სიზმარი
ბორგავს ჩემი სულის ჭაობში ლევიათანი და ცარიელ ფიტულად ქცეულს გადაყლაპვას მიპირებს. ძრწის ჩემი გონების უღრმეს და უშორეს აადგილებში და დროს ეძებს, რომ გადამყლაპოს. მისი მომწვანო, ხაოიანი ზედაპირი მეხება და ვგრძნობ,როგორ იმატებს ჩემში ჭაობი და მჭამს, მახრჩობს, თითქოს ქვიშის საათში ვიჯდე, ზედ თავზე ქვიშა მეყრებოდეს და ცოცხლად ვიმარხებოდე. ყველაფერი შემაძრწუნებლად ოქროსფერია, მკვდარი ოქროსფერი, თითქოს ქვიშისფერი. ჰაერი ნელ-ნელა იცლება და მის ნაცვლად ჭაობი შემომჩერებია, მნთქავს ნელა, მწვალებლურად და ზანტად იცინის. უხარია ჩემი მოსპობა. ის ადგილი, სადაც ადრე ვარდები ყვაოდა, ახლა ნასახლარად ქცეულა და სწორედ ამ ვარდების ნაცვლად მუქი, მწვანე, ნაძვისფერი არსება დასახლებულა. ვცდილობ გავექცე, გავურბივარ, მაგრამ ირგვლივ უსასრულოდ ტალახისფერია. ყელამდე ვცურავ ხავსიან ჭაობში და ვერაფერს ვხედავ უკუნით სიბნელეში. როგორც უდაბნოში მწყურვალე მგზავრს ელანდება ოაზისი, ისე მელანდება ხმელეთი, თუმცა ეს მირაჟია, იმედი, რომელიც ადამიანს სიკვდილის წინაც კი არ უქრება. ცასაც ვერ ვხედავ, რადგან თავს გადავწევ თუ არა იმ წამსვე ჩამითრევს მორევი. მკვდარია აქაურობა და ვგრძნობ ფეხის ტერფის ყველაზე მგრძნობიარე ადგილას როგორ მეხება ნიანგის ხაოიანი ზედაპირი, თითქოს მსიამოვნებს, სიკვდილს ვნატრობ, ის კი იგვიანებს, ისევ ზანტად და მოურიდებლად დამცინის, ან დახრჩობა ან ამ მწვანე ურჩხულის ხახაში მოხვედრა მომელის დანამდვილებით. მაინც ვერ ვხვდები რომელი გზით მოვკვდები ან ჯობია. ეს ლაბირინთს ჰგავს, უაზრო ლაბირინთს, გზას რომ გამოაგნებ,მაგრამ არაფერი და აარავინ გხვდება უკაცრიელობისა და უდაბურების გარდა. უცებ ვიგრძენი როგორ შეტორტმანდა ჩემ გვერდით ტირიფი, ვიგრძენი ის მსუბუქი, მაგრამ ყინულივით ცივი ნიავი, უხეშად რომ ულოკავდა ხეს ფოთლებს და ღეროებს. ახლა ცრის და ვგრძნობ, რომ დედამიწის ეს მოვლენა მაინც ჰგავს თავის თავს. წვრილი ისრის მსგავსი წვეთები მეცემა ერთსა და იმავე ადგილას. თავიდან მსიამოვნებს, ჟრუანტელი მივლის, მაგრამ ეს რიტმულად მეორდება ერთსა და იმავე დროს, წამისა და წამის შუალედში გაუჩერებლივ და განუწყვეტლივ სხეულის ერთსა და იმავე ადგილას და ვგრძნობ წვიმის თითქოს უვნებელი წვეთები როგორ მირტყამს გონებაში, როგორ მიცემს გული, როგორ მიჩნდება ახალი ჭრილობები, რომლებიც ვიწროა და თანდათან ჭასავით ღრმავდება. სისხლი გადმოჩქეფს და ჩემს სხეულს უჭირს სუნთქვა, ალბათ, უფრო იმის გამო, რომ ჩემს ტორსზე უკვე ასობით ჭაა. ამოღრმავდა ჩემი ფიტულივით სხეული და უფრო დაემსგავსა უსულგულო კუნძს, ხის ფუღუროს, რომელიც წითელი სითხით ივსება და ამ მწვანე ჭაობში წითელი ლაქები ჩნდება... და მე მიხარია, მიხარია, ის რომ გარდა ტალახისფერისა, არსებობს სხვა ფერიც - წითელი და ეს ფერი მე შევქმენი. გრძნობს თავისი ცხოველური ინსტიქტით ამ ფერს ლევიატანი და მიახლოვდება, წრეს მივლის და ვხვდები, რომ მსხვერპლი ვარ ამ მწვანე არსებისა, მაგრამ მიხარია და ბედნიერი ვარ, რადგან მე დავძლიე ერთფეროვნება და სიკვდილის მტარვალი წამების წინ ლურჯი ცის დანახვაც შევძელი. ეს შეიძლება ჩემი წარმოსახვა იყო, მაგრამ მივხვდი, რომ ცა ლურჯია, ცის ფერია და ეს ფერი ჩემშია, შეიძლება სულაც მე გამოვიგონე და ჩემია. ამ ფიქრებში მყოფა ვგრძნობდი, როგორ მფარავდა ჭაობი და როგორ მჭამდა ნიანგის ბასრი კბილები, მესობოდა ისედაც ღრმა ჭრილობებზე და მე ვერაფერს ვგრძნობდი. ტკივილი იმდენად მძაფრი იყო, რომ მე შევეჩვიე და იმ წამს მივხვდი, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ამ წამს კი ეს ფაქტი მიხაროდა, რადგან ვერც ვგრძნობდი როგორ შესანსლა ჩემი კიდურები ურჩხულმა, როგორ ჩაუვარდა ხელთ ჩემი ხელ-ფეხი და მე ტორსად დარჩენილი ხმას ვერ ვიღებდი. ის კი ვიცოდი, რომ ეშმაკი ჩემს გულს ვერ შეჭამდა, ვერ წალეკავდა ჩემი შინაგანი სამყაროს ნაპურებს და ვერ დამშანთავდა. იწვოდა ირგვლივ ყველაფერი და მე უკვდავი ვრჩებოდი, უკვდავი, როგორც ფიქრები, ოცნებები, აზრები. დღეს მე მკვდარი ვარ, ჩემი სულის ლევიათანი კი კვლავ შავი ყორანივით დამჩხავის, ვერ დაკმაყოფილდა ნადავლით და მეტს ითხოვს. ჩემი სულის მოსყიდვაუნდა, უნდა ჩემი ეგოთი ჩაიკოკლოზინოს ყელი. მე ეს არ მინდა, არ მსურს ვუწილადო ჩემი სამყაროს დიადი ფერები, თუმცა დღემდე საგონებელში ვარ, ვფიქრობ ოდესმე მაინც წალეკაავს და დააბინძურებს ჩემი სულის მდინარეს და შთანთქავს ჩემს გონებას. ეს ჭაობი ცხოვრებაა, რომელიც კვლავაც მითრევს, უნდა ტბის ფსკერში ჩამითრიოს, შემიყვანოს უდაბურებაში. -და შენ თანახმა ხარ? - ისმის ურჩხულის ხმა მე კი დაუფიქრებლად ვპასუხობ - დიახ, თანახმა ვარ და მივყვები ჩემი პასუხით გაოგნებულ მწვანე არსებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.