ნაღვლიანი ბედნიერება
-ბაბუ, მიდიხარ? -მივდივარ. -სად? პასუხი ვერ გავეცი. მე თვითონაც არ ვიცოდი, სად მივდიოდი და რა მეთქვა?! ერთხანს მიყურა, როგორ ვკრავდი ჩემს ცოდვებით დამძიმებულ ზურგჩანთას. გაკვირვებული იყო, ეტყობოდა, მაგრამ მაინც არაფერი მითხრა, სანამ „ნაღვლიანი ბედნიერებით“ არ დავაცქერდი თავზე. -მაგ ჩანთაში რა გაქვს? -განვლილ წლებს ერთად მოვუყარე თავი და აქ ჩავუძახე. - ვცდილობ, ნაღვლიანი ღიმილი უფრო ბედნიერმა შეცვალოს. ვიხრები და ზურგჩანთას ვიღებ. მძიმეა ტვირთი. გზისკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. მძიმეა ტვირთი. -მოგეხმარები, ბაბუ! - ჩემკენ გამორბის ბავშვი და ცდილობს, შემეშველოს. „ნაღვლიანი ბედნიერება“ ქრება. -შენთვის ჯერ ადრეა... ზურგს ვაქცევ ბავშვს, უდანაშაულო არსებას, რომელიც ალბათ ერთადერთია ჩემს ცხოვრებაში, დახმარება რომ შემოუთავაზებია და უარი მითქვამს. მისთვის მართლაც ადრეა ჯერ ეს ტვირთი და, მით უმეტეს, ჩემი! ფეხებქვეშ გამხმარი ფოთლები ხრაშუნობენ. მე, ძლივს შემორჩენილი ნაღვლიანი ბედნიერებით დავცქერი მათ და არც კი ვცდილობ გვერდი ავუარო. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს ცხოვრების კანონია: ძლიერი ჩაგრავს სუსტს, სუსტი მასზე სუსტს და ა.შ. მე სუსტი აღმოვჩნდი. ახლა კიდევ უფრო სუსტი ვარ, რადგან ჩემ მიერ შეგროვებულ ცხოვრებისეულ ტვირთს ვერ ვათრევ მარტო, მინდა ვინმე მომეშველოს, ან სულაც სხვებივით თავისუფლად ვიარო. მაგალითად, როგორც მაშინ, ბავშვობაში... მძიმეა ტვირთი. აღარ ვიცი რა ვქნა. გაძლებაზე ვარ... ცოტაც და... ცოტაც და... ეკლესიას ვუახლოვდები. ეკლესიის იქით გზატკეცილია, მერე აღმართი და ბოლოს - ხსნა. როგორმე უნდა გავუძლო, მაგრამ როგორ - არ ვიცი. მთელი ძალით მაწევს ცხოვრების სიმძიმე მხრებსა და კისერზე, ასე მგონია, თავი კიდევ უფრო რომ დავხარო, უფსკრულში ჩავვარდები. უფსკრული. მინდა როგორმე თავი დავიძვრინო ამ მძიმე უღელიდან. „ეკლესიას ვუახლოვდები. ეკლესიის იქით გზატკეცილია, მერე აღმართი და ბოლოს - ხსნა.“ მუხლები მეკვეთება. ძალა აღარ მაქვს. მინდა ვიღრიალო, რომ მე დავიღალე, რომ დასვენება მჭირდება, რომ მეტი აღარ შემიძლია, რომ ეს ტვირთი მეტისმეტად მძიმეა, რომ მე აღარ მაქვს სურვილი ასე ცხოვრების, რომ მე მინდა გავთავისუფლდე რომ სხვა უფრო თავისუფლად მიდის, ვიდრე მე, რომ მათი ტვირთი უფრო მსუბუქია, ვიდრე ჩემი, რომ მე მათი მშურს! რომ მე მინდა მათ ადგილზე ყოფნა! რომ მე ერთი სული მაქვს, როდის მოვიშორებ ამ ტვირთს მხრებიდან და თავისუფლად განვაგრძობ სვლას.. ლაღად, მხიარულად, მსუბუქად... მაგრამ არ გამომდის! „ეკლესიას ვუახლოვდები. ეკლესიის იქით გზატკეცილია, მერე აღმართი და ბოლოს - ხსნა.“ გზა ეკლესიამდე - საუკუნედ გაიწელა. „ნაღვლიანი ბედნიერება“ ?! „ეს ყველაზე საშინელია. ვგრძნობდი, თანდათან როგორ ჩამიცვივდა ლოყები, დაღლილი ვიყავი და მშიერი, იმ ნაღვლიანი ბედნიერების უკანასკნელი კვალიც კი გამიქრა, რადგან ვიცოდი, ჩემი საქმე წასული იყო“. წასული იყო, დიახაც, წასული, რადგან არა და არ მოახლოვდა ეს წყეული ეკლესია, რომლის იქითაც გზატკეცილია, მერე აღმართი და ბოლოს - ხსნა! ასე მგონია, უფსკრულის კიდეზე ვდგავარ და ერთი ნაბიჯიც რომ გადავდგა ჩავვარდები. არადა ვიცი, მოკლეა ჩემი ჯვარი. მოკლეა. არ მეყოფა, რომ უფსკრულის თავზე, ერთი კიდიდან მეორემდე გავდო და უვნებლად გადავიდე. უეჭველია, ჩავვარდები! „მძიმეა ტვირთი. აღარ ვიცი რა ვქნა. გაძლებაზე ვარ... ცოტაც და... ცოტაც და...“ ჩემ წინ უფსკრულია და მე თანდათან ვშორდები ეკლესიას, რომლის იქითაც გზატკეცილია, მერე აღმართი და ბოლოს - ხსნა. ზურგჩანთას ვიხსნი მხრებიდან და ძირს ვაგდებ. წამიერად ვგრძნობ შვებას... სანამ დროა უნდა მოვასწრო, უნდა მოვასწრო! ძალას ვიკრებ და ვცდილობ უფსკრულს თავზე გადავევლო, მეორე მხარეს აღმოვჩნდე, სადაც ეკლესიაა, ეკლესიის იქით გზატკეცილია, მერე აღმართი და ბოლოს - ხსნა. მთელი ძალით ვენარცხები ძირს. ილუზია ქრება და მასთან ერთად უფსკრულიც. მე ეკლესიის წინ ვგდივარ. ჩანთა, რომელიც გზაში დავტოვე, წამომწევია და მხრებზე მაზის, თანაც მთელი თავისი ცხოვრების სიმძიმითა და ცოდვებით. მაინც ვერ მოვიშორე. არადა ჩენ წინ ეკლესიაა, რომელის იქითაც... მძიმეა ტვირთი. გაძლებაზე ვარ. აღარ ვიცი რა ვქნა. ვხვდები, რომ გზის გასაგრძელებელი ძალა სრულებით აღარ ჩემწევს, არადა უკვე ეკლესიასთან ვარ, რომლის შემდეგაც გზატკეცილია, მერე აღმართი და ბოლოს - ხსნა. ვიღაცის ფეხის ხმა მესმის. სუთქვაშეკრული ვუსმენ და ველი, როდის მომიახლოვდება, რომ ამაყენოს და იქნებ შევძლო კიდეც გზის გაგრძელება. ამის იქით ხომ გზატკეცილია და მერე... „ეს მოკლავს ამას“ - გამვლელი რამდენიმე წამი ჩერდება ჩემ ახლოს, მერე მიდის. დიდხანს გავყურებ როგორ თელავს ფეხქვეშ ხმელ ფოთლებს. მეც გამთელავენ. ჩემ წინ ეკლესიაა, ამის შემდეგ გზატკეცილი, მერე აღმართი და ბოლოს - ხსნა. ჩემი ცოდვებით დამძიმებული მხრები კი მიწას გართხმიან და ძალა აღარ აქვთ. _________ ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ იმედი მაქვს, ზუსტად მიხვდებით ამ ჩანახატის დატვირთვას. დანარჩენი თქვენთვის მომინდია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.