წითელი ფეხსაცმელი [2]
ნია დაიძაბა. რაღაც ხდებოდა მათ შორის და ეს განსაკუთრებით მაშინ გახდა შესამჩნევი, როცა მამაკაცმა იგი კაზინოში მიიპატიჟა. ბარიერი, რომელიც ერთმანეთისგან აშორებდათ, თანდათან გაქრა, ალბათ გიგიმ დაიჯერა, რომ ნია მთლად ქუჩის ქალი არ იყო… თუმცა ამწუთას მის თვალებში მხოლოდ გახელებული ვნება შეინიშნებოდა. ნია საუკუნეა, პაემანზე არ ყოფილა, მაგრამ მამაკაცის მზერაში სურვილის ამოკითხვა არ გაძნელებია. მერე როგორი მამაკაცის! ღაწვებშეფაკლულს ოფლმა დაასხა. არა, ეს არ უნდა მოხდეს! მას რომანების დრო არა აქვს. ისედაც არ აკლდა პრობლემები, ახლა კი ეს «კრასავჩიკი» გამოუხტა. არადა, მის ყოველ შემოხედვაზე თავგზა ებნევა. არა, არა, ის თავმოყვარე გოგოა, ნებისყოფაც აქვს, ამიტომ იოლად ვერავინ დაითანხმებს, არაფერში სჭირდება თავის ზედმეტად ატკივება. ჯანდაბას! რომ ვერაფერს ახერხებს? სადღაც რომ გაქრა მისი თავმოყვარეობა და ლამისაა, მკლავებში ჩაუვარდეს ახვლედიანს? გული უფრო თავნება აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. ვეღარ იმორჩილებს, გვერდით მჯდომი მამაკაცისკენ ისე თავხედურად იწევს, ნიას არც ეკითხება. თანაც როდის! ყველაზე არახელსაყრელ მომენტში. კაზინოში მაინც არ ენახა! ხომ იცის, რომ ასეთ მამაკაცს ვერაფრით დაარწმუნებს თავის სიმართლეში. მოდი და აუხსენი ახლა, რომ იძულების წესით მოხვდა კახა დევიძის მეგობართა წრეში. არ არის სასაცილო? მორჩა! გადაწყვეტილება მიღებულია. მის ცხოვრებაში სასიყვარულო თავგადასავლების ადგილი არ დარჩა, თუნდაც ისეთ თავბრუდამხვევ მამაკაცთან, როგორიც გიგი ახვლედიანია. ერთადერთი, რაზეც უნდა იფიქროს, ვალების გასტუმრებაა. არავითარი რომანი! თან როგორ უყურებს? ვნებით სავსე თვალებით. დარწმუნებულია იმაში, რომ ნიას წასვლა არ უნდა. იქნებ ასეა? იქნებ მართლა დარჩენა სურს? რა მოხდება, მანქანიდან რომ არ გადავიდეს? მშვენივრად იცის, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს! მისი მოგზაურობის შემდეგი გაჩერება აუცილებლად გიგის საწოლი აღმოჩნდება… არა, ეს შეუძლებელია! მერე რა, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ქალებისთვის სასურველი მამაკაცის გვერდით ზის, მერე რა, რომ მისი გული უკითხავად მიიწევს მაცდუნებელი ბიზნესმენისკენ, მაინც უარის თქმა მოუწევს. მამაკაცის სხეულის სურნელს, რომელსაც ძვირად ღირებული სუნამოს ნაზი არომატიც ერთვოდა, მძაფრად გრძნობდა ნია, რაც კიდევ უფრო აღაგზნებდა. დრო თითქოს გაჩერდა. გოგონა დაძაბული მიყრდნობოდა საზურგეს და თითებს ნერვულად ატკაცუნებდა. გიგი მისკენ ოდნავ შეტრიალდა, ის პასუხს ელოდა. _ არ შემიძლია, _ დაიჩურჩულა გოგონამ, _ არ შემიძლია. _ რა არ შეგიძლია? _ ღიმილი ვერ შეიკავა ახვლედიანმა. შეკითხვამ მთლად დააბნია ნია. _ მე… მე… უნდა წავიდე, _ ხმა აუთრთოლდა. _ გა-სა-გე-ბიააა… რომ შეეცადო? _ შემპარავად იკითხა და გრძელი თითები ნაზად შეასრიალა ქალის თმაში, _ შეეცადე, _ ძლივს გასაგონად გაისმა მისი ნათქვამი. წამიც და… ნიამ დაინახა, როგორ მოუახლოვდა მამაკაცის ტუჩები მისას… კოცნა თავბრუდამხვევი აღმოჩნდა. გოგონამ თვალები დახუჭა და შეეცადა, არ ეფიქრა იმაზე, რაც ამწუთას მის თავს ხდებოდა. მთელი არსებით მიილტვოდა ახვლედიანისკენ. გიგის ბაგეები ცხელი იყო და ვნებიანი, რბილი და, ამავე დროს, მომთხოვნი… ნიას სხეული მოუდუნდა. სამყარომ მის ირგვლივ არსებობა შეწყვიტა. არავინ იცის, სანამ გაგრძელდებოდა თავგზაამბნევი სიამოვნება, გიგის მისთვის ხელი რომ არ შეეშვა. _ ეს წარმატებული ცდა იყო, შენი მხრიდან, პატარავ, _ ალერსიანად წარმოთქვა მამაკაცმა, თან ხელებს მაცდურად დაასრიალებდა ქალის შიშველ ყელზე, _ მაგრამ… _ და კვლავ ჩურჩულით გააგრძელა, _ სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს. შემდეგ ჯერზე შეიძლება უფრო სასიამოვნოდ გამოგივიდეს. ხვალ შევხვდეთ, უფრო რომანტიკულ გარემოში. ნია თითქოს გამოფხიზლდა, შემკრთალმა თავი უკან გადასწია. _ არა! გიგი წამით გაშეშდა. ნუთუ! დაიჯეროს, რომ გოგონას დაწყებულის გაგრძელება არ უნდა? უარი საკმაოდ გულწრფელი ჩანდა, ზედმეტად გულწრფელიც… მაგრამ ახლახან კოცნაზე რომ კოცნით უპასუხა? ასე მორჩილად რომ დაჰყვა მის ნებას? რა მოხდა? რა შეიცვალა? _ გაოგნებული უარის მიზეზს ვერ ხსნიდა. ნია კარს ისე აეკრა, თითქოს ვინმე მის ძალით დამორჩილებას ცდილობდა. _ დიდი მადლობა, რომ აქამდე მომიყვანეთ, მაგრამ უნდა წავიდე! _ ხმაჩახრინწულმა ძლივს ამოთქვა, აკანკალებული ხელებით ჩაიცვა გულზე მიხუტებული ფეხსაცმელი და ერთიანად გაფითრებული სახელურს დაეჯაჯგურა. გიგი მაჯაში წვდა. გოგონა ხაფანგში გაბმულივით მოიკუნტა. _ არ მინდა წახვიდე, _ თბილად უთხრა მამაკაცმა. ის არ ტყუოდა. გიგის მართლა არ უნდოდა, ეს ქალი მანქანიდან გადასულიყო და დაკარგულიყო მისი ცხოვრებიდან. უნდა მოეფიქრებინა, როგორ შეეჩერებინა იგი. მოეფიქრებინა ნებისმიერი რამ, ოღონდ კი დარჩენილიყო. ნიას უკვე აძაგძაგებდა. იმდენად ხმადაბლა, მაგრამ დარწმუნებით ლაპარაკობდა მამაკაცი, რომ გოგონას სუნთქვა შეეკრა. გაუჭირდა თავის ხელში აყვანა. _ თუკი მგზავრობის გასამრჯელოს ნატურით მოითხოვდით, თავიდანვე უნდა გაგეფრთხილებინეთ! მაშინ მომეცემოდა შესაძლებლობა, უარი მეთქვა თქვენს მომსახურებაზე, _ წამოიძახა გოგონამ და მაშინვე მიხვდა, რომ მტკივნეულ ადგილს შეეხო… მაგრამ ამწუთას ეს მისთვის სულერთი იყო, ერთადერთი, რაც უნდოდა, დროზე გაცლოდა აქაურობას. _ მართლა ქუჩის ქალივით ნუ იქცევი, შეწყვიტე, რა! ძლივს დავიჯერე, რომ ასეთი არ ხარ! რა მოგივიდა? _ მკაცრად შენიშნა მამაკაცმა. მისმა სიმკაცრემ უარესად დააფრთხო გოგონა. ახლა მანქანიდან რომ არ გადავიდეს და წავიდეს, აუცილებლად საშინელებას ჩაიდენს, გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებს და ეს საღამო მთელი ცხოვრება სანანებელი გაუხდება. _ ეს მხოლოდ გამოსამშვიდობებელი კოცნა იყო და მეტი არაფერი. ნახვამდის, ბატონო გიგი. ვიმედოვნებ, კახასნაირები არასდროს ესტუმრებიან თქვენს კაზინოს, ისევე, როგორც მე. ნიას ტონი დამაჯერებლად ჟღერდა, ოდნავ ცინიკურადაც კი. მამაკაცი უფრო ძლიერად ჩააფრინდა მაჯაში. _ რატომ? _ რა რატომ? _ გოგონამ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო. _ რატომ არასდროს ესტუმრები ჩემს კაზინოს? _ ჩამქრალი ხმით იკითხა გიგიმ, თან ცოცხალი თავით ხელს არ უშვებდა. გოგონას ესმოდა, რომ აუცილებლად უნდა გაეთავისუფლებინა ხელი მისი ღონიერი თითებისგან, მაგრამ ძალა აღარ შესწევდა, იმდენად სასიამოვნო იყო მისი შეხება. _ რატომ? გასაკვირი არაფერია. ჩემთვის უცხოა ასეთი ადგილები. ფული არ მაქვს, რომ აზარტული თამაშებით გავერთო. ხოლო სხვის ხარჯზე ცხოვრებას ჩვეული არ ვარ. _ ძალიან მსიამოვნებს ამის მოსმენა. ერთადერთი მამაკაცი, რომლის გვერდითაც შენს ხილვას ვისურვებდი, მე ვარ, ქალბატონო ნია!.. პატარა ნია! მოეჩვენა, რომ მამაკაცი დასცინოდა. უკვე ეჭვიც არ ეპარებოდა ამაში და სიბრაზისგან სახე აუპილპილდა. უხეშად გამოსტაცა მაჯა ხელიდან და გაშმაგებით მიახალა. _ სიმართლე გითხრათ, თქვენს სურვილებს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე არც ვარ და არც ერთი ღამის ქალი! ამიტომ ერთმანეთთან სალაპარაკოც არაფერი გვაქვს. მაპატიეთ უხეში სიტყვებისთვის, მაგრამ ასეა. ვიცი, ბევრი გოგო იქცევა ისე, როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ მე არ ვეკუთვნი მათ რიცხვს. მე სხვა წესებით ვცხოვრობ, _ ნიამ კარი გააღო, _ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და… ღამე მშვიდობისა! გოგონა მანქანიდან გადმოვიდა და აჩქარებული ნაბიჯებით გაემართა სადარბაზოსკენ. ცდილობდა, უკან არ მოეხედა. ძალიან უნდოდა, გაბრაზებულიყო მამაკაცზე, რომელმაც უხამსი წინადადება შესთავაზა, მაგრამ არ გამოსდიოდა. რაც უფრო შორდებოდა მანქანას, მით უფრო მატულობდა ტკივილი, თითქოს ყველაზე ახლობელს და ყველაზე სასურველს კარგავდა. ადამიანს, რომელსაც ამიერიდან ვერასდროს იხილავდა ცხოვრების გზაზე. ავტომობილის ფარები იქამდე უნათებდა გზას, სანამ სადარბაზოში არ მიიმალა. რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანა დაიქოქა და… ახვლედიანი თავის გზას გაუდგა. ნია კიბის სახელურს სიმწრით ჩაფრენოდა და მომხდარის გააზრებას ცდილობდა. ჯერაც ვერ გარკვეულიყო, რა ხდებოდა მის თავს. ვერ გაიაზრა, გიგისთან განშორებამ შვება მოჰგვარა, თუ სინანული. ცოტა ხნის შემდეგ ბარბაცით აუყვა საფეხურებს. გიგი ახვლედიანი! გიგი ახვლედიანი! _ რამდენჯერმე გაიმეორა თავისთვის. გვარ-სახელი ერთობ მაცდუნებლად ჟღერდა, ისევე, როგორც მამაკაცი, რომელსაც იგი ეკუთვნოდა. თვალწინ მისი მკაცრი ნაკვთები ედგა, მისი ათლეტური აღნაგობა მოსვენებას უკარგავდა. გეყოფა! _ შეუძახებდა შიგადაშიგ თავის თავს. რა აზრი აქვს, იოცნებო ადამიანზე, რომელიც შენი არასდროს გახდება? შეიძლება შეგხვდეს კიდეც, დაუვიწყარი დღეებიც გაჩუქოს, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ დროებითი იქნება? ისეთი ლოველასი, როგორიც ახვლედიანია, რომელიც ქალების კოლექციას აგროვებს, მისთვის არ არის დაბადებული. გარდა ამისა, ნიას ინტრიგული რომანებისთვის არ სცალია, მორჩა და გათავდა! მან ახლა მუშაობაზე უნდა იფიქროს, ფული აქვს დასაგროვებელი. ოდესმე შეძლებს ალბათ იმ ვალის გადახდას, ასე რომ უმწარებს ცხოვრებას. ღმერთო, როგორ გაება ასეთ უსიამოვნო ისტორიაში! რას ფიქრობდა, როცა ფულს სესხულობდა? არა უშავს, მოვა დრო და გამოძვრება. რაც მთავარია, მაკა არ აჩქარებს, მეგობარია, ბოლოს და ბოლოს. 8 8 8 _ ნია, ეს რა ჩაიდინე? _ მეორე დილით შეშფოთებულმა მაკამ დაურეკა, _ ხომ გთხოვე, კახას გვერდიდან არ მოშორდე-მეთქი. არ მეგონა, ასე თუ გამწირავდი! ნიამ იცოდა, დაქალი სცენებს რომ გაუმართავდა, ამიტომ პასუხი წინასწარ მოამზადა. _ ჰო, მართალი ხარ, მაკა, საღამო იმაზე ადრე დამთავრდა, ვიდრე გვეგონა. მაგრამ ჩემი ბრალი არ არის. შენ არ მეუბნებოდი, კახა მთელი ღამე თამაშში გაატარებს და დილით შეგიძლია შეუმჩნევლად დატოვო იქაურობაო? რატომღაც, ასე არ მოხდა. შენი კაცი იძულებული გახდა, დროზე ადრე დაეტოვებინა იქაურობა. მერე სასტუმროში წასვლა და იქ საუნაში გართობა გადაწყვიტეს. ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ. ამიტომაც წამოვედი. _ დიდი მადლობა დახმარებისთვის, _ ირონიულად გაისმა დაქალის ხმა, _ მაგარი სამსახური გამიწიე! შენი შემწეობით კახუჩელამ მთელი ღამე იმ ინდაურ ნათიასთან გაატარა, რომელიც ახლა ყელმოღერებული დადის. ჰგონია, ჩემთან ეგეთები გაუვა. ჯერ არ იცის, რა ელის. კარგად არ მიცნობს. _ ეგ ჩემი საქმე არ არის, მაკა. რაც შემეძლო, გავაკეთე. მაპატიე, თუ იმედები გაგიცრუე, _ უკმაყოფილოდ თქვა ნიამ, მეგობრის პასუხს აღარ დაელოდა და ყურმილი დაკიდა. «ჩემი დარდიც ეგ იყოს, რაც უნდათ, ის უქნიათ. ცუდი ის არის, რომ მაკას ზურგს ვერ ვაქცევ. ის რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ვერც ბანკის კრედიტს გადავიხდიდი და ვერც მაღაზიას გავხსნიდი. ანგელოზივით მომევლინა. განა შეიძლება ამის დავიწყება?» საინტერესოა, ნეტავ თუ იცის მაკამ, რომ მისი საყვარელი წარმატებული ბიზნესმენი კი არა, გარეწარი და ბანდიტია? ალბათ ეცოდინება. მაკამ რა არ იცის! მიწის გულში რა დევს, ისიც კი იცის! შუადღემდე დაჰყო მაღაზიაში, რამდენიმე კლიენტი გაისტუმრა და ცოტაოდენი თანხა რომ მოაგროვა, შინისკენ გასწია, რათა მერვეკლასელთა საკონტროლო წერის რვეულები გაესწორებინა. მოგვიანებით ჭურჭელი დარეცხა, სადილი მოამზადა და დაქანცული ტელევიზორს მიუჯდა. წუხანდელი საღამო მაინც თავში უტრიალებდა. რა ავტომობილში იჯდა?! თანაც როგორი მამაკაცის გვერდით?! ვერა და ვერ ამოიგდო თავიდან მასზე ფიქრი, რა ეშველება! თუმცა რა მისი ბრალია? გიგიმ თავად მოისურვა მისი გაცნობა, ხელახლა შეხვედრის სურვილიც კი გამოთქვა. მერედა, თუ იცის ნიამ, რატომ სურს ახვლედიანს მისი ნახვა? იმისთვის, რომ ღამე გაათიოს მასთან. ეგ არის და ეგ! მაგრამ ერთი ღამის სექსი ნიას ცხოვრების წესს რომ ეწინააღმდეგება? ამიტომ უნდა დაივიწყოს. ეს არის საუკეთესო გამოსავალი! მთავარია, ცდუნებამ არ სძლიოს და გიგის მომხიბვლელობის მსხვერპლი არ გახდეს, არ გაებას ხაფანგში. ამას ძლიერი ნებისყოფა სჭირდება. ეყოფა კი ძალა? ამ ფიქრებში იყო, ტელეფონი რომ აწკრიალდა. შეფიქრიანებული ყურმილს დასწვდა. _ ნი, დიანა ვარ, რას შვრები? _ დიკო, სიხარულო! სად დამეკარგე? რატომ არ დადიხარ სკოლაში? _ გაუხარდა თანამშრომლის ხმის გაგონება. _ მე გავთხოვდიიიიიიიი! _ რა-ა?! რას ამბობ, დიანა! გილოცავ, ჩემო კარგო, როგორ გამახარე! კარგი ბიჭია სიძე? _ ძალიან კარგი, საკმაოდ შეძლებულია, ნი, რა ვიცი. დარწმუნებული ვარ, რომ გაგიხარდა, ამიტომაც გეპატიჟები ჩემთან შაბათს, ჯვრისწერაზე. ჩემი ქმარი ბინას არემონტებს და ამიტომ დროებით ჩემს ბინაში ვიცხოვრებთ. ექვს საათზე გელოდები, კარგი? _ აუცილებლად მოვალ, აბა რას ვიზამ, აუცილებლად. ესეც ასე! დიანამ თავს უშველა, გათხოვდა. კარგია, რომ გაუმართლა. ობოლი გოგოა, არავინ ჰყავს. ღმერთმა ხელი მოუმართოს! ორმაგად სასიხარულოა, რომ ქმარი შეძლებული ოჯახიდანაა. შაბათი როდისაა? ორ დღეში. კარგია, იქამდე შეიძლება ცოტა გამოუკეთდეს გუნება. სალონში წავა, გაიპრანჭება… 8 8 8 საპარიკმახეროდან გამოსულმა ნიამ საგულდაგულოდ დავარცხნილ თმაზე ხელი გადაისვა და საათს დახედა. ორმოცი წუთი დააგვიანა, რას იფიქრებს დიანა? სასწრაფოდ გააჩერა ტაქსი. _ მადლობა ღმერთს, ნი! რატომ დაგაგვიანდა? _ გადაკოცნა დიანამ. _ სალონში რიგი იყო და ვერ გამოვაღწიე. მაპატიე… _ მოუბოდიშა გოგონამ და «ვუ ლე ვუ-ს» პარკი მიაწოდა პატარძალს, _ შენი საყვარელი სუნამო… _ ვაიმეეე, რა მაგარი ხარ! უღრმესი მადლობა, რატომ შეწუხდი, უამისოდ არ მიგიღებდი? _ რისი მადლობა, არ გრცხვენია? ჩვენ შორის ეგეთები არ იყოს! ბევრი სტუმარი გყავს? _ ნიამ ოთახში შეაბიჯა. _ არც ისე, ძალიან ვიწრო წრეში აღვნიშნავთ, იმიტომ, რომ ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. აი, ქორწილს რომ გადავიხდით, მერე ყველას დავპატიჟებთ. შემოდი, ზვიადი უნდა გაგაცნო. გოგონებს სიმპათიური ქერა ბიჭი გამოეგება. დიანამ ისინი ერთმანეთს გააცნო. ნიას მოეწონა სიძე, რომელიც მოსულს სასტუმრო ოთახში შეუძღვა. ნიას ლოყები შეეფაკლა, მაგიდასთან მსხდომთ რომ გადახედა. სკოლიდან მხოლოდ დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე და მათემატიკის მასწავლებელი თამრიკო შენიშნა. მან ხელით ანიშნა, ჩვენთან მოდიო. ნიამაც ღიმილით დაუქნია თავი და თამრიკოს გვერდით დაჯდა. კოლეგები თბილად მოიკითხა და სუფრას თვალი დაკვირვებით მოავლო, რომ სტუმრები შეეთვალიერებინა. მოულოდნელად თვალები გაუფართოვდა, ალმურმა აჰკრა სახეზე. სუფრის მეორე მხარეს, მისგან მარჯვნივ… გიგი იჯდა და ეშმაკური ღიმილით შესცქეროდა. აი, სიურპრიზი! აი, შეხვედრა! ამას აქ რა უნდა? ნუთუ სიძის ნათესავია? ნიას ცნობისმოყვარეობა ახრჩობდა, მაგრამ ჯერ ვერც სუფრიდან ადგებოდა და, შესაბამისად, ვერც ვერავის შეეკითხებოდა, საიდან გაჩნდა აქ ახვლედიანი. მთელი საღამო დაიტანჯა. დაძაბული იჯდა, რეტდასხმულს ლუკმა არ ჩაუდია პირში. ის კი არა, თავის მიტრიალებასაც ვერ ბედავდა, რათა შემთხვევით გიგის მზერას არ წაწყდომოდა. უყურებდა კი იგი? არც ეს იცოდა. თამადა სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე «აცხობდა» და ალავერდს მაინცდამაინც «პატივცემულ გიგისთან» გადადიოდა. აშკარა იყო, ბიზნესმენი ამ სახლში საპატიო სტუმრის სტატუსით სარგებლობდა. მოგვიანებით სუფრა ახმაურდა. მამაკაცები შეზარხოშდნენ, დანაყრებული ქალები კი ერთ ადგილზე ჯდომით დაიღალნენ და «ფეხის გასაშლელად» გასვლა-გამოსვლა დაიწყეს. ამით ისარგებლა ნიამ და აივანზე გავარდა, რათა გახურებული შუბლი ნიავისთვის შეეშვირა. ოცნება, ოცნება… ოცნებაში ამოხდება სული. როგორ მოხვდა აქ? _ უკვე მერამდენედ ეკითხებოდა თავის თავს აფორიაქებული. _ ჯვრისწერას რატომ არ დაესწარით? _ უცებ ზურგს უკან ნაცნობი ხმა გაისმა. შემკრთალი მოტრიალდა. მის წინ გიგი იდგა შამპანურის ორი ფუჟერით ხელში, რომელთაგან ერთი გოგონას გაუწოდა. ნია გაწითლდა, თავი ოდნავ დაუქნია მამაკაცს და ფუჟერი ჩამოართვა. მერე ძლივს გასაგონი ხმით თქვა. _ არ მეცალა. _ ქორწილები მოგწონთ? _ მოულოდნელად დაინტერესდა გიგი. _ არა. გულწრფელად რომ გითხრათ, ხმაურიანი წვეულებების ატანა არა მაქვს. _ რატომ? ნია შეიშმუშნა. მას არასდროს ულაპარაკია უცხოებთან ამ თემაზე, ამიტომ პასუხის გაცემა გაუჭირდა. _ როგორ გითხრათ… რატომღაც, უხერხულად ვგრძნობ თავს. იძულების წესით გიწევს ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომელსაც არ იცნობ. _ მერე რა არის ამაში ცუდი? _ ალბათ არაფერი, მაგრამ… ცოტა არ იყოს, მიჭირს უცხო ადამიანებთან კონტაქტის ადვილად დამყარება. შეიძლება ეს კომპლექსია… მამაკაცს ხმამაღლა არაფერი უთქვამს, მაგრამ ისე გადახედა ნიას, თითქოს მისი ნათქვამი ეუცხოვაო. ალმურმა კიდევ ერთხელ აუფორაჯა გოგონას სახე. ამწუთას მხოლოდ ერთი რამ სურდა _ აქედან უკანმოუხედავად გაქცეულიყო. _ თქვენ დიკოს დაქალი ხართ? _ გიგიმ სასმელი მოწრუპა. _ მთლად დაქალს ვერ ვიტყოდი… ჩვენ ერთად ვმუშაობთ სკოლაში, ვმეგობრობთ… _ უფრო და უფრო იძაბებოდა ნია. _ რას აკეთებთ? _ მე-ე? _ ჰო, სკოლაში რას აკეთებთ? _ ინგლისურს ვასწავლი. _ ინგლისურს? _ გაოცება ვერ დამალა ახვლედიანმა, _ თქვენ ასწავლით ინგლისურს? ქალს საფეთქლებზე სისხლი მოაწვა. ნამდვილად დასცინის ეს კაცი, რა არის აქ გასაკვირი, მართლა მეძავი ხომ არ ვგონივარ! _ მომისმინეთ, ბატონო გიგი. ვიცი, რომ გულზე არ გეხატებით და ეს სავსებით გასაგებია, მაგრამ პიროვნულ შეურაცხყოფას ნუ მომაყენებთ, გთხოვთ. ამას არ ვიმსახურებ, რადგან თქვენ მე არ მიცნობთ. გასაგებია? მამაკაცს ნაკვთი არ შერხევია სახეზე. _ არც მიფიქრია. უბრალოდ, არ მოველოდი. ჩემი შეკითხვით გაგაკვირვეთ? _ თუ სიმართლე გაინტერესებთ, ნამდვილად არ გამაკვირვეთ, თქვენნაირისგან სხვა არც იყო მოსალოდნელი. _ ჩემნაირისგან? აი, თურმე, რა ყოფილა! და როგორი ვარ? ეპითეტები _ ამპარტავანი, თავმომწონე და ცინიკოსი ენის წვერზე ადგა ნიას, მაგრამ დროზე დააჭირა ენას კბილი. _ უაღრესად თვითკმაყოფილი და ეგოისტი ადამიანის შთაბეჭდილებს ტოვებთ, _ თქვა და მიხვდა, რომ უარესი გამოუვიდა, რადგან ახვლედიანს სახე მოეღუშა. _ როგორც ჩანს, რბილი სიტყვები არ გეხერხებათ. არ მიკვირს, აქამდე გაუთხოვარი რომ ხართ, კაცებს «სტერვა» ქალები არ უყვართ. _ აქამდე? როგორ გგონიათ, რამდენი წლის ვარ? _ რა მნიშვნელობა აქვს. რამდენისაც უნდა იყოთ, თქვენი ქცევით ათი წლით უფროსად გამოიყურებით, _ ცივად წარმოთქვა. _ გმადლობთ, ძალიან თავაზიანი შეფასება იყო თქვენი მხრიდან, _ აილეწა ნია. _ ესე იგი, თქვენი აზრით, ძალზე თვითკმაყოფილი და ეგოისტი ვარ? მაშინაც კი, როცა ადამიანებს ვეხმარები? _ მე თქვენთვის დახმარება არ მითხოვია, ეს თავად მოისურვეთ, _ ხმა წაერთვა გოგონას. _ უკაცრავად, მაპატიეთ, რომ თავი მოგაბეზრეთ. პირობას გაძლევთ, მეტად არ შეგაწუხებთ, _ ცივად წარმოთქვა მამაკაცმა და გატრიალდა. ნიას გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. ნერვიულობისაგან ლამის ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. ცოტა ხანს კიდევ შეიცადა აივანზე. ფარდის მიღმა შეამჩნია, რომ გიგი რაღაცას ელაპარაკებოდა დიანას. ამ უკანასკნელს ძალზე შეწუხებული სახე ჰქონდა. მიხვდა, რომ დააშავა და მაშინვე ინანა, ასე რომ მოიქცა. გიგი გასასვლელისკენ გაემართა. ნიას სუნთქვა შეეკრა. ნუთუ მისი მიზეზით მიდის? ეს რა ქნა, რა ჩაიდინა! მუხლებაკანკალებული დიანას მიეჭრა ათრთოლებული ხმით უთხრა. _ მგონი, მე გავაგდე… _ რა მითხარი? ვინ გააგდე? _ ამ კაცს საიდან იცნობ? _ ახვლედიანს? ზვიადის შეფია, ბიზნესმენი. ჯვრისწერის მთელი ხარჯი მან გაიღო. ამის გაგონებაზე ნიას სახე დაემანჭა. სასოწარკვეთილმა თვალები დახუჭა და ამოიკვნესა. _ ღმერთო, ეს რა ვქენი… არ ვიცოდი, თუ… _ მერე რა, აქამდე არც მე ვიცოდი, ასეთი მდიდარი თუ იყო. ზვიადი მასთან სასტუმროში მუშაობს მენეჯერად. ისე უყვარს ჩემი ქმარი, რომ არ ვიცი, თვალდახუჭული ენდობა. თავი გაიგიჟა, გინდა თუ არა, მე უნდა ვიკისრო ეს საღამოო და ჩვენც ვერ ვუთხარით უარი. _ მართლა? ეს რომ მცოდნოდა, არ ვაწყენინებდი… მგონი, აჯობებს, წავიდე. _ მოიცა, სად უნდა წახვიდე? არც იფიქრო! რის წყენა, ნახევარი საათით დაგტოვებთ, შეხვედრა მაქვს და მოვბრუნდებიო, თქვა. შენ გამო არ წასულა, ნი, რას ნერვიულობ. დიანას სიტყვებმა ნიას შვება ვერ მოჰგვარა. გონებაგაფანტული ადგილს ვერ პოულობდა, უაზროდ დადიოდა აქეთ-იქით მანამ, სანამ კარი არ გაიღო და გიგი არ გამოჩნდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაწყნარდა. ერთი პირობა დააპირა, მივალ და ბოდიშს მოვუხდიო, მაგრამ მერე გადაიფიქრა. აქეთ დაამცირა და იქით მოუხადოს ბოდიში? ნურას უკაცრავად! მთელი საღამო ახვლედიანი ახლოს არ გაკარებია. ისე იქცეოდა, თითქოს მის არსებობას ვერც ამჩნევდა. ნიას იმდენად აწუხებდა მამაკაცის უყურადღებობა, ზედმეტად გრძნობდა თავს ახალშეუღლებულთა საზოგადოებაში. ამწუთას მთელ სამყაროში ყველაზე მეტად ეს კაცი სძულდა. ცოტა კიდევ შეიცადა და ბოლოს შინ წასვლა გადაწყვიტა. ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა, რომ დიანას და მის მეუღლეს დამშვიდობებოდა და აქაურობას გარიდებოდა. განმარტოებით მდგარმა ვერც კი შეამჩნია, როდის მიუახლოვდა გიგი. რამდენიმე წუთის განმავლობაში იგი უბრალოდ იდგა და უსიტყვოდ შესცქეროდა. მის დანახვაზე ნიას ჭიანჭველებმა დაურბინეს ტანში. _ ალბათ, როგორ ვერ მიტანთ, არა? _ სიჩუმე მამაკაცმა დაარღვია. _ რატომ გგონიათ? _ თავდაჭერილად გაიღიმა. გიგი თვალს არ აშორებდა. მართალია, გოგონას გამაღიზიანებელი მანერები ჰქონდა და ისევ ის საშინელი ფეხსაცმელი ეცვა, სამაგიეროდ მისი ლამაზი თვალები და სექსუალური პირი უშლიდა საღერღელს. ასეთი ქალი ლოგინში ძალიან ცხელი იქნება… ამის გაფიქრებაზე უფრო მეტად მოუნდა ნიასთან განმარტოება. თუ ამაღამ მის ხელში ჩაგდებას შეძლებს, ისე მოეფერება, ყველა წყენას დაავიწყებს და ხვალ დილით აღარაფერი ემახსოვრება. _ შამპანური ხომ არ მოგიტანოთ? _ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონას. _ არა, გმადლობთ, შამპანურს ვერ ვსვამ. _ რას ამბობთ! წეღან არ გითქვამთ უარი? _ არც წეღან დამილევია, მხოლოდ ზრდილობის გულისთვის გამოგართვით. _ აბა, რას სვამთ? _ უფრო კონიაკს… _ ახლავე მოვიტან. _ გმადლობთ, ნუ წუხდებით. _ სულაც არ ვწუხდები, _ გაიღიმა გიგიმ და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. არ გასულა დიდი ხანი, რომ კონიაკით სავსე ჭიქით დაბრუნდა. ნიას დალევის მეტი აღარაფერი დარჩენოდა. რამდენიმე ყლუპი სიამოვნებით მოსვა, მაგრამ რაღაც მომენტში სასმელი სასულეში გადაუცდა და ხველა აუტყდა. _ რა მოგივიდათ? _ მიეჭრა მამაკაცი და ზურგზე ხელი დაუტყაპუნა. _ მგონი, არ ღირს მეტის დალევა, _ ჩახრინწული ხმით ამოთქვა და აცრემლებული თვალები ცხვირსახოცით მოიწმინდა. _ რადგან დალევა არ გინდათ, სხვა სურვილები გექნებათ. საინტერესოა, როგორი? _ ჰკითხა გიგიმ და ხელი ზურგზე ვნებიანად ჩამოაყოლა. მის ხმის ტემბრი იმდენად მომაჯადოებლად ჟღერდა, გოგონას ჟრუანტელმა დაურბინა. ხელის შეხებამ კი კინაღამ ჭკუიდან შეშალა, თითქოს ცეცხლი წაეკიდა სხეულზე. რა ემართება? დროზე უნდა უშველოს თავს! _ უნდა წავიდე… სახლში მინდა… _ სახლში? _ იკითხა მამაკაცმა და უცებ ეშმაკური გაუხდა გამოხედვა, _ მე შემიძლია ალტერნატივა შემოგთავაზოთ, პატარა ნია. არ გინდათ, ეს ღამე ჩემთან ერთად გაატაროთ? _ ღამე? _ ძლივს ამოღერღა, იმდენად მოულოდნელი იყო შემოთავაზება. _ თქვენ ალბათ თავქარიანი და ქარაფშუტა გგონივართ, თუ ფიქრობთ, რომ ამ ანკესს წამოვეგები, _ დაიწყო გაწიწმატებულმა, _ წეღან გაწყენინეთ და ახლა გინდათ, ჭკუა მასწავლოთ თავხედობისთვის? ბრაზობთ, რომ ბოდიში არ მოგიხადეთ? ერთი სული გაქვთ, ისევ დამამციროთ, არა? გიგის სიცილი აუტყდა. თავში აზრადაც არ მოსვლია, გოგონა ასეთ რამეს თუ იფიქრებდა. არა უშავს, შეძლებს მის გადარწმუნებას. _ ცდებით, პატარა ნია. ეს თამაში არ არის და სულაც არ ველოდები, როდის დაიმცირებთ თავს ჩემ წინაშე. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ეს ღამე ჩემ გვერდით გაატაროთ, ძალიან მინდა. თქვენთვის ეს გასაგებია? მამაკაცი ყურადღებით აკვირდებოდა ქალის შეცბუნებულ სახეს, აწითლებულ ღაწვებს და ნერვულ ჟესტს, თითით რომ იხვევდა ჩამოშლილ თმას, რაც უფრო მეტად უმძაფრებდა სურვილს. ვერ მოითმინა და ხელისგული ნაზად მოუთათუნა ლოყაზე. _ გასაგებია? _ ძალიან რბილად გაიმეორა და მრავალმნიშვნელოვანი მზერა ესროლა. ნია გაიტრუნა. ჟრჟოლის მომგვრელმა ტალღამ ერთიანად მოიცვა მისი სხეული. რა სიამოვნებით დახუჭავდა ახლა თვალებს და მიეხუტებოდა მკერდზე. გრძნობდა, რომ რაღაც საშინელება ემართებოდა, წინააღმდეგობას ვერ უწევდა იდუმალ სურვილს. უნდოდა, სიგიჟემდე უნდოდა მასთან განმარტოება, მისი ალერსი, მოფერება. ახლაც გრძნობდა მისი ცხელი ტუჩების შეხებას. ამწუთას მზად იყო, სადაც მოესურვებოდა, იქ გაჰყოლოდა ამ კაცს… ღმერთო, სადამდე მივიდა! სად გაქრა მისი კდემამოსილება, მოკრძალება? ცოტა ხნის წინ იგი არაფრის დიდებით არ დაუშვებდა, დაქორწინების გარეშე ვინმეს ლოგინში ჩაგორებოდა. ახლა კი… რა ხდება? რატომ არის ასეთი უძლური? რა ჯადოს ფლობს ამისთანას ეს ახვლედიანი? ნუთუ მისი სიმდიდრე იზიდავს? არა, არა, რა სისულელეა! _ გასაგებია? _ კვლავ გაიმეორა გიგიმ და მისი თითები მძლავრად ჩაბღუჯა, _ დროა, წავიდეთ. _ სად? _ გაფითრებულს მთლად წაერთვა ხმა. _ სასტუმროში, ჩემთან… ნიას წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ შერჩა და… ხელჩაკიდებული მორჩილად მიჰყვა მამაკაცს უკან. 8 8 8 ნია ერთიანად ცახცახებდა. ისე მივიდნენ სასტუმრომდე, არც ერთს სიტყვა არ დასცდენია. გიგიმ დუმილი ამჯობინა, რათა გოგონა არ დაეფრთხო. ნიამ კი არ იცოდა, ასეთ დროს რაზე უნდა ელაპარაკა. შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი, არავის დაუძალებია. რატომ აკეთებდა ამას? ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როცა გულიც და გონებაც შეთანხმებულად მოქმედებდნენ… რა ლამაზი ყოფილა აქაურობა! ნიას არ ეგონა, თბილისში ევროპული დონის სასტუმროები თუ არსებობდა. ასეთი კეთილმოწყობილი ნომერი ერთხელ ნახა ცხოვრებაში, ისიც _ თურქეთში, სადაც ორი თვე გაატარა ყველაზე ახლობელ ადამიანთან ერთად. უჭირს იმ პერიოდის გახსენება, ყველაზე დიდ ტკივილს აყენებს, რადგან არაჩვეულებრივად გატარებული დღეები საშინელი ფინალით დასრულდა… _ თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში, _ თავბრუდამხვევი ღიმილით მიეალერსა გიგი ქალს და სააბაზანოში მიიმალა. ნია საწოლზე ჩამოჯდა და ირგვლივ მიმოიხედა. გულის გამალებულ ფეთქვას საფეთქელთან გრძნობდა. აი, გამოვა ახლა და დაიწყება… რას აკეთებს, რას! აანალიზებს მაინც, რით დამთავრდება ეს შეხვედრა და მერე როგორ გაგრძელდება მისი ცხოვრება? ჰო, როგორ არა, ყველაფერი გააზრებული აქვს. რაც არის, არის, ასეთი ყოფილა მისი ხვედრი. ის არც პირველია და არც უკანასკნელი. ბევრი მისნაირი ქალი დგამს მსგავს ნაბიჯს. იცის ნიამ, გიგის ცოლობაზე ოცნებაც რომ ეკრძალება, რომ აქამდე არასდროს მივა საქმე, მაგრამ მაინც თანახმაა. რაღაც უხილავი ძალა იზიდავს მისკენ და თავს ვერაფერს უხერხებს. თითქოს მოჯადოებულია. უნდა, რომ მამაკაცმა აკოცოს. მთელი სხეული უთრთის, არა მარტო შიშისგან, სურვილისგანაც. და იმდენად ძლიერია ეს სურვილი, რომ დაძაბულობისგან ყველა კუნთი დაეჭიმა… გიგიმ ნელა, ძალიან ნელა გამოაღო კარი და ნიასკენ წამოვიდა. წელს ზევით შიშველი სასიამოვნო სანახავი იყო. ფართო, დაკუნთული მხრები, განიერი მკერდი, შეწეული მუცელი, ხარბი გამოხედვა და ძალიან, ძალიან სექსუალური ტუჩები… გოგონამ მის ვნებიან მზერას ვეღარ გაუძლო და თვალები დახარა… გიგი ძარღვებში სისხლის შხუილს გრძნობდა. აცდუნო მომხიბვლელი ქალი _ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე აზარტული სიამოვნება იყო და ისევე წარმატებით გამოსდიოდა ეს, როგორც საკუთარი ბიზნესი. კარგად ხვდებოდა, როდის უნდა ელაპარაკა და როდის გაჩუმებულიყო, როდის ემოქმედა და როდის მოდუნებულიყო… რა დროს ჩაეხედა თვალებში და რა დროს ეკოცნა… რაც მთავარია, იცოდა, როგორ გაეღვივებინა პარტნიორში სურვილის ნაპერწკალი… მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო. იგი ახალბედა არ გახლდათ ქალებთან ურთიერთობაში, მაგრამ ისეთი რაღაც ემართებოდა ამ ქალთან შეხებისას, არასდროს რომ არ დამართნია. ჩაიჩოქა და ქალს ცალ ფეხზე ფაქიზად გახადა. ნიამ თვალები წამით მილულა და თავი ოდნავ უკან გადააგდო. მსგავსი რამ არასდროს განუცდია. თითქოს მიწა ეცლებოდა ფეხქვეშ. მის ამ ჟესტს გიგიმ ისეთი მოწყურებული მზერით უპასუხა, გოგონას თავბრუ დაეხვა. მამაკაცი თავდავიწყებით კოცნიდა ქალს და ვერაფრით აეხსნა, რა ემართებოდა. ჯერარგანცდილ სიამოვნებას იღებდა ყოველი შეხებისას და ამ სიამოვნებას ვერაფერს ადარებდა. მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რასაც განიცდიდა, ვერ ძღებოდა ნიას ალერსით. განსაკუთრებით მის სახეზე აღბეჭდილი განცდა აგიჟებდა _ შიში და სიამოვნება ერთდროულად იკითხებოდა ნიას ლამაზ, წყლიან თვალებში. ის იყო, მამაკაცმა წელზე ხელი მოხვია და ლოგინზე წამოაწვინა, რომ გოგონამ ხელი ჰკრა და წამოხტა. _ არა, არ შემიძლია, _ სუნთქვაგახშირებულმა უკუსვლით გასასვლელისკენ დაიხია. _ რა დაგემართა? _ დაბნეული გიგი ლოგინზე წამოჯდა და გაოგნებული მიაჩერდა. _ ძალიან გთხოვ, არაფერი მითხრა. _ არც ვაპირებ. არის მომენტი, როცა სიტყვები საჭირო არ არის. რატომ გეშინია, მოდი ჩემთან… _ ჩურჩულით წარმოთქვა აღგზნებულმა, წამოდგა და ხელები წინ გაიშვირა. _ არ მომეკარო! _ იყვირა მოულოდნელად ნიამ, შეტრიალდა და კარს მთელი ძალით დაეჯაჯგურა. _ ღიაა, დაბლა ჩამოსწიე, _ სრულიად მშვიდად გაისმა მამაკაცის ხმა. მისკენ ზურგშექცევით მდგარი გოგონა წამით გაქვავდა, არ ელოდა ასეთ რეაქციას, სხეული მოადუნა და ნელა შემოტრიალდა. _ მაპატიე, არ შემიძლია, _ ნიკაპი აუკანკალდა. _ ვიცი. _ უნდა წავიდე, გთხოვ. _ წადი. _ არ ვიცი, რატომ მოვედი აქ, მე არ ვარ მზად ამ… _ გასაგებია. ისეთი მშვიდი ტონით პასუხობდა ახვლედიანი, გაოგნდა. ეგონა, შეეხვეწებოდა, მუხლებში ჩაუვარდებოდა, დარჩენას თხოვდა. მან კი… არ იცოდა, რა მოემოქმედებინა, თუ ერთი წუთის წინ გაქცევას ლამობდა, ახლა უკვე იმაზე ფიქრობდა, რა მოემიზეზებინა, რომ დარჩენილიყო. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. _ შენ იცი, როგორია სიჩუმე? _ გიგიმ ალერსიანად გაუღიმა. _ სიჩუმე? _ ჰო, აი, ეს სიჩუმე, _ და ირგვლივ მიმოიხედა. _ ვიცი… სამარისებური, _ ნიამაც გაიღიმა. _ არა, უხერხული. არ დამეხმარები მის განმუხტვაში? _ უნდა დავბრუნდე, _ ჩაიჩურჩულა ქალმა და მზერა აარიდა. _ დიანასთან აპირებ დაბრუნებას? _ მე-ე? არა, არა… შენ? _ დაბნეულმა არ იცოდა, რას ლუღლუღებდა. _ არც მე. შენ? _ ახლა არ მკითხე? _ ჰო, დამავიწყდა, _ გაეცინა გიგის, _ ხედავ, როგორ ამიბნიე თავგზა? შენ კი არც გეცოდები. ახლა შენთან მოვალ და არ გამექცე, _ ფრთხილად შეაპარა. მოულოდნელად ნიას ჩანთაში მობილური აწკრიალდა. ორივე შეკრთა. ნიამ აცახცახებული ხელით ამოიღო აპარატი და დახედა. _ დიანაა, _ ჩაიჩურჩულა გაფითრებულმა და მწვანე ღილაკს თითი დააჭირა, _ ჰო, დიკო, აქვე ვარ, ახლოს, ახლავე მოვალ, ცოტა ხნით გავედი. მოვდივარ… _ დაბრუნება გადაწყვიტე, არა? _ ასე გამოდის. რამეს ხომ არ დამაბარებდი? _ ნაღვლიანად გაიღიმა. _ ჰო. აკოცე ჩემ მაგივრად ან რამე ასეთი… _ კარგი… წავედი, _ ჩამქრალი ხმით ჩაილაპარაკა და გავიდა… არ ახსოვს, როგორ ჩავიდა დაბლა, როგორ გაირბინა ვესტიბიული და ქუჩაში აღმოჩნდა. დიანასთან მიბრუნება არც უფიქრია, ტაქსი გააჩერა და მძღოლს სახლის მისამართი უკარნახა. თავიდან ვერ მიხვდა, რატომ უყურებდა ხანში შესული მძღოლი თვალებგაფართოებული, მაგრამ როცა ტანზე დაიხედა, ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა _ იგი ფეხშიშველი იყო… 8 8 8 კვირას მთელი დღე ცხვირი არ გამოუყვია შინიდან. არც არაფერი გაუკეთებია., იწვა და გაუნძრევლად ჭერს მიშტერებოდა. დღე ისე მიილია, თვალი ვერ მოხუჭა. საღამოს კი, განცდებისგან დაღლილს, მკვდარივით დაეძინა და დილამდე ფეხი არ გაუქნევია. კინაღამ დააგვიანდა სკოლაში. უკვე აპირებდა სახლიდან გასვლას, რომ ვიღაც ბიჭი მოადგა, ამანათია თქვენს სახელზეო. ლამაზად შეფუთულ ყუთს გამომგზავნის მისამართი არ ეწერა. გაუკვირდა, ამანათები არასდროს არავისგან მიუღია, მაგრამ ახლა ნახვის დრო არ ჰქონდა, ამიტომ ყუთი მაგიდაზე დადო და სასწრაფოდ გავარდა სამსახურში. ძლივს მიუსწრო გაკვეთილს. მოსწავლეების ჟრიამულმა არასაჭირო ფიქრებს დროებით მოწყვიტა. მაგრამ მხოლოდ დროებით. მათი გამოკითხვის და ახალი მასალის ახსნის თავი არ ჰქონდა, ამიტომ თემა დააწერინა _ წითელქუდას მოკლე შინაარსი ინგლისურად. ზოგს გაუხარდა, ზოგი აბუზღუნდა, მაგრამ წერას მაინც ყველა შეუდგა. ზარი დაირეკა თუ არა, აფორიაქებული გამოვარდა საკლასო ოთახიდან, სამასწავლებლოში შევიდა, თამრიკოსთან ცოტა წაიჭორავა წუხანდელ საღამოზე და თავის ტკივილის მომიზეზებით, სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. შინისკენ მიმავალი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა კოშმარულად შემოუტრიალდა კოლეგის ჯვრისწერა, რა ცუდად დამთავრდა გუშინდელი დღე. როგორ შეეძლო, ასე მოქცეულიყო? კინაღამ თავი დაკარგა! კიდევ არ სჯეროდა, რომ ასე ადვილად შეძლო მინდობოდა უცხო მამაკაცს, მაგრამ… იქნებ ჯობდა, ცოტა ხნით მაინც დარჩენილიყო? უხეშად გამოუვიდა. ხომ იცოდა, რაც მოჰყვებოდა გიგისთან სასტუმროში წასვლას? რატომ გაჰყვა? ან თუ გაჰყვა, რატომ გამოიქცა? არ იყო კარგი საქციელი მისი მხრიდან. შინაგან ხმას ყური რომ დაუგდო, მიხვდა, რომ მისგან გამოქცევას ნანობდა. არა, სწორად მოიქცა. უარეს ხასიათზე დადგებოდა, დილით მის გვერდით რომ გაეღვიძა. ვერასდროს აპატიებდა ამას თავის თავს. არადა, გამუდმებით მასზე ფიქრობდა. ვერაფრით წარმოიდგენდა, ასეთ ძლიერ შთაბეჭდილებას თუ მოახდენდა მასზე სულ ორჯერ ნანახი მამაკაცი. პირველი, რაც შინ შესულმა შეამჩნია, ამანათი იყო. მისი არსებობა ახლაღა გაახსენდა. ვის უნდა გამოეგზავნა? ცნობისმოყვარეობა აღეძრა. ვარდისფერი ლენტები შემოაცალა მუყაოს ყუთს და გახსნა… საჩუქრის დანახვაზე სუნთქვა შეეკრა. ფეხსაცმელი… «დიორის» ფირმის წითელი ფეხსაცმელი… მაღალქუსლიანი… თანაც ზუსტად მისი ზომა! ღმერთო! ვინ? საიდან? რატომ? ნუთუ გიგიმ? ჰო, აბა სხვა ვინ? ამის გაფიქრებაზე დაფეთდა. ყუთში ჩაიხედა, იქნებ ბარათი ეპოვა, თუმცა მის გარეშეც ხვდებოდა, ვისგანაც იქნებოდა. როგორც იქნა, იპოვა ლამაზყდიანი ბარათი, რომლის ერთ მხარეს ორქიდეები ეხატა, მეორე მხარეს კი გაკრული ხელით ეწერა: «ჩემთან დატოვებული ფეხსაცმლის სანაცვლოდ!» იქვე ტელეფონის ნომრები იყო წაწერილი _ მობილურის და ქალაქის. რას ნიშნავს ეს? რატომ გამოუგზავნა ასეთი ძვირად ღირებული საჩუქარი? ამით რის თქმა სურს? ამცირებს ნიას? აიძულებს, რომ თავი იაფფასიან მეძავად იგრძნოს? ეს იმ წუთების საფასურია, მის მკლავებში რომ გაატარა? სექსუალური მომსახურების საფასური? უკვე თავის საყვარლად დაიგულა? ნიას წამითაც არ ეპარება ეჭვი, რომ გიგი არაჩვეულებრივი საყვარელი იქნება, მაგრამ ეს არაფრით ცვლის იმ ფაქტს, რომ ისინი სრულიად სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები არიან. რა ჰგონია პატივცემულ ბიზნესმენს, რომ ნია მადლიერებით აღსავსე სიტყვებით მიიღებს ამ საჩუქარს?.. თავიდან გადაწყვიტა, უკანვე გაეგზავნა ამანათი ახვლედიანისთვის, მაგრამ მერე გადაიფიქრა. ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ მობილური მოიმარჯვა და ნომერი აკრიფა. _ ნია, რა სიურპრიზია! _ გაისმა თავაზიანი ხმა, სანამ ნია რამეს იტყოდა. როგორ მიხვდა? მას ხომ ხმა არ ამოუღია? არც თავისი ნომერი მიუცია მამაკაცისთვის. დარწმუნებული იყო, რომ დაურეკავდა? გიგის ხმა ტელეფონში უფრო სექსუალურად ჟღერდა, ვიდრე ელოდა, რამაც მთლიანად მოშალა. გაახსენდა მისი ვნებიანად ნათქვამი «მოდი ჩემთან» და ალმური წაეკიდა. _ ვწუხვარ, რომ იმავეს ვერ გეტყვი… მე ფეხსაცმლის თაობაზე ვრეკავ… _ შეეცადა, ოფიციალური ტონით ელაპარაკა. _ იმედია, მოგერგო… ზომა ვარაუდით შევარჩიე, მაგრამ ჩვეულებრივ, ასეთ რამეებში შეცდომას არ ვუშვებ, კარგად გამომდის. მოგეწონა? «ჩვეულებრივო»? გაბრაზებულმა თავი ძლივს შეიკავა, არ აფეთქებულიყო. _ ზომაზე არა მაქვს საუბარი. უბრალოდ, შენ არ გქონდა უფლება, ჩემთვის საჩუქარი გამოგეგზავნა! ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია! _ შეურაცხმყოფელი? _ სხვ რა შეიძლება ვუწოდოთ შენს საქციელს? მომსახურების საფასური გადამიხადე? ჩვენ შორის ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ასე დახარჯულიყავი. დღესვე ფოსტით უკან გამოგიგზავნი! _ ეგ არც მიფიქრია, ნია. აქედან ფეხშიშველი რომ გახვედი, ძალიან შევწუხდი. ისე დავიბენი, ვეღარც გაგაცილე. ამიტომ, ვიფიქრე, დანაშაულს გამოვისყიდი-მეთქი… _ უკაცრავად, მაგრამ შენი საჩუქრები არ მჭირდება. არც ისეთი სულელი ვარ, შენთან დავწვე. მართალია, წუხელ მივქარე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. რაც უნდა გამომიგზავნო, არაფერს მივიღებ, იცოდე. არ მინდა, დავალებული ვიყო შენგან. გიგი გაოცებული უსმენდა. მას აქამდე არ ჰქონია შემთხვევა, რომელიმე ქალს უარი ეთქვა მის საჩუქარზე, მით უმეტეს, თავი შეურაცხყოფილად ეგრძნო. მის ყველა ქალს მოსწონდა, როცა მათი სიამოვნებისთვის ფულს ხარჯავდა. ამან კი რა მოუხია?! არა, ამისთვის არ გამოუდვია თავი. მას, უბრალოდ, უნდოდა მიენიშნებინა ნიასთვის, რომ იგი მზად იყო შემდეგი შეხვედრისთვის. ამიტომაც წაუწერა ნომრები ბარათზე. _ რატომ გგონია, რომ საჩუქრის მიღებით ჩემგან დავალებული იქნები? _ გულწრფელი გაოცება შეინიშნებოდა მის ხმაში. კარგა ხანია, ქალს ასე არ გაუგიჟებია. არა, აუცილებლად უნდა დაითრიოს ეს გოგო, რათა ვნებათაღელვა ჩაიცხროს. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ალბათ გადაუვლის ის ჟინი, მისი შეხებისას რომ წამოუვლის. რა თქმა უნდა, ასეც იქნება, თუ ნია ამის შანსს მისცემს. _ იმიტომ, რომ ასეა, _ ქალი ჯიუტად იდგა თავისაზე. _ ამიტომ გამექეცი წუხელ? _ შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ მე არ ვარ ის ქალი, პირველსავე შემხვედრს რომ უგორდება ლოგინში. არ ვიცი, რამ წამომიარა, როცა გამოგყევი… მაგრამ მინდა იცოდე, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო და იმედია, უკანასკნელი. _ პირველი შემთხვევა რისი? _ ეშმაკურად დაეკითხა ახვლედიანი. _ მცდელობის. შენთან დაწოლის მცდელობის. თავადაც არ ვიცი, რა დამემართა. გარწმუნებ, ამიერიდან ჩემი არსებობით არასდროს შეგაწუხებ. გიგის ჩაეღიმა. სწორედ ამაში ეპარებოდა ეჭვი. საკმარისია, გაიხსენოს, როგორ მილულა ქალმა თვალები, როცა შეეხო, როგორ ილტვოდა მისკენ აცახცახებული, როგორ ხარბად კოცნიდა ტუჩებში… ამ ყველაფრის შემდეგ რას გულისხმობს, როცა ამბობს, არ ვიცი, რა დამემართაო? მასთან შეხვედრას შეცდომად მიიჩნევს? _ თუკი არ გჭირდება ჩემი ნაჩუქარი ფეხსაცმელი, თავად მოიტანე, რა საჭიროა მისი ფოსტით გამოგზავნა? _ შემპარავი ტონით იკითხა. _ მოგიტანო? _ ნიამ ტუჩები მოიკვნიტა. _ ჰო, ხვალ, საღამოს, სასტუმროში დაგხვდები. _ რაში გჭირდება ეს, გიგი? _ დიანაზე მინდა დაგელაპარაკო, მეტი არაფერი. _ დიანაზე? რა შუაშია აქ დიანა? _ საქორწინო საჩუქარი მინდა შევურჩიო. შენ მას კარგად იცნობ, იცი, რა უფრო გაუხარდება, ამიტომ დახმარება მჭირდება. ნიამ არ იცოდა, რა ეპასუხა. _ აბა? რა გადაწყვიტე? _ დააჩქარა მამაკაცმა. _ საჩუქარი აქამდე არ გაგიკეთებია? _ თავის დაძვრენას შეეცადა გოგონა. _ სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი. წინა კვირას იტალიაში ვიყავი და მათი ამბავი მხოლოდ ჩამოსვლისას შევიტყვე. კი, როგორ არა! დაიჯერა! აბა, ის ვინ იყო, ჯვრისწერის ხარჯები რომ გადაიხადა? არა, ნია ასე ადვილად არ მოტყუვდება. მას უნდა, რომ თავისთან მიიტყუოს და საწადელი აისრულოს. ან კი სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონდეს მისნაირ გოგოსთან? _ ვფიქრობ, ჩემი რჩევა არაფერში გამოგადგება, არც ისეთი გემოვნებით გამოვირჩევი, რომ… _ თქვენ ხომ მეგობრობთ, ჩემთვის ეს საკმარისია. ხომ იცი, რაც სჭირდება? _ ისე დაჟინებით ითხოვდა გიგი მის დახმარებას, ნიას გააჟრჟოლა. თავადაც უნდოდა მასთან შეხვედრა, სურვილისგან სხეული უხურდა, მაგრამ ასე ადვილად დანებება არ სურდა… _ კარგი, მოვალ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ამანათი დაგიბრუნო. _ ოღონდ მოდი და ყველაფერზე თანახმა ვარ, _ შვებით ამოისუნთქვა მამაკაცმა. ___________________________________ ვიცი,რომ ეს ისტორია ადრე უკვე იდო,თუმცა ძალიან გამიხარდა მაინც ასეთი დადებითი ემოცია,რომ გამოიწვია თქვენში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.