შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

* მაკრინე *


18-01-2019, 21:04
ავტორი lemongiirl
ნანახია 1 206

*********
ახლა თაროზე შემოვდე ფიქრი
და მეშინია, კვლავ ხელი ვახლო.
იმ ფიქრში არის სუყველა შიში,
რაც ჩემში სუნთქავს, რაც ჩემში სახლობს
და ვარსკვლავთცვენას ვნატრობ უაზროდ
და ვდგავარ ბრბოში - მშიშარა მწყემსი...
და რას ფიქრობდა ნიკალა ფუნჯით
ყველაზე ცხადად მე ახლა მესმის.
ქალაქი თითქოს დაპატარავდა,
სახე პიკასოს ნახატს წააგავს
და იღვენთება ყველა სურვილი,
რაც ამ ცხოვრებამ ძალით წამართვა.
ვის დავუჯერო ახლაც ვერ ვხვდები,
თავზე მაყრია ხალისიც, ურვაც.
ნეტავ, სუყველა მართალი იყოს, -
მაინც ვერ ვმალავ ერთადერთ სურვილს.
ქალაქს კი ხავსი ედება, ქრება,
იფშვნება სიტყვა თავისთავადი
და ჰორიზონტზე ამოდის სულ სხვა
ჩაბეტონებულ რკინის ქალაქი...
და მისი მკვიდრიც ამ ქალაქს მოჰგავს,
სახეზე მიწის სურვილს აკვესებს.
გულში ბეტონის ნატეხი მოჰყვა
და ამიტომაც ვეღარ აკვნესებს
სალამურს - სტანჯავს, აწვალებს, წვალობს
და ბრბოს შუაში ვდგავარ და მესმის
რა უმწეო ვარ, მშიშარა მწყემსი,
მხოლოდ მოვთქვამ და ვერაფერს ვერ ვცვლი...
მიტომ თაროზე შემოვდე ფიქრი
და დავიფიცე ხელს აღარ ვახლებ
ალბათ არც ისე შორსაა ის დრო,
რომ საკუთარი მექნება სახლი.
სად ჩემთან ერთად გარდაიქმნება
მარადისობად ჩემი ფიქრები.
სადაც არავინ შემეცილება,
მე, ფიცარი და მიწა ვიქნებით
ერთ ხორც... ამ სულს კი დღეს ვით ვუშველო,
დარდის გორგალი ეხვევა მჭიდროდ...
და რადგან მასაც დაღუპვა ელის,
სხვის გადარჩენის ხერხებზე ვფიქრობ.
ღმერთო, სხვებს მაინც შეუნდე ცოდვა,
გამოუწოდე მოწყალე ხელი!
რადგან ჯერ ისევ მიწაზე ვცოცავ,
ვსუნთქავ და შენგან სასწაულს ველი.
რადგან ქალაქი სახლია ჩემი
და ეს უბნები ოთახებია,
რადგან ღიაა სუყველგან კარი
და რადგან მაინც არსად მელიან...
და რადგან ქალაქს ხავსი ედება,
იფშვნება სიტყვა თავისთავადი
და ჰორიზონტზე ამოდის სულ სხვა -
გულყინულიან ხალხთა ქალაქი.
მე მაინც მინდა ცხოვრებას ვგრძნობდე,
მარილმოყრილი რძის გემო ჰქონდეს,
ღიმილს არავის არ იშურებდეს
და ყველა თავის ბედ-იღბალს ფლობდეს.
არ არის ჩემი ნება აქ ყოფნა,
არც წასვლა-მოსვლას მითანხმებს ვინმე.
ზამთარი უხეშ ქარიშხალს გაჰყვა
და მეც მივრბივარ, თუმცა ვის მივსდევ
არ ვიცი, მაგრამ რაღაცას ვნახავ,
ან გამომიწვდის თბილ ხელებს ვინმე...
საწუთრო უცნობ მესაჭეს დაჰყავს,
მე კი საკუთარ სიკვდილებს მივდევ.
8.02.2018
მაკრინე



№1  offline წევრი luana

ძალიან ლამაზი ლექსიააა ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent