ცვლილება
ხალხი ქმნის ყალიბს, გინდა თუ არა, უნდა მოერგო. მერე რა, თუ სხვა მასალისგან ხარ ნაძერწი. უნდა შეიცვალო მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურთ სხვებს. შენდა უნებლიედ ებმები უსასრულო ჯაჭვში. არ გაპატიებენ ამ მთლიანობის დარღვევას.... ხელს გკრავენ, გიბიძგებენ, ადგილს გჩუქნიან რიგით რგოლებს შორის. გინდა თუ არა, თავად ხდები ამ სიმახინჯის მონაწილე. დგახარ ბრბოს შორის, რომელიც არ იშურებს მწარე სიტყვას, ქვებსაც დაგიშენს, ჩაგქოლავს დაუნდობლად, თუ მისი ნაწილი არ გახდები... ბრბოში მყოფი აღმოაჩენ, რომ არავის შერჩენია თავისი სახე, თითქოს ყველა გაიცრიცა, განადგურდა. მუდმივი ყაყანში, ხმაურში დაკარგა თითოეულმა მათგანმა ინდივიდუალურობა. გაქრა გონება. აორთქლდა, ჰაერში გაიფანტა მათი სული, თითქოს არც არსებულა. მე გავჩუმდი. დავარღვიე შეუცვლელი კანონზომიერება და უბრალოდ ჩემთვის, კუთხეში მივიმალე. არ მაპატია. წამსვე მომავლო მრისხანე მზერა, რომელიც ნაპერწკლებს ყრიდა, ისრებს მესროდა, ჩემს განგმირვას ცდილობდა თითქოს... მაიძულებენ, რომ მეც შევიცვალო, მათ დავემსგავსო. და თუ არ მინდა ჩემი სახე დავკარგო, თუ არ მინდა მეც გავიცრიცო? რა მოხდება ჩემი თავი მე რომ დავიტოვო, ჩემთან იყოს, არავის შეერიოს, არ იქცეს ბრბოს ნაწილად. მინდა მე ვარსებობდე, ვარსებობდე საკუთარი გონებითა და სულით. არ მინდა სინით მივართვა ვინმეს ჩემი თავი, სასიკვდილო განაჩენი გამოვიტანო... შეცვლას მთხოვენ, კი არ მთხოვენ, მოითხოვენ! ბრბოსთვის მკვდარი ხარ, თუ გაჩუმდები. მაგრამ ჩემთვისაც მკვდარია ბრბო. ვერ ვიქნები ცოცხალი იქ, სადაც ჩემი სახე წაიშლება, ჩემი ხმა შეერევა სხვა ხმებს. კანონზომიერების უწყვეტი ჯაჭვის რიგითი რგოლი ვიქნები... შეცვლას მოითხოვენ ჩემგან. და მე რა უნდა ვთქვა, თუ არ მინდა ცვლილება? არ მინდა ჩემივე ხელით სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანო ჩემს თავს, ცოცხლად დავმარხო ჩემი სული... მაინც ვერ მიბიძგებენ, არ მოვექცევი ბრბოს შუაგულში! თუ ჩემი სიმშვიდე არისხებთ, ასმაგად მშვიდად ვიქნები. თუ ჩემი სიჩუმე არისხებთ, კვლავ არ ამოვიღებ ხმას. თუნდაც მათთვის მკვდარი ვიყო, არავის მივცემ უფლებას გაანადგუროს ,,მე“. დაე ჩამქოლონ, დამიშინონ ქვები... მაგრამ იცოდნენ, მე მაინც არ შევიცვლები! _________ ეს ჩანახატი ცხელ გულზე დავწერე, პროტესტის გრძნობამ დამაწერინა(სამწუხაროა ადრესატები რომ ვერ იხილავენ). იქნებ ვინანო კიდეც რომ აქ ავტვირთე. და კიდევ... დიდი მადლობა მათ, ვინც დროს უთმობს და კითხულობს ჩემს ჩანახატებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.