გარდაცვლილი ქალი - ედითი
ჩემ მეზობლად შუახნის ქალი გარდაიცვალა. გუშინ, სახლში რომ ვბრუნდებოდი, მისი ფანჯრიდან ტირილი გავიგონე და ხალხმაც უცნაურად იმრავლა ჩვენს ეზოში. მივხვდი, რაც მოხდა. ვიცოდი, კარგად არ იყო. ხშირად ვხედავდი, როგორ დადიოდა – წელში ოდნავ მოხრილი, უცებ დასუსტებული, მოშვებული მკლავები ერთმანეთზე ჰქონდა გადაჭდობილი და ქერა თმის მაგივრად დაფარებული ქუდი არ უხდებოდა. სულ შემთვევით შერჩეული იყო, არც მის თავის ფირმას ეხამებოდა და არც რამე სხვას. ალბათ, ამ ჟესტით ხაზს უსვამდა, რომ მას საკუთარ ვიზუალზე ბევრად უფრო დიდი სადარდებელი აქვს. სამძიმრისთვის არ შევსულვარ და არც ვაპირებ. ერთმანეთს არ ვიცნობდით, მე უბრალოდ ვაკვირდებოდი მის გარეგნულ ცვლილებებს. ის ვერც კი მცნობდა, სავაუდოდ. ლამაზი შვილი დარჩა. წაბლისფერი თმითა და დიდი თვალებით. ბოლო დღეები არსად ჩანდა. ალბათ, მიხვდნენ, რომ დედა მალე გარდაიცვლებოდა და სიტუაციას გაარიდეს. თვეების განმავლობაში ვაკვირდებოდი იმ ქალის ცხოვრებას. სულ ორი სადარბაზო გვაშორებს. ხშირად მიწევდა უთენია გასულს მასთან შეხვედრა. უცნაური დროა ადრიანი დილა. როცა სამუშაო მაქვს, ან უნივერსიტეტში ვარ მისასვლელი, თავქუდმოგლეჯილი, უმაკიაჟო, თვალებდასიებული გავრბივარ და მაინც იმდენად იშვიათია ადამიანები გარშემო, რომ თითოეული მათგანი მამახსოვრდება. მერე დღის განმავლობაში პერიოდულად მიტივტივდება გონებაში. საღამოს მავიწყდება. ერთი თვის წინდელი დღე მახსოვს. დილის 8საათი იქნებოდა, შეიძლება 8-ის ნახევარიც, ზურგჩანთამოგდებული, მოუწესრიგებელი გავრბოდი, სასწრაფოდ უნდა ჩამებარებინა მასალა, რომლის გადაგზავნაც, საკმარისი არ აღმოჩნდა. გამწარებული ვიყავი იმდენად, რომ ცრემლები თავისით მასკდებოდა თვალებიდან. ვბრაზობდი ჩემ თავზე, ხომ შემეძლო, წინა საღამოს გამეკეთებინა იგივე და კვირაში ერთ დღეს – ოთხშაბათს – მაინც დამეძინა ნორმალურად?! ვბრაზობდი ჩემ ცხოვრებაზე, რომელიც ჯერჯერობით არ მაძლევდა საშუალებას მეგრძნო კოლოსალური ბედნიერება და სავარაუდოდ არც მომცემდა მანამ, სანამ არ ვისწავლიდი მის დეტალებში ამოცნობას (ცოტა ხანში ვისწავლე კიდეც). ეს შეგრძნებები იმიტომ მახსოვს ასე მკვეთრად, რომ იმ დღის შემდეგ არ მიტირია უძილობის გამო, მივეჩვიე და გავაანალიზე, რომ არსებობს რაღაცები, რაც ძილზე ბევრად სასიამოვნოა, მაგალითად დამთავრებული საქმე და ოვაციები, ცვალებადი მასშტაბებით. ტყიდან ბრუნდებოდა ის ქალი, წეღან რომ ვახსენე. შავი, განიერი ნაჭრის შარვალი და სქელი, ბორდოსფერი პალტო ეცვა, ნაცრისფერი ქუდი შეუხამებლად ეფარა შიშველ თავზე. ნელა მოდიოდა, როგორც ყოველთვის. არ მახსოვს როდესმე ჩქარი ნაბიჯით მიმავალი დამენახოს, მაშინაც კი, როცა სულ არ ემჩნეოდა სიმსიმვნის მწარე დარტყმები და თავსაც, ალბათ, უკეთ გრძნობდა, ვიდრე სიცოცხლის ბოლო თვეებში. ის დღე კიდევ ერთი მიზეზის გამო გამახსენდა, მაშინ პირველად ვიფიქრე, რომ ამ ქალზე ერთხელ ცოტას – მაგრამ აუცილებლად – დავწერდი. მოდიოდა ფრთხილად, დასუსტებულ, ფეხებს ჯანმრთელი ცხოვრებიდან გამოყოლილ, რამდენიმე ზომით დიდ შარვალში მალავდა, მარცხენა ხელი პალტოს ტევად ჯიბეში ჰქონდა თბილად, მარჯვენაში სიგარეტის სქელი ღერი ეკავა და ისე ეწეოდა, როგორც 15წლის გოგო,რომელიც მშობლებს მავნე ჩვევას უმალავს. ჩემი სახლის უკან ერთადერთი ადგილია ამ ქუჩაზე, სადაც სუფთა ჰაერის პოვნა და მისი ხარბად შესუნთქვა შეიძლება. მეც ხშირად დავდიოდი იქ, ბოლო პერიოდში მივივიწყე და არც მაქვს გახსენების სურვილი. არაფერში მჭირდება. პატარა დაბლობი ნელ-ნელა ჩამოიარა, შემომხედა, ვერ მიცნო, როგორც ყოველთვის, და თავისი გზა განაგრძო. უკან გავიხედე და ვაკვირდებოდი მანამ, სანამ ბოლომდე არ მიიმალა. ვიცოდი, რომ მაგვიანდებოდა და მაინც არ ვაცილებდი თვალს. ნაბიჯები ერეოდა, რომ არ მცოდნონდა, რომ ავად იყო, ვიფიქრებდი, დილაუთენია დალია და სახლში ბრუნდება-მეთქი. ურნაში გადაისროლა სიგარეტის ნამწვი, შემოდგომის მრუშ, ტანსაცმლელშმოცლილ ხეს ახედა ჩვენი კორპუსის გვერდით. იდგა ასე ერთი ან ორი წუთი და სანამ სადარბაზოში შევიდოდა იქვე მდგარ ძველ, ფორმადაკარგულ ხის სკამზე ჩამოჯდა. ჰაერის ხარბად შესუნთქვას არ წყვეტდა, ნესტოები წამგამოშვებით ებერებოდა, თვალებს შენელებული მოძრაობით ხუჭავდა და ახელდა. ხელები ერთმანეთს ჩასჭიდა და უცნაურად აამოძრავა : მარცხენა მარჯვენაში ჩამალა და ისე მოიქცა, თითქოს იმ ორი ხელის მტევნიდან ერთ-ერთი ვინმე სხვას ეკუთვნოდა. მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ქალი ძალიან მარტო იყო. არადა, საოცარი ქმარი ჰყავს. საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ოდნავ შეჭაღარავებული, დახვეწილად ჩაცმული კაცია. ყველა მეზობელს ერთნაირად უღიმის, მეც. და ყოველ ჯერზე სისხლი მეყინება. საოცარი მზერა აქვს და ერთი დაუძლეველი ღირსება – თმა. მეგობარი მყავს, ისიც მასსავით ჭაღარაა, ოღონდ უფრო ახალგაზდა და ნაკლები ტკივილის მნახველი. უფრო გამოკვეთილი სახის ძვლებით, მეტად სიმპატიური, ნუშის ფორმის ცივი თვალებითა და დიდი ტუჩებით. მხოლოდ მზერა და თმა აქვთ ერთნაირი. არ ვიცი, რამ გამახსენა, ან როგორ დავაკავშირე ერთმანეთთან, მაგრამ ფაქტია – ყოველთვის, როცა სიმსივნესთან დამარცხებული ქალის ქმარს ვხედავ, მახსენდება ჩემი მეგობარი, რომელიც ზუსტად ისევე მიყურებს, ოღონდ მეზობლისგან განსხვავებით მისთვის ბავშვი არ ვარ და ათასობით იმპულსში ბევრ სიცხესაც ურევს, როცა დაჟინებით აკვირდება ჩემს სახეს, ლავიწებს, ყელს… მოკლედ, რა აზრი აქვს. მთავარი ის არის, რომ მთელი დღე არ მომშორდა ფიქრი იმაზე, რატომ უნდა ეგრძნო ამ ქალს თავი იმდენად მარტოდ, რომ დილის სეირნობის შემდეგ საკუთარსავე ხელს მოფერებოდა. პასუხს მალევე მივაგენი და სავარაუდოდ, არც შევმცდარვარ. ის სასიკვდილო სენს ებრძოდა, კარგავდა ყველაფერს, რაც გააჩნდა და ძვირად უღირდა, ამის საპირისპიროს კი ვერაფერს აკეთებდა… საშინელებაა, როცა რაღაც ძალიან ღირებული ხელიდან გეცლება და შენ მისი დაჭერა არ შეგიძლია. უღმერთოდ ლამაზ ქალებსაც ემართებათ ასე, ჯანმრთელებსაც, ავადმყოფობა არაა ერთადერთი შესაძლო მტერი. მეც დამმართნია და კიდევ ბევრჯერ მომიწევს შეგუება, რომ არ გავგიჟდე. ხანდახან ძალიან ძვირფასს კარგავ და საკუთარ თავს მაინც აქტიურად არწმუნებ, რომ არაუშავს. არადა – უშავს და მერე როგორ. გეწყება ბრძოლები შენს მეორე, უფრო ძლიერ, მაგარ მხარესთან. ის მომენტებში იმარჯვებს და პატარ-პატარა დარტყმებისკენ გიბიძგებს. მერე ხვდები, რომ აზრი არ აქვს და დინებას მოღლილი მკლავებით კი არ ეწინააღმდეგები, პირიქით, ყველაზე საშიშ მორევში საკუთარი ნებით ეშვები. და განიხილავ ათასობით ვარიაციას იმისა, როგორ შეიძლება დააბრუნო დანაკარგი, ან შეეგუო და გააგრძელო ისე, თითქოს ბრილიანტის კოლიე კი არა, იაფფასიანი ბიჟუტერია ატარე საკუთარი სხეულით. საბოლოოდ, ან შეეგუები და დაივიწყებ, რომ საერთოდ დაკარგე, ან არ დაივიწყებ და ბრძოლას გააგრძელებ იდეალურ ცხოვრებასთან მაქსიმალურად დასაახლოვებლად. დედამიწაზე არაფერია უნაკლო და იდეალური, მაგრამ, მგონი, არის მომენტები, როცა მოწოდების სიმაღლესთან იმდენად ახლოს ხარ, რომ თავი სრულყოფილი გგონია. – ამის დაკარგვაა რთული, თორემ ყოველთვის იპოვი რაღაცას, რაც დანაკარგს მეტ-ნაკლებად დააკომპენსირებს. ცუდ დროს გარდაიცვალა ჩემი მეზობელი. იმ დღეს არც ენერგია მქონდა და არც განწყობა საიმისოდ, რომ მის შესახებ რამე დამეწერა. ვერ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ჩემს ცხოვრებაში. არასდროს გვისაუბრია. არ მიკითხავს, თუ უმძიმდა რამე ისეთი, შემსუბუქება რომ შემძლებოდა. არასდროს მიყიდია მისთვის წამალი და არასდროს ჩავხუტებივარ ქიმიოთერაპიის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ეს და კიდევ მრავალი მისმა საოცარმა ქმარმა აკეთა წლების განმავლობაში და მაინც მარტო იყო. იქნებ უყვარდა ვინმე? – ხომ ხდება ასეც, ყველაფერი აქვს ადამიანს, ვინც შენთანაა, მაგრამ მაინც იქ მიდიხარ, სადაც, სულ ცოტა, მძლავრად მოგხვდება ცხვირწინ მოჯახუნებული კარი. ან, იქნებ ხვდებოდა, რომ თავისი ქმრისთვის მიმზიდველი აღარ იყო და ამან ჩაუნერგა ასეთი მარტოობის შეგრძნება? – რა გასაკვირია, რომ ქალი, რომელიც ქიმიოთერაპირებს იტარებს, რომელსაც ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა აქვს, გარეგნულად იცვლება და ყველაფერი მის ორგანიზმში მწყობრიდან გამოდის, აღარ იზიდავდეს კაცს, რომელთანაც წლების განმავლობაში ათასობით ცხელი დღე და ღამე აქვს გატარებული. ამასთან შეგუებაც არ იქნებოდა იმაზე ნაკლებად რთული, ვიდრე სხვისი სიყვარული. დავფიქრდი, რომ მივსულიყავი და მეკითხა, ხომ არ შემეძლო მორალურად მისი დახმარება (რადგან, მატერიალურად არანაირი ბერკეტი არ მაქვს), რას მეტყოდა? – მკაცრი სახე ჰქონდა, მგონი, პასუხსაც არ გამცემდა და ჩათვლიდა, რომ 18 წლის თავხედი გოგო ვარ და სიმსივნით დაავადებულ ქალს ვაგრძნობინე, როგორ ემჩნევა ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია. ახლა ვეღარაფერს ვკითხავ და არც მაქვს ამის სურვილი. ისიც ისე გაქრება ჩემი ცნობიერებიდან, როგორც ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ადამიანები ქრებოდნენ წლების განმავლობაში და ნაცვლდებოდნენ სხვებით. ახლა ამას იმიტომ ვწერ, რომ წლების მერე, როცა მის სახლშიც კი აღარავის ეცმევა შავები, როცა მისი ქმარი, ალბათ, სხვა, ცოტა უფრო მიმზიდველ ქალს შეირთავს ცოლად და როცა გოგოს დედამიწისხელა თვალებით აღარ აატირებს დავალებების მოსამზადებლად დედის მაგივრად დამჯდარი მამა ან დედინაცვალი, ერთხელ მაინც გადავაწყდები ამ ნაწერს და მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი ღირებულება არ გააჩნია, ერთ რამეს მაინც მაფიქრებინებს – თუ როდესმე თავს ისე მარტოდ ვიგრძნობ, როგორც ჩემი მეზობელი გრძნობდა, თუ ყველაფერს დავკარგავ და ამ პროცესის შესაჩერებლად ვერაფერს გავაკეთებ, თუ ყველას ცნობიერებიდან გაქრობას დავიწყებ, მინდა ვინმემ ჩემზეც დაწეროს. სულ ცოტა – მაგრამ აუცილებლად. შეიძლება, წლების შემდეგ იმდენად შემეცვალოს ღირებულებები, რომ ადამიანებზე წერა შევწყვიტო. ანუ ის, რასაც ყოველ დღე ვაკეთებ. მაგრამ სანამ ერთ ორგანიზმში მთელი სამყაროს დანახვა შემიძლია და სანამ ჩემი ფასეულობები უფრო მაღალია, ვიდრე მატრეალური სისულელეები – არ გავჩერდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.