ცხადი სიზმრები (სრულად)
თავი 1 ყველაფერი იმით იწყება, რომ მხიარული მივუყვები გზას. მზე ანათებს, ოქროსფერ სხივებში ახვევს ირგვლივ ყველაფერს. წინ გადაშლილი თავისუფალი სივრცეა, გამჭვირვალე ჰაერი და მთების შორეული სილუეტები. სიმშვიდე და ნანატრი სიჩუმეა. მოხრეშილ, გაფუჭებულ გზას მივუყვები და გზის ნაცვლად გზის პირებზე გაბურდულ ასკილის ყვავილებს ვუღიმი. მიკვირს, რატომ არის გზა ასეთი უკაცრიელი, მაგრამ მახსოვს, რომ გზის ბოლოს მიზანი მელოდება. მახსოვს და ეს ხალისს მმატებს. სიმშვიდეა, მაგრამ სიმშვიდეს მაინც ვერ ვგრძნობ. თანდათან მძიმდება მზის ოქროსფერი, თანდათან გრძელდებიან ასკილის ბარდების ჩრდილები, თანდათან ბლანტდება სიჩუმე. ჰორიზონტს გავყურებ დაღლილი. და ვაცნობიერებ, რომ ის ერთი ნაბიჯითაც კი არ მიახლოვდება. ნაბიჯს ვუჩქარებ, მაგრამ ვერაფერს ვცვლი. თითქოს სარბენ ბილიკზე მდგარი ზაზუნა ვარ არაფრისგან არაფრისკენ რომ გარბის. და ეს მუდმივობა არა სტაბილურობის, არამედ უიმედობის, უმწეობის განცდას ბადებს. „იქნებ გზა ამერია?“ მიელავს ფიქრი. ვერ ვხვდები როდის დაღამდა. ჩამობნელებულ და ლანდებად გაწელილ მიდამოს ვათვალიერებ. უცნაურ ქანდაკებებს ვხედავ ბინდში. ფრთაგაშლილი ანგელოზები, მაღალი ჯვრები, და ადამიანების, კაცის სიმაღლე სურათები. „რა მინდა სასაფლაოზე?“ შიში და სიცივე ფეხის თითებიდან მოძვრება სხეულში. „გაიქეცი ვერა!“ ჩურჩულებს ჩემში პატარა შეშინებული გოგონა. გაქცევა მეც მინდა, მაგრამ ისეთი მძიმეა ნაბიჯები. ისეთი დაღლილობა მიპყრობს, ისეთი ჯერ განუცდელი უსუსურობა. ვჩერდები. რას გავურბივარ? რა აზრი აქვს? შიშისგან ტირილს ვიწყებ. ორივე ხელს თვალებზე ვიფარებ. უცნაური ისაა, რომ სიცარიელის მეშინია. აქ სრულებით მარტო ვარ და მე ლამისაა შიშით მოვკვდე. _ გაიღვიძე, ეს სიზმარია!_ მესმის მისი ხმა და თვალებს საკუთარ საწოლში ვახელ. ვწუხვარ, რომ ისევ ვერ ვასწრებ მის დანახვას..... მორიგი კოშმარისაგან თავის დაღწევის შემდეგ დიდხანს ვიწექი ხოლმე სიბნელეზე თვალგაშტერებული და საკუთარ თავს მეასეჯერ ვუმეორებდი: _ დამშვიდდი ვერა, ეს მხოლოდ სიზმარია! სიზმარია და მეტი არაფერი. არც ეს არის ისეთი საშიში და არც შენ ხარ პატარა ბავშვი._ ამას როცა ვფიქრობდი, არ ვტყუოდი, მაგრამ ვერაფერს ვშველიდი საკუთარ თავს. სიზმარში განცდილი უმწეობა, მარტოობა, დაკარგვის შიში და სიცარიელე ცხადშიც მომყვებოდა და სულს მიხუთავდა. და მაინც, რა იყო ჩემი კოშმარების მიზეზი? რატომ ვხედავდი სიზმრად ამ ვრცელ, უკაცურ მინდვრებს? სულიერისგან დაცლილ ჰორიზონტებს და გზას, რომელსაც არ ჰქონდა მიზანი?! ..... მოდით, წამით წარმოიდგინეთ, რომ ერთ ნათელ, მზიან დილით იღვიძებთ და თქვენი ნაცნობი საყვარელი ადამიანის ლამაზი სახის ნაცვლად ხედავთ მახინჯ დემონს. მისი ნაკვთები თითქოს გაწელილი და დამახინჯებულია. სახე დაღარული აქვს უამრავი საშიში ნაოჭით. როგორი იქნება თქვენი რეაქცია? უყურებთ და ის არ ჰგავს საკუთარ თავს, მაგრამ თქვენ იცით, რომ ის ის არის. და ამას გარდა, ის თავად გიყურებთ გაოგნებული. მას თავად აშინებს თქვენი უცნაური რეაქცია. ვერ ხვდება, რატომ გეშინიათ მისი.... წარმოსადგენადაც გაგიჭირდათ არა? ჰოდა მიხვდებით, როგორ იგრძნობდა თავს ჩემი და, როცა ერთ დღეს, მას შემდეგ, როცა მორიგი კოშმარისგან გამომაღვიძა, იმის ნაცვლად, რომ შვება მეგრძნო, კივილი დავიწყე. _ რა ხდება გაიღვიძე, მორჩა სიზმარი იყო!_ იმეორებდა დაზუთხულ ფრაზას და როგორც ყოველთვის, ერთი სული ჰქონდა ალბათ, როდის შემომილაწუნებდა საბოლოოდ გონს მოსაყვანად. ზოგადად, ადამიანებს პირველ ჯერზე უჭირთ და ეშინიათ, თორემ, როცა რაღაც, თუნდაც ძალიან სევდიანი ან უცნაური ამბავი რუტინად იქცევა, როცა მუდმივად მეორდება და ყოველდღიურობა ხდება ადამიანების რეაქციები სულ უფრო მარტივდება. ასე იყო ახლაც. ბავშვობიდან მოყოლებული, არც კი ვიცი რიგით მერამდენე, ამოყვინთვაში მეხმარებოდა სალი. და მას ეს უკვე ყელში ჰქონდა ამოსული. _ ღმერთო ჩემო! გაიღვიძე ბოლოს და ბოლოს!_ ის იყო ხელი ასწია, რომ რიტუალად ქცეული სილა გაეწნა ჩემთვის, მისი ხმა ვიცანი. მის საზარელ სახეს ინსტიქტურად ავარიდე თვალი, თვალები დავხუჭე და საწოლის კუთხეში ავიბუზე. მეტს ვეღარ მოვითმენდი, ვეღარ დავმალავდი, რომ სიზმრები თანდათან ცხადი ხდებოდა. _ რა გჭირს გოგო?_ ჩემმა უცნაურმა რეაქციამ დააბნია. ეს პანიკა აღარ იყო და უჩვეულოდ გამოხატულმა შიშმა გაახევა. _სალო! მელაპარაკე!_ ვთხოვე დაზაფრულმა._ შენი ხმა, მას ვცნობ! მას გამოვყვები! _ ნუ გადამრიე! ნუთუ?_ მისი უცნაური ირონია სწორედ ეს დამეხმარა, რომ სიგიჟის პირას მისული საკუთარი თავი ისევ ხელში ამეყვანა. _ მგონი კოშმარი ცხადში გადმოვიდა! შენი სახე.._ ძალა მოვიკრიბე და თვალები გავახილე. შიშის ჟრუანტელმა მთელ სხეულში დამიარა. ჩემი დის ლამაზი, ბავშვური სახე უცნაურად გადაჭიმულიყო. ავი საძაგელი ღიმილით გახეული პირი ყურიდან ყურამდე გრძელდებოდა, სახეს უამრავი ღრმა ასიმეტრიული ნაოჭი უფარავდა და თვალებიც ვიწრო და საშინელი ჰქონდა. უცნაური ცინიკური მზერით დამყურებდა. მიუხედავად იმისა, რომ სახე მონსტრს მიუგავდა, მე ვიცოდი, რომ ის სალი იყო და ეს უარესად მაშინებდა. თითქოს იმას ვხედავდი, რაც წესით არ უნდა დამენახა. _ რა სჭირს ჩემს სახეს?_ გაოცებულმა ჩამოისვა სახეზე თითები და კარადის დიდ სარკესთან მივიდა. _ ინტერესით დააკვირდა საკუთარ თავს. დოინჯით შემობრუნდა და ისეთი პასუხი გამცა, როგორსაც მხოლოდ ჩემი და მოიფიქრებდა. _ რაო გშურს არა, მე რომ ლამაზი გამაჩინა დედამ და შენ მახინჯი?_ ამას მეკითხებოდა და ქვეყნად ყველაზე საშინელი ნაკვთების ამაზრზენი თამაშით დამყურებდა თავზე. ალბათ იცინოდა, მაგრამ მე სულ სხვა რამეს ვხედავდი იმ წამს. _ სალო მგონი საბოლოოდ გავგიჟდი! დამეხმარე!_ ჩავილაპარაკე და ტირილი ამიტყდა. ის, რომ წლები პროზოპაგნოზიით ვიტანჯებოდი, აღარ მაწუხებდა. ამას მივეჩვიე, გავითავისე. გამოსავალიც კი ვიპოვნე მორიგი უხერხული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ეს სამყაროს საკმარისად არ მოეჩვენებოდა და ამ უცნაურობის კიდევ უფრო სახალისო ფორმას არ დამიმატებდა. დიახ, ამჯერად სამყარომ ახალი საჩუქრით დამაჯილდოვა, თანაც განა უბრალო, არა! პირდაპირ პროზოპომეტამორფოფსია მაჩუქა. ეს მორფოფსიის ისეთი სახეა, რომლის დროსაც დამახინჯებულად აღიქმება უშუალოდ რეალური ადამიანის სახე. ნაკვთები ზომას იცვლიან, დიდდებიან ან პატარავდებიან და ადამიანის სახე ხდება ერთობ დემონური შესახედაობის. თქმა ადვილია, აღამა რთული. იმ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. მკურნალობა არ შველიდა, მკურნალობა კი არა, ისიც ვერ ამიხსნეს, რეალურად რა იწვევდა ამას. როგორ, რატომ ან როდის დასრულდებოდა. სიმშვიდისკენ მომიწოდეს და მზრუნველი ღიმილით შემომაპარეს კვლევებში მონაწილეობის მიღება. ერთი სული მქონდა სახლში დავბრუნებულიყავი, ოთახის კარი გადამეკეტა და თავდაყირა დამდგარ სამყაროს საკუთარ, ნაცნობ და უსაფრთხო ნიჟარაში დავმალვოდი. არავის ნახვა არ მსურდა. არც ჩემი დის მასთან ყოველი შეხვედრა ტკივილებს, შიშებს და პანიკურ შეტევებს მიმძაფრებდა. სწორედ ასე და ამიტომ დავიწყე იმ სამყაროს შექმნა, სადაც მეც ერთი ჩვეულებრივი, ბედნიერი ადამიანი ვიყავი და რაც ყველაზე მთავარია, ის მყავდა.... .... _რას იტყვი დღეს იწვიმებს?_ მკითხა და ცას ახედა. ცას კრიალი გაუდიოდა. ღრუბელი კი არა მისი ჩრდილიც არ ჩანდა ვრცელ ჰორიზონტზე. თავი უარის ნიშნად გავაქნიე. ის ცის შორეულ კუთხეს არ აცილებდა თვალს _ იწვიმებს! თქვა თავდაჯერებით. სულ ასე იცოდა. იტყოდა და აზრი არ ჰქონდა კამათს. თან არც არასდროს ცდებოდა. _ ანუ ქოლგა უნდა წამომეღო?_ ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა ისეთი დღე იყო, სულ არ მსურდა, რომ წვიმას დაწყობილი გეგმები აერია. _ გეწყინა?_ ისე მკითხა, თითქოს შეიძლებოდა ამინდზე გავბრაზებულიყავი. _ ჰოო!_ დავუქნიე თავი._ ახლა რა უნდა ვქნათ? _ ამ სამყაროში ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც შენ გსურს. აქ შენ ხარ დიჯეი, ნუ გავიწყდება._ ყოველთვის, როცა ამას მახსენებდა, როცა ამბობდა, რომ ჩვენი თავგადასავლები მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო, ხმაში სევდა ერეოდა და მე ესეც მწყინდა. _ აი შეხედე!_ თითი ცისკენ გაიშვირა. სადღაც შორს მუქდებოდა ღრუბელი. მუქდებოდა და თვალდათვალ იზრდებოდა. _ რატომ არ აღიარებ, რომ შენ გიყვარს წვიმა? რატომ არ აღიარებ, რომ შენ მოიხმობ მას!_ მკითხა დაჟინებით. _ არა, არ მიყვარს! _ ვუპასუხე და თვალი ავარიდე მობნელებულ ცას. _ იქ, ნამდვილ სამყაროშიც ასეთი სევდიანია წვიმა?_ არასდროს ამბობდა, მაგრამ ვხედავდი, ვგრძნობდი მე არ ვყოფნიდი მას. ჩემს მიღმა აინტერესებდა. საიდან მოვედი, რა დავტოვე და რატომ. რომ შეძლებოდა ჩემში პორტალივით გაივლიდა და ჩემს რეალურ ცხოვრებაში უშიშრად გადააბიჯებდა. მას ჰქონდა საჭირო გამბედაობა, მე არა... _ იქაც ასეა, თუმცა ამას შენ ვერასდროს ნახავ!_ ვუთხარი უგულოდ და ბრაზით. ფეხზე ავდექი და მინდორში გაშლილი კარვისკენ წავედი. ვიცოდი ვაწყენინე. ვიცოდი მისი ოცნება უგულოდ დავამსხვრიე ჩემი სიტყვებით, მაგრამ მე ეგოისტურად ვბრაზობდი მის გულწრფელ სურვილზე, დავეტოვებინე და ნამდვილი სამყარო ენახა. ის ხომ მე გამოვიგონე, ჩემთვის, საკუთარი თავისთვის, მას კი წასვლა სურდა.... ....იმ ღამესაც ის საშინელი სიზმარი მესიზმრა. გავრბოდი და უკან არავინ მომდევდა. გავრბოდი და სიცარიელე არ სრულდებოდა. გავრბოდი და მიზანს ნაბიჯითაც ვერ ვუახლოვდებოდი. არ ვიცი რა არის კოშმარი. ალბათ რაღაც საშინელი მონსტრი რომ მოგდევს, ანდაც რამეს გაიძულებენ, ან საფრთხეს გიქმნიან და თავს ვერ შველი, ან არ ვიცი... რა არის კოშმარი თქვენთვის? _ გაიღვიძე, გაახილე თვალები!_ მანჯღრევს სალი და ძლივს ვაღწევ თავს ჭაობივით ბლანტ არარსებულ სიმძიმეს. ოთახში ბნელა, სალოს შუქი არ აუნთია. ალბათ არ სურს არარსებული კოშმარიდან პირდაპირ არსებულში გადმომისროლოს. _ ხო, მორჩა,მღვიძავს!_ მხრებიდან მის ხელებს ვიცილებ. ერთი სული მაქვს მარტო დამტოვოს. ერთი სული მაქვს მასთან წავიდე. ის მჭირდება, რომ დავმშვიდდე, ის უნდა დავნახო. _ ფარდებს გადავწევ!_ ამბობს ჩემი და თუმცა უარყოფითი პასუხის მოლოდინში არ ჩქარობს. _ არ მინდა, გადი!_ ვეუბნები და ხმაში თხოვნას ვურევ. _ ადექი ჭამე!_ არ ოხრავს, თუმცა ეს ოხვრა მისი ყოველი სიტყვიდან იღვრება. _ არ მინდა! დამტოვე! გთხოვ! _ ასე ვერ გაგრძელდება გესმის? _ მოულოდნელად კონტროლს კარგავს._ ასე არ შეიძლება. სამი წელი გავიდა ვერა! სამი წელია არარსებული ადამიანით ანაცვლებ რეალურ ცხოვრებას! ის არ არსებობს! არ არსებობს გაიგე! სხვა გზას არ მიტოვებ დაო! მაპატიე, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს! ვხვდები, რაღაც ისეთი ხდება, რაზეც ალბათ უკვე მესაუბრა, მაგრამ აღარ მახსოვს. არ მახსოვს, რადგან არ მაინტერესებს. ეს არ არის ის სამყარო, სადაც არსებობა მინდა. ამიტომ არაფერი მაღელვებს. მე არ მეხება. რატომ არ შეიძლება იქ ვიყო, სადაც თავს კარგად ვგრძნობ? სადაც სუნთქვა არ მიჭირს. რატომ არის ეს მათთვის პრობლემა? რატომ არ ესმით, მე აქ კარგად ვარ. რატომ არ ესმით? ცრემლები თვალებს მიწვავს. მუჭებით ვიწმენდ. თვალებს ვხუჭავ, ეს რეალობა ზედმეტად მძიმეა ჩემთვის. თვალებს ვხუჭავ და თვალით უხილავ საზღვარს ვაბიჯებ. რაც უნდათ ის დაუძახონ, გინდაც ცხადი სიზმარი, გინდაც სიგიჟე, გინდაც არარსებული რეალობა, აქ ჰაერია, აქ სუნთქვაა, აქ თავისუფლებაა.... აქაურობას ვათვალიერებ. ვრცელი მინდორი, უსაზღვრო სადაფის ცით, ფერადი ყვავილებით სავსე, სივრცე, ფერები, მზე, ნიავი და მინდვრის ცენტრში მაღალი ზურმუხტისფერი მაგნოლია, ზედ ცისფერ ლენტებ შებმული საქანელა, ხის ქვეშ ყვითელი კარავი და ის... მისი დანახვა სხეულში ყველა ტკივილს აყუჩებს. აქ ბედნიერი ვარ.... ალბათ იმიტომ, რომ აქ არ ვარსებობ.. თუმცა ამას რა აზრი აქვს? ვიღიმი და მისკენ გავრბივარ. ის მელოდება. 2 _ აბა, ვატყობ დღეს ყვავილების დღე გვაქვს?!_ იღიმის ჩვეულად და მზისფერ, უბრალო, მინდვრის ყვავილებით მოფენილ მინდორს ათვალიერებს. _ ხომ ლამაზია?_ ვეკითხები და წელამდე ყვავილებს ბედნიერი გავყურებ. თითებით ვეფერები მათ პატარა უმწეო ყვავილებს. მამშვიდებს ეს მზისფერი მინდორი. მამშვიდებს ღია სივრცე, უსასრულობის შეგრძნება. _ იქაც ასეთი ლამაზია ეს ყველაფერი?_ მეკითხება მოულოდნელად და რამდენიმე ყვავილს წყვიტავს. _ იქ? დამიჯერებ, რომ გითხრა, არ ვიცი? არასდროს მინახავს ყვავილების მინდორი იქ! _ არ ვატყუებ, მართლა არ მინახავს. იქ ამის დრო არ არის. იქ ყველაფრის დროა ამის გარდა. იქ ამ სურვილებს მარტივ არაფრის მომცემ სურვილებს ეძახიან. ამაზე დროს და ენერგიას არ ხარჯავენ. რამდენჯერ დამინახია შორიდან, მანქანის ფანჯრიდან და გაელვებით, როგორ დგანან ადამიანები ყვავილების ველზე და თავად რეალური მინდვრის ნაცვლად ამ სილამაზეს მობილურების ეკრანის გავლით აკვირდებიან. იღებენ ათასობით სურათს, აკვირდებიან საკუთარ თავებს, მაგრამ არავინ აჩერებს მზერას თავად მინდორზე. მინდორი აქ მხოლოდ ფონია. ყალბი ფასადი.... მხოლოდ იმისთვის, რომ ... თუმცა რა აზრი აქვს რისთვის? აი მეც ვერასდროს ვიპოვნე დრო იმისთვის, რაც ასე მამშვიდებდა. ათასი მიზეზით და უმიზეზოდ. _ რატომ?_ მეკითხება გაოცებული._რატომ არ აისრულე ასეთი მარტივი სურვილი? _ არ ვიცი, იქ სურვილები უფრო მატერიალურია. ამას სისულელეს და დროის ფლანგვას ეძახიან! რატომ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის იქ? იქ არაფერია ისეთი, რაც დარდად ღირდეს!_ ხმაში ცრემლი მერევა. რატომ ვსევდიანდები, როცა ამას ვამბობ, არ ვიცი. _ მგონი, არ უნდა იყო მართალი._ თავისთვის ამბობს ის და როცა მისკენ ვბრუნდები, ვხედავ, როგორ გაჰყურებს იმ გამქრალ ბილიკს, რომელსაც მასთან მოვყავარ ხოლმე. _ რატომ არ გყოფნის ეს ყველაფერი?_ ვსაყვედურობ მე. _ განა ასე მოსწაყენია აქ, ჩემთან? _ აქ სახელიც არ მაქვს! აქ არ ვარსებობ!_ ამბობს ხმადაბლა. _ არ ვიცი, ისინი სულ იმას მიმტკიცებენ, რომ შენ იქ არ არსებობ, რომ რეალური არ ხარ! _ რატომ გამომიგონე? _ იმიტომ, რომ მარტოობის მეშინია! _ თუ არც იქ ვარსებობ და არც აქ, აბა ვინ ვარ? საიდან მოვედი? საით მივდივარ? რა მელოდება?_ იმ კითხვებს მისვამს თავად რომ ვუსვამდი წლების მანძილზე საკუთარ თავს. კითხვებს, რომლებზეც პასუხები ვერ ვიპოვნე. კითხვებს, რომლების დასმაც შევწყვიტე . _ ისინი ამბობენ, რომ ჩემი ქვეცნობიერის ილუზია ხარ! შენ ის ხარ, რაც მე მსურს! იმას ამბობ და ნატრობ, რასაც რეალურად მე უნდა ვნატრობდე! შენ ჩემი ცხადი სიზმარი ხარ! ილუზია, ჩემი თავშესაფარი!_ ვუხსნი და ხელზე ფრთხილად ვეხები. _ შენი თავშესაფარი?_ ჩემკენ ბრუნდება და თვალებში მიყურებს_ მომეცი სახელი! ჩუმად ვარ. თავში ერთი აზრიც არ მომდის. სხვის სახელს ვერ დავარქმევ, ახალს ვერ გამოვიგონებ. ვგრძნობ შიში მეპარება გულში. სახელს თუ დავარქმევ, ის ვიღაც გახდება, ვიღაც ისეთი, ვისაც უფლება ექნება დამტოვოს. ვისაც თავისუფალი ნება ექნება. თავისუფალი ნება?! ამაზე მეღიმება. არ მჯერა, რომ ის საერთოდ არსებობს, თუმცა არც მისი უგულვებელყოფა შემიძლია. _ გთხოვ! მომეცი სახელი!_ ამბობს და მზერა უმძიმდება. _ არა!_ ვპასუხობ და გარშემო სიბნელე წვება. ყვითელი ყვავილები ხმობას იწყებენ. _ შეწყვიტე! ნუ აკეთებ ამას!_ ამბობს და ცდილობს ჩამეხუტოს._ იყოს, როგორც შენ იტყვი, არ მინდა სახელი! ხელებს მხვევს და გულში მიკრავს. რაც არ უნდა თქვას, ვხვდები, რომ ბედნიერი არაა. ირონიულია, მაგრამ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ბედნიერი არ არის. _ ეს შენი სამყაროა, აქედანაც ნუ გაიქცევი!_ ამბობს მშვიდად. მეც ვეხუტები. მისი სიახლოვე მამშვიდებს და ფიქრს, რომ შესაძლოა აქედანაც გაქცევას ვნატრობ, საკუთარი თავიდან ვაძევებ. _ წამოდი, რაღაც მინდა მოგიყვე!_ ხელს მკიდებს და კარვისკენ მივყავარ. შემდეგ მიყვება რაღაც საოცარ ზღაპარს, იმ სამყაროზე, რომელზეც აქამდე არაფერი მსმენია. ვუსმენ და ჩემი ფიქრები დარდებისგან იცლება. იცლება ამაო სევდისგან. იცლება ტკივილისგან. ყველაფრისგან იცლება. რა არის ცხადი სიზმარი? მკითხავთ თქვენ. უბრალოდ თუ ავხსნი: ცხადი სიზმარი არის ფანტაზია, რომელსაც ფხიზლად ყოფნისას ხედავთ. ეს სიზმრები სასიამოვნოა და შეიძლება იმდენად რეალობის შთანმთქმელი იყოს, რომ ყურადღება გადაგატანინოთ თქვენს გარშემო მიმდინარე უსიამოვნო მოვლენებისგან. დროებით, თავიდან ხდება თქვენი მშველელი, გამშვიდებთ იმის წარმოდგენა, რაც გსურთ, ის თავაშესაფარი ხდება, სადაც რეალობიდან გაქცეული დაიმალები, მაგრამ ბოლოს შესაძლოა ის თქვენსავე გონებაში დაგებულ მახედ გექცეთ. იმდენად ძვირფასი, სასიამოვნო და ცხადი გახდეს, რომ თქვენ უარი თქვათ საკუთარ რეალობაზე და სამუდამოდ მის მახეში გამოამწყვდიოთ თავი. პირველად ყველა მეორეხარისხოვან კომუნიკაციას გაწყვიტავთ. გამოიკეტებით საკუთარ ნაჭუჭში, შემდეგ საუბარს შეწყვიტავთ, თვალით კონტაქტს, ყველა თქვენი სოციალური უნარი უკან დაიხევს. უძრავ სტატიკურ მდგომარეობაში გაიყინებით. იჯდებით აჩემებულ ადგილას, თვალგახელილი სინამდვილის ნაცვლად საკუთარ გამოგონილ ცხად სიზმარს შეხიზნული სრულ მდუმარებაში ჩაიძირებით და თუ ოდესმე გაგიელვებთ ის ფიქრი, რომ ეს ცხოვრება არ არის უკან დაბრუნება ძალიან გაგიჭირდებათ. მე ვიაზრებდი საფრთხეს, რომელსაც საკუთარ თავს ვუქმნიდი, მაგრამ ვერაფრით ვამბობდი უარს იმ ნათელ წყვდიადზე რაშიც ამდენად სწრაფად ვიძირებიდი..... _ გიფიქრია იმაზე, რომ სიტყვა სასწაულია?_ ვეკითხები მოგვიანებით, როცა პლედზე ვწევართ და ცას ავყურებთ. _ სასწაული? _ ჰოო, „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.“ სიმღერასავით ვუმეორებ სახარების სიტყვებს. _ანუ რის თქმას ცდილობ?_ მეკითხება და ცას თვალს აშორებს. _ იქნებ მე რომ ხმამაღლა ვინატრე, ეს რეალობა მართლა შეიქმნა? იქნებ სულაც არ ხარ არარსებული ბიჭი? იქნებ მე მხოლოდ გამოგიგონე და შენ მართლა არსებობ? _ ხან მეც კი მაშინებ იცი?_ იცინის და ისევ ზეცას უყურებს. _ იმედია ასე არ გამწირავდა იღბალი, რომ აქ მარტოობისთვის დავბადებულიყავი ამაყებს უკვე სერიოზულად. _მარტოობისთვის? მე აქ არ ვარ?_ მწყინს მისი სიტყვები. _ შენ წახვალ. ადრე თუ გვიან დატოვებ ამ ყველაფერს და რა მოხდება მერე, თუ როგორც შენ ამბობ, მე მართლა ვარსებობ?_ წამოჯდა და საკუთარ მუხლებს დაეყრდნო._ არ მინდა აქ მარადიულ მარტოობაში დარჩენა! ვუყურებ მის იდეალურ პროფილს,რომელსაც, რაც არ უნდა უცნაური იყოს გარკვევით ვხედავ, აქ ხომ არ მაწამებს ის საძაგელი ნათელი სიბრმავე და გული სევდით მევსება. მასზე ვდარდობ, ისე, როგორც სრულებით რეალურ ადამიანზე. მთიან ჰორიზონტს გავყურებ. ეს ხომ სამყაროც არაა. მხოლოდ მინდორია, მთები, ცა, ხე და კარავი. მხოლოდ ეს კმარა ჩემი სიმშვიდისთვის. მეტი არაფერია აქ. მეტი არაფერი მჭირდება, მაგრამ ის? ნუთუ მის დატოვებას შევძლებ? ნუთუ ის აღარ იქნება ჩემი თავშესაფარი? ნუთუ ასე შეიძლება მოხდეს? თვალებს ვახელ და საძინებლის ჭერს ვუყურებ. დავიღალე.... არ მახსოვს პირველად როდის შევქმენი ცხადი სიზმარი. არ მახსოვს რა გამოვიგონე პირველად, მაგრამ მახსოვს ის სიმშვიდე, რაც მაშინ ვიგრძენი, როცა გავიაზრე, რომ მახინჯ რეალობას ცოტა ხნით მაინც დავაღწიე თავი. სიბნელეს ეჩვევა თვალი. ჭერზე ჩრდილები რიალებენ. და მაინც, რატომ ვარ ახლა აქ? რატომ არ კმარა ჩემთვის ის, რაც აქ მაქვს? რატომ? მალე გათენდება. გათენდება და არც კი ვიცი ამ წამს მსურს თუ არა საერთოდ რომ გათენდეს. _ დამეხმარეთ!_ ვჩურჩულებ და ეს კივილი იქნებოდა ამის ძალა რომ მქონდეს ახლა.... 3 _ დღეს ვიზიტი გაქვს!_ სალომეს ხმა რეალობაში მაბრუნებს. ხშირად მიფიქრია, რომ მისი ხმა ის ხავსია, რასაც უკან დასაბრუნებლად ვეჭიდები ხოლმე. _ არ მინდა!_ ვპასუხობ და საკუთარი დაღლილი ხმა აღარ მაოცებს. ბოლო დროა საკუთარ ხმას ვეღარ ვცნობ, მეუცხოება. თითქოს ჩემი არცაა. თითქოს ვიღაც სხვა საუბრობს ჩემი პირით. _ არ გინდა, მაგრამ წახვალ!_ ჩემი და კარადას ხსნის და სამი წლის განუახლებელ გარდეროფში რაღაც შესაფერისს ეძებს. რაღაც ისეთს, რაც ხალხს ჩემდამი დადებითად განაწყობს. დიდად არ მაინტერესებს რას შეარჩევს. სულ ერთია. არც ის მადარდებს, ოთახს მიღმა სამყარო რას ფიქრობს ჩემზე. ასე მგონია ის სამყარო კი არა, საკუთარი თავისთვის თავად მე ვარ სულერთი. მე აღარ ვთვლი ჩემს თავს რეალობის ნაწილად. ან უფრო სწორად თუ ვიტყვი, ის ვინც აქ ვარ, მე აღარ ვარ. ჩემი ნებით ვამბობ უარს საკუთარ თავზე. საკუთარ რეალობას, რომელიც ვერაფერს მთავაზობს ნებით ვთმობ. თქვენს ენაზ: „ვნებდები!“ , მაგრამ ეს სულ ერთია... სულ....ერთი.... მაგრამ რეალურად დავნებდი თუ არა?! როგორ დანებდები, როცა ომი უჩემოდ დასრულდა? ჩემს დას ვუყურებ და ვფიქრობ, ის რომ არ იყოს... ჰოო, სწორედ ის არის ის გაუწყვეტელი ძაფი, რაც აქ მაკავებს. ძაფი თუ ბორკილი? ვუყურებ და ვგრძნობ, როგორ მაღიზიანებს მისი სიახლოვე. რომ არა ის, მე თავისუფალი ვიქნებოდი აქაურობის მახისგან. რომ არა მისი ხმა.... თვალებს ვხუჭავ და საკუთარი ფიქრებით შეძრწუნებული საწოლს ვეხეთქები ზურგით. მეტკინოს, ნეტავ მეტკინოს. ასე იქნებ, იქნებ ვიგრძნო რაღაცა... სხვა დროს ვიტყოდი, რომ ეს ქალი ფსიქოლოგი, სასიამოვნო ვინმე იყო. იმასაც დავამატებდი ირონიით, რომ ფსიქოლოგის კაბინეტს ასეთი თამამი დეკოლტე აშკარად სიმყუდროვეს მატებს, მაგრამ ახლა ვუყურებ და სულ ერთია თუნდაც შიშველი მჯდარა ჩემ წინ. მიყურებს იმ თავისი ჭკვიანი თვალებით და მელოდება. იცის რომ ადრე თუ გვიან საუბარს დავიწყებ. იცის გავტყდები. ალბათ ყველა ნებდება და ამიტომ. ყველა ვინც მარტოა! სულ ოდნავ ვიღიმი, ან იქნება მგონია, რომ ვიღიმი. _ რას ვაკეთებ აქ?_ გაოცებული ათვალიერებს ფსიქოლოგის კაბინეტს. _ შენ ხომ გსურდა ჩემი სამყაროს ნახვა, ხოდა დატკბი!_ ვპასუხობ და ვცდილობ მისი სიახლოვით გამოწვეული სიამოვნება დავმალო. _ რამის თქმა ხომ არ გსურთ?_ მეკითხება ჩემს წინ მჯდომი და მის მზერაში ასე მგონია სანადიროდ გამოსული მშიერი მხეცის თვალები ელავენ. მის კითხვას არ ვიმჩნევ. _ ეს ქალი ვინ არის?_ მეკითხება და გვერდით მიჯდება. ისე მინდა შევეხო იმ წამს. ხელი მოვკიდო მაჯაზე და მისი პულსაცია ვიგრძნო. ხო, იქნებ ასე რომ მოვიქცე მან ხორცი შეისხას იქნებ ასე რეალური გახდეს?! _ არავინ მნიშვნელოვანი! _ ასწ რატომ გიყურებს? _ ჩემს თავში ჩაძრომას ცდილობს. _ რას ეძებს იქ? _ შენ! შენ გეძებს!_ ჩუმდება და ცოტა ხნით ფსიქოლოგს აკვირდება. თვალები კვლავ სევდიანი აქვს. _ ალბათ, ჩემი მოკვლა სურს არა? _ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით!_ თავს ვუქნევ და აღარ ვცდილობ თავის მოჩვენებას. _ რას გულისხმობთ?_ მეკითხება ის ქალი. სრულებით უცხო, ჩემთვის არავინ და არაფერი. ქალი, რომელსაც სურს „განმკურნოს“ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ძვირფასი სენისგან. _ მივდივართ!_ ვეუბნები მას და კაბინეტს ისე ვტოვებ, ყურადღებას არ ვაქცევ იმ ქალის ადევნებულ გამჭოლ მზერას და სიტყვებს, რომლებიც უკვე აღარც მესმის. _ აბა მოგწონს აქაურობა?_ მივუყვებით ქუჩას ერთად. არ მახსოვს, ბოლოს როდის ანათებდა მზე ამდენად ძალუმად. არ მახსოვს ბოლოს როდის მუხაროდა ასე სეირნობა, არ მახსოვს ბოლოს როდის ვგრძნობდი თავს ასე ცოცხლად. ნუთუ მხოლოდ ის კმარა, რომ ცხოვრებამ ფერები დაიბრუნოს? რომ სუნთქვა ისევ მინდოდეს? დიდხანს დავდივართ... ქუჩიდან ქუჩაზე... სკვერიდან სკვერზე.... მას ყველაფერი აინტერესებს. მას ყველაფერი მოსწონს. მას ყველაფერი აცინებს და მე სადღაც გულში ვგრძნობ, რომ ის მართალია. ცას ვუყურებ. რამდენი ხანია ცა არ გამხსენებია. _ იქ ცაშია თავისუფლება?_ მეკითხება და ისიც ცას აჰყურებს თვალმოჭუტული. _ თავისუფლება? არ ვიცი, უსაზღვროება, ალბათ კი. _ ვპასუხობ და თავად მეცინება საკუთარ სულელურ პასუხზე. _ შენ უსაზღვროება გგონია თავისუფლება? _ იღიმის ჩვეულად მხრებს ვიჩეჩავ. _ როცა საზღვარი არ გაქვს, ჰოო, თავისუფალი ხარ!_ ვეთანხმები საკუთარ აზრს. _ აი მე მასე არ მგონია. თავისუფლება ის კი არაა საზღვარს რომ დაანგრევ, არამედ რომ შეგიძლია ნგრევა და საკუთარ თავში ძალას რომ პოულობ ამ ნგრევის შესაჩერებლად. აი ეს მგონია თავისუფლება. _ მის სიტყვებზე ვფიქრობ და ისევ მგონია, რომ რაღაც ისეთ სიმართლეს ამბობს, ჯერ რომ გაგება არ შემიძლია..... _ სად დადიხარ, სად!_ მესმის ნაცნობი ხმა და ცის გამჭვირვალე ლაჟვარდი თანდათან მუქდება. საავდროდ დამძიმებული ღრუბლების ნაცრისფერით ივსება გარემო. _ ეგოისტო! ! მესმის კვლავ ნაცნობი სიტყვები. _ ამას როგორ მიკეთებ? ამას როგორ უკეთებ საკუთარ თავს?!_ თითქოს ბურანი იწმინდება. ჩემი დის არეულ სახეს ვხედავ. წყალი წურწურით ჩამოსდის სახეზე. სველი თმა აბურდული და გასაწური აქვს. შეშინებული, ნამტირალევი და თანაგრძნობით სავსე თვალები აქვს. _ რა მოგივიდა სალო? სველი რატომ ხარ?_ ვეკითხები გაოცებული და თითებს ლოყაზე ვახებ. _ სველი?? _ იცინის ნერვიულად._ საკუთარ თავს შეხედე, არანორმალურო. ყვირის ბრაზით, თან უცნაური სევდით. საკუთარ ხელებს დავყურებ გაოცებული. მთლად ლურჯი მაქვს. გაყინული და საშინლად მიკანკალებს. გაოგნებული ვათვალიერებ საკუთარ თავს. „როდის? როდის გაწვიმდა?“ ვჩურჩულებ და ვგრძნობ, როგორ მიპყრობს შიში. ნუთუ ეს შესაძლებელია? ნუთუ ამდენად მოვწყდი რეალობას? _ ადექი! სახლში წავიდეთ!_ მხრებზე ხელს მხვევს ჩემი და მანქანისკენ მივყავარ. სკვერს ვათვალიერებ. ის იქ არააა. ან როგორ იქნება?! როგორ იქნება???? 4 _ უნდა ვილაპარაკოთ!_ ჩემი და თვალს არ მისწორებს. ალბათ ისეთი რამე უნდა მითხრას, რისი თქმაც მისთვის არაა ადვილი. ალბათ საკუთარ თავს არ ეთანხმება, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. ვერ გავამტყუნებ! ის დიდი ხანია ითმენს. ის დიდი ხანია ორივეს ნაცვლად იბრძვის. იბრძვის ისე, როგორც შეუძლია. ალბათ მისი მოთმინების ლიმიტიც ამოვწურე ალბათ სხვა გამოსავალი არ დავუტოვე. _ სულ ერთია, _ვპასუხობ მშვიდად. _ გააკეთე ის, რაც სწორად მიგაჩნია. თავს სწევს და ხასხასა მწვანე თვალები უმუქდება. არ მინდა მისი სევდის მიზეზი ვიყო. მას აქვს უფლება იცხოვროს. საკუთარი თავი არ მებრალება. პირიქით, მზად ვარ ჩემი და გავუშვა. ასე ჯობია. მზად ვარ რეალობასთან მაკავშირებელი ბოლო ძაფიც გავწყვიტო. მან რომ იცოდეს, ახლა რას ვფიქრობ, ალბათ გადაიფიქრებს, ამიტომ არაფერს ვეტყვი. მას ამის ცოდნა არ სჭირდება. იმისთვის, რომ მას დავეხმარო, იმისთვის რომ სინდისის ქენჯნა არ იგრძნოს, პირველი და უკანასკნელი ნაბიჯი თავად უნდა გადავდგა. _ მაპატიე პატარა დაო!_ ვამბობ ხმადაბლა და იმ წამიდან საუბარზე, ჭამაზე, ყოველგვარ ქმედებაზე უარს ვამბობ. .... _ რაღაც ძალიან მშვიდად ხარ, რამე მოხდა?_ მაკვირდება ინტერესით. გარს მივლის და ჩემს წინ ჩერდება. _ ანათებ თითქოს! _ ახლა თავისუფალი ვარ! სრულიად თავისუფალი. _ ვპასუხობ და ხელებს ვუწვდი. ის უკან იხევს. _ რა გააკეთე? რას ნიშნავს თავისუფალი?_ მეკითხება შეცბუნებით. ვხვდები, არ მოსწონს ის, რაც წარმოიდგინა, მაგრამ როგორ? როგორ წარმოიდგინა თუ არ არსებობს?! _ ახლა აქიდან არასდროს წავალ. სულ შენთან ვიქნები!_ მინდა მიხვდეს, რომ ეს მნიშვნელოვანია. მიხვდეს, რომ აქ მის გამო დავბრუნდი. რომ აქ მის გამო ვრჩები. რომ ის სრულებით საკმარისია. _ რა გააკეთე? რა ჩაიდინე?_ მეკითხება ნერვიულად და ჩემს მიღმა ათვალიერებს სივრცეს, თითქოს რამის დანახვას შეძლებს _ არა, რადგან აქაურობა ისევ არის, ის არა, რაც მგონია არა? _ და თუნდაც, ამას რა აზრი აქვს?_ უკვე სიბრაზე მეპარება. უეცრად უცნაური ეჭვი მიტანს. იქნებ მას იმედი ჰქონდა, რომ ერთ დღეს, აქაურობას თავს დააღწევდა და ჩემი გავლით რეალურ სამყაროს მიაშურებდა? _ რას ფიქრობ ახლა? მასე რატომ მიყურებ?_ მეკითხება და მის მზერაში ცარიელი ინტერესია. _ მითხარი, გინდა აქიდან წასვლა? რომ შეგეძლოს აქ დამტოვებდი და იქ ..._ ხმა მერევა. ამის გააზრება, ამის დაშვება გულს მტკენს. _ არა!_ მიახლოვდება და მაჯებში ხელს მკიდებს._ აქიდან შენთან ერთად მინდა წასვლა. მინდა სიმშვიდის პივნაში დაგეხმარო. მინდა შენი სიმშვიდე ვიყო და არა თავშესაფარი. მინდა თავშესაფარი არ გჭირდებოდეს, გესმის? მესმის, მისი მესმის. მე ხომ ყველასი მესმის საკუთარი თავის გარდა. ჩემი დაბრუნებით გამოწვეული სიხარული ბაცდება. ხელებს ვუშვებ და კარვისკენ მივდივარ. ვხსნი და შიგნით ვიმალები. აღარც მისი დანახვა მიხარია. აღარც ამ სილამაზის, აღარც ამ უღრუბლო ცის, აღარც ამ ცარიელი უჩრდილო მინდვრის. აღარც აყვავებული მაგნოლიის, აღარც საქანელის ნიავზე ფერადი ფერადი ლენტების. კარავს შიგნიდან ვხურავ. ვწვები და ემბრიონივით ვიკუნტები. ნეტავ გავქრე, უბრალოდ გავქრე.... საკუთარი ფიქრებიდან გავქრე..... დრო გადის, არ ვიცი ნელა თუ სწრაფად. მხოლოდ კედლებზე ჩრდილები იცვლიან ადგილს. აქ კედლები თოვლისფერია. გრძნობაც ისეთი მაქვს, თითქოს თოვლში ვარ ჩაფლული. აქ არ არის მუსიკა. ყოველ შემთხვევაში მე არ მესმის. აქ ფერები მხოლოდ აბებს აქვს, დღეში სამჯერ რომ მასმევენ. დილით ცისფერი, თოვლისფერი და სისხლისფერი. შუადღეს მხოლოდ ცისფერი და თოვლისფერი. საღამოს მზისფერი. ისინი არ მენდობიან. აბების დალევის შემდეგ პირს ვაღებ და ისინი ჩემში იყურებიან. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არარსებულ თითებს ჩემ შიგნით აფათურებენ, რომ მზერით გულამდე აღწევენ, ხორცის ამ ციცქნა ნაგლეჯს თითებს მონოტონურად უჭერენ და ფეთქვას აიძულებენ. ფანჯრის ცხაურებს პატარა კვადრატები აქვს, ორას ექვსი პატარა ჭრილი გარე სამყაროდან ხმაური ამ კვადრატების გავლით აღწევს. ნეტავ მე მიცავენ მისგან, თუ მას ჩემგან? როგორც მე მივხვდი, ის მზისფერი აბი სიზმრების კლავს. ჩემს ძილს დარაჯობს. ცისფერი გაფრენის სურვილს აძინებს. სისხლისფერი კი... ჰოო სისხლისფერი აბი.... ალბათ მის გამო აღარ იხსნება ჩემი კარავი. რამდენჯერ ვცადე, კვლავ მასში ვარ გამოკეტილი. ვეძახე, მოვიხმე, მაგრამ მას ჩემი არ ესმის. არადა ამბობდა, თუ დამიძახებ, მოვალო. ან იქნებ ნაწყენია და ამიტომ არ მაგონებს. ისინი ამბობენ, რომ ის აღარასდროს დაბრუნდება. მე მათი არ მჯერა. ექიმმა მითხრა, როცა ამას დავიჯერებ, აქიდან გამიშვებს, მე კი ამის დაჯერება არ მსურს, ამიტომ ისევ აქ ვარ. ხანდახან, როცა ჩრდილები კედელზე 14 ბრუნს გააკეთებენ, სალო მოდის. მე იმაზე ვფიქრობ, რომ ახლა ამ პალატაში მე სამყაროს ცენტრი ვარ და ჩრდილები ჩემი პლანეტებია. სალო მიყვება ამბებს. ხელებს მომკიდებს და თვალებში მიყურებს. მეც ვუყურებ, მაგრამ მისი არ მესმის. მალე მავიწყდება მისი ამბები. თუმცა მისი მოსვლა ერთფეროვან რუტინას არღვევს და თან თავადაც რუტინას ჰგავს. წასვლისას შუბლზე მკოცნის. _შუბლზე ავადმყოფებს კოცნიან!_ მიელავს ხოლმე სადღაც მოსმენილი ფრაზა. დღეები გადიან.... სინამდვილეში აქაც მარტო ვარ..... მისი სახე თანდათან მავიწყდება. მათაც ხომ ეს სურდათ. ალბათ მალე „კარგად“ ვიქნები. ......... _ აბა, რას იტყვით ვერა? თავს როგორ გრძნობთ?_ მეკითხება ექიმი და გვერდით მიჯდება. წიგნს ფრთხილად ვხურავ და ვუღიმი. ღიმილი ეს მნიშვნელოვანია. არ უნდა დამავიწყდეს. _ კარგად, ექიმო! დღეს უჩვეულოდ ნათელი დღეა. ეს ხასიათზეც მოქმედებს._ ვპასუხობ და თვალებში ვუყურებ. არც ეს უნდა დამავიწყდეს. ესეც მნიშვნელოვანია. _ ნამდვილად! დღეს უჩვეულოდ თბილა. ალბათ გაზაფხულიც აღარ არის შორს. რას კითხულობთ ვერა?_ მეკითხება და წიგნს ჩემგან დაუკითხავად იღებს. ამით თითქოს მანიშნებს, რომ ამის სრული უფლება აქვს, რადგან მე ჯერ ისევ აქ ვარ. _ ჰოო, „იკიგაი“? _ თავს ვუქნევ. _ და რას იტყვი, იპოვნე შენი იკიგაი ბოლოს და ბოლოს? _ ვიპოვნე, თქვენი დახმარებით, სიმშვიდე დაბრუნდა ექიმო!_ მადლიერებაც მნიშვნელოვანია, არ უნდა დამავიწყდეს. ადამიანური დადებით ემოციები, ჰოო მათი დავიწყება არ შეიძლება. მიყურებს დიდხანს და დაკვირვებით, მეც ვუყურებ და თვალს არ ვაცილებ. ჩემს თვალებში მას ეძებს, ეს ვიცი. ამიტომ თვალებს არ ვმალავ, დაე ეძებოს. მას იქ ვერ იპოვნის. _ სიზმრების ამბავი როგორ არის ვერა? _ სიზმრებს თითქმის აღარ ვხედავ. ან თუ ვხედავ მავიწყდება!_ ვუღიმი გულწრფელად. ახლა არ ვიტყუები, მართლა ასეა. ხმა ოდნავ მებზარება. ვიცი ხედავს ჩემს დარდს. ამბობს რომ დარდი ადამიანური ემოცია და ის აუცილებელიც კია. რომ დარდი გამივლის. _ ვფიქრობ ჩვენ მალე დავემშვიდობებით ერთმანეთს. არ გიხარიათ ვერა? _ სრულებით!_ ვეთანხმები და თითებს სკამის ხის ძელს შეუმჩნევლად ვუჭერ. ..... სახლში ვბრუნდები სრულებით ცარიელი. როგორც ის კომპიუტერი, რომელზეც ვინდოუსი გადააყენეს. სასაცილო შედარებაა არა? არადა თავს ასე ვგრძნობ. ახლა მხოლოდ ჩემი დენის წყაროზე მიერეთებაღა დარჩა და მზად ვარ სამსახურისთვის. ახლა გისმენთ და გემორჩილებით! _ ივახშმებ?_ მეკითხება სალომე. ვივახშმებ! დავიძინებ! დავწერ! მოგისმენ! გავიღიმებ! ვისუნთქებ! ყველაფერს ვიზამ, რაც თქვენი ბედნიერებისთვის არის საჭირო. თუ საჭირო გახდა ბედნიერიც ვიქნები. დრო რომ გავა ვინმეს შევიყვარებ, შვილებს გავუჩენ და მერე მას ვეტყვი: „გისმენ და გემორჩილები!“ რა ცოტა კმარა თქვენი სიხარულისთვის?! მაგრამ მე სად ვიქნები ამ დროს? როდემდე გავძლებ? როდემდე ვითამაშებ ბედნიერი ადამიანის როლს? როდის დაბრუნდებიან ჩემი ცხადი სიზმრები? ეს მხოლოდ დროის საკითხია..... .... ცაზე უზარმაზარი ჯადოსნური მთვარეა, ქუჩაში უამრავი ადამიანი, მაგრამ მთვარეს ვერავინ ხედავს.... სკოლაში მიმავალი ავტობუსის ფანჯრიდან ვხედავ მზეს. ვერავინ ამჩნევს, რომ დილის ნისლში საოცრად ხელშესახები ბომბორა ბურთია მზე..... აღარც ვარსკვლავები ჩანან, მაინც აღარავინ ითვლით.... თოვლს ველოდები, იქნებ შეავსოს ის სიცარიელე, თანდათან რომ იხსნის პირს და ჩანთქმას რომ მიპირებს.... ვისწავლე დარდის დამალვა. ვისწავლე ფიქრის დაწერა. ვისწავლე სიზმრების დავიწყება. მაგრამ დიდად არაფერი შეცვლილა იცით? სადღაც მაღალი სახლის სახურავზე დგას ჩემი ყვითელი კარავი. ჯერ ისევ ღიაა. ის დამპირდა, რომ დახურავს, როცა ყველაფერი კარგად იქნება..... დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



