მეტამორფოზა (სრულად)
ის იყო, ჩემი ოთახის კარი შევაღე და ინსტიქტურად მოვისროლე ზურგჩანთა, რომ ბადრიც აყვირდა. (ხმაზე ვიცანი, თორემ სქელი ფარდებით ჩაბნელებულ ოთახში არავინ დამინახავს). _რას შვრები , მკლაავ რომ არ დამენახე?!? _ფუ, შენი!_საკმაოდ ხმამაღლა მომივიდა ძმაკაცის მისამართით უკმაყოფილების გამოხატვა. ღამის ცვლიდან დაბრუნებულს არა თუ მისი, საერთოდ არავის ხილვა არ მსურდა. ბადრი კი, ასე ვთქვათ, მოსიარულე შარი იყო და მის გადამკიდეს მთელი დღე მოსვენება აღარ მექნებოდა. _ვიცი, გაგიხარდა ჩემი დანახვა._(გაუგებრობებში მოხვედრასთან ერთად ზედმეტად გადაჭარბებული თვითშეფასების უნარიც ქონდა ვაჟბატონს)._მიდი, გამოიცვალე და წავიდეთ! კარის კუთხეში სასწრაფოდ მოვძებნე ჩამრთველი და ოთახი ეკონათურის მკრთალი შუქით გავანათე. მინდოდა, მისი სახე დაკვირვებით შემეთვალიერებინა. იქნებ, წინასწარ მაინც ამომეცნო დღევანდელი დღის მოვლენები. _ნუ მიყურებ იმბიცილის თვალებით... _იმბეცილი შე შტერო, იმ-ბე-ცი-ლი._უძილო და გადაღლილი კი ვიყავი, მაგრამ გრამატიკის მცირე კურსი მაინც ჩავუტარე მამიკოს ფულით ნაყიდ დიპლომის მფლობელს. _რა მნიშვნელობა აქვს?.. მიდი, გამოიცვალე, თორემ ისე ყარხარ, "ზაპრავკაზე" მგონია თავი. _ზუსტად იქიდან მოვდივარ. თუ არ იცი, გეტყვი, რომ 24 საათი ვიმუშავე, წუხანდელი უძილო ვარ და ახლა 1-2 საათით დაძინება არ მაწყენდა... _კაი ერთი, ნუ წუწუნებ ქალივით. სადაც მთელი ღამე გაძელი, იქ ეს ორი საათიც მიამატე. შენი დახმარება მჭირდება. _ჩხუბის და მუშტების ქნევის თავი არ მაქვს._კატეგორიული უარი გამოვუცხადე სავარაუდო "დახმარებაზე"._დავიღალე. იცი რა არის დაღლა? _გაგიკვირდება და ვიცი. შენ თუ იცი მეგობრის გვერდში დგომა რა არის? _რაც არ უნდა გაგიკვირდეს, ვიცი... და გიდგავარ კიდეც. _რანაირად? ახლაც დგახარ და მეწუწუნები. არც კი დაინტერესებულხარ იმით, თუ რაში მჭირდება შენი დახმარება. _ვიღაცის ცოლს, შეყვარებულს, ან დას რაღაც უხამსობა მიწერე და სიკვდილით გემუქრება. როგორც ყოველთვის, ახლაც გინდა რომ მთელი დარტყმები ჩემზე გადმოიტანო... შემეშვი. ამჯერად უარს გეუბნები. წადი და მარტო გაუმკლავდი თავმოყვარეობაშელახულ გამხეცებულ მამაკაცს. იქნებ, იმან მაინც გასწავლოს ჭკუა... არ ველოდი ჩემი ნათქვამი მიზანს ასე ადვილად თუ მიაღწევდა. თითქოს ენა გადაყლაპაო, დამუნჯდა და ლაპარაკის სურვილი დაკარგა. კარგა ხანს მიყურა ხმისამოუღებლად. მერე, ხელის ჩაქნევას სინანულის ოხვრა მოაყოლა. გზიდან უხეშად ჩამომიშორა, ისევ კარის ზღურბლთან რომ ვიდექი ბიუსტივით და წავიდა. ასე მოქცევა მისი სტილი არ იყო. ცივი უარის მიუხედავად მაინც შეეძლო ჩემი დაყოლიება. ინტერესმა მომენტალურად გადამადგმევინა უშველებელი ნაბიჯები. თვალისდახამხამებაში წამოვეწიე, გზა მოვუჭერი და წინ გავეჯგიმე. _რა გჭირს? _მეე?_თეატრალურად გაიოცა. _არა მე!_ვიგრძენი სიბრაზისგან როგორ მომეღრიცა ყბა. _აბა მე რა ვიცი? ეგ შენ თავს ჰკითხე._ვითომ ვერ მიმიხვდა ქარაგმას. ღამენათევს აქ უკვე საბოლოოდ მიმტყუნა წკიპზე დაკიდებულმა ნერვებმა. _იცოდე ნუ მეთამაშები!_მკაცრად გამოვცერი კბილებში და მეტი ეფექტისთვის მუშტი მოვუღერე. დავინახე როგორ შეცბა. წამიერად სიბრალულის გრძნობაც კი გამიჩნდა მის მიმართ. მით უმეტეს, რომ საცოდავად მოიღრიცა კისერი და ძლივს ამოღერღა, არაფერიო. _როგორ თუ არაფერი?_ახლა უკვე მისი მოხრჩობის სურვილი გამიჩნდა. _რას მიყვირი რომ მიყვირი? ჩემი ოცმეთაური კი არ ხარ?!_აქეთ შემომიტია._შენი დახმარება მჭირდება-თქო. შენ კი, დაღლილი ვარო. წავალ და მარტო მოვაგვარებ... _მარტო მოაგვარებ არა კვახი! ნუ სულელობ რაღაცას!_ქეჩოში ვწვდი და ჩემს ოთახში საცოდავი ლეკვივით აწკმუტუნებული შევათრიე. _ჰალკის ძალები რომ გაქვს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ძმაკაცზეც უნდა გამოიყენო!_იმის მაგივრად, რომ მშვიდად მოეყოლა რა პრობლემა ჰქონდა, ან რაში სჭირდებოდა ჩემი დახმარება, ჩვეული ბადრი დაბრუნდა ისევ._ ვიყო, შენი ხელით თუ არ მეწეროს სიკვდილი! როცა იქნება, ამომხდი სულს შენი ძალების არასწორად გამოყენებისას!_ცხელ ტაფაზე დაგდებული კალმახივით აფართხალებულმა ჩემივე სურვილით დააღწია ჩემს "ტორებს" თავი. _"მოთმინებითა შენითა"._ხმამაღლა გავამხნევე საკუთარი თავი. ძალდატანებითი სიმშვიდით გადავრაზე ოთახის კარი, რასაც ზურგით მივეყრდენი და დაველოდე, როდის ამოღერღავდა ჩემი ტვინისმბურღავი ძმაკაცი აღიარებას. ჩემს ჯინაზე ჩვეულებრივზე მეტ ხანს მომიწია ლოდინი. მარტო მისი კი არა, მასთან ერთად უკვე საკუთარი თავის მოხრჩობაც მინდოდა, ძალით რომ ავიტკიე აუტკივარი თავი. მან კი, სანამ გვარიანად არ შემამკო და სრულად არ გამოილია საკუთარ ლექსიკონში ჩემი შესამკობი ეპითეტები, მანამ არ დააყენა ჩემთან მოსვლის მიზეზის გამხელას საშველი... _რაა?!?_შეშინებულმა თითქოს ყურებს არ დავუჯერე რაც მითხრა. _რა რაა?!? _რაში გაყავი თავი?_მღელვარებისგან პირი გამიშრა და ძლივს ამოვღერღე სათქმელი. _შარი არა, ისა კიდე. _აბა?!_ცოტა დავიბენი. _ხომ იცი, რომ ყოველთვის ვერ ხარ ჩემს გვერდით. ისიც კარგად იცი, რომ შენნაირი ძლიერი მუტრუკი არ ვარ. ხო და, პატარა კაცს პატარა იარაღი მჭირდება თავის დასაცავად... არ ვიცი რამდენი ხანი დამჭირდა მისი ნათქვამის გასააზრებლად. _მერე და, რომელი ვიქტორ ბუტი მე მნახე?!_კი შემაშინა მისმა სურვილმა, მაგრამ ხუმრობა მაინც ვცადე. სახეზე აშკარად დაეწერა: "ეგ ვიქტორა ვინ ჩემი ფეხებია"-ო, მაგრამ თავი მაინც არ შეირცხვინა "მნიშვნელოვანის" არცოდნით. _სულ არ მაინტერესებს ხარ თუ არა ბუტი. მე იარაღი მჭირდება და შენ გამომყვები საყიდლად!_ისეთი მკაცრი და ოფიციალური ტონით მიბრძანა, რომ სულ წამიხდა მისი დახმარების ოდნავი სურვილიც კი. _შანსი ნულია!!!_ბოლოს მეც გავიმკაცრე ხმა._ჯერ ერთი, იარაღის ექსპერტი არ ვარ, რამე რჩევა მოგცე და მეორე, ამ გიჟსა და გადარეულს იარაღი გინდა? _ყველა შენნაირი შვარცნეგერი რომ ვერ არის, ამას ვერ ხვდები დავიჯერო? შენ ძლიერი ხარ, თავს დაიცავ და მე? მგონი ძალიან კარგად იცი, რომ ამ ბოლო დროს ვეღარ იცლი ჩემთვის? ვეღარ თუ აღარ, ესეც გასარკვევია და ამ თემასაც დავუბრუნდებით... საერთოდ თუ გიფიქრია ჩემზე? _რას ქვია, შენზე თუ მიფიქრია?_დაეჭვებულმა კატე კვლევის აპარატივით ავატარ-ჩავატარე გამჭოლი მზერა. _შენ მე გადამრევ! რას რა ქვია? ფიქრი არ იცი რა ხილია, თუ მე ვერ მცნობ? კონკრეტულად რას მოითხოვდა ჩემგან ვერ მივხვდი. მგონი მართლა იმბეცილის მზერით დავაჯილდოვე და ერთხანს ასეც ვუმზირე გაბეჩავებულმა. _აუ, ჩემი... საერთოდ რას მოვდიოდი შენთან რაა?_მოულოდნელად მეცა, გზიდან ჩამომიცილა და ჩემი ოთახიდან ისე გავარდა, თითქოს ცეცხლი ეკიდა. გაოგნებულმა გვიან გავაანალიზე რომ უკან უნდა გავყოლოდი. თუმცა, სანამ მე გარეთ გავედი, ის უკვე თავის "ლურჯა" ბეემვეში იჯდა და მოტორის საშინელი ღმუილით მიჰქროდა. ერთი პირობა მოტოციკლით გაკიდება გადავწყვიტე, მაგრამ მალევე გადავიფიქრე. უჩემოდ მაინც არსად წავიდოდა. უბრალოდ, ცოტას იქროლებდა აღმა-დაღმა, სიბრაზეს თუ გაბუტვას გაიქარწ....ბდა და ბოლოს ისევ მე მომადგებოდა ჭრიჭინასავით. დრო უქმად რომ არ დამეკარგა მისივე რჩევა გავითვალისწინე და აბაზანაში შევედი "ზაპრავკის" მყრალი სუნის ჩამოსარეცხად. მერე, ცოტას დავისვენებ-მეთქი, ვიფიქრე, და საწოლზე გულაღმა გავიშხლართე. გადაღლილი და უძინარი კი ვიყავი, მაგრამ მაინც არ მეგონა, თუ ისე მალევე ამოვუშვებდი ფშვინვას. *** _ოტია, შვილო, გაიღვიძე_ჩურჩულით დაძახილს თბილი ხელის შეხება და მსუბუქი შეჯანჯღარება მოჰყვა. თვალები გავახილე თუ არა, ოთახი საღამოს ბინდში ჩაფლული დავინახე და დაფეთებული წამოვჯექი. _ფუ, შენი... ამდენ ხანს მეძინა?_მოფარებული პლედი ხელის ერთი გაქნევით გადავიხადე და ფეხზე წამოვხტი. _ისე ტკბილად გეძინა, საჭმელადაც აღარ გაგაღვიძე._რატომღაც ისევ ჩურჩულით მომიბოდიშა ბებიამ._არ მინდოდა შენი გაღვიძება, მაგრამ... სტუმარი გყავს. _ის უჯიშო ბადრი მომადგა შესარიგებლად?_უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე და ოთახი ზლაზვნით დავტოვე._რისგან მოხდა, მიქელ-გაბრიელივით თვითონ რომ არ დამადგა თავზე მძინარეს და ბებიას მისცა ჩემი ადამიანურად გაღვიძების უფლება?_სახლიდან ბუტბუტით გავედი და გეზი პირდაპირ ჭიშკრისკენ ავიღე. ყურადღება არ მიმიქცევია ეზოს შუაგულში კაკლის ხეზე გაბმული ჰამაკისთვის. უფრო სწორად, კი დავინახე, რომ ქანაობდა, მაგრამ მაინც ჭიშკრისკენ წავედი. _მე ვარ... აქ ვარ..._ქალის ნაზმა ხმამ ერთ ადგილზე მიმალურსმა თითქოს. ვიცანი. მის ხმას ას კაცში გამოვარჩევდი, მაგრამ თავი მაინც მოვისულელე. _ვინ შენ? _კესანე._თითქოს დაიჩურჩულა, ჰამაკიდან წამოდგა და პირდაპირ ჩემსკენ გამოემართა. _რომელი კესანე?_კიდევ ვერ "ვიცანი". _კარგი ერთი, რამდენ კესანეს იცნობ?_ისე მომიახლოვდა, ლამის მკერდით შემეხო. ამას მერჩივნა, ისევ მისი ძმა მოსულიყო და სადმე მუშტების საქნევად წავეყვანე. მით უმეტეს, რომ ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი და ამან უარედად დამაფრთხო. _ნასვამი ხარ?_სასოწარკვეთილი დიასახლისივით დავპანიკდი. თან, უკან დავიხიე რატომღაც. _ჩემ ძმას რომ უსმინო, უშიშარი ბიჭი ხარ და მთვრალი გოგოების გეშინია ბიჭო?_ნაძალადევად გადაიკისკისა და იმ ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა, რითიც დავშორდი. ასეთი არასდროს მენახა. მგონი, სიამოვნებდა ჩემი უმწეობის ყურება. კარგა ხანს მომჩერებოდა და ტკბებოდა. ბოლოს კი, ალბათ მაინც შევეცოდე და დასერიოზულდა: _ინტერნეტმა გაჭედა. უსაფრთხოების კამერებსაც რაღაც დაეტაკა. შენი დახმარება გვჭირდება. _ახლა?_საქმიანად დავიხედე მაჯის საათზე._რომ არ მცალია? _უნდა მოიცალო._ახლა კატეგორიული ტონით მთხოვა._მეგობრები მესტუმრნენ... ქალაქელების ამბავი კიდე არ იცი? აწუწუნდნენ, ესეო, ისეო, ცივილიზაციას მოწყვეტილები ვართო... იცოდე, მათ ყბაში ნუ ჩამაგდებ. კეფა ნერვიულად მოვიქექე. თან, უაზროდ მიმოვიხედე. _ფეხით ხარ?_ჭიშკართან ვერანაირი ტრანსპორტი რომ ვერ შევნიშნე, უარესად შევშფოთდი. _ხო. ალექსა სურსათ-სანოვაგის მოსატანადაა თბილისში. ალბათ, ხვალ ამ დრომდე ვერ ჩამოვა. სოსო თევზის საკვებზეა. შენი თავქარიანი ძმაკაცი კი, მხოლოდ ღმერთმა უწყის სად დაიარება. ელზას ჯიპი აქედან მოშორებით ჩამიქრა და ვეღარ დავქოქე. მოკლედ, ბევრ რამეში მჭირდება შენი დახმარება და უარს არ მივიღებ. გაყოლვა არ მინდოდა. შინაგანი ხმა უკან მექაჩებოდა თითქოს, მაგრამ არც მისი წყენინება მინდოდა. _კარგი, წამოვალ._როგორც იქნა დავთანხმდი და ოთახში საჭირო ხელსაწყოების ასაღებად შევბრუნდი. ბებია ფანჯარასთან ატუზულიყო და მალულად ცდილობდა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. ფაქტზე რომ წავასწარი, შეკრთა. _გვიან დავბრუნდები, არ მელოდო._არსებული სიტუაციით ნერვებ მოშლილმა ცოტა უკმეხად დავუბარე. (არ იმსახურებდა, მაგრამ... მაინც. ასე ვთქვათ, მასზე ვიყარე ჯავრი). ზურგჩანთა მხარზე მოვიგდე და მთვრალი კაცის არეული ნაბიჯებით მივაშურე ფარეხს მოტოციკლის გამოსაყვანად. კესანეც უკან მომყვა. ოღონდ, ვერ გავიგე როდის და შემობრუნებისას შემთხვევით რომ შევასკდი, გვარიანად შევკრთი. _ბოდიში, ვერ დაგინახე._თან, თითქოს ცხელი კარტოფილი უდევს პირშიო, ძლივს ამოვილუღლუღე. _რატო მებოდიშები?.. ან, ასეთი დაძაბული რატო ხარ?_რა მიზნით გამოიწვდინა ხელი არ ვიცი, მაგრამ მე საკმაოდ დაზაფრული გავუხტი განზე. ნამდვილად ალკოჰოლი ათამამებდა. მისი ზემოქმედება ურევდა ტვინს და საღი აზროვნების უნარს უკარგავდა, თორემ ის ასეთი არ იყო. მით უმეტეს, ჩემთან მიმართებაში. ან, როგორ იჯდა ასეთი ნასვამი საჭესთან? _აქედან შორს ჩაგიქრა მანქანა?_შევეცადე სიტუაციისთვის სხვა მსვლელობა მიმეცა. _ფეხით შორია, თუ ეს გაინტერესებს. ძლივს მოვაღწიე აქამდე. _კარგი, წავალ. ვნახავ რა სჭირს._ვთქვი და ჩაფხუტი მოვირგე. _მოიცა, მე აქ მტოვებ?_თითქოს გაბრაზდა._არ დავრჩები იცოდე._მეორე ჩაფხუტი მან მოირგო და უკან შემომისკუპდა._ნუ გეშინია, არ ვიკბინები._თან, ისე მჭიდროდ მომხვია მკლავები და ისე ძლიერად მომეწება თავისი მკვრივი მკერდით, რომ მისი გულისცემა გარკვევით გავიგონე. სუნთქვა შემეკრა. აშკარად ვიგრძენი სისხლში ტესტოსტერონის მატება. იმ ფაქტმა, რომ მამაკაცურ ჰორმონებს ვერ ვაკონტროლებდი, საშინლად გამაცოფა საკუთარ თავზე. ბადრის და იგივე ჩემი და იყო და მასზე როგორ შემეძლო სხვანაირად ფიქრი? აღელვებულმა ძლივს მოვახერხე გასაღების მორგება. ძრავა რის ვაი-ვაგლახით ავამუშავე და ამ სიტუაციისთვის თავი მალე რომ დამეღწია, რაც შემეძლო მთელი სისწრაფით გავაქროლე მოტოციკლი. ალბათ, ოკეანეში დაკარგულებს არ გაახარებდათ ჰორიზონტზე მაშველების დანახვა ისე, როგორც მე გამიხარდა გზად იმ ჩემი თავქარიანი ძმაკაცის მოულოდნელი გამოჩენა. დამინახა თუ არა, მაშუქები ამიციმციმა. მეც გახარებულმა დავამუხრუჭე. _საით გაგიწევიათ?_როგორც ყოველთვის, არც ახლა გადმოვიდა მანქანიდან და მე ვეახელი. ამჯერად კი, ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე._კესანეს აქ რა უნდა? გამიკვირდა, ამ სიბნელეში, თანაც ჩაფხუტში, როგორ იცნო-მეთქი. _დედაჩემის სუზუკი ღელესთან ვნახე._ცნობისმოყვარეობა მალევე დამიკმაყოფილა._რა ხდება, ხომ მშვიდობა აქვს? _კამერებს რაღაც პრობლემები აქვსო, ჩემს წასაყვანად მოდიოდა და გზაში გაჩერებულა._სიტყვა-სიტყვით კი გავიმეორე, თანაც დამაჯერებლად მისი დის ნათქვამი, მაგრამ მან რამდენად დაიჯერა, არ ვიცი. მივხვდი, ეჭვნარევი მზერით რომ გამბურღა. მერე კი, მოულოდნელად "დაბროზე" წამოვიდა. _კარგი, უთხარი, ჩემთან გადმოჯდეს და წავიდეთ. ისეთი შვებით ამოვისუნთქე, თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნათ ჩემთვის მხრებიდან. გახარებული შევბრუნდი. თუმცა, კესანე უკვე ჩამოსულიყო მოტოციკლიდან და ჩვენი მიმართულებით მონარნარებდა. გვერდით ისე ჩამიარა, ზედაც არ შემოუხედავს. მანქანის უკანა კარი გამოაღო და მოხდენილად ჩაჯდა. (ალბათ, მის ძმას ალკოჰოლის სუნი რომ არ ეგრძნო, იმიტომ). ელზას მანქანას არაფერი სჭირდა. ბადრიმ გასაღები გადაატრიალა თუ არა, ძრავი მაშინვე აწიკწიკდა შვედური საათივით. _აჰა, დარწმუნდი რომ მანქანების არაფერი გაგეგება?_წყრომით მიუბრუნდა დას._იმას მაინც თუ შეძლებ, რომ მშვიდობით მიხვიდე სახლამდე? _რას ქვია, თუ შევძლებ?_აქ უკვე თავმოყვარეობა შეელახა თითქოს კესანეს. გაბრაზებული მიუჯდა საჭეს და პროფესიონალი მრბოლელივით გაიჭრა წინ. _რა ეტაკა ამ გოგოს?_ჩემზე მეტად გაოცებული ბადრი თავის მანქანაში წამებში ჩახტა და დას კუდში აედევნა. მე გარკვეული დისტანცია დავიჭირე და ისე მივყევი ორივეს. ცოტა ექსტრემალური მომენტები კი გვქონდა, მაგრამ მაინც მშვიდობით მივაღწიეთ ადგილამდე. ვფიქრობ, ძმის საყვედურები რომ აერიდებინა, სასწრაფო წესით მიტომ გადმოხტა კესანე მანქანიდან და უკანმოუხედავად გაიქცა. _რა ბზიკმა უკბინა?_ბადრიმ გაოცებული მზერა გააყოლა. მერე, მოულოდნელად მე მომიბრუნდა._ხომ არ იჩხუბეთ? _რატო უნდა გვეჩხუბა ვითომ?_მე საჩემოდ გავიოცე._არაფერია, გადაუვლის. უმცროსი დის ამბავი არ იცი?_თითქოს ამ საქმეში გამოცდილი ექსპერტი ვყოფილიყავი._წამოდი, კამერებს და ინტერნეტს მივხედოთ. დაეჭვებული კი გამომყვა, მაგრამ მალევე დავივიწყეთ ეს ამბავი. პირადად მე მხოლოდ რამდენიმე წუთი დამჭირდა ინტერნეტის პრობლემაში გასარკვევად. (მივხვდი, მანქანის მსგავსად ესეც გაჩალიჩებული თემა იყო). თუმცა, ბადრი უარესად რომ არ დამეეჭვებინა, განზრახ გავწელე საქმე და სადღაც ერთი საათი მოვანდომე მის "შეკეთებას". მერე კი, ტბის პირა ღია ვერანდაზე დავსხედით და ნაკვერჩხალზე შემწვარი კალმახის მოლოდინში თითო კათხა ლუდი ავიღეთ. სეზონი ჯერ გახსნილი არ იყო. დამსვენებლები არ ჩანდნენ და საოცარი სიწყნარე და სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ. არც ხმამაღალი მუსიკა იყო ჩართული, არც სხვადასხვა კუთხური დიალექტი ისმოდა ყოველი კუთხე-კუნჭულიდან. მხოლოდ, რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებელი, ასე ვთქვათ, "მუდმივი კლიენტები" ვისხედით და ჩვენთვის მშვიდად ვმუსაიფობდით. ერთ კათხას მეორე მოყვა. მას კი, მადისაღმძვრელად დაბრაწული კალმახი და ის იყო, უნდა დაგვეგემოვნებინა, რომ ვერანდაზე ორი უცნობი გოგო გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი დაჟინებით მომჩერებოდა. მეორეს კი, მე თვითონ ვერ მოვწყვიტე თვალი. მაისის მიუხედავად ჯერ კიდევ გვარიანად გრილოდა, მას კი ისე შილიფად ეცვა, რომ მის მაგივრად მე გამაკანკალა. ისეთი ნაბიჯებით მოდიოდა, თითქოს პოდიუმზე იდგა. გრილი სიო თამამად ურხევდა სარაფანის კალთებს, მაგრამ ის აინუნშიც არ აგდებდა ამ ფაქტს. წაბლისფერი წვრილი ნაწნავები ლამის წელამდე სწვდებოდა და ასე მეგონა, პირდაპირ ბრაზილიის კარნავალიდან მოდიოდა. _ოე, დორბლი მოიწმინდე ბიჭო._ბადრის ნასროლი რაღაც პირდაპირ შუბლში მომხვდა. გაბრაზებულმა თვალები ისე დავუბრიალე, ლამის ბუდიდან ამომიცვივდა. _რა გჭირს, რას მარცხვენ? უნახავივით რატო იქცევი? ქალს პირველად ხედავ? მობრუნდი და თავი ისე დაიჭირე, ვითომ არ გაინტერესებს. აი, ნახავ, თვითონ თუ არ მოინდომეს ჩვენთან მოსვლა. მთლად ბადრის წინასწარმეტყველებას ვერ მივაწერ, მაგრამ სანამ მე მას ვუბღვერდი, ის ორი გოგო მართლაც ჩვენთან მოვიდა _შეიძლება, შემოგიერთდეთ? _რატომაც არა, დაბრძანდით._ჩემგან განსხვავებით ბადრი მაშინვე დაფაცურდა. წამოხტა და სათითაოდ შესთავაზა გოგოებს ხის მასიური მძიმე სკამები. _შენ კი გვეპატიჟები, მაგრამ შენს მეგობარს აშკარად არ უნდა ჩვენი კომპანიონობა._ის გოგო, რომელმაც ვერანდაზე ფეხის შემოდგმისთანავე შემჭამა თვალებით, ახლაც დაჟინებით მომჩერებოდა. _ვისა, ოტიას?_მსახიობური ნიჭით დაჯილდოვებულმა ბადრიმ ხმამაღლა გაიცინა._ამას დაბადებიდან ასეთი როჟა აქვს, თორემ წეღან მეუბნებოდა, ის ლამაზი გოგოები ჩვენთან დავპატიჟოთო. _ოტია?.. რა იშვიათი სახელია._ახლა ჩემს სახელზე გაამახვილა გოგონამ ყურადღება._გემოვნებიანი დედა გყოლია, ასეთი სახელი რომ დაურქმევია შენთვის... დედაჩემის ხსენებაზე გუნება წამიხდა. არასდროს მიყვარდა ის ქალი, ვინც მხოლოდ გამაჩინა, დედობა არ გამიწია და მამაჩემის ხსოვნა შებღალა. მახსოვს, ხუთი წლის ვიყავი, სხვა კაცს რომ გაეკიდა და მის გამო მიმატოვა... _მე, მარგო ვარ. მეც დედამ შემირჩია სახელი._აშკარად ლაპარაკის ხასათზე იყო ჩემით საეჭვოდ დაინტერესებული გოგო. _წავალ, რამეს შევუკვეთავ._ამ საუბრისთვის თავი რომ ამერიდებინა, ფეხზე წამოვდექი._რას მიირთმევთ?_მრავლობითში კი ვიკითხე, მაგრამ მხოლოდ ნაწნავებიან გოგონას მივაჩერდი. _ეს ადგილი მაყალზე შემწვარი კალმახითაა ცნობილი და სხვა რამ ალბათ წარმოუდგენელიცაა შევუკვეთოთ._ისევ მარგომ გამოიჩინა ინიციატივა და ალაპარაკდა. _ეგ თავისთავად და სასმელი?_მე ისევ ნაწნავებიან გოგონას ჩავეკითხე. _ჩემთვის ლუდი. თაიას კი, რამე ძლიერი წამოუღე. _თაია?_კმაყოფილს ჩამეღიმა._აი, იშვიათი და უცნაური სახელი თუ გინდა. თან, როგორ უხდება..._მგონი, ნამეტანი ხმამაღლა მომივიდა გაფიქრება, რადგან ბადრის კმაყოფილი ჩაცინება ყურში მწარედ მომხვდა. _აბა, ხომ არ მოიწყინეთ?_მოულოდნელად თითქოს არსაიდან გაჩნდა ელზა და გოგოები გულთბილად მოიკითხა. _სულაც არა. ზღაპრული ადგილის მფლობელები ხართ. ძალიან მომწონს._მარგომ კმაყოფილი მზერა მოავლო სიბნელეში ჩაფლულ შემოგარენს. _კარგია, მაგრამ ბევრი კოღოა._აქამდე ჩუმად მყოფმა თაიამ უკმაყოფილო ტონით დააფიქსირა საკუთარი აზრი. _კოღო კი არის, მაგრამ არც იმდენი, რომ კატასტროფულად შემაწუხებელი იყოს. შენც ცოტა ისე ჩაიცვი, რომ აღარ დაგკბინონ._მის ჩაცმულობაზე გაამახვილა რატომღაც მარგომ ყურადღება. (მგონი, ჩემი მზერა დაიჭირა, თამამ დეკოლტეში ურცხვად რომ ვუძვრებოდი მის მეგობარს). _იცოდით, რომ კოღომ ზომიერება არ იცის?_არ ვიცი, სიტუაცია რომ განემუხტა იმიტომ, თუ უბრალოდ რაღაცის ცოდნა უნდოდა რომ გამოემჟღავნებინა ორატორული ნიჭით დაჯილდოვებულ ბადრის. თითქოს, ტრიბუნასთან დგასო, ისე გამოვიდა სიტყვით._სისხლის წოვას რომ დაიწყებს და არ გააქშევ, იმდენს ამოგწოვს, რომ ბლოში გასკდება და თავისით მოკვდება... _ფუ, რა საზიზღრობებს ყვები შვილო... ეგ საიდან მოიტანე?_სახე სასაცილოდ დაემანჭა ელზას. _კი, მასეა._მარგომ ბადრის დაუჭირა მხარი და ვერ წარმოიდგენთ, რა კმაყოფილება გამოეხატა ამ თავქარიანს სახეზე. მართლაც გადაიბადრა. _ფეხზე რას დგახარ, რატო არ დაჯდები?_ახლა ჩემით დაინტერესდა ელზა. _შეკვეთაზე მივდიოდი._დავფაცურდი. _დაჯექი, ბადრი გამომყვება._ისეთი სახით მითხრა, თითქოს მერხთან დაჯდომას მთხოვდა. _მე რატო?_საშინელი პროტესტის გრძნობა გაუჩნდა ბადრის._კესანე სად არის? მოსვლის წუთიდან მისთვის თვალი არ მომიკრავს. ან, ის ცინგლიანი ღლაპი სად დაიკარგა, მიმტანად რომ უნდა მუშაობის დაწყება? _იმას სხვა საქმე აქვს, შეეშვი. შენ კი, ადექი, გელოდები. _ოტია წაიყვანე. მაინც ფეხზე დგას._ცოცხალი თავით არ დათმო პოზიცია ბადრიმ. _ადექი-მეთქი, სტუმრის პატივისცემა იცოდე._აშკარად გაბრაზდა ელზა. _ოტია რა სტუმარია? უნდა ითქვას, ჩვენი ოჯახის წევრია... უცხო გოგოებთან მათი ჩვეული კინკლაობის გამო მე შემრცხვა. _პრობლემა არაა, წამოვალ._რომ იტყვიან, ძალით შევაჩეჩე ქალს ჩემი თავი. უარი ვეღარ მითხრა. ხელკავი გამომდო და ბედს შეგუებულმა წამიყვანა. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგით, მოულოდნელად შეჩერდა და მეც შემაჩერა. _ხვალ ხომ არ მუშაობ? არა-მეთქი, ვიუარე. თან, ინტერესით შევხედე. ვითომ, რაში აინტერესებდა ჩემი სამუშაო განრიგი? _იქნებ, გოგოები სადმე გაასეირნოთ? მინდა, საუკეთესო შთაბეჭდილებები ქონდეთ და არასდროს დაავიწყდეთ ჩვენი მხარე... თაიასთან ერთად მოსალოდნელი ვოიაჟის შესაძლებლობა რომ გამიჩნდა, არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. უკვე ოცნებებში გადავარდნილი მივუახლოვდით სამზარეულოს. შეკვეთა ელზამ გააკეთა. თანაც, დაწესებულების ხარჯზე. დავეჭვდი. მე ბადრის მეგობარი ვიყავი და ყოველთვის ასე ხდებოდა, მაგრამ ის ორი გოგო? და ზუსტად იმ წამს გამინათდა გონებაც: ზუსტად ესენი იყვნენ კესანეს მეგობრები. ელზამ უხვად დამიწყო მოზრდილ სინზე მისივე თქმით, ქალაქელების საყვარელი საჭმელები, დანარჩენს მე თვითონ მოგართმევთ მოგვიანებითო და სულ ციმ ციმ გამომისტუმრა. შორიდანვე დავინახე ლაპარაკის ეშხში შესული ბადრი რა ემოციებით და ჟესტიკულაციით ყვებოდა (სავარაუდოდ) თავის საგმირო ამბებს. გოგოები კი, გვარიანად კისკისებდნენ. არასდროს მშურდა მისი, მაგრამ ახლა შემშურდა. მგონი, თაიას გამო. არანაირ ყურადღებას რომ არ მაქცევდა მე და ბადრის აბდაუბდაზეც კი გულიანად კისკისებდა. მარგო მალევე მიხვდა, რა მოუხერხებელიც ვიყავი. უთქმელად წამოხტა და თვალის დახამხამებაში ლაზათიანად გააწყო სუფრა. ცარიელი სინი კი, იქვე, მეზობელ მაგიდაზე დადო. _და ჩემი სასმელი?_აქამდე რომ ისე მაიგნორებდა თაია, საკუთარ არსებობაში მეპარებოდა ეჭვი, ახლა ისეთი ინტერესით და დაჟინებით მომაჩერდა, გაწყვეტილი მძივივით დავიბენი. _ყველაფერს ერთნაირად ხომ ვერ წამოიღებდა?_უმალ კბილებით დამიცვა მარგომ. ეს გოგო ჩემით რომ იყო დაინტერესებული, ამას მისი გამოჩენისთანავე მივხვდი, მაგრამ ახლა იმასაც მივხვდი, რომ სამართლიანზე სამართლიანიც იყო. _ოტია ჯანსაღი ცხოვრების სტილით ცხოვრობს და სასმელებს დიდად არ სწყალობს. აიღე დაიღე, ერთი კათხა ლუდი მოწრუპოს. ასე, რომ სერიოზულ სასმელს მე მოვიტან._ისე მედიდურად წამოიმართა ბადრი, თითქოს ქვეყნის ბედი მის ხელთ იყო. თვალი ჩამიკრა და ბარის ნაცვლად თავისი საცხოვრებელი კოტეჯის მიმართულებით წავიდა. არ გავიდა ხუთი-ათი წუთი, რომ ბოთლით დაბრუნდა. _ოჰო, კაჩაჩელი? შენ უკვე აღარ ხუმრობ._აღფრთოვანებულმა თაიამ ბოთლი ჩამოართვა და კმაყოფილმა შეატრიალ-შემოატრიალა._მართლაც რომ ყველაზე ძლიერი სასმელია ბარში. 81 გრადუსი ალკოჰოლი. თუმცა, ბახუსის სინდრომი ნოლი... არ მითხრა ახლა, რომ დამსვენებლებს ამ სასმლის სუფთა ვარიანტს სთავაზობთ და არაფერში უზავებთ. _როგორ მიყვარს, გოგო რომ სასმელებში ერკვევა._აღფრთოვანება ვერ დამალა ბადრიმ. _თაია მარტო კი არ ერკვევა, უყვარს კიდეც._ეს უფრო გესლი იყო მარგოს მხრიდან, ვიდრე მეგობრის მისამართით ნათქვამი კომპლიმენტი, რომელიც საერთოდ არ შეიმჩნია თაიამ. არ მგონია, გულზე ოდნავადაც არ მოხვედროდა მისი ტონი, მაგრამ უბრალოდ, იმ მომენტში არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. მათ შორის დაძაბულ მუხტს აშკარად ვგრძნობდი და მიკვირდა, რანაირი მეგობრები იყვნენ. თითქოს, იძულებით მეგობრობდნენ ერთმანეთში. პრინციპში, მასე მე და ბადრიც კი ვიყავით, მაგრამ მათი ურთიერთობა მაინც სულ სხვა იყო. გვიანობამდე ვისხედით ვერანდაზე და ვლაპარაკობდით. უფრო სწორად, ბადრი და მარგო არ აძლევდნენ არავის ხმის ამოღების საშუალებას. თითქოს, მორიგეობა ჰყქონდათ ჩამოყალიბებული და ერთი რომ იღლებოდა, მეორე აგრძელებდა. ჩემთვის დიდად საინტერესო თემებს არ განიხილავდნენ, მაგრამ იძულებით მაინც ვისმენდი და მათ უკბილო ხუმრობებზე სასაცილოდ ვიღრიჭებოდი. არ მინდოდა თაიას თვალში უჟმური ტიპი გამოვჩენილიყავი, როგორც ეს ბადრიმ აღნიშნა ხუმრობით. ჩემს ძმაკაცს აშკარად ეტყობოდა, რომ მარგო მოსწონდა. ის კი, უფრო ჩემით იყო დაინტერესებული. მე თაია მიზიდავდა, მაგრამ ის ბადრის შეჰყურებდა აღფრთოვანებული... მოკლედ, უიღბლო ოთხეულის ხროვა ვიყავით და მეტი არაფერი. გრილმა სიომ საიდანღაც ნაცნობი სურნელი მოიტანა. სანამ რამეს გავიაზრებდი, ჩემს წინ მჯდომ თაიას აშკარად შეეცვალა გამომეტყველება. უფრო გამხიარულდა თითქოს და ჩემი თავის იქით რაღაცას თუ ვიღაცას გაუსწორა მზერა. _ხვალინდელი დღის განრიგი ხომ არ განიხილეთ უკვე?_კესანეს ხმაც გავიგონე. სულ მალე კი, მარგოს გვერდით სკამი გამოაჩოჩა და მოხდენილად ჩამოჯდა. ნამდვილად რცხვენოდა თავისი საქციელის გამო და თვალს მარიდებდა. ალბათ, გოგო რომ ვყოფილიყავი, მეც შემრცხვებოდა სიმთვრალეში ჩემი დაუფიქრებელი ნაბიჯების. _ამაზე კარგი რა უნდა ვნახოთ ვითომ?_ვერ მივხვდი, თაიამ ტბა იგულისხმა, თუ სასმელი. ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და სიამოვნებით მოსვა ერთი ყლუპი. _გუგლი მაპში ვნახე, აქვე ახლოს ოფიტარას ჩანჩქერი ყოფილა. პირადად მე დიდი სიამოვნებით ვნახავდი._მარგომ ისევ მე შემომხედა._რას იტყვი? _რა უნდა ვთქვა?_უაზროდ ავიჩეჩე მხრები._თუ ექსტრემის მოყვარულები ხართ, მშვენიერი არჩევანია. _ექსტრემი, მთის ბილიკი, სახიფათო სილამაზე და თვითონ ხიფათიც კი, მარგოს ჰობია._ახლა თაიამ გამიყარა თვალი თვალში._იქ თუ ცურვა შესაძლებელი იქნება, მეც თანახმა ვარ... _კი, საცურაოდ მოწყობილი ადგილებიც არის._დავეთანხმე. _კიდევ კარგი, თორემ, აქ რომ მოვდიოდი, მეგონა, ცურვა შეიძლებოდა. თურმე არაო, მარტო თევზებმა უნდა იცურონო. რომც მოიწადინო და ჩახტე, პირანიებივით გამოგეკიდებიან და იქნებ შეგჭამონ კიდეც._საგრძნობლად გამხიარულდა თაია და თითქოს ეშინიაო, ისე დააჭყიტა თვალები. აქამდე თუ მარტო ბადრი არსებობდა მისთვის, ახლა რატომღაც ჩემითაც დაინტერესდა. არ გამოვრიცხავდი, რომ სასმლის ბრალი იყო, მაგრამ მე სულ სხვა ეჭვები მღრღნიდა და ის არ მაძლევდა მოსვენებას. კესანე საუბარში დიდად არ ჩართულა. ათაში ერთხელ რამეს თუ შეეკითხებოდა მარგო, პასუხს კი უბრუნებდა მაგრამ ფიქრებით თითქოს სხვაგან იყო. მგონი, ნაბახუსევიც აწუხებდა და ამიტომ ვერ იყო ჩვეულ ფორმაში. მე ისევ თვალს მარიდებდა და რაც იქ ვიყავით, წამითაც კი არ შემოუხედავს ჩემთვის. შევთანხმდით, თაიას დროით დილის თორმეტი საათისთვის წავსულიყავით ჩანჩქერის სანახავად. *** ღამე იქ დავრჩი. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ელზამ მაინც არ გამომიშვა, ნასვამი ხარ და გზაში არაფერი მოიწიოვო. კოტეჯის ერთ-ერთ ნომერში დამაბინავა და მშვიდი ძილი მისურვა. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ხშირად ვრჩებოდი მათთან და ტკბილადაც ვიძინებდი, მაგრამ იმ ღამით რა დამემართა, არ ვიცი. ვერა და ვერ მოვისვენე. ნერვიულად ვბორგავდი. მგონი, მოსალოდნელი ვოიაჟი მაღელვებდა გოგოებთან ერთად. ამიტომ, ინათა თუ არა, სახლში გამოვიპარე. ჩემს საწოლს თითქოს მაგიური ძალა ქონდა. გავიშხლართე და მაშინვე ამოვუშვი ფშვინვა. ბებიამ, როგორც ყოველთვის, არც ახლა გამაღვიძა. არც ბადრი დამადგა თავზე მიქელ გაბრიელივით და ჩემით რომ გავაჭყიტე თვალები, ათი ხდებოდა. სასწრაფო წესით წამოვხტი და სულ ღიღინ-ღიღინით მივიღე აბაზანა. წვერიც სუფთად გავიპარსე. რამდენიმე ხელი ტანსაცმელი უკმაყოფილო სახით მოვიზომე სარკის წინ. ბაქიაობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ისეთი აღნაგობა მაქვს, ყველაფერი მიხდება, მაგრამ იმ მომენტში ვერაფერი მოვიხდინე. ბოლოს, გახეხილ ჯინსსა და შავ მაისურზე შევჩერდი და ის იყო, ეზოში გამოვედი, რომ ბადრის მანქანაც შეჩერდა ჭიშკართან. მაგნიტოფონს იმხელა ხმაზე ამღერებდა, არე-მარეს აყრუებდა. მინდოდა, საყვედური მეთქვა, რა დისკოტეკით დადიხარ, ცოტა ხმას დაუწიე-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი. მანქანის უკანა კარი გაიღო და მარგო გადმოვიდა. _აქ ცხოვრობ?_შემოგარენს ინტერესით მოავლო მზერა._მშვენიერი სიმყუდროვეა._მომიწონა. მერე, ჩემზე შეაჩერა კმაყოფილი მზერა._ვაუ, რა სიმპო ხარ._თან, მოზრდილი მზის სათვალე ოდნავ ჩამოიწია ჩემს უკეთ შესათვალიერებლად._ქალების გულთამპყრობელი ხარ პირდაპირ._გულღიად გადაიკისკისა და მგონი ყველას დასანახად ჩამიკრა თვალი. _კომპლიმენტისთვის ერთი მადლობა მაინც გეთქვა._ჩვეული ირონიით შემარცხვინა ძმაკაცმა._თუ, თავი მართლა ალენ დელონი გგონია? მივხვდი, ეჭვიანობდა და ამიტომაც იგესლებოდა. ამჯერად უკვე მე ჩამეღიმა კმაყოფილს და ამ გამომეტყველებით მოვკალათდი მანქანის წინა სავარძელზე. თან, უკან მჯდომ გოგოებს: თაიას და კესანეს გულთბილად მივესალმე. მთელი გზა მარგო არ გაჩუმებულა. ინტერნეტში მოძიებულ ცნობებს ოფიტარას შესახებ ისე გვამცნობდა, თითქოს ჩვენ ვიყავით სტუმრები და ის აქაური მკვიდრი. ნამდვილად არ მოგვიწყენია. თითქმის ნახევარსაათიანი მგზავრობის მერე გზისპირზე გავჩერდით და ახლა ფეხით განვაგრძეთ გზა. ხის მოძველებული საფეხურები უსაფრთხოების განცდას ნამდვილად არ მიქმნიდა. წინ მარგო მიდიოდა. მერე ბადრი. მას თაია მიჰყვებოდა. მინდოდა ჩემზე წინ კესანე გამეშვა, მაგრამ რაღაც მოიმიზეზა და უკან ჩამოგვრჩა. ასე რომ მე თაიას მივყვებოდი უკან. მოკლე შორტებში მთელი თავისი სიდიადით მოუჩანდა გარუჯული ფეხები. ბადრის ლექსიკონი რომ გამოვიყენო, ზუსტად რომ დორბლმორეული შევყურებდი. ეს გოგო რაღაც სასწაულ ვნებას აღვიძებდა ჩემში. ან, იცოდა, როგორ უნდა გაეგიჟებინა კაცი და ჩემზე ზემოქმედებას ახდენდა. ვაღიარებ, თავიდან მისი პირველი ინტერესის ობიექტი ბადრი იყო, აშკარად ეპრანჭებოდა კიდეც, მაგრამ მან მარგოს რომ დაადგა თვალი, მერე უკვე ჩემზე გადმოერთო. ასეთ არაპროგნოზირებად ქალებთან ყოველთვის დისტანციას ვიჭერდი, მაგრამ თაია სულ სხვა იყო თითქოს. მით უმეტეს, წუხანდელს აქეთ აშკარად ვგრძნობდი, რომ მაცდურად მიღიმოდა. ლაპარაკის დროს თვალებში მიყურებდა და ხანდახან, ვითომ შემთხვევით, სხეულით მეხებოდა. ჩემ წინ კისკისით მიმავალს მოულოდნელად ფეხი დაუცდა. ნამდვილად არ წაიქცეოდა და კიბიდან არ დაგორდებოდა, მაგრამ მე მაინც სუპერგმირობა ჩავიდინე. წამის მეასედში გავჩნდი მასთან და ჩემს მკლავებში მოვიქციე. _ფრთხილად, არ წაიქცე. _აი, რას ნიშნავს, როცა გვერდით ძლიერი მამაკაცი გყავს._მკლავზე მუსკულატურა მომისინჯა თავისი ნაზი თითებით. მის შეხებაზე თითქოს სისხლი ამიდუღდა ძარღვებში. წუხანდელს აქეთ მოძალებულმა ვნებამ თავი დამაკარგინა. სულ გადამავიწყა სად ვიყავი და მის კოცნას ვაპირებდი უკვე, რომ ზურგიდან რაღაც ფაჩუნი შემომესმა. კესანე გამახსენდა, უკან რომ მოგვყვებოდა და თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. _საფეხურები ჯერ რესტავრირებული არ არის და ფრთხილად იარე._მკლავები გავუშვი და დაველოდე, როდის განაგრძობდა გზას თაია. მერე, მოაჯირს ავეკარი, რათა კესანეც გამეტარებინა._შენც წინ წადი. შემთხვევით ფეხი არ დაგიცდეს. მხოლოდ წამით შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს და მერე ზევით აიხედა. მგონი თაიას გააყოლა თვალი. _ნუ ღელავ, მე ისეთი სუსტი არ ვარ, რომ ვინმეს დახმარება დამჭირდეს. ისევ მას მიყევი, ის არ დაგორდეს. ვითომ, ეჭვიანობდა? თუ, ისევ რცხვენოდა თავისი სიმთვრალის გამო და თვალს მიტომ ვერ მისწორებდა? _ნუ ბავშვობ, გაიარე._ისე დავტუქსე, როგორც ბადრი დატუქსავდა უმცროს დაიკოს. _უკვე დიდი ხანია, რაც ბავშვობის ასაკიდან გამოვედი და საკუთარი თავის დაცვა შემიძლია. ვისაც ეგ არ შეუძლია, შეგიძლია შენ გაყვე... კიდევ არ დაუცდეს ფეხი და ამჯერად მართლა არ წაიქცეს. მისი ნათქვამი ტყვიასავით მომხვდა გულზე. რას ნიშნავდა, მართლა არ წაიქცესო? ნუთუ, თაიამ ეს ყველაფერი გაითამაშა? კი, მაგრამ რატო? ჩემს მკლავებში რომ აღმოჩენილიყო? ამის გააზრებ-გაცნობიერებაზე ჩემმა მამაკაცურმა ჰორმონებმა დროებით მიძინებული ვნება ისევ გამოაღვიძა და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. _რას შვრები, აღარ მოდიხარ?_რამდენიმე საფეხურით მაღლა ასული თაია შემობრუნდა._დაიღალე?_მე მაცდურად კი შემომღიმა, მაგრამ კესანეს აშკარად ნიშნის მოგებით შეხედა. სხვა დროს სხვა სიტუაციაში, მაგალითად კესანე რომ არ ყოფილიყო იქ, ვეტყოდი, მე რა დამღლის, შემიძლია ხელში აგიყვანო და ისე ავირბინო შეუჩერებლად-მეთქი. მაგრამ... კესანე ხომ, ცალკე გამოცანა იყო ჩემთვის. რას ვაკეთებდი არასწორად, ასე რომ ბრაზობდა და იბოღმებოდა ჩემზე?.. ნუ თუ მეგობარზე ბრაზობდა, შიგა და შიგ ყოფაქცევის სიმსუბუქეს რომ ამჟღავნებდა და ჩემზე ყრილობდა ჯავრს? _წადი._ისე მიბრძანა, ჩემთვის არც კი შემოუხედავს. იმაზე ცალკე ვიჭ....ტდი ტვინს, თვალს რომ ვერ მისწორებდა. რა სჭირდა, მართლა ვერ ვხვდებოდი. _გელოდები, აღარ მოდიხარ?_ისევ გადმომძახა თაიამ. კესანესთან ყველაფრის გარკვევა კი მინდოდა, მაგრამ თვითონვე მიჭრიდა თითქოს ყველა გზას. ან, ეს ბავშვური გაბუტვა რაღა იყო? ერთხელ კიდევ შევხედე, სადღაც სივრცეში უხილავი წერტილისთვის რომ გაეშტერებინა თვალი და ისევ თაიას ავედევნე. მივუახლოვდი თუ არა, წელზე მომხვია ხელი, ნახევრად მომეხუტა და ასე ვიარეთ კიბის ბოლო საფეხურამდე. ზურგი მეწვოდა. კესანეს დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, უკან რომ მიმეხედა, ჯიუტად ამარიდებდა თვალს და თავს ისე დაიჭერდა, ვითომც არაფერი... კიბე რომ დასრულდა, მერე უკვე სიპ ლოდებზე გადავედით, სადაც ფეხი სასწაულად ცურდა. უდიდესი სიფრთხილე გვმართებდა თითოეულ ჩვენგანს. თუმცა, კესანემ არც ამჯერად ისურვა ჩემი დახმარება. არც ჩვენზე წინ წასულა. ჩანჩქერის ხმაც ნელ-ნელა ძლიერდებოდა და ერთმანეთის გაგება გვიჭირდა. ვშიშობდი, უკან მომავალს ფეხი არ დასცდენოდა და არ დაშავებულიყო, მაგრამ სულ ტყუილად. წელში გამართული ამაყად მოაბიჯებდა. ბადრი და მარგო უკვე უშველებელი ჩანჩქერის ქვეშ დაგუბებული წყლის ნაპირთან იდგნენ და ტელეფონის კამერასთან პოზირებდნენ. _ღმერთო, რა სილამაზეა?!_აღტაცება ვერ დამალა თაიამ, ხელი გამიშვა და გამართულ ფოტოსესიაზე უნებართვოდ შეიჭრა. ასე ვთქვათ, გააფუჭა რამდენიმე კადრი. მინდოდა, უკან მივბრუნებულიყავი და კესანე დამენახა. მეგონა, ჯერ ისევ შორს იყო, მაგრამ იმ წამს ისე ახლოს ჩამიარა, უნებურად სუნთქვა შემეკრა. გონებამ ჩემს დაუკითხავად ზუსტად ის კადრები ამომიტივტივა მეხსიერებაში, მოტოციკლზე რომ შემომიჯდა უკან. მისი მკერდის შეხება და გულის ცემა ისე რეალურად ვიგრძენი იმ წამს, რომ გული გამიჩერდა. ინსტიქტურად თვალი გავაყოლე. მასზე კი ვბრაზობდი, ვერ გამეგო რა უნდოდა ჩემგან, მაგრამ ვერც საკუთარი თავისა გამეგო რამე. თაიასკენ ვილტვოდი, მასთან ფიზიკური სიახლოვე მსურდა, მაგრამ, კესანე?.. რატო არ მაძლევდა მასზე ფიქრი მოსვენებას? _რაღას დგახარ, აღარ მოდიხარ?_თაიამ ხელების ქნევა რომ დაიწყო, ვარაუდით მივხვდი რას ყვიროდა, თორემ ჩანჩქერის ხმაში არაფერი ისმოდა. კესანეს გარდა ყველანი ერთად შევქუჩდით და სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ. ის მოშორებით იდგა და მშვიდი სახით ათვალიერებდა ირგვლივ ყველაფერს. _ცოტას კიდევ თუ ვივლით, უკეთეს პეიზაჟებს ვნახავთ._რაც შემეძლო ხმამაღლა ვთქვი._თან, შედარებით სიწყნარეა იქ. _თუ გზაში არ დაგვკარგავ, წავიდეთ._ვერ გავიგე უკეთესი პეიზაჟების, თუ შედარებითი სიწყნარის ვარიანტი მოეწონა ბადრის, პირველმა მან გამოთქვა სურვილი კიდევ გვევლო. მარგოსაც გაუხარდა. თაიამ ჯერ კესანეს გახედა და მერე მე გამომდო ხელკავი. _სიარულში თუ დამეხმარები, წავიდეთ. რა პრობლემაა, დაგეხმარები-მეთქი, კი ვუთხარი, მაგრამ პრობლემა აშკარად მქონდა და მას კესანე ერქვა... მთის ბილიკით გავუყევით გზას. ბადრი და მარგო ისევ წინ მიიწევდნენ. მე თან თაიას მივათრევდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და თან უკან მომავალი კესანესკენ მქონდა ყურადღება. არ მინდოდა რამე დაშავებოდა. მოკლედ, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ჩემს მიერ შერჩეულ ადგილამდეც მივაღწიეთ. იქ მართლაც უკეთესი პეიზაჟები იყო და შედარებით სიწყნარეც სუფევდა. თან, როგორც წუხელ თაიამ აღნიშნა, წყალში შესვლა და ცურვა შეიძლებოდა. _ღვთაებრივი სილამაზეა!_მარგო აღტაცებული მომვარდა და მადლობის ნიშნად ლოყაზე მაკოცა. ეს კოცნა ნამდვილად არ იყო ავხორცული. უფრო, მეგობრული თუ და-ძმური... მერე, ფეხზე დაიხადა და წყალში მუხლამდე შევიდა. _ვაი, რა ცივია!!! მას არც თაია ჩამორჩა. მანაც მაკოცა. ოღონდ მისი კოცნა რადიკალურად განსხვავდებოდა მარგოს კოცნისგან. ვნებას და ცეცხლს გამოხატავდა. გზა და გზა გაიხადა ბოტასები, მაისური, შორტები და ნარინჯისფერ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ტანის მაცდური რხევით შევიდა წყალში. _ყინულივით ცივია!!!_ისიც აკივლდა და შეეცადა დაბალი ტემპერატურისთვის შეჩვია სხეული. ბადრიმ როდის მოასწრო ტანსაცმლის გახდა, არ ვიცი. მაშინ მოვკარი თვალი, მოზრდილ ლოდზე პოზიციას რომ იკავებდა წყალში გადასახტომად. _იქნებ მოიფიქრო და ფოტო მაინც გადამიღო როგორ ვხტები?_გვიან მივხვდი, ჩემი მისამართით რომ დაიყვირა. სანამ ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე, ბლოკი მოვხსენი, კამერა მოვმართე და ობიექტივში გავიხედე, ჩადგაფუნდა კიდეც. _ფუ, შენი!_ცარიელ კადრს წყრომით დავხედე. ჩანჩქერის ხმაურში თითქოს კესანეს ჩაცინება გავიგონე. თუმცა, რომ შევხედე, სერიოზული გამომეტყველებით ჩაჰკირკიტებდა თავის ტელეფონს. _შენ არ მოდიხარ?_მგონი, ზუსტად ამ მოპატიჟებას ველოდი თაიასგან, მაცდური ღიმილით რომ შემომყურებდა თან. ხელის ერთი მოძრაობით გავიძრე მაისური. შარვალიც იქვე მივაგდე და უცბად შევცურე წყალში, რათა ტემპერატურის ცვლილებას დიდად არ შევეწუხებინე. ცივი მართლა იყო, თანაც ყინულივით. თუმცა, ბადრის და გოგოების მსგავსად არ ავყვირებულვარ. ჯერ ერთი, ჯანმრთელი სხეული გაკაჟებული მქონდა და მათზე მეტის ატანა შემეძლო და მეორე, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მაგარი ვიყავი. ოღონდ ვისთვის, ეს არ ვიცი. ისინი მალე ავიდნენ. ვეღარ გაუძლეს სიცივეს. მე, როგორც მაგარმა ბიჭმა, კიდევ დიდხანს ვიცურე. მერე, საბოლოოდ მეც შემაწუხა სიცივემ და ასვლა გადავწყვიტე. თუმცა, ნაპირზე კესანეს მოვკარი თვალი, ნელ-ნელა რომ შემოდიოდა წყალში და შევყოვნდი. არანაირი ემოცია იმისა, რომ წყალი ცივი იყო. მშვიდი, წყნარი და კმაყოფილიც კი მოაბიჯებდა სიღრმისკენ. წელამდე შემოვიდა თუ არა, მერე უკვე თევზივით გასრიალდა მის ზედაპირზე. პირველად არ ვხედავდი. მთელი ბავშვობა ერთად გვქონდა გატარებული და მშვენივრად ვიცოდი რა შეეძლო და რა არა. როგორც ბადრისთან ვმეგობრობდი, ისე მისი მეგობარიც ვიყავი. თუმცა, არა, უფრო უმცროსი დასავით მყავდა მიღებული... ბევრჯერ მიჩხუბია მის გამო, ბიჭები რომ აბეზრებდნენ თავს. მგონი, ბადრის ვერ ეუბნებოდა იმდენს, რაც მე ვიცოდი, მაგრამ... იმ წამს თითქოს პირველად ვხედავდი. უფრო სწორად, მისი სიმთვრალის მერე დავუწყე სხვა თვალით ყურება. თუმცა, თვითონაც სხვანაირად იქცეოდა. მესმოდა, რომ იმ ამბის გამო რცხვენოდა, მაგრამ რაღაც ისე იქცეოდა, თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყოს ყველაფერი. წყლიდან ასვლა გადავიფიქრე და უფრო ღრმად შევცურე. არ გავიდა რამდენიმე წუთი და მანაც ჩემს სიახლოვეს დაიწყო ცურვა. ერთ ხანს კიდევ გავუძელი. თუმცა, გვარიანად გამეყინა კიდურები და წყლიდან ასვლა შევთავაზე. _წყალი ცივია, არ გაცივდე. _ნუ ღელავ, შენი ზრუნვა არ მჭირდება._ზურგზე არხეინად გადაწვა და გაირინდა. ახლოს არ მივსულვარ. არ მინდოდა ნაპირიდან ბადრის დავენახე. _რაზე მიბრაზდები?_შორიდანვე ვკითხე._ ან, რატო მებუტები? დავაშავე რამე?.. თუ, იმ ამბის გამო თავს უხერხულად გრძნობ, ნუ ღელავ, მე უკვე დავივიწყე. ისე გამომხედა, უარესად გავიყინე. _კარგია, რომ დაივიწყე. დიდად დამავალებ, თუ აღარასდროს გაიხსენებ. _ესე იგი, შევრიგდით?_გამიხარდა. _შევრიგდით? შესარიგებელი რა გვჭირდა? არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს? აჰა, კიდევ დაიწყო გამოცანები... _წადი, წადი, მომაკვდავივით გალურჯდი უკვე._ისე გადაიკისკისა, აშკარად ყურადღების მიპყრობა სურდა. ბოლოში კი ღვარძლით დააყოლა._თან, თაია გელოდება. ლოდინი არ უყვარს იცოდე. წუთის წინ დამყარებული მშვიდობა ისევ აგვერია და დაგვეძაბა ურთიერთობა. ჯანდაბა! რას ვაკეთებ არასწორად? ან, რას ვამბობ ისეთსას?_საგონებელში ჩავარდნილმა გამოვცურე ნაპირამდე. _მართლა ძალიან კარგია აქ, მაგრამ ერთი მინუსი აქვს, საშინლად ცივა. თუ გამათბობ, კიდევ დავრჩეთ, წინააღმდეგი არ ვარ._მაცდურად შემომღიმა თაიამ და ნახევრად შიშველი სხეულით ისე თამამად მომეხუტა, შემრცხვა._უი, შენ უფრო ცივი ყოფილხარ!_ხმამაღლა გაიცინა და უფრო მომეწება._არაუშავს, მე გაგათბობ. _დრო და ადგილი ხომ არ გეშლებათ შემთხვევით?_ბადრიმ მკაცრად გადმოგვხედა ორივეს._სირცხვილი იქონიეთ, გასათხოვარი გოგოებიც არიან აქ. არ ვუარყოფ, ვაშავებდით, მაგრამ მაინც მეწყინა რატომღაც ძმაკაცის შენიშვნა. გულგრილად მოვიშორე თაიას მკლავები, სუროსავით რომ მეხვეოდა და ტანსაცმლის ჩაცმას შევუდექი. გაყინული თითებით ძლივს შევიბნიე შარვლის ღილები. ის იყო, მაისურში გავყავი თავი, რომ შემთხვევით კესანეს მოვკარი თვალი. იმ ლოდზე იდგა, საიდანაც წეღან ბადრი ჩახტა და როგორც მივხვდი, თვითონაც ჩასახტომად ემზადებოდა. იმ პოზაში დავრჩი, რა პოზაშიც ვიყავი მაისურში ახლართული და სუნთქვაშეკრული ვადევნებდი მის ყოველ მოძრაობას თვალს. ერთ ხანს ქანდაკებასავით იყო გაშეშებული. მხოლოდ ურჩი ნიავი უწეწავდა მხრებზე დაყრილ ტალღოვან თმას. _რას შვრები, გაგიჟდი?_ხმამაღლა უყვირა ბადრიმ. ერთი კი გამოიხედა, თითქოს ზუსტად ამ დაძახილს ელოდაო და თავით გადაეშვა. შიშით შევყურებდი. რა მაშინებდა ოღონდ, არ ვიცი. მომეჩვენა, რომ ნამეტანი დიდ ხანს მოუწია წყლის ქვეშ ყოფნა და სუნთქვაშეკრული ლამის გავიგუდე. შეშფოთებული ბადრი გამოქანდა და მხოლოდ მუხლამდე მოასწრო წყალში შესვლა, რადგან ზედაპირზე კესანეს თავიც გამოჩნდა. ის რომ ნელ-ნელა ამოიზიდა წყლიდან, მე ზუსტად მაშინ ამოვისუნთქე შვებით და მაისური რის ვაი-ვაგლახით გადავიცვი. _ბრავო!!! რა მაგარი ხარ!!! ვიდეოს გადაღება მოვასწარი!!! რა მშვენივრად გადაეშვი!!!_აღფრთოვანებულმა მარგომ ლამის ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ინსტიქტურად თაიასკენ გავაპარე მზერა. შური, ბოღმა, სიბრაზე, სიძულვილი, ყველაფერი ერთნაირად იკითხებოდა მის სახეზე. მერე, ალბათ, დამინახა რომ ვუმზერდი და მეგობრის შესაძლებლობებით მარგოსავით ისიც "აღფრთოვანდა". _გეყოფა, გამოდი, გაცივდები!_მკაცრად გასძახა ბადრიმ და ისიც მაშინვე დაემორჩილა. ნაპირამდე ცურვით მოვიდა. მერე, ფეხზე წამოდგა და ნელ-ნელა ამოიზიდა. თანაც ისე, თითქოს წყლის სტიქიის მბრძანებელი ყოფილიყოს. _ისე უყურებ, თითქოს პირველად ხედავ._ტუჩები ყურზე მომადო თაიამ და ისე მიჩურჩულა. შევკრთი. იმიტომ კი არა, ვიღაცამ ფაქტზე რომ წამასწრო. არა. საკუთარი თავი იმაში რომ გამოვიჭირე, თუ რა თვალით ვუყურებდი მართლა ამ გოგოს. _არ ვიცოდი, ამ სიმაღლიდან გადმოხტომა თუ შეეძლო... გაოგნებული ვარ._აშკარად თავის მართლებას მოვყევი და კესანე თვალში რომ აღარ მომხვედროდა, ზურგი ვაქციე._როგორ შეგცივნია, ერთიანად ცახცახებ. რატო ტანსაცმელს არ ჩაიცმევ?_ცოტა გავუწყერი. _ისე მცივა, ვეღარ დავდივარ. შეგიძლია შენ მომიტანო? კი-მეთქი, თავი დავუქნიე და მაშინვე მისი ტანსაცმლის მოსატანად წავედი. მახსოვდა, გზა და გზა რომ იხდიდა სტრიპტიზიორივით. ოღონდ სად, ეგ უკვე არა. გულდასმით მოვათვალიერე მიმდებარე ტერიტორია და ძლივს მივაგენი. ყველას შეგვცივდა. განსაკუთრებით კი კესანეს, სველი ტანსაცმელი რომ ეცვა და ვერ იცვლიდა. მგონი, გამოსაცვლელი არ ქონდა. ეტყობ, წყალში შესვლას არც გეგმავდა, მაგრამ რაღაცამ შეაცვლევინა აზრი. არ მცივაო, გაიძახოდა და იხტიბარს არ იტეხდა, მაგრამ ერთიანად გალურჯებული და დახორკლილი სხეული ქონდა. ჩანჩქერის მონახულების მერე ცაგერში ვაპირებდით წასვლას. თუმცა, გეგმები შეგვეცვალა. ისევ ტბაზე დაბრუნება გადავწყვიტეთ, რაზეც თაია განაწყენდა. _ხომ შეგეძლო, გამოსაცვლელი წამოგეღო? ან, გოიმივით მასე არ შესულიყავი წყალში?_მესმოდა, როგორ საყვედურობდა მშვიდი სახით მომღიმარ კესანეს. _და, რა მოხდა, ეხლავე თუ არ წავედით? საერთოდაც ტბაზე დასასვენებლად ჩამოვედით და არა აქა-იქ საწანწალოდ._მომეწონა მარგოს პოზიცია. თუმცა, თაია იმდენს წუწუნებდა, დარწმუნებული ვიყავი, ბადრის გადაიბირებდა. მით უმეტეს, რომ კესანემაც დაქალის წისქვილზე დაასხა წყალი. _არაუშავს, წავიდეთ, რა პრობლემაა? საერთოდაც არ მცივა. სანამ მანქანამდე ჩავალთ, გავშრები. მათ კამათში არ ვერეოდი, მაგრამ სულით და გულით ვნატრობდი, რომ ბადრის პოზიცია არ დაეთმო. არ მინდოდა, გასართობად დავრჩენილიყავით და კესანეს ჯანმრთელობას საფრთხე შეჰქმნოდა. თუნდაც, უმნიშვნელო გაციების სახით. ვღელავდი, ვნერვიულობდი და როგორც შემეძლო, ვზრუნავდი ამ გოგოზე. თითქოს გასაკვირი არაფერი იყო, ამას ხომ ბავშვობიდან ვაკეთებდი? ძმაკაცის და იგივე ჩემი დაც იყო, მაგრამ... თითქოს ზუსტად ეს "მაგრამ" მიფორიაქებდა სულს. შვებით ამოვისუნთქე, როცა ბადრიმ ცაგერში წასვლაზე უარი თქვა. სხვა დროს შეიძლება ასე არ მოქცეულიყო. დროსტარების დიდოსტატს ოჯახი და ოჯახის წევრები დიდად არ ადარდებდა. არც ბავშვობის ძმაკაცი. დღეს კი რაღაც შეიცვალა თითქოს მის პიროვნებაში. ამის სავარაუდო მიზეზს აშკარად ვხვდებოდი. თუმცა, იმასაც ვხვდებოდი, რომ მარგოს ბადრი სულაც არ აინტერესებდა. პატივს კი სცემდა, როგორც მეგობრის ძმას, მაგრამ ძმობის იქით მგონი აღარ იყურებოდა. უფრო ჩემი პიროვნებით იყო დაინტერესებული, მაგრამ თაიას მსგავსად არ მეკიდებოდა და ჩემს შეცდენას არ ცდილობდა. ჩანჩქერის სანახავად მაღლა ასვლა უფრო ადვილი იყო თითქოს, ვიდრე უკან დაბრუნება. ციცაბო დაღმართზე, თანაც უშველებელ ლოდებზე სიარული არც თუ ისე უსაფრთხო იყო. ამჯერად, ბადრიმ მოკიდა გაჯიუტებულ დას ხელი და მანამ არ გაუშვა, სანამ ქვემოთ არ ჩაიყვანა. მე ისევ თაიას პროტეჟეობა მხვდა წილად. ხანდახან მარგოსაც კი ვუწვდიდი დახმარების ხელს, მაგრამ ის ძირითადად უფრო მარტო მოდიოდა. ადგილ ადგილ ჩერდებოდა და ფოტოებს იღებდა. მათთან ერთად ტბაზე დაბრუნება გადავიფიქრე. ჩემი სახლის გადასახვევს რომ მივუახლოვდით, ბადრის მანქანის გაჩერება ვთხოვე. რატოვო, მხოლოდ კითხვით სავსე მზერა მომაპყრო. _ხვალ ვმუშაობ. სახლშიც უამრავი საქმე დამიგროვდა._მხოლოდ მის გასაგონად ვთქვი. _რა ხდება? რატო გავჩერდით?_თაიამ ჩემსა და ბადრის შუა გამოყო თავი._გადავიფიქრეთ ტბაზე დაბრუნება? _არა, ოტია გვტოვებს._ჩემს მაგივრად ბადრიმ გასცა პასუხი. _რატო?_თაიას გაუკვირდა თუ ეწყინა, ვერ მივხვდი. _რას ვიზავთ, ყველა ქერის ორმოში ვერ იბადება._ჩემივე სიტყვები გაიმეორა ბადრიმ._ზოგიერთებისგან განსხვავებით ჩვენი ოტია დედიკოს და მამიკოს ფულებით არ არის გაბლატავებული და თავად უწევს შრომაც და ფულის გამომუშავებაც. _ოოო, რა ცუდიაა._რაღაც ძალიან გამაღიზიანებლად გაწელა თაიამ სიტყვები. _არაუშავს, ცოტა დავისვენოთ და ჩვენ წავიდეთ სადმე._უმალ დაამშვიდა ბადრიმ. მანქანიდან უსიტყვოდ კი გადავედი, მაგრამ ფანჯარაში სანახევროდ შევყავი თავი და გოგოებს ისე დავემშვიდობე. მერე უკვე, სანამ ბადრის მანქანა მიეფარებოდა თვალს, ვიდექი და ჩაფიქრებული გავყურებდი. *** დილიდან ისეთი მუშაობა გვქონდა, ხუთი წუთით სკამზე ჩამოჯდომას ვერ ვახერხებდი. თითქმის ყოველი მეორე მანქანა ჩვენთან შემოდიოდა საწვავის ჩასასხმელად. _ზაფხულის სეზონის დაწყება გახსნილად გამომიცხადებია._თითქოს, საზეიმოდ გვამცნო ცვლის უფროსმა._დაიღლებით კი, მაგრამ თქვენს ჯიბეებსაც შეეტყობა ბონუსების ზრდა. ამ თვეში მეტი შემოსავალი არ მაწყენდა. ან, ვის აწყენდა? ამ ფაქტით წახალისებულები თითქოს უფრო ენერგიულად ვმუშაობდით. პირველი ორი საათისთვის საგრძნობლად იკლეს კლიენტებმა და ჩვენც ცოტა შვებით ამოვისუნთქეთ. მაინც რიგრიგობით ვისხედით თანამშრომლებისთვის განკუთვნილ მინის ოთახში და თუ ერთბაშად ბევრი კლიენტი არ იყო, მარტოც მშვენივრად ავუდიოდით საქმეს და დანარჩენ ორ თანამშრომელს მშვიდად დასვენების საშუალებას ვაძლევდით. იმ მომენტში ჩემი ჯერი იყო, მე ვმორიგეობდი. ბევრი მომხმარებელი არ გვყავდა და დრო ჩემი ფეისბუქ გვერდის დასათვალიერებლად უხვად მქონდა. ისე შევყევი სიახლეებს, კი გავიგე მანქანა რომ შემოვიდა. მაგრამ ყურადღების მიქცევა დავაგვიანე. _50 ლარის ბენზინი, თუ შეიძლება. ნაცნობი ხმა იყო. თანაც, ძალიან. მაგრამ ყურებს მაინც არ დავუჯერე და გაოცებულმა შეხედვა დავაგვიანე. კესანე იყო. ოღონდ, ჩემზე გაბუტული და გაბრაზებული კი არა, ჩვეულებრივი. ჩემ წინ იდგა და თავისი საფირმო გულწრფელი ღიმილით მომჩერებოდა. დავიბენი. კაბინიდან მექანიკურად გამოვედი და მანქანის ავზისკენ წავედი. _ჩვენთან ყოფნაზე უარი თქვი წუხელ, ვმუშაობო, თავი შეგვაცოდე. არა და, გეტყობა, უსაქმურობისგან ბუზებს ითვლი._ლამის მთლიანი ტანით გადმოეყუდა თაია ფანჯრიდან._იცი, რა კარგი დრო გავატარეთ? _დარწმუნებული ვარ, კარგ დროს გაატარებდით._დავეთანხმე. _კარგი იყო, მაგრამ შენ რომ არ იყავი, ბოლომდე მაინც ვერ ვისიამოვნე. იქნებ, ამ საღამოს მაინც შემოგვიერთდე?... _აბა, რანაირად? ხვალ დილამდე ვმუშაობ..._თავი მოვისაწ..... _მოიცა, ღამე აქ უნდა იყო?_ისე გაიკვირვა, თითქოს პირველად ესმოდა, ღამის ცვლის სამსახურები რომ არსებობდა. ამასობაში კი საწვავიც ჩავასხი. _იყოს, მე გპატიჟებთ._კესანეს შემოძლეულ ბარათზე უარი ვთქვი. _შანსი არაა!_მოულოდნელად წარბები ისე აზიდა და ისე გაიმკაცრა ხმა, რომ მივხვდი, თავისას მაინც გაიტანდა და ბარათი გამოვართვი. თუმცა, ტერმინალზე მაინც ჩემი გავატარე მალულად. _საით გაგიწევიათ?_ისე, ვითომ სხვათაშორის ვკითხე. დაფიქრდა. ან, გადაწყვეტილი არ ქონდა სად მიდიოდნენ. ან, ტყუილის მოსაფიქრებლად გაწელა დრო. _ასათიანის სახლ-მუზეუმი უნდა ვაჩვენო გოგოებს._რაღაც არადამაჯერებლად მითხრა და მზერა ამარიდა. თაიამ ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა. თან, ხელი დამიქნია, აბა, დროებითო. _ფრთხილად იარე._ყოველ ჯერზე, როცა სადმე მივდიოდი, ბებია ასე მარიგებდა და ახლა მეც მომინდა ამის თქმა. კესანეს გამოხედვაში აშკარად დავინახე წყენა. თუმცა, გუშინდელივით არ გაბრაზებულა. ბარათი უსიტყვოდ გამომართვა, საჭეს მიუჯდა და წავიდნენ. თვალი გავაყოლე. წესების დაცვით გავიდა ტრასაზე. თუმცა, იმის მაგივრად რომ უკან გაბრუნებულიყო, ცაგერის მიმართულებით აიღო გეზი. გავბრაზდი. უფრო სწორად კი მეწყინა, ზუსტი მარშრუტი რომ დამიმალა. ერთი სული მქონდა, უკანა გზაზე როდის გამოვლინდნენ, მაგრამ ან მე ვერ დავინახე, ან ჯერ არ იყვნენ ჩამოვლილები. შიშმა ამიტანა, ცუდი ხომ არაფერი შეემთხვათ-მეთქი, მაგრამ გულს იმით ვიიმედებდი, რომ ცუდი ამბები მალე ვრცელდება და რადგან აქამდე არავინ არაფერი თქვა, ესე იგი, კარგად არიან-მეთქი. მთელი ღამე მე ვმორიგეობდი, მაინც არ მეძინებოდა და ბიჭები "ხოშიანად" დავასვენე. ის იყო, ცვლა უნდა გადამებარებინა, ბადრის ლურჯა ბეემვემ რომ გადმოუხვია ტრასიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ გულმა რეჩხი მიყო. მართალია, მის დანახვაზე ყოველთვის ასეთი განცდა მქონდა, რადგან შარის მაძიებელი მეც შარში მხვევდა ყოველთვის, მაგრამ ახლა გულის-ყური გოგოებთან მქონდა. _როგორც ყოველთვის._მინა ჩაუწია და ბარათი გამომიწოდა. თვალში მაშინვე მომხვდა მისი უძილო სახე და ამოღამებული თვალის უპეები. _რა გჭირს? _რაო, მეტყობა გართობის კვალი?_უღერღილოდ გაიღრიჭა. _გართობისა რა გითხრა, მაგრამ ტანჯვის კვალი კი გეტყობა._გამეცინა. _აზრზე არ ხარ რაა._თითქოს მართლაც ყველაფრის მცოდნეაო, ისეთი გამომეტყველება მიიღო. მივხვდი, ცხოვრების ავ-კარგიანობაზე სულ მცირე ხუთ წუთიანი ლექცია გარანტირებული მქონდა და ფსიქოლოგიურად მოვემზადე კიდეც, მაგრამ მისი ტელეფონის ზარმა "ჩამიშალა" ეს სიამოვნება. ამით გახარებულმა დრო ვიხელთე და საწვავი ჩავუსხი. ამასობაში კი, მანაც მოამთავრა საუბარი და ბარათის დასაბრუნებლად რომ მივედი, აღშფოთებული დამხვდა. _იმენნა, გადამრევს ეს ქალი! ბიჭს კუდში დამყვება და გოგო სახლში რომ არ დაბრუნდა ღამით, ეხლა უნდა ეძებდეს? _რაო? სახლში არ დაბრუნებულაო? სად არისო?_ინსტიქტურად მივაყარე კითხვები. _არის კი არა, არიან. _სად? _აბა, მე რა ვიცი? წუხელ არც მე ვყოფილვარ სახლში._ისეთი წყრომით ამომხედა, თითქოს დამნაშავე მე ვიყავი. _გუშინ აქ იყვნენ, საწვავი ჩაასხეს... ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად მივდივართო. _მერე, გჯერა? _არა. იმიტომ რომ ცაგერისკენ წავიდნენ._უფრო ჩემთვის ამოვიბუტბუტე ჩაფიქრებულმა. _აჰა, საქმეც გახსნილია. ნინელის მოინახულებდა. ის კი, ისე რომ არ გამოუშვებდათ, ამას რაღად უნდა ბევრი ფილოსოფია? ხო და, მთვრალები იქვე დარჩებოდნენ... თავად იქ ვაპირებდით ყველანი ერთად წასვლას და ვეღარ წავედით...კაი, წავედი. რომ გამოიძინებ და დაისვენებ, მერე მნახე._არხეინად დამიბარა და წავიდა. მართალია, ჩემი შერლოკ ჰოლმსი მეგობარი დამშვიდდა, საქმე ასე ადვილად და იოლად რომ გახსნა, მაგრამ მე უარესად ავფორიაქდი რატომღაც. კესანე ნინელის ხელისმომკიდე იყო. მახსოვს, მის ქორწილში მეც საპატიო სტუმრად ვიყავი მიწვეული. თუმცა, ისეთ სერიოზულ შარში გავყავით მე და ბადრიმ თავი, რომ ალექსა თუ არა, ორივე ციხეში აღმოვჩნდებოდით. უნდა ვაღიარო, მთლად ბადრის ბრალიც არ იყო მაშინ იმ აყალ-მაყალის მოწყობა. მე თვითონ არ მომეწონა როგორც უყურებდა ჩემი ძმაკაცის დას სიძის ძმა... როგორ არხეინად თქვა, დათვრებოდნენ და იქ დარჩებოდნენო. მე კი, ზუსტად ეს ფაქტი მაგიჟებდა. იტყვით ალბათ, ძმა არ ნერვიულობდა და შენ რა გაგიჟებდაო, მაგრამ მინდოდა თუ არ მინდოდა, მთვრალი კესანე მედგა თვალწინ. იმ ღამით, ჩემთან რომ მოვიდა, სულ სხვა კესანე იყო თითქოს. დიტოსთანაც მასე რომ მოქცეულიყო? ამაზე ფიქრი ტვინს მიბურღავდა და ჭკუიდან მშლიდა. ჩემგან განსხვავებით, დიტომ არასდროს იცოდა ზღვარი. მე კი, არ მინდოდა რომ ვინმეს კესანეს სახელი და ღირსება ლაფში ამოესვარა... ანგარიში გავაკეთე თუ არა და ცვლა გადავაბარე, მაშინვე მოვახტი მოტოციკლს. ოღონდ, სახლში წასვლის ნაცვლად მეც ცაგერში წავედი. ყველა შემხვედრი მანქანა, რომელიც კი ელზას მანქანას გავდა მარკით თუ ფერით, ჩემს საკონტროლო გამშვებ პუნქტში გავატარე. ქალაქის შესასვლელში ნაცნობი სახლის შორიახლოს შევჩერდი. თუმცა, ძრავა არ გავთიშე. თითქოს, საკუთარ თავს უკან გაქცევის შანსი დავუტოვე. ოღონდ, რატომ ვფიქრობდი, რომ გაქცევა მომინდებოდა, არ ვიცი. არც ის ვიცი, ასე იმპულსურად რის გამო ვიქცეოდი. უბრალოდ, ჯიუტად ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ გოგოებს ვნახავდი, რამე ხომ არ უჭირდათ და წავიდოდი. ყოყმანში რამდენიმე წუთი დავკარგე. მერე, მოტოციკლიდან გადავედი და სახლს ფეხით მივუახლოვდი. ეზოში ქურდულად შევიჭყიტე. არ ვიცი, ის უფრო გამაგიჟებდა ელზას მანქანა იქ რომ დამხვედროდა, თუ იმან უფრო გამაგიჟა, იქ რომ არ იყვნენ. _მაშ, სად გაათიეს ღამე?_თითქოს სისხლმა ამასხა ტვინში. ის იყო გამოვბრუნდი და ტელეფონი მოვიმარჯვე, რომ შეტყობინებაც მომივიდა: ჩემი ბარათიდან ორმოცდაათი ლარი ჩამოიჭრა. _შენი გაგიჟება მაკლდა ზუსტად!_ნევროზის პიკზე მყოფმა ამოვიგმინე. თუმცა, მალევე დამაეჭვა რაღაცამ. ჯიბეები მოვიქექე და ბარათი მოვიძიე. დავაკვირდი. კესანესი იყო. _ეტყობა, გუშინ ამერია. ჯანდაბა! მერე ისევ შეტყობინებას დავხედე და ბინგო! ლენტეხში, ბენზინგასამართ სადგურზე იყო გამოყენებული. _აი, თურმე სად ხართ!_გახარებული მოვახტი მოტოციკლს და მეც იქით გავწიე. ისე გიჟივით მივქროდი, უსაფრთხოებაზე არც კი მიფიქრია. ერთმანეთს მაზაშში შევხვდით. _აქ რა გინდათ, რისთვის წამოხვედით?_სიბრაზისგან მგონი ცეცხლს ვაფრქვევდი უკვე. _სვანური კუბდარი ვჭამეთ._თაიამ კეკლუცად მოიღერა ყელი და ისე შემომღიმა. _რაა?! კუბდარის საჭმელად წამოხვედით ამხელა გზაზე?_ისევ კესანეს მივუბრუნდი მკაცრი გამომეტყველებით. _და შენ როდიდან ხარ ჩემი პროტეჟე?_არც კესანემ დამაკლო სიმკაცრე._ანგარიში შენ უნდა გაბარო, სად წავალ? თავი ვინ გგონია? სწორი შენიშვნა იყო, მართლაც და, ვინ ვიყავი მისთვის? _ვინ და... შენი უფროსი ძმა._ძლივს ამოვღერღე ენის ბორძიკით. _მე მყავს ორი ძმა და მათი აკრძალვებიც მეყოფა, შენ რომ არ დამემატო! _კარგით ახლა, რა გაჩხუბებთ?_მარგო მანქანიდან გადმოვიდა, მომიახლოვდა და ხელის შეხებით სცადა ჩემი დამშვიდება._ასე მგონია, საშვილიშვილო მტრობა გაქვთ ერთმანეთში...რა მოხდა, გოგოებმა გასეირნება თუ გადავწყვიტეთ? ან, მარტო მას რატო ეჩხუბები? ეს ჩვენი იდეა იყო და ჩვენც გვეჩხუბე. არ ვიცი, რა მაგიური ძალა ქონდა მის ხელს, მაგრამ შეხებისთანავე მომენტალურად იმოქმედა. სასწაული გარდასახვა განვიცადე: თითქოს, ერთ ამოსუნთქვას ამოვაყოლე მთელი წყენა და სიბრაზე, რაც კი გულში მქონდა დაგროვილი. გონებაზე გადაკრული ბინდიც გადამეწმინდა და ნელ-ნელა ნორმალური ადამიანივით დავიწყე აზროვნება. კესანე მართალი იყო, მას ყავდა ორი ძმა და მათი მორჩილება საკმარისი იყო, მეც რომ მისი "ძმის" როლი არ მომერგო. _თავიდან მხოლოდ კესანეს მეგობართან სტუმრობა გვქონდა გეგმაში, მაგრამ სახლში არ დაგვხვდა. მოულოდნელად გადავწყვიტეთ, თან სამივემ ერთად, რომ ნამდვილი სვანური კუბდარი დაგვეგემოვნებინა. ჭამა როდიდან გახდა დანაშაული?_მარგოს ხელი ისევ ჩემს მხარზე ედო და ისე შემომყურებდა თვალებში. არ ვიცი, კესანეს მსგავსად მასაც რატომ არ ვუფრთხოდი. ან, თაიას მსგავსად ჩემს მამაკაცურ ჰორმონებს რატომ არ აღვიძებდა ჩემში. მისი შეხება თითქოს უფრო და-ძმური ურთიერთობის გამოხატულება იყო ჩვენ ორს შორის, რაც არასდროს არ მიგრძვნია არავის მიმართ. _არ მითხრა ახლა, რომ ჩვენს მოსაძებნად იყავი გამოსული._თაიაც გადმოვიდა მანქანიდან და როგორც მისგან იყო მოსალოდნელი, კეკლუცად შემომღიმა. _საქმეზე ვიყავი... შემთხვევით დაგინახეთ._სიმართლის აღიარების შემრცხვა და ისე უნამუსოდ ვიცრუე, თვალი არ დამიხამხამებია. _ჩვენ ტბაზე ვბრუნდებით და შენც მალე შემოგვიერთდები, არა?_თაიამ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და ისე შემომხედა. _არ ვიცი რა დროს მოვრჩები._საქმიანი გამომეტყველებით შევხედე სამივეს სათითაოდ. მერე, მზერა კესანეზე შევაჩერე, გამწყრალი რომ შემომყურებდა ისევ._კარგი, ფრთხილად იარეთ._ზავი დავდეთ თითქოს. _შენზე მეტად საკუთარი თავი და მეგობრები მე მიყვარს, ასე რომ დამშვიდდი, საფრთხეს არ შევუქმნი არც ერთს._მაინც გამწყრალმა მომაძახა. _კარგი, დროებით. იცოდე, გელოდებით._თაიამ ლოყაზე მაკოცა და მანქანაში დაბრუნდა. მხოლოდ წამით დავიჭირე კესანეს მზერა და გვარიანად შევკრთი. ბრაზი, წყენა, ეჭვი, ყველაფერი ერთნაირად ჩანდა ამ ერთ გამოხედვაში. მხოლოდ იმას ვერ ვხვდებოდი, ჩემზე ბრაზობდა, თაიაზე თუ ორივეზე ერთად. მათ წასვლას დაველოდე. კიდევ რამდენიმე წუთს გავჩერდი ადგილზე და მერე მეც დავბრუნდი სახლში. იმის მაგივრად, რომ მთელი ღამის უძილოს დამესვენა, საქმეს მოვკდე ხელი. ჯერ ჩემი ოთახიდან დავიწყე: ჩამტვრეული მინა გამოვცვალე. მერე, სამზარეულოში ონკანი შევაკეთე, ერთი თვე მაინც რომ იყო რაც წვეთავდა. მერე ეზოში გავედი, გარღვეული ღობე განვაახლე, ფარეხში ცოტა არეულობა იყო და აკურატულად დავაწყე ხელსაწყოები თუ მოტოციკლის ნაწილები. მერე, აბაზანა მივიღე და უკვე დასვენება რომ გადავწყვიტე, ოთახში შესულს ჩემი ძმაკაცი დამხვდა იქ. ალბათ, სახეზე უკმაყოფილება გამომესახა. _რა იყო, რა ლიმონნაჭამივით იჯღანები? კომენტარი არ გამიკეთებია მისი რეპლიკისთვის. _იცი, რისთვის მოვედი? შეგიძლია... _არ შემიძლია!_აღარ დავასრულებინე სათქმელი და პირდაპირ მკაცრი უარი ვაჯახე. _რა არ შეგიძლია? ჯერ ხომ არც მოგისმენია? იქნებ რა უნდა გთხოვო? _არაფრისთვის არ მცალია. _იცი, ძალიან შეიცვალე. ვეღარ გცნობ._წინ ჩამომიდგა და დაკვირვებით შემათვალიერა._რაღაც სასწაული მოდიფიკაცია განიცადე. ხანდახან მგონია, რომ ის ოტია აღარ ხარ, ვისაც წლების წინ ვიცნობდი. ქალის თემაა ვითომ?_ეჭვით მოწკურა თვალები. ერთხანს ასე მიყურა, მერე თავი გააქნია, თითქოს აბეზარ ფიქრებს იშორებსო._ არა... თაიას გაცნობამდეც ასეთი უჟმური იყავი, იმ პატიოსან გოგოს ვერ დავაბრალებ შენს მორფოლოგიას... მოულოდნელად ხმამაღლა გამეცინა მის ნათქვამზე. _რა გაცინებს?_შეშფოთებულმა ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. ალბათ, იფიქრა, საბოლოოდ შეიშალა ჭკუიდანო. _მორფოლოგია კი არა, მეტამორფოზა შე შტერო, მე-ტა-მორ-ფო-ზა! რაც გარდაქმნა-გარდასახვას, გადასხვაფერებას ნიშნავს. _რა მნიშვნელობა აქვს? შენ ხომ მიხვდი რაც ვიგულისხმე?_ცოტა ეწყინა ჩემი შესწორება._რა გჭირს, არ მეტყვი? არ გინდა შენი გულის დარდები გამიმხილო? _შემეშვი!_ისევ დავსერიოზულდი და ავად შევუღრინე. თან, ხელის კვრით ჩამოვიშორე. _ვიღაც ბიჭია, მათე... _არა-მეთქი!_ზურგი ვაქციე და კარის გასაღებად გავეშურე, რათა არასასურველი სტუმარი სულ კინწისკვრით გამეგდო. _ჩემი და მოსწონს... ამის გაგონებაზე კი ნაბიჯი ჰაერში გამიშეშდა და ვიგრძენი, როგორ შეწყვიტა ჩემმა გულმა ფეთქვა. შებრუნება და ბადრის თვალებში ჩახედვა ვერ გავბედე. სუნთქვაშეკრული დაველოდე, როდის განაგრძობდა სათქმელს, მაგრამ მან საუბარი აქ დაასრულა თითქოს... ან, როგორც სჩვეოდა, ბოლომდე სცდიდა ჩემს მოთმინებას. _იქნებ, შენ დას მოსწონს?_დიდი პაუზის მერე ვიკითხე. თანაც, ისეთი შიშით, რომ თითქოს პასუხი უკვე ვიცოდი, მაგრამ მოსმენა არ მინდოდა. _სულ არ მაინტერესებს მოსწონს თუ არა! მე არ მომწონს და არ მინდა მის შორიახლოს ტრიალებდეს სვავივით! ამას კი მართლა არ ველოდი. _მერე, მე რა შუაში ვარ?_დაბნეული და ცოტა გაოცებული შემოვბრუნდი. _შენ მე გადამრევ რაა!..._სერიოზულად აღშფოთდა._დავიჯერო, ჩემი მითითებები გჭირდება?.. მიდი, დაელაპარაკე. შეაშინე, ან დაემუქრე. ვიცი, შენ ეს არ გაგიჭირდება. არ მინდა ჩემ დას სათოფეზე მიეკაროს! ჩავფიქრდი. _ვინ არის? სადაურია, ან რა გვარის კაცია?... _მაცდი, რამე რომ გითხრა?.. მათე ჰქვია. ჩხუტელიდან ყოფილა. კოპალიანია... _მათე კოპალიანი?_კეფა ნერვიულად მოვიქექე. შორიდან ვიცნობდი. ვიცოდი ვინც იყო. საწვავის ჩასასხმელად ხშირად მოდიოდა ჩვენთან. სიმპატიური ბიჭი იყო, ვერ ვუარყოფდი, მაგრამ... თითქოს შავ გაგებას აწვებოდა. თუმცა, ბადრისთან ეს ამბავი დავმალე რატომღაც. _არ ვიცი, არ მეცნობა._ისე გულგრილად ვთქვი, მე თვითონ გამიკვირდა. _მესმის, მაგრამ ხომ შეგიძლია გაიკითხო? ბადრის რომც არ ეთხოვა, მაინც გავიკითხავდი, მაგრამ... _კარგი, შევეცდები რამე გავაკეთო._ცალყბად დავამშვიდე. _აი, ამას ვგულისხმობ! შენ ის ოტია აღარ ხარ!_გაგულისებულმა გაიჯახუნა კარი და წავიდა. მეგონა მისი წასვლა დამამშვიდებდა, მაგრამ თურმე თავს ვიტყუებდი. მაინც რა მიმღვრევდა გონებას, ზუსტად ვერ ვხვდებოდი. ის, რომ კესანეს ცხოვრებაში თაყვანისმცემელი გამოჩნდა? თუ ის, რომ შესაძლებელი იყო მათეს მიმართ მასაც ჰქონოდა გრძნობები? ან, მისი გრძნობები რატო მაღელვებდა ასე მწვავედ? რაღაც მეეჭვებოდა, რომ ბადრის მსგავსად, მეც მხოლოდ მის კეთილდღეობაზე ვზრუნავდი და მეტი არაფერი. ვერ მოვისვენე. დამღალა კედლის ერთი კუთხიდან მეორემდე უაზრო ბოდიალმა. აღარც სახლში გამიჩერდა გული და გადავწყვიტე, თაიას მიპატიჟება მიმეღო. მგონი, უფრო საკუთარ თავთან არ მინდოდა მარტო დარჩენა და ამ ყველაფერში ჩაღრმავება. ბადრი სახლში არ იყო. ამას მაშინვე მივხვდი, მისი ლურჯა "ბეემვე" თვალში რომ არ მომხვდა. თუმცა, უკან არ გამოვბრუნებულვარ. სამაგიეროდ კესანეს და მარგოს მოვკარი თვალი, ტბის პირა ბილიკს სეირნობით რომ მიუყვებოდნენ და დაუფიქრებლად გავეშურე იქით. აშკარად სერიოზულ თემას განიხილავდნენ, რადგან სხვა შემთხვევაში მოტოციკლის ხმას როგორ ვერ გაიგონებდნენ? ან, იქნებ, გაიგეს კიდეც, მაგრამ ჯიუტად არ გამომხედეს... _ვაა, ოტია? სად დაიკარგე? რამდენი ხანია აღარ მინახიხარ._მოულოდნელად სოსო წამომეწია ზურგიდან და გვარიანად შემაკრთო._ბადრიმ გითხრა, შველა რომ მჭირდება? _რა ხდება?_უნიჭოდ დავინტერესდი, რადგან გულისყური გოგოებთან მქონდა. _დიდ ტბაში რამდენიმე თევზი ვნახე, გვერდულად დაცურავდა. არ ვიცი რა სჭირთ. უნდა ამოვიყვანო. წამოხვალ?_ისეთი სახით შემომხედა, ალბათ უარი რომ მეთქვა, ეწყინებოდა. ხალისით-მეთქი რომ ვთქვა, მოვიტყუები, მაგრამ არც იძულებით არ დავთანხმებულვარ. აღჭურვილობის ნახევარი ჩამოვართვი და ნაპირზე გამობმული ნავისკენ გავყევი. რომ დავფიქრდი, ნიჩბების მოსმა უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე ქანდაკებასავით დგომა და გოგოების ყურება. კერძოდ კი, კესანესი... უჩვეულოდ მწვანე მეჩვენა ტბა. თუმცა, კომენტარი არ გამიკეთებია. ჩავთვალე, რომ დღის ამ მონაკვეთისთვის დამახასიათებელი იყო და უსიტყვოდ შევცურეთ წყალში. მისი ზედაპირი მშვიდად ირეკლავდა ლაჟვარდოვან ცას მთელი თავისი სიდიადით. ისე ფრთხილად ვუსმევდი ნიჩბებს, რომ არ მინდოდა ეს სიმშვიდე დამერღვია. თუმცა, სიღრმისეული სიმშვიდე მაინც დარღვეული იყო: როგორც სოსომ ივარაუდა, მარტო გვერდულად მოცურავე კი არა, რამდენიმე მკვდარი თევზიც ვნახეთ. გრძელ ჯოხზე მიმაგრებული სპეციალური ბადით ამოყავდა სათითაოდ და მომცრო კასრში ყრიდა. ცოტა ხნით გოგოების სიახლოვესაც გავჩერდით. მე ზურგით მომიწია ყოფნა. ერთი სული მქონდა გამეგო, ისევ სერიოზულად საუბრობდნენ თუ არა და ამიტომ მალულად გავხედე. არ ვიცი, ჩემი ბრალი იყო თუ სოსოსი, მაგრამ მოულოდნელად ნავი შეირყა. თანაც ისე ძლიერად, რომ თუ არ იმარჯვებდა, წყალში გადავარდებოდა. მეც ძლიერად ჩავეჭიდე ნიჩბებს, თითქოს წონასწორობის შენარჩუნება ამ უბრალო ხის აქსესუარებზე ყოფილიყო დამოკიდებული. გოგოებმა დაგვინახეს თუ არა, არ ვიცი. ან, თუ დაგვინახეს, რა რეაქცია ჰქონდათ. ჩვეულ პოზიციას დავუბრუნდი და მათკენ აღარ გამიხედია. ვიღაცის დაჟინებული მზერა ზურგს მიწვავდა, ამას აშკარად ვგრძნობდი. კესანე იყო, მარგო, თაია, თუ სხვა, არ ვიცი, მაგრამ შებრუნებას ვეღარ ვბედავდი. ჯერ ერთი, არ მინდოდა ჩემი თანმხლებისთვის საფრთხე შემექმნა და მეორე, თუ კესანე აღმოჩნდებოდა ამ მზერის პატრონი, მე რა რეაქცია უნდა მქონოდა არ ვიცოდი. ალბათ, ერთი საათი მოვანდომეთ დაავადებული და მკვდარი თევზებისგან ტბის გასუფთავებას. მართალია, მკვდარი ბევრი არ იყო, მაგრამ, ცხადზე ცხადი იყო: თუ სათანადო ზომებს არ მიიღებდნენ, შედეგი ფატალურად დასრულდებოდა. _შენი აზრით რისი ბრალია, საკვები რომ შეუცვალე?_ახლა უკვე მეც დავინტერესდი ამ გარემოებით. სანამ მძიმე კასრი გაჭირვებით არ გადმოვიღეთ ნავიდან და ურიკაზე არ დავდეთ, მანამ არ მაღირსა რატომღაც პასუხი. _არ ვიცი, გამორიცხული არაფერია._თან ისე ორაზროვნად მითხრა, რომ მივხვდი, სულ სხვა რაღაცაზე ჰქონდა ეჭვი. _აბა, სხვა რას შეიძლებოდა თევზების დახოცვა გამოეწვია?_როლებში შევიჭერი და გამოცდილი გამომძიებელივით ჩავეკითხე. პაუზა გაწელა. რამაც ცოტა არ იყოს გამაღიზიანა. ალბათ, ფიქრობდა, სანდო ვიყავი თუ არა. მერე, მოშვებულ წვერზე ხელი ხმაურით ჩამოისვა და რაღაც ძალიან დამაინტრიგებელი ხმით წამოიწყო. _მართალია, ამ სფეროში ბევრი კონკურენტი არ გვყავს, მაგრამ..._ისევ გაჩუმდა და ახლა ტბას გახედა._წყლის ნიმუში უნდა ავიღო. დავეჭვდი. _ფიქრობ რომ წყალი დაბინძურებულია? ისეთი წყრომით შემომხედა, შემრცხვა. აშკარად მაგრძნობინა, ამდენს ვშრომობ და წყალი დაბინძურებული როგორ მექნებაო. _მოიცა, ფიქრობ რომ ვიღაცამ განზრახ მოწამლა?.. მერე?... _რაღა მერე? გავარკვევ და მერე უკვე მიფრთხილდეს._სერიოზულად დაიქადნა და მუშტები ისე მომუჭა, თითქოს ვიღაცისთვის უნდა დაერტყა. _გაარკვევ?_ინსტიქტურად გავიმეორე. _როგორ ფიქრობ, ცოტა შრომა და ფინანსები მაქვს ჩადებული ამ საოჯახო ბიზნესის დასაწყებად? შენი ძმაკაცი რომ არ იწუხებს თავს, შენც გგონია, რომ ჰაერზე მოდის ყველაფერი? _არა... მოიცა..._დავიბენი._ეჭვი ვინმეზე გაქვს? ეს ისეთი სერიოზული ბრალდებაა, რომ მტკიცებულების გარეშე ხელს ვერავის დაადებ. _შენც კარგად იცი, წლების წინ ეს მიწა მიგდებული რომ იყო და არავის სჭირდებოდა. მართალია, კაპიკებში ვიყიდე, მაგრამ ის ახლა უკვე ჩემი საკუთრებაა!_"საკუთრებას" მკვეთრად გაუსვა ხაზი._აქამდე არავის უნდოდა ჯაგნარით დაფარული გაუვალი ოღრო-ჩოღრო ადგილი. ჩემი იდეაც დასაცინად არ ყოფნიდა ზოგიერთს. ახლა კი, ყველაფერი მშვენივრად რომ აეწყო: ტბა, თევზი, კოტეჯები და დამსვენებლები, მსურველი და მოშურნე ბევრი გამოჩნდა. კლიენტიც მყავდა ორი-სამი დღის წინ, მათი აზრით სოლიდური თანხა შემომთავაზეს, მაგრამ მე დაუფიქრებლად გავისტუმრე ცივი უარით. _და ფიქრობ, რომ ზუსტად ის გმტრობს?_დავეჭვდი _არ ვიცი, მაგრამ ჩემი ბიზნესის ჩაძირვა და გაკოტრება რომ უნდათ, ეს აშკარაა. ზეგ დამსვენებლებს ველოდებით. მეთორმეტე კლასელები მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად სამი დღით რჩებიან. არავისთვის მითქვამს ჯერ, მაგრამ თევზი თუ მოწამლულია, მათ ჯანმრთელობასაც საფრთხე შეექმნებათ. _იქნებ დამთხვევაა? შარშანაც ხომ გქონდა მასეთი შემთხვევა? პანიკა რა საჭიროა? _პანიკა და მითქმა-მოთქმა არც მე მაწყობს. თუმცა, მარტოც ვერ გავუმკლავდები. მქონდეს შენი იმედი?_ისე შემომხედა, დავიბენი. უფრო იმან დამაბნია, რომ მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე მსგავსება: მას და კესანეს ერთნაირი თვალები ქონდათ. _ჩემთან ხარ თუ არა?_ისევ ჩამეკითხა. ოღონდ ამ ჯერად უკვე ცოტა შეფიქრიანებული. კონკრეტულად რას მოითხოვდა ჩემგან არ ვიცი, მაგრამ მაინც მივეცი მტკიცე პირობა. ბადრის ძმა ხომ იგივე ჩემი ძმა იყო? მათ ოჯახში ისე ვგრძნობდი თავს, როგორც საკუთარ ოჯახში. _მე ვფიქრობ, უბრალო დამთხვევაა._მისი დამშვიდება ვცადე._მარტო ამ ტბაშია თევზი დახოცილი. თან, კამერების შიშით არ მგონია ვინმე ისე შემოპარულიყო, შეუმჩნეველი დაგრჩენოდათ. მაგრამ... თუ მართლა მოწამლულია._მისი ვარაუდიც არ გამოვრიცხე._იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ ტბიდან თევზი საკვებად არ გამოიყენოთ... და წყალიც სხვა ტბებში არ გადავიდეს. _იმაზე არ გიფიქრია, თუ მართლა ვიღაცამ შეგნებულად მოწამლა, ანონიმური ზარით რომ შეატყობინოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს? _ხოო, მაგაზე მართლა არ მიფიქრია._კეფა მოვიქექე._წავალ, კამერებს შევამოწმებ. იქნებ რამე საეჭვო და ხელჩასაჭიდი აღმოვაჩინო. _მე უკვე შევამოწმე._მკლავზე მომკიდა ხელი და ისე შემაჩერა._ყველა ჩართულია. თან, ისეთი კუთხით, ამ ტერიტორიაზე არაფერი გაფაჩუნდება. თუმცა, საეჭვო ვერაფერი ვნახე. _ფიქრობ, სათავიდან ჩალიჩობს ვიღაც?_გამახსენდა, მდინარის ერთ ერთი შენაკადი, რითიც მისი ტბების მუდმივად გადავსება ხდებოდა, არც თუ ისე მიუვალი იყო. თან, რამდენიმე დღის წინ სოფლის შორიახლოს შავი მიკროავტობუსი შევნიშნე, რომელიც მაშინ საეჭვოდ სულაც არ მომჩვენებია, მაგრამ ახლა დამაეჭვა. _აი, ორი ტვინის მუშაობა რატოა უფრო გონივრული._გახარებულმა მეორე მკლავშიც ჩამჭიდა ხელი და შემაჯანჯღარა._მე ამ ტერიტორიაზე ჯაშუშურად შემოჭრას ვეჭვობდი, ეგ აზრი ფიქრადაც არ მომსვლია თავში. წამოხვალ, შევამოწმოთ? რატომაც არა-მეთქი, დაუფიქრებლად დავთანხმდი და მისი პიკაპისკენ გავეშურეთ. ის იყო, მანქანაში ჩავსხედით, რომ ბადრიც მოქანდა. _შენ გეძებდი, აქ ხარ?_რეკორდული სისწრაფით გადმოხტა თავისი მანქანიდან და ჩვენ მოგვადგა._სასწრაფო საქმეა. ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი. _არ მცალია, სოსოს მივყვები._ვიცოდი, ნასვამი რაღაც სისულელეში გამხვევდა და თავი შორს დავიჭირე. _არაუშავს, სოსო მოიცდის, მე უფრო მჭირდები._კარი გამომიღო და მოუთმენლად აწრიალდა. სოსოს კითხვით სავსე მზერით გავხედე, რა ვქნა-მეთქი. _არაუშავს, მარტო მივხედავ. წადი, ხომ იცი აღარ მოგეშვება. თან, ნასვამია, რამე შარს არ გადაეყაროს._ბოლო წინადადება უკვე ჩურჩულით მითხრა, განებივრებულ მის უმცროს ძამიკოსაც რომ არ გაეგო. ძალიანაც არ მინდოდა შუა გზაში სოსოს მიტოვება, მაგრამ თვითონვე ისურვა ასე და წინააღმდეგიც ვეღარ წავედი. ბადრის გასაღები მომენტალურად ავართვი და მისი მანქანის საჭეს მე მივუჯექი. _ახლა რა შარში გაყავი თავი?_სანამ ძრავას ავამუშავებდი, ინტერესით ვკითხე, რადგან პერანგზე შეწყვეტილი ღილები შევამჩნიე. _შენც კესანესავით ნუ დამიწყებ იმის მტკიცებას, რომ მოსიარულე შარი ვარ!_გაბრაზებულმა შემომიღრინა ცოფიანი ძაღლივით. კესანეს ხსენებამ ცოტა დამამშვიდა თითქოს. _რა ხდება, სად მივდივართ? _სოფლიდან გადი და მერე გეტყვი. უსიტყვოდ დავემორჩილე. ვიცოდი, ცოტა ხანში თვითონვე დადგებოდა აღიარების ხასიათზე. თუმცა, შევცდი. სოფლიდან ისე გავედით, აღარაფერი უთქვია. ლოდინმა და გაურკვევლობამ საშინელი ეჭვები აღმიძრა. თან, დამღალა. მოულოდნელად ტყის მიმართულებით გადავუხვიე და სოფელის ხმაური უკან რომ ჩამოვიტოვე, მკვეთრად დავამუხრუჭე. _აღარ იტყვი, რა ხდება?_საკმაოდ მკაცრი გამომეტყველებით ვკითხე. რატომღაც გული ცუდს მიგრძნობდა. _ნეხვში ვარ... ყელამდე ნეხვში._მხოლოდ ეს თქვა და ისევ გაჩუმდა. ბავშვობიდან ვიცნობდი და ასე შესვენებებით ლაპარაკი არასდროს სჩვეოდა. ალბათ, მართლა რაღაც სერიოზულ შარში ქონდა თავი გაყოფილი. ნუ თუ, იარაღის თემა იყო, მაშინ გაყოლა რომ მთხოვა და არ გავყევი? _მერე?_ვეღარ მოვითმინე და საკმაოდ ხმამაღლა ვუღრიალე._არ შეიძლება ნორმალურად ამიხსნა? ვიცოდე მაინც რა გჭირს და რაში დაგეხმარო! ამ ხნის მანძილზე მგონი პირველად შემომხედა სახეში. თვალები ჩაწითლებოდა. მაგრამ, მთლად სიმთვრალისგანაც არა. უფრო შიშის გამო. _მაშინდელი თემაა იარაღთან დაკავშირებით?_რატომღაც ვიფიქრე, რომ ვინმე შემოაკვდა და გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა. _ეეჰ, როგორც რომ იარაღი ზღვაში წვეთია ამ ამბავში..._ისევ გაჩუმდა. _ბოლოს და ბოლოს ამოღერღავ რა გჭირს?_უკვე სერიოზულად შევშფოთდი. _ვალი მაქვს... _ვალი?_თითქოს ყურებს არ დავუჯერე ამ, ასე ვთქვათ, უმნიშვნელო პრობლემაზე. არც გამკვირვებია, მას ხშირად ქონდა ვალები და მოვალეები მამამისს ახდევინებდნენ. ძრავა ისევ ავამუშავე და სოფელში დაბრუნება განვიზრახე. იმ ვარიანტს, რაც მე გავიფიქრე, მილიონჯერ სჯობდა ვალის ქონა. ცოტას შეაჯანჯღარებდნენ, ჭკუის სასწავლებლად წამოუთაქებდნენ, იქნებ მართლა მობრახუნებულიყო ჭკუაზე. სიჩქარეების გადამრთველს ხელი რომ წავატანე, ძრავი ჩამიქრო და გასაღები გამომიძრო. _განკუთვნილი დრო ამომეწურა. ახლა მინდა, რომ თავდებში დამიდგე და იქნებ სეზონის ბოლომდე გადავწიოთ დრო. სეზონის ბოლომდე ვალის გადაწევამ ცოტა დამაეჭვა. _მაინც რა თანხაზეა საუბარი?.._დავინტერესდი. თუმცა, პასუხი არ დამიბრუნა._იქნებ, ისესხო? მეც მაქვს მცირეოდენი დანაზოგი... ჩემი დანაზოგის ხსენებაზე რაღაცნაირად ჩაიცინა. _რა გაცინებს?_გაბრაზებულმა შევხედე. თუმცა, ისეთი სახე ჰქონდა, გაბრაზება შეშფოთებამ შემიცვალა. აშკარად ეტყობოდა შეშინებული იყო. ოღონდ, როგორც მივხვდი, მარტო ფულის გამო არა. სხვა რაღაც არ ასვენებდა და მე ამან უფრო შემაშფოთა. სიგარეტს გაუკიდა. ღრმა ნაფაზი დაარტყა და კვამლი ნელ-ნელა გამოუშვა ფილტვებიდან. _თუ ვალს ვერ დავაბრუნებ, ყველაფერს დავკარგავთ..._ბოლოს, როგორც იქნა გაბედა ხმის ამოღება._პატარა თანხაზე არ არის საუბარი. სერიოზული თანხაა... _მაინც რამდენი? აღარ იტყვი?_მივხვდი, რომ მოთმინება ნელ-ნელა მეწყრებოდა. _ექვს ნულიანი ციფრია..._გაჭირვებით ამოღერღა. _რაა?!_რასაც ქვია, გამოვშტერდი._მაგდენი ვინ მოგცა? ან რაში დახარჯე? _თავიდან უბრალო გარიგება იყო. ინვესტიციას დამპირდნენ. სეზონის გაფართოებას. მეტი კოტეჯი, მეტი რეკლამა... ფული წინასწარ ავიღე. მინდოდა მამაჩემისთვის დამემტკიცებინა, რომ მარტო სოსო არ ზრუნავდა ჩვენს საოჯახო ბიზნესზე... _მაგხელა თანხას ასე უბრალოდ არავინ მოგცემდა. სანაცვლოდ რამე მოგთხოვეს?_დავეჭვდი. ისევ დუმილით მიპასუხა. _გაიგე რა გკითხე?_ხმას ოდნავ ავუწიე. _წილი... ბიზნესის წილი. თანაც მალულად და არაოფიციალურად._ძლივს ამოღერღა._რაღაც საბუთებზე დაუფიქრებლად მოვაწერე ხელი. მერე კი მივხვდი, ვისთანაც მქონდა საქმე და უარი ვუთხარი, მაგრამ ფულის დაბრუნება მომთხოვეს. საქმე ის არის, რომ ნაწილი დახარჯული მაქვს... თანაც სულ ტყუილ-უბრალოდ. საჭეს ძლიერად დავარტყი მუშტი და მანქანიდან იძულებით გადავედი, რათა მეორე მუშტი უკვე მისთვის არ მეთავაზებინა. მგონი, სრულად ვერ აცნობიერებდა, რა შარში ქონდა თავი გაყოფილი. მარტო საკუთარ თავს კი არა, ოჯახის ნებისმიერ წევრს უქმნიდა საფრთხეს და ამას მგონი საერთოდ ვერ აანალიზებდა. თავი მსხვერპლად მოჰქონდა, მაგრამ სულაც არ იყო მსხვერპლი! მართალია, არც მთლად მონსტრი იყო, მაგრამ... ის უბრალოდ პატარა კაცუნა იყო, ვინც საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს გადამეტებულად აფასებდა და უდიდესი ამბიციები ამოძრავებდა. ამის გამო კი, საკუთარ თავსაც აზარალებდა და სხვასაც. მანქანას ზურგით მივეყრდენი და ცას ავხედე. წვიმას იწყებდა. გული მიდუღდა. ერთიანად მწვავდა რაღაც შიგნიდან. კესანეზე ფიქრი არ მშორდებოდა. მისთვის ვინმეს რამე რომ დაეშავებინა, ჯერ ბადრის არ ვაპატიებდი ამ უგუნურ საქციელს და მერე საკუთარ თავს, ბოლო დროს რომ მის გვერდით აღარ ვიყავი და არ ვაკონტროლებდი სად რა სისულელეს სჩადიოდა. როდის გადმოვიდა მანქანიდან, ვერ გავიგე. მე ისევ შავად მოქუფრულ ცას შევყურებდი და მსიამოვნებდა აქა-იქ წამოსული წვიმის წვეთები სახეს რომ მიგრილებდნენ. _ვიცი, უდიდესი შეცდომა დავუშვი და ამის გამოსწორებას ვცდილობ. ეს ერთხელაც დამეხმარე და გპირდები, რადიკალურად შევიცვლები. _რაც არ უნდა შეიცვალო, პასუხისმგებლობას რომ ვერსად გაექცევი, იცი? _ვიცი... და გპირდები, თუ დამეხმარები, მართლა გამოვსწორდები. პირობა თითქოს გულწრფელი იყო. თუმცა, მისი დახმარების სურვილი მის გამო სულაც არ გამჩენია. _მაინც რაში დაგეხმარო, ბანკი გავქურდო? თუ შენი ყველა მევალე სათითაოდ ვცემო? _მათი ცემა კარგი აზრია, მაგრამ... მოკლედ, სიმართლე გითხრა, მეც არ ვიცი. მოდი, ვცადოთ, დაელაპარაკე. იქნებ, დაბროზე წამოვიდნენ და ვადა გადამიწიონ. თან, ჯერ არ მინდა ჩემებმა გაიგონ. _რატო? პირდაპირ ფაქტის წინაშე გინდა დააყენო, როცა ყველაფერს დაკარგავთ? არ ჯობია აქედანვე შეაგუო ამ ფაქტს?_ისევ გავიმკაცრე ხმა. _ხო, ვტყუივარ, მცემე თუ გინდა! მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება!_მოულოდნელად პატარა ბავშვივით აღრიალდა. შევცბი. თავისი დაუდევრობით ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და ხშირადაც ისჯებოდა კიდეც, მაგრამ ბავშვობაშიც კი არ მენახა ქმისი ცრემლები. სული შემიძრა ამ სურათმა. _ვეჭვობდი. ვიცოდი ვინც იყვნენ... ისეთმა პიროვნებამ დაგვაკავშირა, სხვანაირად არც იქნებოდა, მაგრამ გმირობანას თამაში მომინდა. ვიფიქრე, ცოტას მოვწველი, ცოტას ვიხმარ და კუდამოძუებულებს გავუშვებ აქედან-მეთქი, მაგრამ ბოლოში იმათ ამომიგდეს და აქეთ მიხმარეს! თან მეცოდებოდა და თან მისი ცემა მინდოდა. მართლა მოსიარულე შარი იყო! _კარგი, დაწყნარდი! სად შეგვიძლია მათი ნახვა? დაველაპარაკები და თუ ქაჯები არ არიან, იქნებ შევძლოთ დროებითი ზავის დადება? _ედო მხოლოდ ერთხელ მყავს პირისპირ ნანახი. უფრო ვიღაც ორი მუტრუკის შუამავლობის წყალობით ვკონტაქტობთ... _გასაგებია._გრძელი აქიების მოყოლა საჭიროდ აღარ ჩავთვალე._ან ედოს ნომერი მომეცი, ან იმ ორ მუტრუკს დამაკავშირე. შევატყე, შეყოყმანდა. ოღონდ ვერ მივხვდი, შიშის გამო, თუ უკეთესი ალტერნატივის ძიებაში იყო. ბოლოს, ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან, გვერდზე გადგა და ვიღაცას დაურეკა. _რაღაცას ბოლომდე მაინც არ მეუბნები, არა?_როცა ტელეფონი გათიშა, მის მსგავსად ახლა მე წამოვადექი სულთამხუთავივით თავზე. დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით აწრიალდა. _შენი აზრით, დამრჩა რამე უთქმელი? ამხელა საიდუმლო გაგანდე და კიდევ ფიქრობ, რომ რაღაცას გიმალავ?_თავისებურად აბუზღუნდა._ტელეფონით ედოსთან დარეკვას და საქმის მოგვარებას, ისევ იმ ორიდან ერთ-ერთ გორილას დავურეკე. შეხვედრაზე დავითანხმე. _კაი. სად და როდის?_ძლივს მოვთოკე ნერვები. _დღეს, ერთ საათში ლაჯანურის წყალსაცავის კაშხალზე. შეხვედრის ადგილი არ მომეწონა. იმ კაშხალზე კარგ ამინდშიც სახიფათო იყო და ამ დელგმაში ხომ მითუმეტეს. ზუსტად თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა იქ მისვლა. თუმცა, ისე ვიყავი დაცვის რეჟიმზე გადართული, რომ არ გამიპროტესტებია. მხოლოდ საათზე დავიხედე, დაღამებამდე უნდა მოვასწროთ-მეთქი ჩავიდუდუნე და ისევ მე მივუჯექი საჭეს. ბადრიც მალევე მომყვა უკან ლანდივით და დაჯდა თუ არა, ფრთხილად დავიძარით ადგილიდან. გაზაფხულისთვის დამახასიათებელმა ღვართქაფმა ლარჩვალში მოგვისწრო. ისე წვიმდა, მინის საწმენდები ვეღარ ასწრებდნენ საქარე მინის გაწმენდას. ხილვადობა ჭირდა. საფრთხე ყოველ მოსახვევში იმალებოდა, მაგრამ განზრახვაზე მაინც არ აგვიღია ხელი. არ ვიცი, ეს უგუნური ბიჭი მთლად ჩემს იმედად იყო, თუ კიდევ იყო რაღაც, რასაც ბოლომდე არ მიმხელდა. მოულოდნელად ისე დამშვიდდა, ლამის ტკბილადაც ამოუშვა ფშვინვა. ალბათ სხვას ჩემს ადგილზე გააღიზიანებდა ეს ფაქტი, მაგრამ მე პირიქით, სასწაულად მესიამოვნა ხმას რომ არ იღებდა და ჩუმად იყო. ნორმალური მეგობრები მგზავრობის დროს მოსალოდნელი შეხვედრის სავარაუდო დეტალებს განიხილავდნენ. დიალოგის გეგმასაც შეადგენენ. ერთი პირი ექნებოდათ, მაგრამ ჩვენ ხომ არანორმალურები ვიყავით? რომ ვთქვა, ტვინი გადაჭედილი მქონდა იმაზე ფიქრით, რას როგორ მოვიმოქმედებდი-მეთქი, მოვიტყუები. იმაზეც კი არ მქონდა წარმოდგენა, რას ვიტყოდი. ერთადერთი მიზანი მამოძრავებდა: ბადრი ამ ერთხელაც ამომეთრია ნეხვიდან. ოღონდ, არა როგორც ძმაკაცი, არამედ როგორც კესანეს ძმა... _კი თქვეს მოვალთო, მაგრამ შენი აზრით მოვლენ?_ბოლოს ისევ მისმა მოგუდულმა ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან. ინსტიქტურად შევანელე სვლა და წყრომით გავხედე. _ყოველთვის არ ასრულებენ სიტყვას?_იმან კი არ ამაღელვა, კაშხალზე რამე გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო, არამედ იმან, რომ შესაძლოა ტყუილად მივდიოდით. _მუქარას არასდროს ტოვებენ ჰაერში გაჟღერებულ ცარიელ სიტყვებად. _მაშინ მოვლენ._დარწმუნებით ვთქვი და სიჩქარეს ისევ ვუმატე._იქ შეხვედრაც ერთგვარი მუქარაა მათი მხრიდან. _კარგი, დამპირდი, რომ მე თუ რამე მომივა, მამაჩემს ეტყვი, ცუდი განზრახვა არ მქონია... _არაფერიც არ მოგივა და აქეთ დამპირდები, რომ თვითონ აუხსნი ყველას ყველაფერს!_ისეთი კატეგორიული და შეუვალი ტონით მოვთხოვე, უარესად აიბუზა. _გაიგე, რა გითხარი?_პასუხი რომ არ გამცა, მკვეთრად დავამუხრუჭე. მანქანა მოცურდა. თუმცა მისი დამორჩილება მაინც შევძელი. _რას შვრები, შე ჩემა?! _დამპირდი-მეთქი!_უკვე გაცოფებულმა ვუღრიალე. _კარგი, ხო, გპირდები._საცოდავად ამოიკნავლა. _ვერ გავიგე? _გპირდები-მეთქი!_პანიკაში ჩავარდნილივით მიღრიალა. თითქოს საკმარისი იყო ჩემთვის ეს პირობა და ისევ დავიძარით ადგილიდან. ნელ-ნელა წვიმამ იკლო. სამაგიეროდ ქარმა იმძლავრა. ბინდი ეპარებოდა გარემოს, მდინარე ცხენისწყალზე რომ გადავედით. ხელმარჯვნივ გადასახვევთან ჩხუტელის ტრაფარეტი მომხვდა თვალში და გულში უსიამო ჩხვლეტა ვიგრძენი. _მათესთან დაკავშირებით რამე ხდება?_მგონი, ჩემი მზერა დაიჭირა ბადრიმ, აზრებიც უმალ წაიკითხა და ინტერესით მომაჩერდა. დავიბენი. უფრო კი, ავღელდი. _ვინ მათესთან?_რაც შემეძლო თავი გამოვიშტერე. თან, ისე ვკითხე, დაძაბული მზერა არ მომიშორებია გზისთვის. ერთხანს უხმოდ მიყურა. თითქოს მცდიდა. მე კი გული გამალებით მიცემდა. _კაი, დაივიწყე._რატომღაც მალევე გადაიფიქრა ამ თემაზე საუბარი და მეც შვებით ამოვისუნთქე. დანიშნულების ადგილს რომ მივუახლოვდით აღარ წვიმდა. სამაგიეროდ კარგად ბნელოდა. ცარიელ პარკინგზე მანქანა ნელა შევიყვანე და ისე გავაჩერე, რომ კაშხალთან მისასვლელი ფეხით სავალი გზა ანთებული ფარების შუქზე გულდასმით დამეზვერა. ჩვენს გარდა არავინ იყო. _ჯერ არ მოსულან?_ისეთი ტონით იკითხა ბადრიმ, ვერ გავიგე ეწყინა თუ გაუხარდა. _არ გადმოხვალ, სანამ არ გეტყვი!_მკაცრად გავაფრთხილე, მანქანიდან გადავედი და კაშხლის მიმართულებით წავედი. იქ, ქვემოთ, რაღაც ავის მომასწავებლად გუგუნებდა წყალი. ქარიც უფრო და უფრო მძლავრობდა და ამ პირქუშ გარემოს უფრო საშიშსა და სახიფათოს ხდიდა. გავიგე, მანქანის კარი რომ მიჯახუნდა და სულ მალე ბადრიც ამომიდგა გვერდში. _რატო არასდროს მისმენ?_წყრომით შევხედე. _მარტო არ დავრჩები._შიშნარევი ხმით მითხრა და ჯიბის ფანარი მოიმარჯვა. სველ გრუნტზე აშკარად ემჩნეოდა საბურავების ახალი კვალი. _უკვე იქ არიან._რატომღაც ჩურჩულით ვთქვი, ფანარი გამოვართვი და გარეშემო მიმოვატარე. ოვალურ თაღთან მაქსიმალურად ახლოს მისულ ნაცნობ შავ მიკროავტობუსს მოვკარი თვალი. _ისინი არიან._ბადრიმაც დაიჩურჩულა და ქურთუკის შიგნიდან საქამრეში რაღაც შეისწორა._წამოდი. _მოიცადე, იარაღი გაქვს?_დავეჭვდი._რად გინდა? _შენ გგონია, ისინი ხელცარიელები არიან მოსულები? ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ დაგვასწრონ. ფეხი საშინლად ცურდა. დაძაბული მივაბიჯებდი აქა-იქ გუბეებით დაფარულ სველ გრუნტზე და თან მიკროავტობუსს არ ვაშორებდი თვალს. წყლის გუგუნი უფრო და უფრო მძლავრობდა და შეუძლებელს ხდიდა გარეშე ხმების გარჩევას. სიბნელეს ზორბა მამაკაცის ლანდი გამოეყო, რომელიც მანქანას მიეყრდნო და ხელით გვანიშნა, მაგ შუქით თვალებს მჭრითო. _მშვიდობიანი საღამო._მისვლისთანავე მოგვესალმა. თანაც ისე, თითქოს ძველი ნაცნობები ვყოფილიყავით. მის ხმაში გადამეტებული თავდაჯერებულობა იგრძნობოდა. აშკარად გვეუბნებოდა, აქ სიტუაციას მე ვმართავ და ყველაფერს მე ვაკონტროლებო. _ვინ ხარ?_არაფრად ჩავაგდე მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე და გამომწვევად დავუდექი წინ. _შენ ოტია უნდა იყო, ბადრის მეგობარი._"მეგობარს" დაცინვით გაუსვა ხაზი. _კი, ოტია ვარ, ბადრის მეგობარი._მისი მხრიდან ირონია გადავყლაპე და მშვიდად დავუდასტურე._შენ? მანქანის უკანა მხრიდან მეორე აყლაყუდაც გამოვიდა, რომელიც სიგარეტს აბოლებდა. ხელი ჯიბეში ედო. თითქოს იქ რაღაცას ინახავდა და თან თვალს არ მაშორებდა. _დრო ბევრი არ გვაქვს._რაც შემეძლო საქმიანად ვთქვი._ვადა სადამდეა და რამდენია საბოლოო მოთხოვნა? სიგარეტის მწეველმა ცას გამომწვევად ახედა, თითქოს იქ რაღაცას ითვლიდა. მერე, ჯიქურ შემომხედა თვალებში. _უბრალო "ზაპრავჩიკის" კვალობაზე გაბედული ხარ, ხომ იცი? ინსტიქტურად მუშტები შევკარი. _საქმეზე ვართ მოსულები და არა ერთმანეთის შესაფასებლად! _რეაქციასაც ნიჩევო._ჩაეცინა და კვამლი სახეში შემომაბოლა._თავიდან ერთი ლიმონი იყო. მერე, პროცენტი დაემატა. დაგვიანების ჯარიმაც. მოკლედ, ორი გახდა რაა. დავინახე, როგორ აწრიალდა ბადრი. მივხვდი, ზურგს უკან იარაღს დაუწყო წვალება. _ვადაზე რომ დავილაპარაკოთ._სიტუაციის განმუხტვა ვცადე. _ვადა იყო. გავიდა._ისე არხეინად თქვა მეორე ზორბამ, თითქოს უმნიშვნელო რაღაცას ამბობდა. წამიერად ოთხივენი გავჩუმდით. მხოლოდ წყლის ხმაური აყრუებდა გარემოს. _შეგვიძლია შევთანხმდეთ: ნაწილს ახლა დავაბრუნებთ. დანარჩენს გრაფიკით. _მოიცა, ბანკის წარმომადგენლებს ან კრედიტ ოფიცერებს ვგავართ?_ერთმანეთს ხმამაღალი სიცილით გადახედეს. არ ვუპასუხე. _შენ რაღაც ძალიან საქმიანი ადამიანი ჩანხარ "მეგობარო"._ირონიით მითხრა სიგარეტის მწეველმა._მაგრამ პრობლემა იცი რა არის? ჩვენ ვადა არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს სიტყვა. სიტყვა კი დაირღვა. _ფული დაბრუნდება._მგონი მარტო მე შევნიშნე აქამდე უხმოდ მდგარი ბადრის დამაჯერებლად ნათქვამში ოდნავი შიში. _ფული ყოველთვის ბრუნდება, მაგრამ ხალხი არა!_სიგარეტის ნამწვი წკიპურტით მოისროლა. ქარი უფრო გაძლიერდა. თითქოს რაღაც ცივი მასა ჩამეღვარა გულში. _რას გულისხმობ?_მკაცრად ვკითხე. ამჯერად აღარ გაუცინია. _განსაკუთრებულს არაფერს. უბრალოდ, ბიზნესში ხშირად ხდება ასე, რომ ადამიანი მაშინ იწყებს პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, როცა მისთვის მნიშვნელოვანი რაღაც ან ვიღაც საფრთხეშია._მერე მზერა ბადრიზე გადაიტანა._თქვენს ოჯახში ხომ ყველა ძვირფასია? სისხლის წნევა და აჩქარებული გულის ფეთქვა ყურებში ვიგრძენი. _მორჩი ქარაგმებით ლაპარაკს და პირდაპირ თქვი!_ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი. _მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ზოგჯერ ვალის ამოღების სხვა მეთოდებიც გვაქვს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ლამაზი და დაუცველი ადამიანი დადის დაუცველ ადგილებში. მაშინვე კესანე ამომიტივტივდა მეხსიერებაში. ბადრი კი ჩემს გვერდით გაიყინა თითქოს და იმ წამს მივხვდი, რომ ეს შეხვედრა უბრალო ვადის გადავადებაზე აღარ იყო. ეს იყო გაფრთხილება გააზრებული და მიზანმიმართული. უცნაური განცდა დამეუფლა. თითქოს დავმშვიდდი, მაგრამ ეს არ იყო ის სიმშვიდე, რაც შიშს მოსდევს ხოლმე. ეს იყო სიცივე. თვალებში შევხედე. _კარგი. მოდი, პირდაპირ ვილაპარაკოთ. ბადრი დაიძაბა. ალბათ ჩემს აფეთქებას ელოდა. _ფულს დაიბრუნებთ!_მშვიდად განვაგრძე._მაგრამ არა დღეს. არა ხვალ. თუმცა, აუცილებლად დაიბრუნებთ. ერთ-ერთმა ისევ ჩაიცინა. _და გარანტია? პაუზა განზრახ გავწელე. შემდეგ, კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი. _იცი, რომ შეცდომა დაუშვი?!_კბილებში ავად გამოვცერი. ამ ხნის მანძილზე მგონი პირველად დაიძაბა. _რა შეცდომა? _ის, რომ ოჯახი ახსენე! ქარმა ისე ძლიერად გადაუარა კაშხალს, რომ წყლის ხმაური გააორმაგა და იქაურობა წამიერად გააყრუა. _ეს ბიზნესია!_ისე მითხრა, თითქოს თავი იმართლა. _არა!_თავი ოდნავ გადავხარე._ბიზნესი იქ დამთავრდა, სადაც ქალი და ბავშვი ახსენე! ბადრი ისევ აწრიალდა. _გარანტია გინდათ?_განვაგრძე._მიიღებთ. თუმცა, არა ისე, როგორც გგონიათ! მე მშვიდობისმოყვარე მოქალაქე ვარ, მაგრამ თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, ბადრის ოჯახი კი იგივე ჩემი ოჯახია! ომი კი არა, სულ სხვა რაღაც საშინელება იქნება, რაც ნამდვილად არ მოგეწონებათ! ვერ ვიტყვი, ისეთი პიროვნება ვიყავი, რომ ყველას შიშის ზარს ვცემდი. ვერც იმის მტკიცებას დავიწყებ, რომ ორივეს თავისუფლად მოვერეოდი და ჭკუას ვასწავლიდი, მაგრამ ფაქტია, რომ იმ წამს რაღაც მოხდა. მოულოდნელად სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალა. _კარგი, ორი კვირა._მალევე დამთანხმდა. _ორი კვირა და პირველი ნაწილი... და ამ დროის განმავლობაში ჩემი ოჯახი თქვენთვის არ არსებობს!_მკაცრად გამოვუცხადე. დიდხანს მიყურა. თითქოს წინასწარ წონიდა მოსალოდნელ შედეგებს. შემდეგ კი ოდნავ გაიღიმა. _ვნახოთ._გამომწვევად თქვა, შეტრიალდა და მანქანაში ჩაჯდა. მეორემაც მას მიბაძა და მალევე დაიძრნენ ადგილიდან. _ეს რა ქენი?_ვერ მივხვდი შიშით მკითხა ბადრიმ თუ აღტაცებით. _რა და თამაშში ავყევით._რატომღაც კაშხალის კიდეს გადავხედე._და ამ თამაშში პირველი სვლა ჩვენზეა, იცოდე. ქარმა ისევ გადაუარა წყალს. _ისინი უკვე წავიდნენ. ჩვენ აღარ წავიდეთ? მხოლოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. ღრმად ჩავისუნთქე ნესტით გაჟღენთილი ჰაერი და ისევ იმ გზით დავბრუნდით მანქანამდე, რითიც მივედით. *** მეორე დღეს, ინათა თუ არა, მაშინვე ტბაზე გავეშურე. ძმაკაცის ამბები რა თქმა უნდა მადარდებდა, მაგრამ არანაკლებ მადარდებდა სოსოსიც. მაინტერესებდა, მიაგნო თუ არა რაიმე საეჭვო კვალს ტბის მოწამვლასთან დაკავშირებით. წინა დღის ძლიერ წვიმას ღელე აედიდებინა და კალაპოტიდან გადმოდიოდა. თან იმდენი ქვა-ღორღი და მიზრდილი ლოდი მოჰქონდა, რომ საზარელი სანახავი იყო. სოსოს ტბის ტერიტორიაზე შესასვლელ ხიდთან შევხვდი. _აბა, რა ხდება?_მისვლისთანავე ჩავეკითხე. სახეზე წუხანდელი უძილობის და ნერვიულობის კვალი ემჩნეოდა. თან, ერთიანად სველი და ტალახიანი იყო. _ხომ მშვიდობა გაქვთ, რა იყო?_გულმა რეჩხი მიყო. _ადიდებული მდინარის ერთ-ერთმა შენაკადმა დამცავი ბარიერი გაარღვია და ტბები გადაავსო... კარგი ამბავი მხოლოდ ის არის, რომ ტბა თუ მართლა მოწამლული იყო, ნაწილობრივ მაინც გაიწმინდა... _და ცუდი?_მხრებში ჩავაფრინდი შეშფოთებული. _დინებას ბევრი თევზი გაყვა. ალბათ, მესამედი მაინც... ნამდვილად არ იყო კარგი ამბავი, მაგრამ იმ აზრთან შედარებით, რამაც იმ მომენტში გამიელვა, სანამ რამეს მეტყოდა, დიდი ვერაფერი. _ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიაც დააზიანა. ინტერნეტი და მგონი რამდენიმე კამერაც... _კამერებს და ინტერნეტს მე მივხედავ._დავამშვიდე._სანამ ელექტროობას მიხედავთ, სხვა რაში შემიძლია დახმარება? ჯერ დაფიქრდა. ალბათ, საჩემო საქმეს არჩევდა გონების თვალით. თუმცა, ვერაფერი გამონახა. (ან, გადაიფიქრა რამის თხოვნა). მადლობა გადამიხადა, ისედაც ბევრს აკეთებ ჩვენთვისო და თავის საქმიანობას მიუბრუნდა. ტბის ტერიტორიაზე ხალხმრავლობა დამხვდა. როგორც მივხვდი, ხვალინდელი სტუმრების მოლოდინში დაქირავებული მუშები სტიქიისგან დაზარალებულ ადგილს წმენდდნენ და ასუფთავებდნენ. თვითონ ოჯახის წევრებიც არ ზოგავდნენ თავს. შორიდანვე მოვკარი გოგოებს თვალი და გულისფანცქალით გავეშურე მათკენ. _ვაა, ოტია?_პირველმა მარგომ გამომხედა, ჩემი ჩრდილი რომ წამოადგა ჩაცუცქულს თავზე და ფეხზე წამოდგა._ეს რა საშინელი წვიმა იყო გუშინ, არა? კესანემ თვალი ამარიდა, მაგრამ შევამჩნიე, რომ ღიმილი ვერ დამალა. დაღლილი ჩანდა. თუმცა, მისი მზერა ისევ იმ სითბოს ატარებდა, რომელიც მთელი ცხოვრება მახსოვდა. _მეგონა, მეორედ მოსვლა იწყებოდა._თაიაც წამოდგა, მომიახლოვდა და ლოყაზე ხმაურით მაკოცა._როგორ ხარ ბიჭო? რატო მოგვანატრე თავი? წამიერად ისევ დავიჭირე კესანეს მზერა და გულმა დაჭრილი ჩიტივით დამიწყო რატომღაც ფრთხიალი. _მალე მორჩებით?_მღელვარების დასაფარავად მათი მუშაობის გრაფიკით დავინტერესდი. _თუ მდინარე მეორედ არ გადაწყვეტს ადიდებას, კი._გულღიად გაეცინა მარგოს._მანამდე კი, კარგი იქნებოდა ყავა დაგველია და პატარა შესვენება გამოგვეცხადებინა... _ყავა?_თაიამ სასაცილოდ დააჭყიტა თვალები._კარგი აზრია. ისე, შენც ხომ დაგვეწვევი?_ტექნიკურად დამპატიჟა მეც. კესანე უხმოდ წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა. მის ნაბიჯებს უნებურად გავაყოლე თვალი. უცნაური იყო: თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო, მაგრამ ჩვენს შორის რაღაც დაძაბულობა მაინც არსებობდა. თაიამ ხელკავი გამომდო და ტბის პლატფორმაზე პატარა ფიცრულისკენ წამიყვანა. _წამოდი, იქ დავსხდეთ... სტიქია სტიქიაა, მაგრამ ჩვენც ხომ გვინდა ადამიანური დასვენება? მარგოც უკან მოგვყვა. სულ მალე კი, სამივენი ფანჩატურში ვისხედით და ცხელი ყავის მოლოდინში მხიარულად ვსაუბრობდით. ნაპირისკენ ზურგით ვიჯექი და ტბას გავყურებდი. უკვე დამშვიდებული ჩანდა. თუმცა, მღვრიე ზედაპირზე აქა-იქ ჩნდებოდა მოზრდილი წრეები თევზების დამსახურებით. შორიდან მუშების ხმა ისმოდა, ტერიტორიას რომ ასუფთავებდნენ. მოულოდნელად გრილმა სიომ ნაცნობი სურნელი მოიტანა და რაღაც სასწაული განცდით ამევსო გული. _გუშინ დაგინახე, აქ იყავი. სოსოს ეხმარებოდი. მინდოდა შენი ნახვა, მაგრამ სანამ ოთახიდან გამოსვლა მოვიფიქრე, უკვე წასული დამხვდი._მაცდური ღიმილით მითხრა თაიამ და მზერა ჩემს უკან შეაჩერა. _რამდენს წვალობს ეს ბიჭი, მეცოდება. გუშინდელს აქეთ ხომ მოსვენება აღარ აქვს._თანაგრძნობით თქვა მარგომ და ფეხზე წამოდგა. ზუსტად ჩემს გვერდით შეეგება კესანეს._შენ რა კარგი გოგო ხარ, რა გემრიელობები გამოგიყოლებია თან._გავიგე, ლოყაზე რომ აკოცა კმაყოფილმა და მიეხმარა, მოზრდილი ლანგარი ყავის ფინჯნებით და ტკბილეულით ხის მაგიდაზე რომ დაედგა. უნებურად ფინჯნების რაოდენობაზე გავამახვილე ყურადღება. ალბათ, ბადრი შემოგვემატება-მეთქი, გავიფიქრე და ჩემთვის განკუთვნილ ფინჯანს გადავწვდი. კესანე რატომღაც ჩემს გვერდით დაჯდა. ამ ფაქტმა ამაღელვა. (ოღონდ რა ჯანდაბა მაღელვებდა, მართლა არ ვიცოდი). ახლა, მარგოს შევასწარი თვალი, საიდუმლო ჟესტებით რომ ესაუბრებოდა დაქალს და უარესად ავფორიაქდი. _ყველაფერს რომ მოვრჩებით, სადმე წავიდეთ, არ გინდათ?_ზოგადად, ყველას მისამართით თქვა თაიამ, მაგრამ რატომღაც მე მომაპყრო დაჟინებული მზერა. თან, გრძელი თითები მჭიდროდ შემოაჭდო ფინჯანს ისე, თითქოს ეშინია არსად გაექცესო. _დღეს თუ მოვახერხებთ რამეს, თორემ ხვალ ვმუშაობ და არ მცალია._ტექნიკურად დავიძვრინე თავი. _შენ რა მშრომელი ბიჭი ხარ._მაცდურად შემომღიმა და თვალმინაბულმა მოწრუპა ცხელი ყავა. _სოფელში ზოგადად მშრომელი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ჩვენი ოტია მართლა მაგარი ბიჭია._ჯერ სოსოს ხმა შემომესმა და სანამ თავს მივაბრუნებდი, მისი ხელიც შემეხო მხარზე._მე თუ მკითხავთ, სასურველი სასიძოა..._მივიდა და მარგოს მიუჯდა გვერდით. (პრინციპში, სხვაგან ადგილი არც იყო). ტანსაცმელი გამოცვლილი ქონდა, სველი და ტალახიანი აღარ იყო. თმაც საგულდაგულოდ დაევარცხნა და ცოტა ოდეკოლონიც მიეპკურებინა. _დასვენება კი, მაგრამ აქ ცხოვრება რთულია. პირადად მე გამიჭირდება. ასე რომ, ჩემს გამო თბილისში უნდა წამოვიდეს._კეკლუცად გადაიკისკისა თაიამ. შემთხვევით მარგოს შევხედე, უჩვეულოდ შეფაკლული ღაწვებით რომ იჯდა სოსოს გვერდით და ფინჯანს უაზროდ აწვალებდა. მერე ისევ გამოპრანჭულ სოსოზე შევაჩერე მზერა და მივხვდი, ამ ორს შორის რაღაც დიდებული გრძნობა ჯერ თუ არ არსებობდა, სამომავლოდ მაინც იბადებოდა. _რას იტყვი, საღამოს სადმე რომ გავისეირნოთ გოგოებთან ერთად?_მომენტალურად დამებადა ეს იდეა._რამდენიმე საათით როგორმე გაძლებს ტბა შენს გარეშე. ჩემი წინადადება თაიამ მაშინვე სიხარულით აიტაცა. _საქმე საქმეა, მაგრამ დასვენება და გართობაც ხომ გვინდა? მოდი, მართლა წავიდეთ სადმე რაა. _მურის ციხეზე რას იტყვით?_მალევე შევადგინე მარშრუტიც._შენს სიტყვას ველით იოსებ._თან, შეყვარებულ ბიჭს შევხედე. დაფიქრდა. _წავიდეთ._კესანესაც მოეწონა ეს იდეა. ეტყობა, მასაც უნდოდა, რომ ამ შესანიშნავ წყვილს ერთად ყოფნის საშუალება მისცემოდა. _წავიდეთ, წავიდეთ! გადაწყვეტილი თემაა!_თაია მაშინვე წამოხტა ფეხზე._მე წავალ, მოვემზადები, თორემ ჩემი ამბავი რომ ვიცი, ვერ მოვასწრებ._გვერდით რომ გამიარა, მოულოდნელად დაიხარა და ლოყაზე მაკოცა._მართლა კარგი ბიჭი ხარ. მისი წასვლის შემდეგ ყველაფერი მიყუჩდა თითქოს. სრულ სიჩუმეში დავლიეთ ყავა. მხოლოდ შორიდან აღწევდა მუშების ხმაური და ადიდებული მდინარის მკაცრი ხმა. გრილი სიო კი, ურცხვად დათარეშობდა კესანეს თმაში და მისი სურნელი დაუკითხავად მოჰქონდა ჩემამდე. ამ სურნელს ბავშვობიდან ვცნობდი... _წამოდი, ჩვენც მოვემზადოთ. დარჩენილ საქმეს დილით მივხედავ._მარგოს მისამართით თქვა კესანემ და ფეხზე წამოდგა. შემთხვევით მისი მკლავი შემეხო. ათასობით პიქსელად დავიშალე თითქოს. თითქოს, ჩემს შიგნით რაღაც ჩამოიშალა და ერთიანობაში ვეღარ მოვუყარე თავი. მარგოც წამოდგა და უსიტყვოდ გაყვა მეგობარს. უნებლიედ სოსოს მზერა დავიჭირე. ისეთი გამჭოლი მზერა ქონდა, შევკრთი. ერთ ადგილზე ავწრიალდი. _კარგი, სანამ გოგოები მოემზადებიან მე წავალ, კამერებს და ინტერნეტს მივხედავ._ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი. მომეჩვენა, რაღაცის თქმა დააპირა თითქოს. თუმცა, ბოლო წამს გადაიფიქრა. (კიდევ კარგი). აღელვებულმა დავტოვე პლატფორმა. მხოლოდ კონტროლის ოთახში შესულმა ამოვისუნთქე შვებით, რადგან იქ უკვე ჩემი სამყარო იწყებოდა... კედელზე მიმაგრებული მონიტორები ჩამქრალი დამხვდა. დენის ნაწილობრივი მიწოდება უკვე აღდგენილი ჩანდა, მაგრამ სისტემა ჯერ სრულად არ მუშაობდა. კომპიუტერი ჩავრთე. რამდენიმე წამი დასჭირდა ჩატვირთვას. ეკრანზე თარიღი და დრო არასწორად იყო მითითებული წუხანდელი გათიშვის გამო და შევასწორე. მერე, ჩანაწერების არქივი გავხსენი. წვიმის დაწყებამდე კადრები ჩვეულებრივი იყო, საეჭვო არაფერი ჩანდა. (ისე, არც ველოდი, რამეს). შემდეგ, სიგნალი დაირღვა. ეკრანი წამით გაჩერდა და სანამ გამოსახულება საბოლოოდ გაქრებოდა, იმ კამერამ, რომელიც უკანა დამცავ ბარიერს უყურებდა, რაღაც უცნაური დააფიქსირა. კადრი გავაჩერე და გამოსახულება გავადიდე. წვიმის ფონზე ძლივს შესამჩნევი ჩრდილი ჩანდა ბარიერის მხარეს. წინ გადავახვიე. ფიგურა თითქოს დაიხარა. რაღაც მოძრაობა გააკეთა, თუმცა ვერ გავარჩიე რა. შემდეგ კი, კამერა გაითიშა. დენის გათიშვის ოფიციალური დრო 02:18 იყო. სხვა კამერებზე გადავედი. შესასვლელის კამერა იმავე დროს თეთრად ელვარებდა თითქოს ელვის გამო, მაგრამ ერთი დეტალი არ ემთხვეოდა: ელვის დარტყმისას გამოსახულება მთლიანად არ ქრება. კარს უკან ჩუმი კისკისი და ნაბიჯების ხმა გავიგონე. ავღელდი. გოგოების შეშინებას მოვერიდე და სანამ ოთახში შემოვიდოდნენ, კომპიუტერი გამოვრთე. _რა ხდება?_პირველი თაია შემოვიდა ოთახში და მას დანარჩენებიც შემოჰყვნენ._დიდხანს უნდა უთვალთვალო მონიტორებს? _არა._მაშინვე ფეხზე წამოვდექი._სრულად აღდგენას და ჩამოტვირთვას დრო სჭირდება. მანამდე კი, ცოტა გავერთოთ._ჯერ ისინი გავატარე ღია კარში და მერე მე გავედი. სოსოს უკვე გამოეყვანა თავისი საყვარელი შავი ბრაბუსი ფარეხიდან და მოსახერხებელ ადგილზეც გაეჩერებინა, რათა გოგოები ადვილად ჩამსხდარიყვნენ. ის იყო, ადგილიდან დავიძარით, რომ ძმაკაცი მხოლოდ მაშინ გამახსენდა. _ბადრი დილაუთენია ქუთაისში წავიდა._როგორც ყოველთვის, ახლაც თაიამ დაასწრო ყველას პასუხის გაცემა._ისე, რომ მცოდნოდა, გავყვებოდი. საქართველოს სამეფოს დედაქალაქს მაინც ვნახავდი. _ქუთაისში?_გულწრფელად გამიკვირდა და რატომღაც კესანეს მივუბრუნდი, რომელიც ჩუმად იჯდა და თითებით ფანჯრის მინაზე აკაკუნებდა. აშკარად საკუთარ ფიქრებში იყო გართული. _შენ გეკითხება._მარგომ ეშმაკური ღიმილით გაჰკრა მხარი. _რაა?_გაოცებულმა შემომხედა. ისეთი სახე ქონდა, თითქოს სხვა სამყაროდან დავაბრუნე. _ბადრი მართლა ქუთაისშია? _კი. მამამ გააგზავნა... მამიდა უნდა ჩამოიყვანოს. ხვალ ძალიან ბევრ დამსვენებელს ველოდებით და რამდენიმე მზარეული დაგვჭირდებაო._ისეთი სუფთა და პირდაპირი იყო, თვალი ძლივს მოვწყვიტე. მთელი გზა მხოლოდ თაია ლაპარაკობდა. (არც კი იღლებოდა ეს გოგო). მხოლოდ შიგა და შიგ თუ ამოისროდნენ რამდენიმე სიტყვას მარგო და კესანე, ისიც აშკარა იძულებით. თუმცა, ეს იმას სულაც არნიშნავდა, რომ არ უხაროდათ ეს გასეირნება. ციხემდე ასასვლელ ვიწრო ბილიკს უკვე ფეხით ავუყევით. თაია წინ მიაბიჯებდა თავისებური ქოთქოთითა და ხმაურით. სოსო და მარგო ერთმანეთის გვერდიგვერდ, ოღონდ ჩუმად. კესანე ცოტათი ჩამოგვრჩა. შევნიშნე თუ არა, მეც ნაბიჯი შევანელე. _დაიღალე?_შინაგანი მღელვარებით ვკითხე._გინდა, დაგეხმარო? _არა. უბრალოდ, სილამაზით ვტკბები._შემომღიმა და გარემოს კმაყოფილი მზერა მოატარა. მინდოდა რამე მეთქვა, საუბარი წამომეწყო. თუნდაც, უმნიშვნელო თემაზე, მაგრამ სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი. თითქოს, იმ წამს ამოვარდნილი ქარი ჩემს აზრებსაც ისე ატრიალებდა ჰაერში, როგორც იმ ყვავილების ფურცლებს. კიდეს მიუახლოვდა. უნდოდა ქვემოთ გადაეხედა, მაგრამ მოულოდნელად ფეხი დაუცდა და შეტორტმანდა. სასწაულად შემეშინდა მისი დაკარგვის. წამის მეასედში გავჩნდი მასთან და მკლავები მოვხვიე. ვიგრძენი როგორ შეკრთა. ალბათ, მოულოდნელობისგან. მერე, სუნთქვა გაუხშირდა და მასთან ერთად მეც... ხშირად მიტარებია ზურგით, როცა იღლებოდა. ხელშიც ამიყვანია და ღელეზეც გადამიყვანია, ფეხები რომ არ დასველებოდა. ოღონდ ეს, მაშინ, ბავშვობაში. ახლა? მისი ოდნავი შეხებაც კი უცნაურად მიჩქარებდა გულს და მისი სურნელი თავბრუს მახვევდა... მოულოდნელად თაიას კისკისის ხმა გაისმა ძალიან ახლოდან. მაშინვე გამაშვებინა ხელები და სანამ მისი გადარეული დაქალი თავზე წამოგვადგებოდა, გზა განაგრძო. _აქ ხარ? ზემოთ ფოტოებს ვიღებთ. წამოდი, შენთან მინდა სამახსოვრო სურათი._ხელკავი გამომდო და ისეთი ჩქარი ნაბიჯებით წამიყვანა, რომ კესანეს გადავასწარით. იქ, ზემოთ, მართლაც უამრავი ფოტო გადავიღეთ. ყველა სურათში თამამად მეკვროდა და მეალერსებოდა. შიგა და შიგ მკოცნიდა კიდეც. ვაღიარებ, თავიდან მომწონდა. ვნებას აღვიძებდა ჩემში და თავს სრულფასოვან მამაკაცად მაგრძნობინებდა. ბოლო დროს კი რაღაც შეიცვალა თითქოს, აღარ მომწონდა. უფრო მეტიც, საშინლად მაღიზიანებდა. მით უმეტეს, როცა ამას კესანეს თვალწინ აკეთებდა. ეჭვი გამიჩნდა, რომ ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებდა. თითქოს უნდოდა, რომ კესანე გაეღიზიანებინა... უკანა გზაზე ბინდში იკარგებოდა უკვე ბილიკი. სიარული ჭირდა. თაია ისევ ჩემს გვერდით მოაბიჯებდა. განზრახ მეკიდებოდა, თითქოს ფეხი უცურდა. _მეშინია ოტია, მიშველე!_თან ისე კისკისებდა, ყველას ყურადღების მიპყრობა უნდოდა ნამდვილად. კესანემ რამდენიმე ნაბიჯით გაგვასწრო. ჩვენ არ გვიყურებდა, მაგრამ აშკარად გვისმენდა. მის სიარულში და მიხვრა-მოხვრაში სიბრაზეს ვგრძნობდი. _შენ თუ ასე გააგრძელე, ბიჭს მართლა წააქცევ._ჩურჩულით უსაყვედურა მარგომ, მაგრამ მან ხმამაღლა გადაიკისკისა: _მიყვარს ძლიერი ბიჭები და რა ვქნა?! ბილიკის დასასრულს სოსოს მანქანაც გამოჩნდა. შვებით ამოვისუნთქე. თუმცა, მის შორიახლოს ნაცნობი მანქანაც შევნიშნე და ავღელდი. თაიას ხელი გავაშვებინე და ფეხს ავუჩქარე. კესანე უკვე მანქანასთან იდგა. მის წინ კი მათე, რომელსაც ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და მშვიდად ესაუბრებოდა. ის ვერსია მაშინვე გამოვრიცხე, რომ შემთხვევით შეხვდა. ნუთუ, გვითვალთვალებდა? ან, იქნებ, თვითონ კესანემ დაურეკა? ამის გაფიქრებაზე სისხლი გამეყინა ძარღვებში. თაია მალევე წამომეწია. _ოჰო, კესანეს თაყვანისმცემელი ყავს?_რაღაცნაირი ღვარძლი გაურია თითქოს ნათქვამს და ისევ ისე ჩამომეკიდა. ამჯერად უხეშად მოვიშორე და კესანეს გავხედე. ისეთი თვალებით მიყურებდა, მგონი მარტო მე არ მიღრღნიდა სულს ეს ოხერი ეჭვები. ეჭვიანობა მართლაც რომ ცუდი გრძნობაა, მაგრამ კიდევ უარესი, როცა ვერ ხვდები, მართლა გაქვს ამის მიზეზი, თუ უბრალოდ გეშინია. მე რა მაშინებდა? ლოგიკური კითხვა იყო. თაია არა, არც ბადრი. სოსო და მარგოც ვერა. ვითომ მათე? მაგრამ არც ის. მგონი ის მაშინებდა, რომ კესანეს დიდი ხანი იყო უკვე, რაც დასავით აღარ ვუყურებდი... _აქედან მძღოლი შენ იქნები._ისე მომაჩეჩა სოსომ გასაღები, არც კი დაინტერესებულა, თანახმა ვიყავი თუ არა. მათემ რაღაც თქვა, რაც მე ვერ გავიგე. სამაგიეროდ კესანეს ღიმილს შევასწარი თვალი და მოვიღუშე. რამდენიმე ნაბიჯით მივუახლვდი. თან, მზერას არ ვაშორებდი არც ერთს. თითქოს რამეს ვზომავდი — მანძილს, დროს, საკუთარ მოთმინებას... _გცივა?_მათემ ქურთუკი გაიხადა და კესანეს ფრთხილად მოახურა მხრებზე. ამის დანახვაზე უარესად ავირიე. საკმაოდ უხეშად ჩამოვიშორე თაია, ისევ ხელკავის გამოდებას რომ ცდილობდა ჩემთვის და მანქანასთან წამებში გავჩნდი. _გცივა? ჩაჯექი!_მკაცრად ვუბრძანე და უკანა სალონის კარი გამოვუღე. ჯერ წყრომით შემომხედა. მაგრძნობინა, ვინ ხარ, ასე რომ მბრძანებლობო. თუმცა, სიტუაცია მალევე შეაფასა, ამ ბიჭთან სცენების დადგმას მოერიდა და ძალდატანებითი სიმშვიდით დამემორჩილა. მანქანაში ჩაჯდომამდე ქურთუკის დაბრუნება განიზრახა, მაგრამ მათემ არ გამოართვა. _გქონდეს, არ შეგცივდეს. ხვალ წამოვიღებ. ხვალ, ხვალ, ხვალ._ფუტკრის სკასავით ამიზუზუნდა თავი._რატომ ხვალ და არა დღეს? _ვაუ, რა ჯენტლმენია._თაიამ აშკარად ჩემს გასაგონად შეასხა ხოტბა არსაიდან გაჩენილ კესანეს კავალერს. მე დაბოღმილი ჩავჯექი მანქანაში და ნერვიულად ავათამაშე საჭეზე თითები. საშინელი რამ ყოფილა საკუთრების განცდა. მანამ ვერ აცნობიერებ, სანამ მისი დაკარგვის საშიშროებას არ იგრძნობ. ეს ის დაკარგვა არ იყო, იქ, ზემოთ, ფეხი რომ დაუცდა და შემაშინა. მგონი, პირველად გავაცნობიერე ის, რომ სავსებით შესაძლებელი იყო კესანესაც მოსწონებოდა ვინმე... რომ მეგონა მათეს წასვლის მერე შვებას ვიგრძნობდი, შევცდი. უბრალოდ მისი დანახვა კი არა, კესანეს ცხოვრებაში მისი გამოჩენა მანადგურებდა. ძრავა ავამუშავე და მაგნიტოფონი საკმაოდ მაღალ ხმაზე ჩავრთე. მინდოდა ის ხმები გადაეფარა, რაც ჩემს თავში ხმაურობდნენ. დაძაბული გავყურებდი გზას. საჭეს კი ისე ვებღაუჭებოდი, თითქოს მეშინოდა, არავის გამოეგლიჯა ხელიდან. მხოლოდ რამდენჯერმე გავხედე კესანეს უკანა ხედვის სარკეში, თავისთვის ჩუმად რომ იჯდა ჩაფიქრებული. ჩაწეული მინიდან შემოჭრილი ქარი თმას უწეწავდა, მაგრამ ის ამ ფაქტს მგონი ვერც კი ამჩნევდა. მეშინოდა. მისი ფიქრების მეშინოდა, რადგან შესაძლებელი იყო, რომ იქ ჩემი ადგილი საერთოდ არ ყოფილიყო... ტბაზე გვიან ღამით დავბრუნდით. მუშებს უკვე დაესრულებინათ გაწმენდითი სამუშაოები და ისე მშვიდად და ლამაზად გამოიყურებოდა იქაურობა, თითქოს ის სტიქია არც კი ყოფილიყოს. სახლში წასვლა არ მინდოდა, მაგრამ დარჩენის მიზეზს ვერ ვხედავდი. ჩემს ჯინაზე არც არავინ შემიპატიჟა. ალბათ, დაღლილები იყვნენ. ან, გვიანი რომ იყო, იმიტომ. თუმცა, განგება აშკარად ჩემ მხარეს იყო და წასვლა დავაპირე თუ არა, ჰორიზონტზე ბადრიც გამოჩნდა. დამინახა თუ არა, ხელი დამიქნია და თავისთან მიმიხმო. _ეგ რა მოგსვლია?_მისი დაბინდული ხელი მაშინვე თვალში მომხვდა._იმათ შეხვდი?_ბოლო კითხვა უკვე ჩურჩულით დავუსვი. ჩემი აზრით რთული კითხვა არ იყო, მაგრამ პასუხი მაინც არ დამიბრუნა. მერე კი, კესანემ გაგვიარა გვერდით და ყურადღება მასზე გადავიტანე. მათეს ქურთუკი ისევ მხრებზე ქონდა მოცმული. ქარი მის კალთებს აფრებივით უფრიალებდა და თავისი ნატიფი თითებით იჭერდა, რათა არ წაერთმია. უცნაური იყო, თითქოს მთელი საღამო სწორედ იმ ქურთუკს ვუყურებდი და არა კესანეს... _ხელი როგორ დაიზიანე?_მოგვიანებით, მაგრამ მაინც დავუბრუნდი იმ კითხვას, რაზეც პასუხი არ გამცა. რაღაც უინტერესოდ შემომხედა და მხრები აიჩეჩა. _არაფერი ისეთი... პატარა ინციდენტი იყო._ისეთი ტონით მითხრა, მივხვდი, ამ თემის გაგრძელება არ უნდოდა. არც მე დამიძალებია დიდად, რადგან კესანეს ფანჯარაში შუქი აინთო და მთელი ჩემი ყურადღება ისევ გამეფანტა. _ხვალ რას შვრები, გცალია?_მოგვიანებით ბადრის ხმამ დამაბრუნა ისევ რეალობაში._ერთ ადგილზე მინდა გამომყვე. არა-მეთქი, უარის ნიშნად თავი გავიქნიე. _ფულის შოვნის თემაა და მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყავი... თუმცა, არაუშავს, მარტო წავალ. გამიკვირდა, დაძალება რომ არ დამიწყო და თავისებურად არ ჩამომეკიდა. თუმცა, რამის გარკვევის ან ახსნის თავი არც მქონდა. _კარგი, მე წავალ, გვიანია უკვე._ნაბიჯიც გადავდგი წასასვლელად, მაგრამ მოულოდნელად რაღაც გამახსენდა და შევჩერდი._კამერებში რაღაც საეჭვო ვნახე. ჯერ არავისთვის მითქვამს, მაგრამ ჯობია პოლიციას აჩვენო. პოლიციის ხსენებაზე შეცბა. _მოდი, ძაღლები არ გვინდა რაა._რაღაცნაირი მუდარით მითხრა თითქოს._და მაინც რა ნახე ასეთი? _კამერები ვიღაცამ გათიშა თითქოს... _რას ნიშნავს თითქოს? დარწმუნებული არ ხარ?_თვალი თვალში გამიყარა. _ელვის დარტყმამდეა გათიშული და მონაცემები წაშლილი... დროში არ ემთხვევა. დაფიქრდა. ტბას გახედა. მერე ისევ მე შემომხედა და გამომცდელად მომაჩერდა. _და საეჭვო რა არის მანდ? შენი აზრით მაგ არგუმენტს პოლიცია განიხილავს?_გაუკვირდა. _ვფიქრობ, ბარიერი შეგნებულად გადმოანგრია ვიღაცამ. _ამას არგუმენტად ვერ მოვიყვანთ. შენ ფიქრობ, მე ვფიქრობ, ეგრე არ არის. იმ ღამით ისეთი ძლიერი წვიმა იყო, რა გასაკვირია ადიდებულ მდინარეს გაერღვია ბარიერი. ბარიერები ხანდახან თავისითაც სკდება, თუ დიდი ზეწოლაა მასზე... _ეგ კი, მაგრამ იქ ვიღაც იყო, კამერაში ჩანს. _კამერაში ჩანს?_ისე გაუფართოვდა თვალები, ვიფიქრე ბუდიდან ამოუცვივდებოდა._სად? ვინ? _ვინ არის არ ვიცი, მაგრამ იქ ნამდვილად იყო ვიღაც! _და შენი აზრით რა მოტივი ამოძრავებდა იმ ვიღაცას, რომ ტბა ჩარეცხა? _ტბა ჩარეცხა?_ჩავფიქრდი. ნუთუ, სოსომ გახსნა ბარიერი, რომ მოწამლული ტბა გაეწმინდა? _ეს ამბავი სოსოს ხომ არ უთხარი?_მოულოდნელად დაინტერესდა. არა-მეთქი, უარყოფის ნიშნად თავი გავიქნიე. _ხო და კარგია, ნურც ეტყვი... ისედაც ნერვიულობს, იმდენი თევზი მდინარეს რომ გაჰყვა. ნაკადი ძლიერი რომ არ ყოფილიყო, არც არაფერი მოხდებოდა. რაღაცამ დამაეჭვა. ოღონდ რამ, ახლაც არ ვიცი. ტბას გავხედე. წყალი ისეთი მშვიდი იყო, თითქოს არაფერი მომხდარა: არც ადიდებული მდინარე, არც გარღვეული ბარიერი და არც მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა... _ხელი სად დაიზიანე, ბარიერის გახსნისას?_მოულოდნელად ვკითხე და გამომცდელად მივაჩერდი. გაოცებულმა თავი ოდნავ შემოაბრუნა და გვერდულად შემომხედა. _შენი აზრით, დამნაშავე ვარ?_მისმა კითხვამ კიდევ უფრო დამაეჭვა._ისედაც ვეღარ უძლებდა. როცა იქნებოდა მაინც გაირღვეოდა. ამ ადგილს დიდი ხანია ვიცნობ... შენც გიცნობ და ძალიან ბევრს ფიქრობ რომ იცოდე. ზოგჯერ ყველაფერი თავისითაც ხდება. ისეთი სახე ქონდა, ვიფიქრე, მოულოდნელად გაიღიმებდა და ყველაფერს ხუმრობაში გაატარებდა, როგორც სჩვეოდა, მაგრამ ამჯერად ასე არ მოქცეულა. _ყველაზე ცუდი იცი რა არის?_ტბისკენ მიტრიალდა და მასში არეკლილ ლამპიონებს გაუსწორა თვალი._როცა არჩევანი არ გაქვს..._თქვა და გაჩუმდა. ხმა ვერ ამოვიღე ცალკე გაოცებისგან და ცალკე იმისგან, რომ თუ ახლა შევაწყვეტინებდი, აღარაფერს იტყოდა. _ეს ტბა მგონი მოწამლული იყო._ბოლოს, როგორც იქნა ამოღერღა. მისმა სიტყვებმა უფრო შემაშინა, ვიდრე სიმართლემ. _ეგეც შენ მოწამლე?_ჩურჩულით ვკითხე და უარესი შიშით დაველოდე პასუხს. _შენ მე ურჩხული გგონივარ?_გაბრაზდა. _აბა, ვინ გითხრა, რომ ტბა მოწამლული იყო? _ის ახვრები დამემუქრნენ... ვიფიქრე, უბრალოდ მაშინებდნენ, მაგრამ... იმ დილით იმდენი მკვდარი თევზი იყო ტბაში, რომ მივხვდი. _და არავის არაფერი უთხარი? რატო? შენს სიცოცხლეს ჩირად რომ არ აგდებ, ეს ვიცი, მაგრამ მეთორმეტე კლასელების ბედიც სასწორზე შეაგდე? ნორმალური თუ ხარ შენ? _მართლა არ მეგონა, თუ ამდენს გაბედავდნენ... _ახლა დარწმუნდი, ვისთანაც გაქვს საქმე? შენი ოჯახის თითოეულ წევრს საფრთხეს რომ უქმნი, ნუთუ ვერ გრძნობ? არ გიფიქრია, მათაც რამე რომ დაუშაონ? განრისხებულმა შემომხედა. _ნუ გამოიდებ ახლა თავს და დამცველის პოზიციას ნუ დაიკავებ! დავიჯერო, ჩემზე მეტად შენ გადარდებს ჩემი ოჯახის ნებისმიერი წევრი? შევკეთი. სწორი შენიშვნა იყო. მე ვინ ვიყავი მისი ოჯახისთვის, რომ ბადრიზე მეტად მე მეღელვა მათზე? _არ ვიცი, გჯერა თუ არა, მაგრამ სადავეები ხელში ჩავიგდე და ყველაფერს ვაკონტროლებ. არავინ არავის არაფერს არ დაუშავებს, ამის გარანტიას გაძლევ! დაეჭვებულმა ჯერ მას შევხედე, საკუთარ შესაძლებლობებში ასი პროცენტით რომ იყო დარწმუნებული და მერე ტბას გავხედე, ლამპიონების შუქზე მისი ზედაპირი ისევ მშვიდად რომ ბზინავდა. თუმცა მე მაინც იმ მკვდარ კალმახებს ვხედავდი, რამდენიმე დღის წინ რომ ამოვიყვანეთ ნაპირზე. ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა და ეს წყალი მოწამლა. ეს ბადრიმაც მშვენივრად იცოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. გმირობანა ითამაშა: ბარიერი გაარღვია, ყველაფერი სტიქიას დააბრალა, რათა წყალი გაეწმინდა, მაგრამ ზარალს ზარალი დაამატა. მარტო ტბის მოწამლით თუ შემოიფარგლებოდნენ, კიდევ არაუშავს. არც ეს იყო ნაკლები კრიმინალი, მაგრამ... ყველაზე მეტად კესანეზე ვღელავდი. რაღაც ძალამ გვერდით გამახედა და ჩემი მღელვარების მიზეზიც დავინახე. ვერანდის კიბეზე ამოდიოდა. მათეს ქურთუკი ისევ მხრებზე ჰქონდა მოხვეული და ქარმა კალთები რომ აუფრიალა, ინსტინქტურად უფრო მჭიდროდ მიიკრა ტანზე. იმ წამს თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში. ვერც კი მივხვდი, როგორ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი მისკენ. _წახვედი?_ბადრის ხმა ზურგიდან შემომესმა._ხვალ შემოგივლი. წასვლას ჯერ არ ვგეგმავდი, მაგრამ... კესანეს რომ მივუახლოვდი, გულმა მაინც არ მომითმინა და თითქმის ჩურჩულით ვუსაყვედურე, ისე რომ ბადრის არ გაეგო: _ეს ქურთუკი როდემდე უნდა გეცვას? _რა?_გაჩერდა და წარბები შეკრა. ერთ ხანს ასე მიყურა. მერე, ძალზედ დამშვიდებულმა ჩურჩულითვე მკითხა:_და შენ რაში გაინტერესებს ეს? მისი ეს სიმშვიდე უარესად მომხვდა გულზე. მერჩივნა ეყვირა, თავი ემართლებინა... თუმცა, ასე არ მოიქცეულა. უბრალოდ, სევდიანი გამომეტყველებით მიყურა კიდევ ცოტა ხანს. მერე კი, ჩუმად დაამატა: _შენ რომ მართლა გაინტერესებდეს, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში, ასე არ დამელაპარაკებოდი._გვერდი ამიარა, ვერანდაზე ავიდა და იქ უკვე ქურთუკი გაიხადა, რომელიც მოაჯირზე ფრთხილად გადაფინა. ვერ გავბედე მივსულიყავი და ნორმალურად ამეხსნა ყველაფერი. ბადრის იქ ყოფნა მოვიმიზეზე. არ მინდოდა მასაც გაეგო ვითომ. სინამდვილეში კი, უსუსური არსება ვიყავი და გულახდილად საუბრის მეშინოდა. მარტო მას კი არა, მგონი საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი, რომ სხვა თვალით ვუყურებდი და ზუსტად ეს მაფრთხობდა და მაშინებდა. გაწბილებული გამოვტრიალდი და ჩქარი ნაბიჯებით დავტოვე იქაურობა. ისევ აუხსნელი დავტოვე მისთვისაც და ჩემთვისაც, თუ რა მჭირდა და რატო ვიქცეოდი ასე. *** ასე ძალიან ცხოვრებაში ისე არაფერი გამჭირვებია, როგორც მაშინ, იმ დღის გათენება და დაღამება. სამსახურში ცოტა გული გადავაყოლე თანამშრომლებთან საუბარს, მაგრამ მაინც საშინელ ხასიათზე ვიყავი. ბადრიმ მართლაც შემომიარა, როგორც დამპირდა. ზედმეტად თავდაჯერებული ჩანდა. (მისთვის დამახასიათებელი კი იყო ეს თვისება, მაგრამ მაინც). კარტები ბოლომდე არ გამიხსნა, არ მითხრა სად მიდიოდა და რას აპირებდა. სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არც დავინტერესებულვარ. მე უფრო ის მადარდებდა, მივიდოდა თუ არა მათე დღეს ტბაზე კესანეს სანახავად. მოკლე ფრაზებით შემოვიფარგლეთ მხოლოდ და მალევე წავიდა. საშინელი ოცდაოთხი საათი იყო ჩემს ცხოვრებაში, მტანჯველი და აუტანელი. დღის საათებში, ასე თუ ისე, ვუმკლავდებოდი ფიქრსაც, ეჭვიანობასაც და ოცნებებსაც. ღამით უკვე, როცა ყველას ეძინა და კანტიკუნტად შემოდიოდა კლიენტი, ფიქრისთვისაც და ნერვიულობისთვისაც დრო თავზესაყრელად მქონდა. გადავწყვიტე, სამსახურის მერე აუცილებლად მივსულიყავი მასთან და გულახდილად დავლაპარაკებოდი. მართლაც, მეორე დღეს სახლში დაბრუნებულმა მხოლოდ ორი საათი წავუძინე. მერე, შხაპი მივიღე, საგულდაგულოდ გამოვეწყვე და დიდი ენთუზიაზმით გავეშურე ტბაზე. ვერ გავთვალე, რომ იმ დღეს დამსვენებლებს ელოდნენ და ჩემთვის არავის ეცლებოდა თაიას გარდა. მანაც მოტოციკლის ხმა გაიგო ალბათ, რადგან შუა ეზოში გამომეგება თავისებური მაცდური ღიმილით. _მოხვედი?_ფორმალობისთვის მკითხა, თორემ, მის წინ ვიდექი და ამას რაღა კითხვა უნდოდა? თან, ისეთი სახით მიყურებდა, თითქოს წინასწარ იცოდა, რისთვისაც ვიყავი მისული. _როგორც ჩანს..._მხრები უაზროდ ავიჩეჩე და კესანე ვიკითხე. თვალები ოდნავ მოჭუტა. მგონი, ჩემს სახეზე რაღაცის ამოკითხვას ცდილობდა. მერე, გვერდზე გადგა და ტბისკენ გაიხედა. _იქ არიან. არიან? გული უცნაურად შემეკუმშა. თუმცა, ვერ გავბედე მეკითხა, ვინ იყვნენ. რამდენიმე წამი უხმოდ ვიდექი. თაია ისევ იმავე ირონიული ღიმილით და ოდნავ გამომწვევი გამომეტყველებით მომჩერებოდა. _მათთან არ მიხვალ? პასუხი არ გამიცია. მხოლოდ თავი დავუქნიე და ნელი ნაბიჯებით გავუყევი ფერადი კენჭებით მოპირკეთებულ ბილიკს. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას უფრო და უფრო ძლიერად მიცემდა გული. ჯერ მათი ხმა გავიგონე. უფრო კი, კესანეს სიცილზე გავამახვილე ყურადღება. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ვიღაცამ მუჭში მოიმწყვდია ჩემი გული და ძლიერად მომიჭირა. ბუჩქებთან გავჩერდი. ზუსტად ტბის კიდესთან იდგა მათე თავის ჩვეულ პოზაში: ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და რაღაცას ყვებოდა. კესანე მოზრდილ ქვაზე იჯდა, კალთაში კი ჭრელი, ყურებპარტყუნა ლეკვი ეწვინა და ეფერებოდა. თან, გულიანად კისკისებდა. ამის დანახვაზე გული შემეკუმშა. მერე, შემთხვევით მათემ გამომხედა და სახე აშკარად შეეცვალა. მის მზერას კესანემაც გამოაყოლა თვალი და მე რომ დამინახა, მასაც ღიმილი შეეყინა სახეზე. _ოტია?.. აქ რა გინდა? _შენთან საქმე მაქვს._გამბედაობა მოვიკრიბე და რაღაცნაირი რიხით ვუთხარი. ერთ ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. _ახლა?_ისეთმა გაოცებულმა მკითხა, მაგრძნობინა, უდროო დროს მოხვედიო. ზუსტად იმ დროს მათეს ხმაც გაისმა: _რა ხდება ბიჭო? რამე პრობლემაა?_თან, რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ. _კესანესთან მაქვს საქმე._მოჩვენებითი სიმშვიდით შევხედე. _მერე, ვერ ხედავ, რომ ვსაუბრობთ? ან, აქვე თქვი სათქმელი. ან მოიცადე. ვიგრძენი, სიბრაზისგან როგორ დამეჭიმა ყბები. მეც ორი ნაბიჯით მივუახლოვდი და ერთმანეთს მხოლოდ ერთი ხელის გაწვდენა გვყოფდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ აფეთქებას ცოტა მაკლდა. _ოტია..._ გაოცებულმა და ცოტა შეშფოთებულმა კესანემ დაბალი ხმით დამიძახა. მის ხმაში თხოვნა უფრო იგრძნობოდა. მოულოდნელად, (მგონი, კესანესთან ქულების დასაწერად) პოზიცია თავისი სურვილით დათმო მათემ. თუმცა, გვერდით რომ ჩამიარა, სანამ გამცდებოდა, ძალიან ჩუმად დაამატა, ისე, რომ კესანეს არ გაეგო._ფრთხილად იყავი, ბიჭო. სიბრაზისგან ისე ძლიერად მოვუჭირე კბილებს, რომ ყბები მეტკინა. _რა ხდება?_მათეს წასვლის მერე კესანემ ერთი ხელით ლეკვი ჩაიხუტა, ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა და მეორე ხელი ფრთხილად შემახო მკლავზე. შევკრთი. თითქოს ელექტროშოკერი მოედოს ვიღაცას. წამებში დამირბინა რაღაც ტალღამ მთელ სხეულში და ნაცვლად იმისა, რომ გული აემუშავებინა, პირიქით, გამიჩერა. _ოტია... რა ხდება?_ისევ გამიმეორა კესანემ და თვალებში ჩამხედა. _შენთან სალაპარაკოდ მოვედი._ნირწამხდარმა ძლივს ამოვღერღე. _კარგი, მითხარი. გისმენ._მთელი სერიოზულიბით მითხრა, მაგრამ მიხუტებულმა ლეკვმა მთელი სახე აულოკა და ბედნიერმა გადაიკისკისა. უცნაური იყო, მთელი გზა იმას ვფიქრობდი როგორც უნდა დამეწყო საუბარი, მაგრამ ახლა სიტყვებს ვეღარ ვპოულობდი. _გისმენ, გისმენ._ისევ შემაგულიანა და ლეკვი ორივე ხელით მიიხუტა. _მათე მოგწონს?_მე თვითონაც არ ვიცი, როგორ წამოვაყრანტალე ეს. გაკვირვებულმა შემომანათა თავისი დიდრონი, მუქი ლურჯი თვალები. _ეგ რა კითხვაა?_ეწყინა თუ გაუკვირდა, ვერ მივხვდი. ერთხანს ჩუმად მიყურა. მერე, მოულოდნელად ეშმაკურად მოწკურა თვალები და ისე შემომღიმა. _ეჭვიანობ? იმდენად მოულოდნელი და პირდაპირი იყო ეს კითხვა, რომ მარგალიტის გაწყვეტილი ყელსაბამივით დავიბენი და უაზროდ ავწრიალდი. _არა... უბრალოდ.... არ მინდა, რომ გული გატკინოს._ძლივს ამოვილაპარაკე. _მართლა?_მის ხმაში უკვე ოდნავი ირონია დავიჭირე. ცოტა ხნით ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. _არ ვიცი, შენ რას და როგორ ხედავ, მაგრამ მათე ცუდი ბიჭი სულაც არ არის... _და შენი აზრით, როგორ ვხედავ?_გავბედე და მზერა გავუსწორე. _არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ არ ენდობი. _და შენ, ენდობი? ამ კითხვაზე აშკარად დაიბნა, მზერა ამარიდა და ლეკვს მიეფერა. ბოლოს კი, დაბალი ხმით ამოიჩურჩულა, ალბათო. რას ნიშნავდა ეს "ალბათ", ვერ მივხვდი. გვიან შემომხედა დაეჭვებულმა. _მხოლოდ ეს გინდოდა, რომ გეკითხა? ზუსტად იმ დროს ტბიდან ნიავმა წამოუქროლა და თმა აუჩეჩა. თუმცა, თაიასავით პანიკაში არ ჩავარდნილა. არც კი უცდია გასწორება. იდგა და თვალებში მომჩერებოდა. მე კი, სიტყვების პოვნა ისე მიჭირდა, როგორც თივის ზვინში დაკარგული ნემსისა. _მე.. მე...._როგორც იქნა დავიწყე, მაგრამ ისევ გავჩუმდი. თავს არ ვიქებ, მაგრამ ძლიერი ვიყავი. ორი კაცის ცემა თავისუფლად შემეძლო. უშიშარი და გაბედულიც ვიყავი, მაგრამ კესანეს წინ? არ ვიცი რა მემართებოდა... მის თვალებში რაღაც მოლოდინის მსგავსმა გაიელვა წამიერად. _რა შენ?_ბოლოს ვეღარ მოითმინა და ლამის ჩურჩულით მკითხა. _უბრალოდ... მინდოდა მეთქვა, რომ..._მაგრამ ხმა ჩამიწყდა და ისევ გავჩუმდი. სიბრაზისგან წარბები შეკრა. _რომ რაა, ადამიანო? ინსტიქტურად ხელი თმაზე გადავისვი. თითქოს, ასე უფრო ადვილად ვიტყოდი სათქმელს. _ის, რომ..._და ზუსტად ამ დროს ჩემს ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გაისმა. გავიხედე და მათე დავინახე, ბილიკს რომ მოუყვებოდა ჩვენსკენ. ვიფიქრე, უბრალოდ გაივლიდა და თავის გზას გააგრძელებდა, მაგრამ მოგვიახლოვდა თუ არა, შეჩერდა. კესანემ გაწბილებული მზერა მესროლა. თითქოს, საბოლოოდ გადაეწურა რაღაცის იმედი. მერე, ტელეფონს დახედა, სადაც არავითარი კვალი არ იყო ესემესისა, მაგრამ რატომღაც მოიტყუა, დედა მეძებსო და წავიდა. თვალი გავაყოლე. ისევ ისეთი ბავშვური იყო ლაღი და ხალისიანი. როდიდან დავიწყე მასზე სხვანაირად ფიქრი, არ მახსოვდა. ან, როდის შევამჩნიე საკუთარ თავში ეს ცვლილება? თითქოს, ყველაფერი რიგზე იყო: ბავშვობა, და-ძმური სიცილი, გვიანობამდე ერთად ყოფნა... და მერე რაღაც შეუმჩნევლად შეიცვალა. არც აურზაური ყოფილა, არც დიდი აფეთქება. უბრალოდ, მივხვდი, რომ გავიზარდეთ და კესანეც ისე ახლოს აღარ იყო ჩემთან. მზერას მარიდებდა, შეხებას ერიდებოდა და პირისპირ დარჩენას გაურბოდა. მგონი, სახეზე მეწერა ყველაფერი და უბრალოდ ვაშინებდი. _რაო, რომეო, გამოუტყდი გრძნობებში თუ ვერა?_მათეს ირონიულმა შეკითხვამ დამაბრუნა რეალურ სამყაროში. ალბათ, მოსისხლე მტერს არ შევხედავდი ისე, როგორც მას შევხედე. _რად გიკვირს? სახეზე აშკარად გაწერია, რა ზრახვებიც გამოძრავებს... მისმა ძმებმა რომ გაიგონ ეს ამბავი, კიდე საპატიო სტუმარი იქნები შენი აზრით? სხეულმა გონებაზე სწრაფად მოახდინა რეაგირება და მოულოდნელად ისეთი მუშტი ვუთავაზე ცხვირ-პირში, რომ წაბარბაცდა. _შენი დედაც... შე ახვარო!!!_იღრიალა და მაშინვე დასაკეცი დანა დააძრო ჯიბიდან._გამოგშიგნავ და ნაწლავებს ხელში დაგაჭერინებ!!! ხელი კი მომიქნია, მაგრამ მოხერხებულად ავიცილე. მეორე ჯერზე უკვე მაჯაში ვწვდი, მკლავი ამოვუტრიალე და დანა წავართვი. _რამე დაგცდება სოსოსთან ან ბადრისთან და იცოდე, მოგაკითხავ! ზუსტად ამ დანით აგიგებ წერას!_მისივე ცივი იარაღი დავანახე, რომელიც მის თვალწინ დავკეცე და ჯიბეში ჩავიდე._გასაგებია! ახლა მან შემომხედა მტრულად. აინუნშიც კი არ ჩაუგდია გახეთქილი ტუჩი, საიდანაც სისხლი სდიოდა. ჯიბიდან ერთჯერადი ხელსახოცი ამოვიღე, დაუდევრად ვესროლე და ზურგი ვაქციე. იმისი არ შემშინებია, რომ მზაკვრულად დამესხმებოდა თავს. მისი ჩრდილი მაშინვე წამომადგებოდა და სათანადო რეაგირებას მოვახდენდი. ფიზიკურად მასზე გაცილებით ძლიერი ვიყავი. ალბათ, სამი მისნაირის ცემაც კი არ გამიჭირდებოდა. უბრალოდ, დანის იმედად იყო და ისიც მე წავართვი. ცეცხლსასროლი იარაღი კი არ ექნებოდა. რომც ჰქონოდა კი, ალბათ ვერც გამოიყენებდა ხალხმრავალ ადგილზე. იქიდან ისე წამოვედი, არავის დავმშვიდობებივარ. სახლში მისული უკვე გალიაში გამომწყვდეული მხეცივით ვაწყდებოდი ყველაფერს. გამოდის, სახეზე მეწერა მართლა ყველაფერი. რადგან მათემ შემნიშნა, ესე იგი, სხვაც შემატყობდა და თუ სხვებიც შემატყობდნენ, მაშინ უკვე გვიანი იქნებოდა ყველაფერი. ერთადერთი გზა ის მქონდა, რომ კესანესგან რაც შეიძლება შორს დამეჭირა თავი, თუნდაც ამას საშინლად დავეტანჯე. ბოლო დროს ისედაც კი გავურბოდი, რადგან ჩემი გრძნობები მაფრთხობდა, მაგრამ გამოდის, მხოლოდ ეს სიშორე საკმარისი არ იყო. დაღამებამდე სახლში ვიტრიალე. მხოლოდ ჭურჭელი არ დამირეცხავს და სადილი არ მომიმზადებია, თორემ სხვა ყველაფერი გავაკეთე. ბებიას ჩუმი ბუტბუტი ყველგან მესმოდა, სადაც კი, საქმეს მოვკიდე ხელი. ასე იცოდა ყოველთვის: უფალს მადლობას სწირავდა ჩემი არსებობისთვის. ჩემს მფარველობას შესთხოვდა და ერთ კარგ, ყაირათიან გოგოსაც სთხოვდა ჩემთვის, რომ ცხოვრების მეგზურობა გაეწია. საშინლად გამიჭირდა ჩემი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა. თავს ყველანაირად ვაიძულებდი, რომ იმ დღეებში ტბისკენ არც კი გამეხედა, არა თუ მივსულიყავი. ბადრის ზარებს ვაიგნორებდი. როცა სახლში მაკითხავდა, უამრავ გადაუდებელ საქმეს ვიმიზეზებდი და არსად მივყვებოდი. თავიდან კი ჯუჯღუნებდა, თავისებურად შემამკო კიდეც თავისი მრავალფეროვანი უცენზურო თუ ცენზურიანი ლექსიკონით. თუმცა, მალევე მოსწყინდა ჩემი დევნა და შემეშვა. უნდა ითქვას, რომ რაღაც ძალიან საეჭვოდ მიჩუმდა. როგორც წესი, ასეთ დროს რაღაც ხიფათში ეხვეოდა, მაგრამ კესანესთან შეხვედრა ისე არ უნდოდა ჩემს გონებას, რომ ყველანაირად მეწინააღმდეგებოდა და ხიფათიანი ძმაკაცის "ჩასვრილი" საქმეებითაც კი არ დავინტერესებულვარ... იმ ღამით კლიენტთა სიმრავლით მაინც და მაინც ვერ გამოვირჩეოდით. ისეთი სამარისებული სიჩუმე იდგა, საათის მონოტონური ტიკტიკიც კი ჩემს ნერვებზე მოქმედებდა. ისევ და ისევ ტბაზე მომხდარი ამბავი მიტრიალებდა თავში წრეზე და მოსვენებას მიკარგავდა: კესანეს თვალები… და ის ერთი წამი, როცა ყველაფრის თქმა დავაპირე… მერე, როგორ გაიქცა იქიდან... მათე... მისი ღვარძლიანი ირონია და ბრალდება... ბოლოს კი, მისი დასისხლიანებული ცხვირ-პირი... მესამე ფინჯანი ყავა რომ დავისხი, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ იმ ღამით ძილი არ მეწერა და გარეთ გავედი. იმ არეალს გავცდი, სადაც სათვალთვალო კამერები მეგულებოდა და შვებით ამოვისუნთქე. ღამე გრილი იყო. ჰაერი სუფთა, მაგრამ მე რატომღაც მაინც საშინლად მიჭირდა სუნთქვა. ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე, კედელს მივეყრდენი და ასე გავირინდე. ალბათ, ათი-თხუთმეტი წუთი მაინც ვიყავი გარინდული. მერე კი, ქუჩის მეორე მხარეს სამ სილუეტს მოვკარი თვალი. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია. მაგრამ ერთ-ერთმა ნაბიჯი რომ გადმოდგა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა, მხოლოდ მაშინ დავინტერესდი მათი არსებობით. დანარჩენებიც უკან მოჰყვნენ. _ოტია შენ ხარ? _კი, მე ვარ._ცოტა დაბნეულმა დავუდასტურე ჩემი იდენტობა. _კარგია, რომ არ უარყავი._იმან, ვინც წინ მოდიოდა, მომიწონა "თამამი" საქციელი. _რა ხდება, რა საქმე გაქვთ ჩემთან? _საქმე?_მეორემ ცოტა ირონიით ჩაიცინა._საქმე კი არა, მოკითხვა უნდა გადმოგცეთ? _მოკითხვა? ვისგან?_მაშინვე კი მივხვდი ვისგანაც, მაგრამ მაინც "გამიკვირდა". _ვისგან და მათესგან. _მერე, თვითონ ვერ მოვიდა?_ახლა მე ჩამეცინა ირონიით. _მოვა, მოვა._ისევ პირველმა დამაიმედა._ მაგრამ ასე თქვა, ჯერ თქვენ გაესაუბრეთო. _და რაზე უნდა გამესაუბროთ?_"დავინტერესდი." _იმაზე, რომ სხვის გოგოს უნდა შეეშვა და მის გამო გმირობანას თამაში შეწყვიტო! სხვისიო?!? ვერც კი მივხვდი, როგორ აღმოვჩნდი მასთან ახლოს. პირველს მე არ დამიწყია, მაგრამ როცა ხელი მომიქნია, მოხერხებულად ავიცდინე და მუცელში მუშტი ჩავარტყი. წამში აირია ყველაფერი. ვიღაცამ ზურგიდან მკრა ხელი. მეორემ მკლავში ჩამავლო, მაგრამ გავთავისუფლდი და იდაყვი დავარტყი ბეჭებში. ვიღაცამ უწმაწურად შეიგინა. ერთს პირდაპირ ყბებში მოვადე და დაიგმინა. _შენ დედას შევეცი შე თესლო!-დაიღრიალა და ისევ ჩემსკენ წამოვიდა. მერე უკვე ვეღარ ვარჩევდით ვინ ვის უტყამდა. მხოლოდ მუშტებს ვხედავდი და დარტყმებს ვიგერიებდი. ერთი კარგად მომხვდა ნეკნებში. სუნთქვა წამით შემეკრა, მაგრამ არ წავქცეულვარ. დამრტყმელს საყელოში ჩავავლე ხელი და კედელს მივანარცხე. _კიდევ გინდა?_თან, კბილებში გამოვცერი გაავებულმა. ერთ-ერთმა დანა ამოიღო. შეიძლება, უბრალოდ შესაშინებლად, მაგრამ რამდენჯერმე მომიქნია და ხელით დავუბლოკე. მაჯის დაჭერა მინდოდა. თუმცა, არ გამომივიდა. ამ ჯაჯგურში კი, მკლავზე მსუბუქად გამკრა ბასრი პირით. ტკივილი არ მიგრძვნია. ისიც კი ვერ გავიგე, სისხლი თუ მდიოდა. შორს სადღაც საპატრულო პოლიციის მანქანის შუქები გამოჩნდა და თავდამსხმელებმაც მაშინვე დაიხიეს უკან. _დღეისთვის ეყოფა. გავიგეთ, როგორი ბიჭიც არის!_თითქოს ერთმანეთს გადაულაპარაკეს და სასწრაფოდ წავიდნენ. უკან არც ერთს არ გავკიდებივარ. მხოლოდ ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მიდიოდნენ ჩქარი ნაბიჯებით. მერე, კედელს მივეყრდენი და ღრმად ჩავისუნთქე. ნეკნები საშინლად მტკიოდა. მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ ჭრილობიდან სისხლი მდიოდა. _ფუ, შენი._უკმაყოფილოდ დამემანჭა სახე და სააფთიაქო ყუთისთვის შევედი სამორიგეოში. დილით თანამშრომლებისთვის ჩხუბის შესახებ არაფერი მითქვამს. ჩემი ჭრილობა მინის პატარა ნამსხვრევს დავაბრალე, რაზეც შემთხვევით წაქცევისას დავეცი. მირჩიეს, ექიმს აჩვენე, ინფექცია არ წავიდესო. დავთანხმდი კი, მაგრამ სამსახურის დასრულების მერე პირდაპირ სახლში წავედი, სადაც ქურდივით შევიპარე. არ მინდოდა ბებიას დავენახე ასეთ მდგომარეობაში და ენერვიულა. ჩემს ოთახში შევიკეტე და ჭრილობა ბეტადინის ხსნარით დავიმუშავე. საშიშად არ მომჩვენებია, მაგრამ საყურადღებო კი იყო. მერე, სტერილური ბინტით გადავიხვიე და გრძელსახელოებიანი მაისური ჩავიცვი მის დასაფარად. ნეკნები ისევ მტკიოდა. ჩემი ვარაუდით, გატეხილი არ მქონდა, რადგან ფეხზე დგომა და სიარული შემეძლო. ნამდვილად დაბეჟილობის ბრალი იყო. დასასვენებლად წამოვწექი და მთელი ღამის უძილოს, თანაც დაღლილს მალევე ჩამეძინა. მობილურის ზარმა რომ გამაღვიძა, ზუსტად სამი საათი იყო. სოსო მირეკავდა. ბადრის ისევ დავაიგნორებდი, მაგრამ სოსოსთან ეს ვერ გავბედე. იშვიათად მირეკავდა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან საქმეზე. ამ ჯერზეც: ინტერნეტს რაღაც პრობლემა აქვს და შენი დახმარება მჭირდებაო… ტბაზე წასვლა და კესანესთან შეხვედრა არ მინდოდა. თუმცა, ჩემს დამსაქმებელს ტექნიკურ დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი და ნაცნობი გზა იძულებით გავიარე. გულის ფანცქალით შევაყენე ეზოში მოტოციკლი, იქვე ჭიშკართან გავაჩერე და პირდაპირ კონტროლის ოთახისკენ ავიღე გეზი. სად იყო, სად არა, მარგო შემეფეთა. _ვაა, ოტია?! სად დაიკარგე ბიჭო? გულწრფელად გაუხარდა ჩემი დანახვა._ფეხის თითებზე დადგა და ლოყაზე მაკოცა._ასე უნდა, თავი რომ მოგვანატრე? _რა ვიცი, სამსახურის გადამკიდეს თავისუფალი დრო დიდად აღარ მრჩება._თავი დამაჯერებლად ვიმართლე._თან, ისე ვიღლები, რომ დასვენება და ძილი მგონი ყველაფერს მირჩევნია._შევღიმე და გზა განვაგრძე._ახლაც საქმეზე ვარ, სოსომ დამირეკა. _კარგი, აღარ მოგაცდენ, მაგრამ საქმეს რომ მორჩები, უჩემოდ არ წახვიდე... ჩემი ლეპტოპი ნახე რაა. ბოლო დროს რაღაც აღარ მიჯერებს. დავპირდი, აუცილებლად ვნახავ-მეთქი. თუმცა, რამდენად გულწრფელი ვიყავი, არ ვიცი. შორიახლოს ნაცნობ სილუეტსაც მოვკარი თვალი, ჩემგან ზურგშექცევით რომ იდგა. ყურებპარტყუნა ლეკვი კი მის შორიახლოს ცელქობდა. გული საამოდ ამიძგერდა. გონებასთან შეუთანხმებლად გადავდგი მისკენ ნაბიჯი, მაგრამ ვიღაცამ შემაჩერა. თაია იყო. _რისგან მოხდა, რომ გამოჩნდი? რა მოგვანატრე თავი, სად დაიკარგე?_მოულოდნელად დამეტაკა და ჩამეხუტა._რაც ეს ლეკვი აჩუქა მათემ, მას მერე ამ გოგოს ჩვენთვის აღარ სცალია._ვითომ, სხვათაშორის დაამატა, მაგრამ მივხვდი, განზრახ თქვა. თითქოს, იცოდა, რომ ისედაც ვეჭვიანობდი და ცეცხლზე ნავთი დამასხა. _ახლაც ცოტახნით შემოვიარე, სოსომ დამირეკა. არ მცალია, სხვა დროს იყოს._გულგრილად ჩამოვიშორე და ოთახში შევედი. სოსო იქ დამხვდა. _აბა, რა ხდება?_საქმიანად ვიკითხე. სოსომ მხრები აიჩეჩა და მაშინვე ამიხსნა, რომ რამდენიმე კამერას რაღაც სჭირდა და ინტერნეტიც ხარვეზით მუშაობდა. უსიტყვოდ მივუჯექი კომპიუტერს და საქმეს შევუდექი. დიდი დრო არ დამჭირვებია. მალევე გავარკვიე, რომ ტბის მხარეს დაყენებული კამერები გამართულად მუშაობდა. პრობლემა ტექნიკაში არ ყოფილა. კამერებიც ჩართული იყო და სიგნალიც ნორმალურად მოდიოდა. უბრალოდ, ჩანაწერები არ არსებობდა. იმ დროის მონაკვეთი, რომელიც უნდა ყოფილიყო, სისტემაში ცარიელი დამხვდა. თითქოს ვიღაცას სპეციალურად წაეშალა ვიდეოფაილები. ერთხანს ეკრანს მივჩერებოდი. ვის შეიძლებოდა დასჭირვებოდა ამის გაკეთება? რას უნდა მალავდეს? ამის შესახებ თქმას ვაპირებდი, რომ ეკრანზე კიდევ ერთი დეტალი შევნიშნე. ისეთი რამ, რამაც უფრო დამაბნია: სისტემის ლოგებში ჩანდა, რომ ვიღაც დისტანციურად იყო შესული და ჩანაწერებზე მუშაობდა. ფანჯარა თავიდან გავხსენი. ქსელში ჩართული მოწყობილობების სიაში ოთხი მოწყობილობა ჩანდა. სამი მათგანი კარგად ვიცოდი: ჩემი კომპიუტერი, კამერების ჩამწერი და სერვერი. მეოთხე კი უცნობი იყო და სახელად „Margo“ ეწერა. მოწყობილობა ქსელში იყო და აქტიურად იღებდა წვდომას. გულში უცნაური სიცივე ვიგრძენი. მარგომ შეხვედრისას კი მითხრა, ჩემი ლეპტოპი აღარ მიჯერებს და ნახეო, მაგრამ ფაქტი იყო, მისი ლეპტოპი მუშაობდა და თანაც მშვენივრად... _სოსო!_ისე დავიძახე, რომ ეკრანისთვის თვალი არ მომიშორებია._იცი, რომ ჩვენს ქსელში ვიღაცაა. წამიერი პაუზა. _მართლა?! ეკრანზე პატარა წარწერას თითი მივადე, სადაც გარკვევით ეწერა Margo. _მარგო?_გაოცებისგან მგონი ყბა ჩამოუვარდა სოსოს. სხვათა შორის, არც მე ვიყავი უკეთეს დღეში. რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიჯექი. მერე, სკამი ხმაურით გავწიე უკან და ფეხზე წამოვდექი. სოსომ გაოცებით შემომხედა. _ახლავე მოვალ._მხოლოდ ეს ვთქვი და ოთახიდან გამოვედი. დერეფანს ჩქარი ნაბიჯებით გავუყევი. კიბის საფეხურებიც სულ ორ-ორი ავირბინე და მარგოს ოთახს მივადექი. დაკაკუნება მართებული იქნებოდა ჩემი მხრიდან, მაგრამ მინდოდა ფაქტზე დამეჭირა და ამიტომ ფრთხილად შევაღე კარი. დავიბენი. ბადრის ველოდი, მაგრამ მის ნაცვლად თაია შემრჩა ხელთ. ფანჯარასთან იდგა, მარგოს ლეპტოპი ხელში ეჭირა და კლავიატურაზე რაღაცას გამალებით კრეფდა. მოულოდნელობისგან შეკრთა და შიშით შემომხედა. _ოტია?... აქ რა გინდა?..._ლეპტოპი დახურა და საწოლზე დადო._დაკაკუნება არ გასწავლეს? მით უმეტეს, გოგონების ოთახის კარზე? _ უბრალოდ, მარგომ მთხოვა, ჩემი ლეპტოპი ნახეო... _გამოდის, ერთ მიზანს ვემსახურებით._გაუხარდა, იდეა რომ მივაწოდე._ისეთი არაფერია. მე გავასწორე უკვე... თუ გინდა, ნახე. ძალიანაც მინდოდა ლეპტოპი მენახა, მაგრამ იმ წამს უკან დავიხიე. თუ თაია მართლაც ჯაშუშობდა რაღაცას, უფრო მეტი ხელჩასაჭიდი მჭირდებოდა, რათა არ დამეფრთხო და კვალი არ წაეშალა. _ესე იგი, ყველაფერი გაასწორე და მე საჭირო აღარ ვარ?_"გამიხარდა"._კარგია, ერთი საქმით ნაკლები რომ მექნება. ზუსტად იმ წამს მის თვალებში რაღაც დავინახე. რაღაც ისეთი, რაც აქამდე არასდროს დამენახა: წამიერი დაბნევა და ნერვიულობა. თითქოს მელოდა, როდის მივხვდებოდი, რომ მატყუებდა, თუმცა... _ჰო, რა თქმა უნდა… არაფერი განსაკუთრებული… უბრალოდ, ჩვენი მარგო ცოტა მოიკოჭლებს ტექნიკურ მხარეში და ამის ბრალი იყო ყველაფერი..._თან, კეკლუცი ღიმილი მოიშველია. _გასაგებია._"ეჭვიც კი არ შემპარვია არაფერში"._მაშინ, მე წავალ, ბევრი საქმე მაქვს. შენი ნებააო, ისევ კეკლუცად შემომღიმა და ჩემთვის თავგზა რომ აერია, ვნებიანად მოიკვნიტა ქვედა ტუჩი. თუმცა, როცა კარისკენ გამოვბრუნდი, მისი მზერა მაინც დავიჭირე. ერთი სული ჰქონდა ამოეცნო, მართლა დავიჯერე თუ არა მისი ნათქვამი და მეც ისე დავიჭირე თავი, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. კონტროლის ოთახში დაბრუნებულს სოსო იქ აღარ დამხვდა. მაშინვე კომპიუტერს მივუჯექი თამამად და ლოგები თავიდან გადავამოწმე. ჩანაწერები მართლა წაშლილი იყო. თუმცა, სისტემაში კვალი მაინც იყო დარჩენილი: ფაილების არსებობის დრო და ასევე, როცა ეს ფაილები გაქრა. _ვნახოთ ერთი, რა დაგრჩა._ჩუმად ჩავილაპარაკე და სარეზერვო საქაღალდე გავხსენი. რამდენიმე წუთი უშედეგოდ ვეძებდი. ბოლოს კი, დაზიანებულ ფრაგმენტს მოვკარი თვალი და ვიდეო გავხსენი. ჩვეულებრივ, დროებითი ფრაგმენტები ინახებოდა იქ, სანამ სისტემა საბოლოოდ გაასუფთავებდა. რამდენიმე წუთი არაფერი ჩანდა. მერე, ერთ ფაილს მოვკარი თვალი. დაზიანებული კი იყო, მაგრამ მაინც ინახებოდა. ვიდეო გავხსენი. ეკრანი რამდენიმე წამით შავი დარჩა. მერე კი, კამერის ბუნდოვანი გამოსახულება გამოჩნდა. _რა ჯანდაბაა? ვიდეო ოდნავ გაჩერდა, შემდეგ ისევ გაგრძელდა. კადრში ადამიანი გამოჩნდა. თავიდან სილუეტი იყო მხოლოდ. მერე ნაპირთან მდგარი ნათურა აინთო და სახე ოდნავ გამოიკვეთა. თითქოს რაღაც მძიმე და გავარვარებული მასა ჩამეღვარა მუცელში. _ჯანდაბა!... ბადრი იყო. წყლიდან თევზით სავსე ბადე გაჭირვებით ამოიღო და იქვე მდგარ მოზრდილ ყუთში სწრაფად გადაყარა. მერე, კადრი გაიყინა და საბოლოოდ გაქრა. ეკრანს დიდხანს ვუყურებდი გამოშტერებული. _კი, მაგრამ… ამასთან თაია რა შუაშია? კარგა ხანს მართლაც რომ გამოშტერებული შევყურებდი ეკრანს. მერე, როდის-როდის კომპიუტერი გამოვრთე და სკამიდან წამოვდექი. პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ ყველაფერი სოსოსთვის უნდა მეთქვა. თუმცა, ის უჯიშო მაინც ვერ გავიმეტე. ძმებს შორის განხეთქილების ჩამოგდებასაც მოვერიდე და გადავწყვიტე, მე თვითონ მენახა და პირადად მე დავლაპარაკებოდი. იქნებ, ყველაფერი არასწორად მესმოდა? ოთახიდან გამოვედი. ის იყო, სახლში წასვლას ვაპირებდი, რომ ეზოში სოსოს გადავაწყდი. _შენთან მოვდიოდი ზუსტად. აბა, რა ქენი, რამეს მიაკვლიე? ვერაფერი ვნახე, ვიდეოები წაშლილია-მეთქი. _მერე, მაგ წაშლილი ვიდეოების აღდგენა არ შეგიძლია?_ინტერესით მომაჩერდა. შევეცადე არაფერი შემემჩნია. _ვეწვალე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ფაილები დაზიანებულია. სოსომ უკმაყოფილოდ ამოისუნთქა. _ამ ტბაზე რაღაც ხდება და რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამას გავარკვევ! მოვუბოდიშე, მეჩქარება-მეთქი, წარმატებები ვუსურვე და მოტოციკლისკენ წავედი. შორიახლოს კესანეს მოვკარი თვალი, ისევ მათეს ლეკვს რომ ეთამაშებოდა და გულში რაღაც მტკივნეულად ჩამწყდა. არც კი მივსალმებივარ, ჩაფხუტი ნერვიულად ჩამოვიფარე და უკანმოუხედავად დავტოვე იქაურობა. ნახევარი გზა არ მქონდა გავლილი, ბადრის რომ გადავაწყდი. სახლში ბრუნდებოდა. თითქოს განგებამ თავად ჩამიგდო ხელში. ვანიშნე, გაჩერებულიყო და მანაც იქვე დააჩოქა თავისი ლურჯა ბეემვე. ყურებამდე გადახსნილი პირით გადმოვიდა მანქანიდან. _ვაა, დაკარგულო! ცოცხალი ხარ თურმე? თუმცა, მე ისეთი სახე მქონდა, რომ ღიმილი მაშინვე ჩამოერეცხა. _შენთან საქმე მაქვს._პირდაპირ საქმეზე გადავედი. _ჰო?_ჩვეულებრივ მაინც ჩაიცინა._და ასეთი სერიოზული რატომ ხარ? მის წინ გავჩერდი. _თევზის ბიზნესში როდიდან გადაეშვი? ისეთი სახე მიიღო, აშკარად ეწერა: რას ბოდავო. _ჩვენი ოჯახი თევზის ბიზნესში არ არის?_გაუკვირდა. _მაგას არ ვგულისხმობ. მე შენზე გეკითხები. _მაინც რას მეკითხები? ვერ მივხვდი რას გულისხმობ. _ვიდეო ვნახე ბადრი და თავის დაძვრენას ნუ შეეცდები. წამიერად დაიბნა მხოლოდ. მერე, ირონიულად ჩაიცინა. _ვიდეო? რა ვიდეო? _ის ვიდეო, სადაც ჩანს, ღამით ტბიდან თევზს რომ იპარავ. იოლი ფული მოგინდა? ღიმილი ნელ-ნელა ჩამოერეცხა სახიდან. ერთ ხანს უსიტყვოდ მიყურა. მერე კი, ღრმად ამოისუნთქა. _ჯანდაბა... მერე? _რაღა მერე?_უაზრო გამომეტყველებით შევხედე. _სოსო, მამაჩემი, თუ პოლიცია? ვისთან გამთქვი? დავიბენი. _ჯერჯერობით არავისთან. ალბათ, დააკმაყოფილა ჩემმა პასუხმა. _ხომ იცი, რომ ფული მჭირდება? ჩემთან ერთად იყავი, ვადა რომ დამითქვეს... ბანკი ხომ არ გამაქვს? ჩემი ოჯახის საკუთრებაა. ამ ტბაში კი იმდენი თევზია, მაინც ვერავინ შეამჩნევს. _შენი ოჯახის საკუთრება?.. კი, მაგრამ ეს ხომ მაინც ქურდობაა? სოსო რაღაცას ეჭვობს... _შეიძლება მართლა ქურდობაა..._ისე მშვიდად მითხრა, თითქოს ამაზე კამათს არ აპირებდა. მე კიდევ რაღაცის სათქმელად დავაღე პირი, მაგრამ შემაშერა. _განზე გადექი და ამაში ნუ ჩაერევი!_მკაცრად გამაფრთხილა._ეს შენ არ გეხება! _შეიძლება არ მეხება, მაგრამ... სოსო რაღაცას ეჭვობს და მას ვერ დაუმალავ დიდხანს. როცა იქნება, გაიგებს... _ხო და, შენიდან ნუ გაიგებს. ამას როგორც მეგობარს, ისე გთხოვ. მეგობარსო? სწორედ ამ სიტყვამ დამარტყა ყველაზე მძიმედ. ვიდექი და გაოგნებული შევყურებდი. ჩემ წინ ის ბადრი აღარ იყო, ვისაც ბავშვობიდან ვიცნობდი და ვისაც უფრო ძმად ვთვლიდი, ვიდრე მეგობრად. თავი სინანულით გავაქნიე და უსიტყვოდ ვაქციე ზურგი. *** საღამოს ისევ დამირეკა სოსომ. ღელავდა. სათქმელს ძლივს უყრიდა თავს. თურმე, ანონიმური ზარით შეატყობინეს, რომ ტბაზე რაღაც იგეგმებოდა და უნდა ჩასაფრებოდა. _უნდა გავარკვიო ვინ არის და ჩემს ტბაზე რა უნდა! მე კი ვეჭვობდი ვინც იყო და რაც უნდოდა, მაგრამ... შევპირდი, ერთ საათში მოვალ და ერთად ვუდარაჯოთ-მეთქი. გაუხარდა. ზუსტი მდებარეობა მითხრა, სადაც უნდა დალოდებოდა დამნაშავეს და ტელეფონი გამითიშა. დათქმულ დროს დათქმულ ადგილზე ფეხით მივედი. მოტოციკლი მოშორებით გავაჩერე, რათა ხმა არავის გაეგო. ნაცნობი ჩაბნელებული ბილიკი გულისფანცქალით გავიარე და მოზრდილ ტბას მივადექი. წყლის ზედაპირი სარკესავით ირეკლავდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. ჰაერი გრილი, მაგრამ დაძაბული იყო. ფანარი ხელში მეჭირა, თუმცა არ ვანათებდი, არ მინდოდა ვინმეს შევემჩნიე. ტბის მეორე მხრიდან რაღაც ფაჩუნის მაგვარი ხმა შემომესმა. შევჩერდი და სმენად ვიქეცი. თითქოს ვიღაცა ბუჩქებში მოძრაობდა. თუმცა მალევე ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ალბათ რომელიმე ცხოველი იყო, გავიფიქრე და ყურადღება ისევ ტბისკენ გადავიტანე. უცებ ჩემს შორიახლოს რაღაც გაინძრა და სოსოს ჩურჩულიც შემომესმა. _აქ ვარ... ხმას მივყევი და ტყის პირას, მდინარის შენაკადის მხარეს, ცოცხალ ღობესთან ჩამალული აღმოვაჩინე. _პროჟექტორი გამოვრთე. ეგონოთ, რომ გაფუჭდა და უფრო თამამად მოვლენ. _მოვლენ?_გამიკვირდა. ნუთუ, ბადრის თანამზრახველი ყავდა?_რა იცი, რომ ბევრნი არიან? _რამდენიმე ნაკვალევი ვნახე._ დარწმუნებით თქვა. _იქნებ, დამსვენებლები არიან?_დავეჭვდი. _არა. ამ ტბასთან მოსვლა ავუკრძალე... თევზსაც კი არ ვიჭერთ აქედან. ცოტა ხნით გაჩუმდა და მერე უფრო დაბალი ხმით დაამატა: _ჯერ ისევ წყლის ნიმუშის ანალიზის პასუხს ველოდები. რაღაც არ მომეწონა იმ წყალში... თუმცა, ამაზე მოგვიანებით. ახლა, ჯობია გავჩუმდეთ. არავინ გაიგონოს ჩვენი ხმა. ტბისკენ გავიხედე. სარკესავით მშვიდი ზედაპირი ახლა რატომღაც უფრო ბნელი მეჩვენა. ერთ ხანს მართლაც გავჩუმდით ორივენი. სოსო რას ფიქრობდა არვიცი, მაგრამ მე იმაზე ვღელავდი, ბადრი მართლაც არ მოსულიყო აქ და ძმებს არ ეჩხუბათ. _გინდა, მორიგეობით ვუდარაჯოთ? ჯერ მე ვიქნები, შენ კი წადი და დაისვენე. _არა, რა სისულელეა._მაშინვე უარყო. ისევ გავჩუმდით და ლოდინი დავიწყეთ. ოღონდ, კონკრეტულად რას ველოდებოდით, არ ვიცოდი. დრო ნელა გადიოდა. ტბის სუნი, ტალახის ოდნავი სიმყრალე და საღამოს ნესტი ერთმანეთში ირეოდა. შორიდან მდინარის ხმაც აღწევდა ჩვენამდე. თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა, მაგრამ ცხოვრებაში პირველად არც ერთი არ ეხებოდა კესანეს. დიდხანს მოგვიწია უხმოდ და გაუნძრევლად ყოფნამ. იმედი თითქმის გადამეწურა კიდეც, მაგრამ ზუსტად იმ დროს ტყის მხრიდან მანქანის ხმა შემომესმა. ფარები არ ენთო და სიბნელეში ნელა მოიკვლევდა გზას. მდინარის შენაკადთან შეჩერდნენ. სოსოს ხელი ფრთხილად შემეხო მხარზე. _არ შევმცდარვარ._ისე დაიჩურჩულა, ძლივს გავიგე. ბუნდოვნად დავინახე ორი მამაკაცის ლანდი, მანქანიდან რომ გადმოვიდა. ერთმა რაღაც მომცრო კასრის მსგავსი რაღაც გადმოიტანა. მეორე კი ფანარს ანათებდა დაბლა მიწისკენ, რომ შუქი არ გაფანტულიყო და შორიდან ადვილი შესამჩნევი არ ყოფილიყო. გული ამიჩქარდა. ბარიერთან შეჩერდნენ. კასრი ძირს დადეს და თავსახური მოხადეს. მძაფრი ქიმიური სუნი ნიავმა ჩვენამდე მოიტანა და ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. _ახლა._თქვა სოსომ და ფეხზე წამოდგა. თითქოს მის ნიშანს ველოდი, მეც მაშინვე წამოვხტი და ისე გავიქეცი მათი მიმართულებით, თითქოს ვიღაცამ ზურგიდან მიბიძგა. სოსოც უკან მომყვა. _შეჩერდით, რას აკეთებთ?_ჩემმა ხმამ მდინარის ხმა გადაფარა მგონი. მოულოდნელობამ ორივე მამაკაცი აშკარად დააბნია და ერთ ადგილზე გააშეშა. მე მაშინვე კასრს ვეცი, რომ წყლისთვის მომეშორებინა. მძაფრმა სუნმა თვალები საშინლად ამიწვა და ამიწყლიანა. ერთ ერთმა ხელი მკრა. წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და მიწაზე მუხლებით დავეცი. ზუსტად იმ დროს სოსო დაეჯახა მეორეს და ორივენი ძირს გაგორდნენ. გაჩაღდა ჩხუბი: უხეში, არეული, ბნელში გაურკვეველი. _შენი დედაც, შე ახვარო!_თითქოს ნაცნობი ხმით შემაგინა ვიღაცამ და მიწაზე დაჩოქილს წიხლი ძლიერად ჩამაზილა ფერდში. მიწაზე გავგორდი, მაგრამ იქვე რაღაც მყარი საგანი მომხვდა ხელში და ფეხებში შემოვარტყი. ახლა მან დაიჩოქა. ამასობაში დრო ვიხელთე და წამოვხტი. მეორედ უკვე ზურგიდან დავუნაცვლე რკინის მომცრო ძელი. _პოლიცია უკვე გზაშია!_თან სოსოს გადავძახე ბლეფით, რომელიც ძირს ეგდო და მოწინააღმდეგის მუშტებს იგერიებდა. პოლიციის ხსენება დროული იყო. ის, ვინც სოსოს ურტყამდა, მე მომვარდა მოულოდნელად, რაგბისტივით დამეტაკა და შორს მომისროლა. წინა დღის ჩხუბის მერე ნეკნები ისევ მტკიოდა და ამ დაცემამ თითქოს გამიორმაგა. წამიერად გავითიშე მხოლოდ, მაგრამ ეს წამებიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ორივენი გაქცეულიყვნენ. მანქანაში წესიერად ჩამსხდრები არ იყვნენ, რომ გიჟებივით მოსწყდნენ ადგილს. _კარგად ხარ?_სოსომ მარჯვენა გამომიწოდა და გაჭირვებით წამომაყენა._იმ ახვრებმა რამე ხომ არ დაგიშავეს? არა-მეთქი, დავამშვიდე და მე მისი მდგომარეობით დავინტერესდი. არც მას სჭირდა საშიში არაფერი. შორს, ბუჩქებში, თითქოს ადამიანის ლანდს მოვკარი თვალი. თუმცა, ბოლომდე დარწმუნებული მაინც არ ვყოფილვარ, რადგან სიბნელეში ბევრი რამე არასწორად ეჩვენება ადამიანს... ნივთმტკიცება ფარდულამდე ავიტანეთ და საგულდაგულოდ გადავმალეთ. მერე, ხელები დავიბანეთ სადეზინფექციო ხსნარით. ტანსაცმელი ჩამოვიფერთხეთ და კონტროლის ოთახში შევედით. _ეჭვი ვინმეზე გაქვს? ან, იმ ორიდან რომელიმე ხომ არ იცანი?_კომპიუტერის წინ სკამზე ჩამოვჯექი თუ არა, ინტერესით ვკითხე. არაო, თავი გაიქნია. მე კი მეცნო ერთ-ერთის ხმა თითქოს, მაგრამ ასი პროცენტით დარწმუნებული მაინც არ ვიყავი და სოსოსთანაც აღარაფერი ვთქვი. იმ ღამით, სამსახურში რომ მომაკითხეს, იქიდან ერთ-ერთი იყო მგონი. რა გამოდიოდა? ისინი მათემ მომიგზავნა. ტბის მოწამვლაც მის ინტერესებში შედიოდა ვითომ? ეს რომ გავიაზრე, უსიამოდ შემაჟრჟოლა. _კამერები რამეს დააფიქსირებდა ვითომ?_სოსომ ეჭვით მკითხა, როცა კლავიატურაზე თითები ავათამაშე._ის ტერიტორია მოშორებითაა. _ვიცი, მაგრამ მაინც ვნახავ._თითქოს ჩემთვის ჩავილაპარაკე. მე ის უფრო მაინტერესებდა, მართლა იყო თუ არა ჩვენს გარდა იქ ვიღაც ბუჩქებში. რამდენიმე წამი სიჩუმეში გავიდა. მხოლოდ კლავიატურის ჩხაკუნი ისმოდა... მოულოდნელად დავიძაბე და სკამზე ინსტიქტურად წამოვიწიე. ეკრანზე ტბის ნაპირი ჩანდა. გამოსახულება მარცვლოვანი იყო, რამის გარჩევა ჭირდა სიბნელეში, მაგრამ... _მოიცა, ეს რა დროა?_რაღაცის აღმოჩენით გახარებულმა სოსომ ეკრანს დახედა._ეს მანამდეა გადაღებული, სანამ მე და შენ იქ მივიდოდით? ესე იგი, იცოდნენ, რომ იქ ვიყავით და მაინც სცადეს ტბის მოწამვლა? რაღაც არალოგიკური იყო. რომელი სულელი მოიქცეოდა ასე? სოსო ისევ ეკრანს უყურებდა და ვიდეოს წინ და უკან მატრიალებინებდა. _მოიცა...უცებ გამაჩერა და ეკრანს უფრო მიუახლოვდა._აქ რაღაც მოძრაობს. გამოსახულება თითქმის მთლიანად ბნელში იძირებოდა, მაგრამ კადრი გავაჩერე. ტბის ნაპირიდან ოდნავ მოშორებით, ბუჩქებთან, იქ, სადაც იმ მომენტში მეც შევნიშნე ვიღაც, მართლაც ჩანდა ლანდი. გამოსახულება ნელ-ნელა გავადიდე და ადამიანის ფიგურაც გამოიკვეთა. გული უცნაურად ამიჩქარდა. _ეს კაცი იქ რას აკეთებს?_გაოგნებულმა ჩაილაპარაკა და კეფა მოიქექა. ლანდი აშკარად იმ ადგილს უყურებდა, სადაც ცოტა ხნის წინ ვიჩხუბეთ. ხელში რაღაც ეჭირა. კადრი კიდევ გავადიდე და მეტალის მკრთალმა ანარეკლმა გაიელვა. _იარაღია?.._უკვე შეშინებულმა მკითხა სოსომ. რამდენიმე წამი ეკრანს ვუყურებდი მეც გაოგნებული და ერთ ადგილზე გაშეშებული. სახე არ ჩანდა, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბადრი იყო. _ამ ახვარს რაღა უნდოდა აქ?.. არაფერი მითქვამს. უბრალოდ, იმ კადრს ვუყურებდი, სადაც ბადრი ბუჩქებში იდგა იარაღით ხელში და ჩვენს ჩხუბს ადევნებდა თვალს. მთელი ღამე მონაცემებს ვსწავლობდით და ვარაუდებზე დაყრდნობით ვცდილობდით გაგვერკვია, რა ჯანდაბა ხდებოდა. ჩემს ვარაუდებს მათესთან და ბადრისთან დაკავშირებით რატომღაც არ ვამჟღავნებდი. ჯერ ერთი, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი და არ მინდოდა ჩვენი გამოძიება არასწორი მიმართულებით წასულიყო და მეორე, ასეც რომ ყოფილიყო, სოსო მეცოდებოდა ამ შოკისთვის. ინათა თუ არა, სახლში დავაპირე წასვლა. ფრთხილად გამოვედი ოთახიდან და ეზო გადავჭერი. ის იყო, ჭიშკარს მივუახლოვდი, რომ ბადრიმ მანქანა გამოიყვანა ფარეხიდან. _შენ?..._აშკარად არ მომელოდა და გაოცებული გადმოვიდა მანქანიდან._წუხელ აქ დარჩი?... _და რა იცი, რომ წუხელ აქ ვიყავი?_ეჭვით შევხედე._მოიცა, ბუჩქებში შენ იმალებოდი არა?_თან, პირდაპირ მივახალე, რათა თავის მართლების, ანდაც ტყუილის მოფიქრების საშუალება არ მიმეცა. _საკუთარ ტერიტორიაზე ბუჩქებში დამალვა რაში მჭირდება შენი აზრით?_"გაუკვირდა". _ნუ მეთამაშები იცოდე! ვიცი, რომ შენ იყავი! ერთ ხანს ჩუმად მიყურა. ვერ მივხვდი, სიტყვებს არჩევდა რა ეთქვა, თუ იმაზე ფიქრობდა, ეთქვა თუ არა. _ვთქვათ და მე ვიყავი. მერე?_ბოლოს გამომცდელად გამიყარა თვალი თვალში. _სოსოს რატომ დაურეკე ანონიმურად? მის სახეზე წამიერად გაირბინა გაოცებამ. _ყოჩაღ, ამასაც მიხვდი?_"შემაქო"._თევზს კი ვიპარავ, მაგრამ სულელი არ ვარ. იმ წყალს თუ მოწამლავენ, მამაჩემის ბიზნესი განადგურდება. _პირდაპირ რატომ არ უთხარი?_გამიკვირდა. ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა. _და იარაღით რაღას აკეთებდი? ამაზე კი, თითქოს ჩაეღიმა. _გინდოდა იმ ორ კაცს მარტო შებმოდი?_აქეთ შემომიბრუნა კითხვა. გული უცნაურად შემეკუმშა. _თუ საქმე ცუდად წავიდოდა, გამოვარდნას ვაპირებდი._წამიერი პაუზის მერე ისე თქვა, რომ მივხვდი, გულწრფელი იყო. ერთ ხანს უსიტყვოდ შევყურებდით ერთმანეთს თვალებში. მგონი, ბადრი მაინც ისევ ის პატარა ხულიგანი ბიჭი იყო, ვისთან ერთადაც ჩემი მთელი ბავშვობა მქონდა გატარებული. უბრალოდ, ახლა დიდები ვიყავით და სხვაგვარად იყო ყველაფერი. _ფეხით ხარ? წამო, გაგიყვან._ბოლოს მეგობრულად შემომთავაზა. უარი არ მითქვამს. არც მეორედ მითქმევინებია. უსიტყვოდ გამოვაღე კარი და დაბეჟილი სხეული გაჭირვებით ჩავდე მანქანაში. მოტოციკლამდე დიდი გზა მქონდა გასავლელი და ფეხით სიარული დამეზარა. ბადრიც მიუჯდა საჭეს. ძრავა აამუშავა და ნელი სვლით დაიძრა ჭიშკრის მიმართულებით. შემთხვევით კესანეს მოვკარი თვალი, ჩვენი მიმართულებით რომ მორბოდა. თან, რაღაცას იძახდა, რაც მოტორის და მაგნიტოფონის ხმაში ვერ გავარჩიე. გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა. _მოიცა, შენი და შენ გეძახის?_დავიძაბე. ბადრიმაც გაიხედა უკან და მაშინვე დაამუხრუჭა. _რა მოხდა?_უცნაურად ავღელდი და ავფორიაქდი. დავიცადე, სანამ ის გადავიდოდა მანქანიდან და მხოლოდ ამის მერე გადავედი მეც. კესანე აშკარად არ მელოდა და ჩემი დანახვა გაუკვირდა, მაგრამ ისე იყო შეწუხებული, მხოლოდ წამიერად შეყოვნდა. _ჩემი ლეკვი..._სლუკუნით ძლივს მოაბა სათქმელს თავი._ჩემი ლეკვი დაიკარგა... ხომ არ გინახია? _ლეკვი?! მეც არ ვთქვი, რა შეემთხვა-მეთქი!!! იმ სულელი ლეკვის გამო ატეხე ასეთი განგაში?_სერიოზულად გაუწყრა ბადრი._სადმე იქნება და მოვა, ნუ გეშინია. _ვერსად ვნახე. რამდენი ხანია ვეძებ._თვალები ცრემლებით აევსო. _შეიძლება, რომელიმე გოგოს ყავს ოთახში აყვანილი. გუშინ დავინახე, როგორ ეთამაშებოდნენ... _თუ გარეთ გავიდა და ტყეში დაიკარგა?... ან მდინარეში ჩავარდა?_ხმა აშკარად შეეცვალა კესანეს. შემეცოდა მართალია, მას მერე, რაც გავიგე, რომ ის ლეკვი მათეს ნაჩუქარი იყო, მაღიზიანებდა, მაგრამ ახლა უდიდესი სურვილი გამიჩნდა მისი პოვნისა. _წამოდი, მოვძებნოთ... სად არ გინახია?_დაუფიქრებლად შევთავაზე დახმარება. _მეტი საქმე არ გაქვთ?_აშკარად გაბრაზდა ბადრი._მე არ მცალია, მეჩქარება. შენ? დარჩები და იმ წუნკალი ლეკვის ძებნას დაიწყებ? _ჩემი ლეკვი წუნკალი არ არის, ის სუფთა სისხლის ბიგლია!_თითქოს, თავმოყვარეობა შეელახა კესანეს, ზურგი გვაქცია და დიდი ტბის მიმართულებით წავიდა. _შენ რა, მართლა დარჩები და იმ ლეკვს მოძებნი?_გაოცებულმა თუ აღშფოთებულმა ბადრიმ ისე შემომხედა, მეტი საქმე არ გაქვსო. რომ დავუდასტურე, ისევ მანქანაში ჩაჯდა, ამ სისულელეებისთვის მე არ მცალიაო და წავიდა. მე კესანეს ავედევნე უკან. ჩვენს შორის მხოლოდ ორი ნაბიჯი მრჩებოდა, გაოცებული რომ შემობრუნდა. ალბათ, არ ეგონა, დასახმარებლად თუ გავყვებოდი. მის თვალებში უჩვეულო გაუაზრებელი სიცივის მიღმა რაღაც სითბო დავინახე: უფრო, ნდობის და მადლიერების მსგავსი. _წამოდი, მოვძებნოთ…_მხოლოდ ამ სიტყვებით შემოვიფარგლე. _მოვძებნოთ._ჩუმად მითხრა და გზა განაგრძო. ისე მიაბიჯებდა, ძირს არც კი იყურებოდა. _ცუგა!... სად ხარ?... ცუგრია!...მიდიოდა და თან საყვერელ ოთხფეხა მეგობარს ეძახდა. ნიავი მის თმაში დათარეშობდა. მისი ნაცნობი სურნელი ჩემამდე მოჰქონდა და სასიამოვნოდ მაბრუებდა. აღარც კი მახსოვდა რისთვის მივაბიჯებდი მის უკან. მოულოდნელად ფეხი მიწაზე გართხმულ ლიანას წამოსდო და წაბარბაცდა. წამებში გავჩნდი მასთან და ხელი შევაშველე. მის შეხებაზე ჟრუანტელმა დამიარა და გული ლამის საგულედან ამომიხტა. სამყარო წამიერად გაჩერდა თითქოს და ჩვენ ორის გარდა აღარაფერი მახსოვდა. ისეთი სახით შემომხედა, თითქოს მელოდა, თუ რას გავაკეთებდი. _ფრთხილად._ძლივს ამოვუშვი ხორხიდან ბგერები. ჩემს საცოდაობაზე გაეღიმა. იმ ღიმილში იყო რაღაც ნაზი სითბო და უხილავი მიმზიდველობა. ხელი ნაზად გამაშვებინა და გზა განაგრძო. რაც უფრო ღრმად შევდიოდით ტყეში, ბილიკი მით უფრო ვიწროვდებოდა. ხეების ტოტები ერთმანეთს ებჯინებოდა და დილის მზის შუქი ძლივს აღწევდა მიწამდე. კესანე რამდენიმე ნაბიჯით მიდიოდა წინ და ხანდახან შეშფოთებული ხმით ეძახდა: _ცუგა!.. სად ხარ ჩემო ცუგრია?... უცებ გაჩერდა. _მოიცა… მგონი რაღაც გავიგონე. მეც გავჩერდი. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოწვა. მერე კი, მართლაც შემომესმა სუსტი წკმუტუნი. ხმას მივყევი და მოზრდილ თხრილს მივადექი. ქვემოთ, სულ ძირში მართლაც იყო პატარა ლეკვი, რომელიც საყელოთი გამხმარ ტოტს გამოსდებოდა და ამოსვლას ვერ ახერხებდა. _აქ არის! _გახარებულმა ხმა ვერ გავაკონტროლე და ხმამაღლა დავიყვირე. კესანე თურმე გვერდით მედგა. ვერ შევნიშნე და ჩემი ღრიალით გვარიანად შევაკრთე. შემრცხვა. მგონი, გავწითლდი კიდეც. მან კი, თითქოს არაფერი მომხდარაო, ისე გადაიხედა თხრილში. _ღმერთო!.. ცუგა… _თვალებში უარესი შიში და ამავე დროს მისი პოვნის სიხარული ერთდროულად აუკიაფდა. _არ ინერვიულო._ დავამშვიდე და ქვემოთ ჩასასვლელად ხელსაყრელ ადგილს დავუწყე ძებნა._ამოვიყვან. _ფრთხილად._სანამ ქვემოთ დავეშვებოდი, გავიგე, შეშფოთებულმა რომ დაიჩურჩულა. ამ ერთმა სიტყვამ თითქოს სტიმული მომცა. ძალებიც გამიორმაგდა და მოხერხებულად ჩავეშვი თხრილში. მიწა ფხვიერი იყო. რამდენჯერმე ფეხი გამიცურდა. ერთხელ ლამის წავიქეცი კიდეც, მაგრამ ქვემოთ მაინც მშვიდობით ჩავაღწიე. თავიდან ლეკვი შეშინებული მიყურებდა. შემიღრინა და დამყეფა. პატარა კბილები მსუბუქად გამკრა კიდეც, მაგრამ მალევე მიხვდა, დასახმარებლად რომ ვიყავი მისული და შემირიგდა. კუდიც კი ამიქიცინა სიხარულით. ისე სასწაულად იყო ხმელ ტოტზე საყელოთი გამობმული, რომ დიდი ძალისხმევა დამჭირდა მის გასათავისუფლებლად. ბოლოს, ხელში ავიყვანე და ჩავიხუტე. პატარა გული გამალებით უცემდა. _ყველაფერი კარგადაა, ბიჭო!_ადამიანივით დავამშვიდე და ზემოთ ავიხედე. კესანე თხრილის პირას იდგა და დაძაბული მიყურებდა. ლეკვით ხელში რომ დამინახა, შვებით ამოისუნთქა. თხრილიდან ამოსვლა უფრო რთული აღმოჩნდა, რადგან ერთი ხელით კესანეს საყვარელი ცხოველი მეჭირა, მეორეთი კი ხან ტოტებს ვეჭიდებოდი და ხანაც ხის ფესვებს. ბოლოს, როგორც იქნა, მაინც ამოვედი სამშვიდობოს. _დიდი მადლობა ოტია._თითქმის ტირილით მითხრა კესანემ და მოულოდნელად ჩამეხუტა. დავიბენი. ერთ ადგილზე გავშეშდი და ვეღარაფერი მოვახერხე. ასეთი ჩახუტება უცხო არ იყო ჩვენთვის. ყოველთვის მეხუტებოდა მადლიერების ნიშნად და ლოყაზეც მკოცნიდა, მაგრამ ეს ადრე იყო. ახლა?.. თითქოს დრო გაჩერდა. მისი მღელვარე სუნთქვა მოღეღილ მკერდზე მელამუნებოდა და უცნაური სიმშვიდით მავსებდა. ტყის ჩრდილები თითქოს პირქუშად გამოიყურებოდნენ, ბუჩქებში რაღაცები შრიალებდნენ, მაგრამ ჩემს პატარა სამყაროში ყველაფერი მშვიდი და ნათელი იყო. მოულოდნელად ლეკვმა დაარღვია ეს სიმშვიდე. ჩემი ხელებიდან გაჭირვებით ამოყო თავი და საცოდავად დაიწკმუტუნა. კესანემ გამომართვა და გულში ჩაიკრა. _ნურაფრის გეშინია, უკვე ჩვენთან ხარ._თან ჩუმად უთხრა და ცხვირი მის ბეწვში ჩარგო. ისეთი ბავშვური და საყვარელი იყო, თვალი ვერ მოვწყვიტე. უნებურად გამეღიმა კიდეც. იყო ამ გოგოში რაღაც, რაც თავგზას მირევდა და სულს მიფორიაქებდა. რაღაც ისეთი, რაც და-ძმურ ურთიერთობაზე მაღლა იდგა. მაგრამ ამის გაცნობიერებას გავურბოდი და თავს ვიტყუებდი. ტბაზე ისე დავბრუნდით, ერთმანეთისთვის აღარაფერი გვითქვამს. უბრალოდ, მრავლისმეტყველი თვალებით ვუმზერდით ერთმანეთს და ესეც საკმარისი იყო. ვფიქრობდი, ამ ამბის მერე ჩვენი ურთიერთობა, ასე თუ ისე, დალაგდებოდა, მაგრამ შევცდი. როგორც კი ტბაზე დავბრუნდით და თაია გამოჩნდა, ისევ აირია ყველაფერი. _ოჰო, ოტო გიპოვიათ._თან, ლეკვს წაატანა ხელი, ალბათ მოსაფერებლად, მაგრამ კესანემ ცივად გაარიდა. ოტო?_გამიკვირდა. ნუთუ, ლეკვს ჩემი სახელი დაარქვა? გაოცებულმა შევხედე და წამით სუნთქვაც კი შემეკრა. უბრალო სახელი იყო… შეიძლება დამთხვევაც კი, მაგრამ გულმა მაინც ბავშვურად და სრულიად უაზროდ ირწმუნა, რომ ეს შემთხვევითობა არ უნდა ყოფილიყო. რატომ, მაინცდამაინც ოტო? ათას სხვა სახელს შორის რატომ ეს? იმ წამს სულელური სურვილი გამიჩნდა მეკითხა, რატომ დაარქვა და რას ნიშნავდა მისთვის, მაგრამ ვერ გავბედე. მეშინოდა პასუხის. მეშინოდა, რომ ყველაფერი, რაც იმ ერთ სიტყვაში ამოვიკითხე, მხოლოდ ჩემი წარმოსახვა აღმოჩნდებოდა... კესანეს ისევ აემღვრა გუნება. ისევ გამიუცხოვდა. სახეზე ისევ ის ნაცნობი წყენა, სიცივე და გულგრილობა აესახა და ზურგი მაქცია. თაიას კი, აშკარად გართობა უნდოდა. მარგოსაც საუბარი ეწადა ჩემთან, მაგრამ მოუცლელობა მოვიმიზეზე და სახლში წამოვედი. გზაში კინოკადრებივით ვატრიალებდი იმ მომენტს, როცა სიხარულით ჩამეხუტა და ყოველ ჯერზე ახალი ძალით განვიცდიდი სიხარულს, ბედნიერებას და ნეტარებას. მგონი პირველად ვაღიარე საკუთარ თავთან, რომ ეს გოგო ბავშვობიდან მიყვარდა... მაგრამ არა ისე, როგორც მეგონა. ეს სხვა გრძნობა იყო… უფრო ღრმა, უფრო ამაღელვებელი და სწორედ ამის გაცნობიერება მაშინებდა. იქნებ, კესანეც გრძნობდა ამას და ამიტომაც გამირბოდა?_ამის გაფიქრებაზე ღრუბლებიდან მიწაზე დავენარცხე ისევ. მგონი, მართლა სჯობდა, რომ მისგან თავი შორს დამეჭირა... საღამოს ბადრიმ დამირეკა და დილით სადღაც გაყოლა მთხოვა. უარი ვუთხარი. თუმცა ბადრი რის ბადრი იყო, თავისი არ გაეტანა? დილაუთენია მაინც დამადგა საწოლში სულთამხუთავივით. _რა იყო, , რა პატარძალივით იფასებ თავს? ბოლო დროს ძალიან შეიცვალე და არ მომწონხარ. _მეც იგივეს ვიტყოდი შენზე._გვერდი ვიცვალე და საბანი თავზე გადავიფარე._შემეშვი, მეძინება. _ძილს კიდევაც მოასწრებ. წამოდი, შენი დახმარება მჭირდება._საბანი ხელის ერთი მოძრაობით გადამხადა და შორს მოისროლა. _მუშტების ქნევისა და ჩხუბის არც სურვილი მაქვს და არც თავი. შემეშვი!_ავად შევუღრინე. _როგორც ვხედავ, მარტო ჩემს გამო არ ჩხუბობ._ჩემს სხეულზე ჩალურჯებებზე მიმანიშნა._ამჯერად საჩხუბრად არ მივდივართ. უბრალოდ, ცოტა გრძელი გზა მაქვს გასავლელი და გზაში დამლაპარაკებელი მინდა. თან, შენი მოლაპარაკების უნარიც გამომადგება. _რა მოლაპარაკებებს აწარმოებ? იცოდე, ფეხს არ გამოვადგამ, სანამ არ მეტყვი სად უნდა წავიდეთ და რისთვის!_მკაცრად გამოვუცხადე. ძალიანაც არ უნდოდა ბოლომდე კარტების გახსნა, მაგრამ სხვა გზა არ დავუტოვე. _ლალხორში უნდა წავიდეთ…_როგორც იქნა ამოღერღა. _საად?!_გაოცებული ფეხზე წამოვდექი._ლალხორში? კი მაგრამ რისთვის? _ერთი მოხუცი მესაათე ცხოვრობს. ამბობენ, ძველი ჯიბის საათები აქვსო... შეიძლება რამე სერიოზულს წავაწყდეთ. _რაო, რაო?_ვერ მივხვდი. ან, შეგნებულად არ გავიაზრე რაც მითხრა. _შენი აზრით, ფული როგორ ვიშოვო?_მოულოდნელად გაცხარდა და აქეთ შემომიტია._საკუთარი ტბიდან თევზი ამოვიყვანე და ქურდობააო. მართლა ბანკს ხომ არ გავიტან? ანტიკვარულ ნივთებს ვეძებ, ხელსაყრელ ფასში ვყიდულობ და კოლექციონერებს რეალურ ფასში ვასყიდებ. ერთგვარი ბიზნესია რაა. ნუ გეშინია, უკანონოს არაფერს ვაკეთებ. დაეჭვებულმა შევხედე: ბადრი და კანონიერი? _მასეთი თვალებით ნუ მიყურებ!_მკაცრად გამაფრთხილა._უბრალოდ... უბრალოდ ძველი დრო მომენატრა... შენთან ერთად მინდა დღევანდელი დღე გავატარო. რაა, დანაშაულია? საჩხუბრად კი არა, მოსალაპარაკებლად მივდივართ... ძველი დრო მეც მენატრებოდა. მენატრებოდა ჩვენი სიგიჟეები, მაგრამ... ბოლო დროს იმდენ სერიოზულ შარში იყო გახვეული, უკვე აღარ ვიცოდი გულწრფელი იყო, თუ კიდევ რაღაც ფარული ზრახვები ამოძრავებდა. _მოდი, ასე შევთანხმდეთ. ეს ერთიც დამიჯერე და გამომყევი. თუ შემატყე, რომ ვიტყუები, ან რამე უკანონობას ვაკეთებ, იქვე მაქციე ზურგი... ან, გემრიელად მცემე, რომ ყველაფრის ხალისი დავკარგო. ხუთი წუთი მაინც ვიყოყმანე. ვერ გადამეწყვიტა გავყოლოდი თუ არა. ბოლოს, მაინც მისადმი მეგობრობამ მძლია და ტანსაცმლის ჩაცმას შევუდექი. გამიკვირდა, თავისი მანქანით რომ არ იყო. _შენსას რა დაემართა?_ვიფიქრე, ხომ არ დაამტვრია-მეთქი. _არც არაფერი... დაბალი გამავლობის მანქანა სვანეთის გზებზე ივლის?_ისეთი სიამაყით გადმომხედა, მაგრძნობინა: რა სულელი ხარ, ამას როგორ ვერ მიხვდიო. მთელი გზა ვოხუნჯობდით. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა ურთიერთობის აწყობა, მაგრამ ნელ-ნელა ძველი ოტია და ბადრი დავბრუნდით ისევ. ბევრი კურიოზი გავიხსენეთ და გულიანადაც ვიცინეთ. მართლა მომნატრებოდა ის ძველი დრო, ჩვენი ხიფათიანი, მაგრამ მაინც უდარდელი ბავშვობა... დანიშნულების ადგილამდე ისე მივედით, საერთოდაც არ მიგრძვნია შორ მანძილზე მგზავრობით გამოწვეული დაღლა. სოფელი პატარა იყო. გზა ვიწრო, ოღრო-ჩოღრო და ოდნავ ტალახიანი. კითხვა-კითხვით მივადექით ნახევრად ჩამოშლილ სახლს. ეზოში დიდი კაკლის ხე იდგა. მის ქვეშ ხის სკამზე მოხუცი კაცი იჯდა. ხელში პატარა ლუპა ეჭირა და რაღაცას აკვირდებოდა. _გამარჯობა, ბაბუ,!_ომახიანად მიესალმა ბადრი._თქვენთან მომასწავლეს, საუკეთესო მესაათეაო. _გაგიმარჯოს!_მოხუცმა ლუპა ჩამოიღო, სათვალე ოდნავ ასწია და ორივე დაკვირვებით შეგვათვალიერა._აქაურები არ უნდა იყოთ. _სწორად გამოიცანით. ცაგერიდან ვართ._ხელი მეგობრულად ჩამოართვა ბადრიმ._მოგვასწავლეს, საუკეთესო მესაათეაო... _ეგ ადრე ვიყავი, შვილო… ახლა არც თვალის ჩინი მიწყობს ხელს და ვერც ხელებს ვიმორჩილებ... ახლა უფრო ვათვალიერებ, ვიდრე ვაკეთებ. _სიმართლე რომ გითხრათ, გაკეთება კი არა, უფრო ყიდვა გვინდა... გავიგეთ, ძველი ჯიბის საათი გქონიათ. გვაჩვენეთ და თუ მოგვეწონა, ვიყიდით. კაცი ჩაფიქრდა. _ისეთ თანხას გადაგიხდით, არც თქვენ დარჩებით უკმაყოფილო და არც ჩვენ._ხმაში შეშფოთება დაეტყო ბადრის. _განა, რას უნდა ფასობდეს ის ძველი საათი?_კაცი გაჭირვებით წამოდგა ფეხზე._წამოდით, შიგნით შევიდეთ. ნახეთ და თუ მოგეწონებათ, ფასზე მერე დავილაპარაკოთ._წინ გაგვიძღვა და ჩვენც უკან მივყევით. ბადრი სიხარულისაგან ცქმუტავდა, საქმე სათავისოდ რომ იჩარხებიდა. კაცმა ჯერ დიდ ოთახში შეგვიყვანა. იქიდან კი პატარაში გავედით, სადაც ყველგან საათები ეწყო: კედლის, მაგიდის, ჯიბის. ზოგი დაშლილი, ზოგი უკვე აწყობილი და ირგვლივ მხოლოდ მათი წიკ-წიკის ხმა ისმოდა. ბადრი მაშინვე მიუჯდა მოზრდილ მაგიდას. ჯერ ჯიბის საათი აიღო. ხელში ატრიალა. მერე, შემთხვევით ერთ-ერთ, ყველაზე თხელკორპუსიან მაჯის საათს მოჰკრა თვალი და ახლა ის აიღო. ისე დაკვირვებით ათვალიერებდა, გამეღიმა. _ეგ საბჭოთა საათია. "პოლიოტი სტრელა"._ისე, სხვათაშორის თქვა მოხუცმა._მეგონა, ჯიბის საათი გაინტერესებდათ. _ხო, ის, მაგრამ... ესეც მომეწონა. თან, კარგი შენახულია. თქვენია? _მამაჩემის იყო, მოსკოვიდან ჩამოიტანა. რამე ღირებულია? ბადრის შევხედე. აშკარად ღირებული ნივთი აღმოაჩინა, თორემ სხვა შემთხვევაში ასე არ აუციმციმდებოდა თვალები. თუმცა, მოხუცის კითხვაზე მცირეხნიანი პაუზა გააკეთა. აშკარად არ უნდოდა აღიარება და კაპიკებში აპირებდა მის "დათრევას". ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო და შეცბუნებულმა გამომხედა. _მთლად მილიონებიც არ ღირს, მაგრამ... კოლექციონერები ალბათ ხუთი ათას დოლარამდე გადაიხდიან. გააჩნია მის მდგომარეობას. თან, თუ მთლად ორიგინალი არ არის... მაგალითად, ნაწილი აქვს გამოცვლილი... _სუფთა ორიგინალია, მენდე._კაცმა ბადრის საათი გამოართვა და ლუპით შეათვალიერა._იცი, ამ საათის ხელში ჩაგდება რამდენს სდომებია ტყუილებით? არა და, ყველაფერი ვიცი._თითი ისე ფრთხილად გადაუსვა, თითქოს ეფერებოდა._ისტორიული საათია, ალექსეი ლეონოვი ამას ატარებდა... პირველი ხარ, ვინც ამის რეალური ფასი მითხარი. მომეწონე, კარგი ბიჭი ხარ... ამიტომ, გაჩუქებ. _რაა?_გაოცებისგან ბაყაყივით გადმოკარკლა ბადრიმ თვალები. _პატიოსნება იშვიათობაა ახლანდელ ცხოვრებაში. თითქოს, აღარავის აინტერესებს. ვაფასებ შენს პატიოსნებას და პატივისცემის ნიშნად გჩუქნი. _რას ლაპარაკობთ._თავი შორს დაიჭირა ბადრიმ._თანხას გადავიხდი. ისე არ მინდა. _ეს ჩემი საჩუქარი იქნება. თანხა კი, ჯიბის საათში გადამიხადე, რისთვისაც მოხვედი. საქმის ასე შემობრუნებით მეც გაოცებული დავრჩი. სანამ ისინი მეორე საათს ათვალიერებდნენ, მე ფანჯრიდან გადავიხედე და ეზოს თვალიერებით შევიქციე თავი. შორიახლოს ძველი ფარდული შევნიშნე. კარი ღია იყო და შიგნით მანქანა იდგა. _მანქანით დადიხარ ბაბუ? რა მანქანა გყავს?_რატომღაც დავინტერესდი. კაცმა გაოცებით შემომხედა. მერე, ჩემს მზერას გააყოლა თვალი და ყველაფერს მიხვდა. _ეგ მამაჩემის მანქანაა ომის დროინდელი. გერმანიიდან ჩამოიყვანა... _რაო?_ბადრიმ მაშინვე ცქვიტა ყურები. მე კი, ჩემი ცნობისმოყვარეობა ვინანე. _ისიც ხომ არ გვენახა?_სასწაული მუდარით გადმომხედა, ფეხზე წამოხტა და გარეთ გავიდა. მე ზლაზვნით მივყევი უკან. ფარდულში ბრეზენტგადაფარებული მანქანა მართლაც იდგა. ბადრიმ მაშინვე გადახადა და ჰოი საოცრებავ! შავი მერსედეს ბენცი, მრგვალი ფარებით... ჰიტლერის ეპოქაში ელიტური საზოგადოება რომ გადააადგილდებოდა მხოლოდ. _ბაბუ, ეს საიდან მოხვდა აქ?_დავინტერესდი. _მამაჩემმა ჩამოიყვანა გერმანიიდან ომის შემდეგ. მრავალი წელი პირნათლად გვემსახურებოდა. მერე, გაფუჭდა. დაგვენანა გადასაგდებად და მას მერე დგას ამ ფარდულში. ბადრი ჩუმად უყურებდა და გულისყურით ისმენდა მის თითოეულ სიტყვას. მის თვალებში უდიდესი სურვილის ნაპერწკლები ჩანდა. შეიძლება, მარტო რომ წამოსულიყო, რამე ეთაღლითა... მგონი, ნანობდა კიდეც ჩემს იქ ყოფნას. _თუ აღარ გჭირდებათ და შეელევით, შეიძლება ვიყიდოთ? ჩემდა გასაოცრად მოხუცმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა. _ჯართია უკვე. თუმცა, როგორც თქვენი გამომეტყველებით მივხვდი, ღირებული. მაინც რამდენის გადახდა შეგიძლიათ? ბადრი ჩემკენ შემობრუნდა. თვალებში ის ცეცხლი ენთო, რომელსაც კარგად ვიცნობდი. მე ისევ მანქანას შევხედე... ფრთხილად გადავუსვი კაპოტზე ხელი და ამ ხნის მანძილზე პირველად გავიფიქრე, რომ ეს მტვრიანი, დავიწყებული მანქანა შეიძლება უბრალოდ ძველი ნაგავი კი არა, ისტორიის ნაწილი ყოფილიყო. _ხუთი ათასზე რას იტყვი?.._ბადრიმაც გადაუსვა ხელი მანქანას და მოხუცს ინტერესით შეხედა._ამერიკულ დოლარზე? ჩვენ ვალუტაში დაახლოებით თხუთმეტი ათასი ლარია. კაცი ჩაფიქრდა. თითქოს რაღაცას ანგარიშობდა. მერე კი, მოულოდნელად თანხმობა განაცხადა. საქმის ასე შემობრუნებას მარტო მე კი არა, თვით ბადრიც არ მოელოდა. ის ჯიბის საათი, რომლისთვისაც ვიყავით მოსულები, მაჯის საათი და ჰიტლერის დროინდელი მაშინდელი ლიმუზინი, ბადრისთვის სასურველ ფასში "დავითრიეთ". წამი რა არის, წამიც კი არ დაუკარგავს ჩემს მეგობარს, მაშინვე ევაკუატორი გამოიძახა და შუა დღე ახალი გადასული იყო, სახლში რომ დავბრუნდით. მანქანის ტბაზე მიყვანას ჩემს ფარეხში გაჩერება ვამჯობინეთ. იქ უამრავი დამსვენებელი იყო და ცნობისმოყვარეთა მზერას ავარიდეთ. მოკლედ, ამ საქმეში მეც ჩავები. ყველაფერი ფურცელზე ჩამოვწერე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა მანქანისთვის: ძრავა, სალონი, ქრომირებული დეტალები... ყველაფერი უნდა აღდგენილიყო, ვიდზე დაგვეყენებინა და მხოლოდ ამის მერე დავკავშირებოდით მისით დაინტერესებულ კოლექციონერებს ფასზე შესათანხმებლად. მანამდე კი, ჯერ საათები ჰქონდა ბადრის გასაყიდი. *** იმ დღეს შემთხვევით გავიგე თაიასგან, რომ გოგოები მათემ დაპატიჟა რესტორანში. არ ვიცი წყენა იყო ეს, სიბრაზე, თუ ეჭვიანობა, მაგრამ საშინლად გავღიზიანდი. არ ვაპირებდი ბადრისთან ერთად ქუთაისში წასვლას, საათების თაობაზე კოლექციონერების სანახავად რომ მიდიოდა, მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრე. სახლში მაინც ვერ გავჩერდებოდი და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩავუჯექი ძმაკაცს მანქანაში. გზაში ბევრი არ გვისაუბრია. ბადრი ისეთი დაძაბული მართავდა საჭეს, რომ აშკარა იყო, ეს შეხვედრა აღელვებდა. თითქოს, გონებაში რაღაცას ითვლიდა და ანგარიშობდა. მე კი, სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი და ვნერვიულობდი... _რა გჭირს, ?_ალბათ, საკუთარი ფიქრებით რომ დაიღალა, ჩემთვისაც მოიცალა და გვერდულად გამომხედა._ისეთი სახე გაქვს, თითქოს დაკრძალვაზე მიდიოდე. _ისეთი არაფერი... _არაფერი?_ეშმაკურად ჩაეცინა._ეს ყველაზე ცუდი პასუხია. აბა, ამოშაქრე, რა გჭირს? დუმილით ვუპასუხე. ბადრიმ წარბი ასწია. _ბოლო დროს მართლა რაღაც გჭირს. ვეღარ გცნობ ძმაო... მარგოს ელაპარაკე? _მარგოს?_გამიკვირდა._საერთოდ რა შუაშია ის გოგო? სახე აშკარად შეეცვალა. მგონი, რაღაც ისეთი წამოროშა, რაც მე არ უნდა გამეგო. თუმცა, დიდად არ ჩავძიებივარ. მე ჩემი სანერვიულო მქონდა მათეს სახით. ქუთაისში რომ შევედით, უკვე საღამო იყო. გასაჩერებელი ადგილი ადვილად მონახა ბადრიმ და მანქანა გააჩერა. _აქ უნდა შევხვდე._ტელეფონს ინტერესით დახედა. ალბათ, საათი აინტერესებდა._სერიოზული კაცია... _მე რა ვქნა?_ისე ვკითხე, აშკარად ვაგრძნობინე, ამ შეხვედრაზე წამოსვლა არ მინდა-მეთქი. _შეენ?.. აქვე დამელოდე. დიდხანს არ გავჩერდები. გახარებულმა თავი დავუქნიე. თვითონ კი მანქანიდან გადავიდა და რაღაც პირქუში შენობის მიმართულებით წავიდა. ერთხანს მანქანაში ვიჯექი. მერე, მომბეზრდა და გადავწყვიტე ფეხით გამევლო. ქუჩის ბოლოს პატარა მოედანი ჩანდა. იქვე ბარები და რესტორნებიც იყო. ხალხი ირეოდა, მუსიკის ხმებიც ისმოდა. ნელა გავუყევი ტროტუარს და ერთ-ერთი რესტორნის წინ ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი. სვლა მაშინვე შევანელე და სულ ბოლოს საერთოდ შევჩერდი. მათე კართან იდგა, ხოლო გოგოები არსად ჩანდნენ. _ქუთაისამდე რესტორნები არ მოეწონათ?_ხმამაღლა მომივიდა გაფიქრება. მის გვერდით ორი კაცი იდგა. ორივენი უცნაურად გამოიყურებოდნენ: საღამოს მიუხედავად შავი მზის სათვალეები ეკეთათ. ერთს კისერზე ტატუ უჩანდა. იდგნენ და დაბალი ხმით ლაპარაკობდნენ. ინსტინქტურად კედელს ამოვეფარე. ერთ-ერთმა კაცმა რაღაც პატარა ნივთი ამოიღო და მათეს გაუწოდა. შორს ვიდექი და ვერ გავარჩიე, რა იყო. მათემ სწრაფად გამოართვა და მაშინვე ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ რაღაც თქვა, რაზეც კაცებმა ერთმანეთს გადახედეს და ჩაიცინეს. მალევე დაიშალნენ. კაცები ქუჩას გაუყვნენ. მათე კი, შენობაში შევიდა. თუმცა, მალევე გამოვიდა და მათ საწინააღმდეგო მხარეს წავიდა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექი. თავში ერთი კითხვა მიტრიალებდა: რა საერთო შეიძლებოდა ჰქონოდა მათეს ასეთ ხალხთან?.. სწორედ ამ დროს ვიღაცამ მხარზე დამადო ხელი და მოულოდნელობისაგან გვარიანად შევკრთი. ბადრი იყო. _მანქანაში არ დაგტოვე, აქ რას აკეთებ?_გაუკვირდა. _მომწყინდა და ვსეირნობდი... შენ რა ქენი? _ჯერ ვერაფერი, ცოტა შემაგვიანდებაო. მანამდე კაფეში შევიდეთ. რამეს დალევ? _არაფერი მინდა, აქ ვიქნები._ვიუარე. ეჭვით შემომხედა. _რამე ხდება, რაც მე არ ვიცი? არა-მეთქი, თავი გავუქნიე. სხვათა შორის, მალევე შემეშვა. თავისებურად აღარ ჩამომკიდებია. _კაი, მაშინ მე შევალ... შენ კი, არ დაიკარგო იცოდე. ან აქ მოდი, ან მანქანასთან. კაი-მეთქი, დავპირდი და ქუჩის იმ მიმართულებით წავედი, საითაც მათე წავიდა. ზუსტად არ ვიცოდი სად მივდიოდი. უბრალოდ, ინსტიქტებზე და ინტუიციაზე დაყრდნობით მივაბიჯებდი. ასი მეტრი სწრაფად გავიარე. მერე, მთავარი ქუჩიდან გადავუხვიე. იქაც რამდენიმე ათეული მეტრი გავიარე და ძველ შენობებს მივადექი. აქ ხალხი თითქმის აღარ ჩანდა. ქარი დაჰქროდა და სადღაც რკინის კარი ჭრიალებდა. _აქ რა ჯანდაბა გინდა ოტია, რატო ტრაკს არ დააყენებ?_საკუთარ თავს გავუწყერი, თუმცა გზა მაინც განვაგრძე. მოშორებით ერთი კაცის სილუეტი შევნიშნე, შენობაში რომ შევიდა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მათე იყო, მაგრამ მაინც მალულად ავედევნე უკან. სიბნელის მიუხედავად მაინც გავარჩიე შიგნით ოთხი ადამიანი. ერთმა სიგარეტი გააბოლა. მეორემ მათეს რაღაც ჰკითხა. მათემ ჯიბიდან ის პატარა ნივთი ამოიღო, წეღან რომ გადასცეს. ჯიბის ფარნის შუქზე გარკვევით დავინახე პატარა მეტალის ყუთი. კაცმა ხელში შეათამაშა. მერე, გახსნა და შიგნით ჩაიხედა. _კარგია._რაღაც ხრინწიანი ხმით თქვა._ზუსტად ისაა. _როგორც შევთანხმდით._გაუბედავად უთხრა მათემ._ეს ბოლოა. კაცს გაეცინა. _ასეთ საქმეში "ბოლო" არ არსებობს. წამიერი პაუზის მერე მათეს ხმა ისევ გავიგონე. _ახლა შემიძლია წავიდე? მელოდებიან. _წადი._ცივად უპასუხა იგივე ხრინწიანმა ხმამ._მაგრამ გახსოვდეს... ჩვენ ისევ დაგირეკავთ. ფეხის ნაბიჯების ხმა გაისმა. მათე სწრაფად მოშორდა იქაურობას. მე ცოტა ხანს დავიცადე. დავრწმუნდი, რომ ის სამიც წავიდა და შემდეგ მეც დავტოვე იქაურობა. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა: მათე აშკარად ცუდ ხალხთან იყო შეკრული. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა. მანქანასთან რომ დავბრუნდი, ბადრი ისევ კოლექციონერთან იყო. შეხვედრა რატომღაც გაიწელა. ერთხანს მანქანაში ვიწრიალე. მერე, ისევ გადმოვედი და ერთ-ერთ კაფეში შევედი. თბილი სინათლე, სასიამოვნო მელოდია, ხალხის ხმაური, ჭიქების წკრიალი… ჩვეულებრივი საღამო იყო. ბარისკენ წავედი, მაგრამ შუა გზაში გავიყინე: რამდენიმე მაგიდის იქით, კუთხის მაგიდასთან კესანე იჯდა. მის წინ კი, მათე. იცინოდა. თმა მხრებზე ჩამოშლოდა და რაღაცას მხიარულად ყვებოდა. მათე კი ყურადღებით უსმენდა. გული უცნაურად შემეკუმშა. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მინდოდა, შემოვბრუნებულიყავი და ჩუმად გამოვსულიყავი, მაგრამ კესანემ სწორედ იმ დროს ამოიხედა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და ერთ ადგილზე გავიყინე. სახეზე გაოცება გამოეხატა და თითქოს წამოიწია. _ოტია?_დაბალი ხმით დაიჩურჩულა, მაგრამ მე მაინც გავიგონე. მათემაც მოიხედა. მის თვალებში აშკარა სიძულვილი დავინახე. _აქ რას აკეთებ?_თან ისეთი ტონით მკითხა, პასუხის გაცემის სურვილი საერთოდ გამიქრა. მერე, გამომწვევად გადაწვა სკამზე და ირონიული ღიმილით დაამატა._შემოგვიერთდები? მის ტონში იყო რაღაც, რაც საშინლად მაღიზიანებდა. ალბათ, სუბტიტრები სახეზეც დამეწერა, რადგან კესანე მიმიხვდა და სიტუაციის განმუხტვა სცადა. _ოტია... დაჯექი._მის ხმაში მუდარა ვიგრძენი. მხოლოდ რამდენიმე წამი ვიყოყმანე. მერე კი, გაბედულად მივუახლოვდი და სკამზე მედიდურად ჩამოვჯექი. იმ წამიდან უცნაური სიჩუმე ჩამოწვა. პირადად მე სათქმელი ძალიან ბევრი რამ მქონდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს. კესანე?.. ის დამნაშავესავით თავჩაქინდრული იჯდა და თითებით ჩანგალს აწვალებდა. მათემ თავისი კუთვნილი ჭიქა აიღო და მოსვა. _შენ რას დალევ?_თან ცალყბად მკითხა. (უფრო, კესანესთან დაიწერა ქულები). _შენს ხარჯზე?_ავად გავხედე._ არც არაფერს._მაშინვე ცივად ვიუარე. _რა გჭირს?_რაღაცნაირი მუდარით გამომხედა კესანემ. აშკარად გრძნობდა ჩემს დაძაბულობას და აყალმაყალის მოწყობა არ უნდოდა. მინდოდა მეთქვა, არაფერი-მეთქი, მაგრამ სიტყვები თითქოს თავისთავად ამომივიდა ხორხიდან. _მეგონა, თაია და მარგოც თქვენთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ. არ ვიცოდი, მარტო თქვენ ორნი თუ ვახშმობდით! _მერე, შენთვის ეს პრობლემაა?_ახლა უკვე გამაღიზიანებლად ჩაიცინა მათემ. სიბრაზისგან ისე ძლიერად მოვუჭირე ყბებს, რომ ყვრიმალის ძვლები მეტკინა. თან, კესანეს გავხედე, შემცბარი და ამავე დროს დაძაბული რომ იჯდა. მათეს კი ისე მშვიდად ეჭირა თავი, თითქოს არაფერი ხდებოდა. რატომღაც ხმის ჩახლეჩამდე ყვირილი და იქაურობის დალეწა მომინდა. როგორ შევიკავე თავი, ახლაც მიკვირს. მგონი, კესანეს გამო. მან სკამი ოდნავ გაწია და ფეხზე წამოდგა. _ერთი წუთით გამოხვალ?_კი არ მკითხა, მთხოვა. თან, ისეთი მუდარით შემომხედა, რომ უარის თქმა ვერ შევძელი. გარეთ საკმაოდ გრილოდა. დავინახე, სიცივისგან რომ გააჟრჟოლა და საყვარლად აიბუზა. ამ შემთხვევაში მათე ქურთუკს გაიხდიდა და მხრებზე მოასხამდა. მე კი, არაფერი მქონდა ისეთი, რითიც მის გათბობას შევძლებდი. ერთ ხანს უსიტყვოდ შევყურებდი. _რა გჭირს?_დუმილი მან დაარღვია. _რა უნდა მჭირდეს?_მხრები უაზროდ ავიჩეჩე. სახეზე გაღიზიანება დაეტყო. _ნუ მატყუებ! _რას გატყუებ?_ნაძალადევად გავიცინე. _ოტია?! _მარტო რატომ ხარ მასთან?_ისევ თავისთავად დამცდა სიტყვები. ერთ ხანს ჩუმად მიყურა. მერე, ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. _შენ რა, ეჭვიანობ? პირდაპირ გულზე მომხვდა მისი თამამი და გაბედული კითხვა. _ვეჭვიანობ? რა სისულელეა!_მაშინვე ვუარყავი. ჩემმა სასტიკმა და დაუფიქრებელმა უარმა კი იმედი გაუცრუა თითქოს. ერთ ხანს სინანულით მომაჩერდა. მერე, როგორც მივხვდი, რესტორანში დააპირა დაბრუნება, მაგრამ ზუსტად მაშინ მოვიკრიბე გამბედაობა, მკლავში ვწვდი და შევაჩერე. _ვთქვათ და, მართლა ვეჭვიანობ, მერე?_ჩუმად, ძალიან ძლივს გასაგონად ვკითხე. შევატყე, წეღანდელი იმედგაცრუება ჯერ გაკვირვებამ რომ შეუცვალა. მერე კი ოდნავ შესამჩნევმა სიხარულმა. _მერე, რატო არ მეტყვი? _რას?_დავიბენი. _იმას, თუ რატომ ეჭვიანობ?_კიდევ მომიახლოვდა ერთი ნაბიჯით და სუნთქვა ამიჩქარა. ისე ახლოს დადგა, ნიავი თმას რომ უწეწავდა, მე მელამუნებოდა სახეზე. _იმიტომ რომ…_წამოვიწყე კი, მაგრამ ხმა ჩამიწყდა. თითქოს, კრიჭა შემეკრა. ხელის გულებიც საგრძნობლად გამიოფლიანდა._არ მომწონს... როცა მასთან გხედავ._ბოლოს ძლივს გამოვცერი კბილებში. წამიერი პაუზა... _და რატომ არ მოგწონს?_ნამდვილად ბოროტი გამომცდელივით ჩამეძია რაღაცნაირად თვალებაჟუჟუნებული. პასუხი თითქოს მარტივი იყო, მაგრამ თქმა მაინც გამიჭირდა. გული ისე მიცემდა, ასე მეგონა მთელ ქუჩას ესმოდა. _იმიტომ, რომ... შენ ჩემთვის მეგობრის დაზე მეტი ხარ... ისევ სიჩუმე ჩამოწვა. კესანე გაშეშებული იდგა და სუნთქვაშეკრული შემომყურებდა. მის თვალებში ზღვა ემოცია ჩანდა. ზუსტად იმ დროს, როცა კიდევ რაღაცის სათქმელად დავაღე პირი, რესტორნის კარი გაიღო და ზღურბლზე მათე გამოჩნდა. კესანეს აშკარად შეეცვალა სახე. არ ესიამოვნა ესოდენ მნიშვნელოვანი საუბარი რომ გაგვაწყვეტინეს. თუმცა, მასთან არაფერი შეიმჩნია. _მე შევალ. კარგი?_გვერდით რომ ჩამიარა, ჩურჩულით დაამატა._მე და ის უბრალოდ მეგობრები ვართ._გვერდი ამიარა და რესტორანში შევიდა. მათე კი, მომიახლოვდა და პირისპირ ჩამომიდგა. ერთ ხანს ჩუმად მიყურებდა. მის მზერაში რაღაც უცნაური სიცივე იგრძნობოდა. მერე, ბორდიურზე დადგა, სიმაღლეში გამიტოლდა და ირონიით მითხრა. _ლამაზი სცენა იყო. _რას გულისხმობ?_შევუბღვირე. _შენ გგონია ვერ ვხვდები, რომ კესანე მოგწონს? მუშტები უნებურად შევკარი. _იცი, ყველაზე მაგარი რა არის? შენ რომ გგონია, ამას საგულდაგულოდ მალავ, მაგრამ ასე არ არის... ერთ რჩევას მოგცემ. _არ მჭირდება!_უარესად შევუბღვირე. _მე მაინც მოგცემ: კესანესგან თავი შორს დაიჭირე! _ეს რა, მუქარაა?_სისხლმა პირდაპირ ტვინში ამასხა. _არა, უბრალო გაფრთხილებაა!_ავად გამოსცრა კბილებში და რესტორნის კარისკენ წავიდა._შენზე ამბობენ, ჭკვიანი ბიჭიაო და იმედია, სისულელეს არ ჩაიდენ._უკანმოუხდავად დაამატა და კარს იქით გაუჩინარდა. ერთ ხანს გაუნძრევლად ვიდექი. მისი სიტყვები თითქოს ისევ ჩამესმოდა ყურში: „კესანესგან თავი შორს დაიჭირე-ო"... კი, მაგრამ რა უფლებით? ვინ იყო, მასთან ურთიერთობას რომ მიკრძალავდა? მუშტები უფრო ძლიერად შევკარი. დაზუსტებით არ ვიცოდი რა უფრო მაღიზიანებდა: მისი ირონიული ტონი, თუ მისი თავდაჯერებულობა. ბორდიურზე ჩამოვჯექი. თვალწინ კესანეს სახე დამიდგა. მის თვალებში ის გაკვირვება და ის უცნაური სითბო რომ დავინახე, როცა ვუთხარი "შენ ჩემთვის მეგობრის დაზე მეტი ხარ-მეთქი"... თითები თმებში შევიცურე და თავი ჩავღუნე. ზუსტად იმ დროს, როცა ვცდილობდი აზრები დამელაგებინა, ლამპიონით განათებულს მოზრდილი ჩრდილი დამეცა. შემცბარმა ავიხედე. ვიღაცის სილუეტი თავზე წამომდგომოდა და გაკვირვებული დამჩერებოდა. _რა გჭირს? გარკვეული დრო დამჭირდა, რომ ბადრი ამომეცნო. _შეხვედრამ როგორ ჩაიარა?_უპასუხოდ დავტოვე მისი კითხვა და ფეხზე წამოვდექი. _მშვენივრად, მაგრამ... შენ რა გჭირს, პატარა ბავშვივით ძირს რატომ გორაობ? _ისეთი არაფერი, უბრალოდ დრო გამყავდა._რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი. ეჭვით შემომხედა. ცხადი იყო, პასუხმა არ დააკმაყოფილა. თუმცა, მე მეტის თქმას აღარ ვაპირებდი და ზურგი ვაქციე. მანქანისკენ დავაპირე წასვლა. _რა მოხდა, ვინმემ გაწყენინა?_უცბად შემომირბინა და წინ დამიდგა. თან, უკვე სერიოზული ტონით მკითხა. _არა-მეთქი._მოკლედ მოვუჭერი. _ნუ მატყუებ! რაღაც გჭირს! იძულებული გავხდი მისთვის თვალებში შემეხედა. _ოტია, მე სხვა არ ვარ. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ. დაგავიწყდა? ჩემი ნდობა შეგიძლია. მითხარი, რა გემართება?.. მარგოს მართლა არ ულაპარაკია შენთან? ისევ მარგო? _კი, მაგრამ მარგო რა შუაშია?_მკლავში ვწვდი, დავიჭირე და ძლიერად მოვუჭირე თითები. აშკარად რაღაც მნიშვნელოვანი იცოდა, მაგრამ თქმა არ უნდოდა. რაც თქვა, ისიც უნებლიედ წამოსცდა. მგონი, დრო იყო, ყველაფერი მეთქმევინებინა. თუმცა, მოულოდნელად მზერა გაუმკაცრდა და წარბები შეჭმუხნა. _ ვიყო, გამოვ....ვდები... ამას აქ რა უნდა?! მისი მზერისთვის თვალი არ გამიყოლებია, მაგრამ მივხვდი, რომ კესანე დაინახა. ხელი გამაშვებინა და შენობაში კი არ შევიდა, რეციდივისტივით შევარდა. იმის მაგივრად, უკან გავყოლოდი, ასე ვთქვათ ქუდი შემოვიტრიალე და მანქანისკენ წავედი. კარი ღია დამხვდა. რატომღაც მძღოლის სავარძელში მოვკალათდი ნერვიულად და მოუთმენლად დაველოდე მოვლენების განვითარებას. ზუსტად არ ვიცი რა დრო გავიდა. შვებით მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე, როცა ჰორიზონტზე ბადრი და კესანე გამოჩნდნენ. ისე ჩაფრენოდა დას მკლავში, თითქოს ეშინოდა, არსად გამექცესო და თითქმის ძალით მოათრევდა მანქანისკენ. ალბათ, მოსალოდნელ ჩხუბს უკვე ჩაევლო. თუმცა, გზადაგზა მაინც კამათობდნენ. მანქანის უკანა სავარძელში ფაქტობრივად შემოაგდო. თავადაც გვერდით მიუჯდა და კარი გაგულისებულმა მოიჯახუნა. _დაქოქე!_ისეთი ბრძანების ტონით მომაძახა, რომ მეც მაშინვე დავემორჩილე. თუმცა, მღელვარებისგან ხელები მიკანკალებდა და გასაღები ძლივს გადავატრიალე. სიჩუმე, რომელიც სალონში ჩამოწვა, ბევრად უფრო აუტანელი იყო, ვიდრე ნებისმიერი ხმამაღალი ყვირილი. შიგა და შიგ უკანა ხედვის სარკეში კესანეს მზერას ვგრძნობდი. აშკარად გაბრაზებული იყო ჩემზე. ალბათ, ფიქრობდა, რომ ბადრის მე ვუთხარი მათი შეხვედრის ადგილი. რა იცოდა, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი? თუმცა, მაინც სულელურად ვგრძნობდი თავს. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ. ალბათ, ჩემი თანდასწრებით ერიდებოდნენ კამათს. ან, უკვე, ყველაფერი ქონდათ ერთმანეთისთვის ნათქვამი და დუმდნენ. გზა ისე საშინლად გაიწელა, აღარც კი მეგონა, თუ დასრულდებოდა. ბოლოს, მანქანა ჩემი სახლის წინ გავაჩერე, მაგრამ არ გადავსულვარ. ხელებით ისევ საჭეს ჩავფრენოდი და თითქოს რაღაცას ველოდი. პირველი ბადრი გადავიდა. კარი ისევ მიაჯახუნა და ამით მივხვდი, რომ მოთმინების ზღვარზე იყო. კესანე არ განძრეულა. რამდენიმე წამი სიჩუმეში გავიდა. აშკარა იყო, რაღაცის თქმა უნდოდა… მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა. _რატო უთხარი?_მანქანიდან გადასვლა რომ დავაპირე, ზუსტად მაშინ მკითხა მოულოდნელად. _მე არაფერი მითქვამს._შევეცადე მშვიდი და დამაჯერებელი ვყოფილიყავი._შემთხვევით დაგინახათ. _მე კიდე მეგონა, რომ შენი ნდობა შეიძლებოდა... მისკენ შევტრიალდი. თუმცა მან მზერა ამარიდა. _მართლა არ მითქვია არაფერი. თუმცა, სურვილი კი მქონდა, თანაც უდიდესი..._ვაღიარე._მაგრამ... მაინც, რატომ შეხვდი მარტო? _გადადი, ბადრი გელოდება!_ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა და კი არ მითხრა, მიბრძანა. ბადრის გავხედე. ის მართლა მელოდა. გამიჭირდა კი, მაგრამ მაინც დავემორჩილე და მანქანიდან უსიტყვოდ გადავედი. ჩემი ბავშვობის მეგობარი მოშორებით იდგა და სიგარეტს აბოლებდა. გამიკვირდა. მწეველი როდიდან გახდა, არ ვიცოდი. (თუმცა, როგორც ვატყობდი, მე ძალიან ბევრი რამე არ ვიცოდი). მივუახლოვდი. ლამპიონი ისე დაგვნათებდა თავზე, თითქოს დიდ სცენაზე ვიდექით. _მოვკლავ იმ ნაბიჭვარს! არ მინდა, რომ ჩემ დას ხვდებოდეს!_ისეთი ხმით თქვა, სისხლი გამეყინა ძარღვებში._ჩემთან ხარ?_სიგარეტის ნამწვი მოშორებით მოისროლა და თვალებში ჩამხედა. კესანეს გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, მაგრამ... მკვლელობაზე? პაუზა დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ბადრის ესეც ეყო. _თუ არ გინდა, არ გაძალებ, მაგრამ მე არ ვაცოცხლებ!_მტკიცედ თქვა და მანქანიდკენ არეული ნაბიჯებით წავიდა. სიარულზე ეტყობოდა, რომ უბრალოდ გაბრაზებული კი არა, გაცოფებული იყო. სასწრაფოდ მიუჯდა საჭეს და მოტორის ღმუილით გაიჭრა წინ. მანქანის ხმა კიდევ დიდხანს ჩამესმოდა ყურებში, მიუხედავად იმისა, რომ ბადრი და კესანე თვალს მიეფარნენ. იმ ღამით ვერ დავიძინე. ემოციების ტყვეობაში ვიყავი: კესანე... მათე... ბადრი და მისი მუქარა: „მოვკლავ იმ ნაბიჭვარს!“ ბადრის ბავშვობიდან ვიცნობდი და ვხვდებოდი, რომ იმ წამს ის საერთოდ არ ხუმრობდა... შიში ამეკვიატა. კონკრეტულად კი რისი მეშინოდა, არ ვიცი. სამსახურში იძულებით წავედი და მექანიკურად ვასრულებდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო და წინასწარ ვიცოდი, ეს „რაღაც“ კარგს არაფერს მოიტანდა. 24 საათის მერე სახლში უარესად გადაღლილი, უძილო და შინაგანად დაძაბული დავბრუნდი. ცხელმა შხაპმა ცოტა კი მიშველა, ზამბარასავით დაძაბული სხეული ოდნავ მომიდუნა, მაგრამ მთლად ვერ მომიყვანა ხოდზე. ტბაზე მინდოდა წასვლა. თუმცა, ჩემს ჯინაზე მოტოციკლი ვერ დავქოქე. დიდხანს ვუჩხუკინე, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, ნერვიულად გადავყარე ხელსაწყოები და ჰამაკში ჩავწექი. მალევე დამეძინა. თუმცა დიდხანს არ მიძინია. რაღაც შინაგანმა ხმამ გამაღვიძა. მაშინვე ტელეფონს დავხედე, მაგრამ არანაირი ზარი და არანაირი შეტყობინება არ ყოფილა. ასეთ უცნაურ სიჩუმესა და სიცარიელეს უფრო ვერ ვიტანდი, ვიდრე ჩხუბსა და აყალ-მაყალს. ბადრისთან დავრეკე. ტელეფონი გამორთული ჰქონდა. უარესად ავფორიაქდი: ის ხომ არასდროს თიშავდა მობილურს? ისევ მოტოციკლს მივადექი. როგორც იქნა გავუგე რაც სჭირდა. ავაწყე, დავქოქე და ტბაზე წავედი. უამრავი დამსვენებელი ირეოდა იქ. მარგო და თაია ელზას ეხმარებოდნენ მაგიდების გაწყობაში. კესანე კი არსად ჩანდა, რამაც დამაეჭვა. მისი მზერა გამახსენდა… რაღაცის თქმა რომ უნდოდა თითქოს მანქანაში და ვერ მითხრა... არც ბადრი იყო სახლში. სოსო მოვძებნე. ძმაზე გაბრაზებული იყო, როცა ყველაზე მეტად მჭირდება, მაშინ დაეთრევა აღმა-დაღმაო. მისი ასავალ-დასავალი ვერაფრით გავიგე. ბართან მივედი. გამაგრილებელი სასმელი მოვიმიზეზე. სინამდვილეში კი, მარგო ან თაია მინდოდა გამომეჭირა, რომ კესანეს ამბავი გამეგო. _გაბრაზებული და გაბუტულია ქალბატონი._რაღაცნაირი ღვარძლით მითხრა თაიამ._ბადრისთან იჩხუბა, დაჭამეს ერთმანეთი... და შენ რაში გაინტერესებს მისი ამბავი?_ბოლოს ისეთი ეჭვით შემომხედა, რომ პირთან მიტანილი ჭიქა ხელში გამიშეშდა. _ისე... შენ და მარგო რომ ეხმარებით ელზას._უცბად მოვიფიქრე მიზეზი. _მაგიტო არ ჩამოგვიყვანა აქ, რომ გვამუშაოს? მე სულელს კი მეგონა, რომ ზაფხულს ზღაპრულად გავატარებდი._ლანგარს გაბოროტებულმა დაავლო ხელი და მაგიდებისკენ გაეშურა. ჭიქა დაცლილი არ მქონდა, რომ ახლა მარგო გამოჩნდა. თაიასგან განსხვავებით მას გულწრფელად გაუხარდა ჩემი დანახვა. მეგობრულად ჩამეხუტა და ლოყაზე მაკოცა. _სად დაიკარგე? რამდენი ხანია აღარ გამოჩენილხარ..._გულთბილად შემომღიმა. საქმეები მოვიმიზეზე. გაეცინა, მესმის შენიო. _გვიანობამდე აქ ეს ამბავია. მოგვიანებით თუ შემოგვივლი, კარგი იქნება._მანაც ლანგარს წამოავლო ხელი და ისიც მაგიდებისკენ გაეშურა. თვალი გავაყოლე. უკვე ორჯერ მიხსენა ბადრიმ მასთან საუბარი. რას მალავდნენ ნეტა? ვერანდის მოაჯირს გადავეყუდე და ტბას გავხედე. ბოლო დროს იმდენი რამ ხდებოდა ჩემ გარშემო, რომ აღარაფერი გამიკვირდებოდა ალბათ... დაახლოებით ნახევარი საათი დავრჩი. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემთვის არავის ეცალა და იქ დარჩენის მიზეზი არ მქონდა. თუმცა, ფეხს ვითრევდი. იქნებ შემთხვევით კესანე მენახა, მაგრამ მგონი ყველა ვნახე მის გარდა. ელზამ ჩვეულებისამებრ გულთბილად მომიკითხა. ალექსაც ხუთი წუთით გამომელაპარაკა მხოლოდ. ბოლოს ისევ მოტოციკლს მოვაჯექი და სახლისკენ გავწიე. გზაში საეჭვოდ ადევნებული მანქანა შევნიშნე. თავიდან, ჩემს პარანოიას დავაბრალე ყველაფერი, მაგრამ ყველაზე მიყრუებულ ადგილზე გზა რომ მომიჭრა, ლამის გადამაგდო. მკვეთრად დავამუხრუჭე, ჩაფხუტი მოვიძრე და მოტოციკლიდან გადავედი. _გაგიჟდი? რას აკეთებ?_შეჩერებული მანქანისკენ გაბედულად წავედი. ორნი იყვნენ. ჩემზე გაცილებით დიდები და დაკუნთულები. თითქმის ერთდროულად გადმოვიდნენ მანქანიდან, მაგრამ მე არ შემშინებია. რატომღაც შიშის გრძნობა შორს იყო ჩემგან. _თუ ფრთხილად არ იქნები, სავსებით შესაძლებელია ხრამში გადაიჩეხო მაგ შენი ველოსიპედით._შემაშინა თუ დამემუქრა ერთ-ერთი, ვერ მივხვდი. _თქვენნაირი მძღოლების წყალობით ბევრი რამეა შესაძლებელი!_აქეთ შევუბღვირე. _ჩვენ გვადანაშაულებ ბიჭო?_ისევ ის ამეწვერა. მეორემ გააჩუმა. _აქ ამისთვის არ მოვსულვართ. მათეს ვეძებთ. სად არი? _ცნობათა ბიუროში მომუშავეს ვგავარ? მე რა ვიცი სად არის თქვენი მათე?_"ვითაკილე", მის ამბავს ჩემთან რომ კითხულობდნენ. _იმენა ნერვებზე მშლის!_ისევ პირველმა თქვა და თვალი თვალში გამიყარა. _შეეშვი-მეთქი!_მკაცრად გააფრთხილა მეორემ. მერე მე მომიბრუნდა._ვიცი, რომ შენთან შესახვედრად მოდიოდა... _ჩემთან მოდიოდა?_ცოტა დავიბენი._ალბათ გზა აებნა, რადგან ჩემამდე არ მოსულა. _ხედავ?_პირველმა ნიშნის მოგებით შეხედა._გვეღადავება კიდეც._მერე ისევ მე მომიბრუნდა_იცოდე, თუ შენი ხელი ურევია მის გაქრობაში, ცუდად წაგივა საქმე! _მის გაქრობაში ჩემი ხელი ურევია?შემომხედე ერთი, კოპერფილდს ვგავარ?_საბოლოოდ გამაღიზიანა მისმა ბრალდებამ და წყობილებიდან გამომიყვანა._აქეთ მისმინე: იმ თქვენ ძმაკაცს გადაეცით, რომ თუ მასეთი მაგარია, პირისპირ შემხვდეს! ქვეშერდომებს რომ მიგზავნის, თვითონ არ აქვს დამელაპარაკოს?! თქვენც აღარ გადამიდგეთ მასე გზაზე, თორემ ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ! _რაო, გვემუქრები?_პირველმა მომენტალურად წაიღო ზურგს უკან ხელი. მივხვდი, იარაღი ედო, მაგრამ მეორემ გააჩერა. _კმარა!_მერე მე მომიბრუნდა._ესე იგი, ამბობ, რომ არ გინახია? _თუ სიტყვაზე არ მენდობი, წადი და ჩემი ალიბი ჩემს სამსახურში გადაამოწმე!_გაბრაზებულმა შევუღრინე. მერე, შემოვტრიალდი და ჩემი მოტოციკლისკენ წავედი. სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა მეშინოდა. არ იყო გამორიცხული ის ერთ-ერთი ზურგიდან დამსხმოდა. ზამბარასავით დაჭიმული სხეულით მივაბიჯებდი, თან გულის-ყური მისკენ მქონდა. თუმცა, თავი ისე მოვაჩვენე, ვითომ საერთოდ არ მეშინოდა. როგორც ვვარაუდობდი, ამ ხრიკმა გაჭრა, უშიშარი ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვე მათ თვალში და ორივესი ვერა, მაგრამ ერთ-ერთის პატივისცემა ნამდვილად დავიმსახურე. სახლში მისულმა კიდევ ვცადე დარეკვა, მაგრამ ისევ გამორთული დამხვდა ბადრის ტელეფონი. ავღელდი. ყველაფერი ერთმანეთს დავუკავშირე: მუქარა, გაუჩინარება, მათეს ძებნა და რაც უფრო ვალაგებდი ამ ამბავს, მით უფრო საშინელი სურათი იკვრებოდა ჩემს წარმოსახვაში... საწოლზე ჩამოვჯექი, მაგრამ წამიც ვერ გავჩერდი. ისევ წამოვხტი და ოთახში წინ და უკან დავიწყე სიარული. რაღაც ისე არ იყო, ამას გული მიგრძნობდა. ისევ ავიღე ტელეფონი და კიდევ ვცადე დარეკვა, მაგრამ შედეგი იგივე. _ჯანდაბა!.. რა ჩაიდინე ბადრი? ერთხანს ნერვიულად ვცემდი ოთახში ბოლთას. მერე, მოტოციკლ მოვაჯექი და უმისამართოდ დავიწყე ხეტიალი. იმედი მქონდა, შემთხვევით სადმე აუცილებლად ვნახავდი. თუმცა, სულ ტყუილად. ბოლოს, ისევ ტბაზე მივედი. უკვე ბნელოდა, მაგრამ ცხოვრება იქ თითქოს ახლა იწყებოდა. ბადრი არც ამჯერად დამიხვდა სახლში. _როცა იქნება ხომ მოვა, მაშ სად ჯანდაბაში წავა?_გავიფიქრე და მის პატარა ოთახს მივაშურე. უფრო სწორად, ყოველთვის პატარა მგონია, როცა მისი ნივთები ყველგანაა მიმოფანტული. წიგნები (რაც არ უნდა გასაკვირი იყოს) იატაკზე, ენერგეტიკული სასმლის ქილები მაგიდაზე, პერანგი სკამის საზურგზე, შარვალი საწოლის კიდეზე, ფეხსაცმელები ერთი კართან, მეორე ფანჯარასთან. მის საყვარელ ტყავის მბრუნავ სავარძელში ჩავჯექი და ახლა იქიდან შევათვალიერე ეს ქაოსი. ბადრის რომ კითხოთ, ყველა გენიოსის ოთახი ასე გამოიყურება, მაგრამ მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ამ ყველაფერს. ღია ფანჯრიდან ხმაური შემოდიოდა: ვიღაც იცინოდა, ვიღაც მღეროდა, საიდანღაც მანქანის ხმა აღწევდა. უფრო შორიდან ძაღლის ყეფაც. მგონი ყველასთვის ჩვეულებრივი საღამო იყო, მაგრამ ჩემთვის არა. გული რატომღაც ცუდს მიგრძნობდა. რამდენი წუთი ველოდე, არ ვიცი. ათი?... ოცი?... ოცდაათი?... საათს უკვე აღარ დავყურებდი, რადგან დრო თითქოს გაჩერებული იყო. ბოლოს, როგორც იქნა, დერეფნიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა. ბადრის ნაბიჯების ხმას ვცნობდი და მის ხასიათსაც წინასწარ ვიგებდი ხოლმე. მაგალითად, ჩქარი ნაბიჯებით მაშინ მოდიოდა, როცა კარგ განწყობაზე იყო. როცა დაღლილი, ან ცხოვრება ეზარებოდა, მოფრატუნობდა. მაგრამ ახლა რაღაც არეულად და არათანაბრად მოაბიჯებდა. თავიდან, ეჭვიც კი შემეპარა, იქნებ ის არ არის-მეთქი, მაგრამ კარი გაიღო თუ არა, ბადრიც გამოჩნდა. იქ ნამდვილად არ მელოდა, რადგან შეკრთა და ზღურბლზე წამიერად გაშეშდა. სახე კი ისეთი გაუხდა, თითქოს მოჩვენება დაენახოს. _ფუ, შენი!_ეს თქვა მხოლოდ და ოთახში შემოსვლისთანავე მიხურა კარი. დაღლილი, ფერმიხდილი და უძილო მეჩვენა. _სად ხარ, რამდენი ხანია შენთან დაკავშირებას ვცდილობ._ფეხზე წამოვდექი. _საქმე მქონდა..._ისე თქვა, თითქოს მე კი არა, ვიღაც უხილავს ელაპარაკებოდა. მანქანის გასაღები მაგიდაზე მიაგდო და აბაზანის კარს ხელი წაატანა._დავიღალე, ცოტა დასვენება მჭირდება. რამე აუცილებელ საქმეზე ხარ?_არც ამჯერად შემოუხედავს ჩემთვის სახეში. _სად იყავი? _საქმეზე მეთქი!_აშკარა გაღიზიანება დაეტყო._შენ რა, დაკითხვას მიწყობ? _გარემოება ასე მოითხოვს. _რა გარემოება?_როგორც იქნა შემომხედა. ახლოს მივედი და წინ ჩამოვუდექი. თვალში მომხვდა მისი დასვრილი ტანსაცმელი: პერანგი მტვრიანი და დაკუჭული. არც შარვალი იყო საამაყო მდგომარეობაში, ორივე მუხლზე მიწის კვალი ემჩნეოდა. აშკარად, მუხლებზე იდგა. აქა-იქ პატარა ლაქებიც ემჩნეოდა. _სად იყავი? _დავიჯერო, ჩემს ადგილმდებარეობას შენთვის ასეთი არსებითი მნიშვნელობა აქვს? შენ ის მითხარი, რისთვის მოხვედი, რა საქმე გაქვს? გამომცდელი მზერა არ მომიშორებია მისთვის. _მაინც სად იყავი, ბადრი?_ამჯერად უკვე მკაცრად ვკითხე. _გითხარი, საქმეზე-მეთქი!_მანაც აუწია ხმას._რამდენჯერ უნდა გამამეორებინო ერთი და იგივე? _რა საქმეზე?_ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი._რომელ საქმეზე დადიხარ ასე მუხლებზე დამდგარი?_თითით მის დასვრილ შარვალზე მივუთითე. თვალებში გაბრაზებამ გაუელვა. _რა შენი საქმეა? დიდი ხანია, ჩემი მდგომარეობით აღარ დაინტერესებულხარ. მეგობრობაზე ხელი აიღე, რამდენჯერ დახმარება გთხოვე და უარით გამომისტუმრე! ახლა? დგახარ და პასუხს მთხოვ, თუ რატომ ვიდექი მუხლებზე? ეს შენ ნამდვილად არ გეხება!_კბილებში გამოსცრა._შენი საქმე არ არის! _მაინც როდიდან აღარ არის ჩემი საქმე?_მეც ავენთე._თუ რამე შეგეშალა და რამე დააშავე, თქვი! _რამე შემეშალა?_გაიოცა. თან, ისე მომიახლოვდა, რომ მისი მძიმე სუნთქვა პირდაპირ სახეში ვიგრძენი._მაინც რა დავაშავე შენი აზრით? დავიბენი და წყლიდან ამომხტარი თევზივით სასაცილოდ დავაღე პირი. ერთ ხანს ჩუმად მიყურა. მერე, მოულოდნელად, კართან მივიდა და გააღო. _შენს ხასიათზე ნამდვილად არ ვარ, წადი აქედან!_ძალიან ცივად მითხრა. ყვირილზე უფრო მტკივნეულად მომხვდა მისი თითოეული სიტყვა. მართალია, ბევრჯერ გვითქვამს ერთმანეთისთვის ათასი სისულელე და ერთმანეთი გაგვიგდია კიდეც ჩვენივე ოთახებიდან, მაგრამ ახლა?... _არაფერი არ თქვა და უბრალოდ წადი აქედან!_ისევ გამიმეორა, როცა ყოყმანი დამატყო. _კარგი, როგორც გინდა._ძლივს ამოვღერღე და კარისკენ ფეხათრევით წავედი. არ შევუჩერებივარ, რისი იმედიც ბოლო წამამდე მქონდა. გაწბილებულმა მივუხურე კარი და დერეფანში კი არ გამოვედი, გამოვვარდი. არეული ნაბიჯებით გავიარე ნახევრად ჩაბნელებული სივრცე. გარეთ რომ გამოვედი, წამიერად შევჩერდი. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. მეგონა, შვებას მომგვრიდა, მაგრამ მემძიმა და ფილტვები მეტკინა. ნაბიჯები მექანიკურად გადავდგი. მინდოდა, რაც შეიძლებოდა მალე გავცლოდი იქაურობას და თითქოს მომჩვარულ სხეულს იძულებით მივათრევდი. თუმცა, გონებით ისევ იმ ოთახში ვიყავი, სადაც ბადრი დავტოვე. რაღაც ისე არ იყო, ამას მთელი არსებით ვგრძნობდი... ეზოში დამსვენებლები ირეოდნენ. მათთან თავის ასარიდებლად გზა მოვჭერი და ფარეხის მიმართულებით წავედი. იქაც გვერდის ავლას ვაპირებდი, მაგრამ კარი ღია იყო და მისი სიღრმიდან ბადრის ლურჯა მოჩანდა. უცნაური განცდა დამეუფლა. გავჩერდი და ერთხანს თვალმოუშორებლად შევყურებდი მკრთალი შუქით განათებულ მანქანას. მერე, (არ ვიცი რატომ, მაგრამ) პირდაპირ მისკენ წავედი. თითქოს, წინასწარ ვიცოდი, რომ იქ რაღაც უნდა მენახა. მივუახლოვდი. კაპოტს ხელით შევეხე, რომელიც ჯერ ისევ თბილი იყო. მერე, მექანიკურად და გაუაზრებლად დავიწყე მოქმედება: ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე, ფანარი ჩავრთე და დაკვირვებით შევათვალიერე მანქანის თითოეული დეტალი და მგონი მივაგენი, რასაც ვეძებდი. მართალია საგანგაშოდ არა, მაგრამ ბამპერი ოდნავ მაინც იყო დაზიანებული. სულ ქვემოთ კი, მუქი, არათანაბარი ლაქა შევნიშნე. დავიხარე. გული უცნაურად ამიჩქარდა. ლაქა გამშრალი იყო, მაგრამ ფერი? მაშინვე ვიცანი... სისხლი! მომენტალურად ყველაფერი ერთმანეთში ამერია: მისი სიტყვები... მისი მუქარა... დასვრილი ტანსაცმელი... მუხლებზე მიწა... დაზიანებული მანქანა და სისხლის კვალი... თითქოს, ურო ჩააარტყესო თავში, ისე წავბარბაცდი. _ჯანდაბა, ბადრი..._ძლივს ამოვიხრიალე და ზუსტად იმ აზრმა გამიელვა თავში, რისი დაჯერებაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა. ეზოდან ლაპარაკის ხმა შემომესმა. ტელეფონი მაშინვე ჯიბეში ჩავიდე და ისე გამოვედი იქიდან, უკან აღარ მიმიხედია. მოტოციკლს მოვაჯექი და გზაზე პროფესიონალი მრბოლელივით გავიჭერი. საკმაოდ ბნელოდა. ქუჩები თითქმის დაცარიელებული იყო. მხოლოდ კანტი-კუნტად შემხვედრი მანქანის შუქები ანათებდნენ და მათი ხმაური არღვევდა სიჩუმეს. თავში ერთი და იგივე აზრი მიტრიალებდა: ბადრი... სისხლი... მუქარა... მოულოდნელად სარკემ უკან მომავალი მანქანის ფარების შუქი აირეკლა. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია. ჩვეულებრივად მომყვებოდა. დისტანციას იცავდა. ერთი მოსახვევი გავიარეთ. მეორე, მესამე... ისიც ჩემთან ერთად აგრძელებდა გზას. _უბრალოდ დამთხვევაა._თავის დამშვიდება ვცადე და გაზს ოდნავ მოვუმატე. თან სარკეში გავხედე. მანაც მოუმატა სიჩქარეს და ამჯერად უფრო ახლოს მოვიდა და ფარების მკვეთრი შუქი თვალებში მეცა. აშკარა იყო, მე მომყვებოდა. _ჯანდაბა!_სიჩქარეს კიდევ მოვუმატე. მანქანაც არ ჩამომრჩა. ერთ მომენტში ისე მომიახლოვდა, ლამის დამეჯახა. ინსტინქტურად გვერდზე გავიწიე. ისიც გვერდით დამიდგა და ერთხანს ასე მომყვებოდა. მერე, მომენტალურად გაიჭრა წინ. ზუსტად ამით ვისარგებლე. მოულოდნელად ისე მკვეთრად დავამუხრუჭე, რომ ლამის გადავვარდი. მოტოციკლი ძლივს დავიმორჩილე. _შენი დედაც, შე ახვარო!_ხმამაღლა მივაძახე და ჩაფხუტი მოვიძრე. თან, თვალი გავაყოლე ფარების შუქს. აშკარა იყო, ის ვიღაც გამიზნულად მოქმედებდა. უბრალოდ, ჩემი შეშინება უნდოდა და ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც. კარგა ხანს ვიდექი ერთ ადგილზე გაშეშებული და გული ძლიერად მიცემდა. ხელებიც საგრძნობლად მიკანკალებდა, მაგრამ მგონი უფრო ვღელავდი, ვიდრე მეშინოდა. მერე, ღრმად ჩავისუნთქე დამწვარი საბურავების მყრალი სუნით გაჟღენთილი ჰაერი, ჩაფხუტი ისევ დავიხურე და ამჯერად უფრო ფრთხილად დავიძარი ადგილიდან. ქუჩები ისევ ცარიელი იყო, მაგრამ უკვე სხვანაირად ვუყურებდი ყველაფერს: თითოეულ ჩრდილს, თითოეულ ფარს, თითოეულ მოძრაობას. რატომღაც გზა გავიმრუდე და სახლში წასვლის ნაცვლად, ქალაქის ცენტრისკენ გადავუხვიე. ალბათ, სახლში მარტო ყოფნა არ მინდოდა და იმიტომ. ან, ფიქრი... ზუსტად იმ დროს ჩემს უკან სირენის ხმა გაისმა. ინსტინქტურად შევანელე სვლა და გზის პირას გავჩერდი. პატრულის მანქანა ჩემს უკან გაჩერდა, საიდანაც ერთ-ერთი პოლიციელი ზანტად გადმოვიდა და ჩემთან მოვიდა. _თქვენი საბუთები._ცივი და უემოციო ხმა ჰქონდა. _რა ხდება? წესები არ დამირღვევია, რატო გამაჩერეთ?_დავინტერესდი. თუმცა, საბუთები მაინც მივაწოდე. ჯიბის ფარნის შუქზე დაკვირვებით შეათვალიერა და მალევე დამიბრუნა უკან. _მადლობა. შეგიძლიათ წახვიდეთ. _რა ხდება?_ოდნავ მოშორებით მეორე ეკიპაჟის მანქანასაც მოვკარი თვალი და დავინტერესდი. _ქალაქის ამ მხარეს გვამი აღმოაჩინეს და ყველას ვამოწმებთ._ისე მშვიდად მითხრა, თითქოს ამინდზე ვსაუბრობდით. _გვამი?_მღელვარებისგამ ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. _კი, ახალგაზრდა კაცია მოკლული. ამის გაგონებაზე ყურებმა ზუზუნი დამიწყო. მეტი აღარაფერი მიკითხავს. _შეგიძლიათ წახვიდეთ. თავი მექანიკურად დავუქნიე და მოტოციკლი დავქოქე. ნელა დავიძარი ადგილიდან. შემდეგ კი, სიჩქარეს ვუმატე. თუმცა, მოსახვევი რომ გავიარე და პატრული თვალს მიეფარა, სიჩქარე შევამცირე და ბოლოს საერთოდ გავჩერდი. ჩაფხუტი მოვიხსენი. ჰაერი ღრმად შევისუნთქე, მაგრამ ვერ მიშველა. _ჯანდაბა, ბადრი, რა ჩაიდინე?!_ხმამაღლა ვთქვი და საკუთარმა ხმამ გამაჟრიალა. ეჭვი არ იყო, ყველაფერი ამაზე მეტყველებდა... ტელეფონი ამოვიღე და ეკრანი ავანთე. ბადრის ნომერი ისევ ზედა ზოლში იყო, ყველაზე ბოლოს აკრეფილი. რამდენიმე წამი სუნთქვაშეკრული დავყურებდი. მერე, თითი ნელა შევახე ეკრანს და ზარი გავიდა. გული გამალებით მიცემდა. ერთი ზარი… მეორე... მესამე... _რა იყო?_როგორც იქნა, მიპასუხა. _უნდა ვილაპარაკოთ._ძლივს ამოვღერღე სათქმელი. _შენთან ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ._ცივად გამომიცხადა და გამითიშა. გაბრაზებულმა კიდევ დავრეკე. თუმცა, არ მიპასუხა. მეორედ... მესამედ... მეოთხედ საერთოდ გათიშა ტელეფონი. _კარგი მაშინ, თუ ასე არ გინდა, მე ჩემებურად მოგხედავ!_ხმამაღლა დავექადნე, მოტოციკლი ისევ დავქოქე და სახლში მტკიცე გადაწყვეტილებით წავედი. დილაუთენია უკვე ტბის სიახლოვეს ვიყავი და მისი სახლიდან გამოსასვლელ მთავარ გზას ჯაშუშივით ვუთვალთვალებდი. ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია. ჩამიარა თუ არა, რამდენიმე წუთი დავიცადე და მეც უკან გავყევი. გარკვეული მანძილით დისტანცია დავიცავი. არ მინდოდა ზედმეტად ახლოს მივსულიყავი და შევენიშნე. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა, მერე, ალბათ მაინც შემნიშნა, რადგან მოულოდნელად სიჩქარეს უმატა და წინ გაიჭრა. ინსტიქტურად მეც მივყევი და ზუსტად ეს იყო ჩემი შეცდომაც. მეორე მოსახვევში უკვე ისე გამიქრა თვალსა და ხელს შუა, რომ ეჭვიც კი შემეპარა, საერთოდ იყო თუ არა-მეთქი. _ჯანდაბა!…_საკუთარ თავს გავუწყერი._ასეთი იდიოტური შეცდომა როგორ დავუშვი? ერთი საათის შემდეგ კი უკვე სხვა გეგმას ვახორციელებდი: პატარა ავტოსადგომზე ვიდექი და ჩემ წინ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ დაქირავებულ მანქანას კმაყოფილი მზერით შევყურებდი. არც ფერი ჰქონდა დასამახსოვრებელი. არც ფორმა. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ჩემი ჯაშუშური საქმიანობისთვის მჭირდებოდა. გასაღებების ასხმა ხელში შევატრიალე. დაბურული მინის ანარეკლში საკუთარ ორეულს კმაყოფილმა შევღიმე და საჭეს მივუჯექი. _ზოგი ახლა შემნიშნე._ძრავა ავამუშავე და ადგილიდან ნელა დავიძარი. სოსოს დავურეკე და ბადრი ვიკითხე, ვერ ვუკავშირდები და სად არის, ხომ არ იცი-მეთქი. დილით მამიდა წაიყვანა, მაგრამ მერე სად წავა, ღმერთმა უწყისო. _ქუთაისში წავიდა?_ჩავფიქრდი. სოსოს მადლობა გადავუხადე და მეც გეზი იქითკენ ავიღე. იმის შანსი უფრო მეტი იყო წინ შემხვედროდა, ვიდრე ადგილზე მიმესწრო. ისიც, თუ რა თქმა უნდა, სოსო მართალი არ აღმოჩნდებოდა და სადმე არ წავიდოდა. მგონი, მაქსიმალური სისწრაფით დავფარე გზა. მე თვითონვე გამიკვირდა, ისე მალე ჩავედი ქუთაისში. ის კი იყო, პარლამენტის შენობა და სკვერი უკან ჩამოვიტოვე, რომ ბადრი წინ შემხვდა. მხოლოდ ერთი წამით მეგონა, რომ მიცნო და გული ამიჩქარდა. თუმცა, სარკეში რომ გავხედე, ოდნავადაც არ შეუცვლია სისწრაფე. დავრწმუნდი, რომ ვერაფერს მიხვდა და მანქანა მოსახერხებელ ადგილზე მოვაბრუნე. დავეწიე და გარკვეული დისტანცია დავიჭირე. ქალაქიდან გავედით და შედარებით წყნარ ქუჩას დავადექით. მე ისევ უკან მივყვებოდი. ისეთი ჩუმი და უხილავი ვიყავი, ვამაყობდი კიდეც ჩემი საზრიანობით. ქალაქი უკან მოვიტოვეთ. გზა ნელ-ნელა დაცარიელდა. ბადრის მანქანა ისევ წინ მიდიოდა ზედმეტი მანევრების გარეშე და ზუსტად ეს მაფიქრებდა. იმ ადამიანს საერთოდ არ ჰგავდა, ვინც რამეს გაურბოდა. პირიქით, მგონი ზუსტად იცოდა, სად და რისთვის მიდიოდა. რამდენიმე კილომეტრის გავლის მერე შეუხვია. მეც უკან მივყევი. თუმცა, სიჩქარე შევამცირე და დისტანცია უფრო გავზარდე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ძველი ინდუსტრიული უბანი იყო ასეთივე ძველი შენობებითა და მიტოვებული საწყობებით. ზუსტად ისეთი ადგილი, სადაც დანაშაულს თავისუფლად ჩაიდენდი და კითხვებს არავის დაგისმევდა... ბადრი ერთ-ერთი შენობის წინ გაჩერდა. მანქანიდან გადმოვიდა და გარემოს უინტერესო მზერა მოავლო. წამიერად დავიძაბე. მეგონა, მიცნო და მომენტალურად თავი დავხარე, (თითქოს ეს რამეს შეცვლიდა). შიგნით როდის შევიდა, ვერ დავინახე. კარის ხმა რომ გავიგე, რამდენიმე წამი მაინც არ გავნძრეულვარ. მოგვიანებით გადავედი მანქანიდან და შენობას გვერდიდან შემოვუარე. ნახევრად ჩამტვრეული პატარა ფანჯარა მალევე შევნიშნე. სუნთქვაშეკრული ფეხაკრებით მივუახლოვდი და შიგნით გულისფანცქალით შევიჭყიტე. გამიკვირდა, ხუთი თუ ექვსი კაცი მაინც რომ იყო და რაღაცას საქმიანობდა. ბადრი და ერთი მამაკაცი კი იქვე ფანჯარასთან იდგნენ და ცოტა დაძაბულად საუბრობდნენ. _დათქმული დრო თითქმის ამოიწურა._თქვა ბადრიმ. _ხო, მაგრამ მთლად ხომ არ ამოწურულა?_თითქოს თავი იმართლა მამაკაცმა._პატარა პრობლემამ იჩინა თავი და იმან შეგვაფერხა. გზაშია და სავარაუდოდ, ამაღამ ჩამოვა... _მათეს ხათრით, თორემ მე ვიცი რასაც ვიზამდი... იცოდე, მხოლოდ დილამდე დავიცდი._თითქოს გაფრთხილება მისცა ბადრიმ._მეტი ფიზიკურად მეც არ შემიძლია. ისინიც ითხოვენ. ორ დღეში უნდა ჩავაბარო. გული ამიჩქარდა. _გპირდები, ჩვენი მხრიდან პრობლემა არ გექნება. _თქვენთვისვე აჯობებს, თორემ ჯერ რა ფასი მომთხოვეთ?!_გაცხარდა ბადრი._ახლა, საქმეს ისე არ ასრულებთ, როგორც შევთანხმდით. _გპირდები, ჩამოვა თუ არა, გაგაგებინებ, შუაღამეც რომ იყოს... მოულოდნელად რაღაცამ დაიჭექა. მგონი შიგნით აფეთქდა რაღაც. ინსტინქტურად უკან გადმოვხტი და ფანჯარას მოვშორდი. შიშისგან გულისცემა გამიორმაგდა. ვერ მივხვდი რა მოხდა, მაგრამ კაცები რომ აყვირდნენ და რკინის კარი ხმაურით გაიღო, ინსტიქტურად გავიქეცი მანქანისკენ. რატომღაც, ისევ იმაზე ვფიქრობდი, ბადრის არ დავენახე. მანქანასთან წამებში გავჩნდი. კარის გაღება და შიგნით შეძრომა ერთი იყო. გასაღებიც ელვის უსწრაფესად მოვარგე, ძრავი დავქოქე და იმ წამსვე დავიძარი ადგილიდან. თუმცა, გზაზე რომ გავედი, შევჩერდი. საკუთარი საქციელის შემრცხვა. ასეთ სიტუაციაში ბადრი მიმატოვებდა? ის იყო, უკან უნდა დავბრუნებულიყავი, რომ ბადრის მანქანამ ჩამიარა გვერდით. საჭესთან ვინ იჯდა, ვერ დავინახე. ორ ცეცხლში ვიწვოდი. ვერ გადამეწყვიტა საწყობში დავბრუნებულიყავი, თუ მანქანას გავყოლოდი. ჯერ ისევ სწორი გადაწყვეტილების არჩევანზე ვყოყმანობდი, ტელეფონის ხმამ რომ გამაწყვეტინა ფიქრის ძაფი. ეკრანზე ბადრის ნომერი ეწერა. ერთ ხანს შეშინებული თუ გაოგნებული დავყურებდი. მინდოდა მეპასუხა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ბოლოს, როგორც იქნა დავმშვიდდი და ისე ვუპასუხე. _გისმენ._ვეცადე, ხმა ჩვეულებრივი მქონოდა. წამიერი პაუზა. მძიმე და საშინელი. _სად ხარ?_ხმა საკმაოდ ცივი ჰქონდა, მაგრამ ცოცხალი რომ იყო, რაღას დავეძებდი? _სად უნდა ვიყო? სახლში._"გავიოცე". ისევ პაუზა. ოღონდ ამჯერად უფრო გრძელი. _სახლში?_თუთიყუშივით გაიმეორა. მის ხმაში ისეთი ნოტები დავიჭირე, აშკარად გამოჭერილი ვყავდი ტყუილში. საჭეს ქორივით ჩავაფრინდი. _ხო._დავუდასტურე ვითომ გაკვირვებულმა._რატო მეკითხები? მეორე მხრიდან გახშირებული სუნთქვა მომესმა. _საინტერესოა._ეს თქვა მხოლოდ და ტელეფონი გამითიშა. _ნუ თუ, დამინახა?_შევშფოთდი. იმ გზით აღარ ვისურვე წასვლა, საითაც მან გაიარა. მანქანა მოვატრიალე და ქალაქის მეორე გასასვლელისკენ წავედი. გზა და გზა იმ დიალოგზე ვფიქრობდი, საწყობში რომ მოვისმინე: "დათქმული დრო თითქმის ამოიწურა"... "მათეს ხათრით, თორემ მე ვიცი რასაც ვიზამდი"... "იცოდე, მხოლოდ დილამდე დავიცდი"... "ისინიც ითხოვენ. ორ დღეში უნდა ჩავაბარო"... "თქვენთვისვე აჯობებს"... "გპირდები, ჩამოვა თუ არა, გაგაგებინებ, შუაღამეც რომ იყოს"... მაინც რა იყო ეს, არ ვიცი: გარიგება, მუქარა, თუ უბრალოდ საქმიანი შეხვედრა. ან, რა მოხდა საწყობში? რას ქონდა ისეთი საშინელი ხმა? ამასობაში ქალაქის ცენტრამდეც მივაღწიე. ის იყო, შუქნიშანთან გავჩერდი და სასურველი ფერის ანთებას დაველოდე, რომ მოულოდნელად ელზას ჯიპს მოვკარი თვალი. წინ ჩამიარა. მძღოლი კესანე იყო, გვერდით კი მარგო ეჯდა. _ამათ აქ რა უნდათ?_თვალი გავაყოლე, სანამ მანქანების ნაკადში მიიმალებოდნენ._ეს ოჯახი ხომ საბოლოოდ გადამრევს!_ამოვიგმინე თუ არა, სხეულმა ჩემ ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება. მანქანა მინიმალური წესების დარღვევით მოვაბრუნე და იმ მიმართულებით წავედი, რომელი მიმართულებითაც ისინი წავიდნენ. თავიდან თითქოს დავკარგე. მერე, წითელზე მოუწიათ გაჩერება და ამან მიშველა. წამოვეწიე და უკვე შედარებით ახლო დისტანციით მივყევი. გზა თითქოს მეცნო. მალე შენობაც გამოჩნდა და გულმა რეჩხი მიყო. სხეული ერთიანად გამეყინა მღელვარებისგან და თითები ნერვიულად ავაკაკუნე საჭეზე. ქუთაისის პოლიციის სამმართველო... პირველი მარგო გადმოვიდა. სწრაფად შემოუარა მანქანას და კესანეს კართან გაჩერდა. კესანე თითქოს არ ჩქარობდა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად იჯდა. მერე, ნელა გააღო კარი და აშკარა ძალდატანებით გადმოვიდა. მარგო რაღაცას ეუბნებოდა. (ოღონდ რას, არ მესმოდა). მისი სახის გამომეტყველებით ვხვდებოდი, რომ ამშვიდებდა. კესანეს კი, აშკარა ტირილის კვალი ემჩნეოდა. მოულოდნელად უკნიდან მანქანა მომადგა და გაბმული სიგნალი მომცა, რაც დედის გინებას უფრო გავდა. _ჯანდაბა!_დავფაცურდი. წინ წავედი. თავისუფალი ადგილი ვნახე და გავჩერდი. მანქანასთან ერთად თითქოს მეც გამიჩერდა გული. _აქ რა უნდათ?_ეჭვით შევათვალიერე რაღაც პირქუშად მომზირალი შენობა ყველაფერი თავისთავად ამომიტივტივდა მეხსიერებაში._ნუ თუ, ბადრის ამბავი იცის და მის დასასმენად მოვიდა?!_ ეს აზრი ისე მკაფიოდ ჩამომიყალიბდა, რომ სხვა ვერსია არც კი მქონია. მანქანიდან კი არ გადავედი, გადავხტი და შენობას თითქმის სირბილით მივაშურე. ჩემ წინ კარი ფართოდ გაიღო, მაგრამ პირველივე ნაბიჯზე შემაჩერა დაცვის თანამშრომელმა. _სად მიდიხართ?_ცივად და უფრო ვალდებულების მოსახდელად მკითხა, ვიდრე ინტერესისა. _ცოტა ხნის წინ აქ ჩემი ორი ნაცნობი გოგონა შემოვიდა. მინდა ვიცოდე, რა ხდება. დაცვის თანამშრომელმა ამჯერად უკვე გაოცებული მზერა მომაპყრო და სანამ რამეს მეტყოდა, დერეფნის ბოლოს კესანეს სილუეტს მოვკარი თვალი, ნელა რომ მიიწევდა ოთახისკენ. ნაბიჯები თითქოს ფრთხილი ქონდა, მხრები დაძაბული, სახე კი ჩაბნელებული. _აგერ ისიც._გამიხარდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მაშინვე მიიხედა და ჩემს მზერას გააყოლა თვალი. მერე, მე მომიბრუნდა ისევ და შემაჩერა, წასვლას რომ ვაპირებდი. _იქ შესვლა არ შეიძლება, დაკითხვა მიმდინარეობს... _დაკითხვა?_მგონი, ყველაფერი უფრო სერიოზულად იყო, ვიდრე მე წარმომედგინა. დაცვის თანამშრომლის სიტყვები ჯერ კიდევ ყურებში მიგუგუნებდა, როცა გვერდიდან ვიღაცამ მკლავში მომკიდა ხელი. _ოტია... ხმა მაშინვე ვიცანი, სანამ შევხედავდი. მარგო იყო. გამოხედვა დაძაბული ჰქონდა, თუმცა ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ისე მიყურებდა, თითქოს ერთდროულად მეჩხუბებოდა და მთხოვდა კიდეც, აქაურობას მოშორდიო. _მოიცა, აქ რა ხდება საერთოდ?_გავუძალიანდი, როდესაც მომქაჩა, რათა გარეთ გავეყვანე._კესანე რატომ არის აქ? რა დაკითხვა? მარგომ სწრაფად მიმოიხედა, თითქოს ვინმესი ეშინოდა. მერე ისევ მე მომიბრუნდა. _წამოდი, გარეთ გავიდეთ და იქ გეტყვი. შევყოყმანდი. თუმცა, მალევე დავემორჩილე და შესაწირი ბატკანივით გავყევი. შედარებით მშვიდი ადგილი შეარჩია. გაჩერდა და შემომხედა. ისეთი მზერა ქონდა, თითქოს არჩევანს აკეთებდა ეთქვა თუ არა სიმართლე. მერე, ღრმად ჩაისუნთქა და გაჭირვებით მოუყარა სიტყვებს თავი: _კესანე დღეს პირველად დაკითხვაზეა. მისი სიტყვები თავიდან ვერ გავიაზრე. _დაკითხვაზე?_ხმამაღლა გავიმეორე._რატომ? რა დააშავა?! _არაფერი დაუშავებია!_მაშინვე მომიჭრა, თუმცა ხმაში დაძაბულობა მაინც ეტყობოდა._უბრალოდ... პოლიციას მისი ჩვენება სჭირდება. _რაზე? მარგომ მზერა ამარიდა. აშკარად ყოყმანობდა. _რაზე-მეთქი?!_მკაცრად გავუმეორე. _შეიძლება ის იყოს ბოლო ადამიანი, ვინც მათე ცოცხალი ნახა. _რაო, რა თქვი?.._უარესად დავიძაბე. _იმ საღამოს ერთად იყვნენ._ნელა წარმოთქვა._რესტორანში. კამერებმა დააფიქსირა. ყურებში ზუზუნი ჩამესმა. _ანუ... მათე..._სათქმელი ვერ დავაბოლოვე. _ხო... გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ჰაერი არ მეყო და ფეხქვეშ მიწა გამომეცალა თითქოს. _ოტია, დაწყნარდი! ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, როცა ვინმე ქრება, ან..._სიტყვა მაინც გაუწყდა შუაზე._ან, როცა საქმე სერიოზულადაა. ყველა იკითხება, ვისაც ბოლო კონტაქტი ჰქონდა მსხვერპლთან... _მათე... მართლა მკვდარია? პასუხი არ გამცა, მაგრამ მისი ეს სიჩუმე ყველაფერზე ხმამაღალი აღმოჩნდა ჩემთვის. გული ისე ამიჩქარდა, თითქოს საგულედან ამოვარდნას ლამობდა. _ უთხრეს, რომ გამოძიებას სჭირდება მისი ჩვენება..._სადღაც შორიდან ჩამესმა თითქოს მარგოს ხმა._მგონი, ბადრიც დაიბარეს... აგერ, ისიც. _ბადრი?_ინსტიქტურად გავიხედე და მის თვალებსაც გადავაწყდი, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით რომ იდგა და მომაკვდინებელი მზერით მბურღავდა. ისე მოგვიახლოვდა, თვალი არ მოუცილებია ჩემთვის. _კესანე უკვე შეიყვანეს?_მე მკითხა თუ მარგოს, ვერ გავიგე, მაგრამ მარგომ უპასუხა, კიო. ვიგრძენი, როგორ დამეძაბა თითოეული კუნთი. _შენ აქ რას აკეთებ, ოტია? ყელი გამიშრა. _მე..._ენა დამება._უბრალოდ... შემთხვევით მოვხვდი._საკუთარი სიტყვები იმდენად უაზროდ მომეჩვენა, რომ ლამის თავადვე გამეცინა. _შემთხვევით?.. მოიცა და, წუთის წინ სახლში არ იყავი? ვიგრძენი, როგორ გამიოფლიანდა ხელის გულები. მარგომ ალბათ ჩვენს შორის დაძაბულობა იგრძნო და განმუხტვას შეეცადა. _თქვენ შორის რაც ხდება, ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის! არ შეგიძლიათ თავი შეიკაოთ და სხვა დროს გაარკვიოთ თქვენი ურთიერთობა? ისედაც დაძაბული ვარ და ტირილი მინდა!_ხმა მართლა შეეცვალა მარგოს. უფრო ბადრის მისამართით იყო ნათქვამი, მაგრამ ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ქონდა, რომ ერთიანად შემძრა და გულწრფელად შემეცოდა. საკუთარ თავზე მივიღე ყოველი მისი სიტყვა და ძმაკაცის ნათქვამზე არაფერი მითქვამს. უფრო მეტიც, შეგნებულად გავდექი გვერდით, რათა არაფერი წამოეცდევინებინა და თითების ნერვიული ტკაცუნით დაველოდე მოვლენების განვითარებას. ვითომ უმნიშვნელო დაკითხვის პროცესი მაინც საშინლად გაიწელა და გაჭიანურდა. მართალია, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა ასე თუ ისე, მაგრამ ამ დროის განმავლობაში გვარიანად ვინერვიულე. იქიდან გვიან გამოვედით. გოგოები ისევ ელზას მანქანაში ჩასხდნენ. ოღონდ, ამჯერად, მარგო იყო უკვე მძღოლი. კესანე ისე იყო სულიერად გამოფიტული და მათეს მკვლელობის ამბით განადგურებული, რომ ფეხზე ძლივს იდგა. მე ჩემი ნაქირავები მანქანა დავქოქე. ბადრი ქუთაისში დარჩა. მხოლოდ ის თქვა: საქმე მაქვსო. ოღონდ, რა საქმე ჰქონდა, არ დაუზუსტებია. ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი ხდებოდა. განყოფილების ეზოშიც კი, სანამ ყველანი ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, სიტყვა არავის დაგვცდენია. არა და, პირადად მე, ბევრი რამ მქონდა სათქმელი. თუმცა, ვხვდებოდი, რომ აზრი არ ჰქონდა. თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავში იყო ჩაკეტილი. ...საშინელი გრძნობაა, როცა კითხვები უთვალავია, პასუხი კი არცერთი... იმ ღამით ძილი საერთოდ არ მომკარებია. თავში საშინელი ქაოსი მქონდა. ყველაფერი კინოკადრებივით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს: დაზიანებული ბამპერი, ბადრის დასვრილი ტანსაცმელი, საწყობში საიდუმლო შეხვედრა, აფეთქების ხმა, პოლიცია, ბადრის უცნაური საქციელი. მაგრამ ყველაზე უარესი ამ ისტორიაში მაინც მათეს მკვლელობა იყო. გამთენიისას ძლივს ჩამეძინა. უფრო, თვალი მოვატყუე მგონი. არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა, მაგრამ მოულოდნელად უცნაურმა ხმამ რომ გამაღვიძა, თავიდან ვერ მივხვდი სიზმარი იყო თუ ცხადი. ან, საიდან მოდიოდა ეს ხმა. დაფეთებული წამოვჯექი საწოლზე და მივაყურადე. თითქოს, ლითონის ხმები იყო. მაშინ უკვე კი არ წამოვხტი, წამოვფრინდი და ფანჯარას ვეცი. ჯერ ნორმალურად გათენებული არ იყო და ყველაფრის სწორად გარჩევა ჭირდა. თუმცა, ხმა უდაოდ ფარეხიდან გამოდიოდა. _ჯანდაბა, საკოლექციო მანქანა?_ელვასავით გამიელვა ტვინში. სასწრაფო წესით ჩავიცვი ტანსაცმელი და ქვემოთ ჩავედი. თან, მოზრდილი კეტი მოვიმარჯვე ხელში. ასე ვთქვათ, შევიარაღდი. შიგნით მართლა იყო ვიღაც. მაგრამ... თუ ქურდი იყო, შუქს რატომ აანთებდა? კარი ფრთხილად გავაღე და მანქანის ძრავში თავჩარგული ვიღაც დავინახე. _აქ რა ხდება?_ომახიანად დავიყვირე. მოულოდნელობით შემკრთალმა უცნობმა თავი მომენტალურად ამოყო და გაოცებული თვალებით შემომხედა. _ვინ ოხერი ხარ?!_კეტი მოხერხებულად შევათამაშე ხელში. _მათე ვარ... _მათე?_სახელმა შემაკრთო და დამაბნია. _ხო, მანქანის ხელოსანი... ბადრიმ მომიყვანა... საკოლექციო მანქანის აწყობაში დამეხმარეო..._ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძლივს ამოღერღა სათქმელი. გვიან შევნიშნე მანქანის გვერდით ნაწილები და ინსტრუმენტები რომ იყო გაშლილი... _გერმანიიდან წუხელ ჩამოვიდა ეს ნაწილები. შენც კარგად იცი, დიდი ხანია ველოდები. ამიტომ, დროის დაკარგვა აღარ მინდა._მანქანის მეორე მხრიდან ბადრიც გამოჩნდა._ბოდიში, თუ მყუდროება დაგირღვიეთ. მივხვდი, მისი ბოდიში გულწრფელი არ იყო. თუმცა, გავატარე. კეტი იქვე მივაყუდე და მანქანას მეც მივუახლოვდი და ახდილ კაპოტში დიდი ინტერესით ჩავიხედე. _შენი აზრით, რამდენი დრო დასჭირდება ამის შეკეთებას?_ბადრი მეორე მხრიდან ამოუდგა მათეს._ხომ იცი, დროში ვიწვები... _ვიცი, მაგრამ... მე რა შემიძლია? ყველაფერს თავისი დრო აქვს... თუ, ესეც დაგვეხმარება, უფრო მალე მოვრჩებოდით._მისთვის არ შემიხედია, მაგრამ მივხვდი, მე მიგულისხმა. _და რას ნიშნავს ეგ შენი "თუ"?_ბადრიმ სიტუაცია დაუძაბა ჩემთვის უცნობ მათეს._ესეც საქმეშია._ეს ისე გამოაცხადა, რომ არც კი უკითხავს, მინდოდა თუ არა ამ საქმეში მასთან ერთად ყოფნა. _იმ ახალბედასავით ამასაც ჩეპე ხომ არ შეემთხვევა?_ვიღაცის მისამართით ჩაეცინა მათეს. ამაზე ბადრიც გამხიარულდა და სულ დეტალებში გაიხსენეს გუშინდელი ამბავი. გულზე მომეშვა, როცა გავიგე, რომ ის ხმა საწყობში, რომელიც მე აფეთქებად ჩავთვალე, სინამდვილეში ტალით მაღლა აწეული ძრავის ძირს დაცემის ხმა ყოფილა... _ჯანდაბა..._ბოლოში მეც გამეცინა. ოღონდ, იმ ახალბედას "ჩეპეზე" კი არა, ჩემს მიერ არასწორად შედგენილ "სიუჟეტზე". თან, გამიხარდა, ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს რომ უბრუნდებოდა... ჩვენ "გერმანელ ბიჭზე" მუშაობა გვარიანად გაიწელა, რადგან მხოლდ მათე მუშაობდა. ბადრი გვერდით ედგა და უმეტესწილად მითითებებს აძლევდა. როგორც მივხვდი, ხელების დასვრა არ უნდოდა. მე არაფერს ვთაკილობდი, სახეც კი მაზუთიანი და ზეთიანი მქონდა მგონი, მაგრამ ძირითად საქმეს მაინც მათე ასრულებდა. ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი, უცნაური შეგრძნება მეუფლებოდა. თითქოს, ერთ დიდ სპექტაკლში ვმონაწილეობდით, სადაც თითოეულ ჩვენგანს წინასწარ ჰქონდა განაწილებული როლი და ამ როლიდან გადახვევა ღალატის ტოლფასი იქნებოდა. რაღაც მომენტში მათე გარეთ გავიდა და სიგარეტი გააბოლა. სადღაც, ათ წუთში დაბრუნდა და ბადრის უთხრა. _იმ შენი მანქანის წინა ბამპერიც რომ შეცვლას ითხოვს, რატომ არ მიხედავ? _რავი, ბიჭო, ვეღარ მოვიცალე._ბადრის ტონში საერთოდ ვერაფერი ამოვიკითხე და ზუსტად ეს მაბნევდა ყველაზე მეტად. ადამიანი, ვისაც რაღაც აქვს დასამალი, ხმას ვერ აკონტროლებს ბოლომდე: ან, ზედმეტად ფრთხილობს. ან, პირიქით, ძალით ცდილობს ბუნებრივობას. ბადრი კი, უბრალოდ ზედმეტად მარტივად და სუფთად ლაპარაკობდა. _ადგილი კი ვიცი, სადაც კარგად გააკეთებენ, მაგრამ გჯერა, რომ იქამდე ვერ მივდივარ? მათემ თითქოს უნდობლად გადახედა და ისევ მანქანას მიუბრუნდა. _შენ, ალბათ, გინდა რომ ყოველ ჯერზე გახსენდებოდეს, თუ როგორ დააზიანე... ყურები ვცქვიტე და სუნთქვაშეკრული დაველოდე მის პასუხს. _ალბათ, არც უმაგისობაა._უცბად დასერიოზულდა ბადრი._ყოველ ჯერზე, როცა შევხედავ, მახსენდება რაც ჩავიდინე..._სინანულით თქვა. თითქოს თავისთვის, მაგრამ მე მაინც გავიგე და გული ამიჩქარდა. მათეს აღარანაირი კომენტარი აღარ გაუკეთებია. ბადრიც გაჩუმდა და უსიტყვოდ განაგრძეს მანქანის შეკეთება. ხმის ამოღება ვეღარც მე ვერ გავბედე. რომც მეკითხა რამე, მაინც არაფერს მეტყოდა. კი, შევრიგდით ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ვგრძნობდი ჩვენს შორის არსებულ უხილავ ბარიერს. მაშინ, იმ ღამით, მის ოთახში, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათის, ან წუთების შემდეგ შემთხვევით რომ ვნახე დასვრილი ტანსაცმლით, იქიდან დაგვეძაბა ურთიერთობა. მას მერე ვგრძნობდი, რომ სულ სხვა თვალით ვუყურებდით ერთმანეთს. ხო, მის მიმართ მეც ძალიან შევიცვალე, ამას ვაღიარებ, მაგრამ მე მქონდა ამის მიზეზი... მე ვიცოდი, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი ბოლომდე არ მცნობია. დაჯერება მჭირდა. ან, არ მინდოდა, მაგრამ ფაქტები? ფაქტები იმაზე მიუთითებდნენ, რომ რაღაც საშინელება ჩაიდინა... მოულოდნელად ტელეფონის ხმამაღალმა ზარმა სამივენი შეგვაკრთო. მათეს ურეკავდნენ. როგორც მივხვდი, მანქანა ჩამოდიოდა და ადგილზე უნდა დახვედროდა. ბადრიმ ისე წაიყვანა, ჩემთვის არანაირი ახსნა-განმარტება არ ჩაუბარებია. მეწყინა. ადრე არანაირი საიდუმლო არ გვქონია. მაინც როდიდან აირია ჩვენი ურთიერთობა? მე მადანაშაულებდა, შეიცვალე, ჩემს გვერდით აღარ ხარო. იქნებ, მართალიც იყო? ნელ-ნელა ჩამოვშორდი. იმიტომ კი არა, რომ მასთან ერთად ათასი სისულელის და სიგიჟის კეთება აღარ მინდოდა, იმიტომ რომ კესანეს აღარ შევხვედროდი მის სახლში. _კესანე..._ისე ხმადაბლა დავიჩურჩულე, შემეშინდა კიდეც, არავინ გაიგოს-მეთქი. ვიგრძენი, როგორ შემეცვალა პულსაცია და ხელში შერჩენილ ქანჩს როგორ ძლიერად მოვუჭირე თითები. ერთ ხანს ასე ვიდექი გარინდული. მერე კი, ისევ იმ პატარა ჭანჭიკს მივუბრუნდი, ოდნავადაც რომ ვერ ვატრიალებდი და გულზე მხეთქავდა. _შენი დედაც!_გაგულისებულმა ხმამაღლა დავუკურთხე. გარეთ ქარი ქროდა და ფარდულის სახურავს ისე აჭრიალებდა, თითქოს ვიღაც ჩურჩულებდა ჩემს გვერდით. ქანჩი მაგიდაზე დავდე და მანქანას ზურგით მივეყრდენი. კესანეზე ფიქრს ვერ ვიგებდი თავიდან. თვალწინ მისი სახე ამომიტივტივდა, პილიციის განყოფილებიდან რომ გამოვიდა. ტირილს ძლივს იკავებდა. ძლიერი ჩანდა. მაგრამ... ეს ძალა ნასესხები ჰქონდა თითქოს და ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცისთვის უნდა დაებრუნებინა. მათეს სიკვდილმა ჩემზე და ნებისმიერზეც კი იმოქმედა, მაგრამ მასზე მაინც სულ სხვანაირად. თითქოს მისი ნაწილი ყოფილიყოს... ისევ ქანჩი ავიღე და ჭანჭიკს თითქოს გაორმაგებული ძალით შევუტიე. ამჯერად უკვე ოდნავ დაიძრა. კიდევ ერთხელ ვცადე და ბოლოს საწადელსაც მივაღწიე. ხელის ზურგით შუბლიდან ოფლი მოვიწმინდე და მეორე დაჟანგულ ჭანჭიკს დავეჯაჯგურე ახლა. _შენი დედაც!_ბადრის მსგავსად მეც დავუკურთხე უსულო ცივ საგანს. _რაო, არ გემორჩილება? შემკრთალმა ავიხედე. ბადრი წამომდგომოდა თავზე თავისი საფირმო ცინიკური ღიმილით. მარტო იყო. _ფორმაში აღარ ხარ?.._ღიმილი არ მოუშორებია სახიდან._ტაოტის წასმა რომ გეცადა? მეწყინა. ვითომ, რატომ არ ვიყავი ფორმაში? მის ჯინაზე გაათმაგებულად მოვიკრიბე ძალები და საწადელსაც მივაღწიე. მგონი, ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები ერთადერთი რამ იყო, რაც ჯერ კიდევ ჩემს კონტროლქვეშ რჩებოდა. _ყოჩაღ._ახლა უკვე გულწრფელად შემაქო და ხელის გული გამომიშალა, რათა ჭანჭიკი ჩამედო. ასეც მოვიქეცი. დაკვირვებით შეათვალიერა. თითქოს რაიმე ძვირებული ნივთი ყოფილიყოს და მისი ფასეულობის დადგენა ეწადა. _შეხედე, ზოგი ადამიანიც ასე არ არის? გარედან მთელია, შიგნიდან კი ჟანგისგანაა შეჭმული და ამას მანამ ვერ ამჩნევ, სანამ უკეთ არ გაიცნობ. გაოცებულმა შევხედე. _გუშინ აღარ მინდოდა რამის თქმა, ისედაც ზედმეტად ნერვიული გახდი ბოლო დროს. რა საიდუმლო თვალთვალს აწარმოებ ჩემზე? სუნთქვა გამიხშირდა. _აქეთ მე მადანაშაულებ, რომ საიდუმლო თვალთვალს ვაწარმოებ?! შენ არ გაქვს არანაირი საიდუმლო?_გაბრაზებულმა ქანჩი მაგიდაზე მოვისროლე. _ანუ, აქეთ მე მადანაშაულებ?_ისე გამომეჯგიმა, თითქო ჩემი გალახვა უნდოდა. ეს უკვე მისი სტილი იყო. ძველი ბადრი დამიბრუნდა თითქოს. _დიახაც, გადანაშაულებ! რატო არ ამბობ, როგორ დააზიანე ბამპერი? მომენტალურად შეეცვალა სახე. _მოიცა, შენთვის ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი მანქანის ბამპერის დაზიანება?_თან, თავიდან ფეხებამდე ინტერესით ამათვალიერ-ჩამათვალიერა. _დიახაც, მნიშვნელოვანია!_მაზუთიანი ხელები ჩვარზე შევიწმინდე. წამიერი პაუზის მერე ერთი ნაბიჯით დაიხია უკან და ახლა ისე შემომხედა. _კარგი, მაშინ გეტყვი: როგორ დავაზიანე და როგორც ხშირ შემთხვევაში ვაზიანებ ხოლმე, როცა რამეს ვეჯახები... თითქოს გული გამიჩერდა. ძლივს ამოვისუნთქე და მთვრალი კაცივით წავბარბაცდი. _მაინც რა ჩაიდინე ბადრი?.._ისეთი სასწაული ბგერები ამოვუშვი ხორხიდან, რომ მე თვითონვე შემაშინა საკუთარმა ხმამ. პასუხი არ გამცა. ასე იქცეოდა ყოველთვის: არაფერს გეტყოდა მანამ, სანამ თვითონ არ გადაწყვეტდა ხმის ამოღებას. ირგვლივ ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, ჩემ გულთან ერთად მისი გულის ცემაც მესმოდა. რამდენიმე წამი სუნთქვაშეკრული ვუყურებდი. მერე კი, კი არ ამოვისუნთქე, ამოვიოხრე. _კარგი..._ჩემდაუნებურად ფარ-ხმალი დავყარე. მგონი იმ მომენტში სიმართლის გაგონების თავი აღარ მქონდა. ისევ ქანჩს დავწვდი და წუთის წინ წამოწყებულ საქმიანობას მივუბრუნდი. _არ მეგონა, ასე ძალიან თუ განიცდიდი იმ ამბავს... არაფერი მითქვამს. უბრალოდ, დავიძაბე და მექანიკურად დავეჯაჯგურე ჩაჟანგებულ ჭანჭიკს. _ხო, მე დავარტყი და მოვკალი... ამის გაგონებაზე ერთ ადგილზე გავიყინე. რამდენიმე წამი ასე ვიდექი. მერე, შევტრიალდი და სახეში შევხედე. არ მიყურებდა. ძრავის დეტალებს ათვალიერებდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ საერთოდ ვერ ხედავდა ვერაფერს. _მერე?!_შიშით ამოვიჩურჩულე. _რაღა მერე?_გაოცებულმა შემომხედა._რა უნდა მექნა? ავდექი და თავიდან მოვიშორე. _რა ქენი?_ხმის ტემბრი ვერ გავაკონტროლე და ლამის ბოლო ხმაზე ვუყვირე. მერე, რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი და თვალებში ჩავხედე._სად წაიღე? _ტყეში.. _ტყეში?_თვალწინ ნათლად ამომიტივტივდა ის საღამო, მის ოთახში რომ ვიყავი და სახლში დაბრუნდა. მუხლებზე მიწის კვალი ემჩნეოდა._დამარხე? _შენი აზრით, სხვა რა უნდა გამეკეთებინა?_გაუკვირდა. ფარდული თითქოს დაპატარავდა და ჰაერი დამძიმდა. კიდევ რაღაცის სათქმელად დავაღე პირი, მაგრამ სიტყვები ვერ მოვძებნე. მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში, "რატომ"?? მოულოდნელად მომიახლოვდა. ისე ახლოს დამიდგა, რომ მისი სუნთქვაც კი ვიგრძენი. _ოღონდ... კესანემ არ იცის და დიდად დამავალებ, თუ არაფერს ეტყვი... მართლა არ მინდოდა, უბედური შემთხვევა იყო... ძმობას გაფიცებ, მას არაფერი უთხრა. დღემდე ჰგონია, რომ დაიკარგა. _შენ ნორმალური ხარ?! კაცი მოკალი და მხოლოდ ის გადარდებს, კესანემ არ გაიგოს?! არ ვიცი, რამდენ ხანს ვიდექი მის წინ გაშეშებული და გაოგნებულ ბადრის შევყურებდი. ის კი ისე მიყურებდა, თითქოს ჩემი ნათქვამი მის მომავალს ძირფესვიანად ცვლიდა. მერე, ნელ-ნელა დაიხია უკან და ამჯერად პირდაპირ თვალებში შემომხედა. _შენ ყოველთვის ასეთი გამოქლიავებული იყავი, თუ წლების მატებას მოჰყვა ეს სინდრომი?_წარბები აზიდა._დავიჯერო, ვერ გამჩნევდი ვერაფერს?.. რომელი კაცი, შენ შიგ ხომ არა გაქვს?_ძალზედ სერიოზულად მკითხა. ახლა კი ჩემი გაოგნების ჯერი დადგა. _აბა, ვის დაეჯახე? _ვის კი არა, რას!.. ოტოს, კესანეს ლეკვს. ჯერ ვერ გავიაზრე რაც მითხრა. უბრალოდ ვუყურებდი და თითქოს გონებაში რაღაცას ვხარშავდი. _რა გჭირს? მე ლეკვზე გელაპარაკები შე ქლიავო!... და შენ ვისზე მეკითხებოდი? _ლეკვზე?_კეფა გაოგნებულმა მოვიქექე._ესე იგი, ლეკვს დაეჯახე და ის დამარხე ტყეში?_მწარედ გამეცინა. ჯერ ჩუმად. მერე უფრო ხმამაღლა და ბოლოს ისე ხმამაღლა ავხარხარდი, რომ ბადრის სერიოზულად შეეშინდა. _გაგიჟდი?_ეჭვით შემომხედა. _არა!_უარესად ავხარხარდი._უბრალოდ მეგონა, რომ მათე შენ მოკალი. _რაო?.._დავინახე როგორ შეცბა._რაა?... მოიცა, გეგონა, რომ მათე მე მოვკალი?_თვალები მაქსიმალურად აუცვივდა შუბლზე. ერთ ხანს ასე მიყურა. მერე, მანაც გადაიხარხარა და ბოლოს იმდენი ვიცინეთ, ლამის ძირს ვიფორთხიალედ. _მეც არ ვთქვი, რა ბზიკმა უკბინა, რა კუდში დამყვება და რატო ჯაშუშობს-მეთქი!.. _ბოლო წამამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მათე შენ მოკალი... შენი აღიარებაც რომ მოვისმინე... _მართლა ქლიავი ხარ რაა!... შენ არ მასწავლიდი, ადამიანი ყოველთვის იმას ხედავს, რისი დანახვაც უნდაო? გამოდის, გინდა, რომ მკვლელი ვიყო?.. მკვლელი ვარ, მკვლელი, სერიული მკვლელი!... ახლა შენ მოგკლავ და ამ ფარდულში დაგმარხავ!... გსმენიათ რამე სიცილით დაღლაზე? ან თუ გამოგიცდიათ? პირადად მე ისე დავიღალე, ონსილა გამომელია. ხმაურზე ბებიამ შემოგვხედა, ხომ კარგად ხართო. ასე კარგად მგონი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. საბოლოოდ, მგონი შევრიგდით და სიცილი რომ დავიოკეთ, ისევ მანქანას მივუბრუნდით. ოხუნჯობაში დრო შეუმჩნევლად გაგვეპარა და ვერც დაღამება გავიგეთ და ვერც ის, რომ თავზე დაგვათენდა. ამასობაში კი, ძველი გერმანელიც მოვხოდეთ და ახალ პეწზე დავაყენეთ. ბადრი ბოლო დეტალს ამაგრებდა. მე კი, კაპოტს ქსოვილით ვასუფთავებდი ზედმეტად ფრთხილად და ნელა. გასასუფთავებელი კი თითქმის არაფერი იყო, მაგრამ მაინც. მანქანა მართლაც ლამაზი იყო. ასეთი სილამაზე ჩვენი დროისთვის იშვიათობაა. იმიტომ კი არა, რომ ვეღარ აკეთებენ. არამედ იმიტომ, რომ აღარ აკეთებენ. სხვა დროის ნივთი იყო. სხვა ხელოსნის ხელი ეტყობოდა. სხვა სამყაროს სუნი ჰქონდა თითქოს. მძიმე, ძველი, მაგრამ ამავე დროს სუფთა. ჩემთვის უკვე გასაგები იყო, რატომ ეძებდნენ კოლექციონერები და რატომ იხდიდნენ მასში ასიათასობით დოლარებს... მე ისევ ხელს ვუსმევდი კაპოტს. თანაც ისე, თითქოს მანქანა კი არა, რაღაც ცოცხალი არსება ყოფილიყო. ბადრიმ ბოლო დეტალიც ჩასვა და ოდნავ უკან დაიხია. _მორჩა..._ისე თქვა, თითქოს მხოლოდ ამ სიტყვას ელოდა. თავი ავწიე და მანქანას შევხედე. იმ წამს ზუსტად ის უცნაური შეგრძნება დამეუფლა, როგორიც ბავშვობაში მქონდა ხოლმე, როცა რაღაცას ვნატრობდი, მერე ეს ნატვრა მიხდებოდა და ბოლოს უკვე აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა... გარეთ განთიადი ძალას იკრებდა. ფარდულის კარში მზის პირველი სხივი იჭრებოდა და მანქანის კორპუსზე ლამაზად თამაშობდა. მგონი მანქანაც ხვდებოდა, რომ მალე აქ აღარ იქნებოდა... ბადრიმ გასაღების ასხმა აიღო და თვალწინ გამომწვევად ამიჩხრიალა. _გინდა, მისი ხმა გავიგოთ? რატომაც არა-მეთქი, აღელვებულმა თავი დავუქნიე. მაშინვე მიუჯდა საჭეს და გასაღები გადაატრიალა. პირველ მცდელობაზე უხეში ხმა გამოსცა და მალევე მიჩუმდა ისევ. მეორედ შედარებით უკეთესი იყო, თითქოს ხმა დაეწმინდა და ცოტა დიდხანსაც იმუშავა. მესამედ უკვე ძრავა გაცოცხლდა და მშვენივრად ამუშავდა. უნებურად გამეღიმა. ბადრიმ რომ შემომხედა, ისიც იღიმდა ნამდვილი ღიმილით. _გესმის? ცოცხალია! რა არ მესმოდა? გახარებულმა თავი დავუქნიე. რამდენიმე წამი უბრალოდ ვიდექით და ვუსმენდით. მერე, ძრავა ჩააქრო და მანქანიდან გადმოვიდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი დამთავრდა, რადგან ბადრიმ ტელეფონი მოიმარჯვა და სადღაც დარეკა. უცნაური შფოთვა ვიგრძენი. რატომღაც აღარ მინდოდა, რომ ეს მანქანა ჩვენგან წასულიყო... _როგორც შეგპირდი, უკვე მზად არის და შეგიძლია წაიყვანოთ._მისალმების ნაცვლად პირდაპირ საქმეზე გადავიდა ბადრი._კარგი, არ არის პრობლემა...თანხა, როგორც შევთანხმდით, ნაწილი ხელზე და ნაწილი ანგარიშზე... კარგით და საღამოს თვითონ მოგიყვანთ. ამჯერად მაინც გავიგე ყველაფერი. თუმცა, ბადრი მასთან საუბარს მორჩა თუ არა, მაინც ყველაფერი დაწვრილებით მამცნო. ცოტა დავისვენეთ, მოვწესრიგდით და ევაკუატორიც გამოვიძახეთ. მანქანა დიდი სიფრთხილით დავდეთ ზედ და საიმედოდ მივაბით. ბადრიმ მძღოლს ლოკაცია მისცა, წინ გაუშვა და ჩვენც უკან მივყევით. გზაში ბევრს ვლაპარაკობდით, ვოხუნჯობდით და გულიანად ვიცინოდით. გონიომდე მისასვლელად საჭირო დრო როგორმე ხომ უნდა გაგვეტვანა? ისე ჩავაღწიეთ იქამდე, მართლა ვერ გავიგეთ ვერაფერი. ერთ-ერთ გარეუბანში მივედით. ჩაკეტილი ეზო. ელექტრონული კარიბჭე. ისეთი ადგილი, რომელსაც გზად ვერ შეამჩნევ, თუ არ იცი, რომ იქ არის. თითქოს რუკაზე არც უნდა არსებულიყო... შიგნით კიდევ რამდენიმე მანქანა იდგა და ყველა ძველი. ყველა საუკეთესოდ მოვლილი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მუზეუმში ვიყავი. კოლექციონერი თვითონ გამოვიდა შესახვედრად. ასაკოვანი კაცი იყო. თუმცა ისეთი, ასაკი რომ არ ეტყობოდა. მახვილი მზერა ქონდა. აი, ისეთი, ყველაფერს რომ ხედავდა. მეც ერთი შეხედვით შემაფასა და სადღაც, გონების კუნჭულში ჩამიმახსოვრა... ევაკუატორზე დადებულ მანქანას მიუახლოვდა. ხელი ისე ფრთხილად შეახო, როგორც ბებია მეხებოდა ხოლმე, ჩემი გაღვიძება რომ უნდოდა და თან ვენანებოდი. მერე, პატარა ბავშვივით აღტაცებულმა შემოუარა გარშემო, თითქოს ნაძვის ხე ყოფილიყოს. კმაყოფილი მზერით შეათვალიერა და ისევ საწყის წერტილს დაუბრუნდა. _ფოტოები რომ მაჩვენე, ხომ მართლა ისაა?.. ყოჩაღ, კარგად შეგივლიათ ხელი. ბადრი სავსე მთვარესავით გადაიბადრა. ესიამოვნა შექება. ეზოში დიდხანს აღარ გავჩერებულვართ. სახლში შეგვიძღვა და იზოლირებულ კაბინეტში შეგვიყვანა. ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, რაღაც მძიმე, და ამავე დროს, ძვირადღირებული სურნელი დამეჯახა. თითქოს დროის სუნი იყო, წლების განმავლობაში დაგროვილი: ტყავის, ძველი ქაღალდის და რაღაც უცხო, ოდნავ ტკბილი არომატის ნაზავი, რაც მაშინვე გახვედრებს ადამიანს, რომ იქ ყველაფერი ფასიანია. კაბინეტი დიდი არ იყო, მაგრამ ისე იყო მოწყობილი, რომ სივრცე უზარმაზარი ჩანდა. კედლები მუქი ხის პანელებით იყო დაფარული. ისეთი პრიალა იყო, რომ შუქი ნაზად ირეკლებოდა და ოთახს უფრო სიღრმის ეფექტს მატებდა. ფანჯრები მძიმე, ღვინისფერი ფარდებით ნახევრად იყო ჩამობნელებული. მარჯვენა მხარეს უზარმაზარი წიგნების თარო იდგა, სადაც წიგნები სიმეტრიულად და აკურატულად იყო დალაგებული. არც ერთი მათგანი არ იყო ოდნავ გადახრილი, ან შემთხვევით ჩასმული. ზოგი იმდენად ძველი ჩანდა, შეხებაც კი შეგეშინდებოდა. თითქოს, ერთი თითის დადებითაც კი დაიშლებოდა. მაგრამ ამავე დროს აშკარად ეტყობოდა, რომ ეს უბრალო დეკორაცია არ იყო, ეს კაცი მათ კითხულობდა. ყველაზე მეტად თვალში მაინც შუშის კარადები მომხვდა, სადაც ისეთი ნივთები ეწყო, რომელთა ფასიც ალბათ მთელ ჩემს ცხოვრებას გადააჭარბებდა. ძველი საათები, იშვიათი სანთებელები, მონეტები, რაღაც უცნაური ფიგურებიც კი, რომელთა დანიშნულება ვერ გავიგე. თითოეულს თავისი ადგილი ჰქონდა, თავისი განათება, თავისი ჩრდილი. ოთახის ცენტრში დიდი მუქი ხის მაგიდა იდგა. ზედ თითქმის არაფერი ეწყო: მხოლოდ რამდენიმე ფურცელი, ძვირადღირებული კალამი და ბროლის საფერფლე. ეს სისუფთავე უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე ქაოსი. აქ ნამდვილად არაფერი ხდებოდა შემთხვევით. ცალ მხარეზე შავი ტყავის უზარმაზარი სავარძელი იდგა, რაზე დაჯდომაც ნამდვილად დაგენანებოდა კაცს. შთაბეჭდილებებით დახუნძლული ვიდექი კაბინეტის შუა გულში და ვგრძნობდი, რა პატარა არსება ვიყავი. ზუსტად მაშინ გამიელვა იმ აზრმა, რომ ეს უბრალოდ კაბინეტი არ იყო. ეს იყო ადგილი, სადაც თითოეული ნივთის ისტორია იდო თაროზე... _დასხედით._თითქოს გვიბრძანა მამაკაცმა და სანამ მე და ბადრი მითითებულ ადგილებს მოვნახავდით, თვითონ იმ სავარძელში ჩაესვენა და ჩაიკარგა კიდეც. _სიგარა?_ისე გვკითხა, ჩვენგან უარის თქმა შეურაცხყოფა იქნებოდა. ბადრი სიხარულით დასთანხმდა. მეც, ცხოვრებაში რომ არაფერი გამებოლებინა, იმ წამს მექანიკურად დავუქნიე თავი. კაცმა პატარა ხის ყუთი გახსნა, სადაც სიგარები ისე ეწყო, როგორც ვიტრინაში ნანახი ნივთები: თითოეული თავის ადგილზე. ჯერ ერთი ამოიღო. თავი ნელა მოაჭრა და ბადრის გაუწოდა. მერე მეორე. ის უკვე მე შემომთავაზა. ხელის შეხებისთანავე ვიგრძენი, რომ ეს უბრალოდ თამბაქო კი არა, მდიდრების სტატუსი იყო. ჯერ თვითონ გაუკიდა. მერე, სანთებელა მე გამოიწოდა. ბადრის გაოცებული მზერა ვიგრძენი და ხელი ოდნავშესამჩნევად ამიცახცახდა. თუმცა, მაქსიმალურად შევეცადე არ შემტყობოდა. პირველი ნაფაზი მძიმე იყო. ყელი ჩამეწვა, მაგრამ არც ეს შევიმჩნიე. _ვისკი._თქმა და დასხმა ერთი იყო მგონი. ბროლის ჭიქებში ფრთხილად და აუჩქარებლად ჩამოასხა ოქროსფერი სითხე. შუქზე ისე ბრწყინავდა, თითქოს ცეცხლი ენთო. ერთი ჭიქა თვითონ აიღო, დანარჩენი ჩვენ გამოგვიწოდა. თავისი კუთვნილი ჭიქა ერთხანს ხელში ატრიალა. მერე, ტუჩებთან მიიტანა და სიამოვნებით მოსვა. _მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ._ბადრიმ ერთი მოყუდებით გამოცალა ჭიქა და მაგიდაზე ხმაურით დადგა._როგორც ვიცი, თქვენთვის დრო ფულია და არც ჩვენთვისაა უმნიშვნელო. _გეჩქარებათ._კაცს თითქოს ირონიულად ჩაეღიმა._აღარ მოგაცდენთ. როგორც შევთანხმდით: 1 მილიონი ანგარიშზე, 1 მილიონი კი, ნაღდი ფულით._ისე თქვა, თითქოს რაღაც უმნიშვნელო თანხაზე იყო საუბარი. ვისკის ნახევრად დაცლილი ჭიქა ბადრისგან განსხვავებით ფრთხილად დადგა მაგიდაზე. ადგა და მეზობელ ოთახში გავიდა, რომლის არსებობაც იმ წუთამდე არც კი შემინიშნავს. მომეჩვენა, რომ შეაგვიანდა. აღელვებულმა გავხედე ბავშვობის მეგობარს, მაგრამ ის აინუნშიც არ აგდებდა ამ ფაქტს. არხეინად იჯდა და მაგიდის სქელ ზედაპირზე რიტმულად აკაკუნებდა თითებს. ყურადღება არც კი მოუქცევია ჩემთვის. _ესეც თქვენი გასამრჯელო._როგორც იქნა კაცი დაბრუნდა ჩვენთან და პატარა ზომის ჩემოდანი მაგიდაზე დაგვიდო. ისეთი იყო, თვალში რომ არავის მოხვდებოდა: არც ძვირიანი და არც განსაკუთრებული. უბრალოდ შავი, ოდნავ გაცვეთილი კუთხეებით. ბადრიმ კმაყოფილი ღიმილით გაიჩოჩა თავისკენ. _ჯანდაბა, მძიმეა._მერე, საკეტს თითი შეახო და სულ რაღაც ერთ წამში ქაღალდის კუპიურებისთვის დამახასიათებელი სუნი მეცა ცხვირში. _აქ ყველაფერი წესრიგშია._ბადრიმ ერთმანეთზე მჭიდროდ დაწყობილ შეკვრებს ხელი გადაუსვა. ერთ-ერთი ხელშიც აიღო, დაყნოსა და ისევ თავის ადგილზე დააბრუნა. _არ დაითვლით?_ინტერესით მიაჩერდა მამაკაცი. _არა, გენდობით._ბადრიმ ისევ დახურა ჩემოდანი. _მიხარია ჩემო ბადრი ნდობას რომ მიცხადებ, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ სანდო არავინაა. _და მაინც, ჩვენ გენდობით._ფეხზე წამოდგა და მეც მანიშნა, რომ ავმდგარიყავი._სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომლობა. მამაკაცს შეიძლება, მაგრამ მე რას გამომაპარებდა? მივხვდი, რა მლიქვნელურადაც შეჰღიმა. ისიც ნელა წამოდგა და ბადრის გაუწოდა ხელი. ოღონდ, არა როგორც თანასწორს, არამედ როგორც ადამიანს, რომელიც თავის საქმეს მორჩა და ახლა უბრალოდ ფორმალობას იცავდნენ. ჩემმა მეგობარმა ძლიერად ჩამოართვა ხელი. მე კი მხოლოდ თავი დავუკარი. არ ვიცი, შიში იყო ეს, პატივისცემა თუ უბრალოდ ინსტინქტი, მაგრამ იმ მომენტში სიტყვები მეზედმეტებოდა რატომღაც. _გაგაცილებთ._ესეც თითქოს ფორმალობისთვის თქვა კაცმა და კარისკენ დინჯად დაიძრა. უკან გავყევით. ის დერეფანი, რომელიც წეღან გამოვიარეთ, ახლა უფრო გრძელი მეჩვენა თითქოს. კედელზე ჩამოკონწიალებული ნახატები ახლა სულ სხვა თვალით შევათვალიერე. თითოეულს თითქოს ფასი კი არა, ძალა ჰქონდა. გარეთ გამოსვლისთანავე ზღვის ტენით გაჯერებული ჰაერი დამეჯახა. ხარბად ჩავისუნთქე აზრზე მოსასვლელად. იქ, შიგნით, სუნთქვასაც სხვანაირი წესები ჰქონდა მგონი. ბადრიმ ჩემოდანი მანქანის უკანა სალონის სავარძელზე ფრთხილად დადო და საჭეს მიუჯდა. მაგრამ მაშინვე არ დაძრულა. რამდენიმე წამი უბრალოდ წინ იყურებოდა და თავისთვის ფიქრობდა. მერე, ჩვენი წასვლის დროაო, შემომღიმა, ძრავა აამუშავა და მანქანა ნელა დაძრა ადგილიდან. *** იმ დღეს ბევრი მეხვეწა ბადრი, მანქანის გაყიდვა ავღნიშნოთო, მაგრამ უარი ვუთხარი. _დავიღალე, სხვა დროს იყოს... თან, ხვალ ვმუშაობ და ნაბახუსევი ხომ არ წავალ? ისეთი დრო შევარჩიოთ, სადმე წასასვლელები რომ არ ვიყოთ. უკმაყოფილო სახით გამიჩერა ჭიშკრის წინ მანქანა. ისიც კი იხუმრა, ამდენი ფულით როგორ მიშვებ მარტოს, არ გეშინია დამაყაჩაღონო, მაგრამ ფიზიკურადაც გვარიანად ვიყავი დაღლილი, ემოციურადაც და მგზავრობამ ხომ საერთოდ მომიღო ბოლო. გართობის არანაირი სურვილი არ მქონდა და მაინც ჩემი გავიტანე. ბებიას მომზადებული გემრიელი ვახშმისთვისაც კი არ დამიკარებია პირი, შხაპი მივიღე და დასაძინებლად დავწექი. მთელი ღამე ვბორგავდი. ხან ჭანჭიკებს ვუჭერდი ძილში და ხანაც დოლარებს ვითვლიდი. დილით, იმის მაგივრად რომ დასვენებულს გამეღვიძა, დამძიმებული სხეულით ავდექი. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, სამსახურს გავაცდენდი, მაგრამ მაგის ფუფუნება არ მქონია. საშინლად გაიწელა ის ოცდაოთხი საათი, რაც სამსახურში უნდა გამეტარებინა. მეორე დილით, მორიგეობა რომ გადავაბარე ჩემს შემცვლელს, ბადრიმ დამირეკა და მასთან მისვლა მთხოვა _საჩქაროა?_დაღლილი ვიყავი და მიზეზს ვეძებდი, რომ მასთან არ მივსულიყავი. _სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა_მხოლოდ ეს მითხრა და ტელეფონი გამითიშა. ცოტა კი ვიყოყმანე. მისი მისამართით ათასი სისულელეც ვთქვი, მაგრამ ბოლოს მაინც პირდაპირ მისი სახლისკენ ავიღე გეზი. დამსვენებლებს ჯერ ისევ ეძინათ ალბათ, რადგან ეზოში არავინ შემხვედრია. შორიდან სოსოს მოვკარი თვალი, ტბას რომ ასუფთავებდა. ახლოს არ მივსულვარ, შორიდანვე ავუწიე ხელი და ბადრის ოთახს მივაშურე. კარი თვითონ გამიღო. (მგონი ფანჯრიდან მითვალთვალებდა). ისეთი სახე ჰქონდა, ვერ გაიგებდი კმაყოფილი იყო, დაძაბული თუ უბრალოდ გადაღლილი. საწოლზე შავი, საშუალო ზომის ჩანთა იდო. პირველი შეხედვისთანავე მივხვდი, რომ ცარიელი არ იყო. _აბა, რა სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა?_ოთახის კარი მიხურა თუ არა, პირდაპირ საქმეზე გადავედი. წამის მეასედის დაკარგვაც კი არ მინდოდა, რათა სახლში მალე წავსულიყავი. _ძალიან ჩქარობ, ამოგესუნთქა მაინც... ჩამოჯექი._ხელით საწოლზე მანიშნა. დასაჯდომად არ მცალია-მეთქი, ვიუარე. ერთ ხანს უსიტყვოდ მომჩერებოდა და ეშმაკურად მიღიმოდა. მერე, ჩანთისკენ მიბიძგა. _კარგი... ეგ შენია. ახლოს არ მივსულვარ. უბრალოდ, ვიდექი და ჩანთას შორიდან შევყურებდი. ინტუიციით ვხვდებოდი, რომ შიგნით ფული იდო. თუმცა, ჩემი დამპალი ინტუიცია ბოლო დროს საშინლად მღალატობდა და უკვე აღარ ვიცოდი რა იყო... _ვერ გაიგე? შენია-მეთქი._ჩანთას დაავლო ხელი და გამომიწოდა. მექანიკურად გამოვართვი. მემძიმა. _როგორი მძიმეა. რა არის? _ქაღალდის წონა უმნიშვნელოა, როცა ცოტაა, მაგრამ დოლარის შეკვრები..._თვალი ჩამიკრა._ერთი შეკვრაც თითქოს არაფერი, მაგრამ ათობით რომ დააწყობ, უკვე სხვა რამეა. _დოლარები?.. კი, მაგრამ რისთვის? _როგორ თუ რისთვის?_ის სულელური ღიმილი ნელ-ნელა ჩამოერეცხა სახიდან._დაიმსახურე. თითქმის ერთად ვიყავით საქმეში... _არ მინდა._მგონი, ზედმეტად მშვიდად ვთქვი._ამის გამო დამიბარე? დიდად არ გაჰკვირვებია. მგონი, ელოდა კიდეც ჩემგან ამ პასუხს. _მანქანა ერთად ვნახეთ და წამოვიღეთ. შენს ფარეხში იდგა და იქ ვაკეთებდით ერთად. კოლექციონერთანაც ერთად ვიყავით... _ფარეხში პარკინგისთვის ქირას მიხდი?_გამიკვირდა. _ქირას კი არ გიხდი, გასამრჯელოს გაძლევ... ნახევარი მილიონი გეცოტავება?_დასერიოზულდა. _რამდენი? ნახევარი მილიონი?_ლამის გამოვშტერდი._მით უმეტეს, ამდენი ფული არ მინდა. უბრალოდ, მეგობრულად მოგეხმარე. მე ფულზე არ ვიყიდები. _არც ვაპირებ შენს ყიდვას! უბრალოდ, პირველი საქმე იყო. არც მეგონა, თუ გაამართლებდა. თან, ვალები მაქვს და თავიდანვე წილში ვერ ჩაგისვი. გეწყინა ეს ამბავი? _მე ის მწყინს, შენ რომ გგონია მეგობრობა ფულით იზომება._ვთქვი და მისი ოთახიდან გამოსვლა დავაპირე. _რა გჭირთ, მართლა არ მესმის!_სერიოზულად გაბრაზდა._მე მინდა, რომ კეთილი საქმე გავაკეთო. ვაკეთებ კიდეც, მაგრამ თქვენ არასწორად გესმით ყველაფერი! _ვინ ჩვენ?_მგონი ხმამაღლა გავიფიქრე. _შენ და სიმართლისთვის მებრძოლი ჩემი და! იმდენს ნერვიულობდა იმ წუნკალი ლეკვის გამო, შემეცოდა და სხვა ვუყიდე. ვიფიქრე, გაუხარდება-მეთქი და ჩემი ფეხები! თავი გაიგიჟა, ოტოს ვერცერთი ლეკვი ვერ ჩაანაცვლებსო! მინდოდა მეთქვა, კესანე მართალია, ნებისმიერ ადამიანს მასეთი რეაქცია ექნებოდა-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. ჩემს ნათქვამში მაინც ვერ დავარწმუნებდი და შევეშვი. ისე დავტოვე მისი ოთახი, არ შევუჩერებივარ და არც მინდოდა რომ შევეჩერებინე. დერეფანში არავინ შემხვედრია. არც კიბეზე. ეზოში კანტი-კუნტად ირეოდნენ უკვე დამსვენებლები. ეზო ჩქარი ნაბიჯებით გავიარე და უკვე მოტოციკლზე უნდა დავმჯდარიყავი, რომ უნებურად ტყისკენ მიმავალ ბილიკს გავაყოლე მზერა. არც კი დავფიქრებულვარ წამებში მივიღე გადაწყვეტილება და სახლში წასვლის ნაცვლად იმ ვიწრო ბილიკს გავუყევი. ამბობენ, ტყეში შემთხვევით არავინ გხვდება, ან შენ გელოდებიან, ან შენ მიდიხარ ვიღაცასთან შესახვედრად, თუნდაც ეს არ იცოდეო. იმ წამს მართლა არ ვიცოდი სად და რისთვის მივდიოდი. უბრალოდ, ფეხები თავისით მიმარბებინებდნენ. შორიდან რომელიღაც ფრინველის გალობა ისმოდა. ჩემს სიახლოვეს ხეზე კოდალა გამეტებით აკაკუნებდა ნისკარტით. ნიავი ფოთლებს აშრიალებდა და ყველა ეს ხმა ერთად აღებული მკაფიოდ ჩამესმოდა ყურებში. მოულოდნელად შევჩერდი და მივაყურადე. ტყის ხმების მიქსში სუსტად მაინც გავარჩიე ქარს მოყოლებული ნაცნობი ხმა. მერე კი, ამ ხმის ავტორიც დავინახე. ჩემგან მოშორებით ნახევრად ზურგშექცევით იყო. მომცრო ბორცვზე იჯდა. მკლავები ფეხებზე შემოეხვია და ნიკაპით მუხლებს ეხებოდა. გაშლილი თმა მთელ ზურგს უფარავდა და შიგ მზის წვრილი სხივები ათინათობდნენ. ტიროდა. ამის დანახვაზე გული საშინლად შემეკუმშა. ნაბიჯი გადავდგი. მინდოდა შეუმჩნეველი ვყოფილიყავი, მაგრამ მოულოდნელად ხმელი ტოტი გამიტყდა ფეხქვეშ და ხმაზე გამომხედა. მისი ცრემლიანი თვალები რომ დავინახე, უარესად გავხდი. _ოტია?!.. შენ?… აქ რას აკეთებ?.._შეცბუნებულმა მკითხა და სასწრაფოდ შეიმშრალა ცრემლები. მარტივზე მარტივი კითხვა იყო, მაგრამ ვერ ვუპასუხე. რა უნდა მეთქვა, ვსეირნობდი და შემთხვევით დაგინახე-მეთქი? რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადავდგი მისკენ. ვგრძნობდი, როგორ ნელ-ნელა მიჩქარდებოდა გული და თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე როგორ მემატებოდა მღელვარება. _რა გატირებს?_მის კითხვას თავი ავარიდე._რა გჭირს? კარგად ხარ?_თან ისე ფრთხილად შევეხე მხარზე, თითქოს ბროლის თოჯინა ყოფილიყო და მეშინოდა, ხელში არ დამმსხვრეოდა. აშკარად ვიგრძენი როგორ შეკრთა. ჯერ დაბნეულმა მიყურა. მერე, ხელი ამაღებინა და ფეხზე წამოდგა. _არაფერი არ მჭირს._მგონი უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა, ვიდრე ჩემს გასაგონად. _არაფრის გამო არ ტირიან. ვინმემ გაწყენინა?_ინსტიქტურად მუშტები შევკარი. ჩემი ქმედება შეუმჩნეველი არ დარჩენია და მწარედ ჩაეღიმა. _შენ ყველაფერს მუშტებით აგვარებ? დავიბენი. _არა... მარტო მაშინ, როცა ამის საჭიროებაა... ისევ ჩაეცინა. მერე, მოულოდნელად შებრუნდა და ტყის სიღრმისკენ წავიდა. წამის დაგვიანებით მივყევი უკან. მალევე წამოვეწიე, გზა მოვუჭერი და შევაჩერე. _მათეს გამო ხარ ასე?_არ დამიგეგმავს, ისე ვკითხე და ინტერესით დავაკვირდი. გაოცებულმა შემომანათა დიდრონი ლურჯი თვალები. უსიტყვოდ მომჩერებოდა დიდხანს. მერე, სინანულით გააქნია თავი. თითქოს ჩემს სიტყვებს იგერიებდა, მაგრამ იმ მოძრაობაშიც კი ისეთი გულისტკივილი იგრძნობოდა, რომ შევცბი. ქარი თმას უწეწავდა, მაგრამ არ ისწორებდა. თითქოს არც ადარდებდა. მხოლოდ გაუნძრევლად იდგა და უსიტყვოდ მომჩერებოდა. _ლეკვის გამო ხარ ასე?_ახლა ეს სისულელე წამოვაყრანტალე და მაშინვე ვინანე, რადგან შევატყე რომ გაბრაზდა. _შემეშვი რა!_მოულოდნელად მაქცია ზურგი და ახლა ტბის მიმართულებით წავიდა. _რატომ არ ამბობ, რა გჭირს? იქნებ, შენი დახმარება შემიძლია? ისევ გაჩერდა, მაგრამ არ შემობრუნებულა. _დავიჯერო, მართლა ასეთი სულელი ხარ, რომ ვერაფერს ხვდები, თუ მარტო მე მაჩვენებ მასეთად თავს?.. ოღონდაც, საკუთარი თავი არაფერში დაადანაშაულო და ათას სისულელეს იტყვი... _მოიცადე, ჩემზე ხარ ნაწყენი?_სუნთქვა შემეკრა და გულაძგერებული მივუახლოვდი._რა დავაშავე?.. გგონია, ჩემი ხელი ურევია იმ ლეკვის გაქრობაში?_საიდან მომაფიქრდა ეს სისულელე, ახლაც არ ვიცი. ხელი მოვკიდე და ჩემსკენ შემოვაბრუნე._ხო, ვაღიარებ, არ მომწონდა, მაგრამ... მასეთი ურჩხული გგონივარ, სულიერ არსებას რამეს დავუშვებდი? ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. მივხვდი, თავს აიძულებდა, რომ ხმამაღლა არ ატირებულიყო. მერე, სახეზე ჩამოყრილი თმა ყურებზე გადაიწია და ისე შემომხედა, თითქოს პირველად მხედავდა. მინდოდა რაღაც მეთქვა, რამე ისეთი, რაც ამ დუმილს გატეხავდა, რაც ცოტათი მაინც შეამსუბუქებდა იმ სიმძიმეს, რომელიც ჩვენ შორის იყო… მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ რაც არ უნდა მეთქვა, იმ ერთ დაუფიქრებლად ნათქვამ წინადადებას ვეღარ გააბათილებდა. ქარმა ისევ ჩამოგვიქროლა და გადაწეული თმა ჯიუტად გადმოუყარა სახეზე. ამჯერად აღარ უცდია გადაწევა. გაუნძრევლად იდგა და ისე შემომყურებდა, აშკარად შინაგან ხმას ებრძოდა. ეს მდგომარეობა ძალიან ნაცნობი იყო ჩემთვის. ეტყობოდა რომ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა. იმიტომ კი არა, რომ ვერ ბედავდა, მისი გამომეტყველებიდან ჩანდა, რომ აზრი არ ჰქონდა არაფერს. _ბოლოს და ბოლოს არ მეტყვი რაში მადანაშაულებ?_ხელი გავიწვდინე, რომ თმა გადამეწია და თვალებში ჩამეხედა მისთვის, მაგრამ კეთროვანივით გამერიდა. _როგორ შეგიძლია ასე იფიქრო?_ხმა საგრძნობლად აუკანკალდა, მაგრამ ცრემლები სიბრაზემ ჩაანაცვლა თითქოს._ყველაფერი სხვაგან გადაგაქვს? ლეკვი... მათე... მართლა ამას ხედავ მარტო?! დავიბენი. _მაშ რა არის?_ნერვებმა მეც მიმტყუნა._ერთხელ მაინც პირდაპირ მითხარი სათქმელი! ხო, შტერი ვარ, ვერ ვხვდები, განმანათლე! _მართლაც რომ შტერი ხარ! ვერაფერს ხედავ! ან, არ გინდა რომ დაინახო! მე მიცდი, ჩემგან გინდა მოისმინო ის სიტყვები, რასაც მე ველი შენგან დიდი ხანია!_ხელი მკრა, გზიდან ჩამომიშორა და გაიქცა. _კესანე!!!_პატარა ბავშვი რომ გაეტირება დედას, ისე გავეკიდე უკან. _შემეშვი!!!_ისტერიკაში მყოფმა მიკივლა, მაგრამ მე მაინც დავიჭირე და მკლავებში მოვიქციე. თავიდან გამიძალიანდა. სუსტად გაიბრძოლა, ჩემგან თავის დაღწევას შეეცადა, მაგრამ არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა. მერე, დაწყნარდა, მთელი სხეულით მოდუნდა და მკერდზე მომეკრა. თითქოს, მიწა გამომეცალა ფეხქვეშ და შევტორტმანდი. გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა. თანაც, ისე ძლიერად, რომ შემეშინდა გულის კედელი არ გამოენგრია. წამიერად ქარიც ჩადგა და თითქოს მარტო კესანე კი არა, ახლა ტყეც ელოდა, თუ რას ვიტყოდი. მე კი, იმ მომენტში ვდუმდი. სიტყვები? სიტყვებით ვერ გადმოვცემდი იმას, რასაც ამ გოგოს მიმართ ვგრძნობდი. წამიერად მეც მოვდუნდი და მოვეშვი. მგონი, ამას ელოდა ზუსტად, ხელიდან დამისხლტა და მოშორებით დადგა. _არ მომეკარო!_ტუჩების კანკალით ძლივს მიბრძანა. უფრო თხოვნას გავდა ეს ბრძანება და ადგილზევე გავშეშდი. _მაშინ იქ... რატომ თქვი...ან, რაც თქვი, სიმართლე თუ იყო? დავიბენი. ვერ მივხვდი რომელ ნათქვამზე მელაპარაკებოდა. _ვერც კი ხვდები, რაზე გელაპარაკები, არა?_ცივად და უემოციოდ გაეცინა._აზრი არ აქვს შენთან კამათს... თუმცა, მაინც გეტყვი: დიახ, შენზე ვარ ნაწყენი და გაბრაზებული... ზუსტად შენ ხარ ჩემი ცრემლების მიზეზი! _კი მაგრამ რატომ?_გამიკვირდა._რა ვთქვი, ან რა გავაკეთე არასწორად? _რატომ? იმიტომ, რომ ვითომ ჩემს გვერდით ხარ, მაგრამ აქ საერთოდ არ ხარ!.. ძალიან შორს ხარ ჩემგან... იმიტომ, რომ... ტყუილი მითხარი მაშინ იქ... ტყუილი რომ არყოფილიყო, ერთხელ მაინც რატომ არ დამირეკე ან არ მომწერე? უბრალო სმაილი მაინც გამოგეგზავნა, მეტი არაფერი მინდოდა... მე, სულელს კიდე მეგონა, რომ მართლა რამეს ვნიშნავდი შენთვის და მართლა იმაზე მეტი ვიყავი, ვიდრე უბრალოდ მეგობრის და. გავშეშდი. გული ისევ შემეკუმშა. _კესანე..._მისი სახელი ძლივს ამოვიჩურჩულე. _იცი, ყველაზე მეტად რა არის ჩემთვის მტკივნეული?_ხმა გაებზარა._ის კი არა, რომ არ დამირეკე… ან არ მომწერე… არა! ის მტკივა, რომ შენთვის ეს საერთოდ არ იყო მნიშვნელოვანი... წამით გაჩუმდა და ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, ჩემმა ყურებმა წუილი დაიწყეს. _იცი, რამდენჯერ ავიღე ტელეფონი?_ისევ განაგრძო._რამდენჯერ დავწერე შეტყობინება და მერე ისევ წავშალე?.. ან, რამდენჯერ ავკრიფე შენი ნომერი და ბოლო წამს გადავიფიქრე დარეკვა?_მწარედ ჩაეცინა._სასაცილოა, არა?… არა და, მე გელოდებოდი, ოტია…_ბოლო წინადადება ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა. ახლა კი მართლა გამიჩერდა გული. ნაბიჯი გადავდგი. _კესანე…_ახლა მე ამოვიჩურჩულე._არ ვიცოდი… _ჰო, ზუსტად ეგ არის შენი პრობლემა, რომ არასდროს არაფერი იცი!.. არც კი ცდილობ რამე გაიგო და გაარკვიო! რატომ?_მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა. _იმიტომ, რომ მეშინია..._ძლივს ამოვღერღე სათქმელი._მე შენი მეშინია კესანე.... იმისი მეშინია, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ... დავინახე მის თვალებში რაღაც რომ შეიცვალა. წამით თითქოს სუნთქვაც კი დაავიწყდა. _როცა შენთან ვარ…_მართალია ჩურჩულით, მაგრამ საკმაოდ მტკიცედ წამოვიწყე._როცა შენთან ვარ, ყველაფერი სხვანაირადაა... ერთდროულად მშვიდიც ვარ და არეულიც… საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ… ვერ ვიგებ რა მჭირს და რა მინდა... იმიტომ, რომ... შენზე ვარ დამოკიდებული, კესანე. ისევ ჩამოვარდა სიჩუმე. ოღონდ, ამჯერად სხვანაირი. ისე მიყურებდა, თითქოს პირველად მხედავდა. ან იქნებ, მართლაც პირველად მხედავდა ნამდვილს. _და ამიტომ გამირბიხარ?_მანაც ჩურჩულით მკითხა. _შეიძლება სულელურად ჟღერს, მაგრამ ასეა… ვფიქრობდი, თუ ცოტა დისტანციას დავიჭერდი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა… _მერე, რა გაარკვიე, დადგა? მწარედ გამეცინა. _უარესად აირია… ოდნავ შესამჩნევად აუთრთოლდა ტუჩის კუთხეები. _არ მინდოდა, გული გტკენოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ზუსტად ეგ გავაკეთე…_ნელა მივუახლოვდი და ხელი ფრთხილად გავიწვდინე მისკენ. არ მინდოდა რამე არასწორად გამეკეთებინა და ისევ გამქცეოდა. თუმცა, ამჯერად არ გამრიდებია. მისი თითები ჩემს თითებში მოვიქციე. ცივი ჰქონდა. გაოცებულმა და ამავე დროს ბედნიერმა ამომხედა. დიდხანს მიყურა. _და ახლა რას გააკეთებ, მაშინდელივით ისევ გაქრები და დაიმალები? მივხვდი, ეს სწორედ ის მომენტი იყო, როცა ან ისევ უნდა გავქცეულიყავი, ან ის უნდა მეთქვა, რასაც დიდი ხანია ვმალავდი. ღრმად ჩავისუნთქე. _ახლა?.. ახლა მართლა არ დავილოდები, რომ შენგან ის მოვისმინო, რაც მე უნდა გითხრა._მღელვარედ შევღიმე, რადგან გულში ქარიშხალი ბობოქრობდა. მხოლოდ წამით შევჩერდი, ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და როგორც იქნა ვუთხარი._მე შენ მიყვარხარ, კესანე... ვერც კი მივხვდი, როდის მივუახლოვდი ასე ახლოს. მისი თითები ისევ ჩემს მუჭში იყო მოქცეული. ცივი აღარ ქონდა. თუმცა, მაინც უთრთოდა.. _მე შენ მართლა მიყვარხარ, კესანე._მეორედ თქმა უფრო გამიადვილდა. ის კი, მიყურებდა. თანაც, ისე ახლოდან, რომ მისი აჩქარებული სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა… ზუსტად ისეთი, როგორიც მე მქონდა. მეორე ხელი სახესთან მივუტანე და ლოყაზე ნაზად მივეფერე თითებით. არ გამრიდებია. არც წინააღმდეგობა გაუწევია. მხოლოდ თვალები დახუჭა. თითქოს რაღაცისთვის ემზადებოდა. მომეჩვენა, რომ ირგვლივ ყველაფერი დადუმდა. თითქოს მთელი ტყე ჩემსავით სუნთქვას იკავებდა. მზერა მის ტუჩებზე გადავიტანე… თითქოს იღიმოდა და ეს საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის. ფრთხილად დავიხარე და მთელი გრძნობით დავეწაფე მის ათრთოლებულ ბაგეებს. არ გამქცევია. პირიქით, თითქოს ჩამეხუტა და კოცნაზე კოცნით მიპასუხა. ერთი წამი... ორი... სამი... ბოლოს, მის ტუჩებს ძლივს შეველიე. თუმცა, არ მოვშორებივარ. მის შუბლს ჩემი გავარვარებული შუბლით მივებჯინე და ასე გავიტრუნე. ბედნიერი ვიყავი. იმიტომ კი არა, რომ როგორც იქნა კოცნა გავუბედე. მანაც რომ იგივე გრძნობით მიპასუხა, რასაც მე დიდი ხანია გულით დავატარებდი. არაფერს ვამბობდი და არც კესანე ცდილობდა ხმის ამოღებას. იმაზე ფიქრიც კი არ მინდოდა, თუ რა იქნებოდა ხვალ. იმ წამს მხოლოდ იმ წამით ვტკბებოდი და ვცდილობდი, სრულად შემეგრძნო ეს ბედნიერება. სუნთქვა ნორმალურად დამშვიდებული არ მქონდა ჯერ, რომ მოულოდნელად ვიღაც წამოგვადგა თავზე და ჩემი თუ კესანეს მისამართით დაიყვირა. _რას აკეთებ!!! ხმა ცივი და თანაც ძალიან ნაცნობი იყო. თავზარი დამეცა. ნელ-ნელა შევატრიალე თავი და რამდენიმე ნაბიჯში გაშეშებული ბადრის აელვებულ თვალებს გადავაწყდი. გაბრაზებული კი არა, გაცოფებული იყო. ქანდაკებასავით იდგა და არ ინძრეოდა. ალბათ, დანახულის ბოლმდე გააზრება და დაჯერება უჭირდა. თითქოს, შოკში იყო. _რას აკეთებ-მეთქი!?! _ბადრი…_ჩემსავით თავზარდაცემულმა კესანემ ძლივს ამოღერღა ძმის სახელი, მაგრამ ბადრიმ ისეთი განმგმირავი მზერა ესროლა, გააჩუმა. მერე, მოგვიახლოვდა. კესანე ხელის ძლიერი მოძრაობით ამაგლიჯა მკერდიდან და გვერდით უსარგებლო ნივთივით მოისროლა. მხოლოდ იმის გაფიქრება მოვასწარი, რომ მუშტი მომხვდებოდა და ასეც მოხდა. _ნაგავო!!! შენი დედაც!!! შენ ჩემ დასთან…_სიტყვა ვეღარ დაამთავრა და მეორედაც მითავაზა. ამჯერად ფერდიდან ზემოთ ამოინაცვლა და ყბაში საკმაოდ ძლიერად მომარტყა. არიდება არ მიცდია. ვიცოდი, დანაშაულს ჩავდიოდი და ნებისმიერ ძმას ასეთი რეაქცია ექნებოდა. პირში სისხლის მოტკბო-მომლაშო გემო ვიგრძენი. _ბადრი!!!_კესანემ ბოლო ხმაზე იკივლა და გასაშველებლად შუაში ჩაგვიდგა, მაგრამ ისევ გვერდით მოისროლა._მომშორდი! მერე მაისურში მწვდა, ახლოს მიმიზიდა და ისევ დამარტყა. ამჯერად მეც ვუპასუხე. არ მინდოდა. ღმერთმა იცის, რომ არ მინდოდა, მაგრამ ხელმა თავისით გააკეთა მექანიკური მოძრაობა: მუშტი შევკარი და მეც სახეში ვუთავაზე. გაოგნებულმა ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. ჩემი ნამდვილად არ ეშინოდა. ზედმეტად კარგად მცნობდა და იცოდა, რომ უსამართლოდ ხელს არ დავაკარებდი. ამ შემთხვევაში კი, სამართალი მის მხარეს იყო. უბრალოდ, გაუკვირდა. მერე გაიცინა. ძალიან შემზარავად გაიცინა და დამიყვირა: _ხელის შემობრუნებასაც ბედავ?!? _საკმარისია!!!_კესანე ისევ შუაში ჩაგვიდგა._ბადრი, გთხოვ!_ხმა აუკანკალდა, მაგრამ მაინც მტკიცედ იდგა. _მაინც რას მთხოვ?!_ისეთი თვალებით შეხედა, რომ მეც კი გამცრა._შენ მერე მოგხედავ! ისევ მოკიდა მკლავზე ხელი. მაგრამ ამჯერად ცოტა მსუბუქად ჩამოიშორა წინიდან. _იცი, რა მტკივა ყველაზე მეტად?_ხმასაც დაუწია თითქოს._ის კი არა, რომ ჩემ დას აკოცე… არამედ ის, რომ ეს შენ გააკეთე! გული გამიჩერდა. _შენ…_თითი მკერდზე მომადო და ძლიერად მიბიძგა._შენ, ვისაც ძმად გთვლიდი! სიტყვა „ძმა“ ტყვიასავით მომხვდა გულში. _ბადრი…_რაღაცის თქმა ვცადე. ალბათ, თავის გამართლება მინდოდა, მაგრამ დაჭრილი ლომივით აღრიალდა ბოლო ხმაზე. _გენდობოდი!!! სახლში გიშვებდი!!! ჩემს ყველა საიდუმლოს გიმხელდი!!! და შენ რას აკეთებ?! ჩემ ზურგს უკან ჩემ დას... ჩემ დას ეჩალიჩები?! _არა, ასე არ არის!_ეს ბრალდება ცრუ იყო და ვეღარ მოვითმინე._მე კესანეს არ ვეჩალიჩები! _აბა, ეს რა იყო, რაც ჩემი თვალით დავინახე?!_უარესად გაცოფდა._გინდა მითხრა, რომ თვალმა მომატყუა? _არა, რაც დაინახე, მართლა დაინახე, მაგრამ მე კესანეს არ ვეჩალიჩები! მე ის მიყვარს!!! წამით სიჩუმე ჩამოვარდა. საკუთარი გულის ცემა მესმოდა. კესანეც სუნთქვაშეკრული შემომყურებდა. ბადრი თითქოს გაიყინა. _კიდევ ერთხელ გაიმეორე…_ბოლოს ძალიან ჩუმად მითხრა. _მე კესანე მიყვარს!_ამჯერად უფრო ომახიანად ვთქვი. რაღაც ჩაქრა თითქოს მის თვალებში. მეგონა, ისევ დამარტყამდა და ამისთვის მოვემზადე კიდეც, მაგრამ არა... _დღეიდან შენ ჩემთვის აღარ არსებობ!_თითქოს განაჩენივით გამომიცხადა. რამდენიმე წამი ჩემმა გულმა ფეთქვა შეწყვიტა. _გაიგე? აღარ არ-სე-ბობ! კესანე შეირხა. _ბადრი... _გაჩუმდი!_ახლა მას მიუბრუნდა._შენ შენი არჩევანი უკვე გააკეთე! თავს ლაფი დამასხი! ჩემი ნდობა ფეხქვეშ გათელეთ ორივემ!_მერე ისევ მე მომიბრუნდა._წადი!.. ახლავე წადი აქედან! არ გავნძრეულვარ. უბრალოდ, ვერ შევძელი. _არ გესმის?! თვალით აღარ დამენახო! კესანეს შევხედე. მისი თვალები ისევ ცრემლებით იყო სავსე, მაგრამ ამჯერად შიში, ტკივილი და რაღაც ისეთი იკითხებოდა, რაც სინანულს ჰგავდა ძალიან. ვერ გავუძელი და თავი დავხარე. ერთი ნაბიჯით დავიხიე უკან. მერე მეორეთი. ბადრის მზერა ცეცხლივით მწვავდა. ბოლოს, სანამ შევბრუნდებოდი, ისევ შევხედე კესანეს. ძალიან ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა არაფერს. უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო. ძმაკაცის თვალში დამცირებულ-შერცხვენილი შევტრიალდი და ფეხებმა თავისით წამიყვანეს სადღაც. თუმცა, მე მაინც ისევ მათთან ვიყავი. თითქოს, სხეულს გარეთ ვიდექი და შორიდან ვუყურებდი საკუთარ თავს, როგორ შორდებოდა იმ ადგილს, სადაც ერთ წამში დაინგრა და დაიკარგა ყველაფერი. ჰაერი დამძიმდა თითქოს. სუნთქვა საშინლად გამიჭირდა. გულში რაღაც უჩვეულო ჩხვლეტა ვიგრძენი, რამაც საშინელი ტკივილი მომგვარა. ისევ და ისევ ჩამესმოდა ყურებში ბადრის სიტყვები: „დღეიდან შენ ჩემთვის აღარ არსებობ!“ აღარ არსებობ!.. ერთიანაირად ჩამომემხო თავზე ყველაფერი: მისი ნდობა... ჩვენი მხიარული ბავშვობის წლები... ის დღეები, როცა ერთმანეთს გვერდში ვედექით... ერთად ვიცინოდით... ერთად ვიბრძოდით… და ახლა?.. ერთი კოცნა… ერთი სპეტაკი გრძნობა… და ყველაფერი მიწასთან გასწორდა. არასწორად მოვიქეცი? კი, შევცდი, ძმაკაცთან შემეშალა, მაგრამ... კესანე?… თვალები დავხუჭე და მისი სახე მაშინვე ამომიტივტივდა მეხსიერებაში: ცრემლიანი, შეშინებული, მაგრამ მაინც ბედნიერი. მის სუნთქვასაც კი ისევ ისე ვგრძნობდი, როგორც რამდენიმე წუთის წინ. მისი ტუჩების სითბო და მისი კოცნის კვალი ჯერ კიდევ არ გამქრალიყო ჩემი ტუჩებიდან... ბადრის მეგობრობის და ძმობის გამოც კი ვერ შევძლებდი დამევიწყებინა ყველაფერი. დათმობით შეიძლება დამეთმო, მაგრამ ვერ დავივიწყებდი. მკერდზე ძლიერად მივიჭირე ხელი. თითქოს იმ გრძნობის შეჩერება მსურდა, რომელიც იქ, შიგნით, უმართავად ფეთქავდა. „მე კესანე მიყვარს…“_გამახსენდა, როგორი გრძნობით ვუთხარი ეს სიტყვები. იმ წამს პირველად არ ვამბობდი. უბრალოდ, პირველად გავბედე ამის ხმამაღლა თქმა. გული ისევ შემეკუმშა... ბადრის გარეშე მართლა ვერ წარმომედგინა ძალიან ბევრი რამ. ის მარტო მეგობარი არ იყო. ის ძმა იყო ჩემთვის... ჩვენ ერთმანეთს საკუთარ სიცოცხლესაც კი ვანდობდით, მაგრამ ახლა?… მე ის ადამიანი გავხდი, ვისგანაც საკუთარი და უნდა დაეცვა. თავი ჩავქინდრე. _ნაგავი ხარ!_საკუთარ თავს ხმამაღლა ვუთხარი, მაგრამ იმავე წამს რაღაც შემეწინააღმდეგა შიგნით._თუ ნაგავი ხარ, მაშ რატომ გტკივა და განიცდი ასე ამ ამბავს? პასუხი არ მქონდა. არც იმაზე მქონდა პასუხი, რატომ ვერ ვივიწყებდი კესანეს ერთი წამითაც კი... რატომ მინდოდა უკან დაბრუნება და რატომ მინდოდა ისევ მისი ნახვა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ეს ყველაფერს კიდევ უფრო გააუარესებდა. მუხლები დამიმძიმდა და ახლოს მდგარ ხეს ზურგით მივეყრდენი. სიჩუმეში მხოლოდ ჩემი არეული სუნთქვა მესმოდა. ორი ცეცხლი ერთნაირად მწვავდა: დანაშაულის გრძნობა, რომელიც ბადრის წინაშე ჩავიდინე და კესანეს სიყვარული, რომელსაც ვერაფერს ვუხერხებდი. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ორივე მართალი იყო. არ ვიცი რამდენ ხანს, ვიდექი ასე. არჩევანი აღარ მქონდა. უკან დაბრუნება არ შემეძლო, მაგრამ წინ წასვლაც ისეთივე მტკივნეული იყო, როგორც სხვა დანარჩენი. *** ერთი კვირა სრულ თვითგვემაში გავატარე. არც ჭამა მინდოდა და არც დალევა. ღამე ვერ ვიძინებდი. დღისით ოთახიდან არ მინდოდა გამოსვლა. სამსახურშიც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ გამოვცხადდი. თითქოს, დრო გაჩერდა ჩემთვის. სქელი ფარდებით ჩამობნელებულ ოთახში საკუთარი სუნთქვაც კი მეზედმეტებოდა. ტელეფონმა რამდენჯერმე დამირეკა, მაგრამ არც კი დავინტერესებულვარ ვინ იყო. ან, რა უნდოდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო და რაც არ უნდა ეთქვა, მაინც ვერაფერს შეცვლიდა ჩემს არეულ ცხოვრებაში და დავაიგნორე. მერე, კარზე მომიკაკუნეს. პირველად ძლივს გავიგე. მეორედ უფრო გამოკვეთილად გაისმა, მაგრამ ყურადღება მაინც არ მიმიქცევია. მესამედ უკვე ის ვიღაც ბრახუნზე გადავიდა და იძულებული გავხდი საწოლიდან ავმდგარიყავი. _მოვდივარ._უკმაყოფილო ტონით გავძახე და არეული ნაბიჯებით წავფრატუნდი. ზღურბლთან სოსო იდგა. გაოცებულმა თავიდან ფეხებამდე დიდი ინტერესით შემათვალიერა. _რა ჯანდაბა გჭირს? ხმა არ გამიცია. არც სტუმარ-მასპინძლობით გამოვიჩინე თავი. _შენთან სერიოზული საქმე მაქვს._ცოტა შეცბუნებულმა მითხრა. ნამეტანი უინტერესოდ შევხედე. წარმოდგენა არ მქონდა რა საქმე ჰქონდა და არც მაინტერესებდა. _არ შემომიშვებ?_კი მკითხა, მაგრამ არანაირი პასუხი რომ არ გავეცი, ხელით გამწია და ოთახში დაუპატიჟებლად შემოაბიჯა. არეულობას, სიცარიელეს და უძილო ღამეების კვალს ინტერესით მოავლო მზერა. მერე, იგივე მზერით მე შემომხედა. _ვინმე მოკვდა? მწარედ გამეღიმა. მხოლოდ თავი გავიქნიე უარყოფის ნიშნად. _მაშინ, მე მჭირდები და ფორმაში ჩაჯექი._ისე მიბრძანა, აშკარად არ აინტერესებდა ჩემი პასუხი. _არსად არ მოვდივარ._ჩუმად ჩავილაპარაკე და სკამზე ჩამოვჯექი. გაოცებულმა ხელმეორედ შემათვალიერა. ეუცხოვა ჩემი უარი. მერე, ჯიბეში ხელი ჩაიყო და ტელეფონი ამოიღო. _კარგი, მაშინ აქედან მიხედე. თავი ისე საშინლად მქონდა დამძიმებული, ძლივს ავწიე. _რას?_ძალიან უინტერესოდ ვკითხე. უფრო, ვალდებულების მოსახდელად. მაშინვე ჩემსკენ მოაბრუნა ეკრანი. თავიდან მგონი ვერც კი გავარჩიე სურათი, სანამ უფრო ახლოს არ მომიტანა ტელეფონი. სველი, ტალახში ამოსვრილი ხელი და რაღაც მეტალის ნაჭერი ბუნდოვნად დავინახე. რამდენიმე წამი დამჭირდა, რომ გამეაზრებინა. _იარაღია?_ვიგრძენი, როგორ ნელ-ნელა ამიჩქარდა პულსაცია._ეს… ეს... საიდან გაქვს? _საიდან და ჩემი ტბიდან... შემთხვევით ვიპოვე. თითქოს, ცივი წყალი გადაასხესო, წამებში გამოვფხიზლდი. დაეჭვებულმა შევხედე. მერე, ისევ ტელეფონის ეკრანს დავაკვირდი და თვალები დავძაბე. _მომიახლოვე. მაშინვე გაადიდა კადრი და იარაღი უფრო ახლოს გამოჩნდა. _იცი, რა მოდელია?_ისე ვკითხე, თვალი არ მომიშორებია განათებული ეკრანისთვის. _მაკაროვია, ძველი მოდელი… დიდი ხნის ჩაგდებული არ უნდა იყოს... როგორც ჩანს, ახლახანს მოიშორა ვიღაცამ. კესანე საფრთხეშია?_მხოლოდ ამ კითხვამ გამიელვა თავში და სუნთქვა გამიხშირდა. თვალები დავხუჭე. ტბის გარშემო ყველაფერი ზეპირად ვიცოდი: თითოეული ბილიკი, კოტეჯი, სად რომელი ბოძი იდგა, სად იყო კამერა და სად ბრმა ზონა. _რომელ მხარეს იყო, სადაც კამერა არ არის?_დავინტერესდი. _პლატფორმიდან არის ჩაგდებული. _რაა?!_ინსტიქტურად ფეხზე წამოვდექი. ვფიქრობდი, დამნაშავე ბრმა ზონით ისარგებლებდა. მაგრამ პლატფორმა? სადაც უამრავი კამერა იყო დამონტაჟებული? ამას ნამდვილად არ მოველოდი. _ხვდები, რომ ეს უბრალოდ იარაღი არ არის? გული უცნაურად შემეკუმშა. თუმცა, კრინტი არ დამიძრავს. _ვფიქრობ, ვიღაცამ იმიტომ მოიშორა, რომ კვალი წაშალოს... და თუ სწორად ვხვდები, ამ იარაღით მძიმე დანაშაულია ჩადენილი. ისევ ეკრანს შევხედე და რატომღაც ბადრი ამომიტივტივდა მეხსიერებაში. მგონი, ის იდგა ამის უკან. მას ხომ ქონდა იარაღი? მისი მოშორება რომ გადაეწყვიტა, საკუთარი ტბა იდეალური ადგილი იქნებოდა ამისთვის. _ჩანაწერების ამოღება მინდა. ამიტომ, ჩაიცვი და გამომყევი. _გამოგყვე?_ისევ დავჯექი._ჩანაწერების ამოღება შენც იცი. მე რა საჭირო ვარ?... ვერ წამოვალ. _ვხვდები, შენსა და ბადრის შუაში შავმა კატამ რომ გაირბინა, მაგრამ... მინდა, რომ თქვენი უკმაყოფილება გვერდით გადადო და გამომყვე. მე იმდენი არ ვიცი, რაც შენ და ამიტომაც მოვედი. მჭირდები. _მაინც ვერ წამოვალ._დარწმუნებით ვთქვი და მზერა ავარიდე. ერთ ხანს უხმოდ მიყურა. იქნებ, ნანობდა კიდეც, ჩემთან მოსვლას. საბოლოოდ რომ დარწმუნდა, ვერ დამიყოლიებდა, კარისკენ წავიდა. თუმცა, როცა მიუახლოვდა, გაჩერდა. _ერთი რამ დაიმახსოვრე._ისე მითხრა, არ შემობრუნებულა._თუ ეს ის არის, რაც მე მგონია… და მინდა გითხრა, რომ მე მართლა სერიოზული რამ მგონია, იცოდე, მერე უკვე საკუთარ თავს ვერ აპატიებ, რომ არ დამეხმარე. კარი ხმაურით გააღო, გავიდა და ისევ ხმაურით დახურა. მერე კი, ისევ ის წყეული სიჩუმე ჩამოვარდა, რაც სოსოს მოსვლამდე იყო ჩემს ოთახში გამეფებული. რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიჯექი. მერე, თავი ხელებში ჩავრგე. მარტო ტბის გახსენებაც კი არ მინდოდა, არა თუ იქ მისვლა და ბადრის და კესანეს ნახვა, მაგრამ… იარაღი და სოსოს სიტყვები: "ვიღაცამ კვალი წაშალა“_მოსვენებას მიკარგავდა. თვალები დავხუჭე. გონებაში ტბის პლატფორმის სურათი ამომიტივტივდა და მოულოდნელად ავწიე თავი. _თუ იარაღი მართლა იქიდან ჩააგდეს, როგორც ამას სოსო ამტკიცებს, მაშინ კამერაში რაღაც მაინც უნდა ჩანდეს და ეს ბადრი არ იქნება. მან ზედმიწევნით იცის ყველა კამერის ადგილმდებარეობა. გული ამიჩქარდა. _ჯანდაბა…_ხმამაღლა ამოვილაპარაკე და ფეხზე წამოვხტი. ძალიანაც არ მინდოდა და ფეხებიც უკან მრჩებოდა, მაგრამ ეზოში გავედი, მოტოციკლს შემოვაჯექი და ტბის მიმართულებით გავეშურე. ახალი შებინდებული იყო, ადგილზე რომ მივედი. სოსო ჭიშკართან დამხვდა მანქანაზე მიყრდნობილი. ჩემი დანახვა არ გაჰკვირვებია. ისეთი სახე ქონდა, თითქოს მეუბნებოდა: ვიცოდი, რომ მოხვიდოდიო. მივუახლოვდი. _იარაღი?_მხოლოდ ეს ვკითხე. უსიტყვოდ გააღო საბარგული და პოლიეთილენის პარკში ჩადებული იარაღი გამომიწოდა. უფრო ახლოს მივედი. არ გამომირთმევია, უბრალოდ დავაკვირდი. იგივე იყო: ცივი... ჩუმი... და საშიში... საკონტროლო ოთახისკენ ისე წავედით, ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. მხოლოდ ჩვენ ფეხქვეშ ახრაშუნებული ხრეში არღვევდა ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს. თითოეული ნაბიჯის ხმა ზედმეტად მკაფიოდ მესმოდა. ოთახში შევედით. კედელზე ჩამწკივებულ მონიტორებს სათითაოდ შევხედე. მერე, კომპიუტერს მივუჯექი და წამებში გავხსენი ჩანაწერების არქივი. თითები მექანიკურად მოძრაობდნენ კლავიატურაზე. ამ საქმეს ხომ ისინი ჩემზე უკეთ სცნობდნენ? _როდის აღმოაჩინე?_ისე ვიკითხე, მზერა არ მომიშორებია ეკრანისთვის. _დღეს დილით... მეთევზემ შენიშნა წყალში რაღაც მეტალის ბზინვარება და ამოიღო. დიდი ხნის ჩაგდებული არ უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ჟანგიანი იქნებოდა. _გასაგებია._თავი დავუქნიე და დროის შკალაზე ღამე გადავახვიე. პირველი საათი... მეორე... მესამე... ეკრანზე მხოლოდ წყლის მუქი ზედაპირი, შორი ნათურების მკრთალი ანარეკლი და ქარისგან მსუბუქად მოძრავი პლატფორმა ჩანდა. არც ერთი საეჭვო მოძრაობა. უმნიშვნელო ჩრდილიც კი არ გაჰკარებია იმ ღამით პლატფორმას. მეორე ღამის ჩანაწერები ვნახე. ვერც იქ აღმოვაჩინეთ ვერაფერი საეჭვო. მერე მესამე... მეოთხე.... თვალები საშინლად დამეძაბა. _ასე როგორ?_გაოცებულმა ჩავიბუტბუტე._არსად არაფერი არ ჩანს. დარწმუნებული ხარ, რომ ახალია?_ინტერესით შევხედე სოსოს. კიო, თავი დამიქნია. _თუ მართლა აქედან არის ჩაგდებული, მაშინ..._მოულოდნელად რაღაც გამახსენდა და ისევ ეკრანს მივაშტერდი._მაშინ დრო არასწორად ავირჩიეთ... ვინც ეს გააკეთა, არ იყო იდიოტი და ღამით არ მოსულა._თითები ისევ კლავიატურაზე დავაბრუნე და ჩანაწერები უკან გადავახვიე. დილა. მზის პირველი სხივები ჯერ კიდევ ძლივს ეხებოდა წყალს. პლატფორმა ცარიელი იყო. რამდენიმე წუთი გავიდა, არაფერი. მერე, ხალხი გამოჩნდა. დამსვენებლები. მეთევზეები. ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ძალიან ჩვეულებრივად. ელზა. მარგო. კესანე... მის დანახვაზე გული უცნაურად შემეკუმშა. _წავალ, რამე მაგარს მოვიტან, თორემ როგორც ვატყობ, დიდძალი სამუშაო გველოდება წინ. სოსო ისე გავიდა ოთახიდან, მისთვის არ შემიხედია, ეკრანს ვიყავი მიშტერებული. მართლა დიდი დრო დამჭირდა. ღამის ჩანაწერებთან შედარებით დღის ჩანაწერების დათვალიერება რთული იყო. ნებისმიერი ადამიანი, ვინც კი პლატფორმას შორიდან მაინც ჩაუვლიდა, ყველას მოძრაობას ვაკვირდებოდი და ეჭვის თვალით ვუყურებდი. სამი ფინჯანი ყავა და ორი ქილა ენერგეტიკული სასმელიც შემომელევინა ამასობაში. დავიღალე. ცოტახნით ავდექი კიდეც და დაბუჟებული სხეული მოძრაობაში მოვიყვანე. დაძაბული თვალები დავასვენე და სულ ცოტა ხნით გარეთაც გავედი სუფთა ჰაერზე. შუა ღამე გადასული იყო. მე და სოსოს გარდა ყველას მშვიდი ძილით ეძინა. ერთ ხანს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევყურებდი. მერე, ისევ ოთახში შევედი და სამუშაოს დავუბრუნდი. კიდევ დიდხანს ვათვალიერე ჩანაწერები. ბოლოს, როგორც იქნა რაღაც აღმოვაჩინე. _ეს არ მომწონს, რაღაც საეჭვოდ გამოიყურება. მგონი მივაგენი._გახარებულმა წამოვიყვირე და მთვლემარე სოსო გვარიანად დავაფეთიანე. _სად?!? რა?!?_მაშინვე მომიახლოვდა. კადრი გავაჩერე. ეკრანზე ქალი იდგა, ზურგით კამერისკენ. კაპიუშონი თავზე წამოეფარა და თითქოს უბრალოდ იდგა, წყალს უყურებდა. _ხედავ?_ეკრანზე თითით მივუთითე. სოსომ თვალები მოჭუტა. _და?_ვერ მიხვდა. _ძალიან დიდხანს დგას უმოძრაოდ._ხმაში დაძაბულობა შემეპარა._თან, ზუსტად იცის კამერა სად დგას და შეგნებულად არიდებს სახეს. ადამიანი, ვისაც რამე არ აქვს დასამალი, ასე არ იქცევა. ვიდეო გავუშვი. გოგო ისევ იდგა რამდენიმე წუთი. მერე, ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად, ოდნავ დაიხარა წინ. სოსოს შევხედე, თვალები ინსტიქტურად რომ გაუფართოვდა. _შეაჩერე!_თითქმის შეჰყვირა. კადრი გავაჩერე და მაქსიმალურად გავადიდე. პლატფორმის კიდესთან მისი ხელი ჩანდა, მაგრამ გამოსახულება იმდენად ბუნდოვანი იყო, დარწმუნებით რამის თქმა შეუძლებელი იყო. _მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის._მტკიცე ხმით ვთქვი და შვებით ამოვისუნთქე. სოსო კიდევ უფრო მიუახლოვდა ეკრანს. _თავიდან მაჩვენე._ხმაში ეჭვი ჰქონდა. ჩემსავით დარწმუნებული ვერ იყო თითქოს. ვიდეო უკან გადავახვიე და ისევ გავუშვი, ოღონდ ამჯერად ნელი სიჩქარით და ახლა უფრო გარკვევით გამოჩნდა პატარა, მუქი ობიექტი მისი ხელიდან როგორ ჩასრიალდა წყალში და გაქრა. მერე, წელში გასწორდა და ისე წავიდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. _კი, მაგრამ... ვინ არის?_რატომღაც ჩურჩულით იკითხა სოსომ. _ჯერ არ ვიცი, მაგრამ იმედია გავარკვევ. ამ დროის შუალედში სხვა კამერის ჩანაწერებსაც ვნახავ. საიდანღაც ხომ უნდა გამოევლო? რომელიღაც კამერა აუცილებლად დააფიქსირებდა._ისევ ავაკაკუნე თითები კლავიატურაზე. სხვადასხვა კუთხით სხვადასხვა კამერის ჩანაწერები მოვიძიე და ზუსტად იმ დროის მონაკვეთები ვნახე. ზუსტად რამდენი დრო დამჭირდა, არ ვიცი, მაგრამ ბოლოს მაინც მივაგენი, რასაც ვეძებდი. გაოგნებული მივჩერებოდი ეკრანს და ხმას ვერ ვიღებდი. კამერა იდეალური კუთხით ვერ აფიქსირებდა დამნაშავის სახეს, მაგრამ მაინც საკმარისი იყო. _არ არსებობს._სუნთქვაშეკრულმა ჩავილაპარაკე. _ვინ არის? იცნობ? მღელვარებისგან ყელი გამშრობოდა და გაჭირვებით ძლივს ამოვიჩურჩულე: _თაია. სოსოც გაშეშდა. _დარწმუნებული ხარ? პასუხად ვიდეო კიდევ ერთხელ გავუშვი და ზუსტად იმ მომენტზე გავაჩერე, სადაც თაიას სახე ნაწილობრივ გამოჩნდა. ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. ამ სიჩუმეს მხოლოდ კომპიუტერის გაგრილების სისტემის ხმა არღვევდა. _იქნებ, ეს იარაღი უბრალოდ კი არ მოიშორეს... _დაგვიტოვეს?_შეშინებული ხმით დაასრულა სოსომ ჩემი აზრი._ანუ, გინდა თქვა, რომ… ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა და უნდა, რომ ეჭვი ჩვენზე აიღონ? ზუსტად ამას ვფიქრობდი მეც, მაგრამ სოსომ ხმამაღლა რომ თქვა, გული უცნაურად შემეკუმშა. _მოდი, ასე მოვიქცეთ._ვთქვი და ფეხზე წამოვდექი._პოლიციას დავურეკოთ. _პოლიციას?_აშკარა შეშფოთება დაეტყო სოსოს._ჯერ არა. ჯერჯერობით არაფერს ვამბობთ. აშკარაა, რომ თაია ამ თამაშშია, მაგრამ მთავარი ფიგურა არ არის... უნდა გავარკვიოთ ვისთან ერთად მოქმედებს და რა მოტივი ამოძრავებთ. _და ჩვენ რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?_გამიკვირდა. რამდენიმე წამი პასუხი არ გამცა. ეტყობოდა, რომ გონებაში დეტალებს აწყობდა: იარაღი, დრო, კამერა, თაია და ყველაზე მთავარი, ვის აწყობდა ეს ყველაფერი? ბოლოს, ღრმად ჩაისუნთქა და ისევ წამოიწყო _არ უნდა ვიჩქაროთ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. თაიას უნდა ვუთვალთვალოთ. უნდა გავარკვიოთ ვისთან აქვს კონტაქტი. ოღონდ ისე, რომ თვითონ ვერაფერს მიხვდეს. _კი, მაგრამ არ ჯობია თავის დროზე ჩააყენო პოლიცია საქმის კურსში? _ჯერ არა. პანიკა არ მინდა. ამდენი დამსვენებელი გვყავს... იქნებ, არც არაფერია ისეთი? ჯერჯერობით არავის ვუთხრათ. ჩვენი ძალებით გავარკვიოთ ყველაფერი. _როგორ თუ, ჩვენი ძალებით?_გამიკვირდა და დაბნეულმა შევხედე. ცივი, რაღაცნაირად საშიში მზერა ქონდა. თითქოს უკვე გათვლილი და დაგეგმილი იყო ყველაფერი. _კესანეს ვთხოვ, რომ თაიას ლეპტოპი მოგვიტანოს. ჩვენ კი, პირად ინფორმაციას ამოვიღებთ იქიდან... _აცნობიერებ რასაც ამბობ?_მღელვარებისგან ხმა ძლივს დავიმორჩილე. _სავსებით._ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა._ჩემი და თაიას მეგობარია. ახლოს არიან ერთმანეთთან. იდეალური კანდიდატია. _არა!_უარი დაუფიქრებლად და საკმაოდ მკაცრად გამოვუცხადე. სოსომ წარბები შეჭმუხნა. _არც კი დაფიქრებულხარ. _ამას დაფიქრება არ სჭირდება!_ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი._კესანეს ამ საქმეში არ გარევ! _ეს საქმე მასაც ეხება, ოტია!_ხმას ოდნავ აუწია._ეს ტბა, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი დამალეს, რითიც ვინ იცის რამდენი მკვლელობა ჩაიდინეს, მასაც ეხება! _შეიძლება, მაგრამ გინდა რომ ჯაშუშად აქციო?_მეც გავიმკაცრე ხმის ტემბრი._ამიტომ გეუბნები, რომ პოლიციაში დარეკე! _პოლიციაში ვერ დავრეკავ! ჯერჯერობით მაინც... _მაინც რატომ?_გამიკვირდა._რა გიშლის ხელს? _ვერ გეტყვი._მოკლედ მომიჭრა. მისი უნდობლობა გულზე მომხვდა. ოთახიდან გამოსვლა დავაპირე, მაგრამ შემაჩერა. _ეჭვები მაქვს, რაზეც ჯერ არ მინდა საუბარი. გპირდები, აუცილებლად გეტყვი ყველაფერს, ოღონდ ჯერ ვერა. _კარგი._მოულოდნელად მეც მოვლბი._ოღონდ, კესანეს გარეშე! იმას თუ გარევ, მე თითს არ გავანძრევ შენს დასახმარებლად! ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. სოსო რამდენიმე წამი უბრალოდ მიყურებდა და ხმას არ იღებდა. არ ვიცი რატო, მაგრამ ჩემი პროტესტი არ გაჰკვირვებია. არც უკითხავს არაფერი. შეიძლება, უბრალოდ ახალ გეგმას ადგენდა გონებაში და ყურადღება აღარ გაუმახვილებია ჩემს ემოციებზე. _უდავოა, ლეპტოპი გვჭირდება. უფრო ზუსტად, ის ინფორმაცია, რაც მასშია. დარწმუნებული ვარ, რამე ხელჩასაჭიდი იქნება იქ. _და გინდა, რომ უკანონოდ მოიპოვო ყველაფერი?_ძალიან გამიკვირდა მისგან ეს ქმედება. ბადრისგან ასეთი რამ ნამდვილად არ გამიკვირდებოდა, მაგრამ სოსო? მე მას სულ სხვანაირად ვიცნობდი. _კარგი რა, საქმე ჩემს ოჯახს და მის ბიზნესს ეხება. შენი აზრით, რა გავაკეთო? გულხელდაკრეფილი ვიდგე და ველოდო, როდის დამემხობა ყველაფერი თავზე? კესანე არაო. მარგო არა. მე თვითონ მივხედავ ლეპტოპს, მაგრამ შენი დახმარება დამჭირდება. ღრმად ამოვისუნთქე. _მაინც უკანონობაა. თან, ზედმეტად სარისკო._წამიერად გავჩუმდი._მაგრამ… თუ მოახერხებ, რომ მონაცემები ფლეშკაზე გადმოიტანო, ისე, რომ არავინ შეამჩნიოს... _მაშინ?_მის თვალებში რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა. _მაშინ ვცდი. _ეს უკვე გონივრული საუბარია._გამარჯვებისმაგვარი ღიმილი აესახა სახეზე. კარგა ხნის გათენებული იყო, გარეთ რომ გამოვედი. სიფრთხილით მიმოვიხედე ირგვლივ და ეზო ჩქარი ნაბიჯებით გადავჭერი. არანაირი სურვილი არ მქონდა ბადრის გადავყროდი. კესანეს ნახვა კი მწყუროდა, მაგრამ მაინც უკანმოუხედავად გამოვიქეცი იქიდან. სახლში დაბრუნებულს ყველაფერი ჩვეულ ფორმაში დამხვდა: იგივე კედლები, იგივე სიჩუმე… მაგრამ მე აღარ ვიყავი თითქოს იგივე. მაისური გავიძრე და სკამზე მივაგდე. "ლეპტოპი გვჭირდება... ინფორმაცია გვჭირდება"._სოსოს ხმა ისევ გარკვევით ჩამესმოდა თითქოს ყურებში. ფანჯარასთან მივედი და ეზოს გავხედე. იქაც ყველაფერი ძველებურად მშვიდი იყო. ზედმეტად მშვიდიც კი. დიდხანს ვიდექი გაუნძრევლად და თვალგაშტერებული გავყურებდი გარემოს. ყველა ფიქრი ერთად თავმოყრილი თავს მიზუზუნებდა. იმდენი რამ მოხდა და იმდენი რამ გადავიტანე ამ ახლო პერიოდში, კიდევაც კარგად ვგრძნობდი თავს. ამდენ სტრესს, ნერვიულობას, უძილობას და შიმშილს თავისი კვალი დაემჩნია ჩემთვის. სასწაული სისუსტე ვიგრძენი და საწოლზე გულაღმა გადავწექი. მალევე დამეძინა და კესანე მესიზმრა. მაქსიმალური სიფრთხილით შემოვიდა ოთახში. ჯერ, შორიდან მიყურა. მერე, მომიახლოვდა და საწოლის კიდეზე ჩამომიჯდა. მისი სურნელი ცხადად ვიგრძენი თითქოს. მისი მხურვალე ბაგეების შეხებაც ჯერ შუბლზე და მერე ლოყაზე. ისეთი რეალური იყო ყველაფერი, გული საგრძნობლად ამიჩქარდა. თვალები დავახამხამე, მაგრამ მისი ზმანება არსად გამქრალა. ვერ ვხვდებოდი რეალობა იყო, თუ მეჩვენებოდა. _შენ?_საწოლზე გაჭირვებით წამოვჯექი._აქ რას აკეთებ? _ჩუმად!_თითი ტუჩებზე მომადო და შემომღიმა._შენი ნახვა მინდოდა. გული უცნაურად შემეკუმშა. _გაგიჟდი?_თითქოს დავპანიკდი._ბადრიმ რომ გაიგოს. _ვერ გაიგებს._ოდნავ აღელვებული კი იყო, მაგრამ თვალებში მაინც ის სითბო ედგა, რაც ყოველთვის ასე მაღელვებდა._მინდოდა მენახე._ბოლოს ისევ ჩურჩულით დაამატა და გაუპარსავ წვერზე ნაზად ჩამომისვა თითები._რას გავს ეს?_თან, მსუბუქად მისაყვედურა. თავი ვერ ვიმართლე. ერთ ხანს ხმის ამოუღებლად შევყურებდი. თითქოს, ჯერ კიდევ მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ჩემს გვერდით რეალურად იყო და არ მესიზმრებოდა. _კესანე…_ბოლოს ხმა ამითრთოლდა._არ უნდა მოსულიყავი._საწოლიდან კი არ ავდექი, წამოვხტი. მაისური მოვძებნე და სასწრაფო წესით გადავიცვი. _ვიცი._მორცხვად შემომღიმა._მაგრამ სურვილებს ვერ ვეწინააღმდეგები... შენ ახერხებ ამას? პასუხი ვერ გავეცი. უბრალოდ უხმოდ ვუყურებდით ერთმანეთს. მერე, ნელ-ნელა მომიახლოვდა და ხელი მკერდზე მომადო, საიდანაც ჩემი გული ამოხტომას ლამობდა._მენატრები. მინდოდა მეთქვა, მეც-მეთქი, მაგრამ ზუსტად იმ დროს ჩემი ოთახის კარი გაიღო და ბებია შემოვიდა. _უი, არ ვიცოდი, სტუმარი თუ გყავდა._შემცბარი გატრიალდა და კარს იქიდან დამიძახა._მინდოდა მეკითხა, არ ივახშმებ? მშიოდა კი, თანაც მგელივით, მაგრამ კესანე ქვემოთ არ ჩამომყვებოდა. მე კი, მისი მარტო დატოვება არ მინდოდა და უარი ვუთხარი. ის კი იყო, ბებიას ფეხის ხმა მიწყნარდა, რომ ზუსტად იმ მომენტში მანქანა შეჩერდა ჭიშკართან. ვიღაც გადმოვიდა და ეზოში შემოსვლისთანავემ დამიძახა. ხმაზე ვიცანი, სოსო იყო. გულმა რეჩხი მიყო და კესანეს შიშით გავხედე. მანაც მაშინვე იცნო ძმა. _რა უნდა?_ჩურჩულით მკითხა. _არ ვიცი, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, არ გამოხვიდე, აქ იყავი. _ოტია..._შეშფოთებული კესანეც უკან მომყვა. _არ გამოხვიდე!_მკაცრად გავუმეორე და ოთახიდან გავედი. საფეხურები სწრაფად ჩავირბინე და სოსოს კიბის ბოლოში შევეჩეხე. ცივი, უცვლელი მზერა ქონდა. არ მომსალმებია. მაშინვე ჯიბეში ჩაიყო ხელი, რაღაც ამოიღო და პირდაპირ ხელში ჩამიდო. _მოვახერხე. ყველაფერი აქ არის. ფლეშკა იყო. _რამე ხომ არ იეჭვა? _არაფერი._დამამშვიდა. მერე, ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა და რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ზუსტად ამ დროს ზემოდან კარის მსუბუქი ჭრიალი გაისმა. სოსომ მზერა ჩემიდან მაშინვე ზემოთ გადაიტანა. დარწმუნებული ვარ მას წარმოდგენაც კი არ ქონდა, რომ ჩემს საძინებელში მისი და იყო, მაგრამ გაგიგიათ ალბათ "ქურდს ქუდი ეწვისო" და მეც ზუსტად მასე დამემართა. გული ამიჩქარდა, მეგონა, მიხვდებოდა რამეს. სწრაფად მივუახლოვდი და ყურადღების გადასატანად მხარზე მეგობრულად დავარტყი ხელი. _ძალიან კარგი. როცა მოვიცლი, ვნახავ... _ახლა ვერა?_გაუკვირდა._რატომ? ხომ იცი, რომ საჩქაროა? რაც შეიძლება მალე ნახე! _ახლა ნამდვილად ვერა... მარტო არ ვარ._როგორღაც ვაღიარე. ერთ ხანს ხმის ამოუღებლად მიყურებდა. მერე, თითქოს მიხვდა რაღაცასო, ოდნავ ჩაიღიმა, გასაგებიაო და მოულოდნელი დაძაბულობა ოდნავ მაინც გაიფანტა. _მაგრამ, დიდხანს არ გადადო._ბოლოში მაინც დაამატა._კარგი?_მერე შეტრიალდა და წავიდა. სიჩუმემ დაისადგურა თუ არა, ზემოთ ავიხედე და კესანეს მოვკარი თვალი, მოღიავებული კარიდან მალულად რომ იჭყიტებოდა. სულ ორ-ორი საფეხური ავირბინე და წამებში გავჩნდი მასთან. _რა უნდოდა?_ეს კი მკითხა, მაგრამ რეალურად ასე ჟღერდა: "იცის, აქ რომ ვარ?" არა-მეთქი, თავი გავუქნიე უარყოფის ნიშნად და იმის მაგივრად, სოსოს წასვლის მერე შვებით ამომესუნთქა, უფრო ავღელდი. _ოტია…_ჩუმად დამიძახა და ნელა მომიახლოვდა. თვალმოუშორებლად შევყურებდი და რაც უფრო მიახლოვდებოდა, მით უფრო ვღელავდი და ვფორიაქობდი. _არ მინდა, რომ შარში გაეხვიო._თქვა და ჩამეხუტა. ჩემმა გულმა წამიერად შეწყვიტა ფეთქვა. _სულელი არ ვარ, ვხვდები, რომ რაღაც ხდება... _არაფერია ისეთი, რასაც ვერ მოვაგვარებ._უფრო, ჩემი თავის გასაგონად და გასამხნევებლად ვთქვი. _შენ ყოველთვის ასე ამბობ._ქვემოდან ამომხედა._მაგრამ... არ მინდა რამე დაგიშავდეს... იცოდე, ვერ გადავიტან. მე კიდე, არ მინდოდა ამ სიტუაციით მესარგებლა, მაგრამ ვგრძნობდი რომ გონება მერეოდა. მიყვარდა... მთელი სულით და გულით მიყვარდა. ჩემს წინ იდგა, მკერდზე მჭიდროდ მეკვროდა და მის გულის ფეთქვას ვისმენდი. მისი სურნელი თავბრუს მახვევდა. მისი თბილი სუნთქვა კანს მიწვავდა და მისი ხშირი წამწამების ფახული სასიამოვნოდ მიღიტინებდა ყელში. ოთახში სიჩუმე იდგა. ისეთი სიჩუმე, როდესაც სიტყვები ზედმეტია... და მაინც: _არ უნდა მოსულიყავი._ძალიან, ძალიან მტკივნეულად ამოვიჩურჩულე. _ვიცი... ისევ გავჩუმდით. ერთ ხანს გაუნძრევლად ვიდექით ასე. მერე, ფრთხილად ავწიე ხელი და თმაზე შევეხე. _გეშინია?_რა ვიგულისხმე. ან, რატომ ვკითხე, არ ვიცი. _კი.. ოღონდ შენთან ერთად არაფრის. მისი სახე ხელებში მოვიმწყვდიე და თვალებში ჩავხედე. იმ მომენტში არაფერი არსებობდა: არც სოსო, არც ფლეშკა, არც ბადრი, არც ის ყველაფერი, რაც მომავალში გვემუქრებოდა. მხოლოდ ის და მე. მისი თითები ნაზად შემეხო მაჯაზე და თითქოს ამ ერთი მოძრაობით დამამშვიდა. თითქოს მითხრა, მე აქ ვარ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ნელა ავწიე თავი. ჩვენს შორის მანძილი თითქმის აღარ იყო. ერთი წამი დავაყოვნე… მერე, მისი მთრთოლვარე ბაგეები მოვძებნე და მწყურვალივით დავეწაფე. პირველი კოცნა არ იყო, მაგრამ მაინც ისეთი იყო, თითქოს ყველაფერი თავიდან იწყებოდა. არ იყო გიჟური და ვნებიანი. იყო ნაზი, წრფელი და გრძნობებით სავსე... გარეთ საღამოს ბინდი მძლავრობდა და ოთახშიც დაუკითხავად იჭრებოდა. დრო თითქოს ნელდებოდა. მის ბაგეებს ფრთხილად მოვწყდი. _დარჩი._ჩუმად ვთხოვე. ვიგრძენი, რომ გაეღიმა და ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის. გული ისევ ძლიერად მიცემდა, მაგრამ ამჯერად უკვე სიმშვიდით. თვალები დავხუჭე და სახე მის თმაში ჩავმალე. მისი მკლავები ლიანებივით შემომეხვია წელზე... გარეთ ბნელოდა. ჩემში კი ისეთი ნათელი კაშკაშებდა, რომ ასე მეგონა მთელ სამყაროს ვანათებდი. *** რამდენ ხანს მეძინა, არ ვიცი. თვალები რომ გავახილე, ოთახში ბნელოდა. მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული მთვარის მკრთალი შუქი ანათებდა კედლის ნაწილს. კესანე ისევ ჩემს გვერდით იწვა და გამიხარდა, სიზმარი რომ არ აღმოჩნდა ის ყველაფერი, რაზეც ქვეცნობიერში ვფიქრობდი და ვოცნებობდი მთელი ცხოვრება. თავი ჩემს მკერდზე ედო და მშვიდად სუნთქავდა. იმდენად მშვიდი იყო მისი სუნთქვის რიტმი, რომ მეც სასწაული სიმშვიდის განცდით მავსებდა. თუმცა, ეს შეგრძნება დიდხანს არ გამყოლია. ფლეშკა..._თითქოს ვიღაცამ თავი გადამიხსნა და პირდაპირ ტვინში ჩამიდო ეს აზრი. თვალი სიბნელეში ჩაფლული სკამისკენ გამექცა, სადაც ჩემი შარვალი იყო. „რაც შეიძლება მალე ნახე!“_სოსოს სიტყვებიც გარკვევით ჩამესმა ყურებში და მოსვენება დამიკარგა. ერთხანს ისევ გაუნძრევლად ვიწექი. არ მინდოდა კესანე გამეღვიძებინა, მაგრამ ეშმაკი შემიჩნდა ფლეშკის სახით და მაინც მაცდუნა. რაც შემეძლო ფრთხილად და ნელა დავაღწიე თავი ჩემი საოცნებო ქალის თბილ მკლავებს. ოდნავ კი შეიშმუშნა, მაგრამ არ გაუღვიძია. საბანი შევუსწორე და სკამთან სულ ხელების ცეცებით მივედი. შარვალი ადვილად მოვძებნე და მის ჯიბეში ფლეშკაც. პატარა, თითქმის შეუმჩნეველი ნივთი იყო… მაგრამ იმ წამს ისეთი მძიმე მეჩვენა, თითქოს მთელი სამყაროს ინფორმაციას იტევდა. ლეპტოპი გავხსენი. ეკრანის შუქმა ოთახი სანახევროდ გაანათა და დამფრთხალმა გავხედე კესანეს. მას ისევ მშვიდად ეძინა. ფლეშკა შევაერთე. გული რატომღაც გამალებით მიძგერდა. ფაილები ნელ-ნელა გამოჩნდა ეკრანზე. პირველად არაფერი განსაკუთრებული: დოკუმენტები, ცხრილები, ფოტოები… თითქოს ჩვეულებრივი სამუშაო ინფორმაცია იყო მხოლოდ. _ამისთვის გარისკა?_გაოცებულმა ხმამაღლა გავიფიქრე, მაგრამ მერე… ერთი უსახელო ფოლდერი შევნიშნე, ციფრების კომბინაცია რომ ეწერა მხოლოდ. მაუსი მივაახლოვე და ფოლდერი გავხსენი. მხოლოდ წამები დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ სოსო მართალი იყო. ეკრანს თვალმოუშორებლად შევყურებდი. აქ უკვე უამრავი ფოტო და ვიდეო ჩანაწერები იყო… ხელები გამეყინა. _ეს რა ჯანდაბაა?…_გაოგნებულმა ამოვიჩურჩულე და ლეპტოპი ნახევრად დავხურე, რათა მისი ეკრანის შუქი ოთახში დიდად არ გაფანტულიყო. თან, ისევ კესანეს გავხედე შიშით. მას ისევ ეძინა. მგონი, საერთოდ არ ეკუთვნოდა იმ რეალობას, რომლის წინაშეც მე ვიდექი იმ მომენტში. თვალები წამიერად დავხუჭე. მერე, ისევ ლეპტოპს დავუბრუნდი და ფოლდერში შევედი. ყველა ფაილი სათითაოდ გავხსენი. პირველი ფოტო: ბადრი. ოღონდ, მალულად გადაღებული. მეორეც, იგივე დრო და ადგილი. ოღონდ სხვა კუთხით. მესამეც... ვიღაც ნამეტანი ჯაშუშურად უღებდა ჩემს ძმაკაცს ფოტოებს. მისი მანქანა, ოღონდ ისე, რომ სანომრე ნიშნები გამოჩენილიყო... ტბა... კოტეჯები... ლოკაციაც კი. რამდენიმე ფოტოში კესანე, მარგო, სოსო და მეც კი ვჩანდით. ყველაზე მეტი ინფორმაცია მაინც ბადრიზე იყო. აშკარად მისით იყო ვიღაც შეპყრობილი და ჩვენ უბრალოდ შემთხვევით ვჩანდით კადრში. ახლა ვიდეო ჩანაწერზე გადავედი. კადრი გავხსენი თუ არა, გულისცემა გამიორმაგდა. ეკრანს ისე მივაჩერდი, თვალიც კი არ დამიხამხამებია, რომ არაფერი გამომრჩენოდა. მე და მათე... ვიღაც მალულად გვიღებდა ვიდეოს, სადაც ნათლად ჩანდა, როგორ დავარტყი მუშტი ძლიერად და როგორ გავუხეთქე ტუჩი. რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიჯექი. _ეს რა ჯანდაბაა?_ძლივს ამოვისუნთქე და მეორე ვიდეო ჩანაწერი გავხსენი. აქ ტბიდან პისტოლეტის ამოღების სცენა იყო გადაღებული... მესამე ვიდეო შედარებით შორიდან იყო გადაღებული, მაგრამ მაინც გარკვევით ვჩანდით მეც და კესანეც. ტყეში რომ ვიყავით და პირველად ვაკოცე. მერე, ბადრის მოულოდნელი გამოჩენა. ჩვენი ჩხუბიც კი იყო ვიდეოზე აღბეჭდილი, რაც მძაფრ-სიუჟეტიან ფილმს უფრო ჰგავდა. მღელვარებისგან ყელი გამიშრა. სკამზე გადავწექი და ხელები თავზე შემოვიწყე. ვცდილობდი აზრები დამელაგებინა, მაგრამ უფრო და უფრო ირეოდა ყველაფერი. რასთან დაკავშირებით აგროვებდა თაია ამ კომპრომატებს? რაში სჭირდებოდა ეს ფოტო და ვიდეო მასალები? ვისზე მუშაობდა? ის ხომ კესანეს მეგობარი იყო? ნუ თუ, ამ სტატუსით სარგებლობდა? მოულოდნელად იმ აზრმა გამიელვა თავში, რომ ვიღაც მხოლოდ ბადრის პიროვნებით კი არ იყო შეპყრობილი და უბრალო დაკვირვებას კი არ აწარმოებდა, არამედ მასზე შურისძიება ეწადა... ლეპტოპის ეკრანი ფრთხილად დავხურე და რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიჯექი. ნანახი მასალა ჯერ კიდევ თავში მიტრიალებდა. თითქოს ყველაფერი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც მაკლდა _ რატომ? თავი ხელებში ჩავრგე და თვალები დავხუჭე. თუ ვიღაც ბადრიზე შურისძიებას გეგმავდა და მისთვის ზიანის მიყენებას ცდილობდა, გამოდის, კესანეც საფრთხეში იყო. თვალი გავაპარე, ისევ მშვიდად და უშფოთველად რომ ეძინა ჩემს საწოლში. ისეთი სუფთა და დაუცველი ჩანდა იმ წამს, რომ უნებლიედ მუშტები შევკარი. ის არ იმსახურებდა ამ ყველაფერში გარევას... ნამდვილად არ ვაპატიებდი არავის, მისთვის რამე რომ დაეშავებინათ! მტკიცე გადაწყვეტილებით ფრთხილად წამოვდექი. ფლეშკა ჯიბეში ჩავიდე და კიდევ ერთხელ გავხედე, თვალებით მივესიყვარულე და ოთახიდან ფეხაკრებით გავიპარე. არ ვიცი, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ უკან დახევას აღარ ვაპირებდი. დერეფანში ბნელოდა. მხოლოდ კედელზე ჩამოკიდებული პატარა სანათი ანათებდა სუსტად. ფეხაკრეფით ჩავიარე კიბის საფეხურები და ქვემოთ ჩავედი. ეზოს ყველაზე შორეულ კუთხეს მივაშურე და ტელეფონი მოვიმარჯვე. ნომერი ზეპირად ვიცოდი, ძებნა არ დამჭირვებია და გულისფანცქალით დავრეკე. რამდენიმე წამი... ძალიან გრძელი რამდენიმე წამი. მერე, ხმაურიანი სუნთქვა და დაუფარავი სიძულვილით სავსე მისი ხმა. _რა ჯანდაბა გინდა, ოტია?! მისმა სიცივემ შემაკრთო, მაგრამ უკან არ დამიხევია. _უნდა შევხვდეთ. სასწრაფოა. ნერვების მოსაშლელად გაეცინა: _მთლად გამოსირდი, არა? თუ, დაგავიწყდა, ბოლოს როგორ დავშორდით? _არ დამვიწყნია._ხმადაბლა ვუთხარი._მაგრამ მაინც, უნდა შევხვდეთ. დუმილით მიპასუხა. ვგრძნობდი, როგორ ფიქრობდა და ნერვიულად როგორ იჭ....ტდა ცხვირს. _შენთან ყველაფერი დავასრულე! არ მაინტერესებს არაფერი! _მოიცა, არ გამითიშო!_მივხვდი, რომ მართლა გათიშვას აპირებდა და ხმას ავუწიე._საქმე შენს ოჯახს ეხება: შენ, სოსოს... კესანეს._კესანეს სახელი გაჭირვებით ამოვთქვი._ვიღაც გითვალთვალებთ და თქვენზე ინფორმაციას აგროვებს. წუთიერი დუმილით მიპასუხა. ალბათ, მაინც დავაინტერესე. _მოკლედ თქვი, რა გინდა! _მკაცრად მიბრძანა. ღრმად ჩავისუნთქე. _ეს თემა ტელეფონში სალაპარაკო არ არის. ისევ დუმილი, მაგრამ ეს უკვე სხვა დუმილი იყო. მის დაძაბულობას ნათლად ვგრძნობდი. _სამიზნე შენ ხარ. წარსულში ვის რა დაუშავე არ ვიცი, მაგრამ ის შენ გითვალთვალებს._უკვე პირდაპირ ვუთხარი. მეორე მხარეს რაღაც ჩამოვარდა მგონი. _რას ბოდიალობ?_ახლა უკვე გაღიზიანება შეერია ხმაში, მაგრამ ამავე დროს შიშიც. _შევხვდეთ და ფაქტებს გაჩვენებ. ისევ სიჩუმე. ამჯერად უფრო ხანგრძლივი. _ვითომ, რატომ უნდა დაგიჯერო? _კი არ უნდა დამიჯერო, უნდა მენდო. მოდი და შენი თვალით ნახე. _ხაფანგი რომ იყოს?_მივხვდი, ირონიულად ჩაეცინა. _მაშინ დამქაშები გამოიყოლე._შევუბღვირე._მაგრამ, აუცილებლად მოდი. მისი სუნთქვა გავიგონე. ვიგრძენი, ყინული რომ იბზარებოდა ნელ-ნელა. _სად?_როგორც იქნა მკითხა. მხოლოდ იმ წამს გავიაზრე, რომ ჩემთან ვერ შევხვდებოდით, იქ კესანე იყო. მაისურის გარეშე, თანაც ფეხშიშველი მასთან ვერ წავიდოდი... _მე მოგაკითხავ. _არა!_მაშინვე ვუარყავი. _გაწყობს თუ არ გაწყობს, მე მოვდივარ შენთან! თუ არა და, არ შეგხვდები!_მკაცრად გამომიცხადა და გამითიშა. თუ ახლავე წამოვიდოდა, ათ წუთში ჩემთან იქნებოდა. ამ მოკლე დროში კესანეს გადამალვას ვერ მოვასწრებდი. ისევ ფარეხში უნდა შევხვედროდი, სხვა გზა არ იყო. ფრთხილად დავბრუნდი სახლში და ოთახში ქურდივით შევიპარე. სიბნელეში ჩემი მაისური ძლივს ვიპოვე. ბოტასებიც გაჭირვებით ჩავიცვი და ისევ ქურდივით გამოვიპარე. როგორც ვივარაუდე, ბადრი მართლაც ათ წუთში მოვიდა. მანქანა ჭიშკართან შეაჩერა. გადმოსვლა კი რატომღაც შეაგვიანდა. ხოლო, როცა გადმოდიოდა, რაღაც მძიმე საგანი დაუვარდა ძირს. სიბნელეში ვერ დავინახე რა იყო, მაგრამ მივხვდი, რომ იარაღით იყო მოსული. არ შემშინებია. არც ისეთი სასტიკი და გიჟი იყო, რომ საკუთარ სახლში ჩემთვის სროლა გაებედა. უბრალოდ, ჩემი შეშინება უნდოდა... _საიდან მოიტანე, რომ ვიღაც წარსულის გამო მითვალთვალებს?_ჩემგან მოშორებით გაჩერდა და ისე მკითხა. ჭიშკართან არ მივსულვარ. რატომღაც ჩრდილში დავრჩი. ალბათ, მინდოდა, რომ ცოტა შემეფუცხუნებინა. _საიდან მოიტანე-მეთქი?_ხმას აუწია. _იქიდან, რომ ეს უბრალო დამთხვევები არ არის. _რა დამთხვევებზე მელაპარაკები?_ნერვიულობა შეეპარა._ვაჟკაცურად მითხარი, რა გინდა ჩემგან? კეთილი ვინებე და სიბნელიდან გამოვედი. თუმცა, მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ. საკმარისად შორს დავრჩი მისგან, რომ თავი უსაფრთხოდ ეგრძნო. _დღეს ერთმა პიროვნებამ რაღაც გადმომცა... წარბები შეეკრა. _კონკრეტულად? ჯიბიდან ფლეშკა ამოვიღე და თითებშუა მოვიქციე. _აი ეს. სიბნელის მიუხედავად მაინც დავინახე, როგორ მოწკურა ბადრიმ თვალები. თითქოს, ამ პატარა, უმნიშვნელო ნივთში ცდილობდა პასუხების ამოკითხვას. _და ამით რა უნდა გავიგო?_ხმა შეეცვალა. აშკარა დაძაბულობა ეტყობოდა. _ის, რომ აქ ვიღაცას შენი ყოველი ნაბიჯი აქვს ასახული და დაფიქსირებული. _ნორმალურად თქვი, ნუ მეთამაშები, ოტია! ჩემი სახელის ასე მკვეთრად წარმოთქმაზე გამეღიმა. ნერვები ჰქონდა მოშლილი. _გგონია, შიგნით უბრალო ფოტოები ან მუსიკაა?_ცოტა ხნით გავჩუმდი. განზრახ სიჩუმე ხშირად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები. ბადრიმ ღრმად ჩაისუნთქა შუაღამის გრილი ჰაერი და თითები თმებში შეიცურა. ამ ჟესტს ვცნობდი: ამას მაშინ აკეთებდა, როცა სიტუაციას ვერ აკონტროლებდა. _არ მეტყვი, მაინც რა მასალაა და ვინ აგროვებს? _ჯობია, შენი თვალით ნახო. _პოლიციაში ხომ არ წავსულიყავი?_ვერ მივხვდი, იხუმრა, თუ სერიოზულად ფიქრობდა ამაზე. _ჩემი აზრით, პოლიცია ბოლო ადგილია იმ ჩამონათვალში, სადაც უნდა მიხვიდე... ჯერჯერობით მაინც. ყოყმანი დაეტყო. _იცოდე, თუ რაღაცას მატყუებ…_კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ აღარ ვაცადე. _არ გატყუებ._მკაცრად შევაწყვეტინე და ფლეშკა გავუწოდე._ნახე და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. _სად ვნახო? წამოდი და ერთად ვნახოთ შენთან._გზიდან ჩამომიშორა და სახლისკენ წავიდა. თითქოს მეხი დამეცა. წამიერად მოძრაობის უნარი წამერთვა და გულიც გამიჩერდა. _არა!_საკმაოდ მაღალ ხმაზე ვიყვირე._ჩემთან არა! ჩემს ისტერიულ ყვირილზე ბადრი ადგილზევე გაშეშდა და ჩემსკენ შემობრუნდა. თან, ისე შემომხედა, თითქოს პირველად მხედავდა. _რა იყო? პასუხი მზად არ მქონდა, მაგრამ დუმილი უარესი იყო. _არაფერი._მექანიკურად ამოვილუღლუღე._უბრალოდ... უბრალოდ არ მინდა, რომ ბებია გავაღვიძოთ... ისე ჩაიცინა, მაშინვე მივხვდი არ დამიჯერა. _ახლა ხომ შენ თვითონაც არ გჯერა, რაც იბოდიალე, არა? თვალები სიმწრით მოვხუჭე და მაშინვე კესანე გამახსენდა... ზედა სართულზე, ჩემს ოთახში... და თუ ბადრი შიგნით შევიდოდა... _ბადრი..._ხმაში უნებლიე დაძაბულობა შემეპარა._სხვა ადგილი ვნახოთ. აქ არა. _რატომ? რა ხდება? ფლეშკაა პრობლემა თუ ის, რაც სახლში დაგრჩა? _არ ღირს..._დაჭრილივით ამოვიგმინე. _რატომ არ ღირს? რა ხდება? წამიერად საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა. ისე მომჩერებოდა, თითქოს პირველად მხედავდა. მერე, მოულოდნელად გვერდი ამიქცია. _კარგი. როგორც გინდა. თავიდან ვერ გავიაზრე რა მითხრა და გაოცებული მზერა გავაყოლე. ჭიშკართან გაჩერდა. აშკარად რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა. მანქანაში ისე ჩაჯდა და ისე წავიდა, ჩემთვის არც კი შემოუხედავს. ადგილიდან რომ დაიძრა, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით და ღონემიხდილი მივეყრდენი ჭიშკარს. ხელები საგრძნობლად მიკანკალებდა. სანამ საერთოდ არ მიწყდა მისი მანქანის ხმა და არ დავრწმუნდი, რომ მართლა წავიდა, მანამ არ დავბრუნდი სახლში. უხმაუროდ შევიძურწე ოთახში, მაგრამ კესანემ მაინც გაიგო. ეღვიძა და მე მელოდა. _ბადრი იყო?_შესვლისთანავე მკითხა შეშფოთებულმა. _კი, მაგრამ სხვა საქმეზე..._მისი დამშვიდება კოცნით ვცადე. _შემეშინდა._ჩურჩულით მითხრა და კისერზე მომხვია მკლავები, რომ ჩამხუტებოდა. _მეც..._ჩურჩულით ვაღიარე. იმ წამსვე შეიცვალა თითქოს მის მშვიდ სუნთქვაში რაღაც. ერთ ხანს ისევ ჩახუტებული ვყავდი. მერე კი, ნელა მომაშორა მკლავები. _არ მინდა, შენ და ბადრიმ ისევ იჩხუბოთ ჩემს გამო._ტელეფონი აიღო და ეკრანი გაანათა._მარგოს დავურეკავ... მოვა და წამიყვანს. _არა, მოიცა._ხელში ვწვდი და ტელეფონი წავართვი. _შენც ხომ იცი, რომ ორივენი ცეცხლს ვეთამაშებით?_ჩუმად მკითხა._მიყვარხარ, ვაღიარებ, მაგრამ ახლა ცოტა დაძაბული ურთიერთობა გაქვს ჩემ ძმასთან და ჯობია, უარესად არ დავძაბოთ. დარწმუნებული ვარ, დრო მოვა და ყველაფერს შეეგუება._ტელეფონის დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ვერ მომწვდა. მაშინ, საბანი გადაიძრო და მორცხვად წამოდგა. დავინახე თუ არა, თვალი ვეღარ მოვწყვიტე. მთვარის მკრთალი შუქით განათებულ ოთახში ტყის ალს მივამსგავსე. ნაზი, ბუნებრივი, სუფთა და ჰარმონიული იყო. თითოეული მისი მოძრაობა მსუბუქი და ფრთხილი იყო, როგორც ქარში ფოთლის ცახცახი. _გთხოვ, ჩემი ტელეფონი დამიბრუნე._ხმა ძალიან რბილი და ნაზი ჰქონდა, მაგრამ შინაგანი დაძაბულობა მაინც ვიგრძენი. _არ მინდა, რომ წახვიდე._მივუახლოვდი და მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე. _ვიცი._ეშმაკურად შემომღიმა._ეგ დროც მოვა._თავის ტანსაცმელს დასწვდა და ჩაცმას შეუდგა._მარგოს აღარ დავურეკავ... სამაგიეროდ შენ წამიყვან. მისი გაშვება არ მინდოდა. მინდოდა მუდამ ჩემს გვერდით ყოფილიყო, მაგრამ მართალი იყო. მოვიდოდა დრო და ერთმანეთს აღარ დავშორდებოდით. ეზოში ჩუმად გავედით. მოტოციკლი ხელით გავაგორე ქუჩაში, რათა მის ხმას ბებია არ გაეღვიძებინა. ძრავა რომ ავამუშავე, კესანე მაშინვე უკან შემომიჯდა და ხელები ფრთხილად შემომხვია წელზე. ამ შეხებამ ყველაფერი დამავიწყდა, ოღონდ მხოლოდ წამით. ნელა დავძარი მოტოციკლი და მხოლოდ მაშინ მოვუმატე სიჩქარეს, როცა სახლს გვარიანად გავცდი. გზა ცარიელი იყო. თუმცა, მისი ქუჩის დასაწყისამდე მივედით მხოლო. ბნელ მონაკვეთში გავაჩერე და ძრავა გავთიშე. _აქედან ფეხით წავიდეთ._ვუთხარი და მოტოციკლიდან გადასვლა დავაპირე. _საჭირო არ არის._ზედ ყურის ძირთან მიჩურჩულა._მარტოც გავიგნებ როგორმე გზას... არ მინდა, რომ ვინმემ შეგნიშნოს._შემდეგ, ნელა ჩახტა. მე კი, ისევ ისე ვიჯექი და საჭეს ისე ძლიერად ვებღაუჭებოდი, სისხლი აღარ მიმოძრავებდა თითებში. მურდალი რამ ყოფილა განშორება. _ოტია..._ისევ ჩურჩულით დამიძახა. შევხედე. პეპელასავით მოფარფატდა ჩემთან, ძალიან ახლოს მოვიდა და მოულოდნელად შუბლზე შემეხო ტუჩებით. მოკლედ. თბილად. გულისამაჩუყებლად. _მადლობა._კონკრეტულად რაზე გადამიხადა მადლობა, ვერ მივხვდი. ვერც ვერაფერი ვუთხარი. უბრალოდ, ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ ნელ-ნელა მშორდებოდა. ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან. მერე, მეორე, მესამე და სიბნელეს შეერია. მისი მსუბუქი ნაბიჯების ხმაც მალევე მიჩუმდა, მაგრამ მე მაინც დიდხანს ვიჯექი გაუნძრევლად და არ ვქოქავდი მოტოციკლს. *** იმ ღამემ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი თვითგვემის და დეპრესიული პერიოდიდან გამოსვლაში. ხალისი გაორმაგებული ძალებით დამიბრუნდა, ჩემს ცხოვრებას აზრი ისევ მიეცა და ძველი ოტია კი არა, მგონი უკეთესი ვარიანტი დავბრუნდი. პირველ რიგში, სახე სუფთად გავიპარსე. არეულ-დარეული ოთახი საგულდაგულოდ დავალაგე. ბებიასაც მივესიყვარულე, მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება რომ მე შემომწირა და ჩემზე ზრუნვასა და სიყვარულში ათენებ-აღამებდა. მეორე დღეს კი სამსახურშიც გამოვცხადდი. ცვლის უფროსმა რომ დამინახა, ისე შემომხედა, თითქოს მკვდრეთით აღმდგარი მიცვალებული ვყოფილიყავი. _რაო, მოვედით მუშაობის ხასიათზე?_აშკარა ირონია ვიგრძენი მის ხმაში. _ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა._ზედმეტად თავდაჯერებულმა საკმაოდ მშვიდად და დამაჯერებლად ვუთხარი. _შეგეძლო დაგერეკა და გაგეფრთხილებინეთ... სწორი შენიშვნა იყო, მაგრამ... _კარგი. იცოდე, პირველი და უკანასკნელი იყოს ასეთი შემთხვევა!... დაიმახსოვრე, აღარ გავითვალისწინებ იმას, რომ საუკეთესო თანამშრომელი ხარ და მოგისვრი აქედან! სამართლიანი საყვედური და გაფრთხილებაც ასეთივე იყო. პირობა დავდე, ასეთი რამ აღარ განმეორდებოდა და გასახდელს მივაშურე. ფორმა ჩავიცვი, ხელთათმანები გავისწორე და სარკეში კმაყოფილმა ჩავიხედე: გაპარსული სახე, შედარებით დამშვიდებული თვალები… აშკარად იგრძნობოდა, რომ ჩემში რაღაც იყო შეცვლილი და ეს ცვლილება მომწონდა. პირველივე წამიდან გაზის მძაფრმა სუნმა და ძრავების მონოტონურმა ხმაურმა დამაბრუნა ჩემს რეალობაში. აქ ყველაფერი მარტივი იყო: ან ასხამ საწვავს, ან არა. აქ არავის აინტერესებს შენი შინაგანი ბრძოლები. შენ კი, მთელი დღე უყურებ ადამიანებს: ვინ ჩქარობს, ვინ ბარათით იხდის, ვინ ზუსტ თანხას ეძებს ჯიბეში... პირველი მანქანა მალე შემოვიდა. შუახნის კაცი იყო, ფანჯარა ოდნავ ჩამოწია და სუპერი სრულზეო, მოკლედ მითხრა. თავი დავუქნიე და პისტოლეტი ავიღე. ყოველი ჩასხმული ლიტრი თითქოს სიმშვიდეს, კონტროლს და საკუთარ თავზე ნელ-ნელა დაბრუნებულ ძალას მმატებდა... ერთი მანქანა რომ გავუშვი, მას მეორეც მოჰყვა და ჩემს რეალურ ცხოვრებას ისევ ისე ძველებურ რიტმში ავუწყე ფეხი.. ღამის პირველი საათი იქნებოდა, შავი ჯიპი რომ შემოვიდა სადგურზე. იმდენად ძლიერი დაბურვა ჰქონდა მინებზე, რომ შიგნით საერთოდ არაფერი ჩანდა. ფანჯარა ნელა ჩამოწია. საჭესთან კაცი იჯდა. ისეთი, ასაკის განსაზღვრა რომ გაგიჭირდებოდა ადამიანს. შეიძლება ორმოცის ყოფილიყო. ან, შეიძლება ორმოცდაათისაც. მაგრამ თვალები... თვალები უცნაურად ცივი ჰქონდა. _სრულზე._მშვიდად მითხრა და ბარათი გამომიწოდა. თან, ისე დაამატა, თითქოს მისი ძველი ნაცნობი ვყოფილიყავი._დიდი ხანია აღარ გამოჩენილხარ. _ალბათ, გეშლებით._მის დაჟინებულ მზერას თვალი მოვარიდე და საქმიანობას შევუდექი. არ გაუპროტესტებია. მხოლოდ მიყურებდა. ისე მშვიდად, ისე აუღელვებლად, თითქოს ზუსტად იცოდა, რას ვიტყოდი და რას არა. პისტოლეტი ავზიდან რომ ამოვაძრე, ვიგრძენი, დაძაბულობისგან ხელი ოდნავ რომ ამიკანკალდა. ოპერაცია დავასრულე თუ არა, ბარათი დავუბრუნე. შემთხვევით მის თითებს შევეხე და გამაკანკალა, ისეთი ცივი ქონდა. არ ვიცი, შენიშნა თუ არა ჩემი რეაქცია, მაგრამ ისე შემომღიმა, დამბურძგლა. შეხვედრამდეო, დამემშვიდობა და წავიდა. გვიან მივხვდი სუნთქვა შეკრული რომ მქონდა. ღრმად ჩავისუნთქე, მაგრამ ჰაერი მაინც არ მეყო. გაუნძრევლად ვიდექი და ვუყურებდი, როგორ იკარგებოდა ის უცნაური შავი ჯიპი მანქანების ნაკადში. უსიამო განცდა დამიტოვა მასთან შეხვედრამ. ზედმეტი არც არაფერი უთქვია და უკადრებია, მაგრამ რაღაც არ მომეწონა. ახსნას ვერ ვუძებნიდი იმ განცდას, რაც ქვეცნობიერში მქონდა მის მიმართ. ავფორიაქდი, ავწრიალდი და ერთ ადგილზე ვერ მოვისვენე. ჩემი დაძინების დრო რომ მოვიდა, თვალი ვერ დავხუჭე და სუფთა ჰაერზე გავლა გადავწყვიტე. ერთ-ერთ თანამშრომელს დავუბარე, დრაივზე გავალ-მეთქი და მოტოციკლს მოვაჯექი. უსაფრთხოების კუნძულთან უნდა დავტრიალებულიყავი, შემთხვევით ნაცნობ ჯიპს რომ მოვკარი თვალი. არც კი დავფიქრებულვარ, ისე ავედევნე უკან. მაინც რა მეჩვენებოდა მასში საეჭვოდ, არ ვიცი, მაგრამ მის შესახებ ინფორმაციის გაგება რომ მინდოდა, ეს ფაქტია. შორი დისტანციით მივყვებოდი, რომ არ შევემჩნიე და არ დაეჭვებულიყო. ჩემი ეჭვები კი გამართლდა. სოფელში გადაუხვია და ტბის მიმართულებით წავიდა. უფრო ჩამოვრჩი. ბოლოს კი, მთავარი გზიდან გადავედი და ტყის გავლით საცალფეხო ბილიკით მივყევი. ტბამდე ალბათ ნახევარ კილომეტრზე ოდნავ ცოტა იქნებოდა დარჩენილი, რომ გზიდან გადავიდა და შეჩერდა. მეც შევჩერდი და ძრავა მაშინვე გავთიშე. მანქანაში რა ხდებოდა, არ ვიცი. ჩემი ვარაუდით, ვიღაც ეჯდა და ელაპარაკებოდა. როგორც შევძელი, ისე მივუახლოვდი ფეხით. ბუჩქებს ამოვეფარე და სუნთქვაშეკრულმა დავუწყე დაზვერვა. მაინტერესებდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. დაახლოებით ხუთი წუთი დამჭირდა. მერე, მანქანის უკანა სალონის კარი გაიღო და ქალი გადმოვიდა. _თაია?!_გაოგნებულს, თუ იმით გახარებულს, რომ ჩემი ეჭვები უსაფუძვლო არ იყო, ხმამაღლა წამომცდა. თუმცა, მაშინვე ვიკბინე ენაზე და შიშით მიმოვიხედე, ვინმემ ხომ არ გაიგონა ჩემი წამოძახილი-მეთქი. მანქანა მალევე დაიძრა ადგილიდან და უკან გაბრუნდა. მძღოლს ალბათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ მე ჯაშუშურად ვუთვალთვალებდი. მისი ფარების შუქი სიბნელეში რომ მიიკარგა, ახლა თაიას გავაყოლე მზერა, ღამის სიბნელეში ჯიბის ფარნით უშიშრად რომ მიიკვლევდა გზას. ჩემი და კესანეს ამბავი გამახსენდა. მეც ხომ მოშორებით გავაჩერე მოტოციკლი, შემთხვევით რომ არ დავენახეთ ვინმეს და კესანე ფეხით წავიდა? მივხვდი, თაიასთანაც მსგავსი სიტუაცია იყო. მაგრამ... ვინ იყო ის კაცი? და რა უნდოდა თაიას მის მანქანაში ღამის საათებში? უკან უნდა გავყოლოდი და ფაქტზე გამომეჭირა, მაგრამ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა: "რა იყო, შე ჩემა, დრაივი დედამიწის მეორე მხარეს გადაიტანეს?" _ფუ, შენი!_მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ მოვალეობები მიხმობდა და ჩემს ჯაშუშურ მოღვაწეობას იმ მომენტში გაგრძელება აღარ ეწერა. გადავწყვიტე, სამსახურის მერე შემევლო ბადრისთან და ფლეშკის ამბები გამომეკითხა. იქნებ, თაიაზეც სცოდნოდა რამე ახალი? მოტოციკლი დავქოქე და ბენზინ გასამართ სადგურზე დავბრუნდი. ცვლის დასრულებამდე საათები საშინლად გაიწელა. თითქოს დროც შეგნებულად მტანჯავდა. მალ-მალე საათს დავყურებდი და ასე მეგონა, გაჩერებული იყო. ბოლოს, როგორც იქნა, მორიგე ოპერატორს გადავაბარე ცვლა და გალიაში გამომწყვდეული ლომივით გამოვვარდი შენობიდან. მოტოციკლს ელვის უსწრაფესად შემოვახტი და ლამის მთელი სისწრაფით გავაქროლე ნახევრად ცარიელ ტრასაზე. ჯერ სახლში მივედი და აბაზანა მივიღე. მერე, ბებიას მიერ კარადაში აკურატულად დაწყობილი ჩემი ტანსაცმელი ისე ავრიე, სარკიდან შემთხვევით რომ გავხედე საწოლზე დახვავებულს, შემრცხვა და შეძლებისდაგვარად ისევ შევკეცე. ვითომ, ბადრი და თაია იყვნენ ტბაზე ჩემი გამოჩენის მიზეზები. სინამდვილეში კი ყველაზე მეტად კესანეს ნახვა მწყუროდა... ზაფხულის შუადღის ხვატი ძალას იკრეფდა, მოტოციკლს რომ შემოვახტი და ეზოდან გავედი. გზაზე ისევ გიჟივით გავაქროლე და ჩემი გონებაც გიჟურად მუშაობდა: კესანე... ბადრი... თაია... შავი ჯიპი… ის კაცი... სურათები ერთმანეთში ირეოდა და რაც უფრო ვცდილობდი დალაგებას, მით უფრო მებურდებოდა ყველაფერი... ტბის ტერიტორიაზე კოტეჯების მიმართულებით რომ გადავუხვიე, გზაზე თაიას მოვკარი თვალი. მარტო იყო და აშკარად ვიღაცას ელოდა. მკვეთრად დავამუხრუჭე. მოტოციკლი კენჭებზე გასრიალდა და ძლივს დავიმორჩილე. თუმცა, არ შემშინებია. თაიას არ ვაშორებდი თვალს, შეშფოთებულ-შეშინებული რომ შემომყურებდა. _აქ რას აკეთებ?_მოტოციკლიდან გადასვლისთანავე მივუახლოვდი და თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ. მაგრამ... პასუხი არც ერთს არ გვქონია. ის მე მბურღავდა ეჭვნარევი მზერით. მე კი მას. _ბუნებაში გამოვედი._როგორც იქნა თავს მოერია და მისთვის დამახასიათებელი კეკლუცი ღიმილით მითხრა. მაგრამ ეს ღიმილი ნიღაბს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეაქციას._და შენ? აი, მე კი ნამდვილად არ მქონია პასუხი. _კარგია ბუნებაში სეირნობა, მაგრამ დამღლელი._ისევ ნაძალადევად შემომღიმა. (ან, უკვე პარანოია მჭირდა და მე მეჩვენებოდა ასე)._დავბრუნდები. _იქით მივდივარ. არ გინდა გაგიყოლო?_მოულოდნელად შევთავაზე. შეყოყმანდა. _ექსტრემი არ გიყვარს?_ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი და თვალებში ჩავხედე. რაღაც იყო მის მზერაში დაძაბული, ფრთხილი… თითქოს, დანაშაულზე წასწრების ელდა. მოულოდნელად ისევ შეეცვალა გამომეტყველება, კეკლუცად შემომღიმა და თავი დამიქნია. ვერ მივხვდი, ცდუნებას ვერ გაუძლო, თუ ახალი გეგმა შეიმუშავა წამებში. ჩემი ჩაფხუტი მას მივეცი. მოტოციკლზე ჯერ მე დავჯექი, მერე ის შემოვისვი და კოტეჯებისკენ დავიძარით. ადგილზე მალე მივედით. გადასვლა რატომღაც გაუჭირდა და ხელი შევაშველე, რომ არ დაცემულიყო. თავისებურად გადაიკისკისა. ჩაფხუტი დამიბრუნა და გამართული ნაბიჯებით გაეშურა თავისი საცხოვრებლისკენ. უცნაური განცდა დამეუფლა, რასაც კონკრეტული სახელი ვერ მოვუფიქრე. _რა თამაშს თამაშობ თაია?_ხმადაბლა ჩავილაპარაკე და ჩაფხუტი სავარძელზე დავდე. შემთხვევით ბალახებში ჩავარდნილი მობილურის სუსტად განათებულ ეკრანს მოვკარი თვალი. დაუფიქრებლად დავიხარე და ავიღე. თაიასი იყო. ეკრანზე შეტყობინება ანათებდა უცნობი ნომრიდან: „ვინმე რამეს ეჭვობს?" თითქოს რაღაც გადამცდა ყელში მღელვარებისგან. ეკრანი ჯერ კიდევ ანთებული იყო. გული გამალებით მიცემდა. ერთი წამით გავჩერდი მხოლოდ. ისიც, შინაგანმა ხმამ შემაჩერა: "რას შვრები ოტია? ეს უკვე მეტისმეტია... სხვის ტელეფონში ქექვა და მის პირად სივრცეში შეჭრა..."_მაგრამ მერე ფლეშკაზე ნანახი კადრები გამახსენდა და თითი ინსტინქტურად გადავუსვი ეკრანს. ჩატი გაიხსნა. მოკლე, გაწყვეტილი მიმოწერებით. „მარგომ უკვე უთხრა სიმართლე?" "ჯერ არა." "არ გინდა შენ დაასწრო და ბომბი ააფეთქო?" სუნთქვა შემეკრა. ვცადე მეტი მენახა, მაგრამ ეკრანი მოულოდნელად ჩაქრა და პაროლი მოითხოვა. _ჯანდაბა..._ამის თქმა მოვასწარი მხოლოდ და ზუსტად იმ დროს ფეხის ხმაც შემომესმა. დავიძაბე. თაია ბრუნდებოდა. გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა. ყელში ვგრძნობდი მის თითოეულ დარტყმას. თითები ისე ძლიერად მოვუჭირე ტელეფონს, ლამის ხელში შემომეფშვნა. არ ვიცოდი რა მექნა. ისე დამებრუნებინა ვითომც არაფერი, თუ პასუხი მომეთხოვა? მოულოდნელად რაღაც იდეამ გამიელვა თავში. სწრაფად დავიხარე და ისეთი სცენა დავდგი, ვითომ იმ წამს ავიღე ძირს დაგდებული მისი ტელეფონი. ნაბიჯები გაჩერდა. თავი ავწიე თუ არა, თაიას თვალებს გადავაწყდი. მოშორებით იდგა და აჩქარებით სუნთქავდა. ალბათ, მორბოდა. _ეს შენია?_ხმა მაქსიმალურად დავიმორჩილე და ხელში შერჩენილი მისი ტელეფონი გავუწოდე. _სად იპოვე?_ეჭვით მკითხა და ტელეფონი სწრაფად გამომართვა. თითქოს ეშინოდა, არ გადამეფიქრებინა. _აქვე ეგდო._მხრები ავიჩეჩე._ალბათ, გადმოსვლისად ჩამოგივარდა. რამდენად დამაჯერებელი ვიყავი არ ვიცი, მაგრამ ისე დაჟინებით მომჩერებოდა, თითქოს ელოდა, როდის დავუშვებდი შეცდომას. _შემთხვევით დავინახე. კიდევ კარგი მოტოციკლით არ გადავუარე, ან ფეხი არ დავადგი. _მადლობა._მალევე დაიბრუნა კეკლუცი ტონი და ტელეფონი სასწრაფო წესით ჩამალა ჯიბეში._გამოცვლას კი ვუპირებ, მაგრამ ახლა არა... კარგი ბიჭი ხარ._გამიღიმა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა. მისი ეს ღიმილი ძალიან იდეალური იყო… ზედმეტად იდეალური, რომ ნამდვილი ყოფილიყო. მერე, თვალი ჩამიკრა და წავიდა. დიდხანს ვიდექი ერთ ადგილზე გაშეშებული და იმ სიმართლეზე ვფიქრობდი, რაც მარგოს უნდა ეთქვა. ვისთვის უნდა ეთქვა. ან, რა სიმართლეზე იყო საუბარი, წარმოდგენა არ მქონდა. მგონი, საერთოდ არაფერზე მქონდა წარმოდგენა და ის სიტუაცია მეორდებოდა, ბადრის მათეს მკვლელობა რომ დავაბრალე. _პასუხები მჭირდებოდა და არა ვარაუდები! კმარა შეცდომები!_ხმამაღლა შემოვუძახე საკუთარ თავს და ფარეხისკენ ავიღე გეზი. ბადრის მანქანა იქ არ იდგა. _ნეტა, სად დადის ეს ბიჭი?_ტელეფონი მოვიმარჯვე და დავურეკე. თითქოს იცოდა, რომ უნდა დამერეკა. ზარის გასვლა არც კი აცადა, მაშინვე მიპასუხა, შენთან ვარ და გელოდებიო. მოტოციკლს დავუბრუნდი და სახლისკენ გავაქროლე. ეზოში რომ შევედი, მზე უკვე დასავლეთისკენ იხრებოდა. კიბეზე სულ ორ-ორი საფეხური ავირბინე და საკუთარ ოთახში აქოშინებული შევედი. ბადრი კედელთან იდგა, ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და არ იძვროდა. უბრალოდ მიყურებდა. ისე, როგორც ადრე არასდროს შემოუხედავს. _მოხვედი?_ხმა ზედმეტად მშვიდი ქონდა და ეს უკვე ცუდად მენიშნა. კარი ზურგს უკან მივიხურე და მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგი. ახლოს არ მივსულვარ. _მოვედი._მგონი, დროის მოსაგებად ვუთხარი. _ვხედავ._ხმაში ოდნავი დაძაბულობა ეტყობოდა._დაიგვიანე. მისი ტონი არ მომეწონა. არც ის, როგორც მიყურებდა, თითქოს რაღაცას აზუსტებდა. _საქმე მქონდა._მოკლედ მოვუჭერი. რამდენიმე წამი უხმოდ მიყურებდა. მერე, სკამი ხმაურით გამოდგა კომპიუტერის მაგიდიდან და გამომწვევად ჩამოჯდა. ვიგრძენი, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. _ფლეშკა ნახე? დავინახე, მისი ტუჩის კუთხე ნერვიულობისგან როგორ აცახცახდა. მერე, წინ გადაიხარა, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და თვალებში ისეთი გამჭოლი მზერით შემომხედა, ერთ ადგილზე გავიყინე. _რამდენი ხანია?_ისე ცივად გამოსცრა კბილებში, გამაკანკალა. უფრო იმიტომ, რომ მივხვდი, რასაც გულისხმობდა. _რაზე "რამდენი ხანია?"_თავი მაინც მოვისულელე. _გეკითხები ოტია, რამდენი ხანია?!_ხმაში სიმკაცრე შეეპარა და ფეხზე წამოდგა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ფილტვების დახეთქვამდე შევივსე ჟანგბადით. _ვერ ვხდები რაზე მელაპარაკები, ფლეშკაზე? ჩემი ნათქვამი თითქოს ნაპერწკალი იყო მისთვის. ზურგს უკან საქამრეში გარჭობილი იარაღი ამოიღო და დამიმიზნა. _იმ ღამით, ოთახში იმიტომ არ შემომიყვანე, რომ ჩემ დას... რომ ჩემ დასთან!... ფუ, შენი, !!!_იარაღი გადატენა და პირდაპირ შუბლზე მომადო მისი ცივი ლულა._მოგკლავ! არ გავნძრეულვარ. იმიტომ კი არა, რომ არ შემეძლო. უბრალოდ, ვიცოდი, რომ ერთი არასწორი მოძრაობა ყველაფერს დაასრულებდა. ვგრძნობდი, როგორ უკანკალებდა ხელი და ეს იყო ყველაზე საშიში. არა მისი სიძულვილი… არამედ ის, რომ საკუთარ თავსაც ვერ აკონტროლებდა. _მოგკლავ!_ისევ გაიმეორა, მაგრამ ამჯერად ხმაში უფრო მეტი ტკივილი ქონდა, ვიდრე ბრაზი... _მოგკლავ, ! _მომკლავ?..მერე?_მშვიდად ვკითხე და თვალებში შევხედე. თითქოს, იმის მოლოდინი ჰქონდა, რომ შევეხვეწებოდი ცოცხალი დავეტოვებინე. უაზრო თავის მართლებას მოვყვებოდი. ან, საერთოდ გავიქცეოდი... ასე რომ არ მოვიქეცი, ამან დააბნია. ლულა ოდნავ ჩამოუცურდა. თუმცა, მაინც მზად იყო გასროლისთვის. _არ გაბედო ჩემთან თამაში!!! _ძალიან კარგად იცი, რომ მოთამაშე არ ვარ და არასდროს ვთამაშობ. ნერვიულობისგან ყბა მოეღრიცა. _ჩაკვდი!_ლამის ბოლო ხმაზე იყვირა და ისევ შუბლზე მომადო იარაღი._ჩუმად იყავი, თორემ მართლა გესვრი! სუნთქვა შემეკრა, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა. _მე მართლა მიყვარს კესანე._ვთქვი თუ არა, იარაღი კიდევ უფრო ძლიერად მომაჭირა. _არ გაბედო მისი ხსენება!_ისე მიყვირა, ხმა ჩაუწყდა. _მართლა გულით მიყვარს კესანე..._თვალები დავხუჭე და ისე გავიმეორე. სულ არ მედარდებოდა მესვროდა თუ არა._ჩემი მოკვლა გინდა? მიდი მესროლე, მომკალი!... მაგრამ მის სიყვარულს ნუ ამიკრძალავ! იარაღი უფრო ძლიერად მომაჭირა შუბლზე. ვგრძნობდი, ხელს რომ ვეღარ აკონტროლებდა. _მოგწონს ხო, ძმაკაცის ზურგს უკან თამაში?! _ეს თამაში არ არის ბადრი... _გაჩუმდი!_ხმის ჩახლეჩამდე მიყვირა._მე ცალკე მეთამაშები, კესანეს ცალკე! _არ ვეთამაშები, მე ის მიყვარს და ვუფრთხილდები!_მტკიცედ ვუთხარი. წამიერად გაიყინა მხოლოდ. მერე კი, ისტერიულად გაეცინა მოულოდნელად. _შენ რას უფრთხილდები, ოტია? შენ თავს ვერ გაფრთხილებიხარ ამ წამს! მუშტები ავტომატურად შევკარი. თუმცა ვერ დავარტყი. იმიტომ ვერ დავარტყი, რომ ეს უბრალო ჩხუბი აღარ იყო ჩვენ შორის. ეს იყო ზღვარი... და ორივემ კარგად ვიცოდით, რომ თუ ამ ზღვარს გადავაბიჯებდით, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გვექნებოდა. ჩემს მოძრაობაზე ისევ გაეცინა, მაგრამ არც ეს სიცილი ჰგავდა სიცილს. უფრო, ნერვების გახლეჩა იყო. კიდევ ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა და ლულა ლამის კანში ჩამაზარდა. _მოგეწონება, შენ დასთან რომ გავაკეთო იგივე?! ვერ მივხვდი რა მითხრა, ან რა იგულისხმა და ამიტომ ყურადღება არ მიმიქცევია. საერთოდ არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია მის ნათქვამზე. ჩავთვალე, რომ სიბრაზისგან გადააჭარბა რაღაცა. _მტკივნეული თემაა, არა?_პასუხი რომ არ დავუბრუნე თვალი თვალში გამიყარა._შენ იმ შენს უცნობ ნახევარ დაზე არ გინდა, რომ ზედმეტი ვთქვა და აბა მე მკითხე? ახლა კი დავიბენი. _მოიცა, ვინ უცნობ ნახევარ დაზე მელაპარაკები?_გაოგნებულმა შევხედე. აშკარად შეკრთა. თვალებშიც თითქოს შიში გაუკრთა, (ოღონდ მხოლოდ წამიერად). მაშინვე ბრაზმა ჩაანაცვლა. ყბა დაეჭიმა და მივხვდი, ახლა უკვე საკუთარ თავს ებრძოდა ვიდრე მე. _არაფერი! დაივიწყე!_კბილებში ავად გამოსცრა და მზერა ამარიდა. მივხვდი, რაღაც ისეთი იცოდა, რაზეც მე წარმოდგენა არ მქონდა. _არა, ეს ასე არ ჩაივლის!_მიუხედავად იმისა, იარაღს შუბლზე რომ მაბჯენდა, მისკენ მაინც გავიწიე._ვინ ნახევარ და, ბადრი? რას გულისხმობ?! _გითხარი, დაივიწყე-მეთქი!_ამჯერად უკვე ხმამაღლა იყვირა. _რაღაც იცი ბადრი და მიმალავ? ვიგრძენი, სუნთქვა როგორ აუჩქარდა. ხელი, რომლითაც იარაღი ეჭირა, უარესად აუკანკალდა. მოულოდნელად კი სასხლეტს გამოჰკრა და გასროლის ხმამ დამაყრუა... ტყვია ჰაერში გავარდა. ინსტინქტურად თავი დავხარე. ირგვლივ სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. მძიმე, დამძიმებული სიჩუმე, რომელიც ნებისმიერ ყვირილზე უფრო ხმამაღალი იყო. ბადრი გაქვავებული იდგა. მხოლოდ თვალები გაფართოებოდა და თითქოს თვითონაც ვერ იჯერებდა რაც ჩაიდინა. _შენი მოკვლა მართლა არ მინდა..._ჩურჩულით თქვა, მაგრამ როგორც მივხვდი, ეს სიტყვები საკუთარ თავს უფრო უთხრა, ვიდრე მე. ჯერ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. შემდეგ კიდევ ერთით. მე არ გავნძრეულვარ. უბრალოდ ვუყურებდი. _ჯანდაბა!_ისე იყვირა, თითქოს რაღაცისგან გათავისუფლება უნდოდა. მერე მიბრუნდა და ისეთი არეული ნაბიჯებით გაიქცა, თითქოს ვიღაც მისდევდა. _ოტია!!!_ბებიას ხმა ქვემოდანვე შემომესმა. შეშინებული და გატეხილი ხმა ჰქონდა. ზუსტად ისეთი, როგორიც ბავშვობაში, მხოლოდ მაშინ რომ მესმოდა, როცა ეგონა რამე ცუდი დამემართა. კარისკენ შევტრიალდი. ის უკვე დერეფანში იდგა. სახეზე ფერი აღარ ედო, თვალები გაფართოებოდა და ხელები უცახცახებდა. _რა მოხდა შვილო? ეს რა ხმა იყო? შევეცადე იძულებით მაინც გამეღიმა. _არაფერი, ბე... ხომ იცი, როგორია ის გადარეული?_ვცადე დამემშვიდებინა._ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოვიდა, ხლაპუშკა გაისროლა. მგონი არ დამიჯერა, რადგან ვხედავდი, როგორ მათვალიერებდა თავიდან ფეხებამდე, თითქოს დარწმუნება უნდოდა, რომ ნამდვილად ცოცხალი ვიდექი მის წინ. მერე, მომიახლოვდა და მხარზე დამადო ხელი. _ნამდვილად კარგად ხარ?_შეხებაზეც კი მივხვდი, რომ სასწაულად ეშინოდა. _ნამდვილად კარგად ვარ. საშიში არაფერია._მკლავები მოვხვიე და ჩავიხუტე. სროლის ხმა ისევ ჩამესმოდა ყურებში, მაგრამ იმ ხმაზე მეტად ერთი ფრაზა მაწუხებდა, რომელიც თავში მიტრიალებდა: „შენ მოგეწონება, იგივე რომ გავაკეთო შენს ნახევარ დასთან?“ ნახევარ და... მაინც რა ჯანდაბას ნიშნავდა ეს?.. მოსვენება დამეკარგა. ბებიას რამდენჯერმე ვუთხარი, რომ კარგად ვიყავი, მაგრამ აშკარად არ მიჯერებდა და მთელი საღამო ისე დადიოდა, თვალს არ მაშორებდა. მეც ვცდილობდი ჩვეულებრივად მოვქცეულიყავი, თუმცა აზრები ერთ წერტილზე მეჭედებოდა: "ნახევარ და". ეს სიტყვა ისე მიტრიალებდა თავში, როგორც გაფუჭებული ჩანაწერი. თუ უბრალოდ სიბრაზისგან წამოსცდა, მაშინ რატომ შეშინდა? რატომ შეეცადა მაშინვე გადაეფარა? არა… ბადრი ის ტიპი არ იყო, რომ ასეთი რაღაცა უბრალოდ “გაესროლა”. ეს რაღაცას ნიშნავდა და ძალიან დიდ რაღაცას... ღამის ათი საათი იქნებოდა, როცა საბოლოოდ ვეღარ გავუძელი. ტელეფონი ავიღე და ნომერი ავკრიფე. პირველივე ზარზე არ მიპასუხა. მეორეზე გამითიშა. მესამეზე კი, უკვე ტელეფონი გათიშა... ისტერიულად გამეცინა. _გარბიხარ არა?.. კი ბატონო, გაიქეცი... მაინც როდემდე გაიქცევი და დამემალები?_ხმამაღლა გავიფიქრე და საწოლზე გულაღმა გადავწექი. ერთ ხანს ასე ვიწექი და ჭერს შევყურებდი. ისე მქონდა დღევანდელი მოვლენებით თავი გაბრუებული, რომ ერთ კონკრეტულ თემაზე ვერ ვჩერდებოდი. გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, სრული აჯაფსანდალი მქონდა თავში და ფიქრებიდან ფიქრებზე დავხტოდი. მოულოდნელად გიჟივით წამოვხტი. რაღაცას დავუწყე ძებნა, ოღონდ თვითონაც არ ვიცოდი რას. სროლის ხმა ისევ ჩამესმოდა ყურებში, მაგრამ… რაღაც არ ემთხვეოდა. ჭერი დაკვირვებით შევათვალიერე. არანაირი ნახვრეტი, არც ერთი ბზარი, არც კვალი არაფრისა. წარბები შევკარი. _შეუძლებელია… ტყვია ჰაერში გავარდა, ეს საკუთარი თვალით ვნახე. მერე იატაკს დავაკვირდი. არც იქ არაფერი. არანაირი მასრა, სრული სიცარიელე. გული უცნაურად შემეკუმშა. თავში ყველაფერი თანამიმდევრობით დავალაგე: იარაღის დამიზნება და ხელის კანკალი... ნერვული სიცილი... ის წამიერი შიში, როცა “ნახევარ და” წამოსცდა... და ბოლოს გასროლა. თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე: სტარტოვკა._სიტყვა თავისით ამოტივტივდა გონებაში. გამეცინა... "შენი მოკვლა მართლა არ მინდა"._ახლა უკვე სხვანაირად ჟღერდა ბადრის ეს სიტყვები. არა როგორც თავის მართლება, არამედ როგორც სიმართლე. თვალები გავახილე. _ჯანდაბა, ბადრი. რისი გეშინოდა ასე ძალიან?.. ისევ დავრეკე მის ნომერზე, მაგრამ ისევ გამორთული დამხვდა. _კარგი, თუ არ გინდა ჩემთან ლაპარაკი, მაგასაც ვნახავთ._ქურთუკი გადავიცვი და სახლიდან ისე გამოვედი, ბებიასთვის არაფერი მითქვამს. გარეთ გასულს ღამის სიგრილე დამეტაკა და თითქოს ღრმა ძილიდან გამომაფხიზლა. წამით თვალები დავხუჭე და საკუთარ თავს შემოვუძახე: "დამშვიდდი, ოტია… ჯერ არ იცი, რა ხდება"... მაგრამ ზუსტად ეს იყო პრობლემა, რომ არ ვიცოდი და ეს მაწამებდა. ქარივით გავაქროლე ჩემი ორბორბლიანი მეგობარი. უსაფრთხოების ზომები დიდად არ მადარდებდა. ერთადერთი მიზანი ბადრის ნახვა იყო და იქით ვისწრაფოდი. მისი მანქანა ეზოში არ დამხვდა. მივხვდი რომ სახლში არ იყო. მისი ოჯახის წევრების შეშფოთებას მოვერიდე და უკან გამოვბრუნდი. _სად ხარ შე ქლიავო?.. მაინც სად წახვედი?.._ისევ მოტოციკლს დავუბრუნდი და წამებში უკვე გზაზე ვიყავი. ქარი სახეში მცემდა, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი. სიჩქარეს ვუმატე. თითქოს იმ აზრებს მინდოდა გავქცეოდი, რაც თავში მიტრიალებდნენ. მკვეთრ მოსახვევში სიჩქარის დაგდება არ მიცდია, მოტოციკლი ლამის ასფალტზე დავაწვინე, ისე გადავიხარე. საბურავებმა საშინლად დაიჭყივლეს. მოსახვევიდან გავედი თუ არა, ისევ გავსწორდი და სიჩქარეს უფრო ვუმატე. შუქნიშნები, მანქანები, ადამიანები, ყველაფერი ბუნდოვან ლაქებად იქცა და დაპატარავდა. ელვის უსწრაფესად იტოვებდი ყველაფერს უკან. ბოლოს, ერთ ადგილზე გავჩერდი და ბადრის “ჩვეულებრივი” ადგილები გონების თვალით გადავქექე. _რა თქმა უნდა, დუქანი!_გახარებულმა ხმამაღლა წამოვიყვირე. ეს ის ადგილია, სადაც ადამიანი მხოლოდ მაშინ მიდის, როცა საკუთარ თავსაც ვეღარ უძლებს და დალევით აპირებს ყველაფრის ფეხებზე დაკიდებას. ვესტერნის ფილმებში ნახული კარი ორი ხელით შევაღე. მაშინვე ალკოჰოლის, სიგარეტის და ოფლის სუნი მეცა. ხმაური იყო, მაგრამ თითქოს მოგუდული. თვალი სწრაფად მოვავლე დარბაზს და ბადრიც დავინახე. კუთხეში იჯდა. წინ რამდენიმე ცარიელი ბოთლი ედო. თავი ჩაქინდრული ქონდა, სახე არ უჩანდა, მაგრამ მაინც ეტყობოდა, რომ უბრალოდ მთვრალი და დალეული კი არა, მთლიანად იყო წაშლილი. ისე ნელა მივუახლოვდი, თავიდან ვერც კი შემნიშნა. მის წინ სკამი გამოვწიე და ხმაურით დავჯექი. მხოლოდ ამის მერე ასწია დამძიმებული თავი და სისხლივით ჩაწითლებული თვალები შემომანათა. რამდენიმე წამი უსიტყვოდ მიყურებდა. მერე, ირონიულად გაეღიმა. _მაინც მიპოვე?_ხმაში დაღლა ემჩნეოდა. _შენც ხომ გინდოდა, რომ მეპოვე._მშვიდად ვუთხარი. ჩაეცინა და ჭიქას მოჰკიდა ხელი. _არ უნდა მოსულიყავი…_ნათქვამს ხმამაღალი ბოყინი ამოაყოლა. მაშინვე მკლავში ჩავავლე ხელი და სკამიდან წამოვაყენე. _გამიშვი!_დაჭრილი მხეცივით მიღრიალა და ხელი გამომტაცა._სად მიმათრევ?! _სახლში. აქ ამ მდგომარეობაში ვერ დაგტოვებ. ისევ ჩაიცინა. _მე შენი სახლში წასაყვანი ბავშვი არ ვარ, ოტია! ისევ მოვქაჩე. ამჯერად უფრო ძლიერად. _დღეს ხარ._თან მშვიდად ვუთხარი. თუმცა, ხმაში სიმკაცრეც გავურიე. ამ სიტყვებმა თითქოს გააგიჟა. მკერდზე ისე ძლიერად მიბიძგა, წამაბარბაცა. _ნუ ცდილობ ჩემს “გადარჩენას!" იმას ვერ გადაარჩენ, რასაც აღარაფერი ეშველება! _და მაინც, ჩემთან ერთად წამოხვალ!_მეც ავუწიე ხმას._სხვა დროს შეიძლება, მაგრამ დღეს მარტო ვერ დაგტოვებ! თვალის გუგები უცნაურად ჩაუმუქდა. მივხვდი, დარტყმისთვის ემზადებოდა მაგრამ ვიღაც სხვა ჩაერია ჩვენს ჩხუბში. _ჰეე, მშვიდად! ახლომდებარე მაგიდიდან ორი სხვა კაციც წამოდგა. აშკარად ნასვამები იყვნენ. ერთმა წყრომით გადმოგვხედა. _რა ხდება აქ? ოჯახური დრამაა? გარეთ გადით და იქ გაარჩიეთ! მისთვის არ მიპასუხია. ბადრის მოვკიდე ხელი, მაგრამ ერთ-ერთ მადგანს აშკარად არ მოეწონა ეს სიტუაცია. _გითხარი, გარეთ!_ამჯერად უკვე აგრესიულად მითხრა და მხარზე ძლიერად დამარტყა ხელი. _შენ საქმეს მიხედე!_ცოფიანი ძაღლივით შევუღრინე და მისი ხელი უხეშად მოვიშორე. თითქოს ზუსტად ამას ელოდაო, მეორემ ძლიერად მომქაჩა. _ვინ გგონია თავი!?_თან ხმამაღლა მიღრიალა. მომდევნო წამს კი ყველაფერი უკვე თავდაყირა დადგა: პირველმა მუშტი ისე დამარტყა, არიდება ვერ მოვასწარი და სისხლის მოტკბო-მომლაშო გემო მომენტალურად ვიგრძენი პირში. გაცეცხლებულმა საპასუხოდ მუცელში დავარტყი და ორად მოიკეცა. ახლა მეორე მეძგერა, მაგრამ ამჯერად ბადრი ჩაერია. გადამწვარი მთვრალი კი იყო, მაგრამ დარტყმა მაინც მოახერხა და პირდაპირ სახეში სთხლიშა ცარიელი ბოთლი. კაცი უკან გადაქანდა და სკამს წამოედო. დუქანში ხმაური ატყდა. ვიღაცეები გვაშველებდნენ, ვიღაცეები კი სეირის საყურებლად მხოლოდ გვამხნევებდნენ და ლამის აპლოდისმენტებსაც გვიკრავდნენ. ერთ-ერთმა ისევ დამარტყა გვერდიდან. თანაც ისე ძლიერად, რომ წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და ხელით მაგიდას დავეყრდენი. ხურდის დაბრუნება მაინც მოვახერხე და ამჯერად სახეში ვთხლიშე. თანაც მადიანი. მოწყვეტილი ვაშლივით დაეცა ძირს. ამის დანახვაზე ბადრი ახარხარდა. დუქანში სრული ქაოსი ატყდა: სისხლი, გინება, ხმაური. _გეყო!_ძმაკაცისკენ მივტრიალდი და ძლიერად ვუბიძგე._წავედით! _არ მოვდივარ!_ისევ გამიჯიუტდა, მაგრამ ფეხზე ძლივს იდგა და მხარში ამოვუდექი. ფაქტობრივად ძალით წამოვათრიე. გარეთ ძლივს გამოვედით. ცივი ჰაერი მაშინვე დაგვეჯახა სახეში. ორივენი მძიმედ ვსუნთქავდით. ბოლოს, ხელი გავუშვი და კედელს მივაყუდე. რამდენიმე წამი უბრალოდ იდგა. მერე, ნელ-ნელა ჩასრიალდა, ტროტუარზე ჩაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. _რატომ?…_ჩუმად ამოიოხრა._რატომ არ მანებებ თავს, ოტია?… მის წინ ჩავიცუცქე. სისხლის გემოს ჯერ კიდევ ვგრძნობდი პირში. _იმიტომ, რომ მჭირდები._საკმაოდ მშვიდად ვუთხარი._რადგან, შენ ჩემი ბავშვობის მეგობარი ხარ და ძმასავით მიყვარხარ. თავი ნელა ასწია და გაოცებულმა შემომხედა. _მანქანა სად გყავს?_ისევ ფეხზე წამოვდექი და გარშემო მიმოვიხედე. მეგონა არ მეტყოდა, მაგრამ შევცდი. ჯიბიდან გასაღები გაჭირვებით ამოაძვრინა და გამომიწოდა. _აქედან ცოტა მოშორებით ფასიანი ავტოსადგომია... _კაი, ვიცი, აქ დამელოდე, არსად წახვიდე. _ძალიანაც კი მინდა წასვლა, მაგრამ მაქვს?_უშნოდ გაიღრიჭა და თავი ისევ ჩაქინდრა. პირველ რიგში ჩემი მოტოციკლი მივიყვანე იმ ავტოსადგომზე და იქ დავტოვე. ბადრის მანქანა კი, წამოვიყვანე. მანქანაში ძლივს ჩავტენე. არ გამძალებია. უბრალოდ, ისე იყო მოთენთილი და მოშვებული, რომ ორმაგად მძიმე მეჩვენებოდა. თან, თვითონ ვერაფრით მეხმარებოდა. კარი მივუხურე თუ არა, თავად საჭეს მივუჯექი. რამდენიმე წამი არაფერი გვითქვია ერთმანეთისთვის. ძრავაც კი არ დამიქოქავს. სიჩუმე ისეთი მძიმე იყო, ყურებს ბუბუნი გაჰქონდა. პირადად მე ჰაერი არ მყოფნიდა და ჩემ მხარეს მინა ჩავუწიე. ბადრი კი, თავით მიეყრდნო და თვალები დახუჭა. მეგონა, ეძინებოდა, მაგრამ მოულოდნელად სიმწრისგან ჩაიცინა. _იცი რა არის ყველაზე ცუდი?_ჩუმად მკითხა. არ მიპასუხია. ვიცოდი, რომ პასუხები თვითონვე ჰქონდა და სულ მალე ალაპარაკდებოდა კიდეც. _ის კი არ არის ცუდი, რაც გავაკეთე… ან, რაც შენ გააკეთე._დაბალი ხმით გააგრძელა._არამედ ის, რომ თავიდანვე ვიცოდით, ამ ყველაფერს რა შედეგები მოჰყვებოდა და რითიც დამთავრდებოდა, მსგრამ მაინც გავაკეთეთ... ძრავა ავამუშავე და ფრთხილად დავიძარით ადგილიდან. ერთ ხანს ისევ გაჩუმდა. ახლა კი, მართლა მეგონა, რომ დაიძინა, მაგრამ დასახლებულ პუნქტს გავცდით თუ არა, გაჩერება მთხოვა. გზის სავალი ნაწილიდან გადავედი და ტყის პირას გავჩერდი. გაჭირვებით გადავიდა. დახმარება შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა. უბრალოდ, გაუნძრევლად ვიჯექი, ხელები ძლიერად მევლო საჭეზე და ფარების შუქით განათებულ მიდამოს უაზროდ გავყურებდი. დიდი დრო დახარჯა გადასვლაში და ერთ-ერთ ხის ძირში ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში. უკან მობრუნებული კი, მანქანაში აღარ ჩაჯდა და ტრასის პირზე ჩამოჯდა. ფეხები კი სანიაღვრე არხში ჩაჰკიდა ანკესივით და სიგარეტს გაუკიდა. მეც გადავედი და მის გვერდით დავჯექი. _გინდა?_ისე შემომთავაზა, ალბათ უარი რომ მეთქვა, ეწყინებოდა. _ხომ იცი, რომ არ ვეწევი?_მაინც შორს დავიჭირე თავი, მაგრამ მაინც ჩამოვართვი მოკიდებული ღერი და თითებშუა მოვიქციე. _არც მე ვარ დიდად მწეველი... მარტო მაშინ ვაბოლებ, როცა სამყაროს კიდესთან ვდგევარ და აღარ ვიცი რა ვქნა._გულიანად ამოიოხრა და მეორე ღერს გაუკიდა. _ბოდიში, შენთან მიმართებაში მართლა შემეშალა..._ძალიან მტკივნეულად ამოვთქვი სათქმელი, რაც დიდი ხანია მტანჯავდა. თითქოს თანაგრძნობით შემომხედა. სიგარეტის ღერი დიდხანს ვატრიალე თითებში. მერე, პირში ჩავიდე და გამოვქაჩე. მწარე კვამლმა ფილტვები დამიწვა. ერთი კი წამოვახველე, მაგრამ თავი შევიკავე. რამდენიმე წამი გავაჩერე იქ. ვიგრძენი, თავბრუ რომ დამეხვა და მერე ნელ-ნელა გამოვუშვი ისევ. _ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით... მისთვის სხვა თვალით არ უნდა შემეხედა, მაგრამ..._მეორე ნაფაზი უფრო ღრმად დავარტყი._დამიჯერე, მე მართლა მიყვარს კესანე და მინდა რომ ცოლად შევირთო. ირგვლივ ყველაფერი დადუმდა თითქოს. მხოლოდ საკუთარი გულისცემა მესმოდა. ბადრის მზერას ვგრძნობდი, მაგრამ მისთვის თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი. _ვაპირებდი შენთვის მეთქვა ყველაფერი, მაგრამ..._ყელში რაღაც გამეჩხირა თითქოს და ხმა წამერთვა. რამდენიმე წამი არაფერი უთქვამს. მერე, უხმოდ გადმოიხარა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და მიწას ისე მიაჩერდა, თითქოს იქ რაღაც ღირებულს ეძებდა. _იცი რა არის ადამიანების ყველაზე დიდი პრობლემა?_მოულოდნელად შემომხედა._ის კი არა, შეცდომას რომ უშვებს. არამედ ის, მერე მთელი ცხოვრება რომ ცდილობს არ აღიაროს რა ნაგავიცაა რეალურად... ხშირად ისეთ რაღაცას აკეთებს, რასაც საერთოდ არ უნდა აკეთებდეს და მერე კი იმას ცდილობს, დაარწმუნოს საკუთარი თავიც და სხვაც, რომ სხვა გზა არ ჰქონდა. გაჩუმდა, თვალი მომარიდა და სიბნელეს გაუშტერა მზერა. _ხო, შენზე გავბრაზდი, როცა ეს ამბავი გავიგე. რეალურად კი, ბავშვობიდანვე ვხვდებოდი ამას... ვიცოდი, რომ ჩემი დის გამო არაფერზე მეტყოდი უარს და მე საჩემოდ ვიყენებდი ამ ამბავს. გაოგნებულმა შევხედე. _ხო, რა იყო? ხედავ, არც მე ვარ უცოდველი._ისევ ჩაეცინა. ამჯერად უფრო მწარედ და სიგარეტის ნამწვი სანიაღვრე არხში ჩააგდო... _შენ გგონია, რომ ჩემი და გიყვარს? მისი ეს კითხვა უფრო მტკივნეულად მომხვდა გულზე, ვიდრე პირდაპირი შეურაცხყოფა. _მგონია კი არა, მართლა მიყვარს!_მტკიცედ წარმოვთქვი, სიგარეტის ნამწვი მეც არხში ჩავაგდე და წამოვდექი. არ შემწინააღმდეგებია. ჩემი ნათქვამი საერთოდ არ გაუპროტესტებია. უბრალოდ, გაუნძრევლად იჯდა და ქვემოდან ამომყურებდა. ხმას არ იღებდა. _ტყუილად გსაყვედურობ და ვბრაზობ შენზე... მეც იგივეს ვაკეთებდი... მაგრამ იმ გოგოს არ მოვწონვარ ძმაო._თავი ხელებში ჩარგო და ისევ გაჩუმდა. ვინ გოგოს?_ელვასავით გამიელვა გონებაში._ან რას აკეთებდა იგივეს? მოულოდნელად ისევ ამომხედა და თითქოს გული გამიჩერდა. ოღონდ არ შევიმჩნიე. ჩაეცინა. _ზუსტად ეს მშურს შენი… მაშინაც კი ინარჩუნებ სიმშვიდეს, როცა სამყარო თავზე გენგრევა... მე მასეთი არ ვარ... ძალიანაც მინდა ვიყო, მაგრამ იმპულსები მმართავენ. ვიცი, ძალიან გინდა ყველაფერი გაიგო, მაგრამ არ მეხვეწები. ძალიან კარგად მიცნობ და იცი, რომ ჩხუბით ვერაფერს მათქმევინებ, მაგრამ არც მემუდარები, რომ გითხრა... არა და, დარწმუნებული ხარ, რომ მე ყველაფერი ვიცი. სუნთქვა შემეკრა. მისთვის არ შემიხედია, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა და გული უცნაურად მეკუმშებოდა. მერე, მოულოდნელად გონება გამინათდა თითქოს და დრო მართლა გაჩერდა ჩემთვის. აღარაფერი მესმოდა და ვეღარაფერს ვგრძნობდი: ვერც ქარს, ვერც ღამის სიგრილეს. არც ღამის ხმები მესმოდა და აღარც საკუთარი სუნთქვა. მხოლოდ ერთი რაღაც მიტივტივებდა გონებაში, თაიას ტელეფონში წაკითხული შეტყობინება:_„მარგომ უკვე უთხრა სიმართლე?“ გული ამიფეთქდა თითქოს. ბადრის შევხედე. მისი ნათქვამიც გამახსენდა: "მართლა არ გილაპარაკია მარგოსთან?"_და ყველაფერი დალაგდა. _არა!_თვალები ძლიერად დავხუჭე._ოღონდაც მარგო არა!_გაჭირვებით ამოვიხრიალე და სუნთქვა შემეკრა._მითხარი რომ ვცდები!_თვალები ისევ გავახილე და ბადრის მუდარით შევხედე. ის კი, მხოლოდ მიყურებდა და ზუსტად ეს დუმილი იყო მისი პასუხი. _ჯანდაბა!!!_მოულოდნელად ბოლო ხმაზე ვიღრიალე. ოღონდ, რა მაღრიალებდა, თვითონაც არ ვიცოდი._ეს შეუძლებელია!..შანსი არ არის!_თავი ძლიერად გავაქნიე. მგონი, იმ ფაქტს ვერ ვეგუებოდი, რომ მარგო იმ ქალის შვილი იყო, ვისაც ვერ ვიტანდი. თვითონ მარგოსთან კი, საუკეთესო ურთიერთობა მქონდა. _გამოდის, ის ჩემი სისხლია..._ჩურჩულით წამომცდა. ბადრიმ თვალები დახუჭა. არაფერი უთქვამს, მაგრამ პასუხი უკვე ვიცოდი. გულმა საშინელი ხმაურით დამიწყო ფეთქვა. თითქოს, რაღაც გატყდა. ოღონდ, ვერ გავიგე, ჩემში იყო ეს ხმა თუ გარეთ. _რატომ?_რატომ დავსვი ეს კითხვა, არც ეს ვიცი. ამჯერად უკვე პირდაპირ შემომხედა და პირველად შევნიშნე მის თვალებში ნამდვილი თანაგრძნობა. ისევ სიჩუმე... ისევ ისეთი მძიმე და მომწამვლელი. "ის ჩემი სისხლია!"_ეს სიტყვები თითქოს ჰაერში გაიყინა. თუმცა, არ გამქრალა და არსად გაფანტულა. პირდაპირ ჩემში შემოვიდა და იქვე გაიჭედა. რამდენიმე წამი ხმა საერთოდ არ ამომიღია. არც კი ვიცი, ვსუნთქავდი თუ არა. უბრალოდ, ვიდექი და ისე ვუყურებდი ბადრის, თითქოს უცხო ადამიანი ყოფილიყო. სისხლის ჩქეფას ყურებში გარკვევით ვგრძნობდი. უცნაურმა სიცივემ მთლიან ხერხემალში დამიარა. ბადრი აღარ მიყურებდა. სიგარეტის ნამწვს მიწაში განძივით მარხავდა, მაგრამ ვერ უმკლავდებოდა და ნერვიული შეტევის პიკი ეწყებოდა. "ის ჩემი სისხლია!"_ეს სიტყვები არ ისმოდა, მაგრამ მაინც ყველაფერს ფარავდა. ღრმად ვსუნთქავდი, მაგრამ ჰაერი არ მყოფნიდა. გაჭირვებით მივტრიალდი მანქანისკენ და ბადრის ისე ვუბრძანე, წავედით-მეთქი, წინააღმდეგობის და გაპროტესტების სურვილი ჩანასახშივე ჩავუკალი... უსიტყვოდ გამომყვა. მანქანაში ჩავსხედით. ძრავა დავქოქე, მაგრამ ადგილიდან არ დავძრულვარ. უბრალოდ, ისე ძლიერად ვუჭერდი საჭეს, რომ თითებში სისხლი აღარ მიმოძრავებდა. _ოტია…_გაუბედავად წამოიწყო ბადრიმ. _ახლა არა!_მისთვის არც კი შემიხედია, ისე გავაჩუმე._ახლა არც ერთი სიტყვის გაგონება არ მინდა! ჩუმად ამოიოხრა, თავი ფანჯრის ნახევრად ჩაწეულ მინას მიადო და ასე გაირინდა. მე ნელა დავძარი მანქანა ადგილიდან. გამართული ძრავის ხმა მკაფიოდ ჩამესმა ყურებში. მერე, სიჩქარეს ვუმატე და ბოლოს მგონი მაქსიმალური სისწრაფით გავაქროლე. თითქოს, წინ რაღაც უხილავს მივდევდი და ერთი სული მქონდა, როდის გადავასწრებდი. არა და, გზა ცარიელი იყო... არაფერზე ვფიქრობდი, საერთოდ არაფერზე... ან, პირიქით, ყველაფერზე ერთდროულად: ბავშვობაზე... მეხსიერებაში ჩაკარგულ და მივიწყებულ დედაზე... ახლა ამ, მოულოდნელად გამოჩენილ მარგოზე... "ის შენი სისხლია"… თითები ისე ძლიერად მოვუჭირე საჭეს, რომ ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ ფიზიკური ტკივილი იმასთან არაფერი იყო, რასაც სულიერად ვგრძნობდი... ჯერ ნახევარი გზა არ გვქონდა გავლილი, უკანა ხედვის სარკეში უცხო მანქანა რომ შევნიშნე. თავიდან თითქოს განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივ მოგვყვებოდა. მზერა ისევ გზაზე გადავიტანე, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ შევხედე. იგივე მანძილი. იგივე სიჩქარე. რატომღაც უცნაურად მომეჩვენა და აქსელერატორს მომეტებულად მივაწექი ტერფით. სიჩქარე რამდენიმე მეტრით გავზარდე. ისიც აჩქარდა. _ბადრი. _ჰო?.._თვალები ძლივს გაახილა. _ვიღაც მოგვყვება._მე თვითონვე გამიკვირდა, ისე მშვიდად ვთქვი. წამიერად დაიბნა. მერე, ნელა გასწორდა და სარკეში გაიხედა. _დუქნიდან არიან?_მის ხმაში სიმთვრალე ჯერ კიდევ იგრძნობოდა, მაგრამ გონება ნახევრად გამოფხიზლებული ჰქონდა უკვე. _არ ვიცი._მოკლედ ვუპასუხე და უფრო ავჩქარდი. უკან მყოფმაც იგივე გააკეთა. _შენი დედაც!_ახლა კი, ხმადაბლა დაუკურთხა ბადრიმ. გზა ვიწროვდებოდა. წინ მოსახვევი იყო. _ჯანდაბა!_მუხრუჭს მსუბუქად დავაჭირე და მოხვევისას ისევ სარკეში გავიხედე. ის მანქანა ისე ახლოს იყო, ფარებმა წამით დამაბრმავა. უცნაური სიმშვიდე დამეუფლა. ისეთი, რომელიც კარგს არაფერს მოასწავებდა. _ღვედი შეიკარი._ჩუმად ვუბრძანე ბადრის. _რას აპირებ?_ახლა უკვე პირდაპირ მომაჩერდა. პასუხი არ გამიცია. მოსახვევიდან ექსტრემალური მანევრით გამოვედი და მოულოდნელად მუხრუჭს ბოლომდე დავაჭირე. მანქანა ხმაურით გაცურდა და ისე გაჩერდა. უკან მომყოლმა ძლივს მოასწრო დამუხრუჭება. მანძილი მინიმუმამდე შემცირდა. რამდენიმე წამი ასე ვიდექით. არავინ გადმოდიოდა და არც ჩვენ. სუნთქვა მალევე დავიმშვიდე. თუმცა, გული ისევ ისე სწრაფად მიცემდა. ბოლოს, კარი ისევ მე გავაღე და მანქანიდან გადავედი. _ოტია, არ გინდა!_ბადრის ხმა ზურგიდან შემომესმა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. ზუსტად თეთრ ზოლზე დავდექი. ფარების შუქი პირდაპირ მცემდა და თვალებს მჭრიდა. კარის გაღების ხმა გავიგე. იქიდანაც ერთი კაცი გადმოვიდა. სილუეტი ჯერ ბუნდოვანი იყო, მერე კი, ნელ-ნელა გამოიკვეთა და ვიცანი: ის იყო, დუქნიდან. ჩაეცინა. _გითხარი, არ დამთავრდებოდა ასე მარტივად! გაბედულად მივუახლოვდი. ამჯერად თითქოს მზად ვიყავი, მაგრამ... მისი ხელი მაინც ძალიან სწრაფად წამოვიდა ჩემი მიმართულებით. კი დავინახე, მაგრამ სხეულმა ვერ მოასწრო რეაგირება და დარტყმა პირდაპირ ყბაში მომხვდა. თავი უკან გადამივარდა. წამით ყველაფერი გაშავდა. ფეხიც დამიცდა, მაგრამ არ დავცემულვარ. გავიღიმე. _კიდევ ერთხელ სცადე._ვუთხარი და მორიგი დარტყმისთვის მოვემზადე. _ეს ახვრები მაინც არ გვანებებენ თავს?_ბადრიც გადმოვიდა მანქანიდან. _მაშ რა გეგონა, ასე იოლად გაგიშვებდით?_ხმამაღლა თქვა მეორემ და ირონიულად ჩაიცინა._კაი სანახაობა კი დაგვიტოვეთ შიგნით! მე ისევ იმ პირველის წინ ვიდექი და თვალმოუშორებლად შევყურებდი. _რაო, არ დამარტყავ!_ირონიულად გაეცინა და თვითონ მომიქნია მუშტი. ამჯერად ვიმარჯვე. მკლავი დავუბლოკე, პირველი მუშტი გარეთა ირიბ კუნთში დავარტყი. ტკივილისგან რომ მოიხარა, ყვრიმალში ვუთავაზე და ძირს დავაგდე. _შენ დედას შევეცი, შე ახვარო!_სულ სხვა, ვიღაც, მგონი მესამე ტიპი აყვირდა და გვერდიდან დამარტყა. იმდენად მოულოდნელი იყო ეს დარტყმა, რომ ვერც დანახვა და მითუმეტეს აცილება ვერ მოვასწარი. ტკივილი არ მიგრძვნია. უბრალოდ, ჰაერი არ მეყო. სანამ ფეხები მომეკვეთებოდა, მისთვის მუშტის დარტყმა მაინც მოვასწარი საფეთქლის არეში და სანამ მე ჩავიკეცებოდი, ის გადავარდა უგონოდ. მერე უკვე ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი: დაცემისას თავში მომხვდა ვიღაცის მძიმე ფეხი. ხმები დამახინჯდა. თითქოს, წყლის ქვეშ ვიყავი. ვიღაც ბოლო ხმაზე ყვიროდა და უშვერი სიტყვებით იგინებოდა. ალბათ ბადრი. წამოდგომა ვცადე, მაგრამ სხეული ვერ დავძარი. ჩემ თვალწინ რაღაცები ირეოდა: გზა, ფარები, ჩრდილები... არ ვიცი რატომ, მაგრამ ვიღიმოდი. ამას ვგრძნობდი. ბოლოს, რაც ვიგრძენი, სველი და სასწაულად ცივი ასფალტი იყო. პირში ისევ ვგრძნობდი სისხლის გემოს. სულ ბოლოს კი, რაღაცამ დაიჭექა და ყურები ამიზუზუნდა. _ბადრი!... რას აკეთებ?_ამის გააზრება მოვასწარი მხოლოდ და თვალისმომჭრელმა ნათებამ დამაბრმავა. მერე კი, სრულ წყვდიადში ჩაიძირა ყველაფერი და ხმებიც მიჩუმდა. *** თვალები გაჭირვებით გავახილე. პირველი, რაც შევიგრძენი, სუნი იყო. მძაფრი, ქიმიური. თითქოს სპირტისა და რკინის ნაზავი. ყელში გამეჭედა და სუნთქვა გამიჭირდა. ვერ მივხვდი, სად ვიყავი. ჭერი თეთრი იყო. ლედ განათების ნათურები თვალისმომჭრელად ციმციმებდნენ. სინათლემ თვალი მომჭრა და ისევ დავხუჭე. _ცოცხალი ვარ?_ამ აზრმა რომ გამიელვა თავში, წამიერად გამეღიმა, მაგრამ ტკივილმა მალევე დამიმანჭა სახე. ყბა მეწვოდა. ნეკნებში რაღაც მჩხვლეტდა ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე. ფერდშიც სასწაულ წვასა და ტკივილს ვგრძნობდი. თავი საშინლად მქონდა დამძიმებული. ხელის აწევა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. ტკივილით ნამდვილად არ მტკიოდა. უბრალოდ, მაჯაზე ცივი ლითონის შეხება ვიგრძენი, რამაც დამიჭირა. ბორკილები?_რამდენიმე წამი უაზროდ ვუყურებდი, თითქოს ტვინი ვერ ამუშავებდა ამ სურათს. მერე კი, სისხლი ამიდუღდა ტვინში და ამჯერად თვალები მაქსიმალურად დავქაჩე. საწოლზე ვიყავი მიბმული. სუნთქვა შემეკრა. გონება დავძაბე და ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაგმენტები ამოტივტივდა მეხსიერებაში: გიჟური რბოლა, ფარები, ჩრდილები, დარტყმები... და ბოლოს იარაღის ხმა. თვალები ისევ დავხუჭე. _რა ჯანდაბაა?_ძლივს ამოვიხრიალე. _გაიღვიძე? ხმის მიმართულებას მივყევი და საწოლის მეორე მხარეს პოლიციელი დავინახე, კედელთან რომ იდგა მშვიდი გამომეტყველებით და ისე მიყურებდა, თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო. _ეს რა არის?_ხმა ჩახლეჩილი მქონდა, მაგრამ გაღიზიანება მაინც მეტყობოდა. პასუხი არ დაუბრუნებია. _სად ვარ?_მგონი უფრო ჩემ თავს ვკითხე, ვიდრე მას. ამ დროს კარი გაიღო და თეთრხალათიანი ქალი შემოვიდა. სწრაფი ნაბიჯებით მომიახლოვდა. თვალებზე დაძაბულობა ემჩნეოდა, მაგრამ როგორც კი ჩემთან მოვიდა, პროფესიული სიმშვიდე დაეუფლა. _ჩემი გესმით?_მკითხა და თვალებში შუქი მომანათა. როგორც შევძელი, ისე დავუქნიე თავი, მაგრამ ის უკვე ჩემს ხელებს უყურებდა და მომენტალურად შეეცვალა გამომეტყველება. _ეს რა არის? _უსაფრთხოების მიზნით._ისე უპასუხა პოლიციელმა, რომ არც კი განძრეულა. _ახლავე მოხსენით!_მკაცრი ტონით უბრძანა. _ვერ მოვხსნი. ეჭვმიტანილია. ექიმმა წარბები შეკრა. აშკარად არ მოეწონა პოლიციელის ტონი. _მე არ მაინტერესებს თქვენთვის ვინ არის. ის ჩემი პაციენტია. მძიმე ტრავმებით. ასეთ მდგომარეობაში ფიქსაცია დაუშვებელია! _ბრძანებაა ასეთი... აგრესიულია. თან, შეიძლება გაქცევა სცადოს. ტკივილის მიუხედავად თავი მაინც წამოვწიე გაოცებულმა. _ვერ ხედავთ მის მდგომარეობას?_საშინელი გაღიზიანება დაეტყო ექიმს ხმაში._სხვისი დახმარების გარეშე გადაადგილებაც კი არ შეუძლია ნორმალურად. ეს არაა უსაფრთხოება, ეს პაციენტისთვის რისკია! _ინსტრუქცია მაქვს._თითქოს თავის მართლებას მოჰყვა პოლიციელი. _მე კი პასუხისმგებლობა! თუ მისი მდგომარეობა გაუარესდება, ამას თქვენი “ინსტრუქციით” ვერ გაამართლებთ იცოდეთ! წამიერი სიჩუმე ჩამოწვა. მე ისევ ჩემს ხელს ვუყურებდი, რკინა უმოწყალოდ რომ მეჭრებოდა კანში და თითები მიბუჟდებოდა. _მოხსენით!_ამჯერად უკვე კატეგორიულად მოითხოვა ექიმმა და პოლიციელიც უხერხულად შეიშმუშნა. უარი ვეღარ თქვა, ხელი ჯიბეში ჩაიყო, გასაღები ამოიღო და ზლაზვნით მომიახლოვდა. ბორკილი მომხსნა თუ არა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სისხლი ამიფეთქდა მაჯაში და თითები უნებურად დავჭიმე. რამდენიმე წამი ღრმად ვსუნთქავდი. _როგორ ხარ?_ისე მკითხა, წეღანდელი მკაცრი ტონის კვალი საერთოდ აღარ ემჩნეოდა ექიმს. _როგორც ხედავთ._ჩახლეჩილი ხმით ძლივს ამოვიხრიალე და გაღიმება ვცადე. _მე კი ვხედავ, მაგრამ შენგანაც მინდა მოვისმინო. ტკივილი გაწუხებს? ჩავფიქრდი. სხეულში თითქმის ყველაფერი ერთნაირად მტკიოდა. _ყველგან._მოკლედ ვუპასუხე. _კარგია._თქვა უცებ და ოდნავ გაეღიმა. გაოცებულმა შევხედე. _რა არის კარგი? _ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი ხარ და ნერვული სისტემა მუშაობს._სრული სერიოზულობით მიპასუხა._მოდი, ვნახოთ._თან, ხელთათმანები ჩაიცვა. პირველად ყბა შემიმოწმა. _აბა, გაღება სცადე. ნელა დავაღე პირი. ტკივილმა მაშინვე გამიელვა და უნებლიედ ამოვიგმინე. _საკმარისია._მაშინვე შემაჩერა._გაბზარულია, მაგრამ სტაბილურია._დამამშვიდა._რბილ საკვებზე გადაგიყვანთ. ლაპარაკსაც შეამცირებ._ მერე, გვერდზე გადაინაცვლა. ზეწარი ოდნავ გადამიწია. ნეკნების მიდამოში თითებით მსუბუქად დამაწვა. ტკივილმა სუნთქვა გამიჩერა. _ჰო…_თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა._რამდენიმე მოტეხილობაა. ღრმად სუნთქვა შეგიძლია? ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. _კარგი._ძალა არ დაატანო._მერე ფერდზე გადავიდა. ჭრილობის ადგილი შეამოწმა._აქ უფრო გაგიმართლა. ცივი იარაღია, მაგრამ ორგანოები არ არის დაზიანებული... ეს რომ ნახევარი სანტიმეტრით სხვაგან ყოფილიყო… სხვა საუბარი გვექნებოდა ახლა. არაფერი მითქვამს. უბრალოდ ჭერს მივაშტერდი. _თვალებში შემომხედე._მითხრა და ფანარი მოიმარჯვა. უსიტყვოდ დავემორჩე. სინათლე თვალებში მომანათა. _თავბრუსხვევა? გულისრევა?_ისევ ინტერესით მკითხა. _ცოტა კი. _კარგი... მსუბუქი შერყევაა. დასვენება გჭირდება. სტრესი ნაკლებად. მერე, ფურცლები ააშრიალა და შიგ რაღაც ჩაინიშნა. _და კიდევ ერთი რამ._ახლა პოლიციელს მიუბრუნდა._მასზე ზედმეტი ზეწოლაა... აქ ის მხოლოდ პაციენტია და თქვენი გადამეტებული პროცედურები მკურნალობას უშლის ხელს. თუ ასე გაგრძელდა, იძულებული ვიქნები, ოფიციალურად მოვითხოვო დაკითხვების შეზღუდვა… ან გადავადება. _ვერ გადავდებთ._ცივად თქვა პოლიციელმა. არც ექიმმა დაუთმო: _მაშინ ვნახოთ. მე ჩემი საქმე მაბარია._თქვა და კარისკენ წავიდა. თვალები ისევ დავხუჭე. რამდენ ხანს ვიყავი თვალდახუჭული, არ ვიცი. არ მინდოდა ტკივილზე გამემახვილებინა ყურადღება, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მთელი სხეული მტკიოდა... მოულოდნელად კარი ისევ გაიღო. _გამოფხიზლდა? თავი ძლივს შევაბრუნე. პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მეორე მამაკაცი შევნიშნე, რომელიც ნელა მიახლოვდებოდა და თან თვალს არ მაშორებდა. _სახელი და გვარი._ხმაში არანაირი ემოცია არ ეტყობოდა. _ოტია..._ენა ძლივს დავძარი. გვარი კი აღარ მითქვამს. რამდენიმე წამი ჩუმად მიყურა. მერე ფურცელს დახედა. _გაგიმართლა ცოცხალი რომ გადარჩი._მშვიდად მითხრა._მაგრამ ცუდ მდგომარეობაში ხარ. წარბები ოდნავ შევკარი. _ერთ-ერთი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. გონებაში ისევ ის მჭექარე ხმა გმიმეორდა. _ვალდებული ვარ გითხრა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, რასაც გართულებული სხეულის დაზიანება მოყვება, ისჯება კოლონიაში ან პატიმრობაში 4-დან 10 წლამდე, მძიმე შემთხვევებში კი, 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. _საინტერესოა._მშვიდად ვთქვი და პოლიციელს ინტერესით მივაჩერდი. _მოწმეები ამბობენ, რომ შენ იყავი ის, ვინც ორი კაცი სასიკვდილოდ სცემე და მესამე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭერი. ყბა საშინლად კი მტკიოდა, მაგრამ სიცილი მაინც ვერ შევიკავე. _მოწმეები?.. რომელი მოწმეები? _საკმარისია!_სიტყვა აღარ დამამთავრებინა._ვიღაცამ დაგინახა!_სამი კაცი საავადმყოფოში წევს. ერთს ნეკნები აქვს დამტვრეული, მეორეს ცხვირი აქვს გატეხილი და ტვინის შერყევა. მესამეს კი ტყვია აქვს სხეულში! წუთიერი დუმილი ჩამოვარდა. საკუთარი სუნთქვა ჩამესმოდა ყურებში. _მოწმეები ამბობენ, რომ მარტო მოქმედებდი... გარეგნულად ოლიმპიური სიმშვიდით გავუსწორე თვალი. წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა. ან, ბადრი სად იყო და რამის თქმას მოვერიდე. _არ მახსოვს. ეჭვით შემომხედა. ერთხანს ასე მიყურა. მერე, თითქოს ირონიულად ჩაიცინა. აშკარად არ დამიჯერა. _დრო ბევრი გვაქვს, გაგახსენდება._"დამაიმედა" და კარისკენ წავიდა._თუ არა და, ჩვენ დაგეხმარებით. გავიდა და კარი გაიხურა. ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. თვალები დავხუჭე და ყველაფრის დაწვრილებით გახსენებას შევეცადე. რამდენ ხანს ვფიქრობდი, არ ვიცი. სანამ გონს დავკარგავდი, იქამდე ზუსტად მახსოვდა ყველაფერი. მერე რა მოხდა და ვინ რა საქმე შეკერა, უკვე აღარ ვიცოდი. ბადრი სად იყო?... ან, როგორ იყო?... მე რატო მბრალდებოდა მის მიერ დაჭრილი კაცის დაჭრა?... კარის ხმა ისევ გაისმა და ისევ გავახილე თვალები. ამჯერად პოლიციელი არ ყოფილა. (კი მეცნო, მაგრამ ვერ გავიხსენე საიდან). პირველივე წამს მივხვდი, რომ ეს კაცი აქ „შემთხვევით“ არ შემოვიდოდა. კარი ჩუმად მიხურა და ერთ ხანს ადგილზე გაჩერდა. თითქოს ოთახს აკვირდებოდა. მერე, ნელა მომიახლოვდა. ფორმა არ ეცვა. ჩვეულებრივი ტანსაცმლით იყო. ზედმეტად სუფთა და ზედმეტად მშვიდი. სკამი ახლოს მოაჩოჩა და დინჯად ჩამოჯდა. არ მიკითხავს ვინ იყო. პირველმა მან დაიწყო საუბარი. _ცუდ დღეში ხარ!_მის ხმაში არც ირონია იყო და არც თანაგრძნობა. თითქოს, ფაქტს მაცნობდა. ჩავიცინე. ყბის ტკივილმა მაშინვე შემახსენა თავი. წუთიერად დუმილი ჩამოვარდა. თან, თვალს არ მაშორებდა. _ბადრის მეგობარი ხარ, ხომ? არაფერი მითქვამს. მაშინ, ოდნავ წინ გადმოიხარა და თვალი თვალში გამისწორა. _ბადრის უგუნური საქციელი თავად მას რომ არ შერჩება, ეს უდავოა, მაგრამ..._პაუზა გამაღიზიანებლად გაწელა. მე კი, მღელვარებისგან ყელი გამიშრა. _რადგანაც ჰგონია, რომ თავად ხელშეუხებელია, მე მისი ყველაზე ახლობელი ადამიანებიდან დავიწყებ._ეს ისე მშვიდად თქვა, თითქოს რაღაც ყოველდღიურ ამბავს მიხსნიდა. მერე ფეხზე წამოდგა და ზემოდან დამხედა. _შენი ჯერი ჯერ არ იყო, მაგრამ რადგან ასე მოხდა და ასე აეწყო, მგონი უკეთესიცაა.. ვითომ, რაღას ველოდოთ?._ფრთხილად დაიხარა, თვალებში ჩამხედა და ნიშნისმოგებით დაამატა:_ყველაფერი, რაც იმ ღამით მოხდა, შენ დაგაბრალდება. და ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება ჩემი შურისძიებისა!_მერე, წელში გასწორდა და კარისკენ წავიდა. გარეთ ისე გავიდა, უკან აღარ მოუხედია. წამლების ზემოქმედების ქვეშ გაბრუებული და ტკივილებით გათანგული ვიყავი. სრულად ვერ ვაცნობიერებდი რეალობას. თუმცა, შურისძიების ხსენებამ გვარიანად შემაკრთო. კესანე! მას რომ რამე დამართნოდა, არავის ვაპატიებდი! *** ისევ კარის გაღების ხმამ გამაღვიძა. ამჯერად ორი კაცი შემოვიდა. ერთი უკვე ნანახი მყავდა, პოლიციელი. იგივე ცივი მზერა, იგივე მშრალი სახე. მეორე განსხვავებული იყო. უფრო ასაკოვანი და ზედმეტად მშვიდი. კარი ჩუმად მიხურეს. ახალ მოსულმა სკამი ჩემსკენ მოაჩოჩა და საწოლთან ჩამოჯდა. თითქოს არ ჩქარობდა. არც ერთი ზედმეტი მოძრაობა არ გაუკეთებია. _ოტია..._დინჯად წარმოთქვა ჩემი სახელი, თითქოს ამოწმებდა, როგორ ჟღერდა._მე გამომძიებელი დავით ბარბაქაძე ვარ. არ მიპასუხია. უბრალოდ ვუყურებდი. მეორე პოლიციელი კართან დარჩა. ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და აშკარად „სპექტაკლის“ დაწყებას ელოდა. _რთულ მდგომარეობაში ხარ._მშვიდად განაგრძო გამომძიებელმა._მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი... მთავარი ის არის, რომ სამი კაცი სიცოცხლეს ებრძვის..._ ოდნავ გადმოიხარა ჩემსკენ და მზერა გამისწორა._ყველა ჩვენება კი შენზე მოდის. _არაფერი მახსოვს._პირვანდელ ჩვენებას "მივაწექი". მის სახეზე საერთოდ არაფერი შეცვლილა. თითქოს ელოდა კიდეც ასეთ პასუხს. _საინტერესოა..._ხმადაბლა ჩაილაპარაკა._მეხსიერება ხშირად ძალიან არჩევითია._ჯიბიდან ფოტო ამოიღო და თვალწინ ამიფრიალა. ბუნდოვნად ვხედავდი, მაგრამ მაინც დავინახე სისხლში ამოსვრილი კაცი საკაცეზე. გულის რიტმი საგრძნობლად შემეცვალა. _იცნობ?_მშვიდად მკითხა. _არ მახსოვს._ვთქვი და მზერა მოვარიდე... _რა მოსახერხებელია, არა?_მეორე პილიციელმა ირონიულად ჩაიცინა._ჯერ სცემ, ესვრი და მერე ამბობ „არ მახსოვსო“... სიტყვა არ მითქვამს, მაგრამ ისეთი სახით გავხედე, ყველაფერი ერთნაირად მეწერა. გამომძიებელმა გაჩუმების ნიშნად ხელი ასწია და ისევ მე მომიბრუნდა. _მოდი, სხვანაირად ვცადოთ..._ხმა კიდევ უფრო დაუმშვიდდა._იმ ღამეს მარტო იყავი? ბადრის სახემ წამიერად გამიელვა გონებაში. იარაღის ხმა... ყვირილი... სუნთქვა დამიმძიმდა. _არ მახსოვს. ამჯერად უფრო დიდხანს მიყურებდა, ვიდრე მანამდე. _იცი რა არის შენი პრობლემა, შვილო?_ჩუმად მითხრა._შენი დუმილი სხვებს კი არ იცავს... შენ გახრჩობს. _მე არავის ვიცავ. უბრალოდ, არაფერი მახსოვს. _დრო ჯერ კიდევ გაქვს, რომ ყველაფერი "გაიხსენო", სანამ ოფიციალურ ჩვენებას ჩამოგართმევდეთ, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე, როცა საბოლოოდ „გაგახსენდება“ ყველაფერი, ძალიან გვიანი არ იყოს, იცოდე. პასუხი არ გამიცია. წარმოდგენა არ მქონდა სინამდვილეში რა ხდებოდა და რა ჩვენება უნდა მიმეცა. გამომძიებელმა ერთ ხანს უსიტყვოდ მიყურა. მერე, ალბათ მიხვდა, რომ სიტყვას ვერ დამაცდევინებდა. მაინც მშვიდი გამომეტყველებით წამოდგა, ზრდილობიანად დამემშვიდობა და ჩემი პალატიდან გავიდა. შემთხვევით თუ შეგნებულად, კარი ნახევრად ღია დატოვა და დერეფნიდან ხმები გარკვევით გავიგონე. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ... მერე, მისი ხმა შემომესმა. ყურებს არ დავუჯერე. თუმცა, გასაოცარი იყო, რომ ამდენი წლის მერეც კი თავისუფლად შემეძლო მისი ხმის ამოცნობა. თვალები თავისთავად გამიფართოვდა, ოღონდ ვერ გავიგე, გაოცებისგან თუ აღშფოთებისგან. _ჩემი თანდასწრების გარეშე ჩემი კლიენტის დაკითხვა აღარ განმეორდება!_ ისეთი მკაცრი და შეუვალი ტონი ჰქონდა, დამბურძგლა. _ქალბატონო, ეს უბრალო პროცედურაა._გამომძიებელმა თავი იმართლა. _პროცედურა?.. თქვენ უკვე დაარღვიეთ წესები... ჩანაწერიც არსებობს და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში წარვადგენ! გამოდის, მე მისი კლიენტი ვიყავი?_გულისცემა უცნაურად ამიჩქარდა. არ მინდოდა მომესმინა, მაგრამ ცარიელი დერეფნიდან მათი თითოეული სიტყვა გარკვევით აღწევდა ჩემამდე. _ქალბატონო, ეჭვმიტანილია... _ეჭვმიტანილი არ ნიშნავს დამნაშავეს!_მისი ხმა უფრო საშიში გახდა თითქოს._და სანამ ბრალს წაუყენებთ, თითოეულ თქვენს ნაბიჯს გავაკონტროლებ! წამიერი სიჩუმე ჩამოწვა. არ ვიცი რატომ… მაგრამ იმ წამს წარმოვიდგინე, თუ როგორ იდგა იქ სწორი ზურგით ამაყი და მედიდური. ისე, თითქოს საერთოდ არ ეშინოდა არაფრის, როგორც მაშინ, როცა პატარა ვიყავი... გულმუცელში რაღაც ჩამეწვა. მოულოდნელად ნაბიჯების ხმა გაისმა. კიდევ კარგი მოვასწარი და თვალები დავხუჭე. კარი ბოლომდე გაიღო. ვიგრძენი, როგორ შემოვიდა... როგორ გაჩერდა. რამდენიმე წამი არაფერი გაუკეთებია. მერე, ძალიან ფრთხილად მომიახლოვდა. ვგრძნობდი მის მზერას. ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში, როცა ვატყუებდი, რომ მეძინა… და ის მაინც მიყურებდა. სუნთქვას ძლივს ვაკონტროლებდი. არ მინდოდა მიმხვდარიყო, რომ მეღვიძა. _ვიცი, ჩემთან საუბარიც კი არ გინდა, მაგრამ აღარ დაგთმობ. ვიცი, წარსულში შეცდომა დავუშვი, მაგრამ ახლა ნამდვილად არ შევჩერდები და შენს სიმართლეს დავამტკიცებ... შვილო._"შვილო" ტკივილნარევი ჩურჩულით დაამატა. ცოტაც და თავს გავყიდდი ალბათ. ჩემს ბედზე ტელეფონმა დაურეკა და იძულებული გახდა გარეთ გასულიყო. კარი გაიხურა თუ არა, იმის მაგივრად რომ შვება მეგრძნო, უფრო ავფორიაქდი... თვალები გავახილე და ჭერს ავხედე. რატომ?_მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებდა თავში._რატომ ახლა? და რატომ ასე? და რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებდა, ის იყო, რომ იმ სავარაუდო სცენის გახსენებას ვერ ვწყვეტდი დერეფანში: მის ხმას, მის ტონს. იმას, თუ როგორ იდგა ჩემს გამო. ტკივილის მიუხედავად კბილები მაინც გავაღრჭიალე. _არ მჭირდება მისი დაცვა! *** კარის ხმა არ გამიგია. თუმცა, მაინც მივხვდი, რომ "ის" შემოვიდა. არც კი შემიხედია. ფანჯარას მივაშტერდი, თითქოს იქ რამე საინტერესო ხდებოდა. სინამდვილეში კი ვერაფერს ვხედავდი. უბრალოდ, რაღაც მჭირდებოდა, რაზეც თვალს დავაფიქსირებდი, რომ მისთვის არ შემეხედა. მისი სუნთქვაც კი ვიცანი. რამდენი წელი გავიდა… და მაინც. ნაბიჯების ხმა მომიახლოვდა. ზუსტად ისეთი, როგორიც მახსოვდა: მშვიდი, გათვლილი და გაწონასწორებული. თითქოს, არასდროს ჩქარობდა და ყოველთვის იცოდა სად და რისთვის მიდიოდა. გულში რაღაც ჩამწყდა. თუმცა, არაფერი შევიმჩნიე. _გამომძიებელს უკვე ველაპარაკე._ხმა სასწაულად მშვიდი და თავდაჯერებული ჰქონდა. _არ მჭირდები!_ისე ცივად მივახალე, ვიდრე რეალურად ვიყავი. წესით, საუბრის გაგრძელების სურვილი არ უნდა დარჩენოდა, მაგრამ... _დაგჭირდები._ამაში ძალიან დარწმუნებულმა თქვა და ამან უფრო გამაღიზიანა. _დიდი ხანია ჩემი ცხოვრებიდან წახვდი!_ხმა ვერ გავაკონტროლე და გაბზარული ყბით როგორც შევძელი, ისე ვუყვირე._თანაც, შენივე სურვილით ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და ძალდატანების გარეშე! შენ ჩემს ცხოვრებაში აღარ ხარ!_ეს სიტყვები იმდენჯერ მქონდა გუნებაში ნათქვამი, რომ ახლა ავტომატურად ამოვხეთქე. მეგონა, ხმამაღლა თუ ვეტყოდი ამას, გულზე მომეშვებოდა, მაგრამ მწარედ ვცდებოდი თურმე. უფრო დამიმძიმდა შინაგანი სამყარო. _როგორც დედა, შეიძლება მართლა აღარ გჭირდები, მაგრამ..._აქ პატარა პაუზა გააკეთა._როგორც ადვოკატი, კი. ამიტომ ვრჩები!_საკმაოდ თავდაჯერებულად გამომიცხადა. მწარედ გამეცინა. _რა ირონიაა… ახლა გაგახსენდი? უფრო ახლოს მოვიდა. ერთი ნაბიჯიც და ალბათ შემეხებოდა, მაგრამ... _მე არასდროს დამვიწყებიხარ... ამაზე უკვე სერიოზულად ავფეთქდი და ამ ხნის მანძილზე პირველად შევხედე. ისევ ისეთი იყო, როგორიც მახსოვდა. თითქოს წლებს ოდნავადაც არ შეეცვალა. დავიბენი. თუმცა, მხოლოდ წამიერად და ისევ ვიფეთქე: _მაშინ, სად იყავი?!_ ყბის ტკივილის მიუხედავად, მგონი ბოლო ხმაზე ვუყვირე მაინც._როცა მჭირდებოდი, სად იყავი?! არ ვიცი, რა პასუხს ველოდი მისგან, მაგრამ რაც მითხრა, მგონი ყველაზე უარესი იყო. _იქ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი… მაგრამ... ახლა აქ ვარ. _ახლა!!! ახლა!!! ახლა!!! როცა უკვე გვიანია?!?_თავი ისევ ფანჯრისკენ შევატრიალე. აღარ მინდოდა მისი დანახვა. ასე მეგონა, თუ კიდევ შევხედავდი, ჩემში რაღაც დაიმსხვრეოდა. _წადი! _საქმე უკვე ავიღე._მშვიდად და თავდაჯერებულად მითხრა._მოგწონს ეს თუ არა, მე შენი ადვოკატი ვარ! სიბრაზისგან ზეწარს ჩავებღაუჭე. ვგრძნობდი, როგორ მეძაბებოდა მთელი სხეული. მინდოდა მეთქვა, რომ არ ქონდა უფლება... რომ ვერაფერს შეცვლიდა ამით ჩვენს ურთიერთობაში... რომ მართლა აღარ მჭირდებოდა, მაგრამ ამის მაგივრად სულ სხვა რაღაც წარმოვთქვი: _მე შენ არ გენდობი! ვიფიქრე, რომ ამით მაინც ვატკენდი გულს... რომ ამ ერთხელ მაინც იგრძნობდა იმას, რასაც მე ვგრძნობდი წლების განმავლობაში, მაგრამ შევცდი.... არც კი დაფიქრებულა, ისე მითხრა: _შენთვის ჩემი ნდობა საჭირო არ არის. ისიც საკმარისია, რომ მე ვენდობი შენს უდანაშაულობას. მწარედ ჩამეცინა. _და რატომ ხარ ასე დარწმუნებული ჩემს უდანაშაულობაში? _ძალიან კარგად გიცნობ, და იმიტომ. ამ სიტყვებზე პირველად შევკრთი. გული ისე ამიჩქარდა, სხეული აშკარად მღალატობდა. საშინლად მომინდა დამენახა, მინდოდა გამეგო, მართლა სჯეროდა თუ, უბრალოდ მეთამაშებოდა. ხელი ოდნავ შესამჩნევლად ამიკანკალდა, მაგრამ თავს ვსძლიე და მაინც არ შევხედე. _თუ მართლა ასე კარგად მიცნობ, მაშინ გეცოდინება როგორ მძულხარ._ისეთი დაბალი ხმით ვუთხარი, რომ მე თვითონაც ძლივს გავიგონე. მაგრამ მან მაინც გაიგო და დარწმუნებული ვარ, გულიც ძალიან ეტკინა... მე ისევ ფანჯარას ვუყურებდი, მაგრამ იქ უკვე ყველაფერი ნანახი მქონდა: ხმაურიანი ქალაქი, ტრანსპორტი, მოძრაობა, ადამიანები… ცხოვრება, რომელიც ჩემგან დამოუკიდებლად მიედინებოდა. ვგრძნობდი, რომ მიყურებდა. შეიძლება, სინანულითაც კი, მაგრამ უკვე ყველაფერი გვიანი იყო. ცოტა ხანს კიდევ დარჩა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ხმას აღარ გავცემდი და წავიდა. მისი ნაბიჯების ხმა აღარ ისმოდა, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ ახლოს იყო. თუმცა, არა ფიზიკურად, არამედ შიგნით... სუნთქვა გამიჭირდა. „მძულხარ...“ ეს სიტყვა ისე ჩამესმოდა ყურში, თითქოს ვიღაც სხვა მეუბნებოდა... მე კი, ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მართლა მე ვთქვი. _ეშმაკსაც წაუღია!…_ტკივილის მიუხედავად ყბებს ძლიერად მოვუჭირე და თვალები დავხუჭე. ტკივილი მაშინვე გამიმძაფრდა ყბაში, ნეკნებში, მთელ სხეულში… მაგრამ ეს ფიზიკური ტკივილი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც შიგნით მჭამდა. „მე არასდროს დამვიწყებიხარ…“_ეს სიტყვა… ყველაზე მეტად ამ სიტყვამ მატკინა. უფლება არ ჰქონდა, რომ ეთქვა! თუ მართლა არ დავვიწყებივარ, მაშინ სად იყო? რატომ არ იყო მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა?.. სუნთქვა შემეკრა. უცბად ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ისევ ის პატარა ბიჭი ვიყავი კართან მდგომი, რომელიც ელოდებოდა… ელოდებოდა… ის კი მაინც არ მოდიოდა. _არა!!! საკმარისია!!! ეს აღარ უნდა განმეორდეს!!! არავის აღარ დაველოდები, მითუმეტეს მას! მაგრამ… „მე ვენდობი შენს უდანაშაულობას.“_ამ სიტყვებზე გული უცნაურად მეკუმშებოდა. სხვა ყველასთვის ეჭვმიტანილი ვიყავი და შეიძლება დამნაშავეც, მაგრამ მისთვის არა. რატომ? რა ნახა ჩემში ისეთი, რასაც სხვები ვერ ხედავენ?... თვალები დამიმძიმდა, მაგრამ დაძინებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა: სიბრაზე, წყენა, უნდობლობა… და რაღაც კიდევ სხვა, რისთვისაც არ მინდოდა რომ სახელი დამერქმია. გული უცნაურად მტკიოდა. არა ისე, როგორც ადრე მკვეთრად და მძიმედ… უფრო ჩუმად. ღრმად. ისე, რომ ვერ გავექცეოდი. და რაც ყველაზე მეტად მაფრთხობდა, ამ ტკივილში მგონი სითბოც ერია. დღის ბოლოს ისევ მეწვია. არ დაუკაკუნებია. მეღვიძა, მაგრამ თვალები არ გამიხელია. ვიგრძენი, როგორ გაჩერდა რამდენიმე წამი კართან. ალბათ, იქიდანვე შემამოწმა: მეძინა თუ არა. მერე, ნელა წამოვიდა ჩემკენ. _გამომძიებელს ველაპარაკე._ისეთი მშვიდი იყო, თითქოს გულსაკლავი სიტყვები არ მეთქვას და საერთოდ არაფერი მომხდარიყოს ჩვენს შორის._ოფიციალურ დაკითხვამდე დრო გვაქვს. თვალები არ გამიხელია. _თუ ახლა ითანამშრომლებ და "გაიხსენებ" იმ ღამით მომხდარ უმნიშვნელო დეტალსაც კი, ბევრ რამეს შევცვლით. კბილები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს. _მე უკვე გითხარი… არ მჭირდები. პატარა პაუზა გააკეთა მხოლოდ. _ეს შენს საჭიროებაზე, გჭირდები თუ არ გჭირდები, არ არის. ეს შენი მდგომარეობაა და გონივრული დაფიქრება გმართებს. ამჯერად თვალები გავახილე და პირდაპირ შევხედე. _მაშინ კარგად დაიმახსოვრე: არ ვაპირებ შენთან თანამშრომლობას! არ გაბრაზებულა. ოდნავი შეკრთომა ან გაოცებაც კი არ შემიმჩნევია მისთვის. როგორც ყოველთვის, თითქოს მზად იყო ამ პასუხისთვის. უბრალოდ, ცოტა დიდ ხანს მიყურა უხმოდ, ვიდრე მანამდე მიყურებდა. _კარგი._ბოლოს ისეთი ტონით მითხრა, რამაც უცნაურად დამძაბა, ვიდრე ყვირილი დამძაბავდა._არ გინდა ჩემთან თანამშრომლობა? არ ითანამშრომლო, მაგრამ დაიმახსოვრე: გამომძიებელთან აუცილებლად ითანამშრომლებ! თვალები ისევ დავხუჭე. აღარაფერი არ მაინტერესებდა, საკუთარი თავიც კი. გავჩუმდი და აღარაფერი მითქვია. ვაგრძნობინე, რომ საუბარი დასრულებული გვქონდა და აღარაფერს აღარ ვეტყოდი. *** დილაუთენია ვიღაც დამადგა თავზე. კარი ისე ჩუმად გააღო და შემდეგ დაკეტა რომ, თითქოს აქაურ სიჩუმეს უფრთხილდებოდა. თვალები უწადინოდ გავახილე და ცოტა უინტერესოდ შევხედე. _მოგენატრე?_ირონიით გაჟღენთილი მისი ხმა რატომღაც არ მომეწონა და შევუბღვირე. _სულაც არა. ჩაეღიმა და ზუსტად მაშინ გამახსენდა, თუ საიდან მეცნობოდა... წყეული შავი ჯიპიდან. _ცუდია._სკამი ჩემს საწოლთან მოაჩოჩა და ზედ ჩამოჯდა._მე კი მინდოდა, რომ მოგენატრებოდი. _პირდაპირ საქმეზე გადადი._ხმაში გაღიზიანება დამეტყო._რა გინდა? _ზუსტად საქმეზე ვარ მოსული. _მშვენიერია._"მოვუწონე"._მაშინ მეც გკითხავ რაღაცას: ბადრი სად არის და როგორ არის?_ჯიქურ შევხედე და მზერით გავბურღე._შეიძლება გამომძიებელს ვეუბნები, რომ არაფერი მახსოვს, მაგრამ მშვენივრად მახსოვს ყველაფერი რაც იმ ღამით მოხდა. ისიც მახსოვს და იმის იქითაც!.. თაიამ შენი მითითებით ჩააგდო ტბაში ის იარაღი, რითიც მათე მოკალი? _ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ ოტია..._გაეღიმა, ოღონდ ნერვიულად. _მათემ გიღალატა? თუ, რისთვის მოიშორე? ჯიქურ შემომხედა და ისე გამისწორა მზერა, მივხვდი, შევაფუცხუნე. ერთ ხანს ასე მიყურა. მერე, რაღაცის სათქმელად დააღო პირი, მაგრამ მოულოდნელად კარი გაიღო და ორივემ ინსტიქტურად გავხედეთ. კარის ზღურბლთან "ქალბატონი" ადვოკატი იდგა. ჯერ მე შემომხედა. მერე მამაკაცს და ეჭვნარევი მზერით გამომცდელად აათვალიერ-ჩაათვალიერა. _მაპატიეთ…_მის ხმაში თავაზიანობა იგრძნობოდა, მაგრამ ზედმეტად ცივი._არ ვიცოდი, პაციენტს თუ „სტუმარი“ ჰყავდა. არც უცნობ მამაკაცს მოუშორებია მისთვის მზერა და თან ნელ-ნელა წამოდგა. _სტუმარი? საინტერესო განსაზღვრებაა... და, თქვენ ვინ ბრძანდებით? _მე მისი ადვოკატი ვარ და ყველას არ აქვს უფლება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულოს. ვინ ბრძანდებით? პირველად ვხედავდი ორივეს ერთად და ისეთი უცნაური შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს სრულიად განსხვავებული ორი სამყარო უპირისპირდებოდა ერთმანეთს. _თქვენი შვილი რთულ სიტუაციაშია._მამაკაცმა მშვიდად გააგრძელა და გვაგრძნობინა, რომ ჩვენს შესახებ ყველაფერი დაწვრილებით იცოდა._ამიტომ, ზოგჯერ არაოფიციალური ვიზიტები და საუბრები უფრო სასარგებლოა, ვიდრე თქვენი ოფიციალური მეთოდები. _ჩემი მეთოდები კანონიერია!_ხმა საგრძნობლად გაუმკაცრდა._თქვენი კი, აშკარად არა. მამაკაცს გაეღიმა. _კანონი…_ჩაილაპარაკა ბოლოს._საინტერესოა, რამდენად შორს წაგიყვანთ ეს თქვენი კანონი? _ისე საკმარისად შორს, რომ თქვენნაირები გზიდან ჩამოვიშორო!_საკმაოდ მკაცრად და დამაჯერებლად მოუჭრა. მამაკაცმა ერთ ხანს მზერით გაბურღა. მერე მე გადმომხედა ცივი, არაფრისმთქმელი თვალებით. _გილოცავ, ოტია, ძლიერი ადვოკატი აგიყვანია._მერე თავის დაკვრით დაგვემშვიდობა, მომავალ შეხვედრამდეო და პალატიდან აშკარად იძულებით გავიდა. ვგრძნობდი, რომ მიყურებდა. მე კი, შეგნებულად ვარიდებდი თვალს. _ვინ იყო?_მკაცრად მკითხა, როცა დერეფანში მისი ნაბიჯების ხმა შეწყდა. _არ ვიცი._მართალია, მისი სახელი არ ვიცოდი, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მქონდა წარმოდგენა მის პიროვნებაზე, მაგრამ მაინც უნამუსოდ ვიცრუე. მივხვდი, არ დამიჯერა. ჩემს გვერდით სკამზე ჩამოჯდა და თითქოს პირველად მის ხმაში რაღაც ემოციამ გაიჟღერა. _ეს უკვე ჩვეულებრივი საქმე აღარ არის, ოტია. _შეიძლება, მაგრამ მე მაინც არ ვაპირებ შენთან თანამშრომლობას!_ისევ საშინელი ღვარძლით გამოვუცხადე. მხოლოდ წამიერად გაჩუმდა. მგონი გეგმას ადგენდა, რომელიც უფრო სახარბიელო იქნებოდა. ოღონდ, ვისთვის, ამას ვერ მივხვდი. _კარგი, მაშინ და მე თამაშის წესებს შევცვლი._ფეხზე სწრაფად წამოდგა და როგორც მივხვდი, დერეფანში გასულ უცნობ მამაკაცს დაედევნა. *** საავადმყოფოში ხუთი დღე გამაჩერეს. ჩემს ცხოვრებაში მგონი ყველაზე მტანჯველი, აუტანელი და გაურკვეველი დღეები იყო. დრო იქ სხვანაირად გადიოდა, უბრალოდ ნელა კი არა, საშინლად იწელებოდა. თითქოს, ყოველი წამი მხოლოდ იმას მეკითხებოდა: კიდევ რამდენ ხანს შემეძლო გაძლება და ყველაფრის ატანა... ნორმალურად ვერ ვიძინებდი. ტკივილი მტანჯავდა ფიზიკურიც და სულიერიც. იმ წამს ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ პალატის კარს მოლოდინით შევყურებდი ყოველთვის. შეიძლება, მხოლოდ იმას ვნატრობდი, რომ ერთხელ მაინც აღარ გაღებულიყო და არავინ შემოსულიყო. გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავი. სრული ინფორმაცია არ მქონდა იმ ღამის ამბებთან დაკავშირებით. ვისთანაც რამის გარკვევა შემეძლო, მას მე არ ვესაუბრებოდი და ჩვენს წინ უზარმაზარ ბარიკადებს ვღმართავდი. ვერა და ვერ ვპატიობდი იმას, რომ პატარა ბავშვი ვიღაც კაცის გამო მიმატოვა. თუმცა, ალბათ მადლიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ ყველაფრის მიუხედავად ხელი მაინც არ ჩაუქნევია ჩემზე და ბოლომდე თავგამოდებით იბრძოდა. მისი წყალობით სრულ რეაბილიტაციამდე სახლში გამომიშვეს. მე მისთვის უბრალოდ ეჭვმიტანილი ვიყავი და არა დამნაშავე. და რომ ჩემი ადვოკატი ჩემი უარყოფის მიუხედავად მაინც მტკიცედ იცავდა ჩემს უფლებებს. შუა დღე გადასული იყო, პალატის კარი ფართოდ რომ გაიღო. ნახევრად წამოწეული ვიყავი, ბალიშებზე დაყრდნობილი. სუნთქვა ისევ მიჭირდა, გატეხილი ნეკნები ყოველ მოძრაობაზე მახსენებდნენ თავს. პირველი ექიმი შემოვიდა. უკან კი "ქალბატონი ადვოკატი" მოჰყვებოდა. ექიმმა შემოსვლისთანავე დახედა ფურცლებს და ისე მითხრა, თავი არ აუწევია. _სტაციონარული მკურნალობა საჭირო აღარ არის, მაგრამ თუ ჩემს მითითებებს არ დაიცავ, შესაძლოა ისევ აქ დაბრუნდე და მერე უკვე სხვა მდგომარეობით. არ მიპასუხია. ქალბატონმა დედაჩემმა ფურცლები გამოართვა და თვალი სწრაფად გადაავლო. მივხვდი, როგორც ყოველთვის სიტყვებს არჩევდა და ბოლოს როგორც იქნა, თქვა. _სახლში კონტროლი გჭირდება. მარტო ვერ იქნები. თვალები მოვჭუტე. _მერე, შენ აპირებ დარჩენას?_იმაზე მკაცრად ვკითხე, ვიდრე მინდოდა. არ დაბნეულა. _თუ საჭირო იქნება, კი. არ მინდოდა ექიმს ჩვენი დაძაბული ურთიერთობის შესახებ რამე გაეგო და ამიტომ გაჩუმება ვამჯობინე. თუმცა, მიმიკებს ვერაფერი მოვუხერხე და მწარედ გამეცინა. ახალგაზრდა პრაქტიკანტმა გოგონამ ბორბლებიანი სავარძელი შემოაგორა, ჩემი საწოლის სიახლოვეს დააყენა და ადგომაში მომეხმარა. წამოჯდომა იმდენად არა, მაგრამ საწოლიდან გადმოსვლა გამიჭირდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხეული ჩემი კი არა, სხვისი იყო: მძიმე და დაუმორჩილებელი. ფეხზე რომ დავდექი, ტკივილისგან თვალთ დამიბნელდა. თუმცა, შევეცადე არ შემემჩნია. ერთ მკლავში გოგონამ ჩამავლო ხელი, მეორე მხარეს ექიმი დამიდგა და გაჭირვებით ჩამსვეს. უცნაურად გრძელი მომეჩვენა დერეფანი. ყველაზე უხერხული მომენტი კი მაინც ის იყო, რომ თითქმის ყველა მე მიყურებდა: ექიმები, ექთნები, სანიტრები, პაციენტები და რამდენიმე პოლიციელიც კი. შენობიდან გამოსულს ჰაერი სხვანაირად დამეტაკა. უფრო გრილი და უფრო სუფთა იყო. წამით გავჩერდით. მანქანა პირდაპირ შესასვლელთან იდგა. მძღოლმა კარი გააღო და გაჭირვებით ჩავჯექი. მანქანა რომ დაიძრა, მე ქალაქს ვუყურებდი ფანჯრიდან. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. ადამიანები დადიოდნენ. მანქანები მოძრაობდნენ. ვიღაც იცინოდა კიდეც. ამ ხნის მანძილზე არაფერი შეცვლილა. მხოლოდ მე ვიყავი სხვა... _ოტია._ქალბატონი ადვოკატის მშვიდმა ხმამ მანქანაში დამაბრუნა. არ შევხედე. _სახლთან პოლიცია იქნება შენივე უსაფრთხოებისთვის. მწარედ ჩამეცინა. გამოდის, საკუთარ სახლშიც პატიმარი ვიყავი. გარეთ უკვე იდგა ორი კაცი. ფორმა არ ეცვათ, მაგრამ მიხვრა-მოხვრაზე, მანერებზე და გამომეტყველებაზე აშკარად ემჩნეოდათ ვინც იყვნენ. ფრთხილად გადმოვედი მანქანიდან. ტკივილმა ისევ შემახსენა თავი, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. ბებია ჭიშკართან იდგა. დამინახა თუ არა, გამიღიმა და თვალები ცრემლებით აევსო. წამიერად გავშეშდი. ამ ხნის მანძილზე მგონი პირველად გავიაზრე, რომ მას ყველაზე მეტად შეეშინდა ჩემი დაკარგვის. _ოტია..._ისე დაიჩურჩულა, თითქოს დარწმუნებული არ იყო, მართლა მე ვიდექი თუ არა მის წინ და ნელა გამოემართა ჩემსკენ. შევეცადე ჩვეული ნაბიჯები გადამედგა მისი მიმართულებით, მაგრამ საშინელმა ტკივილმა დამიარა მთელ სხეულში. მაინც არ შევჩერდი. პირიქით, ჯიბრით გავაგრძელე გზა. არ მინდოდა დაენახა, თუ როგორ მიჭირდა. მომიახლოვდა და მოულოდნელად ძლიერად ჩამეხუტა. სხეული მაშინვე დამეჭიმა. ფერდში რაღაც სასწაულმა ტკივილმა გამკრა, ნეკნები თითქოს სათითაოდ დამემტვრა, მაგრამ… არ გავწეულვარ. გაჭირვებით ავწიე ხელები… და მეც მოვხვიე როგორც შევძელი. ბებიას სუნთქვა აუჩქარდა და ჩემი დანამული მკერდით მივხვდი, რომ ტიროდა. _ჩემო ბიჭო… თვალები თავისით დამეხუჭა. აღარც კი მახსოვდა როდის ჩამეხუტა ასე. ან მე როდის მივეცი ამის უფლება. მისი ხელები მჭიდროდ მეხვეოდა და აღარ მიშვებდა. მეც თავი დავხარე და ლოყით მის ჭაღარა თმას ჩავეხუტე. გაბზარული ნეკნები და ფერდში ჭრილობა ყოველ მოძრაობაზე სუნთქვას მიზღუდავდა, მაგრამ მაინც, სულ სხვა იყო ბებიას ჩახუტება და მისი უანგარო სიყვარული. მასთან მე ჩემი პატარა სამყარო მქონდა... _ოტია, ბიჭო... როგორ მანერვიულე შვილო..._თან თავისთვის ჩურჩულებდა და თან უფრო და უფრო მჭიდროდ მეხუტებოდა. ხელი ფრთხილად ავუსვი ზურგზე, თითქოს მის დამშვიდებას ვცდილობდი. სინამდვილეში კი, თავს ვიკავებდი. არ მინდოდა შეემჩნია, რომ ტკივილები მტანჯავდა. _სანერვიულო აღარაფერი გაქვს, კარგად ვარ უკვე..._მეც დაბალი ხმით ვეჩურჩულებოდი. _შიგნით შევიდეთ._ქალბატონი ადვოკატის ხმამ ოფიციალური ტონით გვიბრძანა._გარეთ დიდხანს დგომა არ შეიძლება. მწარედ ჩამეცინა. _ანუ, ბრძანებაა? _ექიმის რეკომენდაცია._როგორც ყოველთვის, არც ახლა შეიმჩნია ჩემი ირონია. ბებია აშკარად მიხვდა, რომ მიუხედავად ჩემზე ზრუნვისა და ყურადღებისა, ჩვენი დედა-შვილობა ისევ იმ ეტაპზე იყო, სადაც რამდენიმე წლის წინ გაიჭრდა. შეიძლება ქალბატონ ადვოკატს ძალიანაც უნდოდა ჩემთან დაახლოება, მაგრამ მე არ ვაძლევდი ამის საშუალებას. _მოდით, სახლში შევიდეთ._ჩუმად თქვა და ხელკავი გამომდო. თუმცა, მე კი არა, თვითონ უფრო ეძებდა საყრდენს. წინააღმდეგობა არ გამიწევია და ნელა შევედით ეზოში, სადაც ყველაფერი უცვლელი იყო. სახლში შესვლისას კი, ისევ ის სურნელი დამხვდა, ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე რომ ვიცნობდი. სავარძელში მინდოდა ჩაჯდომა, მაგრამ ისე გამიკავდა სხეული, რომ ერთ ადგილზე გავშეშდი. თან, არ მინდოდა ბებიას ჩემი სახის გამომეტყველება დაენახა და ყველაფერზე თანახმა ვიყავი: ისევ ჩემს ოთახში ავბარბაცდი და საწოლში რის ვაი-ვაგლახით ჩავწექი. _წამლები დროულად უნდა მიიღო._"ქალბატონმა ადვოკატმა" ისევ ამოიდგა ენა. (რა ვქნა, ამ ქალს დედას ვერ ვეძახდი). _ექიმის მითითებებსაც ზუსტად უნდა მიჰყვე... _და თუ არ მივყვები?_აგდებით ვკითხე. _შედეგებს უკვე შენ მოიმკი._არც მან დამაკლო ირონია. _ნუ სწუხარ, ბებია შენზე უკეთ მივლის... ბებია კი ჩუმად გვიყურებდა ორივეს და თვალებში ისეთი ტკივილი ედგა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. _შეგიძლია წახვიდე, აქ არაფერი დაგრჩენია... _ოტია!... მე მასე არ გამიზრდიხარ!_როგორც იქნა ხმა ამოიღო და წყრომით გადმომხედა ბებიამ. _არაუშავს, უკვე მივდიოდი._ჩემს საწოლზე დადებულ ჩანთას დაავლო ხელი ქალბატონმა და მგონი პირველად გატყდა ცხოვრებაში. შევატყე, როგორი არეული ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. მაღალი ქუსლების კაკუნით გაიარა დერეფანი და კიბეზეც კაკუნით ჩავიდა. მისი ფეხის ხმა რომ მიჩუმდა, შვებით მინდოდა ამომესუნთქა, მაგრამ ტკივილმა არ მომცა ამის უფლება. ფიზიკური ტკივილი ყოველ ჩემს მოძრაობას მკაცრად მიზღუდავდა და ახლა ამას სულიერი ტკივილიც დაემატა. _რას შეჭამ?_ჩემზე კი იყო გამწყრალი ბებია ჩემი დისციპლინის გამო, მაგრამ მაინც მზრუნველად მკითხა. _ჯერ არაფერი მინდა დასვენების გარდა._თვალები დავხუჭე და მართლა შევეცადე დაძინებას... საღამო ნელა ჩამოწვა. სახლში უცნაური სიმშვიდე იდგა. ბებია სამზარეულოში ფუსფუსებდა და ჩემთვის ვახშამს ამზადებდა. მე მარტო ვიყავი ჩემს ოთახში საწოლზე ნახევრად მიწოლილი. სუნთქვა ისევ მიჭირდა. ტკივილი თითქოს ჩუმად ჩამჯდარიყო სხეულში და იმას ელოდებოდა, როდის გავაკეთებდი ზედმეტ მოძრაობას. კარზე მსუბუქად მომიკაკუნეს. არავის ველოდი. არც არავის ხილვის თავი არ მქონდა და წავუყრუე. კაკუნი ისევ განმეორდა. _შემოდი..._უწადინოდ შემოვიპატიჟე სტუმარი. კარი გაიღო თუ არა, სუნთქვა შემეკრა. კართან კესანე იდგა. რამდენიმე წამი უბრალოდ მიყურებდა. თვალებზე ყველაფერი ერთნაირად ეწერა: შიში, ტკივილი… და ჩემი ნახვით გამოწვეული სიხარული. _კესა…_ჩუმად ამოვიჩურჩულე. თითქოს, ზუსტად ამ ერთ სიტყვას ელოდაო, ნაბიჯი ნელა გადმოდგა და ფრთხილად მომიახლოვდა. მივხვდი, ნამტირალევი იყო. თვალები ჩასწითლებოდა და ქვედა ტუჩს ნერვიულად იკვნეტდა. ხელი კი გამოიწვდინა ჩემსკენ, მაგრამ ჰაერში გაუშეშდა. ვერ შემეხო რატომღაც. ერთ ხანს ასე მიყურა. მერე კი, მხოლოდ სახეზე მომითათუნა ფრთხილად თითები. საშინლად ცივი ქონდა. ან, მე ვიყავი ძალიან ცხელი. _გტკივა?_მკითხა კი, მაგრამ პასუხის მოსმენის აშკარად ეშინოდა. _არა... სულ ცოტათი._დავამშვიდე. _ოტია…_ჩუმად ამოილაპარაკა და თვალები აუწყლიანდა. მერე, დაიხარა და მოულოდნელად ჩამეხუტა. სხეული მაშინვე დამეჭიმა. ტკივილმა სასწაული ძალით იფეთქა, მაგრამ… არ გავწეულვარ. ტკივილის მიუხედავად რაც შემეძლო ძლიერად მოვხვიე ხელი და ჩავიხუტე. _მეგონა… ვიფიქრე, რომ…_ვერანაირად ვერ მოაბა სათქმელს თავი. _გეგონა, რომ მოვკვდებოდი?_მივხვდი, რის თქმასაც ცდილობდა, თუმცა უძნელდებოდა და ამიტომ მე ვუთხარი ჩუმად. თავი აწია და ცრემლიანი თვალებით შემომხედა. _იცი, რა დღეები გამოვიარე?_ხმა საგრძნობლად აუკანკალდა._არაფერს მეუბნებოდნენ. საავადმყოფოში რომ მოვედი, შენს სანახავად არ შემომიშვეს… ნელ-ნელა წამოვჯექი. ტკივილმა ისევ გამიელვა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია ამ ფაქტისთვის, მითუმეტეს რომ ისევ ძლიერად ჩამეხუტა. _ვგიჟდებოდი…_ისევ ჩემს მკერდში თავჩარგულმა ამოიჩურჩულა. ცრემლები ხმას უხშობდა, მაგრამ მაინც ახერხებდა სათქმელის ბოლომდე თქმას._არ ვიცოდი გადარჩებოდი თუ არა… ალბათ, მეც შენთან ერთად მოვკვდებოდი. მკლავები ძლიერად მოვხვიე და ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი, რომ მართლა ცოცხალი ვიყავი და ისიც აქ იყო. _ჰეი…_ჩუმად ვუთხარი._ნუ ტირი, ცოცხალი ვარ და სიკვდილს არ ვაპირებ. ჯერჯერობით მაინც..._თან, თვალები დავხუჭე და მშვიდად და უმტკივნეულოდ ამოვისუნთქე. _ჩემთან დარჩები? _კი._არც კი დაფიქრებულა, ისე მიპასუხა და ფეხზე წამოიმართა. ფრთხილად გადავინაცვლე საწოლში, რომ მისთვის ადგილი გამეთავისუფლებინა. ყოველი მოძრაობა საშინელ ტკივილს მგვრიდა, მაგრამ არ შემიმჩნევია. მინდოდა, რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო და უკან არაფერზე დავიხევდი. ძალიან ფრთხილად მომიწვა გვერდით. ტკივილი სულ გადამავიწყდა მისი სითბო და სუნთქვა რომ ვიგრძენი. _გტკივა?_ჩუმად მკითხა. _კი._არ დამიმალავს._მაგრამ შენს სიახლოვეზე უარს მაინც არ ვიტყვი._გაჭირვებით ამოვუდე მკლავი თავქვეშ და მჭიდროდ მივიხუტე._გთხოვ, არ წახვიდე... ვეღარ გავქაჩავ ამდენს... მართალია, ტკივილმა ისევ მთელი ძალით შემომიტია, მაგრამ მისი სუნთქვა მალამოსავით მომედო და თითქოს გამიადვილა სუნთქვა. ბევრი არ გველაპარაკა. ან, რა საჭირო იყო? მისი სუნთქვა თანდათან რომ დაწყნარდა, მივხვდი, ამდენი უძილო ღამის მერე მშვიდად ჩაეძინა. მე კი ისევ დიდხანს მეღვიძა. უბრალოდ, ვიწექი და ვუსმენდი მის მშვიდ სუნთქვას და საკუთარ გულს, იმ მომენტში ძლიერად რომ მიცემდა და იმ უცნაურ სიმშვიდეს, მისი სიახლოვე რომ მანიჭებდა... შუაღამე გადასული იქნებოდა. სახლში უჩვეულო სიჩუმე იდგა. მხოლოდ საათის ერთფეროვანი წიკწიკი ისმოდა კედლიდან და კესანეს მშვიდი სუნთქვა ჩემს მკერდზე. სრულფასოვნად არ მძინებია, ძილ-ღვიძილში ვიყავი. ტკივილი არ მაძლევდა საშუალებას ბოლომდე ჩავძირულიყავი ძილში და მაინც, რაღაცამ გამომაღვიძა. თვალები ნელა გავახილე, სიბნელეს შევაჩვიე და შეშინებულმა მიმოვიხედე. თავიდან ვერ მივხვდი რა იყო. მერე, ხმა ისევ განმეორდა. მართალია ძალიან სუსტად, მაგრამ დერეფანში ნაბიჯების ხმა მაინც გავარჩიე. გავშეშდი. სუნთქვაც კი შევიკავე და მივაყურადე. რამდენიმე წამი არაფერი. მერე კი, კარის სახელურის ფრთხილი მოძრაობა გავიგე. სახლში ვიღაც იყო. სხეული ავტომატურად დამეძაბა. რაც შემეძლო, ფრთხილად მოვიშორე კესანეს ხელი და ნელ-ნელა წამოვიწიე. ფეხზე გაჭირვებით წამოვიმართე. ირგვლივ სამარისებული სიჩუმე იყო. თუმცა, ამ სიჩუმეშიც კი ვგრძნობდი, რომ სახლში ვიღაც იყო. _ვინ არის?_ჩუმად, მაგრამ მკაცრად დავიძახე. პასუხი მაშინვე არ გაუცია. ერთი ნაბიჯი გადავდგი. მერე მეორე და უცებ ღია კარში ვიღაცის სილუეტი გამოჩნდა. ერთ ადგილზე გავშეშდი. მერე, სუსტი შუქის ნათება მოხვდა სახეზე და სუნთქვა შემეკრა. _ბადრი?!_თან, ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი მისი იდენტობის დასაზუსტებლად. _ვხედავ, დროს არ კარგავ!_თითქოს სიმწრით ამოიგმინა და ჩემს საწოლში მძინარე დას გახედა._თუმცა, შეიძლება უკეთესიცაა... ის შენს გვერდით უფრო დაცული იქნება. _რას ბოდავ? მას რა საფრთხე ემუქრება?_მღელვარებისგან პირი ისე გამიშრა, ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. პასუხი არ დამიბრუნა. მივუახლოვდი, ხელი საყელოში ვტაცე და საშინელი ტკივილის მიუხედავად ჩემსკენ მოვქაჩე. _გაიგე, რა გკითხე? ან, შენ სად გაქრი იმ ღამით? საერთოდ რა ხდება, არ გამარკვევ?რა სისულელე აღარ ვიფიქრე შენზე... მკვდარიც კი მეგონე! ბადრი ჩუმად იდგა და ისე მიყურებდა, თითქოს პირველად მხედავდა. მერე, სიმწრით ჩაიცინა. _იქნებ ჯობდა მართლა მოვმკვდარიყავი._სინანულით ამოიოხრა. უარესად შევშფოთდი. _რა ჯანდაბა ხდება, ბადრი?_ხმაში აშკარა გაღიზიანება დამეტყო. _აქ არა._ისევ კესანეს გახედა, მშვიდად რომ ეძინა._შეძლებ, გარეთ გავიდეთ? არც კი დავფიქრებულვარ, ისე გამოვედით ჩემი ოთახიდან. კიბეებზე ჩასვლა გამიჭირდა, მაგრამ ბადრი მომეხმარა. სამზარეულოში შევედით. სინათლე არ ამინთია ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქით განათებულ ოთახში. ყრუ კედელს ზურგით მივეყრდენი და მკაცრად ვუთხარი. _გისმენ! იცოდე არ გაბედო ჩემი მოტყუება! _იცი, ოტია, ყველაფერს თავისი ფასი აქვს... წარბები შევკარი. _ახლა ფილოსოფიის დრო არ არის. პირდაპირ მითხარი! _კარგი. ოღონდ დამპირდი, რაც არ უნდა ურჩხულად მოგეჩვენო, ნუ განმსჯი... ყველა ვუშვებთ შეცდომას და მერე ან მის გამოსწორებას ვცდილობთ, ან ფეხებზე ვიკიდებთ და მის შედეგებს ვიმკით. _მოკლედ-მეთქი!_საკუთარ თავს შევატყე, რომ მოთმინების ფიალა მევსებოდა უკვე. _კარგი, გეტყვი: წლების წინ ერთ ქალთან მქონდა ურთიერთობა... ჩემზე გაცილებით დიდი იყო, მაგრამ მშვენივრად გამოიყურებოდა. ადვილად დავკერე. თუმცა, მალევე გაუგო ქმარმა და ოჯახი დაენგრათ... ახლა კი, მისი შურისძიების მსხვერპლი ვარ და არ მოისვენებს სანამ ჩვენც ისე არ გაგვანადგურებს, როგორც მე გავანადგურე მისი ოჯახი ჩემი უტვინობით და დაუფიქრებლობით. _ჩვენ?! ვინ ჩვენ? ამჯერად მომიახლოვდა და ნახევრად განათებულ ოთახში თვალებში ჩამხედა. _მე, შენ, კესანეს, მთელ ჩემს ოჯახს... იმიტომ, რომ ჩემთან ხართ... იმიტომ, რომ ყველაზე მარტივად თქვენამდე მოვლენ. სიბრაზისგან მუშტები შევკარი. _ამაზე თაიაც მუშაობს... _თაია?_გამახსენდა ამ გოგოს საეჭვო და უცნაური ქცევები._კი მაგრამ ამ ამბავში მისი როლი რა არის? _ის იმ კაცის დაა, ვის ცოლთანაც ვიწექი... _მერე? _რაღა მერე?_თითქოს გაცოფდა ჩემს მიუხვედრელობაზე._არ გაჩერდებიან, სანამ ყველაფერს ისე არ დამინგრევენ, როგორც მე დავანგრიე მათი იდეალური ცხოვრება. ვიგრძენი, როგორ უარესად ამიჩქარდა სუნთქვა. დაძაბულობა მგონი პიკს აღწევდა. ტკივილმაც უფრო მკაფიოდ შემახსენა თავი. _ჯანდაბა…_ტკივილის მისამართით ჩავილაპარაკე და ბადრიც მაშინვე მომიახლოვდა. _დაჯექი, ფეხზე დიდხანს ნუ იქნები. _კარგად ვარ._გავჯიუტდი, მაგრამ ბოლოს მაინც ჩამოვჯექი სკამზე. რამდენიმე წამი ჩუმად ვიყავით. მერე, ისევ თვითონ დაარღვია სიჩუმე. _ვიცი, არ მაქვს რამე გთხოვო, მაგრამ მხოლოდ ერთი გზა არსებობს. თავი ავწიე. _რა გზა? ან, რა არ უნდა მთხოვო? ცოტა ხანს მიყურა. აშკარა იყო ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა. ან, თუ ეთქვა, საიდან დაეწყო. _ამოყაჭე, რებუსებით ნუ მელაპარაკები!_მგონი, საბოლოოდ მიმტყუნა ნერვებმა. _თამარს უნდა დაელაპარაკო. _ვის?_მეგონა მომესმა. _დედაშენს... ისე იმ ნაბიჭვარს ვერ მოვიშორებ... გავშეშდი. _არა!_ჩემი პასუხი მტკიცე იყო. _არც ჩემი ხათრით?_სიბნელეში არ დამინახავს, მაგრამ მივხვდი, რა საცოდავი გამომეტყველებაც მიიღო. _არა-მეთქი! _ეს საქმე მარტო შენ არ გეხება რომ იცოდე... მესმის რომ ბავშვობის წყენა და ახლანდელი თავმოყვარეობა არ გაძლევს იმის უფლებას, შერიგდე და ყველაფერი აპატიო იმ ქალს, მაგრამ... საქმე კესანესაც ეხება. ყველაზე მეტად ბოლო წინადადება არ მესიამოვნა და მწარედ მომხვდა გულზე. _ის ადვოკატია და შეძლებს ამ ყველაფრის შეჩერებას. გავლენა აქვს. იცის სად და როგორ იმუშაოს ასეთ ხალხთან. თავი მაინც უარის ნიშნად გავაქნიე. _არ მინდა მისი დახმარება!_ღრმად ამოვისუნთქე. ტკივილმა ისევ დამიმანჭა სახე, მაგრამ მაინც წამოვდექი სკამიდან. ბადრი მაშინვე მომიახლოვდა. _შენ ნუ სთხოვ ნურაფერს. უბრალოდ, მე დამაკავშირე... შენს იქით გზა აღარ მაქვს... უბრალოდ... უბრალოდ, მარგოს გარევა არ მინდა, თორემ ის უარს არ მეტყოდა._თავი ჩაქინდრა და ღონემიხდილი მიეყუდა სამზარეულოს კარადას. მარგო?!. რა თქმა უნდა! აქამდე მივიწყებული ეს ამბავიც გამახსენდა. მარგო ხომ ჩემი და იყო? ჩემი ნახევარ და, მაგრამ მაინც ჩემი სისხლი და ხორცი? თუ კი ბადრიმ იცოდა ეს ამბავი, გამოდის... _მოიცა, მოიცა!_მოულოდნელად წავბარბაცდი და რომ არ წავქცეულიყავი ჩემს წინ მდგარ სკამის საზურგეს ჩავაფრინდი._შენ ეს ამბავი საიდან იცი? _შემთხვევით მოვისმინე... კესანე და მარგო საუბრობდნენ... უარესად დატრიალდა ყველაფერი და თითქოს ფეხებქვეშ საყრდენი გამომეცალა. _რა გამოდის?... ესე იგი, ეს ყველაფერი კესანემაც იცის? ბადრი აშკარად დააბნია ჩემმა კითხვამ და უპასუხოდ დამტოვა. _კესანემ ეს ყველაფერი იცის-მეთქი?.._ხმას ავუწიე._ჯანდაბა…_თან, კბილებში სიმწრით გამოვცერი და თითები თმებში შევიცურე. ზუსტად ამ დროს კარის ჭრიალის ხმა გაისმა და მაშინვე მივტრიალდი. თითქოს უკვე ვიცოდი ვინც იყო, მაგრამ დაზუსტება მჭირდებოდა. მართლაც, კესანე ჩუმად იდგა და უბრალოდ მიყურებდა. _ესე იგი, შენ იცოდი, რომ მარგო ჩემი დაა? _კი._ძლივს ამოიჩურჩულა. სიბრაზისგან თუ თავმოყვარეობისგან სისხლი თავში ამივარდა. _ძალიან კარგად იცოდი, რა დამოკიდებულებაც მქონდა დედაჩემთან და მაინც ჩამოიყვანე?! ჩემს თვალწინ ატრიალებდი და ერთხელაც არ ჩათვალე საჭიროდ, რომ რამე გეთქვა?!_ტკივილმა ისევ დამიარა, მაგრამ ახლა საერთოდ არ მაინტერესებდა. მთელი სხეული მიდუღდა თითქოს._რამდენი ხანია იცით?_ჯერ ბადრის შევხედე, მერე ისევ კესანეს._რამდენი ხანია რაც მატყუებთ? კესანემ ღრმად ამოისუნთქა და ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემი მიმართულებით. _არ გატყუებდით. უბრალოდ… დრო გვჭირდებოდა. მწარედ გამეცინა. _დრო? რისთვის? როგორმე “რბილად” რომ შემოგეპარებინა ეს ფაქტი ჩემთვის? _არა... ეს ასე არ არის... _ზუსტადაც ასეა!_საკუთარი ხმა ვერ ვიცანი._ყველამ მშვენივრად იცოდით, რომ რაც იმ ქალბატონს შეეხებოდა, მე არ მაინტერესებდა!.. _დედაშენზე ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს მისთვის მარტივი იყო ეს ყველაფერი._მორიდებით შემაწყვეტინა. _ოოჰ, რა თქმა უნდა, ქალური სოლიდარობა!_აშკარა სარკაზმი მოვიშველიე._მისთვის ყველაფერი მარტივია, ყველას კანონის უფლებებით ეთამაშება! _საკმარისია._თითქოს მშვიდად გამაჩუმა, მაგრამ მის ხმაში სიმკაცრე ვიგრძენი._მასზე ასე ლაპარაკის უფლება არ გაქვს. შენ ხომ საერთოდ არ იცი, რა გადაიტანა? მხოლოდ ერთი წამით გავჩუმდი და მერე გულში დაგროვილი ბოღმა ერთიანად ამოვანთხიე. _და მე?! მე რა გადავიტანე, ეგ არ გაინტერესებთ?!_მკერდზე ხელი მივიდე._რამდენი უძილო ღამე გავათენე ტირილში?!. როგორ მიჭირდა მის გარეშე პატარა ბავშვს, როგორ ვუხმობდი და ის კი, სხვა კაცის მკლავებში ნებივრობდა მშვიდად?!. შენი აზრით, ეს ამბავი თავმოყვარეობას არ მილახავდა?! შენგან მწყინს ყველაზე მეტად! სხვას თუ არა, შენ მაინც უნდა გეთქვა ეს ყველაფერი! კესანემ მზერა მომარიდა და ისე ამოიჩურჩულა. _მინდოდა... _თუ გინდოდა, რატომ არ თქვი?!_ტონისთვის არ დამიწევია. სიჩუმით მიპასუხა. მძიმე და მომგუდავი სიჩუმით _გეკითხები, რატომ არ მითხარი?! _იმიტომ, რომ ეს მარგოს საიდუმლო იყო... და იმიტომ, რომ... მეშინოდა... გავშეშდი. თუმცა, ბრაზი არ გამნელებია. _რისი გეშინოდა? _რისი კი არა, ვისი... მე შენი მეშინოდა, ოტია. ვიცოდი რომ ასე აფეთქდებოდი… და ყველაფერს დაკარგავდი, სანამ სიმართლეს ბოლომდე გაიგებდი. ამ სიტყვებმა წამით გამაჩერა. ოღონდ მხოლოდ წამით. _ანუ, გერჩივნა მოგეტყუებინე?_მწარედ ჩავიცინე._დიდებული გამოსავალია! _კმარა!_მოულოდნელად ძმას მიუბრუნდა._მანქანით ხარ? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს? წავიდეთ. ახლა მასთან ლაპარაკი არ ღირს, რადგან აზრი არ აქვს. ბადრი ცოტა შეყოყმანდა. თუმცა, მალევე დაფაცურდა და დას უკან გაეკიდა. ისე ვიყავი გაბრაზებული, რომ საერთოდ არ მინანია მათი წასვლა. მათი რაა, კესანესი. სამზარეულოს შუაგულში ვიდექი და საერთოდ არ დავინტერესებულვარ იმით, თუ როგორ და რანაირად წავიდოდნენ ამ შუაღამეზე სახლში. სამზარეულოში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. ადგილიდან ვერ ვინძრეოდი. ხელები ისევ მუშტებად მქონდა შეკრული, თითქოს ვინმეს დარტყმას ვუპირებდი… ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, მაგრამ ჰაერი ფილტვებამდე ვერ ჩავიდა. რაღაც უხილავი ძალა ყელში ძლიერად მიჭერდა და მახრჩობდა. “მე შენი მეშინოდა…”_კესანეს ხმა ისევ ჩამესმა ყურებში._ჩემი ეშინოდა?…_თავი ძლიერად გავაქნიე, თითქოს ამ აზრის განდევნა მინდოდა, მაგრამ პირიქით, უფრო ამეკვიატა. სკამს ხელი მოვკდე და როგორც შევძელი, ისე მოვისროლე ნერვულად. მეგონა, გულზე მომეშვებოდა აგრესიისგან და სიბრაზისგან თუ დავიცლებოდი, მაგრამ უფრო გავცოფდი თითქოს. სუნთქვა ამიჩქარდა და გულმაც უმატა ბაგიბუგს. ხელები ამიკანკალდა. კედელს მივეყრდენი და ნელ-ნელა ჩავჯექი გაჭირვებით. ერთხანს სუნთქვაშეკრული ვიჯექი იატაკზე და სიმწრისგან კბილებს ვაღრჭიალებდი. მერე, მუხლებში ჩავრგე თავი და ბავშვობის მერე მგონი პირველად ავბღავლდი... ჩემში ისევ ის პატარა ბიჭი ტიროდა, ღამეებს თეთრად რომ ათენებდა... რომელიც კარს უყურებდა და ელოდა, როდის დაბრუნდებოდა დედა... მაგრამ... ის მაშინ არ დაბრუნებულა... თვალები დავხუჭე. ამ მოგონებების წაშლა მინდოდა, მაგრამ ისინი არა თუ ქრებოდნენ, არამედ უფრო მეტად ცოცხლდებოდნენ ჩემს მეხსიერებაში... მხოლოდ ერთს ვგრძნობდი, როგორ მენგრეოდა შიგნიდან ყველაფერი და როგორ მტკიოდა... მხოლოდ წყენით, ბრაზით და საშიში სიცარიელით მევსებოდა გული... *** დილაუთენია ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.. თითქოს, წინასწარ ვიცოდი ვინც იქნებოდა და არ მიპასუხია. ისევ დარეკა... ისევ... და ისევ. თავი ისე წამოვწიე, თითქოს ეს მოძრაობაც უდიდეს ძალას და შესაძლებლობებს მოითხოვდა ჩემგან. ტელეფონი საწოლის გვერდით ტუმბოზე მეგდო და ეკრანი ჯიუტად ანათებდა. როგორც თავიდანვე ვივარაუდე, ბადრი იყო... გულში რაღაც ჩამწყდა. არა, ჩამწყდა კი არა, თითქოს ვიღაცამ ძალით ამომაგლიჯა და ცივ იატაკზე დამიგდო. საკუთარ თავს ვაიძულებდი, უპასუხე, იქნებ რამე უჭირს და დახმარება სჭირდება-მეთქი, მაგრამ მეორე ხმა, უფრო ბნელი და უფრო მწარე, მაჩერებდა: ახლა გაახსენდი? ახლა მოუნდა შენი დახმარება? თითებმა თავისთავად გაიწიეს ტელეფონისკენ და ზარი გაუთიშეს. წარმოდგენილი კი მქონდა როგორ იდგა სადღაც... როგორ უყურებდა ეკრანს... როგორ ელოდებოდა, რომ ვუპასუხებდი... და ეს წარმოდგენა ყველაზე სასტიკი რამ იყო. მინდოდა დამეჯერებინა, რომ იმსახურებდა, რომ სწორად ვიქცეოდი, რომ ეს მისი სასჯელი იყო, მაგრამ... მგონი მე მხოლოდ საკუთარ თავს ვსჯიდი და მეტი არაფერი! იმ დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩუმებულა. ბევრი ვებრძოლე საკუთარ თავს. მინდოდა მეპასუხა ბავშვობის ძმაკაცისთვის, მაგრამ მაინც ჩემმა სიჯიუტემ და სიამაყემ მძლია. საღამოს კარზეც კი მომიკაკუნა ვიღაცამ, მაგრამ საგულდაგულოდ მქონდა ჩარაზული და არ გავაღე. უფრო მეტიც, ვუღრიალე, მაინდან მოშორდი-მეთქი. მთელი დღე ბებიასთანაც კი გავწყვიტე კომუნიკაცია. მეორე დღეს მგონი დაიღალნენ ჩემი ხვეწნით და აღარც ტელეფონს დაურეკია და აღარც აღარავის დაუკაკუნებია ჩემი ოთახის კარზე. სამყარომ აშკარად ჩემს გარეშე განაგრძო ცხოვრება... ყველაზე საშინელი ის იყო, რომ მინდოდა ისევ დაერეკა. მინდოდა, არ დანებებულიყო. მინდოდა, კიდევ ერთხელ ეცადა. მინდოდა, დამემარცხებინა ჩემი ჯიუტი სიამაყე და მეპასუხა, მაგრამ ბადრი მალე დანებდა და ტელეფონიც დადუმდა... იმ დუმილში ერთ რამეს მივხვდი: ზოგჯერ ყველაზე დიდი ტკივილი მაშინ კი არ მოდის, როცა გტკენენ, არამედ მაშინ, როცა შენ თვითონ ამბობ უარს იმაზე, რაც ყველაზე მეტად გჭირდება... ოცდაოთხი საათი გავატარე სრულ იზოლაციაში. თითოეულ წუთს საკუთარი ტკივილის დოზებით ვზომავდი. ოთახის კედლები ზეპირად ვიცოდი უკვე. აუტანელი სიჩუმეც... მაგრამ ყველაზე ცუდი მაინც ფიქრები იყო... ბოლოს, სპონტანური გადაწყვეტილება მივიღე და შედეგებზე არც კი მიფიქრია. საწოლიდან ძლივს წამოვდექი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხეული ჩემი არ იყო. ფეხები საშინლად მქონდა დამძიმებული და მუხლები მიკანკალებდა ცალკე გადატანილი ავადმყოფობისა, ცალკე შიმშილისა და ცალკე მეტისმეტი მღელვარებისგან. ტკივილმა ჯერ მკერდში იჩინა თავი, მერე უკვე მთელ სხეულში გავრცელდა და სუნთქვა შემიზღუდა. თუმცა, გადაწყვეტილება მაინც არ შემიცვლია. ქურთუკი ძლივს მოვძებნე. ელვა შესაკრავს ბევრი ვეწვალე, მაგრამ მაინც ვერ შევიკარი და ასე გავედი ეზოში. წვიმას იწყებდა. მოტოციკლს სინანულით შევხედე. მასზე ჯდომას ვერანაირად ვერ შევძლებდი. არა და, რას გამომადგებოდა? გვერდი ავუქციე და ეზოდან შეუმჩნევლად გავედი. გზას ფეხით დავადექი. თავიდან გამიადვილდა. თუმცა, მერე, როცა უკვე დავიღალე, ფეხები საგრძნობლად დამიმძიმდა. ჩემს ბედზე გზაც ცარიელი იყო. არც მანქანა… არც ადამიანი… რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ გავჩერდი, რადგან თავბრუ დამეხვა და ხელით ბოძს მოვეჭიდე. _გგონია, რომ მაგარი ბიჭი ხარ და იქამდე მიაღწევ?_სიმწრით გამეცინა. თუმცა, თავს მაინც ვძლიე და გზა ისევ შემართებით განვაგრძე... მოულოდნელად მანქანა წამომეწია ზურგიდან და სანამ მე გავუქნევდი ხელს, თვითონვე შეანელა სვლა. ბოლოს კი საერთოდ გაჩერდა. მერე, მინა ჩაუწია და ახალგაზრდა გოგონამ გამომხედა. _კარგად ხართ?_ხმა აშკარად შეშფოთებული ჰქონდა..._ამ ამინდში ფეხით საით გაგიწევიათ?_მის ხმაში ეჭვი უფრო ვიგრძენი, ვიდრე გაკვირვება. არ მიპასუხია. ამისთვის არც ძალა მქონდა და არც სურვილი. მხოლოდ ვიდექი სველი, დაღლილი და ალბათ იმაზე უფრო ცუდ მდგომარეობაში, ვიდრე თვითონ წარმომედგინა. _სად მიდიხართ?.. გაგაყოლოთ? ეს აზრი უკვე მომეწონა. ტბაზე-მეთქი, გახარებულმა ვუთხარი, და სანამ მეტყოდა, ჩაჯექი, გაგაყოლებო, მე უკვე გადადგმული მქონდა მისკენ ნაბიჯები. მანქანაში თბილოდა, მაგრამ მე მაინც ვერ გავთბი. ვგრძნობდი, ერთიანად რომ ვცახცახებდი. მანქანა ისევ დაიძრა ადგილიდან. მთელი გზა სრულ სიჩუმეში გავატარეთ. მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა, რომელიც ძლიერად ეხეთქებოდა მანქანის სახურავს. გოგონა დაძაბული მართავდა საჭეს, რადგან წვიმა უფრო და უფრო მძლავრობდა. არც ის იყო გამორიცხული, რომ ჩემი ეშინოდა. თუმცა, მაინც კეთილ საქმეს აკეთებდა. _მგონი, ბოლომდე ვერ მივალ წვიმის გამო._მორიდებით მომიბოდიშა. _არაუშავს, ამაზეც მადლობელი ვარ._შევეცადე ღიმილით მეთქვა, მაგრამ არ გამომივიდა._აქ გამიჩერე, ჩამოვალ. ოდნავ მოშორებით ძმაკაცი მელოდება._ეს კი, ნამდვილად დამაჯერებლად ვუთხარი. მაშინვე გამიჩერა. თუმცა, ცოტახნით მოცდა შემომთავაზა: _იქნებ, ცოტა მაინც გადაიღოს. მე არ მეჩქარება... გონივრული იქნებოდა მანქანაში დავრჩენილიყავი, მაგრამ იმ წამს გონიერება ძალიან შორს იყო ჩემგან. მანქანიდან გადავედი თუ არა, სიცივემ ისევ დამკრა. კარი მაშინვე მივუხურე, რათა არ შეემჩნია ჩემი სასწაული ცახცახი და ტბის მიმართულებით თავსხმა წვიმაში გავიქეცი როგორც შევძელი. წვიმა უბრალოდ კი არ მასველებდა, უკვე მახრჩობდა. ოციოდე ნაბიჯი სირბილით გავიარე. მალევე დავიღალე და მუხლებში ძალაც გამომელია. თან, ფეხი გამიცურდა და სანიაღვრე არხში ჩავვარდი. _ჯანდაბა._გაჭირვებით ამოვიგმინე._აქამდე მოხვედი და ახლა გაჩერდები?_თან, სიმწრით გავიცინე. სიცილიც კი მტკივნეული იყო. თანაც, საშინლად. ბადრი გამახსენდა. თუმცა, ჩემს მიერ უპასუხოდ დატოვებული მისი ზარებიც ამომიტივტივდა მეხსიერებაში. _თავად არ უპასუხე და ახლა გინდა მან მოგხედოს?…_ისევ მწარედ ჩამეცინა. ძალა მოვიკრიბე, მინდოდა წამოვმდგარიყავი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მგონი, ხელახლა დავიმტვრიე ისევ ნეკნები. წამიერად გავითიშე. მერე, ბუნდოვნად მახსოვს, ტელეფონი გაჭირვებით რომ ამოვაძვრინე ჯიბიდან და ძლივს დავრეკე. ზარი გავიდა. ერთი… ორი… სამი… _მიპასუხე… მიპასუხე_თან გულში შეუჩერებლად ვიმეორებდი. _გისმენ ოტია._ბადრის ნაცნობი ხმა მოგვიანებით გაისმა. მინდოდა მეთქვა, მიშველე-მეთქი, მაგრამ აცახცახებული ხელით ტელეფონის დაჭერაც ვერ მოვახერხე და მოშორებით გადამივარდა. _მიშველე ბადრი... შენი დახმარება მჭირდება... აქვე ვარ, შენი სახლის სიახლოვეს..._რაც შემეძლო ვყვიროდი, მაგრამ რამდენად ესმოდა მას ჩემი ხმა, არ ვიცი. ძლიერი წვიმის ხმა სადღაც შორიდან ჩამესმოდა თითქოს და ჩემამდე ძლივს აღწევდა. თითქოს, სიღრმეში ვიყავი ჩაძირული და ზემოდან ვიღაც დაუნდობლად მასხამდა ყინულივით ცივ წყალს. საშინლად მციოდა. ჩემი სხეულის ვერც ერთ კიდურს ვეღარ ვგრძნობდი. მხოლოდ ტკივილი იყო, რომელიც მთელ სხეულში მქონდა გაფანტული. თვალების გახელა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. ქუთუთოები ისე დამმძიმებოდა, თითქოს ტყვიისგან ყოფილიყო ჩამოსხმული. მოულოდნელად წვიმის ხმას სხვა ხმაც შეერია. მგონი, სწრაფი ნაბიჯების ხმა… მერე კი, გოგონას შეშინებული ყვირილიც გავიგონე. _აქ ხართ?! ღმერთო ჩემო!.. ვიღაც ჩემს ზემოთ დაიჩოქა, მხრებში ჩამაფრინდა და ოდნავ შემარხია. _გესმით? ხმა გამეცით, გთხოვთ!.. მინდოდა რამე მეთქვა, პასუხი გამეცა, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამომივიდა რატომღაც. მხოლოდ ტუჩები ავამოძრავე. თბილი ხელი ჩამომისვა გაყინულ სახეზე. თვალები ძლივს გავახილე. ბუნდოვნად დავინახე ის გოგონა, ვინც იქამდე მიმიყვანა მანქანით. ტიროდა. _გთხოვთ, არ დაიძინოთ… ახლა საავადმყოფოში მიგიყვანთ… გესმით?.. ყველაფერი კარგად იქნება… ისეთი პატარა იყო, მაგრამ ჩემი წამოწევა და არხიდან ამოთრევა გაჭირვებით მაინც შეძლო. (ალბათ, მეც ვეხმარებოდი ამაში). მთელი სხეული მტკიოდა. თანაც საშინლად. თუმცა, დანებება არ მინდოდა და არც ვნებდებოდი. თვითონ გოგონაც არ მაძლევდა სიბნელეში ჩაძირვის უფლებას და მგონი გაათმაგებული ძალებით მებღაუჭებოდა. მახსოვს, მანქანაში ძლივს რომ ჩამსვა. ისიც მახსოვს, შიგნით სასწაულად რომ თბილიდა, მაგრამ მე მაინც ვცახცახებდი. _არ დაიძინოთ… გთხოვთ…_საჭეს მიუჯდა და მაშინვე დაძრა ადგილიდან._მელაპარაკეთ რამე… თქვენი სახელი მაინც მითხარით… _ოტია._მგონი, მხოლოდ ტუჩები ავამოძრავე… _ცოტაც მოითმინეთ… უკვე ახლოს ვართ... ჩემი უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად თვალები მაინც დამეხუჭა. მანქანა თითქოს მიფრინავდა… ან იქნებ მე ვვარდებოდი სადღაც… ხმები ისევ შორიდან მესმოდა… მერე, თითქოს ახლოვდებოდა და ისევ იკარგებოდა… _არ დაიძინოთ… გთხოვთ…_ისევ და ისევ მემუდარებოდა გოგონა. მოულოდნელად Diego Moreno-ს Bella Chiao გაისმა. ჩემი ტელეფონი?_თვალები იმედიანად გავახილე. ეს ზარი ბადრის ნომერზე მქონდა დაყენებული. ნუთუ, ის მირეკავდა? გოგონამ მანქანა გააჩერა. ვხედავდი, რაღაცას რომ ეწვალებოდა. _ჯანდაბა._მივხვდი, ჩემი ტელეფონის ეკრანი ისევ სველი იყო და მაგის გამო ვერ პასუხობდა. თითებს ნერვიულად აკაკუნებდა ზედ. ბოლოს კი, როგორც იქნა: _გისმენთ. _ოტია?!_გარკვევით გავიგონე ბადრის გაოცებული ხმა. (სპიკერზე ჰქონდა ჩართული). _ოტია არ არის... _ოტია არ არის?!_ხმაში დაძაბულობა მოემატა ბადრის._შენ ვინ ჯანდაბა ხარ? ან, ოტია სად არის და მის ტელეფონს შენთან რა უნდა?_თავისებურად გაგიჟდა ჩემი ბავშვობის მეგობარი. _მე… მე ნინი ვარ..._გოგონა უარესად ასლუკუნდა._ჩემს მანქანაშია... უგონოდ იყო... გზაზე ვიპოვე... ახლა საავადმყოფოში მიმყავს…_მგონი, ამოსუნთქვის გარეშე მიაყარა. მხოლოდ წამიერი სიჩუმე ჩამოწვა. მერე კი, ბადრის ხმა გაისმა ისევ, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა იმ ბადრის ხმას, რომელსაც აქამდე ვიცნობდი. _ცოცხალია?! რა სჭირს?.. გოგონამ მაშინვე შემომხედა. მის მზერაში უდიდესი შიში ვიგრძენი… _ძალიან ცუდადაა… არ ვიცი რა სჭირს… ძლივს სუნთქავს… და მგონი, გონებას კარგავს. ბადრიმ რაღაც ჩაილაპარაკა, ოღონდ ვერ გავიგე რა, რადგან იმ მომენტიდან ნელ-ნელა ჩავიძირე წყვდიადში... მერე უკვე შიგა და შიგ ჩამესმოდა ერთმანეთში არეული ვიღაც ადამიანების ხმები. _პულსი სუსტია… _ტემპერატურა ძალიან დაბალია... _სასწრაფოდ გათბობა… შევეცადე თვალები გამეხილა, მაგრამ სრულ სიბნელეში ჩავიძირე უფრო. _მრავლობითი ძველი ტრავმებია… _ნეკნები ჯერ ბოლომდე შეხორცებული არ არის… მკერდში მტკივნეულად გამკრა რაღაცამ და სუნთქვა გამიჭირდა. _სუნთქვა უჭირს… ჟანგბადი მოიტანეთ! ყურებში წვიმის ხმა დამიბრუნდა ისევ. გაოცებულმა ისევ გავახილე თვალები. ამჯერად ყველაფერი თეთრი იყო. _გონზე მოდის!_ვიღაცის ხმა ძალიან ახლოდან ჩამესმა._გესმით ჩემი? მხოლოდ თვალები ავახამხამე. _რეაქცია აქვს! უცებ მკვეთრმა ტკივილმა დამარტყა ფერდში და ჰაერი არ მეყო. _აქ ჭრილობა აქვს… არც თუ ისე ძველი… ვინ მოიყვანა?.. ხმები ისევ აირია. _გოგონამ… ამბობს, გზაზე ვიპოვეო… _პოლიციას უკვე შევატყობინეთ? პოლიცია?.. რატომ?.._ვცადე რამე მეთქვა, მაგრამ არ გამომივიდა. ვიღაცამ მკვეთრი სინათლე მომანათა თვალებში. ხმები ისევ აირია ერთმანეთში. _მოიცათ, თქვენ აქ რა გინდათ? ვინ შემოგიშვათ საერთოდ?! _გამიშვით, იქ ჩემი ძმაა!!!_ათას არეულ ხმაში ბადრის სასოწარკვეთილი ხმაც ვიცანი._ოტია, ბიჭო!!! არ გაბედო ჩემი მიტოვება!!!. გამიშვით, ის მაინც მითხარით, რა სჭირს?! როგორ იქნება?! გული უცნაურად გამითბა. ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ის იქ იყო, ჩემთან... თვალები ისევ გავახილე, მაგრამ მკვეთრმა შუქმა მომჭრა და ინსტინქტურად ისევ დავხუჭე. ცოტა ხანში ისევ ვცადე. ამჯერად ბუნდოვანი ლაქები გამოჩნდა: თეთრი… ნაცრისფერი… მოძრავი ჩრდილები... _გონზე მოდის._ვიღაცის ხმა ძალიან ახლოდან ჩამესმა. გული უცნაურად ამიჩქარდა. თვალები უფრო ფართოდ გავახილე და ამჯერად მკაფიოდ დავინახე ოთახი. თეთრი კედლები, აპარატები, მავთულები და მერე ის... კართან იდგა თავდახრილი. ხელები მუშტად ჰქონდა შეკრული. თითქოს, საკუთარ თავს აკავებდა. ვიღაც ექიმი რაღაცას ელაპარაკებოდა, მაგრამ მგონი არ უსმენდა. _ბადრი._როგორც იქნა შევძელი ხმის ამოღება. დავინახე თავი ნელა რომ ასწია და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. მის თვალებში პირველად დავინახე ის, რასაც აქამდე ვაიგნორებდი: მეგობრული სიყვარული და შიში. უბრალო შიში კი არა, ჩემი დაკარგვის შიში. _ოტია…_დავინაზე სახე როგორ გაუნათდა და ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ. _არ მიუახლოვდეთ! _მაშინვე გაისმა ექიმის მკაცრი ხმა._პაციენტი სუსტადაა. მაშინვე გაჩერდა, მაგრამ მზერა არ მოუშორებია ჩემთვის. _აქ ვარ, თუ რამე დაგჭირდეს! გული ისევ ამიჩქარდა და აპარატმაც მაშინვე ამოიღო ხმა. _რა სჭირს?!_ერთ ადგილზე აწრიალდა ბადრი _პულსი მოემატა... გარეთ გადით! ბადრი შეიშმუშნა. თითქოს კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა. დაძაბული, გაფერმკრთალებული და იმაზე მეტად შეშინებული იყო, ვიდრე ოდესმე მინახავს. _არ გაბედო იცოდე ისევ წასვლა!_მკაცრად გამაფრთხილა და ოთახიდან იძულებით გაიყვანეს… *** მეორე ჯერზე უკვე მშვიდად გავიღვიძე. არც სინათლეს მოუჭრია თვალები და აღარც ის საშინელი ქაოსი ყოფილა ჩემს გარშემო. მხოლოდ აპარატის ერთფეროვანი ხმა და საკუთარი სუნთქვა მესმოდა. მესიამოვნა სიმშვიდის განცდა... რამდენ ხანს ვიწექი ასე, არ ვიცი. მერე უკვე კარის ხმა გავიგე, ფრთხილად რომ გაიღო და ინსტინქტურად გავიხედე. მზერა ისე მქონდა დაბინდული, თავიდან ვერც კი გავარჩიე ვინ იყო, მაგრამ დავაკვირდი და... ქალბატონი ადვოკატი... გული უცნაურად მომეწურა. კართან ისე იდგა ატუზული, თითქოს შიგნით შემოსვლის უფლება არ ჰქონდა. თითქოს ეს ოთახი მისთვის აკრძალული იყო... და მისი სახე?... დაღლილი. გაფერმკრთალებული. თვალები ჩაშავებული. თითქოს, რამდენიმე ღამეში ათი წელი მომატებოდა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. მერე, ძალიან ფრთხილად გადმოდგა ნაბიჯი. _ოტია…_მის ხმაში ის ჩვეული სიმტკიცე აღარ იყო. მეორე ნაბიჯიც გადმოდგა. _შეიძლება?_ისე მკითხა, თითქოს უარს ელოდა ჩემგან. უცნაურად გამეცინა გულში. როდის აქეთ ითხოვდა ნებართვას?.. _შემოდი…_სუსტად, მაგრამ მაინც მტკიცედ ვუთხარი. მგონი, ზუსტად ამ ერთ სიტყვას ელოდა, მაშინვე მომიახლოვდა. ახლოდან უკეთ დავინახე როგორ უკანკალებდა ხელები. ჩემს საწოლთან გაჩერდა, მაგრამ შეხება მაინც ვერ გამიბედა. _როგორ ხარ?.. მხრები ძლივს ავიჩეჩე. _როგორც ჩანს, საიქიოში არ მიმიღეს და ისევ აქეთ გამომიშვეს… თვალებში რაღაცნაირი ტკივილი გაუკრთა. მერე კი, მოულოდნელად ფრთხილად მომკიდა ხელი. სასწაულად თბილი თითები ჰქონდა. პირველად, ამ ხნის მანძილზე, რაღაც სითბოს მსგავსი ჩამეღვარა გულში. სხვა დროს სხვა სიტუაციაში ალბათ ისევ გავბრაზდებოდი. ან, გავცივდებოდი მის მიმართ. ან, საერთოდ, თვალსაც ავარიდებდი. მაგრამ... ახლა უბრალოდ ძალა აღარ მქონდა სიძულვილისთვის. ეს მანაც შემნიშნა თითქოს და თვალები აუწყლიანდა. _იცი, სტუმარი მოგიყვანე. _სტუმარი?_გაოცებულმა გავხედე ღია კარს და ზღურბლთან საცოდავად აბუზული მარგოც დავინახე. სახეზე ტირილის კვალი ემჩნეოდა. ჩემს გამო ნერვიულობდა?_თითქოს გული გამიჩერდა. გაუნძრევლად იდგა და ესეც ისე მომჩერებოდა, თითქოს მეკითხებოდა, შეიძლება მოვიდე და ჩაგეხუტოვო. სანამ გავიგებდი, რომ ჩემი და იყო, მართლა დასავით მიყვარდა. ახლა? რა შეიცვალა ვითომ? რა მისი ბრალი იყო, თუ ისიც იმ ქალის შვილი იყო, ვინც ხუთი წლის ასაკში მიმატოვა? წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა მხოლოდ. მერე, თავი დავუქნიე და მაშინვე ჩემთან გაჩნდა. _როგორ გვანერვიულე._ხმის კანკალით ძლივს მითხრა და ფრთხილად ჩამეხუტა. თითქოს ეშინოდა, ზედმეტად რომ შემხებოდა, რამეს მატკენდა. საერთოდ არ ჰგავდა ეს უბრალო ჩახუტება არც სიბრალულს და არც ვალდებულებას. გულწრფელი იყო და თვალები უნებლიედ დამეხუჭა. _როგორ გვანერვიულე..._კიდევ ერთხელ გამიმეორა ჩუმად და ლოყაზე მაკოცა. უცნაურად ნაცნობი სურნელი ვიგრძენი თითქოს, ღრმა ბავშვობიდან რომ მახსოვდა. თითქოს, დედის სუნი ჰქონდა... არც ვიცოდი ასეთ სიტუაციაში რა უნდა მეთქვა. ან, რა გამეკეთებინა. უბრალოდ, თავისთავად, გაჭირვებით ავწიე ხელი, მხრებზე მოვხვიე და მეც ძლიერად ჩავიხუტე ჩემი ნაწილი, ჩემი სისხლი და ჩემი ხორცი... **** მომდევნო დღეები უკვე ერთმანეთში აირია: ტკივილი... წამლები... ხმები... და ის ადამიანები, რომლებიც არსად არ წასულან. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი კი ბადრი იყო, დღე და ღამ ჩემს გვერდით რომ იჯდა და მარტოს აღარ მტოვებდა... ასევე, ქალბატონი ადვოკატი დედა და ჩემი უმცროსი დაიკო მარგო, რომელიც უკვე აღარ მეკითხებოდა, შეიძლებოდა თუ არა, რომ ჩამხუტებოდა. ერთადერთი ადამიანი ვინც მაკლდა, კესანე იყო. მხოლოდ მას არ მოვუნახულებივარ საავადმყოფოში და ეს ფაქტი სულს მიღრღნიდა. ვითომ, ისევ ნაწყენი იყო ჩემზე იმის გამო, მარგოს საიდუმლოს არ გამხელაზე რომ ვეჩხუბე? ყველაფერი ნელ-ნელა ჩადგა კალაპოტში. მხოლოდ ერთი რამ არ იცვლებოდა და არ ქრებოდა: ის უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხები ჯერ არ მქონდა და ერთი სული მქონდა გამეგო. და აი, დადგა ის დღეც, როცა უკვე ფეხზე გამართულად დავდექი და სახლში სხვისი დახმარების გარეშე წავედი. მართალია, პირველი ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ მიჭირდა, მაგრამ მაინც არაფერი შევიმჩნიე და ალბათ, დედის გენეტიკის დამსახურებით, ამაყად დავტოვე საავადმყოფო. სახლში ყველაფერი ძველებურად იყო: მოსიყვარულე ბებია, მისი თბილი სუნი, სამზარეულოდან მადისაღმძვრელი სურნელი და ის სიჩუმე, რომელიც შინ დაბრუნებულს ყოველთვის უცვლელად მხვდებოდა. _სახლში ხარ, ჩემო ბიჭო._ბებიას ხმა საგრძნობლად აუკანკალდა და ისე ჩამეხუტა, თითქოს ეშინოდა კიდევ სადმე არ წავსულიყავი. თვალები დავხუჭე და მისი სითბო მთელი არსებით შევიგრძენი. უცნაურია, როგორ შეუძლია ერთ უბრალო ჩახუტებას მთელი დაღლილობა მოგიხსნას ადამიანს... წინანდელთან შედარებით ახლა უფრო თავისუფლად ავედი ჩემს ოთახში, სადაც ჩემი პატარა სამყარო მელოდებოდა. ფრთხილად ჩამოვჯექი საწოლზე და ღია ფანჯრიდან მონაბერი ნიავის წყალობით აფრასავით გაბერილ ფარდას გავუშტერე თვალი. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები მიტრიალებდა თავში და ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი კესანეს ეხებოდა. ამ ხნის მანძილზე სად იყო? ან რატო ერთხელ მაინც არ მომიკითხა? კარზე მსუბუქი კაკუნის ხმა გაისმა. _შეიძლება?_ ბებიას ხმაც გავიგონე. ავდექი და თავად გავუღე კარი. ჩაი შემოიტანა. ფინჯანი ტუმბოზე დადგა, თვითონ კი საწოლზე ჩამოჯდა და ცოტა ხანს ჩუმად მიყურებდა, თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო, მართლა კარგად ვიყავი თუ არა. _ხომ მართლა კარგად ხარ, ბებო გენაცვალოს?_ბოლოს, როგორღაც გაბედა და თბილად მკითხა. _რათქმა უნდა, არ მეტყობა რომ უკეთ ვარ?_გამეცინა და ცხელ ფინჯანს გადავწვდი. _ეს რა საშინელი დღეები გამოვიარეთ... იმ ღვთისნიერი გოგოს რომ არ ეპოვნე, წარმოდგენაც კი არ მინდა, რა მოხდებოდა._ხმა ისევ აუკანკალდა. _მაგაზე ნუღარ ფიქრობ, ყველაფერმა ხომ ჩაიარა?_გვერდით მივუჯექი. ერთი ხელი მხრებზე მოვხვიე, მეორეთი კი მისი საფირმო გვირილის ჩაი მოვსვი უდიდესი სიამოვნებით. _ხო, მაგრამ... აქაც ძალიან რთული დღეები გვქონდა... ნეტა, ის გოგო როგორ არის? _ვინ გოგო?_ფინჯანი ჰაერში გამიშეშდა ცუდის მოლოდინში._აქ რაღა მოხდა? ბებია შეყოყმანდა. თითქოს ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა. _რა მოხდა-მეთქი?!_ინსტიქტურად ხმას ავუწიე. _ამბობენ…._მცირეხნიანი პაუზა გააკეთა. ალბად, ჰაერის ჩასასუნთქად, მაგრამ მე ლამის მოთმინების ძაფი გამიწყდა._ამბობენ, ის ბიჭი, რომ არა… იმ მომენტში იქ რომ არ მისულიყო შემთხვევით... _ვინ ბიჭი და ვინ გოგო?_ფინჯანი ტუმბოზე დავდე და ისე შევხედე ბებიას. _ვინ და, კესანე და სოსო… _ვინ?!_ამჯერად უკვე გაგიჟებული წამოვხტი ფეხზე._კესანე?! მას რა შეემთხვა? _ზუსტად არ ვიცი. მგონი, ვიღაც გოგომ მოტყუებით წაიყვანა სადღაც და იქ მისი შეცდენა უცდიათ თურმე... თითქოს, ცა ჩამომექცა თავზე. წავბარბაცდი და წონასწორობის შესანარჩუნებლად საწოლის თავს დავებჯინე. ბებია ახალგაზრდული სიმარდით წამოდგა და წელზე მომხვია ხელები. _რა გჭირს, კარგად ხარ?_თუმცა, მისი ხმა ძალიან შორიდან ჩამესმა თითქოს. მე მხოლოდ ერთადერთი სახელი მიტრიალებდა თავში, კესანე, და მისი ნახვის დაუოკებელი სურვილი... _სად არისო, არ იცი?_სუნთქვაგახშირებულმა ძლივს ვკითხე. _მგონი, იმ საავადმყოფოში წევს, მარინეს გოგო რომ მუშაობსო... მეტი აღარაფერი გამიგია. ქურთუკი რის ვაი ვაგლახით მოვიცვი და ოთახიდან გიჟივით გავვარდი. _ასეთ მდგომარეობაში სად მიდიხარ შვილო?_გზაში დამაწია ბებიამ, მაგრამ არც კი გავჩერებულვარ ისე მივაძახე, კესანეს სანახავად-მეთქი. თავისუფალი ტაქსი ძლივს ვიპოვე. მხოლოდ მისამართი ვუთხარი და მთელი გზა უბრად ვიმგზავრეთ. „რატომ არავინ არაფერი მითხრა? ან, მე როგორ ვერ მივხვდი ვერაფერს?..."_მხოლოდ ეს ფიქრები მიტრიალებდა თავში. როგორ მივედი დანიშნულების ადგილამდე, ვერ გავიგე. პირდაპირ რეგისტრატურასთან მივვარდი. _კესანე… კესანე კვინიკაძე სად არის? ქალმა ჯერ მე ამომხედა გაოცებით, მერე კი კომპიუტერს დახედა. _რომელი განყოფილებაა, იცით? _არა, არ ვიცი… უბრალოდ მითხარით, აქ არის თუ არა!_ხმაში მუდარის ნოტები ამიჟღერდა. მგონი, მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდა, მაგრამ მე საუკუნედ გაწელილი მომეჩვენა ეს დრო. ბოლოს, როგორც იქნა ამომხედა. _დიახ. მესამე სართული, ტრავმატოლოგია. სიტყვა “დიახ” უკვე საკმარისი იყო, რომ კიბეებისკენ გავვარდნილიყავი. (ლიფტის ლოდინში დრო არ დამიკარგავს). მესამე სართულზე კი არ ავედი, ავფრინდი. ჩემი, ჯერ კიდევ მოუშუშებელი ტრამვებით და იარებით ამდენი თუ შემეძლო, წარმოდგენა არ მქონდა. თითქმის ცარიელი დერეფანი უსასრულო მომეჩვენა. ყოველი კარი ერთნაირი იყო… და მაინც ვიცოდი, რომ ერთ-ერთის მიღმა კესანე იყო. თვალები ამიჭრელდა. ბედად, მედდა გამოჩნდა და მას ვკითხე კესანეს პალატა რომელი იყო. მართალია, მშვიდად მიმითითა, მაგრამ ბოლოს მაინც მკაცრად დაამატა, ვიზიტის დრო აღარ არისო. მისი ბოლო სიტყვებისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. უკვე კარის ცივ სახელურს ვებღაუჭებოდი და დაკაკუნების გარეშე ფრთხილად შევაღე. ფანჯარასთან იდგა ჩემგან ზურგშექცევით. კარის ხმა შეიძლება გაიგო, მაგრამ არ მობრუნებულა. შეიძლება, მედდა ვეგონე. ან, ისე იყო საკუთარ ფიქრებში ჩაძირული, ამ სამყაროს აღარ ეკუთვნოდა. წამით შევყოვნდი. მერე, ფრთხილად გადავდგი ჯერ ერთი ნაბიჯი, მერე მეორე და მესამე. ისე მივუახლოვდი, არაფერი გაუგია. _კესა..._მგონი, ხორხიდან კი არა, გულიდან ამოვთქვი. ვიგრძენი, როგორ შეკრთა. თუმცა, არ შემობრუნებულა. მაშინ, მე მოვკიდე ხელი და ჩემსკენ ფრთხილად შემოვაბრუნე. ფერმკრთალ სახეზე აქა-იქ მრავლობითი ჩალურჯება ჰქონდა და ტუჩზე პატარა ჭრილობა. წამიერად გავშეშდი. _კესანე…_ისე ამოვიჩურჩულე, ჩემი ხმა მე თვითონაც ძლივს გავიგონე და მთელი სხეული ჩამომეღვენთა თითქოს. _როგორ ხარ?…_ძლივს ჩავიჩურჩულე. მერე, მის ხელს მივწვდი და ფრთხილად შევეხე. ცივი იყო, სასწაულადცივი და სწორედ ამ სიცივემ დამარწმუნა, რომ ეს ყველაფერი რეალური იყო და არ მეჩვენებოდა. ერთ ხანს თავზარდაცემული ვუმზერდი. არც თვითონ ამბობდა არაფერს. თვალებში ცრემლი ედგა და კალაპოტს ვერ პოულობდა იქიდან გადმოსაღვრელად. მოულოდნელად მკლავები მოვხვიე და მკერდში ძლიერად ჩავიხუტე. თავიდან ისეთი გაშეშებული იყო, თითქოს ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ… ან უბრალოდ ძალა აღარ შესწევდა არანაირი რეაგირებისთვის. მერე, ნელა, ძალიან ნელა, ხელები წელზე შემომხვია და სწორედ მაშინ გატყდა. მისი სხეული უცებ შეირხა და ჩუმი ქვითინი ამოუშვა, რომელიც წამებში გადაიზარდა უსაშველო ტირილში. ისეთი ტირილი იყო, თითქოს მთელი ის ტკივილი, შიში და შეურაცხყოფა ერთდროულად ამოხეთქა. _ოტია…_ძლივს გასაგონად ამოიკვნესა. სახე ჩემს მკერდში ჩარგო და ისე ატირდა. თითქოს, ამით უნდოდა იმ ყველაფრისგან გაქცევა, რაც თავს გადახდა. უფრო ძლიერად მივიხუტე. _მაპატიე, რომ შენს გვერდით არ ვიყავი..._მწარედ ამოვიგმინე და უფრო ძლიერად ჩავიკარი გულში._მაპატიე, რომ მარტოს მოგიწია ამ ყველაფრის გადატანა... მაგრამ მე უკვე აქ ვარ, შენს გვერდით და აღარავის მივცემ იმის უფლებას, რამე დაგიშავოს… გესმის? აღარავინ შეგეხება ზედმეტად…_საკუთარ ხმაში იმდენი ბრაზი და სიმწარე ვიგრძენი, რომ თავადაც შემეშინდა. _არ მინდოდა, ასეთი გენახე._ტკივილით ამოიჩურჩულა. გული მომიკვდა. _სოსო რომ არ მოსულიყო, ალბათ..._სიტყვები შუაზე გაუწყდა. ვიგრძენი, როგორ დაეძაბა სხეული ჩემს მკლავებში და უცებ გავაცნობიერე, რომ ეს „ალბათ“ ყველაფერს იტევდა… იმაზე მეტს, ვიდრე სიტყვებით შეიძლებოდა გადმოცემა. თავი მის თმაში ჩავრგე და თვალები დავხუჭე. გული სიბრაზისგან მიდუღდა და გადმოდიოდა თითქოს. _დღეიდან ვეღარავინ გაწყენინებს, იმიტომ რომ ჩემთან ექნებათ საქმე! ჩემი მკლავებიდან თავი გაინთავისუფლა და გაოცებულმა ამომხედა. _რატომ მოხვედი?_უდიდესი შიშით მკითხა._რომ იმ ნაძირალას ვინაობა გითხრა და... და ანგარიში გაუსწორო? დავიბენი. _არ ვუარყობ, ეგეც მაინტერესებს თავისთავად, მაგრამ... ყველაზე მეტად მე შენზე ვდარდობ და შენი მდგომარეობა მაინტერესებს!_ისევ ძლიერად მოვხვიე მკლავები და ჩემგან თავის დაღწევის საშუალება აღარ მივეცი._მინდა, რომ ამ წუთიდან ჩემს გვერდით იყო... ჩემი მინდა იყო. მარტო ჩემი. _ეს... ეს შემოთავაზებაა თუ, ჩემი დასაკუთრების მცდელობა?_თითქოს მწარედ გაეცინა კესანეს. თავი ავაწევინე და თვალებში ჩავხედე. გაოცებული, შეშინებული და ამავე დროს რაღაც უცნაური ტკივილით სავსე თვალებით შემომხედა. შევცბი. ნუთუ მართლა მისი დასაკუთრება მინდოდა? _მიყვარხარ და შენს გარეშე ცხოვრება არ მინდა._მთელი გრძნობით ვუთხარი და მის ათრთოლებულ ბაგეებს დავეწაფე. ზუსტად იმ წამს პალატის კარი მკვეთრად გაიღო. კესანე შეკრთა. გამიძალიანდა და დარცხვენილი ისევ ფანჯრისკენ შეტრიალდა. _უკაცრავად…_ვიღაცის მშვიდი, მაგრამ მტკიცე ხმა რომ გაისმა, ინსტიქტურად შევტრიალდი. თეთრხალათიანი შუახნის მამაკაცი ზღურბლზე იდგა და ჯერ მე შემათვალიერა, მერე კი, კესანეს შეხედა. _პაციენტს დასვენება სჭირდება._ტონი არ შეუცვლია. თუმცა, აშკარად იგრძნობოდა, რომ ეს თხოვნა კი არა, მითითება იყო._ხვალ გავწერთ და სახლში მოინახულეთ. ახლა კი, გარეთ გაბრძანდით. კესანეს შევხედე. ის ისევ ფანჯარასთან იდგა ჩემსკენ ზურგით და არ შემობრუნებულა. გულში მტკივნეულად ჩამწყდა თითქოს რაღაც. ნელა დავიხიე უკან. ნაბიჯებს ძლივს ვადგამდი. ასე მეგონა, ლოდები მეკიდა ზედ. კართან მისულმა კიდევ ერთხელ შევხედე. _მე აქ ვარ…_ჩუმად, მაგრამ მტკიცედ ვუთხარი._და არსად არ მივდივარ. თუ რამე დაგჭირდეს, უბრალოდ გამომძახე. მაინც არ შემობრუნებულა და არ შემოუხედია ჩემთვის. არა და, როგორ მინდოდა. ჩემი უდიდესი სურვილის მიუხედავად მაინც გამოვედი პალატიდან. თუმცა, არსად წავსულვარ. იქვე მივეყუდე ცივ კედელს ზურგით და მუშტები ძლიერად შევკარი. თავში ის ერთი სიტყვა მიტრიალებდა… ის დაუსრულებელი „ალბათ“ და მოსვენებას მიკარგავდა. _ვიპოვი, ვინც არ უნდა იყოს და პასუხს აუცილებლად ვაგებინებ!_ღრმად ჩავისუნთქე და თვალები სიმწრით დავხუჭე. რამდენ ხანს ვიდექი ასე, არ ვიცი. მგონი, არც ვსუნთქავდი. ყურებში კესანეს ჩუმი სუნთქვა ჩამესმოდა თითქოს და ის გაუთქმელი შიში, რომელიც სიტყვებზე ბევრად ხმამაღლა ყვიროდა. მერე, პალატისკარი გაიღო და ექიმი გამოვიდა. არ გაჰკვირვებია, იქ რომ დამინახა. მხოლოდ რამდენიმე წამი გავიყინე თითქოს. მერე კი, ჩქარი ნაბიჯებით ავედევნე უკან შეძლებისდაგვარად. თეთრხალათიანი მამაკაცი ისე ნელა მიაბიჯებდა, მგონი იცოდა, რომ უკან უნდა გავყოლოდი და თითქოს ფეხს მიითრევდა. _ექიმო…_ორ ნაბიჯზე მივუახლოვდი თუ არა, მოგუდული ხმით დავუძახე. მომენტალურად შეჩერდა და შემოტრიალდა. ისეთი მზერა ჰქონდა, მივხვდი, ბევრი ასეთი ისტორიის მომსწრე იყო და წინასწარ იცოდა რას და როგორ ვკითხავდი. _მე ოტია ვარ…_სასწაულად გამიჭირდა საუბრის წამოწყება და სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი._მე კესანეს საქმრო ვარ._ეს უკვე მართლა არ ვიცი რატომ ვთქვი, მაგრამ იმ წამს მხოლოდ იმის უფლება მჭირდებოდა, რომ მის შესახებ ყველაფერი მცოდნოდა. ექიმმა ჩაფიქრებული მზერით შემათვალიერა. არ გაკვირვებია, არც არაფერი უკითხავს. მხოლოდ ოდნავ შესამჩნევლად დამიქნია თავი. _მისი მდგომარეობა მაინტერესებს._ეს ვკითხე და გული ისე ამიჩქარდა, თითქოს პასუხს კი არა, განაჩენს ველოდი მისგან. _კატასტროფულად მძიმე დაზიანებები არ აქვს, თუმცა… ამ „თუმცა“-მ ყველაზე მეტად შემაშინა. _სხეულზე მრავლობითი ჩალურჯება აქვს. მკლავებზე, მხრებზე… განსაკუთრებით მაჯებზე... სიმწრისგან ყბა დამეჭიმა და მუშტებიც ინსტიქტურად შევკარი. _მსუბუქი ტვინის შერყევა... სიცოცხლისთვის საფრთხეს არც ერთი არ წარმოადგენს, მაგრამ სიფრთხილე სჭირდება. სიმწრისგან თვალები დავხუჭე. _და…_ბოლოს ხმა სულ ჩამიწყდა. ექიმი თითქოს ზუსტად მიხვდა, რის კითხვასაც ვცდილობდი. _სექსუალური ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ამის გაგონებაზე შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ შვება მაინც ვერ ვიგრძენი. _თუმცა._ისევ დაამატა ექიმმა._პაციენტი მძიმე შოკურ მდგომარეობაშია. ფსიქოლოგიური ტრავმა ბევრად სერიოზულია, ვიდრე ფიზიკური დაზიანებები. _და ეს... ეს რას ნიშნავს?.. _ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება კითხვები, დაძაბვა ან რაიმე სახის ზეწოლა._საკმაოდ მკაცრად გამაფრთხილა._მას მხოლოდ უსაფრთხოების განცდა სჭირდება. სიმშვიდე სჭირდება და ადამიანი, ვისთანაც თავს დაცულად იგრძნობს. _მე… ამას შევძლებ._დარწმუნებით ვთქვი, მაგრამ ექიმმა თითქოს ეჭვით შემომხედა. _იცი? შენ ახლა მას სჭირდები არა როგორც მფლობელი, არამედ როგორც საყრდენი. მუშტები ნელ-ნელა გავხსენი და თავი დავუქნიე. _ხვალ სახლში გაეწერება, მაგრამ ყველაფერი უკვე თქვენზეა დამოკიდებული. პირველი დღეები გადამწყვეტია. ექიმი წავიდა. მე ისევ კედელს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. _კარგი…_ჩუმად ამოვიგმინე კესანეს მისამართით._არ ვეცდები იმის დამტკიცებას, რომ ჩემი საკუთრება ხარ… იმას დაგიმტკიცებ, რომ მე შენ მიყვარხარ და მუდამ შენს გვერდით ვიქნები... შურისძიება მოიცდის. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიდექი ასე გაუნძრევლად თვალდახუჭული და კესანეზე ვფიქრობდი. მოულოდნელად ნაცნობი ხმა შემომესმა: _ოტია?! გაოცებულმა ხმის მიმართულებას გავაყოლე მზერა და სოსო დავინახე. _შენ?.. შენ აქ რა გინდა?..._მომიახლოვდა და ჩემ წინ გაჩერდა. სახეზე რამდენიმე ჩალურჯება მასაც ეტყობოდა. ჩემმა სხეულმა გონებაზე სწრაფად მოახდინა რეაგირება: საყელოში ვწვდი და ჩემსკენ მოვქაჩე. _ვინ იყო?_კბილებში გამოვცერი._ვინ გაბედა და ვინ შეეხო? სოსო არ განძრეულა. ხელიც კი არ გამაშვებინა. უბრალოდ იდგა და მიყურებდა. _ვინ იყო-მეთქი?_ისევ ავისმომასწავებლად გავუმეორე. _ეს შენ არ გეხება._ისე მშვიდად მითხრა ბოლოს, რომ საშინლად გამაღიზიანა მისმა მეტისმეტმა სიმშვიდემ და ვულკანივით ავფეთქდი. _როგორ თუ არ მეხება?! მითხარი ვინ იყო!_უფრო ძლიერად მოვქაჩე საყელოზე._მე ამას ასე არ დავტოვებ!_ჩემი ხმა დერეფანში ექოდ გაისმა. სოსომ დაღლილი თვალებით ამომხედა. _ზუსტად ეგ არის პრობლემა, ოტია._თითქოს ამოიოხრა._ჩვენ ყველას: მე, შენ, ბადრის, შურისძიება გვწადია. ჩემ დას კი, სიმშვიდე სჭირდება._ზუსტად ექიმის სიტყვები გაიმეორა._ახლა თუ წახვალ და იმ ადამიანს დაუწყებ ძებნას, რომ სამაგიერო გადაუხადო, შენც მასავით მოძალადე იქნები... _იმ ნაძირალას ნუ მადრი!_თვალები ამეწვა. _მაშინ დაეშვი. ისედაც ძლივს დგახარ ფეხზე... კესანეს ახლა საერთოდ არ სჭირდება სისხლში ამოსვრილი გმირი. ისეთი ადამიანი სჭირდება, ვინც მის გვერდით იქნება და ამის შესახებ არაფერს ჰკითხავს. _და შენ?..._მის ჩალურჯებებზე მივანიშნე. _მე უბრალოდ დროულად მივედი._ეს ისე მითხრა, რომ ტანში გამცრა._მადლობა ღმერთს, შემთხვევით გადავაწყდი..._თან, მძიმედ ამოიხვნეშა._საკადრისი უკვე მიიღო ჩემგან. ახლა კი, კანონის ძალით დაისჯება. ისეთი დუმილი ჩამოწვა დერეფანში, პალატებში რას ლაპარაკობდნენ, თავისუფლად შეიძლებოდა გარჩევა. _მესმის, მაგრამ... მაინტერესებს ვინ იყო?_ამჯერად უფრო მშვიდად ვკითხე, მაგრამ საკუთარ ხმაში ისეთი სიმძიმე ვიგრძენი, თვითონვე გამიკვირდა. სოსომ უარყოფის ნიშნად თავი ოდნავ გადააქნია. _ნუ ცდილობ რამე დამაცდევინო. თუ კესანე თავად არ გეტყვის, არც მე ვიტყვი რამეს. ისევ საშინელი სიჩუმე ჩამოწვა დერეფანში. _ის შენ გეძახდა._ბოლოს ჩუმად დაამატა. გავშეშდი. _რა?.. _გონზე მოსული შენ გკითხულობდა… პირველად მაშინ გავიგე... შენი სახელი ისე ახსენა, მივხვდი..._აზრის ჩამოყალიბება გაუჭირდა, მაგრამ მე მაინც მივხვდი, რასაც გულისხმობდა. თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. _ხო. მე და კესანეს გვიყვარს ერთმანეთი..._ძლივს წარმოვთქვი._ამის თქმას ვაპირებდი... ამჯერად ისე შემომხედა სოსომ, თითქოს პირველად მხედავდა. გაკვირვება, წყენა, ბრაზი, ყველაფერს ერთნაირად გამოხატავდა მისი ეს მზერა. მერე, მანაც ჩემსავით ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და საკმაოდ მკაცრად მითხრა. _თუ მართლა გიყვარს ჩემი და, იზრუნე მასზე. გული უარესად არ ატკინო, თორემ საქმე ჩემთან გექნება!_მუშტები ისე მომუჭა, თითქოს დარტყმას მიპირებდა._მას ვცემ პატივს და მის არჩევანს ვეგუები, თორემ... მოკლედ, გაუფრთხილდი. ინსტიქტურად დავუქნიე თავი. თუმცა, ეს დაპირება უფრო რთული მეჩვენებოდა, ვიდრე შურისძიებაზე ფიქრი... *** _იცი, ყველაზე ცუდი რა არის?.._იმ დღეს, როცა ყველაფერი თითქმის დასრულდა და მე და ბადრი ბოლოსდაბოლოს პირისპირ დავრჩით ერთმანეთთან, ბადრიმ გულახდილი საუბარი წამოიწყო. ცოტა გაოცებულმა შევხედე. _ის, რომ ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ამაზე უკვე დავიბენი. ბადრი კი რამდენიმე წამით გაჩუმდა. მერე ნელა ასწია თავი და დამნაშავის მზერით შემომხედა: _ყველაფერი ჩემი ბრალია... იმ კაცს ოჯახი მე დავუნგრიე. ყველაფერი, რაც ჰქონდა, მე წავართვი..._მძიმედ ამოიოხრა._სიმართლე რომ გითხრა, თავიდან სერიოზულად არც კი მიფიქრია ჩვენს ურთიერთობაზე. თავად დამიწყო ფლირტი და მეც ავყევი. მეგონა, რამდენიმე დღეში დამთავრდებოდა. რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად, ათი წლით უფროს, თანაც გათხოვილ ქალთან რაღაც სერიოზულზე ეფიქრა? _არ ვიცი._მხრები უაზროდ ავიჩეჩე._ალბათ არც არავის. _შენც ჩემს გამო გქონდა რიგი პრობლემები. სოსოც საფრთხეში ჩავაგდე და ჩვენი ბიზნესიც... მართალია მათე თავისმა საქმიანობამ მოკლა, მაგრამ ისიც ჩემს სახელს უკავშირდება მაინც. მე რომ არა, არც მას გამოიყენებდა..._სიტყვა გაუწყდა._მაგრამ ყველაზე მეტად იმას ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, რომ კესანემაც გადაიხადა ამისი საფასური. ზამბარასავით დავიძაბე და უნებურად მუშტები შევკარი. _ჩემზე უნდოდა შურისძიება და გამოუვიდა კიდეც. იცოდა, ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება იქნებოდა._გაჩუმდა და მზერაც გაუშეშდა. ასეთი გულწრფელი იშვიათად მენახა. მართალია, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვხსნიდი სინამდვილეში ვინ იყო: გამორჩეულად ნიჭიერი აფერისტი თუ კაცი, რომელსაც საკუთარი გრძნობების დამალვა ყველაზე უკეთ შეეძლო. იმ წამს კი ერთი რამ ზუსტად ვიცოდი: გულწრფელად ნანობდა. _უნდა მიმხვდარიყავი..._უარესად გაებზარა ხმა._უნდა მცოდნოდა, რომ ასე მარტივად არ დამთავრდებოდა... ყველაფერი ჩემი ბრალია, ოტია. _თუ ამ ყველაფრის მერე მაინც ისწავლი ჭკუას და მსგავს სისულელეს აღარ ჩაიდენ, მაშინ არაუშავს, ფუჭად არ ჩაუვლია იმ ტკივილს... მწარედ ჩაეცინა. _იცი, რაც ნინი გავიცანი, მას მერე ამ სამყაროს სულ სხვა თვალით ვუყურებ... ხანდახან იმასაც ვფიქრობ, იქნებ ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მას შევხვედროდი? არ ვიცი... მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, იმ გოგომ რადიკალურად შემცვალა. გამეღიმა. _გულწრფელად მიხარია შენი ამბავი. ერთ ხანს ორივე გავჩუმდით. მერე მეც ამოვიოხრე. _იცი... მეც ბევრი რამ მასწავლა ამ ამბავმა. ინტერესით შემომხედა. _მარგოს შემახვედრა... წლების განმავლობაში დედასთან გაფუჭებული ურთიერთობაც დამილაგა... ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემს მიტოვებას ვაპატიებდი... უფრო მეტიც, ერთმანეთს ასე გავუგებდით. თურმე ყველაზე მძიმე ამბებსაც შეუძლია რაღაც კარგის მოტანა... ოღონდ ისეთი ფასი აქვს, ხანდახან გადახდა გვიჭირს. ბადრიმ თავი დამიქნია. _ზუსტად მაგას ვფიქრობ მეც._თუმცა მოულოდნელად საათს დახედა და სახე შეეცვალა._ბოდიში, მაგრამ პაემანი მაქვს და უნდა გავიქცე. _მეც ზუსტად მაგის თქმა მინდოდა. _მოიცა... შენც ნინის ხვდები? მივხვდი, ცალი წარბი როგორ გამექცა ზემოთა. _ააა... ჰოო... ნეტა როდის უნდა შევეგუო, რომ შენ და კესანე ერთად ხართ?.. _შეეგუები, შეეგუები._გაშლილი ხელისგული გამეტებით დავარტყი ბეჭებზე. _იმენნა, შენი ხელით მიწერია სიკვდილი, საკუთარ ძალებს არასწორად რომ იყენებ!_თავისებურად აწუწუნდა._ჰალკის ძალები რომ გაქვს, განა მეგობარზეც უნდა გამოიყენო? ცოტაა ნაძირალა?_ადგა, წელში გაიმართა. მაგრამ როგორც სჩვეოდა, დიდხანს არ გაუგრძელებია წუწუნი, მალევე დასერიოზულდა. _იცოდე, თუ რამე აწყენინე...მუშტი შეკრა და მეტი ეფექტისთვის მომიღერა._ჩემთან გექნება საქმე! ეპილოგი ქარი პირდაპირ სახეში მცემდა. თუმცა, არ მაწუხებდა. პირიქით, თითქოს ყველა ფიქრს ერთიანად მიფანტავდა, რაც ბოლო დღეებში დამიგროვდა. გაზს ოდნავ მოვუმატე და მოტოციკლი რბილად გაცურდა გზაზე. უკნიდან მისი მკლავები უფრო მჭიდროდ შემომეხვია და კმაყოფილს გამეღიმა. ოდნავი შეხებაც კი საკმარისი იყო, რომ თავი უსაზღვროდ ბედნიერად მეგრძნო. _სწრაფად ნუ მიდიხარ..._ტუჩები ყურზე მომადო და ისე ჩამჩურჩულა. _გეშინია?_სანახევროდ მივბრუნდი. ისე, რომ მართვა არ დამეკარგა. უარყოფის ნიშნად თავი გამიქნია, მერე კი სიცილი წასკდა. იმ სიცილში ისეთი სინათლე იყო, უნებურად მეც ავყევი. _სულაც არ მეშინია... უბრალოდ მინდა, რომ ეს გზა დიდხანს გაგრძელდეს. გულში თბილად ჩამეღვარა რაღაც და სიჩქარე დავაგდე. მისი თითები ერთმანეთში გადახლართულიყო ჩემს მკერდზე. შიგადაშიგ ისე ძლიერ მიჭერდა, თითქოს დარწმუნება უნდოდა, რომ მართლა იქ ვიყავი. ერთი ხელი საჭეს გავუშვი და მის თითებს მივეფერე. უფრო ძლიერად მომეხვია და ზურგზე ლოყით მომეხუტა და იმ წამს მივხვდი, რომ სადაც არ უნდა წავსულიყავით, სწორი გზა უკვე არჩეული მქონდა და ამ გზაზე მარტო არასდროს ვიქნებოდი. (დასასრული) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


