"სიყვარული თვით რაფლეზია" (+18)
მე მერიემი ვარ!
„არ მინდა თვითგვემაში ვიყო, არ მინდა ის დეპრესიულობა, არ მინდა ის საშინელი ცხოვრება... მე მერიემი ვარ — ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და როგორი უნდა იყოს.“ ჩემი და ისევ მესტუმრა და ახლა მართლა დრო იყო, ის დამხმარებოდა. უბრალო და ადამიანური საუბარი უნდა გვქონოდა; ჩემი ფსიქოლოგიური აზროვნება სადღაც გვერდით უნდა გადამედო და დის რჩევებისთვის უნდა მიმექცია ყურადღება. მარია დარჩიაზე უნდა მომეყოლა - ასე ხშირად რატომ იღვიძებდა ჩემში ის და რატომ არ მანებებდა თავს... - თაიკო, იცი, მარია დარჩია ისევ ჩემთან არის? - რას გულისხმობ? - ის თავისი თვისებებით ძალიან ხშირად იღვიძებს ჩემში და იმ წარსულში მაგდებს, რომლის დავიწყება და გათავისუფლება მისგან ასე ძალიან მინდოდა... - რატომ იღვიძებს შენში ის ადამიანი, რომელიც ერთ დროს ადგილზე მოსვი? - ადგილზე მოვსვი? ეს სასაცილოა. უბრალოდ, მასთან დავტოვე... მასთან, ვინც უყვარდა, ვისთანაც ბედნიერი იყო, თუნდაც ტკივილით. მაგრამ ახლა ასეთი სიმძაფრით რატომ იღვიძებს ჩემში? ეს უკვე აღარ ვიცი. არეული, დაბნეული და გაურკვევლობაში ვარ... - გატკინა? - შენც ხომ იცი, რომ დაშორების შემდეგ სულ მტკენდა. დაშორების მერე სულ მეგონა, რომ მიყენებდა. დაშორების შემდეგ მეგონა, რომ აღარ ვუყვარდი... - მონატრება? - დაშორების შემდეგ სულ მენატრებოდა. მისი ერთი მესიჯზეც კი მასთან გავრბოდი, ვეხუტებოდი, ხარბად ვისუნთქავდი მის სურნელს. - ახლა? -ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს. მერიემს - არა, მაგრამ მარიას დღემდე ენატრება... - სიყვარული? - არ ვიცი, ალბათ მარიას დღემდე უყვარს. - მარია დარჩია ვინ არის შენთვის? -შენც ხომ იცი, არა? მარია დარჩიამ რამდენი რამ დამაკარგვინა. ის სუსტია, იმდენად სუსტი, რომ იმას არ უშვებს, რომ მხოლოდ ის კი არა, მისი მეორე ნახევარიც იყო დამნაშავე... - გეშინია? არ ვიცოდი, ეს დიალოგი სადამდე მიმიყვანდა, მაგრამ თაიას ყველა კითხვაზე უნდა გამეცა პასუხი. ყველა მის კითხვაზე მკაფიო და სრული პასუხი უნდა მქონოდა... - შიში მის მერე არ ვიცი რა არის, რაც მერიემი გავხდი... - ნებას მისცემ, შენში იმ არსებამ გაიღვიძოს, რომელიც... კითხვა გავაწყვეტინე. - არა, მე არ შემიძლია მას ისევ ცხოვრება დავანგრევინო. არ მინდა ვენები გადავიჭრა, არ მინდა წამლები დავლიო, არ მინდა თვითგვემაში ვიყო, არ მინდა სუიციდისკენ მიდრეკილი ვიყო, არ მინდა ის დეპრესიულობა, არ მინდა ის საშინელი ალკოჰოლიკის ცხოვრება... არ მინდა და არასოდეს იქნება! თაია, მე მერიემი ვარ — ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და როგორი უნდა იყოს... -არ მისცე უფლება წარსულს, ისევ გაგახსენოს თავი. შენ ძლიერი ხარ და მჯერა მე შენი. - გამივლის, თაიკო, გამივლის. - გარი? - გარი... გარი კარგა ხანია არ გამოჩენილა. - ხევსურეთში ვაპირებთ ასვლას და გარიც იქნება. აქ იმიტომ ვარ, რომ წაგიყვანო. - უარით რომ გაგისტუმრო? - რაო, შენი საამაყო სიძის დაბადების დღეს გამოტოვებ? - არა, რა თქმა უნდა. - ხოდა, მიდი, ჩაალაგე ნივთები და წავიდეთ. - სამი დღე, მეტი ვერა. - კარგი, სამი დღის მერე მე თვითონ დაგაბრუნებ თბილისში, გპირდები. ოხ, ისევ ხევსურეთი და ისევ გარი... ნამდვილად არ ვიცოდი, იქ რა მოხდებოდა, მაგრამ გარიზე ფიქრს ვბლოკავდი და ამან განაპირობა, სავარაუდოდ, წარსულის ამოხეთქვა ჩემში... ხომ გითხარით, ხევსურეთი თვით საოცრებების ადგილია-მეთქი. ჩემი და გარის ადგილიც არის... ხომ გითხარით, ოღონდ ჩემი საოცრების წელი არ იყოს-მეთქი. არადა, ჩემი საოცრების წელი აღმოჩნდა. ზუსტად იქ, სადაც გავიზარდე, სადაც თითქმის ყველაფერი ვისწავლე და სადაც ძიძა სიყვარულზე მესაუბრებოდა, მასწავლიდა, თუ როგორი ტკივილით აღსავსე იქნებოდა სიყვარულისკენ მიმავალი გზა. ძიძა მართალი იყო, რომ სიყვარულში ბევრი ტკივილია. იმედგაცრუებებით აღსავსეა სიყვარულისკენ მიმავალი გზა, მთავარი სიყვარულში კი ნდობა, ერთგულება და ურთიერთპატივისცემაა. ალბათ ბავშვობაში გაგიგონიათ, სიყვარული ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდააო. სიმართლე გითხრათ — დიახ. სიყვარულს შეუძლია რადიკალურად შეგცვალოთ, როგორც მე — გარეგნობიდან დაწყებული, თვისებებით დამთავრებული... ვინ ხარ, გარი გრეი? „ყველაფერი იდუმალი მიმზიდველია, მაგრამ ყველაზე დიდი საიდუმლო მაინც ისაა, რასაც ადამიანი საკუთარ თავში საგულდაგულოდ მალავს.“ ხევსურეთი ულამაზესი ბუნებით, რელიეფითა და საოცარი სილამაზით არის გარშემორტყმული. მე პირადად, ხევსურეთში როცა ვარ, ფეხით სიარული არ მბეზრდება - მუდამ შემიძლია, დაუსრულებლად ვიარო... გზაში ვიყავით, ჩემმა დამ საუბარი რომ წამოიწყო: - იცი, გარიზე ბევრი არაფერი ვიცით... - რას გულისხმობ? - გარიზე მხოლოდ ის ვიცით, რომ ამერიკაში ცხოვრობდა წლების მანძილზე. ალბათ გვარიდან გამომდინარე მიხვდებოდი, რომ ქართველი არ არის, მაგრამ ასე კარგად, უაქცენტოდ ქართული ენის ცოდნა, ცოტა არ იყოს, უცნაურია. არადა, საქართველოში ოთხი წელიც არ არის, რაც ცხოვრობს - ზოგჯერ სად არის, ზოგჯერ სად... - ვერ მიგიხვდი, რას გულისხმობ? - იმას, რომ გარი გრეი ქართველია, მაგრამ ამას საგულდაგულოდ მალავს. მისი იერი ძალიან ჰგავს ქართველისას. უაქცენტოდ საუბრობს, სწორი და გამართული ქართულით. მართლმადიდებელი ქრისტიანია, ქართულ მონასტრებზე ჩვენზე მეტი იცის და საქართველოს ისტორიაც ასეთი დოზით მხოლოდ ქართველებმა ვიცით... - შენს ქმარს არაფერი ჰკითხე? - ხომ იცი, ჩემი ქმრის მეგობრებს, პარტნიორებსა თუ ნაცნობებს კარგად ვიცნობ. მასზე კითხვაც არ დამჭირდებოდა, ისე მომიყვებოდა ყველაფერს. ასეც მოხდა - რაც გითხარი, მხოლოდ ისაა ცნობილი გარიზე... - საიდან იცნობენ ერთმანეთს? - ასე, სადღაც ხუთი წლის წინ, ამერიკაში ყოფნის დროს გავიცანით. პარტნიორებთან შეხვედრა გვქონდა და მათთან ერთად იყო. რომ მოვიდნენ, ყურადღება მხოლოდ მან მიიქცია - თავისი იერით, მანერებითა და „გამარჯობათი“. ამ ერთ სიტყვაში გამოიხატა მისი მთელი ემოცია; ისე ამოთქვა, თითქოს რაღაც ახალ სიცოცხლეს ჩაბერაო. მაშინ ვკითხე, არც კი მომრიდებია, ქართულად ვკითხე: „თქვენი სახელი?“ - „გარი“... - „ანუ, გაიგეთ, რაც გკითხეთ?“ - „დიახ, ქართული კარგად ვიცი...“ გაჩერდა. თაიკო მთელი ემოციით მიყვებოდა. - მერე, თაიკო? - მერე ერთი უცნაურობა შევნიშნე: კონტრაქტზე ჩემს გვარს დაცქეროდა, თითქოს იქ ნაცნობი გვარი ამოიკითხა. რაღაც უცნაური შეგრძნება მქონდა... როგორ აგიხსნა, თითქოს რაღაც ამოიკითხა ამ გვარში, რაღაც ძალიან ნაცნობი. შემომხედა და კონტრაქტს ხელი მოაწერა... არ ვიცი, რა დამემართა, ჩემს ქმარს ისე ჩავჭიდე ხელი - შიშმა კი არ ამიტანა, რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა, ვერ ვხსნი. მერე პარტნიორობა დავიწყეთ. საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა, თუმცა ხშირი კონტაქტი ჩემს ქმარს უფრო ჰქონდა მასთან, ვიდრე მე. მერე დაძმაკაცდნენ კიდეც, მაგრამ გარი თავის თავზე არაფერს ყვებოდა. - იქნებ, უბრალოდ, დედით ქართველია... - არ ვიცი, არ ვიცი... ეჭვებში მაგდებდა თაიკო. მეც სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი - თითქოს მანამდე კითხვაც არასოდეს გამჩენია მისი წარმოშობის შესახებ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ უბრალოდ ერთხელაც არ მიფიქრია იმაზე, რაც თაიკომ მითხრა, თუმცა ისტორია, რომელიც მომიყვა, საკმაოდ დასაფიქრებელი იყო... მთელი გზა ვფიქრობდი. ფიქრები გონებიდან არ გადიოდა და თავში სულ ერთი და იგივე კითხვები მიტრიალებდა: ვინ ხარ, გარი გრეი? რატომ ხარ ასეთი უცნაური? რას მალავ, გარი გრეი? უკვე თითქმის მისულები ვიყავით... - თაიკო, იქნებ თბილისში დავბრუნდეთ? - გეყოფა, მერიემ... არა, შიშმა კი არ ამიტანა, უბრალოდ გარის მიმართ უცნაურ სიუცხოვეს ვგრძნობდი. ვინ იმალებოდა გარი გრეის მიღმა? ახლა მე ფსიქოლოგი მქვია, თუმცა სიყვარულმა დამაბრმავა. თავში უამრავი აზრი მომდიოდა - იქნებ უბრალოდ უაზრობაზე ვფიქრობდი და მართლაც დედით ქართველი იყო? არა, სასწრაფოდ უნდა გამექრო ეს აზრები გონებიდან… ჭაობისფერ თავისუფლებას ჭაობი გითრევს, მიგათრევს შიგნით. რაც უნდა ეცადოთ, იქიდან ვერ ამოხვალთ. ასეთია სიყვარული — მის მარწუხებში მიგათრევთ და თავის დაღწევას ვერ ახერხებთ. ეზოში შევედით. აივანზე იდგა და სიგარეტს აბოლებდა. სიგარეტით ხელში პირველად ვნახე, არც კი მეგონა, თუ ეწეოდა. რა სექსუალური იყო, რა მიმზიდველი... და მაინც უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში, თუ რას მალავდა. გარისთან ყოველი მცდელობა უნდა გამომეყენებინა და გამეგო. გეგმაც შევადგინე. აივანზე ვიჯექი, გარი რომ მომიახლოვდა. - აიღე... - მადლობა ლუდისთვის... - როგორ ხარ აბა? - როგორც ყოველთვის, კარგად. შენ როგორ ხარ, გარი? - ვცდილობდი, მაქსიმალურად მშვიდი ვყოფილიყავი და მთავარ კითხვებზე სწრაფად არ გადავსულიყავი... - არამიშავს... - და რაფლეზია? - არის რა, ზოგჯერ ისევ მღრღნის თავისი მძაფრი სუნით... - გარი გრეი... - ჩუმად გავიმეორე და მთელი ემოცია ამოვაყოლე. - უკაცრავად? - არაფერი. ხევსურეთის ისტორიები იცი? - შენ კონკრეტულად რა გაინტერესებს? - ის, რომ ხევსურეთზე მეც კი არ ვიცი ამდენი ისტორია, რამდენიც შენ... - მერიემ, რა გინდა? გაღიზიანდა, თითქოს რაღაც ისეთი ვთქვი, რაც ფორიაქს იწვევდა მასში. - უბრალოდ, მინდა გაგიცნო... - შენ უკვე მიცნობ. - სულაც არ გიცნობ, გარი გრეი... - რას გადაეკიდე ამ ჩემს სახელსა და გვარს? - ასე რატომ ფორიაქობ, ასე რატომ გეშლება ნერვები? - სულაც არ ვფორიაქობ და არც ნერვები მეშლება. - მაშინ მითხარი, ვინ ხარ, გარი გრეი? ადგა და სახლში შევიდა, დამაიგნორა. პასუხი ისევ არ მქონდა ჩემს კითხვებზე. გაურბოდა რაღაცას ეს ბიჭი, რაღაცას მალავდა, რაც შიგნიდან ანადგურებდა... მედიტაციისთვის ისევ ჩემს ადგილს მივაშურე, სანამ საღამოსთვის ემზადებოდა ჩემი სიძე... მედიტაციის შემდეგ ვიჯექი და გავყურებდი გარემოს, ჰორიზონტს ვუყურებდი და ვფიქრობდი სიყვარულზე, რომელიც ისევ არსებობდა ჩემში და მე ისევ შევძელი, შემყვარებოდა ადამიანი, რომელიც არც კი ვიცოდი, ვინ იყო. სინამდვილეში არც კი ვიცნობდი მას... უეცრად უკნიდან ხმა მომესმა. - მერიემ, - გვერდით მომიჯდა. - აქ რა გინდა? - რომ ვერ დაგინახე, მივხვდი, რომ აქ იქნებოდი. - და რატომ მოხვედი? - რა გჭირს, მერიემ? - არაფერი, რა უნდა მჭირდეს? - რაღაც სხვანაირი ხარ, გაურკვეველ კითხვებს მისვამ. - გახსოვს, გითხარი, პაციენტთან არასოდეს მექნება გარკვეული ურთიერთობა-მეთქი. - მერე? - მერე ის, რომ ყველაფერი დამთავრდა... - და შენ ასე, ერთი ხელის მოსმით ამთავრებ? - მე არ ვიცი, ვინ ხარ. - შენ მშვენივრად იცი, ვინც ვარ... - მე მხოლოდ ის ვიცი, რომ რაფლეზიით ხარ შეპყრობილი და ჩემში ეძებ შენს პირველ სიყვარულს... - შემაწყვეტინა საუბარი. - მერიემ, გეყოფა, ნუთუ ვერ ხვდები... - რას ვერ ვხვდები, გარი? - რეალობის აღქმა დაკარგე. - და შენ ვინ ხარ, გარი გრეი? - გთხოვ, ნუ სვამ ასეთ სისულელე კითხვებს... - რატომ? გაურკვეველი ადამიანი ხარ თუ გეშინია რამის? - გეყოფა-მეთქი! - იყვირა და ყურებზე ხელი მიიფარა. - რატომ ყვირი? რატომ ღიზიანდები, თუ არაფერს მალავ? - არაფერს ვმალავ, მერიემ, არაფერს... - კარგი, კარგი... - მოდი ჩემთან... - გაურკვეველ ადამიანებთან ურთიერთობა არ მაქვს... — გამოვეცალე, წამოვედი და დავტოვე მარტო თავის ფიქრებთან. არ შემიძლია, სიუცხოვეს ვგრძნობდი, თან მეშინოდა, იგივე ტკივილის მომტანი არ ყოფილიყო ეს სიყვარული... საღამოც მოვიდა. დავლიეთ, გავერთეთ, მაგრამ გარისგან ძალიან მოშორებით ვიყავი. თითქოს უფსკრული გაჩნდა ჩვენს შორის, ძალიან გაიზარდა ჩვენს შორის მანძილი და ეს მტანჯავდა, მაგრამ ჯობდა, მასზე არ მეფიქრა. არეული ვიყავი და ჭიქას ვუმზერდი, რომელსაც ხელში ვათამაშებდი. მხოლოდ მე ვიჯექი მაგიდასთან და გარშემო არავის ვუყურებდი, თითქოს ჩემს ფიქრებში ისე ჩავიძირე, რომ მისგან გამოღწევა არც მიფიქრია... - ჩემო მშვენიერო, გაერთე, ნუ გხედავ ასეთს... - გაბრაზებული ტონით მითხრა... - ხომ არ გეწყინება, რომ დავიძინო... - ძალიან დაღლილი ხმა მქონდა... - მეწყინება, ცოლისდაო, მეწყინება, - გაბრაზებული იყო. - მაპატიე, რომ უხასიათოდ ვარ, უბრალოდ დავიღალე. - მატყუებ... თავი ჩავღუნე, ვცდილობდი, თვალებში არ ჩამეხედა. - შენ და გარი, არა? - რა მე და გარი? - უცებ თავი ავწიე და ავინთე, თითქოს ცეცხლი მომეკიდა მთელ სხეულზე... - თავს ნუ ისულელებ, ყველაფერს ვხვდები... - ერთ დღეს აუცილებლად მოგიყვები, ოღონდ ახლა არა... - რამე მოხდა? - არაფერი, უბრალოდ დავიღალე, ოთახში ვიქნები... არ ვიცი, როდის ჩამეძინა. ზუსტად ის სიზმარი ვნახე, მაშინ, ბათუმში დასვენების დროს რომ დამესიზმრა. თბილი თითების შეხებამ გამომაფხიზლა და რეალობაში დამაბრუნა. ჯერაც ძილბურანში ვიყავი, ყურთან ნაზი და ალერსიანი ჩურჩული რომ გავიგე... - მენატრები, ჩვენს შორის მანძილი ორივეს დაგვღუპავს... სველი კოცნა ვიგრძენი კისერში. როგორ მინდოდა, მოვხვეოდი, როგორ მინდოდა, ჩემთან ყოფილიყო, როგორ მინდოდა, მკერდზე მივხუტებოდი და მისი სუნთქვა გამეგო, როგორ მინდოდა მასთან... ჰო, მაგრამ არაფერი გავაკეთე, საერთოდ არაფერი. ის ისე გავიდა, თვალებიც არ გამიხელია და მისთვის არ შემიხედავს... წამოვჯექი საწოლზე, მუხლებში ჩავრგე სახე, შევეცადე გამეაზრებინა, რა ხდებოდა ჩემს თავს. ახლა ყველაზე უსუსურ ბავშვად ვგრძნობდი თავს, ყველაზე მიუხვედრელ ბავშვად. არ ვიცი, რა უნდა გამეკეთებინა. იქნებ მართალი იყო გარი და ეს სიშორე დაგვღუპავდა, მაგრამ პასუხები ჩემს კითხვებზე... აგრესია იყო მხოლოდ, დაუოკებელი ნერვების მიზეზიანი ან უმიზეზო ფეთქვა... ავდექი და გარეთ გავედი. უკვე ყველანი დაშლილიყვნენ და ეძინათ. წითელი ღვინის ბოთლი და ბოკალი ავიღე, გარეთ, აივანს მივაშურე, ჩამოვასხი ჩემი წითელი სითხე და უსასრულო ჰორიზონტს შევცქეროდი, თან შევექცეოდი წითელ სითხეს... ბევრი ვიფიქრე. გაქცევას აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც ან იქნება კითხვებზე პასუხები, ან დავასრულებდი იმ ურთიერთობას, რომელიც მაბედნიერებდა. მაგრამ მაინც, იქნებ არც უნდა დაწყებულიყო? ხო, აი, ახალი კითხვაც. მთელ ღამეს ინაცვლებდა თავში კითხვები. კითხვები კითხვებს ცვლიდნენ, რომლებზეც პასუხები ისევ არა და არ ჩანდა... დილით მისაღებში, სავარძელში ვიჯექი პლედში შემოხვეული და მუსიკას ვუსმენდი... მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი. წესით, უნდა შემშინებოდა, ჩემს სამყაროში ვიყავი გადანაცვლებული, ჩემს აზრებსა და ჩემს ფიქრებში, მაგრამ არ შემშინებია. ვიგრძენი ის თბილი შეხება, რომელიც მთელ სხეულს მითბობდა და თავისუფლების შეგრძნებას მიტოვებდა... - დილა მშვიდობისა, გარი... - თვალი არც გამიხელია, ისე ვუთხარი... - დილა მშვიდობისა, პრინცესა... ვიგრძენი მისი ცხელი ტუჩების შეხება. მისი კოცნა მაბედნიერებდა, მივსებდა მთელ დღეს და თავისუფლების შეგრძნებას მიბრუნებდა. ჩემი მამაკაცი იყო ჩემი ბედნიერება და ჩემი თავისუფლების ადამიანი... - ადექი, მიდი, ნუ მიიკუნჭები ახლა მანდ პატარა ბავშვივით, მშია მე... - და მე რა ვქნა? - აწიე ეგ ლამაზი საჯდომი და რამე გემრიელობა მოამზადე... - მეჩვენება თუ მიბრძანებ? - გეჩვენება, პატარავ... - ოჰ, ოჰ, გარი... ჩემი ადგომა და მისი ცხელი ტუჩების შერწყმა ჩემს ტუჩებთან ერთი იყო. მთელი სხეული ამენთო, ვიგრძენი, როგორ დავსველდი და ვიგრძენი, როგორ მინდოდა მისი კოცნა. ვიგრძენი ის, რაც მთელი ეს დღეები მაკლდა და მაცარიელებდა. ვისაუზმეთ. სამწუხაროდ, ცენტრიდან ზარი მივიღე, რომელიც აუცილებელი საქმისთვის მიხმობდა. - ვინ იყო, მშვენიერო? - ჩემი ასისტენტი, - უემოციოდ ვუთხარი. გარის მზერა დავიჭირე, დაცარიელებული და გატეხილი იყო მისი მწვანე თვალები. - რაო? - ის საქმე ხომ გახსოვს, სკოლებისთვის პროექტი რომ გავაკეთე და ყოველწლიურად სკოლის მოსწავლეებისთვის რომ უნდა ჩავატაროთ ტრენინგები, ლექციები, თერაპიები და ა.შ. ჰოდა, ახლა პროექტი დამტკიცდა და ხვალ დილით მუშაობას უნდა შევუდგეთ. - ხომ ვამბობ, საოცარი ცოლისდა მყავს-მეთქი, რასაც არ უნდა მოჰკიდოს ხელი, ყოველთვის წარმატებით იწყებს და ამთავრებს. - ბავშვებს სჭირდებათ ინფორმაცია, რომელსაც სკოლაში არავინ აწვდის. სჭირდებათ, ვრცლად ესაუბრო იმ საკითხებზე, რომლებზეც სკოლაში არ ესაუბრებიან და სჭირდებათ კითხვებზე პასუხები... - მშვენიერია, წარმატებები... - მადლობა, გარი... - მოკლედ, ამ საღამოს ვბრუნდები თბილისში, ტაქსს გამოვიძახებ... - მოიცა, მშვენიერო, ტაქსი არ გინდა, გარი ბრუნდება დღეს თბილისში და წაგიყვანს... - მოემზადე, მზად როცა იქნები, წავიდეთ... საღამოს ხუთი საათი იყო. მის გვერდით ვიჯექი და ვცდილობდი, ჩუმად ვოფილიყავი. მას არ ვუყურებდი, ფანჯრიდან ვაკვირდებოდი ჩემი ხევსურეთის ბუნებას... - პატარავ, მაპატიე, კითხვებზე პასუხები არ მაქვს. ამის გამო ჩვენს შორის უფსკრული არ დაუშვა, გთხოვ. უბრალოდ დრო მომეცი, დრო, რომ ყველა შენს კითხვას პასუხი გავცე... ხმა არ ამომიღია, მისი თბილი თითები ჩემს ცივ თითებს რომ შეერწყა... - როგორ გაყინულხარ... - ასე ვარ, როცა რაღაცაზე ვნერვიულობ ან განვიცდი, ბავშვობიდან... - რაზე დარდობ, პრინცესა? თინეიჯერს ვგავდი, ასეთი სახელებით რომ მომმართავდა, მაგრამ მე ეს მომწონდა, მაგრძნობინებდა, რომ ჯერაც პატარა ბავშვი ვიყავი, თუნდაც სკოლის მოსწავლე... - სადარდებელი ძალიან ბევრია... მანქანა გადააყენა და გააჩერა... - რას აკეთებ? სკამის საზურგე უკან გადაწია... - მოდი ჩემთან... - რას აკეთებ? - მოდი ჩემთან-მეთქი. ხელი გამომიწოდა, მეც შევაგებე ჩემი ხელი და უცებ მის კალთაში აღმოვჩნდი. პატარა ბავშვივით მიმიკრა გულზე. მის გულისცემას ვგრძნობდი, როგორ მავსებდა და მაბედნიერებდა, როცა ვხვდებოდი, რომ ეს გულისცემა მე მეკუთვნოდა, რომ ჩემი არსებობა მისთვის ასეთი ამაღელვებელი იყო... - როგორი პატარა ხარ ზოგჯერ. მე ასეთიც მომწონხარ, დაბნეული რომ ხარ და გაურკვეველი, თან კითხვებიც რომ გაწუხებს, თავს რომ იგიჟებ ამ კითხვებით. დამიჯერე, მიჰყევი ცხოვრების დინებას და ერთ მშვენიერ დღეს მე შენ გეტყვი, ვინ ვარ სინამდვილეში. ნუ ღელავ, არაფერს გავნებ, რადგან მე შენ გარეშე არ შემიძლია... თავი ავწიე და მის ჭაობისფერ თვალებს ჩავხედე. ოჰ, მითრევდა ამ ჭაობში, ოღონდ ეს მშვენიერი და ამაღელვებელი თავისუფლების ჭაობი იყო. მისი სითბო, მისი ყურადღება, მისი ემოციები, მისი ყოველი ნათქვამი სიტყვა როგორ მაბედნიერებდა, როგორ მავსებდა და თავისუფლებას მანიჭებდა. ჰო, მე შემიყვარდა და ეს ნამდვილი ვიცოდი... - შენი ჭაობი მომწონს. მინდა, რომ თავით გადავეშვა და შენმა მკლავებმა არასოდეს გამიშვას... - მე შენ ვერ დაგთმობ, რადგან მე შენით ვსუნთქავ... მისი დაკუნთული ხელები მომხვია, ასე ჩახუტებულები არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავით, დროის აღქმა დავკარგეთ... როგორ მინდოდა, დრო გაჩერებულიყო და ასე, მის გვერდით მთელი ცხოვრება გამეტარებინა. ჩემი ბედნიერება იყო, რომელსაც არც კი ვიცნობდი... - სახლში წახვალ? - გინდა, დავრჩე? - ხომ მითხარი, ცხოვრების დინებას მიჰყევიო... - მოდი, პატარა, ჩაგეხუტო... - არ მოდიხარ, ხო? ისევ დაიკარგები, გასაგებია... - მოდი, ადამიანო, ჩამეხუტე, ნუ გიყვარს ეს ზედმეტი კითხვები... მისკენ მიმიზიდა და ჩამიხუტა. მის სურნელს ხარბად ვსუნთქავდი, როგორ მინდოდა, არ წასულიყო, მაბედნიერებდა... - კარგი, პატარავ, ნახვამდის... წავიდა. გასაგები იყო, ისევ გადაიკარგებოდა... დღე დღეს მისდევდა, გარი კი არ ჩანდა. დრო საერთოდ არ მქონდა, ამიტომაც მისი მოძებნა არ მიცდია… მონატრება უცნობი გრძნობაა "გენატრებოდეს უმიზეზოდ, გენატრებოდეს ადამიანი, რომლის მიმართაც თითქმის არაფერს გრძნობ, ჩემში რაღაც ახალ გრძნობას ბადებს. მაგრამ ეს გრძნობა რისი მომასწავლებელია, ნამდვილად არ ვიცი." ჩემი პროექტის მიმდინარეობისას ერთ-ერთ გადაცემაში მიმიწვიეს თემაზე „სიყვარული და დეპრესია“. პირველად მაშინ ილაპარაკა მერიემა ხმამაღლა მარია დარჩიას სიყვარულზე და მის მერე განვითარებულ დეპრესიაზე... - მერიემ, თქვენ ოდესმე გყვარებიათ? - სტუდენტობის პერიოდში. ეს მართლაც წმინდა სიყვარული იყო... - მის მერე? - არა, ის იყო და ის... - მოგვიყვებით? - არასოდეს მისაუბრია საზოგადოებაში ჩემს პირველ აღმაფრენაზე. მასზე საუბარი დღესაც მირთულდება. ეს არ იყო პირველი ნახვისას შეყვარება, ეს იყო გაუცნობიერებელი და ამავდროულად გაცნობიერებული სიყვარული. მოკლედ, ყველაფერი სტუდენტობის დროს დაიწყო. პირველკურსელი გოგონა ვიყავი, მაშინ ყველაფერი გათვლილი მქონდა და იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნოდი, ვინც წინასწარ გეგმავს, ამიტომაც სიყვარული გეგმაში არ მქონდა. მაგრამ ხომ გაგიგიათ - სიყვარულმა არც დრო და არც გეგმები არ იცის, ჰოდა, პირველ კურსზე მყოფს შემიყვარდა თავდავიწყებით. მან ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ჩვენი ურთიერთობა სწრაფად ვითარდებოდა, ყველაფერი ქორწინებამდე მიგვყავდა. ვოცნებობდით იმ თავდავიწყებულ წუთებზე, რასაც ქორწილი ჰქვია, მაგრამ ყველაფერი ნიშნობიდან ხუთი თვით ადრე დასრულდა. ეს უბრალოდ ჩხუბი მეგონა, ამიტომაც დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ შიში ყოველთვის მქონდა ყოველი ჩხუბის შემდეგ დაშორებაზე. მაშინაც გამიელვა თავში ამ ფიქრმა, მაგრამ ეგრევე შევაჩერე, მეგონა გადაგვივლიდა, მაგრამ არა. მან დაიწყო შემოთვლები, ბოლოს - ბრახ, და იქ ვსეირნობდი, სადაც ორივე ხშირად დავდიოდით და მაშინ მეტკინა პირველად. მაშინ გავაცნობიერე, რომ ჩვენი სიყვარულის დასასრული თვითონ დაწერა. ერთ თვეში ახალი ურთიერთობა წამოიწყო, ამან კიდეც დამანგრია, ცხოვრების იმ ეტაპამდე მიმიყვანა, რომ გარშემო ყველაფერს ნელ-ნელა ვანგრევდი. - დაშორების შემდეგ რა გადაიტანეთ? - ღრმა ეგზისტენციალურ დეპრესიაში ვიყავი. თქვენ იცით, ეს რას ნიშნავს, მაშინ არც მე ვიცოდი. ჯერ დამეწყო ჩაკეტილობა, არავის დანახვა მინდოდა, ადამიანები ჩემი არსებობიდან გაქრნენ. ღამეები მითეთრდებოდა ტირილში, მერე დალევა დავიწყე, ალკოჰოლიკის გზას დავადექი. ჩემი ოთახი კი ბოთლების სანაგვეს ჰგავდა, ყველა კუთხეში ბოთლები იყო. მერე ც ვცადე, ეს დღემდე არავინ იცის - ვენები თვალის დახამხამებაში გადავიჭერი. ამან არ გაამართლა, მერე წამლები დავლიე, არც ამან გაამართლა. ისევ ვსვამდი. ერთ დილას საწოლიდან რომ ავდექი და სარკეში ჩავიხედე, ჩემი თავი ვერ ვიცანი - იქიდან ვიღაც მახინჯი, ვიღაც დედაკაცი მიცქერდა, კანკალებდა და თან ლომკა ჰქონდა. მაშინ მივხვდი, რომ ის თვალები, რომლებიც ჩასისხლიანებული მქონდა, ისევ უნდა ამენთო... - ალბათ დიდი ძალის მოკრება დაგჭირდათ... - მთლიანი ორი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ იმ ჯოჯოხეთიდან თავი დამეღწია. - მის მერე ნახეთ? - დრო იყო, ჩემით მანიპულირებდა. რა თქმა უნდა, იმ გოგონას როცა დაშორდა, მომძებნა და ჩემით დაიწყო მანიპულირება, მაგრამ მალევე დავაღწიე თავი. იცით, რაც უნდა გიყვარდეთ, თავი არ გაუყადროთ ისეთ ადამიანებს, ვისაც თქვენი მანიპულირება და დამორჩილება სურთ... - და მის მერე რატომ არ გყვარებიათ? - მის მერე, მგონი, ფლირტიც არ მქონია... - გამეცინა... - შიში იყო? - ფობიები არა, უბრალოდ დრო არასდროს მქონია. მის მერე მხოლოდ ჩემი კარიერა არსებობდა, მეტი არაფერი. მის მერე მისდამი სიყვარულიც გავაქრე, თუ გაქრობა ჰქვია ამას... - ისევ გიყვართ? - ამას სიყვარულს ვერ დავარქმევ, ან როგორ უნდა მიყვარდეს მანიპულაციების მოყვარული კაცი, რომელიც ამით პოულობს სიამოვნებას... - რას ურჩევდით ჩვენს მაყურებელს, თუ სიყვარულის დასრულების შემდგომი დეპრესია აქვთ? - ფსიქოთერაპიას. თერაპიას გამოვყავართ, თერაპიის გარეშე ჩემი ცხოვრება ისევ ისეთი იქნებოდა. თქვენით არასოდეს მიიღოთ ანტიდეპრესანტები ან მსგავსი მედიკამენტები, ამით ვერაფერს გამოასწორებთ. საკუთარ თავს გაუფრთხილდით, არავის მისცეთ მანიპულაციის უფლება და გახსოვდეთ - ჩვენივე ცხოვრება ჩვენ გვეკუთვნის. თერაპია გამოსავალია იმ საშინელი პერიოდიდან თავის დასაღწევად, რაშიც ახლა იმყოფებით. მეც არ მჯეროდა თერაპიების, მაგრამ მეტმა ვერაფერმა მიშველა. გადაცემის შემდეგ, ერთი კვირის მანძილზე - ახალი პაციენტები თავისი ისტორიებით... ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ შევძელი... გარისგან არაფერი ისმოდა, ისევ და ისევ... საღამოს სახლში ადრე დავბრუნდი, მეილი გავხსენი და წერა დავიწყე... „მონატრების ფენომენზე არ დაგიწყებ საუბარს. მენატრები. მეც ვერ ვხვდები, რატომ. როგორც შენ მითხარი: გენატრებოდეს უმიზეზოდ, გენატრებოდეს ადამიანი, რომლის მიმართაც თითქმის არაფერს გრძნობ, ჩემში რაღაც ახალ გრძნობას ბადებს. მაგრამ ეს გრძნობა რისი მომასწავლებელია, ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ ძალიან მინდა იმ სურვილების შეგრძნება, შეხება, რაც წარმოსახვაში იბადება... უცნაური ხარ შენი ცხოვრების წესივით, უცნაურია შენი ყველა ნაბიჯი და ეს ჩემი მონატრებაც უცნაურია, იმიტომ რომ არ ვიცი, ვინ ხარ... ალტერნატიული გზა, რომელიც არ მაქვს, არც გრძნობები მაქვს, არც შეხედულებები შენზე - მხოლოდ მონატრება მაქვს, რომელიც არც კი ვიცი, როდის წარმოიშვა ჩემში და არც ის ვიცი, როგორ მოვიდა ჩემამდე. ეს ჩემთვის უცნობი გრძნობაა... წვიმის წვეთებივით სადღაც ქრები, როგორც ამოუცნობი არსება მისი სტიქიებით. არ ვიცი, ვინ ხარ, მაგრამ მენატრები“. მის მერე ორ კვირაზე მეტი გავიდა, ის კი არ ჩანდა. მე ჩემს საქმეს ვაგრძელებდი. იყო მომენტები, სულაც გადამავიწყდებოდა ხოლმე გარის არსებობა, რადგან დრო ფიქრისთვის კი არა, ზოგჯერ ძილისთვისაც არ მქონდა… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



