შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების ახალი სურნელი (სრულად)


გუშინ, 12:41
ავტორი Ottery
ნანახია 46

ღამის ტრასა შავი, უსასრულო ლენტივით იშლებოდა ძველი, ხმაურიანი მანქანის საქარე მინის მიღმა. თათას თითები, დახვეწილი, გრძელი და ფერმკრთალი, საჭეს ისე მაგრად ჩაფრენოდა, რომ სახსრები გათეთრებოდა. ეს მანქანა მისი სტილი არ იყო. ის სძულდა, სძულდა მისი იაფფასიანი პლასტმასის სუნი, ძრავის გაუგებარი გუგუნი და ის ფაქტი, რომ საკუთარი ბუგატი თბილისის ერთ-ერთ მიწისქვეშა ავტოფარეხში დატოვა, როგორც ძველი, ფერფლად ქცეული ცხოვრების სიმბოლო.
​სულ მალე მას სხვა იდენტობა ექნებოდა. სხვა სახელი, სხვა მიზანი და სხეულში ჩაბუდებული ისეთი შიში, რომელიც ყელს აშრობდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
​ოცდახუთი წლის ასაკში თათას ისეთი ქალის მზერა ჰქონდა, რომელსაც უკვე ყველაფერი ენახა... სიკვდილიც, ოქროს გალიაც და ისეთი მწველი ვნებაც, რომელიც ძვლებს გილეწავს. სარკეში საკუთარ თავს შეხედა: უკვე მოკლე, უსწორმასწოროდ, სიჩქარეში შეჭრილი ოქროსფერი თმა უწესრიგოდ ეყარა მხრებზე, მაკიაჟის გარეშეც იდეალურ, არისტოკრატულ ნაკვთებს დაღლილობისა და უძილობის ჩრდილები დასტყობოდა. მისი სილამაზე ახლა იარაღს ჰგავდა, რომელიც ნებისმიერ წამს მზად იყო გაესროლა.
​ტელეფონი, რომელიც სავარძელზე იდო, დუმდა. სწორედ ეს დუმილი კლავდა. ის ქუთაისისკენ მიდიოდა, ყოველ კილომეტრს ითვლიდა და გული გამალებით უცემდა.
"სად ხარ, ვაჩე?.. სად ხარ ჩემო ბიჭო?", ეს აზრი ფეთქავდა მის საფეთქლებში.
ვაჩე სამშვიდობოს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გაიყვანეს. ბიჭუნა თბილისს გაარიდეს და დედას ჯერ ინფორმაცია არ ჰქონდა, თუ სად იყო ის, როგორ იყო... ყველაზე მარტივი იქნებოდა მანქანა მიეშვა, არცთუ ისე დიდი, მაგრამ მაინც საკმარისზე მეტი სიჩქარით შესჯახებოდა ბოძს და მორჩა, ამით დასრულდებოდა ყველაფერი. მაგრამ... ოჰ ეს "მაგრამ"... მისი ოქროსკულულებიანი ვაჟი, მისი სიამაყე, ის, ვის გამოც ღირდა ცხოვრება... და ბრძოლა. ვაჩე თათას გული იყო, მისი ერთადერთი სუფთა წერტილი ამ ბინძურ სამყაროში.
ის ახლა იმ მამაკაცის ხელში იყო, რომელმაც მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მამაკაცის, რომლის ერთი შეხებაც თათას გონებას აკარგვინებდა, ხოლო მისი სიმკაცრე მუხლებს უკვეთდა. დაჩისთან ურთიერთობა არასდროს ყოფილა მარტივი, ეს იყო ომი, სადაც ტყვეები არ აჰყავდათ. და სწორედ დაჩის უნდა მიეყვანა ბავშვი დათქმულ ადგილას. ისინი უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს ქუთაისში, საიდანაც დედა-შვილი სამუდამოდ გაიქცეოდა ქვეყნიდან. ვერავინ წარმოიდგენდა რომ ყველაზე მდიდარი და გავლენიანი გოგო შეძლებდა და კომერციული რეისით გაფრინდებოდა. მტრები მის კერძო თვითმფრინავს მეთვალყურეობდნენ.
ციფერბლატზე 03:00 საათი გამოისახა. საწვავის მაჩვენებელი წითლად ციმციმებდა. წინ, უკუნეთში, ბენზინგასამართი სადგურის ნეონის ცივი, მწვანე შუქი გამოჩნდა. თათამ ღრმად ჩაისუნთქა, მანქანა შეანელა და ასფალტზე საბურავების ჭრაჭუნით გააჩერა. შუბლი შეჭმუხნა უსიამოვნო ხმაზე, მაგრამ თმა შეისწორა და მანქანიდან გადმოვიდა. ცივმა, ნესტიანმა ჰაერმა მაშინვე აუწვა შიშველი ყელი, რომელიც შეხსნილი აბრეშუმის პერანგიდან მოუჩანდა. შიგნით შევიდა, სადაც სითბოს, იაფფასიანი ყავისა და სიგარეტის სუნი იდგა. სალაროსთან ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, რომელმაც თათას დანახვაზე მაშინვე გაისწორა თმა და თვალებში მტაცებლური ინტერესი აენთო.
​—ღამე მშვიდობისა, ლამაზო,— გამყიდველი იდაყვებით დაეყრდნო დახლს, თვალებით შეათვალიერა თათას სხეული, მისი მკვრივი მკერდის კონტურები, რომელიც თხელი ქსოვილის ქვეშ იკვეთებოდა და ტუჩები გაილოკა გაუცნობიერებლად,— ასეთ დროს მარტოდ ამ ტრასაზე რა დაგკარგვია? არ გეშინია? თუ ვინმეს ეძებ?
​თათას ჩაეცინა, თვალებში კი ცეცხლი აენთო. მან ნელა, აუჩქარებლად მიხედა ბიჭს. მისი თვალები, ჩვეულებრივ თბილი და ღრმა, ახლა ორ ყინულის ნატეხს ჰგავდა. ბიჭის ფლირტმა მასში მხოლოდ ზიზღი და გაღიზიანება გამოიწვია. მას არ ჰქონდა დრო და ნერვები ამ იაფფასიანი თამაშებისთვის, როდესაც მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ნებისმიერ სხვა დროს აუცილებლად აჰყვებოდა ფლირტში და ვინ იცის, იქნებ დახლს უკან სიამოვნების მიღებაზეც არ ეთქვა უარი, მხოლოდ ახლა არა...
​—სავსე ავზი,— წარმოთქვა თათამ. მისი ხმა იყო დაბალი, ხავერდოვანი, მაგრამ ისეთი ცივი და მჭრელი, რომ გამყიდველს ღიმილი სახეზე შეეყინა,— და ჩემს ძებნას რაც შეეხება... გირჩევნია შენს საქმეს მიხედო, სანამ ის ადამიანი, ვისაც ველოდები, აქ მოვა. ის კითხვების დასმას არ დაიწყებს.
​ბიჭმა ნერწყვი გადაყლაპა, თათას ცივ მზერას გაუძლო, თუმცა მისი თავდაჯერებულობა სადღაც გაქრა. მან სწრაფად აკრიფა კოდი კომპიუტერში, უსიტყვოდ ჩამოართვა ფული და ხურდა დახლზე დაუდო.
​თათამ ხურდას ისე დახედა, თითქოს პირველად დაინახა ქართული მონეტა, ზურგი შეაქცია და გარეთ გავიდა. ზუსტად იმ წამს, როდესაც მანქანის კარი გამოაღო, მისი ტელეფონი ჯიბეში აწკრიალდა. ეკრანზე უცხო ნომერი გამოისახა.
​გული გამალებით აუძგერდა. ტელეფონი ყურთან მიიტანა, სუნთქვა შეეკრა:
—ჩვენ უკვე აქ ვართ.
"ჩვენ"... მისი ბიჭი კარგად იყო, უსაფრთხოდ, დაჩის გვერდით.
გოგონამ თვალები დახუჭა და მოგონებებში ჩაიძირა.
ვაჩეს მერე, დაჩი ალბათ ერთადერთი საჩუქარი იყო, რაც ბედისწერამ მისთვის გაიმეტა.

...

​იმ ღამესაც ზუსტად ასეთი წვიმიანი, ნესტიანი ჰაერი იდგა. თვეების წინ, როდესაც სამყარო ჯერ კიდევ ნაწილებად არ იყო დაშლილი და თათა თბილისის ბიზნეს ელიტის (გათვითცნობიერებულებისთვის "კრიმინალური" ელიტის) სათავეში იდგა.
მოლაპარაკება ქალაქგარეთ, მიტოვებულ, ნახევრად დანგრეულ ქარხანაში შედგა. ყველაფერი ხაფანგი აღმოჩნდა. წამებში ატყდა სროლა, შუშების მსხვრევის ხმა და ყვირილი. სწორედ მაშინ, როდესაც სიკვდილის ცივმა სუნთქვამ ყელზე მოუჭირა, სიბნელიდან ის გამოჩნდა.
​დაჩი... მის დასაცავად დაქირავებული პროფესიონალი, რომელიც ჩრდილივით მოჰყვებოდა. თათამ მის შესახებ იცოდა, თუმცა მისი სახე პირველად დაინახა. მან თათას ხელი სტაცა, უხეშად დაქაჩა საკუთარი სხეულისკენ და ზურგით გადაეფარა, სანამ მეორე ხელით ყოველგვარი ემოციის გარეშე, ზუსტი გასროლებით ასუფთავებდა გზას.
​ახლა კი, პოლიციისგან და მტრებისგან შორს, გარეუბნის ერთ-ერთ კონსპირაციულ, ცივ ბინაში ისხდნენ და იატაკზე დადებულ ნათურის შუქზე ელოდებოდნენ, სანამ გარეთ ქარიშხალი ჩაცხრებოდა.
​თათა ძველ, გაქუცულ სავარძელში იჯდა. კრემისფერ აბრეშუმის პერანგზე სისხლის რამდენიმე წვეთი ანათებდა, მაგრამ მას საკუთარი საფრთხე არ ადარდებდა. მისი მზერა მთლიანად ოთახის ცენტრში, ფეხზე მდგარ მამაკაცზე იყო მიჯაჭვული. დაჩის ტყავის ქურთუკი გაეხადა. თხელი, შავი მაისური მჭიდროდ ეკვროდა მის განიერ მხრებსა და ნავარჯიშებ, მძიმე გულმკერდს. ის იარაღს ისეთი ცივი სიმშვიდით წმენდდა, თითქოს რამდენიმე წუთის წინ ადამიანები არ დაეხოცა.
​თათა უყურებდა მის სხეულს, მის თითოეულ მკვეთრ მოძრაობას. დაჩის სახეზე რამდენიმე დღის გაუპარსავი, უხეში წვერი ჰქონდა, რაც მის მტაცებლურ ნაკვთებს კიდევ უფრო საშიშს ხდიდა. და ყველაზე მეტად.. მისი თვალები. დიდი, ქვასავით მძიმე, შავი თვალები, რომლებშიც არანაირი ემოცია არ იკითხებოდა. გოგონა გრძნობდა, როგორ უჩქარდებოდა პულსი. ის ხვდებოდა, რომ ეს მამაკაცი უნდოდა. უნდოდა ისე, რომ მზად იყო ყველაფერი დაეწვა, უნდოდა თვალებიდან ნაპერწკლების ყრამდე, მის უხეშ ხელებსა და სხეულს შეხებოდა, რომელიც საფრთხესა და ადრენალინს აფრქვევდა.
​თათამ ფეხი ფეხზე გადაიდო, პერანგის საყელო ისე შეისწორა, რომ ყელის თეთრი კანი გამოჩენილიყო და ჩუმად, ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა:
​—ისეთი სახე გაქვს, თითქოს ჩემი გადარჩენით სამყარო კი არ ააყვავე, არამედ საკუთარი განაჩენი გამოიტანე, დაჩი. ეგ იარაღი შენს ხელში უფრო მეტ ყურადღებას იღებს, ვიდრე მე. არ მითხრა, რომ რკინა უფრო გიზიდავს.
​დაჩიმ მოძრაობა შეაჩერა, მაგრამ თავი არ აუწევია. იარაღის ლულა ნაჭრით ბოლომდე გაპრიალა, მხოლოდ ამის შემდეგ ასწია თავი და მისი მძიმე, შავი თვალები თათას მზერას შეეფეთა. მასზე გოგონას ფლირტს და აბრეშუმის პერანგის ქვეშ მკვეთრად გამოკვეთილ მკერდს არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად.
​—ჩემს საქმეში, რკინა სიცოცხლეს გინარჩუნებს,— მისი ხმა იყო დაბალი, ხრინწიანი და ისეთი მჭრელი, როგორც დანა,— ლამაზი ქალები კი, ჩვეულებრივ, საფლავში გისტუმრებენ. მეორე ვარიანტი ჩემს გეგმებში არ შედის.
​—ოჰ, ანუ ლამაზად მთვლი?— თათა სავარძლიდან წამოდგა. ეს სუფთა ბლეფი იყო, თათამ კარგად იცოდა რომ ლამაზი იყო და ძალიან ოსტატურად იყენებდა ამ ცოდნას. ნელი, კატისებრი ნაბიჯებით მიუახლოვდა მამაკაცს, მათ შორის მანძილი მინიმუმამდე შეამცირა. მისი ძვირადღირებული პარფიუმის სუნი ბინძური ბინის ჰაერში აირია. მან თითი ნელა ააყოლა დაჩის მკლავის მკვრივ კუნთს,— მეგონა, მტაცებლებს საფრთხე იზიდავდათ. თუ შენ უბრალოდ გეშინია ჩემი?
​დაჩიმ მკლავი უცებ გასწია, თათას თითები ჰაერში დარჩა. მამაკაცმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მისი სახის გამომეტყველება კიდევ უფრო გაცივდა, ტუჩის კუთხეში კი სარკასტულმა ღიმილმა გაურბინა.
​—ნუ გერევა ერთმანეთში საფრთხე და კაპრიზები, მდიდარო გოგო,— უთხრა ბიჭმა და იარაღი ქამარში ჩაიდო,— მე შენს დასაცავად მიხდიან ფულს და არა შენი გართობისთვის. ჩემთან ეგ თამაშები არ გაგივა. შენი სილამაზით შეგიძლია შენი წრის ბიჭები მოაჯადოო, ჩემზე ეგ არ ჭრის.
​—დარწმუნებული ხარ?— თათამ თვალები მოჭუტა, მის ხმაში გამოწვევა ჟღერდა, თუმცა შიგნით ყველაფერი ეწვოდა იმისგან, თუ როგორ ცივად იშორებდა მამაკაცი. გოგონასთვის ეს პირველი იყო, პირველად ეუბნებოდა ვიღაც უარს,— მე მგონია, რომ შენი გულისცემა სხვა რამეს ამბობს, როდესაც ასე ახლოს ვარ.
​დაჩიმ ნაბიჯი გადმოდგა, თათას ზემოდან დახედა, მისი სუნთქვა ქალის ტუჩებს შეეხო, მაგრამ მზერა ყინულზე უფრო ცივი ჰქონდა:
​—ჩემი გულისცემა მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც მიზანში ვისვრი. ახლა კი დაჯექი და დაწყნარდი. წინ კიდევ გრძელი გზა გველის.
​მან ზურგი შეაქცია და ფანჯარაში გაიხედა. თათა იდგა და გრძნობდა, როგორ უდუღდა სისხლი ძარღვებში. ის იშორებდა მას, ზუსტად ისე, როგორც ნადირი იშორებს მახეს. მაგრამ სწორედ ამან გახადა დაჩი მისი მთავარი აკვიატება.
​—ჩვენ უკვე აქ ვართ,— დაჩის ხმამ ტელეფონში თათა მოგონებებიდან რეალობაში დააბრუნა. ისევ ბენზინგასამართი სადგური, ისევ ცივი ღამე.

...

​ქუთაისის ერთ-ერთ მშვიდ, საოცრად მყუდრო საოჯახო სასტუმროში გატარებული ორი დღე თათასთვის ნამდვილ ილუზიად იქცა. ძველი ქალაქის აივნიდან ნესტიანი ასფალტისა და ყვავილების სუნი შემოდიოდა. სასტუმროს მასპინძლებს, თბილ, ხანდაზმულ ცოლ-ქმარს, სამივე ბედნიერი ოჯახი ეგონა, რომლებიც დედაქალაქის ხმაურს გამოქცეოდნენ და ქუთაისის სანახავად ჩამოსულიყვნენ.
​როდესაც დაჩის ვაჩე ხელში აყვანილი შემოჰყავდა ეზოში, ხოლო პატარა ბიჭუნა მის კისერს თავისი პატარა თითებით ჩაჰფრენოდა და ხმამაღლა იცინოდა, თათას გული ეკუმშებოდა. ეს იყო ცხოვრება, რომელიც მას არასდროს ჰქონია. დაჩი ვაჩესთან საოცრად ნაზი, საიმედო და მშვიდი იყო, ნამდვილი დამცველი, თუმცა თათაზე მზერას არასდროს აყოვნებდა.
ვაჩე მამას არც კი იცნობდა. თათას პირველი გატაცება, სიყვარულიც კი არა, უბრალოდ ემსხვერპლა გარემოებებს. იმავე ღამეს, როდესაც თათას მამაც გაისტუმრეს საიქიოს. იმდენი პრობლემა დაუტოვეს 20 წლის გოგონას, რომ ტირილის თავიც არ ჰქონდა. ვერც კი ინერვიულა. მეორე დღიდანვე ჩაერთო კორპორაციის მართვაში ორსული. შეძლო ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ მის სხეულში პატარა არსება იზრდებოდა, გოგონას კი ის საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.
მეორე საღამოს, როდესაც დაღლილ ვაჩეს მეზობელ ოთახში ჩაეძინა, თათამ გადაწყვიტა, ეს თამაში ბოლომდე მიეყვანა. მან იქვე, პატარა მაღაზიაში ნაყიდი, გამომწვევი, მუქი შინდისფერი ღამის პერანგი ჩაიცვა. ქსოვილი იმდენად თხელი იყო, რომ მის ყოველ ნაბიჯზე სხეულის ხაზებს ეკვროდა და მკერდის წვერებს ძლივს ფარავდა. მოკლე, ოქროსფერი თმა აბურდული ჰქონდა, თვალებში კი ისევ ის ძველი, აკრძალული ცეცხლი უგიზგიზებდა.
​დაჩი აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა. მისი განიერი ზურგი და ძლიერი მხრები სიბნელეში კიდევ უფრო მრისხანედ გამოიყურებოდა. თათა ნელა მიუახლოვდა, თუმცა არ შეხებია, მხოლოდ მისი სხეულის სიმხურვალე იგრძნო. მამაკაცმა კვამლი გამოუშვა, ნელა შემობრუნდა და გოგონა ზემოდან ქვემოთ აათვალიერა. მის თვალებში ცეცხლი აინთო, ძარღვებში სისხლი აუდუღდა, მაგრამ სახე მაინც ყინულივით ცივი დარჩა.
​—არ მაინტერესებ,— ჩაილაპარაკა დაჩიმ და მზერა აარიდა, თითქოს მის წინ გამომწვევად გამოწყობილი ქალი კი არა, კედელი მდგარიყო.
​—აი, შენ კი ნამდვილად მაინტრიგებ,— თათამ გვერდულად ჩაიცინა, ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო მიუახლოვდა და მისი სუნთქვა მამაკაცის ყელს შეეხო.
​—შენს შესახებ გამაფრთხილეს,— დაჩიმ ტუჩები მოკუმა, თუმცა ყბის კუნთი მტკივნეულად დაეჭიმა.
​—იმედები გავამართლე?— თათას ხმამ უმტყუნა, მაგრამ სცადა ჩურჩულის იმიტაცია შეექმნა. გულგრილად, თითქოს ზერელედ ესროლა ეს სიტყვები, მაგრამ შიგნით რაღაც საბოლოოდ ჩაწყდა, იქ, სადაც ჯერ კიდევ ფართხალებდა ცოცხალი, ნაზი და სუფთა გრძნობა ამ კაცის მიმართ.
​დაჩიმ სიგარეტი მოჰქაჩა და თათას ისე შეხედა, თითქოს მისი სულის გაშიშვლება უნდოდა.
​—სავსებით. მოკლე თმითაც კი იშვიათი კახპა ხარ,— თვალებში უყურებდა, ისე წარმოთქვა.
​ეს სიტყვები სილასავით მოხვდა თათას. მის გრძელ, ქერა თმაზე ლეგენდები დადიოდა. ხალხი ათასებს და ათი ათასებს იხდიდა, რომ მსგავსი ფერი და ეფექტი მიეღოთ. არავის გამოსდიოდა, რადგან თათას ბუნებრივად ოქროსფერი თმა ჰქონდა.
—დამპატიჟებ?— ანიშნა სიგარეტზე. არ ეწეოდა, მაგრამ იმ წამს ძალიან სჭირდებოდა რაიმე, რაზეც ყურადღებას გადაიტანდა.
დაჩიმ მეორე ხელი შარვლის ჯიბისკენ წაიღო, მაგრამ თათამ დაასწრო და მოკიდებული სიგარეტი გამოსტაცა თითებიდან. ღრმად ჩაისუნთქა ნიკოტინი და ხველება აუტყდა. დაჩი კი გაშეშებული იდგა, გოგონას შეხებისგან გამოწვეულ შოკს ებრძოდა.
—მოგწონს?— ანიშნა გოგონამ თავის თმაზე.
—არ მაინტერესებ,— გაიმეორა მანტრასავით ბიჭმა.
—სამწუხაროა,— მწარედ ჩაეცინა თათას და სიგარეტი იქვე მდგარ საფერფლეში ჩააწვა. მერე საჩვენებელი თითის ბალიშს ენა დაუსვა და ბიჭს დაადო ტუჩებზე.
—არანორმალური ხარ,— აღმოხდა დაჩის. ზურგი შეაქცია, ოთახში შევიდა და თავისი ნივთების ჩალაგება დაიწყო. ის მიდიოდა. მისი საქმე შესრულებული იყო, დედა-შვილი უსაფრთხოდ იმყოფებოდა, დოკუმენტები მზად ჰქონდათ და დილით აეროპორტში უნდა გასულიყვნენ. დაჩი მას მარტო ტოვებდა შვილთან ერთად ამ ცივ რეალობაში.
​როდესაც მამაკაცმა ქურთუკი მოიცვა და კარისკენ გაემართა, თათა წინ გადაუდგა:
—ვაჩე ძალიან შეგეჩვია, არ აპირებ დაემშვიდობო?— მის თვალებში სასოწარკვეთა და ბრაზი ერთმანეთში ირეოდა.
—ჩემს მაგივრად დაემშვიდობე. უთხარი, რომ თუკი დედამისისნაირი გაიზრდება, ჩემი ხელით მოვუსწრაფებ სიცოცხლეს,— უთხრა ბიჭმა. თათამ ამ სიტყვებზე მხოლოდ თავი გააქნია. ვაჩე მის ცხოვრებას არ გაიმეორებს... ვაჩე ბედნიერი იქნება.
სწორედ იმ წამს, როდესაც კარს მიღმა გაუჩინარებას აპირებდა, გოგონამ მხარზე შეახო ცივი ხელი. ბიჭი მხურვალე იყო, მას არასოდეს სციოდა და ამ ტემპერატურის კონტრასტმა გოგონას გული აუჩქარა. დაჩიმ უბრალოდ ვეღარ გაუძლო, მისი უემოციობის ნიღაბი გაიბზარა. მტაცებლური, უხეში მოძრაობით სტაცა ხელი თათას წვრილ წელს, თავისკენ ძლიერად მიიზიდა და ტუჩებზე დააცხრა.
​ეს არ იყო უბრალო კოცნა. ეს იყო დამშვიდობება, ომი და სასჯელი ერთდროულად. დაჩი მის ტუჩებს ისეთი მწველი, სასოწარკვეთილი ვნებით ეწაფებოდა, თითქოს ბოლოჯერ ისუნთქავდა ჟანგბადს. მისი დიდი, უხეში ხელები თათას წვრილ წელს ეჭიდებოდა, თითებს კანზე აჭერდა, თავისკენ ქაჩავდა და მათ შორის არსებულ მთელ კედლებს ანადგურებდა. თათა გონებას კარგავდა, მის კისერს ეხვეოდა და პასუხობდა ამ კოცნას, რომელიც სისხლის გემოს უტოვებდა.
​მერე კი დაჩიმ ისევე მოულოდნელად გაუშვა ხელი, თითქოს ცეცხლს შეეხოო. უკან დაიხია, სუნთქვააჩქარებულმა შეხედა, კარი გამოაღო და ღამის წყვდიადში გაუჩინარდა. ის წავიდა.
​მეორე დილას, როდესაც მზემ ოთახი გაანათა, თათა სარკის წინ იდგა და თავის შეშლილ თვალებს უყურებდა. მთელი ღამე არ ეძინა, ფიქრობდა დაჩის ტუჩებზე, ხელებზე, თვალებზე და კიდევ უფრო მეტად ეცოდებოდა თავისი თავი. მერე პერანგი აიწია და სუნთქვა შეეკრა, მის თოვლივით თეთრ, წვრილ წელზე დაჩის დიდი თითების მუქი ნაკვალევი მკაფიოდ ეტყობოდა. ეს იყო მისი დამშვიდობების, მისი ფიზიკური ძალისა და ვნების დამღა.
​რამდენიმე საათში თათა უკვე აეროპორტში იყო, ვაჩეს ხელი მაგრად ჩაეკიდა. მათ რეისზე რეგისტრაცია გაიარეს და ვენაში გაფრინდნენ. თათა ფანჯრიდან უყურებდა ღრუბლებს და იცოდა, რომ ვენის შემდეგ მათ კიდევ ერთი, ბევრად უფრო შორეული ფრენა ელოდათ, იქ, სადაც ვერავინ იპოვიდათ.

...

დაჩი არასდროს ყოფილა უბრალო დაქირავებული მკვლელი, ის ბუნებით ჯარისკაცი იყო. თუმცა, ყოფილმა სამხედრომ ფორმა მას შემდეგ გაიხადა, რაც საკუთარი ხელით გამოუტანა განაჩენი თანაათეულელს, კაცს, რომელმაც არასრულწლოვანზე იძალადა. დაჩიმ ის იქვე, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მოკლა. სამხედრო ტრიბუნალს კრიმინალურმა სამყარომ დაასწრო: მისნაირი ცივსისხლიანი, ზუსტი და მორალის თავისებური კოდექსის მქონე პროფესიონალები ქუჩაში არ ყრიან. მას მალევე მიაგნეს დაინტერესებულმა პირებმა. მას შემდეგ დაჩი არავის ეკუთვნოდა. ის არასდროს მუშაობდა მხოლოდ ერთ ადამიანზე; მისი წინა დამქირავებელი, საჭიროების შემთხვევაში, მარტივად ხდებოდა მისი შემდგომი მსხვერპლი. მას არავინ უყვარდა, არავის მიმართ გააჩნდა მიჯაჭვულობა და ნებისმიერი, ყველაზე სისხლიანი დავალების შესრულებაც კი მისთვის მხოლოდ ტექნიკური პროცესი იყო.
​სანამ მის ცხოვრებაში თათა ნიშნიანიძე არ გამოჩნდა.
​გოგონა რომ უზომოდ ლამაზი იყო, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდებოდა. მაგრამ თათა მხოლოდ გარეგნობა არ ყოფილა. მასში ბობოქრობდა წარმოუდგენელი, მტაცებლური ქარიზმა. მან ზუსტად იცოდა ფლირტის ხელოვნება, გრძნობდა, რა უნდა ექნა, რომ მამაკაცებს ის შეშლილობამდე ნდომოდათ და როგორ გადაეყვანა ჭკუიდან საპირისპირო სქესის წარმომადგენლები მხოლოდ ერთი მზერით, ყელის ერთი მოძრაობით ან აბრეშუმის პერანგის შეხსნილი ღილით. დაჩისაც უნდოდა ის. უნდოდა ისე, რომ ყოველი მისი მიახლოებისას ყბის კუნთები ეძაბებოდა და სისხლი საფეთქლებში მძიმე უროებით ურტყამდა. მაგრამ მას შეცდომის უფლება არ ჰქონდა. დავალებას ვერ ჩააფლავებდა, ზედმეტად დიდხანს და ძვირად აშენებდა საკუთარ სახელს ამ ბინძურ სამყაროში, რომ ქალის სხეულის გამო ყველაფერი წყალში გადაეყარა. ამიტომაც იგერიებდა, კბილების ღრჭიალამდე იკავებდა თავს და უხეში სიტყვებით ნიღბავდა იმ მხეცს, რომელიც შიგნიდან გლეჯდა.
​თუმცა, ყველაფერი იმ დილას შეიცვალა, როდესაც ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან, შორს, მანქანაში მჯდომმა დაინახა ტრაპზე ამავალი თათა, რომელსაც პატარა ვაჩეს ხელი მაგრად ჩაეკიდა.
​მზე მათ ოქროსფერ თმას ანათებდა. თათამ წამით შეაჩერა ნაბიჯი, თითქოს იგრძნო მისი მზერაო და აეროპორტის ტერიტორიას თვალი მოავლო. დაჩი უყურებდა მის სუსტ, მაგრამ ამაყ სილუეტს, მის წვრილ წელს, რომელზეც დარწმუნებული იყო, რომ მისივე თითების ლურჯი ნაკვალევი იყო დატოვებული და უცებ, პირველად ცხოვრებაში, გულმკერდი ისე აეწვა, თითქოს ცოცხლად ფატრავდნენ. ეს არ იყო მხოლოდ პირველყოფილი, ცხოველური ვნება. ეს არ იყო მხოლოდ სხეულის წყურვილი. დაჩიმ ნათლად, მტკივნეულად გაიაზრა, რომ ეს ქალი შეუყვარდა. შეუყვარდა თავისი ცივი, იარაღით ნაწამები სულით. მას მოუნდა, რომ ეს დედა-შვილი სამუდამოდ მისი ყოფილიყო, დაეცვა ისინი არა ფულის, არამედ საკუთარი სიცოცხლის ფასად.
​სწორედ იმ წამს, როდესაც თვითმფრინავის კარი დაიხურა, დაჩიმ გადაწყვეტილება მიიღო.
​სამი თვე დასჭირდა იმ ადამიანის საპოვნელად, ვინც თათას მკვლელობა შეუკვეთა. სამი თვე მიწისქვეშა ძიების, ნადირობისა და კვალზე დევნის. და აი, ახლა, მდიდრული, დაბურულმინებიანი კაბინეტის ცენტრში, დაჩი იდგა. მისი სამიზნე, თბილისის გავლენიანი, ძალაუფლებით გაზულუქებული კრიმინალური ავტორიტეტი, იატაკზე გორავდა, მუხლებზე დაჩოქილი, სისხლითა და ნერწყვით მოთხვრილი.
​—დაჩი, გემუდარები... ნებისმიერ თანხას გადაგიხდი! ორმაგს, სამმაგს! რაც გინდა აიღე, ყველაფერს მოგცემ, ოღონდ არ მესროლო!— ყვიროდა კაცი, მისი ხმა შიშისგან წვრილად წიკვინებდა, ხელებს სასოწარკვეთილი ასავსავებდა.
​დაჩი მას ზემოდან უყურებდა. მისი სახე ყინულის ქანდაკებას ჰგავდა. დიდ, შავ თვალებში კი არანაირი თანაგრძნობა არ იკითხებოდა. ის არ უსმენდა მუდარას, მისთვის ეს ხმები მხოლოდ ფონური ხმაური იყო. მის გონებაში მხოლოდ ტრაპზე ამავალი თათას ოქროსფერი თმა და ვაჩეს დიდრონი ცისფერი თვალების ციმციმი ტრიალებდა. ეს კაცი საფრთხეს უქმნიდა იმას, რაც დაჩისთვის წმინდა გახდა.
​—შენ არ გაქვს იმდენი ფული, რომ ჩემი გოგოს სიცოცხლე იყიდო,— დაბალი, ხრინწიანი ხმით წარმოთქვა დაჩიმ.
​მან ცივად, ყოველგვარი ემოციის გარეშე გამოჰკრა სასხლეტს. იარაღის ხმაურის ჩამხშობმა მხოლოდ ყრუ ტყლაშუნი გამოსცა. ტყვია ზუსტად შუბლის ცენტრში მოხვდა მსხვერპლს, რომელიც უსულოდ დაენარცხა ძვირადღირებულ ხალიჩაზე. დაჩიმ იარაღი ქამარში ჩააბრუნა, ზურგი შეაქცია გვამს და ოთახიდან გავიდა.
​ბოლო საფრთხეც განადგურებული იყო. ახლა მას მხოლოდ ერთი გზა დარჩენოდა... ეპოვა ისინი.

...

ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე, ულამაზესი უაკატიპუს ტბის სანაპიროზე გაშენებული საკურორტო ქალაქი ქვინსთაუნი თათასთვის ახალი ცხოვრების საწყისად იქცა. მასიური, დიდებული მთები, რომლებსაც „სამხრეთის ალპებს“ უწოდებდნენ, გარშემო გალავნად შემოჰყუდებოდა ამ პატარა სამოთხეს, თითქოს დედა-შვილს ძველი, სისხლიანი სამყაროსგან იცავდა. თათამ აქ პატარა, მყუდრო ხის სახლი დაიქირავა. აღარ იყო ულიმიტო საკრედიტო ბარათები, აღარც მდიდრული ბრენდები და თბილისის ქუჩებში ბუგატის ძრავის გუგუნი. მხოლოდ ტბის ლივლივი, მთების სუფთა ჰაერი და ვაჩეს მშვიდი ძილი.
​თუმცა, იმ საღამოს, როდესაც სახლის კარზე ყრუ ბრახუნი გაისმა, თათას გულმა ერთი ფეთქვა გამოტოვა. მან ნელა გამოაღო კარი და ზღურბლზე დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვისას სუნთქვა შეეკრა.
​დაჩი... ისევ ისეთი განიერი მხრებით, მტაცებლური შარმით სავსე, ოდნავ დაღლილი, მაგრამ დიდი, შავი თვალებით, რომლებიც ახლა უფრო ღრმა და მწველი ჩანდა, ვიდრე ოდესმე.
​—არ მითხრა, რომ ტბაზე სათევზაოდ ჩამოხვედი,— თათამ მყისვე აღმართა თავისი ძველი, ნაცნობი თავდაცვის კედელი. ირონიულად ჩაეღიმა, თვალებში კი წამსვე აენთო ის ნაპერწკლები, რომლებიც მხოლოდ ამ მამაკაცის დანახვაზე ცოცხლდებოდნენ,— ზედმეტად სიმშვიდეა გარშემო, მეგონა, შენნაირები ასეთ წყნარ ადგილებს ერიდებოდნენ.
​—თევზაობა არასდროს ყოფილა ჩემი სტილი, — ჩაილაპარაკა დაჩიმ. მის ხმაში ნაცნობი, ხრინწიანი სარკაზმი გაისმა, თუმცა მზერა თათას მოკლე, ოქროსფერ თმაზე და თხელ პერანგზე გაუშტერდა,— უბრალოდ, გავიგე, რომ ზოგიერთი ძვირფასი ნივთი არასწორ ადგილას ინახებოდა და ჩემი მოვალეობა შევისრულე. სათანადო ანაზღაურებას ველოდები.
​—ოჰ, ანუ ისევ დაქირავებული მცველი ხარ?— თათამ ნაბიჯი გადადგა წინ, მათი სხეულები თითქმის შეეხო ერთმანეთს. მისი ხმა დაბალ, გამომწვევ ჩურჩულად იქცა,— და რა იქნება ანაზღაურება? თუ ფიქრობ, რომ ძველი ფასები ისევ ძალაშია?
​სანამ დაჩი პასუხს გასცემდა, ოთახიდან ნაბიჯების ხმა გაისმა. ხუთი წლის ვაჩე, თვალების ფშვნეტით, პიჟამაში გამოწყობილი გამოვიდა ჰოლში. დაჩის დანახვაზე ბიჭუნას სახე ბედნიერებისგან გაუნათდა, პატარა ხელები გაასავსავა და მისკენ გაიქცა. დაჩიმ წამში დაივიწყა თავისი ცივი ნიღაბი. ის ცალ მუხლზე დაეშვა, პატარა ბიჭი ძლიერ მკლავებში მოიქცია და ჰაერში აიტაცა. ვაჩე მას კისერზე ჩამოეკიდა.
—დაჩი,— ბიჭუნას ხმა მოგუდულად ისმოდა,— რა კარგია რომ მოხვედი. დარჩები ჩვენთან?
—ცოტა ხნით,— დაჩის გაეღიმა, როდესაც თათას დაქაჩული თვალები შეამჩნია.
—რატომ?— იკითხა ბიჭუნამ ბავშვისთვის დამახასიათებელი გულუბრყვილო ინტერესით.
—ბაჭია, უფროსებს სალაპარაკო გვაქვს. მოდი, დავწვეთ,— ამჯერად უკვე დაჩიმ დაქაჩა თვალები გოგონას მოუთმენლობაზე.
​მამაკაცმა ბავშვი ფრთხილად შეიყვანა საძინებელში, რბილ ლოგინში ჩააწვინა და საბანი ყელამდე გადააფარა.
—დილას რომ გავიღვიძებ, ნამდვილად დამხვდები აქ?— ჰკითხა ვაჩემ დაჩის და სერიოზულად ჩახედა თვალებში,— ისე არ წახვალ როგორ წინაზე?
​—მშვიდად იძინე, ჯარისკაცო,— უთხრა დაბალი, თბილი ხმით და თავზე ხელი გადაუსვა,— შესასვლელთან შენი ველოსიპედი შევამჩნიე. დილას, როგორც კი გაიღვიძებ, ერთად წავიდეთ სასეირნოდ, კარგი?
​—მართლა? დამპირდი!— წამოიძახა ვაჩემ და როდესაც დაჩიმ თანხმობის ნიშნად თავი დაქნია, ბიჭუნამ კმაყოფილმა დახუჭა თვალები და მალევე ტკბილად ჩაეძინა.
​დაჩი ფეხაკრეფით გამოვიდა საძინებლიდან და კარი ნელა მიიხურა. მის წინ თათა იდგა, აცრემლებული, მაგრამ მაინც ამაყი და ვნებიანი მზერით. მამაკაცმა ვეღარ გაუძლო. მან ერთი ნაბიჯით გადალახა მათ შორის არსებული სივრცე, ხელი თათას წვრილ წელზე მოხვია, თავისკენ სასოწარკვეთილი სიძლიერით მიიზიდა და ბაგეებზე დააცხრა.
​ეს იყო მწველი, სულის შემკვრელი კოცნა, რომელსაც ორივე თვეების განმავლობაში ელოდა. დაჩის ტუჩები გოგონას ბაგეებს ხარბად, მესაკუთრეობრივად, მაგრამ ამავდროულად საოცარი სიფრთხილით ეწაფებოდა. თათა მის განიერ მხრებს ჩააფრინდა, თითები მის თმებში შეაცურა და მთელი სხეულით აეკრო მის სიმხურვალეს. მამაკაცის დიდმა, უხეშმა ხელებმა ქალის ზურგზე, ყელზე, ლოყებზე გადაინაცვლეს, ყოველი შეხება კანს უწვავდათ და ძარღვებში ადრენალინს უდუღებდათ. დაჩიმ თათა ხელში აიყვანა, ისე, რომ კოცნა ერთ წამსაც არ შეუწყვეტია, საძინებელში შეიყვანა და მათ ზურგს უკან კარი მყარად ჩაიკეტა. იმ ღამეს მხოლოდ მათი სუნთქვა, ჩურჩული და სხეულების სასოწარკვეთილი, ვნებიანი ალერსი სუფევდა.
​მეორე დილას, სამზარეულოში თბილი, ტკბილი სურნელი ტრიალებდა. თათა გაზქურასთან იდგა და ფანქეიქებს ამზადებდა. მოკლე, ოქროსფერი თმა მზის შუქზე უბრწყინავდა. ზუსტად ამ დროს, სახლის კარი გაიღო და შიგნით სიცილით შემოცვივდნენ დაჩი და ვაჩე, ორივე ლოყებაწითლებული იყო, დილის სეირნობისგან ენერგიით სავსე.
​თათა გაჩერდა. ის უყურებდა დაჩის, რომელიც ვაჩეს ეხუმრებოდა, უყურებდა თავის შვილს, რომელიც ასე უსაფრთხოდ და ბედნიერად გრძნობდა თავს ამ მამაკაცის გვერდით.
გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და გააცნობიერა: თურმე, ნამდვილი ბედნიერება ასეთი დილა ყოფილა. არა მილიონები, არა სპორტული მანქანები და მოდური ტანსაცმელი, არამედ ეს ორი ადამიანი მის სამზარეულოში.
​ვაჩე სირბილით მივიდა დედასთან, ფეხებზე ძლიერად მოეხვია:
​—დედიკო, საუკეთესო დღეა! ახლა ხელებს დავიბან და შენს ფანქეიქებს შევჭამ!— დაიყვირა პატარამ და თავისი ოთახისკენ გაიქცა.
​დაჩი ნელა მიუახლოვდა გაზქურასთან მდგარ თათას. ზურგიდან მოეხვია, თავისი ძლიერი, თბილი ხელები მის წვრილ წელზე მოათავსა და ყელში ღრმად, ნაზად აკოცა. გოგონას აღარ ჰქონდა ძვირიანი პარფიუმის სურნელი, მაგრამ ახლა უფრო ტკბილი იყო... სახლის, მზის და ფანქეიქის არომატით თავბრუს ახვევდა დაჩის. თათამ თავი მის მხარს მიაყრდნო, ნეტარებისგან თვალები დახუჭა.
​—პირსზე ერთ კაცს ნავის მიბმაში დავეხმარე,— დაბალი, ხავერდოვანი ხმით ჩაილაპარაკა დაჩიმ მის ყურთან,— მეთევზეების გემზე სამსახური შემომთავაზეს. ყოველდღე მომიწევს დილიდან შუადღემდე ზღვაში ყოფნა. დავთანხმდი.
​თათას გულში წარმოუდგენელმა სითბომ და სიმშვიდემ დაისადგურა. მან დაჩის ხელებს საკუთარი თითები გადააჭდო. ეს სამსახური ნიშნავდა, რომ დაჩი არსად მიდიოდა. ის მათთან რჩებოდა. კრიმინალური სამყაროს რისხვამ თავისი ნავსაყუდელი ამ პატარა სახლში, სამხრეთის ალპების ძირას იპოვა. ისინი ერთად იყვნენ, უსაფრთხოდ და სამუდამოდ ბედნიერები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent