ვიცი, ოდესღაც გამოიდარებს
„ცხოვრება, ან მწერლობა.“ სადღაც ამოკითხული. ჩემი სულიერი სამყაროს მსხვრევას და გახლეჩვას, როგორც წესი კაპიუშონში გახვეული ვხვდები. ასე და ამგვარად ვცდილობ გარდავიქმნა უსასრულო სიმკვრივედ; ჩავიპრესო სრულ არარაობაში, ვინაიდან ვიგრძნო წმინდათაწმინდა მოსვენება, რომელსაც უხსოვარი დროიდან გამალებით დავეძებ. ჩემს სამყაროში გაჩაღებული სულ სხვაგვარი ექსტრემალური გრიგალი არა და არ მაძლევს საშუალებას იმისას, რომ თვით ქრისტეს მივენდო. ხოდა, ასეა, უსასრულობაში ვარ დაკარგული და არაფერი გამაჩნია, გარდა სუნთქვისშემკვრელი მუსიკისა, რომელიც ისევ მაგრძნობინებს რაღაც არაამქვეყნიურს. ამაში მაინც გამიღიმა ბედმა, – ისევე მესმის ელექტრონული ემბიენტი, როგორც ბახისა და მოცარტის გამაგიჟებელი მელოდიები. ამასთან პოეზიასაც შეუძლია ჩემში ისეთი გრძნობების დაბადება, რომლის ახსახსნელადაც მდუმარება საუკეთესო გამოსავალია. ასე და ამგვარად, თუ გავითვალისწინებთ რაღაც არაამქვეყნიურის შეგრძნებას, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ხელოვნება საუკეთესოდ მესმის. ჩემი გონებაც თითქოსდა ხელოვნებაში გაიხლართა; ეს ერთგვარი გოეთესეული განადგურებაა, რომელსაც უდავოდ სიკვდილი ჯობია. მაგრამ, არამც და არამც, მე ამ წმინდა ხელოვნებას არაფრით შევაწერ ჩემს ყოველდღიურ მდგომარეობას, რომელიც უსასტიკესად და დაუნდობლად მტანჯავს. ხოდა, ყოველივე ამის ფონზე, ვფიქრდები, ჩემი ეს ფსიქიკური სისუსტე, თვით ბოროტება, ან ეშმაკი ხომ არ არის–მეთქი. ასეა, ხელების შეწმენდას რომელიმე ბიბლიურ პერსონაჟზე ვცდილობ. ვცდილობ უზენაესი ვიპოვნო და მთელი სიმკაცრით განვუცხადო, რომ გამწირა. გამწირა, ბოლომომიღო, აბა რა. ბოლო–ბოლო მე არ მითხოვია, რომ გავეჩინე, ეს კი, მოგეხსენებათ ჩვეულებრივი ძალადობაა. რას ვიზამ, უსამართლობით გაჟღენთილ რეალობაში ამოვყავი თავი. სადაც ერთადერთი მშვენიერება ჩაბუდებულა, – ბუნება. დიახ, მხოლოდ ბუნებასღა თუ ძალუძს შემაგრძნობინოს ჭეშმარიტი ჰარმონიის სულ პაწაწინა მონაკვეთი, რაც მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო აღელვებას მჩუქნის. ასეა, სწორად ასე: ქაოსური ხმების ჰარმონიულად დალაგებაში, მხოლოდ ბუნება მეხმარება; უკიდეგანო ზღვების ბობოქრობა, ირმის ნახტომის მშვენიერება, მდინარისპირას მთვარეულივით ხეტიალი და კიდევ სხვა მრავალი... მაგრამ, ვაითუ თუ სიბინძურეში და უჰაერობაში გადის ჩემი ეს არც ისეთი მომხიბვლელი ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა კი არა, ვამბობ, უკვე კაი ხნის ბებერი ვარ–მეთქი. თითქოსდა ამ ცხრამეტმა წელმა, მთელი საუკუნე გასტანა. მაგრამ რა მაქვს მე სამგლოვიარო, კარგიც ხომ მახსენდება, არა? კი, ეგრეა, კარგად მახსოვს ყრუ ადგილებში უმისამართოდ ბოდიალი და ზღვისპირა ქალაქი, საიდანაც დანახული მზე, წითელია. მახსოვს, თუ როგორ გამოიყურება მზე, რომელიც ოკეანის ფსკერისკენ მთელი არსებით მიილტვის. არა და არ მავიწყდება ჩემი ყოველი მდუმარება, როცა რომელიმე ტყის მახლობლად გავჩერდებოდი. ყველაზე სასიამოვნოდ კი, მატარებლით მოგზაურობა მაგონდება. ხო, ამაზე მშვენიერი არაფერია. მხოლოდ მატარებელში თუ შემიძლია კარგი ხასიათისა და მელანქოლიის შერწყმა. ამას რომ თავი დავანებოთ, მხიბლავს მდუმარე ადამიანების თვალიერება და მოსაწევად, ვაგონის პირველი და მეორე ნაწილში გასვლა. ყოველთვის ვცდილობდი, რომ სიგარეტი მალე არ ჩამწვარიყო, რათა უფრო და უფრო გამეხანგრძლივებინა ეს სიამოვნება; კვამლსაც ძალიან ნელა ვუშვებდი ხოლმე. ყველაზე სასიამოვნო მოწევა კი, ჩემს მეგობართან ერთად გამომივიდა. ღამე იყო, და თუ სწორად მახსოვს, მატარებლით ზღვისპირა ქალაქიდან, დედაქალაქში ვბრუნდებოდით. ღრმა ფიქრებისგან დროებით გავნთავისუფლდი და მდუმარება პირველმა დავარღვიე. ჩემი სიტყვები კი ასე ჟღერდა: – ჭეშმარიტად უბედურია ის, ვინც ერთდროულად ყრუცაა და ბრმაც. საპირფარეშოს კარს მიყრდნობილი მეგობარი, რამდენიმე წამს ჩაფიქრდა, ბოლოს კი ლოგიკური შეკითხვა დამისვა: – ხო, საშინელებაა, აბა რა. მაგრამ, რაზე ფიქრმა მოგიყვანა ამ აზრამდე? – თავდაპირველად წარმოვიდგინე ის შორეული კოსმიური ადგილი, საიდანაც არაფერი ჩანს დამაბრმავებელი სიბნელის გარდა; საიდანაც ვერაფერს მოისმენ დამაყრუებელი სიჩუმის გარდა, მერე კიდე ამ წარმოდგენას გამოვაკელი ფანტასტიკა და გამოვიდა კაცი, თუ ქალი, რომელსაც არც სმენა აქვს და არც მხედველობა. – ჩამწვარი სიგარეტები მატარებლიდან მოვისროლეთ და ჩვენ ადგილებს დავუბრუნდით. დედაქალაქს მონატრებულები, სიხარულით შევეგებეთ ავომობილების გამონაბოლქვით გაჯღენთილ ჰაერს და შუაღამის უჩვეულო სიჩუმის თანმხლებით, ქუჩებს ტურისტებივით დავუწყეთ თვალიერება. ყველაფერი კარგი იყო, უფრო კი ერთი კოლოფი სიგარეტი და მატარებელი, სადაც შვიდი–რვა საათი ვისხედით. ახლა კი, ჩემი ყოველდღიურობა, წარსულთან შედარებით სულ სხვაგვარია; დამთრგუნველი და გამანადგურებელი, როგორც რელიგიური ფანატიზმი. ახლა ხომ ჭირს, რეალობისა და არარეალობის გარჩევა. კი, ნაღდად ესეა, აზრზე არა ვარ სად ვარ, დაუსრულებელ ილუზიაში, რომელიც გამოწვეულია რაღაც კოსმიური ენერგიის გაელვების წყალობით, თუ ცხადში, სადაც ცა სიმყარეს კარგავს. ხოდა, მგონი ეს არის ფუძე, აუტანელი ტანჯვისა, რომელმაც ჩემი სულიერი სამყარო სრულად მოიცვა. აჰა, ესეც ასე, სულიერ აშლილობას გონებრივი აშლილობა შეემატა. მერე კიდე ეს გული... ო, ნეტავი გული არ მქონდეს, რომლის ბიძგებიც სამმაგად აღემატება ერთ წამს. ხშირ შემთხვევაში სწორად ეს ქმნის, ჩემ აუტანელ, ავისმომასწავლებელ პანიკურ შიშს, რომელიც აღმომიცენდება მაშინ, როცა მთვარე ეტრფის ამ ქვეყნის ცას. ამ ბოლოხანს ბერიკაცივით მეხსიერებაც მიქვეითდება, რაც კიდევ და კიდევ ამტკიცებს ჩემს სხვაგვარ შიზოფრენიას. ეს არის და კიდევ ჩემი მეორე „მე“, რომელიც დაუნადობელი დემონივით იპყრობს ჩემ საწყალ სულს. ამიტომაც ვცდილობ ხელიდან დავუსხლტე ამ შემზარავ რეალობას და ვიწყებ ყველაფრის უარყოფას, რაც ზებუნებრივ ძალებთან ასოცირდება. ხოლო იესო ქრისტეს არსად არ ვუშვებ, რადგან უკანასკნელი იმედი არ ჩამილპეს ამ უსაშველო სივრცეში. მაგრამ ჩემი მშველელი მაინც ფსიქიატრი მგონია. ხო, შესაძლებელია რაღაც წამლებით ჩავახრჩო ეს მდგომარეობა და მოვიპოვო ცხოვრების ხალისი, რომ დავინახო ყოველი დღის მზე. ო, როგორ მინდა მზეს ავღვიქვამდე მზედ, და არა ციურ სხეულად, რომელიც ერთ დროს აფეთქდება და მთლიან გალაქტიკას ბოლოს მოუღებს. ეჰ, ურიგო არ იქნებოდა. ნეტავი მალე გათენდებოდეს დღე, აპოკალიფსის, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს სიმშვიდე, როგორც მოსვენება. უკვე დიდი ხანია ვფიქრობ, რომ არანაირი არსება არ უხდება სივრცეს, სადაც მშვენიერებას თვით სიკვდილი წარმოადგენს. ასეა, სამყარო მკვდარია; ის ცოცხალი არც არასდროს ყოფილა. ჩვენ კიდევ, ჩვენივე პრობლემებითა და დაუსრულებელი კითხვებით ყოველივე ამას ვსპობთ. არაფერს არ ვიცოდებთ, ვლეწავთ, ვანგრევთ, ვანაკუწებთ. მაგრამ, რაც მართალია მართალია, უსამყარობას ვერაფრით შევეგუებოდი. ხო, დალახვროს ეშმაკმა, ჭეშმარიტი სიყვარულით შეყვარებული ვარ ყოველგვარ შეუცნობელ მოვლენაზე; ამიტომაც ადგილი აღარ რჩება ვინმე სხვისთვის, ვინც, ვგონებ უეჭველად მომანიჭებდა რაღაც ყოველდღიურ სასიამოვნო განცდას. რაც არ უნდა იყოს, ამ უსასრულო სივრცის შვილი ვარ. ჩემი ჭეშმარიტი მშობელი, სამყაროა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მაღლა, ეს დამღუპველი ლიტერატურა დგას. ასეა: თუ არ ვწერ, წერაზე ვფიქრობ. უეცარი სიძლიერით შემიპყრო ამ საქმიანობამ. პროზამ ყოვლისშემძლე ღმერთი გამხადა. არადა, გეფიცებით, ზმნაც კი არ ვიცი რას ნიშნავს. სასვენ ნიშნებსაც კი ვერ ვსვავ ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ ჯანდაბას, ვის ადარდებს?! მთავარი ხომ ჩემი ღმერთობაა. ღმერთი ვარ, აბა რა. არ ვაჭარბებ! მაშ, თუ გამოჩნდება ქალი/კაცი, რომელიც უარყოფს ჩემს სიტყვებს, ამასთან სიკეთე ქნას და მომიძებნოს ჩემი შესაფერისი სახელი, როცა მე პროზის დახმარებით ვქმნი სიცოცხლეს, – ადამიანებს, ცრუ ღმერთებს, ტკივილსა და ისტორიას, რომლის ბოლოც არასდროს იქნება „ჰეპი ენდი“. ასე და ამგვარად, ჩემი იაფასიანი კალმით ვქმნი სულს, რომელიც, რომელიღაც შორეულ პლანეტაზე დაწრწის... პლანეტაზე, რომელიც ჩემ შინაგან სამყაროში მდებარეობს. რომ არა პროზა, ვეღარაფერს შევაწმენდდი ხელებს და ჩემი უღატაკესი წარმოსახვის უნარით, შემზარავი მოჩვენებების სახით გამომეცხადებოდნენ ჩემს მიერ შექმნილი პერსონაჟები. არაფრით მაპატიებდნენ, თუ მათ არ შევქმნიდი და დიაგნნოზის დამესმეოდა: შიზოფრენიის მეორე ფაზა. მაგრამ, ეს ასე არ მოხდა და არც მოხდება. ჩემი გახლეჩილი გონებიდან ყოველთვის გამოვდევნი მეორე, ან მესამე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უფრო და უფრო მამსგავსებენ ბიბლიურ ღმერთს. მაგრამ, ისეც არ შევშლილვარ, რომ ჩემი ნაბოდვარი ჭეშმარიტებად ავღვიქვა. კი, ღმერთი ვარ, მაგრამ სხვაგვარი, არა თქვენებური, და ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ გამაგიჟებელ მარტობაას დასასრული აღარ უჩანს. ღმერთი ვარ, და მერე რა, რომ მეც მყავს ღმერთები. მერე რა, თუ ვინმეს შევევედრები, რომ წუმპედან ამომათრიოს. მერე რა, თუ მგონია, რომ ქრისტე დამიხსნის განსაცდელისგან. ყველანი ღმერთები ვართ, ვისაც კი რამე შეგვიქმნია, რადგან ერთი წინადადების დაწერით, სადღაც, სიშორეზე ერთი უსასრულო სივრცე იქმნება. მაგრამ ჩემი ცხოვრების წესი, და საერთოდ ყოველდღიურობა ისეთი მოსაწყენია, ღმერთობა კი არა, ეჭვი შემაქვს ჩემს არსებობაში. მეეჭვება, რომ მართლა ვარსებობ. თუმცა, გინ მიარსებია და გინდ არა. არაფერს ვაკეთებ ფიქრისა და წერის გარდა. თუ კაი ამინდია, აი ისეთი, მარტოობას რომ უხდება, კი ბატონო, სახლიდანაც გავდივარ და პირადად ჩემს ვიწრო ქუჩას მივუყვები ხოლმე, მაგრამ ეს არც ისე ხშირად ხდება. ერთ პატარა ოთახში ვარ, სადაც არაფერი ისმის საუცხოო მუსიკების გარდა. რა ვქნა, ვეღარს უსიამოვნო სტუმრებს ვუღიმი. აღარც ვსაუბრობ და საერთოდ ერთი ცოცხალ–მკვდარი ლეში ვარ, რომელიც მძიმედ გადაიღალა უსაქმურობისგან. მაგრამ ერთი წამითაც კი არ დამვიწყებია სიკვდილი, რომელსაც ასე სულმოუთქმელად ველი. ამაში ვხედავ მოსვენებას, რადგან უეჭველად ვიცი, სიცოცხლის მიღმა რაღაც კოსმიური იმალება. მე ვიცი, რომ გარდავიქმნები უსხეულო ენერგიად და მინიმალური სვლით გავემართები უსასრულობისკენ. მხოლოდ მაშინ თუ გამახსენდება სიცოცხლე, როცა ღია კოსმოსში გონაშვილის ხმას გავიგებ. გამახსენდება სიცოცხლე, ჩემი სულის წვალება და უმალვე გადავივიწყებ. ხოდა, ასე იქნება, უსასრულო მოგზაურობა მელის, მაგრამ ჯერ ცოცხალი ვარ... ჯერ ღმერთი ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.