შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობითი სიყვარული (თავი 8)


გუშინ, 18:56
ავტორი enola
ნანახია 53

ამილახვრებთან მომხდარი იმ სკანდალური შეხვედრიდან ზუსტად ორი კვირა გავიდა. თებერვლის შუა რიცხვები იდგა, ისეთი დღეები, როცა ცა მუდმივად ნაცრისფერია, მაგრამ დროდადრო გამომკრთალი მზე მაინც ახსენებს ადამიანებს, რომ გაზაფხული სადღაც ახლოსაა. ცხოვრება, ერთი შეხედვით, ძველ, მონოტონურ კალაპოტს დაუბრუნდა. აბაშიძეების დიდ სახლში ტემპერატურა უცვლელი რჩებოდა, იქ ყოველთვის ზომიერი სიცივე და დისტანცია სუფევდა.

ნინამ მთელი ენერგია სწავლაში გადაიტანა. უნივერსიტეტი მისი ერთადერთი თავშესაფარი გახდა, სადაც აბაშიძეების რძლის სტატუსი სამართლის კანონების მძიმე ტომების მიღმა იმალებოდა. ყოველ დილით, ბიბლიოთეკის ყველაზე შორეულ კუთხეში მოკალათებული, საათობით იზეპირებდა მუხლებს, იმახსოვრებდა იურიდიულ ტერმინებს და ცდილობდა, საკუთარი ცხოვრების ქაოსი სხვისი დაწერილი წესებით მოეწესრიგებინა. სამართალი მისთვის ლოგიკური იყო, ბათუ აბაშიძე კი აბსოლუტურად ამოუხსნელი ფორმულა.

ბათუც მთლიანად საქმეებში ჩაიძირა. მისი გრაფიკი იმაზე დატვირთული გახდა, ვიდრე ოდესმე. სახლიდან მანამ გადიოდა, სანამ ნინა თვალებს გაახელდა და იმაზე გვიან ბრუნდებოდა, ვიდრე გოგონას ძილი მოერეოდა. მათი ურთიერთობა უცნაურ, უსიტყვო რიტუალად იქცა. ისინი ერთმანეთს მხოლოდ დილით, ჰოლში გასვლისას ხვდებოდნენ, რამდენიმე წამით, როცა ბათუ ჰალსტუხს ისწორებდა, ნინა კი ჩანთას ეძებდა.

-დილა მშვიდობისა!-ჩაილაპარაკებდა ბათუ ისე, რომ თვალებშიც არ უყურებდა.

-დილა მშვიდობისა!-გაიმეორებდა ნინა და მაშინვე გარეთ გარბოდა.

საღამოობით კი, როცა ბათუ დაღლილი ბრუნდებოდა, ნინას ოთახიდან მხოლოდ სინათლე გამოდიოდა. ისინი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, ერთ ჰაერს სუნთქავდნენ, თუმცა ფაქტობრივად უცხოებად რჩებოდნენ. არც ჩხუბი, არც შერიგება, არც ზედმეტი კითხვები. სიჩუმე მათ შორის კედელივით აღიმართა. ნინა ხანდახან ფიქრობდა იმ შეხებაზე კაფეში, ბათუს იმ მფარველობით მზერაზე მერაბის წინაშე, მაგრამ მერე თავს აქნევდა და ისევ კანონებს უბრუნდებოდა. ეშინოდა, რომ ამ სიჩუმის დარღვევას შეიძლება უფრო დიდი ქარიშხალი მოჰყოლოდა, ვიდრე ამილახვრების მუქარა იყო.

***
ზამთრის მზე ფანჯრის მინებს სუსტად ათბობდა. ლექციებს შორის შესვენებაზე ნინა და ელენე ფანჯრის რაფასთან იდგნენ მათ კურსელებთან, საბასთან და მაშოსთან ერთად. საბას ხელი მაშოს მხარზე ჰქონდა გადახვეული და ორივე ისეთი დაღლილი ჩანდა, თითქოს მთელი ღამე იურიდიულ კაზუსებს ხსნიდნენ.

-აუ, მეტს ვეღარ გავქაჩავ.-ამოიოხრა მაშომ და თავი საბას მხარზე მიადო.-ეს ლექტორი ნინო საერთოდ თუ ისვენებს? ისე გვტვირთავს, რომ უკვე მესიზმრება კანონები.

-მართლა საშინელებაა.-დაეთანხმა საბა და გოგოებს გადახედა.-თქვენ როგორ უძლებთ? ნინა ისეთი სახე გაქვს, თითქოს კონსტიტუცია ზეპირად იცი"- ნინამ გაიღიმა, თუმცა თვალებში მაინც დაღლილობა ეტყობოდა. ორი კვირაა მხოლოდ წიგნებსა და ბათუსთან უსიტყვო დისტანციას შორის მერყეობდა.

-უბრალოდ ვცდილობ, სხვა რამეზე არ ვიფიქრო.-მიუგო მან ხმადაბლა.

-ჰოდა, ზუსტად მაგიტომ,-მაშო უცებ გამოცოცხლდა და გოგოებს მიუახლოვდა -დღეს ბარში მივდივართ, რაღაც ახალი ადგილი გაიხსნა, კარგი მუსიკაა და ცოტა განვიტვირთოთ. ხომ წამოხვალთ?

-კიი!-უმალვე დაეთანხმა ელენე და თვალები გაუბრწყინდა.-მე ზუსტად ეგ მჭირდება, თორემ მალე მუხლებსა და კანონებში დავიკარგები.-ნინა გაჩუმდა. ფიქრობდა. ადრე მსგავს შეთავაზებაზე წამითაც არ დაფიქრდებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო. აღარ იყო მხოლოდ ნინა ჭავჭავაძე, ის აბაშიძეების რძალი იყო და მის ყოველ ნაბიჯს ათასი თვალი აკვირდებოდა.

ცოტა ხანში საბა და მაშო დაემშვიდობნენ და აუდიტორიაში შევიდნენ. ელენე მაშინვე ნინასკენ მიტრიალდა, სახეზე გაკვირვება ეხატა.

-არ გამაგიჟო, ნინა! ხომ მოდიხარ?-ნინამ თმა ყურზე გადაიწია და ეზოს გადახედა, სადაც ბათუს გამოგზავნილი დაცვის მანქანა უკვე ელოდა.

-იქ რომ ვინმემ ფოტო გადამიღოს და მერე მამაჩემმა ან...-შეყოვნდა.-ან ვინმე სხვამ ნახოს, გაგიჟდებიან!-საკუთარი თავის უკვირდა. როდის აქეთ გახდა ასეთი ფრთხილი? როდის გახდა სხვისი აზრი მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი?

-ვინმე სხვაში" ბათუს გულისხმობ?-ელენემ ეშმაკურად ჩაიღიმა.-ნინა, შენ რა, იმდენად შეხვედი ცოლის როლში, რომ გასართობად წამოსვლაც კი გეუხერხულება? ერთი საღამოა, უბრალოდ მეგობრები, ლუდი და მუსიკა. შენც ადამიანი ხარ, გჭირდება ჰაერის გამოცვლა, თორემ ამდენი სწავლით მალე რობოტს დაემსგავსები.

-ბათუ რა შუაშია, უბრალოდ არ მინდა ზედმეტი პრობლემები.-სცადა თავის მართლება ნინამ.

-პრობლემა ისაა, რომ შენს თავს უფლებას არ აძლევ, ისევ ის ნინა იყო, რომელიც ადრე იყავი.-ელენემ ხელი ჩასჭიდა.-წამოდი, გთხოვ. არავინ არაფერს გაიგებს, და თუ გაიგებენ... მერე რა? შენ ხომ არაფერს აშავებ? დალიე ერთი ჭიქა, იცეკვე და მერე წყნარად წადი სახლში.-ნინამ ღრმად ჩაისუნთქა. ელენე მართალი იყო ის იხრჩობოდა ამ ორკვირიან დუმილში, ამ დიდ სახლში და მუდმივ კონტროლში.

-კარგი, წამოვალ!-თქვა მან ბოლოს და იგრძნო, როგორ მოეშვა გულზე.-ოღონდ გვიანობამდე არ დავრჩები.

-აი, ეს უკვე სხვა საქმეა!-ელენე გადაეხვია. -საღამოს გნახავ, მოემზადე!-გოგომ ნინას მკლავში ხელი ჩაავლო და ისეთი ძალით მოქაჩა, თითქოს ეშინოდა, მეგობარს არ გადაეფიქრებინა.

-იცი, რა? არავითარი საღამო! ახლავე მივდივართ. გახსოვს, სკოლაში რომ ვიპარებოდით ხოლმე? ზუსტად ისე მოვიქცეთ.-ელენეს ხმა აღტაცებისგან უთრთოდა.-ორ ლექციას დავივიწყებთ, წავალთ, კაბებს ვიყიდით, სალონში გავიპრანჭებით და პირდაპირ ბარში წავალთ.-ნინამ წამით აუდიტორიის კარს გახედა, სადაც ლექტორი ნინო უკვე ჟურნალით ხელში შედიოდა, მერე კი ელენეს გაბრწყინებულ სახეს და დათანხმდა.

ფრთხილად გავიდნენ უნივერსიტეტის ეზოში, სადაც შავი ჯიპი და ბათუს ერთ-ერთი მცველი, გიორგი ელოდა. გიორგი ორმოციოდე წლის, დინჯი კაცი იყო, რომელიც ნინას ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა.

-გიორგი, დღეს აღარ დამჭირდებით,-თქვა ნინამ და ეცადა ხმა არ აკანკალებოდა.-ელენესთან მივდივარ, იქ ვრჩები და ის მიმიყვანს. შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ.

-ნინა, ბათუმ პირადად დამავალა თქვენი მიცილება.-გიორგიმ თავაზიანად დახარა თავი.-ვერ დაგტოვებთ, წესია ასეთი. ხომ იცით, თქვენს უსაფრთხოებაზე მე ვაგებ პასუხს.

-მესმის, გიორგი, მაგრამ დღეს მეგობრული საღამო გვაქვს და მართლა არ მინდა, რომ მთელი დღე გარეთ მელოდოთ. ბათუს მე თვითონ დავურეკავ, თუ საჭირო გახდება.-ნინამ ისეთი დამაჯერებელი ტონით უთხრა, რომ გიორგი საბოლოოდ დანებდა, თუმცა სახეზე მაინც ეწერა, რომ ეს ამბავი არ მოსწონდა.

როგორც კი მანქანა თვალს მიეფარა, გოგოები მოლში გაიჭრნენ.
მოლის ვიტრინები თვალისმომჭრელად ბზინავდა. ნინა და ელენე მაღაზიიდან მაღაზიაში დარბოდნენ, მკლავებზე ათობით კაბა გადაეკიდათ. ნინამ ჯერ გრძელი შავი კაბა მოიზომა, მაგრამ ელენემ მაშინვე დაიწუნა: ზედმეტად ბებრულიაო. მერე იყო წითელი, ზედმეტად მოკლე, ბოლოს კი ნინამ იპოვა, მუქი ლურჯი, აბრეშუმის კაბა წვრილი ბრეტელებით, რომელიც სხეულზე ისე ეჯდა, თითქოს მასზე შეკერილი ყოფილიყო. ზურგი თითქმის მთლიანად მოშიშვლებული ჰქონდა, რაც ნინას თითქოს სითამამეს მატებდა. სარკის წინ ტრიალებდა, აკვირდებოდა, როგორ უსვამდა ხაზს ქსოვილი მის ყოველ მოძრაობას. ელენემ კი ზურმუხტისფერი, ბრჭყვიალა კაბა შეარჩია. ორივე ისეთი აღტაცებული იყო, რომ გარესამყარო და ის ფაქტი, რომ ნინა „გათხოვილი ქალი" იყო, სრულიად დაავიწყდათ.

სალონში შესულებს ფენის ხმაური და ძვირფასი ლაქების სურნელი დახვდათ. ნინას თმა მსუბუქ ტალღებად დაუყენეს, რაც მის სახეს უფრო ნაზს ხდიდა. მაკიაჟმა კი ოდნავ გამოკვეთილმა თვალებმა და ბუნებრივმა ტუჩსაცხმა ის სრულიად შეცვალა. სარკიდან აღარ იყურებოდა დაღლილი სტუდენტი. იქიდან იყურებოდა ქალი, რომელიც მზად იყო ამაღამ საკუთარი თავი ხელახლა ეპოვნა.

***
ბარის მძიმე, ხავერდოვანი ფარდები რომ გადასწიეს, ნინას ერთიანად ეცა სახეში თამბაქოს მწარე ბოლის, იაფფასიანი სუნამოსა და დაღვრილი ალკოჰოლის სუნი. მუსიკის ბასები იმდენად ძლიერი იყო, რომ იატაკი ფეხქვეშ ზანზარებდა და გულისცემას რიტმს უცვლიდა. აქ ყველაფერი სხვანაირი იყო, განათება მხოლოდ სისხლისფერ წითელ და ცივ ლურჯ ტონებში ლიცლიცებდა, რაც ადამიანების სახეებს ბუნდოვან, თითქმის უცხო ნიღბებად აქცევდა.

-აი, იქ არიან!-ელენემ ხელით კუთხისკენ ანიშნა, სადაც წითელ, ტყავის სავარძლებში საბა, მაშო და... ნიკა ისხდნენ.

ნიკას დანახვაზე ნინას შიგნიდან რაღაც გადაუტრიალდა. ეს ბიჭი პირველი კურსიდან მოყოლებული ჩრდილივით დასდევდა, მისი დაჟინებული და ხშირად უადგილო მზერა ყოველთვის თრგუნავდა. ნინამ ელენესკენ მიიწია და მის ყურთან ჩასჩურჩულა, რადგან მუსიკა საუბრის საშუალებას არ აძლევდა.

-ელ, რატო არ გვითხტეს, ნიკაც აქ რომ იქნებოდა... ეს აქ რატომ არის? საერთოდ რატომ დაპატიჟეს? ხასიათი უკვე მეწამლება.

-კურსელები ვართ, ნინა, აბა რა ექნათ?-ელენემ მხრები აიჩეჩა და უკვე რიტმულად აყვა მუსიკას. -დაივიწყე, უბრალოდ გაერთე, ვითომ აქ არ არის!-მივიდნენ და დასხდნენ.

ნიკამ მაშინვე ნინას გვერდით გაათავისუფლა ადგილი, მისი თვალები უკვე ალკოჰოლისგან იყო ამღვრეული და უცნაურად უციმციმებდა. საბა და მაშო რაღაცაზე ხმამაღლა ბჭობდნენ, ერთმანეთს ძლივს აგებინებდნენ ხმას. ნინა თავს უცხოდ გრძნობდა, ეს ლურჯი აბრეშუმის კაბა, მოშიშვლებული ზურგი და ეს ქაოტური გარემო ერთმანეთს არ ერწყმოდა. ფიქრობდა ბათუზე, იმ ორკვირიან დუმილზე და იმ სიცარიელეზე, რომელიც შიგნიდან ღრნიდა. "თუ დავლევ, იქნებ ყველაფერი გაქრეს. იქნებ ეს დაძაბულობა მომეხსნას"- გაიფიქრა მან და პირველივე ჭიქა ვისკი თითქმის ერთი მოსმით დაცალა.

სასმელმა ყელი დაუწვა და მალევე იგრძნო, როგორ დაუმძიმდა ქუთუთოები. ნიკა სულ უფრო ახლოს იწევდა, რაღაცას ეუბნებოდა, რასაც ნინა ვერ არჩევდა. ელენე უკვე დიდი ხნის გასული იყო საცეკვაო მოედანზე და ფერადი სინათლეების ქვეშ იკარგებოდა.

-კიდევ ერთი დალიე, ნინა.-ნიკამ ახალი ჭიქა მიაწოდა. მისი ხმა უსიამოვნოდ, ყურისწამაღებელი წუილივით ჩაესმოდა გოგონას. -ცოტა მოდუნდი, რა იყო, აბაშიძეებმა ხალისი სულ გამოგაცალეს? თუ უკვე პატრონი გყავს და ნებართვის გარეშე სუნთქვაც გიჭირს?-ნინამ ჭიქას ხელი წაავლო და ბოლო წვეთამდე დალია. რამდენიმე წუთში სამყარომ ტრიალი დაიწყო. წითელი სავარძლები თითქოს მისკენ მოიწევდნენ, მუსიკა კი ტვინს უბურღავდა. კუჭში საშინელი წვა იგრძნო, რასაც გულისრევის გაუსაძლისი შეგრძნება და ცივი ოფლი მოჰყვა.
ყველაფერი ერთმანეთში აირია, ნიკას თავხედური სიცილი, მაშოს ხმამაღალი საუბარი და ბარის დახუთული ჰაერი, რომელიც ახლა სუნთქვის საშუალებას აღარ აძლევდა.

„უნდა გავიდე... უნდა გავიარო, თორემ აქ ჩავიკეცები"- გაიფიქრა მან. ინსტინქტურად ჩანთაში ტელეფონს დაუწყო ძებნა. ვერც კი აცნობიერებდა, რატომ, მაგრამ ამ წუთას მხოლოდ ერთი სახელი უტრიალებდა თავში ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ქაოსიდან დაიხსნიდა, ვისი ხმაც ყველაზე დიდ სიმშვიდეს ნიშნავდა.

ფეხზე ძლივს წამოდგა. ნიკამ რაღაც მიაძახა, ხელიც კი მოჰკიდა მაჯაზე, მაგრამ ნინამ ხელი აიქნია და ბარბაცით გაემართა გასასვლელისკენ. ყოველი ნაბიჯი ტანჯვა იყო, თითქოს იატაკი ირწეოდა. როგორც კი გარეთ, გრილ ჰაერზე გავიდა, თვალთ დაუბნელდა. სიცივემაც კი ვერ უშველა. ტელეფონის ეკრანზე ბათუს ნომერი იპოვა და კანკალით დააჭირა ზარს.
ზარი გავიდა. ერთი... ორი... სამი...

-გისმენ, ნინა.-გაისმა ბათუს ცივი და მშვიდი ხმა მეორე მხარეს, თუმცა მასში უკვე იგრძნობოდა ფარული გაკვირვება ამ დროს ზარის გამო.

-ბათუ... ცუდად ვარ...-ამოიხავლა ნინამ. ხმა ჩაუწყდა, ყელი შეეკუმშა, ფეხები მოეკვეთა და ცივ ასფალტზე ჩაიკეცა.

ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და იქვე, ასფალტზე დავარდა. ნინამ იგრძნო, როგორ წაუვიდა გული, სამყარო საბოლოოდ გაშავდა. ბარის უკანა გასასვლელი ცარიელი და ბნელი იყო, მხოლოდ შორიდან ისმოდა ქალაქის ხმაური. დავარდნილი ტელეფონიდან კი ბათუს ხმა ისმოდა, ჯერ გაკვირვებული, მერე კი წამში შეცვლილი, შეშინებული და გამძაფრებული.

-ნინა? ნინა, მიპასუხე! სად ხარ?! ნინა, გესმის ჩემი?!-ბიჭის ყვირილი ღამის სიჩუმეს აპობდა, მაგრამ პასუხად მხოლოდ ქუჩის ხმაური, სადღაც შორს მუსიკის ბათქაბუთქი და ნინას მძიმე, წყვეტილი სუნთქვა ისმოდა.
ბათუ მიხვდა, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა. ნინას ხმაში ისეთი უსუსურობა იგრძნო, რაც მის სიამაყესთან საერთოდ არ მოდიოდა თანხვედრაში.

***
საავადმყოფოს დერეფანში მხოლოდ აპარატების ერთფეროვანი წრიპინი და ბათუს მძიმე ნაბიჯების ხმა ისმოდა. ის კედლიდან კედლამდე დადიოდა, თითქოს ცდილობდა საკუთარი ბრაზი სადმე ჩაეტია. როგორც კი პალატის კარი გაიღო, ბიჭი ექიმისკენ ელვისებურად დაიძრა.

-როგორ არის?-დაბალი ხმით ჰკითხა ბათუმ. მის თვალებში დაღლილობა და შიში ერთდროულად იკითხებოდა.

-ნარკოტიკის გადამეტებული დოზა ჰქონდა მიღებული, უკვე მეორე გადასხმა უდგას.-ექიმმა სათვალე შეისწორა და ამოიოხრა. -მინდა გითხრათ, რომ ბეწვზე მიუსწარით. ისეთი სუსტი ორგანიზმი აქვს, ცოტაც რომ დაგეგვიანებათ, ვერ გაუძლებდა. აშკარად სასმელში გარეული მიიღო.

ბათუს ყბა ისე დაეჭიმა, რომ სახეზე ძარღვი აუთამაშდა. „ბეწვზე..." - ეს სიტყვა ტვინში ნემსივით ესობოდა.

-შესვლა შეიძლება?-იკითხა სწრაფადვე.
-შიგნით მედდაა, გადასხმას აკონტროლებს. რამდენიმე წუთში დაგიძახებთ.-მიუგო ექიმმა. ბათუმ მადლობის ნიშნად თავი დაუქნია და ზურგით ცივ, თეთრ კედელს მიეყრდნო.

-ნუ ნერვიულობ, ძმაო, გადარჩა.-უტამ მხარზე ხელი დაადო, თუმცა თავადაც ფითრდებოდა მომხდარის გააზრებაზე.

-ის უნდა ვიპოვო, ვის გამოც ნინამ ნარკოტიკი მიიღო და ახლა ამ მდგომარეობაშია!-ბათუს ხმაში იმდენი ზიზღი და აგრესია იყო, რომ მეგობრებსაც კი გაუკვირდათ. ეს აღარ იყო მხოლოდ ხელშეკრულების გამო ცოლზე ზრუნვა, მის სიტყვსში აშკარად იგრძნობოდა მეტად პირადული.

-კიდევ კარგი, დაგირეკა ბოლო წუთს.-ჩაილაპარაკა სანდრომ. მალე მედდა გამოვიდა პალატიდან, ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ბეიჯზე „კატო" ეწერა.

-უკაცრავად, შეიძლება შევიდე?-ბათუ მაშინვე ფეხზე წამოხტა.

-დიახ, მაგრამ ცოტა ხნით. სანამ შეხვალთ, გამომყევით, წამლების სიას გადმოგცემთ.

-მე წამოვალ.-სწრაფად თქვა სანდრომ და მედდას ეშმაკურად გადახედა, რაზეც უტამ ჩუმად ჩაიფხუკუნა. კატომ თავი ამაყად ასწია და სანდროს წინ გაუძღვა.

ბათუ პალატაში ფეხაკრებით შევიდა. ნინა თეთრ ზეწრებში ისე პატარა და უმწეო ჩანდა, რომ ბიჭს გული შეეკუმშა. ის იქვე მიდგმულ სკამზე ჩამოჯდა და ნინას ფერმკრთალი ხელი ფრთხილად მოიქცია თავის დიდ, ნავარჯიშებ ხელებში.

-როგორ მანერვიულე...-ჩურჩულებდა ბათუ და მის თითებს ნაზად ეფერებოდა. -მაპატიე, გთხოვ. დარწმუნებული ვარ, რეალობის დასავიწყებლად წახვედი იქ...-მას ეგონა, რომ გოგონას ეძინა, მაგრამ ნინას წამწამები ოდნავ შეირხა.

-მტკივა ხელი, ბათუ...-მშრალად, ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა ნინამ და თავი ნელა მიატრიალა ბიჭისკენ. ბათუმ ახლაღა შეამჩნია, რომ ზუსტად ის ხელი ეჭირა, სადაც კათეტერი ედგა.

-მაპატიე-ბათუმ ხელი ოდნავ შეუშვა, მაგრამ არ გაუშვია.-როგორ ხარ?

-კარგად. მაპატიე...-ნინას თვალები აემღვრა. ის ნანობდა ყველაფერს: ბარში წასვლას, დაცვის გაშვებას, საკუთარ დაუფიქრებლობას.

-რა უნდა გაპატიო, ნინა? ვიცი, რომ ნარკოტიკი შენით არ მიგიღია.

-ნარკოტიკი?-ნინამ ყურები დაძაბა, თითქოს უცხო ენა ესმოდაო.

-ჰო, ორგანიზმში ნარკოტიკის დიდი რაოდენობა აღმოგიჩნდა. ექიმმა თქვა, რომ სასმელში ჩაგიყარეს.-ნინა გაირინდა. გონებაში კადრები ნელ-ნელა აღდგა... ბოლი, მუსიკა და ის ჭიქა, რომელიც ნიკამ მიაწოდა.

-ნიკა...-ამოილაპარაკა და თვალები დახუჭა, საკუთარ თავს ლანძღავდა ასეთი ნდობისთვის.

-ნიკა ვინ არის?-ბათუს ხმა მაშინვე შეიცვალა.

-ნიკა მაჩაბელი, ჩემი კურსელია. ისიც იყო ბარში და ბოლოს მაგან მომაწოდა სასმელი.

-მაგას მოვ...-ბათუმ სიტყვა შუაზე გაწყვიტა. ნინას წინ ბილწსიტყვაობას მოერიდა, არ უყვარდა ქალების წინ გინება, თუმცა მუშტები ისე შეკრა, რომ ძვლების ტკაცუნიც გაისმა. მან მეორე ხელით ტელეფონი ამოიღო და ნაცნობ ნომერზე დარეკა.-ლუკა! ნიკა მაჩაბელი. ყველაფერი გაარკვიე მასზე. ხვალ დილით ჩემთან უნდა იჯდეს.

-შეეშვი რა, ამაზრზენი ამაზრზენად დარჩება.-ამოიოხრა ნინამ და ცრემლი ლოყაზე ჩამოუგორდა.

-რას გერჩის? რატომ გაგიკეთა ეს?-იკითხა ბათუმ და ცრემლი ცერა თითით მოწმინდა.

-ვუყვარვარ.-თქვა ნინამ და სიმწრით ჩაეცინა. -ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ჰგონია.

ბათუ გაჩუმდა. „სიყვარული" გაიფიქრა მან. თუ ეს სიყვარული იყო, მაშინ სამყარო მართლაც თავდაყირა დამდგარიყო. მან ნინას ხელი ისევ მჭიდროდ ჩაჰკიდა.

-დაიძინე.-უთხრა დაბალი ხმით, რადგან შეამჩნია როგორ ეხუჭებოდა თვალები. გამაყუჩებლის ქვეშ იყო. -აქ ვარ. არსად წავალ. და პირობას გაძლევ, მას ჩემი ხელით მოვკლავ იმისთვის, რაც დაგიშავა.

ბათუ მთელი ღამე ნინას საწოლთან იჯდა. პალატაში მხოლოდ აპარატების მონოტონური წრიპინი და გოგონას სუსტი სუნთქვა ისმოდა. ბიჭი მის თითებს არ უშვებდა, თითქოს ეშინოდა, ხელს თუ გაუშვებდა, ნინა ისევ იმ ბნელ უფსკრულში გადაიჩეხებოდა, საიდანაც რამდენიმე საათის წინ ძლივს ამოიყვანეს.

გათენებისას, როცა ფანჯრებში ნაცრისფერმა შუქმა შემოაღწია, ბათუს ტელეფონმა ვიბრირება დაიწყო. ნინას არ გაუღვიძია, მხოლოდ ოდნავ შეიშმუშნა. ბათუ ფეხაკრებით გავიდა დერეფანში და ტელეფონს უპასუხა.

-გისმენ, ლუკა.

-ვიპოვეთ ბათუ. მაჩაბელი ერთ-ერთ აგარაკზე იმალებოდა, ქალაქგარეთ. ეტყობა მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და გაქცევას აპირებდა. ჩემთანაა, საწყობში. გელოდები-ბათუმ ტელეფონი გათიშა და პალატის კარს შეხედა. შიგნით მისი ცოლი იწვა, გოგო, რომელიც მისი პასუხისმგებლობა იყო და რომელიც ვიღაცის ავადმყოფურმა აკვიატებამ ლამის სიკვდილამდე მიიყვანა. ბრაზი, რომელიც მთელი ღამე შიგნიდან წვავდა, ახლა მრისხანებად იქცა.

სანდროს და უტას დერეფნის ბოლოში, სკამებზე მინაბულებს ეძინათ. ბათუმ სანდროს მხარზე ხელი დაჰკრა.

-გაიღვიძე. აქ დარჩით, სანამ არ მოვალ. ნინასთან არავინ შეუშვათ, ელენეს გარდა.

-სად მიდიხარ?-სანდრომ თვალები მოიფშვნიტა და მაშინვე გამოფხიზლდა, როცა ბათუს მზერას წააწყდა. ასეთი თვალებით ბათუ მხოლოდ მაშინ იყურებოდა, როცა ვინმესთვის განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა.

-რაღაცეები უნდა ავუხსნა ნიკა მაჩაბელს.-მიუგო ბათუმ მოკლედ, პალტო მოიცვა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისკენ.
საწყობში ნესტისა და ძველი რკინის სუნი იდგა. შუაგულში, სკამზე დაბმული ნიკა მაჩაბელი იჯდა. მისი სახე დასიებული და ალეწილი იყო, ეტყობა, ლუკას ბიჭებმა უკვე ჩაუტარეს გაკვეთილი. როგორც კი მძიმე რკინის კარი გაიღო და ზღურბლზე ბათუ გამოჩნდა, ნიკა აცახცახდა.
ბათუ ნელა მიუახლოვდა. არ ყვიროდა, არც ილანძღებოდა. სკამი აიღო, ნიკას წინ დადგა და მშვიდად დაჯდა.

-ნარკოტიკი?-ჰკითხა ბათუმ და თვალებში ჩახედა. -მართლა გეგონა, რომ ასე მოიპოვებდი მის ყურადღებას?

-მე... მე უბრალოდ მინდოდა, რომ... მოდუნებულიყო.-ამოილუღლუღა ნიკამ, სისხლიანი ნერწყვი გადაყლაპა. -სულ დაძაბულია, სულ შენზე ლაპარაკობს... მინდოდა ჩემთან ყოფილიყო...-ბათუ ფეხზე წამოდგა. მისი მოთმინება დასრულდა. მან ხელი ნიკას ყელში წაავლო და სკამიანად უკან გადახარა.

-შენ ის რამის მოკალი, გესმის?!-ბათუს ხმა ახლა გრგვინვას ჰგავდა. -ბეწვზე გადარჩა. შენი „სიყვარული" მას სიკვდილს უქადდა. იცი, რას უშვრებიან აბაშიძეები მათ, ვინც მათ საკუთრებას ეხება?

-ბათუ, გთხოვ... მამაჩემს იცნობ...-საცოდავად სთხოვდა ნიკა.

-მამაშენი თავად მოგიყვანს ჩემთან, როცა გაიგებს, რა დაუშავე ჩემს ცოლს.-ბათუმ ხელი გაუშვა და ლუკას მიუბრუნდა. -პოლიციას არ ჩააბაროთ. ჯერ არა. მინდა, რომ თავისი თვალით ნახოს ყოველი წამი იმ ჯოჯოხეთის, რაც ნინამ საავადმყოფოში გადაიტანა. ოღონდ, ეს ამბავი ისე გავრცელდეს, რომ ამ ქალაქში მის სახელს მხოლოდ ზიზღით ახსენებდნენ.-ბათუმ საწყობი დატოვა. სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ტელეფონი ამოიღო და სანდროს დაურეკა.

-გაიღვიძა?

-ჰო, ახლახან. შენ გკითხულობს.-როცა ბათუ პალატაში შევიდა, ნინა წამომჯდარიყო. სახეზე ფერი ოდნავ დაბრუნებოდა, მაგრამ თვალებში ისევ ის სევდა და სისუსტე ედგა. დაინახა თუ არა ბათუ, მას მზერა დაუთბა.

-სად იყავი?-ჰკითხა გოგომ ხმადაბლა.

-საქმე მქონდა.-მიუგო მან. -ნუ გეშინია, ნიკა მაჩაბელი შენს ცხოვრებაში აღარასოდეს გამოჩნდება, პირობას გაძლევ.-ნინა გაუცნობიერებლად მოეხვია ბათუს. გუშინ ისე შეეშინდა, იმდენად ახლო იყო სიკვდილთან..

-ბათუ...-დაიწყო ნინამ, მაგრამ ბიჭმა გააწყვეტინა.

-ნუ ლაპარაკობ. უბრალოდ დაისვენე. დღეს სახლში წაგიყვან. და იცოდე... მეორედ დაცვას თუ დაითხოვ, მე თვითონ გამოგყვები უნივერსიტეტში ლექციებზე.-ნინას სუსტად ჩაეცინა.

-მართლა?

-მართლა.-თქვა ბათუმ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent