შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარის მოტანილი წერილების დღე


25-09-2015, 19:15
ნანახია 3 059

პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც ჩემი საკონკურსო ჩანახატი მოიწონეთ და მეორე ეტაპზე გადასვლის ღირსად ჩამთვალეთ.
ეს ვიბოდიალე, მაგრამ არაუშავს. რაც არის, არის. (ვიცინი)
***

„თავზე კაპოუშონწამოფარებული, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ვდგავარ საავადმყოფოს თეთრად განათებულ დერეფანში და სავარძელზე უღონოდ მჯდომ დედაჩემს ვუყურებ. მის სახეზე წლებს ისე დაეტოვებინათ კვალი, როგორც საპატარძლო კაბას დასვრიდა ტალახიანი წვიმა.
ორივე დავიღალეთ, ისიც და მეც. განსხვავება ჩვენ შორის ისაა, რომ დედაჩემს ჯერ კიდევ აქვს ჩემი გამოჯანმრთელების იმედი შერჩენილი. მე კი აღარ. ცხოვრების გასაგრძელებელი ძალა აღარ მაქვს. მივეჩვიე თითქმის ყოველ კვირაში აქ სიარულს და ე.წ. „ქიმიის“ გაკეთებას. ამასაც არ ვიცი რატომ ვიკეთებ. მგონი ისევ „მივეჩვიე“-ს გამო და კიდევ დედაჩემის. ჰო, დედაჩემის. მეცოდება და არ მინდა საბოლოოდ ჩავუქრო იმედის ნაპერწკალი, სადღაც გულის ფსკერზე რომ ჯერ კიდევ ღვივის.
ჩემ წინ, რიგში, რამდენიმე კაცია.
ჩვენ საერთო პრობლემა გვაერთიანებს: ჩვენ კიბო გვაქვს! არა სიმსივნე, როგორც ამ დაავადების თითქოსდა მსუბუქი ფორმა, ეგეც საკითხავია მართლაც მსუბუქი დაავადება, თუ მსუბუქი სხვისთვის მოსასმენად. არა სიმსივნე, არამედ - კიბო! დიახ, აი, ასე! მთელი თავისი დაუნდობლობითა და მეტასტაზების სიმრავლით, გაბატონებულია ჩემს ტანში კიბო!
ზუსტად არც იმას მეუბნებიან, რამდენად დიდი ან მცირეა ჩემი გამოჯანმრთელების შანსი. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ფარ-ხმალი უკვე დავყარე და ამ საზიზღარ პროცედურაზეც დედაჩემის ხათრით მოვდივარ. ვიცი, ბევრს შრომობს, ჩემი მკურნალობის ფული რომ შეაგროვოს, პროცედურიდან შემდეგ პროცედურამდე და ასე...
ჩემ ირგვლივ ხალხი მოძრაობს. არ მინდა მათ ვუყურო. ჩემი სასოწარკვეთაც მეყოფა. 15 წლის ასაკითვის მეტისმეტად ბევრი ადამიანის უიმედო თვალებს წავწყდომივარ აქ და მეტი აღარ მინდა.
რიგი დიდია და ამიტომ საკმაოდ ვშორდები პალატის კარს.
ერთდერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა, რომ ძალა აღარ მაქვს ცხოვრების გასაგრძლებლად, არც იმედი, არც სურვილი. აღარ შემიძლია ასე ყოფნა. მეტისმეტად ხომ არ ვიტანჯები ამ მცირე ასაკისთვის?! საინტერესოა...
გუშინ, ისე, როგორც არასდროს,სიკვდილი მომწყურდა. რაღაც სისულელე დამესიზმრა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უდაბნოში საუკუნოვანი ხეტიალის შემდეგ, ოაზისს წავაწყდი და ძალა აღარ მეყო, რომ იქამდე მიმეღწია. შორიდან ვუყურებდი წყალს და სულს ვღაფავდი. რომ გამომეღვიძა მივხვდი, წყლის წყურვილი კი არა გამოჯანმრთელების წყურვილი მტანჯავდა და სიზმარში ოაზისთან ვერ მიახლოება ჩემ ვერ გამოჯანმრთელებასთან გავაიგივე. ხოდა ავდექი და თვითმკვლელობა ცვადე.
უბრალოდ სუსტი აღმოვჩნდი ამისთვისაც კი. განა ის არ მეყოფოდა სიცოცხლის გასაგრძელებლად რომ ძალა აღარ მაქვს? აღმოვაჩინე, არც სიკვდილისთვის მქონია...
დერეფანში რკინის სავარძლებია ჩამწკრივებული. მეტი საქმე არაფერი მაქვს და უკვე მერამდენედ ვითვლი მათ რაოდენობას, აღარც კი ვიცი. არცერთ ჯერზე არ მყოფნის მოთმინება და ყოველთვის ვწყვეტ მათ თვლას, ასე რომ არც ის ვიცი, ბოლოს და ბოლოს, რამდენი სავარძელია აქ. თან მაინტერესებს, თან არა. კიდევ ბევრჯერ მომიწევს აქ მოსვლა, ასე რომ არ მეჩქარება. არც ესენი გარბია აქედან და არც მე მივდივარ. სხვა დროს დავთვლი, ჩემი რა მიდის?!
„რვა“-სთან ვჩერდები. უფრო სწორად, სავარძელზე არსებული გაკეცილი თეთრი ფურცელი მაიძულებს გაჩერებას. მაინეტერსებს, რა არის. სავარაუდოდ, რომელიმე პაციენტის წამლების დანიშნულება, დიაგნოზი ან მსგავსი რამ იქნება, მაგრამ მაინც ვშლი ფურცელს და ხელით ნაწერი, წერილის მსგავსი რაღაც რომ მხვდება, უფრო იღვიძებს ჩემში ინეტერესი.
„სასწაულების გჯერათ? მითხარით, გჯერათ?
ვიცი, სხვა ნაკლებად, მაგრამ შენ აუცილებლად დაიმახსოვრებ ამ დღეს - 22 სექტემბერს. ღამე ქუჩაში გავათენე და მე მით უმეტეს მცივა, თუმცა მხოლოდ ეს არაა იმ სიცივის მიზეზი, რომელიც მეტასტაზებივით მოსდებია ჩემს სხეულსა და შენ წარმოიდგინე, სულსაც კი. გულს ვერა, გულს ვერაფერი დააკლო. გული ახლა უფრო ძლიერად მიცემს, ვიდრე გუშინ, გუშინწინ, ან სულაც პირველად რომ ამიძგერდა მაშინ. ამ გულმა უნდა განაგრძოს სიცოცხლე ახალ სხეულში და არც აქვს უფლება მოდუნების, გაცივების...
მინდა მანამდე არ გავაჩერო კალამი, სანამ მთელ ჩემს ცხოვრებას ფურცელზე არ გადმოვიტან. მინდა დავიცალო, თითქოს აღსარება ვთქვა სიკვდილის წინ, მაგრამ ვაი, რომ ვერც ამ სურვილს ვუსრულებ ჩემს თავს. დრო არ მყოფნის.
ციოდა. ქუჩაში დავხეტიალობდი დილიდან. არსად მქონდა წასასვლელი. ვიცოდი, შვილს არ მანახებდნენ ჯერ და ამიტომ, საავადმყოფოშიც არ მომესვლებოდა. რა საჭირო იყო ადრიანად მოსვლა, განა ის არ მეყოფა, უკანასკნელ წუთებს რომ აქ გავატარებ? საავადმყოფოს თეთრ და დაუნდობელ კედლებს შორის.
ვიცი, ვიცი, რომ არ უნდა ვწუწუნებდე, მაგრამ ვაი, რომ მეც ადამიანი ვარ და მინდა სიცოცხლე. სიცოცხლე ისე არა, როგორც ჩემი შვილის ყურება, მისი სიხარულისა და დარდის გაზიარება... ისეთი ბუნდოვანია ჩემთვის მისი მომავალი, რომ ვერაფერს ვწერ ამის შესახებ. ისიც კი არ ვიცი გაამართლებს თუ არა ეს ოპერაცია. ექიმებს იმედი აქვთ, მაგრამ მე არ ვიცი. მინდა, მჯეროდეს. ალბათ გაამართლებს. ღმერთი არ გაწირავს ჩემს გოგონას, ჩემს ერთადერთ სიხარულსა და ტკივილს.
დღე იწურება. ჯერ ისედაც არ ჩანდა მზე, რომ უკანასკნელად შემეგრძნო მისი სითბო. არ მინდა გაყინული წავიდე. ხელებს ვერ ვიმორჩილებ. უჩვეულოდ ლურჯია ჩემი თითები.
უკვე მერამდენედ გამიწყდა აზრი. აღარც კი მახსოვს, რისი თქმა მინდოდა...
სულ მალე მე და ჩემი გოგონას ბედი გადაწყდება. მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ოპერაცია, მე მაინც იმ იმედით დავხუჭავ თვალებს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. არ მინდა სასოწარკვეთამ მომიცვას! ექიმები იმედს მაძლევენ. ვიცი, არც ღმერთი გამწირავს, ხოდა მეც მჯერა! მჯერა, რომ დიდხანს იცოცხლებს ჩემი შვილი... არავინ მყავს მასზე ძვირფასი. სხვა ვერაფერი შევძელი, რომ მისთვის გამეკეთებინა. ვერაფერს ვაკეთებ, გარდა ჩემი გაძაღლებული სიცოცხლის დასრულებისა იმ იმედით, რომ ჩემი ტანჯული გული მას გამოადგება და მალე მის სხეულში დაიწყებს ფეთქვას!
ილოცეთ მისთვის... ილოცეთ ჩემი ერთადერთი შვილისთვის...
მალე დაიწყება ოპერაცია. მალე ვნახავ ჩემს შვილს უკანასკნელად, ჩემს მანათობელ მზეს.ის მზე კი, რომლის გამოჩენასაც მთელი დღე ველოდი და მაინც არ გამოჩნდა, აღარ მინდა! ჩემი შვილის უკანასკნელი შეხება გამითბობს ხელებსაც და გაყინულ სულსაც.
გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს. იცოდეთ, რომ სადაც სიყვარულია, იქ შეუძლებელი არაფერია და ყველაფერს, საერთოდ ყველაფერ ცუდს დაამარცხებს უანგარო სიყვარული.
ახლა შვებას ვგრძნობ, თითქოს რაღაც ტვირთი მოვიშორე მხრებიდან. არ მინდოდა ასე უნუგეშოდ წავსულიყავი. ვამთავრებ წერილის წერას და ვიცი, რომ აუცილებლად წაიკითხავს ამას ვინმე...
გთხოვთ, ილოცეთ ჩემი შვილისთვის!..“
გული ყელში მებჯინება. ვგრძნობ, რომ თვალებში სისველისმაგვარი რაღაც მომწოლია და სწრაფად ვიმშრალებ ცრემლებს. დაბინდული მზერით ძლივს ვხედავ სავარძელზე მჯდომ დედაჩემს, რომელიც სასწაულია და იღიმის.
ჩემი რიგია. სწრაფად ვაჩეჩებ ფურცელს ხელში და ვთხოვ, რომ გაიგოს გოგონას ამბავი.
პალატაში შესვლის წინ პირჯვარს ვიწერ და ღმერთს ვთხოვ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. იმას კი ვეღარ ვხვდები, ჩემთვის ვლოცულობ, თუ იმ გოგოსთვის.
P.S. საავადმყოფოდან რომ გამოვდიოდით, დედაჩემმა მითხრა, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა და გოგონა დაიღუპა.
მე ჯერ არ ვიცი რა ბედი მელის, მაგრამ რაღაც უცნაურად ვგრძნობ თავს. თითქოს რამდენიმე წუთში იმედი მომეცა, რომ გამოვჯანმრთელდები.
2014 წელი, 22 სექტემბერი“
დღეს 22 სექტემბერია, ქარის მოტანილი წერილების დღე. მოუთმენლად ველოდი ამ დღის დადგომას იმ იმედით, რომ ვინმეს წერილს ვიპოვიდი. ვიპოვე კიდეც, თანაც ერთი კი არა, ერთდროულად ორი. თეთრ კონვერტში ორი გაკეცილი ფურცელი იდო. ერთი, როგორც მივხვდი, შვილისთვის თავგანწირული დედის, მეორე კი სიმსივნიანი ბავშვის.
წერილი 1 წლის წინანდელ ამბავს მატყობინებდა. ქარი ქროდა და უჩვეულოდ ციოდა.
მერეღა შევნიშნე, მთელი სხეულით ვცახცახებდი.
ქუჩა მოვათვალიერე. შორიახლოს, კაპიუშონწამოფარებული, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გოგო შევნიშნე, რომელიც ჩემკენ იყურებოდა. მეც მივაშტერდი. ვხვდებოდი უზრდელობა იყო ჩემი საქციელი, რადგან მე მისი ცხოვრების ამსახველი ფურცელი მეჭირა ხელში და ასე ურცხვად ვაშტერდებოდი თან, მაგრამ ვერ შევძელი თვალის მოშორება.
გოგონამ ოდნავ გამიღიმა. თავი დამიქნია თითქოსდა თანხმობის ნიშნად.
შებრუნდა და წავიდა.
დიდხანს ვიდექი შუა ქუჩაში, ხელში ორი წერილი მეკავა და ვფიქრობდი, თუ რა ძალა აქვს სიყვარულს. გრძნობას, რომელიც შეუძლებელს შეაძლებინებს ადამიანს. განა სიმსივნიანი გოგონა არ წერდა, რომ არც ძალა და არც სურვილი აღარ ჰქონდა ცხოვრების გაგრძელების? დღეს კი ცოცხალია. ნუთუ ასეთი ძლიერი გავლენა იქონია მასზე შვილისთვის თავგანწირული დედის წერილმა?! განა თვითონ არ წერდა, რომ უცნაურად გრძნობა თავს, თითქოს გამოვჯანმრთელდებიო?!
ფაქტია, გამოჯანმრთელდა, თავისი მონდომებით, სხვისი გავლენით, მედიცინის პროგრესის წყალობით თუ... ანდა, რა მნიშვნელობა აქვს?!
„გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს. იცოდეთ, რომ სადაც სიყვარულია, იქ შეუძლებელი არაფერია და ყველაფერს, საერთოდ ყველაფერ ცუდს დაამარცხებს უანგარო სიყვარული.“ - სახლში დაბრუნებისას და მერეც, სულ შვილისთვის თავგანწირული დედის სიტყვები მიტრიალებდა თავში.
მართლაც ასეა, რომ სადაც სიყვარულია, იქ შეუძლებელი არაფერია?!
სასწაულების გჯერათ? მე მჯერა.



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

დავიწყებ იმით, რომ დასაწყისში და შუაში პირადად ჩემთვის შენგან გამიკვირდა და ვერც გპატიობ რაღაცნაირი გრამატიკული თუ ბეჭდვითი შეცდომა გაქვს. ეგეთები მეტჯერ არ გაგეპაროს.
უხხ,როგორ გამიხარდა რომ შენს ჩანახატს ახლა მაინც ჩავწვდი და წინაზე, მიუხედავად იმისა რომ ვერ გავიგე, სულ მქონდა დანაკლისის გრძნობა და აქ ორმაგად აანაზღაურე.
ის, რომ მომავლის იმედზე შენ მაინც ალაპარაკდი , ეგ ხომ საერთოდ ცალკე თემაა ჩემთვის. წარმატებებს გისურვებ:*.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent