შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულდები, ბავშვო!


5-08-2026, 17:31
ავტორი Thaisia
ნანახია 62

ზოგჯერ ყველაფერი, რის დავიწყებასაც ასე მონდომებით ვცდილობთ, ყველაზე მოულოდნელ დროს გვხვდება წინ. მოულოდნელად. გაუაზრებლად. იმდენად სწრაფად, რომ აზროვნების უნარსაც კი გვართმევს. შემდეგ კი ყველაფერს მუხრუჭების გამაყრუებელი ხმა შთანთქავს.

— გოგონა, კარგად ხართ?

— ქალბატონო, რამე ხომ არ დაიზიანეთ?

— შვილო, შოკშია... ვერ ლაპარაკობს, ხომ ხედავთ. სასწრაფოს დაურეკეთ!

ხმები ერთმანეთში ირეოდა, მაგრამ მელანოს არაფერი ესმოდა. თითქოს დრო მისთვის გაჩერდა, ქალაქი კი ისევ ჩვეულ რიტმში აგრძელებდა ცხოვრებას.
რამდენიმე წამიანი პარალიზების შემდეგ, მხოლოდ სიტყვა „სასწრაფოს“ გაგონებაზე წამოსწია თავი და მთელი ძალა მოიკრიბა, რომ ხალხი დაემშვიდებინა.

— კარგად ვარ.

მეტი ვერაფერი თქვა.

მხოლოდ ღმერთმა და მელანომ იცოდნენ, რამდენად შორს იყო ეს ორი სიტყვა რეალობისგან.

ნელ-ნელა სუნთქვა დაურეგულირდა. ვიღაცამ წყლის ბოთლი გაუწოდა, ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო, ვიღაც დარწმუნდა, რომ ფეხზე მყარად იდგა. ხალხიც თანდათან დაიშალა, ქუჩამ კი ისევ ჩვეულებრივი ხმაური დაიბრუნა, თითქოს რამდენიმე წუთის წინ არაფერი მომხდარა.

მელანო უახლოეს სკვერში შევიდა და პირველივე თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა. ცდილობდა რამდენიმე წუთის წინანდელი კადრები გაეცოცხლებინა და გაეაზრებინა, მაგრამ ყოველ ჯერზე მხოლოდ ის თვალები ახსენდებოდა.

ის თვალები...

ის ორი წამი, რომელიც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა წლების განმავლობაში ნაშენებ კედლებში პირველი ბზარების გასაჩენად.

ტელეფონის ზარმა ფიქრებიდან გამოაფხიზლა.

— მელიიი, ჩემო ცხოვრებავ! შენ ხომ არ იცი, რა მოხდააა! — მეორე მხრიდან თითქმის ყვიროდა მატილდა.

მელანომ ხმა ვერ ამოიღო.

— მელანო? გესმის? მელი?

ის ისევ იმ ქუჩაზე იყო.

ისევ იმ ორ წამში.

— მელი... შენ რა, ტირი? რა მოხდა? კარგად ხარ?

მატილდას ხმაში შეშფოთება უკვე აშკარად იგრძნობოდა.

მელანომ თვალები დახუჭა. ყელში გაჩხერილი სიტყვების გადაყლაპვა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.

— ის იყო, მატი...

რამდენიმე წამით გაჩუმდა.

— დაბრუნდა.


თავი I

„ყველაზე ჩვეულებრივი დღეები ყველაზე საშიშია. სწორედ ისინი ხდებიან ყველაზე დაუვიწყარი.“

ოთხი წლის წინ.

იმ დროს ჩვიდმეტი წლის იყო.

თუ მაშინ ვინმე კითხავდა, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება ოთხი წლის შემდეგ, ალბათ მხრებს აიჩეჩავდა და იტყოდა, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ალბათ, დინებას გაჰყვებოდა და მერე რაღაც იქნებოდა.

და დედა, როგორც ყოველთვის, განურჩევლად დღისა, ისევ გააღვიძებდა ერთი და იმავე სიტყვებით.

— მელანო, ადექი. დაგაგვიანდება.

საბანი თავზე გადაიფარა და ბალიშში რაღაც გაურკვევლად ჩაიფრუტა.

— ხუთ წუთში ისევ შემოვალ, — კარის მეორე მხრიდან მშვიდად თქვა ლილემ — და თუ ისევ გეძინა, მერე ნუ მეტყვი, არ გამაფრთხილეო.

გაეღიმა.

დედას არასდროს უწევდა ყვირილი.

მისი მშვიდი ხმა იმაზე უფრო ეფექტური იყო, ვიდრე სხვისი ყველაზე ხმამაღალი ყვირილი.
როგორც იქნა, ადგა.

ღმერთო, როგორ ეზარებოდა დილიდანვე ყველაფერი, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცოდა, რამდენი რამ ჰქონდა მოსასწრები.

მთქნარებით შევიდა სააბაზანოში და სახის დასაბანი გელის ძებნას შეუდგა.
რამდენიმე წამში ოთახიდან ნაცნობი სურნელი იგრძნო და უკვე წინასწარ მიხვდა, რასაც აღმოაჩენდა.

ცარიელ ბოთლს.

— გაბრიეეელ! მოგკლავ, იცოდე! რამდენჯერ გითხარი, ჩემს ნივთებს ნუ ეხები-მეთქი!
მისი ხმა მთელ სახლში გაისმა.

რამდენიმე წამში სააბაზანოს კართან გაბრიელი გამოჩნდა. თმა აბურძგნული ჰქონდა, ხელში კი ისევ ის გელი ეჭირა, თითქოს დანაშაულის დამალვას არც კი ცდილობდა.

— კარგი რა, დაიკო... — მშვიდად თქვა მან. — ხომ იცი, როგორი ნაზი კანი მაქვს. მასაც არანაკლებ სჭირდება მოვლა.

მელანომ გაოცებულმა შეხედა.

— გაბრიელ, თოთხმეტი წლის ბიჭი ხარ. შენ უფრო მეტი კანის მოვლის საშუალება გაქვს, ვიდრე მე.

— ეს კომპლიმენტია თუ შეურაცხყოფა?

— ორივე.

გაბრიელმა ჩაიცინა და კედელს მიეყრდნო.

— უბრალოდ ვითხოვე, რა მოხდა მერე?

— „უბრალოდ ვითხოვე“ ნიშნავს, რომ მეკითხები, სანამ აიღებ. შენ კი აიღე და ახლა ცარიელი დამიტოვე.

— კარგი, ვიყიდი.

— როდის?

— როცა ფული მექნება.

მელანომ თვალები გადაატრიალა.

— აი, ზუსტად ამიტომ არ უნდა მოგცე ჩემი ნივთები.

— მაინც მაძლევ.

— იმიტომ, რომ ჩემი პატარა ძმა ხარ და სხვა გზა არ მაქვს.

გაბრიელს გაეღიმა.

— ნახე? გიყვარვარ.

— სამწუხაროდ.

— ტყუი.

მელანოს უნებურად გაეღიმა.

გაბრიელი და სიდონია მისთვის ყოველთვის რაღაც შუალედური იყვნენ — არც მხოლოდ პატარა და-ძმა, რომლებსაც უნდა მოფრთხილებოდა, და არც უბრალოდ ოჯახის წევრები. ისინი მისი ბავშვობის ბოლო ნაწილს ჰგავდნენ.

როცა ისინი დაიბადნენ, მელანო მხოლოდ სამი წლის იყო, მაგრამ მაინც ახსოვდა, როგორ ეუბნებოდა დედას, რომ ორივეს თვითონ მოუვლიდა.

რა თქმა უნდა, მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამდენად რთული იქნებოდა ეს.

— მელანო, დღეს უნივერსიტეტზე მიდიხარ? — გაისმა დერეფნიდან სიდონიას ხმა.

— ჯერ სკოლაში ვარ, სიდო, უნივერსიტეტამდე კიდევ ცოტა დრო მაქვს.

— ზოგჯერ ისე იქცევი, თითქოს ორმოცი წლის ხარ.

— შენ რომ ჩემს ადგილას იყო, მიხვდებოდი.

— არა, მე ექიმი ვიქნები და ყველა მიხვდება, რამდენად სერიოზული ვარ.
გაბრიელმა ჩაიცინა.

— შენ ექიმი კი არა, პირველივე დღეს პაციენტებთან ერთად იტირებ.

— გაბრიელ!

მელანომ ორივეს შეხედა და გაეღიმა.

ზოგჯერ ყველაზე დიდი ხმაური სწორედ ის იყო, რაც ყველაზე მეტად გიყვარდა.
სამზარეულოში რომ შევიდა, პირველი, რაც იგრძნო, ყავისა და ახლად გამომცხვარი პურის სურნელი იყო.

ლილე ყოველთვის სხვებზე ადრე იღვიძებდა. მელანოს ხშირად ეგონა, რომ დედამისს საერთოდ არ ეძინა — თითქოს მთელი სახლი მის რიტმზე იყო აწყობილი.

— დაჯექი და ჭამე, სანამ გაცივდება, — უთხრა ლილემ ისე, რომ მისთვის არც კი შეუხედავს.

— დილა მშვიდობისა შენც, დე.

ლილემ ჩაიცინა.

— დილა მშვიდობისა. ახლა უკვე შემიძლია გითხრა, რომ ჭამა არ დაგავიწყდეს.
მელანო სკამზე ჩამოჯდა და დედას გახედა.

ზოგჯერ უკვირდა, როგორ ახერხებდა ლილე ყველაფრის კონტროლს. სამსახური, სახლი, შვილები... თითქოს მისთვის შეუძლებელი არაფერი არსებობდა.

— დღეს რა გეგმები გაქვს? — ჰკითხა ლილემ.

— სკოლა, მერე რეპეტიტორი.

— რომელ საათამდე?

— ალბათ შვიდამდე.

— და მერე?

მელანომ წარბი შეკრა.

— მერე სახლში მოვალ.

— სახლში მოსვლა დასვენებას არ ნიშნავს, მელანო. ლიტერატურის კონსპექტები ნახე, რაც გქონდა გასაკეთებელი?

— დე...

— რა დე? — გაეღიმა ლილეს. — ორი თვე დაგრჩა. ვიცი, რომ შეგიძლია, მაგრამ საკუთარი თავის იმედი მარტო სურვილებით არ უნდა გქონდეს.

მელანომ ჩუმად დაუქნია თავი.

ზოგჯერ ლილეს სიტყვები აღიზიანებდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა დაღლილი იყო და უბრალოდ უნდოდა, ვიღაცას ეთქვა: „არაუშავს, დღეს დაისვენე“.

მაგრამ მერე ყოველთვის ხვდებოდა, რომ დედამისი სხვანაირად გამოხატავდა სიყვარულს.
ლილე მის მაგივრად ცხოვრებას არ ააწყობდა.
ის უბრალოდ ასწავლიდა, როგორ აეწყო თავად.

— შენ ხომ იცი, რომ შენს მხარეს ვარ? — უცებ ჰკითხა ლილემ.
მელანომ თავი ასწია.

— ვიცი.

— მაშინ რატომ გაქვს ხოლმე ისეთი სახე, თითქოს მტერი ვიყო?
მელანოს გაეცინა.

— იმიტომ, რომ ხანდახან ძალიან ბევრი იცი.

— დედები მაგისთვის ვართ.

ამ დროს სამზარეულოში გაბრიელი და სიდონია შემოვიდნენ.

— დედა, რატომ აქვს მელანოს ყოველთვის ბოლო სიტყვა? — უკმაყოფილოდ იკითხა გაბრიელმა.

— იმიტომ, რომ უფროსია, — უპასუხა ლილემ.

— ეს უსამართლობაა.

— ცხოვრება ზოგადად უსამართლოა, გაბრიელ.

სიდონიამ ჩაიცინა.

— დედა, შენც კი ვერ დაგამარცხა.

მელანომ ყველას შეხედა და გაეღიმა.

ეს იყო მისი სახლი.
ხმაურიანი, ზოგჯერ დამღლელი, ზოგჯერ გამაღიზიანებელი, მაგრამ მაინც ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად იცოდა, რომ ეკუთვნოდა.

სახლიდან გასვლისას მელანომ კიდევ ერთხელ შეამოწმა ჩანთა. ტელეფონი, საფულე, რვეულები, კალამი — ყველაფერი ადგილზე ჰქონდა.

ლილესგან ნასწავლი ჩვევა იყო. ყველაფერი წინასწარ უნდა ჰქონოდა დაგეგმილი.

— მელანო, საღამოს ადრე მოდი, — მიაძახა ლილემ კართან.

— ვეცდები, დე.

— „ვეცდები“ შენი საყვარელი სიტყვაა, როცა რაღაცის გაკეთება არ გინდა.

მელანოს გაეღიმა.

— მიყვარხარ.

— მეც, ბავშვო.

ამ სიტყვებზე მელანო წამით შეჩერდა.

დედა ხშირად ეძახდა ასე, მაგრამ მისთვის ეს სიტყვა ყოველთვის სხვანაირად ჟღერდა.
არ იცოდა რატომ.
ალბათ იმიტომ, რომ ზოგი სიტყვა უბრალოდ სიტყვა არ არის. ზოგჯერ ის იმ ადამიანთან ერთად იძენს მნიშვნელობას, ვინც გეუბნება.

სკოლის გზა მელანოსთვის ნაცნობი იყო. იმდენად ნაცნობი, რომ თვალდახუჭულსაც გაივლიდა. ყველა კუთხე, ყველა მაღაზია, ყველა ადგილი რაღაც პატარა მოგონებას ინახავდა.

სკოლის ეზოში შესვლისთანავე ნაცნობი ხმა გაიგონა.

— მელიიი!

მელანომ თვალები დახუჭა.

ზუსტად იცოდა, ვინ იყო.

— მატილდა, დილიდან ნუ ყვირი, გთხოვ.

— როგორ არ ვიყვირო, როცა ჩემი საუკეთესო მეგობარი მოდის?

მატილდა მასთან მივიდა და ჩვეული ენერგიით ჩაეხუტა.

— გუშინ სად გაქრი? მოგწერე და არ მიპასუხე.

— დამეძინა.

— შენ? ცხრა საათზე?

— დიახ, მე.

— ასაკი ხომ არ შეგეშალა? ბებიასავით ცხოვრობ.

მელანოს გაეცინა.

— დილა მშვიდობისა შენც.

ამ დროს ლოლა და ალექსანდრაც მიუახლოვდნენ.

— ნუ ეკამათები, მატილდა. მელანო უკვე იმ ასაკშია, როცა ძილი ყველაზე დიდი ბედნიერებაა, — თქვა ლოლამ სიცილით.

— გმადლობ მხარდაჭერისთვის, — უპასუხა მელანომ.
ლოლამ მხრები აიჩეჩა.

— ყოველთვის მზად ვარ სიმართლის სათქმელად.
ალექსანდრამ საათს დახედა.

— თუ საუბარს მორჩით, შეგახსენებთ, რომ ათ წუთში გაკვეთილი იწყება და ჩვენ ისევ არ გვაქვს გაკეთებული დავალება.

მატილდამ შეშინებული სახით შეხედა.

— რა დავალება?
სამივემ ერთდროულად გახედა.

— მატილდა...

— კარგი, კარგი, ნუ მიყურებთ ასე. უბრალოდ დამავიწყდა.
მელანოს გაეღიმა.

ესენი იყვნენ მისი ადამიანები.
სამი სრულიად განსხვავებული ადამიანი, მაგრამ ერთად ისეთი კომბინაცია, რომელიც მის ცხოვრებას ყოველთვის უფრო ხმაურს და ფერს მატებდა.
მათთან ყოფნისას მელანოს არ სჭირდებოდა ფიქრი იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო.
უბრალოდ იყო.
და ზოგჯერ ეს ყველაზე დიდი თავისუფლება იყო.

მეორე გაკვეთილის დასრულების შემდეგ გოგოები დერეფანში, ფანჯარასთან ჩამოსხდნენ. სკოლაში შესვენებები ყოველთვის ერთნაირი იყო — ხმაური, ერთმანეთში არეული ხმები და მოსწავლეები, რომლებიც რამდენიმე წუთში ცდილობდნენ მთელი დღის ამბების მოყოლას.
მატილდა ტელეფონს ათვალიერებდა და უცებ ისეთი სახე მიიღო, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოაჩინა.

— გოგოებო, მოიცადეთ.

ლოლამ შეხედა.

— რა მოხდა?

— მგონი ეს ბიჭი ყველგან არის.

— ვინ ბიჭი? — ინტერესით იკითხა ალექსანდრამ.

მატილდამ ტელეფონი მათკენ შემოატრიალა.
ეკრანზე სპორტული გვერდის ახალი ამბავი იყო.
„ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენი დუდა გასვიანი საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს.“
სტატიას თან ახლდა მისი ფოტო — სპორტულ ფორმაში, დარბაზში გადაღებული, სერიოზული გამომეტყველებით.

— ეს ხომ ის ბიჭია, რომელზეც გუშინ ვნახე ვიდეო? — თქვა ლოლამ.

— მგონი კი. ძალიან პოპულარული გახდა ბოლო დროს, — უპასუხა მატილდამ. — შეხედეთ კომენტარებს.

ალექსანდრამ ტელეფონი გამოართვა.

— მართლა ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.

მელანო ჩუმად უყურებდა ეკრანს.

არა იმიტომ, რომ განსაკუთრებულად დაინტერესდა.
უბრალოდ უცნაური იყო, როგორ შეიძლება სრულიად უცნობ ადამიანს ამდენი ადამიანი იცნობდეს.
როგორ შეიძლება ვიღაცისთვის ერთი ფოტო იყოს მოტივაცია, სხვისთვის კი უბრალოდ ჩვეულებრივი სურათი.

— მელანო, შენ რას იტყვი? — ჰკითხა მატილდამ.
მელანომ მხრები აიჩეჩა.

— არაფერს. პირველად ვხედავ.

— როგორ შეიძლება, მელ? მთელი ინტერნეტი ლაპარაკობს მასზე.

— მე მთელი ინტერნეტი არ ვარ, მატი.

გოგოებს გაეცინათ.
იმ მომენტში მელანოს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს სახელი რამდენიმე წელში მისთვის უბრალოდ სახელი აღარ იქნებოდა.

დუდა გასვიანი.

ორი სიტყვა, რომელიც ოდესღაც სრულიად უცხო იყო.


იმავე დღეს, როცა მელანო პირველად მოისმინა მისი სახელი, დუდა გასვიანი უკვე დილიდან დარბაზში იყო.

მისთვის დღეები სხვანაირად იწყებოდა.

სანამ სხვები ჯერ კიდევ საწოლში ნებივრობდნენ, დუდა უკვე ვარჯიშობდა. წლების განმავლობაში დისციპლინა მისთვის უბრალოდ სიტყვა აღარ იყო — ცხოვრების წესი გახდა.

— დუდა, თუ კიდევ ერთხელ დააგვიანებ წყლის დალევას და ბოლომდე არ დაისვენებ, მწვრთნელი შენზე უარესად მე გამიბრაზდება, — გაისმა ნაცნობი ხმა.
დუდამ თავი ასწია.

— ლაშა, შენ ჩემი მწვრთნელი ხარ თუ მეგობარი?

— ორივე, როცა საჭიროა.

— ანუ არასდროს.
ლაშამ ჩაიცინა.

— ზუსტად ამიტომ ვერ გიტან.

— მაგრამ მაინც მოდიხარ ყოველდღე.

— ეგ ყველაზე ცუდი ნაწილია.

მათ გვერდით მაქსიმე და ანრიც ისხდნენ.

ოთხივე ბავშვობიდან იცნობდა ერთმანეთს. სხვადასხვა ხასიათი ჰქონდათ, მაგრამ სწორედ ეს ხდიდა მათ მეგობრობას განსაკუთრებულს.

ლაშა ყოველთვის პირველი ამბობდა იმას, რასაც სხვები ფიქრობდნენ.
მაქსიმე უფრო მშვიდი იყო და სანამ რამეს იტყოდა, ყველაფერს კარგად აკვირდებოდა.
ანრი კი ხშირად ის ადამიანი იყო, რომელიც ყველაზე დაძაბულ სიტუაციაშიც კი მოახერხებდა ყველას გაცინებას.

— სხვათა შორის, შენი ამბავი უკვე ყველგან წერია, — უთხრა ანრიმ და ტელეფონი გაუწოდა.

დუდამ ინტერესის გარეშე დახედა ეკრანს.

— ისევ?

— ისევ. მგონი მალე ქუჩაში ვეღარ გაივლი.

— ეგ უფრო შენი პრობლემაა, მე მაინც ვერავინ მცნობს.

— დუდა, შენ მართლა ვერ ხვდები, რამდენი ადამიანი გიყურებს? — ჩაერთო მაქსიმე.
დუდამ მხრები აიჩეჩა.

— ადამიანები დღეს გიყურებენ, ხვალ სხვა ვინმეს იპოვიან.
ლაშამ თავი გადააქნია.

— ზოგჯერ მგონია, რომ სპორტში იმიტომ ხარ, რომ ადამიანებთან საუბარი არ მოგიწიოს.

— და ზოგჯერ მგონია, რომ შენ იმიტომ ლაპარაკობ, რომ სიჩუმის გეშინია.
რამდენიმე წამით ყველა გაჩუმდა.

შემდეგ ანრიმ სიცილი დაიწყო.

— აი, ისევ. დუდას ფილოსოფიური ხუთი წამი.
დუდამ გაეღიმა.

მათთან ყოფნისას მას არ სჭირდებოდა არც სპორტსმენი ყოფილიყო და არც ის ადამიანი, რომელსაც ყველა ეკრანიდან იცნობდა.
უბრალოდ დუდა იყო.

— საღამოს რას აკეთებთ? — იკითხა ლაშამ.

— ნინეს უნდა შევხვდე, — უპასუხა დუდამ.

— ისევ?

— ისევ.
ანრიმ წარბი ასწია.

— ბიჭო, შენს ცხოვრებაში რაღაცები მაინც უცვლელია.

დუდამ არაფერი უპასუხა.

უბრალოდ ტელეფონს დახედა, სადაც რამდენიმე შეტყობინება ელოდა.
იმ დროს დუდას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ცვლილება არც ტურნირს უკავშირდებოდა, არც გამარჯვებას და არც დამარცხებას.
საღამოს, როცა სახლში დაბრუნდა, პირველი რაც გაიგო, მისაღებიდან ტელევიზორის დაბალი, ერთფეროვანი ხმა იყო.

კარი ფრთხილად დაკეტა და ფეხსაცმელი გაიხადა ისე, თითქოს ხმამ შეიძლება რაღაც დაარღვიოს.
სახლში ყოველთვის ასე იყო — თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე იდგა, მაგრამ მაინც რაღაც აკლდა.

— მოხვედი? — გაისმა ნაცნობი ხმა.

ირაკლი დივანზე იჯდა, ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა. არც შემობრუნებულა ბოლომდე. მხოლოდ ნახევრად აწეული თავი, თითქოს საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაენახა — მელანო დაბრუნდა.
მელანოსთვის ეს საკმარისი იყო იმის გასაგებადაც — მამა სახლში იყო, მაგრამ არა ბოლომდე აქ.
— კი.
პაუზა.
ტელევიზორი აგრძელებდა ხმას, ირაკლი კი ისევ ეკრანს უყურებდა.

— როგორ ჩაიარა დღემ?

კითხვა ჩვეულებრივი იყო. ზედაპირული, ავტომატური, თითქოს უკვე წინასწარ დაწერილი.
მელანომ იცოდა ეს სცენა.
იცოდა მისი დასასრული.

თუ იტყოდა „კარგად“, ირაკლი უბრალოდ თავს დაუქნევდა.
თუ იტყოდა „ცუდად“, რამდენიმე წამით შეჩერდებოდა, მერე კი ისევ თავის სამყაროში დაბრუნდებოდა.

— ჩვეულებრივად.

— კარგია.
და ეს იყო ყველაფერი.
სიტყვა, რომელიც არაფერს ცვლიდა.
ირაკლი ისევ ტელეფონს მიუბრუნდა, თითქოს საუბარი არც ყოფილა.

მელანო რამდენიმე წამით იდგა.
არ ბრაზობდა.
ეს უკვე დიდი ხანია აღარ იყო ბრაზი.
უფრო რაღაც ჩუმი შეგრძნება იყო — როცა ხვდები, რომ ადამიანი შენს ცხოვრებაში არსებობს, მაგრამ შენს შიგნით ვერ აღწევს.
როგორც კედელი, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ყოველთვის არის.
ირაკლი უყვარდა.
ეს იყო ყველაზე რთული ნაწილი.
რადგან სიყვარული ყოველთვის არ ნიშნავს სიახლოვეს.
ზოგჯერ ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ ადამიანი შენს გვერდით ცხოვრობს, მაგრამ შენ მაინც მარტო სწავლობ ყოფნას.

— მელანო, ჭამე რამე? — სამზარეულოდან ლილეს ხმა გაისმა.
ეს ხმა სხვანაირი იყო.
ცოცხალი.
თბილი.

— ჯერ არა, დე.

— მაშინ მოდი.

მელანო მაშინვე წავიდა.

ლილე სამზარეულოში იდგა, რაღაცას ამზადებდა და ისე შეხედა, თითქოს უკვე იცოდა ყველაფერი, რაც მელანოს არ უთქვამს.
და სწორედ ეს იყო განსხვავება.
ლილე არ ელოდა სრულ წინადადებებს.
ის კითხულობდა სიჩუმესაც.

— რთული დღე იყო? — ჰკითხა მშვიდად.
მელანომ წამით შეყოვნა.
მერე თავი ოდნავ გააქნია.
— არა.
მაგრამ პასუხი არ იყო სიმართლე.
სიმართლე სადღაც სხვაგან იდგა — იმ პატარა, გაურკვეველ შეგრძნებაში,ამოუხსნელ წინათგრძნობაში, რომელიც მთელი საღამო თან დაჰყვა.
ლილემ თეფში წინ დაუდო.
— ჭამე დე.
მელანომ თავი დაუქნია.

და პირველად იმ საღამოს, საკუთარ თავში იგრძნო რაღაც ძალიან ჩუმი მოძრაობა — არა გარედან, არამედ შიგნიდან.
როგორც დასაწყისი, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს.

იმ ღამით მელანოს დაძინება არ უნდოდა.

არა იმიტომ, რომ არ ეძინებოდა.

უბრალოდ ზოგჯერ არსებობს ისეთი დღეები, რომლებიც არაფრით გამოირჩევა, მაგრამ მაინც გინდა, ცოტა დიდხანს შეინარჩუნო.

ოთახში მხოლოდ პატარა სანათის შუქი ენთო. მაგიდაზე წიგნები ეწყო, რვეულები ერთმანეთზე გადაფენილიყო, კუთხეში კი ჩანთა იდგა — ზუსტად იქ, სადაც ყოველთვის დებდა.
მელანოს მოსწონდა წესრიგი.

ალბათ იმიტომ, რომ როცა გარშემო ყველაფერი თავის ადგილას იყო, უფრო მარტივი ხდებოდა იმის დაჯერება, რომ ცხოვრებაც ასე მუშაობდა.
მაგრამ იცოდა, რომ ასე არ იყო.
ზოგჯერ ყველაზე კარგად დაგეგმილი დღეებიც კი ერთ წამში იცვლებოდა.
ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა.

ქალაქი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. სადღაც მანქანის ხმა ისმოდა, სადღაც ვიღაც იცინოდა, ვიღაც კი ალბათ ახლა იწყებდა თავის ისტორიას.
მელანოს ყოველთვის აინტერესებდა, რამდენი ადამიანის ცხოვრება მიმდინარეობდა მის გვერდით ისე, რომ ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ.
რამდენი ადამიანი გადიოდა ქუჩაში ერთმანეთის გვერდით და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ოდესმე მათი გზები გადაიკვეთებოდა.

ტელეფონი აიღო.

მატილდას რამდენიმე შეტყობინება ჰქონდა გამოგზავნილი.

„დაიძინე მაინც, ქალბატონო ბებია.“
მელანოს გაეღიმა.

„შენც დაიძინე, მატი.“
პასუხი მაშინვე მოუვიდა.

„ვერ ვიძინებ. მგონია, რაღაც საინტერესო უნდა მოხდეს.“
მელანომ ეკრანს დახედა და ჩაეცინა.

მატილდას ყოველთვის სჯეროდა, რომ ცხოვრება რაღაც ნიშნებს უგზავნიდა ადამიანებს.
მელანოს კი ნაკლებად.

მას უფრო სჯეროდა შრომის, არჩევანის და იმ გზების, რომლებსაც ადამიანები თავად ქმნიან.
მაგრამ მაინც...

ზოგჯერ უცნაური იყო ის, როგორ შეიძლება ჩვეულებრივ დღეს რაღაც პატარა დეტალი დარჩეს შენს მეხსიერებაში.

როგორ შეიძლება ერთი სიტყვა, ერთი სახელი ან ერთი შემთხვევითი წამი წლების შემდეგ ისევ ისე გახსოვდეს.

მელანომ მაშინ არ იცოდა, რომ იმ დღეს არაფერი დასრულებულა.

პირიქით.

ზოგიერთი ისტორია სწორედ მაშინ იწყება, როცა ჯერ კიდევ გგონია, რომ ჩვეულებრივ დღეს ცხოვრობ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent