შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნაბიჯით შორს [თავი 1]


11-09-2026, 23:33
ავტორი ursistersfriend
ნანახია 525

არსებობს ზარები, რომლებსაც არ ელოდები; იმიტომ კი არა, რომ მათი ნომერი დაგეკარგა ან, პირიქით, მათ აღარ ახსოვთ შენი, არამედ იმიტომ, რომ იმ ადამიანებთან ერთად ის წარსულიც დამარხე, რომელსაც არც არასდროს უნდა ეარსება.

ტელეფონმა სამჯერ დარეკა, სანამ ანთებულ ეკრანს შევხედავდი. ნაცნობი ნომერი იყო, იმდენად ნაცნობი, რომ დანახვისთანავე მომინდა, საწოლიდან წამოვმხტარიყავი და პირდაპირ მეცხრე სართულიდან მომესროლა, რომ ისე დალეწილიყო, ცხოვრებაში ვეღარავის შესძლებოდა მისი ჩართვა. მხოლოდ ხუთი წუთის შემდეგ ვაცნობიერებ, რომ სუნთქვა მეკვრის, კაბის ბოლოებს თითებით მაგრად ვაფრინდები და ჩამქრალი ეკრანისთვის, რომელიც სამი ზარის მერე აღარ ანთებულა, თვალის გასწორებასაც კი ვერ ვახერხებ.

სანამ ფანჯრიდან შემოსული მზის შუქი ჩემს მწვანე ოთახს ოქროსფრად ანათებს და კრემისფერ ჭერს დიდ მოუშორებელ ლაქად აჩნდება, არეული საწოლიდან ვდგები და თვალს კედელზე მიყუდებულ სარკეს ვუსწორებ. იქიდან გამხდარი, უცხო სხეული შემომყურებს, რომელსაც შიგადაშიგ მზერა საწოლზე მიგდებული ტელეფონისკენ გაურბის; ისევ ის შავი ატლასის კაბა აცვია, რომლის გახდაც წუხელ სახლში მოსულს არ გაახსენდა. თვალებქვეშ იისფრად დამჩნეული უძილობა სარკიდანაც მკაფიოდ მოუჩანს და არც მისი აწეწილი ქერა თმა გამოიყურება დიდად სახარბიელო მდგომარეობაში. მოკლედ რომ ვთქვა, საუცხოოდ გამოვიყურები იმის კვალობაზე, რომ ბოლო რამდენიმე დღეა გვამივით მძინავს და მაინც დაღლილი ვიღვიძებ.

უნდა გადავურეკო?

იქნებ, არ ღირს...

სირცხვილმა ჩემს ძვლებშიც ჩააღწია, როცა მობილურის ეკრანზე ჩემი ერთ-ერთი ძველი მეგობრის ციფრები ათამაშდნენ, მე კი ნომრის მფლობლის ნაცვლად ის გამახსენდა, ვინც ამ დროს ყველაზე ნაკლებად უნდა გამხსენებოდა.

ნახევრად დაცლილ სიგარეტის კოლოფსა და ტელეფონს ხელს ვავლებ და გაღებული ფანჯრის რაფაზე ვჯდები; მეცხრე სართულიდან ადამიანები ჭიანჭველებს ჰგვანან, იმაზე პატარებს, ვიდრე თავიანთი თავები ოდესმე ჰგონებიათ. ფილტვები ნაცრისფერი კვამლით მევსება თუ არა, სხეულში უეცარი სიმსუბუქე მივლის. ორ წუთში კი მობილური ყურზე მიდევს და სუნთქვაშეკრული ვუცდი, როდის მიპასუხებენ.

– ლიზა. – როგორც კი ხმას იღებს, ვხვდები, ხმასთან ერთად არც მისი სახე დამვიწყებია. ცხადად შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ მიდგას წინ, წარბებს კრავს და "ხომ გეუბნებოდი" მზერით ხელებგადაჯვარედინებული მკიცხავს იმის გამო, რომ მისი ბრძნული რჩევა ისევ არ გავითვალისწინე და ის შეცდომა დავუშვი, რაზეც დიდხანს მაფრთხილებდა. მაგრამ მაშინ ერთი ფილა რძიანი შოკოლადიც გვყოფნიდა, გაბრაზებული ანუკი რომ შემოგვერიგებინა. ოღონდ იმ პირობით, რომ შოკოლადი აუცილებლად თხილის უნდა ყოფილიყო.

– გამიკვირდა, რომ დარეკე. – გაჩხერილი ბურთი, რომელიც ყელში მას შემდეგ ჩამიძვრა, რაც ძველმა მეგობარმა სახელით მომმართა, სათქმელს მაყლაპვინებს და ჩემი ხმა ოდნავ მოგუდულად ისმის.

– ჰო, მეც მიკვირს... – წყვეტილ ამოსუნთქვას ხუთიოდე სიტყვას აყოლებს. ვგრძნობ, რომ ჩემი სიტყვების მსგავსად მისი სიტყვებიც კანკალებენ.

– მერე, რატომ დამირეკე? – ტელეფონს ხმამაღალზე ვრთავ, კალთაში ვიგდებ და ახალ სიგარეტის ღერს ვუკიდებ. – საფუძვლიანი მიზეზი გექნებოდა.

– ნატა ხომ გახსოვს?

წარბებს ვჭმუხნი. რას ჰქვია, ხომ მახსოვს? როგორ შეიძლება არ მახსოვდეს? ნატა. ჩემი მეგობარი, შავი თმითა და ცისფერი თვალებით. მაგრამ ვერაფერს ვპასუხობ, ის კი ჩემი დუმილით ხვდება, რომ არავინ დამვიწყებია.

– გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

სიგარეტის ღერი თითებიდან მივარდება და ანთებული მხარე მოშიშვლებულ ფეხზე მეცემა. როცა მომხდარს ვიაზრებ, მინის საფერფლე იატაკზე უკვე დამსხვრეული მხვდება, იქვე დაგდებულ მობილურს კი ზედ საფერფლის ნამსხვრევები აყრია.

– მოიცა, ანუკი, რა თქვი? კარგად ვერ გავიგე... – ვიმუხლები, ტელეფონს ნამსხვრევებს ვაშორებ და დაუდევრობისგან თითიც მეჭრება.

– შენც იცი, რომ გაიგე, ლიზ... – ათრთოლებულ სუნთქვასა და ხმაზე ვატყობ, რომ სახეს ცრემლები უსველებს. – მოხვალ? ყველაზე მეტად ნატას ენდომებოდა, რომ აქ ყოფილიყავი.

სიტყვები არ ამომდის. მგონი, ვამბობ? სარკეში ვხედავ, რომ ტუჩებს ვამოძრავებ, ვცდილობ დავილაპარაკო, მაგრამ სიტყვების ნაცვლად ჩემს ბაგეებს ჩუმი კვნესა სცდება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვაკუუმში მომაქციეს, ჩემ ირგვლივ და ჩემში დარჩენილ ჰაერს მწოვენ, რომ ერთიანად გამომაჭკნონ და დამაპატარაონ. ერთადერთი, რასაც ვახერხებ, ტელეფონის გათიშვა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდომაა, რომ არ წავიქცე.

ნატა.

ის გოგო, მე რომ ვიცნობდი.

შავი თმითა და ცისფერი თვალებით.

ამქვეყნად ყველაზე სათნო გამომეტყველებით.

რომელსაც ყველა ადამიანში შეეძლო დადებითი დაენახა.

რომელიც მაშინაც გვერდით დაგიდგებოდა, თუკი დედამიწის ზურგზე მოსიარულე ყოველი ადამიანი ერთხმად გადაწყვეტდა, რომ შენთვის ზურგი უნდა ექციათ.

ახლა მეუბნებიან, რომ აღარ არის, მე კი იმის კითხვაც ვერ გავბედე, რა დაემართა.

სააბაზანოს კარის სახელურზე ხელი რამდენიმეჯერ მიცდება. შიგნით შესულს, პირველ რამდენიმე წამში სახეზე ცივი წყლის წვეთები მდის, მაგრამ იმ განცდას ვერ მიქრობს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ფეხქვეშ მიწა გამომეცალოს. ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ორგანიზმში, გუშინდელი საღამოდან მოყოლებული, სიგარეტის კვამლის გარდა საერთოდ არაფერს ჩაუღწევია. ცოტა ხანში ონკანს ვკეტავ და კედელზე სველი ხელის ცეცებით ოთახში ვბრუნდები. იქაურობა ჩაბნელებული მხვდება. გაღებულ ფანჯარაში ვიხედები, რომლის თავზეც კრემისფერი ფარდა ფრიალებს. ცაზე ღრუბლები იხლიჩება და მზის მკრთალი სხივები უკანასკნელად კრთება რუხ ჩრდილებს შორის. პეტრიქორი ცხვირის ნესტოებს მიწვავს. როგორც ჩანს, წვიმას აპირებს და არც მიკვირს, რადგან აპრილის თვეში არასდროს იცი, გარეთ გასულს მზე დაგხვდება თუ შეიძლება თავზე ცა ჩამოგექცეს.

საწოლზე უმისამართოდ მიგდებულ ტელეფონს ხელს ვტაცებ და კონტაქტებში ჩემი ერთადერთი მეგობრის სახელს წამებში ვპოულობ. ჩამონათვალში, რომელსაც მხოლოდ ფორმალურად ჰქვია სია, მარტო მისი ნომერი წერია. და კიდევ ერთის, რომლის წასაშლელად არც ძალა მყოფნის და არც გამბედაობა.

ნუცა მესამე ზარზე მპასუხობს.

– ჰო, ლიზა. – საქმიან ხმაზე ეტყობა, რომ ცუდ დროს შევაწუხე. როგორც ჩანს, დაკავებულია, რადგან ტელეფონს მიღმა მისი ლაპარაკის გარდა რაღაც ჩხაკუნიც ისმის.

– რას შვრები, გცალია? – იატაკზე მიმოფანტულ ნამსხვრევებს გვერდს ვუვლი და ფეხზე იმ დარიჩინისფერ ბალერინებს ვიცვამ, რომლებიც ერთი კვირაა ავიკვიატე.

– ხუთ წუთში ლინგვოკულტუროლოგიის ლექციაზე შევდივარ, ლიზ. რა ხმა გაქვს, რამე მოხდა? – ჩხაკუნი წყდება.

– არაფერი. მიდი, არ გააცდინო. უბრალოდ სახლში ვერ ვჩერდები და გარეთ გასვლას ვაპირებ. – ტელეფონს ხმამაღალზე ვაყენებ და სავარცხელს ვიღებ, რომ აწეწილი თმის ღერები თავიანთ კუთვნილ ადგილას დავაბრუნო.

– პირველ კორპუსთან მოდი, რა. ერთსაათიანია და, სანამ შენ მოხვალ, ისედაც დამთავრდება. ჰო იცი, სალომე როგორი ქალია; დასწრებაში ქულას წერს და არ უყვარს, რომ უცდენენ.

– ვიცი, ჰო. ეკლესიასთან რომ სკამებია, მანდ დაგელოდები. – პასუხს აღარ ვუცდი და ზარს ვასრულებ. სავარცხელს იქვე, პატარა საწოლის მაგიდაზე ვაგდებ და ჩაბნელებული ოთახიდან ისე გამოვდივარ, ძირს მიყრილ ნამსხვერვებს უკანმოუხედავად ვტოვებ.

გარეთ ასეთ ამინდში კაბისამარა გამოსვლა არც ისე გონივრული გადაწყვეტილება გამოდგა. მაგრამ უკვე საკმარისზე დიდი გზა გავიარე საიმისოდ, რომ სახლში ავბრუნდე და მოსაცმელი წამოვიღო. ჭავჭავაძის გამზირზე ასწლოვანი ჭადრების ფოთლებქვეშ მივუყვები ტროტუარს და ვცდილობ არ შევიმჩნიო, რომ ფეხები მიკანკალებს. ბურთი, რომელიც ჩემი ყელის კედლებს მტკივნეულად აწვება, ჰაერს ფილტვებისკენ მიმავალ გზას უღობავს. ვინც მიცნობს, იცის, რომ ეს გზა ფეხით ხუთასჯერ მაინც გამივლია, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე მივსულიყავი. ნუცაც სწორედ იქ გავიცანი; მე რომ მესამე კურსზე ვსწავლობდი, ის მაშინ მეოთხეს ამთავრებდა. საღამოს ხუთი საათი იყო და უნივერსიტეტის ეზოში ვიღაცას ვუცდიდი, როცა უეცრად წამოწვიმა. ჩვეულებისამებრ, მაშინაც ზუსტად ისე, მოუმზადებელი შევხვდი გაზაფხულის იმპულსურ ამინდს. ნუცაც არსაიდან გამოჩნდა, თავისი დიდი შავი ქოლგა ჩემკენ გამოსწია და თვალებმოჭუტულმა მითხრა – თუ მეტროსთან მიდიხარ, ერთად წავიდეთ, ჩემი ქოლგა უზარმაზარია და ორივეს თავისუფლად გვეყოფაო. არ მიუარია, გვერდით ამოვუდექი. აღარავის დავლოდებივარ; ისედაც ვიცოდი, რომ არ მოვიდოდა.

უნივერსიტეტის ეზოში შევდივარ და აქა-იქ ჩამდგარ მინიატურულ ძეგლებს გვერდს ვუვლი. უცებ წინა კართან ნუცა ჩნდება და ქოლგის შლით კიბეებზე ჩამოდის. სანამ ჩემთან მოვა, ცხვირზე წვიმის წინწკალი მეცემა და მოულოდნელობისგან ვკრთები.

– გოგო, გადაირიე? ასეთ ამინდში მაგ კაბით როგორ გამოხვედი? – მკლავს მკლავში მიყრის და მის გვერდით, ქოლგის ქვეშ მაქცევს.

– რა ვიცი, აბა, რა დამიშლიდა. – ჩემი გაყინული მხარი მის ჯერ კიდევ თბილ მხარს ეხება და წამით თვალებს ვხუჭავ, რომ სხეულში შემოსული სითბო ცოტახანს მაინც შევინარჩუნო.

ჭავჭავაძის გაყოლებაზე საცობში გაჭედილი მანქანების გრძელი წყება გვხვდება. გზაში ნატაზე ვფიქრობ. წარსულთან შეჯახება იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე მეგონა. ერთხელ თავზე რაღაც გახუნებული ყუთით ხელში დამადგა, რომელშიც ძველი ფილმების კასეტები ეწყო. როცა ვკითხე, სად იპოვე-მეთქი, ბაზრობაზე ნახევარი დღე ვიქექებოდი და გამყიდველს იმდენი ვევაჭრე, ბოლოს ლამის უფასოდ გამომატანაო. იმ დღეს ჩემს ოთახში ოდრი ჰეპბერნისა და ალენ დელონის ფილმებს ვუყურებდით და წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ეს ყუთი ჩემი კარადის თავზე მტვერს დაიდებდა. ალბათ ორივეს გვეგონა, რომ ასეთ მოგონებებს ერთად და სხვნაირად გავიხსენებდით.

– ლიზა, არ მისმენ? – ნუცა გაკვირვებული ხმით მეკითხება. ზებრაზე, რომელსაც შუქნიშანი არ აქვს, ოდნავ სწრაფად გადავყავარ, რომ მანქანებს ნაკლები ლოდინი მოუწიოთ.

– შეიძლება დღეს შენთან დავრჩე?

– როგორც კი ჩემს სახლში მივალთ, მაშინვე მომიყვები, რა დაგემართა.

– ჰო, მოსაყოლი ნამდვილად მაქვს.
[/justify]
*


[justify]სამზარეულოში ჩაიდნის შიშხინი ერთადერთი ხმაა, რაც დუმილს არღვევს. ნუცას ფეხებთან მიწოლილი ჩარლი ოქროსფერ კუდს აქიცინებს და მაგიდასთან მოფუსფუსე პატრონს მოთამაშე თვალებით აკვირდება. როცა ხვდება, რომ ამისთვის შესაფერისი დრო არ არის, კუდს ქვევით უშვებს, ნიკაპს თავის თათებში რგავს და იტრუნება.

– რას აპირებ? – ნუცა ლიმონიან ჩაის მაგიდაზე მიდგამს და გვერდით მიჯდება.

– არ ვიცი.

– წასვლა არ გინდა?

– ნატას გაცილება მინდა, მაგრამ იქ მისვლა არა. – თვალების დაუხამხამებლად დავყურებ ფინჯანს, რომელშიც ლიმონი ჩაის ზედაპირზე ტივტივებს.

– არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ხვალ წახვიდე. მთავარია დაკრძალვაზე იყო და ბოლო გზაზე გააცილო. მეც გამოგყვები და მარტო ყოფნა არ მოგიწევს.

– არ მინდა ეგონოთ, რომ ნაკლებად მადარდებს და ამიტომ არ მივედი. მაგრამ არც ის მინდა, ნატა ასეთი ვნახო. მირჩევნია ისეთი მახსოვდეს, როგორიც ბოლოს ვნახე. ღიმილიანი და ცოცხალი.

– არ ეგონებათ და, რომც ეგონოთ, მათი აზრი რატომ გადარდებს? ვისაც აცილებ, იმას ხომ ეცოდინება, რომ დარდობ.

– ახლა რაღა აზრი აქვს, იცის თუ არა... მაგრამ მათი ნახვაც არ მინდა. ზუსტად ვიცი, ისე შემომხედავენ, თითქოს მხოლოდ ვალდებულების გამო მივედი.

– იქნებ მაგაზე ტყუილად ფიქრობ? სამი წელი გავიდა და ყველა გაიზარდეთ. შენთან ერთად ისინიც შეიცვლებოდნენ.

– მაგას მაშინ გავიგებთ, როცა დაკრძალვაზე წავალთ.

ნუცა აღარაფერს ამბობს, ძირს ჩუმად მიწოლილ ჩარლის ეფერება. ფანჯრის მიღმა წვიმის ხმა კი ნელ-ნელა მთელ სამზარეულოს ფარავს.



№1 სტუმარი მე

ძალიან კარგად წერთ,ასე გააგრძელეთ.წარმატებები❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent