შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ხეობა (თავი 1, 2, 3)


გუშინ, 23:00
ავტორი MB-stories
ნანახია 92

თავი I


ჭიათურაში დილა იშვიათად თენდებოდა ერთბაშად.

ჯერ სახლების ჟანგიანი სახურავები გამოდიოდნენ სქელი, რძისფერი ნისლიდან, მერე — ელექტროსადენების შავი ქსელი, მერე საბაგიროს დაცარიელებული სადგურები და ბოლოს — კლდეები. ის კლდეები, რომლებიც ქალაქს ისე გარშემორტყმოდნენ, თითქოს სამყაროს გასასვლელი საერთოდ არ ჰქონდა.

წვიმის შემდეგ ჰაერი განსაკუთრებით მძიმდებოდა. სველი ბეტონის, ჟანგის, სველი მიწისა და მანგანუმის სპეციფიკური სუნი მჭიდროდ ერწყმოდა შეშის კვამლს. ძველი, ოთხკუთხა კორპუსების ფორებიდან ნესტი ამოდიოდა და ქუჩებში დასახლებულიყო. სადღაც, შორს, სატვირთო ავტომობილის ძრავა დაიქოქა, სადღაც ეზოს ძაღლმა იყეფა, სადღაც ქალმა აივნიდან გამოსძახა ბავშვს, რომ ჩანთა არ დარჩენოდა...

მერე კი საბაგირო ამუშავდა.

პირველმა ლითონის კაბინამ ნელა, მძიმედ გადაკვეთა ხეობა. რკინამ ისე დაიჭრიალა, თითქოს ქალაქმა სწორედ ამ ხმაზე გაახილა თვალები.

ჭიათურაში ეს ჩვეულებრივი დილა იყო. იმდენად ჩვეულებრივი, რომ ვერავინ იფიქრებდა, თუ დღის ბოლოს მთელი უბანი მხოლოდ ერთ, თორმეტი წლის განმავლობაში მიტოვებულ სახლზე დაიწყებდა ლაპარაკს.
****
— ხელი არ გაანძრიო, რეზო ბიძია.

რეზომ უკვე მეოთხედ სცადა მაჯის მოხრა და ანიმ თითები ოდნავ მტკიცედ დააჭირა მანჟეტზე.

— მეყინება, შვილო. შენი აპარატიც ცივია და ეს ოთახიც.
— ორი წუთია, რაც აქ ზიხარ.
— ორი წუთი ამ ასაკში საკმარისია იმისთვის, რომ კაცი გაიყინოს.

ანიმ ელექტრონულ ეკრანს შეხედა. რიცხვები წითლად აციმციმდნენ.

— ას ორმოცდაექვსი ოთხმოცდათხუთმეტზე.
— გავიზომე უკვე.
— აბა, რატომ მეუბნები, არაფერი მაწუხებსო?
— ჩემი წნევაა, ვიცი, როგორ ვიქნები, — ჩაილაპარაკა რეზომ და მხრები აიჩეჩა.
— მეც ვიცი. იმიტომ, რომ უკვე სამი წელია, ყოველ მეორე კვირას ამ სავარძელში გისვამ და ზუსტად ამ ციფრებს ვუყურებ.

მაგიდაზე ანის ჩანთა იდო. ტელეფონის ეკრანი რამდენჯერმე აციმციმდა — შეტყობინებები მოდიოდა, მაგრამ ანიმ ყურადღება არ მიაქცია. ამ ქალაქში ცუდი ამბები ტელეფონით იშვიათად მოდიოდა, კარგი ამბები კი საერთოდ არ არსებობდა.

— ისევ ყავით საუზმობ? — ჰკითხა რეზომ და თვალი ჩანთაზე ჩამოკიდებულ ცარიელ თერმოსს დაადგა.
— ვჭამე.
— ყავა საჭმელი არ არის, ანი.
— თქვენ როდის გახდით ექიმი?
— ასაკში რომ შეხვალ, მიხვდები, რომ კუჭს პატივი უნდა სცე.
— თქვენ რომ ჩემს ასაკში იყავით, ექიმმა არ გითხრათ, სიგარეტს თავი დაანებეო?

რეზომ ინსტინქტურად წაიღო ხელი ქურთუკის შიდა ჯიბისკენ. ანიმ მზერა გააპარა.

— არ გაბედო.
— ფულს ვეძებ, გოგო, რას მიყურებ?
— ჯიბეში სიგარეტიც გიდევს, ვიცი.

ანიმ თბილად გაიღიმა და მანჟეტი მოხსნა. რეზომ სახელო ჩამოიწია და დაკოჟრილი თითებით დაიმასაჟა მაჯა.

— საღამოს სახლში მოხვალ? — ჰკითხა ანიმ, სანამ კაცის ჩანაწერების რვეულს შეავსებდა.
— თუ ჩემი ცოლი კარებს არ ჩამიკეტავს.
— ისევ ეჩხუბე?
— მე არა. თვითონ მეჩხუბა.
— მიზეზი?
— მიზეზი რა არის, ანი... ცოლია. მაგას მიზეზი სჭირდება?

ანიმ სიცილი ვერ შეიკავა. რეზო წამოდგა, კარისკენ გაიარა, მაგრამ ზღურბლთან შეჩერდა, თითქოს რაღაცის თქმა დაავიწყდაო.

— ხვალაც ვიქნები.
— ვიცი, რეზო ბიძია.
— თუ არ ვიქნები... მაინც მოდი.

ანი რამდენიმე წამით გაშტერებული უყურებდა კაცის ზურგს. ამ სიტყვებში იმდენი ჩუმი სევდა იდო, რამდენიც ამ ქალაქის ყველა ძველ ეზოში ერთად.

— წადი, რეზო ბიძია, ნუ სულელობ, — ჩურჩულით თქვა მან.

მოხუცი წავიდა. ანის ღიმილი ნელ-ნელა ჩაქრა. ფანჯარასთან მივიდა. ნისლი ისევ მჭიდროდ ეკრობოდა მინას. ზოგიერთ დილას მას ეგონა, რომ ქალაქი სპეციალურად მალავდა საკუთარ იარებსა და მთებს — თითქოს, რაც ნაკლები გამოჩნდებოდა, მით ნაკლები გახსენება იქნებოდა საჭირო.
***
ავტოპარკის ნესტიან, ზეთის სუნით გაჟღენთილ ანგარში ლუკა მიქაბერიძე ძველი სატვირთოს ქვეშ იწვა.

— ლუკა! — ხმამ ბეტონის მაღალ ჭერზე ექო გამოიღო.
— ჰო!
— სად არის ის გასაღები?
— რომელი „ის“?
— დიდი.
— შენთვის ყველა ინსტრუმენტი დიდი ჩანს, სანამ ხელში დაიჭერ, — გამოსძახა ლუკამ მანქანის ქვევიდან, თან ქანჩს მთელი ძალით აწვებოდა.
— მარცხნივ, მეორე უჯრაში.
— არ არის.
ლუკამ თავი გამოყო. სახეზე ზეთის შავი ზოლი ესვა.
— მესამეში ნახე.
— არც აქაა.
— აბა, სახლში წაიღე ალბათ.
— მე რა მინდა ინსტრუმენტი სახლში, გიჟი ხომ არ ვარ?
— არ ვიცი, ავთანდილ, ერთხელ ჩემი ჩაქუჩი წაიღე და დღემდე შენს აივანზე დევს, თითქოს დეკორაცია იყოს.
ავთანდილი ჩაჩუმდა. მერე ჩაილაპარაკა:
— შენ მართლა აუტანელი ხარ.
— ახლა მიხვდი?
ლუკა ისევ მანქანის ქვეშ შეძვრა. ლითონის ცივი შეხება ამშვიდებდა. აქ, ამ მძიმე ტექნიკასთან, ყველაფერი მარტივი იყო — თუ რამე გაფუჭდებოდა, მიზეზიც არსებობდა და შეკეთების წესიც. ადამიანებთან კი ეს წესები არ მუშაობდა.
ჯიბეში ტელეფონი აზუზუნდა. ეკრანზე დედის სახელი გამოჩნდა.
ლუკა შეყოვნდა, ხელი ზეთიანი ტილოთი შეიწმინდა და უპასუხა:
— გისმენ, დედა.
ყურმილში ხმა დაბალი იყო, ოდნავ მერყევი. ლუკა ჯერ ჩუმად უსმენდა. მერე ნელა წამოჯდა. ზურგი სატვირთოს თვალს მიაბჯინა.
— დღეს? — იკითხა მან. ხმა უცბად ჩაუხრიწდა.
პაუზა გაწელა.
— კარგი. მივხედავ.
გათიშა. ავთანდილი თვალის კუთხით უყურებდა.
— რა მოხდა?
— არაფერი.
— სახე რატომ შეგეცვალა, ბიჭო?
— სახე ასეთი მაქვს, არ იცი? — იუმორით სცადა ფონის გადაფარვა, მაგრამ ხმაში სიმკაცრე შეეპარა.

ისევ დაიხარა, მაგრამ ამჯერად მუშაობა აღარ გამოსდიოდა. თითები არ ემორჩილებოდა. ლუკას უმცროსი ძმა ახალ საბადოში მუშაობდა — იმ სიღრმეში, საიდანაც წლების წინ წარსული აღარ ამოვიდა. ეს ამბავი ლუკას ბოლო რამდენიმე თვეა, ყელში ძვალგასობილივით ჰქონდა გაჩხერილი და მოსვენებას არ აძლევდა.
***
თომა ჯაფარიძე რადიოსადგურის პატარა, მტვრიან ოთახში ეჯდა აპარატურას.
ყურსასმენი ცალ ყურზე ეკეთა, მეორე — თავისუფალი ჰქონდა, რომ გარედან შემოსული ქალაქის ხმაური გაეგო. მისთვის ეს ორი სამყარო — რადიოტალღების შიშინით სავსე სივრცე და ჭიათურის ჩუმი ქუჩები — ერთმანეთს ავსებდა.
— ...მეოთხე არხზე ისევ ხმაურია, თომა, გესმის? — ისმოდა რაციაში.
თომამ ნელა დააჭირა თითი გადამცემს.
— ვიცი.
— რამეს ხედავ ინდიკატორზე?
— ვხედავ.
— რას?
— ხმაურს, — მშვიდად უპასუხა თომამ.

მეორე მხარეს რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
— შენთან საუბარი რატომ არის ასეთი აუტანელი?
— იმიტომ, რომ მარტივი პასუხები იაფფასიანია, ჩემო ძმაო.

თომამ სიხშირე შეცვალა. საათს დახედა — თერთმეტი სრულდებოდა. გარეთ ნისლი ნელ-ნელა იფანტებოდა და კლდეების შავი სილუეტები უფრო მკაფიო ხდებოდა.
მისი მზერა ფანჯრიდან ხეობის მეორე მხარეს გადავიდა. იქ, კლდის ძირში, ძველი, ორსართულიანი სახლი იდგა. ბარათელების სახლი. ხის აივანი ოდნავ ჩამოწეულიყო, ფანჯრები — დაბნელებული.
ჯაფარიძემ რამდენიმე წამს უყურა იმ სიცარიელეს. არ იცოდა — ვერც წარმოიდგენდა — რომ იმავე საღამოს ამ სახლს, თორმეტი წლის სიბნელის შემდეგ, პირველად გაანათებდა სინათლე.
იმ საღამოს ლუკას სახლში სადილი ჩვეულებრივზე გვიან მომზადდა, სამეგობრო როგორც ყოველთვის მასთან შეკრებილიყო, ანი უკვე მაგიდასთან იჯდა და ჩაის ჭიქას თბილ ხელებს ახვევდა. თომა ფანჯარასთან იდგა, ცალი ხელი ჯიბეში ეწყო და ტელეფონში რაღაცას კითხულობდა. ლუკა კი სამზარეულოდან ოთახში გამოდიოდა და შედიოდა, თითქოს რაღაცას ეძებდა.

— პური ვინ გაიტანა?
— შენ, — უპასუხა ანიმ ისე, რომ თვალი არ აუწევია.
— მე არ წამიღია.
— მაშინ მაგიდაზე თავისით მოვიდა, — თქვა თომამ და იქვე მდგარ პურის კალათაზე ანიშნა.

ლუკამ შეხედა.
— შენ გვერდით რატომ დევს?
— იმიტომ, რომ ახლოს იდო და ავიღე.
— არადა, ჩემთან იდო.
— ლუკა, შენთან ერთად ცხოვრებას სერიოზული ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება, — ამოოხრა თომამ.

ანის გაეცინა.
— ორი წუთით თუ გაჩუმდებით, იქნებ ვივახშმოთ.
— მე გაჩუმებული ვარ, — თქვა თომამ.
— პირს თუ არ გააჩერებ, ვერ იქნები გაჩუმებული, — გადაუჩურჩულა ანიმ.

ლუკა სამზარეულოდან გამოვიდა, ხელში თეფში ეჭირა.
— ანი, პომიდორი დაჭერი?
— არა.
— რატომ?
— სტუმარი ვარ.
— სტუმარი ხარ და ჩემს სახლში ყოველდღე ჭამ?
— სწორედ ამიტომ ვარ საუკეთესო სტუმარი.

ლუკამ თავი გააქნია, თუმცა ტუჩის კუთხეში ღიმილი დაუმალავი დარჩა.
— თქვენ ორივეს სახლიდან გაგყრით.
— ამას ყოველ კვირას ამბობ, ლუკა, — შეახსენა ანიმ.
— იმიტომ, რომ იმედი მაქვს, ერთხელ მაინც დამიჯერებთ.

მაგიდასთან თბილი სიცილი გაისმა. გარეთ საღამო ჩამოდიოდა, ლურჯი და გრილი.

ეს იყო მათი ცხოვრება. არც განსაკუთრებული, არც დიდი. უბრალოდ, ერთმანეთის ტკივილებსა და ყოველდღიურობაში ისე იყვნენ გადაჯაჭვულები, როგორც ადამიანები, რომლებსაც ოდესღაც ძალიან ბევრი რამ ჰქონდათ საერთო, შემდეგ ცხოვრებამ სხვადასხვა მხარეს გადაყარა, მაგრამ ბოლოს მაინც ერთ მაგიდასთან მიიყვანა.

იმ საღამოსაც არაფერი განსაკუთრებული არ უნდა მომხდარიყო.

სანამ თომამ ფანჯარაში არ გაიხედა.

— მოიცა... — თქვა მან. ხმა უცბად შეეცვალა.

ლუკა ჭიქას წყლით ავსებდა.
— რა იყო?
თომა არაფერს ამბობდა. ანი წამოდგა და მის გვერდით დადგა.
— რას უყურებ?
ხეობის მეორე მხარეს, ბარათელების სახლში, მეორე სართულის ერთ ფანჯარაში ყვითელი, სუსტი სინათლე ენთო.
ანი გაჩერდა. ლუკამაც გაიხედა. ჭიქა ხელში გაუშეშდა.
— არა... — ჩაილაპარაკა ლუკამ.
თომამ თავი ოდნავ გადახარა.
— ვინმე შევიდა?
— როგორც ჩანს.

ლუკა ფანჯრიდან თვალს არ აშორებდა.
— თორმეტი წელი... თორმეტი წელი იქ არავინ შესულა.
— შეიძლება დენი ჩართეს, პროფილაქტიკისთვის, — თქვა ანიმ, თუმცა საკუთარი ნათქვამის თვითონ არ სჯეროდა.

ლუკამ შეხედა.
— მიტოვებულ სახლში?
— რატომაც არა?
— იმიტომ, რომ იქ არავინ ცხოვრობს, ანი!

თომამ ისევ გადახედა ხეობას.
— ახლა ალბათ ცხოვრობს.

არავის გაუცინია. ლუკამ ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადგა.
— წავიდეთ.

ბარათელების სახლს ეზოს რკინის ჭიშკარი ნახევრად ღია ჰქონდა.
დემეტრე ბარათელმა მანქანა ეზოში არ შეიყვანა. ქუჩის ბოლოს, ხის ქვეშ გააჩერა. რამდენიმე წუთი საჭესთან იჯდა, თითებს ტყავის შალითას უჭერდა და ბნელ ფასადს უყურებდა.
თორმეტი წელი.
ეს სიტყვა ტვინში საათის მექანიზმივით უცემდა. თორმეტი წელიწადი.
ძრავა გამორთო. გარეთ გამოვიდა. ეზოში ბალახი წელამდე ასულიყო, ძველი ხეხილი მოუვლელობისგან გადახრილიყო. ერთ კუთხეში ჟანგიანი ვედრო ეგდო, რომელშიც წვიმის წყალი ჩამდგარიყო.
დემეტრემ ხის მძიმე კარი გააღო. მტვრის, ძველი ქაღალდებისა და მშრალი ხის სუნი ეცა
პირველი ოთახი თითქმის ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ახსოვდა. მხოლოდ... ყველაფერი ბევრად პატარა ჩანდა. ეს ყველაზე უცნაური აღმოჩნდა. ბავშვობაში ეს ჰოლი უზარმაზარი ეგონა, ახლა კი, ოცდაათი წლის ასაკში, რამდენიმე ნაბიჯში გადაკვეთა.
ჩანთა იატაკზე დადო. ფანჯარასთან მივიდა და სქელი, მტვრიანი ფარდა გვერდზე გასწია. ხეობა ხელისგულზე ჩანდა. ზუსტად ისეთივე. და მაინც, სრულიად უცხო.
ბარათელმა თვალები დახუჭა. სუნთქვა შეიკრა, თითქოს ჰაერსაც წარსულის გემო ჰქონდა.

მეორე ოთახში მამის კარადა იდგა. არ გაუღია. ჯერ ვერა.
სააბაზანოში შევიდა. ონკანმა დაიჭრიალა, წყალი ჯერ ყავისფერი წამოვიდა, მერე წკრიალა გახდა. დემეტრემ ხელები დაიბანა და პატარა, გაბზარულ სარკეში საკუთარ ანარეკლს შეხედა.
თორმეტი წელი უცხო ქალაქში ცხოვრობდა. სწავლობდა, მუშაობდა, ადამიანებს ხვდებოდა. რამდენიმე მათგანი უყვარდა კიდეც. მაგრამ ამ სახეს — თვალების ქვეშ ჩამჯდარ ჩრდილებს — არასდროს გამოჰპარვია ის ღამე. ის ღამე აქ დარჩა, ამ კედლებში.

საღამოს რვისთვის დალაგებას თავი დაანება. აზრი არ ჰქონდა. მამის სამუშაო, სქელი ქურთუკი სკამზე იდო. დემეტრემ თითები გადაუსვა შალის უხეშ ქსოვილს. მერე ისევ ფრთხილად დაკეცა.
**
იმავე დროს, ლუკა, ანი და თომა საბაგიროს ძველ, უფუნქციო სადგურთან იდგნენ.
— მიდიხარ? — ჰკითხა ანიმ.
ლუკას თვალი ხეობისკენ ეჭირა.
— სად?
— ბარათელებთან.
— ჯერ არ ვიცი.

თომამ სიგარეტი მოუკიდა. კვამლი ნელა ავიდა ცივ ჰაერში.
— მიდიხარ.
ლუკამ შეხედა.
— საიდან იცი?
— იქედან, რომ ნახევარი საათია, ერთსა და იმავეს აკეთებ.
— რას?
— ამბობ, არ მივდივარო და ფეხს არ იცვლი აქედან.

ლუკამ ჩაიცინა, თუმცა თვალები სევდიანი ჰქონდა.
— ხვალ მივიდეთ.
ანი შეჩერდა.
— რატომ ხვალ?
— იმიტომ, რომ დღეს თუ მივალ... შეიძლება რაღაც ისეთი ვუთხრა, რასაც ხვალ ვინანებ.

თომამ თავი დაუქნია.
— პროგრესია, ადრე ჯერ იტყოდი და მერე ინანებდი. ახლა ჯერ ფიქრობ.

ლუკამ სიგარეტის კოლოფი ესროლა. თომამ ჰაერშივე დაიჭირა, ოსტატურად. ანიმ ორივეს შეხედა.
— ბავშვები ხართ.
— ბავშვობაში უკეთესები ვიყავით, — თქვა ლუკამ.
ეს ფრაზა უნებლიეთ აღმოხდა. სამივე გაჩუმდა. თომამ სიგარეტი ჩააქრო. იმ ბავშვობაში თორმეტი წლის წინანდელი ღამე არ არსებობდა.
***
დემეტრე აივანზე გამოვიდა.
ქვემოთ, ქუჩაში, რამდენიმე ფანჯარაში უკვე ენთო შუქი. საბაგიროს კაბინა უკანასკნელად გადადიოდა ხეობაზე. სადღაც ვიღაც ქალი იცინოდა, სადღაც ტელევიზორი ყვიროდა.
დემეტრემ სიგარეტს მოუკიდა. პირველი ნაფაზი ზედმეტად ღრმად შეისუნთქა და ხველა აუტყდა.
— მშვენიერია... — ჩაილაპარაკა თავისთვის.
თორმეტი წელი გავიდა და ქალაქმა მაინც იცოდა, როგორ შეეხსენებინა საკუთარი თავი.
მერე ქუჩის მეორე მხრიდან ხმა გაისმა.
— დემე?!
დემეტრე დაიძაბა. ქუჩის ლამპიონის ქვეშ ელენე ბებო იდგა. ხელში ძველი, ემალის რძის ქილა ეჭირა.
დემეტრემ რამდენიმე წამს ვერაფერი თქვა. ქალს სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს აჩრდილი დაინახა.
— ელენე ბებო?
ელენეს ქილა ხელიდან გაუსხლტა. რძე თეთრ ნაკადად დაიღვარა ქვაფენილზე.
— ღმერთო ჩემო...

დემეტრე აივნიდან სწრაფად ჩავიდა. ელენე უკვე ჭიშკართან ელოდა. ახლოს რომ მივიდა, მოხუცმა კანკალიანი ხელები სახეზე დაადო.
— დამენახე ბებო...

დემეტრემ თავი დახარა. ელენემ ორივე ხელით ლოყებზე მოჰკიდა.
— შენ ხარ... მართლა შენ ხარ.
— ჰო, ბებო, მე ვარ.
ქალს თვალები ცრემლით აევსო.
— გაიზარდე...
— თორმეტი წელი გავიდა, ელენე ბებო.
— მაგას არ გეკითხები, შვილო...
დემეტრე გაჩუმდა. ელენემ ისევ შეხედა, თითქოს თითოეულ ნაოჭს სწავლობსო.
— დედაშენს დაემსგავსე.
ეს იყო პირველი რამ, რამაც დემეტრეს სახიდან ღიმილი მთლიანად მოაშორა. ელენემ მაშინვე იგრძნო და გულში ჩაიკრა.
დემეტრე რამდენიმე წამს გაშეშებული იდგა, მერე კი ხელები მოხვია მოხუცს. ელენეს ისევ ისეთი სუნი ჰქონდა — საპნის, თბილი რძისა და იმ სახლის, სადაც ბავშვობაში ათასჯერ მაინც იყო ნამყოფი.
— სახლში საჭმელი გაქვს? — ჰკითხა ქალმა, როცა მოშორდა.
დემეტრემ ჩაიცინა.
— კი, რაღაცები...
—მოიცა, მოვალ კარი არ ჩაკეტო.
— რატომ?
— მთელი უბანი მოვა და სათითაოდ ხომ არ უნდა გაგვიღო?

დემეტრეს გულიანად გაეცინა. ელენემ თავი გადააქნია.
— იცინი მაინც...
— არ უნდა ვიცინოდე?
— არა, უბრალოდ... მიხარია.

მერე წავიდა, მაგრამ ნახევარი ქუჩა არ ჰქონდა გავლილი, რომ მეზობლის ღობეს მიადგა.
— თინიკო! თინიკო, გამოდი, ნახე ვინ დაბრუნდა!
დემეტრემ თვალები დახუჭა და გაიღიმა.
— დაიწყო...

ათი წუთის შემდეგ ბარათელების ეზოში ოთხი ქალი იდგა. ოცი წუთის შემდეგ — შვიდი. ნახევარ საათში კი დემეტრემ საერთოდ დაკარგა კონტროლი საკუთარ კარსა და სამზარეულოზე.

— შემოდი, შვილო, აი, ეს ცხელი ხაჭაპური დაიდე.
— ჩაი დალიე, გაცივდები.
— ეს ნიგოზი ჩემი ეზოსია, აიღე.
— რა გამხდარი ხარ, თბილისში საჭმელს არ გჭმევდნენ?
— არა, გოგო, ადრე იყო მსუქანი, ბავშვობაში, არ გვახსოვს?
— თბილისმა გააფუჭა...
— ცოლი არ მოგიყვანია?
— შვილები ხომ არ გყავს?
— დედაშენი რომ ცოცხალი იყოს...
ამ უკანასკნელ ფრაზაზე სამზარეულოში უეცარი, მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. დემეტრემ ჭიქა ხელით დაიკავა.
ერთ-ერთმა მეზობელმა გვერდით მდგომს ხელი ჰკრა:
— კარგი, ეგ აღარ უნდა გეკითხა!
—წამომცდა უნებურად, რა ვქნა!
დემეტრემ პირველად ამ საღამოს მართლა, მსუბუქად გაიცინა. ქალებსაც გაეცინათ და რამდენიმე წამით სახლი აღარ იყო მიტოვებული. ის ისევ ისეთი გახდა, როგორიც ოდესღაც — ხმაურიანი, თბილი, ზედმეტად სავსე ადამიანებითა და ზრუნვით.
***
ლუკა მეორე დღეს დილით ადრე მიადგა ბარათელების სახლს. ანი არ წამოყოლია, თქვა, საავადმყოფოში მორიგეობა მაქვსო, თუმცა ლუკამ იცოდა, რომ ანი უბრალოდ დროს აძლევდათ.
თომაც თან გაჰყვა.
ჭიშკართან გაჩერდნენ. ლუკამ ხელი საკეტისკენ წაიღო.
ჭიშკარში შევიდნენ.
ამ დროს სახლის კარი გაიღო. დემეტრე იდგა. თმა აჩეჩილი ჰქონდა, ხელში ყავის ჭიქა ეჭირა.
სამივემ ერთმანეთს შეხედა. წამები გაიწელა. თომამ პირველმა გაიღიმა.
— ყავა ჩვენთვისაც გაქვს?
დემეტრესაც გაეღიმა. ტუჩის კუთხეში ის ძველი, ნაცნობი ნიშნისმოგება გამოერია.
— შემოდით.
თომა პირველი შევიდა. ლუკა ადგილზე დარჩა. დემეტრემ მას შეხედა.
-შენ არ შემოხვალ?
- ჯერ არა..
სიჩუმე ჩამოვარდა. ლუკამ სახლის ფასადს გახედა, სადაც ბათქაში ჩამოშლილიყო.
— მართლა დაბრუნდი?
— ჰო.
— რამდენი ხნით?
დემეტრემ პასუხამდე ცოტა ხნით დაიცადა.
— არ ვიცი.
ლუკამ თავი დაუქნია.
— პასუხები მაინც უცვლელი დაგრჩა.

დემეტრეს გაეღიმა.
— შენც.
ლუკამ პირდაპირ თვალებში შეხედა.
— მე რა?
— ისევ ბრაზიანი ხარ.
—მაქვს მაგის მიზეზი, დემეტრე.
ღიმილი ორივეს სახიდან გაქრა. ჰაერში იმ ძველი ღამის აჩრდილი ჩამოწვა.

თომა უკვე სახლის სიღრმიდან ყვიროდა:
— ყავა მართლა არ გაქვს, ბიჭო, თუ მიმალავ?!
ლუკამ თვალები დახუჭა და ამოოხრა.
— ეს საერთოდ რატომ წამოვიყვანე?
დემეტრეს გაეცინა.
— არ ვიცი.
ლუკა ბოლოს მაინც შევიდა სახლში. კარი მათ უკან დაიხურა.
გარეთ ისევ ნისლი იდგა.
პირველად თორმეტი წლის შემდეგ, ამ ადამიანების ცხოვრება ისევ ერთ ქალაქში, ერთ ჭერქვეშ აღმოჩნდა.

ჯერ არაფერი იცოდნენ. არც დემეტრემ იცოდა, რატომ დაბრუნდა ბოლომდე — სინანულის გამოსასყიდად თუ საკუთარი თავის დასასჯელად. არც ლუკამ იცოდა, შეძლებდა თუ არა ძველი წყენის გადაყლაპვას. არც ანიმ იცოდა, რამდენად ღრმად ჰქონდათ მათ ყველას დარჩენილი ის ღამე. არც თომამ.

მაგრამ ქალაქმა იცოდა.

ქალაქებს ადამიანებზე უკეთ ახსოვთ. ჭიათურას კი — განსაკუთრებით. იმიტომ, რომ აქ წარსული მიწაში არ იმარხებოდა; ის ყოველდღე ისევ ზედაპირზე ამოდიოდა. საბაგიროს ჭრიალში, ძველი სახლების გაბზარულ მინებში, მაღაროელების ტანსაცმელზე დარჩენილ შავ მტვერში... და იმ ადამიანების თვალებში, რომლებიც თორმეტი წლის შემდეგაც კი, როცა ვინმე ბარათელების სახლს ახსენებდა, ერთი წამით ჩუმდებოდნენ.

იმ ღამეს კი დემეტრემ მთელი სახლი გაანათა.
ფანჯრებიდან ყვითელი სინათლე ხეობაზე გადმოიღვარა. შორიდან რომ შეგეხედა, ვერ იტყოდი, რომ ეს სახლი თორმეტი წელი ცარიელი იყო. ვერ იტყოდი, რომ აქ ერთ დროს კაცი ცხოვრობდა, რომელიც მაღაროდან აღარ დაბრუნებულა. ვერ იტყოდი, რომ მის შვილს თორმეტი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ამ კარის სახელურს ისევ შეხებოდა.
უბრალოდ დაინახავდი სინათლეს. და შეიძლება ეფიქრა კაცს, რომ სახლში სიმშვიდე სუფევს.
სინამდვილეში კი, იმ ღამეს, პირველად დიდი ხნის შემდეგ, დემეტრემ საკუთარ თავს უფლება მისცა ეფიქრა, რომ იქნებ მართლა დაბრუნდა შინ.
თუმცა სადღაც, ძალიან ღრმად, უკვე იცოდა:
ადამიანი ასეთ ქალაქში მხოლოდ დასაბრუნებლად არ ჩამოდის. განსაკუთრებით მაშინ, როცა წარსული ჯერ კიდევ იქვე, ქუჩის კუთხეში ელოდება.
და განსაკუთრებით მაშინ, როცა ის წარსული თორმეტი წლის წინ მიწის ქვეშ დარჩა.
ნისლმა სახლი ნელ-ნელა ისევ დაფარა, მაგრამ ფანჯრებიდან გამომავალი შუქი მაინც ბჟუტავდა — როგორც პატარა, ჩუმი დაპირება იმისა, რომ ამჯერად არავინ გაქრებოდა უხმოდ.


თავი II


ძველი ჭრილობები
ჭიათურაში ამბები დიდხანს არ რჩებობა დაუმალავი. ბარათელების ჭიშკრის გაღებისა და დემეტრეს დაბრუნების ამბავი მალევე უკვე მთელმა ქალაქმა იცოდა, თუმცა ქალაქში ამის გასაგებად დიდი ამბის ატეხვა არ იყო საჭირო. საკმარისი იყო ეზოში ერთი ქალი გამოსულიყო, მეზობლისთვის ორი სიტყვა ეთქვა და საღამოსთვის ამბავს უკვე თავისი ფორმა ჰქონდა მიღებული.
ზოგს სჯეროდა, რომ დემეტრე მამის სახლს გაყიდდა და წავიდოდა.
ზოგიც უბრალოდ ამბობდა, რომ თორმეტი წლის შემდეგ ადამიანს საკუთარი სახლის ნახვა მოუნდა და ამაში არაფერი იყო გასაკვირი.
ყველაზე ხშირად კი ერთსა და იმავე წინადადებას იმეორებდნენ:
— დაბრუნდა.
საბაგიროს ძველ, ჟანგიან სადგურთან დილით ორი მოხუცი ქალი იდგა. ნისლი მათ კალთებსა და თავსაფრებს ეკრობოდა.

— ნამდვილად დაბრუნდა? — იკითხა ერთმა და თბილ, შალის შარფში ცხვირი უფრო ღრმად ჩარგო.
—დაბრუნდა, დაბრუნდა, ბარათელების თვალები აქვს, იმ საცოდავი გიორგის...
— მე გამხდარი, თავდახრილი ბიჭი მახსოვს, — ჩაილაპარაკა მეორემ და ხეობისკენ გადააფურთხა.
— თორმეტი წლის წინანდელი ბავშვი როგორ გემახსოვრება სხვაგვარად?
— მაშინაც მაღალი იყო, მხრებში გამართული.
— ახლა კაცია. მძიმე ნაბიჯი აქვსო, ჩემმა რძალმა.
ორივე ცოტა ხნით ჩუმად იდგა. ქვემოთ, ასფალტზე, მტვრიანმა ავტობუსმა ჩაიარა, რომლის ძრავაც ისე ოხრავდა, თითქოს აღმართის ავლა ეზარებოდა.
ერთ-ერთმა ჩუმად, თითქმის შიშით გადახედა ხეობას.
— თუ შურისძიება უნდა, აქ ცუდ დროს ჩამოსულა. ჭიათურაში ვინც შურს ეძებდა, ბოლოს თვითონვე ჩაჰყვა მიწას.
***
ანი კობახიძესს იმ დილით საავადმყოფოში წასვლა არ უნდოდა. არა იმიტომ, რომ თავისი საქმე არ უყვარდა — პირიქით, თეთრი ხალათი ერთადერთი რამ იყო, რაც ამ ქალაქის მძიმე ატმოსფეროსგან იცავდა. უბრალოდ, ბოლო ორი დღეა, სადაც არ უნდა მისულიყო, ყველგან დემეტრეს სახელი ესმოდა.
როცა მორიგეობა დაასრულა, ანიმ პირდაპირ ბარათელების სახლისკენ აიღო გეზი.
ქუჩა აღმართს მიჰყვებოდა. კართან რომ მივიდა, რამდენიმე წამით შეყოვნდა, თითები პალტოს ჯიბეში ჩაიყო და ღრმად ამოისუნთქა. მერე ხის მძიმე კარზე დააკაკუნა.
შიგნიდან იატაკის ჭრიალი და ნელი ნაბიჯების ხმა გაისმა. კარი გაიღო. დემეტრეს შავი მაისური ეცვა, თმა ოდნავ აჩეჩილი ჰქონდა.
— ანი? — იკითხა მან და კარის ჩარჩოს მიეყრდნო.
ანიმ წარბი ასწია.
— შემოვიდე, თუ ზღურბლზე უნდა მალოდინო?
— უკვე აქ ხარ.
— ჰოდა, რატომ მალოდინებ?

დემეტრემ კარი უფრო ფართოდ გააღო.
— შემოდი.

ანი სახლში შევიდა. პირველი, რაც იგრძნო, ოთახში გამეფებული სიცივე იყო. მეორე — ძველი მტვრისა და გაუნათებელი სივრცის მძიმე სუნი. მესამე კი — უცნაური, თითქმის გაყინული სიჩუმე.

— გათბობა არ გაქვს? — ჰკითხა ანიმ და ხელები ერთმანეთს გაუსვა.
— მაქვს.
— ჩართულია?
— არა.
ანი მისკენ შემოტრიალდა, მზერაში საყვედური ერია.
— დემე...
— რა?
— შენ მართლა არ იცვლები. სიცივეში ჯდომა სიამოვნებას განიჭებს თუ საკუთარ თავს სჯი?

დემეტრემ პასუხის ნაცვლად თვალი აარიდა. ანიმ პალტო გაიხადა და სკამის ზურგზე გადაკიდა.
— ჩაი მაინც გაქვს?
— მგონი.
— „მგონი“ რას ნიშნავს? — ჩაიცინა ანიმ და სამზარეულოსკენ გაემართა.

კარადები თანმიმდევრობით გახსნა. პირველი თარო სრულიად ცარიელი იყო. მეორეზე მხოლოდ ერთი ნახევრად დაცლილი შაქრის პაკეტი იდო. მესამეზე — ორი გაბზარული ჭიქა.

— ჩაი სად არის?
— მაცივართან, დაბალ თაროზე, — გამოსძახა დემეტრემ.

ანი შეჩერდა და გაოგნებული შემოტრიალდა.
— ჩაი... მაცივართან რატომ დევს?
— არ ვიცი, ანი, გუშინ რომ შემოვიტანე, კარადები მტვრიანი იყო და იქვე დავდე. მაშინ კარგი იდეა მეგონა.
ანიმ სიცილი ვერ შეიკავა. იმ სევდიან, მიტოვებულ სამზარეულოში ეს სიცილი გაზაფხულის პირველი სხივივით გაჟღერდა.
— ხანდახან მენატრებოდა შენი ეს აბსურდული ლოგიკა.
ჩაი იპოვა, ძველ ჩაიდანში წყალი ჩაასხა და გაზქურაზე დადგა. დემეტრე კარის ჩარჩოს მიყრდნობოდა, ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და ანიზე დაკვირვებას აგრძელებდა.
— როგორ ხარ, ანი? — ჰკითხა დაბალი, რბილი ხმით.
— ნორმალურად, დაღლილად.
— ეგ უფრო დამაჯერებელია.
დემეტრემ ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა. ანი მაგიდასთან დაჯდა, თითებს ხის ნაკაწრებზე უსვამდა. რამდენიმე წუთს ორივე უბრალოდ ელოდებოდა წყლის ადუღებას.
— ლუკა არ წამოვიდა? — ჰკითხა დემეტრემ. ხმაში ფარული დაძაბულობა შეეპარა.
— არა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ თუ წამოვიდოდა, პირველივე ხუთ წუთში იჩხუბებდით.
— მხოლოდ ხუთში?
— პირველსავე წამს, — შეასწორა ანიმ.

დემეტრეს ჩუმად გაეცინა.
— ისევ ისე ბრაზობს..
ანი ჩაიდანს უყურებდა, საიდანაც უკვე ორთქლი ამოდიოდა.
— ახლა უფრო მეტად, დემე. იმიტომ, რომ მაშინ ბავშვი იყო და ბრაზს გარეთ ყრიდა. ახლა კაცია და იმ ბრაზს შიგნით ინახავს, სანამ არ მოაწვება.

დემეტრემ თავი დახარა.
— გასაგებია.
— რა არის გასაგები? არაფერი არ არის კარგი ამაში, — ანი წამოხტა, ჩაი ჭიქებში დაასხა და ერთი დემეტრეს წინ დადგა.
— შაქარი?
— არ მინდა.
— ისევ უშაქროდ სვამ?
— ისევ.
— ბავშვობაშიც ასე სვამდი.
— ბავშვობაში საერთოდ არ ვსვამდი ჩაის, ანი, არ გახსოვს?
— აბა, რას ვსვამდით იმ ცხელ ზაფხულს, ეზოში რომ ვიჯექით?
— შენ ლიმონათს სვამდი, მე — ცივ წყალს.
— იმიტომ, რომ უცნაური, ჩაკეტილი ბავშვი იყავი.
— შენ კი მაძალებდი, ლიმონათი გამესინჯა!
— იმიტომ, რომ მარტო წყლის სმა ასეთ ხვატში არ შეიძლებოდა!
— რატომ?
— იმიტომ! — ანიმ წარბები შეჭმუხნა, მაგრამ თვალები უცინოდა.
დემეტრეს გულიანად გაეცინა.
— ძალიან დამაჯერებელი არგუმენტია, ექიმო.
საუბარი ნელ-ნელა აეწყო. არა იმიტომ, რომ სათქმელი ცოტა ჰქონდათ — პირიქით, ათწლეულის სიჩუმე იდგა მათ შორის, მაგრამ ზოგიერთი ჭრილობა მხოლოდ მაშინ იწყებს შეხორცებას, როცა მასზე ხმამაღლა ლაპარაკს გაბედავ.

— სამსახური როგორია? — ჰკითხა დემეტრემ.
— ისევ იგივე. ნესტი, გაციებული ხალხი, მოტეხილობები... ჭიათურა არ იცვლება.
— ხალხიც იგივეა?
— ხალხი გაიზარდა, ზოგი წავიდა, ზოგი — მიწას მიჰბარა ამ ქალაქმა.
— ეგეც იგივე ყოფილა...

ანი ჩუმად გაეღიმა.
— შენ როგორ მოგწონს შენი ძველი სახლი?
დემეტრემ ოთახს გადახედა. ჭერზე ნესტისგან საღებავი აყრილიყო.
— არ ვიცი.
— სამი დღეა, აქ ხარ.
— სამი დღეც ბევრი აღმოჩნდა გასახსენებლად.
— ისევ წასვლას აპირებ?

დემეტრემ პასუხი არ გასცა. თვალი ფანჯრისკენ გააპარა. ანიმაც არ დააძალა. იცოდა, დემეტრესთვის ძალდატანება იგივე იყო, რაც წყალზე ცივი ყინულის დასმა.
ფანჯრის მიღმა, ეზოს კუთხეში, ძველი, ნახევრად გამხმარი ვაშლის ხე იდგა.
— გახსოვს, მაგ ხიდან რომ გადავვარდით? — ჰკითხა ანიმ მორცხვი ღიმილით.
— მე გადავვარდი, ანი, შენ არა.
— მე გიჭერდი!
— შენ ხელი გაგიშვი და დამაგდე.
— თოკი მოგქონდა და ცუდად იყო მიბმული!
— შენ მიაბი ეგ თოკი, — შეახსენა დემეტრემ და თვალები მოჭუტა.
— თორმეტი წლის წინ იყო, დემე, აუცილებელია ყველაფერი ასე სიტყვასიტყვით გახსოვდეს?
— მე ყველაფერი მახსოვს, ანი. აბსოლუტურად ყველაფერი.

ამჯერად დემეტრემ ეს ფრაზა ისეთი სიმძიმით თქვა, რომ ანიმ ღიმილი მყისიერად დაკარგა. ოთახში ისევ ჩამოწვა სიჩუმე — არა მტრული, არამედ ისეთი, როგორიც ორ ძველ მეგობარს შორის დგება, როცა ორივემ იცის, რომ მთავარი სათქმელი ჯერ კიდევ წინ აქვთ.

— ლუკა... მართლა ძალიან შეიცვლილია — ჩურჩულით ჰკითხა დემეტრემ.
ანი ჭიქას ორივე ხელით შემოეხვია, თითქოს სითბოს ეძებდა.
— ჰო. ხისტი გახდა. ზეთისა და რკინის სუნი ასდის ყოველდღე. მუშაობს, თითქოს საკუთარ თავს სჯისო.
— ჩემ გამო? — იკითხა დემეტრემ და თვალები დახარა.
— მარტო შენ გამო არა...
— აბა?
ანიმ პირდაპირ თვალებში ჩახედა.
— შენ რომ წახვედი... იმ ღამის შემდეგ... მას მხოლოდ ბრაზი დარჩა. მერე იმ ბრაზმა სხვა რაღაცებიც მოიყოლა — უნდობლობა, სიმარტოვე, შიში. მამამისზე ლაპარაკს ვერ იტანს. იმ ღამეზე ხომ საერთოდ. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ვინმემ კიდევ ერთხელ რომ ჰკითხოს, რა მოხდა შახტაშიო, პირდაპირ სახეში ჩაარტყამს.
დემეტრეს ტუჩის კუთხე ოდნავ აეწია.
— ეგ მაინც არ შეცვლილა. ისევ ისეთი ფეთქებადია.
ანისაც გაეცინა.
— არა, მაგაში ნამდვილად არ შეცვლილა.
ორივემ ცოტა ხნით ისუნთქა ამ მოგონებით. მერე ანი წამოდგა, ჩაის ჭიქები ნიჟარაში ჩადო და კარადას მიუბრუნდა.
— საჭმელი გაქვს?
— კი, — უპასუხა დემეტრემ და ოთახის სიღრმიდან შემოხედა.
ანი არ დაძრულა.
— რა გაქვს?
— პური.
— კიდევ?
— წყალი.
— მშვენიერი მენიუა.
— ყავაც მაქვს.
— ყავა საჭმელი არ არის, დემეტრე!
ანი მაცივარს მიადგა და გახსნა. შიგნით სრული სიცარიელე მეფობდა: ნახევარი ბოთლი წყალი, ორი კვერცხი და გაურკვეველი ქილა, რომელსაც ვადა ალბათ წინა ათწლეულში გაუვიდა.
— არ დაიწყო, ანი, — გაისმა დემეტრეს ხმა ზურგს უკან.
— არაფერს ვამბობ.
— ისეთი სახე გაქვს, რომ უკვე მლანძღავ.
— ხვალ საჭმელს მოგიტან. ნორმალურს.
— არ არის საჭირო, ანი, თავს მივხედავ.
— არ გეკითხები.
— ანი...
— დემე!
— მართლა არ არის საჭირო.
— ვიცი. მაინც მოგიტან.
მაცივრის კარი დახურა. დემეტრემ თავი გააქნია.
— არაფერი შეცვლილა... შენ ისევ ისეთი ჯიუტი ხარ.
ანი კართან გაჩერდა, პალტო მოიცვა და გაუღიმა:
— ბევრი რამ შეიცვალა, დემე. უბრალოდ, ზოგიერთი რამ — საბედნიეროდ — არა.

როცა ანი ეზოდან ქუჩაში გამოვიდა, ჭიშკართან ორი მეზობელი ქალი იდგა. ორივემ მყისიერად შეწყვიტა ლაპარაკი და ანიზე გადაიტანა ყურადღება.

— მანდ იყავი, შვილო? — ჰკითხა ერთმა.
— სად, თინიკო დეიდა?
— ბარათელებთან.
— ვიყავი.
— მარტო? — თვალები მოჭუტა მეორემ.

ანიმ მშვიდად შეხედა მათ.
— არა, დემეტრეც იქ იყო.
პირველ ქალს ჩაეცინა.
— რა ენა გაქვს, გოგო!
— თქვენ მკითხეთ და გიპასუხეთ.
— რას აკეთებს ის ბიჭი?
— ცხოვრობს.
— მართლა რჩება თუ წავა ისევ?
— არ ვიცი.
— ამირეჯიბებს თუ შეხვდა?

ანი ცოტა ხნით ჩუმად იყო. ქუჩაში ნისლი უფრო დამძიმებულიყო.
— მე იქ ჩაის დასალევად ვიყავი.
— ჩაი მაინც თუ ჰქონდა კარგი?
ანიმ გაიცინა.
— საშინელი. ცივი და უშაქრო.
— აი, ხომ ვამბობდი, მაგ ოჯახში არაფერი გამოვაო, — გადაურჩურჩულეს ქალებმა ერთმანეთს.
ანი გზას გაუყვა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უკან მოესმა:
— ხვალ ისევ მოდიხარ?
ანი არც შემობრუნებულა, ისე ასწია ხელი:
— საჭმელი მიმაქვს!
— ვიცოდი! — დაედევნა ქალის კმაყოფილი ხმა.
****
საღამოს, როცა დაბნელდა, დემეტრე მეორე სართულის ფანჯარასთან იდგა.

ქუჩაში ძრავის დაბალი ხმა გაისმა. მუქი ფერის, ახალი ჯიპი ნელა მოუყვებოდა აღმართს. მანქანას სიჩქარე არ შეუმცირებია, ბარათელების სახლთან თითქმის არ შეჩერებულა, მაგრამ დემეტრემ მაინც იცნო უკანა სავარძელში მომჯდარი კაცი.
მიხეილ ამირეჯიბი.
მისი სახე მხოლოდ რამდენიმე წამით გამოჩნდა დაბურული მინის მიღმა: თეთრი, საგულდაგულოდ გადავარცხნილი თმა, ძვირფასი მუქი პალტო, შავი ხელთმანებიანი ხელები მშვიდად დაწყობილი მუხლებზე.
მანქანა გაქრა. დემეტრე უძრავად დარჩა.

***
თორმეტი წლის წინ მიხეილ ამირეჯიბი ქალაქის კულტურის სახლის დიდ დარბაზში იდგა. თეთრი, გაუთოებული პერანგი ეცვა. დემეტრეს ეს საოცრად მკაფიოდ ახსოვდა — თითქოს გუშინ ყოფილიყოს. იმ დღეს დარბაზში ყველა სკამი დაკავებული იყო. ზოგი კაცი ფეხზე იდგა კედლებთან, ქალებს შავები ეცვათ. ზოგიერთ მუშას ჯერ კიდევ მაღაროს შავი მტვრით მოსვრილი ტანსაცმელი ეცვა.

დემეტრე დარბაზის ყველაზე ბნელ კუთხეში იდგა. მამამისი იქ აღარ იყო. არავინ იცოდა ზუსტად, სად იყო — მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ოთხას მეტრ სიღრმეში, მაღაროს ჩამოშლილი ქანების ქვეშ დარჩა.
მიხეილი სცენაზე ავიდა. არ უყვირია. არც თვალები დაუხრია. უბრალოდ იდგა და ისეთი ცივი, მშვიდი ხმით ლაპარაკობდა, რომელიც დემეტრეს დღემდე ყურებში ექოების სახით ესმოდა:
„მომხდარი იყო გაუთვალისწინებელი ტექნიკური შემთხვევა... ფორს-მაჟორი.“
ფორს-მაჟორი. ეს სიტყვა მერე ყველგან ეწერა — გაზეთებში, ოფიციალურ ოქმებში, კომპენსაციის ქაღალდებზე. იმ ფულზე, რომელიც ობლად დარჩენილ ოჯახებს მიუგდეს, თითქოს ადამიანის სიცოცხლე რომელიმე ბუღალტრულ უწყისში რიცხვად იწერებოდა.

ფორს-მაჟორი — როგორც სტიქია. როგორც მიწისძვრა. რაღაც, რისთვისაც პასუხისმგებელი არავინ იყო. არც შახტის მფლობელი, არც უსაფრთხოების ტექნიკა, არც ის კაცი, რომელმაც მუშები სიღრმეში ჩაუშვა.
***
დემეტრე ფანჯარას მოშორდა. მიხეილის მანქანის კვალიც კი აღარ ჩანდა, მაგრამ მისი გამოჩენა საკმარისი გახდა. ძველი, მიძინებული შეგრძნება ხელახლა აენთო ძვლებში. არა უბრალოდ ბრაზი — ბრაზი მარტივი იყო, ის მალე იწვოდა. ეს იყო რაღაც უფრო მძიმე, უფრო ბნელი, რასაც სახელი არ ერქვა.
საღამოს ათი საათი იყო, როცა დემეტრემ ბოლოს და ბოლოს გაბედა და მამის კარადა გახსნა.
ხის მძიმე კარი გაჭირვებით დაიძრა, ანჯამებმა დაიკვნესეს. მტვერი ჰაერში აირია. შიგნით რამდენიმე ძველი, გაუთოებული პერანგი ეკიდა. ქვედა თაროზე მამამისის სამუშაო, დაკოჟრილი ფეხსაცმელი იდგა.
დემეტრემ ხელი გადაუსვა ტყავს. მერე კარადის ყველაზე შორეულ კუთხეში პატარა ხის სკივრი დაინახა. რკინის კუთხეები ჟანგით ჰქონდა დაფარული. გასაღები ზედვე ეჭედებოდა — მამამისს ის არასდროს დაუკეტავს.
დემეტრემ სკივრი იატაკზე ჩამოდო. დიდხანს უყურებდა, სანამ სახურავს ახდიდა.
ზემოდან სამუშაო ქურთუკი იდო — მძიმე, შავი ქსოვილის. დემეტრემ ორივე ხელებით აიღო და სახესთან მიიტანა. მამამისის სუნი თითქმის აღარ დარჩენოდა, მაგრამ მაინც იცნო: მაღაროს, ნესტის, სველი რკინისა და ზეთის სუნი.
ქურთუკის ქვეშ გეოლოგიური რუკები ეწყო — რამდენიმე ძველი, გაყვითლებული ფურცელი, ფანქრით გაკეთებული ნიშნებით, რიცხვებითა და გვირაბების სქემებით.
დემეტრემ ერთი რუკა გაშალა. №4 საბადო.
ხაზები ერთმანეთში იკვეთებოდა, სიღრმეების აღნიშნვნებით. ერთი კონკრეტული მონაკვეთი წითელი ფანქრით რამდენჯერმე იყო მძიმედ შემოხაზული. დემეტრემ თითი ნელა გადაატარა იმ წითელ ხაზს.
სკივრის ფსკერზე პატარა, შავი ტყავის რვეული იპოვა. ყდა გაცვეთილი ჰქონდა, კუთხეები — მოცვლილი. პირველ გვერდზე მამის მკაფიო, ოდნავ მარჯვნივ გადახრილი ხელწერა ეწერა.
თარიღები. სამუშაო ჩანაწერები. მოკლე, მშრალი ფრაზები.

დემეტრე იატაკზე დაჯდა, რვეული მუხლებზე დაიდო. პირველი გვერდები ჩვეულებრივ ტექნიკურ მონაცემებს შეიცავდა: გაზომვები, შახტაში ჩასული მუშების სია, სამუშაო საათები. ერთ გვერდზე ყავის ძველი ლაქა ეტყობოდა.
დემეტრე ნელა ფურცლავდა, სანამ ბოლო ჩანაწერამდე არ მივიდა.
თარიღს დახედა: 2014 წლის 23 ნოემბერი: კატასტროფამდე ერთი დღით ადრე.
იმაზე დიდხანს უყურებდა ამ თარიღს, ვიდრე საჭირო იყო. შემდეგ წაიკითხა. ერთხელ. მეორედ. მესამედ.
ჩანაწერი სულ რამდენიმე სიტყვას შეიცავდა. ერთადერთ წინადადებას:
„მე-4 უბანში გაზის დონე ზღვარს გადასცდა, მაგრამ მიხეილმა მუშაობის შეჩერებაზე უარი თქვა — გეგმა ჩამორჩებაო. ღმერთმა ნუ ქნას, რომ...“
დემეტრემ რვეული მკვეთრად დახურა.
რამდენიმე წამს ასე იჯდა, სიბნელეში. გული უცემდა, თითქოს ისიც იმ შახტაში ყოფილიყო გამოკეტილი. მერე ისევ გახსნა. იმავე წინადადებას დაუბრუნდა. სიტყვები თითქოს თვალებს უწვავდნენ.
ფანჯრიდან ქარის ხმა შემოდიოდა. საბაგიროს სადღაც შორს ისევ ესმოდა რკინის ზუზუნი.
დემეტრემ ხელისგული რვეულზე დაადო და თვალები დახუჭა. და მაშინ, თორმეტი წლის შემდეგ პირველად, რაღაც ძალიან კონკრეტული გაახსენდა.
არა მთელი ის საშინელი ღამე. არა შახტის ჩამონგრევის ხმაური. არა მამის მოტირალი დედა.
მხოლოდ ერთი პატარა დეტალი: იმ ღამეს, კულტურის სახლის ეზოში, სიბნელეში მდგარი კაცის ხმა, რომელიც ვიღაცას ტელეფონით ეუბნებოდა: „ყველაფერი ისე ჩაწერეთ, როგორც შევთანხმდით. ფორს-მაჟორი.“

დემეტრემ თვალები გაახილა. რვეულში ჩაწერილ წინადადებას კიდევ ერთხელ დახედა — ამჯერად სრულიად სხვანაირად. თითქოს სიტყვები, რომლებიც წლების განმაბლობაში უბრალო, უიმედო ჩანაწერი ეგონა, უეცრად საბრალდებო დასკვნად ქცეულიყო.

მან რვეული ნელა დაკეცა. მაგრამ სკივრში აღარ ჩაუდია. საწოლთან, პატარა ტუმბოზე დადო.
იმ ღამეს დემეტრეს პირველად არ ეძინა.
და არც ქალაქს ეძინა მშვიდად. რადგან ჭიათურაში ზოგიერთი ამბავი მხოლოდ მაშინ იწყებდა ხელახლა სიცოცხლეს, როცა ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ის წარსულის მტვერმა საბოლოოდ დაფარა.

თავი III


ოქროს გალია
ლილე ამირეჯიბს ხეობის ხატვა უყვარდა.
იმიტომ არა, რომ ლამაზი იყო. პირიქით. ჭიათურის ხეობა ლამაზი მაშინაც იყო, როცა ყველაზე მახინჯად გამოიყურებოდა — როცა წვიმის შემდეგ კლდეებიდან შავი წყალი ჩამოდიოდა, ძველი საბაგიროს ბოძებზე ჟანგი სქელდებოდა და ნისლი ისე ეშვებოდა მთებს შორის, თითქოს ქალაქისთვის რაღაცის დამალვა უნდოდა.
ლილე სწორედ ასეთ დღეებს ხატავდა. მზიან ამინდში ფანჯარასთან იდგა და ხეობას უყურებდა, მაგრამ ტილოზე მზეს იშვიათად ტოვებდა. მას ნისლი უფრო აინტერესებდა. წვიმა. ცარიელი საბაგირო. მიტოვებული გვირაბის შესასვლელი, რომელსაც ქალაქის შავი სუნთქვა ჯერ კიდევ შემორჩენოდა.
ერთხელ ბავშვმა, რომელსაც კულტურის ცენტრში ხატვას ასწავლიდა, პალიტრაზე საღებავის მოსმისას ჰკითხა:
— თქვენ სულ რატომ ხატავთ ცუდ ამინდს, ლილე მას?
ლილეს გაეღიმა და ფუნჯის წვერი ოდნავ დაასველა.
— ცუდი ამინდია?
ბავშვმა ფანჯარაში გაიხედა, სადაც ჭვარტლიანი შუშის მიღმა მძიმე, რუხი ღრუბლები ეკიდა.
— აბა რა არის? მზე ხომ არ ანათებს.
— უბრალოდ ამინდია. ნისლს თავისი სითბო აქვს, თუ სწორად შეხედავ.
— მაშინ რატომ არის ყველა თქვენი სურათი ასეთი მოწყენილი?
ლილემ ფუნჯი წყლის ჭიქაში ჩადო. წყალმა მყისიერად იცვალა ფერი — მუქი, თითქმის მელნისფერი გახდა. პასუხი იცოდა, მაგრამ ბავშვისთვის თქმა არ უნდოდა.
— იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე მზის ხატვა.
ბავშვს გაეცინა, ლოყაზე ყვითელი აკვარელი ჰქონდა წასმული.
— მე გასწავლით.
— კარგი.
— ოღონდ ფულს არ გადაგახდევინებთ.
ლილემ პირველად იმ დღეს მართლა გაიცინა — სუფთა, თბილი სიცილით, რომელიც მის თვალებში პატარა სხივებად აკინძა.
— დიდი მადლობა, შევთანხმდით.

ბავშვი ისევ ტილოს მიუბრუნდა. ლილემ კი ფუნჯი ხელში დაიჭირა და ცოტა ხანს უყურებდა. მერე ხეობის ზემოთ ჩამოწოლილ ნისლს ტილოზე კიდევ ერთი, უფრო სქელი ფენა დაამატა.
კულტურის ცენტრი ქალაქის ძველ ნაწილში მდებარეობდა. შენობა პატარა იყო, მაღალჭერიანი, საიდანაც ნესტის სუნი არასდროს გადიოდა და ზამთარში თითქმის ყოველთვის ციოდა. დიდი ხნის წინ იქ სხვადასხვა წრე არსებობდა — მუსიკა, ხატვა, ხელსაქმე. ახლა მხოლოდ რამდენიმე ოთახიღა იყო დარჩენილი.
ლილე იქ კვირაში ხუთ დღეს მუშაობდა. ოფიციალურად მხატვარი-ინსტრუქტორი იყო. არაოფიციალურად — ყველაფერს აკეთებდა. ბავშვებისთვის ფუნჯებსა და საღებავებს ყიდულობდა, ძველ სკამებს არემონტებდა, დედებს უხსნიდა, რომ ბავშვს ნახატის გაფუჭებისთვის არ უნდა ეჩხუბონ, და ხანდახან საღამოობით ოთახს თვითონვე ასუფთავებდა.
მისი ყველაზე დიდი სურვილი იყო, ერთი პატარა, უფასო სივრცე მაინც გაეკეთებინა, სადაც უბნის ბავშვები მოსვლასა და ხატვას ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებდნენ. მაგრამ ფული არ იყო. ფული კი ყველაფერს სჭირდებოდა — ტილოებს, საღებავებს, გათბობას.
ამიტომ თანხის უდიდესი ნაწილი მამამისის, მიხეილ ამირეჯიბისგან, მოდიოდა.

ყოველ ჯერზე, როცა ჩარიცხვა ხდებოდა, ლილეს უცნაური, ყრუ უხერხულობა ეუფლებოდა. ფულს იღებდა, ბავშვებს ხატვის საშუალებას აძლევდა, მაგრამ ყველამ იცოდა თუ საიდან მოდიოდა ეს თანხა .
ზოგჯერ მისთვის ეს იმდენად აბსურდული იყო, რომ საკუთარ თავზე ეცინებოდა. მამამისი ერთ მხარეს იდგა — ქალაქის ყველაზე დიდი საწარმოებით, მაღაროებითა და იმ მძიმე ჩრდილით, რომელიც ხეობას ედგა. ის კი მეორე მხარეს იდგა და იმავე ფულით ნაყიდ ფანქრებს პატარა ბავშვებს ურიგებდა.


ერთხელ, ოთახის დალაგებისას, ორმა დედამ იქვე, კართან გაიარა. ლილეს არ დაუნახავთ.
— ამირეჯიბის ქალიშვილი რომ არ იყოს, აბა ვინ მისცემდა ამდენ საშუალებას? — გადაურჩურჩულა ერთმა მეორეს. — მამამისი ქალაქს ხრავს და ეს აქ ანგელოზობანას თამაშობს...
ლილე არ შებრუნებულა. მხოლოდ იატაკის ჯოხს მოუჭირა თითები.

არც დირექტორის სიტყვები ავიწყდებოდა:
— მამაშენი რომ არ გვეხმარებოდეს, ლილე, ეს ცენტრი დიდი ხნის წინ დაიხურებოდა.
— ვიცი, — უპასუხა მაშინ ლილემ.
— ცუდად ნუ გაიგებ, უბრალოდ მადლიერი უნდა ვიყოთ.
— არ ვიგებ ცუდად.

მაგრამ ცუდად ესმოდა. რადგან ყოველდღე ხედავდა კედელზე გაკეთებულ პატარა, თეთრ დაფას: „ამირეჯიბების ფონდის მხარდაჭერით.“

მისი მთელი შემოქმედება, მისი პატარა თავშესაფარი და ეს სიყვარულით სავსე ოთახიც კი იმავე წყაროდან იკვებებოდა, რომლის ჩრდილიც ქალაქს აწვა. ლილეს უყვარდა მამა. ეს არ იყო შიშით გაჯერებული პატივისცემა; ეს იყო ნამდვილი, თბილი სიყვარული. მიხეილი იყო კაცი, რომელმაც ბავშვობაში პირველი პროფესიონალური საღებავების ყუთი აჩუქა, რომელიც ავადმყოფობისას მთელი ღამეები საწოლთან ეჯდა და ასწავლიდა, რომ ამირეჯიბის ქალიშვილი ყოველთვის ამაყად, წელში გამართული უნდა მდგარიყო.

როგორ უნდა შეეძულებინა კაცი, რომლის სითბოზეც იყო აგებული მისი მთელი ბავშვობა? მაგრამ ამავე დროს, ყოველ ჯერზე, როცა ხეობაში შავ ნისლს უყურებდა, გულში გაუცნობიერებელი კითხვა უღრღნიდა სულს: თუკი ეს სიკეთე იმ სხვების ტკივილის ფასად არსებობს, რამდენად უდანაშაულო ვარ მე?
იმ დილით ლილემ ხატვა ვერ შეძლო. ფუნჯი ხელში ეჭირა, მაგრამ ტილოსთვის არაფერი ჰქონდა სათქმელი. სამჯერ შეცვალა ფერი, სამჯერვე ტილოზე დატანილი საღებავი ნაჭრით გადაწმინდა.
ოთახში ბავშვების ხმაური ისმოდა — ჭეშმარიტი, ცოცხალი ქაოსი.
— ლილე მას, დათომ ჩემი წითელი საღებავი წაიღო და არ მიბრუნებს! — ყვიროდა პატარა მარიამი.
— არ წამიღია, უბრალოდ ვითხოვე! — იმართლებდა თავს დათო.
— ითხოვე კი არა, ჩუმად აიღე!
— ბავშვებო, — გადახედა ლილემ და ეცდებოდა, ხმაში სიმკაცრე გამოერია, თუმცა ღიმილი მაინც ეპარებოდა, — თუ წითელს არ გაიყოფთ, ორივეს მწვანით დაგახატინებთ მთელ სურათს.
— მწვანე ცა ვის გაუგია? — გაოცდა დათო.
— აი, დღეს ნახავთ, თუ არ შერიგდებით.

ბავშვებს გაეცინათ და წითელი საღებავის ქილა შუაში დაიდეს. ლილე კი ისევ ცარიელ ტილოს მიუბრუნდა.
***
დემეტრეს დაბრუნების ამბავი დილით გაიგო. მამას სახლში არაფერი უთქვამს — უბრალოდ, საუზმისას ტელეფონზე შეტყობინება მიიღო, ეკრანს დახედა, თვალები ოდნავ მოჭუტა და ჩუმად დადო ტელეფონი. მერე კი, ცენტრში, ნინომ — ადმინისტრატორმა — კარი შემოაღო და თქვა:
— გაიგე, ლილე?
ლილემ მაშინვე იცოდა, რას ეკითხებოდა, თუმცა მაინც ჩურჩულით იკითხა:
— რა?
— დემეტრე დაბრუნებულა. ბარათელების ბიჭი. გუშინ ნახეს უბანში.
ლილემ ფუნჯი ტილოდან მოაშორა. თითქოს ჰაერი ერთბაშად დამძიმდა.
— ვინ გითხრა?
— ჩემი და ცხოვრობს იმ უბანში. თქვა, თავის ძველ სახლშიაო.
ლილემ თავი დაუქნია, მზერა იატაკზე გადაიტანა.
— ჰო.
— იცნობდი, ხომ? — ჰკითხა ნინომ ოდნავ ყოყმანით.
ლილემ პირველად შეხედა მას.
— ვიცნობდი.

ნინომ მეტი აღარ ჰკითხა. ალბათ მიხვდა, რომ ეს ის ამბავი იყო, სადაც ზედმეტი ინტერესი ჭრილობაზე თითის დაჭერას უდრიდა.

მაგრამ ლილესთვის იმ წამიდან ცენტრის ხმაურიც შეიცვალა. ბავშვების სიცილის უკან სხვა ხმები ამოტივტივდა — ძველი ეზოს ჭიშკრის ჭრიალი, საბაგიროს რკინის ზუზუნი, წვიმის ტყაპატყუპი თუნუქის სახურავზე და ბავშვობის ზაფხული. ბარათელების ეზო. და ბიჭი, რომელსაც მაშინ დემეტრე კი არა, უბრალოდ დემე ერქვა.
მათი ბავშვობა ერთი უბნის ზომის იყო. იმ ასაკში ქალაქიც პატარა გეგონება: საბაგიროს სადგურამდე გზა უსასრულოდ გრძელი ეჩვენებოდათ, თუ ფეხით მიდიოდნენ; სახლამდე — ხუთი წუთი; მდინარემდე — მთელი სამყარო.

ლილეს ყველაზე მკაფიოდ ერთი წვიმიანი დღე ახსოვდა. ისინი ოთხნი იყვნენ — დემე, ლუკა, ანი და თვითონ. თომაც იქვე იყო, ოდნავ მოშორებით იჯდა ხის სკამზე და წიგნს კითხულობდა, ვითომ მათზე ბევრად უფროსი და სერიოზული იყო, თუმცა თვალს მაინც მათკენ აპარებდა.
დემემ ძველი, დიდგაბარიტიანი მუყაოს ყუთისგან რაღაც კაბინა გააკეთა და გამოაცხადა, რომ ეს ახალი, ულტრათანამედროვე საბაგირო იყო.
— მე ვარ მძღოლი! — გამოაცხადა ლუკამ და ყუთში პირველი შეძვრა.
— შენ ვერ იქნები მძღოლი, შენ სულ ავარიას მოაწყობ! — შეეპასუხა ანი.
— მუყაოს საბაგიროში ავარია როგორ უნდა მოვაწყო, გოგო?! — იყვირა ლუკამ.
— ძალიან მარტივად, აი ასე! — ანიმ ყუთს გვერდიდან ხელი ჰკრა.

მუყაოს კაბინა მართლაც ჩამოიშალა და ლუკა შიგნით გაიჭედა. დემეტრე იდგა, უყურებდა ამ ქაოსს და დინჯად თქვა:
— ინჟინრის ბრალი არ არის, თუ მგზავრები დისციპლინას არ იცავენ.
— მგზავრი კი არა, ანია ხულიგანი! — ყვიროდა ყუთიდან ლუკა, სანამ ანი სიცილით იგუდებოდა.

ლილე კი იდგა და იცინოდა. იმ ოთხთან ყოფნა მისთვის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც „ამირეჯიბის ქალიშვილი“ კი არა, უბრალოდ ლილე იყო. მათ შორის არსებობდა ისეთი უპირობო თავისუფლება და სითბო, რომელიც მოგვიანებით არასდროს, არცერთ ძვირფას საზოგადოებაში აღარ შეხვედრია.

მერე კი ეს ყველაფერი დასრულდა. ერთ ღამეში. თითქოს ვიღაცამ დიდი დანა ჩაასო იმ ბავშვობას და ორად გაჭრა.

ლილემ იმ დღეს საღამოს ექვს საათზე ცენტრი დაკეტა. სახლამდე მანქანით წავიდა.

მათი სახლი ქალაქის ზემოთ, კლდის თავზე იდგა. დიდი იყო, ზედმეტად დიდი ჭიათურის ფონზე. ქალაქიდან რომ უყურებდი, შორიდანვე ჩანდა — ქვის მაღალი ღობე, რკინის მძიმე ჭიშკარი, დიდი, განათებული ფანჯრები და საგულდაგულოდ მოვლილი ბაღი.

ყველაფერი ისეთი იყო, როგორიც გავლენიან ოჯახს შეეფერებოდა. მაგრამ ლილეს ეს სახლი არასდროს უგრძვნია ნამდვილ თავშესაფრად. ეს იყო ოქროს გალია — თბილი, უსაფრთხო, სადაც ყველაფერი ჰქონდა, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავის ბოლომდე სჯეროდა.

სახლში შესვლისთანავე დედა, ელენე, ჰოლში შეეგება. მას ყოველთვის იდეალურად დავარცხნილი თმა და მშვიდი, თუმცა ოდნავ დაღლილი სახე ჰქონდა.
— მამა გელოდება, ლილე.
— სად?
— სასადილო ოთახში.
ლილემ ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა.
— რამე მოხდა?
— არა, შვილო.
— მაშინ რატომ მელოდება?
დედამ მხრები ოდნავ აიჩეჩა, თბილი ღიმილით:
— უბრალოდ შენი ნახვა უნდა. მთელი დღე შეხვედრებზე იყო.

ლილემ არაფერი უპასუხა. სასადილო ოთახში შევიდა.
მიხეილი უკვე მაგიდის სათავეში იჯდა. სუფრა გაშლილი იყო — თეთრი ჭურჭელი, ვერცხლის დანა-ჩანგლები, ყველაფერი იდეალურ წესრიგში. მიხეილმა სათვალე მოიხსნა, გვერდით დადო და ქალიშვილს თბილად გაუღიმა.
— დაგაგვიანდა, ლილე.
— ბავშვებთან შემოვრჩი მამა
— ვიცი. დაჯექი, გაცივდება საჭმელი.

ლილე დაჯდა. მამამისი მშვიდად ჭამდა. რამდენიმე წუთი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ თემებზე ილაპარაკეს — ცენტრის გათბობის სისტემაზე, რომლის შეკეთებასაც მიხეილი პირადად აფინანსებდა, ბავშვების წარმატებებზე. მიხეილი ყურადღებით უსმენდა, ეღიმებოდა. ამ წუთებში ის იყო საუკეთესო მამა მსოფლიოში — ყურადღებიანი, მზრუნველი, ამაყი თავისი შვილით.

შემდეგ მიხეილმა წყლის ჭიქა დადო. ხელისგულები მაგიდაზე გაშალა.
— დემეტრე ბარათელი დაბრუნებულა.
ლილეს ხელში ჩანგალი გაუჩერდა. მხოლოდ წამით, მაგრამ მიხეილის გამჭრიახ მზერას ეს არ გამოპარვია.
— ვიცი, — თქვა ლილემ წყნარად.
— საიდან?
— ქალაქში სხვა არაფერზე ლაპარაკობენ.
მიხეილმა თავი დაუქნია, თითქოს რაღაც დაადასტურაო.
—დიდი ხანია წასული იყო.
— თორმეტი წელი, — შეახსენა ლილემ.

მიხეილმა ცოტა ხანს არაფერი თქვა. მისი მზერა ლილეს სახეზე დადიოდა — თითქოს ეძებდა რაღაცას, ემოციას ან ფარულ ფიქრს.
— რატომ დაბრუნდა? — იკითხა მიხეილმა და ხმაში პირველად გაერია უმნიშვნელო, თითქმის შეუმჩნეველი სიცივე.
— არ ვიცი, მამა.
— შენ არ გითხრა?
— მე დემეტრე თორმეტი წელია არ მინახავს.
მიხეილმა ჭიქა ხელში შეატრიალა.
— მაშინ ასე დარჩეს.
ლილემ შუბლი შეიკრა, მამას პირდაპირ თვალებში შეხედა.
— რა იგულისხმე?
— არაფერი, შვილო. უბრალოდ... ბარათელების ოჯახთან ზედმეტი სიახლოვე ახლა არ გჭირდება.
— რატომ?
— იმიტომ.
— ეგ პასუხი არ არის, მამა. მე აღარ ვარ პატარა.
— ჩემთვის პასუხია, — თქვა მიხეილმა. ხმა არ აუწევია, თუმცა მის ტონში ისეთი სიმტკიცე გაჩნდა, რომელსაც საწარმოს სხდომებზე იყენებდა ხოლმე.

ლილემ ჩანგალი თეფშზე დადო. ჩხაკუნის ხმა ოთახში მკვეთრად გაჟღერდა.
— დემეტრეს რაიმე დაუშავებია?
მიხეილს სახე არ შეცვლია.
— აქ საუბარი იმაზე არ არის, ვინ ვის რა დაუშავა, ლილე. წარსულს თავისი ადგილი აქვს. ზოგი კარი ერთხელ უნდა დაიხუროს და აღარასდროს გაიღოს.
— და თუ ის კარი თავისით გაიღო?

მიხეილმა პირველად შეწყვიტა ჭამა. მათი მზერა რამდენიმე წამით ერთმანეთს შეხვდა. ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომ საათის წიკწიკიც კი ჩაქუჩის დარტყმასავით ისმოდა. მერე მიხეილმა ისევ თეფშს დახედა და მშვიდად, თითქმის მამობრივი სითბოთი თქვა:
— მაშინ უნდა გახსოვდეს, რატომ დაიხურა. და ვინ დგას ამ სახლში შენს გვერდით.

ლილემ აღარაფერი უპასუხა. მაგრამ იმ საღამოს, პირველად მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, შინაგანი კანკალით გაიფიქრა, რომ მამამისს რაღაცის ეშინოდა.
არა ისე, როგორც სუსტ ადამიანს ეშინია საფრთხის. არამედ ისე, როგორც ძლიერ კაცს ეშინია აჩრდილის, რომელიც ეგონა, რომ მიწაში სამუდამოდ ჩამარხა.

იმ ღამეს ლილემ ოთახში დიდხანს ვერ დაიძინა.
ფანჯარასთან მივიდა. ქვემოთ, სიბნელეში მოქცეული ქალაქი ჩანდა — რამდენიმე ყვითელი ნათურა ციმციმებდა, ხეობას მძიმე ნისლი ეხვეოდა.

ლილემ კარადა გახსნა. ყველაზე ზედა თაროდან ძველი, მუყაოს ყუთი ჩამოიღო. მზისგან გაყვითლებული ყუთი იყო, სადაც სკოლის დროინდელი ნივთები ეწყო: ძველი კალმები, თეატრის ბილეთები, ხატვის პირველი სერტიფიკატი და რამდენიმე ფოტო.

მან ფოტოები ამოიღო. ერთ-ერთზე ხუთი ბავშვი იდგა — ძველი საბაგიროს სადგურთან.

დემეტრე შუაში იდგა. ლუკა გვერდით ედგა და აშკარად რაღაცას უყვიროდა; ანი იცინოდა, ხელები მუხლებზე ეწყო; თომა ფოტოს კიდეში ნახევრად ჩანდა, წიგნით ხელში.

ლილე კი დემეტრეს გვერდით იდგა. დემეტრეს ხელი მისი პალტოს მხარზე ჰქონდა შემოხვეული — მფარველურად, ბუნებრივად. ორივე კამერისკენ იყურებოდა.
ლილეს გაეღიმა. ეს ღიმილი თავისით მოვიდა, გულიდან ამოხეთქა — მწარე, მაგრამ საოცრად თბილმა მოგონებამ.

შემდეგ თითები ფოტოს მოუჭირა. ტკივილნარევი მზერა დემეტრეს ბავშვურ, წრფელ თვალებს გაუსწორა.
„შენ დაბრუნდი, დემე... მაგრამ რა უნდა ქნა ამ დანგრეულ ქალაქში?“

ლილემ ფოტო სწრაფად დააბრუნა ყუთში. სახურავი დახურა. თითქოს რაღაც დანაშაულზე წაასწრესო. მაგრამ ოთახში არავინ იყო — მხოლოდ ის, მისი აფორიაქებული სული და ის თორმეტი წელი, რომელიც უეცრად საშინლად მოკლე აღმოჩნდა.
ლილე საწოლზე ჩამოჯდა. გარედან საბაგიროს შორი ხმაური მოდიოდა — იგივე ხმა, რომელიც ბავშვობაში ესმოდა.
იგივე ხეობა იყო. იგივე ქალაქი. მაგრამ ის აღარ იყო იგივე უდარდელი გოგო. და დემეტრე უკვე ჭიათურაში იყო.
ლილემ თვალები დახუჭა. პირველად გაიფიქრა, რომ ზოგი კარი შეიძლება მართლა ჩაკეტილი იყოს. მაგრამ ზოგი კარი არასოდეს იკეტება ბოლომდე — უბრალოდ, ადამიანები სწავლობენ მის წინ დგომას ისე, თითქოს შიგნით აღარავინ არის.

და ლილემ იცოდა: ადრე თუ გვიან, მას ამ კარის გაღება მოუწევდა.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტერესოა🥰

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent