შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის არომატი


1-12-2016, 23:11
ავტორი Kristy
ნანახია 2 132

ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს თან უამრავი არომატი ახლავს, რომელთა განცალკევება თუ დახარისხება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, ის ზოგჯერ სავსეა გამარჯვებებითა და სიხარულით, ზოგჯერ კი სინანულის არომატი აქვს, როცა ხვდები რომ წინა წელს რაღაც დაგაკლდა, ზოგჯერ იმედის სუნი უდის, ზოგჯერ მარცხისა და კატასტროფების. თუმცა არსებობს ზოგადი წესები, რომლებიც არასოდეს იცვლება: ეს არომატები თითოეული ადამიანისთვის განსხვავებულია და ყოველთვის არის ერთი სპეციფიური არომატი თითოეული წლისთვის, რომელიც სხვა წელს არასოდეს ექნება.
შენს ახალ წელს შესაძლოა ტყის არომატი აქვს - ცოცხალი ნაძვის ხე შენს ოთახში, აეროზოლის გრილი სურნელი, ჩემსას კი მკვდარი ხეების სუნი ასდის, შენი შეიძლება თბილია, ჩემი კი ცივი და მშრალი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შენზე უარესი ვარ! ტყის სურნელი, რომელიც თავბრუს გახვევს და უამრავ სასიამოვნო გრძნობას აღძრავს ქვეცნობიერში არასდროს ჩნდება ნორჩი ყლორტების გადამტვრევის გარეშე, რომლებიც ან შენს ფეხქვეშ კვდებიან ან თავად კლავ მათ საკუთარი სიამოვნებისთვის; ისინი კვდებიან, მათი გათელილი სხეულებისგან გამოჟონილი საუცხოო სურნელი კი ყნოსვას გიტკბობს და წარმოუდგენელ სიმშვიდეს განიჭებს... არც სითბოა ახალი წლის თანმდევი - სამყარო სუსხიანი დამპყრობლების მსხვერპლი ხდება, მწვანე პლანეტა აქა-იქ ფერს იცვლის და უჩვეულოდ თვალისმომჭრელი საბნით იფარება, იგრძნობა ზამთრის მშრალი, თუმცა უზომოდ ტკბილი ჰაერი, რომელიც თითქოს არ გყოფნის და ცდილობ მეტი ისუნთქო, რომელიც ყოველ ჩასუნთქვაზე ისეთივე ახალი და ტკბილია...
ვიღაცის არომატი შესაძლოა მდგომარეობიდან ან შეხედულებებიდან გამომდინარეობდეს საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ. მათთვის ჰაერში სიკვდილის სუნი ტრიალებს, თითოეული მიმავალი წელი ხომ კვდება და აღარასოდეს განმეორდება, უფრო მეტიც, შესაძლოა ისინი დაგავიწყდეს კიდეც თუ სამახსოვროდ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს. მწუხარებისა და სევდის ჩახუთულ სუნს ვერსად ემალებიან და უნებურად თავად ხდებიან საკუთარი თავის მსხვერპლნი, მათთვის არასდროს არაფერი იცვლება. მეორე ნაწილი კი ახალი დასაწყისის არომატს გრძნობს, რადგან უფრო მომავალ წელს ეგებება, ვიდრე წამსვლელს ემშვიდობება. ახალი წელი მათთვის ჩვილია, რომელიც მხოლოდ 365 დღე ცოცხლობს და კარგად ხვდებიან, რომ მის თითოეულ დღეს განსაკუთრებული სისათუთით უნდა მოეპყრონ. პოზიტივის, იმედებისა და ოცნებების არომატები ირევა ერთმანეთში და მათ წინაშე წარმოუდგენელ შესაძლებლობებს შლის.
ჩემი მგრძნობელობა განსხვავებულია, ის არ ეკუთვნის არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას, რადგან მე არ მიზიდავს ხელოვნური არომატები, არც ოცნებებზე აწყობილი ლაღი ფერები... მე რეალისტი ვარ, ჩემი ახალი წელი სავსეა ნაცნობი არომატებით ადამიანებისა, რომლებიც ჩემთვის ძვირფასია, რომლებიც ყველაფრად მიღირს - სიყვარულის არომატი ერთ პატარა ოთახში შეკრებილი ოჯახისა, რომლებიც ერთმანეთს აფასებენ და უფრთხილდებიან. ერთგულების სურნელი აქვს ჩემს ახალ წელს, როდესაც მზად ხარ შენს გვერდით მდგომს თვალდახუჭული მიჰყვე და იმდენად შეგიძლია მისი ნდობა, ეჭვი არასოდეს შეგეპარება, რომ სწორ გზას ასცდი; მყარი სულიერი კავშირის არომატი, რომელიც ყველგან იგრძნობა და ნებისმიერ ადგილას მიაგნებ მას, ყველასგან გამოარჩევ და სხვაში არასოდეს აგერევა; ჰაერში გაფანტული სამუდამო ტრფობის არომატი, როცა მის მუხლებზე მოკალათეული ანთებული ბუხრის წინ ზიხარ ჩაის ფინჯნით ხელში და გინდა, რომ წამი გაყინო, რათა ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელდეს. ჩემს ახალ წელს წრფელი გრძნობების არომატი აქვს, რომლებსაც ფერებიც აქვთ და სხეულებიც; წელს კი მას სრულიად ახალი არომატი შეემატა, რომელსაც უკვე ვგრძნობ ჰაერში, მას დაუწერელი წიგნის სუნი უდის - ულამაზესი ფერებით გაფორმებული წიგნის, რომელიც მე უნდა შევავსო; სისუფთავის, უბიწოების სურნელი აქვს, რომელიც გონებას მაკარგვინებს და ვხვდები, რომ როცა ამ წლის უკანასკნელი წამი ჩამოჰკრავს, მე საკუთარი ცხოვრების წიგნის წერას დავიწყებ. არომატი, რომელსაც თან ახლავს მოლოდინების, ახალი გამოწვევებისა და სამომავლო მიღწევების უსაზღვროდ ტკბილი სურნელი, რომელსაც ვერ ელევი; სუნი, რომელიც უთქმელად გათრობს... ეს ის არომატია, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იგრძნობა, მხოლოდ ერთხელ გაქვს შანსი შენი წიგნი ისე დაწერო, როგორც შენ თვლი საჭიროდ. ამიტომაც წელს, ჩემი ახალი წლის არომატი დაუწერელი წიგნის სურნელია!



№1 სტუმარი გვანცა))

კარგია...მომეწონა
კარგად წერ^^
წარმატებებს გისურვებ<3

 


№2  offline წევრი Diosa Dela Tristeza

შენეული სტილი❤და როგორ მიყვარს ეს ყველა.სიტყვაში რაღაც დიდი საიდუმლოაა ჩამარხული❤❤❤
მართლაც ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო❤გულამდე ახლოს მოვიდა,ნამდვილად.❤
წარმატებები ❤

 


№3  offline წევრი ნოემრისეული

მიყვარს როცა ასე წერენ,უბრალოდ და გრძნობით,ძალიან კარგია წარმატებები

 


№4  offline ახალბედა მწერალი tgvinianidze29

Bodishs gixdit inglisuri shriftistvis. Mobilurit var shemosuli.
Ramdenime adgili tvalshisacemad dasaxvewia, magram saerto jamshi momewona. Rac mtavaria azri devs. Grma chanaxatia. Ragacaze dagafiqrebs. Gansakutrebit momewonaa ramdenime mxatvruli xerxi.

 


№5  offline წევრი nawka

აზრი ნამდვილად საინტერესოა:-* წარმატებები:-*

 


№6  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent