წითელი ფეხსაცმელი [3]
ნიამ გულისფანცქალით შეაღო შუშის ბზრიალა კარი და ვესტიბიულში შეაბიჯა. მთელი ძალით ცდილობდა ნერვიულობის დაფარვას. ამწუთას არაფერი ახარებდა, არც ახვლედიანის სიმდიდრე და არც ფეშენებელური სასტუმრო, რომლის კარი ღია იყო მისთვის. დანამდვილებით იცოდა, რომ გიგის იგი მხოლოდ ჟინის მოსაკლავად სჭირდებოდა, თავისი სექსუალური კოლექციის გასამდიდრებლად, ამიტომაც იკავებდა თავს, დათანხმებოდა მის წინადადებას. რატომ უნდა წამოაძახონ, სხვისი ნათრევი ქალიო? რა სჭირს სამაგისო? ოდესმე ხომ გამოჩნდება ვინმე, მისი ტოლი და სწორი, რომელიც შეიყვარებს, პატივს სცემს, ცოლად შეირთავს და ოჯახურ სიმყუდროვეს შეუქმნის? რატომ მიექანება უფსკრულისკენ? სხვის ნაფერებს მერე ზედაც არავინ შეხედავს… და მთელი ცხოვრება საყვარლების გამოცვლა მოუწევს. «რა საშინელებაა!» _ დაზაფრულს სახე დაემანჭა. პორტიეს თავისი ვინაობა მოახსენა, მან კი უთხრა, რომ ბატონი გიგი უკვე ელოდა. ჭაღარა მამაკაცი წინ გაუძღვა და პირველსავე სართულზე, მუხის მასიურ კართან შეჩერდა. _ მიბრძანდით, _ თავაზიანად გაუღიმა პორტიემ. ნიამ კარი ფრთხილად შეაღო… გიგი მაშინვე შეამჩნია. იგი ყავისფერი ფილებით მოპირკეთებულ ბუხართან იდგა და თვითკმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ნეტავ რა უხარია? ალბათ ფიქრობს, რომ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა. გოგონას შეაკანკალა. რაღაც მომენტებში მამაკაცის ღიმილი აშინებდა კიდეც. მისი შავი თვალები ისე ცივად და ალმაცერად მოსჩერებოდნენ, გოგონას ტანში უსიამოვნოდ გასცრა. _ მე… ფეხსაცმელი მოვიტანე, როგორც შეგპირდი, _ ეს იყო, რისი თქმაც მოახერხა და ყუთი მაგიდაზე დადო. _ ვხედავ, _ თავი დააქნია გიგიმ. ახლა მართლაც უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და ნიამ იმაზე დაიწყო ფიქრი, რა მოემიზეზებინა, რომ სასწრაფოდ გაცლოდა აქაურობას. _ არ გინდა დაჯდე? ფეხსაცმელზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. _ სალაპარაკო არაფერია, მე ყველაფერი გითხარი. _ მაინც დაჯექი. დალევ რამეს? არა, დალევა არ უნდოდა, დაჯდომა _ მით უმეტეს. ერთადერთი, რაზეც ოცნებობდა, რაც შეიძლება ჩქარა წასულიყო აქედან. მიუხედავად ამისა, იქვე მდგარ დივანზე ჩამოჯდა და სკოლის მოსწავლესავით, ხელები მუხლებზე დაიწყო. თვალი მოავლო თუ არა ამ ბრწყინვალე, ელეგანტურ, მდიდრულად მორთულ კაბინეტს, კიდევ ერთხელ დაასკვნა, რომ მისი აქ ყოფნა სრულიად უადგილო იყო. ტანსაცმელიც კი არ ეცვა შესაფერისი. განსაკუთრებულად არც არასდროს ცმია. ამისთვის ფულს ვერასდროს იმეტებდა. ძვირად ღირებული სამოსი მისთვის უცხო ხილი იყო, თუმცა ყოველთვის ცდილობდა, კოხტად მოერგო ტანზე ის, რაც გააჩნდა, მაგრამ არა გამომწვევად. მართალია, დღეს შეეძლო უფრო ეფექტურად ჩაეცვა და მაკიაჟიც განსაკუთრებული გაეკეთებინა, მაგრამ შეგნებულად არ მოიქცა ასე. არ უნდოდა, მამაკაცს ეფიქრა, რომ საგანგებოდ მისთვის გამოიპრანჭა. _ არა, დიდი მადლობა. ყავა უკვე დავლიე. _ ყავაზე არც გეპატიჟები. კონიაკი ხომ არ გინდა, ან ვისკი, ან ბრენდი? გარეთ ცივა, ცოტას გაგათბობს. გულის სიღრმეში გიგის ეეჭვებოდა კიდეც, სპირტიან სასმელს რამე სარგებელი მოეტანა. არ ელოდა ამ პატარა «ყინულის ნატეხისგან» ასეთ სიცივეს. როგორც ჩანს, გოგონას არც ის იზიდავს და არც მისი სიმდიდრე… მაგრამ დაინახა თუ არა, მამაკაცი მაშინვე მიხვდა, როგორ მონატრებია, როგორ ელოდა თურმე მის გამოჩენას. სიამოვნებით შეჰყურებდა მის შეცბუნებულ სახეს, დიდრონ, დამფრთხალ თვალებს, ლამაზად ჩამოშლილ ბზინვარე თმას. არა, რადაც უნდა დაუჯდეს, უკან არ დაიხევს. როგორმე უნდა მოარჯულოს ეს ჭირვეული ბავშვი, როგორმე უნდა ჩაიგდოს ხელში. იქამდე ვერ მოისვენებს, სანამ მისი არ გახდება. ასეთები მოუთვინიერებია?! _ არ მინდა დალევა, ნუ შეწუხდები, _ გაუბედავად თქვა და წამოდგა. _ კარგი. მაშინ მოდი, ფეხსაცმელზე ვილაპარაკოთ. ნია შეიშმუშნა და ნირწამხდარი ძალაუნებურად კვლავ დივანზე ჩამოჯდა. _ სათქმელი არაფერი მაქვს. _ გაისინჯე მაინც? მოგერგო? ყურებამდე გაწითლებულმა გოგონამ თვალები დახარა. არ უნდოდა მამაკაცს სიმართლეში გამოტყდომოდა. რა თქმა უნდა, სულმა წასძლია და მაშინვე ჩაიცვა. ზუსტად მოერგო, თანაც ისე მოუხდა, აღფრთოვანებული დარჩა, მაგრამ არაფრის დიდებით არ ეტყვის ამას! _ საქმე იმაში როდია, მომერგო თუ არა თქვენი გამოგზავნილი ფეხსაცმელი… გიგის გულზე მოხვდა, გოგონა «თქვენობითზე» რომ გადავიდა. ყოველივე იმის შემდეგ, რაც მათ შორის მოხდა, ეს ნამდვილად გასაკვირი იყო. _ გიგი, მე გიგი მქვია, _ ცოტა არ იყოს, უხეშად შეაწყვეტინა, _ მგონი, საკმარისად ახლოს ვიცნობთ ერთმანეთს, ასე რომ, წესით, შინაურულად უნდა მომმართო. ზურმუხტისფერი თვალები შეშინებული მიაჩერდა მამაკაცს. _ ჩვენ საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს! _ აღშფოთდა ნია, _ და ასე ნუ მელაპარაკებით! არ გაქვთ უფლება, მიუხედავად იმისა, რაც ჩვენ შორის მოხდა. ტელეფონში უკვე გითხარით, რომ საჩუქრის მიღება არ შემიძლია. რაც იყო, იყო… ახლა აჯობებს, დავივიწყოთ ყველაფერი. _ დაწყნარდი, რატომ ბრაზობ? ნუ მებრძვი. როგორც გინდა, ისე მოიქეცი, ოღონდ ერთი თხოვნა შემისრულე, კარგი? _ ხმა დაურბილდა გიგის. გოგონამ დამფრთხალი მზერა შეავლო. _ ჩაიცვი, _ თქვა მამაკაცმა, მაგიდას მიუახლოვდა, ყუთს თავსახური ახადა და ფეხსაცმელი გაუწოდა. _ მე… _ რაშია საქმე, ნია? _ ვერ ჩავიცვამ! _ რატომ, შენი სტილი არ არის? ფერი არ მოგწონს? _ რატომ მაძალებ ამას? _ იმიტომ, რომ ასე მინდა. ნია მიხვდა, რომ სულელურად იქცეოდა. განა რა დაშავდება, ჩაიცვას? რატომ ჯიუტობს? რა მოხდება, მისი თხოვნა შეასრულოს? ხომ მაინც არ აპირებს საჩუქრის მიღებას, ამიტომაც არაფერი უჭირს, თუ მოიზომებს. ზლაზვნით წამოიმართა დივნიდან, მამაკაცს ფეხსაცმელი გამოართვა, უხალისოდ ჩაჰყო შიგ ფეხები და გაიმართა. ამწუთას ისე ახლოს აღმოჩნდა გიგისთან, რომ ყურის ბიბილოები გაუხურდა. მამაკაცმა მის ფეხებს დახედა, ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და ქალს მხრებში ჩაავლო ხელები. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. გიგის თვალებში სურვილის ისეთი ცეცხლი გიზგიზებდა, გოგონას მუხლები მოეკვეთა. ახვლედიანი თვალს ვერ აშორებდა მის ოდნავ მთრთოლვარე ტუჩებს. რომ შეძლებოდა, კოცნით სულს ამოხდიდა ამ ჯიუტ არსებას, მაგრამ შეეშინდა, უარესად არ დაეფრთხო იგი. თუმცა… არც ისეთი ცივი ჩანს, როგორც თავს აჩვენებს. მგონი, არც კი გაუწევს წინააღმდეგობას. არა, მაინც არ აკოცებს. ამჯერად თავშეკავება მართებს, რაც მეტად გაწელავს დაახლოების პროცესს, მით უფრო ადვილად მიაღწევს მიზანს. ძალიან მალე ნია გატყდება და თავისი სურვილით დაუწვება. ამაში ორი აზრი არ არსებობს. მამაკაცმა შეძლო თავის ხელში აყვანა, გოგონას ხელი შეუშვა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. ძალიან, ძალიან უხდებოდა ფეხსაცმელი, ამიტომაც მან უარი არ უნდა თქვას საჩუქარზე. _ შეხედე… _ ამ სიტყვებით ქალი კედელთან დაკიდებულ სარკესთან მიიყვანა და ჩაახედა. უამისოდაც იცოდა ნიამ, როგორ მოხდენილს აჩენდა საჩუქარი მის ისედაც კოხტა ფეხებს, მაგრამ თავისი ნათქვამის უკან წაღება არ უნდოდა. სარკეს მოშორდა, ფეხსაცმელი გაიხადა და კვლავ ყუთში ჩადო. _ უნდა წავიდე… მართლა. _ იმ პირობით გაგიშვებ, თუ საჩუქარს თან წაიღებ. მინდა, რომ დაიტოვო, _ გიგის სურვილისაგან თვალები დანისლოდა. _ არა. _ კი, ნია, კი. ის მე შენთვის შევიძინე და მინდა, ატარო. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერ გადაათქმევინებდა მამაკაცს. _ რა გაეწყობა, რახან არ იშლი… გმადლობ, მაგრამ საერთოდ… მამაკაცებისგან ძვირად ღირებულ საჩუქრებს არ ვიღებ. _ ესე იგი, მე პირველი ვარ? შესანიშნავია. ჰო, მართლა… შეყვარებული გყავს? ხვდები ვინმეს? გოგონა დაბნეული მიაჩერდა. _ არა. _ მით უკეთესი. მაშინ ხვალ ვახშამზე გეპატიჟები. რვის ნახევარზე ჩემი მძღოლი გამოგივლის, რომ არ იწვალო. ერთად გავატაროთ საღამო. _ რა საჭიროა? _ ნუ მეთამაშები, ნია. მშვენივრად იცი, რატომაც დაგპატიჟე. ქალს თვალები აენთო. მიხვდა, საითაც უმიზნებდა მამაკაცი. _ კი არ დამპატიჟე, მიბრძანე! _ ჩემთვის სულერთია, როგორ გაშიფრავ ჩემს ნათქვამს. მინდა, რომ ხვალ საღამოს, როცა მძღოლი გამოგივლის, მზად დახვდე. ეს გასაგებია?! აი, ახლა კი გამოაჩინა ახვლედიანმა თავისი ნამდვილი სახე! ცხადზე ცხადია, რომ ყველა ქალს ასე ეპყრობა. ისიც მიჩვეულია ყველგან და ყველაფერში თავისი გაიტანოს. ამ კაცის ლექსიკონში ალბათ სიტყვა «არა» არ არსებობს. _ საკმარისად გასაგებად გამოხატე შენი სურვილი, გიგი, მაგრამ ვერავინ მაიძულებს გამაკეთებინოს ის, რაც მე არ მსურს. გასაგებია? _ თავი ამაყად ასწია და თვალებში თამამად შეხედა. გიგიმ სიცილი ვერ შეიკავა. გოგონა დაიზაფრა. რა დასანანია, რომ ცხოვრების კინოფირივით უკან დატრიალება არ შეიძლება. არავითან შემთხვევაში არ გაჰყვებოდა ამ თვითკმაყოფილ იდიოტს სასტუმროში და არც სალაპარაკო ექნებოდა რამე. ახლა კი თავს დავალებულად გრძნობს. საჩუქარი ხომ მიიღო? ნია თავის დასაცავად მოემზადა, მაგრამ, მისდა გასაოცრად, მამაკაცი უეცრად დაყაბულდა. _ კარგი, როგორც გინდა, არ გაძალებ. თუმცა იცოდე, რომ ჩემთვის ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები _ სასტუმროშიც და კაზინოშიც. ნიამ უსიტყვოდ დაუქნია თავი, ყუთს ხელი დაავლო და კაბინეტიდან ლამის თავქუდმოგლეჯილი გავარდა. 8 8 8 გიგი ღიმილით გასცქეროდა მიმავალს. მთელი დღის განმავლობაში, უამრავი საქმიანი შეხვედრისა და დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ნიაზე ფიქრი აეკვიატა და მის ყოველ გახსენებაზე სითბო ეღვრებოდა სხეულში. ერთი სული ჰქონდა, როდის მოსაღამოვდებოდა და ნახავდა გოგონას. არც კი ახსოვს, ასე ვნებიანად ბოლოს როდის აღაგზნო ქალმა. დარწმუნებული იყო, იგი საწოლში არაჩვეულებრივი პარტნიორი იქნებოდა, მაგრამ არ ჩქარობდა. ჯერ ცოტას გააწვალებს, წაეთამაშება, აიძულებს, გაამძაფროს მისი სურვილები, რათა ნიასაც ისევე მოუნდეს შეხვედრა, როგორც მას… აი, ახლა გოგონა წავიდა და გიგი მიხვდა, როგორ აუმაღლდა განწყობილება. მომხდარით კმაყოფილმა ფართოდ გაიღიმა… ჩქარი ნაბიჯებით მიმავალმა ნიამ ტუჩები მოიკვნიტა. საერთოდ რა აზრი აქვს ამ კაცზე ფიქრს? როგორი თავდაჯერებულია, ზემოდან უყურებს, მბრძანებლობს კიდეც მასზე. წარმოგიდგენია?! რა ჰგონია, რადგან მდიდარია, ნიას თავის ჭკუაზე ტარებას შეძლებს? არაფერი გამოუვა, ვის რაში სჭირდება მაგის ფული!.. გონების კარნახის მიუხედავად, ოცნებები ნიას მაინც გიგისკენ ეწეოდა. იმის გაფიქრებაც კი, კიდევ ერთხელ ენახა იგი, მოსვენებას უკარგავდა. იცოდა, ცდუნებას ვერ გაუძლებდა, როგორც უნდა ეცადა და მოენდომებინა. რა მოხდება, ხვალ ადრე დაკეტოს მაღაზია და მასთან შეირბინოს? რამეს მოიმიზეზებს. «შენ ხომ გინდა მისი ნახვა. უბრალოდ, შეხედავ და მორჩა, მაშინვე გამობრუნდები და მეტი არაფერი», _ ეჩურჩულებოდა თავის თავს, მაგრამ იმავ წუთს შინაგანი ხმა საწინააღმდეგოს უმტკიცებდა. მხოლოდ შეხედოს, ერთხელ შეავლოს თვალი!.. ნუთუ მხოლოდ ეს უნდა? მატყუარა! უფრო მეტი უნდა, ვიდრე თვალის შევლება. ამიტომაც აჯობებს, გონებას მოუხმოს და ცდუნებას არ აჰყვეს! _ ნაღვლიანმა ღიმილმა გადაურბინა ბაგეებზე. თვალწინ დაუდგა საუცხოო ავტომობილი, რომლითაც წუხელ შინ მიგრიალდა. და ამისთანა კაცისგან სიყვარულს ითხოვს? კიდევ რა უნდა! ეს ხომ გამორიცხულია. ვინ იცის, გიგის მისნაირი რამდენი გამოუყენებია, მერე კი მიუტოვებია. მას მხოლოდ გასართობად სჭირდება ნია. ეგღა აკლია ასეთ კაცს, სერიოზულად იფიქროს მისნაირ უბრალო გოგოზე. ეჰ… ნუთუ ვერ შეძლებს, თავიდან ამოიგდოს მასზე ფიქრი? მაგრამ უნდა კი? არა, არ უნდა. პირიქით, სიამოვნებს კიდეც, ასე რომ იტანჯება. იგი ყველაფერზე თანახმაა, თუნდაც ერთი ღამის სექსზეც. რაარის ცუდი იმაში, რომ მასაც სურს, ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოს? ერთხელ იბადება ადამიანი ქვეყანაზე, სანამ უნდა ელოდოს, ვინმე როდის გამოჩნდება და ცოლად შეირთავს? და მერე რა? არავინ იცის, როგორი იქნება ის «ვინმე». რა გარანტია აქვს, რომ მასსავით უფულო და ვალებით გატენილი არ შეხვდება?.. არანაირი. ჰოდა, გაიხაროს, ერთხელ მაინც გაიხაროს ამ უფერულ ყოფაში. ვინ იცის, იქნებ ისე მოეწონოს ახვლედიანს, რომ დიდი ხნით გაგრძელდეს მათი ურთიერთობა? იქნებ ფინანსურადაც დაეხმაროს და ვალებიც გაასტუმრებინოს? არა, რა სისულელეა, ამას ვერაფრით იზამს, მოკვდება და არ გააკეთებს, მორჩა! 8 8 8 ის იყო, შინ მივიდა და ტანსაცმელი გამოიცვალა, რომ კარი ხმაურით გაიღო და მაკა ქარიშხალივით შემოიჭრა. ნია გახევდა, დაქალის გამოჩენას ამწუთას სულ არ ელოდა. _ პრივეტ, _ მაკამ ჩანთა მაგიდაზე შემოდო, სკამზე დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო, _ როგორ არის საქმე? _ რა ვიცი, ძველებურად, შენკენ? _ ჯერჯერობით ისე, რა, მაგრამ ვიცი, ყველაფერი გადასარევად იქნება, ამაში ორი აზრი არ არსებობს, ოღონდ შენი დახმარება დამჭირდება. _ რაში? _ ნიას ხმა გაუცივდა, ცუდმა წინათგრძნობამ დარია ხელი. _ იცი, რა ხდება, ნიი? _ შეპარვით დაიწყო, _ მართალია, კახასთან ურთიერთობა დავალაგე, მაგრამ უმნიშვნელო პრობლემები მაინც დამრჩა. _ რა მოხდა, აღარ იტყვი? _ ნიას საერთოდ არ ედარდებოდა მათი ურთიერთობის აწეწვა-დალაგების დეტალები, მაგრამ გული უგრძნობდა, რაღაც ავის მომასწავებელი ელოდა. სხვა შემთხვევაში, ასე შორიდან არ მოუვლიდა მაკა მთავარ სათქმელს. _ საქმე იმაშია, რომ კახუჩელა ცოტა განერვიულებულია იმ საღამოს გამო. კაზინოს გახსენებამ ნია პანიკაში ჩააგდო. _ ის არ არის მიჩვეული, როცა ქალები არაფრად აგდებენ. შენ უარი უთხარი მის საუკეთესო მეგობარს სასტუმროში გაყოლაზე. ამაზე ძალიან გაბრაზდა _ ვიღაც ხომ არ ვიყავი, ჩემთვის ეთქვაო. გოდერძი თურმე ჭკუაზე არ არის, ისე მოეწონე. კიდევ ერთხელ შემახვედრეთ ის გოგოო, გაიძახის. ამიტომ ახლა უნდა ადგე და ჩემთან ერთად წამოხვიდე. უარი რომ მითხრა, დავიღუპები. ხომ იცი, მე სხვა შემოსავალი არაფერი მაქვს, კახუჩელა მარჩენს. ერთად რომ არ მივიდეთ, სამუდამოდ დამკარგავს, გესმის? გთხოვ, წამომყევი, რა. _ მე მას ყველაფერი ავუხსენი და გამიგო, _ გაფითრებულმა ნიამ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, _ რა საჭირო იყო, კახასთან დამეწყო თავის გამართლება? _ მაგრამ შენ მაინც არასასიამოვნოდ მოიქეცი, ხომ მართალია? იცი? კახა ძალიან ჭირვეულია, პატარა ბავშვივით… რასაც მოისურვებს, უნდა შეუსრულონ, თორემ მტრისას, თუ გაბრაზდა… დღეს კაპიკი არ მომცა, ისე იყო გაცოფებული შენ გამო. კი არ იცის, რომ… რომ შენ… _ რომ მე კაცებში არ დავდივარ, არა? _ წარბები შეყარა ნიამ. _ ჰო, ეგ არ მითქვამს, მაგრამ ნუ გეშინია, მე შენ გვერდით ვიქნები, ვერავინ ვერაფერს დაგაძალებს, ოღონდ წამოდი. აგერ ნახავ, რამდენ ფულს დახარჯავს ჩვენი სიამოვნებისთვის, შენც გაგისწორდება. _ მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია… _ რა არ შეგიძლია? _ პირველ რიგში, შენთან ერთად წამოსვლა და მეორეც… მე ვერ ვიცხოვრებ იმ წესით, როგორითაც შენ ცხოვრობ. ეს ჩემთვის მიუღებელია. ზოგს შეუძლია, ზოგს არა. ვიცი, დავალებული ვარ შენგან, მაგრამ მაინც უარი უნდა გითხრა. _ ისინი მდიდრები არიან, გესმის? დამიჯერე, მათთან ურთიერთობით ბევრს მოიგებ. ვიცი, რომ წესიერი ხარ, მაგრამ რა მოგიტანა შენმა წესიერებამ დღემდე? ვალების მეტი არაფ… _ იმის გამო, რომ შენი ვალი მაქვს, ჩემთვის არასასურველ მამაკაცს არ დავუწვები, _ ცივად შეაწყვეტინა ნიამ, _ და მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს! _ ტყუილად აჭკნობ შენს სილამაზეს, სიხარულო. ოცდაცხრა წლის ხარ, ხომ არ დაგავიწყდა? ოცდაათის გახდები და მერე არც არავის მოუნდები, დამიჯერე! გგონია, მე მეხალისებოდა ასეთი ცხოვრება? გგონია, ჩემთვის ადვილი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა? მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე და მივხვდი, არც ისე ძნელი ყოფილა. არაფერს ვნანობ, რადგან სიცოცხლის გემო ახლაღა შევიგრძენი. შენი აზრით, ყოველთვის ასეთი მომხიბვლელი იქნები? გგონია, სილამაზე მარადიულია? ცდები… _ არავითარ შემთხვევაში! _ ნია… _ არა, მაკა, არა! მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია. მაგ კაცებთან ერთად არსად არ მსურს წასვლა. ვიცი, შენი ვალი რომ მაქვს და… _ ჩემი არა, კახასი… _ რა-ა? _ გოგონას ხმა ჩაეხრინწა. _ ის ფული, შენ რომ გასესხე, კახას გამოვართვი. ასე რომ, მისი გმართებს… ნიას შეაკანკალა. აი, თურმე რა ყოფილა! სად დაუგეს მახე! გამოდის, სამი ათასი ევრო დევიძეს უნდა დაუბრუნოს! სასოწარკვეთილმა თვალები დახუჭა. იცინოს თუ იტიროს? რა კარგად ჰქონია საქმე?! არჩევანის უფლებას არ უტოვებენ! ვნახოთ, ვინ _ ვის! _ არ შემიძლია, _ მტკიცედ თქვა ბოლოს. _ რას ნიშნავს «არ შემიძლია»? _ აწრიალდა მაკა. _ იმას, რომ მე სხვა მამაკაცს შევხვდი, რომელსაც მოვწონვარ და რომელიც მომწონს. მას ვერ დავაღალატებ. _ მართლა? ვინ არის, არ მეტყვი? ნიამ მოკლედ აუხსნა, რაც მოხდა იმ ღამეს კაზინოში და როგორ გაიცნო გიგი და სანამ თვალებგაფართოებული მაკა რამეს ეტყოდა, დაასწრო. _ ამიტომ, უბრალოდ, არ შემიძლია და მორჩა. ძალიან გთხოვ, მარტო დამტოვე და არაფერი მითხრა! _ ნიას ხმა ისე კატეგორიულად ჟღერდა, გაოგნებული მაკა წამოდგა, მიხარია, თუ ასე გაგიმართლაო, ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა და უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან. 8 8 8 გავიდა ორი დღე… სამი… ხუთი… გავიდა ორი კვირა… ნია არავის შეუწუხებია. არც მაკასგან ისმოდა რამე და არც გიგისგან. დაქალი სულაც არ ედარდებოდა, მაგრამ ახვლედიანზე ფიქრი მოსვენებას უკარგავდა. გული დაუმძიმდა, ჭამის მადა გაუქრა. წამი არ გავიდოდა, მისი სახე არ დადგომოდა თვალწინ. მზად იყო, ნებისმიერი სისულელე ჩაედინა, ოღონდ კიდევ ერთხელ ენახა იგი. ყველაფრის ხალისი დაკარგა, ვერაფერს დაუდო გული. ბოლო იმდენად აებნა თავგზა, გადაწყვიტა, კაზინოში მისულიყო მის სანახავად. ხომ დაპატიჟა? ხომ უთხრა, ჩემთვის ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნებიო? ჰოდა, მიიღოს და უმასპინძლოს! გამოპრანჭულმა ტაქსი გააჩერა და აფორიაქებულმა მძღოლს კაზინოს მისამართი უკარნახა. ღმერთო, რას აკეთებს! სად მიდის, რომ მიდის? სურს კი ახვლედიანს მისი ნახვა? იქნებ საერთოდ გადაავიწყდა მისი არსებობა? არა, რას იფიქრებდა ნია, რომ თვითონ დაუწყებდა მამაკაცს ძებნას? სადამდე დავიდა მისი ქალური სიამაყე! მიიღებს კი გიგი? მცირე იმედი მაინც უთბობდა სულს, იმედი იმისა, რომ მამაკაცი ზრდილობის გამო მაინც არ ეტყოდა უარს, საღამო მის გვერდით გაეტარებინა. ტაქსიმ ოქროსფერი ნათურებით აციმციმებულ კაზინოსთან ჩამოსვა. ნიას მუხლები მოეკვეთა, როცა კართან მისულს შვეიცარმა გზა გადაუჭრა. _ უკაცრავად, ქალბატონო, ვისთან მიბრძანდებით? შვეიცარის შეკითხვა თავაზიანად ჟღერდა, მაგრამ ნია მიხვდა, რომ იგი სულაც არ აპირებდა მის შენობაში შეშვებას. გოგონა დაბნეული მიაჩერდა ფორმიან მამაკაცს. _ მე… მე მარტო ვარ, _ გაუბედავად წარმოთქვა. _ ვწუხვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ შეგიშვებთ… _ რატომ? დიდი ხანია, თვრამეტის აღარ ვარ, _ აღშფოთება გამოთქვა. შვეიცარმა მსუბუქად აიჩეჩა მხრები. _ ვწუხვარ, მაგრამ თანმხლების გარეშე ვერ გაგატარებთ, ასეთია ჩვენი შიდაგანაწესი. _ ღმერთო ჩემო, ასე უცხოეთშიც კი არ იქცევიან! რას ჰგავს ეს ყველაფერი? _ ნიამ იგრძნო, როგორ წამოუპილპილდა სახე. ახლა იგი სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა, ვიდრე იმ საღამოს. ერთადერთი შავი კაბა, რომელიც გააჩნდა, კოხტად მორგებოდა ტანზე და.. წითელი ფეხსაცმელი, რომელიც გიგიმ უსახოვრა. არც მკვეთრი მაკიაჟით ჰქონდა სახე დამძიმებული. _ მე… ერთხელ უკვე ვიყავი აქ… _ შეეცადა, მშვიდად ეთქვა. მამაკაცი არ განძრეულა. _ მაპატიეთ, არ შემიძლია. თუ გნებავთ, ტაქსის გამოგიძახებთ. _ ერთი წუთით! _ ნიამ უკანასკნელი შანსი გამოიყენა, _ იცით? მე ბატონმა ახვლედიანმა მთხოვა, მოვსულიყავი… თუ გინდათ, ჰკითხეთ. შვეიცარმა დაეჭვებით შეავლო თვალი. ერთხანს უყურა, ყოყმანობდა, დაეჯერებინა თუ არა ამ ლამაზმანის ნათქვამი. როგორც იქნა, შეირხა. _ გთხოვთ, დამელოდოთ, ახლავე გავარკვევ? რა გქვიათ? _ ნია. მამაკაცმა მობილური ამოიღო და დარეკა. _ ბატონო გიგი, თქვენთან გოგონაა მოსული, ნია, _ შვეიცარი ყურადღებით უსმენდა ბოსს, თან ნიას თვალს არ აცილებდა. _ მობრძანდით, ბატონი გიგი გელოდებათ, _ ღიმილად დაიღვარა შვეიცარი და კარი ფართოდ გამოაღო. ნიამ შვებით ამოისუნთქა და შენობაში შეაბიჯა. მარმარილოს კიბიდან შავ კოსტიუმში მამაკაცი მოიჩქაროდა მასთან შესახვედრად, მაღალი, მხრებში გაშლილი. _ შენ მოხვედი… _ სულ ეს იყო, რაც თქვა. ნიას იმწამსვე დაავიწყდა იმ მიზეზების ჩამოთვლა, რისთვის აქ აღმოჩნდა, იმდენად ააღელვა გიგის დანახვამ, ყველაფერი გადაავიწყდა ამქვეყნად. შიშით ახედა მამაკაცს. არა, იგი არც მოქუფრულა, არც გაბრაზებულა, არც ის უცდია გაეხსენებინა, ვინ იყო ნია და არც იმაზე გაბრაზებულა, თავისი ფეხით რომ გამოცხადდა მის კაზინოში. ამის მაგივრად მამაკაცი მიუახლოვდა, ისე ალერსიანად ჩახედა თვალებში, თითქოს ის მართლა სასურველი სტუმარი ყოფილიყო. _ ჰო, _ უპასუხა ნიამ. გიგი მის თითებს ფრთხილად დაწვდა, ტუჩებთან მიიტანა და ოდნავ შეეხო, თან მზერას არ აცილებდა შავი და უძირო თვალებით. _ წავედით, _ ხავერდოვანი ხმით წარმოთქვა ახვლედიანმა, ნიას თითები თავის თბილ მუჭში მოიმწყვდია და დარბაზისკენ გაუძღვა. როგორც იქნა, გიგიმ გამარჯვების გემო შეიგრძნო. ის ზემობდა. მიუხედავად ყველაფრისა, მართალი აღმოჩნდა, თუმცა ამ ჯიუტმა გოგონამ კარგა ხანს ალოდინა… ორი გრძელი კვირა დასჭირდა, რომ აქ მოსასვლელად ძალა ეპოვა. ზედიზედ ორი კვირა მტკიცედ არწმუნებდა მამაკაცი თავის თავს, რომ ნიას ნებისმიერ დროს შეიძლებოდა შემოეღო კაზინოს კარი… და მაშინ გიგი აუცილებლად მიიღებდა იმას, რაც ასე ძალიან სურდა. არადა… დღესაც რომ არ გამოჩენილიყო, იგი თავად აპირებდა მასთან მისვლას. და აი, ნია აქ არის. ახვლედიანი კვლავ აღივსო იმ მძაფრი სურვილით, რომლის განელებაც სულ უფრო და უფრო უძნელდებოდა. ქალმა ალოდინა, მაგრამ ამან უარესად აუშალა საღერღელი. ამასთან, დღეს საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა, ფერებიც გემოვნებით შეეხამებინა, რაც მის ბუნებრივ სილამაზეს უსვამდა ხაზს. გრძელი, სრიალა თმა აეწია და ყელ-კისერი მოეღერებინა. მაკიაჟის შერჩევაც სცოდნია, ბაცი ცისფერი ჩრდილები უფრო დიდრონს აჩენს მის წყლიან თვალებს. რა ლამაზია! მის სახეს არ სჭირდება არც ტონალური კრემი და არც მშრალი პუდრი. მხოლოდ თხელი ფენა პომადა უსვია ტუჩებზე. ამ პომადას ერთი კოცნით მოაცილებს. მერე კი… მაგრამ არა ახლა. საღამო მხოლოდ იწყება. არ ღირს, დააჩქაროს მოვლენები. ჯერ მისი ცქერით დატკბება, დაე, კიდევ ერთხელ მოაჯადოვოს ნიას სილამაზემ. ჯერ მთელი რიგი რიტუალები უნდა შეასრულოს. გიგიმ გოგონა ბართან მიიყვანა და ნაზად გაუღიმა. _ შამპანურს დალევ? ნიამ უხერხულად დაუქნია თავი, მიუხედავად იმისა, რომ შამპანურს ვერ სვამდა. საკმარისი იყო, ერთი ყლუპი მაინც მოესვა, რომ მერე მთელი ორი დღე ძმარავდა. _ გმადლობ, რომ მოხვედი, _ ალერსიანად უთხრა მამაკაცმა და სასმლით აშიშინებული ბოკალი მიაწოდა, _ თუ გინდა, კონიაკს მოგიტან, ვიცი, ეს არ გიყვარს. გოგონას ხელი აუკანკალდა, უარის ნიშნად თავი გადააქნია. _ დღევანდელ საღამოს გაუმარჯოს, _ ჩურჩულით გააგრძელა გიგიმ. ნია ხმას არ იღებდა. თითქოს მეტყველების უნარი წაერთვა. სასმელი ოდნავ მოსვა და იგრძნო, ცივმა ბუშტუკებმა როგორ აუთრთოლა სხეული, როცა სისხლს შეერია. _ შენ არაჩვეულებრივი ხარ, განუმეორებელი… ისეთი ლამაზი… _ აღტაცებული მზერა მის სიტყვებს ადასტურებდა. _ დიდი მადლობა, _ ყურებამდე გაწითლებულმა თვალები დახარა. _ ვფიქრობ, უმშვენიერესი, დაუვიწყარი საღამო გველის, _ მომნუსხველი ღიმილით წარმოთქვა ახვლედიანმა. ამ ღიმილმა თავბრუ დაახვია ნიას. თითქოს ბედნიერების ტალღა დაეჯახა, ისე შეტორტმანდა. ასეთი მამაკაცი ნებისმიერი ქალისთვის შეუცვლელი დასაყრდენი იქნება. წამითაც არ აშორებს გამჭოლ მზერას, რომელიც სასმელზე მეტად ათრობს. _ მაშ ასე, როგორც იქნა, მოხვედი, _ ხმადაბლა თქვა გიგიმ, როცა ბარიდან გამოვიდნენ, _ რატომ მალოდინე ამდენ ხანს? გოგონამ პასუხის გაცემა ვერ შეძლო და უხერხულად აიწურა მხრები. _ თუმცა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, _ დაამატა, როცა შეამჩნია მისი რეაქცია, _ შენ აქ ხარ და მთავარი ეს არის. ნელა გაემართნენ დარბაზის სიღრმისკენ. _ მითხარი, _ მამაკაცს უცებ დაუსერიოზულდა ხმა, _ უკვე მოახსენე შენს დაქალს, რომ მსგავს დახმარებას მომავალში აღარ აღმოუჩენ? იმედია, მეტჯერ არ დამჭირდება შენი გაფრთხილება და კახას გვერდით არ გიხილავ… არასდროს. ნიამ თავდაჯერებით დაუქნია თავი. _ არა, ნამდვილად აღარ მინდა, მათთან რამე საერთო მქონდეს. ამას წერტილი უკვე დაესვა. _ ჰოდა, ძალიანაც კარგი. კახას ხსენებაზე ნიას წამით ჩრდილმა გადაურბინა. «ხომ არ ვუთხრა, რა პრობლემაც მაქვს? იქნებ აჯობებს იცოდეს, რომ დევიძის ფული მმართებს და ამის გამო მაკა მოსვენებას არ მაძლევს?» _ გაიფიქრა. მაგრამ მეორე წუთს სითამამე არ ეყო, სიმართლე ეთქვა, მისი დაკარგვის შეეშინდა. დღევანდელი საღამო _ ეს ოცნება იყო, ხანმოკლე, მაგრამ მშვენიერი ოცნება და ამ ოცნებაში ნია ხელიხელჩაკიდებული მიაბიჯებდა მსოფლიოში საუკეთესო მამაკაცთან ერთად. ის უღიმოდა, ხოლო მის უცნაურად მოელვარე თვალებში იდუმალი სურვილი იმალებოდა… ნიას არ შეეძლო ამ ოცნების ერთი ხელის მოსმით განადგურება. თუმცა, რა? ისედაც იცის, რომ ეს ოცნება წამიერია. ხვალინდელი დილა გათენდება და კვლავ მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდება. ის მხოლოდ ამ საღამოს, რამდენიმე საათით არის პრინცესა, რომელიც ბრწყინავს, ხვალ კი ისევ კონკიად გადაიქცევა. ამასობაში მრგვალ, «რულეტკის» სათამაშო მაგიდას მიუახლოვდნენ. გიგი ქალს დაჯდომაში მიეხმარა, თვითონ კი მის ზურგს უკან დაიკავა ადგილი და ხელებით სკამის საზურგეს დაეყრდნო. ნია გრძნობდა, როგორ უხურდა სხეული. მამაკაცმა ხელისგულზე დაყრილი ჟეტონები მიაწოდა. _ ნომერი ამოირჩიე, _ შესთავაზა. ნიამ დაუფიქრებლად დაასახელა ციფრი, მან კი ფსონი დადო. გოგონა სუნთქვაშეკრული შეჰყურებდა წრეზე დატრიალებულ ბორბალს… მაგრამ არ გაუმართლა, ბურთულა სხვა ციფრზე გაჩერდა. ნიას შერცხვა. კრუპიემ კვლავ შესთავაზა ფსონის დადება. მანაც კიდევ ერთი დადო. ამჯერად თავისი დაბადების დღე აირჩია, თუმცა კვლავ წააგო. _ ახლა შენ, _ მორცხვად ახედა მის უკან მდგარ გიგის. მამაკაცმა გაიღიმა, წინ გადმოიხარა და ჟეტონების მთელი კვადრატი დადო ფსონზე. ნია თვალს არ აშორებდა მორბენალ ბურთულას, დაძაბულმა თითები მომუჭა და შედეგის მოლოდინში მზერა დაძაბა. ცოტაც და… ბურთულა სწორედ იმ ფოსოში ჩავარდა, რომლის ნომერიც გიგიმ აირჩია. ნიას გაეღიმა, მოერიდა ემოციების ხმამაღლა გამოხატვას, თორემ ტაშსაც შემოჰკრავდა. _ გინდა, კიდევ სცადო? _ მხარზე გიგის ხელის შეხება იგრძნო და გააჟრჟოლა. _ არა, საკმარისია, თორემ ყველაფერს წავაგებ, არ ვარ იღბლიანი… _ მაშინ წავედით, მაღლა ავიდეთ. იქ, ტერასაზე, არაჩვეულებრივი ხედია, მთელი თბილისი მოჩანს. ხომ გინდა, ნახო? _ პასუხს არც დაელოდა, ხელი ჩასჭიდა და თან გაიყოლა. 8 8 8 ხედი მართლაც თვალწარმტაცი იყო. აქედან ღამის თბილისი ხელისგულივით მოჩანდა. ნიავს საიდანღაც ყვავილების სურნელი მოჰქონდა, რაც უფრო რომანტიკულს ხდიდა გარემოს. ამას დამატებული ვარსკვლავებით მოჭედილი ცაც და… სრული იდილია იყო შექმნილი განმარტოებისთვის. თბილი სიო ნაზად უწეწავდა აწეულ თმას. გიგი მიუახლოვდა, გვერდიდან ოდნავ შეეხო და მკლავი მოხვია… ნია გაირინდა. სიგიჟემდე სურდა, მიყრდნობოდა მის ძლიერ მკერდს და მისი მამაკაცური ძალა მეტად შეეგრძნო, მაგრამ არ შერხეულა, რაღაც უშლიდა ხელს, რაღაც უხილავი… არ უნდა, ასე ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს, ამან შეიძლება უცებ გაანელოს მისი გრძნობები და ამ რომანტიკულმა ურთიერთობამ ხიბლი დაკარგოს. მაგრამ იმის ძალაც არ შესწევდა, შეეჩერებინა გიგი, რომელიც უკვე მოიწევდა მისკენ. _ აი, თურმე სად ხარ! _ გაისმა უცებ ვიღაცის ბოხი ხმა. ნია მოულოდნელობისგან შეხტა, გიგიმ კი დინჯად ჩამოიღო ხელი მისი მხრიდან და მძიმედ მიტრიალდა. _ სულხან… მიხარია შენი ნახვა… _ თავაზიანად მიმართა მოსულს. შუახნის მამაკაცმა ხელი ღონივრად ჩამოართვა. _ აბა? რა ქენი, ჩემს წინადადებაზე იფიქრე? _ რა თქმა უნდა. კარგი იდეაა გოლფ-კლუბი, მაგრამ როგორ გგონია, გაამართლებს? ქართველებს გოლფი არ იზიდავთ. _ მერე რა, სასტუმროს უკან უზარმაზარი აუთვისებელი ფართი გაქვს, შეიძლება გარისკვა. რა გინდა, ფართი _ შენი, ფული _ ჩემი. უცხოელებზე გავთვალოთ. _ კარგი, ხვალ კიდევ ერთხელ შევხვდეთ და მოვილაპარაკოთ. სულხანი ორივეს ღიმილით დაემშვიდობა, ხელს არ შეგიშლითო, ჩაილაპარაკა და გავიდა. _ მაპატიე, _ დაიჩურჩულა ახვლედიანმა. _ ნუ მებოდიშები, მერე რა. სულაც არ მიფიქრია შენი «მითვისება», შენ ყველას ეკუთვნი, _ ეშმაკურად ჩაიღიმა ნიამ. გიგის შავი თვალები აუელვარდა. _ მაგრამ მშვენივრად გამოგდის… _ აღიარა მამაკაცმა და მის თითებს გაეთამაშა, _ მითხარი, ამწუთას რა უფრო გსურს? კვლავ სცადო ბედი «რულეტკასთან»? კონიაკი? იქნებ ვახშამი? ან სულაც… _ და მის მზერაში ანთებულმა მზერამ ნია აიძულა, გაწითლებულიყო, _ აქ დარჩენა და კიდევ ცოტა ხანს ამ პეიზაჟით ტკბობა? მითხარი, როგორი უნდა იყოს შენი იდეალური სამყარო, რას ისურვებდი? _ იდეალური სამყარო არ არსებობს, _ უპასუხა ათრთოლებულმა და შორს გაიხედა. _ არსებობს… აი, აქ, _ მტკიცედ თქვა გიგიმ და საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიუკაკუნა. ნიამ მექანიკურად გადასწია თავი უკან. კიდევ ერთხელ შეაშინა მისმა მიკარებამ. _ მითხარი… _ არ ეშვებოდა მამაკაცი. _ ამის ახსნა ორი სიტყვით შეუძლებელია. _ შენც შეეცადე, ორზე მეტი სიტყვით ამიხსნა. _ იქნებ ჯერ გვევახშმა? _ გამოსავალს მიაგნო გოგონამ. _ მშვენიერია, რახან ასე გსურს, ასე იყოს, _ გიგის ტუჩები ღიმილმა გაუპო, გოგონა წინ გაატარა და ერთობ კმაყოფილი უკან მიჰყვა… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.