არ მინდა ჩემი შვილი მე რომ დამემსგავსოს
"არ მინდა ჩემი შვილი მე რომ დამემსგავსოს. არ მინდა და საშინლად მეშინია. ვერ ავიტან. ვერ შევძლებ ვუყურო, როგორ შეწყვეტს ჩემთან ლაპარაკს მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად დასჭირდება. ვერ ავიტან მოვისმინო კედლის მეორე მხრიდან ჩუმი ტირილი და მითხრას, რომ ცუდი სიზმარი ნახა, ან, ემოციურ ფილმს უყურა. ვერ ავიტან ვუყურო, როგორ მშორდება და მიუცხოვდება. არ მინდა წერა დაიწყოს. და ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთოს, საკუთარი ემოციების გასაზიარებლად, ადამიანები რომ არ ეყოს. არ მინდა ეტკინოს და ვერ მითხრას. არ მინდა იფიქროს, რომ თვითონაც იასამნისფერია. არ მინდა ტირილის შერცხვეს ჩემ გვერდით. არც ის მინდა, უსიტყვოდ ისმენდეს ჩემი და მამამისის ჩხუბს და ამასაც კი საკუთარ თავს აბრალებდეს. ალბათ, ყველაზე მტკივნეული ის მომენტი იქნება ჩემთვის, მეგობრებს რომ ეტყვის, საუკეთესო დედა მყავსო, მათი წასვლის შემდეგ კი, უსიტყვოდ შეიკეტება საკუთარ ოთახში. ყველაზე საშინელი დედა კი მაშინ ვიქნები, ოდესმე თუ თავი ვერ შევიკავე და როცა ჩემი ვარაუდი გამართლდება, წამომცდა, „ხომ გეუბნებოდი!“. მინდა იცოდეს და იგრძნოს, რომ დედა მისთვის მხოლოდ სიტყვა არ იქნება. მინდა სჯეროდეს, მოვუსმენ, როცა მხოლოდ მოსმენა დასჭირდება და ხმასაც არ ამოვიღებ განსასჯელად. ყველაზე მეტად კი, იმის მეშინია, თვითონვე რომ დავაჯერებ საკუთარ თავს, კარგი დედა ხარ–მეთქი და შემდეგ, სრულიად „შემთხვევით“ შევავლებ თვალს შვილის დღიურს. არ მინდა იმდენად გამიუცხოვდეს, ფურცლები უფრო სანდოდ მიიჩნიოს, ვიდრე ქალი, რომელმაც მუცლით ატარა. არ მინდა საკუთარი თავი მხოლოდ იმის გამო დამიმალოს, მე რომ არ მატკინოს. ვერ გადავიტან. ვერ ავიტან მის თვალებშიც ის რომ დავინახო, რასაც საკუთარში ვხედავდი წლების წინ და შემდეგ მითხრას, რომ „ყველაფერი კარგადაა“. მირჩევნია იტიროს. მირჩევნია მიყვიროს, საძინებლის კარი მიიჯახუნოს, ხმამაღლა მოუსმინოს მუსიკას და თუნდაც, რამდენიმე დღე არ დამელაპარაკოს, ვიდრე შიგნიდან დაიშალოს. მირჩევნია ტუჩებაკანკალებული, ცრემლებით ხმადამძიმებული მომიყვეს, როგორ სტკივა, როგორ უფერულდება გარშემო ყველაფერი, როგორ დაკარგა საკუთარი თავი, ვიდრე ბალიშში თავჩარგულმა, კბილები ძლიერად დააჭიროს ერთმანეთს და მხოლოდ იმის გამო იტიროს ჩუმად, მე რომ არ მაგრძნობინოს თავი ცუდ დედად. და არც ის მინდა, საკუთარი შვილის ნაწერი მხოლოდ იმის გამო მივიჩნიო სხვისად, მის ასეთობას რომ ვერ გავუძლო. არ მინდა ჩემი შვილი მე რომ დამემსგავსოს. ყველაზე მეტად კი, ის არ მინდა, ჩემივე მზერით გამომხედოს, ჩემივე ტკივილებით სავსემ და ჩემივე ხმით მითხრას, „შენ ამას ვერ გაიგებ, დედა...“ ეს არის ძალიან ემოციური ჩანაწერი... ავტორი არ ვიცი ვინაა მაგრამ,უმაგრესი იყო ვინც ეს დაწერა... მინდოდა რომ ეს თქვენთვისაც გამეზიარა,შეიძლება ბევრმაც იცის მაგრამ ისეთი კარგია მეორედ რომ წაიკითხოთ მაინც იგივე ემოციას იწვევს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.