შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობითი სიყვარული (თავი 11)


გუშინ, 23:51
ავტორი enola
ნანახია 153

ბათუ მისაღებ ოთახში კი არ შემოვიდა, შემოიჭრა, როგორც გრიგალი, რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებს. მისი თვალები, ჩვეულებრივ ცივი და გაწონასწორებული, ახლა გააფთრებით ელავდა. ნინა დივანზე მიიკუნჭა, მაგრამ ბიჭის მზერამ ისე მიაჯაჭვა სკამს, რომ განძრევაც ვერ გაბედა.

-რა გააკეთე?-მისი ხმა დაბალი იყო, მაგრამ ისეთი მჭრელი, როგორც სამართებელი. ოთახის კედლებს მისი ექო ეხლებოდა.
ნინა ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა. ჯერ კიდევ ვატოს სიტყვების ტყვეობაში იყო, ჯერ კიდევ იმ ეჭვებს ებრძოდა, რომლებიც კონვერტში ეგულებოდა.

-რა?-ამოიხრიალა გოგომ და ურცხვად შეხედა, თუმცა შინაგანად კანკალებდა.

-რატომ წახვედი ამილახვართან?! გამაგებინე, რა გინდა, ნინა! რას ეთამაშები ჩემს მოთმინებას?-ბათუ მასთან ისე ახლოს მივიდა, რომ ნინამ მისი სხეულიდან მომავალი სიმხურვალე და ბრაზი იგრძნო. ბიჭი მთელი სხეულით დაძაბულიყო, თითქოს ძლივს იკავებდა თავს, რომ რამე არ დაელეწა.

-მე...-

-შენ რა?! შენ რა?!-არ აცალა ბათუმ, ხმას უფრო აუწია, მისი ყოველი სიტყვა დარტყმასავით ხვდებოდა გოგოს.-რატომ გადამაბიჯე? რატომ წახვედი და ჩემს მტერს შეხვდი ჩემს ზურგს უკან? იცი მაინც, ვინ არის ეგ კაცი? იცი, რას აკეთებს იმ ადამიანებთან, ვინც მასთან ახლოს მიდის? თუ გგონია, რომ შენი სილამაზით მასზე რამე გავლენას მოახდენდი?!

-დამირეკა... მითხრა, რომ რაღაც ჰქონდა სათქმელი...-სცადა ხმის ამოღება ნინამ, მაგრამ ბათუს სიმკაცრემ ისევ გააჩუმა.

-და შენც პირდაპირ ენდე, ხომ?!ბათუმ ირონიულად ჩაიცინა, მაგრამ მის თვალებში მხოლოდ ტკივილი ჩანდა.-მე რატომ ვერ დავიმსახურე შენი ნდობა? როგორ მოახერხა ერთმა არარაობამ, რომ ერთი შეხვედრით ასე მარტივად დაგითანხმა?-ნინა ხვდებოდა, რომ ამჯერად მართლა დააშავა. დააშავა მაშინ, როცა სიმართლის წყურვილმა სიფრთხილე დაუკარგა.

-ვინ გითხრა? საიდან გაიგე?-მაინც შეძლო და დაუსვა კითხვა, რომელზეც პასუხი ყელში აწვებოდა.

-მთელი მედია თქვენი ფოტოებითა სავსე, ნინა!-დაიღრიალა ბათუმ.-მთელი თბილისი თქვენზე ლაპარაკობს! როგორ სხედხართ სრულ სიმშვიდეში და მიირთმევთ ყავას, სანამ მე აქ შენს უსაფრთხოებაზე ვზრუნავ! მითხარი, რა გაწუხებს აქ ასე?

-მითხრა, რომ რაღაც უნდა ეთქვა, რაღაც მნიშვნელოვანი...-გოგომ აკანკალებული ხელებით ჩანთიდან კონვერტი ამოიღო. -რაღაც საბუთებიო... აი, ნახე, თუ არ გჯერა!-მან კონვერტი გახსნა და შიგთავსი დივანზე გადმოყარა.

გოგო ადგილზე გაქვავდა. შიგნით არანაირი საბუთები არ იყო. იქ მათივე შეხვედრის ფოტოები ეყარა როგორ უყურებდა ვატო, როგორ ეხებოდა ხელზე, როგორ უღიმოდა ის გოგოს. ვატომ ის გამოიყენა. ვატომ ყველაფერი დადგა, რომ ბათუსთვის ეს დარტყმა მიეყენებინა.

-ეს გინდოდა?-ბათუს ხმა ახლა საოცრად მშვიდი იყო, ბრაზი მწარე იმედგაცრუებამ შეცვალა.-ამისთვის გადამიარე?-ბათუმ ფოტოებს ზიზღით დახედა, მერე კი ნინას თვალებში ბოლოჯერ ჩახედა.-ყელში ამოვიდა შენი სიჯიუტე. გასაგებია? შენ ვერასდროს გაიგებ, რას ნიშნავს ერთგულება.-ბიჭი მკვეთრად შებრუნდა და ისეთი სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან, რომ ნინამ დაძახებაც ვერ მოასწრო. კარის მორიგმა ჯახუნმა მთელი სახლი შეაზანზარა.

ნინამ ახლაღა იგრძნო ცხელი ცრემლები, რომლებიც ლოყებს უსველებდნენ. იატაკზე ჩამოცურდა. საკუთარი თავი სძულდა. სძულდა ის ინტერესი, რამაც ბათუს ნდობა დააკარგვინა. ვატომ ყველაფერი გათვალა მან არა მხოლოდ ბათუს დაარტყა, არამედ ნინასაც წაართვა ერთადერთი ადამიანი, ვისაც მართლა ადარდებდა.

***
ბათუ ქალაქის ბნელ ქუჩებში მიქროდა, სპიდომეტრის ისარი საშიშ ნიშნულს უახლოვდებოდა, თუმცა მას ეს სულაც არ ადარდებდა. სისხლი საფეთქლებთან ისე აწვებოდა, რომ იმ გაოცებულ მზერასა და ვატოს დამცინავ ფოტოებს ახსენებდა. მას ახლა მხოლოდ ერთი რამ სჭირდებოდა, ფიზიკური ტკივილი, რომელიც შინაგან სიმწარეს ჩაახშობდა. მას სჭირდებოდა ადგილი, სადაც ბრაზის სხვებზე ფრქვევა ლეგალური იყო.

მანქანა გარეუბნის ერთ-ერთ მიტოვებულ, ინდუსტრიულ ქარხანასთან მკვეთრად დაამუხრუჭა. აქ მხოლოდ თავისიანებმა იცოდნენ, რომ ძველი რინგი და დაგროვილი ემოციებისგან დაცლის ადგილი ეგულებოდათ. ეს არ იყო ოფიციალური ჩემპიონატი, ეს იყო ადგილი მათთვის, ვისაც სამყაროსთან ან საკუთარ თავთან ანგარიშსწორება სჭირდებოდა.

შიგნით შესულს ნესტის, ოფლის, ძველი ტყავისა და ადრენალინის მძაფრი სუნი ეცა. დარბაზში დარტყმისა და აჩქარებული სუნთქვის ხმა ისმოდა.

-დიდი ხანია აქ არ მინახიხარ, ძმა.-თბილად მიესალმა ალექსანდრე, რომელიც ამ საქმეში ჩემპიონი იყო და ბათუს წლებია იცნობდა. ალექსი ბიჭს ათვალიერებდა, მის აკანკალებულ ყბას, ჩაწითლებულ თვალებს და მაშინვე მიხვდა, რომ საქმე კარგად არ იყო.-გეტყობა, რაღაც დიდ ნაგავს მოათრევ ზურგით.

-დიდი ხანია ასე არ გავბრაზებულვარ, როგორც ახლა.-მოკლედ მოუჭრა ბათუმ. მან პიჯაკი იქვე, მტვრიან სკამზე მიაგდო და ხელებზე ბინტების გადახვევა დაიწყო. ისეთი გამეტებით ჭიმავდა ქსოვილს მტევნებზე, თითქოს საკუთარ თავს სჯიდა ყოველი დაშვებული შეცდომისთვის.
ალექსანდრემ თავი დაუქნია და რინგისკენ ანიშნა, სადაც უზარმაზარი, დაკუნთული მამაკაცი უკვე ეზმადებოდა ბრძოლისთვის.

-დაანგრევ შენ ირაკლის!-ჩაილაპარაკა ალექსმა ნახევრად ხუმრობით.

-ირაკლი?-ბათუმ ცივად იკითხა და მზერა მეტოქისკენ გადაიტანა. თვალებში არანაირი შიში არ ჰქონდა, პირიქით, იქ მხოლოდ ბრძოლის მოლოდინი იკითხებოდა.

-ირაკლი კოპალიანი.-დააზუსტა ალექსანდრემ.-მთის კაცია, ხარივით ძალა აქვს, მაგრამ მე რასაც გიყურებ... მაგას მართლა დანძრეული აქვს. ბათუ, ეგ კაცი შენს ბრაზს ვერ გაუძლებს, ფრთხილად იყავი, არ შემოგაკვდეს!-ბათუმ უემოციოდ გაიღიმა. მას ახლა ირაკლი კი არ ედგა წინ, არამედ ყველა ის ეჭვი და ყველა ის ტყუილი, რომელიც ნინამ ასე დაუნდობლად აგრძნობინა. მას უნდოდა დარტყმა, უნდოდა სისხლის გემო პირში ეგრძნო, რომ გულში არსებული ჭრილობები დაევიწყებინა.

ბიჭი სპეციალურ ოთახში შევიდა, რომ მაისური გაეხადა და რინგზე გასულიყო. მას არ აინტერესებდა გამარჯვება, მას მხოლოდ ის მომენტი სჭირდებოდა, როცა ფიზიკური შეტაკება გონებას საბოლოოდ გამოურთავდა და ფიქრებს გააჩუმებდა.

***
მისაღებ ოთახში გამეფებული სიჩუმე ახლა უფრო მძიმე იყო, ვიდრე ბათუს ყვირილი. ნინა იატაკზე იჯდა, ცივ პარკეტზე, და თვალს ვერ აცილებდა იმ ფოტოებს, რომლებიც მის ირგვლივ თეთრი ფოთლებივით მიმოფანტულიყო.

საკუთარი თავის მიმართ ზიზღი და ბათუს მიმართ გაუგებარ გრძნობა ეუფლებოდა.
‘როგორ დავიჯერე... როგორ შევცდი’-იმეორებდა გონებაში და ცრემლები, რომლებსაც აქამდე იკავებდა, ახლა ღაპაღუპით სცვიოდა ლოყებზე.

ის წამოდგა, ბარბაცით მივიდა ფანჯარასთან და ღამის თბილისს გახედა. წვიმის წვეთები მინაზე ისე ეხეთქებოდა, როგორც მისი ფიქრები, ქაოსურად და დაუნდობლად. ნერვიულობისგან სუნთქვა უხშირდებოდა, გულმკერდი კი ისე ეწვოდა, თითქოს შიგნით ცეცხლი ეკიდა. ბათუს ის მზერა... ის გაყინული, იმედგაცრუებული თვალები არ ასვენებდა. მას შეეძლო აეტანა ბათუს ბრაზი, მისი ყვირილიც კი, მაგრამ ის სიცივე, რომელიც ბოლოს დაინახა, ყველაფერზე მეტად აშინებდა.

ნინა ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. თითებს ნერვიულად იმტვრევდა. ყოველ ჯერზე, როცა ეზოში რაღაც ხმაურს გაიგონებდა, გული უწყდებოდა ეგონა, ბათუ დაბრუნდა, მაგრამ გარეთ მხოლოდ ქარი დათარეშობდა.

‘სად ხარ... სად შეიძლება წასულიყავი?’-ჩურჩულებდა თავისთვის. ხვდებოდა, რომ ბათუ ის კაცი არ იყო, რომელიც ბარში დათვრებოდა და ჯავრს სასმლით იყრიდა. ნინამ ტელეფონი აიღო, რამდენჯერმე აკრიფა ბათუს ნომერი, მაგრამ მერე ისევ გათიშა. რა უნდა ეთქვა? რომ ვატომ მოატყუა? ბათუსთვის ამას ახლა მნიშვნელობა არ ჰქონდა. მისთვის მთავარი ფაქტი იყო, ნინა მას არ ენდო.

ნინა მიხვდა, რომ ასე ჯდომა და ლოდინი მას ჭკუიდან შეშლიდა. ყოველი წამი, რომელსაც სიჩუმეში ატარებდა, ვატოს დამცინავ სახესა და ბათუს იმ გაყინულ მზერას ახსენებდა. აკანკალებული თითებით ტელეფონი აიღო. ბათუს ნომრის ხელახლა აკრეფას აზრი არ ჰქონდა, იცოდა, რომ არ უპასუხებდა.
უცებ უტა გაახსენდა. ნინამ ღრმად ჩაისუნთქა, ცრემლები მოიწმინდა და ნომერი აკრიფა.

-უტა…-ხმა ჩაუწყდა ნინას, როგორც კი ყურმილში ზუმერი შეწყდა.

-ნინა? მშვიდობაა?- უტას ხმაში მაშინვე გაკვირვება და დაძაბულობა იგრძნობოდა. ასეთ დროს ნინა მას არასდროს ურეკავდა.

-უტა, ბათუზე მინდა გკითხო... სახლიდან საშინლად გაბრაზებული გავიდა. ვურეკავ და არ მპასუხობს. ხომ არ იცი, სად შეიძლება იყოს?-ნინა ცდილობდა ხმა არ აჰკანკალებოდა, მაგრამ ნერვიულობა ყოველ სიტყვაში იგრძნობოდა.

-ჩემთან არ მოსულა.-მოკლედ მიუგო უტამ. პაუზა გააკეთა, თითქოს რაღაცაზე ყოყმანობდა. -რამე მოხდა? ასე ძალიან რამ გააბრაზა?

-ჩემი ბრალია... ყველაფერი ჩემი ბრალია.-ნინამ ვეღარ გაუძლო და ისევ ატირდა.-უტა, გეხვეწები, თუ რამე იცი, მითხარი. მეშინია, რამე არ დაუშავოს საკუთარ თავს ან სხვას. ისეთი თვალები ჰქონდა... თითქოს ყველაფერი სულერთი იყო მისთვის.-
უტა რამდენიმე წამს დუმდა. ტელეფონში მხოლოდ მისი მძიმე სუნთქვა ისმოდა. ის აშკარად ხვდებოდა, რა მდგომარეობაშიც იქნებოდა ახლა ბათუ, მაგრამ არ უნდოდა ნინასთვის პირდაპირ ეთქვა იმ ადგილის შესახებ, სადაც ბიჭი ბრაზს ფიზიკური ტკივილით ახშობდა.

-ნინა, დამშვიდდი. ბათუ ზრდასრული კაცია, საკუთარ თავს მიხედავს.-სცადა დაწყნარება, მაგრამ ხმაში სიმტკიცე აკლდა.

-უტა, ნუ მატყუებ!-იყვირა ნინამ.-ვიცი, რომ იცი, სად მიდის ხოლმე, როცა ასეა. გთხოვ, მითხარი. უნდა ვნახო, უნდა ველაპარაკო...

-იქ შენი მისვლა არ შეიძლება, ნინა!-დაბალი ხმით თქვა უტამ. -თუ მართლა იქაა, სადაც მე ვფიქრობ, იქ ახლა ნამდვილი ჯოჯოხეთია. ის ბრაზს რინგზე ტოვებს ხოლმე და იქ ქალის ადგილი არ არის!-ნინას გული გამეტებით აუძგერდა. 'რინგზე?'- გაუელვა თავში. ახლა უკვე ზუსტად იცოდა, რომ ბათუ საფრთხეში იყო.

-უტა მითხარი სად არის, თუ არადა მაინც ვიპოვი.

-ნინა ვერ მიხვალ იქ! არავინ შეგიშვებს! მისმინე, მე წავალ და ვეცდები სახლში მოვიყვანო.-ნინამ იგრძნო, როგორ გამოელია ძალა. უტას სიტყვები გონებაში ზარებივით უგუგუნებდა. მიხვდა, რომ თავისი დაუფიქრებელი მისვლით იქნებ ბათუსთვის უფრო მეტი ზიანი მიეყენებინა, მისი კონცენტრაცია დაერღვია ან ბრაზი კიდევ უფრო აეელვებინა.

-კარგი...-დაეთანხმა ნინა და ტელეფონს ორივე ხელით ჩაებღაუჭა, თითქოს ეს უტასთან ერთადერთი დამაკავშირებელი ძაფი ყოფილიყო.

-ვეცდები მალე ვნახო.-დააიმედა უტამ.

-უტა, გეხვეწები...-ნინას ცრემლები ისევ მოეძალა.-გთხოვ, მიაკითხე. არ დატოვო მარტო. უთხარი... არა, არაფერი უთხრა, უბრალოდ გვერდიდან არ მოშორდე. დარწმუნდი, რომ ცოცხალი და მშვიდობიანი დაბრუნდება.

-მივხედავ, პირობას გაძლევ. როგორც კი რამეს გავიგებ, დაგირეკავ.- უტამ ტელეფონი გათიშა.

ოთახში ისევ ის მძიმე, ყურისწამღები სიჩუმე ჩამოწვა. ნინა დივანზე ჩამოჯდა და ფეხები მოიკეცა.

გარეთ მარტის წვიმა უფრო გააფთრებით ეხეთქებოდა ფანჯრის მინებს. ყოველი ჭექა-ქუხილი ნინას გულზე დარტყმასავით ხვდებოდა. ის წარმოიდგენდა ბათუს რინგზე  შიშველს, ოფლიანს, ბრაზით დაბრმავებულს, რომელიც სხვის დარტყმებს საკუთარი დანაშაულის გამოსასყიდად იღებდა.
'მაპატიე...'- ჩურჩულებდა სიბნელეში. -'დაბრუნდი და ყველაფერს ავიტან. შენს სიცივესაც, შენს დუმილსაც... ოღონდ დაბრუნდი'- ეშინოდა მისი უსაქციელობა ბათუსთვის სავალალო შედეგის მომტანი არ ყოფილიყო და თან იმასაც ვერ ხვდებოდა რა იყო მისი ასეთი ცვლილების მიზეზი? როდის მერე ადარდებდა მსგავსი რაღაცები?

საათი კედელზე წამებს დაუნდობლად ითვლიდა. ნინა იჯდა სიბნელეში, პროჟექტორების შუქზე მიმოფანტულ ვატოს ფოტოებს ხელი დაავლო და ერთიანად გადახია. მისთვის ახლა სამყარო მხოლოდ ერთ წერტილამდე დაპატარავდა იმ კარამდე, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა გაღებულიყო.

***
რინგზე ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ბათუ აღარ ჰგავდა ადამიანს, ის იყო დაჭრილი მტაცებელი, რომელიც ყოველი დარტყმით საკუთარ თავსაც და მოწინააღმდეგესაც ტკივილს აყენებდა. ირაკლი კოპალიანი, მთასავით კაცი, გაოგნებული უყურებდა ბიჭს, რომელიც თავდაცვაზე საერთოდ არ ფიქრობდა. ბათუ დარტყმებს იღებდა, სახე სისხლით ჰქონდა მოსვრილი, ცალი თვალი დალურჯებოდა, მაგრამ მაინც ვატოს დამცინავ სახესა და იმ წყეულ ფოტოებზე ფიქრობდა.

ბოლო კომბინაცია ელვისებური გამოდგა. ბათუმ მთელი თავისი ბრაზი ერთ მუშტში მოაქცია და ირაკლის ყბაში ისეთი სიმძლავრით დაარტყა, რომ დარბაზში ძვლის გატეხვის ხმა გაისმა. ირაკლი მთელი თავისი სიმძიმით დაენარცხა იატაკს.
მსაჯი რინგზე ავიდა და ბათუს დასისხლიანებული ხელი მაღლა ასწია.

-გამარჯვებულია ბათუ აბაშიძე!-ბათუმ ხელი უხეშად გამოსწია, არავისთვის შეუხედავს, ბარბაცით ჩამოვიდა რინგზე და პირდაპირ გასახდელი ოთახისკენ გაემართა.

უტა, რომელიც მთელ ამ სანახაობას კართან გაქვავებული უყურებდა, მაშინვე უკან მიჰყვა.
როგორც კი ოთახში შევიდნენ, ბათუ კედელს მიეყრდნო, თავი უკან გადააგდო და მძიმედ ამოიხრიალა. მისი შიშველი მკერდი ქაოსურად ადი-ჩადიოდა, სისხლი და ოფლი კი მის დაჭიმულ კუნთებზე წითელ ნაკადულებად მოედინებოდა.

-უტა?-ბათუმ თვალი ძლივს გაახილა და მეგობარს გახედა.-აქ რა გინდა?

-რა დღეში ხარ, ბათუ?-უტამ ხმას აუწია, მის ტონში გაბრაზება და თანაგრძნობა ერთმანეთში არეულიყო.-რამ გაგამწარა ასე? საკუთარი გადაწყვიტე?

-არ ნახე ფოტოები?-მწარედ ჰკითხა ბათუმ და დასიებული ტუჩიდან სისხლი ხელისგულით მოიწმინდა.

-ვნახე.-მოკლედ მოუჭრა ძმამ.

-მერე?-ბათუმ ჩაიცინა, თუმცა ეს უფრო ტკივილისგან გამოწვეული იყო.-კიდევ გიკვირს, აქ რატომ ვარ? კიდევ გაქვს კითხვები?

-ბიჭო, უნდა ნახო ნინა რა დღეშია.-უტამ ნაბიჯი გადადგა მისკენ.-სახლშია, განადგურებული.-ბათუ წამით გაშეშდა, მერე კი თავი ნელა მიაბრუნა.

-სად ნახე ნინა?

-დამირეკა. საშინელი ხმა ჰქონდა და აშკარად ნერვიულობს. კანკალებდა, ისე მეხვეწებოდა, რომ მეპოვნე.

-ვინ ნინა?-ბათუმ ხმამაღლა გაიცინა, ეს იყო ცივი და დაუნდობელი სიცილი.-ნუ მაცინებ, თუ ძმა ხარ! ის ნინა, რომელიც ამილახვართან ყავას მიირთმევდა და ჩემს ზურგს უკან მასთან გარიგებებს დებდა? მაგაზე მეუბნები, რომ ნერვიულობს?

-ბათუ, ნუ ხარ ეგეთი ხეპრე!-უტამ მხარზე ხელი დაადო.-გოგო შოკშია. ვატომ გამოიყენა, რომ შენთვის ეს დარტყმა მიეყენებინა. ისიც მსხვერპლია ამ თამაშში.-
ბათუმ ძმის ხელი უხეშად მოიშორა და სკამზე დაგდებულ პერანგს დასტაცა ხელი.

-მან თავისი არჩევანი გააკეთა, როცა იმ ნაგავს შეხვდა. ახლა კი... ახლა დაე, იჯდეს და ინერვიულოს. მე აქ საქმე დავამთავრე.

-სახლში არ მიდიხარ?-ჰკითხა უტამ, როცა დაინახა, როგორ დაიწყო ბათუმ ნივთების აღება.

უტამ ბათუს გასასვლელისკენ გადაუღობა გზა. ის მასზე უფროსი იყო და მათ ურთიერთობაში ყოველთვის არსებობდა ის უხილავი იერარქია, რომელიც ახლა უტას უფლებას აძლევდა, ძმა ძალით შეეჩერებინა.

-სად მიდიხარ?-უტას ხმაში სიმტკიცე გაჩნდა, რომელსაც შეპასუხება არ უყვარდა.

-გამატარე, უტა!-ბათუმ მხარით გაწევა სცადა, მაგრამ უტამ ორივე ხელით მკერდზე დააწვა და უკან, სკამისკენ მიაბრუნა.

-რა გემართება?-დაუღრიალა ძმამ.-ჭკუიდან გადახვედი? იცოდე, მეც დაგიმატებ!-მან თითით ბათუს დასიებულ თვალსა და გახეთქილ წარბზე მიანიშნა.-თუ გგონია, რომ ამ მდგომარეობაში სადმე გაგიშვებ, ძალიან ცდები. გგონია, ეგრე ადვილია ყველაფრის დანგრევა?

-უკვე დაინგრა.-ბათუმ ხელი ჩაიქნია და მძიმედ დაეშვა სკამზე.

-არაფერიც არ დანგრეულა.-უტა მის წინ ჩაიმუხლა, რომ თვალებში ჩაეხედა.-ნინაც ბავშვია, ბათუ. შეცდა, ვატომ თამაშში ჩაითრია, ისე გამოიყენა, რომ აზრზეც ვერ მოვიდა. ახლა კი ზის სახლში და სულს ღაფავს ნერვიულობისგან. შენ კი აქ ზიხარ და იმასაც ვერ ხვდები, რომ იმ ნაბიჭვარმა ზუსტად ეს დაგეგმა შენი და ნინას დაშორება!

ბათუ დუმდა. მისი მძიმე სუნთქვა ნელ-ნელა მშვიდდებოდა, მაგრამ თვალებში ისევ ის მწარე სიმკაცრე რჩებოდა.

-წადი სახლში.-უთხრა უტამ უფრო მშვიდად. -შეხედე, დაელაპარაკე. თუ მართლა გინდა ყველაფრის დასრულება, ჯერ თვალებში ჩახედე და მერე წადი. ასე გაქცევა ლაჩრობაა და მთელი ცხოვრება მაგაზე ვსაუბრობთ!-
ბათუმ პერანგი აიღო, დასისხლიანებულ მხრებზე ძლივს მოიცვა და ღილები საერთოდ არ შეუკრავს.

-მანქანას მე ვატარებ.-თქვა უტამ და გასაღები გამოართვა. ბათუ აღარ შეკამათებია. ის ძმას მიჰყვებოდა, მაგრამ გონებით უკვე იმ მისაღებ ოთახში იყო, სადაც ნინა ელოდა. იცოდა, რომ ეს შეხვედრა ან ყველაფერს დაალაგებდა, ან ბოლო მოუღებდა იმას, რაც მათ შორის ჯერ კიდევ ცოცხლობდა. სახლში მისულებს ეზოში შუქი ანთებული დახვდათ. ნინა ფანჯარასთან იდგა და როგორც კი მანქანის ხმა გაიგონა, კარისკენ გაიქცა. უტამ ბათუ კართან დატოვა.

-მიდი!-მიაძახა ბიჭს და თვითონ მანქანაში დარჩა. ბათუმ კარი შეაღო. ნინა ჰოლში იდგა, აკანკალებული, დასიებული თვალებით. როგორც კი დაინახა ბათუს სისხლიანი სახე და მისი შიშველი, დალურჯებული მკერდი პერანგის მიღმა, სიმწრისგან კივილი აღმოხდა და პირი ხელზე მიიჭირა.

-ბათუ...-ამოიკნავლა გოგომ და მისკენ გადადგა ნაბიჯი. ხმა ჩაუწყდა, როცა ბიჭის დაფლეთილ სხეულს თვალი ააყოლა.
ბათუ ზღურბლთან გაჩერდა. წვიმის წყალი მისი თმიდან პირდაპირ ხალიჩაზე ჩადიოდა, სისხლთან ერთად. ის არ ინძრეოდა, მხოლოდ მისი მძიმე სუნთქვა არღვევდა სიჩუმეს. ნინა მიუახლოვდა, აკანკალებული თითები მის სველ მხარზე დაადო, რომ პერანგი გაეხადა. ბათუმ ინსტინქტურად ხელი დაუჭირა, თითქოს გაჩერებას აპირებდაო, მაგრამ ნინას თვალებში იმდენი სასოწარკვეთა დაინახა, რომ ნება დართო.

-შემოდი.-უთხრა ჩუმად და მისაღები ოთახისკენ წაიყვანა. ბათუ დივანზე მძიმედ დაეშვა. ნინა მის წინ მუხლებზე დადგა. ახლა აღარ ტიროდა, პანიკამ უკან დაიხია და ადგილი ცივმა პრაგმატულობამ დაიკავა. მან ფრთხილად ჩამოხსნა პერანგის დარჩენილი ღილები. როცა ქსოვილი მხრებიდან ჩამოცურდა, ნინას მზერა მის სხეულზე მიმოფანტულ დალურჯებებსა და იმ ღია ჭრილობაზე შეჩერდა, საიდანაც სისხლი ისევ ჟონავდა.

-წყალი მომიტანე.-ჩაილაპარაკა ბათუმ. ხმა იმდენად შეცვლილი ჰქონდა, ნინას გული შეეკუმშა. გოგონა სწრაფად დაბრუნდა ჭიქით. ბათუმ ხელი ნელა ასწია, ნინას აკანკალებულ თითებს დაადო და ჭიქა ისევ მისკენ მიაბრუნა.

-შენ დალიე. სულ კანკალებ.-მშვიდად უთხრა მან.

ნინამ გააპროტესტა, მაგრამ ბათუს მზერამ აიძულა რამდენიმე ყლუპი დაელია. მერე ისევ საქმეს მიუბრუნდა. ბამბა ანტისეპტიკით დაასველა და პირველად წარბთან შეეხო. ბათუმ თვალები დახუჭა, ყბა დაეჭიმა, მაგრამ არ განძრეულა. ნინა ხედავდა მის ყოველ ძარღვს, ყოველ დაძაბულ კუნთს. მისი თითები ხანდახან შემთხვევით ეხებოდა ბათუს ცხელ კანს და ამ დროს ორივეს სუნთქვა უწყდებოდა. როცა მუცელზე გადავიდა, ჭრილობიდან სისხლმა იმატა.

-გეტკინება.-გააფრთხილა ჩურჩულით.

-მიჩვეული ვარ.-მოკლედ მოუჭრა ბათუმ. მან თავი უკან გადააგდო და უყურებდა, როგორ წმენდდა ნინა მის სისხლს.-იცი, რა არის ყველაზე დიდი სისულელე? რინგზე მეგონა, რომ შენზე ბრაზს იქ ვტოვებდი. მეგონა, რომ თუ სხეულს დავილეწავდი, ის სიმწარე გაქრებოდა, რაც შენი და იმ ნაძირალას ერთად დანახვამ მომაყენა.-ნინამ თავი ასწია და პირდაპირ თვალებში ჩახედა. მისი თითები ისევ ბათუს მუცელზე იყო, ბინტს ასწორებდა.

-და მერე?

-და მერე აქ შემოვედი, დაგინახე და მივხვდი, რომ საერთოდ არაფერი შეცვლილა. ვერ შეგიძულებ, ნინა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველაზე მეტად შენ მატკინე, მაინც ვერ მოვახერხებ.-
ნინამ ბინტი მჭიდროდ გადაუჭირა. მისი ხელები ბათუს ზურგს უკან გადავიდა, რომ კვანძი შეეკრა. ამ მომენტში ისინი იმდენად ახლოს იყვნენ, რომ ნინა მის სუნთქვას საკუთარ ტუჩებზე გრძნობდა. ბათუმ ხელი ნელა ასწია და ნინას სახეზე ჩამოშლილი სველი თმა ყურს უკან გადაუწია. მისი უხეში, ნაიარევებიანი თითები საოცრად ნაზად შეეხო გოგონას კანს.

-აღარასდროს გააკეთო ეს.-თქვა ნინამ დაბალი ხმით.-აღარასდროს წახვიდე იქ ჩემ გამო. მირჩევნია მე მეტკინოს, ვიდრე შენ ასეთს გხედავდე.-ბათუმ ოდნავ გაიღიმა ეს იყო მტკივნეული, მაგრამ ნამდვილი ღიმილი.

-სიმართლე ისაა, ნინა,-დაიწყო ბიჭმა.-რომ ამ სახლში შენამდე არავინ ყოფილა, ვისაც ჩემი ჭრილობების დანახვის არ შეეშინდებოდა. ყველას ჩემი ძალა უყვარდა... შენ კი ჩემს სისუსტეს უვლი.

-აღარ წახვიდე!-თქვა ნინამ და ბათუს მკერდს მიეყრდნო.-აღარასდროს გახვიდე ამ კარში ასე გაბრაზებული.-ბათუმ ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მოძრაობა სტკიოდა, მაინც არ უშვებდა. ნინა გრძნობდა ბათუს გულისცემას მძლავრს, რიტმულს, რომელიც ნელ-ნელა მშვიდდებოდა.

-აქ ვარ.-ჩასჩურჩულა ბათუმ მის თმებში. მალევე ნინა დაეხმარა რომ ამდგარიყო, მაღლა აეყვანა და ოთახში შეეყვანა.

ბათუ საწოლზე დაჯდა, იდაყვებით მუხლებს დაებჯინა და თავი ხელებში ჩარგო. ნინა ხედავდა, როგორ უთამაშებდა ზურგზე ყოველი კუნთი.

-ძალიან გტკივა?-ჰკითხა ჩუმად.
ბათუმ თავი ნელა ასწია და ნინას შეხედა. მისი თვალები ჩაწითლებული იყო.

-ტკივილს ეჩვევი, ნინა.-თქვა მან და ხელი ნელა გადაატარა იმ ბინტზე, რომელიც გოგონამ ცოტა ხნის წინ დაადო.-მაგრამ იმას ვერ ვეჩვევი, რომ ვიღაცას შეუძლია ასე მარტივად ჩაერიოს იმაში, რაც ჩემია.-ნინამ იგრძნო, როგორ გაუთბა გული ამ სიტყვაზე 'ჩემია'. მან ხელი ფრთხილად დაადო ბათუს დიდ, ნაიარევებიან მტევანს. ბიჭს ხელი არ გაუწევია, პირიქით, თითქოს ნინას სითბოს დაელოდა.

-მე არ მინდოდა შენი ღალატი.-დაიჩურჩულა ნინამ.-უბრალოდ მეგონა, რომ თუ დამოუკიდებლად ვიმოქმედებდი, დაგიმტკიცებდი, რომ მხოლოდ სათამაშო არ ვარ შენს ხელში.-ბათუმ ხელი ამოატრიალა და ნინას თითები თავისაში მოიქცია. მან გოგონა თავისკენ მიიზიდა და აიძულა, თვალებში ჩაეხედა.

-შენ სათამაშო არასდროს ყოფილხარ!-თქვა მან დაბალი, ხრინწიანი ხმით.-სათამაშოს გამო რინგზე საკუთარ თავს არავინ აკვლევინებს. უბრალოდ...-ის წამით შეყოვნდა, თითქოს სიტყვებს ეძებდა.-არ ვიცი, როგორ მოვიქცე, როცა კონტროლს ვკარგავ.-ბათუმ ხელი ნინას ყელზე ააყოლა და თითები თმებში შეუცურა. მისი ცერა თითი ნინას ტუჩის კუთხეს შეეხო სულ ნაზად, თითქოს ეშინოდა, რომ ეს წამი არ გამქრალიყო.

-ხვალ ყველაფერს მოვაგვარებთ.-თქვა მან და შუბლი ნინას შუბლს მიადო. ნინა აფორიაქდა, იფიქრა რომ ეს არასწორი იყო, თუმცა ვერ იპოვა იმის ძალა რომ თავი გაეწია.-ვატო პასუხს აგებს ყოველი იმ წამისთვის.

-დაწექი.-ჩურჩულით უთხრა ნინამ.-უნდა დაისვენო.-ბათუ ნელა გადაწვა საწოლზე, ნინასთვის ხელი არ გაუშვია, ისიც თავისთან ერთად ჩაიყოლია. ნინა მის გვერდით მოკალათდა, თავი მის ჯანმრთელ მხარზე დაადო და ხელი მის მკერდზე მოათავსა, იქ, სადაც გული გამეტებით, მაგრამ უკვე უფრო მშვიდად ფეთქავდა.

ნინა დიდი ხნის განმავლობაში იწვა გაუნძრევლად, სულგანაბული უსმენდა ბათუს მძიმე, თანაბარ სუნთქვას. გრძნობდა, როგორ მოეშვა ბიჭის სხეული და როგორ შესუსტდა მისი მჭიდრო ჩაჭიდება მაჯაზე. დაღლილობამ და გადატანილმა ტკივილმა თავისი ქნა ბათუს ღრმად ჩაეძინა.

როგორც კი დარწმუნდა, რომ ბათუს ნამდვილად ეძინა, ნინამ ფრთხილად დაიწყო ხელის გამოთავისუფლება. მისი ყოველი მოძრაობა გათვლილი და ნელი იყო. როცა საბოლოოდ წამოდგა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ცოტა ხნით ისევ დახედა მძინარე ბიჭს. მთვარის შუქზე ბათუს სახე უფრო მშვიდი ჩანდა, თუმცა ის ნაიარევები და დალურჯებები მაინც მკაფიოდ ახსენებდა ამ საღამოს სისასტიკეს.

ნინა ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან. კიბეებზე ჩასვლისას ყოველი საფეხურის ჭრიალზე გული უჩერდებოდა, მაგრამ ბათუს არ გაუღვიძია.

მისაღებ ოთახში დაბრუნებულს ქაოსი დახვდა: იატაკზე დაყრილი სისხლიანი ბამბები, წყლიანი ჭიქა და ის დახეული ფოტოები, რომლებიც ისევ დივანზე ეყარა. მან ნელა აკრიფა ყველაფერი.

ნინამ პლედი აიღო, მხრებზე მოიხვია და აივანზე გავიდა. წვიმა უკვე გადაღებულიყო, მაგრამ ჰაერში ისევ იდგა სისველისა და მიწის მძაფრი სუნი. ის იდგა სიბნელეში, უყურებდა ღამის თბილისს და ცდილობდა დაელაგებინა ფიქრები. ხვდებოდა, რომ ამ ღამემ მათ შორის ყველაფერი შეცვალა.



№1 სტუმარი ნია

ყიხაღ საუკეთესოა სულ მოუთქმელად გელოდებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent