ქემილე (სრულად)
ქეთათო მგონი, იმ ასაკს მივაღწიე, ზურგს უკან მეზობლებმა ჭორაობა რომ დაიწყეს უკვე: "აფსუს, რა გოგო იღუპება! ნამდვილად ჯადო აქვს ნაგდები, თორემ აქამდე როგორ ვერ გათხოვდაო." ზუსტად იმ მეზობლების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ვერ გავთხოვდი კი არა, არ გავთხოვდი! და ეს ორი უკვე სხვადასხვა რამეა! ცნობისთვის, თაყვანისმცემლებიც უხვად მყავს და მთხოვნელებიც. ეს მე ვარ უარზე. თქვენი აზრით, ოცდაათი წლის ქალი შინაბერაა? მით უმეტეს, რომ მშვენიერი სამსახური მაქვს, სადაც საყვარელ საქმიანობას ვეწევი და საიდანაც ჩემთვის სავსებით დამაკმაყოფილებელი შემოსავალი მაქვს. ზოგიერთი იმაშიც კია დარწმუნებული, რომ ძალიან მშვიდი და მოსაწყენი ცხოვრებით ვცხოვრობ, (შეიძლება გარედან მართლაც ასე ჩანს), მაგრამ სინამდვილეში ჩემი დილა ჩემთვის ძალზედ ურთულესი პროცესით, ძლივს გაღვიძებით იწყება. საწყალი ინდილა დატანჯული მყავს ყოველ ჯერზე "Run Run"-ის გამეორებით. მერე უკვე აზრზე მოსასვლელად ყავა მჭირდება. თანაც, უშაქრო. შემდეგ, გრილი შხაპი და სარკის წინ უჩვეულოდ დიდხანს ტრიალი. (მიყვარს ეს ოხერი საკუთარი თავი და რა ვქნა)? მერე კი, უკვე სამსახური... ნეილ ტექნიკოსს, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, შილაკის სპეციალისტს, ჭორების მოსასმენად აუარება დრო მაქვს და მგონი მეხსიერებაც კი გადამეჭედა უკვე ამდენი ინფორმაციით. ვის ვინ უყვარს, ვინ ვისთან წევს, ვინ ვის უღალატა და საერთოდ, ჩვენს ქალაქში რაც კი ხდება, ყველაფერი დაწვრილებით ვიცი. სამსახურის მერე თუ ჩემ გიჟ დაქალსაც სცალია, ერთად ვვახშმობთ. თუ არა და პირდაპირ სახლში მივდივარ ჩემი ვარდისფერი Toyota Passo Moda Charm-ით. სახლში სულ სხვა ხმაური და ქაოსი მხვდება, რის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი ოჯახური იდილია. მაგალითად: სამსახურიდან ჩემზე ადრე დაბრუნებული ჩემი უფროსი ძმა ყოველთვის მაღალ ხმაზე ჩართული ტელევიზორის წინ სავარძელში ზის მოხერხებულად და მის ფერად ეკრანს ისეთი სახით მისჩერებია, თითქოს ქვეყნიერების ბედ-იღბალი მართლაც იქ წყდებოდეს და არ უნდა რამე გამოეპაროსო. მისი საყვარელი მეუღლე ყოველთვის ღიღინით ფუსფუსებს სამზარეულოში, ოჯახის წევრები ცხელ-ცხელი ვახშმით რომ გაგვანებივროს. მათი უდიდესი სიყვარულის ნაშიერები კი, ან ერთმანეთში ჩხუბობენ და გამშველებლის როლი ყოველთვის ჩემია. ან, რაღაც ისეთსას მეკითხებიან, (თანაც, ერთდროულად) რომ მაბნევენ და პასუხის გაცემას ვერ ვახერხებ. და მაინც, ეს ქაოსი სასწაულად მიყვარს და ღმერთმა ნუ ქნას მათ გარეშე გამითენოს თუნდაც ერთი დილა. სხვათაშორის, არც ისეთი აბეზარი მული ვარ, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ. შეიძლება მთლად ჩემი დამსახურებაც არ არის ეს და ნატალის როლი უფრო მკვეთრია, მაგრამ იდეალური რძალ-მულობა გვაქვს და მე ეს სავსებით მაკმაყოფილებს. მხოლოდ ერთხელ შეცდა, როდესაც თავისი ნათესავის ახლობელი გამაცნო, კარგი ბიჭია და შენთვის იდეალური მეუღლე იქნებაო. ჯიმი მართლაც არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირდა: მაღალი, შავგვრემანი... სტაბილურ შემოსავლიანი სამსახურით, მაგრამ.. ჯიმი? ალბათ, დედამისი ინდური ფილმების მოყვარული იყო და საკუთარ პირმშოსაც მიტომ დაარქვა ეს სახელი. მგონი, მხოლოდ მისი სახელი დავიწუნე. ამის გამო ნატალისაც ვუსაყვედურე: დავიჯერო, ასეთი ცუდი შინაბერა ვარ, რომ ჩემი თავიდან მოშორება გინდა-მეთქი? მას მერე უკვე ბევრი დრო გავიდა და ჩემი სავარაუდო გათხოვების თემა აღარასდროს წამოჭრილა ჩვენს ოჯახში. *** ვიფიქრე, უქმე დღით ვისიამოვნებდი და სრულად შევირგებდი დასვენებას. მით უმეტეს, რომ ნატალიმ თავისი ცელქი შვილები ზაფხულის არდადეგების გასატარებლად წუხელ თავის მშობლიურ სოფელში წაასხა და სახლში სრული სიწყნარე და სიმშვიდე სუფევდა. მაღვიძარამ დარეკა თუ არა, მაშინვე ჩავაწყვეტინე ხმა, გვერდი ვიბრუნე და ძილი შევიბრუნე. მიყვარდა ასეთი დღეები... თუმცა, ვინ დამაცადა? ზედა სართულიდან ისეთი საშინელი ხმები შემომესმა, ვიფიქრე სპილოების მთელი ჯოგი გადმოვიდა საცხოვრებლად. ხან ბალიში წავიფარე თავზე, ხან ყურსასმენები მოვირგე და სასიამოვნო მელოდიების ფონზე ვცადე ჩაძინება, მაგრამ იქ, ზემოთ, ვიღაც ნაძირალა ჩემს გაოცებასა და გაღიზიანებას ნამდვილად არ წყვეტდა. ვითმინე, ვითმინე და ბოლოს, როგორც ამას ნინია იტყოდა, როცა საბოლოოდ ამომასხა, ჩემს საყვარელ პანდა ხალათში გავეხვიე და გაცოფებული ავუვარდი ბინის ახალ იდუმალ მფლობელს. კიბის საფეხურები ქაქანით ავიარე. ჯერ, ღილაკს მივაჭირე თითი და ზარი დავრეკე, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ბინიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ჩემს გაბმულ და შემაწუხებელ ხმამაღალ ზარს. რამდენიმე უშედეგო მცდელობის მერე უკვე კარზე მუშტების ბრახუნი გადავწყვიტე და ძლიერადაც მივარტყი. რატომღაც კარი ჩარაზული არ იყო და რაღაც მაქინაციებით ერთ დარტყმაზევე გაიღო. სხვის საკუთრებაში დაუკითხავად შეჭრა ჩემი სტილი არ იყო, მაგრამ იმ წამს ისე ვიყავი ძილის შეწყვეტის გამო აღელვებული და გაღიზიანებული, რომ ყველანაირი კოდექსი თუ ეთიკა ფეხებზე დავიკიდე და ინტერესის დასაკმაყოფილებლად შევაბიჯე ნახევრად გარემონტებულ უცხო ბინაში. შესასვლელში არაფერი. არც მისაღებში. იმის მომდევნო ოთახში კი, (სავარაუდოდ საძინებელში) მთლად საღებავებში ამოსვრილი მამაკაცი ჩაცუცქულიყო და იატაკზე დაღვრილ საღებავს შეწუხებული სახით წმენდდა. დავიბენი. წამიერად გავშეშდი კიდეც. მერე უკვე მოთმინების უკანასკნელი წვეთიც ამიორთქლდა და... _უკაცრავად?.._ისეთი დაძაბული ხმით შევეხმიანე, რომ ეს ჩემი „უკაცრავად“ მხოლოდ ფორმალობა იყო და მეტი არაფერი._აქ რა ხდება? შემკრთალმა მამაკაცმა მაშინვე ამომხედა. აშკარად მოულოდნელობის ეფექტმა შეაკრთო, თორემ ისეთი აღნაგობა ჰქონდა, ვერა ადამიანი ვერ შეაშინებდა ალბათ. შუბლი ოფლით ჰქონდა დაცვარული. სახე კი თეთრი საღებავის ლაქებით გადაჭიმული. _ეს რა ჯოჯოხეთური ხმაურია დილაადრიან?!_მისმა ცივმა მზერამ ცოტა კი შემაკრთო, მაგრამ ტონი მაინც იგივე შევინარჩუნე. მამაკაცი ნელა წამოიმართა ფეხზე. იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგინე და ზემოდან მტაცებელივით დამხედა. _ვმუშაობ._მოკლედ მომიჭრა. _მუშაობთ?!_უნებურად ხმას ავუწიე._ამ ხმაურს თქვენ მუშაობას ეძახით?! ჩემი შეცხადება უპასუხოდ დატოვა და ისევ საქმიანობას მიუბრუნდა. გავბრაზდი. _ეს... ეს... ეს ხომ არაადამიანობაა?!_აღშფოთებისგან ენა დამება._ადამიანებს სძინავთ! ნუთუ ამის შესახებ არაფერი იცით? _ამ დროს?_გაოცებულმა ჯერ მაჯის საათზე დაიხედა და მერე მე შემომხედა._მაინც ვის სძინავს? შენ?_აგდებულად მკითხა და ისევ დაიხარა. _რა ტონით მელაპარაკებით საერთოდ?! ბოდიში მაინც მოიხადეთ! მამაკაცი ისევ გასწორდა და გამჭოლი მზერით შემათვალიერა. მერე კი, საკმაოდ აგდებით დამიმარცვლა. _ბო-დი-ში. _ამას თქვენ გულწრფელ ბოდიშს ეძახით?_მაინც რა არ მასვენებდა, არ ვიცი. გაბრაზებულმა ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე._უფრო ემოციითაც ხომ შეიძლებოდა? _დაასრულე?_საკმაოდ სერიოზულად მკითხა. _არა! ახლა ვიწყებ!_ღრმად ჩავისუნთქე საღებავის სუნით გაჟღენთილი ჰაერი და საკმაოდ მკაცრად წამოვიწყე._მოკლედ, ახლა ჩავდივარ ჩემს ბინაში და ვაპირებ, რომ დავიძინო... და თუ კიდევ ერთხელ გამაღვიძებთ ასეთი ხმაურით, გპირდებით... გპირდებით რომ... _რას?_მგონი პირველად დაეტყო მამაკაცს ინტერესის ნაპერწკალი და ისე ამათვალიერ-ჩამათვალიერა დარწმუნებული ვარ, შიშველიც კი წარმომიდგინა._რას მპირდები? დავიბენი. წამით გავჩუმდი კიდეც. წარმოდგენა არ მქონდა რას ვპირდებოდი. თუმცა... _მოვიფიქრებ... შევნიშნე, ტუჩის კუთხე ოდნავ რომ გაეწელა. თუმცა, ძნელი მისახვედრი იყო, უბრალო ღიმილი იყო ეს თუ ირონია. _საინტერესოა._თითქოს თავისთვის ჩაიდუდუნა. _ნორმალური ადამიანები მეზობლებს აფრთხილებენ რემონტის თაობაზე!_ისევ გავბრაზდი. _ნორმალური ადამიანები სხვის ბინაში დაუკითხავად არ შედიან._არც მან დამაკლო ეთიკის გაკვეთილი და საკმაოდ მშვიდად დამიბრუნა ხურდა. _ეგ, ეგ სხვა თემაა!_ენა დამება ისევ. _სულაც არა. რატო შემოხვედი დაუკითხავად?_ისე მომიახლოვდა, ლამის დამეჯახა._რა გაინტერესებდა? _თქვენ... თქვენ ნორმალური ხართ საერთოდ?!_შეშფოთებულმა უკან დავიხიე. _ხანდახან კი._სრულიად სერიოზულად მიპასუხა და უარესად შემაშფოთა. _კარგი. მოდი ასე მოვიქცეთ._პოზიცია დავთმე._დილაობით ცოტა ნაკლები ხმაური, კარგი? _ვერ შეგპირდები._დაუფიქრებლად მომახალა. _რაა?!_მგონი შუბლზე ამიცვივდა თვალები. _რა და, ვერ შეგპირდები-მეთქი... რა ვერ გაიგე? _საშინელი მეზობელი ხართ._გულწრფელად მივახალე პირში. _შენც... _მეეც?!_ისევ ავღშფოთდი._ცნობისთვის, მე ძალიან კარგი ვარ, ზედმეტად კარგიც კი... იდეალური ვარ რომ იცოდეთ! _ხოო, ეგ უკვე შევამჩნიე. მის ცბიერ მზერას დავაკვირდი და ელდა მეცა. ხალათის მოღეღილ გულისპირში მიძვრებოდა, საიდანაც სანახევროდ მოშიშვლებული მკერდი მომიჩანდა. ჯანდაბა!... საგულდაგულოდ შევიფუთე ყელამდე. ერთხელ კიდევ შევათვალიერე თავიდან ფეხებამდე ეს ხეპრე მამაკაცი. მართალია, უკან დახევა ჩემი სტილი არ იყო, მაგრამ იმ წამს ვეღარაფერი გავაწყე. მაინც ამაყად შევტრიალდი და მედიდური ნაბიჯებით დავტოვე იქაურობა. ისეთი ძალით მინდოდა კარის გამოჯახუნება, რომ ანჯამებიდან ჩამოვარდნილიყო. თუმცა, მაქსიმალურად შევიკავე თავი. მეტი საქმე არ მქონდა, ეფიქრა, რომ ნერვებს ვერ ვაკონტროლებდი. ბინაში დაბრუნებულმა მთელი ათი წუთი იდეალურ სიმშვიდეში გავატარე. მგონი, გაჭრა ჩემმა საყვედურმა. _აი, რა არის ნამდვილი ფუფუნება._ბედნიერი დავუბრუნდი ჩემს საწოლს და თვალები კმაყოფილმა მივლულე... ცოტა ხანში რაღაც გამაყრუებელი, ბურღის თუ რაღაც ჯანდაბის ხმა შემომესმა ახლა. _მეღადავები?!_ისევ წამოვხტი ფეხზე._ეს უკვე ნამეტანია!_ისევ ჩემი საყვარელი პანდა ხალათი გადავიცვი და მეორედ ავუყევი კიბეებს. ამჯერად ზარის დარეკვით თავი აღარ შემიწუხებია. დაუკითხავად შევაღე კარი და ზუსტად რომ მძარცველივით შევიჭერი. _თქვენ ნორმალური ხართ საერთოდ?! ჩემი ხმის გაგონებაზე ჩაცუცქულმა მამაკაცმა კუშტად ამომხედა. ისეთი სახე ჰქონდა, მგონი მელოდა კიდეც. _ისევ შენ?_საკმაოდ მშვიდად მკითხა. _რას აკეთებთ?_კბილებში ავად გამოვცერი. წამითაც არ დაბნეულა და სრულიად სერიოზული ტონით გამათვოთცნობიერა: _ელექტრო პნევმატურ პერფორატორს ვამუშავებ._თან, ისეთი ტონით მითხრა, აქეთ შემრცხვა და ლამის ვუთხარი: „ბოდიში რომ გაწუხებ, გააგრძელე“-მეთქი. _რამე გინდოდა?_ამ, ვითომ და მიამიტურმა კითხვამ ხომ საერთოდ გამომიყვანა წყობიდან. _რამე მინდოდა?_მგონი, მაქსიმალურად გამიფართოვდა ჩემი მონაცრისფრო ლამაზი თვალები აღშფოთებისგან._ხვდებით მაინც, რა ხმები ჩამოდის ჩემთან? _კი. ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ჩამოდიოდეს, როცა ბეტონს ანგრევ. _მერე, დილის საათებში? _დილაობით უფრო პროდუქტიული ვარ._რაღაცნაირი სიამაყით მითხრა და თან თვალი ჩამიკრა._გინდა, გაჩვენო? შევკრთი. ვერ მივხვდი რის ჩვენებას აპირებდა და შეშფოთებულმა ერთი ნაბიჯით დავიხიე უკან. თუმცა, მასაც რომ არ შეემჩნია ჩემი დაბნევა, რიხი მაინც შევინარჩუნე ხმაში: _არა, მადლობა. ხმოვან ვერსიას დავჯერდები. კმაყოფილს ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა. ჩემი გაღიზიანება აშკარად სიამოვნებდა და ამით ერთობოდა კიდეც. _მაშინ, ყურსასმენები მოირგე._მისი აზრით ყველაზე ლოგიკური რჩევა მომცა. _ვცადე._ავად შევუღრინე._მაგრამ შენმა პერფორატორმა თუ რაღაც ჯანდაბამ ყველაზე ხმამაღალი მუსიკაც კი გადაფარა. წამიერად ჩაფიქრდა მხოლოდ. მერე, კმაყოფილმა დახედა თავის ინსტრუმენტს. _გამოდის, ხარისხიანია. _იცოდეთ ნერვებს მიშლით უკვე!_ხელები სასაცილოდ გავპარჭყე._ვერ გავიგე, ბინას არემონტებთ თუ რაკეტას აწყობთ?! თუ, საბრძოლო პოლიგონი გაქვთ აქ? დილაა. ადამიანებს სძინავთ. არ შეგიძლიათ, რომ ცოტა ნაკლები იხმაურო? _არა._არც კი დაფიქრებულა, ისე მიპასუხა. _რატოო?!_ლამის ხალათიდან ამოვხტი._ვითომ რატომ არ შეგიძლიათ ხმაურის გარეშე მუშაობა? _მე კი, ერთი რამ მაინტერესებს: ყოველთვის ასეთი ხარ?_ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა და ინტერესით მომაჩერდა თავისი კუნაპეტი შავი თვალებით. _მაინც როგორი?_ვიგრძენი, მარცხენა წარბი ჯიუტად რომ გამექცა ზემოთ. _როგორი და ანჩხლი! _რაო, რაო?_წუთის წინ ყველანაიარად ვცდილობდი სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ ახლა უკვე სრულად გადამეკეტა._ისევ მე ვარ ანჩხლი?! დილაადრიან ბინას შლი, ჯოჯოხეთური ხმაურით მაწუხებ, ნერვებს მიშლი და პრეტენზიების გამოთქმის უფლებაც არ მაქვს?!_თქვენობით ფორმიდან შენობით ფორმაზე ისე გადავედი, ვერც კი მივხვდი. მან კი, ისე მშვიდად განაგრძო თავისი არქეოლოგიური გათხრები, რომ თითქოს საერთოდ არ ვარსებობდი... და ზუსტად ეს, ჩემი სრული იგნორი გახდა ჩემი საბოლოო გაგიჟების მიზეზი. _ესე იგი, ჩემი არ გესმის, არა?!_საკმაოდ ხმამაღლა ვუყვირე და მისკენ გაუაზრებლად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. არ შემოუხედია. აინუნშიც კი არ ჩაუგდია ჩემი არსებობა. მაშინ დავიხარე და იქვე დადებულ პატარა საღებავის ქილას დავწვდი, რომელიც გამომწვევად შევათამაშე ხელში. აი, მაშინ უკვე კეთილი ინებადა და ამომხედა. თანაც კუშტად. _რას აპირებ?_გამომეტყველებასთან ერთად ხმაც შეეცვალა. _რას და..._ცალი წარბი თეატრალურად ავწიე._ვფიქრობ, შენს კედლებს ფერადი „დიზაინი“ ხომ არ მოუხდებოდა? თვალები ისე მოწკურა, აშკარად არ მოეწონა ჩემი დიდებული იდეა და მკაცრად გამაფრთხილა: _გირჩევ, ეს არ გააკეთო! _ვითომ რატომ?_გამომწვევად ვკითხე და ქილის თავსახურს დავეჯაჯგურე. _მართლა გიჟი ხარ!!!_მოულოდნელად წამოიმართა და ჩემსკენ გამოიწია. შეშინებულმა ინსტიქტურად დავიხიე უკან. თუმცა, აღმოჩნდა, რომ გასაქცევი აღარ მქონდა და კედელს შევეჯახე. _არ მომეკარო!_რაც შემეძლო მკაცრად გავაფრთხილე. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ შინაგანად ისეთი თავდაჯერებული აღარ ვიყავი, როგორიც აქ ამოსვლისას. ქილა ისე მოხერხებულად წამართვა, წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოვასწარი. _წესი პირველი: მე ჩემს ტერიტორიაზე საკუთარი წესები მაქვს! _რანაირი შენი ტერიტორიაა? ეს კორპუსი მარტო შენ გეკუთვნის?_ისევ ავენთე. _საერთოდაც არ მეკუთვნის, მაგრამ ამჟამად ჩემია, იმიტომ რომ მე ვმუშაობ! შენ კი…_მცირე პაუზა გააკეთა და ისე შემათვალიერა, თითქოს სიტყვებს არჩევდა ჩემს შესამკობად._შენ კი, უბრალოდ მარტო ანჩხლი მეზობელი კი არა ხარ, როგორც გახასიათებდნენ... _რაო, რაო?_მგონი მართლა გადამეკეტა სიბრაზისგან._მაინც ვინ მახასიათებს ასე? _მარტო ანჩხლი კი არა, საზიზღარი პანდაც ხარ! _საზიზღარი პანდა?!_ახლა უკვე თავმოყვარეობაც შემელახა._ვითომ რას უწუნებ ამ ჩემს ხალათს? დავინახე, როგორ ჩაეცინა. ღმერთო, როგორ მაღიზიანებდა მისი ეს ირონიული სიცილი… _დავიჯერო, არავის უთქვამს შენთვის, რომ ძალიან აუტანელი ქალი ხარ და ამ ხასიათით მამაკაცებს არ მოეწონები? წამიერად დავმუნჯდი, ხმა ვეღარ ამოვიღე. მერე, კი, დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე: _საერთოდაც არ მომწონხარ! _სხვათაშორის, არც მე!_ვალში არ დამრჩენია და ისევ ირონიულად ჩაიღიმა. მისმა თავდაჯერებულობამ საბოლოოდ გამომიყვანა წყობიდან. მართალია, სიტყვები აღარ მეყო მის შესამკობად, მაგრამ სამაგიეროდ მედიდურად შევტრიალდი და კარისკენ წავედი. ამჯერად უკვე მთელი ძალით გამოვიჯახუნე კარი და გარეთ ავყვირდი. _იდიოტი!.. დეგენერატი!... რა საშინელი და საზიზღარი ტიპია!_თითო საფეხურზე, თითო ეპითეტით შევამკე._უხეში!.. თავხედი!.._ბოლოს ლამის ხმა დამეკარგა ამდენი წყევლა-კრულვისგან და ჩემს ბინაში შევვარდი. კარი ისე გაგულისებულმა მივხურე, თითქოს მასზეც მინდოდა ჯავრის ამოყრა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექი. მერე კი, ოთახში მოვყევი წინ და უკან სიარულს. _საერთოდ რა ტიპია?!_თან, ხმამაღლა ვესაუბრებოდი საკუთარ თავს._ვინ ჰგონია თავი, ალენ დელონი?_თუმცა, ეს დიდებული მსახიობი რა შუაში იყო იმ წამს, მართლა ვერ მივხვდი. ყურებში ისევ ჩამესმოდა მისი ხმა:_„მარტო ანჩხლი კი არა, საზიზღარი პანდაც ხარ!“-ო და მისი ეს თითოეული სიტყვა ტვინს მიბურღავდა. _მე ვარ ანჩხლი და საზიზღარი? ის დილაადრიან ბინას შლის და მე ვარ ისევ საზიზღარი?!. სარკის წინ შევჩერდი. რას უწუნებდა ჩემს პანდა ხალათს? მართალია, ცოტა სასაცილოდ გამოვიყურებოდი, მაგრამ მაინც ხომ საყვარელი ვიყავი?! _საერთოდ რა უფლებით მიყურებდა ასე?!_საავდრო ღრუბელივით შევკარი წარბები. ისევ გაისმა ზემოდან რაღაც ჯოჯოხეთური ხმები _არა!_პანიკაში ჩავარნილმა ხმამაღლა ვიკივლე._ეს უკვე მეტისმეტია! კარადას გაუაზრებლად მივვარდი და ტანსაცმლის შერჩევის გარეშე გამოვეწყე. _თუ კიდევ ერთ წუთს გავჩერდები აქ, ან იმ დეგენერატს მოვკლავ, ან თავად მოვკვდები ნერვიულობით! ტელეფონი ავიღე და ნინიას დავურეკე. _სად ხარ?_როგორც კი მიპასუხა, პირდაპირ საქმეზე გადავედი. _სახლში. სად უნდა ვიყო?_ვითომ გაიოცა. _კარგი. შენთან მოვდივარ! ზედა სართულზე სპილოების ჯოგს ბეჰემოტების არმიაც დაემატა მგონი. _თუ ვერ მოვედი, იცოდე, ან ვინმე მოვკალი და ციხეში ჩამსვეს, ან იქით მომკლეს! ჩემი ნათქვამი არც კი შეუცხადებია, მაშინვე სიცილი დამაყარა. _კარგი, მოდი. ყავაც მაქვს და ნერვების დამამშვიდებელი ცხელ-ცხელი ჭორებიც! ტელეფონი გავთიშე თუ არა, ჩანთა ავიღე და კიბეებზე კისრისტეხით დავეშვი. დაქალის კარზე ისე დავაკაკუნე, თითქოს პოლიციის წარმომადგენელი ვიყავი და ჩხრეკაზე ორდერით მივდიოდი. _ვაღებ! ვაღებ!_მაშინვე შემომესმა მისი ზედმეტად გაწელილი ხმა, მაგრამ კაკუნი მაინც არ შემიწყვეტია. კარი გაოცებულმა გამიღო და მხოლოდ ერთი წამით გაშეშდა. მერე, თავიდან ფეხებამდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა. _მოიცა..._თვალები ეჭვით მოწკურა._შენ რა, პირდაპირ ბრძოლის ველიდან მოდიხარ? გვერდი ავუარე და მიპატიჟების გარეშე შევედი შიგნით. _არაფერი მკითხო! ჯერ ყავა! _აჰა._მშვიდად მიხურა კარი._ანუ, ვიღაცამ გაბედა და გაგაგიჟა? _უბრალოდ ვიღაცამ კი არა, ერთმა იდიოტმა!.. დეგენერატმა!.. თავხედმა!.. ამაზრზენმა!... _სიმპატიური მამაკაცი მაინც იყო? გაოცებულმა შევხედე. _და რა იცი, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი იყო? ჩაეცინა. _ის, რომ ასე დეტალურად მხოლოდ კაცებს ლანძღავ. ქალებს ორი... ჰა ჰა, სამი სიტყვით ამკობ მხოლოდ._ეაშმაკურად შემომღიმა და კარადიდან ფინჯნები გადმოიღო. სულ მალე კი, ქაფქაფა ყავა უკვე წინ მედგა მინის ზედაპირიან პატარა მაგიდაზე. დივანზე კომფორტულად მოვკალათდი და ფინჯანი ხელში ავიღე. _ჩვენს ზემოთ ახალი მეზობელი რემონტს აკეთებს._საკმაოდ დრამატულად წამოვიწყე._არ ვიცი ვინ არის, მაგრამ კატასტროფაა პირდაპირ! _ჰმ... სიმპათიურია?_თვალები ისევ უცნაურად აუციმციმდა. ქაფქაფა სითხე სასულეში გადამცდა და ძლივს მოვითქვი სული. _ნინია! _რა?_უდანაშაულო გამომეტყველებით შემომღიმა. ჭიქა მაგიდაზე დადგა და ჩემსკენ გადმოიხარა._მოდი, თავიდან მომიყევი ყველაფერი. დასამშვიდებლად ღრმად ჩავისუნთქე და წამიერი პაუზის მერე ამოვღერღე. _დილიდან ბურღავს... ბურღავს, გესმის?! თითქოს ჩემი ნერვების პირადი მტერი ყოფილიყოს! ავაკითხე, რომ რაღაც ნორმალურად მეთქვა... და რა მითხრა, იცი? _რა?_მივხვდი, რომ სიცილს ძლივს იკავებდა. _უბრალოდ ანჩხლი მეზობელი კი არა, საზიზღარი პანდა ხარო, ხვდები?!. მხოლოდ ორი წამით ჩამოვარდა სიჩუმე. შემდეგ კი, ისეთი სიცილი აუვარდა, სული ვეღარ მოითქვა. _ნინია!!!_გამაფრთხილებლად შევძახე. _პანდა?.. შენ რა, იმ შენი პანდა ხალათით ახვედი საჩხუბრად?! _მერე რა?!_შევუბღვირე._ძალიანაც კარგი ხალათია! მე მიყვარს! _იმას კი არ ვამბობ, რომ ცუდია... უბრალოდ, წარმოვიდგინე: კაცი რაღაცას ბურღავს. ჰოპ და უცებ პანდა ადგება თავზე და ეუბნება, ომს გიცხადებო. რამდენიმე წამი გაშეშებული ვუყურებდი. მერე კი, მეც გამეცინა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მე მწარედ ვიცინოდი. _ღმერთო... მართლა რა სცენა იყო... _და მაინც._ისევ ეშმაკურად შემომხედა ნინიამ._სიმპათიურია, ხო? _ნინია!_თვალები დავუბრიალე._საშინელი ტიპია! თავხედი! _ანუ, მოგეწონა? _საერთოდაც არ მომწონებია! _საკმარისად კარგად ვცნობ ამ შენს ტონს. _რომელ ტონს?!_დავიბენი. _როცა ამბობ, რომ „არ მომწონს“, მაგრამ ეს ისე ჟღერს: როგორც „ძალიან მომწონს, მაგრამ საშინლად ვარ გაღიზიანებული, მაგრამ რატომ, მე თვითონაც არ ვიცი". ფინჯანი მაგიდაზე დავდგი. _გაფრთხილებ, თუ ერთხელ კიდევ დაგცდება ამ თემაზე ერთი სიტყვა მაინც, წავალ და მართლა გადავასხამ საღებავს! _ამ სანახაობას კი ნამდვილად არ გამოვტოვებდი. დივანზე ჩამწკრივებული ბალიშებიდან ერთ-ერთს წამოვავლე ხელი და აკისკისებულ დაქალს დამიზნებით ვესროლე. _კარგი, გნებდები._ხელები გაასავსავა და საეჭვოდ დაყარა ფარ-ხმალი._გპირდები, იმ დეგენერატ იდიოტზე ერთ სიტყვასაც აღარ ვიტყვი... ოღონდ, ერთი პირობით: სიმართლე მითხარი, მოგეწონა ხო? _ნინია!!!_ახლა მეორე ბალიში ვესროლე._შენთან იმიტომ მოვედი, რომ დაგემშვიდებინე! საერთოდ რას მოვდიოდი ნეტა?_მოულოდნელად ფეხზე წამოვხტი და წასვლა დავაპირე. ოღონდ სად, წარმოდგენა არ მქონდა. მაშინვე წამოხტა თვითონაც და შემაჩერა. _კარგი, ხო, ვჩუმდები... გეფიცები, ხმას აღარ ამოვიღებ. მთლად მისი ფიცის იმედიც არ მქონია, მაგრამ... სახლში დაბრუნებას და იმ ხმაურის მოსმენას, ან საღამომდე ქუჩაში უაზრო ხეტიალს, ისევ მასთან დარჩენა ვამჯობინე. ის კი იყო, დავჯექი და მოხერხებულად გადავიდე ფეხი ფეხზე, რომ მესენჯერზე შეტყობინება მომივიდა. ლედი იყო, ჩემი სკოლის საუკეთესო დაქალი. "როგორ ხარ ქეთუსია?" ნორმალურად-მეთქი, ვრცელი შეტყობინების მიწერის სურვილი არ მქონდა და ამ ერთი სიტყვით შემოვიფარგლე. "იცი? მილა ბრუნდება." მილა ბრუნდება?_შეტყობინებას სუნთქვაშეკრული დავაკვირდი. რატო იცოდა ეს ამბავი მან და მე არა? მილა ხომ ჩემი დაქალიც იყო? თითქოს მეწყინა, ლედისგან რომ გავიგე ეს ამბავი და არა მილასგან. _ანუ, მილა ბრუნდება?.._უნებურად ჩავიბუტბუტე. ნინიამ მაშინვე დაიჭირა ჩემი გამომეტყველების ცვლილება. _რა ხდება?.. ვინ არის?_თავისებური ინტერესით მკითხა და გვერდით მომიჯდა. _ჩემი უდარდელი ბავშვობის ყველაზე დიდი თავგადასავალი... და ამავე დროს ყველაზე დიდი პრობლემა._ტელეფონი მისკენ მივაბრუნე და გახსნილი ჩათი დავანახე. _ოჰო, ეს უკვე საინტერესოდ ჟღერს._თვალები აენთო._გინდა თქვა, რომ "ქემილე" ისევ ცვეტშია?.. ხო მართლა, იმის თქმა დამავიწყდა, რომ ჩემი სკოლისდროინდელი შესანიშნავი სამეული ერთ დოს ჩემმა ძმამ მოგვნათლა ამ სახელით. ცნობისთვის, ქემილე ერთ-ერთი ძლიერი ქარიშხალია. უფრო კონკრეტულად კი, ტროპიკული ციკლონი, ანუ ჰარიკანი. ხო და, ჩვენივე ინიციალებით ააწყო: ქე-თი, მი-ლა, ლე-დი... ჩვენც ხომ ზუსტად ამ ქარიშხალს ვგავდით? _ამ ზაფხულსაც ტრადიციულად ერთად გაატარებთ დროს, ხომ?_ფიქრებიდან ნინიას ხმამ გამომარკვია. _ალბათ._მხრები უაზროდ ავიჩეჩე და ისევ ტელეფონს დავუბრუნდი. "როდის ბრუნდება?" პასუხმაც არ დააყოვნა: "ერთ კვირაში და ამჯერად, როგორც მითხრა, დიდი ხნით." ერთ კვირაში?..._თითქოს დავპანიკდი._გამოდის, მხოლოდ შვიდი დღე მქონდა იმისთვის, რომ შვებულება მომეთხოვა და საკუთარი თავი მომემზადებინა?.. ან... საერთოდ არ მოვმზადებულიყავი და როგორც ყოველთვის, ახლაც პირდაპირ შევვარდნილიყავი ჩვენი ქარიშხლის ეპიცენტრში?.. _ქე თა თო... რა გჭირს?_ისევ ნინიას ხმამ დამაბრუნა რეალობაში._ცუდად ხარ? ცუდად რატო უნდა ვყოფილიყავი ვითომ? უბრალოდ... უბრალოდ ჯერ იმ დეგენერატმა არ მომცა გამოძინების საშუალება და ახლა ეს ამაღელვებელი ამბავიც დამემატა. როგორც ნინიამ თქვა, ამ ზაფხულს ქემილე ისევ ერთ მუშტად იკვრებოდა და გიჟურ ახალ თავგადასავლებს მპირდებოდა. _ცუდად ყოფნობისას რას მატყობ?_არ მომეწონა მისი დასმული დიაგნოზი და ვითაკილე._უბრალოდ... ჩვენი წარსული სიგიჟეები გამახსენდა. _მერე, მაგაზე კარგი რა არის, რაღაც რომ გაქვს გასახსენებელი? აბა, ჩემი სკოლის მეგობრები არიან?_სინანულით გადააგდო თავი._ისე დავივიწყეთ ერთმანეთი, იქნებ წინ რომ შემხვდეს ნებისმიერი, ვეღარც კი ვიცნო... *** მოკლედ, საღამოს რვა საათამდე დავრჩი დაქალთან და ასე თუ ისე, მაინც გადავაყოლე გული მასთან საუბარსა და ქემილეს ოინების გახსენებას. სახლში დაბრუნებისას თავს უკეთესად ვგრძნობდი. თუმცა ვინ შემარგო? კორპუსს რომ მივუახლოვდი, ისევ ავითხარე ნერვებზე: ჩემი მანქანის გასაჩერებელ ადგილზე ვიღაცას შავი ჯიპი გაეჩერებინა. ნამდვილად უცხო იყო ეს მანქანა. ადრე არასდროს მენახა. გაცეცხლებული მზერა მანქანიდან კორპუსზე გადავიტანე და თვალი ფანჯრებს ავაყოლე. _რა თქმა უნდა! სხვა ვინ იქნება?_რაც შემეძლო სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და დაუფიქრებლად ავირბინე კიბის საფეხურები. ნაცნობ კარს ისე ძლიერად ავუყოლე მუშტები, თითქოს მხოლოდ კარზე კი არა, იმ დეგენერატის ნერვებზეც ვაბრახუნებდი. მალევე გამიღო. _აა, პანდა?_ისეთი გამომეტყველებით შემომხედა, თითქოს გაუხარდა კიდეც ჩემი დანახვა. _ჩემს ადგილზე გიყენია მანქანა._შევეცადე მშვიდად მეთქვა. _რაა?_ძალიან უინტერესოდ მკითხა და შავ მოზრდილ პარკს ისე მოუკრა თავი, ჩემთვის არც კი შემოუხედავს. _შენი მანქანა ხელს მიშლის! _მართლა?_როგორც იქნა შემომხედა._ხან ჩემი საქმიანობა გიშლის ხელს და ხან ჩემი მანქანა? შემთხვევით, რომ ვსუნთქავ ესეც ხომ არ გაღიზიანებს? თავი როგორ მოვთოკე, ახლაც მიკვირს. _ის ადგილი, სადაც შენი შავი ჯიპი დგას, ჩემია. _ააა..._რაღაც ძალიან ორაზროვნად შემომღიმა. _კიიი._მეც ორაზროვნად დავუდასტურე._ხუთი წელია ჩემია! აქამდე ქანდაკებასავით მდგარი ოდნავ შეირხა და ჯიბეში ჩაიყო ხელი. _გასაღები გინდა? _რა გასაღები?!_მართლა დავიბენი. _ჩემი მანქანის, რომ გადააყენო. ყველაფერს მოველოდი, მაგრამ ამას ნამდვილად არა. მართლაც რა საშინელი ხეპრე და დეგენერატი იყო! _შენ... შენ ნორმალური ხარ?_გაღიზიანების პიკზე მყოფმა კბილებში გაურკვევლად გამოვცერი. ახლა უკვე ისეთი სახით მომაჩერდა, თითქოს გამადიდებელი შუშა ეკავა ხელში და იმით მაკვირდებოდა. ტვინს მაქსიმალურად დავატანე ძალა, რომ საკადრისად შემემკო და დავაღე კიდეც პირი, მაგრამ მოულოდნელად გამხიარულდა. _კარგი, გეხუმრე. უკვე მივდივარ. ხუთ წუთში ქვემოთ ვიქნები._ხელით მიბიძგა და გარეთ ძალით გამომაგდო. თან, უხეშად მომიხურა ცხვირწინ კარი. ვერ მივხვდი, მხოლოდ გამაღიზიანა თუ საშინლადაც გამაცოფა მისმა თავხედობამ. _ღმერთო, მოთმინება მომეცი, რათა ეს ხეპრე არ მოვკლა!_თვალები ისე ავაპყარი ჭერში, თითქოს იქ მართლაც მეგულებოდა კაცობრიობის შემქმნელი. მისი ხუთი წუთი რეალურად რამდენს ნიშნავდა, წარმოდგენა არ მქონდა და ამიტომ ეზოში ჩასვლის ნაცვლად სახლში შევედი. ლეოს, როგორც ყოველთვის, ახლაც ბოლო ხმაზე ჰქონდა ტელევიზორი ჩართული და თვალმოუშორებლად მისჩერებოდა. მგონი, ვერც გაიგო ჩემი დაბრუნება. მაშინვე სამზარეულოში შევედი, რადგან მისი ფანჯრიდან უკეთესად ჩანდა ის ტერიტორია, რომელიც მე მაინტერესებდა. ფარდას ამოვეფარე და ქვემოთ ჩავიხედე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სნაიპერი ვიყავი და სამიზნეს ვარჩევდი. მართლაც, ზუსტად ხუთ წუთში გამოჩნდა ის ვაჟბატონი. სადარბაზოდან ისე გამოვიდა, თითქოს მთელი ცხოვრება დროის მიხედვით ცხოვრობდა. მშვიდად მიუახლოვდა ჯიპს, კარები გააღო და სანამ ჩაჯდებოდა, პირდაპირ ჩემს ფანჯარას ამოხედა. სუნთქვაშეკრული გავშეშდი. ნუთუ, იცოდა, რომ ვუყურებდი? შემდეგ ჩაჯდა, მოკლე სიგნალი მომცა და მანქანა ნელა დაძრა ადგილიდან. _რა ნერვების მომთხრელი ტიპია!_ხმამაღლა ჩავიბურტყუნე და მაშინვე ქვმოთ დავეშვი ჩემი მანქანის დასაყენებლად. იმ დღის მერე უკვე ყოველ დღე მხვდებოდა. თანაც, დილა-საღამოს და გვარიანად მიშლიდა ნერვებს. ხან სამსახურში მიმავალს პირისპირ შემხვედრი არ მითმობდა გზას. ხან სადარბაზოში მეჯახებოდა "უნებურად" და საგულდაგულოდ გამოპრანჭულს მსვრიდა თავისი ინსტრუმენტებით. უფრო ხშირად კი, სამსახურიდან დაბრუნებულს მისი "ბეტეერი" მხვდებოდა ჩემს კუთვნილ ადგილზე. თითქოს სხვა გასაჩერებელი ადგილი სხვაგან არ ყოფილიყოს. იმ საღამოსაც ჩემს კუთვნილ ადგილზე დამხვდა. თან, ისე იყო გახიდული, თითქოს დედამიწის ცენტრი სწორედ იქ გადიოდა. გავცოფდი მსუბუქად ნათქვამია. ეს ის ზუსტი სიტყვა არ არის, რაც იმ მომენტში ჩემს მდგომარეობას აღწერდა. ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი და ვგრძნობდი, როგორ მითამაშებდა ნერვიულობისგან ზედა ქუთუთო. იმასაც ვხვდებოდი, რომ თუ კიდევ გადავყლაპავდი მის ამ ნებისმიერ გამოხტომას, ფსიქიატრიულში მომიწევდა დაწოლა. _მორჩა! უკვე მართლა ამოხვედი ყელში!_გაგულისებულმა დავიქადნე და საეჭვოდ დამშვიდებულმა ავხედე ბინის ფანჯრებს. მერე, საბარგული გავაღე და რაღაც ისეთსას დავუწუე ძებნა, რაც ჩემი გეგმის განსახორციელებლად იდეალური იქნებოდა. და აი, ისიც, მოზრდილი ჟანგიანი ლურსმანი და ჩაქუჩი. ირგვლივ სიფრთხილით მიმოვიხედე. ზუსტად რომ ხელსაყრელი დრო იყო ჩემი ბოროტი შურისძიებისთვის. მივედი და უკანა საბურავთან ჩავიცუცქე. ცოტა კი ამიჩქარდა გული, როცა გავიაზრე ნორმალური ადამიანი ამას არ გააკეთებდა, მაგრამ იქვე გამახსენდა, რომ მე უკვე ნორმალური აღარ ვიყავი. ლურსმანი და ჩაქუჩი მოვიმარჯვე და... პშშშშ… ღმერთო, რა სასიამოვნო ხმა იყო... მხოლოდ ის ვინანე, რომ სელფი არ გადავიღე და სოციალურ ქსელში არ გავსთორე „მანამდე და მას შემდეგ“. სახლში უკვე ისეთი კმაყოფილი ავედი, თითქოს ქვეყნის ეკონომიკა მე გადამერჩინოს... დილით ჩემი ცხოვრების ის ნაწილი დაიწყო, რომლის სათაურიც „ძალიანაც ნუ გაგიხარდება" იქნებოდა. ჩემი მანქანის ოთხივე საბურავი ღირსეულად დაშვებული დამხვდა. როგორ თუ ღირსეულად? აი ასე: ჩემსავით გახეთქვაზე არ ეზრუნა. უბრალოდ, სარქველები ჰქონდა გახსნილი. საქარე მინის საწმენდის ქვეშ კი ფურცელი ფრიალებდა. „ყველა თამაშს ორი მოთამაშე ჰყავს.“ ანუ, დამინახა?! თუ, უბრალოდ ინტუიციას ენდო? გავბრაზდი. მანქანიდან ელექტრო საბერი გადმოვიღე. თან საბურავებს ვბერავდი და თან იმაზე ვფიქრობდი, შემდეგი დარტყმა რა მიეყენებინა. ამის გამო სამსახურში დამაგვიანდა. ისედაც რთული დღე მქონდა მთელი დღე და ახლა საღამოს სახლში დაბრუნებულს სადარბაზოში დამეჯახა. დაჯახებასაც დაჯახება ერქვა, ლამის ღვინიასავით გადამჩეხა კიბის რიკულებიდან. ისეთი „უპრობლემო“ გამომეტყველებით მომიბოდიშა, თითქოს მთელი ცხოვრება ასე ეჯახებოდა ყველას. ის იყო, პანტერასავით ეშვები და კლანჭები უნდა გამომეჩინა, რომ ლეო შემოვიდა სადარბაზოში და მოსალოდნელი "უბედურებისგან" იხსნა. მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. ხუთი წუთი რა არის, ხუთი წუთითაც კი არ მიძინია. მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ გადამეხადა სამაგიერო. დილა ისედაც არ მიყვარდა. ის დილა ხომ განსაკუთრებით ჯოჯოხეთური იყო. თავიდანვე რაღაც ისე ვერ აეწყო ჩემი საქმე, როგორც ვგეგმავდი. უფრო მეტიც, თითქოს მართლა ჯადო მქონდა ნაგდები და ამის გამო დავითარსე. ჯერ იყო და, ლეპტოპის კლავიატურაზე დამექცა ყავა. თანაც იმ მომენტში, როცა უკვე დღევანდელი კლიენტების დიზაინს ვამთავრებდი. ზუსტად ეკრანის შუაგულში გაიყინა კურსორი. რამდენჯერმე დავაჭირე ღილაკებს ათივე თითი, მარგამ ძვრაც ვერ ვუყავი. მერე უკვე ნერვებმა მიმტყუნა და ლამის მაუსიც ემსხვერპლა ჩემს ნერვიულ შეტევას. გულისცემა ისე ამიჩქარდა, თითქოს სამყაროს დასასრული ახლოვდებოდა. მერე, აბაზანაში შევედი. როგორც ყოველთვის, სამსახურში წასვლამდე თბილი შხაპის მიღება მეწადა. მაგრამ... რა თქმა უნდა, ამ დილამ არც ეს შემარგო. შამპუნით გვარიანად რომ ავიქაფე თავი, დენი ჩაქრა და წყალი წამებში გამიცივდა. მხოლოდ სანახევროდ ჩამოვირეცხე ქაფი. თმაც კი ვერ გავიშრე და ასე მოუწესრიგებელი, ზუსტად ქარიშხალში მოყოლილ თხასავით გავედი სახლიდან. ის იყო, ბინიდან გავედი და კიბისკენ გავეშურე, რომ ის ქვემოდან ამოდიოდა. ვფიქრობ, ამჯერად უკვე მართლა არ უნდოდა შეგნებულად, მაგრამ მაინც შევეჯახეთ ერთმანეთს. ერთ ხელში აპარატის ყავა ეკავა მუყაოს ჭიქით და ნება-ნება წრუპავდა. მეორეთი კი, საკმაოდ მოზრდილ ჩანთას მოათრევდა მძიმედ. _ფუ, შენი._აშკარად შეცბა და დამნაშავის გამომეტყველებით შემომხედა._ბოდიში._მგონი, იმ ხნის მანძილზე, რაც ერთმანეთს ვიცნობდით, პირველად მომიბოდიშა, თანაც გულწრფელად. თუმცა, ჩემს მაისურზე გადმოღვრილ ყავის ლაქას რომ დავხედე, საერთოდაც არ მიმიღია მისი ბოდიში. _დაბრმავდი?! თვალებიდან ვერ იყურები? _ბოდიში ხომ მოგიხადე? მით უმეტეს, რომ ჩემი ბრალი არ იყო და თვითონ დამეჯახე. _მე დაგეჯახე?_მწარედ ჩამეცინა._სასაცილოა პირდაპირ! გინდა თქვა, რომ მსიამოვნებს შენთან შეხლა-შემოხლა? წამიერად შეყოყმანდა. თითქოს, მოეწონა კიდეც ჩემი მიწოდებული იდეა და ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა. _მე ეგ არ მითქვამს, მაგას უკვე შენ ამბობ._თვალი ჩამიკრა და გზა მშვიდად განაგრძო. ერთ ადგილზე ქანდაკებასავით გავშეშდი. ნუ თუ მართლა მსიამოვნებდა მასთან ეს გაუთავებელი კინკლაობა და შეხლა შემოხლა? სიმწრისგან ისე ძლიერად ვიკბინე ტუჩზე, რომ პირში სისხლის გემო ვიგრძენი. _ესე იგი, ფიქრობ, რომ მომწონხარ?! თავი ვინ გგონია?_ისევ დამიბრუნდა მოძრაობის უნარი და უკან ავედევნე გაგიჟებული. თითქოს მელოდა. კარი ნახევრად ღია დამხვდა და დაკაკუნების გარეშე შევეჭერი. _ბოლოს და ბოლოს არ მეტყვი რა გინდა?_სერიოზული სახით ამესვეტა წინ. ცოტა დავიბენი. მისმა სიახლოვემ ამაღელვა და უთქმელად დავიხედე დალაქავებულ მაისურზე. _ააჰა, გასაგებია, გინდა რომ მაისური მე გაგირეცხო?_მაშინვე "მიმიხვდა" ვიზიტის მიზეზს._პრობლემა არ არის, გაიხადე._თან, ხელი ისე წამატანა, თითქოს ეს მისი სერვისის ჩვეულებრივი შეთავაზება ყოფილიყო. _შენ... შენ... ნორმალური ხარ საერთოდ?_მგონი იელოუსტოუნის ვულკანივით ვიფეთქე._ხელები გაწიე, არ მომეკარო!_თან, უკან დავიხიე. იქნებ, მართლა არანორმალური იყო? ერთ ხანს უსიტყვოდ შევყურებდით და მგონი თვალებით ვზომავდი ერთმანეთს. _დაამთავრე?_ნამეტანი გამაღიზიანებელი სიმშვიდით მკითხა ბოლოს. პასუხი რომ არ დავუბრუნე, ზურგი მაქცია. _შენთვის ნამდვილად არ მცალია. დღეს მალე მინდა მოვრჩე საქმეს, რომ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ. ასე რომ, კარი გაიხურე და წადი. მივხვდი, ამ ფრონტის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. ძალიანაც არ მინდოდა იქიდან დამარცხებული გამოვსულიყავი, მაგრამ დღესაც ვერ დავიგვიანებდი სამსახურში. თუმცა, შევბრუნდი თუ არა, კარის გვერდით პატარა საკიდზე ბინის გასაღებს მოვკარი თვალი და სპონტანურადაც დამებადა იდეა. ისე ოსტატურად მოვიპარე, საკუთარი თავით აღფრთოვანებული დავრჩი. ბინიდან გამოვედი. ზურგს უკან ნელა გამოვიხურე კარი. მერე, გასაღები საკეტს მოვარგე და გარედან ჩავკეტე. დიახ მე, ზრდასრულმა ქალმა, ვიღაც ხეპრე მამაკაცი ბინაში გარედან ჩავკეტე სატანური ღიმილით გამეღიმა. _ახლა იყვირე რამდენიც გინდა._ჩუმად ჩავილაპარაკე და გასაღები ჯიბეში ჩავიცურე. კიბეებს უკვე ღიღინით ჩავუყევი. ისეთი კმაყოფილი ვიყავი, მაისურის გამოსაცვლელადაც არ შევბრუნებულვარ და ასე დასვრილი გავეშურე სამსახურისკენ. თუმცა, კარმამ არც იმ დღეს მაპატია და გვარიანადაც დამსაჯა: ლამის ნახევარი საათი ვიყავი საცობში გაჭედილი. სიგნალების გამაყრუებელმა ხმამ თავი საშინლად ამატკია. წამდაუწუმ საათს დავყურებდი, თითქოს რაღაც ზებუნებრივი ძალებით შევძლებდი დროის აჩქარებას. მერე, სალონში შესულს უკვე სრული ქაოსი დამხვდა ჩაწერილი და ჩაუწერავი კლიენტების სახით. ყველა რაღაცას ითხოვდა. ერთს ფრჩხილების დაგრძელება ეჩქარებოდა, მეორეს დიზაინი არ მოსწონდა, მესამეს უბრალოდ მოთმინება არ ჰყოფნიდა... კოლეგები ერთმანეთს თვალებით ელაპარაკებოდნენ. _დღეს რაღაც ნამეტანი ქაოსური დღეა._მხოლოდ ტუჩების მოძრაობით მითხრა ნინიამ და მეც თითქოს ამ ქაოსის ცენტრში აღმოვჩნდი. _ქეთათო, დღეს მაქსიმალურად სწრაფად მინდა... ხომ იცი, მართლა რომ არ მეჩქარებოდეს, საერთოდ არ აგაჩქარებდი._პირველმა კლიენტმა ამოსუნთქვის საშუალებაც კი არ მომცა, ჩემს წინ მოკალათდა და ღიმილით გამომიწოდა ხელი. "მაქსიმალურად სწრაფად."_რა საყვარელი სიტყვაა, არა? _ვეცდები._მექანიკურად შევღიმე და მაშინვე შევუდექი საქმიანობას. ფრჩხილებზე მუშაობა ყოველთვის მიყვარდა. ეს იყო ერთადერთი საქმე, სადაც სრული კონტროლი მქონდა: თითოეული მოძრაობა, თითოეული ხაზის სისქე, თითოეული ფერის შერჩევა. აქ ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული ჩემი ცხოვრებისგან განსხვავებით... _ეს ფერი ძალიან მიყვარს._კმაყოფილმა შემომღიმა. _მეც._დავუდასტურე, მაგრამ რეალურად საერთოდ არ მომწონდა. უბრალოდ, იმ მომენტში საერთოდ არ მქონდა იმის ენერგია, რომ ვინმესთან გემოვნებაზე მეკამათა. ვხედავდი, ჩემი ტელეფონის ეკრანი გაუთავებლად რომ ციმციმებდა სამუშაო მაგიდაზე. გაუთავებელი შეტყობინებები და ზარები... _ქეთათო, ძვირფასო._მეორე კლიენტმა ტელეფონი თვალებთან მომიტანა და ფოტო მაჩვენა._ეს დიზაინი მინდა... მაგრამ ცოტა სხვანაირი. _ანუ…?_თავი ავწიე და დამცავი სათვალის მიღმიდან ცოტა გაოცებულმა შევხედე. _აი, ზუსტად ეს… მაგრამ განსხვავებული. ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ნერვული სისტემა ოფიციალურად უნდა შევიტანო ჩემი მომსახურების ფასში... ჯერ ფოტოს შევხედე, მერე კლიენტს, მერე ისევ ფოტოს და.. _გასაგებია._თუმცა, სინამდვილეში საერთოდ არაფერი იყო ჩემთვის გასაგები. შუა მუშაობისას შევამჩნიე, რომ ხელი ამიკანკალდა. სულ ოდნავ შესამჩნევად, მაგრამ მაინც ჯანდაბა._ღრმად ჩავისუნთქე ფრჩხილის მტვრით გაჟღენთილი მძიმე ჰაერი და ფუნჯი მაგიდაზე დავდე. _ერთი წუთით გავალ. _რა პრობლემაა ძვირფასო?_აშკარად მლიქვნელურად შემომღიმა კლიენტმა, თორემ სახეზე აშკარად ეწერა, ახლა მაგის დროაო? სალონის ყველაზე შორეულ კუთხეს მივაკითხე, სადაც უზარმაზარი სარკე გვეკიდა და მის ზედაპირზე არეკლილ საკუთარ ორეულს შევხედე. _ისეთი სახე გაქვს, ვინმეს მოკვლის სურვილი ნამდვილად გაქვს._ხმამაღლა გამოველაპარაკე საკუთარ თავს. მერე, აბურდულ თმაში თითები შევიცურე და უფრო ნერვების დასაწყნარებლად გადავივარცხნე, ვიდრე მოსაწესრიგებლად. ზუსტად ხუთი წუთი დავყავი სარკის წინ. მეტი რომც მდომოდა, ვერ გავბედავდი, რადგან კლიენტი მიცდიდა. მის გაღიზიანებას კი ისევ ჩემი გაღიზიანება ვამჯობინე და სასწრაფო წესით ჩავიტარე დამამშვიდებელი სუნთქვითი ვარჯიშები. მერე, ჩემს სამუშაო მაგიდას დავუბრუნდი. ნაძალადევად შევღიმე მოთმინება დაკარგულ კლიენტს და იძულებით განვაგრძე მუშაობა... _ქეთათო, ძვირფასო, თავისუფალი დღე გაქვს უახლოეს დღეებში?_დიდი ინტერესით მკითხა უკვე მესამე კლიენტმა. წამიერად შევყოვნდი მხოლოდ. სანამ პასუხს გავცემდი, იმ წამს ანთებულ ტელეფონის ეკრანს დავხედე. ლედის შეტყობინება იყო: "ხომ იცი, ძალიან კარგ დროს გავატარებთ." უცბად გამახსენდა, რომ იმ დეგენერატის გადამკიდეს შვებულების თაობაზე განცხადება კიდევ არ მქონდა დაწერილი. მოულოდნელად თავი ამაყად ავწიე და ისე შევხედე ჩემს წინ მჯდომ გოგონას. _არა._თან რაღაც ძალიან, ძალიან კმაყოფილმა ვუთხარი._კვირის ბოლოს შვებულებაში გავდივარ. საღამომდე თავდაუზოგავად ვიმუშავე. მერე, სულ ცოტა ხნით გავედი გარეთ. უფრო სწორად, ნინიამ გამიყვანა იძულებით. სანამ მე სიგარეტს მოვწევ, შენც დაისვენე და ცოტა სუფთა ჰაერი ჩაყლაპეო. სუფთა ჰაერი მართლაც მჭირდებოდა… ან, უბრალოდ მხოლოდ ჰაერიც მეყოფოდა, ისე ვიყავი შინაგანად დაზაფრული. _რა სახე გაქვს?_პირველი ნაფაზის მერე ეჭვით შემათვალიერა ჩემზე მზრუნველმა დაქალმა. _დღეს ბევრი სამუშაო მაქვს._მოკლედ მოვუჭერი. _დღეს ყველას ბევრი სამუშაო გვაქვს._თვალები სასაცილოდ გადაატრიალა._მაგრამ მგონია, რომ შენ სულ სხვა პრობლემა გაქვს... დუმილით ვუპასუხე. _რას გაჩუმდი?_მეორე ნაფაზის მერე უფრო გამომცდელად მომაჩერდა. მე კი, იმ წამს მოულოდნელად გამოჩენილ ნაცნობ შავ ჯიპს გავაყოლე მზერა, მანქანების ნაკადში წესების დარღვევით რომ მიიკვლევდა გზას და ჯიბეში ინსტიქტურად მოვიძიე გასაღები. _ამ ბოლო დროს თუ ჩაგიხედია სარკეში? მგონი ისეთ სტადიაში ხარ, როცა ადამიანს უკვე სასიცოცხლოდ სჭირდება დასვენება... ან, ვინმეს მოხრჩობა. საინტერესოა, რატომ ჰგონია ნინიას, რომ ფსიქოლოგია დაამთავრა? თუმცა, მაინც გამეცინა. _მგონი, მეორე ვარიანტი უფრო მჭირდება._სანამ შავი ჯიპი თვალს არ მიეფარა, მანამ არ შევხედე ნინიას თვალებში. _მოიცა, კიდევ ნერვებს გიშლის?_მივხვდი, ჩემს სახეზე ყველაფერი დაწვრილებით ამოიკითხა ჩემმა გულთმისანმა დაქალმა და ინტერესით მკითხა. _ვინ?_თავიდან ვითომ ვერ მივხვდი და გვიან გამახსენდა._სულაც არა. კარგა ხანია აღარ შემხვედრია._რატომღაც უნამუსოდ ვიცრუე. თუმცა, ნინია რის ნინია იყო, ასე ადვილად მოტყუებულიყო და ეშმაკურად ჩაეღიმა. _რატომ მგონია, რომ ეს შენი „სულაც არა“ "ყოველ დღე მაწუხებს" ნიშნავს? _გეჩვენება._ვეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი._წავედი, საქმე მაქვს. კიდევ ორი კლიენტი მელოდება. გამიკვირდა, უარესად რომ არ ჩამომეკიდა, როგორც ხშირ შემთხვევაში სჩვეოდა. კარში შესვლისას ინსტიქტურად გავხედე კიდეც, მაგრამ საერთოდაც არ მიყურებდა. ტელეფონში იყო თავჩარგული და ღიმილით აწკაპუნებდა თითებს. მგონი, შეტყობინებას წერდა. სახლში დაბრუნებამდე გზად სუპერმარკეტში შევიარე. რაც ნატალი და ბავშვები წავიდნენ, მას მერე მე მიწევდა სახლში მზარეულობა და ცოტაოდენი პროდუქტის ყიდვა განვიზრახე. თუმცა ეს „ცოტაოდენი“, როგორც ყოველთვის სავსე კალათაში გადაიზარდა: პური, რძე, კვერცხი, მაიონეზი, ბოსტნეული სალათისთვის… მერე უცებ გამახსენდა, რომ სახლში ტკბილი არაფერი მქონდა. ეს კი უკვე სერიოზული პრობლემა იყო ჩემთვის და ტკბილეულის სექციისკენ გავეშურე. თაროებს ისეთი ინტერესით ვათვალიერებდი, თითქოს ბედ-იღბალს ვირჩევდი და არა შოკოლადსა და ნამცხვარს. მოულოდნელად ვიღაც შემეჯახა. (თუ მე შევეჯახე, ვერ არ მახსოვს). ცოტას გადავრჩი კალათა არ გამეშვა. _ყურადღებით ვერ ივლი?_ავტომატურად წამომცდა. _ვცდილობ... მაგრამ როგორც ჩანს, ყოველთვის არ გამომდის._საკმაოდ მშვიდად მითხრა ვიღაცის ძალიან ნაცნობმა ხმამ და სანამ შევხედავდი, მანადე წარმოვიდგინე უკვე მისი კუშტად მომზირალი შავი თვალები. მხოლოდ წამიერად გავშეშდი. მე ხომ ის ბინაში ჩავკეტე? მერე კი, ნელა შევბრუნდი. რა თქმა უნდა... სხვა ვინ იქნებოდა? იგივე გამომეტყველება. იგივე მზერა: ოდნავ მშვიდი და ირონიული. _შენ?..._მაქსიმალურად შევეცადე ლოგიკური ახსნა მომეძებნა მისი იქ ყოფნისთვის, მაგრამ უშედეგოდ. ან მე ვიყავი გიჟი და ჰალუცინაციები მეწყებოდა, ან ეს ტიპი იყო ჰარი ჰუდინი. ან, მინიმუმ მისი ნათესავი მაინც და კედლებში თავისუფლად გადიოდა. მოკლედ, არც ერთი ვარიანტი არ მომეწონა. _მე._სიმშვიდის უმაღლესი ფორმით დამიდასტურა._და შენც აქ ხარ, როგორც ვხედავ. _ეს სუპერმარკეტია, ხალხი აქ საყიდლებზე დადის._რატომღაც თავის მართლებას მოვყევი. დავინახე, ტუჩის კუთხე ოდნავ რომ გაეწელა. _კარგია, რომ განმიმარტე, თორემ უკვე ვნერვიულობდი, ეს სად მოვხვდი-მეთქი. კიდევ კარგი სიმშვიდის შესანარჩუნებლად სუნთქვითი ვარჯიშები არსებობს. ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე ერთხელ... ორჯერ... სამჯერ... _გამატარე._საკმაოდ მშვიდად ვუბრძანე და მისთვის გვერდის ავლა ვცადე, მაგრამ არ განძრეულა. _არ მკითხავ, როგორ გამოვედი? ინსტიქტურად ჯიბეში ჩავიყავი ხელი და გასაღებს თითებით შევეხე. ის ისევ ჩემთან იყო. გამოდის, კარი არ გაუღია. ანუ… _შენ რა, ფანჯრიდან გადახტი?_თვალები უნებურად გამიფართოვდა._მესამე სართულიდან გადახტი? მის სახეზე ღიმილი რომ შევნიშნე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ თავი გავეცი. _ვგავარ იმ სუპერმენს, მესამე სართულიდან რომ ხტება?.. მასეთი შთაბეჭდილება გაქვს ჩემზე? _სხვა რა უნდა ვიფიქრო?!_უფრო საკუთარ თავზე გავბრაზდი, ვიდრე მასზე. ის კი, მხოლოდ რამდენიმე წამი მიყურებდა ხმის ამოუღებლად. მერე, ძალიან მშვიდად გადმოდგა ერთი ნაბიჯი. _ზუსტად ამაზე მინდოდა შენთან ლაპარაკი._ისე გადმოიხარა, რომ პირდაპირ თვალებში ჩამხედა._ჩათვალე, რომ კარგი იდეა იყო ჩემი ბინაში ჩაკეტვა? ვერ მივხვდი, ასე ძალიან რამ ამიჩქარა გული. _აღიარე, რომ იმსახურებდი._მგონი, მანაც შემნიშნა, რომ ავწრიალდი._ჩემს ნერვიულ სისტემას ანადგურებ. _და მხოლოდ ნერვიული სისტემის განადგურებისთვის წამართვი თავისუფლება?_წარბი ოდნავ ასწია._საინტერესო მიდგომაა. _აუ, დრამატიზებას ნუ იწყებ._თვალები სასაცილოდ გადავატრიალე._დღის ბოლომდე ჩაგკეტე, სამუდამოდ ხომ არა? _მხოლოდ ნახევარი საათით, სანამ აღმოვაჩენდი რომ შენი ტყვე ვიყავი._ძალიან მშვიდად შემისწორა. _როგორ?!_ისევ უნებურად წამომცდა. _დუბლიკატი მაქვს._არც კი დაფიქრებულა, ისე მითხრა. რა თქმა უნდა, ექნებოდა. რა შტერი ვარ! _იცი რა? საერთოდ არ მაინტერესებს როგორ გამოხვედი, რატომ გამოხვედი და რატომ ხარ აქ!_კალათას უფრო მჭიდროდ ჩავებღაუჭე._თავი დამანებე!_შევტრიალდი და მისგან გაქცევა ვცადე. ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, რომ მისი ხმა ისევ შემომესმა: _ქეთათო. გაოცებული გავჩერდი. ჩემი სახელი იცოდა? ნელა შევბრუნდი. ის ისევ იქ იდგა. იგივე მშვიდი გამომეტყველებით. _და გასაღები?_მთელი სერიოზულობით მკითხრა. _რა გასაღები?_ვითომ ვერ მივუხვდი. _გასაღები დამიბრუნე._თან ხელი გამომიწოდა _არ ვიცი რაზე ლაპარაკობ._მახეში გაბმულივით ავწრიალდი და უკან დავიხიე. _არ მჯერა. წინააღმდეგი ხომ არ იქნები, შევამოწმო?_თან, ისე მომიახლოვდა, სუნთქვა შემეკრა._ხომ არ იყვირებ?_ისევ იმ გამადიდებელი შუშის მზერით შემათვალიერა. _მაქვს ამის მიზეზი?_წარბი ავწიე. გულღიად და ალალად გაეღიმა. ღმერთო ჩემო, რა მომნუსხველი ღიმილი ჰქონდა. მერე?.. მერე ისე ახლოს მომიტანა სახე, ვიფიქრე ცოტაც და მაკოცებდა. ამის გაფიქრებაზე გული სასწაულად ამიფრთხიალდა. უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, რა რეაქცია გამეთამაშა? მომეცადა, სანამ მაკოცებდა და მერე გამეწნა მადიანი სილა, თუ სანამ მაკოცებდა, მანამდე ავკივლებულიყავი? თუმცა, მან მხოლოდ შარვლის ჯიბეში ჩამიცურა თითები, საიდანაც ოსტატურად ამოაძვრინა გასაღები. ვერ მივხვდი, მხოლოდ საკუთარ თავზე გავცოფდი, მის კოცნაზე რომ ვფიქრობდი, თუ მასზე, რატომ არ მაკოცა? _მომშორდი დეგენერატო!_კალათა მეორე ხელში გადავიტანე და შევეცადე მისთვის გვერდი ამევლო. ამჯერად უპრობლემოდ დამითმო გზა, თუმცა... _სამწუხაროა, რომ არ გცალია. არა და, დარწმუნებული ვარ, საინტერესო საუბარი გვექნებოდა._თითქოს რაღაცნაირი სინანულით მითხრა. _ეჭვიც არ მეპარება. _ძლივს, რაღაცაზე მაინც შევთანხმდით..._ისევ ჩაეღიმა._ტკბილეული არ დაგავიწყდეს, სასწაულად ამშვიდებს ნერვებს. _საშინლად აუტანელი ხარ!_გაწიწმატებულმა ჩავიბურტყუნე და სწრაფად მოვშორდი. თუმცა, თვალს მოვეფარე თუ არა, ტკბილეულის სექციასთან მაინც შევჩერდი, რაფაელო ქურდულად ჩამოვიღე ზედა თაროდან და მაშინვე კალათაში ჩავდე. თან, ინსტიქტურად მიმოვიხედე, ხომ არ დამინახა-მეთქი. გეზი სალაროსკენ ავიღე. _ვაა, ონისე?.._ზურგს უკან მამაკაცის ოდნავ გაკვირვებული ხმა შემომესმა._როგორ ხარ ძმაო?.. სად დაიკარგე?... მაშინვე მივხვდი, ვისაც ეძახდნენ, მაგრამ მაინც მომინდა რომ დამეზუსტებინა და რატომღაც სუნთქვაშეკრულმა გავაპარე მზერა. იგივე მშვიდი გამომეტყველებით იდგა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა და მოულოდნელად გამოჩენილ ნაცნობს აშკარად იძულებით უსმენდა. ონისე?_მგონი დამარცვლით გავიმეორე გონებაში და უნებურად გამეღიმა._ჯიმის მაინც ხომ სჯობია?_თუმცა, თვალები მაშინვე გადავატრიალე საკუთარ თავზე გაბრაზებულმა და კალათას ხელი უფრო მაგრად მოვუჭირე._ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა ჰქვია?_საკუთარ თავს გავუწყერი, მაგრამ... მგონი მაინც ჰქონდა, თანაც უდიდესი... სახლი ცარიელი დამხვდა. ლეო ალბათ ცოლ-შვილთან იყო წასული. ფეხსაცმელები კარებთანვე გავიძრე. ჩანთაც იქვე ჩამოვკიდე სარკესთან და ნავაჭრი პროდუქტი სამზარეულოში შევიტანე. მაშინვე მაცივარში შევაწყე, რადგან მომზადების არც ხასიათი მქონდა და არც სურვილი. ჩაიდანი ჩავრთე. ყველაფერს ავტომატურად ვაკეთებდი დაზეპირებულივით. _ონისე._უნებურად ხმამაღლა წამომცდა და შევკრთი, გაბრაზების და გაღიზიანების გარეშე რომ ვიხსენებდი. მგონი, იმას ვამოწმებდი, თუ როგორ ჟღერდა მისი სახელი. _რა ონისე?... შენ ხომ არ გაუბერე?..._საკუთარ თავს გავუწყერი._რაში გაინტერესებს რა ჰქვია? და, საერთოდაც, რატო ფიქრობ მასე?!_კარადიდან ფინჯანი გადმოვიღე და შაქრის ჩაყრა დავიწყე. ერთი.. ორი... _სახელი კარგია, ეს ხომ მაინც შემიძლია ვაღიარო?_შინაგანმა ხმამ გააპროტესტა ჩემი აკრძალვა. მესამე კოვზი შაქარიც რომ ჩავყარე, შევჩერდი და ჭიქაში გაოცებულმა ჩავიხედე. ჩვეულებრივ ერთს ვიყრი ხოლმე. _ჯანდაბა!.. ბოლოს და ბოლოს რა გჭირს ქეთათო?_სახეზე მსუბუქად შემოვილაწუნე და რაფაელოს ყუთს დავწვდი. რატომღაც მისაღებში გავედი, სადაც სავარძელში ჩავესვენე და ფეხები დივანზე შემოვაწყე. თან, რაფაელოს ყუთი გავხსენი და ერთი ბურთულა პირში სიამოვნებით ჩავიდე. _რა ღვთაებრივია..._სიამოვნებისგან თვალმინაბულმა პირში კარგა ხანს დავიგემოვნე და სანამ შოკოლადი არ გალღვა, მანამ არ დავღეჭე ნუში. მაშინაც ნება-ნება და ისე გადავყლაპე, თვალი არ გამიხელია. მოულოდნელად მობილურმა დაიბზუვლა. _ალბათ, ისევ ლედია... ამ გოგომ ხომ აღარ მომასვენა._თვალი არ გამიხელია და არც ტელეფონი მინახია. სავარძელში უფრო ღრმად ჩავეშვი და თავი საზურგეს მივადე. ონისე... რაც არ უნდა გამაღიზიანებელი ყოფილიყო ჩემთვის, მაინც გამახსენდა მისი ხმა… მერე ის მშვიდი, აუტანლად თავდაჯერებული მზერა… და ბოლოს ღიმილი. _ღმერთო, რა აუტანელია._მომენტალურად დავაჭყიტე თვალები. და მაინც… ვიგრძენი, როგორ გამეღიმა... რაფაელოს მეორე ბურთი ამოვიღე და ამჯერად გაბრაზებულმა ჩავკბიჩე. _ლედი მართლა მჭირდება..._თითქოს საკუთარ თავს შევახსენე._მარტო ლედი კი არა, ჩვენი ქემილე... დასვენება და განტვირთვა მჭირდება, თორემ ვატყობ მალე ჭკუიდან გადავალ. ტელეფონს გადავწვდი და ეკრანი ავანთე. ამჯერად მილას შეტყობინება იყო. "შენთან ბოდიში, მაგრამ მე გეგასთან ერთად წავალ. იქნებ ურთიერთობა დავალაგოთ, თორემ დღითი დღე გვეძაბება. დედა-შვილი კი არა, მგონი მოსისხლე მტრებს უფრო ვგავართ. ლედისთან შევხვდებით." ვერ მივხდი, მეწყინა თუ გამიხარდა ეს ამბავი. მართალია, მარტოს სასწაულად მეზარებოდა მგზავრობა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიარო, რომ ასე უფრო მეტი დრო მექნებოდა საკუთარ ცხოვრებაზე დასაფიქრებლად... და არა მარტო საკუთარ ცხოვრებაზე. *** მგონი, სასწაულებმა ჩემთვისაც მოიცალეს და იმ დილით ინდილას აღარ დასჭირვებია ჩემი გაღვიძება. (ალბათ ქემილეს მოსალოდნელი თავგადასავლები მაღელვებდა და ცხოვრების სულ სხვა რეჟიმით მამოძრავებდა). დილის ჩვეული რუტინის მერე ჯერ სამსახურში მივედი, სადაც რამდენიმე კლიენტი მელოდა. მერე კი, ჩემი ათდღიანი შვებულების თაობაზე დავწერე განცხადება. როგორც ჩანს, სამყაროსაც ჰქონდა ჩემთვის თავისი გეგმები. იმდენად სწრაფად და მარტივად დააკმაყოფილეს ჩემი განაცხადი, რომ ეჭვიც კი გამიჩნდა, ნეტავ სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი... შუადღის მერე ზაზასაც დავურეკე, ჩემი ძმის ძმაკაცს. _გცალია, მანქანა რომ მოგიყვანო?_ტრადიციული მოკითხვების მერე პირდაპირ საქმეზე გადავედი. _რა დაემართა?_სანამ რამეს მეტყოდა, პირველ რიგში მისი მდგომარეობით დაინტერესდა. _არც არაფერი... უბრალოდ, შემოწმება მინდა. შორ მანძილზე მივდივარ ამ დღეებში და მინდა თავი დავიზღვიო. _აი, ჭკვიანი გოგო._გულღია სიცილით შემაქო._ვინ თქვა, ქალი მხოლოდ სამზარეულოში უნდა ტრიალებდესო?.. ერთ საათში მოიყვანე, პრობლემა არ არის. პრინციპში, მე მეორე დღისთვის ვგეგმავდი მისვლას, მაგრამ რადგან ეცალა, არც ეს იყო პრობლემა. იმ ერთ საათში კი, ნინიასთან ერთი ფინჯანი ყავის დალევაც მოვასწარი და ახალი ჭორების მოსმენაც... თურმე ნუ იტყვი და, მის ერთ-ერთ მუდმივ კლიენტს ქმარი ღალატობდა. სხვა დროს სხვა სიტუაციაში ალბათ დიდი ინტერესით მოვისმენდი ამ ამბავს, მაგრამ ახლა მართლა ვერ ვიყავი ფორმაში, როგორც ეს ჩემმა დაქალმა შემატყო და ცოტა არ იყოს უინტერესოდ შევხედე ცხელ-ცხელი ჭორების მოყოლის ეშხში შესულს. _თეა ხომ გახსოვს? ის ქალი, მუდამ იდეალურად რომ გამოიყურება? უწადინოდ დავუქნიე თავი. _შემთხვევით გავიგე, რომ ქმარი ღალატობს._აქ უკვე თავისი საფირმო პაუზა გააკეთა. ორი თუ სამი ყლუპი ყავა მოსვა და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო._კიდევ რა გავიგე, იცი? ცოტა უინტერესოდ ავიჩეჩე მხრები. _მისი ქმარი სულაც არ არის მივლინებაში, როგორც ეს მის ცოლუკას ჰგონია... ქალაქშია და მშვიდად დაასეირნებს იმ თავის ახალგაზრდა საყვარელს თავისი ახალი შავი ჯიპით… _შავი ჯიპით?_ყავა სასულეში გადამცდა და ლამის დავიხრჩე. რატო მქონდა ასეთი რეაქცია შავი ჯიპის ხსენებაზე ნინიამ კი არა, მგონი მეც ვერ გავიგე. ერთ ხანს ეჭვით მიყურა. თითქოს ჩემს სულში იჭყიტებოდა. მერე, რაღაც გაიაზრა თითქოს და ოდნავ ჩაეღიმა. ამ ღიმილს თვალდახუჭულიც კი ვცნობდი. ასე მაშინ იღიმოდა, როცა ჩემს ფიქრებს კითხულობდა. დავიჯერო, ახლაც მიხვდა რამეს?... ეჭვითა და შიშით შევხედე, მაგრამ მოულოდნელად ისევ იმ წამოწყებულ თემას დაუბრუნდა. _მარტო კი არ დაასეირნებს, სანდო წყაროდან ვიცი, რომ ბინა უყიდა შენს უბანში და ურემონტებს. უარესად ავნერვიულდი და ხელი ისევ ამიკანკალდა. მასაც რომ არ შეემჩნია ჩემი რეაქცია, მაშინვე დავდგი ყავის ფინჯანი და ხელები მაგიდის ქვეშ დავმალე. _ჩემს უბანში?.. მოიცა, შემთხვევით ჩემს კორპუსში ხომ არა?.. და რა იცი? _ასეთი ამბებისთვის თბილისი პატარა ქალაქია ძვირფასო._ჩვეულებისამებრ ბრძნული ფრაზა მოიშველია. ამავდროულად კი, გამომცდელად მოწკურა თვალები და ისე მომაჩერდა._არ მეგონა, ასე ძალიან თუ აგაღელვებდა ეს ამბავი, თორემ ნელ-ნელა შემოგაპარებდი? _ეს ამბავი მაღელვებს?_"გავიოცე", მაგრამ მაინც ავწრიალდი._სულაც არა! უბრალოდ... უბრალოდ... ხომ იცი, ლედისთან მივდივარ და..._მაინც ვიპოვე გამოსავალი. _აჰა... გასაგებია._თუმცა, ისე შემომღიმა, მივხვდი, რომ ჩემი არც ერთი სიტყვის არ სჯეროდა. _კარგი, წავედი._ოღონდაც მისი გამჭოლი მზერისთვის დამეღწია თავი და აღარ დავეძებდი, ყავა ბოლომდე რომ არ მქონდა დალეული. _დაჯექი. სად გეჩქარება? ერთ საათში მოდიო, არ გითხრა?_ხელი მომკიდა და ისევ მაგიდასთან დამსვა._თან, ყავაც არ დაგილევია... ბოლო დროს რა გემართება?.. თუმცა, მეც მაგარი ვარ, რაღას გეკითხები? მშვენივრად ვიცი რაც გჭირს._ბოლოში ისე დაასკვნა, ტანში გამცრა. უარესად ავღელდი, მაგრამ თავი მაინც არ გავეცი. _მაინც რა?_თან ყავის ფინჯანს დავწვდი და შეგრილებული სითხე ხმაურით მოვწრუპე. _შეყვარებული ხარ._ეს ისე დარწმუნებით მითხრა, რომ უარესად შევკრთი. _რაა?.. ვისზე?..._შევეცადე უდარდელად გადამეკისკისა. _ონისეზე... იმ მუშაზე, შენს ზემოთ რომ მუშაობს. ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა პულსი. ნუ თუ, მართლა შეყვარებული ვიყავი? თანაც ეს ისე აშკარა იყო, რომ ნინიაც ხვდებოდა? მაგრამ... მოულოდნელად რაღაც გამახსენდა და დაეჭვებულმა შევხედე. _მოიცა და, შენ რა იცი, რომ ონისე ჰქვია? მისი სახელი მე შენთან არ მიხსენებია..._მკაცრი გამომცდელივით მივაჩერდი._ან, რა იცი, რომ უბრალო მუშაა და არა ბინის მეპატრონე? აშკარად შეკრთა. დაფიცებაც შემიძლია, რომ ეს საკუთარი თვალებით დავინახე, მაგრამ მხოლოდ წამით. _შენ მითხარი. მაშ, საიდან ვიცი რა ქვია იმ დეგენერატს? შენი აზრით, ხომ არ დამესიზმრებოდა?.._ისე შემომიტია, აქეთ დამაეჭვა._რაც შეეხება იმას, რომ მუშაა, დღესდღეობით რომელი მეპატრონე წვალობს ბინის რემონტზე? დაიქირავებენ მუშებს, ფულს გადაუხდიან და მხოლოდ მაშინ შედიან იმ ბინაში, როცა ყველაფერი დასრულდება. _და, აბა, აკი შავი ჯიპიო?_მეგონა ჩემთვის გავიფიქრე, მაგრამ იმ წამს ნინიას მზერა დავიჭირე და მივხვდი, რომ ხმამაღლა წამოვაყრანტალე. გამომიჭირა და ეგ არის._მწარედ გამკრა გულში. იმ წამს მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ძალიან ჩამჭრელი კითხვები არ დაესვა. ბედად ჩემს ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა. ისევ ლედი იყო, მაგრამ დავფაცურდი. _ზაზაა, გეგმები შეიცვალა და ადრე მოდიო. წავალ, ვაჩვენებ... ამხელა გზაზე მივდივარ და გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდეს._ანგარიში მე გავასწორე და შენობიდან ისე გამოვედი, ნინიასთვის თვალებში აღარ შემიხედია. არა და, ვგრძნობდი, როგორ მბურღავდა და რაც ყველაზე უცნაური იყო, რატომღაც კმაყოფილი მზერით. _ჯანდაბა._მანქანაში ჩავჯექი თუ არა, საჭეს ძლიერად მოვუჭირე თითები._ამ გულთმისანს ხომ ვერაფერს გამოაპარებ... მოიცა და, რა გამოდის, ჩემს ზემოთ ბინა?.. თუმცა... რა ჩემი საქმეა ვინ ვისი საყვარელია?_ძრავა ავამუშავე და სახელოსნოსკენ გზა გავიმრუდე, რათა დათქმულ დროზე ადრე არ მივსულიყავი... მისვლისთანავე ზაზამ კაპოტი ახადა ჩემს მანქანას და ძრავის ხმას ისე გულდასმით მოუსმინა, როგორც მე ვუსმენ ხოლმე ნინიას, ახალი ჭორების მოყოლისას. მერე კი, ზეთი შეამოწმა. _სითხე ჯერ კიდევ ნორმაშია, მაგრამ ოდნავ გამუქებული. გამოცვლა არ აწყენდა._მგონი, თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა, ვიდრე მე მითხრა. შემდეგ სამუხრუჭე სითხე… მოკლედ, ყველა დეტალი ყურადღებით შეამოწმა: მილების შეერთებები, გაჟონვის კვალი, მტვრის დაგროვება. ერთ-ერთ შლანგს თითიც კი გააყოლა. _ეს მალე დასკდება._მაშინვე მივხვდი ეს „მალე“ მის ენაზე „ჯობია დღესვე შევცვალოთ“ ნიშნავდა. მანქანა ამწეზე ასწია და ახლა ქვემოდან შეამოწმა ყველაფერი. სიმართლე ვთქვა, მანქანების ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ იმას მაინც ვხვდები, რომ ქვემოდან უკვე სხვა სამყაროა. ჭუჭყიანი, მაგრამ ყველაზე გულწრფელი. როგორც ზაზა ამბობს, აქ უკვე ვეღარაფერს მალავს მანქანა. _ამორტიზატორები იდეალურია._მომიწონა._საკისარს აქვს უმნიშვნელო ხმა._მერე, საბურავებზე გადავიდა: წნევა, ცვეთა... არც მუხრუჭები გამორჩენია._მშვენიერია, გზაში ნამდვილად არ დაგაღალატებს. ბოლოს, სია შეადგინა და საქმიანობასაც შეუდგა: ზეთი გამოცვლა. შემდეგ ერთი შლანგი და საკისარი. ბოლოს, ტილოთი გაიწმინდა ხელები და კმაყოფილმა შემომხედა: _ახლა უკვე მშვიდად შეგიძლია გამგზავრება. მისმა დადასტურებამ და იმაზე თანხმობამ, რომ მშვიდად შემეძლო მგზავრობა, თითქოს მაგიური ძალით დამამშვიდა. მესამე დღეს, დილაუთანია, როცა ქალაქს ჯერ კიდევ მშვიდი ძილით ეძინა, მე გზას დავადექი. ნელ-ნელა უკან მოვიტოვე თბილისი. ჯერ ნაცნობი ქუჩები, მერე ნაცნობი ხმები და ბოლოს ის ქაოსი, რაც ამ ქალაქს თან ახლავს ყოველთვის. თითქოს ყველაფერი უკან რჩებოდა, რაც მაწუხებდა… ან, ასე მინდოდა რომ ყოფილიყო... ჰაერიც კი სხვანაირი იყო გზაზე. უფრო სუფთა, უფრო ცივი… და რაც უფრო ვშორდებოდი ქალაქს, მით უფრო ნათლად ვგრძნობდი, თუ როგორ მეხსნებოდა სტრესი, რასაც მხრებზე მძიმე ტვირთად ვგრძნობდი. მგონი, მთელი ის დრო, სანამ მცხეთა უკან არ ჩამოვიტოვე, მაინც დაძაბული ვიყავი და მხოლოდ მას მერე ამოვისუნთქე შვებით. მზე ნელ-ნელა იწვერებოდა და მთების კალთებს ოქროსფრად ღებავდა. გზის პირზე ამოსული ხეები ჯერ ისევ დილის ნამით იყო დაცვარული და რაღაც სასწაულ სანახაობას ქმნიდა. ზოგ ადგილებში მსუბუქი ნისლიც კი გაწოლილიყო. მანქანას ზაზას ოქროს ხელები აშკარად ემჩნეოდა და მშვიდად და იმედიანად მივქროდი. მაგნიტოფონში ჩემი საყვარელი სიმღერა მქონდა ჩართული, მაგრამ არ ვუსმენდი. ჩემი ფიქრები ისევ და ისევ იმ შავ ჯიპთან ბრუნდებოდა რატომღაც. მაინც როგორ შეუძლია ერთ უმნიშვნელო დეტალს, უბრალოდ ფერს ან მანქანის ტიპს ასე აგაფორიაქოს? _რა ჯანდაბა გჭირს ქეთათო?_ჩუმად, მაგრამ მკაცრად გავუწყერი საკუთარ თავს და საჭეს ოდნავ უფრო ძლიერად მოვუჭირე თითები. მოულოდნელად ზუსტად იმ დროს ჩემ წინ შავ ჯიპს მოვკარი თვალი. გული უცნაურად ამიჩქარდა. თუმცა, სულ ტყუილად. როცა მივუახლოვდი და გადავასწარი, აღმოჩნდა, რომ სხვა მანქანა იყო და სულ სხვა მძღოლი მართავდა საჭეს. _"თბილისი პატარა ქალაქია"..._რატომღაც ნინიას სიტყვები ამომიტივტივდა მეხსიერებაში და ისე მძიმედ ჩამესმა, ვიდრე მაშინ, ყავის სმის დროს მაგიდასთან. შოვისკენ მიმავალი გზა კი გრძელდებოდა. მოსახვევები მატულობდა და ბუნებაც უფრო მკაცრი და შთამბეჭდავი ხდებოდა... და რაც უფრო წინ მივდიოდი, მით უფრო ნათელი ხდებოდა ჩემთვის ერთი რამ: ეს მოგზაურობა მხოლოდ დასვენება არ იქნებოდა ჩემთვის. შუა დღე კარგა ხნის გადასული იყო, ლედის სოფელში რომ შევედი. დამერწმუნებით ალბათ, რომ მთებში საღამოს სულ სხვანაირი ხასიათი აქვს. თითქოს, უფრო სწრაფად ბინდდება და ყველაფერს უფრო მკაცრსა და საშიშს ხდის. მე კი, ლამის პანიკა დამემართა, როცა მივხვდი, რომ ლედის სახლს ვერ მივაგენი. ერთ წელიწადში იმდენი რამ შეცვლილიყო, რომ ვეღარ ვინიშნე, საით უნდა გადამეხვია. ხოლო, როცა გავიაზრე, უცხო სოფელში დავიკარგე, თავი საშინელებათა ფილმის პერსონაჟი მეგონა და ცოტა დამაკლდა ბოლო ხმაზე კივილი არ დავიწყე. უფრო იმან გადამაფიქრებინა, რომ შორიახლოს ქალს მოვკარი თვალი და იმედმოცემულმა გავაჩერე მანქანა. მართალია, გადასვლა არ მინდოდა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ასე უფრო ზრდილობიანი ვიქნებოდი და ქალის მიმართულებით გავემართე. _უკაცრავად, შეიძლება რაღაც გკითხოთ? ქალი მაშინვე შეჩერდა და ინტერესით შემათვალიერა. არ ვიცი რატომ, მაგრამ უცნაური მოლოდინი დამეუფლა და უნებურად დავიძაბე. უფრო სწორად, მისმა გამოხედვამ შემაკრთო. _ლედის ვეძებ..._მორიდებით წამოვიწყე, მაგრამ სათქმელი არ დამამთავრებინა. აშკარად რაღაც ჩაიბუტბუტა ჩემი მისამართით, ოღონდ ვერ გავიგე რა. ზურგი კეთროვანივით მაქცია და გზა ისე განაგრძო, თითქოს საერთოდ არ ვარსებობდი. თუმცა, რამდენიმე ნაბიჯში შეჩერდა და უცბად შემოტრიალდა. თან ისეთი გამომეტყველებით მომაჩერდა, გონებაში უეჭველი ჩემი მკვლელობის გეგმას ადგენდა. _ლედის ეძებ?_თითქოს მშვიდად მკითხა, მაგრამ ისეთი ხმა ჰქონდა, სასწაულად შემეშინდა. _კი..._მოუხერხებლად დავუქნიე თავი._იცნობთ? დავინახე ირონიულად რომ ჩაიცინა. _ვიცნობ?.. ვინ არ იცნობს იმ ბოზს? "ბოზს?"_თვალები გამიფართოვდა. _რატომ ეძებ? რა საქმე გაქვს მასთან?_მოულოდნელად მკითხა და გამჭოლი მზერით მომაჩერდა. წამიერად დავიბენი. _მე... მე..._ენა დამება._ის ჩემი მეგობარია._თუმცა ბოლოში მაინც ამაყად განვუცხადე. _მეგობარი?_სახეზე აშკარა ირონია აღებეჭდა._ყველა მისი მეგობარი როგორაა? _ვინ ყველა? რას გულისხმობთ?_დავიბენი. _გეტყობა, აქაური არ ხარ. _სწორად გამოიცანით._დიდად ვერ აღვფრთოვანდი მისი დედუქციის უნარით._უბრალოდ, ლედის მისამართი მჭირდება. იცით სად ცხოვრობს?_ხმა ოდნავ გავიმკაცრე. _არც შენ უნდა იყო პატიოსანი სულის ადამიანი!_დარწმუნებით დაასკვნა და ზურგი მაქცია ისევ. _რაო?!_გვიან გავიაზრე რაც მითხრა და ავენთე._ვინ მოგცათ იმის უფლება, ჩემზე და ჩემს მეგობარზე ასე ილაპარაკოთ?! ქალი ისევ შემოტრიალდა და მის მზერაში ნათლად დავინახე, მტრული დამოკიდებულება რომ ელავდა. _სოფელი სოფელს აღარ ჰგავს, თქვენნაირებმა რომ გადაგვიარეთ!_ამჯერად უკვე მტკიცე გადაწყვეტილებით შეტრიალდა და გზა ჩქარი ნაბიჯებით განაგრძო. _მოიცადეთ!_ხმამაღლა დავუძახე, მაგრამ აღარ შემოტრიალებულა. მისტიური და ამავე დროს საშინელი სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ქარის მსუბუქი შრიალი ისმოდა ირგვლივ და უარესად მაშინებდა. უცებ, ზურგს უკან, მანქანის კარის მიჯახუნების ხმა გაისმა. გავშეშდი. შებრუნების შემეშინდა, მაგრამ... ნელ-ნელა მაინც შევტრიალდი და ჩემს მანქანასთან ვიღაც დავინახე. _დაიკარგე?_ნაძალადევი სიმშვიდით მკითხა. მაშინვე ვიცანი. _ლედი?!_გახარებულმა წამოვიძახე და ჩასახუტებლად გავიქეცი._ჩემი რა ბრალია, შენ თუ გადაკარგულში გამოთხოვდი? _ანუ, წელიწადში ერთხელ დაქალთან სტუმრობა საკმარისი არ არის და მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხვიდე, რომ ლოკაცია ზუსტად დაიმახსოვრო._მის ხმაში მსუბუქი საყვედური და წყენა ერია. ზუსტად ისეთი, ერთი წლის განმავლობაში რომ გროვდება და ბოლოს ვეღარ იმალება. _ეს სოფელია, ლედი, და არა ქალაქი. ხომ იცი, სოფელი დიდად არ მიყვარს? _ზუსტად, ამიტომ ღირსი ხარ სოფლელი ბიჭი შეგიყვარდეს და თანაც ისე, რომ მის გარეშე ვერ ძლებდე!_გულიანად გადაიკისკისა და ძლიერად ჩამეხუტა. _გასათხოვარი რომ იყო და სოფელში არ ცხოვრობდე, გეტყოდი, ეგ იდეა შენს თავზე მოსინჯე-მეთქი, მაგრამ რაღა გითხრა?_მეც ძლიერად მოვხვიე მკლავები და გულიანად გამეცინა. თან გულში უცნაური სითბო ჩამეღვარა. დიდხანს ვიყავით ჩახუტებულები. მართლა უზომოდ მოგვნატრებოდა ერთმანეთი. _წვიმას აპირებს და მოდი ჯერ დავბინავდეთ._ხელი გამიშვა და მანქანის კარი გამოაღო._მერე კი, რამდენიც გინდა, იმდენი მეკამათე. მაშინვე მივუჯექი საჭეს და მისი მითითებისამებრ წავედი. გზა ვიწრო და მომცრო ქვებით იყო მოფენილი. ირგვლივ კი ტყე იშლებოდა: ხშირი, ბნელი, მაგრამ საოცრად მშვიდი. _სად მივდივართ?_ცოტა გაოცებულმა ვკითხე, როცა ადგილმდებარეობა საერთოდ არ მეცნო. _სიურპრიზია._კმაყოფილი ღიმილით მითხრა და თვალი ჩამიკრა. _ხომ იცი, სიურპრიზები დიდად არ მიყვარს._ავბუზღუნდი. _ვიცი, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. მოგეწონება, აი, ნახავ. მალე ხის პატარა კოტეჯსაც მივადექით. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ერთ-ერთი ზღაპრიდან იყო ეს ილუზტრაცია ამოჭრილი. ფანჯრებიდან თბილი, ყვითელი შუქი იღვრებოდა. აივანიც თვალისმომჭრელად იყო გაჩახჩახებული და ქოთნის ყვავილებით იყო სავსე. იქვე პატარა საქანელაც იდგა. _ეს... ეს... ეს შენია?_აღტაცებული მზერა მოვავლე გარემოს. _კი, ოჯახური მინი სასტუმროა..._მანქანიდან გადავიდა და დამელოდა, გაოგნებული მე როდის გადავიდოდი._ძლივს დავიყოლიე იაგო, რომ აგვეშენებინა... თუმცა, გახსნით ჯერ ჩვენ უნდა გავხსნათ. მოგწონს? ისეთი სასწაული იყო, რა უფლება მქონდა, არ მომწონებოდა? _როცა ყველასგან დასვენება და გაქცევა მინდა, აქ მოვდივარ ხოლმე._ჩურჩულით გამანდო საიდუმლო, თითქოს ვინმე გვისმენდა. მერე კი, საბარგულიდან ჩემი ბარგის ამოღებაში მომეხმარა. შიგნით შესვლისთანავე სითბო და ხის სურნელი ერთნაირად დამეტაკა. ვიღაცას ეზრუნა და ბუხარში ცეცხლი დაენთო, რაც ნელა და სასიამოვნოდ ტკაცუნებდა. ლედიმ ჩემი ბარგის ნახევარი, რაც მას ეჭირა, მაგიდაზე დააწყო და ინტერესით მომაჩერდა. _ღამეს აქ გავათევთ. თანახმა ხარ? _უარზე რატომ უნდა ვიყო?_გამეცინა და ფეხსაცმელი გავიხადე._ასეთი ადგილი, შენის აზრით, უარის თქმას იმსახურებს? მასაც გაეცინა და ხელგადახვეული წამიყვანა საძინებლისკენ, სადაც ჩემი საწოლის არჩევანი გავაკეთე. ცოტა ხანში კი, მსუბუქი ვახშამი მოვიწყეთ შავი ღვინის თანხლებით და მოგონებებში გადავეშვით. რა აღარ გავიხსენეთ. პირველი კლასიდან მოყოლებული თორმეტი კლასით დამთავრებული. ტკბილად მოსაგონარი მოხონებები კი გიყვარდეს, უხვად გვქონდა. ამბობენ, რაც არ უნდა მწარე იყოს მოგონება, წლების მერე მაინც ტკბილად გახსენდებაო, მაგრამ ჩვენი ყველა მოგონება მაშინაც გიჟურად ტკბილი იყო და ახლა ხომ მითუმეტეს. _გახსოვს, მაყვალას ჟურნალი რომ მოვპარეთ და ზურიკელას ნიშნები გადავასწორეთ? _მოვპარეთ კი არა, შენ მოიპარე._სიცილით შევუსწორე. დივნის ბალიშს დავწვდი და ვესროლე._მე და მილა კი დავისაჯეთ. _ეს ხომ სამივეს იდეა იყო?_ჩემი ნასროლი ბალიში მოხერხებულად დაიჭირა და უკან დამიბრუნა. წამებში ისეთი ომი გავაჩაღეთ ბალიშებით, რომ თითქოს ისევ ბავშვები ვიყავით და წლები საერთოდ არ იყო გასული. ჩვენი ხმამაღალი სიცილ-კისკისი კოტეჯის კედლებს ეჯახებოდა და უკან გვიბრუნდებოდა. ქანცი რომ გაგვძვრა, ზავი დავდეთ და ბუხრის წინ იატაკზე მოვიკეცენით. _იცი რა მაკლდა და რა მენატრებოდა ყველაზე მეტად?_რატომღაც ჩუმად მკითხა ლედიმ და თვალი თვალში გამიყარა.. _რა?_ინსტიქტურად მეც ჩურჩულით ვკითხე. _აი, ზუსტად ასეთი საღამოები. როცა არ თამაშობ და არ იძაბები. როცა ყველანაირ ვალდებულებას ფეხებზე იკიდებ და არც არსად არ გეჩქარება... წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. ერთადერთი ხმა, რაც ისმოდა, ცეცხლის შრიალი და ხმელი შეშის ტკაცუნი იყო მხოლოდ. უცბად გავიაზრე, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც ლედი ჩემს გვერდით იყო, ონისე საერთოდ არ გამხსენებია. არც მისი ხმა, არც მისი გამოხედვა. მხოლოდ ეს ადგილი იყო, ეს სითბო... და ჩემი სკოლის დროინდელი დაქალი. _რამდენიმე დღით მაინც დავრჩები._ჩემთვის ჩუმად ვთქვი გადაჭრით, მაგრამ ლედიმაც გაიგო. _რამდენიმე დღით არა._ღიმილით შემისწორა._იმდენი დღით, რამდენიც დაგჭირდება. **** ცეცხლი უკვე ჩამქრალიყო და ოთახს ბუხრის ნაღვერდალი ანათებდა მხოლოდ. ჩვენ ისევ მის წინ ვიყავით ნახევრად წამოწოლილები და ლედი რაღაცას მიყვებოდა… მაგრამ მე უკვე ნახევრად მძინარე ვიყავი. უფრო სწორად, თითქმის მეძინა და ძილ-ბურანში მყოფს იავნანასავით ჩამესმოდა მისი ხმა. _...და მერე რა ქნა, იცი?_მგონი მიხვდა, რომ მეძინა და მსუბუქად შემაჯანჯღარა. _მმმ…_ძროხასავით ამოვიზმუვლე და ძლივს ამოვილუღლუღე._რა? _ რა დაა... ზუსტად ამ დროს კარის სახელური ფრთხილად ჩამოიწია. ვიგრძენი, როგორ შეკრთა ლედი და როგორ დაიზაფრა შიშისგან. მაშინვე გადმომედო მეც მისი მდგომარეობა. რატომღაც ის ქალი გამახსენდა, ავად რომ აკვესებდა თვალებს და მაქსიმალურად ვჭყიტე თვალები. ვიღას ახსოვდა ძილი?! _კარი ჩაკეტე?_ჩურჩულით მკითხა ლედიმ. _მე?.. მე რატო?.. მეგონა შენ ჩაკეტავდი._მგონი, რაღაც გამეჩხირა ყელში და საცოდავად ამოვიხავლე. სახელური ისევ შეირხა. ამჯერად უფრო მკვეთრად და კარმაც დაიჭრიალა. ქარის ნაკადმა ფარდა ააფრიალა და ოთახში სიცივე შემოიჭრა. _ვინ არის?…_ეჭვით შევხედე დაქალს._ვინმეს ელოდებოდი? ფეხზე ისე წამოიმართა, პასუხი არ გამცა. ან, რაც უფრო სავარაუდო იყო, ვერ გამცა. მეც ავდექი, მაგრამ ფეხები ისე მიკანკალებდა, მეგონა ისევ ჩავიკეცებოდი. კართან საკმაოდ ბნელოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ იქ ვიღაც იდგა და გვიყურებდა. ბუხრის წინ მიყუდებულ საჩხრეკს წამოვავლე ხელი და იმით შევიარაღდი. _ფეხზე წამოდექით ზარმაცებო!_მოულოდნელად გამყინავი ხმით დაიძახა ვიღაცამ. _აააა!!!_ერთდროულად დავიყვირეთ მე და ლედიმ და შეშინებულები ერთმანეთს გამეტებით შევასკდით. კარში მდგომი ფიგურა მაშინვე გადაბჟირდა სიცილით. _რა გჭირთ, გოგოებო, მოჩვენება დაინახეთ?_ეს თქვა და შუქი აანთო. _ჯანდაბა, მილა?! _თვალები სასაცილოდ გამიფართოვდა. ლედი ჯერ კიდევ შიშის ტყვეობაში იყო. _შენ... შენ ნორმალური ხარ საერთოდ?! _ როგორც იქნა ამოიდგა ენა._ისევ ჯარში ხომ არ გგონია თავი? მილამ აინუნშიც არ ჩააგდო ჩვენი შეკითხვები და ოთახი დაკვირვებით შეათვალიერა. მერე ეჭვით გადმოგვხედა და ეშმაკურად ჩაიღიმა. _ოჰო!.. ბუხარი, ღვინო, ბალიშების ომი... უჩემოდ ერთობით, არა? _ვერთობით?!_ჯერ კიდევ გულის ფრიალით ამოვილუღლუღე._მიკრო ინფარქტი გადამატანინე! _აბა, რა მექნა? კარზე დავაკაკუნე და არავინ გამომხედეთ._უდარდელად აიჩეჩა მხრები._ვიფიქრე, გეძინათ... ან, რაღაც ძალიან საინტერესოს აკეთებდით და ხელის შეშლა არ მინდოდა. _რა საინტერესო, გოგო, კინაღამ შიშით მოვკვდით!_როგორც იქნა ლედიც მოვიდა გონზე და დივანზე ჩამოჯდა. მე კი, გამურული საჩხრეკი მეჭირა ისევ ხელში და თვითონვე ვგრძნობდი, რა სასაცილო მდგომარეობაშიც ვიყავი. _ამას თუ თავში ჩაგარტყამდი, მერე ნახავდი „საინტერესო“-ს!_თან თვალების ბრიალით მოვუქნიე ჩემი თავდაცვის იარაღი. _ღმერთო, ქეთათო იარაღით! ამას ფოტო უნდა გადავუღო, თორემ არავინ დამიჯერებს!_აკისკისდა მილა. _ერთი ფოტო და იმ ტელეფონს ბუხარში დაუწყებ ქექვას!_საკმაოდ სერიოზულად დავემუქრე. თუმცა, სიცილს ძლივს ვიკავებდი. _როგორ მოგვაგენი?..._ლედი ისევ ფეხზე წამოდგა._ან, როგორ შემოხვედი? კარი ხომ დაკეტილი უნდა ყოფილიყო? უნებურად ონისე გამახსენდა და გული საამოდ ამიძგერდა... მილამ ამაყად ასწია წარბი. _აი, ზუსტად აქ იწყება მთავარი ისტორიაც..._დრამატულად თქვა და ჯიბიდან გასაღები ამოიღო. _რაა?!_მგონი ერთდროულად შევყვირეთ მე და ლედიმ. _ასე ნუ მიყურებთ..._თან თვალი ჩაგვიკრა._ვიფიქრე, სიურპრიზს მოგიწყობდით. _სიურპრიზისა რა მოგახსენო, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა კი მოგვიწყე!_ჩავიბურტყუნე. _ნუ ნერვიულობთ, მალე გადაგივლით!_დამამშვიდა და პირდაპირ მაგიდასთან მივიდა. ღვინის ახალი ბოთლი მოხერხებულად გახსნა და სამ ჭიქაში ჩამოასხა. _აბა, გოგოებო! _სათითაოდ ჩამოგვირიგა ნახევრად სავსე ჭიქები და თვითონაც მაღლა ასწია._ჩვენ ძველ ცოდვებს და ახალ პრობლემებს გაუმარჯოს!.. იმასაც გაუმარჯოს, მე რომ დროულად ვჩნდები ხოლმე თქვენს გვერდით, რათა მოწყენილობისგან გიხსნათ! _დროულადო?_ჩამეცინა._ფიქრობ, შუაღამით გულის გაჩერება დროულია? _აბა რაა?! ცოტა შიში და ხიფათი ცხოვრებას უხდება! ჭიქები ხმამაღალი წკარუნით შევახეთ ერთმანეთს. მილა ბავშვობიდან განსხვავებული ვიყავი. ალბათ მართლა, როგორც დედაჩემი ამბობს, ქალად შეცდომით ვარ დაბადებული. ჩემს ტყუპისცალ ძმაზე თხუთმეტი წუთით ადრე მოვევლინე ამ სამყაროს და მგონი მისი ხასიათიც მე გამოვიყოლე: უხეში, ჯიუტი და ზედმეტად უშიშარი. სანამ სხვა გოგოები თოჯინებით ერთობოდნენ, მე ხეებზე დავძვრებოდი და სანამ ისინი სარკის წინ ტრიალებდნენ, მე მუხლებგადაყვლეფილი დავრბოდი. თუმცა, საერთოდ არ ვნანობდი ამას. მამაჩემი ხშირად ამბობდა: „ეს ბავშვი ნამდვილად კრიმინალი გამოვა, სხვა პერსპექტივას მე ვერ ვხედავ მასშიო.“ სამწუხაროდ, ჩემს სრულწლოვნობის ასაკამდე დაიღუპა და ჩემი მომავალი ვეღარ იხილა. დარწმუნებული ვარ, ახლა ზემოდან მიყურებს და ხვდება, რომ სხვა პერსპექტივა ნამდვილად არსებობდა ჩემთვის... მახსოვს, როცა სერიოზულად ვიჩხუბე პირველად, მხოლოდ შვიდი წლის ვიყავი. მეზობლის ბიჭს თავი ქვით იმიტომ გავუტეხე, რომ ჩემი ძმა გოგოსავით აატირდა და თან დასცინა. ამის გამო, რა თქმა უნდა, დამსაჯეს. თანაც მკაცრად და ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ სამართლიანობა ყოველთვის წესების დაცვით არ მოდის. ქეთათოსგან და ლედისგან განსხვავებით, მე ყოველთვის პირდაპირი ვიყავი. პრინციპში, ახლაც ასეთი ვარ. ვერა და ვერ ვისწავლე ენაზე კბილის დაჭერა. თუ სასწაული მოხდა და როგორღაც გავჩუმდი. სახეზე მაინც მაწერია სუბტიტრები. თანაც, უშველებელი ასოებით. თუ რაღაც არ მომწონს, დაუფარავად ვამბობ. თუ ვბრაზდები, არც ამას ვმალავ. ჩემთვის არანაირი ეთიკის ზღვარი არ არსებობს. სიმართლეს ყოველთვის თავგამოდებით ვიცავ და არა აქვს მნიშვნელობა ეს სიმართლე ჩემია თუ სხვისი. სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები ჩემთვის ორ ბანაკად იყოფოდნენ: ისინი, ვინც მომწონდა და ისინი, ვისაც ვერ ვიტანდი. შუალედი ჩემთვის არ არსებობდა. მომწონდა ის, ვინც სიმართლეს პირდაპირ ამბობდა. თუნდაც, მწარე ყოფილიყო და სასტიკად ვერ ვიტანდი მომღიმარ მლიქვნელებს. ყველაზე მეტად სწორედ ასეთი ადამიანები მაშინებენ დღემდე. მე, ქეთათო და ლედი პირველი კლასიდან ვმეგობრობთ და დღემდე თითქმის ასე მოვდივართ. რადიკალურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ სამივენი ერთმანეთს ისე ვავსებთ, როგორც ასოები სიტყვას. ცალ-ცალკე თითქოს არაფერს ვნიშნავთ, მაგრამ ერთად უკვე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვიძენთ. მართალია, დროთა განმავლობაში ცოტა დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ ესეც ცხოვრებამ მოიტანა. ლედიმ სკოლა დაამთავრა თუ არა, გათხოვდა. თანაც, სადღაც გადაკარგულში. ქეთათო კი საცხოვრებლად ძმასთან გადავიდა და იქ განაგრძო "მოღვაწეობა". მე კი... ეჰ, მე... თექვსმეტი წლის რომ გავხდი, პირველად მაშინ მივხვდი, რომ ფიზიკურ ტკივილზე მეტად სულიერი ტკივილი ანადგურებს ადამიანს. იმ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ალბათ, სწორედ ასე იწყება ყველაზე ცუდი ისტორიებიც... საღამოს სახლში ვბრუნდებოდი. გვიანი იყო, მაგრამ მე ხომ არასდროს არაფრის მეშინოდა და საკუთარი თავის იმედი მქონდა? მაშინაც მეგონა, რომ ვერავინ შემეხებოდა. საკმარისად ძლიერი მეგონა თავი, მაგრამ თურმე მწარედ ვცდებოდი. არ მიყვარს ამაზე საუბარი. არც მაშინ მისაუბრია ბევრი და ვცდილობ არც ახლა ვთქვა ბევრი. იმიტომ კი არა, რომ მრცხვენია, უბრალოდ... უბრალოდ სიტყვები ვერ იტევს იმას, რაც ჩემი გულის სიღრმეში ხდება... ქუჩაში სამი ბიჭი ამეკიდა. მთვრალები იყვნენ. ალბათ მოწეულებიც. არ მახსოვს მათი სახეები. მხოლოდ ის მახსოვს, როგორ გაჩუმდა ჩემში ყველაფერი იმ ღამეს... ვერავის ვუთხარი. ვერც დედას. ვერც დაქალებს. ვერც ძმას... მაგრამ ზოგიერთი სიმართლე გაუმხელელი დიდხანს არ რჩება. როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, ცხოვრებაში პირველად მაშინ შემეშინდა. მე, ვინც ხეებზე დავძვრებოდი, ჩხუბს არ გავურბოდი და ტკივილს სიცილით ვიტანდი, ჩემს სხეულში არსებული პატარა სიცოცხლის წინაშე სრულიად უმწეო აღმოვჩნდი. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. არც ის ვიცოდი, როგორ უნდა ვყოფილიყავი დედა, როცა თვითონაც ჯერ ისევ ბავშვი ვიყავი. თუმცა, ბავშვი მაინც გავაჩინე. არ ყოფილა ის, რასაც წიგნებში წერენ: უცებ გაჩენილი უსაზღვრო სიყვარული და ბედნიერების ცრემლები. იყო მხოლოდ დაღლილობა… და სიცარიელე. უსიტყვოდ ვუყურებდი პაწაწინა არსებას და ვფიქრობდი: „რატომ მაინც და მაინც მე?“ და იმავე წამს მრცხვენოდა ამ ფიქრის. დედაჩემმა საკუთარ თავზე აიღო გეგას აღზრდა და ის გახდა მისთვის ის, რაც მე ვერ შევძელი. მე კი… უკანმოუხედავად გავიქეცი. თითქოს ერთადერთი გამოსავალი ჩემი ჯარში წასვლა იყო. სასიცოცხლოდ მჭირდებოდა ის ადგილი, სადაც გრძნობებს მნიშვნელობა არ ჰქონდა. სადაც სისუსტე არ არსებობდა. იქ ტკივილს მნიშვნელობა არ ჰქონდა. იქ არავის აინტერესებდა ჩემი წარსული. იქ თუ ვეცემოდი, ვდგებოდი და თუ მტკიოდა, ვითმენდი. ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა. სახლში იშვიათად ვბრუნდებოდი. იმიტომ კი არა, რომ არ მინდოდა… უბრალოდ, არ ვიცოდი როგორ უნდა შევხვედროდი იმ ბავშვს, ვის დედობაზეც ჩემივე სურვილით ვთქვი უარი. თუმცა, არც იქ ყოფილა ადვილი თავის დამკვიდრება... ძალიან რთული გზა გამოვიარე, სანამ დღევანდლამდე მოვიდოდი, მაგრამ... პირველი დღე ჯარში, თანაც ქალისთვის, წარმოუდგენლად მძიმე იყო. დილით ადრე გვაღვიძებდნენ. იყო ხმამაღალი ყვირილი, ბრძანება. სიცივე... პირველივე დღეს მივხვდი, რომ იქ არავინ ინტერესდებოდა იმით, თუ ვინ ვიყავით და რას წარმოვადგენდით ადრე. იქ მხოლოდ ის აინტერესებდათ, რას გავუძლებდით. თავიდან ვფიქრობდი, რომ გამიჭირდებოდა, მაგრამ მერე და მერე რაც სხვებისთვის ტანჯვა იყო, ჩემთვის შვება აღმოჩნდა: სირბილი, სანამ სუნთქვა არ შეგეკვრება... ვარჯიში, სანამ ხელები საბოლოოდ არ აგიკანკალდება... დაცემა და ისევ წამოდგომა... ეს ყველაფერი კი ჩემში სხვა მოგონებებსა და გრძნობებს შლიდა: სიბრაზეს, სულიერ ტკივილს და იმ საშინელი ღამის განცდებს. ნელ-ნელა ჯერ სხეული გამიძლიერდა და მერე ხასიათიც. ინსტრუქტორები თავიდან სკეპტიკურად მიყურებდნენ. ქალი, თან ასეთი უხეში მანერებით ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ მე არ ვლაპარაკობდი, მე მხოლოდ შედეგს ვდებდი. პირველი სროლა რომ გვქონდა, ზუსტად მაშინ დავრწმუნდი, რომ სწორ ადგილას ვიყავი. ხელში მძიმე, ცივი ლითონის იარაღი არ მაშინებდა. პირიქით, მაწყნარებდა. თითქოს, კონტროლს ვიბრუნებდი. ერთხელ, საველე სწავლებაზე ღამე გაგვიშვეს ტყეში. წვიმდა. ტალახში ლამის მუხლამდე ვიფლობოდით. ერთ-ერთ ბიჭს პანიკა დაეწყო და ვეღარ გადაადგილდებოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ წამს ჩემში რაღაც ჩაირთო თითქოს. არ დამიწყია მისი დამშვიდება ლამაზი სიტყვებით. უბრალოდ, ხელი ჩავავლე, თვალებში ჩავხედე და ვუთხარი: _თუ აქ გაჩერდები, აქვე დაასრულებ! მოდი!_მხარში ამოვუდექი და ნახევარზე მეტი გზა მე ვათრიე ზურგით. მგონი, იმ ღამემ გადამწყვეტი როლი ითამაშა სხვების თვალში ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში. მე მარტო საკუთარი თავისთვის არ ვიბრძოდი და შემეძლო სხვაც წამომეყენებინა ფეხზე. მე მხოლოდ „უხეში გოგო“ კი არ ვიყავი, მე ის ადამიანი ვიყავი, ვისაც ბრძოლაში უპრობლემოდ დაიყენებდნენ გვერდით... წლების განმავლობაში ბევრ რამეს გავუძელი. დაჭრილებიც გვყავდა. დანაკარგიც ვნახე... და მაინც, არც ერთხელ არ მიფიქრია უკან დახევაზე. პირიქით, რაც უფრო რთული ხდებოდა, მით უფრო ვხვდებოდი, რომ ეს ადგილი ჩემთვის იყო შექმნილი. ერთ დღეს მეთაურმა დამიძახა. კაბინეტში რომ შევედი, მაგიდაზე ჩემი, საკმაოდ სქელი დოსიე ედო. _მილა._საკმაოდ თავდაჯერებულად მითხრა._შენ ან ძალიან შორს წახვალ, ან ძალიან ცუდად დაასრულებ. გამეცინა. მამაჩემის სიტყვები გამახსენდა და თითქოს გავაპროტესტე. _მაგათ შუა ზღვარიც ხომ არსებობს? თავი გააქნია. _შენთვის არა! ზუსტად იმ დღიდან მოვუმატე უფრო. სპეციალურ დანაყოფში გადასვლა ჩემი შემდეგი მიზანი გახდა. იქ მხოლოდ ძლიერები არ კმაროდა. იქ ჭკვიანიც უნდა ყოფილიყავი, ცივიც და უტყვიც. ვიცოდი, რომ მე ეს არ გამიჭირდებოდა, რადგან ყველაზე რთული ბრძოლები, სულიერიც და ფიზიკურიც უკვე გადატანილი მქონდა. კარიერულ წინსვლას არ ვემდუროდი. მგონი, ელვისებური სისწრაფითაც კი მივიწევდი წინ. მაგრამ რაც უფრო მაღლა ავდიოდი, მით უფრო ვკარგავდი იმას, რასაც დედობა და დედობრივი ზრუნვა ერქვა. ხშირად დავფიქრებულვარ იმაზე, რომ ომში ყოფნა უფრო მარტივია ჩემთვის. იქ ყველაფერი მკაფიოა. ან ცოცხალი რჩები, ან კვდები... იქ შეცდომებს ფასი აქვს, მაგრამ მაინც გასაგებია. სახლში კი… სახლში ყველაფერი გაცილებით რთულია. როცა ჩემი შვილი ჩემ წინ დგას, ყოველთვის ისე მიყურებს, თითქოს უცხო ვიყო მისთვის... და ყველაზე საშინელი ის არის, რომ მართალია. ვიცი, როგორ უნდა გავუმკლავდე საფრთხეს. ვიცი, როგორ უნდა დავგეგმო ოპერაცია. ვიცი, როგორ დავიცვა სხვები, მაგრამ არ ვიცი, როგორ დაველაპარაკო მას ისე, რომ გული არ ვატკინო. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ... მე მისი არსებობა არ დამიგეგმავს. არც, უდიდესი სიყვარულის შედეგად გამიჩენია. ყველაფერი ძალდატანებით მოხდა. მგონი, ამანაც იმოქმედა ჩემს დედობრივ ემოციებზე, არ ვიცი. ხანდახან, როცა ძილს ვერ ვახერხებ, ვფიქრობ, იქნებ ჩემი არყოფნა უფრო უსაფრთხოც კია მისთვის. იქ, სადაც მე ვარ, ყოველთვის არის რისკი, შიში, სროლა... მაგრამ მერე მისი თვალები მახსენდება და ვხვდები, რომ ეს ხშირი განშორებები ჩვენს შორის უფსკრულს უარესად აჩენს და კლავს იმას, რასაც დედა-შვილობა ჰქვია. მართლა არ ვიცი, როგორ უნდა ვიყო კარგი დედა. მე ეს არ მისწავლია. არ არსებობს ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიყვარო საკუთარი შვილი ისე, რომ ამ სიყვარულმა შენი სამყარო არ დაანგრიო. მე კი, დიდი ხანია ნანგრევებში ვცხოვრობ და ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ამ ნანგრევებში მარტო არ ვარ, გეგაც ჩემთანაა... ხანდახან მგონია, რომ თვითონ მე არ ვაძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ დედობა სულით ხორცამდე შევიგრძნო და ამ გრძნობით სხვების მსგავსად მეც უზომოდ ბედნიერი ვიყო... მახსოვს, იმ დღეს საველე მსახურებიდან ვბრუნდებოდი. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავებული: უღიმღამო და ჩუმი. ისევ მალე გაქცევის სურვილით ვიყავი შეპყრობილი და უწადინოდ შევაღე საკუთარი სახლის კარი. იმ წამსვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. უჩვეულო სიჩუმემ გული უცნაურად ამიჩქარა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სხეულმა ჩემზე ადრე იგრძნო საფრთხე. მერე ჩუმი, ძლივს გასაგონი კვნესა გავიგონე. წამიერად გავიყინე. ხმა ვერ ვიცანი, მაგრამ ამავე დროს ძალიან ნაცნობი იყო თითქოს. თითქოს ჩემი ნაწილი იყო, რომლისთვისაც აქამდე არასდროს მომისმენია. ნაბიჯები თავისით გადავდგი და იმ მიმართულებით წავედი, საიდანაც ხმა შემომესმა. ოთახის კარი ნახევრად ღია იყო და შიშით შევიხედე. საწოლში ლოყებაწითლებული გეგა იწვა. სველი თმა შუბლზე მიწებოდა და არათანაბრად სუნთქავდა. დამინახა და გახარებულმა ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა: _დედა... იმ ერთ სიტყვაში ისეთი რამ გავიგონე, რაც არც ერთ ბრძანებაში, არც ერთ ყვირილში და არც ერთ ჩხუბში არ გამიგონია და მიგრძვნია. გული თითქოს შიგნიდან ჩამომენგრა. არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი მის გვერდით. ხელებმა თავისით გაიწიეს მისკენ. თითქოს, მათ ყოველთვის იცოდნენ რა უნდა ექნათ, უბრალოდ მე არ ვუშვებდი. გავარვარებულ შუბლზე შევეხე. _დედა!.._ამჯერად უკვე მე დავუძახე დედაჩემს. ქალი შეშინებული სახით შემოვარდა ოთახში. _რა სჭირს?_არაადამიანური ხმით ძლივს ამოვიხავლე. _მთელი დღეა სიცხე აქვს… ვერ დავუგდე… _მერე, ექიმს არ დაურეკე?_ხმა უკვე აღარ მემორჩილებოდა. _ზუსტად ახლა ვაპირებდი._ხელში შერჩენილი ტელეფონი დამანახა. თუმცა, მე უკვე აღარ ვუსმენდი. მხოლოდ გეგას მივჩერებოდი შიშჩამდგარი თვალებით. იმ პატარა ადამიანს, ვისგანაც გავიქეცი. ვისი არსებობაც ჩემთვის ტკივილი იყო… და ახლა?.. ახლა პირველად შემეშინდა ისე, როგორც არასდროს. წამებში მივიღე გადაწყვეტილება. უცბად დავწვდი და ხელში ავიყვანე. პატარა იყო… ძალიან პატარა, მაგრამ ამავე დროს ისეთი მძიმე, თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება მეჭირა ხელში. _არ გაბედო დანებება, გესმის?!_მგონი უფრო საკუთარ თავს ვუბრძანე. პატარა თითებით ფორმაზე მომეჭიდა. გული ძლიერად ამიცახცახდა. თითქოს, რაღაც გატყდა ჩემში… ან იქნებ, პირიქით, პირველად სწორედ მაშინ გამთელდა. იმ დღემდე მეგონა, რომ მის მიმართ არაფერს ვგრძნობდი. რომ ჩემში ყველაფერი მკვდარი იყო. მაგრამ არა... _დედა… არ წახვიდე…_ჩურჩულით მითხრა და თვალები დახუჭა. ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. მისი თხოვნა ბრძანება იყო ჩემთვის, მაგრამ ეს ერთადერთი ბრძანება იყო, რომელსაც ვერანაირად ვერ დავემორჩილებოდი. დრო მოვიდოდა და მე ისევ წავიდოდი. თუმცა, იმ წამს მაინც მივეცი პირობა, რომ მის გვერდით ვიქნებოდი. *** იმ დღიდან რაღაც აშკარად შეიცვალა ჩემში. შვილი, რომლის არსებობასაც წლებია გავურბოდი, თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემში ცხოვრობდა ჩუმად, შეუმჩნევლად და ჯიუტად. მეგონა, არ მიყვარდა. მეგონა, მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მქონდა, გარდა დანაშაულისა და გაღიზიანებისა. თურმე, უბრალოდ, ამ სიყვარულის აღიარება არ მინდოდა. ალბათ, იმიტომ, რომ მისი შეყვარება მაშინებდა. გამიგონია, ვინც გიყვარს, იმას კარგავო. მე კი ცხოვრებაში იმდენი რამ დავკარგე, ბოლოს საკუთარ თავსაც ვეღარ ვენდობოდი. მაგრამ გეგამ ყველაფერი დაუკითხავად გააკეთა. ჩემში ძალით შემოიჭრა თავისი პატარა ხელებით, სიცხისგან დაბინდული თვალებით და იმ ერთი სიტყვით, რომელმაც იმ ღამეს სუნთქვა შემიჩერა: დედა. მას მერე, როცა სახლში ვბრუნდებოდი, პირველად მის ოთახში შევდიოდი. ხშირად მძინარეს ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი პატარა ადამიანი შეიძლებოდა ასე ძლიერად ყოფილიყო დაკავშირებული ჩემთან. საშინლად მაშინებდა ეს გრძნობა. იმაზე მეტად, ვიდრე ტყვიების ხმა. იმაზე მეტად, ვიდრე ბრძანებები ან ღამის ოპერაციები... მგონი, პირველად ცხოვრებაში, რაღაცის დაკარგვის მართლა მეშინოდა. თუმცა, რომ ვფიქრობდი ჩვენი ურთიერთობა დღითი დღე შეიცვლებოდა, მწარედ ვცდებოდი. ის მართლა იცვლებოდა, მაგრამ უარესობისკენ... გეგა იზრდებოდა და მასთან ერთად იზრდებოდა მანძილიც ჩვენს შორის. პატარა ბიჭი, რომელიც სიცხისგან გათანგული ფორმაზე მეჭიდებოდა და მთხოვდა, არ წავსულიყავი, ნელ-ნელა ქრებოდა. მის ადგილს კი ჭირვეული მოზარდი იკავებდა, რომელსაც თვალებში მუდმივი ბრაზი ედგა. ყველანაირად ვცდილობდი, მისთვის კარგი დედა ვყოფილიყავი, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ დედობას მე ჯართან ვასოცირებდი და ბრძანებების ენით ვცდილობდი მის დამორჩილებას. სიყვარულის გამოხატვაც კი ისე გამომდიოდა, თითქოს დავალებას ვაძლევდი. _ჭამე!... _გვიან არ დაბრუნდე!.. _გაკვეთილები მოამზადე!... _ტელეფონს უპასუხე!.. _პრობლემებში არ გაეხვიო!... და ყოველ ჯერზე, როცა ხმას ოდნავ მაინც ავუწევდი, გეგა მაშინვე ფეთქდებოდა. _შენ მე ვერ მიბრძანებ! _ჯარში არ ხარ! _ჩემი სერჟანტი ნუ გგონია თავი! და ყველაზე საშინელი ის იყო, რომ მართალი იყო. მე მართლა არ ვიცოდი, როგორ ვყოფილიყავი უბრალოდ დედა. ხანდახან ისეთი სიძულვილით მიმზერდა, სუნთქვა მიჭირდა. ერთი პერიოდი, თუ მართლა მიხაროდა სახლში დაბრუნება, ისევ გაქცევაზე მეჭირა თვალი. ერთი სული მქონდა ისევ იარაღი ამეღო ხელში და საველე მსახურებას დავბრუნებოდი... კარიერისგან განსხვავებით ვერც პირადი ცხოვრება ავიწყე. უფრო სწორად, თვითონ არ ვაძლევდი თავს ყველაფრის დავიწყების უფლებას... ჩემს გარშემო სულ კაცები ტრიალებდნენ: ბაზაზე, საველე გასვლებზე, წვრთნებზე... ყველგან მათი ხმები მესმოდა: ხარხარი, გინება, ერთმანეთის მხარზე ხელის ტყაპუნი. ზოგჯერ გულისამაჩუყებელი სცენებიც კი იყო. მაგრამ ეს სხვებისთვის. მე ყველა მათ მოძრაობაში საფრთხეს ვხედავდი. იმ საშინელი ღამის მერე ნებისმიერ მამაკაცს ისე ვუმზერდი, ყველა მათგანში პოტენციურ მოძალადეს ვხედავდი, ვისაც უბრალოდ დრო და მიზეზი სჭირდებოდა. ჩემთვის აღარ არსებობდა „უბრალოდ კარგი ტიპი“. აღარ არსებობდა ნორმალური შეხება, უწყინარი მზერა ან ხუმრობა. მეზიზღებოდა, როცა ზედმეტად ახლოს მოდიოდნენ. მეზიზღებოდა მათი სუნი: ოფლის, სიგარეტის და იაფფასიანი სუნამოს არეული სუნი, რომელიც იმ ღამის მოგონებებში მაბრუნებდა, რომელის დავიწყებაც ვერაფრით შევძელი. მეზიზღებოდა, როცა შემთხვევით მხარზე შემეხებოდნენ და მერე ვითომც არაფერიო, ისე მიღიმოდნენ. ამიტომ უფრო ცივი გავხდი და უხეშიც. ზოგს ეგონა, რომ ხასიათი მქონდა საშინელი. ზოგი იმასაც ფიქრობდა, რომ კაცთმოძულე ვიყავი. სიმართლე კი ის იყო, რომ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში ვცხოვრობდი. თუ ვინმე ზედმეტად ახლოს მოვიდოდა, პირველი მე ვკბენდი, სანამ თვითონ დამაზიანებდა. არ ვფლირტაობდი. არავის ვაძლევდი უფლებას, ჩემს შესახებ პირადი ინფორმაცია გაეგო. თუ ვინმე ზედმეტ ყურადღებას იჩენდა, ისეთი მზერით ვუყურებდი, თითქოს ადგილზე გამოვჭრიდი ყელს. და მაინც… ყველაზე უარესი ის იყო, რომ შინაგანად დაღლილი ვიყავი. ადამიანებისგან კი არა, მუდმივი შიშისგან. რაც არ უნდა ძლიერი, უხეში ან უკარება ვყოფილიყავი, სხეული მაინც იმ ღამით მომხდარს იმახსოვრებდა. სიბნელეს... დაჭერილ მაჯებს... ჰაერის უკმარისობას... და იმ საშინელ გრძნობას, როცა ხვდები, რომ შენს „არას“ საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, ახალწვეულებთანაც კი ზედმეტად შორი დისტანცია შემენარჩუნებინა. განსაკუთრებით კი კაცებთან. *** ჯერ ისევ წვიმის სუნი ტრიალებდა ჰაერში. ჩაფხუტი ოდნავ გადავიწიე უკან და რუკას ისე დავხედე. უკვე მესამე საათი იყო, რაც ამ დაწყევლილ ბორცვზე ახალწვეულებს "დავათრევდი". ნელ-ნელა ყველას ერთნაირი გამომეტყველება ესახებოდა სახეზე: დაღლა, გაბრაზება და ჩუმი პანიკა. _კიდევ ბევრი დაგვრჩა სერჟანტო?_უკანა რიგებიდან ვიღაცის საკმაოდ შეწუხებული ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას. ჩვეული მკაცრი მზერით გავხედე და საკმაოდ ხმამაღლა დავიყვირე: _თუ ერთხელ კიდევ მკითხავთ რამდენი დარჩა, გპირდებით, ამაღამ ტყეში დაგტოვებთ მგლების გამოსაკვებად. ერთი-ორმა ახალწვეულმა ჩუმად ჩაიცინა. უმეტესობამ კი თავი დახარა. აი, მაშინ შევამჩნიე პირველად. ყველა რომ ძლივს სუნთქავდა, ის იდიოტი უბრალოდ იდგა ტალახში ამოსვრილი ფორმით, დაღლილი თვალებით და მაინც ისეთი სახით მიყურებდა, თითქოს აქ ექსკურსიაზე იყო. _შენ!_თითი გავიშვირე მისკენ._სახელი! _ბაგრატი._ხმაში უცნაური სიმშვიდე ჰქონდა. _გვარი? _საჭიროა? ვიღაცამ იძულებით ჩაახველა, რათა ჩაცინება გადაეფარა. ნელა მივუახლოვდი. ძალიან ნელა. ზუსტად იმ ტემპით, რომ ყველა მიხვდა "ვიღაცას დედა ეტირებოდა". _ახლა კარგად მომისმინე, ბაგრატ!_ცივად ჩავილაპარაკე._შენ აქ არ ხარ იმისთვის, რომ ხასიათზე მომიყვანო. მე გეკითხები, შენ მპასუხობ. გასაგებია?! _გასაგებია, სერჟანტო._ზედმეტად მშვიდად მითხრა. თან ისე, რომ თავისი ცისფერი თვალები არ მოუშორებია ჩემთვის. _გვარი! _ლოლაძე. თავი დავუქნიე. _ასე უკეთესია. უკან დავბრუნდი, მაგრამ ზურგს უკან მისი ხმა შემომესმა. _თუმცა მეგობრები ბაგროს მეძახიან. ასე უფრო მოსახერხებელია. გაოცებული ნელა შევტრიალდი მისკენ. _რა თქვი? _მეგობრები ბაგროს მეძახიან... _მერე და, მე შენს რომელიმე მეგობარს ვგავარ?! _არა... ჯერ არა. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ზუსტად ისეთი, შხაპუნა წვიმის დაწყებამდე რომ იცის ხოლმე. ჩემი ჯგუფის ნახევარი ალბათ ფიქრობდა, რომ იქვე მოვკლავდი და ცოტა არ იყოს შეშფოთებულები მიყურებდნენ, მაგრამ... მოულოდნელად ცინიკურად გამეცინა. _ყოჩაღ! ჯერ სამი საათიც არ გასულა და უკვე თვითმკვლელობისკენ გაქვს მიდრეკილება! _ადაპტაციას ვცდილობ, სერჟანტო. _აქ ადაპტაციას კი არა, გადარჩენას უნდა ცდილობდე!_მისკენ წავედი და ფორმის საყელოში ჩავავლე ხელი._და კიდევ ერთი რამ "ბაგრო",_ბაგროს ზედმეტად მკვეთრად გავუსვი ხაზი._ჩემთან ზედმეტი ენის ტლიკინი აღარ გაბედო! მეგონა, შეეშინდებოდა. მინიმუმ, შეცბებოდა მაინც, მაგრამ ის ისევ იმ მშვიდი გამომეტყველებით მიყურებდა და ნერვებს მიშლიდა. _გასაგებია?!_უფრო ავუწიე ხმას. _გასაგებია, სერჟანტო. _ძალიან კარგი! როცა გინდა გამოგდის!_ხელი ვკარი და უკან დავიხიე._ ყველამ მომისმინეთ! ათ წუთში ბანაკთან თუ არ იქნებით, ღამეს აქ გაათევთ! არავინ ჩამორჩეს! ცოცხლად! ჯგუფი დაიძრა. ყველა წინ წასვლას ცდილობდა. ის კი, ყველაზე ბოლოს მოდიოდა. თან ისე ნელა, თითქოს სკვერში დასეირნობდა. წვიმამ სრულად მაშინ გადაიღო, ბანაკის განათებებმა ხეებს შორის ალექსანდრიის შუქურასავით რომ გამოანათა. ახალწვეულების ნახევარი ფეხზე ძლივს იდგა და ერთმანეთს დიდი ძალისხმევით მიათრევდნენ. ტალახში ამოსვრილი ფორმები, დაღლილი სახეები და ჩუმი გინება ერთმანეთში ირეოდა. წინ მივდიოდი, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ ჯგუფი დაშლის პირას იყო. _ხუთ წუთში ადგილზე იქნებით!_ყველას გასაგონად ხმამაღლა დავიყვირე._იარაღს გაწმენდთ, აღჭურვილობას დაალაგებთ და თუ გაგიმართლათ, ორი საათი მაინც დაიძინებთ! ვიღაცამ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა. _ვინც ახლა გმინვას დაიწყებს, პირადად მე მივაბამ ხეზე და აქვე დავტოვებ! წამებში ჩამოვარდა სიჩუმე. კმაყოფილმა გადავხედე ჯგუფს და სწორედ მაშინ მოვკარი ისევ თვალი. სხვებისგან განსხვავებით საერთოდ არ წუწუნებდა და არ ცდილობდა ჩემთვის თვალის არიდებას. ჩანთა ერთი მხრით ეკიდა და ისეთი სახით მოდიოდა, თითქოს საღამოს გასეირნებიდან ბრუნდებოდა. სასწაულად მიშლიდა ნერვებს! ბანაკში მისულებს სწრაფად მივეცი დავალებები. ზოგი შეშის მოსატანად გავუშვი, ზოგი წყლისთვის, ნაწილი კი ღამის მორიგეობაში ჩავწერე. _ლოლაძე!_ხმამაღლა დავუძახე. _აქ ვარ, სერჟანტო. _პირველი პოსტი შენი იქნება. ჩრდილოეთის მხარე. ორი საათი. მხოლოდ რამდენიმე წამით მიყურა ჩუმად. მერე კი, გაუკვირდა: _ეს დასჯაა თუ პრივილეგია? გვერდით მდგომმა ახალწვეულმა სიცილი ძლივს შეიკავა. ნელა მივუახლოვდი. _შენი პრობლემა იცი რა არის ლოლაძე?_მკაცრად გამოვცერი კბილებში._ზედმეტად ბევრს ლაპარაკობ! _ვცდილობ ნერვიულობა საუბრით შევამცირო, სერჟანტო. _და შენ ნერვიულობ?_ცინიკურად ჩავიცინე. _თქვენთან? კი, ცოტათი. ეს იდიოტი აშკარად თვითგადარჩენის ინსტინქტის გარეშე იყო დაბადებული. _პოსტზე დაგაგვიანდება, ლოლაძე! _უკვე მივდივარ, სერჟანტო._მხარზე იარაღი გადაიკიდა და ტყისკენ წავიდა. უნებლიეთ თვალი გავაყოლე. თუმცა, მალევე მოვეგე გონს და საკუთარ თავს შევუკურთხე გუნებაში. *** ღამე ნესტიანი და უჩვეულოდ ცივი იყო. ბანაკის უმეტესობას უკვე ეძინა. მხოლოდ ცეცხლის ჩუმი ტკაცუნი და შორიდან ქარის ხმა ისმოდა. ქურთუკი უფრო მჭიდროდ მოვიხვიე და პოსტების შესამოწმებლად გავედი. პირველი ორი ახალწვეული ნახევრად ჩაძინებული დამხვდა. მესამე ჩემს დანახვაზე ისე შეხტა, კინაღამ იარაღი გაუვარდა ხელიდან. _ახლა რომ ბრძოლის ველზე ყოფილიყავი, ჩათვალე, მტერი გაგანადგურებდა!_დამაჯერებლად შევახსენე, თუ რა შეიძლებოდა მოსვლოდა და გზა განვაგრძე. ჩრდილოეთის მხარეს რომ მივუახლოვდი, ბაგრო შევნიშნე. იდგა. მართლა იდგა და არ ეძინა. უბრალოდ ხეს მიყრდნობოდა და ტყის სიღრმეს ჩაფიქრებული გაჰყურებდა. ნაბიჯის ხმაზე თავი ოდნავ მოატრიალა. _სერჟანტო?_ხეს მოშორდა და წელში გაიმართა. _მიკვირს, ჯერ კიდევ ცოცხალი რომ ხარ. _თავადაც მიკვირს._დავინახე, მსუბუქად რომ ჩაეღიმა. ვეღარაფერი ვთქვი და რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ტყიდან წვიმის და სველი მიწის სუნი მოდიოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მის სიახლოვეს ყოფნამ უცნაურად დამამშვიდა. ხოლო როცა ეს გავიაზრე, ზუსტად ამანვე გამაღიზიანა საშინლად. _ყველას ასე ელაპარაკებით?_გამობრუნებას ვაპირებდი, მოულოდნელად რომ მკითხა. სახე აშკარად შემეჭმუხნა. _რას გულისხმობ? _თითქოს ყველა თქვენი მტერი ყოფილიყოს. ხმაში ჩვეული სიცივე დავიბრუნე. _პოსტზე დგახარ ლოლაძე! და მე შენი სერჟანტი ვარ! კითხვების დასმის უფლება არ გაქვს! _ანუ, სწორად მივხვდი? რამდენიმე წამი უხმოდ ვუყურებდი. მერე, ნელა მივუახლოვდი. ისევ არ დაუხევია უკან და არც მზერა აურიდებია იდიოტს. _ერთ რჩევას მოგცემ!_საკმაოდ მკაცრად ვუთხარი._ნუ ცდილობ ჩემისთანა ადამიანების გაშიფვრას! ცუდად მთავრდება, იცოდე! სიბნელის მიუხედავად მაინც შევნიშნე მის თვალებში უცნაური გამომეტყველება რომ გაკრთა. _გასაგებია, სერჟანტო. გული რატომღაც უსიამოდ შემეკუმშა და ბანაკისკენ შევტრიალდი. მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე გავცლოდი. მით უმეტეს, რომ მთელი გზა ზურგით ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას. გათენებამდე ყოველთვის ერთი საათით ადრე ვდგებოდი. ეს უბრალო ჩვევა იყო და არა ბრძანება. ან, მკაცრი რეჟიმი. უბრალოდ, ძილი ოდითგანვე მიჭირდა. ტყეში ამ დროს სხვანაირი სიჩუმე იდგა. ისეთი, სადაც ყველაფერი თითქოს გაჩერებულია, მაგრამ მაინც გრძნობ, როგორ სუნთქავს მიწა, როგორ ირხევა ტოტი ქარის უხილავი შეხებით, როგორ ფხიზლობენ ჩიტები ჯერ კიდევ ჩაბნელებულ ცაში. თერმოსიდან ყავა ჩამოვისხი და კარვის შესასვლელთან დავდექი. ვარჯიშის მესამე დღე იყო და დაღლილ ჯგუფს მშვიდად ეძინა. არ ეძინა მხოლოდ ბაგროს. ბანაკის განაპირა კუთხეში ოდნავ მოხრილი ზურგით იჯდა, ხელში ფურცელი ეჭირა და ალბათ კითხულობდა. (ან წერდა). ფანარი არ ჰქონდა, მაგრამ გამთენიის ცის მოლურჯო შუქზე საკმარისი ჩანდა მისთვის. ყოველთვის ვამჩნევდი ადამიანებს, ვინც ამ საათებში ფხიზლობდა. ჩვეულებრივ, ისინი ორ კატეგორიად იყოფოდნენ: ვინც დარდობდა და ვინც ფიქრობდა. განსხვავებას მათ თვალებში ვხედავდი. იმ წამს კი ბაგროს თვალები ვერ დავინახე. თავი ისე ჰქონდა დახრილი, თითქოს არც უნდოდა რომ დამენახა. მგონი, ზუსტად ეს არ მომეწონა და მასთან მივედი. _შენი მორიგეობა არ არის. რატომ არ გძინავს? თავი ოდნავ ასწია და ისე ამომხედა. დღის შუქზე მისი თვალები უფრო ღია ცისფერი იყო. იმ წამს კი მუქი მეჩვენა. _ადგილს რომ ვიცვლი, დაძინება მიჭირს._მივხვდი, ალალად რომ აღიარა. მის გვერდით ჩამოვჯექი. დაახლოებით, ერთი მეტრის მოშორებით, ისე რომ სიახლოვე შემაწუხებელი არ ყოფილიყო. _ხელში რა გაქვს?_დავინტერესდი. _წერილს ვწერ._ისევ ალალად მიპასუხა. _ვისთვის?_მგონი სულში ავუფათურე ხელები. _ჯერ არ ვიცი. დავიბენი. _ეგ ახალი ჟანრია, თუ შენი სტილი?_ცინიკურად გამეღიმა. _ზოგჯერ ადამიანმა თავიდან საერთოდ არ იცის ვისთვის წერს. უბრალოდ, მერე ხვდება. მეც მოგვიანებით გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს. წუთიერი სიჩუმე ჩამოვარდა. ისეთი, რომლის ამოვსების სურვილიც არ მქონდა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვისხედით ასე. ცა ნელ-ნელა ნათდებოდა. ტყე იღვიძებდა. _სერჟანტო. _გისმენ._ინტერესით შევხედე ლაჟვარდოვან ცისფერ თვალებში. _თქვენ რატომ არ გძინავთ? კითხვა მარტივი იყო. პასუხი არა. _ჩვევაა._ისევ საკმაოდ ცივად და მშრალად ვუპასუხე. პირდაპირ დაუფარავად მომჩერებოდა. ისე, როგორც გუშინ. მაგრამ გუშინ მის მზერაში გამოწვევა იყო თითქოს. ახლა კი, რაღაც სხვა. მგონი, ნამდვილი ინტერესი. ავდექი. _ნახევარ საათში ყველა ფეხზე იყოს, მთაში მივდივართ!_ჩემმა ხმამ ჩვეული სიმკაცრე დაიბრუნა. კარავში შევბრუნდი. გული რატომღაც ზედმეტად სწრაფად მიცემდა და ნელ-ნელა ვხვდებოდი რატომაც. ეს კი ყველაფერზე მეტად მაშინებდა. *** საწრთვნელი დღის ბოლოს მთიდან ვბრუნდებოდით. წვიმამ გზა მთლიანად ტალახად აქცია. ფორმა ყველას სველი გვქონდა, ბათინკებშიც წყალი გვედგა. მთელი ჯგუფი ისე იყო დაღლილი, ხმას აღარავინ იღებდა. მოულოდნელად დაღმართზე ფეხი დამიცურდა. ყველაფერი კი თვალის დახამხამებაში მოხდა: ვიღაცამ მკლავში მტაცა ხელი, რომ არ წავქცეულიყავი. მთელი სხეული გამეყინა. ჰაერიც აღარ მეყო თითქოს. მალევე აღვიდგინე წონასწორობა და კინაღამ სახეში დავარტყი ჩემს მშველელს. _ხელი გამიშვი!_კბილებში ისე გამოვცერი, პირი არ გამიღია, მხოლოდ ტუჩები ავამოძრავე. ბაგრომ მაშინვე გამიშვა ხელი. არც კი გაბრაზებულა... _კარგი, სერჟანტო._ეს თქვა მხოლოდ და მორჩა. მაგრამ ზუსტად ეგ „კარგი სერჟანტო“ მიტრიალებდა მთელი გზა თავში. იმიტომ, რომ მის თვალებში ერთი წამით წყენა დავინახე. არა საკუთარი თავმოყვარეობის გამო, არამედ თითქოს მართლა არ უნდოდა ჩემი შეშინება. იმ ღამით ვერ დავიძინე. აღარ წვიმდა. მხოლოდ მსუბუქი ქარი ეხეთქებოდა კარვის ტენტს და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი ტყე ჩუმად სუნთქავდა ჩემ გარშემო. სხვებს ეძინათ. ზოგის მძიმე სუნთქვა ისმოდა, ზოგიც ძილში რაღაცას ბურტყუნებდა, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი შორეული იყო. მარტო ჩემი გულისცემა მესმოდა: არეული, გაღიზიანებული და აუხსნელად მძიმე. მკლავი მეწვოდა, იქ სადაც ბაგრო შემეხო. მგონი სასაცილოც კი იყო. ტყვიის ხმას არ ვუფრთხოდი. სიბნელეში მარტო სიარულის არასოდეს მეშინოდა. დაჭრილებს ხელით ვათრევდი სისხლში ამოსვრილი, მაგრამ ვიღაცის ჩვეულებრივ შეხებას შეეძლო ჩემთვის მთელი სხეული ისე დაეძაბა, თითქოს ისევ იმ ღამეში მაბრუნებდა, რომლის დავიწყებასაც ამდენი წელი ვცდილობდი უშედეგოდ. ყველაზე მეტად მაინც საკუთარი თავი მაღიზიანებდა, რადგან იმ წამს ლამის ბაგროს დავარტყი ინსტინქტურად. და მაინც… მის თვალებში შიში არ დამინახავს. არც ბრაზი. არც ის სულელური კაცური თავმოყვარეობა, რომელსაც მიჩვეული ვიყავი. მხოლოდ წყენა. თითქოს, გულწრფელად ეწყინა, რომ შემაშინა. ამას ისიც ემატებოდა, რომ არ ვიცოდი, რატომ ვერ ვიშორებდი თავიდან მის იმ ჩუმ „კარგი, სერჟანტოს“. სხვას ალბათ გაეცინებოდა. ერთი ჩვეულებრივი სიტყვა იყო, მაგრამ ჩემთვის უცნაურად ჟღერდა. თითქოს ჩემს საზღვრებს პატივს სცემდა. ასეთ ხალხს შეჩვეული არ ვიყავი. ადამიანები ყოველთვის ძალით ცდილობდნენ ჩემამდე მოსვლას. ან საერთოდ არ მოდიოდნენ. შუაში გაჩერება არავინ იცოდა. ბაგრო კი… გაჩერდა. არ მოუთხოვია ახსნა-განმარტება. არ უჩხუბია. არც თავის დასაცავად გაუღიმია. უბრალოდ ხელი გამიშვა... მგონი, ყველაზე მეტად მისი თვალების შემეშინდა, რადგან იქ საკუთარი თავი ისეთი დავინახე, როგორიც არ მინდოდა რომ ვყოფილიყავი: აღრენილი და უბრალო მზრუნველობაზეც კი თავდასასხმელად გამზადებული. თვალები ძლიერად დავხუჭე, მაგრამ მაინც ისევ ის წამი მედგა თვალწინ: ტალახი, წვიმა, მისი ძლიერი ხელი ჩემს მკლავზე და ზედმეტად მშვიდი ხმა_„კარგი, სერჟანტო.“ ყველაზე მძიმე მაინც წრთვნის ბოლო დღე იყო. დილიდანვე ძლიერად ქროდა ქარი და ხმელ ფოთლებს პირდაპირ სახეში გვაყრიდა. ახალწვეულებს საქმეს ურთულებდა, ნორმალურად ვარჯიშის საშუალებას არ აძლევდა. კარვები გამუდმებით ჭრიალებდნენ და ისეთ უცნაურ ხმას გამოსცემდნენ, თითქოს ტყეში ვიღაც ჩურჩულებდა. ამ ქარს ერთი პლიუსი მაინც ჰქონდა: საღამომდე სველი ნიადაგი ისე გამოაშრო, იფიქრებდით, იმ ორი დღის განმავლობაში ციდან წვეთიც არ ჩამოვარდნილაო. ტალახიც გამაგრდა და ბათინკები აღარ გვეფლიბოდა. ამ მხრივ ცოტა ამოვისუნთქეთ, მაგრამ დაღლილობა მაინც ყველას ემჩნეოდა სახეზე. ზოგადად, ბოლო დღე მაინც ყველაზე რთულია. სხეული უკვე გამოფიტულია, გონება კი მხოლოდ ბაზაზე დაბრუნებას ფიქრობს. _სერჟანტო, თქვენთან საუბარი შეიძლება? ხმა მაშინვე ვიცანი და ახედვა დავაგვიანე. ისეთი სახე მქონდა, თითქოს მნიშვნელოვან დოკუმენტებს ვათვალიერებდი. არა და, სინამდვილეში უაზროდ დავყურებდი. წუხანდელი ამბის მერე მაქსიმალურად ვარიდებდი თავს. მრცხვენოდა ჩემი საქციელის გამო და თვალს ვერ ვუსწორებდი. მას ხომ მხოლოდ ის უნდოდა, რომ არ წავქცეულიყავი? _თუ ოფიციალურია კი და თუ სისულელე, დრო არ მაქვს._როგორც იქნა ავხედე. ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა _მაშინ ოფიციალურად გეუბნებით, რომ სამი ღამეა ნორმალურად არ გიძინიათ. _ჩემს ძილს შენ აკონტროლებ ლოლაძე?_საკმაოდ ცივად ვკითხე და მეტი ეფექტისთვის წარბი ავზიდე. _არა, სერჟანტო. მაგრამ, მკვდარს უფრო ჯანსაღი ფერი აქვს, ვიდრე თქვენ. ინსტიქტურად მაგიდაზე დადებულ ჩემ ტელეფონის ეკრანს დავხედე. მინდოდა იქ არეკლილი ჩემი ორეული დამენახა, მაგრამ ისე იდო, ვერ დავინახე. _ჩემი ფერი არ მოგწონს ლოლაძე?_ფეხზე წამოვდექი. _უბრალოდ, დასვენება გჭირდებათ სერჟანტო._ეს მითხრა, გატრიალდა და წავიდა. ვერც იმ ღამით დავიძინე. უფრო სწორად, არ დავიძინე. მთელი საღამო ბაგროს სიტყვები მიტრიალებდა თავში და კოფეინივით მაფხიზლებდა. ასე მეგონა, თუ თვალს დავხუჭავდი, გამოვიდოდა, რომ მართალი იყო და ეს არ მინდოდა. მერემდენე ჭიქა ყავა დავლიე, სათვალავი ამერია უკვე. თუმცა, ამდენი ღამის უძილოს კოფეინი დიდი ხანით აღარ მოქმედებდა. რაღაც ისეთი მჭირდებოდა, რაც ამ ერთ ღამესაც მაფხიზლებდა. მედპუნქტიდან წამოღებული ამპულა რამდენჯერმე შევატრიალე ხელში. დაღლილ ჯარისკაცებს გარკვეული პერიოდი ენერგიით ავსებდა და მეც მიშველიდა ალბათ... მაგრამ ბოლოს მაინც გადავიფიქრე და მაგიდაზე დავდე. კარვიდან გავედი. ისევ ძლიერად უბერავდა ქარი და ხმელ ტოტებს უმოწყალოდ ამტვრევდა. შორს არ წავსულვარ. პატარა კუნძი მოვძებნე და ზედ ჩამოვჯექი. მოულოდნელად თვალები ამეწვა. მალევე მივხვდი, რომ კვამლის ბრალი იყო და მაშინვე წამოვხტი. დაფეთებულმა ტყისკენ გავიხედე. სულ რაღაც ოც მეტრში ხეებს შორის წითლად კიაფობდა ალი. _ხანძარია! ცოცხლად!_ხმამაღლა ვიყვირე და რომელიღაც კარავში გიჟივით შევვარდი ცეცხლმაქრისთვის. ყველაფერი წამებში აირია. კარვიდან გამოვვარდი თუ არა, ისევ ვიყვირე. _წყალი მოიტანეთ! სწრაფად!_და პირდაპირ ცეცხლისკენ გავიქეცი. თან, გზადაგზა ახალგაღვიძებულ შეშფოთებულ ახალწვეულებს მითითებებს ვაძლევდი._კარვები გაწიეთ!.. შორს არ გაიფანტოთ!.. მალე ყველამ გაიღვიძა. მათი ხმები ერთმანეთში აირია. ზოგი პანიკას ძლივს აკონტროლებდა. ზოგი წყლის ბიდონს ეძებდა, ზოგი მიწას თხრიდა და იმას აყრიდა ქარის წყალობით გაძლიერებულ ცეცხლს. ზოგიც უბრალოდ დაბნეული იდგა და შეშინებული გვიყურებდა. მხოლოდ რვა წუთი გასტანა ხანძარმა, მაგრამ იმ რვა წუთში დრო საშინლად გაიწელა. ალი ხეებს ქვემოდან უვლიდა, ხმელ ტოტებს ხარბად ჭამდა და ყოველ ახალ ნაპერწკალს ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს რაღაც სკდებოდა. ერთ-ერთ კარავს ცეცხლი მოედო. _უკან დაიხიე!_ვუყვირე ვიღაცას და თავად გავვარდი წინ. ტენტი ხელით ჩამოვგლიჯე, სანამ ცეცხლი მთლიანად მოედებოდა. სიცხემ სახე ამიწვა, კვამლმა კი თვალები, მაგრამ გაჩერების დრო არ იყო. გვერდით ვიღაც ამომიდგა და ცეცხლმაქრი მიუშვირა აბრიალებულ ტენტს. ბაგრო იყო. _მარცხენა მხარეს გაუყევი!_დავუყვირე თუ არა, მაშინვე დამემორჩილა. იმ მომენტში ის აღარ იყო ახალწვეული. არც ის ბიჭი, ვინც გამთენიისას წერილებს წერდა. ის იმ მომენტში ისეთი უშიშრი იყო, თითქოს ქაოსშიც კი მშვიდად შეეძლო სუნთქვა. ბოლო ცეცხლის კერა რომ ჩავაქრეთ, მხოლოდ მაშინ მივხვდი, როგორ ძლიერად მიკანკალებდა ხელები. ჰაერი კვამლით იყო გაჟღენთილი. სახე ყველას ჭვარტლით ჰქონდა დასვრილი. ვიღაც ახველებდა. ვიღაც ნერვიულად იცინოდა მხოლოდ იმის გამო, რომ ყველაფერი დასრულდა. ბაგრო ისევ ჩემთან მოვიდა და გვერდით დამიდგა. _სერჟანტო._შეშფოთებული ხმა ჰქონდა. _რა მოხდა?_მეც შეშფოთებულმა შევხედე. _თქვენი ხელი. უსიტყვოდ დავიხედე. მარჯვენა ხელი დამწვოდა. ალბათ, კარვის ტენტის ჩამოხევისას. კანი გადამძვრალი მქონდა და სისხლი ზოლებად ჩამომდიოდა მაჯაზე. არც კი მიგრძვნია. _არაფერია._გულგრილად ჩავილაპარაკე. _მაჩვენეთ._ხელზე შეხება სცადა. _გითხარი, არაფერია-მეთქი!_ზედმეტად ხმამაღლა და მკაცრად მომივიდა დაყვირება. უფრო, საკუთარ თავზე ვიყავი გაბრაზებული, რადგან მისი შეხების ისევ ისე მეშინოდა. შევნიშნე, როგორ დაეძაბა სახე. თუმცა, ხმისთვის ოდნავადაც არ აუწევია. _გთხოვთ, სერჟანტო, მაჩვენეთ. ჯერ თქვენ უნდა იყოთ კარგად, რომ ჩვენზე ისე იზრუნოთ. უსიტყვოდ შევხედე. _ხელი მომეცი._ბოლოს ისეთი ტონით მითხრა, უარის თქმა გამიძნელდა. მაინც შევყოყმანდი. შეამჩნია, მაგრამ არაფერი მითხრა. უბრალოდ, ჩემ წინ იდგა და მოთმინებით მელოდა, როდის გადავდგამდი მისკენ ერთ პატარა ნაბიჯს. როგორც იქნა გავბედე და ხელი გავუწოდე. ისე ფრთხილად შემეხო, თითქოს ეშინოდა, უფრო არ ეტკინა ჩემთვის. გული უცნაურად ამიჩქარდა. არა და, აშკარა იყო, მხოლოდ ჭრილობის შეხვევა უნდოდა. სხეული ინსტინქტურად დამეძაბა და ხელი ისევ გამოვგლიჯე. _კმარა! ბაგრომ ღრმად ამოისუნთქა და დაბალი ხმით ამოიჩურჩულა. _მილა, ნუ ბავშვობ. ერთ ადგილზე გავშეშდი. მისი ხმის ტემბრით ჩემი სახელი სულ სხვანაირად ჟღერდა. ზედმეტად ახლობლურად, ზედმეტად თბილად და ზედმეტად საყვარლად. _შენთვის სერჟანტი ქობალია!_მაშინვე შევუსწორე მკაცრად. ოდნავ ჩაეღიმა. _კარგით, სერჟანტო._თითქოს, განზრახ გაუსვა სიტყვებს ხაზი._მაგრამ თქვენ სამედიცინო დახმარება გჭირდებათ და ეს ბრძანებაა. სანამ რამეს ვეტყოდი, ხელი ისევ დამიჭირა და ყველაზე ახლოს მდებარე კარავისკენ წამიყვანა. უცნაური იყო, მაგრამ მგონი ცხოვრებაში პირველად აღარ გავძალიანებივარ. კარავში შესვლისთანავე თბილი ჰაერი დამეჯახა. _დაჯექით._ისეთი ხმით მიბრძანა, ინსტიქტურად დავუჯერე. პატარა დასაკეც სკამზე ჩამოვჯექი და დამწვარი ხელი მუხლებზე დავიდე. ახლა, როცა ადრენალინი ნელ-ნელა ქრებოდა, რაღაც დოზით უკვე ვგრძნობდი ტკივილს. ბაგრომ სასწრაფოდ გახსნა ჩანთა, საიდანაც აფთიაქის ყუთი ამოიღო და მომიახლოვდა. ჭრილობა ფარნის შუქზე დაკვირვებით შემითვალიერა. დავინახე სახე როგორ შეეცვალა. _ეს არის თქვენი „არაფერი“?_ხმაც საგრძნობლად გაუმკაცრდა. _უარესებიც გადამიტანია._დავამშვიდე. _მაგიტომაც გაქვთ პრობლემები. _რაო?!_წარბები შევკარი. _ტკივილს ისე უყურებთ, თითქოს ჩვეულებრივი რამ ყოფილიყოს და მისი ატანა სავალდებულო იყოს._ბინტის მოზრდილი ნაჭერი წყლით დაასველა და ჭრილობაზე ფრთხილად დამადო. ტკივილისგან ჰაერი ხმაურით შევისუნთქე. _მოითმინეთ._ჩუმად მითხრა და შემჭვარტლული ხელის გაწმენდას შეუდგა. მისი თითოეული მოძრაობა საოცრად ფრთხილი იყო. საერთოდ არ ჰგავდა იმ უხეშ, ხმაურიან ბიჭს, რომელიც მთელი დღე სხვებთან ერთად ხუმრობდა. ფანრის შუქზე ნათლად ვხედავდი, ხელები როგორ უკანკალებდა. _ბაგრო. ინტერესით ამომხედა თავისი მომაჯადოებელი ცისფერი თვალებით. მოგვიანებით მივხვდი ამის მიზეზს: მე მას სახელით მივმართე. თანაც, იმ სახელით, მეგობრები რომ ეძახდნენ. _ახლა შენ უფრო ნერვიულობ, ვიდრე მე? მწარედ ჩაეცინა. _კინაღამ ცეცხლში შევარდით... ერთი წამით ვიფიქრე, რომ…_სიტყვა ვეღარ დაასრულა. პირველად დავინახე მის თვალებში რეალური შიში. კარავში უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა. გარეთ ისევ ქარი ქროდა. ვიღაცები დარბოდნენ. ბანაკი ჯერ კიდევ ქაოსში იყო. აქ კი, მხოლოდ მისი ხელის ფრთხილ შეხებას ვგრძნობდი, რაც გულს უცნაურად მიჩქროლებდა. _მადლობა._ჩუმად ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. თავი არ აუწევია. _დილით ბაზაზე ვბრუნდებით._ეს რატომ ვუთხარი, არ ვიცი. ეს ხომ თვითონაც მშვენივრად იცოდა? ალბათ, რამე რომ მეთქვა. მერე, შევტრიალდი და გასასვლელისკენ წავედი. _მეორედ მასეთი რამ აღარ გააკეთო._ ისეთი ხმით მითხრა, შევჩერდი. თუმცა მისკენ არ შევბრუნებულვარ. _ეს რა, ბრძანებაა?_"გავიოცე". _არა... უბრალოდ ჩემი თხოვნაა, თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებ. მგონი გული გამიჩერდა. ჰაერიც არ მეყო და უკანმოუხედავად დავტოვე კარავი. გასვლისას ისევ ცივი და ოფიციალური ხმით ვუთხარი: _დაისვენე ახალწვეულო._თუმცა, მისთვის არ შემიხედია, რადგან ვგრძნობდი, რომ სახის მიმიკებს ვეღარ ვაკონტროლებდი ისე, როგორც საჭირო იყო.. გარეთ გასულს სიცივე დამეჯახა სახეში. ფეხები ისე სწრაფად მიმარბენინებდნენ, თითქოს სადღაც მაგვიანდებოდა. სად მივდიოდი ოღონდ, არ ვიცოდი. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი, ის „გთხოვთ“, ის ფრთხილი თითები, ჩემი სახელი მის ხმაში... ყველაფერი ჩემში სადღაც ღრმად ილექებოდა. ისე ღრმად, რომ ალბათ ვეღარასდროს ამოვიღებდი... და ეს ყველაზე საშიში რამ იყო ჩემს ცხოვრებაში. *** საველე წვრთნების დასრულების მერე მეგონა ბაგროსაც დანარჩენებივით დავივიწყებდი. უბრალოდ, ერთი ახალწვეული იყო: ზედმეტად ჯიუტი, ენამწარე და საეჭვოდ მშვიდი, ვისაც ბრძანების მოსმენა არ უყვარდა. თავიდანვე ნერვებზე მშლიდა. ზედმეტ კითხვებს სვამდა, ზედმეტად პირდაპირ მიყურებდა და ყველაზე გამაღიზიანებელი რაც იყო, საერთოდ არ ეშინოდა ჩემი. ადამიანები ჩვეულებრივ მერიდებოდნენ. ჩემი მზერაც კი საკმარისი იყო, რომ ხმა ჩაეგდოთ, ან გვერდი აევლოთ. ბაგრო კი ისე მიყურებდა, თითქოს ჩემი უხეშობის მიღმა რაღაც სხვას ხედავდა. თითქოს იმ კედელს, რომელსაც წლები ვაშენებდი, საერთოდ ვერ ამჩნევდა და ზუსტად ეს მაღიზიანებდა. უფრო სწორად, მაშინ ვფიქრობდი ასე. იმ საღამოს საწყობში მარტო ვიჯექი. ბაზაზე სრული სიმშვიდე სუფევდა. მხოლოდ გენერატორის ზუზუნი და ძლიერი ქარის ხმა მირღვევდა მყუდროებას. ჩემთვის მშვიდად ვიჯექი და იარაღების სერიებს ვამოწმებდი. მესამე ყავა მედგა გვერდით. უკვე ისეთი მწარე იყო, რომ მგონი საღებავის გამხსნელიც კი აჯობებდა გემოთი. წლების განმავლობაში ძილი ჩემთვის ფუფუნება იყო. კარის ჭრიალის ხმაზე თავი არც კი ამიწევია. _რა გინდა?_იმით უკმაყოფილომ, რომ მყუდროება დამირღვიეს, ისე ჩავიბურტყუნე, თავი არ ამიწევია. მეგონა ისევ დარაჯი იყო. _დამსაჯეს. ხმა მაშინვე ვიცანი. ამიტომ უფრო უკმაყოფილო ტონით ვკითხე: _შენ საერთოდ ნორმალურად რამის კეთება შეგიძლია?_თან ცივი მზერით შევათვალიერე. ხელში მოზრდილი ყუთები ეჭირა. ისეთი სახე მიიღო, მგონი სერიოზულად დაფიქრდა პასუხის გაცემის წინ. _რა თქმა უნდა სერჟანტო. ყველაზე ნორმალურად ძილი შემიძლია. უნებურად გამეღიმა. თუმცა, მალევე დავალაგე სახე და ფურცლებს დავუბრუნდი. ბაგრო ჩემს მოპირდაპირედ დაჯდა. ყუთები გახსნა და იარაღების წმენდა დაიწყო. კარგა ხანს ვისხედით ჩუმად. არა და, კაცების გვერდით ყოველთვის მზად ვიყავი თავდასაცავად. ყოველთვის დაჭიმული მქონდა სხეული, თითქოს ნებისმიერ წამს ბრძოლა უნდა დამეწყო. ამასთან კი, უბრალოდ ვიჯექი და ეს უკვე უცხო იყო ჩემთვის. _სერჟანტო..._ბოლოს, როგორც იქნა პირველმა მან დაარღვია დუმილი. გაოცებულმა შევხედე, მჭიდს აუჩქარებლად რომ ათამაშებდა თითებში. თითქოს, ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა სათქმელი. _გისმენ... რიგითო._შევაგულიანე. _სერჟანტო... მაინტერესებს... ოდესმე ნორმალურად იღიმით? შევკრთი. მომენტალურად წარბი ავზიდე. _შენ ოდესმე ჩუმდები?_ხმას ჩვეული ცივი ტონი შევძინე. ჩაეცინა. ღმერთო, როგორ მიშლიდა ნერვებს მისი ეს უწყნარი სიცილიც კი... ამის მერე უკვე, თითქოს განგებ ვხვდებოდით ერთად: საწყობში, მორიგეობაზე, საველე გასვლებზე. ყოველთვის ვცდილობდი დამეიგნორებინა, მაგრამ ბაგროს იგნორირება რთული იყო. იმიტომ, რომ განსხვავებული იყო. არ მეფლირტავებოდა. თვალებით არ მაშიშვლებდა. არ ცდილობდა ჩემთვის თავის მოწონებას. უბრალოდ, ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. თუ მთელი დღე მშიერი ვიყავი, საიდანღაც ერთ ფილა შოკოლადს აჩენდა. თუ გადაღლილი ვიყავი, ერთ ქილა ენერგეტიკულის... და თუ ღამის მორიგეობაზე ვიყინებოდი, უხმოდ ტოვებდა სავსე თერმოსს ჩემ გვერდით. ერთხელ სერიოზულად ვკითხე: _ამას რატომ აკეთებ? _რას?_ვითომ ვერ მიმიხვდა. _აი ამას._თერმოსზე ვანიშნე._ზედმეტად კეთილი ნუ ხარ. ჩემსავით ასწია წარბი. _ყავა მოგიტანე, თირკმელი კი არ გაჩუქე. უნებურად გამეცინა. იმ წამს ისეთი სახით მომაჩერდა, თითქოს რაღაც სასწაული დაენახოს. _მშვენიერი სიცილი გქონია._გაოგნებულმა ამოიჩურჩულა. სიცილი მაშინვე ჩამომერეცხა სახიდან. ზუსტად ეს იყო პრობლემა. კაცები ყოველთვის ასე იწყებდნენ: ჯერ მშვიდად, მერე თითქოს შემთხვევით, მერე ერთი სიტყვით, ერთი მზერით, ერთი კომპლიმენტით... წარბები ისევ საავდრო ღრუბელივით შევყარე და თერმოსს ხელი ძლიერად მოვუჭირე. _არ დაიწყო!_ხმა საკმაოდ მკაცრი მქონდა. _რა არ დავიწყო?_აშკარად მიამიტურად გაიოცა. _ეგ თამაში._მოკლედ მოვუჭერი._საყვარელი სიტყვები, ვითომ შემთხვევითი კომპლიმენტები… არ მაინტერესებს! რამდენიმე წამი ხმა არ ამოუღია. უბრალოდ მიყურებდა. მერე ჩუმად ჩაილაპარაკა. _შენთან საუბარი მართლა დანაღმულ ველზე სიარულს ჰგავს. _მაშინ მომშორდი!_საკმაოდ უხეშად ვუყვირე. მართალია, თითქმის მაშინვე ვინანე, მაგრამ უკან დახევა აღარ მინდოდა. ბაგრომ თვალი გამისწორა. _არ ვფლირტაობდი, სერჟანტო. _ყველა ამას ამბობს! _კი, მაგრამ...მე ყველა არ ვარ. მისმა ტონმა ისევ გამაღიზიანა. ზედმეტად მშვიდი იყო. თითქოს საერთოდ არ აპირებდა გაბრაზებას და ეს უფრო მოქმედებდა ჩემს ნერვებზე. თერმოსი მის წინ ხმაურით დავდგი. _მისმინე, ბაგრატ! თუ გგონია, რომ ორი ყავით და ენერგეტიკულით ჩემს გულს მოიგებ, არასწორ მისამართზე მოსულხარ! ამჯერად აშკარად ეწყინა. თვალებში წამიერად გაუკრთა რაღაც, მაგრამ სწრაფადვე დამალა. _შენზე შთაბეჭდილების მოხდენას არ ვცდილობ... _მაშინ რატომ დამყვები უკან?!_ჩვეულმა მილამ იფეთქა ჩემში. _იმიტომ, რომ... ყოველთვის მარტო ხარ. სიტყვები იმდენად ზუსტად მომხვდა გულში, რომ წამიერად პასუხიც კი ვერ გავეცი. მეზიზღებოდა, როცა ადამიანები ჩემში რაღაცას ამჩნევდნენ. _და კიდევ იმიტომ სერჟანტო, რომ როცა იღიმი, ისეთი სახე აღარ გაქვს, თითქოს მთელ სამყაროს ებრძვი. სუნთქვა შემეკრა. _და შენ რა იცი, რას ვებრძვი?_უარესად გავბრაზდი. _არ ვიცი._ჩვეული სიმშვიდით მითხრა._მაგრამ ვინც ასე დადის, რაღაცას ყოველთვის ებრძვის. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მერე, ნერვიულად ავიღე თერმოსი და ხელში მივაჩეჩე. _აღარ მომიტანო არაფერი! მხოლოდ წამიერად დაიბნა. _კარგი, სერჟანტო._თერმოსი გამომართვა და წავიდა, მაგრამ მისი ტონიდან გამომდინარე მივხვდი, რომ დანებებას საერთოდ არ აპირებდა. **** ყველაზე ცუდი მაინც ღამის მორიგეობები იყო. დღისით ყოველთვის რაღაცაზე მქონდა ყურადღება გადატანილი: ბრძანებები, ხმაური, ვარჯიში, ხალხი... ღამე კი მარტო ვრჩებოდი იმ ფიქრებთან, რის დავიწყებასაც მთელი დღე ცდილობდი. იმ ღამით ტყის პერიმეტრზე ვიდექით. ჰაერი ცივი იყო. ისეთი ცივი არა, ძვლებში რომ ატანს. უფრო ისეთი, ფხიზლად რომ გამყოფებს ადამიანს. ქარი ხეებს შორის დაძვრებოდა და დროდადრო ისეთ ხმას გამოსცემდა, თითქოს სადღაც შორს მგლები ყმუოდნენ. რა თქმა უნდა ბაგრო ჩემს გვერდით იდგა. ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩამალული და წინ იყურებოდა. სხვები ღამის მორიგეობაზე ნერვებს მიშლიდნენ... ან, ზედმეტს ლაპარაკობდნენ... ან, ტელეფონს ამოწმებდნენ... ან, წუწუნებდნენ, კიდევ რამდენი საათი დარჩა გათენებამდეო. ბაგრო კი უბრალოდ იდგა. თანაც ისე მშვიდად, რომ ეს ცალკე მოქმედებდა ჩემს ნერვებზე. თითქმის ერთი საათი სრულ სიჩუმეში გავატარეთ. მერე კი, მოულოდნელად მკითხა: _მაინტერესებს, ყოველთვის ასეთი გაბრაზებული ხარ? _მთელი ცხოვრება!_მაშინვე მივახალე. ჩვეულებრივი პასუხი იყო. ავტომატური. ისეთი, ყველასთვის რომ ვიმეტებდი, ვინც ზედმეტად ახლოს ცდილობდა ჩემთან მოსვლას. ბაგროს ჩაეღიმა. _არ მჯერა. რატომღაც მგონია, რომ არის მომენტები, როცა ხალისიანი და ლაღი ხარ... როცა სიცოცხლე გიხარია. შევკრთი. მისმა ნათქვამმა სერიოზულად დამაფიქრა. მგონი, პირველად ხდებოდა, რომ ვიღაც ისე არ მიყურებდა, თითქოს უბრალოდ ცუდი ხასიათის მქონე ადამიანს. თუმცა, არც ეს მომეწონა. ეს ბიჭი ჩემში იმას ამჩნევდა, რის დამალვასაც მე ყველაზე მეტად ვცდილობდი. სიგარეტი ამოვიღე მხოლოდ იმისთვის, რომ ხელები რამით დამეკავებინა. ასანთს რამდენჯერმე გავკარი, სანამ ავანთებდი, მაგრამ ქარმა მაშინვე ჩამიქრო. _ჯანდაბა…_ გაგულისებულმა ჩავიბურტყუნე. _კარგიცაა._ბაგრომ სიგარეტი წამართვა და წკიპურტით მოისროლა._კოლოფზე გარკვევით აწერია რომ "მოწევა კლავს". ვხვდებოდი, რომ მის გვერდით ყოფნა ნელ-ნელა სიმშვიდეს მგვრიდა. ზოგჯერ საკუთარ თავს იმაში ვიჭერდი, რომ ჩემდა უნებურად თვალებით ვეძებდი: სასადილოში, საწვრთნელ მოედანზე, იარაღების საწყობთან. ხან, უბრალოდ შემთხვევით ვამოწმებდი, იქ იყო თუ არა. ხან თავს ვაჯერებდი, რომ მისი ჯგუფი მაინტერესებდა. ხან კი, მიზეზსაც აღარ დავეძებდი. თუ სადმე ახლოს იყო, უცნაურად მშვიდად ვიყავი. თითქოს სხეული თავისით დუნდებოდა. თითქოს მუდმივად დაჭიმული ნერვები ცოტა ხნით ისვენებდა. მაგრამ... თუ მთელი დღე არ გამოჩნდებოდა, ყველაფერზე ვღიზიანდებოდი. ერთხელ, ერთმა ახალწვეულმა ფორმა არასწორად ჩაიცვა და ისეთი ტონით ვუყვირე, ბიჭს ფერი დაეკარგა. მარტო რომ დავრჩი, მაშინ კი მივხვდი, რომ საერთოდ სხვა რამეზე ვიყავი გაბრაზებული. მაგალითად იმაზე, რომ იმ დღეს ბაგრო არ მენახა. ეს გრძნობა საშინლად მაღიზიანებდა და არ მომწონდა, რადგან ძალიან დიდი ხნის მერე პირველად მინდოდა ვიღაცასთან ახლოს ყოფნა. უფრო სწორად კი, ეს სურვილი ნებისმიერ ბრძოლის ველზე მეტად მაშინებდა. **** ის დღე დილიდანვე ცუდად დაიწყო ჩემთვის. ბაზაზე ნამეტანი ცუდ ხასიათზე მივედი... გეგასთან საშინლად ვიჩხუბე. გაბრაზებულმა კარი ისე მოვიჯახუნე, მგონი მთელი სადარბაზო გავაღვიძე. გზაში საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ უბრალოდ გარდატეხის ასაკი ჰქონდა... რომ ბავშვები დედებს ხშირად ეკამათებოდნენ და ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო... მაგრამ გეგას ის ერთი ფრაზა გულში მწარედ მომხვდა და თავში გამუდმებით მიტრიალებდა: „შენ სახლში მხოლოდ ფორმის გამოსაცვლელად მოდიხარ!“ მინდოდა მეთქვა, რომ ყველაფერს მისთვის ვაკეთებდი... რომ ამ სამსახურის გარეშე მე ვერ გადავრჩებოდი... მაგრამ ვერაფერი ვუთხარი. რადგან ნაწილობრივ ის მართალი იყო: ბაზაზე უფრო მეტ დროს ვატარებდი, ვიდრე სახლში... რადგან დედობა არ გამომდიოდა... ამას ისიც ემატებოდა, რომ იმ დღის თარიღი მთელი ღამე აბეზარი ბუზივით მიტრიალებდა თავში. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენი წელი იყო გასული, სხეულს მაინც ახსოვდა უმნიშვნელო დეტალიც კი. ზოგი დღე კალენდარში უბრალოდ დღე კი არა, ჭრილობაა, რომელიც ყოველ წელს თავიდან იხსნება. იმ დღის ყველაზე ცუდი მხარე ის იყო, რომ მე ისევ იმ პატარა გოგოდ ვგრძნობდი თავს და არა მკაცრ სერჟანტად. არა მზრუნველ და მოსიყვარულე დედად. არა იმ ქალად, რომელმაც ამდენი წელი როგორღაც გაძლო. უბრალოდ ისევ ის გოგო ვიყავი, ვისაც ერთხელ ძალით წაართვეს უსაფრთხოების შეგრძნება და ამის დავიწყება არ შემეძლო. ბაზაზე მისულს კი სხვა პრობლემებიც დამემატა: ბაგრო იქ არ იყო. სამდღიანი შვებულება ჰქონდა. ნორმალური ადამიანი ალბათ ამას საერთოდ არ უნდა აეღელვებინა, მაგრამ მე ხომ ნორმალური არ ვიყავი? წვრთნები დილიდან დაიწყო. ახალწვეულების ახალი ჯგუფი რატომღაც მე ჩამაბარეს. არა და, ისეთ ხასიათზე ვიყავი, თუ ვინმე ზედმეტს გამიბედავდა, ნამდვილად შემომაკვდებოდა. ჩემს ჯინაზე ამ ჯგუფშიც ერია ერთი თვითკმაყოფილი იდიოტი... ლაშა. ზედმეტად თავდაჯერებული და უხეში იყო. ზუსტად იმ კატეგორიის მამაკაცთა მოდგმას მიეკუთვნებოდა, ვინც დარწმუნებული იყო, რომ თუ ქალი იყო მეთაური, მის ბრძანებებს არ უნდა დაემორჩილოს. ახალწვეულები ხაზზე მოავაწყე. უმრავლესობას ნახევრად ეძინა ისევ. ლაშაც იქ იყო თავისი სულელური თავდაჯერებული სახით. დილიდან განსაკუთრებით მაღიზიანებდა. _ყურადღება!_ ომახიანად დავიძახე და უსაფრთხოების წესები კიდევ ერთხელ გავიმეორე. ნელა და მკაფიოდ ვლაპარაკობდი სპეციაცურად, რადგან როგორც მივხვდი, ტვინის ნაცვლად მგონი ნახერხი ეყარა ლაშას თავში. _იარაღი დაცვაზე დააყენეთ! ყველამ შეასრულა ლაშას გარდა. რა თქმა უნდა, შენიშვნა მივეცი. _კუპატაძე! იარაღი დაცვაზე!!! თვალები ისე გადაატრიალა, თითქოს რაღაცას ვაიძულებდი. _მეორედ არ გამამეორებინო! _არა, სერჟანტო._რაღაც თეატრალურად ამოიოხრა და ჩემი ბრძანება უწადინოდ შეასრულა. რამდენიმე წამი თვალმოუშორებლად ვუყურებდი. არ ვენდობოდი. თუმცა, ბოლოს მაინც შევტრიალდი. შევტრიალდი თუ არა, გასროლის ხმაც გაისმა. ყველაფერი წამებში აირია. ვიღაცამ დაიყვირა, ვიღაცა ძირს დაწვა. მე კი მხოლოდ ის დავინახე, რომ ტყვია ერთ-ერთი ახალწვეულის ფეხებთან მიწაში ჩაერჭო. ჯერ შემეშინდა. მერე, სიბრაზისგან სისხლმა პირდაპირ თავში ამასხა და წამით თვალთ დამიბნელდა. ამის შემდეგ თითქოს გონება საერთოდ გამეთიშა და ლაშასთან ისე სწრაფად გავჩნდი, რომ ვერც კი გავიაზრე. იარაღი ხელიდან გამოვგლიჯე და მიწაზე დავაგდე. _ხელები უკან!_ისეთი ხმით ვიღრიალე, მთელი მოედანი გაიყინა. ლაშა გაფითრებული მიყურებდა. _შემთხვევით სერჟანტო... _შემთხვევითი გასროლა არ არსებობს!_უკვე ყველას გასაგონად ვყვიროდი ბოლო ხმაზე._არსებობს იდიოტი, რომელსაც ჰგონია, რომ წესები მისთვის არ დაწერილა! რიგითო ლაშა კუპატაძე! _დიახ სერჟანტო... _ამ მომენტიდან გერთმევა იარაღზე წვდომა! იხსნები წვრთნებიდან! ერთი კვირა იმსახურებ საწყობში და პარალელურად გაწმენდ საპირფარეშოებს! ყოველ საღამოს კი პირადად მე ჩამაბარებ უსაფრთხოების წესებს! და სანამ მე არ გადავწყვეტ, რომ ხელში იარაღის დაჭერა შეგიძლია, თითსაც ვერ დააკარებ! სახე ერთიანად გაუფითრდა. _სერჟანტო, ეს ხომ მეტისმეტია?_აღშფოთება ვერ დამალა. კიდევ უფრო მივუახლოვდი. _მეტისმეტი ის იქნებოდა, ახლა ვინმეს ტვინი რომ აგვეკრიფა მიწიდან! კიდევ გაქვს პრეტენზიები? ხმა აღარ ამოუღია. დანარჩენებიც ისე იდგნენ, სუნთქვასაც ვერ ბედავდნენ. რამდენიმე წამი ჩუმად ვუყურებდი ყველას. მერე ცივად ვთქვი: _დანარჩენები ხაზზე! ახლავე! მაშინვე დამემორჩილნენ. მე კი ზურგი ვაქციე და მოედანი ჩქარი ნაბიჯებით დავტოვე, რადგან ვგრძნობდი, რომ ნერვები დაწყვეტაზე მქონდა და სანამ მართლა ვინმე შემომაკვდებოდა, თავს ვუშველე. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ იმ მომენტში რატომღაც ბაგროზე ვფიქრობდი. ის რომ იქ ყოფილიყო, ალბათ დამამშვიდებდა... და ეს აზრი ლაშას გასროლაზე მეტად მაშინებდა. _სასიცოცხლოდ მჭირდება დასვენება!_მგონი ხმამაღლა გავიფიქრე._დღესვე დავწერ განცხადებას შვებულების თაობაზე და ლედის ვეწვევი. არ მაინტერესებს თანახმა იქნება თუ არა გეგა! მისი გაკოჭვაც რომ დამჭირდეს, გავკოჭავ და ისე წავიყვან! მართლაც, იმ დღესვე დავწერე განცხადება ათდღიან შვებულებაზე და რაც ყველაზე კარგი და გასაოცარი იყო, მეორე დღესვე მოაწერა ხელი მეთაურმა და შვებულებაც დამიმტკიცა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, თითქოს მხოლოდ ათი დღით კი არა, მთელი წლით მერგო თავისუფლება. ამას ისიც დაემატა, რომ გეგა თანახმა იყო ჩემთან ერთად წამოსულიყო მთაში დასასვენებლად. ეს უკვე ჩემი ძმისა და დედაჩემის დამსახურება იყო. არ ვიცი, როგორ დაიყოლიეს. რას შეჰპირდნენ, ან რა ულტიმატუმი წაუყენეს, მაგრამ ის თანახმა იყო. ყველაფერი ისე თავისთავად და მარტივად აეწყო, რომ ამის დაჯერებაც კი მიჭირდა. არც კი დავფიქრებულვარ იმაზე, რომ ცხოვრებაში ასე მარტივად არაფერი ხდება. ყოველ სიმსუბუქეს ხომ ბოლოს რაღაც მძიმე მოჰყვება ხოლმე ყოველთვის?.. იმ საღამოსვე ჩავალაგე ჩანთები. თუმცა, დილითვე არ წავსულვართ. დილით ჯერ მამაჩემის საფლავზე ავედი. წუხანდელი წვიმის მერე მიწას სველი ბალახის სუნი ასდიოდა. დიდხანს ვიდექი იქ, ხელები ქურთუკის ჯიბეებში მეწყო და სიტყვებს უშედეგოდ ვეძებდი. მასთან საუბარი ყოველთვის მიჭირდა ცოცხალთანაც და მით უმეტეს მკვდართან. სასაფლაოდან ისეთ დროს გამოვედი, ქალაქი რომ იღვიძებდა. ხელები საშინლად მაძრებოდს, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ციოდა. სუპერმარკეტთან გავჩერდი. აქტიური მწეველი არ ვიყავი, მაგრამ სიგარეტის ყიდვა მაინც განვიზრახე რატომღაც. სალაროსთან მდგომს მოულოდნელად ნაცნობი ხმა შემომესმა ზურგიდან. _„ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ: მოწევა ვნებს თქვენს ჯანმრთელობას.“ სუნთქვა შემეკრა და ნელა შევტრიალდი მისკენ. მართლა ის იყო. სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა და პირველად ვხედავდი ფორმის გარეშე. ჩვეულებრივი ჩანდა... და მაინც, ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვის დანახვაზეც დაძაბულობა ინსტინქტურად მომეშვა. თვითონაც გაოცებული მომჩერებოდა. _მილა... ჯანდაბა, სერჟანტო._ხელი კეფაზე ნერვიულად მოისვა ოდნავშესამჩნევად ჩაიღიმა._უცნაურია ფორმის გარეშე თქვენი დანახვა. რამდენიმე წამი უხერხულად ვიდექი და უსიტყვოდ შევყურებდი. მერე, მაინც ვიყიდე სიგარეტი და ქუჩაში გამოვედით. _კარგად ხარ?_მანქანის კარს ხელი რომ წავატანე, შემაჩერა და თვალებში ინტერესით ჩამხედა. ზოგჯერ ადამიანს საერთოდ არ უნდა ჰკითხო ეს. მხრები უაზროდ ავიჩეჩე. ერთ ხანს ჩუმად მიყურებდა. თითქოს, ჩემს სულში შემოღწევას ცდილობდა. მერე კი, ძალიან მშვიდად მკითხა: _ყავას დალევ? უფრო თხოვნასავით ჟღერდა მისი ეს უწყინარი კითხვა. უარი უნდა მეთქვა. სწორედ ეგ იქნებოდა სწორი პასუხი, მაგრამ... თავი დავუქნიე რატომღაც. პატარა, თითქმის ცარიელ კაფეში შევედით და ფანჯარასთან დავსხედით. ბაგრო ბევრს არ ლაპარაკობდა და იმ წამს ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. უბრალოდ ჩემ წინ იჯდა. ზოგჯერ რაღაც უმნიშვნელოს ამბობდა. ზოგჯერ ჩუმად ვისხედით და ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი, რომ შიგნიდან აღარ ვიშლებოდი. კაფედან მალე გამოვედით. წინ შორი გზა მელოდებოდა გეგასთან ერთად და არ მინდოდა დამეგვიანა. ჩემს მანქანამდე უხმოდ მივედით. როცა გავჩერდით, ვიგრძენი, რომ ეს ნახევარსაათიანი განტვირთვა ნამდვილად მჭირდებოდა მისი სახით. _მადლობა._თითქმის ჩურჩულით ვუთხარი. _რისთვის?_ინტერესით შემომანათა თავისი ცისფერი თვალები. _უბრალოდ… ამ დილას კარგი განწყობა რომ შემიქმენი._გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვაღიარე. რამდენიმე წამი უხმოდ მიყურებდა. თვალებში უცნაური სითბო ედგა. _ყოველთვის შენს გვერდში მიგულე... მილა. გული მტკივნეულად შემეკუმშა. არ ვიცი, პირველად რომელი გავიწიეთ. ალბათ, ორივე ერთდროულად. ძალიან ნელა მოხდა ყველაფერი. იმდენად ნელა, თითქოს ორივე ვცდილობდით დარწმუნებას, რომ ეს რეალურად ხდებოდა. ბაგროს ხელი ძალიან ფრთხილად შეეხო ჩემს სახეს. იმდენად ფრთხილად, რომ სუნთქვა შემეკრა. თითებით ლოყაზე ნაზად მომეფერა. ღრმად სუნთქავდა, მაგრამ თანაბრად. ჩემი სუნთქვა კი არეული იყო. და უცებ მივხვდი, რომ უკან დახევა აღარ მინდოდა. პირველად, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, კაცის სიახლოვე შიშს აღარ მგვრიდა. ნელა გადმოიხარა. მეც თითის წვერებზე ავიწიე და ერთმანეთს ვაკოცეთ. წამით მთელი ის ხმაური გაქრა, რაც ჩვენს გარშემო არსებობდა. ისე მომიდუნდა მთელი სხეული, თითქოს ვიღაცამ ტრანკვილიზატორი გამიკეთა. არ ყოფილა ვნებიანი კოცნა. არც თავბრუდამხვევი. უბრალოდ, იმდენად ნაზი იყო, გული მეტკინა... მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ თურმე შესაძლებელია ვიღაც ისე შეგეხოს, სანაცვლოდ არაფერი წაგართვას. გვიან გავიაზრე, რომ დღისით, მზისით ვინმე დაგვინახავდა. თუმცა, სულ არ მქონდა ამის დარდი. ცხოვრებაში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი და ეს ძალიან მომწონდა. *** გეგა ჩუმად იჯდა უკანა სავარძელზე, უზარმაზარი თეთრი ყურსასმენები მოერგო და ტელეფონს დიდი ინტერესით ჩაჰკირკიტებდა. ვფიქრობდი, მთელი გზა თუ არა, რაღაც პერიოდი დედა-შვილური საუბარი გვექნებოდა, მაგრამ ახლოს არ მიშვებდა. თითქოს, თავის ნაჭუჭში იყო ჩაკეტილი, სადაც თავის სამყარო ჰქონდა. თავიდან მართლა ვცადე გამოლაპარაკება, მაგრამ დამაიგნორა. ერთხელ, ორჯერ და მერე მეც შევეშვი. ბაგროს კოცნის მერე ყველაფერი ჯერ კიდევ სხვანაირად მეჩვენებოდა. თითქოს რაღაც ძალიან ჩუმი ხმაური დამრჩა გულში და ვერ ვიშორებდი. სიმართლე რომ ვაღიარო, ეს სიჩუმე დიდადაც არ მაწუხებდა. პირიქით, თითქოს საჭიროც კი იყო. თითქოს იმ კოცნის მერე მეც საკუთარი სამყარო შევიქმენი და მსუბუქად დავფრინავდი იქ. ამბროლაურამდე უხმოდ ვიმგზავრეთ. როცა Rompetrol-ის ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გადასავსებად შევჩერდი, მხოლოდ მაშინ შემამჩნია თითქოს გეგამ. _კიდევ ბევრი დარჩა?_საკმაოდ შეწუხებული და უკმაყოფილო ტონით მკითხა. _ერთი საათი მაინც._ეს ისე ვუთხარი, მეგონა დამშვიდდებოდა. _აუჰ, ეს რა სასჯელია..._ზრდასრული ადამიანივით ამოიოხრა. _გინდა, ცოტა შევისვენოთ? იქ მარკეტია, მიდი და რაც გინდა იყიდე. სანამ მე სათავსოდან საფულეს ამოვიღებდი, ის მანქანიდან გადავიდა და თავისი უზარმაზარი ყურსასმენებით პირდაპირ მარკეტისკენ გაეშურა. ვიცოდი, არც დედაჩემი და არც ჩემი ძმა ფულს არ მოაკლებდნენ, მაგრამ მაინც მეწყინა, რომ არ დამელოდა და ყველაფერი დამოუკიდებლად გადაწყვიტა. საწვავი ავიღე, სვეტს მოვშორდი და მანქანა მარკეტის წინ გავაჩერე. შენობაში შესულს ცივი ჰაერი შემომეგება. გეგას მალევე მოვკარი თვალი, ღია მაცივართან რომ იდგა და გამაგრილებელ სასმელებს პროფესიონალი დეგუსტატორივით არჩევდა. _ბიჭი!.. ჩიბურაშკა ბიჭი!.. მაცივრის კარი დიდხანს ნუ გაქვს ღია!_სალაროდან ზედმეტად გადაპრანჭულმა გოგომ ხმამაღლა გასძახა._თან, მაგ თაროს ზედმეტად ნუ ეკიდები, ჩამოვარდება! გეგას რა თქმა უნდა, არაფერი გაუგია ყურსასმენებში. შემდეგ კი ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. ჯერ რაღაცამ დაიჭრიალა. მერე, მაცივრის ერთ-ერთი თარო გადმოიხარა და მინის ბოთლები სათითაოდ გადმოცვივდა იატაკზე. თითქოს ნაღმები სკდებაო, ისეთი გამაყრუებელი ხმით დაიმსხვრა. შუშა ათას ნაწილად დაიშალა და ჰაერში გაიფანტა. სულ რაღაც წამებში მაღაზია გაზიანი სასმელების მძაფრი ტკბილ-მჟავე სუნით და ვიღაცის გაბრაზებული შეძახილით გაივსო, რომელიც ყველაფერს კიდევ უფრო ქაოსურს ხდიდა. _არ გითხარი, მაგ თაროს ნუ ეკიდები-თქო?!_სალაროდან ის გადაპრანჭული გოგო გამოვარდა._დაყრუვდი, თუ რა გჭირს?!_ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მაცივრის ერთი თარო კი არა, მთლიანი მაღაზია დაენგრიოს. გეგა კი გაშეშებული იდგა. ყურსასმენები ისევ ეკეთა და მგონი ნახევარიც არ ესმოდა, რას უყვიროდა გაანჩხლებული გოგო. მხოლოდ დაბნეული დაჰყურებდა დამსხვრეულ ბოთლებს. ისე სწრაფად მიუახლოვდა, საფრთხის მოლოდინში ინსტინქტურად მეც წავედი ჩემი შვილის მიმართულებით. _ახლა ამას ვინ ამინაზღაურებს, შენ?!_რაღაც სასწაული განწირული ხმით იკივლა._ან, ვინ დაალაგებს?!_თან, ხელი მოუქნია დასარტყმელად, მაგრამ ზუსტად იმ წამს დავუჭირე მაჯა. გოგომ გაბრაზებული და ამავე დროს გაოცებული თვალებით შემომხედა. _ვერ დაინახე რა ქნა?! _დავინახე, მაგრამ დარტყმა საჭირო არ არის._ხელი გავუშვი და გეგას წინ ჩამოვეფარე. _რა ჩემი ბრალია?_ნამდვილად ჩემმა გამოქომაგებამ შეასხა ფრთები ჩემს შვილს და ისევ წინ გამოეჭიმა ისტერიკის ზღვარზე მყოფ მოლარეს. თან, როგორც იქნა, მოიხსნა ყურსასმენები._ეს თარო ისედაც დაზიანებული იყო! _რას ლაპარაკობ?!_ისევ აუწია გოგომ ხმას. _დამშვიდდი, ზარალს ავანაზღაურებ._შევეცადე სიტუაცია არ გამემწვავებინა. _და დალაგება არ უნდა ამას?_სიბრაზიდან წუწუნზე გადავიდა ახლა. _ჩვენ დავალაგებთ._მოულოდნელად დამებადა ეს იდეა. მოლარემ ისე შემომხედა, აშკარად ხუმრობა ეგონა ჩემი ნათქვამი, მაგრამ მე საერთოდაც არ მეხუმრებოდა. ჯერ ჩეკი გამოვართვი. თანხა სახუმარო არ იყო. თუმცა, მაინც გადავიხადე. ბარათმა ტერმინალზე გატარებისას ისეთი ხმა გამოსცა, თითქოს გეგას მსგავსად ისიც უკმაყოფილო იყო ჩემი გადაწყვეტილებით. მერე, მოზრდილი ნამსხვრევები ხელით წამოვკრიფეთ, პატარები კი ცოცხით მოვხვეტე და სპეციალურად განკუთვნილ მყარ ურნაში ჩავყარეთ. გეგა ძალდატანებით მეხმარებოდა. თითქოს მარიონეტი იყო ჩემს ხელში, რომელსაც მე ვმართავდი და თან ისეთი გამწყრალი სახით მიმზერდა, მანქანაში პატარა ფრონტი გარდაუვალი გვექნებოდა. _დანარჩენს მე მივხედავ._ჯერი იატაკის მომშრალებაზე რომ მიდგა, ცოტათი დამშვიდებულმა გოგონამ აღარ დამანება._ცოტა უხეშად კი გამომივიდა, მაგრამ... _არაუშავს, შედეგებზე პასუხს ყველა ვაგებთ._მერე გეგას მივუბრუნდი და ვანიშნე, რომ წავსულიყავით. უსიტყვოდ გამომყვა. მანქანაში ჩავსხედით თუ არა და ადგილიდან დავიძარით, აყვირდა კიდეც: _მეგონა ჯარში ჩხუბს გასწავლიდნენ!.. შენ კი, უბრალო დამლაგებელი ყოფილხარ! უკანა ხედვის სარკიდან გავხედე. _და შენ რა გგონია, ჯარში მხოლოდ მუშტების ქნევას ასწავლიან?_ძალიან მშვიდად ვკითხე._პირველ რიგში დისციპლინაა მთავარი... _აბა, ნატაშა რომანოვა?.. რიტა ვრატასკი?.. ელენ რიპლი?.._მანაც შემომხედა სარკიდან._შენ კი, დამდგარხარ და ყველას ბოდიშს უხდი? იარაღის სროლა მაინც თუ იცი? _დავიწყოთ იქიდან, რომ ვინც შენ ჩამოთვალე, ჰოლივუდის სამყაროს მებრძოლი ქალები არიან და მხოლოდ ფილმებში არსებობენ... მერე ის, რომ მე უბრალოდ ბოდიშს არავის ვუხდი. მე პასუხისმგებლობას ვიღებ... სარკასტულად გაეცინა. _პასუხისმგებლობას?… მეგონა შენი პასუხისმგებლობა ჩემი დაცვა იყო. _ვცდილობ დაგიცვა კიდეც. _როგორ? ცოცხით და აქანდაზით? მაგის გამო იკარგები თვეობით? _შენთან ჩხუბი არ მინდა... და ძალიან გთხოვ ამაზე ნუ ვიკამათებთ. გაბრაზებულმა ისევ ყურსასმენები მოირგო და ლედის სახლამდე ხმა აღარ გაუცია ჩემთვის. სიმართლე რომ ვაღიარო, აღარც მე დამიძალებია და უხმოდ და მშვიდად ვიმგზავრეთ. უკვე ბნელოდა, ნაცნობი სახლის ჭიშკართან რომ გავაჩერე მანქანა. გოგოებთან ნათქვამი არ მქონდა, რომ დღეს ვაპირებდი სტუმრობას. მინდოდა სიურპრიზი მომეწყო, მაგრამ მგონი აქეთ მომიწყეს სიურპრიზი. სახლში მხოლოდ ლედის დედამთილი დამხვდა მძინარე შვილიშვილებთან ერთად. ქალი შეწუხდა, რომ მცოდნოდა მოდიოდით, ხომ ჯეროვნად დაგხვდებოდითო. გეგამ ვახშამზე უარი თქვა. მე, მითუმეტეს, და ჩვენთვის განკუთვნილი ოთახის ჩვენება ვთხოვე. მგზავრობით გადაღლილს ნახევარ საათში მშვიდი ძილით ეძინა უკვე. მე კი, ქალბატონ ლილის ზუსტი მდებარეობა გამოვართვი იმ კოტეჯისა, სადაც ქეთათო და ლედი ათევდნენ ღამეს. ყოველი შემთხვევისთვის გასაღების დუბლიკატიც გამოვართვი და ფეხით წავედი. გზა არც თუ ისე მოკლე აღმოჩნდა, როგორც ეს მან მითხრა. თან, ძალიან ბნელოდა. მართალია, არც ნატაშა რომანოვა ვიყავი, არც რიტა ვრატასკი და არც ელენ რიპლი, როგორც ეს ჩემ შვილს ეგონა, მაგრამ სამაგიეროდ მე ვიყავი სერჟანტი მილა, ვისაც საკმარისად ბევრი ჰქონდა გამოვლილი იმისთვის, რომ სიბნელეს შეეშინებინა. ათწუთიანი სიარულის მერე ხეებს შორის როგორც იქნა შევნიშნე სუსტი სინათლე. ცოტაც და კოტეჯის განათებულ აივანზე ვიყავი უკვე. ეტყობოდა, რომ გოგოებს ეძინათ. ფანჯრები ჩაბნელებული იყო და არც ჩამი-ჩუმი ისმოდა შიგნიდან. გასაღები ფრთხილად მოვარგე საკეტს და კარი გავაღე. მათ შეშინებას საერთოდ არ ვგეგმავდი, მაგრამ იმ წამს თითქოს ეშმაკი შემიჩნდა, ჩემში სერჟანტმა მილამ გამოიღვიძა და ომახიანად დავჭექე: _ფეხზე წამოდექით ზარმაცებო! _ააააააა!!!_ერთდროულად დაიყვირეს ლედიმ და ქეთათომ და ნახევრად განათებულ ოთახში გარკვევით დავინახე შეშინებულები გამეტებით რომ შეასკდნენ ერთმანეთს. მაშინვე გადავბჟირდი სიცილით. _რა გჭირთ, გოგოებო, მოჩვენება დაინახეთ?_კარის სიახლოვეს ხელი მოვაფათურე, ჩამრთველი ადვილად მოვძებნე და შუქი ავანთე. _ჯანდაბა, მილა?!_პირველი ქეთათო მოეგო გონს._შენ... შენ ნორმალური ხარ საერთოდ?! ისევ ჯარში ხომ არ გგონია თავი? თვალში მომხვდა არეული ოთახი და ეშმაკურად ჩამეღიმა. _ოჰო!.. ბუხარი, ღვინო, ბალიშების ომი... უჩემოდ ერთობით, არა? _ვერთობით?! მიკრო ინფარქტი გადამატანინე! _აბა, რა მექნა? კარზე დავაკაკუნე და არავინ გამომხედეთ._რატომღაც ვიცრუე._ვიფიქრე, გეძინათ... ან, რაღაც ძალიან საინტერესოს აკეთებდით და ხელის შეშლა არ მინდოდა. _რა საინტერესოს გოგო, კინაღამ შიშით მოვკვდით!_როგორც იქნა ლედიც მოვიდა გონზე და დივანზე ჩამოჯდა. _ამას თუ თავში ჩაგარტყამდი, მერე ნახავდი „საინტერესო“-ს! _ქეთათომ გამურული საჩხრეკი მომიღერა თვალების ბრიალით. _ღმერთო, ქეთათო იარაღით! ამას ფოტო უნდა გადავუღო, თორემ არავინ დამიჯერებს!_ვითომ ტელეფონს დავუწყე ჯიბეში ძებნა _ერთი ფოტო და იმ ტელეფონს ბუხარში დაუწყებ ქექვას!_ისევ დამიბრიალა ქეთათომ თვალები _როგორ მოგვაგენი?..._ლედი ისევ ფეხზე წამოდგა._ან, როგორ შემოხვედი? კარი ხომ დაკეტილი უნდა ყოფილიყო? _აი, ზუსტად აქ იწყება მთავარი ისტორიაც..._ვთქვი და ჯიბიდან გასაღები ამოვიღე. _რაა?!_მგონი ამან უფრო გააოგნა ორივენი, ვიდრე ჩემმა დანახვამ. _ასე ნუ მიყურებთ... ვიფიქრე, სიურპრიზს მოგიწყობდით. _სიურპრიზისა რა მოგახსენო, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა კი მოგვიწყე!_თავისებურად აბუზღუნდა ქეთათო. _ნუ ნერვიულობთ, მალე გადაგივლით!_დავამშვიდე და მაგიდასთან მივედი. ღვინის ახალი ბოთლი მოხერხებულად გავხსენი და სამ ჭიქაში ჩამოვასხი. _აბა, გოგოებო! _სათითაოდ გავუწოდე და ჩემი ჭიქა მაღლა ავწიე._ჩვენ ძველ ცოდვებს და ახალ პრობლემებს გაუმარჯოს!.. იმასაც გაუმარჯოს, მე რომ დროულად ვჩნდები ხოლმე თქვენს გვერდით! _დროულადო?_ქეთათოს მწარედ გაეცინა._შუაღამით გულის გაჩერება დროულობაა? _აბა რაა?! ცოტა შიში და ხიფათი ცხოვრებას უხდება! ჭიქები ხმამაღალი წკარუნით შევახეთ ერთმანეთს და მათრობელა სითხე ბოლომდე გამოვცალე. მერე, მეც დავიხადე ფეხზე და ბუხრის წინ მოვკალათდით სამივენი. _ცოტა არ იყოს დავითვერი... თუმცა, დღეს ისეთი დღე მქონდა, წყალიც კი დამათრობდა._უნებურად წამომცდა. _გეგა?_ორივემ ერთდროულად მკითხეს და აქეთ-იქიდან მომაჩერდნენ. მე ბაგროს კოცნა ვიგულისხმე, მაგრამ რადგან მათ ჩემს პრობლემას ჩემი შვილის სახელი დაარქვეს, ასეც დავტოვე. ჯერ ისეთი მთვრალიც არ ვიყავი, რომ ჩემი გრძნობები გამომემზეურებინა. _აბა, მოგვიყევი, ამჯერად რა დააშავა ჩემმა საყვარელმა ნათლულმა?_ლედიმ ჭიქა ისევ შემივსო. _მაღაზიაში მაცივრის ნახევარი თარო ჩამოშალა. _მერე?_ისევ ერთდროულად იკითხეს გოგოებმა. _მერე ზარალი ავანაზღაურე და დავალაგე კიდეც. რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ქეთათომ ჭიქა ასწია. _მილას გაუმარჯოს. ერთადერთ ქალს, ვინც ბრძოლას ცოცხით იგებს! _დამცინი?_გამეცინა. _პირიქით. მე რომ ვყოფილიყავი, ალბათ მესამე მსოფლიო ომს დავიწყებდი. _ეგ კი ეტყობა შენ ხასიათს._სიცილით ჩაილაპარაკა ლედიმ. ქეთათომ ბალიში ესროლა, ლედიმაც დაუბრუნა და მგონი მართლა მესამე მსოფლიო ომი დაიწყეს. სამშვიდობო მისია კი, როგორც ყოველთვის, ახლაც მე დამეკისრა. ცოტა რომ დავმშვიდდით, ისევ ღვინო ჩამოგვისხა ლედიმ და საუბარი ნელ-ნელა ავაწყეთ. ვჭორაობდით. ვიხსენებდით ბავშვურ სისულელეებს. ბოლოს იმდენი ვიცინეთ, რომ პირადად მე მუცლის პრესი და ლოყები მტკიოდა. რამდენი ბოთლი ღვინო დავლიეთ, სათვალავი აგვერია. მხოლოდ გამთენიისას, ერთმანეთში არეულ პლედებსა და ბალიშებში ჩაძირულებს, ჩაგვეძინა ბუხრის წინ. არ ვიცი ღვინის ბრალი იყო, დაღლილობის, თუ იმ ჩემი წყეული წინათგრძნობის, წლების განმავლობაში ერთხელაც რომ არ შემცდარა, მაგრამ სიზმარმა სისხლი გამიყინა ძარღვებში. წვიმდა. მთელი ტყე სველი და ბნელი იყო. კოტეჯისკენ მივრბოდი, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ იქ არავინ იყო. ბნელში ძლივს გავარჩიე გეგას სილუეტი. "სერჟანტი ხარ თუ დამლაგებელი?"_მიყვირა და ზურგი მაქცია. მისკენ გავვარდი, მაგრამ ვერ მივუახლოვდი. რაც უფრო სწრაფად გავრბოდი, მით უფრო მშორდებოდა. მერე ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა და უფსკრულში ჩავვარდი. გეგას სახეს მხოლოდ წამიერად მოვკარი თვალი. პირველად დავინახე მის თვალებში შიში. დედა!.._იყვირა და ხელი გამომიწოდა, მაგრამ ვერ მომწვდა. გვარიანად შევხტი და თვალები გავაჭყიტე. ჰაერი მძიმედ ჩავისუნთქე. რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ისევ კოტეჯში ვიყავი და არა სადღაც უფსკრულში. ბუხარში ჩამქრალი ცეცხლი ჩაფერფლილიყო. გვერდით ლედისა და ქეთათოს ეძინად მშვიდად. ჯერ ისევ გეგას ყვირილი ჩამესმოდა ყურებში. არა და, რეალურად დედას არასდროს მეძახდა... ხელები შეუმჩნევლად მიკანკალებდა. ზუსტად იმ წამს ჩემს სიახლოვეს ფანჯრის მინა ზრიალით ჩამოიმსხვრა და იატაკზე რაღაც მძიმედ დაეცა. ჯერ ისევ იმ კოშმარული სიზმრის ტყვეობაში ვიყავი და ვერ გამეგო რა იყო რეალობა და რა სიზმარი. _რა ხდება?_პირველმა ქეთათომ წამოყო თავი და შეშფოთებული თვალებით შემომხედა. მას არც ლედი ჩამორჩა და მაქსიმალურად გაფართოებული თვალებით შემომხედა: _ომი დაიწყო? მაშინვე წამოვხტი, ელვის უსწრაფესად გავჩნდი ფანჯარასთან და პროფესიული სიფრთხილით გავიხედე გარეთ. ქუჩის ბოლოს ქალის სილუეტს მოვკარი თვალი, ჩქარი ნაბიჯებით რომ მიდიოდა და დროდადრო უკან იხედებოდა. _ჯანდაბა!.._სერიოზულად გამიკვირდა._მეგონა, ბავშვები ხუმრობდნენ. ამხელა ქალი რამ გააგიჟა? _ქალი?!_ქეთათოც წამოხტა და ისიც ფანჯარასთან მოვიდა._აბა, დამანახე. ისევ ის უცნაური ქალია?_თან სიფრთხილით გაიხედა და დააკვირდა._დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი ის არის. _ვინ ის?_დავინტერესდი. _რა ჰქვია წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ერთი უცნაური ქაჯია. აქ რომ მოვედი, გზა ამებნა. მას ვკითხე ლედის მისამართი... გიჟია, რაღაცეებს ბუტბუტებდა. _საინტერესოა._ოთახისკენ შემოვბრუნდი და ლედის შევხედე._იცი, ვინც არის? შეშფოთებული ლედიც წამომჯდარიყო, პლედი მხრებზე მოეხურა და მოზრდილ ქვას თვალგაშტერებული დასცქეროდა. _შენ რაღაც იცი და არ ამბობ?! _ქეთათო ფანჯარას მოშორდა და მის წინ ჩაიცუცქა. ლედიმ დაღლილი თვალებით შეხედა. პლედი უფრო მჭიდროდ შემოიხვია და რატომღაც დაბალი ხმით ამოიჩურჩულა. _ჩემი მეზობელია... _უბრალოდ მეზობელია?_გაიოცა._მერე და, ფანჯარას რატომ გიმტვრევს? აშკარა იყო, რომ ლედიმ ამომწურავი პასუხი იცოდა, მაგრამ რატომღაც დუმილი ამჯობინა. _რატომ ამტვრევს-მეთქი?_უფრო კატეგორიული ტონით ჰკითხა ქეთათომ. _იმიტომ, რომ ჰგონია... მისი ქმარი მომწონს და მასთან ვარ._გაჭირვებით ამოიჩურჩულა როგორც იქნა. ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. ფანჯარას მოვშორდი და ქეთათოს მსგავსად მეც მის წინ იატაკზე დავჯექი. _ასე რატო მიყურებთ._აშკარად შეცბა._მე მართლა არაფერ შუაში არ ვარ... თვითონ მაგის ქმარი დამყვება კუდში და არ მასვენებს... _მოიცა, მოიცა... ანუ, რა გამოდის? ერთი იდიოტი შენს საწოლში შეტყუებას ცდილობს და მოსვენებას არ გაძლევს. მეორე კი, ეჭვიანობს და ამის გამო გავიწროვებს?!_სერიოზულად აღშფოთდა ქეთათო. _მავიწროვებს რბილად ნათქვამია._გულიანად ამოიოხრა ლედიმ._საშინელი ჭორები ამიგორა... ერთხელ, მაღაზიაშიც მეჩხუბა. ახლა, ეტყობა, რომ ახალ ლეველზე გადავიდა. _ანუ, უნდა გვეშინოდეს, რომ შემდეგში ბომბი არ ისროლოს?_აღვშფოთდი. ლედის მწარედ ჩაეცინა. _მერე, შენმა ქმარმა რაო?_იაგოს პოზიციით დავინტერესდი. პასუხი არ გამცა. მივხვდი, დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა ამ მოჩვენებითი სიმშვიდის შესანარჩუნებლად. კარგა ხანს იკავებდა თავს. მერე კი, მოულოდნელად თავი ხელებში ჩარგო და დაბალი ხმით აქვითინდა. _ჰეი... ჰეი._ქეთათომ მაშინვე მხრებზე მოხვია ხელი._კარგი რა, იმ ნაბიჭვრების გამო ნუ ტირი! _იმათ გამო სულაც არ ვტირი._სვენებ-სვენებით ამოისლუკუნა. მის ხმაში ისეთი დაღლა ვიგრძენი, რაც წლების განმავლობაში იყო დაგროვილი მასში. _უბრალოდ ძალიან დავიღალე... რატომღაც ყველას ჰგონია, რომ თუ წყენას ჩუმად ყლაპავ და ყველაფერს ითმენ, უფლება აქვთ რაც უნდათ ის დაგაბრალონ._თავი არ აუწევია, ისე განაგრძო._კაცი თუ გიღიმის, შენი ბრალია. თუ გელაპარაკება, შენი ბრალია. თუ ცოლს ღალატობს, ესეც შენი ბრალია. ქეთათომ ხმამაღლა შეიკურთხა. ოღონდ, ვისი მისამართით, არ ვიცი. მე კი უხმოდ ვუყურებდი. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მის ხმაში ტკივილი უფრო იგრძნობოდა, ვიდრე სიბრაზე. _და ყველაზე უარესი იცით რა არის?_ცრემლიანი თვალებით ამოგვხედა._ხანდახან მართლა მგონია, რომ პრობლემა მე ვარ. _ეგ მეორედ არ თქვა!_ინსტიქტურად ისე ვუყვირე, თითქოს ახალწვეულს ბრძანებას ვაძლევდი. ორივე გაკვირვებული მომაჩერდა და ამან ცოტა დამაბნია. ფეხზე წამოვდექი. ჩამტვრეულ ფანჯარასთან მივედი, საიდანაც გრილი ჰაერი შემოდიოდა. _პრობლემა ყოველთვის ის კაცია, ვინც ქალს გასაქანს არ აძლევს._ახლა უკვე ჩუმად ვთქვი._და კიდევ ის ადამიანები, ვინც ამის გამო ისევ ქალს ადანაშაულებენ. ქეთათო მაშინვე დამეთანხმა. _ზუსტად! იმ ქალს კი, თუ კიდევ ერთხელ დავინახავ აქ მოსულს, ანთებულ ბუხარში შევტენი! უნებურად გამეღიმა. ლედისაც გაეცინა და ცრემლები მოიწმინდა. _შენმა ქმარმა იცის-მეთქი ეს ამბავი? _ისევ შემოვბრუნდი და დიდი ინტერესით მივაჩერდი. უარის ნიშნად თავი გააქნია. წამით ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მერე, როგორც მივხვდი, ქეთათოს გენიალური აზრი დაებადა თავის ალისფერ თავში, ტელეფონი მოიმარჯვა და დივანზე ფეხმორთხმით დაჯდა. _იმ ალქაჯის ტელეფონის ნომერი იცი? ან ფეისბუქი? სულაც, ინსტაგრამი თუ აქვს? _ფეისბუქი კი აქვს... მაგრამ რად გინდა?_ახლა ლედი დაინტერესდა. ქეთათომ პასუხი არ დაუბრუნა. უბრალოდ, რაღაცას აწკაპუნებდა ტელეფონის ეკრანზე. სახეზე კი ისეთი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რაღაც საშინელებას რომ გეგმავდა. _რას აკეთებ?_დაეჭვებულმა შევხედე. _საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს._საკმაოდ აუღელვებლად მითხრა. ლედიმაც ეჭვით მოწკურა თვალები. _ქეთათო... _ჩუმად!_ხელის აწევით გააჩუმა._ზუსტად ახლა იბადება ალექსანდრე. _ვინ ალექსანდრე?_მგონი ერთხმად ვიკითხეთ. ცოტაც და, ტელეფონი ჩვენსკენ მოაბრუნა. ეკრანზე უცხო პროფილი ჩანდა ალექსანდრეს სახელით. ფოტო კი ისეთი ედო, ნახევარი მსოფლიოს ქალებს რომ დააჰიპნოზებდა. _საიდან მოათრიე ეს კაცი?_უნებურად გამეცინა. _ხელოვნური ინტელექტი დამეხმარა ძვირფასო._რაღაც სიამაყით გადმომხედა._რას იტყვი, იდეალური კანდიდატი არ არის? ახლა კი, იმ ქაჯის პროფილი მითხარი. _არ გინდა. ეგ ძალიან ბოროტი ხუმრობაა._არ მოეწონა ლედის. _როგორ თუ არ მინდა? მისივე წესებით უნდა ვითამაშო. სახელი და გვარი მეთქი! ლედიმ ცოტა კი იყოყმანა, მაგრამ ბოლოს მაინც ამოიჩურჩულა. _ლია ლიაკო, ასე უწერია პროფილზე. _სურათი? აქ ბევრი ლია ლიაკოა. ლედიმ ტელეფონი გამოართვა და ადვილად მოუძებნა ეჭვიანი მეზობელი. _ახლა კი ვნახოთ, და ჩათლახი ვინ არის!_ისევ ააწკაპუნა ქეთათომ თითები და თან ხმამაღლა წაგვიკითხა მიწერილი შეტყობინება: „გუშინ შემთხვევით დაგინახე და მას მერე მოსვენება დავკარგე. ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა, აქ რომ აღმოგაჩინე." _ბოროტი ხუმრობაა. ასე არ შეიძლება._ისევ გააპროტესტა ლედიმ. _სულაც არა. ეს სოციალური ექსპერიმენტია ძვირფასო: გავიგოთ, რამდენად სანდოა ეჭვიანი ცოლი. არ გავიდა ათი წუთი, რომ ქეთათომ გამარჯვებულის ღიმილით გამოგვძახა. _არ გითხარით? შორიდან ვცნობ ამ, ვითომ და პატიოსან ქალებს. ხედავთ, ხუთი წუთიც არ დასჭირდა მის დაკერვას. მე და ლედი ინტერესით მივაჩერდით მისი ტელეფონის ეკრანს. „ვინ ხარ?.. საიდან მიცნობ?" ქეთათოს ჩაეცინა და სწრაფად აათამაშა თითები. თან ისევ ხმამაღლა წაგვიკითხა: „ალბათ უცნაურად ჟღერს, მაგრამ გუშინ იმ მწვანე კაბაში რომ დაგინახე, თავიდან ვეღარ ამოგიგდე. ისეთი ქალი ხარ, ერთხელ რომ ნახავ და მერე სულ გახსოვს." პასუხმაც არ დააყოვნა: „მწვანე კაბა?" „მართლა დამინახე?" ქეთათომ კმაყოფილმა გადმოგვხედა. _ჩიტი მახეში გაება უკვე. მერე ისევ აკრიფა: „არ გეგონოს ვაზვიადებ, ძალიან დიდი ხანია ასეთი შთაბეჭდილება არავის მოუხდენია ჩემზე. ფოტოებზე ლამაზი ხარ, მაგრამ რეალობაში საერთოდ სხვა ეფექტი გაქვს." ამჯერად პასუხს უფრო ნაკლები დრო დასჭირდა: „ასეთ რაღაცებს ყველა გოგოს ეუბნები?"_ბოლოში კი ღიმილის სმაილიც მიაწერა. _აჰა, გაეღიმა უკვე._გულიანად გადაიკისკისა ქეთათომ. „ყველას არა. უმეტესობას საერთოდ არ ვწერ." ლედიმ უნდობლად გააქნია თავი. _დავიჯერო, მართლა სჯერა? _რატომაც არა? როცა ადამიანს უნდა რომ დაიჯეროს, ყველაფერს იჯერებს. სწორედ ამ დროს ახალი შეტყობინება გამოჩნდა: „მე ოჯახის მოყვარული ქალი ვარ. არ გეგონოს, რომ ქმარს ვუღალატებ." _ვაი, შენს პატრონს!_ხმამაღლა გადაიკისკისა ქეთათომ და ისევ ააწკაპუნა თითები. "ქმრის ღალატი ვინმემ ახსენა?" ლიაკოს პასუხმაც არ დააყოვნა: "სიმართლე რომ გითხრა, ძალიან საინტერესო პიროვნება ჩანხარ :)" კმაყოფილმა ქეთათომ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და კიდევ უფრო თამამად განაგრძო: „საინტერესო შენ ხარ. ისეთი თვალები გაქვს, ფოტოდანაც კი არ მასვენებს კაცს." მერე, ცოტა შეყოვნდა და ისევ აკრიფა: „ოღონდ ეს ფოტოები სრულ სიმართლეს არ ამბობს შენზე... დარწმუნებული ვარ ბევრად უფრო ლამაზი და თამამი ხარ." რამდენიმე წამი დუმილი ჩამოვარდა. შემდეგ კი, ისევ მოვიდა ლიაკოს შეტყობინება: „შეიძლება :)" ქეთათოს თვალები აენთო. „მაშინ დამიმტკიცე. ისეთი ფოტო გამომიგზავნე, რომელსაც ყველას არ აჩვენებ." _ქეთათო!_ამჯერად უკვე მე შევხედე უკმაყოფილოდ. _ჩუმად იყავით!_ისევ ხელის აწევით გაგვაჩუმა._ახლა იწყება ყველაზე საინტერესო ეტაპი. სულ მალე კი, ჩათში ფოტოს ნიშნული გამოჩნდა. ქეთათომ მაშინვე გახსნა და ხმამაღლა გადაიხარხარა. „ახლა უკვე ნამდვილად მინდა შენი ნახვა."_ისევ ხმამაღლა წაგვიკითხა რაც მისწერა. პასუხმაც არ დააყოვნა: „სად? :)" _სიმართლე რომ გითხრა, ეს ამბავი რაღაც არ მომწონს..._ჩემის მხრივ უკმაყოფილბა გამოვთქვი._მერჩივნა, გვეცემა და ისე დაგვესაჯა _ძალადობა პრიმიტიული ადამიანების მეთოდია ძვირფასო. პირადად მე ფსიქოლოგიური ომის მომხრე ვარ. _ფსიქოლოგიური ომი კი არა, სიგიჟეა._ჩავიბურტყუნე. _ჯერ სად ხარ, ალექსანდრეს საუკეთესო სვლები ჯერ კიდევ წინ არის. _გთხოვ, უარესად არ გააღიზიანო... პრობლემები ისედაც არ მაკლია._რაღაცნაირი მუდარით სთხოვა ლედიმ, მაგრამ ქეთათომ მაინც არ დაიშალა. _თავი წმინდანად რომ მოაქვს და სხვას ბას აბრალებს, ვერ ხედავთ ხუთ წუთში უცხო კაცს თამამი ფოტოები რომ გამომიგზავნა? და რა გგონიათ, ალექსანდრე პირველია? _ეტყობა, რომ ცოლ-ქმარს დაძაბული ურთიერთობა აქვს და უბრალოდ მამაკაცის ყურადღება მოეწონა._რატომღაც ფსიქოლოგის როლი მოვირგე._ადამიანები სისუსტის გამო სულელურ რაღაცებს აკეთებენ. ქეთათომ წარბი აზიდა. _აჰა, იცავს კიდეც. ვერ ხედავ, ჩვენი დაქალი სადამდე მიიყვანა? _არავის არ ვიცავ._მოსაცმელი ავიღე, სკამის საზურგეზე რომ იყო მიფენილი._თუ გინდა დავიჭიროთ და გავკოჭოთ. ვცემოთ, ვაწამოთ, მაგრამ ამ თამაშში არ აგყვები! _როგორც გენებოთ ქალბატონო მორალისტო. მაგრამ საით გაგიწევიათ? _მართალია, ლედის დედამთილი არაფერს მოაკლებს ჩემს შვილს, მაგრამ მის სანახავად მივდივარ. ვიცი მისი მძიმე ხასიათის ამბავი... იქნებ, ტყეშიც გავისეირნოთ. ასე, რომ შენს ფსიქოლოგიურ ომში ჩემი იმედი არ გქონდეს._მოსაცმელი მოვიცვი და ოთახიდან გამოვედი. ჰაერში მოსალოდნელი წვიმის სურნელი ტრიალებდა. შორს კი, მთების თავზე, რაღაც ავისმომასწავებლად გროვდებოდნენ შავი ღრუბლები. უცნაური სიჩუმე იდგა. ზუსტად ისეთი, ქარიშხლის მოახლოვებას რომ უსწრებს წინ. მინდოდა თუ არ მინდოდა, მთელი გზა ბაგროზე ვფიქრობდი. თავიდან ვცდილობდი სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება: გზაზე, ცაზე, მოულოდნელად ამოვარდნილ ქარზე, რომელიც ხეებს შორის თავისუფლად დათარეშობდა, მაგრამ ყოველი ფიქრი ისევ მასთან ბრუნდებოდა. უცნაური იყო. წესით უნდა გავღიზიანებულიყავი. უნდა მომბეზრებოდა კიდეც საკუთარი თავი, რადგან ასე აკვიატებით არასდროს მიფიქრია არავისზე. თუმცა, რაც უფრო ვცდილობდი მისი ხმა, მზერა თუ ღიმილი თავიდან მომეშორებინა, მით უფრო მკაფიოდ მახსენდებოდა ყველაფერი... და ყველაზე მეტად ის მაშინებდა, რომ ეს საერთოდ აღარ მაღიზიანებდა. პირიქით, ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ მომწონდა კიდეც. მომწონდა, რომ ფიქრებს ვეღარ ვაკონტროლებდი. მომწონდა, რომ მოულოდნელად, სრულიად უადგილო დროს, მის გახსენებაზე უნებლიე ღიმილი მეპარებოდა. თითქოს ჩემში რაღაც შეუმჩნევლად, მაგრამ შეუქცევადად იცვლებოდა. ისე მივუახლოვდი ლედის სახლს, ვერც კი მივხვდი. ეზოდან ლილეს წკრიალა ხმა შემომესმა და მხოლოდ მაშინ დავუბრუნდი რეალობას. _მილა დეიდააა!_ეზოში შევდგი თუ არა ფეხი, ჩემკენ გამოქანებული პატარა ქერა ჭინკაც დამეტაკა. უკან კი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გეგა მოჰყვებოდა სახეზე თავისი საფირმო გამომეტყველებით. _ნახე რა ვიპოვე!_ლილემ ხელში პატარა გირჩი ჩამიდო და გამარჯვებულის სახით ამომხედა. _ოჰო, რა მშვენიერებაა._გამეღიმა და შუბლზე ვაკოცე. გეგამ ირონიულად ჩაიფხუკუნა. _ორი საათია მაგ გირჩით დადის და ყველას აჩვენებს. _იმიტომ, რომ ლამაზია!_სიბრაზესთან ერთად წყენაც დაეტყო ლილეს. _კარგი, ხო, ლამაზია._მაშინვე დანებდა გეგა და მერე მე შემომხედა._ტყეში მივდივართ. ინსტიქტურად ცას ავხედე. _წვიმას აპირებს. არ ღირს._ჩვეული ბრძანების ტონით ვთქვი. _და რისთვის წამომიყვანე? ოთახში რომ გყავდე გამოკეტილი? ცოტახნით გავივლით._ისეთი ტონით მითხრა, მაგრძნობინა: ეს თემა განხილვას არ ექვემდებარება და შეეგუეო._აქვე უნდა ვიყოთ. _აქვე ყოფნა უსაფრთხოს მაინც არ ნიშნავს... _ოჰ, ისევ დაიწყო..._თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა._ბავშვი აღარ ვარ. _ვიცი._შევეცადე სტრატეგია შემეცვალა._შენზე არც ვნერვიულობ._თან, ლილესკენ გავიხედე._ეს პატარა მაშფოთებს. _არც მე ვარ პატარა!_შეურაცხყოფად მიიღო ლილემ ჩემი ნათქვამი. უნებურად გამეღიმა. _კარგი, მაგრამ შორს არ წახვიდეთ._ბოლოს მაინც დავთმე._და ტელეფონს უპასუხე, თუ დაგირეკავ. _დიახ, ქალბატონო სერჟანტო._ირონიულად გამიღიმა გეგამ. თვალები დავუბრიალე. თუმცა, ის გამარჯვებულის ღიმილი მაინც არ მოუშორებია სახიდან. მერე კი, ჩაფიქრებული ვუყურებდი, როგორ მიუყვებოდნენ ტყისკენ მიმავალ ბილიკს გვერდიგვერდ. ლილე რაღაცას ყვებოდა. მისი წკრიალა ხმა ჰაერში იფანტებოდა და ჩემამდე გარკვევით ვერ აღწევდა. გეგა თავდახრილი მიაბიჯებდა და ხანდახან შეხედავდა ხოლმე მეგზურს. რაც უფრო მშორდებოდნენ, მით უფრო მიმძაფრდებოდა ცუდი წინათგრძნობა, რასაც სახელს ვერ ვარქმევდი... **** ზუსტად ნახევარ საათში წამოვიდა წვიმა. ჯერ ცალკეული მსხვილი წვეთები დაეცა კოტეჯის თუნუქის სახურავს. მერე კი, ისეთი თქეში წამოვიდა, თითქოს ცა ჩამოიქცა. ვერ ვისვენებდი. ოთახში წინ და უკან დავდიოდი. ვნანობდი, ლედის რომ დავუჯერე და ბავშვების უკან გაყოლვის ნაცვლად ისევ კოტეჯში დავბრუნდი. ფეხები თითქოს თავად დამატარებდნენ. დროდადრო ფანჯარასთან ვჩერდებოდი და გარეთ ვიყურებოდი, სადაც ყველაფერს ნაცრისფერი დაჰკრავდა. ჯერ უზარმაზარ საათს შევხედე კედელზე, მაგრამ დრო ვერ გავიაზრე და ახლა ტელეფონს დავხედე. _ნერვებს რატომ იშლი?_როგორც იქნა ჩემთვისაც მოიცალა ქეთათომ._ბავშვები სასეირნოდ წავიდნენ, ფრონტის წინა ხაზზე კი არა. _მესმის, მაგრამ... ტყეა და წვიმს! ახლა ლედიმ შემომხედა. _არც ერთია შაქარი, რომ დადნეს და არც მეორე. თუ არა და, შეეფარებიან რამეს. კიდევ ათი წუთი დავიცადე. მერე, ტელეფონი ავიღე და გეგას დავურეკე. არ მიპასუხა. მეორედ ვცადე. მერე მესამედ. მერე კი, მისი ლოკაცია გავხსენი და ისევ ტყეში რომ იყო, გავბრაზდი. _ჯანდაბა._უკმაყოფილო ტონით ჩავიბურტყუნე და გარეთ გავედი. _ამ წვიმაში სად მიდიხარ?_გზაში დამაწია გაოცებულმა ქეთათომ. შენი აზრით?_არც მე დავაკელი გაოცება და სირბილით გავეშურე ტყისკენ. წვიმა პირდაპირ სახეში მცემდა. ბილიკი მთლიანად ტალახად ქცეულიყო და ფეხი საშინლად მიცურდა. ტელეფონის ეკრანს თვალმოუშორებლად დავყურებდი და ვხედავდი, მის ადგილმდებარეობას რომ ვუახლოვდებოდი. სულ ცოტაც და ლილეს სიცილი გავიგონე. შვებით ამოვისუნთქე. რამდენიმე ნაბიჯში კი ისინიც დავინახე. სულმთლად გაწუწულები იყვნენ. თმები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ერთიანად სველი ჰქონდათ. ლილე რაღაცას აღფრთოვანებით უყვებოდა გეგას და ისიც გულდასმით უსმენდა. ჩემს დანახვაზე კი, წარბები შეკრა. _სერიოზულად? _ტელეფონს რატომ არ უპასუხე?_შევეცადე ცოტა ლმობიერად მეკითხა. _არ ვუპასუხე კი არა, ამ წვიმაში ვერ ვუპასუხე._უკმაყოფილო ტონით ამიხსნა საქმის ვითარება. _მე კი შემეშინდა. _ცოცხლები ვართ და არაფერი გვიჭირს. დამშვიდდი? ღრმად ჩავისუნთქე, რომ ხმის ტემბრი მეკონტროლებინა, მაგრამ მაინც ხმამაღლა მომივიდა. _გეგა! _პატარა ბავშვი აღარ ვარ! _მაშინ ისე მოიქეცი, რომ ნერვიულობის მიზეზი არ მქონდეს! _წვიმაში გასეირნება კრიმინალია? _არა, მაგრამ..._სათქმელი აღარ დავაბოლოვე. _შენ საერთოდ ხვდები, რამდენად გამაღიზიანებელია, როცა ყოველ ნაბიჯზე, კუდში დაგყვებიან და არ გენდობიან? ოდნავ შეცბუნებული ლილე ჩვენ შორის იდგა და ჩუმად გვიყურებდა მონაცვლეობით. მისი მზერა რომ დავიჭირე, შევეცადე თავი ხელში ამეყვანა. _კარგი... სახლში დაბრუნების დროა. _მე დედასთან მინდა კოტეჯში._კატეგორიული ტონით გამომიცხადა ლილემ და გეგამაც მას აუბა მხარი. იქ მისვლა უკეთესიც იყო, ის უფრო ახლოს იყო და უპრობლემოდ დავთანხმდი. თუმცა, გზაში მაინც მთლიანად გავილუმპეთ. _და მერე ისეთი დიდი ლოკოკინა ვნახეთ?! აი, ამხელა!_გზადაგზა ტიკტიკს არ წყვეტდა ლილე და ხელებითაც კი მაჩვენებდა ზომას._გეგამ თქვა, ტყის უფროსი იქნებაო. _იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ლოკოკინა არ იყო._გეგაც დაეთანხმა. კოტეჯში ზუსტად რომ კისრისტეხით შევცვივდით. _ღმერთო ჩემო, ბავშვებო!_ლედი მაშინვე დაფაცურდა და ბუხარს შეშა შეამატა. _ჯერ აბაზანაში, ორივე!_ჩვეული ბრძანების ტონით გამოვაცხადე, რაზეც გეგამ უკმაყოფილოდ ამოიოხრა. _დიახ, ქალბატონო სერჟანტო. ამჯერად კომენტარი აღარ გამიკეთებია მის რეპლიკაზე. სიმართლე რომ ვთქვა, ენერგიაც აღარ მქონდა კამათისთვის. რამდენიმე წუთში შეშის ტკაცუნი და ცეცხლის სითბო ნელ-ნელა მთელ ოთახში გაიფანტა. მე მაშინვე პირსახოცებს და ბავშვებისთვის გამოსაცვლელ ტანსაცმელს დავუწყე ძებნა, მაგრამ უშედეგოდ. _არ მითხრა ახლა, რომ ბავშვებისთვის არანაირი ტანსაცმელი არ მოგეპოვება. _მხოლოდ ორი აბანოს ხალათი მაქვს._სასაცილოდ ააფახულა ლედიმ თვალები._ერთი ვარდისფერი, მეორე კი თეთრი. _ვარდისფერს არ ჩავიცვამ._კატეგორიულად გამოგვიცხადა გეგამ. სამაგიეროდ ლილე შეხტა სიხარულით: _მე მინდა ვარდისფერი, მე! სულ რაღაც ოც წუთში კი გვარიანად გავხალისდით. ლილეს ვარდისფერი ხალათი იმდენად დიდი ჰქონდა, რომ მგონი შიგნით კიდევ ორი ლილე დაეტეოდა. მკლავებიდან ხელები არც კი უჩანდა. მაგრამ მთავარი სანახაობა მაინც გეგა იყო. თეთრი ხალათი აშკარად პატარა აღმოჩნდა. მკლავები სასაცილოდ ჰქონდა აწეული, ქვედა ნაწილი კი მუხლებს ძლივს უფარავდა. სველი თმა შუბლზე მიჰკვროდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მთელ სამყაროზე იყო დაბოღმილი. ლილემ შეხედა თუ არა, მაშინვე გადაიკისკისა. _გაბრაზებულ ბატონს ჰგავხარ! თავიდან ყველანაირად ვცდილობდი თავის შეკავებას. არ მინდოდა გეგას შეემჩნია ჩემი ოდნავი ღიმილიც კი, მაგრამ სულ მალე ისე აირია სიტუაცია, უბრალო ღიმილს ვინ ჩიოდა, გულიანად ვხარხარებდით. გეგამ სერიოზული სახით გამოგვიცხადა, არავინ გაბედოს ჩემთვის სურათის გადაღება, თორემ სახლიდან გავიქცევიო. ზუსტად მის მოთხოვნაზე გაამახვილა ქეთათომ ყურადღება და ფოტოაპარატი მოიმარჯვა. _შანსი არ არის მე ეს ისტორიული მოვლენა რომ არ დავაფიქსირო. ამის შემხედვარემ ბალიში ვესროლე, პატივი ეცი მის სურვილს-მეთქი და იქ ამბავი აიწია, ვინ ვის დასდევდა, ვინ ვის ურტყამდა ბალიშს და ვინ ვის უღებდა სურათს, უკვე ვეღარ ვარჩევდით. შემთხვევით გეგას მზერა დავიჭირე. ისე უცნაურად მომჩერებოდა, დავიბენი. ზუსტად ამით ისარგებლა ქეთათომ და ზურგიდან უხმოდ მომეპარა. ალბათ, ჩემი წაქცევა ეწადა, რადგან ორივე ხელი მხრებზე მომხვია. წამიერად წონასწორობა დავკარგე, თუმცა მალევე აღვიდგინე. იატაკს ტერფი ძლიერად დავაბჯინე, მისი მაჯა ხელში მოვიქციე და სწრაფად შევტრიალდი. _გგონია, ასე მარტივად მომერევი? ქეთათომ თავის დახსნა სცადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მისი მოძრაობა საკუთარი ძალის წინააღმდეგ გამოვიყენე: ხელი გადავუგრიხე, წელში ჩავუჯექი და ერთი მკვეთრი მოძრაობით ზურგზე გადავაგდე. ხმაურით დაეცა იატაკზე და გაოცებულმა ამომხედა. ჯერ შემეშინდა, რამე ხომ არ დავუზიანე-მეთქი, მაგრამ შვებით რომ ამოისუნთქა და გულიანად გადაიკისკისა, გამარჯვებულის მზერით დავხედე ზემოდან. ვიგრძენი, გეგას გაოცებული და ამავე დროს კმაყოფილი მზერა ისევ ჩემზე რომ იყო მომართული. _ჯანდაბა! აი, რატომ არ არის შენს გვერდით კაცი!_გაჭირვებით წამოდგა ქეთათო._ყველას თუ ასე სცემ, ვინც კი უბრალოდ თითის დაკარებას სცდის, მესმის მათი! _თუ არ გამაბრაზებენ, არავის ვერჩი.. მოძალადე კი არ ვარ. _ფაქტი სახეზეა. მე სამშვიდობო მისიით ვიყავი მოსული და შენ კი უხეშად გამანეიტრალე. ქეთათოს ნათქვამზე ოთახში სიცილი ატყდა. ყველა გულიანად ხარხარებდა ჩემს გარდა. მე მკაცრი გამომეტყველებით დავიკრიფე ხელები გულზე და თვალები მოვწკურე. _ნუ აზვიადებ. უბრალოდ თავს ვიცავდი. _თავს იცავდი?!_ქეთათომ დრამატულად მოისრისა ზურგი._გოგო, ეგ თავდაცვა კი არა, ძალადობაა. მგონი ხერხემალი სამ ადგილას გადამიტეხე! ინსტიქტურად გეგასკენ გამექცა თვალი, ცოტა მოშორებით რომ იდგა. კედელს ზურგით მიყრდნობოდა და ოდნავ შესამჩნევად ეღიმებოდა. ისეთი სახით მიყურებდა, თითქოს პირველად მხედავდა. თითქოს მხოლოდ იმ წამს აღმოაჩინა, რომ დედამისი სინამდვილეში მკაცრი, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი სულაც არ ყოფილა. _ყოველთვის გაფრთხილებ, რომ მილასთან თამაში ცეცხლთან თამაშს ნიშნავს, მაგრამ შენ არასდროს მისმენ._ნიშნისმოგებით ჩაიქირქლა ლედიმ._დაგავიწყდა, ბავშვობაში რა ოინებს აწყობდა? _უი, ეს რა გამახსენე!_მაშინვე გამოცოცხლდა ქეთათო და ჩემკენ შემოტრიალდა._შენმა შვილმა თუ იცის შენი საგმირო საქმეების შესახებ? _მოკეტე!_ბალიში ავიღე და პირდაპირ სახეში ვესროლე. _აუ! მოძალადე! ისევ ატყდა ხმაური. ქეთათომ საპასუხოდ მეორე ბალიში მესროლა, ლედიც აჰყვა და რამდენიმე წამში ოთახი ბუმბულებითა და სიცილით აივსო. ვცდილობდი როგორმე ქეთათო გამეჩუმებინა, მაგრამ ის ისე აშკარად ერთობოდა ჩემი წარსულის მოყოლით, რომ ვერ შევძელი. _საცოდავი ბიჭი..._თან, სიცილს ძლივს იკავებდა._მეხუთე კლასში ერთ ბიჭს უყვარდა დედაშენი. მთელმა სკოლამ იცოდა, ამ ქალბატონის გარდა. თვითონ კიდე ისეთი შეშინებული იყო, თქმას ვერ უბედავდა. ბოლოს, როგორც იქნა გაბედა და სიყვარულში გამოუტყდა ის საცოდავი... _მერე?_ვეღარ მოითმინა გეგამ. ქეთათომ დრამატულად შეაჩერა მოყოლა. პაუზა საშინლად გაწელა და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო: _მერე დედაშენმა ისე სცემა, ხელიდან ვერ გააგდებინეს. ოთახს ისევ სიცილმა გადაურბინა. _მასე ძალიანაც არ მიცემია!_გავაპროტესტე. _აბა, თმაში მოქაჩვა და ჩანთის თავში ჩარტყმა შენთვის რა არის? სიყვარულის ენაა? _ჯერ ერთი, თვითონ დაიწყო! _რა და როგორ დაიწყო, ეგეც მოყევი ბარემ!_არ მომეშვა ქეთათო. უკმაყოფილოდ ამოვიოხრე. _მოვიდა და მითხრა: “შენი თვალები ღამის ცას ჰგავსო.” გეგამ ჩემსავით ასწია ცალი წარბი. _და ამისთვის სცემე? _არა!_მაშინვე ვუარყავი._მერე თავის მეგობრებს გადახედა და სიცილი დაიწყო. მივხვდი, რომ დამცინოდა. _დაგცინოდა არა, ის კიდე!_ხელი აიქნია ქეთათომ._ბიჭი ისე ნერვიულობდა, სიტყვები ერეოდა. _მე რა ვიცოდი?!_თავის მართლებას შევეცადე. _მოკლედ._საზეიმოდ დაასკვნა ქეთათომ._ვინც დედაშენს სიყვარულს უხსნიდა, ჯერ ანდერძს წერდა!.. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ უცებ მისმა ტელეფონმა დაიზუზუნდა, მაგიდაზე რომ ედო და ეკრანს ინტერესით დახედა. დავინახე, ეშმაკური ღიმილი რომ გამოესახა სახეზე. _ის არის! მეც და ლედიც მაშინვე მივხვდით, რომ ლიაკო იყო. მხოლოდ გეგა გვიყურებდა გაოცებული, რომელსაც ვერ გაეგო რა ხდებოდა. _მაინც რას გწერს, რა მინდაო?_დაინტერესდს ლედი. _საღამოს ძველ საბაგიროსთან შემხვდიო._ჩურჩულით თქვა. თან თვალები ისე ეშმაკურად აუციმციმდა, რომ მივხვდი, რაღაც სისულელე ჰქონდა მოფიქრებული._ხომ ვთქვი, არც ისეთია, როგორადაც თავი მოაქვს-მეთქი? წავიდეთ, ფაქტზე გამოვიჭიროთ და ცოტა დავაშანტაჟოთ. ოთახში უცნაური დაძაბულობა ჩამოწვა. ისევ გეგას გავხედე, რომელიც აღარ იცინოდა. რამდენიმე წამის წინ მხიარულად რომ იღიმოდა, ახლა სერიოზული სახით მიყურებდა. _რა ხდება?_ბოლოს უდიდესი ინტერესით მკითხა. _ისეთი არაფერი. ერთ ძველ ნაცნობს უნდა შევხვდეთ. _საღამოს ძველ საბაგიროსთან? ეს ნორმალურია?_ისევ ჩემსავით აზიდა წარბი. _რა თქმა უნდა, ძვირფასო._ქეთათომ სახეზე მოუთათუნა ხელი. _და სამივე მიდიხართ?_უარესად დაიქრუშა გეგა. _ამაზეც იგივე პასუხი მაქვს: რა თქმა უნდა, ძვირფასო. გეგა საავდრო ღრუბელივით მოიქრუშა. _მერე, მე და ლილე? _თქვენ აქ რჩებით._რაღაც ძალიან პომპეზურად გამოუცხადა ქეთათომ. _რაა?_ეს პასუხი აშკარად არ მოეწონა ჩემს შვილს._სერიოზულად? _ასეთი სერიოზული მგონი არასდროს ვყოფილვარ._მშვიდად თქვა ქეთათომ და თითები ტელეფონის ეკრანზე მთელი სისწრაფით აათამაშა._ესეც ასე, მივწერე, რომ შევხვდები. _მეც თქვენთან ერთად მოვდივარ._მოულოდნელად მტკიცედ გამოგვიცხადა გეგამ._ბავშვი აღარ ვარ... _ზუსტად იმიტომ, რომ ბავშვი აღარ ხარ, ლილეს შენ გაბარებთ. პატარაა, ვერ წავიყვანთ. ვერც მარტო დავტოვებთ. ამიტომ, ორივე აქ რჩებით და ჩვენს დაბრუნებას დაელოდებით. _არა! _არა კი არა, ხო!_მკაცრად დაუბრიალა ქეთათომ თვალები._სიმართლე თუ გინდა, ცოტა სახიფათოც კია. ერთი ალქაჯი უნდა გავანეიტრალოთ, რომ შემდგომში შენი ნათლიის ცხოვრების დანგრევის სურვილი აღარ ჰქონდეს. გეგა წამით დაფიქრდა. მერე კი მე მომაჩერდა. _ანუ, თქვენ, ქალებს, შეგიძლიათ რომ შუაღამეს სადღაც იაროთ, ხალხს დაემუქროთ და იჩხუბოთ, მე კი ლილეს ძიძა უნდა ვიყო? ქეთათომ სიცილი ძლივს შეიკავა. _კარგი, ეს ნაწილი სამართლიანად ჟღერს, მაგრამ ერთი შენს თავს შეხედე._თავიდან ფეხებამდე ეჭვით შეავლო თვალი._მაგ ხალათით სად უნდა წაგიყვანოთ? გეგამ ყურადღება არ მიაქცია. ის ისევ მე მომჩერებოდა. ჯიუტი მზერა ჰქონდა, ბავშვობიდან რომ ვიცნობდი ის. ზუსტად ისეთი, რაღაცას რომ გადაწყვეტდა და მერე მთელი სამყაროც რომ გადასდგომოდა წინ, მაინც თავისას გაიტანდა. ნელა მივუახლოვდი. აჩეჩილი ხალათი გავუსწორე და ისე, რომ სხვებს არ გაეგოთ, ჩუმად ჩავუჩურჩულე: _ზედმეტი კითხვების და პრეტენზიების გარეშე დარჩები აქ და ლილეს მიხედავ. _ვერ გიტან, როცა ისე მელაპარაკები, თითქოს ჩემი უფროსი ხარ!_ისიც დაბალი ხმით აბუზღუნდა. _გპირდები, თუ ახლა დამიჯერებ, ეს უკანასკნელი ბრძანება იქნება ჩემგან. კარგა ხანს ჩუმად მიყურებდა. როგორც ვატყობდი, მოსწონდა ჩემი წაყენებული პირობა, მაგრამ მაინც ყოყმანობდა თითქოს. მერე, უსიტყვოდ შეტრიალდა და ოთახში შეიკეტა. _ესეც ასე, პრობლემა მოგვარებულია. ახლა იმაზე ვიფიქროთ, თუ როგორ დავხვდეთ ლიაკოს._გახარებულმა ქეთათომ ტაში შემოჰკრა. საღამომდე დრო არც თუ ისე ბევრი გვქონდა, მაგრამ ასეთ სიტუაციებში გამოცდილმა ჩვენმა დაქალმა მშვენიერი სტრატეგია შეიმუშავა. საღამოს უკვე მოსახერხებელი ტანსაცმელი ჩავიცვით და პაემანზეც წავედით ლიაკოსთნ. გეგას გამო მაინც ვღელავდი, რადგან მან უსიტყვოდ გამოგვაცილა. მის ამ მზერას კი ჩემი ხუთი თითივით ვცნობდი. თითქოს მეუბნებოდა: მართლა გგონია, რომ აქ მშვიდად დავჯდები, სანამ თქვენ ღმერთმა იცის სად დაეხეტებითო? ხმა არ ამოუღია, მაგრამ აშკარად იძულებით დამემორჩილა. გონებაში კი ისეთ გეგმას ადგენდა, რაც მომავალში ჭკუიდან გადამიყვანდა და ნერვებზე ამთხრიდა. მანქანამდე ისე მივედი, თითქოს ფეხები უკან მრჩებოდა. იქ უკვე ისხდნენ ქეთათო და ლედი და მე მელოდნენ. ქეთათო აშკარად ნერვიულობდა, რადგან მანქანის გასაღებს უაზროდ ატრიალებდა თითებში. _წავედით?_ჩავჯექი თუ არა, ფორმალობისთვის იკითხა, თორემ მაშინვე მოარგო გასაღები, გადაატრიალა და ძრავა აამუშავა. ძველი საბაგირო საღამოს კონტურებით უფრო საშიშად გამოიყურებოდა, ვიდრე დღისით ჩანდა. მიტოვებული შენობა სიბნელეში ჩაძირულიყო, ჟანგიანი ბაგირები ქარში ოდნავ ჭრიალებდა და მთელ ადგილს რაღაც უსიამო, ცივი შეგრძნება ჰქონდა. _რატომ აქვს ყველა საეჭვო შეხვედრას ასეთი საშინელი ლოკაცია?_შიშნარევი ხმით ჩაიბურტყუნა ლედიმ. _იმიტომ ძვირფასო, რომ ჩვენი ლიაკო ისეთი ქალია, ვისთვისაც რომანტიკა მკვდარია... _ან, მიყრუებული ადგილი იმისთვის სჭირდება, რომ არავინ დაინახოს._დავასკვენი მე. ქეთათომ მანქანა დანიშნულების ადგილიდან მოშორებით, თან მოფარებულში გააჩერა და ფეხით გავუყევით გზას. ყველაზე ბნელი მხარე შევარჩიეთ და იქ დავიმალეთ. ხმის ამოღებასაც კი ვერიდებოდით, რადგან შემთხვევით არ გაეგო არავის. სულ მალე ნაბიჯების ხმა გაისმა და ლიაკოც გამოჩნდა. მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელებით მოდიოდა. გამიკვირდა, როგორ ახერხებდა ამ გზაზე წონასწორობის შენარჩუნებას და გამართულად სიარულს. წითელი კაბა ეცვა. თმა საგულდაგულოდ დაეხვია და აშკარად ეტყობოდა, რომ ნამეტანი ბევრი დრო ჰქონდა სარკესთან გატარებული. _უი, უი… ნახეთ ერთი, როგორ გამოპრანჭულა._ ჩურჩულით გადაიკისკისა ქეთათომ. ლიაკომ ტელეფონი ამოიღო. ნერვიულად მიმოიხედა. მერე, საბაგიროს ძველ ბოძთან გაჩერდა და აშკარად ვიღაცას მისწერა. წამებში მოქანდა ქეთათოს ტელეფონზე შეტყობინებაც. „სად ხარ? მე უკვე მოვედი.“_ჩაიფრუტუნა გამხიარულებულმა ქეთათომ და პირზე აიფარა ხელი, რათა ხმამაღალი სიცილი არ წასკდომოდა. მერე კი, ტელეფონი მოიმარჯვა და ოთხი თუ ხუთი ფოტო გადაიღო. _მე მოვკვდე, ეს ქალი თვითონ თუ არ გვაძლევდეს კომპრომატებს და თავისი ფეხით არ ებმეოდეს მახეში. _მანდ ვინ არის?_შეშფოთებით, მაგრამ მაინც კეკლუცად იკითხა ლიაკომ, კამერის განათებას რომ მოჰკრა თვალი. ალბათ, ალექსანდრე ეგონა. პრინციპში, ალექსანდრე კი იყო. უფრო სწორად, მის სახელს ამოფარებული ჩვენი სამეული. _სურპრიზ!_კმაყოფილი ქეთათო სამალავიდან გამოვიდა და შეშინებულ ლიაკოს წინ აესვეტა. ქალი ადგილზე შეხტა. _შეენ?! აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! მე და ლედიც გამოვჩნდით ასპარეზზე. _რომ იცოდე, ძალიან საყვარელი ფოტოები გამოვიდა. სხვათა შორის, განათებაც იდეალურია. ლიაკო გაფითრდა. _თქვენ აქ რას აკეთებთ? _კულტურულ ღონისძიებაზე ვართ, ძვირფასო._ძალზედ მშვიდად უთხრა ქეთათომ._და შენ რას აკეთებ აქ ასე გამოპრანჭული? დავიჯერო, ქმართან გაქვს პაემანი? ლიაკო ერთ ადგილზე აწრიალდა. თავიდან არ იცოდა რა ეთქვა. მერე კი, ლედის მივარდა და გარტყმა დაუპირა. _ეს მასკარადი შენი მოწყობილია, ? წამებში გავჩნდი მასთან და ჰაერში აწეული ხელი დავუჭირე და თან მტკივნეულად მოვუგრიხე. _თავად ! თავი შორს დაიჭირე მისგან, თორემ სიცოცხლეს განანებინებ! სათითაო ძვალს გადაგიმტვრევ იცოდე! _მე კიდე შენი მომავალი სოციალური კატასტროფა ვარ. ალექსანდრესთან მიწერილ მესიჯებს შენს ქმარს ვაჩვენებ და ამ ფოტოებსაც დავურთავ თან! ლიაკომ ბრაზით შეგვათვალიერა სამივე და ძლიერად გაიბრძოლა, რომ გამშვებოდა. _გამიშვი!_გველივით დაისისინა და მთელი ძალით გამკრა მხარი._ვერაფერს დამიმტკიცებთ! _ოო, აქ უკვე მწარედ სცდები ლია ლიაკო._ქეთათომ გამარჯვებულის იერით აუთამაშა ცხვირწინ ტელეფონი._მესიჯებიც გვაქვს, ფოტოებიც და სურვილის შემთხვევაში შემიძლია ისეთი რომანტიკული ფოტოკოლაჟი გავაკეთო, რომ შენ ქმარს ცრემლიც კი მოადგეს თვალზე. _ავადმყოფები ხართ!.. არ იცით, ვინ გადაიმტერეთ! _მგონი შენ არ იცი._საკმაოდ მკაცრად ვუთხარი და ხელი გავუშვი. თუმცა, უკან არ დამიხევია._ეს შენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა: იცოდე, ლედის ცხოვრებიდან გაქრები და მის სახელს აღარასდროს ახსენებ!. _თორემ რა?_თვალები ისე სასაცილოდ დამიბრიალა, რომ სიცილი ძლივს შევიკავე. _თორემ ის, რომ სიცოცხლეს განანებინებ! მის თვალებში ისეთი სიძულვილი დავინახე, ალბათ მისი ნება რომ ყოფილიყო, დაუფიქრებლად გაგვისტუმრებდა სამივეს საიქიოში. _სამივე ავადმყოფები ხართ! _და შენ ზედმეტად სულელი._ცივად ვუთხარი._ლედის შეეშვები, თორემ შემდეგ შეხვედრაზე ასე მშვიდად აღარ დაგელაპარაკებით! _სამი ერთის წინააღმდეგ მემუქრებით?_უარესად ასისინდა. _არა._კიდევ უფრო მივუახლოვდი._უბრალოდ გაფრთხილებ! მხოლოდ რამდენიმე წამი იდგა ლიაკო ჩუმად. სახეზე ეტყობოდა, რომ ამ ყველაფერს გონების თვალით ხარშავდა. მერე კი, რაღაც სატანურდ გაეღიმა. _თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ რამით შემაშინებთ?_დანარჩენი კი ისეთი სისწრაფით მოხდა, რომ რეაგირება ვერც ერთმა ვერ მოვასწარით: მოულოდნელად მივარდა ქეთათოს, ხელიდან ტელეფონი გამოგლიჯა და გაიქცა. _ეეე, შე ფსიქოპატო!_ქეთათო ადგილზე შეხტა._ჩემი ტელეფონი! სანამ გავეკიდებოდი, რატომღაც ჯერ ლედის შევხედე, სიმწრით რომ დაეხუჭა თვალები. მერე ისევ ლიაკოს გავხედე, მთელი სისწრაფით რომ გარბოდა. მაგრამ შორს ვერ წავიდა. მაღალქუსლიანებით სირბილი, როგორც ჩანს, მის შესაძლებლობებში არ შედიოდა. რამდენიმე ნაბიჯში ფეხი გადაუბრუნდა და ძლივს შეინარჩუნა წონასწორობა. ამასობაში კი მეც დავეწიე. _თამაში მორჩა!_მაჯაში ჩავავლე ხელი. _გამიშვი!_განწირული კივილით გაიბრძოლა და ტელეფონი მეორე ხელში გადაიტანა. _ტელეფონი დააბრუნე! _ჯანდაბაშიც წასულხარ!_მოულოდნელად მაჯაზე დამწვდა და ძლიერად მიკბინა. მერე კი, მოულოდნელობის ეფექტით დაბნეულს მთელი ძალით მკრა ხელი და ისევ გაიქცა. თუმცა როგორც ჩანს, არ ახსოვდა, რომ ტყეში ქვიან გზაზე, თანაც ათსანტიმეტრიანი ქუსლებით აპირებდა მარათონის მოწყობას. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოასწრო მხოლოდ, ფეხი ისევ გადაუბრუნდა. ამჯერად მტკივნეულად. მხოლოდ შეკივლება მოასწრო, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, წინ გადავარდა და თავი მოზრდილ ქვას დაარტყა. ისეთი ხმა ჰქონდა, მივხვდი, რაღაც დაუზიანდა. _ჯანდაბა!_შეშინებულმა ძლივს ამოვიხავლე და მაშინვე მასთან გავჩნდი. უძრავად იწვა. ტელეფონი რამდენიმე მეტრში ეგდო, საგულდაგულოდ დახვეული თმა ასწეწვოდა და შუბლთან სისხლის კვალი ემჩნეოდა. ქეთათო და ლედიც მოცვივდნენ. _ღმერთო…_ლედის აშკარად გაებზარა ხმა._მოკვდა? _გაჩუმდი, რას ამბობ!_დავუყვირე კი, მაგრამ საკუთარი ხმის თვითონვე შემეშინდა. მუხლებზე დავეშვი და საძილე არტერია შევუმოწმე. ვერაფერი ვიგრძენი. (ან, უბრალოდ, პანიკისგან ვეღარ ვგრძნობდი უკვე). _მილა…_არც ქეთათოს ხმა იყო მშვიდი._მითხარი, რომ ცოცხალია. კვლავ ვცადე მისი პულსი შემემოწმებინა, მაგრამ ხელები ისე მიკანკალებდა, საერთოდ ვერაფერზე ვკონცენტრირდებოდი. _მე… არ ვიცი…_მგონი, ცხოვრებაში პირველად შემეშინდა არსებული სიტუაციის. _სასწრაფოში დარეკე!_თითქმის ტირილით მთხოვა ლედიმ. ქეთათომ მაშინვე მოიმარჯვა ტელეფონი, მაგრამ უცებ გაშეშდა. _მოიცა… აქ ხომ ჩვენ მოვიყვანეთ? ჩვენი შეტყობინებებით აქვს ტელეფონი სავსე… აქ ჩვენ მოვიტყუეთ… _ქეთათო!_მკაცრად დავუყვირე._დარეკე! _არავინ დაგვიჯერებს!_ისტერიულად აყვირდა._იტყვიან, რომ ჩვენ მოვკალით! ამის გაგონებაზე ლედი უარესად ატირდა. _ღმერთო… ეს რა გავაკეთეთ? ერთი წამის წინ ეს ყველაფერი უბრალოდ სულელური გართობა იყო… ახლა კი..._პატარა ბავშვივით აღრიალდა ლედი. _ხომ არ ჰგონია ამ ნაგავს, რომ ჩვენი ციხეში ჩასმის უფლებას მივცემ?!_როგორც მივხვდი, ქეთათოც ჩვენსავით შეშინებული და პანიკის ზღვარზე მყოფი იყო, მაგრამ ჩვენსავით არ დანებებულა. ლიაკოს წინ ჩაიმუხლა და გულის მასაჟის გაკეთება დაუწყო._გამოფხოზლდი შე !_თან მადიანი სილა გააწნა. _ქეთათო, შეწყვიტე!_ვუყვირე და მისი წამოყენება ვცადე. მოულოდნელად ლიაკომ ამოიხვნეშა. მერე დაახველა და ნელა შეირხა. რამდენიმე წამი სამივენი გაშეშებულები შევყურებდით. _მადლობა ღმერთს, ცოცხალია…_შვებით ამოიჩურჩულა ლედიმ. ლიაკომ თვალები გაახილა თუ არა და ჩვენ დაგვინახა, სახეზე ისევ ის უკმაყოფილება გამოესახა. _თქვე… მანიაკებო... ადგომაში მაინც დამეხმარეთ. წამიერი ყოყმანის მერე ხელი გავუწოდე და ფრთხილად წამოვაყენე. ფეხზე ძლივს იდგა. წითელი კაბა სულ ტალახით ჰქონდა მოსვრილი, თმა ასჩეჩოდა და შუბლთან სისხლის კვალი ზოლად ემჩნეოდა. _ახლა ყურადღებით მომისმინე._დაბალი, მაგრამ მკაცრი ხმით ვუთხარი._აღარასდროს მიუახლოვდები ლედის და არც ჭორებს გაავრცელებ მასზე! გასაგებია?! თორემ შემდეგ ჯერზე შეიძლება ასეთი იღბლიანი აღარ აღმოჩნდე! ლიაკომ ბრაზიანი მზერით შემომხედა, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია. ალბათ, თვითონაც ძალიან შეშინებული იყო. _მოკლედ, შეთანხმება მარტივია._ქეთათოც გამოვიდა სიტყვით._შენ ქრები ლედის ცხოვრებიდან. ჩვენ კი, ამ ყველაფერს ჩვენი ტელეფონების მეხსიერებაში ლამაზ მოგონებად დავიტოვებთ ყოველი შემთხვევისთვის. რა იცი, იქნებ ამ ღამის გახსენება და ვინმესთვის მოყოლა მოგინდეს, ჩვენც ხომ უნდა გვქონდეს შენზე რამე კომპრომატი? _ნაგავო!_კბილებში ავად გამოსცრა ლიაკომ. _თვითონ ნაგავო! დაიმახსოვრე: ლედის დაჩაგვრის უფლებას არავის მივცემთ!.. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფოტოები ინტერნეტში აღმოჩნდება წარწერით: “პატიოსანი ლიაკოს შუაღამის თავგადასავლები.” _როგორ ვერ გიტანთ! _ვერც ჩვენ! და თუ კიდევ ჩაერევი ლედის ცხოვრებაში და ჭორებს აუგორებ, გპირდები, ეს ღამე ყველაზე სასიამოვნო მოგონება იქნება შენს ცხოვრებაში! ლიაკომ მხოლოდ ბრაზიანი მზერით შეგვათვალიერა სათითაოდ. მერე, უხმოდ შეტრიალდა და კოჭლობით გაუყვა გზას. ჩვენ კი ვიდექით და ვუყურებდით, როგორ უჩინარდებოდა სიბნელეში. პირველმა ქეთათომ დაარღვია სიჩუმე: _მარტო მე ვფიქრობ, რომ იმ კაბისთვის ზედმეტად შეუფერებელი ვარცხნილობა ჰქონდა? ლედის ნერვიული სიცილი აუტყდა. მე კი მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, თუ როგორ მქონდა მთელი სხეული ზამბარასავით დაჭიმული. _წავედით აქედან._დაღლილი ხმით ვთქვი._ძალიან ცუდი ენერგეტიკა აქვს ამ ადგილს. უცებ სადღაც შორს მიწის მძიმე გრუხუნი გაისმა. ყველანი ინსტიქტურად შევტრიალდით. მთის მხრიდან უცნაური ხმა მოდიოდა. _ეს რა იყო?_შეშინებულმა ლედიმ ჩურჩულით იკითხა რატომღაც. მე სიბნელეში გავიხედე და უსიამო შეგრძნება დამეუფლა. _არ მომწონს… ქეთათომ მე და ლედის ხელკავი გამოგვდო და თითქმის სირბილით წამოგვიყვანა იქიდან. _ჯერ აქედან გავაღწიოთ და მერე ვილაპარაკოთ იმაზე, მოგვწონს თუ არა. შუა ღამე გადასული იყო, კოტეჯში რომ დავბრუნდით. როგორც კი კარი შევაღეთ, ქეთათომ ფეხსაცმელები გაიძრო, დივანზე პირქვე დაემხო და ხელის აწევით გამოგვიცხადა: _სრული სერიოზულობით ვაცხადებ, რომ ოცდაოთხი საათით პენსიაში გავდივარ. _შენ ყოველ მეორე დღეს გადიხარ პენსიაში._ლედის ჩაეცინა და სამზარეულოსკენ წავიდა._ვინმეს ყავა გინდათ? _თუ მასში დამამშვიდებელს ჩაასხამ, სიამოვნებით._ისევ წამოჯდა ქეთათო. საბოლოოდ ყველანი მისაღებში დავსხედით. დიდხანს ვსაუბრობდით იმ შემთხვევაზე და მტყუან-მართალს ვარჩევდით. მერე, საერთოდ გადავუხვიეთ თემას და ბავშვობის ისტორიების გახსენება დავიწყეთ. ქეთათო ამტკიცებდა, რომ სკოლაში ყველაზე მშვიდი ბავშვი იყო. _შენ?_ლედიმ ისეთი სახით შეხედა, თითქოს დედამიწა ბრტყელიაო, ეს გაეგო._შენ დირექტორს სკამი დაუმალე. _ღირსი იყო. _ფიზკულტურის მასწავლებელს სკამზე წებო წაუსვი. _მან ეს დაიმსახურა. მე უკვე სიცილისგან მუცელი მტკიოდა... მაგრამ, უცებ რაღაც გამახსენდა და ღიმილი სახეზე შემეყინა. _მოიცა…_ნელა წამოვიწიე._ძალიან ჩუმად არ არიან? მერე თითქმის ერთდროულად წამოვხტით და პირდაპირ ბავშვების ოთახებისკენ გავიქეცით. ორივე ცარიელი დაგვხვდა. _ჯანდაბა!.. სად ხართ?..._ტელეფონი ხელების კანკალით ამოვიღე და გეგას დავურეკე. არ მიპასუხა. მეორედაც ვცადე. მესამედაც, მაგრამ არც ამჯერად მიპასუხა. სიბრაზემ და შიშმა ერთნაირად მომიცვა. მერე, მისი ლოკაცია გამახსენდა და ეკრანს რომ დავხედე, ცოდა დავწყნარდი. _შენს სახლში არიან._ლედიც დავამშვიდე, რომელიც არაფერს ამბობდა, მაგრამ სახეზე აშკარად ეწერა: ნუთუ, ლიაკომ გაიტაცაო? მაშინვე დედამთილს დაურეკა გადასამოწმებლად. მერე, სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და მაშინ კი მართლა ამოისუნთქა შვებით. _ღმერთო… წარმოვიდგინე, რომ გაიტაცეს... გამეცინა კი, მაგრამ ალბათ უფრო სიმწრისგან. კედელს მივეყრდენი და მეც შვებით ამოვისუნთქე. შიშისგან ჯერ კიდევ მიკანკალებდა ხელები... მაგრამ ამავდროულად, სადღაც ძალიან ღრმად, გაბრაზებასაც ვგრძნობდი. იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, გეგა ამას სპეციალურად აკეთებდა, რათა წყობიდან გამოვეყვანე. თავიდან ძილს არ ვაპირებდით. არც ერთს არ გვეძინებოდა თითქოს. ცივ ლუდს ვწრუპავდით და მარილიან მიწის თხილსა და ანჩოუსებს მივირთმევდით. პირადად მე ერთი სული მქონდა გათენებულიყო და გეგა მენახა. პასუხი უნდა მომეთხოვა ასეთი უპასუხისმგებლო საქციელისთვის. თვითონ თუ უკვე კაცად თვლიდა თავს, ცხრა წლის ბავშვს რაღას დაარბენინებდა შუაღამით ტყის ბილიკებით? თუმცა, საბოლოოდ, ცალკე ფიზიკურმა, ცალკე ემოციურმა დაღლილობამ, ამას დამატებული ლუდის მსუბუქმა ბახუსმა მაინც თავისი ქნა. ჩემზე წინ ლედის და ქეთათოს ჩაეძინათ. მე თითქოს არ ვაპირებდი ძილს, მაგრამ... არ მახსოვს როგორ ჩამეძინა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ სავარძელში ვიყავი მოკუნტული და ტელეფონი მეჭირა ხელში. დილით, საშინელმა გრუხუნმა შეძრა ირგვლივ ყველაფერი. თვალები შეშინებულმა გავახილე. თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი. გარედან ხალხის ყვირილი და მანქანების სიგნალები ისმოდა. _რა ხდება?!_ქეთათოზე წინ ლედი წამოხტა ფეხზე _წარმოდგენა არ მაქვს... მგონი, მიწისძვრაა?_ელვის უსწრაფესად დავწვდი მძინარე ქეთათოს და გარეთ გამოვცვივდით. იქ კი, სრული ქაოსი დაგვხვდა. ადამიანები უმისამართოთ დარბოდნენ. ვიღაც ყვიროდა, რომ გზა ჩაიკეტა. ვიღაც ახლობელს ეძებდა და ტიროდა. მთის მხრიდან რაღაც სქელი, ღრუბლის მსგავსი შავი მასა მოჩანდა. _ღმერთო შენ გვიშველე!_მგონი ერთდროულად ამოვიგმინეთ სამივემ და მაშინვე ლედის სახლისკენ გავიქეცით. გზაში პანიკაში მყოფი ხალხისგან გავიგეთ, რომ მთიდან მეწყერი ჩამოწვა და მსხვერპლი უზარმაზარი იყო. გული ისე მიცემდა, თითქოს მკერდს მიხეთქავდა. ფეხები მიკანკალებდა, მაგრამ არ ვჩერდებოდი და მაინც გავრბოდი. _გეგა!_ჭიშკარში შესული არ ვიყავი, რომ ხმამაღლა დავიყვირე. _ლილე!_არც ლედი ჩამომრჩა ყვირილში. შუა ეზოში ვიყავით, ლედის დედამთილი რომ გამოგვეგება. სახეზე აშკარა შიში ეწერა. _სად არიან?! _ლედის არ ვაცადე ხმის ამოღება. ქალმა დაბნეულად შემოგვხედა. _დილით ადრე გავიდნენ... ტყეში წავიდნენ სასეირნოდ. _რაა?!_ლედი იქვე ჩაიკეცა და ორივე ხელით საკუთარ თმას ძლიერად ჩააფრინდა. მე კი იმ წამს პირველად ვიგრძენი ნამდვილი შიში. ლედი მართალია მოგვიანებით, მაგრამ ერთ რამეს მაინც დანამდვილებით მივხვდი: ქმარიც კარგია, შვილებიც, სიცოცხლეც... ოჯახი ხომ ყველაზე მშვიდი ნავსაყუდელია შენს ცხოვრებაში, მაგრამ თუ ამ ყველაფერში საკუთარ თავს დაკარგავ, ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენ, რომ სარკის ზედაპირიდან უკვე სულ სხვა ადამიანი შემოგყურებს. ქალებს ხშირად გვასწავლიან ოჯახისადმი მორჩილებას. იმასაც გვასწავლიან, რომ ჩვენ, ქალებმა, ყველასთვის უნდა ვიცხოვროთ: ქმრისთვის, შვილებისთვის, ოჯახისთვის… და ბოლოს ისე გამოდის, რომ საკუთარი თავისთვის დრო აღარ გვრჩება. არადა, ქალი ყველაზე ლამაზი მაშინ არის, როცა ბედნიერია, როცა საკუთარი თავის ფასი იცის და როცა საკუთარი თავის მოვლაც უყვარს... იმასაც მივხვდი, რომ ჯერ შენ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი! ჯერ შენ უნდა სცემდე საკუთარ თავს პატივს! ჯერ შენ უნდა იცოდე შენი ფასი და უკვე ამის მერე დაგაფასებენ სხვებიც! როცა ქალი საკუთარი თავის პატივისცემას და საკუთარ თავზე ზრუნვას წყვეტს, ნელ-ნელა სხვებიც იწყებენ ამის ჩვეულებად აღქმას. სიყვარული მხოლოდ მსხვერპლი არ არის. ქალი ვალდებული არ არის ბოლომდე დაიცალოს, რომ ოჯახი შეინარჩუნოს. მოიწესრიგე თავი შენთვის. გაიღიმე შენთვის და იცხოვრე ისე, რომ სარკეში ჩახედვის არ შეგრცხვეს! კაცმაც უნდა იგრძნოს, რომ მის გვერდით ქალი დგას და არა მხოლოდ დედა, არა მხოლოდ მზარეული ან დამლაგებელი. არამედ ქალი, რომელსაც საკუთარი სინათლე აქვს. რადგან როცა შენს თავს პატივს სცემ, სხვასაც ასწავლი, როგორ უნდა მოგექცეს. მართალია, მთლად ბავშვიც აღარ ვიყავი, როცა გავთხოვდი, მაგრამ მაინც ის ასაკი მქონდა, სიყვარულზე მეტად ზღაპრების და სასწაულების რომ მჯეროდა... მახსოვს, ის საღამო. აგვისტოს სიცხე ჯერ ისევ ძალაში იყო. მე და ქეთათო მილასთან ვიყავით და აივანზე ვიდექით. ქვემოდან მანქანების ხმა მკაფიოდ ისმოდა. ეზოში ბავშვები დარბოდნენ და სადღაც ვიღაც ძველ ქართულ სიმღერას აკვნესებდა. მილა მოწყენილი იყო თავს გადახდენილი ამბის გამო და მე და ქეთათო მის გამხიარულებას ვცდილობდით. ზუსტად მაშინ დავინახე პირველად იაგო. ეზოში იდგა ბიჭებთან ერთად და რაღაცაზე იცინოდა. უცნაური იყო, ეზოს ხმაურშიც კი გარკვევით გავიგონე მისი ხმა. თავიდან მაღლა არც კი ამოუხედია და სწორედ ამან მიიქცია ჩემი ყურადღება. არა და, იმდენ ბიჭს უნდოდა მაშინ ჩვენი ყურადღების მიპყრობა, რომ იაგოს სიმშვიდე და თავდაჭერილობა უცხოდ მომეჩვენა. თითქოს საერთოდ არ ცდილობდა ნებისმიერი გოგოსთვის თავის მოწონებას და ამიტომაც უფრო შესამჩნევი იყო ჩემთვის. საღამოს სახლში ვბრუნდებოდით მე და ქეთათო, მოულოდნელად უკან რომ აგვედევნა. აი, ზუსტად მაშინ დავინახე ახლოდან. ვიცოდი, რომ მილას ერთ-ერთი მეზობლის ნათესავი იყო. სტუმრად იყო ჩამოსული და მეტი არაფერი. მილას ამბის მერე შეშინებულები ვიყავით და როცა მივხვდით, რომ ჩვენ მოგვდევდა, ფეხს ავუჩქარეთ. მანაც აუჩქარა. ეს რომ გავიაზრე, უარესად დავპანიკდი. თუმცა, ქეთათო არ დაიბნა და ჩანთიდან წიწაკის სპრეი ამოიღო. _არ მოგვეკარო, თორემ თავ-ბედს გაწყევლინებ!_თან, ისეთი ხმით დაემუქრა, რომ მე უარესად შემეშინდა. ბიჭი მხოლოდ წამიერად დაიბნა. ერთ ადგილზე გაშეშდა კიდეც. მერე კი, ისეთი სახით გამოგვხედა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა: გაბრაზებულიყო თუ გულიანად გადაეხარხარა. _წიწაკის სპრეი კარგი შეიარაღებაა, მაგრამ... მე უბრალოდ თქვენი გაცილება მინდა, რომ ვინმემ ზედმეტი არ გაგიბედოთ. _ჩვენი გაცილება გინდა? ვითომ?... ჩვენ ამაზე არ ვიკერებით იცოდე!_ქეთათომ სპრეი კიდევ უფრო წინ გაიშვირა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, გაინძრევი და დედაც გეტირებაო. მე მის ზურგს ვიყავი ამოფარებული და მის ზურგჩანთას ორივე ხელით ვებღაუჭებოდი. იაგომ ღრმად ამოისუნთქა და თავი ოდნავ გადააქნია. _თქვენ რა, ყველა ბიჭი ეჭვმიტანილი გგონიათ? ქეთათომ თვალები მოჭუტა. _ბევრს ნუ ლაპარაკობ! ერთი ნაბიჯიც და... _და დამაბრმავებ, მივხვდი._როგორც იქნა გულღიად გაეცინა იაგოს. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ მომენტში ჩემი შიში სადღაც გაქრა. იქნებ იმიტომ, რომ მის სახეზე ვერანაირი ბოროტება ვერ დავინახე. ან იმიტომ, რომ ისე მშვიდად იდგა, თითქოს ჩვენზე მეტად ჩვენივე ისტერიკა ართობდა. _ქეთათო…_ხელი მკლავზე ფრთხილად მოვკიდე დაქალს._მგონი, მართლა უბრალოდ მოდის... _შენ გაჩუმდი!_ისე ჩამჩურჩულა, მისთვის თვალი არ მოუშორებია. იაგომ ამჯერად პირდაპირ მე შემომხედა. და სწორედ მაშინ მოხდა რაღაც ისეთი, რასაც ახლაც ვერ ვხსნი: ქუჩაში ხმაური ისევ ისმოდა, მანქანები ისევ დაჰქროდნენ, სადღაც ძველი ქართული სიმღერა ჟღერდა… მაგრამ იმ წამს ყველაფერმა თითქოს უკან გადაიწია. მხოლოდ მისი მზერა დავინახე. მშვიდი, ცოტა გაკვირვებული… და ისეთი პირდაპირი, რომ გეგონებოდა რაღაცას კითხულობდა ჩემში. გული ისე ამიჩქარდა, შემეშინდა, ქეთათოსაც არ გაეგო. _მე იაგო ვარ._გაცნობაზე გადავიდა ბიჭი. ქეთათომ სპრეი მაინც არ დაუშვა. _ძალიან კარგი. ახლა უკვე შენი სახელიც ვიცით._ხმა უფრო გაიმკაცრა ქეთათომ._ხო და, ჩემო იაგო, ახლა შენ მარჯვნივ წახვალ, ჩვენ კი ჩვენ გზას დავადგებით და ყველა ბედნიერი ვიქნებით. ამაზეც ხმამაღლა გაეცინა. ისეთი სიცილი ჰქონდა, უნებურად რომ გეღიმება ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა გაგეღიმოს. მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა იმაზე, რომ ამ ბიჭის სიცილი ჩემს ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლიდა. მაგალითად იმას, რომ მის გამო ბედნიერიც ვიქნებოდი და უბედურიც. იმ დღის მერე იაგო თითქოს ყველგან იყო. თავიდან მეგონა, რომ უბრალოდ დამთხვევა იყო. ერთხელ უნივერსიტეტთან დამხვდა. მეორედ მე და ქეთათო რომ გამოვედით კაფედან, ქუჩის მეორე მხარეს იდგა და ვითომ ტელეფონში იყურებოდა. მესამედ კი, როცა ავტობუსს ველოდებოდი, პირდაპირ ჩემს გვერდით გაჩერდა და ისე ბუნებრივად მკითხა: ისევ წიწაკის სპრეით დადიხართო, რომ თავი ვერ შევიკავე და გულღიად გამეცინა. თუმცა, ეს რომ გავიაზრე, უცბადვე დავსერიოზულდი. _შენ კი ისევ გოგოებს დაყვები უკან?_რაც შემეძლო მკაცრად შევჭმუხნე წარბები. _გოგოებს არა, მარტო შენ დაგყვები._ეს ისეთი გრძნობით თქვა, რომ ტაომ დამაყარა. მგონი, ზუსტად იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი. ჯერ მხოლოდ მოკითხვები იყო. მერე, საუბრები. მერე ისე მოხდა, რომ ჩემზე ბევრი რამ იცოდა: მაგალითად ის, რომ დილაობით ყავას ვერ ვსვამდი, თუ ჯერ მუსიკას არ ჩავრთამდი… რომ როცა ვნერვიულობდი, ქვედა ტუჩს ვიკვნეტდი… რომ წვიმა მიყვარდა, მაგრამ ჭექა-ქუხილის საშინლად მეშინოდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მეც ნელ-ნელა ვეჩვეოდი. იაგოსთან ყოფნა მშვიდი იყო. არ ჰგავდა იმ ბიჭებს, რომლებიც სულ ცდილობდნენ, თავი მოეწონებინათ. ხშირად უბრალოდ მიყურებდა ხოლმე. თანაც ისე, თითქოს ჩემში რაღაცას ეძებდა. ერთ საღამოს სახლამდე მიმაცილა. სადარბაზოსთან ვიდექით. ქარი იყო და თმა სულ სახეზე მეყარა. იაგომ ხელი ნელა ასწია, თითქოს უნდოდა რომ გადაეწია, მაგრამ ჰაერში გააშეშა. _რა მოხდა?_გაოცებულმა ჩურჩულით ვკითხე. _შენი შეხების უფლება ჯერ არ მაქვს. იმ მომენტში პირველად ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა გული მის გამო. ქეთათო გამუდმებით მეუბნებოდა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი: _ზედმეტად მშვიდი და ჩუმია ეგ ბიჭი… რომ იცოდე, მასეთი ხალხი ყველაზე საშიშია. მაგრამ მე არ ვუსმენდი საერთოდ. ვგრძნობდი, რომ იაგო თითქოს ნელ-ნელა შემოდიოდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ წინააღმდეგობას აღარ ვუწევდი. თუმცა, ერთ მშვენიერ დღესაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. იმ საღამოს უნივერსიტეტიდან გამოვედი თუ არა, იაგოს მანქანა დავინახე. არ გამკვირვებია. ფანჯარა ჩამოსწია და გამიღიმა. _ჩაჯექი. სახლში წაგიყვან. დღეს ვერა, ქეთათოსთან მივდივარ-მეთქი, უკან დავიხიე თითქოს... მაგრამ არ დანებდა. _შენთან პირისპირ მინდა საუბარი. ჩაჯექი. ამაში უცნაური არაფერი იყო და მეც ჩავჯექი. თავიდან ქალაქში დავდიოდით. მერე მივხვდი, რომ გადაუხვია და ქალაქს ნელ-ნელა დავშორდით. _იაგო… სად მივდივართ?_ცოტა შევშფოთდი. _ჩემთან._ისე მშვიდად მითხრა, თავიდან ხუმრობა მეგონა._რაჭაში. თავიდან გამეცინა კიდეც. მართლა მეგონა, რომ ხუმრობდა, მაგრამ როცა ქალაქის განათებები უკან დარჩა, ავწრიალდი. _მანქანა გააჩერე! რათქმა უნდა არ გამიჩერა. _გაგიჟდი?!_ხმა ამიკანკალდა._უკან დამაბრუნე! უსიტყვოდ გამომხედა. ისეთი დაღლილი სახე ჰქონდა, გული უცნაურად შემეკუმშა. _მაპატიე, სხვა გამოსავალი არ მქონდა... _რას ნიშნავს, სხვა გამოსავალი არ გქონდა?_ცრემლები ძლივს გადავყლაპე. _ვერ დავუშვებდი, რომ შენი თავი ფუკასავით აეცალათ ჩემთვის... იმ წამს პირველად შემეშინდა მისი... ისტერიკის მოწყობას, ან ჭიდაობის გამართვას მანქანაში აზრი არ ჰქონდა. ისედაც მთელი სისწრაფით მივქროდით და არ მინდოდა რამე გაუთვალისწინებელი მომხდარიყო. მთიან რაჭაში გამთენიისას ავედით. ლამაზი სანახავი იყო, ვერ ვუარყოფ, მაგრამ ამ სილამაზით ტკბობისთვის არ მეცალა. ჯერ მანქანიდან გადასვლაზე ვთქვი უარი და გავჯიუტდი. _ხელი არ მახლო!_ბოლო ხმაზე ვუკივლე, როცა კარი გამიღო. მაშინვე შეჩერდა. _კაი, არ შეგეხები... თვითონ გადმოდი. _არა!.. სახლში მინდა!.. უკან დამაბრუნე!_ტირილი დაგეგმილი არ მქონდა, მინდოდა ძლიერი გოგოს როლი მომერგო, მაგრამ უნებურად მაინც ავტირდი. _სხვა რაც გინდა მთხოვე,ოღონდ ეგ არა. მაგას ვერ შეგისრულებ!_ისე გამომიცხადა, მივხვდი, მას უკვე გადაეწყვიტა ჩემი ბედ-იღბალი და რაც არ უნდა მეღრიალა, ვერაფერს გავხდებოდი. იმ წუთას ისე ძლიერად შემძულდა, ცხოვრებაში რომ არავინ შემძულებია. **** პირველი დღეები საშინელი იყო. არ ველაპარაკებოდი. ოთახიდან არ გამოვდიოდი. თუ რამეს შემომიტანდა, უკან ვუბრუნებდი. ერთხელ გაბრაზებულმა წყლით სავსე ჭიქაც კი ვესროლე. ძლივს აირიდა. მერე? მერე უბრალოდ ნამსხვრევების აკრეფა დაიწყო მშვიდად. ეს უფრო მაღიზიანებდა. _რატომ არაფერს მეუბნები?!_ვუყვირე კიდეც ჭკუიდან გადასულმა._რატომ არ ბრაზდები?!_და მუშტები გამეტებით დავუშინე მკერდში. _იმიტომ, რომ შენს ადგილას მეც შემძულდებოდა ჩემი თავი._მხოლოდ ეს მითხრა და ჩემი შეჩერება არც კი უცდია. დღეები ტირილში, სიბრაზეში და მტვრევაში გადიოდა. რაც კი ხელთ მომხვდებოდა, ყველაფერს ვამტვრევდი. არ მიბრაზდებოდა. ჩემს ძალით დამორჩილებას არ ცდილობდა და მოთმინებით მელოდა, როდის დავწყნარდებოდი და როდის შევეგუებოდი იმ ფაქტს, რომ მე მისი ცოლი ვიყავი. რაჭაში საღამოები სხვანაირი იყო. მთები მზის ჩასვლისას რაღაც უფრო მუქი და პირქუში ჩანდა. ეზოში შეშის სუნი იდგა. ღამით კი ისეთი სიჩუმე ჩამოწვებოდა ხოლმე, საკუთარი გულისცემა მესმოდა. იაგო არაფერს მაიძულებდა. არც შეხებას. არც საუბარს, მაგრამ სულ ჩემზე ზრუნავდა. დილით ბუხარს ანთებდა, რომ არ შემცივნოდა. ერთხელ, გაჯიუტებული წვიმაში რომ დავსველდი, მთელი ღამე ცეცხლთან იჯდა, რომ არ ჩამქრალიყო. ვფიქრობდი, როცა დამეძინებოდა, წავიდოდა, მაგრამ რომ გამეღვიძა, ისევ იქ იყო. სკამზე ეძინა და თავი კედელზე ჰქონდა მიყრდნობილი. იმ მომენტში პირველად გამიჭირდა მისი სიძულვილი და სწორედ მაშინ მივხვდი ყველაზე საშინელ რამეს: მიუხედავად ყველაფრისა, ნელ-ნელა ისევ მისკენ მიიწევდა ჩემი გული. მგონი, ზუსტად იმ მომენტიდან დავიწყე მის მიმართ ოდნავ ლმობიერი მოპყრობა. ვგრძნობდი, რომ მის შეხებას აღარ გავურბოდი. უფრო მეტიც, გაუცნობიერებლად ველოდებოდი როდის შემოვიდოდა ჩემს ოთახში და როდის იზრუნებდა ჩემზე. მგონი, უბრალოდ გაბრაზებული ვიყავი მასზე, ასე ჩემს დაუკითხავად რომ გადაწყვიტა ჩემი ბედი. ხო და, ამ სიბრაზემ ნელ-ნელა რომ გამიარა, მის მიმართ გრძნობები და ლტოლვა ისევ დამიბრუნდა. იმ საღამოს ფანჯარასთან ვიჯექი. გარეთ გაზაფხულის წვიმა ჩუმად ასველებდა ეზოს, ოთახში კი მხოლოდ სანათის მკრთალი შუქი ფეთქავდა. კარის გაღების ხმა რომ გავიგონე, ინსტინქტურად ავღელდი და ავფორიაქდი, მაგრამ მისკენ მაინც არ გამიხედია. უკვე ვიცოდი, ვინც იყო. _ისევ გღვიძავს?_ჩუმად მკითხა. _ვერ ვიძინებ._ამ ხნის მანძილზე მშვიდად ვუპასუხე და მუხლებზე შემოხვეულ პლედს თითები ძლიერად მოვუჭირე. მხოლოდ რამდენიმე წამი იდგა უხმოდ. მერე კი, ნელა მომიახლოვდა. მისი სურნელი იმდენად ნაცნობი გამხდარიყო უკვე ჩემთვის, რომ თვალდახუჭულიც ვცნობდი. ადრე ეს სიახლოვე მაღიზიანებდა… ახლა კი გულს აუხსნელად მიჩქარებდა რატომღაც. _სიცხე ისევ გაქვს?_მზრუნველად მკითხა და შუბლზე ხელი ფრთხილად შემახო. თვალები თავისით დამეხუჭა. ღმერთო… როგორ შეიძლებოდა ადამიანის უბრალო შეხებას ასე ემოქმედა? _აღარ._ძლივს ამოვილუღლუღე. შუბლიდან ხელი არ აუღია. რამდენიმე წამი უბრალოდ მიყურებდა. თან ისეთი მზერით, თითქოს ჩემში რაღაცას ეძებდა… ან იქნებ დიდი ხნის ნაპოვნს უფრთხილდებოდა? _ჯერ კიდევ გძულვარ?_მოულოდნელად თემა შეცვალა. ამ კითხვაზე გულში რაღაც მტკივნეულად შემეკუმშა. მძულდა?.. ალბათ ყველაფრის მიუხედავად უნდა მძულებოდა... მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ უკვე ვეღარ ვახერხებდი ამას. ნელა, თითქმის შეუმჩნევლად გავაქნიე თავი. მის თვალებში პირველად დავინახე შვება. ისეთი ნამდვილი, ისეთი დაუფარავი, რომ სუნთქვა შემეკრა. მერე კი, ოდნავ ჩაეღიმა ზუსტად იმ იშვიათი ღიმილით, რომელიც ყოველთვის აუხსნელ სისუსტეს მგვრიდა. _მაშინ, იმედი მაქვს, რომ ოდესმე მაპატიებ კიდეც. არ ვიცი რამ მიბიძგა, იქნებ წვიმის ხმამ. ან იქნებ მისმა მზერამ... თუ იმ დუმილმა, რომელიც ჩვენს შორის ბოლო დღეებში უცნაურად გამთბარიყო… მაგრამ პირველად, სრულიად ნებაყოფლობით, მის თითებს ნაზად შევეხე... და იმ წამს მივხვდი, რომ ყველაზე საშიში ის კი არ იყო, მის მიმართ სიბრაზე რომ ქრებოდა. საშიში ის იყო, რომ ნელ-ნელა მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომედგინა. ...მერე მართლა შევეგუე ყველაფერს. ის უცხო სახლი, რომელიც თავიდან ციხეს უფრო ჰგავდა, ნელ-ნელა ჩემს სახლად იქცა. მისი ჩვევებიც შევისწავლე, თუ როგორ სვამდა დილით ყავას ჩუმად... როგორ იჭმუხნიდა წარბებს დაღლილობისას... როგორ ცდილობდა ყოველთვის მშვიდად ელაპარაკა ჩემთან, მაშინაც კი, როცა მოთმინებას ვუკარგავდი. ორსულობის პერიოდში საშინელი ტოქსიკოზი მქონდა. ყველაფერზე ვღიზიანდებოდი. სუნებზე, ხმებზე, სინათლეზეც კი. უარესად ჭირვეული გავხდი. ზოგჯერ შუაღამით რაღაც უაზრო მომინდებოდა. ზოგჯერ კი უბრალოდ უმიზეზოდ ვტიროდი. იაგო ამ ყველაფერს მოთმინებით იტანდა. ერთხელ, გამთენიისას, როცა მთელი სახლი ფეხზე დავაყენე მხოლოდ იმიტომ, რომ უცებ მაწვნის სუნმა ცუდად გამხადა, სამზარეულოს კართან დაყრდნობილმა სიცილით მითხრა: _რა ვქნა, ვის დავაბრალო? თვითონ მე მოვიწადინე შენი მოტაცება. ეს იმდენად სერიოზული სახით თქვა, რომ სიცილი ამიტყდა. ალბათ პირველად ვიცინე მასთან ასე გულწრფელად. ის კი გაჩუმებული იდგა და ისე მიყურებდა, თითქოს ჩემი სიცილი ყველაზე ძვირფასი რამ იყო მისთვის ამქვეყნად. მერე ლილე გაჩნდა. იმ დღეს პირველად დავინახე იაგო ატირებული. ისეთი სიფრთხილით ეჭირა ბავშვი ხელში, თითქოს ეშინოდა, ზედმეტი შეხებით არაფერი ეტკინა მისთვის. მე კი, საწოლიდან ვუყურებდი და გულში უცნაური სითბო მეღვრებოდა. _შენ გგავს._ბოლოს ღიმილით ამომხედა. _ღმერთმა დაიფაროს!_ერთიანად გამაჟრჟოლა ტანში._არ მინდა ჩემნაირი ჯიუტი იყოს! გაეცინა, შენზე უარესი მაინც ვერ იქნებაო. ...მერე საბაც გაჩნდა. სახლი უკვე ბავშვების ხმაურითა და ერთმანეთში არეული სათამაშოებით გაივსო. ხანდახან ისე ვიღლებოდი, საკუთარ თავსაც ვეღარ ვცნობდი სარკეში. მაგრამ საღამოს, როცა იაგო ბავშვებს გულზე იხუტებდა, თითქოს დაღლაც უკვე სხვანაირი ტკბილი ხდებოდა ჩემთვის. სწორედ მაშინ მივხვდი, თუ რას ნიშნავდა ოჯახი. სიყვარული მარტო ვნება არ ყოფილა. არც მხოლოდ გულის აჩქარება და მონატრება. სიყვარული თურმე ის არის, ღამის ოთხ საათზე სიცხიან ბავშვს რომ ორივენი თავზე ადგახართ და ერთნაირად ზრუნავთ მასზე. სიყვარული ისაა, როცა ერთმანეთის დახოცვა გინდათ ცუდი ხასიათის გამო, მაგრამ მაინც ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებთ. ოჯახის სიყვარული და პატივისცემა ჩემს მოვალეობად კი არა, ჩემს ყველაზე დიდ ბედნიერებად ვაქციე. ყველაზე უცნაური კი მაინც ის იყო, რომ ადამიანი, რომელიც ერთ დროს ყველაზე მეტად მძულდა, ბოლოს ჩემს ყველაზე მშვიდ ნავსაყუდლად იქცა. სოფლის ცხოვრებასაც ნელ-ნელა ავუწყე ფეხი და იმ ფაქტს შევეგუე, რომ აქ ამბები ქარზე სწრაფად ვრცელდებოდა, ჭორები კი ინტერნეტზე უკეთ. დილით თუ ვინმე საკუთარ ეზოში ხმამაღლა დაილაპარაკებდს, საღამოს უკვე მთელმა სოფელმა იცოდა, თუ რატომ იჩხუბა. ან ვინ იყო მტყუან-მართალი. სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან ეს ყველაფერი მაღიზიანებდა. მეგონა, რომ ყველა ფანჯრიდან მეც მალულად მითვალთვალებდნენ. ვინც კი მიღიმოდა, ვფიქრობდი, რომ ყველა ზურგს უკან ჩემზე რაღაც საშინელებებს ჭორაობდა. სინამდვილეში ადამიანები აქ სულ სხვანაირები იყვნენ: ზედმეტად ცნობისმოყვარეები და მიამიტები. თუმცა გულით მაინც თბილები. მეზობლები მეგობრულად მექცეოდნენ. (ან, ასე მაჩვენებდნენ თავს). ყველაზე მეტად მე და ლიაკო დავუახლოვდით ერთმანეთს. ვერ ვიტყვი რა დავინახე მასში ასეთი. გასათხოვარი გოგო იყო, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი, მუდამ აწეწილი თმით და დაუღალავი ენით. ლამის მთელ დღეს ჩემთან ატარებდა. ხან საბას არწევდა, ხან ლილეს ეთამაშებოდა. ხანაც ჩემს სამზარეულოში იდგა და ისე საქმიანობდა, თითქოს იმ სახლის ნაწილი ყოფილიყო. _შენ რომ არ იყო, ალბათ გავგიჟდებოდი._ ერთხელ გულწრფელადაც ვუთხარი. _აბა რას იზამდი, ქალო?_სიცილით მითხრა._მაგ შენ ქმარს საქონლის მოვლა უფრო ეხერხება, ვიდრე ბავშვებისა. ამაზე ორივეს გაგვეცინა... იაგოს თითქოს არ აწუხებდა მისი ხშირი სტუმრობა. მშვიდად ესალმებოდა. ზოგჯერ ლიაკო ყავასაც კი უდუღებდა სამუშაოდან დაბრუნებულს. ან სუფრას უწყობდა... მაგრამ მერე რაღაც შეიცვალა თითქოს. მგონი, პირველად მაშინ ვიგრძენი გულში უსიამოვნო ჩხვლეტა, როცა ლიაკო ზედმეტად ახლოს ჩამოუდგა იაგოს წინ და რაღაც მაცდურად გადაუსვა ხელზე თითები. _მოიცა, ხიჭვი გაქვს._უთხრა და მის ამოღებას შეეცადა. მე იქვე ვიდექი, ბავშვისთვის ფაფას ვამზადებდი, მაგრამ ხელი თავისით გამიშეშდა. არ ვიცი, იაგომ იგრძნო თუ არა ჩემი შეკრთომა, მაგრამ ხელი უცებ გამოსტაცა, არაფერია, თავად ამოვიღებო. ლიაკოს კი უცნაური ღიმილი გაუკრთა სახეზე. _მოიცა, შენ ისევ ისეთი მშიშარა ხარ? არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ წამს კრიჭა შემეკრა და ერთიანად ავცახცახდი მხოლოდ. შეიძლება იმიტომ, რომ მის ხმაში რაღაც ზედმეტად იდუმალი ტონი დავიჭირე. ან იმიტომ, რომ პირველად ვიგრძენი, ვიღაც ჩემი ადგილის დაკავებას როგორ ცდილობდა ჩემს თვალწინვე. მთელი დღე უხასიათოდ დავდიოდი. როგორც ყოველთვის, იაგო მალე მიმიხვდა ხასიათის ცვლილებას. _რა გჭირს?_ინტერესით მკითხა, როცა ბავშვები დავაწვინე. _არაფერი._მაშინვე ვუარყავი. _შენს "არაფერს" მშვენივრად ვცნობ._თითქოს ჩაეცინა კიდეც. მაშინ მივბრუნდი და პირდაპირ თვალებში შევხედე. _ის გოგო არ მომწონს. მაშინვე ცალი წარბი ასწია ზემოთ და მხოლოდ წამიერი პაუზის მერე მკითხა: _ვინ, ლიაკო? ხმა ვეღარ ამოვიღე და მხოლოდ თავი დავუქნიე. _რატომ?_ მგონი გულწრფელად გაუკვირდა. _მართლა ვერ ხვდები?_ცოტაც და ისტერიკა დამეწყებოდა. რამდენიმე წამი ჩუმად მიყურებდა. მერე კი ისეთი სიცილი აუტყდა, ნერვები უარესად მომეშალა. _შენ რა, ეჭვიანობ? _საერთოდ არ მეცინება!_გაბრაზებულმა საბას სათამაშო ვესროლე. ის კი ისევ იცინოდა და ხალისობდა. მერე, მოულოდნელად მომიახლოვდა და ისე ჩამეხუტა, თითქოს მეუბნებოდა, შენი გაბრაზებაც კი უზომოდ მიყვარსო. _ნუ სულელობ._ჩუმად მითხრა და ჩემს თმებში ჩამალა სახე._სხვა ქალისკენ როგორ გავიხედავ, როცა ასეთი ანგელოზი მყავხარ სახლში? გული მაინც ვერ დავიმშვიდე. ალბათ იმიტომ, რომ ქალის ინსტინქტი იშვიათად ცდება… თან ლიაკოს თვალებში ისეთი რამ დავინახე იმ წამს, რაც მეგობრობას საერთოდ არ ჰგავდა. ზუსტად არ ვიცი როდიდან გახდა ჩემი და იაგოს ურთიერთობა ასეთი დაძაბული. როდის დავიწყეთ ერთმანეთის გაღიზიანება, სიტყვებზე გამოკიდება და უმიზეზოდ ნერვების მოშლა. ალბათ ყველაფერი ძალიან შეუმჩნევლად დაიწყო. თავიდან მხოლოდ პატარა წაკბენები იყო. მე ვბუზღუნებდი, რომ სახლში გვიან ბრუნდებოდა. ის ბრაზდებოდა, ყოველ ჩემს სიტყვაში ეჭვს და საყვედურს რომ გრძნობდა. მერე, დუმილები გაჩნდა. ისეთი დუმილები, ადრე რომ არასდროს გვქონია. ერთ საწოლში ვიწექით, მაგრამ თითქოს უზარმაზარი უფსკრული გვყოფდა ერთმანეთისგან... ვერც ლიაკო მივაბრძანე სახლიდან. რამდენჯერაც დავაპირე, იმდენჯერვე შევჩერდი. მაინც რა უნდა მეთქვა? ის, რომ მისი მზერა არ მომწონდა? ან ის, რომ გამომწვევად იცინოდა იაგოს ნათქვამზე? როგორ უსწორებდა პერანგის საყელოს ისე, თითქოს ამის უფლება ჰქონდა? მგონი არ მეჩვენებოდა და არ ვაზვიადებდი, რომ ჩემს ქმარს ეპრანჭებოდა, მაგრამ... ყველაზე მეტად კი ის მაგიჟებდა, რომ იაგო ამას ან ვერ ამჩნევდა… ან ამჩნევდა და მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ერთხელ სამზარეულოში შევედი და ზღურბლთანვე გავიყინე. ლიაკო რაღაცას ყვებოდა, იაგო კი ისე იცინოდა, დიდი ხნის მერე რომ აღარ გაეცინა ჩემთან. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ზედმეტი ვიყავი. _რამე სასაცილო გამომრჩა?_ცივად ვიკითხე. ორივემ ერთდროულად შემომხედა. _ბავშვებს სძინავთ. ცოტა ჩუმად!_საკმაოდ მკაცრად და ცივად დავამატე. ლიაკო მაშინვე წამოდგა. _მე წავალ... ჯობია წავიდე…_და წავიდა. იმ ღამეს პირველად ვიჩხუბეთ მე და იაგომ სერიოზულად. _რა გინდა საერთოდ მისგან?_ჩუმად, მაგრამ ბრაზით ვკითხე, როცა ოთახში მარტონი დავრჩით. იაგომ დაღლილივით მოისვა სახეზე ხელი. _ისევ ამას იწყებ? _ჰო, ამას ვიწყებ! იმიტომ, რომ თვალები მაქვს და ვხედავ, როგორ გიყურებს! _მერე, ჩემგან რა გინდა, რას მოითხოვ? _იმას, რომ ცოტა დისტანცია დაიჭირო! მწარედ ჩაეცინა. _შენ გგონია, ვინმეში გაგცვლი? _მაშინ უთხარი, რომ ყოველდღე აქ ნუ მოდის! _მე რა ვუთხრა, გაგიჟდი? მე დავითხოვო სახლიდან?.. ესეც რომ არა, ის ხომ გეხმარება? _არ მჭირდება მასეთი დახმარება!.. ვითომ დასახმარებლად მოდის, სინამდვილეში კი სულ სხვა რაღაც უდევს გულში! ერთ ხანს უხმოდ მიყურებდა. მერე, გულიანად ამოიოხრა. _ძალიან შეიცვალე. ამ ბოლო დროს ყველას ებრძვი და სულ მალე სამკვდრო-სასიცოცხლო ომს გამომიცხადებ ალბათ. ეს სიტყვები გულში ლახვარივით მომხვდა. იმიტომ რომ... სადღაც გულის სიღრმეში ვგრძნობდი, ჩემი ქმარი მართალი იყო. მგონი, გადაღლილი ვიყავი, თან გაბრაზებული და იმიტომაც ვეჭვიანობდი საშინლად... ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ საკუთარ თავს თვითონვე ვეღარ ვცნობდი. იმ ქალს საერთოდ აღარ ვგავდი, რომელსაც ოდესღაც იაგოს დანახვაზე გული უჩქარდებოდა. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, ფიქრი მის დაკარგვაზე მაინც მიჩერებდა სუნთქვას. ახლა რომ ვფიქრობ, კი ვხვდები, რომ ზუსტად ჩემმა ეჭვიანობამ და გაუთავებელმა კამათმა გადაღალა იაგოც. ალბათ ძნელი იყო ჩემთან ცხოვრება. დღეები ერთმანეთში მერეოდა. ბავშვები, სახლი, დაღლა, უძილო ღამეები… სარკეში ჩახედვის დროც კი აღარ მქონდა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მუდამ შეკრული აბურდული თმითა და გახუნებული ხალათით ჩემი დანახვა მოსაწყენი და მძიმე იყო. ადრე ქალი ვიყავი, რომელსაც საათობით შეეძლო სარკესთან ტრიალი. ახლა კი, საკუთარი თავისთვის აღარ მეცალა. ხანდახან იაგო სახლში დაღლილი ბრუნდებოდა, მე კი მის დანახვაზე ჩახუტების ნაცვლად საყვედურებით ვხვდებოდი. _ისევ გვიან მოხვედი?.. _ტელეფონს რატომ არ პასუხობდი?.. _ლიაკოსთან იყავი? და ისიც ნელ-ნელა დუმდა. აღარ მეკამათებოდა ისე, როგორც ადრე. აღარც იცინოდა. ხშირად უბრალოდ მიყურებდა დაღლილი თვალებით, მერე ბავშვებს აკოცებდა და სიგარეტის მოსაწევად საათობით გადიოდა გარეთ. მახსოვს, ერთხელ ფანჯრიდან ვუყურებდი. ეზოში იდგა ღამის სიბნელეში, მხრებში მოხრილი და ისეთი მარტოსული ჩანდა, გული მომეწურა. იმ წამს პირველად გამიელვა თავში, რომ შეიძლება მეც ვკარგავდი მას... და უცებ შემეშინდა. იმიტომ, რომ ქალი, რომელსაც ოდესღაც ხელში აყვანილს დამატარებდა, ნელ-ნელა მიქრებოდა მეც და მის შეჩერებას სიყვარულით კი არა, ბრაზით და ეჭვიანობით ვცდილობდი. ერთ საღამოს, ბავშვები რომ დავაძინე, სარკესთან დავჯექი და საკუთარ ანარეკლს დიდხანს ვუყურე. ჩამქრალი თვალები მქონდა. სახე დაღლილი. თმა, როგორც ყოველთვის, ახლაც დაუდევრად მქონდა შეკრული. უცებ მივხვდი, რომ საკმაოდ დიდი დრო იყო გასული, რაც საკუთარ თავზე აღარ მეზრუნა. მოულოდნელად ზურგს უკან კარის ხმა გავიგონე. სარკიდან დავინახე, როგორ შემოვიდა ოთახში და რამდენიმე წამი ჩუმად მიყურებდა. _ბავშვებს სძინავთ?_საკმაოდ მშვიდად მკითხა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ჩემთან მოვიდა. თმაზე შემახო ხელი და ფრთხილად გამიშალა ის აბურდული კოსა, მთელი დღე რომ თავზე მქონდა შემოხვეული. _ასე უფრო გიხდება._ჩუმად თქვა. სარკიდან მის თვალებს შევხედე. იქ არც ზიზღი იყო, არც მოწყენა. მხოლოდ დაღლა… და ისევ ის სიყვარული, რომელსაც მე საკუთარი შიშებით ვახრჩობდი... და იმ ღამეს პირველად გამიჩნდა სურვილი, რომ ყველაფერი თავიდან დაგვეწყო. იმ დღიდან ყველაფერი ნელ-ნელა თითქოს თავის კალაპოტში ჩადგა. მე და იაგოც ნაკლებად ვჩხუბობდით. ბავშვების მხიარული სიცილი ისევ ავსებდა სახლს, საღამოებიც შედარებით მშვიდი გახდა. ზოგჯერ ისევ ისე მაკვირდებოდა, როგორც ადრე. მე კი გულში ჩუმად მიხაროდა, რომ ერთმანეთი საბოლოოდ არ დაგვიკარგავს. მაგრამ ეშმაკს თურმე არასოდეს სძინავს. ზუსტად არ ვიცი, მართლა მიღალატა თუ არა იაგომ, მაგრამ ლიაკოს რაღაც წამოსცდა… ან იქნებ უნდოდა ასე მეფიქრა, რომ შემთხვევით წამოსცდა. იმ დღეს ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. მე და ლიაკო სამზარეულოში ვიყავით. ყავა ვამზადებდი. ის კი, ჩვეულებისამებრ ლაპარაკობდა ყველაფერზე და ამავე დროს არაფერზე. გააზრებულად თუ გაუაზრებლად მოულოდნელად მკითხა: _შენი ქმარი ისევ შენს სახელს ყვირის ძილში? _რაა?_ხელი ჰაერში გამიშეშდა და გაოცებულმა შევხედე. თავი ისე ასწია, თითქოს მაშინღა მიხვდა, რაც თქვა. _მახსოვს რომ შენ მითხარი ამის შესახებ…_სასწრაფად ჩაიბურტყუნა, მაგრამ თვალი ამარიდა. გულში რაღაც ჩამწყდა. იმიტომ, რომ ამის შესახებ მე მისთვის არასდროს არაფერი მითქვია. მთელი დღე ეს სიტყვები თავში მიტრიალებდა. მერე სხვა დეტალებიც გამახსენდა. თუ როგორ უყურებდნენ ერთმანეთს ხანდახან ზედმეტად ჩუმად. როგორ იცოდა ლიაკომ მისი საყვარელი საჭმელები. როგორ თქვა ერთხელ სრულიად შემთხვევით: იაგოს ღამე გვიან დაძინება უყვარსო. მაშინ პირველად შემეშინდა სიმართლის. იაგო გვიან დაბრუნდა. ბავშვებს უკვე ეძინათ. კარი ჩუმად გააღო, ეგონა მეც მეძინა, მაგრამ საწოლზე ჩამომჯდარმა მაშინვე იგრძნო, რომ მეღვიძა და ჩუმად ვტიროდი _რამე მოხდა?_დაღლილი ხმით მკითხა. დიდხანს ვდუმდი. მერე კი ძლივს ვკითხე შიშით: _ლიაკოსთან რამე გაკავშირებს? ირგვლივ სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. თან ისეთი მძიმე, სუნთქვას რომ გიჭერს. იაგო ნელა გასწორდა წელში. _ეს რა კითხვაა? _უბრალოდ მიპასუხე ხო თუ არა? მგონი მის თვალებში პირველად დავინახე ბრაზი. არა ყვირილი… არა გაღიზიანება… რაღაც უფრო ბნელი. _შენ უკვე სულ გააფრინე? _მიპასუხე! _ღმერთო…_მტკივნეულად ამოიოხრა და ნერვიულად მოისვა სახეზე ხელი._ისევ იმ ქალის გამო ვჩხუბობთ? _იმიტომ, რომ რაღაცას მიმალავ! _არაფერს არ გიმალავ!_ჩემ წინ პირველად აუწია ხმას. გული უცნაურად შემეკუმშა. _მაშინ რატომ იცის შენზე ისეთი რაღაცები, რაც მხოლოდ ჩვენ ვიცით? მხოლოდ რამდენიმე წამი მიყურებდა ჩუმად. მერე კი, ისეთი დაღლილი ხმით მითხრა, გული მეტკინა. _იმიტომ, რომ შენ ბოლო დროს ჩემთვის საერთოდ აღარ გცალია. ეს სიტყვები ლოყაში სილის გაწვნასავით მომხვდა. იმ ღამეს აღარ გვილაპარაკია. ის ჩემსკენ ზურგით დაწვა, მე კი ფანჯარასთან ვიდექი და პირველად მაშინ გამიელვა თავში ყველაზე საშინელმა აზრმა, რომ შეიძლება სიყვარული ზოგჯერ ღალატით კი არა… ნელ-ნელა ერთმანეთისგან დაშორებით ქრებოდეს. მერე, ლიაკოც გათხოვდა. იმ პერიოდში იაგოს მართლაც თავზე საყრელად ჰქონდა პრობლემები: სამსახური, ვალები, დაძაბულობა. თითქოს ამის ფონზე არ უნდა შემემჩნია არაფერი, მაგრამ ქალი ზოგჯერ სიტყვების გარეშეც ხვდება სიმართლეს. არ ვიცი, ეს ეჭვი იყო, შიში, თუ უბრალოდ ის წყეული მეექვსე გრძნობა, რომელიც არასდროს გვღალატობს, მაგრამ ლიაკოს გათხოვება იაგომ აშკარად მძიმედ გადაიტანა. ჩხუბით ნამდვილად არ უჩხუბია. პირდაპირ არც რამე უთქვამს. უბრალოდ, რამდენიმე დღე უჩვეულოდ ჩუმი გახდა. მერე კი, უცებ ზედმეტად მხიარული. ისეთი ხელოვნური სიცილი ჰქონდა, რომ კაცი იფიქრებდა, საკუთარ თავსაც ატყუებსო. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ ლიაკო არსად გამქრალა: ის ჩემი ქმრის ახლო მეგობარს გაჰყვა ცოლად და, ბუნებრივია, ისევ გვიწევდა ერთმანეთთან შეხვედრები დაბადების დღეებზე, აგარაკებზე, სუფრასთან, საერთო შეკრებებზე... და ყოველ ჯერზე, როცა ერთმანეთს უყურებდნენ, ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს ოთახში რაღაც უხილავი იჭიმებოდა. შეიძლება მართლა მე ვიგონებდი ამ ყველაფერს. შეიძლება მართლა არაფერი ხდებოდა, მაგრამ ყველაზე დამღლელი სწორედ ისაა, როცა არ იცი უმიზეზოდ ეჭვიანობ, თუ უბრალოდ სინამდვილეს თვალებში ვერ უყურებ. ერთ-ერთ მორიგ წვეულებაზე, სადაც მე და იაგოც ვიყავით, რა თქმა უნდა, მახო და ლიაკოც იქ დაგვხვდნენ. იმ საღამოს, ჩემდა საუბედუროდ, ფეხი გადამიბრუნდა და სანამ ძირს მოვადენდი ზღართანს, მახომ ინსტინქტურად შემაშველა ხელი. სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა ეს ყველაფერი, მაგრამ ზოგჯერ ერთი წამიც საკმარისია, რომ ადამიანებს შორის რაღაც სამუდამოდ შეიცვალოს. ზუსტად იმ დღიდან აირია ჩემი და ლიაკოს დაძაბული ურთიერთობა. ადრე თუ მე ვიყავი ის ქალი, ვინც საკუთარ ქმარზე ეჭვიანობდა, ახლა თავად ლიაკო გახდა ეჭვიანობისგან შეპყრობილი ადამიანი. თავიდან ირიბი შენიშვნებით დაიწყო, ვითომ ხუმრობით ნათქვამი ფრაზებით, დამცინავი მზერით, გულსაკლავი კომენტარებით. მერე კი ნელ-ნელა საერთოდ დაკარგა ზღვარი. ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ სხვებთან არაფერს იმჩნევდა. მხოლოდ მე მეუბნებოდა პირში. ისე, თითქოს ჩვენი ომი მხოლოდ ქალებს შორის არსებული საიდუმლო იყო, რომელსაც კაცები ვერასდროს შეამჩნევდნენ. და რაც დრო გადიოდა, მით უფრო ბოროტდებოდა. მის თვალებში უკვე აშკარა სიძულვილი ჩანდა. ბოლოს იქამდე მივედით, რომ ერთმანეთის დანახვა აღარ შეგვეძლო, მოსისხლე მტრებივით შევიძულეთ ერთმანეთი. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ იაგო დღითიდღე უფრო მცილდებოდა. სახლში გვიან ბრუნდებოდა, ჩემთან საუბარს გაურბოდა, თვალებში აღარ მიყურებდა. ერთ დროს სიყვარულით, სითბოთი და იმედებით აშენებული ჩვენი ოჯახი კი ნელ-ნელა ინგრეოდა. და ყველაზე საშინელი ის იყო, რომ მთელი არსებით ვგრძნობდი დასასრულს, მაგრამ ვერ ვხვდებოდი კონკრეტულად რისი: სიყვარულის, ნდობის, თუ საერთოდ ჩვენი ურთიერთობის. _ახლოსაც კი აღარ გაეკარო ჩემ ქმარს!_ლიაკოს სიბრაზითა და ღვარძლით ნათქვამმა სიტყვებმა უსიამოვნოდ გამცრა. საპირფარეშოს სარკესთან ვიდექი და ხელებს ვიბანდი, როცა ზურგიდან მომიახლოვდა. გარეთ ისევ ხმამაღალი მუსიკა, სტუმრების სიცილი, ჭიქების წკარუნი და ხმაური ისმოდა. ნელა შევტრიალდი მისკენ. _მგონი, ზედმეტი მოგდის უკვე. _ისევ მე მომდის ზედმეტი?_მწარედ ჩაეცინა._შენ გგონია ვერ ვხედავ, როგორ უყურებ მახოს? ან ის როგორ გეხება? უნებურად გამეცინა. იმდენად აბსურდული იყო მისი ბრალდება, რომ სწორედ მაშინ მივხვდი, როგორ კარგავდა ლიაკო ჩემსავით საკუთარ თავს. _მახომ უბრალოდ ხელი შემაშველა, რომ კიბეზე არ დავცემულიყავი. _ოჰ, რა დროულად აღმოჩნდა შენს გვერდით მზრუნველი ადამიანი._სარკასტულად გაეცინა და უფრო მომიახლოვდა._იქნებ, შემთხვევით გაითამაშე წაქცევა? _ლიაკო, გეყოფა!_მისმა ცრუ ბრალდებამ გამაღიზიანა. _არა, შენ გეყოფა!_ხმას აუწია._შენნაირი ქალები სხვის ოჯახებს ანგრევენ და მერე თავს წმინდანებად აჩვენებენ! გაოგნებული მივაშტერდი. _აზრზე ხარ საერთოდ რას ამბობ? _ძალიან კარგადაც ვიცი! შენ თავიდანვე თვალი გეჭირა მახოზე, რადგან შენი ქმრის შეყვარება ვერ შეძელი! _ჭკუიდან გადახვედი?! _ისევ მე გადავედი ჭკუიდან?_მკლავში მწვდა და გრძელი ფრჩხილები მტკივნეულად ჩამასო მკლავში._შენ ხარ ავადმყოფურად ეჭვიანი ქალი! ჯერ ჩემსა და იაგოს შორის იგონებდი რაღაცებს, ახლა კი... _ხელი გამიშვი!_ინსტინქტურად გავიბრძოლე და ხელი ვკარი. _მომშორდი, ახლოს აღარ მომეკარო! არ ვიცი გაითამაშა, თუ მართლა დაკარგა წონასწორობა. ჯერ, გვარიანად წაბარბაცდა, მერე კი ნიჟარას მიეჯახა და თხევადი საპონი ძირს გადმოაგდო. _აქ რა ჯანდაბაა ხდება?!_ზუსტად იმ წამს ღია კარში იაგოც გამოჩნდა. გაფითრებული ლიაკო ნიჟარას ჩაბღაუჭებოდა, რომ არ "წაქცეულიყო", მე კი სუნთქვაშეკრული ვიდექი და გაუცნობიერებლად მუცელზე მქონდა ხელები შემოხვეული. _გარეთ გამოდი!_ისეთი ტონით მიბრძანა იაგომ, მაშინვე დავემორჩილე და უკან ფეხათრევით ავედევნე. დარბაზში აღარ დავბრუნებულვართ. პირდაპირ ქუჩაში გავედით. _ატყობ, რომ უკვე ზღვარს გადადიხარ?_გაცეცხლებულმა მკითხა. გაოგნებულმა შევხედე. _მე რა შუაში ვარ? მან დამიწყო! _მან რა დაგიწყო? გეყოფა უკვე ამ სცენების მოწყობა! მისი თითოეული სიტყვა ისე მომხვდა, როგორც სახეში გალაწუნება. ყველაზე მეტად კი მაინც ის მეტკინა, რომ ერთხელაც კი არ უკითხავს, მე როგორ ვიყავი, რამე ხომ არ დამიშავა იმ ქაჯმა? თვალები ისე ძლიერად დახუჭა, რომ მივხვდი, საერთოდ არ უნდოდა ჩემი მოსმენა. მერე კი, დაღლილი ხმით ამოიჩურჩულა: _აღარ შემიძლია ასე ცხოვრება. ვიგრძენი, რაღაც ძალიან მტკივნეულად რომ ჩამწყდა გულში. _რას ნიშნავს, ასე ცხოვრება აღარ შეგიძლია?_შიშით ვკითხე და მისი პასუხის მოლოდინში დავიძაბე. მხოლოდ რამდენიმე წამი დუმდა, მაგრამ მე საუკუნოდ მეჩვენა ეს დრო. მერე, თავი ჩაქინდრა და ძალიან უემოციოდ მითხრა: _ახალი სამსახური შემომთავაზეს... სხვა ქალაქში და დღეს დავთანხმდი. _რა?.._თითქოს ყურებს არ დავუჯერე. _ყველასთვის ასე აჯობებს. _ ვინ ყველასთვის? პასუხი არ გამცა. _ანუ… მიდიხარ?_ცრემლები ძლივს შევიკავე. _კვირაში ერთხელ ჩამოვალ. შეიძლება ორჯერაც, თუ მოვახერხე... _და ეს შემოთავაზება დღეს მიიღე?! _არა. დიდი ხანია... უბრალოდ ვფიქრობდი. თითქოს საყრდენი გამომეცალა ფეხქვეშ ისე შევტორტმანდი. თურმე, შეიძლება, ადამიანი შენ გვერდით იდგეს, მაგრამ მაინც შორს იყოს შენგან. ...ისე წავიდა, არც კი გაუგია, რომ მისგან მესამე შვილს ველოდებოდი. არ მითქვამს. ვერ შევძელი. კარში გასვლამდე ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის. მხოლოდ თავისი ჩანთა აიღო, გასაღებები ჯიბეში ჩაიყარა და ისე გავიდა სახლიდან, თითქოს იქ აღარაფერი აკავებდა. მე კი ზღურბლთან ვიდექი. ერთი ხელით მუცელს ვეფერებოდი, მეორით კი კედელს ვეყრდნობოდი, რომ არ წავქცეულიყავი და მწარედ მახსენდებოდა მისი სიტყვები, რამდენიმე წლის წინ რომ მითხრა ჩხუბის დროს: ვის რა დავაბრალო, როცა მე თვითონ გადავწყვიტე შენი მოტაცება... მაშინ ეს სიტყვები უბრალოდ სიბრაზის დროს ნათქვამ ფრაზად მივიღე. ახლა კი პირველად ვიგრძენი, თუ რეალურად რამდენი სინანული იმალებოდა მათ უკან. იმ ღამიდან მოყოლებული თითქმის აღარ მიძინია. ღამეებს ტირილში ვათენებდი. ხშირად გული ისე მტკიოდა, რომ სუნთქვა მიჭირდა. ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა, რადგან მარტო აღარ ვიყავი. ჩემს შიგნით პატარა სიცოცხლე იზრდებოდა. ჩვენი შვილი... ბავშვი, რომლის არსებობაც მამამისმა არ იცოდა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. როგორც კი დაღამდებოდა და ოთახში სიჩუმე ჩამოწვებოდა, ყველა შიში ერთად მესეოდა. მეშინოდა, რომ იაგოს საბოლოოდ დავკარგავდი. მეშინოდა, რომ სხვა ქალი უყვარდა. მეშინოდა, რომ ერთ დღეს საერთოდ აღარ დაბრუნდებოდა. ყველაზე მეტად კი ის მაშინებდა, რომ ნელ-ნელა საკუთარ თავსაც ვკარგავდი. ყოველღამ ჩუმად ვტიროდი, რომ ბავშვებს არ გაეგოთ. მუცელზე ხელებს შემოვიხვევდი და ბოდიშებს ვუხდიდი ჩემს პატარას. _მაპატიე... გთხოვ, მაპატიე, ასეთი სუსტი დედა რომ გყავს... რამდენიმე დღე ისე გავიდა, იაგოსგან მხოლოდ ორიოდე ცივი შეტყობინება მივიღე. „ბავშვები როგორ არიან?“ „ფული გადმოგირიცხე." „კვირას ვერ ჩამოვალ, საქმე გამომიჩნდა.“ არც ერთხელ უკითხავს, მე როგორ ვიყავი. არც ერთხელ უგრძვნია, როგორ მენგრეოდა ყველაფერი შიგნიდან. ერთ დღეს დედამთილი მესტუმრა. ყოველთვის ზომიერად მკაცრი იყო ეს ქალი და ზედმეტ სითბოს იშვიათად ამჟღავნებდა. თუმცა, ადამიანების ამოცნობა საოცრად შეეძლო. იმ საღამოს ბავშვები ეზოში ჰყავდა გაყვანილი, მე კი სამზარეულოში ვიყავი და ჩაიდანს უაზროდ მივჩერებოდი. მოულოდნელად ჩუმად მომიახლოვდა. _ლედი... რა ხდება თქვენ შორის? _არაფერი. უბრალოდ გადავიღალეთ. რამდენიმე წამი უხმოდ მიყურებდა. ისეთი მზერა ჰქონდა, მივხვდი არ დამიჯერა. _დედა ვარ, შვილს ვცნობ._მშვიდად თქვა ბოლოს._და შენც გეტყობა, რომ კარგად ვერ ხარ. ტირილი ყელში მომაწვა, მაგრამ მაინც შევიკავე თავი. ნელა ჩამოჯდა სკამზე და მერე მოულოდნელად მითხრა: _ჩემთან გადმოდით შენ და ბავშვები. გაოცებულმა ავხედე. _მარტო არ უნდა იყო... მით უმეტეს ამ მდგომარეობაში. თან მოგეხმარები. ბავშვებსაც ყურადღებას მივაქვევ. იმდენად მოულოდნელი იყო მისგან ეს სიტყვები, რომ რამდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებდი. ადრე ხშირად ვერ ვუგებდით ერთმანეთს. ზოგჯერ მაგრძნობინებდა კიდეც, რომ მისთვის საკმარისად კარგი ცოლი არ ვიყავი მისი შვილისთვის. მაგრამ იმ საღამოს პირველად დავინახე მასში უბრალოდ დედა. ქალი, რომელსაც შვილის ოჯახი ენგრეოდა და ამას გულგრილად ვერ უყურებდა. _არ მინდა შეგაწუხოთ…_ძლივს ვთქვი. _ოჯახი ტვირთი სულაც არ არის, ლედი. მით უმეტეს ახლა. იმ ღამეს პირველად, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, მარტო დაძინების აღარ შემშინებია. **** ჩვენმა ყოველწლიურმა "ქემილეს" ტრადიციამ მართლა რომ სულზე მომისწრო. საერთოდ არ მქონია თავიდან არანაირი სურვილი სადმე წასვლისა და გართობისა. ხალხში ყოფნაც კი მთრგუნავდა. მეგონა, როგორც კი ვინმე მკითხავდა: „როგორ ხარ?“ იქვე ავტირდებოდი. რამდენიმე დღე ვიფიქრე. ბოლოს კი, მოულოდნელად გადავწყვიტე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი ძლივს ვიცანი: ფერმკრთალი, ჩაცვენილი თვალებით, მუდამ ნაღვლიანი და ნამტირალევი. მომბეზრდა საკუთარი თავის შეცოდება და ამიტომ ტელეფონი ავიღე. დიდი ხნის მივიწყებული ჩვენი სამეულის ჩატი მოვძებნე და ვითომ ხუმრობით დავწერე: „აბა, ამ წელსაც ვიკრიბებით, თუ დავბერდით უკვე?“ პასუხი რატომღაც არავინ დამიბრუნა. ალბათ, არ ეცალათ, მაგრამ მე იმ წამს ეს მდგომარეობა საერთოდ არ მაწყობდა. პირადად მილას დავურეკე და ჯერ ის დავიყოლიე ჩემთან ჩამოსვლაზე. მერე უკვე ქეთათოს მივწერე და მანაც დამიბრუნა პასუხი: „მე მზად ვარ. ოღონდ დასალევი იყოს ბევრი!“ მოგვიანებით მილამაც მომწერა, რომ გეგასთან ერთად მესტუმრებოდა. უნებურად გამეღიმა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ერთმა წინადადებამ უცებ გამითბო გული. გეგა და ლილე ყოველთვის საოცრად ეწყობოდნენ ერთმანეთს. ერთად რომ იყვნენ, მთელ სახლს თავდაყირა აყენებდნენ: ხმაურობდნენ, დარბოდნენ, ჩხუბობდნენ და ხუთ წუთში ისევ რიგდებოდნენ. მაშინაც წარმოვიდგინე, როგორ ირბენდნენ და როგორ აიკლებდნენ ეზოს სიცილით… ყველაფერი ისე კარგად აეწყო, რომ მეც კი გამიკვირდა. ბავშვები დედამთილმა დაიტოვა. მე კი, ჩვენი პატარა საოჯახო სასტუმრო სტუმრების დასახვედრად მოვამზადე. პირველი ქეთათო მოვიდა. მოგვიანებით კი მილაც შემოგვიერთდა და ხალისიანად გავერთეთ. მილა ისევ ისეთივე ხმაურიანი იყო, ქეთათო კი ენაკვიმატი და დაუნდობლად პირდაპირი. ზუსტად ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ადრე, სანამ ცხოვრება ასე ამერეოდა. რამდენიმე საათით მართლა დამავიწყდა ყველაფერი: იაგოც, ჩემი დანგრევის პირას მისული ოჯახიც და ლიაკოც... მაგრამ, როგორც ჩანს, ლიაკოს ჩემთვის სიმშვიდის შერგება არ უნდოდა. რიჟრაჟი იყო, როცა მოულოდნელად შუშის მსხვრევის ხმამ გაგვაღვიძა. შიშით წამოვჯექი. ოთახში მოზრდილი ქვა და მინის ნამსხვრევები რომ დავინახე, მაშინვე მივხვდი, ვისგანაც იყო ეს „საჩუქარი“. თავიდან სიმართლის თქმა არ მინდოდა, მაგრამ მილა და ქეთათო ისე ჩამომაცივდნენ, ნაწილობრივ მაინც დამაფქვებინეს რაც ხდებოდა და რაც მჭირდა ბოლო პერიოდში. ჩხუბის თავი ნამდვილად არ მქონდა და არც არაფრის გაკეთებას არ ვაპირებდი. ისე ვიყავი შინაგანად გამოფიტული, აღარაფრის ძალა აღარ შემწევდა. მეგონა, გოგოებიც მალე დაშოშმინდებოდნენ და დამშვიდდებოდნენ, მაგრამ ქეთათოს სახე უცნაურად გაუნათდა. ისეთი მზერა ჰქონდა, მაშინვე მივხვდი, რაღაც საშინელებას რომ იგონებდა და სანამ მე კატეგორიულ უარს ვეტყოდი გეგმაზე, ის უკვე ყალბ პროფილს ქმნიდა. ფოტოებიც აარჩია, ბიოგრაფიაც მოიგონა და ლიაკოს მისწერა. თავიდან ცოტა სასაცილოდ და არასერიოზულად მომეჩვენა ყველაფერი. მით უმეტეს, როცა ქეთათო ისეთი თავბრუდამხვევი ტექსტებით წერდა, ლიაკო უნდა მიმხვდარიყო, რომ ვიღაც ეხუმრებოდა... მაგრამ ყველაზე უარესი მერე მოხდა. ლიაკომ მალევე უპასუხა. და არა მარტო უპასუხა, რამდენიმე საათში შეხვედრაზეც კი დათანხმდა. თავიდან ყველაფერს მართლა უწყინარი სახე ჰქონდა. იმდენად ბავშვურადაც კი გვეჩვენებოდა ეს ყველაფერი, რომ გზაში სიცილს ვერ ვიკავებდით. ლიაკომ „ალექსანდრეს“ შეხვედრა ძველ საბაგიროსთან დაუთქვა. ადგილი თითქოს სპეციალურად დრამისთვის იყო შერჩეული: ნახევრად მიტოვებული გზა, ჩაბნელებული ასასვლელი, აქა-იქ მოციმციმე განათებები და ღამის ქარში საშინლად მოქანავე ხეები. ქეთათოს მანქანით წავედით. როგორც თავად თქვა „კომპრომატების მოსაპოვებლად“. _ეგ ქალი დღეს საკუთარ თავს თავად დამარხავს._საჭესთან მჯდომმა ისე ჩაიცინა, გავუწყერი, თუმცა უკვე გვიანი იყო. სიმართლე რომ ვთქვა, გულში იმედი მაინც მქონდა, რომ ლიაკო არ მოვიდოდა. ან მიხვდებოდა, რომ ვიღაც ეთამაშებოდა. მაგრამ... როცა საგანგებოდ გამოპრანჭული დავინახე, გული უცნაურად შემიტოკდა. იმ წამს პირველად შემეცოდა მახო. რაც არ უნდა მომხდარიყო ჩვენს შორის და რაც არ უნდა მწყენოდა ლიაკოსგან… მახო ამას მართლა არ იმსახურებდა. წითელი კაბა ეცვა. თმა საგულდაგულოდ დაეხვია. აშკარად იყო, ნამეტანი ბევრი დრო გაეტარებინა სარკესთან. _უი, უი… ნახეთ ერთი, როგორ გამოპრანჭულა._ ჩურჩულით გადაიკისკისა ქეთათომ და მაშინვე პირზე აიფარა ხელი. ლიაკომ ტელეფონი ამოიღო. ნერვიულად მიმოიხედა. მერე, საბაგიროს ძველ ბოძთან გაჩერდა და ვიღაცას მისწერა. წამებში მოქანდა ქეთათოს ტელეფონზე შეტყობინებაც. „სად ხარ? მე უკვე მოვედი.“_ჩაიფრუტუნა გამხიარულებულმა ქეთათომ და ტელეფონი მოიმარჯვა "სამახსოვრო" ფოტოების გადასაღებად. _მე მოვკვდე, ეს ქალი თვითონ თუ არ გვაძლევდეს კომპრომატებს და თავისი ფეხით არ ებმეოდეს მახეში. _მანდ ვინ არის?_შეშფოთებით, მაგრამ მაინც კეკლუცად იკითხა ლიაკომ, კამერის განათებას რომ მოჰკრა თვალი. _სურპრიზ!_კმაყოფილი ქეთათო სამალავიდან გავიდა და შეშინებულ ლიაკოს წინ აესვეტა. _შეენ?!. აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!_ინსტიქტურად უკან დაიხია გაპრანჭულმა ქალმა. მე და მილა მოგვიანებით გავედით. _რომ იცოდე, ძალიან საყვარელი ფოტოები გამოვიდა. სხვათა შორის, განათებაც იდეალურია. ყველას დანახვაზე მხოლოდ წამიერად დაიბნა ლიაკო. _თქვენ აქ რას აკეთებთ? _კულტურულ ღონისძიებაზე ვართ, ძვირფასო._მშვიდად უთხრა ქეთათომ._და შენ რას აკეთებ აქ ასე გამოპრანჭული? დავიჯერო, ქმართან გაქვს პაემანი? ლიაკო მაშინვე მე მომვარდა და გარტყმა დამიპირა. _ეს მასკარადი შენი მოწყობილია, ? ინსტიქტურად თვალები დავხუჭე, მაგრამ მილამ წამებში მოახდინა რეაგირება და ჰაერში აწეული ხელი მოხერხებულად დაუჭირა. _თავად ! თავი შორს დაიჭირე ლედისგან, თორემ სათითაო ძვალს გადაგიმტვრევ იცოდე! თავიდან თითქოს ყველაფერი დასტაბილურდა. უფრო სწორად, პარადი ჩვენ მიგვყავდა, რადგან დავაშინეთ თოთქოს, მაგრამ წამებში აირია სიტუაცია. მოულოდნელად ლიაკომ მილას ხელზე უკბინა და გაეშვა. მერე, ქეთათოს მივარდა. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ვერც კი გავიაზრე. ქეთათოს ხელი ჰკრა, ტელეფონი გამოსტაცა და სირბილით გაიქცა. _შე ფსიქოპატო!_მილა მაშინვე გაეკიდა. მერე ქეთათო დაედევნათ. მე კი, ინსტინქტურად მივყევი სამივეს უკან. ღამე, სიბნელე, სველი მიწა… ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. ლიაკოს რაც შეეძლო ისე გარბოდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით. თან უკან-უკან იყურებოდა და რაღაცას ყვიროდა. მერე… მერე ყველაფერი ერთ წამში დასრულდა. მოულოდნელად ფეხი გადაუბრუნდა და მისმა შეშინებულმა კივილმა არე-მარე გააყრუა. მოწყვეტით დაეცა და თავი ქვას დაარტყა მგონი.. იმ წამს ნათლად ვიგრძენი, თუ როგორ გამიჩერდა გული. ახლოს რომ მივედი, პირქვე იწვა. თავქვეშ კი სისხლის ლაქა მოუჩანდა. _ღმერთო…_ხმა ჩამიწყდა._ღმერთო, არა… ქეთათოც გაფითრებული გაშეშდა. არც მილა იყო ჩვენზე უკეთეს დღეში. _მე… მე არ მინდოდა…_მუხლებზე დავეცი და სახე აკანკალებულ ხელებში ჩავრგე. ჩვენი სულელური თამაში ნამდვილ კოშმარად გადაიქცა. წამებში მთელი ჩემი მომავალი დავინახე. ციხის ცივი კედლები. ბავშვი, რომელსაც იქ გავაჩენდი. ჩემი შვილების თვალები, როცა გაიგებდნენ, რომ დედა მკვლელობისთვის დაიჭირეს. იაგოს სახე... სუნთქვა გამიჭირდა. ხელები ინსტიქტურად ჩამოვუშვი და მუცელზე შემოვიხვიე. მგონი, ცხოვრებაში პირველად შემეშინდა ისე, რომ სხეული გამეყინა. ქეთათო გაფითრებული იდგა. მასაც შესამჩნევლად უკანკალებდს ხელები. მილა კი გამუდმებით იმეორებდა, რომ სასწრაფოში დაგვერეკა! ისევ ქეთათო მოეგო გონს, ამ ს გამო ციხეში არ ჩავჯდებიო და მისი გონზე მოყვანა სილის გაწვნით სცადა. რამდენიმე უსასრულოდ გაწელილი წუთის შემდეგ მოულოდნელად ლიაკომ მართლაც ამოიხრიალა. ყველანი ერთდროულად შევხტით. _ცოცხალია!_მგონი სიხარულისგან ავტირდი ახლა. ქეთათომ საქმე თავისებურად „მოაგვარა“. ლიაკოს შანტაჟით დაემუქრა, თუ მე თავს არ დამანებებდა და ამ ინციდენტზეც რამეს იტყოდა, მაშინ სინდისის ქენჯნის გარეშე აჩვენებდა მის ქმარს ალექსანდრესთან მიწერილ მესიჯებს და შეხვედრის ფოტოებსაც დაურთავდა. მაშინ პირველად დავინახე ლიაკო სრულიად გატეხილი. აღარ უყვირია. არც უჩხუბია. მხოლოდ ისეთი თვალებით შემოგვყურებდა, აშკარად გვაგრძნობინებდა, რომ სამივე ვძულდით. მერე კი, ჩემდა გასაოცრად, ჩუმად შეტრიალდა და წავიდა. ჩვენც კოტეჯში დავბრუნდით. გზაში არავის ამოგვიღია ხმა. მე, მაგალითად, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი: თუ რა საშინელ ხიფათს გადავრჩით. რამდენიმე სანტიმეტრი… ერთი ცუდი დარტყმა… და ყველაფერი დასრულდებოდა. თუმცა, ნელ-ნელა დაძაბულობამ გაგვიარა და ბავშვობის ამბების გახსენება დავიწყეთ: როგორ ვიპარავდით მეზობლის ატმებს... როგორ ჩავკეტეთ ერთხელ ქეთათო სარდაფში და მერე თვითონვე შეგვეშინდა მისი კივილის... როგორ დავიფიცეთ თორმეტი წლისებმა, რომ არასდროს გავთხოვდებოდით... ბოლოს კი, იმდენი ვიცინეთ, რომ მუცელი მტკიოდა უკვე. გვიან გაგვახსენდა საეჭვოდ მიჩუმებული ბავშვები. მათი ოთახები რომ შევამოწმეთ და იქ არ დაგვხვდნენ, პირველი აზრი, რამაც იმ წამს გამიელვა თავში ის იყო, რომ ლიაკომ გაიტაცა შურისძიების მიზნით. ლამის ჭკუიდან შევიშალე... კიდევ კარგი მალევე გავიგეთ, რომ ჩემი დედამთილის სახლში იყვნენ და მშვიდად ეძინათ. მეორე დღეს ის საშინელი ხმაური თავიდან სიზმარი მეგონა. თვალები ძლივს გავახილე. რაღაც არაამქვეყნიური გრუხუნებდა. მიწა თითქოს ზანზარებდა და კოტეჯის მინები ზრიალებდა. გარედან კი ხალხის კივილი ისმოდა. წამებში წამოვხტი. მილას უკვე ეღვიძა და ფერდაკარგული ისეთი თვალებით შემომყურებდა, თითქოს ჩემგან ელოდა პასუხს, თუ რა ჯანდაბა ხდებოდა. გული ცუდს მიგრძნობდა. ძალიან ცუდს. _მგონი მიწისძვრაა._ეს ვთქვი და მაშინვე გარეთ გამოვვარდით მძინარე ქეთათოსთან ერთად. ხალხი პანიკაში იყო და ხმამაღლა ყვიროდა. ვიღაც მწარედ მოსთქვამდა, საკუთარ ძმასა და შვილს ეძებდა... მაშინ გავიგეთ, რომ მეწყერი ჩამოწოლილიყო, რომელსაც ხიდები წაეღო. უზარმაზარი ხეები ძირიანად მოეგლიჯა. მანქანა ადამიანებით დინებას წაეღო და ვიღაცეები მას მისდევდნენ. მსხვერპლი, რაღათქმა უნდა, იყო. მართლა გამეყინა სისხლი ძარღვებში. _გეგაა!!!_ისეთი ხმით იკივლა მილამ, მოძრაობის უნარი წამერთვა. მოგვიანებით გავყევი უკან. გულში კი მხოლოდ ერთს ვნატრობდი, ოღონდ ბავშვები ყოფილიყვნენ უსაფრთხოდ და მეტი არაფერი მინდოდა. _ბავშვები სად არიან?!_კივილით ვკითხე ეზოში გამოგებებულ დედამთილს. ქალს სახეზე ფერი აღარ ჰქონდა. აშკარად ნამტირალევი ჩანდა. _დილით ადრე გავიდნენ…_ხმა უკანკალებდა._ტყეში წავიდნენ სასეირნოდ… ზუსტად იმ წამს ჩამომენგრა სამყარო თავზე. ჩემს ირგვლივ ატეხილი საშინელი ხმაური ნელ-ნელა თითქოს მიწყნარდა. კივილები, გრუხუნი, ხალხის აჩქარებული ნაბიჯები, ყველაფერი ერთმანეთში რომ ირეოდა. მერე კი უცებ შორს წავიდა. ძალიან შორს. გამოსახულებაც თანდათან დამებინდა. ჯერ ფერები გაქრა. მერე სახეები. ბოლოს კი ყველაფერი წყვდიადში ჩაიძირა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. არც ის ვიცი, ვინ შემიყვანა სახლში. იმ საშინელ ქაოსში ვის ეცალა ჩემთვის, ყველა ვიღაცას ეძებდა. გონს რომ მოვედი, დივანზე ვიწექი. თავი საშინლად მტკიოდა და ყელი მიშრებოდა. თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი. მერე ოთახი ნელ-ნელა დალაგდა და ჩემი დედამთილი დავინახე, ჩემს თავთან რომ იჯდა და თვალცრემლიანი დამტრიალებდა. ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა, არასდროს დამავიწყდება. როგორც კი შევიშმუშნე, მაშინვე გადმოიხარა. _ლედი…_ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა._მადლობა ღმერთს… უცებ ყველაფერი გამახსენდა და სწრაფად წამოვხტი, მაგრამ თავბრუ დამეხვა. _ბავშვები?!_სასოწარკვეთილმა ვიკივლე. _დამშვიდდი, გთხოვ…_ჩემი წამოწოლა სცადა ისევ. _სად არიან?!_გავუძალიანდი და არ დავემორჩილე. ქალს ცრემლები წამოსცვივდა. რამდენიმე წამი ხმას ვერ იღებდა და სწორედ ამ დუმილმა შემაშინა ყველაზე მეტად. _ჯერ… ჯერ არ მოუყვანიათ…_ძლივს ამოთქვა ბოლოს. ისევ ვიგრძენი გულის გაჩერება. _რას ნიშნავს, არ მოუყვანიათ?.. ვის არ მოუყვანია?! _მაშველები ეძებენ… ტყის ნაწილი მთლიანად ჩამოშლილია… _მილა? ქეთათო?_ამჯერად დაქალები მოვიკითხე. _ბავშვების მოსაძებნად წავიდნენ… მეტი აღარაფერი გამიგონია. მაშინვე გარეთ გამოვვარდი. თავი ისევ მტკიოდა. თვალებში მიბნელდებოდა, მაგრამ იმ წამს საკუთარი სხეული საერთოდ აღარ მადარდებდა. _ლედი, გაჩერდი!_დედამთილი წამომეწია._შენს მდგომარეობაში ვერ წახვალ! _უნდა წავიდე!_თითქმის დავუყვირე._მე ვიცი, სადაც იქნებიან! მართლა ვიცოდი ჩემი შვილის საყვარელი ადგილი და ვიმედოვნებდი, რომ იქ იქნებოდნენ, თანაც უსაფრთხოდ. ხეობის სიახლოვეს სრული ქაოსი დამხვდა. პანიკაში მყოფი ხალხი უმისამართოთ დარბოდა აქეთ-იქით. ვიღაც შვილს ეძებდა გამწარებული... ვიღაც დედას... ვიღაც ცოლს... ქმარს... ძმას... დას... ჰაერში ტირილის, კივილის და მიწის გრუხუნის ხმა ერთმანეთში ირეოდა. უზარმაზარი ტალახის მასა ისევ მოდიოდა მთიდან და გზად ყველაფერს ანადგურებდა. ხეები ფესვებიანად იყო მოგლეჯილი. მანქანები ამობრუნებულიყო. ზოგ სახლს მხოლოდ სახურავი უჩანდა ტალახიდან. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სამყაროს აღსასრული დამდგარიყო... მაგრამ მე მხოლოდ ერთ რამეს ვხედავდი: ტყისკენ მიმავალ გზას. ფეხები სასწაულად მიცურდა. რამდენჯერმე კინაღამ წავიქეცი კიდეც, მაგრამ არ გავჩერებულვარ. თან ბუტბუტით ვიმეორებდი ერთი და იგივეს, რომ ოღონდ ლილე და გეგა ცოცხლები დამხვედროდნენ და მეტი არაფერი მინდოდა… მოულოდნელად წინ ვიღაც გადამიდგა და შემაჩერა. _ქალბატონო, იქით არ შეიძლება!_როგორც მივხვდი, მაშველი იყო._გზა ჩამოშლილია! _იქ ჩემი შვილები არიან!_ისტერიულად ვუყვირე._გამიშვით! ვერავინ და ვერაფერი შემაჩერებდა, ვერც მეწყერი, ვერც შიში. ვერც ის ფაქტი, რომ ჩემთან ერთად კიდევ ერთ სიცოცხლეს დავატარებდი მუცლით. იმ წამს მხოლოდ დედა ვიყავი, რომელსაც ბავშვების პოვნა უნდოდა ნებისმიერ ფასად. ...მივდიოდი, მაგრამ სინამდვილეში წარმოდგენა არ მქონდა სად. ტალახის უზარმაზარ მდინარეს ხიდები წაეღო და კალაპოტი შეეცვალა. მეწყერს სხვადასხვა ადგილას მოემწყვდია ხალხი და მათი ყვირილი, ტირილი და განწირული გოდება არემარეს აყრუებდა. თითქოს გარესამყაროს ვიყავით მოწყვეტილები: არც გზა ჩანდა, არც საშველი და არც არანაირი იმედი. ჰაერი სველი მიწისა და დამპალი ხის მძაფრი სუნით იყო გაჟღენთილი. ჩემ ფეხქვეშ ტალახმა ნელ-ნელა გათხელება დაიწყო და ასევე ნელ-ნელა დავიწყე ჩაფლობა. ირგვლივ ყველაფერი ამოუცნობ ნანგრევებად ქცეულიყო. ვეღარ ვარჩევდი სად მთავრდებოდა გზა და სად იწყებოდა მეწყერის ზონა. _ლილეე!!!_მთელი ძალით დავიყვირე, მაგრამ ჩემი ხმა სხვა ხმებში ჩაიკარგა._გეგაა!!! ვიღაც ქალი მუხლებზე დამხობილი მოთქვამდა... ოდნავ მოშორებით ვიღაც კაცი ტალახს გამწარებული თხრიდა... ბავშვი კი გამუდმებით ტიროდა... ყველანი ვიღაცას ეძებდნენ... ყველანი გადარჩენას ლამობდნენ... გული ისე მიცემდა, მეგონა მკერდს გამიხეთქავდა. უცებ, შორს, დამტვრეული ხეების მიღმა, ვარდისფერი მაისური შევნიშნე. სუნთქვა შემეკრა. _ლილეე!.._ამჯერად უკვე იმედმოცემულმა ვიყვირე და მისკენ გავიქეცი. ფეხი რამდენჯერმე დამიცურდა, ტალახში ჩავვარდი, ხელები გადავიყვლიფე, მაგრამ ვერაფერი მაჩერებდა. მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, იქ სადღაც ლილე ცოცხალი იყო. გაჭირვებით მივუახლოვდი. თუმცა... უცნობი გოგონა თვალებდახუჭული იწვა. სახე ტალახით ჰქონდა დასვრილი და არ ინძრეოდა. შემეშინდა, მაგრამ მაინც მივედი და შევამოწმე, ცოცხალი იყო თუ არა. სუსტად, მაგრამ მაინც უცემდა პულსი. _დედა?_გახარებულმა ამომხედა, მაგრამ რომ ვერ მიცნო, ატირდა. არც კი დავფიქრებულვარ ისე დავამშვიდე და ავიყვანე ხელში: _ნუ ტირი, მე წაგიყვან დედასთან._და მასთან ერთად განვაგრძე გზა. მეც მენდომებოდა, რომ ჩემი შვილი ვინმეს გადაერჩინა. ვგრძნობდი, ფიზიკურად ძალა აღარ შემწევდა გზა გამეგრძელებინა. გვამებისა და უგონოდ მყოფი ადამიანების ხილვა სულს მიხუთავდა და უკანასკნელ ენერგიასაც მაცლიდა, მაგრამ მაინც წინ მივიწევდი გოგონასთან ერთად. წარმოდგენა არ მქონდა სად უნდა მეპოვა ჩემი შვილი, მაგრამ მაინც წინ მივიწევდი. უბრალოდ, გაჩერების მეშინოდა. თითქოს, თუ გავჩერდებოდი, ყველაფერს დავკარგავდი. ერთ ადგილზე ფეხი დამიცდა და ტალახში მთელი სხეულით ჩავვარდი. ცივი და მძიმე მასა მაშინვე შემომეკრო. თითქოს მიწა იყო, რომელიც შიგნით მითრევდა, მაგრამ გოგონას მაინც არ გავუშვი ხელი. გამწარებული ცალი ხელით ვებღაუჭებოდი ყველაფერს, რაც კი ახლოს მხვდებოდა, მაგრამ ვერაფერს ვეჭიდებოდი. სუნთქვა შემეკრა და იმ წამს პირველად გავიფიქრე, რომ შეიძლებოდა იქ დასრულებულიყო ჩემი სიცოცხლე. ლამის დავნებდი კიდეც... მაგრამ უცებ ლილე გამახსენდა, ჩემი ცხრა წლის გოგონა. მისი შეშინებული თვალები წარმომიდგა თვალწინ. ამ საშინელებას მარტო როგორ გაუძლებდა? ვინ დაამშვიდებდა? ვინ ეტყოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, როცა თავადაც არ ეჯერებოდა ამის. _არა..._უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და კვლავ გავიბრძოლე, თუმცა კვლავ უშედეგოდ. _ახლა კი მართლა დასრულდა._მწარედ ამოვიგმინე. თუმცა გოგონას მაინც არ გავუშვი ხელი. მთელი სხეული ერთიანად დამიმძიმდა. თითქოს იმ შავ, ცივ მასად ვიქეცი, რომელიც ნელ-ნელა ქვემოთ მექაჩებოდა. ყოველი მცდელობა კი, თავი დამეღწია, უფრო ღრმად მფლავდა. ტალახი წელიდან ლამის მკერდამდე ამოვიდა და ისეთი სიმძიმით მიჭერდა, თითქოს ათასობით ხელი მებღაუჭებოდა. სუნთქვა საშინლად მიჭირდა. ბოლოს, ყველანაირი იმედი გადამეწურა და დავნებდი. უკვე აღარ ვცდილობდი ტალახთან უშედეგო ბრძოლას. ძალაც აღარ მქონდა არც ხელებში და აღარც ფეხებში. თუმცა, უცნობი გოგონა მაინც არ გავუშვი. შეშინებულს ისე ვიხუტებდი გულში და ისე ვუფრთხილდებოდი, როგორც საკუთარ შვილს. თვალები დავხუჭე. ალბათ ასე ჯობდა. არ მინდოდა მენახა, თუ როგორ ვიკარგებოდი. გაგონილი მქონდა, რომ ადამიანს სიკვდილის წინ თავისი ცხოვრება კინოკადრებივით ჩაურბენსო და მეც მინდოდა, რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო ფრაგმენტებს ჩაევლო. მინდოდა ბოლო წამს ამით დავმტკბარიყავი... სწორედ მაშინ, როცა საბოლოოდ დავნებდი, სადღაც ძალიან შორიდან ვიღაცამ ჩემი სახელი დაიყვირა. _ლედიი!.. მგონი სიკვდილის წინ ტვინი თავისას აკეთებდა და იმ ადამიანის ხმას ქმნიდა, რომლის გაგონებაც ყველაზე მეტად მინდოდა. _ლედიი!.. ამჯერად უფრო მკაფიოდ და უფრო ახლოდანაც გავიგონე. გული ისე ძლიერად ამიძგერდა, მეგონა მკერდს გამიხეთქავდა. _იაგო?!._ხმა ძლივს ამომივიდა ყელიდან და გაჭირვებით შევტრიალდი. თავიდან მხოლოდ ბუნდოვანი სილუეტი დავინახე. შავი მტვრის, ნისლისა და ტალახის მიღმა ვიღაც მოდიოდა. უფრო სწორად, კი არ მოდიოდა, მორბოდა. სილუეტი მალე მომიახლოვდა და მაშინვე ვიცანი. ერთიანად ტალახში ამოსვრილიყო. სახეზე რამდენიმე ღრმა ნაკაწრი ჰქონდა, შუბლიდან სისხლი ჩამოსდიოდა, ტანსაცმელი დახეული და სველი ჰქონდა. კისერზე კი ლილე ეჯდა. შეშინებული ჩვენი გოგონა მამას ორივე ხელით ეხვეოდა კისერზე. მასაც დაჰკაწრვოდა სახე. თმები ტალახით ჰქონდა შეწებებული, ტუჩები უკანკალებდა და ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს მე კი არა, საკუთარი სიცოცხლის ბოლო იმედს ხედავდა. _დედიკო!.. ამ ერთმა სიტყვამ გულში რაღაც გამიხეთქა. _ლილე!.._მინდოდა მისკენ წავსულიყავი, მაგრამ ფეხები აღარ მემორჩილებოდა. მარტო ფეხები კი არა, აღარცერთი კიდური. უცნობი გოგონაც გამეშვა ხელიდან... _მიშველეთ!_განწირული ხმით იკივლა და დავინახე, აფართხალებული უფრო რომ ჩაიძირა ყელამდე.. იაგომ ჩვენი გოგონა მოზრდილ ხესთან დასვა. _აქ დარჩი! არ გაინძრე!_მკაცრად გააფრთხილა და ჯერ უცნობი გოგონას გადასარჩენად წამოვიდა ყვირილით. _ნუ გეშინია, მოვდივარ, გადაგარჩენ! შეეცადე ბევრი არ იმოძრაო!_მერე ჩემსკენ გამოიხედა. მის თვალებში ისეთი შიში დავინახე, პირველად მივხვდი, რომ მასაც ეშინოდა ძალიან. ნაპირიდანვე დაიწყო მანაც ტალახში ჩაძირვა. ჯერ მუხლებამდე ჩაეფლო. მერე და მერე ბარძაყებამდე ჩავიდა. სულ მალე კი წელამდე. ეს მოსალოდნელიც იყო. ის ჩვენთან შედარებით უფრო მძიმე იყო და ტალახი ფსკერისკენ ექაჩებოდა. _იაგო!.._სასოწარკვეთილმა დავიყვირე. _გამაგრდი! ცოტაც გაუძელი._დამიყვირა და დავინახე, გოგონა რომ ამოათრია ტალახიდან. თან, რაღაცას ელაპარაკებოდა, რომ ისტერიკაში მყოფი დაემშვიდებინა. ბავშვი კისერზე შემოისვა და გაჭირვებით გავიდნენ ნაპირზე. ისიც ლილესთან დასვა. მერე თითქოს უკანასკნელი ძალები მოიკრიფა და ახლა ჩემთვის შემობრუნდა. _ნუ გეშინია, ახლა შენთან მოვდივარ!_მოდიოდა და ყოველი ნაბიჯის გადმოდგმისას უფრო მეტად ეფლობოდა ტალახში. მისი გახშირებული და ძლიერი სუნთქვა უკვე შორიდანაც მესმოდა. არ ვიცოდი, რამდენი დრო გავიდა. ერთი წუთი? ხუთი? ათი? დრო საერთოდ აღარ არსებობდა. იყო მხოლოდ ტალახი. ცივი, მძიმე და ბნელი ტალახი. და იაგო, რომელიც მის წინააღმდეგ მთელი სხეულით იბრძოდა. ბოლოს ჩემამდეც მოაღწია. მკლავში ჩამავლო ხელი და ისეთი ძალით მომიჭირა, თითქოს ეშინოდა არ გავშვებოდი. _კარგად ხარ? თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე. თვალები წამით დახუჭა. მერე, მეორე ხელით ტალახს დაეყრდნო და დაიძრა. ნელა, სანტიმეტრობით მივიწევდით წინ. მე უკვე არაქათგამოცლილი ვეღარაფრით ვეხმარებოდი და ის მიმათრევდა, მაგრამ ყოველი მოძრაობისას რაღაც უხილავი ძალა თითქოს ისევ უკან გვწევდა. _ჩამეჭიდე, არ გამიშვა... ცოტაც გაუძელი, შვილები გველოდებიან!_თან მამხნევებდა და სტიმულს მაძლევდა, რომ არ დავნებებულიყავი. მოულოდნელად ფეხქვეშ საყრდენი გაქრა და უფრო ჩავიძირე. ტალახი ყელამდე მომწვდა. სუნთქვა შემეკრა. _იაგო! მან უფრო ძლიერად მომიჭირა ხელი. _შემომხედე! თვალები გავახილე. _არ დახუჭო! ვგრძნობდი, როგორ მემატებოდა სიმძიმე. ტალახი პირთან მომადგა. პანიკაში ჩავვარდი და ხელების ქნევა დავიწყე. ამან ყველაფერი გააუარესა. კიდევ უფრო ღრმად ჩავეფალი. _ლედი!_იაგოს შეშინებული ხმა თითქოს წყლის ქვეშ მესმოდა უკვე. _ლედიი!!!_ეს უკვე იმ ადამიანის ყვირილი იყო, ვისაც თვალწინ საყვარელი ადამიანი ეკარგებოდა. ჩემკენ გადმოხტა. ტალახმა ისიც ღრმად ჩაითრია, მაგრამ არ გაჩერებულა. უკვე მეგონა, რომ ვეღარასდროს ამოვისუნთქავდი და ზუსტად მაშინ ჩამავლო ხელი და ისეთი ძალით მომქაჩა, რომ ტკივილისგან დავიყვირე. დავინახე, კისერზე ძარღვები რომ დაებერა. სახეზე ტალახი და სისხლი ერთმანეთში ერეოდა. _ერთი... ორი... სამი!_ისევ მომქაჩა და გაჭირვებით ამომწია._ხელი აღარ გამიშვა იცოდე! ნელ-ნელა, რის ვაივაგლახით როგორც იქნა ტალახიდან ამოვედით და იქვე ნაპირზე ღონემიხდილები მივესვენეთ. ვეღარ ვინძრეოდი. უბრალოდ ვიწექი და ვსუნთქავდი. ვერ ვიჯერებდი, რომ ცოცხალი ვიყავი. მერე, იაგოს ძლიერი მკლავი ვიგრძენი. მთელი სხეულით მიმიზიდა და გულში ჩამიკრა. თავი მის მკერდზე მქონდა მიბჯენილი. მისი გული გიჟივით ცემდა. _ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვეთ._ძლივს ამოიჩურჩულა და თითები ჩემს ტალახიან თმებში შეაცურა._აქ ხარ... ჩემთან ხარ. ეს უკვე მეორედ ვნახე, რომ ტიროდა. ერთხანს ასე ვიყავით ჩახუტებულები. მერე გეგა გამახსენდა. _გეგა?_შიშით ვიკითხე. იაგომ არაფერი თქვა. _გეგა სად არის?_ახლა ლილეს გავხედე, ისევ ხესთან რომ იდგა და მთელი სხეული უკანკალებდა._ერთად არ იყავით? ბავშვმა თავი დახარა. _ის მეორე ნაპირზეა..._ისევ იაგომ გამცა პასუხი. სუნთქვა შემეკრა. _ცოცხალია? იაგო ისევ გაჩუმდა. ეს დუმილი ჩემთვის უფრო საშიში იყო, ვიდრე ნებისმიერი პასუხი. _იაგო... მან თვალები დახარა. შემდეგ კი ნელა დამიქნია თავი. _დავინახე ვიღაცამ რომ ამოიყვანა ტალახიდან. _ჩემი ბრალია!.._ისტერიულად იყვირა ლილემ და ხმამაღლა ატირდა._არ უნდოდა წამოსვლა... მითხრა, მეშინიაო... მე გავუბრაზდი და დავცინე..._ხელები სახეზე აიფარა._ძალით წავიყვანე... გული მომეკუმშა. იაგო ნელა წამოდგა. მივხვდი, მისი სხეული ძლივს იდგა ფეხზე, მაგრამ მაინც მივიდა ლილესთან. მის წინ მუხლებზე დაეშვა. ორივე ხელი სახეზე მოუჭირა და თავი ააწევინა. _მომისმინე, ეს შენი ბრალი არ არის. _კი, მაგრამ... ჩემს გამო წავედით. _შენი ბრალი არ არის-მეთქი!_მის ხმაში ისეთი ტკივილი იყო, რომ მეც კი შევკრთი._გეგა ცოცხალია. მე თვითონ დავნახე. თავს ნუ იდანაშაულებ, გესმის?! ლილემ თავი დაუქნია. _მე მას დავაბრუნებ, გპირდები. _მართლა?_იმედიანად შეხედა. _მართლა._იაგომ შუბლი მის შუბლს მიადო._ოღონდ შენ თავს ნუღარ დაადანაშაულებ. დამპირდი. ლილე რამდენიმე წამი ჩუმად იყო. შემდეგ კი მამას კისერზე მოხვია მკლავები და გულში ჩაეკრა. კარგა ხანს იყვნენ ასე ჩახუტებულები. მერე, ფეხზე წამოდგნენ. იაგომ ლილე ისევ კისერზე შემოისვა, უცნობი გოგონა, რომელიც თითქოს შოკში იყო და ხმას აღარ იღებდა, ხელში აიყვანა. შემდეგ ჩემკენ გამოიხარა და მარჯვენა გამომიწოდა. _წამოდი, წავიდეთ. მის თითებს ჩავეჭიდე და წამოვდექი. ძალა აღარ მქონდა. თითქოს ფეხებიც აღარ მემორჩილებოდა, მაგრამ იაგოს რომ ვუყურებდი, როგორ იყო დაღლილი, ყველა ღონეს ვხმარობდი, რომ გვერდით გავყოლოდი. ისე მივაბიჯებდი, უკან გახედვა არ მინდოდა. არ მინდოდა კიდევ დამენახა ის საშინელება, საიდანაც სასწაულად გამოვედით ცოცხლები. შორიდან რაღაც ხმა შემოგვესმა. ჯერ გაურკვეველი. შემდეგ მანქანის ძრავის ხმა და მაშველების ყვირილი გარკვევით გავარჩიეთ. ვიღაცამ დაგვინახა და რამდენიმე კაცი ჩვენკენ გამოიქცა. იმ წამს პირველად მივხვდი, რამდენად ახლოს ვიყავი სიკვდილთან. როცა მაშველმა მხრებზე ხელი მომკიდა, მთელი სხეული ერთიანად ამიკანკალდა. _სად გტკივა? პასუხის გაცემა ვერ შევძელი. ხელები მეწვოდა. ფეხები დაბუჟებული მქონდა. სუნთქვისას გულმკერდში მწვავე ტკივილს ვგრძნობდი. გოგონა კი ციებიანივით კანკალებდა. _ბავშვი შოკშია!_დაიყვირა ერთ-ერთმა და ყველაფერი ერთიანად აირია. საბნები, თერმული გადასაფარებლები, ჟანგბადის ნიღბები. ხმები... ყვირილი... ტალახიანი ტანსაცმლისგან გათავისუფლების მცდელობა. ვიღაც მაჯაზე პულსს მიმოწმებდა. ვიღაც ლილეს ელაპარაკებოდა. მე კი მხოლოდ ერთ რამეს ვხედავდი, იაგოს. ის რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა. ერთიანად ტალახში ამოსვრილი. სახეზე სისხლი და ჭუჭყი ერთმანეთში ჰქონდა არეული. თვალები ჩასწითლებოდა, მაგრამ უცნაურად მტკიცედ უელავდა. _შენც წამოდი..._ძლივს ვუთხარი. მაგრამ უარის ნიშნად თავი გააქნია. _გეგა უნდა ვიპოვო... მილა და ქეთათოც._ამ სიტყვებზე ხმა ჩაუწყდა თითქოს, მაგრამ მერე ისევ გამაგრდა._ყველას ვიპოვი და დავაბრუნებ. ლილემ ხელი გაუწოდა. _მამიკო... იაგო დაიხარა და შუბლზე აკოცა. მერე ჩემთან მოვიდა. რამდენიმე წამი უბრალოდ მიყურებდა. არაფერი უთქვამს. მაგრამ მის თვალებში იმდენი რამ იკითხებოდა, სიტყვები აღარ იყო საჭირო. შიში. ტკივილი. სიყვარული. და ერთი დაუმთავრებელი დაპირება. _სახლში დამელოდე... იქ მოვიყვან ყველას. უსიტყვოდ დავუქნიე თავი, რადგან ტირილი ყელში მქონდა გაჩხერილი. შემდეგ შემობრუნდა და წავიდა. მე კი ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი, მისი სილუეტი ნელ-ნელა რომ მშორდებოდა და თითქოს ჩემი გულიც თან მიჰქონდა. იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რომ შეიძლება ვეღარასდროს მენახა. ქეთათო ცხოვრებაში ისე ძალიან არაფრის შემშინებია, როგორც იმ მომენტში შემეშინდა, როცა გავიგე, რომ ბავშვები სასეირნოდ ტყეში იყვნენ წასულები. ლედის დედამთილის სიტყვების შემდეგ თითქოს ყველაფერი გაიყინა. ჯერ ლედის შევხედე, მერე მილას. ორივეს სახეზე ერთი და იგივე შიში დავინახე, რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ. თუმცა, მილამ გაუძლო ამ შიშს, ლედიმ კი ვერა. დავინახე, ოდნავ რომ შეტორტმანდა და მოწყვეტით ჩაიკეცა. ყველაზე წინ ისევ მილა მოეგო გონს, ძირს დაცემულ დაქალს დასწვდა და მისი წამოყენება სცადა. მეც მივეხმარე და ორივემ ადვილად შევიყვანეთ ოთახში, სადაც დივანზე დავაწვინეთ. _ახლანდელი ბავშვები ძალიან თავისებურები და ჯიუტები არიან. ვუთხარი, ჯერ არ წახვიდეთ, ისაუზმეთ-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერეს._თან ტიროდა და თან ჭიქით წყალს მოარბენინებდა ლედის დედამთილი, რომ რძალი გონზე მოეყვანა. _იმედია, ამას თქვენ მიხედავთ._მილამ ძლივს ამოიღო ხმა._ხომ არ უთქვიათ ბავშვებს, საით მიდიოდნენ? _არა, მაგრამ ჭიშკრიდან ვუყურებდი, იმ ბილიკით წავიდნენ._ხელი აღმოსავლეთის მხარეს გაიშვირა. მგონი, მე და მილამ გადაწყვეტილება ერთდროულად მივიღეთ. არ გვილაპარაკია, უბრალოდ ერთად გამოვედით სახლიდან და იმ მიმართულებით გავიქეცით, საითაც გვანიშნა ქალბატონმა. მთიდან საშინელი გრუხუნი ისმოდა. ისეთი ხმა იყო, თითქოს მთელი სამყარო ინგრეოდა. _სახლში დარჩი! სახიფათოა, ნუ მომყვები!_ისე დამიყვირა, ნაბიჯი არ შეუნელებია._მე გამოცდილება მაქვს, ჩემზე ნუ იდარდებ! გამოცდილება?… იმ წამს კინაღამ გამეცინა. რა გამოცდილება უნდა დახმარებოდა იმ საშინელი სტიქიის წინააღმდეგ? არ გავჩერებულვარ. _მარტო არ გაგიშვებ!_მივაძახე თუ არა, ფეხი დამიცდა და ლამის წავიქეცი. _სახლში დაბრუნდი-მეთქი!_ისევ მიყვირა, მაგრამ ის ჩემი სერჟანტი არ იყო და მე მის ბრძანებას არ დავემორჩილე. მილა ჩემზე წინ გარბოდა და პერიოდულად მთელი ხმით ყვიროდა: _გეგა!… ლილე!… სად ხართ?!. მის ხმაში აშკარა სასოწარკვეთა ისმოდა. მოულოდნელად ფეხქვეშ მიწამ ძლიერად დაიგრუხუნა. ორივენი გავჩერდით. რამდენიმე წამში შორიდან ხეების მტვრევის ხმა წამოვიდა. _გაიქეცი!.._შეშფოთებულმა მთელი ძალით დამიყვირა და ხელითაც მანიშნა. _გავიქცე?! კი მაგრამ, სად?!_პანიკის ზღვარზე მყოფმა მხოლოდ ამის დაყვირება მოვასწარი. მერე კი დავინახე ჩვენი მიმართულებით რაღაც უზარმაზარი რომ მოდიოდა. არა და თავიდან ჯერ მხოლოდ ხმა იყო გამაყრუებელი, მიწის შემძვრელი გრუხუნი. შემდეგ ხეები აიტაცა ჰაერში. ტალახის, ქვების, ხეების და წყლის შავი მასა ისეთი სისწრაფით ეშვებოდა ქვემოთ, თვალს ვერ ვასწრებდი. მართლა ინსტიქტურად გავიქეცი. ფეხები თავისით მოძრაობდნენ. ვეღარ ვფიქრობდი და ვერ ვაზროვნებდი. მხოლოდ ერთმა აზრმა გამიელვა თავში, უკან კი არა, გვერდით უნდა გავქცეულიყავი. მარჯვნივ თუ მარცხნივ, მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო, იმ საშინელ ნაკადს გავცლოდი. თუმცა, ბოლოს აღმოჩნდა, რომ მხარეს მაინც ჰქონდა მნიშვნელობა. იმ რამდენიმე წამმა ყველაფერი შეცვალა. მე და მილა სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით. ჩვენ შორის კი მთიდან წამოსული ტალახის მდინარე მოდიოდა. ისეთი ძალით ჩაიქროლა, მიწა შეაზანზარა. ტალახმა და წყალმა ხეები ფესვებიანად მოგლიჯა, უზარმაზარი ლოდები გადმოაგორა და წამებში ყველაფერი დაფარა, რაც გზაზე შეხვდა. _ქეთათოო!!!_მილას ხმა ძლივს გავარჩიე იმ გრუხუნში. _მილაა!.._მისკენ გავიწიე, მაგრამ მაშინვე მივხვდი, ეს ყოვლად შეუძლებელი იყო. მილა რაღაცას მიყვიროდა, მაგრამ სიტყვები არ მესმოდა. შემდეგ მიწა ისევ შეირხა და დავინახე, მის უკან ხე რომ გადატყდა. _მაქედან წადი, მეორე ტალღა მოდის!_ხმის ჩახლეჩამდე ვუყვირე, მაგრამ მივხვდი ვერ გაიგო. ზუსტად ვერ დავინახე, რა მოხდა. შიშისგან თვალები ინსტიქტურად დავხუჭე და სასოწარკვეთილმა ისეთი კივილი ავტეხე, საკუთარი ხმა ვერ ვიცანი. გრუხუნი, ხეების მტვრევის ხმა, ადამიანების ყვირილი… ყველაფერი ერთმანეთში აირია. მეგონა, მილა ჩემს თვალწინ გაქრა. _კარგად ხარ?.._ვიღაცის შეხებამ მაიძულა, თვალები გამეხილა. ჩემ წინ სამხედრო ფორმიანი კაცი იდგა და რაღაცას მეუბნებოდა. ალბათ ჭკუიდან გადასული იერი მქონდა უკვე. _აქედან გაგიყვან, აქ სახიფათოა!_ეს გარკვევით გავიგონე, მაგრამ მილას ასავალ-დასავალი არ ვიცოდი და იქიდან ფეხის მოცვლა არ მინდოდა. გავუძალიანდი ხელი რომ მომკიდა და ისევ განწირული ხმით ავკივლდი: _მილაა!.. სად ხარ?!. კარგად ხარ?!. იმ წამს სხვა აღარაფერი არსებობდა ჩემთვის. დაქალის მდგომარეობა მაინტერესებდა და ისტერიკაში მყოფი მეწყერის სიახლოვეს გავდი-გამოვდიოდი მხოლოდ. _მოიცა… ვინ მილა?_სამხედრო ფორმიანი მამაკაცის ხმაში ჯერ გაოცება გაისმა, მერე კი რაღაც უცნაური იმედი._სერჟანტი მილა?! თავიდან ვერ მივხვდი, რას ამბობდა. მერე, მხრებში ძლიერად რომ ჩამაფრინდა და შემაჯანჯღარა, თითქოს გონზე მოვედი. _ხო, სერჟანტი ქობალია... ჩემი დაქალი მილა... _სად არის?!. სად დაინახე?!_მის თვალებში ისეთი შიში და მღელვარება დავინახე, რომ წამით დავიბენი. _მეორე მხარეს იყო…_ძლივს ამოვილუღლუღე და აკანკალებული ხელი ტალახის მდინარისკენ გავიშვირე._ახლა კი არ ვიცი სად არის! კაცს სახე წამში შეეცვალა. თითქოს სუნთქვაც კი დაავიწყდა. _ღმერთო…_ჩუმად ამოიხრიალა და იმ საშინელი ნაკადის მიმართულებით გაიქცა. მეც უკან გავყევი. _გაჩერდით! იქ წასვლა არ შეიძლება!_ვიღაცები გვიყვიროდნენ, მაგრამ არაფრად ჩაგვიგდია. კაცი წინ გარბოდა შეუჩერებლად. რამდენჯერმე ფეხი აუცურდა, მაგრამ წონასწორობა მალე აღიდგინა და კვლავ სირბილი გააგრძელა. მე ძლივს მივდევდი. ღრმად სუნთქვისგან ფილტვები მეწვოდა, ფეხები მიკანკალებდა, მაგრამ გაჩერებას ვერ ვბედავდი. თუ მილა ცოცხალი იყო, მარტო ვერ დავტოვებდი. ტალახის მდინარესთან მაქსიმალურად ახლოს რომ მივედით, კაცი წამიერად შეჩერდა და ისეთი ხმით დაიყვირა მილას სახელი, მივხვდი: ის მისთვის უბრალოდ თანამებრძოლი არ იყო. ირგვლივ ყველაფერი ისევ ინგრეოდა. მოულოდნელად შორს, მოგლეჯილ ხეებს შორის, რაღაც შეირხა. _იქ!.._ხელი გავიშვირე და რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადავდგი. იქ მართლაც ჩანდა ტალახში მუხლებამდე ჩაფლული ადამიანი, რომელიც წამოდგომას ცდილობდა. დავაკვირდი და მილა იყო. თავი ძლივს ასწია. თმა სახეზე ჰქონდა აკრული. _მადლობა ღმერთს._ კაცმა ისეთი შვებით ამოისუნთქა, მგონი იმ წამამდე თვითონაც არ სუნთქავდა. _მილაა!!!_ხმამაღლა დაუყვირა და მილამაც გამოგვხედა. მერე მამაკაცმა ფრთხილად მოსინჯა ფეხქვეშ ფონი. ტალახი მაშინვე შეირხა. _ლოლაძე, სდექ! არ გაბედო!_მთელი ხმით დაუყვირა მილამ._საშიშია! მანდ დარჩი! მაგრამ მამაკაცს თითქოს არც გაუგონია. ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგა გაუბედავად, მერე მეორე. ტალახში მუხლებამდე ჩაეფლო, მაგრამ აღარ გაჩერებულა. _შეჩერდი-მეთქი, ბაგრო! ეს ბრძანებაა!_ისევ იყვირა მილამ და მივხვდი, რომ იმ წამს საკუთარ თავზე მეტად მის გადარჩენას ცდილობდა. იმასაც მივხვდი, რომ ბაგრო უბრალოდ რიგითი არ იყო მილასთვის… და არც მილა იყო მისთვის უბრალოდ სერჟანტი. ეს მათ ქმედებებში ჩანდა. იმაშიც, თუ როგორ უყურებდნენ ერთმანეთს იმ საშინელი ქაოსის შუაგულშიც კი. ბაგრო კი ისეთი სიჯიუტით მიიწევდა მისკენ, თითქოს სტიქიას კი არა, ბედს ებრძოდა. ტალახი ისევ მოძრაობდა მათ შორის. ყოველი ნაბიჯისას კაცს ფეხქვეშ მიწა ეშლებოდა, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა. მილა აშკარად ხვდებოდა, რამდენად საშიში იყო ეს. მე კი გაშეშებული ვიდექი და პირველად ვხედავდი ასეთ ძლიერ, უშიშარ და ნამდვილ სიყვარულს... მამაკაცმა მაინც შეძლო მილამდე მიღწევა. მასაც გაუწოდა დახმარების ხელი და ორივე სამშვიდობოს გავიდნენ მეორე ნაპირზე. დავინახე, როგორ ჩაეხუტნენ ერთმანეთს. გული სასწაულად ამიჩვილდა და მეტისმეტი მღელვარებისგან ავტირდი. _შენ ლედის სახლში წადი!_ახლა მე მომიბრუნდა მილა. _არსადაც არ წავალ!_შევეწინააღმდეგე._ბავშვები ტყეში არიან! _მათ მე და ბაგრო მოვძებნით! ლედის მიხედე!.. ვიღაც მაინც ხომ უნდა გადარჩეს ცოცხალი?_ბოლო სიტყვებმა ერთიანად შემძრა._ხომ მიაღწევ იქამდე? პასუხის გაცემა გამიჭირდა, რადგან წარმოდგენა არ მქონდა, შევძლებდი თუ არა. ჯერ ერთი, შიშისგან ფეხები ჯერ კიდევ მიკანკალებდა და გონებაში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა: სად იყვნენ ბავშვები და ცოცხლები იყვნენ თუ არა. მერე ის, რომ სტიქიას ერთიანად ჩამოეშალა გზები და რამდენად გავიგნებდი გზას, არ ვიცოდი. _გთხოვ, წადი! შენი დარდი მაინც აღარ მქონდეს!_ისევ მიყვირა მილამ და მეც მაშინვე დავემორჩილე. ვარაუდით მივუყვებოდი გზას... სადღაც მარცხნივ პატარა ხიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღარ იყო. კალაპოტიდან გადმოსულ მდინარეს ნახევარი გზა წაეღო. ერთ მომენტში უიმედოდ გავჩერდი, რადგან წინ გზა საერთოდ აღარ ჩანდა. მხოლოდ ტალახის ფართო მასა იყო, რომელშიც წაქცეული ხის ტოტები და ქვები ერთმანეთში არეულიყო. ვიღაც ღვთისნიერი გამოჩნდა. მას ვკითხე იაგოს სახლი და მანაც, მიუხედავად თავისი პრობლემებისა, მაინც მიმასწავლა გზა. სახლი შორიდანვე დავინახე და გამიხარდა. მართალია, სახურავის ნაწილი ჩამონგრეულიყო. ფანჯრების უმეტესობაც ჩამსხვრეული იყო. კედლებზე ტალახის შავი ზოლები ჩანდა, მაგრამ მაინც მყარად იდგა. კარი რომ შევაღე, სახეში სველი მიწის, ნესტისა და წამლების მძაფრი სუნი მეცა. ლედის დედამთილი საწოლზე იწვა. სახე ერთიანად გაფითრებოდა და ხელები უკანკალებდა. ექიმი პულსს უსინჯავდა, გვერდიდან კი ვიღაც ქალი წყალს აწვდიდა. ჩემი დანახვისთანავე გამოცოცხლდა და ისეთი იმედით შემომხედა, თითქოს ამ ოთახში ერთადერთი რამ ვიყავი, რასაც შეიძლებოდა დაყრდნობოდა. თითქოს ჩემი ერთი სიტყვა გადამწყვეტი იყო, კიდევ იცოცხლებდა თუ არა. _ლედი?.. ბავშვები?.._ისე მკითხა, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. ტყუილის თქმა არ მინდოდა. მაგრამ არც ის მინდოდა მეთქვა, რომ გარეთ სამყარო თავზე გვემხობოდა... რომ ადამიანები უჩინარდებოდნენ... და რომ არავინ იცოდა, ვის იპოვიდნენ ცოცხალს და ვის ვერა. _ტალახის მდინარემ ჩვენი გზები გაყო._ჩუმად, ძლივს გასაგონად ვთქვი. ქალი თვალს არ მაცილებდა და ეს უარესად მთრგუნავდა. _მაგრამ დავინახე... როგორ გადაარჩინა მილამ ბავშვები... ლედიც მათთან ერთად იყო. ქალს თვალები გაფართოვდა სიხარულისგან. _მართლა?.._ძლივს გასაგონად მკითხა._ცოცხლები არიან?.. ნათლად დავინახე, სიცოცხლე რომ დაუბრუნდა და მეც ტყუილად დავუქნიე თავი. _კი... ცოცხლები არიან._ძლივს წარმოვთქვი, რადგან ყელში რაღაც გამეჩხირა. იმიტომ კი არა, რომ ტყუილს ვამბობდი. არამედ იმიტომ, რომ იმ წამს მეც გამიჩნდა სურვილი, რომ ეს ტყუილი სიმართლე ყოფილიყო. და მთელი გულით დავიჯერე, რომ ეს აუცილებლად ასეც იქნებოდა. დრო საშინლად გაიწელა. საათის ისრები თითქოს აღარ მოძრაობდნენ. გარედან ისევ ისმოდა ვერტმფრენების ხმა, ადამიანების ყვირილი, მანქანების სიგნალები. სახლში კი მძიმე, მტანჯველი მოლოდინი იდგა... ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ვერავის ვუკავშირდებოდი. მილას ტელეფონი გამორთული იყო. ლედი კი არ პასუხობდა. ათასჯერ მაინც დავრეკე ორივესთან, მაგრამ ყოველ ჯერზე უშედეგოდ. წარმოდგენა არ მქონდა სად იყვნენ და როგორ იყვნენ. იპოვეს თუ არა ბავშვები. და საერთოდ, ცოცხლები იყვნენ თუ არა. ყველაზე საშინელი ზუსტად ეს გაურკვევლობა იყო ჩემთვის: ვერაფერს ვხედავდი, ვერაფერს ვიგებდი და ჩემი გონება ყველაზე ცუდ სცენარებს თვითონ ქმნიდა ჩემივე გულის გასახეთქად. თუმცა... ლედის დედამთილთან თავი მაინც მხნედ მეჭირა. არ მინდოდა ჩემთვის შემოეხედა და ოდნავი შიში მაინც შეემჩნია. ქალს თვალებში ისედავ გამუდმებული მოლოდინი ედგა და ყოველ ხმაურზე კარისკენ იხედებოდა. ყოველ ზარზე კი სუნთქვა ეკვროდა. _აუცილებლად დაბრუნდებიან…_რამდენჯერმე ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სიტყვების თავადაც აღარ მჯეროდა._მილა ბავშვებს არაფერს გაუჭირვებს._აი ეს კი სიმართლე იყო. თუ ვინმეს შეეძლო სტიქიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ეს მილა იყო. ექიმმა დამამშვიდებელი მეც მომცა, მაგრამ დალევა ვერ გავბედე. მეშინოდა, თუ თვალს მოვხუჭავდი, რაღაც მნიშვნელოვანი აუცილებლად მოხდებოდა. ფანჯარასთან ვიდექი და გარეთ ვიყურებოდი. ტალახში ამოსვრილი მაშველები წინ და უკან დარბოდნენ. ზოგს საკაცე მიჰქონდა, ზოგს გადარჩენილი ადამიანი მიჰყავდა. ყოველ ჯერზე, როცა კარი იღებოდა, გული ისე ძლიერად მიცემდა, მეგონა მისი ხმა ყველას ესმოდა. ბოლოს, მაინც მოხდა რაღაც კარგი: კარი გაიღო და ზღურბლზე ტალახში ამოსვრილი იაგო, ლილე და ლედი გამოჩნდნენ. რამდენიმე წამი უბრალოდ გაშეშებულები ვუყურებდით. თითქოს, გვიჭირდა დაჯერება. მამას შვილი კისერზე ჰყავდა შემოსკუპებული, რომელიც პატარა ხელებით ისე ძლიერად ჩაბღაუჭებოდა, თითქოს ეშინოდა, თუ ხელს გაუშვებდა, ისევ დაკარგავდნენ ერთმანეთს. ლედის კი მხარში ამოსდგომოდა. ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარი ღონემიხდილი ძლივს იდგა ფეხზე. ტანსაცმელი მთლიანად დაჰფლეთოდა, ხელებზე და მუხლებზე სისხლიანი იარები მოუჩანდა. იაგოსაც იგივე მდგომარეობა ჰქონდა: სახეზე ნაკაწრები, ტუჩთან გამხმარი სისხლი, თვალებში კი ისეთი დაღლა, თითქოს რამდენიმე დღეში ათი წლით დაბერებულიყო. მთავარი მაინც ის იყო, რომ ცოცხლები იყვნენ და მხოლოდ ამას ჰქონდა მნიშვნელობა. _დედიკო!_პირველად პატარა საბა მოეგო გონს და მათ შესახვედრად გაიქცა. ლედიმ რაღაცის თქმა სცადა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. მხოლოდ ტუჩები აუკანკალდა და შვილის წინ ჩაიმუხლა. აქამდე თუ თავს ვიკავებდი, მაშინ კი მივეცი ცრემლებს გასაქანი და პატარა ბავშვივით ხმამაღლა ავღრიალდი. მართალია, იმ მომენტში სიხარულის ცრემლები იყო ის, მაგრამ ყველაფერს ერთნაირად მოიცავდა. საბას მსგავსად მეც გავქანდი და შეძლებისდაგვარად გადავეხვიე ყველას. **** ლედი, ლილე და იაგო ცოცხლები დაგვიბრუნდნენ. საშინელი ჯოჯოხეთის დროს ეს უკვე სასწაული იყო... მაგრამ როგორც კი პირველი შვება ჩაცხრა, მაშინვე სხვა ფიქრებმა დამიწყეს დახრჩობა: მილა... გეგა.. და ის სიმპატიური რიგითი ბაგრო... წარმოდგენა არ მქონდა ისევ იმ საშინელების ეპიცენტრში იყვნენ, თუ მაშველებმა გამოიყვანეს... და საერთოდ, ცოცხლები იყვნენ თუ… მთელი ღამე თვალს ვერ ვხუჭავდი. ვერ ვიხინებდი და არც მინდოდა დაძინება. სახლში თითქმის არავინ ლაპარაკობდა იმაზე, რომ შეიძლებოდა ცოცხლები აღარ ყოფილიყვნენ. გასუსულები შევყურებდით ტელევიზორში ახალ ამბებს იმ იმედით, რომ იქიდან მაინც შევიტყობდით რამეს. ყოველ ჯერზე, როცა მიწა ოდნავ მაინც შეირყეოდა, ან ქარი ფანჯრებს შეანჯღრევდა, გული ყელში მებჯინებოდა. მეშინოდა... მეშინოდა, სტიქია ისევ არ განმეორებულიყო... მეშინოდა, დილა რომ გათენდებოდა, კიდევ უფრო საშინელ ამბებს გავიგებდით, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მილას ამბების არცოდნა მახრჩობდა. ვცდილობდი თავი დამერწმუნებინა, რომ კარგად იყო. ის ხომ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნოდა, ვისაც ვერავინ და ვერაფერი მოერეოდა. მაგრამ.. იმ დღეს ბუნებამ ყველას დაგვანახა, თუ რამდენად უმწეოები ვიყავით სინამდვილეში. ორი დღე იყო მილა ტყეში. ორი უსასრულოდ გრძელი, მტანჯველი დღე ჩემთვისაც, რადგან მეც იქ დავრჩი სტიქიის ზონაში. არა და წამოსვლა შემეძლო. მაშველებს ვერტმფრენებით გაჰყავდათ დაღლილი და შეშინებული მოსახლეობა. რამდენჯერმე მეც შემომთავაზეს, რადგან იქ დარჩენა უსაფრთხო არ იყო, მოსალოდნელი იყო განმეორებითი ჩამოშლის საფრთხე. ეს მეც ვიცოდი. ყოველი ღამე იმ შიშით გადიოდა, რომ მთა ისევ დაიძვრებოდა. მიწის უმცირეს ხმაურზეც კი გული მისკდებოდა, მაგრამ მაინც ვერ წავედი. ვერ მივატოვებდი ლედის იმ მდგომარეობაში. ვერ დავტოვებდი ლილეს, რომელიც ძილში შეშინებული ტიროდა. და რაც მთავარია… ვერ წავიდოდი, სანამ მილა ისევ იქ იყო. მეორე დღის ბოლოს უკვე აღარავინ ჰგავდა საკუთარ თავს. დაღლა, შიში და უძილობა ყველას სახეზე გვეწერა. მამაცი და დაუღალავი მაშველებიც კი ძლივს იდგნენ ფეხზე. ხანდახან შორიდან ისმოდა ვიღაცის ტირილი. კიდევ ვიღაცას პოულობდნენ. ზოგს ცოცხალს, ზოგს კი... მკვდარს. იმ დღეებში ყველაზე რთული მაინც ლოდინი იყო, როცა ვერაფერს აკეთებ და მხოლოდ ელოდები ზარს, ხმას, ნაბიჯებს, ნებისმიერ ნიშანს იმისას, რომ ადამიანი, ვისზეც ფიქრობ, ისევ ცოცხალია. საღამოს, ვერტმფრენები რომ დაბრუნდნენ, ამბის გასაგებად გავიქეცი. იქიდან ჩამოსულ სამხედროებს შორის მაშინვე ვიცანი ბაგრო. ტალახში ამოსვრილი ფორმა ეცვა, სახე გადაღლილობისგან ჩაშავებოდა, თვალები კი ჩაწითლებული ჰქონდა უძილობისგან. მილა ისევ არსად ჩანდა. არც გეგა. _ღმერთო ჩემო…_ცრემლების ყლაპვით ამოვთქვი და მუხლები მომეკვეთა. ყურებმა საშინელი ზუზუნი დამიწყო. ვეღარაფერს ვხედავდი ნორმალურად, მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: ნამდვილად ვერ გადაარჩინეს. სანამ ბოლომდე დავკარგავდი გონს, დავინახე, როგორ გამოიქცა ბაგრატი ჩემი მიმართულებით. თვითონაც ძლივს იდგა ფეხზე, მაგრამ მაინც მორბოდა და მგონი ჰაერში დამიჭირა. _ქეთათო!_შეშინებულმა დამიძახა._შემომხედე! ვცდილობდი მისი ხმა გამერჩია იმ საშინელ გუგუნში, რომელიც თავში მქონდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. მერე, ორივე ხელით სახე დამიჭირა, ოდნავ შემანჯღრია და ჩახლეჩილი ხმით მითხრა: _ორივე ცოცხალია… სუნთქვა უარესად შემეკრა. _სად არიან?_თითქოს არ დავუჯერე. _მილა დაშავდა…_გაჭირვებით ამოილუღლუღა._და თბილისში გადაიყვანეს ვერტმფრენით. _ცოცხალია?_თვალები თავისით ამევსო ცრემლებით._ცოცხლები არიან?_და შვებით ავტირდი. ბაგრომ სიმწრისგან დაცვარულ შუბლზე მზრუნველად გადამისვა ხელი და მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ თვითონაც კანკალებდა. ...იქ დარჩენის მიზეზი აღარ მქონდა. ლედი და მისი შვილები უსაფრთხოდ იყვნენ. იაგოს ჭრილობები ჰქონდა, სახე და ხელები სულ დაკაწრული ჰქონდა, სიარულიც უჭირდა, მაგრამ ექიმებმა თქვეს, რომ სერიოზული არაფერიაო. შევთავაზე, თბილისში წამოსულიყვნენ ჩემთან. მინდოდა რამდენიმე დღით მაინც მოშორებოდნენ იმ ადგილს, სადაც საშინელება ტრიალებდა, მაგრამ უარი მითხრეს. არც გაემტყუნებოდათ. იქ იყო მათი სახლი, მათი ცხოვრება და მათი მოგონებები. მართალია, ნახევრად დანგრეული და ტალახში ჩაფლული, მაგრამ მაინც მათი სამყარო. ლედი ფანჯრიდან იყურებოდა, როცა წამოსვლის წინ ჩავეხუტე. ისეთი თვალები ჰქონდა, მივხვდი, ჯერ ბოლომდე ვერ აცნობიერებდა, რაც გადაიტანა. ლილე უხმოდ ეკვროდა დედას. იაგო კი გარეთ იდგა და მაშველებს რაღაცაში ეხმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ძლივს მოძრაობდა. სტიქიის შემდეგ ადამიანები უცნაურები ხდებიან. საკუთარ ტკივილზე წინ სხვის ტკივილს გრძნობენ და მათ გადარჩენას იწყებენ. ჩემი მანქანა დაზიანებული იყო, მაგრამ ძირითადად გარედან. მინა ჩამტვრეული ჰქონდა, კაპოტი დაჭეჭყილი, გვერდებზე ტალახი და ნაკაწრები ეტყობოდა, მაგრამ რაც მთავარია, დადიოდა. ჩემი ბარგი როგორღაც მოვხვეტე, მანქანაში დაუდევრად ჩავყარე და სულ სხვა გზით წამოვედი, რადგან ძველი გზა აღარ არსებობდა. მანქანები ნელა, თითქმის უხმოდ მიიწევდნენ წინ. არავინ ჩქარობდა და ნერვიულად არავინ ასიგნალებდა. ყველა მგზავრს ერთი და იგივე სახე ჰქონდა: დაღლილი, შოკირებული და თითქოს სიცარიელით სავსე. გზა უსასრულოდ გაიწელა და ფიქრისთვის დრო თავზე საყრელად მქონდა. იმ საშინელმა ტრაგედიამ დამანახა, თუ რამდენად მოჩვენებითია ყველაფერი, რასაც „მერე“ ჰქვია. რამდენჯერ გადაგვიდია საუბარი, შერიგება, პატიება, სიყვარული… თითქოს დრო უსასრულოდ გვქონოდეს. არადა, ერთ წამში შეიძლება რომ ყველაფერი დასრულდეს და ვეღარ მოასწრო იმის თქმა, რაც გულში გქონდა. ხომ შეიძლებოდა რომ მეც იქ მოვმკვდარიყავი?_ეს აზრი ვეღარ ამოვიგდე თავიდან. თვალწინ მხოლოდ ტალახი, ყვირილი, ადამიანების სახეები და შეშინებული თვალები მედგა… და უცებ, სრულიად მოულოდნელად, ონისეზე ფიქრი ამეკვიატა. იმ ჯიუტ, აუტანელ და ნერვების მომშლელ კაცზე. იმ მომენტში ყველაფერი ის, რაც მას გავუკეთე, ისეთი ბავშვური და სასაცილო მეჩვენა, ხმამაღლა გამეცინა. თურმე, რამდენ უაზრო რაღაცაზე ვხარჯავთ დროს, რადგან არ ვიცით წინ რა გველოდება. თავს მტკიცე პირობა მივეცი, რომ თუ ისევ ჩემს ზემოთ იმუშავებდა, მივიდოდი და გულწრფელად ვეტყოდი, რომ დიდად არც მაღიზიანებდა და უბრალოდ მისი ყურადღების მისაპყრობად ვიქცეოდი ასე ანჩხლი დედაბერივით... როგორც იქნა, ჩამოვაღწიე თბილისამდე. ქალაქის განათებული ქუჩები რომ დავინახე, უცნაური შეგრძნება დამეუფლა. თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი. აქ ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებდნენ. _ცოტაც გაუძელი…_ჩუმად გავამხნევე საკუთარი თავი და ბენზინგასამართ სადგურზე გადავუხვიე._ნახევარ საათში სახლში იქნები. მგონი, მანქანაც ძლივს სუნთქავდა ჩემსავით დაჭეჭყილი კაპოტით, ჩამტვრეული მინით და ტალახით დაფარული. ძრავა რომ გამოვრთე, ღრმად ჩავისუნთქე და მანქანიდან გადმოვედი. ზუსტად იმ წამს, როცა სადგურის განათებამ დამანათა, მივხვდი, როგორი შესახედი ვიყავი: ტალახიანი, დაღლილი, თვალებჩაშავებული… და ალბათ ცოტათი შეშლილი გამომეტყველებით. შემთხვევით მეორე სვეტთან ნაცნობ შავ ჯიპს მოვკარი თვალი და სულ მალე ისიც დავინახე. ჩვეული დაღლილი სახით იდგა მანქანასთან და ტელეფონს დასცქეროდა. _ჯანდაბა… რა მალე ხდება ჩემი სურვილები.._უნებურად გამეცინა. ჩემი მანქანის მთელ მინაში სწრაფად შევათვალიერე საკუთარი ანარეკლი. საშინლად გამოვიყურებოდი. თმა აბურდული მქონდა, სახეზე დაღლილობა მეტყობოდა, ტანსაცმელზე კი ისევ მეცხო აქა-იქ ტალახის ლაქები. შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე თავი და დაუფიქრებლად გავიქეცი მისკენ. ალბათ ნაბიჯების ხმა გაიგონა, რადგან მაშინვე ამომხედა. მაგრამ სანამ ჩემ ცნობას მოასწრებდა, პირდაპირ მივვარდი და გულში ძლიერად ჩავეკარი. სულ არ მაინტერესებდა ვინ დაგვინახავდა. ან რას იფიქრებდა ჩემზე. ონისე აშკარად დააბნია ჩემმა ქმედებამ. რამდენიმე წამი საერთოდ არ განძრეულა. მერე კი, გაკვირვებული ხმით მკითხა: _პანდა?.. შენ ხარ?.. ცოცხალი ხარ?_ოდნავ უკან დაიხია, რომ უკეთ დავენახე._ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა, რომ შოვში იყავი... _შენმა დეიდაშვილმა?_დავიბენი._მოიცა, ვინ შენმა დეიდაშვილმა? _ნინიამ._ალალად მიპასუხა და სანამ ჩემს გიჟ დაქალზე გაბრაზებას მოვასწრებდი, მოულოდნელად დაიხარა და ჩემს ტუჩებს მწყურვალივით დაეწაფა. მილა სტიქიის მოახლოებას თითქოს წინასწარ ვგრძნობდი, რადგან ტყე ზედმეტად ჩუმი მეჩვენებოდა... და როცა გავიგე, რომ ბავშვები სასეირნოდ იყვნენ წასულები, პირველად, მრავალი წლის შემდეგ, მართლა შემეშინდა. ოღონდ არა საკუთარი თავის გამო, არამედ ბავშვების გამო. არა და, წლების წინ, როცა ძალადობის ნაყოფი ვშვი სამშობიაროში, მისი სიყვარული მართლა არ ვიცოდი რა იყო. ყოველ ჯერზე, როცა მას ვუყურებდი, ის ღამე მახსენდებოდა: ტკივილი, სიძულვილი, ჩემი უსუსურობა... დიდხანს მეგონა, რომ დედობა მხოლოდ მოვალეობა იყო. ის, რასაც ვაკეთებდი, რადგან სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ... იმ წამს, როცა გავიაზრე, რომ შეიძლებოდა ჩემი შვილი მეწყერის მსხვერპლი გამხდარიყო, ლამის იქვე მოვკვდი. მაშინ პირველად მივხვდი, თუ რამდენად ღრმად მიცემდა გეგა გულში. როგორ შეუმჩნევლად გამხდარიყო ის ჩემი არსებობის ნაწილი... არ ვიცოდი, რისი იმედი მქონდა. არც ის ვიცოდი, სად უნდა მეძებნა. ტყე უზარმაზარი იყო, სტიქია კი უკვე ყველაფერს ანადგურებდა. თუმცა, მაინც გავიქეცი. სხვა მაინც არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა, მეპოვა ჩემი შვილი და ლედისიც. _გეგა!.. ლილე!.._ხმის ჩახლეჩამდე ვყვიროდი და თან უმისამართოდ მივრბოდი. შორიდან საშინელი გრუხუნის ხმა ისმოდა, რომელიც სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. თუმცა, მაინც არ გავჩერებულვარ. იმ წამს საერთოდ არ ვფიქრობდი საკუთარ თავზე. გვიან გავიგე, რომ ქეთათოც უკან მომყვებოდა. ალბათ, მეძახდა კიდეც, მაგრამ არაფერი მესმოდა. იმ მომენტში მე მხოლოდ დედა ვიყავი და დედები, როცა შვილს საფრთხე ემუქრება, სხვაზე ვეღარაფერზე ახდენენ კონცენტრირებას. ადგილ-ადგილ მიწა ფეხქვეშ მეცლებოდა, მაგრამ ნაბიჯს მაინც არ ვანელებდი. _სახლში გაბრუნდი!_ერთი ორჯერ ჩვეული ბრძანების ტონით გავძახე ქეთათოს._საშიშია! მე გამოცდილება მაქვს და არაფერი მომივა! თუმცა, სიმართლე ის იყო, რომ საკუთარ თავსაც ვატყუებდი. რა გამოცდილება არსებობს სტიქიის წინააღმდეგ? უბრალოდ, როცა ომში ხარ, სწავლობ, რომ შიშის დრო არ გაქვს. უნდა იმოძრაო, თუნდაც იცოდე, რომ შეიძლება უკან ვეღარასდროს დაბრუნდე. ტყისკენ მივრბოდი და ისევ და ისევ ბავშვების სახელებს ვყვიროდი. _გეგა!.. ლილე!.. ზუსტად არ მახსოვს ჯერ ხმა გავიგონე, თუ მიწის რყევა ვიგრძენი. მხოლოდ ის მახსოვს, რომ მთამ საშინლად დაიგრუხუნა. ისეთი ხმა იყო, თითქოს შიგნიდან რაღაც გასკდა. ასეთ დროს ფიქრის დრო საერთოდ არ გაქვს. სხეული თავისით მოქმედებს და მეც გვერდით გადავხტი ინსტიქტურად. შემდეგ კი, უზარმაზარმა ტალახის მასამ ჩემსა და ქეთათოს შორის ჩაიარა. შავი, მძვინვარე ნაკადი ხეებს, ქვებს და მიწას ერთნაირად მოათრევდა. _ქეთათო!!!_მთელი ხმით ვიყვირე სანამ ცოცხალს დავინახავდი. მგონი, ცხოვრებაში პირველად შემეშინდა ისე, რომ სუნთქვა შემეკრა. _უკან დაბრუნდი!_ისევ მთელი ხმით დავუყვირე, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მქონდა, ესმოდა თუ არა. თვითონაც მიქნევდა ხელებს და რაღაცას ყვიროდა. მოულოდნელად ჩემს ზურგს უკან ხეების მტვრევის ხმა გავიგონე. შეშინებული შევტრიალდი. ყველაფერი კი წამებში მოხდა: უზარმაზარი ხე წაიქცა და პირდაპირ მე დამეცა. გაქცევა ვერ მოვახერხე. არ შემშინებია. ალბათ, ვგრძნობდი, რომ განწირული არ ვიყავი. სხვა ხეების უზარმაზარმა ტოტებმა ის ხე დაიჭირეს და ძირს ბოლომდე არ დაეცა. გაჭირვებით გამოვძვერი, მაგრამ ფეხზე ავდექი თუ არა და ნაბიჯი გადავდგი, ახლა ტალახში ჩავვარდი და მუხლამდე ჩავეფალი. ვიცოდი, რომ ასეთ სიტუაციებში სამხედროებს აუცილებლად გადმოაფრენდნენ დასახმარებლად. ეს აზრი ერთადერთი იყო, რაც მაშინ გონებას მიწმენდდა და პანიკაში საბოლოოდ ჩაძირვის საშუალებას არ მაძლევდა. მაგრამ... ის რამდენიმე საათი როგორ უნდა გაეძლო ადამიანს, წარმოდგენა არ მქონდა. ტყე ყოველ წუთს უფრო საშიში ხდებოდა. მიწა ფეხქვეშ მოძრაობდა. ხეები ჭრიალებდნენ. იმ მომენტში მგონი პირველად ვიგრძენი ნამდვილი უსუსურობა. ომში მაინც იცი, მტერი ვინ არის. აქ კი ბუნება მებრძოდა. ბრმა, დაუნდობელი ძალა, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებდა, ვინ ვიყავი, რამდენი გადავიტანე, ან რამდენად მიყვარდა საკუთარი შვილი. _ჯანდაბა!_ძალა მოვიკრიბე და ტალახიდან გაჭირვებით ამოვედი. ქეთათოს ხმა მესმოდა, განწირული ხმით რომ კიოდა ჩემს სახელს. მერე კი, სხვამაც დამიძახა. შეუძლებელი იყო, ვერ მეცნო. თუმცა, მაინც ნელა ავწიე თავი. როცა დავინახე კი სუნთქვა შემეკრა. წამით მართლა მეგონა, რომ მელანდებოდა. _ბაგრო, არა!_ინსტიქტურად წამომცდა, როცა დავინახე, რომ ჩემკენ წამოვიდა. ტალახი მოძრაობდა. ნიადაგი იშლებოდა. ვხედავდი, როგორ ეფლობოდა ყოველი ნაბიჯისას, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა. ზუსტად ისეთი ჯიუტი იყო, როგორიც მახსოვდა. _ლოლაძე, სდექ!_მთელი ხმით დავუყვირე._ეს ბრძანებაა! სასაცილო იყო იმ კაცისთვის ბრძანებების მიცემა, ვინც არასდროს მისმენდა. მითუმეტეს როცა საქმე მე მეხებოდა. ალბათ, თხუთმეტი-ოცი წუთი მაინც იწვალა. ხან ფეხი დაუცდა და წაბარბაცდა, ხან მართლა წაიქცა. ხან ტალახის მდინარემ სძლია და დინებამ წაიღო, მაგრამ მაინც მოაღწია ჩემამდე. ჩემ წინ უკვე დაღლილი, მაგრამ მაინც ბედნიერი და უზომოდ კმაყოფილი იდგა. _სერჟანტო, ისევ ფიქრობ, რომ შენი ბრძანების შესრულება შემიძლია?_ხმა სასწაულად ჰქონდა ჩახლეჩილი. დაღლილი იყო და ძლივს სუნთქავდა, მაგრამ მაინც მიღიმოდა. _საფრთხეში რატო ჩაიგდე თავი?_მკაცრი გამომეტყველებით ვკითხე. _შენც იგივეს არ გააკეთებდი ჩემთვის?_ისე მომაჩერდა, დავიბენი. _აქ საიდან გაჩნდი?_მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე. ესეც, სიტყვის მასალად ვკითხე, თორემ მშვენივრად ვიცოდი ჩვენი დანაყოფი ასეთ სიტუაციებში მაშველებისთვის დამხმარე ძალა იყო. _ასე ვთქვათ, განგებამ მომიყვანა._ასეთ რთულ სიტუაციაშიც კი გახუმრება სცადა და თვალი ჩამიკრა._რიგითი ჯიუტი ლოლაძე თქვენს განკარგულებაშია. ახლა რას ვაპირებთ? _მე შვილის პოვნას. შენ კი, სხვა დაზარალებულების გადარჩენას._ჩვეული ბრძანების ტონით ვუთხარი, თუმცა ვიცოდი, რომ თავს არაფრის დიდებით არ დამანებებდა და ჩემთან ერთად მოძებნიდა გეგას. _როგორ ფიქრობ, მარტოს გაგიშვებ?_მაშინვე შემომიბრუნა სიტყვა. თვალებში ის ჯიუტი მზერა ჰქონდა, რომელიც ყოველთვის მაშინ უჩნდებოდა, როცა რაღაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. მით უმეტეს ახლა, როცა იცოდა, რომ გეგა შეიძლებოდა სადღაც მარტო ყოფილიყო. ტუჩი ნერვიულად მოვიკვნიტე. ზუსტად ვიცოდი, კამათს აზრი არ ჰქონდა და დავყევი მის ნება-სურვილს. ყველგან ყვირილის, სირენების და ვერტმფრენების ხმაური ირეოდა ერთმანეთში. ჰაერში ტალახისა და სველი ხის მძიმე სუნი ტრიალებდა. იმ წამიდან ორი დღე და ღამე ტყიდან აღარ გამოვსულვართ. ბაგროსი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად აღარ მახსოვდა, რამდენი ხანი დავდიოდით. დრო საერთოდ გაქრა. გეგას სახელის ყვირილით ხმა ისე მქონდა ჩახლეჩილი, თვითონ მეც კი აღარ მესმოდა. ხან ტყეში გახიზნულ ადამიანებს ვაწყდებოდით, ხან მაშველებს. ყველას ერთსა და იმავეს ვეკითხებოდით. ზოგს საერთოდ არ ენახა. ზოგი დაბნეული გვიყურებდა. ზოგს არც კი ესმოდა ჩვენი. შოკში იყვნენ. ზოგი ტიროდა. ზოგი დაკარგულ ოჯახის წევრებს ეძებდა. ზოგი კი, ისეთ ამბებს გვიყვებოდა, რომ სუნთქვა მეკვროდა. იმ დღეს ყველა ვიღაცას ეძებდა. ტანსაცმელი ისე მქონდა დასველებული, სხეულზე მეკრობოდა. ფეხები მტკიოდა. რამდენჯერმე წავიქეცი კიდეც, მაგრამ გაჩერებაზე არც მიფიქრია. შიგნიდან რაღაც მეუბნებოდა, რომ გეგა ისევ იქ იყო. სადღაც ახლოს. მარტო. გამთენიისას სიცივე ძვლებში გამიჯდა. ტანსაცმელი მთლიანად სველი მქონდა. ფეხები ტალახში მეფლობოდა. რამდენჯერმე წავიქეცი კიდეც, მაგრამ ბაგრო ყოველ ჯერზე მაყენებდა. _ხომ ხედავ ვეღარ დადიხარ!_ერთხელ მკაცრადაც მითხრა._ცოტა დავისვენოთ. _არა!_ძლივს ამოვიხავლე._ჩემი შვილი სადღაც დახმარებას ელოდება და შენ მეუბნები, რომ დავისვენოთ?! კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მკაცრად გავაჩუმე. _თუ ჩემი დახმარება გინდა, გაჩუმდი! ერთხანს სინანულით მიყურა. მერე, ქურთუკი გაიხადა და მხრებზე მომაფარა. _ესეც სველია, მაგრამ... ცოტას მაინც გაგათბობს. იმ ღამით პირველად შევნიშნე, როგორ უკანკალებდა ხელები. თვითონაც ძლივს იდგა ფეხზე, მაგრამ მაინც ჩემზე, გეგაზე და ლილეზე ფიქრობდა. ტყეში ჩამოწოლილი ნისლი ნელ-ნელა იფანტებოდა. ზუსტად მაშინ დავინახეთ ქალი, რომელიც ქვებთან იჯდა და გაყინულ ბავშვს იკრავდა გულში. _ბიჭი ხომ არ გინახავთ?_სასწრაფოდ მივვარდი._თოთხმეტი წლის… გეგა ჰქვია… ქალმა დაღლილი მზერით ამომხედა. _ერთი ბიჭი იყო…_ჩურჩულით თქვა ბოლოს._იქით, ხევთან. პატარა გოგოსთან ერთად იყო. ბავშვი ვერ გადმოჰყავდა წყალში და თვითონაც არღარ გადმოდიოდა. შევკრთი. _სად?!_შეშინებულმა ვკითხე და სუნთქვაშეკრული დაველოდე პასუხს. ქალმა ხელი კანკალით გაიშვირა. ბაგროს აღარ დაუცდია, მაშინვე იმ მიმართულებით გაიქცა და მეც უკან მივყევი. რაც უფრო ვუახლოვდებოდით, წყლის ღრიალი მით უფრო ძლიერდებოდა და მასთან ერთად ჩემი გულისცემაც. ბოლოს, დავინახე და გულიც გამიჩერდა. _გეგა!!!_ყვირილისგან ჩახლეჩილი ხმით როგორც შევძელი, ისე დავუძახე. ხევის პირთან მოზრდილ ქვაზე იდგა. მთლიანად სველი და გაყინული. ერთი პატარა გოგო ჰყავდა ჩახუტებული, რომ წყალს არ წაეღო. მაგრამ მიწა მის ქვემოთ ნელ-ნელა იშლებოდა. _არ გაინძრე!_ახლა ბაგრომ დაუყვირა მთელი ხმით. გეგამ შემოგვხედა და იმ წამს მის თვალებში ისეთი შიში დავინახე, სუნთქვა შემეკრა. მეტი აღარ მიფიქრია. პირდაპირ წყალში შევვარდი. _მილა, არა!_ბაგროს ყვირილი უკან მომყვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. წყლის დინებამ მაშინვე წამაქცია. ყინულივით ცივი იყო. სუნთქვას მიხუთავდა და ქვებს მახეთქებდა, მაგრამ მაინც წინ მივიწევდი. მხოლოდ გეგას ვუყურებდი. ჩემი მიზანი მისი და მისი თანმხლები გოგონას გადარჩენა იყო. _დე…_იმ ხმაურშიც კი გავიგონე, როგორ აუთრთოლდა ხმა. _არ შეგეშინდეს!!! შენთან ვარ უკვე!!! მოვედი!!! სინამდვილეში არ მეგონა, თუ მათთან მივაღწევდი. ძლივს გადავლახე მეტრანახევრიანი დაბრკოლება ძლიერი დინების ფონზე და მეორე ნაპირზე ავბობღდი. წამი რა არის, წამიც კი არ დამიკარგავს. მაშინვე პატარა გოგონას მოვკიდე ხელი. _ნუ გეშინია, მოდი ჩემთან, მე თქვენ ორივეს გადაგარჩენთ. გეგა მაშინვე მომვარდა და ჩამეხუტა. გული საამოდ ამიძგერა ამ ჩვენმა დედა-შვილურმა სცენამ, მაგრამ... ახლა ამის დრო არ იყო. ჯერ პატარა გოგონა შემოვისვი ზურგზე და ბაგროს მიერ სახელდახელოდ გადებულ ხის მორზე დიდი სიფრთხილით გადავბობღდი. გოგონა ბაგროს მივაბარე და ისევ იმ გზით დავბრუნდი გეგასთან... შემდეგ კი ყველაფერი წამებში მოხდა: მიწა, რომელზეც იდგა, ჩამოიშალა და შეტორტმანდა. არ მიფიქრია. არც კი შემიფასებია, მოვასწრებდი თუ არა. ან, რა შედეგი მოჰყვებოდა ჩემს ქმედებას. მხოლოდ ის მახსოვს, როგორ გადავხტი. როგორ ჩავავლე ხელი და მერე როგორ დავეშვი ქვემოთ მასთან ერთად. ზურგი ძლიერად დავარტყი. ისეთი ტკივილი ვიგრძენი, მეგონა ხერხემალში გადავტყდი. სუნთქვა შემეკრა. თვალთ დამიბნელდა, მაგრამ ხელი მაინც არ გამიშვია. ვერც გავუშვებდი. მდინარე ორივეს თავის ნებაზე მიგვათრევდა. ცივი წყალი სახეში მცემდა. გეგა ორივე ხელით მეჭიდებოდა და კანკალებდა. იმ წამს პირველად მივხვდი, რომ ისევ პატარა იყო. მე კი სულ მეგონა, რომ უკვე დიდი ბიჭი იყო. რომ უნდა გაეძლო. რომ უნდა შეგუებოდა. რომ დედა ყოველთვის იდეალური ვერ იქნებოდა... მაგრამ იმ წამს მხოლოდ ბავშვი იყო. ჩემი შვილი. ჩემი პატარა ბიჭი. და უცებ… _დედა! მას არასოდეს დაუძახია ასე. ხშირად საერთოდ მარიდებდა თავს. თითქოს ჩემთან სიტყვებიც კი უჭირდა. მე თვითონ მივაჩვიე ამას. საკუთარი ბრაზით. ტკივილით. ცხოვრებაზე გაბოროტებით. ხოლო ახლა… სიცოცხლის შიშით აკანკალებული მეძახდა. _დედა… არ გამიშვა… ტიროდა. ხმა უკანკალებდა. და მე, რომელსაც უკვე ხელები მიბუჟდებოდა, მთელი ძალით მივიკარი. _შენთან ვარ…_ძლივს ამოვთქვი_ნუ გეშინია დე… მერე აღარ მახსოვს რა მოხდა. მხოლოდ ბაგროს ხმა მესმოდა შორიდან. ვიღაცები ხელებს გვიწვდიდნენ დასახმარებლად. გეგა ისევ მეჭიდებოდა. მე კი თვალები ნელ-ნელა მეხუჭებოდა. ბოლო, რაც გავიგონე, ისევ მისი ხმა იყო. _დედაა!!! ეპილოგი ბაგროს არასდროს ეშინოდა ბრძოლის ველზე ტყვიების წვიმაში ყოფნა და არც საბრძოლო დავალებების დროს, სადაც ერთი არასწორი ნაბიჯი და სიკვდილი ყოველ კუთხეში იმალებოდა. მაშინ კი, ცხოვრებაში პირველად შეეშინდა ნამდვილი შიშით. იმ წამს, როცა მაშველებმა მილას უსიცოცხლო სხეული ამოიყვანეს აზვირთებული წყლიდან, იგრძნო, როგორ გაეყინა მთელი სხეული. თითქოს ვიღაცამ გულში ძლიერად ჩაავლო ხელი და მკერდიდან ამოგლიჯა. აღარაფერი ესმოდა. არც სირენების გამაყრუებელი ხმა, არც წყლის ხმაური, არც გარშემო შეკრებილი ხალხის ხმამაღალი ყვირილი. მხოლოდ მილას უყურებდა. იმ ქალს, ვისზეც უამრავი ლეგენდა თუ თქმულება დადიოდა სამხედრო იერარქიაში და ვინც მისთვის საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასი გამხდარიყო გაუცნობიერებლად. მხოლოდ იმას ნატრობდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო.. რომ თვალები გაეხილა... რომ რამე ეთქვა მისთვის, თუნდაც რამე ებრძანებინა, ან რთულ დავალებაზე გაეშვა... _მილა..._გაჭირვებით ამოუშვა ხორხიდან ბგერები და საკუთარი ხმა თვითონვე ეუცხოვა. მაშველებმა სველი სხეული დააწვინეს თუ არა მიწაზე, რამდენიმე ადამიანი მივარდა. _უკან დაიხიეთ!.. _სივრცე გაათავისუფლეთ!.._მაშინვე აყვირდნენ მაშველები. შეეძლო ბაგროს მთელი ცხოვრება რომ საფრთხის წინაშე მდგარიყო მედგრად, მაგრამ იმ წამს მუხლები აუკანკალდა და შორიახლოს მდგარ მანქანას რომ არ მიყრდნობოდა, ნამდვილად წაიქცეოდა. იქვე ახლოს გეგას მოჰკრა თვალი, ექიმები რომ სინჯავდნენ. ბიჭს სველი ტანსაცმელი სხეულზე ეკვროდა. თმიდან წყლის წვეთები სახეზე ჩამოსდიოდა და ყელთან უგროვდებოდა. ხელები ისე მოემუჭა, თითქოს რაღაც უხილავს ებღაუჭებოდა. მართალია არ ტიროდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ თავს ძლივს იკავებდა. ერთ-ერთმა მაშველმა მილას გვერდით დაიჩოქა და გულის ასამუშავებლად რიტმული მასაჟი დაუწყო. _ერთი, ორი, სამი..._პარალელურად კი ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ. გეგას მზერაში ისეთი სასოწარკვეთა დაინახა, რომ შეეცოდა და მასთან მივიდა. _როგორ ფიქრობ, დედა გაიღვიძებს?_ნაცნობი სახის დანახვისას ბიჭს იმედი მიეცა თითქოს და ფეხზე წამოდგა. ბაგრომ პასუხი ვერ გასცა, რადგან ცხოვრებაში პირველად ვერ მოუყარა სიტყვებს თავი. გეგამ იმედით შეხედა თვალებში. _გაიღვიძებს?_ამჯერად უკვე ხმა გაებზარა. ბაგრომ ყელში გაჩენილი სიმწარე ძლივს გადაყლაპა. _კი..._ჩუმად უთხრა, თუმცა თვითონაც არ იცოდა ვის უმტკიცებდა ამას, გეგას თუ საკუთარ თავს._აუცილებლად გაიღვიძებს. ზუსტად იმ წამს მაშველის ხმა გაისმა: _კიდევ ერთხელ!.. ერთი, ორი, სამი... ბაგროს ისევ შეეკრა სუნთქვა. გეგამ კი ერთი ნაბიჯი გადადგა წინ. ორივენი ერთსა და იმავე რამეს ელოდნენ. ერთ პატარა მოძრაობას. ერთ ამოსუნთქვას. ერთ უმნიშვნელო ნიშანს იმისა, რომ მილა ჯერ კიდევ მათთან იყო. რეალურად რამდენიმე წუთი გავიდა. მათ კი საუკუნედ ეჩვენათ. იმედი თითქმის აღარ იყო. ბაგრომაც სიმწრით ამოიგმინა, მაგრამ ზუსტად მაშინ შეირხა მილა, ღრმად ამოახველა და პირიდან ტალახიანი წყალი გადმოღვარა. _დეედააა!!!_გეგას ყვირილმა იქაურობა შეძრა. ვერავინ შეძლო მისი შეკავება. მოხერხებულად გაძვრა მაშველებს შორის, დედასთან მივარდა და მთელი ძალით ჩაეხუტა. _დედა!.. დედა, გესმის ჩემი?! მილამ გაჭირვებით გაახილა თვალები. შვილის ხმა თითქოს სადღაც ძალიან შორიდან ესმოდა. ბაგრომ კი მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა შვებით. თითქოს მთელი ის წუთები ჰაერი გულში ჰქონდა ჩაკეტილი. მერე, თავი დახარა და რამდენიმე წამით სახეზე აიფარა ხელი. ცოცხალი იყო... მილა ცოცხალი იყო... დანარჩენს კი უკვე აღარ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა. რამდენიმე წუთში ვერტმფრენი მოამზადეს და საგანგებო ჰოსპიტალიზაციისთვის დაიწყეს მისი გადაყვანა. გეგა დედას არ მოშორებია გვერდიდან. ბაგრო კი... ბაგრო ერთ ადგილზე იდგა გაშეშებული და ნამიანი მზერით აცილებდა მათ. **** თითქმის ვეღარ გრძნობდა ფეხებს იაგო. მარტო ფეხებს კი არა, ვერც ერთ კიდურს. დაღლილი და არაქათგამოცლილი იყო, მაგრამ მილას და გეგას მაინც ვერ მიატოვებდა. ვინ იცის, როგორ უჭირდათ და როგორ სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ ახლა დახმარება? თავს იმით იმშვიდებდა, რომ ლედი და ლილე საიმედო ხელში იყვნენ. ექიმები გასინჯავდნენ. შემდეგ კი მაშველები დააბრუნებდნენ სახლში. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა კიდეც წასასვლელად, მაგრამ მოულოდნელად მის ყურთასმენას ექიმის და ლედის დიალოგი მისწვდა და მაშინვე გაიყინა ერთ ადგილზე. _ქალბატონო, დამშვიდდით. ამ ეტაპზე ბავშვის გულისცემა გვაქვს. _ანუ... ცოცხალია?_საგრძნობლად უკანკალებდა ლედის ხმა. _დიახ. ნაყოფი ცოცხალია. მაგრამ აქ მხოლოდ პირველადი დახმარების გაწევა შეგვიძლია. ამბულატორიული მკურნალობა და დამატებითი კვლევებია საჭირო. ამიტომ საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანოთ. შეტორტმანდა და დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ არ წაქცეულიყო. ლედი ორსულად იყო? ინსტიქტურად შეტრიალდა და ცოლს გახედა. მესამე შვილი?.. მისი და ლედის მესამე შვილი?.. ერთიანად მოიცვა უდიდესმა სიხარულმა და ყველანაირი ტკივილი და დაღლა დაავიწყდა. თითქოს ამ საშინელი დღის შუაგულში ვიღაცამ პატარა, ნათელი სანთელი აანთო. თუმცა... მოულოდნელ სიხარულს სხვა გრძნობაც დაეჯახა. წყენა. რატომ დაუმალა ლედიმ ეს ამბავი? გონებაში უკანასკნელი დღეები, კვირები და თვეები გადაეშალა. მისი უცნაური დაღლილობა... ჩუმად ყოფნა... ზოგჯერ თვალებში გაჩენილი რაღაც უცნაური სევდა... ხომ შეეძლო ეთქვა? მაშინვე დაუფიქრებლად მიატოვებდა ახალ სამსახურს და მის გვერდით იქნებოდა... იქნებ, ზუსტად ამის გამო არ უთხრა, რომ არჩევანის წინაშე არ დაეყენებინა? ახლაც ხომ ურთულესი არჩევანის წინაშე იდგა? ვეღარ გადაეწყვიტა, ტყეში წასულიყო გეგას და მილას საძებნელად, თუ ორსულ ცოლთან დარჩენილიყო, რომელსაც ასევე სჭირდებოდა მისი დახმარება დაგვერდში დგომა? იაგო რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა ცოლს. უნდოდა გაბრაზებულიყო. უნდოდა ეთქვა ყველაფერი, რაც გულში ჰქონდა. უნდოდა ეკითხა, როგორ გაბედა მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ამბის დამალვა, მაგრამ როცა მის სახეს შეხედა, ყველა სიტყვა ყელში გაეჩხირა. ფერმკრთალი იყო. მეტისმეტად ფერმკრთალი. მისი ხელი ფრთხილად მოიმწყვდია მუჭში. _მესამე შვილი?..._ჩუმად ჩაილაპარაკა და იმის ნაცვლად, რომ გაბრაზებულიყო, გაეღიმა. მერე მოულოდნელად ტყეს გახედა. მილა და გეგა იქ იყვნენ. ვინ იცის როგორ უჭირდათ და დახმარება სჭირდებოდათ. მათი მიტოვება არ უნდოდა, მაგრამ ვერც ლედის მიატოვებდა. იაგომ თვალები დახუჭა. ერთ ხანს ასე იდგა. მერე კი გადაწყვეტილება მიიღო: ტყეში აღარ წავიდოდა. მილას და გეგას სხვები მოძებნიდნენ. მაშველები იქ იყვნენ. ხალხი ყველგან დარბოდა. ვიღაც აუცილებლად იპოვიდა მათ. ლედის გვერდით კი ვერავინ იდგებოდა ისე, როგორც თვითონ. ვერავინ დაიჭერდა მის ხელს და ვერავინ ეტყოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. **** ნინიასგან იცოდა, რომ ის ანჩხლი გოგო შოვში იყო. თავიდან თითქოს გაუხარდა. მის ერთ ნაწილს მართლა უხაროდა, რომ ნერვებს აღარავინ მოუშლიდა და სულ ცოტა ერთი კვირა მაინც იქნებოდა მშვიდად. აღარავინ შეუვარდებოდა ბინაში დაუკითხავად და არ მოუწყობდა დებოშს სარემონტო სამუშაოების ხმაურის გამო... აღარავინ გაუხეთქავდა მანქანის საბურავს... არავინ დაემუქრებოდა კედლების საღებავით მოსვრით და არავინ ჩაკეტავდა ბინაში გარედან. სიჩუმე და სიმშვიდე იქნებოდა... ასე ფიქრობდა. ან, ყოველ შემთხვევაში, ასე არწმუნებდა საკუთარ თავს. თავიდან მართლაც მშვიდად გავიდა რამდენიმე საათი. მერე კი უცნაურად მოიწყინა. რამდენჯერმე ინსტინქტურად მიიხედა კიდეც, თითქოს საიდანღაც მისი ხმა გაიგონა. ერთხელ კარიც კი გააღო. თითქოს ელოდა, რომ იქ იდგებოდა და რაღაცაზე შეეკამათებოდა. _შენ რა, სულ გაგიჟდი, ბიჭო?_რამდენჯერმე საკუთარ თავსაც კი გაუწყრა, აკვიატებულად რომ ფიქრობდა მასზე, მაგრამ... უკვე ნერვები ეშლებოდა ამ სიმშვიდეზე. მერე კი, ის საშინელი ამბავიც გაიგო. მაშინვე ნინიას დაურეკა. უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ იმ ნერვასტიკა შინაბერას არაფერი სჭირდა, მაგრამ მან მის შესახებ არაფერი იცოდა... და სწორედ ამ გაურკვევლობამ მოკლა ონისე. მთელი დღე საინფორმაციო ამბების ყურებაში გაატარა. ხან ტელევიზორის ეკრანს შეჰყურებდა, ხანაც ტელეფონს ჩასჩერებოდა და ყველა ვიდეოს თუ პუბლიკაციას ეცნობოდა. ნინიას რამდენჯერმე დაელაპარაკა. „ჯერ არ ვიცი არაფერი...“_ეს ფრაზა უკვე ზეპირად იცოდა, მაგრამ ყოველი მოსმენისას თავიდან სტკიოდა. ონისე ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო. ცდილობდა თავი დაერწმუნებინა, რომ ქეთათო ძლიერი გოგო იყო... რომ აუცილებლად გადარჩებოდა... რომ ალბათ სადღაც უსაფრთხო ადგილას იყო და ტელეფონი არ ჰქონდა... რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ღამით, როცა ირგვლივ ყველაფერი ჩუმდებოდა, ყველა ის დამამშვიდებელი არგუმენტი სადღაც ქრებოდა და რჩებოდა მხოლოდ ერთი კითხვა: „სად ხარ, ქეთათო?“ თურმე, როგორ შეუმჩნევლად შეჰპარვოდა გულში ის ანჩხლი არსება. _წავალ და თავად მოვძებნი._ისე მტკიცედ გამოუცხადა ნინიას, რომ მან ვერც კი გაბედა გადაეფიქრებინა დეიდაშვილისთვის ეს სახიფათო გადაწყვეტილება. სასწრაფოდ მოუყარა იმ ნივთებს თავი, რაც მისი აზრით აუცილებლად დასჭირდებოდა, საწვავის მარაგის ასაღებად სადგურზე გაჩერდა და ისევ ტელეფონს ჩახედა, ახალი ხომ არაფერი იყო. რას არ მისცემდა, ოღონდ იმ ანჩხლზე რამე გაეგო. მაგალითად ის, რომ ცოცხალი იყო და საღსალამათი. ინსტიქტურად ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო. მხოლოდ თავის აწევა მოასწრო, გააზრება და ცნობა ვერა, მაშინვე დაეტაკა ვიღაც და გულში ჩაეკრა. წამიერად დაიბნა და ერთ ადგილზე გაშეშდა. მერე, ტვინმა გულს გადაუგზავნა სიგნალი და აღელდა. ოდნავ მოშორდა. უნდოდა შეეხედა და დარწმუნებულიყო, რომ მართლა ის "საზიზღარი პანდა" იყო. თავიდან თითქოს თვალებს არ დაუჯერა, მაგრამ მართლა ის იყო ცოცხალი და ხორცშესხმული. _პანდა?.. შენ ხარ?.. ცოცხალი ხარ? ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა, რომ შოვში იყავი... _შენმა დეიდაშვილმა?_ქეთათომ დაბნეული მზერით ახედა._ვინ შენმა დეიდაშვილმა? _ვინ და ნინიამ._ალალად უპასუხა და სანამ კიდევ რამის თქმას ან კითხვას მოასწრებდა, დაიხარა და მის ბაგეებს მწყურვალივით დაეწაფა. ქეთათო არ გასძალიანებია, როგორც ეს ონისეს ეგონა. იმასაც კი ფიქრობდა, რომ სილას გაულაწუნებდა, მაგრამ... მგონი ეს ანჩხლი გოგო თვითონაც ამას ელოდა და სიამოვნებით გაირინდა. **** ყოველთვის ფიქრობდა, რომ ის მკაცრი სერჟანტი ქალი სათანადო დედა ვერ იყო მისთვის. დედები ხომ სხვანაირები უნდა ყოფილიყვნენ? უნდა მოფერებოდნენ შვილებს... ხშირად უნდა ეკოცნათ... უნდა ეზრუნათ და ეკითხათ, ხომ არ სციოდათ, ან ხომ არ შიოდათ. მისი დედა კი იშვიათად გამოხატავდა გრძნობებს. უფრო ხშირად მკაცრი ხმით ელაპარაკებოდა, წესრიგს ითხოვდა და ყოველთვის ისეთი მზერით უყურებდა, თითქოს ყველაფერში დამნაშავე გეგა იყო. ხანდახან იმასაც კი ფიქრობდა, რომ დედამისს სამხედრო სამსახური უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე ის, ან საკუთარი დედა და ძმა. სახლში იშვიათად მოდიოდა და მაშინაც ნერვებს უშლიდა გაუთავებელი ბრძანებებით, კონტროლით და მკაცრი დისციპლინით. იმ წამს კი, როცა დაუფიქრებლად გადმოხტა ადიდებულ მდინარეში და საკუთარი სიცოცხლე არაფრად ჩააგდო მის გადასარჩენად, მიხვდა, რომ თურმე ყველაზე მეტად შვილი ყვარებია... ახლა, როცა დედამისს უმძიმეს ოპერაციას უკეთებდნენ, ხვდებოდა, თუ რა სულელი და უგუნური იყო, როცა მას არ აფასებდა და ეურჩებოდა. სრცხვენოდა ერთ დროს იმას რომ ფიქრობდა, ნეტავ სხვა დედა მყოლოდაო. ახლა?.. ახლა მხოლოდ იმას ნატრობდა, ოღონდ დედა ცოცხალი გადარჩეს და თუ უნდა სულ მიყვიროდეს და მსჯიდესო... ოღონდ დედა ცოცხალი გადარჩეს და ყოველ დილით საწოლს მე ავალაგებო... გაკვეთილებს ყოველ დღე მოვამზადებო... საკუთარ ფეხსაცმელებს თავად დავწმენდო... აღარასდროს ვეტყვი, რომ მისი მოფიქრებული წესები სისულელეა და საშინლად მაღიზიანებსო... ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერს, ოღონდ ისევ შემომხედოს იმ მკაცრი თვალებითო... ოღონდ ისევ გამიბრაზდესო... ოღონდ ისევ მითხრას: „გეგა, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოვო“... და მაშინ პირველად მიხვდა, რომ თურმე ყველაზე ძვირფასი სწორედ ის ჩვეულებრივი დღეები ყოფილა, რომელთა გაქრობასაც ასე მარტივად ნატრობდა. დედის გაბრაზებული ხმა. მისი მკაცრი მზერა. დილაობით საწოლთან დგომა და საბნის გადახდა. ყველაფერი, რაც ოდესღაც სასჯელად ეჩვენებოდა, ახლა მისთვის ყველაზე სანატრელ რამედ ქცეულიყო. გეგამ თავი დახარა და ხელები ერთმანეთს მაგრად მოუჭირა. _დედა..._ძლივს ამოიჩურჩულა. თითქოს დარწმუნებული იყო, რომ სადღაც, იმ საოპერაციო ოთახის მიღმა დედამისი მაინც გაიგონებდა._გპირდები... აღარასოდეს გაგაბრაზებ._ხმა გაებზარა._ოღონდ გადარჩი._და ცხოვრებაში პირველად მიხვდა, რომ ადამიანი თურმე ძალიან გვიან აცნობიერებს იმას, თუ რამდენად ძვირფასია ის, რაც აქვს და არ აფასებს. მას მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა: საოპერაციოდან დედა ცოცხალი გამოსულიყო. **** იაგო წავიდა... არც ვამტყუნებდი. მილა და გეგა ისევ ტყეში იყვნენ. ქეთათოც იქ იყო და, ჩემზე მეტად, სწორედ მათ სჭირდებოდათ მისი დახმარება, მაგრამ... სიმართლე რომ ვთქვა, იმ წამს ძალიან მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო. მინდოდა, მისი ხელი მჭეროდა, სანამ ექიმი ჩვენს მომავალ შვილს გასინჯავდა და მის მდგომარეობას მეტყოდა. იმის გაფიქრებაც კი სასწაულად მაშინებდა, რომ შეიძლებოდა ჩემი სხეულის შიგნით ის პატარა სიცოცხლე, რომლის არსებობასაც ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვიაზრებდი, უკვე აღარ ყოფილიყო. ექიმმა გელი წამისვა მოშიშვლებულ მუცელზე და აპარატი ფრთხილად მომადო. რამდენიმე წამით მხოლოდ მისი ღრმა სუნთქვის ხმა მესმოდა. მე კი მოუთმენლად ველოდი, როდის ამოიღებდა ხმას და რამეს მეტყოდა. ვცდილობდი, არ მეტირა. ვცდილობდი, ღმერთისთვის არაფერი მეთხოვა, რადგან მეგონა, თუ ძალიან ვთხოვდი, ჩემი შიში უფრო რეალური გახდებოდა... მერე კი ექიმის ხმაც გავიგონე: _ქალბატონო, დამშვიდდით. ამ ეტაპზე ბავშვის გულისცემა გვაქვს. თავიდან მართლა ვერ გავიაზრე რაც მითხრა. გულისცემა?.. ბავშვის გულისცემა?.. _ანუ... ცოცხალია?_ხმა ისე მიკანკალებდა, მგონი ექიმმა ძლივს გაიგო რაც ვკითხე. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია თუ არა, მაშინვე ამიწყლიანდა სიხარულისგან თვალები. ისეთი შვება ვიგრძენი, თითქოს მთელი ამ ხნის განმავლობაში ფილტვებში ჰაერი არ მქონდა და მხოლოდ ახლა მომეცა უფლება, ამომესუნთქა. ცოცხალი იყო... ჩემი პატარა ცოცხალი იყო. მუცელზე ხელი მივიდე და ტუჩები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს, რომ ხმამაღლა არ ავტირებულიყავი. _მადლობა ღმერთს..._ჩუმად ვთქვი და თვალები დავხუჭე, მაგრამ ექიმის შემდეგმა სიტყვებმა ისევ დამაბრუნა რეალობაში. _თუმცა აქ მხოლოდ პირველადი დახმარების გაწევა შეგვიძლია. ამბულატორიული მკურნალობა და დამატებითი კვლევებია საჭირო. ამიტომ საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანოთ. თვალები ისევ დავხუჭე და ცრემლი ლოყაზე ჩამომიგორდა. _იაგო..._ჩუმად აღმომხდა. _აქ ვარ. თვალები მაშინვე გავახილე. ვერ მივხვდი, როდის დაბრუნდა. სახეზე ჯერ კიდევ ის დაძაბულობა ემჩნეოდა, რომელიც ბოლო საათების განმავლობაში სულ უფრო მეტად ემატებოდა, მაგრამ მის თვალებში რაღაც იყო შეცვლილი. ალბათ ექიმის სიტყვები გაიგო. მივხვდი, რომ იცოდა... _შენ არ წახვედი?_ჩუმად ვკითხე. თავი გააქნია. _ვაპირებდი, მაგრამ მერე გავიგე, რასაც ექიმი გეუბნებოდა._აცახცახებულ ხელზე მომკიდა ხელი და მუჭში მოიმწყვდია._მესამე შვილი?.._ჩუმად მკითხა. გამეღიმა, თუმცა თვალები ისევ ცრემლებით მქონდა სავსე. _გეწყინა? უარის ნიშნად თავი გააქნია. _უბრალოდ... უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას ასეთ სიტუაციაში გავიგებდი._მეორე ხელი მუცელზე დამადო. თითქოს, დარწმუნება უნდოდა, რომ იქ მართლაც იყო კიდევ ერთი პატარა სიცოცხლე. **** _შენ მანქანას შეკეთება სჭირდება. ჩემთან ჩაჯექი. მანამდე კი ევაკუატორს გამოვიძახებ._საკმაოდ მკაცრად და კატეგორიულად მითხრა ონისემ და მანქანის კარი გამიღო. _ვინ მოგცა უფლება ჩემს მაგივრად მიიღო გადაწყვეტილებები?_ვიგრძენი, მისი კოცნის მერე ჩვეული ქეთათო რომ დაბრუნდა ჩემში._ძალიან მაღიზიანებ რომ იცოდე. _ეგ უკვე ძველებურად ჟღერს. ესე იგი, უკეთ ხარ? უნებურად გამეღიმა. სიმართლე რომ ვთქვა, სურვილი დიდადაც აღარ მქონდა წინააღმდეგობისთვის, ამიტომ უხმოდ ჩავჯექი მის ჯიპში. მოგვიანებით ონისეც მიუჯდა საჭეს და მანქანა ნელა დაძრა ადგილიდან. თბილისის ღამის განათებები ფანჯრებში ციმციმებდა. მანქანაში სასიამოვნო სითბო იდგა და პირველად ამდენი დღის განმავლობაში ვიგრძენი, რომ უსაფრთხოდ ვიყავი და თვალები თავისით დამეხუჭა. _არ დაიძინო. _რატომ?_მეწყინა თუ გამიკვირდა მისი მოთხოვნა, ვერ მივხვდი. _იმიტომ, რომ ჯერ უნდა ჭამო. _დედაჩემი ხარ?_აღვშფოთდი. _სამწუხაროდ არა, თორემ ბავშვობიდან წესიერად აღგზრდიდი. _აუტანელი ხარ... _ვიცი. სულ მალე მანქანა პატარა, თითქმის ცარიელ კაფესთან გააჩერა. _ჩამოდი. _არ მინდა._გავჯიუტდი. _ქეთათო._მის ხმაში ისეთი ტონი დავიჭირე, მივხვდი, კამათს აზრი არ ჰქონდა. მძიმედ ამოვიოხრე და მანქანიდან გადავედი. კაფეში თბილი სინათლე და ახალი ყავის სურნელი დამხვდა. იმდენად ჩვეულებრივი გარემო იყო, კინაღამ ავტირდი.. ყველაზე განაპირას მყუდრო მაგიდასთან დავსხედით. ონისემ მენიუ არც კი გადამაშლევინა, ისე შეუკვეთა მიმტანს ცხელი შოკოლადი. _არა, მე ყავა მინდა._გავაპროტესტე. _ხელები გიკანკალებს. ყავა არ გჭირდება. თვალები დავუბრიალე, მაგრამ ჩემი პროტესტის მიუხედავად მაინც ცხელი შოკოლადი და საჭმელი შეუკვეთა. რამდენიმე წუთში ფინჯანი ჩემს წინ იდგა. ცხელი ორთქლი ნელა ადიოდა ზემოთ. ფინჯანს ორივე ხელის თითები მოვხვიე და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რამდენად გაყინული მქონდა. ონისე უხმოდ მიყურებდა. _რას მიყურებ? ექსპონატი კი არ ვარ._შევუღრინე. _ვრწმუნდები, რომ მართლა აქ ხარ._მის ხმაში გულწრფელობა იგრძნობოდა._სამი დღეა ახალ ამბებს ვუყურებდი... გული უცნაურად შემეკუმშა. _მერე? _მერე საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ შენნაირი აუტანელი ადამიანი ასე მარტივად ვერ დაიკარგებოდა. გამეღიმა და ცხელი შოკოლადი გემრიელად მოვსვი. **** ჯერ ხმა გავიგე. წვრილი, რაღაც გამაღიზიანებელი ხმა იყო. თანაბრად მეორდებოდა და ყოველი გამეორებისას უფრო მეტად მაღიზიანებდა. პიპ... პიპ... პიპ... თვალების გახელა ვცადე, მაგრამ ქუთუთოები ისეთი მძიმე მქონდა, თითქოს ვიღაცას ზედ ქვები დაეწყო. სად ვიყავი? პასუხი არ მქონდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ძალიან მტკიოდა. ყელი მეწვოდა და ყოველი ჩასუნთქვა მიჭირდა. ისევ დავხუჭე თვალები და თითქოს რაღაც გამახსენდა. არა, გახსენებაც არ ერქვა ამას. უფრო სიზმრის ნაგლეჯი იყო. თეთრი მკვეთრი სინათლე. ვიღაცის ხმა. _პულსი? მერე მეორე ხმა... _სტაბილურდება. თვალების გახელა მინდოდა, მაგრამ არ შემეხლო. მერე, ვიღაცის ხელი ვიგრძენი შუბლზე და ძალიან ნაცნობი ხმაც შემომესმა, რომელიც ძლივს ვიცანი: _მილა... გთხოვ, ამას ნუ გამიკეთებ... მერე, მეორე ნაცნობი ხმაც: _დედა, არ მიმატოვო, გთხოვ... თვალები ისევ გავახილე და ოთახი დაკვირვებით მოვათვალიერე. რეანიმაციაში ვიწექი. ცოცხალი ვიყავი და ეს უკვე პროგრესი იყო. ხელში რაღაც ვიგრძენი და ინტერესით დავხედე. ოთხად გადაკეცილი ფურცელი. _ბარათი?_რატომღაც გამეღიმა. გაჭირვებით გავშალე გაცრეცილი ფურცელი და კითხვა დავიწყე: "სასაცილოა, არა? ადამიანები წერილებს ჩვეულებრივ მაშინ წერენ, როცა სათქმელი აქვთ. მე კი მაშინ ვწერ, როცა სიტყვებს ვერ ვპოულობ. ჯერ კიდევ არ ვიცი, გავბედავ თუ არა ოდესმე ამას შენთვის გამოგზავნას. ზოგი ადამიანი ისე ჩნდება შენს ცხოვრებაში, რომ ვერც კი ამჩნევ, როგორ იწყებ მის ძებნას ხალხით სავსე ოთახშიც კი. მის ხმას იმახსოვრებ. ნაბიჯებს. სიჩუმესაც კი. თუ ოდესმე ამ წერილს წაიკითხავ, მინდა იცოდე, რომ შენ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო რამ ხარ. შეიძლება ამის ხმამაღლა თქმა ვერასოდეს შევძლო, მაგრამ სიმართლე მაინც სიმართლეა. და თუ ბედისწერას ოდესმე ჩემი და შენი გზების გაყოფა მოუნდება, მინდა გახსოვდეს: შენ რომ შემხვდი, ჩემი ცხოვრება საგრძნობლად გაფერადდა". მაშინვე მივხვდი, ვისი წერილიც იყო. ისიც გამახსენდა, თუ რომელი საველე წვრთნების დროს დაწერა და გული სასიამოვნოდ ამიძგერდა. _ბაგრო..._ღიმილით ამოვიჩურჩულე და თვალები დავხუჭე. თურმე, რამდენი ადამიანისთვის ღირდა სიცოცხლისთვის ბრძოლა და ცხოვრების გაგრძელება... (დასასრული) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


