შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პირველი სიყვარულის ქორწილი (სრულად)


დღეს, 21:08
ავტორი სესო
ნანახია 111

ჩემი პირველი სიყვარულის ქორწილის ფოტოები რომ ვნახე, ვერ მივხვდი ეს რა გრძნობა იყო, შიგნიდან რომ მჭამდა და მანადგურებდა. ჩემი არც ისე მნიშვნელოვანი ცხოვრების განმავლობაში ერთადერთი ქორწილის ფოტოები მომეწონა და ისიც ჩემი პირველი სიყვარულის ქორწილის უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, მეტი ვერაფრით დამცინა ცხოვრებამთქო და ფოტოების თვალიერება გავაგრძელე. რეტრო სტილი, ვინტაჟური მანქანა, კაბა გრძელი ფატითა და დახვეწილი გოგო იმ ბიჭის გვერდით, მე რომ ცხოვრების რაღაც ეტაპი გამილამაზა.
ვერ გეტყვით ზუსტად რას ვგრძნობდი, მაგრამ ეს შური ნამდვილად არ იყო. ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორი ლამაზი იყო პატარძალი, როგორ ბრწყინავდა ჩემი პირველი სიყვარული, როგორი ლამაზი წყვილი იყო და ბოლოს, ჩემს არეულ-დარეულ სახლსა და ცხოვრებას გადავხედე. ოთახნახევრიან ბინაში, საზიარო საწოლი, გასული საუკუნიდან მორჩენილი გაზი და სამზარეულო, ძველი ხის კარადები, საშინელი სუნით, ნახევრად დამტვრეული დივანი ამოშვერილი ლურსმნებით. ხის კარადების თაროებზე უამრავი წიგნი და ფურცელი, სათამაშოები, კალმების ბადეები, მაკიაჟის ნივთები, სუნამოები და ჩანთები, რომელთა ნახევარიც ჩემს ოთახის მეზობელს ეკუთვნოდა.
ჩემი ოთახის მეზობელი, ჩემი ნათესავი, ჩემი ბავშვობისა და ცხოვრების თანამგზავრი იყო, რომლის ხასიათიც მუდამ ყვიროდა სიყვარულს. დიდ სიყვარულს ელოდა მთელი ცხოვრება, ისეთს, როგორიც მე მქონდა და ვერ გავწვდი, ვერ დავიტოვე გულში ის ღმერთი, სიყვარულმა რომ მომიტანა და დავნებდი, როგორც სუსტი ადამიანები ნებდებიან ხოლმე.
რომ გითხრათ, შეყვარებული იყოთქო, მოგატყუებთ. ცალმხრივი დიდი სიყვარულით დატანჯულს, მხოლოდ ის მინდოდა, რამენაირად მომეშორებინა ეს დიდი გრძნობა და მგონი გამომივიდა კიდეც, ოღონდ, ბევრი წლის წვალების შემდეგ.
ჩემი ხელოვანი სული, მუდამ მაიძულებდა ინსპირაციები მომეძიებინა ადამიანებში და საბოლოოდ ის ინსპირაცია მე გავხდი, ჩემი თავის განუზომელი, გადამეტებული, აზრს მოკლებული სიყვარულით რომ მტანჯავდა მუდამ. ეგო და ამპარტავნება სხეულში ისე მწარედ გამიჯდა, ვეღარ ვამჩნევდი, ჩემი ფასი სულაც არ იყო ის, რადაც ვაჩვენებდი ხოლმე, ზოგადად. მეტი ვეღარაფრით დამცინა ცხოვრებამ, გაცრუებული იმედების ნუსხაში შევიყვანე ჩემი თავი, ჩემი გაცრუებული იმედები, ყველაზე მეტად ჩემს თავს ეხებოდა, სხვებს არასდროს. ვერავინ გამიცრუებდა იმედებს, რადგან დიდად არც არავიზე ვამყარებდი მათ. არ ვიცი, ეს სხვებისთვის როგორ ჟღერს, მაგრამ თუ იმედები არ გაქვს, ვერც ვერავინ გაგიცრუებს, ასე არ არის?
ბევრი რამ გამოვიარე ცხოვრებაში და მეგონა, 5 წლის წინანდელი მე დღეს იამაყებდა ჩემით, მაგრამ ვინ ვარ დღეს მე? ვინ ვარ და არავინ. საერთოდ არავინ. ბავშვობის დასახული მიზნები ისე გავატანე ქარს, როგორც ადამიანის ნეშტის ფერფლს ატანენ ხოლმე.
ბევრჯერ მინანია, ბევრჯერ დავბრუნებულვარ, ბევრჯერ ვინატრე დროის დაბრუნება, აზრი? აღარც ის 18 წლის ბავშვი ვარ და აღარც ის იმედების კოშკები მაქვს, რაც მქონდა. ახლა სულ სხვა ვარ, დანგრეული, გაბზარული გულის კედლებით, ოცნებების ბარაკებით დარჩენილი, ტალახში ჩარჩენილი, გასვრილი, დახმარების ხელის გარეშე. ეგ ხელიც მაშინ მოვიჭერი, პირველად რომ დახმარება ვითხოვე და არავინ მოინდომა ტალახიან ხელზე სუფთა ხელის ჩაჭიდება.
გათენებას იმ ფიქრებით ვხვდები, რომ იყო დრო, როცა ისე ძლიერ მიყვარდა, კივილი მინდოდა დედამიწის ყველზე მაღალი წერტილიდან. მინდოდა მთელ სამყაროს მოფრქვეოდა ჩემი სიყვარულით სავსე სიტყვები, ჩემი გულის ნაწილებთან ერთად. გათენება აივანზე სასიამოვნოა, განსაკუთრებით გაზაფხულზე, მაგრამ ეს სილამაზე, ჩიტების უსირცხვილო ჭიკჭიკი, ხეებზე გამობმული ახალგაზრდა ფოთლების შრიალი, შორიდან მომავალი მანქანისა და აქა-იქ მოტოციკლის ხმები. ყველაფერი ერთად, სასიამოვნო ნიავთან ერთად, მე კიდევ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს არ ვიმსახურებ. არც არასდროს ვიმსახურებდი. საზიარო საწოლის იმ მხარეს ვწევარ, რომელიც კედელთან დგას, ტელეფონს დილამდე ისე ვამუშავებ, თითქოს სხვა საქმე არაფერი გამაჩნდეს ცხოვრებაში, ან იქნებ, არც გამაჩნია?
ჩემი ზღვარგადასული სიზარმაცე, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. მაგრამ საიდან დაიწყო ეს სიზარმაცე, ესეც საინტერესოა. მახსოვს, ჩემ პირველ სიყვარულთან ურთიერთობის დროს, რომელიც მეგობრულ საზღვრებს არასდროს გასცდენია, სულ სხვა ადამიანი ვიყავი. დილით ადრე ადგომაც არ მეზარებოდა, არც საწოლში მიყვარდა დიდხანს დროის გატარება, არც ტელეფონს ვიყენებდი საათობით, უბრალოდ რაღაცების საკითხავად. წიგნები მიყვარდა, ტელეფონში კითხვას გულს ვერ ვუდებდი. მაგრამ მერე რაღაც შეიცვალა და უნივერსიტეტში ფეხის შედგმიდან ერთ საათში მივხვდი, რომ ყველაფერი ფუჭი იყო რაც აქამდე მქონდა აქ მოხვედრისთვის გაკეთებული.
ჩემი ჩამონგრეული იმედების ნანგრევებში მოყოლილი, მხოლოდ მტვერს ვისუნთქავდი, სხვას ვერაფერს. თითქოს ჟანგბადი აღარ არსებობდა, თითქოს ის მოგონებები ცალკე მახრჩობდა, როცა რაღაცები დავთმე აქ მოხვედრისთვის და რაღაცებში არ ვგულისხმობ მეგობრებთან ყავის დალევას და მსგავს ადამიანურ ქცევებს. ერთადერთი რაზეც გული მწყდებოდა, რაც შიგნიდან მანგრევდა, ეს ჩემი დიდი სიყვარულის, ჩემი პირველი სიყვარულის დათმობა იყო.
ვინტაჟური მანქანები ყოველთვის მიყვარდა, თავს წარმოვიდგენდი 70-იანი წლების ქალად, სადმე მონაკოს ან ვენის ქუჩებში, თავზე კოპლიანი ან ყვავილებიანი პრინტის თავშალი მეხურებოდა, სათვალე მრგვალი და შავი, კაბაც იმავე პრინტის მეცმეოდა და არ ვიდარდებდი ამინდზე, არც იმაზე რომ არ ვიცი რა ვჭამო, როგორ გავანაწილო ფინანსები ან როგორ ვიპოვო ჩემი მეორე ნახევარი, რომელიც დიდხანს მეგონა რომ ჩემი პირველი სიყვარული იყო. ხსირად წარმოვიდგენდი ჩემს ქორწილს, ვინტაჟურს და დახვეწილს, დაბალი ოქროსფერი განათებებით, ჩემს გვერდით კაცით, რომელიც გამაბედნიერებდა და მის გვერდით ღიმილი ჩემთვის მარტივი გახდებოდა, მაგრამ მე ვერასდროს ვიქეცი იმ ქალად, რომელიც ასეთ ცხოვრებას უსიტყვოდ შეეგუებოდა.
ჩემი მეგობრის ზარი მაწყვეტინებს ფიქრებს, რომელსაც არსად მივყავარ, გარდა უფსკრულისა და იძულებული ვარ დღესაც, ისევე როგორც გასულ პარასკევს, გოგოებთან ერთად გავიდე კოკტეილის დასალევად. ეს იყო ცხოვრება, რომელიც მინდოდა? ეს იყო ის “მე” რომელიც მინდოდა? ეჭვი მეპარება, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება. იქნებ ჩემი იმედები ჩემზე ადრე მოკვდნენ? იქნებ ამიტომ დავდივარ მარტოსული ამ დიდ ქალაქში და ამიტომ ვეძებ მუდამ ვიღაცას, ვინც ამ ტალახიანი ჭაობიდან ამომათრევს?
შემოდგომით დაიწყო ყველაფერი, ალბათ უნდა მივმხვდარიყავი, სიკვდილისკენ წასული წელიწადი რომ ჩემს ცხოვრებაში ახალ სიცოცხლეს ვერ შემოიტანდა. შემოდგომის ცხელი დღე იყო და მე, ისე როგორც არასდროს, ლამაზი ვიყავი, მახსოვს.
“-მოკლედ, ყვეაფერს ვიწერთ, რასაც ვერ იგებთ, მეკითხებით. ჩემთვისაც და თქვენთვისაც საინტერესო გავხადოთ გაკვეთილები.-ეს ქალი მუდამ იყო ის დახვეწილი, დარბაისელი, რომელსაც წარმოვიდგენდი ხოლმე ქართულის მასწავლებლად. მისი მიხვრა-მოხვრა, სტილი, ეშხი, სილამაზე, მუდამ საოცარი სილაღის და ბრწყინვალების გამჟჟღავნებელი მეჩვენებოდა. მაგრამ ამ წუთებში, მხოლოდ ჩემს უკან მჯდარი სხეული იპყრობდა ჩემს ყურადღებას. ბიჭი, თითქოს ჩემი სიზმრებიდან გადმოვარდნილი გარეგნობის პრინცი იყო, რომელსაც საოცრად უხდებოდა თეთრი მაისური და მის სახეს კიდევ უფრო ნათელს აჩენდა, იმაზე მეტად, ვიდრე ანათებდა.
-შენი აზრით, რამდენი წლისაა?-მეკითხება უკნიდან, არც ვიცნობ, მაგრამ აშკარად უნდა რომ კომუნიკაციაში შემოვიდეს.
-შეგიძლია კითხო.-მეცინება და თავს მისკენ ვაბრუნებ. აბიტურიენტობის წლები მუდამ სილაღით და ბედნიერებით სავსე წარმომედგინა და ერთი სული მქონდა როდის დადგებოდა ის დღე, როცა მეც მეწოდებოდა ეს სტატუსი. როგორც იქნა მივაღწიე ამ ასაკამდე და ახლა, თითქოს არსაიდან გამოჩენილი ადამიანი, ჩემს უკან რომ იჯდა, კიდევ უფრო ნათელს ხდიდა არემარეს.
-ძალიან ცხელა.-ფურცელს ინიავებს, აშკარად აქ სწავლის გამო არ ზის, უფრო ვალდებულებაა მისთვის, ვიდრე მონდომება.
-მალე აცივდება.-ვუბრუნებ პასუხს და ვხედავ როგორ უყურებს ჩემს გრძელ თმას. მუდამ წელამდე გაზრდილს, მუდამ ჩაწნულს, ან გაშლილს.
-რამხელა თმა გაქვს, თავს არ გატკიებს?-ოდნავ მქაჩავს უკნიდან და იცინის.
-არა, მომწონს.-მეცინება და უკან ვიყრი გრძელ დალალებს. მომწონს მისი ღიმილი, პატარა ხალი თვალთან და ნათელი თვალები, სიცილის დროს რომ ბრწყინავს. სიმპატიურია, მაგრამ ბავშვური და ამას იდეალურად ვხვდები. ვიცი, საინტერესო წელი გველოდება, იმდენად, რომ დილის ათ საათზე გაღვიძება და მასწავლებელთან მოსვლაც აღარ იქნება ჩემთვის დიდი პრობლემა. მომოწონს გრძნობა, რომელსაც მიჩენს და თვითონა მშვენივრად ხვდება, როგორ მიწითლებს ლოყებს, მისი მზერა.”
კოკტეილის გემოს ვერ ვგრძნობ და ვხვდები, რამე ძლიერი მჭირდება. იმიტომ არა, რომ გული მტკივა. თუ მაქვს კიდევ ეს ორგანო, ისიც არ მახოვს, მაგრამ ის ვიცი, რომ სევდა, რომელიც ჩემს ძარღვებში დაცოცავს, შიგნიდან მანადგურებს და სისხლზე მეტად მიდუღს ამ წამს. სისხლის დუღიღილი, ჩემს მეგობრებში უფრო აშკარაა, ვიდრე ჩემში. ის ახალი პიჯაკი მაცვია, რომელიც დიდხანს მინდოდა ჩამეცვა და არ ვიცვამდი, ის მაკიაჟი მაქვს, რომელიც დიდხანს მინდოდა გამეკეთებინა და არ ვიკეთებდი, ჩემი თვალები ყვირის, რომ მიშველონ, მაგრამ როგორც ილია იტყოდა “არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!”. მერე რა, რომ კონტექსტიდან ამოვგლიჯე, თითქოს საკუთარი თავი მე აღარ მეკუთვნის, თითქოს ჩემს პირველ სიყვარულთან ერთად ის თავიც დავკარგე, ასე რომ მსურდა მეპოვა ყოველთვის და გვიან გავაცნობიერე, რომ საპოვნელი არაფერი მქონდა, რადგან ის მუდამ მე მეკუთვნოდა. როცა დაკარგავ, მაშინ ხვდები რომ შენი იყოო, ხომ ამბობენ ხოლმე. ასე დამემართა მეც.
ისე ჩანდა, თითქოს ვიცინოდი, მაგრამ სიცილი, ასეთი რთული ჩემი მსახიობური ცხოვრების განმავლობაში არასდროს ყოფილა. ჩემი ცხოვრება მხოლოდ იმ ნაწილებისგან შედგებოდა, როცა მინდოდა რაღაც ვყოფილიყავი და საბოლოოდ ვერაფერი გავხდი. თორმეტს კარგად გადაცილებულია, რომ ვდგები და მივდივარ. ღამის თბილისი ისეთი ლამაზია, ხანდახან მინდა, მზე არასდროს ამოვიდეს რომ ეს ყვითელი განათებები არსად გაქრეს. მომწონს ძველი თბილისი, ტაძრების განლაგება, ერთმანეთისკენ მომზირალი გუმბათებით და მათ შორის ჩამალული ღმერთი, ასე რომ მაწვალებს და მაინც ვიცი, ჩემზე ხელს ვერ იღებს ბოლომდე. როდის დაიწყო ამ გულის გალღობა, ასე მფეთქავად რომ აბობოქრდა ჩემში ცრემლები. როდის ჩამოვიდა ცრემლები ჩემს სახეზე, როდის მომინდა მტკვართან დადგომა. როდის შემიყვარდა ეს მდინარე, როცა ამდენად მძულდა მისი დანახვაც კი აქამდე. მიმზიდველი იყო, ახლა მივხვდი, რატომ ხტებოდა ყველა თვითმკვლელი მტკვარში და არა სხვა რომელიმე მდინარეში, სადაც დახრჩობის შანსი იმაზე დიდი იყო, ვიდრე ამ დაგუბებულ წყალში. მშვიდობის ხიდი და შუშის მოაჯირები, ხალხი, რომელიც ღამითაც არ წყვეტს აქ მოძრაობას და ცრემლები, რომელსაც ამ მდინარეს ვატან.
-თავის მოსაკვლელად, ზედმეტად ლამაზი ღამეა, ასე არ ფიქრობ?-გვერდით მიდგება უცნობი ფიგურა და ისიც ჩემსავით გაჰყურებს ხედს. მისკენ ვიყურები, აზრზე არ ვარ ვინ არის, მაგრამ აშკარად მეცნობა მისი სახე.
-თავის მოსაკვლელად მეც ზედმეტად ლამაზი ვარ, ასე არ პირქრობ?-მეცინება. ზე არასდროს მიფიქრია, ახლა მითუმეტეს. სიყვარული ისეთი იმბეცილი მიზეზით დავთმე, როგორიც ახალი ცხოვრების დაწყვება იყო ახალ ქალაქში და ახლა, როცა ხუთი წელია ზომბად ვიქეცი, იმის ძალა და გამბედაობაც არ მაქვს, ასე გამოვესალმო ცხოვრებას, რომ ჩემი წილი კვალი არ დავტოვო და ჩემი უსიყვარულობა ქარს გავატანო. თუ ის არ მაქვს, რაც მუდამ მინდოდა მქონოდა, უმნიშვნელო სიკვდილზე მაინც არ დავთანხმდები. ასეთი პრიმიტიული არასდროს ვყოფილვარ, ასეთი გამბედავიც ვერასდროს ვიყავი. მშიშარა და მოუქნელი ვიყავი მუდამ.
-ვიფიქრე, ცრემლებს გადაყვებოდი, თურმე უბრალოდ ბარათაშვილივით სევდას იქარვებ.-იღიმის, მომწონს მისი ხმა და საუბრის მანერა, ნეტავ მახსოვდეს ვინ არის, უფრო მეტად მომეწონებოდა მასთან საუბარი.
-ბარათაშვილმა აბიტურიენტობა ჯოჯოხეთად მიქცია. ვერასდროს ვიტანდი ლექსების დაზეპირებას, ეს შეშლილი სიტყვები და ტონი, უკარგავს სილამაზეს პოეზიას.-ნამტირალევი ხმა მაინც მაქვს. მის მსგავსად ვუყურებ ისევ ხედს და მეღიმება, ლამაზია, შთამაგონებელი და ცოტა ნოსტალგიური.
-ალბათ ქართულის მასწავლბეელი ვერ შეარჩიე სწორად, რადგან არაფერია იმაზე ლამაზი, ვიდრე ლექსი, რომელიც სიტყვა სიტყვით იშიფრება.-მის ხელში არსებულ მუყაოს ჭიქას მაწვდის, არც ვიცი რა ასხია, არც ვიცი ვინ არის, ჭიქას ვართმევ, აშკარად არც დაულევია ისე დამითმო თავისი ცხელი სასმელი.
-ადამიანი რომ შემოგხედავს, ვერ იფიქრებს, რომ ცხელ შოკოლადს დაატარებ ჭიქით.-მეცინება, როცა პირველ ყლუპს ვსვამ და მწარე ყავას შეჩვეული გემოს რეცეპტორები ტკბილის შეგრძნებისას სახის დამანჭვას მაიძულებენ.
-შენ რომ შემოგხედავენ, ვერავინ იფიქრებს, რომ ღამ-ღამობით ბარათაშვილივით მტკვრის პირას ტირი და სევდას იქარწ....ბ. მაგრამ ადამიანი არასდროსაა ის, რაც შორიდან ჩანს, არა?
-ხო, ალბათ.-მეცინება, იმაზე კარგად შემიცნო, ვიდრე ჩემი მეგობრები შემიცნობდნენ ოდესმე.
-ალბათ სადმე ბარში იყავი, მერე შენი ცხოვრების ამაოებაზე ჩაფიქრდი და აქ მოხვედი.
-ნოსტრადამუსი ხარ, თუ ნათელმხილველი?
-ძალიან აშკარაა ის, რომ აქ, ახალგაზრდა ქალი, სევდის გასაქარწ....ბლად უბრალოდ არ მოხვიდოდი. არამგონია შეყვარებულს ეღალატა და აქ მოსულიყავი, 40 წლის ქალი ხომ არ ხარ.
-როგორ დასკვნებს დებ.-მეცინება. მარტივია ბუნებრივად სიცილი სულ უცხოსთან.-მე არ მაქვს ძალა, არც ნიჭი, რომ ასე ამოგიცნო.
-არაა საჭირო. მე უბრალოდ ღამე ხეტიალი მიყვარს, როცა ხალხი ნაკლებია და შემიძლია ის აღვბეჭდო, რასაც ვხედავ.
-ფოტოგრაფი ხარ?-მეღიმება, გემრიელია ცხელი შოკოლადიც.
-არა.-მიღიმის, აღარაფერს აკონკრეტებს, უბრალოდ თავს აქნევს ღიმილით.
-ეს სად იყიდე? მომეწონა.
-მე გავაკეთე.-მიღიმის.-როცა მოგინდება, აქ მოდი, მე ყოველ ღამე აქ მიწევს გავლა, ხვალ შენთვისაც წამოვიღებ.-მიღიმის და მოაჯირს შორდება.-შეხვედრამდე, ბარათაშვილის რეინკარნაციავ.-მიცინის. სახლში მალევე მივდივარ, ტანსაცმელს ვიხდი და საწოლში ვწვები, მინდა რომ ვიფიქრო, მაგრამ ჩემი გონება მხოლოდ იმ სიტკბოს აღიქვამს, ცხელმა შოკოლადმა რომ დამიტოვა პირის ღრუში და მენთოლიანმა კბილის საჭმენდმაც ვერ გააქრო.
....................................................................................
ჩემი პირველი სიყვარულის ქორწილის ფოტოები რომ ვნახე, გულზე ის ლოდი დამედო, დიდი ხნის გადაგორებული რომ მეგონა და თურმე ისევ მაწვებოდა მხრებზე. თავი წამიერად ის ბერძნული მითოლოგიის ტიტანი მეგონა, დედამიწას რომ ზურგით დაატარებს. ისე ანათებდა, როგორც ყოველთვის, ისეთი თვალები ჰქონდა, რომელიც სიყვარულს ყვირის. ისე მიყვარდა, ასე მეგონა ნაწილებად დავიშლებოდი, მაგრამ სამ წლიანი უნახაობის შემდეგ მივხვდი, მხოლოდ პირველი სიყვარული იყოდა დავნებდი. მაშინ ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ისე არ წავიდოდა, როგორც მეგონა, მაგრამ მაინც მქონდა იმედი, რომელიც ისე გაქრა, როგორც ის უკანასკნელი თოვლი, მარტის ყინვიან ამინდებში რომ ვიხილე ბოლოს.
ახლა უკვე მეუღლე ჰქვია. მომწონს ეს სიტყვა “მეუღლე”. ორი ადამიანი, რომელიც ერთად მიაპობს ცხოვრების უსამართლო ქარიშხლებს. წლების წინ, ხშირად წარმოვიდგენდი ჩემს თავს მის გვერდით, მისი გაკეთებული ბეჭდით ხელზე, მისი სიყვარულით სავსე მზერით, მისი და ჩემი სიყვარულის ნაყოფით ჩემს მუცელში და მისი ცხოვრების მეგზურად მთელი სიცოცხლის განმავლობაში. წარმოვიდგენდი ჩვენს ქორწილს, ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს შვილებს და ისეთი ცხადი იყო ეს ყველაფერი, ხანდახან მინდოდა მოვფერებოდი კიდეც ბავშვებს, რომლებიც ვერასდროს დაიბადებოდნენ, რადგან გრძნობა, რომელსაც გულით დავატარებდი, მხოლოდ ჩემი იყო და სხვა არავის, მათ შორის, არც მისი. მისი ნათელი ხასიათის ბრალი იყო, რომ ასე შემივარდა. მე, მუდამ ნიღაბ აკრულს, მომწონდა მისი სინამდვილე, მომწონდა მისი გულწრფელი ხასიათი და შიგადაშიგ გაბრაზებული მისი ხილვაც.
მისი სიყვარული დიდი ხნის წინ ჩამოვკიდე გრძნობათა სასაფლაოს კარებზე და ვერც დამრხვისთვის გავიმეტე და ვერც იქიდან წამოღებისთვის. ალბათ ამიტომ ვგრძნობ ამ გაურკვევლობას, ან უნდა გაუშვა, ან სამუდამოდ დაიტოვო და მე ვერ გადავწყვიტე 5 წლის განმავლობაში რა უფრო კარგი იქნებოდა ჩემთვის. იმ უკანასკნელი გრძნობის დატოვება, რაც გამაჩნდა თუ საბოლოოდ გაშვება და სიცარიელეში სამუდამოდ ჩაძირვა იქამდე, სანამ ვიღაც არ გამომიწოდებდა ხელს, რომელზე ჩასაჭიდებელი ხელიც მე უკვე აღარ გამაჩნდა. მე უბრალოდ მინდოდა ვიღაც იმდენად ძლიერი ჩემს გვერდით, რომ მისი ხელი მთელ სხეულზე შემომხვეოდა და ამოვეყვანე ჭაობიდან, რომლიდანაც მხოლოდ სახეღა მქონდა ამოყოფილი.
ფოტოებში მისი ტუჩები იმ გოგოსას ეხებოდა, საერთოდ რომ არ ვიცოდი ვინ იყო. არც ვიცნობდი, არც მქონდა რამე შეხება. ერთადერთი ის ვიცოდი, რომ უყვარდა ჩემი პირველი სიყვარული და იმით მაინც ვიყავი მშვიდად, რომ სიყვარული აკავშირებდათ. სწორედ ისეთი სიყვარული, რომ მინდოდა მე და ის დავეკავშირებინეთ და არასდროს გამოვიდა.
საწოლიდან რომ ვდგები უკვე საღამოა, მზე ჩასვლას იწყებს, ვდგები, ვწესრიგდები და იმ საქმეს ვიწყებ, რომელიც დიდი ხნის მიტოვებული მაქვს, ისევ ვიწყებ ხატვას და ისევ ვიცი, ვერ დავასრულებ ამ ნახატს ბოლომდე. გონებაში მიტრიალებს ფოტოები, ბედნიერებით განათებული სახეები და კითხვა მიჩნდება. ესაა ის ცხოვრება, რომელიც მინდოდა მქონოდა? ესაა ის ადამიანი, რომელიც მინდოდა ვყოფილიყავი? ვერაფერს ვიტყვი, იმის გარდა, რომ ცხოვრება, რომელიც მინდოდა მქონოდა, შორსაა იმისგან რაც მაქვს.
-ვინ ხარ შენ?-სარკეში არეკლილ გამოსახულებას ვუსვამ კითხვას, თითქოს პასუხს გამცემდეს. დიდხანს ვუყურებ, მერე ანარეკლს სახე უცინის, ირონიითა და ცინიზმითაა სავსე მისი თვალები და ტუჩები. საზიზღარი სიცილი აქვს სახეზე, საშინელი ფიქრები უტრიალებს თავში და მშვიდად მპასუხობს:
-არავინ.
“-დაბადების დღეს გილოცავ.-ნოემბრის სუსხია გამჯდარი დილის რიჟღაჟზე და ჩემს წინ არსებულ მოცინარ ბიჭს ვულოცავ დაბადებას, მეჩვიდმეტე დაბადების დღე აქვს, მე უკვე მქონდა.
-მადლობა.-მიღიმის და სხვების მილოცვებსაც გულიანად იღებს. ბრწყინავს, ისე, როგორც შეეფერება დღის მთავარ ადამიანს. მეცინება, ჩემს თმაზე ათამაშებს ისევ თითებს და გამუდმებით წნავს და შლის, მერე ისევ თავიდან. ვერ გეტყვით, თმაზე თამაში მოსწონს თუ უბრალოდ მე მაქვს გამორჩეული თმა, მაგრამ ვხვდები, რომ უკვე ჰობად ექცა ჩემი თმების წვალება.
-რომელ შამპუნს ხმარობ? კარგი სუნი გაქვს.-ჩემი თმა რომ მიაქვს ცხვირთან, სულ სხვა გრძნობა მეუფლება და თვალები მიბრწყინავს.
-სუნამოა.-სუნამოს სახელს ვეუბნები და ვუღიმი.მერე წინ ვბრუნდები და საერთოდ არ მახსოვს იმ დღეს, ბარათაშვილს ხსნიდა მასწავლებელი, თუ გრამატიკის რომელიმე წესს. მხოლოდ ის ვიცი, ის თმის სამაგრი, რომელსაც მაშინ ვხმარობდი, დიდხანს ატარებდა მის სიმბოლოს ჩემს თვალში.”
წაგებული ომი საკუთარ თავთან და ჩემს პირველ სიყვარულთან, მაიძულებს გარეთ გავიდე და ისე დავუყვე თბილისის ქუჩებს, როგორც არასდროს. ვერ ვიაზრებ, ისე მივყავარ საკუთარ ფეხებს მშვიდობის ხიდთან და საათი ისევ აჩვენებს პირველის ნახევარს. ვხედავ როგორ დგას უკვე ნაცნობი სილუეტი მოაჯირთან და მის გვერდით ვდგები.
-მეგონა არ მოხვიდოდი.-მეუბნება და მუყაოს ჭიქას მაწვდის, რომელიც ჩემდა გასაკვირად ცხელია.
-მიზეზი მქონდა, რომ არ მოვსულიყავი?-მეცინება და ისევ ვსვამ აწ უკვე ნაცნობ სითხეს.
-მიზეზი გქონდა გუშინ ტირილისთვის?
-ჩემმა პირველმა სიყვარულმა ცოლი მოიყვანა, ამიტომ ემოციები მომაწვა.
-ისევ გიყვარს?-უცნაური ხმა აქვს, ინტერესით სავსე.
-არა, უბრალოდ უცნაური გრძნობაა, ნოსტალგიური, სევდიანი, რაღაც რასაც ვერ ახსნი სიტყვებით.
-ძალიან გიყვარდა, არა?-იღიმის.
-ხო, ძალიან მიყვარდა.-მეც ვიღიმი, ხედი დღესაც ისეთივე ლამაზია, როგორც გუშინ და გუშინ წინ, ისე როგორც, უკვე საუკუნეებია არის.
-რატომ არ გამოვიდა?
-კარგი კითხვაა, მეც მაინტერესებს, რატომ არ გამოვიდა?-მეცინება, მწარედ, შეუმჩნევლად მიელავს თვალში ცრემლი და ღრმად ვისუნთქავ ცივ ჰაერს, რომელიც მტკვრის გუგუნს დაჰყვება თან.
-ალბათ შენი წითელი ძაფი სხვა ადამიანის ნეკზეა გამობმული.-იღიმის.
-ბედის გჯერა?
-მჯერა.-მეღიმება, კაცი, რომელიც ასეთ სიტყვებს ამბობს, უცნაურია და ცოტა შეუჩვეველიც.
-საინტერესოა, რამდენი ადამიანი ხვდება იმ ადამიანს, რომელზეცაა მისი წითელი ძაფი გამობმული?
-ბევრი, ვფიქრობ საკმაოდ ბევრი.
-ჭეშმარიტი სიყვარული მათ შორის არსებობს?
-ყველაზე ჭეშმარიტი სიყვარული, რაც მათ შორის არსებობს, ზუსტად იმ წითელი ძაფის დამსახურებაა. ძაფი შეიძლება აიხლართოს, ხომ გაგიგია, მაგრამ არ წყდება.
-იქნებ ჩემი წითელი ძაფიც გამოუხსნელად ახლართულია.
-საინტერესო იქნება იმის ნახვა, როგორ ხსნი წითელი ძაფის ნასკვებს.
-იქნებ ვერც გამოვხსნა.-ვიღიმი, მოაჯირს ვშორდები და ვუყურებ.-მადლობა შოკოლადისთვის, ტკბილად დამეძინება.
-მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ვფიქრობ სიზმარში შენ გნახავ.-ხელს მიქნევს, ვშორდები და სახლისკენ მივდივარ, ისევ ფეხით და ისევ იგივე გზით, რომელმაც მასთან მომიყვანა.
..................................................................
ჩემი პირველი სიყვარულის ქორწილის ფოტოები რომ ვნახე მაშივე ის დრო გამახსენდა, როცა მასთან მქონდა კონტაქტი და გონებაში ამომიტივტივდა ის გოგო, რომელთანაც იმ დროს ვმეგობრობდი. მის გვერდზე შევედი, მისი ჩათი გავხსენი, მაგრამ მასთან მისაწერი პირი მე უკვე აღარ გამაჩნდა. თითქოს იმ წარსულთან დავიწყე ჩაჭიდება, იმ მოგონებებთან რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობდა ჩემში. იმ მომავალზე ვფიქრობდი, რომელიც არასდროს მქონია. იმ გრძნობაზე ვფიქრობდი ასე უსირცხვილოდ რომ მივატოვე ჩემს მეგობართან ერთად. ვერც მეგობრობაში გამოვდექი კარგი და ვერც სიყვარულში. ვერ გეტყვით, ეს რა გრძნობაა, მაგრამ სიცოცხლისგან ძალიან შორს არის.
იმ წარსულის გახსენების სურვილი მკლავდა, რომელსაც ასე ვეჭიდებოდი, რომელიც ხავსს ჰგავდა ადიდებულ მდინარეში გვერდებზე შერჩენილს და როდის გაწყდებოდა არავინ იცოდა. არც მე ვიცოდი, არც ღმერთმა და არც ვინმე სულიერმა ამ ქვეყნად.
ისევ პარასკევი, ისევ ბარი და ისევ მეგობრები, რომლებიც ჩემს შინაგან ჩამოშლას ვერ ამჩნევენ რადგა მშვენივრად მეხერხება ღიმილის გადაკვრა სახეზე მაშინ, როცა ერთადერთი რაც მინდა ყვირილია. კოკტეილის გემოს ახლა უფრო მძაფრად ვგრძნობ ვიდრე აქამდე, მაგრამ მაინც რაღაც მჭამს შიგნიდან. რაღაც ვერ მიმორჩილებს, რაღაცას ვერც მე ვიმორჩილებ და იმ სიცარიელეში ვვარდები კიდევ ერთხელ, სადაც მხოლოდ მე ვარ, ირგვლივ სრული სიბნელეა და მე ბეწვის ხიდზე გავდივარ, რომელიც ყანყალებს და იდეალურ წონასწორობას მოითხოვს.
-როდემდე უნდა იყო მარტო?-ჩემი გათხოვილი დაქალი ახალ თემას წამოჭრის ჩემი მიმართულებით და მეც მწარედ მეცინება.
-მომწონს როგორც ვარ.-მხრებს ვიჩეჩ და მორიგი ლექციის მოსმენის შემდეგ, როჩა ჩემი კოკტეილი ძირამდე ჩადის ისევ ვტოვებ ბარს და ისევ დავხეტიალობ. მახსენდება ის დღე, როცა თითქოს გარდატეხა მოხდა.
“-მე ოჯახს მალე შევქმნი.-ამბობს და მე მიყურებს, თითქოს მცდის. მე რა უნდა ვუპასუხო? მე ისედაც ვიცი, უნივერსიტეტში სწავლა მინდა, ნათელი მომავალი და წარმატებული ჩეი თავის ნახვა.
-მე არამგონია. ერთ დღეს აუცილებლად, მაგრამ ჯერ წარმატებას მმინდა მივაღწიო.
-დაბერდები ამასობაში.-იცინის და აპრილის ამინდებში გაბუჩქულ ტყემლის ხეებს ფოთლებს აწყვიტავს.
-მაგრამ რაღაცას მაინც გავაკეთებ.-ნიშნის მოგებით ვუღიმი. ისიც იღიმის, თავს აქნევს და ხელებს ჯიბეებში იწყობს.
-მე მაინც ვფიქრობ, ახალგაზრდა მამა მინდა ვიყო.-მხრებს იჩეჩავს.
-ეგ შენი ცხოვრებაა, შენ უნდა გადაწყვიტო.-ერთადერთი შვილის წყევლით დაბადებულ ადამიანს ამას არავინ ეუბნება. მე ვუთხარი, ხო და მისი სახეც შეიცვალა. მასწავლებლის სახლის დაღმართს მივუყვებოდით, თითქოს მივხვდი, რაღაც სხვანაირად წავიდა, რაც შეიცვალა, რაც მოკვდა და რაღაც დაიბადა მასშიც და ჩემშიც ამავდროულად.
-ვნახავთ ათ წელში, მე რა მექნება და მერე შენ.-იცინის ისევ, თითქოს არაფერი მომხდარა და ისე ვაგრძელებთ გზას, როგორც ყოველთვის და თან, როგორც არასდროს.”
.......................................................................
ჩემი პირველი სიყვარულის ჯვრსწერის კადრებს ვუყურებ და ვიღიმი. თავზე გვირგვინი, გვერდით ლამაზი მეუღლე, თვითონ ბედნიერებით გაბერილი და ცოტა ზედმეტი კილოგრამებით. დედამისი, ქორივით მზერით და სხვა ყველაფერი, უბრალოდ უმნიშვნელო ირგვლივ. ყოველთვის მჯეროდა ღმერთის, მჯეროდა ჯვრისწერის, მჯეროდა ჯვარდაწერილი წყვილების საიქიოში ერთად ყოფნის და საბოლოოდ მივხვდი, გაშვება ჯობდა.
ის ადამიანი არ ვიყავი, რომელიც ამ ყველაფერს უგულებელყოფდა, უარყოფდა და ცხოვრებას ისე გააგრძელებდა დაქორწინებული კაცის სიყვარულით და მასზე მოგონებებით, როგორც სულდაბალი ქალები იქცევიან ხოლმე. ერთ დღეს იქნებ დაშორდნენ, მაგრამ ეს სულაც არ გაახარებს ჩემს გულსა და გონებას. პირიქით, მისი სახიდან სინათლის გაქრობა უკანასკნელია, რისი ნახვაც მინდა ცხოვრებაში. კარადას ვაღებ და იმ ვისკს ვიღებ, გულითადად რომ გადავინახე ორი წლის წინ. მოგონებები მაწვება, თითქოს მინდა ისევ იქ ვიყო, იმ წერტილში, როცა ყველაფერი გაზაფხულმა და ეიფორიამ შთანთქა.
“ ჩემი ბანკეტის დღე იყო, დილით ბოლოზარის. არ გამოვიყურებოდი საუკეთესოდ, მაგრამ სიყვარულით ვიყავი გაბერილი და მის დანახვაზე, რომელიც ჩემი კლასის ბოლო ზარზე მოვიდა რომ პერანგებზე სისულელეები დაეჯღაბნა გავბრწყინდი. მკლავზე მიმაწერა რაღაც, თავისი მახინჯი კალიგრაფიით და მერე წავიდა. მახსოვს როგორ გავიბერე ბედნიერებით უარესად და მთელი დღე გამყვა ეს სიხარული. მერე რა, რომ ყინწვისის დაღმართზე ხელფეხი გადავისხვიპე, მერე რა, რომ ახალგაკეთებული ფრჩხილი მოვიტეხე, მერე რა, რომ ტელეფონზე ახალგადაკრული ბრონიც მიმელეწა, მთავარია ჩემს ხელზე მისი ნაჯღაბნი სამუდამოდ დარჩებოდა. ის საღამო იყო, მთელი დღის ემოციებისგან გადაღლილი, ისე დავთვერი, საკუთარი სახელი დამავიწყდა და ჩემს კლასელს, რომელიც ჩემი პირველი სიყვარულის ბავშვობის მეგობარი იყო, ყველაფერი გავუმხილე. ვერ შეეგუა აზრს, რომ ჩემნაირ გოგოს ის, თავისი თქმით “ლონდრე” მოეწონა და თავიდან იცინა, მერე მომეხვია და ჩემი ცრემლების მოწმენდა იქამდე განაგრძო, სანამ საბოლოოდ არ დაშრა. მეორე დღეს დღესასწაულიც გაგრძელდა და ჩემი მესაიდუმლე კლასელის გვერდით მჯდარი, ისევ ისე ვსვამდი, როგორც წინა დღეს, მაგრამ იმაზე ნაკლებად მთვრალიც ვიყავი. თვითონაც დათვრა, მერე დარეკა და თვალი ჩამიკრა. ცოტა ხანში დავინახე იმ ზოლიანი მაისურით მოდიოდა, რომელიც საოცრად უხდებოდა და უცნაურად გვიყურებდა ორად ორ დარჩენილ ადამიანს ოც კაციან სუფრაზე, რომელიც ისევ სვამდნენ და გაჩერებას არ აპირებდნენ.
-აღარ მოდიხართ?-იცინის, საშინლად მთვრალი გავხდი უცებ. სიმართლე რომ გითხრათ, ვერასდროს ვიგებდი რა უფრო მათრობდა, მისი ღიმილი და ალკოჰოლი.
-წავიდეთ, თორე ეს ვეღარ დგას ფეხზე.-ჩემს კლასელზე ვანიშნებ და ფეხზე ვაყენებთ. მერე ჩემი სახლის მისამართს ვეუბნები და შეუფერხებლად მივყავარ სანამ ჩემს კლასელს დატოვებს. მგზავრობა ჩუმია, მხოლოდ ჩემი კლასელი ღიღინებს.-მადლობა და ღამემშვიდობის.-ვემშვიდობები და კიბეზე ავდივარ. ისე მეძინება გათიშულს, როგორც ვერასდროს დავიძინებდი წამლის ზემოქმედებითაც კი.”
მოგონებები, მოგონებები და მოგონებები ისე მიჭერენ. თითქოს არაფერი, არაფერი ხდებოდა ჩვენს შორის, მაგრამ ეს ჩემი საშინელი გონება, რომელიც მუდამ წარმოდგენდა სცენებს, სწორედ ეს მღუპავდა მთელი ცხოვრების განმავლობაში.
“ბოლო გაკვეთილი იყო, ივნისის ბოლო, ბოლო გაკვეთილზე როგორც ყოვეთვის შავი მაისური, ჯინსით, კედებითა და გაშლილი თმით მივედი. არაფერი წამიღია, არც ჩანთა, საერთოდ არაფერი, მხოლოდ ტელეფონი, რომელიც მალევე დაჯდა და მივხვდი ვერც ტაქსს გამოვიძახებდი და ვერც ვინმეს დავურეკავდი. ამიტომ ღამის თორმეტ საათზე, როცა ირგვლივ არაფერი მუშაობდა იმ ცამკვდარ ქალაქში, მისკენ გავიხედე.
-ცენტრამდე მიმიყვან? ტაქსით წავალ მერე.-ისეთი სახე მქონდა, გაეცინა და მანიშნა მანქანაში ჩავმჯდარიყავი. სანამ მე ჩავჯდებოდი, იქამდე ჩახტა წინ ჩვენი ჯგუფელი გოგო და ჩემს გვერდით კიდევ ვიღაც დაჯდა უკან. ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ მე არღა ვიყავი იქ. ისეთი სიჩქარით ატარა მანქანა რომ ის ტლიკინა გოგო მიეყვანა სახლამდე, მინდოდა მიწისთვის მეკოცნა. მერე მეორე ჯგუფელიც და როცა ჩვენ დავრჩით, ის წინ და მე უკანა სავარძეზე, მაშინ გაისმა ჩარკვიანის “დრო” მანქანის სალონში.
“დრო...მხოლოდ სიყვარულს დაინდობს.
დღე...ისევ წაიღებს დარდს.
შენ...ალბათ ნოტებზე დარჩები.
სხვებს...არ მოაბეზრებ თავს....”
ისე მიმიყვანა სახლამდე, ხმა არცერთს ამოგვიღია, არც მისამართი მითქვამს. რამდენჯერმე დავაჭირე ენას კბილი მწარედ, რომ არ მეთქვა ყველაფერი რასაც ვგრძნობდი და ვიცოდი, ბევრჯერ გამიხდებოდა სანანებელი ეს საქციელი. მანქანა გააჩერა და მობრუნდა, ელოდებოდა, ვიცი რომ ელოდებოდა რამის თქმას, მაგრამ მე ვერაფერი ვთქვი, ისევ მადლობა გადავუხადე და მანქანიდან გადმოვედი. მინდოდა ყველაფერი მეთქვა, მაგრამ შიში ძლიან საშიში გრძნობაა და ახლანდელი გადმოსახედით, საერთოდაც არ უნდა მეგრძნო. მე ხომ ქალაქს ვტოვებდი, თუ გრძნობაზე ვერ მიპასუხებდა, ის მაინც სცოდნოდა, რომ არსებობდა სამყაროში ვიღაც, ვისაც ჭეშმარიტად უყვარდა წამით მაინც ამ ხანგრძლივ ცხოვრებაში.”
.....................................................
ჩემი პირველი სიყვარულის ქორწილის ფოტოების ნახვიდან ერთი თვეა გასული. მე აღარ ვყოფილვარ მშვიდობის ხიდზე ღამის ხედზე სახეტიალოდ. არც ის შოკოლადი გამისინჯავს კიდევ ერთხელ მაგრამ ფიქრები მაინც ვერაფრით მოვიშორე ამ ბიჭზე, ისევე, როგორც ჩემს პირველ სიყვარულზე. დიდი ხანია ჩემს ქალაქში არ ვყოფილვარ, ამიტომ დილით ავდექი, ჩავიცვი, დიდუბეში გავედი და იქიდან მშობლიური ქალაქისკენ დავიძარი, სადაც შიგადაშიგ თუ ჩამიყვანს ნამუსის გრძნობა. ქალაქის ცენტრში ჩამოვედი და ფეხით გავიარე. ისევ ისეთი უღიმღამო ქუჩები დამხვდა. მხოლოდ მაშინ ბრწყინავდა აქაურობა, როცა მე სიყვარულით ვიყავი გაბერილი.
ამბობენ, ღმერთიაო თავად სიყვარული, მაგრამ არამგონია ღმერთი ასე იმეტებდეს ადამიანებს. ვერ დავიჯერებ, რომ ღმერთმა ასეთი სიყვარულისთვის გამიმეტა. ვერ დავიჯერებ, რომ ყველაფერი რაც ცხოვრებაში გამოვიარე ღმერთმა მომივლინა და ის კუთხეში მჯდარი ეშმაკი არაფერ შუაში იყო. სწორედ ისაა ყველაფრის თავი და თავი, ყველა სიყვარულის ბზარის მიზეზი, ყველა გაწყვეტილი ძაფის ავტორი, ყველა ბრაზის, შფოთვის, ეჭვისა და დაშორების. ორი გული, ერთმანეთისკენ რომ ისწრაფვის, ღმერთი აშორებს თუ ეშმაკი? როგორ დავიჯერო, რომ მისი ხელი არ ურევია ჩემი მრავალწლიანი ტანჯვის ამბავში? უკვე ზაფხულია, ივნისის თვე ახალი დაწყებულია, მისი ქორწილის ფოტოების ნახვის შემდეგ სამყარომ ყველა ფერი დაკარგა და ისევ ახლიდან შეიძინა. არ ვიცი, ვერავის ვაბრალებ, საკუთარი თავის გარდა. საკუთარი თავის დანგრეული იმედების ნანგრევები ისე მაწვება, როგორც ღმერთს შეიძლება აწვებოდეს ადამიანთა ცოდვები ზურგზე. თუ ღმერთის შვილები ვართ, რატომ გვიმეტებს მუდამ ამდენი განსაცდელისთვის? იქნებ ბოდვაა ეს ყველაფერი? და თუ არ არის, მაშინ მე ის უკანასკნელი ღმერთის მარცვალიც გავატანე მდინარეს, რომელიც ჩემი პირველი სიყვარულის შემდეგ მქონდა ჩარჩენილი. ისე მიყვარდა, ვგრძნობდი, ამ სიტყვების ჭეშსმარიტებას, მაგრამ თუ ყველაფერი ფუჭია, მაშინ ჩემი გრძნობებიც ღმერთისკან უკვე ძალიან შორს არის. ჩემში მე ღმერთს ვეღარ ვგრძნობდ ა ვხვდები, ეს დასასრულია იმ დიადი გრძნობის, რომელიც მე ჩემს პირველ სიყვარულთან ცალმხრივად მაკავშირებდა. სკვერში მივსეირნობ, ნაცნობ ფიგურას რომ ვხედავ და ვშეშდები. გვერდი უნდა ავუარო მის ცოლს, სხვა გზა არ არის. 5 წელი გავიდა, მას შემდეგ ბოლოს რომ ვნახე.
“ქართულის გამოცდიდან გამოსულს მინდოდა ის დამენახა, მაგრამ ვერ დავინახე. ჯგუფელს ვკითხე სად და იყო და წავიდაო, გული ჩამწყდა. დავინახე როგორ გაეცინა ჩემს ჯგუფელს და როგორ ააწკაპუნა ხელები ტელეფონის ეკრანზე, მერე ჩემს ტელეფონზე ზარი შემოვიდა და ვფიქრობდი მეპასუხა თუ არა, მერე რაღაცამ მიკარნახა რომ უნდა დამეჭირა ამ წყეული მწვანე ღილაკისთვის და მეც ყურზე მიდებული ტელეფონიდან გავიგე ნაცნობი ხმა.
-კარგად წერე? გავიგე მეძებდი.-ტელეფონში კი არა ჯოჯოხეთშიც ვიცნობდი მის ხმას.
-შენ ხარ? კარგად ვწერე კი.-მეცინება.-მეგონა აქ იქნებოდი, უბრალოდ გიკითხე.
-საქმე მქონდა და წამოვედი.
-მადლობა მოკითხვისთვის.-ჩემი ლოყები ისე აწითლდა ყურებამდე გადამივიდა სიწითლე.
-არაფერს, დამირეკე თუ რამე.-გავთიშე, ეს იყო ბოლო საუბარი, ეს იყო ბოლო მომენტი, როცა მის ცხოვრებაში გამოვჩნდი და აქედან დაიწყო ჩემი სიყვარულის დასამარებაც.”
ლამაზია მის გვერდით მდგარი მეუღლე და ლამაზია ეს დღეც, რადგან ვეღარაფერს ვგრძნობ მისი დანახვისას. მიყურებს, უცნაურად უბრწყინავს თვალები და ხელს არ აშორებს მეუღლის ჩაჭიდებულ ხელს. თავს მსუბუქად ვუკრავ, ღიმილით.
-გამარჯობა.-თავისუფლად სუნთქვა შემიძლია. როგორც იქნა მორჩა დაკრძალვის პროცესი, როგორც იქნა ხერხემლის გაშლა შემიძლია.
-გამარჯობა.-თავს მიკრავს ღიმილით და მის ცოლს ვუვლი გვერდს. გრძელი ლამაზი თმა აქვს და მის თმიდან ზუსტად იმ სუნამოს სუნი იფრქვევა, ჩემს თმაზე რომ ასე ძალიან მოსწონდა მის გვერდით მდგარ კაცს. ალბათ წითელი ძაფები მართლა მუშაობს.
..................................................................................
ისევ თბილისისკენ მიმავალი, როცა სოციალურ ქსელს ვსქროლავდი, ახალგაზრდა მწერლის ახალი წიგნის პრეზენტაცია ამომიგდო. დღეს, შვიდ საათზე, ამირან ბარათაშვილის წიგნი “წითელი ძაფების თეორია” პირველად იხილავს მზის შუქსა და წიგნის თაროებზე დაიდება. ეკრანზე გამოსახულ ფოტოს ვუყურებ და ჩემი ცხლეი შოკოლადის გემო მიელავს რეცეპტორებში. ვფიქრობ, უნდა დავესწრო ამ პრეზენტაციას, ამიტომ სახლში მისული სწრაფად ვიცვლი სამოსს და ისე მივდივარ დათქმული ადგილისკენ. ხალხი ირევა, ძალიან ბევრი ადამიანია, აშკარად პოპულალური კაცია, სხვაგვარად არ აიხსნება ამდენი ხალხის არსებობა წიგნის პრეზენტაციაზე, ჩვნს დროში. ვუსმენ მის მონოლოგს, ვუყურებ მის სამოსს, კლასიკურ შარვალს, თეთრ პერანგსა და ვანსებს ფეხებზე, მეცინება. თმა ლამაზად აქვს გადავარცხნილი და აშკარად ახლად შეჭრილიც. იღიმის, ყველა კითხვას პასუხობს, წიგნზე საუბრობს, წინა წიგნებზეც ამბობს ორ სიტყვას და მერე მე ისეთ ადგილას ვდგები, რომ გამოვჩნდე, დამინახოს, შემამჩნიოს და ვუღიმი. ხელს ვიწევ, მინდა კითხვა დავსვა, იღიმის და მიყურებს მოლოდინით დავსე თვალებით.
-ამირან, ბედის გჯერათ?-ვუღიმი, ისე ეღიმება, როგორც ყოველთვის.
-მჯერა.-თვალს მიკრავს და სხვაგან გადააქვს ყურადღება. ავტოგრაფების გაცემის ცერემონიალი რომ მთავრდება, მერე მივდივარ მასთან და წინ ვუდგები.
-ცხელი შოკოლადი მომინდა.
-მხოლოდ ჩემს სახლში მზადდება. წამოხვალ?
-არის მიზეზი რომ არ წამოვიდე?-ვუღიმი.
-იქნებ შენი სახელი მაინც მითხრა?-ეცინება.
-რა საჭიროა სახელები, შენ მე ისედაც მიცნობ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent