რომ ნატას საიდუმლო ვიცი და, რომ სიგარეტის საიდუმლოს გამო მასზე ნაწყენი ვარ. შეუძლებელია, ეს იდილია ვერაფრით გაფუჭდება. ბიჭი გვირილას თეთრ ფურცლებს აცლის და თან ითვლის: " - გიყვარვარ, არ გიყვარვარ." - ე, არ გიყვარვარ? - გაოცებული მიყურებს ქვემოდან. - აქ და ამ წუთას ყველა და ყველაფერი მიყვარს. ასე, რომ დამშვიდდი. - მეცინება და გარემოდან შესრუტული ნეტარებისგან თვალებს ვხუჭავ. - ასე უპირობოდ? - აჰაამ. - ანუ, მე და შოთას ძროხები შენთვის ერთ დონეზე ვართ? - მათე! - თმას ვქაჩავ და სიცილი მიტყდება. - თუ ასეა, ოდნავადაც არ მიყვარხარ. - ჰო აბა. იმას უფრო დავიჯერებ, რომ თმას შეიჭრი. ბიჭი დანებების ნიშნად თავს აქნევს და ხელებს გულზე იწყობს. - მათე... - მმ... - თმას ხომ არასოდეს შეიჭრი? - გინდა, რომ რაპუნცელს დავემსგავსო? - იცინის. - არა, არ შევიჭრი. - კარგი ბიჭი ხარ. - კმაყოფილს მეღიმება. - არც ისე კარგი ვარ. - ამბობს ის და მის შეცვლილ ხმის ტემბრზე ვფხიზლდები. თვალებდახუჭულს ზემოდან დავყურებ. - რატომ ამბობ ამას მათე... - იდეალური ხომ არავინაა... - მხრებს იჩეჩავს. - მაგრამ შენ ეგ არ გიგულისხმია. - ხო. - თვალებს ახელს, ფეხმორთხმით ჯდება და მიყურებს. - ცუდი ვარ, რადგან გუშინ ღამით ვიეჭვიანე. საშინლად ვიეჭვიანე, მირა. ეს უცაბედად თავს დამტყდარი ინფორმაცია სუნთქვას მიკრავს. ბიჭს ვაშტერდები და არ ვიცი, რის თქმას ვაპირებ. ვგრძნობ, როგორ მეწვის ლოყები სირცხვილისგან, აფორიაქებისგან, ნერვიულობისგან. - თითქმის ერთი წელია ვმეგობრობთ, - ხმა ოდნავ ურბილდება. - შენ იცი, რომ ძალიან მალე გახდი ჩემთვის მნიშვნელოვანი. მე კი ვიცი, რომ შენი საუკეთესო მეგობარი მე ვარ. ხოდა, ცუდი ვარ, რადგან ამის მიუხედავად, მაინც ვიეჭვიანე. ვეჭვიანობ ეს დღეებია. - მათე... - არ მინდა ჩუმად ყოფნა. მინდა ვუთხრა, რომ ეჭვიანობა მას ცუდს არ ხდის. მაგრამ ის თავს აქნევს და მაწყვეტინებს. - მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი დაჩისთან ურთიერთობა მწყინს. - ჩემს ხელს იღებს ის და თავის თითებში იქცევს. - არა, რა უფლება მაქვს ის მეწყინოს, რაც ბუნებრივია და რაც შენ გაბედნიერებს?! ვხედავ, რომ მოგწონთ ერთმანეთი. ვხედავ მის შენდამი დამოკიდებულებას და... მოკლედ, ეს კარგია, მაგრამ... - ხმაში კატეგორიულობა ეპარება მათეს. თვალებს უფრო დაჟინებით მაბჯენს და თითებსაც უფრო მჭიდროდ მაჭერს. - უნდა დამპირდე, რომ მე ყოველთვის ის მეგობარი ვიქნები შენთვის, რაც ახლა ვარ. უნდა დამპირდე, რომ ჩვენს შორის არაფერი შეიცვლება. დაჭიმულ კუნთებს მოშვების უფლებას ვაძლევ. შვებით ვათავისუფლებ ფილტვებში გადამწვარ ჟანგბადს. ტუჩებსაც ვაძლევ ნებას გაიღიმონ. მათესკენ ვიხრები და ვეხვევი. ისიც ზურგზე მხვევს ხელებს და ბეჭებზე ჩამოშლილ თმას ეთამაშება. - შენი შემცვლელი ჯერ არ დაბადებულა, მათათო. - ვეუბნები მას და მხარზე ვკოცნი. - და შენ რომ მიყვარხარ, ისე არასდროს არავინ მეყვარება. გპირდები. ვგრძნობ, როგორ ოხრავს ბიჭი შვებით და ისიც მხარზე მკოცნის. რამდენიმე წამში კი მიშვებს და ეჭვით ცალ თვალს ჭუტავს. - არც შოთას ძროხები? - მათეე! - სიცილი მიტყდება და მუცელზე ხელებმიჭერილი ბალახზე ვგორდები. *** 2016 წელი 6 აგვისტო საღამო სახლისკენ მიმავალს საფიქრალი ერთმანეთში მერევა. იმდენი ფერის ძაფია ჩემ თვალწინ გაბმული და თან ისე გაუგებრად, რომ მათი განცალკევება მიჭირს. ლელას მათეზე ვუამბე. ამაზე მისი რეაქცია დაახლოებით წარმოდგენილი მქონდა, მაგრამ იმან, რაც გოგომ მითხრა, გაოგნებული დამტოვა. - ღმერთო, მირა! ბექას სიცოცხლეს გეფიცები, ვიცოდი. იმაში, რომ მათეს მხოლოდ მეგობრულად არ უყვარდი, ძალიან, ძალიან ადრე, თითქმის სათავეში დავრწმუნდი. მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ სიყვარულში გამოგიტყდებოდა და ამას ამდენი წელი დამალავდით. ღმერთო! - პირზე იფარებს თითებს ლელა და საკუთარ თავს ამ ამბის აღქმას აცდის. თვალებში ცრემლები უბრწყინავს. რა თქმა უნდა. ის ხომ მსგავს რომანტიკულ ამბებზე საშინლად გულჩვილი და ემოციურია. - მირა, - ჩემკენ იხრება ის და თვალებში მაჩერდება. - წარმოგიდგენია მაინც, რამხელა ძალასთან გაქვს საქმე? წარმოგიდგენია მაინც, მისი გრძნობა რამდენად ძლიერია? - წარმომიდგენია და სწორედ ეს მაგდებს გამოუვალ მდგომარეობაში. ამას ვეღარ ვუძლებ, ლელა. ძალიან დავიღალე. - მირა, არ გიფიქრია, რომ ის, რასაც შენ ეგოისტობას უწოდებ, შესაძლოა მათეს მიმართ საპასუხო გრძნობა იყოს? იქნებ ამ ფაქტს იმიტომ არ უშვებ, რომ ჯიუტად ხარ ჩაჭიდებული მათესთან მეგობრობას? ოდესმე გიცდია, მისთვის ისე შეგეხედა, როგორც მამაკაცისთვის? - უარის ნიშნად თავს ვაქნევ. - ცუდია, რადგან ახლა ეს ძალიან გაგიჭირდება. შენ ახლა კალე გყავს და დიდი დაფიქრება არ სჭირდება იმას, რომ ერთად კარგად ხართ. ლელას სიტყვები განგაშის სიგნალივით ყვირიან ჩემს გონებაში. ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ და ახლაღა ვხვდები მიზეზს, თუ რატომ არ მიცდია მათესთვის სხვა თვალით შეხედვა. იმიტომ, რომ მას თავისი გრძნობებით არასდროს შევუწუხებივარ. მას არასოდეს უცდია ჩემი ყურადღების თავის სასარგებლოდ მიპყრობა. იცოდა ჩემი დამოკიდებულება მისდამი, აგრძელებდა მეგობრობას და სიყვარულს ისე ოსტატურად მალავდა, რომ ბოლოს მის გაქრობაშიც კი შემეპარა ეჭვი. და ახლა? ახლა ყველაფერი ვიცი. მას ჩემგან დამალული აღარაფერი აქვს. ის მხოლოდ მეგობარი აღარაა. და უკვე არც ვიცი, ვინაა ჩემთვის. არ ვიცი, რას აპირებს მას შემდეგ, რაც მითხრა, ასეთს შემეჩვიეო. და არ ვიცი მე როგორ ვიქნები ჩემთვის სრულიად უცხო მათესთან. ერთადერთი, რაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ ისაა, რომ მისი დაკარგვის ისტერიკულად მეშინია. - ნუ გეშინია, მირა. - ლელა ჩემკენ იხრება და ისე ძლიერად მეხვევა, რომ მის გულისცემასაც კი ვგრძნობ. - უმიზეზოდ არაფერი ხდება, არც ცუდი და არც კარგი. ბოლოს ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. დინებას მიჰყევი და გულს უსმინე. საწინააღმდეგოდ გაცურვა მხოლოდ დაგღლის და ფიქრის უნარს წაგართმევს. თუმცა, როცა საქმე გრძნობებთან გვაქვს, ბევრი ფიქრი ხელისშემშლელიც კია. არ ვიცი, მომავალს რა აქვს შენთვის დაგეგმილი, მაგრამ მე ყოველთვის შენთან ვარ და ეს არ დაგავიწყდეს. *** სახლში მისულს თეონა არ მხვდება. ზარზე არ მპასუხობს, მოგვიანებით კი მესიჯით მატყობინებს, რომ სახლში წავიდა და ამ ღამით იქ დარჩება. უცნაურია, რადგან აფორიაქებული დავტოვე და დარწმუნებული ვარ, ერთი სული ჰქონდა, როდის ვილაპარაკებდით. თანაც, მას შემდეგ, რაც მიამბო, მიკვირს, მარტო რატომ რჩება. ვეუბნები, რომ დაბრუნდეს, მაგრამ უარზეა და მიუხედავად იმისა, რომ ვყოყმანობ, მაინც აღარ ვაცივდები. ზაფხულის ცხელი საღამოსგან და ფიქრისგან დაღლილი წყალს ვივლებ. გონებაში ჯერ კიდევ ლელასთან საუბარი მიტრიალებს. ახლა ისე მინდა მათე აქ იყოს, თავი ჩემს კალთაში ედოს, მე კი მის რბილ გიშერივით შავ, მოზრდილ თმაში ვანებივრებდე თითებს... ამაზე ფიქრიც კი გულს მიკლავს, რადგან ვიცი, რომ ძველებურად აღარაფერი იქნება. ახლა რამდენჯერაც მათეს შევხედავ, მისი თვალები იმდენჯერ მეტყვიან, რომ ვუყვარვარ. მე კი საპასუხოდ არაფერი მექნება. „ - ასეთს შემეჩვიე.“ - ჩამესმის მისი ნათქვამი და ლოყაზე მის კოცნას ვგრძნობ. გახსენებაზეც კი მთელს სხეულზე ჟრუანტელი მივლის და ვკრთები. ეს კიდევ უფრო მეტ ეკალს იწვევს ჩემს კანზე და შეშინებული თითებს მკლავებზე ვისვამ მათ გასაქრობად. მაგრამ გონებაში ისევ ჩნდება მათეს მსუბუქი, და თან მგრძნობიარე კოცნა. ერთხანს ვშეშდები და საკუთარ თავს ვეკითხები, რა ხდება. მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობ და მაშინვე მობილურს ვწვდები კალესთან დასარეკად. *** ღამე მობილურზე მოსული შეტყობინების ხმას გამოვყავარ ძილიდან. თვალებს ვიფშვნეტ და ჩემს გვერდით მწოლიარე, მძინარე კალეს ვავლებ თვალს. შემდეგ იდაყვს ვეყრდნობი და ტელეფონს ვიღებ. მესიჯი თეონასგანაა. „ - მირა, მგონი ჩემს სახლში ვიღაცაა.“ შეშინებული ვხტები და ვგრძნობ, როგორ მაციებს. - ღმერთო! - მცდება დაზაფრულს, საწოლიდან ვიწევი და მესიჯს მონუსხული დავყურებ. შეძახილზე კალეს ეღვიძება და ჩემკენ მოჭუტული თვალებით ბრუნდება. - რა მოხდა, მირა? - მეკითხება ჩახლეჩილი ხმით. მობილურს ვუწვდი და საწოლიდან ვდგები. კარადიდან ტანსაცმელს ვიღებ და სწრაფად ვიცვამ. - ამის დედაც!.. - კალეც დგება და ერთხანს დაბნეული მიყურებს. - მიწერე, რომ პოლიციაში დარეკოს. - ეს რომ მოეხერხებინა, მე ხომ არ მომწერდა? - ხმა მიკანკალებს. - პირიქით, სადაც იმდენი შეძლო, რომ ტექსტი აკრიფა, დარეკავს კიდეც. - ამბობს კალე და მესიჯს თავად აგზავნის. - მას რომ... ღმერთო, მას რომ რამე დაემართოს... - ხმა მიტყდება და თითებს პირზე ვიფარებ. თვალები ცრემლებით მევსება და ვეღარაფერს ვხედავ. კალე მხრებში მეჭიდება და გულზე მიკრავს. - თავი ხელში აიყვანე, არაფერი მოუვა. ჩაიცვი, მალე მივიდეთ. შორს ცხოვრობს? - არა. - დამშვიდდი, კარგი? წავიდეთ და პოლიციაშიც დავრეკოთ. *** სანამ ლიფტს მერვე სართულამდე ავყავართ, სული მელევა. გული საშინელებას მიგრძნობს, რადგან ამ ერთადერთი მესიჯის გარდა, თეონა აღარაფერს მწერს და არც ზარზე მპასუხობს. საკუთარ თავს ვწყევლი იმის გამო, რომ სახლში წამოსულს უკან დაბრუნება არ დავაძალე. ლიფტიდან გამოვდივართ და თეონას სახლის კართან ვჩერდებით. კალე ხელით მანიშნებს, რომ დავიცადო. ტუჩებთან თითი მიაქვს და აყურადებს. შიგნით სიჩუმეა. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო, მაგრამ ნერვებისგან გაყინული სხეული ერთიანად მიცახცახებს. კალე ფრთხილად სწევს ურდულს. კარი ღიაა და შიგნით ბნელა. ახლაღა ვუფიქრდები იმას, რომ უიარაღოდ ვართ და თავის დასაცავად ხელთ არაფერი გვაქვს. საკუთარ თავს კი ვერაფრით ვაიმედებ იმით, რომ შესაძლოა თეონას რაღაც მოეჩვენა. ამ შემთხვევაში ხომ ზარზეც მიპასუხებდა და მესიჯზეც. კალე კარს აღებს და ჩუმად შედის შიგნით. მაფრთხილებს, რომ ცოტა ხნით გარეთ დავიცადო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის სიბნელეში უჩინარდება, მოუსვენრობა მიპყრობს და ის ისაა მეც შევდივარ, რომ ოთახში შუქი ინთება. კალე ჩამრთველთან დგას. - მგონი არავინაა. - ამბობს მაინც ჩუმად. ოთახს თვალს ვავლებ. აჩქარებული გულისცემა სუნთქვაში მიშლის ხელს. ვერ ვხვდები აქ რა ხდება. - თეო! - ვყვირი და მოსაძებნად მისი საძინებლისკენ მივიწევ. კარს ვაღებ, მაგრამ იქ არავინაა. ის ისაა ისევ დაძახებას ვაპირებ, რომ საიდანღაც ზმუილი მესმის. თითქოს ვიღაც ყვირის, მაგრამ რაღაც უშლის ხელს. ხმა მეორდება. უფრო გაბმულად. - თეონა! - ისევ ვეძახი და უკვე უკან ვბრუნდები, რომ გასროლის ხმა მესმის. შეშინებული ვყვირი და ვხტები. ერთხანს ადგილს ვეყინები და ვუცდი, როდის გაივლის ყურებში გაბმული წივილი. შემდეგ მძიმედ ვადგამ ნაბიჯებს და სააბაზანოს ვუახლოვდები. კარში გაშეშებული კალე დგას და მონუსხულივით მისჩერებია ჩემს სახეგასისხლიანებულ მეგობარს. 9 თავი *** 2016 წელი, 6 აგვისტო შუაღამე ყველაფერი ძალიან, ძალიან ბუნდოვანია. ერთხანს ვერც კი ვხვდები, რა ხდება ჩემს თავს. სახლი დუმს. თეონაც. მხოლოდ კალეს ბუტბუტი მესმის, მაგრამ გარკვეულად არც ის. ფრთხილად ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს, ბიჭს გვერდს ვუვლი და უფრო აშკარად ვცდილობ ჩემი მეგობრის დანახვას, რომელიც სკამზეა მიბმული და წითლად შეღებილი სახე ქვემოთ დაუხრია. თითქოს სძინავს; და მიკვირს, როგორ ახერხებს ამას ასე მშვიდად ამ ყინვაში. - თეონა. - ვამბობ. საკუთარი ხმა ისე სუსტად მეჩვენება, თითქოს ყელის ჩახლეჩვამდე მეყვიროს. გოგო არ იძვრის. არ ესმის. უკან, კალესკენ ვაბრუნებ თავს, რომელიც კედელს მიჰყრდნობია და მონუსხულივით შეჰყურებს თეონას. რამდენიმე წამით მზერა ჩემზე გადმოაქვს და როცა მის ქარვისფერ თვალებს ვხედავ, ვრწმუნდები, რომ არაფერი მეჩვენება. გულისრევის შეგრძნება ყელში მაწვება და პირზე ვიფარებ ხელებს. ისევ ჩემი მეგობრისკენ ვბრუნდები. - თეონა! - ყელიდან გატეხილი ხმა ამომდის და ის ისაა მისკენ ვიწევი, რომ კალეს ხელები ზურგიდან მეხვევიან, მკერდზე მიკრავენ და რამდენიმე ნაბიჯით უკან მწევენ. - არ შეეხო, არ გინდა. – ყურთან გამაფრთხილებელი ზარივით ჟღერენ კალეს სიტყვები და ლამის ვფეთქდები. რატომ. რატომ არ უნდა შევეხო? რას დავუზიანებ? რამდენიმე საათის წინ ცოცხალი იყო. ახლა? ახლა რომ შევეხო ვერაფერს იგრძნობს. რომც ვატკინო, იმაზე მეტ ზიანს ვერ მივაყენებ, რაც უკვე აქვს. - ღმერთო! - მუცელზე ვიჭერ ხელებს და ვგრძნობ, როგორ მეცლება მუხლებში ძალა. ჰაერი სარისკოდ არ მყოფნის. ყელი და მკერდი აუტანლად მტკივა. ხელებს წინ ვიწვდენ, მაგრამ კალეს მკლავებში მოქცეული ოდნავადაც ვერ ვუახლოვდები სკამზე მჯდომს. ფეხებზე რაღაც წვრილი ბაწარი მედება, რომელიც იქვე, იატაკზე დაგდებულ, გამობმულ იარაღს ითრევს და პარალელურად იქვე მდგომ სკამსაც ჩემკენ ასრიალებს. მის დანახვაზე სული მეხუთება. უკან ვჩოჩდები და კალეს ზურგით ვეკრობი. - ეს რა არის? ეს როგორ... კალე, ეს რანაირად მოხდა? - ხმა მიცახცახებს და პირი მლაშე ცრემლებით მევსება. - მახეა. - ამბობს მოკლედ. - რა მახე, რა მახე, კალე... - ვერაფერს ვხვდები. ახლა თვალები მხოლოდ თეონას ხედავენ, რომლის სხეულიც ნელ-ნელა წითლდება. ახლა გონება მხოლოდ სიკვდილზე ფიქრობს, რომელიც ჩვენს გარშემო დაძრწის და თავის ახალ სტუმარს თავზე მოწიწებით ეფერება. - თეონა... ღმერთო, თეონა... - ვერ ვჩუმდები. ვგრძნობ, რომ ჩემში რაღაც ძალიან მტკივნეული წარმოუდგენელი სისწრაფით იზრდება, იშლება და სადაცაა აფეთქდება. ეიფორია შოკში გადამდის. საკუთარ სხეულს ვეღარ ვფლობ. ვგრძნობ, რომ გარკვეული დროის მანძილზე გარშემო ვერაფერს ვამჩნევ. არ ვიცი სად ვარ და რას ვაკეთებ. ოთახი, ნივთები ერთმანეთში ირევა, იწელება და საშინელი ფერებისგან შემდგარ ქაოსში თავით ვეშვები. გონს ძალიან შორიდან დაძახებულ საკუთარ სახელს მოვყავარ. კალეს ჩემი სახე ხელებში მოუქცევია და შუბლშეკრული, აღელვებული და თითქოს განრისხებული გამომეტყველებით მიყურებს. - გამოფხიზლდი! - მეუბნება და ახლა ვხვდები, რომ სახე ერთიანად სველი მაქვს. მისი შუბლიც ოფლის წვეთებითაა დანამული, რომელსაც აქა-იქ წინ ჩამოყრილი ქერა თმის ღერები ფარავს. ალბათ გონება დავკარგე. იატაკზე ვზივარ და მეტლახიდან წამოსული სიცივე ერთიანად სუსხში მახვევს. ოთახს თვალ ვავლებ და მარჯვნივ, თითქმის ჩემს მსგავსად მჯდომ თენგოს ვხედავ. ვერ ვხვდები, აქ რა უნდა ან როდის მოვიდა, მაგრამ აშკარად ვხედავ როგორცაა. სახეზე თავზარდამცემი გაოგნება აწერია. - ადექი. აქედან გავიდეთ. - ჩამესმის კალეს ხმა. თვითონვე მაყენებს ფეხზე და სააბაზანოდან გავყავარ. თეონას თეთრი მაისური ერთიანად გასწითლებია. ბიჭი დივანზე მსვამს, ჯიბიდან მობილურს იღებს და რეკავს. არ ვიცი, რა ვქნა. არ ვიცი. სახეზე ხელებს ვიფარებ და ტირილს ვნებდები. თავში გამუდმებით თეონას დილანდელი დამფრთხალი მზერა მიტრიალებს და მკერდს მიგლეჯს დანაშაულის შეგრძნება. უნდა დავლაპარაკებოდი, უნდა დამემშვიდებინა. სახლიდან გასვლის უფლება არ უნდა მიმეცა. ის, რაც დილით გაირკვა, ჩემთვის იმაზე მეტად საშიში უნდა ყოფილიყო, ვიდრე აღვიქვი. ახლა არის. მაგრამ ახლა თეონა მკვდარია. ის მკვდარია. თეონაც მოკლეს. ყვირილი მინდა, მთელი ხმით, მთელი ძალით. ასე მგონია, ეს ყველაფერს უშველის. თეონასაც გააცოცხლებს, ნატასაც, ოთოსაც და ბექასაც. სახეს დივანში ვფლობ და კბილებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს, რომ ხმა ყელს მიღმა დავახშო. მინდა საღი აზრი შევინარჩუნო, მაგრამ ის ფაქტი, რომ რამდენიმე ნაბიჯში ჩემი მკვდარი მეგობარი სკამზეა მიბმული, ჭკუიდან მშლის. - ვინ ხარ, რა გინდა ჩვენგან?! - ვიღებ თავს დივნიდან და ისე ვყვირი, რომ ყელი მეკაწრება. ზურგით მდგარი კალე ჩემკენ ბრუნდება და ერთხანს თვალებგაფართოებული მიყურებს. ტუჩები ერთმანეთზე აქვს მიწებებული და მობილურს თითებს გამეტებით უჭერს. ასე მგონია, სადაცაა დაიფშვნება. სანამ ყელში გაჩენილი ტკივილი მთელს სხეულში იდგამს ფესვებს, ის ჩემს გვერდით ჯდება, იდაყვებით მუხლებს ეყრდნობა და თავს ხელებში რგავს. სააბაზანოდან გინების და ქვითინის ხმა გამოდის. - ვწუხვარ, მირა. - ამბობს კალე და დივანზე ჩამოდებულს თითებზე ფრთხილად მადებს თავის მხურვალე ხელისგულს. მახსენდება მისი ნათქვამი „მახეა“ და ერთიანად მაციებს. ვიღაცამ იარაღი ისე მოაწყო, რომ კარის გაღებისას გაესროლა. ვიღაცამ ისე მოაწყო, რომ ჩემი მეგობარი მე მომეკლა. ალბათ ვერ გათვალა, რომ კალე ჩემთან ერთად იქნებოდა. ამის წარმოდგენა ამომჯდარ გულს უარესად მიღიზიანებს. - აქ რა ჯანდაბა ხდება, ამის დედა შევეცი?! - ღრიალებს სააბაზანოდან გამოსული თენგო და შიშისგან ვხტები. კალე ხელს მიჭერს და ბიჭისკენ გაღიზიანებული იყურება. - ეს ვინ გააკეთა, მირა? - არ ვიცი! - ცრემლებს ვიწმენდ, მაგრამ მათ ადგილას სხვები ჩნდებიან. - ვიღაც აგვეკიდა, ხო ეგრეა? მითხარით! თენგოს ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ მის თავსაც ხდება რაღაც. - ამის დედაც შევეცი! შემდეგი ალბათ მე ვარ, ან შენ, ან მათე ან ლელა. - დაწყნარდი! - კბილებში სცრის კალე. - ნუ ატრაკებ, კალე! - ღრიალებს ის და მუშტს კრავს. - დავწყნარდე ნატას, ოთოს და თეონას სიკვდილის მერე? ამის დედაც, ამის დედაც! - ხელებს იქნევს ნერვიულად. სახე შეშლილს უგავს. თითები ნერვებისგან უთრთის. – ჯანდაბა, ოთოც მოკლეს? ეგრეა, არა? მოკლეს ისე, თითქოს „სლუჩაინად“ მოხდა?.. მირა, მითხარი, რომ შენც ესე ფიქრობ. ვერაფერს ვამბობ. შეუძლებელია ახლა ვინმე ფიქრობდეს, რომ ჩვენს შორის სამი მკვლელობა და ერთი ავარია შემთხვევითობაა. ახლა ყველა ყველაფერს ხვდება, გარდა მთავარისა - ვინ და რატომ აკეთებს ამას, ვინაა ჩვენი საერთო მტერი. უკან ვიხედები. სააბაზანოს კარი ღიაა და იქიდან ზედმეტად ნათლად ჩანს ჩემი მკვდარი, ჩემი საბრალო მეგობარი. სახეზე ხელებს ვიფარებ. ღმერთო! - პოლიციაში დავრეკოთ. - ვამბობ მოგუდული ხმით. - უკვე დავრეკე. - კალე თმაში იცურებს თითებს და ერთხანს ასე ყოვნდება. კარი ხომ მან გააღო. გააღო და იარაღმაც გაისროლა. - რამე მითხარით! - თენგო ისევ ჩვენ გვიბრუნდება. - თავში არაფერი მოგდით, ვინაა ეს ? მირა? - არ ვიცი, თენგო, არ ვიცი! - წყობიდან გამოვდივარ და ვყვირი. - ვის რაში სჭირდება ჩვენი ამოხოცვა? მე მტერი არ მყავს! მე არავისთვის არაფერი დამიშავებია. შენც იფიქრე ცოტა! შეიძლებოდა, შეეძლო თეონას ისე ევნო ვინმესთვის, რომ სამაგიერო ასე საშინლად გადაეხადათ? ოთოს? ნატას? ბექას? ისინი ხომ შენი მეგობრებიც იყვნენ? კალე ფეხზე დგება და სააბაზანოს კართან ჩერდება. თენგო თვალს აყოლებს მას და ტუჩებმომუწული აჩერდება. მისი გამომეტყველება არ მომწონს. - თენგო! - ვყვირი. ის ისევ მე მიყურებს. - აქ რატომ მოხვედი? ბიჭი ანთებულ მობილურს მიგდებს, სადაც შეტყობინებაა გახსნილი. წერილი თეონასგანაა, ზუსტად იმავე დროს და იმავე ტექსტით გამოგზავნილი. - ვიღაცამ დაგვიბარა. - მაშინ მათე და ლელაც აქ უნდა იყვნენ. - თავს ვაქნევ, ვერაფერს ვხვდები. ერთხანს სიჩუმე ისადგურებს და ახლა განსაკუთრებით კარგად ისმის ყურებში საშინელი კივილი. თავი მიბრუის. ვდგები და კალესთან მივდივარ. ბიჭი ერთი ხელით კარის ჩარჩოს მიჰყრდნობია, მეორე მუცელზე უდევს და უემოციოდ აშტერდება დაბლა დავარდნილ იარაღს. ის ისაა მხარზე ვეხები, რომ კარი იღება და ოთახში პოლიციელთა ჯგუფი შემოდის. *** 2016 წელი, 7 აგვისტო დილა მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ადგილასაც და პოლიციის განყოფილებაშიც მეც და თენგოსაც დაკითხვით გვიკლებენ, კალე მაინც ეჭვმიტანილად რჩება და საქმე სასამართლოს გადაეცემა. მეუბნებიან, რომ ორი დღე მაინც მოუწევს საკანში დარჩენა მანამ, სანამ პროცესი გაიმართება. ნერვიულობისგან ერთიანად გაყინული დავდივარ. კალეს უდანაშაულობა რომ არ დაუმტკიცონ, ალბათ მოვკვდები. ის, რომ ჩემი სამეგობროს თავს დატრიალებული საშინელების გამო ციხეში მოხვდეს საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ. არც კი ვიცი, რას ვიზამ. პოლიციის განყოფილებიდან ერთიანად გამოფიტული და დაცარიელებული გამოვდივარ. თვალწინ ისევ სკამზე მიბმული თეონა მიდგას და ყელში სპაზმებიც არ წყდება, მაგრამ ცრემლები არ მყოფნის სატირლად. გამომშრალი ვარ. მოშორებით თეონას უმცროს ძმას ვხედავ, რომელიც მანქანაში საჭეზე ჩაუბღუჯავს თითები და გაშტერებული მზერით ელოდება განყოფილებიდან თავზარდაცემული მშობლების გამოსვლას. მინდა, რომ მივიდე და ისიც ვანუგეშო, მაგრამ სიტყვებიც აღარ მაქვს დარჩენილი. ჯიბიდან მობილურს ვიღებ და კიდევ ერთხელ ვცდილობ მათესთან დარეკვას, მაგრამ ტელეფონი ისევ გამორთული აქვს. არც სახლის ნომერზე პასუხობს. როგორც ჩანს, ღამე სახლში არ გაუტარებია. მანქანაში ვჯდები და ნერვებისგან აჩქარებული სუნთქვის დამშვიდებას ვცდილობ. გონებაში გამწყდარი კადრებივით ჩნდებიან თეონას სისხლიანი სახის სურათები. ვგრძნობ, რომ დაწყნარება არ მიწერია და გაღიზიანებული ვძრავ ადგილიდან მანქანას. *** ხელში მათეს სახლის გასაღებს ვატრიალებ. მისი კარის წინ ვდგავარ და ვერ გადამიწყვეტია, შევიდე თუ არა. ის, რომ მან თეონას სიკვდილის შესახებ არ იცის და ამის თქმა მე მომიწევს, უსიამოვნოდ მახვევს თავბრუს. მერე ხელახლა გროვდება შეკითხვები სად იყო, რატომ ვერ ვუკავშირდები, რატომ აქვს ამ დრომდე გამორთული მობილური და ვგრძნობ, რომ პასუხების მიღება წყალივით მჭირდება. ის ისაა გასაღებს ვიმარჯვებ, რომ ჩამკეტის ხმა მესმის და იმ წუთას მათე აღებს კარს. ჩემ დანახვაზე ერთხანს ყოვნდება. - მირა? - ისე გულგრილად იღებს ჩემს იქ ყოფნას, რომ ტანში მცრის. - აქ რას აკეთებ? - სად იყავი მთელი ღამე... - ხმა მიტყდება და სახის კუნთები მეჭიმება. - რა მოხდა... - ტემბრი ეცვლება მათეს. ალბათ ახლაღა ამჩნევს, რომ კარგად არ ვარ. მახსენდება, რა მოხდა. მესიჯი მახსენდება. გზაში ყოფნისას მოლოდინისგან აჩქარებული გულისცემა მახსენდება. სახლში ჩუმად შესული კალე და სიბნელე, გასროლის ხმა და თეონას შუბლიდან ჩამოდენილი სისხლი მახსენდება. - მათე, სად იყავი... სად გაქვს მობილური... - ის... წუხელ ბატარეა გაფუჭდა. ახლა მივდიოდი გასაკეთებლად. - მეუბნება დაუფიქრებლად და მიხარია, რომ არ მაცივდება. - მირა, რა გჭირს? - ჩემკენ იწევს და ფრთხილად მეხება მხარზე. - თეონა მოკვდა. - გული მიჯდება და ტირილი მივარდება. სახეზე ხელებს ვიფარებ და სიბნელეს ვუსწორებ თვალს. ჩემი მხარიდან მისი თითები ცურდებიან და სიბნელეში მარტო დარჩენილს მაკანკალებს. წამები სწრაფად გარბიან და ასე მგონია, გუშინდელი ღამე დიდი ხნის წინ იყო. ასე მგონია, ახლა ხელებს ჩამოვწევ და ეს საშინელი ტკივილი გულში უკვე განელებული დამხვდება. ამის ნაცვლად მათეს გაფითრებულ სახესა და ანთებულ თვალებს ვხედავ. ტუჩები ოდნავ გაუხსნია და რაღაცის თქმას ცდილობს, მაგრამ ხმა სივრცეში ეკარგება. მე კი არაფრის მოსმენა მინდა მისგან. მთელი ღამის მოლოდინის შემდეგ აღარ. ზურგს ვაქცევ და კიბეზე დაქანცული ვეშვები. *** ღამე მოუსვენარი ძილისგან მობილურის ზარს გამოვყავარ. გული ისე მაქვს აჩქარებული, ასე მგონია, მოულოდნელად გაჩერდება და ვეღარაფერს ვიგრძნობ. ტელეფონის ეკრანზე მათეს ნომერი ჩანს... დილის შემდგე, მას შემდეგ, რაც მარტო დავტოვე და წამოვედი, არ გამოჩენილა. არც მე შემიწუხებია. მინდოდა ეფიქრა, მინდოდა მარტოს გაეაზრებინა. მინდოდა მარტოს გაერკვია რა მოხდა. ბრაზს არ გადაუვლია და არც კი ვიცი მინდა თუ არა, რომ ვუპასუხო. ყოყმანისას ზარი წყდება და ის ისაა შვებით ვოხრავ, რომ ზარი მეორდება. ამჯერად ფიქრის გარეშე ვპასუხობ. მათე არაა. მისი მობილურიდან უკანასკნელად დაფიქსირებულ ზარზე ვიღაც ბარმენი რეკავს და მეუბნება, რომ მობილურის პატრონი საკმაოდ ნასვამია და მირჩევს, მივაკითხო. ტელეფონს ვთიშავ და გულში რაღაც მწყდება, როცა მათეს სასმლისგან გათიშულს წარმოვიდგენ. ჯანდაბა... ჯანდაბა... ცუდად მოვიქეცი, დილით მარტო არ უნდა დამეტოვებინა, ყველაფრის მიუხედავად... *** ბარში შესული შორიდანვე ვხედავ დახლზე თავჩამოდებულ მათეს და მის მიღმა შეწუხებული თვალებით მომზირალ გამხდარ ბარმენს, რომელიც ჩემი მიახლოებისას შვებით ოხრავს. მათეს თავი ხელზე აქვს ჩამოდებული და მეორე ხელში მოქცეულ ჭიქას არაფრით უშვებს... - მათე, შემომხედე, რა... - თავს ვუჭერ და სახეში ვუყურებ. ის ოდნავ ახელს თვალებს და მხედავს თუ არა, ტუჩებზე ღიმილი უკრთება. - მირა... - ბუტბუტებს ჩემს სახელს, მაგრამ დანარჩენი სიტყვებიდან აზრი ვერ გამომაქვს. ძლივს ვახერხებ, რომ სკამიდან არ გადაყირავდეს. ძალიან მძიმეა. ბარმენი დახმარებას მთავაზობს და ბიჭი ერთად გაგვყავს ჩემს მანქანამდე. უკანა სავარძელზე ვაწვენთ და მივდივარ. გზაში მშვიდადაა. სძინავს. უკანა ხედის სარკიდან გამუდმებით ვადევნებ თვალს და ვფიქრობ, როგორ შევძლებ მის სახლამდე მიყვანას. ვუყურებ ძალაგამოცლილს და მებრალება. შემდეგ კი საკუთარი თავი მეზიზღება მისდამი გაჩენილი ამ გრძნობის გამო. საჭეზე ჩაბღაუჭებული თითები მითრთის. ვღელავ და მეშინია. მათე ასეთი გატეხილი არასოდეს ყოფილა. - მათე, გამოფხიზლდი... გესმის ჩემი? - კორპუსთან მისული მანქანიდან გადმოვდივარ და მის წამოყენებას ვცდილობ. - მათე, მიდი რა, დამეხმარე... - ხმა მიტყდება. მის სახეს ვიჭერ და ვცდილობ გონს მოვიყვანო. გამომდის. ფხიზლდება და ბარისგან განსხვავებით შუბლშეკრული მიყურებს. მძიმედ სუნთქავს. მთვრალთან ერთად ძალიან დაღლილია. - აქ... რა გინ-და... - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობს ის და ხელს მხარზე მავლებს. - გადმოდი მათე... სახლში ავიდეთ... გთხოვ, ცოტა დამეხმარე კარგი? - მის ხელს მხრებზე ვიგდებ და წამოყენებას ვცდილობ. საშინლად მძიმეა. თან მიძალიანდება და მანქანაში დარჩენას ცდილობს, მაგრამ რაღაცნაირად ვერევი და გადმომყავს. რაღაცას ბუტბუტებს გაუჩერებლად. როგორც ჩანს, ჩემს ჭკუაზე გავლა არ უნდა. ბარბაცით, გაჭირვებით და დიდი ძალისხმევით მიმყავს ლიფტამდე. კაბინაში კედელს ვაყრდნობ და ფაქტობრივად ზედ ვეკრობი, რომ წონასწორობა არ დაერღვეს და არ წაიქცეს. სასმლის სუნით გაჟღენთილს, ფეხზე მდგომს სთვლემს. - რა გინდა... ჩემგან... - ბუტბუტებს. სუნთქვა მეკვრის. ის ჩემზე ამბობს. ღმერთო, მათე. შუბლი ეკვრება. გულზე მიხუტებს და მოთენთილ ხელს თმაზე მისვამს. გული ყელში მებჯინება და ცრემლებს ვერ ვაკავებ. პირველად ვხედავ ასეთს... ჩემით ასეთ უკმაყოფილოს და მაინც ასეთ თბილს. ერთდროულად, რომ აღიზიანებს და უნდა ჩემი ახლოს ყოფნა. მკერდით მის აჩქარებულ გულისცემას ვგრძნობ და სხეულზე ჟრუანტელი მივლის. არც კი ვიცი რა ვარ და როგორ შემიძლია ამ ადამიანის ამ მდგომარეობამდე მიყვანა. - მირა... - ჩურჩულებს ის. - წავიდნენ ხო? ბავშვები წავიდნენ. - ღმერთო, მათე... - ტირილი მივარდება და აქვითინებული ვცდილობ, მის ლიფტიდან გაყვანას, კარის გაღებას და სახლში შესვლას. ისე მინდა ველაპარაკო. ისე მინდა ახლა ფხიზელი იყოს და მომისმინოს. აღარ მადარდებს ჩვენს შორის გაჩენილი ორმო, აღარ მადარდებს ბრაზი. მინდა, რომ დამელაპარაკოს და მითხრას, რომ ყველაფერი რიგზეა. მისი ხმით ნათქვამს დავიჯერებ. რაც არ უნდა ხდებოდეს დავიჯერებ. - მიდი, ცოტაც, აბაზანაში შევიდეთ... გთხოვ, მათე... მომეხმარე... აბაზანამდე გაჭირვებით მივდივართ. დუშის ქვეშ მოდუნების ნებას ვაძლევ და მეტლახზე ვსვამ. დუშს ვხსნი და წყალს ვაციებ. ბიჭი თავიდან კრთება და ისე ხარბად ისუნთქავს ჰაერს, თითქოს დიდი ხნით ზღვაში ყოფნის შემდეგ ამოეყვინთოს. მაგრამ ეგუება თუ არა ცხელი სხეული ცივ წყალს, ისევ დუნდება, მაგრამ თვალების გახელას და სიფხიზლის შენარჩუნებას ცდილობს. თითებს სახესა და თავზე ვუსვამ და ველაპარაკები, რომ იცოდეს, მარტო არაა. - ხომ იცი... მირა... - რაღაცის თქმას ცდილობს, მაგრამ ენა ებმება. თუმცა ვიცი... რასაც არ უნდა გულისხმობდეს ყველაფერი ვიცი და ყველაფერი მესმის. - არ მინდოდა... ისინი რომ წავიდნენ... შენც ხომ იცი... ვეღარ ვიტევ. - გულზე იდებს ხელს, მაგრამ მალევე უვარდება ძირს და დაგუბებულ წყალს აშხეფებს. - ასე ნუ ამბობ, მათე, გთხოვ... - ხმა მიტყდება და მის წინ ვჯდები. კედელს მიყრდნობილი ერთიანად სველი და უღონოა. ვერ ვცნობ. მეუცხოება. ვცდილობ გავიხსენო ჩვენი მეგობრობის რვა წლის განმავლობაში, როდის ვნახე ასეთი განადგურებული, მაგრამ მოგონებებში მსგავსი სურათები არ იძებნება. ვუყურებ და ასე მგონია, ყველა ჩემგან წაღებულ ტკივილს ისე მიბრუნებს უკან, რომ თვითონ ვერც კი აცნობიერებს. ეს დავიმსახურე, ვიცი. - აქ... ცოტა ცივა... - შუბლს კრავს და შემდეგ ოდნავ ეღიმება. ასე მგონია, ამისთვის მთელ ძალისხმევას ხარჯავს. - იქაც ალბათ... მათთან... სახეზე ხელებს ვიფარებ და ტირილისგან შესივებულ ტუჩებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს, მაგრამ მთელი დღეა თავშეკავების ძალა წართმეული მაქვს. ცრემლები ახლა ერთადერთია, რომელთა დამალვაც არ ღირს. გულზე მეხვევა ბიჭისგან წამოსული მწუხარება და ჩემსას ერწყმის. არ ვიცი, ამის ატანას შევძლებ თუ არა. არ ვიცი, ამას მარტო გავუმკლავდები თუ ვერ. - ადექი მათე... შეძლებ? - მეშინია არ გაცივდეს და ნასვამზე ბევრმა ცივმა წყალმა არ ავნოს. - არ ვიცი... - თითებს უღონოდ ისვამს სახეზე და დაბინდული თვალებით შემომყურებს. - შენ შეგიძლია? ადგები? - ოხრავს და თავს აქნევს, თითქოს აზრების დალაგებას ცდილობსო. - არ იქნება... იოლი. ჯერ უნდა... იცი, ოთომ რა მითხრა?.. - ეცინება, მაგრამ სიცილს წამის მეასედში ანაცვლებს მის სახეზე გაჩენილი ტკივილი. ტუჩები ებრიცება და შუბლს ჭმუხნის. თვალებს მაგრად ხუჭავს. ალბათ ათასი მოგონება ერთდროულად უტრიალებს თავში და ათასივეს თქმას ერთდროულად ცდილობს. - რა მნიშვნელობა აქვს... შენთვის არ აქვს... - იცი როგორ მჭირდები? - შეენ? მირა... - ისევ ეცინება და თითქოს გონებიდან ითიშება, უცბად ჩუმდება და თვალებს ხუჭავს... სიმთვრალე ისევ ერევა. ვდგები და ისევ ვცდილობ მის გამოფხიზლებას. - ადექი... მათე. უნდა დაიძინო. წამოდი. - ისევ ვიგდებ მის ხელს მხრებზე და წვალებით გამყავს საძინებელში. სანამ სველ ტანსაცმელს ვხდი, მორჩილად მომყვება, პატარა ბავშვივით მიჯერებს და დროდადრო რაღაცას ბუტბუტებს. თმას პირსახოცით ვუშრობ და დაწოლილს პლედს ვაფარებ. ვბრუნდები და საწოლის მეორე ნახევარზე ვიკეცები. მათე გვერდს იცვლის და ჩემკენ ბრუნდება. მგონია, რომ სძინავს და მის დაღლილ ნაკვთებს ვათვალიერებ. ლოყაზე თითებს ვაკრობ, მისი კანის სუნთქვას შევიგრძნობ და ჩემს ხელზე დაყრილ ეკალს ვაკვირდები. გული მძიმედ მიცემს და ცრემლები, რომლებსაც დღეს არ ვმალავ, მათეს ბალიშზე ინაცვლებენ. შემდეგ მის ჭაობისფერ თვალებს ვაკვირდები, რომლებიც უღონობის მიუხედავად მაინც სიყვარულით მაცქერდებიან და ვგრძნობ, რომ ისინი არ მაწუხებენ. აღარ გავრბივარ. - აქ ხარ... - ამბობს მათე და ჩემს ხელისზურგს თავისას აკრობს. - ისინიც რომ აქ იყვნენ... ხომ გინდა? - მინდა, მათე. - ახლა მთვრალი ვარ... მეღიმება. - დავიღალე, მირა. - შენთან ვარ... დაიძინე. - დავიძინებ. აქ დამხვდები? - დაგხვდები. - ოთოც დამპირდა მაგას... მერე... - ამბობს ის, მაგრამ სიტყვა უწყდება და ღრმად ეძინება. მისი ტკივილი მტკივა და ძალიან, ძალიან მტკივნეულია. *** 2016 წელი, 8 აგვისტო დილა დამფრთხალს მეღვიძება. გული ისე მაქვს აჩქარებული, თითქოს მერბინოს. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ცოტა დამშვიდებული ვიხედები გვერდით. მათეს სძინავს. ჯერ დილის რვის ნახევარია. თავი გასივებული და გაბრუებული მაქვს. მინდა ავდგე, ყავა გავიმზადო და გამოვფხიზლდე, მაგრამ გონებაში ბანერივით ჩნდება დასისხლიანებული თეონას სურათი, რომელსაც გაოგნებული კალე შეჰყურებს და ვიღაც ძალიან სასტიკი ხმით ჩამძახის, რომ ჩემი მეგობარი მან მოკლა. „ - შეიძლებოდა ეს მე ვყოფილიყავი.“ - ვუმეორებ მეათასედ საკუთარ თავს, მაგრამ ეს არ მშველის. ეს არ ცვლის იმ რეალობას, რომ თეონა მკვდარია. თეონა, ოთო, ნატა და ბექაც აღარ არიან... სუნთქვა მეკვრის. საწოლზე ვჯდები და სახეს ხელებში ვრგავ. ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო, მაგრამ შეუძლებელია. ჩემი ოთხი მეგობარი ოთხ თვეში მოკვდა. სულელი უნდა იყო, რომ მხოლოდ გულის სიღრმეში გაგიჩნდეს ეჭვი. მერე დუმდე და ყველაფრის ჩაწყნარებას ელოდო. ამას ემატება ციხეში მყოფი კალე, რომელიც შემთხვევის მსხვერპლია და წარმოდგენა არ მაქვს, რას გადაწყვეტს სასამართლო. ათასგვარი შიშისგან საკუთარ ადამიანობას ვეღარ ვგრძნობ. ასე მგონია, მოხეტიალე სული ვარ, რომელსაც სხეული ვერ უპოვია მოსასვენებლად. - მირა... - მესმი უკნიდან ჩამწყდარი, დაბოხებული ხმით ნათქვამი ჩემი სახელი. ღაწვებიდან ცრემლებს ვიშორებ და თმას ვიწევ. შებრუნება არ მინდა. - მირა, -იმეორებს მათე და ვგრძნობ, რომ იდაყვზე იწევა. - როგორ ხარ? - ვეკითხები და ხელისგულებს საწოლზე ვაწყობ. - ჩემკენ მობრუნდი. - ამბობს. მე კი მხოლოდ თავს ვატრიალებ და მხარს მიღმა ვუყურებ. შუბლზე ჩამოყრილი შავი თმის მიღმა დაღლილი თვალები იყურებიან. გუშინდელი ღამე ირეკლება მის მწვანე გუგებში. - მაპატიე, გუშინდელისთვის. - არ უნდა დამეტოვებინე დილით. - ამას მნიშვნელობა არ აქვს. - მათე საწოლიდან დგება და რამდენიმე წამში ჩემს გვერდით ჯდება. - მახსოვს, რაც მითხარი. - რა გითხარი... - რომ გჭირდები... - რამდენიმე წამით სიჩუმე ისადგურებს. აჩქარებული გული ყელში მებჯინება. - ბევრი რამ შეიცვალა, მირა, მაგრამ მე ისევ ის ვარ. გავიზარდე, ხო, და ჩემი გრძნობაც გაიზარდა. ახლა შენ ეს იცი და ვხვდები, რომ ჩემგან თავს შორს იჭერ. ნუ დარდობ... როცა ვლაპარაკობდი და გიმხელდი, შედეგსაც ვაცნობიერებდი. - მათე ჰაერს ხარბად ისუნთქავს და ისე, რომ ჩემკენ არც იყურება, საწოლზე ჩამოდებულ თითებზე ხელისგულს მადებს. ტუჩებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს და დაჟინებით ვუცქერ იატაკს. მისი მხურვალე თითების ქვეშ ჩემი კანი იჭიმება. თან გაცლას მთხოვს, თან დარჩენას. - მაგრამ ახლა... ახლა ის დრო არაა, როცა უნდა გამერიდო. ახლა ერთმანეთი გვჭირდება, რადგან... რაღაც ძალიან, ძალიან საშინელი ხდება ჩვენს თავს. - თეონაც... - აღწევს თუ არა ხმა ჩემი პირიდან, ცრემლებიც ისევ იკვალავენ გზას. - ისიც მოკლეს, მათე... - ხოდა მეშინია... შენ გამო მირა... - მათე ჩემკენ ბრუნდება, მეორე ხელს ლოყაზე მაკრობს და თვალებში მიყურებს. შეკრული წარბებიდან აღელვებული მიმზერს. ახლა მასაც ისევე ემუქრება საფრთხე, როგორც მე, თენგოს, ლელას ან კალეს... ის კი მხოლოდ ჩემ გამო ღელავს. მიყურებს და ვხედავ იმ ძალას, რომლითაც ჩემს დაცვას შეძლებს, რაც არ უნდა დამემართოს. ახლა ისეთი აშკარაა მისი გრძნობა ჩემს მიმართ, როგორც არასდროს და მიუხედავად იმისა, რომ წუხილისგან სული მეხუთება, ბიჭისგან წამოსულ ამ ძალას ყოყმანის გარეშე ვუშვებ ჩემში და გაშლას ვაცდი. არ ვიცი ეს ასე, საკუთარი თავისგან დამოუკიდებლად რატომ ხდება და არც მიზეზებზე ვფიქრობ. მისკენ ვიხრები და ვეხვევი. მთელი ძალით ვაკრობ თავს გულზე და ხელებს ვხვევ წელზე. კბილებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს და სუნთქვის შეკავებას ვცდილობ, მაგრამ აუარებელი ფიქრები არ მაძლევენ სიმშვიდის შენარჩუნების უფლებას. ვხედავ, როგორ ლაქავდება ცრემლებით მათეს მაისური. მის ტუჩებს ვგრძნობ თმასა და კისერზე და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი სიმშვიდე მოვიპარო მისგან, რადგან არ ვიცი ხვალ რა მოხდება. - გავარკვევთ? - ვეკითხები, რადგან ჯერ კიდევ გუშინ მინდოდა მისგან იმის მოსმენა, რომ ყველაფერი დამთავრდება და კარგად იქნება. - გავარკვევთ. უნდა ვეცადოთ. - ამბობს მათე მშვიდი, მაგრამ ოდნავ გატეხილი ხმით. შვების ოხვრა მხდება, რადგან ვგრძნობ, ახლა ორივეს საერთო მიზანი გვაქვს. *** შუადღე პოლიციის განყოფილებიდან გამოსულს აგვისტოს მცხუნვარე მზე კანს მიწვავს. სიცხისგან და შიშისგან ტანზე ეკალი მაყრის. ნელა მივაბიჯებ მანქანისკენ და ვცდილობ მძიმე სუნთქვა დავარეგულირო. მითხრეს, რომ თეონას სხეულს ძალადობის კვალი არ ეტყობა. როგორც ჩანს, მკვლელმა მუქარის ძალით დასვა სკამზე. ასევე დაადგინეს, რომ შეტყობინებები, რომლებიც მე, თენგოს და მათეს მოგვივიდა, ზუსტად ერთ დროსაა შემოსული. მკვლელმა მესიჯი თეონას მობილურიდან ავტომატურად გაგზავნის ფუნქციით გამოგვიგზავნა. ყველაზე საინტერესო და გაურკვეველი კი ისაა, რომ იგივე შეტყობინება ლელას არ მისვლია და ვერაფრით ვხვდებით, რატომ. ბაწრისგან გაღიზიანებული კანის მიხედვით კი ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგო დაბმულ მდგომარეობაში შვიდიდან რვა საათამდე იმყოფებოდა. გამორიცხული არ არის, რომ თეონას ნაცვლად მკვლელმა მიპასუხა იმ შეტყობინებებზე, რომლებიც ლელასგან დაბრუნებულმა მივწერე. მანქანაში ვჯდები და უკვე გამთბარი წყლით ვისველებ გამომშრალ ყელს. თვალებს ვხუჭავ და შუბლით საჭეს ვეყრდნობი. გულისრევის შეგრძნებას ვერ ვიშორებ. საითაც არ უნდა გავიხედო, რაზეც არ უნდა გამიშტერდეს თვალი, ყველგან ჩემი გარდაცვლილი მეგობრები არიან. ყველგან სისხლი და გაურკვევლობაა. რა შეკითხვაც არ უნდა დავუსვა საკუთარ თავს, ყველა მათგანზე ერთი და იგივე პასუხი მაქვს - არ ვიცი. არაფერი არ ვიცი და ეს ჭკუიდან მშლის. შემდეგ წარმოვიდგენ კიდევ ერთ ჩასასვენებელს, კიდევ ერთ გამწარებულ დედას და მზერას ჩემკენ, ჩვენკენ, გადარჩენილებისკენ. მზერას, რომელიც სავსეა ტკივილითა და კითხვის ნიშნებით. ყურებში ჩამესმის ხმები, რომლებიც მკვლელის პოვნას და დასჯას განადგურებულები ითხოვენ... და მე ამ დროს უმოქმედო, ყოვლად უვარგისი ვარ. ერთადერთი, რაც შემიძლია გლოვა და ცდაა იმისა, რომ როგორმე ჩემი მეგობრების მშობლებს ამოსუნთქვის საშუალება მივცე და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ შეკითხვები გაქრეს. *** 2016 წელი, 10 აგვისტო შუადღე სასამართლო პროცესი დაძაბულად მიმდინარეობს. ჩემი აჩქარებული გულის ხმა მთელი დროის მანძილზე ხელს მიშლის ნორმალურად მოვუსმინო მოსამართლეს თუ ადვოკატს. ირგვლივ ისეთი საშინელი აურაა, რომ ადგომა და შენობიდან გაქცევა მინდება, მაგრამ შემდეგ ვხვდები, რომ მე სწორედ ამ საშინელების ნაწილი ვარ და ჩემი ადგილიც აქაა. მსაჯულები კალეს ამართლებენ და შვებისგან სხეული სიმსუბუქეს გრძნობს. რამდენიმე წუთში ყველა წვრილმანი საქმე გვარდება და კალესაც ათავისუფლებენ. განყოფილებიდან გამოსული მეგობრები იქვე მემშვიდობებიან. ლელა საავადმყოფოში მიდის. მათე სამსახურში, თენგო კი სიტყვის უთქმელად, აუხსნელად გვშორდება. კალე ჩემ წინ მძიმე ნაბიჯებით მიდის მანქანისკენ. თავს მარიდებს და სიტყვაძუნწობს. ალბათ თავს დამნაშავედ გრძნობს, მაგრამ მისგან მაინც მიკვირს ასეთი მკვეთრი გაუცხოება. ის ხომ ყოველთვის პოულობს გამოსავალს ყველა სიტუაციიდან და თავის ხელში აყვანაც იდეალურად გამოსდის... თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ჩემ გამოა. ალბათ ჩემ გამო... თეონა ხომ ჩემი მეგობარი იყო... კარი კი მან გააღო და... ის ისაა ნაბიჯს ვუჩქარებ, რომ მოშორებით ნაცნობ სილუეტს ვხედავ, რომელიც მობილურზე საუბარს ასრულებს და მანქანის კარს აღებს. მაშინვე მიმართულებას ვიცვლი და გამომძიებლისკენ ჩქარი ნაბიჯით მივდივარ. - უკაცრავად, ერთი წუთით!. - სიტყვას ვაწევ, სანამ მანქანაში ჩაჯდებოდეს. მამაკაცი ყოვნდება, ჯერ მაკვირდება და ალბათ მალევე მცნობს. კარს ხურავს და ბრუნდება. - დიახ, გისმენთ, მირანდა. - ამბობს მშვიდი ტონით, თუმცა გამომეტყველებაზე ეტყობა, რომ ეჩქარება. - თქვენთან სალაპარაკო მაქვს. - ხმას ვიწმენდ და თითებს ვიფშვნეტ. ორი წამით კალესკენ ვიხედები, რომელიც ჩემს მანქანასთან დგას და გვიყურებს. - კი, ბატონო. - ნატა გიორგაძის საქმეს ხომ ისევ თქვენ იძიებთ? - დიახ, მაგრამ ახალი არაფერია, თუ ამასთან დაკავშირებით გამაჩერეთ. - არც ახლა? - შუბლი მეკვრება. - უკაცრავად? - კაცს სახეზე ინტერესთან ერთად მოუთმენლობაც ესახება. - თქვენ დიდი ხნის წინ მიხვდით, რომ აქ რაღაც რიგზე ვერ იყო. იქნებ დამელაპარაკოთ ამაზე? - არ ვიცი, რას გულისხმობთ, მირანდა. - თავს აქნევს ის და მანქანის კარს აღებს. - მოიცადეთ! - ჩაწეულ ფანჯარას ვეჭიდები. - ბათუმში შემთხვევით მოვისმინე თქვენი მობილურზე საუბარი. ამბობდით, რომ ჩვენი სამეგობრო შარშია. გამომძიებელი ოხრავს და ერთი წამით თავს დაბლა ხრის. - გთხოვთ. ასე აღარ შემიძლია. მითხარით, რას ფიქრობთ. - საკუთარი ტონი მეუცხოება და მაშინებს. - მნიშვნელობა არ აქვს, მე რას ვფიქრობ. მტკიცებულებები არ არსებობს, არანაირი სამხილი არ გვაქვს. მოწმეც არ გვყავს. ჩემი აზრები მხოლოდ დაგაფრთხობთ. - რას ამბობთ... - ვშრები. - აი, ხომ ხედავთ... რაც მოისმინეთ, თქვენთვის ისიც საკმარისია. გარდა ამისა, უფლება არ მაქვს გარეშე პირთან შიდა სამზარეულოზე ვილაპარაკო. - მე არ ვარ გარეშე პირი. - ვბრაზდები. - ნატა, ოთო და თეონა ჩემი მეგობრები იყვნენ. იქნებ ხვალ მე ვკვდები? - მირანდა, თუ რამე გაშინებთ, განყოფილებაში შებრუნდით და განცხადება დაწერეთ. თქვენი მესმის და ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ უქმად არ ვართ. ყველაფერს ვაკეთებთ მკვლელის ვინაობის დასადგენად და მის დასაჭერად. თქვენ კი, - გამომძიებელი ფრთხილად მაშვებინებს ფანჯარაზე ჩაბღაუჭებულ ხელს და მიყურებს. - მოვლენებს დაუკვირდით. - პირდაპირ მითხარით... - სიბრაზე უცბად ქრება და დაღლილს ხმაში მუდარა მერევა. - პირდაპირ სათქმელად არაფერი მაქვს გარდა იმისა, რომ ხანდახან სულაც არაა აუცილებელი შორი გზის გავლა იმისთვის, რომ ახლოდან დაინახო. თავს გაუფრთხილდით. აქ მოსვლა კიდევ მოგიწევთ. კაცი მანქანაში ჯდება და მიდის. გულგასივებული ვაყოლებ თვალს და ვგრძნობ, რომ აქ გაჩერება აღარ შემიძლია. გონებაში მიტრიალებს თეონას დაკრძალვის კადრები და არ ვიცი ეს დღე როგორ ავიცილო თავიდან. თავი ასე მარტოდ და საცოდავად არასოდეს მიგრძნია. გაღიზიანებული მივდივარ კალესკენ, მაგრამ ვხედავ თუ არა მის არეულ გამომეტყველებას, თავის ხელში აყვანას ვახერხებ. ვუახლოვდები და მკლავზე ვკიდებ თითებს. ერთხანს ქვემოდან მიყურებს, მაგრამ მზერას მალევე მარიდებს. ყელში ისევ ჩნდებიან სპაზმები. - ახლა არა... - თავს აქნევს. - კალე... - სახლში მიგიყვან. - მანქანაში ჯდება და მელოდება. დილის შედარებით გრილ ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და მის გვერდით ვიკავებ ადგილს. *** კალე ჩემი კორპუსის წინ აჩერებს მანქანას. ერთხანს საჭეზე ჩაბღაუჭებულ თითებს დაჰყურებს, შემდეგ კი ოხრავს და ჩემკენ აბრუნებს თავს. - წამოდი. - ვეუბნები, მაგრამ ვიცი, რომ არ დამთანხმდება. - უნდა დავისვენო, მირა. - ამბობს ხმადაბლა. - მაპატიე, ვიცი, ახლა როგორ გიმძიმს, მაგრამ მარტო დარჩენა მჭირდება. - არა უშავს, კარგი. მესმის შენი. - მისკენ ვიხრები, თითებს ერთ ლოყაზე ვაკრობ, მეორეზე კი ვკოცნი. თვალები ჩაწითლებული და დაღლილი აქვს. - შენ აქ არაფერ შუაში ხარ, კალე. ამაზე იფიქრე, კარგი? ის თავს მიქნევს, ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის და მანქანიდან გადადის. ორი დღეა არ მინახავს და მისთვის ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ რადგან მას მარტო ურჩევნია ყოფნა, მეც აღარ ვატან ძალას. არადა, გული მიგრძნობს, ერთად ამ ამბის გადატანა გაგვიიოლდებოდა. *** 2016 წელი, 14 აგვისტო ხუთი დღეა ქუთაისში ვარ და თეონას საწოლში მძინავს. ახლა, როცა შავი ტანსაცმლით ბოლოჯერ გამოვდივარ გოგოს ოთახიდან და პირდაპირ მის ჩასასვენებელთან ვხვდები, ვრწმუნდები, რომ აღარაფერი დარჩა ჩვენს სამეგობროში იმისთვის, რომ ისევ „სამეგობრო“ ეწოდოს. მძიმეა მისი უსიცოცხლო, ნაცრისფერი სახის ყურება მინის მიღმა. სანთლის ყოველი დანთებისას ვერაფრით ვამშვიდებ აცახცახებულ ხელებს. გულზე დახვეულ შფოთვას და უღონობას ისე მიეჩვია ჩემი სხეული, რომ თავის ხელში აყვანა აზრადაც არ მომდის. დღეს ბოლო დღეა და განსაკუთრებულად მძიმდება გარემო. მძიმდება სასაფლაოსკენ მიმავალი ნაბიჯები და მუჭში მოქცეული მიწა. მყრალია ყვავილების სურნელი და ცივია აგვისტოს კვირა დღე. არავის უნდა იმ აზრთან შეგუება, რომ თეონა გაქრა. საფლავს ზურგშექცეულები დარდითა და იმედით მოვაბიჯებთ, იმ იმედით, რომ არაფერი დარჩება უსამართლოდ. უსამართლობას კი ჩვენს უკან მარტოდ ვტოვებთ. *** 2016 წელი, 15 აგვისტო უკვე თითქმის ორი საათია კალესთან ვარ და მის ჩაჩუმებულ პროფილს ვუყურებ. ოთახს დუმილთან ერთად სიგარეტის კვამლიც ამძიმებს. ტირილისგან აწითლებულ თვალებს ბოლი უარესად მიწვავს, თუმცა არც მას ვეუბნები სიგარეტის მოწევას შეეშვას და არც მე ვაღებ აივნის კარს. ასე იცის სიკვდილმა - ყველაფრის მიმართ გულგრილს გხდის. ყველაფერი სულერთი ხდება გარდა ტკივილზე ფიქრისა, გარდა შავი და არეული ღამეებისა, რომლებშიც პირდაპირ თავით ეშვები და მათი ნაწილი ხდები. ვილაპარაკეთ. შეუძლებელია კალეს ადგილას თავის წარმოდგენა. არც ვცდილობ და არც მინდა. ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ თეონაც მკვდარია, და როგორ შევეგუებოდი იმას, რომ ჩემი ხელით მომკვდარიყო? წარმოვიდგენ, როგორ ვაღებ კარს, როგორ ისვრის იარაღი და... არა, ეს სიგიჟეა... ის ცდილობს გაგვაგიჟოს, ჭკუიდან გადაგვიყვანოს, მანამ, სანამ ცოცხლები ვართ. შემდეგ მოვა და წაგვართმევს ერთმანეთს, უპასუხო შეკითხვებისგან შეგვშლის და დაგვტოვებს. მიზეზი კი? არავის ეცოდინება... - ალბათ მიზეზი არ აქვს. - ვამბობ ფიქრებისგან დაღლილი ხმით. კალე ოდნავ ატრიალებს თავს ჩემკენ და სიგარეტის ახალ ღერს უკიდებს. - ვერ მივხვდი. - მკვლელს. ალბათ ფსიქოპატია, შეშლილია, მანიაკია. - როცა კლავენ, მანიაკებსაც კი აქვთ მიზეზები. შეიძლება ძალიან სასაცილო და გამაღიზიანებელი, მაგრამ მაინც მიზეზები. ცოტა ხნით ისევ სიჩუმე ისადგურებს. მის სიტყვებზე ვფიქრობ და მიზეზების მილიონი სულელური ვარიანტი მომდის თავში. - და მათ ალბათ ამხელენ კიდეც. ის კი ჩუმადაა, გამაღიზიანებლად ჩუმად. არც მინიშნებას ტოვებს... - იმაზე მეტი მინიშნება რად გინდა, ვიდრე სამეგობროდან ოთხი ადამიანის მოკვლაა... ამის ხმამაღლა წარმოთქმა და შემდეგ მოსმენა, ყოველ ჯერზე მიახლებს ტკივილს. თვალები მებინდება და ტირილის შესაკავებლად კბილებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს. არაფერს ვპასუხობ და ყურადღების გადატანას სხვა რამეზე ვცდილობ. ჩვენს წინ, დაბალ მაგიდაზე ბიჭის მიერ გადაღებული სურათები ყრია და იქიდან უამრავი უცნობი და ნაცნობი ადამიანის სახე იმზირება. ხანდახან მგონია, რომ, რაც უფრო შორს ხარ ადამიანებისგან, მით უფრო მეტ ყურადღებას იქცევ. ისინი გეძებენ, გპოულობენ და გაკვირდებიან. ამას მოსდევს არასასურველი და გამაღიზიანებელი ურთიერთობები და თანდათან ხვდები, როგორ ქრები მათში ჩაკარგული. კარგავ არსებობის შეგრძნებას და ფაქტობრივად კვდები. და იქნებ ეს იმაზე გაცილებით უარესია, ვიდრე „ჩვენი მანიაკის“ გეგმები. კალე პირიდან კვამლს უშვებს და ფიქრიანად მათვალიერებს. ვიცი, ახლა რაღაც ისეთს მკითხავს, რაზეც პასუხი არ მექნება. ან მექნება და ვერ გავცემ... ერთ ხელში მართკუთხედად დაკეცილი სიგარეტის ვერცხლისფერი ფოლგა უკავია და თითებში ათამაშებს. - ისინი მეხმარებიან. - ფოტოებზე მანიშნებს თვალებით. - როცა მეხსიერება მღალატობს, სურათები ყოველთვის მახსენებენ ადამიანებს, რომლებსაც ერთ დროს წარსულს ვჩუქნიდი. წარსული კი ისეთი რამეა, რომლის დავიწყებაც საკუთარ თავს გართმევს. ადრე გითხარი, როცა ფოტოს ვიღებ დროს ვამარცხებ და ეს მსიამოვნებს მეთქი და ასეცაა, მაგრამ მომენტები და ის კადრები, რომლებიც მათზეა აღბეჭდილი, წარსულს ხელშესახებს ხდის და ესაა ყველაზე დიდი შვება. გონებით ყველაფერი ვერ გემახსოვრება, სურათებს კი ყოველთვის ყველაფერი შესანიშნავად ახსოვთ. თუმცა... ამ ფოტოების განადგურება ყოველ წამს შეიძლება, მეხსიერების კი... - კალე სიგარეტის ნამწვს საფერფლეში აგდებს და ფოლგას შლის. - როგორც არ უნდა მარწმუნებდე, რომ მე არაფერ შუაში ვარ, ვერაფრით ამოვიშლი მეხსიერებიდან თეონას ჩემი ხელით სიკვდილს. იმ სურათს, რომელიც კარის გაღების შემდეგ აბაზანაში დამხვდა. - ბიჭი ჰაერს ხარბად ისუნთქავს და ჩაფიქრებული, ოდნავ მოქუფრული გამომეტყველებით მიყურებს. - მინდა ვიცოდე, რომელია შენი ცხოვრების ყველაზე მძიმე კადრი, რომელიც მეხსიერებიდან არ გეშლება, მირა. მას შემდეგ, რაც კანზე დაყრილი ეკალი ცხრება, გონებაში ამღვრეულ წარსულს მთელი მონდომებით და ძალებით ვდევნი უკან და კალეს სურვილსაც სურვილად ვტოვებ. ახლა ენერგია მის მოსაყოლად საკმარისად სავსე არაა. მის მუხლზე დადებული ვერცხლისფერი მთვარეც კი ნახევარია. *** 2016 წელი, 15 აგვისტო, ღამე დაღლილი ვარ... ვწევარ, არაფერს ვაკეთებ და ფიქრიც კი ძალას მაცლის... ესაა უბედურება... მეგობრები ხელიდან მეცლებიან და მიზეზთან ახლოსაც კი არ ვარ. ბექა ფაქტობრივად მკვდარია. ნატა მოკლეს. ახლაც კი შემიძლია დავინახო მისი სისხლი ჩემს ხელისგულებზე და გახსნილი ყელი. ოთო მოკვდა. მაგრამ ვეღარავინ შეძლებს დამარწმუნოს იმაში, რომ მისი სიკვდილი არაფხიზელმა მდგომარეობამ გამოიწვია. მისი სიმთვრალით ისარგებლეს და არსებობას მოწყვიტეს. თეონაც მოკვდა. თეონა ჩვენ მოგვაკვლევინეს, მის მეგობრებს. ცოდვა დაგვადეს და წარმოდგენა არ მაქვს, რატომ... თვალებს ვხუჭავ... დანის ბასრი წვერი ყელიდან მკერდამდე მტკივნეულად მიიწევს და ბზარი სულს მიტეხს. ის იყო... ის ჩემთანაც იყო. ამედევნა, დამანახა, რომ თვალს მადევნებს... მითხრა, რომ იცის სადაც ვარ... მაჩვენა, რომ ჩემი მოკვლა თავისუფლად შეუძლია... მაგრამ მაინც ცოცხალი დამტოვა. რატომ... რატომ? იქნებ იმიტომ, რომ მიზეზი მე ვარ? მე? ჩემი მიზეზით კლავს ჩემს მეგობრებს? მე უნდა ვხედავდე, მათ საფლავებს... მე უნდა განვიცადო... მე უნდა გავტყდე... მე... ვბრუნდები და სახეს ბალიშში ვფლობ... ტირილისგან ყელი მტკივა... ყველაფერი მტკივა... ბურუსში ვარ და მისი გაფანტვა შეუძლებელია... სული მეხუთება გაურკვევლობისგან და მეშინია... მეტი დანაკლისის მეშინია... მარტო ყოფნის მეშინია... მეშინია... ჰაერში გამოკიდებულსაც შიში მიპყრობს და მისი თვალების გახელას ველოდები, მაგრამ ის ერთიანად ნაცრისფერია... აღარ იღიმის მომნუსხველი ღიმილით და მკვდრის როლს შესანიშნავად თამაშობს... ჩემს თავს ქვემოთ კი ქაოსია, წითელი ქაოსი... სინანულით, ტკივილით, ცრემლით და ცოდვით სავსე ქაოსი... თვალებს ვახელ და მახსენდება, რომ დაჩი მოკვდა... ჩემთან ახლოს... ჩემთან ერთად... მოგონება *** 2010 წელი, 2 ივლისი მეექვსე დღე კოტეჯში საწოლზე მიწოლილი ვფიქრობ. მათესთან საუბრის შემდეგ მშვიდად ვარ. ამასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს, მაგრამ, ალბათ, ავენისში გატარებულ პირველივე ღამეს ნატასავით მანაც შენიშნა დაჩის მიმართ ჩემი სიმპათიები და ეჭვიანობის გამო სიგარეტის მოწევა დაიწყო. იმედი მაქვს, ახლა, როცა ვილაპარაკეთ და მოვრიგდით, ამ მავნე ჩვევასაც თავს დაანებებს. ხვალ დილით წავალთ და ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ანანურიდან ბევრ ლამაზ მოგონებას წავიღებ. ჩვენმა ტურმა უნაკლოდ გაამართლა. ის ისაა დაჩიზე ფიქრს ვიწყებ, რომ კარზე აკაკუნებენ. - შინ არავინაა! - ვეძახი. ალბათ გზატკეცილიდან დაბრუნდნენ და მემაიმუნებიან. - რაღაც არ მგონია. - მესმის დაჩის ხმა და მაშინვე ვხტები საწოლიდან. ტანზე შემოხვეულ მაისურს ვისწორებ, ხმას ვიწმენდ და კარს ვაღებ. გაღიმებულს მეც ღიმილით ვესალმები და უკვე მის მოკითხვას ვაპირებ, რომ ბიჭი ოთახში შემოდის, კარს ხურავს და პირდაპირ ტუჩებზე მაცხრება. გაოგნებას მალევე ცვლის აღფრთოვანება და კოცნაში სიამოვნებით ვყვები. - შენი მონატრება ძალიან მარტივია. - ამბობს ის, მკლავებს წელზე მხვევს და გულზე მიკრავს. მეც ვეხუტები, მაგრამ ცოტა მეუცნაურება მისი აქტიურობა. - რამე მოხდა? - მხარზე ვადებ თავს. დაჩი ხითხითებს. - არა. უბრალოდ, ერთი სული მქონდა, როდის გნახავდი. ხვალამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. - სამაგიეროდ თბილისში გვექნება უამრავი დრო. დაჩი კარს ზურგით ეყრდნობა და ჩემს თითებს იჭერს. - იცი, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ასეთი რეალისტი, ასე მალე შეგიყვარებდი. - ამბობს ის. უკანასკნელი სიტყვა ყურებში ექოსავით რამდენჯერმე მეორდება. მისი თითებიდან იმხელა სითბოს ვიწოვ, რომ სხეული მიალდება. აღელვებისგან გული უცბად მიჩქარდება და თავს ვერაფრით ვერევი, იმდენჯერ მივლის ჟრუანტელი. - ხო, - იღიმის დაჩი და მიყურებს. - ოღონდ, არ შეგეშინდეს, გთხოვ. - ლოყაზე მაკრობს ხელისგულს და ჩამოშლილ თმას ყურს უკან მიწევს. - უბრალოდ, სანამ თბილისში ერთმანეთს ვიპოვიდით, მინდოდა შენთვის რამე დამეტოვებინა. - თვალები პასუხისმომლოდინე უხდება. მე კი, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა. ასე მგონია, პირი რომ გავაღო, ხმა არ ამომივა. არ მინდა სიტყვებით ეს მუხტი გავფანტო. არ მინდა ოთახში გაშლილ მის ხმას ჩემი ხმა შეერიოს. - ეს იმაზე მეტია, ვიდრე „რამე.“ და იმაზე დიდხანს დარჩება, ვიდრე თბილისში ერთმანეთის საპოვნელად საჭირო დრო. - ვამბობ ნორმალურზე ჩუმად და ვცდილობ გავიღიმო. დაჩის სახე ერთიანად უნათდება და მისი ცის თვალები გამოდარებას ემსგავსებიან. ვხვდები, რომ არასწორად არაფერი მითქვამს. შვებით ვათავისუფლებ დაძაბულობისგან შეკავებულ ჰაერს და ვგრძნობ, რომ ვმსუბუქდები. ის ისაა მისკენ საკოცნელად ვიწევი, რომ ჩემი მობილური რეკვას იწყებს. ორივეს გვეცინება. სანამ მე საწოლიდან ტელეფონს ვიღებ, დაჩი გარეთ გადის. უკან მივყვები და ნატას ზარს ვპასუხობ. - გაემზადეეე! - ყვირის ის. - მანქანით მოვდივარ შენს წასაყვანად. - რა ხდება? - კოტეჯიდან გავდივარ და სანაპიროსკენ ვიხედები. - სიურპრიზია. კაბა ხომ არ გაცვია? - იცინის გოგო. - არა. - მეც მეცინება. - ხოდა ჩამოდი, აქვე ვართ უკვე. - ამბობს და მითიშავს. - რა ხდება? - მეკითხება დაჩი. - არ მითხრა, რომ მიდიხარ. - კოპებს ჰკრავს. - ხო, ნატას სადღაც მივყავარ, არ ვიცი. შენც წამოდი. - მეეც? - ტუჩებს გვერდით იქცევს. - იქნებ რა აქვთ გეგმაში? - რაც არ უნდა იყოს. - თვალს ვუკრავ, ხელს ვკიდებ და სანაპიროსკენ მიმყავს, სადაც მუქი ლურჯი ჯიპი მხვდება. საჭესთან უცნობი ბიჭი ზის, გვერდით თენგოა და მას ელაპარაკება. უკანა სავარძელზე კი ნატა ზის და ფანჯრიდან ნახევარი ტანით გადმომძვრალი ხელებს მიქნევს. - გაიხედე... - თითს იშვერს უკვე წასული მანქანიდან ნატა და რაღაცაზე მანიშნებს. - ხედავ? მის ხელს თვალს ვაყოლებ და შორიდან, მაგრამ მაინც ვხედავ ხიდზე მოგროვებულ ხალხს. - ექსტრემალები არიან. - აღფრთოვანებას ვერ მალავს გოგო. - შენ რა, იქიდან გადმოხტომას აპირებ? - თვალები მიფართოვდება. - უკვე გადმოვხტი. - კისკისებს ის. - რაა? - გაოგნებული ხმას ვერ ვაკონტროლებ. - ხო. და ახლა შენი ჯერია. სადაცაა ოცნება აგიხდება. - თვალს მიკრავს ის. დაჩისკენ ვბრუნდები, რომელიც ჩვენს საუბარს უსმენს და ეცინება. ხიდზე ასულებს ხალხი გაფანტული გვხვდება. ჩემებიდან ყველა იქაა. ირგვლივ ადრენალინის სუნი ტრიალებს. მოყვარულები სიხარულისგან კი არ დადიან - დაფარფატებენ. ლელა მხედავს თუ არა, ჩემკენ გამორბის და როგორც სჩვევია, გაშლილი ხელებით მიზიარებს ემოციებს. - ვაიმე მირაა, აზრზე არ ხარ რა ვქენი! ბექასთან ერთად გადავხტი. ღმერთოო! რა მაგარი იყო, ვერ წარმოიდგენ. ასეთი ადრენალინიანი რომანტიკა ალბათ აღარასდროს განმეორდება ჩვენს რომანტიკულ მომავალში. მის ლაპარაკზე მეცინება. გადახტომა მინდა. ადრეც მნდომებია, ამიტომ უარზე კი არ ვარ, პირიქით, ერთი სული მაქვს. მაგრამ დაჩის რომ ვუყურებ, ლამისაა გადავიფიქრო. მას ხომ სიმაღლის ეშინია... გვერდით მომყვება, მაგრამ აქაური მუხტისგან აშკარად შორსაა. ხელში მობილურს ატრიალებს და ხანდახან მიღიმის. ის ისაა მის დამშვიდებას ვაპირებ, რომ ზურგიდან თენგო ხვევს ხელს, მობილურს სტაცებს და როგორც ვხვდები, დაჩის ტელეფონში ვიდეოკამერას რთავს. - გეყოფა, მომეცი აქ. - სიცილით მისდევს თენგოს ბიჭი, მაგრამ მობილურს მაინც ვერ ართმევს. - ჰაა, მიდი „პრალეტაი“ „ბრატ“, მაგრად გაგისწორდება. - მეე? - წარბებს ზემოთ სწევს დაჩი. - ხო, ხო, შენ! - ოთო და ბექა გვიახლოვდებიან, თენგო მობილურს ბექას აძლევს და ისიც დაჩის უდგება მხარში. - მიდი დაჩი, მიდიი! - ყვირიან თეონა და ნატა. - მირას ხათრით! - მოკეტეთ თქვენ! - ვუბღვერი მათ და დაჩის უარის ნიშნად თავს ვუქნევ. - ოო, ნუ ატრაკებთ ახლა! მიდით, რამანწიკა დაგვანახეთ გვრიტებო! - არ აჩერებს ენას თენგო. - თავი დაანებეთ, - ბრაზობს ლელა. - სიმაღლის ეშინია. - ღადაოობ? - ხარხარებენ თენგო და ოთო. გოგოებიც. - ეს ისეთი საკაიფოა, იმენნა შიშს დაძლევ, ძმაო. მიდი მიდი! - ბექა! გამორთე ეგ კამერა და შეეშვით მეთქი, არ გესმით? - ლელა ბექასთვის დაჩის მობილურის წართმევას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. ბიჭი ამბობს ისტორიული მოვლენა კადრს უნდა დარჩესო. მათეც აქვეა. ვხედავ, ისიც არ იზიარებს ატეხილი მეგობრების აზრს, მაგრამ არ ერევა. - ყურადღებას ნუ აქცევ. - ვეუბნები დაჩის და მის ხელს ვიჭერ. - მე დავეშვები და მერე კოტეჯებში დავბრუნდეთ, კარგი? - ლოყაზე ვკოცნი და ლელასთან ერთად ნაპირისკენ მივდივარ, რომ ბიჭის ხმა მაჩერებს. - კარგი, მაგრამ ერთად. - რაა? - ვბრუნდები. დაჩი მიყურებს. ყოყმანობს, მაგრამ მაინც მიღიმის. - ერთად გადავხტეთ. - დაჩი... - წამოდი. - ხელს მკიდებს და ექსტრემალებისკენ მივყავარ. ბავშვები უკან აღფრთოვანებული შეძახილებით მოგვყვებიან. ერთი სული მაქვს კოტეჯებში დავბრუნდეთ, რომ ამ იდიოტებს ჭკუა ვასწავლო. - დაჩი, დარწმუნებული ხარ? - ვეკითხები ეჭვით, როცა უკვე ორი ახოვანი ახალგაზრდა ჩვენს ტანზე გადაჭიმულ უამრავ ქამარს კიდევ ერთხელ ამოწმებს. მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში მიხარია მისი გადაწყვეტილება, ბიჭის გამო მაინც ვღელავ. - კი, არ ინერვიულო შენ. - ეცინება დაჩის, თუმცა მაინც ეტყობა ფორიაქი. წამდაუწუმ შუბლს ჭმუხნის და ხიდიდან ცალი თვალით იყურება. - იქნებ მართლა დავახვევინო ამ იდიოტ ფობიას. მეცინება. მალევე გვეუბნებიან ყველაფერი მზადააო და ხიდის კიდეზე ასვლაში გვეხმარებიან. გული ამოვარდნას მაქვს. წარმომიდგენია დაჩი რას გრძნობს. ნაპირზე მდგართ თვალს ვავლებ. ბექა ისევ ვიდეოს იღებს. დანარჩენები ხმაურობენ. ერთადერთი, ვინც ნირწამხდარი დგას - ლელაა. - მოდი ჩემთან. - ამბობს დაჩი. ხელებს შლის და მეხვევა. ერთმანეთს მჭიდროდ ვეხუტებით. - თვალები დახუჭე, კარგი? ვეუბნები. მის გამო საშინლად ვყოყმანობ. რაღაც მაკავებს. გონებაში ბიჭის გაფითრებული სახისა და ოფლისგან დაცვარული შუბლის სურათები უსიამოვნოდ ბრუნავენ. ღმერთო! ის ისაა დაჩისთან ერთად გადახტომაზე უარი უნდა ვთქვა, რომ მისი სიტყვები მესმის. - დედამიწაზე შევხვდებით. - კისერზე მკოცნის ის და ვხტებით. ვეშვებით. ვეშვებით. ცხელი ჰაერი ჩემ თავ-ქვეშ იპობა. ტალღების მსგავსად ვარღვევ მზის მცხუნვარებას. მეგონა ვიკივლებდი, მაგრამ ფრენის შეგრძნება ნეტარებას მგვრის. მეღიმება. მერე ვიცინი. ისეთი მაგარია! ეს ისეთი მაგარია! მუცელში ადრენალინი გრგვინავს, მთელ სხეულს ედება და საოცარი ენერგიის მოზღვავება ერთხანს ეიფორიაში მაგდებს. დაჩი ხელებს მიშვებს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ არაფერს ვამბობ. თოკი იჭიმება და წყალს ვუახლოვდებით. უკან ავარდნილს კიდევ უფრო განსხვავებული გრძნობები მეუფლება. შემდეგ ისევ ქვემოთ და ზემოთ. ისევ და ისევ. ვტრიალებთ, ვტრიალებთ, ვტრიალებთ. შემდეგ თოკი სწორდება და გვაქანავებს. ბიჭზე ჩახუტებული სიცილს ვერ ვწყვეტ. ჩვენს ქვემოთ გასაბერი ნავით ორი ბიჭი გველოდება. - დაჩი, - ვიცინი. - თქვი რამე, როგორი იყო? - ვეკითხები, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებ. ისევ ვქანაობთ. - დაჩი! - ხელები გაშვებული აქვს. ისევ. შოკშია? თვალწინ ისევ მისი გაფითრებული სახე მიდგება. - დაჩი. - ხელებს ვუშვებ, მხრებში ვაბჯენ და სახეში ვუყურებ. ვუყურებ, მაგრამ ის არა. ის არ მიყურებს. მის ცისთვალებს ვერ ვხედავ. რატომ აქვს თვალები დახუჭული? - დაჩი... - ხმა მიტყდება. ფიქრებს, რომლებიც რეალობაზე მელაპარაკებიან ყურადღებას არ ვაქცევ. თითებით სახეზე ვეხები და ვხედავ, როგორ ცახცახებენ ისინი. - დაჩი, რა გჭირს... - ხმას ვუწევ და ჰაერის ჩასუნთქვა ისე არაბუნებრივად გამომდის, რომ ყელიდან საშინელ ხმას ვუშვებ. ის არ მპასუხობს. ისევ ჩუმადაა. არც თვალებს ახელს, არც ხელებს მხვევს. არც მიღიმის. მისი ცისთვალების დანახვა მინდა, მაგრამ ვერ ვხედავ. ყელში რაღაც მიჭერს. ვერ ვიღებ ამ ფაქტს. არ ვიღებ. ვაკავებ და ჩემამდე არ ვუშვებ. დაბლა ვიხედები. ნავიდან რაღაცას გვეძახიან, მაგრამ არაფერი მესმის. ბიჭი კი ისევ დუმს. მაციებს. ვგრძნობ, როგორ მოდის ყინული ფეხებიდან და სწრაფად ფარავს მთელ ჩემს სხეულს. მკერდი მიმძიმდება. ასე მგონია, შიგნით რაღაც დიდდება და სადაცაა გამხეთქავს. დაჩი თვალებს არ ახელს. არაფრით არ ახელს. ენა მივარდება. ასე მგონია, ნელ-ნელა ვქრები. საფეთქლებში რაღაც მჩხვლეტს. ყურები საზარელი კივილისგან მიგუბდება. არ ვიცი ეს ჩემი ხმაა, თუ პანიკის. უკანასკნელი, რასაც ჩემი გონება აღიქვამს, ბიჭის ლამაზი სახეა, რომელიც ჯერ უმანკო თოვლივით ქათქათაა, შემდეგ კი ჩემ თვალწინ უსიცოცხლო ნაცრისფერს იღებს. ტრიალი არ ჩერდება და ვეღარც დედამიწაზე ვხვდებით ერთმანეთს. 10 თავი *** 2016 წელი, 16 აგვისტო შუადღე დილიდან საშინლად ვარ. ის, რაც თავში მიტრიალებს, მოსვენებას არ მაძლევს და ლამისაა ფიქრებმა შემშალონ. ვწრიალებ, ვერ ვისვენებ. გულს რაღაც გაურკვეველი ეჭვები მიღრღნიან და მღლიან. შვიდი წლის წინ მომხდარი ეს საშინელი ამბავი აქამდე გამუდმებით თან დამყვებოდა. დაჩის სიკვდილი დროდადრო თავს მახსენებდა და დავიწყების საშუალებას არ მაძლევდა. მას შემდეგ კი, რაც ხელიდან მეგობრები გამომეცალა, დამავიწყდა. ალბათ იმიტომ, რომ ის ტკივილი ახალმა, გაცილებით ახლოს მყოფმა ტკივილმა შეცვალა. დილიდან გონებაში მიტრიალებს ანანურში გატარებული დღეები. შემდეგ ლეპტოპს ვხსნი და იქ გადაღებულ სურათებსა და ვიდეოებს ვათვალიერებ. ის ხუთი დღე ზედმიწევნით, დაწვრილებით ცოცხლდება ჩემს მეხსიერებაში. ის გრძნობები, რომლებიც ანანურში მეხვია გარს, ერთმანეთს სწრაფად ენაცვლებიან. თითქოს ისევ იქ ვარ, ისევ იმ ჰაერს ვსუნთქავ და ისევ თავიდან ვიხიბლები. თითოეულ სურათს თავისი განცდა მოაქვს. დაჩის ღიმილიანი სახის დანახვისას გული გამალებით მირტყამს და რამდენჯერაც ვცდილობ მის დამშვიდებას, იმდენჯერ უარესად ჩქარდება. შემდეგ კი ვეღარ ვუძლებ, ანანურის ფაილს ვხურავ და ყავის გაკეთებას ვცდილობ. დრო გამყავს მანამ, სანამ ჩემი მეგობრები ჩემს სახლში შეიკრიბებიან. ძალიან დავაგვიანეთ, მაგრამ იქნებ საერთო საუბარმა და განხილვამ რაღაც გვაპოვნინოს. იქნებ ის, რაზეც ახლა ვფიქრობ, რამეს ნიშნავს და ამდენი სიკვდილის მიზეზი სწორედ აქ იმალება... სამი საათი სრულდება, რომ მათე დაუკაკუნებლად შემოდის ჩემს სახლში, მიახლოვდება და მკოცნის. ორი წამით ჩემს ლოყაზე ასრიალებს ცერა თითს, მკრთალად მიღიმის და მეკითხება, როგორ ვარ. ვპასუხობ, მაგრამ გონებაგაფანტული ვარ. მისი დაკვირვებული და დაჟინებული მზერა მაბნევს. ახლა მის უმნიშვნელო შეხებაზეც კი ჩემს სხეულს რეაქცია აქვს. ეს მაშინებს, მაგრამ ვცდილობ, ამას რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მივაქციო. ალბათ სტრესის და ახლად გაჩენილი საფიქრალის ბრალია. შემდეგ კალე მოდის, მათეს შორიდან ესალმება, მიახლოვდება და ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის. უხერხულობისგან თვალებს ვხრი და ვცდილობ, მოსულს გავუღიმო. ვერაფრით ვაკავებ თავს და მათესკენ ვიხედები, რომელიც მოშორებით დივანზე ზის, სიგარეტს ეწევა და უემოციოდ გვადევნებს თვალს. მაგრამ მე ხომ დარწმუნებული ვარ, რას განიცდის ახლა ის. საკუთარი თავი მძულს. ორივეს ზურგს ვაქცევ და ყავას ვთავაზობ. ამდენი განსხვავებული, ერთად თავსდამტყდარი გრძნობისგან გული ამოვარდნას მაქვს. ერთდროულად ვცდილობ შევეშვა ორივეზე ფიქრს და თან გამოსავალს ვეძებ. თუმცა, ახლა აქ ამისთვის არ ვართ. ახლა ამაზე გაცილებით დიდი კითხვის ნიშანი გვაქვს გასახსნელი. *** როგორც ირკვევა, ზარები, რომლითაც თეონას აშინებდნენ, მხოლოდ მასთან არ იყო განხორციელებული. ზუსტად იმავე დღეებსა და იმავე საათებში თენგოსთანაც რეკავდნენ და მათესთანაც. ჩემთან არა, არც ლელასთან. შემდეგ მახსენდება, რომ ლელასთან არც თეონასგან გაგზავნილი შეტყობინება მისულა და ამის გამოცნობას ვცდილობთ, მაგრამ აზრად არაფერი მოგვდის. ისიც ხომ ჩვენს სამეგობროს ეკუთვნის... მკვლელის ლოგიკას და მის მიზანს ვერაფრით ვწვდებით გარდა იმისა, რომ ის მე მერჩის. ამის ხსენებაზე იძულებული ვარ თავდასხმის ამბავი ყველას გავუმხილო. სწორედ ეს ფაქტი ამტკიცებს ჩემს ვარაუდს. მკვლელი ჩემთანაც იყო, მაგრამ ცოცხალი დამტოვა. სხვები კი არა. აქედან გამომდინარე კი, ვერაფერს იფიქრებ გარდა იმისა, რომ ის მე მერჩის. თავდასხმის ამბის მოყოლის შემდეგ გაღიზიანებული მათე შუბლს არ ხსნის და თავს ძლივს იკავებს, რომ არ იფეთქოს. ის დღე მახსენდება, როცა მეორედ გამომიტყდა სიყვარულში და როცა ნაიარევზე მიმანიშნა. მაშინ რომ ბიჭისთვის თავდასხმის ამბავი მომეყოლა, იქნებ ახლა სიტუაცია სრულიად სხვაგვარი ყოფილიყო... მისი დაჟინებული მზერისგან თავის დასაღწევად კი იმ ახალ ამბავს ვიყენებ, რომელზე საუბარიც ასე ძალიან მიჭირს. სანამ რამეს ვიტყოდე, ჩემს გვერდით მჯდომი კალეს პროფილს ვავლებ თვალს. მთელი იმ დროის მანძილზე, რაც ერთად ვიყავით, ის ყოველთვის გრძნობდა, რომ რაღაცას ვმალავდი, რაღაც ძალიან მძიმეს და მზად იყო მოესმინა. ახლა მე ვარ მზად ვუამბო ყველაფერი, მაგრამ რამდენად სწორია ამის მისთვის მეგობრებთან ერთად გამხელა არ ვიცი. თუმცა, დრო ძალიან ცოტაა. დრო არაა იმისთვის, რომ წარსულზე საუბარი კალესთან განცალკევების გამო გადავდო. - კიდევ რაღაცის თქმა მინდა... - ყელს ვიწმენდ. ფარდასთან მდგარი თენგო ჩემკენ ბრუნდება. ლელაც იღებს ხელისგულებში ჩარგულ თავს. როგორც ჩანს, ჩემი ხმის ტემბრი უკვე ბადებს ინტერესს. მათე არ მიყურებს. იგნორისთვის ალბათ ისიც ჰყოფნის, რაც ცოტა ხნის წინ გაიგო. ჩემ გვერდით მჯდომი კალე დივნის საზურგეს მიჰყრდნობია და მის სახეს ვერ ვხედავ. არ ვიცი, როგორ დავიწყო. აზრები მერევა. - გუშინ დამესიზმრა და... მე... ანანური გამახსენდა. - ხმა მიწყდება ნერვებისგან. შუბლზე გაჩენილ ოფლის წვეთებს ხელის ზურგით ვიწმენდ. ყველა კოპებს კრავს, კალეს გარდა. კალეს ვერ ვხედავ და რატომღაც მისკენ ვერც ვიხედები. მხოლოდ მის თითებს ვხედავ, რომლებიც სიგარეტის ვერცხლისფერ ფოლგას ატრიალებენ. - ანანური? - აგდებით ამბობს თენგო, თითქოს რაღაც აბსურდული მეთქვას. - ეგ აქ რა შუაშია... - მოიცადე! - ხელის აწევით აჩერებს მათე მას და ჩემკენ იხრება. - გააგრძელე რას ამბობდი. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ და საკუთარ, ერთმანეთში ახლართულ თითებს დავყურებ. - ერთადერთი საშინელი ამბავია, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გადაგვხდა. ხოდა ვიფიქრე... - დაჩი გაცოცხლდა და ყველას „გვტრუპავს“ არა? - ირონიით ეცინება თენგოს და საშინლად ვღიზიანდები. - მოკეტე! - ხმას უწევს მათე და ისევ ჩემკენ ბრუნდება. - მირა, ვიცი რასაც გულისხმობ. გგონია, ვინმე მისიანია? - ერთი წუთით. - მესმის ზურგიდან კალეს დაბალი, უკმაყოფილო ხმა. - საერთოდ რაზე ლაპარაკობთ? ნელა ვბრუნდები მისკენ. შუბლშეკრული მიყურებს. ტუჩები მოუმუწავს და ასე მგონია, სადაცაა წყობიდან გამოვა. ფოლგა, რომელსაც ცოტა ხნის წინ თითებში ატრიალებდა, ახლა მის მუჭშია მომწყვდეული. - შენთვის არ მომიყოლია, კალე... - ვცდილობ განვუმარტო. - ვხვდები. - მაწყვეტინებს ცივად. - მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ არ მინდოდა. - ვინაა დაჩი?.. - ხმა ისეთი დაძაბული აქვს... არც კი ვიცი, რა უნდა ვიფიქრო. კი, სინდისი მქენჯნის, რომ ახლა, ყველასთან ერთად უწევს ამ ამბის მოსმენა, მაგრამ მაინც მაკვირვებს მისი წყენა. - დაჩი... ის, ჩემი მეგობარი იყო... ჩვენი მეგობარი. - ძლივს ვუკრებ სიტყვებს თავს. - მას უყვარდი. - ამბობს მოულოდნელად მათე. მისკენ გაოგნებული ვიხედები. ტანზე ცივი ტალღა მივლის და ხმას ვერ ვიღებ. ბიჭი დივნის საზურგეს მიჰყრდნობია და სიგარეტს უკიდებს. ჩემს მზერას რომ იჭერს, მხრებს იჩეჩავს. - ამას ყველა ხედავდა და ამდენი წლის შემდეგ დასამალი აღარაფერია. რას შეცვლის... - საშინელი ტონი გაქვს, მათე. - ვცრი კბილებში წყობიდან გამოსული. - ისე ლაპარაკობ, თითქოს შენთვის სულ ერთი იყოს, რაც მოხდა. - როგორ მოკვდა? - კალე შემდეგ შეკითხვას სვამს და ისევ იქცევს ჩვენს ყურადღებას. - გული გაუსკდა. - ვამბობ ჩუმად. - რაა? - სიმაღლის ეშინოდა. ჩვენ ხიდიდან გადავხტით. მას კი გული გაუსკდა. ახლა გასაგებია? - ვყვირი და სახეზე ხელებს ვიფარებ. სუნთქვას ვიკრავ ყელში მოწოლილი ტკივილის უკან გასაბრუნებლად, მაგრამ ხელისგულებს მაინც მისველებენ ცრემლები. ცოტა ხნით ოთახში სიჩუმე ისადგურებს. ყურებში შემაწუხებლად ჩამესმის საკუთარი გულის ცემა. ერთხანს თავბრუც კი მეხვევა. ასე მგონია ისევ იქ ვარ, თავდაყირა. ქვემოდან ხელები მექაჩებიან და ჩემს ჩათრევას ცდილობენ. თენგო ოხრავს და მოთმინებადაკარგული დივნის ძირს ურტყამს ფეხს. შემდეგ იქვე ჯდება, მაგიდიდან სიგარეტს იღებს და უკიდებს. - არც კი ვიცი, რამდენად რეალური შეიძლება იყოს შენი ნათქვამი მირა. - ლელას დაღლილი ხმა არღვევს სიჩუმეს. - ეს ხომ თითქმის რვა წლის წინ იყო? ჩვენთვის რომ ვინმეს პასუხის მოთხოვნა სდომებოდა, ამას მაშინვე გააკეთებდა. - შეიძლება, მაგრამ არ ვიცი... გუშინ გამახსენდა და მთელი ეს დროა ამ ამბავზე ვფიქრობ. – ხმა მიკანკალებს. საშინლად დაძაბული ვარ. - და, მაინც რას ფიქრობ? - მათე დაჟინებით მაცქერდება. მის სახეზე გამოსახული ინტერესი ერთხანს მაბნევს. - კონკრეტულს არაფერს. ამ ამბის გარშემო ვტრიალებ და არ ვიცი საით წავიდე. - კალესკენ ვაპარებ თვალებს. ახლა განსაკუთრებით ვნანობ, რომ მას ამ ამბავს აქამდე ვუმალავდი. საკუთარ ხელებს დაჰყურებს და სიგარეტის ფოლგას ნელა და წვრილად აქუცმაცებს. ასე მგონია, გონებით სადღაც სხვაგანაა და აქაურ დიალოგებს გაურბის. - ხოდა, ვიფიქრე თქვენთვის მეთქვა. არაფერი მოგდით აზრად? რამდენიმე წამით სიჩუმეა. - გამორიცხული არაა მართალი იყო. - ამბობს კალე მათეს მისამართით. მათ შორის მჯდომი თავს საშინლად უსარგებლოდ ვგრძნობ. ახლა არც ერთი მიყურებს ისე, როგორც მჭირდება და არც მეორე. მაგრამ, ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო და ყურადღება წარსულზე გადავიტანო. მათე არც ისე კმაყოფილი ავლებს თვალს კალეს და ჩამწვარ სიგარეტს საფერფლეში აგდებს. - აქამდე არაფერი გქონდათ ხელჩასაჭიდი. ახლა გაქვთ. და თან როგორც ჩანს, საკმაოდ სერიოზული. - ეგრეა. მაგრამ ამდენი წლის შემდეგ? - თავს აქნევს მათე და დაფიქრებული იღებს ახალ ღერს. - როცა დაჩი დაიღუპა საქმეც კი არ აღძრულა. ექსტრემალების მხრიდან უკანონო არაფერი მომხდარა. დაჩი კი თავისი ნებით გადახტა ხიდიდან. ამის მოწმეები ჩვენ ვიყავით, ყველა. - დარწმუნებული ხარ? - კალეს ხმაში რაღაც უცნაურს ვამჩნევ და ვერაფრით ვხდები, რა არის ეს. ერთადერთი, რასაც მთელი სხეულით ვგრძნობ, უსიამოვნო ჟრუანტელია. - შენ იქ არ ყოფილხარ და ამაში ეჭვს ვერ შეიტან. - ხმა ეძაბება მათეს. მის საფეთქლებზე ამობერილ ძარღვებს ვხედავ და მეც ერთიანად მეჭიმება კუნთები. - მე კარგად მახსოვს, როგორც იყო ეს. - ლელა თვალებს ისრისავს. მახსენდება ხიდზე უკმაყოფილოდ მოწუწუნე გოგო. - თავიდან დაჩის არ უნდოდა. უფრო სწორად არ უთქვამს, რომ არ უნდოდა. უბრალოდ ვიცოდით, რომ სიმაღლის ეშინოდა და რთული მისახვედრი არაა, რომ ხიდიდან გადახტომის იდეა დიდად არ აღაფრთოვანებდა, მაგრამ მალე თვითონვე დათანხმდა და აღარც უყოყმანია. - შენ წინააღმდეგი იყავი. - ვამბობ. - ამან ვერაფერი შეცვალა. - კარგი. ეგ სხვა საკითხია და საერთოდ არ ეხება ჩვენი მეგობრების მკვლელის ვინაობის დადგენის ამბავს. - გვაჩერებს მათე. - პირიქით, მათე. შეიძლება ვიღაცას საერთოდაც არ სჯერა, რომ დაჩი თავისი ნებით გადახტა. - ვამბობ და მის თითებში მომწყვდეულ კვამლადენილი სიგარეტის ღერს ვავლებ თვალს. - მაინც ვის? - მაგალითად მის ძმას. - პირველი სწორედ ის მახსენდება, რადგან ამ ადამიანზე დაჩის მონაყოლი თითოეული სიტყვა ჩამესმის ყურებში. - ძმას? - თითქოს საკუთარ თავს ეკითხება მათე. - ხო ძმას, რატომაც არა. - ძმა ჰყავდა? - მესმის კალეს ხმა. ისევ იმ ტემბრის, როგორც წინა შეკითხვისას. მისკენ ვაბრუნებ თავს, რადგან მინდა ვნახო, როგორ გამოიყურება. მისი ქარვისფერი თვალები უემოციოდ შემომყურებენ და საშინლად მთრგუნავენ. მახსენდება ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი და ის, რომ მის მიმართ დაუბადებელი შეკითხვები მიჩნდებოდა, თუმცა მაშინდელთან შედარებით ეს შეგრძნება ნამდვილად აღარ მომწონს. პირიქით მაწუხებს და დამატებით საფიქრალს მიჩენს. - ჰყავდა. ტყუპისცალი. - ვპასუხობ. - რომელიმემ ნახეთ? - არა. - ვამბობ. - მე არ ვყოფილვარ არც სამძიმარზე, არც დაკრძალვაზე. - ჩვენ ვიყავით სამძიმარზე და იქ გავიგეთ, რომ მისი ძმა მოფრინავდა. - იხსენებს ლელა. - ჩვენ არ შევხვედრივართ. - გასაგებია. - რა არის გასაგები... - გაღიზიანება კრთება მათეს ხმაში. - ის, რომ ეჭვმიტანილი გყავთ. ისღა დაგრჩენიათ მოძებნოთ ეგ ტიპი. - რა ....ობას ბაზრობთ, ამის დედა შევეცი! - აქამდე ჩუმად მჯდომი თენგო ფეხზე დგება. - ასეთი იდიოტობები მარტო იდიოტურ დრამებში ხდება. დაჩის ძმას რომ რამე სდომებოდა ჩვენგან, რვა წელი მოიცდიდა? ცოტა აზრზე მოდით და რაღაც უფრო რეალურს დაადგით თვალი. - კალეს შეჰყურებს ის ზუსტად იმავე მზერით, როგორითაც თეონას სიკვდილის ღამეს. ლამისაა სხეული კანკალმა აიტანოს. ყველა მას ვუყურებთ, მაგრამ არც ერთი ვიღებთ ხმას. მიუხედავად იმისა, რომ მინდა თენგოს ვუყვირო, პირსაც კი ვერ ვაღებ. სხვები კი არ ვიცი რატომ არიან ჩუმად. მხოლოდ კალეს ნელი და ღრმა სუნთქვის ხმა მესმის. თენგო ზურგს გვაქცევს, სახლიდან გადის და ხმაურით ხურავს კარს. - კიდევ რამეა რაც არ ვიცი? - ჩემგან კალეზე გადააქვს მზერა მათეს და პასუხის მოლოდინით გვაცქერდება. - თეონას სიკვდილს ვერ მპატიობს და მკვლელი ვგონივარ. - ტუჩის კუთხეს ამრეზით სწევს კალე და მუჭში მოქცეული ვერცხლისფერი ფოლგის ნაფლეთებს დაჰყურებს. - რა სისულელეს ამბობ, კალე! - ვერ ვიჯერებ, რომ ამას ამბობს და თან ასე ხმამაღლა. - პირიქით, ძალიან კარგად მესმის მისი. სტრესულ სიტუაციებში პატარა ეჭვი ჭეშმარიტებად იქცევა ხოლმე. კალეს სიტყვები კიდევ ერთხელ იწვევენ სიჩუმეს ოთახში. ათასი საფიქრალისგან გონება არეული მაქვს. ყველაფერს ახლა ისიც ემატება, რომ შესაძლოა კალე არ ცდება და თენგოს სტრესისგან ზედმეტი მოსდის. როგორ შეიძლება მისი ეჭვი ჭეშმარიტება იყოს, როცა სრული იდიოტობაა. ახლა სასოწარკვეთა იმდენ უაზრობას გვაფიქრებინებს, რომ ალბათ გავგიჟდებით. სანამ მე საკუთარი თავის დამშვიდებით ვარ დაკავებული, მათე თენგოს ურეკავს და დიდი კამათის შემდეგ უკან აბრუნებს. ბიჭი კალეს თვალს არიდებს და ნერვიულად ეწევა სიგარეტს. კალე კი სიტუაციას შეგუებულივით ზის და მაგიდაზე დაყრილ ფოლგის ნაფლეთებს თითით ურევს. - ხომ არ ჯობია, პოლიციაში მივიდეთ და დაჩის ამბავთან შესაძლო კავშირის შესახებ მოვყვეთ? - მეკითხება ლელა. დაღლილია და მეცოდება ამ სიტუაციისთვის. - ეგ კი არა... - მათე დგება, ჩემი ლეპტოპი მოაქვს და მაგიდაზე დებს. გუგლს ხნის. - რა ჰქვია დაჩის ძმას? - ტატე. - გვარი? - ნარიმანიძე. ხელებს ვიფშვნეტ და ველოდები, რას ნახავს მათე ინტერნეტის დახმარებით. რამდენიმე წუთით სიჩუმეა. თენგო შუბლშეკრული ჩაჰყურებს მათესთან ერთად მონიტორს. მოლოდინში კალეს ვავლებ თვალს, რომელიც ისევ ჩუმად ზის და ახლა ვხვდები, რომ არასწორად მოვიქეცი. კალეს უნდა სცოდნოდა. მისთვის დაჩის ამბავი აქამდე უნდა მომეყოლა. ის იმდენად ახლოს მოვუშვი ჩემთან, რომ წარსულის ეს ტკივილი მისთვისაც უნდა გამეზიარებინა. კალე ამას იმსახურებდა, მით უმეტეს, რომ გრძნობდა და ხვდებოდა, არ ვიყავი კარგად. მაგრამ ახლა გვიანია და არ ვიცი, როგორ უნდა გამოვასწორო ეს. და კიდევ ერთხელ არასწორად მოვიქეცი, როცა მათეს დავუმალე ჩემზე თავდასხმის ამბავი. არ ვიცი, ამას როგორ მაპატიებს და ღირსიც ვარ. ყველაფერს რომ ასე გვიან არ ვხვდებოდე, ახლა ალბათ სიტუაცია შედარებით უკეთესი იქნებოდა. ან ეს უბრალოდ თვითგვემაა და არაფერი შეცვლიდა ჩემი მეგობრების მკვლელობებს. - მასზე არაფერია, ფეისბუქიც კი არ აქვს. - გაკვირვება კრთის მათე ხმაში. - ვითომ მართლა ისაა? - დივნის საზურგეს ეყრდნობა ლელა და კისერზე ისვამს ხელს. - იშვიათია, ახლა ადამიანს ფეისბუქი არ ჰქონდეს. - მკვლელს არ ექნება ლელა, შეიძლება ჰქონდა კიდეც, მაგრამ გააუქმებდა. - შეგიძლია თეონა მოძებნო? - ვერთვები მათ დიალოგში. მათე ერთხანს ფიქრიანად მავლებს თვალს, შემდეგ კი საკუთარ მეგობრებში თეონას ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. როცა მის დაბნეულ თვალებს ვხედავ, მობილურიდან მესენჯერში შევდივარ და ოდნავადაც არ მიკვირს, რომ თეონასთან ჩათი გაუქმებული მხვდება. მისი ფეისბუქი წაშალეს. - ყველას აქრობს. - თითებით ვცდილობ შუბლზე მკაწრავი ეკლების მოშორებას. - ნახეთ? ნატას, ოთოს და თეონას ფეისბუქი გააუქმა. არც ერთის აღარაა. - ბექას? - თვალები ენთება დაზაფრულ ლელას და მაშინვე მობილურს სწვდება. რამდენიმე წამში კი ჰაერს ხარბად უშვებს ფილტვებიდან და ვხვდებით, რომ ყველაფერი რიგზეა. - პოლიციაში უნდა მოვყვეთ ეს ყველაფერი, მირა. ხომ შეიძლება მასაც რამე დაუშავოს? წარმოგიდგენია? თუ ბექას მანქანა მისი დაზიანებულია და ის ავარია მისი მოწყობილია, რა შეუშლის ხელს, რომ დაწყებული საქმე დაასრულოს? - ხმა უთრთის ლელას და მომლოდინედ მაჩერდება ისე, თითქოს ჩემი სიტყვა გადამწყვეტი უნდა იყოს. მე რა შემიძლია? ყველანაირად უძლური ვარ. - მოვყვეთ ლელა, მოვყვეთ. - ვოხრავ და უღონოდ ვეყრდნობი დივნის საზურგეს. - სისულელეა. - ამბობ კალე. მისკენ ვიხედები და ვერ ვხვდები, რატომ მიაჩნია, რომ პოლიციაში ამ ყველაფრის მოყოლა არ ღირს. ყველა მას ვუყურებთ. - ცოტა იფიქრეთ. არ გგონიათ, რომ პოლიცია იმ ბიჭზე ზეწოლის გამო შარს მოგდებთ და შეიძლება ბრალი აქეთ წაგიყენონ? - ჩვენ მისთვის არაფერი დაგვიძალებია, კალე. - ცოტა არ იყოს მაღიზიანებს მისი ცივი ტონი. - არც კი იცი იქ რა ხდებოდა. - ხო, მართალი ხარ, არ ვიცი. - მხრებს იჩეჩავს ის და კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ამ ამბავს აქამდე ვუმალავდი. დაღლილი ვოხრავ და მათეს და თენგოს ვავლებ თვალს. მათი გამომეტყველებით ვხვდები, რომ კალეს წინადადებას იზიარებენ. - რა, თქვენც ასე ფიქრობთ? - გაოგნებული ვუყურებ. - გადახტომის იდეა მისი არ ყოფილა, მირა. ვაღიაროთ. - ნირწამხდარი სიგარეტს უკიდებს თენგო და კალესკენ ალმაცერად აპარებს თვალებს. - ჩვენ ავტყდით, რომ შენთან ერთად გადმომხტარიყო, მარა მერე თვითონაც გაუსწორდა ეგ იდეა. - ეს მისი გადაწყვეტილება იყო. - ვცრი კბილებში. - მაგრამ გავლენა მაინც ვიქონიეთ. ეგ რო გაიგოს გამოძიებამ... ხო არ ჯობია ეგ ტიპი, დაჩის ძმაზე ვამბობ, ჩვენ ვიპოვოთ? - არ მომწონს ეს ამბავი. -თავს ვაქნევ. - არ მინდა შარში გაეხვიო. - ამბობს მათე. - დაივიწყეთ პოლიცია. დაჩი შენთან ერთად გადახტა და პირველ რიგში შენ დაგადგამს თვალს გამოძიება. მოდი ვაცადოთ, აკეთონ თავიანთი საქმე და ჩვენ ჩვენი მხრით ვცადოთ. - მაგრამ ეს ამბავი დაეხმარებათ, მათე. დაჩის ძმას ისინი ჩვენზე მალე იპოვიან. მის შესახებ არაფერი ვიცით. სახელი, გვარი და მხოლოდ ის, რომ გერმანიაში სწავლობდა. ისიც არ ვიცი, რომელ ქალაქში ან კოლეჯში. - ლამისაა წყობიდან გამოვიდე. - გისოსებს იქით ვერ დაგინახავ მირა, მორჩა ამაზე საუბარი. არავინ მიდის პოლიციაში. - თითქოს წერტილს სვამს მათე და არც არავინ ეწინააღმდეგება. მარტო ვრჩები. *** შუაღამე ძილ-ბურანი მათრობს... ვერაფრით ვანებებ თავს ძილს. ვგრძნობ, რომ ყელზე რაღაც მახვევია და სადაცაა დამახრჩობს, მაგრამ თვალებზე ლოდები მაწევს, ხელებზე სიმძიმეები მაქვს გამობმული, სხეული კი გონებას არ ემორჩილება. არ ვიცი სად ვარ. ვერ ვხვდები რეალობაა ეს საშინელი შეგრძნება თუ სიზმარი. იმდენად ცხადია ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, რომ ფილტვების ტკივილსაც კი ვგრძნობ. თვალების გახელა მინდა, მაგრამ სიბნელე თავის შავ ხელისგულებს სახეზე მაფარებს და არაფრით არ მაშორებს. ყელი მეწვის, ასე მგონია შიგნიდან ბრჭყალები მკაწრავენ და პირში დაგროვებული სისხლი მგუდავს. ტკივილის სიმძაფრე მაფხიზლებს და ვხედავ, ვგრძნობ, რომ ყველაფერი, რასაც განვიცდი სიზმარი არაა. ზემოდან ვიღაც მომქცევია და თითებით ყელზე მებჯინება. შავ ფიგურას ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი კვეთს. შიშისგან მაკანკალებს. ახლა უკვე ვიმორჩილებ სხეულს და გაძალიანებას ვცდილობ, მაგრამ ის მძიმეა. ხელებს მკლავებზე ვუჭერ, მაგრამ ვერაფრით ვიშორებ. წამები გადის და ვგრძნობ, როგორ მიბუჟდება საფეთქლები. ყვირილი მინდა. ვფიქრობ ეს დამეხმარება, მაგრამ ყელიდან მხოლოდ ხრიალი ამომდის. შემდეგ ვხვდები, რომ გაძალიანებას აზრი არ აქვს. ვფიქრობ, რომ შემდეგი მე ვარ და აქ მთავრდება ჩემი ბრძოლა. სხეულს მოშვების უფლებას ვაძლევ და შავ სილუეტს ვუსწორებ თვალს. ნელ-ნელა იცრიცება, მალე ისიც ქრება, შიშიც და ტკივილიც. *** 2016 წელი, 17 აგვისტო დილა მობილურის ხმა მაღვიძებს. ჩემს საწოლს მზე მოსდგომია და მცხუნვარე სხივებისგან სხეული მეწვის. კანი ერთიანად ოფლში მიცურავს. თავს ნაცემივით ვგრძნობ. ადგომა მეზარება. მობილურს ხელის ფათურით ვეძებ და ვპაუხობ. ელენეა. სამსახურის თაობაზე მირეკავს. ამბობს, გისამძიმრებ და ყველანაირად შევდივარ შენს მდგომარეობაში, მაგრამ საქმე უამრავია, ორგანიზატორი გვჭირდება და როგორმე შევთანხმდეთ, რას ვიზამთო. რამდენიმე წუთს ვთხოვ დასაფიქრებლად, შემდეგ უკან ვურეკავ და ვეუბნები, რომ შეუძლია გამათავისუფლოს. ელენე უკმაყოფილოა, ამიტომ, ისევ ის მიდის დათმობაზე. ორი თვით მაშორებს საქმეს, ეს არც გათავისუფლებაა და არც შვებულება. დროს მაძლევს, რომ საკუთარ თავს დავუბრუნდე, პრობლემები მოვაგვარო და ძალები აღვიდგინო. მადლობელი ვარ. შვებით ვოხრავ და ზანტად ვჯდები საწოლზე. წუხანდელი სიზმრის გახსენებაზე გული უსიამოვნოდ მიჩქარდება. ინსტინქტურად ყელზე ვისვამ თითებს და ტკივილს ვგრძნობ. შეშინებული ვდგები და სარკეში ვიხედები. ყელზე სილურჯეები მაქვს. დაზაფრული უკან ვიხევ და ოთახს ვავლებ თვალს, მაგრამ არ ვიცი, რის პოვნას ვცდილობ. ღმერთო, ეს სიზმარი არ ყოფილა. აქ მართლა იყო ვიღაც. ის აქ იყო. ჩემთან იყო. ისევ. ჯანდაბა! მობილურს ვიღებ და კალეს ვურეკავ. ვეკითხები, ჩემი სახლის გასაღები ხომ არ დაკარგა. გაკვირვებული მეუბნება, რომ არა. მეკითხება, რა მოხდა, მაგრამ ვერ ვუხსნი. მხოლოდ იმას ვეუბნები, რომ ჩემს სახლში ვიღაც იყო და ვუთიშავ. მობილურს ვტოვებ და მათესთან ავრბივარ. კარზე სწრაფად ვაკაკუნებ. სიჩქარეს ვერ ვაკონტროლებ. გული ამოვარდნას მაქვს. იმის გააზრება, რომ ღამით ვიღაც ჩემს დახრჩობას ცდილობდა, ყველანაირ კონტროლს მაკარგვინებს. მათე კარს აღებს და დაბნეული მაჩერდება. - რა გჭირს... - შემდეგ მზერა ჩემს ყელზე გადააქვს და თვალები უფართოვდება. - ეს რა არის, მირა. - ხელებს მხრებში მავლებს და ახალგაღვიძებული, შეშუპებული თვალებით სილურჯეებს ახლოდან დაჰყურებს. შემდეგ ისევ მისწორებს მზერას. შუბლშეკრულია. ტუჩებს მკაცრად აჭერს ერთმანეთს. გაღიზიანებულს სუნთქვა უხშირდება. მე კი ნერვები მღალატობს და ტირილი მივარდება. მისკენ ვიწევი და ვეხვევი. - მეგონა სიზმარში ვნახე. მეგონა ცუდი სიზმარი იყო... - ქვითინს ვაყოლებ სიტყვებს. მათე წელზე მხვევს ხელებს და ისე ძლიერად მიხუტებს გულზე, რომ ერთხანს სუნთქვაც კი მეკვრის. თითებს თმაში მიცურებს და ჩემს დამშვიდებას ცდილობს, მაგრამ მგონი ის ჩემზე მეტად აღელვებულია. - ამის დედაც... ამის დედაც... - ბუტბუტებს და ზურგზე ვგრძნობ, როგორ ემუშტება თითები. - მეშინია, მათე, ძალიან მეშინია. ის აქ არის. სულ აქ არის. თავს არ დაგვანებებს. ყველგან შემოაღწევს. მეშინია, რომ რამეს დაგიშავებთ. რამე რომ დაგიშავოს, მათე... - წამოდი. - ამბობს ჩუმად და ოთახში შევდივართ. დივანზე ვჯდები. მათე ჩემ წინ ნერვიულად ბორგავს. თითებდამუშტული ფიქრობს და თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო, დროდადრო უარის ნიშნად თავს აქნევს. შემდეგ დაბალ მაგიდაზე ჩემ წინ ჯდება და თმაზე მისვამს ორივე ხელს. - დაწვრილებით მომიყევი. - ამბობს მოგუდული ხმით. - რა მოგიყვე, მათე. ღამით ტკივილმა გამაღვიძა. ვგრძნობდი, რომ რაღაც მგუდავდა. მერე სილუეტი დავინახე ჩემს ზემოდან და მალევე დავკარგე გონება. მეგონა ყველაფერი სიზმარში ვნახე. გავიღვიძე და აი, ამას ვხედავ. აქ იყო, გუშინ ღამით. - შენი სახლის გასაღები ჩემ გარდა კიდევ ვინმეს ააქვს? - კალეს. მათე თვალებს ატრიალებს და ტუჩის კუთხეს ამრეზით სწევს ზემოთ. - ესე იგი, ეგ გუშინ შენთან არ ყოფილა. - არა. - ჰკითხე სად იყო? - მათე, გააფრინე? - მოუყევი რაც მოხდა? - წეღან ვუთხარი და შენთან ამოვედი. მათე... - მის ფიქრისგან აფორიაქებულ სახეს ვაკვირდები და ვერ ვიჯერებ, რომ თენგოს მსგავსად მასაც კალეზე მიაქვს ეჭვი. როგორ, რანაირად. ბიჭი უცბად მაგიდიდან ცურდება, ჩემ წინ მუხლებზე დგება და ჯერ კიდევ აცახცახებულ თითებს მიჭერს. რამდენიმე წამით მათ დაჰყურებს. ასე მგონია, რაღაცის თქმა უნდა და აყოვნებს, რადგან დარწმუნებული არაა. ან ჩემ გამო ყოყმანობს. შემდეგ ხელისგულს ყელზე მაკრობს და ქვემოდან მაცქერდება. თვალები ღამენათევივით ჩაწითლებული აქვს. - მოდი, წავიდეთ, მირა. - მეუბნება და პასუხისმომლოდინედ მაცქერდება. მის სიტყვებს გვიან ვიაზრებ და ერთხანს ჩემს ყელზე დამჩნეული ნათითურებიც კი მავიწყდება. წავიდეთ? რას ნიშნავს წავიდეთ? - რას გულისხმობ, მათე. - ცრემლებს ვიწმენდ. - წავიდეთ აქედან. საქართველოდან. გავეცალოთ ამ ყველაფერს... - რას ამბობ... - შენი დაცვა რომ ვერ შევძლო, გავაფრენ, მირა. - მათეს მხურვალე ხელისგულიდან ყელზე მთელი მისი გრძნობები იღვრებიან და ერთხანს მაბრუებენ კიდეც. ბიჭის თვალები მეუბნებიან, როგორ ღელავს ჩემზე და ეს სიმშვიდეს მგვრის, მაგრამ გაქცევის გეგმა არ მომწონს. - ლელა, თენგო, ბექა... - ვიცი, ვიცი, მაგრამ ახლა მხოლოდ შენზე ვფიქრობ. - არა, ასე არ შეიძლება. - შეიძლება, მირა, გთხოვ. - ეს ეგოისტობაა. - თავს ვაქნევ. - თანაც მე... მე არ შემიძლია, მათე. მე... - მის გამო? - უცბად ისე რადიკალურად ეცვლება ხმის ტემბრი და გამომეტყველება, რომ ვცბები. - მის გამოც. - ისევ წამოსულ ცრემლებს ვიწმენდ და მისი ხელებისგან ფრთხილად ვთავისუფლდები. - შენ ის არ გიყვარს, მირა. მის გამო თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებ. - ისე დარწმუნებით ამბობს, რომ ვღიზიანდები. გული ყელში ამომდის. ფეხზე ვდგები. - ამას როგორ ამბობ? წარმოდგენაც არ გაქვს, კალეს მიმართ რას ვგრძნობ. - მაშინ ახლა რატომ მასთან არ ხარ. - ისიც დგება, მიახლოვდება და ისე დამყურებს ზემოდან, თითქოს დაჟინებით მოითხოვდეს პასუხს ჩემგან. - ამას სერიოზულად ამბობ, თუ მართლა ვერ ხვდები, რა მინდა აქ? ვერ ხვდები, რომ სრულიად განსხვავებულად ძვირფასი ხარ ჩემთვის, არა? - ვხვდები და მეც სწორედ ამას ვგულისხმობ, მირა. შენ ის არ გიყვარს. - მისი თავდაჯერებული ღიმილი მაღიზიანებს. - ვეღარ გცნობ. ღმერთო, მათე, გეუბნები, რომ გუშინ მან ჩემი დახრჩობა სცადა. ხედავ რაც მჭირს? - ყელზე ვანიშნებ. - და შენ საერთოდ რაზე მელაპარაკები? ბიჭი სახეზე ისვამს ხელს და ერთი წამით ზურგს მაქცევს. ვხვდები, რაც ხდება მის თავს. ვხვდები, რომ ახლა, როცა ის თავისი გრძნობებით სრულიად გულწრფელია ჩემთან, აღარც კალეს მიმართ აგრესიას მალავს. მაგრამ მაცოფებს ის ფაქტი, რომ ვერ იაზრებს, რამდენად უსიამოვნოა ეს ჩემთვის და რამდენად უდროოა ახლა ამაზე კამათი. - მაპატიე. - ამბობს მშვიდად და ჩუმად. ბრუნდება და ფრთხილად იხრება ჩემკენ. - თავ-გზას მირევს ამდენი პრობლემა, მირა. - ყოყმანით სწევს ხელს. ალბათ ჰგონია, რომ მის შეხებას ვერ ავიტან. მაგრამ მაინც სცდის და თითის წვერებს ლოყაზე მადებს. თვალებში ენერგია და უძლურება ერთდროულად უელავს. ვუყურებ, მის შეხებას შევიგრძნობ და ჩემში დატრიალებული არეულობა მაშინებს. - გამოსავლის ძიებაში მგონია, რომ საკუთარ თავს ვკარგავ. ვიცი, რომ ეს გაშინებს და არ მინდა, რომ ასე ვიქცეოდე. არ მინდა, ჩემი გეშინოდეს. - თითებს ყელისკენ ასრიალებს და სილურჯეებს ეხება. ჩემთან ასე სახიფათოდ ახლოს არასოდეს ყოფილა. ვუსმენ და ჩემში დატრიალებული მღელვარებისგან თვალები ცრემლით მებინდება. - ეს არაა საკმარისი, მირა. მინდა ჩემებურად დაგიცვა. ისე, როგორც ამას გული და გონება მკარნახობს... ისე, როგორც ჩემგან მოდის... მაგრამ შენ ეს გაშინებს. - მისი მოახლოება იმდენად ამაღელვებელია, რომ თვალებს ვხრი. მინდა უკან დავიხიო, მაგრამ ჩემი მეორე მხარე, მხარე, რომელიც ბოლო დროს მათეს მიმართ უცნაურ, უცხო დამოკიდებულებას ამჟღავნებს, წინ იწევს, ხელს მკრავს და ჩემს ადგილს იკავებს. ბიჭის თითებს საშუალებას აძლევს მხარზე გასრიალდნენ, თმაზე შემეხონ და სუნთქვა შემიკრან. - შენ ამას ვერ იღებ... ვერ უშვებ... არადა, მირა... - მეორე ხელისგულსაც ლოყაზე მაკრობს და კისრისკენ ასრიალებს. გული ამოვარდნას მაქვს. ვერ ვხვდები, რატომ ვრთავ ასე ახლოს ყოფნის ნებას. რატომ არ ვაპროტესტებ. - გთხოვ, მირა. - ჩურჩულებს ბიჭი და ის ისაა ნიკაპზე მის სუნთქვას ვგრძნობ, რომ ტუჩებზე მეხება. ფრთხილად და ვნებით, თითქოს მიცავს და თან ჩემს გამოწვევას ცდილობს. ვერც კი ვიაზრებ, ისე მეხუჭება თვალები და თავბრუდამხვევ, გამაბრუებელ სიბნელეში ვიკარგები. აქ სიმშვიდე და ნეტარებაა. ვგრძნობ, რომ აქ პრობლემები არაა. მისკენ მივიწევ, ხელებს ვამოძრავებ, ტუჩებსაც. სუნთქვაც ისეთია, როგორიც ჩემს მდგომარეობას შეეფერება. ბურუსსა და უსაფრთხო ლტოლვაში დაკარგულს საკუთარი თავი მავიწყდება. ეს შეგრძნება არანორმალურად მომწონს, მაგრამ რაღაც მიშლის ხელს. გონების რაღაც ნაწილი, რომელიც სიფხიზლეს ინარჩუნებს, შორიდან ჩამძახის, რომ ეს მათეა, ჩემი საუკეთესო მეგობარი და რომ მასთან ასეთი ვერ ვიქნები. თვალებს ვახელ. ხელები მის მხრებზე მიწყვია. ტუჩებით მის ბაგეებს ვეხები. მკერდით მის მკერდს. და მისი გულის ფეთქვას საკუთარივით ვგრძნობ. ორი გული ერთ სხეულში ჩემთვის კატასტროფულად ახალი, უცხო და სახიფათოა. მაშინვე ვუშვებ ხელებს და უკან ვიხევ. შეშინებული, დაბნეული ვუყურებ ჩემ წინ მდგარ მოღიმარ მათეს, რომელსაც ზურმუხტისფერი თვალები სიმშვიდისგან უბრწყინავს და არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო. მინდა ვუთხრა, რომ ეს არ უნდა გვექნა, რომ ეს ყველაფერს თავდაყირა დააყენებს, მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრი თავს. ჩემს გონებაში ქაოსია. ნელა ვბრუნდები და მთვრალივით მივაბიჯებ კარისკენ. *** მთელი ძალით ვეჭიდები მოაჯირს და კიბეზე ისე ჩავდივარ. ხელები მიცახცახებს. ვერ ვიჯერებ, რომ ეს გავაკეთე. ვერ ვიჯერებ, რომ მათეს ვაკოცე. და წარმოუდგენელია, რომ შიშის მიუხედავად კოცნის სიამოვნება ამ წუთამდე თან მდევს. ალბათ სწორედ ეს მაშინებს. რა მოხდება, რომ ამან შემიპყროს და შემცვალოს. რა მოხდება ჩემს თავს? კალესთან? ერთი წამით ვჩერდები და თვალებს ვხუჭავ. საკუთარ თავს ზემოდან დავყურებ და ისეთ დაქანცულს ვხედავ არეულობისგან, რომ მებრალება. ვერც ვეხმარები. ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა და გამოსავალი მარტომ უნდა ვიპოვო. გამოსავალი, რომელიც არავის ავნებს. რთულია. ღმერთო, საშინლად რთულია. ის ისაა ჩემი სახლის კარს ვაღებ, რომ შესასვლელში კალე უხვევს და მოულოდნელობისგან ვხტები. ბიჭი ჩემი დანახვისას შვებით ოხრავს, ჩქარი ნაბიჯით მიახლოვდება და ისე ძლიერ მეხვევა, რომ ოდნავ ჰაერში ვიწევი. მეც ვხვევ ხელებს. ცხვირს მის კისერში ვრგავ და მის სურნელს ხარბად ვისუნთქავ. ვცდილობ ბოლომდე შევიგრძნო მისი არსებობა და მნიშვნელობა. იქნებ ამან დამავიწყოს რამდენიმე წუთის წინ მომხდარი. იქნებ კალეს გამოჩენამ მიმახვედროს ვინაა ჩემთვის ნამდვილი. ვის გამო უნდა მიჩქარდებოდეს გული და ვისზე უნდა ვფიქრობდე, როცა თვალებს დავხუჭავ. ვცდილობ, მაგრამ არა. კალესთან ვარ და ამავდროულად მათესთანაც. ყელში გაჩხერილი სირთულე მახრჩობს. დავიღალე. ბიჭი სახეს მიჭერს და ყელზე დამჩნეული სილურჯეების დანახვისას იგინება. თმაზე მეფერება და ტუჩებზე რამდენჯერმე მოწყვეტით მკოცნის. სინდისის ქენჯნასთან ერთად სიცივე მეუფლება. ახლა მისი კოცნისგან ოდნავადაც ვერ ვიღებ ვნებას. ოდნავადაც არ მაყრის ეკალს და ეს კიდევ უფრო მეტად მისიებს გულს. ვცდილობ გავეცალო და მხოლოდ მის მიერ დასმულ შეკითხვებზე ვიფიქრო, მაგრამ ჯერ ისევ ორი სართულით ზემოთ ვარ და მოღიმარ მათეს ვუყურებ. კალე კი არ მეშვება. შეკითხვას შეკითხვაზე მისვამს და გამუდმებით მეხება. ბოდიშს მიხდის, რომ ღამე მარტო დამტოვა. - შენი წარსულის გამო ჩვენი ურთიერთობა არ უნდა შეირყეს, ამას ვხვდები და ვნანობ ჩემს გუშინდელ დამოკიდებულებას შენდამი. - ამბობს კალე. სერიოზული გამომეტყველება აქვს და ჩემს თითებს არ უშვებს ხელიდან. - ყველას გვაქვს რთულად მოსაყოლი ისტორიები. გვინდა, რომ მოვყვეთ და გავთავისუფლდეთ, მაგრამ გვეშინია, რომ ისინი სხვებს დააფრთხობენ. სხვებს - მნიშვნელოვან ადამიანებს. გვეშინია, რომ მოყოლის შემდეგ ამ ისტორიებთან ერთად მარტო დავრჩებით და გავიგუდებით. ამიტომ შენი მესმის. მაპატიე, გვიან, მაგრამ შენი მესმის. არ მინდა, რომ მარტო დაგტოვო. ისედაც საკმაოდ ეჭვისმომგვრელია შენი ბიჭი, რომელიც არსაიდან გამოჩნდა და შენც პრობლემებს გიქმნის. - კალე... - შუბლს ვკრავ დაღლილი. ყელი საშინლად მიშრება და წყალი მინდება. - თენგოს ყურადღებას ნუ მიაქცევ. ფეთქებადი და ხანდახან არაადეკვატურია. იტყვის, მაგრამ არც თქმამდე და არც თქმის შემდეგ არ ფიქრობს. შეეშვი. - ხო, ვიცი, თენგოს ვიცნობ და ასე თუ ისე მესმის კიდეც მისი, მაგრამ ახლა მასზე საუბარი არ მინდა. შენი კარის საკეტი უნდა გამოვცვალოთ, შემდეგ კი გავიდეთ. - სად? - გადაღება მაქვს და მინდა, რომ წაგიყვანო. მეღიმება. იქნებ სწორედ ეს მჭირდება ფიქრებისგან ცოტა ხნით თავის დასაღწევად? კალე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და აბაზანისკენ მივდივარ *** შუადღე მიტოვებულ შენობაში ვართ, რომელსაც არც ფანჯრები აქვს, არც კარი და არც მოაჯირები. კალეს გადაღება საკმაოდ არაორდინალურია. პანკი მეგობრების ჯგუფი რაღაც კონკურსში იღებს მონაწილეობას, რომლისთვისაც ფოტოკოლაჟი სჭირდებათ. როგორც ჩანს, შენობაში საავადმყოფო უნდა ყოფილიყო, მაგრამ მშენებლობა მიუტოვებიათ. აქა-იქ ძველი მეტლახი და რამდენიმე ნიჟარაა. რკინის უსახო კონსტრუქციები, კედლებზე ფერადი გრაფიტები და ათასი უსარგებლო, ნაგვად ქცეული ნივთები კალეს კლიენტებისთვის მუზადაა ქცეული. სანამ ისინი დამატებით ნივთებს მეოთხე სართულზე ეზიდებიან, მე კედლის ნაპირზე ვდგავარ და ჩემს ქვემოთ, ასევე მიტოვებულ ავტოფარეხს დავყურებ, რომელზეც დაგლეჯილი მანქანის რამდენიმე სავარძელი და საბურავი გდია. აქედან არც ისე სასიამოვნო ხედი იშლება, სამაგიეროდ სიჩუმეა. მახსენდება ჩემი და კალეს სტუმრობა სარას და გეგას სახლში. მახსენდება მისი ხეობის პირას საკმაოდ სარისკო მოძრაობა და ტანზე ეკალი მაყრის. დაჩის სიკვდილის შემდეგ სიმაღლის შიში გამიჩნდა და ვერაფრით ვძლიე. იმ ამბის გახსენების შიში მაქვს და ამას თავს ვერასოდეს დავაღწევ. ის, რაც ყველას უპირობოდ გვერგება წარსულია და ცხოვრებას სულ არ აინტერესებს რამდენად მძიმეა ის. ვოხრავ და ვბრუნდები. კალე მეორე მხარეს დგას და ისიც ქვემოთ იყურება. თვალები მოუჭუტავს და რაღაცას აკვირდება. შემდეგ ფოტოაპარატს იმარჯვებს და სურათს იღებს. მის მზერას ვაყოლებ თვალს, მაგრამ ვერაფერს ვხედავ. - რას უღებ? - ვეკითხები მის გვერდით ამომდგარი. - ა, არაფერს. - თვალს მავლებს ის და აპარატს ჩაჰყურებს. - ისე, რაღაც ვცადე. - მიღიმის, ჩემკენ იხრება და ტუჩებზე მკოცნის. შემდეგ მაკვირდება და მეკითხება. - როგორ ხარ? - არა მიშვას, მადლობა... - ვცდილობ გავუღიმო. - მათესთან რამე მოხდა? ტანში მცრის. კბილებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს და საკუთარ თავს ძალას ვატან, რომ გარეგნულად არაფერი შემეტყოს. თავს ვაქნევ. - არა, რა უნდა მომხდარიყო. კალე ერთხანს თავს გვერდით ხრის და ისევ მიცდის. მე კი არ ვნებდები. ის ისაა რაღაცის თქმას აპირებს, რომ მობილური მირეკავს. თენგოა. მასთან საუბარი არ მინდა. ვიცი, ისევ გამაღიზიანებს მისი აზრები, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. კალეს ვეუბნები, რომ დაბლა ჩასვლას ვაპირებ და მობილურს ვპასუხობ. - სად ხარ? - მეკითხება თენგო. - გადაღებაზე. კალესთან ერთად. რა მოხდა? - შენი ნახვა მინდა მირა. უფრო სწორად თქვენი, ლელას დავურეკე და მათესთანაც ვაპირებ. - ჩქარა საუბრობს. ხმაზე ვატყობ, რომ ნასვამია. - ხომ გითხარი, გადაღებაზე ვართ, არ გვცალია ახლა თენგო. - მაგის გარეშე. - რაა? - კალეს გარეშე მეთქი. მხოლოდ ჩვენ. ისინი, ვინც მის გამოჩენამდე ვიყავით. გაიგე? - ხმას უწევს და კატეგორიული უხდება. - სულ გააფრინე ხო? რატო გადაეკიდე კალეს, რა დააშავა იმის გარდა, რომ შენ გაგიცნო? - წყობიდან გამოვდივარ. - ხო, ხო, იმან კი არა მე ჩავისვარე ეგ რო ჩვენთან გავჩითე. ხოდა ჩემს ჩაჯმულს მევე გამოვასწორებ. - თენგო ძალიან მღლი. რამე საფუძვლიანი მიზეზი მაინც თუ გაქვს, რომ კალე რამეში დაადანაშაულო? ასე ჰაერზე რომ ხელს ადებ არ გრცხვენია? - დაბლა ჩამოსული ვბრუნდები და მეოთხე სართულს ქვემოდან ვუყურებ. კალე მარტო დგას კედლის პირას და სიგარეტს ეწევა. ახალგაზრდები უკან მომყვებიან და ფურგონიდან უკანასკნელ ნივთებს იღებენ. - მექნება, მალე მექნება. შენ რაც გითხარი, ის გააკეთე. - შენი ნახვა არ მინდა. - ვუჭრი მოკლედ. - არ მაინტერესებს. გუშინ კიდევ თავი შევიკავე მაგის გამო. ხოდა თუ არ გსიამოვნებს... - მოულოდნელად თენგოს საუბარს ყვირილის ხმა ფარავ. ვხედავ, როგორ ვარდება შენობიდან ვიღაც და დაცემის ხმისგან ვხტები. შემდეგ მეოთხე სართულს ვუყურებ, სადაც ცოტა ხნის წინ კალე იდგა და ეკალი მაყრის, როცა ამოჭრილ ფანჯარას ცარიელს ვხედავ. 11 თავი *** 2016 წელი, 17 აგვისტო საღამო ვხედავ, როგორ გარბიან ახალგაზრდები ყვირილით და მაშინვე ვხვდები, რაც მოხდა. კალე გადმოვარდა. ღმერთო, კალე გადმოვარდა! მობილურს ვთიშავ და ავტოფარეხისკენ გავრბივარ. იქ მისულს ორი ბიჭი უკვე სახურავზე ასული მხვდება. ერთი წითელთმიანი გოგონა კი აღელვებული მიყურებს და მეუბნება, რომ სასწრაფოში უკვე დარეკა. - კალე! - ვყვირი და პირზე ვიფარებ ხელებს. ზემოთ ვიხედები. ბიჭები ჩამუხლულან და კარგად ვერ ვხედავ, რა ხდება. კედლებს ვათვალიერებ. ასვლა მინდა, მაგრამ მუხლები მიკანკალებს. - კალე, კარგად ხარ? რამე მითხარი. - თავი დაარტყა და მთლად გონზე არაა. გაბრუებულია. - ქვემოთ იხედება ერთ-ერთი მათგანი. ესე იგი ცოცხალია. მთავარია ცოცხალია. - ღმერთო, რა სჭირს? რა იტკინა? სერიოზულია? საშიშია? - ცოტა სისხლი სდის თავიდან. გაუმართლა, რომ „სიდენიები“ და „პაკრეშკები“ ეყარა და ზედ დაეცა. - ღმერთო! - ოფლით დაცვარულ შუბლს ვიწმენდ. - დამშვიდდი, ამოსვლას აზრი არ აქვს. მაინც ვერაფრით დაეხმარები. - მეუბნება მეორე. თითქოს ჩემს ფიქრებს ხვდება. - პროსტა ცუდად დაეცა და მგონი ხელი აქვს მოტეხილი. ტუჩებს ვიკვნეტ. მოუსვენრობა მკლავს. ისევ მაღლა ვიხედები და იმ ადგილს ვათვალიერებ, სადაც იდგა. ვერ ვიჯერებ, რომ ასე დაუდევრად მოიქცა. ნუთუ ასე ახლოს იყო? ისე, როგორც სარასთან და გეგასთან... ააქ? აქ რა იყო სანახავი? ამ ნაგავსაყრელზე რისი განცდა უნდოდა? - მითხარი, რომ კარგადაა. გონებას ხომ არ კარგავს? - ცერებზე ვიწევი. ავტოფარეხი საკმაოდ მაღალია. იმასაც ვერ ვხვდები, ბიჭები როგორ ავიდნენ იქ. - არ მგონია საშიში იყოს რამე. მაქსიმუმ მსუბუქი ტვინის შერყევა. აი ხელზე კი ვერაფერს ვიტყვი. - მხრებს იჩეჩავს ის. აფორიაქებული ვბრუნდები, ვფიქრობ, რით შემიძლია კალეს დახმარება სასწრაფოს მოსვლამდე, მაგრამ თავში არაფერი მომდის და ამაზე უარესად მეშლება ნერვები. მისი ნახვა მინდა და საკუთარი თავის დამშვიდებას ვცდილობ. იქნებ სახურავზე ასვლა მოვახერხო. სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ, ვერ ვიჯერებ, რომ ცუდად არაა. ღმერთო, მეოთხე სართული, თან ნანგრევებში, მიყრუებულ გარეუბანში. საერთოდ, სად იპოვა ეს ადგილი? ან სასწრაფო თუ მოაგნებს აქაურობას? ის ისაა კედელს ვუახლოვდები და აბობღვას ვიწყებ, რომ კალეს ჩამწყდარი ხმა მესმი. - არა მიშავს, მირა, ნუ ღელავ. *** ექიმი რეცეპტს მიწვდის და პალატიდან გადის. კალეს მარცხენა ლავიწი ოდნავ აქვს გაბზარული, თუმცა ტკივილი იმდენად მასშტაბურია, რომ ხელის გამოძრავებაც უჭირს. ახლა გამაყუჩებელი აქვს გაკეთებული, თუმცა ლავიწის და დაჟეჟილობების ტკივილი მაინც აწუხებს. მსუბუქი ტვინის შერყევის გამო ხანდახან გულისრევის შეგრძნება აქვს. გაუმართლა, ძალიან გაუმართლა, რომ სახურავზე ძველი სავარძლები ეყარა. - ასე არ შეიძლება. - როგორც კი მარტო ვრჩებით, მის საწოლზე ვჯდები. - რას გულისხმობ? - ჩემკენ აბრუნებს კალე თავს. - რაღაც უაზრო ხიბლის გამო საკუთარი სიცოცხლის გარისკვას. - მირა... - თავს აქნევს კალე, ოხრავს და საწოლზე სწორდება. ტკივილისგან სახე ემანჭება. - არაფერი არ მიცდია. ხელი მკრეს. საკმაოდ გვიან ვიაზრებ მის ნათქვამს და თვალები მიფართოვდება. - რა თქვი? - პირზე ვიფარებ თითებს. ის თავს მიქნევს. - როგორ, რანაირად? - კალე მხრებს იჩეჩავს. - კი, მაგრამ, ყველა იქ ვიყავით... - არ იყავით. შენ დაბლა ჩახვედი, ისინიც მალევე ჩამოვიდნენ. შენობაში ცოტა ხნით მარტო ვიყავი. ნაბიჯების ხმა გავიგე და მიბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ვერ მოვასწარი, ხელი მკრა. - ღმერთო, ის იყო? - ეს საკუთარი თავისთვის დასმულ შეკითხვას უფრო ჰგავს, ვიდრე მისთვის. - იქაც? მაგრამ, შენ რა შუაში ხარ, კალე? ის თუ... თუ ის მართლა დაჩის ძმაა და ჩემი მეგობრების სიკვდილი უნდა, შენ რა შუაში ხარ? შენ ხომ არ გეხება ის ამბავი. იქ არ ყოფილხარ. - არ ვიცი... - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ამატებს. - იქნებ არაა დაჩის ძმა. - ჰაერს ხარბად ისუნთქავს და თვალებს ისრესს. - ან იქნებ არ აინტერესებს, ვინ ვარ. მთავარია, თქვენს გარშემო ვტრიალებ და... შენთან ვარ. ერთი წამით თავბრუსხვევას ვგრძნობ. თვალებს ვხუჭავ და სახეზე ხელებს ვიფარებ. თავში ყველაფერი მერევა. ერთ აზრს მეორე ცვლის და ყოველ მათგანში ეჭვი მეპარება. ვერ ვარჩევ, რომელია სწორი და რომელი მცდარი. აღარ ვიცი, რა ვქნა. რა ხდება? რა ჯანდაბა ხდება? - აღარ შემიძლია. - ვამბობ. ხმა მებზარება. ნერვებისგან ყელი მეჭიმება. იმდენად დავსუსტდი, რომ საკუთარ ემოციებზე კონტროლს ვკარგავ, გამუდმებით. - მირა, მირა... - ოდნავ იწევა კალე, ჯანსაღ ხელს მუხლზე მადებს და თითებს ოდნავ მაჭერს. - კარგი, გეყოფა, გაჩერდი. - რატომ არ სრულდება. რით ვერ გაძღა? რატომ არ ჰყოფნის ამდენი სიცოცხლე? რა უნდა, რა?! - ტირილი მივარდება. კალე საწოლზე ჯდება, ხელს კისერზე მხვევს და გულში მიკრავს. ვცდილობ, მოვრჩე. ვცდილობ, თავი შევიკავო, მაგრამ არ გამომდის და ეს კიდევ უფრო მაგიჟებს. - დასრულდება. სამუდამოდ არაფერი გრძელდება, მირა. გპირდები, რომ ძალიან მალე დასრულდება. - ამბობს ის და ეს დაპირება იმდენად დამაჯერებლად ჟღერს, რომ ოდნავ ვმშვიდდები კიდეც. თავს ვიღებ და ბიჭს ვუყურებ. გაცრეცილ ტუჩებზე მკრთალი ღიმილი დასთამაშებს. წინ ჩამოყრილ, მუქი ოქროსფერი თმის მიღმა ქარვისფერი თვალები დაბინდვია. ძალიან დაღლილი მეჩვენება. უნებურად ბანკეტის საღამო და მისი მაცდური მზერა მახსენდება. მაშინდელი და ახლანდელი კალე ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ვფიქრობ, რა შეიცვალა მასში, მაგრამ გონება მხოლოდ სიკვდილს დასტრიალებს და სხვა საფიქრალს ახლოსაც არ იკარებს. ის ისაა პასუხის გაცემას ვაპირებ, რომ ოთხში ელენე შემოდის. უკან კი თენგო მოჰყვება. ქალი შეწუხებული, აღელვებული სახით გვიახლოვდება და კალეს მხარზე ხელის დადებით თანაუგრძნობს. - ლამის გადავირიე! ხომ კარგად ხარ? - ეკითხება კალეს და იქვე ჯდება. ბიჭი მადლობას ეუბნება და თავს უქნევს. თენგომ მობილურზე საუბრის გაწყვეტის შემდეგ აღარ მომასვენა. ამიტომ იძულებული გავხდი, მოგვიანებით თვითონ დამერეკა და მეთქვა, რაც მოხდა. ალბათ ელენემაც მისგან გაიგო. - ამხელა კაცისგან ასეთი დაუდევრობა შეიძლება? - გაკიცხვაზე გადადის ქალი. - გასაგებია, სამსახურია, მაგრამ ჯერ სიფრთხილე და საკუთარი თავის სიყვარული, კალე. მკვდარი პროფესიონალი არაფერში მარგია. მე და კალეს ერთმანეთისკენ გაგვირბის თვალი. ელენე ამჩნევს და ეჭვით გვათვალიერებს. თენგო კარს მიჰყრდნობია და ხმას არ იღებს. მისი დაჟინებული, ირონიული გამომეტყველება საშინლად მაღიზიანებს. - რაღაც ხდება, არა? - თვალებს უწვრილებს ელენე. - მირა! - ხელი ჰკრეს, არ გადმოვარდნილა. - ვოხრავ. მოსალოდნელი შეკითხვების თავი არ მაქვს. - კაი, რას ამბობ?! - იცხადებს ის და გაოგნებისგან პირი ღია რჩება. - კალე, რანაირად? ვინ? ის ისაა მისთვის ახსნას ვაპირებ, რომ ბიჭი მასწრებს. - არ ვიცი. ზურგით ვიდექი და ვერ დავინახე. ალბათ ვიღაც შეშლილი მანიაკი იყო. - კალე თვალს მავლებს და ფრთხილად იშმუშნება საწოლზე. ხელს მტკივან ლავიწზე ისვამს და ერთი წამით თენგოს აკვირდება. - მერე? რატო პოლიცია არაა აქ?.. - ელენე, დამშვიდდი, აზრი არ აქვს. - ქალი გაპროტესტებას აპირებს, მაგრამ კალე აწყვეტინებს. - ვერაფრით დავამტკიცებ, რომ ხელი მკრეს. არავის, მეც კი არ დამინახავს, ვინ იყო. უბრალოდ, ამის შემდეგ უფრო ფრთხილად ვიქნები. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. - გააზრება მიჭირს. - თვალებს ატრიალებს ელენე და ოხრავს. - რა გჭირთ? ხანდახან მგონია, რომ ჯადო გაქვთ. ეს რამდენიმე თვეა წარმოუდგენელი საშინელებები ხდება. ამას რაღაც ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს? - რა სწორად შენიშნე, ელენე. ეს რამდენიმე თვეა. - ჩაცინებით ამთავრებს წინადადებას თენგო და ანთებულ სანთებელას სულის შებერვით აქრობს. - მანამდე ყველაფერი სრულ ჰარმონიაში იყო. კალე ფანჯრისკენ აბრუნებს თავს და ჰაერს ხარბად ისუნთქავს. ბრაზისგან ლამისაა გავსკდე. ის კი ისე მშვიდად იტანს თენგოს ყოველ გამაღიზიანებელ გამოსვლას, რომ გაოგნებული ვრჩები. ხანდახან მინდა, რომ უყვიროს და საკადრისი პასუხი გასცეს, მინდა, რომ თავი იმართლოს და პასუხი მოსთხოვოს, მაგრამ კალე აუტანლად მშვიდადაა. ელენე გაუგებრად აცეცებს თვალებს. ვერ ხვდება, რა ხდება. - მადლობთ, რომ გვინახულეთ. - ვამბობ. - მგონი ჯობია კალემ დაისვენოს. - კარგი ძვირფასო. თავს მიხედეთ. - ელენე დგება და თენგოსთან ერთად ოთახიდან გადის. - წავალ, პიტნის ჩაის მოგიტან, დაგამშვიდებს. - ვეუბნები კალეს და ვდგები. - არა, მირა, არ მინდა. - შუბლს ჰკრავს. - გინდა. ახლავე დავბრუნდები. ოთახიდან გამოვდივარ და დერეფნის ბოლოში გასულ დედა-შვილს ვხედავ, რომელიც ლიფტს ელოდება. ნაბიჯს ვუჩქარებ და ვეწევი. თენგოს ხელს მაჯაში ვავლებ და კიბისკენ კარს მიღმა გამყავს. გაკვირვებული ელენე თვალს გვაყოლებს, მაგრამ ვერაფრის თქმას ვერ ასწრებს. - მომისმინე, - ვცრი კბილებში, თავს ძლივს ვიკავებ, რომ ხმას არ ავუწიო. მის ამრეზით მოქცეულ ტუჩებს ყურადღებას არ ვაქცევ. - ყელში ამომივიდა შენი აკვიატებული ბრალდებები. აღარ გაბედო და კალესკენ თითი აღარ გაიშვირო. ზუსტად მაშინ, როცა შენ მასში ეჭვი შეგქონდა, ის სიკვდილს გადაურჩა. წესით, ეს სრულიად საკმარისი უნდა იყოს შენი ალოგიკური ტვინისთვის. ნაკლები სვი და მეტი იფიქრე. თენგო, იძულებულს ნუ გამხდი, რაღაც ისეთი ვთქვა, რაც ჩვენს შორის მეგობრობას გააქრობს. ჭკუაზე მოდი და შეინარჩუნე ის, რაც დაგვრჩა. ხომ ხედავ რაღა ვართ? ჭკუაზე მოდი. - ხმა მიტყდება და მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ. - მანამდე კი შენი დანახვაც არ მინდა. - ვბრუნდები და გაცხარებული, თუმცა ოდნავ გულსმოშვებული მივდივარ კაფეტერიისკენ. ცხელ პიტნის ჩაის ვყიდულობ და პალატაში ვბრუნდები. საწოლის კიდეზე ვჯდები და ჭიქას კალეს ვუწვდი. ბიჭი ყოყმანით დაჰყურებს, შემდეგ მართმევს და გვერდით კარადაზე დებს. - ცხელია, ცოტა გაგრილდეს. - ამბობს და ბალიშის გასწორებას იწყებს, მაგრამ ლავიწი სტკივა და ვეხმარები. წესით მისი განძრევაც კი არ შეიძლება, მაგრამ ვერ ისვენებს. - ჯობია ახლავე წავიდეთ, მირა. ვერ ვხვდები, რატომღა ვაყოვნებთ. - რამდენიმე საათით დავრჩეთ. გთხოვ, ამაზე მაინც ნუ ვიკამათებთ. - შუბლს ვკრავ. - თენგოს გაჰყევი, არა? - აქვე, ელენესთან რომ არ გამოვედი წყობიდან, არ გიკვირს? - მირა, - გამშრალ ტუჩებს სწრაფად ილოკავს ენით. - არც ისე შესაშურ სიტუაციაში დავიწყეთ ურთიერთობა. კარგია, რომ ამას ხელი არ შეუშლია ერთმანეთს დავახლოებოდით. ვიცი, დავაშავე, აქამდე არ მითქვამს, რომ ის, რაც შენთან მაკავშირებს, ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. გრძნობებზე საუბარი არ მიჭირს და ისიც იცი, რომ სიტყვაძუნწი არ ვარ, მაგრამ შენ ის შემთხვევა ხარ, როცა ქმედებები უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები. მგონია, რომ ენა არაა საჭირო, მაშინ, როცა თვალებს გაცილებით მეტის თქმა შეუძლიათ. მთელი ეს თვეებია შენგან სწორედ ამას ვიღებ. შენგან იმდენნაირ სიამოვნებას ვიღებ, ვერც კი წარმოიდგენ. - საჩვენებელი თითით მის მუცელზე ჩამოდებულ ჩემს თითის წვერებს ეხება და მუცელში სიმხურვალეს მიღვივებს. - რისი თქმა მინდა... შეიძლება მართალი ხარ და ახლა აქ იმიტომ ვარ, რომ შენთან ვარ, მაგრამ მე ეს არ მადარდებს, მართლა...ერთადერთი, რაც არ მსიამოვნებს, შენი და შენი მეგობრების ურთიერთობაა, რომელიც ჩემ გამო იძაბება. ხოდა... - კალე, გაჩერდი. - ვაწყვეტინებ. სანამ რამეს ვეტყოდე, მისი სიტყვებისგან აჩქარებულ გულს ვეგუები. მართალია, მას არასოდეს უთქვამს, რას გრძნობდა ჩემ მიმართ. მისგან ყოველთვის ვგრძნობდი ყურადღებას, ვნებას, სიმშვიდეს და ჩემთვის ეს სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ შევჩვეოდი. აი ახლა კი, ვისმენ ამ ყველაფერს, თითქოს მიახლდება თავდაპირველი შეგრძნებები და გაგიჟებამდე მანდომებს თავს, მაგრამ სადღაც გულის სიღრმიდან ხმა მიყვირის, რომ ეს ის განცდა აღარაა, რაც მე მხიბლავდა. არ ვუსმენ, რადგან არ მინდა. თავს ვიყრუებ, კალესკენ ვიხრები და ფრთხილად ვეყრდნობი მკერდზე. თითებით შუბლზე დაყრილ კრიალა თმას ვუწევ და ბაგეებზე ვეხები. - არ მინდა ამის მოსმენა. და არავინ მინდა, ვისაც ჩემი არ ესმის. - თვალებს ვხუჭავ და ვკოცნი. ნელ-ნელა ისიც მყვება და ჩემს ტუჩებში სისხლი დუღდება. მის თითებს წელზე, შიშველ კანზე ვგრძნობ როგორ მეხება... გამომწვევად, ამაღელვებლად და ლამისაა პალატაშივე დავკარგო თავი. მაგრამ მალევე ვფხიზლდები, მის ტუჩებს ვეშვები და ნიკაპზე ვკოცნი. წამლები სუნიც კი ვერ ფარავენ მისი კანის თავბრუდამხვევ, სუსხიან სურნელს. - მეგონა კომპლექსები ზღვაში დატოვე. - მეუბნება კალე. - ექიმების მეშინია. - ვპასუხობ და ორივეს გვეცინება. - ჯობია ჩაი დალიო. - ვეუბნები და ვდგები. კალე მობეზრებით ატრიალებს თვალებს და ტუმბოსკენ ფრთხილად იწევა, მაგრამ ვხედავ, როგორ უშლის მარცხენა მხარის ტკივილი და ის ისაა ტუალეტისკენ ვბრუნდები, რომ დაცემის ხმა უკან მატრიალებს. ჩაი ერთიანად იატაკზე აქცევია, კალე კი მხრებს იჩეჩავს და დასახმარებლად სველ ხელს მიწვდენს. *** დღეები გადის და სულაც არ შველის დრო ყველაფერს. ის არ ჩანს. წესით ეს უნდა მამშვიდებდეს. იმედს უნდა მაძლევდეს, რომ შეიძლება შეგვეშვა, მაგრამ პირიქით. გულს მიფორიაქებს იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა სიმშვიდე ქარიშხალით დასრულდეს. წინათგრძნობა პესიმისტურადაა განწყობილი. ამას ჩემი მონდომებაც ემატება, რომელსაც შემდეგ სინანულით ვასრულებ. ნატას საფლავზე მივდივარ, მაგრამ იქიდან საშინლად დამძიმებული ვბრუნდები. მიახლდება ყველა ტკივილი და ვმუნჯდები. ვერ მძინავს, ვერ ვჭამ... საკუთარ თავს გამუდმებით ვივიწყებ. ერთადერთი, რაც მეხმარება, კალეს ჩემთან ყოფნაა. ორი კვირაა გვერდიდან არ მცილდება. იმის ნაცვლად, რომ დაშავებულს ვუვლიდე, ის ზრუნავს ჩემზე. ყელზე დამჩნეული სილურჯეები ფერმკრთალდება, მაგრამ ხრჩობის შეგრძნება არ მივლის. მათ დაფარვას ვახერხებ, მაგრამ მისი თითებისგან დატოვებულ ტკივილს ვერ ვიქრობ. კარის საკეტი გამოვცვალე, მაგრამ დაძინებამდე მაინც ყოყმანით ვათვალიერებ შემოსასვლელს. ავადმყოფურად უკვე აღარაფერში ვარ დარწმუნებული. სარკეში საკუთარ თავსაც კი ეჭვით ვუყურებ. ვერ ვხვდები, რატომ ვარ ასე უმოქმედოდ, რატომ არაფერს ვაკეთებ დაჩის ძმის მოსაძებნად. რატომ არ ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ანანურის შემთხვევა გამოვრიცხო. ან დავრწმუნდე, რომ სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ხანდახან ლელაც მსტუმრობს და მისი აურა დროებით შვებას მგვრის, მაგრამ ის ქაოსი, რაც შიგნიდან მჭამს ყველაფერ დადებითზე ძლიერია. ყველაზე მეტად კი რაც მაშინებს, მათეზე ფიქრია. იმ დილასა და იმ კოცნაზე ფიქრი, რომელმაც ყველაფერი ამომიტრიალა. საკმარისია გონებაში მასთან დაკავშირებულმა წვრილმანმა აზრმა გამიელვოს, რომ სასწრაფოდ ვბლოკავ. ყველაფრით ვკავდები, ოღონდ მასზე არ ვიფიქრო. ვიფიქრებ და ვიცი, შევიცვლები. ვიცი, რაღაც მნიშვნელოვნად შეიცვლება. ეს ცვლილებები კი იმდენ პრობლემას დაბადებს, რომ საბოლოოდ დავნებდები და ჭკუიდან გადავალ. ერთადერთი რაც ამაში მშველის, მათეს უნახაობაა. უკვე თითქმის სამი კვირა გავიდა არ მინახავს. არც გამოსულა კონტაქტზე. არ დაურეკავს. არც მოუწერია. მიკვირს, მაგრამ მისი გაქრობა შვებას მგვრის. ახლა ალბათ სამსახურითაა დაკავებული და ვიცი, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ აწმყოს შერგებას ვცდილობ და გააზრებულ პრობლემებს ვჯერდები. *** 2016 წელი, 5 სექტემბერი ღამე ძალიან ვცდილობ გადაფიქრებას, მაგრამ ქუთაისში მაინც მივდივარ. ვუყურებ შავ ქვაზე გამოსახულ თეონას და მასთან მეგობრობის რვა წელი მტკივნეულად მეცოტავება. მეცოტავება მასთან გატარებული ბედნიერი დღეები და გამხელილი გრძნობები. გული მტკივა, რომ ამ ცივ სურათზე გამოსახული მისი ლამაზი ღიმილი რეალურად აღარ არსებობს და როცა არსებობდა, სათანადოდ ვერ ვაფასებდი. უკან დაბრუნებულს, ასე მგონია, ჩემს მეგობარს ოჯახში ვტოვებ. იქ, სადაც ვერავინ შეეხება. ყველაზე დაცულად და მშვიდად იგრძნობს თავს. და როცა მეორედ ჩავალ, ზუსტად იმ ლამაზი ღიმილით დამხვდება. სასაცილოა, რომ ყველაზე უმტკივნეულო ახლა ჩემთვის ფუჭი ფანტაზიებია. თბილისში უკვე შებინდებისას ვბრუნდები. კალე ისევ ჩემთანაა. ვატყობინებ, რომ ცოტა დამაგვიანდება და გზიდან იმ კაფესკენ ვუხვევ, რომელშიც ჩვენი სამეგობრო ხშირად იკრიბებოდა. არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა. არ ვიცი, რას მომიტანს იქ მისვლა, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც ძველი და ჩვენთვის საერთო მჭირდება. იქ ყოფნა მინდა, სადაც ჩვენს ხმებს მოვისმენ წარსულიდან. უდარდელ და მხიარულ ხმებს. მეღიმება, როცა კაფეს კარს ვაღებ და ნაცნობ გარემოს ვავლებ თვალს. ხის დარბილული სავარძლები, მუქი შოკოლადისფერი კედლები და ნაცნობი მომსახურე პერსონალი წარსულის ნაცნობ დღეებს ჰგვანან. ნოსტალგიისგან კანზე ეკალი მაყრის. კუთხის მოზრდილი მაგიდა, რომელსაც ჩვენ ვირჩევდით თავისუფალია, თუმცა მისკენ წასული ვჩერდები და საპირისპიროდ ორადგილიან მაგიდას ვიკავებ. ალბათ შვიდი თვეა აქ არ ვყოფილვარ. მშვიდი მუსიკა სტუმრების საკმაოდ მცირე რაოდენობისთვის უკრავ. მიმტანს ვეძახი და ის ისაა ყავას ვუკვეთავ, რომ გვერდიდან ვიღაც მიახლოვდება. სუნამოს სურნელით ვხვდები ვინცაა და ჩემი დაღლილი გული მაშინვე მოდის გონს. მათე მაგიდის მეორე მხარეს ჯდება და სკამის საზურგეს ეყრდნობა. იმდენი ხანია არ მინახავს, იმდენი ხანია მასზე ფიქრს საკუთარ თავს ვუკრძალავ, რომ ახლა მისი ასეთი მოულოდნელი გამოჩენა ოდნავ მაკვირვებს კიდეც. როცა ვიაზრებ, რომ კი, ის არსებობს და რომ იმ კოცნის შემდეგ ადრე თუ გვიან მაინც ვნახავდი, თითქოს რეალობას ვუბრუნდები და შიში მიტანს. არ ვიცი, რის - მაგრამ შიში. ვცდილობ ჰაერი ხარბად შევისუნთქო, რომ ბიჭისგან წამოსულმა უცნაურად უცხო აურამ არ გამგუდოს. ყველაფრის მიუხედავად, მინდა შევხედო, დავაკვირდე და ცვლილება ამოვიცნო, მაგრამ ვერ ვბედავ. ვერ ვბედავ იმ ტუჩების დანახვას. ხელებს კი. ხელებს ვუყურებ. ძლიერ და სანდო ხელებს, რომლებიც მაგიდაზე დაუწყვია და აშკარად რაღაცას ელიან. ცოტა ხანში კი სიგარეტს უკიდებენ და მიუხედავად იმისა, რომ ვერც კი ვამჩნევ, მგონია მის კვამლში ვეხვევი. - მე ხომ უცხო არ ვარ, მირა. - მესმის მისი ხმა და ახლაღა ვგრძნობ, როგორ მომნატრებია. კანზე ეკალი მაყრის. - მაგრამ არც ის ხარ, ვინც იყავი. - როგორღაც ვბედავ მისთვის შეხედვას და სუნთქვა მეკვრება. მისი თმა... თმა შეჭრილი აქვს. ისე დაუმოკლებია, რომ თითზე დახვევას ვეღარ შევძლებ. ვუყურებ და პირი ღიად მრჩება. რატომ... მან ხომ იცის, როგორ მიყვარს მისი თმა... იცოდა, მაგრამ მაინც შეიჭრა. წარსულში, როცა ეს ერთხელ, ბებიის ხათრით გააკეთა, მიყურებდა და თავს დამნაშავედაც კი გრძნობდა. ახლა... - ის აღარ ხარ. - ვიმეორებ გაუცნობიერებლად და ისიც ხვდება, რას ვგულისხმობ. მათე თავს მიქნევს და ცოტა ხნით ჩაფიქრებული ეწევა სიგარეტს. თვალს ვერ ვწყვეტ მის დამოკლებულ თმას და გული მტკივა. გაოგნებისგან დროებით ისიც კი მავიწყდება, რომ ჩვენს შორის მის თმის სიგრძეზე გაცილებით დიდი, მოუგვარებელი პრობლემაა. დარწმუნებული ვარ, ჩემს სახეზე მათე ყველაფერს ამჩნევს, მაგრამ გამომეტყველება არ ეცვლება. მოღუშული მიჰყრდნობია სკამს და ცალ ხელში სიგარეტის ღერს ატრიალებს. - გგონია, აქედან რამეს წაიღებ, მირა? - მეკითხება ბოლოს ის. მის ტკბილ ხმას დაღლა და სტრესი ამჩნევია, მაგრამ გარეგნულად მსგავსი არაფერი ეტყობა. ის ისაა პასუხის გაცემას ვაპირებ, რომ ისევ თვითონ აგრძელებს. - რამდენიმე დღეა აქ მოვდივარ. ვუყურებ იმ მაგიდას და სიკვდილის მეტს ვერაფერ ვხედავ. ვცდილობ მივხვდე, რა გადარჩა, მაგრამ არაფერი. აი, ასე, არაფერი დაგვრჩა და ვერც ვერაფერს ნახავ. - რა გჭირს... - მისი ხმის ტემბრი უსიამოვნოდ ჩამესმის. - ის, რაც შენ, თენგოს... მეგობრები დამეხოცა. - ხელებს შლის და ისევ სკამის საზურგეს ეყრდნობა. ისეთ ღრმა ნაფაზს არტყამს, მის მაგივრად მე ვბრუვდები. ცოტა ხნით ჩუმად ვართ. მიმტანს ყავა მოაქვს, მაგრამ ერთი ყლუპიც კი არ მინდება. ორთქლადენილ სითხეს ვუყურებ და კისერში ოფლის წვეთებს ვგრძნობ. იმ მაგიდისკენ ვაპარებ თვალებს, და ერთი წამით ნატას, თეონას, ოთოს და ბექას სიცილის ხმები ჩამესმის, მაგრამ ამას ისე სწრაფად ცვლიან მათი უსიცოცხლო სხეულების სურათები, რომ ვერ ვასწრებ ლამაზი სახეების ჩემს გონებაში დიდხანს დატოვებას. მათეს სიტყვები ჩემს იმედებს ერთ წამში აცამტვერებენ. უსიამოვნოდ მცრის და ვიშმუშნები. თავს საკუთარ თავთან დამარცხებულად ვგრძნობ. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. - ვეღარ გცნობ. - ძლივს ვუშვებ ორ სიტყვას ნერვებისგან დაჭიმული ყელიდან. - ასეც უნდა იყოს. - სკამზე სწორდება მათე და თვალებს სიგარეტისკენ ხრის. - თმა ჩემ გამო შეიჭერი? - ასეა. - რატომ. - იმიტომ, რომ მაშინ გიყვარდა, როცა მეგობრები ვიყავით. იმიტომ, რომ ჩემში მხოლოდ ისღა იყო შესაცვლელი. - და ამ დროს ჩემზე არც გიფიქრია. მათე ჩაცინებით მპასუხობს. თავს აქნევს და სიგარეტს უკიდებს. - რომელ დროს? - მიყურებს შუბლშეკრული და ტუჩებს შორის კვამლს უშვებს. - რვა წელს გულისხმობ, თუ კოცნის შემდეგ გასულ ორ კვირას? - ჩემგან რას ითხოვ, მათე? - ჩემთვის არაფერს. საკუთარ თავს ნუ ემალები, მირა. - მე ვიცი, რაც მინდა. - არ იცი. სხვის ზურგს ეფარები და ჩემგან შორს იჭერ თავს. - ეს სხვის ზურგს უკან დამალვა არაა. კალეს მიმართ გრძნობები მაქვს. - მის სიტყვებს წყობიდან გამოვყავარ. - ისევე, როგორც ჩემს მიმართ, მაგრამ განსხვავებული. - მის ბაგეებზე წამიერად ღიმილი კრთება. თვალებგაფართოებული ვუყურებ. ისეთი დარწმუნებულია საკუთარ ნათქვამში, რომ ლამისაა დავუჯერო. - თუმცა, შენ ამის აღიარება კი არა, გაცნობიერებაც არ გინდა და სწორედ ამის გამო ვბრაზობ შენზე. - ცდები, მათე. ეს სისულელეა. არც კი იცი... - ის კოცნა შენთვის არაფერს რომ არ ნიშნავდეს, ამდენი ხნით არ დამემალებოდი. - ღმერთო, მათე! ხო, მე ჩემს საუკეთესო მეგობარს ვაკოცე და უკაცრავად თუ თავი ვერ მოვიკატუნე, თითქოს არაფერი მომხდარა. ჩვენ ხომ ამდენი წელი ვმეგობრობდით, როგორ გინდა ეს ცვლილება ასე მალე მივიღო? - მხოლოდ დროშია პრობლემა? - მეკითხება ღიმილით და სიგარეტის ნარჩენს საფერფლეში აგდებს. ახლაღა ვაცნობიერებ საკუთარი ნათქვამის მეორე მნიშვნელობას. ვოხრავ და სკამს ვეყრდნობი. - გულწრფელად მითხარი, მირა. - მათე მაგიდას ეყრდნობა და ჩემკენ იხრება. მის ჩამუქებულ, ბალახისფერ თვალებში ბავშვური, მომთხოვნი, ინტერესიანი სხივები კრთებიან. - თუ იცოდი, რომ ინანებდი და ასე დაიტანჯებოდი, რატომ არ გამაჩერე? გული ამოვარდნას მაქვს. მათე მიყურებს და ასე მგონია, პასუხს თვალებიდან მაცლის. ვიცი, რომ იცის. იცის, რატომაც არ გავაჩერე. მე კი იმიტომ მეკითხება, რომ საკუთარ თავს ხმამაღლა ვუთხრა. შევახსენო და ვაფიქრო. დავაჯერო, რომ მათე მხოლოდ ჩემი მეგობარი არაა. ასე რომ არ იყოს, კოცნისას ვერაფერს ვიგრძნობდი, ამაზე საკუთარ თავს ფიქრს არ ავუკრძალავდი. ახლა კი ის იმას აკეთებს, რასაც მე აქამდე არ ვაკეთებდი. მახსენებს, მაღელვებს და მაფორიაქებს. ვგრძნობ, როგორ მოიწევს გულის სიღრმეში მიმალული სიახლე ზემოთ და ჩემს გონებას საკუთარი არსებობის შესახებ უმხელს. ეს ის საიდუმლოა, რომელიც ორისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მხოლოდ ერთმა იცის. ამ წამს ისე მძაფრად ვგრძნობ დაღლას, რომ ყველაფრის თქმა მინდება, რაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა გამოიწვიოს. - ვცადე. - ვამბობ და სხეულზე მოგვრილ ჟრუანტელს ვნებდები. მათე ჩემს ნათქვამს მშვიდად ხვდება, დასტურად თავს მიქნევს და სიგარეტის კოლოფიდან მეორე ღერს იღებს. - ვიცი, რომ შენთვის რთულია და ყველაზე ნაკლებად შენი გაწვალება მინდა, მაგრამ არც ჩემთვისაა იოლი, მირა. - სიგარეტს უკიდებს. თავს გვერდით სწევს და შემოსასვლელ კარს უყურებს. - ხელს რომ არ გვიშლიდნენ, ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა. - უცბად შემიყვარდებოდი, არა? - შენ ისედაც გიყვარვარ, მირა. - მორჩი! - უნებურად ვუწევ ხმას. მათე მაკვირდება. მისი პირიდან გადმოღვრილი სიგარეტის კვამლი ჯერ მაგიდაზე ეცემა, შემდეგ კი ჩემკენ მოიწევს და გზაშივე ქრება. - გგონია, რაც უფრო ხშირად გამიმეორებ ამას, მით უფრო მოახდენს გავლენას? თან ახლა, როცა მეგობრები ხელიდან მეცლებიან? მათე, ჩვენ ვკვდებით და ისიც კი არ ვიცით, საიდან მოდის ეს საშინელება. ვიფიქრო იმაზე, მიყვარხარ თუ არა და მეორე დღეს შენი სიკვდილის შესახებ გავიგო? ამას ვერ გადავიტან, მათე. გამოვლილის შემდეგ ამას ვეღარ გადავიტან. შენ კიდევ რაზე მელაპარაკები! ბიჭი ერთხანს ჩუმად ეწევა სიგარეტს და მაგიდაზე რაღაცას უყურებს. შემდეგ ვხვდები, რომ ეს ჩემი აცახცახებული ხელებია და მაშინვე ვმალავ. ალბათ ხვდება, რომ მართალი ვარ. სახეზე ხელებს ისვამს და ოხრავს. ვუყურებ და ისეთი სხვანაირია, რომ ვერ ვეგუები. შინაგან გადასხვაფერებას გარეგანი ცვლილებაც ერთვის და ასე მგონია, ჩემ წინ ახალი მათეა, რომლის შესწავლაც ძალიან რთული იქნება. - კარგი მირა, მართალი ხარ. - ამბობს და ისევ გვერდით იხედება. - ხომ იცი, ლოდინი ჩემი ჰობია. ახლა ამის დრო არაა. არაფერს ვპასუხობ. ჩემ წინ მდგარ ყავის ფინჯანს ვუყურებ. დალევა მინდა, მაგრამ ასე მგონია ერთი ყლუპიც კი დამახრჩობს. - გავიგე მისი გადმოვარდნის ამბავი. - ამბობს ცივად. გულს მტკენს მისი ტონი. - თენგომ მითხრა. ისიც მითხრა, თითქოს ხელი ჰკრეს... - თითქოს არა - ხელი ჰკრეს. - ვუსწორებ. - კარგი. - თვალებში მაცქერდება. - გგონია, ის იყო? - მგონია, მაგრამ აზრი ორად მეყოფა. კალე ხომ არაფერ შუაშია იმ ამბავთან... - მე კი მგონია, რომ მკვლელმა რაღაც ისეთი იცის, რაც ჩვენ არ ვიცით... ან რაღაცის არასწორად სჯერა. - რის? მათე მხრებს იჩეჩავს და მეორე ღერის ნარჩენსაც საფერფლეში აგდებს. - თუნდაც დაჩის ძმა იყოს? - არ აქვს მნიშვნელობა. მირა, დაჩის ძმა თუ არა, აბა სხვა ვინ რას გვერჩის? როგორ დავიჯერო, რომ ვიღაც ფსიქოპატმა მოიცალა ჩვენთვის? - არ ვიცი. თავში ყველაფერი მერევა. ხანდახან მინდა, რომ მოვიდეს და დაამთავროს. დარწმუნებული არ ვარ, რომ გამოვლილით ცხოვრებას შევძლებ. - ეს აღარ გაიმეორო. - კბილებში სცრის. - არ ვამბობ, რომ მარტივი იქნება, მაგრამ ადამიანებს არარეალურად ბევრის ატანა შეგვიძლია. გპირდები, მე მას ვიპოვი, მირა. - რანაირად? - ვიპოვი. არ არსებობს იდეალურად გადამალული რაღაც, ყველგანაა მინიშნება, მთავარია ეგ იპოვო და შემდეგ ნელ-ნელა იხსნება გზები. აუცილებლად მივაგნებ. - ამბობს მათე და ზუსტად ისეთი ხმა აქვს, როგორც ადრე - სანდო, იმედიანი და ძლიერი. მისი მჯერა. - იმედია, მენდობი... - რა თქმა უნდა, - მას რომ ეჭვი ეპარება, ამის გამო თავს უხერხულად ვგრძნობ და ლოყებზე სიმხურვალე მივლის. - მიხარია. - ოდნავ ღიმილი უკრთება და ეს ღიმილი მახარებს. საუბარს აღარ ვაგრძელებთ. მათე სახლში ერთად წასვლას მთავაზობს და ყოყმანის შემდეგ ვთანხმდები. მგონია, რომ მთელი გზა ჩუმად ვიქნებით, თუმცა ის დაძაბულობის განეიტრალებას ცდილობს და იმდენ რამეს ვიხსენებთ წარსულიდან, აწმყო ორივეს გვავიწყდება. სტუდენტობა, ექსკურსიები, წვეულებები, ჩვენი მეგობრობა, ჩვენი მეგობრები... ყველაფერი მანქანის სალონში თბილ მუხტად ტრიალებს და ამის დაკარგვა არ მინდა. მიხარია, რომ დაძაბული საუბრის შემდეგ ერთმანეთს თვალებდახრილები არ ვემშვიდობებით. კართან მისულს, მათე ლოყაზე მკოცნის და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემთვის კიდევ რაღაცის თქმა უნდა, თუმცა ბრუნდება და ნელა იწყებს კიბეზე ასვლას. - იცი დღეს რა დღეა? - უცბად მახსენდება კიდევ ერთი ხალისიანი მომენტი წარსულიდან, თუმცა რას შეცვლის ეს არ ვიცი. - რა დღეა? - დაბნეული ჩერდება მათე და მოაჯირს ეჭიდება. - ხუთი სექტემბერი. ჩვენს ნაძლევს დრო გაუვიდა. წესით აღარ უნდა ეწეოდე. მათეს ცალყბად ეცინება და დაღლილობისგან კისერზე ისვამს ხელს. შემდეგ ბრუნდება და კიბეზე ასვლისას შედარებით ხმამაღლა ამბობს: - შენც მშვენივრად იცი, რომ თამაში არასამართლიანი იყო. *** 2016 წელი, 10 სექტემბერი გასული დღეები დაძაბულობითაა სავსე. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე ჯერ-ჯერობით არ ჩანს, ერთ ადგილას გაყინული გამოძიება კარგზე არაფერზე მეტყველებს. ასეთი ვინაა, ასე როგორ გეგმავს?! ასე უკვალოდ და ჭკვიანურად როგორ მოქმედებს? ასე როგორ მოხდა, რომ ერთხელ მაინც შეცდომა არასად დაუშვა? ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ რას აკეთებს მაშინ, როცა ჩვენი მოკვლით არაა დაკავებული? ალბათ ზის და მშვიდად საუზმობს, ფილმს უყურებს, მუშაობს კიდეც. ისიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანი უნდა იყოს, მხოლოდ არაადამიანური გეგმებით. კალე ისევ ჩემთანაა. ლავიწიდან ტკივილი ნელ-ნელა უქრება. წოლითი რეჟიმი აქვს, მაგრამ ვერ ისვენებს. მასაჟების და ვარჯიშის დახმარებით უკეთ ხდება, მაგრამ მკვეთრ მოძრაობებს მაინც ერიდება. მშვიდად ვარ ჩემს გვერდით რომაა. როცა სახლში ვართ, საშუალებას არ მაძლევს ფიქრებს ავყვე. მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ, მაგრამ ძილის წინ კარისკენ გახედვას მაინც ვერ ვეშვები. ალბათ ეს ინსტინქტი ცხოვრების ბოლომდე გამყვება. თუ, რა თქმა უნდა, ცოცხალი გადავრჩი. ხანდახან ისე მღლის სახლში ჯდომა და გამუდმებით სიკვდილზე ფიქრი, რომ სამსახურში გასვლაზეც კი ვფიქრობ, მაგრამ წარმოვიდგენ თუ არა საკუთარ თავს საქმეში მყოფს, მაშინვე უარვყოფ სურვილს. ცუდად გაკეთებულ საქმეს, სულ არ გავაკეთო, ჯობია. ამიტომ, რაც შეიძლება ხშირი კონტაქტი მაქვს კალესთან. მათესთანაც... ალბათ ძველი ურთიერთობა ვეღარასდროს აღდგება, მაგრამ ის, რომ არსებული სიმშვიდის შენარჩუნებას ორივე ვცდილობთ, მახარებს. რამდენიმე დღეა არ მინახავს, თუმცა მესიჯებით ვკონტაქტობთ და ვიცი, როგორცაა. ალბათ უნდა ვფიქრობდე მასზე, უნდა ვცდილობდე საკუთარ თავში გარკვევას, მაგრამ კალეს გვერდით მათეზე ფიქრი საშინელებაა. გაურკვევლობა კი იწელება და რაღაც საზიზღარი ბლანტი მასასავით თავზე მევლება. ველოდები დასრულებას. ველოდები ამოსუნთქვას, რომ მათეზე ფიქრი გავბედო. და არც კი ვიცი, ოდესმე ასეთი დრო თუ დადგება. ამასობაში, ყოველდღიური შინაგანი ბრძოლით ვისჯი თავს და იმედსაც კი არ ვაძლევ ჩემს ფიქრებს. დივანზე მიწოლილი ფილმს ვუყურებ, მაგრამ გონება იმდენად არეული მაქვს, რომ ეპიზოდები მრჩება. ხანდახან მთვლემს კიდეც და წამიერი სიზმრები აყვირებულ ხალხს ვხედავ. მახსენდება ჩემი და მათეს საღამოები. ცხელი ჩაი, ბატიბუტი და მისი თავი ჩემს კალთაში. მისი მოგრძო, აბრეშუმივით რბილი და კრიალა თმა. არასდროს მაძლევდა მოდუნების საშუალებას. იმ ფილმსაც კი ბოლომდე მაყურებინებდა, რომელიც არ მაინტერესებდა. ნეტავ წარსულის უკან დაბრუნება რომ შემეძლო, რას შევცვლიდი? ან თუ შევცვლიდი საერთოდ რამეს? ისევ დამაფრთხობდა მისი გრძნობა? ისევ უარს ვეტყოდი? მობილურის ზარი ფიქრს მაწყვეტინებს. ლელაა. სანამ ვუპასუხებდე, საძინებლის ღია კარს ვავლებ თვალს. ტელეფონის ხმა კალეს აღვიძებს და ვხედავ, როგორ ფრთხილად ჯდება საწოლზე. - ლელა. - ვპასუხობ. - ბექა ცუდადაა, მირა. ღმერთო, ძალიან ცუდადაა. - მესმის გოგოს ტირილის ხმა და ერთიანად ვფხიზლდები. დივანზე სწრაფად ვჯდები და პირზე ვიფარებ თითებს. - რას ამბობ, რა მოხდა, ლელა? რა დაემართა? - მოკვდება, ღმერთო! ამას ვეღარ გადავიტან, მირა. არ მინდა, რომ მოკვდეს. არ მინდა! რა გავაკეთო, მითხარი, გთხოვ. - ლამის გული მიჩერდება, ისეთი სასოწარკვეთილი ხმა აქვს. - ახლავე მოვალ. ახლავე მანდ ვიქნები. - ვამბობ, მობილურს ვთიშავ და სწრაფად მივდივარ საძინებლისკენ. 12 თავი 2016 წელი, 10 სექტემბერი *** მცირე კამათის შემდეგ, კალე მაინც მომყვება. ლელა შორიდანვე გვხედავს, ჩემკენ მოიწევს და ატირებული მეხვევა. მის შემხედვარე, ვერც მე ვიკავებ ცრემლებს. მოშორებით ბექას მშობლები სხედან. დედამისი წამდაუწუმ სალფეტკით იმშრალებს ცრემლებს. მეუღლისთვის მაგრად ჩაუბღუჯავს ხელი მკლავში და მძიმედ სუნთქავს. სამივე ზუსტად ისე განიცდის, როგორც პირველ, ავარიის დღეს. მშობლებთან მივდივარ და შვილის გამო თნავუგრძნობ. დაღლილები და განადგურებულები არიან. - გაჟონვა დაემართა. - ცრემლებს იწმენდს ლელა და ხმის გაკონტროლებას ცდილობს. კედელს მიყრდნობილი კალე ჩაფიქრებული და შუბლშეკრული უსმენს. - ექიმმა თქვა, რომ მოსალოდნელი იყო. უკვე ხუთი თვეა აპარატზეა და ტვინმა ვეღარ გაუძლო. ტვინმა ვეღარ გაუძლო ხელოვნურ ჰაერს. არ მგონია, ეს ოპერაცია გადაიტანოს, მირა. - გთხოვ, ლელა, დამშვიდდი. წინასწარ ასე ნუ განიცდი. - თმაზე ვეფერები. არ ვიცი, რით დავაწყნარო. - მეგონა შევეგუე. მეგონა მოვინელე, მაგრამ ვერა. ღმერთო, ისე მენატრება, ისე საშინლად მენატრება... ბექა რომ მოკვდეს, მეც მოვკვდები მირა, გეფიცები. - ჩუმად, ჩუმად, გთხოვ, ასე ნუ ამბობ. - გულში ვიკრავ გოგოს და კალეს ვავლებ თვალს. ჩუმადაა და თვალს გვარიდებს. თითქოს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ თავს იკავებს. ლელას ტკივილი ისე მამძიმებს, რომ ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ. მოსაცდელში სკამებზე ვსხედვართ. ლელა მხარზე მადებს თავს და სანამ ოპერაცია არ მთავრდება ჩუმადაა. ხანდახან თრთის. ტირილს ვერ ერევა. ვცდილობ, ხელი არ გავუშვა. არ მინდა, რომ თავი მარტო იგრძნოს. კალე ჩემ მარცხნივ ზის და ჩემი თითები უჭირავს. დროდადრო ფანჯარასთან მიდის და სიგარეტს ეწევა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ ვსაუბრობთ, მისი თვალები უყურადღებოდ მაინც არ მტოვებენ. რამდენიმე წუთში საავადმყოფოში თენგო და მათეც მოდიან და ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. არ ვიცი ამას თავი როგორ დავაღწიო. ვხედავ, როგორი არასანდო თვალებით ათვალიერებენ კალეს ბიჭები მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამის დრო არ არის. საბედნიეროდ, მხოლოდ უხმო უნდობლობით შემოიფარგლებიან და ბექას მდგომარეობას ითვალისწინებენ. კალე მშვიდად იღებს შექმნილ ვითარებას და ეს ერთადერთია, რაც წყნარად ყოფნის გარანტიას მაძლევს. ლელას თავს ვაღებინებ ჩემი მხრიდან და კაფეტერიაში ყავის მოსატანად მივდივარ. ის ისაა კიბეზე ჩასვლას ვამთავრებ, რომ ზურგიდან მათეს ხმა მესმის. ბიჭი სწრაფად მეწევა და მაჩერებს. - როგორ ხარ? - მეკითხება ის. მის სახეს ვათვალიერებ და ძალიან დიდ დანაკლისს ვგრძნობ, როცა შუბლზე ჩამოყრილ გიშერივით შავ თმას ვერ ვხედავ. - არა მიშავს. - მხრებს ვიჩეჩავ. - შენ? მათე თავს მიქნევს და ჩაფიქრებული ტუჩებზე ისვამს თითებს. ასე მგონია, სადღაც ეჩქარება. - იცი დღეს სად ვიყავი? - მეკითხება. - დაჩის სახლში. - რაა? - გაოგნებულს თვალები მიფართოვდება. - მერე? - სახლი დაკეტილია. მერე მეზობელთან ვიყავი და გავიგე, რომ დაჩის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში ოჯახი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. მას მერე არც ერთი ჩამოსულა. - ხო. ტატე გერმანიაში სწავლობდა. ალბათ გააგრძელა. - მოუთმენლად ველოდები, რას მეტყვის შემდეგ მათე. - მიუნხენში ცხოვრობენ. მაგრამ დაჩის ძმა რომელ კოლეჯში სწავლობდა, არავინ იცის. სახლში მივალ თუ არა, იქაურ სასწავლებლებს დავათვალიერებ და იქნებ ძველი სტუდენტების ჩარიცხულთა სიებში ვნახო, არ ვიცი. თუ ვიპოვი, იქნებ რაიმე ინფორმაცია მაინც იდოს მის შესახებ. სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ან რამე, რაც გამოგვადგება მათ მოსაძებნად. - კარგი აზრია. - თავს ვუქნევ ოდნავ გამოფხიზლებული და ვფიქრობ, აქამდე რატომ არ მოგვივიდა აზრად, ეს გაგვეკეთებინა. - იმედი მაქვს რამეს ვნახავ... ის, რომ აქ ჩამოსული ტატე მეზობლებს არ უნახავთ, ბევრს არაფერს ნიშნავს. მას თუ მკვლელობები ჰქონდა ჩაფიქრებული, რა თქმა უნდა, თვალით არავის დაენახვებოდა. დაიმალებოდა, როგორც შეძლებდა. - მიხარია, რომ ამას თავი მოაბი... - მთავარია შედეგი ვნახოთ, მირა. მსხვერპლი საკმარისია. საკმარისი კი არა, ამისი დედაც... საშინელებაა... რამე უნდა ვიპოვო, უნდა... თორემ, ასე აღარ შემიძლია. საკუთარი უმოქმედობა და პოლიციის ლოდინი მაგიჟებს. - მის ჩაწითლებულ თვალებს ვუყურებ და გული მეწურება. ისე მინდა შევეხო, მოვეხვიო და დავამშვიდო, ისე, როგორც ადრე, მაგრამ... მასთან მიკარებისაც კი მეშინია. - მჯერა, ხომ იცი, რომ შენი მჯერა. - იმაზე ჩუმად გამომდის ნათქვამი, ვიდრე მგონია. - ეს სტიმულია. და ძალა... ეს იცოდე. - მიყურებს მათე და მის მწვანე თვალებში გულწრფელობა ელავს. მტკივნეულად მახარებს, რომ მისთვის ისევ ბევრს ვნიშნავ... ყველაფრის შემდეგ... - კარგი. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, რა გავაკეთე და რას ვაპირებ. ზემოთ ვერ შევარჩიე მომენტი ამის სათქმელად. თანაც, მინდოდა მარტოს დაგლაპარაკებოდი. - მესმის, მადლობა მათე. - ვუღიმი, მასაც მკრთალად ეღიმება, წამიერად მკლავზე მეხება და კიბეზე ადის. სხეულში გაჩენილ სითბოს ჟრუანტელი მოსდევს და სანამ ხარბად არ ვისუნთქავ ჰაერს, არ მივლის. ვბრუნდები და კაფეტერიაში შევდივარ. საოპერაციოდან ექიმის გამოსვლის შემდეგ, მალევე ვიშლებით. ოპერაცია წარმატებით მთავრდება და ბექა ისევ ხელოვნური სუნთქვის აპარატს უბრუნდება, თუმცა გარანტიას ვერავინ გვაძლევს, რომ ახლო მომავალში იგივე არ განმეორდება. სიტუაცია ოდნავ წყნარდება. ლელას მასთან დარჩენას ვთავაზობ, მაგრამ არ მანებებს და საავადმყოფოდან ყველას გვიშვებს. სახლში ოდნავ დამშვიდებული ვბრუნდები, თუმცა, დაწოლილი ვყვები თუ არა ფიქრებს, მაინც მეშინია. *** 2016 წელი, 15 სექტემბერი ღამე თითები სველ მიწაზე მიწყვია და ვხედავ, როგორ ნელ-ნელა უმატებენ თრთოლას ისინი. ნერვებისგან მიწას ვბღუჯავ და ვგრძნობ, როგორ მევსება მისით ფრჩხილები. საკუთარი გულისცემის ხმა შორიდან ჩამესმის. სასაფლაოზე ვარ, მოღრუბლული, წვიმიანი ცის ქვეშ. ასე მგონია ზურგს უკან ვიღაც დგას, ხელებით მხრებზე მაწვება და მუხლებზე მდგომს ადგომის საშუალებას არ მაძლევს. მინდა ქვას შევხედო და დავინახო ვისი საფლავია, მაგრამ რამდენჯერაც ამას ვცდილობ, იმდენჯერ იცრიცება გამოსახულება. ვაცნობიერებ, რომ სიზმარში ვარ და საკუთარი თავის დასამშვიდებლად ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ არ მასვენებს იმის შეგრძნება, რომ სადაცაა ვიღაც რაღაცას დამიშავებს. სიცივე იმდენად რეალურია, რომ ძვლებამდეც კი ატანს. წვიმისგან დროდადრო მებინდება მხედველობა. შავი მიწიდან ვერაფრით ვაძრობ თითებს. თითქოს იქ ჩამარხულიყვნენ და სიცოცხლე დაეკარგოთ. უცბად ზურგიდან ვიღაც ხელს მკრავს და მიწაზე ვენარცხები. ტუჩები მიტალახიანდება და გემოსაც კი საკმაოდ მძაფრად შევიგრძნობ. ყელში გაჩენილი შიში იშლება და სხეულს ერთიანად ცახცახი იტანს. საფლავის ზედაპირს ვეყრდნობი და წამოდგომას ვცდილობ, რომ ქვას ვუსწორებ თვალს, რომელზეც საკმაოდ მკვეთრად ჩნდება სურათი. იქ მე ვარ. მოღიმარი მე. კარის დახურვის ხმა მაღვიძებს. ბალიშსჩახუტებულს ჩამძინებია და ოფლისგან ვიწურები. გული ისე მაქვს აჩქარებული, თითქოს მერბინოს. სახეზე ვისვამ თითებს და სააბაზანოში პირის დასაბანად შევდივარ. საკმარისია თვალები დავხუჭო, რომ საფლავის ქვაზე გამოსახული საკუთარი სახე მიდგება თვალწინ. იქიდან გამოსულს კალე მხვდება საწოლზე მჯდომი. გვერდით მუყაოს შეკვრა უდევს და მომლოდინედ, მაცდურად იღიმის. სიზმარზე ფიქრი მაშინვე მიწყდება და მისი გამომეტყველება ღიმილში მიყოლიებს. - აქ რა გაქვს? - საწოლს ვუახლოვდები და შეფუთვას ზემოდან დავყურებ. - ხვალინდელი საღამოსთვისაა. მოგეწონება. - თვალით მანიშნებს, რომ გავხსნა. ხელისგულებით საწოლსდაყრდნობილი ოდნავ უკან იხრება და მელოდება. შეფუთვას ვუახლოვდები, ხელს ისე ვყოფ, რომ შიგნით არ ვიხედები და უზომოდ რბილი მატერია ამომაქვს. ეს კაბაა. ზურგზე მოღებული, შავი ბრჭყვიალა კანტებით და ბრეტელით გაწყობილი შავი კაბა. ვუყურებ ამ სილამაზეს და ერთი წამით მავიწყდება, რა ხდება ჩემს თავს. მახსენდება ნატასთან და თეონასთან ერთად გატარებული უდარდელი, გლამურული და ხმაურიანი საღამოები, რომლებიც სპონტანურად გრძელდებოდა. რამდენჯერ მიგვიტოვებია ოფიციალური წვეულებები და ძვირადღირებული ტანსაცმლით აუზში ჩავმხტარვართ ალკოჰოლისგან გასულელებულები. ორი დღის წინ ელენემ დამირეკა. ხვალ კერძო კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი იმართება, სადაც ელენეს კომპანიაცაა წარდგენილი. ქალს ჩემი დაპატიჟება არც უფიქრია ჩემივე მდგომარეობის გამო, მაგრამ მენეჯერმა, რომელთან ერთადაც გეგმავდა წასვლას, ოჯახური პრობლემების გამო უარი უთხრა, ამიტომ ფიქრის შემდეგ ჩემზე გამოცდილი თანამშრომელი ვერავინ იპოვა და დამიკავშირდა. თქვა, რომ კალესაც შეეძლო წამოსვლა, თუ მარტო არ მენდომებოდა წვეულებაზე დასწრება, მაგრამ მე მაინც უარი ვუთხარი. თუმცა, მასთან საუბრის შემდეგ კალემ გადამაფიქრებინა. მითხრა, კარგი იქნება თუ განიტვირთები, არა უშავს, თუ ამის დრო არააო. ამის დრო მართლაც არაა და წარმოდგენა არ მაქვს, მიუხედავად ამისა, მაინც რატომ დავთანხმდი. კაბას საწოლზე ვაფენ და კალეს მუხლებზე ვჯდები. ფრთხილად ვაყრდნობ მხრებზე ხელებს და ტუჩებზე ვკოცნი. ‘ - გმადლობ. - ვეუბნები და მის ანთებულ, ქარვისფერ თვალებს ვაცქერდები. - კმაყოფილი კიდევ უფრო სასურველი ხარ. - ამბობს შეფარვით, თუმცა კაბის ქვეშ შესრიალებული მისი თითები საკმაოდ გულახდილები არიან. - კაბა ლამაზია... მაგრამ იქ წამოსვლა არ მინდა. გული მიგრძნობს, რომ ვინანებ. - შენ ხომ მხოლოდ ელენეს გამო მიდიხარ. ეს მხოლოდ მოვალეობაა, მეტი არაფერი. - ვიცი, მაგრამ... - ნიკაპს მხარზე ვაყრდნობ და ვეხვევი. ტუჩებით კისერზე მეხება და თმაზე მეფერება. - რაღაც არ მასვენებს, კალე. ცუდი წინათგრძნობა მაქვს. - ეს შიშია. დამფრთხალი ხარ და ეს ნორმალურია. მე იქ ვიქნები და თუ თავს ცუდად იგრძნობ, მაშინვე წამოვალთ. არ იღელვო, კარგი? - კარგი. - ვამბობ ჩუმად და მის სუსხიან სურნელს ხარბად ვისუნთქავ. ძლიერ მკლავებში გარინდული, ვფიქრობ, მოვუყვე, რას აკეთებს მათე, მაგრამ მისი საავადმყოფოში ნათქვამი მახსენდება და თავს ვიკავებ. რადგან მათე დამედევნა და ყველაფერი განმარტოებულს მითხრა, ესე იგი, არ უნდოდა ყველასთან მოყოლა. იქნებ არც თენგომ იცის და არც ლელამ... სჯობს ისე დარჩეს ყველაფერი, როგორცაა - ჩემსა და მათეს შორის. *** 2016 წელი, 16 სექტემბერი ღამე მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებ ჩემს შეცდომას, კიბეზე მოცინარ, ხმაურიან ადამიანებს რომ ვხედავ. კალესთან ერთად ხელმკლავით ვდგავარ კიბის დასაწყისში და ვცდილობ, ყურადღება მხოლოდ მას დავუთმო და არ ავყვე შემაწუხებელ ხმაურს. კალე გარემოს ავლებს თვალს. ისე გამოიყურება, თითქოს ვიღაცას ეძებდეს. როცა ჩემს თვალებს აწყდება, მიღიმის, მის მკლავზე დაყრდნობილ თითებზე ხელისგულს მადებს და კიბეზე ავდივართ. ვცდილობ, გზად შემხვედრი ნაცნობების ღიმილი უპასუხოდ არ დავტოვო. რაც უფრო ვუახლოვდებით ხალხის მასას და შენობიდან გამოსულ მუსიკის ხმას, მით უფრო მიჩქარებს გულს დანაშაულის შეგრძნება. კალეს მაგრად ვუჭერ მკლავზე ხელს და ნერვებისგან ამტყდარი ცახცახის შეკავებას ვცდილობ. უკვე სექტემბრის შუა რიცხვებია, მაგრამ გარეთ ჯერ ისევ ცხელა. ან ეს შეიძლება ჩემი შინაგანი კოცონია, რომელშიც წარსულის ყველაზე ძვირფასი მოგონებები იწვიან. კალე შუბლზე მკოცნის და უკან მოტოვებულ, წითელ ხალიჩაზე გაშლილ ადამიანებს ისევ ავლებს თვალს. - დამშვიდდი. - მეჩურჩულება. - მალე წავიდეთ, გთხოვ. - ვამბობ და თვალებით ელენეს ვეძებ, რომელიც კომპანიის მანქანიდან გადმოსვლისთანავე თენგოსთან ერთად უჩინარდება. ალბათ კალეც სწორედ მათ ეძებს. ვერ ვხვდები, რაში დავჭირდი, თუ ჩვენი გზების გაყრას საღამოს დასაწყისიდანვე გეგმავდა. მასზე გულმოსულს, კიდევ უფრო კარგ იდეად მეჩვენება აქედან წასვლა. მაგრამ მაინც ღიმილით მივაბიჯებ მინის კარისკენ, საიდანაც წითელი პროჟექტორების მოციმციმე ნათებები იღვრება. - როგორც კი საჭირო აღარ ვიქნებით, წავალთ. - ამბობს კალე, წელზე ხელს მხვევს და გაღებულ კარში გზას მითმობს. მოზრდილ დარბაზში შევდივართ. კალე ჩამოვლილ მიმტანს აჩერებს და ორ ბოკალ შამპანურს ართმევს. დარბაზში მოდურად გამოწყობილი ხალხი ზანტად მოძრაობს. ადამიანებს თითქოს ეზარებათ ერთმანეთთან დიდხანს ლაპარაკი. მოსაუბრეებს მალ-მალე იცვლიან და ამით ბედნიერები არიან. მათ ტანზე მორგებული ტრენდული ტანსაცმელი მანეკენზე მორგებულს ჰგავს. აცვიათ, იმისთვის, რომ შეამჩნიონ და არა იმისთვის, რომ უხდებოდეთ. წითელი პროჟექტორები ჭერზე ჩამოკიდებულ შუშის ბურთულებს თვალისმომჭრელ ბორდოსფრად აბრჭყვიალებენ. მათზე არეკლილი სხივები ადამიანების სახეებს წითელ ნისლში გახვეულ უსახო არსებებს ამსგავსებს. გემოვნებით შერჩეული მუსიკა არც ისე სასიამოვნოა ჩემი სმენისთვის. ერთ ადგილას გაყინულივით ვდგავარ კალეს გვერდით და ხელს არ ვუშვებ. მის ნაბიჯებს ვენდობი. მივყვები იქ, სადაც წავა. საღამოს ორგანიზატორები წამყვანებთან ერთად მიკროფონებთან დაბალ სცენაზე დგანან და მხიარულად იცინიან. არც მოვარდისფრო შამპანური მსიამოვნებს. არც წამიერად ჩემკენ მომართული სტუმრების მზერა. მათ სახეებზე ისე აშკარად ვხედავ ნიღბებს, რომ ალბათ შეხებისას ჩამოხსნასაც კი შევძლებ. ისინი მიცნობენ და ყველაფერი იციან. ზოგიერთს ალბათ ვეცოდები. ზოგი ალბათ ფიქრობს, რას ვაკეთებ აქ მას შემდეგ, რაც მეგობრები დამეღუპა. ზოგის თვალებში კი გამაღიზიანებელ ცნობისმოყვარეობას ვხედავ. თუმცა, ყველაზე აუტანელი ისაა, რომ ისინი მაინც იღიმიან. იღიმიან და ტკბილი თავაზიანობით მესალმებიან. ხოდა, ვფიქრობ, აქ რას ვაკეთებ? ნატა მოკვდა. ოთო მოკვდა. თეონა მოკვდა. ბექა? ისევ სიკვდილს ებრძვის. კალეც სიკვდილს გადაურჩა. მე რატომ ვარ ცოცხალი? აქ რატომ ვარ ლამაზი კაბით, მაკიაჟით, ვარცხნილობით, შამპანურის ბოკალით ხელში? სადაა ჩემი მწუხარება? რატომ არ მეტყობა, რომ მეგობრები მომიკლეს? რატომ არ მეტყობა, რომ მეშინია? ასეთი უგულო ვარ, რომ გამოვლილის შემდეგ აქ, წვეულებაზე დგომა და გულის გადაყოლება შემიძლია? ასეთი ცივი ვარ, რომ მუსიკას და ბოკალ შამპანურს ყველაფრის დავიწყების საშუალებას ვაძლევ? ორი წამით თვალებს ვხუჭავ და დამშვიდებას ვცდილობ. აქ სამსახურის გამო ვარ. არაფერი ზედმეტი. აქ გასართობად არ მოვსულვარ. როგორც კი ამოვწურავ ჩემს მოვალეობას, მაშინვე წავალ. უცბად მათე მახსენდება. კლაჩიდან მობილურს ვიღებ და მესიჯს ვწერ, მიაგნო თუ არა რამეს. ბოლოს რომ ვისაუბრეთ, მას შემდეგ ხუთი დღე გავიდა. რამდენჯერმე მოვიკითხე და მითხრა, რომ ვერაფერი ნახა და თან სამსახურიც ხელს უშლიდა. შეტყობინებას ვაგზავნი, მაგრამ ვიცი, რომ ახალს ვერაფერს გავიგებ. რამე რომ გაერკვია, ჩემს შეტყობინებას არ დაელოდებოდა. თვითონ მოვიდოდა და ყველაფერს მეტყოდა. შამპანურის ერთ ყლუპს ვსვამ და ის ისაა კალესთან ერთად მაგიდასთან ვჯდები, რომ დაჯილდოების ცერემონიალი იწყება. ელენე და თენგოც თავიანთ ადგილებს იკავებენ. ბიჭს უკვე ეტყობა ალკოჰოლის გავლენა და იმედს ვიტოვებ, რომ წინ მის მიერ გამართული სცენების ხილვა არ მომიწევს. რაც უფრო ეშხში შედის საღამო, მით უფრო მიპყრობს მოუსვენრობა. თვალებს მჭრიან ქალების ბრჭყვიალა სამკაულები და კაბები. დარბაზი შავში გარდამავალ წითლად ჩაბურულა. ასე მგონია, აქაურობას სადაცაა სიბნელე და უჰაერობა მოგუდავს. ცივი შამპანური ვეღარ მაგრილებს. ხმაური იმდენად დამღლელი და შემაწუხებელი ხდება, რომ ელენეს კომპანიის დაჯილდოებიდან მხოლოდ ფრაგმენტებს ვაფიქსირებ. ჩემი ტაში და ღიმილი ავტომატური ხდება. საკუთარ ქმედებებს ინსტინქტს ვანდობ და სიფხიზლეს ვკარგავ. სიტყვები, რომლებიც მიკროფონიდან ხმამაღლა ისმის, ექოს გამოსცემენ და იწელებიან. მათეც არ ჩანს. მესიჯზე არ მპასუხობს. ჩემი მობილური დუმს და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ყველაფერს. სცენიდან პრიზით ჩამოსული ელენე მაგიდას უბრუნდება და მას შემდეგ, რაც მოლოცვებზე პასუხს ამთავრებს, ერთ ბოკალ შამპანურს ერთი მოსმით სვამს და კისკისებს. ამაყი მზერით გვავლებს თვალს და სიხარულისგან მოზღვავებული ენერგიის ჩაცხრობას ცდილობს. თენგო დედამისს ლოყაზე კოცნის და ისიც ცლის ვისკის ჭიქას. მიუხედავად იმისა, რომ წვეულებაზე მოსვლის წუთიდან სვამს, მთელი საღამოა კალეს არსებობას არ იმჩნევს. მისთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. არც ჩემთვის კალეს მისამართით. ეს რამდენადაც მამშვიდებს, იმდენად მაღიზიანებს, თუმცა შეგუებას ვცდილობ და მგონი გამომდის. როგორც ჩანს, ჩემს გაფრთხილებას ითვალისწინებს. - მირა. - მეჩურჩულება ყურთან ახლოს კალე და მხარზე მადებს თითებს. - მირა, კარგად ხარ? დაჰიპნოზებულივით მივჩერებივარ სცენას და მასზე მდგარი ადამიანები ერთმანეთში მერევიან. კალე ნიკაპზე მეხება და თავს თავისკენ მაბრუნებინებს. შუბლშეკრული მიყურებს. თვალები ჩამუქებია. წითელი განათებისგან ისეთი ბნელია მათი სხივები, რომ ტანში მცრის. ერთი წამით მგონია, რომ ეს ის კალე არაა, რომლის მიმართაც თავბრუდამხვევ ლტოლვას განვიცდიდი. ისე მიყურებს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდეს. შემდეგ მზერა სტუმრებზე გადააქვს და თვალს ისე ავლებს დარბაზს, თითქოს იქაურობას ზვერავდეს. შემდეგ თითებს მიჭერს და დგება. - წამოდი. - ამბობს და ყურადღებას არ აქცევს ელენეს გაოგნებული ტონით დასმულ შეკითხვას, თუ რას ვაკეთებთ. წასულს მივყვები. თითებს მაგრად მიჭერს. ისე მაგრად, რომ მტკენს, მაგრამ მის მოხდენილ მხრებს მიშტერებული ტკივილს ვაიგნორებ. მინდა ვკითხო, სად მივყავარ ან რას აპირებს, მაგრამ სწრაფი ნაბიჯები და ხმაური ამის საშუალებას არ მაძლევს. დარბაზიდან ფართო დერეფანში გავდივართ. უკან დახურული კარი ხმაურს ახშობს და მუსიკა და მიკროფონში წარმოთქმული სიტყვები იგუდებიან. - კალე... - მივყვები სწრაფად და აქეთ-იქით ვიხედები. - კალე, რას აკეთებ... ის არ მპასუხობს. უკან არც კი იხედება. რამდენიმე ნაბიჯში ოთახის კარს აღებს, შიგნით შევყავარ და მაშინვე ხურავს. კედელს მაყრდნობს, ერთი წამით თვალებში მაცქერდება და გაშლილ მტევანს გულზე მაკრობს. თითებს ნელა კეცავს და მოლოდინი მაქვს, რომ სადაცაა აჩქარებულ გულს ამომგლეჯს. ქარვისფერ თვალებს ვაცქერდები და გონებაში მისი პირველი ღიმილი მიკრთის - მაცდური, თავდაჯერებული და სასურველი. ჰაერის ჩასუნთქვას ვასწრებ და კალეს ტუჩებს სურვილით ვხვდები. მათი შეხება ნეტარებისგან მაბრუებს. მინდა მოდუნებული ხელები მხრებზე მოვხვიო და დავეყრდნო, მაგრამ მიჭერს, ზურგს უკან ერთი ხელით მიკავებს და ყელზე მკოცნის. ცხელი ენის შეხება კანს მიწვავს. ხანდახან ისე ბასრად მხვდებიან მისი კბილები, რომ მგონია ნაკაწრებს მიტოვებენ. შიგნიდან რაღაც გაუგებარი ხმა მიყვირის, რომ გავჩერდე და გავაჩერო, მაგრამ ამის ძალა არ მყოფნის. თვალებდახუჭული, სიბნელეში ჩაკარგული, კალეს შეხებას მინდობილი ვითიშები. ვითიშები, როგორც ძილისას, შოკისას, სიკვდილისას. ვითიშები და მაშინ, როცა ჩემი კაბა ზემოთ მოიწევს, როცა კალეს ხელები საცვალს ეტანებიან, შორიდან, ძალიან შორიდან სიცილის ხმა ჩამესმის. ნაცნობი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი და დაკარგული სიცილის ხმა. მერე თვალებიც კრთება, ზურმუხტისფერი, ხან ნათელი, ხან დაღლილი, ხან ბედნიერი, მაგრამ მაინც ჩემიანი. და შიში მიპყრობს. მაშინებს, რადგან კალესთან ყოფნისას ეს არ უნდა ხდებოდეს. კალეს კოცნისას მათე არ უნდა მახსენდებოდეს. და ამის შემდეგ სინდისის ქენჯნას არ უნდა განვიცდიდე. - კალე... - ვამბობ ხმადაკარგული. აჩქარებული გული ნელ-ნელა მიზეზს იცვლის და უარესად ჩქარდება. მის ხელებს ვიჭერ და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობ. ის ჩერდება და თითებს ძლიერად მაკრობს შიშველ თეძოებზე. ყელზე ტუჩებით მეხება და რამდენიმე წამით არ იძვრის. მის ცხელ სუნთქვას მთელი სხეულით შევიგრძნობ. ის ჩემთვის ისევ სასურველია, თუმცა წარსულისგან განსხვავებით ახლა უარის თქმას ვახერხებ. ვახერხებ, მაგრამ ისევ მიზეზი მაკრთობს. მიზეზი მაშინებს. - კარგად ხარ? - მეკითხება ის. ველოდები, რომ მისი ხმა განაწყენებული იქნება, მაგრამ არაა. არაა და გულზე მეშვება. თავს ვუქნევ. ლოყაზე მკოცნის, თითებს მის თმაში ვასრიალებ და ვეხვევი. - ეს ზედმეტია ჩემთვის. აქაურობა ზედმეტია. - წავიდეთ? - გთხოვ. კალე თავზე მკოცნის, ხელს მიჭერს და ოთახიდან გავდივართ. სანამ დარბაზში დავბრუნდებოდეთ, საპირფარეშოსკენ ვუხვევ და კალეს ვეუბნები, რომ დარბაზში დამელოდოს. კლაჩს ნიჟარაზე ვდებ და სარკეში ვიხედები. ტუჩებიდან მოშლილი წითელი პომადის კვალი მაღიზიანებს. თითებს ვისველებ და პირს ვიბან. გრილი წყლის შეგრძნება მსიამოვნებს და ლამისაა მთელი ტანი დავისველო. ვუყურებ საკუთარ თავს და ეს გარეგნობა მეუცხოება. ეს ვიღაც არეული, დაულაგებელი, ჩამოუყალიბებელი, სუსტი ადამიანია, რომელიც საკუთარ თავს იბრმავებს, იყრუებს და იმუნჯებს. და თუ აქამდე არ იცოდა, რატომ, ახლა დარწმუნებულია. სჯის, რადგან სინდისის ქენჯნა აწუხებს, დანაშაულის შეგრძნება ახრჩობს. და თვალებზე ეტყობა, რომ დასასრულის არ ეშინია. ეშინია მხოლოდ უდანაშაულო მსხვერპლის და ეს ანადგურებს. ანადგურებს და ამის შეჩერება შეუძლებელია. ნიჟარაზე დაყრდნობილ ჩემი ხელების თრთოლას ვუყურებ და გონებაში ამისი მიზეზი უზარმაზარი ბანერივით ნათდება. მათე. ღმერთო, რა მჭირს? რატომ გაჩნდა ჩემში მათე მაშინ, როცა ამის დრო არ იყო? და რატომ დავკარგე კალეს სურვილი მისი გახსენებისას? ეს... ეს რას ნიშნავს? ეს არ უნდა ხდებოდეს... ეს ვერ მოხდება! მათე მართალი ვერ იქნება. არ უნდა იყოს! მე ხომ კალე მინდა. მათე არა. მათე ხომ ჩემი მეგობარია. მეგობარი იყო. ახლა რა არის? ახლა რა არის ის ჩემთვის? არაფერი? არა, ოღონდ ეს არა. ყველაფერი შეიძლება იყოს არაფერის გარდა. ოღონდ არაფერი არა! მათე ჩემთვის არაფერი ვერ იქნება. არ იქნება. ამას ვერ გადავიტან... ღმერთო! მობილურის ზარის ხმა მაფრთხობს. კლაჩიდან ვიღებ და ეკრანს დავყურებ. როგორც კი „მათეს“ ვკითხულობ, მაშინვე ვპასუხობ. - მათე! - შეგიძლია გარეთ გამოხვიდე? - მესმის მისი ხმა და გული გამალებით იწყებს ძგერას. - რა? შენ აქ რა გინდა? - ვეკითხები გაკვირვებული და კარისკენ ვბრუნდები, თითქოს აქვე იდგეს. - მოსაწვევის გარეშე არ მიშვებენ, ხოდა იქნებ გამოხვიდე, მირა. გელოდები. - ახლავე... ახლავე. ხუთი წუთი დამელოდე. - მობილურს კლაჩში ვაბრუნებ, სარკეში საკუთარ თავს ვავლებ თვალს, ტუჩებზე მკრთალად ვიტარებ პომადას და საპირფარეშოდან გავდივარ. დარბაზისკენ მივაბიჯებ კალეს გასაფრთხილებლად, მაგრამ მინის ჭრილიდან ვხედავ ელენესთან მოსაუბრეს და ვჩერდები. რატომ მოვიდა მათე აქ? ნუთუ რამე გაარკვია? რამე ისეთი, რაც დილამდე ვერ მოიცდიდა? შემდეგ ისევ საავადმყოფოში ჩვენი განმარტოებით საუბარი მახსენდება და დარწმუნებული არ ვარ, რომ კალემ, თენგომ ან ელენემ მისი აქ მოსვლის ამბავი უნდა გაიგონ. ვბრუნდები და დერეფანს მივუყვები. რამდენიმე მოსახვევის შემდეგ ვესტიბიულში გავდივარ, იქიდან კი გარეთ. წითელ ხალიჩაზე სწრაფად ვეშვები და რამდენიმე მეტრში მათეს მანქანას ვხედავ. მისკენ ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ და ის ისაა ვუახლოვდები, რომ ბიჭი მანქანიდან გადმოდის. ვჩერდები. ისიც ჩერდება. რამდენიმე წამით უხმოდ მავლებს თვალს. საღამოს კაბაში უხერხულად ვიშმუშნები. და მზერას ჩემდაუნებურად ვარიდებ. ასე მგონია ყველა ჩემს ცოტა ხნის წინანდელ ფიქრს წაიკითხავს. - მირა, - მიახლოვდება მათე. ჩემს სახელს ისე წარმოთქვამს, რომ მას აუცილებლად უნდა მოჰყვეს გაგრძელება, თუმცა ის აღარაფერს ამბობს. უხერხული, დაძაბული მუხტი იზრდება და სანამ გასკდებოდეს, განმუხტვას ვცდილობ. - რა მოხდა მათე, აქ რატომ ხარ? - ვეკითხები. ღამის გრილი სიოსგან ტანზე ეკალი მაყრის. - ვეძებე. - კიდევ უფრო მიახლოვდება. - მთელი ეს დროა მიუნხენის კოლეჯებს ვათვალიერებ. - მერე? - ვერ ვითმენ და ბიჭს მოლოდინით შევყურებ თვალებში. - მხოლოდ დღეს საღამოს ვიპოვე. დაჩის ძმა მიუნხენის კოლეჯში ირიცხებოდა. კალისტრატე ნარიმანიძე. - ტატე... - ხო, ისედაც ვფიქრობდი, რომ ტატე სახელის მოკლე ვერსია იყო. - ტუჩებს სწრაფად ილოკავს მათე და თვალებს ისრესს. - სტუდენტების შესახებ ინფორმაცია არ იდო. მხოლოდ ფოტოსურათები, ფაკულტეტის სახელი და ჩარიცხვის თარიღი. იცი ყველაზე მაგარი რა არის? - წარბებს მაღლა სწევს მათე და ცივად ეცინება. - მისი ფოტო არ დევს. ყველა სტუდენტს ერთვის აიდის ფოტო, მაგრამ მას არა. - რატომ? - შენ როგორ ფიქრობ? - გულზე იკრეფს ის ხელებს და მაცქერდება. ფიქრისთვის დროს მაძლევს. - მოიცადე! - გაოგნებისგან ლამის პირს ვაღებ. - დაჩი და ტატე ერთმანეთს არ ჰგავდნენ? - ეგრეა. სხვა შემთხვევაში საკუთარ ფოტოს არ გააქრობდა. არაიდენტურობაზე რომ გამიჩნდა ეჭვი, უბანში დავბრუნდი, ისევ მის მეზობელ ქალთან, ვისაც ადრე ველაპარაკე. მარტო იყო, ოჯახი ისვენებსო და სახლში შემიპატიჟა. მკითხა, რატომ ვიყავი ამ ოჯახით დაინტერესებული. ვუთხარი, მათი შორეული ნათესავი ვარ და პოვნას ვცდილობ-თქო. ძმებზე ჩამოვუგდე საუბარი. ნეტა მოგესმინა... როგორც ჩანს, ისინი ყველას ძალიან უყვარდა. დაჩის სიკვდილმა მთელი უბანი წააქციაო. მანამდე ვგლოვობდით, სანამ ოჯახი აქ იყო. მათ შემხედვარეს არაფერი გვიხაროდაო. ვკითხე, ალბათ მათი გარჩევა გიჭირდათ-თქო და ქალმა ეჭვი დამიდასტურა. დაჩი და ტატე ერთმანეთს არ ჰგავდნენ. ტყუპები იყვნენ, მაგრამ არაიდენტური. - ღმერთო, ეს არავის მოგვსვლია თავში აზრად! - არავის. - თავს აქნევს მათე. - ვუთხარი, იქნებ მათი ფოტო მოგეპოვებოდეთ-თქო. მითხრა, რომ მის შვილიშვილს უნდა ჰქონდეს ალბომში. შვილიშვილი კი გათხოვილია. მისი მობილურის ნომერი გამოვართვი და იმ გოგოსაც ველაპარაკე. მითხრა, თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოვალ და მაშინვე დაგიკავშირდებიო. რამდენიმე წამით სიჩუმე ისადგურებს. მის მონაყოლს ნელ-ნელა ვხარშავ და ვხვდები, რომ აქ რაღაც რიგზე ვერაა. რამდენიმე დღეში მის სურათს ვნახავ. ჩემი მეგობრების სავარაუდო მკვლელის სურათს. - აქამდე არც კი მიფიქრია, რომ დაჩი და ტატე შეიძლებოდა სხვადასხვა გარეგნობის ყოფილიყვნენ. აქამდე ტატე დაჩის გარეგნობით წარმომედგინა... - ხო, როცა გეუბნებიან ტყუპისცალიო, პირველად გონებაში მსგავსება წარმოგიდგება... ის, რაც მარტივია. არადა, არაიდენტურობაც არც ისე იშვიათია. - მათე, მართლა გგონია, რომ ისაა? - დარწმუნებული ვარ. განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ, მირა. მეზობელმა ქალმა მითხრა, უერთმანეთოდ მაღაზიაშიც კი არ მიდიოდნენო. ტატეს გერმანიაში წასვლას დაჩი ძლივს შეეგუა თურმე. ძმის სიკვდილმა... თანაც ასეთის, შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოს... - მაგრამ, ამდენი ხანი რას აკეთებდა? რვა წელი გავიდა. - არ ვიცი, ეგ მეც ძალიან მაინტერესებს. - მხრებს იჩეჩავს მათე და ზურგით მანქანას ეყრდნობა. რამდენიმე წამით ძირს დავარდნილ სიგარეტის ცარიელ კოლოფს ფეხით ათამაშებს, შემდეგ ქვემოდან მავლებს თვალს. ჯანდაბა, მის მოკლე თმას ვერაფრით ვეგუები. - ისევ გაიზრდება, მირა. მაგრამ ეს ვერაფერს შეცვლის. სუნთქვას მიკრავს მისი ნათქვამი. ნუთუ ასე აშკარად მეტყობა ჩემი ფიქრები? უხერხულობისგან კლაჩს ვუჭერ თითებს და თემის შეცვლას ვცდილობ. - იქნებ ახლა მაინც გვეთქვა ეს ყველაფერი პოლიციისთვის? - ვეკითხები შეფარვით. - არა. - თავს აქნევს. - რატომ, მათე? - ჯერ არა, ამას მე მივხედავ, კარგი? - მიახლოვდება და მხრიდან გადმოვარდნილ ბრჭყვიალა ბრეტელს ადგილზე აბრუნებს. მისი შეხება ისე მაფრთხობს, რომ თავს ვერ ვიკავებ და ოდნავ ვკრთები. მათეს ცალყბად ეღიმება, მაგრამ არაფერს ამბობს. - არა, არასწორია, მათე. იქნებ მიხვდეს, რომ მის კვალზე ხარ? რამე რომ დაგიშავოს? - მის გეგმებში ხომ ისედაც ვარ. ადრე თუ გვიან მაინც დამიშავებს. მანამდე რამეს მაინც გავიგებ. რამეს მაინც დავტოვებ. - გაჩუმდი! - ვცრი კბილებში. გულმოსულს ყელში ტკივილი მეჩხირება და ხმა მიტყდება. - ამას ნუ ამბობ. ასე ნუ ამბობ. მათე, არ ფიქრობ, რომ ამ სიტუაციისთვის ძალიან ზედმეტია, რასაც შენ აკეთებ? პოლიციას ეს ამბავი იმაზე წინ წასწევს, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. სულ რომ არაფერი ტატეს იპოვიან. იმას მაინც გაარკვევენ სადაა და რას აკეთებს. სულ რომ არაფერ შუაში იყო, მას მაინც გამოვრიცხავთ. მოდი ჩვენ შევეშვათ, გთხოვ. - შევეშვები, როცა დრო მოვა. ვნახოთ, ჯერ რას გავარკვევ. - ოხრავს მათე და ერთი ნაბიჯით უკან იხევს. - აქ მშვიდად ხარ? - სასტუმროზე მანიშნებს. - არ ვარ. ახლა ვაპირებდით მე და კალე წამოსვლას და დამირეკე. - იცის რასაც ვაკეთებ? - შუბლს კრავს. - არა. - კარგი. - თავს მიქნევს და ცოტა ხნით ჩუმადაა. - ვერ მოვისვენე. მინდოდა გცოდნოდა ეს ამბავი. ყოველი შემთხვევისთვის. - შეპასუხებას ვაპირებ, მაგრამ არ მაცდის. - თავს მიხედე. აქაურობა დიდად არ მომწონს. - ალმაცერად ავლებს თვალს შენობას. - გამიხარდა, რომ მოხვედი. დაისვენე, კარგი? – მათე თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. ალბათ მელოდება, როდის წავალ. - რატომ არ მიდიხარ? - ორი წუთიც და წავალ. - ვატყობ, რომ ღიმილის შეკავებას ცდილობს. ვბრუნდები და სწრაფი ნაბიჯებით მივუყვები წითელ ხალიჩას. უკან ერთხელ, კარში შესვლისას ვიხედები და ისევ მანქანასთან მდგომ მათეს რომ ვხედავ, ტუჩებზე ღიმილი მიკრთება. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მე და ის თავიდან ვიწყებთ ურთიერთობას, თავიდან ვუგებთ ერთმანეთს და თავიდან ვერკვევით ყველაფერში. არ ვიცი, ეს რა შედეგს გამოიღებს, მაგრამ მათესთან ერთად თავს ახლა უფრო მშვიდად ვგრძნობ, ვიდრე ახლო წარსულში იყო. დარბაზში შესვლისთანავე ელენეს ვაწყდები. მხედავს თუ არა, შამპანურის ბოკალს პირიდან იცილებს და მეძახის. - თქვენ რა, მართლა მიდიხართ? - მეკითხება გაკვირვებული. ვუახლოვდები. - ვეღარ ვძლებ, ელენე, მაპატიე. ისედაც არ მინდოდა, ხომ იცოდი... - მაგრამ საღამოს ნახევარიც არ გასულა... - ნუ დამაძალებ, კარგი? - მასთან კამათი არ მინდა. არ მესმის მე აქ რა ფუნქცია მაკისრია. - კარგი, კარგი... - ხელს იქნევს დანებების ნიშნად და მოშუშხუნე სითხეს წრუპავს. ის ისაა წასვლას ვაპირებ, რომ ამბობს. - ისედაც კალემ მთხოვა, რომ დამეპატიჟებინე. - რა თქვი? - წინ გადადგმულ ნაბიჯს ვაჩერებ. - სულ დამავიწყდა, რომ საიდუმლოდ უნდა შემენახა. - სასმლისგან ალაპარაკებული ელენე შუბლს ჰკრავს და პირზე იფარებს თითებს. - ასე თქვა, გულს გადააყოლებსო. მეც ვიფიქრე, რომ ცუდი აზრი არ იყო. გაბრაზებული ვავლებ დარბაზს თვალს და მაგიდებიდან აშლილ სტუმრებს შორის პირველს თენგოს ვხედავ, რომელიც პერანგის ღილს იხსნის და ჰაერს ხარბად ისუნთქავს. - არ იცი სადაა? - კალეზე ვეკითხები ქალს. - თენგოს ელაპარაკებოდა ცოტა ხნის წინ... აი, იქაა. - თითით მანიშნებს უცნობ მამაკაცთან მოსაუბრე კალეზე, რომელიც ჩემს მზერას მალევე იჭერს და მიღიმის. მე არ ვპასუხობ. მას კი ელენეზე გადააქვს მზერა და ალბათ ხვდება, რომ ქალს რაღაც წამოსცდა. ნირწამხდარი ემშვიდობება მამაკაცს და ჩემკენ მოდის. სანამ მას ველოდები, ყურადღებას ისევ თენგო მიფანტავს, რომელიც მოგუდული ახველებს და პიჯაკს იხდის. - ელენე, იქნებ თენგოსთვის მიგექცია ყურადღება, მგონი ალკოჰოლი გადააჭარბა. - ვეუბნები. ხედავს თუ არა ის შვილს, შამპანურის ბოკალს მაგიდაზე დებს და ჩქარი ნაბიჯით მიდის მისკენ. კალე მიახლოვდება, მაგრამ მე თენგოს ვერ ვწყვეტ თვალს. ხველება არ უჩერდება. მის შემხედვარეს, მგონია, რომ დარბაზში ჰაერი ერთბაშად გამოილია. მკლავებში ჩაბღაუჭებულ დედამისის ხელებს უხეშად იშორებს და წელში სწორდება. მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდის. ასე მგონია წყალში იხრჩობა და ვერავინ შველის. - კალე... - მავიწყდება, მასთან შეკითხვები რომ მაქვს და შეშინებული მოსულს პიჯაკის მკლავზე ვებღაუჭები. ისიც თენგოსკენ იხედება. მხოლოდ ის არა. ყველა მას უყურებს. თენგოს მდგომარეობა ყველას ყურადღებას იქცევს. - რა დაგემართა, თენგო, რა გჭირს? - ყვირის ელენე და ჭიქით წყალს აწვდის, მაგრამ ასე მგონია, ბიჭი ვერც კი ხედავს მას. ზურგით კედელს ეყრდნობა და ყელთან შეკრულ პერანგის ღილებს იგლეჯს. თვალები უფართოვდება და უწითლდება. უჰაერობისგან ყელიდან საშინელი ხმა ამოსდის. შოკში ჩავარდნილი ელენე პირზე ხელებს იფარებს და სტუმრებს სასოწარკვეთილი თვალებით აშტერდება. დახმარებას ითხოვს, მაგრამ ხალხი გაოგნებული მისჩერებია შექმნილ სიტუაციას და არავინ არაფერს აკეთებს. კალე ხელს მაშვებინებს და თენგოსკენ გარბის. გზაში ვიღაცას რაღაცას ეუბნება. ისიც მაშინვე მობილურს იმარჯვებს და რეკავს. ალბათ სასწრაფოში. ვერ ვინძრევი. მინდა მივიდე და ჩემს მეგობარს რამით დავეხმარო, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი. უმოქმედოდ ვუყურებ, როგორ ცდილობს კალე თენგოს დახმარებას, მაგრამ ბიჭი ხელს ჰკრავს და იშორებს. კალე ლავიწზე იკრობს თითებს და სახე ემანჭება. ალბათ ჯერ კიდევ მოუშუშებელი ძვალი სტკივა. აფორიაქებული ხალხი კონტროლს კარგავს, როცა თენგო ადგილს სწყდება და მათი რიგების გარღვევას ცდილობს. არავინ ეხება. არავინ ცდილობს მის შეჩერებას. მისი პირიდან ამოსული ხრიალის ხმა შეწყვეტილ მუსიკას ანაცვლებს. ალბათ გარეთ, ჰაერზე ცდილობს გასვლას, მაგრამ სცენის წინ მუხლი ეკვეთება და ეცემა. თან იყოლებს ხმის გამაძლიერებელს და მიკროფონს, რომელიც საშინელი წივილის ხმას გამოსცემს და მთელ დარბაზს აყრუებს. ელენე ყვირილით მიიწევს მისკენ და დავარდნილ შვილთან ეცემა. კალე მეორე მხარეს მუხლებზე დგება და თენგოს თავს უჭერს. მისი ხრიალი მიკროფონში ისმის და ასე მგონია ხრამში ვიჩეხები. რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ, თუმცა მათგან მაინც მოშორებით ვჩერდები. - ვინმემ სასწრაფოში დარეკეთ, ღმერთო! - კივის ელენე და შვილს სახეზე ხელებს უფათურებს. - რა დაგემართა, თენგო... რა გჭირს... რა სჭირს გამაგებინეთ! ბიჭის სხეული თრთის, თითქოს კრუნჩხვებში ჩავარდნილი ნელ-ნელა მშვიდდებოდეს. თვალებს უსინათლოსავით ატრიალებს. მის გულზე დადებულ კალეს მკლავს მთელი ძალით ებღაუჭება და ასე მგონია, მისთვის რაღაცის თქმას ცდილობს. ერთს ღრმად ისუნთქავს და პირიდან სისხლს ანთხევს. ელენე ყვირის და ერთი წამით უკან იხევს. ისე ვხტები, თითქოს წვეთები სახეზე შემსხმოდეს. თითებსაც კი ვისვამ თვალებზე, მაგრამ იქ არაფერია. შემდეგ ჩემს ხელისგულებს დავყურებ და ნატას სისხლს ვხედავ. ღამისგან ჩაშავებული ბლანტი სითხით დასვრილ ხელებს. ელენეს კივილი მთელს დარბაზს შემზარავი, ცივი ქარივით ედება. თითქოს ეს აფხიზლებს ხალხს და ყველა ხმაურით იწყებს გარეთ გასვლას. ყველა ერიდება მომაკვდავს. ღმერთო, მომაკვდავს! თენგოს ნელ-ნელა ეშვება კალეს მკლავში ჩაჭიდებული ხელი. ხრჩობის ხმაც სლოკინში გადასდის და თანდათან ისიც ქრება. ვხედავ კაცს, რომელსაც ცოტა ხნის წინ კალე ელაპარაკებოდა, თენგოსკენ იხრება ყელზე თითებს ადებს და რამდენიმე წამში თავს უიმედოდ აქნევს. მეცინება. ვინაა ეს კაცი, მან რა იცის. რანაირად შეუძლია ერთ ჩვეულებრივ გამვლელს გამოიცნოს ცოცხალია თუ არა ჩემი მეგობარი? - თენგო! ვაიმე, თენგო! ღმერთო, არაა! - ყვირის ელენე და პანიკაში ჩავარდნილი შვილის პერანგს ეჭიდება. ამის დანახვა არ მინდა. თვალს ვარიდებ ყველას და დარბაზში ამტყდარ ქაოსს ვათვალიერებ. წითელი პროჟექტორები არ ჩერდებიან. აქაურობას მეწამულ ნისლში ხვევენ და მაბრუებენ. მასში მოძრავი ადამიანები თოფის ხმაზე დამფრთხალ ტურებს ჰგვანან. ვუყურებ და მათ სახეებსა და ტანსაცმელზეც სისხლს ვხედავ, ჩემი მეგობრის სისხლს, რომელიც ოდნავადაც არ ადარდებთ. ყველას ვაკვირდები ვინც კი მხედველობას მოხვდება. მას ვეძებ. ის ხომ აქაა. აქაა და ალბათ თვალს შორიდან გვადევნებს. იქნებ არც ისე შორიდან, მაგრამ მე მაინც ვერავისში ვახერხებ მის ამოცნობას. - სად ხარ... - მცდება უნებურად და იმ წამს ვხედავ, როგორ მოარღვევს კარში გამავალი ხალხის მასას ნაცნობი სილუეტი. დარბაზში შემოვარდნილი, აქოშინებული მათე მხედავს და ჩქარი ნაბიჯით მიახლოვდება. ხელებს მკლავებზე მავლებს, მაგრამ შეხებას ვერ ვგრძნობ. მის დამფრთხალ თვალებს მივჩერებივარ და ვცდილობ, ვუთხრა, რა ხდება აქ, მაგრამ პირიდან სიტყვები არ ამომდის. ერთი წამით მაცდის, რომ გონს მოვიდე, მაგრამ შემდეგ ჩემს ზურგს უკან იხედება და სახე გაოგნებისგან უფართოვდება. ფითრდება და თვალები უწყლიანდება. ხელებს მიშვებს, მხარს მივლის და მათეც ქრება ჩემი თვალთახედვიდან. მხოლოდ მისი ხმა მესმის. განრისხებული და სასოწარკვეთილი ღრიალის ხმა, რომელიც თენგოს ეძახის და გონს მოსვლას აიძულებს. მე ისევ კარში გამავალ ხალხს ვუყურებ და მის მოძებნას ვცდილობ. ვცდილობ დავინახო, როგორ იღებს და მიაქვს ჩემი მეხუთე მეგობრის სიცოცხლე, მაგრამ არ ჩანს. ვერ ვხედავ. ვერ ვამჩნევ. იქნებ უკვე გავიდა? იქნებ გარეთაა? როგორ არ უნდა ვიცნო? როგორ ვერ უნდა ვიცნო დაჩის ძმა? ნუთუ ოდნავადაც არ ჰგავს? წინ მივიწევ და უკან ვიტოვებ ტკივილს, რომელსაც მთელი ძალით ვცდილობ, რომ ჩემამდე არ მოვუშვა. ჯერ არა. მივდივარ და აღელვებულ, აჩქარებულ, დამფრთხალ ადამიანებს მხრებით ვაწყდები. ნაბიჯებს ვერ ვგრძნობ. არ ვიცი ეს სიმსუბუქე რისი ბრალია. ახლა ხომ სიმძიმე უფრო შესაფერისი იქნებოდა? გარეთ გასვლისას ცივი ნიავი აფრიალებული ფარდასავით მეფინება სხეულზე. ზემოდან დავყურებ კიბეზე გაშლილ ადამიანებს, რომლებიც ჭიანჭველებივით ქაოსურად დაიარებიან და ტანზე ეკალი მაყრის. მე მას ვერ ვნახავ. ვიცი, რომ ვერ ვნახავ მანამ, სანამ თვითონ არ მოისურვებს გამოჩენას. ვერც პოლიცია იპოვის. ვერც მათე. შორიდან დაგვაკვირდება და თავის საქმეს გააკეთებს ისე, რომ ხელს არავის შეაშლევინებს. ლელა და მათე. და კალე. სამი. ეს სამი. ჩემთვის ძვირფასები. ვერ შევძლებ... მათი სიკვდილის ნახვას ვერ შევძლებ... მათ დაკარგვას ვერ შევძლებ... აზრი აღარაფერს ექნება. აზრი არც ნატას სიკვდილის შემდეგ ჰქონდა, არც ოთოს, არც თეონას, მაგრამ ამას ახლა ვხვდები. ახლაღა ვხვდები, რა დამაკარგვინა ტატემ... ტატემ, ან ვინცაა... ძალა დავკარგე, რომლის აღდგენასაც ვერასოდეს შევძლებ. წარსულის მსგავსი მომავალი დავკარგე. გეგმები, იმედები, ყველაფერი, რასაც შეეძლო ჩემი სიმშვიდე შეენარჩუნებინა დავკარგე. რანაირად გავუძლებ იმას, რასაც ის აპირებს? რა დავრჩები მას შემდეგ, რაც ის ბოლომდე მიიყვანს თავის გეგმას? რა ვიქნები მარტო დარჩენილი, უსულო? კიბეზე ჩავდივარ და წითელ ხალიჩაზე არეულ ფეხებს ვუყურებ. სიჩქარე, სიჩქარე, სიჩქარე... მივდივარ და ვგრძნობ, როგორ მეწევა უკან, შენობაში დატოვებული ტკივილი... ყურებში ჩამესმის თენგოს გულიანი ხარხარი, თვალწინ მიდგება მისი გაღიზიანებული თვალები. - მირიან! - შორიდან ყვირის ის და წინ ვიხედები. გზაზე სიგნალებით მოსიარულე მანქანებს შორის ვცდილობ ბიჭის დანახვას, მაგრამ არაა. თენგო აქ არაა. ბიჭი შიგნითაა დედასთან, მეგობართან, კალესთან და არაფრისმომცემ ადამიანებთან ერთად. არც მეძახის, არც ბრაზობს და არც ხარხარებს. მე მაინც მივდივარ, მივდივარ, მივდივარ და ვერაფერს ვაკონტროლებ. ვერც სიჩქარეს, ვერც საკუთარ ემოციებს და ვერც ცრემლებს. ვეღარავის ვხედავ ბექას გარდა, ნატას გარდა, ოთოს გარდა, თეონას და თენგოს გარდა. მუცელში გაჩენილი ტკივილი იბერება და ცდილობს გაიშალოს, გასკდეს და გაიმარჯვოს. ხელს უშლის მხოლოდ მანქანების ხმაური. მათი მოძრაობით გაჩენილი ქარი თმას უკან მიყრის. მანქანები გარბიან, მაგრამ მე არსად მეჩქარება. ახლა უკვე აღარ. ახლა არც დამალვა მინდა, არც სიჩუმე და არც საკუთარი თავის გადარჩენა. არ ვიქნები მე და აღარ იქნება სიკვდილი. ამას გაცილებით ადრე უნდა მივმხვდარიყავი. ნაბიჯს ვდგამ... ტროტუარიდან ჩავდივარ და ზურგს ვაქცევ პანიკის მსგავსად აყვირებულ ჩემკენ მომავალ მანქანას. 13 თავი *** 2016 წელი, 16 სექტემბერი ღამე მოულოდნელად გვერდიდან რაღაც მეჯახება, თავის მარყუჟებში მაქცევს და ადგილს მწყვეტს. თავბრუსხვევის საშინელი შეგრძნება რეალობას მწყვეტს. თვალებს ვერ ვახელ, თუმცა ვგრძნობ, რომ ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს. ტრიალებს და არ ჩერდება. ფრენის შეგრძნება მეუფლება და მგონია, რომ ანანურის ხიდიდან ვეშვები. ჩემს დამძიმებულ გონებაში დაჩის ღიმილი კრთის და მეც ვუღიმი. ისე ვუღიმი, თითქოს მისი ძმა ჩემს მეგობრებს არ ხოცავდეს. თითქოს ეს ჩემი ბრალი არ იყოს. ვეცემი და მარცხენა ხელის ტკივილი ერთხანს მაფხიზლებს. გაბუჟებული სხეულის ამოძრავებას ვცდილობ, მაგრამ ჩემზე დაწოლილი რაღაც სიმძიმე ამის საშუალებას არ მაძლევს. საფეთქლები მეწვის და ასე მგონია, თვალები რომ გავახილო თავი ამიფეთქდება, მაგრამ ინსტინქტი თავისას შვრება. დაბინდული მხედველობა ნელა იწმინდება და ადამიანს ვხედავ. ადამიანს, რომელმაც სავარაუდოდ გზიდან გადმომათრია. მისი შავი, ჩაბნელებული თვალები მკაცრად და გაღიზიანებით დამცქერიან, თუმცა, სახე, რომელიც აღელვებისგან გაფითრებულა, სულაც არ ჩანს ბოროტი. - კარგად ხართ? - მეკითხება ის. ხმა ძალიან, ძალიან შორიდან ჩამესმის. იმდენად შორიდან, რომ რეალურიც კი არ მგონია. იქნებ არცაა... იქნებ გადარჩენის ინსტინქტის გამო მეჩვენება? პასუხის გაცემას არ ვცდილობ. თვალები ისევ მეხუჭება. პირში საშინელ მწარე გემოს ვგრძნობ. დაცემისგან გაჩენილი ტკივილი თანდათან უფრო მძაფრდება. უჰაერობა მგუდავს და მახველებს. ხველება ტირილში გადამდის, ბეტონზე ვიკეცები და ვყვირი. მთელ ხმაზე ვყვირი. ვყვირი, რადგან სხვა არაფერი შემიძლია, რადგან არაფერი ვარ და სიკვდილითაც არ ვკვდები. ვყვირი, რომ არავინ მომეკაროს და მარტო დავრჩე. ვყვირი და ამომაქვს ის, რაც აქამდე არ მითქვამს. ვყვირი მანამ, სანამ ფიზიკურ ტკივილს სულისა არ აჭარბებს. ვყვირი და ვიცლები, ვცარიელდები, ვიფიტები... სხეულში გაჩენილი ქაოსი პირიდან იღვრება და გველივით მიიკლაკნება ჩემგან. შორს არა. იქვე აყოვნებს და უცდის შესაფერის დროს უკან დასაბრუნებლად. როცა ძალა მეცლება და ხმა მეკარგება, ჩემი სახელის ძახილი მესმის და მხრებზე ძლიერ შეხებას ვგრძნობ. ზურგზე მაბრუნებენ და ჩემს სახეს ხელებში იქცევენ. მარჯვნივ მათეა, სველი თვალებითა და შეშლილი მზერით. მარცხნივ კი კალე - შეკრული შუბლითა და ცივი გამომეტყველებით. მერე კი ორივეს სიბნელე ცვლის. მშვიდი და უტყვი სიბნელე. *** ისე გიზგიზებს კოცონი, თითქოს მთელი დედამიწის გათბობას და განათებას ცდილობდეს. ძალიან, ძალიან ახლოს ვზივარ, მაგრამ მისი სიმხურვალე არ მაწუხებს. კოცონს მიღმა დაჩია. ცეცხლის ენები მის ლამაზ სახეზე ლივლივებენ და ნარინჯისფრად ანათებენ მის ცის თვალებს. მოღიმარი დაჩი თვალს არ მაშორებს. ისეთი მშვიდია მისი მზერა, რომ ყველაფერი მავიწყდება. მავიწყდება ყველა სიკვდილი, რომელმაც გადამიარა და რომელიც მე გამოვიწვიე. ვუყურებ და მისი მზერა იმ ღვინოსავით მაბრუებს მე და მან რომ მოვიპარეთ. ხარბად ვისუნთქავ ჰაერს და ამ სიმშვიდის შენარჩუნებას სიჩუმით ვცდილობ. მაგრამ კოცონი ხმაურს უმატებს და სიმხურვალეც იზრდება. მისი ენები გრძელდებიან და მომნუსხველად ფრიალებენ. მარცხნივ ვიხედები. იქ კალეა. ცეცხლს უყურებს და ჯოხით მის გაღვივებას ცდილობს. ასე თუ გააგრძელა, დავიწვებით. - კალე... - ვეძახი შესაჩერებლად, მაგრამ არ ესმის. კოცონს დაჟინებით მიშტერებია და საქმეს ისე განაგრძობს, თითქოს მისიად აკისრია. გაღიზიანებული ვუყურებ. რას აკეთებს? ცეცხლი ხომ მასაც ავნებს? ისიც დაიწვება. საკუთარი თავის გამო მაინც რატომ არ ეშინია? - კალე! - ვუყვირი, მაგრამ ყურადღებას ისევ არ მაქცევს. ვერ ვხვდები, რატომ. - მირა. - მესმის მარჯვნიდან ხმა და ამ ხმას ის მოსდევს, რაც ყველაფრის დამშვიდებას შეძლებს. მათესკენ ვიხედები. თმა ისევ გრძელი აქვს. შავი, პრიალა ხვეულები შუბლსა და კისერზე აყრია. ისე მიხარია... ისე მიხარია, რომ სუნთქვა მეკვრება. მიხარია, რომ ყველაფერი ძველებურადაა. ძველებურად მიღიმის და ხმაც ისევ ისეთი ტკბილი აქვს. ანთებულ ცეცხლს ერთხელ ავლებს თვალს და ვხედავ, ნელ-ნელა როგორ პატარავდება კოცონი. ჰაერში აფრიალებული ნაპერწკლები ღამის ფერში იკარგებიან და ძალას კარგავენ. ნიავისგან აფარფატებული ფერფლი სხეულზე მეფინება და ნაცვლად იმისა, რომ შემეშინდეს, ვმშვიდდები. *** 2016 წელი, 16 სექტემბერი შუაღამე რეალობას ნელ-ნელა ვუბრუნდები. პირველი, რასაც ვგრძნობ, საშინლად მწარე სუნია, რომელიც საფეთქლებს მიწვავს. ვფიქრობ, ვფიქრობ და ვხვდები, რომ ეს სუნი წამლებისაა. თვალებს ვახელ. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში სიჩუმეა. მხოლოდ დახურული კარიდან აღწევს სუსტი ხმაური. ვიშმუშნები და ახლაღა ვგრძნობ ხელზე ტკივილს, რომელზეც წვეთოვანი მაქვს მიერთებული. შემდეგ მახსენდება, რომ დავეცი. მახსენდება მანქანების სიგნალების ხმა, კიბეზე ქაოსურად მოსიარულე ადამიანები და ელენეს კივილი. და თენგო... მისი შეშინებული თვალები, უჰაერობისგან გაფითრებული სახე, მისი ხრიალი, დაცემა და პირიდან ამონთხეული სისხლი მახსენდება. - შენი ბრალია! - ვეუბნები საკუთარ თავს. - შენი ბრალია, უგულო, უტვინო იდიოტო! - ვენაში შეყვანილ ნემსს თითებს ვუჭერ და ვიძრობ. მტკივა. მერე სისხლიც გამოდის, მაგრამ არ მადარდებს. - მირა. - მესმის ოთახის ჩაბნელებული ნაწილიდან ნაცნობი ხმა და მისკენ ვიხედები. კალე მიახლოვდება და ზემოდან დამყურებს. ერთხანს ისეთ გაუცხოებას ვგრძნობ მის მიმართ, რომ უემოციობისგან მამცივნებს. - რას აკეთებ, გაგიჟდი? ჯანდაბა! როგორ ხარ? - ერთდროულად მელაპარაკება და თან ჩემი ვენიდან გამოდენილ სისხლს შიშველი თითებით მწმენდს. პასუხს არ ელოდება, კარისკენ მიდის და ექთანს ეძახის. არავინ მჭირდება. მე აქ არ უნდა ვიყო. მე ცოცხალი არ უნდა ვიყო. ჩემს გადარჩენაზე არავინ უნდა ფიქრობდეს. ჩემზე არავინ უნდა ზრუნავდეს. საწოლიდან სწრაფად ვდგები. მინდა კარისკენ წავიდე, მაგრამ საშინელი თავბრუსხვევა მაბრკოლებს. ყურებში მიგუბდება და მხედველობა მიორდება. ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს. - მირა, მირა! - შორიდან ჩამესმის კალეს ხმა. ხელებს მხრებში მავლებს და ჩემს საწოლში დაბრუნებას ცდილობს. - ნუ დგები. კარგად არ ხარ. დასვენება გჭირდება. - არაფერი არ მჭირდება. - ვამბობ და ვცდილობ თავბრუსხვევას მოვერიო. - უნდა წავიდე. - რას ამბობ, სად მიდიხარ! - შუბლს ჰკრავს და თვალს მავლებს. - მასთან... მასთან... - ვისთან?! - მე... ცოცხალი არ უნდა ვიყო... - ფეხზე ვდგები. - რას ლაპარაკობ, მირა, ხომ არ გაგიჟდი? - მუცელზე მხვევს ხელებს და უკან მაბრუნებს. - ის... ის გაგიჟდა კალე... - თვალებში ვუყურებ და ვცდილობ დავარწმუნო, მაგრამ მისი მზერა უცნაურად გულგრილია. მგონია, რომ არც ერთი ჩემი სიტყვა მის სმენამდე არ აღწევს. და ეს მაკვირვებს, რადგან კალესგან ძალიან დიდი ყურადღება და თანაგრძნობა მახსოვს ჩვენი ერთად ყოფნიდან ყოველ წამს. - ის შენთანაც მოვა. მათესთანაც. ლელასთანაც. სანამ მე ცოცხალი ვარ, ის მოვა. აღარ ვიქნები და არ მოვა, გესმის? - ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. - ჩემს სახეს ხელებში იქცევს. - გთხოვ, საწოლში დაბრუნდი, კარგი? - არა, არ გესმის... - მის თითებს ვიშორებ და კარისკენ მივდივარ, მაგრამ იქიდან შემოსული ექთანი წინ მეღობება. - ასე როგორ შეიძლება, სუსტად ხართ. - ამბობს უკმაყოფილოდ და ის ისაა ხელზე მეხება, რომ მხარს ვუქცევ და პალატიდან გავრბივარ, მაგრამ მალევე მიჭერს კალე და უკან მაბრუნებს. - გამიშვი, გამიშვი გთხოვ, გამიშვი! - ვყვირი და მისი ხელებიდან დასხლტომას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. საკუთარი უძლურება მაღიზიანებს და ყელში გაბერილ, მძიმე ბურთად მეჩხირება. - კალე, გთხოვ, გამიშვი! მანდ არ მინდა. უნდა წავიდე. გემუდარები, გამიშვი! - ვყვირი და არაფერი მესმის საკუთარი სიტყვების გარდა. ვერც ექთნის ნათქვამს ვიგებ, ვერც კალესას. ისინი ჩქარობენ და ჩემს შეჩერებას ცდილობენ. პალატაში მათ გარდა კიდევ რამდენიმე თეთრხალათიანი შემოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ აქედან წასვლის შანსები საერთოდ ქრება. გაღიზიანებული ვერც სხეულს ვიმორჩილებ. უცბად ტუმბოზე დადებულ ნემს ვხედავ და ყურებში მანქანების გამაყრუებელი სიგნალების ხმა ჩამესმის. საწოლში დაბრუნებული სწრაფად ვიწევი მისკენ და ის ისაა ნემსს ვიღებ, რომ კალე ხელს მიჭერს და თითებიდან მაგდებინებს. გაღიზიანებული რაღაცას მეუბნება, მაგრამ არ მესმის. სანამ ნემსის დასაბრუნებლად მისკენ ვიწევი, მხარზე ჩხვლეტას ვგრძნობ და ვყვირი. ექთანი ხელებს მიკავებს და თავს მიქნევს. მისი პირი მოძრაობით ვხვდები, რასაც ამბობს. - დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება. არ იქნება. სანამ ისინი სიკვდილის ნებას არ მაძლევენ, კარგად არაფერი იქნება. ნელ-ნელა სხეული მიმსუბუქდება და ძილი მერევა. ვცდილობ, თავს მოვერიო და სიფხიზლე შევინარჩუნო, მაგრამ ისევ სიბნელეში ვეშვები. ისევ იქ, სადაც არაფერი ხდება. *** 2016 წელი, 18 სექტემბერი - ჩემო გოგო, ჩემო საბრალო... - ჩამესმის ტკბილი, მაგრამ სევდიანი ხმა. - ღმერთო, ეს როგორ გვემართება... ჩვენ ეს რანაირად გვემართება. - ვიპოვი ლელა, აუცილებლად ვიპოვი. - მეორე ხმა უფრო ტკბილია, ისეთი ტკბილი, რომ ყველაფრის მოშუშებას შეძლებდა, რომ არა ბზარი, რომელიც მის სიტკბოს ამჩნევია. რომ არა ტკივილი და სიმძიმე. - როგორ მახსოვს... ყველაფერი ისე მახსოვს, თითქოს გუშინ ყოფილიყოს. ღმერთო, მათე, ვიცოდი, რომ ოდესმე ეს ამბავი აუცილებლად შეგვახსენებდა თავს. - ამბობს ლელა და ხელზე მისი თითების შეხებას ვგრძნობ. მინდა ვუპასუხო, მაგრამ სხეულს ვერ ვმართავ. - ვიცოდი, რომ ის, რაც ზურგს უკან მოვიტოვეთ, აუცილებლად დაგვხვდებოდა წინ. როგორ შევძელით საერთოდ ამის დავიწყება... - არ ვამბობ, რომ ცუდად არ მოვიქეცით, მაგრამ ის კლავს, ლელა. დაჩის თავის ნება ჰქონდა. ჰო, შეგვეძლო გადაგვერწმუნებინა, მაგრამ მან თვითონ გადაწყვიტა. მისი ძმა კი კლავს. სიცოცხლეს გვართმევს. ამის დედაც... ლელა, გაგვჟლიტა ისე, რომ არაფერი უკითხავს. - მესმის და ვგრძნობ მის სისასტიკეს. უკვე ხუთი თვეა ყოველ წუთს მტკივა მისი საქციელი. ჩვენი მეგობრები... ისინი... ისინი აღარ არიან. ნელ-ნელა ვეგუებით, ძნელია, მაგრამ ვეგუებით და მომავალში კიდევ უფრო გაგვიადვილდება ალბათ მათე, მაგრამ ბექა? ბექა ყოველ დღე კვდება ჩემთვის. და ეს არ ჩერდება. რომ ღამდება გული მტკივდება. ასე მგონია, რომ დილა უმისოდ გათენდება. სულ მგონია, რომ სადაცაა ისიც გაქრება. განსაკუთრებით ახლა, ამ შეტევის და ოპერაციის შემდეგ. - ღრმად ისუნთქავს გოგო ჰაერს და ცოტა ხნით სიჩუმე ისადგურებს. - იცი, ხანდახან მგონია, რომ მას თავისი სამართალი აქვს. - აღარ გაიმეორეო. - მათეს ხმა მკაცრია. - ვიცი ეს არ ჟღერს ჩვენი მხრიდან კარგად და განსაკუთრებით ჩვენების ოჯახებისთვის საშინელი მოსასმენი იქნებოდა, მაგრამ... ვფიქრობ ხოლმე დაჩის ძმაზე... შეუძლებელია არ ვფიქრობდე... მიუხედავად იმისა, რაც მან ბექას და ჩვენ დაგვმართა, ალბათ გულის ძალიან ღრმა ნაწილში მისი მესმის.. - ლელა! - მათე, წარმოგიდგენია ძმა რომ გყავდეს და ასეთ, ძალიან პრიმიტიულ მიზეზს შეეწიროს? მოგიკვდეს და მკვლელი არ არსებობდეს? მაგრამ არსებობდნენ პოტენციური მკვლელები, რომლებიც არ დასჯილან და ცხოვრებას ისე აგრძელებენ, თითქოს არაფერი მომხდარა? ამ დროს კი ის აღარ გყავს, ვინც ცხოვრებას გერჩივნა? მე... მე ალბათ ძალიან არაადეკვატური გავხდებოდი, მათე... ადამიანის ფსიქიკა ფურცელივითაა. იმ სახეს მიიღებს, რასაც მასზე დახატავ. დაწვავ და საერთოდ ქრება, იშლება... - შენ კეთილი ხარ, ლელა. ძალიან კარგია, რომ ყველას და ყველაფერს შეგიძლია გაუგო, მაგრამ ახლა არა... მას არა. - ლელა არაფერს პასუხობს. - ეს როგორ უნდა შერჩეს იმ ნაბიჭვარს, ლელა... - მათეს ხმა ისეთი დაძაბულია, რომ მგონია, სადაცაა გასკდება. - ან როგორ მოახერხა? ამის დედაც... ამდენ ხალხში ისე როგორ ავნო, რომ ვერავინ შენიშნა? - მთვრალი იყო. სიმთვრალეში ბევრ რამეს არ აქცევს ადამიანი ყურადღებას. - მესამე ხმა. ხმა, რომელიც დანარჩენ ორ ხმაზე გაცილებით მშვიდია. კალეც აქაა. - წვეულებაზე მოსვლის წუთიდან სვამდა. ძალიან მთვრალი იყო. - ბოლოს ხომ შენ ელაპარაკე. - ცოტა ხნით. ნაცნობმა გამიყვანა და ყურადღება აღარ მიმიქცევია. მერე მირასთან მივედი და მაშინ დავინახე, რომ ცუდად იყო. წარმოდგენა არ მაქვს, როდის მოასწრო. - და კამერები? იქ არ იყო კამერები? - არა. შენობა რემონტის პროცესში იყო, როცა წვეულებისთვის იქირავეს. მისი მოწესრიგება დააჩქარეს და კამერების მონტაჟი არ იყო დასრულებული. - ამბობს მათე. - მაგრად გაუმართლა ტიპს. - კალეს ხმა უფრო სუსტად ისმის. ალბათ მოშორებით დგას. - ან იქ როგორ შემოვიდა? მოსაწვევით? - არა, რაღაცნაირად შემოაღწია. სტუმრების სია შეამოწმეს. საეჭვო არავინაა. - პასუხობს მათე ლელას. - სტუმრებს შორის ზედმეტი არავინ ყოფილა. - მიმტანები? - აი ეგ არ ვიცი. - ზუსტად ეგ ეჭვი მქონდა. მომსახურე პერსონალად ხომ არ გაასაღა თავი? - კალეს ხმა ნელ-ნელა მიახლოვდება. - გამომძიებელს ვკითხე, მაგრამ საქმეში არ მახედებს. - ეს გამოძიებაც ისე გაიყინება, როგორც სხვა დანარჩენები. - კბილებში სცრის მათე. - ზარი აღარ ყოფილა? - რა ზარი? - წინა შემთხვევებში ერთი დღით ადრე რომ გირეკავდათ... - არა... ეგ გამოგვრჩა... არ დაურეკავს. რა შეიცვალა ვითომ... ცოტა ხნით სიჩუმე ისადგურებს. - მის პოვნას როგორ აპირებ? - კალეს ხმაა. - რაა? - შეკითხვას უბრუნებს მათე. - ხომ თქვი, ვიპოვიო. - რამენაირად. - შემიძლია დაგეხმარო? - ახლა მხოლოდ მირა მადარდებს. - ხმა ურბილდება ბიჭს. მინდა გავუღიმო და ვუთხრა, რომ ჩემზე არ უნდა დარდობდეს, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. შემდეგ მარცხენა ხელზე შეხებას ვგრძნობ, მაგრამ ეს მათე არაა. ეს კალეს თითებია. ხელის გულს მტევანზე მადებს და ფრთხილად ასრიალებს. მათი აქ ყოფნა, სამივეს აქ ყოფნა სიმშვიდეს მგვრის, მაგრამ ვიცი, რომ ეს დროებითია... *** 2016 წელი, 20 სექტემბერი - ძალიან ცუდადაა ბატონო გიორგი. - მათეს ხმა შორიდან ჩამესმის და მაფხიზლებს. - მისი დაკითხვაც საჭიროა. როგორც კი გაიღვიძებს, მასთან საუბარიც უნდა ვცადოთ. - გიორგი? ეს ხმა ნაცნობია. მოგვიანებით მახსენდება ცივთვალება გამომძიებელი. - არ მგონია რამე გამოვიდეს. - მათე მკაცრ უარზეა. - მეც არ მომწონს ამდენ ხანს რომ ძილში ატარებს. დარწმუნებული ვარ, ამის გამო თვითონაც გაგვიბრაზდება, მაგრამ... - ეს ყველაფერი მესმის. პოლიციელი კი ვარ, მაგრამ ადამიანურობა ჯერ არ დამიკარგავს. მირანდას ჩვენება საქმეს სჭირდება. - მისი ფსიქიკა მადარდებს. - შედარებით ჩუმად ამბობს მათე. ვკრთები და თვალების გახელას ვცდილობ. რა სჭირს ჩემს ფსიქიკას? რატომ ამბობს მათე ამას? მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გადარჩენა მინდა? ფსიქიკა მხოლოდ იმიტომ ვერ მაქვს წესრიგში, რომ ჩემი სიცოცხლით დანარჩენების სიცოცხლის შენარჩუნებას ვცდილობ? ღმერთო, მათე, რა გჭირს? - ვეღარ უძლებს. თავი ძლიერად მოაქვს, მაგრამ დიდი ხანია გატეხილია. ძალიან დიდი ხანია. - ცოტა ხნით სიჩუმეა. - ბატონო გიორგი, რამე უნდა მითხრათ. - გამოძიება ამის საშუალებას არ მაძლევს. ჩვენ... - გამოძიებას არ ვგულისხმობ. მე თქვენი აზრი მაინტერესებს. ადამიანის, რომელსაც ეჭვი აქვს და ვერ ამტკიცებს. - ეს მირამაც მკითხა. - ოხრავს პოლიციელი. - კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მათე. თქვენი სამეგობრო... ჰო, ეს ძალიან უხეშად ჟღერს, მაგრამ თქვენი სამეგობრო გაქრა. და მოდი, ვაღიაროთ, რომ უმიზეზოდ ეს არ მოხდებოდა. ჩემგან გინდა იმის, მოსმენა, თუ ვინ შეიძლება იყოს მკვლელი. ამასობაში კი, შესაძლოა, თქვენ ჩემზე უკეთ იცოდეთ. - გამომძიებლის ხმა მკაცრი და დაღლილია. - რას გულისხმობთ... - კარგად იცი, რასაც. დარწმუნებულები ხართ, რომ ჩვენთან ბოლომდე თანამშრომლობთ? - რამდენადაც შეგვიძლია. - საქმეც მაგაშია. - ამბობს ის და მობილურის ზარს პასუხობს. თვალებს ვახელ, ნელა. პალატაში ისეთი მკვეთრი სითეთრეა, რომ თავს მატკივებს. როგორც კი კართან მდგომ ორ ფიგურას ვამჩნევ, მაშინვე წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ კიდურები ისე მაქვს მოდუნებული, თითქოს არც მქონდეს. ჩემს გამოფხიზლებას პირველი გამომძიებელი ხედავს. მობილურს მაშინვე თიშავს და მათეს ჩემზე ანიშნებს. ბიჭი მაშინვე საწოლთან ჩნდება და ღიმილით დამყურებს. - გაიღვიძე? - მეკითხება წეღანდელისგან სრულიად განსხვავებული, თბილი და მზრუნველი ხმით და თმაზე მისვამს ხელს. - მითხარი, როგორ ხარ? - კარგად. - ვპასუხობ ჩაწყვეტილი ხმით. ცალი თვალით მოახლოებულ პოლიციელსა და მის მიღმა ღიად დარჩენილ კარს ვათვალიერებ. - წყალი გინდა? თავს ვუქნევ. მათე ოდნავ წამოწევაში მეხმარება და წყალსაც თვითონ მასმევს. ეჭვი მეპარება ახლა ფეხზე დგომა შევძლო, მაგრამ ისე მაქვს აკვიატებული აქედან გაქცევა, რომ სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობ. - დიდი ხანია მძინავს? - ორი დღეა. - ყოყმანით ამბობს მათე და თითებს მიჭერს. - თენგო? - არ გინდა, მირა... - დაკრძალეს? - არ ვეშვები. - ზეგ კრძალავენ. - ორი წამით თვალებს ხუჭავს ბიჭი და თავს ხრის. - მირანდა, შეძლებ, რომ რამდენიმე შეკითხვაზე პასუხი გამცე? - მეკითხება სერიოზული გამომეტყველებით აქამდე ჩუმად მდგომი პოლიციელი. - ახლა არა! - კბილებში სცრის მათე. - შემიძლია, - ვამბობ. - აქედან თუ გამიყვანთ. წამოვალ და ყველაფერს მოგიყვებით. - მირა, რას ამბობ. - თვალებგაფართოებული დამყურებს მათე. - რატომ აიკვიატე საავადმყოფოდან წასვლა? კარგად არ ხარ. მიეცი საკუთარ თავს იმის საშუალება, რომ გამოკეთდე. - უნდა მოვკვდე, მათე. - გადაირიე? - ხმას უწევს ის და ხელს მიშვებს. ანთებულ თვალებში ნაპერწკლები უკრთიან. - ამის ნება უნდა მომცეთ, გთხოვთ, ხელს ნუ მიშლით. - ისე უცბად ღიზიანდებიან ჩემი ნერვები, რომ გაცნობიერებასაც კი ვერ ვასწრებ. ცრემლები ლოყებს მისველებენ და მათი შეგრძნება მსიამოვნებს კიდეც. ესე იგი, რაღაცის განცდა კიდევ შემიძლია. - რას ნიშნავს, ყველაფერს მომიყვები? - კაცს ინტერესით უწვრილდება თვალები. ჩემკენ იხრება და თითქოს დაჟინებული მზერით ცდილობს ჩემგან პასუხების ამოღებას. - იმას, რაც აქამდე უნდა გვეთქვა. ან აქედან წამიყვანეთ, ან სიკვდილის ნება მომეცით. გამომძიებელი ნერვიულად ისვამს სახეზე ხელს და ზურგს გვაქცევს. თხელ პლედს ვეჭიდები და გადახდას ვცდილობ, მაგრამ მათე მაშინვე მიჭერს ხელს. - გონს მოდი, მირა! თავი ხელში აიყვანე. შენ არ მოკვდები. ამის უფლებას არ მოგცემ! - მათეს ხმა კატეგორიული, მაგრამ ოდნავ დამფრთხალია. უფლების შეზღუდვას, თანაც მისი მხრიდან წყობიდან გამოვყავარ. ისე ვარ აქედან გაქცევაზე ორიენტირებული, რომ სხეულს ვეღარ ვაკონტროლებ. თითქოს ერთბაშად მეძლევა ძალა თავისუფლებისთვის. პლედს ვიძრობ და მათეს ხელებიდან ვუსხლტები. ზურგით მდგარ პოლიციელს გვერდს ვუვლი, მაგრამ პალატიდან გასვლას მაინც ვერ ვახერხებ. ცრემლებისგან დაბინდული თვალებიდან ვერ ვხედავ, ვინ მიჭერს. კიდურებს ვიქნევ, იქნებ მოვერიო, მაგრამ არ გამომდის. ჰაერში ატაცებული სრულიად უმოქმედო და უძლური ვარ. ყვირილი და ტირილი ყელს მიკაწრავს. ასე მგონია, სადაცაა ჩემი გასივებული გული გასკდება. ვგრძნობ, რომ სიფხიზლე მკლავს. სიფხიზლე გონების აქტიურობას ნიშნავს. ეს კი მონიტორზე გამოსახული კადრებივით საშინლად მკვეთრია. ჩემი გარდაცვლილი მეგობრები მოგონებების თითოეულ კუნჭულში არიან. ყველგან, ყველგან, საითაც კი ჩემი გონება გაიხედავს მათი თვალები და მოღიმარი ბაგეები კრთებიან. ხელებგაკავებული და გულზე მიკრობილი სურნელით ვგრძნობ, რომ მათეს მკლავებში ვარ. არ ვნებდები და ისევ ვუძალიანდები, მაგრამ ვიცი, რომ არაფერი გამომივა. - მაპატიე... მაპატიე, მირა, გთხოვ. - ყურთან მესმის მისი ნათქვამი და მხარზე ისევ ჩხვლეტას ვგრძნობ. ვიცი, ეს უმნიშვნელო ტკივილი ისევ სიბნელეში დამაბრუნებს და რეალობას გამოთიშული, ისევ ყველაფერი ცუდი ჩემგან დამოუკიდებლად მოხდება. - არ გესმის... - ხმა მიწყდება და სხეულიც ნელ-ნელა იწყებს შემსუბუქებას. - დაისვენე, უბრალოდ დაისვენე. - შუბლზე ვგრძნობ მისი თბილი ტუჩების შეხებას და მათით გამთბარი ჩემს ორგანიზმში გაშლილ წამალს ვნებდები. *** 2016 წელი, 22 სექტემბერი - დამთავრდა? - კალეს ხმა ძალიან შორიდან ჩამესმის. მინდა დავინახო ვის ეკითხება, მაგრამ ჩემი გონება სხეულს ვერ მართავს. - დამთავრდა. - მათეს ხმა გატეხილია. ის უფრო ახლოსაა ჩემთან. - წადი თუ გინდა, დაღლილი ხარ. აქ ყოფნა აუცილებელი არაა. მაინც სძინავს. - აუცილებელია. არ გაუღვიძია? - არა. - კალეს პასუხიც უკვე ახლოდან მესმის. ცოტა ხნით სიჩუმეა, რომელსაც მალევე არღვევს მათე. - შენ ის არ გიყვარს. კალე ერთხანს არაფერს ამბობს. ვიძაბები და ყვირილი მინდა. არა... ამას რატომ აკეთებ მათე! - ისე გამოიყურები, თითქოს გიყვარს, მაგრამ ასე არაა. მისგან რა გინდა. - იცი, პირველად რომ მირა დავინახე, რა ვიფიქრე? ვიფიქრე, რომ მის გვერდით ყოფნა სიმშვიდეს მომცემდა, რომელსაც უკვე რამდენიმე წელი ვეძებდი. აღმოჩნდა, რომ მასაც ეს სჭირდებოდა. ჩვენი გაცნობა ზუსტად იმ დროს მოხდა, როცა თურმე ერთმანეთი უნდა გვეპოვა. შენი აზრით, მათე, რა უნდა მჭირდებოდეს მირასგან გარდა იმისა, რომ ის ჩემი სიმშვიდის გარანტიაა? მით უმეტეს, რომ ისიც ანალოგიურს იღებს ჩემგან. შენი აზრით, სიყვარული რა არის, გარდა იმისა, რომ ადამიანში საკუთარი თავის ნაწილს ხედავ? - მე შენთვის სიყვარულის განმარტება არ მითხოვია. მირა შეიცვალა. - ის მე არ შემიცვლია. იმან შეცვალა, რაც ხდება. ეს ძალიან მარტივი მისახვედრია. - ტკივილი ადამიანს ამძიმებს, მაგრამ ის, რაც მირას სჭირს, სიმძიმეზე გაცილებით მეტია. მე მას ცხრა წელია ვიცნობ და ვიცი, რომ ადამიანის გავლენის ქვეშ არ ექცევა. - გგონია, მე მას რაიმეს ვაიძულებ? - კალეს ჩაცინება მესმის. - არა, ეს შეჩვევა და ადამიანზე მიჯაჭვულობაა. შეიძლება ზუსტად ის სიყვარულია, შენ რომ ეძებ ჩემსა და მირას შორის. სიყვარული ხომ ცვლის ადამიანებს, ასე არაა? - მხოლოდ უკეთესობისკენ. მირა კი ქვემოთ ეშვება. - გინდა, რომ შევეშვა? - მინდა, რომ თვითონ შეგეშვას. - თუ ფიქრობ, რომ ახლა ამის დროა... - ვიცი, როცა იქნება ამის დრო. - ძალიან კარგი. კალეს მშვიდი ტონი პირველად მაღიზიანებს. მაღიზიანებს მათეს დამოკიდებულებაც. რა ხდება აქ? თითქოს მათე ხელებიდან ჰგლეჯდეს ჩემს თავს კალეს და ის არც კი უწევდეს წინააღმდეგობას. ამ დროს კი შორიდან მოთვალთვალე მკვლელი გულიანად იცინის და ფიქრობს, რომელია შემდეგი. ჯანდაბა! ახლა მე არ ვარ მნიშვნელოვანი. არც არასოდეს ვყოფილვარ. რით ვერ შეიგნეს ეს?! - ძალიან კარგი? - გაკვირვება კრთება მათეს ხმაში და მასაც ეცინება. - ასე მარტივად? მერე შენი სიმშვიდის გარანტია? - მე ხომ გითხარი, რომ მას არაფერს ვაძალებ. მე მას არც ვთმობ. უბრალოდ საშუალებას მივცემ არჩევანი გააკეთოს ჩემსა და შენს შორის. - არც კი იცი, რას ამბობ. - კბილებში სცრის მათე და ხმა ეძაბება. ჩემი საწოლი ოდნავ ირხევა, ალბათ თითებით მას ეჭიდება. ღმერთო! კალე ამას რატომ ამბობს? ნუთუ ხვდება, მათე რასაც გრძნობს ჩემს მიმართ? ამას აქამდეც ხვდებოდა? დიდი ხნის მანძილზე? ღმერთო! - მე ის ვიცი, რომ შენ მისთვის იბრძვი. ეს კი საკმარისია. არ მეთანხმები? - მე მისი სიმშვიდისთვის ვიბრძვი. განვლილი ცხრა წელია ამას ვაკეთებ და ამას გავაკეთებ ყოველთვის. შენ იქნები მის გვერდით თუ სხვა, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ექნება. - ვერ ვხვდები, რატომ არ მენდობი დასაწყისიდანვე. - მიზეზის ცოდნა არ გჭირდება. მთავარია ამას ხვდები. - ამ სიტუაციაში შენგან ასეთ პირდაპირობას არ ველოდი. - კალეს სიტყვებს ღიმილი ატყვიათ. - ახლა მინიშნებებით ლაპარაკი მხოლოდ დროის კარგვაა. ასე, რომ თუ შენც რამე გაქვს ჩემთვის სათქმელი, ჯობია ახლავე მითხრა. - რაც არ უნდა იყოს? - რაც არ უნდა იყოს. ცოტა ხნით სიჩუმე ისადგურებს. დაძაბულობისგან ვგრძნობ, რომ სხეული მეჭიმება და ახლაღა ვაცნობიერებ, რომ კიდურებს ვიმორჩილებ. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და თვალებს ვახელ. მათე ჩემი საწოლის კიდეს ეყრდნობა და საწოლის მეორე მხარეს, გულხელდაკრეფილ კალეს პირქუშად შეჰყურებს. ოთახში ცივა. - მცივა. - ვამბობ და საკუთარ ხმას ვერ ვცნობ. ეს ვიღაც სასოწარკვეთილი, განადგურებული, გატეხილი ადამიანის ჩაწყვეტილი ხმაა. ორივეს ჩემზე გადმოაქვს მზერა და ორივეს მაშინვე ეცვლება გამომეტყველება. - მირა! - ორივეს ერთდროულად სცდებათ ჩემი სახელი და ჩემი გაყინული თითები მათ ხელებში იწყებენ გათბობას. - როგორ ხარ? მოიცადე, ექიმს დავუძახებ. - კალე გარეთ გადის და რამდენიმე წუთში ნაცნობ ექიმთან ერთად ბრუნდება. კაცი შეკითხვების კორიანტელს მაყრის. უნდა დარწმუნდეს, რომ ისტერიკა აღარ დამემართება. ხოდა მეც ვაძლევ იმას, რაც უნდა. ჩემი გეგმები არ შეცვლილან, მაგრამ ძილი აღარ მინდა. არ მინდა დარჩენილი დრო უმოქმედოდ გავატარო. აქედან მშვიდად უნდა გავაღწიო. დაე ეგონოთ, რომ ყველაფერი რიგზეა. - შეიძლება ჩაი დავლიო? - ვეკითხები თეთრხალათიანს და მისი ღიმილით ვხვდები, რომ საბოლოოდ მოვიპოვე ნდობა. - შეიძლება. - თავს მიქნევს ის. - ახლა გავდივარ და წამლებს გიტოვებ, რომლებიც ერთ საათში უნდა დალიო. და იმედი მაქვს, არ ვინანებ, რომ გტოვებ. - ჩვენ აქ ვართ. - ამბობს კალე და ექიმს არწმუნებს, რომ მომხედავენ. - როგორი ჩაი გინდა? ახლავე მოგიტან. - ჩემკენ იხრება მათე და ლოყაზე მეფერება. - იცი, როგორიც. - ვცდილობ გავუღიმო. - ხომ კარგად იქნები? - მეკითხება ის მშვიდი ხმით, თუმცა მის თვალებში აშკარად ვხედავ ყოყმანს და აფორიაქებას. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. მათე გასაღებსა და საფულეს იღებს და სანამ ოთახიდან გავიდოდეს კალეს ავლებთ თვალს. ის კი სკამს ჩემკენ აჩოჩებს, ჯდება და მიღიმის. - ყველაფერი მესმოდა. - ვეუბნები და მისი ღიმილი მალევე ქრება. - მე ამად არ ვღირვარ კალე. ოდნავადაც არ ვღირვარ. - ახლა ამაზე საუბრის დრო არაა, მირა. ჯერ უნდა გამოკეთდე. ხომ ხედავ პრობლემები ისედაც არ გვანებებენ თავს. - ამ პრობლემების სათავე მე ვარ და მევე დავამთავრებ ყველაფერს. უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება. - მირა, მოდი, შეწყვიტე ამ სისულელეზე ფიქრი, კარგი? შენი სიკვდილი ყველაფერს დამაკარგინებს, რაც აქამდე მომიგროვებია. უფლება მომეცი, შენი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ვიზრუნო. მენდე, მკვლელს შენი სიკვდილი არაფერს შეაცვლევინებს. - მაშინ რატომ აქამდე არ მომკლა? თუ ის დაჩის ძმა არაა და თუ ის ამის გამო არ დაგვდევს, რატომ მაყურებინებს ჩემი მეგობრების სიკვდილს? - ნუ გავიწყდება, რომ მათე და ლელა შენთან არიან. - იქნებ ამის მიზეზი აქვს. - მირა გეყოფა. შეწყვიტე ამაზე ფიქრი. ეცადე ყურადღება გამოჯანმრთელებაზე გადაიტანო. დამიჯერე, პოლიცია რაღაცას მაინც ნახავს. როდემდე შეძლებს ის სუფთად მუშაობას? შენ ახლა მე უნდა დამიჯერო. მეც და მათესაც. შენამდე არავის მოვუშვებთ და ხო, საკუთარ თავებსაც გავუფრთხილდებით, თუ ეს გადარდებს. აწყლიანებულ თვალებს ცრემლებისგან ვცლი. კალეს სიტყვებზე გული მისივდება და მიხარია, მისგან კვლავ სიახლოვეს და ერთგულებას რომ ვგრძნობ, მაგრამ ეს არ ცვლის არაფერს. ამიტომ, კამათის თავიდან ასაცილებლად თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ვცდილობ, თავიდან ამოვიგდო გონებაში გაჩენილი მომაკვდავი თენგოს სურათები, რომლებიც ყველაფერს ერთად მატკივებენ. მაგრამ არ გამომდის. კალეს საუბარს ვუსმენ და თან ვხედავ, როგორ იგუდება ჩემი მეგობარი უჰაერობისგან. როგორ ინთხევა მისი პირიდან სისხლი და ყველაფერი წითელში ეხვევა. მახსენდება სისხლით დასვრილი თეონას სახე და სხეული. ოთოს საფეთქლიდან გადმოღვრილი სიწითლე. ნატას უშნოდ გახსნილი ყელი და ჩემი გასისხლიანებული ხელები. ამდენი საზიზღარი სიწითლე ზედმეტი და აუტანელია. როგორ ვიცხოვრო ამით? როგორ შევძლებ ამის დავიწყებას? მათე დროულად მოდის. ხელში სამი ქაღალდის ჭიქა უკავია და მოწესრიგებას ჩქარობს. ღიმილით აპარებს ჩემკენ თვალებს და თან მეუბნება, ძლივს ვიშოვე პიტნის ჩაიო. კალე ბალიშს მაღლა მიწევს და წამოჯდომაში მეხმარება. მათე ერთ ჭიქას კალეს უწვდის, მეორეს მე. ცხელ სითხეს თითებს ვხვევ და თამამად ვუშვებ ფილტვებში მის საოცარ სურნელს. კალე ჩაის პატარა მაგიდაზე დებს და ღიმილით ადევნებს თვალს ჩემს სიამოვნების წამებს. - ცხელია. - მიხსნის, როცა ხვდება, რასაც ვუყურებ. მეცინება და მზერა მათეზე გადამაქვს, რომელსაც ჩემსავით თითებში მოუქცევია ჭიქა. ბიჭი თვალს მიკრავს და ჩაის ერთად ვსვამთ. ახლა ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც წარსულში, როცა ყველა ცოცხალი იყო და არაფერზე ვდარდობდით მომავალი დღის დაგეგმვის გარდა. ნოსტალგიისგან ტუჩები მებრიცება, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ტირილის შეკავებას ვახერხებ. - იცით, დაჩის პიტნაზე ალერგია ჰქონდა. - ღიმილით მახსენდება ანანური. - მათე, გახსოვს, მე და ის შოთას სახლში რომ შევიპარეთ ღვინის მოსაპარად? შოთამ ხო ლამის გამოგვიჭირა... სარდაფის კუთხეში ავიტუზეთ, ვიმალებოდით, და უცბად ცემინება აუტყდა. - მეცინება. - მერე მითხრა, ალერგია მაქვს პიტნაზეო. გაგიგიათ? პიტნაზე. კიდევ კარგი, შოთამ ვერაფერი გაიგო, თორემ, სარდაფიდან მართლა ვერსად გავექცეოდით. - ჰო, ეს არასდროს გითქვამს. - მათე თვალებში შემომყურებს და სახეზე აწერია, რომ ჩემი ალაპარაკება, თანაც არა იმ თემაზე, რაზეც წესით უნდა ვსაუბრობდეთ, უზომოდ უხარია. - ანანური კარგი იყო, შოთაც, დაჩიც, მაგრამ... მაგრამ ახლა არ გვინდა ამაზე. მითხარი, როგორ გრძნობ თავს? - უკეთ ვარ. იმდენ ხანს მაძინეთ, რომ ხანდახან ისევ ძილი მერევა და ვცდილობ გამოვფხიზლდე. - საჭირო რომ არ ყოფილიყო, ამას არ ვიზამდით. - თავს აქნევს კალე უკმაყოფილოდ. ამბობს ერთი წუთით გავალო, მობილურს იღებს და გვტოვებს. მათე ჩაის დებს და ღიმილით მაცქერდება. ეს მომხიბვლელი ღიმილი მედება და სიმშვიდეს მგვრის, თუმცა მასზე დამჩნეული სევდა ფერს უცვლის გაჩენილ მუხტს. - მადლობა, რომ ასეთი ძლიერი ხარ, მათე. - თვალებს ვხრი. რთულია, ამ სიტყვებს ეუბნებოდე და თვალებში უყურებდე მაშინ, როცა ამ სიძლიერეს ვერ უფასებ. - ეს შენ გამოა, მირა, მხოლოდ შენ გამო. შენ კი, ის აკვიატება... ის რაღაც სისულელე... - კბილებში სცრის და თავს აქნევს. - რანაირად ფიქრობ, რომ ჩემი მიტოვება შეგიძლია? როგორ უშვებ ჩემს ცხოვრებას უშენოდ? ამის წარმოდგენას საერთოდ როგორ ახერხებ? პასუხის გაცემა არ მინდა. არ მინდა, რადგან ვიცი, ეს როგორ დამთავრდება. მე კი იმ მცირე კომფორტს ვერ ჩავშლი, რომელიც მათეს და კალეს ჩემს გვერდით ყოფნით იბადება. ცოტა ხნით მაინც, სულ ცოტა ხნით მაინც მინდა, რომ დავტკბე ამით. ზუსტადაც, ამ შეუფერებელ დროს. - მაპატიე, რომ განერვიულე. - ამასღა ვამბობ და მის თითებს ვუყურებ, რომლებიც პლედის ზემოდან, ჩემს მუცელზე გაშლილან. - უბრალოდ ამის ატანა უკვე შეუძლებელია, მათე. რაღაცამ უნდა შეაჩეროს ტატე. ზღვარს გადავიდა. თუ საერთოდ აქვს ზღვარი ამ ყველაფერს. - შევაჩერებთ, მირა. მე ხომ დაგპირდი. იმ გოგოს ზარს ველოდები. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. დღეს დილით კიდევ დავურეკე. ასე თქვა, ხვალ დილით წამოვალთ ბათუმიდან და მივალ თუ არა სახლში სურათებს გამოგიგზავნიო. ასე, რომ სულ ცოტაღა დარჩა მირა და ვიპოვით. თავს ვუქნევ ოდნავ იმედგაჩენილი და ოთახში დაბრუნებულ კალეს ვავლებ თვალს. მათე ფრთხილად იღებს ხელს ჩემი მუცლიდან და წელში სწორდება. ვგრძნობ, რომ ეს არ მსიამოვნებს, თუმცა ვიცი, რომ ახლა გრძნობებზე ფიქრის დრო არაა. - ჩაი გაგიცივდა. - ვეუბნები კალეს უხერხული სიტუაციის განსამუხტად. ის ჭიქას იღებს და ცხვირს მანჭავს. - თანაც ისე, რომ დასალევად აღარც ვარგა. - ამბობს და ჩემს აღებულ თითებს ფრთხილად კოცნის. ის ისაა მათე დგება და ზურგს გვაქცევს, რომ მისი მობილური რეკავს. რამდენიმეწამიანი საუბრის შემდეგ ტელეფონს თიშავს და ჩვენკენ ბრუნდება. - გამომძიებელი იყო. ამბობს ანონიმური ზარი შემოვიდა და ახლა ერთი ტიპის დასაკავებლად მივდივართ, რომელიც წვეულებაზე მიმტანად მუშაობდაო. *** ლოდინი მაგიჟებს. ვცდილობ მათესთვის მიცემული პირობა შევასრულო და საკუთარი ნებით დავიძინო, მაგრამ შეუძლებელია. ბიჭი არც მესიჯზე მპასუხობს, არც ზარზე. წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება პოლიციის განყოფილებაში, სადაც მათე წავიდა. ყველაფერი მინდა ვიცოდე, მაგრამ არ გამოდის. დივანზე მიწოლილ, დაღლილ კალეს ხელში სიგარეტის ვერცხლისფერი ფოლგა უკავია და ზანტად ცდილობს მისგან რაიმე ფიგურის გამოყვანას. ვხედავ, რომ თავს ძალას ატანს იფხიზლოს. ვთხოვ, რომ დაიძინოს, მაგრამ ჩემი ასე ვთქვათ, მარტო დატოვება არ უნდა. სხვა არაფერი დამრჩენია. ბალიშს ქვემოთ ვწევ, დანიშნულ წამლებს ვიღებ და ნებას ვაძლევ იმოქმედონ. მსუბუქი დამამშვიდებელი დაქანცულ გონებასა და სხეულს მალევე ერევა და ბურანი იწყებს ჩემს თრობას. ცოტა ხანში ვითიშები და წყვდიადში პირდაპირ თავით ვეშვები. მაგრამ, იქიდან მობრუნებული, როცა გამოფხიზლებასა და თვალების გახელას ვცდილობ, კალეს აფორიაქებული ხმა ჩამესმის. ბიჭი ტელეფონზე ლაპარაკობს და როგორც ვხვდები, მათესთან. - ორი წამით გავედი, ამის დედაც! კარი ღია დავტოვე, სპეციალურად... ყავისთვის გავედი. ხო იცი, ის აპარატი დერეფნის ბოლოშია. მობრუნებულმა დავინახე. პალატის კარში იდგა. ჩემკენ. შავი კაპიუშონიანი ზედა ეცვა... არა, ვერ დავინახე, შორს ვიყავი... გაიქცა ის ! გავეკიდე, მარა თვალს მოეფარა... ვიცი, მაგრამ, როგორ გგონია, ეგ ჯობია?.. მაქვს იდეა... სახლი მაქვს სოფელში და ახლავე შემიძლია იქ წავიყვანო... რო წამოხვალ დამირეკე და მოგასწავლი... კარგი, გავალთ. კალე ლაპარაკს ასრულებს და ის ისაა თვალებს ვახელ, რომ ისიც მეხება. - მირა. - ჩურჩულებს ის. - აქ იყო? - ენას ძლივს ვამოძრავებ. როგორც ჩანს, ისევ წამლისგან ვარ გაბრუებული. - უნდა წაგიყვანო. ხო, აქ იყო, მაგრამ ნუ გეშინია. - იქაც მოვა, კალე. - ადგომას შეძლებ? - არ ვიცი. - კარგი, მოიცადე. კალე ცოტა ხნით მშორდება. შემდეგ კი ხელში მიტაცებს და პალატიდან გავყავარ. მანამ, სანამ მის მანქანაში არ ვხვდები, ფრენის შეგრძნება არ მშორდება. ვიცი, რომ კიბეზე ჩავდივართ, მაგრამ თავი ხიდზე გამობმული და სივრცეში მოქანავე მგონია. - მირა. - ღვედს იკეთებს კალე, ჩემკენ იხრება და სახეზე თითებს მაკრობს. - დაიძინე, სიფხიზლეს ნუ ცდილობ. რომ ჩავალთ გაგაღვიძებ. - გამოგვყვება. - ვცდილობ თვალებში შევხედო და მათი ქარვისფერი ელვარება დავინახო, მაგრამ მთვლემს. ვერ ვხვდები, უბრალო დამამშვიდებელმა ასე როგორ გამომაცალა ძალა. - ვერა, მირა. ვერ გამოგვყვება. - კალე კიდევ რაღაცას ამბობს, მაგრამ ვერ ვაცნობიერებ. მისი ხმა ნაწილაკებად იფანტება ჰაერში. 14 თავი *** სივრცეში დაკარგულივით ვგრძნობ თავს. ასე მგონია დედამიწაზე განვმარტოვდი. იმასაც ვერ ვხვდები, მაშინებს თუ არა ეს. არც ემოციებია, არც გრძნობები. შიში და ტკივილი გამქრალა. ცარიელი ვარ. უკუნეთს ვუსწორებ თვალს და ვცდილობ, რაღაც ვიგრძნო, მაგრამ არაფერია. ვაყოვნებ. ვიცდი, მაგრამ არაფერი ხდება. ერთხანს შეგუებას ვცდილობ, თუმცა, შემდეგ ვაცნობიერებ, რომ არაფერი - ეს საშინელებაა. არაფერი ხდებოდეს, ვერაფერს გრძნობდე, იგივეა, არ არსებობდე. არაფრის შეგრძნება ისევ შიშს მგვრის და თითქოს თავიდან ვიბადები. მაგრამ ეს დაბადება არაა მშვიდი. ვიბადები ტკივილთან და ნაკაწრებთან ერთან. არსებობა, ადამიანობა რთულია, განსაკუთრებით ჩემი ფიქრებით და წარსულით, მაგრამ უარაფრობა გაცილებით უარესია. ვარდნის შეგრძნებასთან ერთად მეღვიძება და ის ისაა თვალებს ვახელ, რომ რაღაც ხმაურობს. ვერ ვარჩევ რა არის. კარის ძლიერად დახურვის, ჩამოვარდნის თუ დარტყმის ხმა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს დიდად ვერ მაფხიზლებს. ჩემზე საშიშად აღარ მოქმედებს, თითქოს უკვე მივეჩვიე ხმაურსა და ცუდს. თვალებს ისევ ვხუჭავ, მაგრამ მალევე ვაცნობიერებ, რომ გარემო უცხოა და ისე ვუბრუნდები ოთახს. იდაყვებზე ნელა ვიწევი და პატარა სპილოსძვლისფერკედლებიან სივრცეს ვათვალიერებ. მერე მახსენდება გუშინდელი ღამე და ისე სწრაფად ვდგები საწოლიდან, რომ თავბრუ მეხვევა. ფეხებში ისეთ საშინელ სისუსტეს ვგრძნობ, რომ მეშინია არ წავიქცე და ცოტა ხნით საწოლზე ვჯდები. აქ კალესთან ერთად ვარ... არ ვიცი სად, მაგრამ მარტო არ ვარ და ეს უკვე კარგია... მახსენდება ჩემი აკვიატება. ის, თუ როგორ ვცდილობდი წინა დღეებში თავი მომეკლა და ამით დამესრულებინა აუარებელი პრობლემები, მაგრამ ახლა ერთადერთი რაზეც ვფიქრობ ისაა, თუ სადაა მათე და რატომ არ რეკავს. საწოლის გვერდით პატარა ძველ ხის ტუმბოზე წყალი და აბი დევს... იქვე წარწერაა, რომ დავლიო და ეზოში გავიდე. ჩემი მობილური არაა, არადა ჰაერივით მჭირდება ახლა მათეს ხმის გაგება. რა მოხდა გუშინ მას მერე, რაც საავადმყოფოდან წამოვედით? ასე უსულოდ როგორ მეძინა? თეთრ აბს პირში ვიდებ და წყალს ვაყოლებ. სითხე მსიამოვნებს. შემდეგ ისევ ნელა ვდგები და საკუთარ თავს ვაკვირდები. უკეთ ვარ. ფანჯარასთან მივდივარ, გაუმჭვირვალე თეთრ ფარდას ვწევ და გარეთ ვიხედები. ცას ნაცრისფერი დასდებია, მაგრამ მზე მაინც ანათებს. ფანჯრის მინები წვიმის წვეთებითაა დაწინწკლული. ოთახს მიღმა მოზრდილი ეზოა. ეზო კი პირდაპირ ტყეს უერთდება... ჯერ ისევ მუქ მწვანედ შეფერილი ხეთა რიგი ერთდროულად მომნუსხველად და შემაძრწუნებლად გამოიყურება. რაღაც ძალიან ნაცნობ შეგრძნებას მიღვიძებს ეს გარემო, მაგრამ ვერ ვხვდები რას. ვბრუნდები და ოთახიდან გავდივარ. სასტუმრო ოთახი ლამაზია. ოდნავ ცარიელი, მაგრამ მაინც ლამაზი. კალეს თბილისის სახლს ჰგავს. აქაც რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს. ნაცრისფერი ავეჯი, შავი მაგიდა და რამდენიმე კუთხის ყვავილი დგას. ჩამოფარებული მუქი ლურჯი ფარდების გამო ოდნავ ბნელა. სინათლეს ვრთავ და ჩემს მობილურს ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ. - კალე! - ვეძახი ბიჭს და ვაყურადებ, მაგრამ არ მპასუხობს. მოშორებით კიდევ ერთ ოთახს ვხედავ და მისკენ მივდივარ. ურდულს ვწევ, მაგრამ ვერ შევდივარ. კარი დაკეტილია. ის ისაა ვბრუნდები, რომ გარედან ნაბიჯების ხმა მესმის და რამდენიმე წამში კალესაც ვხედავ. ხელი თავზე მიუბჯენია. მეორე ხელში პარკი უჭირავს და როგორც კი მხედავს მაგიდაზე დებს. - გაიღვიძე? - მიღიმის, თუმცა ეს ღიმილი ის არაა, რაც უნდა იყოს. ჩემკენ მოდის და ჩასახუტებლად ხელებს განზე სწევს. მეხვევა, მაგრამ მე მაინც ვასწრებ მის შუბლზე წითელი ზოლის დანახვას. თმიდან სისხლი მოჟონავს. - რა გჭირს, რა მოხდა? - უკან ვიხევ და მის თავს ვაკვირდები. - ნუ გეშინია, ფარდულში ვიყავი და კარს მივარტყი თავი. - ისევ ეღიმება და სისხლისგან დასვრილი ხელისგულის სალფეტკით გაწმენდას ცდილობს. - იმდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ, რომ დამავიწყდა, რამდენად დაბალია. - ძალიან გტკივა? სად გაქვს აფთიაქის ყუთი? მოდი მივხედოთ... - არ გინდა მირა... - შუბლზე ისვამს სველ სალფეტკს და წითელი ზოლიც ქრება. მიახლოვდება და ჩემს სახეს ხელებში იქცევს. - დაისვენე? თავს როგორ გრძნობ? - ასე ხომ არ იქნები... - თვალს ვერ ვწყვეტ მის თავს. - გეყოფა. - მაცქერდება კალე და მეც მის ქარვისფერ თვალებს ვუყურებ. დაღლილია, მაგრამ მათში ისეთი უცხო სხივი კრთის, აქამდე რომ არ შემინიშნავს. - უბრალო ნაკაწრია. ხსენებაც კი არ ღირს იმასთან, რაც შენ გემართება. გული მეწურება. მისი სიტყვები იმაზე ფიქრს მაიძულებენ, რის განდევნასაც დროებით მაინც ვცდილობ. ვერაფრით ვეგუები იმ ფაქტს, რომ დარჩენილი ცხოვრება, თუ ამას გადავწყვეტ, მათზე ფიქრით მომიწევს. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ყელში გაჩენილი ბურთის გადაყლაპვას ვცდილობ. - სად ვართ? - ვეკითხები მას და თვალს ვარიდებ. - უსაფრთხო ადგილას. - მოკლედ მპასუხობს, თუმცა ჩემგან განსხვავებით შორს ყოფნას არ ცდილობს. პირიქით. თითებს მიჭერს და მეც უკან გადადგმულ ნაბიჯს ვაჩერებ. - ადევნება არ გაუჭირდებოდა. - ამაზე ნუ ღელავ, მირა. - ისეთი დარწმუნებული ტონი აქვს, რომ მიკვირს. ვერ ვიჯერებ, რომ ადამიანი, რომელიც თავისი გეგმის ბოლოსკენ უშეცდომოდ გავიდა, ახლა, კალემ გააცურა. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენ მისგან თავის დაღწევა შევძელით. - კარგი, ვთქვათ, აქ არაფერი გვემუქრება. რა უნდა გავაკეთოთ? სამუდამოდ აქ ხომ ვერ გავჩერდებით? - მოდი, ჯერ მათე მოვიდეს. - ხელს მიშვებს კალე და ზურგს მაქცევს. მის მხრებს ვავლებ თვალს. მოუსვენრად ვარ. მოლოდინის და საფრთხის შეგრძნება არ მასვენებს, მიუხედავად კალეს სიმშვიდისა. - ელაპარაკე? იცის სად ვართ? - იცის. ღამით ავუხსენი. - ჩემი მობილური სადაა? ვერ ვნახე. - ხო, ეგ. გუშინ ისე უცბად წამოვედით საავადმყოფოდან, რომ... აღარც გამხსენებია. - შენი მათხოვე, მათეს მინდა დაველაპარაკო. - ხელს ვუწვდი. - ვცადე, გამორთული აქვს. - სავარძელში ჯდება კალე და ოხრავს. ხელი ისევ თავზე უდევს. გვერდით ვუჯდები და მის თითებს ვუყურებ, რომლებშიც სისხლით დასვრილ სალფეტკს ატრიალებს და მშვიდად სუნთქავს. - იქნებ გამაყუჩებელი მაინც დალიო? - მისგან განსხვავებით მისი ნატკენის გამო ვერ ვისვენებ. - ასეც არ მტკივა. - კარგი, არ ჩაგაცივდები. - გული მომდის, ასე უყურადღებოდ რომ ტოვებს ჭრილობას. - მირა. - ამოსუნთქვას აყოლებს ჩემს სახელს და თითებს მიჭერს. - შეეშვი ამას. და მითხარი, თავს როგორ გრძნობ? - არ ვიცი. - მხრებს ვიჩეჩავ და ჩვენს ხელებს ვაკვირდები. მეუცხოება. ადრე ყოველი მისი უმნიშვნელო შეხებაც კი მაღელვებდა და თავს მაკარგვინებდა. ახლა უბრალოდ დაცულობის განცდას მგვრის. მადლიერი ვარ, რომ ჩემს გვერდითაა და გულს მიჩქარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს განვლილ თანაცხოვრებას დღეს მხოლოდ ვნებიან წარსულად ვთვლი. ამას ვაცნობიერებ და ის, რომ ჩემი და კალეს დასასრულის მიზეზი მე ვარ, რომ დამნაშავე ისევ მე ვარ, უარესად მხდის. მახსენდება მისი გაცნობის დღე, მისი თითები ვისკის ჭიქაზე, თითოეული ვნებიანი ჩაჩურჩულება ყურთან და ყველა რისკიანი ნაბიჯი მასთან ერთად. მახსენდება საკუთარი თავი კალემდე და მის შემდეგ. საკუთარ თავში ბევრი რამ აღმომაჩენინა და მიუხედავად იმისა, რომ მაინც ის დავრჩი, რაც ვიყავი, სიახლეების შემდეგ ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებ. მახსენდება მისი დამოკიდებულება იმ პრობლემებთან, რომლებიც ჩემთან ერთად გამოიარა და ჯერ კიდევ გაოცებული ვარ, როგორ და რატომ დარჩა მაინც ჩემთან. შემდეგ ვხვდები, რომ ამის მიზეზი ჰქონდა. ეს მითხრა კიდეც, მაშინ, საავადმყოფოში, როცა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. მითხრა, რას გრძნობდა ჩემს მიმართ და მახსოვს საკუთარი რეაქცია მის სიტყვებზე. მახსოვს და წარმოდგენა არ მაქვს, ამას როგორ შეველიე. თუმცა, როგორ არა. ჩემში ძალიან, ძალიან ძველმა, ყველაზე ძლიერმა და ყველაზე სანდო გრძნობამ გაიღვიძა. ამას მოლოდინში ვგრძნობ, მათეს მოლოდინში და რაც დრო გადის, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ სულელი ვარ. სულელი ვარ, რადგან მთელი ჩემი ცნობიერი და ზრდასრული ცხოვრება გვერდით მყავდა ადამიანი, რომელზეც ვერასოდეს ვამბობდი უარს და თურმე ეს არ ყოფილა მეგობრული ეგოიზმი. ეს უფრო დიდი და ძლიერი გრძნობა იყო. მე კი ბრმა და იმდენად ჩაკეტილი ვიყავი, რომ ლამის დავკარგე ის, რაც თურმე ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა. ახლა, როცა კალეს თითები ჩემს ხელისგულზე დასრიალებენ და მე შეხების გარდა ვეღარაფერს ვგრძნობ, ვხვდები რაც იყო ჩვენს შორის და ვხვდები რაცაა ჩემსა და მათეს შორის. მაგრამ ახლა... არ ვიცი ახლა რამდენადაა ამ თემაზე საუბრის დრო. - ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სხეულიდან ყველაფერი გამომაცალეს. ტირილი მინდა. ასე მგონია მიშველის, მაგრამ ცრემლებს ვერაფრით ვიგროვებ. მეგობრები მინდა ვიგლოვო... ღმერთო, თენგოც... ის ხომ სულ ახლახან... - ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ემოციებს ვნებდები მაგრამ არა, ცრემლები არსად ჩანან. - მაგრამ ვერც ამას ვაკეთებ, კალე. ვერაფერს ვაკეთებ. არაფერი აღარ ვარ. - ჩემი სიზმარი მახსენდება და გულზე რაღაც მიჭერს. - ისინი დავკარგე და არაფერი აღარ ვარ. - შენი კარგად მესმის. - ამბობს ის. რამდენიმე წამით გვერდიდან მიყურებს და შემდეგ ფეხზე დგება. - შეენ? შენ როგორ... - თვალს ვაყოლებ მაგიდისკენ წასულს. - დანაკარგის შეგრძნება ვიცი რაცაა. სულ ერთია ვინ იქნება ეს, მთავარია, რომ შენთვის მნიშვნელოვანია. კარგავ და მასთან ერთად იკარგება წარსულიც. ისე ქრება ყველაფერი, თითქოს არც უარსებია. დარჩენილი მოგონებები კი სიზმრებივით არიან. უკვე ვეღარ ხვდები რეალურად იყო ისინი, თუ არა. საბოლოოდ გამოგონილ რეალობას იღებ და თავს არარაობად გრძნობ. - თან არსებობ და თან არა. - თან არსებობ და თან არა. - იმეორებს ჩემს სიტყვებს. - შენთვის ახლა ძნელია. გგონია, რომ ვერ გაუძლებ, მაგრამ დრო გავა და მიხვდები, რამდენი შეუძლია ადამიანს. რამდენის ატანა და მოთმენა. და შემდეგ ამ მოთმენილით ცხოვრება. - შენზე ბევრი რამ არ ვიცი კალე. - დამიჯერე, - მის პროფილს დაძაბულ ღიმილს ვამჩნევ. - იცი. - არა. მთელი ეს დრო ჩემს პრობლემებს დასდევდი. ჩემზე ვსაუბრობდით. ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებდა. შენ ჩემ გვერდით იყავი, ყოველთვის, მაგრამ დამავიწყდა, რომ შენზე ბევრი რამ უნდა მცოდნოდა. კალე ჩემკენ ტრიალდება და მაგიდას ცალი ხელით ეყრდნობა. ისე მავლებს თვალს, თითქოს პირველად მხედავდეს და პირველად იქმნიდეს ჩემზე წარმოდგენას. ალბათ ნაწყენია და სულაც არ მიკვირს. - ბევრი რამის ცოდნა... მგონი ამის დანაკლისი არასდროს გქონია, მირა. ჩვენ ერთმანეთისგან იმას ვიღებდით, რაც გვჭირდებოდა. არ მეთანხმები? - თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. თუმცა მისი საუბრის წარსული ფორმა ოდნავ მაბნევს. - თუ გგონია, მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩემზე არ ვსაუბრობდით და ჩემს ცხოვრებაზე შეკითხვებს არ მისვამდი, ცდები. ჩემში ეჭვი არასოდეს შეგპარვია, ხომ ასეა? - ისევ თავს ვუქნევ. - პირიქით რომ ყოფილიყო, შეკითხვებიც იქნებოდა. ასე, რომ ყველაფერი რიგზეა, მირა. - ის ისაა შეპასუხებას ვაპირებ, რომ ისევ თვითონ აგრძელებს. - შეხედე, უკვე ორი დაიწყო, შენ კიდევ არაფერი გიჭამია. რაღაცები ვიყიდე, ცოტა წავიხემსოთ, სანამ მათე მოვა. მომეხმარები სამზარეულოში? - მაგიდიდან პარკს იღებს და პასუხისმომლოდინე ღიმილით მიყურებს. *** სამი საათი ხდება და მათესგან ისევ არაფერი ისმის. ფორიაქი იმდენად მაწუხებს, რომ სახლში ვეღარ ვჩერდები და ეზოში გავდივარ. უცნაური ამინდია. მიწა წვიმისგანაა დარბილებული. როგორც ჩანს, აქ წინა დღეებში წვიმდა. ირგვლივ ყველაფერი ჩამუქებულია. მოღრუბლულია, მაგრამ ნაცრისფერი ციდან მზე მაინც ცდილობს თავისი სხივების ჩვენამდე მოწვდენას. არ ცივა. აქაურობა არაჩვეულებრივი იქნებოდა ზაფხულში, მხურვალე ქალაქისგან შორს. ახლა კი მხოლოდ თავშესაფარია და ისიც კი არ ვიცი, რამდენად საიმედო. უკანა ეზოდან ქვის ბილიკი ორად იყოფა. ერთი ტყის პირას, პატარა ფარდულისკენ მიდის, მეორე კი სახლის წინა მხარეს. ერთხანს ფარდულს ვუყურებ. დროის გასაყვანად იქ მისვლას და მის დათვალიერებას ვფიქრობ, მაგრამ მაინც საპირისპირო მხარეს მივდივარ. ჭიშკართან კალეს ვხედავ, რომელსაც მანქანისთვის სახურავი აუხდია და რაღაცას საქმიანობს. ალბათ ნაბიჯების ხმა ესმის, ღიმილით მავლებს თვალს და საქმეს განაგრძობს. სახლის წინა ეზო გაცილებით პატარაა. ქვის ბილიკი ჭიშკრამდე მიდის. აქედან ნათლად ჩანს, რომ კალეს სახლი საკმაოდ დაშორებულია სოფელს. ქუჩა ცარიელია. ალბათ ამინდის გამო. - ისევ იწვიმებს. - მესმის კალეს ხმა. - უხდება აქაურობას. - აქ არ გიცხოვრია და ამას ამიტომ ამბობ. - ალბათ დიდი ხანია აქ არ ყოფილხართ. - მშობლები კი, წლებია არ ყოფილან. შარშანდელი ზაფხული აქ გავატარე. უცბად შორიდან რაღაცის ხმა აღწევს ჩვენამდე. დავარდნის ან ჩამოყრის ხმას ჰგავს. უკან ვიხედები. ფარდულის გარდა ვერაფერს ვხედავ. - ვნახოთ, ხომ არაფერი გააფუჭა. - ის ისაა ნაბიჯებს ვდგამ, რომ მანქანის ხმა მესმის. ჭიშკრისკენ ვბრუნდები და შორიდანვე ვხედავ მათეს მანქანას. სიხარულისგან ჰაერს ხარბას ვისუნთქავ და ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობ, თითქოს არაფერი მაწვებოდეს გულზე. თითქოს აქ დასასვენებლად ვიყო და არა დასამალად. - მოვიდა. - ვამბობ გაუცნობიერებლად და კარისკენ ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ. გარეთ გასული მოუთმენლად ველოდები, როდის მოაღწევს უსწორმასწორო გზაზე მოსიარულე მანქანა ჩემამდე. კალე ჩვარზე ხელების წმენდით მიახლოვდება და თვალებდაწვრილებული უყურებს ჩვენს წინ გაჩერებულ შავ ჯიპს. იქიდან გადმოსული მათე პირდაპირ ჩემკენ მოდის და ისე ძლიერად მიკრავს გულში, ლამისაა ფილტვები გამისკდეს. მინდა ასე ვიყო იმდენ ხანს, სანამ დგომით არ დავიღლები და სანამ მის არყოფნით გაჩენილ დანაკლისს არ ავინაზღაურებ, მაგრამ მახსენდება, რომ ჩვენს უკან კალე დგას და ფრთხილად ვითავისუფლებ თავს ბიჭის მკლავებისგან. მათე ხელებში იქცევს ჩემს სახეს და თვალებში ჩამყურებს, ერთ ხელში მობილური ჩაუბღუჯავს და აფორიაქებული მაკვირდება. - კარგად ხარ? - მეკითხება და ერთი წამით კალესკენ აპარებს მზერას. ვუყურებ და ასე მგონია, სადღაც ეჩქარება. მგონია, რაღაცის თქმა უნდა და თავს იკავებს. - არა მიშავს. - თავს ვუქნევ. - შენ? რა ხდება თბილისში? - სად გაქვს მობილური? - არ მპასუხობს შეკითხვაზე. - საავადმყოფოში დარჩა. - შეწუხებული ვჭმუხნი შუბლს. ალბათ ინერვიულა, რომ ვერ დამიკავშირდა. მაგრამ კალესთან რატომ არ სცადა დარეკვა? - კარგი, - ოხრავს ის და ხელებს მიშვებს. - კარგი, არა უშავს. მთავარია კარგად ხარ. - თავს აქნევს და ისევ კალესკენ იხედება. - შევიდეთ. - ამბობს ჭიშკარში მდგომი და გზას გვითმობს. სახლამდე სამივე ჩუმად ვართ. - იმ მიმტანზე რა გაარკვიეს? - ეკითხება კალე მათეს სახლში შესვლისთანავე. - ბევრი არაფერი ვიცი. და არც მაინტერესებს. ის არაა და არც პრობლემა გადაჭრილა. პოლიცია რას ფიქრობს და რას გაარკვევს დიდად არ მაინტერესებს. - დაძაბული ხმა აქვს. მის ყელსა და საფეთქლებზე დაჭიმულ ძარღვებს ვხედავ და მეც ვიძაბები. - მათე, რამე მოხდა? - ვეკითხები ფრთხილად. და აზრები მაშინვე ყველაფერს საშინელებას ხატავენ. მახსენდება, რომ თბილისში ლელა და ბექა არიან. ჩემი ორი ცოცხალი მეგობარი, მარტო, ჩვენს გარეშე და მაშინვე შიში მიტანს. - ბექა და ლელა?.. - რა?.. - მათეს მზერა კალედან ჩემზე გადმოაქვს და ხვდება თუ არა, რასაც ვფიქრობ, მაშინვე ეშვება. - არა, არა მირა. ნუ გეშინია. კარგად არიან. ლელას ველაპარაკე წამოსვლამდე. ნუ ნერვიულობ. უბრალოდ... - ჰაერს ხარბად ისუნთქავს. ყოყმანობს. - შენს წასაყვანად ჩამოვედი. - რაა? - მასწრებს კალე გაკვირვებას. - ხო. - ტუჩებს მკაცრად აჭერს ერთმანეთს მათე და ხელში მომწყვდეულ მობილურს კიდევ უფრო ბღუჯავს. - ხო არ დაგავიწყდა, აქ რისთვის ჩამოვიყვანე? - შუბლს ჰკრავს კალე. - ჯობია თბილისში იყოს. - რატომ? იქნებ რამეა რაც ჩვენ არ ვიცით? - მის ხმაში ირონია კრთის და საშინლად უსიამოვნოა. - მირა, - ჩემკენ ბრუნდება მათე. - რაღაც არის... გეტყვი. არ მინდა ისე წაგიყვანო, რომ არ იცოდე. მაგრამ უნდა დამპირდე, რომ მაშინვე არ აფეთქდები. - მითხარი. - ახლა უკვე მეც არ მომწონს მისი შესავალი. - დედაშენი ჩამოვიდა. - ფრთხილად ამბობს მათე და მაკვირდება. - რა თქვი? - გაოგნებისგან თვალები მიფართოვდება და ერთხანს სუნთქვა მეკვრის. - რა თქვი? - შენი ნახვა უნდა... გვიან გაიგო, რაც ხდებოდა აქ... - მათე, გაჩუმდი... - გაღიზიანებული ვაქცევ ზურგს და გარეთ გასასვლელად კარისკენ მივდივარ, მაგრამ ბიჭი ხელს მიჭერს და მაჩერებს. - ნუ გარბიხარ, მაცადე და მომისმინე. - ხმა უმკაცრდება. ვუყურებ და ბრაზი მახრჩობს. - უნდა ნახო. ასე არ გაუშვა, მირა. ძალიან ღელავს, ნერვიულობს. - გავუშვა? ანუ ისევ მიდის? მათე ხვდები რას მეუბნები? წლებია არ მინახავს, წლებია მისი დანახვაც კი არ მინდა. ახლა ჩამოდის, თურმე ნერვიულობს და თან ისევ მიდის. მე უნდა ჩავიდე? მე უნდა ვნახო? - რატო არ წამოიყვანე. - თვალს ავლებს კალე მათეს. ბიჭი მის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს და ისევ ჩემთან აგრძელებს ლაპარაკს. - ახლა სიჯიუტის დრო არაა, მირა. დამიჯერე შენ ის გჭირდება. ახლა ბრაზობ, მაგრამ... - მათე, რა გჭირს? - ვერ ვხვდები მის დაჟინებას. - მეგონა იზიარებდი იმ ქალის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას. მეგონა ვერც შენ ჰპატიობდი ჩემს მიტოვებას. რა შეიცვალა? - დრო გავიდა, მირა. იქნებ ისიც შეიცვალა. შენზე დარდობს. ვნახე, ველაპარაკე და გულწრფელია. მე ხომ მენდობი? ხოდა დამიჯერე, ის ნამდვილია. სიტყვები ყელში გროვდებიან და ამოთქმას ცდილობენ, მაგრამ იმდენად დაულაგებელია ჩემი აზრები, იმდენად გაღიზიანებული და არეულია თითოეული მათგანი, რომ სიჩუმეში იკარგებიან. ზამბარასავით დაჭიმული ვდგავარ და არ ვიცი, რა გავაკეთო. არ ვიცი იმ ქალზე გავბრაზდე, მათეზე თუ საკუთარ თავზე. მაშინ, როცა მე და მამა დაუფიქრებლად მიგვატოვა და საბერძნეთში წავიდა, ჩემთვის სამუდამოდ გაქრა. საკმაოდ პატარა ვიყავი იმისთვის, რომ გამეაზრებინა, მისი საქციელი, მაგრამ ტკივილი უდედობით დაიწყო და მისითვე დამთავრდა. როცა ვხედავდი, როგორ ცდილობდა მამა ლულუს დატოვებული ცარიელი ადგილი შეევსო, რომ ამისთვის ყველაფერს აკეთებდა შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც, ამ ქალის მიმართ ჩემი ბრაზი კიდევ უფრო ღრმავდებოდა. შემდეგ მივხვდი, რომ მის გარეშეც შემეძლო ცხოვრება გამეგრძელებინა და ყველანაირი გრძნობა წავშალე დედაჩემის მიმართ, რაც კი გამაჩნდა. ვიყავით მე და მამა და არ არსებობდა არანაირი დანაკლისი. პირიქით, რაც გვქონდა, ჩვენთვის საკმარისზე მეტი იყო. ერთმანეთს ვავსებდით და არ გვჭირდებოდა სხვა არავინ. ბრაზი მხოლოდ ერთხელ, მაშინ განმიახლდა, როცა მამა დაიღუპა, რადგან ის არ ჩამოსულა. ბებიისგან გავიგე, რომ დარეკა, მაგრამ არ დავინტერესებულვარ მისი ამბით. მისი საქციელი იმაზე მეტყველებდა, რომ მამას გარდაცვალებას დიდად არ დაუმწუხრებია. არც იყო გასაკვირი. ამიტომ ამ ბრაზმაც მალევე გადამიარა. ახლა კი... ახლა ჩამოდის, თავს მახსენებს, თურმე ნერვიულობს და... - რა უნდა ჩემგან... - ძლივს ვახერხებ ნერვებისგან ჩამწყდარი ხმის ყელიდან ამოშვებას. - მე ნუ მეკითხები ამას მირა, მე არ ვიცი. - თავს აქნევს მათე. - დაფიქრდი, არ გეუბნები, რომ ახლავე მიიღო გადაწყვეტილება. იფიქრე მაინც... - იქ წამოსვლას არ ვაპირებ, ამაზე ფიქრიც კი არაა საჭირო... მისი დანახვა არ მინდა. - ნუ გაჯიუტდები, კარგი რა, პატარა ხომ აღარ ხარ... - მათეს ხმას ვერ ვცნობ. მის საქციელს ვერ ვხვდები. ასე რატომ მაცივდება. რატომ უნდა ჩემი მასთან წაყვანა. - ნუ აძალებ. წამოსვლა არ უნდა. - მიახლოვდება კალე, თითებს მიჭერს და მათეს არ აშორებს თვალს. - ეს შენ არ გეხება. - ცივად სცრის კბილებში მათე და ერთი წამით ჩვენს ხელებს ავლებს თვალს. - და უკეთესი იქნება, თუ მარტოს დაგვტოვებ. - გინდა, რომ გავიდე? - თვალებში მაცქერდება კალე. ჩემსა და მათეს შორის ისე დგას, თითქოს მისგან მიცავდეს. კანზე ცივი ეკალი მაყრის, როცა წარმოვიდგენ, რომ შესაძლოა მათე ჩემთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. მერე მახსენდება ბათუმში, ოთოს სიკვდილის დღეს აღმოჩენილი სისხლიანი სალფეტკი და მათეს ჭრილობა. მახსენდება ჩემი საშინელი ეჭვები მის მიმართ და დანაშაულის შეგრძნება ყელში მიჭერს. შიგნიდან ვიღაც მიყვირის, რომ ეს მეორედ აღარ უნდა განმეორდეს. მეორედ მათეში ეჭვი აღარ უნდა შევიტანო. უნდა მოვუსმინო, უნდა ვენდო... საკუთარი დასკვნები გვერდით უნდა გადავდო. აფეთქება უნდა ჩავაცხრო. რამენაირად თავს უნდა მოვერიო. - საჭირო არაა ეს... კალე, არა. ასე ნუ იქცევი. ასე ნუ იქცევით. - ახლა მე ვდგები მათ შორის და ორივეს ვავლებ თვალს. ვყოყმანობ, მაგრამ სიტუაციის დაძაბვა არ მინდა. აქ არა. - რომ არ წამოვიდე, აქ არ დარჩები? - უნდა წამოხვიდე, იმიტომ, რომ აქ დარჩენას, არც ერთი ჩვენგანისას აზრი არ აქვს. - მის მაგივრად გადაწყვეტილებას ნუ იღებ. - ერთ ნაბიჯს დგამს კალე მათესკენ. - შენ კიდევ ნუ ერევი-მეთქი უკვე გითხარი! - თითს სწევს მათე. ხელი ისევ მობილური აქვს ჩაბღუჯული. შუბლშეკრული და გაღიზიანებული ვუყურებ ორივეს. - გეყოფათ! - ხმას ვუწევ. - მაცადე, რომ მოვიფიქრო. - ვეუბნები მათეს და შემდეგ მზერა კალეზე გადამაქვს. - მე თვითონაც არ ვიცი რა ჯობია, კალე. ორივე დამშვიდდით და დრო მომეცით. სააბაზანო სად გაქვს? კალე ერთხანს თვალებში მიყურებს. ასე მგონია, ისიც კი აღიზიანებს, რომ საერთოდ აქედან წასვლაზე უნდა ვიფიქრო. არ ვიცი, რატომაა ასე დარწმუნებული, რომ აქ არაფერი გვემუქრება. თუმცა ის, რომ დარწმუნებულია, უკვე საკმარისია ჩემი სიმშვიდისთვის. თუმცა, ვერ გავურბივარ იმაზე ფიქრს, რომ მათესაც უნდა ვენდო და დავუჯერო. - იქით. - ხელით მანიშნებს ის ოთახის მარცხენა კუთხეში გასასვლელს და ისევ მათეს უბრუნდება უკმაყოფილო მზერით. - არ მინდა იმაზე იკამათოთ, რაც ჩემი გადასაწყვეტია. კარგით? ორივე ჩუმადაა. - კარგით? - ვიმეორებ უფრო მკვეთრად. - კარგი. - ზურგს მაქცევს კალე და ჯდება. - გავიგე. - შუბლს ჭმუხნის მათე და ისიც ბრუნდება. გული მეწურება. გაურკვევლობა მახრჩობს. - ლელამ რა გითხრა, ბექა როგორაა? - ვეკითხები მათეს. ვცდილობ მისი ყურადღება მივიქციო და ეს დაძაბულობა გავფანტო, მაგრამ ის არც კი ბრუნდება, ისე მპასუხობს. - არაფერი შეცვლილა. ისევ სძინავს. - შემდეგ ნებისყოფადაკარგულივით სწრაფად ტრიალდება. - მირა, იქნებ მალე მორჩე შენს საქმეს და გადაწყვიტო... - ასე თუ დამაძალებ, ვერაფერსაც ვერ გადავწყვეტ. - ვბრაზდები. - მე მგონი ატრაკებ. - კბილებში სცრის კალე და დივანზე მჯდარი ქვემოდან გაღიზიანებული იყურება. - შენი მარტო აქ წამოსვლით ისედაც გავრისკეთ. - რა გარისკე... - ირონიით ეცინება მათეს. - შეიძლება აგდევნებოდა და ხო, შეიძლება შენი დამსახურებით, აღარც ეს ადგილი იყოს უსაფრთხო. მათე ტუჩებს ერთმანეთს მაგრად აწებებს და ვხედავ, როგორ ცდილობს თავის შეკავებას, რომ წყობიდან არ გამოვიდეს. ასე მგონია, სადაცაა მის მუჭში მოქცეული მობილური ფერფლად იქცევა. - ცოტა ხნის წინ რაღაცას დამპირდით, გახსოვთ? - ვეკითხები ორივეს. ისინი ისევ ჩუმად არიან. - მივდივარ. - ვამბობ, ორივეს ვტოვებ და სააბაზანოში მარტო ვრჩები. ცხელი წყალი მოდუნების საშუალებას მაძლევს, მაგრამ ფიქრები იმდენად მძიმეა, რომ დაღლა ერთიანად მაწვება მხრებზე. ტრაპს ვკეტავ და ვანაში ვწვები. წარსული ერთიანად იყრის თავს ჩემს გონებაში. საშინელი ქაოსია და არც დასალაგებლად ვაკეთებ არაფერს. ვიცი, რომ კარგად უკვე აღარაფერი იქნება. ახლა ის უნდა გადავწყვიტო, ამ სიტუაციისთვის რა ჯობია. წასვლა თუ დარჩენა. კალესი მჯერა, მჯერა, რომ აქ უსაფრთხოდ ვიქნებით, მაგრამ როდემდე. სანამ პოლიცია მკვლელს არ იპოვის? თითქმის ხუთი თვე გავიდა და ეჭვმიტანილიც კი არ ჰყავთ. ვინ იცის, როდის გავლენ კვალზე? რამდენი ხნით მომიწევს აქ ყოფნა? ან როგორ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ბოლოსდაბოლოს აქაც ვერ მოგვაგნებს დაჩის ძმა? და მათე? იმასთან ერთად, რომ უნდა, დედაჩემი ვნახო და ველაპარაკო, ფიქრობს, რომ აქ დარჩენას აზრი არ აქვს. ჰგონია, რომ ეს ადგილი უსაფრთხო არაა. და ზუსტად ესაა, რაც მაფიქრებს. გუშინ ღამით, როცა კალე მას ელაპარაკა და ჩემი აქ წამოყვანის იდეა შესთავაზა, არც უყოყმანია, ისე დათანხმდა, ყოველ შემთხვევაში მოსმენილიდან ეს დასკვნა გამოვიტანე. ახლა კი, სულ რამდენიმე საათში აზრი ეცვლება და მიუხედავად იმისა, რომ ამას პირდაპირ არ ამბობს, არ უნდა რომ აქ დავრჩე. მეე? მე არ ვიცი. დედაზე ვფიქრობ და ბრაზისგან გული მისივდება. ვიცი, რომ მისი ნახვა არ მინდა. მაგრამ ის ძალიან პატარა ფაქტი, რომ როგორც იქნა გავახსენდი, როგორც იქნა ჩემი ტკივილით შეწუხდა, ყოყმანის საფუძველს მიქმნის და ეს კიდევ უფრო მაღიზიანებს. ოც წელზე მეტია არ მინახავს, თუ არ ჩავთვლით რამდენჯერმე მისი ფეისბუქისკენ ხელების გაქცევას და სურათების ნახვას. ახლა ზუსტადაც კი არ ვიცი, როგორ გამოიყურება. არ ვიცი რა უნდა ჩემგან. ის სენტიმენტალური ფაქტი, რომ ახლა უკვე ასაკშია და შესაძლოა ჩემი ამბავი გულთან უფრო მარტივად მიიტანა, დიდად ვერ მეხმარება აქედან მის სანახავად წასვლის გადაწყვეტაში. თუმცა, რადგან ვყოყმანობ, ალბათ წავალ კიდეც. რაც მოსახდენია, ისედაც მოხდება, აქაც და თბილისშიც. მე ხომ ისედაც აღარ გავურბოდი სიკვდილს. ეს მათე და კალე ცდილობენ მისგან ჩემი თავის დახსნას. წყლიდან ამოვდივარ, ვშრები და ვიცვამ. აბაზანიდან გამოსულს სიჩუმე მხვდება. ოთახში, სადაც ბიჭები დავტოვე, არავინაა. შემდეგ ოთახისკენ მივდივარ საწოლის გასასწორებლად და ის ისაა ურდულს ვეჭიდები, რომ იქიდან კალე გამოდის. იმ წამს ვხვდები, რომ კარი შემეშალა და ეს სწორედ ის ოთახია, რომელიც დილით დაკეტილი დამხვდა. ზღურბლთან შეჩერებული ჩემს დანახვაზე ერთხანს კრთება, შემდეგ კარს ხურავს და ზემოდან დამყურებს. - იმ ოთახში მივდიოდი, სადაც მეძინა... შემეშალა. - ვეუბნები და მის ზურგს უკან კარისკენ ვაპარებ თვალს. კალე თითქოს თავისი დგომით მეუბნება, რომ რაღაცას ვაშავებ. - ის ოთახია. - გვერდით აქნევს თავს. ხმა ცივი აქვს. - ჩემზე ბრაზობ? - ვეკითხები და თვალებში შევყურებ. ის კი მზერას მარიდებს. - როგორ გავბრაზდე იმის გამო, რომ დედაშენის ნახვა გინდა. - არ მინდა... უფრო სწორად... კალე, არ ვიცი. არ მინდა ამ ადგილის დატოვება. მაგრამ ასე მგონია, რომ... - შენთვის უკვე ყველაფერი სულ ერთია? - მაწყვეტინებს და მიახლოვდება. - სულ ერთია, რა მომივა. მაგრამ მანამდე არის რაღაცები, რაც უნდა გავაკეთო. - მაგალითად? - მეკითხება ისეთი ინტერესით, რომ მიკვირს. მისი ეს ტონი, იმაზე უცხო და საშინელია, ვიდრე ჩემზე გაბრაზების შემდეგ უნდა იყოს. - რამე მოხდა, კალე? - ვეკითხები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სანამ მე სააბაზანოში ვიყავი, მართლაც რაღაც მოხდა. - შეიძლება. თხუთმეტ წუთში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. შეიძლება დაივიწყო, რაც ერთად გამოვიარეთ, შეიძლება დაივიწყო რა ვარ მე შენთვის. ანდაც, დამიკიდო და აღმოაჩინო, რომ მათე გიყვარს. მერე ესეც დაიკიდო და სიკვდილი გადაწყვიტო. ტანში მცრის. დაზაფრული ვუყურებ, როგორ იცვლება ჩემს თვალწინ კალე. ერთიანად ეცვლება გამომეტყველება და სულ სხვა ადამიანი ჩნდება მის ნაცვლად. ნაბიჯებს დგამს და გვერდს მივლის. ჩემ წინ რჩება მხოლოდ მისგან დატოვებული, ძველი, ნაცნობი, მომნუსხველი აურა, ჩემ უკან კი არსაიდან გაჩენილი დაძაბულობა იდგამს ფესვებს. ეს სიტყვები... კალეს ნათქვამი სიტყვები ყურებში მიგუგუნებს. ვფიქრობ, ხომ არ მომესმა. ეს ის ხმა ხომ არაა, რომელმაც სინდისის ქენჯნა უნდა მომგვაროს, მაგრამ არა. ისინი ისეთი რეალურია, ისეთი მძაფრი და ისეთი მტკივნეული, რომ გულს მუჭში მოქცეულივით მიკუმშავენ. - რას ამბობ... - თავს ძალას ვატან, რომ მეც მისკენ შევბრუნდე. კალე არაფრისმთქმელი გამომეტყველებით, თუმცა დაჟინებით მიყურებს და მელოდება. ვხედავ მის ქარვისფერ თვალებში, როგორ ქრებიან ის სხივები, მე რომ მომწონდა და მათ ადგილს ყინულივით გამჭოლი ისრები ჩნდებიან. მინდა ამაზე რამე ვუთხრა. მინდა, ამიხსნას, რა ემართება, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, რადგან ის, რაც მან თქვა, მამუნჯებს. - რას ელოდები. - ამბობს და ვერ ვიჯერებ, რომ ეს ხმა მისი პირიდან ამოდის. ეს ხმა არასდროს მომისმენია. მისი ხმა მაცდური, მზრუნველი და იდუმალი იყო. ეს კი ზამთრის ქარს ჰგავს. - სადაა მათე... - მის ნათქვამს პასუხს ვერ ვცემ. ალბათ ინსტინქტურად ვბლოკავ ახლა იმაზე საუბარს, რაც გარდაუვალია და რასაც თურმე კალე მშვენივრად ხვდებოდა. ის ფაქტი, რომ ბიჭი კარგად ხედავდა აქამდე რაც მჭირდა და ჩუმად იყო, მაფრთხობს. გაქცევა მინდა, როგორც ყოველთვის გაქცევა უკანმოუხედავად. წასვლა და გაუჩინარება, ისე, თითქოს არც არასოდეს ვარსებულვარ და არავისთვის მიმიყენებია ტკივილი. - ნუ გამირბიხარ, მირა. ამის დრო აღარაა. - ერთი წამით თვალებს ხუჭავს და თავს აქნევს. - იქნებ ახლა მაინც მარტომ დაიცვა საკუთარი თავი და მათეს შეეშვა. - თავის დაცვა რისგან მჭირდება, კალე. - ჩემი ხმა დაბნეული და დაღლილია. - ფაქტებისგან, რომლებსაც ვერასდროს ვერსად გაექცევი, როგორც არ უნდა ეცადო. - მაშინებ. - მაგრამ ისე აღარ, როგორ მაშინ, ბათუმში გეშინოდა. ხომ ასეა? - ცალ წარბს ზემოთ სწევს. ისე მიყურებს, თითქოს პასუხი არც აინტერესებდეს, რადგან უკვე იცის, რასაც ვეტყვი, თითქოს ზედმიწევნით კითხულობდეს ჩემს აზრებს. - ეს შეიცვალა. ხო, ეს შეიცვალა, მაგრამ მათე... ის... - არაფერ შუაშია? - კალე... - მხოლოდ იდიოტი ვერ მიხვდება, რა ხდება თქვენს შორის, მირა. ჯერ კიდევ მაშინ დავინახე ეს, ბანკეტზე. მე გამირბოდი და მას ეფარებოდი. გგონია ეს მხოლოდ ინსტინქტია? საშინლად, საშინლად გამოუცდელი ხარ გრძნობებში და სულელი სიყვარულში. - ეს შენ არ ხარ. - სწორედ, რომ ეს ვარ მე და არა ის, ვისაც ხუთი თვე იცნობდი. შენს აქამდე მოსაყვანად ძალიან ბევრი ვიცადე. ელდანაცემი ვუყურებ. ტუჩები მიშრება უთქმელობისგან. იმდენი რამე მინდა ვუთხრა, ვკითხო და მოვისმინო, მაგრამ მისი მზერა, ეს გაბოროტებული, ირონიული და რამდენადაც საშინელი არ უნდა იყოს ნამდვილი მზერა მამუნჯებს. ჯერ კიდევ ამოუთქმელ სიტყვებს პირშივე შლის. - გაოგნება შენთვის ყველაზე მარტივია. - აგრძელებს ის. - ფაქტობრივად არაფერი გამოგდის ამის გარდა. და ხო კიდევ, უგულებელყოფა, ყველაფრის. - არა, ასე არაა. შენ მიცნობ და იცი, რომ ასე არაა. რა დაგემართა კალე. ასე ერთიანად რამ შეგცვალა. ეს... ეს მხოლოდ იმის გამოა, რომ თბილისში შეიძლება დავბრუნდე? მხოლოდ ამის გამო მებოროტები ასე? კალე ერთხანს არაფრისმთქმელი გამომეტყველებით მიყურებს. შემდეგ სახე ეხსნება და სიცილს იწყებს. ისე გულიანად იცინის, თითქოს მთელი ეს დრო იკავებდა თავს. ვუყურებ და ვერ ვხვდები. საერთოდ ვერაფერს ვხვდები. - შენ, - ჩემკენ იშვერს თითს და საკუთარი თავის ხელში აყვანას ცდილობს. მალევე ისევ სერიოზულდება და სიტყვებს ცივად სცრის ტუჩებიდან. - გებოროტები? არა, მე ვცდილობ დაგანახო, როგორია ცხოვრება შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების გარეშე. ვისმენ, ვისმენ ამ სიტყვებს, მაგრამ ძალიან შორიდან. ვისმენ, მაგრამ რაღაცას ვერ ვხვდები. ამას კალე რატომ ამბობს. ის არ უნდა ამბობდეს. სხვა კი, მაგრამ ის არა. ის არა, რადგან მან გამომათრია ნატას სისხლის გუბიდან, მან გამომიყვანა ოთოს სიკვდილის შემდეგ მდგომარეობიდან, როცა მათე არ იყო ჩემთან. მისმა გაღებულმა კარმა მოკლა თეონა, მისმა და არა ჩემმა. და შემდეგ საპატიმროშიც კი იყო. იქ იყო რამდენიმე დღის წინ, როცა თენგო კვდებოდა და ის მის გადარჩენას ცდილობდა. ის იყო თითოეულ მტკივნეულ წამს ჩემს გვერდით და ის ხედავდა, როგორ ვტყდებოდი თანდათან. ის მამშვიდებდა და მაძლევდა ენერგიას, რომ ფეხზე ვმდგარიყავი. ის მიტანდა და მიძლებდა. ამიტომ ვერ ვხვდები, ვერაფრით ვერ ვხვდები. - ამას შენ რატომ ამბობ კალე. შენ რატომ... - ვამბობ და ინსტინქტურად უკან ვადგამ ერთ ნაბიჯს. ნუთუ ჩემი ქვეცნობიერი ჩემზე ჭკვიანია? - მეზიზღებოდა, როცა კალეს მეძახდნენ და დღემდე მეზიზღება. - თავს აქნევს ისე, თითქოს ცუდი მოგონებების გაფანტვას ცდილობსო. - ყოველთვის ტატე მერჩივნა. - მხრებს იჩეჩავს. - დაჩი ასე მეძახდა. 15 თავი *** მესმის, ეს ყველაფერი მე მესმის და ვაცნობიერებ. მიჭირს, მაგრამ ვაცნობიერებ და ისე სწრაფად ლაგდება ყოველივე თავის ადგილას, რომ თავადაც მიკვირს. ვუყურებ ჩემ წინ მდგომს და ახლაღა ვხედავ ნათლად, რომ ის სხვაა. თავად დგომაც, მისი თვალებიც, მისი გამომეტყველებაც, ყველაფერი სხვაა. მის დივნის საზურგეზე უდარდელად ჩამოწყობილ ხელებს ვუყურებ და არ ვიცი მეჩვენება, თუ რეალობაა, მაგრამ ნელ-ნელა წითლდებიან. ალბათ ყოველთვისაც წითლები იყვნენ, მაგრამ იდეალურად შენიღბულები, იმისთვის, რომ მე არ დამენახა, ჩვენ არ დაგვენახა. ჩვენ, ვისაც უნდა გვეტირა, გვტკენოდა და მოვმკვდარიყავით. ახლა აღარ იმალებიან. პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ და შიში, რომელიც ისედაც საკმარისზე მეტად ღვიოდა ჩემში, კიდევ უფრო გაზარდონ. ისევ უნებლიედ, კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ უკან და ზურგით კარს ვეყრდნობი. კალე მიყურებს. ბაგეებზე ღიმილი დასთამაშებს, ღიმილი, რომლითაც ამბობს, რომ გზა არ მაქვს. ჩემი აჩქარებული გული ლამისაა მკერდიდან ამოხტეს. ინსტინქტურად ვიდებ ხელს, თითქოს ეს მას დააკავებს ან დაამშვიდებს. აცახცახებულ ხელს ურდულს ვკიდებ ისე, რომ ჩემ წინ მდგომს თვალს არ ვაშორებ. ხედავს, რასაც ვაკეთებ და ის ისაა კარს ოდნავ ვაღებ, რომ დივანს შორდება და ჩემკენ მოიწევს. მაშინვე ვფხიზლდები, ოთახში სწრაფად შევდივარ, საკეტიდან გასაღებს ვაძრობ, კარს ვხურავ და შიგნიდან ხელი ჩამკეტით სწრაფად ვრაზავ. მარტო დარჩენილი აქამდე ფილტვებში გამოკეტილ ჰაერს ვათავისუფლებ. ყელიდან არაბუნებრივი ხმა ამომდის. სუნთქვა მიხშირდება. არ ვიცი ეს შიშია თუ ადრენალინი, მაგრამ ვგრძნობ, როგორ მგუდავს. ხელისგულებით კარს ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ. - შენი ადგილი მანდ არაა. - მესმი კალეს ხმა კარის მეორე მხრიდან და გონს მოვდივარ. თვალებს ვახელ და ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ. ასე მგონია მისი ხმა აქეთ აღწევს და მეხება. - კარი გააღე! ყურადღებას არ ვაქცევ და ოთახს ვავლებ თვალს. კედლებს ვუყურებ და გული ყელში ამომდის. აქ ყველგან დაჩია. აქ ყველგან მისი ოჯახია. კედლები ფოტოებითაა სავსე. ფრთხილად ვუახლოვდები და დათვალიერებას ვცდილობ. ვხედავ ფოტოებს, სადაც დაჩი და კალე ერთად არიან. ზღვაზე, მთაში, აუზზე, სკოლაში, კალათბურთის მოედანზე, დიპლომებით ხელში. ზოგან მშობლებთან ერთად, ზოგან მარტო. ვათვალიერებ და ჩემ სხეულზე ცივი ჟრუანტელი არ ჩერდება. კედლები მეუბნებიან, რომ დაჩი და კალე ძმები არიან. ეს ფაქტი ერთხანს შოკში მაგდებს, თითქოს ცოტა ხნის წინ არ მომესმინოს კალესგან აღიარება, რომ მისი მეორე სახელი ტატეა, რომ მან დამტოვა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების გარეშე. ვუყურებ სურათებს და ახლა ვხვდები, რა აკლდა თბილისში კალეს სახლს. მისი ოჯახი. ფოტოები, რომლებიც ამ ოთახში არიან გამომწყვდეულნი. ვერ ვინძრევი. მინდა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქო, მაგრამ თითქოს ფილტვები მეკეტება. თავბრუსხვევას ყურადღებას არ ვაქცევ. ვცდილობ ძალა შევინარჩუნო, მაგრამ ისიც კი არ ვიცი, რისთვის. - მანდ ყველაფერია, რაც შენ წამართვი! - კალეს ისეთი ხმა აქვს, თითქოს უკვე შეეგუა ჩემს ამ ოთახში შემოსვლის ფაქტს. - შეგიძლია დაინახო და დატკბე მანამ, სანამ დრო გაქვს. ფოტოები კედლებიდან მოცურავენ და ჩემ გარშემო ტრიალებენ. ცდილობენ წარსულში გადამაგდონ. იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. ვებღაუჭები რაღაც ძალას, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ ვერ ვახერხებ საკუთარი თავის გადარჩენას. მაგიდასთან მდგარ სკამს ვეყრდნობი და ჰაერის ჩასუნთქვას ვცდილობ. ვერ ვუძლებ. ვერ ვუძლებ იმას, რომ კალე და ტატე ერთი და იგივე ადამიანია. ვერ ვუძლებ იმას, რომ ის დაჩის ძმაა. ვერ ვუძლებ იმას, რომ კალე კლავდა ჩემს მეგობრებს და შემდეგ მანუგეშებდა. მიყურებდა, როგორ ვეცემოდი და წამოდგომაში მხოლოდ იმიტომ მეხმარებოდა, რომ უფრო მტკივნეულად დავცემულიყავი. უყურებდა, როგორ შლიდა ჩემს სამეგობროს ჩემი ცხოვრებიდან და თან მეუბნებოდა, რომ ამას გავუძლებდი. მაგრამ ვერა. ამას ვერც ადრე და ვერც ახლა ვერ ვუძლებ. ახლა არც ფეხზე მდგომს ვგავარ. ასე მგონია, ჰაერში გამოკიდებულს, სადაცაა გამიწყდება ფეხზე გამობმული თოკი და პირდაპირ თავით ჩავეშვები იქ, სადაც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მივიწევდი. ირგვლივ სიჩუმეა, ისეთი შემაძრწუნებელი სიჩუმე, რომ მაფხიზლებს. ვიცი, რომ კალე კარს მიღმაა, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ არაფერს აკეთებს, რატომ აღარაფერს ამბობს. იქნებ მაცდის, რომ ეს კედლები შევისწავლო, ან კედლებს აცდის, რომ მე მომშალონ. ვცდილობ, ყველა საფიქრალი უკანა პლანზე გადავდო და ცივი გონება შევინარჩუნო. და ის ისაა, სურათებს თვალს ვწყვეტ, რომ მაგიდაზე ორ მობილურს ვხედავ. ერთი ჩემია, მეორე - მათესი. ჩემს ტელეფონს ვიღებ და ვრთავ თუ არა, მაშინვე იწყებენ შეტყობინებები შემოსვლას. მათეს და ლელას უამრავი ნარეკია. კიდევ რამდენიმე ზარი ჩემი სახლის ტელეფონიდან. მობილურს ჯიბეში ვიდებ და უკვე მეორეს ასაღებად ვიწევი, რომ კარი საშინელი ხმაურით იღება და კედელს ენარცხება. რამდენიმე ჩარჩოში ჩასმული სურათიც კი ძირს ვარდება. შიშისგან ვხტები და ინსტინქტურად უკან ვხტები. ზღურბლთან მდგარ კალეს ხელში იარაღი უკავია და სრულიად არაადეკვატური მშვიდი მზერით მიყურებს. - რას აპირებ... - სასოწარკვეთილებისგან არც კი ვიცი, რას ვამბობ. ვერ გამოვხატავ ვერც გაოგნებას, ვერც სიბრაზეს. ვერაფერს. - ყველაფერს გაიგებ. - სცრის კბილებში. - მათე სადაა. - ხმა მიტყდება იმის წარმოდგენაზე, რომ მასაც რამე დაუშავა. - გელოდება. გველოდება. - ასწორებს თავისსავე ნათქვამს და მაგიდისკენ იხედება. ღმერთო! ხვდება, რომ ერთი მობილური არ დევს. სიმწრისგან სხეულზე ოფლი მასხამს. კალეს ღიმილით გადმოაქვს ჩემკენ მზერა და ხელს მიწვდის. - მომეცი. - ამბობს. გული გამალებით მიცემს. ვიცი, რომ სხვა გზა არ მაქვს, მაგრამ მაინც არაფერს ვაკეთებ. - მობილური! - ხმას უწევს და წარბებს გაღიზიანებით ჰკრავს. ტელეფონს უკანა ჯიბიდან ვიღებ და მიწოდებისას ვხედავ, როგორ ცახცახებს ჩემი ხელი. - რატომ... - ხმა მიწყდება და ყელს ვიწმენდ. ლოყაზე სისველეს ვგრძნობ. - რატომ არ მოხვედი და არაფერი გვკითხე? მკვლელი რატომ გახდი? - ვეკითხები იმ იმედით, რომ საუბარი რამეს შეცვლის. თუმცა, ჩემი მეგობრები ცოცხლები აღარ არიან და აღარც არაფერი შეიცვლება ისე, როგორც მე მინდა. ახლა ის აქაა. უფრო სწორად სულ აქ იყო და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა შევძლო, საკუთარი თავის თუ არა, მათეს გადარჩენა მაინც. - გგონია შეკითხვების დასმის უფლება გაქვს? - ჩემს მობილურს ჯიბეში იდებს. - შეკითხვების დასმა დაგიგვიანდა, მირა. იქ უნდა დაგესვა, სადაც საჭირო იყო. თუმცა, როგორ? მერე რომანტიკულ თავგადასავალში მთავარი როლის შემსრულებელი ვინ იქნებოდა? - არ ხარ სწორი. არც კი იცი, და არც გაგება გნდომებია. ღმერთო, - ვერც კი ვხვდები, მეც ისე მეწევა ხმა. ყელი მეწვის ტკივილისგან. - უბრალოდ ადექი და მოკალი. - ყველაფერი ვიცი. თქვენ ჩემი ძმა მოკალით. იცოდით რაც სჭირდა. შენ ხო იცოდი? მითხარი, ხომ იცოდი? - ვიცოდი, მაგრამ ეს დაჩის გადაწყვეტილება იყო. ეგონა, რომ... ეგონა მოერეოდა. - გაჩუმდი, გაჩუმდი, მირა გაჩუმდი! - ტუჩებს მაგრად ჰკრავს კალე და დაჟინებით მაცქერდება. მგონია, სადაცაა მეცემა და რაღაცას დამიშავებს. - შენ იქ არ ყოფილხარ და არ იცი, რა ხდებოდა. ასე უპასუხოდ როგორ გადაწყვიტე იმ ადამიანების ერთიანად ამოხოცვა, რომლებიც უბრალოდ ერთობოდნენ? - ერთობოდნენ? ერთობოდნენ იმით, რომ დაჩის გადახტომას აიძულებდნენ? თქვენ ყველა ერთად შეკრებილი ამაზრზენი იდიოტები იყავით და ცდილობდით დაჩიც ამად გექციათ. დააძალეთ, ის გაეკეთებინა, რისიც სიკვდილამდე ეშინოდა. დააძალეთ ის ყოფილიყო, რაც არ იყო. - არ დაგვიძალებია, ღმერთო, არა! - პირზე ვიფარებ ხელებს. ნერვებისგან მახველებს. ერთიანად ვცახცახებ, რადგან ვიცი, რომ ახლა გვიანია. კალესთვის იმის დაჯერება, რომ დაჩის საკუთარი სურვილი ჰქონდა, ახლა ძალიან გვიანია. ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო, მაგრამ ის დღე თავისი ყველა უბედურებით ჩემს მეხსიერებაში ცოცხლდება და განცდებით იდგამს ფესვებს სხეულში. კალე ერთხანს უხმოდ მიყურებს. გაღიზიანებისგან სწრაფად აუდ-ჩაუდის მკერდი. მისი ზიზღი ქარვისფერი თვალებიდან ხელშესახები ხდება. თვალწინ მიდგება კადრები, როგორ იცინოდა, როცა ხევის პირას ხელებგაშლილი იდგა და გადახედვას მთავაზობდა. იმ უდარდელი სიცილის მიღმა ღმერთმა იცის, რა იმალებოდა. ალბათ აკვირდებოდა ჩემს რეაქციას და როცა შეშინებული მნახა, კმაყოფილიც კი დარჩა. მეშინია. მარტო დარჩენის მეშინია, რადგან მასთან გატარებული ყოველი წამის გახსენება აუტანელ ტკივილს მომაყენებს. ნახევარი ტანით ბრუნდება, მაგიდაზე დადებულ ლეპტოპს ხსნის და მალევე მონიტორზე ძველი, მაგრამ კარგად ნაცნობი კადრები ჩნდებიან. მაგრამ ეს არაა ჩემი თვალით დანახული ანანურის ხიდი. ეს დაჩის მობილურით გადაღებული კადრებია, რომელიც ბექას ეჭირა და აფიქსირებდა ჩემსა და დაჩის ხიდიდან გადახტომას. ვუყურებ ამ მოძრავ სურათებს და ლამისაა გული გამიჩერდეს. ვუყურებ როგორ მივდივართ ხიდის კიდემდე, როგორ ყოყმანობს დაჩი. აქ ის ცოცხალია. აქ ნატა და თეონაც ცოცხლები არიან, ოთოც და თენგოც და ბიჭს აქეზებენ. აქეზებენ, რომ შიში დაძლიოს. აქეზებენ ჩემ გამო. ვუყურებ და აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. აქედან ყველაფერი თითქოს ისე ჩანს, როგორც კალეს სჯერა. თითქოს დაჩის ფიქრის საშუალება არ აქვს. ლელას ხმა მესმის. მესმის, როგორი უკმაყოფილოა ჩვენი მეგობრების დაჟინებით და ცდილობს ბექას მობილური წაართვას. მაგრამ არ ეშვება. მათეც აქაა. ჩვენგან ოდნავ შორს და არ ერევა იმაში, რაც იქ ხდება. ვიდეო იწელება. სანამ მე და დაჩის ქამრებით გვკრავენ, ჩემი მეგობრები არ ჩერდებიან. შემდეგ ხიდის კიდეზე ავდივართ. ვყოვნდებით. სხეული მეყინება. ვგრძნობ იქ მოქროლილ ნიავს, იქაურ მზეს იქაურ მტვრის ნაწილაკებს, იქაურ შიშს და მღელვარებას. ახლა გადავხტებით და ყველაფერი დამთავრდება. ჰაერს გამოვეკიდებით და გავფრინდებით, მაგრამ ერთმანეთს დედამიწაზე ვეღარ შევხვდებით. - გეყოფა! გეყოფა! - ვყვირი, სწრაფად მივდივარ მაგიდასთან და ლეპტოპს ვხურავ. ხელებს სახეზე ვიფარებ. ასე მგონია, ცრემლები დამახრჩობენ. - იქ ვიყავი. - ამბობს კალე მოგუდული ხმით. - ჩათვალე, რომ იქ ვიყავი. მე შენზე ყველაფერი ვიცოდი. დაჩი ყველაფერს მიყვებოდა. ყველა დეტალს. შენ ვერც კი წარმოიდგენ, ის ვინ იყო ჩემთვის. ახლა დგახარ და მეკითხები, რატომ გავხდი მკვლელი?! - ღრიალებს ის. ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ. არ მინდა მისთვის შეხედვა. ამას ვერ გავუძლებ. - როცა ამ ვიდეოს ვუყურე. ვნახე, რამ მოკლა ჩემი ძმა... რამ... ამ უტვინურმა, ამ სულელურმა გართობამ. ამბავმა, რომელიც არაფრად არგოდა დაჩის, რომელიც არაფერს მოუტანდა... - აქამდე სად იყავი... - ვაწყვეტინებ. ჩემი ხმა დამფრთხალი და სუსტია. თითქოს ბედს შეგუებული. - ეს უნდა დაგვიწყებოდათ. - ამბობს და კედელზე ჩამოკიდებული სურათებისკენ ბრუნდება. - შენ სერიოზულად ფიქრობდი, რომ დაჩი დამავიწყდებოდა? სერიოზულად გგონია, რომ ადამიანი, რომელიც ჩემთვის ძვირფასი იყო და ჩემს სხეულზე მოკვდა დამავიწყდებოდა? - ძვირფასი? ეგ მჯეროდა, სანამ ეს ვიდეო არ ვნახე. შეგეჩერებინა და ამას მომავალშიც დავიჯერებდი. შენ კი ამისთვის არაფერი გაგიკეთებია. ერთხელაც არ გითქვამთ არც ერთს, რომ ეს სისულელე იყო. მხოლოდ ლელა. ერთადერთი გონიერი ადამიანი თქვენს შორის ლელა აღმოჩნდა, მხოლოდ ის. არც ერთ თქვენგანს არ გიმსახურებთ, თავის ბექასაც კი. ვუსმენ და მათი გაცნობის დღე მახსენდება. ახლა ვხვდები ლელასადმი კალეს თბილ დამოკიდებულებას. ერთადერთ უდანაშაულოდ ამ ამბავში ის მხოლოდ ლელას თვლის და ამიტომაც იყო გოგო ყველაფრისგან თავისუფალი. თურმე აქამდე მას საფრთხე არ ემუქრებოდა, ერთი წამითაც კი. - შენ მე მეგობრები მომიკალი, კალე. დაჩის სანაცვლოდ. უბრალოდ მითხარი, რომ კმაყოფილი მაინც ხარ. - ბოლომდე არა. - ამბობს და აქამდე ხელში ჩაბღუჯულ იარაღზე თითებს ათამაშებს. - იქ სადაც ახლა წავალთ, ყველაფერი დამთავრდება. რამდენიმე წამით სიჩუმეა. და ვხვდები, რასაც გულისხმობს. მათე. ის მათეს მოკვლასაც აპირებს. ის ალბათ ბოლოა. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი. მან დაგეგმა აქ მოსვლა იმისთვის, რომ ყველაფერი ღია და ნათელი ყოფილიყო. მას უნდა, რომ ვნახო, როგორ მოკლავს მათეს. არა, ეს არ მოხდება. მათე არა. მე კი, მაგრამ მათე არა. ამას არ დავუშვებ, ვერ დავუშვებ. ლოყებიდან ცრემლებს ვიწმენდ და გამოფხიზლებას ვცდილობ. აცახცახებულ ხელებს ყურადღებას არ ვაქცევ. რაღაც უნდა გავაკეთო. ახლა მაინც. კალე ისევ ზურგით დგას და ეს ოდნავ, მაგრამ მაინც მეხმარება. ეს უნდა გამოვიყენო, სანამ დროა. ოთახს სწრაფად ვავლებ თვალს და ჩემს გვერდით, დაახლოებით სამ ნაბიჯში ძველ ხის სკამს ვხედავ. კიდევ ერთხელ ვაპარებ კალესკენ მზერას და შემდეგ, ძალიან სწრაფად ვწვდები სკამს. ის ისაა ვიღერებ, რომ კალე ბრუნდება, მაგრამ მე მაინც ვასწრებ მის მოქნევას და მისთვის მთელი ძალით ჩარტყმას. აღარ ვაკვირდები იმას, თუ რა ემართება კალეს. მხოლოდ წაბორძიკებულს ვხედავ და ამით ვსარგებლობ. ოთახიდან გავრბივარ და სამზარეულოსკენ მივიწევ. მაგიდაზე დადებულ პურის დანას სწრაფად ვიღებ და კარს ხელს ვკრავ. ყელში გაბერილი ბურთი სუნთქვას მიზღუდავს. ვცდილობ სწრაფად ვიმოქმედო, მაგრამ ვიბნევი. სადაა მათე? თვალს სწრაფად ვავლებ ეზოს და ის ისაა ფარდულს ვხედავ, რომ კალეს ღრიალის ხმა მესმის. უკან ვიხედები და სამზარეულოს ფანჯრიანი კარიდან მას ვლანდავ. მაშინვე ვწყდები ადგილს და ფარდულისკენ გავრბივარ, მაგრამ ვიცი, რომ აზრი არ აქვს. შეიძლება მათე იქ იყოს, მაგრამ სანამ კალე უკან მომდევს, ვერაფრით დავეხმარები. სველ ქვის ბილიკზე ფეხი მიცურავს და მანელებს. უკან რამდენჯერმე ვიხედები ვხედავ, თანდათან როგორ მეწევა უკან მოდევნებული. უკვე ფარდულთან მისული კარის სახელურს ვეჭიდები, მაგრამ ვერ ვაღებ. ჩაკეტილი არაა, მაგრამ ალბათ გაჭედილია. სანამ გაქცევას დავაპირებდე, ზურგიდან მისი სირბილისგან დაღლილი ხმა მესმის. - ტყუილად ცდილობ. ვბრუნდები. იარაღს მიმიზნებს და განრისხებული მზერით მიყურებს. იარაღის არ მეშინია, რადგან ვიცი, რომ ჩემს მოკვლას არ აპირებს. არც სიკვდილის მეშინია. მხოლოდ იმის, რომ შეიძლება დამჭრას და დამასუსტოს. ისედაც უვარგისი ყოვლად გამოუსადეგრად მაქციოს. - მას რას ერჩი? შენ თვითონ ნახე, რომ მათეს სიტყვაც არ დასცდენია დაჩისთვის. - მართალი ხარ, არაფერი გაუკეთებია. შენსავით. - კბილებში სცრის. სწრაფად მიახლოვდება და დანას ხელიდან მგლეჯს. შემდეგ მკლავში მეჭიდება, გვერდით მწევს და ფარდულის კარს აღებს. - შედი. - ამბობს და მხარზე ხელს მკრავს. წაბორძიკებული ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ წავიქცე. შიგნით ბნელა, მაგრამ თვალი მალევე ეჩვევა და სანამ კალე სინათლეს აანთებდეს, მანამ ვასწრებ მათეს დანახვას, რომელიც ფიცრულ იატაკზე ხელ-ფეხშეკრული ზის და პირზეც ჩვარი აქვს აკრული. ჩემი დანახვისას თვალები უფართოვდება და თოკებისგან თავის დაღწევას ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის. გული ყელში მებჯინება, როცა ასეთ მდგომარეობაში ვხედავ და აუტანელი შიში მიპყრობს, რომ შეიძლება ისიც დავკარგო. - მათე. - უნებურად მცდება ჩაწყვეტილი ხმით მისი სახელი. ის ისევ ხელების გათავისუფლებას ცდილობს და ღმუის. სასოწარკვეთილი, განრისხებული თვალებიდან ნაპერწკლები სცვივა. ინსტინქტურად მისკენ ვიწევი. - ადგილზე დარჩი. - კალეს ხმა მაფხიზლებს. მხარზე მობჯენილ მის იარაღს ვგრძნობ და ვშეშდები. სუნთქვა მიხშირდება ცივი ლითონის ამაზრზენი შეხებისგან. - ესეც ასე. - ღრმად ისუნთქავს კალე ჰაერს. სხეულზე მცრის, როცა მის შვებისგან გაბადრულ სახეს ვხედავ. - ყველანი აქ ვართ. და რადგან კანონიც დიდი ხანია თან გვდევს, ალბათ გაგიხარდებათ მისი აქ ყოფნაც. - ამბობს ის. მის მზერას თვალს ვაყოლებ და ახლა ვხედავ, ჩემგან მარჯვნივ, კუთხეში მათეს მსგავსად მჯდომ ადამიანს, რომელსაც აქამდე ალბათ იმიტომ ვერ ვამჩნევ, რომ ნახევრად მუყაოს ყუთები ფარავს. ვუყურებ. თავიდან ვერ ვხვდები ვინაა და აქ საიდან გაჩნდა. საერთოდ რა შუაში ამ სიტუაციასთან, მაგრამ რაც უფრო დიდხანს ვაკვირდები, ვხვდები, რომ საიდანღაც მეცნობა. შემდეგ ვხვდები. რა თქმა უნდა, ისაა, ეს ის ადამიანია, რომელმაც გზიდან გადმომათრია და მანქანის შეჯახებისგან მიხსნა. კი, ისაა, მაგრამ მაინც, წარმოდგენა არ მაქვს, აქ რა უნდა, ან ვინაა. როგორც ჩანს, კალეს ნათქვამზე ღიზიანდება და შეკრულ ფეხებს ყუთებს ურტყამს. ყუთების კოშკი იშლება და იატაკზე იფანტება. - რვა წელი იმიტომ არ მიცდია, რომ ვიღაცას ჩემთვის ხელი შეეშალა, მით უმეტეს უვარგის პოლიციას. - იარაღიან ხელს აგდებით იქნევს ჰაერში, ისე, თითქოს ის ადამიანი აქ არც იყოს. როგორც ჩანს, პოლიციელია, მაგრამ აქ საიდან გაჩნდა? ღმერთო, რა თქმა უნდა! ალბათ კალეს უთვალთვალებდა. რა თქმა უნდა! მახსენდება პოლიციის განყოფილების წინ გამომძიებელთან ჩემი საუბარი. ის ხვდებოდა. ხვდებოდა, რომ კალე საეჭვოდ გამოჩნდა ჩვენს სამეგობროში. ისიც ხვდებოდა და თენგოც გრძნობდა ამას, ამიტომაც იყო გაღიზიანებული და საშინლად განწყობილი ბოლო დროს კალეს მიმართ. ამას მეც უნდა მივმხვდარიყავი, მაგრამ ბრმა ვიყავი. კალესთან გატარებულმა დღეებმა, მისმა ჩემდამი მოპყრობამ დამაბრმავა და გამაბრუა. „ხანდახან სულაც არაა საჭირო შორს წასვლა იმისთვის, რომ ახლოდან დაინახო.“ გამომძიებელმა იცოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ვერაფერს ამტკიცებდა დუმდა. ალბათ ეს ადამიანიც მან მიუჩინა კალეს სათვალთვალოდ. და ამიტომაც იყო იქ, წვეულების საღამოს. ყველას თვალს გვადევნებდა, მხოლოდ კალეს არა. - მე შენ გხედავდი, ყველგან. - დამცინავად ეღიმება კალეს და წარბებს ზემოთ სწევს. - არც ისეთი პროფესიონალი ხარ, როგორადაც მოგაქვს თავი. - რამდენიმე წამით სამივეს ზურგს გვაქცევს, იარაღს ზურგს უკან შარვლის სალტეში იდებს და დანას ატრიალებს. - მენდე, გულწრფელად ვწუხვარ ამ ამბავში რომ გაერიე. შენ მართლა არაფერ შუაში ხარ და ძალიან არ მინდა სრულიად უცხო ადამიანი ამ ორის გამო მოკვდეს. - ჩემსა და მათეზე ანიშნებს თვალებით მას და ჩვენს შორის დგება. ახალგაზრდა პოლიციელი დუმს, მაგრამ მზერით კალეს არ შორდება. მისი სიმშვიდე მაეჭვებს. - თუმცა... ვნახოთ, რა მოხდება. იქნებ გაგიმართლოს კიდეც. კალე ერთი წამით დანას უყურებს, შემდეგ მზერა ჩემკენ გადმოაქვს და დაფიქრებით მათვალიერებს. მე კი გამუდმებით მის მიღმა, მათესკენ გამირბის თვალი. - რვა წელი ცოტა არაა, ხომ ასეა? - მეკითხება ის და ნელა დგამს ჩემკენ ნაბიჯებს. - წარმოგიდგენია, რამდენ დროს ვატარებდი ამ მომენტზე ფიქრში? წარმოგიდგენიათ, რამდენჯერ მომიკვლიხართ სათითაოდ? მაგრამ იქ, წარმოსახვაში ყველაფერი გაცილებით საშინლად ხდებოდა. იმაზე ბევრად დამსახურებულად, ვიდრე გავაკეთე. - კალე ჩემს ზურგს უკან დგება. თანაც იმდენად ახლოს, რომ ბეჭებზე მის შეხებას ვგრძნობ. ვკრთები და გაცლას ვცდილობ, მაგრამ იდაყვში მტკივნეულად მავლებს ხელს და ადგილზე მტოვებს. ისევ ცახცახი მივარდება და ერთი წამით ცრემლები მიბინდავენ მხედველობას. მისი აურა ყინულივით ცივია. მათე რაღაცას ამბობს, მაგრამ პირზე აკრული ჩვრის გამო მხოლოდ ღმუილი ისმის. - ჩემს წარმოსახვაში შენ პირველი კვდებოდი, მირანდა. - ყურთან ამბობს კალე, თმაზე ფრთხილად მეხება და მხარს უკან მიწევს. ცივი ეკალი მაყრის. საკუთარ თავს ვაიძულებ, რომ რაიმე ისეთი არ გავაკეთო, რაც მის განრისხებას გამოიწვევს. კიდევ უფრო მიძნელდება თავშეკავება, როცა ყელზე დანის ცივ, ბასრ პირს ვგრძნობ. სუნთქვა მეკვრის და ვქვავდები. გონება მაშინვე ზაფხულის იმ ღამეს მიცოცხლებს, როცა ჯერ კიდევ ჩვენთვის უცნობი მკვლელი ამედევნა და ლავიწზე ჭრილობა დამიტოვა. ის იყო... შემდეგ კი მოვიდა და დამამშვიდა. ჭრილობაც კი გამისუფთავა. ისე იზრუნა ჩემზე, თითქოს მანამდე ჩემი შიშით არ გამოკვებილა. - ყველაზე მტკივნეულად და ყველაზე დიდხანს შენ კვდებოდი. საკუთარ თავთან ვიბრძოდი იმის გამო, რომ შენ ცოცხალი უნდა ყოფილიყავი და გეყურებინა, რასაც გავაკეთებდი. მე კი მენახა, როგორ დაიტანჯებოდი და როგორ მოკვდებოდი ცოცხლად. - კბილებში სცრის კალე. ყელზე მობჯენილი დანა ოდნავ ქვემოთ ცურდება და ნაიარევთან ჩერდება. სუნთქვაშეკრული ვახელ თვალებს და გაცეცხლებულ მათეს ვხედავ. სიმწრისგან სახე ერთიანად გასწითლებია. შემართული ზის, თუმცა ადგომას ვერ ახერხებს. რომც შეძლოს, არ ვიცი, რას მოიმოქმედებს. უიარაღოა. კალე კი... - იცი როგორ გავძელი ამდენ ხანს? - ჩემს ყურთან ლაპარაკობს კალე. მისი ტუჩებიდან გადმოფრქვეული ცხელი ჰაერი კანს მიწვავს. - თქვენთან ძალიან ახლოს ვიყავი. იმდენად ახლოს, რომ ხანდახან გეხებოდით კიდეც. ვრწმუნდებოდი, რომ აქვე იყავით, რეალურად აქვე და ჩემს იქით გზა არ გქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა, არ დავნებდი. მათე ისევ ღრიალებს. ისევ რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ მისი სიტყვები ჩვარში იკარგებიან. არ მინდა იმის მოსმენა, თუ როგორ გეგმავდა კალე ჩემი მეგობრების მკვლელობებს. არ მინდა, ისინი კიდევ ერთხელ ჩემ თვალწინ დაიღუპონ. მაგრამ ის აგრძელებს: - ნატა? ვაღიარებ, ნატა ძალიან ლამაზი მსხვერპლი აღმოჩნდა. ისევე დაუფიქრებლად და გაუაზრებლად მოკვდა, როგორც თავად ითხოვდა დაჩის ხიდიდან გადახტომას. ძალიან მეზარებოდა ხალხმრავლობა და პანიკა, თუმცა წვეულება პირველი შეცდომის მშვენიერი გამოსწორება იყო. ხომ ასეა? - მეკითხება კალე და დანას ოდნავ ატანს ძალას. კანი მეჭიმება. - ოთო... ისეთი მარტივი იყო ყველაფერი, გაოგნებული დავრჩი. - უცბად მშორდება ის, ჩემსა და მათეს შორის დგება და ხელებს განზე სწევს. გაოცებულის როლს უნაკლოდ ირგებს. - უბრალო ხელის კვრა. მეტი არაფერი. წარმოგიდგენიათ? გამეცინა კიდეც. - იცინის და დანანებით აქნევს თავს. - არადა პატარა ადრენალინი მაინც რომ ყოფილიყო, პატარა შეწინააღმდეგება მაინც, ზუსტად ისე კარგად დამამახსოვრდებოდა, როგორც თეონა. - გოგოს ხსენებაზე თვალწინ მიდგება სცენა, როგორი გაოგნებული იდგა კალე სააბაზანოს კარში, როგორ ცდილობდა ჩემს შეკავებას. როგორ მიხსნიდა, რომ ეს მახე იყო და მკვლელს უნდოდა, თეონა მე მომეკლა. როგორ განიცდიდა და მეუბნებოდა, რომ ამის დავიწყება შეუძლებელი იქნებოდა. ყელში ტკივილი მეჩხირება. სახეზე ხელებს ვიფარებ და ტირილი მივარდება. თავს ისე უბადრუკად და სულელად ვგრძნობ, როგორც ცოტა ხნის წინ კალე მახასიათებდა. - ხო, ხო. თეონასთან საუბარიც კი მოვასწარი. ეგ გოგო, სხვებისგან განსხვავებით ისე მოკვდა, რომ ყველაფერი გაიგო. იცოდა ვინც ვიყავი და სხვათა შორის, აღიარა, რომ ნანობდა. შეცდომას ხვდებოდა, გესმით? - ჩემსა და მათეს შორის მზერას ცვლის კალე. - კარგი, რა მირა, ტირილის ძალა კიდევ გაქვს? ცრემლი კიდევ შეგრჩა? შენ ის არა ხარ, ვინც ამბობდა, რომ აღარაფერი იყო? - თავს აქნევს ისე, თითქოს ჩემ გამო წუხდეს. - თენგოს რაც შეეხება, ერთი სული მქონდა მისი ჯერი დამდგარიყო. ვნანობდი კიდეც, რომ მისით არ დავიწყე. კალე ჩუმდება. ფარდულში მხოლოდ ჩემი სლუკუნის და მათეს გახშირებული სუნთქვის ხმა იმის. გაჩერებას ვცდილობ. ცივი გონება მეუბნება, რომ თავი ხელში ავიყვანო და იმაზე ვიფიქრო, თუ როგორ დავაღწიოთ თავი კალეს ისე, რომ არავინ დაშავდეს. მაგრამ თავში არაფერი მომდის. ასე მგონია, მათესა და იმ პოლიციელის მსგავსად, მეც შეკრული ვარ. - ხოდა ასე. ისინიც გაქრნენ. ზუსტად ისე, როგორც დაჩი გაქრა. - დანის წვერს თითს ადებს კალე და მიყურებს. - რა გინდა, რომ გავაკეთო. - მაჯით ვიწმენდ ცრემლებს და თვალებში ვუყურებ ჩემ წინ მდგომს. - რის სანაცვლოდ. - მკრთალად ეღიმება. - იცი. - გამორიცხულია. - ამით დაჩის ვერ გააცოცხლებ. - შენ ხომ გატკენ. მიზნად ეს მაქვს და არა დაჩის გაცოცხლება. შენსავით სულელი არა ვარ მირანდა. - ზიზღით ამბობს კალე, შემდეგ უკან ბრუნდება, მათესკენ იხრება და პირიდან ჩვარს აძრობს. - შენც გვითხარი რამე. დიდი ხანია დუმხარ. - ცივსისხლიანი ხარ! თუ გგონია, რომ მომკლავ და აქედან კმაყოფილი წახვალ, ძალიან ცდები. - ღრიალებს მათე და გაცეცხლებული, შეკრულ ფეხებს მის გვერდით მდგარ ძველ კარადას ურტყამს. კარადა ტოკდება და მის თავზე მდგარი შამპანურის ცარიელი ბოთლი რკინის ღუმელზე ეცემა. მსხვრევის ხმა ყურებში უხეშად ჩამესმის. ასე მგონია მთელი ჩემი სხეული იკაწრება. პოლიციელი სწრაფად ბრუნდება გვერდით და ნამსხვრევებს თავს არიდებს. - ცოტა ამბიციური ნათქვამია, შენს მდგომარეობას თუ შევხედავთ. - ალმაცერად ავლებს თვალს კალე მათეს. დანას მუყაოს ყუთზე დებს, ზურგიდან იარაღს იღებს და ნელა არგებს ხმის ჩამხშობს. გული ამოვარდნას მაქვს. თვალს ვერ ვწყვეტ მისი თითების მოძრაობას. - შენი დედაც!.. საერთოდ იცნობდი შენს ძმას? - მათე წამოდგომას ცდილობს, მაგრამ მხოლოდ მუხლებზე დადგომას ახერხებს. - იცოდი რა უნდოდა და რისი გაკეთება შეეძლო? ოდესმე ადამიანი გყვარებია? მის გამო რამე გაგირისკავს? საერთოდ იცი რას ნიშნავს რისკი? - დაჩის ნუ მასწავლი. - კბილებში სცრის კალე და დაჟინებით აშტერდება მათეს. - ხო, შეიძლება ჩემმა მეგობრებმა წააქეზეს, მაგრამ ის სულელი არ იყო და ამის გამო არ მომკვდარა. ის შეყვარებული იყო. და შენ ამას ვერ გაიგებ, ტატე! - სიძულვილით ამბობს სახელს მათე და მის ფეხებთან აფურთხებს. - ღმერთო! - ეცინება კალეს. - შენ გინდა, რომ ყველაფერი სიყვარულს დააბრალო? ამის მიმართ სიყვარულს? - ჩემკენ იშვერს ხელს და სახე ეცვლება. - სადაცაა გული ამიჩუყდება და მოვინანიებ თქვენს წინაშე. იცი სასაცილო რა არის? - ისევ მათეს უბრუნდება. - ამას შენ რომ ამბობ. კაცი, რომელიც რვა წელია სიყვარულს ეწირება. და შენი არ მესმის. ვერც დაჩისი გავიგე, როცა მირა გავიცანი. რა აქვს ისეთი, რითაც თავი შეგაყვარათ? რატომ უნდა გადამხტარიყო ჩემი ძმა ამისი სიყვარულისთვის ხიდიდან, როცა არანორმალურად ეშინოდა სიმაღლის? ან რატომ გიყვარს მთელი რვა წელია შენ? მხოლოდ ხუთი თვე გავატარეთ ერთად და საწოლშიც კი ბევრი ვერაფერი იყო. - აგდებით იცინის კალე. სუნთქვა მეკვრის და სახეზე ალი მედება. გვერდით ვიხედები. არც ერთისთვის შეხედვა არ მინდა. ის ისაა თვალების დახუჭვას ვაპირებ, რომ პოლიციელს ვხედავ, რომელიც შეუმჩნევლად იშმუშნება. ჯერ ვერ ვხვდები, რა სჭირს, შემდეგ კი იქვე, დამსხვრეული ბოთლის ნარჩენებს ვამჩნევ და ყველაფერი ნათელი ხდება. მოულოდნელობისგან სუნთქვა მეკვრის. თავს ძლივს ვიკავებ, რომ რამე არ აღმომხდეს. ალბათ სახეზე მემჩნევა ემოცია, რადგან პოლიციელი წარბებს ზემოთ სწევს და თვალებით მანიშნებს, რომ მივიხედო. მაშინვე იმას ვაკეთებ, რასაც მეუბნება. გული გამალებით მიწყებს ძგერას. ღმერთო, იმედია, რაც ჩაფიქრებული აქვს, გამოუვა. - ამით ვერ გამაღიზიანებ. - კბილები ცრის მათე. - ეგ არც მიცდია. პირიქით. ხომ უნდა იცოდე მისი შესაძლებლობები. - კარგი ფსიქოლოგივით ლაპარაკობს კალე. - ისე ნუ იქცევი, თითქოს აქ არ ვიყო. - ვამბობ და ვცდილობ ბრაზი დავიტყო. თუ დროს გავწელავ, იქნებ პოლიციელსაც დავეხმარო, სანამ ხელებს გაითავისუფლებს. - აჰ, მირა, შენი შემჩნევა ძალიან ძნელია. მიკვირს, როგორ არ იკარგებოდი სამეგობროში. თუმცა ინდივიდუალურობით დიდად ვერც ერთი ამ წრის წევრი გამოირჩეოდა, ლელას თუ არ ჩავთვლით. ამიტომაც გაქრებით. - ხელს ჰაერში აქნევს, თითქოს კვამლს ფანტავდეს. - რომ შემძლებოდა, მხოლოდ ფეისბუქებს კი არა, მათ ხსოვნასაც სამუდამოდ გავაქრობდი. - ამბობს კალე და პოლიციელისკენ იხედება. დაძაბულობისგან ტუჩს ვიკვნეტ. რამე რომ შეამჩნიოს... ის კი კედელს მიყრდნობილი უძრავად ზის და კალეს პირდაპირ თვალებში უყურებს. - სულ მავიწყდება, რომ შენც აქ ხარ და სამხილებს აგროვებ. - ეცინება მას, ნაბიჯებს კალესკენ დგამს და მის უკან დგება. დანის წვერს მის მხარზე აბჯენს და მიყურებს. - არ გაბედო და თვალების დახუჭვა არ სცადო. - მეუბნება და ამთავრებს თუ არა წინადადებას, დანას ოდნავ ატანს ძალას. მათეს ღმუილი ყურებში მოგუდული ხმით ჩამესმის. მუცელში ტკივილს ვგრძნობ და ხელებს ვიჭერ. თავს დაბლა ვხრი და თვალებს მაგრად ვხუჭავ. - უყურე! - ღრიალებს კალე. არ მინდა, ამის დანახვა არ მინდა. - გეყოფა! თავი დაანებე! - ვყვირი მოთმინებადაკარგული. სიმწრისგან თითები მიცახცახებს. კალე მხარში ჩასულ დანის წვერს ატრიალებს და აძრობს. მათე ტკივილისგან წელში იხრება. ცდილობს თავი შეიმაგროს და დამალოს, რას გრძნობს, მაგრამ მის ჩასისხლიანებულ, აწყლიანებულ თვალებში ყველაფერი ჩანს. - შენი დედაც!.. შენი დედაც... ! - ღრიალებს ის და შუბლით იატაკს ებჯინება. უკან შეკრული ხელების გამო კი ზურგი ისე ეჭიმება, რომ მგონია, სადაცაა დაიმსხვრევა. - იმედია შენ უფრო გტკივა, მირანდა, ვიდრე მათეს. - ამბობს კალე. ბიჭს თმაში ავლებს თითებს და ისევ წელში ასწორებს. დანას ყელზე აბჯენს. მათე გაბრძოლებას ცდილობს, დანა კი კანს უსერავს. დაძაბულობისგან სხეულში მამტვრევს. ადუღებული სისხლი ლამისაა პირიდან ვაღებინო. ახლა, რომ მან ეს გააკეთოს... ეს რომ გააკეთოს... მაგრამ არა. დანას მის ლოყაზე ანაცვლებს და ხელს სწრაფად იქნევს. მათეს სახეზე წითელი ზოლი ჩნდება. ის კი თვალებს მაგრად ხუჭავს და კბილებს აჭერს ერთმანეთს. გაჭრილ ლოყას მხარზე იდებს, მაგრამ ალბათ სტკივა, რადგან სახე ერთიანად ეშლება. - ნამდვილი შეშლილი მანიაკი ხარ და არა ძმის სიკვდილის გამო დამწუხრებული ადამიანი. - ვყვირი და ცრემლებისგან დაბინდულ თვალებს ვიწმენდ. - ცდები, ძვირფასო. მანიაკებს მკვლელობისთვის მიზეზი არ სჭირდებათ. მე კი მაქვს. - ხოდა დაგვხოცე ბოლოსდაბოლოს. შენ ხომ ეს გინდა? დაგვხოცე და მორჩი! - ასე მარტივად გინდა გამოძრომა? - წარბებს ზემოთ სწევს კალე. - მეგონა ხვდებოდი, რომ ამას შენს დასასჯელად ვაკეთებდი. - ხოდა საკმარისად დავისაჯე, არ ფიქრობ? ოთხი მეგობარი მომიკალი, ოთხი! და პარალელურად ჩემთან იცხოვრე. იმდენი მოახერხე, რომ ჩემი მეგობრების მკვლელის მიმართ გრძნობები გამიჩნდა. მთელი ცხოვრება შენ უნდა გზიდო სხეულითაც და გონებითაც. გგონია, ჩამოგრეცხავ? ვერა! ხოდა იკმარე ეს! გეყოფა ჩემი დასჯა სხვების წამებით. უბრალოდ გეყოფა. - ოოხ, მირანდა... - ოხრავს კალე. - მთავარს ვერ ხვდები. - მათეს ნიკაპში სწვდება და ზემოთ აწევინებს თავს. - ის, ვინც შენთვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია, ჯერ კიდევ ცოცხალია და აქაა. ან მშვენივრად ხვდები და უნიჭოდ ცდილობ დროის გაყვანას და მათესთვის სიცოცხლის შენარჩუნებას. - ღმერთო, კალე, მას არაფერი დაუშავებია. თავი დაანებე, გემუდარები! - ყელი მეწვის ტკივილისგან. ვუყურებ მათეს და ლამისაა თავი გამისკდეს ფიქრისა და სინანულისგან, რადგან ვერაფერს ვაკეთებ. - მირა... - მისი ტუჩების მოძრაობა ჩემს სახელს გამოთქვამს. ჩუმადაა და თითქოს მშვიდადაც. სახეზე მხოლოდ ტკივილისგან გამოწვეული დაღლა ამჩნევია. - ასეც ნუ დაეცემი. - ზიზღით სცრის კბილებში კალე. - მუდარა არაფერს შეცვლის. იქნებ თავი ხელში აიყვანო და უბრალოდ თვალი გაუსწორო ამ გარდაუვალობას. - ამბობს და ისევ ყელზე ადებს მათეს დანას. - გაჩერდი! - ვყვირი უკვე იმას შეგუებული, რომ ყველაფერი გვიანია. და ის ისაა კალე კმაყოფილი იღიმის, რომ ვხედავ, როგორ სწრაფად იღებს პოლიციელი გატეხილი ბოთლის მოზრდილ ყელს და კალეს პირდაპირ სახეში ესვრის. მოულოდნელობისგან ვხტები და ვშეშდები. კალეს დანა ხელიდან უვარდება, თითებს სახეზე იფარებს და ტკივილისგან წელშიმოხრილი ღრიალებს. მათე მთელი ძალით ეჯახება მას და ძირს აგდებს. ამასობაში, პოლიციელი უკვე გათავისუფლებული, გასისხლიანებული ხელებით ფეხებიდან თოკს სწრაფად იხსნის და ის ისაა მათეს შეკრულ მკლავებთან მირბის, რომ კალე გაცეცხლებული დგება ფეხზე, პოლიციელს ხელს ჰკრავს და მუშტს ურტყამს. - მირა! - მესმის მათეს ხმა და ახლაღა მოვდივარ გონს. ადგილს ვწყდები და მასთან მივრბივარ. სანამ ისინი ჩხუბობენ, ვცდილობ, ხელებიდან თოკი მოვხსნა, მაგრამ აცახცახებული თითებით ვერაფერს ვახერხებ. - ჯანდაბა, ჯანდაბა! - ვუყვირი საკუთარ თავს. - მირა, შემეშვი! - მხრებს აქნევს მათე. - შემეშვი და წადი. ახლავე წადი! - არა, აქ ასე ვერ დაგტოვებ. - არც კი ვუყურებ, ისე ვაგრძელებ თოკთან ბრძოლას. - თავი დამანებე, გესმის? - ყვირის მათე. - შემომხედე! - ამბობს. ვუყურებ. მისი დაღლილი მწვანე თვალები მუდარით და ამავდროულად კატეგორიულობით შემომცქერიან. - ახლავე შემეშვი, მობილური აიღე და გაიქეცი. შორს! ძალიან შორს. აქედან გაქრი. გესმის? გაიქეცი და ჩემზე არ იფიქრო. და უკან არ მოიხედო, რაც არ უნდა მოხდეს, მხოლოდ წინ ირბინე. მირა! - ისევ ყვირის, რადგან მის მაისურზე ჩაბღაუჭებულ თითებს ვერ ვუშვებ. მთხოვს, რომ დავტოვო, ის კი ისედაც დაჭრილია. დრო კი ძალიან ცოტაა. მართალია, პოლიციელი ძლიერია, მაგრამ ვხედავ, რომ კალე უმკლავდება და წარმოდგენა არ მაქვს, ეს ბრძოლა რით დასრულდება. - ფიქრის დრო არაა. ჩქარა! - მეუბნება მათე და თავით მობილურზე მანიშნებს. თავი ხელში ამყავს და დამშვიდებას ვცდილობ. კიდევ ერთხელ ვუბრუნდები მის შეკრულ ხელებს და ამჯერად გამომდის თოკის გახსნა. ჩემს მობილურს, რომელიც კალეს ალბათ დავარდნისას გადმოუვარდა ჯიბიდან, ხელს ვტაცებ და ასადგომად ვემზადები. - აქ არ დარჩე. გთხოვ, მათე. დამპირდი, რომ აქ არ დარჩები! - ვემუდარები და მის გათავისუფლებულ თითებს ვიჭერ. - გპირდები. ახლა კი, წადი. წადი! - შუბლს ჰკრავს და ის ისაა ფეხებიდან თოკის შეხსნას იწყებს, რომ ვდგები და ფარდულიდან გამოვრბივარ. უკვე ეზოს შუაგულში ვარ, რომ რაღაცის დაცემის ხმა მესმის და ერთხანს ვყოვნდები. არ ვიცი, მივბრუნდე, თუ არა. არ ვიცი, იქ რა დამხვდება. შემდეგ მათეს სიტყვები მახსენდება და პირდაპირ ტყისკენ ვიღებ გეზს. თუ გავექეცი, იქ დამალვას შევძლებ. ახლა ჩემგან ტყე უფრო ახლოსაა ვიდრე მოსახლეობა. გული ამოვარდნას მაქვს. არ ვიცი ჩემი აქტიურობას გადაჩვეული ფეხები და საერთოდ სხეული რამდენ ხანს გაუძლებს სირბილს. ტყეში შევრბივარ და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მოთმინებას მაინც ვკარგავ. ხეს ვეფარები და უკან ვიხედები. ფარდულიდან გამოსულ კალეს ვხედავ, რომელიც მკლავით იწმენდს დასისხლიანებულ სახეს და ზუსტად იმ მიმართულებით მორბის, რა გზაც მე გამოვიარე. დამინახა, და ამედევნა. ღმერთო! ღმერთო, რა ხდება ფარდულში? რა დაემართათ მათე და პოლიციელს? ორივეს ერთად როგორ დააღწია თავი? იქნებ მათემ ფეხებიდან თოკის შეხსნა ვერ მოასწრო? ღმერთო, მათე! პირზე ვიფარებ ხელს. ვცდილობ ტირილი შევიკავო, მაგრამ არ გამომდის. სუნთქვა მიჭირს. წარმოვიდგენ, ახლა რა ხდება ფარდულში და ტყეც კი არ მყოფნის ჰაერისთვის. გულისრევის აუტანელი შეგრძნება ყელში მაწვება. თავი მიბრუვდება. არ ვიცი, რა ვქნა. - მირა! - გონზე მოვყავარ კალეს ღრიალს. ცრემლებს სწრაფად ვიწმენდ და უკანმოუხედავად გავრბივარ. - მირაა! - ისევ ყვირის. ალბათ მხედავს და ალბათ არც ისე შორსაა ჩემგან, რადგან მისი ნაბიჯების ხმაც მესმის. არ ვჩერდები. არც უნდა გავჩერდე. აქედან უნდა გავაღწიო. აუცილებლად. კალეს ეს არ უნდა შერჩეს. ამ ავადმყოფს ჩემი მეგობრების მკვლელობები ასე მარტივად არ უნდა შერჩეს. ძალა არ გამომელევა. ვირბენ. სანამ ვგრძნობ, რომ მისგან გაქცევა შემიძლია, არ გავჩერდები. გარემოს ვათვალიერებ. ტყე არც ისე გაუვალია, მაგრამ ნიადაგი სველია და ეს ცოტას მანელებს. არ მინდა ტყეში ძალიან ღრმად შევიდე, რადგან არ ვიცი, გასასვლელი რამდენად ახლოსაა, თუმცა სხვა გზა არ მაქვს. ახლა რომ გადავუხვიო და ნაპირს გავუყვე, კალეს ჩემამდე მოსასვლელ გზას დავუმოკლებ. ამიტომ, წინ მივრბივარ და იმედს ვიტოვებ, რომ აქედან გავალ. გავრბივარ და თან მობილურს ვრთავ. პოლიციის ნომერს ვკრეფ და დარეკვას ვცდილობ, მაგრამ მიღება არაა. ჯანდაბა! ყველაფერთან ერთად ვერც ამას ვახერხებ. უკან მიხედვის მეშინია. არ მინდა კალეს დანახვა. ვიცი, მისთვის შეხედვაც კი უარესად დამაბნევს და დამაფრთხობს. ვფიქრობ ფარდულზე, იქ დატოვებულ მათეზე, მის თვალებსა და სიტყვებზე და გული ყელში მებჯინება. იმედია, რამე ისეთი არ მოხდა, რაც იქიდან გამოქცევას მანანებინებს. ვფიქრობ და თვალწინ მიდგება მთელი ის ხუთი თვე, რაც სრულ ბურუსში გავატარე და ახლა ეს სირბილი, თითქოს მისგან გაქცევას ჰგავს, მაგრამ... რა დავტოვე უკან? რისგან გავრბივარ და რისკენ? მივაღწევ საერთოდ იმას, რისთვისაც ახლა ვიბრძვი? ნეტავ ძალიან გვიანი ხომ არაა? მოულოდნელად რაღაცას ვედები და ირგვლივ ყველაფერი ტრიალს იწყებს. დაცემისგან გვერდი და ზურგი საშინლად მტკივდება და ყვირილს ვერ ვიკავებ. ერთხანს თავბრუ მეხვევა და მგონია, რომ წაქცეული მთელ დღეს ვატარებ ასე, მაგრამ მალევე ვუბრუნდები რეალობას. სველ მიწას ვეყრდნობი და ადგომას ვცდილობ. ნატკენ გვერდზე ხელს ვისვამ და ზედ ვიხედები. თითები ოდნავ მეთხვრება სისხლით. - ჯანდაბა! - ვბუტბუტებ და ისე, რომ უკან მოტოვებულ გზას არც კი ვამოწმებ, სირბილს ვაგრძელებ. მაგრამ მიჭირს. ძალიან მიჭირს, რადგან გვერდის საშინელი ტკივილი ხელს მიშლის. სიჩქარის მცდელობა მალე მღლის. ელენთა მტკივდება და ლამისაა მოთმინებადაკარგულმა ვიყვირო. სირბილიდან სიარულზე გადავდივარ. ამჯერად უკან ვიხედები. კალე ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ჩქარა მივაბიჯებ. გული ამოვარდნას მაქვს. ვცდილობ, ნელა და ღრმად ვისუნთქო, რომ დასვენება შევძლო, მაგრამ ახლა ყველაფერი არეული და დაულაგებელი მაქვს. ჩქარი სუნთქვისგან ყელი მეწვის და ასე მგონია, სადაცაა ფილტვები გამისკდება. ისევ ვცდილობ დარეკვას, მაგრამ მიღება კვლავ არაა. დროდადრო ნაბიჯს ვუჩქარებ, იქნებ ისევ შევძლო სირბილი, მაგრამ ვგრძნობ, რომ სადაცაა წავიქცევი. თითქოს ფეხებზე ლოდები მებმება და საკუთარ თავთან ერთად მათაც ძლივს მივათრევ. ორი წამით ვჩერდები და ის ისაა ხელისგულებით მუხლებს ვეყრდნობი, რომ ძალიან შორიდან, თუმცა მაინც მესმის ნაბიჯების ხმა. რამდენიმე მეტრის დაშორებით ძალიან ძველ, დიდ ნაძვს ვხედავ და მაშინვე მის უკან ვიმალები. იმედი მაქვს, რომ კალე გვერდს ამიქცევს. თუ ასე მოხდა, იქნებ მათესთან დაბრუნება შევძლო. - მიირაა! - მესმის ჩემი სახელი და საფეთქლებში წვას ვგრძნობ. ხეს ამოფარებული, ცალი თვალით ვიხედები მერქანს მიღმა. ასე მგონია, ჩემი აცახცახებული სუნთქვის და გულის ფეთქვის ხმა მთელ ტყეში ისმის. გამშრალ ტუჩებს სწრაფად ვილოკავ და შუბლიდან ჩამოგორებულ ოფლის წვეთებს ხელის ზურგით ვიწმენდ. - მესმის, მირა... - მის ხმაში ავადმყოფური სიტკბო იგრძნობა. ნერვებისგან ტუჩები მებრიცება. მგონია, რომ ვხმაურობ და ყველანაირად ვცდილობ გაშეშებას. - შენი კარგად მესმის, მაგრამ სხვა გზა არაა! შრიალი ახლოვდება. ხეს ისე ვეკვრი, თითქოს მასში გავუჩინარდებოდე და თავს ვუშველიდე. იდაყვები მერქანზე ხახუნისგან მეკაწრება. ადრენალინისგან მუცელი მეწვის. თავს ძალას ვატან და ისევ ვიხედები. ნელა მოაბიჯებს. მის სიარულის მანერაში აუტანელი უპირატესობა იგრძნობა და ყელში ტკივილი მეჩხირება. ღმერთო!.. ერთ ხელში დანა უკავია, მეორეს კი ბუჩქებზე მოასრიალებს. მათ ფოთლებს ნაზად ეხება თითის წვერებით. ტანში მცრის. ასე მგონია, სადაცაა ჩემკენ გამოიწვდენს ხელს და ჩამავლებს. - გამოდი, ძვირფასო. - ღიღინებს და ერთხანს ჩერდება. მზის სუსტი სხივები ძლივსღა ანათებენ ჩაბნელებულ ტყეს. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ რაიმე მყარის მოსაძებნად და მოშორებით მუჭის სისქის ხის ტოტს ვხედავ. - გინდა ცოტა ხნით კიდევ დავიცადო? შენ ხომ მოგწონს, როცა ადამიანები უკან დაგდევენ და მათ ყურადღებას არც კი აფასებ? - თვალებს მაგრად ვხუჭავ. ასე მგონია, თითოეული მისი სიტყვა ჩვენ შორის მანძილს ამცირებს. ლოყებზე ამღვრეული წარსულის ცრემლები მოცურავენ და ყელისკენ მიიწევენ. ვცდილობ, მის ლაპარაკს ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ არ გამომდის. ახლა ტოტისკენ ერთი ნაბიჯიც რომ გადავდგა, ჩემი საქმე წასულია. ხელების ცახცახით ჯიბიდან ისევ ვიღებ მობილურს, ჯანდაბა! მიღება კვლავ არაა. - მირა! - ღრიალებს მოულოდნელად მთელ ხმაზე. შიშისგან ვხტები და მობილური მივარდება. ღმერთო! - ოოხ, მირაა, რა ახლოს ხაარ... - სიარულს აგრძელებს. ნაბიჯს ნელ-ნელა აჩქარებს. სხეული საკუთარ ტემპერატურას ვეღარ აკონტროლებს. სიცხისგან ხურს და შიშისგან ამცივნებს. - შენი სურნელი, მირა... შენი რბილი და მღელვარე სურნელი მთელ ტყეს მოედო! ფრთხილად ვიხრები, მობილურს ვიღებ, სწრაფად ვკრეფ ტექსტს და ვაგზავნი. ვიმედოვნებ, რომ სანამ ჯერ კიდევ ვსუნთქავ, ადრესატს მიუვა. ტელეფონს ჯიბეში ვიდებ, ჰაერს ხარბად ვისუნთქავ, მორჩენილ ძალას ვიკრებ და გავრბივარ. გავრბივარ და აღარ ვაქცევ ყურადღებას არც მოდევნებულის ნაბიჯების ხმას, აღარც გვერდის ტკივილს და აღარც საკუთარ უძლურებას. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ტყის ნაპირია. ვხედავ, როგორ იმატებს ჩემს წინ დღის შუქი და ამ სინათლეს მივყვები. სახეზე წვიმის წვეთებს ვგრძნობ და რაც უფრო წინ მივიწევ, უფრო იმატებს მათი სიხშირე. ცოტაც, სულ ცოტაც და ტყიდან უკვე ასფალტსაც ვხედავ. თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ და თითქოს ძალაც მემატება. მაგრამ გვერდის ტკივილი თავს მახსენებს. გზა დამრეცი ხდება. სველ ნიადაგზე ფრთხილად ვეშვები და გზის პირსაც ვუახლოვდები. ასფალტზე გავდივარ და წვიმის წვეთებიც ძლიერდებიან. კოკისპირული წვიმა გახურებულ სხეულს ერთიანად მისველებს და შვებას მგვრის. აქეთ-იქით ვიხედები. ირგვლივ არაფერია. საერთოდ არაფერი. მარჯვნივ რამდენიმე მეტრში შესახვევია და გზა იკარგება. მარცხნივ კი გრძელდება. მანქანები არ დადიან. ასფალტს ვკვეთ და სიარულს ვაგრძელებ. აქ დგომა და გამვლელის ლოდინი კარგს არაფერს მომიტანს. ჩემ წინ ხიდია. ხიდამდე კი კიბე. აქედანვე ვხედავ, ხიდს მიღმა, საკმაოდ მოშორებით საწვიმარებით შენობის სახურავზე მოსიარულე რამდენიმე მამაკაცს. ნაბიჯს ვუჩქარებ. გეგმაში მათთან მისვლა და დახმარების თხოვნა მაქვს. კიბეზე სწრაფად ჩავდივარ და ახლაღა მახსენდება, რომ ტყიდან გამოსული შევძლებ მობილურით დარეკვას. ის ისაა კიბეს ვამთავრებ და ზემოთ ვიხედები, რომ ასფალტზე მდგომ კალეს ვხედავ, რომელიც მამჩნევს თუ არა, კიბეზე სწრაფად იწყებს ჩამოსვლას. მაშინვე ადგილს ვწყდები და ხიდისკენ გავრბივარ. გზად რელსებს ვაწყდები. როგორც ჩანს, აქ მატარებელი გადის. წინ მივიწევ, მაგრამ ვიცი, რომ აზრი არ აქვს. ის ისაა ხიდის ბოლოში გავდივარ, რომ კალე მაჯაში ხელს მავლებს და უხეშად მაბრუნებს თავისკენ. - მიშველეთ! დამეხმარეთ! - ინსტინქტურად ვყვირი მთელ ხმაზე, მაგრამ კალე პირზე ხელს მაფარებს და დანას ყელზე მაბჯენს. განრისხებულ თვალებში წვიმა ჩასდის. სისხლიან სახეს ურეცხავს და მასზე დამჩნეულ ახალ იარებს უჩენს. თავს ვეღარ ვაკონტროლებ, აღარც დანა მადარდებს და მუშტებს მხრებსა და მკერდზე ვურტყამ, მაგრამ არაფერი გამომდის. - ხმა, ხმაა! - კბილებში სცრის ის და კიდევ უფრო მაბჯენს დანის პირს. ტკივილს გავურბივარ და უკან ვიხევ, სანამ ხიდის მოაჯირს არ ვეყრდნობი. ჩვენს ქვემოთ ამღვრეული, ადიდებული მდინარე მიედინება. - მცდელობას გიფასებ, მაგრამ ძალიან სუსტი ხარ იმისთვის, რომ ჩემგან გაიქცე. როგორ ძალიან, ძალიან ვწუხვარ, რომ მისი სიკვდილი ვერ ნახე. - არა! - ვყვირი, მაგრამ ჩემი ხმა კალეს თითებში იკარგება. თვალებს ვხუჭავ და აქაურობას გავურბივარ. არა. არა. მათე არ მოკვდებოდა. გამორიცხულია. ის დამპირდა. დამპირდა. მკერდი მეწვის. შიგნით რაღაც აუტანლად ვარვარებს და სადაცაა დამწვავს. ვერც წვიმა ანელებს სიმხურვალეს და ვერც იმედი იმისა, რომ კალე მატყუებს. ტირილი მივარდება. ყურებში საშინელ წივილთან ერთად მამაკაცების ყვირილისა და მატარებლის სიგნალის ხმა ჩამესმის. ლამისაა ფიქრისგან თავი ამიფეთქდეს. თვალებს ვახელ და პირველი, რასაც ვხედავ, კალეს მიღმა, ხიდის დასაწყისში ათრეული ფეხით მორბენალი სილუეტია. ეს პოლიციელია. ეს ის პოლიციელია. - გამიშვი, გამიშვი! - ვყვირი და უკან მიხედვას ვცდილობ. - გეშინია, მირანდა? სიკვდილი გაშინებს? - იღიმის კალე და ჩემს მიღმა იხედება. მოდი, ერთად დაველოდოთ მატარებელს. გაიხსენე ის დრო, როცა მე გამშვიდებდი. გაიხსენე, როგორ არაფრის გეშინოდა ჩემს გვერდით. რამდენიმე დღის წინ ხომ თვითონ ცდილობდი სიკვდილს? ასე მალე გადაიფიქრე წასვლა? სიცოცხლე ასე მალე რამ მოგაწყურა? - არ გინდა, გთხოვ, კალე... - მისი მკლავებისგან ვცდილობ გათავისუფლებას. პოლიციელი ნელ-ნელა გვიახლოვდება. კალე ჩემი ტუჩებიდან ხელს იღებს. - მიდი, სანამ დროა, რამე ისეთი თქვი, რითაც გამაკვირვებ. - ვიცი, რომ შენ ასეთი არ ყოფილხარ. ვიცი, რომ დაჩის სიკვდილმა გაგაბოროტა. მეზიზღები იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები დახოცე, მაგრამ გეფიცები, მინდა, რომ გაგიგო. ვცდილობ ამას, კალე... - არ გამოგივა. ვერ გამიგებ იმიტომ, რომ ძალიან ცარიელი ხარ ამისთვის. თანაგრძნობა ადამიანობიდან მოდის, ადამიანური კი შენში არაფერია. ხო, მკვლელი მე ვარ. მე ვარ მკვლელი. აი შენ კი - არაფერი. არაფერი ხარ მირა, არაფერი იყავი და არაფრად მოკვდები. - ამბობს ის და მოულოდნელად კრთება. თვალები უფართოვდება და ერთხანს დაბნეული მიყურებს. შემდეგ დანა უვარდება და ხელებიც ეშვება. მზერა ჩემიდან თავის მკერდზე გადააქვს. ვხედავ, როგორ დიდდება თანდათან მის გულთან გაჩენილი ლაქა. კალე ზედ ადებს ხელს და ისევ მე მაცქერდება. რამდენიმე წამით გაყინული, არაფრისმთქმელი თვალებით მიყურებს, შემდეგ კი ამბობს: - არ დაიჯერო. ფეხი ერევა. ხიდის მოაჯირს ეყრდნობა, მაგრამ თავს ვერ იმაგრებს და მუხლებზე ეცემა. კიდეზე ჯვარედინად აკრულ მეტალს ეჭიდება, მაგრამ ხელი უსხლტება, თავს ვერ იმაგრებს და ვერც კი ვასწრებ გაცნობიერებას, ისე ვარდება მდინარეში. გაოგნებული ვყვირი და თვალს ვაყოლებ. ვხედავ, როგორ ეშვება წყალში და უჩინარდება. - ღმერთო! - პირზე ვიფარებ ხელებს და აქეთ-იქით ვიხედები. ვხედავ, როგორ მორბიან საწვიმრიანი მამაკაცები ჩემკენ ყვირილით. მათ უკან კი მოსახვევიდან მატარებელი ჩნდება. ის ისაა მეორე მხარეს ვაპირებ გახედვას, რომ პოლიციელი მკლავში მავლებს ხელს და სწრაფად გადავყავარ ხიდიდან. ორი ნაბიჯით ვასწრებ უზარმაზარ ლითონს რელსებიდან და შემდეგ რამდენიმე წამით ქვიან ნაპირზე აურზაურში ვიკარგები. მაგრად დახუჭული თვალები გაქრობაში ვერ მეხმარება. აქ ვარ, მკვდარ ნატასთან, თენგოსთან, თეონასთან და ოთოსთან, მომაკვდავ ბექასთან და ცრემლიან ლელასთან ერთად. აქვეა ტკივილისგან აღრიალებული მათე. ვერაფრით ვიშორებ სისხლს ხელებიდან, ვერც კალეს ხელებს ყელიდან. მიჭერენ, მიჭერენ და მგუდავენ. ვიხრჩობი და მტკივა, სანამ საკუთარი სახელი არ ჩამესმის ძალიან, ძალიან შორიდან. ხმას მივყვები და ნელ-ნელა გამოვდივარ ბურანიდან. დეჟა-ვუს შეგრძნება მეუფლება. ოღონდ ახლა საკმაოდ ნათლად ვხედავ შავ, გაღიზიანებულ, თუმცა საიმედო თვალებს. და ვხვდები, რომ გადავრჩი. - მირა, კარგად ხართ? - მეკითხება პოლიციელი და მხრებში ჩავლებულ თითებს ოდნავ მაჭერს. თავს ვუქნევ, რადგან მგონია, რომ ხმა ჩამწყდარი მაქვს. - ხმა გამეცით. - კარგად ვარ. - ვამბობ და ცახცახი მიტანს. მცივა. - დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება. - ამბობს ის, ოდნავ გვერდით იწევა და უკან იხედება. რელსებზე მათე მოაბიჯებს. ოდნავ არეული ნაბიჯებით, მაგრამ ის მოდის. მთავარია, მოდის. მისი დანახვისას ერთიანად მეცლება ძალა და ტირილი მივარდება. შვების ტირილი. სახეს ხელებში ვრგავ და აღარ ვცდილობ თავის შეკავებას. უკვე აღარ. ვტირი და ყველა ტკივილი გარეთ გამომაქვს. წვიმას და სიცივეს ვატან. შემდეგ მის ხელებსაც ვგრძნობ, მის ჩახუტებასაც, სურნელსაც და ცხელ ტუჩებსაც ჩემს კისერზე. მთელი ძალით ვეხვევი და მისგან წამოსულ სიმშვიდეს ვიწოვ. ვგრძნობ, რომ ცარიელი ადგილები ძალით ივსებიან და ენერგიას მმატებენ. ვგრძნობ და ტირილიც ნელ-ნელა მიჩერდება. ის ისაა მის სახეს ხელებში ვიქცევ და დაწყნარებულ, მოღიმარ თვალებს ვაწყდები, რომ მობილური რეკავს. ჯიბიდან ვიღებ და ეკრანს დავყურებ. ლელაა. - ხო, ლელა. - ვპასუხობ. - მირა, - ყვირის ლელა. ისეთი ხმა აქვს, როგორც ადრე. მანამდე, სანამ ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა. - ბექამ გაიღვიძა! გესმის, მირა? ბექამ გაიღვიძა. 16 თავი *** 2016 წელი, 23 სექტემბერი ღამე მათესთან ერთად კიბეზე ჩუმად ავდივარ და მხოლოდ კართან მიახლოებისას მახსენდება, რომ სახლში ლულუა. სახლში თითქმის ოცი წლის უნახავი დედაა და ჩემს ნახვას ელოდება. ვჩერდები, კარს ვეყრდნობი და სახეზე ვიფარებ თითებს. ემოციებისგან დაღლილს მაკანკალებს. - ნუ ნერვიულობ. - ლოყაზე მეხება მათე, თავს მაწევინებს და თვალებში მაცქერდება. - ის დედაა და არა ვიღაც მონსტრი. ნურაფერს გადაწყვეტ და ეტყვი, სანამ არ მოუსმენ. კარგი? - თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. - თუ გინდა, შემოვალ, მაგრამ მგონი ჯობია, რომ მარტო იყოთ. - არ მინდა, რომ წახვიდე. - ხმა მიტყდება და მთელი ძალით ვეხვევი. ვცდილობ, მისი შეხვეული მხარის გამო ზედმეტი არ მომივიდეს. ისიც ცალ ხელს ზურგზე მხვევს და თავზე მხურვალედ მკოცნის. - ნუ გეშინია. მე აქ ვარ. ნებისმიერ დროს დამირეკე, როცა მოგინდება და ჩამოვალ. თუნდაც შუაღამე იყოს. შევთანხმდით? - კარგი. - თავს ვუქნევ, თვალებს ვხუჭავ და ყელზე ვკოცნი. ხარბად ვისუნთქავ მის სურნელს და სწრაფად ვბრუნდები კარისკენ. ზურგიდან მესმის მათეს კიბეზე ასვლის ხმა. ვოხრავ და ურდულს ვაწვები. კარი ღიაა. ფრთხილად ვაღებ და ფრთხილადვე ვხურავ. ერთხანს კორიდორში ვდგავარ და ნერვიულად ვიფშვნეტ თითებს. სამზარეულოდან ჭურჭლის ხმა გამოდის. შემდეგ კი ამას ნაბიჯების ხმა მოსდევს და რამდენიმე წამში ჩემს წინ ქალი ჩნდება, მაღალი, წონაში ოდნავ მომატებული, თმა შავად შეღებილი. ახლა სათვალე უკეთია, რომელსაც ჩემს დანახვისას იხსნის და ტუმბოზე აგდებს. თითებს პირზე იფარებს და ქვითინებს. ტირილისგან სხეული უთრთის. მხარით კედელს ეყრდნობა და თითქოს ბარბაცებსო, ასე მგონია, სადაცაა წაიქცევა. - მირიკო. - ტირილს აყოლებს ჩემს სახელს. სახელს, რომელსაც ბავშვობაში მეძახდა. ხმა კი ისევ ისეთი აქვს. ისევ ისეთი თბილი და ოდნავ სევდიანი. ვუყურებ და არ ვიცი, საიდან ჩნდება ეს სიმყუდროვის შეგრძნება. არ ვიცი, ასე უცბად რატომ ქრება ის ბრაზი და სიძულვილი. რა შლის იმ დაკარგულ ოც, მტკივნეულ წელს... არ ვიცი. ადგილს ვწყდები, ლულუსკენ მივდივარ და მთელი ძალით ვეხვევი. ქალი გულამომჯდარი ტირის და ისე ძლიერად მეხვევა, რომ სუნთქვა მეკვრის. ისევ ის სურნელი აქვს, რაც მახსოვს. გაზაფხულზე მოსული წვიმის, იების და ენძელების. ვერ ვიჯერებ, რომ მთელი ეს დრო ერთსა და იმავე სუნამოს იყენებდა. - ძალიან მენატრებოდი, დე, ძალიან. - მის კისერში ვრგავ ცხვირს და ტირილს იქ ვაგრძელებ. *** შუაღამე ნანგრევებთან ვდგავარ. ასე მგონია, ნარჩენები, რომლებიც ჩემ გარშემო ყრია, ფერდაკარგული, ნაწილებად ქცეული წარსულია და არა აგურები და ბეტონი. ზემოთ ვიყურები. ვხედავ შენობის ნაპირას მდგარ კალეს, რომელიც მიყურებს და გულიანად იცინის. ვიცი, რომ ჩამოვარდება და ზუსტად ისეთივე შიშის შეგრძნება მეუფლება, როგორც მაშინ. იმასაც ვხვდები, რომ არ უნდა მეშინოდეს, რადგან აწმყო უკვე გაცნობიერებული მაქვს, მაგრამ გრძნობებს ვერ ვაკონტროლებ. სხეული მეჭიმება და ის ისაა დაძახებას ვაპირებ, რომ ლოკაცია იცვლება. ახლა ხევის პირას ვართ. უკან ეზო ქორწილისთვისაა მორთული. ჩემს თეთრ კაბას ქარი აფრიალებს. კალე ნაპირიდან ნახევარი ტანით შემობრუნებულა და ხელს მიწვდის. მეძახის, რომ მივუახლოვდე და ხევს გადავხედო. ვიცი, რომ ერთი ნაბიჯიც არ უნდა გადავდგა მისკენ, მაგრამ მისი მზერა, მაცდური და მომხიბვლელი მზერა, რომელსაც უკვე აღარაფერს მალავს, თითქოს მაგნიტივით მიზიდავს. ახლოს მივდივარ, გამოწვდილ თითებს ვიჭერ და დაუფიქრებლად ვეშვებით თავით ხევში. მაგრამ არ ვეცემით. ვარდნას ბოლო არ უჩანს. ტკივილის მოლოდინი ნაწილებად მშლის. ჰაერში გამოკიდებული, ვხედავ, როგორ ეცვლება დაჩის კანს ფერი. თეთრდება, ფითრდება და ნელ-ნელა ნაცრისფერს იღებს. მაგრამ ის ცოცხალია და თვისი მომხიბვლელი ღიმილით მაცქერდება. „ - დედამიწაზე შევხვდებით.“ - ჩამესმის ძალიან შორიდან და ხელის კვრის შეგრძნება მაღვიძებს. ღამის ოთხი საათია. სუნთქვა მიჭირს. ასე მგონია უჰაერობისგან კანი დამისკდება. ლულუს ჩემს გვერდით სძინავს. ყველაზე მძაფრი ემოციების განელების შემდეგ, მხოლოდ ორიოდე სიტყვა თუ ვუთხარით ერთმანეთს. მისაღებ ოთახში ჩაგვეძინა. ძილის შებრუნებას ვცდილობ, მაგრამ სიზმრიდან გაცოცხლებული სურათები თავს არ მანებებენ. მოუსვენრობა მიპყრობს. აზრების გაფანტვას ვცდილობ და ლულუზე გადამაქვს ყურადღება. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვუღალატე საკუთარ პრინციპებს. ვფიქრობ და ბოლოს ვხვდები, რომ ეს მარტოობის შეგრძნებამ გამაკეთებინა. იმ მარტოობის, ბავშვობიდან რომ მომდევს და არ ქრება. აქამდე მეგონა, რომ მარტო, მშობლების გარეშე ცხოვრებას ვუმკლავდებოდი, არავინ მჭირდებოდა იმისთვის, რომ ძლიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა... ახლა ვიცი, რომ არც ძლიერი ვარ და თურმე ძალიანაც მჭირდება ის, ვინც საკუთარი სისხლია. დრო ალბათ ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის. მაგრამ ახლა, ახლა ჯერ კიდევ არაა ყველაფერი კარგად. ფრთხილად ვდგები. საშინლად მტკივა ტყეში დაზიანებული გვერდი. სააბაზანოში შევდივარ და ვანაში წყალს ვუშვებ. ველოდები მის ავსებას, შემდეგ კი ვიხდი და ვწვები. ის მოკვდა. კალე მოკვდა. დავინახე მისი სისხლის ლაქა გულთან. დავინახე, როგორ გადაეშვა ადიდებულ მდინარეში. თვალებს ვხუჭავ და გულში საშინელი ტკივილი იდგამს ფესვებს. დაჩის მსგავსად, ალბათ კალეც იმიტომ მოკვდა ხიდზე, რომ ჩემთვის არაფერი შემსუბუქებულიყო. ხო, ის მოკვდა, მაგრამ ჩემგან არ მიდის. არ მიდის და არც წავა. როგორ წავა, როცა მისი დამსახურებაა ფიტულად რომ ვიქეცი. როცა ჩემი მეგობრები ახლა, სწორედ მის გამო მხოლოდ მოგონებებიღა არიან. როგორ წავა, როცა ყოველი თვალების დახუჭვისას მის შეხებას ვგრძნობ და გული მერევა. მახსენდება, რა მჭირდა, როცა მიყურებდა, როცა მეხებოდა, როცა მკოცნიდა და საკუთარი თავი მეზიზღება. მასთან გატარებული ყველა ღამე, ის ლტოლვა და ის სიამოვნება ჩემს კანქვეშ ბლანტად მიედინება და მწამლავს. ვიცი, ამან ძალიან ნელა და მტანჯველად უნდა მომკლას. მახსენდება, წვეულებაზე, როცა მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა. იღიმოდა ისე, თითქოს დიდხანს ელოდა ჩემს მახეში გაბმას. ეს ვიგრძენი, ეს იყო პირველი და უკანასკნელი სწორი შეგრძნება მის მიმართ, რომელიც სრულიად არაადეკვატურად მივიღე და მან მე დამიჭირა. დამიჭირა და დამაბრმავა. ყველა კითხვის ნიშანი გააქრო, რაც კი გამიჩნდა. ეჭვის საფუძველიც კი არ მომცა. შური იძია ჩუმად და დატკბა. ვერ ვიჯერებდი, იუმორის დონემდე დამყავდა ის ფაქტი, რომ სურათს და ადამიანს ერთ ღირებულებას ანიჭებდა. ახლა კი ვხვდები... ახლა აუტანლად ბევრ რამეს ვხვდები. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და თვალებდახუჭული წყლის ქვეშ ვექცევი. ზუსტად ასეთი იქნება ჩემი ცხოვრება. უჰაერო, მოგუდული, ბნელი. როგორც არ უნდა ვარწმუნო საკუთარი თავი იმაში, რომ არაფერი მომხდარა ჩემ გამო, იმდენჯერ ჩამძახებს კალეს ხმა, რომ მე ვარ დამნაშავე. იმდენჯერ ვუღრიალებ საკუთარ თავს, რომ რა იქნებოდა, დროულად მეთქვა დაჩისთვის „არ გინდა.“ სიმშვიდეს კალეს სიკვდილი ვერ მომგვრის. მან მე ახალი ნაკაწრები დამიტოვა, რომელიც წარსულის ყოველ გახსენებაზე თანდათან უფრო გაიზრდებიან. წყლიდან სწრაფად ამოვდივარ და ფილტვებს ჰაერით ვივსებ. სახეზე ხელებაფარებულს ტირილი მივარდება. თავიდან ვერ ვიგდებ იმ რეალობას, რომ კალემ სიმართლე შთამაგონა. არაფერი ვიყავი, არაფერი ვარ და არაფრად მოვკვდები. ჩემი ეგოიზმი იყო, რაც გამუდმებით წინ იდგა და მაბრმავებდა. ზუსტად ამას შეეწირნენ მეგობრები. კალე არ იყო სწორი, როცა მათ ხოცავდა, მაგრამ არც მე ვყოფილვარ უცოდველი ანგელოზი. გადარჩა ლელაც, ბექაც და მათეც, მაგრამ მათაც აქვთ დაღი. იქნებ იმაზე დიდიც კი, ვიდრე მე. იქნებ გულის სიღრმეში ისინიც ფიქრობენ, რომ მართლაც მე ვარ ყველაფერში დამნაშავე. და იმის გამო, რომ მათი მეგობარი მქვია, მთელი ცხოვრება საკუთარ თავებს წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ, რომ ამ აზრის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ. რა უნდა ვქნა? არ ვიცი, რა უნდა ვქნა. წყლიდან ამოვდივარ, ვიცვამ და ოთახში გამოვდივარ. დივანთან შეჩერებული მძინარე ლულუს ვუყურებ, ქალს, რომელიც ამდენი წლის ზიზღის შემდეგ უთქმელად და უსაყვედუროდ მივიღე. იქნებ ვიცვლები და ეს პირველი ნაბიჯია? არ ვიცი. საკუთარი თავის აღარ მჯერა. ერთადერთი, რაშიც ახლა დარწმუნებული ვარ, ისაა, რომ მათე მჭირდება. გასაღებს ვიღებ და ჩუმად გავდივარ სახლიდან. კიბეზე ასვლა გვერდის ტკივილის გამო საშინლად მიჭირს, ამიტომ ერთი სართულის ავლას დიდხანს ვანდომებ. უკვე მათეს კართან მდგარი დაღლილობისგან ძლივს ვსუნთქავ. ცოტა ხნით ვიცდი, შემდეგ კარს ვაღებ და ჩუმად შევდივარ სახლში. მისი ოთახიდან თბილი, ნარინჯისფერი სინათლე გამოდის. სძინავს. თხელი პლედი გადახდია და შეხვეული მხარი მოუჩანს. სხეულსა და სახეზე სილურჯეები და დაჟეჟილი ადგილები ემჩნევა. გული მეწურება და ტუჩები მებრიცება ნერვებისგან. თავის ხელში აყვანას ვცდილობ და იქვე სავარძელში ვჯდები. მინდა გვერდით მივუწვე და მასთან უფრო ახლოს ვიყო, მაგრამ გაღვიძებას ვერიდები. ღრმა ძილი არ აქვს, ამიტომ მაოცებს ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ვერ აფხიზლებს ოთახში სხვა ადამიანის არსებობის შეგრძნება. ტუმბოზე მის მობილურს ვხედავ და მეღიმება, როცა მახსენდება ტყიდან მისთვის გაგზავნილი შეტყობინება. მაშინ არ ვიცოდი, რა დავტოვე ფარდულში, არ ვიცოდი სად გავრბოდი და რა მელოდა წინ. ამიტომ ჩემგან რაღაც უნდა დარჩენილიყო, რაღაც, რაც მათეს თუ არა, ვინმეს მაინც ეცოდინებოდა, რომ მე ის მიყვარს. ნახა? ალბათ ნახა, თუმცა ჩემთვის არაფერი უთქვამს. შეიძლება იმიტომ, რომ ამაში თვითონ უკვე დარწმუნებული იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მე ვაპროტესტებდი. რვა წელი. რვა წელი ისე გავიდა, მათეს არასდროს შევუწუხებივარ თავისი სიყვარულით. ჩუმად იყო მაშინაც კი, როცა მეგონა, რომ აი ახლა დაკარგავდა ნებისყოფას და ჩემგან წავიდოდა. მაგრამ არ წასულა, მაშინაც კი, როცა კალესთან დამინახა. უბედურებაა, მაგრამ ყველაზე სერიოზულად მხოლოდ მის მიმართ ვიყავი განწყობილი. მათე კი მაინც ჩემს გვერდით იყო, ბოლომდე. მახსენდება კალეს საუბარი ფარდულში და ის შეკითხვები ყელში მეჩხირებიან. რა იპოვეს დაჩიმ და მათემ ჩემში ისეთი, რომ ასეთი ერთგულები იყვნენ. რატომ გარისკა დაჩიმ ასე ჩემ გამო და რატომ დუმდა მათე ამდენი წელი მოთმინებით. საკუთარი თავით კმაყოფილი ისედაც არასოდეს ვყოფილვარ. კალემ კი, ხო, კიდევ ერთი უბედურებაა, მაგრამ კალემ კიდევ უფრო ცხადად დამანახა საკუთარი არაფრობა. ის მოკვდა, მაგრამ ყველაფერს პასუხი გასცა. ახლა ვგრძნობ, მთელი გულით ვგრძნობ, რომ მათე მიყვარს. მაგრამ... ყველაფრის შემდეგ ვიმსახურებ კი მას? - დიდხანს აპირებ მანდ ჯდომას? - ფიქრს მაწყვეტინებს მათეს ჩახლეჩილი ხმა. ვიშმუშნები. რატომღაც თავს უხერხულად ვგრძნობ, აქ რომ გამომიჭირა. ასე მგონია, ყველა ჩემი ფიქრი მოისმინა. - ვაპირებდი წასვლას. - ვპასუხობ ჩუმად, თითქოს ვინმეს ეძინოს. - ასე უთქმელად ვეღარ წახვალ. - ოხრავს მათე, ბალიშს საწოლის საზურგეზე სწევს და ზედ ეყრდნობა. - ახლოს მოდი. - მეუბნება და ხელით საწოლის თავისუფალ ადგილზე მანიშნებს. ნელა ვდგები და მის გვერდით ფეხმორთხმით ვთავსდები. ყელზე ჩემსავით დანისგან დატოვებული ნაკვალევი ზოლად ამჩნევია. თვალს ვარიდებ, მაგრამ გონებაში გაცოცხლებულ სურათებს ვერსად გავურბივარ. - თავიდან უნდა დავიწყოთ შეგუება. - არ ვიცი შევძლებ თუ ვერა. - შეძლებ. იმიტომ, რომ კალე მკვდარია, ბექა კარგადაა, დედაშენი აქაა და შენ გიყვარვარ. - მათე ჩემს თითებს იჭერს. ამ ყველაფრის მოსმენა, ამდენი საშინელების შემდეგ ამდენი სიმშვიდის მომგვრელი რამის მოსმენა თავბრუს მახვევს. მაგრამ ნერვები მაინც მღალატობენ და ცრემლებს ვერ ვაკავებ. - როგორ შევძლებ მის ნახვას მათე. ბექასთან მივიდე, მოვეხვიო და ვუთხრა: ბოდიში, ჩვენი მეგობრები ჩემ გამო დაიღუპნენ. - ეს აზრი იმ ავადმყოფმა ჩაგიბეჭდა მირა. - კბილებში სცრის მათე. - და სანამ თავიდან არ ამოიგდებ, ვერ შეძლებ მსუბუქად ცხოვრებას. როგორ ფიქრობ, ასე რომ იყოს, ასე რომ ვფიქრობდე, ახლა შენთან ერთად ვიქნებოდი? ლელა ისევ ძველებურად კეთილი იქნებოდა შენს მიმართ? კალე ამ დაღის დასმას ცდილობდა შენთვის და ნუ მიაყვანინებ თავის გეგმას ბოლომდე, მირა. - არ გამომივა. ვიცი, რომ არ გამომივა. - ერთად გავუმკლავდებით ყველაფერს. ცოტა დრო გავიდეს. ცოტა გადაიაროს ამ დაძაბულობამ. ეს ჭრილობები რომ მოშუშდება და ადამიანებს დავემსგავსებით, მერე გაცილებით იოლად შევძლებთ გონების დასუფთავებას. - ასე გგონია? - მგონია და იქნება კიდეც. მთავარია მოვინდომოთ, ერთად. მისი ზურმუხტისფერი თვალები ყურადღებით მათვალიერებენ. ერთხანს ჩუმად ვუყურებ მათ. - მე რატომ შეგიყვარდი, მართლა, მათე... - ვეკითხები შემდეგ. ბიჭი თვალებს ატრიალებს და სანამ რამეს იტყოდეს ვაგრძელებ. - ამას ფარდულში კალეს ნათქვამის გამო არ გეკითხები. ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. მე ხომ ვიცი რაც ვარ. საბედნიეროდ საკუთარი თავის შეფასების უნარი მაინც მაქვს. მე რატომ მათე. თანაც ამდენი წელი. - ისე მეკითხები... - ღიმილი უკრთის ტუჩებზე და გვერდულად მიცქერს. - გგონია მე ვიცი? - მხრებს იჩეჩავს. - როცა მივხვდი, რომ მიყვარდი, უკვე კარგად გიცნობდი. მე არ შემყვარებია წარმოსახვებში შექმნილი იდეალური გოგო. ამას მთელი რვა წელი ამტკიცებს. ბევრი ნაკლი გქონდა მაშინაც და რა თქმა უნდა, ახლაც გაქვს, მაგრამ სისულელე იქნებოდა, რომ ეს ყოფილიყო ხელის შემშლელი. მირა, რამდენიც არ უნდა გიხსნა, საკმარისი მაინც არ იქნება, რომ გაიგო, რატომ მიყვარხარ შენ და არა სხვა. ეს ურთიერთობამ უნდა გაჩვენოს. ჩვენმა ერთად, სხვა ურთიერთობით ცხოვრებამ უნდა დაგანახოს. შეიძლება ეს დღეს და ხვალ არ მოხდეს, მაგრამ ამას გაიგებ, მე გპირდები, რომ გაიგებ. ვუსმენ და მეღიმება. აჩქარებული გულისცემა ძალიან დიდი ხანია ასეთი სასიამოვნო არ ყოფილა. მისი მშვიდი ხმა ზაფხულის გრილი სიოსავით სასიამოვნოდ მეხვევა და მამსუბუქებს. ცრემლებს ვიწმენდ, მათესკენ ვიხრები და მის კალთაზე ვდებ თავს. - მაპატიე, რომ ასეთი სულელი ვარ. - ვუყურებ ქვემოდან. მათე ლოყაზე ასრიალებს თითებს. კანი ოდნავ გაუხეშებული აქვს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა მისი შეხება. - მოდი აღარ გვინდა ჩვენს ნაკლებზე საუბარი. - იღიმის მკრთალად. მისი ეს მზერა, სიყვარულით სავსე მზერა, რომელიც აქამდე გულმოდგინედ იმალებოდა, ახლა თავს უფლებას აძლევს გამოჩნდეს და ჩემში ისე ღრმად გაიდგას ფესვები, რომ ამაღელვოს და სუნთქვა შემიკრას. სულელი ვიყავი, რომ ვერაფერს ვამჩნევდი. სულელი ვიყავი რომ ამ სიმყუდროვეზე უარს ვამბობდი. - ახალი არაფერი გაგიგია? - რამდენიც არ უნდა ვეცადო, უსიამოვნო საკითხზე საუბარს გვერდს მაინც ვერ ავუვლი. ყოველ შემთხვევაში მანამ მაინც, სანამ ყველაფერი არ დასრულდება. - სახლში რომ ამოვედი, ერთ-ორ საათში დავრეკე გამომძიებელთან. ისევ იქ არიან. სხეულს ეძებენ... - ოხრავს მათე. - ისევ? - ხო. არ მგონია იპოვონ. ასე მალე, ყოველ შემთხვევაში. - რომ ვერ იპოვონ? - ამაზე გაცილებით დიდი ტრაგედიებიც მომხდარა. და საკმაოდ მძაფრადაც გვიგემია. - მოდი, წავიდეთ ბექასთან... - ცოტა მაინც გეძინა? - ფიქრიანად დამყურებს მათე. - ცოტა. - ლულუს რომ გაეღვიძოს და იქ არ დახვდე, ინერვიულებს. - ხო, - ტუჩს ვიკვნეტ. - ამასთან შეგუებაც მომიწევს. - მოგიწევს? - რომ დედა იქნება აქ და ახლა, ოცდაშვიდი წლის ასაკში მშობლის გაფრთხილება მომიწევს. - მათეს ეცინება. - ხო, გამიჭირდება. არ ვარ ამას მიჩვეული. - ხანდახან გვიწევს პატარა ადამიანების როლების თამაში. არის ამაში რაღაც ხიბლი. - თვალს მიკრავს მათე. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ამ აზრმა გამამხიარულოს, საშინელ გრძნობას მიჩენს. „ - ამაშია მთელი ხიბლი.“ - ხშირად უთქვამს ეს სიტყვები სრულიად არაადეკვატურ სიტუაციებში კალეს და ყოველთვის მთრგუნავდა მისგან ამის მოსმენა. - ხო შეიძლება ასეცაა. ხიბლის დანახვა ასეთ რაღაცებში არ გამომდის. - ბექასთან ხვალ წავიდეთ, მირა... თანაც, არ მგონია მისი ნახვა შევძლოთ. ამდენთვიანი კომის შემდეგ ჯერ მხოლოდ რამდენიმე საათის წინ გაიღვიძა. - ხო, ალბათ მართალი ხარ. სანამ ყველაფერს გაიგებს, ჯერ საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერება დასჭირდება. - ამაზე მეც ვდარდობ, მირა, არ დაგიმალავ. სხვანაირად ვერ იქნება. მაგრამ გარდაუვალია. ადრე თუ გვიან ხომ მაინც გაიგებს და მოუწევს გადატანა. ამას ვერ ავცდებით. - თმაზე მეფერება შუბლშეკრული. თავს ვუქნევ, მაგრამ ძალიან არ მინდა, რომ ვეთანხმებოდე. - ახლა სახლში წადი, დედაშენთან და დამპირდი, რომ დაიძინებ. - კარგი, გპირდები. - ვცდილობ გავუღიმო. მისი კალთიდან ვიღებ თავს. წასვლა არ მინდა, მაგრამ არც ლულუ მემეტება მარტო დასატოვებლად. - დილით ხომ ჩამოხვალ? - აბა რას ვიზამ. - მიღიმის მათე და რამდენიმე წამით უხმოდ მაცქერდება თვალებში. შემდეგ ჩემკენ იხრება და ფრთხილად მეხება ბაგეებზე. ისე ფრთხილად, თითქოს ჯერ ისევ ნებართვას იღებდეს ჩემგან. გულსა და მუცელში ჩაღვრილი სითბო სხეულში სწრაფად ვრცელდება. სახეზე თითებს ვაკრობ და მის კოცნას ვნებდები. მათე წელზე მხვევს ხელს და თავისკენ მაცურებს. ტუჩებს ბაგეებიდან ლოყაზე ანაცვლებს, ლოყიდან ყურზე და ბოლო კისერზე იშლება მისი ცხელი სუნთქვა. ხელებს მჭიდროს ვხვევ და მთელი ძალით ვეხვევი. - ძილი ნებისა. - მეჩურჩულება და მესმის, როგორ ისუნთქავს ჩემს თმის სურნელს. *** 2016 წელი, 24 სექტემბერი ჯერ კიდევ საავადმყოფოსკენ მიმავალს, იმედი მაქვს, რომ ბექას უკვე გაგებული ექნება ყველაფერი, მაგრამ ვიცი, რომ ასე მალე არავინ ეტყოდა. ბექა ყველას აუცილებლად გვიკითხავდა, მაგრამ მოატყუებდნენ. რამდენიმე საათის კომიდან გამოსულს არავინ ეტყოდა, შენი ოთხი მეგობარი წარსულში მომხდარს შეეწირაო. არა, ასე მარტივად არ გადაგორდება ეს ამბავი. და ბექა მეცოდება, გული მტკივა ისე მეცოდება. ჩვენ ყველაზე ვიდარდეთ და ყველა გამოვიტირეთ. ყველა, მაგრამ არა ერთად. ჯერ ნატა იყო, მერე ოთო, თეონა და თენგო. ბექას კი ყველას დაკარგვა ერთიანად მოუწევს. უზარმაზარი ტკივილის გადაგორება მოუწევს და ეს ძალიან მძიმე და ხანგრძლივი იქნება. მეშინია, რომ დიდხანს ვერ დავუმალავთ და მეშინია, რომ ეს ამბავი მის ჯანმრთელობას ავნებს. დერეფნის დასაწყისიდანვე ვხედავ მოკისკისე ლელას, რომელიც მობილურზე საუბარს ამთავრებს და გვამჩნევს თუ არა მე და მათეს, მაშინვე ჩვენკენ გამორბის. მის საქციელზე მეცინება და შესაგებებლად ხელებს ვშლი. მათე ჩახუტებულებს გვეხვევა და თავებზე გვისვამს ხელს. - როგორ ხართ? მითხარით, როგორ ხართ? - გაფაციცებით გვათვალიერებს ლელა. გუშინ, როცა დამირეკა და ბექას ამბავი მახარა, ელოდა, რომ მაშინვე საავადმყოფოში გავჩნდებოდი, მაგრამ როცა გაიგო სად ვიყავი და რა ხდებოდა, გაგიჟებულმა დამიწყო გამოკითხვა. თუმცა, ეიფორიასა და სრულ ბურუსში მყოფი, ნორმალურად ვერ ვცემდი შეკითხვებზე პასუხს. თვალწინ ჯერ ისევ კალეს წყალში ჩავარდნის კადრები მიტრიალებდნენ, ჯერ ისევ მე შემომცქეროდნენ ტყვიის მოხვედრით გაოგნებული მისი თვალები. ხოდა, ლელამ რა თქმა უნდა გამიგო. მშვიდობით რომ ჩამოხვალ, ყველაფერზე მერე ვილაპარაკებთო. ახლა კი მის ხელში ვარ. - კარგად ვართ... - თავს ვუქნევ. - თქვენ როგორ ხართ? ბექა როგორაა? - ბექა კარგადაა, ძალიან კარგად. დილით ცოტა ხნით ვნახეთ. ექიმები გვეუბნებიან, რომ არ უნდა დაიღალოს. ემოციურ ხალხთან შეხვედრა ერთგვარი სტრესი ყოფილა. - ეცინება ლელას. - მე - სტრესი, წარმოგიდგენია? - ექიმმა არაფერი იცის შენზე, - მხრებზე ხელს ხვევს მათე გოგოს. - სტრესი კი არა, ემოციური დეპრესია ხარ. - ცოტა საშიშია ასე კარგად რომ მიცნობ. - ხითხითებს ლელა. მაგრამ მალევე ეღრუბლება სახე. ვიცი რატომაც. - ექიმმა იცის, რაც ხდება ჩვენს თავს და სტრესში ეს იგულისხმა. სანამ ბექა რამეს გაიგებდეს, ცოტა უნდა მოძლიერდეს, მაგრამ არ ვიცი როდემდე შევძლებთ მის მოტყუებას. - რა უნდა ვქნათ. - ტუჩს ვიკვნეტ ნერვიულად. - წარმოდგენა არ მაქვს. - დაღლილი აქნევს თავს ლელა. - დილითაც გიკითხათ. ვუთხარი, გარეთ არიან, მაგრამ ექიმები არ აძლევენ შემოსვლის უფლებას და ცოტა ხნით ასე გაგრძელდება-თქო. არაფერი უთქვამს. ალბათ იმიტომ, რომ ჯერ თვითონაც შოკშია ხუთი თვე რომ კომაში იყო. - ამაზე თქვა რამე? - გაურკვევლობაშია მანქანის გამო. - ანუ? - ვერ ხვდება რამ დაუზიანა მუხრუჭები ისე, რომ ავარია მოხდა. თემა შევუცვალე. არ მინდოდა ამაზე ეფიქრა. - ღმერთო... - მათეს ვავლებ თვალს. ბიჭი შუბლშეკრული გვისმენს, შემდეგ ბექას მშობლებს ხედავს და გვტოვებს. - პოლიციისგან რა ისმის? იპოვეს? - შედარებით ხმადაბლა მეკითხება ლელა. - ვერა. მთელი დღე და ღამე წვიმდა. ამინდი ხელს უშლით. მდინარე ისე იყო ადიდებული და აჩქარებული... არ ვიცი სად და რას იპოვიან. - უსიამოვნოდ მცრის ტანში. - გაოგნებული ვარ, მირა. მეგონა ადამიანების ამოცნობა შემეძლო. კალე რომ გავიცანი... არ ვიცი... ძალიან ნამდვილი მეჩვენა. თურმე... თურმე რას აკეთებდა... - შუბლი ეკვრება ლელას. - შენთან არც ყოფილა ხელოვნური, ლე... ყველასთან თამაშობდა შენს გარდა. - ვერ გავიგე. - გაკვირვებული მაცქერდება. - ერთადერთ უდანაშაულოდ გთვლიდა დაჩის სიკვდილში. იცი რა მაჩვენა? ვიდეო, ბექა რომ იღებდა მაშინ ხიდზე. - რას ამბობ... - ტუჩებზე ისვამს თითებს გოგო. - ვუყურებდი და გეფიცები, აქედან ყველაფერი ისე ჩანდა, როგორც კალე ამბობდა. არავის არაფერი გაგვიკეთებია დაჩის შესაჩერებლად. მხოლოდ შენ იყავი უკმაყოფილო. შენ ყვიროდი, რომ თავი დაენებებინათ. კალემ ეს დაინახა. ხოდა არაფერს გერჩოდა. პირიქით, როცა გახსენებდა, ხმაც კი სხვანაირი ჰქონდა. - ანუ მადლობა უნდა გადავუხადო? - ეცინება ირონიით. - იმედია ჯოჯოხეთშია! - იმედია. - ვოხრავ. - ანუ ბექას ნახვა არ ღირს ხო? - იქნებ ერთი-ორი დღე მაინც როგორმე გავწელო... - მართალი ხარ. - თავს ვუქნევ გოგოს და ვეხვევი. *** ბექას მშობლებთან ცოტა ხნით ვჩერდებით. მათი ბედნიერი სახეების დანახვა ერთხანს სრულიად მავიწყებს წინა დღის კოშმარს. ხმა და მიმიკები, ქცევები, ყველაფერი შეცვლილი აქვთ. ათი წლით გაახალგაზრდავებულებს ჰგვანან. ერთადერთი, რაზეც დარდობენ, იგივე ამბავია, რაზეც მე და ლელა ვსაუბრობდით. როგორმე ამასაც გავაკეთებთ... სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს. შუადღისკენ მე და მათე პოლიციელის სანახავად მივდივართ, რომელიც სხვა საავადმყოფოში წევს. ფეხში მოხვედრილი ტყვიის გამო რამდენიმე დღით პალატაში აჩერებენ. მხოლოდ ახლა, გზაშიღა ვიგებ მათესგან მის სახელსა და გვარს. დაჩი ახალაური. მოსმენილის შემდეგ, ალბათ ძალიან მეტყობა ჩემი ემოციები სახეზე, რადგან მათე თავს მიქნევს. ღმერთო, რა უცნაურია. უცნაური კი არა, ყველაფერი ისე ხდება, რომ რაც შეიძლება მეტად მომხვდეს გულზე. ირონიაა ნამდვილი. დაჩი, რომელსაც აქამდე ვიცნობდი ჩემ გამო მოკვდა. დაჩიმ კი, რომლის სახელიც ახლა გავიგე, ორჯერ გადამარჩინა სიკვდილს. პოლიციელი უკმაყოფილო სახით გვხვდება. არ მოსწონს საავადმყოფოში რომ აყოვნებენ. მოკითხვის შემდეგ ირკვევა, რომ თავის სფეროში ჯერ მხოლოდ დამწყებია. ამას ისეთი ინტონაციით ამბობს, თითქოს მის შესაძლებლობებს არ აფასებენ და საშუალებას არ აძლევენ უფრო რთულ დავალებებზე წავიდეს. არ მიკვირს. ჩემს მადლობებს მხრების აჩეჩვით პასუხობს. ახლა უკეთ მეძლევა მისი დაკვირვების საშუალება. ძლიერი ადამიანი ჩანს. მწოლიარესაც კი ეტყობა, რომ ერთ ადგილზე გაჩერება დიდხანს არ შეუძლია. ალბათ ამიტომაა, ყოველი მეორე სიტყვის შემდეგ რომ საავადმყოფოდან გაქცევას ახსენებს. დაახლოებით ჩემი ასაკის უნდა იყოს. მისი თმები მათესას ჰგავს, იმ დროინდელს, სანამ შეიჭრიდა. ძალიან მოკლე წინადადებებით გვიყვება, როგორ გამოიჭირა კალემ. ისეთი უკმაყოფილო და გაღიზიანებულია ამის გამო, რომ მათეს ვანიშნებ, ჯობია მალე დავტოვოთ მარტო საკუთარ ბრაზთან. მათე ძლივს იკავებს სიცილს და თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. პალატიდან გამოსულები გამომძიებელს ვხვდებით. გუშინდელის მსგავსად, ისიც მოკლედ გვეუბნება, რომ ახალი არაფერია. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს დამნაშავედ გრძნობდეს თავს. თვალს ხშირად გვარიდებს, თუმცა მაინც ცდილობს არ დაკარგოს პროფესიული გამომეტყველება და ქცევები. მისი მადლობელი ვარ და არ ვმალავ. ის რომ არა, ახლა ალბათ არც მე ვიქნებოდი ცოცხალი და არც მათე. კაცს მადლობებით ვემშვიდობებით და სახლში მივდივართ. ლულუ კიბეზე გვხვდება. გვეუბნება მარკეტში მივდივარ და მალე დავბრუნდებიო. მათე ჩემთან მოდის. მთელი დღეა უცნაურად ჩაფიქრებულია. ვგრძნობ, რომ რაღაც აქვს სათქმელი და ვერ ვხვდები, რა. თანაც ამ დროს, ამ სიტუაციაში. სამზარეულოში მაგიდასთან ჯდება, სკამს ზურგით ეყრდნობა და ლანგრიდან აღებულ ვაშლს დაჰყურებს. ყავისთვის წყალს ვადგამ და მისკენ ვბრუნდები. ცოტა ხნით ვაცდი, იქნებ თვითონ გადაწყვიტოს დაწყება, მაგრამ ჩუმადაა. - მათე, - მის წინ ვჯდები. ვაშლიდან მზერა ჩემზე გადმოაქვს და მიღიმის. ცდილობს დამალოს, რომ ცოტა ხნის წინ ფიქრებით სხვაგან დაქროდა. - რაო... - რა ხდება? - რაზე მეკითხები? - იმაზე, წეღან რომ ფიქრობდი და მთელი დღე რომაა ფიქრობ. - ა, მე... ისეთი არაფერი... - თავს აქნევს, მაგრამ, როგორც ჩანს ჩემს მოტყუებას შუა გზაში წყვეტს. თვალებში მიყურებს და მეუბნება. - გახსოვს აქედან წასვლაზე რომ გეუბნებოდი? - მათე... - ვოხრავ და სკამს ვეყრდნობი. - მოიცადე, მოიცადე. - ხელის აწევით მაჩერებს. - მაშინ... მაშინ გამოსავლის ძიებამ ლამის გამაგიჟა... ერთადერთ უსაფრთხო გზად ეს მივიჩნიე. წაგიყვანდი და მოგაშორებდი საფრთხეს. მაგრამ ვიცი, შენ მართალი იყავი, უარი რომ მითხარი... ახლა ისევ გამახსენდა ეს აზრი, თუმცა... საფრთხე კი აღარ არის, მაგრამ, ვფიქრობ, აქედან წასვლა მაინც კარგი იდეაა. ცოტა ხნით, მირა. ცოტა ხნით გარემოს შეცვლას ვგულისხმობ. - არ ვიცი, მათე. - ჩემს ერთმანეთში არეულ თითებს დავყურებ. ეს სახლი, კიბეებიც კი, ქუჩები, ჩემი სამსახური, რომელიც უთქმელად დავტოვე... ყველგან, საითაც გავიხედავ აუტანელი მოგონებებია. არ ვიცი, ეს როდემდე გაგრძელდება, მაგრამ მალე რომ არ გაივლის ამაში დარწმუნებული ვარ. ახალი ადგილები და სხვა ჰაერი ცუდი აზრი არაა, მაგრამ აქედან წასვლაში რაღაც მიშლის ხელს. - ალბათ მართალი ხარ, მაგრამ... - მოიფიქრე მირა... არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც ხვალ ან ზეგ... - ხო. - მესმის, ახლა დედაშენია აქ და რა თქმა უნდა, მასთან უნდა იყოს. ბექაც კარგადაა და ჩვენ დავჭირდებით, როცა ყველაფერს ვეტყვით, მაგრამ ცოტა დრო რომ გავა... ჩვენთვის... მე და შენ... მის პასუხით მომლოდინე თვალებს ვუყურებ და მეღიმება. ჩვენთვის... რა თქმა უნდა, ის ამას იმსახურებს. სიმშვიდეს და სიმსუბუქეს იმსახურებს. მთელი რვა წლის სიმძიმის შემდეგ, ტვირთის მოხსნის ბედნიერებას იმსახურებს. - რატომ იცინი. - მასაც ეღიმება. - წავიდეთ. სადაც იტყვი და როცა იტყვი. - მართლა? - თვალები უბრწყინდება. - მართლა. - მირა... - სიტყვა ეყინება პირზე. არ იცის რა თქვას, ისეთი გახარებულია. ალბათ არ ელოდა, რომ დავთანხმდებოდი. - უბრალოდ შეარჩიე ადგილი, დანარჩენს მე მივხედავ. - არა, არა. შენ შეარჩიე. იქ წავიდეთ, სადაც გინდა და სადაც უკეთ იგრძნობ თავს. მართლა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ერთად ვიქნებით. - მადლობა, რომ შენი დაყოლიების მცდელობებს ამარიდე. - ეცინება. - ვისწავლე, რომ რაღაცებზე დაუფიქრებლად უნდა დაგთანხმდე. - ისე არ ქნა, რომ კამათი მომანატრო, მირა. - ჩემს თითებს იღებს მათე და ტუჩებით ეხება. მეორე ხელისგულს ნიკაპით ვეყრდნობი და მის ჭაობისფრად მოელვარე თვალების ცქერით ვტკბები. - თმას ხომ გაიზრდი? - ვეკითხები ღიმილით. - კამათთან დაკავშირებით ძალიან შევცდი. - ბუტბუტებს ის. *** 2016 წელი, 26 სექტემბერი ყველაფერი იმაზე გაცილებით ცუდად ხდება, ვიდრე წარმოვიდგენდი. ბექას ყურება, იმის დანახვა, თუ როგორ ტირის, როგორ ღრიალებს და საწოლიდან ადგომას ცდილობს, ნამდვილი ჯოჯოხეთია. იმაზე მტკივნეულია ვიდრე ველოდი. იმის მოსმენა, თუ რატომ მოუხდა ავარია, სად არიან მისი მეგობრები და რატომ ვართ მე და მათე ნაკაწრებით და სილურჯეებით სავსე, საშინელი რეაქციით გადააქვს. ვცდილობთ, ჩვენვე დავამშვიდოთ, მაგრამ მაინც ექიმის დახმარება გვიწევს. სულ გიჟდება, როცა ხვდება, რომ დამამშვიდებლის გაკეთებას უპირებენ. ილანძღება და მთელ ხმაზე ყვირის, რომ ტირილი აცადონ, გაცნობიერება, შეგრძნება და ატანა აცადონ. - მათ საფლავებზე არ ვივლი. - ბუტბუტებს დაღლილი, როცა უკვე მოქმედებას იწყებს დამამშვიდებელი. - გავგიჟდები ლელა... მათ საფლავებზე როგორ ვიარო... ხო მთლად შევიშლები... არ გეცოდებით მაინც?.. ლელა, მე რატო არ მოვკვდი? რა ჯანდაბად გავიღვიძე? ეს რომ მომესმინა იმისთვის?.. - ატირებული ლელა ჩუმადაა და ბექას თმას ეფერება. - თქვენ უკვე შეეგუეთ არა? რა გედარდებათ... არა, არ წავალ... მათ საფლავებზე არ წავალ... მანამდე იმეორებს ამ სიტყვებს, სანამ არ ეძინება. მე და მათე პალატიდან გამოვდივართ და მოუსვენრად მომლოდინე ბექას მშობლებთან ვჩერდებით. ყველაფერი ესმოდათ. - სძინავს. - ვეუბნები მათ და ვხედავ, როგორ ეშვებათ დაჭიმული კუნთები. უღონოდ სხდებიან სკამებზე. მისი დედა ახალი დარდით გულდამძიმებული ტირის. მის დამშვიდებას ვცდილობ, მაგრამ ახლა სიმშვიდე ჩვენგან ჯერ შორსაა. მანამდე ვერ მივაღწევთ, სანამ ბექა მეგობრების სიკვდილს ოდნავ მაინც არ შეეგუება. სანამ მათზე დარდი არ შეუმსუბუქდება. მანამდე კი ჩვენც მოგვიწევს ყველაფრის თავიდან გადატანა. ჩვენც, ვინც ყველაფერი უკვე ნახა და ეგონა, რომ წარსულში დატოვა. *** 2016 წელი, 29 სექტემბერი ტუმბოდან გადმოვარდნილი ჭიქა ძალიან ნელა მიიწევს იატაკისკენ. ზუსტად ფილმში შენელებული კადრივით. ასევე ნელა ეცემა, გამჭვირვალე მწვანე სითხე იღვრება და პატარა გუბე ჩნდება. ირგვლივ პიტნის მძაფრი სურნელი ტრიალებს. ერთხანს სურათები ირევა. ვერ ვხვდები, კალესთან ერთად ვარ საავადმყოფოს ოთახში, თუ დაჩისთან ერთად სარდაფში. მხედველობის დაძაბვას და ერთ კონკრეტულზე ფოკუსირებას ვცდილობ. სველ იატაკს ვუყურებ და ვხედავ, როგორ იცვლის ფერს ჩაი. ნელ-ნელა მუქდება და წითელი ხდება. იქვე თეონა ზის. სკამზეა მიბმული და არ ინძრევა. მისი შუბლიდან ჩამოდენილი სისხლი სწორედ იმ გუბეში წვეთებად ეცემა. ყურებში ექოდ ჩამესმის მათი ხმა. ხელებს ვიფარებ, მაგრამ არ წყდება. არც კი სუსტდება. - არ დაიჯერო. - ვიღაც ძალიან ნაცნობი ხმით ჩურჩულებს. შემდეგ ხელს მაჯაში მავლებს და სადღაც მიმარბენინებს. აქეთ-იქით ვიხედები, მინდა დავინახო ვინაა ჩემ წინ, ან სად გავრბივართ, მაგრამ გარემო გამდნარი, ფერადი კარამელივით იწელება. შემდეგ ვჩერდები. ხიდზე ვარ. ვბრუნდები და ველოდები, რომ კალეს დავინახავ დანით ხელში, მაგრამ არავინაა. არც პოლიციელი ჩანს, არც საწვიმრიანი კაცები. მხოლოდ მატარებლის სიგნალის ხმა ჩამესმის. უკან ვიხედები და ვხედავ როგორ მოქრიან ჩემკენ ვაგონები. ლამისაა გული ამომივარდეს. გაქცევას აზრი არ აქვს, მაინც ვერ გავასწრებ. იმის იმედით, რომ ჩანაფიქრი გამომივა, მოაჯირთან მივრბივარ, მთელი ძალით ვეკრობი ზურგით და სახეზე ხელებს ვიფარებ. მატარებელი მიქრის, ჩემთან ძალიან ახლოს. საშინლად ცივი ქარი ისეთი ძლიერია, რომ მეშინია, მდინარეში არ გადამაგდოს. ვითმენ, ვითმენ, მაგრამ მატარებელი არ მთავრდება. რაღაც დაუსრულებელი ხდება მისი რელსებზე გუგუნი. შიშისგან ყვირილს ვიწყებ. უცბად ჩემს უკან მოაჯირი ქრება და მდინარის ზედაპირს ზურგით ვეხეთქები. ასე მგონია ფილტვები მეკეტება, ისეთი მძაფრია ეს მოგუდვის შეგრძნება. - მირა! - მესმის ჩემი სახელი. ვერ ვხვდები ვინ მეძახის და თვალებს ვახელ. საწოლზე მწოლიარეს, ზემოდან ვიღაც მომქცევია და ყელზე მაჭერს ხელებს. ვერ ვინძრევი. მინდა წინააღმდეგობა გავუწიო, მაგრამ თითქოს მთელი სხეულით დალურსმული ვარ. ვიხრჩობი... ვიხრჩობი და თითქოს მამშვიდებს იმის შეგრძნება, რომ სადაცაა ყველაფერი დასრულდება. - მირა! - ახლა უფრო რეალურია ხმა, რომელიც ჩემს სახელს ყვირის. ლულუ გაფითრებული სახით დამყურებს. თვალები აცრემლებია და მხედავს თუ არა გაღვიძებულს, შვებით ოხრავს. საწოლზე ჯდება, ჩემს თავს კალთაში იდებს და მეფერება. ეპილოგი *** 2016 წელი, 10 ოქტომბერი არ ვიცი, ასე უთენია რატომ მოვდივარ საავადმყოფოში. ბოლო დღეებია დილის ძილს ვერ ვირგებ. ხშირად არც ღამით მძინავს, მაგრამ არავის ვეუბნები. არ მინდა ამის გამო ინერვიულონ. საკუთარ თავს და დროს ვაცდი. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ესეც გამოსწორდება. სიზმრებიც გაქრებიან და აღარც მოგონებები იქნება ყოველ ჯერზე მტკივნეული. ყველაზე ხშირად მაინც მათეს წინადადებაზე ვფიქრობ. ასე გადაწყვიტა - რადგან ლულუს ორ კვირაში საბერძნეთში დაბრუნება უწევს, მათე ფიქრობს, რომ ჩვენც იქ წავიდეთ. ფიქრობს, რომ იქაური მზე და ხალისიანი გარემო ორივეს მოგვიხდება. ცუდი იდეა არაა, ამიტომ უკვე რამდენიმე დღეა ვიზების საქმითაა დაკავებული. მე... ელენე მოვინახულე. სამსახურში. არ ველოდი, თუმცა გამიხარდა, რომ შვილის დაკარგვის ამბავმა არ გამოკეტა სახლში. მიხარია, რომ თავს ძალას ატანს და საქმეში ცდილობს დარდის და ტკივილის ჩაკვლას. უკან დაბრუნებას მთხოვს. მე კი ჩემსა და მათეზე ვუყვები. ვეუბნები რა გეგმაც გვაქვს და ქალი გაკვირვებული მათვალიერებს. ვერ იჯერებს, რომ მე და მათე ახლა მეგობრები აღარ ვართ, ვართ ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. მეუბნება, რომ მასთან ჩემი ადგილი ყოველთვის იქნება და თუ თავად არ გადამიფიქრებია, საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ დამელოდება. ვპირდები, რომ მივალ და ჩემი პასუხი ძალიან ახარებს. კალეზე ისევ არაფერი ისმის. დროდადრო მისი ასეთი აორთქლება მაფორიაქებს, მაგრამ შემდეგ ვხვდები, რომ ჩემთვის სულ ერთია იპოვიან თუ არა მის სხეულს. მთავარია მოკვდა. მათეს კი პირიქით, გვამის ნახვა უნდა და ყოველ დღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც გამომძიებელთან რეკავს. - ცოტა დამშვიდდა, მაგრამ ხანდახან მარტო რომ რჩება, თავს ვერ იკავებს. - თვალებდახრილი ლაპარაკობს ლელა. - დრო სჭირდება. - ვფიქრობ, ამაზე ლაპარაკი დაეხმარება უფრო, მაგრამ, თვითონ არ ლაპარაკობს... - ნუ დააძალებ, ალბათ ასე ურჩევნია. როდის უნდა გაწერონ? - ზუსტად არ ვიცი, ალბათ ერთ კვირაში. ექიმიც ვერ ამბობს დაზუსტებით. - ამბობს ის. რამდენიმე წამით ჩუმად ვართ. - მოდი, ტოსტს შევუკვეთავ. რაღაც ძალიან მაწუხებს ეს შიმშილი. - უკმაყოფილოდ მუწავს ლელა ტუჩებს. მეცინება. საავადმყოფოს კაფეში ვსხედვართ. ყავა დავლიეთ, მაგრამ, როგორც ჩანს მადა გაეხსნა. - ხო შეჭამ? - შევჭამ, შეუკვეთე. - ვეუბნები და ტელეფონის ასაღებად წაღებული ხელი ყავის ფინჯანზე მიხვდება. ძირზე დარჩენილი ნალექი ბლანტ შხეფებად მეკრობა მაჯაზე. - ჯანდაბა, რა დამემართა. - ვსაყვედურობ საკუთარ თავს. ლელა სიცილით აქნევს თავს და შეკვეთის მისაცემად ბართან დგება მცირე რიგში. მაგიდას სალფეტკით ვწმენდ და ხელების დასაბანად ტუალეტში გავდივარ. უკან მობრუნებული ვხედავ, ლელას მაგიდისკენ მოდის. ერთდროულად ვსხდებით. - ისე მივეჩვიე ამ კაფეს, ალბათ სასაუზმოდ აქ ვივლი ხოლმე. - საკუთარ სიტყვებს დასცინის ლელა. - ჰო, ცუდმაც იცის შეჩვევა. იცი, გუშინ... - სიტყვა მიწყდება. მაგიდის ზედაპირს ვუყურებ და ვერ ვხვდები მეჩვენება თუ მართლა დევს ჩემი მობილურის გვერდით სიგარეტის ვერცხლისფერი ფოლგისგან გაკეთებული პატარა ხიდი. - მირა, - ჩემკენ იხრება ლელა და ისიც მაგიდას უყურებს. - რა დაგემართა, ეს რა არის? - ლელა, ეს... - ერთიანად ცივი ტალღა მივლის. სხეულს მტკენს კანზე მოგვრილი ჟრუანტელი. მუშტად შეკრული თითები მეყინება. - ეს ფოლგის ფიგურაა. ლელა, ფოლგის ფიგურაა. - ხო, ამას მეც ვხედავ, მაგრამ... შენია? აქ იდო? ხიდს თვალს ვწყვეტ და კაფეს ვათვალიერებ. როცა ნაცნობს ვერავის ვხედავ, მინის კედლების მიღმა ვიხედები, მაგრამ ეს ხომ საკმარისი არაა. - ასეთ ფიგურებს კალე აკეთებდა. - კალე... რაა? - პირი ღიად რჩება ლელას და დაფიქრებული მაცქერდება. ხო, კალე თავისი სიგარეტის კოლოფიდან ღერებს იღებდა, ფოლგას აცლიდა და ღერებს ისევ უკან აბრუნებდა. შემდეგ კი ფოლგისგან სხვადასხვა ფიგურებს აკეთებდა და იქვე ტოვებდა. თავიდან მისი ეს ჩვევა მაკვირვებდა, შემდეგ მხიბლავდა კიდეც, სანამ მის მიმართ ყველაფერი არ შემოტრიალდა და გაქრა. თვალწინ მისი სახე მიდგება, მისი გაფითრებული და გაოგნებული სახე. მისი სისხლიანი მაისური, მოაჯირზე ასხლეტილი ხელი და ხიდიდან უღონოდ გადავარდნილი სხეული. ყურებში წყალში ჩავარდნის ხმაც კი ჩამესმის. - ლელა, ის ცოცხალია. - ვამბობ და კიდევ ერთხელ მაციებს. ხმა მიკანკალებს. თვალები მებინდება, სანამ ცრემლისგან არ ვათავისუფლებ. - რას ამბობ მირა... - ხმა უტყდება ლელასაც და კოპებს ჰკრავს. - ღმერთო, ბექა! ლელა, ბექა! - ვყვირი გაუცნობიერებლად ერთიანად მოვდივარ გონს. ადგილს ვწყდები და კაფედან უკანმოუხედავად გავრბივარ. ლიფტთან იმხელა რიგია, რომ ვერ დავიცდი. გასასვლელ კარს ხელს ვკრავ და კიბეზე ავრბივარ. ხიდი. ხიდი. რა თქმა უნდა, უკანასკნელად იქ შევხვდით. უკეთესს ვერც მოიფიქრებდა. ღმერთო! ამდენი ხანი მის სხეულს იმიტომ ვერ პოულობდნენ, რომ ის ცოცხალია? ცოცხალია. როგორ? ეს როგორ? რანაირად გადარჩა? სად წავიდა მის გულში მოხვედრილი ტყვია? ამას როგორ გადაურჩა? დაჭრილმა იმ ადიდებულ მდინარეს თავი როგორ დააღწია? ღმერთო, ცოცხალია! აქაა! ღმერთო, ღმერთო! ის აქაა, ბექასთან. იქნებ მთელი ეს დრო აქ იყო. მთელი ეს დრო ისევ შორიდან გვადევნებდა თვალს. შორიდან გვიყურებდა. ჩვენს შორის იყო. კიბეზე ვჩერდები. წამიერად თავბრუსხვევას ვგრძნობ. მუხლებს ქვემოთ ფეხები მეყინება. ასე მგონია წყალში ვდგავარ. თვალებს ვისრეს. ახლა სისუსტის დრო არაა. მათე! ხელს ჯიბეზე ვიკრობ. მობილური არ მაქვს. იქ დამრჩა. მობილური კაფეშია, მაგიდაზე. ნაბიჯს ვადგამ. ვერ გადამიწყვეტია უკან გავბრუნდე ტელეფონისთვის და მათეს ხმა გავიგო, თუ გზა გავაგრძელო ბექასკენ. ჯანდაბა! ჯანდაბა! კიბეს ვუბრუნდები და როგორც შემიძლია სწრაფად ავრბივარ. ჰაერს ძლივს ვუშვებ ფილტვებში. უკვე ძალა მეცლება, მეექვსე სართულს რომ ვაღწევ. კარს ვაღებ და დერეფანს ჩქარი ნაბიჯით მივუყვები. გზაში შემხვედრი რამდენიმე ექთანი გაოცებული მიყურებს. - კარგად ხართ? - უკნიდან მესმის მათი მოძახილი. ყურადღებას არ ვაქცევ და ნაბიჯს ვუჩქარებ. სირბილს ვცდილობ. როგორც იქნა პალატამდე მივდივარ. კარს ვაღებ და ოთახში შესული შვებით ვოხრავ, როცა ცოცხალ ბექას ვხედავ. ბიჭს ჩაის ფინჯანი უკავია და ჩემი დანახვისას ღიმილიანი სახე უსერიოზულდება. - რა მოხდა, მირა. - ფინჯანს გვერდით დებს და საწოლს ხელის გულებით ეყრდნობა. - როგორ ხარ? კარგად ხარ? - ვუახლოვდები და ახლოდან ვათვალიერებ. ამასობაში პალატაში ლელა შემოდის, ბექასთან მირბის და ატირებული ეხუტება. - რა ჯანდაბა ხდება, ხალხო! - მოთმინებას კარგავს ბიჭი, ლელას მხრებში სწვდება და პასუხის მომლოდინედ ცვლის ჩვენს შორის მზერას. - მგონი ის ცოცხალია. - ამბობს ლელა და ისიც მე მიყურებს. - რაა? საიდან მოიტანეთ? - მობილური მომეცი. - ხელს ვუწვდი ლელას. - მათეს ველაპარაკე. მოდის. - მაშინვე ხვდება რასაც ვფიქრობ. გულზე მეშვება. გოგო ლაპარაკს იწყებს, მე კი აქეთ-იქით ვაცეცებ თვალებს. არ ვიცი რის დანახვას ვცდილობ, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ კალე აქ მხოლოდ ხიდის დასატოვებლად არ მოვიდოდა. - შენთან არავინ ყოფილა? - ვუბრუნდები ბექას. აჩქარებულ გულისცემას ვერ ვიმშვიდებ. ასე მგონია, სადაცაა პანიკა ამიტანს. დასაწყნარებლად ღრმად სუნთქვას ვცდილობ. - მხოლოდ ექიმი, დილის შემოვლაზე. - მხრებს იჩეჩავს ბექა. - შენი ექიმი? ბექა თითქოს ახლაღა ხვდებაო რაღაცას, თვალებს ატრიალებს და იგინება. - აქ იყო! - ყვირის ლელა და პირზე იკრობს თითებს. - დამშვიდდი გთხოვ. - ბექა გულზე იკრობს გოგოს. - ხომ ხედავ ცოცხალი ვარ. - ვერ ვიჯერებ. არა, ვერ ვიჯერებ... - ვბუტბუტებ. ორი წამით თვალებს ვხუჭავ და მაშინვე მისი სახე ჩნდება. არა, არ მინდა მისი დანახვა. - რა გითხრა. რამე გითხრა? რა გააკეთა? - არაფერი. კითხვები დამისვა. თავს როგორ ვგრძნობდი... წამლები დამიტოვა და კიდევ აი, ეს წიგნი. - ტუმბოზე მანიშნებს. მაშინვე მისკენ მივდივარ და ხელს ვტაცებ. - მითხრა, ზოგი წიგნებში შვებას პოულობს, ზოგი - ფორიაქს. იქნებ გაგიმართლოსო. თავი მტკიოდა, ყურადღება არ მიმიქცევია. წიგნის სახელწოდებას ვკითხულობ - ვიქტორ ჰიუგო „საბრალონი.“ ყველაფრის შემდეგ დაგვცინის კიდეც. წიგნს სწრაფად ვამოწმებ. ფურცლებიდან ქაღალდები ცვივა. იატაკიდან ვიღებ. ორი დაკეცილი ფურცელია. ერთს ჩემი სახელი აწერია, მეორეს „ლელა.“ გოგოს ვუწვდი. ლელა მასწრებს, მაშინვე ხსნის და ხმამაღლა კითხულობს: „ - შენ ჩემს გეგმებში არ ყოფილხარ, ლელა. ამ ამბავში ყველაზე უცოდველი შენ იყავი, ამიტომ ბექას სიცოცხლეს გჩუქნი.“ გოგო ფურცელს დებს და მიყურებს. ქაღალდს ვხსნი. წერილი ძალიან მოკლეა, მოკლეა, მაგრამ ის ხდება მთელი ჩემი მომავალი ცხოვრების ფორიაქისა და შიშის მიზეზი. „ - ძვირფასო მირა, არაფერი ყოფილა აქამდე. შენთვის ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება. იფიქრე ჩემზე.“ დასასრული 2019 წელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


