თეთრი მზე
სხეულს წითელი საღებავითა და ნახშირით ვიღებავ, რომ დავემსგავსო ველურ არსებას. ჩემი სული წყვეტს კავშირს მტვრიან ქალაქთან, სიცარიელესთან. -შევაგროვოთ სამკურნალო ბალახები? -… მწამს განმარტოების. ყოველდილას, თეთრი მზე ნაყოფად მაძლევს სინათლეს, ვყლაპავ ნაყოფშორის სხივებს. მოძრაობა საჭიროებაა. მესაჭიროება ბგერა! ყოველღამე მესმის შენი ღრიალი. ნაზად მიღიტინებს პეპლის ფრთები სიზმარიდან და ეს არაა კოშმარი. ცა ღრუბლების ნაცვლად, ალუბლებს ისხამს. მზე თეთრია და მოდის წითელი წვიმა. არ შემიძლია აღვიქვა ვიბრაცია, მაგრამ ვგრძნობ მოსალოდნელ საფრთხეს. სიცივისგან ვიღებ დამწვრობას. მინდა გემოს ვსინჯავდე თვალების საშუალებით, შენ შეიძენდი საარსებო მნიშვნელობას და მე არ შემოგხედავდი… თეთრი მზე და რიტუალი. მე ვიმოსები ცხოველის ბეწვში და მიჭირავს მწვანე ტოტები. ვტრიალებ-ვკვდები. სხეულიდან მოდის წმინდა წყალი. ვტრიალებ-აღვდგები. გუბეში ფეხების მოძრაობით ვითვლი წყლის ჟღარუნს. სასრულობა ხელმისაწვდომია შენთვის, როგორც თვითგავრცელებადი სიცრუე ადამიანებისთვის. მზე თეთრია და მოდის წითელი წვიმა. შორს, ძალიან შორს, ირწევა ადამიანობის აკვანი, ჩაწექი და შემოიცვი მისი სამოსელი. დაბადებიდან ვსწავლობ როგორ არ ვიგრძნო სიმარტოვე, მაგრამ მე ხომ არა ვარ ის ხე, ნაყოფებს რომ ზედ შეატოვებენ. მინდა დაგიკავშირდე კანით კანზე, როგორიცაა დედისა და ახალშობილის კონტაქტი. ზოგიერთი მზერა ლოცვასავითაა, ყოველდღიურად შესასრულებელი, სულიერი და სამღერი. ვიცი სადაც უნდა წავიდე, რა გზა უნდა გავიარო და ამიტომაა იგი ასეთი გრძელიც. მაბრალებენ უკვდავობას ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ბევრჯერ მოვკვდი. ერთხელ, შევჭამე ადამიანი და გულგრილობა ამოვარწყიე. როცა ადამიანს ყლაპავ, უნდა იცოდე რას წარმოადგენს. შეიძლება არაფერი გქონდეს და ამისთვის ყველაფერი დაკარგო. შემიძლია უდაბნოშიც გავიხარო, როგორც იშვიათი მცენარე და ბუნებას მივაწეროთ შედევრის შექმნა. … თავს გესხმი. შენ მოკვდები და მეც დავიღუპები. ჩვენი სისხლი შეერევა ერთმანეთისას და მოვრწყავთ მყუდრო ამინდებს ქარიშხალში. მზე თეთრია და მოდის წითელი წვიმა… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.