შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედა


28-02-2019, 12:02
ავტორი Magnitomania
ნანახია 2 084

დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,

დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.


ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს

შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,

რამდენი ღამე არ გძინებია,

რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.


შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,

არ მშორდებოდი წუთით, საათით,

რომ სიარული გესწავლებინა

შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.


მე შენი წმინდა შუქი მეფინა,

შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,

რომ ლაპარაკი გესწავლებინა,

შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.


დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,

თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,

შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,

რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.


თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,

რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,

დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,

თმებში ჭაღარა შემოგპარვია.


როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,

შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,

შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად

ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.


ახლაც შენა ხარ ჩემი კანდელი,

სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,

შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,

ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.


შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,

თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,

სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა

და სიყვარული დავიმსახურე.


დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,

დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.




ავტორი: იოსებ ნონეშვილი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent