შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ხეობა (10, 11, 12)


დღეს, 20:09
ავტორი MB-stories
ნანახია 6

თავი X

**დუმილის დარღვევა**

იმ საღამოს კულტურის სახლმა ისეთი სიმჭიდროვით ისუნთქა, თითქოს შენობას ძველი, მივიწყებული წლები ერთბაშად მოაწვაო.

შესასვლელთან მანქანების მწკრივი ერთმანეთს მიჰკვროდა; ზოგი პირდაპირ აღმართზე, ტროტუარზე იყო გადასული, ზოგიც ქვემოთ, ნესტიანი ასფალტის გასწვრივ დაეტოვებინათ. ძველი, საბჭოთა არქიტექტურის მაღალი ფანჯრებიდან თბილი, ყვითელი შუქი გადმოედინებოდა და გარეთ, წვიმისგან დამძიმებულ ჰაერში იღვრებოდა. ჭიათურისთვის ეს უბრალოდ თარიღი არ ყოფილა. მიხეილ ამირეჯიბის კომპანია საბადოს დაარსებიდან მორიგ იუბილეს აღნიშნავდა — თარიღს, რომელიც ქალაქის ნახევარს სიამაყით უვსებდა გულს, მეორე ნახევარს კი ძველ იარებს უახლებდა.
თორმეტი წლის წინ ასეთი საღამო სრულიად სხვანაირი იქნებოდა. მაშინ ჰაერში სხვაგვარი სიმსუბუქე ტრიალებდა, ვიდრე ის მძიმე, დაგროვილი დუმილი, რომელიც წლების განმავლობაში ყოველ ქუჩასა და შესახვევს წამოწოლილიყო.
დემეტრემ ეს ჯერ კიდევ მაშინ იცოდა, როცა სახლიდან გამოსვლისას რამდენიმე წამით ზღურბლთან შეყოვნდა. ხელი კარის სახელურზე ეჭირა და სიბნელეში უსმენდა საკუთარ სუნთქვას. ბოლო წუთამდე არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ღირდა თუ არა იქ მისვლა. ლუკას არაფერი უთქვამს, არც თომას. ანისთვისაც არ დაურეკავს იცოდა, ანი პირველივე ტონალობით მიხვდებოდა ყველაფერს. უბრალოდ, უჯრიდან უხმარი პიჯაკი ამოიღო, მხრებში გასწორდა და ნესტიან ქუჩაში გააბიჯა.
***
კულტურის სახლის შიგნით სითბოსა და იაფფასიანი პარფიუმის სუნი ტრიალებდა.

სცენის უკან უზარმაზარი, ახლად დაჭიმული ბანერი ბრწყინავდა:
*„ერთად ვაშენებთ ხეობის მომავალს“*
ქვემოთ კომპანიის ოქროსფერი ლოგო კაშკაშებდა.
ლილემ ბანერს შეხედა და ტუჩის კუთხეში სევდიანი, თითქმის შეუმჩნეველი ღიმილი გაეპარა. სასაცილო არაფერი იყო. უბრალოდ, იმ საღამოს სიტყვა „მომავალი“ ამ დარბაზში ყველაზე ხელოვნურ საგნად ეჩვენებოდა.
— არ მოგწონს? — ჰკითხა ანიმ. ის გვერდიდან დაკვირვებით ადევნებდა თვალს მისი სახის ყოველ ნიუანსს.
ლილემ თავი ნელა მიაბრუნა.
— რა?
— ბანერი.

— ზედმეტად ლამაზად წერენ იმას, რისიც თვითონაც არ სჯერათ.
ანიმ ჩუმად ამოიოხრა და მხარი მხარს მიადო.
— შენ ახლა ყველაფერში ქვეტექსტებს ეძებ, ლილე. ხანდახან ბანერი უბრალოდ ბანერია.
— და ხანდახან დროშაა, რომელსაც ნანგრევებს აფარებენ.
— ეს ახალი ამბავი არაა, — ანიმ ხელი მკლავში გაუყარა, — მაგრამ თუ ასე განაგრძობ, საღამოს ბოლომდე გული გაგიტყდება.
ლილეს ოდნავ გაეღიმა.
— შენ ყოველთვის ასე რატომ მელაპარაკები?
— იმიტომ, რომ სხვანაირად რომ დაგელაპარაკო, საკუთარ ფიქრებში ჩაიკეტები და გამექცევი. მე კი დღეს შენი დარაჯის როლი მაქვს მორგებული.
— ეგეც მართალია, — ჩაიჩურჩულა ლილემ.


ისინი სცენის წინ გამოფენილ ბავშვების ნახატებს მიუახლოვდნენ. ეს ნახატები ლილემ თავად შეარჩია ადგილობრივი სკოლიდან. ყოველი ფურცელი ხეობის სულ სხვაგვარ აღქმას ინახავდა: ერთზე მთა მწვანედ იყო გადაღებილი, მეორეზე საბაგიროს წითელი გონდოლები ეშურებოდნენ ცისკენ, მესამეზე ძველი, მიტოვებული მაღაროს შავი შახტი ეხატა.
ერთ პატარა გოგონას კი უბრალოდ პატარა, თეთრი სახლი დაეხატა, რომლის ზურგს უკან უზარმაზარი, მუქი, თითქმის შავი მთა აღმართულიყო.
— ეს ვინ დახატა? — ჰკითხა ანიმ.
— მარიამმა. რვა წლისაა.
— უცნაური აქცენტები აქვს. სახლი თითქოს მთას ემალება.
— ბავშვები ყველაფერს ისე ხატავენ, როგორც ხედავენ, — თქვა ლილემ და თითები ნახატის ჩარჩოს შეახო. — მათ ჯერ არ უსწავლიათ ფერების მოტყუება.
— უფროსებმა?

ლილემ რამდენიმე წამით შეყოვნა.

— უფროსები ხანდახან ისე ხატავენ, როგორც უნდათ, რომ სხვებმა დაინახონ. და მერე უკვირთ, როცა საღებავი ჩამოირეცხება.
ანი აღარაფერი უთქვამს. მათ შორის ჩამოვარდნილ დუმილში ორივემ იცოდა, რომ საუბარი უკვე დიდი ხანია ნახატებს გასცდენოდა.

**

დარბაზი თანდათან ივსებოდა.
პირველი სტუმრები ოფიციალური პირები იყვნენ: მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, კომპანიის მმართველები, თბილისიდან ჩამოსული რამდენიმე ჟურნალისტი ძვირფასი კამერებით და ადგილობრივი ბიზნესმენები, რომლებიც ერთმანეთს მხარზე ხელის ტყაპუნითა და ხმამაღალი სიცილით ესალმებოდნენ.
მაგრამ დარბაზის მეორე ნახევარს ის ხალხი შეადგენდა, ვისაც მოწვევის ბარათები არასდროს სჭირდებოდა. მოხუცი მაღაროელები — სახეზე ნახშირის მტვრისგან საუკუნოდ ჩატოვებული ნაოჭებითა და მძიმე, დაკოჟრილი ხელებით. მათ გვერდით ახალგაზრდები იდგნენ, რომელთა თვალებშიც იგივე დაღლილობა უკვე დაწყებულიყო.
ლუკას უმცროსი ძმა, ნიკაც იქ იყო. მუქი, უთოობისგან ოდნავ დაკეცილი პერანგი ეცვა და სვეტთან იდგა სხვა მუშებთან ერთად. ლუკამ რომ დაინახა, წარბები შეიჭმუხნა და სწრაფი ნაბიჯით მივიდა.

— აქ რას აკეთებ? — ჰკითხა მკაცრად, თუმცა ხმაში ძმური შიში გამოერია.
— ოჰ, დიდი ბატონი! — გაეღიმა ნიკას— შენსავით VIP-მიწვევა არ მჭირდება, ძმაო. ცვლა დავამთავრე და პირდაპირ მოვედი.
— ხვალ დილის ექვიანი ცვლა გაქვს, ნიკა
— ვიცი, არ დამავიწყდება.
— ბევრი არ დალიო.

— შენს თავს მიხედე, ლუკა, — ნიკას ღიმილი ოდნავ მოდუნდა, ხმაში კი სიმწარე შეეპარა. — ყოველდღე მაღაროში ვარ, დღეს მაინც ნუ მომექცევი ისე, თითქოს ათი წლის ბავშვი ვიყო.
— მე გელაპარაკები, იმიტომ რომ...
— იმიტომ, რომ გეშინია. ვიცი. მეც მესმის ეს ქალაქი.
თომა მათ გვერდით გაჩერდა, ჭიქით ხელში, და ორივეს ირონიული მზერა შეავლო.
— რა თბილი, ოჯახური იდილიაა. პირდაპირ გული ამიჩუყდა.
ნიკამ თომას შეხედა და გაეცინა.
— შენ ისევ ცოცხალი ხარ, თომა? თუ ეს უბრალოდ კარგად მორგებული კოსტიუმია?
— ჯერჯერობით ფიზიკურად ვარსებობ, სამწუხაროდ, — მიუგო თომამ და ჭიქა ასწია. — მაგრამ საღამო ჯერ ახლა იწყება, ნუ ვიჩქარებთ დასკვნებს.

ნიკამ ორივეს ხელი დაუქნია და თავის მეგობრებს დაუბრუნდა. ლუკა თვალს არ აშორებდა მის ზურგს.

— არ მომწონს, როცა იმ შახტში ჩადის, — თქვა ჩუმად ლუკამ.
თომამ ჭიქა ოდნავ შეანჯღრია. პასუხი არ გაუცია. ორივემ იცოდა, რატომ. ტრაგედიის შემდეგ, ის მიწისქვეშა გვირაბები უბრალოდ სამუშაო ადგილი კი არა, პერსონალური მტერი გახდა. და მაინც, ნიკა იქ მუშაობდა. ეს იყო ჭიათურის მთავარი, დაუნდობელი ირონია: ადამიანები იძულებულნი იყვნენ, ყოველდღე დაბრუნებოდნენ იმ ადგილს, რომელმაც მათ ოჯახებს სიცოცხლე მოპარა. იმიტომ, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა.

***

მიხეილ ამირეჯიბი საღამოს რვის ნახევარზე გამოჩნდა.
დარბაზში გუგუნი იდგა, მაგრამ მისი შემოსვლისას რამდენიმე რიგში ხმაური ავტომატურად ჩაქრა. მიხეილს არასდროს სჭირდებოდა ყვირილი ან მკვეთრი ჟესტები. მას ჰქონდა ის ბუნებრივი, დამამძიმებელი ავტორიტეტი, რომელიც გარშემომყოფებს აიძულებდა, წელში გასწორებულიყვნენ. ეჭირა შავი, იდეალურად მორგებული კოსტიუმი, მზერა კი მშვიდი და გაწონასწორებული ჰქონდა.
მის გვერდით სანდრო ამირეჯიბი მოდიოდა. სანდრო ახალგაზრდა, ამბიციური და ფრთხილი იყო, თუმცა მამის გვერდით მისი ყოველი მოძრაობა ოდნავ დაძაბული, უფრო მოზომილი ხდებოდა.
— დირექტორი სადაა? — ჰკითხა სანდრომ იქვე მდგომ თანამშრომელს.
— სცენის უკან, ბატონო სანდრო.
— უთხარი, ხუთ წუთში დაიწყოს. ქალაქის მერი უკვე დარბაზშია.
სანდრო შემოტრიალდა, თვალი მიადევნა ხალხს და იქვე, ნახატებთან მდგარი ლილე დაინახა. ნელი, თავდაჯერებული ნაბიჯით მიუახლოვდა.
— მამა გეძებს.
— რატომ?
— ღონისძიება იწყება, ლილე. შენი ადგილი წინა რიგშია, მამას გვერდით.
ლილემ თვალი გასწორა.
— ანის ველოდები.
სანდრომ ანის ირონიული მზერა შეავლო.
— ისევ ერთად ხართ? მეგონა, თბილისის შემდეგ სხვა ინტერესები გაგიჩნდებოდა.
ლილემ წარბი ოდნავ ასწია. ხმაში ყინული გამოერია:
— „ისევ“ რას ნიშნავს, სანდრო?
— არაფერს. უბრალოდ აღვნიშნე.
— მაშინ არაფერი იყოს. და ჩემს ადგილს მე თვითონ ავირჩევ.
სანდრომ გაიღიმა, თუმცა თვალები ცივი და უძრავი დარჩა.
— როგორც გინდა. მამას ვეტყვი, რომ დაკავებული ხარ.
როცა სანდრო განერიდათ, ანი ლილეს გადაეხარა:
— შენს ძმას საოცარი ნიჭი აქვს, სამ წამში ჰაერი მოწამლოს.

— უკაცრავად... უბრალოდ, ხანდახან ისე იქცევა, თითქოს ამ ხეობის მფლობელი იყოს. - ამოიოხრა ლილემ.
— მამაშენის ჩრდილში რომ იზრდები, ალბათ ეგ ამბიცია ავტომატურად გივითარდება, — ჩუმად თქვა ანიმ.

ლილემ მამას გახედა. მიხეილი იმ წუთას მოხუც მაღაროელს ესაუბრებოდა. თბილი, უშუალო ღიმილი ეხატა სახეზე. ვიღაცას მხარზე ხელი დაადო, ვიღაცას შვილის უნივერსიტეტში ჩაბარება მიულოცა. ის იყო იდეალური, მზრუნველი ლიდერი,
და სწორედ ეს იყო ლილესთვის ყველაზე დიდი ტანჯვა.
როგორ უნდა შეეთავსებინა გონებაში ეს ორი ადამიანი? მამა, რომელიც ბავშვობაში ავადმყოფობისას მთელი ღამეები მის საწოლთან იჯდა, რომელსაც არც ერთი მისი დაბადების დღე არ გამოუტოვებია და რომელიც დილით ჩუმად უმზადებდა ყავას — და კაცი, რომლის ხელმოწერაც იმ ძველ, საიდუმლო საქაღალდეში იპოვა? დოკუმენტში, რომელიც ადასტურებდა, რომ მან წინასწარ იცოდა N4 შახტის ავარიულობის შესახებ და მაინც არ გააჩერა სამუშაოები.

ეს წინააღმდეგობა ლილეს შიგნიდან ფლეთდა.
**

ღონისძიება დაიწყო.
სცენაზე ადგილობრივი წამყვანი ავიდა. რამდენიმე პათეტიკური ფრაზის შემდეგ შუქი ჩაქრა და დიდ ეკრანზე დოკუმენტური ვიდეო-ქრონიკა ჩაირთო. შავ-თეთრი და ფერადი კადრები ერთმანეთს ენაცვლებოდა: საბადოს პირველი წლები, ღიმილისმომგვრელი მუშები, ახალი ტექნიკის კურთხევა, ქალაქის ძველი ქუჩები.
ლილე ეკრანს უყურებდა. უეცრად, ერთ-ერთ ფოტოზე თვალი გაუგიშდა.
№4 საბადოს ძველი, ნახევრად დანგრეული შესასვლელი.
გულში რაღაც მჭრელად ჩაარტყეს. სუნთქვა შეეკრა. ფოტო მხოლოდ სამ წამს გაჩერდა ეკრანზე, მაგრამ იმ სამ წამში ლილეს მეხსიერებამ თორმეტი წლის წინანდელი ღამე გააცოცხლა.

ნისლი. წვიმის წვეთები ძველ საათზე. გზა საბადოსთან. დემეტრეს დაძაბული სახე და მისი საკუთარი დაპირება: *„მე მოვალ. დამელოდე.“*
და მერე — არაფერი. მან ნაბიჯიც კი არ გადადგა იმ ღამეს სახლიდან.
*რატომ არ მივედი?* — ეს კითხვა ბოლო დღეებში შხამივით უწამლავდა სისხლს. იმ ღამეს დემეტრე მას ელოდა. ელოდა საათობით, სანამ პოლიციის მანქანების სიგნალები არ გაჭრიდნენ სიჩუმეს. რატომ შეშინდა? რატომ დატოვა ის მარტო?

ტაშის ხმამ ლილე რეალობაში დააბრუნა. ვიდეო დასრულდა.
სცენაზე მიხეილი ავიდა. ტაში გაძლიერდა. მან მიკროფონი გაასწორა, დარბაზს მამობრივი სითბოთი გადახედა და დაიწყო:
— მადლობა ყველას, ვინც დღეს აქ არის. ეს ქალაქი ჩემთვის მხოლოდ რუკაზე დასმული წერტილი არ არის. ეს არის ადგილი, რომელმაც ბევრი რამ მოგვცა... და ბევრი რამ წაგვართვა.
ლილემ თავი ასწია.
— ამიტომ, ჩვენი უპირველესი ვალია, მომავალ თაობას უფრო უსაფრთხო, ძლიერი და გაერთიანებული ხეობა დავუტოვოთ, — განაგრძობდა მიხეილი.
*„უფრო უსაფრთხო“* — ეს სიტყვები ლილეს ყურში დაცინვასავით ჟღერდა. თითები ერთმანეთში ისე გადაიჭედა, რომ ფრჩხილები ხელისგულებში ჩაესო. მიხეილი საუბრობდა ახალ ინვესტიციებზე, სამუშაო ადგილებზე, ქალაქის აღორძინებაზე. ის აშენებდა, ეხმარებოდა, აფინანსებდა... და ამავე დროს, მის კაბინეტში ეწყო დოკუმენტები, რომლებსაც ადამიანების ბედი ჰქონდათ გადახაზული.

მიხეილმა სიტყვა დაასრულა. დარბაზში აპლოდისმენტები გაისმა.
და სწორედ იმ წამს, როცა ტაშის ტალღა პიკს აღწევდა, კულტურის სახლის მძიმე, ხის კარი გაიღო.
**

დემეტრე შემოვიდა.

პირველ წამს არავის მიუქცევია ყურადღება — ეგონათ, დაგვიანებული სტუმარი იყო. მაგრამ იგი ნელი, დინჯი ნაბიჯით წამოვიდა ცენტრალური გასასვლელისკენ.
პირველად ის ერთმა მოხუცმა მაღაროელმა იცნო. კაცმა პირი გააღო, გვერდით მჯდომ ცოლს მკლავში ხელი წაავლო და რაღაც ჩასჩურჩულა. ქალმა უკან მიიხედა. მერე მის გვერდით მდგომმა...
აპლოდისმენტები თითქოს ჰაერში გაიყინა. ხმაური არ ყოფილა — უბრალოდ, დარბაზში მზერების ჯაჭვური რეაქცია დაიწყო. ტალღამ გადაუარა რიგებს. ხალხი იხედებოდა, ერთმანეთს მხარს ჰკრავდა.
დემეტრე უკანა რიგებთან გაჩერდა. არ დამჯდარა. პიჯაკის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა, წელში გამართული, სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა და სცენას უყურებდა.
ლუკამ სუნთქვა შეიკავა. თომამ ჭიქა მაგიდაზე ნელა დადო. ანის სახეზე გაოცება და შიში ერთად გამოერია.
ლილეს კი თითქოს გული გაუჩერდა. დარბაზის ხმაური გაქრა, დარჩა მხოლოდ ის — უკან მდგომი, ნაცნობი სიჩუმე.
მიხეილმა იგი სცენიდან დაინახა.
მისი ხმა, რომელიც მომდევნო ფრაზას იწყებდა, შუა სიტყვაზე შეწყდა. მხოლოდ ნახევარი წამით. მაგრამ ეს ნახევარი წამი მთელი დარბაზისთვის საკმარისი აღმოჩნდა. სანდრომ მაშინვე მამას შეხედა, მერე მამის მზერას გაჰყვა და უკან მდგომ დემეტრეს წააწყდა.

მიხეილმა მიკროფონს დახედა, შემდეგ ისევ ასწია თვალები.
თორმეტი წელი.
თორმეტი წლის განმავლობაში მათ ერთმანეთისთვის თვალიც კი არ მოუკრავთ. ახლა კი, მთელი ქალაქის თვალწინ, მათი მზერები ერთმანეთს გადაეკვეთა. დემეტრეს სახეზე არაფერი ეწერა — არც სიძულვილი, არც ბრაზი. ეს იყო ცივი, გამჭოლი ცოდნა. მიხეილის სახემაც შეინარჩუნა სიმშვიდე, მაგრამ თვალის კუთხეში კუნთი უნებლიეთ შეეთამაშა.
მიხეილმა ჩაახველა და სიტყვა გააგრძელა, თუმცა მისი ხმის ტემბრი შეიცვალა — უფრო მძიმე გახდა:

— ...და სწორედ ამიტომ, როცა მომავალზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს...

ის ისევ შეჩერდა. უკანა რიგში ვიღაცამ სკამი უხერხულად გასწია — ხის იატაკზე ჭრიალის ხმამ ზარზარივით გაიარა დარბაზში. სიჩუმე იმდენად სქელი გახდა, რომ თითოეული ადამიანის სუნთქვა ისმოდა.
მიხეილმა დემეტრეს თვალი არ მოაცილა და დასძინა:
— ...რომ წარსული მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ მომავალი უკეთესი გავხადოთ.

დემეტრეს ტუჩის კუთხეში თითქმის შეუმჩნეველმა, ირონიულმა ღიმილმა გაელვა. ეს არ იყო სიცილი. ეს იყო კაცის ღიმილი, რომელმაც ზუსტად იცის, რა ფასი აქვს ამ ლამაზ ფრაზებს.
**

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი რომ დასრულდა, ხალხი ნელ-ნელა დაიძრა გამოსასვლელისკენ, მაგრამ არავინ ჩქარობდა. ჰაერში მძიმე, ჩურჩულით სავსე ინტრიგა ტრიალებდა.

— ეგ დემეტრე იყო, არა?
— ჰო, ბარათელის ბიჭი...
— მართლა დაბრუნებულა.
— რატომ მოვიდა? აქ რა უნდა?
— მიხეილს უყურებდი? ხმა გაუწყდა...
ეს ფრაზები ფუტკრების გუგუნივით დადიოდა კუთხიდან კუთხეში.

ლილე სცენის უკან, ჩრდილში იდგა. ანი მიუახლოვდა და მხარზე ხელი ნაზად დაადო.
— გავიდეთ, ლილე? ჰაერზე გინდა?

ლილემ თავი გააქნია.

— ჯერ არა.
— მამასთან უნდა ილაპარაკო?
— არ ვიცი... არ ვიცი, საერთოდ რა უნდა ვუთხრა.

ანიმ დაკვირვებით შეხედა.
— ლილე, მომისმინე. იმას, რაც თორმეტი წლის წინ მოხდა, შენთან კავშირი არ აქვს. შენ არაფერი დაგიშავებია.
ლილემ თვალები გაუსწორა. ხმაში ტკივილი გამოერია:
— ეგ ჯერ არ ვიცი, ანი.
— რას გულისხმობ?
— იმ ღამეს... მე დემეტრეს უნდა შევხვედროდი. მან მითხრა, რომ მოვიდოდა. მეც დავპირდი.
ანი გაჩუმდა.
— და არ მიხვედი?
— არ მივედი, — ჩაიჩურჩულა ლილემ და თვალები დახარა. — სახლში ჩავიკეტე. შემეშინდა. და იმ ღამეს ყველაფერი დაინგრა. ახლა კი არ ვიცი... ჩემი შიში რომ არა, იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო?
***

დარბაზის მეორე მხარეს სანდრო მამასთან მივიდა. მიხეილი უკვე რამდენიმე ადგილობრივ ბიზნესმენს ემშვიდობებოდა.

სანდრო მამამისს მიუახლოვდა, უკანა კარისკენ გაიხედა, სადაც დემეტრეს აჩრდილიღა ჩანდა.
— რატომ დაბრუნდა? რამე პრობლემას ქმნის?

მიხეილმა ჭიქა აიღო, არც კი შეუხედავს შვილისთვის.

— ადამიანები ხანდახან მიზეზის გარეშე ბრუნდებიან, სანდრო. სახლის სუნი ენატრებათ.
— არ მგონია, მას სახლის სუნი ენატრებოდეს, — თქვა სანდრომ მკაცრად. — ისე უყურებდი... თითქოს რაღაც იცოდეს.
მიხეილმა ახლა შეხედა შვილს. თვალები ცივი, თითქმის უფსკრულისებრი ჰქონდა.
— შენ ზედმეტად ბევრს ფიქრობ, სანდრო. და ზედმეტი ფიქრი ნერვებს აფუჭებს.
— შენც ფიქრობ, მამა.
მიხეილს ტუჩის კუთხეში მშრალი ღიმილი გაუჩნდა.
— ამიტომაც ვმართავთ ამ კომპანიას ჩვენ და არა სხვები.
— თუ რამის გაკეთებას აპირებს? — არ ეშვებოდა სანდრო.
— თუ აპირებს, გავიგებთ.
— და თუ უკვე დაიწყო?

მიხეილმა რამდენიმე წამით არაფერი უპასუხა. შემდეგ ჭიქა მაგიდაზე დადო, თითქმის უხმოდ, და მშვიდად თქვა:
— მაშინაც გავიგებთ. მაგრამ ჭიათურაში არაფერი ხდება ისე, რომ მე წინასწარ არ ვიცოდე.
სანდრომ არაფერი უპასუხა, თუმცა მამის თვალებში პირველად დაინახა ის, რაც ამ სიტყვების მიღმა იმალებოდა — შიშის პატარა, მაგრამ ძალიან ღრმა ნაპერწკალი.
**

გარეთ სქელი, ნესტიანი ნისლი ჩამოწოლილიყო. ქუჩის ფარნების შუქი ჰაერში იღვრებოდა.
დემეტრე კულტურის სახლის კიბეებზე ჩამოვიდა. ლუკა და თომა უკან მიჰყვნენ.
— რატომ მოხვედი, დემეტრე? — ჰკითხა ლუკამ და სიგარეტს მოუკიდა. სანთებელას ალმა მისი დაძაბული სახე გაანათა. — ასე ღიად გამოჩენა... მიხეილს ომი გამოუცხადე?

დემეტრემ მხრები აიჩეჩა, პიჯაკის საყელო აიწია.
— მინდოდა მომესმინა რას ეტყოდა ხალხს. აინტერესებს თუ არა მაინც, რა დატოვა იმ შახტში.
თომამ ჩუმად ჩაიცინა, თუმცა თვალებში სიცილი არ ედგა.
— და? რა დასკვნა გამოიტანე, ჩვენო ფილოსოფოსო?

დემეტრემ შენობის განათებულ ფანჯრებს შეხედა.
— ზუსტად ის თქვა, რასაც ველოდი. ლამაზი ტყუილები, შეფუთული „მომავლის“ სახელით.
— ახლა რას აპირებ? — ჰკითხა ლუკამ.
დემეტრემ ცოტა ხანს არ უპასუხა. ნისლს უყურებდა, რომელიც ქუჩას შთანთქავდა.
— ჯერ არაფერს.
თომამ შეხედა.
— უცნაური პასუხია შენგან. შენ ხომ ყოველთვის გქონდა გეგმა.
— იმიტომ, რომ ჯერ ყველაფერი არ ვიცი, თომა. წესები შეიცვალა.
ლუკამ ბოლი გამოუშვა და თავი დაუქნია.
— ეგ მაინც კარგია.
დემეტრემ მას გადახედა.
— რა?
— ამჯერად... სანამ რამეს გააკეთებ, ჩვენც გვითხარი. მარტო ნუ გადახტები უფსკრულში.
დემეტრეს თვალებში რაღაც შეიცვალა — თბილი, ძველი მეგობრობის ნაპერწკალი გაკრთა, რომელიც წლების სიმარტოვეს ვერ წაეშალა.
— კარგი, — თქვა ჩუმად.

სამივე რამდენიმე წამით ჩუმად იდგა. ეს იყო ისეთი დუმილი, როცა სიტყვები საჭირო არ არის — როცა სამივე გრძნობს, რომ ძველი ჯაჭვი, რომელიც თორმეტი წლის წინ გაწყდა, ისევ იწყებს ასხმას.

თომამ კულტურის სახლისკენ გაიხედა.
— ანი და ლილე ჯერ შიგნით არიან.
ლუკამ ჩაიცინა.
— ალბათ ისევ რაღაცას არკვევენ. ქალების საქმეა.

დემეტრეს არაფერი უთქვამს. მაგრამ როცა ლილეს სახელი გაიგონა, მზერა დაუმძიმდა. მის მეხსიერებაში ისევ გაცოცხლა ლილეს თვალები — ის თვალები, რომლებიც დარბაზში უყურებდნენ მას. მასში არ ყოფილა სიძულვილი. მასში იყო უსაზღვრო, გაუგონარი ტკივილი და კითხვა, რომელიც ორივეს ახრჩობდა: *რატომ?*
**

შიგნით, კულტურის სახლი თითქმის დაცარიელებულიყო. სკამები არეულად იდგა, იატაკზე რამდენიმე საინფორმაციო ბუკლეტი ეგდო.
ლილე მარტო იდგა სცენასთან. ბავშვების ნახატები ჯერ კიდევ კედელზე ეკიდა. ის მივიდა იმ პატარა ნახატთან, სადაც პატარა სახლი და უზარმაზარი, შავი მთა ეხატა. დიდხანს, ძალიან დიდხანს უყურებდა.
ანი გვერდით ამოუდგა და მხარზე ხელი ნაზად დაადო.
— წავიდეთ, ლილე? უკვე გვიანია.

ლილემ თავი ნელა დაუქნია, მაგრამ სანამ კარისკენ წავიდოდა, უკან ერთხელ კიდევ გაიხედა.
ცარიელ დარბაზში, სცენის თავზე, ისევ კაშკაშებდა დიდი, ოქროსფერი წარწერა:

*„ერთად ვაშენებთ ხეობის მომავალს“*
ლილემ წარწერას შეხედა, მერე თითქმის უხმოდ, მხოლოდ საკუთარი თავისთვის თქვა:
— წარსული ჯერ არ დამთავრებულა.

ანიმ გაიგონა. არაფერი უპასუხია — უბრალოდ, ხელი მკლავში გაუყარა და გარეთ გაიყვანა.
ორივემ იცოდა, რომ იმ საღამოს ქალაქში გარეგნულად არაფერი მომხდარა. არ ყოფილა ჩხუბი, არ ყოფილა ყვირილი, არც სკანდალი. მაგრამ ყველამ იგრძნო, როგორ შეინძრა მიწა ფეხქვეშ.
მხოლოდ ერთი კაცი დაბრუნდა დარბაზში, სადაც თორმეტი წლის განმავლობაში მისი სახელი თითქმის აღარავის უხსენებია. და აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ დუმილის დასარღვევად ერთი სიტყვაც არ არის საჭირო.

დემეტრეს უბრალოდ იქ ყოფნაც საკმარისი აღმოჩნდა.


თავი XI
მუქარის ჩრდილი

საბადოს იუბილედან მეოთხე დღეს წვიმა ისევ წამოვიდა.
ჭიათურაში წვიმას თავისი, განსაკუთრებული ხასიათი აქვს. ზოგჯერ მთელი დღე ცრიდა ისე, რომ ქალაქი უბრალოდ ნესტიანი, ნაცრისფერი ნისლით იფარებოდა; ზოგჯერ კი რამდენიმე საათში კლდეებიდან შავი, ჟანგისფერი წყალი ჩამოდიოდა, გზები ტალახდებოდა და ძველი სახლების თუნუქის სახურავებზე ისეთი ხმა ისმოდა, თითქოს ვიღაც მთელი ღამე წვრილ, ცხელ ქვებს ყრიდა.
იმ დილით ქალაქმა ჩვეულებრივად გაიღვიძა. საბაგიროს წითელი გონდოლები ისევ გაეკიდნენ ნისლიან ცას. მაღაროელებმა ისევ ჩაიცვეს ნახშირის მტვრით გაჟღენთილი მძიმე სამუშაო ტანსაცმელი. მაღაზიების წინ მოხუცები ისევ იდგნენ და დილის ამბებს არჩევდნენ. კულტურის სახლის ფანჯრებში ბავშვების ნახატები ეკიდა.
საავადმყოფოს ეზოში კი ანი შვიდ საათსა და ორმოც წუთზე უკვე იდგა, ხელში ქაღალდის ჭიქით, რომლიდანაც იაფფასიანი ყავის ორთქლი ავდიოდა.
ელენე ბებომ დილით ადრე დაურეკა.
— ქოლგა წაიღე? — გაისმა ტელეფონში ზრუნვით დამძიმებული ხმა.
— წავიღე, ბებო.
— არ მატყუებდე, ანი.
— ბებო, ოცდარვა წლის ქალი ვარ, — გაეღიმა ანის და ქურთუკის საყელო შეიწია.
— ეგ უფრო საშიშია. პატარა რომ იყავი, ჩემთან მაინც ბრუნდებოდი, ახლა კი ჭკვიანი გგონია თავი და გგონია, რომ წვიმა გვერდს ავლით გაივლის.
— საღამოს მოვალ.
— საღამოს არა. ცოტა ადრე.
— რატომ?
— ხაჭაპური გამოვაცხვე.
— აი, ეგ უკვე სერიოზული არგუმენტია, — ანის ჩუმად გაეცინა.
— ჰოდა, მოდი.

ანიმ ტელეფონი გათიშა და ცივ ჰაერს ჩაჰყვა. იმ წამს ვერც კი წარმოიდგენდა, რომ იმავე საღამოს ელენეს პატარა სამზარეულოში ისევ ოთხივე შეიკრიბებოდა და ცხელი ხაჭაპურის სუფრა იმაზე მძიმე, დაგროვილ დუმილს დაიტევდა, ვიდრე რომელიმე მათგანი ელოდა.
***
იმავე დროს, მაღაროს ეზოში ნიკა ცვლის უფროსის წინ იდგა.
— დღეს მეხუთეში ჩახვალ, — თქვა კაცმა და თვალი არქივის ფურცლებიდან არ აუღია.
ნიკამ წარბები შეიჭმუხნა.
— ისევ მეხუთეში?
— დროებით.
— რამდენი დღით?
— სანამ საჭირო იქნება, ნიკა. ბევრს ნუ კითხულობ, ჩადი.

საბადოს შესასვლელთან რამდენიმე მუშა ელოდებოდა საბაგირო ლიფტს. ზოგს სიგარეტი ეჭირა, ზოგს თერმოსი. ერთი მოხუცი მაღაროელი, რომელსაც ნიკა ბავშვობიდან იცნობდა, მის გვერდით გაჩერდა, ჩიბუხიდან ბოლი გამოუშვა და უთხრა:
— პირველად ჩადიხარ მეხუთეში, ბიჭო?
— არა, — მიუგო ნიკამ.
მოხუცმა ცოტა ხანს უყურა, თითქოს მის თვალებში რაღაცის ამოკითხვას ცდილობსო.
— მაშინ გახსოვდეს, სად დგახარ. იმ სექტორს თავისი ხასიათი აქვს. მიწას არ უყვარს, როცა ზედმეტად ხმაურობენ.
ნიკას გაეღიმა, თუმცა გულში უსიამოვნო ჩხვლეტა იგრძნო.
— მაგაში სპეციალურად ვიღებ ხელფასს, ძია ვანო.
მოხუცს არ გაეცინა.
— ხუმრობას თავი დაანებე. მიწის ქვეშ ხუმრობა არავის შერჩენია.
ნიკამ პირველად იგრძნო, რომ ჰაერი ოდნავ დამძიმდა. მაგრამ ჩაფხუტი მაინც დაიხურა, ფარანი ჩართო და სიბნელეში გადააბიჯა.

***
ლუკა ავტოპარკში, ზეთითა და საწვავის სუნით გაჟღენთილ ანგარში მუშაობდა. მთელი დილა თითქმის არაფერი უთქვამს. ერთ ძველ სატვირთოს ძრავს უცვლიდა, როცა ტელეფონი აზუზუნდა. ნიკა იყო.
— მოდიხარ? — ჰკითხა ლუკამ და ტელეფონი მხარსა და ყურს შორის მოიქცია.
— არა.
— რატომ?
— ისევ მეხუთეში გადამიყვანეს.
ლუკას ხელი გაუჩერდა. ზეთში ამოსვრილი თითები გასაღებს მჭიდროდ შემოეჭირა.
— ნიკა.
— რა იყო?
— თუ რამე უცნაურ ხმას გაიგონებ, ან ჰაერი დამძიმდება... მაშინვე ამოდიხარ.
— ლუკა, ნუ დაიწყე ახლა!
— არ მაინტერესებს უფროსი რას გეტყვის, გაიგე? — ლუკას ხმაში ისეთი მუქარა და შიში ერთად გაკრთა, რომ მეორე ბოლოში ძმა რამდენიმე წამით გაჩუმდა.
— კარგად ვიქნები, — თქვა ნიკამ შედარებით რბილად. — და კიდევ...
— რა?
— დემეტრეს არ ეჩხუბო.
ლუკას მწარედ გაეღიმა.
— ეგ შენ არ უნდა მითხრა.
— სწორედ იმიტომ გეუბნები, რომ ვიცი, როგორ ყელში გიჭერს ხოლმე ეს ყველაფერი.

ზარი დასრულდა. ლუკამ ტელეფონი იქვე, ჭუჭყიან დაზგაზე დადო. რამდენიმე წუთით მანქანის გახსნილ კაპოტზე ხელებდაყრდნობილი იდგა და უყურებდა, როგორ წვეთავდა შავი ზეთი რკინის თასში. ის უკვე აღარ მუშაობდა. უბრალოდ ცდილობდა, ხელები რამით დაეკავებინა, რომ საკუთარი ფიქრებისთვის არ მოესმინა.
***
ქალაქის ძველი ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, დემეტრე იდგა. მის წინ მაგიდაზე არქიტექტურული ნახაზები ეწყო. შენობა, რომლის რესტავრაციაზეც შეთავაზება მიიღო პატარა კულტურული ობიექტი იყო — ნახევრად დანგრეული დარბაზი, რომელიც წლების განმავლობაში ჯერ საწყობად გამოიყენეს, შემდეგ მიატოვეს და ბოლოს ყველას დაავიწყდა.
დემეტრეს ეს საქმე შემთხვევით არ აურჩევია. რესტავრაცია ყოველთვის უფრო მეტად იზიდავდა, ვიდრე ახლის შენება. ძველი, დაბზარული კედლებისთვის რაღაცის დაბრუნება უნდა შეგძლებოდა ისე, რომ მათი იარები და ასაკი არ დაგემალა.
— ეს კედელი უნდა დარჩეს, — თქვა დემეტრემ და ფანქრით აგურის წყობას შეეხო.
მის უკან ახალგაზრდა ასისტენტი იდგა.
— მაგრამ ბატონო დემეტრე, აქ ახალი, დიდი ფანჯარა უფრო მარტივად ჩაჯდება და სინათლეც მეტი იქნება.
— მარტივად ჩაჯდება, მაგრამ ამ შენობის ხასიათს მოკლავს.
— დამკვეთს უფრო თანამედროვე იერი უნდა.
დემეტრემ ნახაზს დახედა და მშვიდად თქვა:
— მაშინ უთხარი, რომ თანამედროვე შენობებით სავსეა ქალაქი. ეს ერთი კი ასეთი აღარ იქნება.

ახალგაზრდას გაეღიმა.
— თქვენ ყოველთვის ასეთი ჯიუტი ხართ?
დემეტრემ თვალები ასწია. მის ბაგეებს თბილი, ოდნავ სევდიანი ღიმილი შეეხო.
— მხოლოდ მაშინ, როცა კედელი ჩემზე უფროსია და პატივისცემას იმსახურებს.

ოთახში ჩვეულებრივი სამუშაო ატმოსფერო სუფევდა. ფურცლების შრიალი, ფანქრის წვერის ტკაცანი, მინის მიღმა წვიმის შრიალი. დემეტრეს ეს სიმშვიდე სჭირდებოდა. აქ ადამიანებს მისგან წარსულის ახსნა არ სჭირდებოდათ. მაგრამ იმ დღეს ფიქრი მაინც გაექცა: შეიძლებოდა რამე, რაც ერთხელ უკვე დაინგრა, ისევ დაგებრუნებინა? თუ მხოლოდ გარედან გაამაგრებდი კედელს და შიგნით ბზარი მაინც დარჩებოდა?

ტელეფონმა დაურეკა. თომა იყო.
— სად ხარ?
— სამსახურში.
— ჩემთან მოდი.
— რა მოხდა?
— მოდი და გაჩვენებ. შენი თვალით ნახე, — თქვა თომამ და ტელეფონი გათიშა.

თომას სახელოსნო ისევ ისეთივე ქაოსური იყო: ძველი რადიოები, მავთულები, დაშლილი კომპიუტერის დედაპლატები და ფანჯრის რაფაზე სამი ჭიქა, რომელთაგან არც ერთი არ ბრწყინავდა სისუფთავით.

თომამ იგი კომპიუტერთან მიიყვანა.
— გუშინ ღამით ეს სისტემა გამეთიშა. უბრალოდ გაშავდა. ჩავრთე და რამდენიმე ფაილი წაშლილი დახვდა.
— რომლები?
თომამ საქაღალდე გახსნა. რამდენიმე დოკუმენტი ცარიელი იყო. დემეტრემ თარიღები და სათაურები იცნო: №4 საბადო. 2014 წლის ტექნიკური მონაცემები.
— შეიძლება შემთხვევით წაიშალა, ხომ? — ჰკითხა თომამ და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.
— შეიძლება.
— მაგრამ არ გჯერა.
— მე ბევრ რამეს არ ვიჯერებ, თომა. განსაკუთრებით — შემთხვევითობებს ჭიათურაში.
თომამ ამოოხრა და ხმა დააბალა:
— კიდევ ერთი ამბავია. გუშინ აქ დავრჩი და საღამოს ვიღაცამ სახელოსნოს კარზე დააკაკუნა. სამჯერ.
— კარი გაუღე?
— არა. როცა ღამით უცნობი აკაკუნებს, მე ჩვეულებრივ იმაზე ვფიქრობ, რამდენი გზა არსებობს იმისთვის, რომ არ გავუღო.
დემეტრემ შეხედა.
— შენ მართლა შეიცვალე.
— არა, უბრალოდ ოცდაცხრა წლის გავხდი და სიცოცხლე შემიყვარდა.
**
საავადმყოფოში შუადღისას, როცა ანი ძველ კარადასთან იდგა, მის უკან კარი გაიღო.
საავადმყოფოს დირექტორი იყო.
— ანი, გუშინდელი საუბარი გახსოვს?
— მახსოვს, ბატონო თენგიზ.
— უბრალოდ მინდოდა გამეგო, სწორად გაიგე თუ არა ჩემი ნათქვამი.
ანიმ თვალები გასწორა.
— არ შევწყვეტ.
კაცის სახეზე რაღაც მუქმა გადაირბინა, მაგრამ მალევე დაიბრუნა პროფესიული სიცივე.
— ეს შენი არჩევანია, ანი. მაგრამ გახსოვდეს, რომ ამ ქალაქში პასუხისმგებლობა მარტო შენზე არ მოდის.

როცა დირექტორი წავიდა, ანიმ იგრძნო, როგორ აუკანკალდა თითები. მას უკვე ეშინოდა არა იმის, რომ ვინმე დაემუქრებოდა, არამედ იმ საშინელი აზრის, რომ თორმეტი წლის განმავლობაში ადამიანები ზუსტად ასე ცხოვრობდნენ — იცოდნენ, ხვდებოდნენ, დუმდნენ და მაინც აგრძელებდნენ ცხოვრებას.

***
საღამოს ელენე ბებოს პატარა სახლში ხაჭაპურის სუნი იდგა. ლუკა პირველი მივიდა, სველი ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა და სამზარეულოში შეიხედა.
— ბებო, შენ თუ მართლა გინდოდა ჩემი დაპატიჟება, სამი ცალი მაინც უნდა გამოგეცხო, მხოლოდ ჩემთვის.
— შენ ოთხი კაცის საჭმელს ერთად ჭამ შვილო— შესძახა ელენემ.
— ეგეც ნიჭია.
— ნიჭი კი არა, უსინდისობაა!
ლუკამ გაიცინა და ანის გვერდით ჩამოჯდა.
— ნიკა სად არის? — ჰკითხა ანიმ.
— მეხუთეში, — მიუგო ლუკამ და ღიმილი სახეზე გაეყინა.
ელენემ ხის კოვზი მაგიდაზე დადო.
— მეხუთეში? იმ სექტორში ხომ...
— ვიცი, ბებო, — სწრაფად შეაწყვეტინა ლუკამ.

ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც კარის გაღებამ დაარღვია. დემეტრე და თომა შემოვიდნენ. ელენემ რამდენიმე წამით უყურა დემეტრეს — მის დაღლილ, დაღვრემილ სახეს — და მერე ისე მოიქცა, თითქოს ის თორმეტი წლის განშორება საერთოდ არ არსებობდა:
— ხელები დაიბანე!
დემეტრეს გაეღიმა.
— გამარჯობა შენც, ელენე ბებო.
— გამარჯობა მერე! ჯერ ხელები დაიბანე, მაგიდასთან ისე დაჯექი.

მაგიდასთან სითბო დაბრუნდა. ელენემ დემეტრეს თეფშზე ხაჭაპურის მესამე ნაჭერი დაუდო.
— აღარ შემიძლია, ბებო, — გააპროტესტა დემეტრემ.
— ბავშვობაში ხუთს ჭამდი!
— ბავშვობაში სხვა წონა მქონდა და ნაკლები დარდი.
— ახლა სევდიანი ხარ და მაინც გჭირდება ჭამა, — თქვა ელენემ ისეთი ტონით, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა.

ანიმ გადაიკისკისა, თომამაც გაიღიმა. რამდენიმე წუთით ისეთი განცდა გაჩნდა, თითქოს ოთხივე ისევ იმ ძველ ეზოში იჯდა, სადაც ზაფხულის საღამოებს ატარებდნენ და მომავალი უსასრულო ეჩვენებოდათ.
მაგრამ ლუკამ ჩანგალი დადო. მან დემეტრეს შეხედა.
— შენ უნდა იცოდე.
— რა?
— რომ ეს უკვე მხოლოდ წარსული აღარ არის. ჩემს ძმას ახლა იმავე მიწის ქვეშ უშვებენ, სადაც მამათქვენები დარჩნენ
დემეტრემ ნელა დაუქნია თავი.
— ვიცი, ლუკა.
— არა, — თქვა ლუკამ ხბალი, გაბზარული ხმით. — ჯერ არ იცი. შენ ჩამოხვედი, რომ შენი პასუხები იპოვო. ჩვენ კი აქ ვცხოვრობთ და ყოველდღე ვკანკალებთ, როცა საბადოს საყვირი დაუსტვენს.
***
გვიან საღამოს დემეტრე სახლში მარტო დაბრუნდა. წვიმა შეწყვეტილიყო, მაგრამ ქუჩები სველი და პრიალა იყო.
სახლში შესვლისას მამის ძველ ქურთუკს შეეხო, შემდეგ — გიორგის დღიურს. ფანჯარასთან დაჯდა და ბოლო ჩანაწერს გადახედა: „ყველამ იცის.“

ახლა ამ სიტყვების მიღმა სხვა სახეებიც იდგნენ: ლუკა, ნიკა, ანი, თომა, ლილე... მთელი ქალაქი. სიმართლის პოვნა აღარ იყო მხოლოდ იმის გარკვევა, თუ რა მოხდა იმ ერთ წყეულ ღამეს. ახლა საკითხი სხვაგვარად ეყენა: რამდენ ადამიანს შეეძლო ახალი ტკივილის ატანა იმისთვის, რომ ძველი იარებისთვის პასუხი მოეთხოვათ?

და პირველად, თორმეტი წლის შემდეგ, დემეტრეს შეეშინდა — არა წარსულის, არამედ იმ არჩევანის, რომლის გაკეთებაც ახლა ყველას მოუწევდა.


თავი XII

ლილეს ნაბიჯი

იმ ღამეს წვიმა არ მოდიოდა, მაგრამ ქალაქი მაინც სველი იყო.
ჭიათურაში ხანდახან ასე ხდებოდა — მთელი დღე ცრიდა ან თავსხმა წვიმა იყო, მერე ღამით ცა უეცრად გაიწმინდებოდა, თუმცა სველი ბეტონის, ნახშირის მტვრისა და კლდეებიდან ჩამოსული კირქვის ნესტის მძიმე სუნი კიდევ დიდხანს რჩებოდა ქუჩებში. ძველი საბაგიროს ხაზები შავ ცაზე უხმოდ იკვეთებოდა. სადღაც შორს, ხეობის სიღრმეში, კაბინის რკინის გაბზარული ხმა გაისმა და მალევე ჩაწყნარდა, თითქოს ღამის სიჩუმეს საკუთარი ეხო შეეშინდაო.
დემეტრეს სახლში მხოლოდ ერთი ოთახი იყო განათებული.
მისაღებში ძველი ელექტროგამათბობელი ხმადაბლა, რიტმულად გუგუნებდა. ფანჯარასთან ჩამოკიდებული გაცვეთილი ფარდა ოდნავ ირხეოდა, მიუხედავად იმისა, რომ მინები მჭიდროდ იყო დაკეტილი, ხის ძველი ჩარჩოებიდან ქუჩის ცივი ჰაერი მაინც პოულობდა გზას. სახლში ისეთი მძიმე, თითქმის ტაძრისებური სიჩუმე იდგა, რომ იშვიათად გამვლელი მანქანის საბურავების შრიალი რამდენიმე წამით ოთახში შემოდიოდა, კედლებს მიეხეთქებოდა და მერე ისევ ქრებოდა.

მაგიდაზე გიორგის დღიური იდო.

დემეტრეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, კიდევ ერთხელ გადაეკითხა თუ არა. დღის განმავლობაში რამდენჯერმე გახსნა, თითქოს იმედოვნებდა, რომ მელანი შეიცვლებოდა, მაგრამ ისევ იმავე ადგილამდე მიდიოდა, სადაც მამის ხელით მიწერილმა რამდენიმე სიტყვამ თორმეტი წლის წინანდელი ტრაგედია სრულიად სხვა სინათლეზე გამოაჩინა.
„პასუხი: სამუშაო გეგმა არ იცვლება.“
ქვემოთ რამდენიმე სხვა ჩანაწერი იყო. გაზომვები, შახტის წნევის მაჩვენებლები, თარიღები. რაღაცები, რომელთა ნაწილიც დროისგან და ნესტისგან თითქმის წაშლილიყო. ერთი გვერდის კიდეზე გიორგის ფანქრით ჰქონდა მიწერილი რაღაც, მაგრამ სიტყვების ნახევარი აღარ იკითხებოდა.
დემეტრემ თითები საფეთქლებზე მიიჭირა და დღიური ნელა დახურა.

სწორედ მაშინ კარზე დააკაკუნეს.
ერთხელ. მერე ორჯერ, სწრაფად, თითქმის მორიდებით.
დემეტრე მაშინვე წამოდგა. ეს ჩვეულებრივი კაკუნი არ იყო. ბოლო ორი დღის განვლობაში ზედმეტად ბევრ რამეს ჰქონდა ჩვეულებრივი სახე, სანამ კარგად არ შეხედავდი. ლუკას ძმის მეხუთე სექტორში გადაყვანას, საავადმყოფოს დირექტორის მხრიდან ანის გაფრთხილებას, თომას სახელოსნოში ტექნიკის უცნაურ გაუმართაობასა და ღამის კაკუნს — არც ერთს მოჰყოლია პირდაპირი, ღია მუქარა. არავის უთქვამს: გაჩერდითო.
მაგრამ ყველამ უთხრეს. სხვადასხვა გზით, სხვადასხვა ენით, მაგრამ ერთი და იმავე ცივი შინაარსით.

დემეტრემ ოთახი გადაკვეთა და კართან გაჩერდა.
— ვინ არის?
პასუხი მაშინვე არ ყოფილა. მხოლოს რამდენიმე წამის შემდეგ გაისმა ძალიან ჩუმი, გაბზარული ხმა:
— მე ვარ.

დემეტრემ თვალები დახუჭა. ლილეს ხმა იცნო.
რამდენიმე წამი მაინც არ გააღო კარი. არა იმიტომ, რომ არ უნდოდა მისი ნახვა. პირიქით — სწორედ იმიტომ, რომ ლილეს გამოჩენა იმის დასტური იყო, რომ საფრთხე უკვე მათ შორის იდგა.
ბოლოს საკეტი გადასწია.
ლილე კართან იდგა. მუქი ქურთუკი ეცვა, თმა წვიმისგან ოდნავ დასველებოდა, თუმცა ქუჩაში წვიმა უკვე აღარ მოდიოდა. ხელში პატარა, შავი ჩანთა ეჭირა, რომელსაც თითებს ისე უჭერდა, თითქოს საკუთარ წონასწორობას იმით ინარჩუნებდა.

პირველი, რაც დემეტრემ შეამჩნია, მისი თვალები იყო. ლილე არ ტიროდა, მაგრამ თვალები ისეთი ჰქონდა, თითქოს დიდი ხნის წინ დაწყებული ცრემლები უბრალოდ იქვე, თვალების უკან გაჩერებულიყო და გარეთ გამოღწევას ვერ ახერხებდა.

— მარტო ხარ? — ჰკითხა დემეტრემ დაბალი ხმით.
ლილემ მის უკან, ჩაბნელებულ, სველ ქუჩას გახედა, საიდანაც ნისლი ნელ-ნელა მოიწევდა.
— თუ ვინმე გამომყვა, ჯერ არ გამოჩენილა.
დემეტრეს სახე მაშინვე დაეძაბა.
— სანდრო? ან მამაშენის ხალხი?
— არ ვიცი, — ჩუმად უპასუხა მან. — ვიცი, რომ აქ არ უნდა მოვსულიყავი, დემეტრე... მაგრამ სხვაგან წასასვლელი არ მქონდა.
დემეტრემ კარი უფრო ფართოდ გააღო.
— შემოდი.
ლილემ ზღურბლს გადააბიჯა. ქურთუკი გაიხადა და ხელში დაიკავა. მერე ოთახს მოავლო თვალი.
თორმეტი წელი. სახლი თითქმის იგივე იყო და მაინც სრულიად სხვა. ძველი კარადა ისევ კუთხეში იდგა, ფანჯარასთან — იგივე ხის მაგიდა. კედლის შპალერზე დარჩენილიყო ის პატარა, ნესტისგან გაჩენილი ლაქა, რომელიც ბავშვობაში ლილეს ეგონა, რომ რუკას ჰგავდა.

ერთხელ საათობით ედავებოდნენ ერთმანეთს, რომელი ქვეყანა იყო გამოსახული. დემეტრე ამბობდა, იტალიააო, ლილე — საბერძნეთიო. ბოლოს გიორგიმ გაიარა, შეხედა და უთხრა: „ეგ კედლის ნესტია, შვილო, სხვა არაფერი.“ მათ ორივეს იმდენად ეწყინათ საბავშვო ილუზიის მსხვრევა, რომ მთელი საღამო მამას აღარ ელაპარაკებოდნენ.

ახლა ლილემ იმ ლაქას შეხედა და ლოყაზე სევდიანმა ნაოჭმა გადაუარა.
— ისევ საბერძნეთია? — ჰკითხა დემეტრემ ჩუმად.
ლილემ მას შეხედა.
— არა.
— იტალია?
— არც ეგ.
— აბა?
ლილემ მხრები ოდნავ აიჩეჩა.
— ახლა უკვე უბრალოდ ნესტია.
დემეტრეს გაეღიმა. ეს ღიმილი რამდენიმე წამს გაგრძელდა, მერე ისევ გაქრა, როცა რეალობის სიმძიმე ოთახს დაუბრუნდა.
— დაჯექი.

ლილე დივანზე ჩამოჯდა.
—ჩაის დალევ? — ჰკითხა დემეტრემ
— კი
— შაქარი ისევ ერთი?
— გახსოვს?
— მე ბევრი რამე მახსოვს ლილე — უპასუხა დემეტრემ და სამზარეულოში გავიდა, ძველი ჩაიდანი გაზქურაზე დადგა და რამდენიმე წუთში ორი ჭიქით დაბრუნდა. ჩაის ორთქლი ცივ ჰაერში ნელა იშლებოდა.
— ანისთან ვიყავი რამდენიმე დღის წინ, — თქვა ბოლოს ლილემ.
— ვიცი. ანიმ მითხრა, რომ გელაპარაკა. მითხრა, რომ რაღაცამ ძალიან შეგაშინა, მაგრამ მეტი არაფერი უთქვამს.
ლილემ ჭიქას ხელები შემოხვია. სითბო თითებში ჩაუვიდა, მაგრამ კანკალი მაინც ვერ გაიჩერა.
— მეგონა, რომ იმის თქმას ვეღარავისთვის შევძლებდი... ანის ყოველთვის ვეუბნები იმას, რასაც სხვებს ვერ ვეუბნები.
— ბავშვობიდან ასე იყო, — თქვა დემეტრემ და მის პირდაპირ, მაგიდის კუთხეზე ჩამოჯდა.
ლილემ თავი დაუქნია. მერე ჩანთა მუხლებზე დაიდო და შიგნიდან დაკეცილი ფურცელი ამოიღო.
—ამ ფურცლებზე რაღაც არის რაც მამაჩემს უკავშირდება. ანი ცდილობდა დამამშვიდოს... ეძებდა მიზეზებს. ეუბნებოდა, იქნებ მამაშენი არაფერ შუაშიაო, იქნებ ხელი უბრალოდ იმიტომ აქვს მოწერილი, რომ კომპანიაში ყველაფერი მასთან გადიოდა, ან დოკუმენტი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილიო... მეც მინდოდა ამის დაჯერება. მართლა მინდოდა, დემეტრე.

მან ფურცელი გაშალა და მაგიდაზე დადო.
დემეტრემ დაიხარა. თვალები ფურცელზე აკრეფილ ტექსტს გადაავლო, მერე თარიღს, ბრძანების შინაარსს და ბოლოს, ქვემოთ დასმულ მკაფიო, ნაცნობ ხელმოწერას: მიხეილ ამირეჯიბი.
იმ წამს დემეტრეს სხეული გაუშეშდა.
ჰაერი, რომელიც ახლახან ჩაისუნთქა, ყელში გაეჩხირა და უკან აღარ გამოდიოდა. მის თვალწინ თითქოს მთელი თორმეტი წელი ერთ წამში შეიკუმშა. ის არ ყვიროდა, არც მკვეთრი მოძრაობა გაუკეთებია — უბრალოდ ხელისგულები მაგიდის ხეს ისე მჭიდროდ დააბჯინა, რომ თითის სახსრები სრულიად გაუთეთრდა. ყბის ძვლები უსიამოვნოდ დაეჭიმა. მის თვალებში, რომლებიც წამით ადრე სავსე იყო ბავშვობის სითბოთი, ახლა ისეთი ყინული და სიბრაზე ჩადგა, რომ ლილემ უნებლიეთ სუნთქვა შეიკავა.
ეს არ იყო უბრალოდ ქაღალდი. ეს იყო ოფიციალური დასტური იმისა, რისი დაჯერებაც დემეტრეს ეშინოდა — ბრძანება, რომელმაც მამამისი მიწის ქვეშ ჩატოვა.
დემეტრეს მზერა იმ ფურცლიდან ნელა, თითქოს უზარმაზარი ძალდატანებით, გვერდით გადავიდა — გიორგის დღიურზე.
ორივე მტკიცებულება ახლა გვერდიგვერდ იდო. ერთი — კაცის ხელით, რომელმაც თორმეტი წლის წინ შახტაში არსებული სასიკვდილო საფრთხე ჩაიწერა. მეორე — კაცის ხელმოწერით, რომელმაც იმავე საფრთხის გაფრთხილების მიუხედავად, სამუშაოს გაგრძელების ბრძანება გაცა. ორი მამის სიმართლე, ორი განსხვავებული არჩევანი და თორმეტწლიანი ტყუილი ერთ ძველ, ხის მაგიდაზე.

ლილემ დემეტრეს მზერა შეამჩნია.
— ეს დღიურია, ხომ? მამაშენის.
— ჰო.
— რამე ახალი იპოვე?
დემეტრემ პასუხი ვერ გასცა.
— ჯერ არა. პასუხზე მეტად კითხვები ემატება.

ლილემ ფურცელს თითი გადაუსვა.
— მე მეგონა, თუ ამას ვიპოვიდი, ყველაფერი მარტივი გახდებოდა. მეგონა, სიმართლე შავ-თეთრი იყო.
— არაფერი ხდება მარტივი, როცა პასუხს პოულობ, — თქვა დემეტრემ. — განსაკუთრებით ამ ქალაქში.
ლილემ ჩუმად ჩაიცინა, თუმცა თვალებში ცრემლი უბრწყინავდა.
— ყოველთვის ასეთი ბრძენი იყავი?
— არა.
— მაშინ რა დაგემართა?
— გავიზარდე და გამიფუჭდა ხასიათი.

ლილეს სიცილი წამოსცდა — მოულოდნელი, მოკლე, მაგრამ ნამდვილი. დემეტრემაც გაიღიმა. რამდენიმე წამით იმ ძველმა, ტკივილნარევმა გრძნობამ იფეთქა, რომელიც წლებსა და ტრაგედიებს ვერ წაეშალა.

მერე სიცილი ნელა ჩაწყნარდა. ლილემ თავი დახარა.
— მამაჩემი დღესაც ისე მელაპარაკებოდა, როგორც ყოველთვის. მკითხა, ვჭამე თუ არა, დაღლილი ხომ არ ვარ... სწორედ ეგ არის საშინელება. თუ უბრალოდ სასტიკი კაცი იქნებოდა, ალბათ უფრო ადვილი გახდებოდა მისი დადანაშაულება. მაგრამ ბავშვობაში, როცა ავად ვხდებოდი, მთელი ღამეები ჩემთან იჯდა. როცა უნივერსიტეტში წავედი, ყოველ დღე მირეკავდა... შეიძლება საშინელი რაღაცები გააკეთა და მაინც... მაინც მამაჩემია.
დემეტრემ არაფერი უთხრა. არ დაუწყია იმის მტკიცება, რომ მიხეილი დამნაშავე იყო. უბრალოდ უსმენდა, აძლევდა საშუალებას, ეს სიმძიმე გარეთ გამოეტანა.
— ყველაზე მეტად ის მაშინებს, — განაგრძო ლილემ, — რომ შეიძლება ყველა მოგონება, რომელიც კარგია, ტყუილი არ იყოს.
— შეიძლება არც იყოს, — უპასუხა დემეტრემ მშვიდად. — ადამიანს შეიძლება უყვარდე და მაინც ისეთი რამ გააკეთოს, რასაც ვერასდროს აპატიებ.
ლილემ თვალებში შეხედა.
— შენ ამას საკუთარ თავზე ამბობ?
დემეტრემ მზერა აარიდა. ფანჯრის მიღმა საბაგიროს ტროსმა ქარში ოდნავ დაიძაბა და ძველი ლითონის ჭრიალი გამოსცა.
— ზოგჯერ.

ლილემ აღარ ჩააძია, მაგრამ ორივემ იცოდა, რა იდგა ამ სიტყვების მიღმა.
— რატომ მოხვედი, ლილე? — ჰკითხა დემეტრემ რბილად.
— იმიტომ, რომ აღარ შემიძლია ამაზე მარტო ფიქრი... და იმიტომ, რომ იმ ღამესაც მეშინოდა.

დემეტრეს სახეზე თითქმის შეუმჩნეველი ცვლილება გაჩნდა. ჰაერი ოთახში ერთბაშად დამძიმდა. თორმეტი წლის განმავლობაში ეს კითხვა მას შიგნიდან ჭამდა, მაგრამ არასდროს უთქვამს.
“იმ ღამეს შენ გელოდებოდი.”

ლილემ თითები ერთმანეთს გადაუსვა, ლოყები აეწვა.
— ვიცი, რომ იმ ღამეს მელოდებოდი, დემეტრე... უნდა მოვსულიყავი. მაგრამ რაღაც მოხდა ჩემში იმ საღამოს. შიში იყო თუ ინტუიცია, არ ვიცი... რაღაც ისეთი, რასაც მაშინ ვერ ავხსნიდი და ახლაც მიჭირს თქმა.
დემეტრემ თვალები დახუჭა. ეს იცოდა, ყოველთვის იცოდა, მაგრამ მას არ ჰქონდა პასუხი მხოლოდ ერთ კითხვაზე.
“რისი შეეშინდა?”
— არ გინდა მოყოლა?
— ჯერ არა... ჯერ ვერა.
დემეტრემ თავი დაუქნია.
— კარგი. არ დაგაძალებ.

ლილეს თვალებიდან ცრემლი ჩამოგორდა.
— გახსოვს, ბავშვობაში რომ მეუბნებოდი, ყველა პრობლემას სამი გამოსავალი აქვსო? პირველი — მოაგვარო, მეორე — გაექცე, მესამე — მოაჩვენო თავს, რომ პრობლემა საერთოდ არ არსებობს.
— მესამე შენი საყვარელი იყო, — გაახსენდა დემეტრეს.
— ჰო... და შენ რომელი აირჩიე თორმეტი წლის წინ?
— მეორე, — თქვა დემეტრემ ჩუმად.
— ვიცი.

ეს სიტყვა ლილემ საყვედურის გარეშე, ძალიან მშვიდად თქვა, და ამ სიმშვიდემ უფრო ატკინა დემეტრეს გული, ვიდრე ყვირილით ატკენდა.
—ლილე…
— არა, დღეს არ მინდა იმაზე საუბარი თუ რატომ წახვედი, — თქვა ლილემ.
— არც იმაზე, რატომ არ მოხვედი, — უპასუხა დემეტრემ.
— მაგრამ ერთ დღეს მოგვიწევს.
— როცა მზად იქნები.

ლილემ ცოტა ხანს უყურა, მერე ოდნავ გაეღიმა.
— შენ ისევ ისე მიყურებ.
— როგორ?
— ისე... ბავშვობაში რომ მიყურებდი,
— შენც ისევ ისე მელაპარაკები, ლილე. ზედმეტად თავდაჯერებულად. — დემეტრეს გაეღიმა
— ანუ არაფერი შეცვლილა?
— ყველაფერი შეიცვალა, — თქვა დემეტრემ, — მაგრამ ეს ნაწილი დარჩა.

ორივეს გაეცინა. ამჯერად სიცილმა ოთახში თითქოს თორმეტწლიანი სიშორე რამდენიმე წამით გააქრო.
მერე ლილე სკამიდან წამოდგა. ფურცელი მაგიდაზე დატოვა.
— ეს შენთან უნდა დარჩეს. თუ სახლში წავიღებ, ისევ დავმალავ. ისევ დავიწყებ ტყუილების დაჯერებას. მინდა ერთხელ მაინც ვნახო ის, რაც არის, და არა ის, რისი დაჯერებაც მინდა.
დემეტრემ დოკუმენტები ნელა მისწია თავისკენ.
ამ დროს გარეთ მანქანის ხმა გაისმა. ორივემ ერთდროულად გაიხედა ფანჯრისკენ. შავი მანქანა ქუჩის ბოლოში რამდენიმე წამით გაჩერდა, ფარების შუქი ფანჯრის ჩარჩოს მოხვდა.
დემეტრე წამოდგა. ლილემ სუნთქვა შეიკრა. მანქანამ მალევე განაგრძო გზა.
— სანდრო? — ჩუმად იკითხა ლილემ.
დემეტრემ არაფერი უპასუხა, მაგრამ დუმილი დასტური იყო.
— უნდა წავიდე, — თქვა ლილემ და ქურთუკი ჩაიცვა.
— მე გაგიყვან
— არა, მე გაყოლა არ მინდა, თუ ერთად დაგვინახეს, ხვალ მთელმა ქალაქი გაიგებს.
კართან გაჩერდა. შემოტრიალდა, დემეტრეს შეხედა.
—დემეტრე თუ ეს ყველაფერი მართალია... არ ვიცი, როგორი ცხოვრება დამრჩება.
— ჯერ ნუ გადაწყვიტავ, — უთხრა დემეტრემ.
— კიდევ მოხვალ? — ჰკითხა დემეტრემ ჩუმად.
ლილემ რამდენიმე წამი შეხედა. შემდეგ ისევ დემეტრემ განაგრძო
— თუ მოხვალ, კარი ღია იქნება.

ლილემ თავი დაუქნია და ღამის ნისლიან ქუჩაში გაუჩინარდა.
დემეტრე კართან დიდხანს იდგა. შემდეგ ოთახში დაბრუნდა. მაგიდაზე ორი ქაღალდი იდო: გიორგის დღიური და მიხეილ ამირეჯიბის ხელმოწერილი დოკუმენტი.

მან დღიური გადაშალა იმავე გვერდზე:
„პასუხი: სამუშაო გეგმა არ იცვლება.“
ქვემოთ, ფურცლის თითქმის ჩამოფხეკილ კიდესთან, კიდევ ერთი სიტყვა იყო, რომელიც მანამდე ვერ შეამჩნია. ფანქრით, ძალიან სუსტად მიწერილი:
„რატომ?“
მხოლოდ ერთი სიტყვა.
დემეტრემ თითი ნელა გადაატარა მამის ხელწერას. გარეთ ისევ გაისმა მანქანის შორი ხმა. ის პირველად მიხვდა, რომ წარსული მხოლოდ უკან დაბრუნებული კი არ იყო — ის უკვე მათ შორის იდგა, მაგიდაზე დადებული ორი ქაღალდის სახით. და ვიღაცამ ქალაქის სიბნელეში ძალიან კარგად იცოდა, რომ ისინი ერთმანეთის პოვნას ისევ იწყებდნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent