ღამეული შიში ან წარმოსახვის ქარბორბალა
3:21 გარეთ ქარია. ნაქსოვი, შავი ჟაკეტი მაცვია, რომელიც ცოტა არ იყოს მაწუხებს, მაგრამ სიცივე მაიძულებს შევეგუო დისკომფორტს. მარჯვენა ხელში არაჩვეულებრივი წიგნი მიჭირავს, რომელსაც ვიცი, რომ ამ საღამოს არ წავიკითხავ. მარცხენა ხელში- საწერი კალამი და დიდი ცალხაზიანი რვეული, რომელიც უკვე სამი წელია ჩემი მეგობარია, მესაიდუმლეა მიუხედავად იმისა,რომ გაბრაზებული, იმედგაცრუებული მე მას შვილებს ვუკლავ. თითქმის ყოველდღე დაუნდობლად ვხევ ფურცელს, სადაც არაჩამოყალიბებული ფიქრების კორიანტელია მოთავსებული. გარეთ ქარია და სურნელის გათვალისწინებით მალე იწვიმებს. ძალიან მიხარია, ჩემს საყვარელ ამპულაში ვარ, ანუ მარტო. ცოტა არ იყოს მეშინია, რადგან მოაჯირიდან ორი მეტრის მოშორებით სრული წყვდიადია. თითქოს ამ დედამიწაზე მხოლოდ მე, ჩემი ცალხაზიანი რვეული და ალბერ კამიუს ‘’უცხო’’ ვარსებობთ. გარემო პირობები: ამინდი,წყვდიადი,ყოველ ხუთ წამში ერთხელ გაჟღერებული მონოტონური, გაურკვეველი ბგერა, მოსალოდნელი წვიმის სურნელი, გულისამრევი, ბანალური ფილმისეული სიუჟეტი არარეალურობის შეგრძნებას მიტოვებს , არ მიტოვებს სხვა გამოსავალს და ფიქრების მორევში უგონოდ ვიძირები. ჩემი გაშტერებული მზერა ხის ძველ მაგიდაზე გადამაქვს. ამ მაგიდას ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს ჩემი ძველი ვერსიის მიერ ამოტვიფრული ინიციალები. დროის ყოვლისშემძლეობა მას ვერ გადასწვდენია. სულ მალე მასაც შთანთქავს დრო, როგორც იმ თეთრ კედლებს, რომლებსაც ახლა ჭუჭყის ფერი აქვთ. როგორც იმ ხალებს მის სახეზე, რომლებსაც ახლა ვეღარ ვითვლი. როგორც იმ მოგონებებს, რომლებსაც მტვერი ადევს. შთანთქავს ყველაფერს, მშთანთქავს მეც. აღარ დარჩება ჩემი კვალი არსად. ჩემს წინ, შუშაში ჩემი სახე ირეკლება. ვაკვირდები ჩემს თავს. ავადმყოფ გონებაში უცნაური აზრი მომდის და მეცინება. წამით ვფიქრდები იმაზე, რომ ჩემს უკან ჩემი დაძველებული ვერსია დგას, მიყურებს, მაკვირდება და დამცინის. მან იცის, რომ მე ბევრის გადატანა მომიწევს რათა გაუმჯობესებულ ვერსიას ოდნავ მაინც დავეწიო. რა სასაცილო იქნება ეს ყველაფერი რამდენი წლის შემდეგ? ნუთუ მართლა გამახსენდება ეს დღეები? ფიქრი ყოველთვის მიყვარდა. ყველაფერზე. იმედგაცრუებებზე, ევროინტეგრაციაზე, თვალებზე, გამძლეობაზე, ცხოველებზე, კოსმოსზე, სიკვდილზე, ციფრებზე, ეკონომიკაზე, ფილმებზე, ადამიანის არარაობაზე, ცხოვრების დანიშნულებაზე, მიტოვებებზე, არასწორ გადაწყვეტილებებზე, დედაჩემზე, ყველა ფერზე, აზრთა სხვადასხვაობაზე. აზრთა ქაოტური განლაგება ყოველთვის არსებობდა ჩემს გონებაში. ფიქრების მოძრაობას ყოველთვის ვალაგებდი და ვალაგებ. ამას ჩემს სუპერ ძალად ვთვლი, ნამდვილად არ შეუძლია ბევრს საკუთარ თავთან გამკლავება. რამდენჯერმე მქონია, ე.წ ‘’პერედოზი’’-გადაჭარბებული ფიქრების მოზღვავება. ამ აზრებში ვარ გართული, როდესაც გონება ერთ საინტერესო აზრს მაწვდის. ‘’დრო ყველაფერს გააქრობს გარდა...’’ ეს სამი წერტილი საშინლად მაწუხებს. ძალიან ბევრს ვფიქრობ, მაგრამ მაინც ვერ ვამთავრდებ წინადადებას. ვცდილობ სამი წერტილის შემცვლელ სიტყვაზე, უშედეგოდ. ნუთუ არაფერია მარადიული? იქნებ მხოლოდ უსასრულობაა უსასრულო? იქნებ დრო ღმერთია? იქნებ სწორედ დრო განაგებს ყველაფერს? რა არის დრო? დრო ყველაფრის მკურნალია? როგორ გავუმკლავდეთ მას? პასუხებს რაღათქმაუნდა ვერ ვპოულობ და ერთ აზრზე ვყალიბდები: დრო სასტიკია, დრო საშინელია, საზიზღარია. გარეთ ისევ გრძელდება ქარი, მაგრამ მას წვიმაც უერთდება. ქარის მიმართულება არ იცვლება, წვიმის წვეთები პირდაპირ ჩემს სხეულს ეხეთქება. არ ვინძრევი, სურვილიც არ მაქვს სახლში შევიდე. მინდა ჩემი უმნიშვნელო ძალით დროს შევებრძოლო. მინდა ეს იდეალური იდილია სამუდამოდ გაგრძელდეს. მინდა სამუდამოდ შემრჩეს წვიმის წვეთები სხეულზე, არ მინდა გათენდეს, არ მინდა საწერ კალამს მელანი გაუთავდეს, მინდა ქარის სურნელი ვიგრძნო ჩემს თმებში. ყველანაირად ვცდილობ გავიხანგრძლივო ბედნიერება, თვალებდახუჭული ვზივარ. იმედია არაფერი არ შეიცვლება. გავშეშდები ამ მომენტში. მაგრამ... არა... დრო ყველაფერს წალეკავს. არ დატოვებს არანაირ კვალს. შთანთქავს ამ ჩემს ცალხაზიან მეგობარსაც და ‘’უცხოსაც’’. გაანადგურებს ამ სახლს, გამაქრობს მეც. უფრთხილდით დროს. მასზე ყოვლისშემძლე, ძლიერი არაფერი არ არსებობს. თვალები გავახილე... ჩადგა ქარი, გადაიღო წვიმამ, ირიჟრაჟა, მცივა და სველი ვარ... და უკვე აღარაფერი აღარ არის იდეალური... დრო სასტიკია, დრო საშინელია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.