შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უიმედობის ჟამს.


17-11-2015, 20:35
ავტორი Skellington
ნანახია 8 176

უიმედობის ჟამს.


როცა ვიცი, რომ შეიძლება აღარ მიყვარდე,
მე მეზიზღები.
ეს დროის გარკვეული მონაკვეთია,
შეიძლება იყოს შუაღამე.
მეზიზღები ისე,
როგორც შავი ჭირი,
რომელიც არ იკურნება და გადასახლება მარტოობაში სულაც არ შველის.
მეზიზღება მოგონებები
და თავს ვარიდებ ნაცნობ სიმღერებს, ფოტოებს.
მაგრამ გონებას რას აარიდებ,
როცა გაივლის და გამოივლის,
ყველა ცოცხალი თუ მკვდარი კადრი,
რომელიც ერთ დროს მკერდიდან გულს, ძირს აგდებდა,
და შემდეგ ფეხით მათელინებდა...

ყოველ ძილის წინ,
როცა
იფარებ საბანს ასე კეფამდე,
გაგეფიქრება ჩემზე,
როგორც ერთ ჩვეულებრივ (გაუგებარ) დეპრესიულ გოგოზე.
შენ ხვდები,
რომ არ ვარ ის, ვინც უნდა ვიყო.
და ვერასდროს შეძლებ ჩემს შეყვარებას.

მე მეზიზღები.

როცა ვიცი, რომ შეიძლება აღარ მიყვარდე,
მე მეზიზღები.
ეს დროის გარკვეული მონაკვეთია,
როდესაც ვხვდები,
რომ არასოდეს შეგიყვარდები,
თუნდაც, გიცადო მთელი ცხოვრება.

მე მეზიზღები.
და სხვა მიზეზი,
არ არის საჭირო.

***

უიმედობის ჟამს.


მიმიღე,
მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ
და
შემიშვი, მაგ შენს დაწყევლილ
სამყაროში,
იქნებ გადავრჩე.
ღმერთმა იცის,
როგორ ამომივიდა ყელში
ამ ერთიდაიგივე გზებზე
სიარული,
ერთიდაიგივე ქუჩებში ყიალი,
ერთიდაიგივე მიმართულებით,
ერთიდაიგივე სევდით,
ერთიდაიგივე ტკივილებით,
ერთიდაიგივე ტანსაცმლით,
მაგრამ
ერთიდაიგივე სიყვარული
მაძლევს ძალას,
ვიოცნებო იმ ადგილებზე
სადაც ვერასდროს გავივლი,
რომელსაც ვერასდროს
დავათვალიერებ.
ზოგჯერ მინდა,
რომ
მაღალი სიჩქარით მიმავალ
მატარებლის სახურავზე ვიწვე,
გულაღმა,
ხელები თავქვეშ მქონდეს
ამოლაგებული,
ცას ვუყურებდე
და
გვირაბზე ვფიქრობდე,
რელსები კი
ჩემი გულის ფეთქვაზე ძლიერად,
ხმამაღლა
და
სწრაფად ძგერდნენ;
საკუთარი ფიქრები არ მესმოდეს,
ქარი მიბურდავდეს თმას.
ახლა საავადმყოფოდან მოვდივარ,
მოწევა ამიკრძალა ექიმმა,
სხვა დანარჩენი არც არაფერი
მახსოვს,
ესეც იმიტომ გამახსენდა,
რომ
სიგარეტს მოვუკიდე.
დღეს დედაჩემმა მკითხა,
ხომ არ გცივაო?
მე კიდევ ვუპასუხე, არა-მეთქი,
მართლა არ მციოდა.
გაუკვირდა,
აბა, რატომ კანკალებო.
სანამ სახლში ავალ,
მინდა ვინმე ისეთი შემხვდეს,
მიტოვებულ მფარველ ანგელოზს
ჰგავდეს,
გულში ჩავიკრა
და
ვუთხრა,
რომ
მიყვარს,
რომ
ბორდიურზე
ყოველთვის იქნება ადგილი,
გვერდით ვინმე ჩამოგიჯდეს,
თუნდაც,
ქუჩის მეორე ბოლოში.

***

უიმედობის ჟამს.


საკუთარო თავო:
ხანდახან იმდენად მძულხარ,
რამდენადაც მიყვარხარ.
როცა რამდენიმე წამში კარგავ
თვით რწმენას.
როცა ჩაბნელებულ ოთახში წევხარ
და საკუთარი უმწეობის მსვერპლი ხარ.
საკუთარო თავო:
სადამდე შეგიძლია ბრძოლა?
ბრძოლა თვით გადარჩენისთვის
ან უფსკრულში მამაცურად ჩასაჩეხად.
როცა ყვირი: "როგორ შეიძლება კარგად ვიყო!?"
მაშინ იბრძვი?
თუ სწორედ მაშინ ხარ უმწეობის მსხვერპლი.
თუ გაქცევენ ზურგს,
ისინი, ვისი სიყვარულიც გჭირდება,
მაშინ ადექი და გაბედულად
დაიფარე სახეზე ბალიში.
საკუთარო თავო:
დიდი ხანია მინდოდა შენთან დიალოგი გამემართა.
მაგრამ ეს მონოლოგი უფროა.
მაინც კარგია,
რადგან მე ვთავისუფლდები შენგან.
ისე, ყველაფერი შენი ბრალი მაინც არ არის.
შენც გარემოებების მსხვერპლი ხარ.
როგორც ხეები, ქარში.
საკუთარო თავო:
შენში მოკვდა ჯერ არ ჩასახული,
უბრალოდ, გაფიქრებული ოცნებები.
და ეს უფრო მტკინვეულია, ვიდრე კაცის მთელი წლის ნაოცნებარი.
საკუთარო თავო:
საით გინდა წახვიდე,
როცა დაკარგული გაქვს მომდევნო ერთი წუთისთვის, გასაძლები რწმენა.
როგორ აპირებ დღეს ღამით დაძინებამდე თავის მიყვანას?
საკუთარო თავო,
რატომ იღუპავ საკუთრივ შენს თავს,
და არასაკუთრივ მეც.
სად დაიკარგა შენი ერთადერთი მეგობარი?
რატომ ვერ გიგებს შენი ერთადერთი სიყვარული?
რატომ გინდა გაქცევა შენივე თავიდან?
საკუთარო თავო:
იცი როდის უნდა გაქრე ჩემგან?
მე ვიცი.
შენ ახლავე უნდა დამტოვო.
შენ ახლავე უნდა გაიქცე.
და შენც უნდა დამტოვო...
ჩემო ერთგულო,
საკუთარო თავო.

***

უიმედობის ჟამს.


შენ მოლოდინი გაქვს.
ყველა მხრიდან,
შენ რაღაცას ელი.
მოლოდინი გაქვს სიყვარულის,
და ისეთი ბედნიერების,
რომელიც არ ქრება.
მოლოდინი გაქვს საკუთარი
დეპრესიის აორთქლების,
და მზიანი დღის.
შენ ელოდები საყვარელ ადამიანს,
მაშინ, როცა გზები,
მდინარეებმა წალეკა.
შენ ელოდები,
ზამთარს,
როცა სულ რაღაც სამი თვის წინ ნატრობდი ზაფხულს.
შენ გააზრებულად აფრენ
და დიაგნოზს ეს სიტყვები გისვამენ.
არანაირ მკურნალობას არ ექვემდებარება მოლოდინი,
რადგან შენ ერთგული ხარ ამ ყველაფრის,
და შენი ძეგლი სხვა რომანტიკოსებს დაუდგეს.
შენ მოლოდინის სამკუთხედში დგახარ,
და ამოცანის პასუხს ვერასდროს გამოთვლი,
რადგან არასდროს გქონია სიყვარულის ფორმულა.
შენ გული დაავადდა მოლოდინისგან,
და ფეხები როგორც ეკლესიის თაფლის სანთლები,
ისევე დნება.
აქ კი,
ხანდისხან გამოჩნდებიან
ისინი, ვინც გიმსუბუქებენ ყოფას,
და მათი ფეხები დიდხანს ვერ რჩება შენს ჯოჯოხეთში.
ისინი არ არიან შენი მოლოდინის გადამრჩენელები,
ისინი მიდიან საკუთარი თავის გადასარჩენად.
შენ კი ისევ მოლოდინი გაქვს,
არაფრის და ყველაფრის მოლოდინი.
შენ ჩლუნგი ხარ,
არ შეგიძლია ადგე და ყველას ვისაც ელოდები,
დედა აგინო.

***

უიმედობის ჟამს.


არ მიეჩვიო,
ორ საათამდე ძილს
და უზმოზე სიგარეტის მოწევას.
არ მიეჩვიო
ქარიანი ამინდის ნატვრას.
არ მიეჩვიო,
ფეხით სიარულს
უსასრულობის ფსკერზე.
არ მიეჩვიო
სევდიანი მუსიკის მოსმენას.
არ მიეჩვიო ჩუმად ყოფნას.
არ მიეჩვიო წარსულზე ფიქრს.
არ მიეჩვიო მარტო ყოფნას.
არ მიეჩვიო ადამიანებისგან გაქცევას.
არ მიეჩვიო ოთახში შუქის ჩაქრობას
და საკუთარი უმწეობის ყურებას.
არ მიეჩვიო პოეზიას.
არ მიეჩვიო ხატვას.
არ მიეჩვიო სიყვარულით თავდავიწყებას,
რადგან ყველაფერი მიდის.
ყველაფერი მოძრაობს.
როცა ქარია, ხეებს არ აქვთ სხვა გზა.
ისინი დგანან და ელოდებიან თავიანთ განაჩენს.
არ მიეჩვიო საკუთარ თავში ქექვას.
დაკარგულ საკუთარ თავს ვეღარ იპოვი.
არ მიეჩვიო შენს წამიერ ბედნიერებას,
რადგან ოთხმაგად დაისჯები რეალობისგან.
არ მიეჩვიო ზღვის ჰორიზონტის ყურებას.
მატარებელი მიდის და შენს ვაგონში გამომწყვდეული,
ვერაფრით გადაირჩენ თავს.
არ მიეჩვიო შენს მეორე მეს.
(რადგან "ესტერი" შენი დროებითი არა რეალური არსებაა).
არ მიეჩვიო შენს არასრულყოფილებას.
შენს გაორებას.
შენს ოცნებებს.
შენს გზა დაკარგულ ანგელოზს.
შენს შიზოფრენიულ გადახვევებს.
შენს თავს.
არ მიეჩვიო.
არ მიეჩვიო ყოველ საღამოს,
კალვადოსიანი ჩაის დალევას.
(ასე იწყებენ ლოთებიც).
არ მიეჩვიო საკუთარი თავის დაკარგვას,
თორემ რომ ვერ პოულობ,
შემდეგ კვდები,
და ახლიდან დაბადებას,
არაფრისგან ელი.
არ მიეჩვიო
აღარცერთ ადამიანს,
რადგან მათ მხოლოდ უყვარხარ
და ვერ გიგებენ.
არ მიეჩვიო,
ამ დედამო**ნულ ცხოვრებას.
შენ უნდა შეძლო,
შენ უნდა გარდაქმნა,
შენ უნდა დაბადო,
საკუთარი, გასაქცევი გზა.
არ მიეჩვიო
თავისუფლებას,
რადგან სწორედ მაშინ ხარ მონა.
არ მიეჩვიო,
ადამიანების დაბმას სიყვარულის თოკით.
ისინი აიწყვეტენ და გაიქცევიან.
არ მიეჩვიო
სისულელეების წერას…

***

უიმედობის ჟამს.


არავინ არის,
ვისაც ეტყვი, რომ გტკივა და გეტყვის: “გეტკინოს”.
ყველა იმედებით გავსებს,
რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ეს საშინელებაა.
ეს გულისამრევია.
თუ ჩემს გვერდით ხარ,
ჩემს საშველად მოდი
და ჩემთან ერთად დაწექი ჯოჯოხეთთან.
ის, რომ ხვალინდელი დღე -
პოზიტივია,
საშინელი მოსასმენია.
მირჩევნია მითხრა:
“შენ ჯოჯოხეთში ხარ
და აი, ჩემი ხელი,
მეც შენს გვერდით ვარ”.

***

უიმედობის ჟამს.


გამარჯობა, ძალიან გვიანია მოსაწერად,
მაგრამ იმდენად უსაშველო ღამეა, გადავწყვიტე მომეწერა.
მაგრამ, შენ ამას ვერ წაიკითხავ.
შენ იცი, რა ფერის არის ტკივილი?
შავი? სულაც არა. ფერადია.
რატომ? მტკივა, მაგრამ ვიღიმი.
ამიტომ, შეუძლებელია ტკივილი შავი იყოს.
რადგან სხვაგვარად, არც ჩემი ღიმილი იქნებოდა
ასეთი ფერადი.
შენი ღიმილი ყველაფერია, შენ იღიმი ყველა ფერით.
როცა ვზივარ და გიღიმი,
ზიხარ და დუმხარ... მეც შენს სიჩუმეს ვუსმენ, იქნებ, რამე დასცდეს-მეთქი, მაგრამ არ ტყდება. ჩუმადაა.
ერთი-ორჯერ, თუ წამოისვრის გულის გასახარებელ რამეს.
მე კი მინდა გითხრა, ძალიან ბევრი რამე.
გითხრა, რას ვგრძნობ, როცა შუბლზე მკოცნი.
როცა, იმდენად ახლოს ხარ, მგონია, რომ
მთელი სამყარო გაქრა დიდი ხანია
და ეს დრო მხოლოდ ჩვენია, მხოლოდ ჩვენ ვგრძნობთ.
და სხვა არავინაა გარშემო.
ზოგჯერ გიყურებ, როგორ გაურბიხარ გრძნობებს და მინდა გკითხო: “რატომ”? ზოგჯერ მგონია, რომ ბრმა ხარ,
რადგან ვერაფერს ხედავ...
ვხედავ, როგორ გეხვევიან ტკივილები. მე კი შენამდე ვერ მოვდივარ, არ მინდა ისევ კარს მიღმა დავრჩე. ისევ
ხელებში დამრჩეს ყველა ჩემი გრძნობა და შორიდან გიყურებ,
როგორ გტკივა, როგორ ეძებ გზებს და სინათლეს ვერ ხედავ.
მე კი არ შემიძლია მოვიდე შენამდე და მოგიტანო
შენი წილი სინათლე... შენს სიჩუმეს არაფრის ფასი აქვს.
როგორც ჩემს ხმაურს. დაეხმარე თავს. მე შენთან ვარ.
ვიცი, რომ რთულია. ვიცი, რომ გტკივა. მაგრამ მე აქ ვარ.
მაშინ როცა, თვალებზე გკოცნი, შენ კი სუნთქვითაც არ არღვევ სიჩუმეს, მინდა იცოდე, რომ სიტყვები არაფერია. ჩემს ყოველ შეხებაში მეტია, ვიდრე რომელიმე სიტყვაში.
მე და შენ ვკლავთ ერთმანეთს სიჩუმით.
არ ვეხმარებით ერთმანეთს.
და ცალ-ცალკე გვტკივა ერთმანეთი.
თუ ოდესმე გადაწყვეტ რომელიმე სიჩუმის კედელი დაარღვიო,
მე აქ ვარ, შენს ყოველ სიტყვას დავტოვებ ჩემში.
და შენსკენ წამოსულს აღარ შემეშინდება, რომ ზურგით დამიდგები.
მე არ შემიძლია, პირიდან გამოგგლიჯო ბგერები და ვეთანხმები შენს სიჩუმეს.
ასეთ ღამეებში
ნაკლებად ვარ მე.
აქ მეტი ტკივილი
და სიბნელეა.
ძილი ნებისა.

***

უიმედობის ჟამს.


შენ არ იცი, როგორი ვარ.
ყოველ დილით, სანამ სიგარეტს არ მოვწევ,
გაგიჟებული დავიარები სახლში.
შემდეგ, სანამ ყავას არ დავლევ,
ვერ ვფხიზლდები სიზმრებისგან.
როცა სახლიდან გავდივარ,
დედაჩემი მომაძახებს: "რომელზე მოხვალ?"
მე არ ვიცი, რა ვუპასუხო,
ამიტომ ჩქარა ჩავრბივარ კიბეებზე.
ტროტუართან მეზობელი ტაქსისტი დგას,
და ხელს ვუწევ.
ავტობუსით არ ვმგზავრობ,
არ შემიძლია ვუსმინო მოძალადე კონტროლიორს
და უნამუსო მგზავრებს.
ჩემს "მარშუტკაში",
ყოველთვის წინ, მარჯვენა მხარეს ვჯდები,
და მუსიკების მოსმენას ვიწყებ დროის გასაყვანად.
მიყვარს ეს ამოჩემებები.
ადგილების, ადამიანების, ტანსაცმელების, მუსიკების.
შენ არ იცი, როგორი ვარ.
შეიძლება, ორი გაჩერებით უკან ჩამოვიდე,
რათა მძღოლი აღარ შევაწუხო
და ფეხით გავუყვე გზას.
შენ არ იცი, როგორი ვარ.
როცა ფული არ მაქვს,
მათხოვრებს ყოველთვის ზურგიდან ვუვლი,
იმედი მაქვს, ვერ მხედავენ და არ წუხან.
შენ არ იცი, როგორი ვარ.
ვინმესთან შეხვედრის წინ,
ჩემი ერთი ნიღაბია,
მას ვიფარებ ხოლმე, მისალმების წინ.
ეს უკვე აღარ მომწონს,
მაგრამ ახლა რომ ნიღაბი მოვიხსნა, ალბათ, გადამივლიან.
შენ არ იცი, როგორი ვარ.
როცა მთელი დღე გაღიმებული
ვესაუბრები ადამიანებს,
შემდეგ, შუა ღამით მეტროთი მივდივარ სახლში,
და ვისმენ ხალხის უინტერესო ამბებს.
შენ არ იცი, როგორი ვარ.
როცა მაგიდას მარტო ვუზივარ.
ღამის ორი საათია და ლიმონიან ჩაის ვსვამ.
მე ჩემ თავს ველაპარაკები გულწრფელად,
მაგრამ მე მაინც ვმალავ იმას, რაც არ მინდა სხვამ იცოდეს.
მე თავდავიწყებით შემიძლია სიყვარული.
აი, ამის დამალვას ვცდილობ ყველასთან.

***

უიმედობის ჟამს.


წინა შუშაზე ჩამოდის თოვლი,
შავი ღამე და ძველი სიზმრები.
ვიღაცა შორიდან მოდის და მოდის,
ახალ დღეების დანაპირებით.

შენ ცხოვრობ ყველაზე მაღალ სართულზე,
დადიხარ იაფ სასადილოში
და გესიზმრება ყოველ ღამე,
რომ გელოდებიან ოთახის ბოლოში.

ვერც შეამჩნიე, როგორ დაბერდი
ყოველდღიური მსგავსი დინებით,
და ვიღაც სახლიდან გადის და გადის,
ახალ დღეების დანაპირებით.

შენ ცხოვრობ ყველაზე დიდ მღვიმეში,
აღარც დადიხარ სასადილოში
და გესიზმრება ყოველ ღამე, რომ
გელოდებიან ოთახის ბოლოში.

...და მთელი დღეები შენ იქ ცდილობ ჩაენაცვლო ვინმეს.

© დაგდაგანი - მთელი დღეები.

***

უიმედობის ჟამს.


მე ვწერ,
შენ კითხულობ.
შეუძლებელია ამაზე სუფთა საუბარი ჩვენს შორის.
და
მაინც,
ნაგავია ჩემი ყველა ნაწერი,
თუ
მათზე ახლოს ვერ მოვედი შენს სულთან.

***

უიმედობის ჟამს.


წუხელ,
ყვირილით ჩაირბინა ვიღაცამ ქუჩა.
ალბათ, მისდევდა,
რადგან
ისინი ვისაც მისდევენ,
ჩუმად გარბიან.

***

უიმედობის ჟამს.


ძნელი გადასატანია, როცა შენზე უარს ამბობენ. და ყოველთვის გაუგებარი, რატომ. არასოდეს არცერთი პასუხი ამ კითხვაზე საკმარისი არ არის. ზიხარ და გიჟდები - აი, უფრო ლამაზი რომ ვყოფილიყავი, უფრო ჭკვიანი, უფრო საინტერესო, უფრო კარგი და კიდევ ბევრი უფრო. ხან ისე ჩაეფლობი, გეჩვენება, რომ ღირსი ხარ, ყველაფერი შენი ბრალია, და შენ თვითონაც მიატოვებდი შენს თავს, შენი თავი რომ არ იყოს.
არის კიდეც ეს მიტოვება. ასე ფიქრი. შენი თავის მიტოვება.
ეს ბალიშის ქვეშ შეტენილი ტირილები, ეს პალტოს საყელოში და შარფებში შეფუთული ტირილები, გაბმულად. შემოდგომის წვიმებივით.
ეს მარტოკა ტირილები. მარტო ხეტიალების და მარტო ძილების ტირილები.
ხან ბრაზდები. მერე ტირი. ისევ ბრაზდები, ისევ ტირი.
ფიქრობ, რომ ამბავი, რომელიც შენთვის დაიწერა, ასე დაიწერა - არ შეგიყვარონ. და ისე ეჩვევი, უკვე ბუნებრივი გეჩვენება.
და უკვე ირჩევ კიდეც, იმ ამბებს ირჩევ, რომელშიც არ შეგიყვარებენ. წინასწარ რომ იცი, ზუსტად რომ იცი.
ფიქრობ, რომ მარტო ამას იმსახურებ და მორჩა.
ებმებიან ერთმანეთს დღეები, როცა სარკეებიც გარბიან შენგან. არ გამოიჩინები. არ დაინახები.
დღეები, როცა მარტო საქმიან წერილებს იღებ. როცა ისევ ავად ხდები და ვერავის ეტყვი, რომ გცივა. ავად ხარ.
ეს ცალმხრივი ამბები, და ზედ დამატებული ცალმხრივი მეგობრობებიც.
ვეღარ ბრაზდები. ის უღონო, ხმაჩაწყვეტილი ტირილიღა რჩება. რატომობის ტირილი. ვეღარშეძლების ტირილი.

თქვენ, ვისი ამბავიც სხვანაირად დაიწერა, თქვენ, ვინც შეგიყვარეს, ვისზეც იდარდეს, ვისზეც იტირეს, იცოდეთ, რომ რაღაც გაქვთ, ვიღაც გყავთ, ვიღაცას ყავხართ. და არაფერია უფრო მნიშვნელოვანი. უფრო ნამდვილი. უფრო მოსაფრთხილებელი.
გაუფრთხილდით ხოლმე იმათ. ვისაც შეუძლია, უყვარდეთ.

***

უიმედობის ჟამს.


სულ მგონია, რომ
შენ გიჭირს
და მე არ ვარ
ახლოს.

***

უიმედობის ჟამს.


ძალიან მჭირდება.
მას წარმოდგენაც არ აქვს როგორ...
არა, შენს თავზე ნუ მიიღებ.
ის არასდროს კითხულობს ჩემს ნაწერებს, არასდროს.

***

უიმედობის ჟამს.


აი, ასე, ერთ დღეს ადგა და
წავიდა.
თვალებში ვუყურებდი.
ის იყო ჩემი სამყაროდან,
მაგრამ არ იყო ჩემი სამყაროსთვის.
მინდოდა, რომ დარჩენილიყო
და ამიტომ გავუშვი.
მორჩა.
რთულია გაუშვა და მერე,
მისი დავიწყება სცადო.
მე არ ვწერ გულნატკენის იმიჯით
და არც ეს სიტყვებია ჩემზე, ალბათ.
ვიცი მხოლოდ ის, რომ
თუ საჭირო დროს წახვალ,
ყველაფერი ის რაც იყო,
გენიალურად დარჩება.

***

უიმედობის ჟამს.


შენ ვერასდროს გრძნობდი
ჩემს სიყვარულს.
ალბათ, იმიტომ, რომ
ეს ზედმეტად უბრალო იყო შენთვის.

***

უიმედობის ჟამს.


როცა მივხვდი, რომ
ყველაფერი
რაც იყო,
იყო - ტყუილი,
ვერ დავსვი
კითხვა, რატომ.
ადამიანები ხომ
ასე კარგად ვახერხებთ
ვიყოთ
ცხოველები,
გავიმეტოთ ერთმანეთი ტკივილისთვის
და მეორე დღეს,
ამაყად წამოვდგეთ საწოლიდან
და დამპალი სხეულით შევძლოთ
არსებობა.



№1  offline წევრი maridb

ვაიმეე რა ძალიან მაგარი სიახლე იყო
ჩემზე ძალიან იმოქმედა თითოეულმა წინადადება.
გულიდა ამოსული და გულში ჩამწვდომი იყო...
უზომოდ კარგი იყო<3 ყოჩაღ<3 love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

რეალური იყო,შთამბეჭდავი,ემოციური..ფოტოები კარგად ეწყობოდა ტექსტს.. love

 


№3  offline წევრი თამუნა

"არ შეგიძლია ადგე და ყველას ვისაც ელოდები დედა აგინო!" სულში ჩამწვდომი სიახლე იყო ნამდვილად. love
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№4  offline მოდერი წითური გოგონა

მართლაც, რომ ძალიან შთამბეჭდავი ნამუშევარი იყო!
ძალიან მომეწონა!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№5  offline წევრი mani156

ძალიიაან მაგარიი სიახლე იყო winked ჩემ ამჟამინდელ ხასიათზე პირდაპირ "წავიდა" smile შესანიშნავია love

 


№6  offline ადმინი შამანი

ძალიან მაგარი სიახლე იყო! შთამბეჭდავი და არაჩვეულებრივი!
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№7  offline წევრი Svvaaaniii

ჰებიი love ახლა წავიკითხე შენი სიახლე და არაჩვეულებრივი იყო ძალიან მომეწონა!!!
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent