ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი
ჯერ კიდევ არ განელებოდა ტკივილი ღალატისგან, რაც დარჩა; ჯერ კიდევ ვერ მოირჩინა გული და ვერ შეიხორცა იარები. როცა ეგონა, მორჩა, უკვე კარგად ვარო, ზუსტად მაშინ გადაუხსნიდნენ ჭრილობას და აყრიდნენ მარილს. გამოსავალი თითქოს არსაიდან ჩანდა, მერე კი წითელ, მოტკბო სითხეში იპოვა შვება და ვეღარც დაანება თავი. ამბობენ, ქალებს კაცებზე მეტის ატანა და გადატანა შეუძლიათო — ნეტავ მართალი იყო?! მაგრამ, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ევამ საშინელი დღეები გადაიტანა, არავის რომ არ უსურვებს, ისეთი. ახლა კი უბრალოდ კარგად ყოფნა უნდოდა, მეტი არაფერი. ძლივს გაახილა თვალები. მოკლე კულულები აწეწილი ჰქონდა, სახე — ოდნავ შეშუპებული და თავის განძრევა არ უნდოდა, ისე ძალიან სტკიოდა. ნელ-ნელა რეალობას დაუბრუნდა და გონებაში ამოუტივტივდა გუშინდელი საღამო: თათას ზარი, შენთან ამოვალო, მერე წითელი ღვინო, კარზე კაკუნი და, ბოლოს, შიო დადეშქელიანის თვალები. წამით იფიქრა, იმდენად მომენატრა, მესიზმრებაო, მაგრამ შეუძლებელი იყო, ამდენად რეალური ყოფილიყო ყველაფერი სიზმარში. აუცილებლად იქ იყო მასთან, მართლა ეთამაშებოდა მის კულულებს და იხუტებდა გულში ქალის სიფრიფანა სხეულს. რაც უფრო ფხიზლდებოდა, მთელი სიცხადით ახსენდებოდა ყველაფერი: ისიც გაახსენდა, რა უთხრა, მერე თავად რა უპასუხა. ამ ფიქრებით წამოდგა ფეხზე, სახე დაიბანა, მოწესრიგდა და პიჟამით გაფრატუნდა სამზარეულოში. ყავას დალევდა; დილით ჭამას გადაეჩვია, მაინც ყველაფერზე გული ერეოდა და, საერთოდაც, ძალიან ცოტას ჭამდა. ზოგჯერ მთელი დღე ისე გადიოდა, არაფერი ჰქონდა ნაჭამი, ამიტომაც დაიკლო ასე საშინლად — მართლა ძვალი და ტყავიღა იყო დარჩენილი. — თუ ეს საღამო და ჩვენი საუბარი გემახსოვრება, ჩვენს კაფეში შევხვდეთ 12 საათზე, — გაახსენდა ჩურჩულით ნათქვამი შიოს სიტყვები, უკვე ძილში წასულს რომ უჩურჩულა და შუბლზე ნაზად აკოცა, — მაგრამ თუ არ გემახსოვრება... ახსოვდა, მშვენივრად ახსოვდა ყველაფერი. ენატრებოდა, გაგიჟებამდე... უყვარდა ისე, რომ ამ სენისგან ვეღარასოდეს განთავისუფლდებოდა. ყავა გაიკეთა და იქვე, ბართან ჩამოჯდა. ტყავის ბლოკნოტი აიღო, მისი და შიოს ფოტოს ნაწილი ჩანდა. გადაშალა, ნაწერს დააკვირდა — ლამაზად გამოყვანილი ასოები არ ეცნო, მისი დაწერილი არ იყო. ნუთუ... ნუთუ შიომ იპოვა ეს ბლოკნოტი და... — არა რა, იმედია, არ წაიკითხა, — მერე კი მისივე დაწერილი წაიკითხა და მიხვდა, თავიდან ბოლომდე თუ არა, უმეტესობა წაკითხული ჰქონდა მისი ჩანაწერების. „მე ვიქნები შენი სახლი — ყველაზე უსაფრთხო თავშაფარი!“ აეტირა, თავი ვერაფრით შეიკავა. საათს დახედა, თორმეტი სრულდებოდა თითქმის. ბევრი აღარ უფიქრია, საჩქაროდ ჩაიცვა და სახლიდან კისრისტეხვით გაიქცა. ასე საშინელ მდგომარეობაში არასოდეს დაუტოვებია სახლი, მაგრამ ვინ წუხდა სახლზე, შიოსთვის უნდა მიესწრო. მისდა საუბედუროდ, საშინელ საცობში აღმოჩნდა. მსგავსი საცობი ალბათ თვეებია არ ყოფილა და რაღა მაინცდამაინც დღეს იყო. საათს დახედა, თორმეტს სამი წუთი აკლდა. შანსი არ იყო, ვერ მიუსწრებდა შიოს. ალბათ აღარასდროს ექნებოდა შანსი მასთან ურთიერთობის, ვეღარასდროს დამშვიდდებოდა მის მკლავებში კატასავით. ნუთუ ასე უნდა დასრულებულიყო ამბავი, რომელიც ჯერ არც კი დაწყებულა? არა, ასე ვერ დასრულდებოდა მათი ამბავი. ძლივსძლივობით გააღწია საცობიდან, სხვა ქუჩით წავიდა და ათი წუთის დაგვიანებით მივიდა კაფესთან. სირბილით შევიდა შიგნით და კაფე მოათვალიერა. შიო არსად ჩანდა. გული შეეკუმშა — ვერ მოუსწრო. ყველაფერი დამთავრდა. მათი ისტორია ისე დასრულდა, არც კი დაწყებულა. თვალები ცრემლებით გაევსო, გახურებულ ლოყებზე ობლად ჩამოგორებული ცრემლი სიმწრით მოიშორა და მანქანისკენ წავიდა. კარი ნელა გამოხსნა, დაჯდა, საჭეს შემოაჭდო თითები და ნიკაპი აუკანკალდა, მხრები აუცახცახდა და, საბოლოოდ, აქვითინდა. საჭეზე ჩამოდო თავი და აზლუქუნდა — რომ იტყვიან, გემრიელად იტირა და დაისია თვალები. ყველაფერი გამოიტირა, შიოს მაგივრადაც გამოიტირა, ყველა ტკივილი და წყენა ამოიღო გულიდან. მორჩა, აღარაფერს ეშველებოდა, ვერაფერს ვეღარ შეცვლიდა. შეიმშრალა ცრემლები, გასაღები მოძებნა — განა რამდენ ხანს იდგებოდა აქ. გასაღების ძებნაში იყო გართული, მანქანის ფანჯარაზე რომ მიუკაკუნეს. ტუჩები დაებრიცა და სატირლად მოემზადა. კარი გარედან გაუღო და დაელოდა, როდის გადმოვიდოდა ქალი მანქანიდან. — სად წახვედი? მე მეგონა, წახვედი, — ტირილ-ტირილით გადმოვიდა მანქანიდან და მოეხვია. — ჩუ, ნუ ტირი, — თმაზე ეფერებოდა ქალს, — აქ ვარ... ჩუ, დამშვიდდი. ვერაფრით წყნარდებოდა. რომ ამშვიდებდნენ, უფრო მეტად ეტირებოდა — ალბათ ყველა ქალი ამ თვისებით ჰგავს ერთმანეთს, ცრემლების შეკავება უჭირთ მაშინ, როცა ამშვიდებენ. — არსად არ წავსულვარ და არც წავალ, აქ ვარ შენთან, — საფეთქელზე აკოცა და ქალის დამშვიდება გააგრძელა. — ისე შემეშინდა, რომ ვერ დაგინახე შიგნით, მეგონა წახვედი და... — ისევ სატირლად მოემზადა. — აღარ იტირო, რა, გთხოვ. ნახე, როგორ დაგიწითლდა თვალები, — ცრემლები შეუმშრალა და ღაწვებზე მოეფერა. კაფეში შევიდნენ. ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ერთმანეთს აფორიაქებულ მზერას ვერ აცილებდნენ. ევამ ხელის გულზე ჩამოდო ნიკაპი, თავი გვერდზე გადახარა და თვალები მოწკურა. — იმ ბიჭს ჰგავხარ ჩემი წარმოსახვიდან... — ისე მშვიდად და გააზრებულად უთხრა, ცოტა გაუკვირდა დადეშქელიანს. — ზუსტად ეგ ბიჭი ვარ, — ჩაეცინა და თვალი თვალში გაუყარა. — მაშინ მოგიწევს, ჩემი ყველა ოცნება რეალობად აქციო, — ეშმაკური გაუხდა მზერა. თავი ჩახარა შიომ, თითქოს ფიქრობდა, მერე ღიმილშეპარული ხმით გაეპასუხა: — გითხარი? იმ გოგოს ჰგავხარ ჩემი სიზმრებიდან... — თავი გადახარა და მშვიდად გაიღიმა. — ზუსტად ის გოგო ვარ, — ჭინკები უთამაშებდა შემოდგომისფერ თვალებში და ჩვეული სიმშვიდით გაიღიმა. — მაშინ მოგიწევს მოემზადო — ყველა ოცნება რეალობად უნდა გიქციო. მისი თვალებიდან ჩუმი სიხარული გამოსჭვიოდა და მთელი სახე უღიმოდა. დაუქორწინებლობით კი იყო ბედნიერი, მართლა არ უჭირდა გასული წლები მარტო ყოფნა; იმდენად გააზრებული ჰქონდა, რას ნიშნავს თავისუფლება, ცალად ყოფნა, როცა სამსახურიდან დაბრუნებულს არავინ გეგებება სახლში, დიდად არც ღელავდა ამაზე. მიჩვეული იყო, მაგრამ როგორც კი მის გულში სიცარიელის შევსება დაიწყო დადეშქელიანმა და ის ადგილი დაიკავა, რაც მეორე ნახევარს ეკუთვნის, ცოტა აუტანელიც კი გახდა მარტოობა. ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მსგავსი მომენტი, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმ აზრზე ვარ: მარტოობისთვის არ შეუქმნია ღმერთს ადამიანი და ბოლომდე ვერც ვერავინ შეითვისებს და შეიყვარებს დაუქორწინებლობას. ადამიანი, რომელსაც მართლა მთელი გულით უყვარხარ და შენი ბედნიერება უნდა, არასოდეს წაგართმევს თავისუფლებას, პირიქით — იმაზე მეტ თავისუფლებას გაჩუქებს, ვიდრე წარმოგიდგენია. — მაინც მინდა შენგან გავიგო ყველაფერი. მინდა კი არა, მჭირდება, რომ მშვიდად ვიყო. — ისეთი მზერა ჰქონდა, თხოვნაც ჩანდა და ინტერესიც, თუმცა ევას თვალები იმასაც ამბობდნენ, თუ საუბარი არ გინდა, ნუ მეტყვიო. — მეგონა, ეჭვი აღარაფერში გეპარებოდა და მაგიტომ მოხვედი, — უთხრა ცოტა იმედგაცრუებულმა და თვალებში შეხედა. — შეიძლება ასეა, მაგრამ შენგან მჭირდება ამის მოსმენა. მინდა შენი პირიდან გავიგო, რომ ტყუილია და არაფერი მომხდარა, რომ შენი შვილი არაა. — ჩემი შვილი რომ იყოს, შენთან მოვიდოდი? რანაირი კაცი ვიქნებოდი, შენთვის მეღალატა და მერე მოვსულიყავი და სიყვარულის მტკიცება დამეწყო?! არ ვიქნებოდი ღირსეული კაცი და ვერც შენთან მოსვლას გავბედავდი. — ისე მტკიცე იყო, იმდენად დარწმუნებული თავის სიტყვებში, ბერიძეს არ ჰქონდა უფლება, ეჭვი შეეტანა მის სიტყვებში და საბოლოოდ დაუჯერა. — როგორ მოხდა, რომ დღეს არ მუშაობ? — უკვე მანქანაში ისხდნენ და მაგისტრალზე მიაქროლებდნენ მანქანას. — კვირაა, შიო, — გაეცინა. — ძალიან კარგი, მაშ, ყველაფერი ჩემს მხარესაა, — გაეცინა. — სად მივდივართ? — ჰკითხა დაბნეულმა. გზა კი ეცნო, მაგრამ ვერ დაიჯერა, რომ ისევ იქ მიდიოდნენ, სადაც დაიწყო ყველაფერი. — ვიცი, გაგეხარდება, — სახე გაუსწორა წამით და გაუღიმა. — არ მჯერა, — ამოთქვა რამდენიმე წუთის შემდეგ. — სვანეთში რომ მივდივართ? — გაუკვირდა დადეშქელიანს. — არა, ჩვენ რომ ისევ ერთად ვართ, — თავი მისკენ შეაბრუნა და დააკვირდა, — წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ის, რომ შენს გვერდით ისევ ვიქნებოდი. — ჩაეღიმა შიოს და კულულებზე მოეფერა. როგორ ენატრებოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა ბერიძის ქალს. სვანეთში ყოფნა უფრო ხელშესახები და ახლო ოცნება იყო, ვიდრე შიო დადეშქელიანი — ბიჭი, რომელიც ქვეყნის თვალი და წარმატების სიმბოლო გახდა, ევას გვერდით იჯდა მანქანაში და სვანეთში მიდიოდა. — მართლა სვანეთში მივდივართ? — თითქოს დაჯერება უჭირდა. — ვიცი, გაგიჟებამდე გიყვარს... ოღონდ ამჯერად უშგული უნდა გაჩვენო. — ხვალ რომ ვმუშაობ? — უსიამოოდ დაებრიცა ტუჩები. — არა უშავს, დილით თბილისში იქნები. როგორ უყვარდა ეს ლამაზი მხარე. რაღაც განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობდა სვანეთის მიმართ, მთელი საქართველო თავიდან უყვარდებოდა სვანეთში ყოფნისას. ყოველთვის უსუსურად მიაჩნდა თავი, მაგრამ ამოდენა მთებს რომ შეჰყურებდა, ჭიანჭველაზე პატარა ეგონა თავისი თავი. პირველად იყო უშგულში და ისე აბედნიერებდა ამ მთების, კოშკების ყურება, სიტყვებით ვერ გადმოსცემდა. „რა ლამაზია!“ — გაიძახდა ყოველ წამს და შიოს უყურებდა, რომელსაც მეტი არაფერი სჭირდებოდა ამ ქალის ღიმილის გარდა. მისი გაბრწყინებული თვალების ყურება იყო ყველაფერი დადეშქელიანისთვის. საყვარელი ქალის ღიმილისთვის, მისი ბედნიერებისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი და იცოდა, თუ ის ბედნიერი იქნებოდა, თუ მის სულში სიმშვიდე დაისადგურებდა, თავად ყველაზე იღბლიან კაცად ჩათვლიდა თავს. განა ყველას შეუძლია განსაკუთრებულად აგრძნობინოს ქალს თავი? თავისი სიტყვით და საქმით აჩვენოს, რომ უყვარს და ეძვირფასება?! სამწუხაროდ, ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც კაცობა უხეშობა და დაყენებული სახით სიარული ჰგონიათ, ქალის დამცირება, მის ნაკლოვანებებზე საუბარი. არადა, ნამდვილი მამაკაცი არასოდეს გააკეთებს ისეთ რამეს, რაც მის საყვარელ ქალს თავს ცუდად აგრძნობინებს; არასოდეს დაამცირებს, პირიქით — მის ძლიერ მხარეებზე ისაუბრებს და თავს დაფასებულად აგრძნობინებს. კაცობა ნიშნავს, გესმოდეს და იაზრებდე ქალის როლს შენს ცხოვრებაში და აფასებდე მას. ქალს „შემავსებელი“ დაარქვეს, შედარებით სუსტი ჭურჭელი, რომელიც მოფრთხილებას, თბილ მოპყრობასა და სიყვარულს საჭიროებს, მაგრამ ეს ქალს არამც და არამც არ აუფასურებს, უფრო მეტად საჭიროს და მნიშვნელოვანს ხდის. თუ მამაკაცი თავს დაფასებულად გაგრძნობინებს, ითვალისწინებს შენს აზრს და შენი ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებს, იღბლიანი ხარ — გვერდით ნამდვილი მამაკაცი გყავს. ასეთ კაცს ზუსტად ისე ძლიერ უყვარხარ, როგორც საკუთარი თავი. — ამბობენ, ადამმა რომ მოიწყინა, მერე შეუქმნა ღმერთმა ევაო. — კოცონი დაანთეს. უშგულის გულში იყვნენ, თოვლიანი მთები დაყურებდათ თავზე და სიმშვიდეში ერთმანეთის ბედნიერებას ინაწილებდნენ. უშგული ის ადგილი იყო, სადაც ყველაზე ძვირფას მოგონებებს დააგროვებდნენ, მერე მთელი ცხოვრება რომ ეყოფოდათ გასახსენებლად. — და რა გინდა მაგით თქვა, შენ მოიწყინე და ჩემი თავი გამოგიგზავნა? — სიცილი აუტყდა ქალს. თავადაც გაეცინა დადეშქელიანს. — კი, ეგრეა ნამდვილად, — სახე გაუსწორა, — შენ ხარ ის, ვინც ჩემს გულში ცარიელ ადგილს ავსებს. ევამ თავი გააქნია. — ეგ ადგილი ყოველთვის ჩემი იყო, — გაიცინა და თოვლიან მთებს შეხედა. ყავა მოსვა, გასათბობად დაისხა, მაგრამ უკვე ისე გაციებულიყო, სულ არ ესიამოვნა. — გასული თვეები ძალიან ბევრს ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ადამიანის ბედნიერება მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, სად არის ან თავად როგორ ცხოვრობს, თავისი ბედნიერებისთვის რას აკეთებს. კი, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, ვინ გყავს გვერდით, როგორი ადამიანია და რამდენად ძვირფასი ხარ მისთვის. — თავი გააქნია. თითები ერთმანეთზე ჰქონდა გადაჭდობილი და იმ მთებს უყურებდა, რომლის წინაც გაიზარდა, რომლებმაც მისი ცხოვრების ყველა ეტაპი იცოდნენ — სიხარულიც და მწუხარებაც. — ღმერთმა ბედნიერებისთვის შეგვქმნა, ამიტომ მჯერა, ჩვენი ბედნიერების პოვნაში ისიც გვეხმარება. — გაიღიმა, თავი ჩამოდო მის მხარზე და თვალები დახუჭა. — მგონი, შეგცივდა, — მხარზე მოეფერა, — მიდი, მანქანაში დამელოდე, ცეცხლს ჩავაქრობ და წავიდეთ. არ ეთმობოდა ბერიძის ქალს ეს თვალწარმტაცი ბუნება, მაგრამ ხვალ სამსახურში რომ არ გამოცხადებულიყო, ესეც ვერ იქნებოდა კარგი საქციელი, ამიტომ იძულებული იყო, სვანეთს გამომშვიდობებოდა. — ხომ წამოვალთ ისევ უშგულში? — ჰკითხა, როცა უკან მოიტოვეს თოვლიანი მთები და ქალაქის ხმაურს დაუბრუნდნენ. — შენ თუ გინდა, კიდევ ბევრჯერ წამოვალთ. — თითებზე მოეფერა, კულულებს გაეთამაშა და ალბათ რამდენიმე წუთი ასეც გააგრძელებდა, მაგრამ ტელეფონის ზარი გაისმა. ანთებულ ეკრანზე გამოჩენილმა სახელმა ცოტა დაძაბა: რამდენი თვეა არ დაურეკია, არ უკითხავს, როგორ იყო, არ დაინტერესებულა მისი მდგომარეობით მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ახლა ჩაერთო შვილის სიყვარული? — უპასუხე, — უთხრა ევამ, როცა დადეშქელიანს ყოყმანი შეატყო. თითი გადაუსვა ეკრანს — ბაკურ დადეშქელიანი რეკავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


