Პეტრას საიდუმლო (თავი 2)
საიდუმლო, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.
ამ საღამოს ალ-ხალიდების ოჯახში ყველაფერი გარეგნულად მშვიდად იყო. დიდი სასადილო ოთახის შუაგულში გაშლილ მაგიდას ოჯახი შემოსხდომოდა. მაგიდაზე ძვირფასი ჭურჭელი, არაბული კერძები და სანთლები იდგა. ოთახს თბილი განათება ავსებდა, ფანჯრებიდან კი ღამის ქალაქის შუქები მოჩანდა. ომარი, ახალგაზრდა მამაკაცი, მამის მარჯვნივ იჯდა. მის გვერდით დედა იყო, ხოლო მოპირდაპირე მხარეს — მისი ოცდაოთხი წლის და, სამირა. ომარი ჩუმად ჭამდა. მისი ყურადღება აშკარად სხვაგან იყო. — ომარ, — დედამ თბილი ხმით მიმართა, — ბოლო დროს ძალიან დაკავებული ხარ. სახლში თითქმის ვეღარ გხედავთ. ომარმა თავი ასწია. — ბევრი საქმე მაქვს, დედა. — საქმე ყოველთვის გექნება, — ჩაერთო მამამისი. — მაგრამ ადამიანი მხოლოდ საქმით ვერ იცხოვრებს. სამირამ ღიმილით გადახედა ძმას. — მგონი, მამას შენი დაქორწინება უნდა. — სამირა, — გააფრთხილა დედამ, თუმცა თავადაც გაეღიმა. — რა მოხდა? უბრალოდ ვთქვი. ოცდაცხრა წლისაა და ჯერ კიდევ ისე იქცევა, თითქოს მთელი ცხოვრება მხოლოდ სამსახური იყოს. ომარმა დას ირონიული მზერით შეხედა. — შენს პირად ცხოვრებას მიხედე. — მე ჩემსას მივხედავ, შენ კი შენსას მიხედე! ოჯახს გაეცინა. რამდენიმე წამით სუფრასთან სიმშვიდე დაბრუნდა, თუმცა ომარის მამას ღიმილი მალევე გაუქრა. — ომარ, დღეს ბიძაშენმა დამირეკა, — თქვა მან სერიოზული ხმით. — ფარისის შესახებ რაღაც ამბები მოვისმინე. ომარს ხელში ჩანგალი გაუჩერდა. — რა ამბები? — მის საქმიანობაში ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს. ხალხი მასზე ჩივის. ზოგი ამბობს, რომ ტურისტებთან დაკავშირებული ბიზნესის მიღმა რაღაცას მალავს. ომარმა ჩანგალი მაგიდაზე დადო. — მამა, ფარისის საქმეები ჩემი კონტროლის ქვეშ არ არის. — ვიცი. მაგრამ ის ჩემი ძმაა. ოდესღაც ერთად ვმართავდით ბიზნესს. სანამ გულის შეტევა დამემართებოდა და საქმიანობას ჩამოვშორდებოდი, ვფიქრობდი, რომ მას კარგად ვიცნობდი. მამამისმა ამოიოხრა. — ახლა კი ზოგჯერ საკუთარ თავსაც ვეკითხები, ვიცნობდი თუ არა სინამდვილეში. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. ომარმა მამის სახეზე დაღლილობა შენიშნა. იცოდა, რომ ფარისის სახელი ოჯახში ყოველთვის მტკივნეულ მოგონებებს აღვიძებდა. — ფარისის საქმეებში არ ჩავერევი, სანამ ამის აუცილებლობა არ იქნება, — თქვა ომარმა. მამამ პირდაპირ შეხედა. — ზოგჯერ აუცილებლობა მაშინ დგება, როცა უკვე ძალიან გვიანია. ომარს პასუხი არ გაუცია. ვახშამი გაგრძელდა, მაგრამ მისი ფიქრები უკვე ფარისის გარშემო ტრიალებდა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ მალე სწორედ ბიძამისის საიდუმლო ჩააგდებდა მის ცხოვრებას ისეთ ქაოსში, რომლისგანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იარსებებდა. დიდი ფანჯრებიდან ქალაქის განათებული ქუჩები მოჩანდა. მაგიდაზე დოკუმენტები, ტელეფონები და საქაღალდეები ეწყო. ფარისი სამუშაო მაგიდასთან იჯდა. მისი სახე მშვიდი იყო, მაგრამ თვალებში სიცივე იკითხებოდა. მის წინ მდგომმა მამაკაცმა ფრთხილად დაიწყო საუბარი. — ბატონო ფარის, ტურისტების ჯგუფი ხვალ დილით ჩამოდის. სასტუმროსთან ყველაფერი მზად იქნება. — კარგი. მინდა, ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდეს, — მიუგო ფარისმა. — არანაირი ზედმეტი ყურადღება. არავინ უნდა დაინტერესდეს იმით, რაც მათ არ ეხებათ. — გასაგებია. მამაკაცი წასასვლელად შეტრიალდა, მაგრამ ფარისმა შეაჩერა. — მოიცადე. მან მაგიდის უჯრა გამოაღო და საქაღალდე ამოიღო. — იმ შემთხვევის შესახებ რამე გაირკვა? მამაკაცს სახე შეეცვალა. — ჯერ არა. მაგრამ ჩვენმა ხალხმა ტერიტორია შეამოწმა. ფარისი წამოდგა. — მე არ მაინტერესებს, რა გააკეთეთ. მაინტერესებს, დასრულებულია თუ არა ეს საქმე. — ვფიქრობთ, რომ არავის არაფერი დაუნახავს. ფარისი რამდენიმე წამს ჩუმად უყურებდა. — ფიქრი საკმარისი არ არის. დარწმუნებული უნდა ვიყოთ. მამაკაცმა თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა. ფარისი ფანჯარასთან მივიდა. მისი საქმიანობის გარეგნული მხარე ტურისტებთან, სასტუმროებთან და მოგზაურობებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ამ სამყაროს მიღმა არსებობდა მეორე მხარეც — საიდუმლოებებით, უკანონო გარიგებებითა და ძალადობით სავსე ცხოვრება. ფარისი წლების განმავლობაში ახერხებდა, რომ ეს ორი სამყარო ერთმანეთისგან გაემიჯნა. თუმცა იმ საღამოს მისმა ერთ-ერთმა ადამიანმა დაურეკა. — ბატონო ფარის, პრობლემა გვაქვს. — რა მოხდა? — პეტრაში მომხდარის დროს შესაძლოა ვიღაცას დაენახა, რაც არ უნდა ენახა. ფარისს სახე გაუმკაცრდა. — ვინ? — ჯერ არ ვიცით. რამდენიმე წამიანი სიჩუმე ჩამოვარდა. — მაშინ იპოვეთ, — თქვა ფარისმა. — რაც შეიძლება მალე. მან ტელეფონი გათიშა. იმ წამიდან მისთვის ეს მხოლოდ საიდუმლოს შენარჩუნების საკითხი აღარ იყო. ეს უკვე საფრთხე იყო. ბნელ ოთახში მარია მორალესი იჯდა. მისი ხელები კანკალებდა. თმა არეული ჰქონდა, ტანსაცმელი კი პეტრაში მომხდარი მოვლენების შემდეგ დასვროდა. არ იცოდა, რამდენი დრო იყო გასული მას შემდეგ, რაც ფარისის ადამიანებმა გაიტაცეს. ოთახში მხოლოდ ერთი პატარა ფანჯარა იყო, რომელსაც რკინის გისოსები ჰქონდა. კარი გარედან იკეტებოდა. მარია კართან მივიდა და მთელი ძალით დააკაკუნა. — გამიღეთ! გთხოვთ, გამიღეთ! პასუხი არავის გაუცია. მან კიდევ ერთხელ დააკაკუნა. — მე არაფერი დამიშავებია! რატომ მომიყვანეთ აქ?! რამდენიმე წუთის შემდეგ კარი გაიღო. ოთახში მაღალი მამაკაცი შემოვიდა. მას წყლის ბოთლი ეჭირა. — დალიე. მარია კედელს მიეყრდნო. — ვინ ხართ? რა გინდათ ჩემგან? მამაკაცმა წყალი მაგიდაზე დადო. — ზედმეტი კითხვები არ დასვა. — გთხოვთ, გამიშვით. არავის არაფერს ვეტყვი. მამაკაცმა ცივად შეხედა. — ეს ჩვენ არ გადაგვიწყვეტია. — მაშინ ვის უნდა ველაპარაკო? თქვენს უფროსს? ფარისს? ამ სახელის გაგონებაზე მამაკაცი წამით შეჩერდა. მარია მიხვდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი თქვა. — ეს ყველაფერი მის გამო ხდება, ხომ? — ჰკითხა მან. — მას ახსენებდნენ პეტრაში... მამაკაცმა სწრაფად გადახედა კარს. — გაჩუმდი. — რატომ? სიმართლეს ამბობ? მამაკაცი მისკენ დაიძრა. მარია შეშინებული უკან დაიხია. — მე არაფერი დამიშავებია! — მაშინ ჭკვიანად მოიქეცი და გაჩუმდი. მამაკაცი გავიდა და კარი ისევ ჩაკეტა. მარია იატაკზე ჩაიკეცა. ცრემლები სახეზე ჩამოსდიოდა. მას ახსენდებოდა პეტრას უძველესი ქვები, ტურისტების ხმა, მზის სინათლე და ის საშინელი წამი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა. სახლში დაბრუნება. სოფიასა და დანიელის ნახვა. მაგრამ ჯერ არ იცოდა, რომ ისინი უკვე ეძებდნენ. --- 4. სოფია და დანიელი პოლიციაში სოფია და დანიელი პოლიციის განყოფილებაში შევიდნენ. სოფიას თვალები ჩაწითლებული ჰქონდა. მთელი ღამე არ ეძინა. დანიელი ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ მისი სახეც დაძაბული იყო. მორიგე პოლიციელმა მათ ჰკითხა: — რით შემიძლია დაგეხმაროთ? დანიელი მაგიდასთან მივიდა. — ჩვენი მეგობარი გაუჩინარდა. მარია მორალესი ჰქვია. მას შემდეგ ვერ ვუკავშირდებით, რაც პეტრაში ვიყავით. პოლიციელმა ჩანაწერების გაკეთება დაიწყო. — ბოლოს როდის ნახეთ? — რამდენიმე ხნის წინ, — უპასუხა სოფიამ. — ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მასთან დაკავშირებას ვცდილობთ, მაგრამ ტელეფონი გამორთულია. — ჰქონდა ვინმესთან კონფლიქტი? სოფიამ დანიელს შეხედა. — არა. მარია მშვიდი გოგოა. არავისთან პრობლემა არ ჰქონია. დანიელმა დაამატა: — გვგონია, რომ რაღაც მოხდა. ის ასე უბრალოდ არ გაქრებოდა. პოლიციელმა მათ დამატებითი კითხვები დაუსვა და განცხადება მიიღო. — ჩვენ დავიწყებთ შემოწმებას. თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ. სოფია ვერ მოითმინა. — გთხოვთ, იპოვეთ! ჩვენ არ ვიცით, სად არის ან რა დაემართა. პოლიციელმა დამამშვიდებლად შეხედა. — ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. სოფია და დანიელი განყოფილებიდან გამოვიდნენ. გარეთ ჰაერი გრილი იყო. სოფია კიბეზე შეჩერდა. — დანიელ, მეშინია. დანიელი მის გვერდით დადგა. — მეც მეშინია, სოფია. მაგრამ მარია მარტო არ არის. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ არ ვიპოვით. სოფიამ ცრემლები მოიწმინდა. — ნეტავ ვიცოდე, ახლა სად არის... დანიელმა მხარზე ხელი მოხვია. — ვიპოვით. აუცილებლად. ისინი ქუჩას გაუყვნენ, მაგრამ ვერც ერთმა ვერ იცოდა, რამდენად ახლოს იყო მარია იმ ადამიანებთან, რომელთა შესახებაც მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ. მეორე დილით ომარი თავის ოფისში მივიდა. მისი სამუშაო დღე ჩვეულებრივად დაიწყო. ასისტენტმა რამდენიმე დოკუმენტი მაგიდაზე დაუწყო, ტელეფონზე კი საქმიანი ზარები შემოდიოდა. თუმცა ომარის ფიქრები კვლავ მამის ნათქვამს უბრუნდებოდა. „ზოგჯერ აუცილებლობა მაშინ დგება, როცა უკვე ძალიან გვიანია.“ კარზე კაკუნი გაისმა. — შემოდი, — თქვა ომარმა. ოთახში რაშდი შევიდა. ის ომარის სანდო თანამშრომელი იყო და იშვიათად მოდიოდა მასთან ისე, რომ წინასწარ არ გაეფრთხილებინა. — ომარ, უნდა დაგელაპარაკო. ომარმა დოკუმენტები გადადო. — რა მოხდა? რაშდიმ კარი დახურა. — ფარისის ხალხზე ინფორმაცია მივიღე. ომარის სახე მაშინვე შეიცვალა. — რა ინფორმაცია? — ამბობენ, რომ ერთი გოგონა ჰყავთ ტყვეობაში. ომარი სავარძელში გასწორდა. — გოგონა? — დიახ. ზუსტად არ ვიცი, ვინ არის. მაგრამ ჩემი წყარო ამბობს, რომ ფარისის ხალხი მას განსაკუთრებულად აკონტროლებს. — რატომ? — ამის შესახებ ვერაფერი გავიგე. მხოლოდ ის ვიცი, რომ გოგონა სადღაც დამალულ ადგილას ჰყავთ. ომარი წამოდგა. — ეს როდის მოხდა? — როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ. — და აქამდე რატომ არ ვიცოდი? — ინფორმაცია მხოლოდ ახლა მივიღე. ომარი ფანჯარასთან მივიდა. ფარისის ხალხის მიერ გატაცებული გოგონა... საიდუმლო, რომლის გამჟღავნებასაც ვიღაც ცდილობდა... ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულად ეჩვენებოდა. — რაშდ, მინდა, ყველაფერი გაარკვიო. ვინ არის ეს გოგონა, სად ჰყავთ და რატომ გაიტაცეს. — გასაგებია. — მაგრამ ფრთხილად იყავი. თუ ფარისმა გაიგო, რომ მის საქმეში ცხვირს ვყოფთ, ყველაფერს გაართულებს. რაშდიმ თავი დაუქნია. — კიდევ ერთი რამ, ომარ. — გისმენ. — ჩემი აზრით, გოგონამ რაღაც ისეთი იცის, რის გამოც ფარისს მისი გაშვება არ უნდა. ომარი გაჩუმდა. რაშდი კარისკენ წავიდა, მაგრამ ომარის ხმა შეაჩერა. — რაშიდ. — დიახ? — თუ ის გოგონა საფრთხეშია, დრო არ გვაქვს დასაკარგად. რაშდიმ თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა. ომარი მარტო დარჩა. მან უკვე იცოდა, რომ ეს საქმე ჩვეულებრივი გაუჩინარება არ იქნებოდა. ომარმა რამდენიმე ზარი განახორციელა. მან თავისი სანდო ადამიანებისგან მოითხოვა ინფორმაცია იმ ადგილების შესახებ, სადაც ფარისის ხალხი შეიძლებოდა დამალულიყო. რამდენიმე საათში რაშდი ისევ დაბრუნდა. — ომარ, რაღაც გავარკვიე. — თქვი. — ფარისის ხალხი ქალაქის გარეუბანში ერთ შენობას იყენებს. იქ ხშირად მიდიან მისი თანამშრომლები. მაგრამ დარწმუნებით ვერ გეტყვი, რომ გოგონა სწორედ იქ ჰყავთ. — სხვა ინფორმაცია? — ერთ-ერთმა კაცმა თქვა, რომ მათთან ახალგაზრდა ქალი ნახა. ომარმა ქურთუკი აიღო. — წავედით. — ომარ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს სწორი ადგილია. — თუ იქ არ არის, სხვაგან ვეძებთ. რაშიდი წამოდგა. — შენ თვითონ აპირებ წასვლას? — დიახ. — ეს სახიფათოა. ფარისი შენი ბიძაა, მაგრამ მისმა ადამიანებმა შეიძლება არ იცოდნენ, რას აპირებ. ომარმა მკაცრად შეხედა. — სწორედ ამიტომ უნდა ვიყო ფრთხილად. რამდენიმე წუთში ისინი ოფისიდან გავიდნენ. ომარი მთელი გზის განმავლობაში ჩუმად იყო. მისი გონება შესაძლო სცენარებს განიხილავდა. ვინ იყო ეს გოგონა? რა დაინახა? და რატომ იყო ფარისისთვის მისი არსებობა ასეთი საშიში? ომარმა ჯერ არ იცოდა, რომ პასუხები ბევრად უფრო ახლოს იყო, ვიდრე წარმოედგინა. ომარი და რაშიდი პირველ ადგილას მივიდნენ, მაგრამ შენობა ცარიელი აღმოჩნდა. შემდეგ სხვა მისამართი შეამოწმეს. რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ ომარმა ერთ-ერთ საწყობთან შენიშნა მამაკაცები, რომლებიც ფარისის ხალხს ჰგავდნენ. მან რაშდის ანიშნა, რომ მანქანა გაეჩერებინა. — აქ დავრჩეთ, — თქვა მან. ომარი გარემოს აკვირდებოდა. ცოტა ხანში ერთ-ერთმა მამაკაცმა კარი გააღო და შენობიდან გამოვიდა. ომარმა დაინახა, რომ მას ხელში წყლის ბოთლი ეჭირა. მისი ყურადღება შენობის შიგნით დარჩენილმა მოძრაობამ მიიპყრო. რაშიდმქ ჩუმად უთხრა: — ომარ, მგონი, აქ არის. ომარი მანქანიდან გადავიდა. მან რამდენიმე წუთი მოიცადა და შესაფერის მომენტს დააკვირდა. შემდეგ, როდესაც ერთ-ერთმა კაცმა შენობის უკანა მხარეს გადაინაცვლა, ომარმა შიგნით შესვლა მოახერხა. ბნელ დერეფანში რამდენიმე კარი იყო. ერთ-ერთიდან ჩუმი ტირილის ხმა მოესმა. ომარი გაჩერდა. ეს ხმა ნაცნობად ეჩვენა. მან კარი გააღო. ოთახის კუთხეში ახალგაზრდა ქალი იჯდა. თმა სახეზე ჩამოშლოდა, თვალები კი ცრემლებისგან ჩაწითლებოდა. როდესაც კარის ხმა გაიგო, გოგონა შეშინებული წამოხტა. — არა! გთხოვთ, აღარაფერი დამიშავოთ! ომარი ადგილზე გაშეშდა. ეს სახე ახსოვდა. აეროპორტი. შემთხვევითი შეხვედრა. გოგონა, რომელსაც მაშინ მხოლოდ რამდენიმე წამით შეხედა. — თქვენ????? გოგონამ თავი ასწია. რამდენიმე წამი გაოცებული უყურებდა, თითქოს ვერ იჯერებდა, რომ მის წინ სწორედ ის ადამიანი იდგა. — მეც გიცანით. მის ხმაში იმედი და შიში ერთმანეთში ირეოდა. ომარი მისკენ დაიძრა. — წამოდი, აქედან უნდა გაგიყვანო. მარია ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა. — შენ... აქ რას აკეთებ? — შენს წასაყვანად მოვედი. — მაგრამ... როგორ მიპოვე? ომარმა ხელი გაუწოდა. — ამას მოგვიანებით აგიხსნი. ახლა აქედან უნდა გავიდეთ. მარია მის ხელს ჩაეჭიდა. -მე ომარი მქვია, ვიცი რთულია მენდო, უბრალოდ შენი დახმარება მინდა, გზაში აგიხსი ყველაფერს, მთავარია აქედან გავიდეთ. - მე მარია მქვია ომარის გამოწვდილ ხელზე ხელი გაუბრუნა. ომარმა შეამჩნია, როგორ უკანკალებდა თითები. პირველად იგრძნო, რომ ეს გოგონა უბრალოდ უცხო ადამიანი აღარ იყო. მას თვალწინ ედგა შეშინებული ქალი, რომელსაც საშინელება გამოევლო და რომლის სიცოცხლეც ახლა მის გადაწყვეტილებაზე შეიძლებოდა ყოფილიყო დამოკიდებული. — ყველაფერი კარგად იქნება, — უთხრა მან. მარია ჩუმად გაჰყვა. ომარმა ის შენობიდან გამოიყვანა და მანქანისკენ წაიყვანა. როდესაც მანქანაში ჩასხდნენ, მარიამ უკან მოიხედა. მისი თვალები შიშით იყო სავსე. — ისინი ისევ მომძებნიან? ომარმა მანქანა დაძრა. — ჯერ ამაზე ნუ იფიქრებ. ახლა მთავარია, უსაფრთხოდ იყო. მარია ფანჯარას მიეყრდნო. მას არ იცოდა, რატომ დაეხმარა ომარი ან რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. მაგრამ პირველად გატაცების შემდეგ იგრძნო, რომ შესაძლოა გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ ჰქონდა. მანქანა ქალაქის ხმაურიან ქუჩებს გასცდა. ომარმა მარია ქალაქის განაპირას მდებარე მშვიდ, განმარტოებულ სახლში მიიყვანა. სახლი მაღალი ხეებით იყო გარშემორტყმული. ახლომახლო სხვა შენობები თითქმის არ ჩანდა. მან მანქანა გააჩერა და მარიას მიუბრუნდა. — მოვედით. მარია მანქანიდან გადავიდა და სახლს შეხედა. — აქ ცხოვრობ? — ზოგჯერ. ეს ადგილი მშვიდია და ახლა აქ არავინ შეგვაწუხებს. ომარმა კარი გააღო და მარია შიგნით შეუშვა. მისაღები ოთახი ფართო და ნათელი იყო. დივანთან პატარა მაგიდა იდგა, ფანჯრებიდან კი ბაღი მოჩანდა. — დაჯექი, მარია. თავს სახლში გრძნობდე, — უთხრა ომარმა. მარია დივანზე ჩამოჯდა. ომარი სამზარეულოში გავიდა და ცოტა ხანში ლანგრით დაბრუნდა. ლანგარზე ჩაიდანი, ორი ჭიქა, ჩაი და ყავა ეწყო. — ჩაის დალევ თუ ყავას? მარია გაკვირვებული უყურებდა. — შენ... მართლა მეკითხები, ჩაი მინდა თუ ყავა? ომარს ოდნავ გაეღიმა. — დიახ. რატომ, უცნაური კითხვაა? მარია პირველად შეეცადა გაეღიმა, თუმცა თვალებში სევდა ისევ ეტყობოდა. — უბრალოდ, ბოლო დროს არავინ მეკითხება, რა მინდა. ომარს სახე შეეცვალა. — მაშინ დღეიდან ეს შეიცვლება. მან ჩაი მოამზადა და მარიას წინ დაუდგა. — ფრთხილად, ცხელია. მარია ჭიქას ორივე ხელით ჩაეჭიდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ოთახში სიჩუმე იყო. ომარი მის მოპირდაპირედ იჯდა და ცდილობდა, გოგონას დრო მიეცა, რომ დამშვიდებულიყო. — მარია, რამე ხომ არ გტკივა? — ჰკითხა ბოლოს. — არა... უბრალოდ ძალიან დავიღალე. — თუ გინდა, შეგიძლია დაისვენო. ოთახი მზად არის. საჭმელსაც მოგიტან. მარია მას აკვირდებოდა. — რატომ მექცევი ასე კარგად? ომარი შეკითხვამ დააფიქრა. — იმიტომ, რომ ცუდად მოქცევის მიზეზი არ მაქვს. — მაგრამ შენ არც კი მიცნობ. — მართალია. ჯერ არ გიცნობ. ომარმა ჩაის ჭიქა მაგიდაზე დადო. — მაგრამ ვიცი, რომ ვიღაცებმა შეგაშინეს, დაგატყვევეს და დახმარება გჭირდება. ეს საკმარისია იმისთვის, რომ არ მინდოდეს შენი ტანჯვა. მარია თვალებს ვერ აშორებდა. — მადლობა, ომარ. — მადლობა მოგვიანებით მითხარი. ჯერ უნდა გავიგოთ, რატომ გაგიტაცეს. ამ სიტყვების გაგონებაზე მარიას სახე შეეცვალა. ჭიქა მაგიდაზე დადო და ხელები ერთმანეთში ახლართა. ომარმა მაშინვე შეამჩნია მისი შიში. — მარია, რა მოხდა პეტრაში? გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა. — თუ მოგიყვები, ყველაფერი შეიცვლება. ომარმა მშვიდად უპასუხა: — მგონი, უკვე შეიცვალა. ომარი მარიას მოპირდაპირედ იჯდა. მისი ხმა მშვიდი იყო, მაგრამ მზერა სერიოზული. — მინდა, ყველაფერი მომიყვე. თავიდან დაიწყე. რა ნახე პეტრაში? მარია რამდენიმე წამს ჩუმად იყო. შემდეგ ნელა დაიწყო საუბარი. — იმ დღეს პეტრას დასათვალიერებლად წავედი. ყველაფერი ლამაზი იყო. ტურისტები დადიოდნენ, ხალხი ფოტოებს იღებდა... Მე და ჩემი მეგობრები დოკუმენტურ ფილმს ვიღებდით. Ღმერთო ჩემო ისინი ალბათ მეძებენ, როგორმე უნდა დაუკავშირდე მათ. მან ჩაი მოსვა. — ერთ მომენტში ჯგუფს ჩამოვრჩი. სხვა გზაზე გადავუხვიე და უცნაური ხმები გავიგონე. კაცები საუბრობდნენ. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ მერე მათი საუბარი ძალიან დაძაბული გახდა. ომარი ჩუმად უსმენდა. — დავიმალე, რადგან შემეშინდა. რამდენიმე კაცი დავინახე. Ისინი ერთი კაცის სახელს ახსენებდნენ. — ფარისს? — იკითხა ომარმა. მარია ნელა დაუქნია თავს. — დიახ. ომარს სახე გაუმკაცრდა. მარია საუბარს განაგრძობდა. — მათ რაღაცაზე იკამათეს. ერთ-ერთმა კაცმა თქვა, რომ შეთანხმება ჩაიშალა. შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მისი ხმა აუკანკალდა. — ფარისის ერთ-ერთმა ადამიანმა იარაღი ამოიღო. გავიგონე გასროლის ხმა... ის კაცი დაეცა. მარია პირს ხელით იფარავდა. — ღმერთო, ომარ... მე საკუთარი თვალით დავინახე, როგორ მოკლეს ადამიანი. ომარი რამდენიმე წამით გაშეშდა. — დარწმუნებული ხარ, რომ ის ადამიანი მოკვდა? მარია ატირდა. — დიახ. ის აღარ მოძრაობდა. დანარჩენები კი ისე იქცეოდნენ, თითქოს ეს მათთვის ჩვეულებრივი რამ იყო. ომარმა მუშტები შეკრა. — შემდეგ რა მოხდა? — ვცადე, ჩუმად წავსულიყავი, მაგრამ ერთ-ერთმა დამინახა. მან დამიძახა. მე გავიქეცი, მაგრამ დამეწივნენ. მარია ცრემლებს იწმენდდა. — მითხრეს, რომ არაფერი დამენახა. მაგრამ როგორ უნდა დამევიწყებინა ის, რაც საკუთარი თვალით ვნახე? შემდეგ მანქანაში ჩამსვეს და აქამდე არ ვიცოდი, რა მელოდა. ომარი წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ახლა ყველაფერი გასაგები იყო. ფარისის ხალხს მარია იმიტომ ჰყავდა ტყვეობაში, რომ მან მკვლელობა დაინახა. ის იყო მოწმე, რომელსაც შეეძლო მთელი მათი საიდუმლო გაენადგურებინა. ომარმა იცოდა, როგორი ადამიანი იყო ბიძამისი. ფარისი არასოდეს შეურიგდებოდა იმ აზრს, რომ ვიღაცას შეეძლო მისი დანაშაულების გამჟღავნება. ომარი მარიასკენ შემობრუნდა. — მარია, ახლა ძალიან ყურადღებით მომისმინე. გოგონამ შეშინებული შეხედა. — რა ხდება? — ფარისი ჩემი ბიძაა. მე მას წლების განმავლობაში ვიცნობ. ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია, როდესაც საფრთხეს გრძნობს. მარია გაფითრდა. — ანუ შენც ფიქრობ, რომ ისევ მოვა ჩემთვის? ომარი რამდენიმე წამით გაჩუმდა. — დიახ. მარია ფეხზე წამოდგა. — არა... არა, ეს შეუძლებელია! მე ხომ აქ ვარ, უსაფრთხოდ! შენ მითხარი, რომ აქ ვერავინ მომაგნებდა! — მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვერ მოგაგნონ. — მაგრამ შენ თვითონ თქვი, რომ ის შენი ბიძაა! თუ იცის, რომ აქ ვარ, შენც საფრთხეში აღმოჩნდები! ომარი მის წინ დადგა. — ჩემზე ნუ იფიქრებ. — როგორ არ ვიფიქრო?! მე არ მინდა, ჩემს გამო შენც რამე დაგემართოს! ომარი გაოცებული უყურებდა. მიუხედავად ყველაფრისა, მარია საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტად უკვე სხვის ბედზეც ფიქრობდა. — მარია, შენ არ ხარ დამნაშავე იმაში, რაც მოხდა. ეს დაიმახსოვრე. გოგონას თვალები ცრემლებით აევსო. — მაშინ რა უნდა გავაკეთო? ომარმა ღრმად ჩაისუნთქა. მან უკვე იცოდა, რომ მარიას დამალვა საკმარისი აღარ იქნებოდა. ფარისის გავლენა დიდი იყო. მარია ვეღარ დაბრუნდებოდა ჩვეულებრივ ცხოვრებაში ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ომარს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. გადაწყვეტილება, რომელიც ორივეს ცხოვრებას შეცვლიდა. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. ომარი ფანჯარასთან იდგა, მარია კი დივანზე იჯდა და მის პასუხს ელოდა. ბოლოს ომარი მისკენ შემობრუნდა. — მარია, არსებობს ერთი გზა, რომ შენი დაცვა შევძლო. მარია მაშინვე გასწორდა. — რა გზა? ომარი მის წინ დადგა. — ფარისი შენ თავს არ დაგანებებს. შენ მკვლელობის მოწმე ხარ. მან იცის, რომ შეგიძლია მისი საიდუმლოს გამჟღავნება. სანამ ეს საფრთხე არსებობს, ის შენს მოსაძებნად ადამიანებს გამოგზავნის. მარია ჩუმად უსმენდა. — მე შემიძლია დაგმალო, დაცვა დაგიყენო და სხვა ადგილას გადაგიყვანო. მაგრამ ეს პრობლემას საბოლოოდ ვერ მოაგვარებს. ფარისის ხალხს ყველგან შეუძლია შენი ძებნა. — მაშინ რა უნდა გავაკეთო? — ჰკითხა მარიამ. ომარმა რამდენიმე წამი დააყოვნა. შემდეგ პირდაპირ შეხედა. — ცოლად გამომყევი. მარია გაშეშდა. რამდენიმე წამი ისე უყურებდა, თითქოს სწორად ვერ გაიგო. — რა თქვი? — ცოლად გამომყევი. მარია ფეხზე წამოხტა. — შენ გაგიჟდი?! მე შენ თითქმის არ გიცნობ! გუშინდელ დღემდე შენთვის უცხო ადამიანი ვიყავი! ახლა კი მეუბნები, რომ ცოლად გამოგყვე?! ომარი არ განძრეულა. — ვიცი, როგორ ჟღერს ეს. — არა, შენ საერთოდ არ იცი! — მარიას ხმაში ბრაზი შეერია. — ჯერ ტყვეობიდან გამომიყვანე, შემდეგ აქ მომიყვანე, ჩაი დამისხი, მომისმინე და ახლა მეუბნები, რომ ცოლად გამოგყვე! როგორ უნდა გავიგო, რას ფიქრობ სინამდვილეში? ომარი რამდენიმე წამს ჩუმად უყურებდა. — არ ვაპირებ, მოგატყუო, მარია. არც იმას გეტყვი, რომ ეს მარტივი იქნება. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: ფარისი შენს გაჩუმებას შეეცდება. — და თუ შენთან ქორწინებაზე უარს ვიტყვი? ომარმა ღრმად ჩაისუნთქა. — მაშინ მაინც ვეცდები შენს დაცვას. მაგრამ შენ უნდა იცოდე, რამდენად დიდი საფრთხის წინაშე ხარ. მარია თვალებში უყურებდა. — რატომ გგონია, რომ ქორწინება დამიცავს? ომარი მისკენ ერთი ნაბიჯით დაიძრა. — იმიტომ, რომ ჩემი ცოლი იქნები. შენს დაცვას პირადად მე ვიკისრებ. ფარისი ვეღარ შეძლებს შენთან მიახლოებას ისე, რომ ჩემთან დაპირისპირება არ მოუწიოს. — შენს გამო შეიძლება მთელი შენი ოჯახი ჩაერიოს ამ საქმეში. — ვიცი. — შეიძლება შენს ცხოვრებასაც საფრთხე შეექმნას. — ესეც ვიცი. მარია გაოგნებული უყურებდა. — მაშინ რატომ აკეთებ ამას? ომარი პასუხს რამდენიმე წამით ვერ პოულობდა. მას შეეძლო ეთქვა, რომ ეს მხოლოდ მოვალეობა იყო. შეეძლო ეთქვა, რომ უბრალოდ სურდა ფარისისთვის ხელი შეეშალა. მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ მარიას ტყვეობაში დანახვამ მასში რაღაც შეცვალა. მას არ შეეძლო ამ გოგონასთვის ზურგი შეექცია. — იმიტომ, რომ არ მინდა, რამე დაგემართოს, — თქვა ბოლოს. მარია ჩუმად დარჩა. ომარი მის წინ გაჩერდა და მშვიდი, მაგრამ მტკიცე ხმით განაგრძო: — არ მოგატყუებ. ეს ქორწინება თავიდან სიყვარულზე არ იქნება. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც შენს სიცოცხლეს დაიცავს. მაგრამ არასოდეს მოგექცევი ისე, თითქოს შენ ჩემი საკუთრება იყო. მარია თვალებში უყურებდა. — და თუ ოდესმე შენი ნდობა მოვიპოვე, მინდა, ეს იმიტომ მოხდეს, რომ თავად მოისურვებ და არა იმიტომ, რომ საფრთხემ მაიძულა. ამ სიტყვებმა მარია დააფიქრა. მაგრამ შიში ჯერ კიდევ არ ტოვებდა. — მე არ ვიცი, რა ვქნა, ომარ... ომარმა თავი დაუქნია. — არ გთხოვ, რომ ახლავე მიპასუხო. მაგრამ მინდა, ერთი რამ იცოდე. ის მარიასთან ახლოს მივიდა და თვალებში ჩახედა. — სანამ ჩემს გვერდით ხარ, არავის მივცემ უფლებას, დაგაზიანოს. მარია ჩუმად იდგა. ომარის სახეზე ბრაზი აღარ ჩანდა. მხოლოდ მტკიცე გადაწყვეტილება. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, ამჯერად უფრო დაბალი, მაგრამ შეუვალი ხმით: — მარია, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები... ომარმა რამდენიმე წამით შეხედა. — ჩემს ცოლს ვერავინ შეეხება! მარია სუნთქვაშეკრული უყურებდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვინმემ მისი დაცვა ასე მტკიცედ იკისრა. მაგრამ ამავე დროს, ეს იყო შეთავაზება, რომელსაც შეეძლო მისი მთელი ცხოვრება შეეცვალა. გარეთ ქარი ამოვარდა. ფანჯრის მიღმა ხეების ტოტები შეირხა. მარია ფანჯარასთან მივიდა და სიბნელეს გახედა. მის წინ ორი გზა იყო: გაქცეულიყო და კვლავ მარტო ეცადა გადარჩენა, ან მიეღო ომარის შეთავაზება და საკუთარი ბედი ამ იდუმალ მამაკაცთან დაეკავშირებინა. ომარი მის ზურგს უკან იდგა და პასუხს არ აჩქარებდა. მას ჯერ არ იცოდა, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მარიას სიცოცხლეს კი არა, მის საკუთარ მომავალსაც შეცვლიდა. რადგან ფარისი არ აპირებდა დანებებას. და როდესაც გაიგებდა, რომ ომარმა გოგონა გადაარჩინა, ეს ამბავი მათ შორის ომს გარდაუვალს გახდიდა. მეორე თავის დასასრული. #გაგრძელება_იქნება. 💚 #ფოტოზე იორდანიის დედაქალაქი ამანი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


