"რუკის გარეშე გავლილი გზა"
მოკალათდით...დღეს ჩემზე უნდა მოგიყვეთ...მოგზაურობაზე, რომელიც არც რუკებზეა დატანილი და არც რომელიმე წიგნშია აღწერილი...ეს არის გზა...გზა, რომელსაც ფეხით არ გადიან. მას ვერ იპოვით ვერც გეოგრაფიულ ატლასში, ვერც ძველ რუკებზე და ვერც ყველაზე გამოცდილ მოგზაურთა ჩანაწერებში...ამ გზას მხოლოდ ერთხელ ადგები...იმ დღეს, როცა ვიღაც სრულიად უცხო ადამიანი მოულოდნელად შენი ისტორიის მთავარ პერსონაჟად იქცევა...ეს მოგზაურობა ოთხი წლის წინ დაიწყო...არ ყოფილა გრანდიოზული დასაწყისი...არც მუსიკა აჟღერებულა...და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არც სამყაროს შეუწყვეტია ბრუნვა... პირველი გაჩერება- იქ,სადაც უცნობები ხვდებიან ამბობენ, ზოგიერთი ადამიანი ცხოვრებაში ხმაურით შემოდისო...მე კი დავრწმუნდი,რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები სრულიად ჩვეულებრივ დღეებში ჩნდებიან... ისეთ დღეებში, რომლებიც არაფრით განსხვავდება დანარჩენისგან...იმ დილასაც როგორც ყოველთვის საღამოს ცვლა მქონდა...კალამი წინსაფრის ჯიბეში მედო, ბლოკნოტი ხელში მეჭირა, ყავის სუნი კი მთელ კაფეში ტრიალებდა... ყველაფერი ისე იყო, როგორც ყოველ დღე...მხოლოდ ერთი განსხვავებით...იმ დღეს ის შემოვიდა კაფეში...სიმართლე რომ გითხრათ, უკვე ვიცოდი, ვინ იყო...რამდენჯერმე შორიდან მყავდა ნანახი... ვიცოდი მისი სახელი, ვიცოდი სად სწავლობდი, მაგრამ ეს იყო და ეს...ჩემთვის უბრალოდ კიდევ ერთი ადამიანი იყო, რომელიც ქუჩაში თუ შემხვდებოდა, ალბათ ვერც კი ვიცნობდი... მეგობრებთან ერთად შემოვიდა...არანაირი მუსიკა არ ჩართულა.გული არ ამჩქარებია.არც დრო გაჩერებულა.უბრალოდ შემოვიდა... როგორც ყველა სხვა სტუმარი...მეგობრებთან ერთად თავისუფალი მაგიდისკენ წავიდა, მე კი ისევ ჩემი საქმე გავაგრძელე... - იმ მაგიდას შენ მოემსახურე - მითხრა ჩემმა კოლეგამ.იმ წამს არ ვიცი რატომ, მაგრამ მაშინვე უარი ვთქვი. - არა, შენ მიდი. - რატომ? - არ მინდა და მორჩა -ბოლოს ისე შევეკამათეთ ერთმანეთს, რომ კაფის მენეჯერმაც კი გამოგვხედა...რა თქმა უნდა...ბოლოს მაინც მე წავაგე.ამოვიოხრე.კალამი ჯიბიდან ამოვიღე, ბლოკნოტი გადავშალე და ისეთი სახით გავემართე მაგიდისკენ, თითქოს სასჯელის მოსახდელად მივდიოდი... - საღამო მშვიდობის... რას შეუკვეთავთ? -თავი ასწია.იმ პირველ შთაბეჭდილებას ახლაც ცხადად ვიხსენებ.რა ამპარტავანი ბიჭია მეთქი გავიფიქრე.სახეზე ისეთი თავდაჯერება ეწერა, რომ ერთი წუთით მართლა ვიფიქრე, საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანი იყო.მაგრამ თურმე...ძალიან შევცდი. - ჰმმ... ჯერ ალბათ ყავას... არა, მოიცა... იქნებ ლიმონათი... არა, ეგ მერე... მის მეგობრებს სიცილი აუტყდათ.მე კი ბლოკნოტით ხელში ვიდექი და მოთმინებას ვითვლიდი. - საბოლოოდ რას უკვეთავთ? - ვკითხე ღიმილის გარეშე. - შენ რას მირჩევ? - რასაც სწრაფად აირჩევთ - ყველამ ერთდროულად გაიცინა...მანაც... - კარგი, კარგი... ნუ მიბრაზდები - ამის მიუხედავად თითქოს სპეციალურად გადაწყვიტა ჩემი მოთმინების გამოცდა.ხან ერთს ამატებდა.მერე მეორეს შლიდა.შემდეგ მეგობარს ეკითხებოდა აზრს.მერე ისევ თავიდან იწყებდა.იმდენჯერ გადამაწერინა შეკვეთა, ბოლოს უკვე თავადაც ამერია, ვის რა უნდოდა.ძლივს დავაღწიე თავი მათ მაგიდას.სამზარეულოში რომ შევედი, პირველივე რაც ვთქვი იყო: - ღმერთო... ეს ბიჭი აღარასოდეს მოვიდეს აქ! ჩემმა კოლეგამ სიცილი დაიწყო. — ეგრე გაგაწვალა? — არც კი წარმოგიდგენია როგორ. მაგრამ თურმე მთავარი მხოლოდ ახლა იწყებოდა.მთელი საღამოს განმავლობაში, როგორც კი თავისუფალ წუთს გამოვნახავდი, ისევ მათი მაგიდისკენ მიხმობდნენ. - შეიძლება კიდევ ერთი ყინული? - ხუთ წუთში... - უკაცრავად... საწებელი დაგვავიწყდა - ცოტა ხანში... - ხელსახოცებიც მოგვიტანე, თუ შეიძლება - და ასე დაუსრულებლად ხან რა უნდოდა ხან რა...იმ საღამოს მგონი კაფეში ყველაზე მეტჯერ სწორედ მათ მაგიდასთან მივედი.ყოველ ჯერზე ვფიქრობდი, "ეს ბოლო იქნება."მაგრამ არა.ყოველთვის კიდევ რაღაც ახსენდებოდათ. როცა ბოლოს და ბოლოს ანგარიში გადაიხადეს და წასასვლელად წამოდგნენ, გულში უკვე გამარჯვებას აღვნიშნავდი."როგორც იქნა..."კართან მისულმა უცებ უკან მოიხედა. გამიღიმა.თვალი ჩამიკარა და თითქოს ყველაზე ჩვეულებრივი რამ ეთქვას, ისე მითხრა: - კიდევ შევხვდებით - დღემდე არ ვიცი რატომ...მაგრამ იმ წამს პირველად გამიელვა თავში, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა ნამდვილად არ იქნებოდა.მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი...რომ ზოგჯერ ყველაზე უბრალო წინადადებები მთელი ცხოვრების დასაწყისი ხდება... მეორე გაჩერება - ჯიუტი დამთხვევა იმ დღეს ვისვენებდი...იშვიათად მქონდა თავისუფალი დღე, ამიტომ დილიდანვე გადავწყვიტე, ზღვაზე წავსულიყავი. მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა — ტელეფონი გამეთიშა და მთელი დღე არაფერზე მეფიქრა.ქალაქი ზაფხულის სურნელით იყო სავსე.ნელა მივუყვებოდი სანაპიროსკენ მიმავალ გზას, როცა გვერდით მანქანის ხმა გავიგონე.თეთრმა მანქანამ ისე ჩამიქროლა, ქვიშაც კი ამაყარა.გაბრაზებულმა გავხედე.მძღოლის ადგილზე ის იჯექი.მეგობრებთან ერთად იცინოდი.ალბათ საერთოდ არც შევუმჩნევივარ. - რა დამთხვევაა... - ჩავილაპარაკე და გზა გავაგრძელე.არც მიმიქცევია განსაკუთრებული ყურადღება.ბოლოს და ბოლოს, ერთი ქალაქი იყო.ადამიანები ერთმანეთს ხშირად ხვდებიან.სანაპიროზე მივედი, პირსახოცი გავშალე, ყურსასმენები გავიკეთე და მზეს ვეფიცხებოდი.მერე გადავწყვიტე, ცოტას ვიცურავებ-მეთქი.ნელა შევედი წყალში.ზღვა იმ დღეს უჩვეულოდ მშვიდი იყო.ცოტა რომ შევცურე, სადღაც ახლოს ხმამაღალი სიცილი და შეძახილები შემომესმა.თავი შევაბრუნე.ბიჭების ჯგუფი წყლის ხელბურთს თამაშობდა.ერთი მეორეს ბურთს უგდებდა, იცინოდნენ, წყალს ასხამდნენ ერთმანეთს.ჰოი საოცრებავ...მათ შორის ისიც იყო...არ ვიცი, რატომ, მაგრამ იმ წამს ვერ შევამჩნიე.ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ყურადღება თამაშზე იყო გადატანილი და არა მასზე.ვიფიქრე, ცოტას კიდევ შევცურავ და მერე ნაპირზე გავალ-მეთქი.ზუსტად მაშინ...ბახ!რაღაც ძლიერად მომხვდა თავში.წამით თვალებშიც კი დამიბნელდა.წყალში მოცურავე ბურთი ჩემს გვერდით ტივტივებდა. გაბრაზებულმა იმ მხარეს გავიხედე, საიდანაც ბურთი მოფრინდა. - უკაცრა... - სიტყვა შუაში გაეყინა.ის იყო.რამდენიმე წამი უხმოდ მიყურებდა.მერე სახეზე ის ნაცნობი, ოდნავ ცელქი ღიმილი გადაეფინა. - შენ?! - ვიგრძენი, როგორ ამეწია წარბები. - ისევ შენ?! - მის მეგობრებს სიცილი აუტყდათ. - გეფიცები, განზრახ არ მიქნია! — მითხარა და ჩემკენ მოცურვა დაიწყო. — კარგად ხარ? - არა... ყოველდღე ველოდები, როდის მომხვდება თავში ბურთი. - გაიცინა. - იუმორის გრძნობა ისევ კარგი გაქვს. - და შენ მიზანში სროლა ისევ არ იცი. - ბოდიში. - იმდენად გულწრფელად თქვა, ვეღარ გავბრაზდი.უცნაური იყო.ორივე შეხვედრისას ჩემი ნერვების გამოცდა მოასწარო.მაგრამ რატომღაც, უკვე ისეთი გამაღიზიანებელი აღარ ჩანდა.პირიქით...მივხვდი, რომ იმ ამპარტავნულ გამომეტყველებას მიღმა, სინამდვილეში, ძალიან მხიარული ადამიანი იმალებოდა. მესამე გაჩერება - ის ჩემი დღეების ნაწილი გახდა საღამოს სახლში დაღლილი დავბრუნდი.ტელეფონი საწოლზე მივაგდე, შხაპი მივიღე და უკვე დასაძინებლად ვემზადებოდი, როცა ოთახის სიჩუმე ეკრანის შუქმა გააპო.შეტყობინება. გულგრილად გადავუსვი თითი ეკრანს.„თქვენ მეგობრობის მოთხოვნა მიიღეთ.“შენი სახელი ეწერა.რამდენიმე წამით ეკრანს შევყურებდი.იმ კაფიდან...იმ ზღვიდან...ახლა კი ჩემს ტელეფონამდე მოაღწიე.რომ მცოდნოდა, იმ პატარა შეტყობინებას მთელი ჩემი ცხოვრების მოპარვა და განადგურება შეეძლო...ალბათ ერთი წუთით მაინც დავფიქრდებოდი, სანამ ღილაკს „დადასტურება“ დავაჭერდი.იქნებ საერთოდაც წამეშალა.იქნებ ჩვენი ისტორია იმ საღამოსვე დასრულებულიყო...სანამ დაიწყებოდა.მაგრამ ადამიანებმა ხომ არ ვიცით, რომელ გადაწყვეტილებას მოაქვს ბედნიერება და რომელს - ყველაზე დიდი ტკივილი.მეც არ ვიცოდი.და ზუსტად იმ წამს, როცა მეგობრობის მოთხოვნა დავადასტურე...თურმე ბედისწერას ჩემი გულის კარი გავუღე.ერთი შეტყობინება მეორეს მიჰყვა,ერთი ღამე- მეორეს ერთი შეხვედრა - კიდევ ერთს.თავიდან ერთმანეთს მხოლოდ მაშინ ვწერდით, როცა რაიმე მიზეზი გვქონდა.მერე მიზეზები გაქრა.უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთისთვის მიწერა მიზეზს საერთოდ აღარ საჭიროებდა."დილა მშვიდობის." "ჭამე?" "დღეს როგორ ხარ?" სულ ეს იყო...მაგრამ რატომღაც, ამ რამდენიმე სიტყვაში მთელი დღე ეტეოდა.ერთხელ სამსახურში განსაკუთრებით რთული დღე მქონდა.ისეთი, როცა ყველაფერი ხელიდან გივარდება, ადამიანები უმიზეზოდ გიბრაზდებიან და წუთებს ითვლი, როდის დასრულდება ცვლა.იმ დღეს არაფერი მომიწერია.არც შენთვის.არც არავისთვის.საღამოს, როცა კაფიდან დაღლილი გამოვედი, კართან შენ დამხვდი.არც შეგიტყობინებია, რომ მოდიოდი.არც დაგირეკავს.ხელში მხოლოდ ორი ჭიქა ყავა გეჭირა. - ვიცოდი, დღეს ცუდი დღე გქონდა. - საიდან? - გამიღიმე. - დღეს არც ერთხელ არ მოგიწერია - იმ წამს პირველად მივხვდი...შენ უკვე ჩემს სიტყვებს კი არა, ჩემს სიჩუმესაც კითხულობდი.მას შემდეგ ისე შეუმჩნევლად, რომ ვერც ერთმა ვერ გავიგეთ, ერთმანეთისთვის ბევრად მეტი გავხდით, ვიდრე თავიდან ვგეგმავდით. უბრალოდ... ამის აღიარებას ორივე ჯერ კიდევ ვაგვიანებდით. მეოთხე გაჩერება - დასაწყისი ამბობენ, სიყვარულს ერთი კონკრეტული დღე არ აქვსო.არ არსებობს წამი, როცა საათს დახედავ და იტყვი: „აი, ზუსტად ახლა შემიყვარდა.“ის უბრალოდ მოდის... ნელა... შეუმჩნევლად...ისე, რომ ერთ დილას იღვიძებ და ხვდები - ვიღაც უკვე შენი ყოველი დღის ნაწილია.არც ის მახსოვს, პირველად ვინ ვის გამოუტყდა.არც ის, პირველად რომელმა ჩავკიდეთ ხელი.უბრალოდ ერთ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ მეგობრობა ჩვენს შორის უკვე ძალიან პატარა სიტყვა იყო.მას შემდეგ ქალაქი თითქოს მთლიანად ჩვენი გახდა.ყველა ქუჩას თავისი მოგონება ჰქონდა.ყველა კაფეს ჩვენი საყვარელი მაგიდა.საღამოები ყველაზე მეტად მიყვარდა.ზღვის ნაპირზე საათობით დავდიოდით.ხან ისეთ სისულელეებზე ვიცინოდით, რომ გამვლელები გაკვირვებულები გვიყურებდნენ.შენ ოცნებებზე მიყვებოდი.მე შიშებზე.შენ იცოდი, როგორ უნდა გაგეცინებინე მაშინ, როცა ტირილი მინდოდა.იცოდი, როდის მჭირდებოდა ჩახუტება.იცოდი, როდის უნდა გელაპარაკა...და როდის — უბრალოდ ჩემს გვერდით მდგარიყავი.ერთ დღეს წვიმამ ქუჩაში მოგვისწრო.გარშემო ყველა სადარბაზოსა და მაღაზიას აფარებდა თავს.ჩვენ კი შუა ქუჩაში ვიდექით და ისე ვიცინოდით, თითქოს წვიმა მხოლოდ ჩვენთვის მოდიოდა.იმ დღეს მითხარი - თუ ოდესმე ძალიან ცუდად გახდები, უბრალოდ დამირეკე და მნიშვნელობა არ ექნება სად ვიქნები, მაინც მოვალო...მაშინ ეს სიტყვები სამუდამო მეგონა.სიყვარულს ასეთი ჩვევა აქვს.გაჯერებს, რომ „სამუდამოდ“ მართლა არსებობს.ბედნიერება იყო, როცა დღის ბოლოს შენი სახელი ეკრანზე ჩნდებოდა.როცა ქუჩაში ხელს მიჭერდი.როცა ჩემს საყვარელ შოკოლადს დაუკითხავად ყიდულობდი.როცა ჩემს თვალებში ჩახედვა ისე გიყვარდა, თითქოს იქ მთელ სამყაროს ხედავდი.ყველაზე მეტად კი ის პერიოდი მიყვარდა, როცა არც წარსულზე ვფიქრობდით და არც მომავალზე.ჩვენ უბრალოდ ვცხოვრობდით.და გვეგონა, რომ ეს არასოდეს დასრულდებოდა.ალბათ ყველა სიყვარულს აქვს ერთი ასეთი გაჩერება...ადგილი, სადაც ყველაფერი იმდენად ლამაზია, რომ ვერც კი წარმოიდგენ, რამდენიმე გაჩერების შემდეგ ერთმანეთის გვერდით აღარ იქნებით.მაგრამ იმ დროს...ჩვენ ჯერ კიდევ გვჯეროდა, რომ ჩვენი გზა უსასრულოდ გაგრძელდებოდა... მეხუთე გაჩერება - იმედგაცრუება ჩემდა საუბედუროდ...ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი წელი და შვიდი თვე გაგრძელდა. ზუსტად იმდენი ხანი, რომ შენ ჩემი ყოველდღიურობა გამხდარიყავი.ზუსტად იმდენი, რომ მომესწრო შენთან ცხოვრების მიჩვევა.და ზუსტად იმდენი, რომ შენი წასვლის შემდეგ, ცხოვრება თავიდან მესწავლა.არ მახსოვს, იმ დღეს ცა როგორი იყო.არც ის, მზე ანათებდა თუ წვიმდა.ადამიანს, რომელსაც სამყაროს დასასრული უდგას, ამინდისთვის აღარ სცალია.მხოლოდ ის მახსოვს...რომ ერთ დღეს ყველაფერი თავდაყირა დადგა.უკან მოუხედავად წახვედი.არც ერთხელ შემოგიხედავს.არც ერთხელ გიკითხავს, როგორ გავაგრძელებდი ცხოვრებას იმ ადგილიდან, სადაც შენ გამაჩერე.ისე წახვედი, თითქოს არასოდეს ვყოფილვარ შენი ცხოვრების ნაწილი.თითქოს ის ერთი წელი და შვიდი თვე მხოლოდ მე დამესიზმრა.ყველაზე მეტად კი ის მაკვირვებდა, როგორი მარტივი აღმოჩნდა შენთვის წასვლა.მე კი...თითქოს გამჭვირვალე ქილაში გამომამწყვდიეს.გარეთ ისევ ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ ადამიანები.იღიმოდნენ.უყვარდათ.ჩქარობდნენ.გეგმებს აწყობდნენ.მზე ისევ ამოდიოდა.ზღვა ისევ ხმაურობდა.ქალაქი ისევ სუნთქავდა.მხოლოდ ჩემთან გაჩერდა დრო.ვხედავდი ყველაფერს...მაგრამ ვერაფერს ვეხებოდი.ვყვიროდი... მაგრამ ჩემი ხმა არავისთან აღწევდა.ყველაფერი შუშის მეორე მხრიდან ჩანდა.სამყარო ჩემგან სულ რამდენიმე სანტიმეტრში იყო...და მაინც მიუწვდომელი.ყველაფერი ისევ ისე იყო...მე კი...მე საკუთარი თავი გავწირე.ოთახის კარი გამოვიხურე.ნელ-ნელა ყველა და ყველაფერი დავტოვე.აღარ ვპასუხობდი ზარებს.აღარ მინდოდა ვინმესთან საუბარი.აღარც ზღვა მიხმობდა, აღარც ქუჩები, სადაც ოდესღაც ერთად დავდიოდით.ერთ დღეს სარკეში ჩავიხედე და საკუთარ თავს ვეღარ ვიცანი.ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ საკუთარ ოცნებებზეც კი უარი ვთქვი.იმ ოცნებებზე, რომლებიც შენამდე მქონდა.იმ გეგმებზე, რომლებიც ჩემს მომავალს ეკუთვნოდა.თითქოს ყველაფერი, რაც ჩემში ცხოვრობდა, შენს წასვლასთან ერთად აზრსაც კარგავდა.დღეები ერთმანეთისგან აღარ განსხვავდებოდა.ფარდებს აღარ ვწევდი.საათს აღარ ვუყურებდი.დროც თითქოს ჩემთან ერთად დაიღალა.მე კი ერთ სიყვარულს ვგლოვობდი...არა მხოლოდ ადამიანს.ვგლოვობდი იმ გოგოსაც, რომელიც შენამდე ვიყავი.იმ გოგოს, რომელსაც ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ სიყვარული ყოველთვის რჩება.რომ, "სამუდამოდ" მხოლოდ ზღაპრებში არ არსებობდა.ყველაზე მტკივნეული კი ის იყო, რომ შენ ჩემი ცხოვრების მხოლოდ ერთი თავი იყავი...მე კი მთელი წიგნი დაგიწვი.და იმ ფერფლთან ვიჯექი, რომელსაც სიყვარულს ვეძახდი... ბოლო გაჩერება ყველა მოგზაურობას დასასრული აქვს...ჩემსასაც ჰქონდა...ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როცა თითქოს უკვე ვისწავლე შენს გარეშე სუნთქვა...გავიგე, რომ შეგიყვარდა.არა ისევ მე.სხვა.არ მახსოვს, ვინ მითხრა.არც ის, როგორ გავიგე.მხოლოდ ის მახსოვს, რომ იმ რამდენიმე სიტყვამ ყველაფერი, რაც დიდი ძალით თავიდან ავაშენე, ისევ ერთ წამში ჩამომინგრია.უცნაურია...შენი წასვლა ერთხელ უკვე გადავიტანე.მაგრამ იმის გაგება, რომ შენი გული სხვამ დაიკავა...თითქოს მეორედ დამაკარგვინა.იმ ღამეს პირველად მივხვდი, რომ იმედი ყველაზე ჯიუტი გრძნობაა.მაშინაც კი, როცა საკუთარ თავს ყოველდღე უმეორებ, „აღარ დაბრუნდება“, სადღაც გულის ყველაზე ბნელ კუთხეში მაინც ცხოვრობს პატარა ბავშვური რწმენა..."იქნებ ოდესმე..."და სწორედ იმ საღამოს მოკვდა ეს "იქნებ."მივხვდი, რომ შენ აღარ იყავი ჩემი დაუმთავრებელი ისტორია.შენ უკვე სხვისი დასაწყისი გახდი.ყველაზე მეტად კი იმან მატკინა, რომ ოდესღაც იმ თვალებით, რომლებითაც მე მიყურებდი...ახლა სხვას უყურებდი.იმ ხელებს, რომლებშიც ოდესღაც ჩემი ხელი გეჭირა...ახლა სხვა ხელები ეპოვათ.და იმ სიტყვებს, რომლებიც ოდესღაც მე მეკუთვნოდა...ალბათ ახლა სხვას ეუბნებოდი.იმ ღამეს ბევრი ვიტირე.ალბათ უკანასკნელად.ეს იყო ამ მოგზაურობის ბოლო გაჩერება.ადგილი, სადაც საბოლოოდ მივხვდი,რომ ზოგჯერ ისტორია მაშინ არ მთავრდება, როცა ადამიანები ერთმანეთს შორდებიან.ის მაშინ მთავრდება, როცა ხვდები, რომ ის ადამიანი, ვისაც მთელი გულით ელოდებოდი...სხვასთან უკვე სახლშია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



