შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ხეობა (13, 14, 15)


გუშინ, 19:36
ავტორი MB-stories
ნანახია 61

თავი XIII
ჩასვლა მიწისქვეშეთში

დილით ხეობა ისევ ნისლში იძირებოდა.
ღამის წვიმას გზებზე თხელი, შავი გუბეები დაეტოვებინა. მანგანუმის მტვერი წყალს შერეოდა და ტროტუარებზე მუქ ნაკადულებად მიედინებოდა — თითქოს ქალაქი ყოველ დილით საკუთარი გულიდან ამოღებული მიწიდან იბანდა ხელს, თუმცა ბოლომდე განწმენდას მაინც ვერასდროს ახერხებდა.
ძველი საბაგიროები თითქმის არ მოძრაობდა. მხოლოს ერთ ხაზზე გაიარა ერთეულმა კაბინამ და მისი რკინის კარკასის მძიმე ჭრიალი კლდეებს შორის დიდხანს, მოგუდულ ეხოდ რჩებოდა.
დემეტრეს ეძინა, თუმცა ეს არ იყო მოსვენება.
წინა ღამის შემდეგ სახლში ჰაერიც კი შეცვლილიყო. ლილეს მიერ დატოვებული დოკუმენტი მაგიდის უჯრაში იდო, გიორგის დღიური — იქვე, გვერდით. დემეტრემ ორივე რამდენჯერმე გადმოიღო, თითებით შეეხო გაყვითლებულ ფურცლებს, თითქოს ცდილობდა ორი მამის ხელმოწერას შორის გავლებული თორმეტწლიანი სიცარიელე ამოეცნო, მაგრამ აღარ წაუკითხავს. ზოგჯერ სიტყვები ზედმეტია, როცა ფაქტის სიმძიმე ისედაც მხრებს იატაკისკენ გექაჩება.
ტელეფონის ზარმა დილის სიჩუმე გაჭრა. თომა იყო.
— დილით ნუ წამოხვალ ჩემთან, — უთხრა მან პირდაპირ, მისალმების გარეშე.
დემეტრე საწოლზე ჩამოჯდა და შუბლი ხელისგულს დააბჯინა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ შენს სახლთან ერთმა კაცმა უკვე მეორედ გაიარა.
— ვინ არის, იცნობ?
— ვერ დავინახე, — პაუზა იყო, რასაც მიკროსქემების ჩხაკუნი მოჰყვა, — მაგრამ იმაზე უკეთ ვიცი ეს ქალაქი, რომ მივხვდე: შემთხვევით აქ არავინ დასეირნობს.
დემეტრე წამოდგა, ფარდა ოდნავ გადაწია და ქუჩას გადახედა.
ქუჩა ცარიელი იყო, მხოლოდ ნესტიანი ასფალტი ბრწყინავდა ნისლში.
— და ახლა?
— ახლა აღარ არის.
— თომა...
— ვიცი, დემეტრე, ვიცი, — თომას ხმაში ის ჩვეული, მსუბუქი ირონია, რომლითაც ყოველთვის იცავდა თავის სივრცეს, ამჯერად სრულიად გამქრალიყო. — ლუკასთან მიდი.
— რატომ?
— იმიტომ, რომ ამ ამბავში მხოლოდ ცივი გონება და არქიტექტორული გათვლები აღარ გამოგვადგება. ზურგის გამაგრება გჭირდება.
დემეტრეს მწარედ გაეღიმა.
— ეს შენგან კომპლიმენტია?
— არა. გაფრთხილებაა.
ხაზი გაითიშა.
***
ლუკას ავტოპარკში ძველი სატვირთო მანქანის კაპოტი აეწია.
ლუკა ძრავის თავზე იყო გადახრილი, ხელები ზეთში ჰქონდა ამოსვრილი. ნიკა იქვე, რამდენიმე ნაბიჯში იდგა. სამუშაო ფორმა ეცვა, მაგრამ მაღაროს მძიმე ჩაფხუტი მანქანის სავარძელზე დაედო და სიგარეტს ეწეოდა.
დემეტრეს დანახვაზე ლუკამ წელში გაიმართა, შუბლიდან ოფლი ზეთიანი მაჯით მოიწმინდა და დემეტრეს შეხედა.
— უკვე გითხარი, რომ დილით შენი სერიოზული სახის ყურება განწყობას მიფუჭებს?
— არა.
— ჰოდა, ახლა გეუბნები.
ნიკამ გაიღიმა, სიგარეტის კვამლი ჰაერში გაუშვა და ძმას გადახედა.
— ლუკა, შენ დილაობით საკუთარი ანარეკლიც არ გიყვარს, სხვას რას ერჩი?
— შენ საერთოდ ნუ ერევი, — წამოენთო ლუკა, თუმცა თვალებში სითბო გაუკრთა.
— მე არაფერი მითქვამს.
— მაგ არაფერსაც ნუ ამბობ.

დემეტრემ მათ უყურა და გულზე ოდნავ მოეშვა. ეს ძმური ჩხუბი, ეს უხეში, მაგრამ უპირობო სიყვარული ის ერთადერთი საყრდენი იყო, რაც ამ დაშლილ ქალაქში ჯერ კიდევ მყარად იდგა.
— როგორ ხარ? — ჰკითხა ნიკამ დემეტრეს და ხელი მხარზე დაარტყა.
— ვუძლებ, — უპასუხა დემეტრემ.
ლუკამ ჩვრით თითების წმენდა დაიწყო და ორივეს ეჭვით გადახედა.
— აი, ეს „ვუძლებთ“ საერთოდ არ მომწონს. რაღაც ხდება.
დემეტრემ ავტოპარკის ნესტიან კედლებს თვალი მოავლო, მერე ნიკასკენ მიტრიალდა.
— დღეს არ უნდა წახვიდე?
ნიკამ საათს დახედა და ჩაფხუტს გადაწვდა.
— ცოტა ხანში. მეორე ცვლაში ვარ გადაყვანილი.
ლუკას სახეზე თითქოს ჩრდილმა გადაუარა. დემეტრემ ეს მყისიერად შეამჩნია მეხუთე სექტორში ნიკას გადაყვანის შემდეგ ლუკა თითქოს ყოველ წამს რაღაცის დარტყმას ელოდა.
— როგორია ახალი სექტორი? — ჰკითხა დემეტრემ.
ნიკამ მხრები აიჩეჩა, თუმცა მზერა ოდნავ აარიდა.
— ჩვეულებრივი. მაღაროა, რა.
— ჩვეულებრივი არ არის, ნიკა, ნუ ტყუი, — ჩაერია ლუკა, ხმაში ბრაზი ერია. — გუშინ თავად არ მითხარი, რომ ვენტილაცია ისევ ჭედავს და ჰაერი მძიმდება?
— ხო, მაგრამ ორ საათში გააკეთეს, — მშვიდად უპასუხა ნიკამ.
— ორ საათში? — ლუკამ ჩვარი იატაკზე დააგდო. — შენ ფიქრობ, რომ ორ საათში სისტემას აღადგენენ? იქ ვენტილაცია კი არ გააკეთეს, უბრალოდ თვალი დაუხუჭეს!
— ლუკა, გადამეტებულად ნერვიულობ, — ნიკამ ძმას ხელი მხარზე დაადო და ოდნავ შეანჯღრია. — ყველაფერი კონტროლქვეშაა. წადი, შენი მეგობარი რაღაცას ელოდება, აშკარად შენი დახმარება სჭირდება.

ლუკა დემეტრესკენ მიტრიალდა.
— რა ხდება?
— საქმეა.
— ცუდი საქმე?
— სავარაუდოდ.
— კარგი, წავედით, — ლუკამ ინსტრუმენტების ყუთი დაიჭირა.
ნიკამ თავი დაუქნია დემეტრეს:
— საღამოს შემოგივლით. მშვიდობით იარეთ.

დემეტრე რომ შეტრიალდა, ლუკას თვალებში ისეთი მფორიაქე მზერა დაიჭირა, რომ მიხვდა — ლუკას ბრაზი მხოლოდ შიში იყო. ძმის დაკარგვის შიში, რომელიც ამ ქალაქში ყველა ოჯახს აჩრდილივით თან დაჰყვებოდა.
***
თომას სახელოსნო ქალაქის იმ ნაწილში იდგა, სადაც ძველი, ხის აივნიანი სახლები კლდის ფერდობზე ერთმანეთზე მიბჯენით გაშენებულიყო.
კარს რომ შეაღებდი, ჯერ რადიოსიხშირეების შუილი და ელექტროობის სუნი გეცემოდა. სხვადასხვა კუთხეში ჩართული პატარა მიმღებები ერთმანეთის გადაფარვით ლაპარაკობდნენ. მაგიდებზე სადენები, ძველი ტელეფონები, მიკროსქემები და გაზომვის ხელსაწყოები ეყარა. კედელთან თომას ძველი კომპიუტერი იდგა, რომლის მონიტორზეც პატარა, გაყვითლებული სტიკერი ეწერა: „თუ მუშაობს, ხელი არ ახლო.“

ლუკამ სტიკერს შეხედა და ჩაიცინა:
— ეს ჩემთვის დაწერე?
— ჰო შენთვის, — უპასუხა თომამ ეკრანიდან თვალის მოუწყვეტლად.
— მე კომპიუტერს საერთოდ არ ვეხები.
— ზუსტად ამიტომაც წერია. რომ არც გაიფიქრო.

დემეტრემ ჩანთა მაგიდაზე დადო.
— დღეს იქ ჩასვლა მოგვიწევს.
თომას თითები კლავიატურაზე გაუშეშდა. მან ნელა მოიხედა.
— №4? ძველი სექტორი?
— ჰო.
თომამ სკამზ გადაჯდა, ხელი შუბლზე გადაისვა.
— ეგ უკვე აღარ არის გამოძიება, დემეტრე. ეგ არის თვითმკვლელობის საშუალო ქართული ვერსია.
ლუკამ სკამი მისკენ მიაჩოჩა და ჩამოჯდა.
— ნელა, პროფესორო, ნუ გვაშინებ.
— მე უბრალოდ ფაქტებს ვამბობ! — თომამ ხმას აუწია. — ის სექტორი თორმეტი წელია ჩაკეტილია. იქ გაზის დაგროვების რისკი მაღალია, ჭერი შეიძლება ნებისმიერ წამს ჩამოიშალოს.
— ამიტომაც უნდა ვნახოთ, — დემეტრემ ჩანთიდან გიორგის დღიური ამოიღო.

თომას სახე შეეცვალა.
— ეს დღიური რატომ მოიტანე?
— გუშინ ლილემ მამამისის ბრძანება მომიტანა, სადაც ეწერა, რომ სამუშაოები არ უნდა შეჩერებულიყო. გიორგის დღიურში კი ზუსტად იმავე თარიღით წერია, რომ გაზის მაჩვენებლები კრიტიკულ ზღვარს სცდებოდა. ორივე ქაღალდი მაქვს, თომა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კომპანია იტყვის, რომ დღიური უბრალო ჩანაწერებია. ჩვენ გვჭირდება რეალური, ნივთიერი მტკიცებულება იმისა, რომ იმ ღამეს მეოთხე სექტორში უსაფრთხოების სისტემა განზრახ გაითიშა.

თომა რამდენიმე წამს ჩუმად იყო.
— ძველი სექტორის გასასვლელთან, თუ შიგნით შეაღწევთ, შეიძლება დაზიანებული სენსორები ან ჩაკეტილი ავარიული კარები იყოს... ფოტოები, ნიშნები, ნებისმიერი რამ, რაც დაადასტურებს, რომ ხალხი შიგნით ჩაკეტეს.
— ამიტომაც მივდივართ, — თქვა დემეტრემ.

თომა ადგა, უჯრიდან ორი პატარა რაციონალური მიმღები ამოიღო და მაგიდაზე დადო.
— მე გარედან ვიქნები. სიგნალს დავიჭერ. რადიოზე მუდმივად უნდა იყოთ. თუ კავშირი გაწყდა ან რამე ეჭვი გაგიჩნდათ, მაშინვე ამოდიხართ. გასაგებია?
ლუკამ რაციას ხელი მოჰკიდა და ჩაიცინა:
— რა მკაცრი ბრძანებაა.
— შენზეა ნათქვამი, ლუკა! დემეტრე მაინც დაფიქრდება, სანამ თავით გადახტება, შენ კი ეშმაკსაც ხელს ჩამოართმევ, თუ რამე გაგაბრაზებს.
— მადლობა შეფასებისთვის, — გაეღიმა ლუკას.

***
ძველი სექტორის შესასვლელი ქალაქისგან მოშორებით, კლდის უბეში იმალებოდა.

ბეტონის ძველი, ნახევრად ჩამოშლილი ნაგებობა ფერდობზე იყო მიბჯენილი. რკინის უზარმაზარი კარი ოდნავ ღია ეკიდა, ეტყობოდა, რომ წლები იყო არავის გაეღო. მის გარშემო ეკალ-ბარდი ამოსულიყო, თუმცა შესასვლელთან მიწა ახლად გათელილი ჩანდა.
ლუკა დახარა და ტალახს დააკვირდა.
— აქ ვიღაც იყო. თან ახლახან გაუვლიათ.
დემეტრემაც შეხედა ნაკვალევს.
— დაცვის კვალია?
— არა მგონია. დაცვა ამ მკვდარ ზონაში ფეხს არ დგამს.
თომას ხმა რაციიდან გაისმა, შუილით გაჯერებული:
— გესმით ჩემი?
დემეტრემ რადიო ტუჩებთან მიიტანა.
— გისმენთ.
— სანამ ჩახვალთ... დაიმახსოვრეთ: თუ იქ რამე უცნაური დაგხვდათ, ეგრევე ნუ იფიქრებთ, რომ მტკიცებულებაა. ყურადღებით იყავით.
ლუკამ რაციას გადაჰყვირა:
— პროფესორო, შენც ხომ იცი, რომ ზუსტად იმას მივაქცევთ ყურადღებას, რასაც საჭიროდ ჩავთვლით?
თომას ჩუმად გაეცინა.
— მაგიტომაც გითხარით. ფრთხილად იყავით.

კავშირი გაწყდა. დემეტრემ ლუკას შეხედა.
— წავედით.
პირველი რამდენიმე მეტრი თითქმის მშვიდი იყო — გარეთა სინათლე ჯერ კიდევ აღწევდა გვირაბში. მერე სიბნელემ ნელ-ნელა შთანთქა ყველაფერი.
სველი კედლებიდან წყალი რიტმულად ჩამოდიოდა. სადღაც სიღრმეში წვეთები ლითონის ზედაპირს ეცემოდა და ეს ხმა გვირაბის თაღებში უსასრულოდ მრავლდებოდა. ფანრების შუქი შავ, მძიმე ჰაერს ჭრიდა.
ლუკას ფანარი წინ მიემართებოდა.
— გახსოვს, ბავშვობაში აქამდე რომ მოვდიოდით?
— ჰო, — დემეტრეს ოდნავ გაეღიმა. — მამაშენმა ერთხელ კინაღამ დაგვიჭირა.
— ერთხელ? — ლუკამ მოიხედა. — ოთხჯერ მაინც!
— მეოთხედ ჩვენ საერთოდ არ ვიყავით, სხვა ბავშვები იყვნენ.
— მაგრამ მაინც ჩვენ დაგვაბრალა! იმიტომ, რომ ჩემს ჯიბეში იმ ძველი საწყობის გასაღები იპოვა.
— ეგ გასაღები შენ თვითონ მოიპარე, ლუკა.
— იმიტომ, რომ შენ თქვი, კარი გავაღოთო! — ლუკამ ჩაიცინა.

დემეტრეს სიცილი გაეპარა. სიბნელეში მისი ხმა უცნაურად, თითქოს წლების სიღრმიდან ამოღებულად გაისმა. ლუკამ გვერდით გახედა, ფანრის ირიბ შუქზე მისი სახე შეათვალიერა.
— აი, თურმე შეგიძლია.
— რა?
— სიცილი.
დემეტრემ ფანარი კედელზე გადაიტანა, თითქოს მოერიდა იმ სითბოს, რომელიც ამ სიტყვებში იდო.
— დიდი ხანია არ დამჭირვებია.

ლუკას იუმორი ერთბაშად გაქრა. რამდენიმე ნაბიჯი სრულ სიჩუმეში გაიარეს. მხოლოდ მათი ჩექმების ჭყაპუნი ისმოდა სველ ქვიშაში.
— აქ რომ ბავშვები ვიყავით... — დაიწყო ლუკამ დაბალი ხმით, — გეგონა, ოდესმე მართლა ამ შახტაში მოგიწევდა ჩასვლა?
— არა, — უპასუხა დემეტრემ. — მე აქედან წასვლაზე ვოცნებობდი.
— მე მეგონა, რომ მოვიდოდი. მამაჩემივით ვიქნები-მეთქი.
დემეტრემ შეხედა.
— მერე?
— მერე ჰომ იცი რაც მოხდა, ტრაგედიის მერე მამაჩემიც შეიცვალა და მივხვდი, რომ მისი ადგილი საერთოდ არ მინდოდა. არც ეს ქალაქი მინდოდა... მაგრამ დავრჩი.
მის ხმაში ბრაზი კი არა, უზარმაზარი, დაგროვილი დაღლილობა ისმოდა.
გვირაბი ვიწროვდებოდა. მათ გვერდით ძველი ლითონის მილი გადიოდა, ჟანგი თითებს ეწებებოდა. დემეტრემ ხელი კედელს მიადო — ნესტიანი მტვერი კანში ჩაუჯდა.
— აქედან გზა მახსოვს, — თქვა მან.
— დარწმუნებული ხარ?
— არა.
— ძალიან კარგი, — ამოიოხრა ლუკამ. — დარწმუნებული რომ იყო, უფრო შემეშინდებოდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ რადიომ დაიწკრიალა. თომას ხმა წყვეტილი იყო:
— დემეტრე... სიგნალი სუსტდება. ძალიან ღრმად ხართ.
— ვუახლოვდებით, — უპასუხა დემეტრემ.
ლუკამ რადიო გამოართვა:
— თომა, თუ გავქრით, უთხარი ანის, რომ შენი იდეა იყო.
— მე ყველაფერს ჩავიწერ და სასამართლოზე გამოვიყენებ! — უპასუხა თომამ.
— ნაძირალა ხარ, პროფესორო.
— ვიცი. აბა ჰე.
სიჩუმე ისევ ჩამოწვა. წინ ბეტონის სქელი კედელი და ჩამონგრეული თაღი გამოჩნდა. მასზე საღებავით ძველი ნომერი იყო მიწერილი: №4.

ორივე გაჩერდა. ფანრის შუქი კედელზე გაშეშდა.
ეს ის ადგილი იყო. ადგილი, სადაც თორმეტი წლის წინ მათი ბავშვობა დასრულდა. სადაც მათი ოჯახის წევრები ბოლოს იყვნენ ცოცხლები.

დემეტრეს ყელში გაუშვა. ჰაერი თითქოს მანგანუმითა და ძველი ტკივილით დამძიმდა. თორმეტი წელი გაურბოდა ამ ადგილს, ახლა კი საკუთარი ფეხით იდგა იმ უფსკრულის პირას, რომელმაც ყველაფერი შთანთქა.
ლუკამ ჩუმად თქვა:
— მარჯვნივ გასასვლელია...

მარჯვნივ ძველი, რკინის ბადით დაფარული კარი ჩანდა. მასზე მსხვილი, ჟანგიანი ჯაჭვი ეკიდა, რომელსაც დიდი ბოქლომი ედო.
დემეტრე მივიდა და ჯაჭვს ხელი მოკიდა. მეტალმა ყინულივით ცივი და მძიმე ხმა გამოსცა.
— ეს ჯაჭვი... — დემეტრეს ხმა გაუწყდა. — ეს ჯაჭვი გარედან არის დადებული.
ლუკა გვერდით დაუდგა.
— ანუ... შიგნიდან კარს ვერ გააღებდნენ.
— ვერა. თუ კარი ასე იყო დაკეტილი, აქედან გამოსვლა შეუძლებელი იყო.
ორივემ ერთმანეთს შეხედა. სიჩუმეში მხოლოდ მათი მძიმე სუნთქვა ისმოდა.
დემეტრემ ჯაჭვი ხელიდან გაუშვა. ის კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.
— მამამ იცოდა, — თქვა მან უეცრად.
ლუკას თვალები დაეძაბა.
— რა?
— საფრთხის შესახებ. გიორგიმ იცოდა, რომ ეს სექტორი ფეთქებადი იყო.

დემეტრემ ჩანთა გახსნა, დღიური ამოიღო და ფანრის შუქზე ლუკას თვალწინ გაშალა.
— აი, შეხედე. გაზის მაჩვენებლები, თარიღები... და მერე ეს წინადადება: „პასუხი: სამუშაო გეგმა არ იცვლება.“
ლუკა დღიურს დააშტერდა. თითებს ქაღალდზე გადაუსვამდა, თითქოს არ სჯეროდა იმისა, რასაც ხედავდა.
— ეს... მამაშენის ხელია.
— ჰო.
— ანუ იცოდა და მაინც ჩაიყვანა ხალხი? — ლუკას ხმაში პირველად გაჩნდა ის ძველი, საშინელი ეჭვი, რომელიც თორმეტი წელი ტანჯავდა.
— არა! — დემეტრემ ხმას აუწია, მერე თავი ხელებში ჩარგო. — არა, ლუკა... მას უბრძანეს! მაგრამ ეს ყველაფერი არ არის... მე იმ ღამეს აქ ვიყავი.
ლუკა გაშეშდა.
— რა თქვი?
— იმ ღამეს... აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე, მე ამ გვირაბში ვიყავი.
ლუკამ ფანარი პირდაპირ დემეტრეს სახეზე მიალიტა.
— შენ... რას ამბობ, დემეტრე?
— მამამ დამინახა, — დემეტრეს ხმა უთრთოდა, თვალები ცრემლით აევსო, მაგრამ არ ტიროდა — ეს იყო წლების განმავლობაში ჩაკეტილი ჯოჯოხეთის ამოხეთქვა. — მამამ დამიყვირა, მითხრა: „წადი სახლში, აქ რა გინდა!“ მე... მე ლილეს ველოდებოდი. მასთან შეხვედრა მქონდა დათქმული. არ წავედი. იქვე, კუთხეში ვიდექი. მერე მამამ ისევ დამიყვირა... ისეთი თვალები ჰქონდა, ლუკა, ისეთი შეშინებული... მე შევშინდი და გავქეცი.

ლუკა არ განძრეულა. ფანრის შუქი ოდნავ თრთოდა მის ხელში.
— შენ გაიქეცი...
— ჰო! გავქეცი! — დემეტრემ მუშტი ბეტონის კედელს დაარტყა, ტკივილს ყურადღება არ მიაქცია. — მე გამოვედი, ის კი შიგნით შებრუნდა —დანარჩენებთან ერთად! მე გადავრჩი, იმიტომ რომ შიშისგან უკანმოუხედავად გავქეცი! მერე დედაჩემი დარჩა მარტო... ვეღარ გაუძლო. გიორგის სიკვდილს, ჩემს დუმილს... და როცა ის კვდებოდა, მე თბილისში ვიყავი, სადღაც ვემალებოდი საკუთარ თავს! დაკრძალვაზეც ვერ ჩამოვედი... საფლავზეც თორმეტი წელი არ მივსულვარ!

დემეტრემ საბოლოოდ ამოხეთქა, სუნთქავდა მძიმედ, კედელს მიყრდნობილი, თავდახრილი.
— ასე რომ, როცა მეუბნები, გადარჩიო... მე ვიცი. ზუსტად ეგ არის ჩემი სასჯელი.
გვირაბში საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოს წყლის წვეთები ეცემოდა იატაკს.
ლუკამ ფანარი დაბლა დაწია. დიდხანს უყურებდა დემეტრეს — თავის ბავშვობის მეგობარს, რომელსაც თორმეტი წელი სძულდა იმის გამო, რომ წავიდა და მიატოვა. ახლა კი ხედავდა, რომ დემეტრე არასდროს წასულა იმ გვირაბიდან. ის თორმეტი წელი იმავე სიბნელეში ცხოვრობდა.

ლუკა ნელა მივიდა მასთან.
ხელი მხარზე დაადო. უხეშად, მძიმედ, მაგრამ ამ შეხებაში იმდენი წლების დაგროვილი ტკივილი, გაგება და მიტევება იდო, რომ დემეტრემ მხრები აიბზუა.
— მე შენზე გაბრაზებული ვიყავი, — თქვა ლუკამ ჩუმად.
— ვიცი.
— მეგონა, უბრალოდ გაიქეცი და ჩვენი არსებობა დაივიწყე.
— არასდროს...
— ახლა მესმის, — ლუკამ ხელი ოდნავ მოუჭირა მხარზე. — შენც იმ ღამეს მოკვდი, დემეტრე. უბრალოდ სუნთქვა გააგრძელე.
დემეტრემ თავი ასწია. ორივემ ერთმანეთს თვალებში შეხედა. აპატიეს თუ არა ერთმანეთს? ამას სიტყვები არ სჭირდებოდა. მათ შორის არსებული თორმეტწლიანი კედელი იმ წამს, იმ ნესტიან გვირაბში ჩამოიშალა.
ანაზდად, გვირაბის სიღრმიდან — მათი მოსასვლელი გზიდან — რაღაც ხმა გაისმა.

ლითონის გაფხაჭუნება.
ორივემ მყისიერად იმოქმედა — ფანრები ჩააქრეს. სიბნელემ თვალები დაუვსოთ.
სუნთქვა შეიკავეს. სიბნელეში მხოლოდ საკუთარი გულისცემა ისმოდა.
სადღაც შორს, პატარა ქვა ჩამოვარდა და იატაკზე დაგორდა. ვიღაც მათ გზას მიჰყვებოდა.
რადიომ ისევ დაიწკრიალა, თომას ხმა ჩურჩულით გაისმა:
— ბიჭებო...
ლუკამ რადიოს ხმა მინიმუმზე დაიყვანა.
— გისმენ.
— ზემოთ, შესასვლელთან მანქანა გაჩერდა. ორი კაცი ჩამოვიდა. შიგნით შემოდიან. ამოდით, სწრაფად!
ლუკამ დემეტრეს გადახედა, თუმცა სიბნელეში მის აჩრდილს ძლივს ხედავდა.
— ჯერ არა, — თქვა ლუკამ ჩუმად.
— რა? — ჰკითხა დემეტრემ.
— ეს ბოქლომი... ეს ჯაჭვი. ეს უნდა წავიღოთ.
ლუკამ ჯიბიდან პატარა ხელსაწყო ამოიღო.
— ლუკა, მოდიან! — უთხრა დემეტრემ.
— სამი წუთი მომეცი! ეს ერთადერთი ნივთიერი მტკიცებულებაა, რომ კარი ჩაკეტილი იყო!

ლუკა ბოქლომს ეცა. მეტალის ჩხაკუნი სიბნელეში საშინლად ხმამაღლა გაისმა. თითებს იტეხდა, ჟანგიან ბოქლომს ექაჩებოდა. დემეტრე სიბნელეს მიშტერებოდა, სადაც უკვე ჩნდებოდა შორი, სუსტი სინათლის სხივი — მათკენ მომავალი ფანარი.

— ლუკა!
— გავიდა! — ლუკამ ჯაჭვი ჩამოქაჩა.

მძიმე, ჟანგიანი ბოქლომი და ჯაჭვის ნაწილი ხელში დარჩა.
— წავედით!

მათ გვერდითა, ავარიული ვიწრო გასასვლელი გამოიყენეს, რომელიც ძველ ვენტილაციის შახტას უერთდებოდა. სიბნელეში, ხელის ცეცებით მიიკვლევდნენ გზას, სანამ უკან, მთავარ გვირაბში მამაკაცის უხეში ხმა გაისმოდა:
— აქ არავინ ჩანს... მაგრამ კვალი ახალია!
ზემოთ, ნისლიან ჰაერზე ამოღწევისას, ფილტვები ცივი, სუფთა ჰაერით აევსოთ.

თომა მათ ბუჩქნარში ელოდებოდა, სახეწაშლილი.
— ცოცხლები ხართ?
— ჯერჯერობით, — ლუკამ ჟანგიანი ბოქლომი თომას ხელებში ჩაუდო. — აჰა, შენი ექსპონატი.
თომამ ბოქლომს დახედა, მერე ორივეს შეხედა და მიხვდა — შახტაში რაღაც იმაზე დიდი მოხდა, ვიდრე უბრალოდ მტკიცებულების პოვნა იყო. დემეტრესა და ლუკას შორის ის თორმეტწლიანი ყინული გამქრალიყო.
დემეტრემ ქალაქს გადახედა, რომელიც ნისლში ძლივს მოჩანდა.
იმავე ხეობაში, მეხუთე სექტორში, ნიკა ახლა შახტაში ჩადიოდა.
დემეტრემ ნაბიჯი შეანელა. ლუკამ გვერდით ამოუდგა.
— ნიკაზე ფიქრობ? — ჰკითხა ლუკამ.
— ჰო, — უპასუხა დემეტრემ. — ვენტილაციაზე... იმ ორ საათში გაკეთებულ სისტემაზე.
— მეც, — ლუკას თვალები გაუმკაცრდა.
მათ უკვე იცოდნენ: მიწისქვეშეთში დატოვებული წარსული აღარ იყო ერთადერთი საფრთხე. წარსულმა ფორმა შეიცვალა, აწმყოდ იქცა და ახლა ნიკას სიცოცხლეს ემუქრებოდა.


თავი XIV
ის, რაც მიწამ შეინახა
თომას სახელოსნოში ჰაერი ზეთის, გახურებული ლითონისა და ძველი მტვრის სუნით იყო გაჟღენთილი.
სამუშაო მაგიდაზე, ძლიერი ნათურის შუქზე, ეწყო ის, რაც მაღაროს პირველი ჩასვლიდან ამოიტანეს — დაჟანგებული, სქელი ჯაჭვის ნაწილი და მძიმე ბოქლომი. იქვე ედო გიორგის დღიურიც, გახსნილი იმავე გვერდზე, რომელზეც რამდენიმე დღის წინ თომამ პირველად წაიკითხა სიტყვები: „პასუხი: სამუშაო გეგმა არ იცვლება.“ ქვემოთ კი, თითქმის წაშლილი მელნით, გიორგი კიდევ ერთ წინადადებას წერდა: „თუ ავარიული გასასვლელი ისევ დაკეტილია, ეს უკვე ავარია აღარ იქნება.“
თომას ხელთათმანები ეცვა და პატარა ჯაგრისით ფრთხილად აცილებდა წლების განმავლობაში ჩამჯდარ ჭუჭყსა და ჟანგს. პერიოდულად მაგიდის სანათს უფრო ახლოს სწევდა და ლითონის ზედაპირს გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა.
ლუკა კედელთან იდგა, ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული, შემდეგ მაგიდის კუთხეზე ჩამოჯდა, თითებს ნერვიულად ატრიალებდა და თომას მოძრაობებს ადევნებდა თვალს.

— სამი საათია მაგას უყურებ, — თქვა ბოლოს. — თქვი რამე

თომას გაეღიმა.
— შენს მანქანასაც ეგრე უყურებ ხოლმე და მაინც ვერაფერი გაუკეთე.
— ჩემს მანქანას არაფერი სჭირს.
დემეტრემ, რომელიც იქვე იდგა, პირველად ახედა.
— წინა მარჯვენა კარი გუშინაც არ გეკეტებოდა.
— კარი არაა პრობლემა. მანქანას ხასიათი აქვს.

თომამ ჩაიცინა და ისევ ბოქლომს მიუბრუნდა. მათ შორის რამდენიმე წამით ჩვეულებრივი სიჩუმე ჩამოწვა. ისეთი, რომელიც ბოლო დღეებში იშვიათად ჰქონდათ — როცა არც კატასტროფაზე ლაპარაკობდნენ, არც მიხეილზე, არც მტკიცებულებებზე. ისეთი სიჩუმე, რომელშიც ძველი ბავშვობა წამით ბრუნდებოდა ხოლმე.
მაგრამ მაგიდაზე დადებული ნივთები ამის საშუალებას დიდხანს არ აძლევდა.

— ეს ბოქლომი ავარიულად კი არ გაფუჭებულა, — თქვა ბოლოს თომამ. — შეხედეთ... საკეტი გარედან არის ჩაკეტილი. დაზიანება არ ეტყობა. აქედან არის გასაღები შემოსული, რამდენჯერმე. მერე ჩაკეტეს. არავის უცდია შიგნიდან მისი გატეხვა. ვინც ეს დაკიდა, ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა.

ლუკამ მძიმედ ამოისუნთქა.
— ანუ ის კარი შიგნიდან ვერანაირად ვერ გაიღებოდა. ავარიული გასასვლელი ავარიულად კი არა, ჩვეულებრივად ჩაკეტეს.
— ვერა, — მიუგო თომამ. — მაგრამ მხოლოდ ამ ბოქლომით ვერავის არაფერს დაუმტკიცებ. იტყვიან, რომ ძველი საწყობის საკეტია.
დემეტრე მაგიდას მიუახლოვდა. ფანჯრის მიღმა უკვე ღამე იყო ჩამოწოლილი, მაგრამ მისი ფიქრები ისევ იმ ბნელ, ნესტიან გვირაბებში ტრიალებდა. მან გიორგის დღიურს დახედა და თითი იმ წინადადებასთან გააჩერა.

— მამამ იცოდა, — თქვა მან დაბალი, მყარი ხმით.

— რაღაც იცოდა, — თავი დაუქნია თომამ.
— არა. იცოდა, რომ კარი დაკეტილი იყო. №4 სექტორში კიდევ რაღაც არის. ავარიული გასასვლელის მიმდებარედ სამუშაო ზონა იწყებოდა. თუ კარი გარედან ჩაკეტეს, იმ ღამეს იქ მუშების პირადი ნივთები და ჩანაწერები მაინც დარჩებოდა.

ლუკამ მაგიდისკენ გაიხედა.
— და რატომ არ დაწერა პირდაპირ დღიურში?
დემეტრემ პასუხი ვერ გასცა. იმიტომ, რომ გიორგი იმ ქალაქში ცხოვრობდა, სადაც პირდაპირ ნათქვამს თავისი ფასი ჰქონდა. თორმეტი წლის წინ ის ჯერ კიდევ მაღაროში მუშაობდა, დილით შვილს სკოლაში აგზავნიდა, საღამოს სახლში ბრუნდებოდა მანგანუმის მტვრით გამუქებული ხელებით. იცოდა, რომ გაზის მაჩვენებლები იმ დღეს ნორმალური აღარ იყო, იცოდა, რომ სამუშაო გეგმა მაინც არ იცვლებოდა.

თომამ დღიური თავისკენ მიიზიდა და ფრთხილად გადაფურცლა.
— აქ კიდევ არის რაღაც. — თითით მიანიშნა თითქმის გაცრეცილ მელანზე: „მუშებმა იციან. მაგრამ ვინ წავა სახლში, როცა ხელფასი ხვალ უნდა აიღონ?“

ლუკამ მზერა დახარა. ეს სიტყვები უკვე იცოდნენ, მაგრამ ახლა პირველად ჰქონდათ რაღაც, რაც ამ ყველაფერს მიწისქვეშ არსებულ კონკრეტულ ადგილს უკავშირებდა.
დემეტრემ დღიური დახურა.
— ისევ ჩავდივართ.
ლუკამ თავი ასწია.
— უკან დაბრუნება გინდა? დაცვა ახლა უფრო ყურადღებით იქნება.
— ვიცი. ამიტომაც არ უნდა წავიდეთ იმავე გზით.
თომამ პირველად შეწყვიტა ხელების მოძრაობა.
— რას გულისხმობ?

დემეტრემ თითი რუკაზე დაადო, რომელიც მაგიდის მეორე მხარეს იყო გაშლილი.
— აქედან რომ ჩავედით, ძველი სავენტილაციო გვირაბით მოვხვდით. მთავარი გასასვლელი დასავლეთით არის. მაგრამ აქ... — თითი ნელა გადაიტანა რუკაზე. — აქ არის ძველი სამუშაო მონაკვეთი. ბავშვობაში მამაჩემმა ერთხელ წამიყვანა იქამდე. მაშინ ის ჯერ კიდევ მოქმედებდა. მესამე დონიდან მეორე სამუშაო ზონას უკავშირდებოდა.

ლუკამ რუკას დახედა.
— შენ ბავშვობაში მაღაროში დაგატარებდა?
დემეტრეს სახეზე რაღაც შეიცვალა.
— ერთხელ ვიყავი.
— და მე მეგონა, მამაჩემი იყო ერთადერთი კაცი, რომელიც ბავშვს მაღაროში წაიყვანდა.
— მამაშენმა იმიტომ წაგიყვანა, რომ თავი კაცად გეგრძნო.
— შენმა?
დემეტრემ ოდნავ ჩაიღიმა.
— იმიტომ, რომ სახლში დედაჩემი არ გვიშვებდა.
ლუკას გაეღიმა.
— ეგ უკვე გიორგის სტილია.

რამდენიმე წამით სახელოსნოში ძველი დრო დაბრუნდა. ისეთი მოკლე, თითქმის შეუმჩნეველი, რომ არცერთს უცდია მისი შეჩერება.
თომამ რუკა თავისკენ მიიზიდა.
— ეს მონაკვეთი ჯერ კიდევ არსებობს? ძველი სამთო გეგმები მუნიციპალურ არქივში ვიპოვე. აქ ბოლო მონიშვნა თერთმეტი წლის წინ არის გაკეთებული. ამის შემდეგ არავის განუახლებია.

ლუკამ წარბი ასწია.
— ანუ იდეა ასეთია: ისევ ჩავდივართ იმ ჯოჯოხეთში, ოღონდ სხვა მხრიდან?

— ზუსტად.
— შესანიშნავია.
თომამ შეხედა.
— შეგიძლია არ წამოხვიდე.
— ეგ რომ შემეძლოს, ოცდაათი წლის ასაკში ალბათ უკვე ჭკუა მექნებოდა.
დემეტრეს გაეღიმა.
თომამ ინსტრუმენტები შეაგროვა.
— ამჯერად სხვა რამე გვჭირდება. მხოლოდ ფოტოები არა. თუ ჟურნალი ან პირადი ნივთები იპოვეთ, ადგილზე ფრთხილად შეეხეთ. ძველი ქაღალდი შეიძლება ხელის შეხებით დაიშალოს. და კიდევ ერთი რამე... — თომამ დემეტრეს შეხედა. — თუ რამე არასწორად წავიდა, ნივთებს ტოვებთ და გამოდიხართ. ეს შენ გითხარი.
— გავიგე.
— არა. შენ გაიგონე. მე მინდა, რომ შეასრულო.
ლუკას ჩაეცინა.
— წარმატებები, თომა. მე მთელი ცხოვრება ვეუბნებოდი იგივეს და ჯერ ვერ ვასწავლე.

ღამე უფრო ღრმა იყო, როცა ქალაქის ზედა გზაზე მანქანა გაჩერდა.
ნისლი კლდეებს შორის ჩამოსულიყო და ქუჩის რამდენიმე ლამპარსაც კი თითქმის მთლიანად ფარავდა. შორიდან საბაგიროს ძველი კონსტრუქცია ჩანდა — შავი ხაზები თეთრ ნისლში, თითქოს ჰაერში ჩამოკიდებული ძვლები არისო. ჟანგიანი კაბინის ლითონი ქარში მსუბუქად ირხეოდა და პერიოდულად ისეთი ხმა ისმოდა, თითქოს ვიღაც უხილავი ჯაჭვს ნელა ექაჩებოდა.
მათ დიდხანს არ ულაპარაკიათ. მეორე ჩასვლა პირველზე უფრო მძიმე აღმოჩნდა. პირველად მათ არ იცოდნენ, რას ეძებდნენ. ახლა იცოდნენ, რომ მიწის ქვეშ რაღაც იყო დარჩენილი. და ეს ცოდნა გაცილებით უარესი იყო.

თომა ზედაპირზე დარჩა. პატარა რადიოსადგური მანქანაში ჰქონდა მოწყობილი, ანტენა ფანჯრიდან ამოეყო. ორი სიხშირე წინასწარ შეამოწმა, ტელეფონები გამორთო და საათი დააყენა.

— ორმოცი წუთი, — თქვა მან. — თუ რამე შეიცვალა, სამჯერ დაგიკავშირდებით. თუ კავშირზე არ გამოხვალთ, მე ჩამოვდივარ.

ლუკამ მხარზე ჩანთა გადაიკიდა და სიცილით შეხედა:
— შენ? შენს ცხოვრებაში ოდესმე რამე ნორმალური გითქვამს?
— კი.
— როდის?
— ახლა რომ გეუბნები, ორმოცი წუთი გაქვს. წადით, სანამ ჭკუას საბოლოოდ დავკარგავ.
დემეტრემ პირველად გაიცინა.
— წავედით.

გვირაბში ჩასვლისას ისევ ის სუნი დახვდათ — ცივი ჰაერი, სველი ქვა, ჟანგი, ძველი ხის ფიცრები და სადღაც შორიდან ჩამოსული წყლის წვეთების მონოტონური რიტმი. ამჯერად გზა იცოდნენ, ამიტომ არც ერთს ზედმეტი სიტყვა არ დასჭირვებია.

ლუკა წინ მიდიოდა.
— გახსოვს, ბავშვობაში აქედან რომ გავიპარეთ?
— შენ გაიპარე.
— ჩვენ ერთად ვიყავით.
— მე იმიტომ გამოგყევი, რომ დაგიჭერდნენ და მერე ყველას ეტყოდი, რომ მარტო არ ყოფილხარ.
— ანუ ყოველთვის ჩემი ბრალი იყო?
— ძირითადად.
— კარგი. თორმეტი წლის შემდეგ მაინც მივიღე სიმართლე. და კიდევ, თუ აქედან ცოცხლები ამოვედით, შენ ჩემი მანქანის შეკეთებას აკეთებ, იმიტომ რომ ყველაზე განათლებული ხარ.

— არქიტექტორი ვარ.
— ჩემთვის ეგ ერთი და იგივეა.
დემეტრეს ჩუმად გაეცინა. ლუკას ხმა გვირაბში გაიფანტა და სიჩუმე დაბრუნდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი იმ ძველ მონაკვეთამდე მივიდნენ, რომელიც დემეტრემ რუკაზე აჩვენა. გვირაბი თითქმის მთლიანად ჩამოშლილი იყო. ლუკამ ხელით კედელს შეეხო.
— აქ?
— აქ.

დემეტრემ ფანარი ასწია. ქვის უკან ვიწრო სივრცე ჩანდა. მათ ფრთხილად გაათავისუფლეს შესასვლელი. ჯერ ლუკა შეძვრა, შემდეგ დემეტრე.
იქ პატარა სამუშაო ოთახი აღმოჩნდა — იმდენად ვიწრო, რომ ორი ადამიანი ძლივს ეტეოდა. კედელთან ძველი ხის მაგიდა იდგა. იატაკზე ქაღალდის ნაგლეჯები ეყარა. დემეტრე ჩაიმუხლა და ერთი ფურცელი აიღო, თუმცა ქაღალდი ხელში თითქმის მაშინვე დაიფშვნა.
— არ შეეხო, — თქვა ლუკამ.
— უკვე გვიანია.

დემეტრემ ფანარი კუთხისკენ მიმართა. იქ ძველი მეტალის კარადა იდგა, რომლის კარიც ნახევრად ღია იყო. ლუკამ ნელა გახსნა. შიგნით რამდენიმე ნივთი ეწყო: ძველი ხელთათმანი, ჟანგიანი ხელსაწყო, მუშის ნომრიანი პატარა მეტალის ჟეტონი-ფირფიტა და ჩაფხუტი.
დემეტრე გაჩერდა. ჩაფხუტს მტვერი ფარავდა, მაგრამ გვერდზე ჯერ კიდევ ჩანდა ძველი, გაცრეცილი ნიშნული: „გ. ბ.“

თითები ჰაერში გაუჩერდა. ლუკამ არაფერი თქვა — არც იყო საჭირო.
დემეტრე ნელა მიუახლოვდა.
— გიორგისია, — თქვა ბოლოს. მის ხმაში არც გაოცება იყო და არც ტირილი — უბრალოდ კაცის ხმა, რომელმაც რაღაც თორმეტი წლის განმავლობაში საკუთარ თავში ატარა და ახლა პირველად ხელით შეეხო.
ლუკამ მის გვერდით ჩაიმუხლა.
— დარწმუნებული ხარ?
— ეს მისი ჩაფხუტია.

დემეტრემ ჩაფხუტს ხელი არ მოკიდა, მხოლოდ უყურებდა. შემდეგ კარადის ქვედა ნაწილში პატარა რკინის ყუთი შენიშნა. ლუკამ ამოიღო — ჩაკეტილი არ იყო. შიგნით რამდენიმე ფურცელი და პატარა ბლოკნოტი იდო. პირველივე გვერდზე თარიღი ეწერა: თორმეტი წლის წინ.
დემეტრემ ბლოკნოტი გახსნა. რამდენიმე გვერდი სამუშაო ჩანაწერი იყო — გაზის მაჩვენებლები, ცვლის დრო, შენიშვნები ვენტილაციაზე. ერთ გვერდზე ერთი ციფრი რამდენჯერმე იყო გადახაზული. მეორეზე ეწერა: „სავენტილაციო სისტემა ისევ არ მუშაობს სრულად. ცვლას მაინც არ აჩერებენ.“
ხოლო ბოლო გვერდზე მხოლოდ ერთი, მძიმე წინადადება დარჩენილიყო:
„ყველამ იცის.“
ლუკამ წაიკითხა. ამჯერად არც ერთს არ გაუცინია.
**
ზედაპირზე თომამ საათს დახედა — ოცდაცხრა წუთი იყო გასული.
უეცრად რადიოში შუილი და უცხო ხმა გაისმა. მან თავი ასწია.
— არა...

სიხშირე სწრაფად შეცვალა, მაგრამ მეორე არხზეც იგივე ხმა ისმოდა: დაცვის მანქანა. თომამ სწრაფად გახსნა რუკა — ორი მანქანა მაღაროს ქვედა გზაზე მოძრაობდა, პირდაპირ იმ მიმართულებით, საიდანაც დემეტრე და ლუკა უნდა ამოსულიყვნენ.
თომამ ცივად გათვალა რისკი. რადიოში სხვა სიხშირე ჩართო და მშვიდი, ოფიციალური ხმით თქვა:
— ცენტრალურ პუნქტს, ყურადღება. ძველ დასავლეთ სექტორში მოძრაობა დაფიქსირდა. მესამე დონეზე, ძველი სავენტილაციო არხთან.

მან რადიო გამორთო. რამდენიმე წუთში დაცვის მანქანების შუქები სხვა, ცრუ მიმართულებით გადაერია.
თომამ საათს დახედა: ორმოცი წუთი.
ზუსტად იმ დროს გვირაბიდან ლუკას ხმა გაისმა:
— თომა!
თომა ფეხზე წამოხტა. ორი ფიგურა ნისლიდან გამოჩნდა. დემეტრეს ხელში პატარა რკინის ყუთი ეჭირა, ლუკას კი — გიორგის ჩაფხუტი და მუშის ლითონის ჟეტონი.
თომამ მათ შეხედა.
— რამე გაქვთ?
დემეტრემ თავი დაუქნია.
— საკმარისი.
თომამ საათს დახედა:
— ორმოცი წუთი და შვიდი წამი. რეკორდია. მაშინ წავედით, სანამ მიხვდებიან.

****
ანის სახლში იმ ღამეს ოთხივე შეიკრიბა.
ელენე ბებიას უკვე ეძინა. სამზარეულოში მხოლოდ პატარა ნათურა ენთო. მაგიდაზე ჩაი იდგა, თეფშზე პურის ნაჭრები და ყველი. ანიმ მათ შეხედა და მაშინვე მიხვდა, რომ არც ერთს ჭამა არ ეპიტნავებოდა.
— თუ ახლა კიდევ ვინმე მეტყვის, რომ მაღაროში მეორედ ჩასვლა კარგი იდეა იყო, — თქვა მან, — ჩაის საერთოდ აღარ დაგისხამთ.

ლუკამ პური აიღო.
— მე არაფერი მითქვამს.

— შენ შენი სახით თქვი.
თომამ ჩაი გადაიწია. დემეტრე ჩუმად იჯდა. მის წინ, მაგიდის ცენტრში, გიორგის ჩაფხუტი, პატარა ლითონის ჟეტონი და რკინის ყუთი იდო. ანი დიდხანს უყურებდა მათ.
— ეს...
დემეტრემ თავი დაუქნია.
— ვიპოვეთ.
ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. ელენე ბებიას ოთახიდან საათის მონოტონური წიკწიკი ისმოდა.

ლუკამ ჩაის ჭიქა ასწია.
— კარგი ამბავი ისაა, რომ ცოცხლები ვართ.
თომამ დაამატა:
— ცუდი ამბავი ისაა, რომ შენ ისევ მანქანის მართვა მოგიწევს.

ლუკამ გაბრაზებული შეხედა.
— რა შუაშია ჩემი მანქანა?
დემეტრემ პირველად გაიღიმა.
— იმიტომ, რომ ამ მანქანით მეორედაც ვერ ჩამოვედით სახლში ნორმალურად.
— მანქანა ნორმალურია!
— მანქანას თუ არ ჩავთვლით, რომ მუხრუჭები აქვს მხოლოდ მაშინ, როცა თვითონ უნდა.
ლუკამ თავი გადააქნია.
— თორმეტი წელი დაგვჭირდა იმის გასაგებად, რომ შენ მართლა საშინელი იდეების მოფიქრება გცოდნია.

დემეტრემ ჩაი მოსვა.
— შენც საშინლად ცუდი მძღოლი ხარ.
ანი სიცილს ვეღარ შეიკავებდა. თომამ თავი დახარა, მაგრამ მალე ისიც აჰყვა. ლუკამ ჯერ გაბრაზებულმა შეხედა ყველას, შემდეგ თვითონაც გაიცინა.
სიცილი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ საკმარისი იყო. ოთხივემ იცოდა, რომ მეორე დღეს ისევ ექნებოდათ მიზეზი ერთმანეთისთვის ეთქვათ, რომ ჭკუა არ ჰქონდათ.
და მაინც, იმ ღამეს, ძველი სამზარეულოს პატარა მაგიდასთან, ოთხი სკამი ისევ ოთხ ადამიანს ეკუთვნოდა. თორმეტი წლის შემდეგ ეს უკვე ბევრს ნიშნავდა.
მაგიდაზე, მათ შორის, გიორგის ჩაფხუტი, მუშის ჟეტონი და პატარა რკინის ყუთი იდო. ყუთში კი — ქალაქის მიერ თორმეტი წლის განმავლობაში დამალული პირველი ნამდვილი ხმა.



თავი XV


ქალაქი იღვიძებს
დილით ჭიათურამ ჩვეულებრივზე ადრე გაიღვიძა.
ნისლი ჯერ კიდევ ხეობის გულზე იწვა, მძიმე, ნესტიანი საბანივით, და სახლების ჟანგიან სახურავებს მხოლოთ ნაწილ-ნაწილ აჩენდა. ყვირილას თავზე ჩამოწოლილი თეთრი ორთქლი კლდეების შავ ხვრელებში იკარგებოდა. საბაგიროს ძველი, დაჭიმული ტროსები ქარში ისე ირხეოდნენ და წკრიალებდნენ, თითქოს მთელი ღამე თვალი არ დაუხუჭავთო. სადღაც მაღლა, ნატეხივით ჩამოკიდებული ლითონის კაბინა შექანდა და თავისი ჩვეული, გაწელილი, ადამიანური ხმასავით მძიმე ჭრიალით დაიძრა.
ქალაქში გარეგნულად არაფერი შეცვლილიყო და სწორედ ეს იწვევდა ტანში ჟრუანტელს.
პურის საცხობთან რიგი ისევ დილის შვიდზე დამდგარიყო. ავტოპარკთან ისევ ეყენა გახურებული ზეთისა და ჭვარტლის მძაფრი სუნი. მაღაროს ავტობუსები ისევ მიღოწავდნენ აღმართებზე — ერთმანეთის მიყოლებით, დაბურული, ნამიანი მინებითა და იმ კაცების დაღლილი პროფილებით, რომლებსაც თვალების გარშემო მანგანუმის შავი ნატვიფრი არასოდეს სცილდებოდათ. ბავშვები სკოლისკენ მიიჩქაროდნენ, მოხუცები — მაღაზიების წინ, დახერხილ სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ.
მხოლოდ ადამიანების მზერა იყო შეცვლილი.
ვინც იცოდა, ერთმანეთს თვალებში სხვანაირად, ჩვეულებრივზე ოდნავ დიდხანს უყურებდა. ვინც არაფერი იცოდა, იმასაც კი რაღაც გაეგო.
****
ღამით ანისთან ოთხივე დიდხანს არ დარჩენილა.
მტკიცებულებები თომასთან წამოიღეს, მაგიდაზე, ძველი, ნავთიანი ტილოს ქვეშ დამალული: გიორგის ჩაფხუტი, ჯაჭვის ნაწილი, მძიმე ბოქლომი, ფოტოები და დღიურიდან ამოღებული ჩანაწერები. დემეტრემ დილით ადრე წამოიღო მხოლოდ ერთი ფოტო და მამის ლითონის ჟეტონი. დანარჩენი თომასთან დატოვეს.
„ერთ ადგილას ყველაფრის შენახვა სიგიჟეა, — თქვა თომამ, როცა ნივთებს ტილოს აფარებდა. — თუ მოვლენ, ყველაფერი ერთად არ უნდა იპოვონ.“
ლუკას არაფერი უპასუხია. მხოლოთ თავი დაუქნია. წინა ღამით, ანის სამზარეულოში ნათქვამი ნახევრად მწარე ხუმრობები ისევ ახსოვდათ, მაგრამ დილით სიცილი აღარავის გამოსდიოდა. იმ ღამეს მათ პირველად ეჭირათ ხელში ის, რასაც თორმეტი წლის განმავლობაში მხოლოდ ობოლის ეჭვითა და მოგონებებით ატარებდნენ. ეს აღარ იყო ზღაპარი. ეს იყო ნივთი — ცივი, ჟანგიანი ლითონი, რომელიც შეიძლებოდა ხელში დაგეჭირა და გეთქვა: ეს ასე მოხდა.
მეორე დილით კი უკვე აშკარა გახდა, რომ ქალაქის მძიმე, გაქვავებულ სხეულშიც რაღაცამ გაიღვიძა.
პირველად ეს ბაზარში დაიწყო.
— შენ გაიგე? — ჰკითხა ერთმა ქალმა მეორეს, როცა ოხრახუშის კონას ყუნწებს აჭრიდა.
— რა?
— იმ ძველ საბადოზე რომ ჩავიდნენ.
მეორემ თავი ისე გააქნია, თითქოს არც გაეგონოს და არც გაგონება ნდომებოდეს:
— ვინ ჩავიდა, ქალო?
პირველმა ოდნავ დახარა ხმა და მხრები შეიშმუშნა:
— ვინ და... ბარათელის ბიჭი.

მესამე ქალი, რომელიც მათ გვერდით პომიდვრებს არჩევდა, ჩუმად, გაუხედავად ჩაერია:
— ბარათელის ბიჭი მარტო აღარ არის.
სამივე დადუმდა. მეოთხე დახლიდან, სადაც ყველი ეწყო, მოხუცმა კაცმა ჩაიცინა:
— ამ ქალაქში ერთხელ რომ რაღაცას გაიგებ, მერე ვეღარავინ გაარჩევს, ვინ თქვა პირველად და ვინ მოიგონა ბოლოს.

ასე დაიწყო. არც გაზეთში გამოქვეყნებულა, არც ტელევიზიით უჩვენებიათ, არც ვინმეს ოფიციალური განცხადება გაუკეთებია. უბრალოდ, ერთი ადამიანი მეორეს რაღაცას ჩასჩურჩულებდა, მეორე მესამეს გადასცემდა, მესამე კი უკვე იმ დეტალს ამატებდა, რომელიც თვალით არ ენახა, მაგრამ გულით ხვდებოდა.

საღამოსთვის უკვე ამბობდნენ, დემეტრემ საბადოდან მთელი არქივი ამოიღოო. მეორე დღეს — იმ ღამით დაღუპული მუშების პირადი ნივთებიც იპოვესო. მესამე ვერსიით კი — ჩამონგრეულ გვირაბში თორმეტი წლის წინანდელი ჩანაწერები ეწყო, სადაც ყველა გვარი ეწერა, ვინც ბრძანება გასცა.

ჭიათურას ჭორების გამრავლება ყოველთვის ოსტატურად გამოსდიოდა. სიმართლის გამრავლება — ცოტა უფრო გაჭირვებით. მაგრამ ამჯერად რაღაც განსხვავებული ხდებოდა: ჭორს ქვემოდან სიმართლის სიმძიმე ეჭირა.
***
დემეტრე შუადღისკენ ელენე ბებოს სახლთან ჩავიდა.

ეზოში, ძველ ჭიშკართან, ჯერ კიდევ ეკიდა წინა წლის გამხმარი, ოქროსფერი სიმინდის ტაროები. კედელთან ის ძველი, საღებავგადაცლილი სკამი ედა, რომელზეც ბავშვობაში ხშირად ისხდნენ ოთხივე — ზოგჯერ ისე, რომ საათობით არც ერთს არ ჰქონდა სათქმელი არაფერი, და მაინც ვერავინ ამოძრავებდა იმ ადგილიდან.

კარი ღია დახვდა.

— შემოდი, შვილო, — გაისმა შიგნიდან ელენეს ხმა, სანამ დემეტრე ზღურბლს გადააბიჯებდა.

დემეტრემ ფეხსაცმელი კართან გაიხადა. სამზარეულოდან ერბოში შეწvariable კარტოფილისა და მწვანილის ნოსტალგიური სუნი მოდიოდა.
— ლუკამ დილით დამირეკა, — უთხრა ელენემ ისე, რომ ტაფისთვის თვალი არ მოუცილებია. — მითხრა, დემეტრეს მშიერი ნუ გაუშვებ, თორემ ისეთი სახე აქვს, თითქოს მთელი მსოფლიოს დარდი მარტომ უნდა შეჭამოსო.
დემეტრეს ოდნავ გაეღიმა.
— თვითონ ვერ მეტყოდა?
— შენ ხომ იცი ეგ ბიჭი, — ელენემ ხის კოვზი გადადო და შემოტრიალდა.

დემეტრემ თავი დახარა. ზუსტად ასე იყო. ლუკას სიყვარული ყოველთვის უხეში, მზრუნველი და ცოტა აგრესიულიც კი იყო —
ელენემ თეფში პირდაპირ წინ დაუდო.
— ჭამე.
— ბებო, მე არ
— ჭამე-მეთქი, ნუ მეთამაშები.
დემეტრემ აღარ იკამათა. პირველი ლუკმის შემდეგ ელენემ თითქოს შემთხვევით, თითების წმენდით ჰკითხა:
— თომასთან იყავი?
— ვიყავი.
— ისევ რაღაცებს ქექავთ, ხომ?

დემეტრემ ახედა. ელენემ პურის ხრაშუნა ნაჭერი ჩამოჭრა და კუთხეში დაუდო.
— არ მიყურო ეგრე, დემეტრე. მე რომ ბებერი ვარ და თვალები მატყუებს, სულელი ხომ არ გავმხდარვარ. თქვენი თვალები ბავშვობიდან ვიცი, რა ფერიც ხდება, როცა რაღაცას აშავებთ... ან როცა სიმართლეს ეძებთ.

დემეტრეს სითბომ დაუარა გულზე.
— არაფერს ვაშავებთ, ბებო.
— ვიცი, შვილო. ზოგჯერ სიმართლის ძიება უფრო დიდი დანაშაულია ამ ქალაქში, ვიდრე ტყუილის. აბა, ჭამე.
რამდენიმე წუთი მხოლოდ ჩანგლისა და ჭურჭლის ჩუმი ხმა ისმოდა. შემდეგ გარედან, ორმოს ქვიშაზე, მძიმე საბურავების ხრიალი გაისმა. დემეტრემ ფანჯარაში გადაიხედა. შავი ჯიპი ქუჩის ბოლოში ნელა, თითით საჩვენებლად ჩამოდიოდა.
ამჯერად მანქანა უბრალოდ არ ჩაუვლია. გაჩერდა.
უკანა კარი გაიღო და სანდრო ამირეჯიბი გადმოვიდა.
ელენემაც გადაიხედა.
— ეგ ბიჭი მამაშენს ჰგავს, — თქვა მან უეცრად.
დემეტრე შეიჭმუხნა.
— სანდრო?
— ჰო. თვალებით. ოღონდ მამაშენი სიმართლეს ეძებდა და თვალები ეწვოდა, ეს კიდევ სხვის სიმართლეს დაეძებს და თვალები უცივდება. უფრო მოუთმენელია.
სანდრომ ქუჩას გადახედა, თითქოს ჰაერში მტვრის მარცვლებს ითვლიდაო, და ბოლოს მათი ეზოსკენ გამოიხედა. რამდენიმე წამს ასე იდგა — ძვირფას პიჯაკში, მტვრიან ჭიათურაში. შემდეგ ისევ მანქანაში ჩაჯდა. ჯიპი ნელა დაიძრა.

— ახლა უკვე იციან, რომ ჩვენ ვიცით, — ჩაილაპარაკა დემეტრემ.
ელენემ თეფშიდან პურის ნამცეცები მუჭში მოაგროვა.
— იცოდნენ თუ არა, შენ მაინც უნდა ჭამო. მშიერი კაცი სიმართლეს ვერ დაიცავს.

დემეტრემ ამჯერად სიცილი ვერ შეიკავა. ამ მოხუც ქალში ისეთი ბუნებრივი, ურყევი სიმშვიდე იდო, რომ გვერდით დგომისას შიში უბრალოდ ფორმას კარგავდა.
**
იმავე საღამოს ნიკა სახლში ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა.
ლუკა ავტოპარკიდან ჯერ არ მოსულიყო. ნიკამ კარი შეაღო, სამუშაო, მანგანუმით დასვრილი ჩექმები დერეფანში დატოვა და პირდაპირ სამზარეულოში შევიდა. დედის ადგილას, სადაც წლების განმავლობაში არავინ იჯდა, ახლა ისევ ცარიელი სკამი იდგა. მათი ოჯახი დიდი ხანია ასე ცხოვრობდა — ერთმანეთის გვერდით, ერთ ჭერქვეშ, და მაინც ისე, თითქოს თითოეულს თავისი პატარა, გამაგრებული ციხესიმაგრე ჰქონდა.
ნიკამ მაცივარი გამოაღო.
— არაფერი გვაქვს, — ჩაილაპარაკა თავისთვის.
— შენ თვითონ იყიდე რამე, ფეხები ხომ გაქვს, — გაისმა ლუკას ხმა ზღურბლიდან.
ნიკა შემოტრიალდა.
— როდის მოხვედი?
— ახლა.
ლუკამ ძმა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა. ჩვეული, ზედმეტად დაძაბული მზერით.
— რა მოხდა?
— არაფერი.
— ეგ „არაფერი“ რატომ გაქვს სახეზე აწერილი?
ნიკამ ჩაიცინა და სკამზე ჩამოჯდა.
— შენ რომ ასე მიყურებ, მართლა რამე უნდა ხდებოდეს?
ლუკამ ინსტრუმენტების ჩანთა იატაკზე დაახეთქა.
— დღეს სად იყავი?
ნიკამ რამდენიმე წამს ჩუმად უყურა.
— ჩვეულებრივ სექტორში. №2-ში.

ლუკას სახე წამში შეეცვალა, ყბები დაეჭიმა.
— მართლა?
— მართლა.
— არ გადაგიყვანეს?
ნიკამ ამოიოხრა და თვალები არიდებინა.
— არა. მაგრამ...
— მაგრამ რა, ნიკა? პირდაპირ თქვი!
— დილით ოსტატმა მითხრა, რომ ხვალ შეიძლება სხვა ცვლაში გადამიყვანონ. ქვედა, ძველ გვირაბებში.

ლუკა გაჩუმდა. ოთახში ჰაერი გამკვრივდა.
ნიკამ მაშინვე დაამატა, ძმის რეაქციით შეშინებულმა:
— შეიძლება არც გადავიდე. ჯერ არაფერი უთქვამს საბოლოოდ, უბრალოდ სიაში ეწერა ჩემი გვარი.
ლუკამ თავი დაუქნია.
— კარგი.

სიტყვა მოკლე იყო, მშრალი, მაგრამ ნიკამ თორმეტი წლის გამოცდილებით იცოდა, რასაც ნიშნავდა ეს „კარგი“. ლუკა ისევ ღელავდა, ისევ ისე ეშინოდა ძმის დაკარგვის, როგორც ადრე. მხოლოთ ამჯერად მისი შიში დემეტრეს წინააღმდეგ აღარ მიდიოდა — ლუკა უკვე იმავე მხარეს იდგა, სადაც დემეტრე, და იმავე უფსკრულს უყურებდა.

ნიკამ მაცივარი დახურა.
— შენ და შენი მეგობრები რას აკეთებთ?
ლუკამ მას შეხედა.
— ჯერ არ ვიცი.
— ტყუილია.

— რატომ არის ტყუილი?
— იმიტომ, რომ ბავშვობიდან, როცა ამბობ „არ ვიცი“, უკვე ყველაფერი იცი და უბრალოდ ჩემგან მალავ.
ლუკას ოდნავ გაეღიმა — მწარედ, თბილად.
— შენ პატარა რომ იყავი, ძალიან ბევრს ლაპარაკობდი.
— ახლა?
— ახლა კიდევ უფრო მეტს ლაპარაკობ და ჭკუას მარიგებ.

ნიკამ სიცილით თავი გააქნია. რამდენიმე წამით ოთახში ძველი, ჩვეულებრივი, ბავშვობისდროინდელი სიმშვიდე დაბრუნდა.

შემდეგ კარზე ხისტი, მოკლე კაკუნი გაისმა.
ორივემ იქით გაიხედა. ლუკა კართან მივიდა და ურდული გადასწია. კართან მეზობელი ქალი — მარინე იდგა, შალით თავგადახვეული.
— ნიკა, — უთხრა მან პირდაპირ, — ხვალ შენი ცვლა დილისაა. №5 სექტორში.
ნიკამ წარბები შეკრა.
— საიდან იცით, დეიდა მარინე?
ქალმა მხრები აიჩეჩა.
— ჩემი ძმა ადმინისტრაციაში მუშაობს, სიებს ბეჭდავს. — შემდეგ ლუკას შეხედა, თვალებში ჩახედა და ხმა დაუწია: — უბრალოდ... თუ რამე შეიცვლება, მე შეგატყობინებთ.
ლუკამ ყბა შეიმაგრა.
— რატომ გვეხმარებით?
ქალმა პასუხამდე ცოტა ხანს იფიქრა. თვალები აუცრემლიანდა, მაგრამ მალევე შეიკავა თავი.
— იმიტომ, რომ მაღაროში დაღუპულებს ვიცნობდი. ისინი კარგი კაცები იყვნენ და იმიტომ, რომ ჩემი ძმაც იმ ღამეს იქ უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ფეხი ჰქონდა მოტეხილი...

ქალი შეტრიალდა და სიბნელეში სწრაფად წავიდა.
ლუკა კართან დიდხანს იდგა, სახელურზე ხელმოჭერილი.
ნიკამ უკანიდან ჩუმად, თითქმის ჩურჩულით ჰკითხა:
— ახლა უკვე მართლა გეშინია?
ლუკამ კარი ნელა დახურა.
— ჰო. ახლა მართლა მეშინია.
***
მიხეილის სახლში იმავე დროს სუფრა თითქმის უხმაუროდ იშლებოდა.
მიხეილი მაგიდის თავში იჯდა, დინჯი, გაქვავებული სახით. სანდრო — მის მარჯვნივ, ლილე — მათ პირდაპირ. სუფრაზე ძვირფასი, ბროლის ჭურჭელი იდგა, მაგრამ საჭმელს თითქმის არავინ ეკარებოდა. ჩანგლის ყოველი შეხება თეფშთან ტყვიის გასროლასავით ჟღერდა.
— ქალაქში ბევრი ლაპარაკია, — თქვა სანდრომ და ღვინის ჭიქა დაატრიალა.
ლილემ თავი არ ასწია.
— ქალაქში ყოველთვის ბევრს ლაპარაკობენ.
— ამჯერად სხვანაირად.
მიხეილმა წყალი მოსვა.
— რამდენად სხვანაირად?
— ბარათელზე უკვე ყველამ იცის. ამბობენ, რომ საბადოდან რაღაც ამოიტანეს.
ლილემ თითები მაგიდის ქვეშ ერთმანეთში გადახლართა, რომ თაკარა კანკალი დაემალა. სანდრომ ეს შეამჩნია და მას მიუტრიალდა.
— შენც იცი რამე?
— რა უნდა ვიცოდე?
— შენ მას ელაპარაკე.
მიხეილმა მძიმე თვალები შვილს მიაპყრო.
— სანდრო.

ერთი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ოთახში ტემპერატურას დაეკლო. მაგრამ სანდრო არ გაჩერდა.
— მე უბრალოდ ვკითხე, მამა.
— და მე გიპასუხე.
— არა, მამა, — სანდროს ხმაში შხამიანი სიმშვიდე გაჩნდა. — შენ მიპასუხე ისე, როგორც ყოველთვის, როცა რაღაცის დამალვა გინდა. თითქოს ჭიათურა შენი პირადი ეზო იყოს და აქ არაფერი ხდებოდეს შენი ნებართვის გარეშე.
ლილემ პირველად შეხედა ძმას თვალებში.
— საკმარისია, სანდრო.
სანდრომ გაეღიმა.
— შენს გამო ვამბობ, ლილე.
— ჩემს გამო არაფერს ამბობ. შენი ამბიციების გამო ამბობ.
— მართლა?
ლილეს ხმაში პირველად გაჩნდა ისეთი სიმტკიცე, რომელიც მიხეილის ქალიშვილს ეკადრებოდა:
— მართლა.
სანდრომ სკამზე უკან გადაიწია. მიხეილი მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად უყურებდა ორივეს.
— ლილე, — თქვა ბოლოს, დაბალი, ურყევი ხმით. — ხვალ კულტურის ცენტრში აღარ წახვალ.
— რატომ?
— ცოტა ხნით სახლში დარჩები.
— რატომ-მეთქი, მამა?
— იმიტომ, რომ ასე ჯობია.
— ვისთვის ჯობია?
მიხეილმა შვილს შეხედა.
— შენთვის.

ლილემ პირველად ვერ დაიჯერა, რამდენად ჩვეულებრივად, ყოველდღიურად წარმოთქვა მამამ ეს სიტყვა — „შენთვის“.
— მამა, მე ბავშვი აღარ ვარ. მეც ამ ქალაქში ვცხოვრობ და ვხედავ, რა ხდება.
— ვიცი.
— მაშინ ნუ მექცევი ისე, თითქოს საკუთარი ოთახიდან გამოსვლა ჩემივე უსაფრთხოებისთვის იყოს აკრძალული!
სანდრომ წყნარად ჩაიცინა.
— შეიძლება ამჯერად გარეთ გამოსვლა მართლა საშიში იყოს, ლილე.
ლილემ ძმას შეხედა.
— შენ რატომ გიხარია?
სანდროს სახიდან ღიმილი წამში გაქრა.
— არ მიხარია.
— გიხარია. შენ ყოველთვის გიხარია, როცა სხვას ეშინია, იმიტომ რომ მაშინ შენი შიში ნაკლებად ჩანს.
მიხეილმა მაგიდაზე ხელი მძიმედ დაარტყა:
— ლილე!
მაგრამ ამჯერად ლილე აღარ გაჩუმდა.
— მე არაფერი დამიშავებია!
— არც მე მითქვამს, რომ დააშავე, — მიუგო მიხეილმა.
— მაშინ რატომ მაკონტროლებთ?! რისი გეშინიათ? სიმართლის?!
მიხეილმა პასუხი არ გასცა. ეს დუმილი უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი ყვირილი.
სანდრო წამოდგა, პიჯაკი ისწორა.
— მე მას ოთახამდე მივაცილებ.
— არ მჭირდება, — თქვა ლილემ.

— არც მუნიციპალიტეტს სჭირდება ზედმეტი სკანდალები, ლილე, — მშვიდად უთხრა სანდრომ. — ასე რომ, წადი შენს ოთახში.
ლილემ არაფერი უპასუხა, ფეხზე წამოდგა და სუფრა დატოვა. კარის დახურვის შემდეგ ოთახში მხოლოთ მიხეილი დარჩა. მან თავი ხელებში ჩარგო. სანდრომ კართან შეყოვნდა, მამას გადახედა და ჩუმად თქვა:
— ის შენზე ზრუნავს, მამა... უბრალოდ ვერ ხვდება, რას ნიშნავს ამ ქალაქის ჭერა.

სანდრო სახლიდან პირდაპირ ქალაქში ჩავიდა.
მანქანით ქვედა უბანში გადავიდა, სადაც ქუჩის ლამპიონები თითქმის არ ანათებდა. ერთ-ერთი ძველი, დახურული მაღაზიის წინ გაჩერდა, სადაც ჩრდილში ორი კაცი ელოდა.
— რამე გაიგეთ? — ჰკითხა სანდრომ, ფანჯარა ოდნავ ჩამოწია.
— ჯერ არაფერი კონკრეტული, ბატონო სანდრო.
— თომა?
— სახელოსნოშია. კარს შიგნიდან იკეტება, სინათლე ანთია.
— დემეტრე?
— ელენესთან იყო. ახლა ლუკასთან წავიდა.
სანდრომ საათს დახედა.
— ოთხივე ერთად არიან?
— ჯერ არა.
სანდრომ თავი დაუქნია.
— ოთხივე ერთად აღარ მოძრაობს...
ერთ-ერთმა კაცმა იკითხა:
— ეს კარგია ჩვენთვის?
სანდრომ მისკენ ნელა გაიხედა.
— არა. ეს უარესია. ცალ-ცალკე მათი შეშინება შეიძლებოდა, როცა იცოდი, სად იყვნენ. ახლა კი არ იცი, რომელი სად რას ამზადებს. ერთად — ეს ბავშვური აჯანყება იყო. ცალ-ცალკე — უკვე ქსელია.

მან ფანჯარა ასწია და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.
საღამოს თომას სახელოსნოში პირველი სტუმარი მეზობელი ბიჭი — გიგი იყო.
— ეს შენია, — თქვა მან და მაგიდაზე მძიმე, ზეთიანი ჩანთა დაუდო.
თომამ ჩანთა გახსნა. შიგნით რამდენიმე ელექტრონული დეტალი, სადენები და ორი პატარა, მუშა აკუმულატორი ეწყო.
— საიდან? — ჰკითხა თომამ.
— ჩემი ბიძაშვილისგან. ავტოპარკში მუშაობს.
— რამდენია გადასახადი?
— უფასოდ.
თომამ გაკვირვებით შეხედა.
— უფასოდ ჭიათურაში ჰაერსაც არ იძლევიან, გიგი. რატომ?
ბიჭმა მხრები აიჩეჩა, თვალები აარიდა.
— შენ გჭირდება. რადიოებს ხომ აწყობ... ხოდა, დაგჭირდება.
— ეგ პასუხი არ არის.
— მაშინ ჩათვალე, რომ ვალი გაქვს.
— ვისთან?
— მთელ ქალაქთან, — უთხრა ბიჭმა სრულიად სერიოზულად, გაიღიმა და კარიდან სწრაფად გავარდა.

თომა კართან იდგა, სანამ ბიჭის ნაბიჯების ხმა სიბნელეში არ ჩაქრა. შემდეგ აკუმულატორები მაგიდაზე დადო. რამდენიმე წუთში ტელეფონმა იბზუილა.
ანი იყო.
— სად ხარ?
— სახელოსნოში.
— დემეტრე?

— ლუკასთან წავიდა, მგონი.
ანი ცოტა ხნით გაჩუმდა. მილში მისი სუნთქვა ისმოდა.
— საავადმყოფოში ისევ მეკითხებიან არქივებზე.
თომას ხმა შეეცვალა, წელში გასწორდა.
— პირდაპირ?
— არა. უბრალოდ... დღეს ერთმა მთავარმა ექიმმა ჩაის დალევისას თქვა, რომ „ზოგი ძველი საქმე ჯობია ძველად დარჩეს, თორემ ახალ საქმეებს შეეშლება ხელი“.
— შენ რა უთხარი?
— რომ ზოგი ექიმიც ჯობია თავის ავადმყოფებს მიხედოს და სხვის რეცეპტებში ნუ იხედება.
თომამ ჩაიცინა.
— აი, ეგ ანი მომენატრა.
— ბავშვობიდან არ მოგენატრა?
— ბავშვობიდან საშიში ხარ, უბრალოდ ახლა დიპლომიც გაქვს.
— ეგ ლუკას უთხარი. თვითონ თვლის, რომ ამ ქალაქში ყველაზე საშიში ტიპია, თავისი ჩატეხილი მანქანით.
ანი კვლავ გაჩუმდა.
— თომა...
— ჰო?
— შენ გეშინია?
თომამ სახელოსნოს გადახედა. ფანჯრის მიღმა ნისლი უკვე ქუჩის ფანარებს ყლაპავდა.
— კი. ძალიან.
ანი რამდენიმე წამს არაფერს ამბობდა.
— მეც.
— და მაინც აკეთებ, ხომ?
— შენც აკეთებ.

— ხოდა, მაშინ ოთხივე გიჟები ვართ.
ანიმ გაიღიმა, ეს ხმაზეც ეტყობოდა.
— ოთხივე.
ზარი დასრულდა. თომამ ტელეფონი მაგიდაზე დადო. იმავე წამს კარზე ორჯერ, ფრთხილად დააკაკუნეს. ის სწრაფად შემოტრიალდა, ხელი ავტომატურად ჩაქუჩისკენ წავიდა.
კარის მიღმა მაღაროელის ფორმიანი ახალგაზრდა ბიჭი იდგა.
— რა მოხდა? — ჰკითხა თომამ.
— არაფერი.
— მაშინ რატომ მოხვედი ამ დროს?
ბიჭმა გარშემო გაიხედა და დაბალი, ჩახრიწული ხმით თქვა:
— ხვალ დილით ლუკას ძმას ცვლას უცვლიან. №5 სექტორში გადაჰყავთ. იქ, სადაც გაზის გაჟონვა იყო გასულ კვირას.
თომა დაიძაბა.
— საიდან იცი?
— ჩემი ახლობელი ადმინისტრაციაში მუშაობს. სიები უკვე ხელმოწერილია.
— მადლობა, — თქვა თომამ.
ბიჭმა კარის სახელურს ხელი მოჰკიდა, შეყოვნდა.
— თომა... ერთ რამეს გეტყვი.
— თქვი.
— ჩვენ ყველამ ვიცოდით მაშინაც. თორმეტი წლის წინ. მამაჩემიც იქ იყო.
თომამ არაფერი თქვა.
ბიჭმა თავი დახარა.
— უბრალოდ... მაშინ არავის უთქვამს, იმიტომ რომ ყველას ეშინოდა. ახლა თუ რამეს იტყვით, ჩვენც თქვენს გვერდით დავდგებით.
და წავიდა.

ღამის ათისთვის ოთხივე ისევ ელენე ბებოს სამზარეულოში შეიკრიბა.
ლუკა გვიან მოვიდა, სახეზე შავი ღრუბელი ეწვა. თომამ უკვე ყველაფერი უთხრა ნიკას ცვლის შესახებ. ანი სამზარეულოში იდგა და ჩაის ასხამდა. დემეტრე ფანჯარასთან იჯდა. გარეთ საბაგიროს კაბინა ისევ მიღოღავდა ნისლში.
— ნიკას ცვლა უნდა შევუცვალოთ, — თქვა ლუკამ და მაგიდას ხელი დაარტყა. — ხვალ იმ ჯოჯოხეთში ვერ ჩავა.
— უკვე ვცდილობ, — უპასუხა ანიმ. — საავადმყოფოდან ერთი ექიმი მყავს ნაცნობი, მისი ძმა მაღაროს ბრიგადირია. ავადმყოფობის ფურცელს დავწერ.
— ეგ შეიძლება არ იყოს საკმარისი, — თქვა თომამ. — მიხეილის ხალხი თუ აკონტროლებს სიას, ექიმის ცნობას არ მიიღებენ.
— ვიცი, — თქვა ანიმ.
დემეტრე ჩუმად იჯდა. ლუკამ მას შეხედა.
— შენ რას ფიქრობ?
დემეტრემ თავი ასწია.
— რომ მარტო აღარ ვართ.
ლუკამ წარბი ასწია.
— ეგ უკვე ვიცით, ოთხი ვართ.
— არა. ქალაქს ვგულისხმობ.
ანი ჩაიდნით ხელში გაჩერდა. ელენე ბებო მეზობელი ოთახიდან შემოვიდა, ხელში ძველი შალის შალი ეჭირა.
— რა ქალაქს, დემეტრე? — ჰკითხა მან.
ლუკამ მწარედ ჩაიცინა.
— შენი ქალაქი აჯანყებას აპირებს, ბებო.
— ჩემი ქალაქი? — ელენემ ჩაი ჩაიდო. — თქვენ რა, ამ ხეობის პატრონები ხართ, თუ მიხეილზე უკეთესები?
— არა, — თქვა თომამ. — მაგის სურვილი მიხეილს აქვს — რომ პატრონი ერქვას.
ელენემ მაგიდაზე ჭიქა დადო.
— ნუ დაგავიწყდებათ, სად ცხოვრობთ, ბავშვებო.

ოთხივე გაჩუმდა. ელენემ ფანჯარაში გაიხედა.
— ჯერ კიდევ ჭიათურაში ცხოვრობთ. აქ კედლებს ყურები აქვს... — მან ერთი წუთით შეჩერდა. გარეთ სადღაც ძაღლმა დაიყეფა. მერე შორს მანქანამ ჩაიარა და ხმა კლდეებს შორის დიდხანს ირეკლებოდა. — მაგრამ ზოგჯერ კედლებსაც აქვთ გული. და როცა კედლებს გული უჩნდებათ, ქალაქი ინგრევა ან იღვიძებს.
ლუკამ თავი დახარა. ანიმ ჩუმად გაიღიმა და თომას გადახედა.
დემეტრე ფანჯარასთან მივიდა. ქუჩის მეორე მხარეს, ძველ სახლში, ერთმა მოხუცმა ქალმა ფარდა ოდნავ გადასწია. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ქალმა ფარდა მაშინვე დახურა, მაგრამ რამდენიმე წამში იმავე ფანჯრიდან ისევ გამოჩნდა სინათლე.
შემდეგ მეორე სახლშიც აინთო.
მესამეშიც.
მეოთხეშიც.
დემეტრემ დიდხანს უყურა ამ სინათლეებს. არავინ გამოსულა ქუჩაში, არავის აუღია პლაკატი, არავის დაუძახია. მაგრამ იმ ღამეს პირველად აღარ იყო საჭირო ყვირილი.
ქალაქი ჯერ კიდევ ჩუმად იყო. უბრალოდ, ამჯერად მისი დუმილი მარტო შიშისგან აღარ მოდიოდა — ეს იყო იმ ადამიანების დუმილი, რომლებიც დილის გათენებას ელოდებიან.

****
მოგესალმებით მეგობრებო, ბოდიშს გიხდით დაგვიანების გამო, უკვე ნელ-ნელა დასასრულისკენ მივდივართ და გამიხარდება თქვენს აზრებს თუ მოვისმენ, მადლობა წინასწარ



№1 სტუმარი სტუმარი მაიკო m

ძალიან საინტერესოა, დიდი სიამოვნებით ვკითხულობ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent