კიდევ ერთხელ მოვკვდი
დედამიწის თვალიერებისას შემომისწრეს. ვიცოდი, იმ დღეებში ეძებდნენ ვინმეს დასაბადებლად, შემომთავაზეს და მეც დიდხანს არ მიყოყმანია. პირველად ერთ მარტოხელა მოხუცთან გამიშვეს, მოუარეო. ხის სახლში ცხოვრობდა და სახედაღარული, თვალის უპეებში იგუბებდა ცრემლს. წელში ოთხად, ან იქნებ ხუთადაც მოკეცილი დარაცრაცებდა ოთხებს შორის, აჭრიალებდა წლებგამოვლილ იატაკს და დროისაგან შეჭმულ რკინის საწოლს. ყოველ დილით ადგომას მასწრებდა, გავარვარებულ თონეში აკრავდა წლებს და ცხელ-ცხელი ტკივილი ამოჰქონდა დამწვარი თითებით. ვერაფრით ვასწავლე ხელთათმნის ხმარება, უკვე მიჩვეული ვარ, შვილოო და მეც სხვა რა გზა მქონდა, ვჩუმდებოდი. წელავდა პურის ცომივით ზაფხულის ადუღებულ საათებს და მოსაღამოვებულს ორთქლავარდნილი სული ძლივსღა მიჰქონდა მკვდარი ქმარ-შვილის ოთახამდე. რამოდენიმე კვირაში ხელში ჩამაკვდა და სულ მარტო დამტოვა დედამიწაზე. მაშინ პირველად მოვკვდი. დედამიწის ცქერა არ შემიწყვეტია და ისევ გამომიშვეს. მეორედ უშვილო ცოლ-ქმარი ჩამაბარეს. შემეხათრა მათი მყუდროების დარღვევა, თუმცა სხვა რა გზა მქონდა და დაუპატიჟებელი სტუმარივით შევეჭერი ოცი-ოცდახუთი წლის აშენებულ ოჯახში. გამინაწილეს ყველაფერი რაც კი ებადათ, ბოლო ლუკმა თუ წყლის ერთი ყლუპიც კი, ყველაფერი გამიყვეს დარდის გარდა. მას თავიანთვის ინახავდნენ სასთუმალქვეშ და გარეთაც კი არ გაჰქონდათ გამოსამზეურებლად. არავინ მოჰკრას თვალი და გულში ნაღველი არ ჩაუდგესო. მხოლოდ ერთ-ორჯერ ჩადეს ტყავის გაცრეცილ ჩემოდანში თავიანთი ნაფერები დარდი და ტაძარში წაიღეს. ბოლოს უჩემოდნოდ დაბრუნდნენ და გამიკვირდა, დარდი წმინდა გიორგის ერთ პატარა ეკლესიაში დაეტოვათ. 9 თვეში ბიჭი ეყოლათ, მზეს უფრო ჰგავდა და ერთბაშად გაანათა ოჯახი. მანამდე ბრწყინავდა, ვიდრე ჭირი არ მოედო სოფელს და ნანატრი, ნაოცნებარი შვილი თავიანთი ხელით არ მიაბარეს მიწას. მაშინ მეორედ მოვკვდი. ვაღიარებ ბევრი ტკივილის მიუხედავად მაინც ლამაზია დედამიწა და ენციკლოპედიასავით ვათვალიერებდი თვალებანთებული. მესამედაც დავიბადე. ამჯერად დიდი ოჯახი გამომიჩნდა, დიდი და თბილი, თუმცა მუდამ სევდიანი. ოჯახი სადაც ყველა ელოდა დედის დაბრუნებას და ბავშვის საწოლზე სათამაშოების ნაცვლად ჩამომხვრჩვალი ოცნებები ეკიდა. არსად დაწერილა იმდენი დედის დღის მისალოცი ბარათი რამდენიც აქ, თუმცა იმ დღეს არავისთვის მოუკითხავთ და სანაგვე ყუთებიც აივსო ბარათებზე ნახატი იმედებით. მაშინ მესამედ მოვკვდი. ტკივილით დაღლილს ჩამეძინა და ხელისგულზე გადაშლილი დამრჩა სამყარო, სადაც მთვარეც ლოდინით დაღლილი ბავშვების თვალებად ანათებს, მზეც ისე აცხუნებს, როგორც მოხუცის თონეში ჩაკრული მონატრება და მიწას ისევ ასდის იმ ნესტიანი დარდის სუნი, რომელსაც დღემდე არ ამზეურებენ უშვილო ოჯახები. /დარეჯან გოგაშვილი/ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.