ღამის მწუხარება
ჩემი მწუხარება განსაზღვრულ მიჯნას გადასცდა და ვცდილობ გოეთეს შეცდომები ვუპოვნო, რათა საკუთარი თავი ვანუგეშო, მაგრამ არაფერი არ გამომდის. თვალის გახელიდან, რა აღარ ვიფიქრე, რომელ ღმერთს აღარ შევევედრე. ღმერთი რომ არსებობდეს, განა მე ასეთ მდგომარეობაში ვიქნებოდი? ჩემი სუსტი გონებით, ისევ აზროვნებას ვცდილობ. არ ვნებდები და მთელ ხმაზე ვყვირი, ქრისტე დამიხსნის განსაცდელისგან–მეთქი, ოღონდ ჩემი არავის ესმის, მიუხედავად იმისა, რომ ოთახში მარტო არ ვარ. ჩემი ერთ–ერთი არარსებული მეგობარი მარწმუნებს, რომ ეშმაკეული ვარ, მე კი არ მჯერა ეშმაკის ასეთი სისასტიკის. მგონი ასეთია ბუნების კანონი, ვინც წერას იწყებს, ტანჯვით კვდება. ეს ყველაფერი ჩემი ნება იყო. ჩემს თავს მევე ვუსურვე სიგიჟე, მაგრამ ახლა ეს აღარ მინდა. აღარ მინდა მარტოობა. აღარ მინდა მწუხარება. მე არ მეგონა სიგიჟე ასეთი საშინელი თუ იქნებოდა. რა იქნება, ერთ დღესაც ყველაფერი დასრულდეს და ტკივილისგან განთავისუფლებული მოვკვდე. ჩემი სული, სხივებივით მთლიან უსასრულო სივრცეს მოედებოდა და დავისვენებდი, რადგან გული არ მექნებოდა, რადგან გონება არ მექნებოდა. შევუერთდებოდი უსულო სიცოცხლეს, კანონზომიერებას და მოვისვენებდი. ღმერთი, ჩემს შექმნილ ქაოსს, ბნელ სამყაროში მიმოფანტავდა, სადაც ასევე ჩემი შექმნილი მოხეტიალე მოჩვენებები უბედურად ცხოვრობენ. მე აღარ მექნებოდა სხეული, შესაბამისად აღარ დავიჩივლებდი შიზოფრენიის არსებობას. მოვკვდებოდი და სწორად მაშინ დავიბადებოდი. სამყაროს ყოველ საიდუმლოებას, მევე ავხდიდი ფარდას. ვარსკვლავებთან ერთად, დედამიწას მივაშტერდებოდი და დავტკბებოდი. შევხედავდი ზღვის ბობოქრობას, როგორც ნავში ჩარჩენილ კაცს. გავიღიმებდი, როდესაც გაიღიმებდა ვინმე თვალ ცრემლიანი მელანქოლიკი. მოვიწყენდი, როდესაც ჩემს ნაშრომებს დაწვავდნენ. მე ვიქნებოდი ჰარმონია, წვიმა, მზე, ქარბუქი. ყოველთვის ჩემი ხასიათის შესაფერი ამინდი იქნებოდა. სუიციდზე ჩაფიქრებული ხალხი, განსაკუთრებულად მეყვარებოდა. ყოველდღიურად, ჩემი ოცნების ადგილზეც ამოვყოფდი თავს, ღამ–ღამობით, ღია სივრცეში, მკვდარ უდაბნოში, სადაც მთვარის ნათება ქვიშას გააბრწყინებდა. ბავშვივით სირბილს დავიწყებდი და იქ დავიკარგებოდი. ბოლოს, თუ დავიღლებოდი, მიწაზე დავწვებოდი ხელებ გაშლილი. შემაციებდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ღიმილი შემეწყვიტა. შევხედავდი ვარსკვლავებს და ბედნიერების ცრემლი, ქვიშას დაალაქავებდა. სიმარტოვე, სიკვდილის შემდეგაც არ შემეშვებოდა. წამით, ისევ გავუბედურდებოდი, მაგრამ ღმერთის არსებობა მალევე გამახსენდებოდა. გათენდებოდა. დროის ფარდობითობა ხელს შემიწყობდა ჩემი სურვილების ასრულებაში და მომენტალურად, მარსის ყველაზე მაღალ მწვერვალზე აღმოვჩნდებოდი. იქ დაისით დავტკბებოდი. მომინდებოდა ღამე, ღამესთან წავიდოდი. უსასრულო სივრცეში ხეტიალით, გაივლიდა საუკუნეები, მაგრამ დედამიწას მაინც ვერასდროს დავივიწყებდი, სადაც ვიტანჯები, ვითრგუნები, ვკვდები. ჩემი დამთრგუნველი სახლი და ადამიანები, ხელს მიწყობენ, რომ უბედურება შევინარჩუნო. თავს ვერ ვიკლავ. ჩემი ხელით გალამაზებული სახრჩობელა, ლპება. ჩემი მომავალი, ბნელი აწმყოსგან არაფრით განსხვავდება. ვზივარ და ვწერ. ვწერ, რადგან გამოსავალს ვეძებ. ღმერთს ჩემთვის ისევ ენანება იმ ერთი ადამიანის შექმნა, რომელსაც ჩემს მტანჯველ გრძნობებს, უსიტყვოდ გავუზიარებდი. მწამს ქრისტესი, როგორც ნუგეშის და ისევ მთელი გრძნობებით ვევედრები: მალე მოდი, უფალო.– ღმერთებიდან ყველაზე მეტად ქრისტე იმიტომ მომწონს, რომ ის საერთოდ არ ჰგავს ღმერთს, ანუ მასთან მეგობრობა შემიძლია. მე ისევ ვეძებ ვინმე არარსებულს, რომელსაც ჩემნაირი სულიერი სამყარო აქვს. მე, დაღლილი, ისევ ვეძებ ქრისტეს, ჩემს თავს და არარსებულს... ვფიქრობ, ეს არარსებული წმინდა სამებას წარმოადგენს: ღმერთს, ჩემს მეგობარს და მოსვენებას. ჩემი მწუხარება, განსაზღვრულ მიჯნას ცდება და მინდება, რომ გოეთე იდიოტი ყოფილიყო, რადგან დაღუპვა, როგორც განადგურება, არ მსურს. დეკემბრის ღამეა. ჩემი საახალწლო ნაძვის ხის ქვეშ, საჩუქრები არ დევს. ამ სიცივეში, ისევ თოვლის ბაბუის არსებობაზე ვფიქრობ. ჩემი დღიური, მწუხარების გამომხატველ წინადადებებს ვეღარ იტევს. ცაზე მთვარეა, რომელიც მაუწყებს, რომ ჩემი ხელოვნებისთვის კიდევ უნდა შევიშალო. არ მინდა მჯეროდეს, რომ ღმერთან დაპირისპირებული მხარე არსებობს. ჩემი შიზოფრენია, მინდა იყოს შიზოფრენია და არა ეშმაკეულობა. დეკემბრის ღამეა და ცივა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.