ფსკერიდან ზევით..
1952 წელი, 27 იანვარი. – სახელი? – გიორგი. – მამის სახელი? – ქართლოსი. – გვარი? – ქართველიშვილი. – გისმენთ. _ ... _ ბრძანეთ, რას უჩივით? – მეე? არაფერს. აქეთ მიჩივიან.. – ვინ? – ეჰ, რა ვიცი აბა.. – რას ამბობენ, რატომ ვჩივითო? – სულს მიბინძურებენ და მერე აქეთ ბრალს მდებენ – "გიჟი ხარო" – სულს? როგორ? – შემოდიან. – სად? – ჩემში შემოდიან, მიბინძურებენ სულს და მტკივა.. – რა? – სული,სული, ექიმო! სხვა რა უნდა მტკიოდეს? – სული?.. სად გტკივათ? სად არის სული? – როგორ თუ სად არის? – ჰო, სად არის? მკერდში, თავში, კიდურებში? სხეულის რომელ ნაწილშია სული? რატომ დადუმდით? ვერ უპოვეთ ადგილი? მართალი ბრძანდებით. ვერ უპოვნიდით, იმიტომ რომ არსადაა. ესე იგი არ არსებობს! და რაც არ არსებობს, არც შეიძლება გტკიოდეთ. გასაგებია? _ რომ მტკივა? _ ეს თქვენი წარმოსახვაა. თან, "ჩემში შემოდიანო"– რომ ბრძანებთ, ამიხსენით ერთი როგორ ახერხებენ ამას? ან "სულის დაბინძურება" რას მიქვია? გეუბნებით: არ არსებობს სული! სად არის, აბა მაჩვენეთ? _ ექიმო, რა ხნის ბრძანდებით? _ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს სულის არსებობასთან? –ისე, უბრალოდ გეკითხებით. – კეთილი, ოცდაათს გადავაბიჯე. – კარგად გაზრდილი ახალგაზრდა ჩანხართ ექიმო, სიტყვა–პასუხი არ დაგეწუნებათ და სწავლა–განათლებაც კარგი უნდა გქონდეთ მიღებული. მაგრამ, ბალღობაში ან შემდგომ, არაფერი ჩაგიდენიათ ისეთი, სინდის–ნამუსს რომ შეეწუხებინეთ? განზრახ საქციელზე კი არ მოგახსენებთ, არა,არა, სული ნუ წამიწყდება, მე მხოლოდ უნებური, ბოდოშალი მაქვს მხედველობაში? – კიდევ "სული"–ო... კარგი, ვთქვათ ჩამიდენია და შევუწუხებივარ, მერე? – ვთქვათ კი არა, იყო თუ არა ეგრე? – კარგი ბატონო, იყო. – მაშ შეუწუხებიხართ, არა? – ჰო მეთქი, აკი გითხარით. – მერე სად არის? – რა? – სინდისი ან ნამუსი, თქვენ რომ შეგაწუხათ? ან ღირსება, სიქველე, სათნოება, თუნდაც ბოროტება სად აქვს ადამიანს? სხეულის რომელ ნაწილში? გინახავთ სადმე,ისინი ექიმო? სად? მკერდში, თავში თუ კიდურებში?.. არსად არა? მაშ, არ არსებულან და ეგაა?! – მდა!.. ესე იგი, თქვენ სერიოზულად ფიქრობთ, რომ სული არსებობს, მეზობლები მას გიბინძურებენ და თქვენ, ამ ქმედებით მიყენებული ტკივილი გაწუხებთ, არა? – სწორედ რომ ასეა ექიმო. მაგრამ მხოლოდ მეზობლები კი არა, ყველა, ყველა შემოდის ჩემში ვისაც არ ეზარება. შემომეჭრებიან, წაბილწავენ ყველაფერს, ავგიას თავლად მიქცევენ სასულეთს, მერე, ვითომც არაფერიო, წავლენ შინ და ასე – სულაქოთებულს მტოვებენ. ხალხი არა ხართ?! აღარ შემიძლია! დავიტანჯე! ყარს ყველაფერი, ვეღარ ვსუნთქავ, მაინც და მაინც სული უნდა ამომხდეს, ადამის შვილებო?! – კარგი, კარგი, დაწყნარდით. რამდენი ხანია რაც ამ ყოფაში ხართ? – ეეჰ... დასაბამიდან ასე არ ვარ ექიმო? მაგრამ, უკანასკნელი 170 წელი და განსაკუთრებით ბოლო ოცდაათი, ნამეტანია, შენ ნუ მომიკვდები. – აჰა! ას სამოცდაათი და განსაკუთრებით ბოლო ოცდაათი არა? ერთობ გაგიძლიათ, ამხანაგო, ერთობ. არა უშავს, გულს ნუ გაიტეხთ. ჩვენ გიშველით... და მეზობლებზეც ნუ იქნებით განაწყენებული. რომ არა ისინი, ვერ მოხვდებოდით იქ, სადაც მოგხედავენ, მოგივლიან და მოგარჩენენ. – დავიჯერო ექიმო? წეღან არ ბრძანებდით – სული არ არსებობსო? ასე თუ ფიქრობთ, როგორ ან რას უნდა უმკურნალოთ? – გეხუმრეთ, გეხუმრეთ. როგორ არ არსებობს. აქ სწორედ თქვენნაირი, სულით ავადმყოფი პაციენტები გვყავს და ჩვენი მოვალეობა მათზე ზრუნვა გახლავთ... – მაშ, მიშველით ვითომ რამეს? – გიშველით, გიშველით. – რა ვიცი აბა? რაღაც კი მეპარება ეჭვი მაგრამ, აგერ თქვენ და აგერ მე. – ამხანაგო კლარა! – გისმენთ სოსო ექიმო! – ამხანაგი გიორგი მოათავსეთ პალატაში! ტიპური შიზოფრენიაა. მკურნალობა – ტრადიციული:ინექცია და აბები დღეში ორჯერ, დილით და ძილის წინ. ექთანმა და პაციენტმა კაბინეტი დატოვეს. ექიმმა საათს დახედა. "წასვლის დროა"–ო და წამოდგა. კედელზე დაკიდებული, კიტელში გამოწყობილი, ვიღაც ულვაშა კაცის პორტრეტი გაასწორა, საწერ მაგიდაზე მოფენილ ფურცლებს ერთად მოუყარა თავი, უჯრაში ჩააწყო, კიდევ ერთხელ გახედა კიტელიანს და ოთახიდან, სწრაფად გავიდა. შინ მიეჩქარებოდა. ახალსახლობა ჰქონდა ოჯახს უფრო სწორედ, ორი, ახლადგამოთავისუფლებული ოთახი შეემატა ექიმის საცხოვრისს. უწინ, იმ ორ ოთახში ( არ ეტყობოდათ მაგრამ) ხალხის მტრები ცხოვრობდნენ. "ხალხის მტრების" ადგილი კი მოგეხსენებათ მოუსავლეთშია. ჰოდა, ვიღაც "მადლიანის" უსახელო წერილის საფუძველზე, სწორედ იქ უკრეს თავი, იმ "მავნეებს, წურბელებს და აგენტებს". მთელი დღის უნახავ ოჯახს მოეფერა ექიმი. ივახშმა და მოსვენება ინება. მალე ჩაეძინა. ჩაეძინებოდა აბა რა? გადაღლილი იყო და არც "სულის ტკივილი" უშლიდა ხელს, გიორგისავით. გიორგის კი არ ეძინა. ან რა ჩააძინებდა? სულის განსაწმედელი, სამკურნალო წამალი უნდა შემოეტანა ექთანს. 1982 წელი, 27 იანვარი. – სახელი? – გიორგი. – მამის სახელი? – ქართლოსი. – გვარი? – ქართველიშვილი. – გისმენთ. _ ... _ ბრძანეთ, რას უჩივით? – მეე? არაფერს. აქეთ მიჩივიან. – ვინ? – ეჰ, რა ვიცი აბა... – რას ამბობენ, რატომ ვჩივითო? – სულს მიბინძურებენ და მერე აქეთ ბრალს მდებენ – "გიჟი ხარო." – სულს? როგორ? _ შემოდიან. – სად? – ჩემში შემოდიან, მიბინძურებენ სულს და მტკივა. – რა? – სული,სული, ექიმო! სხვა რა უნდა მტკიოდეს? – გიორგი, რა ხანია ჩვენთან ხარ? გმკურნალობთ, გმკურნალობთ და რა? ა–რა–ფე– რი. – რა ვქნა ექიმო, მტკივა და... – რამდენი ხანია? – თითქმის ორასი წელი იქნება უკვე. ბოლო სამოცი კი აუტანელი გახდა... – ჩემო გიორგი! აბა თავად დაფიქრდი, შიძლება ადამიანს სული ტკიოდეს და თანაც 200 წელი? გინახავს საერთოდ ამ ხნის კაცი? თუმცა რის ორასი? "დასაბამიდან მოვდივარო" – აგიჩემებია. – ასეა და... – რა არის ასე? – ყარს! ყარს! ნაგვით გაივსო სასულე! მტრედი ვეღარ მოფრენილა! – ეს "მტრედი" საიდანღა მოიტანე? რად უნდა მოფრინდეს, ან რად ელი? – მა რას ველოდო? ბუჩოს და ბრელოს? თითქოს ჩემი არა მყოფნიდეს, ტომრებით მოაქვთ და ყრიან! – თუ ასე გაწუხებს ეს ძუძგი და ნაგავი, ადექი და შენ თვითონ გაიტანე, დაასუფთავე. – ეეეჰ, მე მაგის ძალა ვინ მომცა ექიმო მარტო რას, ან როგორ აუვალ? – მარტო რატომ ხარ გიორგი? განა ჩვენ არ გეხმარებით სულის გაწმენდაში? – დახმარება შვების მომტანი უნდა იყოს. თქვენ კი სხეულს მიჯიჯგნით და რაღაცებით მჭყიპავთ, ეს არის და ეს. ნაგავს, ნაგავს ამატებთ. – აბა ვისი იმედი გაქვს? – მტრედის. – "არ მოდისი"–ო, შენ არ ამბობ? – თქვენ აფრთხობთ და რას მოვა... – რითი ვაფრთხობთ? – ნაგვით. – ამ ნაგავს სადღა ხედავ, ერთი ესეც მითხარი? ვერც მე, ვერც ნინა ექთანი, ვერავინ ვამჩნევთ? – რომ ვერ ამჩნევთ, იმიტომაც მრავლდება,მე კი სულს მიხშობს, მიგუბებს და გასაქანს არ მაძლევს. – ნინა! – გისმენთ სერგეევიჩ! – იგივე რეჟიმში გავაგრძელოთ მკურნალობა. ინექცია და აბები – უზმოზე და ძილის წინ. გიორგი პალატაში წაიყვანეთ. – გასაგებია, სერგეევიჩ. ექთანმა და პაციენტმა კაბინეტი დატოვეს. ექიმმა საათს დახედა. "წასვლის დროა"–ო და წამოდგა. კედელზე დაკიდებული, კიტელში გამოწყობილი, ვიღაც, ორდენებით მკერდდამშვენებულიული კაცის პორტრეტი გაასწორა, საწერ მაგიდაზე მოფენილ ფურცლებს ერთად მოუყარა თავი, უჯრაში ჩააწყო, კიდევ ერთხელ გახედა ორდენოსანს და ოთახიდან, სწრაფად გავიდა. შინ მიეჩქარებოდა. ახალსახლობა ჰქონდა ოჯახს. პიჯაკის გულის ჯიბე, ხელით მოისინჯა. ადგილზე იყო კონვერტი. – ქურდები ვართ, ჩვენი სახლი ციხეაო! – გაიძახიან და ტომრით ფულს იხდიან, "სახლის" ნაცვლად ფსიქიატრიულში მოხვდნენ. ჩაიცინა და ხელი ჩაიქნია სერგეევიჩმა. მთელი დღის უნახავ ოჯახს მოეფერა ექიმი. ივახშმა და მოსვენება ინება. მალე ჩაეძინა. ჩაეძინებოდა აბა რა? გადაღლილი იყო და არც "სულის ტკივილი" უშლიდა ხელს, გიორგისავით. გიორგის კი არ ეძინა. ან რა ჩააძინებდა? სულის განსაწმედელი, სამკურნალო წამალი უნდა შემოეტანა ექთანს. 2012 წელი, 27 იანვარი. – სახელი? – გიორგი. – მამის სახელი? – ქართლოსი. – გვარი? – ქართველიშვილი. – გისმენთ. _ ... _ ბრძანეთ, რას უჩივით? – მეე? არაფერს. აქეთ მიჩივიან. – ვინ? – ეჰ, რა ვიცი აბა... – რას ამბობენ, რატომ ვჩივითო? – სულს მიბინძურებენ და მერე აქეთ ბრალს მდებენ – "გიჟი ხარო" – სულს? როგორ? – შემოდიან. – სად? – ჩემში შემოდიან, მიბინძურებენ სულს და მტკივა. – რა? – სული,სული, ექიმო! სხვა რა უნდა მტკიოდეს? – აჰა, ესე იგი სული, არა? – დიახ. – და.. როგორ გტკივა დაბინძურებული სული? რაში გამოიხატება? გჩხვლეტს? გჭრის? მოვლითი ხასიათი აქვს, ვეღარ სუნთქავ, გეფხანება, გექავება, თუ რა ხდება? _ თქვენ არასდროს შეუწუხებიხართ? – ვის? – სულს. – არა. და ვისაც ვიცნობ, შენს გარდა არავის აწუხებს. – ვიცი. – რა იცი? – ჩემს გარდა რომ არავის აწუხებს. – ჰოდა, თუ იცი დაივიწყე რა! რა სული – რის ჭუჭყი? სად შემოდიან? რას გიქოთებენ? რამე კარგი დაინახე რა! ნახე რა მკერდი აქვს ვიკა ექთანს! რა ფეხებზე დგას! ამას შეხედე, არ ჯობია?! ამაზე იფიქრე! შენ კი: სული მიქოთსო – აგიჩემებია! – ამის ყურება და ფიქრი მაკლდა, ნიკუშ! სხვას კიდევ ვის გაიმეტებ ჩემთვის? – ჰო, კარგი. გავაგრძელოთ მკურნალობა. ინექცია და აბები, დღეში ორჯერ. წაიყვანე პალატაში. – რა წაყვანა უნდა? გზა არ იცის თუ რა? თავისუფალი ხარ გიორგი! – კეთილი, ვიკა ექთანო. გიორგიმ დატოვა ექიმის კაბინეტი. – ნიკუშ! ხომ იცი, დღეს მე და შენ ვართ მორიგეები, სიხარულო? – მე არა, ვიკა. გიგის გავუცვალე. რაღაც საქმე მაქვს და... – შენ მე გამაგიჟებ! რა აღარ გიყვარვარ?! რამდენი ერთად გვიწევს მორიგეობა, იმდენი რაღაცას იმიზეზებ! თქვი, აღარ გინდივარ?!! _ნუ სულელობ ვიკა, როგორ შეიძლება შენ კაცს არ უნდოდე? _ აბა, რა ხდება? ცოლუკა ხომ არ ეჭვიანობს? _ ერთი შენი ქმარუკა ეჭვიანობს და მეორე ჩემი... საქმე მაქვს რა უბრალოდ. სხვა დროისთვის იყოს. მოდი ერთს ჩაგიხუტებ და მოუსვი მერე აქედან. ექიმმა საათს დახედა. "წასვლის დროა"–ო და წამოდგა. კედელზე დაკიდებული, ვიღაც ჰალტუხიანი, კმაყოფილი ტიპის პორტრეტი გაასწორა, საწერ მაგიდაზე მოფენილ ფურცლებს ერთად მოუყარა თავი, უჯრაში ჩააწყო, კიდევ ერთხელ გახედა "კმაყოფილს" და ოთახიდან, სწრაფად გავიდა. - მოხვედი ნიკუშ, საყვარელო? რატომ დაიგვიანე? ხომ იცი როგორ გელოდები? - რა ვიცი ლიკა, ათასი საქმე, ათასი რაღაც... ბოლოს შენმა დამ გამომიჭირა.. - რა უნდოდა იმ კრეტინკას? - არაფერი. ჩვენი ამბავი მაგასთან არ წამოგცდეს, ხომ იცი რა გრძელი ენა აქვს? - რა უნდა წამომცდეს?.. ხო რჩები ჩემთან? გემრიელობები მოგიმზადე. ივახშმა ექიმმა და მოსვენება ინება. მალე ჩაეძინა. ჩაეძინებოდა აბა რა? გადაღლილი იყო და არც "სულის ტკივილი" უშლიდა ხელს, გიორგისავით. ეძინა ვიკა ექთანსაც, მორიგე ექიმ -გიგის მკლავებში. დაღლილი იყო და არც მას ტანჯავდა სულის ტკივილი. ცუდად, მაგრამ ჩასძინებოდა გიორგისაც. ვაი თუ, "ეშველა" საცოდავს?.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.