წერილი პირველ სიყვარულს
არის ამბები, რაც არ იწერება, თუმცა შევეცდები მოკლედ გადმოგცე, რას ეხება ჩემი ისტორია… ყველას ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომლის გამოჩენის შემდეგაც შენ იცვლები. არ აქვს მნიშვნელობა ეს უზარმაზარ ბედნიერებას განიჭებს, თუ არანორმალურ ტკივილს, შენ უბრალოდ ხვდები, რომ აღარასოდეს იქნები ისეთი, როგორიც იყავი ადრე. ჩემს ცხოვრებაში შენ გამოჩნდი, გამოჩნდი და ჩემი სამყარო თავდაყირა დააყენე. მაშინ დაიწყო ყველაფერი... ჩემდა უნებურად შემიყვარდი..! ზოგჯერ უთქმელი გრძნობა გაცილებით ძლიერია, ვიდრე გამხელილი, მაგრამ მე მაინც გეტყვი, უხმოდ, უენოდ, მაგრამ მთელი არსებიით (ან იქნებ მეტადაც) მიყვარდი! როცა გხედავდი, მინდოდა მოვსულიყავი, მაგრამ შენი გულგრილობა მტკენდა გულს… მიყვარდი და არ ვფიქრობდი იმ მიზეზებზე, რის გამოც მიყვარდი... უბრალოდ მსიამოვნებდა შენი ღიმილი, ხმის ტემბრი, რაღაცნაირად განსხვავებული თვალების ლამაზი გამოხედვა… დაუფიქრებლად დაგითმობდი სიცოცხლეს... დაუფიქრებლად გაჩუქებდი ჩემს წილ ბედნიერებას, სიხარულს, ჰაერს... მხოლოდ სიყვარულს ვერ გაჩუქებდი... აბა, როგორ უნდა მეჩუქებინა შენთვის შენივე თავი... ეს ხომ შენ... შენ იყავი ჩემი სიყვარული..! ძალიან მიყვარდი მხოლოდ იმისთვის, რომ არსებობდი… მხოლოდ იმისთვის, რომ დილით გაღვიძებულს შენზე ფიქრი შემეძლო… მხოლოდ იმისთვის, რომ ღამე მესიზმრებოდი… ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული? მე არც მახსოვს რას ვაკეთებდი შენამდე, ან საერთოდ როგორ ვცხოვრობდი... ღმერთო ჩემო, იქნებ ყველაზე მშვენიერი ისაა, რომ ვერასდროს გაიგო, როგორ მჭირდებოდი. შეიძლება შენ არ იყავი ყველაზე კარგი, მაგრამ შენ იყავი ჩემთვის აუცილებელი. მე არასოდეს მომიძებნიხარ, ცხოვრების გზაზე უცებ წაგაწყდი. ის მოხდა, რასაც მე ვერ შევცვლი. შენ მთელი ჩემი სამყარო, მთელი ჩემი გეგმები შეცვალე. სიყვარული გრძნობათა სარდალია და ის შენ ჩემზე გააბატონე. ალბათ ვერ გეტყვი ვერასდროს იმას, რაც დავინახე მე შენს თვალებში..! უბრალოდ დაგიჩემე, ასე უბრალოდ და ბრალიანად... მიყვარდი ჩემებურად ანუ მთელი გულით. მიყვარდი უფრო მეტად, ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოცემა. მიყვარდა ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც იყო შენთან დაკავშირებული, შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მიყვარდა შენი თბილი, რაღაცნაირი ფერის თვალები… შენი აზრიანი და სევდით სავსე გამოხედვა… მიყვარდა შენი სიცილიც და სერიოზულობაც… მიყვარდი ჯერ ართქმული სიტყვითა და გრძნობით, მიყვარდი ყველგან - ძილშიც და სიმღვიძარეშიც, მიყვარდი იქამდე, რასაც ჩემი გული და გრძნობა იტევდა. შენი ერთი ღიმილით ყველაფერი მავიწყდებოდა. ჭეშმარიტი ბედნიერება ხომ სწორედ სიყვარულში შეგვიძლია ვპოვოთ. შენს გვერდით ყოფნა, შენი სიახლოვე და ყოველგვარი პრობლემა სადღაც უსასრულო სიცარიელეში უკვალოდ ქრებოდა. არ ვიცი რატომ... მაგრამ... რამდენჯერ მინდოდა მეთქვა: მიყვარხარ… ვერ ვბედავდი. რაღაც მაბრკოლებდა, ალბათ ეს მხოლოდ ღმერთის მიერ, ღმერთის სურვილით ხდებოდა, მაგრამ იცოდე, რომ ფიქრებში, ოცნებებში ყოველთვის გეუბნებოდი ნაცნობ ფრაზას, რომ: ”მე შენ მიყვარდი.” ადამიანებს იმის კი არ ეშინიათ, რომ თქვან: "მე შენ მიყვარხარ", არამედ იმის თუ რა პასუხს მიიღებენ... მიყვარდი ისე, როგორც არასდროს არ ყვარებია ალბათ არავის. მიყვარდი გულის გავლით სულამდე! შენს დანახვაზე ბავშვურად, გულწრფელად მეღიმებოდა. მინდოდა ჩაგხუტებოდი… ერთი წუთით ან წამიერად მაინც. ის ხომ მთელი ცხოვრება მემახსოვრებოდა. ბევრჯერ მინატრია გულში: ”ნეტავ გესმოდეს ჩემი გულის ხმა, ნეტავ გაიგო, ნეტავ მიმიხვდე, რას ნიშნავს ჩემთვის თუნდაც შენი ხმა”... მინდოდა, რომ ოდნავ მაინც გყვარებოდი, ოდნავ-თქო, თორე ძაანაც მინდოდა… შენ იყავი ის ერთადერთი, ვისაც მაშინ ჩემი ფიქრები ეკუთვნოდა. როცა გიყურებდი სიცოცხლე მიყვარდა, ბედნიერი ვიყავი, რომ ვარსებობდი ამქვეყნად. გულის ყულაბაში ვაგროვებდი, შენს ყველა ღიმილს, ყველა გამოხედვას და სისხლძარღვებში შენი ნათელი მიედინებოდა… ხანდახან როგორი სულელური რამ შეიძლება ტკბილ მოგონებად იქცეს... მაშინ ჩემთვის რომ ეკითხათ – ცხოვრება საიდან იწყებაო – მე შენს თვალებზე მივუთითებდი. გჯერა! ვერ ვიტანდი ვერც ერთ წამს, რომელიც შენ თავს არ მახსენებდა! ოჰ! რა კარგი იყო, როცა შემთხვევით შენს მონატრებულ თვალებს შეხვდებოდი. მიყვარდი ცამდე, მთვარემდე, მზემდე. პატარა გულის დიდi ოცნება იყავი... შენს თვალებში ჩემი ბედის ვარსკვლავს ვხედავდი. ყოველ დილით, როცა ვიღვიძებდი, მკერდში პირველს შენ გგრძნობდი და მერე გულისცემას... ყველაზე მეტად ჩემი თავი შენს თვალებში მომწონდა.. ხშირად გვევლია ერთად სკოლამდე, მაგრამ სულ ვდუმდი... მხოლოდ იმიტომ, რომ არ გელაპარაკებოდი, არ ნიშნავდა, იმას, რომ არ ვკვდებოდი შენთან ლაპარაკის სურვილით. როდესაც გიყვარს, ზოგჯერ ვერაფერს ამბობ, რადგან სიტყვებს არ შეუძლიათ გადმოსცენ, რას გრძნობ. თუმცა, შენს ზურგს უკან ყოველთვის ვამბობდი, რომ მიყვარდი… ბევრჯერ გულში გამიფიქრია შენი დანახვისას: „მადლობა, რომ გამიღიმე… ახლა ჩემი დღე გაცილებით ლამაზი იქნება“... ლოცვისას ბევრჯერ მითხოვია: „უფალო, დალოცე და გააძლიერე ის, ვინც აქ, ჩემი მკერდის ციცქნა საკანშია“...♥მე შენ მიყვარდი ისე ნაზად, ისე უთქმელად… შენზე ოცნება შევიყვარე... ჩემს სამყაროში დაბოდიალობდი… ეს მე კი არა, ღმერთს უყვარდი ჩემში გადმოსულს… მე ხომ ასეთი სიყვარული არ შემეძლო. ყველაზე ცუდი დღე ყველაზე ცუდად ჩამრჩა მეხსიერებაში... მაშინ მე-6 კლასში ვიყავით. სანდრომ მთხოვა წერილი დამეწერა, რომელშიც გოგოს სიყვარულს ავუხსნიდი. არაფრით გამიმხილა, ვისთვის უნდოდა ის წერილი. მეც მთელი ჩემი რომანტიზმი ჩავრთე ამ წერილის წერაში და საბოლოოდ ისეთი წერილი გამოვიდა ყველა გოგოს რომ მოეწონებოდა... ერთი პირობა შემშურდა კიდეც, რადგან ჩემთვისაც სასიამოვნო იქნებოდა, ასეთი წერილით რომ აეხსათ სიყვარული. რა გაეწყობოდა, წერილი ლამაზ კონვერტში მოვათავსე ისე, რომ არც ადრესატის სახელი ვიცოდი და არც ვითომდა ამ წერილის ავტორის. მეორე დღეს პირველი ფიზიკა მქონდა, შენ კი - გეოგრაფია. კლასში შენ და სანდრო შემოხვედით. სანდრომ მითხრა სახელები მიაწერეო, მეც მოუთმენლად ველოდი ვის სახელებს დამისახელებდა... და რა მოხდა?.. მითხრა: „ლიანკას რატისგანო“... სამყარო გაირინდა, თითქოს დროც გაჩერდა, მკერდში რაღაც სიცარიელე ვიგრძენი. გამეღიმა, მაგრამ ეს სიმწრის ღიმილი იყო. ღიმილი ხომ ხანდახან, ცრემლზე სევდიანია… უსასრულო ხდებოდა წუთი. რა მექნა? სახელები დავაწერე და წერილი შენ მოგეცი... რა გაგიჟებით მიყვარდი მაშინ, როდესაც შენს წინ წამომცდა "აჰა". ვერც კი წარმოიდგენ რა ვიგრძენი, როცა „მადლობა“ მითხარი... თუმცა, როცა არ უყვართ, ვერ ამჩნევენ… ყველაზე უსუსურად თავს მაშინ გრძნობ, როცა საკუთარი სურვილების წინააღმდეგ გიწევს მოქმედება. შიგნიდან ვტიროდი, თვალებით ვიღიმოდი, გულში ტკივილს ვგრძნობდი, სახეზე კი წყნარად ვიყავი. დასანანია, რომ ასე კარგად ვითამაშე როლი. მინდოდა გავქცეულიყავი, დავმალულიყავი და ისეთ ადგილას წავსულიყავი, სადაც ტკივილი ვერ მომაგნებდა. ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, ყველაზე ხშირად გტკენს გულს. თუმცა ამას უკვე რა ეშველება... მარტო ვიყავი... იმაზე უშენო, ვიდრე ოდესმე... ეს დღე დასაწყისი იიყო იმ დიდი ტანჯვის, რაც შემდეგ განვიცადე. ხანდახნ კარგია, როდესაც ზიხარ მარტო ცარიელ სახლში და ტირი. არ მინდოდა ტირილი, მაგრამ გული ტიროდა და თვალებისთვის როგორ მესაყვედურა? შენ შეგიძლია დახუჭო თვალები, რომ არ დაინახო ის, რაც არ გინდა, მაგრამ არ შეგიძლია დახურო გული, რომ არ იგრძნო ის, რაც არ გინდა. იმ დრეს ჩემს გულთან დავიწყე ლაპარაკი: „შენ ხომ ჩემი გული ხარ, თუკი ასეა რატომ არ შეგიძლია ჩემი გაგება? გთხოვ შეწყვიტე მისი სიყვარული, სულ მასზე ნუ ფიქრობ, სულ ნუ გახსოვს და სულ ნუ ზრუნავ... ის ხომ ჩემი არ არის... გთხოვ ისე ნუ დამტანჯავ, როგორც მან დამტანჯა“... მაგრამ, ხანდახან სიტყვები არ არის სკმარისი! იცი? არის წუთები, როცა გინდა არ იფიქრო და მაინც ფიქრობ... გინდა არ გტკიოდეს და მაინც გტკივა, გინდა გაიცინო და მაინც ტირი... როცა ხვდები, რომ ცხოვრება უაზრობაა და არ გინდა სიცოცხლე და მაინც ცოცხლობ. არის ორი ტიპის სიყვარული: "მე მინდა ის ჩემი იყოს" და "მე მინდა ის ბედნიერი იყოს"... მეორე ავირჩიე და ჩემს გრძნობაზე თვალი დავხუჭე. საოცარია, როგორ შეუძლია ვინმეს შენი გულის დამტვრევა, მაგრამ შენ მაინც გიყვარს ყველა პატარა ნაწილებით. სიყვარული ძალიან მტკივნეულია, როცა ვინმე უანგაროდ გიყვარს. მაშინ დაიწყო უფერული და ძაძით მოსილი დღეები. ჩემი ცხოვრება შავმა ფერებმა დაისაკუთრეს. ყოველ დილით ერთმანეთს შეხვდებოდით თუ არა, ლოყაზე კოცნიდი... შენ რომ ბედნიერს გხედავდი, გულის მხოლოდ ის ნაწილი მტკიოდა, რომელსაც უშენობა ერქვა. სამწუხაროა, როდესაც შენი ნანატრი ოცნება სხვას უსრულდება… შენ სხვას ეხუტებოდი, ეგ ჩახუტება ჩემი უნდა ყოფილიყო… ვფიქრობდი სჯობს ერთხელ მოკვდე, ვიდრე ათასჯერ მოგიკლან გული-თქო. როგორ ვუძლებდი?.. მიყვარდი... ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასოდეს იქნება შენი! ბიჭები ხომ ისე უყურებენ გოგოებს, როგორც წიგნებს, მხოლოდ ყდა იქცევს მათ ყურადღებას... მაგრამ არც კი ცდილობენ, წაიკითხონ თუ რა წერია შიგ. რა ხშირად ხდება ასე, გინდა თქვა "მე შენ მიყვარხარ", მაგრამ ამბობ "რა კარგი წყვილი ხართ"... არაუშავს, სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩასვამ, რადგან მას სამყარო ვერ იტევს. იგი ძალაა ღმერთისა, ანგელოზის ენით ნათქვამი. მთავარია შენ გიყვარდეს, გიყვარდეს ისე, რომ სამაგიეროს არ ელოდო… გიყვარდეს… რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ… დღეები მიქროდა: უშენნაბიჯო! უშენთვალებო! უშენგულო! მე შენთან ნიავს ვატანდი შენზე ნატვრებს. ძილის წინ, აი მაშინ, თვალს რომ დავხუჭავდი... მაშინ ვხვდებოდი, როგორ მიჭირდა ამ საგიჟეთში ცხოვრება... და ვცდილობდი, მალე დამეძინა, თითქოს ეს ყოფილიყო რამის საშველი… ვერავინ ვერასოდეს გაიგებს რის ფასად მიჯდებოდა ის ღიმილი და რა მესიზმრებოდა მაშინ, როცა სველი წამწამებით ვიღვიძებდი...…ამქვეყნად არავის ესმოდა ჩემი? არავინ არ იცოდა რა ხდებოდა ჩემს გულსა და გონებაში... ყველა მომღიმარ გოგონას ხედავდა, რომელიც ხშირად უაზროდ იცინოდა, მისი ტკივილი და ცრემლი რომ დაემალა... ვცდილობდი დამევიწყებინე აღარ მეფიქრა შენზე, მაგრამ არ გამომდიოდა... ფიქრები მაინც შენსკენ მომირბოდა... ხანდახან თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ხალხით სავსე ოთახში ვიდექი, მთელი ხმით ვყვიროდი, მაგრამ არავინ მისმენდა. ამასაც გავუძელი... როცა არდადეგები იწყებოდა, შენთან კილომეტრები მაშორებდნენ ხოლმე. ყველაზე მტკინვეული რამ ჩემსა და შენს სიშორეში ის იყო, რომ უბრალოდ არ ვიცოდი – ერთხელ მაინც გაგახსენდებოდი თუ არა. სოფელში გატარებულ ყოველ დღეს ჩემს თვალებში მონატრება წრიალებდა... ხშირად ვიცინოდი ბავშვებთან ერთად, მაგრამ ჩემი სიცილის მიღმა შენზე ფიქრები იმალებოდა... საათი სულ ერთ დროს აჩვენებდა... „მე შენ მაკლიხარ“. უშენოდ ყველა წუთში ბოლო წამი მაკლდებოდა... მაშინ მივხვდი, რომ განშორება ანელებს მსუბუქ გატაცებას, მაგრამ ამძაფრებს ნამდვილ სიყვარულს, ისევე როგორც ქარი აქრობს სანთელს, მაგრამ აჩაღებს ხანძარს. სწორედ მაშინ დაგარქვი „ჩემი ფიქრების მღელვარე ტალღებში მოცურავე“… რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, უფრო მეტად მტკიოდა, უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა მონატრება და ვგრძნობდი, რომ უშენობა არ შემეძლო... მე კი არა გულს ენატრებოდი… ღამ-ღამობით ვიჯექი კიბეზე და ვფიქრობდი: „ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარკვლავი შენია“... ბევრჯერ მიფიქრია: „ეჰ, ისე იყოს როგორც მე მინდა, სულ წუთით ნეტავ-თქო... და როცა არდადეგები იწურებოდა, ჩემი გული გამალებით ძგერდა შენს მოლოდინში… ჩემს დაბადების დღეებზე, როცა სანთლებს ვაქრობდი, გულში ვიძახდი: „რომ მქონოდა სამი სურვილის უფლება, ჩავიფიქრებდი: "მე", "შენ", "ჩვენ"… მერე რა, რომ ოცნებები ხშირად არ სრულდება, მაინც გინატრებ! ვერ ძლებს ოცნება აუსრულებლად! მეც ამისრულდები!“... ახალ წელს ყოველთვის გჩუქნიდი ერთსა და იმავეს, მთელი წლის ფიქრებს... შენთვის არაფერს ნიშნავდა, ჩემთვის - ყველაფერს. ბავშვი აღარ ვარ... გავიზარდე და მაინც, სულ ცოტათი მჯეროდა, რომ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდებოდა. მარტო სულელს ეპატიება გიჟური ოცნება… სულელი ვიყავი... არ დაიჯერებ... და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ – რა საოცარი სიყვარულით მიყვარდი მაშინ... უბრალოდ ჩემი ბედნიერი წამები იყავი, ყველაზე ახლო, ყველაზე ძვირფასი! მე შენს სიყვარულს ვატარებდი, როგორც გაცვეთილ კაბას. მიყვარდი არა ისე, როგორც შემეძლო, არამედ ისე, როგორც მეგონა, რომ არ შემეძლო! ჩემი ცხოვრება, ხომ შენით ცხოვრება იყო. ვცდილობდი გადაგჩვეოდი, მაგრამ შენზე ვიყავი დამოკიდებული. შენ ჩემთვის საუკეთესო იყავი! მაგრამ ასევე იყავი ადამიანი, რომლის გამოც ყველაზე ხშირად მიწევდა ტირილი… შენი ღიმილი უღვინოდ მათრობდა... როგორ მიყვარდი... ჩემი ცივი, ცივი, მაგრამ გულს რომ მაინც მითბობდი.. ჩემთვის მთელი სამყაროს სუნთქვა იყავი..! მე ისა ვარ ვისაც ასე უყვარდი ვისაც მუდამ ახსოვდი, ვისაც სულ შენთან უნდოდა... არ ვხუმრობ, ასე არვინ მყვარებია, შენზე ფიქრით და ოცნებით მიქანცებულს მთელი ღამე თეთრად გამიტარებია... კი არ მიყვარდი, უნდა მყოლოდი, რომ მესუნთქა.. არ ვიცოდი რა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი, დამევიწყებინე თუ კვლავაც მყვარებოდი... როგორ მაინტერესებდა, რა მოგდიოდა თავში, როდესაც ჩემი სახელი გესმოდა. ერთი სურვილი მქონდა: მინდოდა ჩემი თავი ერთი წამით მაინც დამენახა შენიდან და გამეგო, რას ფიქრობდი ჩემზე. სულ მაინტერესებდა თვალებში მერამდენედ ჩაგრჩი? შენ იყავი ერთადერთი, ვინც ყოველთვის მენატრებოდა. მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ ბედს, იქნებ მეც მჭირდებოდა თანადგომა, გეკითხა იქნებ ბოთლში აღარ დამრჩა აღარცერთი გრამი შენი სიყვარულის გამაყუჩებელი სითხე, მე არ მინდოდა ვყოფილიყავი შენი მთელი ცხოვრება, მე მინდოდა ვყოფილიყავი შენი გულის რაღაც პატარა ნაწილი, რომელსაც სიყვარული ერქვა. წელიწადის ყველა დროს... დღე-ღამეში… ყოველ წამს… მიყვარდი... ამქვეყად ყველა ბედნიერის ღიმილის მშურდა. ჩემი ცხოვრება შემოდგომას გავდა, იშვიათად ანათებდა მზე, სევდა ჭარბობდა და ხშირად მხიარულ დღეებში მასველებდა... შენი სახელი ერქვა ჩემს ფიქრებს… ჩემს ოცნებებს… იმედებს… ღიმილს… სიხარულს… ცრემლებს… სევდას… ხშირად მიფიქრია: „შეიძლება საათი გაჩერდეს, მაგრამ დრო არსოდეს გაჩერდება... გავიდეს წამები, წუთები, საათები, დღეები, თვეები, წლები მაგრამ შენდამი სიყვარული არასოდეს განელდება“... მაგრამ შენი ლოდინი იგივე იყო, რომ წვიმას ელოდო გვალვის დროს… ვიცინოდი მაშინაც, როდესაც ტკივილისგან ყვირილი მინდოდა... ტკივილებს ვწურავდი… ვაშრობდი და კვლავ ვიცვამდი…მე ჩემი ცა მქონდა, თავისი ერთი ვარსკვლავით. ჩემს ცხოვრებაში უეცრად გამოჩენილ კაშკაშა ვარსკვლავს გავდი, რომელიც მუდამ გზას მინათებდა. სამყაროს ჭირდება მილიონზე მეტი ადამიანი, რომ შეივსოს, მე კი მჭირდებოდი მხოლოდ შენ. მიყვარდი იმიტომ, რომ მიყვარდი, სიყვარულის ახსნა არ სჭირდება. ვფიქრობდი... და სისხლზე მეტი იყავი გულში. მეძვირფასებოდი… ჩემი ცხოვრების ნაწილი?... არა, მთლიანი იყავი. არსად წასულიც მენატრებოდი უკვე საშინლად. შენ იყავი ჩემში ჩემზე მეტი. ღამით, ძილის წინ, როცა ტვალებს ვხუჭავდი, გულში გელაპარაკებოდი: „ეს ერთი ღამე მაჩუქე..! მინდა უბრალოდ გულზე თავი დაგადო, შენს სუნთქვას მოვუსმინო და სიყვარულზე გეტიტინო დაუსრულებლად... რამდენი ხანია ამაზე ვოცნებობ, იცი? არაფერს ვითხოვ, მხოლოდ მოვალ, მოგეკვრები თბილ ხხეულზე, ცოტახანს მოვუსმენ, როგორ ფეთქავს შენი გული, მხოლოდ ფრთხილად აგიჩეჩავ პატარა ხელებით პატარა თმებს, მერე მუხლებში ჩაგიდებ თავს... შენ კი უბრალოდ ხელი გადამისვი თავზე, მე ხომ მეტს არაფერს ვითხოვ. შენი სიყვარული ძალას შემმატებს და შეუძლებელს შევძლებ… გინდა ვარსკვლავი მოგიწყვიტო ციდან? მაშინ მითხარი რომელი, ამოირჩიე, მე ამ ზღვასაც გაჩუქებ თავისი კენჭებით და ქვიშიანი სანაპიროთი... მზის ყველა სხივიც შენი იქნება და მთვარის შუქიც... ოღონდ ხელი მომკიდე, მაგრად მომკიდე, თორემ მეშინია ამ უკიდეგანო სივრცეში არ დამეკარგო… სიყვარული ხომ წვრილმანია ამ უზარმაზარ მარადისობაში... მაგრად მომკიდე ხელი“... მე ბევრი ადამიანი მიყვარს ჩემს გარშემო... მაგრამ მხოლოდ ერთი მიყვარდა ჩემში... ეს შენ იყავი... შენ ვერასოდეს მიხვდები რაოდენ დიდი სიხარული იყავი ჩემთვის. მე თუ შემომთავაზებენ სამუდამოდ ცხოვრებას მაგრამ შენ გარეშე, მე ავირჩევდი წამს შენთან ერთად! რომ მქონოდა არჩევანი შენს სიყვარულსა და სუნთქვას შორის... ბოლო ამოსუნთქვას გამოვიყენებდი იმის სათქმელად, რომ მიყვარხარ! ოდესმე ასულხარ ცამდე და გირბენია ღრუბლებზე ფეხშიშველს? ოდესმე შეგიმჩნევია, რომ წვიმა ფერადია? ოდესმე დაგიხატავს სიყვარული? ოდესმე გიფიქრია რა ფორმა აქვს გრძნობას? ოდესმე გყვარებია, სულის, გულის, გონების კივილამდე? ოდესმე ტკივილამდე მოგნატრებია? მე მყვარებიხარ, მომნატრებიხარ... ჩვენ სამნი ხშირად მივდიოდით გზაზე: მე, შენ და დუმილი... დუმილი ვერ ხვდებოდა, რომ ზედმეტი იყო... შეუგნებელი დუმილი. როცა გვერდიტ ჩაგივლიდი, ვფიქრობდი: „თქვი რამე... დაარღვიე დუმილი და მომიქსოვე რამე თბილი და გამძლე სიტყვა, რომელსაც ჩამაცმევ და რომლითაც ვივლი გარეთ წვიმაში, მზეში, თოვლში“. მე გუშინდელზე უფრო მეტად მიყვარდი და ხვალინდელზე ნაკლებად. ყველა ჩემს გზას შენს კარებზე უნდოდა მოდგომა... შენ იყავი ბიჭი, რომელიც მიხატავდა პირზე ღიმილს. რა ჩემი ბრალი იყო, რომ ჩემში ლამაზ ოცნებად დარჩი..! სულ არ მაღელვებდა ვისთან იყავი, სად იყავი... არც ის მჭირდებოდა რომ დამენახე, მე ზუსტად ვიცოდი, რომ მაშინ აქ იყავი... ჩემს სულთან ახლოს... ერთი ღიმილით იწყება ბედნიერება. ერთ გულს შეუძლია იცოდეს რა არის მართალი. ერთი იმედი გვამხნევებს. მზის ერთი სხივი ანათებს ოთახს. ერთ ჩიტს შეუძლია მოიყვანოს გაზაფხული. ერთი სიტყვით იწყება ლოცვა. ხედავ? ყველაფერი ერთით იწყება! შენც ხომ ერთი იყავი ჩემთვის, ერთადერთი ადამიანი. მაპატიე ის სიტყვები, რომლებიც შენთვის არასოდეს მითქვამს... აპატიე ჩემს თვალებს... შენს დანახვაზე, რომ ენთებოდნენ. ცრემლებად მოდიოდა ხანდახან სიტყვები. ცრემლები მარგალიტებია, თეთრი მარგალიტებია, ზოგჯერ ღიმილნარევი, დაუპატიჯებლად რომ მიიკვლევს გზას ფერმკრთალ ლოყაზე. ყოველთვის იყო ოცნება, რომელსაც მე ვედევნებოდი და მინდოდა რომ ეს რეალობა ყოფილიყო. რაც აკრძალული გაქვს, იმისკენ მიილტვი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ მიწერ, არ დაურეკავ, არ დაელაპარაკები, მაგრამ ისინი შენთვის მაინც ყველაზე ძვირფას ადამიანებად რჩებიან... ასეთი იყავი ჩემთვის. არ მინდა კინოებზე მეტირებოდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ჩემს თავს ვხედავ. მინდა უბრალოდ ადამიანი, რომელიც მომეხვევა, როცა ვიტირებ, რომელიც ჩამეხუტება, როცა შემცივდება და უბრალოდ ვიგრძნობ, რომ ვიღაცას ვჭირდები. ყველა ადამიანი მარტოა, შეიძლება ზოგი სხვას უცინის, უღიმის, გულს უშლის… მაგრამ ყოველი ადამიანი მარტოა თავის ტანჯვაში… თავის ფიქრებში… მოგონებებში… რადგან ერთადერთი ვისაც ჩვენი ესმის არის სიჩუმე... სიჩუმე მინდოდა შენი გულის ცემით დარღვეული... სულს მიხუთავდა ოცნებები, ხანდახან ისეთი რეალური ხდებოდა ფიქრებში, რომ, როცა თვალებს ვახელდი, ტირილი მინდებოდა. მილიონ სიტყვას ვამბობთ, მაგრამ მთავარის თქმა ყოველთვის გვიჭირს… ასობით ადამიანს ვხვდებით, მაშინ, როცა გვენატრება მხოლოდ ერთი... ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგადაა, როცა ძალიან ცუდად ვართ... ხელებს ჯიბეებში ვიწყობთ, როდესაც ხელის ჩაკიდება გვინდა... მაგრამ დიდი სიყვარული მუნჯი და უტყვია, პატარა – ყბედი და ლაქლაქა. უსიტყვობა ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე მეტად იჭრება გულში. სიტყვების გარეშეც სიყვარული სიყვარულად რჩებოდა... ძნელია სულის ტკივილი, რომელსაც ვერვინ გაგიგებს და გაიზიარებს… ძნელია, როდესაც შენს წინ დგას ის და შენ სხვაგან იყურები, ვითომ ყურადღებას არ აქცევ… მიზანი ყოველივე ბრძოლისა - გამარჯვებაა. მძიმე გრძნობასთან მომიხდა უთანასწორო ბრძოლა და წავაგე. არ შეიძლება ყველაფერი გაგრძელდეს სამუდამოდ. რაღაც ძალიან განსაკუთრებული დიდხანს არ ჩერდება. მე ყოველთვის მემახსოვრება... არასოდეს დავივიწყებ, როგორ წამართვი სუნთქვა… ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც. მე შენ მიყვარდი, თუმცა მინდოდა, რომ არასოდეს მყვარებოდი. ჩემი გული გამალებით ძგერდა შენს მოლოდინში. მაგრამ დასრულდება ყველაფერი! ვინმე გამოჩნდება, ვისაც შევიყვარებ… მაგრამ პირველი სიყვარული მე აღარასოდეს მეწვევა... მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩემს გულში. ყველაზე მეტად ბედნიერება მომენატრა. ახლა იცი რა მინდა? უცებ დაგივიწყო და კვლავ გაგიცნო თავიდან, ოღონდ ჩემთვის მხოლოდ კლასელად დარჩე... თუმცა წარსულის უკან დაბრუნება შეუძლებელია… გული ყოველთვის აბრიყვებს გონებას, თორემ სულ ვიცოდი, ამ სიყვარულს მომავალი რომ არ ჰქონდა. ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! უნდა შეიყვარო, ვისაც უყვარხარ, სხვა შემთხვევაში დაიტანჯები! 7 წელი გრძელდებოდა ეს სიყვარული და ალბათ ჩემი ბედი იყო, ასე დავტანჯულიყავი... თურმე ფუჭად დამიკარგავს დრო… უკან დაბრუნება მინდა იმ დღის, როდესად გაგიცანი… რას ვიზავდი? ამოვშლიდი ამ დღეს და ვიქნებოდი ისევ ის მხიარული, ნათელი გოგონა. ვიცოდი, რომ სხვასტან იყავი, მაგრამ მე მაინც უაზროდ ვიჯექი და გიცდიდი. უაზრობაა გენატრებოდეს, ვისაც არასდროს მოენატრები და გიყვარდეს, ვისაც არასდროს შეუყვარდები. ლოდინი მტკინვეულია… დაკარგვაც მტინვეულია… მაგრამ როცა არ იცი, უნდა დაკარგო თუ ელოდო, ეს ყველაზე მტინვეულია… ყოველი დიდი ტკივილის შემდეგ, გარდაუვალი სიშვიდე მოდის. ცოტაც და ჩემს სულშიც გამოიდარებს... შენი მეგობრობა იყო ის, რაც ყოველსთვის მსურდა, შენი სიყვარული კი ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ისე დამღალა ოცნების დევნამ, ალბათ ჯობია, სხვისი რომ იყო! სიყვარული მინას გავს, ხანდახან ჯობს გატეხილი დატოვო, ვიდრე ხელები დაისისხლიანო მისი გამთელებით. მე დავნებდი და ჩემს სიყვარულს გატეხილს ვტოვებ... ზოგი ოცნება ზედმეტად მშვენიერია, იმისთვის, რომ რეალობად იქცეს..! ხომ შეიძლება გიყვარდეს ვინმე მაგრამ არასდროს გახდე მისი... მეც ასე დამემართა... მე არ ვიტირებ, რადგან ვიცი რომ შენ არ ტირი... მე ვიქნები ბედნიერი, რადგან ვიცი რომ შენ ბედნიერი ხარ... ვინც გიყვარს, მას შენდა უნებურად ისეთი ზღაპრული ფერებით ამკობ და ისეთ უნაკლო არსებად წარმოიდგენ, რომ სრულიად მიუწვდომელი გეჩვენება და ვეღარ დაგიჯერებია, როგორ შეიძლება ამ ღვთაებამ, ამ ანგელოზმა შენისთანა პროზაული არარა შეიყვაროს. მხოლოდ დროს შეუძლია შეაფასოს თუ რამდენად დიდებული იყო ეს სიყვარული. რამდენ კითხვას სცემდა პასუხს ღამე... ვარსკვლავებს ვუცქერდი ხოლმე, რამდენჯერ მიცდია მათი დათვლა... რამდენჯერ მიცქერია მთვარისთვის საათობით. რამდენი გულის დარდი მომიყოლია გონებით მთვარისთვის… რამდენი ცრემლი დამშრალა ჩემს სახეზე... ღმერთმა იცის... მე რომ შენს მონატრებაზე თითო ვარსკვლავი ამენთო, ეხლა საკუთარი ცა მექნებოდა. თითო ყვავილი მაინც რომ მომცა ყველა იმ წუთისთის, რომელიც შენზე ფიქრში გავატარე, ალბათ შევძლებდი ყვავილების ბაღში მესეირნა. მე არც თუ ისე დიდი ხნის სიცოცხლეში ყველაფერი ვნახე... ბედნიერება, ტკივილი, სიხარული, ტანჯვა... მაშინ, როდესაც ვფიქრობდი, რომ მარტო ვიყავი, ღმერთი ჩემს გვერდით იჯდა და ცრემლებს მწმენდდა... მან იცის, რა იმალება ამ დაღლილ და ნამთვრალევ თვალებს უკან… ათასი მომაკვდავი დაისი და სიყვარული, რომელსაც გასცემ, მაგრამ არავინ გიბრუნებს. მე მიყვარდი ტკივილამდე, ტირილამდე და ცხოვრებას მერჩივნე… იმედი ბოლოს კვდებაო, ჩემი იმედი ხმელი ფოთლებივით ეცლება ლოდინს… წარმავალია ყველაფერი ამ ქვეყანაზე, მხოლოდ მოგონება რჩება მარად... მოსაკლავი ხარ იმ მოგონებების გამო, რომელიც დამიტოვე... მტკივა შენგან დატოვებული მოგონებები... არაუშავს, ესეც ჩაივლის... ამქვეყნად ორი ბრმა იყო: ერთი შენ ჩემს სიყვარულს რომ ვერ ხედავდი და მეორე მე შენს გარდა ვერავის რომ ვერ ვხედავდი... და მაინც, ყოველგვარ უბედურებას ორი წამალი აქვს: დრო და სიჩუმე... მაგრამ ტკივილი მაინც დატოვებს ჩემში იარებს. მე უშენობა კი არა, შენში უჩემობა მტკიოდა. არა, აღარ გიბრაზდები, მე ყველა ცრემლი მაშინვე გაპატიე. დაგივიწყებ, როგორც ტკივილს, თუ ტკივილის დავიწყება შეიძლება... რთს გთხოვ: გაათბე ჩემი გული, მოაშუშე ყველა ჭრილობა, გადააგდე ყველა სისულელე, რაც შენთან აკავშირებს და დამიბრუნე ისეთი, როგორიც თავიდან გადმოგეცი... სხვისას ხომ არაფერს ვითხოვ, მე რაც მეკუთვნოდა, ის დამიბრუნე მხოლოდ... ვიცოდი, სურვილი არ ასრულდებოდა, მაგრამ ბავშურად ვეძებდი იასამნის თაიგულში ხუთფურცლიან ყვავილს. თავს რამდენჯერ ვუთხარი, რომ უნდა გადაგიყვარო, მაგრამ ვერცერთხელ შევძელი… ახლა შევძლებ, ეჭვიც არ მეპარება... მე უკვე ყველას დავაჯერე, რომ არ მიყვარხარ. ეხლა დარჩა ამაში საკუთარი თავი დავარწმუნო... ახლა არა, მაგრამ დრო რომ გავა და მკითხავენ: - გიყვარს? მე ვუპასუხებ: - რა სისულელეა, უკვე რამდენი ხანია გადამიყვარდა. ძალიან ხშირდ ვხმარობ სამ წერტილს, ალბათ იმიტომ რომ ისინი ჩემს სათქმელს ამობობენ... ადამიანები არ არიან, არც წერა იციან, მაგრამ მაჯობეს, ყველაფერი თქვეს და არაჩვეულებრივად, ჩემზე კარგად… ყველა სიყვარულის ისტორია ერთნაირად არ მთავრდება... ზოგისთვის სიყვარული ყველაფერია, რომლისთვისაც თავს გაწირავს... ზოგისთვის უბრალო თამაშია... ზოგისთვის მწარე გაკვეთილი... ზოგისთვის ბედნიერება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება და სიკვდილის შემდეგაც ცოცხლობს! ჩემი ისტორიაც განსხვავებულად დამთავრდება... წლების წინ ზღაპრად დაგიწყე, დღეს კი უკვე დაგასრულე… და სანამ დამავიწყდება გეტყვი: ბედნიერი ვიქნები... უშენოდაც კი…
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.