შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაიმასკო


25-02-2016, 20:17
ავტორი BvBArMy
ნანახია 3 322

დედაჩემი ავადაა . ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს. სამედიცინო ტერმინებს ვერ ვიმახსოვრებ და რა ჰქვია ზუსტად ვერ გეტყვი, ცოტა უცნაური და გრძელი სახელი აქვს, შენი სახელისგან განსხვავებით, ჰარი. სიცხეს შუბლზე ტუჩებით ვუზომავ . როცა ვხვდები რომ მხოლოდ ასეთ დროს ვკოცნი ხოლმე დედაჩემს, ყელში ბურთი მეჩხირება და ქუჩაში გავრბივარ.

დედაჩემს არ უყვარს როცა ვტირი.
...

ბოლო დროს ვსუნთქავ ღრმად. უფრო გახშირებული სუნთქვით, უფრო ხმამაღლა ვიდრე შენ.
მიკეთია აირწინაღი., იმიტომ არა რომ ეს ჩემი მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ძველი ჩვევაა.… დღეს მე გაზით არავინ მგუდავს, უბრალოდ ჰაერში ზოგიერთი ადამიანის ამონასუნთქის , ჩემს ფილტვებში ჩაშვების პერსპექტივა არ მხიბლავს.
ვიწამლები.
ვიწამლები შეშინებულებით, მოტყუებულებით და ტვინგამორეცხილებით.პოტენციური მეძავებით და უპეტენციო მამრებით. სულელი ფემინისტებით და ფანატიკოსი თვითმკვლელებით… ვიწამლები კეთილსინდისიერებით უსინდისობაში... ჩემი სახლის ყვითელ კედლებში სარკის წინ შიშველი ვდგავარ ,როგორც აუქციონზე გაყიდული იაფფასიანი ეროტიკული ხელოვნების ნიმუში და ვხვდები რომ საკუთარმა სხეულმაც ბევრჯერ მიღალატა. იმიტომ რომ თავი მარტო არ მეგრძნო გამოვიგონე სექსუალური უშუალობა და შენც გაიძულე გერწმუნა მისი აუცილებლობა. გერწმუნა ,რომ არაფერია აკრძალული, რაც კანონში არ წერია და შენც დაიჯერე...

მე ბიოლოგიური ტერორისტი ვარ, ჰარი.

ვყლაპავ ჰალუცინატორებს და ვიღებ ბილეთს ერთი მიმართულებით.

...

მე და შენ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ. ჩემი ფანჯრებიდან შენი ფანჯრები ჩანს და ასე ყოველდღე... გიყურებ და პირში ორი თითის ჩაყოფა არ მჭირდება, გულს ვირევ სიმეტრიული ცხოვრების მქონე მეზობლის, სიმეტრიულად გაფენილ სარეცხზე... ჩემს და შენს ყოველდღიურობაზე.

მერე ვჯდები და ვწერ...

“ჩემო ძვირფასო, ჰარი” ... ვიწყებ ასე... მერე სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს... ვწერ ერთსა და იმავეს სხვადასხვა დროს. ვწერ ნამდვილ ადამიანებზე, ანუ მათ ენაზე, ლუოლავეტრანებზე ,რომლებსაც ხანდახან ვხვდები აბის მიღების მერე ,როცა შენს ფანჯარაში სინათლე არ ჩანს და ჩემი ფანჯრიდან დაზეპირებულ ხედის ყურებას ალიასკის დათოვლილი პეიზაჟის ყურება მირჩევნია.

იქ სადაც დედამიწა მთავრდება მე სხვა ესკიმოსებთან ერთად ვცხოვრობ და სახელად ტალუს მეძახიან, მიყვარს ესკიმოსი ბიჭი, კანუ , რომელიც არასდროს მინახავს და ჭრელ ქუდებს ვუქსოვ, ვოცნებობ მყავდეს ბევრი შვილი და არქტიკის სუსხიან ზაფხულში სანადიროდ წასულ ჩემს ქმარს , სახლში ველოდებოდე.

- “ტალუმ თბილად ჩაიცვა და გარეთ გავიდა. სახლის წინ დაყრილ, გაფშეკილ ციგებს თოვლი გადააცალა, საცურაო ზოლებს ყინული გადააფხიკა და დედაბერის ძაღლები ციგაში შეაბა...

მიქროდა ტალუ და გათოშილი ხელებით ციგას მაგრად ჩაბღაუჭებოდა. მიქროდა და ტიროდა ტალუ. ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა გაყინულ ლოყებზე...

ერთხელ მარადიული თოვლით დაფარულ მხარეში მიქროდა ტალუ...…” - ასე მთავრდებოდა იუპიკური ზღაპარი, რომელსაც მამა მიყვებოდა ძილის წინ ... და მეც ტალუსთან ერთად ვტიროდი . ვიცოდი, რომ გავიზრდებოდი , აუცილებლად ვნახავდი მარადიულ ალიასკას.

...

- ფსიქოპატკა!!! - ჩემი მეზობელი კარებზე მიბრახუნებს და დაჭრილივით ღრიალებს, ეს ის მეზობელია, სიმეტრიული ცხოვრებით რომ ცხოვრობს, სარეცხსაც სიმეტრიულად რომ ფენს , ოთხ წელიწადში ერთხელ არჩევნებზე , ორ თვეში ერთხელ ლიფტის ფულზე და ყოველდღე ჩემთან რომ დადის - “ფსიქიატრიული საავადმყოფოს სანატრელო პაციენტო, გაგასახლებ! საჩივარს დავწერ, ყველა მეზობელს ხელს მოვაწერინებ და იქ ამოგალპობ. -
ღრიალი არ ჩერდება , ერთი მეზობლის ხმას მეორე ემატება, მეორეს მესამე და სადარბაზოში საპროტესტო აქცია ეწყობა ჩემი გულზიდვის წინააღმდეგ. კარს მშვიდი სახით ვაღებ და მეზობლის აყროლებული სარეცხი პირდაპირ სახეში მხვდება. სიტუაციას გვერდიდან ვუყურებ და ისტერიული სიცილი მივარდება. ჩემს შემხედვარე, ჩემს მეზობელს გაოცებისგან თვალები ღილებივით უხდება და დღესაც ისევე ვეცოდები, როგორც გუშინ. მეც თავისებურად მეცოდება ის, როცა მისი გასიებული და აყროლებული ქმარი მახსენდება და ვფიქრობ რამდენი ჰალუცინატორი უნდა დამელია, მის ქმართან რომ სექსი მქონოდა. ჩემს თავს ამ ფიქრზე როცა ვიჭერ, სიცილისგან მუცელი მტკივდება , გულღებინება მეწყება და მეზობელს, რომელიც 5 წუთის წინ დაჭრილი ლომივით ღრიალებდა ახლა კი ჩემს სიცილს თახვის გამომეტყველებით უყურებს, ცხვირწინ კარებს ვუჯახუნებ და ფანჯარასთან მივდივარ ...
იქნებ დაგინახო...

გელოდები და ვიწყებ ჩემს ქუჩაზე გავლილი მანქანების და შენს სახლამდე ნაბიჯების თვლას. ასე დრო მალე გადის...
შენს სიჩუმეს ყოველთვის აქვს გამართლება.

იცი, შენს სახლამდე 63 ნაბიჯია...

...

სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა დღეს.
გიგზავნი ფოტოს, სადაც აირწინაღი მიკეთია, უკან ყოველგვარი მინაწერების გარეშე. ( ამ ქალაქში ისედაც ბევრი რამ არის ზედმეტი.)

ჩემო ძვირფასო ჰარი გავიქცეთ იქ სადაც დედამიწა მთავრდება, სადაც ცა ყველაზე ახლოსაა და აირწინაღები არასოდეს დაგვჭირდება. იქ სადაც ბევრ, ალიასკის მარადიული თოვლივით თეთრ შვილს გაგიჩენ და ყველას “ნამდვილ ადამიანს” დავარქმევთ. მე მოვქსოვ თბილ ქუდებს და შენ, ნადირობიდან დაბრუნებული, მოუყვები მათ იუპიკურ ზღაპარს ესკიმოს გოგონა, ტალუზე.

-”იყო ქარიანი დღე
მე არ მეხურა ქუდი და დავეხეტებოდი ქვეყნად…
ტიუნ, ტიუნ...”

და როცა სიტყვებს შორის პაუზები გაიზრდება ... ჩაგვეძინება.

გავიქცეთ აქედან ,ჰარი, როცა დედა გამოჯანმრთელდება...

მაიმასკო


მოდი დავარღვიოთ წესი,
ყელში ამოვიდა რადგან,
მე შენ გიყურებ და ვხვდები,
როგორ მიყურებ და მკარგავ.
მოდი დავიკიდოთ ყველა,
თუნდაც ჩამოვიხრჩოთ თავი,
სახლში უსაშველოდ ბნელა,
გარეთ უსაშველოდ ბარდნის
თოვლი, მე კი მარტო ვრჩები,
ვიცი და შენ მაინც მიხსნი,
რომ ხარ უსასრულოდ ჩემი,
პლიუს უსასრულოდ-სხვისი.
მე კი ვეგუები ამას,
უკვე ვეგუები რადგან,
ყელზე თუ მოიჭერ ქამარს,
იქვე სკამზეც უნდა დადგე.
მაგრამ მე წავაგე ომი,
ხოდა მაპატიე, მორჩა!
სახლში ისევ ვსხედვართ ორნი,
გარეთ თეთრი თოვლი მოსჩანს.
ხვალ კი კიდევ ერთი დილა,
შუბლზე შემოიდნობს ყინულს,
მინუს უსასრულოდ მტკივა,
ის ,რაც ცელსიუსით პლიუს.
რთული წესები აქვს თამაშს...

მაიმასკო


ახლა მოდაშია თურმე დეპრესია,
ბოლო ტენდენციებს გავხდი აყოლილი.
გუშინ რაც გითხარი, სრული სიგიჟეა,
სრული სიგიჟეა - თავიდან ბოლომდე.
მე ახლა შეშლილი უიღბლო გავხდი და
გიჟების აღლუმზე დავდივარ დროშებით.
ძველი სურათები , ეს უკვე ფაქტია!
ღია დარაბები - ის, რაც მე მომელის.
ახლა ყველაფერი ისე აირია,
ოთახშიც ჰაერი კედელზე აეკრა.
ახვიდე რაფაზე, ეს ხომ მარტივია,…
რთულია ყველაფრის თავიდან დაწყება.
სიმშვიდის ნაფაზი დავარტყი მთვარეს და
ფილტვები ამევსო ყვითელი ნაღველით,
ნეტა მოხვიდოდე, თუნდ იმის სათქმელად,
რომ ჩემგან სხვა ქალთან ჩქარობ, რომ წახვიდე.
ახლა ყველაფერი თითქოს სულერთია,
ახლა მარტოობის დამიდგა მომენტი.
ბედნიერებაა ჩემთვის რომ გაჩნდი და
უბედურებაა – ჩემთან რომ მოხვედი.
ახლა მოდაშია თურმე დეპრესია,
ღამე ჩემს ოთახში ჯაჭვიდან ავუშვი.
კარიდან გასვლა - ეს შენი წესია,
მე ჩემი ოთახის ფანჯრიდან გამიშვი.

გ ა ვ ა ფ რ ი ნ ე…..

მაიმასკო


ქალაქს, წვიმის სუნი აქვს ჰარი..
ასეთ ამინდებში უფრო მიმძაფრდება სიკვდილზე ფიქრი...
უკვე მერამდენედ ვწერ ჩემი ცხოვრების შესაძლო ფინალს,
და ვხვდები, რომ ყოვილი მცდეობა, რაღაც დავასრულო, უსასრულობაში გადადის.
სიგარეტს დღემდე ვეწევი...
ხუთი წლის წინ ვცადე თავი დამენებებინა
და, იმის მერე, ყოველ ახალ წელს, მახვირს დასაწყისში, და ყოველ ორშაბათს,
ფანჯრიდან ვისვრი სიგარეტის სავსე კოლოფს.
შენ მოგწონდა ჩემი მაბვნე ჩვევები,
რადგან თვლიდი, რომ ეს უფრო ქალურს მხდიდა...
ჰარი! მე არ ვნანობ არაფერს...
გესმის?!
არც 16 წკლსი ასაკში დაკარგულ ქალიშვილობას,
არც სამჯერ ნააბორტალ მუცელს,
და არც თვითმკვლელობის ხუთ მცდეოლას.
მე ყველაზე ამორალური ქალი ვარ ჰარი
და ალბათ ყველაზე ამორალური ცოლი ვიქნებოდი შენთვის,
მე ხომ სამი შვილი მოგიკალი.
იცი?! ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი სიკვდილზე,
სიამოვნებას მანიჭებდა იმის წარმოდგენა, როგორ ვატკენდი გულს,
ჩემი გარდაცვალებით გარშემომყოფებს...
მე სხვების სიყვარულში დარწმუნება მჭირდებოდა ჰარი...
სიკვდილი ხომ ყველაზე კარგად გამოაჩენს გრძობას.
ისუნთქე ჰარი! ისუნთქე!
მე აქ ვარ...
უბრალოდ ერთხელ შემომხედე და უკანასკნელად მითხარი, რომ არ ვარ ...
რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ესეც გაივლის...
მე ეს მჭირდება იმისთვის, რომ ვიცოცხლო...
გესმის?
არ მოკვდე ჰარი!
შენ აღარ გაქვს ამის უფლება...
ქალაქს წვიმის სუნი აქვს ჰარი...
ამ პალატაში კედლებიც მორფინითაა გაჟღენთილი...
მე შენი ხელები მიჭირავს,
ზუსტად ისე, როგორც შენ გეჭირა ჩემი ხელები, რკინიგზის სადგურზე,
როცა ზაფხულის ბოლო დღეს, ბოლო მატარებელი ტოვებდა ქალაქს.
ისუნთქე ჰარი! ისუნთქე!
ფილტვებს აკოფივით მოდებული მეტასტაზები ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიკვდის...
ისუნთქე ჰარი!
მე არ მჯერა ამ ქალაქში დასმული დიაგნოზების...
ისუნთქე ჰარი!
მე შენ მიყვარხარ..
ისუნთქე!
მე ხომ სიკვდილზე ფიქრს უკვე გადავეჩვიე...



№1  offline მოდერი Amalthea

ვგიჟდები მაიმასკოზე.
ემოციური... იდეალური... სიტყვები არ მყოფნის და ვერც ვიხსენებ, როგორ შეიძება დავახასიათო.
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№2  offline მოდერი desktop

ზედმეტად დამატულია.
--------------------
© umanita' mi stai sul cazzo...

 


№3  offline წევრი DianaAvery

არამგონია ოდესმე ამ ჩანახატის კითხვა მომბეზრდეს
--------------------
D.javakhia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent