90 წუთს მიღმა (სრულად)
წინასიტყვაობა. არ ვიცი, როდის შემიყვარდა ფეხბურთი. ალბათ მაშინ, როცა ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და ტელევიზორთან მჯდომი თითოეულ მატჩს ისე ვუყურებდი, თითქოს სამყაროში სხვა არაფერი არსებობდა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ერთი რამ არასოდეს შეცვლილა — ამ ქვეყნად არაფერი მაგრძნობინებს თავს ისე ცოცხლად, როგორც ფეხბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ეს ის რამდენიმე კვირაა, როცა დრო თითქოს სხვანაირად გადის, ქუჩები ცარიელდება, უცნობები ერთმანეთს ფეხბურთზე ელაპარაკებიან, ხოლო თითოეული მატჩი საკუთარ ისტორიად იქცევა. სწორედ ამ მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში მივხვდი, რომ გულში დიდი ხანია ერთი ისტორია ცხოვრობდა. ამ ემოციებმა გამახსენა საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებიც. ის ღამეები, როცა მთელი ქვეყნის გულისცემა ერთ რიტმში იყო. ის წამები, როცა თითოეულ შეტევაზე სუნთქვას ვიკავებდით, ხოლო ბოლო სასტვენის შემდეგ სიხარულის ან შვების ცრემლებს ვერ ვიკავებდით. ალბათ არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე საკუთარი ქვეყნის გამარჯვება. დღემდე ისეთივე მოუთმენლად ვითვლი დღეებს ნაკრების შემდეგ მატჩამდე, როგორც ადრე. ფეხბურთმა მასწავლა ლოდინი, იმედის ქონა, მარცხის მიღება და ისიც, რომ ზოგჯერ ერთი გოლი მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში დაუვიწყარ მოგონებად რჩება ამიტომ მხოლოდ ერთს გეტყვით: ისიამოვნეთ თავი 1- სტადიონი თითქოს აღარ სუნთქავდა. ოთხმოცდაათი წუთის განმავლობაში ათიათასობით ხმა ერთმანეთს ერეოდა, ხალხი ტრიბუნებიდან ყვიროდა, მოწინააღმდეგე გუნდს ლანძღავდა, მღეროდა მაგრამ ახლა, დამატებული დროის მეორე წუთზე, მთელი ეს ხმაური ერთ დიდ, თანაზომიერ გულისცემად ქცეულიყო. მიუნხენი. ღამის ცა პროჟექტორების თეთრი შუქისგან გათეთრებოდა, თითქოს ვარკვლავებმაც კი დათმეს ადგილი ამ ერთი საღამოსთვის. ტრიბუნებზე ათასობით დროშა ფრიალებდა. წითელი, თეთრი, შავ-ყვითელ-წითელი,.. ორი ქვეყნის ფერები ერთმანეთში ირეოდა, მაგრამ ერთ კუთხეში, სადაც ქართველი გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილნი, ხუთჯვრიანი დროშები ცოცხალი ტალღასავით მოძრაობდნენ. ტაბლოზე ცივი, გულგრილი ციფრები ანათებდნენ, თითქოს არაფერი იცოდნენ იმ ცეცხლის შესახებ, რომელიც მათ ქვემოთ იწვოდა: საქართველო 1:1 გერმანია 92:08 ბურთი გერმანელებმა დაკარგეს. ერთი უხეში, გაუფრთხილებელი გადაცემა. ერთი წამით დაკარგული კონცენტრაცია. და უცებ ბურთი მოედნის ცენტრში აღმოჩნდა. ლუკა ქავთარაძემ ერთი შეხებით გააჩერა. სტადიონის ხმაური თითქოს წყალში ჩაიძირა. ყველაფერი შენელდა - ისე, როგორც შენელდება წამი, როცა სიცოცხლის ყველაზე მნიშვნელოვან წუთს უახლოვდები. მის წინ ორი გერმანელი მცველი იდგა. ერთს უკვე ფეხი ჰქონდა გადადგმული. მეორე სივრცეს კეტავდა. ჩვეულებრივი ფეხბურთელისთვის გზა აღარ არსებობდა. ლუკასთვის კი... გზა უკვე ნანახი ჰქონდა. არა წინასწარმეტყველებით, არამედ იმ წლების მეხსიერებით და ვარჯიშით, რომელიც ახლა, ერთ წამში, მთელი სისრულით გაცოცხლდა. *** მედია-ტრიბუნაზე ნიცა თოფურიას თითები დიქტოფონის გარშემო გაუთეთრდა. თითქოს ხელსაწყოს ჩაეჭიდა, რომ თავად არ გადავარდნილიყო არც კი ახსოვდა, ბოლოს როდის ჩაისუნთქა. ლეპტოპის ეკრანზე უკვე ნახევრად დაწერილი ფრაზა ელოდა. დაუმთავრებელი წინადადებასავით ჩამოკიდებული: "საქართველოს ისტორიული შანსი..." ქვემოთ სიცარიელე იყო. ვეღარ წერდა. სიტყვებმა, რომლებიც აქამდე ასე ადვილად მოსდიოდა, ახლა უეცრად უღალატეს -რადგან იმას, რასაც თვალწინ ხედავდა, ენა ვერ იტევდა. მის თვალწინ ლუკა იდგა. არა როგორც ეროვნული გმირი. არა როგორც ევროპაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი. არამედ როგორც ის ბიჭი, რომელსაც სამი წლის წინ, თითქმის ცარიელ სტადიონზე პირველად დაუსვა კითხვა, რომლის პასუხზეც აქამდე არავის უფიქრია. "რატომ დაელოდე მცველის მარჯვენა ფეხის გადადგმას?" უცნაურია... როგორ იწყება ხოლმე ადამიანის მთელი ცხოვრება ერთი, ერთადერთი კითხვისგან. ლუკამ თავი ასწია. რამდენიმე ასეული მეტრი აშორებდათ ერთმანეთს. მაგრამ მაინც დაინახა. ნიცაც უყურებდა. მათ შორის არც ღიმილი ყოფილა. არც რაიმე ჟესტი. მხოლოდ მზერა. ისეთი, რომელსაც სიტყვები არასოდეს სჭირდება. ***** თბილისში, საბურთალოზე, ერთ ჩვეულებრივ ბინაში, ტელევიზორის ხმა კედლებს გასცდა და თითქმის მთელ სადარბაზოს მოედო. — დედა, აღარ მოდიხარ? — დაიყვირა პატარა დათუნამ, ხმაში შერეული შიშითა და აღტაცებით. გიორგი თოფურიამ ოთახში უკვე მეათედ გაიარა წინ და უკან. — ვერ ვჯდები... ვერ ვჯდები, ბიჭო... — დაჯექი ერთი წუთით მაინც. სამზარეულოდან თიკა გამოვიდა, ხელში თეფში ეჭირა, ორთქლი ჯერ კიდევ ადიოდა ხაჭაპურს, მაგრამ აღარავის ახსოვდა. ყველას მხოლოდ ეკრანი აინტერესებდა, თითქოს იქ, იმ ოთხკუთხედ ყუთში, მთელი მათი მომავალი წყდებოდა. დათუნა დივანზე მუხლებით იდგა. პატარა ხელები ერთმანეთზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თვალები მჭიდროთ დახუჭა. — ღმერთო... ოღონდ ახლა... გიორგიმ ჩაიცინა. — ვიზე ლოცულობ, შე პატარა ონავარო? — ღმერთზე... — და რას სთხოვ? ბავშვმა ისე უპასუხა, თითქოს ეს ყველაზე მარტივი კითხვა იყო. — ლუკამ გოლი გაიტანოს. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. გიორგიმ შვილს შეხედა, შემდეგ ტელევიზორს. მთელი საღამოს განმავლობაში აღარაფერი უთქვამს. თითქოს ბავშვის რწმენამ მოზრდილს ენა დაუბმა. **** ძველი კორპუსის მეოთხე სართულზე, აივნის კარი ნახევრად ღია იყო. კოტე ქავთარაძე გარეთ იდგა. სიბნელეში, თითქოს განზრახ დამალულიყო ყველასგან. სიგარეტი უკვე ბოლომდე ჩამწვარი ჰქონდა. ეკრანს არც უყურებდა. ვერ უყურებდა. შიგნიდან ტელევიზორის ხმა გამოდიოდა. კომენტატორი ბოლო ხმაზე ყვიროდა. მაგრამ კოტე მხოლოდ ეზოს უსმენდა. უსმენდა სიჩუმეს, რომელიც ყოველ წამს აფეთქებისთვის ემზადებოდა. იცოდა... თუ რაღაც მოხდებოდა... მთელი უბანი ერთად იყვირებდა. ისიც მაშინ გაიგებდა. ხელები აივნის მოაჯირზე ისე ძლიერად ჰქონდა მოჭერილი, თითები გათეთრებოდა. საკუთარ თავს ჩუმად უთხრა: — ოღონდ შენ არა... თითქოს ტრავმას ელაპარაკებოდა. თითქოს ბედს. *** მოედანზე დათო საჯარიმოსთან იდგა. მეკარისთვის ეს ყველაზე საშინელი მომენტი იყო. ის წუთი, როცა თამაში მთლიანად სხვის ხელშია და შენ მხოლოდ მაყურებელი ხარ საკუთარ ბედისწერაზე. ვერაფერს აკეთებდა. მხოლოდ უყურებდა. და უცებ ბოლო ხმაზე დაიღრიალა. — ლუკა! ლუკამ არ მიუხედია, — მიეცი, შენი დედაც!.. ხმა მთელ სტადიონზე გაისმა. რამდენიმე გერმანელმა ფეხბურთელმაც კი გაიხედა. ლუკას ტუჩის კუთხე ოდნავ შეერხა— ის უმცირესი, თითქმის უხილავი ღიმილი, რომელსაც მხოლოდ ახლობელი თვალი თუ ამოიცნობს. იცოდა. ეს დათო იყო. ასეთ მომენტშიც კი, სისხლგამყინავი დაძაბულობის ცენტრში, ადამიანი, ვისაც ჯერ კიდევ შეეძლო მისთვის ღიმილი გამოეწვია ბურთი ისევ ფეხთან ჰქონდა. ერთი ნაბიჯი. მეორე. მცველი წამოვიდა. არა... ჯერ არა. კიდევ ნახევარი წამი. აი ახლა. ლუკამ ბურთი მარცხნივ შეატოკა. მცველმა წონა გადაიტანა. ზუსტად ამას ელოდა. გზა გაიხსნა. სტადიონი ფეხზე წამოდგა. ერთი სხეულივით, ერთი ამოსუნთქვასავით. ნიცას დიქტოფონი ხელიდან თითქმის გაუვარდა. გიორგიმ ტელევიზორთან იყვირა. , ისე, თითქოს ხმა ეკრანს იქით გააღწევდა. დათუნამ თვალები გაახილა. კოტემ აივნის მოაჯირს თითები კიდევ უფრო მოუჭირა. დათომ საჯარიმოდან წინ გადადგა ნაბიჯი. ლუკამ... ... ... ... და იმ წამს... როცა მთელი ქვეყანა ერთ სუნთქვად შეიკრა.. **** სამი წლით ადრე... თავი 2 თბილისი შემოდგომას ყოველთვის თავისებური, ქალაქი არც ოქროსფრად იწოდა ბოლომდე და არც სრულად ექცეოდა ნაცრისფერ ტყვეობაში. ახლად გადაღებული წვიმის შემდეგ, ასფალტზე დარჩენილი გუბეები სარკეებივით ირეკლავდნენ ძველი სახლების ჩუქურთმიან აივნებს. გაჩერებებთან მძიმედ ამოისუნთქებდნენ ხოლმე ყვითელი ავტობუსები, საიდანაც ამოსული ხალხი, საყელოაწეული და თვალებაფარებული, ისევ სადღაც ეშურებოდა. ნიცა თოფურიამ ყავის ჭიქა მკერდზე მიიკრა და უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მძიმე კარები შეაღო. დერეფანში უკვე ნაცნობი ხმაური იდგა. ვიღაც მოახლოებულ გამოცდაზე წუწუნებდა. ვიღაც ფეხბურთის ნაცვლად "ფორმულა ერთის" ბოლო რბოლის ტაქტიკაზე ცხარობდა; ვიღაც კი უბრალოდ თვალებით ეძებდა მიზეზს, რომ მომდევნო ლექცია გამოეტოვებინა. — ნიც! სალომე კიბიდან ხელის ქნევით ჩამოფრინდა. — კიდევ დროზე მოხვედი? ერთხელ მაინც დააგვიანე, რა. — ერთხელ რომ დავაგვიანო, აუცილებლად იმ დღეს იტყვის ლექტორი რამე საინტერესოს. — აი, ეგ არის შენი პრობლემა. სალომემ თვალები დემონსტრაციულად გადაატრიალა. — შენ გგონია, ყველა ლექციაზე მსოფლიო წესრიგი იცვლება. ნიცას გაეცინა. — ზოგჯერ იცვლება ხოლმე. — ჰო, და დანარჩენ დროს შენ იწერ ყველაფერს, რასაც ეგენი ამბობენ. — იმიტომ, რომ მერე დამახსოვდეს. — მე კიდე იმიტომ არ ვიწერ, რომ მერე არც გამახსენდეს. ორივე სიცილით აუყვეს ძველ, გაცვეთილ კიბეს. ორი სრულიად სხვადასხვა სამყარო იდგა ერთმანეთის გვერდით: სალომე ფერად, წამიერ შთაბეჭდილებებს აგროვებდა; ნიცა — სიტყვებს, კადრებსა და ისტორიებს. **** აუდიტორია თითქმის სავსე იყო. თბილი, ოდნავ მტვრიანი სინათლე იღვრებოდა პროფესორი ალექსანდრე უკვე ფანჯარასთან იდგა. ხელები ზურგს უკან შემოეჭდო და ეზოს გაყუჩებულ ხეებს გაჰყურებდა სამოც წელს გადაცილებული კაცი იყო. ჭაღარაშერეული მუქი თმით, მუქი ლურჯი პიჯაკით, ძველი ტყავის ჩანთით, რომელიც მრავალი წლის ისტორიას იტევდა და თვალებში კი ისეთი სიღრმე უჩანდა, თითქოს ყველა მატჩი, ყველა ემოცია და დრამა, რომელიც ოდესმე გაუშუქებია, ჯერ კიდევ კადრივით უტრიალებდა გონებაში. მერხზე არც წიგნი დაუდია. არც პრეზენტაცია გაუხსნია. უბრალოდ სტუდენტებს გადახედა. სათვალე გაისწორა და მშვიდი ხმით იკითხა: — რას აკეთებს ჟურნალისტი? რამდენიმე ხელი ერთდროულად აიწია. — ინფორმაციას ავრცელებს. — ფაქტებს ამოწმებს. — საზოგადოებას სიმართლეს აწვდის. ალექსანდრემ თავი დაუქნია. — ყველაფერი სწორია. ცოტა ხნით გაჩუმდა. შემდეგ დაფაზე მხოლოდ ერთი სიტყვა დაწერა. ადამიანი. — აი, ეს არის პასუხი. — თქვა მან და სტუდენტებს მიუბრუნდა. აუდიტორიაში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა. რომ ფანჯარაზე წვიმის წვეთების ტყაპატყუპიც კი ისმოდა — სტატისტიკას ყველა ნახავს, ანგარიშსაც ყველა გაიგებს, თუ მატჩი ორი-ნულით დასრულდა, ამას ტელეფონიც დაწერს. მაგრამ...რატომ ტიროდა მეკარე თამაშის შემდეგ? რატომ აღარ უყურებდა ფეხბურთელი მამას თვალებში? რატომ გაუხარდა სათადარიგოზე მჯდომ ბიჭს სხვისი გოლი? თუ ამ კითხვებზე პასუხი ვერ იპოვეთ... თქვენ უბრალო რეპორტიორები იქნებით. ჟურნალისტები — ვერა. ნიცა უკვე იწერდა. სალომე კი ტელეფონში ინსტაგრამს ათვალიერებდა. ფრთხილად გადმოიხარა და ჩუმად ჩასჩურჩულა: — ღმერთო... — რა? — ნიცას თვალიც არ მოუწყვეტია ბლოკნოტისთვის. — შეხედე, მილანის მოდის კვირეული დაიწყო. ნიცას არც გაუხედავს. — ლექციაზე ვართ სალო. — მერე რა? — ვუსმენ. — შენ მართლა ფეხბურთზე აპირებ წერას? — სალომემ გაოცებით შეხედა. — კი. — მთელი ცხოვრება? — ალბათ. სალომემ თავი გადააქნია, თითქოს მეგობრის გადაწყვეტილებას ვერ ეგუებაო: — შენს ადგილას მოდაზე დავწერდი. უფრო ლამაზი ხალხია, უფრო ლამაზი ტანსაცმელი. უფრო დიდი ფული. ნიცამ კალამი გააჩერა.ნაზად გაიღიმა, დაფაზე დაწერილ სიტყვას შეხედა და ჩუმად თქვა: — ფეხბურთში უფრო ლამაზი ისტორიებია. ლექციის დასრულების შემდეგ ალექსანდრემ ნიცას გაასწრო. — თოფურია. — დიახ, ბატონო ალექსანდრე? — შენ წერ. — ვცდილობ.— შეიშმუშნა ნიცა. — არა. პროფესორმა თავი გააქნია. — შენ აკვირდები. ეგ უფრო იშვიათია. ნიცამ არაფერი უპასუხა. ასეთი შექება უხერხულობას უფრო იწვევდა, ვიდრე სიხარულს. — ერთ რამეს გეტყვი, თუ ოდესმე ისეთი სპორტსმენი შეგხვდება, რომელსაც სხვები ვერ ამჩნევენ... მის ისტორიას ხელი არ გაუშვა. ყველაზე დიდი ტექსტები უცნობ ადამიანებზე იწერება… *** ორი საათის შემდეგ ნიცა უკვე ძველი თბილისის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე ჩადიოდა. სარდაფში პატარა სპორტული გამოცემა მუშაობდა. გარედან ვერავინ მიხვდებოდა, რომ იმ რკინის, მძიმე კარს მიღმა მედია არსებობდა. ჩამქრალი აბრა, წვიმისგან გადარეცხილი საფეხურები და ნესტის მძიმე, სქელი სურნელი, რომელიც კედლებს ღრმად გამჯდარობდა. შიგნით ოთხი ძველი, გაჩხერილი მაგიდა იდგა. სამი გუგუნა კომპიუტერი, ერთი ხრიწინით მომუშავე პრინტერი და კედელზე აკრული, დროისგან ფერდაკარგული ეროვნული ნაკრების ფოტო. რედაქტორმა, ორმოცდაათ წლამდე გადაღლილმა კაცმა, თავი არც აუწევია, ისე ჩაილაპარაკა: — მოხვედი? — დიახ. — ესპანეთის ჩემპიონატის ნიუსები თარგმნე. — მაგრამ.... მეგონა, დღეს... — მერე პრემიერ ლიგაც. — საკუთარი მასალა...რომ — მერე-მეთქი, ნიცა. ნიცა გაჩუმდა.პროტესტის გრძნობა ყელში მოაწვა, თუმცა ხმა არ ამოუღია. კომპიუტერთან დაჯდა. საიტები გახსნა. ერთი ნიუსი. მეორე. მესამე. "კოპი." "ფეისთ." "გამოაქვეყნე." ერთი საათი ისე გავიდა, ერთი საკუთარი წინადადებაც არ დაუწერია. ეს არ იყო ჟურნალისტიკა. ეს იყო უბრალოდ ტექსტების მექანიკური გადაქაჩვა ერთი ენიდან მეორეზე, უსულო კონვეიერი. **** საღამოსკენ საინფორმაციო ლენტაში ახალი შეტყობინება გამოჩნდა. "დინამო თბილისის აკადემიის ნახევარმცველი ლუკა ქავთარაძე სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა..." ნიცამ უნებურად გახსნა. მოკლე მშრალი ტექსტი იყო. რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი, ორი სტანდარტული ფოტო და სხვა არაფერი. თუმცა, ბოლოში ერთი წინადადება ეწერა, რომელმაც ნიცას ყურადღება მიიპყრო: "მწვრთნელები აღნიშნავენ, რომ მას თამაშის არასტანდარტული ხედვა აქვს." არასტანდარტული ხედვა. ნიცამ ეს სიტყვები ორჯერ გადაიკითხა. ნიცამ ეს სიტყვები გონებაში ორჯერ გადააკეთა. თითქოს ამ სტანდარტულ ნიუსში რაღაც მთავარი აკლდა. სტატია დახურა, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ გახსნა. ფეხბურთელების მსგავს შეფასებებს ხშირად წერდნენ. "სწრაფია." "ტექნიკურია." "ნიჭიერია." მაგრამ... ხედვა. უცნაური სიტყვა იყო. უფრო მხატვარს მოუხდებოდა, ვიდრე ფეხბურთელს. ნიცამ ბლოკნოტი გახსნა. პატარა გვერდის კუთხეში მხოლოდ ორი სიტყვა ჩაწერა. ლუკა ქავთარაძე. სხვა არაფერი. არც კი იცოდა, რატომ გააკეთა ეს. *** საღამოს მეტროში სახლში ბრუნდებოდა. ვაგონი თითქმის ცარიელი იყო. გვირაბის უსასრულო სიბნელეში ფანჯრის მინა მისივე დაღლილ ლანდს ირეკლავდა. ტელეფონის ეკრანზე ისევ ის სახელი ენთო — ლუკა ქავთარაძე. უცნობი ბიჭი. შესაძლოა, ერთ წელიწადში მისი სახელი საერთოდ აღარავის ხსომებოდა. შესაძლოა, ათ წელიწადში მთელ სტადიონს მისი სახელი სკანდირებით გადაეხურა. ჟურნალისტის პროფესია ხომ სწორედ ამას ნიშნავდა — იგრძნო დიდი ისტორიის დასაწყისი იქ, სადაც სხვები მხოლოდ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბავს ხედავდნენ. ნიცამ ტელეფონი ჩააქრო და თვალები დახუჭა. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ეს ორი სიტყვა, ნესტიან სარდაფში, ბლოკნოტის კუთხეში უბრალოდ ჩაწერილი, ერთ მშვენიერ დღეს არამხოლოდ ამ უცნობი ბიჭის, არამედ მისი საკუთარი ცხოვრების კალაპოტსაც სამუდამოდ შეცვლიდა. თავი 3 თბილისი ჯერ კიდევ ნისლიან ძილბურანში ირწეოდა. დინამო თბილისის აკადემიის მინდვრებზე დილის ცივი ნამი ბალახის თითოეულ ღეროს მარგალიტებივით ეკიდებოდა. შორიდან, ავტომატური სარწყავი სისტემის წვრილი შხეფები ამომავალი მზის პირველ, გაუბედავ სხივებში ვერცხლისფრად კაშკაშებდა და ჰაერს ისეთ სურნელს აფრქვევდა, ყველა ფეხბურთელს ბავშვობას რომ აგონებს — სველი მიწის, ახალი ბურთის, გაცვეთილი ბუცითა და დიდი ოცნებების მოლოდინის სურნელს. ლუკამ ფეხსაცმლის თასმები კიდევ ერთხელ შეიკრა. სულ ტყუილად. ისედაც მჭიდროდ ჰქონდა შეკრული. უბრალოდ რაღაც უნდა ეკეთებინა, სანამ მსაჯი სასტვენს ჩაბერავდა, რათა ის ნერვიულობა გაეფანტა, მკერდში რომ მოსწოლოდა. გვერდით დათო იდგა. მაშინ ჯერ კიდევ ორივე აკადემიის ბოლო წელს თამაშობდნენ. მეკარის ხელთათმანებს ირგებდა და ღიღინებდა. — შეჩ, დღეს თუ ისევ იმ კოსმოსურ პასებს გააკეთებ და ესენი ვერ შეაგდებენ, გეფიცები, მე გავალ და თავდამსხმელად დავდგები. ლუკამ მორცხვად გაიცინა. — შენ ხუთ მეტრზე ვერ დარბიხარ წესიერად. — აბა, იმიტომ ვარ მეკარე. ორივეს სიცილი მსაჯის სასტვენმა გაწყვიტა. — ბიჭებო! მწვრთნელმა თემურმა ხელები შემოჰკრა. —— ეს თამაში უბრალო მატჩი არ არის. ეს თითოეული თქვენგანისთვის ბოლო გამოცდაა. ვინც დღეს დამაჯერებს... ის პირველ გუნდთან ერთად დაიწყებს მზადებას. დანარჩენები... წინადადება ჰაერში გამოეკიდა. არავის დაუსრულებია, არც იყო საჭირო. ყველამ ყველაფერი იცოდა. ქართული ფეხბურთი ათასობით ბიჭისთვის ბავშვობის ტკბილი სიზმარივით იყო, მაგრამ ამ სიზმრიდან რეალობაში გადასასვლელ კარებს მხოლოდ ერთეულები აღებდნენ. **** ტრიბუნაზე ოცდაათიოდე კაცი იჯდა. მშობლები. აგენტები. ორი ჟურნალისტი. რამდენიმე სკაუტი. და კოტე. მარტო. ყველასგან მოშორებით, ზედა იარუსზე იჯდა. ძველი, გაცვეთილი ქუდი თვალებზე ჩამოეფხატა, ხელში სიგარეტი ეჭირა, თუმცა არ ეწეოდა — უბრალოდ, თითებს შორის ნერვიულად ატრიალებდა. კოტე იმავე მწვანე საფარს უყურებდა, სადაც ოცდახუთი წლის წინ თავად დარბოდა. იმავე მოედანს, სადაც ერთხელ, ბედისწერის უცნაური განაჩენით, მუხლმა უმტყუნა... და ყველაფერი, რაც მის ცხოვრებას აზრს აძლევდა, ერთ წამში დასრულდა. ნიცა ტრიბუნის მეორე მხარეს იჯდა. ლექტორმა სტუდენტებს პრაქტიკული დავალება მისცა. "დაწერეთ მატჩის რეპორტაჟი." დანარჩენი სტუდენტები გოლების, კუთხურებისა და დარტყმების დათვლას აპირებდნენ. ნიცამ კი ძველი ბლოკნოტი გადაშალა და პირველივე გვერდზე, კითხვანიშნით ჩაწერილი ფრაზა დატოვა: “რა ხდება მაშინ, როცა გუნდი ვერ ხედავს იმას, რასაც ერთი ფეხბურთელი ხედავს?” თავადაც არ იცოდა, რატომ დაწერა ეს სიტყვები, მაგრამ ინტუიცია კარნახობდა, რომ პასუხი იქვე, მწვანე მინდორზე იმალებოდა. თამაში დაიწყო. პირველი ათი წუთი ჩვეულებრივი იყო. ბურთი. ორთაბრძოლები. შეცდომები. ყვირილი. შემდეგ კი... ოცდამეთერთმეტე წუთზე ლუკამ ბურთი მიიღო. ზურგით კარისკენ იდგა. არც კი მოუხედავს. მხოლოდ ერთხელ ელვისებური მოძრაობით, მხარზე გადმოხედვით შეამოწმა სივრცე მერე ერთი შეხებით მოხდენილად შემობრუნდა. მცველმა დააგვიანა. ლუკამ კი ისეთი პასი გააკეთა, თითქოს ბურთი უხილავ ძაფზე ჰქონდა გამობმული. ბურთმა სამი მცველის ზურგს უკან ჩაიქროლა და თავდამსხმელი სრულიად მარტო დატოვა მეკარის პირისპირ. ტრიბუნაზე ხალხი წამოიწია. — მიდი! — დაარტყი! დარტყმა... ძელს ასცდა. ლუკამ თვალები დახუჭა. არც გაბრაზებულა. ჯერ არა. ორმოცდამეერთე წუთი. ისევ. იგივე. სიღრმიდან გაჭრილი, გენიალური პასი. თავდამსხმელი ისევ პირისპირ გავიდა... და ისევ ააცილა დათომ საკუთარი კარიდან დაიყვირა: — ბიჭო, ერთხელ მაინც გაუმართლე! ლუკას გაეღიმა. მაგრამ მხოლოდ ერთი წამით. მეორე ტაიმი. სამოცდამეშვიდე წუთი. ლუკამ მოედნის ცენტრში სამი ფეხბურთელი მოატყუა. მარჯვენა ფლანგზე სივრცე გაიხსნა. ნახევარი წამით შეყოვნდა, თითქოს დროს აიძულებდა, მის რიტმს დაჰყოლოდა შემდეგ ბურთი ფლანგზე გაატარა. ისეთი გადაცემა იყო, ტელევიზორში შენელებული კადრით რომ აჩვენებენ ხოლმე. თავდამსხმელი ისევ მარტო დარჩა. ამჯერად უკვე ნამდვილად გოლი უნდა გასულიყო. დარტყმა. ბურთი პირდაპირ მეკარეს მოხვდა. ლუკამ ხელები ჰაერში აიქნია. — ეს როგორ ვერ შეაგდე?! პასუხად თავდამსხმელისგან მხოლოდ მხრების უმწეო აჩეჩვა მიიღო. კიდევ ერთი დაკარგული შანსი. კიდევ ერთი გაფუჭებული გენიალური ჩანაფიქრი. სამოცდამეცხრე წუთზე მოთმინება საბოლოოდ გაუწყდა. ბურთი ისევ დაკარგეს. ლუკა პარტნიორთან მივარდა. — რამდენჯერ უნდა გითხრა?! გაიქეცი სივრცეში! მე ბურთს იქ იმიტომ არ ვაგდებ, რომ ლამაზად გამოჩნდეს, იმიტომ რომ გოლი გაიტანო! ფეხბურთელი უკან არ დარჩა. — სულ ჩვენ ვართ დამნაშავე? — იმიტომ, რომ არ მიყურებ! თამაშს ვერ კითხულობ! — შენ თუ მესი გგონია თავი... — გაჩუმდით! თემურის ხმა მთელ მოედანს მოედო. მსაჯის საბოლოო სასტვენიც ჩაესმათ. „დინამომ“ მაინც მოიგო, მაგრამ გასახდელისკენ მიმავალ ფეხბურთელებს შორის სიხარულის ნატამალიც არ ეტყობოდა. **** — აქ მოდი, ლუკა. ლუკა მწვრთნელის კაბინეტში შევიდა. თემური ფანჯარასთან იდგა. რამდენიმე წამი საერთოდ არ ულაპარაკია. შემდეგ მშვიდად თქვა: — იცი, რატომ არ გადაჰყავთ ევროპულ კლუბებს ასეთი ნიჭიერი ბიჭები? ლუკამ არაფერი უპასუხა. — იმიტომ, რომ მარტო ნიჭი არ კმარა. ლუკამ პირველად გაბედა და თვალებში ჩახედა: — მე რა დავაშავე? სამი იდეალური პასი მივეცი! — ყველაფერი. და არაფერი. - თემურმა მაგიდაზე ხელები დააწყო. — შენ მართლა ხედავ იმ პასებს. რომლებსაც სხვები ვერც კი იოცნებებენ. ამაზე არავინ დავობს. მაგრამ... როცა თანაგუნდელს უყვირი, შემდეგ ჯერზე ის იმ სივრცეში აღარ გაიქცევა. შეეშინდება, რომ ისევ შეცდება და ისევ უყვირებ. ფეხბურთი მარტო ხედვა და ტაქტიკა არ არის, ლუკა. ფეხბურთი ადამიანებიც არიან. ლუკა დუმდა. ეს სიტყვები უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე ყვირილი ან საყვედური. ტრიბუნა უკვე დაცლილიყო. კოტე მანქანასთან იდგა. ლუკა უხმოდ ჩაჯდა. მთელი გზა მხოლოდ ძრავის ხმა ისმოდა. თბილისის ქუჩები, შუქნიშნები და ხალხი ფანჯარაში სწრაფად, ბუნდოვან ზოლებად ქროდნენ. არც ერთს არაფერი უთქვამს. ლუკამ უკვე იცოდა - მამა ბოლოს მაინც იტყოდა იმას, რასაც ფიქრობდა. და ასეც მოხდა. ერთ-ერთ შუქნიშანზე მანქანა გაჩერდა. კოტემ პირდაპირ, საქარე მინას გაუსწორა მზერა. — სამოცდამეშვიდე წუთი გახსოვს? — ჩაილაპარაკა დაბალი ხმით ლუკას ყბა დაეჭიმა. — რომელი? — ეფექტურობისთვის პასი რომ დააგვიანე, ევროპაში მაგის გამო სკამზე დაგსვამენ. ფეხბურთი ცირკი არ არის. მწვანე აინთო. მანქანა ისევ დაიძრა. სხვა აღარაფერი. ლუკა ფანჯრიდან იყურებოდა. გულში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა. "ერთხელ მაინც მითხარი, რომ კარგად ვითამაშე..." მაგრამ ეს სიტყვები არასოდეს მოდიოდა. მისთვის ყველა თამაში დაუსრულებელი გამოცდა იყო, ყველა გამარჯვება — არასაკმარისი. და ყველაზე მძიმე მეტოქე... არც მოწინააღმდეგე მცველი იყო, არც მკაცრი მწვრთნელი და არც მთელი სტადიონი. ყველაზე მძიმე მეტოქე საკუთარი მამა აღმოჩნდა. თავი 4 წვიმა დილიდან მოყოლებული თბილისს გაუჩერებლად ეცემოდა. ისეთი, სქელი და დამქანცველი წვიმა იყო, ქალაქს ნელ-ნელა რომ აცლიდა ჩვეულ ხმაურს. ქუჩები დაცარიელდა, გაჩერებებზე ხალხი ქოლგების ქვეშ იკუმშებოდა, ხოლო „დინამო არენას“ პლასტმასის ლურჯი, ცივი სკამები სველი პროჟექტორების შუქზე კიდევ უფრო სევდიანად და ცარიელად გამოიყურებოდა. ეროვნული ლიგის მატჩები ასეთ ამინდში იშვიათად აგროვებდა მაყურებელს. დღესაც ასე იყო. ტრიბუნებზე ალბათ ოთხასამდე ადამიანი თუ იქნებოდა, რომლებიც წვიმისგან დასველებულ კაპიუშონებში შეყუჟულიყვნენ. თუმცა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც არც ცუდი ამინდი აშინებდა და არც ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში. გიორგი თოფურიაც მათ შორის იყო. — ნიც, მართლა ამისთვის გამომიყვანე? მან გაღიმებულ დას შეხედა. — სახლში, მშრალად და თბილად ვუყურებდი. ნიცამ მძიმე ჩანთა მხარზე გადაისწორა:ნიცამ ჩანთა მხარზე გადაისწორა. — შენ სახლში ფეხბურთს უყურებ, გიორგი. მე — სამუშაოზე ვარ. — ოთხასი კაცი და სამუშაო? — ხვალ შეიძლება აქედან ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდეს. შენ კი იტყვი, რომ მისი პირველი ნაბიჯები არ გინახავს. გიორგიმ ჩაიცინა. — ისევ ეგ შენი ოპტიმიზმი... გვერდით პატარა დათუნა უკვე კიბეებზე გარბოდა. სველ ბეტონზე ფეხებს უსვამდა და სიხარულით ყვიროდა: — მამა, აქედან ყველაფერს ვხედავ! — შორს არ წახვიდე! — არ წავალ! ნიცამ ძმას გახედა. — შენც ხომ ამბობდი, ხვიჩამდე საქართველოში დიდი ფეხბურთელები აღარ დაიბადებიანო? — ვამბობდი. — მერე? — მერე... თურმე ზოგჯერ ვცდები ხოლმე. **** გასახდელში სველი ფორმების სუნი იდგა. ფეხბურთელების ხმები ერთმანეთში ირეოდა. ვიღაც მუსიკას რთავდა. ვიღაც ბუცებს ურტყამდა იატაკზე. ვიღაც ბოლო ინსტრუქციას უსმენდა. დათომ კარის ძელს ხელი დაარტყა. — ბიჭებო, ამ ამინდში ერთი უპირატესობა გვაქვს. ყველამ მას გახედა. — ტრიბუნიდან თუ ვინმე გაგვლანძღავს, წვიმის ხმაურის გამო ვერ გავიგებთ. გასახდელში სიცილი ატყდა. ლუკასაც გაეღიმა. — შენზეა ნათქვამი, მეკარეს ყველაზე ნაკლები დარდი აქვსო. — ეგ იმიტომ, რომ შენ ბურთს იაფფასიანად არ გვაკარგვინებ. — თვალი ჩაუკრა დათომ. ლუკამ თავი გადააქნია. — დღეს სკამზე ვიწყებ. — ჰოდა? დათომ მხარზე ხელი დაჰკრა. — ოთხმოცდამეათეზეც რომ შემოხვიდე, მაინც მოასწრებ იმის მოფიქრებას, რასაც ესენი მთელი თამაში ვერ მოიფიქრებენ. **** მატჩი მძიმე გამოდგა. ბურთი სველ ბალახზე უცნაურად, არაპროგნოზირებადად დახტოდა. ორივე გუნდი ფრთხილობდა. პირველი ტაიმი ისე მიილია, სახიფათო მომენტიც კი არ შექმნილა. ლუკა სათადარიგოთა სკამზე იჯდა. წვიმის წვეთები ქურთუკის კაპიუშონს რიტმულად ეცემოდა. თვალს მოედანს არ აშორებდა. ყოველ შეტევაზე უნებურად ტერფებსა და სხეულს ამოძრავებდა, თითქოს თავად ყოფილიყო მწვანე მინდორზე. თემურმა შენიშნა. — ქავთარაძე! — დიახ, მწვრთნელო. — გახურდი. ლუკას არაფერი უთქვამს.კაპიუშონი ჩამოიწია და ხაზთან გაიქცა ტრიბუნაზე მყოფთა უმეტესობას არც შეუნიშნავს, ვინ ემზადებოდა მოედანზე შესასვლელად. სულ სხვა ამბავი იყო მედია-ტრიბუნაზე. ნიცამ სასტარტო შემადგენლობას კიდევ ერთხელ დახედა. — ნომერი ოცდაორი... ეს ის ბიჭი იყო. ლუკა ქავთარაძე. იგივე სახელი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ბლოკნოტში ჩაიწერა. მან კამერა მოიმარჯვა და ობიექტივი მოედნისკენ მიმართა. 88-ე წუთი. ანგარიში 0:0. წვიმა თითქოს უფრო გააფთრებით უტევდა სტადიონს. ლუკამ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო. ერთი შეხება. მეორე. მისკენ ორი მცველი აგრესიულად დაიძრა. სტადიონისთვის თითქოს ჩვეულებრივი ეპიზოდი იყო.მაგრამ ნიცამ ობიექტივში უცებ რაღაც უცნაური შენიშნა: ლუკა ბურთს საერთოდ არ უყურებდა. მისი მზერა წინ იყო მიმართული — მესამე მცველისკენ... არა, უფრო სწორად, იმ ცარიელი სივრცისკენ, სადაც ჯერ არავინ იმყოფებოდა. თავდამსხმელი ჯერ კიდევ სიღრმიდან გარბოდა "არა..." — გაიფიქრა ნიცამ.- "იქ ხომ არავინ არის..." და სწორედ იმ წამს,თითქოს უხილავი სიგნალი მიიღოო, თავდამსხმელმა სპრინტი დაიწყო. ლუკას მარჯვენა ფეხი უკვე მოძრაობდა. ბურთი ორ მცველს შორის გაძვრა. ისეთი სიზუსტით, თითქოს ბალახზე ვიღაცას წინასწარ დაეხაზა მისი ტრაექტორია. სტადიონი წამით დადუმდა. შემდეგ... — მიდი! — იღრიალა ტრიბუნამ. დარტყმა. გოლი. 1:0. დინამო არენაზე მყოფმა ოთხასმა ადამიანმა ისეთი ყრუ, მძლავრი ხმა გამოსცა, თითქოს ტრიბუნები ბოლომდე სავსე ყოფილიყო. ლუკა არც აღნიშნავდა. უბრალოდ ხელები წელზე დაიდო. ღრმად ჩაისუნთქა. და თანაგუნდელს მიუთითა: — ზუსტად ეგ მოძრაობა. დათომ მთელი მოედანი გამოირბინა. ლუკას ზურგზე შეახტა და ყურში ჩაჰყვირა: — შე კოსმონავტო! რას ხედავ ასეთს, ბიჭო, მითხარი, რას ხედავ?! მსაჯის საბოლოო სასტვენიც გაისმა.. მატჩი დასრულდა. წვიმა თითქოს კიდევ უფრო გაძლიერდა. ფეხბურთელები გასახდელისკენ გარბოდნენ. ჟურნალისტები კი მიქს-ზონის წინ იკრიბებოდნენ. ძველი თაობის რეპორტიორები უკვე რიგში იდგნენ. — რა იგრძენით დებიუტზე? — მწვრთნელმა მოედანზე შესვლისას რა დაგავალათ? —გადამწყვეტ გოლზე რას გვეტყვით? ნიცა ჩუმად იდგა. დიქტოფონი ხელში ეჭირა. თავის რიგს ელოდებოდა. ლუკა თითოეულ კითხვას ზრდილობიანად, მოკლედ და სრულიად უემოციოდ პასუხობდა. ყველა კითხვა ერთმანეთს ჰგავდა, ყველა პასუხი — წინასწარ ნასწავლ ტექსტს. ის უკვე აპირებდა გასახდელში შევლას, როცა მის ზურგს უკან მშვიდი, გაწონასწორებული ხმა გაისმა: — ლუკა... მან თავი ასწია. პირველად დაინახა გოგო, რომელსაც მიკროფონი წვიმისგან თითქმის მთლიანად დასველებოდა. ნიცამ დიქტოფონი ოდნავ წინ გასწია. — შეიძლება ერთი კითხვა? — გისმენთ. — უპასუხა ლუკამ და დაღლილად მიეყრდნო კედელს. რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ნიცამ მშვიდად იკითხა: — რატომ დაელოდეთ მცველის მარჯვენა ფეხის გადადგმას, სანამ იმ პასს გააკეთებდით? ლუკა გაშეშდა. პირველად მთელი საღამოს განმავლობაშიის სახეზე ცარიელი დაღლილობა გაქრა. მის უკან მდგომმა ჟურნალისტებმა ერთმანეთს გადახედეს. ერთმა ჩუმად ჩაიბურტყუნა: — ეს რას ეკითხება საერთოდ? ლუკა კი ისევ ნიცას უყურებდა, თითქოს ცდილობდა გაერკვია, მართლა გაიგონა თუ არა ეს კითხვა, თუ უბრალოდ მოეჩვენა. — ...შეამჩნიეთ? — ჩაილაპარაკა ბოლოს. — სხვა გზა არ არსებობდა. —თქვა ნიცამ. — მარცხენა ფეხზე როცა იდგა, ასის დერეფანი დახურული ჰქონდა. როცა წონა მარჯვენაზე გადაიტანა... სივრცე ნახევარი წამით გაიხსნა. ნიცას თვალები გაუბრწყინდა. — ანუ თავდამსხმელს კი არ უყურებდით... — არა. — სივრცეს უყურებდით, რომელიც უნდა გაჩენილიყო. ლუკას თითქმის შეუმჩნევლად გაეღიმა. — ზუსტად. იმ წამს ორივემ იგრძნო. ეს ინტერვიუ აღარ იყო. ეს ორი ადამიანის საუბარი იყო, რომლებიც ფეხბურთს, ამ თამაშის მიღმა დამალულ ხელოვნებასა და რიტმს სრულიად ერთნაირად ხედავდნენ. ამ დროს ვიღაცამ ლუკას კისერზე ხელი გადახვია. — აბა, გენიოსო! დათო იყო. სველი თმა შუბლზე ჰქონდა ჩამოშლილი. ნიცას შეხედა. შემდეგ ლუკას. შემდეგ ისევ ნიცას. ეშმაკურად ჩაიღიმა. — ოო...ჩვენი ინტელექტუალი ჟურნალისტიც გაგვიცნია. ნიცა დაიბნა.დნავ დაიბნა და შეიშმუშნა. დათომ თვალი ჩაუკრა: — შემდეგ თამაშზეც მოდი. თორემ ეს ტიპი საერთოდ აღარ ლაპარაკობს. მარტო თავის კოსმოსურ სამყაროში დაფრინავს. ლუკამ უხერხულად გაიღიმა. — ნუ უსმენ, სულ ასეთებს როშავს. — უკვე გვიანია. სამივეს სიცილი აუტყდა გაეცინა. წვიმა ისევ მოდიოდა. მაგრამ არც ერთ მათგანს აღარ აწუხებდა. იმ საღამოს "დინამო არენაზე" მხოლოდ ერთი გოლი არ გასულა. იქ პირველად გადაიკვეთა ორი ადამიანის გზა, რომელთა შეხვედრაც თითქოს ბედისწერის დიდ დაუწერელ კანონზომიერებას ექვემდებარებოდა. თავი 5 წვიმის მძიმე, ნესტიანი სუნი ჯერ კიდევ არ გამქრალიყო თბილისის ქუჩებიდან. დილიდან მოყოლებული, ციფრულ სამყაროში ერთი და იგივე მოკლე ვიდეორგოლი ტრიალებდა — „დინამოს“ ახალგაზრდა ნახევარმცველის მიერ გაჭრილი, თითქმის მათემატიკური სიზუსტის საგოლე პასი. კომენტარებში აზრები ორად იყოფოდა. ვიღაც აღფრთოვანებული წერდა: “ამ ბიჭს მოედნის საოცარი ხედვა აქვს!“ ვიღაც: „ერთი შემთხვევითი პასით ნუ გაგვაგიჟეთ, ჯერ არაფერი გაუკეთებია.“ ვიღაც საერთოდ არც იცნობდა. ქართულ ფეხბურთში დიდებამ ხომ ყოველთვის ასე იცოდა — მორიდებულად, ნელა მოდიოდა და ხშირად იმაზე სწრაფადაც ქრებოდა, ვიდრე გამოჩნდებოდა. ნიცა ლეპტოპთან იჯდა. ოთხკუთხა ოთახს მხოლოდ მაგიდის სანათის თბილი, ყვითელი შუქი ანათებდა. ეკრანზე გუშინდელი მატჩის ჩანაწერი უხმოდ ტრიალებდა. ნიცამ ვიდეო გააჩერა, რამდენიმე წამით უკან გადაახვია და კვლავ პაუზას დააჭირა. ოთახში მხოლოდ მაგიდის სანათი ენთო. კადრში ლუკა ბურთთან იდგა, თავდამსხმელი საერთოდ არ ჩანდა. "ახლა რას უყურებ?" - ნიცამ ეკრანს ჩახედა. ლუკას მზერა ბურთისკენ არ იყო. არც თანაგუნდელისკენ. სივრცისკენ იყო. კურსორი ბურთის მოსალოდნელ ტრაექტორიას გააყოლა. შემდეგ Paint-ში ორი ხაზი გაავლო. მერე მესამე. თავისთვის ჩაილაპარაკა: — არა... ეს უბრალოდ პასი არ ყოფილა... ეს წინასწარ ნანახი მოძრაობა იყო. კარის მიღმა თიკას ხმა გაისმა. — ნიც გამოდი, ვახშამი მზადაა! თოფურიების ოჯახში ვახშამი არასოდეს იყო უბრალოდ ვახშამი. ეს იყო ყოველდღიური თბილი რიტუალი. სამზარეულოში ახლად გამოცხობილი ხაჭაპურის მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებდა. თიკა გაზქურასთან იდგა. — დათუნა, ხელები დაიბანე! — უკვე დავიბანე, დე! — მაჩვენე აბა. ბავშვმა პაწაწინა ხელები წინ გამოსწია — საპონი გამოიყენე? — ... — დათუნა... — ახლავე დავიბან. — თავი ჩაღუნა და სააბაზანოსკენ გაქანდა. ოთახში სიცილი ატყდა. გიორგიმ ტელევიზორი ჩართო. — ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა იწყება. — სულ ფეხბურთი, ფეხბურთი... თიკამ ღიმილით გადააქნია თავი. — ერთხელ მაინც რამე სერიალი ჩართე. — ჯერ "რეალის" მეტოქეს გავიგებ და მერე რაც გინდა ის ჩართე- გაეცინა გიორგის ნიცა ჩუმად დაჯდა. თუმცა ჭამა არ დაუწყია. ტელეფონის ეკრანზე ისევ ის ვიდეო ჰქონდა გახსნილი გიორგიმ შეამჩნია. — ეგ ის ბიჭი არ არის? — რომელი? — გუშინდელი, ქავთარაძე. ნიცამ თავი დაუქნია. გიორგიმ ვიდეოს რამდენიმე წამი უყურა. შემდეგ კი დაფიქრებულმა ჩაილაპარაკა: — ხედვა მართლა საოცარი აქვს, მაგრამ... ხასიათი თუ არ ეყო, არაფერი გამოვა. ქართულ ფეხბურთს ბევრი უნახავს ასეთი ტალანტი. ნიჭი ყველას ჰგონია, რომ საკმარისია. არადა, საერთოდ არ არის საკმარისი. ნიცამ ინტერესით შეხედა. — რატომ ფიქრობ ასე? გიორგიმ მხრები აიჩეჩა. — იმიტომ, რომ ბევრჯერ მინახავს ეს სცენარი. -გიორგიმ მხრები აიჩეჩა — ჯერ ყველა ცაში აჰყავს ხოლმე მედიას. მერე ერთი ჩავარდნილი თამაში... და იგივე ხალხი მიწასთან ასწორებს. ცუდი ხალხი კი არ ვართ, უბრალოდ... მოთმინება არ გვყოფნის. დათუნამ უცებ თავი ასწია. — მამა! — ჰო, მა? — ლუკა ნაკრებში ითამაშებს? გიორგიმ შვილს გაუღიმა. — თუ ასე გააგრძელა...აუცილებლად. ბავშვმა კმაყოფილმა დაიწყო ჭამა. თითქოს ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავი ყოფილიყო. ნიცას კი გულში გაეღიმა. "ნეტავ მართლა..." **** იმავე საღამოს, ქავთარაძეების ბინაში სრულიად განსხვავებული სიჩუმე იდგა. მისაღებ ოთახში ტელევიზორში ძველი მატჩი გადიოდა. კოტე ეკრანს ისე უყურებდა, თითქოს თამაშში ისევ თვითონ მონაწილეობდა. დედა, თამუნა, სუფრას ალაგებდა. — ლუკა, შვილო, კიდევ გადაიღე, ცოტა შეჭამე. — არ მინდა, დედა. — მთელი დღე არაფერი გიჭამია. — მეყოფა, მართლა. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლო ჩანგლისა და თეფშის შეხების მშრალი ხმა ისმოდა. უცებ კოტემ პულტს ხელი დაავლო და ტელევიზორს ხმა ბოლომდე დაუწია: — მეორე ტაიმში რატომ აღარ ბრუნდებოდი დაცვაში? ლუკამ ამოიოხრა. — მთელი თამაში უბურთოდ ვირბინე. — ეგ პასუხი არ არის. — დავიღალე. — ევროპაში დაღლას არავინ ჰკითხულობს, — კოტეს ხმაში ფოლადი გაერია. თამუნამ ფრთხილად ჩაერთო. — კოტე... — რა? — ერთხელ მაინც უთხარი, რომ კარგად ითამაშა, გოლიც ხომ მისი პასით გავიდა? კოტემ შვილს გახედა. რამდენიმე წამს მისი დაღლილი სახისთვის თვალი არ მოუწყვეტია. შემდეგ ისევ ეკრანს მიუბრუნდა: — უკეთესიც შეუძლია. ლუკამ თავი დახარა. თამუნას ეს მზერა გულზე მოხვდა. მაგრამ იცოდა. ქმრის ხასიათს ვერაფერი შეცვლიდა. ვახშმის შემდეგ ლუკა თავის ოთახში შევიდა. ფეხსაცმელი კართან დატოვა. ფანჯარა გამოაღო. გლდანის ღამის ჰაერი გრილი და სუფთა იყო. საწოლზე ჩამოჯდა და ტელეფონი აიღო. ინსტაგრამი გახსნა. სოციალურ ქსელში ასობით შეტყობინება დახვდა: "მაგარი ხარ." "ლეგენდა." "რეალში უნდა წახვიდე." გაეცინა. ერთმა თამაშმა ადამიანები როგორ სწრაფად გადაარწმუნა. უცებ ერთი ნაცნობი ფოტო შენიშნა. ნიცა თოფურია. პროფილი საჯარო იყო. რამდენიმე ფოტო გადაათვალიერა: უნივერსიტეტის ეზო, „დინამო არენას“ ტრიბუნები, ძველი, მექანიკური ფოტოაპარატი, ძმასთან და პატარა ბიჭთან გადაღებული თბილი კადრი... ბოლოს კი — წიგნები, საფეხბურთო ანალიზები და სტატისტიკური ცხრილები. ლუკამ ერთ-ერთ ფოტოს დააჭირა. მაგიდაზე გაშლილი ბლოკნოტი იდო. გვერდზე ხელით იყო დახაზული საფეხბურთო მოედანი, სხვადასხვა ფერის ისრები და ინგლისურენოვანი ტერმინოლოგია: „Half-space“, „Third man run“, „xG“... ლუკას უნებურად გაეცინა. —ეს გოგო ნორმალური არ არის... ჩაილაპარაკა თავისთვის. ფეხბურთს ასე სიღრმისეულად არავინ უყურებდა. მერე უცებ გაახსენდა გუშინდელი კითხვა. "რატომ დაელოდეთ მცველის მარჯვენა ფეხის გადადგმას?" სხვებს გოლი დაამახსოვრდათ. მას — პასის მიღმა დამალული აზრი. ტელეფონი ისევ დახურა. მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ ისევ აანთო ეკრანი. კიდევ ერთხელ გადახედა ნიცას პროფილს. და პირველად ცხოვრებაში ინანა, რომ სრულიად უცნობი ადამიანისთვის უბრალოდ "გამარჯობის" მიწერა არ შეეძლო. **** ნიცა ისევ ლეპტოპთან იჯდა. ვიდეო ბოლოს კიდევ ერთხელ ჩართო. გააჩერა. და ბლოკნოტში დიდი ასოებით დაწერა: "ფეხბურთელები ბურთს უყურებენ. ზოგიერთი — სივრცეს." კალამი დადო. ჯერ არ იცოდა, რომ ეს ერთი წინადადება ერთ მშვენიერ დღეს იმ დიდ სტატიას დაედებოდა საფუძვლად, რომელიც მთელ ქართულ საფეხბურთო სამყაროს აალაპარაკებდა. მაგრამ ისტორიის უხილავი ბორბალი უკვე დატრიალებულიყო — ორივე მათგანი ამას ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა. თავი 6 ქუთაისში ფეხბურთს არასოდეს უყურებდნენ მშვიდად, დისტანციურად ან უბრალო სანახაობად. აქ თამაში მხოლოდ ოთხმოცდაათი წუთის განმავლობაში ბურთის დევნა არ ყოფილა — ეს იყო ქალაქის ღირსება, მისი ფეთქებადი ხასიათი და თავმოყვარეობა. დილიდანვე, როცა „დინამოს“ ლურჯი ავტობუსი ქუთაისის შესასვლელს მოუახლოვდა, ქუჩებში უკვე იგრძნობოდა საფეხბურთო ციებ-ცხელება. ლურჯ-თეთრი შარფები, „ტორპედოს“ მაისურები და დროშები თითქმის ყველა კუთხეში ჩანდა. ღია კაფეებში მხოლოდ მატჩის ტაქტიკაზე ლაპარაკობდნენ, ტაქსის მძღოლები მეტოქის სუსტ წერტილებს არჩევდნენ, ხოლო ბაზარში ბოსტნეულის გამყიდველიც კი თავდაჯერებული ამბობდა: — დღეს თბილისელები აქედან ცარიელი ხელით უნდა გავუშვათ! ნიცა და სალომე ქუთაისში დილის მატარებლით ჩამოვიდნენ. სადგურიდან სტადიონამდე ფეხით გასეირნება გადაწყვიტეს. ქალაქის რიტმში უცნაური, თითქმის ელექტრონული მღელვარება ტრიალებდა. — მართლა სულ ასეა? — იკითხა სალომემ და ირგვლივ გაოცებული თვალებით მიმოიხედა. — ქუთაისში? — ჰო. — საფეხბურთო დღეებში — ყოველთვის, — გაეღიმა ნიცას. სალომემ ქუჩაში მიმავალ მოზარდებს გახედა, რომლებსაც იღლიაში გაცვეთილი ბურთები ამოეჩარათ: — თბილისში ასე აღარ თამაშობენ ეზოებში... — ქუთაისში ჯერ კიდევ თამაშობენ, — ჩუმად უპასუხა ნიცამ. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს გარედანვე ედგა პიროტექნიკისა და კვამლის მძაფრი სუნი. ტრიბუნებზე ხალხი მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე იკავებდა ადგილებს. უკვე ისმოდა ბარაბნების რიტმული დარტყმები, მეგაფონები, გუნდური სიმღერები და მეტოქის მისამართით გაშვებული პირველი სტვენა. ნიცამ მედია-ტრიბუნისკენ აიხედა და თვალები გაუბრწყინდა: — აი, ამიტომ მიყვარს რეგიონული ფეხბურთი... სალომემ გაოცებულმა გადახედა: — შენ მართლა გიჟი ხარ. — რატომ? — ამდენი ხალხი ყვირის, ფერების კვამლია, ვიღაცას უკვე აგინებენ... შენ კი დგახარ და ამბობ — „რა ლამაზიაო“. ნიცას გაეცინა: — იმიტომ, რომ ეს ნამდვილი, ცოცხალი ფეხბურთია. *** გასახდელში სრულიად სხვაგვარი, დაძაბული ატმოსფერო სუფევდა. ტრიბუნებიდან წამოსული ყრუ გუგუნი სქელ კედლებსაც კი აზანზარებდა. დათომ მაისური გადაიძრო, ოფლიანი შუბლი შეიწმინდა და ხმამაღლა გამოაცხადა: — ბიჭებო... თუ დღეს აქ მოვიგეთ, თბილისში ჩასვლამდე თემურიც კი გაგვიღიმებს! გასახდელს განმუხტვის სიცილმა გადაურბინა. თემურმა კუთხიდან გადახედა: — ახალაია! — დიახ, მწვრთნელო? — თუ მოიგებთ... შეიძლება გაგიღიმოთ კიდეც. — ჩაწერილია! — ხელი გააშალა დათომ. ლუკამ თავი გადააქნია: — შენ ყველა დაძაბულობას ხუმრობით ხსნი? — აბა, ტირილით ხომ არ გავალ მოედანზე? — თვალი ჩაუკრა დათომ. მსაჯის სასტვენის ხმა გაისმა, თამაში დაიწყო, სტადიონი თითქოს აფეთქდა. ბურთის ყოველ შეხებას ტრიბუნებიდან გააფთრებული სტვენა მოჰყვებოდა. ლუკას პირველივე მიღებაზე მთელი სტადიონი ერთხმად აგუგუნდა: — უუუუუ! მეორე წუთზე მეტოქის საყრდენმა ნახევარმცველმა ისეთი აგრესიული ვარდნით ჩაარტყა, რომ ლუკა ჰაერში დატრიალდა და სველ ბალახზე მძიმედ დაეცა. — ადექი, არაფერია! — დათო საკუთარი საჯარიმოდან ღრიალებდა. — ფეხი იტკინე? არა! ჰოდა ითამაშე! ლუკა უხმოდ წამოდგა. მსაჯისთვის არც შეუხედავს. ტალახიანი ბურთი აიღო, ადგილზე დადო და თამაში გაგრძელდა. ორმოცდამეათე, სამოცდამეათე წუთი... უხეში შეჯახებები არ წყდებოდა. ხან მხარში ეჯახებოდნენ, ხან ზურგში, ხან მაისურზე ექაჩებოდნენ. ქუთაისელები არ აპირებდნენ მისთვის არც ერთი სანტიმეტრის დათმობას. თემური მოედნის კიდესთან თითქმის მთელი მატჩი ფეხზე იდგა: — მსაჯო! რამდენჯერ უნდა ჩაარტყან?! ბარათი სად არის?! მეოთხე მსაჯი უკვე მერამდენედ ცდილობდა მის დამშვიდებას: — მწვრთნელო, დაჯექით, დამშვიდდით! — როგორ დავმშვიდდე, ფეხებს აჭრიან ბიჭს! 72-ე წუთი. ანგარიში ისევ 0:0. ლუკამ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო. ამჯერად დრიბლინგი არ დაუწყია, იცოდა, წამსვე წააქცევდნენ. ერთი შეხებით, ოსტატურად გაუშვა მარცხნივ, პარტნიორისგან საპასუხო გადაცემა მიიღო და მესამე შეხებით... ბურთი ორ მცველს შორის გააძვრინა — ზუსტად იმ დერეფანში, რომელიც წამის მეათედით გაიხსნა. მარჯვენა ფლანგიდან შემორბენილმა ვინგერმა ბურთი ერთი შეხებით ჩაჭრა კუთხეში. გოლი! 0:1! „დინამოს“ სათადარიგოთა სკამი ფეხზე წამოხტა. დათომ თითქმის მთელი მოედანი გამოირბინა და ლუკას გადაეხვია: — ესაა! ესაა, შე გენიოსო! ლუკამ ამჯერად ემოცია ვეღარ შეიკავა. მუშტი ჰაერში შეკრა. ტრიბუნების სტვენა გაასმაგდა, მაგრამ მისთვის ეს უკვე ტაშს გავდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ავტობუსში საოცარი დაღლილობა სუფევდა. ბიჭების სპორტულ ჩანთებსა და ტანსაცმელს ჯერ კიდევ ქუთაისური პიროტექნიკის კვამლის სუნი ასდიოდა. თემური ავტობუსში ბოლოს ამოვიდა. რამდენიმე წამი ჩუმად იდგა, ბიჭებს გადახედა და ბოლოს, დინჯად თქვა: — ყოჩაღ. დათომ თეატრალურად წამოიწია სავარძლიდან: — ბიჭებო... დაიმახსოვრეთ ეს ისტორიული დღე! მწვრთნელმა შეგვაქო! ხვალ თბილისში თოვლი მოვა! ავტობუსში ხარხარი ატყდა. თემურმაც ძლივს შესამჩნევად, ტუჩის კუთხით ჩაიღიმა. **** ამ დროს, სტადიონიდან რამდენიმე კილომეტრში, ბნელ გზატკეცილზე, ნიცა და სალომე გზის პირას იდგნენ. მათი სამარშრუტო ტაქსის ძრავა საბოლოოდ გაჩერებულიყო. მძღოლი წვიმაში, კაპოტში თავჩარგული რაღაცას იგინებოდა. — ვერ წავალთ? — ჰკითხა სალომემ. — დღეს, ვეღარ, შვილო, — ხელი ჩაიქნია მძღოლმა. სალომემ მძიმედ ამოიოხრა: — მშვენიერია... ქუთაისში ჩავრჩით. ტელეფონიც ხუთ პროცენტზე მაქვს. — ნუ პანიკობ, რამეს მოვიფიქრებთ, — დაამშვიდა ნიცამ. წვიმა ნელ-ნელა უმატებდა. გზაზე მანქანები იშვიათად ჩაივლიდნენ ხოლმე. უცებ, მოსახვევიდან ლურჯი, ნაცნობი ავტობუსი გამოჩნდა. „დინამო“. დათო ფანჯარასთან იჯდა და გარეთ იყურებოდა. გზის პირას მდგარი ორი გოგო რომ დაინახა, ნიცა წამსვე იცნო: — გააჩერე! - დაიყვირა მოულოდნელად. მძღოლმა უკანა ხედვის სარკეში გადახედა: — რა ხდება, ბიჭო? — ჩვენი ჟურნალისტები არიან, გზაზე არიან ჩარჩენილები! გააჩერე! — კლუბის ავტობუსია, არ შეიძლება... — გააჩერე-მეთქი, კაცი არ ხარ?! დათოს სხვა კლუბის წევრებიც აყვნენ და საბოლოოდ მძღოლი დაითანხმეს. ავტობუსი გასწვრივ ნელა შეჩერდა. დათო კარიდან პირველი ჩამოხტა: — თქვენ აქ რას აკეთებთ, გზის პირას? სალომემ ხელები გაშალა: — ტურისტული ტური გვაქვს „ქუთაისური ღამეები“. დათოს გაეცინა: — ამოდით, დროზე! — არა, უხერხულია, არ გვინდა... — უარობდა ნიცა. — აბა, აქ ღამე უნდა გაათიოთ ამ წვიმაში? — დათომ კარი ფართოდ გააღო. მძღოლმაც თავი დაუქნია: — ამოდით, გოგოებო, ნუ გერიდებათ. ავტობუსში ასვლისთანავე მთელმა გუნდმა მათკენ მოიხედა. დათომ ხმამაღლა, საზეიმოდ გამოაცხადა: — ყურადღება! დღეს ჩვენს ავტობუსში განსაკუთრებული სტუმრები არიან! ბიჭებმა ტაში დაუკრეს და შეძახილები დაიწყეს. სალომე სიწითლემ მოიცვა: — ღმერთო ჩემო... ნიცას კი სიცილი აუტყდა. ლუკა უკანა რიგში, ფანჯარასთან იჯდა. დათომ სტუმრები პირდაპირ მის გვერდით, ცარიელ ადგილებზე დასვა: — აი, ჩვენს გენიოსთან დაბრძანდით. ლუკამ დათოს ირონიულად გახედა: — ერთხელ მაინც თუ გაჩუმდები შენ? — არა, შანსი არაა, — თვალი ჩაუკრა დათომ. სალომემ პირველად შეხედა დათოს ასე ახლოს და ჩუმად გაიფიქრა: „ეს ტიპი სულ ასეთია?“ დათომ, თითქოს მისი ფიქრები წაიკითხაო, გადახედა: — კი. სულ ასეთი ვარო. სალომეს უნებურად სიცილი წასკდა. გზა თბილისისკენ გრძელი აღმოჩნდა. ქუთაისის განათებები ნელ-ნელა უკან რჩებოდა. თავიდან ავტობუსში ხმაური და ხუმრობა ისმოდა, თუმცა დროთა განმავლობაში სიჩუმემ დაისადგურა. დათოს უკვე თავი გადაეგდო სავარძელზე და ეძინა. სალომესაც ფანჯრის მინაზე მიეყრდნო თავი და თვლემდა. ლუკა და ნიცა კი ბნელ რიგში თითქმის მარტონი დარჩნენ. რამდენიმე წუთი არცერთს არაფერი უთქვამს. მხოლოდ ძრავის თანაბარი გუგუნი ისმოდა. შემდეგ ლუკამ ხმადაბლა იკითხა: — მართლა ანალიზს აკეთებ თამაშების? — თითქმის ყველას, — უპასუხა ნიცამ. — რატომ? ნიცამ ბნელ ფანჯარაში გაიხედა, სადაც წვიმის წვეთები მიედინებოდა: — იმიტომ, რომ ადამიანების უმეტესობა მხოლოდ გოლს ხედავს. მე კი მაინტერესებს... რატომ და როგორ გავიდა ის გოლი. ლუკა გაშტაბერდა. პირველად იგრძნო, რომ ამ სამყაროში არსებობდა ადამიანი, რომელსაც მისთვის ყველაზე ძვირფასი რამ აინტერესებდა — არა საბოლოო შედეგი, არა ტაბლო და სტატისტიკა, არამედ თამაშის შინაგანი აზრი. — იცი... — დაიწყო ლუკამ. — რა? — დღეს ის ასისტი... მე რეალურად მესამე მცველის მოძრაობის გამო გავაკეთე. ნიცას გაეღიმა: — ვიცოდი. ლუკა გაჩუმდა. რამდენიმე წამის შემდეგ, თავისთვის, თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა: — შენ მართლა ძალიან უცნაური ხარ. — ეს კარგია თუ ცუდი? — ჯერ ვერ გადავიწყვე, — თბილად გაეღიმა ლუკას. ორივეს ჩუმად გაეცინა. გარეთ კი წვიმა ისევ მშვიდად რეცხავდა ასფალტს — გზას, რომელსაც თბილისისკენ მიჰყავდა ორი ახალგაზრდა. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ეს ღამის მგზავრობა წლების შემდეგ ორივეს მეხსიერებაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას და თბილ მოგონებად დარჩებოდა. თავი 7 თბილისში ნოემბერი ისეთი სველი, მძიმე და სერი იყო, თითქოს ქალაქს მზის არსებობა საერთოდ დავიწყებოდა. დილით მტკვარს ნესტიანი, სქელი ნისლი ჩამოაწვებოდა ხოლმე, შუადღისთვის ოდნავ იშლებოდა, საღამოს კი ისევ ჟინჟღლი და წვიმა იწყებოდა. ფეხბურთელებისთვის სეზონის ყველაზე დამღლელი, დამქანცველი პერიოდი იდგა. მოედნები ტალახდებოდა, ფეხები მძიმდებოდა, ხოლო „დინამო არენას“ ვრცელი ტრიბუნები ნელ-ნელა კიდევ უფრო ცარიელდებოდა. მაგრამ ლუკასთვის ყველაფერი პირიქით მიდიოდა. თითოეული მატჩი, ყოველი ვარჯიში თუ სველი ბალახის სუნი თითქოს კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენდა იმ დიდ ოცნებასთან, რომელსაც ბავშვობიდან, ეზოდან მოყოლებული ატარებდა. ვარჯიშის შემდეგ თემურმა თემურმა მთელი გუნდი გასახდელის ცენტრში შეკრიბა. — ხვალ "თელავს" ვხვდებით. — დაიწყო მწვრთნელმა, ხმაში ტონუსი არ დაკარგვია. —არ მაინტერესებს, ვინ რა ფორმაშია, ბოლო სამ თამაშში იმდენი მომენტი გავაფუჭეთ, ევროპაში ერთი ტაიმიც ვერ გავძლებდით. მან ყველა მოთამაშეს სათითაოდ გადახედა, ბოლოს კი მზერა ქავთარაძეზე შეაჩერა და საჩვენებელი თითი გაიშვირა: — განსაკუთრებით შენ. — ბურთს ზედმეტად რთულად ათამაშობ ხოლმე, ზოგჯერ მარტივიც ფეხბურთია. ლუკამ თავი დაუქნია. არ შეეკამათა. მაგრამ გულში მაინც გაიფიქრა: "თუ მარტივად ვითამაშებ, მე აღარ ვიქნები." ***** იმავე საღამოს ნიცა რედაქციაში იჯდა. ჩვეული ქაოსი სუფევდა: კლავიატურის ტაკატუკი, ტელეფონის ზარები, გადაძახილები: — პრემიერ ლიგის ნიუსი თარგმნილია? — კი, საიტზეა. — ბარსელონაზეც დადე. — ეგეც მზადაა, მიშა. რედაქტორმა უცებ მონიტორს გახედა. — სხვათა შორის, ნიცა... ისე ხშირად რომ დადიხარ „დინამოს“ თამაშებზე... ამ ბიჭზე, ლუკა ქავთარაძეზე, რატომ არაფერს წერ? ნიცამ გაკვირვებით ახედა. — ანალიტიკურ სტატიას გულისხმობთ? —ჰო, თუ გინდა. ოღონდ ბევრი არ დაწერო. ხომ იცი, ხალხს გრძელი ტექსტების კითხვა ეზარება. ნიცამ მხოლოდ გაიღიმა. მან უკვე ზუსტად იცოდა. ბევრს დაწერდა. ძალიან ბევრს. *** მეორე დღეს "დინამო არენაზე" ამინდი უჩვეულოდ კარგი იყო. მდენიმე კვირის შემდეგ ცა პირველად გაიხსნა და მზის სუსტი სხივები სტადიონის მწვანე საფარს დაეცა. დათო ხელთათმანებს ირგებდა და ბიჭებს ეშმაკური თვალებით გადახედა. — ბიჭებო...დღეს ერთი თხოვნა მაქვს. ყველამ მას გახედა. — თუ ლუკა დღესაც იმ თავის ოქროს პასს გააკეთებს, ამჯერად მაინც შეაგდეთ, რა! თორემ ერთ დღეს ეს ბიჭი ნერვებზე ავა და პროტესტის ნიშნად მეკარედ დამიდგება. გასახდელში სიცილი ატყდა. ლუკამ ბუცი ესროლა. — გაჩუმდი. — ვერა, ჩემი სულის ყვირილია! — გადაიხარხარა დათომ. მატჩი თავიდანვე სწრაფ ტემპში დაიწყო. ოცდამესამე წუთი. ბურთი საჯარიმოსთან მივიდა. ლუკამ მიიღო. ერთი შეხებით ჩამოიღო. მეორე შეხებით მარცხნივ გადაიტანა. ყველა ელოდა, რომ ისევ პასს გააკეთებდა. მცველებიც. მეკარეც. ტრიბუნებიც. ლუკამ ფეხი უკან წაიღო. დათომ საკუთარი კარიდან იყვირა. — არ გაბედო! მაგრამ უკვე გვიანი იყო. დარტყმა. ბურთი ჰაერში უცნაური ტრაექტორიით დატრიალდა, ჯერ ძელს შეეხო. შემდეგ ბადის შიდა მხარეს. გოლი. სტადიონი წამოდგა. ლუკამ მთელი სეზონის განმავლობაში მთელი ძალით დაიყვირა. არც ხელები აუწევია. არც მაისური გაუხდია. უბრალოდ მუშტი შეკრა და ჰაერი გაკვეთა, თითქოს მთელი ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ბრაზი, დაძაბულობა და ემოცია იმ ერთ ძლიერ დარტყმას გაატანა. დათო მასზე ადრე მივარდა. — შე კოსმონავტო! პასების გარდა დარტყმაც თუ იცოდი, აქამდე სად მალავდი?! ტრიბუნაზე ნიცა ფეხზე იდგა. დიქტოფონი მუხლებზე ედო. მაგრამ არაფერს იწერდა. უბრალოდ თვალს არ აშორებდა მოედანს. უცნაური იყო. გოლი მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა, თუმცა ნიცასთვის ყველაზე საინტერესო მაინც იმ დარტყმამდე არსებული ხუთი წამი იყო: როგორ მოატყუა ლუკამ სხეულის მოძრაობით მცველი, როგორ აიძულა მეკარე ნახევარი ნაბიჯით წინ გამოსულიყო და როგორ შექმნა ის ერთადერთი, იდეალური კუთხე დარტყმისთვის. სწორედ ამას ვერ ამჩნევდა ტრიბუნაზე მყოფთა აბსოლუტური უმრავლესობა. მატჩის დასრულების შემდეგ პირდაპირ რედაქციაში დაბრუნდა. საღამო უკვე ღამეში გადადიოდა. ოფისში მხოლოდ ორი კომპიუტერი იყო ჩართული. დანარჩენები წასულიყვნენ. ნიცამ ყავა დაისხა. ვიდეო ჩართო და პირველი აბზაცის წერა დაიწყო. წაშალა. ისევ დაიწყო. ისიც წაშალა. თითქოს ჩვეულებრივი სტატია არ გამოდიოდა. რაღაც სხვას წერდა. ღამის პირველ საათზე სათაური გაჩნდა. „მოთამაშე, რომელიც 3D ფორმატში აზროვნებს.“ თითქოს იმ ერთი წინადადების დაბადებას ელოდებოდა. შემდეგ წერა აღარ გაჩერებულა. “ფეხბურთელთა უმეტესობა ბურთის მიღების შემდეგ იწყებს ფიქრს. ლუკა ქავთარაძემ კი ბურთის მიღებამდე უკვე ზუსტად იცის, რა მოხდება მომდევნო სამ წამში. სხვები ხედავენ ორ განზომილებას — ბურთსა და მოწინააღმდეგეს. ის ხედავს მესამესაც — სივრცეს. სწორედ ამიტომ, მისი გადაცემები ხშირად იმ თანაგუნდელსაც კი გაოცებულს ტოვებს, ვისკენაც ბურთი მიდის. საქართველოში გოლის შემსრულებლის ქება გვიყვარს. მაგრამ ზოგჯერ მთავარი არქიტექტორი ის არის, ვინც ეს გოლი სამი წამით ადრე შექმნა. ლუკა ქავთარაძე სწორედ ასეთი მოთამაშეა — ის თამაშობს ისე, თითქოს მოვლენებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს.“ დილით სტატია გამოქვეყნდა. ჯერ არაფერი მომხდარა. ათი წუთის შემდეგ გაზიარებები დაიწყო. შემდეგ კომენტარები. შემდეგ სხვა სპორტულმა გვერდებმაც გააზიარეს. საღამოსთვის უკვე მთელი საფეხბურთო ფეისბუქი ამ ტექსტზე ლაპარაკობდა. კომენტარები ორად გაიყო. „ბოლოს და ბოლოს, ვიღაცამ ფეხბურთზე სიღრმისეულად დაწერა!“ „მართლა საოცარი ანალიზია, ყოჩაღ ავტორს.“ "ეს გოგო თამაშს უყურებს." თუმცა იყვნენ სხვებიც. „ერთი გოლი გაიტანა და უკვე მესივით მოიხსენიებენ, სასაცილოა.“ "გაანებეთ თავი ბავშვების გაფუჭებას." "ხვალ ორი ცუდი თამაში ექნება და მერე სად იქნებით?" ნიცა კომენტარებს მშვიდად კითხულობდა. არავის პასუხობდა. უნებურად პროფესორ ალექსანდრეს სიტყვები გაახსენდა. “თუ შენი სტატია ყველას მოეწონა, ნიცა, ესე იგი, ძალიან უსაფრთხოდ და უფერულად დაგიწერია.“ იმავე დროს, “დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე, დათო ოთახში ტელეფონით ხელში შევარდა: — ლუკა!ნახე! — რა ხდება? — შენი შეყვარებული ჟურნალისტი სტატიებს გიძღვნის! — რა შეყვარებული... რას როშავ... — შეიშმუშნა ლუკა. — წაიკითხე ჯერ. ლუკამ ტელეფონი გამოართვა. სტატია თავიდან ბოლომდე წაიკითხა. ნელა. ორჯერ. მესამედ მხოლოდ ბოლო აბზაცი გადაიკითხა. "შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში ის უბრალოდ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი აღმოჩნდეს. შესაძლოა, ევროპის ერთ-ერთ ძლიერ ჩემპიონატში ითამაშოს. მაგრამ ერთი რამ უკვე აშკარაა. ლუკა ქავთარაძე ისეთ ფეხბურთს ხედავს, რომელსაც საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ადამიანი ამჩნევს." ლუკა რამდენიმე წამს მდუმარედ იჯდა. შემდეგ ინსტაგრამი გახსნა. ნიცას პროფილი წამსვე იპოვა და დიდხანს უყურებდა ღილაკს: Message. — აბა, მიწერე, რას ელოდები? — წამოადგა დათო. — გაჩუმდი, დათო. — ბიჭო, სტატია დაგიწერა მადლობა მაინც უთხარი. ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა. კლავიატურა გახსნა. დიდხანს ფიქრობდა. თითები ეკრანზე უთრთოდა. ბოლოს მხოლოდ ერთი წინადადება დაწერა. "მადლობა, რომ დამინახე." რამდენიმე წამი შეტყობინებას უყურებდა. შემდეგ გაგზავნა. საბურთალოზე, თითქმის იმავე წამს, ნიცას ტელეფონი ვიბრირებდა. უცნობი შეტყობინება. გახსნა. წაიკითხა. ტუჩებზე უნებლიე, თბილი ღიმილი შეეპარა. სალომემ, რომელიც იქვე იჯდა, წამსვე შეამჩნია: — აბა, ვინ მოგწერა? — არავინ. — ეკრანი სწრაფად გადააბრუნა ნიცამ. — ეგ "არავინ" რატომ გაცინებს? — უბრალოდ... სტატია წაიკითხა. სალომემ ეშმაკურად გაუღიმა. — ფეხბურთი იწყებს შენთვის თამაშს, ქალბატონო ჟურნალისტო. ნიცას არაფერი უთქვამს. მაგრამ იმ საღამოს, ამ ამბის დასაწყისიდან პირველად, ლუკასა და ნიცას შორის სიტყვები სტადიონის, მიკროფონებისა და კამერების გარეშე გაიცვალა. ხშირად ხომ ყველაზე დიდ ისტორიებს სწორედ ასეთი მოკლე, უბრალო შეტყობინებები უდებს სათავეს. თავი 8 ნოემბრის ბოლო კვირა იყო. თბილისი ისევ იმ ნაცრისფერ, სველ ნისლში გახვეულიყო, რომელიც ქალაქს ყოველწლიურად ამ დროს ჩამოაწვებოდა ხოლმე. ტროტუარებზე ჩამოცვენილ, სველ ფოთლებს წვიმის წვეთები ერთმანეთში აერია, ხეები თითქმის სრულიად გაშიშვლებულიყო, დილით კი ისეთი მჭრელი, ნესტიანი სიცივე იდგა, რომ ფეხბურთელები ხელებს ჯიბეებიდან მხოლოდ უშუალოდ ვარჯიშის დაწყებისას იღებდნენ. დინამოს ბაზაზე ყველა უკვე მოედნისკენ მიდიოდა. ლუკა ჩვეულებრივზე ადრე მისულიყო. მას უყვარდა მოედნის ეს დილის, ხელუხლებელი სიჩუმე. ბურთი ბალახზე დადო. საჯარიმოსთან რამდენიმე ნარინჯისფერი კონუსი ჩამოალაგა. არავის უთქვამს. არავის დაუვალებია. უბრალოდ ვარჯიშის დაწყებამდე საკუთარ თავს ერთი და იგივე დავალებას აძლევდა. ათი პასი. ისეთი, როგორსაც თამაშში გააკეთებდა. მარცხენა ფეხით. მარჯვენათი. ერთ შეხებაზე. ორი შეხებით. ბურთი სველ საფარზე არ ხტებოდა — ის თითქოს მორჩილად მიჰყვებოდა ლუკას ფეხის მოძრაობას, თითქოს მის აზრებს კითხულობდა. — გეფიცები... უკნიდან დათოს ხმა გაისმა. — ერთხელ მაინც მოდი ნორმალურ დროს. ლუკამ არც მოიხედა. — შენც ადრე მოხვედი. — მე მეკარე ვარ. ჩემი საქმე ბურთის მოგერიებაა და არა დილის შვიდ საათზე მასთან ფილოსოფიური საუბარი. — დათომ ბურთი იღლიაში ამოიჩარა. — საუბარი რა შუაშია? — გაეღიმა ლუკას. დათომ ბურთი აიღო. — ერთი რაღაც უნდა გკითხო. — ჰო? — იმ ჟურნალისტს მართლა მიწერე? ლუკა გაჩერდა. ბურთს ფეხი დაადო და დათოს გახედა: — შენ საიდან იცი? — ტელეფონი რომ დამიმალე იმ დღეს, მაშინ მივხვდი. ლუკამ თავი გადააქნია. — საშინელი ადამიანი ხარ, ახალაია. — მადლობა. ეს კომპლიმენტად მივიღე. *** უნივერსიტეტის ხმაურიან დერეფანში სალომე უკვე მესამედ ცდილობდა ნიცას ყურადღების მიქცევას. — ნიცა, მისმენ საერთოდ?! — ჰო. — არა, არ მისმენ. ნიცას ლეპტოპის ეკრანზე კვლავ მატჩის ვიდეოჩანაწერი და დეტალური სტატისტიკური ცხრილი ჰქონდა გახსნილი — ნიც! — რა? — ლუკა ქავთარაძეს უყურებ ისევ? ნიცამ ეკრანი დახურა. — თამაშს ვუყურებ სალომე. — თამაში ჰქვია ახლა მაგას? სალომემ ეშმაკურად გაუღიმა. — უკვე მესამედ გაქვს მისი მისი ერთი და იგივე ეპიზოდი ჩართული. — იმიტომ, რომ საინტერესო ფეხბურთელია. — რა თქმა უნდა... — მართლა. — კარგი. სალომემ ხელები ასწია. — ჯერ საინტერესო ფეხბურთელია. ნახევარ წელიწადში ვნახოთ. ნიცას გაეცინა. — შენ ზედმეტად ბევრ ფილმს უყურებ. *** იმ საღამოს დინამოს პრესსამსახურმა ჟურნალისტებისთვის ღია ვარჯიში მოაწყო. სეზონის ბოლო გადამწყვეტ მატჩამდე ერთი კვირა რჩებოდა. ნიცა და სალომე ერთად მივიდნენ. — აქამდე არასდროს ვყოფილვარ ვარჯიშზე. ჩუმად თქვა სალომემ. — თამაშზე უფრო საინტერესოც კია. უპასუხა ნიცამ. — რატომ? — იმიტომ, რომ აქ ფეხბურთელები ნიღბების გარეშე არიან. აქ ჩანს მათი ნამდვილი ხასიათი. მოედანზე ფეხბურთელები უკვე ორ ჯგუფად იყვნენ გაყოფილები. საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი დათომ მუშტით ისეთი ძალით მოიგერია, რომ პირდაპირ ღობისკენ გაფრინდა. — ვაიმე! - შეჰყვირა სალომემ და ინსტინქტურად თვალები დახუჭა ბურთი ღობეს გადაევლო და მიწაზე დახტა — ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჟურნალისტები იდგნენ მაგრამ ბურთი მიწაზე დავარდა. დათო ღობისკენ გაიქცა. — უკაცრავად! არ მინდოდა სალომემ ბურთი აიღო და ღობესთან მივიდა:. — აი ინებეთ. — მადლობა. დათომ ხელი გაუწოდა. — მე დათო ვარ. — სალომე. მათ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. დათომ ეშმაკურად შეათვალიერა: — პირველად ხარ ვარჯიშზე? — ასე ძალიან მეტყობა? — ცოტა.-გაეცინა დათოს — რატომ? — იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ჟურნალისტები ბურთს ფეხს კრავენ ხოლმე, გზიდან იცილებენ. შენ კი აიღე. სალომეს გაეცინა. — ცუდია? — პირიქით.ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთს ჯერ კიდევ სულით უყურებ და არა უბრალო სამუშაოდ. რამდენიმე წამით ორთავეს მზერა ერთმანეთს შეხვდა და გაეღიმათ. ნიცამ ეს სცენა შორიდან შეამჩნია. თავისთვის ჩუ,ად ჩაილაპარაკა: — აი, დაიწყო... ვარჯიშის ბოლოს ჟურნალისტებს ფეხბურთელებთან გასასაუბრებლად რამდენიმე წუთი მიეცათ. ამჯერად ლუკა უკვე თავად მივიდა ნიცასთან. — გამარჯობა. ნიცამ გაკვირვებით ახედა. — გამარჯობა. — სტატიისთვის...კიდევ ერთხელ მადლობა. — მადლობა საჭირო არ არის. მე უბრალოდ ის დავწერე, რაც მოედანზე დავინახე. ლუკამ თავი ოდნავ დახარა, თითქოს საჭირო სიტყვებს ამოწმებდა: — ჰოდა, ეგ არის... ყველამ ვერ დაინახა. მათ შორის უხერხული, თუმცა საოცრად თბილი სიჩუმე ჩამოვარდა. ორივეს სურდა საუბრის გაგრძელება. მაგრამ არც ერთმა იცოდა, საიდან დაეწყო. საბოლოოდ ისევ ნიცამ იკითხა. — ბავშვობიდან ნახევარმცველი გინდოდა ყოფილიყავი? ლუკას გაეღიმა. — არა. — აბა? — მეკარეობა. ნიცამ გაოცებულმა შეხედა. — მართლა? — ოღონდ დათოს არ უთხრა. სიცილით თქვა. — თორემ მთელი ცხოვრება დამცინებს! ორივეს გაეცინა. ეს იყო პირველი სიცილი, რომელსაც ინტერვიუსთან აღარაფერი ჰქონდა საერთო. შორიდან ამ სცენას დათო შორიდან აკვირდებოდა. გვერდით თემური დაუდგა. — რას უყურებ ასე ყურადღებით, ახალაია? — არაფერს, მწვრთნელო. — ტყუილს ცუდად ამბობ. დათომ მხრები აიჩეჩა. — მგონია...ლუკა პირველად ვიღაცასთან ლაპარაკობს ისე, თითქოს პასუხის გაცემა არ ეზარება. თემურმა რამდენიმე წამს უყურა მოედნის კიდესთან მდგარ წყვილს, შემდეგ კი დინჯად თქვა: — კარგია. ზოგჯერ ფეხბურთელს მოედნის გარეთაც სჭირდება ადამიანი, ვინც მოუსმენს. საღამოს ოთხივე — ნიცა, სალომე, ლუკა და დათო — სრულიად შემთხვევით ერთსა და იმავე მეტროს სადგურზე აღმოჩნდნენ. — თქვენც ვაგზლამდე მიდიხართ? — იკითხა დათომ. — ჰო. — უპასუხა სალომემ. — მშვენიერია, გზაში მაინც აღარ მომიწევს ამის ფეხბურთზე ლაპარაკის მოსმენა. ლუკამ თვალები გადაატრიალა. — თითქოს შენ სხვა რამეზე ლაპარაკობდე. — მე მრავალმხრივი პიროვნება ვარ, ყველაფერზე ვლაპარაკობ! სალომემ ჩაიცინა. — უკვე შევამჩნიე. ოთხივე ერთად ჩავიდა ესკალატორზე ირგვლივ ხალხი ჩვეულებრივი, ყოველდღიური სიჩქარით მიდიოდა. არავინ იცნობდა მათ, არავინ იცოდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ამ ოთხიდან ორი საქართველოს ყველაზე ცნობილ საფეხბურთო წყვილად იქცეოდა, ხოლო დანარჩენი ორი — მათ უახლოეს, განუყრელ ადამიანებად. იმ ნოემბრის საღამოს ისინი უბრალოდ ოთხი ახალგაზრდა იყვნენ, რომელთა გზებიც მეტროს რამდენიმე გაჩერების მანძილზე გადაიკვეთა. ხომ ასეა — ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ისტორიები ხშირად სწორედ ასეთი ჩვეულებრივი, უბრალო დღეებიდან იწყება. **** კვირის ბოლოს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის ბოლო მატჩი იმართებოდა. “დინამო არენისკენ“ მიმავალ ქუჩებს ლურჯ-თეთრი ნაკადი ეფინებოდა — ათასობით შარფი, დროშა და მოლოდინით სავსე თვალები. კაფეებიდან გამოსული ყავის ოქროლვილი ორთქლი და ფეხბურთზე ცხარე კამათის ხმები ჰაერში ერთმანეთში ირეოდა. მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე სტადიონის მიმდებარე ტერიტორია უკვე გუგუნებდა. ეროვნული ლიგის მიწურულს ყოველი შეხვედრა დანის პირზე სიარულს ჰგავდა, თითოეულ ქულას ოქროს ფასი ედო და მთელი სეზონის შრომის ბედს წყვეტდა. გასახდელში კი სრულიად სხვა სამყარო იყო — დამძიმებული, უჩვეულო სიჩუმე. ყველა თავის კუთხეში შეყუჟულიყო. ვიღაც ბუცის თასმებს ამოწმებდა, ვიღაც ყურსასმენებში ემალებოდა სამყაროს, ვიღაც კი უბრალოდ გაშტერებით მიშტერებოდა იატაკს. ლუკას მუხლებზე დაეწყო ხელები, თვალები დაეხუჭა და მხოლოდ საკუთარ, რიტმულ სუნთქვას უსმენდა. ზღურბლზე თემური გამოჩნდა. მწვრთნელმა ბიჭებს თვალი შეავლა, თითქოს თითოეულის გულისცემა მოსინჯაო. — იცით, რა მომწონს თქვენში? — იკითხა ჩუმად. პასუხი არავის გაუცია. — როცა ერთმანეთისთვის თამაშობთ, — თქვა მან, ოთახის ცენტრში შევიდა და ხმას აუწია, — დღეს არც სახელებისთვის გადიხართ მოედანზე და არც კონტრაქტებისთვის... იმ ბიჭისთვის ითამაშეთ, რომელიც ახლა თქვენ გვერდით ზის. დანარჩენს მოედანი გადაწყვეტს. ჰაერში თითქოს ელექტროენერგია დაგროვდა, თუმცა სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა. დათო მკვეთრად წამოხტა და ტაში შემოჰკრა: — აბა, ბიჭებო, წავედით! თორემ ეს მოტივაციური სიტყვები ისე გაიწელება, მეტოქე დაუღლელი დაგვხვდება! გასახდელი სიცილმა მოიცვა. დაძაბულობა, რომელიც კედლებს აწვებოდა, ერთ წამში ჰაერში ორთქლდებოდა. მატჩი მძიმე და დამღლელი გამოდგა. მეტოქემ კარი წინ „ავტობუსი ჩაყენა“ — დაბალ ბლოკში ჩადგა და თავისუფალი სივრცის ნატამალიც არ დატოვა. პირველი ტაიმი უგოლოდ, ნერვების ომში მიილია. ტრიბუნებიდან მხურვალე შეძახილები არ წყდებოდა: „მიდით, ბიჭებო!“, „დინამო!“. სამოცდამეორე წუთზე ლუკამ ბურთი ცენტრში მიიღო. ელვისებური, ერთი შეხებით მეტოქე ჩამოიშორა, მეორე შეხებით კი ფლანგზე გაჩენილი პატარა ხვრელი დაინახა. ჩაწოდება საჯარიმოში იდეალური გამოვიდა — ფორვარდის ცხოველური ინსტინქტი, ერთი შეხება და... ბურთი ბადეშია! სტადიონი აფეთქდა! ლუკამ მხოლოდ მუშტი შეკრა — მას არ უყვარდა ემოციების გადაჭარბებული ფეიერვერკი, მაგრამ თანაგუნდელები უკვე ზურგზე ეხვეოდნენ, თავზე ხელებს უსვამდნენ და ყვიროდნენ: — ეს შენ იყავი, ქავთარაძე! — ვიცოდი, ძმაო! ყოჩაღ! დარჩენილი წუთები უსასრულო საუკუნედ გაიწელა, მაგრამ ბოლო სასტვენის ხმამ მთელი სტადიონი ფეხზე დააყენა. ეს არ იყო უბრალო სამი ქულა — ეს იყო კვირეების განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობისა და შრომის ტრიუმფი. **** როგორც კი გასახდელის კარი დაიკეტა, ვულკანი ამოიფრქვა. მუსიკა ბოლო ხმაზე აგუგუნდა. ჰაერში წყლის ბოთლები აფრინდა და რამდენიმე წამში ნახევარი გუნდი ერთმანეთს წყალს ასხამდა. — ახალაია! გაჩერდი, ტანისამოსი მაინც გაიხადე! — ჯერ სადა ხარ! დათო სკამზე ავარდა, ხელში „ნაბეღლავის“ შუშის ბოთლი ეჭირა. — ყურადღება! — დაიყვირა მან, მაგრამ არავინ უსმენდა. — ხალხო! ბიჭები ნელ-ნელა მიჩუმდნენ. დათომ ბოთლი ჩემპიონის თასივით მაღლა ასწია: — ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ... — გააკეთა დრამატული პაუზა, — ...მაგრამ შამპანური მაინც გვაქვს! საყოველთაო ხარხარმა გადაუარა ოთახს. — ეგ შამპანური კი არა, „ნაბეღლავია“, შე გიჟო! — ქართული შამპანურია! — დაიყვირა დათომ, თავსახური მოხსნა და გაზირებული წყლის ჩანჩქერი პირდაპირ პირველ რიგში მდგომებს გადაავლო. — ახალაიააა! გასახდელი სრულმა ქაოსმა მოიცვა. ვიღაც სველი პირსახოცით დარბოდა, ვიღაც სიმღერას ღრიალებდა. ლუკა კედელს მიყრდნობოდა და სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა. — ესენი ნორმალურები არასდროს გახდებიან... — ჩაილაპარაკა მან. — და ღმერთმა ნუ ქნას! — უპასუხა დათომ და მეორე ბოთლიც ჰაერში ააფეთქა. ერთი საათის შემდეგ გამარჯვების სული ძველ, მყუდრო სახინკლეში გადავიდა. მაგიდა ივსებოდა ხინკლის, სურნელოვანი მწვადის, ქინძიანი კიტრ-პომიდვრისა და ცივი ლიმონათების სიმრავლით. დათომ ჭიქა ჩამოდო და ისევ ლუკას მიუტრიალდა: — ბიჭო... — ჰო, რა იყო? — იმ ჟურნალისტისთვის აღარ მიგიწერია? ლუკამ ღრმად ამოიოხრა და თვალები გადაატრიალა: — დათო... ერთხელ მაინც ილაპარაკე ფეხბურთზე, რა! — ფეხბურთზე მთელი 90 წუთი ვილაპარაკე. ახლა უფრო საინტერესო თემებზე გადავედი, — განაცხადა დათომ ამაყად. მაგიდაზე ისევ სიცილი ატყდა. — ისე, ცუდი გოგო არ ჩანს... — დაამატა დათომ. — საერთოდ საიდან მოიტანე? — მეკარე ვარ, ძმაო, ველი უნდა ვაკონტროლო. ყველაფერს ვამჩნევ! — შენ მართლა შეუძლებელი ადამიანი ხარ, — თავი გააქნია ლუკამ. — ეგ ბევრს უთქვამს, — გაიღიმა მეკარემ. ამ დროს, მაგიდიდან ცოტა მოშორებით, ახალგაზრდა მიმტანი, სალომე იდგა. მან თვალი შეავლა ხმაურიან სუფრას და განსაკუთრებით იმ მაღალ, ენერგიულ მეკარეს, რომელიც მთელ დარბაზს თავის ჭკუაზე ატრიალებდა. ტელეფონი ჩუმად ამოიღო, ფოტო გადაიღო და ნიცას მიწერა: „ეს სულ ასეთი გიჟია? უკვე მეათედ ყვირის.“ პასუხმაც არ დააყოვნა: „არც მე ვიცი, მგონი” სალომემ ტელეფონი ჩასწია და ისევ სუფრისკენ გაიხედა. ზუსტად ამ დროს დათომ, თითქოს იგრძნოო, სწორედ მისკენ გამოახედა და ახალგაცნობილ გოგონას ფართო ღიმილით ხელი დაუქნია. სალომემ გაოცებულმა ჩაიცინა, ტელეფონი ისევ აიღო და მოკლედ უპასუხა: „ჰოდა, კარგი... მართლა გიჟი ყოფილა.“ თავი 9 თბილისი დეკემბრის დასაწყისს ყოველთვის ერთნაირი, სევდიანი ესთეტიკით ხვდებოდა. დილით მტკვრიდან ამოყოლილი სქელი ნისლი, შუადღით მზის მოულოდნელი, სუსტი გაბრწყინება, საღამოობით კი ისეთი სურდოიანი, სველი ქარი, რომ გამვლელებს უნებლიეთ ქურთუკის საყელოების აწევასა და ხელების ჯიბეებში ჩამალვას აიძულებდა. ქალაქი ნელ-ნელა, თითქოს მძიმედ ემზადებოდა ახალი წლისთვის — ცენტრალურ ქუჩებზე უკვე პირველი, კრთომარე ნათურები დაეკიდოთ. მაგრამ ფეხბურთელებისთვის დეკემბერი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა — მიწურულს. სეზონის ამოწურვას, ზღვარზე მისვლას. ნიცას სტატიამ იმაზე დიდი გამოხმაურება მიიღო, ვიდრე თავად ოდესმე იფიქრებდა. რედაქციაში მისვლისთანავე რედაქტორმა ხელი დაუქნია. — თოფურია! — დიახ? — მოდი ერთი წუთით. მის მაგიდაზე სტატიის ამობეჭდილი ვერსია იდო. რამდენიმე ადგილი წითელი კალმით იყო მონიშნული. ნიცას გულმა რეჩხი უყო, იფიქრა, ალბათ ისევ შეცდომები იყო. მაგრამ რედაქტორმა სათვალე მოიხსნა და სულ სხვა რამე თქვა. — პირველად მოხდა რომ ჩვენი საიტის სტატია სხვა გამოცემებმა წყაროს მითითებით გადაიტანეს. ნიცას გაეღიმა. — მართლა? — ჰო. მაგრამ... ფურცელი მისკენ მიაბრუნა. — ეს აღარ არის უბრალოდ მატჩის მშრალი შენ თამაშის მიღმა ადამიანებს ხედავ და მათზე წერ. ეგ უნარი არასოდეს დაკარგო. უნივერსიტეტის მყუდრო კაფეტერიაში, სალომეს წინ ორთქლადენილი ცხელი შოკოლადი ედგა. ნიცა ჩანთიდან წიგნებსა და რვეულებს ალაგებდა. — იცი, ვინ მომწერა? ჰკითხა სალომემ და ჭიქას თითები შემოაჭდო. — ვინ? — დათომ. ნიცამ მაშინვე ახედა. — მართლა? — ჰო. ტელეფონი გაუწოდა. "ბურთი კიდევ არ დამიბრუნებია ოფიციალურად, ყავას ხომ მაინც დამიბრუნებ?" ნიცას სიცილი აუტყდა. — ეს ტიპი მართლა გიჟია. — მეც ეგ ვუთხარი. — და რას უპასუხე? სალომემ მხრები აიჩეჩა. — ჯერ არაფერი. — რატომ? — იმიტომ, რომ არ ვიცი, სერიოზულია თუ უბრალოდ ყველას ასე ელაპარაკება. ნიცამ ცოტა დაფიქრდა. — მგონი...ასეთია. ყველასთან. მაგრამ ცუდი გაგებით არა. უბრალოდ, უშუალოა. სალომემ ეშმაკურად ჩაიღიმა. — მაშინ მეც ასეთივე პასუხს მივწერ. **** დინამოს ბაზაზე ვარჯიში უკვე დასრულებული იყო. დათო გასახდელში სკამზე ჩამომჯდარიტელეფონის ეკრანს გაბრწყინებული თვალებით ჩაშტერებოდა. — ბიჭო... - წამოიძახა უცებ. ლუკამ ბუცები ჩანთაში ჩაალაგა. — რა იყო? — მიპასუხა. — ვინ? — სალომემ. სახეზე ისეთი კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოეგო. ლუკას გაეცინა. — და მერე? — ყავაზე დამთანხმდა. — ყოჩაღ. — დათომ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ლუკას გადახედა. — შენც დაპატიჟე. — ვინ? — ნიცა. ლუკამ თავი ასწია. — რატომ? — იმიტომ, რომ ადამიანებს ასე იცნობენ. ლუკამ წყლის ბოთლი დახურა. — ჯერ საერთოდ არ ვიცნობ. დათომ თვალები გადაატრიალა. —ჰოდა, ზუსტად იმიტომ უნდა გაიცნო! ეჰ, ქავთარაძე... ისეთი სახე კი გაქვს, ვიღაცამ რომ გითხრას, ფეხბურთის გარდა ამ სამყაროში ცხოვრებაც არსებობსო, ალბათ ეჩხუბები ***** ტალახიანი წყლის შხეფები ავტობუსის ფანჯრის მინას ეხეთქებოდა. გარეთ უთავბოლო, დამთრგუნველი წვიმა ასხამდა, რომელიც რეგიონის მიკარგულ გზებს ერთიანად ტალახის ოკეანედ აქცევდა. ავტობუსი ისე ჭრიალებდა და ზანზარებდა, თითქოს ყოველ ორმოში ჩავარდნისას სულის დალევას აპირებსო. დათო შუშას მიყრდნობოდა, თვალებს აყოლებდა წვიმის ნაკადულებს და უცებ, კიდევ ერთი ძლიერი დარტყმის შემდეგ, წელზე ხელი მიიჭირა: — თუ კიდევ ერთი ორმო იქნება, სახლში ჩემი ხერხემალი ცალკე ჩავა, ჩემგან დამოუკიდებლად! ავტობუსში ჩახშული სიცილი გაისმა. დაძაბულობა ცოტათი განელდა, თუმცა ფანჯრებს მიღმა იშლებოდა სურათი, რომელიც კარგს არაფერს მოასწავებდა. მოედანი არა საფეხბურთო მინდორს, არამედ ჭაობს უფრო ჰგავდა. ბალახის ნაცვლად ფეხბურთელებს მუხლამდე ტალახში უწევდათ ცურვა. ბურთი ჩვეულებრივად კი არ გორავდებოდა, არამედ ყოველ ნაბიჯზე იძირებოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ლუკამ წარმოუდგენელი ოსტატობით დაიძვრინა თავი ორი მეტოქისგან და იდეალური, გეომეტრიულად სიზუსტით გათვლილი პასი გააკეთა სივრცეში. ეს უნდა ყოფილიყო გოლი. მაგრამ ბურთი საჯარიმოსთან მდგარ უზარმაზარ გუბეში ჩაერჭო და უძრავად გაჩერდა. ფორვარდი, რომელიც სრული სვლით მიქროდა, ტალახში გასრიალდა, ბურთამდე ვეღარ მიაღწია და პირქვე ჩაემხო წყალში. ფეხბურთი აქ დამთავრდა, დაიწყო წვალება. ხოლო როდესაც თამაში ასეთ ქაოსში გადადის, ყველაფერს ერთი შემთხვევითი შეცდომა წყვეტს. და ეს შეცდომაც მოხდა — დაცვაში უსიამოვნო წაბორძიკება, ბურთის რიკოშეტი და... 0-1. ბოლო სასტვენის ხმა წვიმის გუგუნმა გადაფარა. ადგილობრივი ტრიბუნებიდან, სადაც რამდენიმე ათეული კაცი ქოლგების ქვეშ შეყუჟულიყო, ირონიული და ბრაზიანი შეძახილები წამოვიდა: — ხელფასი ტყუილად გაქვთ, ბიჭო! — ითამაშეთ მაინც, რა არის ეს! გასახდელში სრული, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ტანისამოსიდან იატაკზე წვეთ-წვეთად ჩამომავალი ტალახიანი წყლის ხმა ისმოდა. ბიჭები თავჩახრილები ისხდნენ, ენერგიაგამოცლილები და განადგურებულები. უეცრად კარი წივილით გაიღო. თემური შემოჭრილ ქარიშხალს ჰგავდა. სახეზე ძარღვები დაჭიმვოდა. — ასეთი ფეხბურთი აღარ მინდა ვნახო! — იღრიალა მწვრთნელმა, ხმა უთრთოდა ბრაზისგან, — ეს არ იყო ფეხბურთი, ეს იყო სირცხვილი! თუ ასე გააგრძელებთ... მომავალი კვირიდან პრემიებს საერთოდ ჩამოგაჭრით! ყველას! მან კარი გაჯახუნა და გავარდა. უკანა გზაზე ავტობუსში კაციშვილი არ იღებდა ხმას. არც დათოს უხუმრია. ყველა თავის ადგილზე იჯდა, შავ-ყავისფერ ტალახში ამოსვრილი ფორმებით, და უხმოდ უყურებდა ფანჯარაში გამავალ ბნელ გზას. *** შუადღისას, როდესაც ნიცამ ყავის ჭიქა გვერდზე გადადო და ტელეფონს დახედა, ეკრანზე სალომეს შეტყობინება განათდა. -„როგორ დამთავრდა?“ ნიცამ ოდნავ გაიღიმა. იცოდა, რომ სალომე ვითომ ზოგადად კითხულობდა, თუმცა სინამდვილეში სულ სხვა რამ აინტერესებდა. -„დათოზე გაიგე?“ -„კარგადაა.“ -„ნერვიულობდა?“ -„ძალიან.“ ნიცამ ეკრანს დახედა და ჩუმად ჩაეცინა. სალომეს ტექსტში დათოს სახელი ეწერა, მაგრამ ორსიტყვიანი პასუხის — „ძალიან“ — მიღმა აშკარად იგრძნობოდა, რომ მისი ფიქრები და დარდი სულ სხვა ადამიანის, ლუკას გარშემო ტრიალებდა. *** რამდენიმე დღის შემდეგ დინამოს პრესსამსახურმა სეზონის შემაჯამებელი ღია მედია დღე მოაწყო. ჟურნალისტები მოედანზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ფეხბურთელები ფოტოებს იღებდნენ ბავშვებთან. ავტოგრაფებს არიგებდნენ. ნიცა მწვანე მინდორზე დადიოდა. ამჯერად დიქტოფონი არც კი ამოუღია — ის უბრალოდ აკვირდებოდა. მან შეამჩნია ლუკა. იგი პატარა, თბილად ჩაცმულ ბიჭს ჩამუხლულიყო და ბუცის თასმის შეკვრაში ეხმარებოდა. შემდეგ წამოდგა, ბურთი ხელიდან გაუწოდა და აჩუქა. ბავშვს ისეთი თვალები გაუხდა, თითქოს იმ წამს მთელი სამყარო მისთვის ეჩუქებინათ. ნიცას უნებლიედ გაეღიმა. ამ მომენტს ფოტო გადაუღო. ლუკამ კამერა შეამჩნია. — ეს ინტერვიუს გარეშე დაიწერება? — არა. — აბა? — ზოგჯერ ფოტო უფრო მეტს ჰყვება ვიდრე ათასი სიტყვა. ლუკამ პატარა ბიჭს თავზე ხელი გადაუსვა და გააცილა: — ალბათ. *** ღონისძიების დასრულების შემდეგ ნიცა გასასვლელისკენ მიდიოდა. გარეთ უკვე საღამოს ბინდი ეშვებოდა. — ნიცა. უკნიდან ლუკას ხმა გაისმა. ნიცა გაჩერდა და მოტრიალდა. — ჰო, ლუკა? ლუკა რამდენიმე წამი დუმდა.ეტყობოდა, რაღაცის თქმა უნდოდა. მაგრამ სიტყვებს არჩევდა. — ის ფოტო... თუ გამოაქვეყნებ...ისე არ დაწერო, თითქოს რაღაც განსაკუთრებული გავაკეთე. ნიცამ გაკვირვებით შეხედა. — რატომ? — იმიტომ, რომ უბრალოდ თასმა შევუკარი, ჩვეულებრივი ამბავია ნიცამ მშვიდად გაიღიმა. — შენთვის ჩვეულებრივი იყო. იმ ბავშვისთვის — არა. ლუკა დაფიქრდა. პასუხი ვერ იპოვა. — იცი...უცებ თქვა.— შენ სულ სხვანაირად უყურებ ყველაფერს. — კარგი გაგებით? — ჯერ ვერ გადავწყვიტე. ორივეს გაეცინა. ეს უკვე მეორედ თქვა. ნიცამ შენიშნა. — მგონი, ეს შენი საყვარელი ფრაზაა. — შეიძლება. — მაშინ მეც ერთი მაქვს. — რომელი? — ფეხბურთი ადამიანების თამაშია. სტატისტიკა მხოლოდ შემდეგ მოდის. ლუკამ რამდენიმე წამი უყურა. — ეგ სად წაიკითხე? — არსად. უბრალოდ ასე ვფიქრობ. *** ამ დროს შორიახლოს დათო და სალომე იდგნენ. — ანუ...ყავაზე მართლა მოდიხარ? ჰკითხა დათომ. — ჯერ არ ვიცი. — ეშმაკურად უპასუხა სალომემ. — ეგ "ჯერ არ ვიცი" ადამიანურ ენაზე "კი"-ს ნიშნავს? — შეიძლება. — მშვენიერია. მაშინ უკვე ძალიან კარგი დღე მაქვს. სალომემ სიცილით თავი გადააქნია. — შენ სულ ასეთი ოპტიმისტი ხარ? — არა. — დასერიოზულდა დათო. — აბა? — როცა მეკარე შეცდომას არ უშვებს. ორივეს გაეცინა. შორიდან ნიცამ ეს სცენა დაინახა. ლუკამაც. ორივემ ერთმანეთს გახედა. — მგონი, ეგენი დამეგობრდებიან. ჩუმად თქვა ნიცამ. — მგონი, უკვე დაიწყეს. უპასუხა ლუკამ. *** საღამოს სახლში დაბრუნებულმა ნიცამ კომპიუტერი გახსნა. ახალი სტატიის დაწერა დაიწყო. მაგრამ ამჯერად ტექსტი ლუკაზე არ იყო. პირველი წინადადება ასეთი გამოვიდა: "დიდი ფეხბურთელები მხოლოდ მოედანზე არ იქმნებიან. ზოგჯერ მათი ხასიათი იმ მომენტებში ჩანს, როცა კამერები თითქმის გამორთულია." რამდენიმე წუთი ეკრანს უყურებდა. შემდეგ ფოტო ჩასვა. პატარა ბიჭი. ლუკა, რომელიც ბუცის თასმას უკრავდა. და უცებ მიხვდა, რომ სულ უფრო უჭირდა ლუკას მხოლოდ ფეხბურთელად დანახვა. ქალაქის მეორე მხარეს ლუკა საკუთარ ოთახში იჯდა და პირველად დაფიქრდა, რომ ნიცას შეტყობინებისთვის პასუხის მიწერა მხოლოდ ზრდილობის გამო აღარ უნდოდა. მას უბრალოდ... მასთან ლაპარაკი სიამოვნებდა. ისტორია ჯერ კიდევ მშვიდად, აუჩქარებლად მიედინებოდა. მაგრამ ორივეს ცხოვრებაში უკვე შეუმჩნევლად დაიწყო ის გარდატეხა, რომლის ჭეშმარიტ მნიშვნელობასაც ისინი მხოლოდ წლების შემდეგ გააზრებდნენ. თავი 10 დეკემბრის სუსხიანი ქარი „დინამო არენას“ ცარიელ, ვრცელ ტრიბუნებს შორის დაძრწოდა და ლითონის კონსტრუქციებში ზუზუნებდა. სეზონის დასრულებამდე სულ რაღაც ერთი, გადამწყვეტი მატჩი იყო დარჩენილი. მწვანე მინდორი თითქმის სრულიად დაცარიელებულიყო. მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი აგრძელებდა ინდივიდუალურ ვარჯიშს. ლუკაც მათ შორის იყო — თითქოს გარშემო არაფერს ამჩნევდა. ბურთს საჯარიმოს ხაზთან აწყობდა და ერთი და იმავე მოძრაობას ისევ და ისევ, საათის მექანიზმივით იმეორებდა: მიღება. ერთი შეხება. პასი. მიღება. დარტყმა. მიღება. პასი. თითქოს მოედანზე მარტო იდგა და უხილავ, იდეალურ მეტოქეს ეთამაშებოდა. ვარჯიშის ბოლოს ბურთი მოედნის მეორე მხარეს გააგორა. ღრმად ჩაისუნთქა. — კიდევ ერთხელ... — თავისთვის ჩაილაპარაკა. ბურთს აჩქარებით გაეკიდა. რამდენიმე სწრაფი, რიტმული ნაბიჯი და ბოლო წამს მთელი ძალით დაარტყა, რომ დიაგონალური პასი გაეკეთებინა. და სწორედ მაშინ... მარცხენა ბარძაყში ისეთი ძლიერი, მწვავე ტკივილი იგრძნო, თითქოს ვიღაცამ კუნთში დანა ჩასცა. ფეხი წამში მოეკეცა. ლუკამ წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა, მუხლებზე დაეცა და შემდეგ ნესტიან ბალახზე ჩამოჯდა. სახეზე, სადაც აქამდე მხოლოდ კონცენტრაცია ეწერა, პირველად გამოჩნდა აუტანელი ტკივილი. მოედანზე რამდენიმე წამით სრული, დამთრგუნველი სიჩუმე ჩამოვარდა. — ლუკა! დათო პირველი გაიქცა მისკენ. უკან კლუბის ექიმი და ფიზიოთერაპევტი მოჰყვნენ. — არ ადგე! — ექიმმა მკაცრად, თუმცა ფრთხილად დაადო ხელი მხარზე. ლუკა კბილებს აჭერდა, რომ ხმა არ ამოეშვა. — სად გტკივა? — უკანა... ბარძაყი... — ხელით მარცხენა ფეხზე მიუთითა. ექიმმა თითებით ფრთხილად შეამოწმა კუნთი. ლუკას სახე წამში შეეცვალა. — კარგი... საკმარისია, — თქვა დათომ და თვალებში უკვე ეტყობოდა, რომ საქმე სერიოზულად იყო. გადამწყვეტ მატჩამდე ოთხი დღე რჩებოდა. **** რამდენიმე საათის შემდეგ სამედიცინო კაბინეტში მძიმე სიჩუმე იდგა. კედელზე დაკიდებულ ეკრანზე გამოკვლევის პასუხები, კუნთის სკანირების ცივი გამოსახულება ჩანდა. კლუბის ექიმი, ხელებგადაჯვარედინებული იდგა და რამდენიმე წამს ჩუმად, ფიქრიანად უყურებდა ლუკას. შემდეგ თავი უკმაყოფილოდ გააქნია. — რამდენჯერ გითხარი... — გაჩერდა, ამოიოხრა, — ვარჯიშის შემდეგ ყინული დაიდე-მეთქი. ლუკამ თვალი აარიდა და იატაკს მიაშტერდა: — არ მეგონა თუ ასე მოხდებოდა. — ეგ არის ზუსტად შენი პრობლემა, — კოტემ ფურცლები მაგიდაზე ხმაურით დადო, — შენ არასოდეს არაფერი გგონია. სანამ სხეული იძულებული არ გახდება, თავად გაგაჩეროს. ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ექიმმა ტონი ცოტათი დაარბილა: — ნაწილობრივი დაჭიმვაა. საბედნიეროდ, მოწყვეტილი არ არის. მაგრამ... ლუკამ სწრაფად აწია თავი და ექიმს პირდაპირ თვალებში შეხედა: — ბოლო ტური? ექიმმა პასუხი რამდენიმე წამით დააყოვნა, თითქოს სიტყვებს მძიმედ არჩევდა: — ახლა ვერაფერს დაგპირდები. ეს სიტყვები ჰაერში ტყვიასავით ჩამოეკიდა. ლუკამ თავი დახარა. მისთვის თითქოს მთელი ოთახი ერთ წამში დაცარიელდა და შუქიც კი ჩაქრა. **** მედია-ოფიცერმა ტრიბუნისკენ აიხედა, სადაც ნიცა იდგა და ჩანაწერებს ამოწმებდა. — ნიცა, შეგიძლია ცოტა ხნით დაელოდო? — რა თქმა უნდა, — ნიცამ საქაღალდე დახურა. — ლუკას ინტერვიუ დაგრჩა შესასრულებელი... ოღონდ მოედანზე ვეღარ იქნება. მცირე ტრავმა მიიღო. ახლა კლინიკაშია. ნიცამ უნებურად მოედანს გახედა. რამდენიმე წუთის წინ ყველაფერი ჩვეულებრივად ჩანდა, რიტმულად და ცოცხლად, ახლა კი მწვანე, ცარიელ მინდორზე მხოლოდ მარტოდ დარჩენილი ბურთი ეგდო. იმავე საღამოს. ნიცამ დიდხანს იყოყმანა. ბოლოს მაინც აიღო პატარა ქაღალდის პარკი, რამდენიმე ფორთოხალი ჩადო და კლინიკისკენ წავიდა. ეზოში, შიშველ ხეებს შორის, პატარა ხის სკამები იდგა. ლუკა გარეთ იჯდა, ქურთუკში აბუზული. მარცხენა ფეხზე ყინულის პაკეტი ედო. ჰაერი ყინავდა. ყოველ ამოსუნთქვაზე პირიდან თეთრი ორთქლი ამოდიოდა. ნიცა ჩუმად მიუახლოვდა. ნაბიჯების ხმაზე ლუკამ თავი აწია. — არ მეგონა, თუ მოხვიდოდი. — არც მე, — ოდნავ გაუღიმა ნიცამ და პარკი გაუწოდა, — ფორთოხლები. ლუკას სუსტად გაეცინა, თუმცა თვალებში სევდა ეჩაგრებოდა: — ეს ოფიციალური სპორტული ჟურნალისტური საჩუქარია? — არა. — მაშინ? — დედაჩემი ამბობს, ავადმყოფთან ხელცარიელი არ უნდა მიხვიდეო. ლუკამ პარკი გვერდით, სკამზე დადო. რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად იჯდა. სიჩუმეს მხოლოდ შორიდან მომავალი ხმები რიღვევდა — ეზოს მეორე მხარეს ვიღაც პატარა ბიჭი ბურთს კედელს ურტყამდა და ისევ იჭერდა. რიტმული, ნაცნობი ხმა ცივ ჰაერში მკაფიოდ ისმოდა. ლუკა დიდხანს უყურებდა იმ ბავშვს. შემდეგ, თითქმის ჩურჩულით, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო, თქვა: — ყველაზე მეტად იმის მეშინია... ნიცამ თავი ნელა მიაბრუნა მისკენ. — ...რომ მამასავით... — გაჩუმდა. სიტყვების თქმა ყელში ეჩხირებოდა და აშკარად უჭირდა, — ...ერთ დღეს მეც ვეღარ ვითამაშო. ნიცამ არაფერი უპასუხა. არ უთქვამს ბანალური "ყველაფერი კარგად იქნება". არც "აუცილებლად დაბრუნდები" დაუმატებია. უბრალოდ, უფრო ახლოს მიუჯდა გვერდით. ზუსტად ისე, როგორც ზოგჯერ ყველაზე საჭირო თანადგომა სიტყვებს საერთოდ არ მოითხოვს. რამდენიმე წუთის შემდეგ ლუკამ პირველად იგრძნო, რომ ამ მძიმე, ყინულივით ცივ ტკივილს მარტო აღარ ატარებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ლუკამ მოულოდნელად თავად ჰკითხა: — ერთი კითხვა მეც მინდა დაგისვა. — გისმენ. — რატომ მაინცდამაინც სპორტული ჟურნალისტიკა? ასეთ კითხვას ნიცა არ ელოდა. რამდენიმე წამი დაფიქრდა, ქარისგან მოშლილი თმა სახიდან გადაიწია და ნელა თქვა: — ბავშვობაში მამას ყველა თამაშზე დავჰყავდი. სულ ვფიქრობდი... რატომ ლაპარაკობდნენ კომენტატორები მხოლოდ გოლებსა და ქულებზე? მე სრულიად სხვა რაღაცები მაინტერესებდა. — მაგალითად, რა? — ლუკამ ნაბიჯით მიუახლოვდა. — მაგალითად... რატომ ტიროდა ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო. ან რატომ იცინოდა ის, ვინც მთელი თამაში სათადარიგო სკამზე იჯდა, — ნიცამ თვალებში ჩახედა. — მგონია, რომ თუ ადამიანებს ვერ გაიცნობ... ფეხბურთზეც ვერაფერს დაწერ. ლუკამ თავი დაუქნია: — ალბათ ამიტომ წერ სხვანაირად. და ნიცას პირველად გაუჩნდა იმის მკაფიო შეგრძნება, რომ ლუკას ისტორიას მხოლოდ გარეშე ჟურნალისტივით აღარ მიჰყვებოდა — იგი ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ხდებოდა ამ ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ დროს გასახდელიდან დათო გამოვიდა, ხელში ბურთი ეჭირა და ეშმაკურად იღიმებოდა: — ოჰო! ინტერვიუ დასრულდა, ხომ? — ჰო, — უპასუხა ნიცამ. — ძალიან ცუდი! — რატომ? — ახლა ლუკა ისევ ფეხბურთზე დაიწყებს ლაპარაკს. მე უკვე სამი წელია ამას ვუსმენ და თავი მისკდება! ლუკამ ბურთი ესროლა. დათომ ოსტატურად, სიცილით დაიჭირა: — ხედავ? ასეთი ურთიერთობა გვაქვს. ეს ჩვენი სიყვარულის ენაა! — შენ თუ სიყვარულს ასე გამოხატავ, — ჩაერთო ნიცა, — მტრებს რას უშვრები? დათო ერთი წამით სერიოზულად დაფიქრდა: — მტრებს? საერთოდ არ ვეკონტაქტები. ამით ყველას ცხოვრება უმარტივდება! სამივეს ხალისიანად გაეცინა. ამ დროს ტრიბუნებიდან სალომე ჩამოდიოდა: — მორჩით, ხალხო? — ძლივს! — უპასუხა დათომ. — ეს ორი ფეხბურთზე ისე ლაპარაკობს, მგონია, მწვრთნელთა ლიცენზიის მისაღებ ლექციაზე ვზივარ. სალომემ ნიცას გადახედა: — მზად ხარ? — ჰო. — წავედით მაშინ. ოთხივე ერთად დაიძრა სტადიონის გასასვლელისკენ. ცენტრალურ კარებთან პატარა ბიჭი იდგა. დაახლოებით ათი წლის იქნებოდა. ხელში ძველი, თითქმის გაცრეცილი „დინამოს“ მაისური ეჭირა. ლუკას რომ თვალი მოჰკრა, მორიდებით, ათრთოლებული ნაბიჯებით მიუახლოვდა: — შეიძლება... ავტოგრაფი? — რა თქმა უნდა, — ლუკამ წამსვე ჩაიმუხლა, კალამი გამოართვა და მაისურზე ხელი მოაწერა. — ფეხბურთს თამაშობ? ბიჭმა ამაყად დაუქნია თავი: — ნახევარმცველი ვარ. დათომ მაშინვე ჩაიცინა: — ეჰ, ცუდადაა შენი საქმე! ლუკას დაემსგავსები. ბავშვმა ხუმრობა ვერ გაიგო და გაოცებულმა შეხედა. ყველას გაეცინა, ლუკამ კი პატარას სერიოზულად ჰკითხა: — ყველაზე მეტად რა გიყვარს თამაშში? ბავშვი დაფიქრდა, თითქოს უმნიშვნელოვანეს პასუხს ეძებსო: — როცა ჩემი პასის შემდეგ მთელი სტადიონი ტაშს უკრავს. ლუკას თბილი ღიმილი შეეპარა: — მაშინ... პასების გაკეთება არასოდეს დაიზარო. ყველას გოლის შემსრულებელი ახსოვს, მაგრამ კარგი პასის გარეშე გოლი უბრალოდ არ არსებობს. ნიცა ამ სიტყვებს გვერდიდან უსმენდა. არაფერს იწერდა — იცოდა, რომ ამ წამს, ამ სიტყვებსა და ლუკას თვალებში არეკლილ სითბოს არასოდეს დაივიწყებდა. იმ საღამოს, სახლში დაბრუნებულმა, ოთახში შუქი არ აანთო. მაგიდასთან დაჯდა, ბლოკნოტი გადაშალა და დღის ჩანაწერებს გადაავლო თვალი. ბოლოს, გვერდის ბოლოში, მხოლოდ ერთი წინადადება დაამატა: „ადამიანს მაშინ იცნობ ნამდვილად, როცა მას აღარ ჰგონია, რომ ინტერვიუს იწერ.“ კალამი დახურა და ფანჯარასთან მივიდა. ქუჩაში უკვე საახალწლო განათებები აინთო, სველი ასფალტი ათასფრად კაშკაშებდა. სადღაც შორს, ეზოში, ბავშვები ბურთს თამაშობდნენ. და ნიცას პირველად გაუჩნდა იმის მკაფიო შეგრძნება, რომ ლუკას ისტორიას მხოლოდ გარეშე ჟურნალისტივით აღარ მიჰყვებოდა — იგი ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ხდებოდა ამ ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. თავი 11 ვაკის პარკში ზამთარს თავისი უცნაური, თითქმის გამჭვირვალე სიჩუმე ჰქონდა. ხეები მთლიანად გაშიშვლებულიყვნენ და მათ შიშველ ტოტებში ცივი ქარი თავისუფლად დასეირნობდა. ასფალტის ბილიკებზე სველი, გამუქებული ფოთლები შერჩენილიყო, ხოლო პარკის გულში მდგარი შადრევანი რამდენიმე კვირის წინ უკვე გამოერთოთ. მხოლოდ იშვიათად ჩამვლელი ადამიანები, პალტოებში აბუზული სეირნები, არღვევდნენ დილის მშვიდ, ოდნავ სევდიან რიტმს. ლუკა ხის სკამზე იჯდა. სპორტული შარვალი ეცვა, მარცხენა ფეხზე კი ჯერ კიდევ ელასტიკური ბანდაჟი ეკეთა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე შეახსენებდა განვლილ ტკივილს. ნიცა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა, ხელში დიქტოფონი ეჭირა. — მზად ხარ? — ჰკითხა და ოდნავ თავი გვერდზე გადახარა. — თუ ძალიან რთულ კითხვებს არ დამისვამ... — ლუკამ ეჭვით შეხედა. — ვერ დაგპირდები, — გაეღიმა ნიცას. ორივეს ჩაეღიმა. ის უხერხულობა, რომელიც ადრე მათ შორის იდგა, სადღაც ზამთრის ნისლში გამქრალიყო. ნიცამ დიქტოფონის ღილაკს თითი დააჭირა. პატარა, წითელი ნათურა აინთო — თითქოს მათ შორის პატარა შუქურა აინთოო. — ინტერვიუს ვიწყებთ. ლუკამ ოდნავ გაასწორა მხრები, ჟურნალისტთან შეხვედრისთვის ჩვეული პოზა მიიღო: — გისმენ. — როგორ მიდის რეაბილიტაცია? — ნელა... მაგრამ კარგად. — ექიმები რას ამბობენ? — მოთმინება ყველაზე რთული ვარჯიშიაო, — ლუკამ ოდნავ ჩაიცინა. ნიცასაც გაეღიმა, თვალები გაუანათდა: — და შენთვის მოთმინება არასოდეს ყოფილა ძლიერი მხარე. — აშკარად მიცნობ უკვე, — უპასუხა ლუკამ და მზერა თბილი გაუხდა. შემდეგ რამდენიმე სტანდარტული, პროფესიული კითხვა ჩაიწერა: რეაბილიტაციის დეტალური გეგმა, მზადება შემდეგი სეზონისთვის, გუნდთან ყოველდღიური კონტაქტი... ნიცა ოსტატურად სვამდა კითხვებს, თუმცა ბლოკნოტში ჩახედვისას თვალი ბოლო, წითლად შემოხაზულ სტრიქონს გაუსწორა. რამდენიმე წამს დააყოვნა. ჰაერი შეიკავა და თვალებში შეხედა: — ყველაზე რთული რა იყო ამ ტრავმაში? ლუკამ პასუხი მაშინვე არ გასცა. პარკში უეცრად ამოვარდნილმა ქარმა ხმელი ფოთლები ჰაერში ააფრიალა და ბილიკზე გაფანტა. შორს, ხეივნის ბოლოს, ვიღაც პატარა ბავშვი მამის მეთვალყურეობით ველოსიპედით სიარულს სწავლობდა. — სიჩუმე, — თქვა ბოლოს ლუკამ დაბალი, ჩახრიწული ხმით. ნიცამ თავი ასწია, დიქტოფონი ოდნავ შეარხია: — რას გულისხმობ? — როცა ყოველდღე სტადიონზე აღარ მიდიხარ... — ლუკამ შორს, სივრცეში გაიხედა, — გგონია, თითქოს ყველანი აგრძელებენ ცხოვრებას. გუნდი ვარჯიშობს, თამაშები ტარდება, ტრიბუნები ისევ ივსება ხმაურით... შენ კი... უბრალოდ სახლში ზიხარ. რამდენიმე წამით გაჩუმდა. თითქოს სიტყვებს ეძებდა, რომლებიც ამ სიმარტოვეს ზუსტად აღწერდა. — და მერე გგონია... თითქოს აღარავის ახსოვხარ. ნიცამ არაფერი უპასუხა. არც ჩაუწერია. უბრალოდ უყურებდა მას — თვალებში ეწერა ის თანაგრძნობა, რომელსაც დიქტოფონი ვერასოდეს ჩაწერდა. ლუკამ ნელა გაუღიმა, თითქოს მძიმე ტვირთი გადააგდოო: — თუმცა... შენ რომ თითქმის ყოველდღე არ მოგეწერა... ალბათ მართლა გავგიჟდებოდი. ნიცა აშკარად დაიბნა. ლოყებზე ოდნავი ალმური მოეკიდა, დიქტოფონიანი ხელი ოდნავ აუთრთოლდა. — მე... უბრალოდ ვკითხულობდი, როგორ იყავი. — ვიცი, — თქვა ლუკამ რბილად, — მაგრამ ზოგჯერ ეგ „როგორ ხარ?“ იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ადამიანს წარმოუდგენია. ნიცამ მზერა აარიდა, ოდნავ თავდახრილმა ჩაილაპარაკა. სახეზე ოდნავი სიწითლე უფრო მკაფიოდ დაეტყო. რამდენიმე წამს ორივე ჩუმად იყო, თუმცა ეს სიჩუმე უკვე აღარ იყო ისეთი ცივი და დამთრგუნველი, როგორც ადრე. შემდეგ ნიცამ სწრაფად, თითქოს ამით საკუთარი უხერხულობა დაფარაო, გამორთო დიქტოფონი. წითელი ნათურა ჩაქრა. — მგონი... ოფიციალური ინტერვიუ აქ დასრულდა. — ანუ ეს ნაწილი აღარ დაიბეჭდება? — ჰკითხა ლუკამ და თვალები ეშმაკურად გაუცინოდა. — არა. — კარგია. — რატომ? — იმიტომ, რომ ჟურნალისტისთვის კი არა... შენთვის ვთქვი. ნიცამ ღიმილი ვეღარ დაუმალა, თავი გააქნია და ბლოკნოტი ჩანთაში ჩადო. — ყავა? — ჰკითხა ლუკამ და ფეხზე წამოდგა. — ამჯერად მე გეპატიჟები. — ეგ უკვე ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, — გაეცინა ლუკას. ორივეს გაეცინა. ცივი ქარი კვლავ დაძრწოდა ხეებს შორის, თუმცა მათ ეს ვერც კი იგრძნეს, როცა ვაკის პარკის ფოთლებით დაფარულ ბილიკს ნელა, გვერდიგვერდ გაუყვნენ **** თბილისში დეკემბერი ყოველთვის ერთნაირად ჩქარობდა. ქალაქი უცნაურ, ქაოტურ რიტმში ტრიალებდა — ყველანი ახალი წლისთვის ემზადებოდნენ. ვიღაც ხალხმრავალ მაღაზიებში საჩუქრებს ეძებდა, ვიღაც თბილ ოთახებში ნაძვის ხის ტოტებს ალამაზებდა, ვიღაც კი უბრალოდ ცდილობდა, კიდევ ერთი მძიმე, დაღლილი წელი მშვიდობიანად დაესრულებინა. იმავე დღეებში, უნივერსიტეტის ვრცელ ბიბლიოთეკაში ნიცასთვისაც მძიმე პერიოდი იდგა — გამოცდების ციებ-ცხელება იწყებოდა. დარბაზი თითქმის ყოველდღე ხალხით იყო სავსე. სქელი წიგნები, განათებული ლეპტოპები, ცივი ყავის ჭიქები... ირგვლივ მყოფთა თვალებში უძილობა და დაღლილობა კრთოდა. სალომეც კი სახელმძღვანელოს ფურცლავდა, თუმცა ყოველ ხუთ წუთში ერთხელ თვალს ფანჯრისკენ გააპარებდა ხოლმე: — აღარ შემიძლია, ნიცა, მართლა აღარ შემიძლია... — ამოიოხრა ბოლოს. — კიდევ ორი გამოცდაა დარჩენილი. ნიცამ კალამი მაგიდაზე დადო: — ჩააბარებ, ნუ ნერვიულობ. — შენთვის ადვილია თქმა! — ჩემთვისაც ზუსტად იგივე გამოცდებია, სალომე. — კი, მაგრამ... შენ სწავლაც გამოგდის, მუშაობაც, ფეხბურთიც...და ამასობაში კიდე ვიღაც ფეხბურთელის ფსიქოლოგიც გახდი. ნიცამ წარბი ასწია. — რას გულისხმობ? სალომემ ეშმაკურად ჩაიღიმა. — ვის სწერდი გუშინ ღამის თერთმეტ საათზე? — ლუკას. — ვიცოდი. — უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო. — და? — მომწერა — "კარგად." სალომემ სიცილით გააქნია თავი. — კაცები მართლა საოცრები არიან. შეიძლება მთელი სამყარო ენგრეოდეთ და მაინც "კარგად" გიპასუხონ. ნიცას უნებურად გაეღიმა. — ჰო... მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, როდის ნიშნავს ეგ სიტყვა სიმართლეს და როდის — არა. სალომემ რამდენიმე წამით ჩუმად შეხედა. — ნიცა... — ჰო? — ძალიან შეგეჩვია. ნიცას გაეცინა და თემის შეცვლა სცადა.: — ჩადი, ყავა იყიდე. მოხვალ და ერთად გავიმეოროთ მასალა. სალომე წამოდგა, ტანსაცმელი გაისწორა: — შენ რა წამოგიღო? — ამერიკანო. — უშაქროდ? — როგორც ყოველთვის. ორი საათის შემდეგ ორივე ისევ კონსპექტებში იყო ჩაფლული. უეცრად სალომეს ტელეფონმა მაგიდაზე გაივიბრირა. ეკრანს დახედა და ტუჩის კუთხეში უნებლიე, თბილი ღიმილი შეეპარა. — ვინ არის? — ჰკითხა ნიცამ თვალის მოუწყვეტლად. — არავინ. — სალომე... — კარგი, ჰო... დათოა. ნიცამ წარბი ასწია, კალამი გვერდზე გადადო: — ისევ ყავაზე გეპატიჟება? — არა, — სალომემ ტელეფონი გაუწოდა. „თუ გამოცდებზე ისე ნერვიულობ, როგორც იმ დღეს, ბურთის დაბრუნებისას, მაშინ წარმატებებს გისურვებ!“ ნიცას ხმამაღლა გაეცინა: — საშინელი ტიპია! — მეც ზუსტად ეგ მივწერე. — და რა გიპასუხა? — მიპასუხა — „დიდი მადლობა, ამას კომპლიმენტად მივიღებო“. ორთავეს ხალისიანი სიცილი აუტყდა. *** იმავე საღამოს ლუკას რეაბილიტაცია დასრულდა. დარბაზიდან ნელა გამოვიდა. დღევანდელი ვარჯიში ყველაზე რთული იყო. არა იმიტომ, რომ ტკივილი ჰქონდა. იმიტომ, რომ ბურთი მთელი საათის განმავლობაში მისგან რამდენიმე მეტრში იდო და შეხების უფლებაც კი არ ჰქონდა. ექიმის ბოლო სიტყვები ისევ ახსოვდა. "ბურთს კიდევ მოესწრები. ახლა მოთმინებაზე ივარჯიშებ." ლუკამ კაპიუშონი გადაიფარა და აკადემიის ეზოში გავიდა. ცივი ჰაერი სახეზე ეხლებოდა. ცაში თოვლის პირველი, მსუბუქი ფანტელები ცვიოდა და სველ საფარზე ნელა დნებოდა. ლუკას არც კი შეუმჩნევია, რომ იქვე ვიღაც იდგა. — მაინც ვერ ისვენებ, ხომ? — ნაცნობი, თბილი ხმა გაისმა. ნიცა იყო. ხელში კამერის ნაცვლად ყავის ორი ორთქლადენილი ჭიქა ეჭირა. ლუკამ გაოცებულმა შეაჩერა ბურთი: — აქ რას აკეთებ? — ახლოს ვიყავი, — ნიცამ ოდნავ გაიღიმა. — ვიფიქრე, რეაბილიტაციის შემდეგ ყავა არ გაწყენდა. ერთი ჭიქა გაუწოდა. — — მადლობა. რამდენიმე წუთი ჩუმად მიდიოდნენ. აკადემიის ეზო თითქმის დაცარიელებული იყო. სიჩუმეს მხოლოდ შორიდან მომავალი ბავშვების ვარჯიშის ხმა, ქარი და შორიდან მოღწეული ქალაქის ყრუ ხმაური ავსებდა. ლუკა ინსტინქტურად მოედნისკენ გაიხედა. ნიცამ ეს მზერა შეამჩნია. — გენატრება? ლუკამ მწარედ ჩაიღიმა. — ყოველდღე. კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. — ფეხბურთის გარდა... რა გიყვარს? — მოულოდნელად ჰკითხა ნიცამ ლუკა დაფიქრდა. საკმაოდ დიდხანს, თითქოს პასუხს საკუთარ თავში ეძებდა. — არ ვიცი... — როგორ თუ არ იცი? — გაიკვირვა ნიცამ. — არასოდეს მიფიქრია ამაზე. პატარაობიდან მოყოლებული... სკოლა, ვარჯიში, სახლი. მეორე დღეს ისევ თავიდან. სხვა არაფრისთვის მჩვეოდა ყურადღების მიქცევა. — ანუ არასოდეს გიცდია გაგერკვია, კიდევ რა გიყვარს? ლუკამ თავი გააქნია. — ალბათ იმიტომ, რომ არ მჭირდებოდა. ახლა...- გაეღიმა, თუმცა ღიმილი სევდიანი გამოუვიდა. — ახლა პირველად მაქვს იმდენი თავისუფალი დრო, რომ ამაზე ვფიქრობ და პასუხი მაინც არ მაქვს. — წიგნებს არ კითხულობ? — მხოლოდ ფეხბურთელების ბიოგრაფიებს. — ფილმები? — იშვიათად, თუ გასვლაზე ვართ. — მუსიკა? — რასაც დათო ჩართავს ხოლმე ავტობუსში, — გაეღიმა ლუკას. ნიცას თბილად ჩაეცინა: — ანუ საკუთარი ფლეილისტიც კი არ გაქვს? — არა. — საინტერესოა... — რა არის საინტერესო? — მგონია, რომ პირველად ვხედავ ადამიანს, რომელსაც მთელი თავისი სამყარო მხოლოდ ერთი, დიდი ოცნების გარშემო აუშენებია. ლუკამ მოედნის სიღრმეს გახედა, სადაც თოვლი უკვე ოდნავ ფარავდა ხაზებს: — სხვა არჩევანი უბრალოდ არ მქონია. ეს სიტყვები ისე უბრალოდ, ჩვეულებრივად თქვა, თითქოს არაფერიო. მაგრამ ნიცამ წამსვე იგრძნო, რამდენი შრომა, უარი და სიმარტოვე იმალებოდა ამ ერთი მოკლე წინადადების უკან. არაფერი უკითხავს. ჯერ არა. იცოდა ყველა ადამიანს აქვს თავისი ისტორია, რომელიც მხოლოდ მაშინ უნდა მოყვეს, როცა თავად იგრძნობს მზაობას. — ახლა ჩემი ჯერია, — თქვა ლუკამ და ნიცას გახედა. — ჰო? — კი…ფეხბურთის გარდა... შენ რა გიყვარს? ნიცას გაეცინა, ყავის ჭიქას თითები შემოაჭდო: — ბევრი რამ. — მაგალითად? — წიგნები. მოგზაურობა. წვიმიანი ამინდი. ძველი ქალაქების ქუჩები... ფოტოების გადაღება და უბრალოდ, ადამიანებზე დაკვირვება. — და ფეხბურთი? — ფეხბურთი... — ნიცა წამით გაჩუმდა, მზერა ლუკას თვალებს გაუსწორა. — ფეხბურთი იმიტომ მიყვარს, რომ მოედანზე ვერავინ იტყუება. შეიძლება სიტყვებით მოიტყუო, მაგრამ თამაშით — ვერასოდეს. ლუკამ დინჯად დაუქნია თავი: — ეგ მართალია. უკვე საკმაოდ დაბნელებულიყო. ნიცამ საათს დახედა: — უნდა წავიდე, ხვალ დილით რთული გამოცდა მაქვს. — წარმატებები, — უსურვა ლუკამ. — შენც ასევე. — მე რაში? — დასვენებაში! ორივეს გაეცინა. ნიცა შებრუნდა და გზას გაუყვა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ შეჩერდა და უკან მოიხედა. ლუკა ისევ იმავე ადგილას იდგა. ამჯერად მის ფეხებთან ბურთი აღარ იდო. და მაინც... უბრალოდ, ნელა დაშვებულ თოვლის ფანტელებს უყურებდა. და იმ საღამოს ლუკა პირველად დაფიქრდა იმაზე, რომ შეიძლება, ამ სამყაროში ფეხბურთის გარდა კიდევ ბევრი ლამაზი რამ არსებობდეს. მათ შორის — ადამიანები, რომელთა გამოჩენაც ისე შეუმჩნევლად, ბუნებრივად ხდება, ვერც კი ამჩნევ, როდის გახდნენ ისინი შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. 12 თავი თბილისი დეკემბერში თითქოს ორად იპობოდა, ორ სრულიად განსხვავებულ რიტმად და სუნთქვად. ერთ მხარეს ჩვეული, ოდნავ დაღლილი ყოველდღიურობა ჩქეფდა — უნივერსიტეტისკენ მიმავალი სავსე ავტობუსები, საცობების წითელი სინათლეები, მეტროს ესკალატორზე ჩამწკრივებული ჩაფქრებული სახეები და სამუშაო დღის ბოლოს დაგროვილი შფოთვა. მეორე მხარეს კი ქალაქი უკვე თითის წვერებზე იდგა და ახალი წლის ჯადოსნურ მოლოდინს სუნთქავდა. რუსთაველის გამზირზე ხეებს ოქროსფერი, ნათელი წვეთებივით აენთოთ განათებები, თავისუფლების მოედანზე კი უზარმაზარი ნაძვის ხის ლითონის კარკასს ოსტატები ნელ-ნელა აცმევდნენ სიმწვანეს. ჰაერი განსაკუთრებული, მხოლოდ ამ თვისთვის დამახასიათებელი ნარევით იყო გაჟღენთილი —ახლად დაფქული ყავა და დილის სუსხი ერთმანეთში ირეოდა. ნიცას ყოველთვის უყვარდა დეკემბერი. არა უბრალოდ დღესასწაულისა თუ საჩუქრების გამო, არამედ იმიტომ, რომ ამ დროს ქალაქი საოცრად თბებოდა. უცნობი ადამიანები, რომლებიც მთელი წელი საკუთარ ნიჟარებში იყვნენ ჩაკეტილნი, დეკემბერში ერთმანეთს თვალს ასწორებდნენ და სიჩქარეშიც კი ახერხებდნენ უმიზეზო, ოდნავ მორცხვ გაღიმებას. — ნიც! —თიკას რბილმა ხმამ ფიქრებიდან გამოგლიჯა. — ჩაი გაცივდება. სამზარეულოში დილის ჩვეული, საყვარელი ქაოსი მეფობდა. გიორგი გაზეთში ჩარგულიყო და ადევნებდა თვალს ახალ ამბებს, თიკა ცხელ ნამცხვარს ლამაზად აწყობდა თეფშზე, ხოლო პატარა დათუნა სკოლის ჩანთას ეჭიდებოდა და სასოწარკვეთილი ქექავდა. — ვერ ვპოულობ მათემატიკას! — დაიწუწუნა ბიჭმა. — იმიტომ, რომ გუშინ შიგნით ფეხბურთის ბურთი გედო, — უპასუხა ნიცამ მშვიდი ღიმილით და მაგიდას მიუჯდა. დათუნამ მაშინვე თავი ჩაღუნა და დაჭერილი დამნაშავესავით გადახედა მამიდას: — საიდან მიხვდი? — იქედან, რომ ყოველ ორშაბათს ერთსა და იმავეს აკეთებ, — ჩაიცინა ნიცამ. გიორგიმ გაზეთი ჩამოწია და ხამაღლა გაეცინა: — ეს ბიჭი ზუსტად შენ გგავს ნიცა. — რატომ მე? — წარბები ასწია გოგონამ. — შენც პატარა რომ იყავი წიგნებში ყველაფერს მალავდი. — მე წიგნებში ყვავილის ფურცლებსა და ჩანაწერებს ვმალავდი, გიო. ბურთებს — არა. ოთახი რამდენიმე წამით თბილმა, ოჯახურმა სიცილმა გაავსო. ნიცა განსაკუთრებულად აფასებდა ასეთ დილებს — უპრეტენზიოს, მშვიდს, სადაც ყოველდღიურობა ყველანაირი ხელოვნური დრამისგან იყო დაცლილი. *** საუზმის შემდეგ ნიცა უნივერსიტეტისკენ გაემართა. მეტროს ვაგონში უკვე იგრძნობოდა დღესასწაულის მოახლოვება : მგზავრებს ხელში ნაძვის ხის ფერადი სათამაშოებით სავსე პარკები ეჭირათ. ორ პატარა გოგონას იქვე, სკამზე, სერიოზული დავა გაემართა თოვლის მოსვლაზე: — წელს აუცილებლად მოვა, ნახავ! — ამტკიცებდა ერთი. — დედამ თქვა, თბილისში თოვლი აღარ მოდისო, — პასუხობდა მეორე სევდიანად. ნიცას ჩუმად გაეღიმა. თბილისელებისთვის დეკემბრის ყველაზე დიდი, საუკუნოვანი ტრადიცია ხომ სწორედ ეს იყო — მთელი თვე თოვლის მოლოდინით ცხოვრება და ბოლოს, თითქმის ყოველ წელს, ოდნავ იმედგაცრუებულად, მაგრამ მაინც ბედნიერად შეხვედრა ახალ წელს. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში კი შობის განწყობას ჯერ კიდევ ჯობნიდა სემესტრული გამოცდების მძიმე აურას. ირგვლივ უჩვეულო, თითქმის ტაძრისებური სიჩუმე იდგა. სალომე დიდ, ნათელ ფანჯარასთან იჯდა. მის წინ, მაგიდაზე, საველე ჰოსპიტალივით ეწყო ხუთი სხვადასხვა ფერის მარკერი, სამი გადაშლილი რვეული და ორი ცარიელი, ყავისგან დალექილი ჭიქა. — ესენი... ორივე მე დავლიე? — ჩაილაპარაკა სალომემ თვალების ფრუტუნით, როცა ნიცა გვერდით მიუჯდა. — დიახ, — ნიცამ ჩანთა სკამზე ჩამოკიდა, — და ჯერ მხოლოდ თორმეტი საათია. სალომემ დაღლილად ჩარგო თავი ხელებში: — ფინანსურ მენეჯმენტს ვერასდროს ვისწავლი, ნიცა. უშანსოდ ვარ. — ისწავლი, — უპასუხა ნიცამ მშვიდად. — არა. — ისწავლი-მეთქი. — არა. — ჰოდა, კარგი, — ნიცამ რვეული გადაშალა, — მაშინ ჩავიჭრებით ერთად. სალომემ თავი ასწია და მთელი დილის განმავლობაში პირველად გაიღიმა თავისუფლად: — შენ ყოველთვის ყველაფერს რატომ ამარტივებ? — იმიტომ, რომ პანიკას ჯერ არც ერთი გამოცდა არ ჩაუბარებია. ორი საათი ისე გავიდა, მხოლოდ ფურცლების შრიალი და კალმის ჩხაკუნი ისმოდა. უეცრად სალომეს ტელეფონი მაგიდაზე აციმციმდა. ეკრანზე მოკლედ და მკაფიოდ ეწერა: დათო. სალომემ ისეთი სისწრაფით გადმოაბრუნა ეკრანი ქვევით, თითქოს მაგიდაზე ნაკვერჩხალი დავარდაო. ნიცას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ წარბი ასწია და ოდნავ, ეშმაკურად გაიღიმა. — ასე არ შემომხედო! — იფეთქა სალომემ ჩურჩულით. — როგორ? — თითქოს უკვე ყველაფერი იცი. — მე არაფერიც არ ვიცი, — ნიცამ ხელები გაშალა. — ტყუილია. ნიცას ჩუმად გაეცინა: — მაშინ წაიკითხე, რა მოწერა. სალომემ ამოიოხრა, ტელეფონი აიღო, შეტყობინება გახსნა და ეკრანი ნიცასკენ მიაბრუნა: „გამოცდები ფეხბურთს ჰგავს. თუ პირველ კითხვაზე გოლი გაუშვი, თამაში მაინც გრძელდება.“ ქვემოთ კი მეორე შეტყობინება ეწერა: „და თუ მაინც ჩაიჭრები, ნუ იდარდებ. ლუკა მათემატიკაში სამჯერ ჩაიჭრა სკოლაში.“ ნიცას სიცილი ვერ შეაკავა, ბიბლიოთეკაში რამდენიმე სტუდენტმა უკმაყოფილოდ მოიხედა. — ეს მართალია? — ჰკითხა სალომეს. — წარმოდგენა არ მაქვს, — გაეცინა სალომესაც, — აუცილებლად უნდა ვკითხოთ. *** საქალაქო ხმაურისგან მოშორებით, საკუთარ ოთახში, ლუკა კომპიუტერის ეკრანს მიშტერებოდა. მონიტორზე ძველი, დაბალი ხარისხის ვიდეო ტრიალებდა. ეკრანზე თორმეტი წლის ბიჭი ჩანდა — ცოტა გამხდარი, ძველი, გაცვეთილი ბუცებითა და დიდტანიანი, გახუნებული მაისურით. ის ტალახიან, მიწიან მოედანზე თავდაუზოგავად დარბოდა და ბურთს დასდევდა. — შეაჩერე... — ოთახის ზღურბლიდან კოტეს ხმა გაისმა. ლუკამ კლავიშს თითი დააჭირა და კადრი გააჩერა. კოტე ოთახში ნელი ნაბიჯით შემოვიდა, შვილის გვერდით დადგა და ეკრანს მიაშტერდა. — ისევ ამას უყურებ? — ჰკითხა ჩუმად. — ჰო, — თქვა ლუკამ. — გახსოვს ეგ დღე? — ყველაფერი მახსოვს. — მაგ დღეს თოვდა, ხომ გახსოვს? — კოტეს თვალების კუთხეებში ნაოჭები შეეგროვა. — მახსოვს... მთელი გზა გეხვეწებოდი, თოვლშიც ხომ ვითამაშებთ, ბურთი მაინც წამოვიღოთ-მეთქი. ორივეს გაეღიმა. ოთახში რამდენიმე წამით ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც აღარ ახლდა უწინდელი უხერხულობა თუ წყენა. ეს იყო ორი ზრდასრული მამაკაცის ჩუმი შერიგება. კოტემ ეკრანზე გაყინულ პატარა ბიჭს კიდევ ერთხელ შეხედა, მერე შვილს მხარზე ხელი მძიმედ, მაგრამ თბილად დაადო: — კარგი ფეხბურთელი იყავი, ლუკა. კოტე ოთახიდან გავიდოდა. „იყავი...“ — ეს სიტყვა ჰაერში დარჩა. არა „ხარ“, არამედ „იყავი“. ლუკას გულში რაღაც უცნაურად, მტკივნეულად შეიკუმშა. მამამისი ამას ბავშვობის მოგონებას ეუბნებოდა, თუმცა ლუკასთვის ეს სიტყვა წარსულში დარჩენილ განაჩენს ჰგავდა. მაინც არაფერი უთქვამს, თვალები დახარა და კომპიუტერი გათიშა. საღამოს დათომ დაურეკა . — სად ხარ? — სახლში. — გამოდი. — რატომ? — ყავა დავლიოთ. — არ მინდა, დათო. — მე არც მიკითხავს, გინდა თუ არა, — ჩაიცინა დათომ, — გამოდი-მეთქი. ოცი წუთის შემდეგ ქუჩის კუთხეში მდებარე პატარა, მყუდრო კაფეში სხდნენ. შიგნით მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო, ფონად მშვიდი ჯაზი ისმოდა. ფანჯარასთან დაიკავეს ადგილი. დათომ ოფიციანტს გადახედა: — ერთი ამერიკანო და ერთი კაპუჩინო, გეთაყვა. — მე კაპუჩინოს არ ვსვამ, — შეახსენა ლუკამ. — დღეს დალევ, — უპასუხა დათომ აუღელვებლად. ლუკამ ღრმად ამოიოხრა: — შენთან კამათს რომ აზრი არ აქვს, ვიცი. — ზუსტად, — გაიღიმა მეკარემ, — ამიტომ ჯობია, საერთოდ არ დაიწყო. რამდენიმე წუთი ფეხბურთზე, ვარჯიშებსა და მოსალოდნელ თამაშებზე ლაპარაკობდნენ. შემდეგ დათომ ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო, ლუკას პირდაპირ თვალებში ჩახედა და მოულოდნელად ჰკითხა: — ნიცა მოგწონს? ლუკას ყავა ყელში გაეჩხირა, ძლივს გადაყლაპა და დაახველა: — რა? — უბრალო კითხვაა, — მშვიდად განაგრძო დათომ, — მოგწონს? — არა, — სწრაფად უპასუხა ლუკამ. — კარგი, — დათომ ყავა მოწრუპა, — მაშინ რატომ ელოდები მთელი დღე, როდის მოგწერს? ლუკა წამით გაშტორდა, მერე მზერა არიდება სცადა: — არ ველოდები. — ჰო, რა თქმა უნდა, — ჩაიცინა დათომ, — უბრალოდ ყოველ ორ წუთში ინსტაგრამს სრულიად „შემთხვევით“ ხსნი ხოლმე. — შემთხვევით არა... — წამოცდა ლუკას. — აი, ხომ ხედავ! — დათოს გამარჯვებულის ღიმილი გადაეფინა სახეზე. ორივეს გაეცინა. მერე დათო უცებ დასერიოზულდა, ზურგით სკამს მიეყრდნო: — იცი, რა მომწონს, ლუკა? — რა? — პირველად გხედავ ამდენი წლის განმავლობაში, რომ ფეხბურთის გარდა სხვა რამეზეც ფიქრობ. სულ სხვა თვალები გაქვს. ლუკამ ფანჯარაში გაიხედა. ქუჩაში პატარა ბავშვები დარბოდნენ და ერთმანეთს ხელოვნურ, ქაფის თოვლს ესროდნენ. — შეიძლება... — ჩუმად თქვა ლუკამ, — ან შეიძლება უბრალოდ... ძალიან კარგი ადამიანია. დათომ თავი დაუქნია: — ეგ უკვე მშვენიერი დასაწყისია, ძმაო. ** იმავე საღამოს, უნივერსიტეტიდან წამოსული ნიცა შინ ფეხით მიუყვებოდა ქუჩას. ცივი, სუსხიანი ქარი სახეში ცემდა, მაგრამ მას არ სციოდა. ჯიბეში ტელეფონმა გაუვიბრირა. ამოიღო. ეკრანზე ლუკას სახელი გამოჩნდა. „ერთი კითხვა მაქვს.“ ნიცამ ნაბიჯს შეანელა, თითები აამოძრავა: „გისმენ.“ რამდენიმე წუთი პასუხი არ მოდიოდა. ეკრანზე ჩანდა, როგორ ჩნდებოდა და ქრებოდა სამი წერტილი — ლუკა წერდა, შლიდა, ისევ წერდა. ბოლოს, შეტყობინება მაინც მოვიდა: „იმ სტატიაში რომ დაწერე — 'ფეხბურთელები ბურთს უყურებენ, ზოგი სივრცეს'... ეგ როგორ მოიფიქრე?“ ნიცა შუა ქუჩაში გაჩერდა. გზის მეორე მხარეს ვიტრინები საახალწლო ოქროსფერი შუქებით კაშკაშებდნენ. ის რამდენიმე წამით დაფიქრდა, გულწრფელი პასუხის პოვნას ცდილობდა: „როგორ და შენ თამაშის დროს არასდროს უყურებ მხოლოდ ბურთს.“ პასუხმა არ დააყოვნა: „შენ საიდან იცი, მე რას ვუყურებ?“ ნიცამ ოდნავ გაიღიმა და თითქმის ინსტინქტურად აკრიფა: „იმიტომ, რომ მე შენ გიყურებ.“ გაგზავნის ღილაკს თითი დაჭირა თუ არა, წამსვე მიხვდა, როგორ შეიძლებოდა ეს წინადადება წაკითხულიყო. ლოყები წამში აეწვა, სახეზე ალმური მოედო. თითების კანკალით სწრაფად დაამატა მეორე შეტყობინება: „ანუ... თამაშის დროს.“ ეკრანზე რამდენიმეწამიანი, მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. ნიცა სუნთქვაშეჩერებული უყურებდა ტელეფონს. მერე ისევ განათდა: „მივხვდი.“ „მადლობა.“ მეტი არაფერი დაუწერიათ. მაგრამ ორივე — ლუკა თავის ოთახში და ნიცა დეკემბრის ცივ ქუჩაში — რამდენიმე წუთის განმავლობაში ეკრანს მიშტერებოდა. ორივემ იცოდა, რომ საუბარი შეიძლებოდა გაგრძელებულიყო, მაგრამ არც ერთს არ დაურღვევია ეს ჩუმი ჰარმონია. ზოგჯერ ყველაზე თბილი დიალოგები ხომ სწორედ იმ სიტყვებით სრულდება, რომლებიც სათქმელად ზედმეტი აღმოჩნდა. *** გვიან ღამით, როცა ქალაქი უკვე მიწყნარდა, სალომემ ნიცას დაურეკა. — გძინავს? — არა, — უპასუხა ნიცამ ჩუმად. — მეც ვერ ვიძინებ... — ნერვიულობ? — გამოცდაზე? — ჰო. — ცოტას... — სალომე გაჩუმდა, მერე კი მოულოდნელად, სულ სხვა ტონით ჰკითხა: — ნიცა, შენ და ლუკა მეგობრები ხართ? ნიცამ პასუხი პაუზის შემდეგ გასცა. ის საწოლზე იჯდა და ფანჯრიდან დეკემბრის ღამის თბილისს უყურებდა: — არ ვიცი... — ანუ? — მგონია... უბრალოდ, ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებთ. სალომეს ტელეფონში თბილად ჩაეცინა: — ჰოდა, ზოგჯერ ნამდვილი მეგობრობაც — და უფრო მეტიც — სწორედ ასე იწყება. ნიცას არაფერი უთქვამს, მაგრამ როცა ტელეფონი გათიშა, ბნელ ოთახში, სარკის ანარეკლში საკუთარი ღიმილი შენიშნა. და ვერ მიხვდა, ეს დეკემბრის ჯადოსნური ჰაერის ბრალი იყო... თუ იმ ბიჭის, რომელიც მის ცხოვრებაში ისე უხმაუროდ და ბუნებრივად შემოვიდა, თითქოს იქ სულ ყოფილიყო. **** ახალი წლის პირველი დილა თბილისში ყოველთვის განსაკუთრებული, თითქოს ზღაპრული დუმილით იწყებოდა. ქალაქი რამდენიმე საათით ჩერდებოდა და სულს ითქვამდა. სადღაც, შორეულ შესახვევებში, ჯერ კიდევ ისმოდა გუშინდელი ფეიერვერკების მიმქრალი ექო, აივნებზე ჩამოკიდებული ფერადი განათებები დილის ნაცრისფერ, სუსხიან ცაზე ისევ რიტმულად ციმციმებდა, ქუჩებში კი უჩვეულო, თამისებური სიმშვიდე გამეფებულიყო. ადამიანები, რომლებიც მთელი წელი სადღაც უსასრულოდ ჩქარობდნენ, პირველი იანვრის დილას თითქოს უხმო შეთანხმებით ჩერდებოდნენ, რომ ცოტა ხნით უბრალოდ ეცხოვრათ და ესუნთქათ. ნიცას სახლში კი დილა, ტრადიციულად, ცოცხალი ხმაურით იწყებოდა. — დათუნა, არ შეეხო მაგას! — თიკას მკაცრი, თუმცა თბილი ხმა სამზარეულოდან ისმოდა. — რატომ? უკვე ახალი წელია! — ისმოდა ბავშვის საპროტესტო შეძახილი. — იმიტომ, რომ ეგ ბოლო ნაჭერია. — ვისია? — ყველასია. — ანუ არავისი! ნიცას სიცილი გაეპარა, როდესაც ოთახიდან გამოვიდა. სამზარეულოში ძველი ქართული ახალი წლისთვის დამახასიათებელი, თაფლისა და ნიგვზის ტკბილი სითბო იდგა. მაგიდაზე ოქროსფრად პრიალებდა გოზინაყი, მწკრივად ეწყო ჩურჩხელები, საცივი და ათასგვარი ნუსხური ტკბილეული. ფანჯრის მინაზე ნაძვის ხის პატარა, მწვანე და წითელი ნათურები ირეკლებოდა. თიკა გოზინაყს ფრთხილად, თანაბარ ალმასისებურ ნაჭრებად ჭრიდა. — ნელა ჭამე, დათუნა. — დედა, ერთი დღეა წელიწადში! — ზუსტად ამიტომ უნდა დაგამახსოვრდეს სიამოვნებით და არა მუცლის ტკივილით. დათუნამ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და ნიცასკენ გაიხედა, თითქოს მფარველს ეძებსო: — მამიდა, შენ მაინც მითხარი, შეიძლება თუ არა? — რა? — ნიცამ ეშმაკურად გადახედა. — საღამოს პატარა პიროტექნიკა... ნიცამ წარბი ასწია: — არა. — რატომ? — იმიტომ, რომ შენს ასაკში ჩემი მთავარი „აფეთქება“ ის იყო, რომ ერთხელ ბიბლიოთეკის წიგნი დავკარგე. — ეს საერთოდ არ არის საინტერესო, — დაასკვნა დათუნამ და თვალები გადაატრიალა. — ჩემთვის ძალიან დრამატული იყო! მისაღებში, დივანზე გიორგი იჯდა და ტელევიზორის ეკრანს მიშტერებოდა. ეკრანზე 90-იანი წლების ქართული ფეხბურთის რეტრო-მატჩი გადიოდა, კადრები ოდნავ ციმციმებდა. — ისევ ფეხბურთი? — ჰკითხა თიკამ სამზარეულოდან. — ახალი წელია, ფეხბურთსაც ხომ უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი? — მშვიდად უპასუხა გიორგიმ. ნიცამ ძმას გახედა და გული გაუთბა. ზოგი რამ არასოდეს იცვლებოდა: იგივე სახლი, იგივე მშობლიური ხმები, იგივე ადამიანები... და მაინც, ამჯერად ჰაერში რაღაც სულ სხვა, ახალი მოლოდინი იგრძნობოდა. მის ჯიბეში დუმდა ტელეფონი, რომელიც ერთადერთი შეტყობინების გამოჩენას ელოდა. შუაღამე ახლოვდებოდა. ნიცას ოთახი ჩაბნელებულიყო, მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული ქალაქის შუქები ანათებდა ჭერს — თბილისი ათასობით პატარა, მოციმციმე ვარსკვლავით მოქარგულ ხალიჩას ჰგავდა. ტელეფონი ხელში ეჭირა. 00:07. ეკრანი უცებ აინთო. ლუკა. რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდა მის სახელს. შემდეგ თითი ფრთხილად დააჭირა ეკრანს. „გილოცავ ახალ წელს, ნიცა. იმედი მაქვს, 2027 შენთვის კარგი წელი იქნება.“ ნიცას უნებურად გაეღიმა. ეს არ იყო გრძელი, პათეტიკური ტექსტი. არც გადაჭარბებული სიტყვები. მაგრამ რატომღაც ზუსტად ლუკას ჰგავდა: მოკლე, უბრალო, აუღელვებელი და საოცრად გულწრფელი. თითები სწრაფად აამოძრავა კლავიატურაზე: „შენც გილოცავ. იმედი მაქვს, წელს ბევრი ისეთი თამაში იქნება, რომლებზეც წერა მომიწევს.“ პასუხი რამდენიმე წამში მოვიდა: „ვეცდები.“ ნიცამ ტელეფონი გულზე მიიხუტა. არანაირი დიდი აღიარება, არანაირი ხამამაღალი დაპირება, უბრალოდ ორი ადამიანი, რომლებიც ახალი წლის პირველ წუთებში, ათასობით შუქის მიღმა, ერთმანეთზე ფიქრობდნენ. ზოგჯერ სწორედ ეს დუმილი და უთქმელი გრძნობა იყო ყველაფერზე მეტი. *** ლუკას სახლში ახალი წლის პირველი დღე სხვანაირად, უფრო დინჯად მიედინებოდა. ეზოში, ცივ ჰაერზე, კოტე მაყალთან იდგა და მწვადს ატრიალებდა. ნაკვერჩხლისა და კვამლის ტკბილი სურნელი ყინვიან ჰაერში იბნეოდა. — ლუკა, მოდი, ხელი შემაშველე! — გასძახა შვილს. — ახლა? — ახლა. — ფეხი ჯერ კიდევ მტკივა, — ჩაიცინა ლუკამ. — მწვადს ერთი ფეხითაც მშვენივრად მიხედავ. ლუკას ხმამაღლა გაეცინა: — შენ მართლა ყველაფერზე პასუხი გაქვს. — მამა ვარ. ეს ჩემი პირდაპირი პროფესიაა, — ამაყად თქვა კოტემ. სახლში დედამისს მაგიდა გაეწყო: ცხელი, ახლად გამომცხვარი შოთის პური, საცივი, მწნილეული. ტელევიზორში ძველი კონცერტი გადიოდა. ეს იყო სრულიად ჩვეულებრივი, სიმშვიდით სავსე დღე — და სწორედ ამ უბრალოების გამო იყო განსაკუთრებული. საღამოს ლუკა აივანზე გავიდა. ქალაქს გადახედა, რომელიც ნისლში გახვეულიყო და ათასფრად ბრწყინავდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ნიცას ბოლო შეტყობინება ისევ გახსნა: „იმედი მაქვს, წელს ბევრი ისეთი თამაში იქნება, რომლებზეც წერა მომიწევს.“ რამდენიმე წამი უყურებდა ამ სტრიქონებს. შემდეგ ეკრანი გამორთო. — ლუკა! — დედამისის თბილი ხმა გაისმა ოთახიდან, — შემოდი, გაცივდები! — მოვდივარ, — კიდევ ერთხელ გახედა თბილისის გადაშლილ ხედს და სახლში შევიდა. 2 იანვარი დათოს შეტყობინებამ საერთო ჩათი, რომელიც თავადვე შექმნა უცებ გამოაფხიზლა: „ახალ წელი არ აღგვინიშნავს, ბედობა მაინც აღვნიშნოთ ოთხივემ ერთად თორემ უბრალოდ არ ჩავთვლი!“ ლუკა: „დათოსთან კამათს აზრი არ აქვს.“ დათო: „ხედავთ? ლუკაც კი აღიარებს!, რას იტყვით გოგოებო, გავიდეთ?“ იმ საღამოს ოთხივე პატარა, მყუდრო, ძველ ქართულ რესტორანში შეიკრიბა. არ იყო კამერები, არც ინტერვიუები, არც სტადიონის ყურისმომჭრელი ხმაური. არავინ იყო ჟურნალისტი და არავინ — ვარსკვლავი ფეხბურთელი. უბრალოდ ოთხი მეგობარი იჯდა ერთ მაგიდასთან, ხის ძველ სკამებზე. დათომ ჭიქა ასწია: — კარგი. — ყველამ მას შეხედა, — წესია! — რა წესია? — ჰკითხა სალომემ ეჭვით. — ყველამ უნდა თქვას გასული წლის ყველაზე ცუდი მომენტი. ნიცას გაეღიმა: — რატომ იგონებ ყოველთვის შენ წესებს? — იმიტომ, რომ სხვებს უკეთესი იდეები არ მოსდით. პირველი სალომემ დაიწყო: — საზაფხულო გამოცდები... — ეს ახალი წელია და არა ტრავმების გახსენება, — ჩაიცინა დათომ. — მაინც ჩემი პასუხია! შემდეგ დათომ თქვა, ოდნავ სერიოზული ტონით: — ალბათ ის პერიოდი, როცა მეგონა, რომ ყველაფერს მარტო გავუმკლავდებოდი. სალომემ პირველად შეხედა ასე თბილად და სერიოზულად. შემდეგ ლუკას ჯერიც მოვიდა. მან რამდენიმე წამი იფიქრა, ჭიქას თითები შეახო: — ტრავმა. არავის გაჰკვირვებია. ეს ტკივილი ყველამ ერთად გაიარა. დათომ თავი გაგებით დაუქნია: — კარგი. ახლა საუკეთესო! რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. სალომემ გაიღიმა: — ალბათ ის ადამიანები, ვინც წელს გავიცანი. დათომ მაშინვე მისკენ გაიხედა: — ეს ჩემზეც არის, ხომ? — ნუ იჩქარებ! — თვალი ჩაუკრა სალომემ და ყველას გაეცინა. შემდეგ ლუკას შეხედეს. ის დიდხანს ჩუმად იყო, თითქოს პასუხს გულში ზომავდა. ნიცამ უკვე იფიქრა, რომ არაფერს იტყოდა, მაგრამ ბოლოს ლუკამ მშვიდი, დაბალი ხმით თქვა: — ალბათ... — გაჩერდა, ნიცას შეხედა, — ნიცას გაცნობა. მაგიდასთან რამდენიმე წამით სრული, გაშრობილი სიჩუმე ჩამოვარდა. ნიცამ გაოცებულმა შეხედა. დათომ სალომეს გადახედა, სალომემ კი მხოლოდ ჩუმად, მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა. არც ერთს არაფერი უთქვამს — ზოგიერთი პასუხი იმდენად სავსე იყო, რომ სიტყვებით მისი გაფუჭება დანაშაული გახდებოდა. ლუკამ ჭიქა ასწია: — ახალ წელს! ჭიქები ერთმანეთს წკრიალით მიუჭახუნეს. იმ საღამოს პირველად აღარ იყვნენ ოთხი ადამიანი სხვადასხვა სამყაროდან. ისინი უბრალოდ მეგობრები იყვნენ. თურქეთი — ზამთრის შეკრება სასტუმროს გრძელ, ხალიჩით დაფარულ დერეფნებში დილიდანვე ისმოდა ბუციანი ნაბიჯების ხმა. ფანჯრებიდან ზღვისპირა, მწვანე მოედნები ჩანდა. ლუკასთვის ეს სანახაობა თითქმის დაუჯერებელი იყო — რამდენიმე კვირის წინ ხომ ბურთთან შეხებაც კი ენატრებოდა. ახლა კი ისევ მოედანზე იდგა. ჯერ ფრთხილად, თითოეულ ნაბიჯზე დაკვირვებით, შემდეგ კი უფრო და უფრო თავდაჯერებულად. — ნელა, ლუკა! — გასძახა ფიზიოთერაპევტმა მოედნის კიდიდან. ლუკამ გაიღიმა: — ვიცი! — შენ რომ „ვიცი“-ს მეუბნები, ყველაზე მეტად მაშინ მაშინებ! გვერდით მდგომმა დათომ სიცილი ვერ შეიკავა: — ზუსტად! — რა „ზუსტად“? — გადახედა ლუკამ. — ლუკას მხოლოდ ორი მდგომარეობა აქვს: ან ყველაფერს აკეთებს ზედმეტად, ან საერთოდ არ აღიარებს, რომ რაღაც უჭირს. ლუკამ ბურთი ფეხით გააჩერა და ეშმაკურად შეხედა: — შენც ძალიან ბევრს ლაპარაკობ. — ეგ ჩემი ბუნებრივი ნიჭია! იმ საღამოს ლუკამ ნიცას მისწერა: „დღეს პირველად ვითამაშე სრული დატვირთვით.“ „და?“ „კარგი იყო.“ „'კარგი იყო' შენგან უკვე ემოციების ოკეანეა.“ „ძალიან კარგად მიცნობ.“ „ნელ-ნელა...“ გაზაფხულის დასაწყისი თებერვალი მოვიდა და ეროვნული ლიგაც დაიწყო. პირველი თამაში, მეორე, მესამე... „დინამომ“ სეზონი მძლავრად გახსნა. ლუკა ჯერ კიდევ არ იყო თავისი ძველი, პიკური ფორმის აჩრდილიც კი, მაგრამ ის ბრუნდებოდა — და ზოგჯერ დაბრუნება ბევრად უფრო რთული და ღირსეულია, ვიდრე პირველადი წარმატება. პირველი ოთხი თამაშიდან გუნდმა სამი მოიგო. სპორტულ გადაცემებში ისევ აჟღერდა ლუკას გვარი, მაგრამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო: ისევ გრძნობდა იმ ნაცნობ, სასიამოვნო დაძაბულობას გასახდელში, ისევ ესმოდა ტრიბუნების გუგუნი და ისევ ჰქონდა ის შეგრძნება, რის გამოც ბავშვობიდან იბრძოდა. მარტში გაზაფხული თბილისში ნელა, თითქოს ფეხის ათრევით მოდიოდა. ნიცას სტატიებიც შეიცვალა. თუ ადრე ის უბრალოდ თამაშის მშრალ ტაქტიკასა და ანგარიშებს აღწერდა, ახლა უკვე ადამიანებზე წერდა — ფეხბურთელებზე, რომლებიც მოედანზე გმირებად ჩანან, მოედნის მიღმა კი თავიანთი ტკივილებითა და ეჭვებით ცხოვრობენ. მისი ერთ-ერთი სტატია განსაკუთრებით ვირუსულად გავრცელდა. სათაური ასე ჟღერდა: „90 წუთის მიღმა: ფეხბურთელები, რომლებიც მხოლოდ შედეგები არ არიან.“ მთავარმა რედაქტორმა სტატიის წაკითხვის შემდეგ სათვალე მოიხსნა და უთხრა: — იცი, რა არის შენი მთავარი ძალა? ნიცამ თავი გააქნია: — არა. — შენ ფეხბურთზე კი არ წერ... შენ წერ ადამიანებზე, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ. ნიცას იმ წამს თვალწინ ლუკას მზერა დაუდგა, თუმცა არაფერი უთქვამს — უბრალოდ ჩუმად გაიღიმა. აპრილში დათო და სალომე უკვე ყოველდღე საუბრობდნენ. თავიდან მიზეზებს იგონებდნენ — გამოცდები, თამაშის განრიგი, მეგობრების ამბები... შემდეგ კი მიზეზები საერთოდ აღარ სჭირდებოდათ. — შენ რატომ იღიმი ტელეფონის ანთებაზე? — ჰკითხა ერთხელ ნიცამ ბიბლიოთეკაში, როცა სალომეს ეკრანზე მზერა გაუშტერდა. სალომემ სწრაფად გადააბრუნა ტელეფონი: — არ ვიღიმი! — აშკარად იღიმი. — კარგი... დათოა, — დანებდა სალომე. ნიცამ თავი გააქნია: — თქვენ ორნი ძალიან სასაცილოები ხართ. — რატომ? — იმიტომ, რომ ორივე ამბობთ, არაფერი ხდებაო... — და ხდება? ნიცამ მხრები აიჩეჩა: — ზუსტად ეგ არის საკითხავი. მაისის თბილისში გაზაფხული უკვე სრულად ბატონობდა. საღამოობით ქუჩები ხალხით ივსებოდა, კაფეების ტერასებიდან ყავისა და ცივი სასმელების სურნელი გამოდიოდა. ლუკასა და ნიცას შორის კი რაღაც საოცრად ბუნებრივი და მარტივი ჰარმონია ჩამოყალიბდა. არ იყო საჭირო პათეტიკური სიტყვები. უბრალოდ: ლუკა: „ჭამე?“ ნიცა: „ჯერ არა. შენ?“ „ვარჯიშიდან გამოვედი.“ „ისევ დაგავიწყდა წყლის დალევა, ხომ?“ „როგორ მიხვდი?“ „იმიტომ, რომ გიცნობ.“ ან კიდევ: ნიცა: „გამოცდა დავწერე.“ ლუკა: „როგორ ჩაიარა?“ „მგონი კარგად.“ „'მგონი' შენგანაც საშიში სიტყვაა.“ ან: ნიცა „გილოცავ მოგებას.“ ნიცა: „ორი ასისტი გააკეთე. ბრწყინვალე თამაში იყო.“ ლუკა: „უყურებდი?“ ნიცა: „ყოველთვის ვუყურებ.“ არც ერთს არ დაუგეგმავს, არც ერთს არ უთქვამს: „ახლა დავუახლოვდეთ“. უბრალოდ, შეუმჩნევლად გახდნენ ერთმანეთის ყოველდღიურობის ნაწილი — როგორც დილის პირველი ყავა, როგორც საყვარელი სიმღერის ნაცნობი აკორდი. *** მაისის ბოლოს თბილისში მხოლოდ ერთ თემაზე ლაპარაკობდნენ. „დინამომ“ სეზონი ბრწყინვალედ დაასრულა და წინ ევროპული ტურნირის “კონფერენს ლიგის” გადამწყვეტი მატჩი ელოდა. იმ დილას ქალაქს განსაკუთრებული მოლოდინის თრგოლა ეტყობოდა. მეტროში, ავტობუსებში, კაფეებში — ყველგან ლურჯ-თეთრი მაისურები ჩანდა. გაზეთების პირველ გვერდებზე მსხვილი ასოებით ეწერა ერთი სიტყვა: ევროპა. ნიცა რედაქციაში შევიდა. მთავარი რედაქტორი უკვე ფეხზე იდგა. — დღეს მთავარი თამაშია. — ვიცი, — თავი დაუქნია ნიცამ. — არა, ნიცა, — რედაქტორმა თვალებში შეხედა, — დღეს უბრალოდ მატჩს არ ვაშუქებთ. ეს ის საღამოა, რომელსაც წლები ინახავს მეხსიერება. ნიცამ ჩანთა მოიკიდო და პირველად იგრძნო, როგორ უცახცახებდა გული — ის ამ დიდებული ისტორიის უშუალო ნაწილი ხდებოდა. მიხეილ მესხის სტადიონი იმ საღამოს ვულკანს ჰგავდა. ტრიბუნები ტევაზე იყო, ათასობით დროშა ტალღასავით ირხეოდა. როცა ევროპული ჰიმნის საზეიმო აკორდები გაისმა, მოედანზე მდგარმა ლუკამ თვალები რამდენიმე წამით დახუჭა. ბავშვობაში ასეთ მომენტებს მხოლოდ ტელევიზორში, გაფართოებული თვალებით უყურებდა. ახლა კი თვითონ იდგა ცენტრალურ წრეში. პირველი ტაიმი მძიმე, ხისტი და დაძაბული გამოდგა. 0:0. ბრძოლა მიდიოდა მოედნის ყოველ სანტიმეტრზე. ნიცა მედიის სექტორში იჯდა, თითები ბლოკნოტზე უშშეშდებოდა. მაგრამ როცა ლუკას მოძრაობებს ადევნებდა თვალს, ხვდებოდა: არის თამაშები, სადაც სტატია მხოლოდ მატჩის შემდეგ უნდა დაწერო, მანამდე კი უბრალოდ უნდა იცოცხლო ამ ემოციით. მეორე ტაიმი. 68-ე წუთი. ლუკამ ბურთი საჯარიმოსთან მიიღო. ერთი ელვისებური შეხება, მეორე, თავი ასწია და იდეალური, ზუსტი დიაგონალური გადაცემა გააკეთა. გოოლ! სტადიონი აფეთქდა. ათასობით ადამიანი ერთ ხმაში ღრიალებდა. ლუკა თანაგუნდელებს გადაეხვია, მაგრამ სანამ ემოციების ოკეანეში ჩაიძირებოდა, ერთი წამით ტრიბუნებისკენ გაიხედა — პირდაპირ მედიის სექტორთან. ნიცა ფეხზე იდგა და ტაშს უკრავდა. 85-ე წუთი. კიდევ ერთი სწრაფი შეტევა. ლუკას კიდევ ერთი გენიალური პასი... 2:0! ბოლო წუთები საუკუნესავით გაწელა მსაჯმა. 90+4... მსაჯის საფინალო სასტვენის ხმამ სტადიონის ხმაურში გაიჟღერა. მოიგეს! მოედანზე ნამდვილი სიგიჟე ტრიალებდა. ფეხბურთელები ერთმანეთს ეხვეოდნენ, წრეს ურტყამდნენ მოედანს. ლუკაც იცინოდა, თუმცა უცებ გაჩერდა. თანაგუნდელებს გამოეყო და ნელი, თავდაჯერებული ნაბიჯით წავიდა ტრიბუნებისკენ — პირდაპირ მედიის სექტორისკენ. ნიცამ ვერ გაიგო, რა ხდებოდა. — ლუკა...? — ჩურჩულით თქვა მან. ლუკა ჯებირს მიუახლოვდა. ოფლიანი მაისური თავზე გადაიძრო, რამდენიმე წამით ხელში ეჭირა და შემდეგ პირდაპირ ნიცასკენ ისროლა. ნიცამ მაისური ჰაერშივე დაიჭირა. მთელი სტადიონის ყურისმომჭრელი ხმაური თითქოს უცებ გაქრა, გაფერმკრთალდა. დარჩნენ მხოლოდ ისინი — ერთმანეთის პირისპირ. არაფერი უთქვამთ, სიტყვები ზედმეტი იყო. უკნიდან დათოს ნაცნობი, ეშმაკური ხმა გაისმა: — აბაა... სალომეს სიცილი წასკდა: — ახლა მაინც იტყვით, რომ უბრალოდ მეგობრები ხართ? ნიცას ლოყები წამში ალმურმა შეიპყრო, მაისური გულზე მიიხუტა. ლუკამ კი პირველად აღარ აარიდა თვალი — უბრალოდ, წრფელი, თბილი ღიმილით გაიღიმა. და ამ ღიმილში უკვე ყველა კითხვაზე იყო პასუხი. თავი 13 თბილისი მაისში სულ სხვანაირი იყო. ქალაქი ორი სეზონის ზღვარზე ირყეოდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა, გაზაფხულის სიგრილეს შერჩენოდა თუ ზაფხულის პირველ ვნებებს აჰყოლოდა. დილაობით ვერაზე აკაციების თეთრი, ტკბილი სურნელი იდგა, საღამოობით კი ჰაერს უკვე ზაფხულის ხვალი გადაუვლიდა ხოლმე. რუსთაველის გამზირზე უცხოური ენების ხმაური იმატებდა, ხოლო ქუჩის კუთხეებში, კაფეებსა თუ ეზოებში, საუბარი სულ უფრო ხშირად უხვევდა ფეხბურთისკენ. კონფერენს ლიგის იმ დაუვიწყარი საღამოს შემდეგ როცა ტრიბუნების გუგუნში ლუკამ გამარჯვების მაისური ჰაერში ისროლა და ის, თითქოს ბედისწერის ნებით, პირდაპირ ნიცას ხელებში ჩაესვენა სამყაროს ტემპმა უცნაურად იცვალა ფერი. ნიცა ცდილობდა, ამ მომენტისთვის ზედმეტი მნიშვნელობა არ მიენიჭებინა. თავადაც იცოდა, რომ იმ საღამოს ტრიბუნებზე ასობით გულშემატკივარი იდგა და მაისური შეიძლებოდა ნებისმიერ მათგანს მოხვედროდა. მაგრამ... ყოველჯერზე, როცა ოთახის კარის უკან ჩამოკიდებულ იმ ლურჯ ნაჭერს თვალს შეავლებდა, დრო წამიერად ჩერდებოდ ახსენდებოდა ლუკას დაღლილი, მაგრამ ანთებული ღიმილი. ტრიბუნებისკენ გამოტყორცნილი მზერა და ის უწონადობის წამი, როცა მათი თვალები ერთმანეთს შეეჯახა. ლუკასთვის კი ყველაფერი პირიქით იყო. იმ თამაშის შემდეგ ტელეფონი თითქმის არ გაჩერებულა. ჯერ კლუბის წარმომადგენლები. შემდეგ ჟურნალისტები. შემდეგ უცხოური ნომრები. ადამიანები, რომელთაც თითქოს აქამდე ჩრდილში ეძინათ და უეცრად ყველას ერთი რამ დასჭირდა: ლუკას დრო, ლუკას ხელმოწერა, ლუკას მომავალი. — ისევ რეკავს. კოტემ საჭეს ხელი უფრო ძლიერ მოუჭირა. ტელეფონი ცენტრალურ პანელზე უკვე მესამედ აციმციმდა. უცნობი ნომერი. მან ზარი გათიშა. რამდენიმე წამში ისევ დარეკეს. — უპასუხე. - ჩუმად თქვა ლუკამ. — არ მინდა. — იქნებ მნიშვნელოვანი იყოს. — მნიშვნელოვანი ადამიანები ერთსა და იმავე ნომრიდან სამჯერ არ რეკავენ. ლუკას აღაფერი უთქვამს. მას ესმოდა კოტესი. იცოდა იმ იარების შესახებ, რომლებიც მამას წლების განმავლობაში დაუგროვდა. კოტეს თვალწინ ათობით "დიდი ტალანტი" გაქრა ქართული ფეხბურთის ნისლიან რეალობაში. მოხიბლულები, მოტყუებულები და ბოლოს მიტოვებულები. მას უკვე აღარავისი სჯეროდა. საღამოს კლუბის დირექტორმა დაურეკა. — ხვალ თავისუფალი ხარ? — დილით ვარჯიში მაქვს. — მერე? — კი. — "ბილტმორში" შეხვედრაა. რამდენიმე უცხოელი სკაუტი ჩამოვიდა, აგენტებიც იქნებიან, მინდა, მოხვიდე. ლუკას ხმა არ ამოუღია. — მარტო არ მოვალ. — რა თქმა უნდა, მამაშენიც წამოვიდეს. მეორე დღის დილა უჩვეულოდ მოღრუბლული გათენდა. თბილისს მაისისთვის შეუფერებელი სიგრილე ჰქონდა. ბილტმორის მინის გიგანტური ფასადები ცის ნაცრისფერ ფერებს ირეკლავდა. ლუკას ყოველთვის უცნაურად ეჩვენებოდა ეს ადგილი. აქ ყველაფერი ზედმეტად იდეალური იყო. ზედმეტად პრიალა. ზედმეტად სულშეხუთული. და მაინც... როგორც კი მბრუნავი კარი გაიარა, მაშინვე იგრძნო, რომ ამ სიჩუმის ქვეშ რაღაც სულ სხვა იმალებოდა. ლობის სიღრმეში ათამდე მამაკაცი იდგა. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ მაისის თბილი ქარი ქროდა, ყველას მუქი, მძიმე პალტოები ეცვა. ძვირადღირებული საათების ბზინვარება, დახვეწილი ჟესტები, ყალბი ღიმილები... ისინი ერთმანეთს არა სახელებით, არამედ კლუბების გეოგრაფიით მიმართავდნენ: "ვარშავა...", "ზაგრები...", "ბრიუგე...", "გრაცი...". ლუკას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ფეხბურთის მწვანე მინდორი, ბურთის ტყავის სურნელი და გულშემატკივრის ყვირილი სადღაც ძალიან შორს დარჩა. აქ მხოლოდ ციფრებითა და პროცენტებით მოვაჭრე ადამიანები დადიოდნენ. — ბატონო კოტე! მაღალმა, ორმოცდაათ წლამდე კაცმა მათკენ გამოაბიჯა. მუქი ლურჯი პალტო ეცვა. სახეზე ისეთი ღიმილი ჰქონდა, რომელიც მეტისმეტად ნავარჯიშებს ჰგავდა. — ბოლოს და ბოლოს, შევხვდით. — გაგიმარჯოს, — ცივად უპასუხა კოტემ და ხელი ჩამოართვა. — თქვენზე ბევრი მსმენია. — იმედია, ნახევარი მაინც ტყუილია. კაცმა ხმამაღლა გაიცინა. — იუმორის გრძნობაც კარგი გქონიათ. — ცხოვრებამ მასწავლა. ისინი მინის კედელთან მდგარ მაგიდას მიუსხდნენ. ლუკამ თვალი მოავლო დარბაზს. ირგვლივ სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ისხდნენ. ზოგს მამა ეჯდა გვერდით, ზოგს — დედა, ზოგი კი სრულიად მარტო, დაბნეული იყურებოდა. ერთ თვრამეტიოდე წლის ბიჭს წინ კონტრაქტის სქელ დასტას უდებდნენ; ბიჭი ფურცლებსაც კი არ კითხულობდა, უბრალოდ ხელს აწერდა იქ, სადაც აგენტის მოვლილი თითი მიუთითებდა. ლუკას ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. — პირდაპირ საქმეზე გადავალ. თქვა აგენტმა და საქაღალდე გახსნა. შიგნით რამდენიმე ფურცელი იდო. - ლუკას ტიპის მოთამაშე დღეს ევროპულ ბაზარზე ოქროს ფასად ფასობს. ასეთი ხედვა, ასეთი ტექნიკა, ეს ასაკი... იშვიათობაა. ჩვენ გვაქვს პირდაპირი არხები ბელგიასთან, ავსტრიასთან. თუ ყველაფერი სწორად წავა, მაქსიმუმ ერთ წელიწადში ტოპ-5 ლიგაში იქნება. — შეიძლება? — მშვიდი, მაგრამ ლითონივით ცივი ხმით ჰკითხა კოტემ. — რა თქმა უნდა. — გარანტიას იძლევით? აგენტმა გაიღიმა. — ფეხბურთში გარანტია არ არსებობს, ბატონო კოტე, — გაიღიმა აგენტმა. — მაშინ "შეიძლება"-თ ნუ მელაპარაკებით. საუბარში მეორე მამაკაცი ჩაერთო: — მთავარი ახლა წარმომადგენლობითი კონტრაქტია. თქვენ მოგვანდეთ უფლებები, დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ. — რას ნიშნავს "ჩვენ მოვაგვარებთ"? იკითხა კოტემ. — კლუბებთან მოლაპარაკებებს, ტრანსფერს, იურიდიულ ნაწილს, რეკლამებს, სპონსორებს, ლუკას კარიერას. — ჩემი შვილის კარიერას თქვენ ვერავინ მოაგვარებთ, — წარმოთქვა კოტემ აუღელვებლად. დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. — ბატონო კოტე...თქვენ ძველი თაობის ადამიანი ხართ, დღეს ფეხბურთი შეიცვალა. — ფეხბურთი? - კოტემ შეხედა პირდაპირ თვალებში. — თუ ბიზნესი? აგენტმა პასუხი არ გასცა. ლუკა ჩუმად იჯდა. მასზე ისე ლაპარაკობდნენ. თითქოს საერთოდ არ იყო იქ. — ამ კონტრაქტით... თქვა ერთ-ერთმა უცხოელმა ინგლისურად. — ...we control negotiations. ლუკასთვის ეს სიტყვა — "control" — ტყვიასავით გაჟღერდა. არა "დავეხმარებით", არა "წარმოვადგენთ", არამედ "ვაკონტროლებთ". უცებ იგრძნო, როგორ ეცლებოდა ადამიანური სახე. მას აღარ უყურებდნენ, როგორც მოთამაშეს, რომელსაც თამაში უყვარს. მას უყურებდნენ, როგორც სარფიან ინვესტიციას. — ერთი კითხვა მაქვს, — ხმაამოუღებლად მდგარმა ლუკამ პირველად გაჭრა სიჩუმე. ყველა მას მიუტრიალდა. — თუ ხვალ ვიტყვი, რომ რომელიმე კლუბში თამაში არ მინდა... შეგიძლიათ ჩემს გადაწყვეტილებას პატივი სცეთ და უარი თქვათ? აგენტმა ნერვიულად გაიღიმა: — ასეთ რამეს რატომ კითხულობ? — უბრალოდ მაინტერესებს. — ეგ კონტრაქტზეა დამოკიდებული. ლუკამ მამას გახედა. კოტეს უკვე თვალებში ეწერა ყველაფერი. მან აუჩქარებლად დახურა საქაღალდე და აგენტს უკან მიუცურა. — შეხვედრა დასრულებულია. — მაგრამ... — დასრულებულია. აგენტი აშკარად დაიძაბა. — მოიცადეთ, ასეთ შანსს ყოველდღე არ იძლევიან! — წამოენთო აგენტი. — არც შვილს მაძლევენ ყოველდღე. უპასუხა კოტემ. — ამიტომაც არ ვაპირებ, პირველივე ლამაზად შეფუთულ დაპირებაზე გავყიდო. ისინი წამოდგნენ. აგენტმა ბოლოს მაინც გასძახა. — მერე არ ინანოთ! კოტე არც შემობრუნებულა. კოტეს ნაბიჯი არ შეუნელებია: — ოცდახუთი წელია ქართულ ფეხბურთში ვარ. სინანულზე ბევრად ძვირი რაღაცები მინახავს. ისინი სასტუმროს მინის კარებიდან გარეთ გამოვიდნენ. მაისის თბილ ჰაერს უკვე სულ სხვა, თავისუფლების სურნელი ჰქონდა. კოტემ ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, თუმცა წამიერად შეყოვნდა და ისევ უკან ჩაიდო — ექვსი წლის წინ დანებებული მავნე ჩვევა ასეთ წუთებში განსაკუთრებულად ახსენებდა თავის არსებობას. — გაბრაზდი? — ჰკითხა ლუკამ. — არა, — თავი გააქნია კოტემ, — დავიღალე. იქ, შიგნით, ერთი ადამიანიც კი არ ლაპარაკობდა ფეხბურთზე. შენს მარცხენა ფეხს, შენს ასაკს და საკუთარ პროცენტებს აფასებდნენ... მაგრამ არავის აინტერესებდა, შენ რას გრძნობ. მანქანაში სიჩუმე მეფობდა. გმირთა მოედანთან საცობში გაჭედილებს, მხოლოდ ძრავის დაბალი გუგუნი ესმოდათ. — არ არსებობს კონტრაქტი, რომლის გამოც საკუთარი ღირსება უნდა დაკარგო, — თქვა კოტემ და შვილს გადახედა. — თუ ოდესმე ამ არჩევანის წინაშე დადგები... ფეხბურთს საერთოდ შეეშვი. — ამას შენ მეუბნები? შენ, ვინც მასწავლიდი, რომ არასდროს დავნებებულიყავი? — დანებება ერთი რამაა, ლუკა, საკუთარი სულის გაყიდვა კი — სულ სხვა. **** იმავე საღამოს ნიცა გაზეთის რედაქციაში, ლეპტოპის მბრწყინავ ეკრანთან იჯდა. კონფერენს ლიგის მომავალ მეტოქეებზე სტატიას ასრულებდა, როცა რედაქტორმა ჩაუარა: — გაიგე? დღეს "ბილტმორში" აგენტების ჯოგი იყო შეკრებილი. პოლონეთიდან, ბელგიიდან... ამბობენ, ლუკას გადაბირება სურთო. ნიცას თითები კლავიატურაზე გაეყინა. გულმა უცნაურად იწყო ცემა. საღამოს ცხრა საათზე ტელეფონის ვიბრაციამ ოთახი შეაზანზარა. ეკრანზე ლუკას სახელი გამოჩნდა. — გისმენ... — ჩუმად თქვა ნიცამ. — დაკავებული ხარ? ...შეგიძლია გამოხვიდე? შენს სამსახურთან ვარ. — ლუკას ხმაში ისეთი მძიმე, დაგროვილი დაღლილობა ისმოდა, რომ ნიცას ზედმეტი კითხვა არ დაუსვამს. ათი წუთის შემდეგ ნიცა ეზოდან გამოვიდა. ლუკას მანქანა ქუჩის ლამპიონის სინათლეში იდგა. ფანჯარა ჩამოწეული ჰქონდა. — გამარჯობა. — გამარჯობა. — სად მივდივართ? ლუკამ მხრები აიჩეჩა. — არ ვიცი. უბრალოდ... წავიდეთ. ნიცას გაეღიმა. — კარგი მანქანა ნელა მიუყვებოდა მტკვრის სანაპიროს. რადიოში ძველი ქართული მელოდია დაბალ ხმაზე იღვრებოდა. ქალაქი ათასფრად ანათებდა: მშრალ ხიდთან საქსოფონის სევდიანი ჰანგები ისმოდა, მშვიდობის ხიდი ლურჯად ელავდა, ტურისტები იღიმოდნენ... თბილისი ჩვეული, უდარდელი რიტმით ცხოვრობდა, თითქოს პრიალა სასტუმროს კედლებში ახლახან სულები არ გაყიდულიყოს. — იცი... — დაარღვია სიჩუმე ლუკამ და გზას თვალი მოაცილა, — დღეს პირველად ვიგრძენი თავი... ნივთად. საქონლად. ყველანი მიყურებდნენ, მაგრამ ჩემს არსებობას ვერავინ ამჩნევდა. იცოდნენ ჩემი გოლები, ჩემი საგოლე გადაცემები, ჩემი გარბენილი კილომეტრები... მაგრამ არავის უნდოდა სცოდნოდადა, რა მიფეთქავს მკერდში. ნიცას პასუხი არ გაუცია. იცოდა, ახლა რჩევები არ სჭირდებოდა, მხოლოდ ვინმე, ვინც მოუსმენდა. მანქანამ მთაწმინდის აღმართი აიარა. ქალაქი ქვემოთ, თითქოს ხელისგულზე, ოქროსფრად აგიზგიზდა. ლუკამ მანქანა გადასახედთან გააჩერა. ნიცამ ქარისგან დასაცავად მოსასხამი მხრებზე უფრო მჭიდროდ შემოსწია. — მამაშენი დღეს შენი სულის გადასარჩენად იბრძოდა, — ჩუმად თქვა გოგონამ. — ვიცი, — თავი დაუქნია ლუკამ, — მაგრამ დავიღალე. ყველას რაღაც უნდა ჩემგან: კლუბს — მოგება, აგენტებს — ხელმოწერა, გულშემატკივრებს — სასწაულები, ჟურნალისტებს — სენსაცია... ის გაჩუმდა. ნათურების შუქზე მისი თვალები უცნაურად ბრწყინავდნენ. მან ნიცას გადახედა და ხმას აუწიოს: — შენს გარდა. შენ ერთადერთი ხარ, ვინც არაფერს მთხოვს. არც გოლს, არც დაპირებას... უბრალოდ, ჩემ გვერდით ხარ. — იმიტომ, რომ მე შენგან არაფერი მჭირდება, — უპასუხა ნიცამ და თვალი გაუსწორა. — მე არ მინდა ვიყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც შენგან რაღაცის წაგლეჯას შეეცდება. ლუკას ტუჩის კუთხეში, მთელი ამ მძიმე დღის მანძილზე, პირველი, ნამდვილი ღიმილი გამოერია: — მადლობა. იმისთვის, რომ ჩემში ფეხბურთელის მიღმა... ადამიანს ხედავ. — მე თავიდანვე მხოლოდ ადამიანს ვხედავდი, — თქვა ნიცამ მშვიდად. მათ ქვემოთ თბილისი აგრძელებდა ფეთქქვას. ღამის სიჩუმეში შორიდან მატარებლის ლიანდაგების გუგუნი მოისმოდა. იმ საღამოს მათ არაფერი უთქვამთ სიყვარულზე, არც მომავლის გეგმები დაუხაზავთ. უბრალოდ, ისხდნენ მანქანის კაპოტზე, მაისის გრილ ქარში, განათებულ ქალაქს გადაჰყურებდნენ და გრძნობდნენ — ამ დიდ, ხმაურიან და ხშირად ყალბ სამყაროში, მათ იპოვეს სივრცე, სადაც ნიღბების ჩამოხსნა და უბრალოდ სუნთქვა შეიძლებოდა. თავი 14 მაისის იმ ბინდბუნდიან საღამოს, მთაწმინდის გადასახედიდან დანახულმა თბილისმა თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ბილტმორის პრიალა, ცივ იატაკზე დაწყებული ვაჭრობა იქ, მაღლა, ქარის პირველსავე ქროლვაზე გაქრა. თუმცა, იმას, რაც წინ ელოდათ, დროის დიდი მდინარე სჭირდებოდა გადასალახად. მაისი ნელ-ნელა ივნისის მწველ სიცხეში გადაიზარდა. ქალაქი დაიცალა, ქუჩები ჩაწყნარდა, მაგრამ ლუკას შიგნით ტემპი არ შენელებულა. ზაფხულის თვეებმა თითქოს ერთ დიდ, დაუსრულებელ მონაკვეთად ჩაიარა — მზისგან გადამწვარ მოედნებზე ჩატარებული მძიმე ვარჯიშები, კონფერენს ლიგის დაძაბული, ოფლიანი საკვალიფიკაციო მატჩები, უცხოური პრესის მუდმივი ჭორები და ისევ და ისევ საკუთარ თავთან ბრძოლა. ნიცა ამ დროს თავის რედაქციაში, მონიტორების მიერ გამოსხივებულ ცივ სინათლეში იჯდა და ყოველ სიტყვას, რომელსაც სპორტულ სვეტებში ლუკაზე წერდნენ, სათუთად აკვირდებოდა. მათ შორის საუბრები გაიშვიათდა, თუმცა სიღრმე არ დაკარგვია — ეს იყო უტყვი, შორიდან ირიბად გაგზავნილი მზერები და მოკლე, მაგრამ უზომოდ ტევადი შეტყობინებები. და აი, ზაფხულის ბოლო აკორდებიც მიწყნარდა. სექტემბერი თბილისში მალულად, თითქმის ქურდულად შემოვიდა. ქალაქმა უეცრად იცვალა ფერი — ხეების კენწეროებს ოქროსფერი დაჰკრა, დილის ჰაერი კი ისეთი გამჭვირვალე და კრისტალური გახდა, რომ შორს, ჰორიზონტზე გაშლილი მთების კონტურები თითქოს ხელით შეხებას ითხოვდნენ. ეს ის სექტემბერი იყო, როცა ჰაერში ახალი დასაწყისის, მწიფე ნაყოფისა და ოდნავი სევდის სურნელი ერთდროულად ტრიალებდა. ლუკა ქავთარაძემ იმ დილით ჩვეულებრივზე ადრე გაიღვიძა. არ ჰქონდა მატჩი. არც გადაღლამდე მისული ვარჯიში ელოდა, არც ჟურნალისტებთან მორიგი, წინასწარ გაწერილკითხვებიანი ინტერვიუ და არც აღდგენითი პროცედურების ცივი აუზები. მაგრამ ძილი მაინც არ ეკარებოდა. ბოლო თვეების ქარიშხალი თითქოს ერთ წერტილში გამჭვირვალე ნისლად შეგროვილიყო: ზაფხულის მძიმე ტრავმა, მოედანზე ტკივილით დაბრუნება, ევროპული საღამოების გუგუნი, უცხოელი აგენტების პრიალა სიტყვები — კონტრაქტი, სკაუტი, ბაზარი, პერსპექტივა... ყველა რაღაცას სთავაზობდა, ყველას თავისი ნახაზი ჰქონდა მისი ცხოვრებისთვის. მაგრამ იმ დილის კრისტალურ სიჩუმეში, პრიალა ოცნებებისა და ციფრების მიღმა, ლუკას გონებაში მხოლოდ ერთი, უზარმაზარი სიტყვა კაშკაშებდა. ნაკრები. ბავშვობაში ეს სიტყვა მისთვის საკრალურ, თითქმის მიუწვდომელ სამყაროს ნიშნავდა. ეს იყო რაღაც, რაც ტელევიზორის ცივ ეკრანზე ცოცხლდებოდა — როცა მამა დივანზე სუნთქვაშეკრული, უძრავად იჯდა, გიორგი ემოციებისგან ხმას იხლეჩდა მსაჯებთან კამათში, ხოლო ეზოში ბავშვები ეროვნული გუნდის ხშირად გახუნებული მაისურებით დარბოდნენ. ნაკრები არ იყო უბრალოდ მორიგი გუნდი. ეს იყო წამი, როცა კლუბის ფერები უფასურდებოდა, პირადი ამბიციები იშლებოდა და შენ უკვე მთელი ქვეყნის ფეთქვად გადაიქცეოდი. ტელეფონი გვერდზე გადადო. თვალების დახუჭვა სცადა, მაგრამ ეკრანმა ისევ გაანათა სიბნელე. ნიცა. „დილა მშვიდობისა. დღეს ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს სია, ხომ?“ ლუკა რამდენიმე წამს უყურებდა ამ რამდენიმე სიტყვას. მაისში, იმ შეხვედრამდე, ალბათ დიდხანს იფიქრებდა პასუხზე, აწონ-დაწონიდა თითოეულ ასოს. ახლა კი, როცა მათ შორის უხილავი, მაგრამ მტკიცე ხიდი ეპყრა დროის დინებას, უბრალოდ მიწერა: „კი. დღეს.“ და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა: „ვნახოთ.“ ნიცას პასუხი მყისიერი იყო: „შენ იცი, რომ იქ უნდა იყო.“ ეს არ ყოფილა უბრალო გამხნევება. ამ მოკლე, მტკიცე წინადადებაში არ იგრძნობოდა იაფფასიანი ოპტიმიზმი. ეს იყო ადამიანის სიტყვები, რომელსაც სჯეროდა არა მისი, როგორც პერსპექტიული ფეხბურთელის, არამედ იმ გზის, რომელიც ლუკამ ამ წერტილამდე მოსასვლელად გაიარა. შუადღისას თბილისის ჰაერი ელექტრონული მუხტით გაივსო. ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის გამოქვეყნებას სპორტული პორტალები წამი-წამზე ელოდნენ. როცა სია გამოჩნდა, ლუკას თითი ეკრანზე კანკალით ჩამოცურდა. მეკარეები... მცველები... ნახევარმცველები... და აი, ისიც. იმ წამს, როცა ეკრანზე „ლუკა ქავთარაძე“ გამოჩნდა, სამყაროს ხმაური უცებ გაქრა. მანამდე ოთახში საათის წიკწიკი ისმოდა, ფანჯრიდან ქუჩის შორი ხმები შემოდიოდა, მაგრამ იმ კონკრეტულ წამს ყველაფერი გაჩერდა. ჰაერი ფილტვებში ჩაეყინა, თითქოს ჟანგბადი ერთბაშად ამოიწურა. ლუკამ თვალი დაახამხამა. ეშინოდა, რომ თუ თვალს დახუჭავდა, ეკრანი გაქრებოდა და ეს სახელიც უბრალო აჩრდილივით გაქრებოდა. თითი ეკრანზე გაეყინა. შავი ასოები თეთრ ფონზე — ლუკა ქავთარაძე — უცებ იმდენად მძიმე და რეალური გახდა, რომ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ეს არ იყო უბრალოდ გვარი. ეს იყო ათასობით საათი ტალახიან მოედნებზე, წვიმაში, ყინვაში, როცა ფეხის თითებს ვერ გრძნობდა; ეს იყო იმ ტრავმის მწარე ტკივილი, როცა ეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა; ეს იყო მამის უნდობელი, მკაცრი თვალები და საკუთარ ეჭვებთან გატარებული უძილო ღამეები. მთელმა მისმა წარსულმა იმ ერთ წამში იფეთქა. გული ისე უცემდა, თითქოს ნეკნების ჩამსხვრევას ცდილობდა. ხელი ოდნავ უნებლიეთ უკანკალებდა, როცა ტელეფონი საწოლზე დადო. არ უყვირია, არც ხტუნაობა დაუწყია. უბრალოდ ორივე ხელი სახეზე აიფარა და სულის სიღრმიდან ამოისუნთქა. ეს იყო შვება, რომელსაც წლები ელოდა. იმის შეგრძნება, რომ ყოველი ტკივილი, ყოველი ცრემლი და ოფლის თითოეული წვეთი ამად ღირდა. მერე თავი ასწია, ფანჯარაში გაიხედა და თბილისის ცას შეხედა. პირველად იგრძნო, რომ ის პატარა ბიჭი, რომელიც ეზოში გახეული ბურთით დარბოდა და ნაკრების მაისურზე ოცნებობდა, ახლა მის გვერდით იდგა და ეღიმებოდა. მალე ტელეფონი ზარებისგან აგუგუნდა... — გილოცავ, ნაკრების ფეხბურთელო! — გაისმა დათოს ხმა. — ახლა უკვე ოფიციალურად აღარ შეგიძლია ჩემთან ერთად სახინკლეში იარო და ანგარიშის გადახდას თავი აარიდო. — პირველი, რაც მოიფიქრე, ეს იყო? — გაეცინა ლუკას. — ემოციების გამოხატვა ყველას სხვადასხვანაირად შეუძლია, ძმაო, — ჩაიცინა მეკარემ. შემდეგი ზარი კოტესი იყო. მამამისი, როგორც ყოველთვის, სიტყვებს არ ფლანგავდა. — ნახე სია? — ვნახე. მძიმე, მრავალმნიშვნელოვანი პაუზა ჩამოვარდა. ლუკა ელოდა. ელოდა თუნდაც ერთ თბილ სიტყვას. მაგრამ კოტე თავისებურად ლაპარაკობდა: — ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა. კლუბში შენს თამაშს ათასი კაცი ხედავს, ნაკრებში — მთელი ქვეყანა. შეცდომასაც და თითოეულ ნაბიჯსაც. — ვიცი. — არა, ჯერ არ იცი, — კოტეს ხმაში სიმკაცრე ჟღერდა, მაგრამ ამ სიმკაცრის მიღმა ლუკამ რაღაც ახალი იგრძნო. შიში. ის უხმო, წლობით ნაგროვები შიში, რომელსაც მამა გულმოდგინედ მალავდა. — იქ თავი არ დაგეკარგოს, ლუკა. ფეხბურთელი მაშინ იზრდება, როცა ხვდება, რომ ჯერ კიდევ არაფერი იცის. ეს იყო ყველაზე დიდი აღიარება, რაც კი კოტესგან ოდესმე მიეღო. *** საღამოს საბურთალოზე, გიორგის სახლში, ნამდვილი ზეიმი იდგა. ნიცა კართან რომ მივიდა, შიგნიდან უკვე ისმოდა გიორგის ემოციური ყვირილი: „გეუბნებოდი მე! ხომ გეუბნებოდი!“. პატარა დათუნა ეროვნული გუნდის ძველი, მისთვის დიდრონი მაისურით დარბოდა დერეფანში და ყვიროდა: „ლუკა ნაკრებშია!“. თიკას სამზარეულოში ხინკლის ქვაბი დუღდა, ოქროსფერი ორთქლი ჭერს ეხლებოდა. გიორგიმ ნიცას შეხედა და გაიღიმა: — შენ მაინც არ გაგიკვირდა, ხომ? ნიცამ ქურთუკი ჩამოკიდა: — რატომ? — იმიტომ, რომ შენ მისი მაშინაც გჯეროდა და წერდი, როცა ნახევარი ქალაქი ამბობდა ერთი შემთხვევითი თამაში ჰქონდა და მორჩაო. ნიცას არაფერი უპასუხია. მან უბრალოდ შეხედა დათუნას, რომელიც ტელევიზორის ეკრანზე ლუკას თამაშის ეპიზოდებს აღფრთოვანებული ადევნებდა თვალს. გიორგი დივანზე ჩამოჯდა, ხმა დაურბილდა: — იცი, რა არის ყველაზე მთავარი? ნიჭი ბევრს აქვს, მაგრამ მარტო ნიჭით ლუკა აქამდე ვერ მოვიდოდა. ნიცამ ჩუმად დაუქნია თავი. მან ყველაზე უკეთ იცოდა, რა იდგა ამ წარმატების უკან: ტალახიანი მოედნები, ტრავმისგან გამოწვეული უძილო ღამეები, მამის უნდობლობა და საკუთარ ეჭვებთან უთანასწორო ბრძოლა. ნაკრების მაისური იღბალს არ მოუტანია. მას სისხლითა და მოთმინებით იპოვებდნენ. *** მეორე დილას საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე შემოდგომის ნისლი იწვა. ლუკა მანქანიდან გადმოვიდა და რამდენიმე წამით გაჩერდა. აქაურობას სრულიად სხვა ენერგეტიკა ჰქონდა. არ იყო ეროვნული ლიგის მიტოვებული ტრიბუნების სევდა, არც შემთხვევითი ხმაური. იდეალურად დაკრეჭილი, მუქი მწვანე მინდვრები, მშვიდი არქიტექტურა და ჰაერში ჩამოკიდებული განსაკუთრებული, თითქმის სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა. გასახდელში შესულს რამდენიმე ფეხბურთელი დახვდა — ევროპული ლიგებიდან ჩამოსული ლეგიონერები, გამოცდილი ვეტერანები, ის ადამიანები, რომელთა პოსტერებიც ლუკას ბავშვობაში ოთახის კედელზე ეკიდა. ერთ-ერთმა მათგანმა მზერა მიაპყრო და უბრალოდ თავი დაუქნია: — ახალი ხარ? — კი. — წარმატებები. ეს არ იყო გულგრილობა — ეს იყო პროფესიონალების სამყარო, სადაც წარსულ დამსახურებებს არავინ დაგიდევდა. აქ ყოველდღე, ყოველ სანტიმეტრზე თავიდან უნდა დაგემტკიცებინა შენი ადგილი. ოთახში კაპიტანი შემოვიდა. საუბარი წამიერად მიწყდა. იგი პირდაპირ ლუკასკენ გაემართა, მხარზე მძიმე ხელი დაადო და თვალებში ჩახედა: — ვიცი, ვინც ხარ. მაგრამ აქამდე რაც გააკეთე, დღეიდან აღარ ითვლება. ახლა იწყებ. ლუკამ მზერა არ არიდა. კაპიტანს ტუჩის კუთხეში მშვიდი ღიმილი გაეპარა: — და ერთი რამ დაიმახსოვრე: ამ მოედანზე თავი არასდროს დახარო. პირველივე ვარჯიშმა აჩვენა, რომ რეალობა გააცილებით მკაცრი იყო. ბურთის მოძრაობის ტემპი, აზროვნების სიჩქარე, ფიზიკური კონტაქტი — ყველაფერი უმაღლეს ნიშნულზე იდგა. ნახევარი წამის დაყოვნებასაც კი შეცდომა მოჰყვებოდა. ორმხრივი თამაშისას ლუკამ პასი გააფუჭა. ბურთი აცდა ადრესატს. საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ხელი ჩაიქნია. იმავე წამს გვერდით დათო ამოუდგა: — დამშვიდდი, პროფესორო. — რა? — შეხედა ლუკამ. — აქაც ადამიანები თამაშობენ, უცხოპლანეტელები კი არ არიან. ლუკას გაეცინა: — შენ საერთოდ როგორ მოხვდი აქ? — ჩემი უზადო ნიჭით, — ამაყად თქვა დათომ, — და იმით, რომ წლებია ხალხს ვაჩვენებ, როგორი ძნელია ბურთის შეჩერება, როცა შენს კარში ოცი დარტყმა მოდის. დათო უცვლელი რჩებოდა — იგივე იუმორი, იგივე სიმსუბუქე. გასახდელის სული. საღამოს, საგურამოს ბაზის ოთახში, ნიცასგან შეტყობინება მოუვიდა. „როგორი იყო პირველი დღე?“ ლუკა დიდხანს უყურებდა ფანჯრის მიღმა გაშლილ სექტემბრის ბნელ, მშვიდ ტყეს. „სხვანაირი.“ „კარგი სხვანაირი თუ რთული?“ ლუკას გაეღიმა: „ორივე. მაგრამ ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს.“ ნიცას პასუხმაც არ დააგვიანა: „ასეც უნდა იყოს.“ ლუკამ ტელეფონი გათიშა და საწოლზე ჩამოჯდა. რამდენიმე წლის წინ იგი უბრალო, აკადემიის ტალახიან მოედანზე მებრძოლი ბიჭი იყო, რომელიც ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ფეხბურთში იმაზე მეტის დანახვა ყოველთვის შეიძლებოდა, ვიდრე უბრალოდ ბურთის დევნაა. ახლა კი მის წინ, სკამზე, ეწყო ფორმა. თეთრი მაისური. წითელი ჯვარი. და უზარმაზარი, ამაღელვებელი პასუხისმგებლობა, რომელიც უკვე აღარ ეკუთვნოდა მხოლოდ ლუკა ქავთარაძეს — ეს იყო მთელი ქვეყნის ცახცახი და იმედი, შეკუმშული ერთ თეთრ ქსოვილში. თავი 15 თბილისს ისეთი დილა გაუთენდა, თითქოს თვითონ ქალაქიც კი, თავისი ძველი ქუჩებითა და აივნებით, რააღაც დიდის მოლოდინში სულს ითქვამდა. ჯერ კიდევ რვა საათიც არ შესრულებულიყო, როცა ციფრულ სივრცეში მხოლოდ ერთი ფოტო გაბატონდა — წითელ-თეთრი მაისურები, ცაში ატყორცნილი ეროვნული დროშები და მოკლე, მაგრამ განაჩენივით მტკიცე წარწერა: „დღეს ყველა დინამოზე.“ ქალაქმა ერთიანად იცვალა ფერი. თითქმის ყველა ქუჩაზე, აივნიდან თუ მანქანების ნახევრად ჩაწეული ფანჯრებიდან, დროშების წითელი ჯვრები ნიავს მიჰყვებოდა. ავტობუსის გაჩერებებზე პატარა ბავშვები იდგნენ — ნაკრების გადაჭარბებულად დიდ მაისურებში ჩაკარგულები, ამაყად აწეული თავებით. კაფეებში ყავის აპარატების ჩუმი შიშხინი სპორტული არხების ხმამ გადაფარა. დღეს საქართველო თამაშობდა. და ასეთ დღეებში თითქოს ქალაქის სხეულიდან ყველა იარა ქრებოდა. არავის აინტერესებდა, რომელ კლუბს გულშემატკივრობდი. არც პოლიტიკური შეხედულება. არც ასაკი. დღეს ყველას ერთი პულსი ჰქონდა და ყველა ერთ ფერს ატარებდა — წითელსა და თეთრს. ნიცა რედაქციაში ჩვეულებრივზე ორი საათით ადრე მივიდა. ცარიელ ოთახში მხოლოდ მისი რედაქტორი იყო. მაგიდაზე აკრედიტაციების კონვერტები ეწყო. — მზად ხარ? ღიმილით ჰკითხა რედაქტორმა და სათვალის ზემოდან გადახედა ნიცამ თავი დაუქნია. — მგონი. — "მგონი" არ არსებობს.— შეაწყვეტინა მან და კონვერტი გაუწოდა. – დღეს შენი პირველი ეროვნული ნაკრებია. დაიმახსოვრე ერთი რამ... როცა ჰიმნი დაიწყება, წერას არ შეეცადო. ჯერ უბრალოდ უყურე. იმ მომენტს ვერანაირი ტექსტი და სიტყვა ვერ აღწერს. ნიცას გაეღიმა. — შევეცდები. — არა, არ ეცადო უბრალოდ დაიმახსოვრე. *** ლუკასთვის დილა გაცილებით მძიმედ, თითქმის უხმოდ დაიწყო. სასტუმროს ოთახში სქელი ფარდები ჯერ კიდევ ფარავდა ქალაქის ხმაურს. ბნელ ოთახში მხოლოდ ტელეფონის ეკრანი ანათებდა: დედა: "წარმატებები, დე." კოტე: "არ იფიქრო ტრიბუნებზე მხოლოდ ბურთზე იფიქრე." დათო: "თუ შემოხვალ და პირველივე პასს გააფუჭებ, სახლში ავტობუსით წახვალ." ლუკას უნებლიეთ გაეღიმა.ეს ზუსტად დათოს სტილი იყო, ხისტი, მაგრამ უცნაურად დამამშვიდებელი. საუზმეზე მთელი გუნდი ერთად შეიკრიბა. სიჩუმე უჩვეულო იყო. ის ფეხბურთელებიც კი, რომლებიც გასახდელში ყველაზე ხმამაღლები იყვნენ, დღეს საკუთარ ფიქრებში ჩაძირულნი ჩანდნენ. ყველამ იცოდა... ეს უბრალოდ მორიგი მატჩი არ იყო. დათო ლანგრით გვერდით მიუჯდა, თეფში მაგიდაზე ხმაურით დადო. — რას შვები? — არაფერს. — ჩუმად თქვა ლუკამ და ყავა მოსვა. — ტყუილია. ლუკამ ყავას მოსვა. — ჩანს? — ისეთი სახე გაქვს, თითქოს გამოცდაზე მიდიხარ და მთელი სემესტრი არაფერი გისწავლია. ლუკამ ღრმად ამოიოხრა. — ნერვიულობ? — ცოტა. — "ცოტა" ფეხბურთელების ენაზე ძალიან ბევრს ნიშნავს. — ჩაიცინა დათომ რამდენიმე წამით გაჩუმდნენ. შემდეგ კი მხარზე ხელი დაჰკრა. — დამშვიდდი. თუ არ შემოგიყვანეს, მაინც მოიგებთ. თუ შემოგიყვანეს... მაშინ უბრალოდ ფეხბურთი ითამაშე… ის, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებ. საღამოს შვიდის ნახევარზე ავტობუსმა დინამო არენის გვირაბში შეუხვია. გარეთ უკვე ისმოდა გუგუნი. ათასობით ადამიანის შეერთებული სუნთქვა, რომელიც ბეტონის კედლებშიც კი ატანდა. ლუკას სხეულში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. გასახდელში მაისურები უკვე დაკიდებული იყო. ყველას თავისი ადგილი ჰქონდა. მის წინ, თეთრ მაისურზე, კაშკაშა წითელი ნომერი და თავისი გვარი ეწერა. 19 მან მაისური ხელში აიღო, ქსოვილი უცნაურად მსუბუქი იყო, მაგრამ პასუხისმგებლობა უზარმაზარი. რამდენიმე წამს უბრალოდ უყურებდა. რამდენჯერ წარმოედგინა ეს დღე. რამდენჯერ უთქვამს ბავშვობაში, სარკის წინ მდგარს: "ერთხელ ამას მეც ჩავიცვამ." ახლა კი...ოცნება ხელის გულზე ედო. *** ნიცა მედია ტრიბუნაზე ავიდა. სტადიონი ჯერ ბოლომდე არ იყო შევსებული. მაგრამ ადამიანები უწყვეტ ნაკადად ავსებდნენ სექტორებს. წითელი. თეთრი. დროშები. შარფები. ბავშვები, რომლებსაც მამები მხრებზე ისვამდნენ. ხანდაზმული კაცები, რომლებიც ალბათ უკვე ოცდაათი წელი ელოდნენ ასეთ საღამოს. მის გვერდით უცხოელი ჟურნალისტი იჯდა. — პირველად ხარ ეროვნულ ნაკრების თამაშზე? ინგლისურად ჰკითხა. — ამ ამპლუაში, დიახ.- მორცხვად უპასუხა ნიცამ. კაცმა ღიმილით გახედა გადაჭედილ ტრიბუნებს. — You'll never forget this. "ამას ვერასდროს დაივიწყებ." ოც წუთში სტადიონი მთლიანად შეივსო. ტაბლოზე ციფრები განათდა. 53 458 ნიცას სუნთქვა შეეკრა. ამდენი ადამიანი... და მაინც ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ყველა ერთ გულად სუნთქავდა. ფეხბურთელები გვირაბში ჩამწკრივდნენ. ლუკა მწკრივის ბოლოში იდგა. დღევანდელ ძირითადში არ იყო, მაგრამ იმ წამს ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ეროვნული ნაკრების ფორმა ეცვა. იმ წამს ეს ყველაფერზე მეტი იყო. მოედანზე გასვლის წამს ხმაური ერთბაშად გაორმაგდა, ტრიბუნები შეირხა. ლუკამ ინსტინქტურად მაღლა აიხედა. ყველგან მხოლოდ დროშები ჩანდა. შემდეგ ჰიმნი დაიწყო. პირველი ნოტები რომ გაისმა, სტადიონზე მუსიკა თითქმის აღარ ისმოდა. იმიტომ, რომ ორმოცდაცამეტი ათასი ადამიანი ერთად მღეროდა. "ჩემი ხატია სამშობლო..." ნიცას კლავიატურაზე დადებული თითები გაუშეშდა, რედაქტორის სიტყვები გაახსენდა. "ჯერ უბრალოდ უყურე." მართალი იყო, ამის აღწერა შეუძლებელი იყო. ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც პირველ რიგში იდგა, ტიროდა. პატარა ბიჭი მამასთან ერთად მთელი ხმით მღეროდა. რამდენიმე ფეხბურთელს თვალები ჰქონდა დახუჭული. ლუკასაც. იმ წამს აღარ არსებობდა კლუბები, აგენტები, კონტრაქტები. არსებობდა მხოლოდ საქართველო და მაისური, რომელსაც გულზე წმინდა გიორგის გერბი ჰქონდა გამოსახული. მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა. პირველი ტაიმი სწრაფად გავიდა. ლუკა სკამიდან თამაშს უყურებდა. ხელები ისე ჰქონდა გადაჯაჭვული, თითები გათეთრებოდა. ყოველ ეპიზოდზე უნებურად დგებოდა, ისევ ჯდებოდა. მწვრთნელი რამდენჯერმე სათადარიგოთა სკამებისკენ გაიხედა, მაგრამ ჯერ მისი სახელი არ უთქვამს. სამოცდამეცხრე წუთი მიმდინარეობდა, სათადარიგოთა სკამიდან მწვრთნელის ხმა გაისმა. — ქავთარაძე! გახურდი! გული ისე აუჩქარდა, თითქოს მთელი სტადიონი ესმოდა. გული ყელში მოებჯინა. ჟილეტი სწრაფად გაიხადა და ხაზის გასწვრივ გაიქცა. ტრიბუნებმა შენიშნეს. რამდენიმე სექტორიდან მისი გვარის შეძახილები გაისმა: ნიცამ კალამი მაგიდაზე დადო. თავი ასწია და უნებლიე ღიმილი გაუჩნდა. სამოცდამეათე წუთი. ტაბლოზე ცვლილება გამოჩნდა. 19 ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა და მინდორზე ფეხი დაადგა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით დინამო არენაზე ორმოცდაცამეტი ათასი ადამიანის წინ. პირველივე ეპიზოდში ნერვიულობამ სძლია ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა, მიღება და გვერდზე გადაცემა იყო, მაგრამ ფეხი თითქოს აღარ ემორჩილებოდა. ბურთი რამდენიმე მეტრით წინ გაექცა დამცველმა მარტივად ჩაჭრა. სტადიონმა ერთიანად ამოიხვნეშა, ლუკას ყურებში უცებ ყველაფერი დადუმდა. გული ყელში ამოუვიდა. "არა..." მეორე ეპიზოდშიც დააგვიანა. მესამეშიც არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ხელები აუკანკალდა. ფიქრობდა. ზედმეტად ბევრს. უცებ, მოედნის სიღრმიდან დათოს მჭექარე ხმა გაისმა, რომელმაც ხმაური გადაფარა: — ლუკა! აზრზე მოდი, შე ჩემისა! შენი თამაში ითამაშე, არაფერი შეცვლილა! ლუკა ადგილზე გაშეშდა. შემდეგ...გაეღიმა. თავი დაუქნია. მართალი იყო. არაფერი შეცვლილა. ბურთი ისევ მრგვალი იყო. მოედანი ისევ მწვანე და ფეხბურთიც ისევ ის თამაში იყო, რომელსაც ექვსი წლის ასაკიდან თამაშობდა. მომდევნო შეტევაში უკვე აღარ უფიქრია. ბურთი ერთი შეხებით მიიღო. ერთი შეხებით გაექცა მცველს, მეორეს ჩაუგორა. თავად სივრცეში გაიქცა. სტადიონი გაცოცხლდა, ეს უკვე ნამდვილი ლუკა იყო. ძირითადი დრო სრულდებოდა. ტაბლოზე დამატებული წუთები აინთო. +3 ბოლო შეტევა დაიწყო, ბურთი მარჯვენა ფლანგზე გადავიდა. ჩაწოდება საჯარიმოში.. პირველი მცველი ვერ მიწვდა. ბურთი საჯარიმოს ცენტრში ჩავარდა. ყველაფერი ერთ წამში მოხდა. ლუკამ ნაბიჯი წინ გადადგა, დროც თითქოს შენელდა. მხოლოდ ბურთს უყურებდა, მარცხენა ფეხი, ერთი შეხება დარტყმა. ... შემდეგ კი— გუგუნი. ბურთმა ბადე შეარხია. „დინამო არენა“ ერთიანად ჰაერში აფრინდა. ორმოცდაცამეტი ათასი ადამიანი გადაერია ერთმანეთს — ცრემლები, ჩახუტება, აფრიალებული დროშები. ლუკა რამდენიმე წამს გაუნძრევლად იდგა, სანამ თანაგუნდელების ტალღა გადაუვლიდა. დათო მთელი მოედნის გამორბენით მოვარდა და პირველი ეცა: — ხომ გითხარი, შე ჩემისა! ხომ გითხარი!ლუკას სიცილი და ცრემლები ერთდროულად შეერია. მედია ტრიბუნაზე ნიცას უკვე აღარაფერი ეწერა, ეკრანი ბუნდოვნად ჩანდა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, სასწრაფოდ მოიწმინდა. გვერდით მჯდომმა უცხოელმა ჟურნალისტმა მხოლოდ გაუღიმა. — I told you. "გითხარი, ვერ დაივიწყებ-მეთქი." ნიცამ უხმოდ დაუქნია თავი. მართალი იყო. ამ ღამეს ვერასოდეს დაივიწყებდა. *** სასტვენის შემდეგ მედია ზონა სავსე იყო. კამერები, მიკროფონები,განათებები. ყველას ერთი ადამიანი უნდოდა. ლუკა რომელიც ჟურნალისტების წინ იდგა — თმაარეული, ოფლიანი, მაგრამ ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალებით. — პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით... რას ნიშნავს თქვენთვის? იკითხა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა. ლუკამ რამდენიმე წამით ჩაისუნთქა. — ყველაფერს. სხვა სიტყვა არ მაქვს. — თქვა ლუკამ და ამ დროს ხალხის ნაკადში მისი მზერა შეჩერდა. იქ ნიცა იდგა. ხელში დიქტოფონი ეჭირა და უხმოდ უყურებდა. მათ უბრალოდ ერთმანეთს შეხედეს. მ ერთადერთ მზერაში უხმოდ ჩაიარა მთელმა განვლილმა გზამ: იმ პირველმა უხერხულმა ინტერვიუმ, წვიმიანმა დღემ, სასაცილო კამათმა, ტრიბუნებზე დატოვებულმა მაისურმა და „ბილტმორის“ მძიმე საღამომ... და ახლა საქართველოს ნაკრების მაისურით გატანილი პირველი გოლი. სიტყვები საჭირო აღარ იყო. ზოგჯერ ერთი მზერა ყველაფერს ამბობს, რის თქმასაც ადამიანები ვერ ბედავენ. თავი 16 თბილისში ზაფხული ისე მოვიდა, თითქოს მზის გავარვარებულ სხივებთან ერთად ჰაერში მხოლოდ ერთი სახელი ტრიალებდა. ლუკა. ერთი გოლი. სულ რაღაც ერთი, საბედისწერო დარტყმა აღმოჩნდა საკმარისი, რომ ოცდასამი წლის ბიჭის ცხოვრება ერთ ღამეში თავდაყირა დამდგარიყო. სოციალურ ქსელებში მისი ვიდეო მილიონჯერ ტრიალებდა. სპორტულ გვერდებზე ყოველდღე ახალ ფოტოს აქვეყნებდნენ. სატელევიზიო სტუდიებში კი ექსპერტები მსჯელობდნენ, სად გააგრძელებდა კარიერას, უცხოური მედია მის სახელს სულ უფრო ხშირად ახსენებდა. "საქართველოს ახალი აღმოჩენა." "ეროვნული ნაკრების მომავალი." "ბიჭი, რომელმაც დინამო არენა ააფეთქა." თავიდან ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავდა. ნეტარსა და თავბრუდამხვევს. ბავშვობაში, ეზოში ბურთის დევნისას, ხომ სწორედ ამ დიდებაზე ოცნებობდა? მაგრaმ არავინ ეუბნება პატარა ბიჭებს, რომ ოცნებების ასრულებასაც თავისი, საკმაოდ მძიმე ფასი აქვს. პირველად ქუჩაში მაშინ გააჩერეს, როცა ვაკეში, პატარა ყავის მაღაზიიდან გამოდიოდა. — ლუკა! — მისკენ ორი თორმეტი-ცამეტი წლის ბიჭი მორბოდა, თვალებანთებული. — შეიძლება ფოტო? ლუკას გაეღიმა. — რა თქმა უნდა. ფოტო გადაიღეს. შემდეგ ავტოგრაფიც სთხოვეს. — მომდევნო თამაშშიც ისეთივე გოლი გაიტანე, რა! — დაუძახეს ბიჭებმა და გაუღიმეს. ლუკამ მანქანისკენ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ ხუთი მეტრიც არ ჰქონდა გავლილი, როცა სამი გოგონა გადაუდგა გზად. „ბოდიში... ერთი სელფი შეიძლება?“ შემდეგ კიდევ ორი ადამიანი. მერე ხანდაზმული კაცი, რომელმაც ხელები თავზე დაალოცა: „შვილო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს.“ ბოლოს — პატარა ბიჭი, ნაკრების წითელ-თეთრი მაისურით. სახლამდე მისვლას, ჩვეულებრივი ათი წუთის სანაცვლოდ, ორმოცი მოანდომა. ტელეფონიც აღარ ჩერდებოდა. ინსტაგრამზე ათასობით შეტყობინება, უცნობი ნომრები, რეკლამები, სარეკლამო სააგენტოები, ტანსაცმლის ბრენდები. ენერგეტიკული სასმელები. ერთმა სააგენტომ პირდაპირ მისწერა: "ერთ პოსტში ხუთი ათასი დოლარი." ლუკამ ციფრებს თვალი რამდენჯერმე გაუსწორა. ხუთი ათასი... ერთი ფოტოსთვის. — არ წაიკითხო — უთხრა კოტემ მშვიდად, როცა მისი დაბნეულობა შეამჩნია. — რატომ? — იმიტომ, რომ დღეს თუ შეგაქებენ, ხვალ შეიძლება მიწასთან გასწორონ. თუ პირველს დაიჯერებ... მეორესაც დაიჯერებ და განადგურდები. ლუკამ არაფერი უპასუხა. თუმცა იმ საღამოს მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას და კომენტარების კითხვას გაჰყვა "მომავალი კაპიტანი." "ევროპაში აუცილებლად წავა." "საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი." ეს სიტყვები ტკბილი შხამივით იღვრებოდა ძარღვებში. და სწორედ ეს იყო ყველაზე საშიში. დილის ათი საათზე გუნდი უკვე სავარჯიშოდ იკრიბებოდა, მზის გულზე. თემური სასტვენს თითზე ატრიალებდა და მოთმინებას კარგავდა. — სად არის?— იკითხა მკაცრად. პასუხი არავის გაუცია. ზუსტად იმ წამს გასახდელის კარი გაიღო და ლუკა გამოჩნდა. ნაბიჯს არ უჩქარებდ — ბოდიში, საცობი... თემურმა საათს დახედა. — თორმეტი წუთი. — ვიცი... — არ იცი. რომ იცოდე, არ დააგვიანებდი. ლუკას სახეზე ღიმილი ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა. — შემდეგშ აღარ განმეორდება. თემურმა მხოლოდ თავი დაუქნია. — იმედია. ვარჯიში დაიწყო, თუმცა რამდენიმე წუთში აშკარა გახდა, რომ მინდორზე რაღაც გაბზარულიყო. ადრე ლუკა პირველივე თავისუფალ თანაგუნდელს აძლევდა პასს. თამაშს შლიდა. ახლა? თითქმის ყველა ბურთს თვითონ იტოვებდა. ერთხელ კარში დაარტყა იქიდან, სადაც გადაცემა აშკარა გოლი იყო. მეორედ ორი ფეხბურთელი მოატყუა, მესამესთან კი ბურთი ბავშვურად დაკარგა. მესამედ ისევ მარტო წავიდა შეტევაში. თემური ჩუმად ადევნებდა თვალს. ბოლოს მოთმინების ფიალამ გაავსო. — გაჩერდით! სასტვენის ხმამ მთელი ბაზა გააყრუა. თამაშის რიტმი გაწყდა. თემური პირდაპირ ლუკასკენ გაემართა. — რას თამაშობ? — იკითხა ლუკამ და სული მოითქვა. — რა მოხდა? — მე გეკითხები. რას თამაშობ? — ფეხბურთს. ბიჭებმა უხერხულად გადახედეს ერთმანეთს. თემურს ხმა დაუმძიმდა, ტონი გაუცივდა: — არა. შენ საკუთარ თავთან თამაშობ. გუნდი ვეღარ ხედავს შენს პასს. ლუკამ მხრები აიჩეჩა. — მეგონა, გავიტანდი. — "მეგონა"? ჩემს მოედანზე ეგ სიტყვა არ არსებობს. თუ გვერდით თავისუფალი კაცი დგას, პასს აძლევ. გავიგეთ? ლუკას უკვე ეტყობოდა, რომ თვალებში ბრაზი ენთებოდა. — ყოველთვის ასე არ არის. — ჩემთან ყოველთვის ასეა. თემურმა ბურთი ხელში მკაცრად მოიქცია — თუ კიდევ ერთხელ ითამაშებ საკუთარი ამბიციებისთვის... დუბლებში გადაგიყვან. არ მაინტერესებს, ნაკრებში გოლი გაქვს გატანილი თუ მსოფლიო ჩემპიონატი მოგიგია. ჩემთვის აქ ყველა ნულიდან იწყებს! ვარჯიშის შემდეგ გასახდელში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ლუკა ნივთებს დემონსტრაციულად ალაგებდა. დათო ნელა მიუახლოვდა. — ბრაზობ? — თემურს ჰგონია, ისევ აკადემიის პატარა ბავშვი ვარ, — ჩაილაპარაკა ლუკამ და ჩანთა მხარზე გადაიკიდა. — არა. — უპასუხა დათომ მშვიდად- უბრალოდ არ უნდა, დაეკარგო. — შენც მის მხარეს ხარ? — მე შენი მხარე ვარ.ზუსტად ამიტომ გეუბნები. ლუკას პასუხი არ გაუცია. კარი ხმაურით გაიჯახუნა და გასახდელი დატოვა. *** ნიცა და სალომე პარკში ისხდნენ, მაგრამ ფიქრებით შორს იყვნენ. — გუშინ ვნახე. თქვა სალომემ ჩუმად. — ვინ? — ნიცამ თვალი მოაცილა რვეულს. — ლუკა. — სად? — კაფესთან იდგა, ათი წუთი ფოტოებს იღებდა. შემდეგ ვიღაც გოგოები დაელაპარაკნენ. ნიცამ ოდნავ გაიღიმა, თუმცა ღიმილი სევდიანი გამოუვიდა. — ნორმალურია. — კი...მაგრამ ისეთი იყო... ვერ აგიხსნი. თითქოს... საკუთარი თავით მეტისმეტად ტკბებოდა. ნიცა გაჩუმდა. გულის სიღრმეში თვითონაც იგივეს გრძნობდა. ბოლო დღეებში ლუკა თითქმის არ წერდა. თუ მიწერდა — პასუხები მშრალი იყო, მოკლე. ის უწინდელი, უშუალო ლუკა სადღაც ქრებოდა. — დათოს ვკითხე.- განაგრძო სალომემ. — რა თქვა? — ამბობს, ძალიან შეიცვალაო. ნიცას შუბლზე ნაოჭი გაუჩნდა. — ცუდისკენ? — იმედია, არა. მაგრამ მგონია, რომ ეს ყველაფერი თავში აუვარდა. სალომეს ტელეფონი განათდა. ეკრანზე ისევ დათო იყო. სალომემ უნებურად გაიღიმა. დათო: "მუშაობას მორჩი”? სალომე: "კი." ორი წამიც არ გასულა. დათო: "ყავა?" ნიცამ ეკრანს გახედა და წარბი აწია — ისევ? სალომემ სიცილით ტელეფონი დამალა. — რა? — არაფერი... უბრალოდ უკვე აშკარაა. — რა არის აშკარა? — რომ ყავის სიყვარული ძალიან უცნაურად დაგეწყო. ორივეს გაეცინა, თუმცა ჰაერში მაინც რჩებოდა გაურკვეველი უხერხულობა. *** საღამოს ოთხივე ერთ კაფეში აღმოჩნდა. შეხვედრის იდეა დათოს ეკუთვნოდა — „დიდი ხანია, ერთად არ ვყოფილვართო.“ თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. იხსენებდნენ ძველ ამბებს, საუბრობდნენ ნაკრებზე, მომავალ სეზონზე. სალომე და დათო, ჩვეულებრისამებრ, ერთმანეთს ეკამათებოდნენ, ვის უფრო ცუდი მუსიკალური გემოვნება ჰქონდა. ნიცა უყურებდა ათ და გული უთბებოდა — მათ ურთიერთობაში ისეთი სიწმინდე და სიმარტივე იყო, რაც ასე აკლდა ახლა ლუკასთან. მოულოდნელად, მაგიდას ოფიციანტმა ჩაუარა ორ პატარა გოგონასთან ერთად. ბავშვებმა ლუკა იცნეს. — შეიძლება ფოტო? ლუკა წამოდგა. — რა თქმა უნდა. ფოტოს გადაღების შემდეგ, მეზობელი მაგიდიდანაც დაუძახეს. მერე მესამედან. ლუკა დადიოდა, იღიმოდა, ავტოგრაფებს არიგებდა. როცა მაგიდას დაუბრუნდა, სახეზე აშკარა კმაყოფილება ეწერა. — უკვე ვარსკვლავი ხარ. გაეცინა დათოს. — ნუ აზვიადებ. — უპასუხა ლუკამ, თუმცა კმაყოფილი ღიმილი ვერ დაფარა. ნიცამ სწორედ ეს შეამჩნია. ტელეფონი აიღო და ისევ ინსტაგრამში ჩაყო თავი. კომენტარებს პასუხობდა, ეკრანს არ ცილდებოდა. საერთო საუბარს თითქმის გამოეთიშა. ნიცა რამდენიმე წუთს უყურებდა მის თითებს, რომლებიც ეკრანზე დარბოდნენ. ბოლოს დაბალი ხმით უთხრა: —ლუკა შეიძლება ტელეფონი ხუთი წუთით გვერდზე გადადო? ლუკამ ახედა. — რატომ? — იმიტომ, რომ ახლა ჩვენთან ხარ. — ერთი წუთი.მხოლოდ ამას ვუპასუხებ. ნიცამ ღრმად ჩაისუნთქა. გულში დაგროვილმა ტკივილმა იფეთქა. — ლუკა...დიდებამ დაგაბრმავა. მაგიდასთან სიჩუმე ჩამოვარდა. დათომ და სალომემ ერთმანეთს უხერხულად გადახედეს. ლუკამ ტელეფონი ნელა დადო მაგიდაზე. თვალები დაავიწროვა. — რას გულისხმობ? — იმას, რომ ბოლო დროს მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობ.- თქვა ნიცამ და თვალი თვალში გაუყარა- მოედანზეც, ცხოვრებაშიც, გგონია, ერთი გოლის შემდეგ ყველაფერს მიაღწიე, მაგრამ... შენ ჯერ არაფერი გაგიკეთებია. ეს მხოლოდ დასაწყისია. ლუკას ყბები დაეჭიმა, სახე აელეწა. — შენ ასე ფიქრობ? — მე ამას ვხედავ. — არა, შენ ვერაფერს ხედავ.— ლუკას ხმაში ბრაზი გაერია. — იცი, რა არ გესმის? შენ საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს, რას ნიშნავს ეს ყველაფერი! დილიდან საღამომდე ათასობით თვალი შენზეა მომართული, ყველას რაღაც უნდა შენგან! ერთი შეცდომა... და ის ხალხი, ვინც დღეს ტაშს მიკრავს, ხვალ ცოცხლად დამარხავს. ნუ მეუბნები, როგორი უნდა ვიყო. შენ ჩემს ადგილას არასოდეს ყოფილხარ! კაფეში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ჰაერიც კი დამძიმდა . ნიცა რამდენიმე წამს უყურებდა ბიჭს, რომელიც ასე უყვარდა, მაგრამ ახლა სრულიად უცხო ეჩვენებოდა. შემდეგ მხოლოდ ერთი, წყნარი წინადადება თქვა: — მართალი ხარ. მე შენს ადგილას არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ იმ ლუკასაც ვეღარ ვხედავ, რომელსაც ვიცნობდი. ლუკამ პასუხი ვერ იპოვა. სკამი ხმაურით უკან გასწია და წამოდგა. — წავედი. დათომ წამოდგომა დააპირა. — ლუკა... მოიცადე — მარტო მინდა ყოფნა. კარი დაიხურა. მაგიდასთან დარჩენილი სამეული დიდხანს დუმდა. სალომემ ნელა მოჰკიდა ხელი ნიცას, რომელსაც თვალები ცრემლებით ევსებოდა. — ძალიან ცუდად მიიღე? ნიცამ თავი გააქნია და ცრემლი შეიშრო. — უფრო ის მტკივა...რომ მგონია, მართლა დავკარგეთ. დათომ ფანჯრიდან გაიხედა, სადაც ლუკა სწრაფი, ნერვიული ნაბიჯით მიდიოდა ღამის თბილისში. თავისთვის ჩუმად ჩაილაპარაკა: — არა... ჯერ არ დაგვიკარგავს. უბრალოდ იმ გოლის შემდეგ, მთელი საქართველო ცდილობს, ლუკა თავის საკუთრებად აქციოს... და თვითონაც ვეღარ ხვდება, სინამდვილეში ვინ არის. თავი 17 თბილისი არასოდეს იძინებდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფეხბურთს ეხებოდა. წითელ-თეთრი მაისურებისა და იმ ერთადერთი, ისტორიული გოლის შემდეგ, ქალაქი თითქოს ერთ დიდ სპორტულ სტუდიად ქცეულიყო. ქუჩის კაფეებში, ავტობუსის გაჩერებებზე თუ სოციალურ ქსელებში ყველამ იცოდა ტაქტიკა, ყველამ იცოდა, ვინ სად უნდა დამდგარიყო და ვის რა შეცდომა დაუშვია. ერთი გოლი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთელი ქვეყანა ექსპერტად ქცეულიყო. ნიცა ამ ყველაფერს უკვე სრულიად სხვა თვალით უყურებდა. ის აღარ იყო უბრალოდ ფეხბურთზე შეყვარებული გოგო, რომელიც ტრიბუნიდან ემოციებს მიჰყვებოდა. ახლა ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სპორტული ჰოლდინგის ახალგაზრდა ჟურნალისტი იყო და ეს იმას ნიშნავდა, რომ თითოეულ სიტყვას, რომელსაც კლავიატურაზე აკრეფდა, უკვე სულ სხვა წონა და პასუხისმგებლობა ჰქონდა. რედაქციაში უჩვეულო, მძიმე სიჩუმე იდგა. კედელზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ეროვნული ლიგის მიმოხილვა უხმოდ გადიოდა. ჟურნალისტების ნახევარი ტელეფონების კაშკაშა ეკრანებში იყო ჩაფლული, თითები სწრაფად გადაჰყავდათ ახალ-ახალ ამბებზე. ნიცა მაგიდასთან იჯდა. ეკრანის თეთრ ფონზე მხოლოდ სათაური ეწერა, სადაც კურსორი ნერვიულად, რიტმულად ციმციმებდა: „ნიჭიერების მახე“ მეტი არაფერი. ხელები კლავიატურაზე დაედო, მაგრამ თითები თითქოს გაშრობოდა. გულში ეჭვი ღრღნიდა: საერთოდ უნდა დაეწერა ეს ტექსტი? ჰქონდა კი უფლება, ასე შეხებოდა იმას, რაც ყველასთვის ასე ხელშეუხებელი გახდა? კაბინეტის კარი გაიღო და მთავარი რედაქტორი გამოვიდა. ნიცას მაგიდასთან შეჩერდა, ეკრანს გადახედა და წარბები ასწია. — ჯერ კიდევ ცარიელია? ნიცამ უხერხულად, სევდიანად გაიღიმა. — ვერ ვწერ... თითქოს სიტყვები მეჭედება. — იმიტომ, რომ ლუკაზეა? — ჰკითხა რედაქტორმა პირდაპირ. ნიცას პასუხი არ გაუცია, მხოლოდ თვალები დახარა. რედაქტორი მის გვერდით, თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა, სათვალე მოიხსნა და სერიოზული ტონით უთხრა: — მომისმინე, ნიცა. თუ იმის გეშინია, რომ ვიღაცას ეწყინება, ვიღაც აგრესიით გიპასუხებს... მაშინ ეს პროფესია შენი არ ყოფილა. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ სიმართლეს ხედავ და ეს სიმართლე უნდა ითქვას — დაწერე. მერე უკვე ხალხმა გადაწყვიტოს, ეთანხმებიან თუ არა. ჟურნალისტი იმისთვის არ არსებობს, რომ ყველას მოეწონოს. ნიცა წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ქვემოთ თბილისი ჩვეული ხმაურით ფეთქავდა. გზის მოპირდაპირე მხარეს, ტროტუარზე, ორ პატარა ბიჭს ბურთი მოჰქონდა. ერთ-ერთს ეროვნული ნაკრების ახალი, წითელ-თეთრი მაისური ეცვა. ზურგზე მსხვილი, შავი ასოებით ეწერა: Kavtaradze 19. ნიცას უნებლიეთ გაეღიმა. ტკივილნარევი ღიმილით. შემდეგ ისევ მაგიდას მიუბრუნდა. ღრმად ჩაისუნთქა, სკამი წინ გასწია და პირველი წინადადება აკრიფა: „ყველაზე დიდი საფრთხე ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მძიმე ტრავმა ან ფიზიკური დაღლილობა ყოველთვის არ არის.“ რამდენიმე წამში მეორეც მიჰყვა: „ზოგჯერ კარიერასა და ადამიანურ ბუნებას ბევრად უფრო სწრაფად ანადგურებს ტაში, ვიდრე უმძიმესი მარცხი.“ შემდეგ კი სიტყვები უცებ წამოვიდა, თითქოს კაშხალი გაირღვაო. ის არ წერდა კონკრეტულად ლუკაზე. ის წერდა იმაზე, რაც ლუკას ირგვლივ ხდებოდა. იმაზე, თუ როგორ აქცია ერთმა გოლმა მთელი ქვეყანა მის გულშემატკივრად და, იმავდროულად, მის მსაჯულად. როგორ დაიწყო ყველამ მისი ყოველი ნაბიჯის, ყოველი ღიმილისა თუ გამოხედვის გაკონტროლება. როგორ ცდილობდა თითოეული ადამიანი, მისგან საკუთარი, იდეალური ლუკა შეექმნა. სტატიაში არც ერთხელ არ ეწერა: „ლუკა ცუდი ფეხბურთელია“ ან „ლუკა ამპარტავანი გახდა“. პირიქით. ნიცა წერდა, რომ პრობლემა თავად ლუკა კი არ იყო, არამედ ეს გარემო საზოგადოება, რომელსაც შეუძლია ორშაბათს ცაში აგაფრინოს, ღმერთად გაქციოს... ხოლო ოთხშაბათს, პირველივე შეცდომისას, უწყალოდ მიწაში ჩაგმარხოს. ბოლო აბზაცს ყველაზე დიდხანს წერდა. თითოეულ სიტყვას წონიდა. ბოლოს, ეკრანზე ეს სტრიქონები გაჩნდა: „ნიჭი დიდი საჩუქარია. მაგრამ საქართველოში ნიჭიერებას ხშირად ყველაზე მძიმე ტვირთად ვაქცევთ ხოლმე. ჩვენ ფეხბურთელებს ჯერ ვქმნით შეუცდომელ კერპებად, შემდეგ კი, მოუთმენლად და უმოწყალოდ ველოდებით იმ მომენტს, როდის ჩამოვყრით მათ ამ პოსტიდან” — მზად არის? — ჰკითხა რედაქტორმა. ნიცამ ხელები კლავიატურიდან აიღო. გული აჩქარებით უცემდა. — ჰო. — დარწმუნებული ხარ? რამდენიმეწამიანი სიჩუმე ჩამოვარდა. ნიცამ კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ტექსტს. — გამოუშვით. სტატია საღამოს ექვს საათზე გამოქვეყნდა. პირველ ათ წუთში ჩვეულებრივი, მშვიდი სტატისტიკა ჰქონდა. შემდეგ კი... ვიღაც ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა გააზიარა. მერე მსხვილმა სპორტულმა გვერდმა. მერე — საინფორმაციო პორტალებმა. ოცი წუთის შემდეგ ტექსტი უკვე ყველგან იყო: „ნიჭიერების მახე“. კომენტარები ვულკანივით აფეთქდა. რეაქციები ორად გაიყო, თუმცა ნეგატივის ტალღა აშკარად სჭარბობდა: „რა უნდა ამ გოგოს?!“ „ლუკას ერთი ცუდი სიტყვაც არ ეკუთვნის, ნაკრები გადაარჩინა!“ „ფეხბურთში საერთოდ ერკვევა ეს? შოუბიზნესი ჰგონია!“ „ჯერ წერა ისწავლოს და მერე აკრიტიკოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე!“ „ვინ არის საერთოდ ნიცა თოფურია?!“ ნიცა კომენტარებს აღარ კითხულობდა, თუმცა მისი ტელეფონი შეუჩერებლად რეკავდა. ხან ერთი გამოცემა ითხოვდა კომენტარს, ხან — რადიო. ყველას ერთი და იგივე კითხვა ჰქონდა: — მართლა ფიქრობთ, რომ ლუკა შეიცვალა და ვარსკვლავურმა დაავადებამ შეპყრო? ნიცას პასუხი ყველგან, ყოველთვის ერთი იყო, მშვიდი და მტკიცე: — არა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვცვლით მას. *** იმ საღამოს სალომე პირდაპირ ნიცასთან მივიდა. ოთახში შუქი არ ანთებულა, მხოლოდ კომპიუტერის ეკრანი ანათებდა. — კარგად ხარ? — ჰკითხა სალომემ ჩუმად და გვერდით მიუჯდა. ნიცამ თავი დაუქნია. — მგონი... — იტყუები. სალომემ თავისი ტელეფონი გაუწოდა. ეკრანზე ასობით შეურაცხმყოფელი შეტყობინება და თაგები ჩანდა. — ნუ კითხულობ ამას, გთხოვ. — ვცდილობ, მაგრამ მაინც თვალში მეჩხირება. — დათომაც ნახა ტექსტი, — თქვა სალომემ. ნიცამ ახედა: — რა თქვა? სალომეს ოდნავ გაეღიმა, თვალები გაუნათდა. — მითხრა... „ვინც ამ ტექსტში დაწერილს ვერ გაიგებს, იმას ფეხბურთი კი არა, უბრალოდ კერპები უყვარსო“. ნიცას პირველად გაეღიმა მთელი ამ მძიმე დღის განმავლობაში. — დათო ჭკვიანდება, თუ მეჩვენება? — ნუ ეტყვი მაგას, — გაეცინა სალომეს, — თორემ ისედაც თავში აქვს ავარდნილი და საერთოდ აიცრუებს გულს! ორივეს სიცილი აუტყდა. იმ რამდენიმე წამმა ოთახში დაგროვილი მთელი დაძაბულობა გაფანტა. სალომემ ხელი მხარზე დაადო მეგობარს. — იცი, რატომ მიყვარს შენთან მეგობრობა? იმიტომ, რომ მაშინაც კი, როცა მთელი ინტერნეტი გლანძღავს და ქვებს გესვრის... შენ მაინც იმას აკეთებ, რაც მართალი და სწორი გგონია. ნიცამ თვალები დახარა, თითები ერთმანეთში გადაიჭდო. — იმედი მაქვს... რომ მართლა სწორია. **** სავარჯიშო ბაზაზე სიჩუმე გამეფებულიყო. ვარჯიში დიდი ხნის დასრულებული იყო. პროჟექტორების ნაწილი უკვე გამოერთოთ. ცარიელ გასახდელში მხოლოდ შხაპის წვეთების მონოტონური წკაპა-წკუპი ისმოდა. დათო ჩანთით მხარზე კართან გაჩერდა. — მოდიხარ, ლუკა? — ცოტა ხანში... შენ წადი, — უპასუხა ლუკამ, რომელიც ხის სკამზე იჯდა და ბოტასის თასმებს უაზროდ ატრიალებდა. — არ დაიგვიანო, თემური ხვალ დილით ისევ შეამოწმებს სიას. — ვიცი. კარი დაიხურა. ლუკა სრულიად მარტო დარჩა. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. ეკრანზე უკვე რამდენიმე საათი გახსნილი იდო ის სტატია. პირველი აბზაცი მშვიდად წაიკითხა. მეორე — უფრო ნელა. მესამეზე თითი გაეყინა: „ყველაზე საშიში ის მომენტია, როცა ფეხბურთელს აღარ ჰგონია, რომ გუნდს ეკუთვნის. მას ჰგონია, რომ გუნდი ეკუთვნის მას.“ ლუკამ ტელეფონი პირქვე დადო სკამზე. თვალები დახუჭა. თავი უკან გადააგდო და ცივ კედელს მიეყრდნო. რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ აიღო ტელეფონი. თავიდან წაიკითხა. ბოლომდე. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... თითოეული სიტყვა, თითოეული წინადადება სამართებელივით ჭრიდა. უცებ თვალწინ ბოლო რამდენიმე თვის კადრები დაუდგა: დაგვიანებული ვარჯიში და ამპარტავნული ღიმილი; თემურის მკაცრი გაფრთხილება მოედანზე; კაფეში ნიცასთან კამათი; ამპარტავნულად გაჯახუნებული კარი... ყველაფერი ერთმანეთს ისე დაუკავშირდა, თითქოს ვიღაცამ წინ უზარმაზარი, სუფთა სარკე დაუდო. და ამდენი ხნის განმავლობაში, მან საკუთარ თავს რეალურად შეხედა. შეიგრძნო ის სიცარიელე, რომელსაც ყალბი ტაშით ავსებდა. *** ღამე უკვე თერთმეტს გადასცდენოდა. ნიცა აივანზე იდგა. გრილი, ზაფხულის სიო თმას უწეწავდა. თბილისის ჩვეული გუგუნი ნელ-ნელა ცხრებოდა. უცებ ჯიბეში ტელეფონი ავიბრირდა. ნიცამ დახედა. ეკრანზე მხოლოდ ერთი სახელი ეწერა: ლუკა გული შეუკრთო. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა ციმციმა ეკრანს, სანამ თითი მწვანე ღილაკს არ დააჭირა. — გისმენ... მეორე მხრიდან პასუხი მაშინვე არ ყოფილა. მხოლოდ მძიმე, ნერვიული სუნთქვა ისმოდა. — წაიკითხე? — ჰკითხა ნიცამ ჩუმად. — სამჯერ, — გაისმა ლუკას ხმა. დაბალი, გადაღლილი. სიჩუმე. — გაბრაზებული ხარ? — ნიცას ხმა ოდნავ აუთრთოლდა. ლუკამ ღრმად, მძიმედ ამოისუნთქა. — თავიდან... ძალიან ვიყავი. მეგონა, ზურგში დანა ჩამეცი. ნიცას გული შეეკუმშა. — ახლა? კიდევ რამდენიმე წამი გავიდა. შემდეგ კი ტელეფონში ძალიან მშვიდი, თითქმის ჩურჩულივით ხმა გაისმა: — მადლობა. ნიცას ეგონა, მოესმა. — რისთვის? — იმისთვის, რომ... მიწაზე დამაბრუნე. თვალები უნებურად ცრემლებით აევსო. აივნიდან ქალაქის ჩამქრალ შუქებს უყურებდა. ლუკა კი განაგრძობდა, ხმაში სითბო და სინანული ერია: — მთელი ეს დრო ვფიქრობდი, რომ შენ ჩემი წინააღმდეგი იყავი... რომ ჩემი წარმატება არ გიხაროდა. სინამდვილეში კი... ყველაზე მეტად შენ იდექი ჩემს მხარეს. ერთადერთი იყავი, ვინც სიმართლე დამანახა. ნიცას არაფერი უთქვამს. ზოგჯერ სიტყვები მართლაც ზედმეტია. — ბოდიში... — ჩუმად თქვა ლუკამ ბოლოს. — იმ საღამოსთვის. კაფეში ასე რომ გელაპარაკე. — მეც ბოდიში... თუ ძალიან ეშხში შევედი ტექსტში. — არა, — შეაწყვეტინა ლუკამ. — შენ არაფერი დაგიშავებია. მე უბრალოდ... საკუთარი თავი დავკარგე იმ ხმაურში. ნიცას ტუჩებზე პირველად გამოჩნდა თბილი, ნამდვილი ღიმილი. — მაშინ... ახლა თავიდან მოძებნე. ლუკასაც გაეღიმა. ის უწინდელი, ბავშვური, სუფთა ლუკა დაუბრუნდა ხმას: — ვეცდები. ხვალიდან პირველი მივალ ვარჯიშზე. ზარი დასრულდა. ორივემ ტელეფონი ნელა ჩამოწია. იმ ღამით მათ არც სიყვარულზე ულაპარაკიათ, არც მომავალზე და არც გრძნობებზე. მაგრამ ორივემ იცოდა — ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა სწორედ „მადლობა“ არის. იმიტომ, რომ არსებობს ბოდიში, რომელიც გულს ამსუბუქებს... და არსებობს მადლობა, რომელიც ადამიანს საკუთარ თავთან აბრუნებს. თავი 18 ივლისის მიწურულის თბილისი მძიმე, ჩახუთული ჰაერით სუნთქავდა. ქალაქის თავზე ასფალტისა და მტვრის ცხელი ორთქლი ეპყრა, რომელიც საღამოობითაც კი არ გრილდებოდა. იმ საუბრიდან, როცა ნიცამ თავისი ხმაურიანი სტატია „ნიჭიერების მახე“ გამოაქვეყნა და ლუკამ ღამით ტელეფონით მადლობა გადაუხადა, უკვე ოთხმა დღემ გაიარა. იმ ოთხ დღეში მათ შორის არსებული უხილავი ბარიერები თითქოს დაინგრა, მაგრამ ახალმა, ბევრად უფრო დიდმა და უცნობმა შიშმა დაიკავა მისი ადგილი. ხუთშაბათს, დილის ცხრა საათზე, სპორტული ჰოლდინგის რედაქციაში ყავის მძაფრ სურნელსა და კონდიციონერის გუგუნს უეცარი, ელექტრონული ალიაქოთი შეერია. ნიცა თავის კუთხეში იჯდა, ყურსასმენებში ჩემპიონთა ლიგის მატჩის ტაქტიკურ ანალიზს უსმენდა და გრაფიკებზე მუშაობდა, როცა გვერდითა მაგიდიდან უფროსი კოლეგის ხმამაღალი შეძახილი გაისმა: — ბიჭებო, იტალიიდან ოფიციალური წერილი შემოვიდა! „ტორინოს“ სკაუტებმა „დინამოს“ ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნეს! ნიცას თითები კლავიატურაზე გაეყინა. გული უცებ ყელში მოებჯინა. მთელი ოფისი წამებში ფეხზე დადგა. მთავარი რედაქტორი კაბინეტიდან ჭიქით ხელში გამოვარდა, მონიტორებთან ჟურნალისტები ჯგუფ-ჯგუფად შეიკრიბნენ. — ნახევარი მილიონი ევრო გამოსასყიდი! — სერია A-ში მიდის! 21 წლის ბიჭი ტურინში! — სასწრაფოდ დაწერეთ ნიუსი, სათაურით: „ქართველი ტალანტი იტალიას იპყრობს!“ ნიცა უხმოდ უყურებდა ეკრანს, სადაც საინფორმაციო სააგენტოების ლენტაზე უკვე წითლად ციმციმებდა ექსკლუზიური ამბავი. ლუკას მისთვის ჯერ არაფერი ეთქვა. ნიცას გულწრფელად ეწყინა. ეგონა, რომ ამდენი განცდის შემდეგ, პირველი სწორედ ის გაიგებდა. მაგრამ სპორტული მედიის რეალობამ დაასწრო: მან ეს ამბავი უცხო კოლეგების აჟიოტაჟიდან, მშრალი ნიუსის სახით შეიტყო. შუადღისას ნიცამ უნივერსიტეტისკენ გადაუხვია. თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში ჩრდილი ძლივს იპოვებოდა. ის თავის ყოფილ ლექტორს, სპორტული ჟურნალისტიკის პროფესორ ალექსანდრეს შეხვდა, რომელიც ძველი სკოლის რეპორტიორი იყო და ყოველთვის აფასებდა ნიცას ანალიტიკურ აზროვნებას. — ვხედავ, შენი სტატიის ვნებები ჯერ არ ჩამცხრალა და უკვე ახალი აფეთქება გვაქვს, — გაეღიმა პროფესორს, როცა ეზოში ხის სკამზე ჩამოხდნენ. — ტორინო... დიდი კლუბია, ნიცა. დიდი ისტორიით და უზარმაზარი წნეხით. — პროფესორო, მგონი ძალიან სწრაფად ხდება ყველაფერი, — თქვა ნიცამ და ხელები ნერვიულად გადააჭდო ერთმანეთს. — ჯერ კიდევ გუშინ მასზე ამბობდნენ, რომ ვარსკვლავურმა დაავადებამ შეპყრო, დღეს კი უკვე იტალიაში უშვებენ. არავინ ეკითხება, თავად არის თუ არა მზად. ალექსანდრემ სათვალე მოიხსნა, თითებით დაიმასაჟა თვალები და ნიცას სერიოზულად შეხედა: — ჟურნალისტიკაში ტაქტიკური სქემები და xG მაჩვენებლები კარგია, ნიცა, შენ ეს ფანტასტიკურად იცი... მაგრამ არასოდეს დაივიწყო მთავარი. სპორტი მშრალი ციფრები და ტრანსფერები კი არ არის, სპორტი ადამიანური დრამაა. ლუკა ახლა იმ ზღვარზე დგას, სადაც ან დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება, ან სისტემა გადაყლაპავს. შენი როლი კი ისაა, რომ რეალობის შეგრძნება არ დაუკარგო. **** „დინამოს“ ოფიციალურ აპარატამენტებში სრულიად სხვა, ძვირადღირებული სიჩუმე და წნეხი სუფევდა. დიდ, მინის სათათბირო მაგიდასთან კლუბის გენერალური დირექტორი, ლუკას აგენტი და თავად ლუკა სხედან. ჰაერში ძვირადღირებული სიგარეტის კვამლი და კონდიციონერის ყინულივით ცივი ჰაერი რიალებდა. — ლუკა, ეს შენი ცხოვრების შანსია, — დირექტორმა მაგიდაზე იტალიური კლუბის ოფიციალური ბლანკი დადო. „Torino FC“-ის ემბლემა თეთრ ფურცელზე მკაფიოდ ჩანდა. — ციფრები სოლიდურია. კლუბიც კარგ პროცენტს იღებს და შენი ხელფასიც აქაურზე ხუთჯერ მეტი იქნება. ხვალვე შეგვიძლია მოლაპარაკების ფინალურ ეტაპზე გადასვლა. ლუკამ აგენტს გადახედა. ის ცივად უყურებდა ტაბლეტში გახსნილ ბონუსების ცხრილს, თითები სწრაფად გადაჰყავდა კალკულატორზე და თვალებში მხოლოდ ციფრები ედგა. ლუკა ხვდებოდა ამ ადამიანებისთვის ის აღარ იყო მოთამაშე, რომელსაც მოედნის გენიალური ხედვა ჰქონდა და 3 სვლით წინ ხედავდა სივრცეს. ის გახდა „პროდუქტი“, რომლის სწრაფად და სარფიანად გაყიდვაც ყველას აწყობდა. — კონტრაქტი სამწლიანია, — დაამატა აგენტმა და კალამი მაგიდაზე გაასრიალა. — პლუს ბინას და მანქანას ტურინში კლუბი სრულად უზრუნველყოფს. მთავარია, ახლა არ აკანკალდე, ზედმეტი ფიქრი არ დაიწყო და ხელი მოაწერო. ლუკამ თვალი გადაავლო დოკუმენტს. სერია A. ოცნება, რომელზეც პატარაობაში, ტელევიზორთან დამჯდარი ოცნებობდა, ახლა მის წინ ეწერა. მაგრამ იმ მაგიდასთან ის ვერ გრძნობდა სიხარულს. გრძნობდა მხოლოდ გაუცხოებას და მძიმე ტვირთს. შეხვედრის შემდეგ ლუკა გასახდელში წავიდა. ვარჯიში უკვე დამთავრებულიყო, მაგრამ ნაკრებისა და კლუბის მეკარე, დათო ახალაია, ჯერ კიდევ იქ იყო, ბურთს თითებზე ატრიალებდა და თავისთვის რაღაცას ღიღინებდა. — ოჰ, სერია A-ს ვარსკვლავს გამარჯობა! — შესძახა დათომ იუმორით, თუმცა ლუკას დაძაბული სახე რომ დაინახა, ტონი მაშინვე შეიცვალა. — ჰე, რა ხდება? აგენტმა თავი მოგაბეზრა? — დათო, არ ვიცი... — ლუკა სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. — ყველაფერი ისე სწრაფად ხდება. თითქოს ჩემს ცხოვრებას სხვები მართავენ. — ეი, დამშვიდდი, — დათომ ბურთი გვერდით გადადო და მხარზე ხელი დაარტყა. — შენ მოედანზე სამი სვლით წინ ხედავ სივრცეს, არა? ჰოდა, ახლაც ისე შეხედე ამ ამბავს, როგორც მატჩს. შენ იტალიაში ფულის გამო კი არ მიდიხარ, არამედ იმისთვის, რომ აჩვენო, ვინ ხარ. გასახდელის შიშები და აგენტების ბლა-ბლა-ბლა გვერდზე გადადე. *** იმავე საღამოს დათო სალომეს შეხვდა კაფეში. სალომე, რომელიც მოდის მიმართულების ჟურნალისტი გახდა და ფეხბურთის წესებიც კი ძლივს იცოდა, დათოს გამო ბოლო დროს სულ სპორტულ ამბებს უსმენდა. — იცი, ნიცა ძალიან განიცდის, — თქვა სალომემ და ყავა მოსვა. — ლუკას წარმატება უხარია, მაგრამ ხვდება, რომ იტალია მათ დააშორებს. — ჰო, ლუკაც აჭრილია, — ამოოხრა დათომ. — მაგრამ თუ მართლა ერთმანეთისთვის არიან, ათასი კილომეტრი რას უზამს? მთავარია, ლუკამ იქ თავი არ დაკარგოს. *** საღამოს ნიცა სახლში დაბრუნდა. მის მისაღებ ოთახში უკვე ტრადიციული „საფეხბურთო შაბაში“ იდგა. მისმა უფროსმა ძმამ, გიორგიმ, ტელევიზორი ბოლო ხმაზე ჩართო, სადაც სპორტული გადაცემა გადიოდა. მის გვერდით თიკა მისაღებში თეფშებს აწყობდა, ხოლო დათუნას იატაკზე პატარა ბურთს მოაგორებდა და „გოლს“ ყვიროდა. — ნიცა! მოხვედი? — გიორგიმ დივანიდან გადაძახა, თვალები უბრწყინავდა. — ნახე ახალი ამბები?! ტორინოო, ბიჭო! იტალია! მართალია, მწარე გამოცდილებები გვახსოვს ნაკრების ბიჭების უცხოეთში წასვლის... ხან სკამზე სვამდნენ, ხან ენის ბარიერი ექმნებოდათ... მაგრამ ეს ლუკაა! ამ ბიჭს მოედნის ისეთი ხედვა აქვს, იტალიელები ტაქტიკაში ვერ აჯობებენ! — გიორგი, ცოტა დაუწიე, ბავშვი გადარიე, — გაეღიმა თიკასს და ნიცას გადახედა. — რაღაც უცნაური სახე გაქვს, ნიცა. მშვიდობაა? — ჰო, თიკა... უბრალოდ დავიღალე, — თქვა ნიცამ და ძმას შეხედა. გიორგი ძველი სკოლის ფანი იყო. ახსოვდა ნაკრების ყველა მწარე წაგება, ხშირად სკეპტიკურად უყურებდა ახალგაზრდებს, მაგრამ ახლა, გულის სიღრმეში, ბავშვივით უხაროდა ლუკას წარმატება. — იცი, რა არის? — თქვა გიორგიმ და ლუდით სავსე ჭიქა მაგიდაზე დადო. — თუ წავა, იქ სულ სხვა დონეა. მაგრამ აქეთ ვინ რჩება? ნაკრებს სჭირდება ლუკა, მაგრამ ლუკას სჭირდება იტალია. ნიცა თავის ოთახში შევიდა, კარი მიხურა და საწოლზე ჩამოჯდა. მან ფანჯრიდან გადახედა ქალაქს. თბილისი, რომელიც აქამდე ასე დიდი ეჩვენებოდათ, უეცრად პატარა, ავი და ჩახუთული გახდა. *** საღამოს ლუკას სახლში სიჩუმე ჩამოწოლილიყო. კოტე აივანზე იჯდა, ძველ, ხის სკამზე და სიგარეტს ეწეოდა. მისი მუხლი, რომელმაც 90-იანებში მძიმე ტრავმის გამო კარიერა დაუნგრია, ამინდის ცვლილებაზე ისევ ყრუდ ტკიოდა. ლუკა აივანზე გავიდა და მამის გვერდით დადგა. — მამა, იცი ხომ? — ვიცი, — კოტემ ბოლი ჰაერში გაუშვა. არც გაღიმებულა და არც ემოცია გამოუხატავს. — არაფერს იტყვი? კლუბში ყველას უხარია. აგენტი ამბობს, რომ შანსი არ უნდა გავუშვა. კოტემ ნელა მოაბრუნა თავი. შვილს შეხედა, იმ მკაცრი, დაღლილი თვალებით, რომელშიც სიყვარულთან ერთად მუდმივი შიში ეწერა. — იტალია სხვა სამყაროა, ლუკა, — თქვა კოტემ დინჯად, დაბალი ხმით. — იქ არავინ დაგიწყებს ლოდინს, სანამ გუნდს შეეჩვევი ან ხასიათზე დადგები. იქ არავის აინტერესებს, რომ თბილისში „ტალანტი“ იყავი. ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად თუ ხასიათი არ გეყო, უბრალოდ შეგჭამენ. სკამზე დასვამენ და ორ თვეში დაგივიწყებენ. ლუკამ თავი დახარა. მამის სიტყვები მწარე იყო, მაგრამ ყველაზე გულწრფელი იმ აურზაურში, რაც მის ირგვლივ ტრიალებდა. — მე არ გეუბნები, არ წახვიდე-მეთქი, — განაგრძო კოტემ და ხელი შვილის მხარს დაადო. — მე გეუბნები, რომ თუ მიდიხარ, ბავშვობა აქ უნდა დატოვო. შენი მუხლები, შენი ხასიათი და შენი გული შენივე დასაცავი გახდება. მზად ხარ ამისთვის? *** საღამოს თერთმეტ საათზე ლუკამ და ნიცამ ვაკის პარკის სიღრმეში, წყნარ ხეივანში შეხვედრა გადაწყვიტეს. ქალაქი ნელ-ნელა ცხრებოდა. ლამპიონების ყვითელი შუქი ხეების შრიალა ფოთლებში იბნეოდა. ნიცა სკამზე იჯდა, ქურთუკის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ლუკა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და გვერდით ჩამოჯდა. რამდენიმე წუთი არცერთს არაფერი უთქვამს. მხოლოდ შორიდან ისმოდა ჭრიჭინების ხმა და მანქანების სუსტი გუგუნი. — არ გითქვამს, — თქვა ნიცამ პირველმა. ხმაში საყვედური არ ერია, მხოლოდ მსუბუქი, მალული სევდა. — დღეს დილით გამომიძახეს... ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, თავადაც ვერ გავიაზრე, — ჩუმად უპასუხა ლუკამ. — აგენტი, დირექტორი, ციფრები... ყველას უხარია. მამაჩემის გარდა. — და შენ? შენ გიხარია? ლუკამ ნიცას შეხედა. ნიცას თვალებში ისევ ის ჭკვიანური, გამჭოლი მზერა იდგა, რომელიც მის შინაგან სამყაროს პირდაპირ კითხულობდა. — მეშინია, — თქვა ლუკამ გულწრფელად. — მეშინია, რომ იქ უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი ლეგიონერი გავხდები. და მეშინია იმის... რაც აქ რჩება. ნიცამ პასუხად ოდნავ გაიღიმა, თუმცა თვალები აუწყლიანდა. — შენ არ იქნები ჩვეულებრივი. შენი მოედნის ხედვა იტალიაშიც იგივე იქნება. უბრალოდ... იქ ათასობით კილომეტრი იქნება ჩვენ შორის. ორივემ გააცნობიერა ეს უხილავი კედელი. ნიცას კარიერა თბილისში ახლა იწყებდა აფეთქებას — ჰოლდინგი, ტაქტიკური ანალიზები... ნიცა ვერ მიატოვებდა თავის გზას. ლუკა კი ტურინში მიდიოდა. — რა იქნება ხვალ? — ჰკითხა ლუკამ და ნიცას ხელი ნელა შეეხო. — ხვალ... შენ იტალიაში გაფრინდები, ითამაშებ და დაამტკიცებ, რომ ის სტატია ტყუილად არ დამიწერია, — უპასუხა ნიცამ და ლუკას თითები თავისაში მოიქცია. — ხოლო მე აქედან დავწერ შენზე. ისე, როგორც არავინ არასდროს. გვიან ღამით, თავის ოთახში დაბრუნებული ლუკა საწოლზე იწვა. ტელეფონის ეკრანზე „ტორინოს“ სტადიონის, „სტადიო ოლიმპიკო გრანდე ტორინოს“ ფოტო ჰქონდა გახსნილი. პარალელურად კი, ეკრანის ქვედა კუთხეში ნიცას შეტყობინება აციმციმდა: „როცა არ უნდა გაფრინდე, მჯერა შენი.“ ლუკამ თვალები დახუჭა. მან იცოდა, რომ დიდ ფეხბურთში შესვლა დიდ მსხვერპლს ითხოვდა. კონტრაქტი მაგიდაზე იდო, კალამი მზად იყო. მაგრამ იმ ღამით მან პირველად იგრძნო, თუ რა მძიმე შეიძლება იყოს ოცნების ასრულების ფასი. თავი 19 ღამე თბილისზე ისე ჩამოწვა, როგორც მძიმე, ხავერდოვანი ფარდა დიდი სპორტული წარმოდგენის შემდეგ. ქალაქი ჯერ კიდევ ეიფორიის ვიბრაციით სუნთქავდა: ტელეეკრანების ცივი შუქი აეროპორტის კადრებს ატრიალებდა, გაზეთების სათაურები აპლოდისმენტებისგან გუგუნებდნენ, ქვედა სტრიქონზე კი, როგორც განჩინება, ეწერა — „იტალიური ოცნება იწყება.“ ათასობით ადამიანი მსჯელობდა ლუკას მომავალზე, მის სათამაშო წუთებსა და ახალ ნომერზე, და არავის უფიქრია, რომ ამ დიდ მომავალამდე ჯერ კიდევ რჩებოდა დრო, რომელსაც არც ერთი ფოტოკამერა არ აღბეჭდავდა, მაგრამ ყველაფერს შეცვლიდა იმ დღის განმავლობაში ლუკას ტელეფონი თითქმის არ დადუმებულა: ინტერვიუები, კლუბის წარმომადგენლები, საბუთები, სავიზო დოკუმენტები, სამედიცინო შემოწმების დეტალები. აგენტი უკვე მეხუთედ ურეკავდა. — ხვალ დილით ათ საათზე აეროპორტში იყავი. იტალიელებიც იქნებიან. არ დააგვიანო. — კარგი. — და კიდევ... ხვალიდან ყველაფერი სხვანაირად დაიწყება. ლუკას გაეღიმა. — იმედია. აგენტმა ვერც კი შეამჩნია, რამდენად დაღლილი, თითქმის გამოფიტული იყო ლუკას ღიმილი *** ნიცა ჰოლდინგის ოფისში ბოლო ტექსტს ასწორებდა. რედაქტორმა მხარზე ხელი დაადო. — დღეს აღარ დარჩე. — კიდევ ორი აბზაცი... — არა. ხვალიდან ისედაც მთელი იტალია გექნება საწერი, წადი, დაისვენე. ნიცამ ლეპტოპის დახურვისას პირველად იგრძნო, რომ დაღლილობაზე მეტად მასში უცნობი, უხმო შიში ფესვგადგმულიყო. ოფისიდან გამოსვლისთანავე სალომემ დაურეკა. — სად ხარ? — სახლში მივდივარ. — ნუ წახვალ, გამოდი. — არ მინდა. — ვიცი, რომ არ გინდა, ამიტომაც უნდა გამოხვიდე დათოც იქნება და ლუკაც. ოცი წუთის შემდეგ ოთხივე ისევ ერთად იჯდა იმავე პატარა კაფეში სადაც სულ დადიოდნენ ხოლმე. დათო ჩვეული განწყობით ცდილობდა, მძიმე ატმოსფერო გაეფანტა. — ლუკა, იტალიაში თუ დაგავიწყდება ქართული, პირობას გაძლევ, პირველივე თვითმფრინავით ჩამოვალ და ყურს აგიწევ. — ჯერ თვითონ ისწავლე იტალიური. გაეცინა ლუკას. — "პიცა", "პასტა" და "გრაციე" ვიცი, მეტი რა უნდა? სალომემ სიცილი ვეღარ შეიკავა. — შენ მარტო საჭმლის შეკვეთა თუ გამოგივა. — მთავარია, მშიერი არ დავრჩე. რამდენიმე წამით ყველამ გაიცინა. ნიცა უყურებდა მათ. დათოს და სალომეს ერთმანეთისთვის გაცვლილმზერებს, ისე ბუნებრივად იყვნენ ერთად, თითქოს ამას ვერც ამჩნევდნენ. სალომე უკვე აღარ იმალებოდა, როცა დათო მხარზე ხელს გადახვევდა, დათოც აღარ ერიდებოდა, ეს აღარ იყო ფლირტი. ეს უკვე ურთიერთობა იყო, რომელზეც სახელის დარქმევა მხოლოდ დროის საკითხი იყო. — მე წავალ. უცებ თქვა ლუკამ. — საქმე მაქვს. დათომ მაშინვე გაუღიმა. — საქმე? — ჰო. — რა საქმე? ლუკამ ნიცას გახედა. სალომემ მაშინვე ყველაფერი გაიგო. — კარგი...ჩვენც წავალთ. დათომ წარბი ასწია. — სად? სალომემ ფეხი ჩუმად მიარტყა. — წამოდი, მერე აგიხსნი. — აუ...გასაგებია. დათომ სიცილით წამოდგა. — წარმატებები, ახალგაზრდებო. ლუკამ თავი გადააქნია. — გადაშენება არ გიწერია. *** თბილისიდან მცხეთამდე გზა ყოველთვის მოკლე იყო. მაგრამ იმ საღამოს ორივეს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ქალაქს კი არა... საკუთარ ცხოვრებას შორდებოდნენ. მანქანაში რადიო გამორთული იყო. არც ფეხბურთზე საუბრობდნენ, არც იტალიაზე. არც მომავალზე, უბრალოდ მუსიკას უსმენდნენ. მდინარის პირას ჩავლილმა ქარმა ფანჯრიდან შემოაღწია. ჰაერში აგვისტოს სითბო და წყლის სუნი ირეოდა. მტკვრისა და არაგვის შესართავთან ღამის სიგრილე ქროდა. ზემოთ, დაბურულ მთაზე, ჯვრის მონასტერი ოქროსფრად განათებულიყო და უძველესი მცველივით გადაჰყურებდა არემარეს. სვეტიცხოვლის ეზოს მიმდებარე ძველ, ქვაფენილიან ქუჩებში სიჩუმეს მხოლოდ ფოთლების შრიალი და შორიდან მოღწეული მდინარის ხმაური დარღვევდა. აქ არ იყო სტადიონის განათება, არც გულშემატკივრების შეძახილები და არც პრესის ყურადღება. ეს იყო საღამო, რომელიც სრულიად მოწყვეტილი გახლდათ დიდ საფეხბურთო სამყაროს. ლუკამ მანქანა ძველი ეკლესიის მიმდებარედ, წყნარ ხეივანში გააჩერა. ნიცა გვერდით ეჯდა, თავი სავარძელზე მიეყრდნო და ფანჯრიდან იყურებოდა. მთელი ამ დღეების განმავლობაში, რაც სატრანსფერო ციებ-ცხელება დაიწყო, ისინი პირველად იყვნენ სრულიად მარტო. არც დათოს იუმორი, არც გიორგის ემოციური მსჯელობები, არც კოტეს მკაცრი დარიგებები და არც ჟურნალისტური ჰოლდინგის ქაოსი. ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და ნელი ნაბიჯით გაჰყვნენ მდინარისკენ მიმავალ ბილიკს. ცაზე ვარსკვლავები ისე მკაფიოდ კაშკაშებდნენ, თითქოს ხელით შეხებაც კი შეიძლებოდა. ჯვრის მონასტერთან თითქმის აღარავინ იყო, ტურისტები დიდი ხნის წასულები იყვნენ. ძველი ქვები ღამის სინათლეში უფრო ნაცრისფერი ჩანდა, მთელი მტკვრისა და არაგვის შესართავი ქვემოდან მშვიდად ანათებდა. ლუკა და ნიცა ნელა მიდიოდნენ ქვის ბილიკზე, ერთმანეთის გვერდით. მაგრამ უხმოდ. მონასტრის კედელთან ჩამოსხდნენ. — აქ ისეთი სიჩუმეა... თითქოს სამყარო გაჩერდა, — ჩუმად თქვა ნიცამ. მან თხელი სვიტრის სახელოები მაღლა ასწია და ღამის გრილ ჰაერს სახე შეუშვირა. — ზუსტად ეს მჭირდებოდა, — უპასუხა ლუკამ. მან ნიცას ხელი მოძებნა და თითები ერთმანეთში გადახლართეს. — უცნაურია... ჩუმად თქვა ნიცამ. — რა? — პირველად ვართ ერთად როცა ფეხბურთზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ. ლუკას გაეცინა. — ცუდია? — არა, მგონი, პირიქით. რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადადგეს. ზემოთ ცა უჩვეულოდ სუფთა იყო, ვარსკვლავები ისე ჩანდა, თითქოს ბავშვობაში დახატულ ცას ჰგავდა. მათ წინ არაგვი მიედინებოდა, წყლის ზედაპირზე მთვარის ირმლიპლემი ირეკლებოდა. ნიცამ ლუკას შეხედა. მისი თვალები ღამის შუქზე უჩვეულოდ სიღრმისეული და წრფელი ჩანდა. — იცი... თქვა ლუკამ. — როცა პატარა ვიყავი...მეგონა, თუ ფეხბურთელი გავხდებოდი, მერე აღარაფრის შემეშინდებოდა. — და ახლა? - ჰკითხა ნიცამ — ახლა ყველაზე მეტად მეშინია. — რისი? ლუკამ პასუხი მაშინვე ვერ გასცა. — იმის...რომ ერთ დღეს უკან მოვიხედო...და აღმოვაჩინო, რომ ყველაფერი დავკარგე. — ყველაფერში რას გულისხმობ? — ადამიანებს. სიჩუმე ჩამოვარდა. ნიცას მისი ხმა არასოდეს სმენოდა ასეთი დაუცველი, ასეთი გაშიშვლებული. ლუკა მიდიოდა იქ, სადაც არავინ ეგულებოდა — არც ოჯახი, არც მეგობრები... არც ნიცა. — იტალიაში წახვალ. თქვა ბოლოს. — შეიძლება ძალიან დაკავებული გახდე, შეიძლება საერთოდ ვეღარ მოახერხო დარეკვა, შეიძლება თამაშები გქონდეს, შეიძლება... სიტყვა ვეღარ დაასრულა. ლუკა მიხვდა. — გეშინია? ნიცას არ დაუმალავს. — ძალიან. — ჩემი დაკარგვის? თავი დაუქნია. — ჰო. ლუკამ ღრმად ამოისუნთქა. — მეც. ნიცამ გაკვირვებით შეხედა. — შენ? ქარმა ნიცას თმა სახეზე ჩამოაშალა. ლუკამ თითები ფრთხილად შეახო მის ლოყას — ეს შეხება იმდენად ნაზი და ხანგრძლივი აღმოჩნდა, რომ დრო თითქოს საერთოდ გაჩერდა. — ჰო, — გახსოვს? ჩუმად ჰკითხა ნიცამ. — რა? — ჩვენი პირველი ინტერვიუ. ლუკას გაეცინა. — როგორ არ მახსოვს, იმ დღეს ვფიქრობდი..რა ჯიუტი ჟურნალისტია-მეთქი. — მე კი ვფიქრობდი...რა აუტანელი ფეხბურთელია-მეთქი, ორივეს გაეცინა. — მერე? იკითხა ლუკამ. — როდის შეიცვალა? ნიცა ჩაფიქრდა. — ალბათ...იმ დღეს, როცა პირველად მომიყევი, სინამდვილეში რამდენად გეშინოდა. ლუკამ თავი დახარა. — შენ? — როცა პირველად დავინახე...რომ მოედანს მიღმაც იგივე ადამიანი იყავი, არა ის, ვისზეც სტატიებს ვწერდი, არამედ...ლუკა. კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა მაგრამ ამჯერად უხერხული აღარ ყოფილა, მყუდრო იყო, როგორც ძველი ქართული ეზო ზაფხულის საღამოს, როგორც სოფელში აგვისტოს ღამე. როგორც ფეხბურთელის ცხოვრება იმ წუთებში, როცა სტადიონი ცარიელია. — ნიცა... — ჰო? — რა უნდა მოხდეს...რომ ერთმანეთი დავკარგოთ? კითხვა იმდენად მოულოდნელი იყო, ნიცას პასუხი მაშინვე არ ჰქონდა. რამდენიმე წამი მხოლოდ ვარსკვლავებს უყურებდა. შემდეგ ჩუმად თქვა: — თუ ჩვენ თვითონ არ მოვინდომებთ, სხვა ვერავინ შეძლებს. ლუკას თვალებში სიმშვიდე გაჩნდა. — იტალია ქვეყანაა და არა ადამიანი, — თქვა ნიცამ ხმის კანკალით, მაგრამ დარწმუნებით, — ის ჩვენს შორის ვერ დადგება, თუ ჩვენ არ დავაყენებთ. ლუკამ ნელა ხელი გაუწოდა, ნიცამ უყოყმანოდ ჩაკიდა. ორივეს ხელები ოდნავ უკანკალებდა. — იცი...- თქვა ლუკამ.— ძალიან უცნაურია, ხვალ ათასობით კილომეტრით შორს ვიქნები, მაგრამ ახლა მგონია, რომ ყველაზე ახლოს შენთან ვარ. ნიცას თვალები აუწყლიანდა. — ალბათ იმიტომ..რომ პირველად არაფერს ვმალავთ, არც შიშს და არც გრძნობებს. ლუკა მისკენ ოდნავ გადაიხარა. — ერთი რაღაც უნდა გითხრა. — გისმენ. — რაც არ უნდა მოხდეს... რამდენი გოლიც არ უნდა გავიტანო, რამდენი ტრიბუნაც არ უნდა მიკრავდეს ტაშს... შენ ყოველთვის ჩემი სახლი იქნები, — ჩურჩულით თქვა ლუკამ. ნიცას თვალებში ცრემლმა გაობლა და ლოყაზე ჩამოუგორდა. — მაშინ შენც იცოდე... სადაც უნდა წამიყვანოს ცხოვრებამ და რამდენიც არ უნდა გაგაკრიტიკო, ეს არასოდეს იქნება იმიტომ, რომ შენს წინააღმდეგ ვარ. შენ ჩემი ნაწილი ხარ. ლუკამ თავი გააქნია. — იცი, რაზე ვფიქრობდი? — თქვა ლუკამ და ცას გახედა. — სანამ შენ გამოჩნდებოდი, მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება მხოლოდ იმ 90 წუთით განისაზღვრებოდა, რასაც მინდორზე ვატარებდი. თუ თამაში არ წამივიდოდა, მეგონა, რომ არაფერი ვიყავი. შენ კი... შენ დამანახე, რომ მოედნის მიღმაც არსებობს სამყარო. ნიცას გაეღიმა, თავი ლუკას მხარს მიადო და მისი ხელი თავისაში უფრო მჭიდროდ მოიქცია. — შენ უბრალოდ იმალებოდი, ლუკა. შენს ნიჭს ეფარებოდი, რადგან გეშინოდა, რომ თუ ვინმე შენს სულში ჩაიხედავდა, იმ მოწყვლადობას დაინახავდა, მამაშენს რომ ასე ეშინია. მაგრამ შენი ძალა ზუსტად მაგ გრძნობებშია. — და შენში, — დაამატა ლუკამ დაბალი, ოდნავ ჩახრიწული ხმით. — შენ გახდი ჩემი ხედვა. მოედანზეც და მოედნის მიღმაც. ეს სიტყვები ქარში ნელა გაიფანტა. ნიცას გული აუჩქარდა. იმ ღამით, ვარსკვლავებით მოჭედილი მცხეთის ცის ქვეშ, განშორების შიში სადღაც გაქრა. დარჩა მხოლოდ აწმყო — ორი ადამიანის სრული შეგრძნება და სიახლოვე. ლუკამ ნელა მოაბრუნა თავი, ნიცას სახე ხელებში მოიქცია. თითები ნიცას ლოყას ნაზად შეეხო. ნიცამ თვალები არ დახუჭა, პირდაპირ ლუკას გუგებში იყურებოდა, სადაც მთვარის ათინათი და უსაზღვრო სითბო კრთოდა. ლუკამ ნელა მიიწია მისკენ, მათი შუბლები ჯერ ერთმანეთს შეეხო, შემდეგ ძალიან ფრთხილად, ძალიან ნელა, მათი ტუჩები შეხვდა ერთმანეთს. კოცნა იყო საოცრად ნაზი, დინჯი და სიღრმისეული — თავისუფალი ყოველგვარი სიჩქარისგან, შიშისგან და გარესამყაროს ხმაურისგან. ეს იყო აღიარება, რომელსაც სიტყვები არ სჭირდებოდა. კოცნა, რომელმაც ორ ადამიანს შორის არსებული ყველა მანძილი და დროის ბარიერი წინასწარ გააუქმა. არაგვის ხმაური ნელა ერწყმოდა ღამის სიჩუმეს. ზემოთ, ჯვრის მონასტერი კვლავ უხმოდ ანათებდა, თითქოს ლოცავდა ამ წამს, რომელიც საუკუნოდ უნდა დარჩენილიყო მათ მეხსიერებაში. დიდხანს ისხდნენ ასე, ერთმანეთზე მიხუტებულები. ლუკას მკლავებში მოქცეული ნიცა უყურებდა ვარსკვლავებს და პირველად იგრძნო, რომ შიში გაქრა. მათ იცოდნენ, რომ ხვალ ისევ დაიწყებოდა სატრანსფერო ქაოსი, ზარები, პრესკონფერენციები და ბარგის ჩალაგება. იცოდნენ, რომ წინ აეროპორტი და ათასობით კილომეტრი ელოდათ. მაგრამ იმ ღამით, მცხეთის ჩუმ ხეივანში, მათ იპოვეს ის, რასაც ვერცერთი კონტრაქტი ვერ იყიდდა და ვერცერთი დისტანცია ვერ წაშლიდა. როცა მანქანისკენ წავიდნენ, ლუკამ ნიცას კარი გაუღო, ხელი ხელს გადაახვია და სანამ საჭესთან დაჯდებოდა, კიდევ ერთხელ გადახედა განათებულ ჯვარს. — მზად ხარ? — ჰკითხა ნიცამ გაღიმებით. — ახლა — კი, — უპასუხა ლუკამ, ნიცას აკოცა და ძრავა ჩართო. მანქანა ნელა დაშორდა ძველ ეკლესიას, თუმცა იმ ღამის სიჩუმე და ვარსკვლავები მათ გულებში სამუდამოდ ჩაიბეჭდა. თავი 20 აგვისტო თბილისი უკვე მოთმინებას კარგავდა. ჰაერი მძიმე იყო. ქალაქი ისევ იმავე ხუთვასა და მოუთმენლობაში იძირებოდა, თითქოს თვითონაც გადაღლილიყო საკუთარი სიცხით. ზუსტად ისე, როგორც ლუკა, თითქოს გარედან ისევ იგივე იყო.მაგრამ შიგნით...შიგნით ყველაფერი ირეოდა. "ტორინოს" ოფიციალური შეთავაზებიდან ერთი კვირა იყო გასული. ყველა ფიქრობდა, რომ ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილი იყო, მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, საბუთებიც გვარდებოდა, მაგრამ ფეხბურთში ყველაზე რთული ნაწილი ხშირად მაშინ იწყება, როცა ყველას ჰგონია, ყველაფერი დასრულებულია. ერთ დღეს იტალიური მედია წერდა: "ტრანსფერი უახლოეს 48 საათში დასრულდება." მეორე დღეს ქართულ საიტებზე ახალი სათაურები ჩნდებოდა: "მოლაპარაკებები შეფერხდა." "აგენტი დამატებით ბონუსებს ითხოვს." "დინამო თანხის გაზრდას ელოდება." "ტორინო ალტერნატიულ კანდიდატს აკვირდება." ყოველ დილით ახალი ჭორი იბადებოდა. ყოველ საღამოს — ახალი უარყოფა. ლუკას უკვე აღარ ესმოდა, რომელი ინფორმაცია იყო მართალი. აგენტი ერთს ეუბნებოდა. დირექტორი — მეორეს. იტალიური ჟურნალისტები — მესამეს. სოციალური ქსელები — მეოთხეს. მხოლოდ კონტრაქტი ისევ ხელმოუწერელი იდო. — ერთი ხელმოწერის ამბავია.- ამბობდა აგენტი. — ფინანსური დეტალები რჩება. მაგრამ ეს "ერთი ხელმოწერა" ყოველდღე უფრო შორს მიდიოდა. დაძაბულობა ვარჯიშებზეც იგრძნობოდა. პირველად თემურმა შენიშნა. ჩვეულებრივ, ლუკა ყველაზე ადრე გამოდიოდა მოედანზე, ბურთს იღებდა, რამდენიმე წუთი მარტო თამაშობდა, ახლა კი.., მოედანზე იყო, მაგრამ გონებით სადღაც სხვაგან. — ლუკა! თემურის ხმა მოედანზე გაისმა. ბურთი მისკენ უკვე მეორედ მოდიოდა, მაგრამ ვერ შეამჩნია. ბურთმა პირდაპირ ფეხს ჩაუარა. — სად ხარ? მკაცრად ჰკითხა მწვრთნელმა. — აქ. — არა, აქ არ ხარ. გუნდი უხერხულად გაჩუმდა. თემური მიუახლოვდა. — იტალია რომ დაიწყება...მაშინ იფიქრე იტალიაზე, სანამ აქ ხარ აქ ითამაშე. ლუკამ უხმოდ დაუქნია თავი. იცოდა, მწვრთნელი მართალი იყო. მაგრამ ფიქრების გაჩერება აღარ შეეძლო. საღამოს ვარჯიშის დასრულების შემდეგ დათო გასახდელში შევიდა. ლუკა უკვე სკამზე იჯდა, ბუცები ჯერ კიდევ არ გაეხადა.კედელს უყურებდა. — ლუკა. - დაუძახა დათომ, მაგრამ პასუხი არ გასცა შემდეგ დათომ გვერდით მიუჯდა. — ისეთი სახე გაქვს, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგე. ლუკას ოდნავ გაეღიმა. — მგონია, საერთოდ ვეღარ ვფიქრობ. — იმიტომ, რომ ბევრს ფიქრობ. — თუ არ შედგა? დათომ მაშინვე შეხედა. — რა? — ტრანსფერი, თუ არ გამოვიდა?თუ ბოლო წამს ჩაიშალა? თუ... — ეი. დათომ სიტყვა გააწყვეტინა. — იცი, ახლა რას ჰგავხარ? — რას? — მეკარეს, რომელსაც პენალტამდე ერთი საათით ადრე უკვე გოლი აქვს გაშვებული. ლუკამ შეხედა. დათოს გაეცინა. — ჯერ თამაში არც დაწყებულა, შე ჩემისა. *** მეორე დილით მედიაში ახალი "ექსკლუზივი" გამოქვეყნდა. "ტორინო მოთხოვნილ თანხას არ იხდის." ერთი საათის შემდეგ— "იტალიელებმა პირობები გააუმჯობესეს." სამი საათის შემდეგ— "ტრანსფერი საფრთხეშია." ნიცას უკვე ეღიმებოდა. რედაქციაში ყველა ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ვინ უფრო ხმაურიან სათაურს მოიფიქრებდა. — ნიცა. რედაქტორმა დაუძახა. — შენც დაწერე. — რა? — ტრანსფერზე. — ოფიციალური არაფერია. — ვიცი, მაგრამ ყველას შენგან აინტერესებს . ნიცამ თავი გააქნია. — მეც მაშინ დავწერ, როცა ოფიციალური გახდება. რედაქტორმა კმაყოფილმა გაუღიმა. — ამიტომაც მომწონს შენთან მუშაობა. *** შუადღეს სალომე ოფისთან მივიდა. ხელში ორი ცივი ყავა ეჭირა. — ვიცოდი, შესვენებაზე არც გახვიდოდი. ნიცას გაეღიმა. — მართალი ხარ. ორივე ოფისის აივანზე გავიდა, ქვემოთ ქალაქი ხმაურობდა. — როგორ არის?- იკითხა სალომემ. ნიცა მაშინვე მიხვდა. — ლუკა? — ჰო. — ცუდად არის, ეს გაურკვევლობა ძალიან ღლის. -ამოიოხრა ნიცამ რამდენიმე წამი ჩუმად იდგნენ. — იცი...- თქვა სალომემ. — დათოც ნერვიულობს.გუშინ მითხრა...თუ წავიდა, მის გარეშე სულ სხვანაირი იქნებოდა. ნიცას ყავა ხელში გაუშეშდა. აქამდე მხოლოდ საკუთარ განშორებაზე ფიქრობდა. არასოდეს უფიქრია, რომ ლუკას წასვლა სხვებისთვისაც დანაკლისი იქნებოდა. *** იმ საღამოს ვარჯიშის დასრულების შემდეგ დათომ ბურთი პირდაპირ ლუკას ესროლა. — აბა, ერთი ბოლო დარტყმა. ლუკამ ძლიერად დაარტყა. ბურთი ძელს მოხვდა. — ხედავ? გაეცინა დათოს. — ჯერ აქაც გაქვს საქმე. ლუკამ თავი გააქნია. — შენ ყველაფერი ხუმრობა გგონია. — იმიტომ, რომ თუ არ გავიხუმრეთ, გავგიჟდებით. რამდენიმე წამით გაჩუმდნენ. შემდეგ დათო მოულოდნელად წამოდგა, ლუკას ძლიერად ჩაეხუტა და ზურგზე ხელი დაჰკრა. — წადი, შე ჩემისა. ლუკას გაეცინა. — სად? — იტალია დაიპყარი.- შემდეგ ოდნავ მოშორდა.— და მე ბილეთები უფასოდ გამომიგზავნე ხოლმე. ორივეს სიცილი აუტყდა. — ძვირი ღირს. — აბა, რას ვმეგობრობ შენთან ამდენი წელია? იმ სიცილში რაღაც სევდიანი იყო. ორივემ იცოდა, რომ ერთად გატერებული დღეები ათვლას იწყებდა. ** სტადიონის მედია-სექტორში ნიცა მომავალი მატჩის პრესკონფერენციას აშუქებდა. ვარჯიში დასრულდა, ფეხბურთელები სათითაოდ გადიოდნენ. ლუკაც გამოჩნდა, შორიდანვე დაინახა, როგორ ეხუტებოდა დათო. ორივეს ეცინებოდა, მაგრამ დათოს თვალებში ისეთი სევდა ჩანდა, რომლის დამალვაც ვერ შეძლო. ნიცას გული მოულოდნელად მოეკუმშა. პირველად გააცნობიერა, რომ ეს აღარ იყო მხოლოდ ლუკას ტრანსფერი. ეს იყო ადამიანების დაშორება, გუნდიდან, ოჯახიდან, მეგობრებიდან. *** ღამე ნელა ჩამოწვა თბილისზე, მაგრამ შვება არ მოუტანია. ქალაქი ისევ იმავე ხუთვასა და მოუთმენლობაში იძირებოდა, თითქოს თვითონაც გადაღლილიყო საკუთარი სიცხით. ქუჩის ფარნების ყვითელ სინათლეში მტვრის მარცვლები ლივლივებდნენ. პატარა კაფის აივანზე მხოლოდ მაგიდის სანთელი იწვოდა, რომლის ალსაც აგვისტოს მძიმე, უძრავი ჰაერი რხევის საშუალებასაც კი არ აძლევდა. ლუკა და ნიცა ისევ იმ პატარა კაფეში შეხვდნენ, სადაც პირველად იჩხუბეს და შემდეგ შერიგდნენ. გარეთ ჯერ კიდევ ცხელოდა. ოფიციანტმა ორივეს შეკვეთა უკვე დაუკითხავად იცოდა. — ისევ ამერიკანო? ჰკითხა ნიცას. — ჰო. — თქვენ? ლუკას გახედა. — როგორც ყოველთვის. ოფიციანტი წავიდა. რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად იჯდა. ნიცას სევდიანად გაეღიმა. — გახსოვს? — რა? — ერთხელ მითხარი..."შენს გარდა ყველას ჩემგან რაღაც უნდა." ლუკამ თავი დაუქნია. — მახსოვს. — დღესაც იგივეა? მან ნელა მოჰკიდა ნიცას ხელს. — არა.დღეს უკვე ვიცი...რომ შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისთანაც ლუკა ვარ. — იცი, რაზე ვფიქრობდი? — ხმადაბლა თქვა ნიცამ და თითები ჭიქის ცივ მინას შეახო. — ყველაზე მეტად ქალაქის ხმაური მღლის. ყველა ლაპარაკობს. ყველა მსჯელობს. შენს ცხოვრებას დაფაზე შაშის ფიგურასავით გადაადგილებენ და არავინ კითხულობს, თვითონ ფიგურას რა სურს. ლუკამ ჩუმად ჩაიცინა. ეს არ იყო სიხარულის სიცილი, უფრო — თავდაცვის უნებლიე ჟესტი. — ფეხბურთში ასეა, ნიცა. როცა იგებ, ღმერთი ხარ. როცა ყოყმანობ — გადასაგდები ნივთი. მე უბრალოდ... დავიღალე. დავიღალე იმის მტკიცებით, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და არა მხოლოდ გვარი სატრანსფერო სიახლეების ზოლში. მან ხელები მაგიდაზე გაშალა. თითები ოდნავ უთრთოდა — არა შიშისგან, იმ დაძაბულობისგან, რომელიც მთელი ეს დღეები კუნთებსა და ძღვრებში ჰქონდა ჩაბუდებული. — დღეს დათო ჩამეხუტა, — განაგრძო ლუკამ და თვალი არიდებს ნიცას მზერას, შორს, დაბინდულ ქუჩას გახედა. — სიცილით მითხრა, იტალია დაიპყარიო. მაგრამ თვალებში... თვალებში ისეთი რამ ეწერა, რაც არცერთ პრესკონფერენციაზე არ ითქმება. მაშინ მიხვდი, რომ წასვლა მხოლოდ ჩემი ნაბიჯი არ არის. ეს არის ხიდების ჩატეხა იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ რჩება. ნიცამ ხელი გადაოსვა მაგიდას და ლუკას თითებს თავისი თითები გადააჭდო. სითბო, რომელიც ამ შეხებიდან წამოვიდა, ერთადერთი რეალური რამ იყო იმ ვირტუალურ ქარიშხალში, რომელიც მათ ირგვლივ ბობოქრობდა. — შენ ხიდებს არ ტეხ, ლუკა. შენ უბრალოდ გაღმა გადადიხარ. და ვინც მართლა თვლიდა, რომ შენი ნაწილი იყო, ის იმ ნაპირზეც შენთან დარჩება. — შენ? — ჰკითხა ლუკამ მოულოდნელად, სწრაფად და ისეთი სიშიშვლით, რომ ნიცას სუნთქვა შეეკრა. — შენ დარჩები? ნიცას პასუხი არ გაუცია. მან მხოლოდ თვალები დახუჭა. პასუხი ისედაც ჰაერში ეკიდა — მძიმე, როგორც აგვისტოს ღამე. განშორება არ იწყება მაშინ, როცა თვითმფრინავი ტოვებს ასაფრენ ზოლს. განშორება იწყება მაშინ, როცა აცნობიერებ, რომ თითოეული წამი, რომელსაც ერთად ატარებთ, უკვე მოგონებად ქცევისთვის არის განწირული. ქუჩაში მანქანამ ჩაიქროლა, შორიდან სიგნალის ხმა მოისმა. ქალაქი განაგრძობდა ფეთქვას, უდარდელად და უსულოდ. — წავიდეთ, — თქვა ნიცამ ნელა და წამოდგა. — სანამ ისევ ახალი ჭორი გავრცელებულა. ლუკაც წამოდგა. მათ გვერდიგვერდ გაიარეს ჩაბნელებული ქუჩა. მათი ჩრდილები ასფალტზე ხან ერთდებოდნენ, ხან შორდებოდნენ ერთმანეთს — ზუსტად ისე, როგორც მათი ბედისწერა ამ ცხელ, მიწურულ ზაფხულში. თავი 21 აგვისტოს მიწურულს თბილისს ერთი უცნაური, თითქმის სენსორული სენი შეეყრებოდა ხოლმე: დილით ქალაქი ფეხბურთის სუნთქვით იღვიძებდა, საღამოს კი უკვე სხვისი ამბებით ინტერესდებოდა. ერთი დღის გმირი მეორე დღეს ჭორის მთავარი ლუკმა ხდებოდა, და ამ დაუნდობელ თამაშში ყველაზე ცივსისხლიანი მეტოქე არც მცველი იყო და არც თავდამსხმელი, ეს იყო მედია, თავისი უხმო, ათასთვალიანი კამერებით. ლუკას ტრანსფერი ჰაერში ეკიდა "დინამო" და "ტორინო" ფინანსური ბონუსების ბოლო, დამღლელ პუნქტებზე ვერ თანხმდებოდნენ. იტალიური კლუბი გამოსასყიდ თანხას სრულად, ხელის კანკალის გარეშე იხდიდა, მაგრამ ქართველი აგენტი დამატებით პროცენტს ითხოვდა მომავალი გაყიდვის შემთხვევაში. რამდენიმე ათასი ევროს გამო მოლაპარაკებები უკვე მეორე კვირაში გადავიდა. სწორედ ასეთ ვაკუუმში უყვარს ყვითელ პრესას ნადირობა, როცა რეალური ახალი ამბავი კვდება, ისინი მას გვამიდან შობენ. დილით, რვის ნახევარზე, ნიცას ტელეფონმა ისეთი გააფთრებით დაიწყო ვიბრაცია, თითქოს საგანგაშო სიგნალიზაცია ჩაირთოო. ჯერ სალომემ დაურეკა, შემდეგ რედაქტორმა, შემდეგ უცნობმა ნომერმა, შემდეგ კიდევ ორმა კოლეგამ. ნიცამ ქუთუთოები მძიმედ გაახილა. — სალომე...რა მოხდა? ყურმილში რამდენიმე წამი მხოლოდ დამფრთხალი სუნთქვა ისმოდა. — ჯერ არ გინახავს? — რა უნდა მენახა? — ინსტაგრამი გახსენი...ან საერთოდ... აჯობებს, მე გამოგიგზავნო. შეტყობინება მაშინვე მოვიდა. ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ქართული ტაბლოიდის გვერდი. დიდი, წითელი ასოებით ეწერა: „ახალგაზრდა ვარსკვლავის საიდუმლო სიყვარული! ვინ არის ჟურნალისტი, რომელმაც ფეხბურთელის გული მოიგო?“ ქვემოთ ოთხი ფოტო იყო. პირველში ვაკის პარკში ერთად სეირნობდნენ. მეორეში იმ პატარა კაფის ტერასაზე ისხდნენ, მესამეში მცხეთაში, შორიდან გადაღებულ კადრში, მხოლოდ მათი სილუეტები ჩანდა. ბოლო ფოტოზე კი...იმ ღამის კოცნა, გადაღებული შორიდან, ცივი, შეუმჩნეველი თვალით. ნიცას ძარღვებში სისხლი გაეყინა. სტატიას წაკითხვაც არ სჭირდებოდა, სათაურები თავად ისროდნენ ტალახს: "ნიცა თოფურია — შემთხვევით ჟურნალისტი თუ ფეხბურთელის გავლენიანი რჩეული?" "არის თუ არა მისი სტატიები ობიექტური?" "ვინ დგას ლუკას კარიერულ გადაწყვეტილებებთან?" "შეუძლია თუ არა ადამიანს ერთდროულად იყოს ჟურნალისტიც და ფეხბურთელის შეყვარებულიც?" ტექსტში ფაქტი არ ერია. მხოლოდ ეჭვები, ვარაუდები და შხამიანი კითხვის ნიშნები. მაგრამ ციფრული ბრბოსთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა. საინფორმაციო სააგენტოს ოფისში შესულს, ჩვეული დილის ხმაური უცნაურად ტონშეცვლილი დახვდა. ადამიანები ისევ მუშაობდნენ, მაგრამ ახლა ყველა ჩურჩულით ლაპარაკობდა. და როგორც კი ნიცა ჩაივლიდა, საუბარი მკვეთრად წყდებოდა. ჰაერში მძიმე, უხერხული სიჩუმე ეკიდებოდა. მას ეს სხვისი ისტორიებიდან ეცნობოდა, მაგრამ საკუთარ კანზე პირველად გამოსცადა. რედაქტორმა კაბინეტში შეიყვანა და კარი ფრთხილად დახურა. — როგორ ხარ? — ცუდად. — ამოთქვა ნიცამ და სკამის კიდეზე ჩამოჯდა — ვხვდები. ხანმოკლე, დამთრგუნველი პაუზის შემდეგ უფროსმა ეკრანი მისკენ შეატრიალა. ელექტრონული ფოსტის ყუთი უკვე სკანდალის სურნელზე მოსული წერილებით იყო სავსე: "თქვენი ჟურნალისტი ინტერესთა კონფლიქტშია?" "შეიძლება თუ არა მის მასალებს ვენდოთ?" "ის ლუკას აკრიტიკებდა, მერე შეაქო. ახლა გასაგებია რატომ." ნიცამ თვალები დახუჭა, თითქოს ამით რეალობის წაშლა ენება. — ეს ყველაფერი..აბსურდია — ვიცი. — ისინი ჩემს არც ერთ ტექსტზე არ ლაპარაკობენ. არც ანალიზზე, არც შრომაზე. მხოლოდ... ლუკაზე რედაქტორმა თავი მძიმედ დაუქნია. — სამწუხაროდ...ეს უკვე შენი პროფესიული პრობლემაა. შუადღისას უნივერსიტეტიდანაც დაურეკეს, პროფესორი ალექსანდრე, რომლის ერთ-ერთი საყვარელი სტუდენტი იყო ნიცა და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ხშირად იწვევდა ღია ლექციების ჩასატარებლად, შეხვედრას სთხოვდა. იგი ნიცას ძველ აუდიტორიაში ელოდა. ოთახში არაფერი შეცვლილიყო. ფანჯრებიდან ისევ ისე იღვრებოდა ოქროსფერი მზის სხივები და მტვრის ნაწილაკებს ცეკვავდა მერხებს შორის. — დაჯექი. — თქვა პროფესორმა და დაფას მოშორდა. ნიცა უხმოდ დაჯდა. — გტკივა?- ჰკითხა პროფესორმა მშვიდად. — ძალიან. — იმიტომ, რომ სიმართლეს წერ? — არა...იმიტომ, რომ ახლა აღარავის ახსოვს, რას ვწერ, ყველას მხოლოდ ის აინტერესებს ვისთან ვარ. ალექსანდრე რამდენიმე წამს ჩუმად უყურებდა. შემდეგ ნელა, თითოეული სიტყვის აწონით თქვა: — ჟურნალისტისთვის ყველაზე მძიმე ტრაგედია ის არის, როცა მისი სახელი საკუთარ ტექსტზე დიდი ხდება. ნიცამ თავი დახარა. — მგონია, რომ ყველაფერი წყალში ჩამეყარა. — არა. ახლა მხოლოდ უნდა დაამტკიცო, რომ ისინი ცდებიან, კვლავ, როგორც ყოველთვის. *** ლუკა ბაზაზე მივიდა. გასახდელში შესვლამდე ტელეფონი ამოიღო. ეკრანზე ოცდაშვიდი გამოტოვებული ზარი ციმციმებდა: აგენტი, ორი სპორტული გადაცემა. ჟურნალისტები, უცნობი ნომრები. ტელეფონი ისევ აწკრიალდა. — გისმენ. — სად ჯანდაბაში ხარ?!- აგენტის ყვირილმა ლამის დინამიკი გააპო. — რა მოხდა? — "რა მოხდა" მეკითხები? ნახე, რა დაწერეს?! — ვნახე. — სასწრაფოდ განცხადება უნდა გავაკეთოთ! — რა განცხადება? — რომ მეგობრები ხართ ან საერთოდ უარყავი, რაღაც თქვი. ლუკა გაჩუმდა. ჰაერი ეცლებოდა. — ტყუილი რატომ უნდა ვთქვა? აგენტს რამდენიმე წამი ხმა არ ამოუღია. — იმიტომ, რომ ახლა ტრანსფერზე მუშაობ და არა სიყვარულზე. — ეს ჩემი ცხოვრებაა. — არა! ახლა უკვე კლუბის აქტივი ხარ! აქტივი. ეს სიტყვა ლუკას გულში ჟანგიანი ლურსმანივით ჩაესო. ისევ პროდუქტი. ისევ ციფრები ბუღალტერიაში — აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. — მშვიდად თქვა და ზარი გათიშა. ვარჯიში უჩვეულოდ მძიმე გამოვიდა, არც პასები გამოსდიოდა და არც დარტყმები. თემურმა ორჯერ გააჩერა თამაში. — კონცენტრაცია! ლუკა თავს უქნევდა. მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ვარჯიშის ბოლოს დათო მიუახლოვდა. — წავიდეთ. — სად? — ყავაზე. — არ მინდა. — იმიტომაც წამოხვალ. სხდნენ იმ პატარა საცხობში, სადაც ხშირად აფარებდნენ თავს. იქ არც კამერები იყო და არც ზედმეტი თვალები დათომ წყალი მოსვა. — თქვი. ლუკამ თავი ხელებში ჩარგო. — ჩემს გამო...ნიცას კარიერა შეიძლება დაინგრეს. — შენ გამო? — ჰო. ყველა მასზე ლაპარაკობს. როგორც ჩემს გოგოზე და არა როგორც ჟურნალისტზე. დათომ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. — იცი, რა მაბრაზებს? — რა? — იმ ხალხს ერთი მისი სტატია თუ აქვს წაკითხული? ლუკამ მწარედ ჩაიცინა. — ალბათ არა. — ჰოდა მაშინ მათი აზრიც იმ ფასად ღირს. *** საღამოს სალომე პირდაპირ ნიცასთან მივიდა, კარი რომ გააღო, ბინის ჰაერშივე იგრძნო ცრემლების სიმძიმე. ლეპტოპი გახსნილი იდო, მაგრამ კურსორი ცარიელ, თეთრ გვერდზე რიტმულად და უსულოდ ციმციმებდა. სალომე უხმოდ ჩაეხუტა, დიდხანს, მჭიდროდ. არც ერთს არაფერი უთქვამს. შემდეგ ნიცამ ძლივს ამოილაპარაკა: — იცი, ყველაზე მეტად რა მტკივა? — რა? — მთელი ცხოვრება იმისთვის ვიშრომე, რომ ვიღაცას ჩემი სახელი ჩემს ტექსტებთან დაეკავშირებინა, ახლა კი ყველასთვის უბრალოდ „ლუკა ქავთარაძის გოგო“ ვარ. სალომემ ხელი მოუჭირა. — ჩემთვის ყოველთვის ნიცა იქნები, ჯერ ჟურნალისტი, მერე ყველაფერი დანარჩენი. ნიცას გაეღიმა, ძალიან სუსტად. ** იმავე საღამოს დათო სალომესთან მივიდა. ოთხივე ერთად აღარ შეკრებილან, არც ხასიათი ჰქონდა ვინმეს. — როგორ არის? ჰკითხა დათომ. — ცდილობს, არ გატყდეს. — ლუკაც. სალომემ ფანჯარაში გაიხედა. — რა სასაცილოა...ორი ადამიანი ერთმანეთს არაფერს უშავებს და მაინც ყველაზე მეტად ისინი ისჯებიან. დათომ თავი დაუქნია. — ფეხბურთში ამას ავტოგოლი ჰქვია. ბურთს მოწინააღმდეგე არ ეხება, შენი გუნდი იტანს საკუთარ კარში. *** გვიან ღამით ლუკა და ნიცა ბოლოს მაინც შეხვდნენ ერთმანეთს. იმავე ქუჩაზე.იმავე მანქანაში, მაგრამ ამჯერად სალონში მუსიკის ნაცვლად დამთრგუნველი სიჩუმე მეფობდა, ხოლო ფანჯრებს მიღმა თბილისი უსულო, უცხო ქალაქად ქცეულიყო. ორივე დაღლილი იყო. — ბოდიში. - პირველმა ლუკამ თქვა. ნიცამ გაკვირვებით შეხედა. — რისთვის? — ყველაფრისთვის. — შენ არაფერი გაგიკეთებია. — მაგრამ ჩემს გამო მოხდა. — არა, ლუკა, მედიის გამო მოხდა. სიჩუმე ისევ ჩამოწვა. ლუკამ თითები საჭეს მოუჭირა. — თუ გინდა, შეგვიძლია ცოტა ხნით აღარ შევხვდეთ. ნიცამ ნელა ასწია თავი. ეს სიტყვები იმაზე მეტად ეტკინა, ვიდრე დღის განმავლობაში წაკითხული ყველა კომენტარი. — იმიტომ, რომ არ გაწყობს? ჩუმად ჰკითხა. — იმიტომ, რომ მინდა დაგიცვა. — ლუკა, შენ ვერ ხედავ? თუ ახლა დავიმალებით, ისინი მოიგებენ. ლუკამ პასუხი ვერ იპოვა. მას მხოლოდ საყვარელი ადამიანის ფარად ქცევა სურდა, ნიცასთვის კი ეს ბრძოლისველიდან გაქცევას ნიშნავდა ორივეს უყვარდა, ორივეს ერთმანეთის ესმოდა. და მაინც... იმ ღამით, მანქანის ბნელ სალონში, პირველად იგრძნეს, რომ სიყვარული ყოველთვის საკმარისი არ არის. ყველაზე ღრმა ბზარი ხომ სწორედ მაშინ ჩნდება, როცა ორი ადამიანი ერთმანეთის დაცვას ცდილობს, მაგრამ სრულიად საპირისპირო მხარეს გარბის. თავი 22 აგვისტოს ბოლო კვირა დადგა. ზაფხული ნელ-ნელა ძალას კარგავდა. საღამოობით ჰაერი ოდნავ გრილდებოდა, მაგრამ ქალაქის გულცემას მაინც ერთი, ფეხბურთის ცხელი რიტმი განსაზღვრავდა. ყველა კუთხეში მხოლოდ ერთი კითხვა ისმოდა: წავა თუ არა ლუკა იტალიაში? „ტორინოსთან“ ხანგრძლივი, დაძაბული ჭიდილი დასრულებულიყო. სამედიცინო შემოწმება სამი დღის შემდეგ იყო დანიშნული, ოფიციალური ხელმოწერა მომავალ კვირას. დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი, ფორმალური მიჯნა: ეროვნული ლიგის ბოლო მატჩი. გამოსამშვიდობებელი აკორდი. დილიდანვე „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩები ლურჯ-თეთრ ზღვად ქცეულიყო. ბაირაღების შრიალი, ლუკას გვარით დამშვენებული მაისურები, ბავშვების კამათი იმის შესახებ, თუ რომელ წუთზე გაიტანდა მათი კერპი გოლს... სტადიონის შესასვლელთან პატარა ბიჭი ბურთს კენწლიდა და მამას ეჭვით სავსე თვალებით ახედა: — მართლა დღეს არის მისი ბოლო თამაში? - კაცმა მხარზე ხელი მოხვია. — საქართველოში კი, იმედია. *** გასახდელში უჩვეულო სიჩუმე იდგა. დათო, რომელიც ჩვეულებრივ გასახდელის სული და გული იყო, ხუმრობდა, მღეროდა, ატმოსფეროს მუხტავდა, ახლა უხმოდ, გაშტერებული იკრავდა ბუცების ზონრებს. ლუკა თავის ადგილას იჯდა. მუხლებზე დაეწყო ხელები და მზერა ერთ წერტილზე გაეშტერებინა. დათო გვერდით მიუჯდა, მხარი მხარს გაჰკრა: — ჰეი... პასუხი არ იყო. — ისეთი სახე გაქვს, თითქოს ომში მიდიხარ. ლუკამ ღიმილის აჩრდილი გამოსახა ტუჩებზე: — ცოტა ჰგავს კიდეც. — რას ნერვიულობ? იტალია არსად გაიქცევა. — სწორედ ეგაა. ვაითუ რამე მოხდა? დათომ სიტყვა გაუწყვეტელად, მკაცრად შეაწყვეტინა: — არაფერი მოხდება. გესმის? არაფერი. მან მუშტი მხარზე მსუბუქად დაარტყა. — გადი. ითამაშე. დანარჩენს ცხოვრება თვითონ მიხედავს. ტრიბუნები ნელ-ნელა ივსებოდა. ჩრდილოეთი სექტორი უკვე მღეროდა, დროშები ჰაერში ცეკვავდნენ, ბარაბნების რიტმი მთელ სტადიონს აზანზარებდა. მედია-ზონაში ნიცა იდგა. ყელზე მძიმედ ეკიდა აკრედიტაცია, ხელში მიკროფონი ეჭირა, მაგრამ მისი გონება შორს იყო პროფესიული მოვალეობისგან. თვალები მხოლოდ მოედანზე, გახურებაზე გამოსულ ლუკას დაეძებდნენ. ლუკა ბურთს ისეთი ჰაეროვანი სიმსუბუქით ეპყრობოდა, თითქოს მხრებზე იტალიური ტრანსფერის მრავალმილიონიანი ტვირთი კი არა, უბრალო ბუმბული ეწყო. "ნუ მიყურებ როგორც ჟურნალისტი..." გაახსენდა მისი სიტყვები. "უბრალოდ მიყურე." და იმ წუთას ნიცამ მართლაც დაივიწყა კამერები, სტატიები, ჭორები. ის უყურებდა კაცს, რომელმაც მისი სამყარო ამოყირავა. აღმოსავლეთ ტრიბუნაზე კოტე იჯდა, თავის ჩვეულ ადგილას. ექიმების აკრძალვის გამო წლები იყო თამბაქოს არ გაჰკარებია, მაგრამ ნერვიულობისგან თითებში მაინც დაუნთებელ სიგარეტს ატრიალებდა. მის გვერდით ლუკას დედა, თამუნა, იჯდა, თითებს ერთმანეთში ნერვიულად ხლართავდა. — კარგად იქნება. - ჩუმად ჩაილაპარაკა კოტემ, თუმცა თვითონაც არ იცოდა, ცოლის დამშვიდებას ცდილობდა თუ საკუთარი განაჩენის გადავადებას. მსაჯის სასტვენის ხმამ ჰაერი გააპო. თამაში დაიწყო. პირველი ოცი წუთი ლუკა საუკეთესო იყო. ყოველი შეხება ბურთთან -ხელოვნება, ყოველი პასი - საფეხბურთო პოეზია. მეტოქის ნახევარმცველები მხოლოდ მის აჩრდილებს სდევდნენ.ტრიბუნები ყოველ შეხებაზე ტაშს უკრავდნენ. — იტალია! — იტალია! სკანდირებდნენ ბიჭები ფან-სექტორიდან. დათომ შორიდან გაიცინა. — ჯერ აქ ვართ! მოიცადეთ - დაიყვირა. ოცდამეთერთმეტე წუთზე ისეთი გენიალური პასი გაჭრა, რომ მთელი სტადიონი ფეხზე ერთიანად წამოიშალა. გოლი არ გასულა, მაგრამ ეს იყო აკორდი, რომელმაც ყველას დაანახა სერია A-ს მასშტაბი ამ ბიჭისთვის არათუ ოცნება, არამედ ბუნებრივი გარემო იყო. ** შესვენებაზე თემური გასახდელში აუღელვებლად შევიდა: — კიდევ ორმოცდახუთი წუთი. არავითარი გმირობა, არავითარი ზედმეტი რისკი. ჭკვიანურად, მშვიდად. ლუკა — შენ განსაკუთრებით. ლუკამ მდუმარედ დაუქნია თავი. მეორე ტაიმმა შხამიანი, უხეში ელფერი შეიძინა მეტოქე გუნდი ხისტად თამაშობდა, ყოველ ორთაბრძოლაში ზღვარზე შედიოდა. დათო რამდენჯერმე გაგიჟებით ყვიროდა: — ბურთზე ითამაშეთ, ხალხო! ფეხებში რას ეტანებით?! სამოცდამეცხრე წუთი. ლუკამ ბურთი ცენტრალურ წრესთან მიიღო. ერთი მოძრაობით ჩამოიშორა პირველი მცველი, სხეულის ფინტით გვერდი აუარა მეორეს. მის წინაშე მწვანე სივრცე გაიშალა, თავისუფლება. სტადიონი ფეხზე წამოდგა, ათასობით ყელი ერთიანად ითხოვდა აფეთქებას: — მიდი! მიდი! ლუკამ ბურთი ოდნავ წინ გაიგორა. ზუსტად იმ წამს, მარცხენა ფლანგიდან მეტოქის მცველი მთელი ინერციით, დაგვიანებულ და გაწირულ ვარდნაში ჩახტა. ერთი წამი. ერთი დაგვიანებული მოძრაობა. და... ეს არ იყო უბრალოდ დარტყმის ხმა. ეს იყო ძვლისა და იოგების მსხვრევის საზარელი, მშრალი ტკაცანი, რომელმაც პირველ რიგებამდე მიაღწია. ბურთი გვერდზე გაგორდა. ბურთი ობლად გაგორდა გვერდით. ლუკას სხეული ჰაერში უბუნებრივად შეტრიალდა, მარცხენა მუხლი არაბუნებრივი კუთხით მოიკეცა და ის მწვანე მინდორზე დაეცა. ერთი წამს... ორმოცდაათათასიანი სტადიონი სამარისებულმა სიჩუმემ მოიცვა. თითქოს ქალაქში ჰაერი ამოწურეს. და მერე ეს სიჩუმე გაკვეთა ხმამ. ეს არ იყო უბრალო ტკივილის ყვირილი. ეს იყო იმ ადამიანის სასოწარკვეთილი გოდება, რომელიც გრძნობს, თუ როგორ ეცლება ხელიდან მთელი ცხოვრება, ოცნება, მომავალი. ლუკა ორივე ხელით ჩაფრენოდა მუხლს, მისი განწირული ღრიალი დინამიკების გარეშე წვდებოდა სტადიონის ბოლო რიგებს ექიმები უკვე მოედნისკენ გარბოდნენ. მოედანზე ჯოჯოხეთი ატყდა. დათომ მხოლოდ ლუკას მუხლი დაინახა — არაბუნებრივად გადახრილი, განადგურებული. თვალები სისხლით გაევსო. მეკარის მოედანი ერთ ამოსუნთქვაში გადაკვეთა და იმ მცველს პირდაპირ ყელში ეცა. — შე ნაძირალა...- კაცს საყელოში სწვდა, ისე ძლიერად, რომ მიწიდან თითქმის ასწია. — მოკვლა გინდოდა?! ორივე გუნდის ფეხბურთელები მაშინვე მივარდნენ. ერთმა დათოს ხელები გაუშალა. მეორემ უკან გაწია. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ფეხბურთელები ერთმანეთს ეჯახებოდნენ, გაწევ-გამოწევა, გინება, სათადარიგო სკამების აფეთქება... სტიუარდები ძლივს აკავებდნენ დათოს, რომელიც გაშმაგებული იწევდა. — ფეხზე რატომ ითამაშე?! რატომ?! თვალები სისხლით ჰქონდა სავსე. მეტოქე მცველი კი... გაშეშებული იდგა. სახეზე მკვდრის ფერი ედო, ხელები უნებლიეთ თმაში შეეცურებინა და ცრემლები წასკდომოდა: — არ მინდოდა... გეფიცებით... ბურთზე მივდიოდი... — ლუღლუღებდა კანკალით. ექიმებმა ლუკას მუხლს ხელი ოდნავ შეახეს თუ არა, ლუკამ ისევ იყვირა: — არ შეეხოთ! არ შეეხოთ! ტკივილი შხამიან ტალღასავით მიედინებოდა მთელ სხეულში. ლუკასთვის ტრიბუნების გუგუნი, მსაჯის სასტვენი, ხალხის ყვირილი — ყველაფერი გაქრა. დარჩა მხოლოდ საკუთარი გულის გამყრუებელი ცემა და ერთი, შავი ფიქრი: „არა... არა... ღმერთო, ახლა არა...“ ტრიბუნაზე კოტე წამოდგა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო — მუხლები მოეკვეთა. თითებიდან სიგარეტი გაუსხლტა და ბეტონზე დავარდა. პირველად ოცდაათი წლის განმავლობაში. მის თვალწინ დროის მარყუჟი შეიკრა. სხვა სტადიონი, სხვა ეპოქა, სხვა მაისური... მაგრამ იგივე მუხლი. იგივე ხმა. იგივე ოცნების ნანგრევები. — არა... — ჩურჩულებდა კაცი და სახეზე ფერი გადასდიოდა, — ღმერთო, ჩემი ცოდვებისთვის ის რატომ... არა...მისი სახე ერთ წამში გათეთრდა. ლუკას დედა უკვე ტიროდა. მედია-ზონაში ნიცას ხელიდან მიკროფონი გაუსხლტა. პლასტმასის მკვეთრმა ხმამ ბეტონზე იგუგუნა, მაგრამ მას არაფერი გაუგონია. ის გარბოდა. ჟურნალისტის აკრედიტაცია, წესები, აკრძალვები ყველაფერი ფეხქვეშ გაითელა. — გამატარეთ! გთხოვთ, გამატარეთ! — ტიროდა ნიცა და დაცვის ბარიერს ეხეთქებოდა.მაგრამ არავინ გაუშვა. — ქალბატონო, არ შეიძლება! — აკავებდნენ სტიუარდები. — გამიშვით, იქნებ... გთხოვთ! — ის მხოლოდ შორიდან ხედავდა საკაცეს და ესმოდა ხმა, რომელიც მის მეხსიერებაში სამუდამოდ იარად დარჩებოდა. დათო საკაცესთან მივარდა, მუხლებზე დაეშვა და ლუკას კანკალით მოუჭირა ხელი: — შემომხედე, ლუკა, ჩემკენ გამოიხედე! ლუკა ძლივს სუნთქავდა. — დათო... — არაფერი თქვა, ყველაფერი კარგად იქნება. ლუკამ ტკივილისგან დამანჭული სახით მწარედ ჩაიცინა: — ტყუილია... დათოს თვალები აუწყლიანდა, თუმცა მაინც აიძულა თავი გაეღიმა: — ოდესმე მოგატყუე? მენდე! საკაცე რომ ასწიეს, სტადიონზე იმგვარი რამ მოხდა, რაც სპორტს ადამიანური ტკივილის უმაღლეს ტაძრად აქცევს. მეტოქე გუნდის კაპიტანი პირველი მივიდა, საკაცესთან შეჩერდა და ლუკას მხარზე ძმურად დაადო ხელი: „მალე დაბრუნდი, ძმაო.“ მის უკან მთელი გუნდი მწკრივში ჩადგა. ის მცველიც კი, რომლის უბედურმა ვარდნამაც ეს ტრაგედია დაატრიალა, საკაცესთან მუხლებზე დაეცა. ცრემლები წვერზე ეწვეთებოდა: — მაპატიე... გეფიცები, ასე არ მინდოდა... ლუკამ ტკივილით დაბინდული თვალები გაახილა, რამდენიმე წამს უყურა დამნაშავეს და ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად დაუქნია თავი. ფეხბურთელებს ესმოდათ ეს ენა — ენა, სადაც ბოროტება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ბედისწერის სასტიკი, უსამართლო ბრჭყალები. საკაცე გვირაბის სიბნელეში შთაინთქა. სტადიონზე ისეთი დამთრგუნველი, მძიმე სიჩუმე ჩამოწვა, რომელსაც ვერც ბარაბნის ცემა და ვერც გულშემატკივართა შეძახილები ვერასოდეს გაფანტავდა. გვირაბის ჭერზე მიმაგრებული ნეონის ცივი ნათურები ლუკას თვალწინ ზოლებად იწელებოდა. ექიმების ფრაგმენტული, შეშფოთებული ფრაზები შორიდან, თითქოს წყალქვეშეთიდან ესმოდა: „ჯვარედინი...“, „მუხლის სახსარი...“, „სასწრაფოდ ქირურგია...“ ლუკამ ქუთუთოები მძიმედ დახუჭა. მის ცნობიერებაში, როგორც ჩასაქრობად განწირულ კინოფირზე, კადრები ერთმანეთს გადააწყდა: პირველი ბურთი, რომელიც მამამ უყიდა. აკადემიის მტვრიანი მოედნები... ეროვნული ნაკრების მაისური და ჰიმნი... ნიცას პირველი, ირონიული კითხვა პრესკონფერენციაზე... მცხეთის სიჩუმეში ნათქვამი სიტყვები... ტურინის ნისლიანი ქუჩები, სტადიონის პროექტი, ხელმოუწერელი კონტრაქტი... და მერე — უფსკრული. „ნუთუ... სულ ეს იყო?“ იმ წამს, ბნელ გვირაბში მიმავალ საკაცეზე მწოლიარე ბიჭმა პირველად იგრძნო: შეგიძლია დაამარცხო მცველები, მოატყუო მეკარეები, გადალახო ათასი დაბრკოლება... მაგრამ როცა ბედისწერა გადაწყვეტს შენი ოცნების დამსხვრევას, მას მხოლოდ ერთი წამი და ერთი არასწორი ნაბიჯი სჭირდება. თავი 23 იმ ღამეს, რომელიც „დინამო არენაზე“ დაიწყო, დასასრული არ უწერია. არც ტრიბუნებიდან გაფანტული გულშემატკივრებისთვის, არც გასახდელში გაშეშებული ფეხბურთელებისთვის, არც კამერებთან დარჩენილი ჟურნალისტებისთვის... და ყველაზე ნაკლებად — ლუკასთვის. თბილისის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციის სართულზე დილის ოთხი საათი სრულდებოდა. დერეფანში მხოლოდ ნეონის ცივი განათება ეცემოდა იატაკს და დროდადრო სამედიცინო პერსონალის ჩუმი, აჩქარებული ნაბიჯების ხმა ისმოდა. კოტე უკვე მესამე საათი იყო, ერთსა და იმავე ხის სკამზე იჯდა. ხელები ერთმანეთში გადაეხლართა, თვალები დაეხუჭა. არ ლოცულობდა. ფეხბურთელები ღმერთს მხოლოდ მაშინ ახსენებენ, როცა საოპერაციოდან ქირურგი არ გამოდის. მის გვერდით თამუნა ჩუმად, უხმოდ ილეოდა ცრემლებად. დათო დერეფნის ბოლოში დადიოდა წინ და უკან, თითქოს გალიაში გამოკეტილი ვეფხვივით ვერ პოულობდა ადგილს. სალომე ნიცას გვერდით იჯდა. ნიცას მთელი ღამის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ წამოუცდია. მისი გაშტერებული თვალები ისევ იმ ბნელ გვირაბს ეძებდნენ, საიდანაც რამდენიმე საათის წინ ლუკას საკაცე გაიყვანეს. ოპერაცია თითქმის სამი საათი გაგრძელდა. ბოლოს, მძიმე კარი გაიღო და ქირურგი გამოვიდა. დერეფანში მყოფნი ერთიანად წამოიშალნენ. — ოპერაციამ ტექნიკურად კარგად ჩაიარა. — თქვა ექიმმა და პირბადე ჩამოიწია. კოტეს მკერდიდან პირველი, მძიმე ამოოსუნთქვა აღმოხდა. მაგრამ ექიმს სათქმელი არ დაემთავრებინა. მაგრამ ექიმი ჯერ არ დამთავრებულიყო. — თუმცა... წინა ჯვარედინი იოგი მთლიანად გაწყვეტილი იყო. მენისკზეც სერიოზული დაზიანებაა. რეაბილიტაცია ხანგრძლივი და მძიმე იქნება. სავარაუდოდ... რვიდან ათ თვემდე. დერეფანს ისევ დამთრგუნველი სიჩუმე ეცა. ყველამ იცოდა, რას ნიშნავდა ეს ციფრები. „ტორინოს“ სამედიცინო შემოწმება სამ დღეში უნდა ჩატარებულიყო. ახლა კი... სამი დღე კი არა, ათი თვეც აღარ იყო საკმარისი. იმავე დილით იტალიურმა მედიამ პირველი ცნობები გაავრცელა. "Torino reconsiders the transfer." "Medical situation changes negotiations." ქართულ საიტებზე კი უკვე ახალი სათაურები გამოჩნდა. „იტალიური ოცნება დასრულდა?“ „ტრანსფერი ჩაშლის პირას.“ „ლუკა ქავთარაძის მძიმე ტრავმა.“ სპორტული ჰოლდინგის ოფისში უჩვეულო, თითქმის სამგლოვიარო სიჩუმე იდგა. არავინ ხუმრობდა. ტელევიზორის ეკრანზე ისევ და ისევ ტრავმის კადრებს ატრიალებდნენ. ყოველ ჯერზე, როცა ის საშინელი, ძვლის გატეხვის ხმა ისმოდა, ვიღაც აკანკალებული ხელით არხს ცვლიდა. ნიცა თავის მაგიდასთან იჯდა. მონიტორის თეთრი ეკრანი ცარიელი იყო. რედაქტორი ნელა მიუახლოვდა, ხელი მხარზე ფრთხილად დაადო: — ვიცი, რომ რთულია. ნიცას არც აუხედავს. — ვერ დავწერ. — უნდა დაწერო, ნიცა. — სხვამ დაწეროს. — არა, იმიტომ, რომ ყველაზე კარგად შენ იცი ფეხბურთი და ყველაზე კარგად შენ იცნობ ლუკას. ნიცას თვალები აუწყლიანდა. — სწორედ ამიტომ არ შემიძლია. რედაქტორმა სკამი მის გვერდით მიაჩოჩა, თვალებში ჩახედა და დინჯად უთხრა: — ნიცა, თუ დღეს სიმართლეს არ დაწერ, ხვალ ვეღარაფერს დაწერ. ორი საათის განმავლობაში ეკრანზე მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა. "ყველაზე მძიმე ტრავმა ფეხბურთში ყოველთვის ძვალი არ არის." შემდეგ წაშალა. თავიდან დაიწყო. კვლავ წაშალა. სალომე, რომელიც ნიცას ოფისში მისულიყო, მიუახლოვდა და მაგიდაზე ყავა დაუდო. — არაფერი თქვა, უბრალოდ იცოდე, რაც უნდა დაწერო, შენ მაინც ნიცა დარჩები. ნიცამ ძლივს გაუღიმა. ნიცამ ძლივს გაუღიმა, ღრმად ჩაისუნთქა და კლავიატურაზე თითები აამოძრავა: **„ჯვარედინი იოგის ტრავმა მხოლოდ მუხლის დაზიანება არ არის. ეს არის ტრავმა, რომელიც ფეხბურთელს აიძულებს, საკუთარ სხეულს თავიდან გაეცნოს. ბევრი ფეხბურთელი ბრუნდება. ზოგი უფრო ძლიერიც. მაგრამ თითქმის ყველა იცვლის თამაშის სტილს. პირველი ნაბიჯი აღარ არის ისეთი უშიშარი. პირველი აჩქარება — ისეთი თავისუფალი. შეტევაზე წასვლამდე ტვინი წამით მაინც ახსენებს იმ ერთ ხმას... რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ლუკა ქავთარაძეს წინ ურთულესი ბრძოლა ელის. თუ დაბრუნდება, დიდი ალბათობით, სხვა ფეხბურთელი იქნება. უფრო ფრთხილი. უფრო გააზრებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უარესი.“** სტატიის ბოლოს მხოლოდ ერთი წინადადება დაამატა. *"ყველაზე რთული რეაბილიტაცია მუხლში კი არა, თავში იწყება."* სტატია გამოქვეყნდა. ნიცამ ლეპტოპი დახურა და პირველად იგრძნო, რომ საკუთარი ხელით რაღაც ძალიან ძვირფასი დააზიანა. *** ლუკამ თვალები ნელა გაახილა. პალატაში მძიმე, საავადმყოფოს სიჩუმე იდგა. ფანჯრიდან მზის სხივი შემოპარულიყო და იატაკზე ოქროსფერ ზოლად ეცემოდა. მარცხენა ფეხი მთლიანად ფიქსატორში ჰქონდა მოქცეული — უსულო, უცხო სხეულივით. ყოველი მცირე მოძრაობაც კი ჯოჯოხეთურ ტკივილს იწვევდა. ტელეფონი აიღო. ტელეფონი აიღო. დაგროვილი შეტყობინებები არც წაუკითხავს. ინსტინქტურად სპორტული ჰოლდინგის საიტი გახსნა. მთავარ გვერდზე ნიცას სტატია დახვდა. ნელა დაიწყო კითხვა. ერთი აბზაცი... მეორე... მესამე... ბოლოს ისევ თავიდან წაიკითხა. შემდეგ ტელეფონი საწოლზე დააგდო, ჭერს ახედა და პირველად... ატირდა. უხმოდ, ცრემლების შეუკავებლად — ისე, როგორც ბავშვობაში ტიროდა ხოლმე, როცა მძიმე ვარჯიშის შემდეგ მამას სახლში მოჰყავდა. "სხვა ფეხბურთელი იქნებიო..." ეს სიტყვები თავში გაუჩერებლად უტრიალებდა. კარზე მსუბუქად დააკაკუნეს. — შეიძლება? ნიცა იდგა ზღურბლზე. ხელში პატარა ჩანთა ეჭირა. ლუკას სახეზე კუნთიც არ შეტოკებულა: — შემოდი. რამდენიმე წამი პალატაში ჰაერი გაყინულივით იდგა. ნიცა ნელა მიუახლოვდა საწოლს. — როგორ ხარ? ლუკამ მწარედ, ირონიულად ჩაიცინა: — მართლა ეგ კითხვა უნდა დამისვა? ნიცას პასუხი არ ჰქონდა. — სტატია წავიკითხე. თქვა ბოლოს ლუკამ. ნიცას გული შეეკუმშა: — ლუკა... — შენთვის რეიტინგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი ტკივილი? პალატაში დამთრგუნველი სიჩუმე ჩამოწვა. — არა... — მაშინ რატომ? — იმიტომ, რომ — შენც დამმარხე. ლუკას ხმა პირველად აუკანკალდა, თვალებში ბრაზი და უზომო ტკივილი ერია. — ყველა მეუბნება, რომ დაბრუნდებიო. შენ კი... შენ წერ, რომ სხვა ფეხბურთელი ვიქნები. — იმიტომ, რომ... — შენც აღარ გჯერა ჩემი. ეს სიტყვები ნიცას გულში დანასავით მოხვდა. ცრემლები თვალებიდან თავისით წასკდა. — არა! - პირველად აუწია ხმას. — სწორედ იმიტომ დავწერე, რომ შენი მჯერა! ლუკა გაჩუმდა, მზერა აარიდა. — ილუზიებით ვერ გიშველი. — განაგრძო ნიცამ აკანკალებული ხმით. — თუ ყველა დაგიწყებს იმის მტკიცებას, რომ არაფერი მომხდარა, მერე პირველივე სირთულეზე გატყდები. მე... სიმართლე დავწერე, იმიტომ, რომ მჯერა შენ იმ სტატისტიკაზე ძლიერი ხარ. პალატაში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ლუკა დიდხანს უყურებდა ფანჯარას. სახეზე ცივი, მიუვალობის ნიღაბი აიფარა. შემდეგ ჩუმად, თითქმის უგრძნობლად თქვა: — დღეს...უბრალოდ ჟურნალისტი იყავი. ნიცას თვალები დაეხუჭა. — ჰო. — მე კი., მინდოდა...ჩემი ნიცა ყოფილიყავი. ეს სიტყვები დღემდე განაცდელ ყველა ტკივილზე მძიმე აღმოჩნდა. ნიცამ ჩანთა ტუმბოზე დადო. ნიცამ ჩანთა საწოლთან დატოვა. — ხილი მოგიტანე. ლუკას არც შეუხედავს. — წაიღე. რამდენიმე წამი იდგა. ეგონა, რაღაც შეიცვლებოდა, ჰაერში შეყინული სიტყვა მაინც გალღვებოდა... მაგრამ არაფერი შეიცვალა. ნელა შემობრუნდა, კარი გააღო და პალატა დატოვა. საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე ნიცას სუნთქვა შეეკრა, მუხლები მოეკვეთა და ცრემლები ღვარად წამოუვიდა. სალომემ, რომელიც ეზოში ელოდებოდა, მაშინვე მკლავებში დაიჭირა. — რა მოხდა, ნიცა? ნიცამ პასუხი ვერ გასცა. მხოლოდ ქვითინებდა, თითქოს გული ეგლეჯოდა. სახლში დაბრუნებულს თიკა სამზარეულოში დახვდა. მაგიდაზე ცხელი ჩაი იდგა. გიორგიმ ტელევიზორი გამორთო, დათუნა კი, ჩვეულებისამებრ, აღარ დარბოდა. ბავშვურმა ინსტინქტმა უკარნახა, რომ სახლში დიდი უბედურება ტრიალებდა. თიკა ჩუმად მიუჯდა გვერდით. — მოხდა რამე? ნიცამ თავი დაუქნია, ცრემლიანი თვალები აარიდა: — მგონია, რომ ყველაფერი დავანგრიე. გიორგი მის გვერდით ჩამოჯდა, ხელი ხელზე დაადო: — ლუკა? ნიცამ ცრემლიანი თვალებით შეხედა. — მითხრა, რომ დღეს მხოლოდ ჟურნალისტი ვიყავი. ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა, თითქოს მოგონებებში გადაეშვაო: — იცი, ფეხბურთელებს ერთი ცუდი თვისება აქვთ, ყველაზე დიდი ტკივილის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანს აყენებენ ტკივილს, ვისიც ყველაზე სჯერათ. ნიცა უსმენდა. — ახლა ლუკა შენ კი არ გელაპარაკებოდა, თავის ტრავმას ელაპარაკებოდა, თავის დაკარგულ ოცნებას. თიკამ ხელი თმაზე გადაუსვა. — ზოგჯერ სიყვარული იმას ნიშნავს, რომ მეორე ადამიანს უფლება მისცე, გაბრაზდეს. ნიცას თვალებიდან ისევ ჩამოუგორდა ცრემლი. — მაგრამ თუ აღარ მაპატიებს? ამჯერად გიორგიმ უპასუხა. — თუ ის ლუკაა, რომელიც ჩვენ ვიცით, ერთ დღეს მიხვდება, რომ ყველაზე რთული სიმართლის თქმა სწორედ ყველაზე დიდ სიყვარულს სჭირდება. იმ ღამით ნიცამ პირველად ინატრა, ნეტავ ჟურნალისტი არ ყოფილიყო. და იმავე ღამით პირველად მიხვდა: ზოგჯერ პროფესიის ყველაზე მაღალი ფასი არა კარიერით, არამედ იმ ადამიანის დაკარგვის შიშით გადაიხდება, რომლის დაცვაც ყველაზე მეტად გინდა ამქვეყნად. თავი 24 თბილისში სექტემბერი უხმაუროდ მოვიდა. ქალაქი თითქოს ჩვეულ, ყოველდღიურ რიტმს დაუბრუნდა. ეროვნული ლიგა გაგრძელდა, სპორტულ გადაცემებში უკვე სხვა ფეხბურთელების გოლებსა და შეცდომებზე ცხარეობდნენ, ევროპული ტრანსფერების ფანჯარაც ნელ-ნელა, უხმაუროდ დაიხურა. მხოლოდ ხანდახან, რომელიმე საღამოს გადაცემის ბოლოს, ძველი კადრი ისევ ამოტივტივდებოდა ეკრანზე — სამოცდამეცხრე წუთი, უხეში, გაწირული ვარდნა და მუხლის შემზარავი ტკაცანი... შემდეგ ეკრანზე სხვა ამბავი იწყებოდა. ფეხბურთი არასოდეს ჩერდება. მხოლოდ ადამიანები ჩერდებიან. სარეაბილიტაციიო ცენტრში დილის რვა საათი იყო. ვრცელ, მინისკედლებიან დარბაზში მხოლოდ სავარჯიშო აპარატების ერთფეროვანი, მეტალის გუგუნი ისმოდა. ლუკა ფანჯარასთან მდგარ ველოტრენაჟორზე იჯდა. მარცხენა ფეხი ჯერ კიდევ ბოლომდე არ ემორჩილებოდა.ყოველ დატრიალებაზე მუხლში ბლაგვი, გაუსაძლისი ჭვალი უვლიდა. ექიმი ყურადღებით, ბლოკნოტით ხელში აკვირდებოდა მის ყოველ მოძრაობას. — კიდევ ხუთი წუთი. — აღარ შემიძლია. — ამოიხრიალა ლუკამ და შუბლიდან ცივი ოფლი მოიწმინდა. — შეგიძლია. — არ მინდა. ექიმმა კალამი ბლოკნოტზე დაადო, თვალებში ჩახედა და მკაცრად უთხრა: — ლუკა, მუხლი ოპერაციამ გაასწორა, ახლა შენი თავი გვიშლის ხელს. ლუკამ პასუხი არ გასცა. სავარჯიშოს სიჩქარე კიდევ უფრო შეანელა. მისი მზერა დარბაზში მორბენალ სხვა სპორტსმენებს გაჰყვა. ერთი ახალგაზრდა კალათბურთელი თავისუფლად, ჰაეროვნად ხტებოდა; სარბენ ბილიკზე სპრინტერს სიჩქარე ემატებოდა... მხოლოდ ის იდგა ერთ ადგილზე. თითქოს სამყარო წინ მიქროდა, ცხოვრება მის გარეშე გაგრძელდა, ის კი უძრავ, დამსხვრეულ კუნძულზე დარჩა. *** ნიცა სამსახურში იყო. სტატიებს წერდა. ან, უფრო სწორად...ცდილობდა დაეწერა. მონიტორზე სამი საათის განმავლობაში მხოლოდ ერთი სათაური ეკიდა: „ეროვნული ლიგის ტურის ტაქტიკური მიმოხილვა.“ დანარჩენი ფურცელი სრულიად ცარიელი იყო. რედაქტორმა შორიდან შეხედა, ღრმად ამოისუნთქა — მიხვდა, რომ გოგონა ისევ იმ წყეულ, სამოცდამეცხრე წუთში ცხოვრობდა — და აღარ შეაწუხა. *** საღამოს სალომე ნიცას სახლში მივიდა. ხელში ორი დიდი ყუთი ეჭირა. — პიცა მოვიტანე. ნიცამ ძლივს გაიღიმა. — მადა არ მაქვს. — ვიცი. — სალომემ ყუთები მაგიდაზე დადო,- მაგრამ მე მაქვს და მარტო ჭამა არ მიყვარს. გიორგიმ სამზარეულოდან გამოხედა. — სალომე, ღმერთმა გამოგგზავნა. თიკამ ჩაიდანი დადგა. დათუნა თავის პატარა ბურთს ისევ კედელს ურტყამდა. სახლი თითქოს ისევ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებოდა.ოჯახური სითბო ავსებდა კედლებს. მხოლოდ ნიცა ვერ ბრუნდებოდა. სალომე მის გვერდით დივანზე ჩამოჯდა, მზერა აარიდა და ჩუმად ჰკითხა: — დღეს ისევ არ გიპასუხა? ნიცამ თავი უარყოფის ნიშნად გააქნია. — არც მომწერა. უბრალოდ...სიჩუმეა. სალომემ მისი აკანკალებული ხელი თავისაში მოიქცია: — ზოგჯერ სიჩუმე ბრაზი არ არის ნიცა, ეს ტკივილია. ** რეაბილიტაციის ცენტრში მეორე კვირა დაიწყო. ლუკას უკვე ხელჯოხის გარეშე სიარულს ასწავლიდნენ, ყოველი ნაბიჯი თითქოს სხვისი ფეხით უნდა გადაედგა. — წონა გადაიტანე. — ვერ ვენდობი. — უმეორებდა ფიზიოთერაპევტი. — მუხლს? — არა...საკუთარ თავს. ექიმს არაფერი უთქვამს. ეს პასუხი აქ ყოველდღე, ათასჯერ ესმოდა. შუადღისას, როცა ლუკა იატაკზე იჯდა და კუნთებს ჭიმავდა, კარზე ვიღაცამ ხმაურიანად, სამჯერ დააკაკუნა. ექიმმა გააღო: — აქ რას აკეთებთ? პირველად დათოს უდარდელი თავი გამოჩნდა, მერე — გუნდის კაპიტნის, შემდეგ კიდევ ოთხი ფეხბურთელი შემოჰყვა. ერთ-ერთს დიდი, პარკით დატვირთული ხელი ეჭირა. — პაციენტის მოსანახულებლად მოვედით. ექიმმა წარბი ასწია, ეჭვით შეხედა პარკს: — პარკში რა არის? — ხილი.- უპასუხა კაპიტანმა ისეთი სერიოზული სახით, რომ ბიჭებს სიცილი აუტყდათ. ექიმმა პარკში ჩაიხედა. ორთქლი და სურნელი ეცა — ეს რა არის? — ხინკალი. — ხინკალი ხილია? — ჩვენთვის — კი. დარბაზი ხარხარმა მოიცვა. ლუკას პირველად გაეღიმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. — ექიმო, — თქვა დათომ და ლუკას გვერდით იატაკზე მიუჯდა,— ოღონდ ნუ ინერვიულებთ, დიეტურია. — ორმოცი ხინკალი დიეტურია? — ცომი თხელია. დარბაზი ისევ სიცილმა მოიცვა. ექიმმაც კი ძლივს შეიკავა ღიმილი, თავი გააქნია და დერეფანში გავიდა. — როგორ ხარ? - ჰკითხა დათომ ლუკას — ვერ ვარ. — ეგ ვიცით, მაგრამ მოგბეზრდა უკვე. ლუკამ უმწეოდ აიჩეჩა მხრები: — არაფერი გამომდის. — იცი, რა არ გამომდის მე? — რა? — კარში დგომა, როცა შენ წინ არ ხარ. ლუკამ გაკვირვებით შეხედა. დათოს ხმაში ხუმრობის წვეთიც აღარ ერია — ბოლო ორ თამაშში იმდენჯერ მომიწია ყვირილი, ყელი ჩამეხლიჩა, შენ ხომ შორიდან ყველაფერს ხედავდი, მოედანს კითხულობდი. ახლა არავინ მყავს, ვინც მეტყვის, საით გადავწიო დაცვა. კაპიტანიც ჩაერთო. — ბიჭო, დროზე ადექი, თორემ დათოს კარში ვინღა ჩაუდგება? — მე მეკარე არ ვარ. — ჰოდა, ეგეც პრობლემა ყოფილა. ყველამ გაიცინა. როცა ბიჭები წავიდნენ, დარბაზში ისევ სიჩუმე ჩამოწვა, თუმცა ეს სიჩუმე უკვე აღარ იყო ისეთი დამთრგუნველი. რამდენიმე წუთში კარი კიდევ ერთხელ გაიღო. კოტე შემოვიდა. არაფერი უთქვამს. ჩუმად, მძიმედ დაჯდა შვილის გვერდით სკამზე. ორივეს დიდხანს ხმა არ ამოუღიათ ბოლოს კოტემ ღრმად ამოისუნთქა. ნელა წამოდგა და შარვლის ტოტი აიწია. ლუკას პირველად ჰქონდა ნანახი მამის მუხლი ასე ახლოდან: გრძელი, უხეში, თეთრი ნაწიბური, დეფორმირებული სახსარი... კანი თითქოს სხვანაირად, არაბუნებრივად იყო შეხორცებული. — იცი, ეს რა არის? იკითხა კოტემ. ლუკამ ჩუმად, გაფართოებული თვალებით დაუქნია თავი. — არა, — თქვა მამამ ხრიწწიანი ხმით, — ეს ტრავმა არ არის. ეს ჩემი სისუსტეა. ლუკამ გაკვირვებით შეხედა. — როცა ეს მივიღე... ექიმებმა მითხრეს, დაბრუნდებიო. მაგრამ მე აღარ დავბრუნდი. არა იმიტომ, რომ მუხლი აღარ ვარგოდა... იმიტომ, რომ თავი აღარ ვარგოდა. ყოველ ჩართვაზე მეშინოდა. ყოველ ორთაბრძოლაზე ფეხს უკან ვწევდი. ერთ დღეს კი საკუთარ თავს დავაჯერე, რომ ძველი მე აღარ ვარსებობდი. კოტემ შვილს თვალებში შეხედა — იმ თვალებში, სადაც საკუთარ ახალგაზრდობას ხედავდა: — მე აქ გავტყდი, ლუკა არა მუხლით… ხასიათით. რამდენიმე წამი გაჩუმდა, შემდეგ მხარზე მძიმე, ოსტატური ხელი დაადო: — შენ არ გაბედო! დარბაზში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ლუკას პირველად... იმ საშინელი დღის შემდეგ... თვალებში ისევ გამოჩნდა რაღაც. პატარა, სუსტი, მაგრამ მაინც... შუქი. *** ორი დღის შემდეგ გიორგი რეაბილიტაციის ცენტრში მივიდა. ხელში ორი ცხელი ყავა ეჭირა. — ექიმმა მითხრა, ერთს შენ დალევ, ერთს მეო, — გაეღიმა კართან მდგომს. ლუკას გაეცინა. — შენ რა, აქაც ნაცნობები გყავს? — საქართველოში ფეხბურთი თუ გიყვარს, ყველგან ნაცნობები გყავს, ძმაო გიორგი მის გვერდით ჩამოჯდა. რამდენიმე წუთი ჩუმად გადაჰყურებდნენ ეზოს, სადაც შემოდგომის ფოთლები ცვიოდა. — იცი, მე როგორი ქართული ფეხბურთი მახსოვს? ლუკამ თავი გააქნია. — ცარიელი ტრიბუნები. ათი წლის ბავშვები, რომლებსაც ევროპული კლუბების მაისურები ეცვათ და ქართული არც ერთს. სტადიონზე ათას კაცსაც ვერ აგროვებდნენ. ნაკრების თამაშებზე ხალხი იმ იმედით მიდიოდა, იქნებ ამჯერად დიდი სხვაობით მაინც არ წავაგოთო. ლუკა ჩუმად, გატრუნული უსმენდა. — მერე...ნელ-ნელა რაღაც შეიცვალა. ჯერ ხვიჩა. მერე სხვები. მერე შენ. იცი, რამდენ ბავშვს ვხედავ ახლა ქუჩაში შენი მაისურით? დათუნაც კი ყოველდღე შენს ნომერს ითხოვს. ლუკამ მზერა იატაკზე დახარა, ხმა დაუდუმდა: — ახლა ვის უნდა ჩემი მაისური? — ისევ იმ ბავშვებს. — გიორგიმ მტკიცედ, შეუკავებლად უპასუხა. — იმიტომ, რომ მათთვის ტრავმა დასასრული არ არის. თუ ახლა დანებდები... მათაც დანებებას ასწავლი. თუ დაბრუნდები... მათ დაბრუნებას ასწავლი. ლუკას ყელში მწარე ბურთი გაეჩხირა. გიორგიმ ყავა მოსვა, მერე ნელა მიუბრუნდა: — და კიდევ ერთი რამ... ლუკამ შეხედა. — ნიცას ნუ აწყენინებ. ლუკა უცებ დაიძაბა, მზერა გაუცვივდა: — გიორგი... — არა. მისმინე. — შეაწყვეტინა გიორგიმ. — ყოველ ღამე ტიროდა. ჩუმად. ისე, რომ თიკასაც კი არ გაეგო. შენ სტატია რომ წაიკითხე და ეჩხუბე... იმ დღის მერე საკუთარი თავი სძულს. მაგრამ მაინც ამბობს, სწორად მოვიქეციო. იცი რატომ? — ... — იმიტომ, რომ შენი უფრო სჯერა, ვიდრე საკუთარი თავის. თუ ოდესმე აპატიებ...კარგი იქნება. თუ ვერა, მაშინ მაინც იცოდე, რომ არასოდეს უღალატია. ლუკას თვალები ცრემლით აევსო. არაფერი უთქვამს. გიორგი წამოდგა. კართან მისულმა უკან მოიხედა. — ქართველ ფეხბურთელებს ერთი ცუდი ჩვევა გვაქვს. ყველაფერს მუხლებს ვაბრალებთ. ხანდახან კი... ყველაფერი გულში ხდება. იმ საღამოს პირველად, ოპერაციის შემდეგ, ლუკა სავარჯიშო დარბაზში საკუთარი სურვილით დაბრუნდა. ცარიელ დარბაზში შუქი აანთო, აპარატთან მივიდა დამარცხენა ფეხი ფრთხილად დაადგა. მორიგე ექიმმა, რომელიც დერეფანში გადიოდა, გაკვირვებით შემოხედა: — დღეს ხომ ვარჯიში არ გაქვს? ლუკამ ნელა გაიღიმა, ძველი, ნამდვილი ღიმილით. პასუხად მხოლოდ ეს თქვა: — ნულიდან უნდა დავიწყო. და პირველად იმ საშინელი დღის შემდეგ, ყოველი მტკივნეული ნაბიჯი დამარცხებად კი არა... დიდი დაბრუნების დასაწყისად იგრძნო. თავი 25 სექტემბრის ბოლო კვირას თბილისში შემოდგომა საბოლოოდ დამკვიდრდა. გადაუღებელი წვიმების შემდეგ ქუჩები სარკესავით გაკრიალდა, ხეებმა კი პირველად შეიმოსნენ მტვრიანი, ოქროსფერი სამოსი. ქალაქს თითქოს აღარც ახსოვდა ზაფხულის გადარეული აჟიოტაჟი — მრავალმილიონიანი ტრანსფერები, სტადიონების მწველი გუგუნი თუ ყვითელი პრესის ხმაურიანი სკანდალები. მაგრამ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე ყოველი დილა ისევ ერთი და იმავე, ჩუმად დასმული კითხვით იწყებოდა: — იტალიიდან რამე ისმის? თავიდან პასუხი ყოველთვის ერთი იყო. — ჯერ არა. შემდეგ კი... ერთ დილით, პასუხი შეიცვალა. რეაბილიტაციის დარბაზში ლუკა ექიმის დახმარებით ბალანსის ვარჯიშს ასრულებდა. ჯერ კიდევ კოჭლობდა. მარცხენა ფეხზე ბოლომდე დაყრდნობას ვერ ბედავდა. შიში კუნთებს ბოჭავდა. მწველი ოფლი შუბლზე ნაკადულად ჩამოსდიოდა და თვალებს უწვავდა. — კიდევ ერთხელ, — უთხრა ფიზიოთერაპევტმა. ლუკამ კბილები ერთმანეთს დააჭირა, სახეზე ძარღვები დაეჭიმა. სწორედ ამ დროს გვერდით, სკამზე დადებული ტელეფონი აზუზუნდა. ეკრანზე აგენტის სახელი გამოჩნდა. ლუკამ ყურადღება არ მიაქცია, მოძრაობა განაგრძო. ზარი გაწყდა. მეორედ დარეკა. მესამედ. ექიმმა გაიღიმა. — მგონი მნიშვნელოვანი ზარია. უპასუხე. ლუკამ უპასუხა. — გისმენ. აგენტის ხმაში ისეთი უჩვეულო აღელვება იგრძნობოდა, როგორიც იმ წყეული ტრავმის შემდეგ აღარავის სმენოდა: — ჩაიცვი და კლუბში მოდი. ახლავე. — რა მოხდა? — კითხვების დრო არ არის, უბრალოდ მოდი. ორი საათის შემდეგ "დინამოს" საკონფერენციო ოთახში ისევ ის ადამიანები ისხდნენ. კლუბის დირექტორი, აგენტი, იურისტი. და მაგიდის მეორე მხარეს კი ლუკა და კოტე. პოლირებულ მაგიდაზე ისევ იდო სქელი საქაღალდე „ტორინოს“ ოფიციალური ლოგოთი. მაგრამ ამჯერად დოკუმენტი სულ სხვა შინაარსის იყო. დირექტორმა სათვალე მოიხსნა და ღრმად ამოისუნთქა: — იტალიელებმა გადაწყვეტილება მიიღეს. ლუკამ უნებურად მამისკენ გაიხედა. კოტეს სახეზე კუნთიც არ შეტოკებულა — ტრავმის მიუხედავად... ისინი მაინც გენდობიან. მაგრამ... — ფინანსური პირობები შეიცვალა, საგრძნობლად, ხელფასი თითქმის ორჯერ ნაკლებია. ბონუსებიც შემცირდა და პირველი წელი... გამოსაცდელი პერიოდი იქნება. თუ რეაბილიტაციას წარმატებით გაივლი და ფორმას დაიბრუნებ, კონტრაქტი ავტომატურად გაუმჯობესდება. ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. ლუკა რამდენიმე წამს ფურცლებს უყურებდა. სულ რამდენიმე კვირის წინ ეს პირობები მისთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა. ახლა კი...ეს ფურცლები უფსკრულის პირას გადაშლილ მეორე სიცოცხლეს ჰგავდა. — და თუ ვერ დავბრუნდი? — ჩუმად, ჩახლეჩილი ხმით იკითხა. დირექტორმა პირდაპირ შეხედა. — მაშინ იტალიელები დიდ ფულს დაკარგავენ, მაგრამ ისინი მზად არიან ეს რისკი აიღონ. იმიტომ, რომ შენში ისევ იმ ფეხბურთელს ხედავენ. ლუკამ კალამი აიღო. თითები უცნაურად, უნებლიეთ უკანკალებდა. კოტეს სიტყვა არ უთქვამს. უბრალოდ, მძიმე, ოსტატური ხელი დაადო მხარზე. ეს შეხება ათას სიტყვაზე მეტი აღმოჩნდა. ლუკამ თვალები დახუჭა, ამოისუნთქა და ფურცელზე ხელი მოაწერა. იმ წამს არც აპლოდისმენტები ყოფილა, არც ფოტოგრაფების ელვარება და არც კამერების ჩხაკუნი. მხოლოდ ოთხი მამაკაცის ჩუმი, დაღლილი ღიმილი... და ოცნება, რომელიც სიკვდილის პირიდან მძიმედ, მაგრამ მაინც დაბრუნდა *** იმ საღამოს ნიცას უცნობი ნომრიდან შეტყობინება მიუვიდა. "შეგიძლია მოხვიდე? რიყეზე ვარ” სხვა არაფერი ეწერა. მზის ჩასვლისას მტკვარი ნარინჯისფრად და ოქროსფრად ბრწყინავდა. რიყის პარკში ქალაქი ჩვეული სიმშვიდით სუნთქავდა: ბავშვები ველოსიპედებით დაქროდნენ, შორს ქუჩის მუსიკოსი გიტარაზე ძველ ქართულ მელოდიას უკრავდა. ლუკა ხიდთან იდგა. ხელში არც ყავა ეჭირა, არც ტელეფონი. მხოლოდ იდგა და ელოდა. როცა ნიცა დაინახა, პირველად ვერ გაბედა მასთან მიახლოება. ნიცაც შეჩერდა. ორივეს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მათ შორის რამდენიმე კვირა კი არა, მთელი საუკუნე და ათასი გადაულახავი ბარიერი გაჭიმულიყო. ბოლოს ლუკამ თავად გადადგა პირველი, ოდნავ ბორძიკა ნაბიჯი: — როგორ ხარ? ნიცას სევდიანად გაეღიმა: — ისევ ამ კითხვით იწყებ? — მგონი სხვა უკეთესი აღარ ვიცი. რამდენიმე წამს ორივემ ჩუმად გაიცინა. ჰაერში ჩამოწოლილი მძიმე უხერხულობა ოდნავ შემსუბუქდა. — ხელი მოვაწერე. — თქვა ბოლოს ლუკამ და მტკვარს გადახედა. ნიცას თვალები გაუნათდა. — მართლა? — ჰო. ბევრად უარესი პირობებით. მაგრამ იტალია მაინც არსებობს. ნიცას გაეღიმა — ისე გულწრფელად, ისე ლამაზად, როგორც იმ საშინელი სამოცდამეცხრე წუთის შემდეგ არ გაუღიმია: — გილოცავ, ლუკა. ლუკამ თავი დახარა, თითები მოაჯირს მოუჭირა: — მადლობა. — რისთვის? — ყველაფრისთვის. ნიცა გაჩუმდა. ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ჰაერთან ერთად სიმამაცეს აგროვებსო: — შენი სტატია.. თავიდან მძულდა. იმდენად მტკივნეული იყო, რომ მგონია, ათჯერ წავიკითხე, ყოველ ჯერზე უფრო მეტად გბრაზდებოდი. მაგრამ... რეაბილიტაციის დროს... ყოველ დილით იმ ერთ აბზაცს ვუბრუნდებოდი. "ყველაზე რთული რეაბილიტაცია მუხლში კი არა, თავში იწყება." ლუკამ ნიცას შეხედა — თვალებში აღარ ეწვა ბრაზი, მხოლოდ მადლიერება ედგა: — მაშინ ვერ მივხვდი. ახლა მივხვდი... შენ კი არ დამმარხე, ნიცა. შენ მაიძულე, სიმართლისთვის თვალებში ჩამეხედა. ნიცას თვალები ცრემლით აევსო: — მაპატიე. — არა. შენ მაპატიე. ორივე რამდენიმე წამი ჩუმად იდგა. ორივე რამდენიმე წამს ჩუმად იდგა. შემდეგ ლუკამ ხელი გაუწოდა: — თავიდან დავიწყოთ? ნიცამ ხელი ჩაჰკიდა. თბილი, აკანკალებული თითები მისი თითების შორის მოიქცია: — თავიდან კი არა...იქიდან, სადაც გაგვაწყვეტინეს. ქარმა მტკვრიდან ოდნავ შეარხია ხეები, ლუკამ ნიცას ხელი უფრო მაგრად მოუჭირა. — მეშინია. — ვიცი. — შეიძლება ვეღარასოდეს ვითამაშო ისე. — შეიძლება. - არ უარყო ნიცამ — შეიძლება საერთოდ ვერ შევძლო. ნიცამ ნაბიჯი გადადგა, პირდაპირ მის წინ დადგა და თვალებში ჩახედა: — მაშინ ერთ რამეს დამპირდი. — რას? — იბრძოლე ბოლომდე, შედეგი მერე ვნახოთ. ლუკას გაეღიმა. — შენ? — მე?- ნიცამ ღრმად ამოისუნთქა. — წადი და დაუმტკიცე ყველას, ვინც ხარ. რამდენიმე წამი გაჩუმდა. — მე კი აქედან დაგეხმარები... ჩემი სიტყვით. ამჯერად ლუკამ თავად მიიზიდა და ჩაიხუტა. და პირველად ტრავმის შემდეგ, ორივემ იგრძნო: მომავალი, თავისი განუსაზღვრელობითა და ტკივილით, მაინც კვლავ არსებობდა. *** გაფრენის დღე მოულოდნელად სწრაფად, თითქოს ერთ თვალის დახამხამებაში დადგა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ხალხის ნაკადით იყო სავსე, მაგრამ მათთვის მთელი სამყარო ერთ პატარა, შემოსაზღვრულ სივრცეში იყრიდა თავს. დათო პირველი მივიდა. ჩვეულებისამებრ, სახეზე ოდნავი, უდარდელი ღიმილი ეკერა: — ჰე, იტალიელო. ლუკამ გაეცინა. — ჯერ არც ჩავსულვარ. — არ აქვს მნიშვნელობა. — დათო უცებ თითის ქნევით დაემუქრა, —ერთ რამეს გეტყვი, თუ იქ ძალიან მაგარი გახდები...ბილეთები უფასოდ გამომიგზავნე. — ისევ ამაზე ფიქრობ? — აბა რა? სერია A-ს თამაშებზე ფულს ხომ არ გადავიხდი? ორივეს გაეცინა. შემდეგ დათო უცებ დასერიოზულდა. თვალები აუწყლიანდა და მეგობარს მთელი ძალღონით ჩაეხუტა: — მიდი... ჩვენს მაგივრადაც ითამაშე, ძმაო. თემური ბოლოს მივიდა, თავისი ჩვეული, მკაცრი და უტეხი იერით: — იტალიაში ერთი რამ დაიმახსოვრე, — უთხრა დინჯად, — იქ არავის აინტერესებს, რას აკეთებდი საქართველოში. ყოველ დღე, ყოველ ვარჯიშზე თავიდან მოგიწევს ყველაფრის დამტკიცება. — ვიცი, მწვრთნელო. — არა, — შეასწორა თემურმა, — ჯერ არ იცი. მაგრამ გაიგებ. თემურმა ხელი მძლავრად ჩამოართვა და მხარზე ორჯერ დაჰკრა. ეს იყო მისი უსიტყვო „წარმატებებს გისურვებ“ კოტე ყველაზე ბოლოს მივიდა. დიდხანს, დუმილით უყურებდა შვილს. შემდეგ ძლიერად, სულისშემძვრელად ჩაიხუტა — იმდენად ძლიერად, თითქოს ლუკა ისევ ის პატარა ბიჭი იყო, ეზოდან მუხლგადაყვლეფილი რომ ბრუნდებოდა. რამდენიმე წამს არაფერი უთქვამს. მერე ყურთან, ძალიან ჩუმად ჩაჩურჩულა: — იცოდე, ვისი შვილი ხარ. მეტი არაფერი. არც იყო საჭირო. ლუკამ მხოლოდ თავი დაუქნია. ოდნავ მოშორებით ნიცა იდგა. განზრახ არ იჭრებოდა ამ ოჯახურ იდილიაში. არც დათოსთან მისულა, არც თემურთან. უბრალოდ, შორიდან უყურებდა. ლუკამ ბოლოს ისიც დაინახა ხალხის ნაკადში. ორივეს სიტყვა არ უთქვამს, მხოლოს ერთმანეთს უყურებდნენ. თუმცა ამ რამდენიმე წამში ყველაფერი ითქვა: შიშიც, სიამაყეც, მომავლის მონატრებაც და უტეხი იმედიც. ლუკამ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად დაუქნია თავი. ნიცამ გაიღიმა ცრემლების მიუხედავად. ეს იყო მათი ნამდვილი დამშვიდობება. სიტყვების გარეშე. როცა ლუკა უსაფრთხოების კონტროლისკენ წავიდა და მისი ფიგურა მინის მიღმა გაუჩინარდა, კოტე იქვე დარჩა. ხალხი ნელ-ნელა იშლებოდა. ნიცაც გასასვლელისკენ დაიძრა. — ნიცა... — კოტეს ხმამ გააჩერა. შემობრუნდა. კოტე პირველად უღიმოდა. მართალია, ოდნავ, ტუჩის კუთხით, მაგრამ მაინც. — დრო გაქვს? — რა თქმა უნდა. რამდენიმე ნაბიჯი ერთად გაიარეს. აეროპორტის უზარმაზარი მინის კედლიდან აფრენისთვის გამზადებული თვითმფრინავები ჩანდა. კოტემ სიჩუმე დაარღვია. — მადლობა. ნიცა დაიბნა, ნაბიჯი შეანელა: — რისთვის? — რომ ჩემს შვილს დანებების საშუალება არ მიეცი. ნიცას თვალები გაუფართოვდა. — მე... მგონია, პირიქით...ყველაზე მეტად მე ვატკინე. კოტემ თავი გააქნია. — არა. მე ვხედავდი, რეაბილიტაციის პირველ დღეებში, ყოველ დილით შენს სტატიას კითხულობდა. ბრაზობდა. მაგრამ მაინც კითხულობდა. იცი რატომ? ნიცამ ჩუმად გააქნია თავი. — იმიტომ, რომ სიმართლე ყველაზე მეტად სტკივა იმ ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ არ დანებებულა. რამდენიმე წამი ჩუმად იარეს. შემდეგ ნიცამ ფრთხილად, კრძალვით ჰკითხა: — შეიძლება რაღაც გკითხოთ? — მკითხე. — ყოველთვის ასეთი მკაცრი რატომ იყავით ლუკასთან? კოტემ ფანჯარას გახედა, სადაც თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე ნელა გადაადგილდებოდა: — იმიტომ, რომ მე სხვა მამა ვიყავი. ჩემს დროს ფეხბურთში ბევრს გვაქებდნენ. ვფიქრობდი, ნიჭი ყველაფერში დამეხმარებოდა. არ მყავდა ადამიანი, ვინც გამაჩერებდა. ტრავმის მერე კი... ყველა გაქრა. - რამდენიმე წამით გაჩუმდა. — ამიტომ გადავწყვიტე... თუ ჩემი შვილი ფეხბურთელი იქნებოდა... მას ყველაზე მკაცრი ადამიანი სახლში დახვდებოდა. რომ გარეთ ყველაფერი უფრო ადვილი მოჩვენებოდა. ნიცა გატრუნული უსმენდა. — შეიძლება ბევრჯერ შევცდი. შეიძლება ზედმეტად მკაცრიც ვიყავი. — განაგრძო კოტემ, — მაგრამ ერთი რამ ყოველთვის ვიცოდი: ნიჭი ღმერთის საჩუქარია. ხასიათი კი... ადამიანის არჩევანი. შენც იმ რამდენიმე ადამიანს შორის ხარ, ვინც მას ხასიათის დაკარგვის უფლება არ მისცა. მადლობა. ნიცას თვალები ისევ აუწყლიანდა. — იმედია...იტალიაში ბედნიერი იქნება. კოტემ გაიღიმა. — ბედნიერებას ვერ დავპირდები. ფეხბურთი მაგას იშვიათად იძლევა, მაგრამ ბრძოლას...ბრძოლას ნამდვილად არ შეწყვეტს. თბილისი ისევ იქ იყო — მთაწმინდის ჩინჩახები, მტკვრის ნელი დინება, „დინამო არენას“ გიგანტური კონტურები... ყველაფერი თავის ადგილას ეგდო. მხოლოდ ერთი ადამიანი აღარ იყო ამ ქალაქში. ნიცამ ტელეფონი ამოიღო. ეკრანზე ერთი შეტყობინება ენთო. ლუკა: „დავეშვები თუ არა, პირველი, რასაც გავაკეთებ ვარჯიში იქნება.“ ნიცას გაეღიმა. მან მხოლოდ ერთი წინადადება აკრიფა პასუხად: „და ჩემი პირველივე სტატია შენს დაბრუნებაზე იქნება.“ ეს უკვე აღარ იყო დამშვიდობება. ეს იყო ორი ადამიანის შეთანხმება, რომ მათ შორის გაჭიმულ მანძილს... არც კილომეტრები, არც ტრავმა და არც დრო ვეღარასოდეს მოერეოდა. თავი 26 თბილისის აეროპორტიდან აფრენიდან სამი საათის შემდეგ, რკინის ფრინველმა ჩრდილოეთ იტალიის უსაზღვრო ცას გადაუფრინა. ილუმინატორიდან ალპების მზერაშეუვალ, ყინულოვან თეთრ მწვერვალებს მზის სხივები ოქროსფრად გადაჰყოლოდა. ლუკამ შუბლი ცივ მინას მიაყრდნო. პატარაობაში, როცა თბილისურ, ძველ ტელევიზორში თვალმოუწყვეტლივ სერია A-ს მატჩებს უყურებდა, ვერასდროს წარმოედგინა, რომ ოდესმე ამ ამაყ მთებს ასე ახლოს, საკუთარი თვალით ნახავდა. მაგრამ შიგნით, სულის სიღრმეში, უცნაური სიცარიელე გამეფებულიყო — არც ნანატრი სიხარული იყო და არც ბავშვური ეიფორია. მხოლოდ მძიმე, ყრუ ლოდი იწვა გულზე. თითქოს საქართველოს მიწა, მისი სითბო და ხმაური, თვითმფრინავის ბორბლებთან ერთად ასფალტზე დარჩენილიყო. ეს არ იყო თბილისური წვიმა — მოულოდნელად, მეხისცემასავით რომ მოვარდება, ქუჩებს გადარეცხავს და უცებ გადაიღებს. აქ წვიმაც დინჯი, მონოტონური და ნაცრისფერი იყო. ქუჩებიც, შენობებიც, ადამიანებიც — ყველაფერი რაღაც აუჩქარებელ, უცხო რიტმს ემორჩილებოდა. აეროპორტის ხმაურიან გასასვლელში კლუბის წარმომადგენელი დახვდა — მაღალი, მოწესრიგებული მამაკაცი „ტორინოს“ ემბლემიანი ქურთუკით: — Luka? — Yes. — Welcome to Torino. — წარმოთქვა მან მკვეთრი, უხეში იტალიური აქცენტით. მანქანაში თითქმის მთელი გზა მძიმე სიჩუმეში გაიარეს. ფანჯრიდან ნელა მიცურავდა ქალაქის სილუეტი: ძველი, წვიმისგან დამუქებული აგურის შენობები, ლიანდაგებზე აკაკუნებული ტრამვაი, სველი ველოსიპედები და მცირე კაფეები, სადაც ადამიანები წვიმის მიუხედავად, ტენტების ქვეშ ისხდნენ და ესპრესოს მიირთმევდნენ. ლუკას უეცრად, გაუსაძლისად მოენატრა თბილისის გადაჭედილი საცობები, მტკვრის ნესტიანი სუნი, ვაკის პარკის ხეივანი... და თუნდაც დათოს გაუთავებელი, უთავბოლო ლაპარაკი. კლუბმა პატარა, ერთოთახიანი ბინა გამოუყო. ყველაფერი კრიალებდა — იდეალურად მოწესრიგებული, ფუნქციური და... უსიცოცხლო. კედლები თეთრად იყო შეღებილი. ერთადერთი ფანჯრიდან მეზობელი კორპუსის ნაცრისფერი ფასადი ჩანდა. მინიმალისტურ სამზარეულოში ზუსტად ორი თეფში, ერთი ჭიქა და ერთი პატარა ქვაბი იდო. საწოლის გვერდით, ტუმბოზე, კლუბის ოფიციალური წერილი დახვდა: „Welcome to the Torino family.“ ლუკამ ბინა რამდენჯერმე, ფეხის ათრევით მოიარა. შემდეგ ჩემოდანი იატაკზე დადო და გახსნა. პირველი, რაც იქიდან ამოიღო, არც ბუცები ყოფილა და არც საყვარელი მაისურები. ეს ნიცას პატარა ფოტო იყო — უნივერსიტეტის დამთავრების დღეს გადაღებული, სადაც გოგონა სიჩუმესა და სინათლეს ასხივებდა. ლუკამ ფოტო საწოლის გვერდით, კედელს მიაყრდნო. მხოლოდ ამის შემდეგ იგრძნო, რომ ამ უცხო, ცივ ოთახში რაღაც ძალიან საკუთარი, სულიერი გაჩნდა. მეორე დილით საწვრთნელ ბაზაზე პირველად მივიდა. კლუბის სამედიცინო ცენტრი ცალკე შენობაში იყო. ველაფერი უახლესი, ულტრათანამედროვე ტექნიკით იყო აღჭურვილი. კედლებზე იტალიური ფეხბურთის ლეგენდების შავ-თეთრი ფოტოები ეწერა ისტორიად. ადმინისტრატორმა მშრალად, საქმიანად ჩამოართვა ხელი: — Benvenuto. (ქართ: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება) ლუკამ ოდნავ გაუღიმა. იტალიურად ჯერ მხოლოდ რამდენიმე ზოგადი სიტყვა იცოდა. გასახდელში შესვლისას უცნაური, შემბოჭველი შეგრძნება დაეუფლა. აქ თითქმის სიჩუმე მეფობდა. ფეხბურთელები უხმოდ იცვამდნენ; ზოგს ყურსასმენები ეკეთა, ზოგი ტაბლეტზე საკუთარ ფიზიკურ მონაცემებს აკვირდებოდა, ვიღაც კუთხეში ფიზიოთერაპევტს ჩურჩულით ელაპარაკებოდა. არავინ მღეროდა, არავინ ხუმრობდა. არავინ ყვიროდა ისე როგორც თბილისურ გასახდელში: „აბა, დღეს ვინ აგებს ლანჩს?!“ დათოს გარეშე ეს სივრცე საშინლად ცარიელი და უსულო ეჩვენა. ერთმა ფეხბურთელმა თავი დაუქნია. — Hi. მეორემ მხოლოდ უცხო თვალით შეხედა. მესამემ საერთოდ ვერ შეამჩნია. ყველას თავისი გზა, თავისი ომი და თავისი ადგილი ჰქონდა ამ მზის ქვეშ. აქ მეგობრობა ჯერ არავის აინტერესებდა ჯერ უნდა დაემტკიცებინა, რომ ამ გასახდელს საერთოდ ეკუთვნოდა. რეაბილიტაცია თავიდან დაიწყო. ახალი ექიმები, ახალი პროგრამა, ახალი მეთოდები. ერთ-ერთმა ფიზიოთერაპევტმა ეკრანზე მისი MRI გახსნა. იტალიურად რაღაც თქვა. შემდეგ ინგლისურად დაამატა: — We don't care who you were in Georgia. (არ გვადარდებს ვინ იყავი საქართველოში) ლუკამ თავი ასწია და თვალებში ჩახედა. — We only care who you become here. (ჩვენ მხოლოდ ის გვაინტერესებს თუ ვინ გახდები აქ) მკაცრი ნათქვამი იყო. მაგრამ სამართლიანი. ვარჯიშებზე მოთამაშეები შორიდან, დაფარული ინტერესით აკვირდებოდნენ: ქართველი, მძიმედ ტრავმირებული, სერია A-მდე ერთი ნაბიჯით ადრე გაჩერებული ბიჭი. ზოგისთვის ის კლუბის მხრიდან რისკიანი, გაუმართლებელი ინვესტიცია იყო, ზოგისთვის — უბრალოდ კიდევ ერთი ლეგიონერი, რომელიც მათ ადგილს ემუქრებოდა. ლუკა ამას გრძნობდა — ყოველ მზერაში, ყოველ გადაჩურჩულებაში, ბურთის ყოველ დარტყმაში. ერთ საღამოს, მძიმე ვარჯიშის შემდეგ, სუპერმარკეტში შევიდა. ინგლისურად ძლივს აუხსნა მოლარეს, რა უნდოდა. იტალიური სიტყვები ერთმანეთში ერეოდა. საბოლოოდ გაყინული პიცა იყიდა და ბინაში დაბრუნდა. მიკროტალღურ ღუმელში შეაცხელა, პლასტმასის მაგიდასთან დაჯდა. პირველი ლუკმა ყელში გაეჩხირა, ძლივს გადაყლაპა. უცებ თამუნას ხაჭაპური გაახსენდა, კოტეს გაკეთებული მწვადი. სალომეს მოტანილი პიცაც კი. დათოსთან ერთად ბაზის სასადილოში ნაჭამი უბრალო მაკარონიც კი. ეს გაყინული პიცა კი... მხოლოდ უფერული საკვები იყო. არანაირი გემო, არანაირი სითბო. ოთახში ისეთი სამარისებული სიჩუმე იდგა, რომ მიკროტალღური ღუმლის წიკწიკიც კი ყურისწამღებ ხმაურად ეჩვენებოდა. *** თბილისში უკვე ღამე იყო. ნიცა სამსახურის შემდეგ სახლში დაბრუნდა. სალომე ისევ მასთან იყო. — დარეკავს? - იკითხა სალომემ. ნიცამ საათს შეხედა. — ხუთ წუთში უნდა დამირეკოს. დათუნამ მაშინვე იყვირა: — ლუკა დარეკავს? — ჰო. — მეც მინდა, ლაპარაკი! გიორგიმ სიცილით გადააქნია თავი: — ჯერ შენს იტალიურს დაელოდე. ტელეფონის ეკრანი განათდა. Video Call ნიცას სახე უცებ გაუნათდა. უპასუხა: — როგორ ხარ? ლუკამ ტელეფონის კამერა ფანჯრისკენ შეატრიალა, სადაც სველ მინაზე წვეთები ნელა ჩამოედინებოდა: — მგონია, ამ ქალაქში მზე საერთოდ არ არსებობს. ნიცას გაეცინა. — არსებობს ლუკა, უბრალოდ ჯერ არ გიცნობს. ლუკამ პირველად იმ დღეს გულწრფელად და თბილად გაიღიმა. — შენ როგორ ხარ? — დღეს სამი სტატია დავწერე. — დღეს სამი ახალი სტატია დავწერე, — თქვა ნიცამ. — გიორგი ისევ ფეხბურთზე კამათობს... თიკა გემრიელ სადილს ამზადებს, სალომე როგორც ყოველთვის ჩემთანაა და დათოს აბრაზებს, დათუნა კი... — ლუკაა! - პატარა ბიჭი ეკრანში შეხტა. — იტალიაში ყველანი იტალიურად ლაპარაკობენ? ლუკას სიცილი აუტყდა: — სამწუხაროდ, კი, დათუ. — აბა, თქვი რამე. — Ciao. — ეგ მეც ვიცი! ოთახში ყველას გაეცინა. ლუკას პირველად, ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სრულიად დაავიწყდა, რომ ათასობით კილომეტრის მოშორებით, სრულიად მარტო იყო. ასე გრძელდებოდა თითქმის ყოველ საღამოს. ვიდეოზარები. ხან ათი წუთი. ხან ერთი საათი. ნიცა ზოგჯერ თავის ახალ ჩანაწერებს უკითხავდა, ლუკა იტალიურ სიტყვებს იმეორებდა. ორივე ხელახლა სწავლობდა ერთმანეთის ყოველდღიურობას. მათ შორის ათასობით ცივი კილომეტრი იწვა, მაგრამ ყოველ საღამოს ეკრანის მცირე სინათლე ამ მანძილს ფხვნიდა ოქტომბრის ბოლოს ლუკას პირველი ხელფასი ჩაერიცხა. თანხა საგრძნობლად ნაკლები იყო, ვიდრე თავიდან უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. სავარჯიშო ბაზიდან წამოსული, პირდაპირ ქუჩის პატარა, მყუდრო ყვავილების მაღაზიაში შევიდა. ინგლისურად ძლივს აუხსნა მოხუც გამყიდველ გოგონას, რა უნდოდა: — To Georgia. გოგონამ კომპიუტერში მონაცემები აკრიფა, მერე ეჭვით გადახედა: — For girlfriend? ლუკა ოდნავ გაწითლდა, თავი დახარა: — Yes. — Lucky girl. — გაიღიმა იტალიელმა. ლუკამ შეხედა და ჩუმად თქვა: — No. Lucky me. *** იმავე საღამოს თბილისში, ნიცას ბინის კარზე ზარი გაისმა. ნიცამ კარი გააღო. ზღურბლზე კურიერი იდგა, რომელსაც უზარმაზარი, ულამაზესი თაიგული ეჭირა — თეთრი შროშნები და ცისფერი ჰორტენზიები. თაიგულში პატარა, დახვეწილი ბარათი იდო: "პირველი ხელფასი ყოველთვის განსაკუთრებულია., მინდოდა, პირველ რიგში შენ გაგხარებოდა. — ლ." ნიცას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. თიკა სამზარეულოდან გამოვიდა — ვაიმე... რა ლამაზია... სალომემ მაშინვე ხელიდან წაართვა ბარათი. — აი, ეს უკვე ნამდვილი ევროპაა. გიორგიმ სიცილით თავი გააქნია. — არა, სალო... ეს ევროპა კი არ არის. ეს ლუკაა. ** რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ერთი ამანათი მივიდა. ამჯერად დათუნას სახელზე. პატარა ბიჭმა ყუთი ძლივს გახსნა. შიგნით "ტორინოს" საფირმო, ახალი ბურთი იდო. ზედ შავი მარკერით ეწერა: "დათუნას. როცა დავბრუნდები, პირველი თამაში ამ ბურთით ვითამაშოთ. ლუკა." დათუნამ ბურთი გულში ჩაიხუტა, თვალები გაუბრწყინდა: — მე ამით გარეთ არ ვითამაშებ! — რატომ? — გაეცინა გიორგის. — რომ არ გაფუჭდეს! ჩემი თილისმა იქნება! იმ ღამით, ვიდეოზარის დასრულების შემდეგ, ლუკა ისევ ფანჯარასთან იდგა. წვიმა ისევ ნელა, მონოტონურად ეცემოდა ტურინის ძველ ქვაფენილს. ქალაქი ისევ უცხო იყო. გასახდელი — ისევ ცივი. ენა — ისევ რთული. სადილიც — ისევ უგემური. მაგრამ ახლა საწოლის გვერდით მხოლოდ ნიცას ფოტო აღარ იდო. იქვე, კედელს პატარა, ბავშვური ნახატიც ეყრდნობოდა —ნიცას მიერ გაგზავნილი დათუნას ფერადი ფანქრებით დახატული. ერთ მხარეს საქართველო იყო გამოსახული, მეორე მხარეს — იტალია. შუაში დიდი ბურთი ეხატა, ხოლო ზემოთ, უშველებელი ასოებით ეწერა: „ლუკა მალე დაბრუნდება!“ იმ ღამით პირველად, ტურინის უცხო ცის ქვეშ, ლუკამ მარტოობა ბოლომდე ვეღარ იგრძნო. იმიტომ, რომ მიხვდა ლეგიონერის ყველაზე დიდი ძალა ზოგჯერ არც მდიდარი კლუბია, არც დიდი ხელფასი და არც გრანდიოზული სტადიონი. არამედ ადამიანები, რომლებიც ათასობით კილომეტრის მოშორებით, ყოველდღე ახსენებენ ვინ იყავი... და ვინ უნდა გახდე. თავი 27 ნოემბრის დასაწყისში ტურინი უკვე ნამდვილ, დინჯ შემოდგომას ჩაეხუტა. ხეები თითქმის მთლიანად ოქროსფრად იწვოდა. დილაობით ქალაქს ალპებიდან ჩამოწოლილი, სქელი, რძისფერი ნისლი ეფარებოდა, საღამოობით კი წვრილი, აბრეშუმივით წვიმა ქვაფენილს სარკესავით აპრიალებდა. ლუკასთვის ყოველი დღე ერთი და იმავე მკაცრ რიტმს ემორჩილებოდა: დილის დამქანცველი ვარჯიში, მტკივნეული რეაბილიტაცია, იტალიური ენის ინტენსიური გაკვეთილები, ვიდეოანალიზი და საღამოს, ნანატრი ვიდეოზარი ნიცასთან. მაგრამ ამ კვირაში ჰაერში რაღაც სულ სხვა, ელექტრული მუხტი იგრძნობოდა. საშაბათო ვარჯიშის ბოლოს, მთავარი მწვრთნელი მასთან მივიდა, მხარზე მძიმე ხელი დაადო და უთხრა: — Luka... be ready.(მზად იყავი) სხვა არაფერი. არც უთქვამს, ითამაშებდა თუ არა. მაგრამ ეს ორი მშრალი სიტყვაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთელი კვირის განმავლობაში ლუკას ძილი გაჰქრობოდა. პარასკევს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ბოლო, გადამწყვეტი ვარჯიში მიმდინარეობდა. იტალიელები, როგორც ყოველთვის, საათის მექანიზმივით, მდუმარედ მუშაობდნენ: ბურთის სწრაფი გათამაშება, პოზიციური დისციპლინა, ტაქტიკური გადაადგილება. არც ზედმეტი ყვირილი, არც თბილისური სიცილი. ლუკა პირველად ვარჯიშობდა ძირითად შემადგენლობასთან ერთად. მთავარი მწვრთნელი პერიოდულად აჩერებდა პროცესს და მოედანზე მისი მჭექარე ხმა გაისმოდა: — Più veloce! ( უფრო სწრაფად) — Move! (იმოძრავეთ) — Think before the pass! (პასამდე იფიქრეთ) ლუკა ინსტინქტურად, თითქმის უშეცდომოდ ასრულებდა ყველაფერს. ბოლო თვეების ჯოჯოხეთურ შრომაში თითქოს ისევ თავიდან ისწავლა ფეხბურთი. აღარ თამაშობდა მხოლოდ ინტუიციითა და სუფთა ნიჭით — ახლა ყველა მოძრაობა გათვლილი იყო, ყოველი ნაბიჯი — გააზრებული და ცივსისხლიანი. ვარჯიშის დასრულებისას მწვრთნელმა ისევ გვერდით გაიყვანა, თვალებში ჩახედა: — მზად ხარ? ლუკამ თვალებში შეხედა. — ყოველთვის. იტალიელმა პირველად გაუღიმა. —მაგას ხვალ გაიგებ. *** თბილისში იმ საღამოს დათო, როგორც ყოველთვის, ხმაურით შევარდა პატარა კაფეში, რომელიც უკვე წლებია ფეხბურთის გულშემატკივრების ტაძრად ქცეულიყო. კედლებზე საქართველოს ნაკრების ისტორიული მაისურები ეკიდა, ძველი ფოტოებიდან ქეცბაია, კალაძე და არველაძე იღიმოდნენ. ახლა კი, ერთ-ერთ დიდ ეკრანზე, უკვე ახალი თაობის სახეებიც გამოჩენილიყო — მათ შორის ლუკაც, „ტორინოს“ მაისურით. — აბა, ვინ მოდის? - დაიყვირა დათომ. სალომემ თვალები გადაატრიალა. — ერთხელ მაინც მოდი ნორმალურად. — ფეხბურთს დინჯად ვერ უყურებ, სალო! გიორგი უკვე მაგიდასთან იჯდა. — ადგილი შევინახე, მოდით. ნიცა და თიკა ცოტა მოგვიანებით შემოუერთდნენ. ნიცას მკლავქვეშ ლეპტოპი ამოეჩარა. — ისევ მუშაობ? - ჰკითხა სალომემ. — მატჩის სიღრმისეული ანალიზი უნდა დავწერო... — ჩაილაპარაკა ნიცამ. — ჯერ დაიწყოს მაინც. — რომ დაიწყება, მერე ემოციისგან წერის დრო აღარ მექნება. დათუნა ამჯერად წამოჰყოლოდათ. „ტორინოს“ ბურთს გულში იხუტებდა და ხელიდან არ უშვებდა. — დღეს ლუკა ითამაშებს? - იკითხა ბავშვმა იმედით სავსე თვალებით. გიორგიმ მხრები აიჩეჩა და ეკრანს გახედა. — ღმერთმა ქნას. **** ტრიბუნები ნელ-ნელა ივსებოდა. შინდისფერი და თეთრი შარფები ზღვას ტალღებივით იშლებოდა. იტალიური ჰიმნები, დროშების ფრიალი, დოლების უწყვეტი გუგუნი... ლუკა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ქურთუკში მოკუნტული. მარცხენა მუხლზე ხელს გაუცნობიერებლად ისვამდა — თითქოს სხეულს ისევ ამოწმებდა, მართლა ჯანმრთელი იყო თუ არა. ფეხს ჯერ კიდევ ქვეცნობიერად უფრთხილდებოდა. მის გვერდით მჯდომმა, გამოცდილმა იტალიელმა მცველმა მხარზე ხელი დაარტყა: — Relax, ragazzo. ლუკამ მხოლოდ თავი დაუქნია. *** მატჩი მძიმე, ხისტი და ტაქტიკურად დამღლელი გამოდგა. მეტოქე დაცვაში მტკიცედ იდგა, ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. 80-ე წუთზე ტაბლოზე ისევ ცივი 0:0 ენთო. უცებ მთავარმა მწვრთნელმა სკამისკენ მკვეთრად გამოიხედა: — Luka! Come on ლუკას გული ისე აუჩქარდა, რომ ყურებში საკუთარი სუნთქვა ჩაქუჩივით ესმოდა. სასწრაფოდ გაიხადა სათადარიგო ჟილეტი, ბუცები ასფალტს დააკრა და მეოთხე მსაჯთან მივიდა. ტაბლოზე მწვანე ნომერი აინთო: 80'. იტალიელმა გულშემატკივრებმა ტაში დაუკრეს. არა ძალიან ხმამაღლა, უფრო თავაზიანად, ახალ ფეხბურთელს ესალმებოდნენ. ლუკამ მოედანზე ფეხი შედგა. იმ წამს თითქოს მთელი სამყარო გაჩერდა. პროჟექტორების მწვერვალი სინათლე, სველი ბალახის მძაფრი სუნი, ტრიბუნების გუგუნი... სერია A. "მართლა აქ ვარ..." -გაიფიქრა თავში. პირველი ბურთი მიიღო. ნერვიულობისგან ზედმეტად იჩქარა და პასი უსაფრთხოდ, უკან დააბრუნა. მეორე ეპიზოდშიც ფრთხილად ითამაშა. არ რისკავდა თითქოს მუხლი ისევ გახსენებდა თავს, თითქოს იმ საშინელი ტრავმის ხმა ჯერ კიდევ ეძახდა უფსკრულისკენ. *** თბილისში ბარში ყველა ფეხზე იდგა. — მიდი, ლუკა! — არ შეგეშინდეს! — შეუტიე! დათო ეკრანს ისე უყურებდა, თითქოს თვითონ იდგა კარში. — ზედმეტად ფრთხილობს... ჩაილაპარაკა ნერვიულად. გიორგიმ თავი დაუქნია. — ჯერ კიდევ ტრავმის შიში აქვს ... ნიცა არაფერს ამბობდა. მისი მზერა მხოლოდ ლუკას ყოველ მოძრაობას, ყოველ ნაბიჯს მიჰყვებოდა. ყველაზე უკეთ მან იცოდა, რამდენად ჯოჯოხეთურად რთული იყო იმავე ფეხზე საკუთარი სხეულის ხელახლა ნდობა. 89-ე წუთი. კვლავ ფრე. კვლავ 0:0. ტრიბუნებზე უკვე უკმაყოფილო ბუზღუნი ისმოდა. მეტოქემ კუთხური ჩააწოდა, „ტორინოს“ მეკარემ ბურთი მუშტებით შორს მოიგერია. ბურთი მოედნის ცენტრში, ლუკას ფეხებთან დაეშვა. ერთი შეხება, მეორე. და უცებ... მოედანი მის თვალწინ გაიხსნა! ზუსტად ისე, როგორც ადრე. როგორც „დინამოში“. როგორც „დინამო არენაზე“. როგორც შორეულ ბავშვობაში... ლუკამ უცებ შეწყვიტა მუხლზე ფიქრი. აღარც ტრავმა არსებობდა, აღარც იტალია, აღარც ტრიბუნების შიში. ხედავდა მხოლოდ მწვანე სივრცეს და ბურთის ტრაექტორიას. სამი ელვისებური სვლა წინ! ორი მცველი ოსტატურად შეატყუა ერთმანეთს, შემდეგ ბურთი ოსტატურად გადაიტანა მარცხენაზე და მესამეს ფეხებს შორის გააძვრინა. ტრიბუნები ფეხზე წამოშლილიყო! მეკარე გამოსასვლელად გამოიქცა. ლუკამ წამის მეათედში თავი ასწია, შორეულ კუთხეს თვალი მოჰკრა და დაარტყა. ბურთი ჰაერში დახვეწილი არკით გაფრინდა. მეკარეს თითების წვერები ძლივს შეეხო... და ბადე მძლავრად შეირხა! გოლი! რამდენიმე წამით თითქოს მთელი სტადიონი სამარისებურ სიჩუმეში ჩაიძირა. შემდეგ კი აფეთქდა. ლუკა ადგილიდან არ დაძრულა. თვალები დახუჭა, თავი ცისკენ ასწია და ღრმად ჩაისუნთქა. ღრმად ჩაისუნთქა. "დავბრუნდი..." თანაგუნდელები პირველები მივარდნენ. ზურგზე ახტნენ, ეხუტებოდნენ, იტალიურად რაღაცას აღტაცებით უყვიროდნენ. მას კი მხოლოდ ერთი რამ ესმოდა — ტრიბუნებიდან წამოსული, ათასობით ადამიანის გაერთიანებული ტაში. შემდეგ კი... ნელ-ნელა, მთელმა სტადიონმა რიტმულად დაიწყო მისი გვარის სკანდირება ის პირველად გრძნობდა...ევროპა ტაშს უკრავდა. *** თბილისში ბარში რამდენიმე წამის სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კი ვიღაცამ დაიყვირა: — გოოოოოოლ! ერთ წამში ყველაფერი თავდაყირა დადგა! სკამები გადაყირავდა, ლუდის ჭიქები ჰაერში აფრინდა. სრულიად უცნობი ადამიანები ტირილით ეხუტებოდნენ ერთმანეთს. ვიღაც საქართველოს დროშას აფრიალებდა. დათომ გიორგის ისე ჩაეხუტა, ლამის ორივე იატაკზე დაეცა: — გითხარი! გითხარი, ძამო! ეს ბიჭი სხვანაირია! სალომე სიცილით ტიროდა, თიკა ტაშს უკრავდა. დათუნა ბურთს გულში იხუტებდა და ხტუნავდა: — ლუკამ გაიტანა! ლუკამ გაიტანა! ნიცა კი... უბრალოდ ეკრანს უყურებდა. ცრემლები მდინარესავით ჩამოსდიოდა ლოყებზე და ვერც კი ამჩნევდა. მის გვერდით მდგომმა სრულიად უცნობმა, ასაკოვანმა კაცმა მხარზე თბილად დაადო ხელი: — ქართველია, შვილო? ნიცამ ცრემლიანი თავი დაუქნია. — მაგარი ბიჭია... — ჰო... ძალიან, — ჩურჩულით უპასუხა ნიცამ. *** მატჩის შემდეგ გასახდელში უკვე სულ სხვა განწყობა სუფევდა. იტალიელები, რომლებიც ერთი თვის წინ მხოლოდ თავს უქნევდნენ, ახლა ზურგზე ხელს ურტყამდნენ. — Bravo! — Grande! — Fantastico! მთავარმა მწვრთნელმაც პირველად ყველას წინ დაუქნია თავი. — Good job. ორი სიტყვა, მაგრამ ლუკამ იცოდა...იტალიურ ფეხბურთში ეს უზარმაზარ აღიარებას ნიშნავდა. ცხელი შხაპის შემდეგ, ტელეფონი აიღო. საქართველოში უკვე გვიანი ღამე იყო. ვიდეოზარი ჩართო. ნიცამ თითქმის პირველივე წამს უპასუხა. — ჩემპიონო... — ჩუმად თქვა ნიცამ. ლუკას გაეცინა: — ჯერ ადრეა. რამდენიმე წამს უბრალოდ ერთმანეთს უყურებდნენ. ორივეს თვალები ჯერ კიდევ სველი ჰქონდა. — ნახე? — ჰკითხა ლუკამ. — ყოველი წამი. — ეს გოლი... — ლუკა ცოტა ხნით გაჩუმდა. შემდეგ ისეთი დაბალი, თბილი ხმით თქვა, თითქოს სამყაროში მხოლოდ ისინი ორნი იყვნენ: — ეს გოლი შენთვის იყო... ჩემო თვალებციმციმავ. ნიცამ თვალები დახუჭა, გაუღიმა: — არა, ლუკა... ეს გოლი... იმ პატარა ბიჭისთვის იყო, რომელიც ერთ დროს ოცნებობდა. იმ მამისთვის, რომელმაც არ გატეხა. იმ გუნდისთვის, რომელმაც დაგიცადა. იმ ქვეყნისთვის, რომელიც დღეს შენთან ერთად ტიროდა... და ცოტაც ჩემთვის. ლუკას გაეღიმა: — ცოტაც? — ჰო. ბევრი რომ გითხრა, ისევ გაგიფუჭდება ხასიათი. ორივეს გაეცინა. სიცილი, რომელიც ბოლო მძიმე თვეების განმავლობაში პირველად იყო სრულიად უშფოთველი და მსუბუქი. ვიდეოზარი დასრულდა. ლუკა გასახდელიდან გარეთ გავიდა. ტურინის ცა ისევ მოღრუბლული იყო, სველი ჰაერი მუხლს უგრილებდა, მაგრამ იმ ღამით ქალაქი აღარ ჩანდა ცივი. იმიტომ, რომ ათას ხუთას კილომეტრში, თბილისში, ერთი პატარა საფეხბურთო ბარიდან დაწყებული სიხარული... მთელ საქართველოს გადაჰყოლოდა ტალღად. და იმ საღამოს თითოეულ ქართველს, რომელიც ევროპაში მოთამაშე საკუთარ ბიჭს გულშემატკივრობდა, ერთი უტყუარი შეგრძნება ჰქონდა: როცა ქართველი ბიჭი უცხო სტადიონზე გოლს იტანს, მხოლოდ მისი კლუბი კი არა — მთელი ქვეყანა იმარჯვებს. თავი 28 თბილისი ნოემბრის გრილი, გამჭვირვალე დილებით უკვე სულ სხვანაირად, აჩქარებულად სუნთქავდა. ქალაქი გარეგნულად თითქოს ჩვეულებრივ, გადაღლილ რიტმს ინარჩუნებდა. საცობები ისევ უძრავად იდგა გმირთა მოედანზე, მეტროს მორყეული ვაგონები ისევ თვალებაღვარჭნილი ხალხით იყო გადაჭედილი, ხოლო მყუდრო კაფეებიდან ცხელი ყავისა და ახალი ცომეულის სურნელი ისევ მორცხვად იღვრებოდა ქუჩებში. მაგრამ თუ ოდნავ მაინც დააკვირდებოდი, მიხვდებოდი, რომ ჰაერში რაღაც ფუნდამენტური შეიცვალა. აივნებიდან საქართველოს ეროვნული დროშები გადმოეფინათ. მანქანების საქარე მინებზე ნაკრების სტიკერები ეკრა. სპორტული მაღაზიების კაშკაშა ვიტრინებში მხოლოდ სამი ფერი მეფობდა — წმინდა თეთრი, მწველი წითელი და ღრმა შავი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩის კუთხეებსა თუ ოფისებში ყველას ბაგეზე მხოლოდ ერთი ფრაზა ეკერა: — ხვალ თამაშია... იმ დღეს ამაზე მნიშვნელოვანი, ამაზე მასშტაბური ამ ქვეყანაში არაფერი არსებობდა. ნიცა დილით ჩვეულებრივზე ბევრად ადრე მივიდა სპორტულ ჰოლდინგში. მედია-რედაქცია უკვე გადარეული ფუტკრის სკასავით გუგუნებდა. კედელზე დამონტაჟებულ დიდ მონიტორებზე ეროვნული ნაკრების ბოლო ვარჯიშის ექსკლუზიური კადრები უწყვეტად ტრიალებდა. მთავარი რედაქტორი ტელეფონის ყურმილს არ უშვებდა ხელიდან და ინსტრუქციებს იძლეოდა: — მედია-პასები სასწრაფოდ გადაამოწმეთ! იტალიიდან ტოპ-ჟურნალისტებიც ჩამოდიან! უეფას ოფიციალური წარმომადგენლები უკვე სასტუმროში არიან! პრესკონფერენციის განრიგი შეცვალეს, დროზე! ოთახში ისეთი ელექტრული ხმაური იდგა, თითქოს მატჩის მსაჯს სტვენის ნიშანი უკვე მიეცა. ნიცა თავის კუთხეში დაჯდა. ლეპტოპის ეკრანზე სტატიის სათაური უკვე მზად ჰქონდა: „ქვეყანა, რომელსაც სუნთქვაც კი მატჩის რიტმზე აქვს აწყობილი.“ იგი ფანჯარასთან მივიდა. ქვემოთ, ეზოს ასფალტზე, ორი პატარა ბიჭი ნაკრების მაისურებით მონდომებით დასდევდა გაცვეთილ ბურთს. ერთ-ერთმა წამით შეაჩერა თამაში და დაიყვირა: — მე ლუკა ვარ! მეორემ არ დაუთმო: — მაშინ მე დათო ვიქნები! ნიცას უნებურად, გულში გაეღიმა. „ღმერთო ჩემო, რამდენად სწრაფად ხდებიან ჩვეულებრივი, ტკივილიანი ადამიანები სხვისი ბავშვობის გმირები...“ *** ამავე დროს, ტურინიდან მომავალმა ბორტმა თბილისის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დინჯი დაშვება დაიწყო. ლუკამ შუბლი ოდნავ ცივ მინას მიყრდნო. ილუმინატორში თბილისის ნაცნობი კონტურები იშლებოდა: კლაკნილი მტკვარი, ამაყი მთაწმინდა, ძველი უბნების კრამიტის სახურავები... ყველაფერი ისევ ისეთი ჩანდა. მაგრამ მისთვის... ყველაფერი გარდაქმნილიყო. ეს უკვე უბრალოდ მშობლიური სახლი აღარ იყო. ეს იყო ტაძარი, სადაც საკუთარი დათრგუნული ოცნების დასაცავად უნდა ებრძოლა. თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე აეროპორტის დარბაზში ჟურნალისტების მთელი არმია დახვდა. კამერების შუქები თვალს ჭრიდა: — ლუკა! იტალიაში გატანილ პირველ გოლზე რას გვეტყვი?! — ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნები? — როგორია რეალური ფიზიკური ფორმა ტრავმის შემდეგ? ნაკრების პრესსამსახურის წარმომადგენელმა ის სწრაფად გაარიდა ჟურნალისტთა ალყას: — მოგვიანებით, მეგობრებო! ახლა არა, გთხოვთ! ლუკას ოდნავ გაეღიმა. სამშობლოში დაბრუნებას ყოველთვის ასეთი ტკბილი, მაგრამ მძიმე ხმაური მოჰყვებოდა. *** საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული ნაკრების შეკრება უკვე პიკს აღწევდა. გასახდელში შესვლისთანავე ისევ ის მშობლიური, უშუალო ხმები ეცა: — აბა, იტალიელო! დათო პირველი მივარდა. ისეთი ძლიერი, ნეკნების გამტეხი ჩახუტებით შეხვდა, თითქოს მთელი საუკუნე არ ენახა: — ევროპაში რა გასწავლეს ახალი? ლუკამ გადაიხარხარა: — ძირითადად, ენის გაჩუმება და უმოწყალო სირბილი. — ეგ სირბილი აქაც ვიცოდით! — ჩაერთო დათო. — და ჩუმად ყოფნა? ე, ჩვენთან ეგ ნომერი არ გამოგივა! გასახდელი საერთო სიცილმა დაფარა. პირველად იტალიური სტერილური გარემოდან დაბრუნების შემდეგ, ლუკამ ისევ იგრძნო ის ძველი, ქართული გასახდელის სული. ვიღაც ხმამაღალ მუსიკას რთავდა, ვიღაც ჩაის ხარისხზე კამათობდა, ვიღაც დაკარგულ ბუცებს ეძებდა... იტალიაში ყველაფერი პროფესიონალურად იდეალური და ცივი იყო. აქ კი... ნამდვილი, ცხელი სიცოცხლე ჩქეფდა. საღამოს ვარჯიშზე მთავარი მწვრთნელი დაფასთან იდგა და ტაქტიკურ დეტალებს ხსნიდა: — ხვალ პირველი ოცდაათი წუთი გადამწყვეტია. მაქსიმალური დისციპლინა! მოთმინება! სწორი პოზიციონირება! არავინ ლაპარაკობდა. ყველას მზერა მწვრთნელის ხელის მოძრაობაზე იყო მიჯაჭვული. ლუკა ბურთს ფეხის წვერით ნელა ატრიალებდა. სულ რამდენიმე თვის წინ ამავე მუხლზე უმძიმესი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. ახლა კი... კვლავ ეროვნული ნაკრების მაისურით იდგა მოედანზე. ცხოვრება მართლაც საოცრად უცნაური, დაუნდობელი, მაგრამ მაინც მშვენიერი რამ ყოფილა. **** ამავე დროს, თბილისში გიორგიმ პატარა დათუნას ხელი ჩაჰკიდა: — წავედით, ბიჭო. — სად, მამა? — ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. ცენტრალური სპორტული მაღაზია ხალხით იყო გადაჭედილი. თაროებიდან ეროვნული ნაკრების მაისურები თითქმის მთლიანად დაცლილიყო. გიორგიმ გამყიდველს ჰკითხა: — ბავშვის ზომები კიდევ დაგრჩათ? — ბოლო რამდენიმე ცალია, ძმაო, სასწაულად იყიდება. დათუნა მაშინვე ეცა ერთ-ერთს. ზურგზე წითელი, მკვეთრი ასოებით ეწერა: Kavtaradze. — ეს მინდა! მხოლოდ ეს! გიორგიმ გაუღიმა: — სხვა ნომერი არ გინდა, დათუ? — არა! ხვალ მხოლოდ ამით უნდა ვუყურო! თიკა, რომელიც მათ გვერდით იდგა, თბილი თვალებით უყურებდა პატარას: — ასე მიხაროდა მეც ბავშვობაში... როცა მამამ ქინქლაძის მაისური მიყიდა. გიორგიმ შვილს მაისური თავზე გადააცვა. დათუნა სარკის წინ ამაყად დატრიალდა, მერე მამას შეხედა: — მამა... გგონია, ლუკა ისევ გაიტანს? გიორგიმ მხარზე ხელი მოხვია და მტკიცედ უთხრა: — არ ვიცი, შვილო... მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ხვალ ის მთელ თავის გულს დატოვებს იმ მოედანზე. *** საღამოს სალომე სამსახურის შემდეგ ნიცასთან მივიდა. ორივენი აივანზე ისხდნენ, ხელში ორთქლადენილი ჩაის ჭიქები ეჭირათ. ქალაქის ჰაერში უკვე ყოველმხრივ ისმოდა ნაკრების ჰიმნები. — ხვალ შენთვისაც დიდი დღეა, ნიცა, — თქვა სალომემ. — რატომ? — იმიტომ, რომ პირველად იქნები იმ თამაშზე, რომელსაც მთელი ევროპა უყურებს... და რომელზეც ის თამაშობს. ნიცამ თავი დაუქნია, ჩაის გადახედა: — ყველაზე მეტად იმის მეშინია... რომ ჟურნალისტი აღარ ვიყო. სალომემ გაოცებით შეხედა: — რას გულისხმობ? — როცა ლუკა მოედანზე გამოვა... არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცივი ემოციების შენარჩუნებას. სალომემ ხელი თბილად ჩაჰკიდა: — შენ ყოველთვის შეძლებ. იმიტომ, რომ ჯერ ადამიანი ხარ, ნიცა... და მერე ჟურნალისტი. *** დათო იმ საღამოს ბაზაზე გვიანობამდე დარჩა. ლუკას ოთახის კარი ფრთხილად შეაღო: — წამოხვალ? — სად? — აივანზე, ჰაერზე. ორივენი გარეთ გავიდნენ. საგურამოს სიჩუმიდან თბილისის ათასი ოქროსფერი შუქი ზღვასავით მოჩანდა. — ნერვიულობ? — ჰკითხა დათომ. — ძალიან... — არ დამალა ლუკამ. — მეც... — აღიარა დათომაც. ორივეს ჩუმად გაეცინა. — მაგრამ იცი? — თქვა დათომ და შორს გაიხედა. — ხვალ რაც არ უნდა მოხდეს... ჩვენ მაინც იმ ბიჭებად დავრჩებით, გლდანში, ავჭალასა და დიდუბეში, დალეწილ ასფალტზე რომ ბურთს დასდევდნენ. ლუკამ მეგობარს გადახედა: — მადლობა, დათო. — რისთვის, კაცო? —იმისთვის რომ არასოდეს შეცვლილხარ. დათომ მხარზე ხელი მძლავრად დაჰკრა: — შენც არ გაბედო შეცვლა, იცოდე! ღამის თერთმეტი საათი სრულდებოდა. საგურამოს ბაზაზე უკვე სიჩუმეს დაესადგურებინა. ყველას ეძინა, ან ცდილობდა მაინც. *** ლუკა ფანჯარასთან იდგა. შემდეგ ნელა აიღო ქურთუკი, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და უხმოდ გავიდა შენობიდან. ოცი წუთის შემდეგ მისი მანქანა ნიცას სახლის მახლობლად, ქუჩაზე გაჩერდა. ლამპიონები სველ ასფალტზე ოქროსფერ ზოლებს ავლებდნენ. ნიცა უკვე ელოდებოდა. თბილი ქურთუკი ეცვა, ხელები ჯიბეებში ჩაემალა. როგორც კი ლუკა დაინახა, ნაზად გაეღიმა: — წესებს არღვევ, ლუკა... — ვიცი. — თუ გაიგეს? — მაშინ მწვრთნელი მომკლავს, — გაეღიმა ლუკასაც. რამდენიმე წამს უბრალოდ ერთმანეთის გვერდით იდგნენ. ჰაერი იმდენად დატვირთული იყო, თითქოს სიტყვები ზედმეტიც გახდა. ლუკამ ნელა აიღო ნიცას ხელები — ცივი თითები თავის თბილ ხელებში მოიქცია. დიდხანს დუმდა, შემდეგ კი ძალიან ჩუმად თქვა: — ხვალ... ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი დღეა. ნიცა უსმენდა. — ტრავმის შემდეგ ყოველ ღამე ვფიქრობდი... თუ ოდესმე ისევ ამ მომენტამდე მოვიდოდი. ახლა კი... მართლა აქ ვარ. ნიცამ თითები უფრო მაგრად მოუჭირა: — აქ ხარ, ლუკა. და ამას შენგან ვერავინ, ვერასდროს წაგართმევს. ლუკამ თვალებში შეხედა, იმ თვალებში, რომლებმაც მისი ყველაზე დიდი აღფრთოვანებაც ნახეს და ყველაზე მძიმე, სისხლიანი დაცემაც: — მოედანზე რომ გამოვალ... მედია-ტრიბუნას შევხედავ. — ვიცი. — და ვიცი... რომ იქ დამხვდები. ნიცას თვალები აუწყლიანდა: — ყოველთვის, ლუკა... ყოველთვის. ლუკამ შუბლით მის შუბლს შეეხო. — მაშინ... აღარ შემეშინდება. ქუჩაში მსუბუქმა ქარმა ყვითელი ფოთლები ააფრიალა. თბილისი თითქოს ჩუმად უსმენდა ამ ორ ადამიანს. ხვალ ორმოცდაათი ათასზე მეტი გულშემატკივარი იქნებოდა სტადიონზე, მილიონობით ადამიანი ეკრანებთან. მაგრამ ამ ღამით... ყველაზე გადამწყვეტი მატჩი მათ გულებში მიმდინარეობდა. ლუკა საგურამოსკენ დაბრუნდა. მანქანაში რადიო ჩართო — ყველა ტალღაზე მხოლოდ ერთი თემა ტრიალებდა: „ნაკრები მზად არის...“ „ისტორიული შანსი...“ „ხვალ დინამო არენაზე ანშლაგია...“ ქალაქი აღარ ცხოვრობდა ჩვეულებრივი ყოველდღიურობით. თბილისი უკვე დიდი მატჩის მოლოდინით ფეთქავდა. ფანჯრებიდან საქართველოს დროშები ფრიალებდა. გვიან ღამითაც კი ბავშვები ეზოებში ბურთს აგორებდნენ. კაფეებში ტაქტიკაზე კამათობდნენ, ტაქსის მძღოლები მგზავრებს ეკითხებოდნენ: — აბა, ძმაო, შენი აზრით, ლუკა ძირითადში იქნება? და ამ ყველაფერს ერთი განსაკუთრებული, სულისშემძვრელი შეგრძნება ჰქონდა. ის შეგრძნება, რომელიც მხოლოდ ქართულ ფეხბურთს შეუძლია შობოს: როცა ერთი თამაში მხოლოდ თამაში აღარ არის. როცა მთელი ქვეყანა ერთი საღამოსთვის ერთ გულად, ერთ ფილტვად იქცევა. და ყველას სჯერა, რომ ხვალ, „დინამო არენაზე“, კიდევ ერთხელ დაწერს ისტორიას ქართველი კაცი. თავი 29 ფეხბურთის ისტორიაში არის მატჩები, რომლებიც მხოლოდ ოთხმოცდაათი წუთი არ გრძელდება. ისინი წლების განმავლობაში იწერება. ბავშვების ოცნებებით, ცარიელი ტრიბუნებით, მწარე მარცხებით, დაკარგული იმედებითა და იმ ერთი გოლის მოლოდინით, რომელსაც მთელი ქვეყანა ელოდება. ეს სწორედ ასეთი საღამო იყო. ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი მატჩი. ოთხმოცდაათი წუთი, რომელსაც შეეძლო საქართველოს კიდევ ერთხელ შეეცვალა ისტორია და დიდი ტურნირის კარი გაეღო. ყველას ახსოვდა 2024 წლის ის მარტის ღამე. დინამო არენა. ათიათასობით ადამიანი, რომლებიც მატჩის დასრულების შემდეგ ტიროდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ და ვერ იჯერებდნენ, რომ საქართველო პირველად გადიოდა ევროპის ჩემპიონატზე. იმ საღამოს ფეხბურთი მხოლოდ სპორტი აღარ იყო. ის მთელი ქვეყნის სიხარული, ოცნება და გამარჯვება გახდა. ქუჩებში მანქანების საყვირები დილამდე არ ჩუმდებოდა, უცნობები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ხოლო ბავშვები უკვე იმ თაობის ფეხბურთელებად ოცნებობდნენ, რომლებმაც ისტორია დაწერეს. ოთხი წლის შემდეგ... ისტორიას ისევ ერთი მომენტი აშორებდა გამეორებამდე. ერთი ბურთი. ერთი გადაწყვეტილება. ერთი ადამიანი. ბურთთან ლუკა ქავთარაძე იდგა. ბიჭი, რომელმაც ტრავმის შემდეგ თავიდან ისწავლა სიარული. ბიჭი, რომელმაც კარიერის ყველაზე ბნელი ღამეები მარტო, უცხო ქვეყანაში გადაიტანა. ბიჭი, რომელსაც ოდესღაც უთხრეს, რომ შეიძლება ვეღარასოდეს ეთამაშა ისე, როგორც ადრე. ახლა კი მთელი საქართველო ისევ ერთ მოთამაშეს უყურებდა. როგორც 2024 წელს. ყველა ელოდა, რომ კიდევ ერთხელ დაინახავდა იმ ემოციას, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. იმ ემოციას, როდესაც ბოლო სასტვენის შემდეგ ხვდები, რომ პატარა ქვეყანამ ისევ შეუძლებელი შეძლო. ** ნოემბრის სველი, ცივი ნისლი "დინამო არენას" თავზე მძიმე ფარდასავით ჩამოწოლილიყო, მაგრამ სტადიონის შიგნით ჰაერი იმდენად იყო ელექტროობითა და დაძაბულობით გაჯერებული, რომ თითქოს შუშასავით გაბზარვას ცოტაღა აკლდა. ეს არ იყო უბრალოდ ოთხმოცდაათი წუთი. ეს იყო წლების განმავლობაში ნაგროვები ცრემლების, მოტეხილი ფრთების, დაკარგული თაობების, ცარიელი ტრიბუნების დუმილისა და იმ ერთადერთი, დიდი ოცნების ქრონიკა, რომელსაც მთელი ქვეყანა გულით ატარებდა. ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი, უკანასკნელი აკორდი. 92:03 ანგარიში კვლავ 1:1. სტადიონზე შეკრებილი ორმოცდათხუთმეტი ათასი ადამიანი ფეხზე იდგა. არავინ ლაპარაკობდა. ათასობით მკერდი ერთდროულად, თანაბარი რითმით სუნთქავდა, თითქოს ფილტვებში ჰაერიც კი საერთო გამხდარიყო. მედია-ტრიბუნაზე ნიცას თითები კალამზე გასცივებოდა. ლეპტოპის ეკრანზე მბჟუტავ ტექსტს — "საქართველომ ყველაფერი გააკეთა..." — წამით დააშტერდა, შემდეგ კი სწრაფი, თითქმის პროტესტის ნიშნად შესრულებული მოძრაობით წაშალა. გული უგრძნობდა: წინასწარ დაწერილ განაჩენს არ მიიღებდა. მისი მზერა მოედნის ცენტრისკენ გაშშდა, სადაც ის ერთი ნომერი იდგა. ოდნავ მოშორებით, ტრიბუნაზე კოტე იდგა. ხელები ისე ჰქონდა ერთმანეთში გადაჭდობილი, რომ სახსრები გათეთრებოდა. ოცდათხუთმეტი წლის წინანდელი ტრავმით დაღდაღული მუხლი, რომელიც ყოველ წვიმიან ამინდში შეახსენებდა ხოლმე თავს, ახლა საერთოდ აღარ არსებობდა. ტკივილი გაქრა. დარჩა მხოლოდ უსაზღვრო, შიშნარევი სიამაყე, რომლითაც მოედანზე მყოფ შვილს უყურებდა. მის გვერდით გიორგის პატარა დათუნა მხრებზე შეესვა. ბავშვს თვალები გაფართოებოდა, ტანზე კი ლუკას გვარიანი ნაკრების მაისური ემოსა. — მამა...წავაგებთ? — ჩურჩულით იკითხა ბიჭუნამ და მამის თმას ჩაებღაუჭა გიორგიმ თვალები არ მოაშორა მოედანს. — არა, — გიორგის ხმაში ურყევი რწმენა ისმოდა, თუმცა თვალი მოედნისთვის არ მოუცილებია, — ჯერ არა. სანამ ეგ ბიჭი იქ დგას, არაფერია დამთავრებული. საკუთარ საჯარიმოში დათო ხელთათმანებს ბალახზე უსვამდა. ოფლი თვალებს უწვავდა. მეკარის ხვედრი სასტიკია. თავდამსხმელის შეცდომას ტრიბუნები აპატიებენ, მეკარის შეცდომა კი განაჩენია. მან შორიდან გადახედა ლუკას. ორმა წყვილმა თვალმა ერთმანეთი ათეული მეტრის დისტანციაზე იპოვა. დათომ მუშტი შეკრა — ჩუმი, ძმური ფიცი: გჯეროდეს. ლუკამ ოდნავ, ძლივს შესამჩნევად დაუქნია თავი. იმავე წამს ბურთი მეტოქემ დაკარგა, საქართველოს ნახევარმცველმა ის ცენტრში მოიგო. ერთი შეხება, მეორე, მესამე. შემდეგ... და ჰაერში გაჭრილი ბურთი, რომელიც პირდაპირ ლუკასკენ წავიდა. იმ წამს დრომ სვლა შეანელა. ლუკამ ბურთი მკერდით მიიღო. ზურგს უკან მეტოქის მცველის მძიმე სუნთქვა და ფიზიკური ზეწოლა იგრძნო. მარჯვნიდან მეორე მცველი უკვე დაზღვევაზე მორბოდა. სტადიონზე სიჩუმემ დაისადგურა — ისეთმა სიჩუმემ, სადაც საკუთარი გულისცემაც კი გესმის. " ახლა არა..." "არ დაკარგო..." ლუკას გონებაში ელვის სისწრაფით გაელვა ყველაფერმა: ტრავმის იმ საშინელმა ხმამ, საკაცის ცივმა სახელურებმა, ნიცას ცრემლიანმა თვალებმა, იტალიის ოპერაციამდელმა პალატამ და ტურინის წვიმიან, მარტოსულ საღამოებმა... იმ ბნელმა დღეებმა, როცა ექიმების მზერა განაჩენს უქადდა. მაგრამ ეს ყველაფერი წამში გაქრა. დარჩა მხოლოდ მწვანე მინდორი, ბურთი და სივრცე, რომელსაც იგი მთელი ცხოვრება დახუჭული თვალებითაც ხედავდა. ლუკამ ქუსლით ითამაშა. პირველი მცველი საკუთარმა ინერციამ წინ გაიტანა. მეორეს წინ გადადგმულ ნაბიჯზე ლუკამ ტანი მარცხნივ გადაიტანა, ხოლო მომდევნო წამს, თითქოს გრავიტაციის კანონებს ეთამაშებაო, ბურთი მარჯვენა ფეხის შიდა მხარით საპირისპირო მიმართულებით წაიღო. მცველი ადგილზე გაშშდა. ტრიბუნებიდან ერთდროულად აღმოხდა ათასობით ხმას: "ოოოო..." ახლა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დარჩა, ისიც გამოვიდა. მის წინ მხოლოდ მეკარეღა რჩებოდა. მეკარე კარიდან წინ გამოვარდა, კუთხე მაქსიმალურად ჩაკეტა. ნებისმიერი სხვა მოთამაშე მთელი ძალით დაარტყამდა, იმედზე. მაგრამ ლუკა არასოდეს ყოფილა "ნებისმიერი". მან თავი ასწია. ნახევარი წამით. დაინახა ის ორი სანტიმეტრი, რომელიც მეკარის ზურგს უკან, შორ კუთხეში რჩებოდა. მარჯვენა ფეხი მსუბუქად, თითქოს ფუნჯის მოსმით გაიქნია. ბურთმა ჰაერში იდეალური, მშვიდი რკალი მოხაზა. ორმოცდათხუთმეტი ათასი ადამიანი გაქვავდა. ჰაერი გაჩერდა. ბურთი... ჰაერი... ბადის ნაზი შრიალი. გოლი. პირველი ერთი წამი სტადიონს არაფერი ესმოდა. თითქოს ტვინს უჭირდა იმის აღქმა, რაც ახლახან მოხდა. შემდეგ მსაჯმა ხელი ცენტრისკენ გაიშვირა და... "დინამო არენა" უბრალოდ აფეთქდა. არა... ეს იყო ემოციის ისეთი ზვირთი, რომელმაც მიწა შეაზანზარა. ცაში ათასობით დროშა აფრიალდა, უცნობი ადამიანები ერთმანეთს ყელზე ეხვეოდნენ, ხალხი მუხლებზე ეცემოდა, ტიროდა, ცას შეჰყურებდა. ყველაფერი ერთდროულად ხდებოდა. ლუკა კი ადგილზე იდგა. ვერ ყვიროდა. ვერ სუნთქავდა. ბოლოს მუხლებზე დაეცა, ხელები მაღლა ასწია და მთელი კარიერის განმავლობაში პირველად — ხმამაღლა, ბავშვივით იტირა. პირველი, ვინც მასთან გაჩნდა, დათო იყო. მეკარემ მთელი მოედანი სულმოუთქმელად გამოირბინა, თანაგუნდელებს გადაასწრო და ღრიალით დაეცა ბალახზე გაშოტლილ ლუკას: — შე გიჟო! დაუყვირა. — გითხარი! გითხარი, რომ დაბრუნდებოდი! დათოს უკვე აღარ რცხვენოდა ცრემლების. არც ლუკას, წამებში მთელი გუნდი ზედ დააცვივდა. ბედნიერების, ყვირილისა და ცრემლების ერთი დიდი, ქართული კვანძი. ტრიბუნაზე კოტეს მხრები უკანკალებდა. ამ მკაცრ, დარბაისელ კაცს თვალებზე ხელები აეფარებინა. დიდი, მკაცრი კაცი, რომელსაც შვილი არასოდეს უნახავს ატირებული, ახლა თვითონ ტიროდა. მის გვერდით უცნობმა მოხუცმა კაცმა მხარზე ხელი დაადო. — თქვენი შვილია? კოტემ თავი დაუქნია. ხმას ვერ იღებდა. — გილოცავთ... კოტემ ძლივს წარმოთქვა: — ჩემი ოცნება...მან დაასრულა... რაც მე ვერ მოვასწარი... *** გიორგიმ მხრებზე შემოსმული დათუნა ჰაერში აიტაცა: — მამა! გავედით? — გავედით, ბიჭო! გავედით! — ლუკაააა! ლუკაააა! — ყვიროდა პატარა დათუნა და მისი ხმა ათასობით ადამიანის მიერ ატაცებულ ჰიმნს შეერია: "საქართველო! საქართველო!" *** მედია-ტრიბუნაზე ნიცას ლეპტოპი მივიწყებული დარჩენილიყო. ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ლოყებზე. — შენი ფეხბურთელია? — ჰკითხა გაოცებულმა უცხოელმა კოლეგამ. ნიცამ ცრემლებიანი ღიმილით გააქნია თავი: — არა... ჩემი ქვეყანაა. საფინალო სასტვენის ხმა სტადიონის ღრიალში ჩაიკარგა. მატჩი დასრულდა. მომდევნო წამს ტრიბუნებიდან ხალხის ნაკადი მოედანზე გადმოეშვა. დაცვა უძლური აღმოჩნდა. ათასობით ადამიანი: ბავშვები, მოხუცები, ჭაბუკები მოედანს შეესივნენ. ფეხბურთელები სიყვარულის ამ ზღვაში დაიკარგნენ. ნიცა კიბეებზე გარბოდა ვიღაც ეძახდა, მედიის ზონა იქით არისო, მაგრამ მას არაფერი ესმოდა. იგი მოედანზე შევარდა. დაცვაც ვეღარ აჩერებდა. მოედანზე უკვე ყველანი იყვნენ, ყველას უნდოდა თავისი გმირისთვის ერთხელ მაინც შეეხედა. ხალხის ნაკადში ლუკა იდგა, მხრებზე საქართველოს დროშაშემოხვეული, დაღლილი, მაგრამ ბედნიერი. უცებ მისი მზერა შეჩერდა. მან ხალხში ნაცნობი სახე, ნიცა დაინახა. ორივენი რამდენიმე წამს უბრალოდ ერთმანეთს უყურებდნენ. გარშემო ათასობით ადამიანი ყვიროდა, მაგრამ იმ წამს მათთვის სამყარო დაცარიელდა. ლუკამ ხალხის მასა ნელა გაარღვია, ნიცაც მისკენ გაიქცა. რამდენიმე ნაბიჯი... და ნიცა მთელი სხეულით ჩაეკრა ურყევად მდგარ ბიჭს. ლუკამ ხელები წელზე შემოხვია, ჰაერში დაატრიალა, შუბლზე აკოცა და თვალებში ჩახედა: — გახსოვს? ჩურჩულით ჰკითხა. — რა? — გითხარი... მედია-ტრიბუნას შევხედავ-მეთქი. ნიცას აცრემლებულ სახეზე ღიმილმა გაანათა: — მეც ხომ გითხარი...იქ დაგხვდები-მეთქი. ლუკამ ორთავე ხელი ნაზად შეახო მის ლოყებს. აღარ არსებობდა კამერები, აღარც ჟურნალისტები და არც მილიონობით მაყურებელი ეკრანებთან. მან მთელი საქართველოს თვალწინ, წმინდა და ხანგრძლივი კოცნით დააბეჭდა ეს გამარჯვება მის ბაგეებს. ტრიბუნებიდან კიდევ უფრო დიდი ოვაცია გაისმა, ვიღაცებმა ტაში დაუკრეს, ვიღაცებმა სტვენა დაიწყეს. — აბა, ახლა უკვე მთელი ევროპა გაიგებს! — სიცილით დასძინა შორიდან დათომ. სალომე კი, რომელიც ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა, ცრემლებს იწმენდდა და იღიმოდა: — ღმერთო ჩემო... ამათ მართლა ფილმში ჰგონიათ თავი..იმ ღამით თბილისი აღარ ჰგავდა ჩვეულებრივ ქალაქს. *** რუსთაველზე მანქანების დაუსრულებელი კოლონა მოძრაობდა. საყვირები, დროშები, ხალხი ფანჯრებიდან მღეროდა, მთაწმინდაზე ფეიერვერკები აფეთქდა, თავისუფლების მოედანი ხალხით გადაივსო, უცნობები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ტაქსის მძღოლი მგზავრს უფასოდ ატარებდა, კაფეებში სასმელს ერთმანეთის სადღეგრძელოდ ასხამდნენ. ვიღაც ბაბუა პატარა ბიჭს ეუბნებოდა: — დაიმახსოვრე ეს დღე...ასეთი ღამეები ხშირად არ მოდის. და მართლაც... იმ ღამით საქართველო მხოლოდ დიდ ტურნირზე არ გასულა. იმ ღამით ერთმა თაობამ მეორეს დაუმტკიცა, რომ ოცნებებს ვადა არ აქვს. რომ ტრავმა ყოველთვის დასასრული არ არის. რომ ყველაზე გრძელი გზა ზოგჯერ სწორედ იმ ადგილიდან იწყება, სადაც ერთხელ უკვე დაეცი. ხოლო როცა "დინამო არენას" მძლავრი პროჟექტორები ნელ-ნელა ჩაქრა, ნოემბრის ნესტიან ბალახs ჯერ კიდევ მკაფიოდ ეტყობოდა ათასობით ნაკვალევი. მათ შორის იმ ბიჭის ნაბიჯების კვალიც, რომელმაც ერთხელ, სრულიად მარტომ, საკუთარ თავს პირობა მისცა: თუ ოდესმე ისევ ფეხზე დავდგები, მთელ ქვეყანას გავახარებო. და მან ეს პირობა შეასრულა. თავი 30 ევრო 2028 საქართველოსთვის მხოლოდ კიდევ ერთი საფეხბურთო ტურნირი არ აღმოჩნდა. ეს იყო ოთხი კვირა, როცა ქვეყანაში თითქოს დრო შეჩერდა და ყოველდღიური საზრუნავი დროებით მივიწყებას მიეცა. იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა თუ საბერძნეთში მცხოვრები ქართველები ევროპის ქალაქის სტადიონებზე პოულობდნენ ერთმანეთს. თბილისში, მატჩების დროს, კაფეებსა და ბარებში თავისუფალ ადგილს ვერ იპოვიდით, პატარა ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე დიდ ეკრანებს დგამდნენ, ხოლო სოფლებში ხალხი მეზობლის ეზოში იკრიბებოდა ერთი ტელევიზორის გარშემო. საქართველომ ჯგუფიდან მეორე ადგილით გააღწია. მერვედფინალში ბევრად უფრო გამოცდილ, ტიტულოვან მეტოქეს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში უკვე სრულიად ევროპული მედია ლაპარაკობდა იმ პატარა ქვეყანაზე, რომელიც ფეხბურთს ანგარიშის კი არა, გულის კარნახით თამაშობდა. ის მეოთხედფინალი თითოეული ქართველისთვის მტკივნეული აკორდი გახდა. ერთადერთი გოლი... ერთი უნებლიე შეცდომა... და სანუკვარი ოცნება ნახევარფინალამდე რამდენიმე წუთით ადრე დასრულდა. მაგრამ იმ ღამით საქართველოში არავის უგრძნია თავი დამარცხებულად. "დინამო არენაზე" ათიათასობით გულშემატკივარი მაინც დარჩა ეკრანებთან და მოედანზე, თითქოს ფეხბურთელები იქვე ყოფილიყვნენ, დასახვედრად ემზადებოდა. აეროპორტში დილის ოთხ საათზე იმდენი ადამიანი მივიდა, თითქოს ნაკრებს ჩემპიონის თასი ჩამოეტანოს. როცა ლუკა თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოვიდა და ხალხის ოვაცია გაიგონა, პირველად იგრძნო, რომ გამარჯვება მხოლოდ ტაბლოზე დაწერილ ანგარიშში არ იმალება. ზოგჯერ უდიდესი გამარჯვება ის არის, როცა მთელი ქვეყანა ფეხზე გხვდება მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლე და გულით იასპარეზე. იმ ჩემპიონატმა ქართველ ბავშვებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ოცნებებს საზღვრები არ გააჩნია. და უამრავ ეზოში, სადაც ორი ქვა ისევ კარის ნაცვლად იდო, ბურთს უკვე კიდევ უფრო დიდი ვნებითა და მონდომებით აგორებდნენ. *** ერთი წლის შემდეგ თბილისი ისევ ისეთივე იყო ნაცნობი, ცოტათი ხმაურიანი და სითბოთი სავსე. დილაობით რუსთაველის გამზირი ისევ მანქანების დაუსრულებელ ნაკადში იხრჩობოდა, მეტროს გრილ ვაგონებში ისევ გაცხარებით კამათობდნენ მატჩის ტაქტიკაზე, მყუდრო კაფეებიდან ახლად დაფქული ყავის მძაფრი სურნელი გამოდიოდა, ხოლო ეზოების სიღრმეში ასფალტზე ბურთის ბაგაბუგი ისევ ენაცვლებოდა ბავშვების წკრიალა სიცილს. ქალაქი ცოცხლობდა, თუმცა რაღაც მაინც უხილავად, ფუნდამენტურად შეიცვალა. შეიცვალა ქართული ფეხბურთის სული და შეიცვალნენ ადამიანებიც, რომელთა ბედისწერა ერთმა ტრავმამ, ერთმა ბურთმა და ერთმა ველურმა ოცნებამ სამუდამოდ გადაჯაჭვა. სპორტული ჰოლდინგის დიდ საკონფერენციო დარბაზში ტევა არ იყო. ჰაერი მოლოდინისგან ცხელოდა. ჟურნალისტები, მოქმედი თუ ვეტერანი ფეხბურთელები, მკაცრი მწვრთნელები, სტუდენტები და ძველი, ხრინწიანხმიანი სპორტული კომენტატორები ერთად მოგროვილიყვნენ. ყველა ერთ ადამიანს ელოდა. კულისებში ნიცა თვალებს ხუჭავდა და ჰაერს ღრმად უშვებდა ფილტვებში. მკერდზე თავისი პირველი წიგნი ეჭირა. ყდაზე მხოლოდ ერთი, ოდნავ გახუნებული ფოტო გამოსახულიყო: პატარა ბიჭუნა, რომელიც უბნის მტვრიან ეზოში გაცვეთილ ბურთს მისდევდა. ზემოთ კი უბრალო, მაგრამ ტკივილამდე ტევადი სათაური ეწერა: „ფეხბურთი გრძელდება.“ ეს არ ყოფილა ლუკას ბიოგრაფია. არც ეროვნული ნაკრების ტრიუმფალური ქრონიკა და არც ერთი ბრწყინვალე სეზონის ანალიზი. ეს იყო წიგნი ქართულ ფეხბურთზე. იმ ჩუმ გმირებზე, რომლებიც პროჟექტორების შუქზე არასოდეს ჩანან. მამებზე, რომლებიც უკანასკნელი დანაზოგით ყიდულობდნენ პირველ ბუცებს; დედებზე, რომლებიც ყოველ ვარჯიშზე გულისკანკალით ელოდნენ, რომ ტრავმის შანსი კვლავ არ განმეორებულიყო; ცარიელ, სევდიან სტადიონებზე; გადავსებულ, მღელვარე ტრიბუნებზე; მწარე მარცხებსა და იმ გამოუთქმელ ემოციაზე, რომლის გაჩენაც მხოლოდ ამ თამაშს შეეძლო. როცა ნიცა სცენაზე ავიდა, დარბაზი მძლავრმა აპლოდისმენტებმა შეაძრა. მან თვალი შეავლო პირველ რიგს. იქ იჯდა პროფესორი ალექსანდრე იმავე სქელშუშიანი სათვალით და ოდნავ ეშმაკური, მშვიდი ღიმილებით. მის გვერდით ჰოლდინგის მთავარი რედაქტორი ამაყად თავდახრილიყო. ცოტა მოშორებით დათო, სალომე, კოტე, თიკა, გიორგი, პატარა დათუნა... და ლუკა. ის ტურინიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოფრენილიყო. ეცვა უბრალო, შავი მაისური და მისი მზერა მხოლოდ ნიცასკენ იყო მიპყრობილი. ნიცამ მიკროფონი მოიმარჯვა. — ბავშვობაში მეგონა, რომ ფეხბურთი მხოლოდ ოთხმოცდაათ წუთს და მწვანე მინდორს იკავებდა... — დარბაზში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ საათის წიკწიკიც კი გაისმოდა. — მერე მივხვდი, რომ ფეხბურთი ტრიბუნებზეც ცოცხლობს... ჟურნალისტის ნერვიულ ტექსტშიც... ოჯახების უხმო ლოდინშიც... ექიმების ცივ კაბინეტებსა და რეაბილიტაციის სულშეხუთულ დარბაზებში. მივხვდი, რომ ყველაზე მძიმე მატჩები ზოგჯერ საერთოდ ბურთის გარეშე მიმდინარეობს. მან წამით პაუზა გააკეთა. თვალი ლუკას თვალებს გაუსწორა. — ეს წიგნი არ არის ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე. ეს წიგნი ყველა იმ ადამიანზეა, ვისაც ერთხელ მაინც უტირია ქართული ფეხბურთის გამო... და ყველასთვის, ვისაც არასოდეს შეუწყვეტია იმის დაჯერება, რომ ერთ დღეს შეუძლებელი მაინც შესაძლებელი გახდება. დარბაზი ხელახლა აფეთქდა. *** წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მთელმა კომპანიამ ახლომდებარე, მყუდრო რესტორანში გადაინაცვლა. ძველი თბილისის ხის აივნებიდან ხალხური მუსიკისა და გიტარის ჩუმი ჰანგები ისმოდა. მაგიდაზე ორთქლადენილი ხინკალი, მწვადი და კახური ღვინის ბოთლები ელაგა. ყველას განვლილი გზა და თავისი პატარა ამბავი იტაცებდა. დათო უკვე მეოთხედ ჰყვებოდა, როგორ გადაურჩა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში აშკარა წითელ ბარათს: — მოკლედ, მსაჯიც კაცი იყო, მიხვდა, რომ სიმპათიური ტიპი ვიყავი და უბრალოდ მაპატია! — არა, უბრალოდ ვერ დაგეწია, რომ ეჩვენებინა, — მაშინვე ჩაერთო სალომე და ჭიქა მაგიდაზე დადგა. მთელ მაგიდაზე ხალისიანმა სიცილმა გადაირბინა. — აი, ხედავთ? — დათომ თეატრალურად გაშალა ხელები და ჭერს ახედა, — მთელი ცხოვრება ასე მჩაგრავს ეს ქალი! — შენს დრამატულ ნიჭს თუ გულისხმობ, კი, ნამდვილად, — არ დაუთმო სალომემ. — სალომე, ერთხელ... ერთხელ მაინც დამეთანხმე, რა მოხდება? — როცა მართლა სწორ რამეს იტყვი, სიამოვნებით. ყველას ისევ გაეცინა. ნიცამ და ლუკამ თბილი მზერა გაცვალეს. ისინი უკვე წლებია ამ "კინკლაობას" ადევნებდნენ თვალს. ეს ორნი იმდენად ხშირად კამათობდნენ და აბრაზებდნენ ერთმანეთს, რომ ზოგჯერ გარშემომყოფებსაც კი ავიწყდებოდათ, სინამდვილეში რამდენად უხმოდ და უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი. ცოტა ხნის შემდეგ სალომე წამოდგა და აივანზე გავიდა. მოაჯირს დაეყრდნო და თბილისის ათასფრად განათებულ ქუჩებს გადახედა. რამდენიმე წამში აივნის ხის კარის ჭრიალი გაისმა. სალომეს უკან არ მიუხედავს, ისე ჩაილაპარაკა: — თუ ისევ ჩემს გაბრაზებას აპირებ, ახლავე წადი, დათო. — დღეს არა. დათოს ხმაში ისეთი უჩვეულო, საოცარი სერიოზულობა გაისმა, რომ სალომემ გაკვირვებულმა მოიხედა. დათო ნელი ნაბიჯით მივიდა მოაჯირთან, ხელები ჯიბეებში ჩაიყო და რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად ეძებდა სიტყვებს. — იცი... მთელი ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში ათასჯერ უფრო ნაკლებად ვნერვიულობდი, ვიდრე ახლა, ამ წამს. — მართლა? — წარბი ასწია სალომემ. — ჰო. გადამწყვეტი პენალტის დარტყმაც კი ბევრად მარტივი ყოფილა. სალომეს უნებლიეთ გაეცინა: — აბა, თქვი, რა ხდება ასეთი? დათომ ღრმად ამოისუნთქა — არ ვიცი ლამაზი სიტყვები. ინტერვიუებზე რასაც ვლაპარაკობ, იმის ნახევარიც არ მჯერა ხოლმე... მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: როცა ტრავმა მივიღე, პირველი შენ მომწერე. როცა ცუდად ვითამაშე, შენ მაინც მიყურებდი და გჯეროდა ჩემი. როცა კარგად ვითამაშე, შენ ყველაზე მეტად გიხაროდა... და... სხვასთან ერთად საკუთარი ცხოვრების წარმოდგენა უბრალოდ აღარ შემიძლია. სალომე რამდენიმე წამს სრულიად ჩუმად იდგა. შემდეგ თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, თვალებში ეშმაკური სხივი გაუკრთა: — ანუ... ეს შენი რომანტიკული სიყვარულის ახსნა იყო? — ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმია, — აღიარა დათომ. — საკმაოდ სუსტი გამოსვლა იყო, უნდა ვთქვა. დათომ შუბლი შეიჭმუხნა და თავი გააქნია: — ვიცოდი, რომ ასე იტყოდი... — მაგრამ... — სალომე ნელა მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა, — ჩემიც ზუსტად ასეთივე ცუდი და უხერხული იქნებოდა. დათომ პირის გაღებაც ვერ მოასწრო, რომ სალომე ფეხის წვერებზე აიწია და აკოცა. რამდენიმე წამის შემდეგ ოდნავ უკან დაიხია, ბაგეზე ეშმაკური ღიმილი დაითამაშა: — ახლა კი შეგიძლია ისევ ამიტანო. — ანუ... ოფიციალურად ჩემი შეყვარებული ხარ? — ნუ იტრაბახებ ჯერ. ხვალ შეიძლება ისევ გადაგიფიქრო! — აი, ეს უკვე ნამდვილად ჩემი სალომეა, — გაეცინა დათოს. ორივეს მსუბუქად ჩაეცინა. სწორედ ამ დროს აივნის კარი კვლავ გაიღო და ლუკამ თავი გამოყო: — ჰო, დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ იქნებოდით. დათომ მაშინვე სერიოზული, ვითომც არაფერიო, სახე მიიღო: — არაფერიც არ ხდება! — რა თქმა უნდა, — გაეღიმა ლუკას. კართან მდგომმა ნიცამ სალომეს გადახედა, შემდეგ დათოს — ორივეს სახეზე აღბეჭდილ უხერხულ, მაგრამ ბედნიერ ღიმილს... და იმ წამს საბოლოოდ მიხვდა: ზოგიერთი სიყვარული დიდი, პათეტიკური აღიარებებით იწყება. ზოგი კი წლების განმავლობაში, უწყინარი ხუმრობებით, მუდმივი კამათითა და ერთმანეთის წაკბენით იზრდება ჩუმად. და სწორედ ასეთი სიყვარულია ყველაზე ნამდვილი, გამძლე და ცოცხალი. **** სამი თვის შემდეგ წიგნი ოფიციალურ ბესტსელერად იქცა. ჯერ საქართველოში აიტაცეს, მალე ინგლისურად ითარგმნა, რამდენიმე კვირაში კი იტალიურმა გამომცემლობამაც დაიბეჭდა. ნიცას ანალიტიკურ სტატიებს უკვე ევროპული გიგანტები აქვეყნებდნენ. ერთ საღამოს, როცა იგი რედაქციაში ბოლო მასალას ასწორებდა, ტელეფონის ეკრანი განათდა. უცხოური ნომერი იყო. — გამარჯობა, — გაისმა ინგლისურენოვანი, დინჯი ხმა, — "Global Football Network"-იდან გიკავშირდებით. გვსურს, მთავარი ანალიტიკოსის კონტრაქტი შემოგთავაზოთ. ჩვენ გვჭირდება ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთს მხოლოდ მშრალი ტაქტიკით კი არა... ადამიანური სულით ხედავს. ნიცას სუნთქვა შეეკრა. თვალი ფანჯრიდან გააპარა ღამის თბილისისკენ. ყველაფერი, რაზეც ოდესმე ჩუმად, ოცნებებში უოცნებია, ნელ-ნელა რეალობად იქცეოდა. ორი კვირის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი ისევ ხალხით იყო სავსე. მაგრამ ამჯერად... არავინ ტიროდა მძიმე ტრავმის გამო. არავინ ელოდა ნერვიულად კონტრაქტის პირობებს. არავინ გაურბოდა ფოტოკამერების ლინზებს. ეს იყო უბრალოდ გაცილების თბილი, მზიანი დღე. ლუკას დიდი ჩემოდანი ედგა გვერდით. ნიცას კი პატარა ჩანთა და ლეპტოპი. ახლა მათ წინაშე ევროპის დიდი გზა იშლებოდა, მაგრამ ამჯერად — ერთად. კოტე შვილს მიუახლოვდა. როგორც ყოველთვის, ამ დარბაისელ კაცს სიტყვები ყელში ებლოკებოდა. — აბა... მშვიდობით, შვილო. ლუკამ მამა მჭიდროდ, გულითადად ჩაიხუტა: — შენც, მამა. კოტემ ნიცასკენ გადაიტანა მზერა. რამდენიმე წამს ჩუმად უყურებდა, შემდეგ კი პირველად იმ ავადსახსენებელი დღის შემდეგ, როცა ლუკა იტალიაში პირველად გააცილა, ბაგეზე თბილი ღიმილი გაეპარა: — იცი... შენ რომ არა, ჩემი შვილი ერთხელ უკვე დანებდებოდა. მადლობა. ნიცას თვალებში ცრემლი გაკრთა: — მე განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია... — არა, — შეაწყვეტინა კოტემ, — ყველაზე რთული გააკეთე. სიმართლე უთხარი მაშინ, როცა ყველას ტყუილის თქმა ერჩივნა, — მან ხელი ნაზად დაადო მხარზე, — ახლა ორივეს გაფრთხილებთ... ოცნებები არ დაკარგოთ. გიორგიმ პატარა დათუნას ხელი ჩაჰკიდა. ბიჭი უკვე საგრძნობლად წამოზრდილიყო. — ლუკა! — დაუძახა მან, — შემდეგ გოლს ისევ ჩემთვის გაიტან? ლუკამ ჩაიცინა, მუხლებზე დაეშვა და თვალებში ჩახედა: — შენთვის? — ჰო! და ყველა იმ ბავშვისთვის, ვინც ახლა იწყებს თამაშს! — შევთანხმდით, — უპასუხა ლუკამ და ხელისგული დაურტყა. სალომე და დათო გვერდიგვერდ იდგნენ. უკვე აღარავის უკვირდა, რომ ისინი ყოველთვის ერთად ჩნდებოდნენ. — მოგვენატრებით, — თქვა სალომემ და დათოს მკლავს ჩაებღაუჭა. დათომ განსაკუთრებული სერიოზულობით ჩაახველა: — რას იზამ... მეც მალე "იუვენტუსი" მყიდულობს. დარბაზში წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ გიორგიმ გადაიხარხარა, მას თიკა აჰყვა, მერე ნიცა და ბოლოს თვითონ ლუკაც იცინდა. სალომემ ხელი მსუბუქად მიარტყა დათოს მხარზე: — შენ ჯერ "სენტ-ეტიენის" ძირითად შემადგენლობას აჯობე, თუ ძმა ხარ. — ნუ მიფუჭებ გრანდიოზულ გეგმებს, — უპასუხა დათომ და თვითონაც გაეღიმა. ეს იყო ისეთი სიცილი, როგორიც მხოლოდ დიდ განსაცდელსა და ქარიშხალგამოვლილ ადამიანებს სჩვივიათ. გამგზავრების ხმამაღალი გამოცხადება გაისმა. ლუკამ ნიცას შეხედა. — მზად ხარ? — დიდი ხანია, — გაიღიმა ნიცამ. მათ თითები ერთმანეთში გადახლართეს და აეროპორტის გასასვლელში ერთად შევიდნენ. ერთი წლის წინ ისინი ერთმანეთს მხოლოდ სევდიანი თვალებით ემშვიდობებოდნენ. დღეს კი მიდიოდნენ ერთად. უკან აღარავინ რჩებოდა, მხოლოდ მათი საყვარელი ქალაქი. ** თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ერთ მზიან დილას ეზოში მზის ოქროსფერი სხივები ჩამოდიოდა. ორი ძველი, გამოხეხილი ქვა ისევ ისე იდო კარის ნაცვლად, როგორც წლების წინ. ასფალტზე გაცვეთილი, ნაკაწრებიანი ბურთი დაგორდა. ხუთი-ექვსი პატარა ბიჭუნა მონდომებით დარბოდა. არც მსაჯი ჰყავდათ, არც ბრენდული ფორმები და არც პროფესიონალური ბუცები. მხოლოდ ფეხბურთი. — პასი! — იღრიალა ერთ-ერთმა შორიდან. ბურთიანი ბიჭი არ თმობდა, სამ მცველს შორის ცდილობდა ფინტით ძრომას. — ჰე! პასი მომეცი! ლუკა ხომ არ ხარ, კაცო?! ეზო ბავშვურმა, გადამკვრელმა სიცილმა მოიცვა. ბურთი მაინც გადააწოდეს. ისევ გავიდა გოლი, ისევ იჩხუბეს, ისევ ჩაეხუტნენ და შერიგდნენ. მზემ ძველი კორპუსების სახურავებს გადაუარა. ქალაქმა საბოლოოდ გაიღვიძა. სადღაც, რომელიღაც ფანჯარასთან, პატარა გოგონა ჟურნალისტობაზე ოცნებობდა. რომელიღაც ეზოში ბიჭი — დიდ ფეხბურთელობაზე. ვიღაც კი უბრალოდ იმაზე, რომ ოდესმე, თუნდაც ერთხელ, ეროვნული ნაკრების მაისური ჩაეცვა. და სწორედ ასე, ერთი თაობიდან მეორეზე, ერთი ოცნებიდან მომავალ ოცნებამდე, ერთი გოლიდან ახალ ისტორიამდე — ყველაზე ლამაზი თამაში არასოდეს მთავრდება. რადგან ტრიბუნები იცვლება. სახელები იცვლება. გმირები იცვლებიან. მაგრამ ბურთი... ბურთი ყოველთვის იგორებს. და სანამ პატარა ეზოში ორი ქვა კარის ნაცვლად იდება, იქ ყოველთვის გამოჩნდება კიდევ ერთი ბავშვი, რომელსაც მთელი გულით ისევე ირწმენებს, რომ ერთ დღეს საქართველოს მაისურს ჩაიცვამს. იმიტომ, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არასოდეს ყოფილა. ის იყო სიყვარული. იმედი. სახლში დაბრუნების გზა. და ყველაზე მთავარი - ფეხბურთი გრძელდება. მადლობა თუ ამ ისტორიის ბოლო გვერდამდე მოხვედი, ეს ნიშნავს, რომ ლუკასა და ნიცას გზა თავიდან ბოლომდე გამოიარე. ამ ისტორიის თითოეულ გვერდზე არის ჩემი ფეხბურთის სიყვარული, საქართველოს ნაკრების თამაშების დროს განცდილი ემოციები და იმედი, რომელიც ყოველ ახალ ტურნირთან ერთად თავიდან იბადება. მინდოდა მეჩვენებინა, რა იმალება დიდი გამარჯვებების მიღმა. რა ფასად მოდის წარმატება. რას ნიშნავს ტრავმა ფეხბურთელისთვის, როგორ მოქმედებს პოპულარობა ახალგაზრდა ადამიანზე, როგორი რთულია ჟურნალისტისთვის, როცა პროფესიული სიმართლე საყვარელი ადამიანის ტკივილს ეჯახება და რისი გამოწვევა შეგვიძლია ჩვენ გულშემატკივრებს ჩვენი ერთი სიტყვით. მადლობა ქართულ ფეხბურთს — იმ სიხარულისთვის, რომელიც არაერთხელ გვაჩუქა, და იმ ტკივილისთვისაც, რომელმაც კიდევ უფრო გვასწავლა, რას ნიშნავს ერთგულება. და ბოლოს, მადლობა თქვენ. იმიტომ, რომ ყველა ისტორია მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, როცა მას მკითხველი ჰყავს. და ბოლოს, მადლობა თქვენ. იმიტომ, რომ ყველა ისტორია მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, როცა მას მკითხველი ჰყავს. გამიხარდება თქვენს აზრებს თუ გამიზიარებთ. სიყვარულით, მარიამი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


