წერილი შენს ახალ სიყვარულს .
" ალბათ პირველივე დღიდან შენიშნე, რომ გასაოცარ ადამიანთან დაიწყე ურთიერთობა. ის არავის ჰგავს და არის მასში რაღაც განსაკუთრებული, რასაც ვერასდროს დაივიწყებ. თუმცა, ამაზე საუბარი მეტად ნაადრევი და უტაქტოა ჩემი მხრიდან. დარწმუნებული ვარ, არაერთხელ განიხილე თქვენი პირადი საუბრები და მიმოწერა შენს მეგობრებთან და არაერთხელ გამოხატე გაოცება მისი თვისებების გამო. ალბათ ყველას უთხარი, როგორი მოსიყვარულე, თბილი, მგრძნობიარე და მხიარულია. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო ღამეები გაატარე მასთან საინტერესო საუბარში და ამის შესახებაც ბევრჯერ გისაუბრია მეგობრებთან. ალბათ საკმაოდ უცნაურია ამ წერილის კითხვა, მაგრამ მინდა უფრო მეტი გაიგო ბიჭზე, რომელიც ნამდვილად არ ჰგავს სხვებს და სწორედ ამიტომ, მინდა იცოდე, რომ მასთან ვერ იქნები ისე, როგორც იქნებოდი სხვასთან. ამ წერილს გწერ, რათა მზად იყო მისი ხასიათის წვრილმან დეტალებთან გასამკლავებლად და არ დაუსვა წერტილი ყველაფერს მაშინ, როცა ჩათვლი, რომ გაგაღიზიანა ან ყურადღება მოგაკლო. მინდა იცოდე, რომ ნამდვილად გაგიმართლა. გაგიმართლა, მისი სიყვარული რომ დაიმსახურე. მას რთულად უყვარდება და რადგან შენ შეძელი მასში ეს გრძნობა გაგეღვიძებინა, მიხარია — გამოდის, რომ შენ ნამდვილად იმსახურებ მის გვერდით ყოფნას. ერთწლიანი ურთიერთობის მანძილზე არაერთხელ დამარწმუნა, რომ განსაკუთრებული იყო და, ვიცი, შენც იგრძნობ ამას. უბრალოდ იყავი მის გვერდით, მიიღე ისეთი ,როგორიც არის და ერთად აღმოაჩინეთ სამყაროში არსებული უამრავი დეტალი ბედნიერებისთვის. მისი შეტყობინებები ყოველთვის ღიმილს მოგგვრის. მან ყოველთვის ზუსტად იცის , რა და როგორ თქვას. თავად ნახავ, როგორ გიყვარდება დღითიდღე და ამ პროცესს ვერ შეაჩერებ. ის მართლაც იმსახურებს სიყვარულს. იმასაც გეტყვი, რომ როგორც კი მასთან თავს კომფორტულად იგრძნობ, აღმოაჩენ, რომ ერთი შეხედვით სერიოზული ადამიანის მიღმა საკმაოდ მხიარული ბიჭი დგას. იყავი ბუნებრივი მასთან. არასდროს იცინო , თუკი არ გეცინება. არასდროს იტირო, თუკი ეს არ გსურს — ამით თავს ვერ შეაცოდებ. თუმცა, იტირე, თუკი ნამდვილად გექნება ამის სურვილი. არასდროს მოატყუო. თამამად გამოხატე შენი (თუნდაც განსხვავებული) აზრი და არ დაეთანხმო ყველა დეტალში, თუკი შინაგანად ოდნავ მაინც გაქვს პროტესტის გრძნობა . არ იყო ყალბი და გამოხატე ყველაფერი, რასაც იგრძნობ: სიყვარული, სიამაყე, წყენა, ბრაზი… ამას იმიტომ გეუბნები, რომ ის ასეთია. არასდროს თამაშობს. ყოველთვის ამბობს იმას, რასაც განიცდის. მას სჭირდება გვერდით დგომა და გთხოვ, არ მიატოვო რთულ პერიოდში. შენ ბედმა მეტად მგრძნობიარე ადამიანს დაგაკავშირა და ეცადე, ეს კავშირი შეინარჩუნო. აგრძნობინე, რომ მისი გესმის, მზად ხარ, დაეხმარო და გიყვარდეს რთულ მომენტებშიც კი. თავადაც იცი, რომ ყველაფერი ყოველთვის ისე არაა, როგორც გვინდა. ამიტომ მზად იყავი ისეთი დღეებისთვის, როცა მისი ქცევა სიგიჟემდე მიგიყვანს და გაფიქრებინებს, რომ ყველაფერი უარესდება. მაგრამ… მიეცი მას დრო, იყავი უფრო მომთმენი და გაუგე. კამათის შემდეგი მიეცი დრო განმარტოებისა და ფიქრისთვის. რამდენიმე დღეში დაბრუნდება ისე, თითქოს არაფერი ახსოვს და ხელახლა გაგაბედნიერებს ისე, როგორც არასდროს. ალბათ თავადაც შეამჩნევდი, მაგრამ მეც მინდა გაგაფრთხილო, რომ ხშირად უყურადღებო და გულმავიწყია. რას ვიზამთ, იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ასე რომ, გირჩევ კამათს ნუ დაუწყებ იმის გამო, რომ დაავიწყდა მოკლეტექსტური შეტყობინების მოწერა ან დარეკვა, როდესაც მეგობრებთან ერთად წავიდა გასართობად. კარგს იზამ, თუკი მის მეგობრებსაც პატივისცემით მოეპყრობი და მათთან ურთიერთობას თავს არ აარიდებ. შემოთავაზების შემთხვევაში წადი მასთან და მის მეგობრებთან ერთად, ამით მას ძალიან გაახარებ. ყოველთვის გაამხნევე. იყავი მის გვერდით და გჯეროდეს მისი. მასთან ერთად მგზავრობისას ესაუბრე საინტერესო თემებზე. აარჩიე მუსიკა, რომელიც შენ მოგწონს და ჩართე მაღალ ხმაზე. იცინე მის ხუმრობებზე, რომლებიც ხშირად მართლაც სულელურია, თუმცა — მაინც სასაცილო. აგრძნობინე, რომ მასთან ყოფნა გაბედნიერებს. დარწმუნებული ვარ, ასეც არის. . ეჭვიანობით თავს ნუ მოაბეზრებ, თორემ აუცილებლად დაგტოვებს. მან ალბათ იმიტომ ამოგირჩია, რომ სხვებზე უკეთესი ხარ და რა აზრი აქვს ეჭვიანობას? ამით მასაც გააღიზიანებ და საკუთარ თავსაც მუდმივ გაურკვევლობასა და ეჭვებში აცხოვრებ. ისიც ეჭვიანია, თუმცა იმ დოზით, რომ მისი ეჭვიანობა მხოლოდ ღიმილს მოგგვრის და თავს სასურველად გაგრძნობინებს. რაც არ უნდა მოხდეს, გთხოვ, არ ეცადო მის შეცვლას. არასდროს შეეცადო, მასში ხასიათის რაიმე დეტალი ან თვისება შეცვალო. თუკი საჭიროდ ჩათვლის, აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ. წარმოიდგინე, მე რომ შემეცვალა, ის ასეთი განსაკუთრებული აღარ იქნებოდა. გაგებით მოეკიდე იმას, რომ ხშირად ავიწყდება შენს შეტყობინებაზე პასუხის გაცემა. იმიტომ კი არა, რომ არ სურს ან ეზარება, უბრალოდ ასეთია. შენც გაქვს ნაკლები, თუმცა ის არასდროს ეცდება შენს შეცვლას, დამიჯერე. მიბაძე მას და გიყვარდეს ისეთი, როგორიცაა. დაბოლოს, გიყვარდეს იმდენ ხანს და იქამდე, სანამ შეძლებ. გიყვარდეს მთელი არსებით და ისიც იმავეთი გიპასუხებს. გახსოვდეს, რომ ძალიან გაგიმართლა. მის გარეგნობასთან ერთად, მისი თვისებებიც უნიკალურია. წარმომიდგენია, როგორ მოგწონს მისი თაფლისფერი თვალები, მისი წაბლისფერი თმა და ხმის ტემბრი. აღფრთოვანებული ხარ მისი კომპლიმენტებითა და სასიყვარულო ფრაზებით. მე ეს ყველაფერი გამოცდილი მაქვს. მე ვიცი, როგორი ბედნიერებაა მის გვერდით თუნდაც ჩუმად ჯდომა, მის მხარზე თავის დადება და იმის შეგრძნება, რომ მშვიდად და დაცულად ხარ. ვიცი, როგორ გსიამოვნებს, როცა თმაზე გეფერება (ეს ჩვევად აქვს). ასე თუ ისე, სამუდამო არაფერია და ყოველგვარი სიყვარული მთავრდება დიდი თუ პატარა პრობლემის გამო. ნუ მოაწყობ ისტერიკებს, ნუ დადგამ სცენებს და ნუ შექმნი პანიკას. არ დახლართო ინტრიგები მის წინააღმდეგ. უბრალოდ გაუშვი ის შენი ცხოვრებიდა ისე, როგორც ეს მე გავაკეთე და ისურვე, რომ ვიღაც შენი მსგავსი ან შენზე უკეთესი შეხვდება სამომავლოდ. შეგიძლია იტირო იმის გამო, რომ ყველაფერი დასრულდა. დარდისგან ღამეების გათენებაც არ გამიკვირდება, მეც ვიყავი ასე. თუმცა, იმედი მაქვს, საბოლოოდ სიამაყით შეძლებ უკან მოხედვას და მასთან ერთად განვლილი გზის შეფასებას. თქვენ ერთმანეთისგან უამრავ რაღაცას ისწავლით, ერთად შეიცნობთ სამყაროს ნაწილს და ხელს შეუწყობთ ერთმანეთის განვითარებას. ხოლო, როცა ის წავა, და , დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ის წავა და არა შენ, უბრალოდ გაიღიმე, რადგან მასთან ურთიერთობამ იმაზე უკეთესი გაგხადა, ვიდრე იყავი. იმედია, ჩემსავით შენც შეძლებ ასე გულღიად ისაუბრო საოცარი ხმის ტემბრის, საოცარი თვალებისა და ტუჩთან შრამის მქონე ბიჭზე, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის, და არა შენ. იმედი მაქვს, სწორად მიიღებ ამ წერილის დანიშნულებას და არ გაბრაზდები ჩემზე. კი, ვაღიარებ, რომ მე ის კვლავ მიყვარს, თუმცა მთავარი ისაა, რომ მას ახლა შენ უყვარხარ და იბრძოლე, რომ ეს სიყვარული რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნო" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.