არაფრის მომცემი ჩანახატი, სადაც მე ვკვდები
სხვა არაფერი შემიძლია, მხოლოდ თვალების დახუჭვა და რაღაც ძალით, ზღაპრულ ქვეყანაში გადასვლა, სადაც, არაფერია, ენით უთქმელი სიბნელისა, და ჩრდილოეთის ციალის გარდა. ჩრდილოეთის ციალი, მშვენიერია, მაგრამ უფრო მშვენიერი იქნებოდა, ამას, თვალგახელილი რომ ვხედავდე, უფრო ლამაზი და... ან, შესაძლოა სწორად იმ სიბნელეშია მშვენიერება, რომელსაც ღამ–ღამობით, დაძინებამდე, ეს სიბრმავე მჩუქნის, სიბრმავე არა გონების, არამედ თვალების. ხოდა, ხან სად ვარ, და ხან სად, უფრო ხშირად კი, როცა ჩემი დაკრძალვა მთავრდება, სადაც არავინაა გარდა ედგარ ალან პოს გამოგონილი ყორანის მეტი, მივისწრაფი შოერული ხმებისკენ. ვიცი, ხმებს ვერასდროს მივუახლოვდები, თუმცა, ვჯიუტობ, ვჯიუტობ პატარა ბავშვივით, ვჯიუტობ უხალისოდ დარჩენილი მოხუცივით, რომლის სხეულიც, შესაძლოა ახალგაზრდა იყოს. რამდენ რამეს ვნახულობ, ღმერთმანი, ბოლოს კი, ყოველჯერზე, მაინც აქ ვარ, ძველი ტექნიკით გარშემორტყმულ სანაგვეში, ჩემს ოთახში, რომლის ჭერზეც ისევ ვლანდავ გოლგოთას მთას, რომლის კედლებზეც ისევ ვწერ მწუხარების გამომხატველ ფრაზებს, მაგალითისთვის როგორიცაა: „არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვაა...“ ხოდა, დაუჯერებელს არაფერს ვამბობ, ეს სხვა, მეცხადება მაშინ, როცა თვალს მოვხუჭავ, როცა სიბნელე იქცევა ნათელ ხაზებად, რომელიც რაღაც პატარა და ამავდროულად, უსასრულო სამყაროს ხატავს. სადაც მინდა იქ ვარ, და ამას მილიონჯერ გავიმეორებ, სადაც მინდა, იქ ვარ. მაგრამ, სადაც არ უნდა ვიყო, იქ მხოლოდ მე ვარ, მე, მე და მე, სხვა, არავინ, თუ რა თქმა უნდა რაღაც იდუმალებას, როგორც ღმერთის სუნთქვას, პიროვნებად არ ჩავთვლი. თუმცა, ღმერთის სუნთქვა–მეთქი იმიტომ ვთქვი, რომ ამას, რაღაც იდუმალს და მშვენიერს, სხვა შესაბამისი სიტყვა ვერ მოვუფიქრე. ჩემი ისტორია, სხვაგვარია, არა თქვენებური, არამედ, რაღაც უმაღლესი, ან, უმდაბლესი, დაცემული, როგორც მთლიანი კაცობრიობა. მე ვგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს და ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩამესმის შორეული ხმები, რითაც, ან მე, ან ვიღაც უხილავი, აწყობს შესანიშნავ მელოდიას, რაღაც კოსმიურს, ან, უფრო დიდს, უმაღლეს, რისი შესაფერი სიტყვაც, ჯერ არასდროს, არსად, არავის არ დაუწერია, არც წარმოუთვამთ. ყოველივე ეს, ხანდახან, ღამ–ღამობით, სევდიანია. სევდიანია მთლიანი უსასრულო სივრცის შეგრძნებაც, მითუმეტეს, თუ ელექტრონული ემბიენტი ჩამესმის, ან, რაც უფრო იშვიათია, ანგელოზთა გალობა. მერე კიდე მთვარე... ო, მთვარე, რაღაც ენით უთქმელი მწუხარების გამო, სახე სულ მთლად რომ დაეწვა. მერე კიდე ჩემი სახეე... ო, ჩემი სახე, მთვარეზე რომ ვლანდავ... მერე კიდე იქიდან, მთლიან დედამიწას, ასე მდუმარედ რომ შევსქცერი. არც გათენება მიდის უჩემოდ, და არც დაღამება. ყოველი ღამის შემდეგ, როცა მე ვკვდები, უმალვე ვცოცხლდები სხვა პლანეტის უდაბნოში, სადაც ხეოფსის პირამიდა, უკვე კარგა ხნის დაშლილია. ხოდა იქიდან, ჩრდილოეთის ციალი მოჩანს... კიდევ, ოკეანეში, ნავი, სადაც, ვგონებ არავინ ზის. კიდევ, უდაბნოში ხეებიცაა, უჩვეულო, მაღალი ხეები, სადაც ყოველდღიურად ვიკარგები. მადლობა ღმერთს არავინაა ჩემი მშველელი, რომ იქიდან გამომათრიოს, გარდა ბუნების კანონისა, რომელიც, ასე, სადღაც შუადღის პირველ საათზე, მაღვიძებს. არავინაა ჩემი მშველელი, რომ მომაშოროს ამ ჭაობს, სადაც სუნთქვის უკმარისობა, შიზოფრენია, მწვავე ნევროზი და გულის დაავადება, კერძოდ კი სტენოქარდია მტანჯავს. არავინაა ჩემი მშველელი, რომ იგრძნოს ის, რასაც მე ვგრძნობ. არავინაა ჩემი მშველელი, რომ გამომათრიოს რეალობასა და არარეალობის შორის გავლებული ზღვარიდან. თორემ, თუ გადავედი გაღმა, არარეალობაში, ვგონებ, კარგი დღე არ გამითენდება. ან, შესაძლოა მე უკვე იქ ვარ და არც ვირტუალური ფურცელი არსებობს, რომელზეც ვწერ. შესაძლოა უკვე გადავედი რიგით მეორმოცე სამყაროში, ღმერთისგან უსასრულოდ შორს, ხოდა, თუ ასეა და მე არ ვცდები, კარგი დღე არ დამდგომია. ისევ მინდა დავინახო მზე. ისევ მინდა, სიბნელეში მესმოდეს შესანიშნავი, უსახელო მუსიკა და განვიცადო თუნდ ერთ წამიანი სრულყოფილება, როგორც ბედნიერება. ისევ მინდა გამოვძვრე ამ სანაგვიდან და მთელი ღამეები გავატარო ქუჩაში, ჩემს ვიწრო ქუჩაზე, სადაც არვითარ შემთხვევაში არ დამთრგუნავს ჩემი გამაგიჟებელი მარტოობა. ისევ მინდა ვფიქრობდე, რომ ნამდვილი უბედურება სიღატაკეა. ისევ მინდა სიყვარულით აღვივსო ქვეყნის დასალიერში, ზღვაზე, საიდანაც დანახული მზე, წითელია. მე, ცხრამეტი წლისას, ისევ მინდა ვიყო ახალგაზრდა. თუმცაღა, ვინმე გარდაცვლილი ბერიკაცის ენერგიით ვარ აღსავსე. ბოროტი ძალების არსებობაში დარწმუნებული რომ ვიყო, ვიფიქრებდი, ვიღაც უტიფარმა დამწყევლა–მეთქი. ისევ მინდა, სიფხიზლეს ვნატრობდე და არა ძილს. აღარ მინდა ძილში განცდილი შვება. აღარ მინდა უსასრულო სამყარო, სადაც უხსოვარ დროს გზაამებნა და დავიკარგე. აღარ მინდა ვგრძნობდე რაღაც არაამქვეყნიურს. ჩემი დაკრძალვის დღეს, უსასრულო სივრცე, გადაიქცევა უსასრულო სიმკვრივედ. მოვკვდები და აღარ იარსებებს ქაოსი, რადგან მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი, ერთადერთი, პირველი და უკანასკნელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.