მოპარული ფიგურები Iპროლოგი „ბრალეულობა წარსულთანაა კავშირში. პასუხისმგებლობა კი მომავალთან. დანაშაული გამომდინარეობს უკვე გაკეთებული არჩევნიდან; პასუხისმგებლობა კი - არჩევნიდან, რომელსაც აკეთებ ახლა, ყოველდღე და ყოველ წამს.“ მარკ მენსონი ჩაბნელებულ ტყეში ბუს კივილი მოისმოდა. ღამის გრილი ნიავი ხის კენწეროებს ზანტად არხევდა. მაღალ ბუჩქებში ფაჩუნისა და წრიპინის ხმა გაისმა, მცენარის ფოთლები ძლიერად შეირხა და ბილიკზე მინდვრის თაგვმა ისკუპა. ეტყობოდა რაღაცამ დააფრთხო, რადგან შეშინებულმა მთელი ძალით მოცოცხა და მაყვლის შამბნარს შეაფარა თავი. ტყეში ისევ ავისმომასწავებელი სიჩუმე გამეფდა, მხოლოდ ჭრიჭინები ზუზუნებდნენ ბუჩქებში. მუხის ხის ფოთოლს არსაიდან წვეთი დაეცა, პრიალა ზედაპირზე გასრიალდა და მიწისკენ დაეშვა, მაგრამ ნიადაგამდე ვერ მიაღწია - ხის ძირში მოკუნტულ ბიჭუნას ცხვირის წვერზე დაეცა და მთელი სხეულით შეაკრთო. თმაგაჩეჩილსა და სახედაკაწრულს ტუჩები შიშისგან უცახცახებდა. ხის უხეშ ტოტებსა და ეკლიან ბუჩქებზე ალაგ-ალაგ ტანსაცმელი შემოხეოდა. ნაკაწრებიდან კი სისხლი მოჟონავდა, მაგრამ მოჭარბებული ადრენალინის გამო ტკივილს ვერ გრძნობდა. პაწაწინა გული ფეთიანივით უცემდა და უმნიშვნელო გაფაჩუნებაზეც კი გული მტკივნეულად ეკუმშებოდა. მძიმედ სუნთქავდა და მუხის ძირში მიყუჟული ნერვიულად აცეცებდა თვალებს. სიბნელეში სირბილისას მალე გადაუხვია ბილიკს და დაიკარგა - წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყო, ან საით გაეგრძელებინა გზა. ისე ეშინოდა როგორც არასდროს. ბნელში მოკუნტულმა დედა ინატრა მთელი გულით. სასოწარკვეთისგან მდუღარე ცრემლები გადმოსცვივდა. რას არ გაიღებდა, ოღონდაც შინ დაბრუნებულიყო. ალბათ გულგახეთქილი ქალი ყველგან დაეძებდა. დილას სახლიდან გასული, გზიდან გაიტაცეს. ცრემლიანი სახე პატარა ხელებში ჩამალა. აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო შინ. დედა მეორე შვილის დაკარგვას ვეღარ გადაიტანდა. ამის გაფიქრებაზე კიდევ უფრო გააკანკალა. უცებ ტყის სიღრმიდან რაღაცამ გაიტკაცუნა და დაფეთებულმა ელვის სისწრაფით აიღო თავი. შიშისგან დამრგვალებული თვალები ბნელს მოატარა, მაგრამ ვერაფერი გაარჩია. ტკაცუნი განმეორდა, თითქოს ვიღაც ან რაღაც ხმელი ხის ტოტებზე დააბიჯებდა. ცივმა ჟრუანტელმა კისრიდან დაუარა და მთელ სხეულს მოედო შხამივით. - საააიიიმოოოონ! შემოესმა შემპარავი ხმა შორიახლოდან. დამფრთხალი მაშინვე ფეხზე წამოვარდა. - გეყოს დამალობანას თამაში. ტყეში ღრმად თუ შეხვალ ნადირი შეგჭამს. გააფრთხილა მეგობრული ტონით. ხმა უფროდაუფრო ახლოვდებოდა. ბევრი აღარ უფიქრია, მაშინვე ისკუპა სამალავიდან და ანგარიშმიუცემლად მოცოცხა ტყის სიღრმისკენ. მათ ხელში ჩავარდნას, ისევ მგლის ხახაში ჩახტომა ერჩია. მდევარი მაშინვე უკან გამოუდგა. საიმონი მთელი ძალით გარბოდა. მიუხედავად იმისა რომ ძალა აღარ ჰქონდა ფეხებში და მუხლები ეკეცებოდა, გაჩერება ვერ გაბედა. უკანასკნელი ძალებით გადაახტა მოზრდილი კუნძს, უშნოდ გამოშვერილ მოტეხილ ტოტს წამოედო და ძირს გაიშალა. სანამ დაყვირებას მოასწრებდა, თავს დააცხრნენ და პირზე ხელი ააფარეს... ****** 2001 წელი, არეშიძეების მამული, 10:30წთ, კახეთი. გალიაში გამომწყვდეული თეთრი მტრედები ღუღუნით ელოდნენ თავიანთ რიგს. ყოველ ხმამაღალ გასროლაზე კი, დაფეთებულები, ფრთხიალებდნენ ცხრაკლიტურში. ცდილობდნენ, თავი მეწყვილის ტანში ჩაემალათ, იქნებ ულვაშიანს ვერ შეემჩნია და გარეთ არ გამოეშვა სიკვდილთან შესახვედრად. მოშორებით, მოწნულ სკამზე მჯდომ ახალგაზრდა ქალს, ნერვებისგან მთელი სხეული დასჭიმვოდა და დროდადრო შეუმჩნევლად იწმენდდა სახეზე ჩამოგორებულ ცივ ცრემლებს. რვა წლის ქოჩორა ბიჭს მკერდზე იხუტებდა და ყოველი გასროლისას ყურებზე აფარებდა ხელს. პატარა გიგი ინტერესით სავსე მზერით მისჩერებოდა ბაბუას, როგორ ტენიდა ვაზნებს ორლულიან სანადირო იარაღში. სანახაობა თან აინტრიგებდა და თან ზიზღს ჰგვრიდა. დამბაჩის გადატენვისას ზამბარასავით ეჭიმებოდა პატარა სხეული, თუმცა გაფაციცებით ადევნებდა თვალს ბაბუამისის თითოეულ მიმიკასა თუ მოძრაობას. აღფრთოვანებდა მისი ბასრი და მტაცებლური გამოხედვა, როგორი ყურადღებით ადევნებდა თვალს ზეცისკენ აჭრილ ფრინველს... შემდეგ კი სანახაობის ყველაზე მძიმე მომენტი დგებოდა. ცხელი ტყვია თოვლივით თეთრ მტრედს მომენტალურად ეწეოდა გზაში და უსულოდ ანარცხებდა მიწაზე. სისხლში ამოთხვრილი ფრინველის დანახვაზე, მის პაწია სხეულში რაღაც ძალიან ცივი და მტკივნეული იღვრებოდა. ყოველ ჯერზე დედა თვალებზე აფარებდა ხელს, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა. გიგიმ იცოდა, რომ ისინი იქ იყვნენ, მათი პატარა სხეულების დაცემის ხმა ესმოდა და იცოდა, რომ სულ მალე მათი მოზრდილი ნაგაზი, სახელად „სერბერი“, თვალის დახამხამებაში გადასანსლავდა მორიგ მსხვერპლს. ვარლამ არეშიძემ ისევ გამოჰკრა თითი ჩახმახს. თოფის გამაყრუებელ გრუხუნზე, კიდევ ერთი მტრედი მოსწყდა მოქუშულ ცას და უსულოდ დაენარცხა მოშორებით. „სერბერმა“ ზანტად აითრია წელი და დრუნჩის ლოკვით მორჩილად წაძუნძულდა საკბილოსკენ. ვარლამმა ორი უკანასკნელი ვაზნა ამოაძვრინა კოლოფიდან და იარაღის მჭიდში მოათავსა. გადატენა, მაგრამ სროლა ვერ მოასწრო. მისი ყურადღება მდელოზე მომავალმა სტუმრებმა მიიპყრეს. ახალმოსულებს წინ, „ჭაღარას“ ვაჟი, მიხეილი მოუძღოდა. გიგიმ, როგორც კი მამამისს მოჰკრა თვალი, დედას ხელებში აუფართხალდა. ერთი სული ჰქონდა მისკენ მოწყვეტილიყო, მაგრამ ევამ ძლიერად მოიმწყვდია მკლავებში და გულზე მიიკრა. თვალები შიშისგან გაფართოებოდა. - გიგი, წყნარად! - ცხარედ ჩასჩურჩულა ყურში შვილს. - მამასთან მინდა! - აწუწუნდა და თვალებში პირველი ცრემლი აუბრჭყვიალდა. - ახლა, არა დე. მოგვიანებით. მამას საქმე აქვს... მიხეილ არეშიძე ვარლამის წინ შედგა. არ გადახვევია, არც ხელი ჩამოურთმევია, არანაირი ემოცია არ გამოუხატავს. სახეზე ფერი არ ედო. თვალები ავადმყოფურად უელავდა. ტუჩები ძლივს შესამჩნევად უთრთოდა. „ჭაღარას“ მზერა გაუმკაცრდა. შვილის თვალებში ამოიკითხა, რომ ცუდი ამბით მოაკითხა და გაღიზიანებამ დარია ხელი. მიხეილის ზურგს უკან ორი მამაკაცი საცოდავად მობუზულიყო. ერთს საშინლად გამხდარსა და მელოტს თავი ჩაეხარა და საერთოდ არ უყურებდა უფროსს. მამაკაცი მასში ენით აუწერელ შიშს იწვევდა. მეორე, შედარებით მსუქანი და ულვაშიანიც არ გამოიყურებოდა უკეთ. მიხეილის ზურგს ამოფარებული ცდილობდა ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო. - რა მოხდა? - იკითხა ვარლამმა ყინულივით ცივი ხმით. - მუსტაფა დამიკავშირდა თურქეთიდან... - მერე? - მის ერთ-ერთ სარდაფს პოლიცია დაეცა თავს, - ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა - ტყვეების უმრავლესობის გატაცება მოასწრეს, მაგრამ ერთის წამოყვანა ვერ მოხერხდა. პოლიციამ აიყვანა... - და ფაშას პრობლემები მე რით მეხება? - წარბები აზიდა ნერვებმოშლილმა. - თურქეთის პოლიციას გატაცებულის ბიძა ახლდა თან, სწორედ მან იხსნა დისშვილი. მუსტაფა გაცოფებულია: „ქართველი საიდან გაჩნდა ჩემს სარდაფშიო?!“ ფიქრობს, რომ ჩვენიდან ვიღაცამ ენა დაიგრძელა და მის სამალავსაც ასე მიაგნეს; ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. - ვინ ქართველზეა საუბარი? - თვალები ავად გააკვესა. - გაბრიელ ავალიანზე, თბილისის განყოფილებაში მუშაობს, რიგითი დეტექტ... ვეღარ დაასრულა. ვარლამმა ხელუკუღმა გააწნა სილა სახეში. მიხეილს თითზე წამოცმულმა სიგნეტმა მწარედ უწია ყბაში. კბილზე კანი გადაეჭრა და პირში სისხლის გემო იგრძნო. მის ზურგს უკან ატუზული ქვეშევრდომები კიდევ უფრო მოიკუნტნენ. - რანაირად მიაგნო რიგითმა მაწანწალა ძაღლმა დისშვილს უცხო ქვეყანაში? კითხვის წარმოთქმისას კბილებში სცრიდა თითოეულ ბგერას. მიხეილს თვალები დაეხარა. ხელები ერთმანეთისთვის გადაეჭდო და პირში ჩაგუბებულ სისხლს ზიზღით ყლაპავდა. გადაფურთხება ვერ გაბედა. იცოდა, რომ დაუმატებდნენ. - ჩვვეენნ... მიხეილის ზურგს უკან მდგარ ულვაშიანს ნერვებისგან ხმა აუკანკალდა და ჩაუწყდა. ვარლამმა ბასრი მზერა შვილის გვერდით ატუზულ მამაკაცზე გადაიტანა, რომელიც უფროსის ჩრდილს გაუბედავად გამოეყო. ხელები ციებიანივით უცახცახებდა, ამიტომ ზურგს უკან დამალა. შიშით გაუსწორა თვალი „ჭაღარას“ და აბლუკუნდა. - ერთ-ერთ საწყობს სამი დღის წინ თავს დაესხნენ და გადამზიდი გაიტაცეს. - გადამზიდი? - გაიმეორა ვარლამმა უხეშად. - კურიერი, ვისაც „საქონელი“ ფაშასთან მიჰყავდა - სწრაფად განუმარტა. - მეორე დღეს მკვდარი ვიპოვეთ. სანამ მოკლავდნენ, ყველაფერი ათქმევინეს. ერთიანად აჩეხილი გამორიყა მდინარემ. ვარლამმა ორი ნაბიჯი გადადგა წინ. ულვაშიანზე საკმაოდ მაღალი იყო, ამიტომ ქვეშევრდომს ზემოდან დააჩერდა. - ამბობ, საწყობს დაესხნენ თავსო? - იკითხა ხმადაბლა. წინ მდგომმა სწრაფად დაუქნია თავი. - ვინ იყო თავდამსხმელი, იცით? - შუკვანი! ირაკლი შუკვანი! ბიჭებმა იცნეს. ჩხუბისას ნიღაბი მოაძრეს თავიდან. - ვინ არის, ირაკლი შუკვანი? იკითხა კიდევ უფრო მეტად გაღიზიანებულმა. ხმაში ისეთი სუსხი შეეპარა, მელოტი კახაძე კიდევ უფრო მოიკაკვა. მიუხედავად იმისა, რომ მისი არსებობის შესახებ ჯერ არავის გახსენებია, შიშით ცახცახებდა. - ჩვენი ერთ-ერთი მოსყიდული ძაღლი იყო. ჩაერია მიხეილი. ულვაშიანმა შვებით ამოისუნთქა, რომ პასუხის გაცემა თვითონ არ მოუწია. - იყო? აღარ არის? - ბასრი მზერა შვილზე გადაიტანა. - არა. რომ მიხვდა, რა ხდებოდა სვანეთში, დაფრთხა. - ასეთ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ცოცხალი რატომ არის? შესჯღავლა სახეში. მიხეილს ლოყაზე დორბლის წვეთები მოხვდა, მაგრამ მოწმენდა ვერ გაბედა. თავჩახრილმა ხმადაბლა განაგრძო საუბარი. - არ ვიცოდი, რომ ცოცხალი იყო. მისი თავიდან მოშორება დიდი ხნის წინ ვუბრძანე! გამოსცრა კბილებში და ღვარძლიანი მზერა გააპარა კახაძისკენ, რომელიც ისე დაპატარავდა, ცოტაც და საკუთარივე უკანალში გაუჩინარდებოდა. - ანუ, ამბობ, რომ ერთი ძაღლის დახმარებით, მეორე ძაღლმა მისი დაკარგული ლეკვი იპოვა? ფაშა კი ჩემგან ითხოვს პასუხს, რადგან შენმა უტვინოების ბანდამ თავიანთი საქმე ვერ შეასრულა? - მაპატიე, მამა. ეს აღარ განმეორდება. შუკვანს წირვას გამოვუყვან, სადაც არ უნდა იყოს... ვარლამს სიცილი წასკდა. იდგა თოფის ტარზე იდაყვდაყრდნობილი და გულიანად ხარხარებდა. მიხელმა გაუბედავად ასწია თავი. საფრთხის მოახლოება იგრძნო. არც მისი ცოლ-შვილი გამოიყურებოდნენ უკეთ, რომლებიც შორიდან ადევნებდნენ თვალს სანახაობას. ევას გიგის სახე მკერდზე მიეხუტებინა, რომ წინ გადაშლილი სცენისთვის არ ეყურებინა, თან შვილს ყურებზე აფარებდა ხელს. გაფითრებული, ერთიანად ცახცახებდა და ერთი სული ჰქონდა იქაურობას გასცლოდა, მაგრამ მამამთილის სიკვდილივით ეშინოდა. ვარლამმა სიცილით გული რომ იჯერა, თვალზე მომდგარი ცრემლი შეიწმინდა და წინ მდგომ სამეულს თვალი მოავლო. მიხეილმა იცოდა, რომ მამამისის ასეთი საქციელი კარგს არაფერს უქადდა და განაჩენის მოლოდინში ერთიანად დაიძაბა. - შუკვანის გვამი ერთ კვირაში ჩემს ფეხებთან უნდა ეგდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხს შენ მოგთხოვ, მიხეილ! - ნაცრისფერი თვალები შვილზე გაუშტერდა. - ფაშას დამატებით „საქონელს“ გაუგზავნით, სრულიად უსასყიდლოდ, და პირადად მოუხდი ბოდიშს შექმნილი გაუგებრობისთვის. რაც შეეხება თანხას, რომელიც მუსტაფასგან უნდა აგეღო, ტყვეების სანაცვლოდ... იმ ნაბიჭვრების კისრიდან ამოიღებ, ვისაც ვირთხის გასრესა ევალებოდა და თავი ვერ მოაბა. არ მაინტერესებს, ფულს რა გზით დააბრუნებენ. თუ უნდათ, საკუთარი ცოლ-შვილი მიაქირაონ ადგილობრივ ბორდელს, მაგრამ ფული უკან უნდა დაბრუნდეს! და კიდევ... უეცრად თოფი შემართა და მიხეილის გვერდით მდგარ ულვაშიანს პირდაპირ სახეში დაუმიზნა. მამაკაცს თვალები გაუფართოვდა, დაყვირება ვერ მოასწრო. „ჭაღარამ“ ჩახმახს თითი გამოჰკრა. იარაღმა გამაყრუებლად იგრიალა და მამაკაცს ტვინი გაასხმევინა. სისხლის შხეფები მიხეილს შეეწუწა სახეში. გაფითრებულმა თვალები დახუჭა. ევას კივილი ყელში გაეჩხირა. გიგის სახე მკერდზე მიიკრა და მკლავები ისე შემოხვია, რომ ინტერესით ანთებული ბავშვისთვის განძრევის საშუალება არ მიეცა. თვალებმოჭუტულს სახეზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. - ნებისმიერს, რომელიც მსგავსი ამბით დაბრუნდება ჩემთან, იგივე ელის. საქმეს მიხედეთ და გვამი მომაშორეთ. გიგისთვის ჯერ ადრეა ასეთი სცენები. მიხეილს დაჭიმულ ყბაზე კუნთი შეუთამაშდა და წამით თვალი ცოლ-შვილისკენ გაექცა. ევა ზურგით შეტრიალებულიყო. მისი მოცახცახე მხრებით ხვდებოდა, რომ ჩუმად ტიროდა. გიგის პაწია ფეხები დედის კალთიდან გადმოეყო და ჰაერში ათამაშებდა. მზერა ისევ მამამისზე გადაიტანა და მძიმედ დაუქნია თავი. შიშისგან გაშავებულ კახაძეს, თავით ანიშნა გვამზე. მელოტი მაშინვე დაფაცურდა. დაიხარა, მკვდარი ამხანაგი ზურგზე მოიგდო და სიმძიმისგან წელმოთრეულმა ტყისკენ აიღო გეზი. - ავთოს დაუძახე, აქაურობა მოასუფთაოს. ზიზღით დახედა ტვინის ნარჩენებითა და სისხლით მორწყულ მწვანე ბალახს. მიხეილი შებრუნდა და უხმოდ გაუდგა გზას რეზიდენციისკენ. ვარლამმა ამოიოხრა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ხის მაგიდას. ბოთლიდან ღვინო ბოკალში მოაპირქვავა და ნახევრამდე აავსო. ზურგით მჯდარი მოცახცახე რძლისთვის ზედაც არ შეუხედავს. გამშრალი ბაგეები ალკოჰოლით გაისველა და ბოკალი ისევ მაგიდაზე დააბრუნა. - ბავშვი მომეცი. - მიმართა ევას - დროა, ბაბუამ ნადირობა ასწავლოს. ხომ არ გინდა, შენი ქმარივით ქარაფშუტა და გამოუსადეგარი, რომ გაიზარდოს? აცრემლებული ევა კანკალით შემობრუნდა მამამთილისკენ. შვილს მოკრუნჩხული თითებით იკრავდა გულში და თავს უარყოფის ნიშნად აქნევდა. - არ გამამეორებინო, ევა, - მიუგო რბილად - დედა ხარ, მაგრამ გიგის ბედს არ წყვეტ. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ევას სახე აეწვა. ისეთი შეგრძნება დაუფლა, თითქოს კიდევ ერთხელ მწარედ შემოულაწუნეს სახეში. უნებურად მიიდო ხელი მარცხენა ლოყაზე. ვარლამს კმაყოფილს გაეღიმა. მიხვდა, რომ რძალს მათი ტკბილი „საუბარი“ კარგად ახსოვდა. გიგი დამრგვალებული თვალებით მიაჩერდა ბაბუას. - გინდა, ბაბუამ სროლა გასწავლოს? ჰკითხა შვილიშვილს და თოფი აჩვენა. პაწიას აღფრთოვანებით წამოენთო მზერა. მაშინვე თავი დაუქნია. დედისგან თავი გაითავისუფლა და ბაბუას გაუბედავად მიუახლოვდა. ევამ სახეზე აიფარა ხელები და ისევ ზურგით შეტრიალდა. ჩუმი სლუკუნის ხმა ყრუდ ისმოდა მოცახცახე მხრებს მიღმა. - წელში გასწორდი და კონდახი მხარზე მჭიდროდ მიიდე... აი, ასე... - იქვე მდგომ ქვეშევრდომს ანიშნა მტრედი გაათავისუფლე გალიიდანო, ისიც მაშინვე დაემორჩილა - ...ახლა დაუმიზნე, და როცა მზად იქნები ჩახმახს თითი გამოჰკარი... გიგის თოფის სიმძიმე მკლავებს სტკენდა. ხელები საშინლად უკანკალებდა. აღფრთოვანება მაშინ გაუქრა, როცა ბაბუამ მტრედისთვის დამიზნება უბრძანა. არ უნდოდა უმწეო ჩიტისთვის ტკივილი მიეყენებინა, მაგრამ იცოდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაბუა გაუბრაზდებოდა. ჩახმახს აკანკალებული თითი მიაბჯინა, ფრინველს დაუმიზნა და გამოჰკრა... იარაღის ქუხილზე ტყეში დამფრთხალი ჩიტების გუნდი სწრაფად წამოიჭრა ხეების კენწეროებიდან. კახაძემ ზურგზე მოკიდებული გვამი ძირს დააგდო და, აქოშინებულმა, მიწას მოავლო თვალი. ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა - მიწას უამრავი წიწვი და ბალახ-ბულახი მოსდებოდა მას კი, სათხრელად თან არაფერი წამოუღია. სანამ საქმეს არ დაასრულებდა, უკან ვერ დაბრუნდებოდა. „ჭაღარა“ ძალიან იყო გაღიზიანებული. არ უნდოდა, თვალში მოხვედროდა და მორიგი ტყვია თავად მიეღო შუბლში. გაცოფებული და სასოწარკვეთილი მუხლებზე დაეცა და ფრჩხილებით დაიწყო მყარი ნიადაგის თხრა. გაოფლიანებულმა გვიან გაიაზრა მისი სასჯელი, როცა ტკივილისგან აკვნესებულმა გასისხლიანებული ხელები მაღლა შემართა. ფრჩხილების ქვეშ კანი წიწვებისა და ხის ნარჩენებისგან გაგლეჯოდა, მაგრამ გაჩერება ვერ გაბედა, მოიხარა და აცრემლებულმა თხრა განაგრძო. თეთრი მტრედი, რომელიც გიგის მიერ გასროლილ ტყვიას ცოცხალი გადაურჩა, თავისუფლებას მონატრებული ზეცისკენ მიიწევდა... ****** 2009 წელი, არეშიძეების მამული, 02:02 წთ, კახეთი. თოვდა. ციდან სქელი ფიფქები ფარფატით ეშვებოდნენ დედამიწისკენ. ტყესა და წინ გადაშლილ უზარმაზარ მდელოს თოვლის თეთრი ქურქი წამოესხა. ოდესღაც მწვანე ფოთლებით მორთული სურო ახლა შიშველი და გამხმარი ტოტებით ეხვეოდა მდიდრულ სასახლეს. ციოდა. ტყის შუაგულიდან ბუს კივილი მოისმოდა, რაც ატმოსფეროს კიდევ უფრო პირქუშს ხდიდა. წითელი აგურით ნაშენები საკვამურიდან ბოლი ამოდიოდა. კაბინეტის შემინული ფანჯრიდან კი თაფლისფერი სინათლე იღვრებოდა. ოქროსფერ შუქზე თოვლის ქურქი ბრილიანტივით ბრწყინავდა. მიუხედავად იმისა, რომ შუაღამეს კარგა ხნის გადასცილებოდა, მასპინძელს ჯერ კიდევ არ ეძინა. ბუხარში დანთებული ცეცხლი საამურად ტკაცუნებდა. დამწვარი ხის სურნელი სასიამოვნოდ იღვრებოდა ოთახში. ვარლამ არეშიძე ფანჯარასთან იდგა და ჩაბნელებული ტყისთვის გაეშტერებინა თვალი. მამაკაცის თითებში მოქცეული სიგარა ზანტად ბოლავდა. - ჰმმმ… ფიქრიანად ამოიხვნეშა და სიგარა აუჩქარებლად მოიქცია ბაგეებს შორის. მახრჩობელა კვამლი ღრმად შეისუნთქა ფილტვებში და ლამის ოხვრით გააბოლა. ნიკოტინმა შვება ვერ მოჰგვარა. გულში შეჩენილი ჭია ისევ ჩუმად და მტკივნეულად უხრავდა ერთ მიჩვეულ წერტილს, მაგრამ ვერაფრით დაერქმია სახელი ამ უცნაური გრძნობისთვის. - არ ვიცი, როგორ მოვიქცე, მამა. - მიხეილი სკამზე შესწორდა და აღელვებულმა ვარლამს მიაპყრო მზერა - ასეთ რამეს არავინ ელოდა. ახლა რა ეშველება ბიზნესს? - ყველა მკვდარია? დარწმუნებული ხარ? თვალებით ჩაბნელებულ ტყეს ჩხრეკდა, თითქოს იქ ეძებდა დამნაშავეს, რომელმაც ერთ ღამეში თურქეთის ყველაზე ძლიერი კლანი გაწყვიტა. - თუ ფაშას და მის ხელის ბიჭებს გულისხმობ, კი. - ჩაიბურტყუნა შეშფოთებულმა, ჯერაც ვერ დაეჯერებინა მომხდარი - სელიმმა ყველა ღორივით გამოფატრული იპოვა სახლში. მუსტაფას ნაწილებს კი, თურმე სამი საათი აგროვებდნენ. დაჰუდს რომ სისასტიკით გააკვირვებ. გამოტყდა - ეგეთი რამე ჩემს დღეში არ მინახავსო. ვარლამმა ისევ ძლიერად მოქაჩა სიგარეტს და ზანტად გააბოლა. გულში მოფაფხურე ჭიამ თითქოს ტემპს უმატა და უფრო მტკივნეულად დაიწყო იმ ერთი წერტილის ჯიჯგვნა. კბილები გააღრჭიალა. ვერ იჯერებდა, რომ მთელი ეს აურზაური ერთმა ადამიანმა გამოიწვია და ისიც ქართველი იყო! - ფაშას ბრალია, - ცერი ქვედა ტუჩზე გადაისვა - ვაფრთხილებდი, არ ენდო მაგ გველის წიწილს, შურისძიებას მოინდომებს-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. ზედმეტად ამპარტავანი და ამაყი იყო. სჯეროდა, რომ ძაღლი თავის ჭკუაზე გამოწვრთნა. ეშმაკმაც წამიღოს… სიცილი ხველაში გადაუვიდა და ლამის შიგნეულობა ამოაფურთხა. ღამის პერანგის ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და პირზე მიიფარა. სული რომ მოითქვა წელში გასწორდა. ხელსახოცზე დამჩნეულ სისხლის ლაქას თვალი მოარიდა, ორად გადაკეცა და ისევ ჯიბეში შეინახა. ცივი, თაფლისფერი სფეროები სუსხიანად იმზირებოდნენ. - მამა… კარგად ხარ? - მორიდებით იკითხა მიხეილმა. - არაფერი მიჭირს. - მიუგო ცივად - საქმეზე გადადი. სად არის, სელიმი? ფაშას შემდეგ მან არ უნდა გადაიბაროს ბიზნესი? - წესით კი, მაგრამ ეშინია და იმალება. ერთმა ავადმყოფმა მათსავე ბუნაგში ოცი კაცი გამოუფატრა. ცოცხალი თავით არ გამოჰყოფს ცხვირს სამალავიდან, სანამ სვანის გვამს არ მიუტანენ. ერთ კვირაში სვანეთიდან ახალი სატვირთო გამოდის. დროზე თუ არ ვიმოქმედებთ კლიენტს დავკარგავთ. ადგილობრივი ტურები მხოლოდ ამას ელიან, მაშინვე აგვახევენ ბიზნესს! - ხალხი წაიყვანე თურქეთში, - როგორც იქნა, შვილისკენ შეტრიალდა - სელიმს ფეხზე დადგომაში დაეხმარე. მაგ ვირთხას სამალავიდან თუ არ გამოვაძვრენთ, ყველაზე მსხვილ ტრასას დავკარგავთ. ის მანიაკი სვანი მარტოა. არც ნაცნობები ჰყავს, არც მეგობრები და აღარც ოჯახი… - საქმეც მაგაშია, რომ დასაკარგი აღარაფერი აქვს! - თავი ვერ შეიკავა, დენთის კასრივით იფეთქა მიხეილმა. - სისხლი სწყურია… - ნუ მაწყვეტინებ, როცა ვსაუბრობ, და ადგილზე დაჯექი! კბილებში გამოსცრა ვარლამმა. თვალები მტრულად უელავდა. მიხეილმა ტუჩზე იკბინა. მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა, დადუმდა და მორჩილად დაეშვა სკამზე. - რა იყო, ბიჭო, გეშინია? - შეუყვირა შვილს წარბშეკრულმა - მთელი არმია გიმაგრებს ზურგს! რა უნდა დაგაკლოთ ერთმა სვანმა? გააკეთებ რასაც გეუბნები. ჩახვალ თურქეთში და სელიმს მიეხმარები. ფაშას სიკვდილმა სხვაგვარი კონტექსტით უნდა გაიჟღეროს სტამბოლში, სანამ მომხდარს კლიენტები დაუფრთხია. რაც გინდა, ის მოიფიქრე, მაგრამ ეს საქმე მოაგვარე! ტრანზიტი შეუფერხებლად უნდა განხორციელდეს დათქმულ ვადებში. გაფრთხილებ, მიშა… თურქეთი თუ დავკარგეთ, სანამ ის სვანი მოგწვდება, ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს! დაასრულა მუქარით და ნახევრად ჩამწვარი სიგარა საფერფლეში ღვარძლიანად ჩასრისა. ****** 2011 წელი, ელის გაუჩინარების ღამე, 22:00 წთ, „პატარა ქალაქის“ გარეუბანში... ჩაბნელებულ კორომში, უეცრად ამოვარდნილი ქარი ხეებს ძლიერად არხევდა. ფოთლების შრიალის ხმა ქუხილის ექოს ერწყმოდა. საშინლად ელავდა. მანქანის სახურავს წვიმის მსხვილი წვეთები ხმაურიანად ეხლებოდნენ და ყრუ ბგერებად აღწევდნენ სალონში, რასაც დროდადრო გოგონას ქვითინის ხმა ერთვოდა. უკანა სავარძელში მოკუნტულ მოზარდს სახე ხელებში ჩაერგო და ჩუმად ტიროდა. - გევედრები, გამიშვი... - ამოიტირა თვალებდასიებულმა - არავის არაფერს ვეტყვი. გეფიცები, ვერავინ ვერაფერს გაიგებს... გვერდით მჯდომს ცალყბად ჩაეცინა და მოზარდს სახიდან თმა გადაუწია. ნიცა გოგოლაძე შეხებაზე შეკრთა, თითქოს მათრახი გადაუჭირესო, და კიდევ უფრო მოიკუნტა. - რა თქმა უნდა, არავის არაფერს ეტყვი… - კახაძეს ხმაში გესლი გამოერია - ამისთვის ვარ აქ. - გევედრები… - თავის აწევა გაბედა. მდუღარე ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა ლოყებზე - ყველაფერი გითხარი, რაც ვიცოდი... - ნწ… ნწ… ნწ… - თავი გააქნია და ტუჩებზე საზიზღარი ღიმილი მოეფინა - ყველაფერი არ გითქვამს. მითხარი, ვისთან ერთად იყო ტყეში შენი დაქალი? - უკვე მეასედ ვიმეორებ… - ტუჩები მოეღრიცა სასოწარკვეთილს და ხმა გაუწვრილდა - წარმოდგენა არ მაქვს, რაზე საუბრობ! - გინდა, დამაჯერო, რომ ერთმანეთს ყველაფერს არ უყვებით? შენ გათქვი საიდუმლო! მიუხედავად იმისა, რომ გაგაფრთხილეს ენისთვის კბილი დაგეჭირა… ბოლო სიტყვები ისეთი ღვარძლით წარმოთქვა, რომ გოგოლაძეს პანიკურად გააცახცახა. - გეხვეწები… - ხმა ამოიღე-მეთქი! თმაში ჩააფრინდა და ძლიერად მოქაჩა. გოგოლაძემ ტკივილისა და შიშისგან წამოიკივლა და ხმამაღლა ატირდა. - გეფიცები, არ ვიცი, - აბღავლდა ერთიანად აწითლებული - წარმოდგენა არ მაქვს. ელი თავის თავზე არასოდეს ლაპარაკობს. რამე რომ მცოდნოდა, გეტყოდი. - როგორც ჩანს, შენს მეგობარს თავში ტვინი აქვს, შენგან განსხვავებით! კბილები გააღრჭიალა და გოგოლაძეს მკვეთრად უბიძგა. ნიცა მანქანის ფანჯარას მტკივნეულად მიეხალა. ატირებული მაშინვე კუთხეში მიიყუჟა და თავზე ხელები წაიფარა. საკუთარ იდიოტობას წყევლიდა, რომ ასე მარტივად მოტყუვდა. ელი მართალი იყო, ცამდე მართალი, მაგრამ რაღას შეცვლიდა? შეშინებული ერთიანად აცახცახდა და ტირილს უმატა. ნუთუ ვეღარასდროს ნახავდა მშობლებსა და მეგობრებს? ტყეშივე მიაკლავდნენ და იქვე დამარხავდნენ, ძაღლივით. ვინ იპოვიდა? არავინ იცოდა, რომ არეშიძესთან შესახვედრად გამოიპარა სახლიდან. მის ნაცვლად კი მანქანაში მელოტი დახვდა და სადღაც გადაკარგულში წამოიყვანა. ელის გარდა, არავინ იცოდა ნიცას საიდუმლო. მის მეგობარს კი, თავისი პრობლემები არ აკლდა. დედამისი საავადმყოფოში იწვა! ესეც რომ არ ყოფილიყო, ბოლოს ძალიან აწყენინა. არ გაუკვირდებოდა, სავანელი ზურგს თუ შეაქცევდა. ამ ფიქრით შეძრწუნებულმა სახე მუხლებში ჩამალა. რა გააკეთა? რა ჩაიდინა? ვის აქცია ზურგი, ვის გამო? მიეცემოდა კი ოდესმე შესაძლებლობა, ბოდიში მოეხადა? თუნდაც ელს არ ეპატიებინა, უნდა ეცადა… - იცოდე, თუ გავიგებ, რომ მომატყუე, მწარედ გაზღვევინებ. შემდეგ მართლა ვეღარაფერი გიშველის… - მეტი არაფერი ვიცი. გევედრები, სახლში გამიშვი. - არა, საყვარელო, სახლში ვეღარ დაბრუნდები. შენმა ძვირფასმა ბატონმა სულ სხვა მითითება მომცა. - რა? - შიშისგან თვალები ისე დაუმრგვალდა, ცოტაც და ბუდიდან გადმოუცვივდებოდა - რას… რას გულისხმობ? - ცოტახანში მანქანა მოგაკითხავს და ახალი „სახლისკენ” წაგიყვანს. მანამდე კი… - ტუჩებზე საზიზღარი ღიმილი აუთამაშდა და შარვლის ქამრის შეხსნა დაიწყო - მანამდე კი, რაღაცაში მაინც გამომადექი… ძლიერმა ქუხილმა გოგოლაძის განწირული კივილის ხმა მარტივად გადაფარა. ქარის ნებას აყოლილი მაღალი ხეები წელში იზნიქებოდნენ. გარეთ ისეთი ავდარი იდგა, სულიერი არ ჭაჭანებდა გარეუბანში. არავის ესმოდა ნიცა გოგოლაძის განწირული კივილი და ვედრება, რომელსაც მხეცურად აუპატიურებდნენ მანქანაში. მოზარდს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ის საღამო მხოლოდ ჯოჯოხეთის დასაწყისი იყო, რომელიც წინ ელოდა… როდესაც კახაძემ თავისი ცხოველური ჟინი დაიკმაყოფილა, თითქმის უგონო გოგოლაძეს ზიზღით ჰკრა ხელი. მანქანიდან გადმოვიდა და შარვალი შეიკრა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და ნეტარებით გაუკიდა. პირველი ნაფაზის დარტყმაც ვერ მოასწრო, რომ გზაზე შავი მერსედესი გამოჩნდა. მოსახვევში შემოუხვია და მელოტის მანქანის გვერდით გაჩერდა. მძღოლმა ძრავი გამორთო და მანქანიდან გადმოვიდა. - კახას გაუმარჯოს. ხელი აუწია ღიპიანმა. მელოტმა მხოლოდ თავი დაუქნია და მორიგი ნაფაზი ამოსწოვა ფილტრს. - შეგაგვიანდა, გოგი. - სახლში ბავშვები ჭიჭყინებდნენ და… - აღარ დაასრულა, ხელი ჩაიქნია და თავადაც ამოიღო სიგარეტი - სად არის? მელოტმა თავი გააქნია მანქანისკენ და გააბოლა. რეხვაძე მანქანის სალონისკენ მოიხარა, შიგნით შეიხედა და სახეზე მკვდრის ფერი დაედო. ღრმად ჩაისუნთქა. წელში გასწორდა და კახაძეს მრავალმნიშვნელოვანი მზერა გაუსწორა. - პრობლემები არ მინდა, კახა. მიხეილმა რომ გაიგოს… - დაიკიდე, მაინც ვეღარ ნახავს! - ენა ქვედა ტუჩზე გადაისვა და გადააფერფლა - ლაწირაკმა საქმეში ჩაუსვარა. არასრულწლოვანთან ურთიერთობა რომ გაუბაზრდეს დაერხევა. ამიტომ იშორებს თავიდან. - სად უნდა წავიყვანო? - იკითხა პირქუშად და სიგარეტს მოუკიდა. - ქუთაისში. იქ გეწაძე დაგხვდება. საქონელს გადააბარებ, დანარჩენი თვითონ იცის. - და სავანელის გოგო? - გააბოლა. - მაგაზე ჭკადუა იზრუნებს. - ჭკადუა? - ყურებს არ დაუჯერა რეხვაძემ - პოლიციელს დაავალე გოგოს თავიდან მოშორება? - რა იყო, აწყენს? სულ ზემოდან იყირება, ეგ ნაძირალა. უნდა შევახსენო, რომ ჩვენგან არაფრით განსხვავდება! ხანდახან ავიწყდება რომ, მუჭში მყავს მომწყვდეული - გადააფურთხა და ტუჩები მოილოკა. - რომ ვერ გაბედოს? - ჩაეკითხა წარბშეკრული. - სხვა რა გზა აქვს… - ჩაიცინა და ფილტრს ძლიერად მოქაჩა. - რა ვიცი, კახა… მაგარი წებოვანი ტიპია, ვერაფერი გავუგე. არ ვენდობი. - არც მე, - სახე დამანჭა - კიდევ ერთი მიზეზი მჭირდება, რომ ყურებიდან დავიჭირო. თუ სავანელის გოგოს მართლა მოკლავს, ბიჭები შორიდან გადაუღებენ ვიდეოს. თავს ვეღარ დაიძვრენს, ახვარი! - კარგად მოგიფიქრებია… - ახითხითებულს მოზრდილი ღიპი შეუთამაშდა. მაშინ როცა ორივე საუბარში იყო გართული, გოგოლაძემ გაჭირვებით აითრია წელი. მთელი სხეული ისე სტკიოდა ლამის გული არეოდა. ხელის კანკალით შემოაჭდო თითები მეორე კარის სახელურს და ძალიან ფრთხილად გამოსწია. თვალებმოჭუტული გულში ლოცულობდა, რომ საკეტის გაღების ხმა არ გაეგოთ იქვე მდგომ მამაკაცებს. როგორც კი სახეზე გრილი ნიავი იგრძნო თვალები დააჭყიტა და არც დაფიქრებულა ისე ისკუპა სალონიდან. რაც ძალა და ღონე შერჩენოდა უკანმოუხედავად გარბოდა, მაგრამ შორს გაქცევა ვერ მოასწრო. მისი მანქანიდან გადახტომა შეამჩნიეს და უკან გამოუდგნენ. პირველი რეხვაძე წამოეწია და აკივლებული უზარმაზარი ღიპით გააკრა წვიმისგან დასველებულ ბალახზე. გოგოლაძე ხმის იოგების დახეთქვამდე გაჰკიოდა, მაგრამ მისი გაჩუმება არც უფიქრიათ. მიყრუებული კორომი ქალაქისგან საკმაოდ შორს იყო. ახლომახლო კი სულიერი არ ჭაჭანებდა. - ოი, რას ფართხალებს… - ახითხითდა რეხვაძე. კახაძე აუჩქარებლად მიუახლოვდა ორს და ღიმილით დააჩერდა ზემოდან, თან სიგარეტს ზანტად აბოლდებდა. - კახა… - ცბიერად ახედა გოგიმ - თუ მიხეილი ისედაც ვეღარ ნახავს… ა? თვალი ჩაუკრა და ტუჩებზე ამაზრზენი ღიმილი გადაეფინა. კახაძეს გაეცინა. - ქუთაისამდე დიდი გზაა, გოგი. განტვირთვაზე უარს როგორ გეტყვი? - ჯიგარი ხარ! თანხმობით გაცისკროვნებული მაშინვე შარვლის ქამარს წაეტანა, თან აკივლებულ ნიცას მუხლებით აკავებდა. გოგოლაძე არამიწიერად ბღაოდა და დახმარებას ითხოვდა, მაგრამ მისი გოდება არავის ესმოდა. გოგონას გულამოსკვნილი ტირილი და მამაკაცის ველური ქშენა ჩაბნელებულ ტყეში ექოდ ირხეოდა… ****** 2011 წელი, ელის გაუჩინარების ღამე, 03:00 წთ, „პატარა ქალაქში“... გაგიჟებული მტკვარი სავანელის უგონო სხეულს ათას ნაგავთან ერთად მიათრევდა. ნამდვილად დაიხრჩობოდა, რომ არა მაშველი ხელი, რომელიც ძლიერად ჩაეჭიდა ქურთუკში და თავისკენ დაქაჩა. თუმცა ხელიდან გაუსხლტა და მხოლოდ მოზარდის ზედა შერჩა გაფარჩხულ თითებში. სწრაფად მოისროლა გვერდით და ატალახებულ მდინარეში ჩაძირული სხეულის საშველად ჩაყვინთა. თვითმკვლელობის ტოლფასი იყო ხიდიდან გადახტომა, მაგრამ, როცა შენიშნა მოზარდის უმწეო სხეული, როგორ ვარდებოდა აბობოქრებული მტკვრის ხახაში, ინსტიქტურად გადაევლო ბარიერს და სასიკვდილოდ განწირულს უკან მიჰყვა. შანსი იმისა, რომ ორივე დაიხრჩობოდა, შესაძლებელზე მაღალი იყო. წვიმას უმატა, თითქოს ცას ჩამოქცევა აქვს გადაწყვეტილიო. აქაფებული მტკვრის დონე სახიფათოდ იწევდა მაღლა. მანამდე მდინარისკენ გადმოყუდებული ხის ტოტები თუ ზემოდან დასცქეროდნენ წყალს, ახლა გაავებული მტკვარი თითოეულ მათგანს ალეწავდა ტოტებს. ...მაშინ, როცა თავად ბედისწერას შეეშინდა თავისი გადაწყვეტილების და მამაზეციერიც კი აღარ ელოდა სულიერის ხილვას, აქაფებული ტალღები ორმა სხეულმა ამოარღვია. მამაკაცს ძლიერად ჩაებღუჯა გონდაკარგული გოგონა და ისტერიულად ახველებდა. მოტეხილი ტოტებისა და დამტვრეული შუშის ბოთლებისგან სახე და ხელები დაკაწროდათ. სწრაფმა დინებამ რამდენიმე წუთს ათრია ორივე. მაშველი შეუპოვრად მიაპობდა ტალღებს ნაპირისკენ და თან სავანელის სხეული მისთრავდა ზურგით. თუმცა დინება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მეორედ ჩაითრია ორივე ბნელ სიღრმეში. ბინძურმა წყალმა ყურები დაუგუბა და ყრუ ბუყბუყით წაათრია ორივე ფსკერისკენ. სიბნელეში ვერაფერს არჩევდა. დიდად არც არაფერი ესმოდა, ყრუ ბგერების გარდა. საკმარისი იყო, სავანელისთვის ხელი ეშვა და ისევ აღმოჩნდებოდა წყლის ზედაპირზე. უგონო სხეული ამძიმებდა და ქვესკნელისკენ მიათრევდა, მაგრამ იმისთვის არ გადამხტარა მტკვარში, რომ მოზარდისთვის სიკვდილის უფლება მიეცა. შერჩენილი ძალები მოიკრიბა და ჯიქურ მიაშურა ზედაპირს. დიდი წვალების შემდეგ, ამოარღვია კიდეც. თავსხმა წვიმამ სახეში შეაწუწა. გოგონას მაშინვე თავი ააწევინა, რომ სახე წყალში არ ჩაძირვოდა. ქვედა ყბა მარჯვენით დაუჭირა და ფეხებით გაცურა. აქოშინებული მტკვრისკენ გადმოკიდებულ ხეს ჩაეჭიდა და გაჭირვებით აითრია უგონო სხეული ნაპირისკენ. რამდენიმე წუთიანი ცოდვილობის შემდეგ სავანელი მიწაზე ეგდო, მის გვერდით კი წელში მოხრილი მაშველი ქოშინებდა და ისტერიულად ახველებდა. ცოტა სული რომ მოითქვა, ელისკენ დაიხარა და პულსი მოუსინჯა. ვერაფერი იგრძნო. - ეი... - წარბშეკრულმა ძლიერად შეანჯღრია უგონოდ მყოფი - გამოფხიზლდი! მაშინვე სხეულისკენ დაიხარა და გულის მასაჟის კეთება დაიწყო. ერთი... ორი... სამი... რიტმულად აწვებოდა გულმკერდს. პერიოდულად ჩერდებოდა და სუნთქვას უმოწმებდა. არაფერი... სავანელი არ რეაგირებდა. მაშველს უცნაური ფერის თვალები ჩაუშავდა. სიცივისგან გათოშილ სხეულში ადრენალინმა ცხელ ტალღებად დაუარა. მასაჟის კეთება განაგრძო. დაუღალავად აწვებოდა გულმკერდს, რომელსაც წუთისოფელში მობრუნება აღარ უნდოდა. - იბრძოლე! დაიღრინა განერვიულებულმა. ნუთუ დააგვიანა? სიცოცხლეს იმისთვის რისკავდა, რომ გვამი წაერთმია მტკვრისთვის? დაწოლას უმატა. სახეზე მომდგარი სიმწრის ოფლი წვიმის წვეთებში ეკარგებოდა. დამაბრმავებლად იელვა და წამით გოგონას დასახიჩრებულ სახეს ნათელი მოჰფინა. გალურჯებულ ტუჩებს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ. გაფითრებული მიცვალებულს დამგვანებოდა. ნუთუ მორჩა? მცდელობა ისევ ამაო გამოდგა? მორიგი სული შეიწირეს ეშმაკის მოციქულებმა? ფურიამ მოიცვა. ცა თითქოს მამაკაცის ემოციებს იზიარებდა - ქუხილმა გამაყრუებლად იგრიალა, მიწაც კი შეზანზარდა შიშისგან. ღრიალით მოქნეულმა მარჯვენამ უსულო სხეულს მკერდში უწია მწარედ. სავანელს ხროტინისმსგავსი ხმა აღმოხდა და ბინძური წყალი ამოაფურთხა. საიქიოდან ძალით მოაბრუნეს. მაშველს დაჭიმული სხეული ერთიანად მოეშვა. აქოშინებული მუხლს დაეყრდნო და თავი ჩახარა. ძალიან... ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად ეწვია მის დანახშირებულ გულს გრძნობა, რომლის მნიშვნელობაც დავიწყებოდა - ეს იყო შვება. ელმა ნელა აახამხამა თვალები. მხოლოდ ერთხელ მოატარა მზერა ჩაბნელებულ ცას, რომელიც თავსხმა წვიმაში არც კი გაირჩეოდა და უცნობ ადამიანს შეხედა. უცნაური ფერის თვალები უკანასკნელი იყო, რაც არეულმა ტვინმა აღიქვა, სანამ ისევ დაკარგავდა გონებას... ****** 2011 წელი, ელის გაუჩინარების მეექვსე დღე, 22:00 წთ, სევერინ სანიკიძის ბინა, თბილისი. გაზქურაზე შემომდგარი ემალის თეთრი ჩაიდანი ხმამაღლა უსტვენდა. სევერინმა ცხელი ჩაიდნის ყურს ტილოთი ხელი წამოავლო და ორ გამზადებულ ფინჯანში მდუღარე მოაპირქვავა. ჩაის პაკეტებმა მაშინვე მუქ ყავისფრად შეღებეს კამკამა წყალი. სამზარეულოში ტყის კენკრის სასიამოვნო სურნელი დატრიალდა. - ნამცხვარი მიირთვი, ძალებს შეგმატებს. სტუმარს ცხვირწინ მიუწია კოხტად დაჭრილი „სნიკერსი“ და ჩაიდანი გაზქურაზე დააბრუნა. თავად ტკბილეულის მოყვარული არ ბრძანდებოდა. არასოდეს ყიდულობდა ნუგბარს მარკეტში. ნამცხვარი, მადლობის ნიშნად, პაციენტმა მოართვა. ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა, სამსახურში დატოვება დაენანა და სახლში წამოიღო. - სევერინ, გოგონა როგორ არის? სტუმარს თეფშისთვის არც დაუხედავს. მოქუფრული ელოდა პასუხს. ჭაღარამ მძიმედ ამოიოხრა. მომჭკნარი ხელი დაღარულ სახეზე მოისვა და ნიკაპი ცერსა და საჩვენებელ თითს შორის მოიქცია. ჭკვიან ჭრელ თვალებს სევდა ჩაბუდებოდათ. - მაფიქრებს მისი ფსიქიკური მდგომარეობა. - რატომ? - წარბი შეიკრა. ექიმმა ხანმოკლე პაუზა გააკეთა. ჩაფიქრებულს მაგიდის ერთ წერტილზე გაეშტერებინა თვალი. არ იცოდა საიდან დაეწყო ახსნა. როცა მასთან პირველად მოიყვანა გონდაკარგული, მხოლოდ გარეგანი დაზიანებები აღენიშნებოდა. სახის მარცხენა მხარეს უზარმაზარ ჭრილობას დაეღო პირი. დანარჩენ მთელ სხეულზე კი მცირედი ნაკაწრები მოუჩანდა. თუმცა, რეალურად საქმე მაშინ გართულდა, როცა სავანელი გონს მოვიდა. თვალი როგორც კი აახილა და სევერინი შეამჩნია, დაუფიქრებლად გადავიდა შეტევაზე. მის მხსნელს კარი რომ არ შემოეგლიჯა, ექიმს რამეს დამართებდა. მხოლოდ მის დანახვაზე დაწყნარდა. თავიდან სევერინს გოგონას საქციელი არ გაკვირვებია, გამოვლილის შემდეგ ბუნებრივადაც კი აღიქვა მისი რეაქცია, მხოლოდ მოგვიანებით შენიშნა, რომ საქმე იმაზე სერიოზულად იყო, ვიდრე იფიქრა. - სევერინ, რატომ დადუმდი? - მოუთმენლობა დაეტყო მამაკაცს. ჭაღარამ ამოიოხრა. მძიმედ ასწია თავი და თვალი გაუსწორა წინ მჯდომს. - გოგონას ფსიქიკური აშლილობის ნიშნები აქვს, - წარმოთქვა ხმადაბლა - და ეს ბოლოს მომხდარი ინციდენტის ბრალი სულაც არ არის. ის უბრალოდ კატალიზატორად იქცა დაავადების, რომელიც, ვფიქრობ მასში უკვე დიდი ხანია ბუდობს. - ფსიქიკური აშლილობა? გაიმეორა წარბშეკრულმა და ჩაფიქრდა. მოაგონდა სავანელების ჭორიკანა მეზობელთან საუბარი. თამრიკომ ახსენა: სულა სავანელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდაო. - სევერინ... - წამოიწყო დაეჭვებულმა - რატომ ხარ დარწმუნებული, რომ გოგონას ფსიქიკური აშლილობა აქვს? - ჰიპომანიური და დეპრესიული ფაზები აღენიშნება. არანორმალური ენერგია აქვს. შეუძლია შეუსვენებლად იყვირის, დალეწოს და გაანადგუროს ყველაფერი გარშემო. როცა აგრესია ზენიტს აღწევს და ხვდება, რომ მის ქმედებებს არანაირი შედეგი არ მოჰყვება, მოულოდნელად წყნარდება. თევზივით დუმდება და კონტაქტზე არ გამოდის. არ ჭამს, არ სვამს, არც ჰიგიენაზე ზრუნავს. ქანდაკებასავით შეშდება და შეუძლია, ერთ წერტილს საათობით უყუროს. ღამით კი თითქმის არ სძინავს. ხშირად ახსენებს სიტყვა „კარიოს“. არ ვიცი, რას ნიშნავს. ვფიქრობ, ჰალუცინაციები აქვს, რადგან მას მიმართავს ხოლმე საუბრისას, თუმცა მისი ნათქვამიდან აზრის გამოტანა რთულია. პასუხმა გააოცა. გოგონასთან დროს თითქმის ვერ ატარებდა. ძირითადად სევერინი აქცევდა ყურადღებას. რამდენიმე დღეში ერთხელ თუ შემოივლიდა ხოლმე სანახავად, მის ამბებს კი ტელეფონით იგებდა. ბოლოს ექიმმა რომ დაურეკა, მისვლა სთხოვა. უთხრა - სალაპარაკო გვაქვსო. მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ ასეთ ამბავს მაინც არ ელოდა. ფსიქიკური აშლილობა?! - და შეიძლება, ეს დაავადება მშობლიდან შვილზე მემკვიდრეობით გადავიდეს? - იკითხა ნირწამხდარმა. - სავსებით სარწმუნოა, - თავი დაუქნია, ჩაი მოსვა და ფინჯანი ფრთხილად დააბრუნა პატარა თეფშზე - მხოლოდ ერთი რამ ვერ გამიგია. - მაინც? - რატომ არ რეაგირებს აგრესიულად შენზე? სახეზე ჭრილობის გაკერვის უფლებაც კი მოგცა. ეს არ არის ბუნებრივი. - ვერ მიგიხვდი... რა არ არის ბუნებრივი? - ჩაეკითხა დაინტერესებული. სევერინი სკამზე შესწორდა. ჩაის ფინჯანი გვერდით გასწია და მეტი თვალსაჩინოებისთვის ჟესტიკულაციით დაიწყო ახსნა-განმარტება. - ჩვენ ვსაუბრობთ მანიაზე, რომელიც ორი სახისაა: ეიფორიული, როცა პაციენტი პოზიტიურ, ჰიპერაქტიურ და მეგობრულ განწყობაზეა და მეორე, ყველაზე სახიფათო ფორმა - გაღიზიანებადი მანია, რაც მწვავე შინაგანი შფოთვით, პარანოიით და აგრესიით ვლინდება. ასეთ დროს პაციენტი ასაფეთქებლად გამზადებულ ნაღმს ემსგავსება და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ცდილობს კონტაქტში შესვლას, თუნდაც ოჯახის უსაყვარლესი წევრი იყოს. ყველას მიმართ აგრესიულია. გოგონას სიტუაციაში, სწორედ მეორე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ყოველი ჩემი ინტერვენცია კრახით სრულდება. ახლოს არ მიკარებს. მაგრამ შენ არ გიტევს. ეს კი ძალიან უცნაურია. სამზარეულოში სიჩუმე ჩამოვარდა. სტუმარი რიტმულად აკაკუნებდა თითებს მაგიდაზე და გამალებით ფიქრობდა ექიმის ნათქვამზე. მოაგონდა პირველი დღე, როცა სევერინთან მოიყვანა. გოგონას სახეზე ჭრილობის გაკერვა შესთავაზა. სავანელს არ გაუპროტესტებია. მიუხედავად იმისა, რომ ხელში ნემსი და სპირტით სავსე ბოთლი დაუნახა, არ განძრეულა. რამდენიმე წუთის წინ კი, აღრიალებული ძლივს ააგლიჯა ფსიქიატრის სხეულს. თავადაც უცნაურად ეჩვენა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ფართე ჭრილობის დამუშავებით იყო დაკავებული. - კონტაქტს რატომ არ ცდილობს? - იკითხა დაინტერესებულმა - რატომ არ კითხულობს, სად არის, ან ჩვენ ვინ ვართ? - ვფიქრობ რეალობას საერთოდ ვერ აღიქვამს. - შუბლი მოისრისა შეფიქრიანებულმა - მისი გონება სხვა, აბსტრაქტულ სამყაროშია გაჭედილი. ზის ერთ კუთხეში და ყოველგვარი სახის კონტაქტს გაურბის, თითოეულ ჩემს მცდელობას კი აგრესიით პასუხობს. - როგორ ფიქრობ, ახლობლების მიმართაც იგივე რეაქცია ექნება? - როგორც უკვე აღვნიშნე, როდესაც პაციენტს ძლიერი მანიის ეპიზოდი აქვს, მისი ემოციური კავშირი ახლობლებთან და გარესამყაროსთან იცვლება. მის გონებაში ნამდვილი ტორნადო ტრიალებს, რომელიც ტვინში ემპათიური უნარის დროებით ბლოკირებას ახდენს. ახლობლებს ცნობს. მანია არ არის ამნეზია ან დემენცია. პაციენტმა შესანიშნავად იცის, ვის ელაპარაკება: დედას, ძმას, მეუღლეს, მაგრამ იცვლება ემოციური კავშირი. ვგულისხმობ, რომ, როცა ფსიქოზის პერიოდი აქვს, ახლო ადამიანი შეიძლება: მტრად, ფარულ აგენტად ან შეთქმულების წევრად აღიქვას. გიყურებს, გცნობს, მაგრამ მისი ტვინი სრულიად სხვა დახასიათებას და მონაცემებს ანიჭებს შენს პიროვნებას. ანდაც, შეიძლება უკიდურესი გაფანტულობა აღენიშნებოდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება მის წინ მჯდომი საერთოდ ვერ შეამჩნიოს. არ გისმენს და შენს საუბარსაც აიგნორებს. ყურადღებით ისმენდა ფსიქიატრის თითოეულ სიტყვას და გონებაში აანალიზებდა. სევერინის მიერ მომზადებული ჩაი ხელუხლებლად ცივდებოდა ფინჯანში. - როგორ ფიქრობ, ახსოვს, რა მოხდა ტრაგედიამდე? ან რა შეემთხვა ბოლოს? - ძალიან ზუსტ კითხვებს სვამ... - დაკვირვებით შეხედა მამაკაცს. - მიპასუხე, სევერინ. - ელის შემთხვევაში მისმა ტვინმა ორმაგი დარტყმა მიიღო. ვგულისხმობ, ფსიქოლოგიურ ტრავმას და მის მიერ გამოწვეულ მყისიერ ქიმიურ ქაოსს, რომელსაც ჩვენ მანიას ვეძახით. ხდება ისეც, რომ პაციენტს მომხდარი არ ახსოვს, რადგან გადატანილი ტრავმა მისთვის ზედმეტად მტკივნეულია. ასეთ დროს ტვინი რთავს ე.წ. „ავარიულ მუხრუჭს“. ის ბლოკავს და „მალავს“ მოგონებებს, რათა ადამიანი ფსიქოლოგიური განადგურებისგან დაიცვას. თუმცა, ეს არ არის აბსოლუტური გარანტია. მოცემულ სიტუაციაში შეიძლება მომხდარი ფაქტები არეულადაც ახსოვდეს ან ამოგლეჯილ კადრებად. - ეს იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ არაფერი ახსოვს... - დიახ, - თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად - ეს ერთი შემთხვევაა, მეორე უკიდურესობის შემთხვევაში კი ე.წ. „ფიქსაციასთან“ გვაქვს საქმე. ასეთ დროს პაციენტს მომხდარი კრისტალურად სუფთად ახსოვს. თუმცა მანიის ფაზაში მომხდარს დამახინჯებულად აღიქვამს. - ვერ მიგიხვდი... - ახსოვს, რა მოხდა, მაგრამ ტვინი ამ მოვლენას გიჟურ ინტერპრეტაციას აძლევს. მაგალითად, თუ პაციენტს საყვარელი ადამიანი დაეღუპა, იაზრებს და ხვდება ამას, მაგრამ ღრმად სწამს, რომ მისი უკან დაბრუნება ძალუძს. ჰიპერამნეზიის შემთხვევაში კი, სტრესის ჰორმონის გიგანტური დოზის მოჭარბების შედეგად, კატასტროფის ზოგიერთი დეტალი: სუნი, ხმა, ვიზუალი, ტვინში ტატუსავით იბეჭდება. პაციენტი კი ამ დეტალს მანიის დროს გაუჩერებლად იმეორებს, თუმცა რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვს. სევერინის ბოლო განმარტებამ მტკივნეულად მოუწიწკნა გული. ცხვირში მაშინვე ეცა საზიზღარი ლეშის სუნი და მხოლოდ უკიდურესი ნებისყოფის ფასად შეძლო არაფრისმთქმელი გამომეტყველების შენარჩუნება. სახეზე ხელი ჩამოისვა. - ისე... - ექიმმა გვერდით გადახარა თავი და მოსაუბრეს ყურადღებით დააკვირდა - არ ვარ დარწმუნებული, ეს მხოლოდ წმინდა თეორიის საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახსოვხარ. დაგიმახსოვრა, როცა წყლიდან ამოიყვანე. მითხარი, გონს მოეგო ცოტახნითო. ახსოვხარ, ან ეს მის ქვეცნობიერს ახსოვს. ამიტომ არ გაგირბის. შენთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს. სწორედ, ეს შეიძლება იყოს გამოცანის პასუხი... მოგვიანებით, როდესაც გოგონას ოთახში შევიდა და კარი ზურგსუკან ფრთხილად მიიხურა, აუჩქარებლად მიუახლოვდა სავარძელში უძრავად გაშეშებულ სავანელს. ჩაიმუხლა და გოგონას ნახევრად შებინტული სახე მოუთვალიერა. თოვლივით ქათქათა სახვევიდან სისხლს გამოეჟონა. სახის დანარჩენ მთელ ნაწილზე კი, მცირედი ნაკაწრები მოუჩანდა. - სახვევს შეგიცვლი... გააფრთხილა ხმადაბლა და კომოდიდან პირველადი დახმარების ყუთი ამოიღო. ელს ხმა არ გაუღია. ძველი სახვევის მოხსნა ცოტა გაუჭირდა. ბინტზე გამოჟონილი სისხლი იარას შეხმობოდა. სავანელს ემწარა ბინტის აძრობა. შავი თვალები ბრაზით წამოენთო. - მაპატიე. - ნატიფი თითებით ფრთხილად მოუწმინდა ჭრილობა - ნელ-ნელა გიხორცდება. ერთ თვეში სახვევს საერთოდ მოიხსნი. პასუხი არ გაუცია. თვითონაც მეტი აღარაფერი უთქვამს. უხმოდ წაუსვა მალამო ჭრილობაზე და სუფთა სახვევით შეუხვია ნახევარი სახე. მუშაობას რომ მორჩა, ბინტი და ქაფურის სპირტი პირველადი დახმარების ყუთში ჩააბრუნა. ბინძურ სახვევს კი ხელი წამოავლო და წამოდგა. წასვლა დააპირა, მაგრამ შეყოვნდა. სავანელს მოხედა. - ძალები უნდა მოიკრიბო, ელ. - წარმოთქვა ხმადაბლა - ოჯახს სჭირდები... სისხლიანი ბინტი მუჭში დაახვია და ოთახიდან გავიდა. ელი ცარიელი მზერით გაჰყურებდა მძინარე თბილისს. ნახშირივით შავ თვალებში ქუჩიდან შემომავალი ლამპიონის შუქი ირეკლებოდა. მისი ამღვრეული გონება, ძალიან შორს იყო რეალობისგან. სევერინი ისევ სამზარეულოში იჯდა. ფიქრიანად ჩასჩერებოდა ფინჯანს, რომელიც დიდი ხანი იყო, აღარ ორთქლავდა. აყოვნებდა სათქმელს, მაგრამ იცოდა, რომ დროის გაწელვა უაზრობა იყო. აშკარა ფაქტს ვერსად გაექცეოდა. ამიტომ, როდესაც გვიანდელი სტუმარი სამზარეულოში შემობრუნდა და სისხლიანი ბინტი ნაგვის ურნაში მოისროლა, თავი ასწია. - გოგონა კლინიკაში უნდა გადავიყვანოთ. პროფესიონალური დახმარება სჭირდება. ამას სახლში ვერ მოვახერხებ. მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს, რომ თავს რამე არ აუტეხოს. შვებულება შინ გავატარე და ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ ორშაბათიდან სამსახურში ვბრუნდები. - სახიფათოა, - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად - პოლიციას დაღუპული ჰგონია, მაგრამ ტელევიზია მთელი ერთი კვირა მხოლოდ მასზე საუბრობდა. ხალხს მისი სახე ახსოვს. რომ იცნონ? ყველაფერი წყალში ჩაიყრება. ისევ ეცდებიან მის მოკვლას. - მისი აქ დარჩენა გამორიცხულია! - გაჯიუტდა ფსიქიატრი - თავს რამეს მოსწევს. ოცდაოთხი საათი მის გვერდით ვერ იქნები. - სევერინ, არა-მეთქი! - გაჯიუტდა - კერძო სახლში ცხოვრობ. მეზობლები ყურს არ მოგადებენ. მის ხმას ვერავინ გაიგებს. უსაფრთხოების ზომებზე მე ვიზრუნებ. დრო სჭირდება, რომ აზრზე მოვიდეს... - ფსიქიკური აშლილობა გაციება არ არის, ორ კვირაში რომ გაუაროს. - არ თმობდა ექიმი - თუ შესაბამის დახმარებას არ მიიღებს, სიტუაცია უფრო დამძიმდება. მისი გონება უფრო ღრმად გადაეშვება უფსკრულში და მისი იქიდან ამოთრევა ძალიან რთული გახდება. ფსიქიატრიული კლინიკა მისთვის იდეალური თავშესაფარია. პერსონალს არ აქვს უფლება, პაციენტის პირადი ინფორმაცია კლინიკის კედლებს გარეთ გაიტანოს. ასეთი ქმედება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება. ხმას არავინ ამოიღებს. შეყოყმანდა. ექიმი მართალი იყო. ფსიქიატრიული კლინიკის ყველა თანამშრომელს ეკრძალებოდა პაციენტის სახელის, გვარისა და პირადი მონაცემების გამჟღავნება. გარდა ამისა, დიაგნოზისა და თვით კლინიკაში ყოფნის ფაქტიც კი გასაიდუმლოებული იყო. ერთადერთი დაბრკოლება ის გახლდათ, რომ სავანელი არასრულწლოვანი იყო და მშობლის, ან მეურვის ხელის მოწერა ესაჭიროებოდათ გოგონას კლინიკაში განსათავსებლად. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სევერინ სანიკიძე კერძო კლინიკის დირეტქორი გახლდათ, ფორმალური საკითხების მოგვარება დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. - ნუ ღელავ... - ექიმმა მოსაუბრის თვალებში ყოყმანი შეამჩნია. - მასზე ვიზრუნებ... ******* 2011 წელი, ელის გაუჩინარების მეექვსე დღე, 22:30 წთ, ავალიანების ბინა. მოსე ავალიანი თავის ოთახში საწერ მაგიდას უჯდა და ძველისძველ დღიურს კრიჭაშეკრული დაჰყურებდა. შავი ტყავის წიგნაკი ყველა მის საიდუმლოსა და ბნელ წარსულს ინახავდა ფურცლებში - კოშმარს, რომელიც, წლები იყო, მის გონებასა და სულში იხრწნებოდა ეულად. სამყაროში არ მოეძებნებოდა ადამიანი, ვინც მის ტკივილს გაიზიარებდა. თავად გაბრიელმაც კი ვერ დააცდენინა სიტყვა, რა ხდებოდა იქ, ქვემოთ, სიბნელეში, რისი გადატანა უწევდა ყოველდღიურად, სანამ უცნობი წყაროს ინფორმაციით პოლიცია მიაგნებდა აქოთებულ დილეგში და რკინის მძიმე კარს შელეწავდა. ხშირად ფიქრობდა იმ საბედისწერო ღამეზე, როდესაც გაბრიელმა იპოვა ბნელ სარდაფში სქელი ჯაჭვებით კედელზე მიბმული. ბიძამისს დიშვილის დანახვაზე მუხლი მოეკვეთა. ბავშვი ისეთ მდგომარეობაში დახვდა, მიკარება ვერ გაბედა. გულისხმიერმა თანამშრომელმა მხარზე ხელი დაადო — მე მიმიშვიო. რა წამსაც მოსეს ბორკილები მოხსნეს, ბიჭს ყელიდან არამიწიერი ღრიალი აღმოხდა, შემდეგ კი უგონოდ ჩაიკეცა. იმ ავბედით ღამეს გაბრიელმა ათი წლის სიცოცხლე დაკარგა... გაჯავრებულმა დღიური ხმაურით დახურა და საწერ მაგიდაზე მიაგდო. სახეზე ხელები აიფარა. გრძელი, თლილი თითები შესამჩნევად უკანკალებდა. ბლუზის სახელოები ჩამოსწეოდა — ოთახის ლამპის შუქზე გარკვევით მოუჩანდა კარგახნის შეხორცებული ჭრილოებები მაჯებზე. წყეული იარები ყოველდღე ახსენებდნენ გამოვლილ ჯოჯოხეთს. სახეზე სისხლი მოაწვა და ერთიანად აუხურდა. უეცარი ფურიით შეპყრობილი გარშემო ყველაფერს დალეწავდა კიდეც, კარზე ხმამაღალ ბრახუნს რომ არ მოეფხიზლებინა. წარბშეკრული ფეხზე წამოდგა. სახლში მარტო იყო. ბიძამისი გვიანობამდე რჩებოდა სამსახურში, რადგან მთელი განყოფილება ჯერ კიდევ სავანელს დაეძებდა. ჯერ ღამის თერთმეტის ნახევარი იყო, გაბრიელი ასე მალე შინ არ დაბრუნდებოდა; ასეც რომ ყოფილიყო, კარს ნამდვილად არ ჩამოიღებდა — გასაღები ჰქონდა. საწერი მაგიდის უჯრა გამოსწია, სქელპირიან სანადირო დანას ხელი წამოავლო და შარვლის უკან ქამარში გაირჭო. ზედა გადმოიწია და ჰოლში გააბიჯა. ვიღაცის სხეული მთელი ძალით ასკდებოდა კარს. სადარბაზოში დაუპატიჟებელი სტუმრის მოგუდული ღრიალი შემოესმა და ხმაზე იცნო. - ავალიანი, კარი გამიღე! - ბრდღვინავდა შუკვანი - კარი გამიღე, თორემ შემოვლეწავ! დაბღვერილმა დანა კომოდის უჯრაში ჩააბრუნა, მიხურა და კარის საკეტი გადაატრიალა. რა წამსაც გამოაღო, გაშმაგებული სვანი ზვავივით დაეტაკა ავალიანს და ერთი ძლიერი დარტყმით ძირს დასცა. მოსეს მწველმა ტკივილმა დაუარა ტვინში. მოულოდნელი თავდასხმით დაბნეულმა რეაგირება ვერ მოასწრო. გაცოფებული შუკვანი მკერდზე მოექცა და შეკრული მუშტი მეორედ უთავაზა ყბაში. ლოყის შიდა მხარე კბილზე გაეჭრა, სისხლის გულისამრევი გემო იგრძნო პირში. მაშინღა წამოენთო გაღიზიანებული. ღრენა აღმოხდა ყელიდან და ტანის ძლიერი შეტორტმანებით თავდამსხმელი გვერდით მოისროლა. შუკვანი მაშინვე ფეხზე წამოფრინდა და ატყდა ხელჩართული ორთაბრძოლა. კიტა არაფრით ზოგავადა ავალიანს. არც მოსე თმობდა და ერთმანეთს გვარიანად დაალეწეს თავპირი. ჰოლი სისხლის შხეფებით მოითხვარა. ჩხუბის ხმაზე, რომელიც ექოდ ისმოდა სადარბაზოში, რადგან კარის დაკეტვა არც ერთს არ უფიქრია, მეზობლები გამოეფინენ. ბიჭები ისე გამეტებით ურტყამდნენ ერთმანეთს, რომ მაყურებლებიდან ვერცერთმა ვერ გაბედა ჩარევა. ავალიანმა მარჯვენა მოიქნია, მაგრამ შუკვანმა მოხერხებულად აიცილა, ღრიალით ესცა მოწინააღმდეგეს და თავი ჩასცხო სახეში. ცხვირიდან სისხლმა ფანტანივით იხუვლა. არიქა, პოლიციაში დარეკეთ, სანამ მოუკლავსო! - იკივლა ვიღაცამ შეკრებილებიდან. თუმცა, ტელეფონის ამოღება ვერ მოასწრეს. არსაიდან გაბრიელ ავალიანი გამოჩნდა. შლეგიანივით ამორბოდა კიბეებზე. წივილ-კივილის ხმა სადარბაზოს შემოსასვლელშივე მისწვდა. მესამე სართულზე ამოირბინა და მაშინვე სახლში შევარდა. სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩაფრენილი ახალგაზრდები ერთმანეთს ძლივს დაწიწკნა. კიტას სახე ერთიანად აწითლებოდა, გაგლეჯილი ტუჩიდან და გახეთქილი წარბიდან სისხლი მდორედ მოჟონავდა, ხოლო მარცხენა თვალი საშინელი ტემპით უსივდებოდა. მოსეს კი გატეხილი ცხვირიდან სისხლი პირდაპირ ხახაში ჩასდიოდა და წამდაუწუმ იფურთხებოდა. მარჯვენა თვალი მასაც გვარიანად შესიებოდა. ორივე ნაფრონტალს ჰგავდა. - რა ხდება, აქ? - იყვირა გაბრიელმა და ორს შორის გაიხიდა, ხან ერთს გახედავდა მკაცრად, ხან მეორეს. ბიჭები ადგილზე ქოშინებდნენ და ერთმანეთს გამანადგურებელი მზერით ხვრეტდნენ - რა ვერ გაიყავით? - მე მეკითხები? - შეუღრინა მოსემ ბიძამისს - ის მომივარდა სახლში, ჰოდა, მაგას ჰკითხე. გაბრიელმა მზერა კიტაზე გადაიტანა. შუკვანს სიბრაზისგან სახე მოექცა. ტუჩები ზიზღით აუკანკალდა. ისევ შეკრა მუშტები. დეტექტივმა საფრთხის მოახლოება იგრძნო და ბიჭს გამაფრთხილებლად მიადო მკერდზე ხელი. - კიტა... წყნარად. - წარბაწეულმა მშვიდად წარმოთქვა - გამაგებინე, რა ხდება შენს თავს? - ეს მაგან უნდა ამიხსნას, რა ხდება! - აცახცახებული მოსეს არ აშორებდა თვალს - სად არის, ელი? სად არის-მეთქი, შე ! იღრიალა და ისევ ავალიანისკენ გაიწია, მაგრამ შუაშუ გაჩხერილმა გაბრიელმა საშულაება არ მისცა. - რას ბოდიალობ, კიტა? - ეჯაჯგურებოდა მკლავებში აფართხალებულ სვანს - რა შუაშია, მოსე? ეს უბედური შემთხვევა იყო... - სისულელეს ნუ ამბობ! - იყვირა გაცოფებულმა და მამაკაცის მკლავებისგან თავი გაითავისუფლა - ფეხებზე , რას ამბობს პოლიცია. ელი თავისით არ გადავარდებოდა წყალში! არც თავს მოიკლავდა! ამის არ მჯერა... - კიტა, მესმის, რომ შენთვის რთულია, მაგრამ მდინარემ შენი მეგობრის ტანსა... - და მხოლოდ ქურთუკის მიზეზით აპირებთ საქმის დახურვას?! - სიბრაზისგან ლამის თვალები გადმოსცვენოდა - სად არის სხეული?! არ არის და ვერც იპოვით, რადგან ელი წყალში არ ჩავარდნილა. ამ ახვარმა იცის, სად არის და ახლავე მეტყვის, თორემ... - შეწყვიტე! - ხმას აუწია გაბრიელმა და ისევ წინ გადაუდგა შუკვანს - შენს თავს თუ უსმენ, რას ლაპარაკობ? რა შუაშია მოსე მომხდართან?! - ბოლო პერიოდში სულ კუდში დასდევდა. ათასი სისულელით გამოუტენა თავი. რაღაც ავადმყოფურ თამაშში ჩაითრია და ახლა გოგო გაქრა! სად არის-მეთქი, ბიჭო, ხმა ამოიღე, თორემ ღმერთს ვფიცავ ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს! ადგილზე ბრდღვინავდა შუკვანი. გაბრიელმა ისევ ძლიერად შემოხვია მკლავები, რომ მოსეს არ დასტაკებოდა. სვანს სისხლით მოთხვრილ სახეზე ცრემლები მოღოღავდნენ. მოსეს ისეთი თვალებით უყურებდა, მზერას რომ მოკვლა შესძლებოდა, უმცროსი ავალიანი ადგილზე განუტევებდა სულს. - კიტა, დაწყნარდი. - ბურტყუნებდა გაბრიელი, თან წარბშეკრული ბიჭს ძლიერად იჭერდა - მესმის, რომ გიჭირს, მაგრამ... - არა, არ გაბედო! - კბიელებში გამოსცრა აცრემლებულმა - მოვისმინე უკვე თქვენი ვერსია. არ მინდა იგივე სისულელის გაგონება. ელი, თავს არ მოიკლავდა, გაბრიელ! ამას არ გაუკეთებდა ოჯახს! მე ასე არ მომექცეოდა. არ მჯერა. ათასი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, როგორ მოხვდა მისი ტანსაცმელი მტკვარში, მაგრამ არასოდეს დავიჯერებ იმას, რომ მოკვდა. არასოდეს, სანამ მის სხეულს არ მივაგნებ. სადარბაზოში აყუნცულ მეზობლებს, რომლებსაც ღია კარში სანახაობა ხელისგულზე ეშლებოდათ, პირზე ხელი აეფარებინათ. ქალები იცრემლებოდნენ. კიტამ ძიძგილაობა შეწყვიტა. გაბრიელს ხელები გამოგლიჯა და უკან გადგა. სახეზე ცხელი ცრემლები აწვიმდნენ. მთელი სხეულით ცახცახებდა და ჩაწითლებულ თვალებს დეტექტივს არ აშორებდა. - თუ გავიგე, რომ შენი ელის გაუჩინარებასთან კავშირშია, გეფიცები, მოვკლავ. მერე შეგიძლია მოხვიდე და დამაპატიმრო. ჰოლსა და სადარბაზოში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. შუკვანმა ბოროტი მზერა მოსეზე გადაიტანა, რომელიც მთელი ეს დრო ჩუმად ისმენდა მის მონოლოგს. სახეზე არაფრისმთქმელი გამომეტყველება ეხატა, რაც კიტაზე ისე მოქმედებდა, როგორც ხარზე წითელი ნაჭერი. - გაიგონე, რა ვთქვი? - უშუალოდ მოსეს მიმართა - სვანი თავის სიტყვას არ ტეხს, ახვარო! მიუგდო ღვარძლიანად. ჰოლში დაგებულ ხალიჩაზე დააფურთხა, მერე კი შეტრიალდა და ბინიდან გავიდა. სადარბაზოში შეკრებილები უხეშად მიყარ-მოყარა და კიბეებზე დაეშვა. გაბრიელს თვალები დაეხუჭა და თავი გააქნია. ამოიოხრა და სადარბაზოს მიაშურა, რათა შეკრებილ მეზობლებს გასაუბრებოდა. მოსეს არ გაუგია, რა უთხრა, რომ ყოველგვარი პროტესტის გარეშე დაიშალნენ. ბინაში რომ შემობრუნდა კარი მიხურა და წელში გამართული დისშვილს წინ დაუდგა. - რას ბოდიალობდა შუკვანი? - შენ თვითონ არ გესმოდა? - წაიღრინა და ნიკაპზე ჩამოწუწული სისხლი სახელოთი შეიწმინდა. - მოსე! - ხმას აუწია - გეკითხები და მიპასუხე, რა გესაქმებოდა სავანელის ქალიშვილთან? ერთხანს მზერით ბურღავდნენ ერთმანეთს. ბოლოს ისევ მოსემ აარიდა თვალი ბიძამისს. ძარღვებში უეცრად მოვარდნილი ადრენალინი სადღაც აორთქლდა, უეცარი დაღლილობა იგრძნო. ცხვირი კი არაადამიანურად აეწვა. ტკივილისგან სახე დაემანჭა და ნატკენი ადგილი ფრთხილად მოისინჯა თითებით. - წარმოდგენა არ მაქვს, სად არის ის გოგო, ან რა შეემთხვა. არ ვიცი, გაბრიელ. არ მკითხო, რადგან მართლა არ ვიცი. გაბრიელმა ყურადღებით შეათვალიერა დიშვილი. ოცდათხუთმეტი წელი ბანდიტების დევნას შეალია. გამოცდილი გამომძიებელი მარტივად ხვდებოდა, როდის უმალავდნენ სიმართლეს. - მატყუებ, მოსე. - წარმოთქვა მშვიდად, თუმცა ხმაში სუსხი გამოერია - სიმართლე მითხარი, რაში გაყავით თავი? უმცროსი ავალიანი ერთხანს დუმდა. ყოყმანებდა, გაემხილა თუ არა ბიძამისისთვის მომხდარი. არ უნდოდა გამომტყდარიყო, რომ გაბრიელის მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად მაინც იქექებოდა მის დოკუმენტებში. - მოსე... - დანაშაულის ადგილზე ვიყავით. ორიგამი მე მოვიპარე შემთხვევის ადგილიდან. გაბრიელ ავალიანს ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში. მანამდე თუ ეჭვობდა, რომ დიშვილს ხათაბალაში ჰქონდა თავი გაყოფილი, ახლა დარწმუნდა, რომ მისმა შეგონებებმა უნაყოფოდ ჩაიარეს... მოსე არ გაჩერდებოდა, სანამ სასურველს არ მიაღწევდა. - ყველაფერი მომიყავი, ახლავე! - გამოსცრა კბილებში. გაღიზიანებული ერთხანს ჯიქურად შეჰყურებდა ბიძამისს, ბოლოს თვალი მოარიდა. სკამი გამოსწია, ჩამოჯდა და მოყოლა დაიწყო, რა გამოიარეს ტყეში. გაბრიელი რაც უფრო მეტს ისმენდა, მით უფრო ფითრდებოდა. როდესაც მისმა დიშვილმა თხრობა დაასრულა ერთხანს გაუჭირდა პირში ენის მობრუნება. ბოლოს თავს მოერია და ლამის ჩურჩულით წარმოთქვა: - დაგინახეს? იციან შენი ვინაობა? - არამგონია, - თავი გააქნია - ძალიან ბნელოდა, ჭკადუას მოულოდნელად დავესხი თავს, სავანელი კი მეორეს გაუსწორდა. რომ დავენახე რომელიმეს აქამდე მომიღებდნენ ბოლოს. ვფიქრობ, ელის გაუჩინარება ამ ამბავთან არის კავშირში... დაასრულა ყრუდ და თვალი აარიდა ბიძამისს, რომელსაც მკვდრის ფერი ედო სახეზე. ახლა როცა სიმართლე ხმამაღლა წარმოთქვა, გაიაზრა, თუ რაში გაყეს თავი და რომ მისი ვარაუდი, სულაც არ იყო ლოგიკას მოკლებული. თავი საშინლად იგრძნო. დანაშაულის შეგრძნებამ გულ-მუცელი აუწვა. თუ სავანელი მართლაც იმ ნაბიჭვრებმა მოკლეს?... - და ამას ახლა მეუბნები? - ძლივს წარმოთქვა გაბრიელმა, როცა მეტყველების უნარი დაუბრუნდა - რატომ მანამდე არ მოხვედი ჩემთან? იქნებ შევძლებდი იმ გოგონას დაცვას? თუ მართლა მათ მოუღეს ბოლო სავანელის ქალიშვილს იმიტომ, რომ არასასურველი მოწმე გამოდგა, შეძლებ ამ ტვირთით ცხოვრებას? სადამდე აპირებ შეტოპვას, მოსე?! - მე მისთვის არაფერი დამიძალებია! - ფეხზე წამოვარდა გაცეცხლებული - ჰქონდა თავისი მიზეზი, რისთვისაც კახაძის თავიდან მოშორება უნდოდა, თითოეულ ჩვენგანს აქვს ამის მიზეზი, გაბრიელ... - შენს თავს თუ უსმენ, ბიჭო? - უყვირა განერვიულებულმა - ის მხოლოდ 16 წლის მოზარდი იყო! შენც ბავშვი ხარ! შეცდომა დავუშვი, ემოციებს ავყევი და რაღაც დეტალები გაგიმხილე გამოძიებიდან, მხოლოდ იმიტომ რომ დამემშვიდებინე და არა იმიტომ, რომ ასეთი გნიასი გამოგეწვია! დამპირდი არ ჩავერებვიო! დამპირდი მოქმედების საშუალებას მოგცემო, და რა გააკეთე?! დღეს ის გოგონა უკვალოდ გაქრა. არავინ იცის, ცოცხალია თუ მკვდარი. თუ მართლა მტკვარში ჩავარდა, მისი გადარჩენის შანსი ნულის ტოლფასი იქნებოდა იმ ღვარცოფის შემხედვარე, რაც იმ ღამეს დაატყდა თავს ქალაქს. - უკან არაფერზე დავიხევ, სანამ ჩემსას არ მივაღწევ! - წაისისინა თვალებანთებულმა - გითხარი მოქმედების საშუალებას მოგცემ-თქო, მაგრამ სინამდვილეში ხელის განძრევა არ შეგიძლია, რადგან იცი, რომ იმ ნაძირლებთან მარტო ვერაფერს გახდები! მე კი გულხელდაკრეფილი ჯდომას არ ვაპირებ. არ გავჩერდები, გაბრიელ, ვერ დამაკავებ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ან რა დამიდგება წინ, უყოყმანოდ გადავთელავ! - არ ამბობ ამას გულით, - თავი გააქნია გამომძიებელმა, თვალებში ცრემლი აუბრჭყვიალდა - ბრაზი და ბოღმა გალაპარაკებს, მოსე. არ ფიქრობ ასე, დარწმუნებული ვარ. - ჰოდა, ძალიანაც ცდები. მიუგო უხეშად და გვერდი აუქცია. თავის ოთახში შევიდა და ზურგს უკან კარი მიიჯახუნა. ერთხანს მძიმედ სუნთქავდა და ნერვიულად სცემდა ბოლთას ოთახში. ბოლოს შეჩერდა, სკამზე ჩამოჯდა და სახე გაშლილ ხელებში ჩამალა. თვალწინ დაუდგა სავანელის სახე, ცივი, ნახშირივით შავი თვალები და გულში რაღაცამ მტკივნეულად მოუჭირა. თითები ძლიერად ჩააჭირა სახის კანს და ყრუ ღმუილი აღმოხდა... ******* 2013 წელი, 11 ნოემბერი, გამომცემლობა „კვირის რეპორტაჟის“ სათავო ოფისი, 14:00 წთ, თბილისი. ნიკოლოზ სარანგიძეს მეტად ნაყოფიერი დღე ჰქონდა. დილაუთენია სამსახურში მოსულს, უფროსმა სასიხარულო სიახლე აცნობა. უბრალო ჟურნალისტიდან, უფროს ჟურნალისტად დააწინაურეს. ბოლოს და ბოლოს, სერიოზულ თემაზე იმუშავებდა. ყელში ჰქონდა ამოსული ადგილობრივი ამბების გაშუქება და მოსაწყენ სტატიებზე მთქნარება. ნიკოლოზს მეტი უნდოდა, გაცილებით მეტი. გამოძიება იტაცებდა. უნდოდა, რაიმე სერიოზული სიუჟეტი მოემზადებინა. თბილისი კრიმინალური ისტორიების ნაკლებობას არ უჩიოდა, თუმცა ძალიან ცოტა იყო ისეთი ჟურნალისტი, რომელიც ასეთ თემებზე თამამად წერდა სიმართლეს. ასე უთქვამთ: ფრთხილად იყავი ოცნებებთან, შეიძლება მართლა აგიხდესო. რას იფიქრებდა ნიკოლოზი, რომ ოცნების განხორციელება სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა?... ერთი კვირის წინ უსახელო კონვერტით უცნაური შეტყობინება მიიღო. უცნობი იწერებოდა, რომ ჟურნალისტთან გასაუბრება სურდა, მარტოს, ყოველგვარი მოწმეების გარეშე. ირწმუნებოდა: ძალიან საჭირო ინფორმაცია მაქვს, რომელიც მთელ ქვეყანას ფეხზე დააყენებსო. ნიკოლოზმა უნდობლად შეათვალიერა კონვერტი. ოცდამეერთე საუკუნეში ვინ გზავნიდა ასეთ შეტყობინებებს კონვერტით? მით უმეტეს, რომ ფოსტით არ მოსულა. არანაირი მისამართი და ადრესატი არ იყო მითითებული. ასისტენტმა შემოუტანა კონვერტი ფოსტის სხვა წერილებთან ერთად. დაეჭვებულმა ისიც კი იფიქრა - ვიღაც ხომ არ მემასხარავებაო. რედაქციაში თანამშრომლებს უყვარდათ ერთმანეთთან ხუმრობა და თუ ვინმეს ანკესზე გამოაბამდნენ, წასული იყო იმ უბედურის საქმე - მთელი ერთი თვე დასცინოდნენ დაბოღმილს: „რა გეგონა, მწვერვალებს დაიპყრობდიო?“ ამიტომ სარანგიძემ თავიდან ასეც იფიქრა და აწეული წარბებით გვერდით მიაგდო კონვერტი. ოფისიდან გასვლისას კი საერთოდ ნაგავში მოისროლა. მიივიწყებდა კიდეც ანონიმურ შეტყობინებას, მაგრამ ორ დღეში იგივე განმეორდა, მხოლოდ ამჯერად კონვერტი სამსახურის ნაცვლად სახლში მიუტანეს. დილაუთენია ჩაის მიირთმევდა სამზარეულოში ოჯახთან ერთად, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა. მისი ქალიშვილი, მილენა პირველი წამოხტა სკამიდან - მე გავაღებო. რამდენიმე წუთში კი უმისამართო კონვერტით ხელში დაბრუნდა. ნიკოლოზს წარბი შეეკრა და ხელი გაიწოდა შეტყობინების გამოსართმევად. გოგონას რომ ჰკითხა - ვინ მოიტანაო, მილენამ საპასუხოდ მხრები აიჩეჩა - კარი რომ გავაღე ნოხზე დამხვდაო. ცოლმა ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო ქმარს. ნიკოლოზს აღარაფერი უთქვამს. გოგონებს მოუბოდიშა და თავის კაბინეტში შეიკეტა. საწერ მაგიდას მიუჯდა და კონვერტი აჩქარებით გახსნა. შიგ ჩადებული წერილი ამოაძვრინა და სწრაფად გადაიკითხა. წარბებს შორის ნაოჭი გაუღრმავდა. უცნობი იწერებოდა: „ბატონო ნიკოლოზ, შეუბღალავი რეპუტაციის პატრონი ბრძანდებით. დღეს იშვიათია ადამიანი, რომელიც ფულზე არ იყიდება, მით უმეტეს, ჟურნალისტი. ამიტომ მოგმართავთ თქვენ. ინფორმაცია, რომლის გამხელაც მსურს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს მტრის ხელში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავიღუპები. პოლიციაში ვერ მივალ, რადგან არ ვიცი, ვისი ნდობა შეიძლება და ვისი არა. მათ ყველგან აქვთ თავიანთი კავშირები. ეს ჯოჯოხეთი უნდა შეწყდეს! სხვა გზას ვერ ვხედავ, გარდა ხალხის ინფორმირებისა. დაფიქრდით, თქვენ ჩემი ბოლო იმედი ხართ. თქვენი გადაწყვეტილება ან უამრავ სიცოცხლეს იხსნის, ან პირიქით - დაღუპავს. ზუსტად ოთხ დღეში, პარასკევს, ვაკის პარკში საღამოს 19:00 საათზე შეგხვდებით, ფანტანთან მოდით. დაგელოდებით.“ სწორედ ამ წერილზე ფიქრობდა იმ დღესაც სამსახურში და წამდაუწუმ მაჯის საათს ამოწმებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ შუადღის ორი საათი იყო, მოუსვენრად წრიალებდა სკამზე. ეჭვები ჭამდნენ შიგნიდან. თუ ვინმე გამომცემლობიდან ემასხარავებოდა, გადაიტანდა როგორმე თანამშრომლების ხითხითს, მაგრამ, თუ საქმე სერიოზულად იყო და უცნობს მართლაც რაიმე მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი, უკეთესს ვერც ინატრებდა. აღელვებულმა ჯერ სამუშაოზე სცადა კონცენტრირება, მაგრამ საათნახევრიანი უნაყოფო მუშაობის შემდეგ დანებდა. ბოლო ნახევარი საათი იყო ერთსა და იმავე წინადადებას კითხულობდა და აზრი ვერაფრით გამოჰქონდა სიტყვებიდან. სათვალე მოიხსნა, გვერდით გადადო და შუბლზე მომდგარი ოფლი ხელსახოცით შეწმინდა. შემდეგ ისევ მაჯის საათს დახედა. ამოიოხრა. რატომ ხდება, რომ როცა გეჩქარება საათის ისრები საშინლად მიღოღავენ და როცა დროის გასვლის გეშინია, პირიქით, წუთები თვალსა და ხელშუა გეპარებიან?! გადაწყვიტა შვილისთვის დაერეკა. მილენას თუ დრო ექნებოდა, ლექციებს შორის სადმე გავიდოდნენ სასადილოდ, მაგრამ ტელეფონზე შემოსულმა ზარმა გეგმები შეაცვლევინა - მეუღლე ურეკავდა. - მაგდა, - ხმა გაუთბა ნიკოლოზს - როგორი სასიამოვნო სიურპრიზია, ძვირფასო. მაგდა სარანგიძე იშვიათად ურეკავდა მეუღლეს სამსახურში. იცოდა, როგორი დაკავებული იყო და არ უნდოდა დიასახლისს ჟურნალისტისთვის ხელი შეეშალა, მაგრამ ამჯერად გამონაკლისი დაუშვა. ქმარი დააწინაურეს, რაც აუცილებლად უნდა აღენიშნათ. - დღეს საღამოს განსაკუთრებულ ვახშამს მოვამზადებ. შენი დაწინაურება უნდა აღვნიშნოთ, - მოესმა ქალის დამტკბარი ხმა ყურმილიდან - გირეკავ, რომ სახლში არ დააგვიანო, ძვირფასო. მილენასაც გავაფრთხილებ. - ეეე... შეყოყმანდა. საღამოს შვიდ საათზე შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, გამორიცხული იყო, რომ არ გამოცხადებულიყო. - მოხდა რამე, ნიკოლოზ? - ცოლმა მაშინვე იგრძნო ყოყმანი მეუღლის ხმაში. - დღეს საღამოს მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, მაგდა. მაგრამ გპირდები, საღამოს ცხრა საათისთვის შენ განკარგულებაში ვიქნები. - საღამოს ცხრაზე? - ხმაში ენთუზიაზმი ჩაუქრა ქალს - რატომ ასე გვიან? - სამსახურის საქმეა, ძვირფასო. გადადება არ შემიძლია. ყველანაირად ვეცდები, რაც შეიძლება სწრაფად მოვიდე. - ახლახანს დაგაწინაურეს და უკვე იმ თავისუფალ დროსაც გართმევენ, რომელიც ოჯახისთვის გქონდა? - საყვედური ვერ დამალა ცოლმა - იყოს, ცხრა საათისთვის რა გაეწყობა. ღამით ვახშმობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ნიკოლოზ. - ვიცი ძვირფასო, - მოთმინება ნელ-ნელა ეწურებოდა, მაგრამ ძალიან ცდილობდა, ეს ხმაში არ შეემჩნია - ამ ერთხელ გამონაკლისი დავუშვათ. როგორც მახსოვს, დღეს მილენაც წვეულებაზე უნდა წასულიყო კურსელებთან ერთად. მისთვისაც ხელსაყრელი იქნება, საზეიმო ვახშამს ცოტა თუ გადავდებთ. - არ ვიცი, რა მოგიხერხოთ, მამა-შვილს - ამოიოხრა - კი ბატონო, იყოს თქვენებურად. საღამომდე. - საღამომდე, საყვარელო. ტელეფონი გათიშა და შვებით ამოისუნთქა. ისე იყო აღელვებული, ხინკალი და ხაჭაპური უკანასკნელი იყო რაზეც ეფიქრებოდა. თუმცა, სადილზე უარს მაინც არ იტყოდა. ტელეფონი მეორედ მოიმარჯვა და ამჯერად მილენას გადაურეკა. გოგონამ პირველივე ზუმერზე უპასუხა. - ღმერთმანი, რა პატივია, თვით უფროსი ჟურნალისტი მირეკავს. რით შემიძლიათ დაგეხმაროთ, ბატონო ნიკოლოზ? - მოესმა გოგონას კისკისი ყურმილიდან და თავადაც გაეღიმა. - თუ შემიძლია, ჩემი მშვენიერი ქალიშვილი სადილად რესტორანში დავპატიჟო? - სიამოვნებით, სიამოვნებით. უარს როგორ შეგბედავთ? მხოლოდ დედას არ უთხრა, გაგვიბრაზდება. დღეს ისედაც რაღაც განსაკუთრებულს ამზადებს შენთვის. - ვიცი, დამირეკა, - ამოიოხრა. - და მგონი ვაწყენინე, რადგან ცოტათი დამაგვიანდება. - შენც? - ისევ აკისკისდა - მეც მოგვიანებით შემოგიერთდებით. სამართლის კურსის სტუდენტები ვიკრიბებით, არ გამოვა უარის თქმა. ყველა იქნება. - მესმის ძვირფასო, არ არის პრობლემა. კარგი, რამდენ ხანში გეცლება, რომ გამოგიარო? - ორი საათით ფანჯარა მაქვს, თავისუფალი ვარ. - მაშინ მოემზადე, ათ წუთში შენთან ვიქნები. - კარგი, მამიკო. მიუგო და ტელეფონი გაუთიშა. ნიკოლოზს გაეღიმა. რაც მილენა წამოიზარდა, იშვიათად მიმართავდა „მამიკოთი“. ყოველ ჯერზე კი გული უთბებოდა. სიგიჟემდე უყვარდა ქალიშვილი. წამოდგა. პიჯაკი საკიდიდან ჩამოხსნა და შემოიცვა. მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო და კაბინეტის კარი გაიხურა. საწერ მაგიდაზე შემოდგმული საათი რიტმული წიკწიკით ითვლიდა დროს საღამოს თერთმეტ საათამდე, როცა ნიკოლოზ სარანგიძე ცოლთან ერთად სიცოცხლეს უნდა გამომშვიდობებოდა. საათის გვერდით ოჯახური ფოტო მოჩანდა, სადაც უფროს ჟურნალისტს გულში ჩაეკრა მოცინარი ცოლ-შვილი. ******* 2013 წელი, 11 ნოემბერი, 19:15 წთ, ვაკის პარკი, თბილისი. ნიკოლოზი ფანტანთან იდგა და მოუთმენლად იყურებოდა აქეთ-იქით. თავს სულელურად გრძნობდა. თავადაც არ იცოდა, რა ჯანდაბას აკეთებდა ყინვასა და სიცივეში ვაკის პარკში. ნოემბერში დღეები შემოკლდა. ამიტომ საღამოს შვიდი საათისთვის უკვე გვარიანად ბნელოდა. ხალხი თითქმის არ მოძრაობდა პარკში. აბა, რომელი ჭკუათმყოფელი იბოდიალებდა სუსხა და ყინვაში გარეთ, მით უმეტეს, სიბნელეში? მაჯის საათს დახედა. ლამპიონის შუქზე ძლივს გაარჩია, რომ დათქმულ დროს თხუთმეტი წუთით გადასცილებოდა და გაღიზიანდა. საღამოს შვიდზე შეუთანხმა შეხვედრა. მომსვლელი აქამდე მოვიდოდა! რომელი სერიოზული ადამიანი აგვიანებს შეხვედრაზე, მით უფრო როცა მართლა რაღაც მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი? თავიდანვე შეეპარა ეჭვი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და, აგერ ბატონო, დარწმუნდა. შერცხვა საკუთარი მიამიტობის, რაღას იზამდა? შეტრიალდა და წასვლა დააპირა, რომ მოულოდნელად ვიღაცის მკერდს შეენარცხა. გულგახეთქილი მაშინვე უკან გახტა. - ღმერთო, დიდებულო... - წამოიყვირა შეშინებულმა და გულზე ხელი წაივლო. - ღმერთი ჩვენ შორის არ არის, ბატონო ნიკოლოზ, ეშმაკი კიდევ შეიძლება. უპასუხა უცნობმა ხრინწიანი ხმით. თბილ ტანსაცმელში შეფუთულს თავზე კაპიუშონიანი ქუდი წამოეფარებინა. მის გარეგნობაში უცნაურს ვერაფერს შენიშნავდით. საშინლად ციოდა, ყველა მსგავსად შეფუთნული დადიოდა ქუჩაში, მაგრამ იყო მამაკაცის გამოხედვაში რაღაც... ჟრუანტელის მომგვრელი. - მაპატიეთ, რომ გალოდინეთ, მაგრამ უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ მარტო მოხვედით. - თქვენ გამომიგზავნეთ წერილი? ეჭვით შეათვალიერა უცნობი. სახეს დიდად ვერ კი არჩევდა, რადგან მამაკაცს საყელო ცხვირამდე აექაჩა. - დიახ, მაგრამ აქ ნუ დავეყუდებით. გავიაროთ. სასაუბრო ბევრი გვაქვს. ნიკოლოზ სარანგიძემ ნერვიულად მიმოიხედა და უცნობს უკან მიჰყვა. დარწმუნდა, რომ რედაქციიდან არავინ ეხუმრებოდა, მაგრამ უცნობს მაინც არ ენდობოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო, საიდან მოვიდა და საერთოდ რა უნდოდა ჟურნალისტისგან. ორმოცდაათი მეტრი უხმოდ გაიარეს. შემდეგ კი, როცა ნიკოლოზს ნერვებმა უმტყუნეს და პირი გააღო, რაღაცის სათქმელად, უცნობმა დაასრწო: - აქ ჩამოვსხდეთ. სავარაუდოდ, არავინ მოგვაქცევს ყურადღებას. ერთ-ერთ ძელსკამზე ანიშნა ხელით და, ყოველი შემთხვევისთვის არემარეს თვალი მოავლო. სარანგიძეს ნერვიულობა შეეპარა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. მორჩილად დაეშვა მითითებულ ადგილზე. ყინულივით ცივმა ხის სკამმა ჟრუანტელი მოჰგვარა. ხელები მოიფშვნიტა და კაპიუშონიანს მიაჩერდა, რომელიც მის გვერდით დაეშვა. - აბა, რაზე გინდოდათ საუბარი? და რატომ არ შეიძლებოდა, სადმე ადამიანურ ადგილას შევხვედროდით ერთანეთს? - ერთად არ უნდა დაგვინახონ. თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. ჯიბეში ხელი ჩაიყო და სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ჯერ ჟურნალისტს შესთავაზა, მაგრამ ნიკოლოზმა რომ იუარა, თავად ამოაძვრინა ერთი ღერი და ბაგეებს შორის მოიქცია. სწრაფად გაუკიდა და გააბოლა. სარანგიძემ შეამჩნია, რომ მამაკაცს ხელები უკანკალებდა. - ვინ არ უნდა დაგვინახოს ერთად და რატომ? - ჩაეკითხა დაინტრიგებული. - სანამ საუბარს დავიწყებ, უნდა შევთანხმდეთ... ჩემს სახელს არსად ახსენებთ, არავის გაუმხელთ წყაროს, ვინ, საიდან და როგორ მოგაწოდათ ინფორმაცია. წინააღდმეგ შემთხვევაში, სიტყვას არ დავძრავ. ისევ ნერვიულად მოქაჩა ფილტრს და ჟურნალისტს მომლოდინედ მიაჩერდა. - თავისთავად, - თავი დაუქნია სარანგიძემ. - ანონიმურობის უფლება გაქვთ. ჯერ უნდა მოვისმინო, რა გაქვთ სათქმელი, და მხოლოდ შემდეგ გადავწყვეტ, რა მოვუხერხო მიღებულ ინფორმაციას. - დიქტოფონი გაქვთ? არც ერთი სიტყვა არ უნდა გამოგრჩეთ. ნიკოლოზმა ჯიბიდან პატარა ხმის ჩამწერი ამოაძვრინა, რომელიც მუდამ თან დაჰქონდა ყველგან. მუხლზე დაიდო და ჩართო. - ყურადღებით გისმენთ. კაპიუშონიანმა კიდევ ერთხელ ძლიერად მოქაჩა ფილტრს. გააბოლა, ნერვიულად მიიხედ-მოიხედა და საუბარი დაიწყო: - ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ, სვანეთში, დაიწყო. 1993 წელს, მოგეხსენებათ, სამოქალაქო ომი გვქონდა ქვეყანაში. სრული ანარქია და ღია კრიმინალი ბობოქრობდა. მამის ტოლი კაცი ხართ, გეცოდინებათ, რომ ქუჩებში შეიარაღებული დაჯგუფებები მოძრაობდნენ და ეს არავისთვის წარმოადგენდა სიახლეს. მაგრამ ამ ქაოსში ფარული ჭირი გაჩნდა, რომელიც ომის მიღმა მოქმედებდა, კვალს კი სწორედ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით შლიდა. დღისით-მზისით ბავშვები უკვალოდ უჩინარდებოდნენ, მშობლები კი თვეობით ეძებდნენ უშედეგოდ. არავინ იცოდა, რა ხდებოდა სინამდვილეში. ნიკოლოზი ძელსკამზე შესწორდა და ყურადღებად იქცა. უცნობმა სიგარეტს ბოლოჯერ მოქაჩა და ნამწვი იქვე, ნაგვის ურნაში, ჩააგდო. გააბოლა და კიდევ ერთი ღერი ამოაძვრინა. ბაგეებში მოიქცია და ისევ გაუკიდა. სიგარეტიანი ხელით შუბლი ნერვიულად მოისრისა და საუბარი განაგრძო. - ბავშვებს იჭერდნენ და თურქეთში მიჰყავდათ გასაყიდად. ასე გრძელდებოდა თვეები. უამრავი ოჯახი გააუბედურეს. ბოლოს ისე გათავხედნენ, რომ პირდაპირ ოჯახებიდან იტაცებდნენ პატარებს, მშობლებს კი საკუთარივე სახლებში ხოცავდნენ. წასვლისას ყველაფერს ცეცხლის ალში ხვევდნენ, რომ ყოველგვარი კვალი წაეშალათ. ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვალა. როდესაც სამოქალაქო ომი 1993 წლის ბოლოს დასრულდა, სათავეში შევარდნაძე მოვიდა. გახსოვთ მისი მმართველობის ხანა. იდეალურისგან ძალიან შორს იყო. თუმცა ბავშვების გატაცება დღისით გაჭირდა, რადგან ხალხი უკვე ფეხზე იდგა. სვანეთის უხუცესობამ კრება მოიწვია და თითოეულ მაცხოვრებელს იარაღი ჩამოურიგდა, რათა საჭიროების შემთხვევაში ოჯახების დაცვა შეძლებოდათ. ორგანიზებულმა დაჯგუფებამ ტაქტიკა შეცვალა. ბავშვები ამჯერად სამშობიაროდან მიჰყავდათ. ახალდაბადებულ ჩვილებს მკვდრებად ასაღებდნენ, მიწაში კი ცარიელ კუბოებს მარხავდნენ. მოსყიდული ჰყავდათ ბებიაქალები, პოლიცია და მესაზღვრეები. სამშობიაროდან თვეში ოთხი ან ხუთი ბავშვი „კვდებოდა“. სპეციალურად გამზადებულ სამგზავრო ბუსს კი, ჩვილები პირდაპირ თურქეთში გადაჰყავდა და უშვილო ოჯახებზე ყიდდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ჰაერის ტემპერატურა მინუსებში გადადიოდა, ნიკოლოზს საშინლად დასცხა. შუბლზე ოფლი მოადგა, ხელები კი აუკანკალდა. შავჩარჩოიანი სათვალე მოიხსნა და სახე ხელის ზურგით შეიწმინდა. ნერწყვს გაჭირვებით ყლაპავდა. ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა, სათვალე ისევ ცხვირზე მოირგო და მოსაუბრეს მიაჩერდა, რომელმაც მისი განერვიულება შენიშნა და თხრობა შეწყვიტა. - ყველაფერი რიგზეა? - დიახ... უბრალოდ... ეს... ეს მძიმე მოსასმენია. შვილი მყავს და წარმომიდგენია რას განიცდიდნენ მშობლები. ვინმემ რომ ჩემს გოგონას... ვეღარ დაასრულა, ხმა ჩაუწყდა. კაპიუშონიანმა თანხმობის ნიშნად ნელა დაუქნია თავი, სიგარეტი გადააფერფლა და ისევ ძლიერად მოქაჩა. ეტყობოდა, მასაც უჭირდა თხრობა. - შორიდან დავიწყე თხრობა, რათა მიმხვდარიყავით, რა მასშტაბის არის დანაშაული და საიდან იღებს ფესვებს. დღეს ეს მაფია ჭირივით არის გავრცელებული მთელ ქვეყანაში. ადრე თუ მხოლოდ სვანეთს აწიოკებდნენ, დღეს თითქმის ყველგან არიან მოდებულები. კავშირები კი ყოველ კუთხე-კუნჭულში აქვთ. ვერც პოლიციას ენდობა კაცი და ვერც მედიას. - პოლიციას ამ საქმეში ხელი ურევია? - არ დაიჯერა სარანგიძემ - დამამტკიცებელი საბუთები გაქვთ? - დიახ, ურევია. ერთ-ერთ მათგანს პირადად ვიცნობდი. სვანეთში მსახურობდა. სწორედ მისი და მისი ცოლის დახმარებით ხდებოდა ბავშვების საზღვარგარეთ გაპარება. - მისი და მისი ცოლის? - თვალები დაუმრგვალდა ნიკოლოზს. - ირაკლი და სოფო შუკვანები. ირაკლი პოლიციაში მუშაობდა, მისი მეუღლე კი საავადმყოფოში. ჩვილები შენობის უკანა გასასვლელიდან გამოჰყავდათ და უკვე გამზადებული ტრანსპორტით სხვა ქალაქში გადაჰყავდათ. მშობლებს კი ეუბნებოდნენ, რომ ბავშვს სერიოზული დაავადება სჭირდა და გადარჩენა ვერ მოხერხდა. - თქვენ საიდან იცით ეს ყველაფერი? - გაფითრდა ჟურნალისტი. - მე ვმართავდი იმ წყეულ მანქანას! - გამოსცრა კბილებში და თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა. სარანგიძე წელში გასწორდა და სულ სხვა თვალით შეხედა წინ მჯდომს. აირია. თავადაც არ იცოდა რა რეაქცია ჰქონოდა მოსმენილზე, მაგრამ ერთ ფაქტს წყალი არ გაუვიდოდა - მამაკაცის მიმართ ენით აუწერელი ზიზღი იგრძნო. - ვიმსახურებ, ასეთ მზერას და გაცილებით უარესსაც... - ხმის კანკალით წარმოთქვა მამაკაცმა - მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მემუქრებოდნენ. თავის დროზე შარში გავყავი თავი. ფული მჭირდებოდა და არასწორი ადამიანისგან ვისესხე. ვალის დაბრუნება კი ვერ შევძელი. გარიგება შემომთავაზეს. მანქანა უნდა მემართა, მეტი არაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის ამოხოცვით დამემუქრნენ. ეჭვიც არ შემპარვია მათ სიტყვებში. გამკეთებლები იყვნენ. ვფიქრობდი, რომ კონტრაბანდის გადატანა მომიწევდა, სხვა შემთხვევაში ასეთ წინადადებას არ წამომიყენებდნენ, მაგრამ მესამე დავალებაზე მივხვდი სინამდვილეში რას აკეთებდნენ. უკან დახევა კი ძალიან გვიანი იყო. მით უმეტეს ვიცოდი, რომ პოლიციაც ეხმარებოდა, ვისთან უნდა წავსულიყავი? ვისთვის უნდა მომეყოლა რა ხდებოდა? მინდოდა თუ არ მინდოდა ჩემ საქმეს ვაკეთებდი. - რამდენიმე ადგილობრივი კორუმპირებული პოლიციელის გამო გადაწყვიტეთ, მომხდარზე თვალი დაგეხუჭათ? - ყურებს არ უჯერებდა ნიკოლოზი. - ჩემზე წინ ერთმა ადამიანმა სცადა პოლიციისთვის ყველაფრის გამხელა. მსგავსი სიტუაცია ჰქონდა. ფული სჭირდებოდა და მძღოლობა შესთავაზეს. მაგრამ ის კაცი პირველივე რეისზე მიხვდა რა ხდებოდა და მაშინვე პოლიციას მიმართა. იცით, შემდეგ რა მოხდა? მისი კვალი სამუდამოდ გაქრა. მიწამ უყო პირი. ასე აგროვებენ ჩემსავით გაჭირვებულებს და საჭესთან სვამენ, რადგან ეს ყველაზე რისკიანი საქმეა. თუ ჩავარდები, უსიტყვოდ ამოგაყოფინებენ თავს ვირის აბანოში. მერე კი საკანში მოგხედავენ. პროცესამდე ცოცხალი ვერც მიაღწევ, ისე გამოგიყვანენ წირვას. ასე მუშაობს მაფია, რომელიც ქართველ ბავშვებს თურქეთისკენ ეზიდება. - იცით მათი სახელები, ვისაც ამ ბინძურ ამბავში ხელი ურევია? - დიახ. პირველი და ყველაზე მთავარი ძაღლი მიხეილ არეშიძეა. სწორედ ის მეთაურობს ორგანიზებულ დაჯგუფებას საქართველოში, რომელიც ტყვეების საზღვარგარეთ გადაყვანას ხელმძღვანელობს. მაგრამ მარტო არ არის, მთავრობაში ვიღაც ეხმარება. მისი სახელი არ ვიცი. ასეთ თემებზე ჩემნაირ წვრილფეხობასთან არ ლაპარაკობენ. მაგრამ ვიცნობ მის მარჯვენა ხელს, კახა კახაძეს, რომელიც ყველა მის ბინძურ საქმეს აკეთებს. სანამ თბილისში გადმობარგდებოდნენ, სხვა ქალაქში ცხოვრობდნენ. ზუსტად არ ვიცი, იქ რა მოხდა, ბიჭები ლაპარაკობდნენ, რომ ორი მოზარდი გაუჩინარებულა უკვალოდ. მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ერთ-ერთი მოზარდის მკვლელობა პოლიციელს შეუკვეთეს. როგორც გავიგე არასასურველი მოწმე ყოფილა და თავიდან მოიშორეს. ხვდებით, რას გიყვებით? ისინი არც დიდს ინდობენ და არც პატარას. მით უმეტეს, მთავრობაში ვიღაც ზურგს უმაგრებთ. პოლიციაში არავინ გაანძრევს ხელს, მით უფრო რომ მათივე ძაღლები აფარებენ ხელს, მთელს ამ სიბინძურეს. ვინ გაახმაურებს ასეთ განავალს? პირველ რიგში იმას გააქრობენ, ვინც ენას დაიგრძელებს. მაგრამ მე ასე ცხოვრება აღარ შემიძლია. მოვკვდები და ამ სიბინძურეში მონაწილეობას აღარ მივიღებ. საკმარისი ფული მოვაგროვე. ოჯახი საზღვარგარეთ მიმყავს. შორს გადავიხვეწები, ვერავინ მომაგნებს, მაგრამ არ მინდა ისე წავიდე, ყველაფერი ამ ეშმაკების ამარა დავტოვო. ახლა, ამ წუთს, როდესაც ჩვენ ასე მშვიდად ვსაუბრობთ, სადღაც ბავშვს იტაცებენ, საზღვარგარეთ მიჰყავთ და თურქებზე ყიდიან. დამიჯერეთ, ყველა ბავშვის ბედი ერთი გზით არ მიდის. გგონიათ, მართლა ყველას აშვილებენ? ცოტა დიდებს პროსტიტუციაში რთავენ ან მათხოვრობას აიძულებენ ქუჩებში, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი სცემენ ან კლავენ. ეს უნდა შეწყდეს! დაასრულა ყბის კანკალით და თვალებიდან მსხვილი ცრემლები გადმოსცვივდა. ნიკოლოზი ყინულის ქანდაკებასავით იჯდა სკამზე და კიდურებს ვეღარ გრძნობდა. - და ეს არ არის ყველაფერი. - ამაზე მეტი რა უნდა მითხრათ? - იკითხა გაშავებულმა ჟურნალისტმა. - არის რაღაც, რაზეც პირველ რიგში უნდა დაწეროთ... ამ ამბის გახმაურება უძლეველ იმპერიას სერიოზულ ბზარს გაუჩენს შიგნიდან... ****** 2013 წელი, 21:30 წთ, გამომცემლობა „კვირის რეპორტაჟის“ სათავო ოფისი, თბილისი. ნიკოლოზი ხელების კანკალით დაბრუნდა ოფისში. აღარც სადღესასწაულო ვახშამი ახსოვდა და აღარც ნაწყენი ცოლი, რომელმაც არაერთხელ სცადა ქმართან დაკავშირება. იმდენად იყო განერვიულებული, ლიფტსაც კი არ დალოდებია. სწრაფი ნაბიჯით აუყვა კიბეებს თავისი კაბინეტისკენ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ფეკალიებით სავსე ვედრო გადაასხეს თავზე. გული სახიფათოდ აზიდებდა. მამაკაცის მონაყოლი შხამად დაელექა ორგანიზმში. ყელში მოწოლილი ბურთი კი ნერწყვის ჩაყლაპვის საშუალებას არ აძლევდა. განერვიულებულმა ვერც კი შეამჩნია თავისი ასისტენტი, რომელიც გვიანობამდე შემორჩენილიყო ოფისში და სტატიაზე მუშაობდა. ფეხის ხმაზე კომპიუტერის ეკრანს თვალი მოსწყვიტა და მზერა ახალმოსულზე გადაიტანა. ასე გვიან უფროსის ხილვას არ ელოდა, თვალები დაუმრგვალდა გაკვირვებულს. - ბატონო ნიკოლოზ? ასე გვიან სამსახურში რას აკეთებთ? სარანგიძე მოულოდნელობისგან შეკრთა და კინაღამ ხელში ჩაბღუჯული დიქტოფონი გაუვარდა. საშინლად აღელვებულს ემოციების დაოკება გაუჭირდა. - სისე... რატომ სახლში არ წახვედი? - დიქტოფონი ნერვიულად შემალა ლაბადის ჯიბეში. - თქვენ რომ სტატია დამიტოვებთ, იმას ვასრულებდი, აღარ მინდოდა მეორე დღეს გადადება. თან სახლშიც არავინ მელოდება. მერჩივნა, დღეს დამესრულებინა სამუშაო. ბატონო ნიკოლოზ... - საუბარი შეწყვიტა და მამაკაცს სახეზე ყურადღებით დააკვირდა - ყველაფერი რიგზეა? - დიახ, დიახ... ეეე... სისე, გააგრძელე მუშაობა. მე პატარა საქმე მაქვს და სახლში უნდა დავბრუნდე, თორემ მეუღლე ბოლოს მომიღებს. ნაძალადევად გაიცინასავით და კაბინეტში შეიკეტა. სისე გეწაძემ დაბნეულმა გააყოლა თვალი მამაკაცს და ერთხანს იმ ადგილს მიაშტერდა, სადაც უფროსი ჟურნალისტი გაუჩინარდა. თავის თავს არ ჰგავდა. კი, მაგრამ ასე რამ ააღელვა? სარანგიძემ მართლაც მხოლოდ თხუთმეტი წუთი დაჰყო კაბინეტში, გამოსვლისას კი უცნაური რამ გააკეთა. კარი გასაღებით გადაკეტა. სისეს გამოემშვიდობა და სწრაფი ნაბიჯით გაუდგა დერეფანს. სისემ ფიქრიანად ააკაკუნა თითები მაგიდაზე. ეჭვის ჭია ღრღნიდა. ერთი კვირის წინ, როდესაც უფროსის კაბინეტში გამზადებული სტატია შეჰქონდა, უნებურად წერილს მიაგნო, რომელიც ნიკოლოზმა დაუდევრად მოისროლა ნაგვის ყუთში. შიგთავსის გაცნობის შემდეგ ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო. ამიტომ ეუცნაურა სარანგიძის ასეთი საქციელი და შემოწმება გადაწყვიტა. შეიცადა, სანამ უფროსი თვალს მიეფარებოდა, შემდეგ ფეხზე წამოდგა. კაბინეტის კარი მარტივად გააღო საკანცელარიო ჩხირებით და უჩუმრად შესხლტა შიგნით. ძებნას დიდი დრო არ წაუღია. სულ რაღაც ათ წუთში მიაგნო დაკეტილ უჯრაში შენახულ დიქტოფონს. როცა ჩანაწერი ჩართო და მამაკაცის ხმა გაიგონა, თვალები გაუფართოვდა. მაშინვე იცნო რესპოდენტი. ჯიბეში ხელი ჩაიყო, ტელეფონი ამოაძვრინა და საჭირო ნომერზე გადარეკა. მეორე ზუმერზევე უპასუხეს. - დიდი იმედი მაქვს, რომ უმიზეზოდ არ მირეკავ, რადგან... - ლევან მესხმა ენა დაიგრძელა! - უპარდონოდ გააწყვეტინა მოსაუბრეს - პრობლემები გვაქვს! ყურმილში სიჩუმე ჩამოვარდა... იმავე საღამოს, 11 ნოემბრის, ღამის თერთმეტ საათსა და 11 წუთზე, პოლიციამ ბინაში სარანგიძეების გვამები აღმოაჩინა. შუბლგახვრეტილ ცოლ-ქმარს თავები თეფშებზე ედოთ. მაგიდაზე საზეიმო ვახშამი ხელუხლებლად ცივდებოდა. ****** 2014 წელი, ფსიქიატრიული საავადმყოფო, 14:11 წთ, თბილისი. ხის მაგიდაზე შემომდგარი ქანქარა რიტმულად არხევდა მასზე ჩამოკონწიალებულ მეტალის ბურთულებს. ყრუ კაკუნის ხმა დამამშვიდებლად მოქმედებდა პაციენტზე. სავანელი რბილ სავარძელში მოთავსებულიყო და გასუსული ადევნებდა თვალს ბურთების მოძრაობას. სევერინი დაფანჩული წარბების ქვემოდან ყურადღებით აკვირდებოდა გოგონას სახეს. - დღეს თავს როგორ გრძნობ, ელ? - ჰკითხა წყნარად. სამი წელი გასულიყო, რაც სავანელს თავის კლინიკაში მკურნალობდა. გოგონას მდგომარეობის გაუმჯობესება იგრძნობოდა. მართალია, ხშირად არ საუბრობდა, მაგრამ სულ თუ არაფერი, აღარ ყვიროდა და არც ადამიანების მიმართ იჩენდა აგრესიას. ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომელიც დიდი დოზით შეჰყავდა გოგონას ორგანიზმში, ეტაპობრივად შეუმცირა. - ისევ არ გინდა საუბარი... - ამოიოხრა. - უბრალოდ, თქვენს კითხვაზე პასუხი არ მაქვს. - უპასუხა მოულოდნელად. ექიმი პასუხმა იმდენად გააკვირვა, წარბები მაღლა აზიდა, ტუჩებზე კი თბილი ღიმილი მოეფინა. - დაბნეულობა ბუნებრივია, ელ. ხანდახან თითოეული ჩვენგანი განიცდის იგივეს. - ექიმო... - პირველად მოაშორა მზერა მოხტუნავე ბურთებს და წინ მჯდომს თვალი გაუსწორა. - ვინ არის ახალი პაციენტი, რომელიც დილას მოიყვანეს? სევერინს წარბები კიდევ უფრო მაღლა გაექცა. როგორც წესი, სავანელი ხალხის მიმართ ინტერესს არ იჩენდა, არც არავისთან კონტაქტობდა. მუდამ თავისთვის იჯდა მარტო საერთო ოთახში და ფანჯრიდან ეზოს გადაჰყურებდა. - ახალმა პაციენტმა დაგაინტერესა? - ჩაეკითხა უფრო დროის მოსაგებად. - ტიროდა, ჯანმრთელი ვარო, - შავი თვალები გააკვესა. - გიჟის მართლა არაფერი ეტყობოდა. - ელ... - სევერინმა ამოიოხრა. - ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა მხოლოდ თვალის შევლებით არ განისაზღვრება. შეიძლება, ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელ ადამიანს სერიოზული ფსიქიკური აშლილობა ჰქონდეს და ეს ვერც შენიშნო. - ანუ გიჟია? - წარბი შეიკრა. სევერინმა მეგობრულად გაუღიმა. - ავად არის, ელ და დახმარება სჭირდება. სავანელმა ერთხანს უყურა ექიმს, შემდეგ კი სწრაფად დაკარგა საუბრის ინტერესი. მზერა ისევ მოხტუნავე ბურთებზე გადაიტანა, რომლის კაკუნსაც გონებაში ირეკლავდა ექოდ. ტიკ... ტაკ... ტიკ... ტაკ... „მე გიჟი არ ვარ!“ „ხელები მომაშორეთ! გიჟი არ ვარ! გევედრებით...“ სადღაც ქვეცნობიერის სიღრმეში დილანდელი პაციენტის კივილი გაისმა. წარბი უცნაურად შეუტოკდა. გაუცნობიერებლად კბენდა ცერს და ბურთების კაკუნის ნაცვლად გონებაში ჩარჩენილ ხმას აყურადებდა „გიჟი არ ვარ. წყეულიმც იყავ, მიხეილ! ღმერთმა დაგწყევლოს, ურჩხულო. გიჟი არ, ვარ!“. ტიკ... ტაკ... ტიკ... ტაკ... ****** 2014 წელი, 20:01 წთ, ფსიქიატრიული საავადმყოფო, თბილისი. საერთო ოთახში მშვიდად იჯდა და პირველად არ მისჩერებოდა ფანჯარას უაზროდ. თვალებით ახალ პაციენტს ეძებდა და მალევე მიაგნო კიდეც. ოთახის კუთხეში, რბილ სავარძელში, უცნაურად გამოთაყვანებული იჯდა. მის გვერდით ჭაღარა პაციენტი მაგიდაზე გაბნეულ პაზლებს გატაცებით აწყობდა. ელი წამოდგა და ქალისკენ აუჩქარებლად გაემართა. გზად თვალი შეავლო ქალს, რომელიც საერთო სურათის აწყობით იყო დაკავებული, და შეამჩნია, რომ არც ერთი პაზლი არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ჭაღარას გვერდი აუარა და წაბლისფერთმიან ქალს მიუახლოვდა. თვალით გაზომა მანძილი, რომ საკმარისი სივრცე ყოფილიყო ორ შორის, მოშორებით ჩამოჯდა და მზერა ახალზე გადაიტანა. - ჩემი გესმის? - ჰკითხა ხმადაბლა. მუდმივი მდუმარების გამო ხმა ისე ჩახრინწვოდა, ბგერები ძლივს ამოუშვა ყელიდან. წაბლისფერთმიანს რეაგირება არ ჰქონია. ისევ გამოთაყვანებული მისჩერებოდა ერთ წერტილს და ძლივშესამჩნევად ირწეოდა. - გესმის, მაგრამ აზრების მოკრება გიჭირს... - ქალისკენ ოდნავ დაიხარა და ხმადაბლა ლაპარაკი განაგრძო. - ნუ ყვირი, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტი წამლებით გაგჭყიპავენ, საბოლოოდ კი მართლა შეიშლები. თავი მოაჩვენე, რომ უჯერებ. რაც უფრო დამყოლი იქნები, მით ნაკლები იქნება ზეწოლაც. წამოდგა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. წაბლისფერთმიანს არანაირი ნიშანსწყალი არ ეტყობოდა სახეზე, რომ ნათქვამიდან აზრი გამოიტანა. ოდნავ პირდაღებული რიტმულად ირწეოდა. გამომშრალი ტუჩები დახეთქოდა. უპეები კი ჩასცვენოდა და ჩალურჯებოდა. ჭაღარა, რომელიც დილიდან საღამომდე მოთმინებით ცდილობდა პაზლების აწყობას და ვერც ერთი ნაწილი სურათს ვერ დაამთხვია, მოულოდნელად გაღიზიანდა, ფეხზე წამოიჭრა და მაგიდას წიხლი ამოსცხო. პაზლები მთელს ოთახში მიმოიფანტა, რასაც ზოგიერთი პაციენტის აღფრთოვანებული ყიჟინა მოჰყვა. სანიტრები მაშინვე ჩაერივნენ და, სანამ სიტუაცია გამწვავდებოდა, ჭაღარა ნემსით დაამშვიდეს. როგორც კი კივილი შეწყვიტა, დანარჩენმა პაციენტებმაც სწრაფად იყუჩეს და ისევ თავიანთ მონოტორულ მდგომარეობას დაუბრუნდნენ. ფსიქიატრიული კლინიკის საერთო ოთახი ისევ ნაცრისფერმა უღიმღამობამ მოიცვა... მეორე დილას სასადილოში სასაუზმოდ ჩასულმა პირველ რიგში თვალით ისევ ის ახალი მოძებნა. წაბლისფერთმიანი ერთ-ერთ გრძელ მაგიდას უჯდა და უგემურ ფაფას არაფრისმთქმელი გამომეტყველებით დაშტერებოდა. პლასტმასის ლანგარს ხელი წამოავლო და მოკლე რიგში ჩადგა. ცდა დიდხანს არ მოუწია, რადგან ყველა პაციენტს ჯერ მოსვლა ვერ მოესწრო. სასადილო ხაზის მორიგემ ნაცრისფერი ფაფა მიაწოდა პატარა ჯამით. ოხშივარავარდნილს ზედ კარაქის პაწაწინა ნაჭერი ალღვებოდა. ფუმფულა ქალმა მომცრო ჭიქაში ფორთოხლის წვენი ჩამოუსხა და გაუბედავად დაუდგა ლანგარზე. თანამშრომლებთან არაფრით აღიარებდა, მაგრამ სავანელი გვარიანად აფრთხობდა. საქმე იმაში იყო, რომ ელს „ჭურჭელზე“ შეხება აღიზიანებდა, რადგან ყველაფერი პლასტმასის იყო, რაც ხელოვნურობის შეგრძნებას ამძაფრებდა. ხშირად გაღიზიანება აგრესიაში გადასდიოდა და რამდენჯერმე ლანგარი სახეშიც აფეთა ხაზის მორიგეს, მაგრამ ამჯერად მისი კონცენტრაცია სულ სხვა რამეზე იყო მიმართული. უხმოდ გამოეყო ხაზს, მაგიდებს შემოუარა და ახალის წინ დაიკავა ადგილი. - თავს როგორ გრძნობ? - იკითხა ხმადაბლა. წაბლისფერთმიანმა თავი აიღო და გოგონას მიაშტერდა. - შენც მისი მოგზავნილი ხარ? გინდა, ტვინი ამირიო? ამიტომ გადამეკიდე? - ასისინდა ხმადაბლა. - აქ ვინ გამოგამწყვდია? ქალის ბრალდებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მისი ტვინი სულ სხვა რამეზე იყო ფიქსირებული და არაფრით მოეშვებოდა სანამ წაბლისფერთმიანს სიმართლეს არ ათქმევინებდა. - თავიდან მომწყდი! - შეუღრინა გაღიზიანებულმა და ფაფას ზიზღით ჰკრა ხელი. - უნდა ჭამო, - ისევ წინ მიუწია გულისამრევი საუზმე - თუ იშიმშილებ, მედიკამენტები მარტივად მოერევიან ორგანიზმს. ძალა გჭირდება, რომ საღი გონება შეინარჩუნო. დღეს უკვე ლაპარაკობ. პროგრესია. ჩაეღიმა თავისთვის და უგემური ფაფის პირველი კოვზი გაიქანა ხახაში. ნახშირივით შავი თვალები სამი წლის შემდეგ პირველად უციმციმებდა. ტრანსში მყოფი ტვინი ნაცნობ და, იმავდროულად, საძულველ სახელს ისე ჩაეჭიდა, როგორც წყალწაღებული ხავსს. „მიხეილი“, „მიხეილი“... იმეორებდა ქვეცნობიერი გაფუჭებული ფირივით. რეალურად მნიშვნელობა არც ჰქონდა, მართლა იმ მონსტრზე თუ იყო საუბარი, რომელიც წარსულში დატოვა. საქმე იმაში იყო, რომ დიდი ხნის შემდეგ ემოციაგაყინულს ხელჩასაჭიდი გამოუჩნდა, რაზეც ყურადღების მოკრებას შეძლებდა. ექიმი სეანსებზე მუდამ ეუბნებოდა, რომ არეული გონებისთვის საღ აზრზე დასარჩენად სამიზნე საგანი იყო საჭირო, რასაც ქვეცნობიერი ძლიერად ჩაეჭიდებოდა, რათა ბალანსი შეენარჩუნებინა. ყველა მოგონება, რაც ოჯახთან და მეგობრებთან აკავშირებდა, თევზივით უსხლტებოდა ხელიდან. ვერაფრით შეძლო კონცენტრირება საყვარელ ადამიანებზე. საკმარისი იყო, მათი სახეები წარმოედგინა, რომ სული ეხუთებოდა და შეტევა ეწყებოდა. ტვინი, რომელიც ძლიერ სტრეს განიცდიდა, ავტომატურად იცავდა პატრონს მტკივნეული ემოციებისგან. ერთადერთი, რასაც ქვეცნობიერი არ აპროტესტებდა, მათი სახელები იყო, ვინც ფსიქიატრიულის კარამდე მიიყვანა. ერთადერთი, რაც მის ძარღვებში სისხლს მოტივაციით ტუმბავდა, სწორედ იმ დემონების სახეები იყო, რომელებსაც ყოველ ღამით წარმოიდგენდა ხოლმე დაძინებისას, ერთი ფიქრით გაბრუებული, რომ მათი დროც მოვიდოდა. აუცილებლად! - პირობა დადო, აჩეხილი დედის საწოლთან... მესამე დღეს ისევ საერთო ოთახში ისხდნენ. ზოგი ტელევიზორს მისჩერებოდა უაზრო გამომეტყველებით. ზოგი მაგიდის თამაშით იყო დაკავებული. ჭაღარა, რომელიც ორი დღის უკან საშინლად გააღიზიანა პაზლებმა, ისევ მაგიდას უჯდა და ჯიუტად ცდილობდა სურათის შეკოწიწებას. ელი შორიდან უთვალთვალებდა წაბლისფერთმიანს, რომელსაც სანიტარი მიუახლოვდა, სილიკონის პატარა ჭიქით ხელში. პაციენტებს აბებს ყოველდღიურად, ერთი და იმავე დროს აძლევდნენ. წაბლისფერთმიანმა თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და უკან დაიხია. სანიტარმა რაღაც უთხრა ხმადაბლა, რაზეც ქალს ტუჩები მოეღრიცა და ცრემლები გადმოსცვივდა თვალის კუთხეებიდან. სანიტარს აკანკალებული ხელი გაუწოდა, მანაც ორი მოზრდილი ვარდისფერი აბი გაუგორა ხელისგულზე. ელი მაშინვე ფეხზე წამოდგა და მათკენ გაემართა. გზად ჭაღარას მაგიდასთან შედგა და ერთ-ერთ პაზლს წკიპურტი უთავაზა. შედეგმაც არ დააყოვნა. ჭაღარამ დენთის კასრივით იფეთქა და კივილით წამოიჭრა ფეხზე. სანიტარს ყურადღება გაეფანტა და აღრიალებულ პაციენტს მოხედა. ელი უჩუმრად გაიძურწა ადგილიდან, ისე რომ ვერავინ ვერაფერი შენიშნა. ჭაღარამ ისეთი კონცერტი მოაწყო, სამმა სანიტარმა ძლივს გააკავა, რომ მეოთხეს ნემსი დაერჭო. სავანელმა არეულობით ისარგებლა, წაბლისფერთმიანს მიეჭრა და ხელისგულიდან წამლები ააცალა, რომელიც ისე გააოცა მოულოდნელმა არეულობამ, სულ გადაავიწყდა თავისი მისაღები დოზა. ელის შეხებაზე შეკრთა და გაოცებულმა გოგონას გააყოლა თვალი, რომელიც სწრაფად გაეცალა და ისევ თავისი ადგილი დაიკავა. წაბლისფერთმიანი კიდევ დიდხანს აკვირდებოდა სავანელს, რომელსაც მისკენ აღარ გაუხედავს. სკამზე გაშეშებული ფანჯარას მიშტერებოდა და მოთმინებით იცდიდა... მეოთხე დღეს ელი სევერინის კაბინეტში იჯდა. მოხერხებულ სავარძელში ჩაფლული ისევ მეტალის ბურთების რიტმულ მოძრაობას მიშტერებოდა. მუხის პრიალა საწერ მაგიდაზე ექიმის, წინ ფინჯანი ჩაი ზანტად ორთქლავდა. გარეთ გადაუღებლად წვიმდა. მსხვილი წვეთები გამეტებით ეხლებოდნენ მინებს და გზად სველ კვალს ტოვებდნენ. საავადმყოფოს კედლებს გარეთ ხეები, რომლებსაც კლინიკის მაღალი გალავანი ვერ იცავდათ, ძლიერი ქარის ნებას აყოლილნი გვერდით იზნიქებოდნენ. სევერინმა ელის ჩვეულზე პირქუში განწყობა იგრძნო და მრავალმნიშვნელოვნად გახედა ფანჯარას. თითქოს ვიღაცის დაუსმელ კითხვას მდუმარედ პასუხობსო, თავი დააქნია თანხმობის ნიშნად და ჭკვიანი თვალები გოგონას მიანათა. - გაღიზიანებს ქარიშხალი? - იკითხა ხმადაბლა - შენში ცუდ მოგონებებს აღვიძებს? - მოგონებები არ მაქვს, ექიმო... - უპასუხა წყნარად ისე, რომ ბურთების მოძრაობისთვის თვალი არ მოუშორებია. - არ ვიცი, რატომ იწვევს ჩემში ამხელა აგრესიას, მაგრამ მაღიზიანებს. - არ გახსოვს, რა მოხდა სამი წლის წინ? - იკითხა ფრთხილად. სავანელს ნირი არ უცვლია. უემოციო სახეზე არაფერი იკითხებოდა. - იცი, აქ როგორ აღმოჩნდი? ელმა პირველად მოაშორა მზერა ქანქარას და ექიმს თვალებში შეხედა. ნახშირივით შავი სფეროები სიცარიელის მეტს არაფერს გამოხატავდნენ, უკიდეგანო ღრმულებს დამსგავსებოდნენ, სადაც ყველა ემოცია მომკვდარიყო. - ყოველ შეხვედრაზე იგივეს მეკითხებით... რატომ არის თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი, რა მახსოვს და რა არა? პაციენტის მზერაში წამით უცნაური სხივი დაიჭირა, რომელიც ისე სწრაფად გაქრა, თავისუფლად შეეძლო ეფიქრა, რომ უბრალოდ მოეჩვენა. - კითხვები შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენაში მეხმარება, ელ. - მიუგო რბილად. - ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას მოგონებები განსაზღვრავენ? - გამოხედვა სუსხიანი გაუხდა. - არა, ძვირფასო, - ჩაეღიმა სევერინს. - ადამიანი, რომელიც ივიწყებს მომხდარს, სინამდვილეში უბრალოდ წარსულს გაურბის. შენი ტვინი ავტომატურად ბლოკავს ყველა ინფორმაციას, რამაც შეიძლება ტკივილი მოგაყენოს. რეალურად, მოგონებები არსად ქრებიან, ისინი შენშია, რომელსაც უბრალოდ თვალს არიდებ. მისგან გაქცევა კი გამოსავალი არ არის. თუ გინდა, განიკურნო, პრობლემისთვის თვალის გასწორება უნდა შეძლო. - მეცნიერული ბოდვაა და მეტი არაფერი... ჩაიბურტყუნა გაღიზიანებულმა. სევერინს გაეცინა. წამით შეყოყმანდა, მაგრამ ჩაის ფინჯანი, რომელიც ჯერ კიდევ ორთქლავდა, გოგონას წინ მიუწია. - ვიცი, რომ პლასტმასის ჭიქები გეზიზღება, - ჭრელი თვალები გაუთბა - ამას არ უნდა ვაკეთებდე. არაპროფესიონალიზმში მეთვლება, მაგრამ დღეს გამონაკლის დავუშვებ. ელმა ეჭვით შეხედა ფაიფურის ლამაზ თეთრ ფინჯანს და მზერა ექიმზე გადაიტანა. - რატომ? - იმიტომ, რომ გაჩვენო, ნდობას ყოველთვის არ მოაქვს ფატალური შედეგები. მის გონებაში ქარიშხალივით აიშალა ფიქრები, რომლებსაც კონკრეტული აზრი არ გააჩნდათ. ფიქრობდა ყველაფერზე და არაფერზე. კონცენტრაციას ვერც ერთზე ვერ ახდენდა, რასაც ჩვეულებრივ ფურიამდე მიჰყავდა, მაგრამ იმ ავდრიან საღამოს რაღაც უცნაური მოხდა. დაჰიპნოზებულივით მისჩერებოდა ქათქათა ფაიფურის ჭიქას და ყურებში ძალიან ნაცნობი სიცილი ჩაესმა, ხმა რომელიც ასე უყვარდა... ჰო... მგონი უყვარდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გული ასე ძლიერ არ დაუწყებდა ძგერას. ძალიან, ძალიან შორიდან მოესმა სამი ასობგერა: „დაი!“ და პირველად არ გაუჩნდა სურვილი ტყავი დაეტოვებინა. ფინჯნისკენ ნელა გაიწოდა ხელი. როცა თითის ბალიშები ფაიფურს შეეხო, მისი სითბო სულზე იგრძნო. გონებაში ისევ გაჟღერდა სამი ასობგერა: „დაი!“ რასაც ხმამაღალი კისკისი მოჰყვა, ექოდ დაირხა სხეულში და ყოველ უჯრედს შეერწყა, ნანატრი ტკივილგამაყუჩებელივით. სევერინმა გოგონას ნაიარევ სახეზე ჩამოგორებული ცრემლი შენიშნა და ერთხანს შეიცადა. თითქოს ყოველ სიტყვას წონიდა, სანამ წარმოთქვამდა. - მითხარი, ელ... რა მოხდა სამი წლის წინ, ავდრიან ღამეს? სავანელს ცხელ ჟრუანტელად დაუარეს მოგონებებმა. თავსხმა წვიმა... ატალახებული მტკვარი... ჩაბნელებული ხიდი და აუტანელი დანაშაულის შეგრძნება... ფიქრები, თუ როგორი მარტივი იქნებოდა უბრალოდ მოაჯირს გადავლებოდა და მთელი სამყარო მოეტოვებინა უკან... ძლიერი ელვა... ყურისწამღები ქუხილი... სულში ათუხთუხებული სიძულვილი. არა, არ მოკვდება, სანამ მათ სამარეს არ გაუთხრის... ისევ ელვა და უცნაური შეგრძნება, თითქოს ზურგს უკან ვიღაც დგას... თავს გვერდით ატრიალებს და თვალის კუთხით ხედავს, ვის მალავს კაპიუშონი... ძარღვებში სისხლი ეყინება, მაგრამ სანამ რეაგირებას მოასწრებს, ძლიერი ხელი უკვე ყელში უჭერს... ბაგეები მის ყურთან იხრებიან და ეჩურჩულებიან... ელვა კაპიუშონიანის სახეს და თვალებს ანათებს... მზერა... ეს მზერა... ჩაის თხელი ფინჯანი ხმამაღალი ლაწანით მიეხალა კედელს. ფაიფურის მოზრდილი ნამსხვრევი საცოდავად აქანავდა გაპრიალებულ იატაკზე. ლამაზ, თეთრი ვარდებით ნაქარგ გობელენს მახინჯ ყავისფერ ლაქად დააჩნდა შავი ჩაის წუწები. სევერინს თვალები დაეხუჭა... მეხუთე დღეს საერთო ოთახში იჯდა მაგიდასთან. პლასტმასის ფიგურებით საკუთარ თავს ეთამაშებოდა ჭადრაკს. სევერინთან ბოლო საუბრის შემდეგ ისევ ყველაფრის ინტერესი დაკარგა. წაბლისფერთმიანი მასში აღარ აღვიძებდა თავდაპირველ ცნობისმოყვარეობას და აუხსნელ ენთუზიაზმს. სამყარომ ისევ ნაცრისფერი მიიღო, რაც ავტომატურად კარიოს გამოჩენას ნიშნავდა. - რომელმა ჭკვიანმა მისცა იმ გამოტვინებულს პაზლების დაფა ასაწყობად? -მობეზრებული ისევ თავის სკამზე ქანაობდა ელის გვერდით და ჩამოგრძელებული სახით მისჩერებოდა ჭაღარას - გონების სავარჯიშო კი არა, კლაუსტროფობიული მახეა იმ უბედურისთვის. ის კარტონის ნაგლეჯები სულ რაღაც თორმეტი ნაწილისგან შედგება და მაინც დორბლიანი მზერით უყურებს. გავგიჟდები! ელმა ჩვეულისამებრ წაუყრუა. კარიოს წესად ჰქონდა ავადმყოფების დაცინვა, რადგან მობეზრებულს სხვა საქმე არ ჰქონდა. ელი იშვიათად სცემდა ხმას, ამიტომ გასართობს ახლომახლო პაციენტებში ეძებდა. სავანელმა ყურადღება მოიკრიბა და ისევ ჭადრაკზე გადაერთო. ცხენით პაიკს წირვა გამოუყვანა წინა ორი სვლით და პლუს ერთი უჯრით მარცხენა მხარეზე დასვა ფიგურა. - შენ კიდევ, როგორ არ მოგბეზრდა პაიკების ხოცვა? - ახლა ელს მოსდგა გაღიზიანებული - მეფეს შეუტიე. - თუ გინდა მეფე დააშამათო, ჯერ პაიკები უნდა ჩამოიშორო გზიდან, იდიოტო! - შეუღრინა ნერვებმოშლილმა. კარიო ახითხითდა. - ჟანგდები, სავანელო, ჟანგდები... - სკამზე რწევას მოჰყვა აღფრთოვანებული - ვინ თქვა, რომ შამათისთვის ყველა ფიგურის მოკვლაა აუცილებელი? როცა მეფეს ქიში მოხვდება კისერში, დანარჩენი ორგანიზმიც ავტომატურად კვდება. საქმე გონივრულ სტრატეგიაშია. - არა მაშინ, როცა სისხლი გწყურია... წაიჩურჩულა ძლივსგასაგონად. კარიომ გაფშეკილი წარბები აზიდა მაღლა და წამის შემდეგ თვალები გადაატრიალა. - ეელ... ჩემი გასაოცარი თვალები მატყუებს, თუ ეს ტიპი სადღაც გვინახავს? კარიოს ისეთი შემპარავი ხმა ჰქონდა, სავანელმა უნებურად წამოსწია თავი და დერეფანში თვალი შეასწრო ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც წაბლისფერთმიანს გულში იკრავდა. სანიტარმა ორს ხელით ანიშნა გვერდით, ცალკე ოთახისკენ, სადაც მნახველის თხოვნით პაციენტთან შეხვედრა დისკრეციულად ხდებოდა. - ეს არეშიძეს გნიდა ლეკვი არ არის? - იკითხა აღფრთოვანებულმა და ელს აციმციმებული თვალებით გადახედა... სავანელს მზერა იმ ადგილზე გაშტერებოდა, სადაც წამის წინ გიგი არეშიძე, სავარაუდოდ, დედამის გულში იკრავდა და ყურადღება არ მიუქცევია სანიტრისთვის, რომელმაც ახალი პაციენტი შემოიყვანა საერთო ოთახში. გაცრეცილსახიან ქალს გრძელი, გაჩეჩილი, შავი თმა წელამდე სწვდებოდა. ჩაყვითლებულ კბილებს მონოტორულად ურტყამდა ერთმანეთს და ველური მზერას ქაოტურად აცეცებდა ოთახში. - დიდებულია, საგიჟეთს „წყევლაღა“ აკლდა... - ჩაიბურტყუნა კარიომ და დაამთქნარა... მეექვსე დღეს მზე გამოვიდა და პაციენტებს ბაღში სეირნობის უფლება მისცეს. სამი წლის შემდეგ ელმა პირველად მოისურვა გარეთ გასვლა. ყოყმანით მისჩერებოდა ჩრდილსა და სინათლეს შორის საზღვარს. დიდი ხანია მზის თბილი სხივები კანზე აღარ უგვრძნია. გარეთ სასიამოვნოდ თბილოდა. ერთი ნაბიჯი გადადგა წინ… შემდეგ მეორე და შენობის სახურავის ჩრდილიდან მზეში გამოაბიჯა. კაშკაშა სინათლემ თვალი მოსჭრა და სწრაფად მოარიდა სახე. თვალები მკლავით მოიჩრდილა. უკან დახევა დააპირა, მაგრამ კანზე სხივების სითბო იგრძნო და ესიამოვნა. გაუბედავად ასწია მარჯვენა და გაშლილი ხელი სინათლეს მიუშვირა. თითის ბალიშებზე მზის ჭყეტელა სხივები მიელამუნენ. არ სწვავდა. არ ტკენდა. გიტარის სიმივით დაჭიმული ორგანიზმი მოუდუნდა. წელში გასწორდა და ხელები დაუშვა. ნახევრად მოჭუტული თვალებით მზერა ლამაზ ბაღს მოატარა. აქამდე მხოლოდ ფანჯრიდან უცქერდა ხოლმე ეზოს. ბალახი უფრო მწვანე და ხასხასა ეჩვენა ახლოდან. დაიხარა და მიწას თითებით შეეხო. წინა დღით იწვიმა, ნიადაგს ნესტი შემორჩენოდა. თვალები დაეხუჭა, ენით აუწერელი სიმშვიდე და ნეტარება იგრძნო. თითქოს ცოცხალ სხეულს ეხებოდა, რომელიც სუნთქავდა. რამდენი დრო გავიდა… - შენთვის მადლობის გადახდა ვერ მოვასწარი… სახეზე ჩრდილი დაეცა. თვალები გაახილა და თავი მაღლა აიღო. წაბლისფერთმიანს თმა ცეცხლისფრად უელავდა მზის შუქზე. - შენი წყალობით გუშინ წამალი არ მიმიღია, ამიტომ დღეს თავს მხნედ და ენერგიულად ვგრძნობ. - ფრთხილად უნდა იყო. თუ მედიაკმენტის მიღებაზე უარს იტყვი, ნემსს გაგიკეთებენ. ეგ კი ბევრად უარესია, დამიჯერე… წელში გაიმართა და ქალი ახლოდან შეათვალიერა. გიგი არეშიძეს დედის თვალები დაჰყოლოდა. ქალი მანამდე არასოდეს ენახა, ამიტომ ვერ იცნო, სანამ შვილმა არ მოაკითხა ფსიქიატრიულში. - რამდენი ხანია, რაც აქ ხარ?... ელს არ უპასუხია. ზურგი შეაქცია და ბაღის ბილიკს გაუყვა უსიტყვოდ. წაბლისფერთმიანი სწრაფად წამოეწია. - მე ევა ვარ… ევა არეშიძე. შენ რა გქვია? ელს გვარის ხსენებაზე ყბა დაეჭიმა და კბილები გააღრჭიალა. ქალმა გოგონაში უეცარი აგრესიის მოზღვავება იგრძნო და ცოტა არ იყოს, დაფრთხა, მაგრამ მაინც აედევნა. - ვიცი, რომ მეგობრული არ ვყოფილვარ შენ მიმართ, მაგრამ… - სავანელს გვერდით მიყვებოდა და თითებს ნერვიულად იმტვრევდა - მაგრამ არ ვიცი, ვის შემიძლია ვენდო და ვის არა. იმ ავადმყოფს ყველგან ჰყავს თავისი ხალხი. წაიჩურჩულა ძლივსგასაგონად. ელი შედგა და ქალს ინტერესით შეხედა. ევაც შედგა და გოგონას ნატანჯი მზერა მიაპყრო. - ვის გულისხმობ? ევამ ნერვიულად მიიხედ-მოიხედა. დანარჩენი პაციენტები უმისამართოდ დაბოდიალობდნენ ბაღში. ზოგი თავის თავს ელაპარაკებოდა, ზოგს პირი დაეღო და გალაღებული ცას მისჩერებოდა. სანიტრები ჯარისკაცებივით აყუნცულიყვნენ მოშორებით, რომ საჭიროების შემთხვევაში დროულად ჩარეულიყვნენ. - ჩემი ქმარი… მან გამომკეტა აქ. - წაიჩურჩულა მხოლოდ ელის გასაგონად და თვალებში ცრემლი აუბრჭყვიალდა. - წყეულმა გაიგო, რომ მისგან გაქცევას ვაპირებდი და აქ დამამწყვდია. - რა იცი, რომ სცენას არ დგამს ეს ცბიერი ქალბატონი? - მოესმა ელს ყურთან კარიოს ხითხითი. - იქნებ მოგზავნილია და უნდა მახეში გაგვაბას? ელს წარბი შეეკრა. არაფერი შეიმჩნია, მაგრამ კარიოს სიტყვებმა ორგანიზმი მოუწამლა და ქალს ეჭვით ახედა. - და რისთვის გინდოდა გაქცევა ქმრისგან? - იკითხა უნდობლად. - სადისტია და იმიტომ! - წაისისინა ყბის ცახცახით. - ტირანი, დესპოტი და მკვლელია! არავის და არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან. არც დიდი აღელვებს და არც პატარა. ძალაუფლება ხელში აქვს, ვერავინ ბუზს ვერ აუფრენს. სახელმწიფო ორგანოში ხალხი მოსყიდული ჰყავს. არ არსებობს ადამიანური თუ ცივილური გზა, რომელიც მას შეაჩერებს! - უჰ… დამბურძგლა, - ახითხითდა კარიო. ელმა კინაღამ თვალები გადაატრიალა. აღიზიანებდა მისი გაუთავებელი ბურტყუნი ყურისძირში. აზრების მოკრებაში ხელს უშლიდა. - და როგორ აპირებდი მისგან გაქცევას? ევამ ტუჩი მოიკვნიტა და ნერვიული მზერა ესროლა მოშორებით მდგარ სანიტარს. სიკვდილამდე ეშინოდა, ვინმეს არ მიეყურადებინა. მიხეილს რომ გაეგო, ენა დაიგრძელა, მოკლავდა. გააფრთხილა, ჭკვიანად მოქცეულიყო და მადლობელი ყოფილიყო, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნა. თავისუფლად შეიძლებოდა, ევა „უბედურ შემთხვევას” ემსხვერპლა. ვინ შეაკავებდა? ვინ მოსთხოვდა პასუხს? მთელი სამართალდამცავი სისტემა მთავრობის დაკრულზე ცეკვავდა, თავად არეშიძე კი მთავრობას საკუთარი ჯიბით კვებავდა. ვისთან ეჩივლა? შვილს ვერაფერს ეტყოდა. თავიდანვე დაემუქრა: ჩვენს პირად საქმეში გიგის თუ ჩარევ, შვილს მოგიკლავო. ელმა ყოყმანი შეატყო. მიმოიხედა და იქვე ძელსკამი შეამჩნია. ხელით ანიშნა ჩამოვსხდეთო. აინტერესებდა ქალის ისტორია. თუ ვერაფერს შემატებდა მისი ნაამბობი, ვერც დააკლებდა. ევამ მორჩილად დაიკავა ადგილი მიწაში ჩაბეტონებულ ძელსკამზე და აცახცახებული ხელები ერთმანეთს გადააჭდო. ეტყობოდა, რომ საუბარი სწყუროდა. ვინმესთვის გულის გადაშალა უნდოდა. - მომიყევი ყველაფერი, ყურადღებით გისმენ… - თავიდან ასეთი მხეცი არ იყო. ნორმალური ცოლ-ქმრობა გვქონდა, სანამ ბიზნეს გადაიბარებდა. მამამისი… ხორცშესხმული სატანაა, ნამდვილი ვამპირი. ხალხში თავი უზადოდ უჭირავს. ვერავინ იფიქრებს მასზე ცუდს. თავაზიანი, მომხიბვლელი, მიმზიდველი და ჯენტლმენი, - ზიზღით მოეღრიცა ტუჩები - სინამდვილეში კი ნამდვილი კაციჭამიაა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. კახეთში უზარმაზარი მამული აქვს. ნამდვილი სასახლე თავისი ტყით. ადამიანი იფიქრებდა სამოთხეა დედამიწაზეო. მეც ასე ვიფიქრე სულ პირველად, სანამ არ მოსაღამოვდა და ჩემი თვალით არ ვიხილე ჯოჯოხეთი… წარბშეკრული ელი წელში გასწროდა. თავად კარიოც კი გაისუსა და ყურადღებით უსმენდა ქალის ნაამბობს. - საღამოს ღვინო მომინდა. მამამთილს სასახლის მიწისქვეშ უზარმაზარი სარდაფი აქვს აშენებული, სადაც ღვინის ძვირფას კოლექციას ინახავს, როგორც ბოთლებით, ისე ბოჩკებით. ახლად მოყვანილი რძალი ვიყავი. სასახლის დიასახლისი ასაკოვანი ქალი იყო, მომერიდა მისთვის მეთხოვა ღვინის სარდაფიდან ამოტანა და თავად ჩავედი. იმხელა ლაბირინთი გადამეშალა თვალწინ, მარტივად დავიკარგე. ერთ-ერთი დერეფნიდან მოგუდული ხმა შემომესმა. ხმის მიმართულებით წავედი და თვალები შუბლზე ამივიდა. სარდაფის მარცხენა ფლიგელი დილეგად ექციათ, სადაც ორი მამაკაცი, ხელფეხშეკრული, ეგდო ბეტონზე. პირაკრულებმა ჩემ დანახვაზე ზმუილი დაიწყეს. სანამ მოვისაზრებდი, რა მექნა, ზურგსუკან ნაბიჯების ხმა შემომესმა და თავს ჩემი მამამთილი, ვარლამი, წამადგა. სანახაობას თვალი მოავლო და გაეცინა. ვხედავ ჩემი სატყუარები გიპოვიაო. ხელით მანიშნა - ზემოთ ავიდეთ, მოგვიანებით ყველაფერს შენი თვალით იხილავო. კარგად რომ მოღამდა, დაკოჭილები დილეგიდან ამოათრიეს, ხელფეხი გაუხსნეს და გაუშვეს. დაბნეულები ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა, სანამ სასახლიდან ვარლამი არ გამოვიდა სანადირო თოფით მხარზეგადებული, თან ჩემი ქმარი ახლდა. სისხლი გამეყინა ძარღვებში მათ დანახვაზე. ტყვეებს უთხრეს, ნადირობის სეზონს გახსნილად ვაცხადებ, თუ გამასწრებთ სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ, თუ არა თქვენს თავს დააბრალეთო. მეგონა მთელი ეს წარმოდგენა რაღაც ავადმყოფური ხუმრობა იყო, ტყვეებსაც ასე ეგონათ, მაგრამ ჩემმა ქმარმა თოფი მოიმარჯვა და ერთ-ერთს პირდაპირ წარბებშუა დააჭედა ტყვია. მეორეს სისხლი სახეში შეესხა და გაფითრებულმა მაშინვე მოუსვა. კივილი ყელში გამეჩხირა. ჩემთვის ყურადღება არავის მოუქცევია. ორივე იმ უბედურს გამოუდგა თოფებით ხელში. მერე რა მოხდა არ მახსოვს, რადგან გონება დავკარგე… ელმა თვალები აახამხამა. ასეთ ბრუტალურ ისტორიას არ ელოდა, მეტიც დაჯერება უჭირდა, რომ ევა სიმართლეს უყვებოდა. - კი მაგრამ, რისთვის ხოცავდა იმ ხალხს? უბრალოდ გასართობად? - წარბი შეიკრა. - ვარლამს, ფულის გასესხება უყვარდა. ისეთ ადამიანებს აძლევდა თანხას, რომლებიც იცოდა, რომ ვალს ვერ დაუბრუნებდნენ. მერე თავის ძაღლებს აგზავნიდა მევალეების დასაჭერად და კახეთის აგარაკზე, მის მამულში ამოჰყავდა. იცინოდა, მათი სიცოცხლე ნაყიდი მაქვს, უფულოდ და უმიზეზოდ არავის არაფერს ვართმევო. გვამებს იქვე ტყეში მარხავდნენ. არეშიძეების მამული სინამდვილეში ერთი უზარმაზარი სასაფლაოა, რომელზეც სასახლე ბრწყინავს მზის შუქზე… - და შენ? რანაირად გაჩერდი იმ მონსტრების სახლში? - ფიქრობ არჩევანი მქონდა? - თვალზე ცრემლი მოადგა - იმ საღამოს როცა გონება დავკარგე, ჩვენს საძინებელში გამომეღვიძა. შეშინებულს ტირილი ამივარდა. ვუყვირე - როგორ შეგეძლო ადამიანის მოკვლა-მეთქი?! პასუხად კი სახეში მწარე სილა მივიღე - ოჯახის წევრი ხარ და შესაბამისად მოიქეციო. იმ ღამეს პირველად ასწია ჩემზე ხელი. შემდეგ კი ამას რეგულარული ხასიათი მიეცა. მიხეილს, რომელსაც ქორწინებამდე ვიცნობდი ჰაერში აორთქლდა, მოგვიანებით მივხვდი, რომ ის მომხიბვლელი, თბილი და მზრუნველი ყმაწვილი არც არასდროს არსებობდა, ეს მისი ნიღაბი იყო, რომელმაც შემაცდინა. ცოლად ნამდვილ კანიბალს გავყევი და ამაზე წარმოდგენაც არ მქონდა. - შენი ოჯახი? ნუთუ არავინ დაგეხმარა? - არ გესმის… არეშიძეების კლანს წინ ვერავინ და ვერაფერ აღუდგებოდა. ჩემი ოჯახი ღარიბი იყო, არანაირი წოდება და ძალა არ გააჩნდა. უხმოდ ვითმენდი სახლში ცემა-ტყეპას და დამცირებას, რომ ჩემებს არაფერი გაეგოთ. დედას გულიც დაარტყამდა. მეშინოდა, დარწმუნებული ვიყავი სიტყვაც რომ დამეძრა ჩემი მშობლებიანად გამაქრობდა. მოგვიანებით გიგი მოევლინა სამყაროს და ჩემი მართვის ახალი საშუალება გამოუჩნდა. ელმა თავი გააქნია და თვალები ორი თითით მოისრისა. მოსმენილს გონებაში ხარშავდა. ინფორმაციის მიღებას გადაჩვეული ცოტა არ იყოს აირია. მანამდე არეშიძეზე უამრავი საშინელი ისტორია სმენია, მაგრამ ის რასაც ევა უყვებოდა ყოველგვარ საზღვარს სცდებოდა. - მითხარი გაქცევა ვცადეო, - თავი აიღო და ევას შეხედა - როგორ? - მიხეილს პირადი მძღოლი ჰყავდა. ერთადერთი ნორმალური ადამიანი ვინც მის გარემოცვაში ოდესმე მინახავს. ბევრს ხედავდა და ბევრსაც ხვდებოდა. არაერთხელ შეუმჩნევია ჩემი ჩალურჯებული მკლავები, რომელსაც დახურულ ტანსაცმელში ვმალავდი. დახმარება შემომთავაზა. თავიდან ვიუარე, მეშინოდა, რომ შვილს მომიკლავდა, მაგრამ ბოლოს ისეთი რამ გავიგე… მივხვდი მის გვერდით ერთ წუთსაც ვეღარ გავჩერდებოდი. - რა გაიგე? - ყურები ცქვიტა დაინტერესებულმა. - მძღოლმა მითხრა, რომ არასრულწლოვან ბავშვთან ჰქონდა ურთიერთობა. ვერაფრით დავიჯერე, რომ მასში აღარაფერი წმინდა აღარ იყო. შემოწმება გადავწყვიტე და ღამით როცა დაიძინა ტელეფონი გავუჩხრიკე. მიმოწერა ვიპოვე. ის ბავშვი ინტიმურ ფოტოებს უგზავნიდა, ესემესები ვერც წავიკითხე ისეთი სიბინძურეები ეწერა. კინაღამ იქვე ამერია გული. მეორე დღეს კი ყური მოვკარი, როგორ ესაუბრებოდა ჩვენს სახლში მის ყურმოჭრილ მონას და გოგონას თავიდან მოშორებას ავალებდა - ქვეყნიდან გაიყვანე და თურქეთში, რომელიმე ჩვენს ბორდელს მიაბარე, თანხა გამოიმუშავოსო. მისი მეგობარი კი, ვისთანაც ენა დაიგრძელა - მოკალითო. არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობა შეუკვეთა, გესმის?! თვალებიდან მდუღარე ცრემლები გადმოსცვივდა. სავანელს სახე გაუქვავდა. გულში მტკივნეულად გაუელვა მეგობრის სახელმა „ნიცა”… გააფრთხილა, უთხრა ურჩხულთან იჭერ საქმესო, მაგრამ არ დაუჯერა! რატომ არ მოუსმინა?... რატომ?… თვალზე ცრემლი მოადგა, თავი ჩახარა და უჩუმრად შეიწმინდა. ევას არაფერი შეუმჩნევია, თხრობას აგრძელებდა და გრძნობდა, როგორ იცლებოდა ნელ-ნელა შხამისგან. - იმპულსურად ვიმოქმედე, მაშინვე ჩავალაგე ბარგი რაც ხელში მომხვდა, მანქანა დავქოქე და იქაურობას გავეცალე. ვაღიარებ, იმდენად შემზარა მოსმენილმა, რომ საკუთარ შვილზეც კი არ მიფიქრია. თბილისს, რომ გავცდი მერეღა დავამუხრუჭე. ორი საათი ვიჯექი მანქანაში და ხმით ვტიროდი. გიგის ზურგი ვერ ვაქციე, ჩემი შვილი იმ ვამპირს ვერ შევატოვე. უკან მოვბრუნდი. გზაში ცოტა, რომ დავწყნარდი ლოგიკურად აზროვნება დავიწყე. მისგან ვერსად გავიქცეოდით, ყველგან მოგვაგნებდა. თავიდან უნდა მომეშორებინა, სხვანაირად მისგან თავს ვერ დავიხსნიდით. სახლში მისულმა, მიხეილის მძღოლს გვიან ღამით დავუთქვი შეხვედრა. მის გარდა არავინ მყავდა და ვერც ვერავის ვენდობოდი. ვთხოვე, რაც შეიძლებოდა ბევრი მტკიცებულება შეეგროვებინა ჩემს ავადმყოფ ქმარზე. ყველა საჭირო დოკუმენტი, ვიდეო თუ ფოტო მასალა, რაც მის ბრალეულობას დაამტკიცებდა. მუდამ მის გვერდით ტრიალებდა, მარტივად შეძლებდა იმ ნაძირალას კადრში მოქცევას. ძალიან ფრთხილად უნდა გვემოქმედა, თუ მიხეილი გაიგებდა რას ვგეგმავდი მის ზურგს უკან უყოყმანოდ ამოგვხოცავდა და შვილსაც მომიკლავდა. ძალიან ვრისკავდი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. ვიღაცას მაინც უნდა შეეჩერებინა ის ნაძირალა. - და რას აპირებდი? იმ მტკიცებულებებით პოლიციაში მიხვიდოდი? - ცალყბად ჩაეცინა - თავად არ თქვი უმეტესობა მოსყიდული ჰყავდაო? - არა, - თავი გააქნია - ყველაფრის გამოაშკარავება პრესაში მინდოდა. მძღოლმა თბილისში სანდო ჟურნალისტს მიაგნო. წესიერი და პატიოსანი ადამიანიაო მიმტკიცებდა. ვყოყმანებდი, მაგრამ მაინც დავთანხმდი, სხვა არჩევანი ისედაც არ მქონდა. ლევანმა ყველა მტკიცებულება, რასაც ორი წლის განმავლობაში ვაგროვებდით, ჟურნალისტს გადასცა. - მერე? - იმავე ღამეს ჟურნალისტი ცოლთან ერთად მოკლეს. ლევანი კი თვალით აღარ მინახავს. არ ვიცი გაქცევა მოასწრო, თუ ისიც მოკლეს და სადმე უსახელო საფლავში ჩამარხეს. ისტერიკა დამემართა. ჩემი ბოლო იმედი უკვალოდ ამიორთქლდა. ვიფიქრე, რომ უძლურებისგან შევიშლებოდი. ატირებულს თავს წამადგა და დამცინა, ნუთუ მართლა გეგონა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ვერაფერს ვამჩნევდიო? მაინტერესებდა რამდენად შორს წახვიდოდი და მოქმედების საშუალება მოგეციო. მეხი დამეცა. მეთამაშებოდა, მთელი ეს პერიოდი მეთამაშებოდა, როგორც კატა თაგვს, სანამ წირვას გამოუყვანს! ნახევარი წელი მაწამა, ყოველ დღე ცემა-ტყეპაში ვყავდი. ხალხში კი მაიძულებდა ღიმილი შემენარჩუნებინა. იმ დონემდე მიმიყვანა სიკვდილს ვნატრობდი. ბოლო პერიოდში თავს უფრო და უფრო ცუდად ვგრძნობდი. პარანოია დამეწყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიღაც მითვალთვალებდა, რასაც ისტერიკამდე მივყავდი. ხშირად ვერც კი ვიაზრებდი სად ვიყავი, ან იქ როგორ აღმოვჩნდი. მხოლოდ შვილს ვენდობოდი და პანიკური შეტევებისას გამუდმებით მას ვურეკავდი საშველად. ახლა ვხვდები, რომ ყველაფერი მისი მოწყობილი იყო. შვილის თვალში გიჟად მაქცია. ბოლოს კი, როცა ჩემი ტანჯვა მობეზრდა, თმაში წამავლო ხელი და აქ მომათრია. წასვლისას კი დამიბარა, თუ კიდევ ერთხელ ეცდები წინ გადამეღობო, გიგის თვალწინ მოგიკლავო. ელი გაოცებული უსმენდა ქალის ნაამბობს. მზის სხივებს, რომელიც სახეზე ელამუნებოდნენ, სითბო დაეკარგათ. იმაზე მეტი მოისმინა ვიდრე სურვილი ჰქონდა. სული დაუმძიმდა. რა უნდა მოეხერხებინა ამ ინფორმაციისთვის? რას იზამდა? ვერაფერს… გამოუსადეგარი იყო. საგიჟეთში გამოკეტილს მართლა ჰქონდა პრობლემა. ნიცას ვეღარაფერს უშველიდა. სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ვერც საკუთარ თავს ეხმარებოდა. იშვიათად, როცა საღ გონებაზე იყო. ისიც არ იცოდა ეს ისტორია რამდენ ხანს ემახსოვრებოდა. საკთარი თავის რწმენა დაკარგა. გონებას აღარ ენდობოდა. მთვლემარე ურჩხული, რომელიც მასში ცხოვრობდა მასზე ძლიერი აღმოჩნდა. პატარა დეტალსაც შეეძლო მისი პროვოცირება და უმართავი ხდებოდა. მხოლოდ წყეული წამლები უნარჩუნებდნენ საღ აზროვნებას. მის ცხოვრებას ცხოვრება ერქვა? დაეცა. ფსკერს მისწვდა. იმის იქით აღარაფერი იყო. ოჯახმა მის შესახებ არაფერი იცოდა. აღარავინ დარჩა გვერდით თეთრი კედლებისა და შეშლილი პაციენტების გარდა. ყოველდღე ცივ პალატაში იღვიძებდა, რომელიც მუდამ მედიკამენტების სუნად ყარდა. არსაიდან თბილი ნიავი ამოვარდა და სახეზე ჩამოყრილი თმა აუფრიალა. ფიქრებში წასულს ყურადღება არ მიუქცევია ევასთვის, რომელიც სანიტარმა წაიყვანა - მნახველი გყავსო. მარტო დარჩა, არეულ გონებასთან ერთად. - ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე, ელ… - წასჩურჩულა კარიომ ყურთან - როდესაც ჭადრაკში ქიშს გიცხადებენ, ეს შამათს სულაც არ გულისხმობს. სამი გზა ჯერ კიდევ არსებობს, ან უნდა გაიქცე, ან სხვა კენჭს ამოეფარო, ან მოკლა. არჩევანი შენზეა… სავანელს თვალები დაეხუჭა, თავი ჩაქინდრა და საფეთქელი დაიზილა. უცებ მის ყურთასმენას ქალის ხმამაღალი ყვირილი მისწვდა. - შენ… შენ მომპარე შვილი, ხომ ასეა? ელმა თვალები ჭყიტა და თავი მაღლა ასწია. გრძელი შავთმიანი ქალი, რომელსაც კარიომ „წყევლა” დაარქვა ბაღში ერთ-ერთ სანიტარს ეჩხუბებოდა. ცხვირწინ საჩვენებელ თითს უტრიალებდა და დაკრეჭილი ჩაყვითლებული კბილებით შეშლილ თვალებს უბრიალებდა. სანიტარს აშკარად შეეტყო, რომ დაფრთხა და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. - სოფიო… - გამაფრთხილებლად შემართა მარჯვენა - მშვიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში ნემსს გაგიკეთებენ. - წყეულო, ძუკნა! - იკივლა და ქალს ყელში ესცა - შვილი მომპარე, ჩემი ახალშობილი ბავშვი მოიპარე და სხვისი მკვდარი მომიგდე! მოგკლავ, ჩემი ხელით დაგახრჩობ! დამიბრუნე, ჩემი ბიჭი დამიბრუნე! სხვა სანიტრებმა წამში მოირბინეს დასახმარებლად. ერთს უკვე შეემზადებინა მოზრდილი ნემსი, რომელიც ავარიული სიტუაციებისთვის მუდამ ჯიბეში ედოთ და მაშინვე მხარში ჩაარჭო გაგიჟებულ ქალს. მათდა გასაკვირად „წყევლა” სულაც არ მოთენთილა, უარესად გაცოფებულმა სახე ჩამოაკაწრა ჟღალთმიან ქალს და ყელში კბილებით ესცა. განწირულმა კივილმა პაციენტები დააფრთხო. სანიტრები გაორმაგებული ძალით ჩააფრინდნენ გაგიჟებულს და ორმა მამაკაცმა ძლივს ააგლიჯეს სხეულიდან მსხვერპლს. სოფიო ფეხებს ჰაერში ასავსავებდა და ჰაერს კბილებით კბენდა. ნიკაპზე და ყელზე სისხლი ჩამოსწუწვოდა. ძირს გართხმული სსანიტარი ხროტინით ყლაპავდა ჰაერს და წყლიდან ამოვარდნილი თევზივით ფართხალდება. - სასწრაფოს გამოუძახეთ! იყვირა ერთ-ერთმა სანიტარმა და მაშინვე დაჭრილს ესცა. ჭრილობაზე ხელი დააჭირა და ქალის დამშვიდებას შეეცადა, რომელიც პანიკას აყოლილი უარესად აფართხალდა. ელი წარბშეკრული წამოდგა ფეხზე და მზერა მამაკაცებისკენ გადაიტანა, რომლებსაც სოფიო ძირს გაეწვინათ და მეორე ნემს არჭობდნენ გაგიჟებულს. სისხლში ამოთხვრილი და ერთიანად გაწეწილი, მართლა საშინელებათა ფილმიდან გადმოსულს ჰგავდა. წამლის მეორე დოზამ, როგორც იქნა მოთენთა. თვალის კაკლები აატრიალა და გაირინდა. - რაო, რას ჯღაოდა? - კარიოს მომხდარზე რეაქცია არ ჰქონია. - შვილი მომპარეთო? - სოფიო… წაიჩურჩულა ხმადაბლა. გონებაში ფილმის კადრებივით ამოუცურდა მოგონება - ისევ თავის სახლში იყო, სამზარეულოში მამიდამისთან ერთად. ქალის ხმა ჩაესმა გონებაში: „მამაშენის მოკვლა სცადა ძილში…” „თურმე, შიზოფრენიით ყოფილა ავად”… - შეუძლებელია, - ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად გაეცინა - ბედი ასე არ დამცინებდა… შეუძლებელია. - ჰმმ… ცხოვრებაში, თურმე მართლა ყველაფერი ხდება. ჩააკერა თავისი ორი გროში სათქმელიც კარიომ და ხმადაბლა ახითხითდა. ******* 2014 წელი, ფსიქიატრიული საავადმყოფო, 11:15 წთ, თბილისი. ოთხი თვე ისე გავიდა, კლინიკაში საინტერესო აღარაფერი მომხდარა. ბოლო კანიბალური თავდასხმის გამო სოფიოს იზოლირებულ ოთახში ამყოფებდნენ. დანარჩენ პაციენტებთან ყოფნის საშუალებას არ აძლევდნენ იმის შიშით, რომ ვინმესთვის რამე არ დაეშავებინა. ამიტომ ელს მთელი ეს პერიოდი საშუალება არ ჰქონია ქალის შესახებ მეტი გაეგო და თავის ეჭვებში დარწმუნებულიყო. „წყევლას” მიერ წამოკივლებული სიტყვები გონებაში ღრმად ჩაბეჭდოდა და სხვა ვერაფერზე ფიქრობდა. თუ მართლა მამამისის პირველი ცოლი იყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ნახევარძმა ჰყოლია, ან ჰყავდა. თუ საერთოდ სიმართლეს გაჰკიოდა. შეიძლება სულაც აიკვიატა, რომ შვილი შეეძინა. შიზოფრენიკი იყო, არანორმალური, სიტყვა დაეჯერებოდა? მას მერე, რაც ბედის ირონიით თავადაც საგიჟეთში ამოყო თავი, ამ საკითხს ასე ცალსახად აღარ უდგებოდა. ყოველ ჯერზე, როცა სანიტრებს პაციენტები საერთო ოთახში გამოჰყავდათ, თვალებით ეძებდა სოფიოს, მაგრამ უშედეგოდ. შემოდგომა იწურებოდა, ზამთარი მოსდგომოდათ კარს. გარეთ საგრძნობლად აცივდა. სეირნობისას თბილ ქურთუკებს ურიგებდნენ პაციენტებს. ერთ საღამოს, როცა ეზოში გამოუშვეს სასეირნოდ ევა წამოეწია. ერთ წელი ხდებოდა, რაც ქმარმა ფსიქიატრიულში გამოკეტა. საგრძნობლად შეიცვლილიყო. ჩამოხმა და ფერიც დაკარგა. აღარც თვალები უელავდა ძველებურად. დაბერებული ჩანდა, თითქოს ერთის ნაცვლად ათი წელი გასულიყო, რაც კლინიკის ზღურბლს გადმოაბიჯა. - ელისაბედ… როგორ მიხარია შენი ნახვა. ფუჰ, როგორ ვერ იტანდა, როცა ამ იდიოტური სახელით მიმართავდნენ, მაგრამ სევერინმა გააფრთხილა: არავის გაუმხილო შენი ნამდვილი სახელი, ასე უფრო უსაფრთხო იქნებაო. ამიტომ, უნდოდა არ უნდოდა იბრალებდა, თუმცა ვერაფრით მიეჩვია. არასოდეს რეაგირებდა, როცა ასე მიმართავდნენ, სანამ უშუალოდ ვინმე თვალს არ გაუსწორებდა ან ხელს არ შეახებდა. ეს უკანასკნელი კი მუდამ ცუდი ინციდენტით სრულდებოდა. ერთხელ სანიტარს ცხვირი გაუტეხა, რადგან მამაკაცმა, როცა ვერ გააგონა, მკლავზე ჩაავლო ხელი და შეკრული მარჯვენაც მიიღო პირდაპირ მოზრდილ კეხში. - სრელისაბედ, - ყურში აყუყუნდა კარიოც. - როგორ მაღიზიანებს! ელს კინაღამ გაეცინა და ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. - როგორ აცივდა, მალე, ალბათ მოთოვს კიდეც, - ევას არაფერი შეუმჩნევია. გოგონას გვერდით მიიკვლევდა გზას ბილიკზე და მტრედისფერ ცას ფიქრიანად მისჩერებოდა. - ერთ კვირაში ჩემი შვილის დაბადების დღეა… ეს პირველი წელი იქნება, როცა ჩემ გარეშე აღნიშნავს… ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა და სწრაფადვე შეიწმინდა. თბილი ქურთუკი მჭიდროდ შემოიხვია ტანზე და ამოიოხრა. თეთრი კვამლი მოსწყდათ ქალის გამომშრალ ბაგეებს და მალევე გაუჩინარდა საღამოს სუსხში. - ალბათ მოგაკითხავს, - ელმა თავისებურად სცადა გამხნევება. - სჯობს, არ მომაკითხოს, - ცხვირი შარფში ჩამალა და მოგუდული ხმით განაგრძო. - თავს ვერ შევიკავებ, ამეტირება და გულს ვატკენ. ელს აღარაფერი უთქვამს. არ იყო მისი საქმე. - ჰმ.. - ჩაახველა და ცხვირი შარფიდან ამოიღო. - მართლა… დაინახე, რომ იმ უცნაურ ქალს მნახველმა მოაკითხა? - ვინ უცნაურ ქალს? - იკითხა უინტერესოდ. - აი იმას, იზოლაციაში რომ ჰყავთ. სანიტარს რომ უკბინა ყელზე. - სტუმარი? - მაშინვე ყურები ცქვიტა და ელდანაკრავი შედგა - დაინახე ვინ იყო? - დავინახე და გამიკვირდა კიდეც, მისი აქ ხილვა. - იცნობ? - წარბი შეიკრა. - მიხეილთან მინახავს რამდენჯერმე. მუდამ თავის კაბინეტში შეჰყავდა ხოლმე. არ ვიცი, რა საქმე ჰქონდა პოლიციელს ჩემს ქმართან. კარგი ფეხით რომ არ იყო მოსული, კი ვხვდებოდი. აბა, რა ესაქმებოდა სინდისიერ სამართალდამცავს კრიმინალთან? - ტუჩები ზიზღით მოეღრიცა. - ევა… ვინ იყო ის პოლიციელი? - შავი თვალები ავად უელავდა. - გივი ჭკადუა. სავანელს დასცეცხლა. გუმანით ხვდებოდა, ვის სახელსა და გვარს გაიგონებდა, მაგრამ დაჯერება არ უნდოდა. - და ამბობ, რომ იმ ქალთან ჭკადუა მოვიდა სანახავად? - დააზუსტა. - კი, კინაღამ შევეჩეხე, - მკლავებზე ხელისგულები მოისვა. - მაშინვე მოვერიდე, არ მინდოდა მასთან შეხვედრა. მიხეილმა ისედაც საკმარისზე მეტად დამამცირა… ელი აღარ უსმენდა. მისი გონება ჰიპერსისწრაფით აკავშირებდა მანამდე უყურადღებოდ დატოვებულ ფაქტებს. მამიდამისმა უთხრა, სოფიო სურამში ჰყავთ გამომწყვდეულიო. თვითონ წარმოდგენა არ ჰქონდა, ტერიტორიულად სად იმყოფებოდა, არც უკითხავს, არც აინტერესებდა, მაგრამ სურამში ნამდვილად არ იყო. ახსოვდა ის დღე, როცა ევა პირველად მოიყვანეს კლინიკაში, არეშიძეს კი ხუთ დღეში ახალი პაციენტი მოჰყვა. ეს სოფიო იყო! მამიდამისის მონაყოლიდან ახსოვდა, რომ ქალს აღარავინ დარჩა ოჯახიდან. ერთადერთი დედა ჰყავდა, რომელიც დაეღუპა. ვინ აუნაზღაურებდა კერძო კლინიკის ხარჯებს? ვიღაც მფარველობდა და ეს ვიღაც ჭკადუა უნდა ყოფილიყო, მაგრამ რა მიზეზით? რა აკავშირებდა გამყიდველ ძაღლს მამამისის პირველ ცოლთან? ძალიან დიდი ხნის შემდეგ მიძინებულმა ტვინმა გულგრილობის ლეთარგიდან გამოღვიძება სცადა. თითქოს ძველისძველ, ჟანგისგან შეჭმულ მანქანას დაქოქვას აიძულებენო. ისევ იგრძნო ინტერესი სამყაროს მიმართ. უცნაურია, მაგრამ როცა სოფიოს სიტუაცია გაიაზრა, მერეღა დაფიქრდა საკუთარზე. შუშებიანი შენობის ერთ-ერთ ფანჯარას ახედა, სადაც სევერინის კაბინეტი ეგულებოდა. ერთმა ძალიან საინტერესო ფიქრმა გაუელვა გონებაში: კი, მაგრამ თუ ოჯახს მკვდარი ეგონა, მისი იქ ყოფნის ხარჯებს, ვინღა ანაზღაურებდა? ******* 2014 წელი, ფსიქიატრიული საავადმყოფო, თბილისი. ელი სოფიოს ახალი წლის ღამემდე ვერ შეხვდა. სევერინმა გაითვალისწინა დღის განსაკუთრებულობა და სანიტრებს სოფიოს ოთახიდან გამოშვების უფლება მისცა. მხოლოდ მისთვის თვალი მკაცრად უნდა ედევნებინათ და პირველივე გართულების შემთხვევაში დაუყონებლივ ჩარეულიყვნენ. მეოთხე წელი ხდებოდა ელი 31 დეკემბერს ფსიქიატრიულში ხვდებოდა, მაგრამ ამ ოთხი წლის მანძილზე არასოდეს შეუმჩნევია საახალწლო გაფორმებები, რომლებიც მუდამ ჩნდებოდნენ პირველი იანვრისთვის. დერეფნებში ფსიქიატრიულის სტანდარტებისთვის შესაბამისი ნაძვისხე დაედგათ - ყოველგვარი მინის ბურთულების გარეშე. უჩვეულოდ რბილ ტოტებზე, რომლებსაც მავთულის ნასახი არ ჰქონდათ, ნაქსოვი სათამაშოები ჩამოეკონწიალებინათ. კედლებს ხელით ნაკეთი გირლანდები და ქაღალდის ფიფქები ამშვენებდნენ. საერთო საახალწლო განწყობას განსაკუთრებული საუზმე, სადილი და ვახშამი აგვირგვინებდა - მაგიდებზე ტკბილეული გამოჩნდა, თბილი, გემრიელი სასმელებით. ჩვეული უსახური და უგემური საკვები საახალწლო კერძებმა ჩაანაცვლეს. მომსახურე პერსონალსაც გამოუკეთდა უჟმური ხასიათი. ახლა უფრო ხშირად იხილავდით დერეფნებში მოსიარულე მომღიმარ სანიტრებს. 31 დეკემბერს კიდევ ერთი ტრადიცია ჰქონდა კლინიკაში. სადილის შემდეგ პაციენტებს ჯგუფურად კრიბავდნენ სპეციალურად გამოყოფილ დიდ დარბაზში. შეხვედრის მიზანი ერთანეთისთვის ახალი იმედებისა და მიზნების გაზიარება იყო. თითოეულ მათგანს ეძლეოდა შანსი თავი წარედგინა, თავისი ისტორია მოეთხრო და იმედი გამოეთქვა ახალი წლის, ახალი შესაძლებლობებით. ელი ყველაზე მეტად ამ შეხვედრას ვერ იტანდა. ყველა რაღაცას ამბობდა - ზოგი გაუგებრად ბურტყუნებდა, ზოგი არეულად გადმოსცემდა აზრს, ზოგიც ნათლად და დალაგებულად. ის ერთადერთი იყო, რომელიც ყოველ შეხვედრაზე ჯიუტად დუმდა. სიტყვა ვერაფრით დააცდევინეს. არავის თხოვნამ არ გაჭრა. იჯდა გაშეშებული სკამზე, თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა და მუხლს ნერვიულად ათამაშებდა. წამებს და წუთებს ითვლიდა, როდის მისცემდნენ დარბაზის დატოვების უფლებას. ამიტომ 31 დეკემბერს დილიდანვე ეშხამებოდა ხოლმე ხასიათი, როცა იცოდა, რომ ისევ იმ იდიოტურ შეკრებაზე აიძულებდნენ წასვლას. მაგრამ ამჯერად მისი გონება სხვა ფიქრებით იყო დაკავებული... სასადილოში სასაუზმოდ ჩასულმა პაციენტებში სოფიო შეამჩნია. მოშორებით მაგიდას უჯდა ეულად და ალუბლის კექს შეექცეოდა. პაციენტებს მისი ეშინოდათ, ამიტომ არავინ ეკარებოდა ახლოს. გვერდით თბილი კისელი ედგა პლასტმასის ჭიქაში, დრო და დრო აყოლებდა ნამცხვარს. თვალები წამოენთო. მორჩილად ჩადგა ხაზის რიგში პოდნოსით ხელში, ისე რომ მზერა არ მოუშორებია შავთმიანი ქალისთვის, სანამ მზარეულმა ხის კოვზით არ დაუკაკუნა პოდნოსზე. მოულოდნელობისგან შეკრთა. - დღეს რას მიირთმევ, ელისაბედ? - ჰკითხა ღიმილით. ელს გააჟრჟოლა. კარიოს კი მაშინვე ხითხითი აუტდა „ელისაბედ ბატორი ხარ, ელ“. სავანელმა მწარე რეპლიკას წაუყრუა და ვიტრინაში გამოფენილ კერძებს თვალი მოავლო. იმ დღეს უჩვეულოდ ბევრი კერძი იწონებდა თვალს. ერბოკვერცხი, ძეხვეულის ასორტთან ერთად, სხვადასხვა სახის ფაფა და ფერად-ფერადი ნამცხვრები, რასაც თბილი და ტკბილი სასმელები აგვირგვინებდა. ელს ირონიულად ჩაეცინა. პაციენტების უმეტესობას მუდმივი წამლების მიღების გამო მადა დაქვეითებული ჰქონდა. ბევრს არ ჭამდნენ და ელი ხვდებოდა სადაც წავიდოდა მთელი საჭმელი. სანიტრები ცვლის გადაბარებისას სახლებში გაზიდავდნენ ნახევარზე მეტს. - ელისაბედ... რიგს იკავებ... - ააჩქარა მზარეულმა - ნამცხვარი ხომ არ გინდა? თბილ კისელთან ერთად, ძალიან გემრიელია. - ჩაი და ერბოკვერცხი. მოუჭრა მოკლედ. აღიზიანებდა ქალის პირფერული ღიმილი. კუთვნილი საუზმე აიღო და ხაზიდან გამოვიდა. ყოყმანით გადადგა ერთი ნაბიჯი სოფიოს მაგიდისკენ, მაგრამ ცხვირწინ ევა აესვეტა. - ერთად ხომ არ ვისაუზმოთ? - გაუღიმა მეგობრულად - დღეს მარტო ყოფნა არ მინდა. ქალს თაფლისფერ თვალებში ჩააცქერდა, იმედით მისჩერებოდნენ სევდიანი სფეროები. ღრმად ამოისუნთქა და მორჩილად გაყვა არეშიძეს უკან. ერთმანეთის მოპირდაპირედ დაიკავეს ადგილები. ევა ჩვეულზე მეტად სევდიანი და გულჩათხრობილი ეჩვენა. - მოხდა რამე? - ჰკითხა და კვერცხს უგულოდ უჩხვლიტა ჩანგალი. - გუშინ ჩემი წყეული ქმარი იყო ჩემ სანახავად მოსული. ელს პირთან მიტანილი ერბოკვერცხი ჰაერში გაუშეშდა და სწრაფი მზერა ესროლა ქალს. - რისთვის მოგაკითხა? - ჩანგალი უკან დააბრუნა თეფშზე. - დასაშინებლად, რა თქმა უნდა, - ცხვირით მოქაჩა და თბილი მარწყვის კისელი მოსვა - ერთი თვის წინ ჩემს შვილს დაბადების დღე ჰქონდა... - მერე? ხომ მოგაკითხა? - მომაკითხა, ვისაუბრეთ. სახლში დაბრუნებულს კი, მამამისისთვის უთქვამს დედა უკეთ გამოიყურება და სახლში დავაბრუნოთო. - და აქ იმისთვის მოვიდა, რომ შენთვის ეთქვა, უკან მობრუნებაზე არც იფიქრო? - მარტივად მიხვდა. ევამ ქსუტუნით დაუქნია თავი. - გამაფრთხილა, ჭკუით მოიქეცი და გიგის ტვინს ნუ ურევ, თორემ იმ კახპის ბედს გაიზიარებ, ვის გამოც აქ ამოყე თავიო. სავანელს მთელი სხეული დაეჭიმა. - ვინ კახპისო? - იკითხა ყინულივით ცივი ხმით. - გახსოვს, რომ გითხარი არასრულწლოვანი საყვარელი ჰყავდა-მეთქი? - ელმა თავი დაუქნია და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. - არ ვიცი რა პირობებში ამყოფებდნენ იმ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას, მაგრამ თავი მოუკლავს. ფოტოები მაჩვენა. წამალები დაულევია. მეორე დღეს უპოვიათ ბორდელის ერთ-ერთ ოთახში. თვალებიდან არ ამომდის მისი ხატება... ელისაბედ, კარგად ხარ? სიტყვა გაუწყდა და ელს შეშფოთებული დააკვირდა სახეზე. სავანელს მკვდრის ფერი ედო. ჩანგალს ისე ძლიერად უჭერდა თითებს შუაზე გადაღუნა. მძვინვარებისგან მთელი სხეული აუცახცახდა. ევა შეშფოთდა. - ელისაბედ? რა გემართება? - ნიცა... - ყურებში წივილმა იმატეს. თვალთ დაებინდა. ევას სახე ბურუსმა მოიცვა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს თავით უძირო უფსკრულში გადაეშვა - ნიცა... - ელისაბედ? უცებ სავანელმა დენთის კასრივით იფეთქა. ყელიდან ისეთი ღრიალი აღმოხდა მთელი სამზარეულო შიშით შეკრთა. ალბათ მაგიდა და სკამი იატაკზე რომ არ ყოფილიყო მიჭედებული თავზე დაიმფხობდა. შეშინებული ევა მაშინვე წამოვარდა მაგიდიდან და დაჭრილი მხეცივით აღრიალებულს რაც შეიძლებოდა შორს გაერიდა. საპირისპირო მხრიდან სანიტრები მოცვივდნენ. ვისაც მისწვდა წიხლი და მუშტი არ დააკლო. აყმუვლებულს გული ათას ნაწილად ეგლიჯებოდა. გონებაში დიდი ხნის მივიწყებული მოგონებები ამოუტივტივდნენ - ნიცას მომღიმარი სახე ბურუსში მკვეთრად გამოიკვეთა და ფიზიკური ტკივილისგან კინაღამ გული აერია. ოთხმა კაცმა ძლივს გააკავა და მარჯვენა მხარში ნემსი მწარედ უჩხვლეტს. იქამდე ცდილობდა თავის გათავისუფლებას, სანამ მედიკამენტი არ მოერია და ორგანიზმი ნაჭრის თოჯინასავით მოემჩვარა. მუხლი მოეკვეთა და გაითიშა. სამზარეულოში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. დამფრთხალი პაციენტები ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. ევას თვალები გადმოსცვენაზე ჰქონდა. ელის ასეთი სახე არასოდეს უნახავს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც გოგონასთან ერთად გაატარა პირველად იფიქრა, რომ სავანელი უმიზეზოდ არ იყო ფსიქიატრიულში. იმდენად მიეჩვია პირქუშს, მშვიდსა და ძირითადად მდუმარეს, რომ ნორმალურად აღიქვამდა. დაავიწყდა კიდეც, რომ ისიც ფსიქიატრიულის პაციენტი იყო. უცებ სამზარეულოში ვიღაცამ ტაში შემოკრა, რასაც აღფრთოვანებული ყმუილი და ხარხარი მოჰყვა. კბილებდაკრეჭილი სოფიო სხვის სასოწარკვეთას ზეიმობდა... წუთებს საათები ცვლიდნენ, საათებს დღეები, დღეებს კი კვირეები ენაცვლებოდნენ. დრო უმოწყალოდ მიიწევდა წინ. თითქმის ორი თვე გასულიყო, იმ ავადსახსენებელი 31 დეკემბრიდან, როცა ელმა ნიცას სიკვდილის შესახებ გაიგო. მას შემდეგ პალატიდან არ გამოსულა. ფანჯარასთან გაშეშებული იჯდა და არაფრისმთქმელი მზერა აბსტრაქტული წერტილისთვის გაეშტერებინა. საკვები პალატაში შემოჰქონდათ სევერინის დავალებით. მთელი ამ დროის განმავლობაში ხმაც კი არ ამოუღია. ფსიქიატრი პირადად აკითხავდა გოგონას პალატაში, რადგან ოთახის დატოვება ვერაფრით აიძულეს. ახლოს ვერავინ ეკარებოდა, მაშინვე შეტევაზე გადადიოდა. სევერინმაც მცდელობაზე ხელი აიღო. სანიტრები გააფრთხილა - ნუ დააძალებთ, თავად მივაკითხავო. ექიმი საგონებელში ჩააგდო გოგონას მდგომარეობის უეცარმა გაუარესებამ. მიზეზს ვერ ხსნიდა. კონტაქტს კი ვერ ახერხებდა, რადგან რაც არ უნდა ეთქვა ან ეკითხა, სავანელი ჯიუტად დუმდა. ჩუმად, თავისთვის გულში გლოვობდა ბავშვობის მეგობარს, რომელიც საკუთარი დასავით უყვარდა. ცხოვრება ფერადი იყო გოგოლაძესთან ერთად. მხიარული და ქარაფშუტა სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებდა. შეიძლება ტკივილამდე მიამიტი და სულელიც იყო, მაგრამ სწორედ მან გაუწოდა პირველად მეგობრობის ხელი სავანელს, მაშინ როცა მთელი კლასი თვალს არიდებდა. ელის პირველი დამცველი ბრძანდებოდა. ფარად ეღობებოდა ხოლმე წინ, როცა გოგონები რამეზე დაუწყებდნენ კამათს. უყვარდა სავანელი. სამეულში განსაკუთრებულად უყვარდა. იცოდა ეს ელმა, მაშინაც კი არ შეპარვია ეჭვი, როცა უკანასკნელად მწარედ იჩხუბეს და ათასი საშინელება უთხრეს ერთმანეთს. აუტანლად მტკივნეული აღმოჩნდა იმაზე ფიქრი, რომ ერთად გამოვლილი ბავშვობის შემდეგ სწორედ ასეთი აღმოჩნდა მათი ბოლო საუბარი - მწარე, მტკივნეული, ბრაზითა და ბოღმით სავსე. რა იცოდნენ, რომ იმ დილას უკანასკნელად ხედავდნენ ერთმანეთს? რომელიმეს გულს რომ ეგრძნო მოახლოებული განსაცდელი, იქნებ ასე არ ეტკინათ ერთმანეთისთვის? მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო ამაზე ფიქრი. ნიცამ სამუდამოდ დატოვა წუთისოფელი... ასეთ დროს ადამიანს მონატრებასა და მწუხარებაზე მეტად გამოუსადეგარი სინანული ახრჩობს. ყველაზე ფუჭი და არაფრისმომცემი გრძნობა, რომელსაც ყველაზე მწარედ სჩვევია დანესტვრა. მისგან მოწამლულ გულსა და სულს კი იშვიათად კურნავს დრო, რომელიც ხანდახან სასოწარკვეთილი ადამიანის უკანასკნელი იმედია... ელის გულს კი, კიდევ ერთი ასეთი იარა შეემატა - ჭრილობა, რომელსაც დროც ვერ შეუკრავდა პირს. უბრალოდ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება უნდა ესწავლა. არ იცოდა კიდევ რამდენი დღე, კვირა ან თვე დასჭირდებოდა აზრზე მოსასვლელად და ამას არც ჰქონდა მნიშვნელობა. იმ მომენტში არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა... 31 დეკემბრის დილის შემდეგ, ელი ევას აღარასდროს დალაპარაკებია... ელისაბედ ბატორი - ელისაბედ ბატორი - ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი არისტოკრატი ქალი უნგრეთში, რომელიც 1560-1614 წლებში ცხოვრბოდა. ისტორიაში „სისხლიანი გრაფიანიას” სახელით შევიდა. ლეგენდების თანახმად მას ბრალი ედებოდა ასობით ახალგაზრდა გოგონას წამებასა და მკვლელობაში. მითებზე დაყრდნობით გრაფინა გოგონების სისხლში ბანაობდა, რათა ახალგაზრდობა შეენარჩინებინა. ****** 2015 წელი, ფსიქიატრიული საავადმყოფო, თბილისი. თებერვალი იწურებოდა, იშვიათად თოვდა, ისიც წვრილად, უმნიშვნელოდ, უხასიათოდ. ელმა დიდი ხნის შემდეგ საკუთარი პალატიდან გამოაბიჯა და სასაუზმოდ სასადილოში ჩავიდა. პაციენტების ნაწილი მაგიდას უსხდა, ნაწილსაც საუზმე დაესრულებინა და საერთო ოთახში ირთობდა თავს. ელმა მხოლოდ ჩაი გამოართვა მზარეულს და ისე რომ არავისთვის შეუხედავს მაგიდას მიაშურა. ადგილი დაიკავა და თბილი პლასტმასის ჭიქა წინ დაიდგა. თვალის კუთხით ევა შეამჩნია, მოშორებით იჯდა, უცნაურად გაცრეცილი და თმააბურდული ეჩვენა. მზერა მოარიდა, მისი დანახვაც კი ცუდად ხდიდა. არეშიძემაც შეამჩნია სავანელი, მაგრამ არც მას გამოუჩენია ინიციატივა. თავისთვის იჯდა, გაფანტული, თითქოს ამ ქვეყნად საერთოდ არ იყო. ამიტომ სავანელს ძალიან გაუკვირდა, როცა მის მაგიდას ჩრდილი დაეცა. თავი ნელა აიღო მაღლა. მის წინ არც მეტი, არც ნაკლები სოფიო იდგა. გვერდზე გადახრილი თავითა და მოჭუტული თვალებით სავანელს დაკვირვებით ათვალიერებდა. ელმა დააიგნორა. მის მიმართაც დაეკარგა ინტერესი, უკვე ფეხზე ეკიდა მართლა მამამისის პირველი ცოლი იყო, თუ არა. - დაბრუნდი? - რაღაცნაირი ხიხინის მსგავსი ხმა ამოუშვა ყელიდან. - თავიდან მომწყდი, - მიუგო მშვიდად და ჩაი მოსვა. - რა გაქვს მანდ? ელმა უხალისოდ გადაიტანა მასზე მზერა, რომ დაენახა რაზე უჩვენებდა. ქალი სახის მარცხენა ნაწილზე აკვირდებოდა. - ეგრე ვინ დაგასახიჩრა? - თავიდან მომწყდი, სანამ მსგავსი გისახსოვრე. ისევ მშვიდი და პირქუში იყო პასუხი. სოფიოს ეტყობოდა საერთოდ არ უსმენდა. თვალებმოწკურული აკვირდებოდა გოგონას. - ნაცნობი სახე გაქვს... - არ ეშვებოდა - ძალიან ნაცნობი, მაგრამ ეგ ნაიარევი გონებას მირევს. ელმა ჩაიფრუტუნა. - გიჟს საგიჟეთში გონება ერევა, სასწაული პირდაპირ. - მისი თვალები გაქვს... წაიხიხინა და წელში მოიხარა, რომ სავანელი უკეთ შეეთვალიერებინა. ელს მისი მყრალი სუნთქვა ესცა ცხვირში და გაღიზიანდა. - მომშორდი-მეთქი, უკანასკნელად გაფრთხილებ. სოფიომ ისევ არ ათხოვა ყური. ფოცხვერივით აკვირდებოდა. ისე ათვალიერებდა, როგორც მშიერი მხეცი საკბილოს. უცებ მზერა გულზე დაკიდებულ ონიქსზე გაექცა და ჩასისხლიანებული თვალები ლამის ბუდიდან გადმოუცვივდა. დაუფიქრებლად გაიწია ყელსაბამისკენ. ელს ყელში ამოასხა. ცხელი ჩაი ჯერ სახეში შეასხა და ერთიანად დამდუღრულს შეკრული მუშტიც მიაყოლა. ტკივილისგან აკივლებული უკან გადაქანდა, ძელსკამს წამოედო და ძირს გაიშხლართა. - სამჯერ გაგაფრთხილე... - წაისისინა ღვარძლით. ორი სანიტარი წამში განსხეულდა მოჩხუბრებთან. ერთმა სოფიოს წამოყენება სცადა, მეორე ელს გადაუდგა წინ, მაგრამ სიტუაცია ისე განვითარდა არავინ რომ არ ელოდა. „წყევლა“ ელვის სისწრაფით წამოხტა ფეხზე, პირველ სანიტარს მოხერხებულად დაუსხლტა ხელიდან და ელს, რომ ვერ მისწვდა მეორეს სანიტარს შეახტა ზურგზე, მაგრამ მისთვის რამის დაშავება არც უფიქრია. დამტვრეულფრჩხილებიან თითები სავანელისკენ გაფარჩხა. - ქურდო! წყეულო მძარცველო! ახლავე დამიბრუნე! ჩემი ყელსაბამი დამიბრუნე! ელმა მბრწყინავ ონიქს ეჭვით დახედა. კულონი ოდესღაც თავისი სახლის სარდაფში, ძველისძველ ხარახურაში იპოვა შუკვანთან ერთად. ისე მოეწონა, დაიტოვა. მას შემდეგ სულ თან დაატარებდა. ერთხელაც არ მოუხსნია ყელიდან. - ჩემია, ჩემს ახალშობილს ეკეთა ყელზე, - ისტერიულად გაჰკიოდა - ჩემს შვილს მივეცი, დამიბრუნე. ახლავე დამიბრუნე! - სოფიო, წყნარად! - შეუძახა სანიტარმა და მამაკაცის ზურგიდან ჩამოხსნა სცადა - დაწყნარდი, თორემ ისევ დამამშვიდებელს მიიღებ. - ქურდბაცაცა! დამიბეუნე! შენ მომპარე შვილი? შენ წამართვი? საიდან გაქვს მისი ყელსაბამი?! სავანელი გულგრილად ადევნებდა თვალს ქალის ისტერიკას. სანიტრებმა სიტყვით შეგონებას თავი ანებეს და ისევ გამაყუჩებლით გააჩუმეს აკივლებული. იმდენი იფართხალა საწყალ კაცს ფორმა ლამის ტანზე შემოახია. - ელისაბედ, საუზმე თუ დაასრულე, საერთო ოთახში წადი. უთხრა სანიტარმა და მოთენთილი სოფიო, რომელიც წამლების ზემოქმედების ქვეშ ძლივს ატრიალებდა პირში ენას პალატისკენ გააქანა. ელმა ცივად გააყოლა თვალი გაურკვევლად აბლუკუნებულ სოფიოს. როცა თვალს მიეფარა სანიტრებთან ერთად მეორედ მივიდა მზარეულთან და ჩაი სთხოვა. დამფრთხალმა ქალმა, რომელიც წამისწინადნელი ინციდენტს შეესწრო, პლასტმასის ჭიქით მორჩილად მიაწოდა ცხელი სასმელი. სავანელი თავის ადგილს დაუბრუნდა, ძელსკამს გადაევო და მაგიდას მიუჯდა. ოხშივარავარდნილ ჩაის სული შეუბერა და მშვიდად მოსვა, ვითომ არც არაფერი მომხდარა... ******* 2017 წელი, ღამის კლუბი „ალუბალი”, 02:01წთ, თბილისი. ვიაიპ ლოჟაში დარბაზიდან შემოსული ხმამაღალი მუსიკის ხმა ისმოდა. ოთახში, იასამნისფერი განათების ფონზე წითელი ხავერდის გრძელი სავარძელი და პატარა შუშის მაგიდა მოჩანდა, რომელიც კოქტეილის ცარიელ ჭიქებს დაემძიმებინათ. არყის ბოთლთან ახლოს მეტამფეტამინის კრისტალები სამ იდეალურ ხაზად გაეყოთ. მოულოდნელად ვიღაცამ სიცილით შემოგლიჯა ლოჟის კარი არეული ნაბიჯით მივიდა სავარძელზე და ზედ გაიშხლართა. ახამოსულს უკან რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი შემოჰყვა ხარხარით და მათაც მის გვერდით დაიკავეს ადგილი. ნასვამები ჩანდნენ. ამღვრეული მზერა და დანისლული თვალები ჰქონდათ სამივეს. - ვახ, გიგი, ჯიგარი ხარ, მაგარი საღამო გამოვიდა! ბავშვობის მეგობარს მუხლზე ხელი დაჰკრა ჟღალთმიანმა. მაგიდისკენ მოიხარა და გამზადებული ნარკოტიკის მოზრდილი ხაზი ცხვირში გაუშვა. - ვოუ! - წამოიყვირა აღფრთოვანებულმა. დანარჩენებს სიცილი აუტყდათ. - დღეს შენი დაბადების დღეა, ჯინჯერ, ბოლომდე შეირგე - თვალი ჩაუკრა არეშიძემ და სიგარეტს გაუკიდა. - რასაც ინატრებ, ძმაო! დღეს „ჯინი“ შენი მონა-მორჩილია თავისი ლამპარით. ჩაურთო ხუჭუჭამ და თავით ანიშნა გაბღენძილ არეშიძეზე, რომელსაც მეგობრის ნათქვამზე ქედმაღლურად ჩაეღიმა. სანამ აჟიტირებული ჟღალთმიანი, რომელსაც ჯინჯერი უწოდეს, ცარიელ ჭიქებს არყით ავსებდა, ლოჟაში ოფიციალურ შარვალ-პიჯაკში გამოწყობილი ახმახი შემოვიდა და გიგისკენ მოიხარა. ყურში რაღაც უჩურჩულა, რაზეც არეშიძეს სახიდან ღიმილი გაუქრა და წარბშეკრულმა ახედა დაცვის წევრს. ახმახმა უხმოდ დაუმოწმა წარმოუთქმელი კითხვა და მძიმედ დაუქნია თავი. გაღიზიანებულმა ქვედა ტუჩს დააჭირა კბილები, მცირე ყოყმანის შემდეგ კი ბიჭებს გადაულაპარაკა - მალე დავბრუნდებიო და ლოჟიდან გავიდა. ყბადაჭიმული მოცეკვავეებს შორის აგრესიული მუჯლუგუნებით მიიკვლევდა გზას. ბოლოს როგორც იქნა ბრბო გაარღვია. კლუბის გასასვლელს მიაშურა და კიბეებზე აირბინა. დახუთული დარბაზიდან გარეთ გამოსულს სუფთა ჰაერი ეამა. დაეჭვებულმა ქუჩას მოავლო თვალი. კლუბის გასწვრივ საპირისპირო ქუჩაზე მდგარმა შავმა მერსედესმა ფარები აანთო და ჩააქრო. არეშიძე მაშინვე მისკენ გაემართა. მიახლოებულმა კარი გამოაღო და მანქანაში ჩაჯდა. - გამარჯობა, გიგი, - მიესალმა საჭესთან მჯდომი მამაკაცი. - კვერცხები მართლა გქონია, აქ მოსვლა რომ გაბედე, - თვალები ავად გააკვესა უმცროსმა არეშიძემ - მხოლოდ იმიტომ გაძლევ საუბრის შესაძლებლობას, რომ შემომითვალე დედაჩემის შესახებ გაქვს რაღაც მნიშვნელოვანი სათქმელი. - ასეა, - მშვიდად დაუდასტურა მოსაუბრემ - მამაშენი ყველგან დამეძებს. ალბათ, ხვდები, რომ ტყუილუბრალოდ სიცოცხლით არ გავრისკავდი... - ჰოდა დროს ნუღარ კარგავ, ლევან, პირდაპირ საქმეზე გადადი! - წაიღრინა ნერვებმოშლილმა. - იცი რის გამო დამეძებს მამაშენი? - უღალატე! - ზიზღით გამოსცრა კბილებში. - დედაშენის დავალებით, - მიუგო ცივად. გივის სახე გაუქვავდა. - რას ბოდიალობ, ლევან? - სიმართლეს. დედაშენს უნდოდა მამაშენის თავიდან მოშორება და მიბრძანა ყველა საჭირო მტკიცებულება შემეგროვებინა, რომელიც მის ამაზრზენ ქმედებებს დაადასტურებდა. - მატყუებ! - არ დაიჯერა გაფითრებულმა. - წარმოდგენა მაინც გაქვს, რა ხდება შენს საკუთარ სახლში? დედისთვის ერთხელ მაინც შეგიხედავს რიგიანად? იცოდი, რომ მთელი ეს პერიოდი მამაშენი წიხლით სცემდა დაუცველ ქალს? არეშიძეს ნერვებმა უმტყუნეს, ლევან მესხს ესცა და მანქანის მინას ძლიერად მიანარცხა. მამაკაცის ყელზე შემოჭდობილი ხელები უკანკალებდა. თვალები გადმოცვენას ჰქონდა. გული კი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა. - დედაშენმა არაფერი გითხრა... - ამოიხავლა კარს მილურსმულმა - რადგან მამაშენი დაემუქრა, რომ თუ მათ პირად საქმეში შენს ჩარევას გაბედავდა მის თვალწინ მოგკლავდა... - როგორ ბედავ, ასეთი საზიზღარი ტყუილის თქმას?! ჩემი ხელით მიგახრჩობ! აქვე და ახლავე! სანამ მიშა გაგაძრობს ტყავს... ფურიით შეპყრობილმა, კიდევ უფრო მძლავრად მოუჭირა ყელში ხელები. მესხს სახე კიარ გაუწითლდა, გაულურჯდა. უკანასკნელი ძალებით ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და ხელის კანკალით ჩართო ჩანაწერი, რომელიც სიტუაციის ასეთი განვითარებისთვის ჰქონდა შემზადებული. მანქანის მყუდრო სალონში ევას ხმა გაისმა: - არ შემიძლია, ლევან, გიგის ვერაფერს ვეტყვი... - უფლება აქვს იცოდეს, რა ხდება მის საკუთარ სახლში! - არ გესმის, მიხეილი თავზეხელაღებულია, შვილს მომიკლავს. - შეიძლება უკანასკნელი ა, მაგრამ საკუთარ შვილს თითს არ დააკარებს. - ცდები, ლევან! დამემუქრა პირდაპირ სახეში მომახალა, თუ გიგის ჩვენს საქმეში ჩარევ, თვალწინ მოგიკლავო. მთელი ცხოვრებაა შვილით მაშანტაჟებს. ამდენს ვეღარ გავუძლებ. ჩემი ბიჭი უნდა დავიცვა. გთხოვ, ჩვენს გეგმას მივყვეთ. ყველაფერი პრესაში გავუშვათ. დაე, ხალხმა ნახოს რა ნაძირალაცაა, ასეთი სახის სკანდალს თვით მიხეილ არეშიძეც ვერ გაუმკლავდება მარტივად. მხოლოდ მერე მექნება შესაძლებლობა შვილს ხელი მოვკიდო და აქაურობა სამუდამოდ დავტოვო... ჩანაწერი გაწყდა. გიგის ხელები უღონოდ ჩამოუცვივდა. ლევანს ხველა აუტყდა და მტკივან ყელზე მარჯვენა მოისვა. - ვიცოდი, რომ ერთ დღეს ეს ჩანაწერი გამომადგებოდა, - ამოიჩხავლა მესხმა - დედაშენი ვერაფრით დავარწმუნე შენთვის სიმართლე გაემხილა. ჩვენი გეგმა მეტად სარისკო იყო. ვიცოდი, რომ შეიძლება ყველაფერი სულ სხვა გზით წასულიყო და ასე მოხდა კიდეც. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ თუ ევას საფრთხე დაემუქრებოდა ნებისმიერ ფასად გეტყოდი სიმართლეს. დედაშენი გიჟი არ არის, გიგი. ფსიქიატრიულში მამაშენმა გამოკეტა, როცა გაიგო რას აპირებდა. მხოლოდ დროის საკითხია როდის მოუღებს ბოლოს... არეშიძე გაქვავებული სახით იჯდა სავარძელში და ენას ღეჭავდა. თვალებში სიცარიელე ედგა. თითქოს ადამიანს ყველა სახის ემოცია ერთ წამში გამოაცალესო. ყურებში ისევ დედის ხმა ჩაესმოდა. მოაგონდა, ვიზიტები კლინიკაში. ევა უფრო და უფრო ცუდად გამოიყურებოდა. დროის გასვლასთან ერთად ხმებოდა და იცრიცებოდა. ბოლო პერიოდში საერთოდ ვერ ახერხებდა მასთან კონტაქტს. ქალს არაამქვეყნიური მზერა ჰქონდა და როცა გიგი მასთან საუბარს ცდილობდა, ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, რომ ქალის სხეულში აღარავინ იყო ვინც მის ხმას გაიგებდა. ექიმს, რომ გაესაუბრა ფსიქიატრმა უთხრა დედაშენს ავადმყოფობა დღითი დღე ერევა და მხოლოდ წამლების დახმარებით ახერხებს, რომ ჯერ კიდევ მოძრაობსო. მთელი ეს წლები ქალს მკურნალობის ნაცვლად წამლავდნენ? სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ჭკუიდან შეშალეს? მოაგონდა დედამისი ფსიქიატრიულში ყოფნის პირველ თვეებში - სხვანაირი იყო, უფრო ცოცხალი, ჯანსაღი. თვალები ჯერ კიდევ უელავდა, შვილს ეუბნებოდა თავს საუკეთესოდ არ ვგრძნობ, მაგრამ მომხედავენო... ნუთუ ეს ყველაფერი ფარსი იყო? მისთვის დადგმული სპექტაკლი? წელში მოიხარა და სახე ხელებში ჩარგო. თვალები დახუჭა. ეს ყველაფერი სიგიჟეა, გამორიცხულია სიმართლე იყოს. დედამისი მართლა ვერ იყო თავის ჭკუაზე. თავადვე გახდა მოწმე მისი არარაციონალური ქცევებისა - ერთხელ ევა სავაჭრო ცენტრში წავიდა მანქანით. „ლექსუსი“ პარკინგის მესამე სართულზე დატოვა. საყიდლებს რომ მორჩა და გარეთ გამოვიდა მანქანა აღარ დახვდა. გიგის დაურეკა - ცენტრში მოდი მანქანა მომპარესო. არეშიძემ არ დაიჯერა, თბილისში ახალი გადმოსულები კი იყვნენ, მაგრამ მთელი ქალაქი იცნობდა მამამისს. ქურდობას ვერავინ გაუბედავდა მის ცოლს. დედას უთხრა, კარგად შეამოწმე ყველა სართული, იქნებ სხვაგან დააყენე და არ გახსოვსო, მაგრამ ევა გაჯიუტდა. გიგიმ ამოიოხრა, უკმაყოფილოდ მიატოვა საზეიმო სუფრა და დედამის სავაჭრო ცენტრში მიაკითხა. აღმოჩნდა, რომ მანქანა სწორედ იქ იდგა, სადაც პატრონმა დატოვა. გაღიზიანებულმა დაცვასთან კამერები გადაამოწმა. მანქანა მთელი ამ დროის განმავლობაში ადგილიდან არავის დაუძრავს. მხოლოდ ევა ჩანდა კადრში, როგორ დარბოდა პირველიდან მესამე სართულამდე და დაკარგულ მანქანას ეძებდა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში თავის ადგილას იდგა. მოგვიანებით სიტუაცია გართულდა. ევას პარანოია დაეწყო. ერთხელ ოთახში შეუსწრო როგორ ეძებდა გამწარებული შვილის ნაჩუქარ ყელსაბამს. მთელი სახლი თავდაყირა დააყენა - მომპარესო. სინამდვილეში კი მთელი ეს დრო ყელზე ეკეთა. გიგი დედამისს აღელვებული შეჰყურებდა - ქალს გამოხედვა დღითიდღე ველური და აგრესიული უხდებოდა. კლინიკაში დაწვენიდან ერთი კვირით ადრე, კი შვილს დაურეკა - სახლში ვიღაც არის შემოპარული, ჩემი მოკვლა უნდაო. ბოლოდროინდელი დედის უცნაური საქციელებიდან გამომდინარე არეშიძემ მისი ნათქვამი არ დაიჯერა - ნუ ნერვიულობ დედა, დაცვა სახლშია, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებსო, მაგრამ ევა ისტერიკაში იყო - გევედრები მოდიო. კბილებდაკრეჭილმა ტელეფონი გათიშა და მაშინვე სახლისკენ გაეშურა. გზად კი დაცვის წევრებს გადაურეკა სახლში შედით და ნახეთ შიგნით რა ხდებაო. შინ მისულმა დედამისი გარდერობში იპოვა შეყუჟული. გარს დაცვის წევრები ეხვივნენ. ოთხივეს დაბნეული გამომეტყველება ეხატა სახეზე - არ ვიცით რაშია საქმე, სახლს წამითაც არ მოვშორებივართ, შიგნით ვერავინ შევიდოდა ჩვენს უკითხავადო. აღელვებული გიგი დედას მიაჩერდა. ქალი ცრემლად იღვრებოდა და საწოლზე მოკუნტული ისტერიულად იხუტებდა ბალიშს გულში. სწორედ ამ მიზეზით არ გაუპროტესტებია მამამისის შემოთავაზება - დედას ფსიქიკური პრობლემები აქვს, მისი სახლში დატოვება სახიფათოა, შეიძლება თავს რამე აუტეხოს, ჯობია კლინიკაში გადავიყვანოთო. თავად იყო მოწმე დედის ალოგიკური ქცევებისა და მამას გულში ეთანხმებოდა კიდეც. ახლა კი, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ვიღაც მესხი უმტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი ფარსი იყო, მიხეილის მიერ დადგმული სპექტაკლი. როგორ შეიძლებოდა ისეთი ბრმა ყოფილიყო, წლების განმავლობაში ვერ შეემჩნია, მამამისი მართლა თუ სცემდა დედამისს? ტვინი აერია აღარ იცოდა ვისთვის დაეჯერებინა. ღმუილი აღმოხდა ყელიდან. გაცოფებულმა მუხლი მისცხო მანქანის კარს. თავი ასწია და ველური მზერა ესროლა მესხს. - ტელეფონი მომეცი. - რად... არეშიძემ აღარ დაასრულებინა. სმართფონი ხელიდან წაგლიჯა და მანქანიდან გადავიდა. მიიხედ-მოიხედა და რომ დარწმუნდა მანქანა არ მოდიოდა გზაზე გადაირბინა. საკუთარ მანქანას ესცა, კარი გამოაღო და ჩაჯდა. ძრავი აამუშავა და ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს. სპიდომეტრზე ისარი შეშლილივით ათამაშდა. ერთ-ერთ უბანში უჩუმრად აყუნცულ პატრულის მანქანას, რომელიც წესის დამრღვევების გამოსაჭერად იყო ჩასაფრებული მოჩვენებასავით ჩაუქროლა და თვალს მიეფარა. მორიგე ოფიცერმა გაკვირვებულმა აახამხამა თვალები და სიჩქარის კონტროლერს მიაჩერდა. ციფერბლატი ორას კილომეტრ საათს უჩვენბდა. ხმადაბლა დაუსტვინა და ისევ იმ მხარეს გაიხედა, სადაც წამის წინ გაუჩინარდა მანქანა. დადევნება არც უფიქრია, რას დაეწეოდა? ხელი ჩაიქნია და სავარძელზე გადაწვა. მეწყვილის დარად მანაც დახუჭა თვალები და გემრიელად დაამთქნარა. არეშიძე ათ წუთში გაჩნდა სახლში. მანქანა საბურავების გამაყრუებელი წივილით დაამუხრუჭა გალავნის ჭიშკართან. სენსორმა, როგორც კი მანქანა დააფიქსირა, ალაყაფის კარი გაიღო. გიგიმ „ასტონ მარტინი“ სახლის წინ, კიბეებთან მიაგდო და მანქანიდან გადმოვიდა. გასაღები დაცვის წევრს გადაუგდო. - მამაჩემი შინაა? - იკითხა ცივად. - სძინავს. - გაუკვირდა მოტვლეპილთავიანს. კბილები გააღრჭიალა. კიბეებზე აირბინა და სახლში შევიდა. მესამე სართული სწრაფად აათავა და მამამის საძინებელში შეეჭრა. კარის ჯახუნზე მიხეილი მოფხიზლდა, ავტომატურად ესცა ტუმბოზე მიგდებულ იარაღს და ბრმად დაუმიზნა სიმშვიდის დამრღვევს. თვალები რომ ააფახურა და სიბნელეში შვილის სახე გაარჩია, ღრენით დაუშვა იარაღი. - გამოშტერდი, ბიჭო? შეიძლებოდა შენთვის ტვინი გამესხმევინებინა! არეშიძემ ჯიბიდან მესხის ტელეფონი ამოიღო. ჩანაწერი მოძებნა, ჩართო და ზიზღით გადაუგდო მამამის. საძინებელში ჩანაწერი გაჟღერდა. ორივე ჩუმად ისმენდა ბოლომდე, სანამ არ გაითიშა. - ეს რა ჯანდაბაა? - იკითხა უხეშად. - ეგ შენ ამიხსენი, - გამოსცრა კბილებში - დედაჩემს უნდოდა შენი მოშორება? ეს სიმართლეა?! - ხმას დაუწიე, ნუ გავიწყდება ვის ელაპარაკები! ხმაში ღვარძლი გამოერია უფროს არეშიძეს. საბანი გადაიძრო და პიჟამის ამარა, წელსზემოთ შიშველი ფეხზე წამოიჭრა. - საიდან გაქვს ჩანაწერი? - სიმართლეა? ეს სიმართლეა? დედა ფსიქიატრიულში გამოკეტე შურისძიების მიზნით? მიპასუხე! - სახეში შესჯღავლა. - გონს მოეგე, იდიოტო! რას ლაპარაკობ?! - წაისისინა გაცოფებულმა და შვილს წინ აესვეტა - ტვინს ძალა დაატანე, დედაშენი ჭკუაზე ვერ იყო. თავად იყავი მოწმე მისი გამოხდომების. - ჩანაწერში... - თავში აზრად არ მოგსვლია, რომ ყალბია? - მკერდში ხელი ჰკრა შვილს - ვინ მოგცა-მეთქი? - მესხმა. ამტკიცებს, რომ დედა ჯანმრთელია. - იმ ს გჯერა და ჩემში ეჭვი გეპარება? - თვალები ავად გააკვესა - უკანასკნელი არიფივით აგაგდო და შენც აენთე? გიგი, ტვინს ძალა დაატანე, ჩვენს ოჯახს უამრავი მტერი ჰყავს! მესხს ჩემი თავიდან მოშორება უნდა. ყველაფერზეა წამსვლელი. ისე შორს წავიდა ჩემს შვილსაც კი აურია ტვინი. ამას არ შევარჩენ, ღმერთია მოწმე არ შევარჩენ, ჩემი ხელით გამოვწლავ და ამას გაყურებინებ! გიგი შეყოყმანდა. სულში აგიზგიზებული მძვინვარება ოდნავ ჩაუცხრა. უხერხულობაც კი იგრძნო, რომ მამამის ასე ცხოველივით შემოუვარდა ოთახში, მაგრამ ტვინში სისხლმა აასხა. - დედა... - დედა ცუდად არის, შვილო. ექიმს თავად ესაუბრე და იგივე გითხრა. თუ მართლა ისეთი მონსტრო გგონივარ, რომ საკუთარ ოჯახს რამეს ვავნებ? ანგელოზი არ ვარ, მომიკლავს და ეს მშვენივრად იცი, მაგრამ ჩემს ოჯახს თითს არასოდეს დავაკარებ. ვინ გგონივარ, გიგი?! თვალებზე ცრემლები მოადგა და თავი ჩახარა. არ უნდოდა მამამისთვის ეჩვენებინა. ცხვირით მოქაჩა და ნერწყვი ძლიერად გადაყლაპა. - ჩემი ვაჟი ხარ, ჩემი მემკვიდრე! - შვილს კისერში წაავლო ხელი და ძლიერად მიიზიდა ახლოს - სამყაროს გადავწვავ შენი გულისთვის. თვალებში შემომხედე, შვილო! შენზე და დედაზე ძვირფასი არავინ მყავს ცხოვრებაში. დედას არასოდეს ჩაურტყამს ჩემთვის დანა ზურგში. არასოდეს. ძლიერად მოქაჩა კისერზე და შვილს თვალებში ჩააკვდა. გიგიმ თავი დაუქნია და ისევ მოქაჩა ცხვირით, მზერა მოარიდა მამამისს. - წადი დაიძინე, ამ ტარაკანს კი მე მივხედავ. - ტელეფონი შეათამაშა ხელში - ჩემთვის დარტყმის მოყენება არ ეყო და ჩემს ოჯახს შეეხო. მიწიდანაც ამოვთხრი, თუ დამჭირდა... გამოსცრა კბილებში. გიგიმ ბოლოჯერ შეავლო თვალი მამამისს და თავჩაქინდრული ოთახიდან გავიდა. მიხეილმა თვალი გააყოლა შვილს და როგორც კი თვალს მიეფარა ყბაზე კუნთი დაეჭიმა. მესხის ტელეფონი სავარძელზე მიაგდო, მძიმე ნაბიჯით შემოუარა საწოლს და თავისი ტელეფონი აიღო ტუმბოდან. კონტაქტებს ჩამოყვა, ერთი ნომერი აარჩია და გადარეკა. პირველივე ზუმერზე უპასუხეს. - მესხი ქალაქშია. იპოვეთ! ამჯერადაც თუ დაგისხლტება ხელიდან, საკუთარ საფლავს გაგათხრევინებ და კიდევ... კლინიკაში საქმე დააჩქარეთ. ის კახპა კვირის ბოლომდე უნდა ჩაძაღლდეს. კვალი არ დატოვოთ, კითხვები არ უნდა გაჩნდეს. ისე გათიშა ტელეფონი პასუხს არ დალოდებია. აპარატი ტუმბოზე მიაგდო და საწოლში შეწვა. ბალიში შეისწორა და მშვიდად დახუჭა თვალები. ******* 2017 წელი, ფსიქიატრიული კლინიკა, 09:10 წთ, თბილისი. სავანელი წინ მდებ უგემურ ფაფას უგულოდ ჩიჩქნიდა კოვზით და თვალს არ აშორებდა რამდნიმე მაგიდის მოშორბით მჯდარ ევას, რომელსაც თავისი წილი საუზმისთვის პირი არც დაუკარებია. სკამზე იჯდა არაამქვეყნიური გამომეტყველებით და წინ და უკან ირწეოდა. ბოლო წლებში მთლად წახდა და ჩამოხმა. ორ წელზე მეტი გასულიყო სავანელი წაბლისფერთმიანს აღარ დალაპარაკებია. როცა ერთ სივრცეში აღოჩნდებოდნენ ხოლმე თვალი მუდამ მისკენ გაურბოდა. ხედავდა როგორ ნელ-ნელა აჭკნობდა საკუთარ ცოლს არეშიძე და უცნაური სევდა ვერაფრით მოიშორა გულიდან. ქმარი მკვლელი და მანიაკი ჰყავდა, არც მისი შვილი იყო ნაკლები - სკოლაში თანასკოლელს ცემაში ამოხადა სული, მანამდე ერთი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. რატომ იყო სამყარო ასე უცნაურად მოწყობილი? მისი ოჯახის ცოდვების გამო ქალი, რატომ ისჯებოდა? სიმართლე ითქვას სავანელი საერთოდ არ იცნობდა ევას. არ იცოდა, როგორი ქალი, ადამიანი და დედა იყო. წარმოდგენა არ ჰქონდა მის ცხოვრებაზე, ფსიქიატრიულის კედლებს გარეთ. როგორ მოახერხა მიხეილმა ამდენი სიბინძურის დამალვა ცოლის ცხვირწინ? იქნებ არც უმალავდა და ევამ იმაზე მეტიც იცოდა, ვიდრე ელს გაუმხილა? მისი საუბარი გამწარებული ქალის დიალოგს ჰგავდა, რომელსაც ქმარზე სწყუროდა შურისძიება. რეალურად რა იყო სიმართლე, მხოლოდ მაღალმა ღმერთმა იცოდა. ადამიანების მიმართ ძველებურ ემპათიას ვეღარ გრძნობდა. საერთოდ იშვიათად განიცდიდა რაიმე სახის გრძნობას. ექვსმა წელმა ფსიქიატრიულში რადიკალურად შეცვალა შიგნიდან - დაამსხვრია, დალეწა, დაანაწევრა. ერთადერთი რაზეც მისი ტვინი რეაგირებდა მტრის სახელები იყო, რომელსაც ყოველ ღამით ლოცვასავით იმეორებდა ძილის წინ. ბოლო პერიოდში მისი ფსიქიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, შედარებით მოფხიზლდა. საღ აზრზე უფრო დიდხანს რჩებოდა და სევერინმაც მედიკამენტები შეუმცირა. ექიმი ამხნევებდა - შენი მდგომარეობა უმჯობესდებაო. თუმცა, რა იქნებოდა შემდეგ? რომც გამოჯანმრთელებულიყო, ვინ ან რა ელოდებოდა ფსიქიატრიულის კედლებს მიღმა? გალავანს იქით სამყარო უცხო გამხდარიყო მისთვის. სრულ იზოლაციაში ექვსი წელი გაატარა, გარშემო მხოლოდ ფსიქიურად ავადმყოფი ხალხი ეხვია. ერთადერთი ვისთანაც საუბარს ახერხებდა - ფსიქიატრი იყო. მეტი ხმის გამცემი არ ჰყავდა. ასეთ ფიქრებს კი, დეპრესიამდე მიჰყავდათ. პირველად, რომ აახილა თვალი ფსიქიატრიულ კლინიკაში იმდენად იყო გაბრუებული წამლებისგან, რომ ვერ მიხვდა სად იყო და არც ანაღვლებდა. საშინელ მოთხოვნილებას გრძნობდა თვალები დაეხუჭა და ბურუსში ჩაძირულიყო, რათა მთელ სამყაროს ეყუჩა. ასე მოიყრუა ყური პირველი ორი თვე. პალატაშივე კვებავდნენ და საწოლიდანაც მაშინ დგებოდა, როცა საპირფარეშოში სჭირდებოდა გასვლა. დანარჩენი დრო უბრალოდ ეძინა. სევერინი მისი შემხედვარე ოხრავდა, მაგრამ ერთი მხრივ გულს იმშვიდებდა. კარგია ეძინოს, მდგომარეობიდან ასე უფრო სწრაფად გამოვაო. გოგონას არეული ფსიქიკის პირველი წამალი ძილი იყო. შემდეგ, როცა ძალები მოიკრიბა და ცოტა თვალებში გამოიხედა ტვინმა კითხვების დასმა დაიწყო. პალატაში შემოსულ ექთანს, დაბნეულმა ახედა - ვინ ხარ, ან მე სად ვარო? ქალმა გაუღიმა და უთხრა, ბატონი სევერინი გაგესაუბრებაო. სანიკიძე ათ წუთში ეახლა პაციენტს. კარი მიხურა და გოგონას გვერდით ჩამოჯდა საწოლზე. ჰკითხა - თუ მცნობო? ელმა უარის ნიშნად გააქნია თავი. ფსიქიატრმა ამოიოხრა და გამოკითხვა გააგრძელა, ელიც უხალისოდ პასუხობდა. აღმოჩნდა, რომ სავანელს მხოლოდ ის დღე ახსოვდა, როცა მტკვარში გადააგდეს. რაც გადატანილი სტრესისა და დროებითი ამნეზიის ბრალი უნდა ყოფილიყო. სევერინმა ელს აუხსნა, გამოვლილი უბედურების გამო ფსიქიკასთან პრობლემები შეგექმნა და შესაბამის დაწესებულებაში იმყოფები სამკურნალოდო. დაამატა - შენი თავი იმ ადამიანმა ჩამაბარა, ვინც ნაპირზე გამორიყული გიპოვაო. შენი მოკვლა სცადეს, საფრთხე გემუქრება, ამიტომ შენი ვინაობა საიდუმლოდ უნდა დარჩეს, რადგან გარესამყაროს მკვდარი ჰგონიხარო. დღეიდან ელისაბედი ხარ, ყველა ასე მოგმართავს კლინიკაში, მაგრამ ჩემთან შეგიძლია თავი თავისუფლად იგრძნოო. აქ იმისთვის ვარ, რომ დაგეხმარო. ოჯახზე ნუ იღელვებ, ყველაფერი რიგზე აქვთო. გაშტერებული უსმენდა ფსიქიატრს, მისი არსება კი ცუნამს მიჰქონდა. მიღებულმა ინფორმაციამ იმდენად ცუდად იმოქმედა ისტერიკა დაემართა. მის ღრიალზე სანიტრები შემოცვივდნენ და ძლივს გააკავეს. ერთმა მაშინვე ნემსი უჩხვლიტა მხარში, რამაც წამში მოადუნა. სხეული აღარ ემორჩილებოდა, მაგრამ სული განაგრძობდა ბორგვას. მთელი ორი კვირა დასჭირდა ახალი რეალობის მისაღებად. აჭრილ ტვინს საღად აზროვნება უჭირდა. აზრები ერეოდა და ვერაფრით ახდენდა რომელიმე კონკრეტულ რამეზე კონცენტრირებას, რასაც უარესად გადაჰყავდა ჭკუიდან. ორი თვის შემდეგ, როცა რეალობამ გასაქცევი აღარ დაუტოვა - აღიარა თავისი ყოფა. ოჯახისთვის მკვდარი იყო. მეგობრებისთვისაც. აბა, რატომ არავინ მოდიოდა მის სანახავად? სად იყო დედა? დედა... პალატაში იყო და თავადვე ებრძოდა სიკვდილს. მეტი ვეღარ აიტანა და იმ ღამეს ვენები კბილებით გადაიჯიჯგნა. ღამით შემოვლისას იპოვა მორიგე სანიტარმა. სავანელი საკუთარ სისხლში იწვა გულწასული. განგაში ატეხეს. გოგონას მაჯები მჭიდროდ გადაუხვიეს და სისხლდენა დროულად შეუჩერეს. მას შემდეგ მარტოს მხოლოდ თეთრი ხალათით შებოჭილს ტოვებდნენ. ასე გაგრძელდა სამ თვეს. სევერინთან ვიზიტები გაუხშირეს, ძლიერი აბები დაუმატეს და ელიც ნაცნობ ლეთარგში ჩაეფლო. წყვდიადში გაიძურწა ფსიქიატრიულში ყოფნის პირველი წელიწადი და მიჰყვა დანარჩენი ექვსიც. მთელი ამ დროის განმავლობაში სავანელი დღითი დღე ემსგავსებოდა მოჩვენებას. ფსიქიატრი გოგონას აკვირდებოდა და მისი უცნაური საქციელის ახსნას ცდილობდა. იმ ავადსახსენებელი დღის შემდეგ, როცა ელს ყველაფერი უამბო, სავანელს აღარაფერი უკითხავს. ექიმი ხვდებოდა, რომ იმდენად დიდი ტკივილი მიაყენა მოსმენილმა, ტვინი ავტომატურად იცავდა პატრონს ახალი იარებისგან. საუკეთესო გზად დუმილი ირჩია. საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა და ცივ გულგრილობას ამოეფარა... ელი მზერით ისევ თავის ფაფას დაუბრუნდა და ზიზღით ჩაიდო პირველი კოვზი პირში. აღარ უნდოდა არეშიძეებზე ფიქრი. არც მათზე, არც არავისზე. მესამე კოვზზე ნერვები მოეშალა. უგემურ საუზმეს ხელი მიჰკრა, წამოდგა და ისე გავიდა სამზარეულოდან ევასთვის აღარ შეუხედავს. საიდან უნდა სცოდნოდა სავანელს, რომ იმ დღეს ევა არეშიძეს უკანასკნელად ხედავდა? ავ ბედისწერას ასე განეზრახა, რომ მეორე დღეს სანიტრებს ვენებგადახსნილი უნდა ეპოვათ ქალი საკუთარ პალატაში... მეორე დილას ფსიქიატრიულ კლინიკაში საშინელი აურზაური ატყდა. სავანელი თავიდან ვერ მიხვდა არეულობის მიზეზს. გაკვირვებული ადევნებდა თვალს დერეფნებში მორბენალ სანიტრებს. ჩოჩქოლი ევა არეშიძის პალატიდან მოდიოდა. წარბშეკრული დერეფანს გაუყვა, მაგრამ ექთნებმა ახლოს არ მიუშვეს - პაციენტებს საერთო ოთახისკენ ერეკებოდნენ. სავანელი მაშინღა მიხვდა რა მოხდა, როცა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საკაცით ტომარაში ჩადებული გვამი გაიტანა შენობიდან. უაზროდ მობოდიალე პაციენტებს შორის გასხლტა და სანიტრების ახლოს აიყუნცა. თავი ისე დაიჭირა, თითქოს იატაკის თვალიერებით იყო გართული და ქალების საუბარს ყური მიადო. - რანაირად გადაიჭრა ვენები? - ჩურჩულებდა შავთმიანი სანიტარი. - სევერინი დაგვხოცავს! - პირზე ხელი აიფარა ჭორფლიანმა. - კი მაგრამ, ვისი იყო წყეული პატარა მაკრატელი? - იქნებ რომელიმე ჩვენგანს მოპარა? ღმერთო, სამსახურიდან გაგვყრიან. - სამსახური გედარდება? ციხეში ამოგვაყოფინებენ თავს, თუ გამჟღავნდა, რომ მართლა რომელიმე ჩვენგანს მოპარა. - ჩშშშ! გვერდში უბიძგა თანამშრომელს და თავით საერთო ოთახის შემოსასვლელისკენ ანიშნა. უფროსი სანიტარი გესტაპოსავით დაყუდებულიყო და მოჩურჩულე ქვეშევრდომებს თვალებით ბურღავდა. ქერა თმა მაღლა აეკეცა და კოსად შეეკრა, ტუჩები კი მყვირალა წითელი საცხით შეეღება. რძისფერი უზადო კანი ოვალურ სახეზე გადატკეცოდა. გამოხედვა მკაცრი, ცივი და უსიამოვნო ჰქონდა. ოდნავ მოკაუჭებული ცხვირით მტაცებელ ფრინველს ჩამოჰგავდა. გოგონები მისი შემხედვარე ფაცხაფუცხით დაიფანტნენ. ელმა ხელები აღმართა და შებინტულ მაჯებს დააცქერდა. ჭრილობები კარგა ხნის შეხორცებული ჰქონდა, მაგრამ აღიზიანებდა იარების ყურება და ბინტით იფარავდა. არ სჯეროდა, რომ ევამ თავი მოიკლა. ასეთ მდგომარეობამდე მისვლა არაა მარტივი. ტყავზე ჰქონდა გამოცდილი, რას შეიძლება განიცდიდეს ადამიანი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის მოსპობას ცდილობს უკანასკნელი შერჩენილი ძალებით. უმრავლესობას მიაჩნია, რომ მხდალი ადამიანების ხვედრია. სუსტი არსებების, რომლებმაც ბრძოლის ნაცვლად დანებება და გაქცევა არჩიეს - შეიძლება. თუმცა... სავანელმა იცოდა, რომ საქმე ასე მარტივად არ იყო. სინამდვილეში ადამიანს უზარმაზარი გამბედაობა სჭირდება ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად... ევას კი საამისოდ არც ფსიქიკური და არც ფიზიკური ძალა არ გააჩნდა. - მართალი ხარ... - მოესმა კარიოს ჩურჩული ყურთან - რანაირად შეძლებდა მაკრატლის მოპარვას და მერე ვენების გადაჭრას, როცა ქალი ბოლო სამი თვეა ზომბივით იჯდა, იქ სადაც დასვამდნენ? - როგორც ჩანს, არეშიძეს მოთმინების ფიალა ამოეწურა... წაიჩურჩულა თავისთვის და თავის ადგილს დაუბრუნდა. ******* 2017 წელი, ფსიქიატრიული საავადმყოფო, 20:05 წთ, თბილისი. რძისფერი, თხელი ფარდა ნიავს აყოლილი ნაზად ირხეოდა. ფანჯარა ფართოდ გამოეღოთ. შორიდან წამოსული ქუხილის ექო მკვეთრად კაბინეტში იჭრებოდა დაუპატიჟებელი სტუმარივით. ქარიშხალი აუჩქარებლად მოიწევდა თბილისისკენ. ღამის ცაზე აბრჭყვიალებული ვარსკვლავები შავ ღრუბლებს დაებრმავებინათ. დედაქალაქის თავზე ელვის ტეხილები ხის შიშველი ტოტებივით იგარგნებოდნენ. მიუხედავად საშინელი ელვა-ჭექისა წვიმის წვეთები მიწასთან შეხვედრას აგვიანებდნენ. ქარიშხალი შეტევაზე გადასვლას არ ჩქარობდა... სევერინი რბილ სავარძელში გადაწოლილი იჯდა და ინტერესით შეჰყურებდა მის წინ მჯდომ სავანელს. დილას ამინდის პროგნოზს მოუსმინა, მოსახლეობას აფრთხილებდნენ საღამოსთვის ძლიერი ქარიშხალია მოსალოდნელი და თუ აუცილებლობას არ მოითხოვს, გარეთ ნუ გამოხვალთო. იმ საღამოს სპეციალურად დაიბარა ელი თავისთან და რაც მანამდე არასოდეს გაუკეთებია - ფანჯარა გამოაღო. პაციენტთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ საშუალება მისცა სავანელის ბუნება შეესწავლა. მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ წვიმასა და ქუხილზე ცუდი რეაქცია ჰქონდა. რაც ერთზე მიანიშნებდა მხოლოდ - სავანელს ისევ ტანჯავდა წარსული და ვერც იქიდან გამოყოლილი შიშები გადაელახა. თუმცა, ექიმის გასაკვირად ელი იოტისოდენა ყურადღებასაც არ აქცევდა ამინდს. დაჰიპნოზებულივით მისჩერებოდა ქანქარაზე ჩამოკონწიალებულ მეტალის ბურთულებს, რომლებიც ჩვეული რიტმით კაკუნებდნენ. ელს სიამოვნებდა მათი ყურება. სულში სიმშვიდესა და მყუდროებას უღვივებდნენ. - ელ... - სიჩუმე ფსიქიატრმა დაარღვია - თავს როგორ გრძნობ? - ევაზე უკეთ... მიუგო კარგა ხნის წინ მივიწყებული ირონიით და მზერა სევერინზე გადაიტანა. ექიმი აშკარად არ ელოდა ასეთ პასუხს და სახეზე ცოტა არ იყოს დაბნეულობა გამოესახა. - სამწუხარო ამბავი მოხდა... - მძიმედ დაუქნია თავი - გაუგონარი. - ექიმო... - სავანელი წინ გადაიხარა - მართლა გჯერათ, რომ ევამ თავი მოიკლა? - ამას გამოძიება დაადგენს, ელ... - თქვენ მისი ექიმი იყავით, - შავი თვალები გააკვესა - როგორც ფსიქიატრი, ფიქრობთ, რომ ასეთი რამის ჩადენა შეეძლო? სევერინმა ერთხანს იყუჩა. ქუხილის ხმა უფრო ახლოდან მოისმა. ფანჯრიდან შემოჭრილმა ცივმა ნიავმა სავანელს თმა აუფრიალა. ქარიშხალი უკვე ახლოს იყო, მაგრამ ელი არაფერს აქცევდა ყურადღებას. ფსიქიატრს ისე მისჩერებოდა, როგორც წამის წინ ბურთულებს. - ვფიქრობდი, რომ არც შენ გადადგამდი ასეთ ნაბიჯს, მაგრამ... მრავალმნიშვნელოვნად დახედა ელის გადახვეულ მაჯებს და წარბები მაღლა აზიდა. - ადამიანის ფსიქოლოგიის ბოლომდე შეცნობა, კაცობრიობას ჯერ ვერ მოუხერხებია, ელ. - გოგონასკენ გადაიხარა და საფეთქელზე თითი მიიკაკუნა - იცოდე, შენი ყველაზე დიდი დამხმარე და იმავდროულად ყველაზე დიდი მტერი შენი გონებაა. ადამიანის შესაძლებლობების ზღვარს არც სხეული განსაზღვრავს, არც კუნთები და არც ფიზიკური ძალა. ყველაფერი შენს ტვინშია. მხოლოდ მისი გამოყენება უნდა ისწავლო. მხოლოდ მაშინ შეძლებ, შენში მთვლემარე ურჩხულის მართვასაც, წამლის გარეშე... - ფიქრობთ, ეს შესაძლებელია? - იკითხა ხმადაბლა. - არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ. თვალი ჩაუკრა და თავით ანიშნა გამოღებულ ფანჯარაზე. გარეთ ქარიშხალი მძვინვარებდა, საშინლად ელავდა, ქუხდა და ძლიერი ქარი ქროდა. სავანელმა დაბნეულმა აახამხამა თვალები. ვერ მიხვდა რაზე ანიშნებდნენ. სევერინს ჩაეღიმა. - ქვეცნობიერი დიდი გაიძვერა რამეა, ელ. მინიშნებებით საუბარი სჩვევია. ჩვენ, ადამიანებს კი მისი იშვიათად გვესმის. ყოველ ჯერზე, როცა წვიმდა, ავტომატურად გეცვლებოდა ხასიათი. გაღიზიანებული ადგილს ვერ პოულობდი. ახლა კი, გამოღებულ ფანჯარაშიც კი ვერ შეამჩნიე ქარიშხლის მოახლოება. რატომ? იმიტომ, რომ კონცენტრაცია სულ სხვა რამეზე გქონდა მიმართული. - მე... - დაიბნა. - დაიმახსოვრე, - წინ გადაიხარა და ჩურჩულზე გადავიდა - როცა თავს ძალიან ცუდად იგრძნობ, როცა იფიქრებ, რომ გონებას ვეღარ იმორჩილებ ეცადე კონცენტრაცია რაიმე კონკრეტულზე მოახერხო. ასე აღიდგენ ბალანს, რომელიც სუნთქვის საშუალებას მოგცემს. დაიმახსოვრე, ელ... კონცენტრაცია... სავანელი მონუსხული მისჩერებოდა ფსიქიატრს ჭრელ თვალებში და თითოეულ მის სიტყვას გონებაში ღრმად იბეჭდავდა. დამაბრმავებლად იელვა, რასაც გამაყრუებელი ქუხილის ხმა მოჰყვა, ქუხილს კი კარის შემოგეჯის ხმა დაერთო და ექიმი მთელი სხეულით შეკრთა. - ხელს ხომ არ გიშლით, ბატონო სევერინ?! კარის ზღურბლზე არც მეტი, არც ნაკლები კახა კახაძე იდგა. გაძვალტყავებულ სახეზე საზიზღარი თვითმკაყოფილება დასთამაშებდა. - შენი ასისტენტი ისტერიკაში ჩავარდა, პაციენტი ჰყავსო, მაგრამ გადაუდებელი საქმით მოვედი, ვერ მოვიცდი. სავანელის ორგანიზმს ისეთი სიცივე მოედო კიდურებში მგრძნობელობა დაეკარგა - თავს ვერაფრით აიძულა განძრევა. თითქოს დამბლა დაეცა, ერთ ადგილს მიეყინა. სევერინს კი, თვალები ლამის ბუდიდან გადმოუცვივდა. მიცვალებულივით გაფითრებულს გონებაში მხოლოდ ერთი ფიქრი ურახუნებდა ჩაქუჩივით - კახაძეს, რომ სავანელი ეცნო უბედურება დატრიალდებოდა! ექიმს ჭირის ოფლმა დაასხა. - ეეე... - უეცრად გამომშრალი ტუჩები მოილოკა და მაგიდის ქვეშიდან უჩუმრად დააბიჯა ფეხი სავანელს - ასისტენტმა სიმართლე მოგახსენათ, პაციენტი მყავს... - სევერინ, ყურთ ხომ არ გაკლია, მოხუცო? - კახაძემ კარი ზურგსუკან მიაჯახუნა და ჯიბეებში ჩაწყობილი ხელებით ჯიქურ გამოემართა ფსიქიატრისკენ - საქმე მაქვს და ვერ მოვიცდი. გიჟებთან ლაპარაკი კი, ყოველდღე შეგიძლია. ექიმის სამუშაო მაგიდას მოუახლოვდა და ზუსტად ელის გვერდით შედგა. სავანელმა მამაკაცის პარფიუმის ნაცნობი სუნი იკრა და გონებაში რაღაცამ სახიფათოდ გაყარა ნაპერწკლები. კიდურებში მგრძნობელობა წამში აღუდგა. ძარღვებში კი სისხლი აუთუხთუხდა. სულში მთვლემარე მხეცმა თვალი აახილა. - ელ! - ჩაესმა ყურში კარიოს გამაფრთხილებელი ხმა - წელში მოიხარე! გააკეთე რასაც გეუბნები! წელში მოიხარე-მეთქი! მაგრამ სისხმოწყურებულ მხეცს არ სურდა არაფრის გაგონება. საკბილოს სუნი იკრა და პირში ნერწყვი მოადგა. თვითონაც ვერ ხვდებოდა რა აკავებდა, რომ ჯერ კიდევ არ წამოვარდა სავარძლიდან და კახაძეს კბილებით არ ესცა ყელში. მხოლოდ ეშმაკმა იცოდა, როგორ სწყუროდა მისი სისხლი... სევერინმა ცივი ოფლით დაცვარული შუბლი მოისრისა. გამალებული ფიქრობდა, თავიდან როგორ მოეშორებინა მელოტი, რომელიც აშკარად არ აპირებდა დათმობას. - ეე... კი ბატონო, მაშინ პაციენტს გავაცილებ ოთახიდან და ვისაუბროთ. - მე ხელს არ მიშლის, - გაუღიმა ექიმს. - ელ... წელში მოიხარე! - ყურში ჩაჰყვირა კარიომ და თავად არ იცოდა რატომ, დაემორჩილა. რა წამსაც ელი ლამის ცხვირის წვერით შეეხო მუხლებს, კახაძის ღვარძლიანი მზერა გოგონას კეფას დაეცა. გრძელი თმა ფარდასავით ჩამოეფარა და სახე დაუმალა. მელოტს წარბი შეეკრა და პაციენტზე წუთზე მეტხანს შეაჩერა მზერა. მოულოდნელად ელმა მსუბუქად რწევა დაიწყო და თითების ტკაცუნს მოჰყვა. კახაძეს ზიზღით მოეღრიცა ტუჩები და ყურადღება ისევ სევერინზე გადაიტანა. - მოკლედ, სევერინ... - წამოიწყო საქმიანად - გუშინ ტრაგედია მოხდა. ბატონ მიხეილს ცოლი გარდაეცვალა და ალბათ ხვდები, როგორ სიტუაციაშია ოჯახი. მეტ ტკივილსა და ტრამვას ნუ მიაყენებთ. გამოძიება ყოველგვარი შეფერხების გარეშე უნდა დაიხუროს. - მე... მე რა შემიძლია? - ყბა აუცახცახდა სანიკიძეს. ნერვიული მზერა ელისკენ გაურბოდა. - ხვალისთვის საგამოძიებო განყოფილებიდან მოვლენ და რუტინულ კითხვებს დაგისვამენ, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ეტყვი, რომ ქალბატონი არეშიძე თავს ცუდად გრძნობდა და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება ჰქონდა. ეს შენი სფეროა თავად უკეთ იცი, როგორ დაალაგებ აზრს. - კი, მაგრამ... - წამით ნერვიულობაც კი გადაავიწყდა და ხმაში აღშფოთება გამოერია. - ბებერო! - მუშტი დასცხო მაგიდას. ქანქარამ თავისი მეტალის ბურთებიანა იატაკზე ისკუპა და ელის ფეხებთან დაეცა - მგონი ვერ გაიგე რას გელაპარაკები! ეს ამბავი თავშივე უნდა მოკვდეს, ისე რომ ბევრი კითხვები არ დასვან. ვისაც გინდა იმას გადააბრალე, გინდ პაციენტს და გინდაც პერსონალს. დაუდევრობა ყველგან ხდება. მოიპარა ნივთი და სიცოცხლე დაასრულა. მორჩა საუბარი. თუ რამე ისე არ წავა და დამაჯერებლობა დაგაკლდება, მეორედ გესტუმრები და გპირდები, რომ ასეთი თავაზიანი აღარ ვიქნები. ახლა მხოლოდ იმის მოსმენა მინდა, რომ ყველაფერი კარგად გაიგე. - მე... მ... - გარკვევით! - წაიღრინა ბოროტად. - გასაგებია... გავიგე... ამოღერღა ანერვიულებულმა და ხელსახოცით ოფლით დაცვარული შუბლი შეიმშრალა. - მშვენიერია, - კმაყოფილი წელში გასწორდა - ხედავ? სულაც არ ყოფილა რთული. სულ ეს იყო, მეტს აღარ მოგაცდენ. შეტრიალდა და წასვლა დააპირა, როცა ძირს დაგდებული ქანქარა შენიშნა. დაიხარა და ნივთს ობობას მარწუხების მსგავსი თითები ჩაავლო. ელმა თვალის კუთხით შენიშნა კახაძის მოახლოება და თავი ვერ შეიკავა, ღმუილი აღმოხდა. სევერინი ზამბარასავით წამოვარდა ფეხზე და მაგიდას შემოურბინა. კახაძე შუბლშეკრული მისჩერებოდა სკამზე მოხრილ პაციენტს, რომელიც უცნაურ ხმებს გამოსცემდა და მუხლებთან მოხრილი მანიაკალურად ირწეოდა. - რა ჯანდაბაა... - ნელა გასწორდა წელში და ქანქარა ექიმის სამუშაო მაგიდაზე მიაგდო. - უკან დაიხიეთ! - წინ გადაუდგა ექიმი და სხეულით ელის ფიგურა დაფარა - პაციენტს რთული პერიოდი აქვს, ხალხი აღიზიანებს. კახაძე კისერს იგრძელებდა და გოგონასთვის თვალის შევლებას ლამობდა, მაგრამ სევერინმა საშუალება არ მისცა. საშინლად განერვიულებული მთელი სხეულით ეფარებოდა გოგონას. ელს მუჭი ჩაეჩარა პირში და ღრიალის შესაკავებლად მთელი ძალით კბენდა ხელს. ტკივილისა და მრისხანებისგან ყმუილს ვერ იკავებდა. - ძალიან გთხოვთ! - ხმაში სიმკაცრე გამოერია სევერინს - პაციენტს ანერვიულებთ. მიიღეთ რაც გინდოდათ, ახლა დაგვტოვეთ! კახაძემ ყელყელაობას თავი ანება და მზერა ექიმზე გადაიტანა. ოფლით დაცვარული სახე მოუთვალიერა და ეჭვით მოეწკურა თვალები. მერე უცებ ერთიანად მოეშვა და ჩაიფრუტუნა. - ფპპპ, - ერთი ნაბიჯით დაიხია უკან და ისევ ჯიბეებში ჩაილაგა ხელები - გიჟების ხელში, ერთ დღეს შენც გააფრენ მოხუცო. მიუგდო ირონიულად და გასასვლელისკენ გაალაჯა. კარი გამოგლიჯა და ხმამაღლა გაიჯახუნა. ფსიქიატრს უკიდურესად დაჭიმული სხეული ერთიანად მოუდუნდა, ელვის სისწრაფით შეტრიალდა და ელის წინ ჩაიმუხლა. გოგონას სახიდან თმა გადაუწია და როცა მის ნახშირივით შავ თვალებს მზერა გაუსწორა გული გადაუქანდა. პირში ჩაჩრილ მუშტს სისხლი გამოჟონოდა და ხელის ზურგზე მოიკვლევდა გზას. ღამესავით ბნელი სფეროები კი, არნახული ბოროტებით უელავდა. სავანელის მზერას არაფერი ჰქონდა საერთო ადამიანურთან... ******* 2017 წელი, სევერინ სანიკიძის ბინა, 22:01 წთ, თბილისი. სევერინი ნერვიულად სცემდა ბოლთას სამზარეულოში და წამდაუწუმ მაჯის საათს ამოწმებდა. კარზე კაკუნის ხმა, რომ შემოესმა შვებით ამოისუნთქა და გასაღებად გაეშურა. ჯერ სამზერეში გაიჭყიტა და მხოლოდ შემდეგ გააღო კარი. - სწრაფად, შემოდი. გვიანდელი სტუმარი ლამის ბინაში შეითრია, თავი გარეთ გაყო, მიიხედ-მოიხედა და კარი სწრაფად მიხურა. შიგნიდან ორჯერ გადაკეტა. - ასეთი რა მოხდა, რომ ტელეფონში ვერ მითხარი? - ექიმს ნერვიულობისგან აჭრილი სახე ყურადღებით მოუთვალიერა - ხომ მშვიდობაა, სევერინ? - დღეს კაბინეტში კახაძე მომადგა, - გვერდი აუარა მამაკაცს და სამზარეულოსკენ გააჭრა. - კახაძე? - ხმაში სუსხი გამოერია სტუმარს და უკან მიჰყვა მასპინძელს - ქალაქშია? - ქალაქშია! - მაგიდას მიუჯდა და სახეზე ხელი ჩამოისვა - გუშინ არეშიძის ცოლმა თავი მოიკლა. მთელი კლინიკა ფეხზე დავაყენე. მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა ჩვენთან, უსაფრთხოების ზომებს მკაცრად ვიცავთ. დაჯერება არ მინდოდა, რომ რომელიმე სანიტარმა დაუდევრობა გამოიჩინა. დღეს კი კახაძე მომივარდა და გამაფრთხილა, პოლიციასთან ზედმეტი არაფერი წამოგცდესო. მისი გამოჩენა ყველაფერს ხსნის. პაციენტი ცხვირწინ მომიკლეს, მე კი თითის განძრევაც ვერ შევძელი! - მოიცადე... - სკამზე დაეშვა და ეჭვით თვალებმოწკურული ექიმს მიაშტერდა - არეშიძემ რა მიზეზით მოკლა ცოლი? - წარმოდგენა არ მაქვს. მთელი ეს წლები ვაკვირდებოდი, დღითი დღე უარესად ხდებოდა. ბოლო დროს ძალა იმდენად გამოეცალა სანიტრების გარეშე გადაადგილება უჭირდა. არ ვიცი, მართლა არაფერი ვიცი... ვერ შეძლებდა რანაირად... ფსიქიატრი ისე არეულად აბუტბუტდა სტუმარმა ხელის აწევით გააჩუმა. - მშვიდად... დამშვიდდი და ნორმალურად გამაგებინე, კახაძე შენთან რისთვის მოვიდა? - დამავალა პოლიციისთვის მეთქვა, რომ ქალს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება ჰქონდა და პერსონალის დაუდევრობის გამო, საწადელს მიაღწია. წინააღმდეგ შემთხვევაში დამემუქრა, მეორედ გესტუმრები და შავ დღეს დაგაყრიო. - ყველგან დავეძებდი მაგ დამპალ ვირთხას, - კბილები ავად გააღრჭიალა - მაგრამ კვალს ვერ მივაგნე, რაღაც პერიოდი საერთოდ არ იყო საქართველოში. - ეს ყველაფერი არ არის... - კიდევ რა? - უცნაური ფერის თვალები სახიფათოდ გააკვესა. - კაბინეტში ელი მყავდა, როცა შემოვიდა. - რაო? - წამოენთო - დაინახა? იცნო? - არა, გოგომ ჭკუა იხმარა და თავი მოარიდა. კინაღამ გულის შეტევა მივიღე, როცა ის ნაძირალა ზღურბლზე დავინახე. ელი ზოგადად ძალიან გულგრილია გარემოს მიმართ. რეფლექსები დარღვეული აქვს. კარი ისე შემოგლიჯა მის ადგილას ნებისმიერი მიიხედავდა უკან, ელს კი რეაქცია არ ჰქონია და ცხოვრებაში პირველად ვარ მადლიერი ამის გამო. მაგრამ ხმა რომ გაიგონა... - რა? რა მოხდა? - ღმუილი აღმოხდა. მუჭი ჩაიჩარა პირში, რომ ყვირილი შეეკავებინა. მეგონა იფეთქებდა, წყობიდან გამოვიდოდა, დაეტაკებოდა და მთელი ამდენი წლების ნაწვალები წყალში ჩაგვეყრებოდა, მაგრამ თავი მოთოკა. მხოლოდ არ ვიცი რის ფასად... გოგონას შეშლილი მზერა მოაგონდა და ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. პირადად მიაცილა პალატის კარამდე და სანიტარს სთხოვა მთელი ღამე ყურადღება მიექცია პაციენტისთვის. - მისმინე... - მხარზე შეეხო ფიქრებში წასულს - იცი, რომ რაც არ უნდა დაგჭირდეს გვერდით დაგიდგები, მაგრამ ასეთი ამბებისთვის ძალიან მოხუცი ვარ, შვილო. დღეს შიშისგან ათი წლის სიცოცხლე დავკარგე. მათ წინ ვერ აღვუდგები. გავაკეთებ იმას, რაც მიბრძანეს. იმ ქალს ვეღარაფრით ვუშველი, თუ ხმას ამოვიღებ, იქამდე მომკლავენ ვიდრე ჩემი ჩვენება, რომელიმე სასამართლომდე მიაღწევს. სწორად გამიგე, მალე პენსიაზე გავდივარ... - სევერინ დამშვიდდი. - გააწყვეტინა ექიმს - შენგან არაფერს ვითხოვ. ეს ჩემი წამოწყებული ვენდეტაა და მეთვითონ მივიყვან საქმეს ბოლომდე. მაგიდას მძიმედ დაეყრდნო და ფეხზე წამოდგა. სევერინს ცრემლი მოადგა თვალზე. - ლაჩარი გგონივარ, ხომ ასეა? - პირზე მიიდო აკანკალებული ხელი - მშიშარა ბებრუხანად მთვლი. ფსიქიატრს ზემოდან დახედა. ჭრელ თვალებში პანიკური შიში ედგა. ღრმად ამოისუნთქა და დაჭიმულ ყბაზე კუნთი შეუთამაშდა. - უბრალოდ ადამიანი ხარ, სევერინ, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი... მიუგო მშვიდად და ჰოლისკენ გააბიჯა. ექიმი ფეხზე წამოვარდა და მაშინვე უკან აედევნა. - გოგონას რას უპირებ? დღეს სასწაულებრივად გადარჩა. ვეჭვობ მომდევნო ჯერზე ასე აღარ გაგვიმართლებს, თუ იცნეს... - ცოტა დრო მომეცი. რამეს მოვიფიქრებ, მანამდე კი მასზე თვალი გეჭიროს. ხალხს მოარიდე. მეტს არაფერს გთხოვ. კარის საკეტი შიგნიდან გადაატრიალა, კარი გამოაღო და სადარბაზოში გაუჩინარდა. სევერინმა მაშინვე მიკეტა და ისევ ორი საკეტით გადაკეტა შიგნიდან. აცახცახებული ისევ სამზარეულოში შებრუნდა. სკამზე მოწყვეტით დაჯდა, თავი ჩახარა და გულწრფელად, მამკაცურად ატირდა... მეორე დილას, როდესაც ჰორიზონტზე მზე ამოიწვერა, სევერინ სანიკიძე ისევ სამზარეულოში იჯდა. ღრმა ფიქრებში ჩაძირულს მთელი ღამე არ უძინია. სიკვდილივით ეშინოდა სამსახურში მისვლის - არ უნდოდა პოლიციის მოტყუება და დანაშაულის რომელიმე თანამშრომელზე გადაბრალება. თუმცა, ვერც სიმართლის თქმისთვის ჰყოფნიდა გამბედაობა. არასოდეს ყოფილა გმირი. ერთი ჩვეულებრივი ფსიქიატრი იყო, რომელიც პაციენტებს გამოჯანმრთელებაში ეხმარებოდა - ლაყბობით და წამლების ხახაში ჩათხრით. ეს იყო და ეს მეტი არაფერი. ასე თვლიდა, ასე ხედავდა მის ცხოვრებას იმ საღამოს საკუთარ სამზარეულოში. გამოუსადეგარი და მხდალი იყო, ჩერჩეტი ბებრუხანა, რომელმაც მაშინვე უკან დაიხია, როცა ცუდმა ბიჭმა თითი დაუქნია. მისი პაციენტი მოკლეს. ამაში ეჭვიც აღარ ეპარებოდა. მის ცხვირწინ ქალს ბოლო მოუღეს და თითის განძრევაც ვერ შეძლო. ვის და რას დაუდო ფიცი სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულებისას? პირობა დადო, რომ პაციენტის კეთილდღეობა მისთვის პრიორიტეტი იქნებოდა და არასოდეს იმოქმედებდა პირადი სარგებლობისთვის. დაიფიცა, რომ პაციენტს პატივს სცემდა და მუდამ სამართლიანად მოეპყრობოდა. მთელი თავისი ცხოვრება ხალხის დახმარებას შეალია ამ პირობით გულანთებულმა და ახლა? ამ სიბერეში სახეში უნდა შეეფურთხებინა განვილი წლებისთვის? განა საკმარისი არ იყო, რომ ევას დაცვა ვერ შეძლო? მისი კუბოსთვისაც უნდა დაეფურთხებინა, რადგან პაციენტის ნაძირალა ქმარმა ასე გაუტკაცუნა თითები? სახე ხელებში ჩარგო. მრისხანება და უძლურება შიგნიდან ერთიანი ძალით ასკდებოდა ორგანიზმს. წუხანდელი საუბარი მოაგონდა და თავი უარესად იგრძნო - როგორი სახე აჩვენა „მას“? რა დაანახა? როგორ ცახცახებდა შიშისგან და ევედრებოდა გამიგე, შენსავით მაგარი გული არ მაქვსო? როგორ გაბედა? სევერინმა, ისე როგორც არავინ მშვენივრად იცოდა, რა გამოატარეს კაცს... ჯოჯოხეთი საკუთარი თვალით ანახეს. წლები ჰყავდათ ტყვეობაში თათრებს - ყოველ დღე სცემდნენ, აწამებდნენ და ამცირებდნენ, მან კი მაინც მოიკრიბა ძალა ფეხზე წამოსადგომად, რათა თითოეული მათგანისთვის სათანადო პასუხი გაეცა. როგორ გაბედა მის წინ თავის ჩახრა? ყველასთან შეეძლო ეს გაეკეთებინა, ყველასთან მაგრამ არა მასთან... არა უშხვანის ვაჟთან. თავში დაიშინა შეკრული მუშტი და სკამზე რწევას მოჰყვა. რამდენი ოჯახი გაანადგურეს? რამდენი სიცოცხლე მოსპეს და ფეხქვეშ გათელეს? მათი ერთ-ერთი მსხვერპლიც მის კლინიკაში იყო. სავანელების გოგო, რომელიც უშხვანმა იხსნა სიკვდილისგან. ადიდებულ მდინარეში დაუფიქრებლად გადაეშვა თავით. არ ელოდა... არ მოელოდა, რომ ამ ადამიანში ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ემპათია. ყოველ ჯერზე როცა ტელევიზორში მონარქის მორიგ მსხვერპლზე აცხადებდნენ სახეს ხელებში მალავდა და ჩუმად ტიროდა. არ მიაჩნდა უშხვანის სისხლიანი ვენდეტა სწორად, არ იყო ეს ადამიანური, არც მორალური, მაგრამ ეს არასოდეს უთქვამს მისთვის ხმამაღლა. არც ძალა ეყო და არც გამბედაობა. ვერაფრით შებედა ეთხოვა, შეჩერდი ეს გზა შენც უფსკრულამდე მიგიყვანსო. განა მისი ფსიქიკა და არსება უკვე დიდი ხნის წინ არ მოისროლეს ყველაზე ღრმა უფსკრულის ფსკერზე მარტოდმარტო დასალპობად? ამოიოხრა. ცრემლებით დალბობილი სახე ხელის მტევანს ჩამოადო და თვალები ნელა აახამხამა. ვერა... ვერ შეძლებდა. უშხვანს თვალებში ვეღარასდროს შეხედავდა. ვერც საკუთარ თავს სარკეში. არ შეეძლო. დაე მოეკლათ, მაგრამ სიმართლეს მაინც იტყოდა. ცხოვრებაში ყველას გვიდგება მომენტი, როცა სწორსა და იოლს შორის არჩევანი უნდა გავაკეთოთ. როცა ბედისწერა გამოცდას გვიწყობს, არჩევანი განსაზღვრავს სინმადვილეში როგორი ადამიანები ვართ. ხანდახან არსებობს მიზეზი, რის გამოც სჯობს სიცოცხლეც დათმო სიმართლის დასაცავად. სწორედ ასეთი მომენტები განსაზღვრავენ ჩვენი არსებობის აზრს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ადამიანები ვართ, რომლებიც ცხოვრობენ, იკვებებიან, შემდეგ კი უბრალოდ კვდებიან... უაზროდ, უმიზნოდ, ყოველგვარი არსის გარეშე... ეშმაკსაც წაუღია შენი დამპალი სულიო - გაიფიქრა მელოტზე გაცოფებულმა. ფეხზე წამოდგა და საძინებელში გავიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად. ერთ საათში კლინიკაში უნდა გამოცხადებულიყო. სამი საათს შემდეგ, როცა სევერინ სანიკიძე ჩვენებას აძლევდა კლინიკაში მოსულ გამომძიებლებს გრძნობდა როგორ ეხსნებოდა მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი. წინ მსხდომთ განუმარტა, რომ პაციენტს უბრალოდ არ შეეძლო საკუთარი ძალებით მოეპოვებინა მაკრატელზე წვდომა და მით უფრო ვენები გადაეხსნა, რადგან მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა ბოლო თვეებში საგრძნობლად გაუარესდა - ქალს გადაადგილებაში სანიტრები ეხმარებოდნენ, რაც საბაბს აძლევდა ეფიქრა, რომ ევა არეშიძე უბრალოდ სიცოცხლეს გამოასალმეს. ბოლოს თავი მაღლა ასწია და მტკიცე მზერით ჩაურთო - ჩემს ეჭვებს გუშინდელი ინციდენტი ამყარებს. კაბინეტში უცხო პირი შემომეჭრა და დამემუქრა, თუ მათთვის სასურველ ჩვენებას არ მოგცემდით, მომდევნო შეხვედრისას ჩემთან ასეთი თავაზიანი აღარ იქნებოდაო. სიტყვა სიტყვით გადასცა თავმოტვლეპილის ნათქვამი. გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს. სახეზე აშკარა გაკვირვება ეხატათ. ჯერ პრაქტიკაში არ ჰქონიათ ვინმეს ასე თამამად და ხაზგასმით დაედანაშაულებინა არეშიძე მკვლელობაში, მით უფრო საკუთარი ცოლისა. ერთ-ერთი ფსიქიატრისკენ მოიხარა და თავისი სავიზიტო ბარათი მიუცურა სამუშაო მაგიდაზე. ექიმს სერიოზულად მიაჩერდა თვალებში და ხმადაბლა უთხრა - თუ თავს საფრთხეში იგრძნობთ, მაშინვე დამიკავშირდით, ეს ჩემი პირადი ნომერიაო. მადლობას გიხდით გამბედაობისთვისა და გულწრფელობისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, სასამართლოშიც იგივეს გაიმეორებთო. სევერინმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. დეტექტივები ფეხზე წამოდგნენ, ფსიქიატრს ხელი ჩამოართვეს, მადლობა გადაუხადეს და წავიდნენ. რა წამსაც თვალს მიეფარნენ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, სკამის საზურგეზე გადაწვა და შეტყობინების წერა დაიწყო: „მაპატიე, გუშინდელი ჩემი სიმხდალე, ჩემო ბიჭო. ბებერი კაცი მარტივად შემაშინეს. პოლიციას სიმართლე ვუთხარი. დღეს საღამოს ჩემთან ჩაიზე გეპატიჟები. ყველაფერს მერე მოგიყვები. თავს გაუფრთხილდი.“ კიდევ ერთხელ გადაიკითხა აკრეფილი ტექსტი, გაეღიმა და გააგზავნა. ტელეფონი საწერ მაგიდაზე მიაგდო, სახეზე ხელი ჩამოისვა და ფანჯარას გახედა. მტრედისფერი ცა პირქუშად დასცქეროდა დედამიწას. საკუთარი თავით ასე კმაყოფილი ჯერ არ ყოფილა. თითქოს ხუთი წუთის წინ უზარმაზარი გველეშაპი დაემარცხებინოს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. საკუთარივე ფიქრებზე თავად გაეცინა და კომპიუტერს მიუბრუნდა. ერთ-ერთი პაციენტის დიაგნოსტიკური დასკვნა ჰქონდა დასასრულებელი. მუშაობაში გართულ სევერინს არც კი შეუმჩნევია მისი კაბინეტის კართან დაყუდებული უფროსი სანიტარი, რომელიც პოლიციის მოსვლის წუთიდან არ მოშორებია იქაურობას, თითოეულ სიტყვას აყურადებდა. ქერამ კლინიკის დირექტორს მტრული მზერა ესროლა, შემდეგ კი კაბინეტს მოშორდა და დერეფანს აუჩქარებლად გაუყვა. თან ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სადღაც გადარეკა. პირველივე ზუმერზევე უპასუხეს: - დაკითხვამ როგორ ჩაიარა? ქერას წითელი საცხით მოხატული ტუჩები უკმაყოფილოდ მოეღრიცა. - სიბერეში გმირობა მოინდომა, - მიუგო ცივად, აუჩქარებლად აგრძელებდა სიარულს - პოლიციას ყველაფერი უამბო. ყურმილიდან ყურისწამღები წყევლა-კრულვა და გინება მოისმა. სანიტარმა ტელეფონი გათიშა, ხალათში შეინახა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი თავაწეული გაუყვა მეორე დერეფანს. საუბარში გართულს არ შეუმჩნევია იქვე კუთხეში მდგარი პაციენტი. ელს ნახშირივით შავი თვალები ბოროტად უელავდა და ყელზე ჩამოკიდებულ კულონს თითებში ატრიალებდა. საღამოს ფსიქიატრთან შეხვედრა ჰქონდა ჩანიშნული, საღამოს რვა საათისთვის მორიგე სანიტარმა სევერინის კაბინეტთან მიაცილა და კარზე დაუაკაკუნა. ხმა არავინ გასცათ. დაბნეულმა ქალმა კიდევ ერთხელ დააკაკუნა. ისევ უპასუხოდ დატოვეს. - ექიმო, პაციენტი მოგიყვანეთ... სახელურს ხელი ჩამოსწია და შეაღო. წინ ისეთი სურათი გადაეშალა სანიტარი შოკისგან ადგილზე გახევდა. სევერინ სანიკიძე, საკუთარ სავარძელში ესვენა ვენებდაგაჭრილი. მკლავებიდან ჩამონადენი სისხლის წვეთები მამაკაცის ფეხებთან დამდგარ მოზრდილ გუბეში წვეთავდნენ. იქვე ეგდო ბასრი საპარსის პირიც... ქალმა არამიწიერი კივილი ამოუშვა ყელიდან. შემზარავი ხმა, ზღურბლზე გაქვავებული ელის გონებაში დაუსრულებელ ექოდ დაირხა... სწორედ მაშინ, როცა საშინელმა აურზაურმა ფსიქიატრიული ფეხზე დააყენა და სანიტრები დაცვასთან ერთად გაშმაგებით მოიწევდნენ სევერინის კაბინეტისკენ, გზად კი მტკივნეულად ჰკრავდნენ მხარს ელს, რამდენიმე უბნის მოშორებით სკამზე დაკოჭილ კაცს თავი ჩაექინდრა და მძიმედ სუნთქავდა. ერთი მხრივ უვნებელი ჩანდა, ნაკაწრი არ ეტყობოდა, მაგრამ სახეზე მკვდრის ფერი ედო და მთელი სხეულით ცახცახებდა. უშხვანი დინჯად უვლიდა გარს ტყვეს, თან ბასრი დანის პირს კისერზე ატარებდა. ბოლოს მამაკაცის წინ შედგა, წელში მოიხარა და დანის პირით კაცს თავი მაღლა ააწევინა. ატირებულს სახეზე მდუღარე ცრემლები აწვიმდა. - შენთვის თითიც კი არ დამიკარებია და უკვე ასე მოთქვამ? - ვიცი ვინც ხარ... - ციებიანივით ცახცახებდა. - მართლა? - გაუკვირდა - მაშინ ბევრი საუბარი არ დამჭირდება. პირდაპირ მეტყვი სად ვიპოვო კახაძე და ყველაფერი სწრაფად დასრულდება. - ყველაფერ წმინდას გეფიცები არ ვიცი. იცის რომ ეძებ, იცის და იმალება. არავის არ ხვდება პირადად. მხოლოდ ტელეფონით გვეკონტაქტება. - იმას ნუ იფიცებ, რაც არ გაგაჩნია - შეუსწორა მშვიდად - რანაირად იმალება, როცა გუშინ ფსიქიატრს მიეჭრა კაბინეტში მუქარით? - რა? - თვალები დაქაჩა და ნერვიულად დააცეცა - ვინ? სად? მე არაფერი ვიცი, გეფიცები მართლა არაფერი ვიცი... ატირდა და შიშისგან შარვალში გაუშვა. ყვითელმა სითხემ ქსოვილიდან გამოჟონა. უშხვანი წელში გასწორდა და დაუფარავი ზიზღით დააქცერდა მამაკაცს. - მჯერა... სამწუხაროა, რომ ეს ფაქტი არაფერს ცვლის... - აქვითინებულს ზურგიდან შემოუარა და მისი ყურისკენ მოიხარა - როდესაც ჯოჯოხეთის ბილიკს დაადგები, იმ დღეზე იფიქრე, როცა ნიკოლოზ სარანგიძის ოჯახს აუბედურებდით... - ღმერთო, მიშველე! - იბღავლა. - მეეჭვება გისმენდეს! უშხვანის ყინულივით ცივ ხმაზე დანის ბასრმა პირმა ნათურის შუქზე მკვეთრად იელვა, სანამ აღრიალებული მამაკაცის გულმკერდს გააპობდა. დარტყმა დარტყმას მოჰყვა. სისხლის შხეფებმა უშხვანს სახე მოუთხვარეს. შარვლის უკანა ჯიბეში ტელეფონი სევერინის უკანასკნელ გაუხსნელ შეტყობინებას ინახავდა, რომელსაც პატრონისთვის მსგავსი დარტყმა უნდა მიეყენებინა გულში, როგორც იმ წამს თავად უსწორდებოდა მტერს. კარმა არავის ინდობს, იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც სამართლიანობის სახელით ღვრიან სისხლს... ****** 2017 წელი, სევერინ სანიკიძის ბინა, 02:01 წთ, თბილისი. სამზარეულოში იჯდა, მაგიდის იმ მხარეს, რომელსაც მუდამ იკავებდა სევერინთან სტუმრობისას. ცარიელი მზერით დაჰყურებდა მაგიდაზე გაშლილ ორ ჩაის ფინჯანსა და თეფზე დარჩენილ ნამცხვრის სამ ნაჭერს. ყველაფერი ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც წინა ღამით დატოვა. სევერინს სძულდა უწესრიგობა. ფსიქიატრი პედანტიზმით იყო შეპყრობილი. მის სახლში მტვრის ნასახს ვერ იპოვიდით, სად დარჩეს სამზარეულო აულაგებელი დაეტოვებინა. ფინჯნებში შემორჩენილი დაუმთავრებელი ჩაი და მაგიდის ზედაპირზე მიმობნეული ნამცხვრის ნამცეცები ერთზე მეტყველებდნენ მხოლოდ - სანიკიძე წინა ღამით საკუთარ თავს არ ჰგავდა. მძიმედ წამოდგა ფეხზე, აუჩქარებლად გაიარა ბინა და საძინებლის კარი შეაღო. საწოლი იდეალურად იყო გასწორებული... როგორც ჩანს, მთელი ღამე არ უძინია. ყბაზე კუნთი აუთამაშდა. კარის სახელურზე შემოჭდობილი ხელი კი მოეკრუნჩხა. თავი ჩახარა და ყელში მოწოლილი ღრიალი კბილებით შეაკავა. მოაგონდა სევერინის ცრემლიანი თვალები - ეშინოდა. მანამდე თუ მხოლოდ მსმენელი იყო უშხვანის ისტორიის, კახაძის გამოჩენამ მის კაბინეტში სახით შეანარცხა ბოროტებას, რომელსაც ასე გმობდა შორიდან. მოუმზადებელი აღმოჩნდა, დაფრთხა. ხშირად ადამიანებს ასეც ემართებათ. საშინელ ისტორიებს გულის ტკივილით ისმენენ, უკვირთ, ეშინიათ, იქნებ ტანში ჟრუანტელსაც გრძნობენ, მაგრამ რეალურად არავინაა მზად თვალი გაუსწოროს მას. მით უფრო საკუთარ ტყავზე გამოსცადოს... უკან გამობრუნდა და სამზარეულოს ზღურბლთან გაჩერდა. თერთმეტი წელი სტუმრობდა აქაურობას. თერთმეტწლიანი მეგობრობა აკავშირებდა მამაკაცთან, რომელიც სიმართლის თქმისთვის მოკლეს. ძალიან დიდი ხნის შემდეგ, სულს მივიწყებულმა გრძნობამ მოაკითხა - მწუხარების ცრემლები დაუგუბდათ უცნაური ფერის თვალებს. ნელა ჩაიყო ჯიბეში ხელი და ტელეფონი ამოიღო, სევერინის უკანასკნელი შეტყობინება გახსნა, რომელიც უკვე მილიონჯერ გადაეკითხა და სიტყვებს მიადევნა თვალი. ჩაიზე ეპატიჟებოდა, მას კი მოსვლა დააგვიანდა... ეული ცრემლი ეკრანს დაეცა. ******* 2017 წელი, თბილისის მთავარი განყოფილება, 23:30 წთ. გაბრიელ ავალიანმა მაჯის საათს დახედა და გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ საკმაოდ გვიანი იყო. დაამთქნარა და გაიზმორა. შემდეგ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი რაპორტს, რომელსაც უკვე ერთი საათი იყო წერდა და ბეჭვდაზე გაუშვა. ძველისძველი მანქანა მაშინვე გამოცოცხლდა და მუშაობას შეუდგა. ფეხზე წამოდგა და სკამის საზურგიდან ქურთკი მოხსნა, ბეჭებზე შემოიცვა და თანაშემწეს გადახედა, რომელიც უკვე ნახევარი საათი იყო მუშაობის ნაცვლად ტელეფონში „ქენდი ქრეშს“ თამაშობდა. - გატყობ ძალიან დაკავებული ხარ, - მიუგო ირონიულად. უმცროსი დეტექტივი სკამზე შესწორდა. ტელეფონი სწრაფად დაბლოკა და დამნაშავე გამომეტყველებით უფროს ახედა. - ხვალ არეშიძის დასაკითხად წახვალ, წილოსანი გაიყოლე და გაარკვიეთ სად ბრძანდებოდა ორი დღის უკან, როცა გეგი ბერიკაშვილი მკვდარი იპოვეს პარკინგზე. - არეშიძე დავკითხოთ? - თვალები ლამის გადმოუცვივდა ქვეშევრდომს - გაბრიელ, კარგი რა... კინწისკვრით გამოგვისვრის. ბერიკაშვილთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. ავალიანმა კისერი მოისრისა, თავი გაავარჯიშა და შემდეგ ნელა დაეყრდნო თანამშრომლის სამუშაო მაგიდას. - ბერიკაშვილს სწორედ იმ მიწის ყიდვა უნდოდა, რომელიც დღეს დილას უცნაური დამთხვევით არეშიძის მფლობელობაში აღმოჩნდა. - უმცროს დეტექტივს ისეთი სახით შეხედა, თითქოს გონებაშეზღუდულს უხსნის ერთს რომ ერთი მივუმატოთ ორიაო - შენ თუ ლოგიკა არაფერს გკარნახობს, უფროს მოუსმინე და გააკეთე ის, რასაც გეუბნება. ხვალისთვის ახალი ამბების გარეშე უკან არ დაბრუნდეთ. ბოლომდე მიაწექით. დაე იგრძნოს, რომ მასზე თვალი გვიჭირავს. - კარგი. - თავი დაუქნია შეცბუნებულმა. ავალიანმა თვალი ჩაუკრა. მხარზე ხელი დაჰკრა და გასასვლელს მიაშურა. უმცროსმა დეტექტივმა თვალი გააყოლა და როცა უფროსი თვალს მიეფარა ხმადაბლა აჯაჯღანდა. - უკანალში ხიჭვივითაა, ეს დალოცვილი! არც თვითონ ისვენებს და არც ჩვენ გვასვენებს. - რაო რა უნდოდა? - თავს წაადგა თანამშრომელი. თვალებდასიებული ახლადმოდუღებულ ყავას ნეტარებით წრუპავდა. - არეშიძე დაკითხეთო, ბიჭო, - გაღიზიანებულმა ტელეფონი მიაგდო მაგიდაზე - რა უნდა ვკითხო იმ ჩემისას, მთელი ქალაქი ხელში უკავია. ეგრევე გულს გადამიშლის და მაჯებსაც გამომიშვერს - ბორკილები დამადეთო! მეწყვილეს უმცროსი დეტექტივის რეაქციაზე სიცილი აუტყდა. თავის სამუშაო ადგილს მიუახლოვდა, სკამზე ჩამოჯდა და მაგიდაზე ფეხები შემოალაგა. ყავა მოსვა და კმაყოფილმა ტუჩები გააწკლაპუნა. - ისე... ავალიანი თბილისდან ხომ წავიდა? რიღასთვის მობრუნდა უკან? - ალბათ არეშიძეს გამო, - ჩაიბურტყუნა ჯერ კიდევ გაღიზიანებულმა - ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ. მერე არეშიძე ჩვენკენ გადმოვიდა და ეგეც ფეხებში მოჰყვა. სხვა რა ვიფიქრო? - მაგრად უნდა იყო აკრეფილი მაგ მაფიოზზე, ნეტა რა დაუშავა... დაინტერესდა მეწყვილე და ცხვირის წვერი ფიქრიანად მოიქექა. მორიგი ყლუპი მოსვა და ხმადაბალი სტვენით ააქანავა ტერფები. ავალიანი პარკინგზე გამოვიდა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა. ხალხი კანტიკუნტად მოძრაობდა ქუჩებში. ძირითადად ახალგაზრდები დაბოდიალობდნენ წყვილებად. თავი გააქნია უკმაყოფილოდ. სწორედ მათი წყალობით მუშაობდნენ გვიანობამდე. ღამით ათასი რამ ხდებოდა დედაქალაქში და უმეტეს შემთხვევაში დაჭრილი, ნაცემი ან მოკლული სწორედ ახალგაზრდა იყო. სიგარეტის ნამწვი იქვე ნაგვის ურნაში მოისროლა და თავის მანქანას მიუახლოვდა, კარი გამოაღო და ჩაჯდა. სალონში წამით სინათლე აინთო და ავალიანს თვალი უკანა ხედვის სარეზე გაექცა. გულმა რეჩხი უყო, როცა უკანა სავარძელზე ნიღაბაფარებული ფიგურა დალანდა. სანამ რეაგირებას მოასწრებდა საფეთქელზე პისტოლეტი მიადეს. - წყნარად, დეტექტივო მანქანაში შუქი ჩაქრა. ავალიანმა ფართხალი შეწყვიტა და ხელები ოდნავ მაღლა ასწია. - მთლად საზრიანი ვერ უნდა იყო, - ირონიულად გაეცინა - პოლიციის პარკინგზე, გამომძიებელს საკუთარ მანქანაში ესხმი თავს? - თქვენი არ მეშინია, გაბრიელ - მიუგო მშვიდად. გაბრიელი წამით უადგილო კითხვამ შეუღიტინა - „თქვენში“ ზოგადად პოლიცია იგულისხმა, თუ თავაზიანად მომმართაო. თვალები აახამხამა იდიოტური აზრების თავიდან მოსაშორებლად. - რა გინდა? - მხოლოდ და მხოლოდ საუბარი, მეტი არაფერი. - და საუბარში იარაღი მოწმეა, თუ როგორაა შენი საქმე? - ნიღბიანს გაეცინა. - იარაღს მოგაშორებ. შენ კი სისულელეს არ იზამ. საუბარსაც შევძლებთ. რას იტყვი? - შევთანხმდით. ნიღბიანმა იარაღი დაუშვა. ავალიანი სკამზე შესწორდა და უკანა ხედვის სარკეში გახედა დაუპატიჟებელ სტუმარს. - ყურადღებით გისმენ. - გავიგე, გეგი ბერიკაშვილის საქმეს იძიებ... - კარგი ინფორმატორი გყოლია, ტარაკნებს და ვირთხებს მიაქვთ განყოფილება, - გაეცინა - დასაშინებლად მოხვედი? იარაღს თავზე მომადებ და მაიძულებ არეშიძეს არ შევეხო? როგორ არ მოგბეზრდათ... ცალი თვალი მოჭუტა და თავი გამკიცხავად გააქნია. ნიღბიანს ჩაეღიმა. - ისე სწრაფი კი ყოფილა, შენი პატრონი. დაკითხვაც ვერ მოვასწარი, უკვე თავისი ძაღლი მომიქსია, - ნერვიულად გაიცინა და უკან მჯდომს სარკეში გახედა - მიდი ამოღერღე, რა შემომითვალა? ყავაზე მეპატიჟება და აინტერესებს შაქრით ვსვამ, თუ უშაქროდ? თუ პირდაპირ ტყვიის დახლას მიპირებს შუბლში? - მმ... იმის თქმა მინდა, რომ სწორ კვალზე დგახარ, ბერიკაშვილი არეშიძის ბრძანებით მოკლეს. გაბრიელმა რაღაცის სათქმელად გააღო პირი, მაგრამ მოულოდნელობისგან დადუმდა. თავი ვერ შეიკავა და მთელი ტანით შებრუნდა უკან მჯდომისკენ. მამაკაცი არ განძრეულა. არც იარაღი მიუშვერია. მშვიდად შესცქეროდა გამომძიებელს, რომელიც აშკარად შოკში იყო. დაბნეულმა თვალები აახამხამა. - ეე... - კეფა მოიქექა - მე არეშიძის მოგზავნილი მეგონე, რა ჯანდაბად გინდა ეგ ნიღაბი? წაიბურტყუნა და სკამზე შესწორდა. - ადამიანურად, რომ მოსულიყავი და გაგვესაუბრა რა დაშავდებოდა? - არა, გაბრიელ, - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად - მე და შენ ბუნებრივი მტრები ვართ. ამას ვერაფერი შეცვლის. შენ კანონის მხარეზე ხარ, მე კი შენი კანონი ფეხებზე . - ვერაფერი გავიგე, - სულ დაიბნა. უცნობი წინ გადმოიხარა და მამკაცის მუქ თვალებს თავისი უცნაური ფერის სფეროები გაუსწორა. - ბერიკაშვილის საქმეზე მტკიცებულებები არსებობს, - ჯიბიდან მეხსიერების ბარათი ამოიღო და ავალიანს გაუწოდა - პარკინგზე ერთ-ერთი მანქანის ვიდეორეისტრატორმა მკვლელობის სცენა დააფიქსირა. კადრში არეშიძის ერთ-ერთი ძაღლი ჩანს. გამომძიებელმა პატარა შავი „ფლეშკა“ გამოართვა და წარბშეკრულმა ეჭვით დახედა მოწყობილობას. თავი სულელურად იგრძნო, რომ გამოზიებისას ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ. - ამას რატომ აკეთებ? - იმიტომ, რომ არეშიძეს შანსს ვაძლევ ცხრაკლიტურში დამემალოს, სანამ მივაკითხავ. წაიჩურჩულა გესლიანად და უცნაური ფერის თვალები აუელვარდა. გაბრიელს წარბი შეეკრა. - აიღე მტკიცებულებები დეტექტივო და ეცადე კანონის სახელით დასაჯო ეშმაკი, როცა ამას ვერ შეძლებ, მერე მე გაჩვენებ ასეთ სამყაროში როგორი ხერხით ძირკვავენ ბოროტებას... ავალიანს თავის დღეში არ უგვრძნია ასეთი ჟრუანტელი ორგანიზმში. მეძებრის ინტუიცია კანს უწვავდა. მთელი არსებით გრძნობდა ვინ იჯდა მის წინ და ხმის ამოღება ვერ გაბედა. განა იმიტომ რომ შეეშინდა, განა იმიტომ, რომ ექვსი წელი გასულიყო მის კვალს უნაყოფოდ დაეძებდა. არა... მამაკაცის თვალებში იმხელა სიძულვილი და რისხვა ამოიკითხა დამუნჯდა. ყველა ის ბოროტება რაც გზად დატოვა მის სხეულში ჩაბუდებულიყო და ისე გამოსჭვიოდა მისგან, როგორც სითბო გახურებული ღუმელიდან. - ეს შენ ხარ... - წაიჩურჩულა - მონარქი... ხომ ასეა? - რაც გინდა ის მიწოდე, გაბრიელ, - წაიჩურჩულა ავად - უდანაშაულო ადამიანზე ხელი არასდროს ამიწევია. ყველამ ის მიიღო რაც დაიმსახურა, ჭიაყელებივით გავსრისე ყველა ტარაკანი, რომელიც გზად შემხვდა. მაგრამ მთავარ ავსულებს, რომელებმაც ჯოჯოხეთი ამოიტანეს დედამიწაზე, სხვაგვარი შეხვედრა ელით. დანის გულში ჩაცემა მათვის ფუფუნებაა. - მითხარი... - ხმა ჩაუწყდა აღელვებისგან - მითხარი, ჩემი უმცროსი დიშვილი... დანიილი... იცნობდი? შეხვდი? ნიღბიანი დადუმდა. ავალიანს სიმწრის ოფლმა დაასხა. ისე ძლიერად ჩაჭიდებოდა სავარძელს თითქოს ამაზე იყო დამოკიდებული მისი სიცოცხლე. ერთი სული ჰქონდა პასუხი მოესმინა. იმ წამს არ იყო პოლიციელი, არ ემსახურებოდა სახელმწიფოს, არ დასდევდა დამნაშავეს. უბრალო კაცი იყო, დაზარალებული ოჯახიდან, რომლის დის ცხოვრებაც ჯოჯოხეთად აქციეს. ბიძა იყო, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელი გასულიყო უმცროს დიშვილს უნაყოფოდ დაეძებდა ყველგან. - დრო მოვა და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებ, - უპასუხა პაუზის შემდეგ - შენთან კიდევ სხვა საქმე მაქვს. - მიპასუხე, - არ თმობდა გაფითრებული - ჩემი დიშვილი... ჩემი... ცოცხალია? მამაკაცის სასოწარკვეთილი სახის დანახვისას ყინულივით ცივ სფეროებს წამით სევდა შეეპარათ ჩრდილად. სულ რაღაც წამის მეასედით გაიბრწყინა და მაშინვე გაქრა. ღრმად ამოისუნთქა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. - ძალიან ვწუხვარ... - უპასუხა ჩურჩულით. გაბრიელს თითქოს გულში ლახვარი ჩასცესო. სახე ტკივილისგან მოეღრიცა. ტუჩები მაგრად მოკუმა და წინ მიტრიალდა. თავი ჩახარა და სიმწრით შეკავებულ ცრემლებს ლოყებზე ჩამოგორების უფლება მისცა. ფეხებზე დამუშტული ხელები აუცახცახდა. სულზე მოხეთქილ ემოციებს ებრძოდა. ბოლოს პირით გამოუშვა ჰაერი. ხელის ზურგით სწრაფად შეიწმინდა სველი სახე და ცხვირით მოქაჩა. თვალები აახამხამა და საქარე მინიდან ჩაბნელებულ თბილის გახედა. - გმადლობ. - დაილაპარახა ჩახლეჩილი ხმით - თექვსმეტი წელი ვეძებდი პასუხს. გაურკვევლობა შიგნიდან ჭამს ადამიანს. სალონში სიჩუმე ჩამოვარდა. ნიღბიანმა საშუალება მისცა გამომძიებელს პირველი ელდა გადაელახა და მხოლოდ მაშინ გააგრძელა საუბარი. - მაგრამ სავანელების ქალიშვილი ჯერ კიდევ ცოცხალია, გაბრიელ. - წამოიწყო დაბალი ხმით. - რა? - ავალიანმა სწრაფი მზერა გადაიტანა სარკეზე, შემდეგ მოსაუბრისკენ შებრუნდა და წარბშეკრული მიაჩერდა ნიღბიანს - რას იძახი? - იმ ღამეს შევესწარი წყალში, როგორ გადააგდეს. დამნაშავე ვერ გავარჩიე, საშინლად წვიმდა და არც მაგისთვის მცხელოდა. ბავშვის გადარჩენა მინდოდა. - წყალში გადახტი? - მიხვდა და თვალები გაუფართოვდა. - საშინელი დინება იყო, კინაღამ ორივე დაგვახრჩო, მაგრამ ნაპირამდე მაინც მივაღწიე. გოგონას მდგომარეობა მძიმეა. ფიზიკურ ზიანს არ ვგულისხმობ. ფსიქიკაზე აქვს პრობლემა. - ფსიქიკაზე? - არ დაიჯერა გამომძიებელმა. - ბევრი გადაიტანა, სტრესმა და შიშმა მიძინებული ავადმყოფობა გამოუღვიძა. ყოველშემთხვევაში ასე თქვა ფსიქიატრმა. მთელი ეს პერიოდი კლინიკაში იმყოფება. მაგრამ მისი იქ დიდხანს დარჩენა არ გამოვა. შიგნით სიტუაცია შეიცვალა... არავინ არაფერი იცის, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია. ნებისმიერ დროს შეიძლება გამოაშკარავდეს, რომ ბავშვი არ მომკვდარა. ასე კი მის ოჯახსაც შეექმნება საფრთხე. არასასურველი მოწმეა. - მოიცა, მოიცა, - ავალიანმა თვალები მოჭუტა და ხელი გააქნია, მიღებულ ინფორმაციას გააზრებაში ვერ ეწეოდა - რანაირად აღმოჩნდა არასრულწლოვანი მეურვის გარეშე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში? - კერძოში. - თუნდაც. - რამდენიმე წუთის წინ უამრავ მკვლელობაში გამოგიტყდი და დოკუმენტების გაყალბებას იკვირვებ? - ნიღაბში კი არ გამოუჩნდა, მაგრამ წარბები მაღლა აზიდა. ავალიანმა ამოიოხრა. თავი გააქნია და შუბლზე ხელი მოისრისა. - არასასურველი მოწმეაო ახსენე... - წამოიწყო ყოყმანით. - დიშვილმა არ მოგიყვა, რას აკეთებდა ტყეში მოზარდთან ერთად? - კბილი გაჰკრა. - შენც იქ იყავი? - ყურებს არ დაუჯერა. - ახლო-მახლო - პირდაპირ პასუხს გაერიდა. - რამდენად ცუდადაა გოგონას მდგომარეობა? - ჰკითხა ავალიანმა ხანმოკლე პაუზის შემდეგ. - პროგრესი აქვს, მაგრამ მკურნალობა ესაჭიროება, მდგომარეობიდან რომ ბოლომდე გამოვიდეს. არც კი ვიცი ეს მართლა თუა შესაძლებელი. - ოჯახმა არაფერი იცის? - და არც უნდა გაიგოს, - დაამატა ცივად - ჩემი და ფსიქიატრის გარდა არავინ იცოდა, რომ იმ ქარიშხლიან ღამეს გადაურჩა. ერთი ადამიანის დაცვა უფრო მარტივია, ვიდრე მთელი ოჯახის. - რას ნიშნავს „იცოდა“? წარბი შეიკრა ავალიანმა. უშხვანმა პაუზა გააკეთა, გამომძიებელს მოეჩვენა, რომ წამით უცნაური ფერის თვალებში სახიფათო ნაპერწკალმა გაიელვა. - ფსიქიატრი მოკლეს. - მოიცა... - თვალები აახამხამა თითქოს რაღაც გაახსენდაო - სევერინ სანიკიძე... - თავი არ მოუკლავს! - გამოსცრა კბილებში, როცა ტელევიზორში ჟურნალისტის ნაბოდიალები გაახსენდა - ევა არეშიძეს ქმარმა გამოუყვანა წირვა. ამ საქმის მიჩქმალვა კი სევერინის ხელით უნდოდათ, ფსიქიატრმა კი გამომძიებლებს სიმართლე უთხრა. იმ საღამოსვე მოუსწრაფეს სიცოცხლე. - მის საქმეს ჩემი განყოფილება არ იძიებდა, - აღელვებულმა ნერვიულად მოისრისა შუბლი - მაგრამ ოფიციალურ ინფორმაციად მოგვაწოდეს, პერსონალის დაუდევრობის გამო პაციენტი დაიღუპა და კლინიკის დირექტორს პასუხისმგებლობის შეეშინდა, წნეხს ვერ გაუძლოო. - ხვდები ახლა რატომ ვერ ვიტან შენს მოდგმას? - ავად გამოსცრა კბილებში - სავანელი იქაურობას უნდა მოშორდეს და რაც შეიძლება სწრაფად. - ჯანდაბა... - ქოჩორზე ნერვიულად გადაისვა ხელი - მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩავრთავდი, მაგრამ ვერავის ვენდობი. არ ვიცი ვინ უზის არეშიძეს ჯიბეში და ვინ არა. წაიღრინა ზიზღით და თავი პოლიციის შენობისკენ გაიქნია. სევერინის მოსმენილის შემდეგ მთლად მოეშხამა გუნება. ამბავს ყური კი მოჰკრა, მაგრამ არ ჩაძიებია. თავისი გასაჭირი ადგა ბერიკაშვილის საქმეზე. საითაც არ უნდა გაეხედა არეშიძე ყველგან გვამებს ყრიდა. ეს ავადმყოფური სიტუაცია ნელ-ნელა ჭკუას აკარგვინებდა. - საკმარისია საქმე იმ ნაბიჭვარს შეეხოს, მაშინვე ზემოდან ბრძანება ბრძანებაზე მოდის. - ხელი დაემუშტა - ეს არ ქნა, ის არ გააკეთო, საქმე დახურე, თვალი დახუჭე, თავი უკანალში წაიღე. რა ქვეყანაში ვცხოვრობთ! უკან მჯდომმა თავი ჩახარა ღიმილის დასაფარად. სულ დაავიწყდა, რომ სახეზე ნიღაბი ეკეთა. - გოგონა მოინახულე. მხოლოდ იცოდე, სიტყვა არავისთან დაძრა. - თორემ მოხვალ და დანას ოცდახუთჯერ ჩამარჭობ გულში? - დაასრულა გაღიზიანებულმა. - თუ იმედებს გამიცრუებ და შენ გამო ბავშვს საფრთხე შეექმნება, ეჭვი არ შეგეპაროს, რომ გესტუმრები. - მიუგო ცივად. ავალიანმა თავი ძლივს შეიკავა თვალების გადატრიალებისგან. აბსურდულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ - საუკუნის სერიული მკვლელი და დანაშაულთა განყოფილების უფროსი გამომძიებელი, ერთ მანქანაში საამურად საუბრობდა. დიდებულია! სულ მალე გამოეღვიძებოდა და აღმოაჩენდა, რომ სამყარო შეიშალა და ციდან ბაყაყებიც წვიმდა. - სულ ეს იყო დღეისთვის. დაასრულა უშხვანმა. კარის სახელურს ხელი წაავლო და მანქანიდან გადავიდა. ავალიანმა სიტყვის თქმა ვერც მოასწრო. უკან გაკიდება არც უფიქრია, ვის უნდა დადევნებოდა? ადამიანს, რომელმაც მის ნაცვლად იძია შური დიშვილის მკვლელებზე? ამ ფიქრის გამო თავი შეზიზღდა. გვერდითა ხედვის სარკეს გახედა, მონარქი უკვალოდ აორთქლებულიყო. თავი სავარძლის ბალიშს მიადო და თვალები დაეხუჭა... მეორე დღეს, როცა ავალიანმა ელი ფსიქიატრიულში პირველად მოინახულა, კლინიკიდან გამოსვლისას მანქანამდე მისვლა ვერც მოასწრო. ზურგიდან უცნობი წამოეწია და ყურში უჩურჩულა: „არეშიძემ მოკითხვა შემოგითვალა, ახვარო!“ იგრიალა პისტოლეტმა და გამომძიებელი მოცელილი ჩაიკეცა ტროტუარზე. ვიღაცამ მთელი ხმით იკივლა. თავდამსხმელი ელვის სისწრაფით მიეფარა თვალს. ქალის კივილი არ წყდებოდა. მის ხმაზე გამვლელები მოგროვდნენ. გაბრიელ ავალიანის გვამის ქვეშ სწრაფად დგებოდა სისხლის მოზრდილი გუბე. ზურგიდან ნასროლ ტყვიას მამაკაცისთვის კეფა შეენგრია... იმ დღეს საქართველოს ყველა სატელევიზიო გადაცემა გამომძიებლის მკვლელობას გადასცემდა პირდაპირი ეთერით. ჟურნალისტები ისე სწრაფად და გაცხოველებით გადასცემდნენ სიახლეს არხიდან არხს მიკროფონი გაციებას ვერ ასწრებდა. ასეთი სენსაცია ქვეყანას არ ახსოვდა. დღისით-მზისით მთავარ გამომძიებელს თავში იარაღი ესროლეს. გამოძიება კი ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობდა. რბილ სავარძელში მჯდომს ხელში ვისკის ჭიქა ეკავა და საინფორმაციოს თვალს ადევნებდა. როცა ჟურნალისტი იქამდე მივიდა, თუ რომელი მუხლით აკვალიფიცირებდა პროკურატურა მომხდარ მკვლელობას თავი ჩახარა და გიჟური სიცილი აუტყდა. მთელი სხეული უცახცახებდა. მერე ელვისებურად აიღო თავი და გაცოფებულმა ჭიქა კედელს გაუქანა. მინის ნამსხვრევები გაპრიალებულ იატაკზე მიმოიფანტა. უშხვანს უცნაური ფერის თვალებში რისხვის ცრემლი მოსდგომოდა... ******* 2017 წელი, ფსიქიატრიული საავადმყოფო, 22:30 წთ, თბილისი. ბოლო დღეებმა უცნაურ ლეთარგსა და ბურუსში განვლეს. ქვეცნობიერმა ბუნდოვნად გადახარშა სევერინ სანიკიძის სიკვდილი. ხვდებოდა, იაზრებდა, რომ ფსიქიატრმა სამუდამოდ მიატოვა წუთისოფელი, მაგრამ ეს აზრი იმდენად აბსტრაქტულად ეჩვენებოდა ვერაფრით აკავშირებდა რეალობასთან. საღამოს რვა საათი რომ მოატანდა, მოლოდინით უცქეროდა კარს, როდის შემოვიდოდა სანიტარი და ექიმის კაბინეტამდე მიაცილებდა, მაგრამ უშედეგოდ. სევერინის უეცარმა გარდაცვალებამ ფსიქიატრიულის ხელმძღვანელობა შოკში ჩააგდო. ჯერ კიდევ მოესწროთ წინანდელი სკანდალის ჩახშობა, თუ როგორ მოიკლა თავი პაციენტმა პერსონალის „დაუდევრობის“ გამო, რომ ახალი დაემატათ. დიდი გასაჭირი ადგა კლინიკის მფლობელს, დაწესებულებას სახელი შეელახა - ორი თვითმკვლელობა მოკლე დროში კარგს არაფერს უქადდა ფსიქიატრიულს. ეს უკვე აღარ იყო „შიდა საქმე“, რომლის დამალვასაც შეძლებდნენ. მომხდარით პოლიცია, პროკურატურა და ჯანდაცვის სახემწიფო ორგანო დაინტერესდა. ინსპექციას სრული აუდიტი უნდა ჩაეტარებინა და ყველაფერი შეემოწმებინა, მათ შორის - უსაფრთხოების წესები, პაციენტების ზედამხედველობის ხარისხი, პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია, კამერების მონიტორინგი და ათასი წვრილმანი, თუ დეტალი - ამ აურზაურის ფონზე სევერინის პაციენტები ჯერ კიდევ არ გადაემისამართებინათ შემცვლელ ფსიქიატრთან. ამიტომ სავანელიც უსასრულოდ იჯდა და ელოდა, რომ ვინმე თავის ექიმთან წაიყვანდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეცნობიერად იაზრებდა ეს აღარასდროს მოხდებოდა. ამაზე ფიქრიც საკმარისი იყო, რომ გულ-მუცელი რაღაც აუტანელ ეჭვს აეწვა - ინსტიქტი რაღაცას კარნახობდა, შიგნიდან ხმა რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ გონების მოკრებას ვერ ახერხებდა. ჭამდა უკმარისობის გრძნობა, რომ რაღაც დაავიწყდა, რაღაც გამორჩა, რაღაც რაც ასე ძალიან უნდოდა იქვე გვერდით, ხელის ერთ გაწვდენაზე ჰქონდა, მაგრამ ვერაფრით სწვდებოდა რადგან არ იცოდა რისკენ იწევდა ასე მონდომებით. თავი განსაკუთრებულად ცუდად წინა დღის შემდეგ იგრძნო. ისიც კი არ ახსოვდა, როგორ ადგა საწოლიდან. თითქოს განვლილ ოცდაოთხ საათს ბნელი სუდარა ჩამოაფარესო. ვერაფრით იხსენებდა, რა მოხდა წინა დღით, ერთადერთი კარიოს ვერ ჩააგდებინეს ხმა. მისი ნათქვამი ექოდ დაირხა ჩამობნელებულ ქვეცნობიერში - „აბები, რომელსაც გაძლევენ, ნერწყვთან შეხებისას მომენტალურად ლღვება და ორგანიზმი მაშინვე ითვისებს. გულის არევას აზრი არ ჰქონდა... მხოლოდ მშიერი დარჩი.“ თვალები დახუჭა და თავი გააქნია. შუბლი მოისრისა ორივე ხელით. რთული იყო საკუთარ თავთან ბრძოლა, ძალიან რთული და დამღლელი. შიგნიდან ხმა რაღაცის თქმას ცდილობდა, ის კი კონცენტრირებას ვერ ახერხებდა. უცნაური იყო, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. სევერინი ამაყობდა - სულ მალე ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდები, მხოლოდ ეს ბრძოლის დასასრულს სულაც არ ნიშნავსო. მაშინ რა შეიცვალა სევერინის გარდაცვალების შემდეგ? მას შემდეგ რეზონი საერთოდ დაკარგა. რელსებიდან გადავიდა, წინა დღეს მომხდარი საერთოდ არაფერი ახსოვდა. რატომ? საწოლზე ჩამომჯდარი წინ და უკან რწევას მოჰყვა. აცოფებდა ის ფაქტი, რომ გონებას მის კითხვებზე პასუხების გაცემა აღარ უნდოდა. რომელ „გზასაც“ დაადგა, ყველა ჩიხით დასრულდა. უძლურება და გაურკვევლობა აგიჟებდა. თავს გალიაში დამწვდეული ცხოველივით გრძნობდა, ყველაზე უარესი და მტკივნეული კი ის იყო, რომ შიგნიდან გამოკეტეს. საკუთარივე სხეულში დაამწყვდიეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. ვერც თავს იმორჩილებდა, ვერც გრძნობებს, ვერც გონებას... ზენიტს მიღწეულმა, დაჭრილი მხეცივით იღრიალა. ყრუ ექო პალატის ცივ კედლებს შეასკდა და გაუჩინარდა - უხმოდ, უკვალოდ, უშედეგოდ. აღარავინ იყო კლინიკაში ვინც დახმარების ხელს გაუწვდიდა, ისე როგორც სევერინი. სევერინი... სევერინი... ეული ცრემლი იდეალურად გაპრიალებულ იატაკს დაეცა. - ზოგჯერ რაც გვგონია, რომ გვკურნავს, სწორედ ის აღმოჩნდება ხოლმე შხამი. ექთნის მოტანილ წამლებს მოერიდე, ელ... გაისმა კარიოს ჩურჩული ყურის ძირში... ****** 2017 წელი, ახმეტელის გამზირი, 23:01 წთ, თბილისი. სადარბაზოს მეშვიდე სართულზე შუქი აინთო და მალევე ჩაქრა. მამაკაცი სიბნელეში ბინის კარს დაჰიპნოზებულივით მისჩერებოდა და ვერაფრით გაებედა შეღება. იცოდა, თუ შიგნით შევიდოდა უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ექნებოდა. თუმცა... განა არ ელოდა? არ იცოდა, რომ ეს დღეც დადგებოდა? იცოდა, მაგრამ მოუმზადებელი აღმოჩნდა წარსულის ცოდვებთან შესახვედრად. რამდენჯერ წამოიდგინა ხოლმე საწოლში, გულაღმა მწოლიარემ როცა ვერაფრით ახერხებდა დაძინებას, თუ როგორი სახე ექნებოდა მათ შეხვედრას, მაგრამ ფანტაზია ახლოსაც ვერ მივიდოდა იმ ველურ შიშთან, რომელსაც სხეულში გრძნობდა. ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში. ღრმად ამოისუნთქა და მაინც შეაღო. მოძრაობაზე სენსორი ისევ გატკაცუნდა და ჩაბნელებულ ჰოლს წუთით სინათლე მოეფინა, მერე კი ისევ წყვდიადმა შთანთქა - კარი ზურგსუკან მიიხურა. შიგნიდან არ გადაუკეტავს, რა აზრი ჰქონდა? სუპერმარკეტში ნაყიდი პური და ძეხვი იქვე ჰოლში, ტუმბოზე დატოვა. ფეხსაცმელები გაიხადა და ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა. დროს წელავდა, ფეხს ითრევდა. კინაღამ საკუთარ თავზე გაეცინა, როცა ფეხსაცმელები კი არ მიყარა, როგორც სჩვეოდა - კულტურულად დაალაგა, თითქმის სიმეტრიულად. როცა მეტად ვეღარ გააჭიანურებდა შეხვედრას, ცელოფანს ხელი წამოავლო და სამზარეულოში შევიდა. საშინლად დაჭიმული სხეული ოდნავ მოუდუნდა, როცა შუქი აანთო და შიგნით არავინ დახვდა. ცელოფანში გახვეული პური და ძეხვი მაგიდაზე შემოდო, მაგიდას დაეყრდნო და თვალები დახუჭა. - ჩაიზე ხომ არ დამეწვევი? - იკითხა ხმამაღლა - ჩემს მოკვლას კიდევ მოასწრებ. რეზინის ძირიანმა ფეხსაცმელებმა მისაღები ოთახიდან გამოაბიჯეს და სამზარეულოს ზღურბლთან შეჩერდნენ. დაჟინებული მზერა იგრძნო, გამბედაობა მოიკრიბა, თავი ასწია და თვალი გაუსწორა დაუპატიჟებელ სტუმარს. - წინააღმდეგობის გაწევას არ ვაპირებ, - წაიჩურჩულა ირაკლი შუკვანმა - დავიმსახურე შენი ხელით სიკვდილი. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, მომისმინე. შემდეგ, კი დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანე. უშხვანმა მზერა გაუსწორა ზურმუხტისფერ თვალებს. უკიდეგანო სევდა და სინანული გამოსჭვიოდათ სფეროებს. თუმცა მასზე ამას რაიმე შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ყველა მათგანი განიცდიდა შიშსა და ძრწოლას გარდაუვალთან შეხვედრისას. შუკვანი რით იყო გამონაკლისი? თუმცა, გილიოტინაზე ასულ ადამიანსაც კი აძლევენ ბოლო სიტყვის თქმის საშუალებას. არც ის აპირებდა ამ უკანასკნელის წართმევას. რადგან მეტი აღარაფერი დარჩენოდათ - მხოლოდ ფუჭი სიტყვები, რომელიც წარსულს ვერაფრით შეცვლიდნენ... - ჩაიზე მიპატიჟებას მივიღებ... არ მეჩქარება. მიუგო მშვიდად. დინჯად გამოსწია სკამი და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა. შუკვანმა თავი დაუქნია და ჩაის მზადებას შეუდგა. მექანიკურად მოძრაობდა. კარადიდან ფინჯნები გამოიღო, ორივე მათგანში ჩაის ფერი ჩადო და მაგიდასთან მიიტანა. წყლით სავსე ელექტრონული ჩაიდანი ჩართო და საკუჭნაოს კარადაში ფოთარს მოჰყვა. ახსოვდა, რომ სადღაც შოკოლადის ნამცხვარი უნდა ყოფილიყო მომცრო შეფუთვაში. მთელი ყურადღება მასზე ჰქონდა გადატანილი, თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის საქმე იყო, იმ ერთი წყეული შეკვრის მოძებნა. ხელში გახსნილი და დაუმთავრებელი ძველისძველი ნამცხვრები ხვდებოდა, ზოგიერთ მათგანს ობიც კი მოკიდებოდა და თავისივე ფეთხუმობის თავადვე გაუკვირდა. ბოლოს მიაგნო რასაც ეძებდა და ენით აუწერელი შვება იგრძნო. წითელ შეკვრას ხელი დასტაცა და კარადა მიხურა. ახლა თეფშს დაუწყო ძებნა, რომ ნამცხვარი გაეხსნა და ლამაზად დაელაგებინა ზედ. გაღიზიანდა. როგორ შეიძლება საკუთარ ბინაში თეფში ვერ იპოვო? ყველაზე არარეალურ თაროებს აღებდა შესამოწმებლად... უშხვანი დაკვირვებით ადევნებდა თვალს შუკვანის ქაოტურ და ნერვიულ მოძრაობებს. მთელი სხეულით გრძნობდა მისგან წამოსულ შიშსა და სასოწარკვეთას, თითქოს ვიბრირებდა და ჰაერში უხილავ ტალღებს ავრცელებდა. უყურებდა მის წვალებას და პირველად ვერ გრძნობდა სიამოვნებას. არცერთი მსხვერპლი არ ყოფილა ასეთი თვინიერი და მორჩილი. ოდნავ წინ გადაიხარა და უცნაური ფერის თვალებით ყურადღებით შეათვალიერა შუკვანი. რა იყო მასში განსხვავებული? რატომ იყო, რომ უშხვანი ველურ აღტკინებას ვერაფრით აღვიძებდა სულში? როცა ირაკლიმ თეფშით ნამცხვარი მაგიდასთან მოიტანა და ფინჯნებშიც ჩამოასხა მდუღარე წყალი, წამით ორის მზერა ერთმანეთს შეხვდა და უშხვანი, ბოლოს და ბოლოს მიხვდა კითხვაზე პასუხს - ირაკლი შუკვანის თვალებში სევდა და სინანული გულწრფელი იყო. ნანობდა გულით და არა სიკვდილის შიშით. სწორედ ამან განაიარაღა მასში მთვლემარე დემონი. მასპინძელი საქმიანობას რომ მორჩა. სკამი გამოსწია და სტუმრის პირდაპირ ჩამოჯდა. აკანკალებული თითები ცხელ ფინჯანს მიაკრო. შუბლი ცივი ოფლით დაცვაროდა. სახეზე მიწისფერი ედო. ერთხანს ენას ღეჭავდა ნერვიულად. ყველაზე მეტად კი სტუმრის ცივი დუმილი და დაჟინებული მზერა აღელვებდა. ვერაფრით იკრებდა გონებას საიდან დაეწყო თხრობა. მისი გონება ქაოსს მოეცვა, რომელსაც შიში კვებავდა - შიში შეუცნობელის, თუ რა ელოდებოდა იქ... მეორე მხარეს - მართლა არსებობდა სამოთხე და ჯოჯოხეთი? თუ უბრალოდ სამარადისო წყვდიადი ელოდა, სადაც მისი სული იბორგებდა დაუსრულებლად? სინანულმა შიგნეულობა აუწვა. თვალები აახამხამა და ძალა მოიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ უშხვანი არ აჩქარებდა, გრძნობდა რომ გაჯანჯლება აღარ ივარგებდა. ყელი ჩაიწმინდა და თხრობა დაიწყო, ყველაზე უმნიშვნელო ძაფიდან, რომელიც საშუალებას მისცემდა გზად გამბედაობა მოეკრიბა და მთავარზე გადასულიყო: - სამი წლის ვიყავი დედა რომ დამეღუპა, მამაჩემმა კი სმა დაიწყო. რომ დათვრებოდა თავს ვერ აკონტროლებდა. სულში ნაგროვებ ბოღმასა და აგრესიას ჩემზე ანთხევდა, ხშირად მცემდა ხოლმე. ვოცნებობდი, დიდი რომ გავიზრდები პოლიციელი გავხდები და მამაჩემს ციხეში ჩავაყუდებ-მეთქი, - ცალყბად ჩაეცინა და გაუპარსავ ნიკაპზე ხელი მოისვა - დრო გავიდა, გავიზარდე და პოლიციელიც გავხდი, მაგრამ მამაჩემის ციხეში ჩასმა გადავიფიქრე. დაჩაჩანაკებულ ბებერს სასმელმა ბოლო მოუღო, სულის შებერვაც საკმარისი იყო, რომ წაქცეულიყო. გავერიდე და ცალკე გადავედი საცხოვრებლად. ბინას ვქირაობდი და ვმუშაობდი, ეს იყო ჩემი მთელი ცხოვრება, სანამ სოფოს არ შევხვდი. ორ წელიწადში დავქორწინდით და რეალური პრობლემებიც მაშინ დაიწყო. უკვე ოჯახი მყავდა. თავზე კი ჭერი არ მქონდა. ახლადმოყვანილ ცოლს ლოთ მამაჩემთან ხომ არ მივიყვანდი? სამსახურიდან აღებული ფული კი მარტოს თავის გატანაში ძლივს მყოფნიდა და ცოლთან ერთად? ოცნებადაც არ ღირდა. ერთ-ერთი მორიგეობის დროს, ჩემი პრობლემები მეწყვილეს გავუზიარე, მანაც ერთ ტიპთან მიმასწავლა... ბაბლუანით იცნობდნენ მესტიაში. მითხრა - სთხოვე, ფულს გასესხებს სახლსაც იყიდი და ცოტა ისეც დაგრჩება, ფეხზე რომ დადგები ვალსაც ნელ-ნელა უკან დააბრუნებო. ისევ მწარედ გაეცინა. თვლაებში ცრემლი მოაწვა, მაგრამ თავი შეიკავა ცხვირით ძლიერად მოქაჩა, თბილი ჩაით პირი გაისველა და თხრობა განაგრძო: - დავუჯერე. მივედი და ფული ვთხოვე. მითხრა - არ გიცნობ, უცხო ხარ, რა ვიცი რომ შენი ნდობა შეიძლება, თან ძაღლი ხარ, რომ გადამაგდო სისხლი უნდა დაიღვაროს და შარი არ მინდაო. მივხვდი, რომ სპეციალურად მიწელავდა. პირდაპირ ვკითხე სანაცვლოდ რას ითხოვ-მეთქი. გაეცინა, თავიდანვე ეგრე დაგეწყო, ამდენს ხომ არ ვილაპარაკებდიო. ხმა ისევ ჩაუწყდა. ჩაახველა და ისევ ჩაი მოსვა. უშხვანს თავისი ფინჯნისთვის თითი არც დაუკარებია. თვალისმოუშორებლად მისჩერებოდა შუკვანს და ყურადღებით უსმენდა. ირაკლიმ გამომშრალი ტუჩები მოილოკა და საუბარი განაგრძო: - ბევრს არაფერს გთხოვ, მხოლოდ ჩემი სატვირთო უპრობლემოდ უნდა გაატარო მესტიიდანო. მაშინვე მივხვდი საითაც უმიზნებდა. იმ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი და ალკოჰოლი შემოდიოდა. კონტრაბანდისტები კი რეგიონებში ავრცელებდნენ. ორი სატვირთო მესტიაში გააჩერეს. ამიტომ ჩვენთან ბოლო დროს განსაკუთრებული კონტროლი იყო. ყოყმანი რომ შემატყო გაეცინა. კაცის მოკვლას კი არ გთავაზობ, რას დამუნჯდიო? თუ დამთანხმდები იმდენს მიიღებ, რამდენასც მოითხოვ და დიდ პროცენტშიც არ გაგატანო. თუ უარს იტყვი, გზა დამილოცია, მე ჩემთვის შენ შენთვისო, მაგრამ ჩვენი საუბრის შესახებ თუ ვინმეს რამეს ეტყვი და პოლიციას დამაყენებ თავზე, მერე სხვანაირად გავისაუბრებთო. მივხვდი, რომ ჭკვიანურად გამაბა მახეში. თუ უარს ვიტყოდი და გამოვბრუნდებოდი, ჩაშვების შემთხვევაში გამისწორდებოდნენ. არ ჩავუშვებდი და კონტრაბანდას ჩემს ცხვირწინ გადაიტანდნენ, სრულიად უსასყიდლოდ. ფული ავიღე... ბოლო სიტყვები ყრუდ წარმოთქვა. თვალზე მომდგარი ცრემლი ეულად ჩამოუგორდა ლოყაზე და კისერში ჩაეკარგა. - აღებული თანხით სახლი ვიყიდე. ცოლს კი ვუთხარი, ოჯახისგან სახლი მერგო მემკვიდრეობით და ის გავყიდე-მეთქი. სიმართლის თქმა ვერ გავბედე, შემრცხვა. დამიჯერა. ფულის აღებიდან ერთი კვირის შემდეგ ბაბლუანმა კაცი გამომიგზავნა შეტყობინებით - თეთრი სატვირთო გადის ქალაქიდან და უსაფრთხოდ გააცილეო, თან ქაღალდზე წაწერილი მანქანის რეგისტრაციის ნომერი ხელში ჩამიკუჭა. ასეც მოვიქეცი. მეწყვილემ უკანონო ტრანსპორტირების შესახებ, რა თქმა უნდა ყველაფერი იცოდა, ბოლოს და ბოლოს თავად მიმაგზავნა იმ ნაბიჭვართან. სატვირთომ ქალაქი უსაფრთხოდ გაიარა, მაგრამ ზუსტად მესტიის გასასვლელთან პოლიციამ გააჩერა. მეწყვილემ გადმომხედა - წამოეწიე, თავიდან მოვიშოროთ სანამ გართულება მოჰყოლიაო. მწარედ გაეცინა და თავი გააქნია. სახე ხელებში ჩარგო და ამოიოხრა. რამდენიმე წუთს დუმდა, თითქოს დღემდე ვერ მოენელებინა გამოვლილი. ბოლოს ძალა მოიკრიბა, სახიდან ხელები მოიშორა, ჩაი მოსვა და საუბარი განაგრძო: - გაჩერებულ მანქანებს წამოვეწიე და მეც იქვე შევაჩერე. მაშინვე მანქანიდან გადმოვედი და თანამშრომლებს მივაშურე. სატვირთოს უტრიალებდნენ და მძღოლს ეუბნებოდნენ საბარგულის კარი გააღეო. ბიჭებს მივესალმე და ვუთხარი, სატვირთო რამდენიმე წუთის წინ თავად შევამოწმე ყველაფერი რიგზეა-მეთქი. იქით მძღოლი აჭიჭყინდა, რამდენჯერ უნდა გადმომსვათ კაცო მანქანიდან, ასაკში ვარ რევმატიზმი მაწუხებს, ბავშვი ხომ არ გგონივართ წარამარა რომ მახტუნავებთ ამხელა კაცსო. თანამშრომლებმა ხელები მაღლა ასწიეს, გაიარე ბიძაჩემო, რა ვიცოდით თუ უკვე შეგამოწმესო. ძალიან გვიან მივხვდი, რომ იმ დღეს, როცა ბიჭებს მანქანის გაჩხრეკის საშუალება არ მივეცი უკან დასახევი გზა სამუდამოდ მოვიჭერი. აკანკალებული ხელი მოისვა სახეზე. მკვდრის ფერი ედო. თითქოს საუბარში წლები მოემატაო, სახეზე ნაოჭები გაუღრმავდა. - დრო გადიოდა. ბაბლუანი რაღაც პერიოდი გაჩუმდა. ხმას არ იღებდა. არც თხოვნებით მაწუხებდა. მეც სინდისი დამიმშვიდდა. აღებულ ფულს ნელ-ნელა ვაბრუნებდი. როცა ვიფიქრე, რომ თავიდან მარტივად მოვიშორებდი - ოთხ თვეში ისევ გაიხსენა ჩემი არსებობა. სახლში პირადად მომაკითხა - გარეთ გამოდი სათხოვარი-მაქვსო. მისი გამოჩენა არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამდი? გავყევი. მიკიბ-მოკიბულ ლაპარაკს თავი ანება და პირდაპირ მითხრა, ნაცნობმა სახლში იმშობიარა და ტყუპები შეეძინა. აქაური არ არის, თბილისელია, მაგრამ აქ მოესწროო. სახლში დაბრუნება უნდა და გამცილებელი ესაჭიროება, კარგად იცი გზებზე რა სიტუაციაა, გზაში არავინ არაფერი მოსწიოს, მეწყვილე წაიყვანე და წაყევითო. მაშინ საქართველოში მართლა ცუდი სიტუაცია იყო. ქვეყანა ომის, კრიზისისა და ინფრასტრუქტურის დაშლის ფონზე ცხოვრობდა. გზად მანქანებს ძარცვავდნენ. შეიარაღებული დაჯგუფებები თავს ესხმოდნენ ხალხს. სრული განუკითხაობა სუფევდა. ამიტომ მისი თხოვნა არ გამკვირვებია. დავთანხმდი. მანქანა ბაბლუანმა მოგვცა. სვანეთში ისეთი დანგრეული გზები იყო ჯიპით ან სატვირთოთი თუ გადაადგილდებოდი. ჩავისვით ქალი ბავშვებთან ერთად მე და ჩემმა მეწყვილემ და წავედით. თბილისამდე უსაფრთხოდ ჩავაღწიეთ. ქალმა მისამართი მოგვცა. ბინაში ასულს ვიღაც ჯაგარა ტიპმა გაგვიღო კარი. ქალი ბავშვებთან ერთად შიგნით შეუშვა, მეწყვილეს ფული ჩაუთვალა ხელში და კარი ცხვირწინ მოგვიხურა. შეისვენა. უკვე გაციებული ჩაი მოსვა და ჩაახველა. უშხვანი ისევ არ აჩქარებდა. რთული იყო მის სახეზე რაიმე ემოცია ამოგეკითხათ. სახეგაქვავებული ისმენდა ნაამობს და თვალებს თითქმის არ ახამხამებდა. შუკვანს კი, საუბარი შვებას ჰგვრიდა, რაც უფრო მეტს ლაპარაკობდა მით უფრო უმშვიდდებოდა აჩქარებული გულისცემა: - ფულის დანახვაზე თვალები შუბლზე ამივიდა. ვკითხე - რისთვის მოგვცა-თქო და გაეცინა, დედა_შვილი უსაფრთხოდ მოვაცილეთ, რაო, არ გვეკუთვნოდაო? ნახევარი მომაჩეჩა და მანქანა დაქოქა. მას შემდეგ ერთი წლის განმავლობაში კიდევ ორჯერ მოვიდა მსგავსი თხოვნით და სულ ქალის წაყვანას ითხოვდა ერთ, ან ორ ახალშობილთან ერთად. ხან მეგობარიაო, ხანაც ნათესავიო - იტყუებოდა. ყოველ ჯერზე სხვადასხვა მისამართზე ვტოვებდით ქალებს, უკან კი ფულის მოზრდილი შეკვრით ვბრუნდებოდით. ეჭვის ჭია შიგნიდან მღრღნიდა. ვხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან ცუდ საქმეში გავყავი თავი. განა რამდენი ახლობელი ჰყავდა ახალშობილით? ყველამ სვანეთში იმშობიარა? შიში შემეპარა. კითხვის დასმას ვერ ვბედავდი. გუმანით ვგრძნობდი, რომ ჩემი მეწყვილე საქმის კურსში იყო, მხოლოდ მე არ ვიცოდი სიმართლე. თან იმდენად ღრმად მქონდა შეტოპილი უკან დახევა უკვე ძალიან გვიანი იყო. პოლიციაში რომ მივსულიყავი და უფროსისთვის სიმართლე მეთქვა, არ დამიჯერებდა. ეგრევე ჩამსვამდნენ. ციხეში კი, ჩაშვებისთვის ბაბლუანის ხალხი მომიღებდა ბოლოს. ყოველი დღე კოშმარად მექცა. სახლში გაღიზიანებული ვბრუნდებოდი. ცოლთან ხშირად ვკამათობდი. ერთ საღამოსაც სერიოზულად ვიკამათეთ, ეგონა ვღალატობდი და ისტერიკა მომიწყო - სად დადიხარ და რა ხდება შენს თავსო? თავი ვეღარ შევიკავე და სიმართლე გავუმხილე. მგონი ახალშობილების გატაცებისთვის მიყენებენ და არ ვიცი როგორ მოვიქცე-მეთქი. დარწმუნება დამიწყო - პოლიციაში მიდიო. მტკიცებულებები არ მქონდა, თუ ვინმეს ამოაყუდებდნენ ციხეში ისევ და ისევ მე. დარწმუნებული ვიყავი ჩემი მეწყვილე სიტყვას არ დაძრავდა, ბლომად ფულს ვშოულობდით არაფრის დიდებით არ დაიხევდა უკან. მერე ცოლმა შემომთავაზა ჩვენ შევაგროვოთ მტკიცებულებები და ისე მივიდეთ განყოფილებაშიო. იმდენად ვიყავი სასოწარკვეთილი, დავთანხმდი. სამშობიაროში დაიწყო მუშაობა. სოფოს იმ თარიღების შემოწმება ვთხოვე სამშობიაროს რეესტრში, როცა მე და ჩემს მეწყვილეს ქალები გადაგვყავდა. აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ დღეებში ხუთმა ქალმა იმშობიარა და ხუთივემ ახალშობილი „მკვდარი“ დაბადა. ასე იუწყებოდა რეესტრი. იმ დროისთვის ბავშვების დაღუპვა არავის უკვირდა სამშობიაროში. არც ინკუბატორები ჰქონდათ, არც ჟანგბადის აპარატურა და არც სტერილური პირობები. ყველაფერი იდეალურად გათვალეს! ჩუმად იპარავდნენ ბავშვებს ისე, რომ დაღუპულთა რაოდენობა თვალშისაცემი არ ყოფილიყო. „გარდაცვლილ“ ბავშვს კი ანკეტაში უწერდნენ, რომ მძიმე ბაქტერიული დაავადების მატარებელი იყო და არსებობდა ინფექციის გავრცელების საფრთხე. შედეგად „დაღუპულ“ ჩვილებს მშობლებს არ ატანდნენ და თავად მარხავდნენ სპეციალურად გამოყოფილ სასაფლაოზე, ყოველგვარი ნიშნულებისა და სახელების გარეშე, რათა კვალი დაეფარათ! როცა ეს ყველაფერი გავიგე, დავრწმუნდი რომ უკან დასახევი გზა აღარ იყო. ისეთ ჭაობში აღმოვჩნდი, საიდანაც ვეღარ ამოვიდოდი. საქმეს სუფთად აკეთებდნენ. კლინიკაში ბებიაქალიც მოსყიდული ჰყავდათ, სხვაგვარად ბავშვს მკვდრად ვერ გაასაღებდნენ. რითი უნდა დამემტკიცებინა სიმართლე? მცდელობაც კი სიცოცხლის ფასად დამიჯდებოდა, მეც და ჩემს ცოლსაც. თვეები გადიოდა მე კი არ ვიცოდი რა მეღონა. ყოველ დღე შიშით ველოდებოდი, როდის მომადგებოდა ბაბლუანი ახალი შეკვეთით, მაგრამ სამი თვის განმავლობაში არ გამოჩენილა. ამასობაში სოფო დაორსულდა და სიტუაცია უფრო გართულდა. ერთ საღამოსაც სახლში მოგვაკითხა, ამჯერად გარეთ არ გვისაუბრია. შინ შემომეჭრა - შენს ცოლსაც ვეტყვი ორიოდე სიტყვასო. მისაღებ ოთახში ჩამოჯდა და ორივეს ღიმილით მოგვაჩერდა - თქვენ მე იდიოტი ხომ არ გგონივართო. ბუღალტერმა ქალმა უეცრად სამშობიაროში დაიწყო მუშაობაო? რა იყო, შენს ქმარს ძალიან ბევრი აქვს შემოსავალი და დაბალანაზღაურებიან სამუშაოზე იმიტომ გადაინაცვლეო? დაგვცინა. მერე უბრალოდ პირდაპირ გვითხრა, რახან შენი ცოლიც შემოგვიერთდა, ბარემ მოგვეხმაროს დამხმარე არ გვაწყენდა, სამშობიაროში მუშა ხელის ნაკლებობააო. ნათლად გაგვაგებინა, რომ ან მასთან მუშაობას გავარძელებდი ცოლთან ერთად, ან მთელს ოჯახს ამოგვხოცავდნენ. წასვლისას კი დაამატა- შენ მოხვედი ჩემთან შენი ფეხით, მე შენგან არაფერი მითხოვიაო. ასეთი საქმეებიდან კი, მხოლოდ შუბლში ტყვიით გადიანო. ლაპარაკისგან ყელი გაუშრა. თითქოს აღსარებას აბარებდა. პანდორას ყუთს თავი მოხადა და წლების ნაგროვები ცოდვები გარეთ გამოუშვა. უშხვანს მთელი ამ გრძელი მონოლოგის განმავლობაში ნირი არ უცვლია, მხოლოდ მაშინ შეუტოკდა სახიფათოდ წარბი, როცა შუკვანმა ბავშვების ფიქციური გარდაცვალება ახსენა. ირაკლიმ ფინჯანში დარჩენილი ჩაი მოიყუდა და ბოლომდე გამოცალა. ჩაახველა. საუბრისგან ყელი დაეღალა, მაგრამ გაჩერებას არ აპირებდა, ბოლომდე უნდა ამოეღო შხამი რაც წლების განმავლობაში აგროვა, მერე? მერე... სამუდამოდ დაისვენებდა. - მას შემდეგ კიდევ ორჯერ გვაიძულეს ბავშვების გადაყვანა. ერთი ბიჭი იყო, ერთიც გოგონა. ამჯერად არავითარი „მეგობარი“, „ნათესავი“ და „ახლობელი“ აღარ მოუგზავნია. პირდაპირ მითხრა, საქმეს ცოლ-ქმარი მიხედავთ და გირჩევნია ყველაფერმა კარგად ჩაიაროსო. გზად ჩემი მეწყვილე და კიდევ ერთი კაცი გამოგვაყოლა, რომელსაც ჩვენთვის თვალი უნდა ედევნებინა, რომ ემანდ რაიმე სისულელე არ მომსვლოდა თავში აზრად. რას გავბედავდი? ორსული ცოლი მეჯდა, ჩვილი ბავშვით ხელში. სოფოს ჩემი დანახვა აღარ უნდოდა. ყველაფერს მე მაბრალებდა, მეუბნებოდა ურჩხული ხარ და მეც ჩამითრიე ამ სიბინძურეშიო. მუცელი უფრო და უფრო უმრგვალდებოდა, რაიმე უნდა მომეფიქრებინა სანამ ჩვილი დაიბადებოდა. ჩემი ცოლი უკვე რვა თვის იყო, როცა ნერვებმა მიმტყუნეს და გაქცევა გადავწყვიტე. სოფოს სვანეთისგან ძალიან შორს, პატარა ქალაქში ბინა ვუყიდე. ფული და მისამართი დავუტოვე, სად უნდა წასულიყო და მივატოვე. არც ნათესავები გვყავდა, არც მეგობრები ძებნა გაუჭირდებოდათ და რომ რამე, პირველ რიგში მე დამედევნებოდნენ. ასეც მოხდა. ორჯერ კინაღამ მომკლეს. ორჯერვე „მეგობარმა“ გამწირა. მას შემდეგ საკუთარ ჩრდილსაც აღარ ვენდობი. ბოლო წლებში კი შენ გამოჩნდი. ტელევიზია მხოლოდ შენზე საუბრობდა. როცა გავიგე გარდაცვლილების ვინაობა მივხვდი, რა მიზეზით კლავდი... რომ წარსული ბუმერანგივით მობრუნდა უკან. მხოლოდ დროის საკითხი იყო ჩემამდე როდის მოხვიდოდი. დღეს კი კარი რომ შეღებული დავინახე მივხვდი... ეს დღეც დადგა. გზად ცხოვრებამ საკმარისად დამსაჯა - საკუთარი შვილი არ მიცნობს, ჩემმა ცოლმა კი თავი მოიკლა. ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. სიკვდილის მეშინია, არ უარვყოფ, მაგრამ ჩემთვის შვება უფროა. დაასრულა ხრინწიანი ხმით და სკამზე გადაწვა. ჩაწითლებული თვალები წინ მჯდომს მიაპყრო და გაირინდა. უშხვანმა ერთხანს უყურა, შემდეგ კი გაეცინა: - როცა საუბრის საშუალება მოგეცი, მეგონა რამე აზრიანს მოვისმენდი... თავი გვერდით გადახარა და სუსხიანი მზერა აატარა შუკვანს. სულ ბოლოს მის ზურმუხტისფერ თვალებთან შეჩერდა, რომელშიც სიკვდილის მოლოდინიღა იკითხებოდა. - მართლა ფიქრობ, რომ დაგიჯერებ ვერაფერს ხვდებოდი? - ტუჩებზე გესლიანი ღიმილი გადაეფინა - საქმე ფულში იყო. მეტი გინდოდა და ზედმეტ კითხვებს არ სვამდი. უშხვანის სიტყვებზე თავი ჩახარა. ენა პირში ჩაატრიალა და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. უსიტყვო დასტურს უშხვანი არ გაუღიზიანებია - ზიზღი იგრძნო, თითქოს მის წინ უზარმაზარი ფეკალია მჯდარიყო და არა ადამიანი. - სიტუაცია რომ გართულდა, ცოლ-შვილი ბედის ანაბარა მიატოვე და გაიქეცი... - თვალები დაუვიწროვდა - თავი კი იმით დაიმშვიდე, რომ საცხოვრებელი მიეცი? მარცხენა ორი თითი საფეთქელზე მიებჯინა, სკამზე გადაწოლილი შუა თითს დინჯად, რიტმულად და ძლიერად ურტყამდა მაგიდის ზედაპირს, თან თვალს არ აშორებდა შუკვანს, რომელსაც უშხვანის სიტყვები ლახვარივით ესობოდა გულში. - მომკალი, ხომ ამისთვის მოხვედი? - ნერვებმა უმტყუნეს. თავი ასწია, სახეზე ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები. - იმედი გაქვს, რომ უბადრუკ სიცოცხლეს ჩემი ხელით დაასრულებ? - ჩუმი სიცილისგან მხრები აუთამაშდა - ფიქრობ ასე გამოისყიდი დანაშაულს? - შეიძლება... გამოტყდა ხმადაბლა. სველი სახე მარჯვენათი შეიმშრალა და კანკალით ჩაისუნთქა ჰაერი. - გეშლება შუკვანო, - ხმას ავად დაუწია, წინ გადაიხარა და მამაკაცს გესლიანად გაუღიმა - მე მკვლელი ვარ და არა ნაგვის მხვეტავი. შენთვის სიცოცხლეა სასჯელი და არა სიკვდილი. ირაკლიმ თავი ჩახარა და ჩუმი ქვითინისგან მხრები აუთამაშდა. უშხვანმა ნელა გასწია სკამი და ფეხზე წამოდგა. აუჩქარებლად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და თავჩაქინდრული მამაკაცის გვერდით შედგა. - შენთვის დავალება მაქვს. შუკვანმა თავი ასწია... ****** 2017 წელი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, 21:01 წთ, თბილისი. სუპერმარკეტის კარი შეაღო. შესასვლელთან დამონტაჟებულმა ზარმა ხმამაღლა გაიწკარუნა. გამყიდველმა გაზეთიდან თავი აიღო, წამით სათვალის ზემოდან შეათვალიერა ახალმოსული და ისევ კროსვორდს მიუბრუნდა. გრძელი სიტყვა ვერტიკალურად ჩაჯღაბნა კვადრატებში და შემდეგი გამოცანის კითხვას შეუდგა. უშხვანმა პროდუქტებით სავსე თაროებს ჩამოუარა. არჩევანი მწვანე ჩაისა და ორეოს ნამცხვარზე შეაჩერა. ხელი წამოავლო და სალაროსკენ გაემართა. პროდუქტები დახლზე დაულაგა გამყიდვეს და საფულე მოიჩხრიკა ლაბადის ჯიბეში. მამაკაცს კროსვორდის შევსება მოესწრო და წარბშეკრული საინფორმაციო გადაცემას ადევნებდა თვალს. ოხვრით დახედა წინ დადებულ პროდუქტებს. - სულ გაგიჟდა ეს ხალხი... - ბურტყუნით გააქნია თავი - სულ ესაა? - დიახ. - ხუთი ლარი და ოცი თეთრი, - მიუგო უხასიათოდ და მზერა ისევ ტელევიზორზე გადაიტანა. სანამ უშხვანი საფულეში კუპიურას არჩევდა, გამყიდველი ისევ ალაპარაკდა - ჭაობს მიაქვს თბილისი, ჭაობს. კაცი მოკლესო, დამნაშავეს ორიმაგი, თუ რა ჯანდაბაც ჰქვია იმ ოხერს... მკვდარზე დაუტოვებია. მოგვიანებით, დღისით-მზისით პოლიციელს ქუჩაში კლავენ... თუ სამართალდამცავიც არაა დაცული, ამ დაქცეულ ქვეყანაში, ჩვენ რაღა გველის უბრალო ხალხს? მოქუფრულმა ოცლარიანი გამოართვა კლიენტს და სალარო გამოაღო. უშხვანმა მზერა ტელევიზორზე გადაიტანა. ჟურნალისტი მარჯანიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე საუბრობდა. წამყვანის ზურგსუკან, კადრში საგამოძიებო ჯგუფს შორის მილენა სარანგიძე შეამჩნია. წარბშეკრული სერიოზული სახით ესაუბრებოდა ჭაღარა მამაკაცს და დრო და დრო მძიმედ უქნევდა თავს. უშხვანმა მოსაუბრეში ჭკადუა ამოიცნო და ყბაზე კუნთი დაეჭიმა. აშკარად რამდენიმე დღის წინანდელ ჩანაწერს იმეორებდნენ, რადგან რეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან მიმდინარეობდა. - წვრილი ფული ხომ არ გექნება? - იკითხა და სახე უკმაყოფილოდ მოეღრიცა - ხურდა არ მაქვს. უშხვანმა სუსხიანი მზერა ტელევიზორს მოაშორა და გამყიდველზე გადაიტანა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა კაცი დააფრთხო. ნერვიულად შეისწორა სათვალე და აბლუკუნდა - წვრილ ხურდებად დაგიბრუნებო, მაგრამ ხელის აწევით შეაჩერა. - პური დაამატე და ხურდა შენთვის დაიტოვე. გამყიდველი მაშინვე შებზრიალდა და ხის თაროდან ახალი პური ჩამოუღო. ნაყიდი პროდუქტები ცელოფანში ჩაულაგა და კლიენტს გაუწოდა. უშხვანმა გამოართვა. მადლობა გადაუხადა და ისე გავიდა მაღაზიიდან ტელევიზორისთვის აღარ შეუხედავს. აუჩქარებლად გაუყვა ლამპიონებით განათებულ ქუჩას, როცა ჯიბეში ტელეფონი აუზუზუნდა. ხელი ჩაიყო და სმართფონი ამოაძვრინა. ეკრანზე აბონენტის სახელს, რომ მოჰკრა თვალი ტუჩებზე უნებურად გადაეფინა თბილი ღიმილი. - მილენა?... გამარჯობა მეგობრებო. დასაწყისისთვის პატარა შესავლით შეგაწყენთ თავს <3 თავშივე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ამ ნაწარმოებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს <3 არცერთ ჩემს შემოქმედებაზე არ დამიხარჯია ამდენი ენერგია, ნერვები თუ დრო, როგორც "ჩიხზე". იქიდან გამომდინარე, რომ რთულ თემებს ვეხები სტრესული იყო ამ საკითხზე მუშაობა და მთელი ამბის ისე გადმოცემა, რომ ფაქტები არ დამემახინჯებინა, არც მოსაწყენი ყოფილიყო თხრობა და ჩემი სტილიც შემენარჩუნებინა წერისას. მოკლედ, ნამდვილი გამოწვევა იყო ჩემთვის. ვაღიარებ, არ მეგონა თუ ბოლომდე მივიყვანდი, მაგრამ აქ ვარ და გიზიარებთ იმას, რასაც არაერთი ღამე თუ დღე შევწირე <3 ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პერსონაჟები თავს შეგაყვარებენ, რადგან მე პირადად მესამე ნაწილში უფრო ვიგრძენი მათთან მჭიდრო კონტაქტი ვიდრე აქამდე <3 რაც შეეხება უშუალოდ პირველ ეტაპს, რომელიც აიტვირთა... იმედი მაქვს შესავლისთვის საკმარისი ინტრიგა შემოგიყარეთ. ხაზს ვუსვამ დააკვირდით დეტალებს, ჩემი ეშმაკები დეტალებში იმალებიან ;დდდ <3 ვგიჟდები თავსატეხებზე და მომკალით! <3 საწყის თავებში უკვე შევეხე ისეთ თემას, რომელიც კარგად ახსოვს ძველ თაობას, თუმცა ოფიციალური ცნობები როგორც ასე სამწუხაროდ არ მოიძებნება. (თუ, რატომ ამას არ ჩავუღრმავდები...) ნაწარმოები აგებულია რეალურ ფაქტებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი ფანტაზიაც აქტიურ როლს თამაშობდა წერისას და გამოვიდა ის რაც გამოვიდა <3 გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ ძალიან ვცდილობდი ყველა პროცედურა რაც სამართლის თემას ეხება, რეალორ პრაქტიკასთან მიმემსგავსებინა, ეს მაინც არ არის ის რეალობა <3 გვახსოვდეს, რომ კრიმინალური ნაწარმოებია და არა დოკუმენტური ფაქტები, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად უნდა იყოს დაცული <3 ბევრი ვილაპარაკე, იმედი მაქვს მოგეწონათ და ველოდები თქვენს შთაბეჭდილებებს კომენტარებში <3 მიყვარხართ და წარმატებულ დღეს გისურვებთ უკლებლივ ყველას <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



