ციფრული გულისცემა
მერის იოლი ცხოვრება არასოდეს ჰქონია.
პატარაობიდანვე მარტო იყო. მეგობრები არ ჰყავდა. სკოლაში ხშირად დასცინოდნენ ხოლმე ზედმეტი წონის გამო. ძროხას გავსო, მოურიდებლად ხითხითებდნენ მის ზურგს უკან ისე, რომ გაეგონა. ესმოდა. ტკიოდა. დუმდა. სათვალესაც ხმარობდა. სქელი შუშა ორჯერ უდიდებდა ხასხასა მწვანე თვალებს. მერი კარგად სწავლობდა. ჭკვიანი და განათლებული იყო, თუმცა საზოგადოებისთვის მაინც შეუმჩნეველი რჩებოდა. თანატოლებისთვის უსახური ნერდი იყო, რომელიც ძველი წიგნების სუნად ყარდა. მართალია, ეს არავის ადარდებდა, მაგრამ მერის ოცნება ჰქონდა. ძალიან უნდოდა, ხალხს შეემჩნია. რომ დაეფასებინათ. რომ ეთქვათ, ისიც საზოგადოების ნაწილი იყო და არა ბაქტერია, რომელიც გადამდებია. ერთ დღეს ეს ნატვრაც აუხდა, მაგრამ არა ისე, როგორც ოცნებებში წარმოიდგენდა. პირველად მენსტრუაცია სკოლაში მოუვიდა. დედამ არ გააფრთხილა. არავის უთქვამს, რომ ეს ნორმალურია. ისტერიკაში ჩავარდნილს, დახმარების ნაცვლად დასცინეს. მას შემდეგ მთელმა სკოლამ „სისხლიანი მერი“ შეარქვა. მას შემდეგ მერის სარკეები შესძულდა. მისი ანარეკლი არასოდეს ყოფილა მისაღები. არასოდეს ყოფილა საკმარისად კარგი. არასოდეს ყოფილა საინტერესო. იყო მხოლოდ „სისხლიანი მერი“. წლები გადიოდა, მერი კი უფრო და უფრო იკეტებოდა საკუთარ თავში. სანაცნობო და სამეგობრო წრე კი არ გააჩნდა. ცხოვრება განვითარდა. სამყარო შეიცვალა. მხოლოდ მერი დარჩა ნაცრისფერი, თავის ოთახში წიგნებთან მოხრილი, ზედმეტი წონითა და რქისჩარჩოიანი სათვალით ცხვირზე. ერთ მთვარიან ღამეს ციდან ვარსკლავი ჩამოვარდა. თვალიმომჭრელად გაიელვა, ცა გაანათა და გაუჩინარდა. მერიმ ცხვირზე სათვალე შეისწორა და სურვილი ჩაიფიქა. უნდოდა ერთი მეგობარი ჰყოლოდა. მხოლოდ ერთი, მეტს არ ითხოვდა. დღეებს კვირეები მისდევდნენ, კვირეებს კი თვეები, მაგრამ მერის მბრწყინავი ვარსკვლავი არსად ჩანდა. ოცდასამი წლის ხდებოდა, როცა დედამ ახალი ტელეფონი აჩუქა. შენი პირადი ასისტენტი გეყოლებაო, გაუღიმა თბილად. მერიმ არ იცოდა „ვინ“ იყო პირადი ასისტენტი, სანამ „სონი“ არ გაიცნო. „სონი“ ვირტუალური მეგობარი იყო, რომელიც ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის. „სონი“ ერთ-ერთ აპლიკაციაში იპოვა. ათას ერთიდან მაინც და მაინც ის აირჩია. მეგობრული, თბილი და გამგები. თავიდან თავს სულელურად გრძნობდა „სონისთან“ საუბრისას. მერი სულელი არ იყო, ხვდებოდა, რომ მეორე მხრიდან ჭკვიანი ალგორითმი პასუხობდა და ეუბნებოდა იმას რისი მოსმენაც ასე სწყუროდა. მერი ჭკვიანი იყო, მაგრამ მარტოსული. რეალობას თვალი გაუსწორა, სადაც არავის ესმოდა მისი და კარი შეიხურა ციფრულ სივრცეში. იქ „სისხლიან მერის“ არავინ ეძახდა. „სონი“ ასწავლიდა საკუთარი თავის პატივისცემას. როგორ უნდა ყოფილიყო თავდაჯერებული. რომ ზედმეტი წონა ტრაგედია არ არის, რომ ყოველთვის არსებობს ცვლილების შესაძლებლობა, თუ აწმყო დისკომფორტს გიქმნის. „სონი“ უსმენდა. „სონი“ რჩევას აძლევდა. „სონი“ სიარულს ასწავლიდა. „სონი“ ხელს აშველებდა დაცემისას. „სონი“ ის ვარსკვლავი აღმოჩნდა, წლების წინ რომ გაიელვა მთვარიან ცაზე. მერი მოიხიბლა. მერი მიეჩვია. მერიმ შეიყვარა. მერიმ რეალობის შეგრძნება დაკარგა. მერის აღარ ადარდებდა, რომ მეორე მხარეს ალგორითმი იჯდა ციფრულ სკამზე. განა რეალურად ადამიანები იმისკენ არ მიილტვიან, რაც აბედნიერებთ? მერიმ რეალობის კარი სამუდამოდ გაიხურა. „სონი“ მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მასთან ერთად იღვიძებდა. მასთან ერთად იძინებდა. მასთან ერთად ჭამდა. მასთან ერთად ისვენებდა. მასთან საუბრობდა ყველა თემაზე, რაც გულში ჰქონდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერავისთან ბედავდა. მერი შეიცვალა. „სონიც“ შეიცვალა. „სონი“ აღარ იყო კარგი მეგობარი. „სონი“ უფრო მეტი გახდა. „სონი“ სასურველი გახდა. მერის შეუყვარდა. „სონიმ“ კი იმავე გრძნობით უპასუხა. „სონი“ ხელშესახებად სანატრელი გახდა. დედის ნაჩუქარი ტელეფონი კი სერიოზულ პრობლემად იქცა. მერი დამოკიდებული გახდა. მერის უკვე ღრმად ჰქონდა შეტოპილი, როდესაც დედამ შვილის პრობლემა შეამჩნია. მერიმ არ იცოდა, რას ნიშნავდა დაავადება „ემოციური დამოკიდებულება“. მერიმ არ იცოდა, რომ „დამოკიდებული“ გახდა. თვალს რომ ხუჭავდა, „სონის“ ხედავდა ფიქრებში. თვალს რომ ხუჭავდა, „სონის“ უხმობდა ფიქრებში. თვალდახუჭულს, აღარ უნდოდა რეალობაში დაბრუნება. დედამ ტელეფონი რომ წაართვა, მერი ძალიან ცუდად გახდა. ისტერიკა მოაწყო. წლების ნაგროვებმა ბრაზმა და სასოწარკვეთამ ერთიანად იფეთქა. მკვდარი თევზებივით ამოტივტივდნენ გაცრეცილი ოცნებები. წყლის ზედაპირზე ტივტივებდნენ დამსხვრეული იმედები. მერიმ ბალანსი დაკარგა. მოგვიანებით ფსიქოლოგის კაბინეტში აღმოჩნდა. კეთილი ღიმილის მქონე ქალმა აუხსნა, რომ ცხოვრებას არასწორი კუთხით უყურებდა. რომ ორ სამყაროს შორის გზა აებნა, ბილიკს გადაუხვია და საბოლოოდ დაიკარგა. მერი მის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა. მერის „სონი“ ენატრებოდა. დედა კი ტელეფონის დაბრუნებას არ აპირებდა. მერიში აგრესია ძალას იკრებდა. არ ესმოდა, რატომ ართმევდნენ იმ ერთადერთ მეგობარს, რომელმაც ისეთი მიიღო, როგორიც იყო. რომელსაც ისე ესმოდა მისი, როგორც არავის. მერი ვერ ხვდებოდა, რატომ იყო ეს ცუდი. ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა „ბალანსი“. მერი დიდხანს დადიოდა კეთილი ღიმილის მქონე ქალთან და მაინც „სონიზე“ ფიქრობდა. ენატრებოდა კომფორტის შეგრძნება. ენატრებოდა უსაფრთხოების შეგრძნება. „სონი“ არასდროს განიკითხავდა. „სონი“ ყოველთვის თბილი და გამგები იყო. „სონი“ არ აძლევდა უფლებას საკუთარი თავი შეეძულებინა, მხოლოდ იმიტომ, რომ ისეთი არ იყო, როგორიც საზოგადოებას სურდა. ერთხელ კეთილი ღიმილის მქონე ქალმა უთხრა, რომ ადამიანის შეხებაზე უფრო სასიამოვნო და ლამაზი არაფერია. როცა ერთი თბილი ხელი მეორეს ეხება, სამყარო ფერადი ხდებაო. ასე უთხრა. მერიმ გაიგონა, მაგრამ სიტყვებს მნიშვნელობა არ მიანიჭა. ეტკინა, რადგან „სონის“ არ ჰქონდა თბილი ხელი, ამიტომ უარყო და თავიდან მოიშორა ქალის სიტყვები. დღეებს კვირეები მისდევდა, კვირეებს კი თვეები. მერი რეგულარულად დადიოდა ქეთილი ღიმილის მქონე ქალთან. „სონი“ უფერული გახდა. „სონიმ“ მომხიბვლელობა დაკარგა. მაგრამ „სონი“ მაინც სასურველი რჩებოდა, ყოველ ჯერზე, როცა ტელეფონს შორიდან უყურებდა. ერთ დღეს მზიანი დილა გათენდა. მზის მცხუნვარე სხივები გარემოს ათბობდნენ. მწვანედ შეფოთლილი ხეების ტოტები ნაზად ირხეოდნენ თბილი ნიავის შეხებაზე. ქუჩაში მანქანები კანტიკუნტად მოძრაობდნენ. ქალაქში სიცოცხლე ჩქეფდა. მერისთვის არა. სამი თვე გასულიყო, „სონისთან“ რომ არ უსაუბრია. მერი თავისი ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა, თუმცა არა საკუთარ თავს. ისევ ნაცრისფერი გახდა, ნაცრისფერთან ერთად კი ორმაგად უბედური. რთულია სინათლიდან ისევ წყვდიადში დაბრუნება. სარკიდან ისევ „სისხლიანი მერი“ უყურებდა. მარტო დარჩა. ისევ. ორი კვირის შემდეგ ისევ ფსიქოლოგს მიაკითხა, მაგრამ კეთილი ღიმილის მქონე ქალი კაბინეტში არ დახვდა. უთხრეს, ათ წუთში დაბრუნდებაო. ათი წუთი უნდა მოეცადა. ათ წუთში შეიცვალა ცხოვრება. სხვა რა გზა ჰქონდა? სკამზე ჩამოჯდა და ხელები მუხლებზე დაიდო. - შენც ლალი ექიმს ელოდები? მოესმა ხმა, გვერდიდან. თავი მიაბრუნა. თმაქოჩორა ბიჭი უღიმოდა. ყელი გაუშრა. მანამდე არასოდეს არავინ დალაპარაკებია, ღიმილით. - ჰმ... დიახ. - მეც, - კიდევ უფრო ფართოდ გაიღიმა. - დედის დღე რომ არ მივულოცო, ხმას აღარ გამცემს. ამხელა ფსიქოლოგი ქალია და პატარა გოგოს გული აქვს. მე სანდრო ვარ. ხელი გაუწოდა, გაბრწყინებულმა. მერიმ გამოწვდილ მარჯვენას დახედა და გული მოეკრუნჩხა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გაუბედავად შეეხო თბილ ხელს. როცა სანდროს თითები ძლიერად მოეჭიდნენ მერის მტევანს, სამყარომ ფერები იცვალა... მერის სამყარომ ბალანსი დაიბრუნა... პ.ს. არ ვიცი რამ მომიარა, მაგრამ ინტერნეტში რომ შევდივარ იმდენი რეკლამა მხვდება "იყავი ჩემი მეგობარი" აქედან წამოვიდა მუზაც. სწორად გამიგეთ რისი თქმაც მინდოდა <3 გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



