პროლოგი, ანუ ვიწყებ!
პირველ რიგში, მოგესალმებით. ბევრი ვიფიქრე, დავრეგისტრირებულიყავი თუ არა საიტზე. ვწერ დიდი ხანია, მაგრამ ჩუმად, ჩემთვის და აქამდე უახლოეს ადამიანებსაც კი არ ვაძლევდი უფლებას ჩემი ჩანაწერები წაეკითხათ. ისტორიებს, რომლებსაც ვწერ, ჩემ ნაწილად აღვიქვამ და მეგონა, თუ ვინმე გადაფურცლავდა ჩემს რვეულს, რაღაც მომაკლდებოდა და ისე მეშინოდა ამ სიცარიელის, როგორც არაფრის. მეშინია ახლაც, მაგრამ რაღაც მაიძულებს ყველაფერი საჯარო გავხადო. იქნებ მომბეზრდა ის ფაქტი, რომ ჩემი ისტორიების მწერალიც, მკითხველიც და შემფასებელიც მხოლოდ მე ვარ?! ნამდვილად უაზრობაა, წერო და მალო შენი ნაწერები, ბოლო-ბოლო, იმას მაინც გაიგებ, საერთოდ არის თუ არა შენი საქმე წერა. დიდი ხანია, საიტის მკითხველი ვარ და კარგად ვიცი, რამდენად კარგი, კეთილი და ერთმანეთის დახმარების მოსურნე კოლექტივი ფუსფუსებს აქ (იქნებ თქვენმა ასეთმა თვისებებმაც გადამაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა). გადავწყვიტე, ჯერ საკუთარი მოკლე ბიოგრაფია დამეწერა, ვინაიდან, როგორც აღვნიშნე, სულ მცირე ორი წელია, აქ ისტორიებს/ლექსებს ვკითხულობ და ხშირად დავინტერესებულვარ, როგორია ის ადამიანი, ვინც ასე ფიქრობს, ვინც ამ სიტყვებს წერს-მეთქი. ბევრჯერ წამიკითხავს რაღაც გენიალური თქვენს ნაწერებში, ისეთი, რომ, არ დავმალავ, გამკვირვებია, ახალგაზრდა ადამიანს ამდენად ღრმა ფიქრები როგორ უტრიალებს თავში-თქო, მერე კი სიამაყით ჩამღიმებია. დიახ, მეამაყება თქვენი თითოეული ისტორია და ისიც, რომ ამდენი შემოქმედი ადამიანი არსებობს. ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებს ეს საიტი, ყველას აძლევს შანსს, განვითარდეს. თქვენც ხომ ნელ-ნელა, ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდით პატარა მწერლებად. განა ყოველი მომდევნო ისტორია წინაზე უკეთ არ გამოგდით?! პირადად მე შემინიშნავს ეს თქვენს ნაწერებში და გამიფიქრებია კიდეც, ეს ბავშვი კარგ რომანს დაწერდა ამ ისტორიაზე-თქო. ამ საიტმა მეც მომცა შანსი მცირედით შემეცვალა ჩემი ცხოვრება: ვიცი, როდესაც ახალ თავს, ახალ ისტორიას დავდებ, მოუთმენლად დაველოდები თქვენს კომენტარებს, სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრს და ეს ყველაფერი ავადმყოფურად მესიამოვნება. თავდაპირველად გეტყვით, რომ ჩემი ნიკი hirondelle, რომლითაც დავწერ, მერცხალს ნიშნავს. ეს ფრინველი იმდენად ახლობელია ჩემთვის, რომ მზად ვარ რეინკარნაცია ვირწმუნო და მეც მერცხლად გადავიქცე (რა თქმა უნდა, ხუმრობით). მაკრატელა ჩემთვის თავისუფლებასთან ასოცირდება, თავისუფლება კი ისაა, რისკენაც ვისწრაფი. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ წერაც ამიტომ მიყვარს, ის თავისუფალს მხდის. სხვა მხრივ? სხვა მხრივ ჩვეულებრივი ვარ, ზედმეტად ჩვეულებრივიც კი. უფრო, მომაბეზრებლად ჩვეულებრივი. ისევ წერას მივადექი .. წერა საშუალებას მაძლევს არაჩვეულებრივი გავხდე, მაძლევს შეუზღუდავ თავისუფლებას, ვაკეთო სისულელეები, ვიყო საშინლად ბოროტი ან გულუბრყვილოდ კეთილი, უსაზღვრო სიმდიდრეც მოაქვს ჩემთვის და გაჭირვებისგან სულსაც მხდის, მაძლევს შესაძლებლობას ვიყო თანამედროვე, ვიყო ჩამოსული, ვიყო უკვე 60 წელს გადაცილებული მოხუცი ან ვიყო ბავშვი... ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ ვწერო. ვწერ კიდეც, მაგრამ ამ ბოლო დროს, გრაფიკიდან გამომდინარე, ვეღარ ვახერხებდი საკუთარ თავთან მარტო დარჩენას და ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ახლა კი საიტზე რეგისტრაციით ერთგვარ პასუხისმგებლობას ვიღებ, პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე, რომ ახალ-ახალ ისტორიებს შევქმნი. მაშ ასე, მე ვიწყებ!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.