სიმძლავრე
სანაპიროზე ვარ, ბნელა, მუხლამდე წყალში ვდგავარ შორტითა და მაისურით და წყალს იქამდე გავცქერი, სადამდეც თვალთახედვა მაძლევს საშუალებას. მბურძგლავს... ღამის შემძვრელი წყვდიადი შიგნით მიხმობს. თითქოს სანაპირო ქვიანია, წყალში შესვლისასაც ვგრძნობდი უხეშ და უფორმო ქვებს ფეხქვეშ, მაგრამ სადაც ახლა ვდგავარ, მხოლოდ სილას ვგრძნობ ფეხის გულებით. ქვიშა უსიამოვნოდ მიძვრება თითებს შორის, ოდნავ მფხაჭნის უწვრილესი კენჭები, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ვგრძნობ, როგორ მეხეთქება ტალღები მუხლებზე და მიქცევისას როგორ მეპარება ფეხის თითებს შორის ქვიშა, ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს ფეხებზე ვიღაც მექაჩება, შიგნით მიმითრევს... საოცარი შეგრძნებაა, თუ ამ ქვიშას სასიცოცხლო მნიშვნელობას მიანიჭებ, მძაფრად შეიგრძნობ როგორ გეფანტება უკანასკნელი წამები. შეიგრძნობ, როგორ გაცლის მოღალატე წყლის მასა მას, როგორ გტოვებს ცარიელსა და დაცლილს... ისევ უკიდეგანო ზღვას გავცქერი. წყვდიადია, არც სანაპირო განათება, არც გემი წყალში, არც ცაზე მთვარე... არაფერი ნათელი... წყვდიადია! გული უცნაურად მიძგერს, არც ტალღები წყვეტს ჩემს მუხლებზე დგაფუნს და შორტის ბოლოებს უნამუსოდ მისველებს, არც ქვიშა რჩება ჩემს ფეხქვეშ. წყალი ცივია და ეკალი მაყრის. კოჭებიდან მუხლამდე დაბუჟებას ვგრძნობ, ისეთი მძაფრი შეგრძნებაა, თითქოს ათასი კიბორჩხალა ერთდროულად მაცოცდება ზედ. ვცახცახებ... კვლავ ვგრძნობ უხილავ ბორკილებს ფეხებზე და უწინდებურად ვგრძნობ, როგორ მექაჩება სიღრმისკენ. წონასწორობის დაცვა მიჭირს, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი, არც ზღვას ვაშორებ თვალს, ვერც მოვაშორებ. მონუსხულივით შეყურებ, შევციცინებ... ტალღებს ვაკვირდები, რომლებიც ჩემსკენ მოიწევენ. ერთდროულად შავიცაა და გამჭირვალეც, მაგრამ აზიდულ ტალღაზე კარგად შეიმჩნევა ნაცრისფერი ჩრდილები, რომელიც ტალღის სიმაღლეს მანახებს. შიშის ზარი მეცემა, მაგრამ მიჭირს მიზეზის დადგენა. წყლის ხმაური ნელ-ნელა უფერულდება, თითქმის აღარ მესმის... აღარც ნაპირზე, სიბნელეში მოხტუნავე ახალგაზრდების ყიჟნი სწვდება ჩემს ყურთასმენას. დავრჩით მე და ზღვა. მხოლოდ ჩვენ ორნი, ერთმანეთის პირისპირ. ჩუმი ბრძოლა ისევ მიმდინარეობს ჩვენს შორის. ის იგივეს აგრძელებს, თავის ძალას ჩემს მუხლისთავებზე შენარცხებით მიმტკიცებს, ისევ მაცლის სიცოცხლის უკანასკნელ წამებს და ისევ მექაჩება ვიღაც შიგნით, სიღრმეში. მეც, ჩემი მხრივ, მზერით ვბურღავ წყვდიადს, თვალებდაუხამხამებლად შევყურებ სიღრმეს. ვფიქრობ რას მახსენებს ეს წყვდიადი, ეს ფერები, ეს სიჩუმე. სიკვდილს... სიკვდილს მახსენებს! მახსენებს და მეშინია... თითქოს ნისლი ჩამოწოლილა ციდან და სიბნელეში მუქი ნაცრისფერი დასდებია, თითქოს ხვრელები წარმოქმნილა ზღვისა და ნისლის შესართავთან და ხახადაფჩენილი მელის. ელის როდის შთანმთქავს, როდის აღმგვის პირისაგან მიწისა... და მაინც, ვდგავარ და ველი, როდის გამაცლის წყალი ფეხის გულებიდან უკანასკნელ წამებს... ვიძირები! ვიძირები და პირმომუწული და თვალებგახელილი ვიცდი. თვალები მეწვის მარილიანი სითხისგან, ფილტვები უჰაერობისგან... თითქოს კლდე მეცემა მუცელზე და მძირავს, სიღრმეში მიმათრევს. ჩემს ზევით უთვალავმა ლიტრმა წყალმა მოიყარა თავი, მე კი ისევ წყლის სიშავეს შევცქერი. ვგრძნობ, უჰაერობისგან ფილტვები როგორ მტკივა, მეწვის, მიბობოქრებს. ყურები მიგუბდება, ცხვირის ღრუ წყლით მევსება. კლდე ისევ მძირავს, წყალს ფსკერი არ უჩანს. პირს ვაღებ და ღრმად ვისუნთქავ, მაგრამ ეს წყალია და არა ჰაერი. ყელში თქრიალით დაგადის წყალი და ახლა ამ ნაკადის შეჩერება მწადია. ფილტვები და ყელი ერთდროულად მეწვება. მინდა გავინძრე, გავცურო, ვიკივლო, შველა ვითხოვო, მაგრამ არაფერი გამომდის. ცოტაც, ცოტაც და... საწოლიდან კივილით ვხტები. თვალებდაქაჩული და სუნთქვაარეული გარემოს ვავლებ თვალს. ვაცნობიერებ, რომ არ ვარ წყალში, არ ვარ კლდის ქვეშ და სუნთქვაც შემიძლია. ხარბად, გაუმაძღრად ვისუნთქავ ჰაერს. ფილტვები და ყელი ისევ მეწვის, პირდაღებული ვცდილობ გონებაში თვლას ავაყოლო სუნთქვა, თუმცა არაფერი გამომდის. ვიაზრებ, რომ ყველაფერი სიზმარი იყო. საათს გავხედე, 03:37 მიჩვენებს. სახეზე, ყელსა და კისერზე ხელებს ვიტარებ და ოფლის შემაწუხებელ წვეთებს ვიშორებ. უკან ღრმა ჩასუნთქვით ვიწევი და ოხვრით ვეფლობი ბალიშში. სახეზე ხელის გულებს ვიფარებ. ჯერ ღიმილი მესახება, მერე კი ხმამაღალი ხარხარი მიტყდება... წარმოუდგენელია, გავიმარჯვე! მე გავიმარჯვე! *** ეძღვნება: მარიამ სულიკავშვილს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.