შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი


17-12-2015, 16:07
ავტორი Nude
ნანახია 2 274

*ბედი*
ბედი?
შენ იცი, არასოდეს მწყალობდა ბედი.
და მაინც ვწერდი,
რასაც ჩემთვის ცხოვრება შლიდა.
თუმცა მინდა,
რომ ბნელ სარდაფში გულაღმა ვეგდო,
მზის გულზე ვდგავარ, რომ მხედავდე
და იყო მშვიდად.

*გამობურცულ მუცელს*
მეცხრე თვეა ვცოცხლობ,
ვსუნთქავ,
მესმის,
ვხედავ.
ჯერ არ დამდგარ დღეებს საფეთქლები უცემთ.
შენ კი დგახარ მშვიდი,
მომავალი დედა,
ჩემი ცოლი,
ჩემი,
გამობურცულ მუცელს
ეფერები,
როგორც,
როგორც რავი,
რა ვთქვა,
ღვთის-მშობელის ხატი ჩვენი სახლის კედელს.
თქვენთვის ვარ და თქვენით,
მაინც მინდა დავთქვა,
შენს წინაშე,
შენს წინ,
მიმიღე და მენდე,
რომ თქვენ გიტრიალებთ,
სადაც უნდა ვიყო,
თქვენს სიკეთეს ფიქრობს
ჩემი ყველა ფიქრი,
სისხლი მაქვს და გისხამთ,
ჰაერი და გიყოფთ,
თუ გადავდგე გზიდან -
გადავვარდე იქვე.
მეტი,
ჩემო,
ღმერთი
ჩვენთანაა მარად,
მთავარია შევძლო,
გადავიდე წყალზე -
ვიყო კარგი ქმარი,
ვიყო კარგი მამა,
მიყვარდეთ და მწამდეთ
ამგვარად და ასე.

*გახედავ ფანჯარას და ღამეა*
გახედავ ფანჯარას და ღამეა.
გახედავ და ღამე.

არავის სჭირდები,
არავინ გეძებს.

თავსაც ვეღარაფრით იტყუებ.

ღამეებს უთევ ძილგამტყდარ ნერვებს,
საპატიო ყარაულში ხარ.

დროდადრო,
ტელეფონის სადენზე გიშტერდება თვალი.

ჭერზე გადამწვარი ნათურასავით
კიდია თვითირონია.
...

სიყვარული კი ის ოთახია,
სადაც ჯერ კიდევ წვებიან ორნი.

*ერთი სიყვარულით*
რაღაც ისეთი,
ამოუცნობი,
ახალგაზრდა ქალი ქმართან ერთად რომ მოდის ქუჩაში,
მოგიახლოვდება და მკერდზე დაიხედავს.

ადამიანებზე რა უნდა ვთქვა,
როცა სიგარეტსაც კი საშინლად ვეჩვევით.

ჩემი ყველა დილა ყავით იწყება,
ყველა ღამე - უშენოდ.

ხანდახან იმაზე დავფიქრდები ხოლმე,
ცოცხალი რომ აღარ ვიქნები.

პოეზიაც შენივე თავთან საუბარია,
შენივე თავის პატრონობა.
როცა გარშემო არავინაა,
მოვა და გამოგელეპარაკება,
მოგისმენს,
თვითონაც გეტყვის ორიოდ სიტყვას,
შეიძლება
მხარზეც გადაგხვიოს ხელი.

რა მეშველებოდა ამ ცხოვრების გარეშე?

გუშინ არაფერი დამიწერია,
არც დღეს.
წყევლასავითაა,
რომ საკუთარ მომავალს ვხედავ.

ფანჯარასთან დგომა მიყვარს,
გულაღმა წოლა,
ჯიბეებშიხელებჩაწყობილი სიარული...
ზოგჯერ ბორდიურზე ჩამოვჯდები ხოლმე
და ადგომა მავიწყდება.
კიდევ, რაღაცების ამოჩემება ვიცი,
აკვიატება.

წლების განმავლობაში მივლია ერთი შარვლით,
ერთი სიყვარულით.

*ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ*
წუხელ მარტმა თებერვალი გახვეტა.
გისოსია დედამიწა - ვეგლები.
სანამ დადგა განაჩენი - დახვრეტა,
ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ.

დღეს მომკლავთ და ხვალ იქნება მიქარვა.
გთხოვთ,
ჩემი ხასიათი ნუ გახელებთ.
რა ვქნა,
სადაც უნდა ვიყო - იქა ვარ,
დახსნილ მაჯებს ვერ ვუხამებ სახვევებს.

აქ,
საკანში უჟმურია ამინდი,
გარეთ მზემ გამოანათა ეგება,
მეტი ნაღდად არაფრი არ მინდა -
ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ.

გავთავდები კიდევ ერთი მწეველი,
ერთი-ორი პატიმრისთვის - პოეტი.
გაწბილდება ასცხრამეტი მევალე.
გავყავარ და...
უკან კარი მოკეტეს.

ქარმა ქუჩებს თებერვალი გახადა.
გისოსია დედამიწა - ვეგლები.
სანამ კრუნჩხვამ სისხლძარღვებში გამხლართა,
ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ.



№1  offline წევრი elisabeth

ჩერქეზა... <3

 


№2 სტუმარი black

Chemshi xar shen❤miyvars nikos leqsebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent