შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 6) +18


2-08-2020, 19:45
ავტორი Impermeable
ნანახია 4 310

ალ ჯანათი الجنة

ადამიანის ბუნება უცნაურადაა მოწყობილი. ჩვენ მუდმივად ვილტვით მიუწვდომელისკენ. უცნაურ აღტკინებას ვგრძნობთ, ხოლო როდესაც მას ხელშესახებად ვუახლოვდებით, ამ ლტოლვას დიდი სიცარიელე ავსებს მანამ, სანამ ახალი სურვილის ობიექტი არ გამოჩნდება.

ბავშვობიდან მიზიდავდა აღმოსავლეთი: კულტურა, ცეკვა, ტრადიციები, რიტუალები, სანელებლები თუ ნელსაცხებლები. მუდმივად ვილტვოდი, თითქოს თავად მიხმოდა უდაბნოს ქვიშა, შარბათის სურნელი. და ახლა, როდესაც მთელი სიცხადით შევიგრძენი, რას ნიშნავს აღმოსავლეთში ქალად ყოფნა, აქედან გაქცევა მინდა რაც შეიძლება შორს, კონტინენტის მეორე ნაწილზე, სადაც  ქალები ოქროს გალიაში გამოკეტილ ჩიტებს არ გვანან, თავისუფლად შეიგრძნობენ მზის ამოსვლას და ტკბებიან ემანსიპაციის შედეგებით. მე კი, ერთ დროს დამოუკიდებელი, მიზანსწრაფული, ოცნებებით სავსე ლეა დღეს ოქროს გალიაში გამომკეტეს, ეს ოქროს მარყუჟები უკვე ყელს წვდება, მახრჩობს და ამოსუნთქვის უფლებას მართმევს. ნუთუ იმავეს განიცდიან აქ დაბადებული გოგონები? გოგონები, რომელთაც მამა უწყვეტს ვის დაუკავშიროს ბედი? ჩემნაირად განიცდიან და სასოწარკვეთილების ზღვარზე მდგომი სუიციდური ფიქრებით სიკვდილ-სიცოცხლეს არიოლ-რეშკას ეთამაშებიან? იქნებ თავიდანვე ყურად იღებენ დედების მოწოდებას და უარჩევნო ყოფას ბედისწერას აბრალებენ? გლობალურად, ბედისწერის ყველაზე მეტად სწორედ არაბულ სამყაროში სჯერათ. იქ, სადაც არჩევანის თავისუფლება ყველაზე შეზღუდულია. სწორედ ბედისწერის საბურველით ბურავენ ქალების აუხდენელ ოცნებებს, მიზნებსა და მისწრაფებებებს. თვითონ აღმოსავლეთია ერთი დიდი მედალი. მედლის ერთ მხარეს ის საოცრად გიზიდავს, ობობას საცეცებივით ედება შენს სულს და მასთან შერწყმას გაფიქრებს, ხოლო მეორეს მხრივ, როდესაც თავისად დაგიგულებს უმალვე გაჩვენებს მეორე მხარეს, სავსე აკრძალვებით, მორჩილებით, კრძალვით. საცეცებიც მაშინვე იწყებს შხამის გამოყოფას, მაგრამ შენ უკვე აღარ გაქვს წინააღმდეგობის ძალა და იძირები, იძირები, როგორც ჰაშიშით გაბრუებული თეთრ ნისლში.

სხვა რაღა დამრჩენია, თუ არა ფიქრი. ფიქრი და ოცნება. ოცნება, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი აღმოჩნდება, ან გახუნებული მოგონება, რომლის გახსენების საშუალებასაც არ მომცემს ალესანდროს ძლიერი მკლავები, ჩემს გულის რიტმს აყოლილი მისი გახშირებული გულისცემა, ვნებით მთრთოლვარე ცხელი ტუჩები, ჩემს სხეულზე მოცეკვავე მისი თითები. დარწმუნებული ვარ, როდესაც ოცნებას შევწყვეტ, ბედს დავმორჩილდები, ამიტომ უნდა ვიფიქრო. უნდა ვიოცნებო.

სარკმელს მივუახლოვდი. წითელი ზღვის ჰორიზონტზე ნელ-ნელა იწყებდა ლიცლიცს მზის ათინათები. მზე ამოსვლას ლამობდა. უცნაურია, შავიზღვისპირეთში ყოველთვის მიყვარდა მზის ჩასვლის ყურება, როგორ ეშვებოდა უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი მოლურჯო-მოიასამნისფერო ტალღებში. აღმოსავლეთში კი მზე ზღვიდან ამოდის. თითქოს ჩემი ცხოვრების გზაც180 გრადუსით მოტრიალდა, როგორც მზის მიმოსვლის ტრაექტორია. ნეტავ, რას იტყოდა ამაზე ალესანდრო. როგორც თავად ამბობდა, ჩვენ, სასრული გეომეტრიული მწკრივის საბოლოო წევრები ვიყავით ერთმანეთისთვის. და თუ ჩემი მომავალი მართლაც 180 გრადუსით შემოტრიალდა, მაშინ გამოდის, რომ სასრულეთის დასაწყისში ვარ მხოლოდ.

საკუთარმა ფიქრმა დამაფრთხო. მაშინვე თავი გავიქნიე, თითქოს უკუვაგდე არასასურველი ფიქრები. მტკიცედ გადავწყვიტე. სანამ აქ ვიქნები, აუცილებლად უნდა შევხვდე ალიონს, მზის პირველი სხივების მოლოდინში გავძლო, რათა შევხვდე ახალ დღეს, ახალი შესაძლებლობას. არ მაქვს უფლება, ხელიდან გავუშვა - ჩვენთვის, ჩვენი სიყვარულისთვის.

ნეტავ სად ვარ? შორს ვარ შარმ ელ შეიხიდან? არვიცი, რამდენ ხანს ვმგზავრობდით. პირველ რიგში, ჩვენი ადგილსამყოფელი უნდა გავარკვიო. კარის ხმაზე შევკრთი და მივბრუნდი.

დავუდი იყო, ამჟამად აღარ ეცვა არაბული სამოსი. კლასიკურ სტილში გამოწყობილი იტალიელ მსახიობს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე უდაბნოს ნაშიერს. უცნაური დეჟავიუ მაქვს. თითქოს ზუსტად ესეთ ფორმაში ადრეც ვნახე, ოღონდ მაშინ დადებითი ემოციები მოიტანა. ნეტავ რატომ? ან რატომ მეცნობა ასე ძალიან მისი თვალები? 
ვერც გავიაზრე, რომ ურცხვად ვათვალიერებდი. სიტუაცია მაშინ გავაცნობიერე, როცა გაიღიმა და მითხრა:
-როგორც ჩანს, ამ ფორმაში აღარ მიფრთხი. თუ ასე უფრო მიმიღებ, მზად ვარ სამუდამოდ გადავაგდო არაბული სამოსი.
- მე... მე.... მე უბრალოდ რაღაცაზე ვფიქრობდი და თვალები გამიჩერდა - ღმერთო ჩემო, რა სისულელე წამოვროშე.
- დამშვიდდი ლეა, აქ იმიტომ მოვედი, რომ შენთვის მეთქვა. დღეიდან ოთახის კარი ღიაა, შეგიძლია სახლი დაათვალიერო და თავად შეარჩიო, სად გირჩევნია ყოფნა. შენს ყველა სურვილს აასრულებენ. ოღონდ გაქცევა არც გაიფიქრო. ზღურბლს გარეთ კბილებამდე შეიარაღებული დაცვაა მთელ პერიმეტრზე.
-ჰა, ჰა, მადლობა, რომ გალიის საზღვრები გააფართოვეთ, ზედმეტად მიჭერდა ყელში - ირონიულად ჩავიცინე და დემონტრაციულად ყელზე ხელები მოვიჭირე.
- ლეა, ლეა, თავს მაკარგინებ.
მომიახლოვდა და ყელზე ხელი ნაზად ჩამომისვა შემდეგ კი ელდანაკრავივით უკან დაიხია და გავიდა.

როგორმე ეს ამბავი ჩემს სასიკეთოდ უნდა გამომეყენებინა. მერიემის რჩევაც გამახსენდა. გადავწყვიტე ჩემი წესებით მემოქმედა. ზეწარშემოხვეული გავედი და დავიძახე.
საინტერესოა, ჩემს ინგლისურ ძახილზე რამდენიმე გოგონა გაჩნდა ეგრევე. არადა ინგლისური მხოლოდ მერიემმა იცის. ვინ არიან და აქ რას აკეთებენ? ნუთუ დავუდის ცოლები არიან? არამგონია. ტანში უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. სხეულის ენით, ხელ-ფეხის გამოყენებით ვანიშნე, რომ ტანისამოსი მინდოდა. ხმაურზე ბერბერი შავოსანიც გამოჩნდა. გოგონებმა არაბულად რაღაც უთხრეს. კმაყოფილმა ჩაიცინა, ხელით მანიშნა გავყოლოდი და კიბეებს აუყვა. ეს სასახლის მეოთხე სართული იყო. აქ აქამდე არასდროს ვყოფილვარ. დერეფანში კედლების მაგიერ ფერადი მინის ვიტრაჟები ჩაესვათ. ვიტრაჟებიდან საუცხოო არაბული ორნამენტები იმზირებოდნენ, რომელსაც მზის სხივები ათასფრად აციმციმებდა, სხივების ჩრდილები კი დერეფნის იატაკზე საოცარ სილუეტებს ქმნიდა. მონუსხული ვუყურებდი ამ სანახაობას. შავოსანმა კარი შეაღო და ოთახ-გარდერობში შემიძღვა, რომელიც სავსე იყო ნაირფერი ქსოვილებით, ხელით მოქარგული აღმოსავლური სტილის გრძელი დაშვებული კაფტანებითა და მაქმანებით. არჩევანი შიფონის გრძელ სახელოებიან აბრეშუმის ლურჯ კაფტანზე (არაბული კაბა) შევაჩერე. საყელო, მანჟეტები და კაბის ბოლო ოქრომკერდით ამოექარგათ. შავოსანს ხელით ვანიშნე უარი თავსაბურავზე და თმებგაშლილი კიბეზე დავეშვი. ქვემოთ დავუდი იდგა. თვალს არ მაშორებდა. შევეცადე აღელვება არ დამტყობოდა. მშვიდი სახე მივიღე და გვერდი ისე ავუარე, თითქოს ვერც შევამჩნიე. მისი მზერა ზურგს მწვავდა. 
როგორც იქნა, მერიემი დავინახე. დაბალ დივანზე ფეხმორთხმით იჯდა და წიგნს კითხულობდა. ჩემს დანახვაზე, თვალები აემღვრა და წამოდგა.
-ლეა, როგორ მიხარია, რომ ოთახიდან გამოხვედი, ულამაზესი ხარ. ფრთხილად იყავი, აქაურობა მტრებითაა სავსე. მხოლოდ ჩემი და სუმეიეს მოწოდებული მიირთვი. თვალით ბერბერზე მანიშნა. ერთი შეხედვით, შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ დავუდი საკუთარი შვილივით უყვარს. დავუდისთვის ძვირფას ადამიანს არაფერს დაუშავებს. ბოლო სიტყვებზე თავი დახარა.
-ამას რატომ ამბობ მერიემ? მე უბრალოდ დავუდის აკვიატება ვარ.
- ცდები ლეა. ჩემზე უკეთ დავუდს არავინ იცნობს. შინაგანად ძალიან მგრძნობიარე ადამიანია. თავიდან რომ დაგინახე, მეგონა, რომ შენც ჩემსავით გადაგარჩინა. ვერ წარმოვიდგენდი, თუ შენ იყავი ის უცნობი ქალი, რომელზეც თავდავიწყებით იყო შეყვარებული, რომლის გამოც ერაყისა და აღმოსავლეთის ყველა ლამაზმანზე უარი თქვა.
-ვერაფერი გავიგე მერიემ. დავუდს პირველად სასტუმროსთან შევხვდი. მისი მანქანა კინაღამ დამეჯახა. რა სიყვარულზე მელაპარაკები?
- ცდები ლეა. დავუდმა ყველაფერი მიამბო.
მერიემის შემდგომი სიტყვები თითქოს შორიდან ჩამესმოდა. ნელ-ნელა იწყებდა მოგონებები გაცოცხლებას. მოგონებები, რომლისთვისაც დავუდს ამხელა მნიშვნელობა მიუნიჭებია. ვინაიდან ჩემი გატაცება აღმოსავლური კულტურით მეგობრებმა კარგად უწყოდნენ, ჩემი 18 წლის იუბილეს აღნიშვნა სიურპრიზად სეიდაბადში გადაწყვიტეს. ადგილზე მოტყუებით მისულს საოცარი გარემო დამხვდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. მოცეკვავეს მონუსხული ვუყურებდი. სიტუაციით მოხიბლული, თავადაც ავყევი აღმოსავლურ ჰანგებს და დამჯდარი ვცეკვავდი, რაზეც გოგონები იცინოდნენ. დროს შესანიშნავად ვატარებდით. ამ დროს სიმპათიური, მწვანეთვალება მამაკაცი მომიახლოვდა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მომიახლოვდა და გატეხილი ქართულით მითხრა, რომ ლამაზი ვიყავი და ამ სილამაზეს გავფრთხილებოდი. ეს ჩემი პირველი კომპლიმენტი იყო მამაკაცის მხრიდან და უნებურად დავიბენი. მთელი საღამო ვაპირებდი მათი მაგიდისკენ თვალს. გოგონები მაგულიანებდნენ, მიდი ლეა, ნახე რა ბიჭია, უცხოელია აშკარად, არ გაუტყდება, თუ გამოიჩენ ინიციატივასო, მაგრამ ვერ გავბედე, შემრცხვა. რამოდენიმეჯერ დავიჭირე მისი მზერა და სულ ეს იყო. გული ჩამწყდა, როცა წასვლისას არ გამომხედა. რამდენიმე დღე კიდევ ვფიქრობდი ბავშვურად უცნობზე, მაგრამ მერე სულ გადამავიწყდა.
ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული სასიამოვნო მოგონება საბედისწერო ნიშნულად იქცა ჩემს ცხოვრებაში.
მერიემს გულწრფელად გავუზიარე ჩემი ემოციები, ისიც ვუთხარი რომ მეუღლე მყავდა, რომელიც ძალიან მიყვარდა. გაოცებული მისმენდა. უნებურად თითზე დავიხედე, და მხოლოდ ეხლა შევამჩნიე, რომ ბეჭედი არ მეკეთა. სად არის ჩემი საქორწინო ბეჭედი? ვიგრძენი, რომ გულმა რამდენიმე გულისცემა გამოტოვა და იქ, სადღაც გულის სისხლძარღვოვან ქსელში რაღაც ჩაწყდა.
-არ მჯერა, დავუდი ასე არ მოიქცეოდა. სხვის ცოლს ხელს არ ახლებდა. დავუდი ესეთი არ არის. თან მისთვის უმანკოება ძალიან მნიშნველოვანია. ის მორწმუნე ადამიანია. გაოგნებული იმეორებდა მერიემი. თითქოს თავადაც არ სურდა დაჯერება. შენს ადგილზე ყოფნას ყველა ინატრებდა.

- შენც ინატრებდი მერიემ?- ეშმაკურად ჩავეკითხე.

- პასუხი არ გამცა, თუმცა მისმა დუმილმა და თვალებმა თავად თქვეს სათქმელი.
საუბარი გოგონებმა გაგვაწყვეტინეს. უცერემონიოდ შემოგვიერთდნენ დივანზე ფეხმორთხმით მოკალათებულებს და ცნობისმოყვარე თვალები მომანათეს. 
მერიემმა დაიწყო ჩემთვის მათი გაცნობა.
ლეა, ეს სახლი დავუდის ბიძაშვილს, სადულაჰს ეკუთვნის. აქ მისი მეორე ცოლი ლაილა ცხოვრობს. ხელით მანიშნა ლამაზი, ეშხიანი შავგვრემანი გოგოსთვის. ეს ის გოგო იყო, ჰამამში მკვლევი მზერა რომ მესროლა. არც ახლა მიყურებდა დამთბარი მზერით, რასაც ვერ ვიტყოდი დანარჩენებზე.
ესენი ნარინი და ნური არიან. ნარინი ლაილას მოახლეა. ნური სამზარეულოში გვეხმარება. ჩვენს მზარეულსაც გაგაცნობთ. აიშე ძალიან კეთილი ქალია. ოქროს ხელები აქვს. 
ეს ნილაია- დავუდის უმცროსი და. ცამეტიოდე წლის ლამაზი გოგონა მომიახლოვდა, ხელზე მაკოცა და მომეხვია. ძალიან დავიბენი, ზღვასავით კამკამა მწვანეები შემომანათა. ნილაი ძალიან კომუნიკაბელური აღმოჩნდა. ჩემდა გასაკვირად მცირეოდენი ინგლისური მასაც სცოდნია. ეგრევე ატიტინდა:
-ძმა სადულაჰი  ემირატებშია სამსახურებრივი საქმიანობის გამო. როცა ძმა დავუდს სინას ნახევარკუნძულზე უწევს ჩამოსვლა, ყოველთვის მოვყავართ სადულაჰისა და ლაილას ოჯახში, დაჰაბში. შარმისგან განსხვავებით დაჰაბი მორწმუნე მუსლიმებისთვის ნამდვილი სამოთხეა. აქ ადრე ბედუინების სოფელი იყო. აქაური ოქროს ქვიშები საუცხოოა.  შენი თმებისფერია. -თავი მორცხვად დახარა და გააგრძელა.
- იცი, ძალიან მიხარია, რომ ჩემი რძალი იქნები. ნამდვილი გურჯი ხარ. ლამაზი, დავუდი ზღაპრებს მიყვებოდა შენნაირ მზეთუნახავზე.  ქართულს ხომ მასწავლი?
აღარ ვიცოდი რა მეთქვა ამ პატარა გოგონასთვის. ისეთი გულწრფელი ემოციებით საუბრობდა. გული დამწყდა, რომ ამ სამყაროს ნაწილი იყო. როგორც ჩანს ჯერ აღმოსავლური მედლის მხოლოდ ერთი მხარე იყო მისთვის ცნობილი. ერთი რამ აშკარაა, ძმას აღმერთებს.
-    გინდა საღამოს სანაპიროზე გავისეირნოთ? 
მერიემმა თვალებით ანიშნა გაჩუმება. ნილაი კი დაბნეულიყო. აშკარად არ იცოდა, რომ მისმა ძმამ ძალით გამომკეტა აქ.
ნილაის შეეძლო იმის თქმა, რასაც მერიემი მიმალავდა. ესე იგი დაჰაბი. დაჰაბი ჰქვია ამ ადგილს. პირველად მესმოდა ამ დასახლების სახელი.




დავუდი
ფიქრებისგან სატელეფონო ზარმა გამომიყვანა. ნომრის დანახვაზე ეგრევე ავღელდი. რაშიდი იყო. სწორედ მას დავავალე სანდრო ურთმელიძის ნაბიჯებისთვის თვალყურის დევნა. დარწმუნებული ვარ, ლეას არ იმსახურებს, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მას ასე ადვილად არ დათმობს. არცერთი ჭკუათმყოფელი არ დათმობს ლეას მსგავს ქალღმერთს. ზარს ვუპასუხე და მოსმენილმა თავზარი დამცა. სანამ მე აქ ვცდილობ ლეასთან ადამიანური ურთიერთობის დამყარებას, ბატონმა სანდრომ ეგვიპტის პოლიციას სრული უნდობლობა გამოუცხადა, კერძო დეტექტივი დაიქირავა და ახლა საელჩოსთვისაც მიუმართავს ვიზის გაგრძელების თხოვნით.
ლეა სასწრაფოდ უნდა გამერიდებინა აქაურობისთვის. მაგრამ როგორ? ისეთი სტრატეგია უნდა შევიმუშავო, რომ ვერავინ ვერ მიაგნოს მის კვალსაც კი, სანამ ამას თავად ლეა არ მოისურვებს, ლეა, რომელიც უკვე ჩემი იქნება.
საიდი და სანდრო, უკვე ორ ფრონტზე მიწევდა ერთდროულად ბრძოლა. სასწრაფოდ შევკრიბე ჩემი ბიჭები და გეგმის დასახვა დავიწყეთ. პირველ რიგში სინას ნახევარკუნძულზე დაგვიწყებდნენ ძებნას. ამიტომ უმნიშვნელოვანესი იყო მათთვის კვალის აბნევა. ერთადერთი გზა რჩებოდა, ანონიმური წერილებით სანდროს დარწმუნება, რომ უკვე ტაბაში ვიყავით. ტაბაში წასვლა მართლა შედიოდა ჩვენს გეგმებში . იქედან იორდანიაში მარტივად გადავიყვანდი ლეას. მაგრამ ახლა უკვე საფრთხილოა. სჯობს იქ გვეძებონ. დაე, იფიქრონ, რომ საზღვარზე გადავედით. ამაში რაშიდი დამეხმარება. ჩემი პასპორტით გადავა თანმხლებ ნიქაბიან ქალთან ერთად. ისინიც იფიქრებენ, რომ ლეაა. სადულაჰის სახლში ნამდვილად არ დაგვიწყებენ ძებნას. თავიდანვე გამორიცხავენ, რომ იქ მივიყვანდი. 
კმაყოფილი ვიყავი. ბიჭები დავითხოვე. ისევ ჰაშიში შემიმსუბუქებდა შინაგანი დანაშაულის განცდას. ვგრძნობდი, როგორ მშორდებოდა დანაშაულის სიმძიმე ბეჭებიდან. სუმეიეს დავუძახე. მაინტერესებდა, ლეა როგორ იყო. მითხრა, რომ თავად მოისურვა ჰამამში ჩასვლა. ვუბრძანე მარტო დაეტოვებინათ.
ვუახლოვდებოდი კარს და ჟრუანტელი მივლიდა იმის გაფიქრებისას, თუ რა ფორმაში იქნებოდა იქ ლეა. ჩუმად შევედი და სვეტებს ამოვეფარე. ლეა აუზში ნებივრობდა. მისი შემხედვარე იფიქრებდით, პოსეიდონმა ოქროსთმიანი ქალთევზა გამომიგზავნა მოსაჯადოებლად და როგორც გზააბნეული მეთევზე, ოკეანის ფსკერს უნდა შემახვედროსო. ვუყურებდი და ვტკბებოდი ამ საოცარი სანახაობით. აუზიდან სრულიად შიშველი ამოვიდა. დავმუნჯდი. მინდოდა სამუდამოდ მეყურებინა მისთვის. არვიცი, რამდენ ხანს ვიდექი დამუნჯებული, გაშეშებული. ის იყო შემოტრიალება დააპირა, რომ ეგრევე სვეტს ამოვეფარე. ასეთი ადრენალინი ცხოვრებაში არ მიმიღია. უჩუმრად გამოვედი ჰამამიდან, მაგრამ ჩემი გული და გონება იქ დავტოვე.
 ოთახში შევედი და საწოლზე გადავწექი. თეთრ ნისლს მოჰყვებოდა უცნაური ზმანება. ისევ ჰამამი. აუზი.  მე და ლეა. ორი სიყვარულით აძგერებული გული. სინქრონში ვცურავდით. მასთან ისე ახლოს ვიყავი. ცურვისას მისი სხეული ჩემსას ეხებოდა. წყალშიც კი ვგრძნობდი ჟრუანტელს. ყველაფერი ისე ცხადი იყო. ისე ნამდვილი.
შემდეგ ზმანება შეიცვალა. კალთაში ლეას თავი მედო და თმებზე ვეფერებოდი. ჩვენს სხეულებს ნაჭრის მხოლოდ ერთი ნაგლეჯი, კვართი ჰყოფდა. ლეას მშვიდად ეძინა.ის ჩემი იყო. მხოლოდ ჩემი და მე მისი. ჩვენ ერთ არსნი ვიყავით.
სახეზე მზის სხივები ვიგრძენი და თვალები გავახილე. სიზმარი ყოფილა. ალაჰ, თუ მართლა არსებობს ალ ჯანათი الجنة , უეჭველად რომ ის ვიხილე. ლეაა ჩემი სამოთხე. ალაჰ, შენი მოწყალე თვალები მომაპყრე.



№1  offline წევრი Impermeable

მეექვსე თავი გუშინ საღამოს ავტვირთე, თუმცა რატომღაც ორი აგვისტოს თარიღით აიტვირთა. შევეცადე მოკლე თავიც არ ყოფილიყო. დაველოდები თქვენს მოსაზრებებს, შენიშვნებს.
heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი სალი

მე კიდე ვიფიქრე როგორ გამომრჩამეთქი. რომ მგონია გამოვიცანი როგორ გააგრძელებ, სულ სასიამოვნოდ გაოცებულო ვრჩები. ყოველი თავი ახალი მოულოდნელობებითაა სავსე. აღარ ვიცი დალეა (დავუდი და ლეა) დავშიფო თუ ალლეა. რაღაცნაირად მიზიდავს დავუდი მიუხედავად იმისა რომ საშინლად ეგოისტია ტიპი, ფაქტია ლეა ძალიან უყვარს

 


№3  offline წევრი Impermeable

სტუმარი სალი
მე კიდე ვიფიქრე როგორ გამომრჩამეთქი. რომ მგონია გამოვიცანი როგორ გააგრძელებ, სულ სასიამოვნოდ გაოცებულო ვრჩები. ყოველი თავი ახალი მოულოდნელობებითაა სავსე. აღარ ვიცი დალეა (დავუდი და ლეა) დავშიფო თუ ალლეა. რაღაცნაირად მიზიდავს დავუდი მიუხედავად იმისა რომ საშინლად ეგოისტია ტიპი, ფაქტია ლეა ძალიან უყვარს

მადლობა, რომ აქტიურად ადევნებთ თვალს ისტორიას. დალეა და ალლეა მომეწონა, საინტერესოდ ჟღერს :)) დავუდზე გეთანხმები, ნამდვილად ეგოისტურად უყვარს ლეა.

 


№4 სტუმარი მანიკა

ძალიან სასიამოვნოდ იკითხება❤
ზღაპრულად გაქვთ აღწერილი, აღმოსავლური კულტურა და ტრადიციები❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent