“ხეს ნუ დაეჯახები” I
1 ფეხსაცმელი ძალიან მიჭერს. ამიტომ არ უნდა დამებარებინა დედასთვის. 36 ზომა აწერია, მაგრამ, ფაქტია, არ არის. ეს ხასიათში გადამდის და ნერვებმოშლილი სკოლის გადავსებულ ეზოში ხეს საცოდავად ვეყრდნობი. ჩვენი ბოლო ზარია. მალე აქ აღარ ვიქნებით, აღარც გაკვეთილები, აღარც ამდენი წლის ნაცნობი სახეები. მიხარია, თან ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი წელი სკოლაში ისედაც აღარ დავდიოდით, ყველა ჩვენს გასაჭირში ვიყავით, მასწავლებლიდან მასწავლებელთან დავრბოდით და, ამ მხრივ, დიდად არაფერი შეიცვლება, ვგრძნობ, რომ ეს ერთი ეტაპის დასასრულია და ჩემი ცხოვრების ახალ საფეხურზე უნდა გადავხტე. ეს საძაგელი ფეხსაცმელი ყველა თითზე მაჭერს და გამწარებულმა სახლში გადასვლა და გამოცვლაც კი გადავწყვიტე, რომ თავზე ჩემი აბეზარი კლასელი-მურო, წამომადგა და გაკვირვებით მომაშტერდა. - რა გჭირს? - მკითხა და შეშინებულმა ნაბიჯი კიდევ უფრო წინ გადმოდგა. - რა მჭირს? - გამიკვირდა მისი ასეთი ტონი და ოდნავ ჩამეცინა. - სისხლი მოგდის, გოგო, - მაჯაზე მკიდებს ხელს და სადღაც მიმათრევს, - გამოშტერდი? - ინსტიქტურად ჩემს ფეხებს დავხედე და წამიერად გავიფიქრე, რომ ფეხსაცმელმა თითები გამიჭრა, სისხლი თქრიალით გადმომდიოდა და ამან შეაშინა მურადი. თუმცა არაფერი მჭირდა. თავი უნდა ამეწია, რომ ცხვირიდან წვეთები ჯერ ტუჩებთან ვიგრძენი შემდეგ კი ჩემს ხელებზე დავლანდე. - რა ჯანდაბაა.. - ხელი სახესთან ავიფარე და მუროს მივყევი, - არ გაქვს რამე? რომ მოვიწმინდო, რა დროს ეს იყო! ძალიან გაღიზიანებული ვარ. ვითომ ფეხსაცმელი არ მეყოფოდა, ახლა ცხვირიდან სისხლდენაც. მართლაც, რა დროს ეს იყო. ბოლოს 7 წლის რომ ვიყავი და სკოლის სპორტდარბაზში მგელობანას ვთამაშობდი, მაშინ წამომივიდა ცხვირიდან სისხლი, ისიც იმიტომ, რომ მგელმა მარჯვენა ხელი სახეში მომიქნია, დაგიჭირეო. - არ მაქვს ხელსახოცი, ირმასთან მივიდეთ, - სკოლის პირველ სართულზე, ხელმარცხნივ მეორე კარის სახელურს ჩქარა წევს და ირმა ექიმის გამხდარ სახესაც ვხედავ. ირმა ექიმთან კვირაში სულ მცირე 3ჯერ მაინც ჩავდიოდი ხოლმე სკოლის პერიოდში, ოღონდ ჩემთვის არა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ჩემს კლასელებს გადაეწყვიტათ, რომ მე მათი ძიძა ვიყავი და, თუ ვინმეს თავიდან თმის ღერი უვარდებოდა, ხელს ჩამავლებდა და ირმასთან მიმათრევდა. ამიტომ ირმა კარგად მიცნობდა, სანამ ჩემს რომელიმე კლასელს ნახშირს გაუმზადებდა და კარგად მყოფს დაიგულებდა, მანამდე ვლაპარაკობდით ხოლმე, ანუ კვირაში მინიმუმ 3ჯერ ამდენი წლის განმავლობაში. ირმა 2 ბიჭს პერანგზე წარწერას უკეთებდა, ჩემს დანახვაზე სახე შეეცვალა. - კატო, რა მოხდა, მოდი, მოდი, - პერანგებს თავი მიანება, ხელი წამავლო და პაციენტის ადგილას გამაწვინა, - დაგეტაკა ვინმე? - ხეს დაეჯახა, ირმა ექიმო, - სრული დარწმუნებით აცხადებს მურო. - რაა? არ დავჯახებივარ ხეს, - ვაპროტესტებ გაოცებული და ოდნავ ვიწევი კიდეც, თუმცა ირმა ექიმი ხელის მსუბუქი მოძრაობით ისევ მაწვენს. ბიჭების ფრუტუნი ყურში მძიმედ მხვდება. - როგორ არ დაჯახებიხარ, ჩემი თვალით დაგინახე, - ჯიბრში მიდგას მურადი და ჩემს შეურაცხად, დასისხლიანებულ სახეს არ იმჩნევს. - რა შენი თვალით დამინახე, არაფერს დავჯახებივარ, ხეს ვეყრდნობოდი უბრალოდ, - თავს ვიმართლებ და ლამის ხელით ვიწევ მუროსკენ. ირმა მაკავებს, ცხვირში რაღაც სითხიან ტამპონებს მაჩრის და შუბლზე ცივს მადებს, - მართლა, დედას გეფიცები, არ დავჯახებივარ ხეს, - თვალებში ვედრება მახატია ალბათ და ვცდილობ შეუმჩნევლად გავაპარო თვალი იმ ბიჭებისკენ, რომლებიც მუროს გვერდით ამოსდგომოდნენ და დიდი ალბათობით ფიქრობდნენ, რომ დებილი, ბრმა გოგო ვიყავი, რომელმაც ამხელა ხე ვერ დაინახა. ირმა ექიმს ჩუმად ეღიმება. - აბა, რა დაგემართა? წნევა ხომ არ გაქვს? ტიტე, დე, უჯრაში აპარატი დევს და მომაწოდე, - ეუბნება ორიდან ერთს, შავგრემანს და ისიც მაშინვე გვაწვდის აპარატს. ვამჩნევ, რომ მურადის სიტყვებმა გაახალისა და ვუბღვერ. რამდენიმე წამი ხმას არავინ ვიღებთ. სიჩუმეში თავი კიდევ ერთხელ შემახსენა ფეხსაცმელმა და ვინ იცის, მერამდენედ მივალანძღე ჯერ ჩემი თავი გუშინდელი სიზარმაცის გამო და შემდეგ მურადი იმ სიტყვებისთვის. - წნევა გაქვს, კატო, თან 150/100ზე, ინერვიულე რამე? ამიტო წამოგივიდოდა სისხლი, - ამოვისუნთქე, სისხლი იმიტომ წამომივიდა, რომ წნევა მაქვს და არა იმიტომ, რომ ხეს დავეჯახე. ენის ქვეშ რაღაც წამალი დამადებინა, - ემოციური დღეა თქვენთვის, მესმის, მაგრამ თავი კი არ უნდა მოიკლა, გოგო. - არ ვნერვიულობდი მაგაზე, საერთოდ არაფერზე ვნერვიულობდი, - ვბუტბუტებ თავდახრილი და არ ვიმჩნევ, როგორ მაკვირდებიან ბიჭები. - იყავი აქ ცოტახანს, დაგიწევს ახლა წნევა, სიცხეც მოქმედებს. ბავშვებო, გადით თქვენ, მივხედავ მე, - ეუბნება ბიჭებს, პერანგებზე უცებ წარწერას აკეთებს და კაბინეტიდან უშვებს. გასვლამდე კიდევ ერთხელ გამომხედა ტიტემ. *** ისტორიაზე მივდიოდი და თან გულში ვიმეორებდი 30 გაკვეთილიდან რომელიღაცას. ბოლო ზარის შემდეგ კიდევ ორჯერ წამომივიდა ცხვირიდან სისხლი, ანალიზებში არაფერი იყო, ამიტომ ექიმმა გამოცდების წინა პერიოდს გადააბრალა და დედაჩემმაც ამოისუნთქა. ისე მაჭერდა მზე, ჩქარი ნაბიჯით ვცდილობდი, რომ მოსამზადებელ ცენტრამდე მალე მიმეღწია და ნორმალურად ამომესუნთქა. ის იყო რაღაც ბინას გავცდი, რომ ველოსიპედმა შემოუხვია, მოულოდნელობისგან გვერდით ვისკუპე, ხეს მივეჯახე და ქვებზე დავვარდი. შავი უზარმაზარი ველოსიპედიდან მარდად გადმოხტა ჩემი უბნელი და ხშირი თანამგზავრი 13 წლის გიო და შეშინებული მომვარდა. - კატო, ვაიმე, რამ შეგაშინა, გოგო, - ადგომაში მომეხმარა და ბინის წინ, ონკანთან წამათრია, - სისხლი მოგდის, - მიმითითა იდაყვზე და ხელის გულზე. - უი, რას იძახიი, კი ვერ ვიგრძენი, - ხელი გამოვგლიჯე გაღიზიანებულმა და წყალში გადარეულ სისხლს გაბრაზებული დავაცქერდი. - გიო, სალამი! - ესალმება ვიღაც უკნიდან და მეც ვიხედები. ჩემი ექიმის შვილის დანახვაზე თავში აზრები მერევა. - ტიტე, როგორ ხარ, ძმა? - მეტიჩრულად პასუხობს გიორგი და ხელის ჩამოსართმევად მიდის. - კარგად, შენ როგორ ხარ? - ხელს ართმევს ღიმილით და მერე მე მაცქერდება, - რა დაგემართა? - ხეს დაეჯახა, - სიტყვის თქმას მასწრებს გიორგი და თავში სისხლი მექცევა. შავგრემანს მზერა ჩემიდან გიორგიზე, გიორგიდან კი ისევ ჩემზე გადმოაქვს. აშკარად ეცვლება სახე. გაკვირვებულია. - რაა? არა! - ვლუღლუღებ მე. - სულ დაისისხლიანა ხელი, - ისე აცხადებს გიორგი, ვითომ მაგის ბრალი საერთოდ არ იყო. ეს პატარა გაიძვერა. - წამო, დედა შეგიხვევს, სახლშია, - მიმითითებს იქვე, პირველ სართულზე. - არ მინდა, მადლობა, მაგვიანდება, კარგად! - შერცხვენილი და აწითლებული სწრაფად ვავლებ ხელს ჩანთას და ჩქარი ნაბიჯით ვტოვებ იქაურობას. - ეგრე ინფექცია მიგეჭრება, - შორიდან მესმის მისი ხმა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ისტორია პირველს მომაყოლეს და დასახიჩრებული ხელით სახლში მალევე გამომიშვეს. ჩემმა დაქალმა და მეზობელმა, განომ, ხელი შემიხვია და მილიონჯერ დამცინა. - როგორი ბიჭია, სიმპატიურია,ხო? - კოკაკოლას წრუპავდა და თვალებს ეშმაკურად მიბრიალებდა. - განო, შემეშვი! რა მნიშვნელობა აქვს, დებილი ვგონივარ. ხეს დაეჯახა ორჯერო, ფიქრობს, ღმერთო! - თავს ბალიშში ვრგავ. - ძაან საყვარლობაა, კაი რა, - დამცინის ისევ, - მოგწონს? მოგწონს, იეს, - ყვირის და ხტუნვას იწყებს. *** სამივე გამოცდა რომ უკან მოვიტოვე, ბედნიერი და მოცლილი სულ გარეთ ვიყავი. სანამ ჩემები შვებულებას აიღებდნენ და დასასვენებლად წავიდოდით, მანამდე მე და განო ჩვენს უბნელებთან ერთად ხან ფეხბურთს ვთამაშობდით, ხან ქალაქში დავსეირნობდით. ერთ დღეს პარკში როლიკებით კატაობისას ირინკა გავიცანით. ჩვენზე 1 წლით უფროსი და უკვე მეორე კურსზე გადასული თავის გამოცდილებებს გვიზიარებდა და აღელვებულებს, გამოცდის ქულებზე დარდს ცოტახნით გვავიწყებდა ხოლმე. ირინკა ფეხბურთზეც დავიმატეთ და ჩვენი უბნის თავის, ნოდარი ბაბუას ჩურჩხელებსაც ვაჭმევდით ყოველ საღამოს. მალევე ირინკამ თავის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა მე და განო. ირინკა ირმა ექიმის სადარბაზოში მეორე სართულზე ცხოვრობდა და განო თავს იგიჟებდა, რომ ტიტეც აუცილებლად იქ იქნებოდა. ჯინსის კაბა და თეთრი მაისური ჩავიცვი, განომ მსუბუქი მაკიაჟი გამიკეთა და გამოპრანჭულები საღამოს ირინკასთან ავედით. იქ ვნახე მესამედ ჩვენი სკოლის ექიმის შვილი და ის მეორეც, ქერა დათა, ირინკას ძმა. ვინაიდან არც ცხვირიდან მომდიოდა სისხლი და აღარც ხელები მქონდა ნატკენი, გამხიარულებული ხან ირინკას ველაპარაკებოდი და ხან მის ოჯახის წევრებს. - ძაან სიმპატიურია და ბოლო 5 წუთში 5ჯერ მაინც გამოგხედა, - მეჩურჩულება გვერდიდან განო და სახეზე ალმური მედება. - განო, რას ბოდავ, გაჩუმდი, - წყალს ვიღებ დასალევად და ტიტესკენ ვაპარებ მზერას, ისიც მაშინვე ჩემკენ იხედება. - კატო, განო, მოდით, ჩემს შარშანდელ ბანკეტის კაბას განახებთ, - თავის ოთახში გავყავართ ირინკას. - ჩემი აზრით, ტიტეს კატო მოწონს, - კაბის სანახავად შესულებს, გვეჯგიმება ირინკა და ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით გაბედნიერებული ლოგინზე გულაღმა წვება, - რა კარგი ხარ, სიყვარულო! - აცხადებს თან. ისეთი სიცილი მიტყდება მისი აბსურდული სიტყვების გააზრებისას, რომ ვეღარც ვჩერდები. მალე განო და ირინკაც მყვებიან და ცრემლებამდე ვიცინით. სუფრასთან დაბრუნებულებს დათაც გამხიარულებული გვხვდება. - კატო, წნევა კიდევ ხომ არ გქონია? ან ხეს კიდევ ხომ არ დაჯახებიხარ? - ფხუკუნებს და ქვეშ-ქვეშად გვიყურებს მე და ტიტეს. - არ დავჯახებივარ მაშინ ხეს, საიდან მოიტანა მურომ ეგ არ ვიცი. - ხელი თუ მოირჩინე? - აგრძელებს დათა. - არც მაშინ დავჯახებივარ ჩემი მიზეზით ხეს, - ტიტეს ვაცქერდები მე, რადგან ამ ამბავს დათა არ შესწრებია, ჩამშვები ქვეშ-ქვეშ იღიმის, - გიო მეტაკებოდა ველოსიპედით და უკან რომ დავიხიე, მაშინ მივეჯახე ხეს, - ვუხსნი მე. - ვიცი, მითხრა გიომ, - თავს მიქნევს და ისე მიღიმის, თვალებს მომენტალურად დაბლა ვხრი. ის საღამო სიცილ-კისკისში გავატარეთ, ირინკას მამამ უამრავი ხუმრობა მოგვიყვა, გაიხსენა ძველი დრო და ჩვენი პატარა ქალაქი. გაიხსენა, როგორ დატოვა პატარა ირინკამ ონკანი მოშვებული და ჩარეცხა ირმა ექიმის ბინა. როგორ გაუტეხეს 4 წლის ტიტემ და დათამ ერთმანეთს თავები ზღაპრის წიგნებით. მეორე დღეს ზღვაზე წავედი 10 დღით, იქიდან კი სოფელში ბებიასთან. შედეგების გამოქვეყნების დღეს დავბრუნდი ჩემს ქალაქში, მე სამართალზე ჩავირიცხე. განო ფილოლოგიურზე. ირინკამ დამწუხრებით მითხრა, ტიტე გერმანიის რომელიღაც უნივერსიტეტში ისწავლის სამედიცინოზეო. ამ ამბიდან 7 წელი ისე გავიდა, რომ ჩემს დიაგნოზამდე ტიტე აღარც მინახავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


